სამშაბათი, მაისი 13, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

მასწავლებლობა მუდმივად ფორმაში ყოფნაა

0

ნანა სვანიძე 35   წელია ფიზიკას ასწავლის. ჩვენთან ინტერვიუში ის იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამო ჩვენს საგანმანათლებლო ცხოვრებაში ფიზიკის საგნისადმი ინტერესი დაბალია და, მეტიც, ის არაპოპულარულ საგნად ითვლება.

 

რატომ გადაწყვიტეთ ფიზიკის მასწავლებლობა? ხომ არ მოუხდენია სკოლის წლებს რაიმე გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

– ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, მასწავლებლობაზე ვოცნებობდი-მეთქი. 15 წლიდან იურისტობა მინდოდა, ოჯახმა კი გადაწყვიტა, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. ისე მოხდა, რომ ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ეს 70-იანი წლებია, როცა ფიზიკას და ფიზიკოსობას დიდი „წონა” აქვს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კოლხეთის ინსტიტუტში უნდა დამეწყო მუშაობა, როდესაც ჩემს ყოფილ მათემატიკის მასწავლებელს შევხვდი და სწორედ მან გადამაწყვეტინა მასწავლებლობა. ასე დავიწყე მუშაობა სკოლაში და 35 წელია ვმუშაობ. აქედან, 28 წელი ქუთაისის № 14 საჯარო სკოლაში და უკვე ორი წელია, რაც პარალელურად ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №41 საჯარო სკოლაში ვასწავლი.

 

მასწავლებლისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს უყვარდეს მისი საგანი. თქვენს მოსწავლეებს თუ უყვართ ფიზიკის გაკვეთილი?

– ფიზიკა ერთ-ერთი საინტერესო დისციპლინაა იმ საგნებიდან , რაც სკოლაში ისწავლება, მაგრამ მოსწავლეების დიდი დაინტერესება არ ჩანს. ისე კი ყოველთვის მოიძებნება კლასში 2-3 მოსწავლე, რომელიც დაინტერესებულია ამ საგნით და შემდეგ უკვე დანარჩენების აყოლიებას ვცდილობ.

რამდენად აკმაყოფილებს სკოლის ლაბორატორიების მდგომარეობა განათლების თანამედროვე გამოწვევებს? საგნისადმი დაბალი ინტერესი მითაც ხომ არ არის განპირობებული?

– სკოლებში ლაბორატორიების მდგომარეობა მართლაც არადამაკმაყოფილებელია. ე.წ აინშტაინის ლაბორატორია არ არის ქმედითი და ხელსაწყოებიც მოუხერხებელი და გამოუყენებელია. მოსწავლე ფიზიკის ყველა ნაწილში უნდა აკეთებდეს ცდებს და პრაქტიკაში ცდილობდეს ცოდნის გამოყენებას, ლაბორატორიებში კი მხოლოდ მენზურები, კოლბები და სინჯარები ვარგა. დანარჩენი ხელსაწყოების გამოყენებისას კი არის დიდი ცდომილებები. ფიქრობ ესეც ახდენს გავლენას იმაზე,  რომ მოსწავლე სრულად არ არის ჩართული ცოცხალ პროცესში.

რა მეთოდები გაქვთ მოსწავლის დასაინტერესებლად?

– მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა გაკვეთილი მათზე ორიენტირებულია და როცა ის თავად ხდება ცენტრალური ფიგურა და მასწავლებელი მასთან ერთად ცდილობს გაკვეთილის თუ აქტივობის მიზნის შემუშავებას. განსაკუთრებით მოსწონთ ჯგუფური მუშაობა და პროექტების განხორციელება, ასეთ გაკვეთილებზე არც დაღლილობა იგრძნობა და თითქმის ყველა ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. გარდა ამისა, დამატებით გაკვეთილებსაც ვატარებ, როცა ვხედავ რომ, რომელიმე მოსწავლეს ძალიან აინტერესებს თემა და ჩემი დახმარება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა პრობლემებს აწყდებიან ფიზიკის მასწავლებლები მუშაობის პროცესში?

– ესგ სტანდარტის მისაღწევად ყველა გზა კარგია, მაგრამ ფიზიკის და მათემატიკის პროგრამები ერთმანეთთან უნისონში არ მოდის. მაგალითად, ვექტორები ფიზიკის მასწავლებლებს საგნის დაწყებისთანავე სჭირდება, მათემატიკაში კი ჯერ კიდევ არაა ნასწავლი, ისევე როგორც კვადრატული განტოლება, ტრიგონომეტრიის ფორმულები და სხვადასხვა ფუნქციის გრაფიკები. ჩემი აზრით, ეს საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.

თქვენ ქალი ფიზიკის მასწავლებელი ხართ. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ საგანმანთლებლო ცხოვრებაშიც გავრცელებულია ისეთი გენდერული სტერეოტიპი, როცა გოგოზე ამბობენ, რომ ბიჭის ტვინი” აქვს, თუ ის კარგად სწავლობს მათემატიკას, ფიზიკას და ა.შ. თქვენი გამოცდილება ამ მხრივ როგორია, რას იტყვით ამ მოსაზრებაზე?

– მასწავლებლობა, სამწუხაროდ, არ არის პრესტიჟული პროფესია, ამიტომ მასწავლებელთა უმეტესობა ქალია, მაგრამ ეს მხოლოდ გენდერული სტერეოტიპია. ფიზიკას და მათემატიკას ერთნაირად კარგად სწავლობს გოგოც და ბიჭიც, როცა არსებობს  სწავლისადმი ინტერესი. ხშირად გვესმის, რა ქალის საქმეა ფიზიკოსობა და ა.შ. მაგრამ, ეს ყველაფერი გენდერული უთანასწორობის გამოვლენაა. ჩემს კლასში ფიზიკას, მათემატიკას და სხვა საგნებსაც ბიჭებზე უკეთესად ვსწავლობდი, ასევე იყო ჩემი კლასელი გოგონებიც. თუმცა, იმ პერიოდში ბიჭებიც კარგად სწავლობდნენ ამ საგანს, რადგან თითქმის ყველა სპეციალობაზე ფიზიკა იყო ჩასაბარებელი. ახლა კი მდგომარეობა მასწავლებელთა ტრენინგების შედეგად გამოსწორდა და უკეთესი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პედაგოგი უკეთეს გაკვეთილს ჩაატარებს. ფიზიკის არაპოპულარობა კი დასაქმების თემას უკავშირდება. საქართველოში დასაქმების კუთხით მოთხოვნადი სპეციალობები სამართალმცოდნეობა და ბიზნესადმინისტრირებაა, ამიტომ ახალგაზრდები მხოლოდ ისეთ საგნებს ირჩევენ, რომლის ჩაბარებაც ამ სპეციალობებზე უხდებათ. ფიზიკის გაკვეთილზე კი შესაძლებელია პატარა კვლევის ჩატარება, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, რაც გაკვეთილს საინტერესოს გახდიდა. ამისათვის კი ლაბორატორიაა საჭირო, მაგიდებთან მიყვანილი ელექტროდენით, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი. კომპიუტერები, საპროექციო აპარატი და ა.შ ყველაზე კარგი იქნებოდა ე.წ. სმარტბორდები, მაგრამ ეს უკვე ოცნებებში გადავარდნაა, თუმცა ასეთ ლაბორატორიაში მუშაობა არცერთი მოსწავლისთვის არ იქნებოდა უინტერესო და ფიზიკის გაკვეთილიც ერთ-ერთი საყვარელი საგანი იქნებოდა მოსწავლის საგაკვეთილო ცხრილში.

მასწავლებლობის 35წლიანი გამოცდილება გაქვთ. რას გვეტყვით ამ პროფესიის სირთულეებსა  და  დადებით მხარეებზე?

– მოსწავლეებთან მუშაობა ჩემთვის მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს, ამიტომაც ის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად გიბიძგებს იმისკენ რომ განვითარდე, თანამედროვე ცოდნით აღიჭურვო და  თვითგანვითარების სხვადასხვა გზები მოძებნო, რომ ყოველ გაკვეთილზე იყო საინტერესო. და რადგან, ყოველდღიურად ვხვდები ახალგაზრდა ადამიანებს, ვწვდები მათ საფიქრალს, ვსაუბრობთ, ვარკვევ, რა მოსწონთ და რა არა, ვისმენ მათ კითხვებს და მუდმივად მზადყოფნაში ვარ მათთვის პასუხების გასაცემად, ეს კი მუდმივ განათლებას მოითხოვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მე არ მაქვს რაღაც მზა პასუხი მათ შეკითხვაზე და ამიტომ ვეუბნები – ვნახავ, წავიკითხავ, მოვიფიქრებ და გიპასუხებთ-მეთქი. მოსწავლემ ტყუილში არ უნდა გამოიჭიროს მასწავლებელი. უმჯობესია, პასუხი 2-3 დღის მერე უთხრა, ვიდრე დაუსაბუთებელი და არასწორი პასუხი გასცე.

 

 

 

განათლების  რეიტინგის გამოწვევები

0

წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგი წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება: როგორც წესი, მოწინავე პოზიციებს აზიის სახელმწიფოები იკავებენ. დღეს ვეცდებით ვუპასოხოთ კითხვას, რა განაპირობებს ამ ქვეყნებში განათლების სისტემის გამართვას და რა გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ აღმოსავლელ გამნათლების მესვეურთ ჩვენთვის?

 

უპირველეს ყოვლოსა განათლების საერთაშორისო ექსპერტები განათლების მინისტრებს აღმოსავლურ სამყაროში საქმიანი მივლინებების დაგეგმვას ურჩევენ.  წარმატებული ქვეყნების რეიტინგს თუ დავაკვირდებით, ერთგვარ გეოგრაფიულ კანონზომიერებას შევამჩნევთ: პირველ ადგილებს ხშირად იკავებენ სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, იაპონია. 2016 წელს განათლებული მოსწავლეების რაოდენობით თავი ჩინეთის პროვინციებმაც იჩინეს.

 

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს პოზიტიურ გამოცდილებას გაუზიაირებენ ტაივანის, მაკაოს და ვიეტნამის კოლეგები. ეს ქვეყნებიც ხშირად მოხვედრილან საუკეთესოთა ჩამონათვალში. სხვათა შორის, ჩვენს მიერ დასახელებულ ქვეყნებში კანონი ნამდვილად კანონობს, მაშასადამე, მოქალაქეებს, მოსწავლე-მასწავლებლებიანად კანონმორჩილება, კონფორმიზმი, გენეტიკური მიზანდასახულობა და კოლექტივიზმისკენ სწრაფვა ახასიათებთ. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მაღალი განათლების ხარისხით განთქმული ფინეთი, სადაც უპირატესობა უფრო სხვა – ლიბერალურ ღირებულებებს მიენიჭება.

 

წარმატებული განათლების სისიტემის მოხსენიებისას სპეციალისტები ხშირად აჟღერებენ ფენომენს სახელწოდებით „რესურსების წყევლა“. ფენომენის კანონზომიერების არსი შემდეგია: შემჩნეულია, რომ ბუნებრივი რესურსებით, ვთქვათ, ნავთობის უზარმაზარი მარაგით მდიდარ ქვეყნებში, განათლების დონე არცთუ მაღალია, რასაც მარტივი ახსნა აქვს: რთულია დაარწმუნოთ ადამიანი განათლების აუცილებლობაში მაშინ, თუ ის ისედაც იქნება უზრუნველყოფილი უზრუნველი მომავლით მაღალი სადიპლომო ქულების გარეშე.

 

თუმცა, „რესურსების წყელვას“ მეორე მხარე აქვს. ბუნებრივი რესურსებით ღატაკი ქვეყნების მოსახლეობას პირიქით, ინტელექტუალური წყურვილი ახასიათებს და ის  სწრაფად ვითარდება. ასეთია სამხრეთ კორეა, სადაც ექვსიოდე წლის წინ დაბალი წიგნიერების დონეზე საუბრობდნენ, დღეს კი მსოფლიო ბაზრის წარმოდგენა კორეული ტექნოლოგიების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

განათლების სპეციალისტები გამართული განათლების სისტემების ერთ-ერთ მთავარ ღერძად მასწავლებლებს ასახელებენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინდუსტრიის გურუმ, ანდრეას შლეიჰერმა ერთხელ აღნიშნა, რომ „არცერთ განათლების სისტემას არ შეუძლია იყოს უკეთესი მასში მომუშავე მასწავლებლებზე“. იგივე დაადასტურა გასული წლის ნოემბრის TIMSS რეიტინგმა: ამა თუ იმ ქვეყნების წარმატება პირდაპირ უკავშირდება სწავლების ხარისხს. ამდენად, რა მიზანიც არ უნდა დაისახონ განათლების მინისტრებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გარეშე ვერცერთი მიზანი ვერ მიიღწევა.

 

შესაძლოა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა იყო, მაგრამ განათლებული ქვეყნების  რეიტინგში მაინც ვერ მოხვდე. შემნეული ტენდენციის თანახმად, პირველ პწკარში უმეტესად ხვდებიან ისინი, ვინც არცთუ შორეულ წარსულში ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ. მაგალითად, ფინეთი. ამ ქვეყანამ სულ ახლახან აღნიშნა სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავი. მოწინავე სინგაპურშიც თანამედროვე პოლიტიკურ წყობა მხოლოდ XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ვიეტნამმა სწრაფი განვითარება მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და სხვ. ჩნდება ეჭვი, რომ ნორჩი სახელმწიფოები უფრო იოლად ადაპტირდებიან და ექვემდებარებიან ცვლილებებს განათლების სისტემაში.

 

ასევე, განათლების სისტემაში რეფორმებს სწრაფად და ხარისხიანად ატარებენ მძლავრ მეზობლებთან შეჭიდებული ქვეყნები. ფინეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა შეძლო საბჭოთა ბლოკის შემოტევების დაგავლენების უარყოფა. სამხრეთ კორეამ და ჰონკონგმა ჩინეთის გავლენისგან იხსნა თავი, პაწაწუნა სახელმწიფო სინგაპური კი ყოველთვის დიდი სახელმწიფოების ალყაში იყო მოქცეული.

 

განათლების სხვადასხვა რეიტინგში ესა თუ ის პოზიცია დგინდება იმ ახალგაზრდების რაოდენობრივი პროცენტიდან გამომდინარე, რომლებმაც ცოდნის გარკვეულ დონეს მიაღწიეს. რეიტინგში წინაურდებიან სწორედ ქვეყნები, სადაც წარმატებისთვის მოსწავლეთა უმრავლესობა იღვწის, შეძლებული წრეებიდანაც და ა სოციალურად დაუცველებიც. სწორედ ამით გამოარჩევიან აზიის ქვეყნები ევროპისგან – აქ მასწავლებლები იძულებულები და ვალდებულები არიან ყველაზე სუსტი მოსწავლეები ამეცადინონ, რათა მათ განათლების გარკვეულ ზღვარს მაინც მიაღწიონ.

 

განათლების სისტემის აღქმა პოლიტიკური და კულტურული გარემოს გათვალისწინების გარეშე რთულია. ძალიანაც რომ გვიყვარდეს ინოვაციებზე მსჯელობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის განათლების,  ცვლილებების შეტანა ბევრად მტკივნეულია და მზად უნდა ვიყო კრიტიკულად განწყობილი მოწინააღმდეგეთა მთელი არმიისთვის. სინამდვილეში, ქვეყნები მხოლოდ დროული ცვლილებების ხარჯზე აღწევენ მაღალ შედეგებს განათლებაში.

 

სპეციალისტები ურჩევენ განათლების სისტემაში მომუშავე ჩინოვნიკებს ყურადღება მიაქციონ სხვა ქვეყნების მიერ დანერგილ წარმატებულ იდეებს და გამოცდილებას. ყოველთვის არ არის აუცილებელი დროის დაკარგვა ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე და ექსპერიმენტებზე. იმისათვის, რომ განათლების სისტემა სრულად შეიცვალოს, ზოგჯერ ათი წელიც არ კმარა. დიდი დრო ამცირებს მოტივაციას, მით უფრო, რომ განათლების სფეროში საკმაოდ ხშირად იცვლებიან მინისტრები და ეს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემაა. მაგალითად, იყო შემტხვევა, როდესაც არგენტინაში 19 დღის განმავლობაში სამი განათლების მინისტრი გამოიცვალა. მინისტრების ხშირი ცვლა საზიანოა განათლების სისტემის რეფორმისათვის. განათლება გიგანტური სისტემაა. მისი კორექცია და „ადგილიდან დაძრა“ რთულია. მის შედეგებს კი თაობები იმკიან.

 

რაც შეეხება გასული წლის რეიტინგს, რომელიც შვეიცარიის არაკომერციულმა ორგანიზაციამ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური ანგარიშის (Global Competitiveness Report) ფარგლებში გამოაქვეყნა, გახლავთ 138 ქვეყნის ანალიზი.  2016 წლის ლიდერი განათლების სფეროში კვლავ სინგაპურია, მეორე ადგილს ფინეთი იკავებს, მესამეს – ნიდერლანდენი, რომლის მოსახლეობის მესამედს 25-დან 64 წლამდე უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შვეიცარია და ბელგიაა (შრომის ბაზარზე ბელგიელებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა ევროპაში). მათ მოყვება დანია, ნორვეგია, აშშ-ში, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ისლანდია.

 

პიტერ გრეი: ბავშვობის კულტურა, რომელიც ჩვენ თითქმის გავანადგურეთ (ნაწილი პირველი)

0

ბავშვები ყველაზე ღირებულ გაკვეთილებს სხვა ბავშვებთან ერთად, მოზრდილებისგან მოშორებით, სწავლობენ.

გთავაზობთ ამერიკელი მეცნიერის, ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორის, ევოლუციური განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიის მკვლევრის, დოქტორ პიტერ გრეის ნარკვევს ბავშვობისა და ბავშვების სამყაროს შესახებ. დოქტორ გრეის კვლევა, ძირითადად, ბავშვების განათლებისა და განვითარების ბუნებრივი გზების შესწავლას ეხება.

დოქტორი პიტერ გრეი: „არ მინდა ბავშვების ცხოვრებაში მოზრდილების როლის გაუფასურება, მაგრამ თუ სიმართლის მხარეს დავდგებით, ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, უმეტესწილად ვაზვიადებთ ჩვენს როლს ბავშვების განვითარების პროცესში. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება ბავშვების გაზრდის, სოციალიზაციისა და განათლების შესახებ „ზრდასრულ-ცენტრისტულია“ (ინგლის. „adult-centric”), თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ ბავშვების ცხოვრებაში. ბავშვებს ჩვენ ვჭირდებით. ჩვენ მათ ვკვებავთ, ვმოსავთ, ვუზრუნველყოფთ თავშესაფრით  და ვზრუნავთ მათზე. ჩვენ მათ ვუჩვენებთ მაგალითს (რომელიც ყოველთვის არ არის საუკეთესო), თუ რას ნიშნავს იყო ზრდასრული ადამიანი. ამავე დროს, ვფიქრობ რომ იმის თქმა, რომ ჩვენ მათ ვზრდით, ვაძლევთ განათლებას თუ საზოგადოებაში ცხოვრების წესებს ვასწავლით, გადაჭარბებულია. ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, ბავშვები თვითონვე ითვისებენ და სწავლობენ და ამ პროცესში ისინი ბევრად უფრო მეტს იღებენ და სწავლობენ სხვა ბავშვებისგან, ვიდრე ჩვენგან, დიდებისგან. თუ წარმოვიდგენთ, რომ „ბავშვთა ფსიქოლოგები“  მართლაც ბავშვი ფსიქოლოგები იქნებოდნენ, მაშინ თეორიები ბავშვების ფსიქოლოგიაზე უფრო თანატოლების შესახებ იქნებოდა, ვიდრე მშობლებზე.

ბავშვები ბიოლოგიურად არიან მომართულნი იმისთვის, რომ ბავშვების კულტურულ გარემოში გაიზარდონ.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რამდენად წააგავს თქვენი ბავშვების გემოვნება (ტანსაცმელში, მუსიკაში, მეტყველების მანერაში, ჰობიში და თითქმის ყველაფერ დანარჩენში) სხვა ბავშვებისას? თუ – დიახ, მიხვდებით რომ ამ მიდრეკილებებს და ღირებულებებს ცოტა რამ აქვთ საერთო იმასთან, რაც ჩვენ, მოზრდილებს მოგვწონს, ან რასაც ჩვენ ვაკეთებთ. როგორც ზემოთ გითხარით, ბავშვები ბიოლოგიურად არიან შექმნილნი ისე, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ სხვა ბავშვების ცხოვრებასა და საქციელს, რათა შეძლონ ამ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და მათზე, ასე ვთქვათ, „მორგება“. მათ სურთ იმის კეთება, რასაც სხვა ბავშვები აკეთებენ, უნდათ იცოდნენ ის, რაც სხვებმა იციან. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ეს ყოველთვის იყო ის გზა, რომლის მეშვეობითაც ბავშვები სწავლობდნენ, მიუხედავად ჩვენი მცდარი მცდელობებისა, განათლების საქმე ზრდასრულ ადამიანებს დავავალოთ.

ყველგან, დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში, სადაც ანთროპოლოგებმა ტრადიციული კულტურები შეისწავლეს და სადაც მათი კვლევა ზრდასრულ ადამიანებთან ერთად, ბავშვებსაც ეხებოდა, მათ ნახეს, რომ აკვირდებოდნენ ორ კულტურას: მოზრდილების და ბავშვების კულტურებს. ეს ორი კულტურა, რა თქმა უნდა, სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი ურთიერთქმედებენ და ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ბავშვები, როდესაც ისინი ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, თანდათან ტოვებენ თავიან ბავშვურ კულტურას და შედიან მოზრდილთა კულტურაში, მოწიფულთა სამყაროში. ბავშვების კულტურა, შეიძლება გაგებულ იქნას (ყოველ შემთხვევაში, ცოტათი მაინც) როგორც „ვარჯიშის“, „მომზადების“ ან „სწავლების“ კულტურა, რომელშიც ისინი სწავლობენ ყოფას, ცხოვრებას, ამ ცხოვრების თუ ქცევის ცვლილებას და „მოზრდილთა“ კულტურისთვის დამახასიათებელი უნარებისა და ღირებულებების შეთვისებას.

„ბავშვების კულტურის“ შესახებ სერიოზულად დავფიქრდი მაშინ, როდესაც დავინტერესდი მონადირე-შემგროვებელთა ერთობებით. იმ ანთროპოლოგების ნაშრომებისა და კვლევების შედეგების შესწავლისას, რომლებიც მონადირე-შემგროვებლებთან ერთად ცხოვრობდნენ, აღმოვაჩინე, რომ ამ საზოგადოებების ბავშვები – დაახლოებით ოთხიდან თორმეტი-ცამეტი წლის ასაკამდე – მთელ თავიან დროს (ძილის გარდა) თამაშში და მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა-გამოკვლევაში ატარებენ სხვა ბავშვებთან ერთად, ზრდასრული ადამიანების გარეშე (გრეი, 2012).

როგორც წესი, ბავშვები შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფებში თამაშობენ, რომლის დროსაც მცირე ასაკის პატარები ბაძავენ და სწავლობენ უფრო დიდი ბავშვებისგან. ეს დადასტურდა სხვა ანთროპოლოგების გამოკვლევებითაც, რომლებიც სხვა ტიპის ტრადიციულ კულტურებს სწავლობდნენ – იქაც, ბავშვებისთვის სოციალიზაციისა და განვითარების მთავარი საშუალება სხვა ბავშვებთან ერთად (სხვადასხვა ასაკის) ყოფნა და თამაში გახლდათ (Lancy et al, 2010; Eibl-Eibesfeldt, 1989).

ჯუდით ჰარისმა (1998), ასეთი კვლევის გარშემო გამართული დისკუსიის დროს, ძალიან კარგად თქვა: „ბავშვის გაზრდას მთელი სოფელი სჭირდება“ – ეს სრული სიმართლეა, თუ ამას არადასავლურ ინტერპრეტაციას მივცემთ. მისი სიტყვებით, „მთელი სოფელი სჭირდება“ იმას კი არ ნიშნავს, რომ სოფლის უხუცესები, თავიანთი მსჯელობის შემდეგ, ბავშვებს მცდარი გზიდან ჭეშმარიტ გზაზე  „აბრუნებენ“, არამედ იმას, რომ სოფელში ყოველთვის არის ბავშვების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია სათამაშოდ საჭირო ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად“.

 

ეს დადასტურდა ჩემი პერსონალური ისტორიითაც, რომელიც ძალიან წააგავს ტრადიციული თემების გამოცდილებას – ჩემი ბავშვობისას, მინესოტაში და ვისკონსინში, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ჩვენ დავდიოდით სკოლაში (და მაშინ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გახლდათ, როგორც ეს დღესაა), ვმღეროდით სასიმღერო გუნდში, ზოგიერთ ჩვენგანს დროებითი სამუშაოც კი ჰქონდა, მაგრამ, ჩვენი ბავშვობის დროის უდიდეს ნაწილს, ჩვენ სხვა ბავშვებთან ერთად ვატარებდით, მოზრდილებისგან მოშორებით.

ჩემი ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე და ყოველ ახალ სოფელსა თუ ქალაქში, რომელშიც ცხოვრება გვიწევდა, სხვადასხვა სახის, ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავებულ „საბავშვო კულტურას“ აღმოვაჩენდი ხოლმე. ეს განსხვავებები გამოიხატებოდა სხვა თამაშებში, სხვა ტრადიციებში, განსხვავებულ ღირებულებებში, დამეგობრების სხვანაირ წესებში. სადაც არ გადავსულვართ, ჩემი პირველი დიდი ამოცანა გახლდათ შემესწავლა ის კულტურა, რომელიც ჩემს ახალ მეგობრებს ჰქონდათ და ეს აუცილებელი იყო, რათა მეც იმ კულტურის ნაწილი გავმხდარიყავი.

მე, ბუნებით საკმაოდ მორცხვი ბავშვი ვიყავი, რაც (ახლა ასე მგონია) გარკვეულწილად უპირატესობა გახლდათ, რადგან ეს მიცავდა უხეში შეცდომებისგან და სულელად წარმოჩენისგან,  „ახალ“ ბავშვებთან ურთიერთობისას. მე ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი, ვავარჯიშებდი იმ ჩვევებსა და უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მეჩვენა ჩემს ახალ მეგობრებთან ყოფნისას და მხოლოდ ამის შემდეგ, სიფრთხილით შევდიოდი მათ წრეში, თამაშებში და შემდეგ ვუმეგობრდებოდი მათ. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ბევრმა მკვლევარმა გამოიკვლია და ჩაწერა „საბავშვო კულტურების“ თავისებურებები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში (Opie & Opie, 1969).

ბავშვები ცხოვრების უმთავრეს გაკვეთილებს თანატოლებისგან სწავლობენ და არა უფროსებისგან.

რატომ ხდება, რომ ბუნებრივი შერჩევის გზაზე ბავშვებს ასეთი დიდი მიზიდულობა აქვთ სხვა ბავშვებისადმი და რატომ სურთ მათთან ერთად დროის უდიდესი ნაწილის გატარება? მხოლოდ მცირედი რეფლექსიით, თავისუფლად არის შესაძლებელი ამ მიზეზების გააზრება. არსებობს უამრავი ღირებული გაკვეთილი, რომლებსაც ბავშვები თანატოლებთან ურთიერთქმედებით შეისწავლიან, მოზრდილების ჩარევისა თუ გავლენს გარეშე. თან, ეს ის გაკვეთილებია, რომელთა შესწავლას ისინი ვერ შეძლებენ ან თითქმის ვერ შეძლებენ ზრდასრული ადამიანებისგან.

 

ავთენტური, ჭეშმარიტი კომუნკაცია, პირობითობების გარეშე.

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ეს ტრადიციული კულტურებისთვის, მაგრამ ჩვენს დასავლურ ცივილიზაციაში ზრდასრულ ადამიანებს ბავშვებისადმი აშკარად გამოხატული შემწყნარებლობა ახასიათებთ.

მოგიყვანთ ერთ მაგალითს: წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრული ადამიანი ოთხი წლის ბავშვს ეკითხება: „ეს რა ფერია?“ და თითით წითელ სათამაშო სახანძრო მანქანაზე მიუთითებს. ეს არ გახლავთ გულწრფელი შეკითხვა. იგი არაგულწრფელია, თუ ეს მოზრდილი ბრმა, ან დალტონიკი არ არის. შეკითხვისას, მოზრდილმა იცის, რა ფერზე ეკითხება ბავშვს. ბავშვი, ასეთ სულელურ შეკითხვას არასოდეს დასვამს. ნებისმიერი კითხვა, რომელსაც მასწავლებელი ბავშვებს უსვამს, არაგულწრფელია თავისი შინაარსით – მასწავლებელმა გადასარევად იცის პასუხი დასმულ შეკითხვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეკითხვა კი არა – ტესტია, ანუ მასწავლებელი ბავშვს გამოცდას უწყობს!

კიდევ ერთი მაგალითი: წარმოიდგინეთ ზრდასრული ადამიანი, რომელიც ამბობს შემდეგს: „ოჰ, რა ლამაზია! რა კარგი მხატვარი ხარ!“ და ამ დროს მოზრდილი უყურებს ბავშვის ფურცელზე ნაჯღაბნს. ბავშვები ერთმანეთს არასოდეს აქებენ ტყუილად. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები უკვე გაიზრდებიან, მოზრდილები ცდილობენ ჩაითრიონ ბავშვები ამგვარ საქციელში, რომელსაც ბავშვები ან მოზარდები ერთგვარ იდიოტებად გამოჰყავს. მათი საქციელი თუ კომენტარები, უფრო ხშირად იმისკენ არის მიმართული, რომ ბავშვებს თითქოს რაიმე შეასწავლონ, ან როგორმე აკონტროლონ ისინი და მათი პასუხები. ეს კი სრულიად გამორიცხავს ბავშვებთან გულწრფელ ურთიერთობას, იდეების გაზიარებას ან ბავშვის იდეის შინაარსის წვდომას.

ბავშვები ერთმანეთთან კავშირს უმეტესწილად თამაშის დროს ან თამაშის კონტექსტში ამყარებენ და ამ დროს, მათ შორის კომუნიკაციას რეალური, ნამდვილი მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რა და როგორ ითამაშონ; განიხილავენ თამაშის წესებს; აწარმოებენ მოლაპარაკებებს დეტალებზე, მსგავსად ზრდასრული ადამიანებისა. ეს ბევრად უკეთესი პრაქტიკაა სამომავლო, ზრდასრული ცხოვრებისათვის, ვიდრე ის „საუბრები“ რომლებიც ბავშვებს ზრდასრულებთან აქვთ ხოლმე.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში (ე.წ. „თინეიჯერები“) ბავშვების ურთიერთობები და კომუნიკაცია უფრო მეტად იმ ემოციებსა და წინააღმდეგობებს შეეხება, რაც ამ ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ისინი შეიძლება გულწრფელი იყვნენ თანატოლებთან და მეგობრებთან, რადგან მეგობრები (მშობლებისგან განსხვავებით) ადეკვატურად მიიღებენ მათ ნათქვამს და არ შეეცდებიან მათ გაკონტროლებას, რაც სრულიად მოსალოდნელია ოჯახის ზრდასრული წევრებისგან.

მოზარდებს აინტერესებთ იმ თემებზე საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვანია მოცემულ ასაკში მათ ცხოვრებაში. მაგრამ მათ სრულიად არ სურთ ეს თემები ვინმემ მათი დამორჩილებისა თუ სუბორდინაციისთვის გამოიყენოს. ისინი გასაგები მიზეზების გამო ენდობიან მეგობრებს და არ ენდობიან მშობლებსა თუ მასწავლებლებს.

დამოუკიდებლობა და სიმამაცე

ბავშვობის მდგომარეობაში მოზარდი ადამიანის მთავარი მიზანია გათავისუფლდეს მშობლებზე დამოკიდებულებისგან და იპოვოს თავი, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ. უკვე ორი წლის ასაკშიც კი – „საშინელი ორი წლის ასაკი“ – როდესაც ბავშვის საყვარელი სიტყვაა „არა“ – ბავშვები უკვე დამოუკიდებლობის გზას ადგანან. ჩვეულებრივ, დაახლოებით ოთხი წლის ასაკისათვის ან ოდნავ გვიან, ბავშვებს უკვე სურთ მშობლებისგან და სხვა მოზრდილებისგან მოცილება და დროის სხვა ბავშვებთან გატარება; სურთ იქ, სადაც მათ შეუძლიათ იყონ ისეთნი, როგორებიც მშობლებთან ან სხვა მოზრდილებთან, ვერ იქნებიან.

ბავშვების კულტურა, ხშირად ყალიბდება როგორც ოპოზიციური, „მოზრდილთა კულტურისადმი“ და ხშირად ეს წინასწარი განზრახვით და შესაბამისი ადაპტაციით ხდება. თვით მცირე ასაკის ბავშვებიც კი, იწყებენ უშვერი, „აკრძალული“ სიტყვების გამოყენებას, მოზრდილთა დიქტატის საწინააღმდეგოდ.

ბავშვებს მოსწონთ „დიდების” დამცინავად წარმოდგენა და მათთვის დადგენილი წესების დარღვევა. მაგალითად, როდესაც სკოლა კრძალავს სათამაშო იარაღის სკოლაში წაღებას, ბავშვები იწყებენ ასეთი სათამაშოების, პლასტმასის პისტოლეტების თუ  დანების გაკვეთილზე ტარებას, რათა უჩვენონ მეგობრებს, როგორ დაარღვიეს მოზრდილების გამოგონილი „უაზრო“ წესები (Corsaso & Eder, 1990).

ანთროპოლოგი კოლინ თურნბული (1982) აღნიშნავს, რომ ბავშვები მონადირე-შემგროვებლების კულტურებში, თვითონ აშენებენ სათამაშო ქოხებსა და სახლებს, საცხოვრებელი ბანაკისგან მოშორებით. ამ „სათამაშო“ სოფლებში ისინი უამრავ დროს ატარებენ, კომიკურად წარმოადგენენ მოზრდილებს, მათ შეცდომებსა და მოგონილ წესებს. ზრდასრულ ადამიანებთან ადაპტირებისთვის ბავშვებმა აუცილებელია მშობლებისგან და სხვა ზრდასრულებისგან ისწავლონ არა მხოლოდ კარგი, არამედ განსაჯონ და გადახარშონ დიდების ცუდიც. ამის კეთება კი მათ მოზრდილების თანდასწრებით შეზღუდული აქვთ.

მოზრდილებისგან  დამოუკიდებლობის „მოპოვების“ შემადგენელი ნაწილია სიმამაცეც – სიმამაცე, რომელიც ადამიანს სჭირდება პრობლემებთან, მოულოდნელობებთან და სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოზრდილების თვალთახედვიდან მოშორებით, ბავშვების სათამაშო ჯგუფებში, ბავშვები ისეთ თამაშებში ერთვებიან, რომლებიც მოზრდილთა აზრით საშიში და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და რომლებიც შეიძლება ბავშვებს აუკრძალონ. ამ დროს ბავშვები თამაშობენ ბასრი დანებით, ცოცავენ ხეებზე და აგულიანებენ ერთმანეთს უფრო მაღლა ასასვლელად.

მცირე ასაკის ბავშვები, თავიანთ მოგონილ ფანტაზიურ თამაშებში თავებს წარმოიდგენენ ტროლების, ჯადოქრების, ურჩხულების, მგლებისა და სხვა მტაცებლებისა თუ მკვლელების სამყაროში. ყველა ასეთი თამაში, მიმართულია შიშის მართვის შესწავლისკენ, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის უნარია ადამიანის ცხოვრებაში. უნარი, რომელიც ადამიანს ასწავლის, როგორ დარჩეს ცოცხალი და როგორ გადარჩეს გააზრებული, მოსალოდნელი და შესაძლებელი ხიფათის დროს.

ბავშვები ერთმანეთთან თამაშისას თვითონვე ქმნიან აქტივობებს და საკუთარი ძალებით წყვეტენ პრობლემებს, რომლებიც თამაშშია გათვალისწინებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ბარიერებს თუ გამოწვევებს ვინმე სხვა, ძლიერი და მფარველი გადაუწყვეტთ. ეს, მოზრდილებისგან მოშორებით თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული დანიშნულებაა. ასეთი თამაშის დროს, ისინი მოქმედებენ როგორც მოზრდილები, რადგან იმ მომენტში იქ დიდები არ არიან.

ასეთი თამაში წარმოადგენს ბავშვების ვარჯიშს, მომზადებას ზრდასრულობისთვის. მოზრდილები კი, თუ ამ დროს ისინი თამაშში შემოიჭრებიან ან ჩაერევიან,  ჩვეულებრივ, აფუჭებენ თამაშს და მათი დახმარების მცდელობაც ფუჭია.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

 

სტატია მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

 

 

აგრესიულობა ბავშვებში

0

ვფიქრობ, აგრესიულობა დღეს არავისთვის უცხო არ არის. თითქმის ყოველდღიურად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება წავაწყდეთ ადამიანებში აგრესიულ ქცევით გამოვლინებებს. თითქოს ამაში არც არაფერია გასაკვირი, აგრესიულობა ხომ ადამიანური ბუნების ნაწილია, მაგრამ ბავშვების ასეთი ქცევა მშობლებს, როგორც წესი, პანიკაში აგდებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, ჩაახშონ მათში ეს „სამარცხვინო“ ქცევითი მახასიათებელი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აგრესიული ქცევა შინაგანი პრობლემების გარე გამოვლენაა, ის ემოციური არაკეთილდღეობის ერთ-ერთი სიმპტომია. ამიტომ ქცევის კორექცია და აგრესიულობის დაძლევა აუცილებლად საჭიროებს მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევას.

ბავშვის აგრესიულობის მიზეზები:

  • მშობლების მიერ ბავშვის მიუღებლობა – აგრესიულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მშობლების მიერ ბავშვის მიუღებლობაა. შემთხვევითი არ არის, რომ აგრესიულ გამოვლინებებს ძალიან ხშირად არასასურველ ბავშვებში ვხვდებით. არის შემთხვევები, როცა ქალი მზად არ არის დედობისთვის და არც სურვილი აქვს შვილის ყოლის, ან ორი შვილი უკვე ჰყავს და მესამე აღარ სურს. მუცლადმყოფი ბავშვის მოცილება კი, სამედიცინო თვალსაზრისით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მის სიცოცხლეს. ამიტომ ის იძულებით აჩენს ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში შეიძლება მშობლებმა პირდაპირ არ უთხრან ბავშვს, რომ მისი დაბადება არ სურდათ, ის მაინც იღებს ინფორმაციას ამის შესახებ მათი ჟესტებიდან, ინტონაციიდან, მიმიკიდან. ასეთი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი ხერხით დაამტკიცონ, რომ მათ აქვთ „არსებობის“ უფლება, რომ ისინი კარგები არიან, ცდილობენ მოიპოვონ მათთვის ასეთი აუცილებელი რამ – მშობლების სიყვარული. და, როგორც წესი, ისინი ამას საკმაოდ აგრესიულად აკეთებენ;
  • გულგრილობა, ან მტრული დამოკიდებულება მშობლების მხრიდან – ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ბავშვები, რომელთა მშობლები გულგრილნი არიან მათ მიმართ. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს გარემომცველი სამყარო მტრული და აგრესიულია მათ მიმართ. გარშემომყოფთა ქცევაზე მათი რეაქცია, როგორც წესი, აგრესიულ ხასიათს ატარებს;
  • ემოციური კავშირების რღვევა ოჯახში – ბავშვში მომატებული აგრესიულობის მიზეზი შეიძლება იყოს დადებითი ემოციური კავშირების რღვევა, როგორც მშობელსა და ბავშვს შორის, ასევე თვითონ მშობლებს შორის. როცა მეუღლეები მუდმივად კონფლიქტში არიან და ჩხუბობენ, ცხოვრება მათ ოჯახში მიძინებულ ვულკანზე ყოფნას წააგავს. ასეთი ოჯახი ბავშვისთვის სატანჯველად იქცევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშობლები შვილს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებენ. ხშირად ასეთი ბავშვები ოჯახურ გარემოში დაგროვილ აგრესიას უცხო ადამიანებთან ავლენენ;
  • ბავშვის პიროვნების უპატივცემულობა – ბავშვის აგრესიულ რეაქციებს შეიძლება იწვევდეს მისი ქცევის არაკორექტული და უტაქტო კრიტიკა, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შენიშვნები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ამას უცხო ადამიანების თანდასწრებით იღებს. გარდა იმისა, რომ უფროსების ასეთი დამოკიდებულება ბავშვში აგრესიულობის მიზეზი ხდება, მას შეიძლება გაუჩნდეს საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გრძნობა;
  • ზედმეტი კონტროლი ან სრული უკონტროლობა – ბავშვის ქცევის უზომო კონტროლი არანაკლებ საზიანოა, ვიდრე მისი სრული უკონტროლობა. გვხვდებიან მშობლები, რომლებიც ცდილობენ მართონ საკუთარი შვილი, დათრგუნონ მისი ნებელობა, არ დაუშვან მისი პირადი ინიციატივის გამოვლენა და არ მისცენ მას შესაძლებლობა იყოს ის, რაც არის. ისინი ბავშვებში სიყვარულზე მეტად შიშს იწვევენ. ასეთი აღზრდის შედეგი, როგორც წესი, არის გარშემომყოფებზე მიმართული „დაჩაგრული“ ბავშვის აგრესიული ქცევა. მისი აგრესია შენიღბული პროტესტია არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, აკრძალვებთან დაკავშირებით მისი უკმაყოფილების გამოხატვაა. ბავშვი ცდილობს დაიცვას თავი, თავისი „მე“ და თავდაცვის ფორმად თავდასხმას ირჩევს. სამყაროს მიმართ მას უჩნდება უნდობლობა და თავს იცავს მაშინაც კი, როცა არავინ არც კი ფიქრობს მასზე თავდასხმას;
  • არასაკმარისი ყურადღება ან, პირიქით, ყურადღების სიჭარბე მშობლების მხრიდან – თუ ბავშვი ოჯახში საყოველთაო ყურადღების ობიექტად არის ქცეული და მის ყოველ მოთხოვნას უსიტყვოდ და უპრობლემოდ ასრულებენ, მას უჩნდება განცდა, რომ ის განსაკუთრებული და განუმეორებელი არსებაა, რომელსაც ყველა უნდა ემსახუროს. მაგრამ, თუ მოხდა სასწაული და მას რაიმე სურვილი ვერ შეუსრულეს, იწყება აგრესიული აფეთქება, რომლის ჩახშობა მშობლებს ძალიან უჭირთ. სრულიად საწინააღმდეგო ბუნება აქვს აგრესიის აღმოცენებას მუდმივად დაკავებული მშობლების შვილებში. მათი აგრესია არის მშობლების ყურადღების მიპყრობის საუკეთესო საშუალება. ისინი მოქმედებენ პრინციპით – „უკეთესია მლანძღონ, მისაყვედურონ, ვიდრე საერთოდ ვერ შემამჩნიონ“;
  • ფიზიკური აქტივობის აკრძალვა – ხშირად ბავშვის აგრესიული ქცევა უფროსების აკრძალვებით არის პროვოცირებული. თუ ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი ემოციების ღიად გამოხატვა, ფიზიკური განმუხტვა, ის მას აუცილებლად აგრესიით გამოავლენს. მისი აგრესია განპირობებული იქნება დაგროვილი მოჭარბებული ენერგიით, რომელსაც უკვალოდ გაქრობა არ შეუძლია. თუ მშობელი სახლში დაღლილი ბრუნდება და ბავშვს განძრევის საშუალებას არ აძლევს იმ მოტივით, რომ მას დასვენება ესაჭიროება, ის არა მარტო აგრესიული გახდება, არამედ სრულიად უმართავიც და ყველაფერი არაკონტროლირებადი, ხანგრძლივი ისტერიკით დასრულდება. ბავშვის ქცევის ძირითადი კანონია ის, რომ მისმა ენერგიამ აუცილებლად უნდა იპოვოს გამოსავალი. ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს, როგორც თავისუფლად სირბილის, თამაშის, ფიზიკური ენერგიის დახარჯვის, ასევე ემოციების თავისუფლად გამოვლენის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრესიული ქცევა მისი მხრიდან, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იქნება;
  • საფრთხის ქვეცნობიერი მოლოდინი – თუ დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, დაცულად ვერ გრძნობს თავს, მუდმივად შფოთავს და წუხს საკუთარი თავისა და შვილის გამო, მისი შეგრძნებები, როგორც წესი, გადაეცემა მუცლადმყოფ ბავშვს, რომელსაც დაბადების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქვეცნობიერად მუდმივად ექნება მოსალოდნელი საფრთხის შიში, თავდასხმის მოლოდინი, ყველაფერში დაინახავს პოტენციურ საფრთხეს და მისგან თავის დაცვას აგრესიული ქმედებებით შეეცდება;
  • ტელევიზორი, ფილმები ძალადობაზე, სისასტიკეზე, აგრესიის მატარებელი კომპიუტერული თამაშები ბავშვებში აგრესიის ხელშემწყობი სერიოზული მიზეზია. თუ ბავშვი მუდმივად დაკავებულია ისეთი მულტფილმების, ფილმების ყურებით,  სადაც ხედავს ბევრ სისხლს, ჩხუბს, მკვლელობას და ეს აღიქმება, როგორც ქცევის ნორმა, სერიოზულად მახინჯდება მისი ფსიქიკა. ის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს „სუპერ-გმირთან“ და ბაძავს მას. ძალადობის მომცველი სატელევიზიო გადაცემების ყურებამ ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა აგრესიულობა ბავშვებში. ასეთი გადაცემები და ფილმები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სუსტი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებზე, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან შთაგონებას.

       რეკომენდაციები ბავშვის აგრესიულობის დასაძლევად:

  • ბავშვის აგრესიაზე ჩვენი ქცევა არ უნდა იყოს ზედმეტად ემოციური. ამან შეიძლება მხოლოდ განამტკიცოს აგრესიული ქცევა;
  • ვერიდოთ მორალისა და ლექციების კითხვას. რაც უფრო რთულად და დიდხანს ავუხსნით ბავშვს, რომ ის არ არის მართალი, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი, რომ ის ნათქვამს გაიგებს. ასეთ დროს ის თავადაც შეშინებულია და ზედმეტი საუბრები მას კიდევ უფრო აშინებს;
  • ჩვენ მიერ მიწოდებული ინსტრუქციები და რჩევები უნდა იყოს მარტივი, ცხადი, ნათელი და ადვილად აღსაქმელი;
  • ნუ ვუპასუხებთ ბავშვის აგრესიას აგრესიით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ მსგავს სიტუაციებში მთავარი ძალაა;
  • შევეცადოთ ვაკონტროლოთ საკუთარი ქცევა. თუ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში თავად ვავლენთ აგრესიას, ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვს გაუჭირდება აგრესიულ ჩვევებზე უარის თქმა, რადგან ჩვენი ქმედებით მას ცუდი ქცევის მაგალითს ვაძლევთ;
  • განვავითაროთ აგრესიულ ბავშვებში ემპათიის გრძნობა, სხვების თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარი;
  • ვასწავლოთ ბავშვს თავის ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება, რათა სხვას არ გადააბრალოს დანაშაული;
  • ნუ ავუკრძალავთ ბავშვს უარყოფითი ემოციების გამოვლენას;
  • დავეხმაროთ ადეკვატურად შეაფასოს, როგორც საკუთარი ემოციური მდგომარეობა, ასევე თავისი „მსხვერპლის“ მდგომარეობაც;
  • მივიღოთ ბავშვი და გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვები საჭიროებენ აგრესიულობის კორექციას, რადგანაც ის ამახინჯებს მათ წარმოდგენას რეალობაზე, აიძულებს დაინახონ მხოლოდ მტრობა გარემომცველ სამყაროში. ბავშვის აგრესიულობისგან განთავისუფლების საუკეთესო გზას კი მისთვის თბილი, გულისხმიერი, სიყვარულით სავსე გარემო წარმოადგენს.

 

 

 

 

 

პოეზიის აფთიაქი: როგორ შევავსოთ სიცარიელე?

0

პოეზიის აფთიაქს  საგაზაფხულოდ ბევრმა მოაკითხა უცნაური ჩივილებით…. ანამნეზების განხილვისა და ანალიზის შემდეგ ეს დაავადება აღიწერება, როგორც თავსდატეხილი სიცარიელის გრძნობა. ალბათ ყველას გეცნობათ ეს სიმპტომები: გაგიცვდათ გრძნობები, აზრები, შეგრძნებები, დაცარიელდა ყველა სიტყვა და მათ დაკარგეს მნიშვნელობები… ლექსიკონებში თუ ჩახედავთ, იქ „მნიშვნელობათა სასაფლაოზე“ მათ გასწვრივ ყველაფერი წერია, მაგრამ ეს არაფერს არ შველის. სწორედ ამ დროს აცნობიერებს ენის მომხმარებელი, რამდენად განსხვავებულია ენის სიცოცხლე სხვადასხვა ადამიანის ხელში… (ხელში, გულში, ცხოვრებაში…) გამოდის, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სამყაროა და ენაც იმდენია. სწორედ ამიტომ ენა გაუგებრობის წყარო ხშირად გამხდარა. ისეც ხდება, რომ ადამიანები ერთსა და იმავე აზრს განსხვავებულად გამოთქვამენ, მაგრამ ერთსა და იმავეს გულისხმობენ, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ და იწყებენ კამათს.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს სამყაროსავით ძველ და გაზაფხულზე გაღვიძებულ დაავადებას: სიცარიელის მძაფრ შეგრძნებას. სწორედ ახლა წავიკითხე ერთი სტატუსი ფეისბუკზე: სტუდენტი გოგონა ჩიოდა: რომ დაცარიელდა, გარეთ გასვლაც არ უნდა, მოწყენილია, სევდაც შემოაწვა… მოკლედ, ვერაფერს გრძნობს… გავიხედე და ამ სტატუსზე მოწონებებმა თვალდახელშუა დაიწყო მატება და კომენტარებში: -ვაიმე, მეც ეგრე ვარ…. – მეც…მეც… – იმედია, მალე გაივლის, – ალბათ გაზაფხულის ბრალია და ასე შემდეგ.

პირევლი რჩევა, რაც ამ დროს შეიძლება მისცე ადამიანს, ის არის, რომ ის მარტო არ არის… ეს უკვე გაიგო, მაგრამ ეს ნამდვილად ვერაფერს უშველის… მეორე ნუგეშად შევარჩიე ახალგაზრდა პოეტის, გიორგი შონიას ლექსი უნუგეშო სიცარიელეზე. ეს ლექსი რას გიშველით…? მე ხომ არ მითქვამს, რომ გიშველით… უფრო პირიქით, კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ სიცარიელის შეგრძნებას და დაიწყებთ ფიქრს: საიდან მოდის თქვენი სიცარიელე? წინსწრებულად გეტყვით, რომ ყველა სიცარიელე ეგზისტენციალურია, თქვენ რაღაც ამოწურეთ და აღარ შეგიძლიათ იმ ღირებულებებით გააგრძელოთ ცხოვრება, რომლებიც აქამდე გქონდათ… რაღაც უნდა შეიცვალოს, სწორედ ამიტომ გაჩნდა დიდი სიცარიელე, როგორც ნაპრალი… ის ან გშთანთქავთ და ჩაგიყოლებთ (ვერ დაგიმალავთ), ან კიდევ…. მიჰყევით რჩევებს.

გიორგი შონიას ლექსი კი ასე ჟღერს:

მე ვწერ ცარიელი თავით,

ცარიელია ყველა ჩემი სიტყვა,

ცარიელია ჩემი გრძნობები,

ამიტომ გატყუებ, როცა გეუბნები,

რომ მიყვარხარ.

რადგან ვგრძნობ, რომ სრულიად ცარიელი ვარ.

ეს ლექსიც ცარიელია,

ეს ლექსის ფიტულია,

რომელიც ტივტივებს ყოველდღიური

იმედგაცრუებების თავზე.

ზეცაც ცარიელია

და მასში ღმერთის ძიება უშედეგოა,

ახლა ღმერთიც ცარიელია

და, რა თქმა უნდა,

მისადმი აღვლენილი ყველა ლოცვაც ცარიელია….

ამდენი სიცარიელის შემდეგ ავტორი ფრიად საყურადღებო და მეტაფორულ აბს გთავაზობთ.:

და მე გეუბნები შენ,

სიცარიელე შევავსოთ, როგორც კროსვორდი.

გესმით? კითხვა: თუ როგორ უნდა შეავსოთ კროსვორდი, არ მიიღება.  მე არ ვიცი, თქვენ როგორი კროსვორდის შევსება გიყვართ და არც ის, შეგივსიათ თუ არა ოდესმე კროსვორდი, მაგრამ მეტაფორისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ ერთი საღამო უნდა მიუძღვნათ ფიქრს: როგორ უნდა შეავსოთ სიცარიელე, როგორც კროსვორდი. ამაში ვერავინ დაგეხმარებათ… თითოეულის პასუხი უნიკალურია და მეორეზე არ მოქმედებს. ამ ლექსის გაგრძელებაც შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაიგოთ, თავად გიორგი შონია როგორ ავსებს ამ კროსვორდს, მაგრამ არ გირჩევთ, მაინც არ გამოგადგებათ…

არსებობს სიცარიელის სხვა, განსაკუთრებული შემთხვევაც, როცა შეყვარებული ხარ და ისეთი შეყვარებული ხარ, არ გყოფნის არც საკუთარი თავი, არც შეყვარებული და არც სამყარო… რაღაც სამყაროს გაფართოებასავით დაგემართა, თითქოს უცებ სინგულარობა დაკარგე… ამას ისიც ემატება, რომ შეყვარებული წავიდა შენგან და მისი სიცარიელეც შენთან დარჩა… ზიხარ და ფიქრობ ზუსატად ისე, როგორც პოეტი დათო ყანჩაშვილი:

ის კი არ მიყვარს – შენში რაც არის,

ის მიყვარს შენში, რაც არ არის,

რაც უნდა იყოს,

შენში – ეს ჩემთვის განკუთვნილი სიცარიელე,

შესავსებად რომ დამიტოვე….

ამ სტრიქონებშიც ავტორი გრძნობს სიცარიელის შევსების აუცილებლობას და უფრო მიზანსწარფულიც არის, რადგან თუმცა მტკივნეულია, მაგრამ მაინც  უყვარს ახალი სიცარიელეები, დაცლილი სულის ხელახალი ავსება, გაფართოება….

ამ ლექსის აბის მიღების შემდეგ თქვენც უკვე რწმენით აღივსებით რაღაც ძალიან სასიამოვნოსა და დიადის მოლოდინში, რადგან, როგორც ჩანს, პოეტმა დათო ყანჩაშვილმა კარგად იცის ეს პროცესი და ახალ ლეველზეა გადასული  სიცარიელეების ათვისებაში. თქვენ კი მხოლოდ თქვენს სიცრიელეზე წუწუნებთ…

სინამდვილეში რაც ხდება ამ დროს თქვენს ცნობიერებაში, ფიზიკის ენით აგიხსნით, რადგან ფიზიკის კანონებიც ისე ვრცელდება ლინგვისტიკაზე და თქვენს სამყაროზე, როგორც თავად ლინგვისტიკის კანონები და ისინი, ზოგ შემთხვევაში, იდენტურიცაა. მაგალითად, დაძველდა და გამოიფიტა სამყარო, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რა ემართება ასეთ სამყაროს? იშლება, ინგრევა, ნადგურდება… მეტაფორულად ხომ ხშირად ამბობთ: ჩემი სამყარო, შენი სამყარო, მისი სამყარო…? ანუ არსებობს განსხვავებული შინაგანი და ფიზიკური სამყაროებიც და მათ ერთნაირი თავგადასავალი აქვთ. ენაც ცალკე სამყაროა, თქვენს სამყაროზე მორგებული… და როცა ენა ვეღარ გამოგხატავთ, რადგან გაცვდნენ და დაძველდნენ სიტყვები, ამოაშრეს ყველა ლექსიკონის ყველა შესაძლებლობა და თქვენ მიერ მინიჭებული შესაძლებლობებიც, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველაფერი ჩამოიშალოს და დაინგრეს…. ცნობიერებეში ამ ნგრევის შემდეგ დაისდგურებს სიცარიელე, რომელიც ჯერ შეიკუმშება და ისე მოხდება, რომ ყველა სიტყვა ჩაიტვირთება მხოლოდ ერთ სიტყვაში, როგორც დაიწყო თავიდან… პირველად როცა სიტყვა იყო (კი, მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი იდეა იყო), მერე დაიწყება ახალი სამყაროს შექმნა, როდესაც ეს სიტყვა დაიწყებს გაფართოებას და დაიშლება მრავალ სიტყვად… მანამდე კი აგერ პოეტ პაატა შამუგიას პოემიდან „დაუჯდომელი“ ერთ ფრამენტს შემოგთავაზებთ:

„და როცა რომელიმე სიტყვა მიაღწევს გამოხატვის მაქსიმალურ სიღრმეს,

მაშინ სამყარო დაიცლება მნიშვნელობებისგან

და იქნება დიდი სიცარიელე,

სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა ილივლივებს,

რომლითაც ყველაფერი აღინიშნება, განიმარტება და გაისხიპება,

დავარქვათ მას ღმერთი.

ცა იქნება ღმერთი,

მზე იქნება ღმერთი,

დრო იქნება ღმერთი,

„მე შენ მიყვარხარ“ იქნება ღმერთი….

პაატა შამუგიას პოეზიის აბი გასწავლით, როგორ და რატომ იშლება და როგორ იქმნება ახალი სამყარო, როგორ იქცევა ათასი ერთად და ერთი – ათასად…

ფიზიკოსები და ლირიკოსები თვლიან, რომ სიცარიელე, ვაკუუმი – არასდროს არ არის აბსოლუტური სიცარიელე. ამგვარი სიცარიელე არის შესაძლებლობების ველი, რადგან მასში ჯერ კიდევ არ არის ნაწილაკები, მატერიალიზებული მოვლენები, თუმცა კვანტური განუსაზღვრელობის პრინციპის მიხედვით, მასში უამრავი შესაძლებლობის ვირტუალური ანალოგია. სიცარიელის შევსება, ანუ ახალი სამყაროს დაბადება სიცარიელისგან ანუ არაფრისგან, შემოქმედის აქტია და შემოქმედებითი ფაქტია. და რას მოჰყავს მოძრაობაში ქაოსი, რომლითაც სიცარიელეა გაჯერებული? რა თქმა უნდა, შემოქმედის ძლიერ რწმენას და ნებას… და როცა ჩამოყალიბდებით, როგორი ახალი სამყაროს დაბადება გსურთ თქვენს სიცარიელეში, მაშინ მე გეტყვით: იყოს ნება თქვენი…!

 

     ჩრდილოეთის ხალხები

0

ვინ ცხოვრობს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ პოლარული წრის  ჩრდილოეთით? ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთის ხალხები?  ეს სტატია მათ ეხება, ჩრდილოეთის მკვიდრ მოსახლეობას, რომლებიც ევროპისა და აზიის უკიდურეს ჩრდილოეთით ცხოვრობენ: ნენები, ხანტები, სელკუპები.

ნენები იყოფიან ევროპელებად და აზიელებად. მათი განსახლების არეალი კოლის ნახევარკუნძულიდან ტაიმირის ნახევარკუნძულამდე ვრცელდება. ევროპელი ნენები ნენების ავტონომიურ ოკრუგში ცხოვრობენ, აზიელები კი – იამალ-ნენთა ავტონოკიურ ოკრუგში.

 

რუსეთის ჩრდილოეთის მკვიდრი მოსახლეობიდან ნენელები ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. 2002 წლის აღწერით რუსეთში ცხოვრობდა 41 302 ნენელი, რომელთაგან 27 000 ცხოვრობდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.  ნენელების ტრადიციული საქმიანობა მეირმეობაა. იამალის ნახევარკუნძულზე ათასობით ნენელს 500 000 ირემი ჰყავს და მათი უმრავლესობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.

 

ნენელა ტომი იყოფა ორ ჯგუფად — ტუნდრული და ტყის. ნენთა უმრავლესობა ტუნდრელია. ისინი ცხოვრობენ ორ ავტონომიურ რეგიონად.

ტყის ნენელთა რიცხვია 1500 ადამიანი. მათი საცხოვრებელი არეალია იამალო-ნენეთა ავტონომიური ოკრუგის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი.

იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი მდებარეობს რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მსოფლიოს უდიდეს დასავლეთ ციმბირის დაბლობზე.  ოკრუგის შემადგენლობაშია იამალის, გიდანისა და ტაზის ნახევარკუნძულები. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს. უკიდეგანო ტუნდრა, მილიონობით ტბა, ფრინველთა ქარავანი, ზამთარში ჩრდილოეთის ნათება, ზაფხულში კი ხანმოკლე ყვავილობის აფეთქება. ადგილობრივებში ნენების ენაზე „იამალი“ „სამყაროს დასასრულს“ ნიშნავს.

ნენთა საცხოვრებელი

ნახევარკუნძულები მნახველებს თავისი უნიკალურობით იზიდავს. აქ აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციები თანამედროვე მეცნიერული მიღწევებთან არის შერწმული. იამალი და გიდანის რეგიონი ყოველთვის იზიდავდა მოგზაურებს და მეცნიერებს მათი უნიკალურობით, ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, სუფთა ჰაერით და ხელუხლებელი ბუნებით.

ხანტები –  ხალხი, რომელიც ძველთაგანვე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთით, უპირატესად ხანტი-მანსის და იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.  დასავლეთში ცნობილია, როგორც Ostiaks ან ugra, თუმცა საბჭოთა მმართველობის დროს ოფიციალური დასახელება იყო  “ხანტი” ( «кантах» – ადამიანი, ხალხი).

ისტორიული ქრონიკებში პირველი ჩანაწერები ხანტების შესახებ გვხვდება  რუსულ და არაბულ წყაროებში ჩვენი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნეში, თუმცა ცნობილია, რომ ხანტების წინაპრები ცხოვრობდნენ  ურალის და დასავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე, ჩვ. წელთაღრიცხვამდე 6-5 ათასწლეულში, საიდანაც მომთაბარეების მიერ ჩრდილოეთ ციმბირში იქნენ გამოძევებული.

როგორც წესი, ხანტები არიან დაახლოებით 1.5 – 1.6 მ, სიმაღლის, სწორი შავი ან მუქი ყავისფერი თმით, მუქი კანით  და მუქი თვალებით. სახის ტიპი – მონღოლური, თვალის სწორი ჭრილით, გამოკვეთილი ყვრიმალებით, მსხვილი (მაგრამ არა სქელი) ტუჩებით.

ამ ხალხის კულტურა, ენა და სულიერი სამყარო არაერთგვაროვანია. ეს იმით აიხსნება, რომ ხანტები განსახლდნენ საკმაოდ ფართოდ და განსხვავებულ კლიმატურ პირობებში სხვადასხვა კულტურა ჩამოყალიბდა. სამხრეთელი ხანტები ძირითადად თევზჭერას მისდევდნენ, თუმცა მათთვის ასევე ცნობილი იყო მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. ჩრდილოელი ხანტები მისდევდნენ მეირმეობას, ნადირობას, ნაკლებად – თევზაობას.

ხანტებს, რომლებიც  ნადირობას და თევზჭერას  მისდევდნენ, ჰქონდათ 3-4 საცხოვრებელი სხვადასხვა სეზონურ დასახლებებში, რომელსაც სეზონის მიხედვით იცვლიდნენ. ასეთ საცხოვრებელს აკეთებდნენ მორებისგან  და დგამდნენ პირდაპირ მიწაზე, ზოგჯერ წინასწარ თხრიდნენ ორმოს. მეირმე ხანტები ცხოვრობდნენ ჩუმებში, რომელიც წარმოადგენდა ცენტრში დამაგრებული, წრეზე განლაგებული სარებისგან შემდგარ გადასატან საცხოვრებელს, ზაფხულში არყის ხის ქერქით, ხოლო ზამთარში ტყავებით გადახურულს.

 

ხანტები უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ ბუნების სტიქიებს: მზეს, მთვარეს, ცეცხლს, წყალს, ქარს. ასევე ჰყავდათ ტოტემური მფარველები, ოჯახური ღვთაებები და მფარველი წინაპრები. ჰყავდათ საკუთარი მფარველი ცხოველები, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, შორეულ წინაპრად თვლიდნენ. მათზე ნადირობა აკრძალული იყო.

დათვი ითვლებოდა მფარველად, მონადირეების დამხმარედ, ავადმყოფობისგან დამცველად. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით დათვზე  შეიძლებოდა ნადირობა. მოკლული დათვის და მონადირის სულების შესარიგებლად იმართებოდა დათვი ზეიმი. ბაყაყი  მიჩნეული იყო  ოჯახის ბედნიერების მფარველად. ხანტებს ჰქონდათ წმინდა ადგილები, სადაც აკრძალული იყო ნადირობა და თევზაობა.

ამ ტრადიციულმა რიტუალებმა  და ზეიმებმა დღევანდელ დღემდე შეცვლილი სახით მოაღწია, თანამედროვე შეხედულებებთან ადაპტირდა.

სელკუპები – ჩრდილოეთ რუსეთში ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. ბოლო აღწერის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1700-მდეა. ყველაზე მეტი სელკუპი ცხოვრობს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში,  კრასნოიარსკის მხარის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე  და ტომსკის ოლქში.
ოფიციალური სახელი – სელკუპები – მხოლოდ მე -20 საუკუნის 30-იან წლებში დამტკიცდა, ის ჩრდილოეთ ეთნიკური ჯგუფიდან მომდინარეობს და ითარგმნება, როგორც ტყის ადამიანი.

სელკუპები ეკუთვნის ურალის მცირე რასას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარეგნობაში მონღოლოიდური და ევროპეიდული ნაკვთები იკვეთება.

მათი ენა მიეკუთვნება ურალის ენის ოჯახს. მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ დამწერლობა. პირველი მცდელობა, რომ კირილიცას საფუძველზე შეექმნათ დამწერლობა, მე-19 საუკუნეში უშედეგოდ დამთავრდა, რადგან რუსულმა ანბანმა არ მისცა  მათი ენის ხმოვანების სწორად გადმოცემის საშუალება.

მეორე მცდელობა  მე -20 საუკუნის 30-იან წლებში, ლათინური ანბანის საფუძველზე შედგა.  გამოქვეყნდა დიდი რაოდენობით სახელმძღვანელოები სელკუპურ ენაზე, მაგრამ სულ რაღაც   7 წელიწადში, 1930 წელს, სელკუპური დამწერლობა ისევ გადაიტანეს კირილიცაზე, რის გამოც დაიწყო ბევრი გაურკვევლობა. დღესდღეობით სელკუპური ენა არ გამოიყენება ბეჭდვით წყაროებში. ის მხოლოდ ზეპირმეტყველებასა და ფოლკლორში გამოიყენება.

სამხრეთელ სელკუპებს  შეეძლოთ კერამიკული ნაკეთობების დამზადება, ლითონის დამუშავება, ქსოვა, მოჰყავდათ ხორბალი და თამბაქო. მრეწველობის  ეს დარგები აქტიურად ვითარდებოდა მე -17 საუკუნემდე, ვიდრე არ გამოდევნა უფრო მაღალი ხარისხის იმპორტირებულმა პროდუქციამ.

შემდგომ სტატიებში ჩრდილოეთში მცხოვრებ სხვა ხალხებზე მოგითხრობთ.

 

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://komanda-k.ru ; https://rospriroda.ru/?p=23

 

 

 

 

 

 

ფეხბურთი კონფლიქტის ზონაში

0

შუაში პატარა ხევია, სადაც ზაფხულობით წყალი შრება ხოლმე და უწყლოდ დარჩენილი ბაყაყების ყიყინი აყრუებს მიდამოს. ხევის იქით მავთულხლართებია გაბმული. მავთულხლართებთან სულ ახლოს კი რუსების საგუშაგოა მოწყობილი. საგუშაგოზე დღეც და ღამეც ანთია უზარმაზარი პროჟექტორი, რომელიც ბინდისას ისეა გაკაშკაშებული, თითქოს ამით გეუბნებიან, მოგვიახლოვდები და…

ხევის აქეთ ყანებია. უფრო სწორად ნაყანებები, რადგან რუსების შიშით ბოლო რამდენიმე წელია გლეხები ამ ადგილებში ხორბლის დათესვას ერიდებიან. ამით ყველაზე კარგად სოფლელმა ბიჭებმა იხეირეს, რომლებსაც ერთ-ერთ ნაყანებში, ზედ რუსების საგუშაგოს პირდაპირ სწორ, ვაკე ადგილას ფეხბურთის სტადიონი მოიწყვეს და ყოველ საღამოს აგორებენ ბურთს. ძელებად თავიდან დიდი ქვები ჰქონდათ დაწყობილი, მერე მობეზრდათ იმაზე ჩხუბი, დარტყმული ბურთები გადიოდა თუ არა კარში და ჭალაში მოჭრილი გრძელი სარებით საფეხბურთო კარებების მსგავსი აჯღაბუჯღები შეაკოწიწეს. ომის მერე ნაპოვნი ტანკის შესანიღბი შალითა დაჭრეს და კარს უკან “ბადეებიც” გააკეთეს და აბა მეტი რაღა უნდა უნდოდეს ბიჭს, რომელიც დღისით ბაღსა და ვენახში ეხმარება მამას, საღამოს კი მისი ერთადერთი გასართობი ფეხბურთის თამაშია…

თავიდან მშობლები ბიჭებს ძალიან უშლიდნენ რუსების საგუშაგოსთან ასე ახლოს ფეხბურთის თამაშს. ზოგიერთებს სახლიდან არც კი უშვებდნენ მიტოვებული ყანებისაკენ, მაგრამ ბავშვი იმის ბავშვია, რომ ხან გაიპარება, ხან შეგეხვეწება, ხან გაძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რაც მოუწადინებია. ცელქობის გამო ბავშვის მიტყეპვა მაინცდამაინც კარგი საქციელი რომ არაა – ეს თქვენც კარგად იცით.

ყველაზე ცუდი ამბავი მაშინ ხდებოდა, თუკი თამაშის დროს ცუდად დარტყმული ბურთი ხევში ჩაუვარდებოდათ. ხევის წყალი დამშრალიც რომ ყოფილიყო, ეს პატარა კანიონი ეკლებითა და ძეძვიანი ბუჩქებით იყო სავსე და იქიდან ბურთის ამოტანა მინიმუმ გასისხლიანებულ ფეხებად ფასობდა. ამიტომ ბურთი მას მოჰქონდა, ვინც გადააგდებდა და იყო ერთი ხვეწნა-მუდარა თუ დაძალება – არა შენ ჩადი არა შენო.

ამ ყველაფერს რუსი ჯარისკაცები თითქმის ყოველდღე უყურებდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არასოდეს აქცევდნენ. ერთი-ორჯერ კი დაუძახეს ბიჭებს – ხმამაღლა ნუ ყვირით, “გლავნი აფიცერი” ისვენებსო. ეს იყო და ეს.

ერთ საღამოს კი, როდესაც სოფლის ბავშვები ფეხბურთის სათამაშოდ ხევის პირას იკრიბებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ სტადიონზე რუსების „ბეტეერები” იდგა და ირგვლივ მავთულხლართის გაბმით გართული ჯარისკაცები დაფუთფუთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მშობლებისაგან მკაცრად იყო გაფრთხილებული – რუსებთან კონტაქტს მოერიდეთო – მაინც ვერ მოითმინეს და მათში ერთ-ერთი, რომელსაც ბელორუსი დედა ჰყავდა და შესაბამისად რუსული ყველაზე კარგად იცოდა, ჯარისკაცებს მიუახლოვდა და ჰკითხა, ჩვენს სტადიონზე რა გინდათო.

ჯარისკაცების პასუხი იყო სწორედ ისეთი, როგორსაც შეიძლება მათგან მოელოდე. მისულ ბიჭს გვარიანი ჭიტლაყი უთავაზეს და უდრტვინველად გააგრძელეს მავთულხლართების ხევის გადმოღმა გაბმა. ბიჭები დაფრთხნენ და არეულად გაიქცნენ უკან, სოფლისაკენ. სოფელში ამ დროს ბაღებიდან და ყანებიდან დაბრუნებული მათი მშობლები ისვენებდნენ, ნახირიდან მოსულ ძროხებს აბინავებდნენ და ბიჭების წუწუნის მოსასმენად არავის ეცალა. მათთვის ის ნაყანები ადგილები უკვე ისედაც დაკარგული იყო და ბიჭების სათამაშო მოედნის „იქითა მხარეს” მოქცევა აბა რა ისეთი უბედურება იყო სხვა უფრო დიდი და საზარელი უბედურებების ფონზე.

იმ ღამეს სოფელში არც ერთ ბიჭს არ დასძინებია. სტადიონის დაკარგვაზე მეტად იმაზე ჯავრობდნენ, მათ მშობლებს განსაკუთრებულად გულთან რომ არ მიუტანიათ ეს ამბავი. უბედურებასთან შეგუება ალბათ ყველაზე საშინელი რამაა ქვეყანაზე.

 

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები

0

მასწავლებლის  შიდა შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკაც დაემატა

 

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები

მონიტორინგი თვითსწავლებაში

0

მონიტორინგი დროის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, განსაკუთრებით – საწყის ეტაპებზე. მაგრამ მისი ამოცანაა, მოსწავლეებს დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩვევები განუვითაროს.

მონიტორინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც გაკვეთილის განმავლობაში, ისე ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებში. ის შეიძლება იყოს პირდაპირიც და დისტანციურიც. კონკრეტული ვარიანტი ჯგუფის თავისებურების მიხედვით შეირჩევა. დასაწყისისთვის შეგვიძლია თავიც დავიზღვიოთ.

შეიძლება თვითმონიტორინგის სტიმულირებაც მოსწავლეებისთვის თემასთან დაკავშირებული „სამოქმედო გეგმის“ მიწოდების გზით. უკვე შესრულებული დავალებები და ათვისებული ცნებები გეგმაში უნდა მოინიშნოს. ასევე შეგიძლიათ მოსთხოვოთ მოსწავლეებს სამუშაო გეგმის წარმოდგენა, სანამ დავალების შესრულებას შეუდგებიან.

საკუთარი საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესების უნარის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ, სუსტ მოსწავლეებს თავად დაუსახოთ ან მათთან შეთანხმებით შეურჩიოთ ამოცანა. როცა მოსწავლეებს თქვენ აწვდით „სამოქმედო გეგმას“, რომელშიც უნდა მონიშნონ სამუშაოს შესრულებული ეტაპები, პერიოდულად უნდა შეამოწმოთ კიდეც. ჩემი გამოცდილებით, ზარმაც მოსწავლეებს შედეგების გაყალბებაც ეზარებათ, ამიტომ ასეთი გეგმები კარგად ასახავს ვითარებას.

მოსწავლეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ასეთი დავალებების მიზანი დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებაა. საუკეთესო შემთხვევაში მონიტორინგის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს თითოეული მოსწავლისთვის. ეცადეთ, არ გძლიოთ დახმარების ცდუნებამ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსწავლე გამოუვალ მდგომარეობაშია). წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეებს მუდამ ექნებათ თქვენი დახმარების მოლოდინი და დამოუკიდებელნი ვერ გახდებიან.

შეატყობინეთ მოსწავლეებს, რომ დავალების ნახევრის შესრულების შემდეგ შეამოწმებთ სამუშაოს მსვლელობას და შეაფასებთ პროგრესს. შეფასება არ დაუწეროთ, უბრალოდ გადახედეთ ნამუშევარს დაინტერესებული გამომეტყველებით.

გარდა ამისა, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამუშაოს შავი ვარიანტების შემოწმება, თუმცა მაინც აჯობებს, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აწარმოონ სამუშაოს მონიტორინგი თვითშეფასების ან თქვენი მიცემული, მოგვიანებით კი მათ მიერვე შედგენილი ანკეტების საშუალებით.

 

თვითსწავლებისთვის მიცემული დავალების შესრულებისთანავე უნდა მოხდეს მისი შეფასება ყოველი ჯგუფის თავისებურებათა გათვალისწინებით. ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება დამატებითი დრო ან ტესტის განმეორებით ჩაბარების საშუალება მივცეთ (შეიძლება დავალებიდან ზოგიერთი ელემენტის ამოღებაც). გაითვალისწინეთ დაგეგმილზე ერთი-ორი კვირით მეტი დრო, რათა ჩამორჩენილი მოსწავლეებიც დაეწიონ კლასს.

 

თვითსწავლების „რეგულატორი“

არაერთხელ გავუსვი ხაზი დავალების „გამართვის“, ჯგუფის თავისებურებათა შესაბამისად მისი მონიტორინგისა და შეფასების პროცედურის მნიშვნელობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეს თვითსწავლების უნარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განუვითარდება, თუ მასწავლებელი უფრო და უფრო ნაკლებად ჩაერევა მის მუშაობაში და ნაკლებ დახმარებას გაუწევს.

„რეგულატორი“ დავალებების გამართვაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, გააძლიეროთ მონიტორინგი ან დავალებაზე აქცენტი, შეამციროთ რესურსების მოძიებაში საკუთარი მონაწილეობა. მოსწავლეთა შედეგიანობა თქვენი გიდია, მიზანი კი – თვითსწავლების უნარის განვითარება. ნუ დაიხევთ უკან, თუ მოსწავლეებმა პირველ ხანებში წარმატებას ვერ მიაღწიეს. დასკვნა მარტივია: მათ ისევ და ისევ უნდა სცადონ!

 

თვითსწავლების უნარების განვითარება

მოსწავლეებისთვის თვითსწავლების უნარის განვითარება აუცილებელია, რადგან თავისთავად ის ვერ ექნებათ. ამაში დაგეხმარებათ კოლბის სწავლების ციკლი.

თვითსწავლებისათვის მიცემული დავალების შესრულებისა და მისი შეფასების შემდეგ შესთავაზეთ მოსწავლეებს სამუშაო პროცესის გაანალიზება. თვითშეფასების პროცესის სტრუქტურული დაწყობა კომპეტენციების ან ანკეტების ჩამონათვალის ანალიზით შეიძლება: „მოიძიეთ თუ არა შესაფერისი რესურსები?“; „რა გზას მიმართავდით, როცა რომელიმე დავალების შესრულებისას სირთულეს აწყდებოდით?“; „ისწავლეთ თუ არა ინფორმაციული დისკებით მუშაობა?“

თვითშეფასების შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებლად სახავენ ამოცანებს მუშაობის გასაუმჯობესებლად ან განიხილავენ მასწავლებელთან ერთად. მაგალითად: „დაგეგმილი მაქვს: გამოვიყენო არა ერთი, როგორც ადრე, არამედ რამდენიმე წიგნი თემის უკეთ შესასწავლად; უფრო მეტად მივმართო მეგობრებს დახმარებისათვის; ვისწავლო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში საკვანძო სიტყვების გამოყენებით…“

შეგვიძლია, ეს ამოცანები თვითსწავლების მომდევნო დავალების შესასრულებელ სამოქმედო გეგმად ვაქციოთ. ამრიგად, ისინი ახალი დავალების ნაწილი გახდება.

 

 

თვითსწავლებისთვის განკუთვნილი თემის ახსნა არ გიწევთ, მაგრამ დამოუკიდებლად ათვისებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები უნდა ასწავლოთ. ეს შეიძლება მოხდეს როგორ ინდივიდუალური კონსულტაციის დროს, ისე პატარა ჯგუფებშიც. როცა მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებლად სწავლას, დაწვრილებით სწავლების აუცილებლობა აღარ იქნება.

 

რა საჭიროა თვითსწავლება

თვითსწავლებას შესანიშნავი შედეგები აქვს. უწინარეს ყოვლისა, ეს გვაზოგვინებს დროს, რომელიც შეგვიძლია მონიტორინგსა და დავალების შესრულებისას მოსწავლეების დახმარებაზე დავხარჯოთ.

ვიმედოვნებ, ქვემოთ მოყვანილი შედეგები დაგამშვიდებთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინეთ, რომ მოსწავლეებს თქვენს სწავლებაზე მეტად თვითსწავლების პროცესი მოსწონთ:

  • თვითსწავლება პედაგოგს რთულ მასალაზე ნელა მუშაობის და მოსწავლეზე აქცენტირებული მეთოდებისთვის მეტი დროის დათმობის საშუალებას აძლევს.
  • თვითსწავლება მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. მხარდაჭერა მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, საკუთარ თავზე აიღონ სწავლაზე პასუხისმგებლობა.
  • მოსწავლეები ივითარებენ დამოუკიდებლად სწავლის ჩვევებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის შედეგიანობისათვის მომდევნო ეტაპებზე, როცა უკვე პროფესიულ და უმაღლეს განათლებამდე მივა საქმე და ბოლოს – პროფესიული საქმიანობის სამყაროშიც.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ, იმ ტემპით და სტილით იმუშაონ, რომელიც მათთვისაა ხელსაყრელი.
  • თვითსწავლება – ეს სამუშაოს ტიპის ცვლილებაა, რაც მოსწავლეებს უყვართ, ამიტომ ხშირად ეს მეთოდი მათთვის სწავლის საყვარელ ფორმად იქცევა.
  • თვითსწავლება ხელს უწყობს „სიღრმისეულ“ და არა „ზედაპირულ“ სწავლას. გრემ გიბსი გამოყოფს 9 ფაქტორს, რომლებიც ხელს უწყობს „სიღრმისეული“ სწავლის პროცესს. ამ ფაქტორებს შორისაა შერჩეული თემის დამოუკიდებლად ათვისება, ჯგუფებში დამოუკიდებელი მუშაობა, ზოგადი სასწავლო უნარების განვითარება, ანალიზის უნარი და სხვა.
  • მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ მასწავლებლის გარეშე შეუძლიათ სწავლა.

 

მენეჯმენტის თეორეტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ თანამშრომლებისთვის მათ სამუშაოზე კონტროლის დელეგირება მნიშვნელოვნად ამაღლებს პასუხისმგებლობის გრძნობას, მოტივაციასა და ეფექტურობას. გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეებისთვის მათივე სწავლების პროცესზე მაკონტროლებელი ბერკეტების მიცემა იმავე შედეგს გვაძლევს.

დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია სწავლების მეთოდების შემუშავებისას. ის თანხვდება ადამიანის სიღრმისეულ მოთხოვნილებას – თავისუფლებას. თავისუფლების მოთხოვნილებას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან მოზარდები, ზრდასრულ ასაკში კი ის თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფის გზების ძიებაში გადაიზრდება.

აშკარაა, რომ ჯობს, დავეყრდნოთ ამ მოთხოვნილებას, ვიდრე წინააღმდეგობა გავუწიოთ მას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითსწავლება ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს გვაძლევს.

 

წყარო:

  1. Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.2009, p. 413-418.

 

 

გურული დღიურების ფონდი

0

ჩემს დიდ სიხარულზე მოგიყვებით. ცოტა შორიდან. ოთხმოცდაათიანები წლები იდგა. გვიჭირდა, მართლა გვიჭირდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მე ლექსების წერა დავიწყე. სანამ შუქი მოვიდოდა, ვწერდი გაუთავებლად. მერე მეზობელთან ტელევიზორის საყურებლად გადავდიოდი. ჩვენ არ გვქონდა – მინდოდა კი. ერთ დღესაც ამბავი მოვიდა, პრეზიდენტის სტიპენდია გამოცხადდა ახალგაზრდებისთვო. პედაგოგთა კაშირმა აიღო და წარმადგინა. დედაჩემმა რკინის ქალამანი ჩაიცვა და წავიდა ჩემი ლექსებით თბილისში – რეკომენდაციები იყო საჭირო. ანა კალანდაძემ დამიწერა. სხვებმაც. და ასე, სრულიად მოულოდნელად, მომანიჭეს ეს სტიპენდია.

ცოტა ფული როდი იყო – თვეში 100 ლარი. ცოტა დააგვიანა და 900 ლარი ჩაირიცხა. წავედით მე და მამაჩემი ოზურგეთიდან ლილოში და ტელევიზორი ჩამოვიტანეთ. არ არსებობს ამ ტელევიზორზე ძვირფასი ნივთი – ყველა გადაცემა, ყველაზე მოსაწყენიც კი, რაც იქ მინახავს, ჯადოსნურია. ჯადოსნური და წარმატების ფერებით სავსე.

მაშინ, მერვე კლასელი ბიჭი ძნელად წარმოვიდგენდი, დღეს ოზურგეთში ჩემი დაწერილი წიგნის სახელობის სტიპენდიას გავცემდი. ვწერ, ვხვდები, ამაოდ – ვერ მოგიყევით. ამ სამი ბავშვის სიხარულზე დიდია ჩემი სიხარული. ორი მათგან, ლია და ნია გეგიაძე – პატარები – დროებით სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან, ერთიც, ცოტა უფროსი, წარჩინებული მოსწავლე ქეთი ქობულაძე. მადლობა გურული დღიურების ფონდში ჩემს თანამოაზრეებს, მადლობა ყველა შემომწირველს და მადლობა შენ, მკითხველო! რომ არა შენ – არაფერი გამოვიდოდა. ამ სამი ბავშვის სიხარულის ძალა.მომყვება

მეორე დღეს კიდევ სხვა ამბავიც შევიტყვე: იმ პატარა დებს, გურული დღიურების სტიპენდია რომ დავუნიშნეთ, მშობლები არ ჰყავთ. მამიდა ახლდა დაჯილდოებაზე და რა გასაკვირია, ტიროდა მამიდა.

ჰოდა, ხომ ემოციური ამბებია, მაგრამ მგონია რომ რაციონალურიც. გურული დღიურების ფონდი მისმა დამფუძნებლებმა (ქეთი გოგავა, თამარ კონტირძე, მანანა სურგულაძე) ერთი მხრივ საქველმოქმედო განხრით შევქმენით, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ფიქრი გულისხმობდა ერთ აზრს: ამ ბავშვმა კარგად უნდა ისწავლონ, ისე კარგად, რომ მომავალში თვითონ შეძლონ იგივეს საქმეების კეთება და გაცილებით უკეთესის.

ეს ფონდი არ იგულსხმებს სტიპენდიებს მხოლოდ გურიის რეგიონში, უბრალოდ სიმბოლურად დავიწყეთ ოზურგეთიდან. მეტიც: მეოთხე სტიპენდიატი ქართული ენის მცოდნე აზერბაიჯანელი მოსწავლე იქნება. სახელმწიფოებრივი აზრით ეს მიმართულება უმნიშვნელოვანესი მგონია. კონკურსის წესებს და პირობებს მალე გამოვაქვეყნებთ.

ჩვენ განათლებული მომავალი გვსურს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...