ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სად იკარგებიან ადამიანები?

0

კენიაში, რუდოლფის ტბაზე არის კუნძული ენვაიტენეტი, რაც ადგილობრივი ტომის ენაზე „დაუბრუნებელს” ნიშნავს. კუნძულის სიგრძე და სიგანე სულ რამდენიმე კილომეტრს შეადგენს. ადგილობრივი მოსახლეობა კუნძულზე საცხოვრებლად არ გადადის, რადგან მას დაწყევლილ ადგილად მიიჩნევს. თუ ანომალიური მოვლენების მკვლევრებს დავუჯერებთ, ამგვარი ადგილები მსოფლიოში მრავლად არის.

 

1935 წელს კენიაში ინგლისელი მკვლევრის ვივიან ფუშის ექსპედიცია მუშაობდა. მისი ორი კოლეგა მარტინ შეფლისი და ბილ დაისონი საიდუმლოებით მოცულ კუნძულზე გაემართნენ. გავიდა 15 დღე, მაგრამ მეცნიერები არ დაბრუნებულან. შეშფოთებული ფუში იძულებული გახდა მათ საძებნად მაშველები გაეგზავნა, მაგრამ მათ, აბორიგენების მიერ მიტოვებული სოფლის გარდა, ვერაფერი აღმოაჩინეს. შემდეგ გამოიძახეს თვითმფრინავი, რომელმაც სოფლის თავზე ორი დღე-ღამე იფრინა, მაგრამ სასურველი შედეგი არც ამან გამოიღო.

 

ადგილობრივმა მოსახლეობამ ფუშს მოუყვა ლეგენდა. ლეგენდის მიხედვით, კუნძულზე ოდესღაც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც თევზაობასა და ნადირობას მისდევდნენ. თავიანთი ნადავლით ისინი მატერიკზე მცხოვრებ ადამიანებთან ვაჭრობდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდნენ ხმელეთზე. ამის გამო, მახლობლად მდებარე ლოინგლანის დასახლებიდან „დასაზვერად” ტივი გაგზავნეს.

 

კუნძულზე მისული ხალხი გაოგნებული დარჩა. მათ აბსოლუტურად ცარიელი სოფელი აღმოაჩინეს. ქოხებში იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური მოხმარების ნივთები ეწყო. ჩამქრალ კოცონთან გახრწნილი თევზი იყო მიმოფანტული. სად წავიდა ეს ხალხი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერავინ შეძლო. მათ საძებნად წასულმა ხალხმა ვერ გაბედა ძებნის გაგრძელება და სასწრაფოდ დატოვეს კუნძული. ამის შემდეგ იქ გამგზავრებას, ჩიტების გარდა, ვერავინ ბედავს.

 

ადამიანთა საიდუმლოებით მოცული გაქრობები, თუ ამგვარ ისტორიებს დავუჯერებთ, ზოგიერთ შემთხვევაში მოწმეების თვალწინ ხდებოდა. ამერიკულ ყოველკვირეულ გამოცემაში აღწერილი იყო შემთხვევა, როდესაც 1960 წლის 30 ივლისს ონტარიოს შტატის ქალაქ პიკტონში ნათესავებისა და მეზობლების თანდასწრებით 13 წლის ბიჭუნა გაქრა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი იმავე ადგილას იპოვეს.

 

ცნობილია სხვა ისტორიაც, რომელიც 1982 წელს მოხდა. პარიზის გარეუბნის 19 წლის მკვიდრი სერჟი პონტუაზ ფრანკ ფონტენი თავისი პიკაპის საჭესთან იჯდა, როდესაც ჰაერში უჩვეულო კაშკაშა სხეული აღმოაჩინა, რომელიც ნელ-ნელა ეშვებოდა დედამიწისაკენ. იგივე შენიშნა მისმა ორმა მეგობარმა, რომლებიც ამ დროს მანქანაში ნივთებს აწყობდნენ. ფრენკი თავისი ავტომობილით სხეულის ვარდნის ადგილას გაემართა.

 

როდესაც იმავე ადგილას ფრენკის მეგობრები მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს მისი მანქანა, რომელიც თითქოს ორ ნაწილად იყო გაყოფილი. გზაზე მანქანის უკანა ნაწილი იდგა, ხოლო კაბინის ადგილას კაშკაშა სხეული იყო, რომელმაც მათი მისვლის შემდეგ მილისებური ფორმა მიიღო და ელვისებურად აიჭრა ჰაერში. თავად ფრენკი არსად ჩანდა.

 

გავიდა ორი კვირა. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია უშედეგოდ ეძებდა ფრენკს. ერთხელ გამთენიისას მისი ერთ-ერთი მეგობრის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. კარების ზღურბლზე ფრენკი იდგა. იგი ისევე იყო ჩაცმული, როგორც გაქრობის დღეს, ოღონდ ცოტა შეფიქრიანებული ჩანდა. „სად არის ჩემი პიკაპი? – ეკითხებოდა სახტად დარჩენილ მეგობარს, – ჩვენ რა, აღარ მივდივართ?” ამ სამეულის დაკითხვას დიდხანს აწარმოებდა პოლიცია და პროკურატურა. ამის შემდეგ საქმით დაინტერესდა ამოუცნობი მოვლენების შემსწავლელი კომისია „ჟეპანი”. ფრენკის მოგონების აღდგენა ჰიპნოზის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

 

იგი იხსენებდა, რომ მისი მანქანის კაბინის წინ პატარა ზომის მანათობელი ბურთულა გაჩნდა. მერე ყველაფერი ნისლმა დაფარა. შემდეგ იგი აღმოჩნდა ლაბორატორიაში, რომელიც უამრავი სხვადასხვა აპარატურით იყო მოწყობილი. „ოთახში უამრავი მოძრავი მანათობელი ნათურა იყო, – იხსენებდა ფრენკი, – და მე მივხვდი, რომ ისინი ჩემს შესწავლას ცდილობდნენ”.

 

ცნობილმა ასტრონომმა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარმა ალან ჰაინეკმა გამოსცა კრებული, რომელშიც „გაქრობისა და გატაცების” უამრავი შემთხვევა იყო მოყვანილი.  ავტორმა მას „მესამე ბუნების დახურული კონტაქტი” უწოდა.

 

აქ მოყვანილი შემთხვევების უმეტესობა კარგად არის არგუმენტირებული. მაგალითად, უიტფილდის (ნიუ ჰემპშირი, ინგლისი) მკვიდრი ბეტი და ბერნი ჰილების გაქრობა. 1961 წლის სექტემბერში ისინი შვებულებიდან შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც ჰაერში ქაოსურად მოძრავი ორი მანათობელი ბურთულა შენიშნეს. იგი თითქოსდა მათ ავტომობილს უთვალთვალებდა. ცოტა ხანში ბეტიმ და ბერნიმ გონება დაკარგეს.

 

როდესაც გონს მოვიდნენ, მიხვდნენ, რომ უკვე ორი დღე იყო გასული და რამდენიმე ასეული მილის მოშორებით იმყოფებოდნენ იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდნენ. შემდეგ მათ გაიხსენეს, რომ რაღაც „ხომალდში” იმყოფებოდნენ, სადაც ბევრი სინათლე იყო. ისინი ამბობდნენ, რომ „არამიწიერი არსებები” მათ „სხივი-საცეცებით” იკვლევდნენ.

 

კრებულში ასევე მოყვანილია 1976 წელს არიზონას შტატის მკვიდრი ტყის მჭრელის, ტრევის უოლტონის გაქრობის ფაქტი. ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, გემთსაშენი „ჰინსონ-პარნერის” მუშის გაქრობის ფაქტმა ამერიკის უამრავი გაზეთის ფურცლები მოიარა. ხოლო ჟურნალმა იმ „მიწიერი” თავგადასავლების დაწვრილებითი აღწერა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყველა ამ ადამიანმა წარმატებით გაიარა სიცრუის დეტექტორის შემოწმება და არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ ისინი სიმართლეს არ ამბობენ.

 

მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ თვითმფრინავებისა და ხომალდების გაქრობა და ადამიანთა გატაცება – ყველაფერი ეს ხუმრობისა ან ჰალუცინაციის შედეგია. ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანთა გატაცება რეალურ ფაქტებთანაა დაკავშირებული, არ არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საოცრებები შეუძლებელია. უბრალოდ, ხშირად მათ ზუსტი სამეცნიერო ახსნა არ გააჩნია.

 

მაგალითად, ბრიტანეთის ჯანდაცვის ბიოფიზიკის ცენტრის მეცნიერები კვანტური ტელეპორტაციის დარგში, საინტერესო ექსპერიმენტებს აწყობენ – ბიოლოგიური ობიექტის ნებისმიერ მანძილზე მრავალვენური გადატანა. ჯერჯერობით ობიექტებად ლაბორატორიულ თაგვებს იყენებენ, მაგრამ მიღწეული შედეგები უკვე იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას: ის, რასაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინი წინასწარმეტყველებდა და რითაც არაერთხელ ისარგებლეს ფანტასტებმა, სრულიად შესაძლებელია. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ დროის მართვის შესაძლებლობა და მასში, როგორც სივრცეში, გადაადგილება.

 

ამასთან დაკავშირებით, სერიოზული სამუშაოები გასწიეს ასტრონომებმა, რომლებიც სამყაროს ცხოვრების კანონებს სწავლობდნენ. მართალია, ყველაფერი ეს ჯერჯერობით პრაქტიკულად მიუღწეველია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ფიზიკის მოქმედ კანონებს არანაირად არ ეწინააღმდეგება. უცხოპლანეტელები კი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან.

 

 

 

პატერსონების ცხოვრების წესი

0

როდესაც ცხოვრებამ ლიმონის ნახევარი მომცა, ანუ სანახევროდ უმუშევარი დავრჩი, თუმცაღა თეორიულად აკი ვიცოდი, რომ ლიმონათის კეთება უნდა დამეწყო, მაგრამ, ჩემს დღეში ჩავარდნილი სხვა ადამიანების მსგავსად, მეც იმაზე მოვყევი ფიქრს, თუ რა მჟავე ქმნილებაა ლიმონი. ამასობაში კი ბედისწერა მინიშნებას მინიშნებაზე მიგზავნიდა – უფრო ფიცხთა წერილები სიტყვებით მსეტყვავდნენ: ,,დროზე უნდა ნახო ,,პატერსონი”… ძალიან მოგეწონება… აი, ინტერნეტში დადეს… უი, ჯერ არ დაუდევთ… კინოთეატრში გადის, მაგრამ აუცილებლად ინგლისურად უნდა ნახო… ყველაფერს აჯობებს, თუ ,,ტორენტებიდან” გადმოიწერ (მაინც რაა ეს ტორენტები? მის შესახებ, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცდაათ წლამდე ადამიანებმა იციან)…” უფრო მშვიდები და აუღელვებლებიც კი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, მათი მოწერილი ასოები ეკრანზე  გრაციოზულად ებწკარებოდნენ და დინჯი ხმებით მიბეჯითებდნენ: ,,ანი, ეს შენ აუცილებლად უნდა ნახო!” ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, რომ მე პატერსონი ვიყავი, დრო იყო, მეც თვალი გამესწორებინა საკუთარი თავისთვის. ჰოდა, ჩავრთე და ეკრანზე ლიმონათის რეცეპტი დამხვდა…

***

დიდი ოთახი მეცნიერებით იყო სავსე, სამ-ოთხკაციან ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და საუბრობდნენ. ერთ-ერთ ჯგუფს მივეტუზე და ალბათ, კეფაზეც მეტყობოდა, როგორი გაფაციცებით ვუსმენდი ჩემ უკან მდგომ, საოცრად უშნო და ჭკვიან ბელგიელ გოგოს, რომელიც ამერიკელ სწავლულს, ღმერთმა იცის, გულისნადებსა თუ გონების ნააზრევს უზიარებდა: ,,სიყვარული ისაა, როდესაც ვინმესთან ან რამესთან ურთიერთობისას ხვდები, რომ სახლი იპოვე”. ეს იყო სიყვარულის ყველაზე ზუსტი შეფასება, რომელიც კი ოდესმე გამიგონია ანდა წამიკითხავს…

***

როდესაც ,,პატერსონს” ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ,,შინ” ვიყავი, ჩემს ჩვეულ, ნაცნობ გარემოში, მაგრამ არა იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ პერსონაჟთან ვაიგივებდი თავს, არამედ იმიტომაც, რომ ეკრანზე საოცრად ნაცნობ, დიდი ხნის ნაცნობ პოეზიას ვუცქერდი. ეს არ იყო რონ პეჯეტის რთულად მარტივი ლექსები ასანთის კოლოფსა და გოგრაზე, ეს (ბოდიში, პეჯეტ!) ბევრად უკეთესი პოეზია იყო: ძენ-ბუდიზმის ფილოსოფია – როდესაც გარემომცველი სამყაროს ფონადქცეული ხმაური ვერ აღწევს   იმ პერსონაჟის გარსში, რომელიც არა ქალაქში, არამედ საკუთარ თავში ცხოვრობს; მინიმალისტურ ფორმაში ჩატეული უსასრულო ქვეყნიერება; ადამიანი, რომელსაც მკაცრად შემოსაზღვრული რუტინული სამოძრაო სივრცე აქვს, მაგრამ ეს სივრცე საკმარისზე მეტიც კია ახალ-ახალი აღმოჩენებისთვის; ყოველდღიურობის არაზუსტრითმებიანი ლექსთწყობა, ტყუპების რეფრენი… თავისტეხა დიდხანს არ მომიხდა, ჯარმუშმა კარტები მალევე გახსნა: ,,ეი, თქვენ გიყვართ ემილი დიკინსონი?” ,,დიახ, ემილი დიკინსონი ძალიან მიყვარს.”

ჰმ, ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ემილი დიკინსონი უყვარს, – იმ ჩემი ნაცნობებივით უკვირს ფილმის პერსონაჟ პოეტ გოგონას, რომლებიც მთელ ქვეყანას მოსდებენ ხოლმე, ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლი ჯაზს უსმენდაო (თითქოს ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ყველა ადამიანს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით შეუძლია სამსახურის შოვნა).

დიახ, რასაკვირველია, ამ ფილმის გამო მადლობა უილიამ კარლოს უილიამსს, ემილი დიკინსონს და იმ უსაზღვრო შესაძლებლობების ადამიანებს, რომლებიც პოეზიას აქცევენ კინოდ, ვიზუალურ ხელოვნებას – მუსიკად, მუსიკას – პოეზიად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასეთი მშვენიერია ეს ცხოვრება…

***

,,პატერსონი” ინტროვერტი ადამიანების ცხოვრების წესის ერთგვარი რეაბილიტაციაა და ჩემი აზრით, იგი აუცილებლად სანახავი ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა კითხვაზე, მოვაწყობდი თუ არა ოდესმე ,,პატერსონის” ჩვენებას კლასში, ვუპასუხებდი, რომ, სამწუხაროდ, ალბათ, არა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლებში მეგულება არაერთი მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია ქართული ლიტერატურის რომელიმე პრობლემური საკითხის სიღრმისეული ახსნისათვის საზღვარგარეთული ფილმი მოიშველიოს, მაინც მგონია, რომ ამ ფილმებს შორის ,,პატერსონი” არასოდეს იქნება და ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ზედაპირული, ხოლო მეორე კი – უფრო სიღრმისეული.

პირველი ისაა, რომ მიუხედავად ამხელა გამოხმაურებისა, ჯიმ ჯარმუშის ეს შედევრი მაინც იმ ტიპის ხელოვნებას ეკუთვნის, როგორიც თავად ფილმის ლირიკული გმირის ლექსებია – მარტო საყურებელს, მარტო განსაცდელს და მხოლოდ აღმქმელთა კონკრეტული ტიპისთვის მისაღებს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ აუდიტორიაში (როგორიცაა თითქმის ნებისმიერი კლასი) ,,პატერსონმა” წარმატებით შეიძლება ჩაანაცვლოს ძილის წამალი.

და მეორე და უმთავრესი – ქართული სასკოლო ლიტერატურის გმირი (ალბათ, ვაჟას ,,გველისმჭამელის” გარდა) ჭვრეტის კი არა, მოქმედების ადამიანია, რომელიც იბრძვის, ქმნის, შრომობს, ძველს ანგრევს, ახალს აშენებს, გარეთ გამოდის და ხალხს მაგალითს აძლევს, მოკლედ, ,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.” სკოლა, როგორც წესი, ცდილობს და საუკეთესო შემთხვევაში, ახერხებს, წარმოშვას სოციალური ადამიანი (ესაა სკოლის, როგორც ინსტიტუციის, არსებობის ძირითად პრინციპი, თორემ ადამიანთა დიდი ნაწილი ინდივიდუალურად უკეთ იღებს განათლებას, ვიდრე 40-კაციან ჯგუფში): ლიდერი, კონკურენტუნარიანი და თვითრეალიზებული, შეჯიბრში ჩაბმული და გამარჯვებული, წარმატებული – ამ სიტყვის მთელი ორაზროვანი ბრწყინვალებით. მაგრამ არსებობენ საწინააღმდეგო პოლუსებიც – სრულფასოვანი და თვითკმარი ადამიანები, რომლებიც საზოგადოების თვალებიდან არ აირეკლავენ განცდას საკუთარი ბედნიერების შესახებ, რომლებიც ყოვედღე დადიან 23 ნომერი ავტობუსის მარშრუტის წრეზე, არ იბრძვიან მომავლისთვის და ამ ბრძოლაში არ კარგავენ აწმყოსთან ჰარმონიულად თანაარსებობის შანსს. ასეთ ადამიანებსა და მათ წვრილმანებში ნაპოვნ ბედნიერებებზე ბევრს წერდა რეზო ინანიშვილი, თუმცა ქართული სასკოლო პროგრამა მათზე ბევრს არაფერს გვეუბნება. გმირი, რომელიც არა მოქმედების, არამედ ჭვრეტის სიხარულს განიცდის და მეტის აღარაფრისაკენ მიისწრაფვის, ჩვენში გმირად არ ჩაითვლება, მაშასადამე, არც არავინ მიბაძავს მას.

***

,,პატერსონის” ყურების მეორე დღესვე მივყავი ხელი ცხოვრების ნაჩუქარი ლიმონისაგან ლიმონათის დამზადებას.

დილით ძალიან ადრე ავდექი და ფეხით გავისეირნე;

გარეთ აპრილი იყო და სვეტიცხოვლის ეზოდან მოჩანდა ძალიან მაღალი მთები და ლურჯი ცა; მტკვრის ნაპირთან ყაყაჩოებს შორის ყვითელი მინდვრის ყვავილები იზრდებოდა, ჩემი ძვირფასი მეგობრის ეზოში კი იასამნები ყვაოდა.

თურმე დიდხანს სადმე ჩამოჯდომა და ფიქრში დროის დაკარგვა დანაშაული არაა არც ოჯახისა და არც პროფესიის წინაშე;

რადგან, როცა წამოდგები და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნელი ნაბიჯით დაუყვები ქუჩას, შენ გასწვრივ ეკრანზე აუცილებლად დაებწკარება ლექსის სტრიქონები, რომელთაც უკვე დიდი ხანია ეძებდი.

 

 

დოკუმენტები როგორც ისტორიის შემეცნების საშუალება

0

შემეცნებითი პროცესის დროს ადამიანი აღიქვამს რეალურ სინამდვილეს, უშუალოდ განიცდის საგანს ან მის ცალკეულ თვისებებს, აღქმის ხარისხი კი არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პროფესიასა და საგნობრივ ცოდნაზე. სინამდვილის რეალისტური აღქმა საშულებას აძლევს ადამიანს, იმოქმედოს დამოუკიდებლად, იტვირთოს პასუხისმგებლობა, შეძლოს სიტუაციასთან ადაპტირება და ვერბალური თუ არავერბალური საშუალებებით სოციალური ქცევის ჩამოყალიბება. შემეცნების ამ კომუნიკაციურ ჯაჭვში გადამწყვეტ როლს ასრულებს დოკუმენტების კოდირებისა და დეკოდირების პროცესი, რადგან დოკუმენტები (ისტორიული წყაროები, მატერიალური კულტურა), რომლებიც უშუალოდ ასახავს ისტორიულ პროცესს და წარსულ მოვლენებს, სინამდვილის რეპრეზენტაციის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტის გამოყენება აცოცხლებს თხრობას, აწესრიგებს და აყალიბებს წარმოდგენას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ასახავს გარდასული ეპოქის სულს, გაცილებით სანდოს ხდის კომუნიკაციას წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის და თვით ამ კომუნიკაციის შედეგებსაც და დასკვნებსაც.

დოკუმენტური კომუნიკაციის (დოკუმენტების კვლევის, შესწავლის, კონტექსტის დადგენის, გაგების, გააზრების და ა.შ.) გარეშე ცოდნის მიღება არ ხდება. უფრო მეტიც – დოკუმენტური ტექსტების შემეცნების გზით იზრდება და ივსება თვით ცოდნის ბაზაც, რაც ადეკვატურ გავლენას ახდენს სამყაროზე, მის სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებაზე და ცვლის მას მიღებული გამოცდილების შესაბამისად, ამიტომ დოკუმენტების სწორად წაკითხვა შემეცნების რეალური საშუალება და ცივილიზაციის მკაფიო გააზრების გზაა. ამიტომ ენიჭება თანამედროვე ინფორმაციული საზოგადოების განვითარებაში უმთავრესი როლი მართვის დოკუმენტურ სისტემებს (knowledge management–ს ანუ ცოდნის მართვას), სადაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მიწოდებული ინფორმაციის ხარისხს ანუ მის დოკუმენტურობას. ამიტომ არის, რომ დოკუმენტოლოგია, იგივე დოკუმენტმცოდნეობა, დასავლეთის ქვეყნებში ცალკე სასწავლო დისციპლინად ყალიბდება.

თანამედროვე ისტორიის გაკვეთილი დოკუმენტების, ისტორიული წყაროების გარეშე წარმოადუგენელია. ეფექტურობა გაცილებით იზრდება, როდესაც წყაროებსა და დოკუმენტებზე მუშაობის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დიდაქტიკური ამოცანა. გაგაცნობთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას კუთხით.

ისტორიულ მასალასთან ეფექტური კომუნიკაციისა და ისტორიის სწორი შემეცნებისთვის გაკვეთილებზე აქტიურად ვიყენებ ინფორმაციის ტრანსფორმაციის საშუალებებს, რუკებს, სქემებს, ილუსტრაციებს, მემუარებს და სხვა საისტორიო წყაროებს, ასევე მატერიალური კულტურის ელემენტებს (განსაკუთრებით – გაკვეთილ-მუზეუმის დროს), რადგან ამ დროს მასალის ფერი, ზომა, წონა, ფორმა, მასალა და ა.შ., ყველაფერი, რასაც ნივითერ მასალასთან კომუნიკაციით შეიგრძნობს მოსწავლე, ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნებისთვის. ამ გზით, მოსწავლეთა შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობის გააქტიურებით, ვაღწევ მოსწავლეთა შორის შემეცნებითი პროცესების გააქიტურებას.

 

დოკუმენტებთან მუშაობისას მოსწავლე:

  • არჩევს აუცილებელ მასალას სასწავლო ამოცანის დამოუკიდებლად გადაწყვეტისთვის;
  • ადარებს ისტორიულ დოკუმენტებს სხვა ისტორიულ წყაროებს, რომლებიც ასახავს ხედვის სხვადასხვა კუთხეს ერთი და იმავე საკითხის შესახებ;
  • გამოიტანს რამდენიმე დოკუმენტიდან საჭირო ინფორმაციას, განაზოგადებს და გააანალიზებს მას;
  • ახდენს იმ ინფორმაციის თავისუფალ ინტერპრეტაციას, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტის ანალიზის გზით შეიძინა.

კონკრეტული ნაბიჯების მიხედვით სტატიკური (დეკლარაციული) ცოდნის დონეზე მოსწავლეებს ვთავაზობთ: ამოიწერონ ძირითადი ცნებები, განსაზღვრებები, წყაროს შედეგები, უპასუხონ დასმულ კითხვებს, რომლებიც მოითხოვს ტექსტიდან შესაფერისი ნაწყვეტების მოყვანას/მოყოლას, ცხრილის შევსებას, სქემის შედგენას, მარტივი გეგმის შედგენას და ა.შ.

პროცედურული (დინამიკური) ცოდნის დონეზე დავალება მოიცავს მოსწავლის მიერ დოკუმენტიდან მიღებული ინფორმაციის სინთეზს სხვა საინფორმაციო მასალასთან, ფაქტების დალაგებას და მიღებული ცოდნის გადმოცემას, შედეგების დეკლარირებას; ტექსტური ცხრილების, სქემების, მცირე ზომის მოხსენებების გაკეთებას.

პირობისეული (დინამიკური, ფუნქციური) ცოდნის დონეზე მოსწავლე ასრულებს შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს, რომლებიც მოითხოვს სხვადასხვა სააზროვნო უნარს, შედარებას, ანალიზს, კრიტიკას, არგუმენტირებას, დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრას, კვლევითი უნარების გამოვლენას და მოვლენათა შეფასებას.

ამის შემდეგ მოსწავლის მიერ ჩამოყალიბებული კითხვები: რატომ? რისთვის? რა მიზნით? ვინ გააკეთა? სად იპოვეს? როგორ ცხოვრობდნენ? რაში იყენებდნენ? რა ედო საფუძვლად? რაზე მიუთითებს? როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება მის (მათ) მიმართ? რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა? გამოადგათ თუ არა? რა ღირებულება აქვს? რატომ უნდა ვენდოთ? – გაცილებით მრავალფეროვანი და აზრიანია და, რაც მთავარია, გამყარებულია რეალური ცოდნით – თვალით ნანახით, უშუალო შეხების გზით მიღებულით. მოცემულ კითხვებზე პასუხი ანუ ცოდნის ინტერპრეტაცია ხელს უწყობს დოკუმენტის მთლიან გააზრებას და მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით ეპოქის შემეცნებას. შესაბამისად, დოკუმენტებთან აქტიური კომუნიკაციით ხდება სასწავლო ამოცანების გადაწყვეტაც.

მაგრამ აქამდე მისასვლელად საჭიროა, მოსწავლეს დავანახოთ დოკუმენტების ბუნების „ღიაობა“ – ვასწავლოთ დოკუმენტური მასალის მრავალფეროვნების აღმოჩენა და „წაკითხვა“, რაც მას საშუალებას მისცემს, შეაფასოს მოვლენები, გაიგოს მათი ნამდვილი ბუნება და სწორად შეიმეცნოს მომხდარი თუ მიმდინარე ამბები.

მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით საფრანგეთში აბსოლუტური ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე და შემდეგ ფრანგული საზოგადოების კრიზისზე, ჩვენ მათ წარვუდგენთ მასალებს ლუი XIII-ის პიროვნებისა და მისი ეპოქის მოღვაწეების დასახასიათებლად, ანუ ვურიგებთ ტექსტებს, მერე კი ვთხოვთ გვითხრან, რამ დააინტერესათ, რამ ააღელვათ ყველაზე მეტად.

მოსწავლეთა ერთი ნაწილი აუცილებლად მიუთითებს, რომ XVI საუკუნე საფრანგეთისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო – დაემხო მარია მედიჩის ხელისუფლება, ის ქვეყნიდანაც გააძევეს და, მიუხედავად რიშელიეს მცდელობისა, საბოლოოდ საფრანგეთისგან შორს დარჩა.

მეორე ნაწილს აინტერესებს, რატომ დაუჭირა მხარი ლუი XIII-მ რიშელიეს, რომელმაც ბოლომდე ვერ შეძლო მისი დედის – მარია მედიჩის – დაცვა. მოსწავლეთა ნაწილის ვარაუდით, ლუი XIII-ის ასეთი ნდობა რიშელიეს მიმართ გაუმართლებელი იყო; ის, მედროვე და ამბიციური პიროვნება, ბოლომდე არ დაუდგა გვერდით მარია მედიჩის. ამის გამო თემის დეტალურად გავლის დროს (ისტ. XI; აბსოლუტიზმი საფრანგეთში):

  • მოსწავლეთა ნაწილმა ლუი XIII-ის ეპოქა დაასათაურა შემდეგნაირად: „რიშელიეს მმართველობის ეპოქა – ღალატის ეპოქა“;
  • ნაწილმა გაიხსენა, რომ იმ დროს ღალატობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ იდეებსაც, მაგ., ჰუმანიზმის იდეას, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა მეორე ვერსია – „რიშელიეს ეპოქა – იდეების ღალატის ეპოქა“;
  • მოსწავლეთა სხვა ჯგუფმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა დაჯგუფების არსებობას სამეფო ტახტის ირგვლივ, რის საფუძველზეც ჩამოაყალიბეს კიდევ ერთი ფორმულირება: „ლუი XIII-ის მმართველობის ხანა – პოლიტიკური შეთქმულებების პერიოდი“;
  • მეოთხე ჯგუფმა გაითვალისწინა მოსალოდნელი „პერსპექტივები“ და ასე ჩამოაყალიბა სამუშაო ვერსია: „ლუი XIII-ის მმართველობა – თვითმპყრობელობის კრიზისის დასაწყისი“.

შინ მოსწავლეებს დაევალებათ იმის განსაზღვრა, რის საფუძველზე შეიძლება აღნიშნული თემის შესწავლა; ამ დროს ყურადღებას გაამახვილებენ არა მარტო დოკუმენტის ღირებულებაზე, არამედ განიხილავენ მას საგანმანათლებლო კუთხითაც – რა მასალას იძლევა დოკუმენტი XVI საუკუნის საფრანგეთის საზოგადოების შესასწავლად.

რაც მთავარია, დოკუმენტების რეალური შინაარსის გახსნამ გაკვეთილზე მისცა მოსწავლეებს გარდასულ მოვლენებზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების, მოვლენების ზუსტი აღქმის, დროსა და სივრცეში სწორი ორიენტიაციის და პოლიტიკური პროცესების რეალური ბუნების შემეცნების საშუალება.

დოკუმენტებს როგორც ისტორიის შემეცნების საშუალებას ღირსეული ადგილი უკავია ისტორიის სწავლებაში და ხელს უწყობს მოსწავლეს ოცდამეერთე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, ამიტომ ისინი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკულ საქმიანობაში.

რაოდენობრივი და სემიოტიკური კომპეტენციები გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

მათემატიკა სკოლაში ყველაზე მეტად მიყვარდა. სკოლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ აღმინიშნავს. ეს სიყვარულიც ბავშვობიდან მოდის. მიმაჩნია, რომ რაოდენობრივი (მათემატიკური) კომპეტენციის განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე ერთ-ერთი მნივნელოვანი მიზანია. ის ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანის და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, აყალიბებს მიზანდასახულობას, ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების გამომუშავებასა და ინტელექტუალურ ზრდაში, ინფორმაციის აღქმაში, პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში.

რაოდენობრივი კომპეტენციის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა – გრაფიკული ილუსტრაცია, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის განაწილებას აჩვენებს.

გთავაზობთ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებსა და სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებს. მათი გამოყენებით შესაძლებელია უამრავი ისეთი დავალების მოფიქრება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს როგორც მათემატიკური, ისე სემიოტიკურ კომპეტენციებსაც: შობადობის მაჩვენებლის დადგენა (სემიოტიკური კომპეტენცია); შობადობის კოეფიციენტის გამოთვლა (რაოდენობრივი კომპეტენცია); მედიანური ასაკის დადგენა (რაოდენობრივი კომპეტენცია).

ეს პირამიდა აჩვენებს, როგორ არის განაწილებული ევროკავშირის 503–მილიონიანი მოსახლეობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ფორმის მიხედვით ის შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტრუქციული პირამიდა, რომელიც დამახასიათებელია განვითარებული სამყაროსთვის. 15-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხვი 335 მილიონია, ხოლო მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი 65 წლისაა. 15 წლამდე ასაკისა მხოლოდ 78 მილიონი ბავშვია. მამრობითი სქესის თანაფარდობა ევროკავშირში 0.95–ის ტოლია.


ევროკავშირის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთაც მსგავსი დიაგრამების მქონე მოსახლეობის პირამიდების შედარებისას შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ისინი ერთნაირია, თუმცა ალბანეთისა და თურქეთის პირამიდები გარკვეულწილად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების პირამიდებისგან, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით ან სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლის დაბალი დონით და შობადობის მაღალი მაჩვენებლით. მეორე მხრივ, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ანდორაში ხანდაზმული მოსახლეობის წილი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. რაც შეეხება ქალთა თანაფარდობას, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს ანდორას, ხოლო ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს – ყველაზე დაბალი.

 

დემოგრაფიული სიტუაციის საერთო ტენდენცია კონტინენტის დაბერებაა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (27%) იტალიაშია. ევროპელი მოხუცები გვხვდებიან ჩრდილოეთ გერმანიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და საფრანგეთში, ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ ინგლისში. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი მიმზიდველია პენსიონერებისთვის, თუმცა რეალური მიზეზი შობადობის დაბალი მაჩვენებელია. ქვემოთ მოცემული რუკა აჩვენებს მოხუცებულთა წილის რეგიონულ განაწილებას მთელ ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ხანდაზმული მოსახლეობის წილი იზრდება, ბავშვთა რაოდენობის სივრცითი განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით განსხვავებულია.

მოსახლეობის კარტოგრაფიულ ანამორფოზაზე ჩანს, რომ ესპანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში მოსახლეობის 10.8% 15 წლამდე ასაკისაა. ზაარლანდის, შლეზვიგ-ჰოლშტაინის, თიურინგიის (გერმანია), ლიგურიის (იტალია) რეგიონებში მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია ამ ასაკის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთშია (40%), შემდეგ მოდის ირლანდია (22,4%-ია).

მოცემული დიაგრამები და კარტოგრაფიული ანამორფოზები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტსაიტებზე: https://www.viewsoftheworld.net ; https://www.viewsoftheworld.net/wp-content/uploads/2014/11/EuropePopulationPyramids.jpg

„პოეტის შთაგონებით დასნეულება” – პაოლო იაშვილის „პოეზიის” სწავლებისათვის 

0

პაოლო პოეზიით სუნთქავდა და ცოცხლობდა. თვითონაც პოეტური ბუნების იყო, მთელი სისავსით განიცდიდა სიცოცხლის მშვენიერებას. გურამ ასათიანი წერდა მასზე: „თავის თანამედროვეთა, თანამოკალმეთა – ყველა იმ ადამიანთა მოწმობით, ვისაც ერთხელ მაინც რგებია მასთან სიახლოვე, – პაოლო იაშვილი სიცოცხლეში უხვად, უსასყიდლოდ, უზომოდ აფრქვევდა თავის გარშემო ძვირფას რითმებს, კაშკაშა პოეტურ სახეებს, მომხიბვლელ ღიმილს, მეგობრულ სითბოს, რაინდულ გულისთქმას, გონებამახვილობისა და ენამჭევრობის ნამდვილ ფეიერვერკებს, იმ იშვიათ მადლს, რომლითაც ის ბუნებამ ასე მრავალმხრივ დააჯილდოვა. პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილი, სიმღერის, სიყვარულის ჟინით შეპყრობილი მშვენიერი რაინდი, რომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხით, მოხდენილობით, სილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით”.

ლექს „პოეზიაში” წარმოჩნდა, თუ რას ფიქრობდა პოეტი პოეზიის არსზე. პირველსავე სტრიქონებში: „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, /და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები” – ლექსის ლირიკული გმირი გამოხატავს პოეზიის გარეშე ცხოვრების უაზრობას. მეტაფორულად წარმოაჩენს, რომ, თუ პოეტს გაუთავდა  „სიტყვის მადანი”, ესე იგი, სიტყვის საბადო, მისი ცხოვრებაც დამთავრებულია. პოეტი ყოველ დღეს ქებით უნდა შეეგებოს მზეს, ე.ი. ხოტბა შეასხას ლექსით. შოთა რუსთაველი რომ წერს: „აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება,/ ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება”.

რუსთველის აზრით, პოეზიისთვის უმთავრესია ენა, ლექსიკის სიმდიდრე, გული და ხელოვანება – გრძნობა და პოეტური ოსტატობა, ღვთის შემწეობა, ნიჭი, რათა პოეტმა შეძლოს სასურველი საგნისკენ ფიქრის წარმართვა, მისი სიღრმისეული გამოხატვა. პოეზია ხომ „სიბრძნის დარგია” – მრავალფეროვანი სამყაროს შესამეცნებელი.

„ვეფხისტყაოსნის” პროლოგის მიხედვით, ნამდვილმა პოეტმა არასოდეს უნდა „შეამციროს ქართული”; ქართულში აქ სწორედ სიტყვა იგულისხმება:

„მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა

ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა”.

პოეტი ლექსის წერისას გამოიცდება. თუ შემოკლდება სიტყვა, მაშინ ლექსის შექმნა გაუჭირდება, მან არ უნდა გააღარიბოს პოეტური ენა, „არა ქმნას სიტყვა-მცირობა” და დიდი შემართება, გმირობა გამოიჩინოს ამ საქმეში.

პოეტი თუ „დამარცხდა” სიტყვასთან ბრძოლაში, მაშინ, პაოლო იაშვილის თქმით, „მზეს ქებით ვეღარ დახვდება”. ეს მეტაფორა იმას ნიშნავს, რომ პოეტის დანიშნულებაა სიცოცხლის სილამაზის წარმოჩენა, მზის ქება, ამას დაბრმავება ურჩევნია. პოეტისთვის ლექსი – გულის ნაწილი – მისი სისხლი და ხორცია. ის მუდამ  უნდა ძგერდეს გულივით – ეს მეტაფორულადაა ნათქვამი: „უნაპიროდ, სამუდამოდ უნდა იყოს გაჩაღებული”.

ასეთი „გაჩაღებული” ლექსებით შემოვიდა პაოლო ქართულ პოეზიაში. 1916 წელს პარიზიდან დაბრუნებულმა მეგობრებთან ერთად დააარსა ჟურნალი „ცისფერი ყანწები”, რომლის რედაქტორი თვითონ იყო და დაწერა პირველთქმა, საოცარი ენერგიით დამუხტული ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს მგოსნებს! ყველა მეოცნებეს! ქართველ ხალხს! ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება! მრავალის სასიკვდილოდ გავჩნდით ჩვენ ბინძური მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაკარგა მშვენება სითამამისა. საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილებით და ოცნებადაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ციფერი ტაძრისაკენ!”.

ასეთი სითამამით დაიბადა საქართველოში სიმბოლისტური სკოლა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე და სხვა ცისფერყანწელები ქმნიდნენ ახალ ესთეტიკას, ახალ პოეტურ კულტურას. მათ, მართლაც, განაახლეს ქართულ ლექსი და ქართული პოეზია „გამართეს ევროპის რადიუსით”, როგორც ამას ტიციან ტაბიძე აღნიშნავდა ხატოვნად და წერდა: „ძველ პოეზიას კადნიერად ვახურავთ ჩალმას”, ან კიდევ: „ამიტომ არ აქვს არცერთ ყანწელს აქამდე შიში, რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად”. მართლაც, ლექსის ნიაღვრებად წამოვიდა მათი საოცარი ენერგიით დამუხტული სტრიქონები.

პაოლოს აქვს დაწერილი ლექსი „ავტოპორტრეტი”, რომელშიც საკუთარ თავზე წერს, რომ ის არის „ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული”. მას ფრანგი სიმბოლისტები ჰყავდა კერპებად: შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, პოლ ვალერი, ლოტრეამონი… მაგრამ მთავარი კერპი რუსთაველი იყო, როგორც მისი პოეტური გენის ძირი და ფესვი, ამიტომაც წერდა: „და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა”.

მას თავიდანვე ყველასგან გამოარჩევდა მეამბოხე სულისკვეთება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია ერთი უსათაურო ლექსი, რომელიც ჟურნალ „ცისფერ ყანწებში” დაიბეჭდა:

„პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,

ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,

რა ვქნა, თუ ჩემთვის ბეთჰოვენი, მხოლოდ ყრუ არი

და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი.

ვფიქრობ ლექსებით ჩქარი და ხან გველივით ზანტი,

მაგრამ ყოველთვის მირჩევნია ცეცხლის ანთება.

ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გავუფანტე,

და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება”.

ამ ლექსში წარმოჩნდა პოეზიის ახალი გზების ძიების წყურვილი, კლასიკოსთა ნაკვალევზე სიარულის უგულებელყოფა (დანტე, შექსპირი, ბეთჰოვენი – სწორედ კლასიკის სიმბოლოებია ამ ლექსში), საკუთარი ხმის მოპოვების აუცილებლობა და საოცარი თავდაჯერებულობა გამარჯვებისა: „უკვდავება მელანდება”.

ლექს „პოეზიაში” კი ვკითხულობთ, რომ  ადამიანს ცხოვრებაში უამრავი გასაჭირი, ხიფათი,  შეიძლება გადახდეს, გადაულახავი დაბრკოლება შეხვდეს, ცხოვრებამ დაჩაგროს, გარიყოს და ყაჩაღივით გახიზნოს („თულები“ ყაჩაღს ნიშნავს). სწორედ ამას გამოხატავს სტრიქონები:

„არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,

მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად”.

თუმცა, პოეტის აზრით, არაფერი შეედრება იმ ტკივილს, რასაც შთაგონებით დასნეულება ჰქვია. ასე რომ, პოეტურ ნიჭს  ავტორი წარმოაჩენს, როგორც სენს, რომელიც სულს აავადებს. რა თქმა, სნეულება გადატანითი მნიშვნელობითაა, რადგან ამ სენით შეპყრობილი ადამიანი ვეღარ იცხოვრებს სხვებივით, ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელის” მინდიასავით ვეღარ მიბაძავს ბრიყვებს, ვეღარ მოჭრის ხეს, რადგან მისი ენა ესმის, ვეღარ დახოცავს ნადირს, რადგან მათიც ესმის. პოეტიც ასეთი მზერა- და სმენაგახსნილია, მას ესმის, რას ლაპარაკობენ ხეები, ჩიტები, მთები, ცა და მიწა, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს ლექს “ჩინარში”: “მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთ და უსულთ შორის და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის”, ე.ი. პოეტს სწამდა, რომ ბუნებას ჰქონდა თავისი ენა, არა ნაკლებ ცოცხალი (ცხოველი) და გამომხატველი, ვიდრე ადამიანებისა.  ამიტომაც, პოეტი, ერთი მხრივ, ჰარმონიულად შეერწყმის ბუნებას, მეორე მხრივ, კონფლიქტი აქვს თანამოძმეებთან, რომელნიც ჯერ მის „განკურნებას” ეცდებიან და თუ არ დამორჩილდება, გარიყავენ. საზოგადოებას უჭირს, შეეგუოს ადამიანს, რომელიც „არც მიწისაა, არც ცისა”, რომლის გრძნობა-გონებასაც „სულ სხვა ხელისუფალი ჰყავს” (აკაკი).  ამიტომაც წერს პაოლო იაშვილი, რომ:

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული

და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი”.

მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული

ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი ტვინი ვერანი”.

აქ შეიძლება გავიხსენოთ ნიკო სამადაშვილის არაჩვეულებრივი სტრიქონები: „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,

ლექსები, ტანზე გამონაყარი” („ნიკო სამადაშვილს”).

„ლექსის მწერლობა” ნიჭია, რომელიც ცეცხლივით ენთება პოეტის სხეულში. ასე მეტაფორულად გამოხატავს პოეტი, თუ რა ძალა აქვს ნიჭს და როგორ ვლინდება იგი. პოეტი სხვანაირად ხედავს და აღიქვამს ყოველივეს, ამიტომ ბევრი თვალი და ბევრი გული სჭირდება. პოეტი უამრავ სტრიქონს წერს, რათა საბოლოოდ მიაგნოს იმ ერთს, რომელშიც სრულყოფილად გამოხატავს სათქმელს. ამ წადილს ასეთი შედარებით გამოხატავს პოეტი:  „რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა”.

ვალერიან გაფრინდაშვილი კი ასე წარმოაჩენდა მსგავს სურვილს: „ისეთი ლექსი დავწერო მინდა, რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერაო”. სიტყვასთან ჭიდილს პაოლო იაშვილი ასეთი შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით: შედარებითა და მეტაფორით, გადმოგვცემს:

„შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი

და სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,

გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი

აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება”.

აქ წარმოჩენილია, თუ როგორ იპყრობს პოეტის მთელ არსებას ლექსი. ისევ ტიციან ტაბიძე გვახსენდება არაჩვეულებრივი ენერგიის სტრიქონებით:

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს”.

პაოლო იაშვილი ხატოვნად ამბობს, რომ პოეტი ლექსში მთელ თავის სულსა და გულს ატანს, ამიტომაცაა, რომ თითო ლექსში ცხოვრების თითო წელი ექვითება:

„რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი

ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს”.

მისი აზრით, როცა აღარ შეეძლება პოეტს ლექსის წერა, მისი სიცოცხლეც მაშინ დასრულდება. ასე რომ, ლექსი სულია მისთვის:

„და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,

მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია”.

იგი ოცნებობდა პოეზიის გზით თავისუფლების მოპოვებაზე, ამიტომაც წერდა:

„როგორც აფრის ტკაცუნი, მოვარდნილი ზღვიდან,

ისეთი ვაჟკაცური გაქროლება მინდა”.

ამავე ლექსში, „როგორც აფრის ტკაცუნი” რომ ჰქვია, წერია: „მორთმეულია სამყარო გობით, მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა”.

ამ სტრიქონებში უცნაური ძალით იჭრება ადამიანად ყოფნის ბედნიერების განცდა. ათასფერიანი სამყარო პოეტს მიერთმევა გაურჯელად, ხელის გაუნძრევლად, მაგრამ ღვთისგან შექმნილი ეს სამყარო თითქოს მოლოდინითაა სავსე. იგი პოეტის შეხებას ელის, თუ როდის და როგორ გადაადნობს იგი ამ სილამაზეს სიტყვებად:

„და ყოველ ყვავილს, ვარსკვლავს და კოპიტს

ჩემი ლექსისთვის მართებს მადლობა”.

ამ ყვავილებს, ვარსკვლავებს, ხეებს, პოეზიაში უნდათ, რომ ხელახლა იშვან, სიტყვის წიაღში განიბანონ და ამგვარად ეზიარონ მარადისობას. ლექსის ყოველი წაკითხვა ხომ მათ გააცოცხლებს და დააბრუნებს ამ მადლიან სამყაროში.

პაოლოსთვის პოეზია  მთავარი იარაღი იყო ცხოვრების უკუღმართობასთან საბრძოლველად. მას აქვს ლექსი „პოეტის საქმე”, რომელშიც წერს, რომ  მწერალი ისე უნდა შრომობდეს, როგორც მეგუთნე გლეხი: „და რაც კი ძალა მომეპოვება, მინდა ლექსებით გადმოლაგება”.

პაოლო იაშვილი ლექსში „მაგიდა – ჩემი პარნასი” წარმოაჩენს პოეტის დაუღალავ გარჯას რითმებისა და რიტმის, მხატვრული სახეების მოსახელთებლად. აქაც შთაგონება წარმოჩენილია, როგორც ვიღაცის, არამიწიერის, ღვთაებრივის კარნახი:

„მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი,

აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი,

და მღერის, მღერის კალამის წვერი,

კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი”.

არაჩვეულებრივი მეტაფორაა – „კალამის წვერი-ბულბულის ნისკარტი”.

„არის საღვთო ბილიკები”, პოეზიის წმინდა საუფლოსკენ მიმავალიო, – წერდა გალაკტიონი. ამ საღვთო ბილიკებზე სიარული მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს, მათ შორისაა, პაოლო იაშვილი, რომლის უპირველესი ასპარეზი პოეზია იყო. იგი ქმნიდა მშვენიერ ლექსებს და პოეტურ სახეებში გარდაქმნიდა განცდებს, ტკივილებს, სიხარულს, მთელ ცხოვრებას, მაგრამ განსაცდელად მძიმე დრო მოევლინა – კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა, თავისი იდეოლოგიის მქადაგებლად ექცია. ტიციან ტაბიძე წერდა მისადმი მიძღვნილ ლექსში:

“საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს,

მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით”.

თითქოს წინასწარმეტყველებდა საშინელ მომავალს.

პაოლო რაინდული ბუნების კაცი იყო და იდეალებს ვერ უღალატებდა, ამიტომაც, როცა გამოსავალი ვეღარაფერში ნახა, 1937 წელს, პროტესტის ნიშნად მწერალთა სასახლეში საკუთარი სანადირო თოფით მოიკლა თავი. უფრო ადრე, 1922 წელს გაზ. „ბახტრიონში” წერდა: „ილია ჭავჭავაძემ დაამტკიცა, რომ საქართველოში თვითმკვლელობა და მკვლელობა – ორივე ბუნებრივი ხვედრია პოეტისათვის”.  სამწუხაროდ, ასეთი ბუნებრივი ხვედრი ერგო მასაც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იგი ბოლომდე ღირსეულ პიროვნებად დარჩა. მისი თვითმკვლელობაც მისივე პოეზიის ნაწილად იქცა, თითქოს სისხლით დაწერა სიცოცხლის ბოლო სტრიქონები. განა, თვითონვე არ წერდა თბილისისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში:

„შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო ლექსები,

როგორც სისხლის წვეთებიო”.

მართლაც, თბილისის ალაყაფთან სისხლის წვეთები ლექსის სტრიქონებივით დაალაგა.

 

 

 

 

ბავშვის ადრეული განვითარება – მასარუ იბუკა: „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“

0

 

მცირეწლოვანი ბავშვების სწავლებისათვის მზამზარეული რეცეპტები არ არსებობს

 

აქამდე ვსაუბრობდი იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გარემო ბავშვის ადრეულ განვითარებაზე. ბევრ ოჯახში ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობას დედა იღებს. მაგრამ მე ვთვლი, რომ ის, რის შესახებაც საუბარს ვაპირებ, ეხება ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს. აქ, რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის, თუ განვითარების რა საფეხურზეა პატარა.

მინდა გითხრათ, რომ ყველა რჩევა, რომლის მოცემასაც ვაპირებ, მშობლებმა უნდა მიიღონ როგორც გარკვეული იდეა, რომლის ბაზაზეც ნებისმიერ დედას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს კორექტივები. მიიღოს, ან სულაც უარყოს ის, საკუთარი შვილის ხასიათის, განვითარების დონის და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. კეთილსინდისიერი, მზრუნველი მშობლები ყოველთვის, როდესაც მათ რეკომენდაციას ვუწევ, ვურჩევ, გარემო კარგი მუსიკით და საუკეთესო მხატვრობით აღჭურვონ. მეკითხებიან, თუ რას ვგულისხმობ „კარგ მუსიკაში“ და რას ვეძახი „საუკეთესო, ნამდვილ მხატვრობას“? ბეთჰოვენი თუ მოცარტი? ვან გოგი თუ პიკასო? არის შემთხვევები, როცა ჩვენ სპეციალისტების რჩევის გათვალისწინებით ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს ვიძლევით, მაგრამ უმჯობესია, მშობელმა თავად განსაზღვროს, რომელი რჩევა სჯობს საკუთარი შვილის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე და არ მიიღოს ყველა რჩევა, როგორც აუცილებლობა.

ბავშვის აღზრდაში, განსაკუთრებით მცირეწლოვნების შემთხვევაში, არ არსებობს მზამზარეული რეცეპტები.

 

დღეში ერთსაათიანი „მეცადინეობაც“ კი საოცარად შედეგიანია.

 

ამერიკაში გამოიცა წიგნი – „რევოლუცია მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდაში“. მასში აღწერილია შემდეგი ექსპერიმენტი: ვაშინგტონში სპეციალურად მომზადებულ მასწავლებლებს ღარიბი კვარტლის მცხოვრებ ბავშვებთან ყოველდღიური ვიზიტი დაევალათ. ფსიქოლოგი ერლი შეფერი აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტის მიზანი იყო 15 თვის ბავშვების ინტელექტისა და მეტყველების განვითარების სტიმულირება. ყოველდღიურად, გარდა კვირა დღისა, მასწავლებლები ერთ საათს ატარებდნენ პატარებთან. ეთამაშებოდნენ და ესაუბრებოდნენ მათ. როდესაც ექსპერიმენტული ჯგუფის ბავშვებს ორი წელი და სამი თვე შეუსრულდათ, გაზომეს მათი „ინტელექტუალური“ განვითარების დონე. აღმოჩნდა, რომ ის და განსაკუთრებით სამეტყველო უნარები საგრძნობლად უსწრებდა იმ თანატოლი ბავშვების შედეგებს, რომლებიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ იმ ბავშვების განვითარების დონის ამაღლებაც კი შესაძლებელია, რომელთა მშობლები საერთოდ ვერ უთმობენ დროს საკუთარი შვილების აღზრდასა და განვითარებას. ძნელი წარმოსადგენი სულაც არ არის, რა შედეგებს მიაღწევენ ის დედები, რომლებიც სისტემატურად ეთამაშებიან, ესაუბრებიან  საკუთარ შვილებს. უფროსები, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, რომ პატარას გონებაში აღიბეჭდება მისი დედიკოს უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვები და ქცევები. დედები, რომლებიც ბევრს ესაუბრებიან საკუთარ პატარებს, უდიდეს გავლენას ახდენენ მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე.

 

მამა უნდა ხშირად ურთიერთობდეს შვილებთან

 

ზრდასრულ ასაკში ჩვენი შვილები ხშირად დიდი სიხარულით იხსენებენ მამასთან ურთიერთობის ეპიზოდებს. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში  ასეთი ეპიზოდები საკმაოდ მწირია. დღესაც, ტრადიციულად, მამას ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, ოჯახური „წესრიგის დამცველის“ როლი აქვს და ამდენად ბავშვის აღზრდის ყოველდღიურ ზრუნვაში თითქმის არ არის ჩართული. თუ ბავშვი საკუთარი მამისაგან ძირითადად მხოლოდ „ნოტაციებს“ ისმენს, ის მას ისე აღიქვამს, როგორც „უცხოს, გვერდიდან დამკვირვებელს“. ეს სულაც არ უწყობს ხელს მამის, როგორც თბილი, მზრუნველი ადამიანის იმიჯის ჩამოყალიბებას. მამის როლი ბავშვის აღზრდაში არ უნდა იყოს მცირე.

 

ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა იყოს წახალისებული.

 

უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ბავშვი, რომელიც დედასთან ატარებს დღის უმეტეს ნაწილს, კარგად ივითარებს გონებრივ და ფსიქო-ემოციურ უნარ-ჩვევებს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყობთ ხელს საკუთარი შვილების განვითარებას, თუ და-ძმის გარდა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებასაც მისცემთ. ასეთი ურთიერთობები პატარას შეჯიბრებითობის სურვილს უვითარებს.

როდესაც აშშ-ში მოღვაწე დოქტორ ჰარი ჰარლოუს მიერ მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტის (ექსპერიმენტში დოქტორი ჰარლოუ აღწერს, თუ რა შემაფერხებელ გავლენას ახდენს მაიმუნების განვითარებაზე სხვა მაიმუნებისგან იზოლაცია) შესახებ წავიკითხე, უფრო მეტად განმიმტკიცდა შეხედულება იმის შესახებ, რომ პატარა ბავშვი, რომელიც მოკლებულია სხვა პატარებთან ურთიერთობას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაცილებით ჩამორჩება თანატოლებს, როგორც გონებრივი ასევე, ფსიქო-ემოციური უნარების განვითარების მხრივ. ჩვენს ეპოქაში ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ეს გარემოება მომავალში უდავოდ დაამჩნევს კვალს ბავშვების გონებრივ განვითარებას.

 

„კინკლაობები“ ბავშვებს ურთიერთობების ჩვევას უვითარებენ

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი საზოგადოებრივი პროდუქტია და მას მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანს არა მხოლოდ სოციალურ ჯგუფში ცხოვრების ინსტინქტი ამოძრავებს, არამედ საკუთარი „მეს“ შეცნობა. ამიტომ, ის მუდამ ეძებს ჰარმონიას საზოგადოებრივსა და ინდივიდუალურს შორის. თუ ბალანსი ვერ მიიღწევა, მაშინ ადამიანი ვერ შეძლებს საზოგადოებასთან ადაპტირებას. ჰარმონიის მიღწევა უფრო მეტად ადრეულ განვითარებაზეა დამოკიდებული.

ჩემი აზრით, ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  ადრეული განვითარების ეტაპზე ჩამოყალიბებული აზროვნების ბაზაზე, რომელიც საკუთარი პიროვნების პატივისცემასა და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას დაეფუძნება. მსგავსი სტერეოტიპი შეიძლება შეიქმნას ბავშვებს შორის ურთიერთობით. დაახლოებით ორი წლის ასაკისათვის ბავშვს უკვე აღარ აინტერესებს მხოლოდ საკუთარ თავთან ურთიერთობა, ის იწყებს თამაშს სხვებთან. სწორედ ამ დროს სწავლობენ ბავშვები ჯგუფში ურთიერთობების წესებს. პატარამ შეიძლება იტიროს, თუ ვერ ახერხებს საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებას და  უმრავლესობის აზრის გათვალისწინება უწევს.

სოციუმში ურთიერთობების სწავლა ხდება ყოველთვის: მაშინაც, როდესაც ბავშვები მშვიდობიანად თამაშობენ და მაშინაც, როდესაც ისინი ერთმანეთში კინკლაობენ. კინკლაობები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ავითარებენ პირად ინიციატივებს. ბავშვებს შორის კინკლაობები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  1. ბავშვი „ჯაბნის“ სხვებს;
  2. პატარა მიდის დათმობაზე;
  3. ბავშვი „ხურდას უბრუნებს“ მოწინააღმდეგეს.

სხვადასხვა ტიპის კინკლაობები სხვადასხვა ასაკში გვხვდება. მაგალითად, ორი წლის პატარა, სავარაუდოდ, კინკლაობის პასიური მონაწილეა. სამი წლისას უკვე შესაძლებელია თავად „მოახერხოს კონფლიქტის“ პროვოცირება. ეს უკვე ნიშნავს, რომ პატარა იწყებს საკუთარი „მეს“ გამომჟღავნებას.

ბავშვებს შორის გაუგებრობების გაჩენის სხვადასხვა საბაბი არსებობს: სათამაშოსათვის ბრძოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფები. ბავშვს აუცილებლად უნდა ავახსნევინოთ კინკლაობის მიზეზი, რათა პატარას განუვითარდეს თანამშრომლობის გრძნობა. მიმაჩნია, რომ ბავშვების კინკლაობაში ჩარევა ნიშნავს, ხელი შეუშალო მისი კოლექტივში ცხოვრების ინსტინქტის განვითარებას. ბავშვებს საკუთრი ლოგიკა აქვთ და ისინი ერთმანეთში ამ ლოგიკით ურთიერთობენ. თუ ბავშვურ კინკლაობებს საკუთარი, დიდის ხედვით მიუდგებით და ეცდებით მათ დარწმუნებას, რომ ჩხუბი ცუდია და ვინც სხვებს ეჩხუბება – ისიც ცუდია, მაშინ თქვენი პატარა საკუთარ თავში ჩაიკეტება და გაბოროტდება.  კინკლაობები ბავშვებისათვის – საზოგადოებაში ცხოვრების პირველი გაკვეთილებია.

 

ინტერესი – საუკეთესო მოტივატორი

 

ბავშვის სწავლისადმი ინტერესის გამოწვევა – სწორედ ეს არის საუკეთესო პედაგოგიური მეთოდი. ამიტომ თუ მშობლებს სურთ პატარას რაიმე ასწავლონ, უნდა გაუღვივონ ინტერესი. მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თვლა ვასწავლოთ, სჯობს ის დავაინტერესოთ ციფრებით. წერის სწავლების ნაცვლად, უნდა გავუღვივოთ წერის პროცესისადმი ინტერესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლების მიზანი უნდა იყოს ბავშვის სწავლისათვის მომზადება. ინტერესის გასაღვივებლად კი მნიშვნელოვანია, შესაბამისი პირობების შექმნა. თუ გვსურს, მაგალითად, ბავშვში ხატვის მიმართ ინტერესის გაღვივება, მის გარშემო საკმარისი რაოდენობის ფანქრები და სახატავი ქაღალდი უნდა იყოს. უსარგებლოა, ველოდოთ პატარას რაიმეს სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივებას, თუ ამისათვის შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი.

 

საინტერესო ამბები ბავშვებისთვის ასოცირდება მართებულთან, უინტერესო – არასწორთან.

 

ზრდასრული ადამიანები „კარგს“ და „ცუდს“ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საზღვრავენ. ისინი საყოველთაოდ მიღებულ მორალურ ნორმებსაც ითვალისწინებენ. პატარებს არ აქვთ გამოცდილება, რომელზე დაყრდნობას, „კარგისა“ და „ცუდის“ გარჩევას შეძლებენ.

იაპონელმა ბავშვთა ფსიქოლოგმა საიშირო აოკიმ სპეციალურად იკვლია, რას ნიშნავს ბავშვებისთვის ისეთი ცნებები, როგორიცაა – „კარგი“ და „ცუდი“ და დაასკვნა, რომ „კარგი“ პატარასათვის არის ის, რაც საინტერესო და სახალისოა. ასეთი კავშირი „კარგსა“ და „სასიამოვნოს“ შორის მხოლოდ ადრეული ბავშვობისთვისაა დამახასიათებელი. თანდათან ბავშვი გამოცდილებას იძენს და თვლის, რომ „კარგია“ ის, რის გამოც გაქებენ. და პირიქით, თუ პატარას სჯიან ან ეჩხუბებიან, ის ასკვნის, რომ ცუდად მოიქცა. უსიამოვნო შეგრძნებები ასოცირდება მცნებასთან „ცუდია“.

ამდენად, იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თავზე მოვახვიოთ „კარგის“ ან „ცუდის“ საკუთარი გაგებები, უმჯობესია, ვუზრუნველყოთ პატარას სასიამოვნო ემოციები, როდესაც რამეს კარგად აკეთებს და უსიამოვნო ემოციები – როცა რამეს არასწორად აკეთებს. თქვენი ბავშვის უნარ-ჩვევების ეფექტურად განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გამოიყენებთ აღზრდის პროცესში დასჯასა და წახალისებას.

 

ბავშვური ფანტაზიები ავითარებს შემოქმედებით უნარებს

 

ცნობილია, რომ ბევრ მშობელს აქვს სურვილი შვილი შემოქმედებით პიროვნებად აღზარდოს. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანის შემოქმედებითი წარმატებები სათავეს ბავშვობის დროინდელი სუბიექტურ-ემოციური აღქმიდან და ადრეული ბავშვობის გამოცდილებიდან იღებენ.

ბავშვური ფანტაზიები, რომლებიც დიდებს რეალური ცხოვრებისაგან ძალიან დაშორებულად ეჩვენებათ, სინამდვილეში შემოქმედების ჩანასახია. მაგალითად, თქვენ ბავშვს სათამაშოს ჩუქნით. ბავშვმა შესაძლებელია ამ სათამაშო ცხოველთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს და დაიწყოს მასზე ამბების შეთხზვა იმ ისტორიების გამეორებით, რომლებიც მას მოსმენილი აქვს.

უფროსი ხატავს ჩაიდანს, ბავშვი მასში პირდაღებულ თევზს ხედავს. ზრდასრულმა შესაძლებელია პატარას შენიშვნა მისცეს: „სისულელეს ნუ ამბობ, ეს ხომ ჩაიდანია“. უფროსი ადამიანის ასეთი რეაქცია მცდარია, რადგან შესაძლებელია ამით მან ჩანასახშივე ჩაუკლას ბავშვს ფანტაზია.

 

განუვითარეთ ბავშვს ინტუიცია (მეექვსე გრძნობა)

 

ცნობილია, რომ ადამინებს აქვთ ხუთი ძირითადი შეგრძნება, მაგრამ მათ აქვთ ინტუიციაც, რომელსაც „მეექვსე გრძნობას“ უწოდებენ. ინტუიცია ნებისმიერი სერიოზული მიღწევის  წინაპირობაა. ყველა დიდი გამომგონებელი ეყრდნობოდა საკუთარ ინტუიციას. სამ წლამდე ბავშვისთვის ძნელია ლოგიკურად აზროვნება და ამიტომ ის ძირითადად საკუთარ ინსტინქტებს ეყრდნობა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ინსტინქტების განვითარების წახალისება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზრდასრული ადამიანის ლოგიკით პატარაზე ზემოქმედება და ამით მისი ინტუიციის ჩახშობა, რადგან ინტუიცია ყველა ხუთი შეგრძნების ერთობლიობაა. ამიტომ, ინტუიციის განვითარება აძლიერებს ყველა სხვა შეგრძნებას.

 

 

პოეტების და არაპოეტების სათქმელი მუშებს

0

მათზე ბევრი ითქვა და დაიწერა უკვე. თან იმდენად ემოციურად, რომ შენ აქ, მზის შუქზე დარჩენილი, ისე მოგწყვიტა საქმეს, ფიქრს (ოცნება, ხომ საერთოდ ვიღას ახსოვს!) შენს ყოველდღიურ საზრუნვს, როგორც ისინი მოსწყდნენ სიცოცხლის საყრდენს. გაოგნებული ითვლი მათ რაოდენობას (თითები აღარ გყოფნის) და  არ იცი, უძლურებისგან რა მოიმოქმედო. მხოლოდ იმას ახერხებ, რომ შედიხარ საკუთარ ფეისბუქგვერდზე, აიღებ იქიდან გარეკანის თითქმის მიწის პირზე გულსაკლავად გადაჭრილი – ალბათ, ასევე უხილავი დამნაშავის ხელით, რომელიც ვერასდროს მოიძებნა –   ხის გულში მწვანედ მოხასხასებალახიან, იმედიან ფოტოს და მის ნაცვლად, სამძიმრისა და სოლიდარობის გამოსახატავად, სიკვდილივით შავად გამჭვარტლულ, მიწის სიღრმეში მიმავალ რამდენიმე ბჟუტია ნათურით განათებულ გვირაბის ფოტოს დადებ.

ჩემი სამარცხვინო უძლურება უკვე ვაღიარე, თუმცა ერთი რამის გაკეთებას მაინც ვაპირებ: მინდა თავი მოვუყარო იმ ლექსებს, რომელიც თანამედროვე ქართველმა პოეტებმა სამუშაოს შესრულებისას დაღუპულ (ასევე, ცოცხალ, მაგრამ სახელმწიფოსგან დაუცველ)  მუშებს მიუძღვნეს. არადა, რამდენი არიან უკვე – შახტებიდან და მაღალსართულიანი სახლების ხარაჩოებიდან „ფრენით წამოსული“ და წყვდიადში გაუჩინარებული კაცები – ვისთვის უბრალოდ, მუშები, ვისთვის კი – მამები, ქმრები,ძმები, შვილები, შეყვარებულები, მეგობრები – ყველაზე ძვირფასი ადამიანები.

 

ეკა ქევანიშვილის „მეშახტის ცოლის სიმღერა“

მეშახტეებსა და ზოგადად, ბოლო დროს აგორებულ „მუშების თემაზე“ დაწერილი ერთ-ერთი პირველი ლექსი  იყო, რომელიც სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა  და  ასობით მომხმარებელმა და პოეზიის მოყვარულმა „გააზიარა“. ეკამ ქალის ისეთი ნამდვილი და ცოცხალი სახე შექმნა, რომ ლექსის კითხვისას თითქოს ხედავ კიდეც მას,  მეშახტის მოკრძალებულ ცოლს, რომელმაც ეს-ესაა დააძინა  შვილები და ფიქრებში წასული, მოთმინებით  ელოდება თავის სულ მუდამ ჰაერ- და ცამონატრებულ ოდესღაც „თეთრ“, ახლა კი უკვე „მტვრისფერად“ ქცეულ „კაცს“; ლექსის კითხვისას თითქოს ისიც იცი, რომ მეშახტის ცოლი უხმოდ, ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე „მღერის“, მღერის თავისთვის, გულში, იმიტომ, რომ მდუმარე მეშახტის ცოლის დაუწერელი კანონის მიხედვით,  თვითონაც მდუმარე უნდა იყოს და ასე  გამოხატოს თავისი მოლოდინი – უჩუმრად, უსიტყვოდ, მხოლოდ  მომღერალ-მოყვარული თვალებით;  ლექსის კითხვისას თითქოს იმასაც გრძნობ, როგორ ივიწყებს მეშახტის ცოლი თავისი დაქანცული, სიშავეში „ამოგანგლული“ ქმრის დანახვაზე  ყველა სხვა სათქმელ-საფიქრალს

„ბანკის ვალებსა და მაღაზიის ნისიასა და მეზობლის ბავშვის ახალ ფეხსაცმელსა და შვილების დაძველებულ ჩანთებზე. სასოწარკვეთაზე.

ახალ კაბებსა და აი, იმ ვიტრინაში გამოდებულ ყელსაბამსა და საერთოდ,

ადამიანურად ცხოვრებაზე“,

და იწყებს ლოცვას, გულში ნამღერ ლოცვას:

„…ნეტა ხელი და ფეხი სულ ჰქონდეს ჩემს ქმარს, რომ

შახტში ჩავიდეს“.

შენ კი აღარ გახსოვს, მერამდენედ იწყებ თავიდან ამ ლექსის კითხვას:

„ამაღამ გვიან მოვა ჩემი კაცი.

ჩემი შებოლილი ქმარი. და მისი კბილები თეთრად გაიელვებს.

კბილებით შემიძლია ჩემი ქმარი სხვებისგან გამოვარჩიო.

როცა გავიცანი, თეთრი კაცი იყო, ახლა რაღაცნაირი მტვრისფერი გახდა.

ხმაშიც თითქოს დაფხვნილი რკინა გაერია. თვალებში გავარვარებული ზეთი უპრიალებს.

იცვლება ჩემი ქმარი, როცა გრძელი გვირაბიდან ამოდის. როცა სააქაოს ბრუნდება“…

 

ირმა ბერიძის

 „ჩემი შეყვარებული“   (ამ ლექსს ის თავის მუშა ძმას და ელიავას ბაზრობის მუშებს უძღვნის) და სიკვდილი ლიმონათის ქარხანაში“  ეკას ლექსის მერე გამოჩნდა; პირველად  ასევე სოციალურ ქსელში, და მაშინვე მიიქცია ყურადღება. ოღონდ ეს სრულიად განსხვავებული, ხაზგასმით ფემინური,  შეიძლება ასეც ითქვას – ლამის ხორციელი (მაგრამ არა ვულგარული) სოლიდარობაა „ტროტუარებზე ჩამომსხდარი იმ „დღიური მუშებისადმი“, რომელთაც

 „დაკეცილ გაზეთებზეხამსადა ლუდი უწყვიათ

დომინოს თამაშობენ და კლიენტებს ელიან“.

ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე  „ლოყებჩაცვენილი, ხორცგაცლილი“ კაცები არიან,

„ფილტვები, ცემენტის მტვრით სავსე ტომრები

გალეულ ხეხრხემალზე ჰკიდიათ, უფილტროს ახრჩოლებენ“…

ყველა ოცნება, გარდა „შვილების ქორწილებისა“ და „სახურავის შეკეთებისა“ მათ

„საგარეო ტანსაცმელთან ერთად შავ, ერთჯერად პარკებში გამონასკვეს“.

და რადგანაც თავის მუშა შეყვარებულთან მოალერსე ქალს ადამიანურად ებრალება ისინი, თანახმაა, რომ წაიღოს მისმა კაცმა „მისი სახელი“ მათთან, „მოსდოს“, გაუნაწილოს, მისი

„საცხის, სუნამოს და თეთრეულის სურნელება თავის ჭუჭყიან, დაღლილ მეგობრებს“,

რათა ისინიც გააბედნიეროს თანაგრძნობის ამ უცნაური ფორმით.

 

სიკვდილი ლიმონათის ქარხანაში“  იმ მუშა ქალების მწარე ცხოვრებასა და განცდებზეა,  რომლებიც, მძიმე შრომასთან ერთად, იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგონ,  არცთუ იშვიათად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ხდებიან; არადა, რას არ მისცემდა თითოეული მათგანი იქაურობის დასატოვებლად, მშვიდ, ოჯახურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად, სადაც ქალები დილაობით საიმედო მკლავზე თავმიდებულები იღვიძებენ:

„სასადილოს მაგიდაზე მაწვენდა ხოლმე ქარხნის უფროსი –

მელოტი და  ღიპიანი.

მის ტკბილ ბოთლებს ჯაგრისებით ვწვდებოდი ფსკერზე –

ის ჯაგრისივით ენას ჩემში ატრიალებდა…

არ დაგტოვებ, აქ!

ვჩურჩულებდი“.

ლექსის ბოლო სტრიქონებიც კი  ისეთი მწარე და რეალისტურია, რომ ჯერ საშინელი უმწეობისა და დაუცველობის განცდა გეუფლება, მერე კი საშინლად ბრაზდები და მზად ხარ, ხმის ჩახლეჩამდე  იყვირო, რომ არცერთი, არცერთი ქალი არ იმსახურებს დედამიწაზე ასეთ განაჩენს:

„მუხლებამდე წყალში დგომა მძიმე ბოტებით,
ჩუმად ყოფნა, დამუნჯება,
ყოფნა არა, სიკვდილი იყო

უფანჯრებო, ტკბილსუნიან ლიმონათის ქარხანაში“.

 

ალექს ჩიღვინაძის ვარდნა სიბნელეში“  და მარიამ წიკლაურის მე თქვენ ცოცხლები არასოდეს მომიკითხიხართ“,  ბოლო დღეებში გამოჩნდა სოციალურ ქსელში. ორივე ავტორი ამ ლექსებით 9 მაისს ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში დაღუპული 4 მეშახტის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება.

 

ალექს ჩიღვინაძის

ლექსში აკვიატებულივით, ემოციურად მრავალგზის გამეორებულ რიცხვ „ოთხს“, ერთგვარი გამოსაფხიზლებელი სილის გაწვნისა და განგაშის ზარის ფუნქცია აქვს; პოეტი არავის და არაფერს ერიდება და ლექსის საშუალებით მომხდარში თითოეულ ჩვენგანს ადანაშაულებს – საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა; „ოთხის“ ძახილით ის დაუნდობლად გვახსენებს მწარე სიმართლეს. თითქოს  უნდა, რომ  ეს რიცხვიც ისე ჩაგვრჩეს მეხსიერებაში და ისე სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს, როგორც ჩვენი დაკარგული ტერიტორიები – სამაჩაბლო, აფხაზეთი – და ეს ხსოვნა სასჯელად ვატაროთ; გვახსენებს, რომ დიახაც, ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით (ვართ!) ის ადამიანები, რომლებიც „ზუსტად“ ამ ოთხი ადამიანის გადასახადებით

„ვაფინანსებდით ცეკვასიმღერას
ლოცვას სიმღერის წინ
პარაპლანებით ფრენას ლაჟვარდოვან სანაპიროებზე“  და
„…ერთადერთი მათი უსაფრთხოებისთვის
არ გვეყო ფინანსები
მერე როგორ ჩამოვიყვანდით
აეროსმიტს
როგორ დავარიგებდით პრემიებს“.

და მათთვის „ვინც ოთხზე ბევრად მეტია უკვე“,  როგორც საერთოდ ხდება ხოლმე დაუცველი ადმიანების შემთხვევაში, არც ხელფასის გასაზრდელად აღმოჩნდა თანხა“, ყველა სხვა კარიც  ჩაიკეტა  და

„მხოლოდ ცათა სასუფევლის კარი აღმოჩნდა ღია“,

 რომლის გაღება-დახურვაზე მაინც, საბედნიეროდ, სააქაოდან  არავის მიუწვდება ხელი.

 

მარიამ წიკლაური

ლექსში „მე თქვენ ცოცხლები არასოდეს მომიკითხიხართ“, თავს იმუნათებს იმის გამო, რომ შახტაში გარდაცვლილი ოთხი ადამიანი მას სიცოცხლეში არასოდეს მოუკითხავს და არც სახელები იცოდა მათი. თუმცა იმის ცოდნა კი ჰქონდა, რომ

მღვიმეებს და გამოქვაბულებს“
თავის ხალხი ჰყავს, რომლებსაც „დედამიწის გულიდან“
„ლუკმაპურის ამოტანა სურთ“, რომ
„მიწის პურს ჭამს მათი ცოლშვილი“,  და  ამის გამო, „სინანულის მაღაროში“ ვარდება; სათქმელი ბევრი აქვს, ალბათ, არც გულწრფელ ცრემლს დააყვედრებდა გარდაცვლილებს, მაგრამ მაშინ, როცა უკვე აღარაფერი ეშველება ამ ოთხ ადამიანს, როცა უკვე დასრულებულია  ოთხი სიცოცხლის ამბავი, ის ფიქრობს, რომ

„…დიდი მატრაბაზობა იქნებოდა,
ფესიბუქზე სამძიმრის წერა“, რადგან
არც აქციებზე მისულა მათ გვერდში სადგომად, არც   „მონური შრომის კოდექსი“ დაუძრახავს,  არც არასოდეს ჩასულა მათთან, რომ ერთხელ მაინც შეხვედროდა „შავი მიწიდან მზის ამოსვლას“ და მათთან ერთად ესუნთქა „სიკვდილის ალხი“. და სწორედ იმიტომ, რომ,არც კი ახსოვდა ისინი,

სანამ არ მოკვდნენ,
სანამ არ იქცნენ სიუჟეტებად, ნიუსებად,
სამოქალაქო სოლიდარობის ობიექტებად,
ლექსის გმირებად“,
პოეტი გადაწყვეტს, რომ დუმილი აირჩიოს გლოვის ფორმად.
თინა სიხარულიძის 

ლექსი -„მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებობოლოსთვის შემოვინახე. თუმცა სპეციალურად არა, ისედაც ყველაზე ბოლოს წავიკითხე ამ ლექსებიდან. ის როგორც „მანიფესტი“, ისე გავრცელდა ქვეყანაში, და, ალბათ, წაკითხვის შემდეგ, არც ერთი ადამიანი, –  დიდი იმედი მაქვს, ამჯერად არც ისინი, ვისაც უშუალოდ ევალებოდა გარდაცვლილი მეშახტეების უსაფრთხოების დაცვა, –   არ დაუტოვებია გულგრილი. თუკი ეკა ქევანიშვილის მეშახტის ცოლი შეგუებულია თავის დუმილით გაჯერებულ ცხოვრების წესს, აქ „ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი“ შეძრულია თავის უბედურებით, უიმედოდ არის დარჩენილი; მას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს, არ იცის, როგორ გააგრძელოს ქმრის გარეშე ცხოვრება მარტომ და ჯერ მხოლოდ ლაპარაკობს, თავისი ცხოვრების ამბავს ჰყვება გაუჩერებლად – დაწვრილებით იხსენებს ქმრის სახლიდან წასვლის დილას, წინა საღამოს კამათს – ლაპარაკობს და სწორადაც იქცევა, იმიტომ, რომ თუ გაჩერდა, მაშინ თვითონაც „იფრენს“ ან გაგიჟდება სინანულისგან,  მწუხარებისგან, იმის გააზრებისგან, რომ როგორც ამბობს, მისი ქმარი

„წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.
დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.
არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.
არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,
არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.
მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე“.

მას, როგორც ჩანს, ათამამებს კიდეც ქმრის სიკვდილი (მით უმეტეს, რომ დასაკარგი და დასარცხვენი აღარაფერი აქვს) და ყველას გასაგონად ლაპარაკობს ცოლქმრული ურთიერთობის დაფარულ დეტალებზე (მისი ემოციები რამდენიმე ადგილას ირმას ბერიძის „ჩემი შეყვარებულის“ ლირიკული გმირის განცდებთანაც გადაიკვეთება). და მიუხედავად დაობლებულ შვილებზე, მათ მომავალზე წუხილისა, მისი ამბავი მაინც  უკაცოდ დარჩენილი მეშახტის ცოლის გლოვაა, იმ  ახალგაზრდა ქალის მანიფესტია, რომელმაც ამ დიდ უბედურებაში თავისი თავი, თავისი ეგო, თავისი ქალობა წამოსწია წინ და სწორედ მას დასტირის ყველაზე მწარედ (განსხვავებით ჩვენი ბებიებისა და დედებისა!).

„თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები,

თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?
ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები,

ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე,

თქვენი მკერდის სირბილე?

აი, ასე, ამ სიტყვებით მთავრდება ეს ემოციური „დატირება“.

 

შეიძლება ფიქრობთ, რომ წერილის ბოლოს თემას გადავუხვიე, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის და გეტყვით რატომაც: თინა სიხარულიძის ლირიკული გმირი ახალი ეპოქის, 21-ე საუკუნის მეშახტის ცოლია, გარდაცვლილი ქმრის კუბოსთან სიმართლესა და თავის გრძნობებზე  მოლაპარაკე ძლიერი ქალი, რომლის მსგავსები რეალობაშიც არიან. მე მჯერა, ასეთი ქალები უბედურებასაც ადვილად მოერევიან და სამომავლოდ ყველაზე უკეთ სწორედ ისინი დაიცავენ  ცოცხალი მუშების, მათი ცოლებისა და შვილების უფლებებს და ასე მიაგებენ პატივს თავიანთ მკვდარ მუშა ქმრებს.

P.S.  დაბოლოს, ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ წერილისთვის არც ავტორები და  არც ლექსები სპეციალურად არ შემირჩევია. მე უბრალოდ, იმ ლექსებზე გავამახვილე ყურადღება, რომლებიც უცებ, ცხელ გულზე გამახსენდა. მათი განხილვა კი, პირველ რიგში, სწორედ მუშებისადმი სოლიდარობის გამოცხადებისა და იმ უმოქმედობისა და სინდისის ქენჯნის გამო გადავწყვიტე, რომელსაც სახლში, ფეისბუქთან ჯდომით განვიცდი. და რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოდით მაშინ, ეს წერილი ჩვენი, ყველასი, პოეტების და არაპოეტების, ერთობლივი სათქმელი იყოს, ჩვენი გარდაცვლილი მუშებისთვის გამოცხადებული ერთობლივი სამძიმარი!

 

 

 

მერკური

0

მაგიდაზე წიგნი მიდევს – ლურჯი ყდა აქვს, ზედ ოქროსფერ კულულებიანი გოგონა ხატია, გოგოს უკან ვიღაც უცნაური არსებები დგანან. წიგნის სახელწოდებაა: „Alice Harikalar Ulkesinde“. დიახ, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ეს ზღაპარი პირველად ნახატ ფილმად ვნახე, შემდეგ წავიკითხე. მოგვიანებით, კვლავ წავიკითხე, ოღონდ რუსულად, შემდეგ ფრანგულად, სულ ბოლოს ინგლისურად და აგერ ახლა თურქულად ვაპირებ წაკითხვას. ერთგვარი რიტუალივით გამოდის, ამ წიგნის წაკითხვა კარგად მაქვს დაცდილი. ახლაც, როდესაც მეგობარმა წიგნი თურქულ ენაზე საჩუქრად მომიტანა, გამეღიმა და ვიფიქრე, თავად განგებას სურს კვლავ ეს წიგნი წავიკითხო-მეთქი.

ბავშვობაში წიგნის  ერთი პერსონაჟი განსაკუთრებულად მომწონდა. ეს შეშლილი მექუდე გახლდათ. აი, ვერ იყო კარგად, მაგრამ ამავე დროს, სიმპათიას იმსახურებდა. ბოლოს და ბოლოს,  რაღაცას ხითხითებდა და არაფერსაც არ აშავებდა. სხვათა შორის,  შეხუმრებული ფრანგები ერთმანეთს დღესაც ეუბნებიან: „შენ დღეს რა მექუდესავით ხარო“. ეს ნიშნავს, კითხულობენ: ხომ კარგად ხარო?

საფრანგეთში მექუდეები მართლაც იყვნენ, თანაც შეშლილი მექუდეები. მათი პროფესია განსაკუთრებით მეფე მზის – ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს ყვაოდა. მფლანგველი მეფე იყო, ფულიც ჰქონდა, ჰოდა, მის ამალაში შემავალ დიდგვაროვნებს ერთი და იგივე ქუდი ორჯერ არ უნდა ხურებოდათ. ცუდი გემოვნების ნიშანი გახლდათ და ამალის წევრს არ ეკადრებოდა. ამიტომ, უკვეთავდნენ და უკვეთავდნენ ქუდებს მექუდეებს. ქუდზე რაც უფრო მეტი ბუმბული და ბრჭყვიალ-ბრდღვიალა რამე-რუმეები იქნებოდა, მით უკეთესად ითვლებოდა. ჰოდა, მექუდეებიც საღებავებით თამაშობდნენ. წითელი საღებავი განსაკუთრებულად ლამაზი, მდგრადი და სხვადასხვა სპექტრის მქონე მინერალ სინგურიდან გამოდიოდა. სინგური ჩვენებურად ჰქვია, სხვები „კინოვარის“ სახელით იცნობენ, იაპონელები კი სულაც „წითელ დრაკონს“ ადარებენ. მის შემადგენლობაში ორვალენტიანი ვერცხლისწყლის, იგივე ჰიდრარგირუმის, იგივე მერკურის სულფიდი და წითელი პიგმენტებია.  დიახ, ამ მეტალს „მერკურიც“ ჰქვია და თუ რატომ, ჩემი ადრინდელი სტატიიდან გაიხსენეთ, იქვე მერკურის თვისებებზეც წაიკითხავთ.

არ ეთამაშოთ, ვერაგია…

მექუდეები, საღებავის დასამზადებლად, სწორედ ზემოთ ნახსენები მინერალის წითელ პიგმენტს იყენებდნენ. მექუდეობა შემოსავლიანი იყო. ამიტომ მრავალშვილიანი ხელმოკლე ოჯახები უფროს შვილებს მექუდეებს შეგირდად მიაბარებდნენ ხოლმე და ექვსი-შვიდი წლის ბავშვი ფაქტობრივად ოჯახს ინახავდა.

პროფესიას ერთი ცუდი მხარე ჰქონდა… მექუდეები რბილად, რომ ვთქვათ, ვერ იყვნენ კარგად. უმიზეზოდ ან ტიროდნენ, ან ყვიროდნენ, ან იცინოდნენ… ცუდად ეძინათ, სულ ბარბაც-ბრაცუნით დადიოდნენ. ბოროტი ხმები ამბობდნენ, ჩუმად სვამენო, ესენი კიდევ სიცილით იფხრიწებოდნენ, არაო, კაცო ფხიზლები ვართო. ცუდად გამოიყურებოდნენ, მალე ბერდებოდნენ, ავად ხდებოდნენ და მალევე იხოცებოდნენ. 40 წელი მათი სასიცოცხლო ასაკის მაქსიმუმი იყო.

მიხვდით ალბათ, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა. პიგმენტის გამოსაყოფად, მინერალ სინგურს თერმულად ამუშავებდნენ, თუმცა მაგათ „თერმული დამუშავებისა“ რა იცოდნენ. უბრალოდ მაღალ ტემპერატურაზე ახურებდნენ და ეგ არის. გახურებისას ვერცხლისწყალი ორთქლდებოდა და მექუდეები სუნთქავდნენ. წარმოიდგინეთ, რა დაგემართება, როცა შვიდი წლიდან ვერცხლისწყლის ორთქლს სუნთქავ.

ადამიანი უცნაურია, მეტი და მეტი სურს. იაპონიის ერთ ქალაქში საღებავების ქარხანა გაიხსნა. სხვა საღებავებთან ერთად, წითელსაც ამზადებდნენ. ნედლეული მინერალი „კინოვარი“, იგივე „სინგური“ გახლდათ. პროდუქცია კარგად იყიდებოდა, ქარხნის მეპატრონეებს ფულიც კარგი რჩებოდათ. ჰო, რა თქმა უნდა, მათ მინერალის შემადგენლობა იცოდნენ და  დამუშავების ტექნოლოგიასაც ფლობდნენ. ამიტომ, არც თვითონ და არც მათი მუშები არ იწამლებოდნენ. თუმცა… ნარჩენად დარჩენილი ვერცხლისწყალი სად წაეღოთ? გაუვნებელყოფას ცალკე სახსრები სჭირდებოდა, ამიტომ იოლი გზა მოიფიქრეს, იქვე მინამატას სრუტეში ღვრიდნენ. დამავიწყდა დამეწერა, ქალაქსაც მინამატა ერქვა და ხუთი წლის განმავლობაში მთელი მისი მოსახლეობა დაიღუპა.

ყველაფერი 1956 წლის 21 აპრილს დაიწყო. ამ დღეს ქალაქ მინამატას საბავშვო კლინიკაში პატარა გოგონა მიიყვანეს. გოგონას ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობის ნიშნები ჰქონდა. დიაგნოზის დასმა გაძნელდა. გარკვეული ხნის შემდეგ, იმავე კლინიკაში მოხვდა გოგონას სამი წლის და. პირველ მაისს მინამატას საქალაქო კლინიკაში იმავე სიმპტომებით კიდევ ორი ახალი პაციენტი მოხვდა. ეს დღე ითვლება ახალი დაავადების აღმოჩენის დღედ, რომელსაც მოგვიანებით „მინამატას დაავადება“ ეწოდა. მალე გაირკვა, რომ მინამატას მცხოვრებთა უმეტესობას იგივე დაავადება ჰქონდათ. დაავადების ძირითადი სიმპტომები იყო მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის, სმენის და მგრძნობელობის დაქვეითება. უმრავლესობა ფსიქიურ აშლილობას განიცდიდა. ავადმყოფობა არ იყო ინფექციური ხასიათის. ერთი და იგივე ოჯახში წევრები ავადდებოდნენ ზოგჯერ რამდენიმე დღის, კვირის ან წლის ინტერვალით. გამოირიცხა აგრეთვე დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის გზა. გარდაცვლილებს აღენიშნებოდათ თავის ტვინის ტოქსიკური დაზიანება ანთების კერის გარეშე. ექიმებმა შენიშნეს, რომ დაავადებულთა უმრავლესობა ზღვასთან, მინამატას სრუტესთან ახლოს ცხოვრობდა. უფრო ხშირად ავადდებოდნენ მეთევზეები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე ის ხალხი, ვინც საკვებად მუდმივად იყენებდა თევზს და ზღვის პროდუქტებს. ექიმებმა ისიც შენიშნეს, რომ დაავადებული ადამიანებივით იქცეოდნენ კატები და თოლიები (დარღვეული ჰქონდათ მოძრაობა და ა.შ.), რადგანაც საკვებად ისინიც თევზს იყენებდნენ.

მხოლოდ 1958 წელს აღმოაჩინეს, რომ მინამატას მცხოვრებთა ტრაგედია „ორგანული მერკურის“, კერძოდ მეთილმერკურქლორიდის დამსახურება იყო.

როგორ იქცევა ვერცხლისწყალი წყალში?

ვერცხლისწყლის აკვა კომპლექსები იოლად დეპროტონირდებიან და pH4-ის პირობებშიც კი მონო და დიჰიდროქსო კომპლექსები ორ ძირითად ფორმას წარმოადგენს. ჰიდრარგირუმ (II)-ის ერთ-ერთი გავრცელებული ნაერთია  HgCl2. ჰიდრარგირუმ (II) ასევე მიიზიდება წყალში არსებული ორგანული ლიგანდების მიერ (ე.წ. ჰუმუსური მასალის მიერ). იმავე ლიგანდებთან შესაძლებელია ბმულ მდგომარეობაში იყოს აზოტის და გოგირდის იონები. ისინი ჰუმუსურ  მასალაში ყოველთვის არის.  ვერცხლისწყალი ნაერთს წარმოქმნის ასევე მეთილის ჯგუფთან და წარმოიქმნება მეთილჰიდრარგირუმი. მეთილირება ანაერობულ პირობებში მიკრობების გავლენით მიმდინარეობს. მეთილის ჯგუფის დონორი მეთილკობალამინია, ვიტამინ B12-ის, იგივე კობალამინის წარმოებული.

თუმცა, მეთილირება შესაძლოა აერობულ პირობებშიც წარიმართოს ბაქტერიის უჯრედის შიგნით, სადაც მერკური უკავშირდება ფერმენტს, საიდანაც მეთილის ჯგუფის გადატანა მერკურისთან ხდება. მეთილირების ორივე პროცესი დაბალი pH-ის პირობებში მიმდინარეობს. შედეგად მონომეთილ მერკური (II) წარმოიქმნება (CH3Hg+). ეს იონი იოლად წარმოქმნის კომპლექს ნაერთებს სხვადასხვა ლიგანდებთან. მაგ. წარმოიქმნება CH3HgCl და  (CH3Hg)2S, ეს ნაერთები საკმაოდ მდგრადია და Hg-C ბმის გახლეჩა დიდ ენერგიას მოითხოვს. თუმცა, ქიმიურ, ფოტოქიმიურ და ბიოტურ დეგრადაციას ემორჩილება.

მეთილირების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და დიმეთილ მერკური წარმოიქმნას ((CH3)2Hg). ნეიტრალური ნაერთია, საკმაოდ ძნელად ხსნადი და აქროლადი.  ატმოსფეროში მოხვედრისას, ფოტოლიზის პროცესით  მერკური (II) გამოთავისუფლდება, რომელიც ნალექის შემადგენლობაში ერთვება.

სხვათა შორის, მეთილირება ხდება არა მხოლოდ მერკურის. ტყვიის (IV) და კალას (IV) მეთილირებული ნაწარმები ასევე შეინიშნება გარემოს ქიმიურ დაბინძურებაში.

მეთილ-მერკურის ნახევრად დაშლის ციკლი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 დღეს გრძელდება. დავუშვათ, ადამიანი იწონიდა 65კგ-ს და კვირაში სამჯერ მიირთმევდა  0,5კგ თევზს, რომელიც შეიცავდა  0,5µgg-1 მერკურის. რამდენი იქნება მერკურის საშუალო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში. თევზში 0,5µgg-1  მერკურის რაოდენობის მაქსიმუმ დასაშვებ რაოდენობად არის მიჩნეული.

ორგანიზმში არსებული დრო=მერკურის მთლიანი მასა/მიღების სიჩქარე

მიღების სიჩქარე=500გ (თევზი)x0,5µg (მერკური)გ-1 (თევზი)x 10-3მგµg-1  x 3/7დღე-1 =           1.1 x10-1მგ (მერკური)დღე-1

100 დღე=მერკურის მთლიანი მასა/1.1 x10-1მგ დღე-1

მერკურის მთლიანი მასა=100 დღე x 1.1 x10-1მგ (მერკური)დღე-1=11მგ

სხეულში მერკურის საშუალო კონცენტრაციაა:

11მგ (მერკური)/65კგ (სხეული)=0,17მგ კგ-1, ან 0,17 ppm.

მერკური სხეულში სხვადასხვა ორგანოში აკუმულირდება, თუმცა უმეტესი რაოდენობა მაინც ტვინში იყრის თავს და ნევროლოგიური დისფუნქციის ინიცირებას იწვევს.

გარემოს მერკურით დაბინძურება ადამიანების დაუდევრობით დღესაც გრძელდება. სიტუაციის გასაუმჯობესებლად არაფერსაც არ ვაკეთებთ, მაგრამ იმედები ჯერ კიდევ არის, რომ მორიგ კატასტროფამდე არ მივალთ.

თუმცა…

„- როგორ შეიძლება გაიმარჯვო, როცა იმედი აღარ არსებობს? – იკითხა ალისამ.

  • შენ ჯერ იმედს კარგავ, შემდეგ კი ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა, – უპასუხა მექუდემ და იქვე ხითხითით განაგრძო: რატომ იცი? როგორც კი უკანასკნელ იმედს დაკარგავ, განსაცვიფრებლად თავისუფალი ხდები. არაფერი გაკავებს, შენთვის ყველაფერი სულერთია და ბოლოს და ბოლოს საქმეზე ხარ ორიენტირებული და არა იმაზე ფიქრზე, შენს ქმედებას რა შედეგი მოჰყვება. სწორედ ამიტომ, როგორც კი ბოლო იმედი კვდება, მხოლოდ მაშინ იწყება ყველაფერი“.

 

 

 

 

წიგნები, რომლებიც ცხოვრებაზე დაკვირვებას ჰგავს

0

„როცა ბავშვები მამებს არ უჯერებენ, ჩხუბობენ და სიგარეტს ეწევიან, ამინდები მაშინ ფუჭდება,“ – ასე მიაჩნიათ მეიკომელებს (ჰარპერ ლის რომანში „ნუ მოკლავ ჯაფარას“). ქარი და წვიმა ახლად ამწვანებულ ხეებს ქანცს რომ აცლის და გამოდარებას საშველი არ ადგება, ყოველთვის მეიკომური ცრურწმენა მახსენდება და გულში თუ ხამამღლა წამდაუწუმ ვიმეორებ: ბავშვებო, დროა მამებს დაუჯეროთ, გეყოთ ჩხუბი, შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა!

წიგნები ყველას სხვადასხვაგვარად გვამახსოვრებენ თავს: გემოებით, ფერებით, მუსიკით, ჩაცმულობით, აქსესუარებით, ინტონაციებით და ვინ მოთვლის, რამდენი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება. მე, როგორც წესი, ამინდს ვაფიქსირებ და აღვრიცხავ: შემოდგომის უთავბოლო წვიმები ისე არ ჩაივლის, კუნძულ სალკტროკას ნავმისადგომიდან ამოზრდილი ჩორვენი და მისი სენბერნარი არ მოვიგონო, ჩიტები დაბლა ფრენას რომ იწყებენ, ვიცი მალე გაწვიმდება (ჰეკლბერი ფინისგან ნასწავლი, მრავალჯერ გამოცდილი ნიშანია). „ოზის ჯადოქარი“ და „მერი პოპინსი“ ქარებიანი წიგნებია, „პეპი გრძელწინდა“ – მარადიული გაზაფხულის, „მონტებულსუ“ – შემოდგომის…

რამდენიმე დღის წინ, ზამთარმა კუდი რომ მოიქნია, სოფლის მეორნეობას ზარალი მიაყენა, სოციალურ ქსელში კი ვნებათაღელვა ატყდა, ღირდა თუ არა შუა გაზაფხულზე თბილი პულოვერებისა და ფეხსაცმლის შენახვა, ისევ მეიკომური გაფრთხილება მომაგონდა. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ გადავშალე, საყვარელ აბზაცებს ვინ მოთვლის, მერამდენედ გადავავლე თვალი, ნაცნობ  გმირებს შევეხმიანე და, როგორც აქამდე მჩვეოდა, ჭყიტას, ჯემისა და დილის ამბები ჩემებურად გავაგრძელე. თუმცა მალევე გამახსენდა მეიკომური ამბების ჰარპერ ლისეული გაგრძელება უკვე რომ არსებობდა, წიგნს „მიდი, დააყენე დარაჯი“ ერქვა და მეორე წელია შორიდან ვუვლიდი – არ თუ… ვერ ვკითხულობდი.

ვისაც „ნუ მოკლავ ჯაფარა“ საყვარელი წიგნების სიაში ჩაუწერია, ალბათ დამეთანხმება, რომ ნაწარმოებს საკმაოდ ორიგინალური დასასრული აქვს: სამი მთავარი გმირის სანუკვარი ოცნება ახდება და რედლი ბუა სახლიდან გამოვა, თუმცა ამ საბედისწერო მომენტისთვის ერთ გმირს ექიმის გადაწყვეტილებით ღრმად სძინავს, მეორე მეიკომიდან შორს იმყოფება, მესმეს კი „უკეთური საფრთხობელასთვის“ დიდი ხნის მეგობარივით ჩაუკიდია ხელი. მე, როგორც მკითხველს თავშესაქცევად ბევრი საფიქრალი დამრჩა. წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ მოუყვებოდა ჭყიტა გონზე მოსულ ძმას ყველაფერს, ჯემი კი სანამ ატიკუსსა და კელპურნიას არ გამოკითხავდა, არაფერს დაუჯერებდა. ზაფხულის არდადეგებზე მეიკომში ჩამსულ დილსაც მოწმეების დასტური დასჭირდებოდა, საბოლოოდ კი ბავშვები საბედისწერო ღამით მომხდარ მოვლენებს უსათუოდ გაითამაშებდნენ. ისინი ხომ მთელი ზაფხული სახლის უკან, ორ ვეებერთელა ჭადარს შორის მდგარ პატარა ქოხში მეიკომში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ამბავს, ნანახ ფილმებსა და წაკითხულ წიგნებს დგამდნენ.

გავიაზრე, მეტი სიფრთხილე რომ მომეთხოვებოდა, ვინაიდან ახალ წიგნში ზაფხული შესაძლოა სულაც აღარ გულისხმობდა „მწერების დასაცავი ბადით შემოღობილ ღია აივანზე ძილს, ხის ქოხში თამაშსა და კელპურნიას დამზადებული გრილი ლიმონათის გემოს.“ მივხვდი, „მიდი, დააყენე დარაჯის“ წაკითხვის დრო რომ დამდგარიყო, კალენდარს ჩავხედე, გასაკეთებელი საქმეების სიას თვალი გადავავლე და მოულოდნელად 28 აპრილის გასწვრივ მიწერილი „ჰარპერ ლის დაბადების დღე“ ამოვიკითხე (მიყვარს სასიამოვნო დამთხვევები). გადავწყვიტე, აღარ გადამედო, ღირსეულად შევხვედროდი ჩანიშნულ თარიღს, პირველი დავაბრუნე და თაროდან მეორე წიგნი გადმოვიღე.

ჰარპერ ლი ორი წიგნის ავტორია

„ჰარპერ ლის ორ წიგნი,“ – ეს ფრაზა თავისთავად ბევრ საინტერესო ამბავსა და ისტორიას გულსხმობს. განსაკუთრებული ხაზგასმა კი სიტყვა „ორს“ სჭირდება, ვინაიდან 2015 წლამდე 87 წლის ჰარპერ ლის ერთი წიგნის ავტორად ვიცნობდით.

1960 წელს გამოცემული „ნუ მოკლავ ჯაფარას“ იმთავითვე ბესტსელერად იქცა, მრავალ ენაზე ითარგმნა, პულიტცერის პრემია დაიმსახურა და დღემდე ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებების სიაში მოწინავე პოზიციებზეა. მსგავს წარმატებაზე ჰარპერ ლი ნამდვილად არ ოცნებობდა, ეგონა, მისი ჯაფარა კრიტიკოსების ხელში „სწრაფად და უმოწყალოდ დალევდა სულს,“ თუმცა, მოლოდინმა არ გაუმართლა: „უმცირესის ნაცვლად ყველაფერი მიიღო!“

55 წლიანი პაუზის შემდეგ გამოცემულმა მეორე წიგნმა ბევრი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა პასაჟმა გული დამწყვიტა, ზოგიერთმა გამაოცა, ხან გულიანად ვიცინოდი, ხან ცრემლი მერეოდა. ასეც უნდა მომხდარიყო – ჰარპერ ლი ხომ ადამიანების ყოფას აღწერს, მისი წიგნების კითხვა ცხოვრებაზე დაკვირვებას ჰგავს.

„მიდი, დააყენე დარაჯში“ სამართლიანობაზე მსჯელობა, სხვის ტყავში ჩაძრომის აუცილებლობა (ატიკუსი თავის შვილებს პატარაობიდან რომ ასწავლიდა) კვლავ აქტუალურ თემებად რჩება. მეორე წიგნი წინამორბედის მსგავსად კვლავ დაგვაფიქრებს ბავშვებისა და დიდების აღქმულ სამყაროს შორის არსებულ უფსკრულზე, გარშემომყოფების სიყვარულისა და სიძულვილის მიზეზებზე, „მურიანების“ მიმართ დამოკიდებულებაზე. მეიკომში მატარებლით მიმავალი ჭყიტა (უკვე ჯინ ლუიზით რომ მოიხსენიებენ და მიმართავენ) შავკანიანების სახლების სახურევაბზე ანტენებს ამჩნევს და ეღიმება. უნებურად „ნუ მოკლავ ჯაფარას“ პირველსავე გვერდებზე ირონიულად მოხსენიებული სასამართლოს შენობა გვახსენდება – „ძველი ქალაქის მოედანზე საცოდავად ჩამოწოლილი და გადაბრეცილი.“ პარალელს ვავლებთ და გვაინტერესებს, ისევ სჭირდება სამართალს ხიმინჯები? მეიკომში მომხდარი გარეგნული ცვლილებები რეალურია თუ მოჩვენებითი?

მეორე წიგნში დამოკიდებულებებთან ერთად ადამიანების ხასიათიც იცვლება, ოდესღაც გულღია და მგრძნობიარე ბავშვებს „ცხოვრება უსწავლიათ“ და უფროსებს ახლა სხვა თვალით აკვირდებიან. უფროსების უმრავლესობა კი, საკუთარი საქციელი მუდამ მართებულად რომ მიაჩნია, სამწუხაროდ არც თუ სამაგალითოა. დახუთულ, შენელებულ და გადაღლილ მეიკომში არაერთ პერსონაჟს მოისაკლისებთ, სამაგიეროდ „ჯინ ლუიზის კოცნის უფლებით აღჭურვილი ყმაწვილი“ ჰენკ კლინტონი გამოჩნდება. შესაძლოა სავარაუდო სასიძოს მამიდა ალექსანდრასავით თქვენც ძნელად შეეგუოთ და დაქორწინების ხელისშემშლელი მიზეზების ძებნა დაიწყოთ. რას ვიზამთ, ვისაც ჭყიტა შვილივით (ან მეგობარივით) გვიყვარს, არავისთვის გვემეტება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პირველ ტომში ხელუხლებლად დავტოვებდი უცოდველი ჯაფარასავით მოჭიკჭიკეს, ბავშვური მიამიტობითა და ცელქობით სავსეს, შაშხის საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი მთელ მეიკომს სიცილით რომ ხოცავდა. თუმცა, ლიტერატურას საკუთარი კანონები აქვს და ავტორის ნება უზენაესია.

ჭყიტა, ჰარპე ლი და მამა ატიკუსი

თანამედროვე მკითხველისთვის ალბათ ისეთივე ნაცნობი, ახლობელი და გათავისებული სახელია ატიკუს ფინჩი, როგორც რობინზონ კრუზო, ტომ სოიერი, გრაფი მონტე კრისტო (ცნობილი პერსონაჟების სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). ატიკუსი ერთი წაკითხვით გიყვარდება, პირველივე გვერდებიდან მის მიმართ სიმპატიით იმსჭვალები (ჯაფარასეულ ატუიკუსს ვგულისხმობ, მეორე წიგნში სამწუხაროდ გამოცვლილი მომეჩვენა), პატიოსანი, მამაცი და ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანია. დედით ობოლ ჭყიტასა და ჯემს „მამასთან სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ, ის არც მათთან თამაშს თაკილობდა და არც წიგნის კითხვას დაზარდებოდათ. გულთბილი და მოსიყვარულე იყო.“  ბავშვები თუ გადააჭარბებენ, ისე მოკუმავდა პირს, ტუჩები სწორ ხაზად ექცეოდა, ზედმეტ საყვედურებს სიტუაციაში გარკვევა ერჩივნა, შვილებთან ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მსჯელობდა, ალბათ ამიტომაც უხმობენ იმედიანად: „ატიკუს, სამყაროს დასასრული დგება, უშველე რამე!!!“

ატიკუს ფინჩი ჰარპერ ლის მამის პროტოტიპია. ამასა ლი ადვოკატი ყოფილა,  „ნუ მოკლავ ჯაარაში“ აღწერილი სასამართლო პროცესი კი მისი ერთერთი საძიებო საქმე გახლდათ. 1962 წელს  რობერტ მალიგანმა „ნუ მოკლავ ჯაარას“ მიხედვით ფილმი გადაიღო. სასამართლოს ინტერიერი ჰარპერ ლის მშობლიური ქალაქის მონრევილის სასამართლოს ზუსტი ასლის მიხედვით ააგეს. ჰარპერი გადაღებებს ესწრებოდა და თურმე  ცრემლსაც ხშირად აფრქვევდა, ბევრ სასიამოვნო სიურპრიზთან ერთად ატიკუსის როლის შემსრულებელი გრეგორი პიკი საკუთარ მამას აგონებდა.

ჰარპერ ლის ალტერ-ეგოა ყაჩაღანა ჭყიტა, შიშისაგან გული რომ ეკუმშება, „გოგო, გოგო“ არ დაუძახონ და უსამართლობით შეძრული ზოგჯერ არამკითხეს კბილებზე საკუთარი თითის სახსარს აფშვნის. მამიკოს გათამამებული გოგონას აღზრდას მამიდა ალექსანდრა გადაწყვეტს და, რა თქმა უნდა, ჭყიტას უკმაყოფილებასაც დაიმსახურებს: „მისი აზრით, უნდა მეთამაშა პაწაწინა ქურებით, სათამაშო ჩაის სერვიზებით, უნდა მეტარებინა ის მარგალიტის ყელსაბამი, რომელიც მან დაბადებისას მაჩუქა, მამაჩემის მარტოხელა ცხოვრებაში მზის სხივივით უნდა მეკიაფა. მე კი ვთვლიდი, მზის სხივი თავისუფლად შეიძლება ვყოფილიყავი ბრიჯებშიც.“

სხვა ბევრ მსგავსებასთან ერთად ჰარპერ ლიმ და ჭყიტამ კითხვა ადრეულ ასაკში „უნებლიეთ აითვისეს, ისევე თავისთავად, როგორც კაბის ზურგზე ღილების შებნევის ან ზონარის ორად გამონასკვის ხელოვნება.“ რომ გეკითხათ, ვერაფრით ვერ მოიგონებდნენ, „როდიდან გადაიქცნენ მამის საჩვენებელ თითს ზემოთ გავლებული საგაზეთო სტრიქონები ცალკეულ სიტყვებად.“

კითხვა – სუნთქვასავით ჩვეულებრივი და აუცილებელი პროცესი

კარგი მკითხველი პერსონაჟები წიგნის ნამდვილი სამკაულია, დამატებით ღირსებებს ჰმატებს მას (და ეს ფაქტი არაერთ წერილში ხაზგასმით აღმინიშნავს). ჭყიტასთვის რომ გეკითხათ, კითხვა თუ გიყვარსო, გაუკვირდებოდა. შეიძლება, გაინტერესებდეს უყვარს თუ არა ადმიანს სუნთქვა? – აქეთ ჩაგეკითხებოდათ. წიგნის ჭიები არიან ჯემი და დილიც, აღარაფერს ვამბობ სათვალიან-გაზეთებიან ატიკუსზე. „ნუ მოკლავ ჯაფარაც“ კითხვის ხასიათზე მომყვანი წიგნია, მთავარია დაიწყოთ და თუ გაჭირდა, ერთი პატარა რუბიკონის გადალახვასაც შეძლებთ.

მოსწავლეებთან ურთიერთიობის პრაქტიკაში ზემოხსენებულ რუბიკონს არაერთხელ შევუფერხებივარ. საქმე იმაში გახლავთ, რომ „ნუ მოკლავთ ჯაფარას“  დასაწყისში არის ერთი ადგილი (ფინჩების საგვარეულოს დინასტიის ამბების აღწერა), სადაც ტირე ოაზისივით მოჩანს და არაერთ მოზარდს წიგნის წაკითხვა გადააფიქრებინა. გული მწყდებოდა და საბოლოოდ ერთი ხერხი გამოვიყენე – მოსწავლეებს დანიელ პენაკისეულ „მკითხველის უფლებათა დეკლარაცია“ შევახსენე. ერთ მუხლის მიხედვით, გვერდების გამოტოვების ხელშეუხებელი უფლება გაგვაჩნია. ბავშვები შეღავათით სარგებლობდენენ და კითხვას იმ მომენტიდან იწყებდნენ ზაფხულის ერთ მზიან დღეს სათამაშოდ მომართული ჭყიტა და ჯიმი კომბოსტოს კვლებში ჩამალულ დილს რომ გაიცნობენ. 4-5 გამოტოვებული გვერდის ხარჯზე კომპრომისზე წასვლა ნამდვილად მიღირდა, სამაგიეროდ წაუკითხავი აღარ რჩებოდათ საუკეთესო წიგნი (ბესტსელერის სახელს ნამდვილად და არა მოდური ლიტერატურული ტენდენციების ხათრით რომ იმსახურებს).

ალბათ წარმოუდგენელია იცხოვრო და არაფერი იცოდე რედლების კარმიდამოს განაპირას მდგარი ორი მუხის ან  ოკრობოკროდ დაკემსილი შარვლის  საიდუმლოზე, რა კავშირშია ერთმანეთთან ვერცხლის ქაღალდში შეხვეული კევები, ძველებური მონეტები, რუხი ბაწრის გორგალი, ორი პაწაწინა საპნის ქანდაკება, ძეწკვზე დაკიდებული საათი, მართლწერაში ჯილდოდ მიღებული სამკერდე ნიშანი და ალუმინის დანა.

მშურს იმ ადამიანების, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ წაკითხვის სიამოვნება წინ რომ აქვთ. თუმცა არც მეორე წიგნს ვივიწყებ, ეტიკეტს ვიცავ და გთავაზობთ: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ 28 აპრილს წაიკითხოთ, რადგან იმ დღეს ჰარპერ ლის დაბადების დღე იქნება.

საქართველო და საერთაშორისო შეფასებები –  შეხსენება ახალი ესგ-ის მიღების წინ    

0

როგორც კვლევები ადასტურებს, განათლების სისტემის შეფასების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს, განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, განათლების ხარისხის მაჩვენებელი განსაზღვრავს. ამ მაჩვენებლის წარმოდგენა კი, უპირატესად, საერთაშორისო საგანმანთლებლო კვლევების საშუალებითაა შესაძლებელი. ეს კვლევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და მიზნად ისახავს სწავლა – სწავლების პროცესის ხელშეწყობას. მათი ჩატარება გარკვეული პერიოდულობით ხერხდება და განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების მეთვალყურეობისა  და შეფასების საშუალებას იძლევა. საერთაშორისო კვლევის შედეგები შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ განათლების სისტემის განვითარების ისეთი სტრატეგიული გეგმის შედგენისას, როგორიც უპასუხებს სისტემაში არსებულ საჭიროებებს და სწავლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას. დღეს ჩვენი მიზანია ახალი კურიკულუმის შემუშავება-დამტკიცების წინ მკითხველს, უპირატესად კი პროფესიულ საზოგადოებას, შევახსენოთ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების შედეგები და მოვთხოვოთ მათში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით განათლების შინაარსის გადამუშავება.

როგორც მოგვეხსენება, კვლევების შედეგები არცთუ სახარბიელოა ჩვენი სახელმწიფოსთვის. როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, „საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიზანია, მოხდეს განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან. საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების მიზანი დიდწილად მსგავსია, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო შეფასებების შემთხვევაში, ანალიზი მიმდინარეობს საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით და მისი მხედველობაში მიღების შემთხვევაში ხდება ადგილობრივი განათლების ექსპერტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.“ (https://www.mcageorgia.ge/index.php/main/project/4  21.04.2016)

საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება 3 საერთაშორისო კვლევა-შეფასება:

PIRLS ( წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი. );

PIZA (საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები );

TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაა, რომლის მიზანია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშეწყობა. ამ კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია).

სამივე კვლევის ფარგლებში შეფასება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ა) მოზარდთა ტესტირება მათი მიღწევების შემოწმების მიზნით და ბ) იმ გარემო-ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის მიღწევებზე (საგანმანათლებლო სისტემა, სკოლა, მასწავლებელი, ოჯახი და ა.შ.).

რა თქმა უნდა, შევეცდები თითოეული კვლევის მოკლედ დახასიათება-ანალიზს, რათა ნათლად გამოჩნდეს კვლევის შედეგების სასკოლო სისტემაში სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხთან მიმართება.

PIRLS  – წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობას 45 ქვეყანა იღებს. იგი საქართველოში პირველად 2006 წელს ჩატარდა და, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოკრძალებული შედეგები გვქონდა. 45 ქვეყნას შორის მხოლოდ მე-40 ადგილზე გავედით. კვლევის შედეგების მიხედვით მომზადდა ანგარიში და რეკომენდაციები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და მოდიფიცირების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. თუმცა, სამწუხაროდ განახლებულ – 2010 წელს შემუშავებულ 5-წლიან ესგ – ში მისი ასახვა არ მოხდა. არადა, კვლევის ანგარიშის დასასრულს გამოთქმული იყო მოსაზრება: „იმედია, PIRLS-ის მომდევნო ციკლის (2011) დასრულების შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის ეფექტურობასა და PIRLS-ში ქართველი მოსწავლეების მაღალი მიღწევების შესახებ ვისაუბროთ, რაშიც მნიშვნელოვან როლს სწორედ PIRLS-ის კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები შეასრულებს.

2011 წელს ისევ ჩატარდა აღნიშნული კვლევა. კვლევაში მონაწილე 45 ქვეყნიდან 32 ქვეყანას PIRLS-ის სკალის საშუალო მაჩვენებელზე (500) მაღალი შედეგი აქვს, 12 ქვეყანას კი – საშუალოზე დაბალი. სამწუხაროდ, საქართველო კვლავ საშუალო ნიშნულზე დაბლა მოხვდა. მართალია, PIRLS 2006-თან შედარებით 2011 წელს საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად – 17 ერთეულით გაუმჯობესდა, თუმცა საერთაშორისო საშუალო ქულას (PIRLS-ის სკალის ცენტრალურ მნიშვნელობას – 500) 12 ერთეულით მაინც ჩამორჩება.

როგორც ჩანს, მიუხედავად დახარჯული ენერგიისა და რესურსებისა, საქართველოს სახელმწიფომ ვერ შეძლო სერიოზული პროგრამის შემუშავება, რაც, საშუალო მაჩვენებელზე მაღალ შედეგს მაინც მოგვცემდა წაკითხულის გააზრების მიმართულებით. ვფიქრობთ, ასეთ შედეგს ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ უმთავრესი ესგ. – ის რეკომენდაციების შესაბამისი რევიზიის უქონლობაა.

TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) – მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა საქართველოში 2007 წელს ჩატარდა. იგი მე-4 და მე-8 კლასებში აღნიშნული დისციპლინების ცოდნას აფასებდა. ტიმსი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და განმეორებით საქართველოში 2011 წლის გაზაფხულზე პირლსთან ერთად ჩატარდა.

ამ კვლევის საფუძველზე, 2007 წელს საქართველო მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედგენილი რეიტინგული სიის ბოლო მეოთხედშია. 2011 წლის შედეგებმა მეოთხე და მერვე კლასებში მათემატიკის მიმართულებით მცირედი უკეთესობა აჩვენა, თუმცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში პირიქით, მაჩვენებელი გაუარესდა კიდეც.

მათემატიკა

„მე-4 კლასი

TIMSS-ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 16.2%-ს, კი საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი – 83.8%-ს.

მე-8 კლასი

TIMSS -ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 13.4%-ს, საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი  – 86.6%-ს.“

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„მე-4 კლასი

TIMSS-ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 14.5%-ს, კი საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი – 85.5%-ს.

მე-8 კლასი

TIMSS -ის საერთაშორისო საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევაში მონაწილე საქართველოს სკოლების 3.5%-ს, საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი  – 96.5%-ს.“ (TIMSS  2011, ბუნებისმეტყველება

ვფიქრობთ, წარმოდგენილი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგადი განათლების მიმართულებით გატარებული რეფორმის არცთუ სახარბიელო ხარისხს. ის მცირე გაუმჯობესება კი, რომელიც 2007 წლის შედეგთან შედარებით გვაქვს მათემატიკაში, ნამდვილად არ არის გაწეული ხარჯებისა და რესურსების პროპორციული.

PIZA – საერთაშორისო კვლევაში საქართველო 2009 წლიდან ჩაერთო. კვლევა ტარდება სამ წელიწადში ერთხელ და ყოველ წელს სამი სფეროდან ერთ-ერთი არის პრიორიტეტული (2009 – კითხვა, 2012 – მათემატიკა, 2015 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები). 2009 წელს საცდელი კვლევა ჩატარდა, ხოლო ძირითადი – 2010 წლის გაზაფხულზე. მასში მონაწილეობა მიიღეს შემთხვევით შერჩეულმა 15 წლის მოსწავლეებმა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კვლევა საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა. ძირითადი სამიზნე მე-9 კლასის მოსწავლეები არიან. განსხვავებით PIRLS -ისა და TIMSS – ისაგან, რომელიც ამერიკული პატრონაჟით ტარდება, პიზას ევროპა ატარებს, კერძოდ – ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD).

„საქართველოს მოსწავლეების მიერ პიზას სამივე სფეროში – წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში – 2009 წელს მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითად, წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პიზას საერთაშორისო საშუალო ქულას, რომელიც წიგნიერებაში 493-ია. რაც შეეხება მათემატიკას, აქ საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად დაბალია საერთაშორისო საშუალოზე – 496. საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულაა 373, რაც სხვა სფეროების მსგავსად სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო ქულას (501)

ჩემთვის ცხადია, რომ არ შეიძლება თითქმის 15-წლიანი რეფორმის პროცესის შედეგი ზოგადი განათლების მიმართულებით ყველა ასპექტში საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყოს. ეს შედეგები მინიმუმ უნდა აფიქრებდეს სახელმწიფოს გადასინჯოს საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკა და კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით გენერალური რევიზია ჩაუტაროს საკუთარ სარეფორმო ხედვებს.

ერთია, მე რომ ვფიქრობ ასე და მეორეა, რას ფიქრობს სახელმწიფო, ახსენდება კი სარეფორმო მიმართულებების დაგეგმვისას საერთაშორისო კვლევების გათვალისწინება?

„რა გითხრათ? რით გაგახაროთ?!“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.naec.ge/#/ge/post/1496
  2. https://www.naec.ge/#/ge/post/1497
  3. https://www.naec.ge/#/ge/post/1499
  4. https://www.mcageorgia.ge/index.php/main/project/4

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...