ორშაბათი, აპრილი 20, 2026
20 აპრილი, ორშაბათი, 2026

სკოლა, სადაც სწავლობთ და ასწავლით

0

ახალგაზრდა პედაგოგის სამსახურში აყვანა იდეალური გადაწყვეტილებაა მრავალი სასკოლო პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, სკოლის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა პედაგოგს შესაძლოა სუსტი ან მეამბოხე კლასი სპეციალურად გადააბაროს, რათა შემდგომში  განტევების ვაცად აქციოს. სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. ამიტომ ახალგაზრდა მასწავლებელმა, ვიდრე პროფესიული პრობლემების გადაწყვეტას აუღებს ალღოს, უნდა იცოდეს, რომ:

 

1.თქვენ შეიძლება სუსტი კლასი მოგაბარონ

 

ახალგაზრდა მასწავლებელს ხშირად პრობლემურ კლასს აბარებენ. ასეთ კლასში ხშირია თვითშეფასების და დისციპლინის პრობლემა. ახალბედას უჭირს მუშაობა, მაგრამ ასეთ სტრესულ გარემოში ის ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენს და უკვე სამომავლოდ ნაკლებად უშინდება სირთულეებს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: აგრძნობინეთ მოწაფეებს, რომ ისინი სხვებზე უარესები არ არიან.  ეცადეთ, გაუქროთ მსხვერპლის ფსიქოლოგია. არცერთ შემთხვევაში არ დაუწეროთ ძალიან დაბალი ქულები, არ მისცეთ აუარებელი საშინაო დავალება, მკაცრი შენიშვნები. არ დაისვათ ტიპური ბოროტი მასწავლებლის დაღი. ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს ერთად მუშაობა. დაუახლოვდით, ემეგობრეთ, რათა მათ საკუთარი თავის რწმენა გაუმყაროთ. ჩვეულებრივ, სუსტი კლასი მეგობრულია და ჯგუფურ სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს.

 

  1. მოსწავლეები დიდხანს გამოგცდიან

 

ბავშვები მოზრდილებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი არიან. თქვენგან გასროლილი ნებისმიერი გაუგებარი ფრაზა, გაკვეთილის ჩაშლის საბაბია. ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას, რომ არ გახდეთ დაცინვის ობიექტი. არ იცრუოთ, ამას ბავშვები არ პატიობენ. უცოდინრობა კი თქვენს ავტორიტეტს ძალიან დააზარალებს, ამიტომ მოემზადეთ გაკვეთილისთვის.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: სახლიდან გამოსვლამდე და თითოეული გაკვეთილის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ თავი სარკეში. არსებობს უამრავი რეალური ისტორია იმის შესახებ, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე კაბის გარეშე მივიდა და ეს გვიან შეამჩნია.

 

ჩაიცვით აკურატულად, ელეგანტურად, მოხერხებულად. ბავშვები ყველა წვრილმანს აფიქსირებენ. სამოსზე შემთხვევით მიკრულმა შემთხვევითმა ძაფის ნაგლეჯმა შეიძლება მთელი კლასის ყურადღება გაფანტოს და გაკვეთილი ჩაშალოს. თუ SOS სიტუაციაში აღმოჩნდით, ეცადეთ მდგომარეობა იუმორით გამოასწოროთ, მაგრამ ხუმრობასაც არ ჩაუღრმავდეთ, საქმეზე სწრაფად გადადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ტრაგედია კომედიად იქცევა.

 

იყავით გულმოდგინე. ყოველთვის მოემზადეთ გაკვეთილისთვის. თუ დრო არ გაქვთ, არ იფიქროთ, რომ ბავშვები ამას ვერ შეამჩნევენ. თუ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გულწრფელად თქვით ამის შესახებ.

 

უმჯობესია, კი არ აიგნოროთ, არამედ აღიაროთ დაშვებული შეცდომა. მოსწავლეები ადვილად პატიობენ უცოდინარობას, მაგრამ უფროსის მიერ ნათქვამი ტყუილი კარგა ხანს ახსოვთ, მატყუარა მასწავლებელს პატივს არ სცემენ. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მკაცრი და ჭკვიანი პედაგოგი, ვიდრე ის, ვინც ყოველ ჯერზე მაგიდის ქვეშ გუგლით ეძებს პასუხებს.

 

  1. დატესტვა სტრესზე

 

რამდენს უძლებს თქვენი ნერვები? ეს თქვენ იცით და ალბათ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბავშვები ბევრად უფრო ამტანები არიან, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მათ უნდა აჩვენოთ ვინ ხართ, რო გამოგიცნონ; დაინახონ, რა ხასიათი გაქვთ, რაზე ბრაზობთ, რა გახარებთ.  მათთვის მოსაწყენია ერთფეროვანი მასწავლებლის საათობით მოსმენა და ყურება. მათ უნდათ, დაგინახონ ნიღბის გარეშე, მიიღონ თქვენგან ნამდვილი ემოციები.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: ყოველთვის ის იყავით, რაც სინამდვილეში ხართ. თუ ცუდი დღე გაქვთ, განაცხადეთ ამის შესახებ და პირიქით – არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობის გაზიარება. ბავშვებს შეუძლიათ და უყვართ კიდეც განცდების თანაგაზიარება. ნიღბიან ადამიანებს კი სასტიკად არ წყალობენ.

 

  1. მოსწავლეები არ ასრულებენ საშინაო დავალებას

 

საოცარია, არა? თქვენ ცდილობთ მათთვის რაღაცის გაკეთებას, ისინი კი ამას არ აფასებენ. აღიარებენ, რომ საუკეთესო მასწავლებელი ხართ, მაგრამ თქვენი საგანი არ აინტერესებთ. თქვენ მათთვის არაჩვეულებრივ გაკვეთილს გეგმავთ, ისინი კი საშინაო დავალებას არ ასრულებენ ან მოუმზადებელი მოდიან და რაღაცებს იმიზეზებენ.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: არასოდეს იწუწუნოთ; არ თქვათ, რომ თქვენი მოლოდინი არ გამართლდა ან თქვენ ამდენი ენერგია დახარჯეთ, მათ კი დაგაღალატეს. თუ რამე არ გამოგივიდათ, პრობლემის გადაჭრის სხვა გზები ეძიეთ.

არ დაივიწყოთ, რომ პედაგოგი ხართ და არა მათი ბოსი. ბავშვებს არ აქვთ თქვენი ვალი. ბავშვები საკუთარი თავისთვის სწავლობენ და არა იმისათვის, რომ გასიამოვნონ. თქვენ შეიძლება მათ პირადად ძალიან მოსწონდეთ, მაგრამ არ მოსწონდეს თქვენი საგანი. იქნებ მომავალი ქიმიკოსები არიან და არა ლიტერატორები, ან – პირიქით. თქვენ ეს არ იცით.

 

ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა ვერ მოემზადნენ იმის გამო, რომ გუშინ ექსკურსია ან რეპეტიცია ჰქონდათ ან გეოგრაფიაში მძიმე საკონტროლოსთვის ემზადებოდნენ, რომლის მასწავლებელიც, თქვენგან განსხვავებით, არაფერს აპატიებს.

 

შეცვალეთ სწავლების სტრატეგია. თქვენ ფეხბურთის მწვრთნელივით უნდა იყოთ – უნდა გქონდეთ სათადარიგო სკამი, რამდენიმე ვარიანტი და გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მოიგოთ ან ფრედ მაინც დაამთავროთ თამაში, რომელშიც თქვენი გუნდია ჩართული.

 

  1. აუცილებელია დისტანცია

 

„რა მაგარია ახალგაზრდა მასწავლებელი! მოდი, დავუმეგობრდები!“ – რომელიღაც მოსწავლე ამ თემაზე აუცილებლად გაიფიქრებს ან ხმამაღლა იტყვის. რომელიღაც მოსწავლე სკოლის დერეფანში ზრდასრულივით მისალმების დროს თქვენთვის ხელის ჩამორთმევას მოინდომებს; რომელიღაც – სიყვარულით მოგეხვევათ; რომელიღაც – გასეირნებას შემოგთავაზებთ…

 

მოსწავლეები ხშირად უტოლებენ თავს ახალგაზრდა მასწავლებელს, მათთან უფრო თავისუფლად იქცევიან და ზღვრის შეგრძნებას კარგავენ. ახალგაზრდა მასწავლებელსაც შესაძლოა ესიმპათიურებოდეს ვინმე და ზოგჯერ ახლობლურ დამოკიდებულებაზე უარის თქმა უჭირდეს, რადგან ახალგაზრდებთან მეგობრობა ყოველთვის საინტერესოა, ყოველთვის გავსებს ახალი ენერგიითა და სიხალისით.

 

მაგრამ ეს სკოლაა. თქვენ მასწავლებელი ხართ, რიგითი პედაგოგი, რომელმაც არ უნდა დაკარგოს დისტანციის შეგრძნება.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. არსებობს გარკვეული საზღვარი, რომელსაც მასწავლებელი თავად აყალიბებს – რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი; რისი გაკეთებაა ნებადართული მხოლოდ გარკვეულ პირობებში. თუმცა, არსებობს პრინციპები, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს. მაგალითად, ნუ გადახვალთ მოსწავლეებთან „შენობით“ ურთიერთობაზე, არ დარჩეთ მასთან მარტო კაბინეტში, არ ისეირნოთ მოსწავლესთან ერთად კლასის დამრიგებლის ან მშობლების გაფრთხილების გარეშე, მაქსიმუმადე შეამცირეთ მათთან ფიზიკური კონტაქტი, მკაცრად გააკონტროლეთ თქვენი ლექსიკა: დაუშვებელია უხამსი, უცენზურო სიტყვების ხმარება და სხვ.

 

რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი უფრო გრძელია და ამით არ იწურება, მაგრამ ეს მთავარი პრინციპებია.

 

საერთოდ, ეთიკური საკითხები სკოლის განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და მტკივნეული თემაა. სექსიზმი, შოვინიზმი, ნარკოტიკები, სექსი, პოლიტიკა – ეს ყველაფერი სასაუბროდ ერთდროულად ძალიან მნიშვნელოვანიც არის და საფრთხილოც. ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული, იცოდეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ჩვენ არ გვისწავლია წყაროებთან მუშაობა. რა, როგორ და როდის უნდა ითქვას, მასწავლებლის პასუხისმგებლობაა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა დეტალის გათვალისწინება. თითოეულ მასწავლებელს საკუთარი გამოცდილება აქვს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველაზე კარგად მაინც გულწრფელობა, ცოდნა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება მუშაობს.

ქართული დემოკრატიის სამი საწყისი

0

ევროპელი და ამერიკელი მეცნიერები ქართული დემოკრატიისა და მისი გამოცდილების აღიარებას უფრთხიან. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად უმაღლესი სტატუსის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ახალშექმნილი რესპუბლიკების მისწრაფებათა გამოსახატავად ათასგვარ ცნებას იგონებენ ან დემოკრატიას მრავალნაირი ზედსართავით ალამაზებენ. საქართველო ხან ჰიბრიდულ რეჟიმად მოიხსენიება, ხან – არაკონსოლიდირებულ და მინიმალურ დემოკრატიად. ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს დემოკრატიულ წარსულს სათანადოდ არ იცნობენ. ქართულმა დემოკრატიამ პირველი ნაბიჯები სწორედ ზეწოლისა და ჩაგვრის პერიოდში გადადგა. ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლის ისტორიული გამოცდილების წარმოჩენის ნაცვლად ჩვენ კვლავ ვკინკლაობთ. სამოქალაქო საზოგადოების თანამედროვე წარმომადგენლები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის მთავარ მოღვაწეებს მუდმივად ერთმანეთს უპირისპირებენ, თავისუფლებისთვის სხვადასხვა მხრიდან მებრძოლ მოაზროვნეებს ერთმანეთისგან თიშავენ, აცალკევებენ. არადა, მათი ერთ კონტექსტში აღქმაც თავისუფლად შეიძლება.

ჩემთვის ქართული დემოკრატიის წარმოშობა ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და ნოე ჟორდანიას სახელებს უკავშირდება.

ილია ჭავჭავაძისა და მისი ღვაწლის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. შეგვიძლია, მთავარი საკითხების გამოყოფით დავკმაყოფილდეთ.

მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის წარუმატებელი აჯანყებების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ფაქტობრივად ჩაკვდა. ხალხი – მდაბიოებიც და წარჩინებულებიც – შეეგუა არსებობის ახლებურ წესებს. საზოგადოება მრავალ ელემენტად იყო გახლეჩილი და დაქუცმაცებული. საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს სულ უფრო ცოტა რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან. ცარისტული რუსეთი კი მონდომებით აგრძელებდა რუსიფიკაციის პროცესს. რუსული ენა ეკლესიიდან, სკოლიდან, საჯარო დაწესებულებებიდან წარმატებით აძევებდა მკვიდრი მოსახლეობის ენას. კავკასიის რეგიონზე სრული გავლენა დაამყარეს რუსმა ბიუროკრატებმა და ჯარისკაცებმა. ელემენტარული განათლების მიღების შანსი ღარიბ თავადაზნაურობასაც კი წართმეული ჰქონდა.

პირველდასელთა საქმიანობის შედეგად მთელ საქართველოში გაჩაღდა ბრძოლა ქართული ენის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განხორციელდა ენობრივი რეფორმა. საზოგადოებრივი ინიციატივების საფუძველზე ჩამოყალიბებულ სკოლებში ადგილობრივებს პირველადი ცოდნის მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობაც გაუჩნდათ. დაიწყო შრომა ქართული ენის პოზიციების გასაძლიერებლად ეკლესიაში, თეატრში, საჯარო დაწესებულებებში. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართულენოვანი გაზეთი რეგიონის პრესის ფლაგმანად იქცა. „ივერიის“ ფურცლებზე მოქალაქეები სისტემატურად ეცნობოდნენ ინფორმაციას თავიანთი ყოველდღიური პრობლემების შესახებ, კითხულობდნენ მსოფლიო ლიტერატურის თარგმნილ ნიმუშებს, აანალიზებდნენ რუსიფიკაციის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებსა და პოლიტიკური აქტიურობის, პროტესტის მნიშვნელობას.

შესაბამისად, ქართული დემოკრატიის წინაშე ილიასა და მისი თანამებრძოლების დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: 1) საქართველოს მოსახლეობისთვის გამაერთიანებელ გარემოებათა (ენა, კულტურა, ისტორია და ა.შ.) მნიშვნელობის ხელახლა აღქმის პროცესის გაძლიერება, საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება; 2) ქართულენოვანი, ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საჯარო ინსტიტუტების (გაზეთი, თეატრი, სკოლა, ბიბლიოთეკა და ა.შ.) განვითარების ხელშეწყობა; 3) რუსიფიკაციის გამანადგურებელი შედეგების თვალსაჩინოდ წარმოჩენა და ანტიიმპერიალისტური წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდაჭერა. პირველდასელებმა გამოაცოცხლეს ქართული საზოგადოების დიდი ხნის წინ გაჩერებული მაჯისცემა.

არჩილ ჯორჯაძე სოციალურ და კულტურულ საკითხებში ილიას თანამოაზრე გახლდათ. იბრძოდა ქართული ენის, ეკლესიის, საფინანსო დაწესებულებების უფლებებისთვის, გამოდიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ქართული ავტონომიის შექმნის მოთხოვნით. თუმცა ის მხოლოდ თავისი იდეური წინამორბედების პოზიციათა გაზიარებით არ ყოფილა დაკავებული. ქართველ ფედერალისტთა ლიდერი ილიასგან მიღებული ტალანტის გასამრავლებლადაც მუშაობდა. ის აქტიურად უჭერდა მხარს მაშინდელი საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენის, გლეხობის, პოლიტიკურ ინტერესებს და გამოდიოდა მათთვის მიწათსარგებლობის უფლების გადაცემის მოთხოვნით. მიიჩნევდა, რომ ქართული დემოკრატიის დამოუკიდებლად, მხოლოდ გლეხური მეურნეობების საფუძველზე არსებობა გამორიცხული იყო. შესაბამისად, ყველას შთააგონებდა ჩამორჩენილი სასოფლო ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციის იდეას. ის ოცნებობდა ისეთ საქართველოზე, სადაც წარმოება უმცირეს დონეზე მაინც იქნებოდა განვითარებული. არჩილ ჯორჯაძის ყველაზე დიდი დემოკრატიული იდეა მაინც ადგილობრივ თვითმმართველობებს უკავშირდება. სწორედ ის იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში საყოველთაო, მრავალდონიანი, თავისუფალი არჩევნების მთავარი პროპაგანდისტი, ქალაქებისა და სოფლების ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლობის მთავარი დამცველი, ერობების, თემებისა და ურბანული დასახლებებისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კომპეტენციების გადაცემის მთავარი აპოლოგეტი. ჯორჯაძის მტკიცებით, არა მხოლოდ საქართველო უნდა ყოფილიყო იმპერიის ცენტრისგან თავისუფალი, არამედ მის შემადგენელ რეგიონებსაც უნდა ჰქონოდათ ძალაუფლების ნაწილის სურვილისამებრ განკარგვის პრივილეგია. არჩილ ჯორჯაძის იდეალი მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპები გახლდათ. ფედერალისტების ლიდერმა ეროვნული მოძრაობა ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის საკითხს დაუკავშირა.

სულ ბოლოს სცენაზე მემარცხენეები გამოჩნდნენ. მათ ზურგს მაშინდელ მსოფლიოში გაბატონებული ტენდენცია უმაგრებდა. ევროპის მსგავსად, საქართველოშიც პოპულარული გახდა რევოლუციური იდეები. თუმცა ისინი მხოლოდ გლობალური მოდის იმედად არ ყოფილან. მემარცხენეების გაძლიერებისთვის ნოყიერი ნიადაგი თავადმა ჭავჭავაძემ და მის მიერ აზვირთებულმა ტალღამაც მოამზადეს. ილიას დასაფლავებაზე ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო სოციალ-დემოკრატმა, მენშევიკმა კარლო ჩხეიძემ, განაცხადა: „ამრიგად, შენმა მგოსნურმა ნიჭის ნაწარმოებმა ხელი შეუწყო, ჩვენი ცხოვრების ასპარეზზე გამოსულიყო ახალთაობა, რომელმაც კლასთა ბრძოლა საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად, მთავარ ღერძად აღიარა. ამ ახალგაზრდობისთვის, სხვათა შორის, შენი იმდროინდელი შემოქმედების ნაყოფი გახდა მისი გონებრივი და ზნეობრივი ზრდის პირველ საფეხურად, რომელზედაც ეს ახალთაობა უნდა შემდგარიყო, რომ გულმოდგინეთ შესდგომოდა იმ დიადი მოძღვრების შესისხლხორცებას და ჩვენ ცხოვრებაში გადმონერგვას, რომელიც გვასწავლის, რომ კაცობრიობის წინსვლის აუცილებელ და უდიდეს მიზანს შეადგენს თანასწორობის დამყარება. ხოლო გზა, რომლითაც ამ მიზანს მიაღწევს კაცობრიობა, არის შეურიგებელი სასტიკი ბრძოლა კლასთა შორის“.

მემარცხენე მოძრაობის უპირობო ლიდერი ნოე ჟორდანია იყო. მის სახელს უკავშირდება კლასობრივი საკითხის დემოკრატიული ორთაბრძოლის ცენტრში წარმოჩენა. ჟორდანიამ, თანამებრძოლებთან ერთად, მოახერხა, პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ ჩართულიყვნენ საზოგადოების ყველაზე დაბალი და მრავალრიცხოვანი ფენები. სწორედ ეს მრავალფეროვნება და სააზროვნო სივრცეში ელიტის მიღმა დარჩენილი ფენების შეყვანა გახლდათ პირველი რესპუბლიკის შექმნის წინაპირობა. ამ რესპუბლიკის სოციალურად სამართლიან და დემოკრატიულ შინაარსზე მთელ მსოფლიოში დღემდე ლაპარაკობენ. მაშინდელი მიღწევები ამ დრომდე სანატრელია ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ქართულ დემოკრატიას საფუძველი ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. დემოკრატია მარჯვნიდან – არჩილ ჯორჯაძემ, მარცხნიდან კი ნოე ჟორდანიამ გააძლიერა. ამ სამი მოაზროვნის მემკვიდრეობის ფუნდამენტური შესწავლა ჩვენი ქვეყნის სამართლიანი და თავისუფალი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი უნდა იყოს.

ნაწილიანი

0

16 ნოემბერს 10 წელი შესრულდა გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან

 

ბავშვობაში ჯიუტად ინატრა, რომ დევის ქალს მოიყვანდა ცოლად. ანუ, ჯერ დევს დაეძგერებოდა, ხევ-ხუვებზე მუთაქასავით დააგორებდა, მერე მოკიდებდა იმის ლამაზ და შეშინებულ ცოლს ხელს და თვითონ დაისვამდა სახლში. ძალიან იოცნება ამაზე და ერთხელ დედასაც გაენდო. დედას არ გაკვირვებია, პირიქით, საფეთქელზე მიადო ცერა თითი და მთიელი ქალისთვის იშვიათი რამე ჩაიდინა: თითით მონიშნულზე აკოცა.

ბავშვობაში ხომ ყველას გვაქვს სათამაშოები. სულ ერთია, თოჯინა იქნება ეს თუ ავტომატი, ბურთი თუ ფერადი პირამიდა, თამაშით ყველანი ვთამაშობთ და ამისთვის საგნები გვჭირდება. ის კი, რატომღაც სულ ასე მგონია, რომ თამაშითაც ჩვეულებრივი სათამაშოებით კი არ თამაშობდა, არამედ არაჩვეულებრივებით. ასე მაგალითად: მთები შეეძლო კუბიკებად დაეწყო, ერთმანეთზე აეკოკოლავებინა, ჩამოეშალა, მერე კიდევ და კიდევ… ნათურის გარშემო დაყრილი მკვდარი პეპლებითაც შეეძლო ეთამაშა, მდინარით მატარებლობანა, ღრუბლით _ სახლობანა და ასე! მერე სადმე ტოტზე ყვავი დაიჩხავლებდა, აჰა ზარიც დაირეკაო, ეს იტყოდა და «სკოლაში» წავიდოდა. რამდენი სათამაშო ჰქონდა! ყველაზე, ყველაზე იღბლიანი ბავშვი სამყაროში!..

სამყაროც, დიდი სიტყვა კია, მაგრამ არ შეუშინდა. შიგ ბავშვური გულწრფელობით დააბიჯებდა და ისეთ რამეებს ხედავდა, რაც სხვებს ხანდახან მხოლოდ გვესიზმრება. თამაშით რომ გული მოიჯერა, ამ ყველაფრის წინ ჩამოჯდა და სულ სხვანაირად შეხედა: თავისი იყო. თავისი იყო ეს უზარმაზარი მთები და თვითონ, აკვნის ჩვილივით მათ შორის გამოკრული, ეს ზეცაც თავისი იყო, მუჭისხელა ვარსკვლავები დღე-ღამის მანძილზე წამითაც რომ არ უქრებოდა და, ეს ხალხიც _ ბებრის პირივით ალაგ-ალაგ მოსახლე. თავისი იყო ეს ბალახი და არა მხოლოდ მთელი ქსოვილი მისი მწვანე აბრეშუმისა, არამედ თითოეული ღერიც მასში და ამ ღერზე მღოღავი ჭია-მატლი. ისეთივე თავისი იყო, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანისთვის დედა ან შვილი. და მერე ყველაფერი ცხოვრებაში ამ ნათესაობიდან იწყება…

ეს რომ იგრძნო, რაღაც დიდმა დარდმა გაუღო გული და ჩაუსახლდა. იმის მერე აღარ მოშორებია. რა აღარ უწამლა და უწამლეს, რა სახელი აღარ დაარქვეს და რა დიაგნოზით აღარ იმკითხავეს, მაგრამ არ იყო საშველი.

საშველი აღარ არის ხოლმე, როცა ათასში ერთხელ, ამ უთვალავი წლის და ცოდვა-მადლით სავსე სამყაროში, ვინმე ამ დარდით დასნეულდება…

თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ჯერ მისი მთებიდან წამოსვლის და ქალაქური ცხოვრების ამბები ვთქვათ. დედასთან ერთად ცხოვრობდა სოფელში და უჭირდა მისი მიტოვება, მით უმეტეს ზამთარში. იქ ხომ ზამთარი საზღვარივითაა _ კარგახნით გაგმიჯნავს დანარჩენი ქვეყნიერებისგან, ცაც კი ერთი ნაბიჯით სადღაც გადაჩოჩდება. ზიხარ თოვლის მარადისობაში და ადამიანური იერიც კი გეცვლება, ვინმე მითოსურს ან ანდრეზულს ემსგავსები. მით უფრო, ბავშვობაში დევის ქალის ცოლად მოყვანაზე თუ ოცნებობდი და სიკვდილამდე მტკიცედ გჯეროდა, რომ ამით ბოროტებას ამარცხებდი.

მაგრამ რა ექნა, უცნაური ბიჭი იყო და გამორჩეული. ქვეყანა უნდა ენახა, ცხოვრების მდინარეში ყელამდე შესულიყო. მისი ამ რჩეულობის ამბავიც სოფელში ერთი-ორმა საკუთარი თვალით ნახა. ერთხელ ფერდობზე ძიძგილაობდნენ ბიჭები, ხან ერთი მოიგდებდა რომელიმეს და რბილად დასცემდა ნამიან ბალახზე, ხან მეორე. ესეც, წამოაქცია ერთმა და მაშინ იყო, ბალახში პირქვეჩამხობილს ზურგზე, მარცხენა მხართან ცხრაჯერ დაკემსილი პერანგი რომ ჩაერღვა და ვინც იქ იყო, ყველამ იხილა _ მხარზე ხელისგულისტოლა არწივი ეჯდა. მოიხრებოდა თვითონ _ ჩაკეცავდა არწივი ფრთებს, გაიშლებოდა და ისიც. ზუსტად არწივი იყო თუ ძერა, ვინ იტყოდა, მაგრამ რაღაცნაირ მედიდურ იერზე ძერას ვერ აკადრებდი. ამიტომ, ყველამ გაოცებისგან დააღო პირი და იმანაც, ბალახებიდან ოდნავ შემკრთალი თვალებით ამოიხედა, გათქმული საიდუმლოს პატრონი იყო.

მთაში ეგეთებს ნაწილიანებს ეძახიან და ძალიან იშვიათად, თუკი ვინმე ნაწილით დაიბადება, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა განგებ გამოარჩია და რაღაც დიდი, განუმეორებელი მოხდება მის თავს. ქალაქში ასეთების ნაკლებად სჯერათ და ათასჯერაც რომ გაშიშვლდე, შესაძლოა ათასჯერვე ტატუ ეგონოთ შენი მთებში დაბეჭდილი ნაწილი. ქალაქში რჩეულობაც ძნელი საქმეა და თავის გატანას, სულ მცირე, მგლის ჩამომავლობა მაინც სჭირდება. ამან მგლებისა ყველაფერი ზეპირად იცოდა, მგლის თავში, გონებაში ნაცხოვრებს გავდა, მაგრამ მაინც ცხვარი იყო. უბრალოდ, იღბალი ჰქონდა. ნაწილიანს ღმერთი იფარავდა მგლებშიც და დევებშიც.

ქალაქში პატარა ჩანთით ჩამოვიდა, შუბლზე მოკლედ შეკრეჭილი თმა და გაცრეცილი საყელო ჰქონდა, გაივლიდა და ფოთლის სუნს ტოვებდა. ჯერ ამ თავისი უცნაური გარეგნობით მიიქცია ყურადღება, სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდების მეტი რა უნახავს ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებს, მაგრამ ამას ძალიან, ძალიან ჰქონდა ფოთლის და ბალახის სუნი. ისხდნენ გამოცდაზე თეთრთმიანი პროფესორები, შესცქეროდნენ და რაღაც აგონდებოდათ… საუკუნის წინანდელი… განმეორდასავით თითქოს ერთი კადრი: მთიდან პოეტი ჩამოდის.. მერე სასწრაფოდ გაიქნ-გამოიქნიეს თავები და არაფრისმომცემი პარალელები გამოიბერტყეს. ეს კი იჯდა და, გამოცდის ბილეთში მოსულ საკითხს ლექსად წერდა. მართლა ლექსად წერდა. ასევე გადასცა შესრულებული სამუშაოების ამკრეფს და შენობიდან გავიდა. ჩააბარა.

იმ წელს ყველა მასზე ლაპარაკობდა. უფრო სწორედ, მის მიერ გამოცდაზე დაწერილ ლექსზე და პრეცენდენტზე, რომელიც ალბათ მხოლოდ ნაწილიანი ხალხისთვის ხდება: სხვა დროს ვინ ჩაგაბარებინებს ლექსად დაწერილი საგამოცდო საკითხისთვის უმაღლესში! როგორც უცხო რამ მოვლენას, ისე უყურებდენ. ზოგჯერ, როგორც ექსპონატს _ ისეც. ართობდათ მისი შესაშური გულუბრყვილობა, მთაში ნაბადი სიწმინდე. მოსწონდათ მისი უცნაური აზროვნება და იერი _ ცხვარი იყო, მაგრამ წამითაც არაფრის შეშინებია. გარეთა მტერი ვერ აფრთხობდა, იმ მტრის ტვინშიც შეეძლო ხოლმე ცოტახნით ცხოვრება და, მერე რაღაა საშიში, როცა ვინმეს ფიქრი ზეპირად იცი! აი, შიგნით კი, შიგნით ერთი პატარა მტერი ყავდა, მტერიც არ ეთქმოდა, მაგრამ არც მოყვარე იყო, _ ერთხელ რომ დარდმა გულისკარი გაუღო და ჩაუსახლდა, იმაზე ვამბობ. ხანდახან ისე შეაძრწუნებდა, საკუთარი გულის გაგლეჯვა და საკუთარი ტყავიდან გაღწევა ეოცნებებოდა, ამ თავისი ისედაც მჭლე ხორციდან გათავისუფლება, ამ თავისი ადამიანური ფიქრიდან გასვლა. აღარც მეგობრებს შეეძლოთ ასეთ დროს ნუგეში, აღარც წარმატებები ახარებდა, აზრს კარგავდა ყოველივე და ის კი იჯდა თავისივე თავის ტყვეობაში, თვალებზე თეთრი ნისლი ეფარა და ტკივილის გასვლას ელოდა…

თავიდან ამ ტკივილის წამალიც იცოდა _ მთაში მიდიოდა, დედასთან ბრუნდებოდა ხოლმე. იქ ხომ ყველაფერი თავისი იყო და, აბა რაღა მოგკლავს, როცა შინ ხარ, შენიანებში. იქ აიდგა ენა და მერე სულ ამ ენით ლაპარაკობდა. ეს ენა რაღა იყო, კაცმა არ იცის, მაგრამ სიტყვებს ხილული სამოსელი ჰქონდათ. მაგალითად, ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე: სიკვდილი მოვიდა. და ვგულისხმობთ, რომ ადამიანი კვდება, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის, ადამიანს ემართება რაღაც, მას ემშვიდობებიან, მას კარგავენ.. ის კი, იტყოდა იგივე ფრაზას და დაინახავდი, რომ ადამიანი კი არაფერ შუაში იყო, არამედ თვითონ სიკვდილი _ ხორცშესხმული, ორთვალა და ერთცხვირპირა, კაცადქცეული სიკვდილი, რომელიც აღმა-დაღმა დაიარება და ვითომ ძალიან უსამართლო, სინამდვილეში მშვენიერ საქმეებს სჩადის… ან, იტყოდა და გაგიცოცხლებდა ყველაზე მივიწყებულ ოცნებასაც _ სადღაც შორს, ყველაზე მიუვალი ზეცის იქით რომ დაგვრჩა ადამიანებს და სახელიც კი დავივიწყეთ მისი. მოგიახლოვებდა, ყვავის ფრთებით მოგიხვეტავდა იმ ზეცის ნაწილებს ცხვირწინ და ყვავებისავე გუნდს გაგაყოლებდა ცაში… არა რომელიმე ლურჯ ფრინველს ან მტრედს ან სულაც არწივს, არამედ ყვავებს, ამ მჩხავანა და ყველასგან ათვალწუნებულ ჩიტებს, რომლებიც რაც უფრო მეტად ადიან ზევით და ზეცას ერწყმიან, მით უფრო ძლიერ უცისფრდებათ ფრთები… ყვავები რომ ოდესმე მტრედებთან ერთად დასხდებიან და მგლები რომ ცხვრებს პირით ბალახს მიუჩოჩებენ, ეს ძველისძველი წინათგრძნობა არ ასვენებდა!

მერე ისევ ქალაქი. სტუდენტობა. წარმატებები. ლამაზი ცოლი და ორი ბოჩოლასთვალება ბიჭი. გარშემო ყველასგან სიყვარული, განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც ხანდახან თრგუნავდა. საკუთარი დარდის ტყვეობას უმძაფრებდა და გასაქცევ გზებს ეძებდა. ჩვენ კი ძალიან გვიყვარს, როცა რაიმეს ყველასთვის გასაგები სახელი ქვია და, ამ გზებსაც უძებნიდნენ სახელებს: ნიჭიერია და პატრონი არა ყავს, აბა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს, თავზე შემოევლებოდნენ!.. ჩვენთან შიმშილით კლავენ და სიკვდილის მერე აფასებენ!.. პურის ფულს რომ ამისთანა ხელოვანი კაცი სახლში ვერ მიიტან, სიკვდილს ინატრებ აბა რა იქნება!.. და ასე დაუსრულებლად. ეს არაა სიყვარული. არც ისაა სიყვარული, როცა ამ ნიჭიერ ცხვარს ყელზე თოკს გამოაბამ, მაჯაზე დაიხვევ და «მეე მეე»-ს იმდენჯერ აძახებინებ, რამდენი ხმაც შენი პარტიის საარჩევნო ბიულეტენში გამარჯვებისთვის გჭირდება… მერე რა, რომ ცხვრისთვის იქნებ მართლა კარგი გინდა, შენი ჭკუით ვითომ მგლებისგან იცავ. სამყარო ხანდახან ისეთი გაურკვეველია, ეგრე ადვილად სიკეთეს _ სიკეთეს და ბოროტებას _ ბოროტებას ვერ დაარქმევ.

ფურცელი, კამერა, დრო _ აი რა იყო მისი ზეცა და ბალახი. თავისი სოფელი წინ მთავარსარდლის რუკასავით გაიფინა, გადმოაწყო ეს მთები და ხევები, უტრიალა და უკირკიტა, იკითხა და იფიქრა ისინი და, სულ წიგნებად და ფილმებად აქცია. მთელი ცხოვრება დასჭირდა საამისოდ. სხვა სივრცე არც უძებნია _ იცოდა, მაინც ხელოვნური გამოუვიდოდა, ყალბი, არათავისი. თავი რისთვის აეტკია, ისედაც რა მდიდარი მასალა ჰქონდა! ერთს გაიხედავდა ხოლმე თავისი სახლის სარკმლიდან და დაინახავდა: წინადღით მეზობლის ქელეხში გალეშილი სამი მოთხრობა მოდის! ერთს არეული თვალები აქვს და ვიღაცას ჰაერში ექადნება, მეორე მესამეს შეჰყუდებია და ცოტაცაა და, ღორღიან ბილიკზე კისერს წაიმტვრევს. ან, გულგრილად როგორ ჩაუვლიდა ნამდვილი შემოქმედი ერთად მოქუჩებულ იქაურ შავკაბიან ქალებს, ოდესღაც დაწერილი ტექსტიდან გადმოსულ პერსონაჟებს რომ გავდნენ _ დასრულებული იდეურ-მხატვრული კომპოზიციებით, ერთი ხელის შევლებაღა რომ უნდოდა _ ახალ ტექსტში გადაწერა და მერე ამ ტექსტისთვის სულის შებერვა, მეტი აღარაფერი!

ქალაქში კი გაოცებულნი კითულობდნენ მის ნაწერებს, მის ფილმებს ნახულობდნენ და ესაც უკვირდათ. რაღაც ძალიან დიდი და დაუფარავი სიმართლე ელაპარაკებოდათ იქიდან. ხანდახან ამუნათებდათ, ხანდახან ეფერებოდათ. რაღაც დიდი სიმართლე იყო, მშობლიური და მთქმელის ტყავზე გამოცდილი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმათთვისაც კი მშობლიური, ვისაც ქართულის და საქართველოსი არაფერი გაეგებოდა. მონუსხულები ისდნენ და შესცქეროდნენ სამი-ოთხი კალთა მთის ამბებს და მათში ატეხილი ვნებათაღელვების და საკაცობრიო ოცნებების ისტორიას. აღფრთოვანება პრიზებით და ჯილდოებით სრულდებოდა. ეს იქ, უცხოეთში. სამშობლოში კი უპრიზო სიყვარული იყო. რაღაცნაირი _ მორიდებული, ფრთხილი შეფასება. და არამხოლოდ იმიტომ, რომ შინაურ მღვდელს არა აქვს შენდობა, არამედ იმიტომაც, რომ სულ რაღაც საუკუნის წინ მთელმა ქვეყანამ ბევრი წყალი დაღვარა, ერთი ასეთი რომ ეშვა. იმ ერთს მერე ცალ თვალში ჩაუდგა ერის ნაჭინთი წყალი და სამუდამოდ აუმღვრია, ცალით კი მეცხრე ზეცას მიებჯინა, როგორც სამშობლოთა შორის უსამშობლოესს, და იქ რასაც ხედავდა, იმაზე დაიწყო წერა. ის მამა იყო, ეს კი შვილად გაჩნდა, და სამყაროს კანონიც ისე გადანაწილდა, როგორც ადამიდან მოყოლებული: მამა-შვილს შორის. შვილი ურჩია, სულ გაქცევაზე აქვს თვალები. ესაც _ დაადებდა ხოლმე თავს და გარბოდა. ჯერ, სანამ დედა ყავდა ცოცხალი, დედასთან. მერე კი, დედაც რომ წაუვიდა, პირდაპირ მიაჭრიდა ხოლმე საიქივ-სააქაოს მიჯნას, აუტეხავდა სიკვდილის კარს ბრახუნს, შეღწევას ცდილობდა.

ერთხელაც იმდენი ქნა, ხუთჯერ დანაც კი დაარჭო იმ კარებს შუაგულში, მაგრამ ვერც იმით შეაღო. ვიღაცას მის თავზე _ მის დამბადებელს, პატრონს, მზრუნველს, ძალიან უყვარდა. მერე შვილები გაიზარდნენ და ეს კი ვეღარ გრძნობდა დროს. ის თავისი სატკივარი დარდი შიგნიდან ჭამდა, ძალას აცლიდა. აბა მთები უშველისო მაგას, ის ენატრებაო და, გააქანეს მთებში. არ უშველა. აბა მაშინ ზღვა ვცადოთო _ არც ზღვამ. აბა ხშირ-ხშირი ზიარებაო და, ცოტა მოითქვა სული. მაინც დიდი დასასრულისკენ ცხადლივ მიექანებოდა და თან გზადაგზა სიზმრებს ხედავდა. წინასწარ ესიზმრა მთელი ქვეყნისთვის მომავალში გადასახდენი ამბები. ამან უფრო დაუჩქარა სიკვდილი.

გამოაღებდა მისი ლამაზი ცოლი ფანჯრებს, შემოუშვებდა ოთახში დილისსუნიან ჰაერს, შემოყვებოდა იმ ჰაერს ათასი გამვლელ-გამომვლელის ჩრდილის ნაკუწი, ერთი ტოტი აკაცია და მთაზე ერთი წაფარება ცა. ის კი იწვა ლოგინში ასი წლის მოხუცივით გაფითრებული და დევებზე, ყვავებზე, ნაძვებზე ფიქრობდა. სხვა ენა აღარ ესმოდა. მერე ისიც გაახსენდა, ბავშვობაში რომ დევის ქალის მოტაცება ინატრა და, ერთი წამოდგომა ამ სურვილით წამოდგა. მერე სულაც გაჩერდა და ყველაფერი ღმერთს მიანდო. ღმერთს მინდობილები კი აღარ დადიან, _ ცურავენ. შეიხვევს ლურჯი ტალღა თავის შიგნით, თბილად, საიმედოდ ამოუგებს აქეთ-იქიდან წყლის საბანს და გაიყვანს შუა ზღვაში, ოკეანეში… დაატივტივებს დედამიწის მუცელში და ამქვეყნად ყველა ქარიშხალმაც რომ გადაუაროს, მაინც არ შეეშინდება, რადგან ღვთისთვის ნდობაგამოცხადებულს, მისივე თვალი იფარავს.

ხანდახან ადამიანები ისე კვდებიან, რომ ამ უკიდეგანო შვებას ვერ განიცდიან. ამან კი ბოლოს, კი არ იარა, ცურვით წავიდა წინ. საუკუნეს გადაცილებული მოხუცივით იწვა კუბოში _ წარბებგათეთრებული. მოდიოდნენ და სინანულით იქნევდნენ თავებს. ერთმა ისაც კი თქვა: ჩვენი ბრალია ამისი სიკვდილიო. ისედაც ტვირთიანს თავიანთი სინდისიც აკიდეს და სულ დაამძიმეს ეს ურჩი ცხვარი. ვინ ეხვეწებოდათ, თქვენს თავზე დაიბრალეთ ამისი ცუდადყოფნაო? ან შიმშილს და უპოვარებას დააბრალეთ მისი სევდაო? როგორ საშინლად ვიცით ადამაინებმა უაზრო თანაგრძნობით ერთმანეთის დატყვევება! წამში ავართმევთ ხოლმე თავისუფლებას, გაურკვეველ განცდებში გამოვკეტავთ!.. ნეტა, მთაში რომ დარჩენილიყო და არც არასდროს ჩამოსულიყო ქალაქში, იქ რა მოხდებოდა? უფრო გაუადვილდებოდა? გაუძლებდა?

დასაფლავების დღეს საშინლად წვიმდა და ნისლი იდგა. საფლავი იმ მონასტრის ეზოში გაჭრეს, სადაც ადრე თვითონ და მისმა ცოლმა დაიწერეს ჯვარი. მოგვიანებით საფლავის ქვაც დაადგეს _ თეთრი ცხვარი აქვს ზედაპირზე ამოტვიფრული და ერთ კუთხეში პაწია ღრმული _ შიგ წვიმის მერე წყალი დგება ხოლმე და ჩიტები სულ ზედ ასხედან _ ღრმულიდან წყალს სვამენ. ლამაზმა ქვამ და კარგად მოვლილმა საფლავმა ცოტა დაუმშვიდა სხვებს სინდისი, სიკვდილის მერე მაინც მივხედეთო. ალბათ მის სახელს ეს უცნაური, ნაქენჯნი ტალღა წლების მანძილზე თან გადაჰყვება. სადაც მასზე იტყვიან, ამ განწყობასაც სულ თან მოაყოლებენ და, ვინ იცის, რამდენჯერ წაეჩხვლიტება იმის სულს უკვე აყრილი და მაინც სამუდამოდ მის სახელზე მოჭრილი ამქვეყნიური ბორკილი.

ან კი ჯერ რამდენი დრო უნდა გავიდეს, მის შემოქმედებაზე ფიქრი რომ დაიწმინდოს და დაღვინდეს, მომავლის სივრცეებში დროდადრო გაცოცხლდეს და სხვაც ყველაფერი გარშემო გააცოცხლოს.

ამიტომაცაა ალბათ, ჯერ დინჯად მასზე ვერც დავწერე. უფრო დალაგებულად მინდოდა, ვიფიქრე _ ერთ მოტივს გამოვარჩევ-მეთქი, იმით დავიწყებ, მთის წვერიდან დაშვებული მუჭა გუნდასავით _ იმას დავატრიალებ და გზის ბოლომდე სულ თავისით ჩავა _ უშველებელ თოვლის ზვინად ქცეული…

არ გამოვიდა.  გუნდა აქეთ-იქით ხტოდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე დამრჩა სათქმელი, რამდენი ხელუხლებელი თოვლი _ აუკრეფავი და დაუნახავი.

თქმა არც უნდა, ყველა მიხვდებოდა _ გოდერძი ჩოხელზე ვწერდი.

ჩემს გოდერძი ჩოხელზე.

„ლუფსის“ მეთოდი გაწაფული კითხვის უნარის ჩამოსაყალიბებლად

0

ვისაც პირველი და მეორე კლასი ჰყოლია ან ამ ასაკის  შვილი უმეცადიანებია, ალბათ დამეთანხმება, რომ სერიოზულ სირთულეებს აწყდება მოსწავლეც, მშობელიც და მასწავლებელიც. მოსწავლე შეუჩვეველია გაწაფულ კითხვას, ზოგჯერ მათ მარცვლებადაც ვერ ჰყოფს, რამდენიმე ასო  ერთმანეთშიც ერევა, ზოგი სიტყვის მნიშვნელობა სულაც არ ესმის. ამ დროს დედას ნერვები ეშლება და ვერაფრით იგებს, რატომ ვერ კითხულობს მისი შვილი. ნერვებმოშლილი დედა კი ვერც ხვდება ისე გადადის ყვირილზე. ისედაც დაბნეული ბავშვი კიდევ უფრო ითრგუნება და საბოლოოდ აცრემლებულთვალებიანს ასოებიცა და სიტყვებიც ისე ერევა ერთმანეთში, რომ ვეღარაფერს კითხულობს. ამასობაში დრო გარბის და ფაცხა-ფუცხით ჩაცმული დედა-შვილი სკოლაში გარბიან…

 

ზარის დარეკვა და გაკვეთილის დაწყება ბავშვს სულაც არ ახარებს. პირიქით, იცის თუ მასწავლებელმა გაკვეთილი გამოჰკითხა, საყვედური არ ასცდება. საყვედური კი სახლში უკვე მიიღო და ახლა მის თავიდან ასაცილებლად მობუზული ეფარება კლასელის ზურგს. მაგრამ ეს მასწავლებლებიც თითქოსდა მაშინ აკითხებენ ტექსტს, როცა არ უნდა წაკითხვა…

მოსწავლე აკანკალებული ხმით იწყებს კითხვას და რის წაკითხვაც იცოდა, ისიც ავიწყდება… იმაზე მეტ შეცდომას უშვებს სკოლაში, ვიდრე სახლში. რა თქმა უნდა, არც მასწავლებელს ჰყოფნის მოთმინება ამ დასახიჩრებული სიტყვების მოსასმენად, და მით უმეტეს, იმ თანაკლასელებს, რომლებიც კარგად კითხულობენ. რამდენიმე წამში მასწავლებლის საყვედურს თანაკლასელების სიცილი უერთდება. ორად მოკეცილი მოსწავლე ოთხად იკეცება და გაჩენის დღეს იწყევლის. მასწავლებელი ან დღიურში წერს მისი უბედურების შესახებ ან პირდაპირ ტელეფონზე რეკავს დედასთან და გულმოსული ამცნობს მისი „გმირობის“ ამბავს! სამსახურის საქმეებით დატვირთული დედა ბავშვის მოსარჯულებლად დასჯის ახალ მეთოდებს იგონებს!

საღამოს დაღლილ-დაქანცული დედა-შვილი მოფერების ნაცვლად არსებულ პრობლემას ეჯახება და მეცადინეობა კვლავ ჩხუბსა და დავიდარაბაში გადადის. საბოლოოდ კი გვრჩება ყველასგან „მიტოვებული“, მთელ სამყაროზე გაბრაზებული ბავშვი, რომელსაც სამუდამოდ შეჯავრდება კითხვა.  ზუსტად ვიცი, ასეთ ბავშვს  ძნელად გაუჩნდება კითხვის წყურვილი!

მაშ, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ან მასწავლებელმა, რომ დამწყები მკითხველი კითხვაში გაიწაფოს?

მე აღმოვაჩინე ამ მოჯადოებული კარის უბრალო გასაღები – მეთოდი „ლუფსი“. მინდა გაგიზიაროთ. იმედი მაქვს ის ბევრ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს მოუხსნის პრობლემას.

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი და 2 შვილის დედა ვარ. პირველ შვილს მსგავსი პრობლემა არ ჰქონია და, შესაბამისად, მე ის ასე მძაფრად არ განმიცდია.  მაგრამ ახლა, როცა ერთდროულად მასწავლებელიც ვარ და  ჩვეულებრივი განვითარების მქონე  მოსწავლის მშობელიც, აღმოვაჩინე, რამხელა ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდად ვასწავლო შვილს და მოსწავლეს კითხვა. მოდით,  გავიხსენოთ 6-7 წლის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები:

  • მალე იღლება;
  • ერთი და იგივე მალე ბეზრდება;
  • სწავლობს თვალსაჩინოების დახმარებით;
  • მოსწონს დიდი შრიფტი;
  • მოსწონს თამაშით სწავლება;
  • სწავლისას სჭირდება მრავალჯერ გამეორება;
  • ზოგჯერ კითხულობს სარკისებურად;
  • უყვარს პატარა ტექსტები. ახლა გავიხსენოთ როგორი საკითხავი ტექსტები გვაქვს პირველ და მეორე კლასში:
  • დიდი ტექსტები, კარგი შრიფტი, ცოტა ნახატები; სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ბავშვისათვის ძირითადად გაუგებრია; სიტყვები, სადაც ბევრი თანხმოვანდაჯგუფებაა; ხმოვანდაჯგუფებული სიტყვები, გრძელი სიტყვები, გრძელი წინადადებები სიტყვები, რომლებიც არაფრითაა გამოყოფილი დანარჩენებისაგან; გრძელი ტექსტები მაგ: „მოვიარე საქართველო“, „ბრძენი კუ“ , „გაბერილი უბე“ და ა.შ.

ამ ყველაფერს დავუმატოთ – სუსტი ნებისყოფა, გაბრაზებული დედა, გაბრაზებული მასწავლებელი, მტკივნეული დაცინვები.

 

რა ქნას ბავშვმა როგორ ისწავლოს კითხვა?

ყველას სურს, მოკლე დროში დაინახოს წარმატება, მით უმეტეს 6-7 წლის ბავშვს  და დარწმუნდეს, რომ თვითონ არის თავისი წარმატების შემოქმედი. ამის მიღწევა კი ამდენი ხელისშემშლელი ფაქტორის ფონზე ძალიან ძნელია.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებლად დაგეხმარებათ მეთოდი „ლუფსი“ ის საკუთარ შვილსა და მოსწავლეებზე მაქვს გამოცდილი და მის ეფექტურობაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც გამოცდით.

ავიღოთ მე-2 კლასის ქართულის სახელმძღვანელოს ძალიან საყვარელი ტექსტი ქ. ჭილაშვილის „გაბერილი უბე“:

„ბაღჩაში მსხალი შეთვალულიყო.

  • ბიჭოს, ამ გულაბით პირის ჩატკბარუნება კი ღირს!- გაიფიქრა ავთომ და ღობეს თვალი ჩააყოლა, ბოლოში კარგა მოზრდილი ხვრელი შენიშნა, ჩაირბინა და თვალით მოზომა.
  • ისე გავძვრები , შენი მოწონებული! – ჩაილაპარაკა ავთომ და ბაღჩაში ამოყო თავი. ხეზე ასვლა ვერ გაბედა, თვალი არავინ მომკრასო, ქვედა ტოტი ჩამოსწია და რაც ხელთ მოხვდა, მკვახე თუ მწიფე, იყარა და იყარა უბეში.

ახლა კი დროა , მოვუსვაო, გაიფიქრა ავთომ და ბალხებში გაწვა, თავი ხვრელში გაყო, მაგრამ ტანი? ტანს ძვრაც ვერ უყო. აქეთ ეცადა, იქით ეცადა, მაგრამ ვერა გააწყო რა! გაიჭედა!

– რომლისა  ხარ ვაჟკაცო? სიცილით თავს წამოადგა ბაღის პატრონი შინჯიკაანთ თედო. ავთო ჭირის ოფლში გაიწურა.

– ნეტა რასა წვალობ ბიჭო! აჰა, ეს ხე და ეს შენ!  ადი ზედ და რამდენიც გინდა, ჭამე!- იღიმებოდა ძია თედო“.

ტექსტში სულ 118 სიტყვაა. აქედან რამდენიმე ისეთია, რომელთა წაკითხვა უეჭველად გაუჭირდება მეორე კლასელ ბავშვს. ძნელად წასაკითხ სიტყვათა რაოდენობა – 30-ია, რაც მთლიანი ტექსტის 35 %-ს შეადგენს!

ახლა ამას დვუმატოთ წინადადების სიგრძე – თითოეული წინადადება რამდენი სიტყვისგან შედგება?

6 წინადადებაა 3-სიტყვიანი, დანარჩენი კი 7 და 7-ზე მეტი სიტყვისაგან შედგება. ახლა დავასაბუთოთ სქემა რატომ ვერ წაიკითხავს ამ სიტყვებს თანამედროვე მეორეკლასელი.

 

N
1 შეთვალულიყო      
2 პირის ჩატკბარუნება  ღირს        
3 კარგა          
4 მოზრდილი          
5 ხვრელი        
6 შენიშნა          
7 მოზომა          
8 ჩაილაპარაკა          
9 თვალი არავინ მომკრასო        
10 ხელთ მოხვდა          
11 იყარა და იყარა უბეში.      
12 მოვუსვაო          
13 ძვრაც ვერ უყო          
14 ვერა გააწყო რა          
15 რომლისა  ხარ ვაჟკაცო?          
16 შინჯიკაანთ თედო    
17 ჭირის ოფლში გაიწურა          

 

ზოგიერთ სიტყვას/გამოთქმას ბავშვი რამდენიმე ნიშნის გამო ვერ კითხულობს.

როგორ მოიქცევა ჩვეულებრივი მშობელი ან მასწავლებელი, რომელიც ცდილობს ასეთი რთული ტექსტის კითხვაში გაწაფოს 7 წლის ზაფხულგამოვლილი მოსწავლე? თავიდან დააწყებინებს კითხვას და რამდენჯერმე ბოლომდე ჩაიყვანს (ეს კი როგორ უყვარს 6 წლის ბავშვს!). ამასობაში ორივეს დააწყდება ნერვები! დედა ჩათვლის,  რომ „დებილი შვილი“ ჰყავს, ბავშვი იფიქრებს, რომ კითხვა საშინელებაა და ტყუილად უხაროდა სკოლაში შესვლა.

მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობს „ლუფსი“. ამ მეთოდით კითხვისას დაგჭირდებათ

უბრალო ფანქარი და საშლელი.

 

                                                               მეთოდი „ლუფსი“

  1. სთხოვეთ ბავშვს, მოცემული ტექსტი წაიკითხოს ერთხელ;
  2. რომელი სიტყვაც გაუჭირდება, ის სიტყვა გახაზოს უბრალო ფანქრით;
  3. მხოლოდ გახაზული სიტყვები წაიკითხოს რამდენჯერმე;
  4. წაიკითხოს ტექსტი თავიდან და ყოველ გახაზულ სიტყვას, რომელიც სწორად წაიკითხა, ხაზი საშლელის დახმარებით მოაშოროს;
  5. ასე გააგრძელოს მანამ, სანამ ყველა სიტყვას ხაზს არ მოაშორებს.

ალბათ, გაჩნდება შეკითხვა – რით არის ეს მეთოდი სხვებზე უკეთესი?

ბავშვს თუ შეცდომებზე არ მიუთითე, შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ შეცდომით კითხულობს. მაგრამ ხშირად შეცდომების მითითებამ მას შეიძლება თავდაჯერებაც დააკრგვინოს.

„ლუფსით“ სრგებლობისას, პირველი წაკითხვისას, აუცილებელია ვინმე უსმენდეს გამოუცდელ მკითხველს და შეცდომების დაშვებისას, გაბრაზების გარეშე შეახსენოს ხაზის გასმა.

ხაზის გასმა ახდენს შეცდომის ვიზუალიზაციას და მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევს მკითხველს. თან მას შეუძლია დაინახოს და დაიხსომოს „მტერი“, რომელიც კარგად კითხვაში უშლის ხელს.

მეორე ეტაპზე პატარა მარტო რჩება და მხოლოდ ხაზგასმულ სიტყვებს  კითხულობს რამდენჯერმე. ასე პატარას გაუჩნდება აზრი,  რომ შეცდომის დაშვება საშინელება სულაც არაა. ხოლო მარტო დარჩენისას ის იძენს რწმენას, რომ თავადვე შეუძლია აღმოჩენილ პრობლემასთან გამკლავება.

მესამე ეტაპზე თავიდან ბოლომდე წაკითხვისას აღმოაჩენს, რომ მან ნამდვილად შეძლო შეცდომების გამოსწორება. და ის იწყებს ძნელად წასაკითხ სიტყვებზე ხაზების წაშლას. ბავშვმა პირველ ეტაპზე დაინახა თავისი შეცდომა, მესამე ეტაპზე კი ასევე ვიზუალურად დააფიქსირა თავისი შესაძლებლობა – საშლელი ასეთ სიტყვებს თანდათან აქრობს.  მართალია, ყველა შეცდომა ვერ აღმოიფხვრა, მაგრამ ამავე ხერხით დანარჩენი სიტყვების სწორად წაკითხვასაც შეძლებს.

მეოთხე ეტაპი არის დარჩენილი სიტყვების ამოკითხვა. ამას თვითონ ბავშვი თქვენი ძალდატანების გარეშე გააკეთებს – ის ხომ საკუთარ თავსა და გარესამყაროს უმტკიცებს, რომ ძლიერია!

ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენება ბავშვს არამხოლოდ კითხვას ასწავლის, არამედ საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებას.

მეთოდი „ლუფსი“ არის იმედისა და სტიმულის გზა გაწაფული მკითხველის ჩამოსაყალიბებლად. სცადეთ, აუცილებად დაინახავთ შედეგს.

 

   მთხრობელის ნიღბები

0

XX საუკუნის 10_იანი წლებიდან დაწყებული ქართული ლიტერატურის განახლების პროცესი, რომელშიც ნიკო ლორთქიფანიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა, გამოირჩეოდა თხრობის, როგორც მხატვრული სისტემის ყველაზე ძლიერი კომპონენტის, მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლები აღარ სჯერდებოდნენ ტრადიციული თხრობის ფორმებს, XIX საუკუნის კლასიკოსი მწერლების მიერ თითქმის სრულყოფილების რანგში აყვანილს, და დაეძებდნენ რაღაც ახალს, რასაც თან ახლდა ძიებანი მხატვრული გამოსახვის სხვა სფეროებშიც.

ნიკო ლორთქიფანიძე შესანიშნავად ფლობდა თხრობის ტრადიციულ ხერხებს, მაგრამ ავსტრიულ იმპრესიონისტულ სკოლასთან ზიარებამ (უპირველესად, არტურ შნიცლერისა და პიტერ ალტენბერგის შემოქმედებასთან დაახლოებამ) დიდწილად განსაზღვრა მისი მხატვრული ხელწერა. რა თქმა უნდა, მალე ჩაიარა მიბაძვისა და გავლენის წლებმა და დიდმა ნიჭმა მწერალს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი სტილი ჩამოეყალიბებინა, რაც წარმოგვიდგება, როგორც ერთგვარი სინთეზი ტრადიციისა და ნოვაციისა, მშობლიურისა და უცხოსი. აღმოსავლურისა და დასავლურისა. საზოგადოდ, ქართული ლიტერატურისთვის (და კულტურისთვის) ყოველთვის დამახასიათებელი იყო ერთგვარი სიჭრელე და მრავალფეროვნება, რასაც განაპირობებდა მისი ყოფნა გზაჯვარედინზე, სადაც სხვადასხვა თვითმყოფადი კულტურა კვეთდა ერთმანეთს, აქ აღმოსავლეთი და დასავლეთი, მართლაც, ხვდებოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად კიპლინგისეული სკეფსისისა. ეს, რა თქმა უნდა, აისახა, ქართველი ერის მსოფლმხედველობაში, მის რელიგიურ_მითოლოგიურსა თუ ლიტერატურულ პარადიგმებში.

ამჯერად ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ ნიკო ლორთქიფანიძის მხოლოდ ერთ მოთხრობაზე _ “დანგრეულ ბუდეებზე”, რომელიც როგორც ზღვის წვეთი მთელ ზღვას, ისე ირეკლავს ნიკო ლორთქიფანიძის თხრობის ტიპოლოგიის თავისებურებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მაინც ყოვლისმომცველი, რადგან ყოველი მხატვრული ტექსტი ახალი სამყაროა თავისი ამოუწურავი თავისებურებებით.

“დანგრეული ბუდეები” ეკლესიასტეს თემის ვარიაციებზეა აგებული, კონკრეტულისა და ზოგადის ნაზავია, ეროვნულისა და ზოგადსაკაცობრიოს ერთგვარი მხატვრული სინთეზი. მასში ისმის  როგორც ქართველი კაცის გოდება, ასევე, ზოგადად, ადამიანის ტანჯვა და ტკივილი იხატება წარმავლობის გამო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ მწერალი მოთხრობის მთავარ მთხრობელად, ნიღბად, ირჩევს ანონიმ ავტორს, რომელიც მწერალი არც არის, არამედ მისი “ერთი კარგი ნაცნობია”, ამგვარად ის ერთგვარ დოკუმენტალობას ანიჭებს მოთხრობილ ამბავს, რადგან ეს სწორედ იმ ნაცნობის დღიურებია, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს,  არც კი დაუმუშავებია, ისე გამოიტანა მკითხველის სამსჯავროზე. დამუშავება, მწერლის ჩარევა შეცვლიდა მთხრობელის სტილს და მკითხველის თვალში, ალბათ, დამაჯერებლობასაც დაუკარგავდა. ამავე დროს, მწერალი ქმნის ერთგვარ დაძაბულობას, რადგან დღიურის ავტორს, მიუხედავად ანონიმურობისა, მაინც უქმნის რაღაც ისტორიას, რითაც მკითხველს მის მიმართ თანაგრძნობითა და სიბრალულით განაწყობს. დღიურების უცნობი ავტორი  გარდაიცვალა ომში (დრო ზუსტად მინიშნებული არაა, მაგრამ იგულისხმება I მსოფლიო ომი). ამგვარად, მოხაზულია ის დროითი არეალი, რომელშიც დღიურის შთაბეჭდილებები უნდა გაიშალოს. თავიდანვე თხრობის სადავეების გადაცემა “სხვისთის” პასუხისმგებლობის თავიდან ერთგვარი აცილებაა, მაგრამ, იმავე დროს, მოთხრობაში კიდევ ერთი პერსონაჟის შემოყვანის თავისებური ხერხია. მართალია, ამ პერსონაჟს არც სახელი აქვს და არც გვარი, მაგრამ იგი მთავარი გმირია, რადგან საკუთარ განცდებზე გვესაუბრება. სწორედ მას, მის გზას მიჰყვება მკითხველი და მის განცდებს აკვირდება. თვითონ მწერალი მიანიშნებს მკითხველს, რომ თვითონ ეს “სხვისი” დღიურები მოსწონს, ამიტომაც არ ჩაასწორა და ერთგვარად მოიბოდიშა: “თუ მკითხველს რამე მოეწონება, პატიება გაუგზავნოს განსვენებულს, უსახელო ავტორს; ნაკლულევანებანი_ ჩემი დანაშაულია”. მწერალი ამ ჩვეულებრივი, მკითხველთან გასაუბრების ტონით ქმნის თავისებურ ინტიმს და შექმნილ დრამატიზმს კიდევ უფრო ამძაფრებს იმის აღნიშვნითაც, რომ “ამ დღიურის სათაურად უკეთესი ვერ მოვნახე: „დანგრეული ბუდეები”. აქ მთავრდება მისი, როგორც მწერლის “მისია”, ასე რომ, ეს არის მოთხრობის სამყაროდან სრულიად გამოყოფილი პატარა ველი, სადაც მთხრობელი არის მწერალი, ხოლო თვით მოთხრობაში იგი აღარ ჩანს არანაირი ჩანართებითა თუ კომენტარებით, რითაც მკითხველს დანაპირებს უსრულებს და სრულ თავისუფლებას აძლევს, თვითონ გაერკვეს ყველაფერში.

მკითხველის თანამონაწილეობა  მოთხრობის სივრცეში ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების დამახასიათებელი ასპექტია. იგი, როგორც იმპრესიონისტი მწერალი, ფიქრობს, რომ მკითხველმა მონაწილეობა უნდა მიიღოს აღწერილ ამბებში თავისი განწყობილების გამოხატვით და ფანტაზიის ჩართვით. ის, რაც სტრიქონებს მიღმა იგულისხმება (და მწერალი ამ ნაგულისხმევს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს), მხოლოდ მკითხველის გონიერებასა  და გუნება_განწყობილებაზეა დამოკიდებული. თხრობის მდინარებაში აქტიურად ჩართული მკითხველი უფრო მეტს გაიგებს და დაინახავს, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ გარეგან და უგულისყურო მაყურებლად თუ გადამკითხველად დარჩება.

მოთხრობაში თხრობის მრავალფეროვნება გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა პერსონაჟის ნაამბობი, მთხრობელის სხვადასხვა ნიღაბი, არამედ იმითაც, რომ მთავარი მთხრობელის თხრობის სტილიც იცვლება აღწერილი ამბების შესაბამისად. იგი ხან ლირიკულ_პოეტურია, ხან იმპრესიონისტული, ხან ექსპრესიულ_დამუხტული, ხან კი მდორე და პროზაული.

მოთხრობის მთავარი გმირი პირველ პირში საუბრობს თავის განცდებზე  და თავისი შთაბეჭდილების ფოკუსში გარდატეხს გარკვეულ ეპოქას, იმ დრო_სივრცეს, რომელშიც ხან თვითონ მოგზაურობს რეალურ _ისტორიულ დროში, ხან სხვათა ნაამბობში მოგზაურობს ვირტუალურად. ორსავე შემთხვევაში მკითხველს შეეთავაზება მისი შთაბეჭდილებანი და განცდანი. მწერლის მიზანი ნათელია, მაქსიმალურად დაძაბოს მკითხველი და მუდმივი ყურადღების ცენტრში ამყოფოს, ამიტომაცაა, რომ არც ისე ვრცელი მოთხრობა იტევს რამდენიმე მცირე სიუჟეტს, რომლებიც შეიძლება რომანის დიდ სივრცეშიც კი გაშლილიყო და დამუშავებულიყო, თუმცა,  ნიკო ლორთქიფანიძის  სიყვარული მცირე ფორმისადმი ამ შემთხვევაშიც წარმმართველი აღმოჩნდა. შეიძლება მწერალი შეუცნობლად გრძნობდა, რომ ხანგრძლივად დაძაბულ სიტუაციაში ყოფნა მკითხველს გაუჭირდებოდა და დრამატიზმიც განელდებოდა, ამიტომ აირჩია დაძაბულობის ხანგრძლივობის შემცირება და, სამაგიეროდ, მისი ინტენსივობის გაძლიერება სწორედაც  რომ ნოველისა თუ მოთხრობის ფორმით.

მოთხრობა აგებულია ძველი და ახალი დროის კონტრასტებზე. ეს კონტრასტი კი ისეთი მკვეთრია, როგორც შავისა და თეთრის დაპირისპირება. რაც იყო, აღარ არის. ამ “იყოში” კი იგულისხმება და იხატება ძველი დროის თავადიშვილთა მატერიალური სიმდიდრე_უხვი შემოსავალი, ხელგაშლილი ცხოვრება, მაგრამ, იმავე დროს, ძველთა ზენობრივი სიმდიდრეც, ქრისტიანული_რაინდული იდეალები. კონტრასტულ ფერთა ეს მონაცვლეობა ქმნის თავისებურ რიტმს და თხრობაც შესაბამისად იცვლება, ხან აღმავალია ტონი და რიტმი, ხან შენელებული, მაგრამ მთლიანობაში მაინც ექსპრესია ჭარბობს, რადგან მთავარი მთხრობელი გამუდმებით მოძრაობს სივრცის ჰორიზონტალსა თუ დროის ვერტიკალზე. თუ სივრცული ჰორიზონტალი ერთგვარ სწორ ხაზად წარმოდგება, საქართველო, იმერეთის რამდენიმე სოფელი, დროითი ვერტიკალი არ არის ასეთი სწორხაზობრივი. სხვადასხვა პერსონაჟი “ხსნის” დროის თავის და თავისებურ “ჩაღრმავებას”, ასე რომ, სივრცის ერთგვაროვან მონაკვეთზე ხანდახან რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დროითი ვერტიკალი ჩნდება.

მწერალი თავიდანვე გამოკვეთს სამყაროს ერთგვარ კანონზომიერებას. დღევანდელი დღე განსაზღვრავს ხვალინდელს, დღეს ჩადენილი ქმედება  იწვევს სამომავლო ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ადამიანი ხშირად კანონზომიერებად კი არა, შემთხვევითობად აღიქვამს. მოთხრობაში ეს ასეა წარმოჩენილი. გმირი ანგრევს მერცხალთა ბუდეებს, როგორც უსარგებლოს და მერე მოფრენილ მერცხლებს სინანულითა და თანაგრძნობით უცქერის,  მაგრამ ბუდე უკვე დანგრეულია, ამიტომაც სწორედ მას, ბუდეთა ამ დამანგრეველს დაეკისრება მისია, მოინახულოს უკვე ადამიანთა დანგრეული ბუდეები, განიცადოს ახლობელ_ნათესავ_მეგობართა ოჯახების დანგრევა, გაცამტვერება და მიწასთან გასწორება. მწერალს არ აინტერესებს სოციალური პრობლემები, მას უფრო სულიერ_ზნეობრივი საკითხები გამოაქვს წინა რიგში.

მთავარი მთხრობელი პოეტური ბუნებისაა და ამიტომაც  ყოველ ნიუანსს მძაფრად აღიქვამს და გამოთქვამს.  ძველი დრო პირდაპირ მასთან, მის ბავშვობასთან არის დაკავშირებული და ამიტომაც დანგრეული და დაკარგული უფრო მეტი რომანტიკულობითა და ლირიზმით იმოსება. ბავშვობა, იგივე სამოთხე, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული სამყაროს მშვენიერებისა და სიკეთის პირველყოფილი განცდა, როდესაც რეალურია (თუმცა, გაუცნობიერებელი) ღვთაებრივ ძალებთან კავშირი, მთხრობელს ინტუიციურად უბიძგებს წარმოსახვის უფრო მეტი ინტენსივობით გაშლისკენ, ამიტომაც გარდასული რაღაც შარავანდედითაც იმოსება. შეიძლება წარსულში, მართლაც, ასე იდეალურად არ იყო ყველაფერი, მაგრამ ბავშვობის გადასახედიდან სამყარო უხინჯო და უმტვერო ჩანდა. მწერალი ახერხებს  მოზრდილი, მრავალნანახი ადამიანის გამოცდილების გვერდზე “გადადებას” და იმ შთაბეჭდილებების უშუალოდ განახლებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად მჟღავნდება პეიზაჟების ხატვისას. მთხრობელი იხსენებს ადგილებს, ხეებს არა მხოლოდ გონებით, არამედ, უპირველესად თვალით და იხატება უმშვენიერესი ფერწერული პეიზაჟები, სწორედაც რომ იმპერსიონისტი მხატვრის თვალით აღქმული, სინათლითა და ჰაერით გაჯერებული. მაგალითად: “ეზო მოკრიალებულია… ჩალის ფოთოლი აბრეშუმის არშიად აგერ_აგერ  აგდია… მაგიერად სდგას ერთი დიდი_დიდი ქარვის ბოხოხი…”. ეს “ქარვის ბოხოხი” კი თივის ზვინია. ამ მეტაფორით მწერალმა წარსულის დაუვიწყარი სურათი გააცოცხლა, თანაც ბავშვის თვალით დანახული. ან კიდევ: “ღამეები საოცნებოდ რთავდა ჩვენს დიდ ეზოს. ხეთა ჩრდილს გააწვენდა მთვარე, თვით ხეებს უკარგავდა ფერს და თეთრის, მკრთალის სიანათლით გააბრწყინვებდა მთელს არეს”. ეს არის პოეტური ნარატივი, რომელიც იქმნება  თხრობაში ჩართული ისეთი მხატვრული ხერხების გამოყენებით, როგორებცაა: შედარება, ეპითეტი თუ მეტაფორა.

თხრობის მრავალფეროვნებას ქმნის ისიც, რომ მოთხრობა დაყოფილია პატარა ნოველებად, რომლებშიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამბები ვითარდება, საერთო მხოლოდ პათოსია_სევდიანი და ნოსტალგიური. ამ შემთხვევაში ერთ უხილავ პერსონაჟად თვითონ წარმავლობა გვევლინება, რომელიც თვითონ არ ჩანს, მაგრამ მისი კვალი თვალნათელია, მის გავლილ გზას მიუყვება მთავარი მთხრობელი და მისი გოლიათური ნაბიჯებით გადათელილ და გაცამტვერებულ ცხოვრებაზე გვიყვება. ამ ნაბიჯებს განურჩეველი გულგრილობით გაუთელავს ადამიანიცა და ბუნებაც, ლამაზიცა და მახინჯიც, დროცა და სივრცეც, მხოლოდ ადამიანის მეხსიერებისთვის ვერ დაუკლია ვერაფერი, პირიქით, გახსენება, მონატრების გრძნობით გაჯერებული, უფრო მეტი ფერით, სურნელითა და ხმით იმოსება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოთხრობაში პირველი ნარატივი შესავალში გვხვდება, პუბლიცისტურ_კანცელარიული სტილისა, შემდგომ მოდის “წინასიტყვაობასავით” ნარატივი, რომლის სტილი უფრო თბილი ტონითაა გაჯერებული და თხრობაც გამხატვრულებულია, ერთგვარად სტილიზებულია. ამის შემდეგ მოდის მოთხრობაში ჩართული პირველი ნოველა “მოხუცი იმ ქვეყნიდან”, რასაც მოჰყვება სხვა ნოველები: “უტყვთა ცრემლები”, “ჯიუტები”, “ალბუმი”,  “ბიუსტი”. ყველა ამ ნოველას აერთიანებს მთხრობელი, რომელიც ხან აღწერილი ამბების თვითმხილველია მხოლოდ, ხან კი, უბრალოდ, მსმენელი, ამ შემთხვევაში ის, ერთგვარად, მკითხველის პოზიციაზე გადადის.

ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე პ. ლაბოკი თხრობის ორი ძირითადი კატეგორიის_”ჩვენებისა” (I) და “თხრობის” (II)_ საფუძველზე ასხვავებდა “ისტორიის” პრეზენტაციის ორ მოდუსს: სცენასა და პანორამას. ნიკო ლორთქიფანიძე ამ მოთხრობაში ორივე ამ მოდუსს წარმატებით იყენებს. მაგალითად, ჩართულ ნოველაში “უტყვთა ცრემლები” ძირითადად, სცენებია, სადაც “პერსონაჟებად” გვევლინება ბუნება, ოღონდ უტყვად და უმოძრაოდ. მხოლოდ მთხრობელის შთაბეჭდილებაში ხდება მათი ახლანდელი და ძველი სახეების ჩანაცვლება, ამგვარად, ხაზი ესმება რეალურ დროში მათ გაპარტახებას და განადგურებას. პანორამულია თხრობა ნოველებში “ჯიუტები” და “ალბუმი”, რომლებშიც მთხრობელის მზერა არა მხოლოდ სიბრტყეზე მოძრაობს, არამედ სიღრმეებშიც და ამბავი მრავალგანზომილებიან სივრცეში წარმოჩნდება.

პ. ლაბოკი, აგრეთვე, განასხვავებდა “სურათობრივსა” და “დრამატულ” ნარატივს. სურათობრივი თხრობის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ეპიზოდები “მოხუცი იმ ქვეყნიდან”, ან  “უტყვთა ცრემლებიდან”. ეს ძირითადად ის ადგილებია, სადაც გმირისა თუ გარემოს აღწერაა. მაგალითად: “ფანჯარაში მოდიოდა ნაზი შუქი მთვარისა და აქაურ უბადრუკობას პოეტურად აფერადებდა”, ან კიდევ: „წითელი კუკური ბროწეულისა და შავი მარცვლები მაყვალისა უნებლიეთ მაგონებენ მარგალიტ-ცრემლებს მოწყენილ ლამაზ ლოყებზე და წითელ ტუჩებს ძაძებში გამოხვეულ ჭირისუფლისას”. ერთი შეხედვით, ეს სტატიკური სურათებია, ერთგვარად დისტანცირებული მკითხველისაგან, მაგრამ მთხრობელი, მკითხველისკენ შემობრუნებული, არღვევს ამ სევდიან სიმშვიდეს, და ტკივილს უფრო ამძაფრებს, თითქოს მკითხველსაც უშუალოდ ჩართავს მოთხრობაში ერთი მცირე მიმართვით “ნუ უყურებთ მათ”. ეს “აკრძალვა” პირიქით მოქმედებს, მკითხველი გრძნობს, რომ ის შორიდან მაყურებლად ვერ დარჩება და ამიტომაც აღწერილი სურათები უფრო მეტი ტკივილით განიცდება. „დრამატული” თხრობის ნიმუშად შეიძლება განვიხილოთ ეპიზოდები ნოველიდან “ჯიუტები”. მაგალითად, როდესაც ვამეხი დაღუპული სიძის ოჯახში ისე მიდის, როგორც ქორწილში, რათა მომხდარი ტრაგედია არა უკვე ჩავლილად, არამედ სწორედ ახლა მიმდინარედ, ე.ი. ცოცხლად და უშუალოდ განაცდევინოს როგორც თანადამსწრე პერსონაჟებს, ასევე, მკითხველსაც.

თხრობის ტიპოლოგიის კლასიფიკაციისას ამერიკელი მკვლევარი ნ. ფრიდმანი გამოყოფდა მთხრობელს_ “მე, როგორც მოწმე”. მოთხრობის ისტორიაში ეს არის ავტონომიური პერსონაჟი, რომელიც მეტ_ნაკლებად ჩართულია მოქმედებაში და მკითხველს პირველ პირში ესაუბრება. ამ შემთხვევაში ავტორი უარს ამბობს თავის “ყოვლისმცოდნეობაზე”, რადგან “მე, როგორც მოწმეს” მხოლოდ იმ ისტორიის მოყოლა შეუძლია, რაც იცის, როგორც მიმდინარე მოვლენების მონაწილემ თუ უბრალო დამკვირვებელმა. “მე, როგორც მოწმე” მოთხრობაში რამდენიმეა, რადგან მთხრობელის პოზიციაში რამდენიმე სრულიად სხვადასხვა პერსონაჟი გვევლინება. მაგალითად, ნოველაში “ჯიუტები” მთხრობელად შემოდის ახალი პერსონაჟი, თხრობის დამახასიათებელი სტილით, რაც ერთი, მხრივ ამრავალფეროვნებს მოთხრობის ნარატივს და, მეორე მხრივ, დრამატიზმს სძენს მთელ ამბავს.

მთელ მოთხრობაში გამოირჩევა ჩართული ნოველა “ბიუსტი”, რომელშიც მთხრობელად გვევლინება “ბიუსტი”, უფრო სწორედ ბიუსტიდან ამოღებული  წერილი, რომლის ადრესატი, სავარაუდოდ, სწორედ ბიუსტზე გამოსახული ქალია. ძველ წერილს  უბრალოდ კი არ კითხულობენ, არამედ ცოცხლდება წერილის ავტორი და ის გარემო, რომელშიც ის წერილს წერდა. ამ წერილში კიდევ სხვა წერილია ჩართული, სხვა ავტორის დაწერილი, ასე რომ, კიდევ ერთი პერსონაჟი შემოდის, თავისი მეტყველების სტილით და, საერთოდ, ტკივილითა და სიხარულით.

ნარატორსა და პერსონაჟებს რ. ბარტი “ქაღალდის არსებებად” მიიჩნევდა. ნიკო ლორთქიფანიძე კი მათ თითქოს ათავისუფლებს ქაღალდზე მიჯაჭვულობის ჯადოსაგან და იმ ცოცხალ არსებებად აქცევს, რომელსაც მკითხველი ყოველდღიურობაში ხვდება, ამას კი მწერალი ახერხებს თხრობის ოსტატური ვარიაციების წყალობით.

 

 

სპორტი და ნაგავი

0

წინა თვეში ორჯერ მომიწია „ლოკომოტივის” სტადიონზე მისვლა და ორივეჯერ რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ სტადიონის ტრიბუნები ნაგვით იყო სავსე და სკამზე ჩამოჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სკამები იყო ტალახიანი და სველი და მათ გაწმენდას, მოხერხების გარდა, მთელი რიგი სადეზინფექციო საშუალებები სჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ამ სტადიონზე საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ეს ბევრისთვის, სამწუხაროდ, ბუნებრივი ამბავი გახდა.

ამას წინათ ქუჩაში ერთი ნაცნობი შემხვდა, რომელმაც რატომღაც საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისი ყოფითი პრობლემები ჩემთვის გაემხილა. როგორც გაირკვა, ეს კაცი ყველაზე მეტად იმ სიბინძურესა და ანტისანიტარიას უჩიოდა, რაც, მისივე თქმით, მოუგვარებელი პრობლემა იყო საცხოვრებელი კორპუსის ბინადართათვის.

„ბავშვი ცურვაზე დამყავდა და გამოვიყვანე, რადგან წყალს ხშირად არ ცვლიდნენ და საშინელი სიბინძურე იყო. სახლში კიდევ სადარბაზოში შესვლა მეზიზღება, ისეთი საზიზღარი სუნია და იმდენი ნაგავი ყრია, ფეხს ვერ აუქცევ”, – შემომჩიოდა ისე, თითქოს სპორტის სამინისტროს ან მერიის თანამშრომელი და ქალაქის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი. მერე იმით დავინტერესდი, მისი მეზობლები და თვითონ რატომ არ წმენდდნენ დანაგვიანებულ სადარბაზოს და იცით, რა მითხრა?! – „დავწმინდო, რა მენაგვე კი არა ვარ? რას მიკეთებს მერია, მოვიდნენ, კეთილი ინებონ და დამიწმინდონ”.

ამ სიტყვების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ეს კაცი და მისი „არამენაგვე” მეზობლები მაშინ მენახა, როცა ნაგვის გროვა მათ სახლებამდე მიაღწევდა და შვილის საძინებელ ოთახში კურატივით ჩასუქებულ დედალ-მამალ ვირთხებს გაამრავლებდა.

სტადიონებზე არსებულ სიბინძურეს ვეგუებით, ნაგვის გატანა „გვიტყდება”, ურიკების თრევა არ მოგვწონს, ხეების დარგვა არ გვინდა, სკვერებში ნაგვის დამყრელ ღლაპებს ყურებს არ ვუწითლებთ და მაინც ურცხვად ვაცხადებთ, პირველი ევროპელები ვართო. ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის ეს…

თბილისზე ბევრად პატარა გერმანიის ქალაქ ერფურტში 200-ზე მეტი სამეზობლო ამხანაგობაა შექმნილი, თბილისში კი – მხოლოდ 2. ერფურტს არანაერი განსაკუთრებული ისტორია არ გააჩნია, მაგრამ ქალაქის ერთადერთი მუზეუმის ეზოში „ბიჩოკის” დაგდებას არავინ იკადრებს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამერიკული კრედიტით გერმანიაში გზების დაგება და ფასადების ღებვა მასობრივად რომ დაიწყეს, ერფურტელები ერთად მსჯელობდნენ, რომელ სახლს რა ფერის ფასადი მოუხდებოდა და მასონები არავის მოლანდებია.

დღეს ერფურტის საფეხბურთო გუნდი სადღაც „ჭ” ლიგაშია და ყველამ იცის, რომ გუნდს რომ ეშველოს, სტადიონზე ბოთლები კი არ უნდა ისროლო და მსაჯს შეურაცხყოფა კი არ უნდა მიაყენო, არამედ აბონიმენტები უნდა იყიდო და პატიოსნად უგულშემატკივრო, სანამდეც შეგეძლება და როდემდეც შეგეძლება. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცხოა და ამიტომაცაა, რომ დაუფარავი აღტაცებითა და ფარული შურით შევცქერით ევროპის დაგვილ-დასუფთავებულ ქალაქებს, სადაც ხალხს ნაგვის დაყრის გამო პოლიცია მიარბენინებს და „აქ პარკი არ დააგდოო”, უცხო კაცისთვის ამის მითითება „არაქართულ“ საქციელად სულაც არ ითვლება.

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მეხუთე ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

შინაარსი

 

მასწავლებლის მთავარი საყრდენი ბავშვებისა და საქმის სიყვარულია – ნათია ფურცელაძე

0

მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა, უკეთესობისკენ (და, სამწუხაროდ, უარესობისკენაც) შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო. მთავარია, მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა “, – ამბობს ნათია ფურცელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. სკოლა, სამეცნიერო კვლევები, მთარგმნელობითი საქმიანობა – ნათიას ცხოვრების ყოველდღიურობაა.  2016 წელს გამომცემლობამ  არტანუჯმა” გამოსცა მისი თარგმანი “გრიგოლ  რობაქიძის წერილები სტეფან ცვაიგს”. ამჟამად,  სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს და დისერტაციისთვის ემზადება. სკოლაში კი სხვადასხვა საინტერესო აქტივობები აქვს დაგეგმილი მოსწავლეებთან,  ლიტერატურულ კლუბში და ასევე მოსწავლეებთან  ერთად რამდენიმე პროექტსაც  ახორციელებს. თუ ხშირად პროფესიული არჩევნის გაკეთება სხვადასხვა  გარემოებებზე ან  სპონტანურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიიღება, ნათიას ცხოვრების ადრეულ საფეხურზე არსებობდა  თამაში მასწავლებლობანა” და დიდი  სურვილი, გამხდარიყო მასწავლებელი. 

რვა წელია,  რაც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ხართ, თუმცა ეს დიდი თამაში მასწავლებლობანა” უფრო ადრე დაიწყო. მოგვიყევით, როგორი იყო ეს გზა პროფესიულ არჩევნის გაკეთებამდე  და მის შემდეგ?

მასწავლებლობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის დასაწყისიც ჩემს ბავშვობაშია საძიებელი. როცა ჩემი მეხსიერების სიღრმეებს ვათვალიერებ, ფსკერზე მასწავლებლობაზე ოცნებას ვპოულობ – შეიძლება გასაოცარია ან დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი დღევანდელობა რეალობად ქცეული ბავშვობის დროინდელი სურვილებია და ახლა ამის გაცნობიერება არის უაღრესად სასიამოვნო.

როცა მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, ორ სფეროში მოვიაზრებდი საკუთარ თავს – ქართულ ფილოლოგიასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახის წევრებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, დამესაბუთებინა მათთვის – ექიმების ოჯახში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ექიმი უნდა გახდე. ჩემს პოზიციას გაგებით მოეკიდნენ და მომცეს არჩევნის თავისუფლება – იმ დღიდან ვიგრძენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა – ჩემი ,,არაპერსპექტიული” არჩევანი აუცილებლად უნდა გამემართლებინა.

2004 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, პარალელურად ვმუშაობდი საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში ჯგუფის ხელმძღვანელად და ძალიან საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ გავიარე გასაუბრება და გავხდი კერძო სკოლა ,,ქორალის” მასწავლებელი. 2012 წელს დავადასტურე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია. მერვე წელია ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს  შორის აღმოჩნდით. ასეთ  კონკურსებზე რას გვეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მოტივაციისთვის ასეთი წარმატება?

 

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, სიხარულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტობა და წლის საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულში მოხვედრა. ვამაყობ იმითაც, რომ ვარ ხუთეულის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და პედაგოგთა მოტივაციის ზრდისათვის. ამ წარმატებამ მე ნამდვილად ამიმაღლა მოტივაცია და მეტის კეთების სურვილი გამიჩინა, საკუთარ ძალებში დამარწმუნა და,  ამავდროულად, დამაფიქრა, რომ უნდა ვიზრუნო ჩემს პროფესიაზე, მის პოპულარიზაციაზე.

გარდა ამისა, რა სჭირდება მასწავლებელს წარმატებისთვის, ზრდისთვის, პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის?

მასწავლებელს პროფესიული ზრდისათვის, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება იმის გაცნობიერება, რომ პედაგოგობა მოიაზრებს განვითარების უწყვეტ პროცესს. შინაგანი მოტივაციის არსებობა, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისაკენ უმნიშვნელოვანესი მგონია. წარმატებას კი მოსწავლეებისა და საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, მონდომება განაპირობებს. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ამაყობდე იმით, რომ მასწავლებელი ხარ.

 22 წლის იყავით, როდესაც მაღალ კლასებს ასწავლიდით. როგორი იყო ეს ურთიერთობა, რა შეგძინათ მასწავლებლობის პირველმა წლებმა პროფესიული თუ პიროვნული თვალსაზრისით?

ყველაზე დიდი გამოცდილება მასწავლებლობის პირველმა წელმა შემძინა. 22 წლის ასაკში IX, X, XI და XII კლასებს ვასწავლიდი. ვიდრე სწავლა-სწავლების პროცესს ეფექტურს გავხდიდი, მანამდე ბავშვებთან ურთიერთობის ეტაპი წარმატებით უნდა გამევლო. ადვილი არ არის, გყავდეს შენზე რამდენიმე წლით უფროსი მასწავლებელი და ირწმუნო მისი. ვფიქრობ, ეს შევძელი. ამის თქმის საფუძველს კი ამ წლების განმავლობაში მოსწავლეებისგან მიღებული უკუკავშირი მაძლევს. ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და ვმეგობრობდი, მაგრამ ჩვენ შორის ზღვარი არასოდეს წაშლილა.

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აბიტურიენტებთან მუშაობისას ვგრძნობდი. მალე ისე მოხდა, რომ მოსწავლეებმა უარი თქვეს რეპეტიტორთა ინსტიტუტით სარგებლობაზე, რადგან სკოლაშივე, გაკვეთილებზე მიიღეს ის, რაც ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებოდათ. ამ ნდობამ საოცარი ძალით ამავსო. თავდაუზოგავად ვშრომობდი, გამთენიისას ვიღვიძებდი, ვადგენდი ტესტებს, ვამოწმებდი დავალებებს, ვამზადებდი რესურსებსა და მასალებს. ბავშვებს ყველაზე ობიექტურ შემფასებლებად მივიჩნევ. როცა ისინი გრძნობდნენ მზრუნველობას და ხედავდნენ, რომ მასწავლებელი მათ თავის დროს უნაწილებდა და მათზე ფიქრობდა, უფრო მოტივირებულნი ხდებოდნენ. საბოლოოდ, მათ მაღალი შედეგები აჩვენეს გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებზე და ყველა ვხარობდით ერთმანეთის წარმატებით. არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი პედაგოგიური საქმიანობა, რომ არა ასეთი დასაწყისი. მე არ ვასწავლიდი მხოლოდ, ვსწავლობდი კიდეც. გარდა საგნობრივი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენისა, ვისწავლე მთავარი – მომესმინა ჩემი მოსწავლეებისათვის და გაკვეთილები მათი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით დამეგეგმა. ვფიქრობ, ეს პრინციპი განაპირობებს ჩემი და ჩემი მოსწავლეების წარმატებას.

რას სწავლობს მასწავლებელი სწავლების პროცესში? როგორია მოსწავლეების უკუკავშირი?

მთავარია, მასწავლებელს ჰქონდეს სურვილი, სწავლების პროცესში თავადაც ისწავლოს. ასეთ შემთხვევაში მას დიდი გამოცდილების მიღება და ყველაფრის სწავლა შეუძლია, რასაც კი მოინდომებს. ამ შეკითხვას იმდენნაირი პასუხი ექნება, რამდენი მასწავლებელიც არსებობს.

სწავლების პროცესში მე ის ვისწავლე, თუ როგორ უნდა ვასწავლო; გავაცნობიერე, რომ ღმერთმა ,,ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” და აუცილებელია ყოველი მოსწავლის მიღება და მოსმენა, განურჩევლად შეხედულებისა, შესაძლებლობებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ., ვისწავლე თითოეული ადამიანის პატივისცემა,  ინდივიდუალური მიდგომა. კიდევ ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი მთავარს – არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც ვერ დააინტერესებ. მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა, უკეთესობისკენ (და, სამწუხაროდ, უარესობისკენაც) შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო. მთავარია, მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

მოსწავლეების უკუკავშირი ყველაზე გულწრფელი, ობიექტური და ადეკვატურია – თუ მასწავლებელს სურს, გაიგოს, როგორ ასწავლის, უნდა მოისმინოს მოსწავლეთა შეხედულებები და არა მხოლოდ მოისმინოს, გაითვალისწინოს ბავშვების რჩევები.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას იკვლევდით. როგორი გახადა ამ პროცესმა ახალგაზრდა მეცნიერის ყოველდღიურობა?

ისევე როგორც ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებით დაინტერესებაც ბავშვობაში იწყება. მართალია, ჩემი სამაგისტრო კვლევა ძალიან საინტერესო ავსტრიელი პოეტის ლირიკას უკავშირდებოდა, მაგრამ როდესაც 2008 წელს, სამაგისტრო გამოცდებამდე, შევავსე კითხვარი, შეკითხვას – თუ რა სამომავლო გეგმები მქონდა – ასე ვუპასუხე, რომ მინდოდა გრიგოლ რობაქიძის უცნობი საარქივო მასალების კვლევა, დაკარგულად მიჩნეული შვეიცარიული არქივის მოძიება. დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ ეს სურვილი ისევ გამიცხოველდა. მართალია, ყველაფერი ზუსტად ისე არ მოხდა, მაგრამ ჩემი სადოქტორო კვლევა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ევროპულ არქივებში მართლაც მივაკვლიე გრიგოლ რობაქიძის უცნობ ეპისტოლურ მასალას. არ ვიცი, რა იყო ეს – ალღო, ინტუიცია თუ, უბრალოდ, დიდი სურვილი და რწმენა – მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რომ იენის ბიბლიოთეკაში გრიგოლ რობაქიძის უცნობი წერილებს მივაკვლევდი. ბიბლიოთეკარს თავიც კი მოვაბეზრე, მაგრამ არაფერი შეედრება იმ საოცარ განცდას – როცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ერთ დღესაც, მან ფერდაკარგული საქაღალდე გამოიტანა და მაჩვენა და მკითხა, ეს ხომ არ იყო ის, რასაც ვეძებდი. მაშინვე ვიცანი გრიგოლ რობაქიძის ხელწერა და თავი ყველაზე ბედნიერად ვიგრძენი. ჩემი, როგორც ახალგაზრდა მეცნიერის, ცხოვრება ამ პროცესმა ძალიან საინტერესო გახადა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ თავდაუზოგავად ვიშრომებ, ბავშვური ოცნება ერთხელაც აუცილებლად იქცევა რეალობად.

როგორ ცდილობთ მოსწავლეებს ქართული ლიტერატურა შეაყვაროთ? ამ პროცესზე მოგვიყევით, რაზე საუბრობთ, როგორია მათ მიერ დანახული ქართული ლიტერატურა და ზოგადად, ლიტერატურა, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მათ?  რას აკრიტიკებენ, ძალიან საინტერესოა მათი შეხედულებები…

 

ბავშვებს რომ ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ლიტერატურა შეუყვარდეთ, ამისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა საჭირო და ამას ვცდილობ. გაცნობის დღიდან, პირველივე გაკვეთილებიდან, მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ლიტერატურა თავისუფლებაა და ტექსტის ინტერპრეტაცია იმდენივე შეიძლება არსებობდეს, რამდენი მკითხველიც ეყოლება მას. ბავშვებს ყოველთვის ვაცნობ კრიტიკოსების შეხედულებებს, ჩემს პოზიციას, მაგრამ არასოდეს ვახვევ თავს. ეს მეხმარება, რომ მათ შეიყვარონ ლიტერატურა და არ შეეშინდეთ საკუთარი აზრების გამოთქმისა, პირიქით, ეს წახალისებულიც კია ჩემ მიერ. თავისუფალი აზროვნება ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, პრიორიტეტია და ბავშვებისაგან ისეთ საინტერესო აზრებს ვისმენ ხოლმე, სიხარულს ვერ ვმალავ. მაგალითად, შარშან, როდესაც ,,ხევისბერ გოჩას” სწავლობდნენ, უნდა დაესახელებინათ მათი თვალით დანახული მთავარი პრობლემა. როგორც წესი, ყველა საუბრობს მამის მიერ შვილის მკვლელობაზე, ღალატზე. ჩემს პრაქტიკაში პირველად, რამდენიმე მოსწავლემ მთავარ პრობლემად ნაადრევი ქორწინება მიიჩნია და სხვა პრობლემების სათავედ დაასახელა.

ვცდილობ, დავამსხვრიო სტერეოტიპი ,,ვეფხისტყაოსანთან” მიმართებით და ეს ტექსტი მათთვის არ იყოს ,,საძულველი”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ,,ვეფხისტყაოსანი” ძალიან ძვირფასი ტექსტია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თავიანთ ყოველდღიურობას უკავშირებენ და რუსთაველის შეხედულებები მათთვის გასაგები ხდება.

ქართული ლიტერატურა რომ უყვართ, ამას ისიც განაპირობებს, რომ ჩვენი გაკვეთილები არ არის სტანდარტული, ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, თამაშებს, ვმართავთ დისკუსიებს, ლიტერატურულ კლუბში ვაწყობთ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს წაკითხული წიგნების შესახებ, შემაჯამებელი დავალებებიც მრავალფეროვანია და არ გულისხმობს მხოლოდ ტესტირებას.

აკრიტიკებენ იმას, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ტექსტებს სასკოლო პროგრამა არ მოიცავს და აღნიშნავენ, რომ ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს მოსწავლეები ამის გარეშე თვალს ვერ მიადევნებენ. შეიძლება დაინტერესებული ბავშვები და მკითხველები ეცნობოდნენ აკა მორჩილაძის, დათო ტურაშვილის, თეა თოფურიას, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას და სხვათა შემოქმედებას, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ საშუალო საფეხურის პროგრამაში თანამედროვე ქართულ ტექსტებსაც შეიტანენ. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ ეროვნული სასწავლო გეგმების ჯგუფი პროგრამის შედგენისას მათ სურვილს გაითვალისწინებს.

 

ზრდასრულ ადამიანებს სკოლის გამოცდილება დიდხანს მოგვყვება და  სხვადასხვა ფორმით თავს გვახსენებს. თქვენს შემთხვევაში, როგორი იყო სკოლის წლები, რა გახსენდებათ?

ჩემი ბავშვობის წლები იმერეთის ულამაზეს პატარა ქალაქს – ბაღდათს უკავშირდება. ვფიქრობ, იმ წლებმა განაპირობა ჩემი ისეთ ადამიანად ჩამოყალიბება, როგორიც დღეს ვარ და რასაც წარმოვადგენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეობა 90-იანი წლების შემდეგ დაიწყო და სოციალური ფონი ქვეყანაში ძალიან მძიმე იყო, ეს დრო მტკივნეულად არ მახსენდება, უფრო – პირიქით. როცა ბაღდათში გატარებულ დროზე ვიწყებ ფიქრს, ახლაც განვიცდი ბედნიერებასა და სიამოვნებას. ჭადრის ფოთლებით მოფენილი სკოლის გზა დღესაც ისევე მიყვარს, როგორც მაშინ, როცა ამ გზაზე დავაბიჯებდი. ყველაფერი მიყვარს, რაც ჩემი მოსწავლეობის დროს და ბაღდათს უკავშირდება. მართალია, 90-იანების შემდგომი ბავშვები ვიყავით მე და ჩემი კლასელები, მაგრამ საკმაოდ პროგრესულად ვაზროვნებდით და დიდხანს  მიკვირდა კიდეც, როგორ ვახერხებდით ამას – მერე მივხვდი, სულ ვკითხულობდით და ამიტომ. მეამბოხეები ვიყავით და ჩვენს თავისუფალ აზროვნებას მასწავლებლები არ ზღუდავდნენ.

მყავდა რამდენიმე არაჩვეულებრივი მასწავლებელი და ვფიქრობ, ეს პროფესია რომ შემიყვარდა და ავირჩიე, სწორედ მათი დამსახურებაა. ვსწავლობდი მაიაკოვსკის მე-2 საშუალო სკოლაში (დღევანდელი – ბაღდათის N 2 საჯარო სკოლა). ძალიან მიყვარდა თავისუფალი აზროვნება, წიგნების კითხვა, წერა, ქართული, გერმანული და ისტორია. კლასის კედლის გაზეთის რედაქტორიც ვიყავი. აი, ამ დროიდან დავიწყე საკუთარი თავის შეცნობაც და ვირწმუნე ჩემი ძალების. გამორჩეულად მახსენდება ერთი ამბავი – იმერეთის რეგიონის საგანმანათლებლო კონკურსში გავიმარჯვეთ და გუბერნატორმა დაგვაჯილდოვა – 20 კლასელი დამრიგებელმა და მასწავლებლებმა 10 დღით ზღვის ბანაკში წაგვიყვანა. ეს ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა.

გამოცდილებამ, წლებმა რა უნარები გამოგიმუშავათ. როგორია  პროფესიულ რუტინასთან გამკლავების თქვენეული  ხერხები?

ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ყოველდღიურობა მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გახდეს. შემოქმედებითობა მეხმარება, რომ ჩემი მასწავლებლური ცხოვრება საინტერესო იყოს და გაკვეთილებზე მე და ჩემი მოსწავლეები კი არ დავიღალოთ, პირიქით – ვისიამოვნოთ. სასკოლო ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად შევქმენი ლიტერატურული კლუბი და სალონი ,,წიგნიერი”, იქ მოხვედრა უკვე თავისთავად გულისხმობს მრავალფეროვნებას და დროის ისე გამოყენებას, როგორც გსურს.

დღეს მასწავლებლობა არც ისე პოპულარული პროფესიაა. თქვენ რას ურჩევთ თქვენს სტუდენტებს?

მე მასწავლებლობის პირველივე დღეს მჯეროდა, რომ იმედი გამიმართლდებოდა და როცა რაღაცის გჯერა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მზად ხარ სურვილის შესასრულებლად. ყოველდღიურობა იმდენად დამღლელია, ხანდახან გავიფიქრებ, რომ რაღაცები უნდა შევცვალო, მაგრამ მომენტალურად ისეთ უკუკავშირს ვიღებ მოსწავლეებისაგან, ისეთ ნაწერს წავიკითხავ, აზრებს მოვისმენ, ვრწმუნდები, რომ მასწავლებლობა უდიდესი ბედნიერებაა და ვერაფერზე გავცვლი. ჩემს სტუდენტებს ვუზიარებ გამოცდილებას, ვურჩევ, კარგად გააცნობიერონ, რომ ეს პროფესია დიდ პასუხისმგებლობასთან, მუდმივ განვითარებასთან, დაუღალავ შრომასთან, ხანდახან დაუფასებლობასთანაცაა დაკავშირებული და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. მასწავლებლობა დაიწყონ მაშინ, როცა მიხვდებიან, რომ ეს ნამდვილად უნდათ. მთავარი საყრდენი ბავშვებისა და საქმის სიყვარულია და სურვილი, სხვა ადამიანებზე იზრუნო.

 

 

 

 

 

 

 

ვინ და რატომ შეაცვლევინა ლეო ქიაჩელს „ჰაკი აძბას“ დასასრული?

0

სერიის „ქართველი მწერლები სკოლებში“ წიგნებს აქტიურად იყენებენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ვინაიდან, ნაწარმოების გარდა, სერია საკმაოდ საინტერესო კომენტარებს, საორიენტაციო გეგმებსა და თემებს, ანალიზისთვის დასაფიქრებელ შეკითხვებს სთავაზობს მკითხველს. წიგნებს ბოლოში ამონარიდები აქვს დართული ქართველ მკვლევართა მიერ ამ თემაზე შექმნილი ნაშრომებიდან. სერიის მეცამეტე წიგნში ლეო ქიაჩელის ორი მოთხრობაა დაბეჭდილი. სწორედ ამ წიგნიდან გავიგე პირველად, რომ თურმე „ჰაკი აძბას“ ორნაირი დასასრული ჰქონია. პირველი ვარიანტი ასეთია:

„იგი (ჰაკი) ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა და თვალიც ვერ შეასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა.

გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

-სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა…

ნაღვლიანის ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ ბეჯითი ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა“.

მეორე დასასრული კი ასეთია:

„იგი (ჰაკი) ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა. ჰაკი არ შედგა. მაგრამ სანამ ტანს მოაჯირზე გადასახტომად მოიმარჯვებდა, კუზმასაკენ მოიხედა შეღრინებით.

-შენ სიკვდილი გეკუთვნის ჩემგან! – შესძახა კუზმამ, და იმავე წამს მისი რევოლვერიც გავარდა.

შუბლგანგმირული ჰაკი აძბა იატაკზე გაიშხლართა.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

-სულ ერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა… აიღეთ და გადააგდეთ.

დამშვიდებული ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე ნაბიჯით თავის კაბინისკენ გაემართა“.

როგორც წიგნის შემდგენლები აღნიშნავენ სქოლიოში: „ამგვარ დასასრულთან დაკავშირებით აკ. ბაქრაძე წერს: „ამგვარი გადაკეთება ზემორე გამოთქმულ აზრს არ ცვლის, რამეთუ ჰაკი აძბა მაინც კილგას საქციელის მსხვერპლია. აქ მხოლოდ შერბილებულია კუზმას მოქმედება, ამიტომ ეს ცვლილება გაუმართლებელ მხატვრულ კომპორმისად მიმაჩნია“. ჩვენ ვეთანხმებით ამ შენიშვნას, ამიტომაც შემოგთავაზეთ ლ. ქიაჩელის ეს ნოველა 1943 წლის გამოცემის მიხედვით“.

ცხადია, გამომცემლებმა უნდა გაითვალისწინონ ავტორის სურვილი და უპირატესობა მიანიჭონ იმ ვარიანტს, რომელიც ავტორს უფრო მოსწონდა; მეორე დასასრულით  ნაწარმოების გამოქვეყნება კი ლეო ქიაჩელის სურვილი იყო. მაგრამ საინტერესო აქ სხვა რამაა. ტექსტის თავდაპირველ ვარიანტშიც კუზმა კლავს ჰაკის, შემდეგ მწერალმა ეს ეპიზოდი ამოიღო და შეცვალა, ბოლოს კი ავტორი ისევ თავდაპირველ ვარიანტს დაუბრუნდა და ნაწარმოებში კუზმა ისევ მკვლელად გამოიყვანა. სულ მაინტერესებდა, რა გახდა იმის მიზეზი, რომ, როცა ლეო ქიაჩელმა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, მას თავდაპირველი ვარიანტი უფრო მოსწონდა, რაღაც ეტაპზე ეს ვარიანტი შეცვალა, შეარბილა დასასრული და კუზმა ნეიტრალურ დამკვირვებლად გამოიყვანა, ადამიანად, რომელიც უბრალოდ სხვა კულტურულ ღირებულებებს იზიარებს და მისთვის სრულიად გაუგებარია ჰაკის საქციელი.

სამწუხაროდ, არასოდეს არ მქონდა დრო, არქივში წავსულიყავი, მომეძიებინა მასალა – ლეო ქიაჩელის დღიურები, უბის წიგნაკის ჩანაწერები, მისი ახლობლების მოგონებები (თუკი ასეთი რამ არსებობდა და შეუსწავლელიც იყო) –  იმ იმედით, ეგებ რაიმე საინტერესოსთვის მიმეგნო და ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა. ახლახან კი ჩემმა კოლეგამ გამიზიარა თავისი მიგნების შესახებ. ია ღადუა იმავე სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, რომელშიც მე. თურმე მასაც ყოველთვის აინტერესებდა, რა გახდა ავტორის მიერ „ჰაკი აძბას“ დასასრულის შეცვლის მიზეზი. ია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელიცაა და უნიკალურ წიგნთა ფონდს კურირებს. ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას მან საქართველოს ეროვნულ არქივში განთავსებული მასალა, კერძოდ, მწერალთა კრებების ჩანაწერები, დაამუშავა. სწორედ ამ მასალაში მიაგნო ჩანაწერს წინადადებას, რომელიც ლეო ქიაჩელის, ერთი შეხედვით,  გაუგებარ საქციელს ხსნის. რომ არა ეს ჩანაწერი, დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველისთვის ისევ გაუგებარი იქნებოდა მწერლის საქციელი, როცა მან ძლიერი დასასრული სუსტით შეცვალა; ზოგ მკითხველს კი ეგონებოდა, რომ ლეო ქიაჩელმა ჯერ სუსტი ვარიანტი შექმნა, მერე კი გადააკეთა დასასრული. რომ არა ეს ჩანაწერი, ვერ მივხვდებოდით, რატომ უნდა შეეცვალა მწერალს ძლიერი დასასრული სუსტი დასასრულით. ხომ აშკარაა, რომ პირველი დასასრული ბევრად უფრო ძლიერია მეორეზე. თუკი მწერალს ალღომ უღალატა, ის მალევე მიმხვდარა, რომ დასასრული ისევ უნდა შეეცვალა და პირვანდელი ვარიანტი დაებრუნებინა. მაგრამ თურმე საქმე არც მწერლის ალღოში ყოფილა და არც მწერლის არჩევანის თავისებურებაში. საქმე მწერალთა კრებაში ყოფილა, რომელიც 1937 წელს გაიმართა. 8 ოქტომბრის მწერალთა კავშირის სხდომის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ამ დღეს სიტყვით გამოსულა კანდიდ ჩარკვიანი და მას შემდეგი სიტყვებით მიუმართავს მწერლებისთვის: „ჰაკი აძბაში ორი მორალის დაპირისპირებაში ავტორი სცდება. გლეხობას ჩვენ დიდი მოთმინებითა და სულგრძელობით ვეპყრობით. ბოლშევიკ კუზმას კი აძბას მიმართ სულგრძელობა უნდა გამოეჩინა, არ უნდა მოეკლა. ის აქ უეჭველად დამარცხდა. აძბა არავის არ ემუქრებოდა. ამრიგად ამ მოთხრობის დაბოლოვება გაუმართლებელია. შემდეგ გამოცემებში ის უნდა შესწორდეს“. 1937 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები კი უწყინარი ვერ იქნებოდა ადრესატისთვის, მით უმეტეს, რომ მისი წარმომთქმელი ამ დროს, გარდა იმისა რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და იმავდროულად საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრიც იყო.

მაგრამ ამ ამბავში საინტერესო მარტო ის კი არ არის, რომ, კანდიდ ჩარკვიანის რეკომენდაციით, ლეო ქიაჩელმა მოთხრობის დაბოლოება შეცვალა, არამედ ისიც, რომ პირველი ვარიანტი 1943 წლის გამოცემაში უკან დაბრუნდა. ანუ ჯერ კუზმა კლავდა ჰაკის, შემდეგ ჰაკი თავს იკლავდა და ბოლოს ისევ კუზმა გამოდიოდა ჰაკის მკვლელი. ვინ დააბრუნა და რატომ, ამის შესახებ არქივში დაცულ მასალაში არაფერი წერია, ამიტომაც მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. პირველ შემთხვევაში ცვლილების მიზეზი ალბათ დიდი რეპრესიები იყო; ვგულისხმობ იმას, რომ გარშემო ისედაც სისხლის ზღვა იდგა და არაფერი საჭირო იყო, ამაზე აქცენტი ლიტერატურას გაეკეთებინა, პირიქით, უკეთესი იქნებოდა, თუკი ლიტერატურაში ახალი ადამიანები კეთილშობილებად წარმოჩნდებოდნენ. იმ პერიოდში კი, როდესაც პირველი დასასრული დააბრუნა მწერალმა, დიდი რეპრესიები უკვე ჩავლილი იყო და ქვეყანაც მეორე მსოფლიო ომში იყო ჩართული. ამ დროსაც სისხლის ზღვა იდგა გარშემო, ოღონდ ამ სისხლს ქვეყანაში უკვე სხვა ღვრიდა, მისი მიზეზი ომი იყო. შესაბამისად, ჰაკის უდანაშაულო სისხლი უკვე საფრთხეს არ უქმნიდა ახალი ადამიანის პრესტიჟს.

სოცრეალიზმის მოთხოვნების მიხედვით, ლიტერატურას უნდა დაეხატა ყოველმხრივ უნაკლო ახალი ადამიანი ანდა ადამიანი, რომელიც უნდა გარდაქმნილიყო და გარდაქმნილი ახალი ადამიანის კრიტერიუმების შესაბამისად იმოქმედებდა. „ჰაკი აძბაში“, სოცრეალიზმის თვალსაზრისით, ასეთი ახალი ადამიანი კუზმა იყო, ხოლო გარდასაქმნელი ადამიანი ჰაკი. თუმცა კუზმა ყოველმხრივ უნაკლო ადამიანის პარადიგმას სცილდებოდა, ის მაინც ყოფილი კატორღელი იყო, მეფის რუსეთის მიერ მისჯილი კატორღა ნაკლად ვერ ჩაითვლებოდა ახალი ხელისუფლებისთვის, მაგრამ კუზმას წარსულს მაინც სისხლი ალაქავებდა და ეს წარსულის ლაქა ეპითეტშიც წარმოჩნდა, კუზმას სახელს რომ ერთვოდა. მისი ნაკლი ნაწარმოებში პირდაპირ არ იყო აღწერილი, ვგულისხმობ, რომ მწერალი არ აღწერს დეტალებში, რა დანაშაული ჩაიდინა კუზმამ, რისთვისაც მას კატორღა მიუსაჟეს. მაგრამ „მრისხანე“ მაინც ეჭვს ბადებდა, რომ ამ ეპითეტით შემკული კაცი მთლად უნაკლოც ვერ იქნებოდა („ეს იყო ძველი მეზღვაური, 1905 წლის მეამბოხე, ცნობილი შმიდტის თანამებრძოლი ბოცმანი, კუზმა კილგა, რომელსაც მეფის მტავრობამ შმიდტის ამბოხებაში მონაწილეობის მირებისთვის უვადო კატორღა მიუსაჯეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შმდეგ კილგა ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა და შავი ზღვის ფლოტში თვალსაჩინო დაიჭირა. მისი სახელი მალე ცნობილი შეიქმნა, როგორც ზღვაზე, ისე მის სანაპიროებში. მტრებმა მას მეტსახელად „მრისხანე: შეარქვეს“ – როგორ შეიქმნა კუზმამ ახალი სახელი, ბურუსითაა დაფარული, მაგრამ ეს სახელი რომ სისხლის გარეშე არ მოვიდოდა, ცხადია). ახალი სტანდარტების მიხედვით, გარდასაქმნელი პერსონაჟი კი, რომელიც ჰაკი იყო, თუკი ახალ ადამიანად ვერ შედგებოდა, მისი ადგილი ახალ საზოგადოებაში არ იქნებოდა. ადამიანი, რომელიც ვერ გარდაიქმნებოდა, თავად უნდა მიმხვდარიყო თავის გამოუსადეგარობას – ახალ ადამიანს, ანუ კუზმას, სისხლით არ უნდა გაესვარა ხელები. ისევე როგორც სისხლით არ ისვრიდა ხელს არავინ საბჭოთა რეპრესიების დროს. სარკაზმი გასაგებია და ბრძანებადამორჩილებული მწერალიც ცვლის დასასრულს. ომის პერიოდში კი უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინ დაღვრიდა სისხლს, ყოველმხრივ უნაკლო ახალი ადამიანსაც კი ეპატიებოდა სისხლი, რადგან სისხლი სამშობლო-სსრკ სახელით იღვრებოდა. სამშობლოს დიადი მომავლის გზაზე ყველანაირი მიზანი გამართლებულია, უდანაშაულოთა სისხლიც კი. ამდენად, თუკი სოცრეალიზმის პირველ ეტაპზე მოთხრობას შერბილება დასჭირდა, შემდეგ ეტაპზე უკვე შერბილება აღარ იყო საჭირო. თუკი მანამდე ხალხს კითხვა მაინც გაუჩნდებოდა, რატომ სჭირდებოდა ახალ ხელისუფლებას ამდენი სისხლი, რამდენად სწორი იყო სისხლისღვრა, ომის პერიოდში უკვე სისხლისღვრამ სხვა გამართლება იპოვა და ლიტერატურასაც აღარ დასჭირდებოდა გაუგებარ კომპრომისებზე წასვლა.

ფაქტია, მწერალთა სხდომის შესახებ ცნობილია მკვლევართა ვიწრო წრისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩანაწერის შესახებ ალბათ ჩემსავით არაფერი იცოდნენ ქართული ლიტერატურის მასწავლებლებმა, რადგან ამის შესახებ, ვგონებ, არაფერი წერია იმ რესურსებში, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ გაკვეთილებზე. ამიტომ გთხოვთ, მომიტევოთ, ვინც უკვე იცით კანდიდ ჩარკვიანის მითითებაზე, ხოლო მათ, ვინც ამ წერილიდან გაიგეთ ლეო ქიაჩელისადმი გაცემული რეკომენდაცია, თქვენს მოსწავლეებსაც გააგებინოთ, როგორ ერეოდა პარტია მწერლების არჩევანში.

 

 

პრომეთეს სასწავლო სასწაული

0

ხშირად ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის არაფორმალური ურთიერთობის გამყარებისთვის იგეგმება. ის სასწავლო პროცესისგან განტვირთვის ფუნქციასაც ითავსებს. თუმცა, კარგად დაგეგმილი ექსკურსია, დაუვიწყარ დროსტარებასთან ერთად, ზოგიერთი საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის და შემოქმედებითი აქტივიზაციის განვითარების გზადაც შეიძლება იქცეს.

ამჯერად, ერთ-ერთ უქმე დღეს წელიწადის დროის მიუხედავად, ულევი პოზიტიური შთაბეჭდილების მისაღებისა და კულტურულ-შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებისთვის, „პრომეთეს მღვიმეში“ ექსკურსიას გავუწევდი რეკომენდაციას.

თბილისელი მოსწავლეებისთვის „პრომეთეს მღვიმის“ უპირატესობა მის გეოგრაფიულ მდებარეობაშია – თბილისიდან რამდენიმე საათის სავალზეა, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში, იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე. „პრომეთეს“ გარდა, მსგავსი ექსკურსიის მოწყობა სათაფლიას აღკვეთილშიც შეიძლება, თუმცა ახლა პირველზე შევჩერდები.

გარდა იმისა, რომ პრომეთეს მღვიმე საქართველოს ჭეშმარიტი სავიზიტო ბარათია, ის ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს – ყოველწლიურად მის მოსანახულებლად 150 ათასზე მეტი ვიზიტორი ჩამოდის.

„პრომეთეში“ სტუმრობა შესანიშნავი იდეაა არა მხოლოდ კლასის დამრიგებლისთვის, არამედ რამდენიმე საგნის მასწავლებლისთვის – ისტორიის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის. „პრომეთეს“ კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც მხოლოდ მღვიმეს, ვიზიტორთა ცენტრს და სუვენირების მაღაზიას არ მოიცავს, იდეალურია ღია გაკვეთილის ჩასატარებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვალიფიციური გიდი გეხმარება.

მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელმა „პრომეთესთან“ დაკავშირებით, შეიძლება აქცენტი იმაზე გააკეთოს, რომ უხსოვარი დროიდან ადამიანი მღვიმეს, როგორც საცხოვრისს, თავშესაფარს ან სამალავს იყენებდა. წყალთან ახლოს შერჩეული მღვიმე მშრალი, ნათელი და  უცხო ტომებისთვის თუ მტაცებელი ცხოველებისთვის ძნელად შესამჩნევ-მიუდგომელი იყო. საქართველოში არსებული მღვიმეების უმეტესობა სწორედ ასეთ ტერიტორიებზე მდებარეობდა და მდებარეობს.

ბიოლოგიის მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ადგილობრივი ფლორა-ფაუნა გააცნოს. „პრომეთეს“ შესასვლელი საკმაოდ ეგზოტიკურია, მისკენ დაღმართიანი კიბით მიიწევ და ხედავ ტყეს, სადაც ტენის მოყვარული გვიმრები – ჩადუნა, მდედრობითი გვიმრა, ეწრის გვიმრა, ირმის ენა, ხავსები, ლიქენები და სოკოები – ხარობს. თავად მღვიმეში წყალმცენარეების 19 სახეობა გვხვდება. მღვიმიდან ბუნებრივი გვირაბის გავლით გამოდიხარ და ეს ფინალური აკორდი მართლაც რომ ძალიან ეგზოტიკურია.

რაც შეეხება ფაუნას, მღვიმეში შესწავლილია უხერხემლო ცხოველების 21, მწერების 3, მრავალფეხიანების 2, ნიადაგის ტკიპების 3, მოლუსკების 4, კოლემბოლების 9 და ობობების 1 სახეობა.

მღვიმეში ჩასვლამდე სტუმრები ხშირად კითხულობენ ხოლმე, სახლობენ თუ არა იქ ღამურები. ღამურები „პრომეთეში“ იშვიათად გვხვდება. პერიოდულად ისინი ღლიანას მღვიმიდან შემოფრინდებიან. მათ შორის არის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: დიდი, მცირე და სამხრეთული ცხვირნალები.

მღვიმის წყლიან და ბნელ ნაწილში მობინადრე ცხოველების ჯგუფიდან აღსანიშნავია ღორთავა. „პრომეთეს მღვიმეში“ ასევე ნაპოვნია მღვიმური დათვის ჩონჩხის ფრაგმენტები და ცარცული პერიოდის ზღვის ვარსკვლავები და მოლუსკები.

„პრომეთეს მღვიმესთან“ დაკავშირებული ამბები ულევია. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს განუმარტოს, საიდან ჩნდება აქ უჩვეულო მღვიმური ფორმები.

მღვიმური ფორმების – სპელეოთემების წარმოქმნა დედამიწის ზედაპირზე იწყება. უფრო დეტალური განმარტება ასეთია: წყლის წვეთი ჯერ ჰაერში, შემდეგ ნიადაგის ფენაში გადაადგილებისას ნახშირორჟანგით მდიდრდება. ნიადაგში მოძრაობისას წყლის მჟავიანობა მატულობს და, ძირითადად, ქანებში ჟონვისას მის მიერ კალციტის გახსნა ხდება. კალციტით გაჯერებული ხსნარი მღვიმის სიცარიელეში მოხვედრისას ნაწილობრივ ორთქლდება – კარგავს ნახშირორჟანგს, გამოყოფს კალციტს და საკუთარი სიმძიმით ძირს ეცემა. მოწყვეტის ადგილზე უმნიშვნელო ნაწილი ილექება, თავდაპირველად იგი ცომისებურია, შემდეგ მკვრივდება და კრისტალდება.

მღვიმური ფორმების ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია მღვიმეში შემდინარე წყლის რაოდენობაზე, ძირითადი ქანის მინერალურ შემადგენლობასა და წყალხსნარის მჟავიანობაზე.

„პრომეთეს“ მღვიმეში მოხვედრისთანავე მცირე თუ უფროსი ასაკის ადამიანს საოცარი განცდა იპყრობს. გარემო ზღაპრულ ადგილს ჰგავს, სადაც თითქოს ირეალური არსებებიც უნდა ცხოვრობდნენ… სხვადასხვა ფერებით ამონათებული მღვიმის დარბაზები სუნთქვას გიკრავენ. რასაკვირველია, ცოტა გულდასაწყვეტია, რომ მღვიმეში მკვეთრი განათებით ფოტოგადაღება დაუშვებელია, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ. ასევე, დაუშვებელია  ხმამაღალი გადაძახილები და სტალაგმიტებისთვის ხელის ხლება. „პრომეთეს მღვიმე“ „ცოცხალი“ მღვიმეა.

„პრომეთეში“ საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 1420 მეტრია, სანაოსნო მონაკვეთის – 380 მეტრი, კიბის საფეხურთა რაოდენობა – 880 და, რაც საინტერესოა, აქაური ტემპერატურა, რომელიც არც იკლებს და არც იმატებს – 14-15 გრადუსია. თუ სითბოს მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ოდნავ დათბილული სამოსი წამოიღოთ, მაგრამ იქაური ტენიანობისგან მაინც ვერაფერი დაგიცავთ. საშუალო ტენიანობა მღვიმეში 96%-ია, ჟანგბადი – 20,9%,  ნახშირორჟანგი – 0,06%.

თუ საგნის მასწავლებელს მღვიმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა, ამ პრობლემას ადგილობრივი გიდი მოაგვარებს. ის გიამბობთ, თუ რით განსხვავდება  სტალაქტიტი სტალაგმიტისგან.

სტალაქტიტი მღვიმეში ჭერიდან ვერტიკალურად ჩამოზრდილი სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის ნაღვენთი ფორმაა, სტალაგმიტი კი მღვიმის ფსკერიდან აღმართული ნაღვენთი ფორმა. ზოგჯერ სტალაქტიტები და სტალაგმიტები ერთმანეთს ხვდებიან, ეზრდებიან და წარმოქმნიან კოლონებს.

მღვიმეში გადაადგილებისას გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები“, „ჩამოკიდებული ქვის ფარდები“, პელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.

თუ მილაკებივით ნაღვენთს დაინახავთ, იცოდეთ, ეს თხელკედლიანი  სითხის საწრუპავი მილაკების მსგავსია. ანთოდიტები კი, რომლებსაც მღვიმის ყვავილებსაც უწოდებენ, ყვავილის ფორმის ნაწვეთი ფორმებია. ისინი აგებულია კალციტისა და არაგონიტის მონაცვლეობით.

პირადად, აღფრთოვანებული დავრჩი ფარდების მსგავსი მღვიმური ფორმებით, რომლებიც  წარმოიქმნება დახრილ ჭერზე წყლის წვეთების უწვრილესი ნაკადების სახით დაფერილ ზედაპირზე დენისას. ძალზე მომხიბვლელია ქვის ჩანჩქერის ფორმებიც, გაყინული კასკადის იერს რომ იმეორებენ.

„პრომეთეს“ მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკიც კი შთამბეჭდავია – 60-70 მილიონი წელი.

სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბუნება მბრძანებელია, რომ მას აქვს სრულიად უსაზღვრო შესაძლებლობები და ჩვენგან მოფრთხილებას საჭიროებს.

„პრომეთეს მღვიმეში“ აღმოჩენილია 22 დარბაზი, რომელთაგან ტურისტებისთვის ჯერ მხოლოდ 6-ია ღია.

უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე წლის წინ დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ეს ადგილი დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მიუხედავად მისი სიდიადისა, მღვიმის შესახებ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე არაფერი იცოდნენ.

1982 წელს ამიერკავკასიაში საბჭოთა კავშირის ჯარების სარდლობამ ისეთი მღვიმეების ძიება დაიწყო, სადაც ატომური ომის დროს მოსახლეობის დაცვა იქნებოდა შესაძლებელი. ამ მიზნით გეოგრაფიის ინსტიტუტში შედგა ჯგუფი ჯუმბერ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც დაევალა სამხედრო მიზნებისთვის მღვიმეების აღმოჩენა და შესწავლა. 1983 წლის 15 ივლისს ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექპედიციის წევრებმა: ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპაძემ და თამაზ ქობულაშვილმა – სოფელ ყუმისთავთან ახალი მღვიმე აღმოაჩინეს. თავდაპირველად მღვიმის კვლევა მხოლოდ მშრალი მონაკვეთებით შემოიფარგლებოდა. წყლიანი მონაკვეთების კვლევის პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. მდინარის შესწავლის პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები შემოვლითი გზითაც. ერთ-ერთი ასეთი დათვალიერების შედეგად, ჯგუფმა მოახერხა მოზრდილი ძაბრის პოვნა,   საიდანაც 40 მეტრის გავლის შემდეგ მღვიმეში შეაღწია. მღვიმეს წყალტუბოს სახელი მიენიჭა. მაშინვე გაჩნდა მღვიმის ტურისტულ ობიექტად მოწყობის იდეა. 1984 წელს დაიწყო მღვიმის ტურისტულად განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

1990 წლამდე მღვიმეს თავისი მნახველები ჰყავდა, მაგრამ არეული პერიოდის შემდეგ  ყველანაირი სამუშაო შეწყდა. მის ერთადერთ დარაჯად ენთუზიასტი გიორგი ტყაბლაძე დარჩა, რომელმაც ამ ტერიტორიას 27 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ უპატრონა. რამდენიმე დღის წინ, მედიის მღვიმეში სტუმრობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგოლავასთან საუბრის შემდეგ, ბატონი გიორგი პრეზიდენტის პრემიაზე იქნა წარდგენილი, რამაც უსაზღვროდ გაგვახარა.

მღვიმე ვიზიტორებს 2011 წლიდან მასპინძლობს. 2014 წელს აქ ახალი დარბაზები აღმოაჩინეს. „პრომეთეს“ კვლევა ინტენსიურად გრძელდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

ერთი კვირის წინ კი მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში, თანამედროვე საგამოფენო სივრცე მოეწყო. ახლა მნახველებს იმერეთის მღვიმეების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღება ინტერაქციულ რეჟიმში შეუძლიათ. ახალი ექსპოზიცია ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო. მოსწავლეებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც შეემატა.

დარბაზში გამოფენილია დაცული ტერიტორიების ამსახველი მასალა, დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორი საქართველოსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შესახებ. აქვე ნახავთ მღვიმეებში აღმოჩენილი ნამარხი ფაუნის, მინერალებს, ქვისა და ძვლის იარაღებს, ცხოველთა კბილებისგან და ნიჟარებისგან დამზადებულ სამშვენისებს.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...