კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

           ჭაობების გეოგრაფია

0

ჭაობი დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჭაობის მცენარეები -ჰელოფიტები. ნიადაგგრუნტის მდგრადი დატენიანება ხელს უწყობს ტენის მოყვარული მცენარეულობის გავრცელებას.  ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – დაჭაობებული ტერიტორიებია. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან  იმ მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ.

კვების წყაროს მიხედვით, ჭაობები იყოფა სამ ტიპად:  ქვემოური (ევტროფიული), გარდამავალი და ზემოური (ოლიგოტორფიანი). ქვემოური  ჭაობები უმეტესად  მაღლობების ძირში და მდინარეების ტერასებზე წარმოიქმნება და გრუნტის წყლებით იკვებება. ასეთი ჭაობები საკმაოდ პროდუქტიულია. აქ ხარობს ლელქაში, ხავსი და ძალიან ბევრია ფრინველი. ზემოური ჭაობები მდინარეებს შორის მდებარე დაბლობებზე გვხვდება და  მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების“  (The Convention on Wetlands of International Importance, especially asWaterfowl Habitat)  შესახებ. კონვენცია მთავრობათაშორისი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას.  1971 წლიდან კონვენციის გეოგრაფია თანდათან გაფართოვდა,

 

დღეისათვის იგი 138 ქვეყანას ითვლის. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. ამჟამად 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად, ე. წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული, რომელთა საერთო ფართობი 119,6 მლნ. ჰექტარს აღემატება (www.ramsar.org).

ჭაობები გავრცელებულია ყველა კლიმატურ სარტყელში და და ყველა კონტინენტზე. მათში ჰიდროსფეროს მტკნარი წყალის მარაგის დაახლოებით 11,5 ათასი კუბ. კმ.-ია (0,03%) თავმოყრილია. ყველაზე მეტად ჭაობები გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

ჭაობების გავრცელების არეალები დედამიწაზე

დედამიწაზე  ყველაზე დიდი ჭაობია პანტანალი, რომელიც ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ასევე  ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზე მდებარეობს. მას 150 ათასი კვ. კმ.-ის ფართობი უკავია და მდიდარია მცენარეული საფარითა და ცხოველთა სამყაროთი. იქ განსაკუთრებით ბევრი ნიანგია.  ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი დიდი  ჭაობია ვასიუგანსკის  ჭაობები  (53 ათასი კვ. კმ) რუსეთში. იგი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: აქ  ძალიან ბევრი სახეობის მცენარე იზრდება, მათ შორის იშვიათი სახეობებიც.  ასევე მეტად საინტერესოა მანჩაკის ჭაობების კომპლექსი (აშშ, ლუიზიანას შტატი), სადაც ხშირად იკარგებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და ამიტომაც ამ კომპლექსს მოჩვენებების ჭაობი შეარქვეს.  ჭაობები აფრიკის კონტინენტზეც გვხვდება. ჭაობი ოკავანგო ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტაში მდებარეობს, რომელიც  ყველაზე დიდი შიდა დელტაა მსოფლიოში და კლიმატური, ჰიდროლოგიური და ბიოლოგიური ურთიერთზემოქმედების ნათელი მაგალითია. ოკავანგოს დელტა და ჭაობი  2014 წლიდან იუნესკო-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული მე-1000 ძეგლია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჭაობებს საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე  განსაკუთრებით დიდი ფართობი – დაახლოებით 225 ათასზე ჰექტარზე მეტი უკავია. მცირე ჭაობები ასევე გავრცელებულია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებში.

ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი რომ  მიენიჭოს, იგი  სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების დასასვენებელ ან გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ სამივე პირობას აკმაყოფილებს. აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი და ამავე დროს რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები.

მდინარეების  ენგურისა და კინტრიშის შესართავებს შორის  განვითარებულია ტორფიანი ჭაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მასივები: ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი, იმნათი, მალთაყვა, გრიგოლეთი, ქობულეთი. კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებს, მდინარეების ან დასახლებული პუნქტების სახელების მიხედვით  დაერქვათ სახელები. აქვე, ტორფიან ჭაობებთან ერთად ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელშეუხებელი ან მცირედ სახეცვლილი დაჭაობებული მურყანის ტყეები, ჭაობის მდინარეები და ტყეები. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კოლხეთის ჭაობის მშვენება – პალიასტომი.

წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს და უარყოფითი განწყობა ჭაობების მიმართ ჯერ კიდევ ძალაშია. საზოგადოების ასეთი პოზიცია დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააცნობიეროს ჭაობების უდიდესი როლი და მათი გარემოსადცვითი ფუნქცია ბუნებაში. ჭაობები დიდი რაოდენობით წყალს იწოვენ, ხანგრძლივი დროით აკავებენ მას და ამით ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის ნორმალურ რეგულაციას, საგრძნობლად ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას და დარეცხვისაგან იცავენ ხმელეთის ზედაპირს. ამასთანავე, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს და ა.შ. მისი ხელყოფა გვაკარგვინებს სუფთა, მტკნარი წყლის მიწისქვეშა მარაგს და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის უდიდესი დეფიციტია.

კოლხეთის ჭაობები და ჭაობიანი მიწები ოდითგანვე განიცდიდნენ ადამიანის სამეურნეო მოქმედების უარყოფით გავლენას, რამაც განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს XX საუკუნეში მიაღწია. სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების მიღების მიზნით, დაბლობის ვრცელ ტერიტორიაზე დააშრეს ჭაობი, გაჩეხეს დაჭაობებული და ტენიანი კოლხური ტყეები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაბლობის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის მთლიანად მოისპო ტენიანი კოლხური ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემები. დაბლობის ამ ნაწილში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილ იქნა სხვადასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორებულ იქნა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები. ადამიანის ჩარევის შედეგად სახეცვლილი პალიასტომის ტბის დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა.

კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიოგეოგრაფიულ და პალეოგეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა, გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ვიზიტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.

 

 

 

 

 

განათლების სისტემაში რეცეპტები არ მუშაობს – ინტერვიუ განათლების ექსპერტ ნუცა კობახიძესთან

0

ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი“ გთავაზობთ ინტერვიუს შედარებითი და საერთაშორისო განათლების სპეციალისტთან, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნუცა კობახიძესთან. პროფესორი კობახიძე გახლავთ პირველი ქართველი მკვლევარი, რომელიც გეილ კელის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა 2016 წელს – ამ ჯილდოს ამერიკის შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოება (CIES) ყოველწლიურად გასცემს ინგლისურ ენაზე შესრულებული საუკეთესო სადოქტორო დისერტაციისათვის, რომელიც განათლების პრობლემებს შეეხება. ნუცა კობახიძის, როგორც მკვლევრის, ინტერესის სფერო მოიცავს შედარებით განათლების, განათლების პრივატიზაციის, ჩრდილოვანი განათლების, საერთაშორისო ტესტების მეთოდოლოგიის, მასწავლებელთა პროფესიონალიზმისა და ეკონომიკური სოციოლოგიის საკითხებს; ხოლო კვლევების არეალი კი – საქართველოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთი  აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებს (კერძოდ ჰონგ-კონგს, კამბოჯას და მიანმარს).

ძალიან ხშირად, მათ შორის, ჩვენს ჟურნალშიც, გვიწევს წავიკითხოთ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის განათლება. ხანდახან ეს ყველაფერი ფენტეზის ჟანრის ნარატივსაც ემსგავსება. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც კარგად იცნობთ როგორც დასავლურ, ისე აზიური  განათლების სისტემებს, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ახლო მომავლის პრიორიტეტები მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო კერებისათვის?

პრიორიტეტები  განათლებაში, რასაკვირველია, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც ადგილობრივი კონტექსტია. რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, ერთ-ერთი თვალშისაცემი ცვლილება განათლებასა და, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში, ტექნოლოგიების როლის გაძლიერებაა. იცვლება ის ფორმები, რომელთა საშუალებითაც  ურთიერთობას ვამყარებთ ერთმანეთთან. ვაზროვნებთ, ვსწავლობთ. იზრდება “დიდი მონაცემების”, ე.წ. Big data-ს როლი, ასევე შემოდის ხელოვნური ინტელექტის თემა. მაგალითად, უნივერსიტეტში, რომელშიც ამჟამად ვმუშაობ, ზოგიერთი ლექტორი სტუდენტების ნაწერების გასასწორებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ერთი მხრივ, ტექნოლოგიური ცვლილებები გვეხმარება, მაგრამ, მეორე მხრივ, იქმნება საფრთხე, რომ ტექნოლოგიებმა გვმართონ. ამ კონტექსტში იზრდება ისეთი უნარების მნიშვნელობა, რომლებიც ტექნოლოგიებსა და მანქანებს არ გააჩნიათ, რომელთა დიგიტალიზაცია და ავტომატიზებაც შეუძლებელია. ასეთია, მაგალითად, შემოქმედებითობა, წარმოსახვა, ინტუიცია, ემოციური ინტელექტი, ლიდერის თვისებები. ცალკე საკითხია ეთიკა, რომელიც შეუძლებელია, მანქანას ჰქონდეს. ამიტომ, განათლების სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში ასეთი უნარების განვითარებას. უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები იმისთვის, რომ მზარდი ტექნოლოგიური ცვლილებების  ეპოქაში მოახერხონ თავიანთი ადგილის გამონახვა. კარგი სკოლები მსოფლიო მასშტაბით სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ.

ქართული სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: ერთიანი ხედვის არქონა, ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსების სიმწირე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, უხარისხო სახელმძღვანელოები… წარმოიდგინეთ, რომ ხართ არა მკვლევარი, არამედ ამჯერად, მენეჯერი. საიდან დაიწყებდით ამ სისტემის გაჯანსაღებას? რა იქნებოდა პირველი ნაბიჯი?

რეცეპტები განათლების სისტემაში არ მუშაობს. ყოველი ცვლილება არსებული პრობლემებისა და პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლის შემდგომ უნდა მოხდეს. ჩვენს განათლების სისტემაში საკმარისად ბევრი რეფორმა განხორციელდა. ვფიქრობ, ახლა საჭიროა სისტემის დაბალანსება, გაჯანსაღება და შეცდომების გამოსწორება.

სისტემური პრობლემების გარდა, საქართველოში ვამჩნევ განათლების, როგორც ღირებულების გაუფასურებას, განათლების იდეის მიმართ პრობლემურ დამოკიდებულებას. ჩემი დაკვირვებით, ქართველების უმრავლესობას არ სჯერა  მერიტოკრატიის იდეის. კარგი განათლება საქართველოში სოციალურ პოზიციას არ განსაზღვრავს, რთულია დაინახო განათლების როლი წარმატების მიღწევაში. პირიქით, საპირისპირო მაგალითებით სავსეა საზოგადოება და მედია. ეს ახალგაზრდებზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. საქართველოში უნდა გაძლიერდეს  მერიტოკრატიის იდეა და ეს უნდა მოხდეს კონკრეტული მაგალითებით. ვფიქრობ, რომ ეს არის ფუნდამენტური საკითხი.

ასევე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. დღევანდელი მოცემულობა მასწავლებლებს აიძულებს, იყვნენ მხოლოდ საკუთარ პროგრესზე ორიენტირებულები, რომ როგორმე აჯობონ სხვას და დააგროვონ ქულები. კონკურენციის ეს ფორმები ხშირად ძალიან უარყოფით სახეს იღებს. იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოდ მიიჩნევა, რომ კარგად ამზადებენ მასწავლებლებს, მაგალითად, ფინეთში, სინგაპურში, იაპონიაში, დანერგილია ე.წ. თანამშრომლობითი მოდელი. კვლევებით დასტურდება, რომ ეს გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა და განათლების ხარისხზე დადებითად მოქმედებს.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სისტემა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე – ფორმალური სასკოლო სისტემა. სკოლა ფართო სოციალური ეკოლოგიის ნაწილია და მასზე გავლენას ახდენს ეკოსისტემის სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახი და ფართო საზოგადოება. ამიტომ, საჭიროა ამ კოლექტიური პასუხისმგებლობის გააზრება და სკოლის გარეთ არსებული ფაქტორების დადებითი გავლენის გაძლიერება. მაგალითად, მშობლების განათლება და ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორი სკოლაც არ უნდა იყოს, ფუნდამენტური რეალობა, რომ ბავშვს სჭირდება მშობლის ყურადღება, არ იცვლება.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად მეჩვენება ის, რომ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას სერიოზული კითხვების დასმა არ გვჩვევია. მაგალითად: რა გვიჯდება, ჩვენ, როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს, ესა თუ ის პოლიტიკა? რამდენად ეფექტური იქნება შემოთავაზებული პოლიტიკა? რამდენად სამართლიანი? რითი ვზომავთ ან განვსაზღვრავთ ამა თუ იმ პოლიტიკის წარმატებას? საინტერესო იქნება, დავითვალოთ დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე რამდენი მილიონი ლარი დახარჯა საქართველომ რეფორმებში და რა შედეგები მივიღეთ. მეტიც, ბევრი რეფორმა განხორციელდა საერთაშორისო კრედიტის მეშვეობით, რომელიც  ჩვენმა სახელმწიფომ მომავალში უნდა გადაიხადოს. მივიღეთ ან მივიღებთ კი შესაბამის სარგებელს?

მასწავლებელთა სასერთიტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა გამოააშკარავა, რომ საქართველოში მასწავლებლების დიდ ნაწილს არასაკმარისი ცოდნა აქვს იმ საგნისა, რომელსაც ასწავლის, რომ აღარაფერი ვთქვათ პედაგოგიურ მიდგომებზე. როგორ ფიქრობთ, რა შეუძლიათ გააკეთონ ამის გამოსასწორებლად უნივერსიტეტებს, რომლებიც განათლების მეცნიერებების მომავალ მასწავლებლებს ზრდიან?

პრობლემები მასწავლებელთა პროფესიონალიზმში და მით უმეტეს, მომზადებაში ნამდვილად არის, მაგრამ, მგონია, რომ მედიაში გაჟღერებული განუწყვეტელი, ხშირად არაპროფესიონალური კრიტიკა კიდევ უფრო აზიანებს სისტემას და, რაც მთავარია, მასწავლებლების დემორალიზებას იწვევს. თუ დააკვირდებით, ჩვენს საზოგადოებაში პროფესიონალიზმი ყველა სფეროში მწვავე პრობლემაა, მაგრამ რატომღაც ყველაზე იოლად მასწავლებლებს აკრიტიკებენ.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, რომლებშიც მასწავლებელთა მომზადების პროგრამები მიმდინარეობს, მათ მიმართაც  საჭიროა, დაისვას კითხვები: ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს ზრდიან? როგორი კვალიფიკაციის ადამიანები არიან დღეს ტრენერები? როგორ უნდა  მოამზადონ ისინი, რათა მომავალი მასწავლებლებისთვის საფუძვლიანი განათლების მიცემა შეძლონ? ცხადია, ტრენერები ვერ ასწავლიან იმას, რაც თავად არ იციან. მასწავლებელთა მომმზადებლების განათლებას, ვფიქრობ,  დიდი დრო უნდა დავუთმოთ. ეს ნაწილი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

თქვენი სადოქტორო დისერტაცია, რომელსაც გასულ წელს გეილ კელის სახელობის ჯილდო მიენიჭა, როგორც საუკეთესო ნაშრომს განათლების მეცნიერებების დარგში, საქართველოში ე.წ. ,,ჩრდილოვან სწავლებას“, ანუ რეპეტიტორის ინსტიტუტსა და მისი ფუნციონირების თავისებურებებს ეხებოდა. მოკლედ რომ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, როგორ აფასებთ კერძო მასწავლებლის ფენომენს და რა შეგიძლიათ თქვათ ამგვარი სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე?

შევეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო რეპეტიტორობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა, ჩემი დისერტაცია გაცილებით უფრო სიღრმისეულ და თეორიულ ასპექტებს მოიცავდა, ვიდრე რეპეტიტორობის ფუნქციების აღწერას.

რეპეტიტორობას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს, დაძლიოს სირთულეები სწავლაში. ის სასარგებლო შეიძლება იყოს სუსტი მოსწავლისთვის, რომელსაც სურს, გახდეს ძლიერი და დაეწიოს თანატოლებს. რეპეტიტორობას შეუძლია შეითავსოს კომპენსატორული ფუნქცია – როდესაც სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რეპეტიტორობა ავსებს ამ დანაკლისს და მოსწავლისთვის დამატებით შესაძლებლობად იქცევა.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რეპეტიტორობა სწავლის მიმართ მოტივაციასაც ზრდის, მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა უჩნდება. რეპეტიტორობა ეხმარება მოსწავლეებს, გახდნენ კონკურენტუნარიანები და წარმატებით გადალახონ არსებული ბარიერები, მაგალითად, მისაღებ გამოცდებზე. სოციალური კუთხით, რეპეტიტორობა ხელს უწყობს დასაქმებას: ხშირად რეპეტიტორობა ეხმარება მასწავლებლებს საარსებოდ საჭირო ფინანსები მოაგროვონ და ოჯახები გადაარჩინონ.

ზემოჩამოთვლილ დადებით ასპექტებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს უარყოფითი მხარეებიც. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეპეტიტორობა ზრდის სოციალურ უთანასწორობას, რადგან შეძლებული ოჯახების შვილებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ისარგებლონ ამ სერვისით, ვიდრე – ღარიბი ოჯახების წარმომადგენლებს. ხშირად რეპეტიტორობის გამო მოსწავლეები გაცილებით მეტ დროს უთმობენ სწავლას, ვიდრე, მაგალითად, თამაშს, რაც იწვევს დისბალანსს აკადემიურ და განვითარების სხვა ასპექტებს შორის. ამან უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს მოსწავლის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს სასკოლო გაკვეთილებზე ეძინებათ, არ აინტერესებთ გაკვეთილი, რადგან პროგრამა უკვე გაიარეს რეპეტიტორთან. ამასთან, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ხდება დამოკიდებული რეპეტიტორზე, რაც უარყოფითად აისახება, მაგალითად, თვითსწავლის პრაქტიკაზე. რეპეტიტორობაზე დამოკიდებულება ხშირად თავს იჩენს სკოლის მიმართ უარყოფით განწყობაშიც, როდესაც მოსწავლე გაცილებით მაღლა აყენებს რეპეტიტორისაგან მიღებულ განათლებას და აკნინებს სკოლის როლს.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს კორუფციის საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი მოსწავლის მომზადებასთან. რასაკვირველია, ეს არ ვრცელდება ყველა იმ მასწავლებელზე, რომლებიც საკუთარ მოსწავლეს ამზადებენ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საფრთხეები უმრავლეს შემთხვევაში იზრდება.

რეპეტიტორობა პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლის ცხოვრებაში. ამასთან, რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საშუალებას იძლევა უკეთესად დავინახოთ სასკოლო განათლების ხარვეზები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ფენომენის სიღრმისეული გააზრება, მონიტორინგი და არა უგულებელყოფა და ნორმალიზება. ის არ უნდა იქცეს სპილოდ ოთახში, ანუ პრობლემად, რომელსაც ყველა ამჩნევს, მაგრამ მისი მოგვარება არავის სურს.

თქვენ თქვენი ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო დარგის გამორჩეული სპეციალისტი ხართ, მაგრამ საზღვარგარეთ მოღვაწეობთ. რა შეგიძლიათ ურჩიოთ სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლისა და მუშაობის გაგრძელება და რა შეგიძლიათ ურჩიოთ თქვენს ქვეყანას, რათა წარმატებული სპეციალისტები შეინარჩუნოს?

საზღვარგარეთ სწავლა ვისაც უნდა, ვურჩევ არ შეუშინდეს მარცხს, ბევრი შესაძლებლობა გამოიყენოს, იყოს მიზანდასახული, შეუპოვარი და ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. საზღვარგარეთ სწავლისთვის გაცილებით ბევრი შესაძლებლობაა დღეს, ვიდრე, მაგალითად, ჩემი სტუდენტობის დროს იყო.

რაც შეეხება სპეციალისტების შენარჩუნებას, ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა იპოვოს გზები, როგორ გამოიყენოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პროფესიონალები თავის სასარგებლოდ. უნდა ისწავლოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მუშაობა. ხშირად ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით სასარგებლონი შეიძლება იყვნენ საზღვარგარეთ, ვიდრე – საქართველოში. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითებია  ისრაელი, სამხრეთ კორეა, საბერძნეთი.

 

მობინგი სკოლებში და მასთან ბრძოლის სტრატეგიები

0

მობინგი მეტად მწვავე მოვლენა და ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მაგალითები მრავლად გვხვდება დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში (სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებსა თუ  სამუშაო ადგილებზე). მას ხშირად ბულინგთან აიგივებენ, რადგან მასავით აქტუალური და ძალადობის გამომხატველია, მაგრამ მისგან მკვეთრად განსხვავდება. (ბულინგი ნიშნავს ერთი ადამიანის მიერ ერთი ადამიანის ჩაგვრას, ხოლო მობინგი ასახავს კოლექტივის ან კლასის  სისტემატურ მტრულ და არაეთიკურ ამორალურ დამოკიდებულებას სხვა, ძირითადად, ერთი ადამიანის მიმართ).

ძალიან საინტერესოა ტერმინ „მობინგის“  წარმოშობის ისტორია

მობინგი ახალბედა ტერმინია, რომელიც წარმოდგება ინგლისური სიტყვისგან «mob» (ჯგრო). პირველად ის 1963 წელს ბიოლოგმა კონრად ლორენცმა ცხოველებზე დაკვირვებისას გამოიყენა, ხოლო შემდეგ 1980 წელს ფსიქოლოგმა ჰანც ლეიმანმა შვედეთის  სამუშაო ადგილებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ ძალადობრივ ქცევას უწოდა მობინგი და დაახასიათა ის, როგორც „ფსიქოლოგიური ტერორი“, რომელსაც მთელი კოლექტივი ერთი ადამიანის მიმართ ახორციელებს.

მობინგის გავრცელების არეალი და მასთან ბრძოლის მეთოდები

მობინგი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ემოციური ძალადობის სახეობაა. მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია ლიტვაში – 73%, ხოლო ყველაზე დაბალია შვედეთში – 19%. ძალიან ბევრი ქვეყანა აქტიურად ებრძვის ამ სენს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გერმანია, სადაც ყოველწლიურად არაერთი კონფერენცია თუ სემინარი იმართება ამ მწვავე მოვლენასთან დაკავშირებით. სიბილე ვანდერსის ინიციატივით შეიქმნა პროგრამა სახელწოდებით „სწავლება ძალადობის გარეშე“. ის მუდამ უზიარებს თავის კოლეგებსა თუ დაინტერესებულ პირებს მობინგთან ბრძოლის სტრატეგიებს. მისი დაკვირვებით, ბავშვთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარება უფრო ეფექტურად ერთობლივი ძალისხმევით ურთიერთგაგების ატმოსფეროშია შესაძლებელი.

მობინგი ქართულ რეალობაში

მობინგი არ არის ცალკეული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემა, ის მეტად აქტუალურია ქართულ რეალობაშიც. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებაა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, სასკოლო სივრცე უნდა იყოს არადისკრიმინაციული: „სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას“,[1] რადგან დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლამ დაუყონებლივ უნდა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება. „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ მიხედვით, სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ტოლერანტი მოქალაქის აღზრდა. „სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც ის გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად“.[2] ამ პრობლემაზე ზრუნვა არა მარტო სახელმწიფოს პრეროგატივაა, არამედ მის მოგვარებაში მასწავლებელსაც აკისრია გარკვეული პასუხისმგებლობა. ამას მას ავალდებულებს „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტიც“: „მასწავლებელმა იცის, როგორ ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები, მოაგვაროს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას; იცის, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას“[3]. ყოველწლიურად მობინგის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მის აღმოფხვრას კი აქტიურად ცდილობენ მასწავლებლები და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ მიზნით  ისინი პერმანენტულად მართავენ დიალოგებსა და დისკუსიებს საგაკვეთილო პროცესში, ატარებენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ იმიტირებულ გაკვეთილებს, რითაც ილაშქრებენ ყოველგვარი  სახის შევიწროებისა თუ  დამცირების  წინააღმდეგ და მოუწოდებენ მოსწავლეებს იყვნენ ტოლერანტები და შემწყნარებლები ყველა თანატოლის მიმართ.

მობინგის კლასიფიკაცია

ფსიქოლოგიაში გამოყოფენ მობინგის შემდეგ სახეობებს: 1. ვირტუალური. მას ბოსინგსაც უწოდებენ, რადგან მსხვერპლი ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდის ხელმძღვანელი სტრუქტურის მიერ; 2. ჰორიზონტალური (სადისტიც და მსხვერპლიც რიგითი თანამშრომლები ან თანაკლასელები არიან); 3. თეთრი (ლატენტური) მობინგი ხშირად ფარულად მიმდინარეობს. ზეწოლა აქ არ არის ღიად გამოვლენილი, ფარულია და თანამშრომლები თუ თანაკლასელები მსხვერპლის წინააღმდეგ მალულად მოქმედებენ. ეს ძალიან ვერაგული საქციელია, რადგან მობერები მათ აქცევენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და აიძულებენ თავი არაპროფესიონალ და არასრულფასოვნად იგრძნონ. (მაგ. როცა კლასელი მხოლოდ ერთ თანაკლასელს არ ეპატიჟება დაბადების დღეზე). ძალიან რთულია ლატენტური მობინგის გამოვლენა, რადგან ის შენიღბულად მიმდინარეობს; 4. შავი მობინგი – ღია კონფლიქტია. მობერი პირდაპირ აგრძნობინებს არასასურველ პირს თავის დამოკიდებულებას.

ობინგის ქცევის მახასიათებლები

ლეიმანმა განსაზღვრა მობინგისთვის დამახასიათებელი ქცევის 45 ვარიაცია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია : 1. იზოლაცია; 2. მუდმივი კრიტიკა; 3. ბოროტი ჭორები; 4. დაცინვა; 5. ფარულად მოქმედება.

მობინგის მაპროვოცირებელი ფაქტორები და მისი მსხვერპლნი

მობინგის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – შური. მაგალითად, შესაძლებელია სკოლაში მობინგის მსხვერპლი გახდეს ახალგადმოსული მოსწავლე, რომელიც თანაკლასელებისგან გამოირჩევა ან გარეგნობით, ან ბეჯითი სწავლით. სხვებისგან გამორჩეული ადამიანები კი ყოველთვის იპყრობენ ყურადღებას. ხშირად მობინგის მსხვერპლს დასჯის მიზნით  არ ეპატიჟებიან სასკოლო ბანკეტებზე, ღონისძიებებსა და ექსკურსიებზე და საზოგადოებისგან მათ იზოლირებას ცდილობენ. არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა მოსწავლეები  თავიანთ მსხვერპლს ვითომდა შემთხვევით უსვრიან დაწერილ დავალებას და ამით აგრძნობინებენ, რომ ის მათ კლასში  ზედმეტი ხორცმეტია. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მობინგის მსხვერპლი ხდებიან სუსტი და დაკომპლექსებული ადამიანები, ე.წ. თეთრი ყვავები ან პირქუში მარტოსული ადამიანები.

მობინგის მაგალითები

ძალიან ბევრი ნაწარმოები თუ ფილმი არსებობს, სადაც კარგადაა წარმოჩენილი მობინგის თემა.  ამის  შესანიშნავი მაგალითია რუსი რეჟისორის როლან ბიკოვის  ფილმი „საფრთხობელა“ (1983 წ.), სადაც მოთხრობილია სკოლაში ახალგადმოსული მეექვსე კლასელი გოგონას ისტორია, რომელიც მობინგის მსხვერპლი ხდება. მობინგის პრობლემა არაჩვეულებრივადაა გაშუქებული ამერიკულ ფილმში „ხიდი ტერაბიტიაში“. კეტრინ პატერსონის მოთხრობის ეს ეკრანიზაცია გადმოგვცემს ორი მოზარდის ისტორიას, რომლებიც მობერებისგან თავის დაღწევის მიზნით ქმნიან ზღაპრულ სამყაროს – ტერაბიტიას და თავისუფალ დროს იქ ატარებენ.

მობინგის სავალალო შედეგები

მობინგის შედეგად ადამიანებს ემართებათ დეპრესია, ხდებიან მარტოსულები, ნერვიულები, აღზგნებულები, უქვეითდებათ თვითშფასება, უვითარდებათ აგრესია, უმძაფრდებათ ქრონიკული დაავადებები. შესაძლებელია, ერთ დღეს მათ ვერ გაუძლონ ზეწოლას და ფატალურად დაასრულონ სიცოცხლე. ამის ნათელი მაგალითია 2016 წელს გერმანიაში მომხდარი შემზარავი მასობრივი მკვლელობა. მკვლელმა სამ საათში თავი მოიკლა. გაირკვა, რომ ის იყო მაღალი კლასის მოსწავლე და ასეთი აგრესიული საქციელის მიზეზი სკოლაში გადატანილი მობინგი იყო.

მობერებად ჩამოყალიბების  წინაპირობები

მობერებად ისინი ყალიბდებიან, ვისაც თავად აქვთ განცდილი  ფსიქოლოგიური ტრავმა. ეს უკანასკნელი კი ყალიბდება: 1. პრესისა და ტელევიზიის მიერ ტრანსლირებული ძალადობის ამსახველი ფილმებისა თუ გადაცემებისთვის ხშირი თვალის დევნებისას; 2. ოჯახში არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამო, რის შედეგადაც მობერებს უჩნდებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და ისინი სხვებზე ძალადობით ცდილობენ საკუთარ თავში დაბუდებული აგრესიის გამოვლენას. ამ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა კლასსა თუ კოლექტივში შექმნილი არაჯანსაღი კლიმატი, რომელიც ემოციური დაძაბულობით იკვებება. როგორც წესი, მობინგი დიდხანს არ გრძელდება, მობერები მუდამ ეძებენ ახალ  „განტევების ვაცს”. თუმცა ყველა ვერ უძლებს მათ წნეხს (მათ მიმართ შექმნილ ვაკუუმს, სოციუმისგან იზოლაციას და სხვა) და ხშირად მათი მსხვერპლი იძულებული ხდება მიატოვოს სამსახური ან სკოლა.

მობინგის პრევენცია და მისი თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ამოცანები

მობინგის პროფილაქტიკის და პრევენციის მიზნით სკოლამ და მასწავლებელმა უნდა გაატარონ  შემდეგი ღონისძიებები : 1. კლასში შექმნან  დადებითი მიკროკლიმატი; 2. განავითარონ ჯანსაღი კონკურენცია; 3. თანაკლასელებს შორის მკაფიოდ გადაანაწილონ  მოვალეობები; 4. შექმნან წახალისების ობიექტური სისტემა; 5. კლასში უზრუნველყონ  ინფორმაციის ღიაობა, გამჭირვალობა და უკუკავშირი; 6. არ დაუშვან  ჭორების, ინტრიგების და დასმენების გავრცელება; 7. არ გამოარჩიონ კლასში რომელიმე მოსწავლე  და ამით არ გააღიზიანონ  დანარჩენები.

მობინგის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დაფიქრდეთ, რის გაკეთება  შეიძლება იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ მისი მსხვერპლი: 1. გააანალიზეთ, რატომ ხდება თქვენ მიმართ მობინგი და თავად თქვენ  ხომ არ ხართ მისი გამომწვევი. სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ  მობერთან გასაუბრება; 2. თუკი მობერები ცდილობენ თქვენ  იზოლაციას, გაერიდეთ მას. შეინარჩუნეთ სტაბილურობა, არ აჰყვეთ პროვოკაციებს; 3. თქვენდამი მობინგის შემჩნევის შემთხვევაში, დაანახეთ მობერს თქვენი ძლიერი ხასიათი ან  იგნორირება გაუკეთეთ მის საქციელს. ეს კი ძალიან გააღიზიანებს მას და თავს დაგანებებთ.

მაშასადამე, მობინგი სულაც არ არის უწყინარი. ის საკმაოდ საშიში და ნეგატიური შედეგების მომტანი მოვლენაა, რადგან დაუმსახურებელმა დაცინვებმა თუ იზოლაციამ შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანში გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დარღვევები. ამიტომ საჭიროა ყველა ამ რჩევის გათვალისწინება, რათა უნებურად არ გახდეთ მობინგის მსხვერპლნი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Алтухова Г. А. – Моббинг как этическая проблема.

2.Моббинг, или психологическое насилие в школьном коллективе. (Методический

материал для учителей и воспитателей. Ларченко Н.А.Волгоград, 2015 г.)

3.Моббинг – что это такое? Причины моббинга, его сущность и способы противостояния.

(У.Балычева; FB.ru).

4.Руллан Э. – Как остановить травлю в школе. Психология моббинга.

  1. Что такое моббинг или как выжить, когда выживают (Мария Соболева.Megapoisk.com)

6.Что это такое : буллинг и моббинг в школе? (Екатерина Чеснакова.11.05.2017 г.

Chesnachki.ru)

 

[1]საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. 2004 .გვ 46, მუხლი13

[2]ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. 2004 .გვ 87

[3]მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. გვ 91.თავი 3, მუხლი 5.

ესთეტიკური ციკლის საგნების სწავლებისთვის- უვერტიურის ჟანრის ევოლუცია

0

უვერტურის  ჟანრის  ევოლუცია  და ბეთჰოვენის მუსიკა  დრამისთვის – ,,ეგმონტი”

ჩემი   სტატია  ეძღვნება  უვერტიურის  ჟანრის  ჩამოყალიბებისა და  განვითარების  ისტორიას.  საბაზო საფეხურზე ესთეტიკური ციკლის საგნების სწავლება დატვირთულია ოპერის,   ორატორიის,   ბალადის   ჟანრების  გაცნობით.  ამ სტატიით მინდა    შევეხო   უვერტიურის  ჟანრსა და მის ძირითად ორიენტირებს. მასალა, გამოადგება მასწავლებელს, როგორც რესურსი, რომლითაც შეძლებს მუსიკით დაინტერესებული   მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას. როგორც ცნობილია, ყოველი ჟანრი ეპოქალური მოთხოვნების აუცილებლობითაა განპირობებული და ადგილს ხელოვნებისა თუ მუსიკის ისტორიაში იმკვიდრებს. უვერტიურა ინსტრუმნეტული საორკესტრო პიესაა, რომელიც წარმოადგენს მუსიკალური ნაწარმოების შესავალს. უვერტიურით იწყება ოპერა, ბალეტი, საგუნდო შესავლები, კინოფილმები, დრამატული თეატრალური დადგმები, ინსტრუმენტული კომპოზიციები. ტერმინი ,,უვერტიურა” წარმოიშვა  ფრანგული – Ouverture-საგან და ნიშნავს გახსნას, დასაწყისს, შესავალს. ის ასევე გვხვდება, როგორც დამოუკიდებელი ინსტრუმენტული საკონცერტო ნაწარმოები. განვიხილოთ უვერტიურის ჟანრი, როგორც ოპერის შემადგენელი ნაწილი და როგორც დამოუკიდებელი სიმფონიური მუსიკა დრამისათვის.

 საოპერო უვერტიურა:

საოპერო ინსტრუმენტული შესავლის იდეა წარმოიშვა ოპერის დაბადების პერიოდშივე XVII ს. 1600 წელს. მას საფუძველი იაკოპო პერის ,,ევრიდიკეთი” დაედო, რომელიც ინსტრუმენტული  რიტურნელით იწყებოდა  (რიტურნელი წარმოადგენდა მოკლე ინსტრუმენტულ პასაჟს, ჩანართს).

კლაუდიო მონტევერდიმ ,,ორფეოსის” (1607) დასაწყისში გამოიყენა  ტოკატა, ეს იყო სასულე საკრავების ფანფარები.

მაშასადამე, ოპერის შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენდა პროლოგი, რომელშიც ჩართული იყო ვოკალური დიალოგი, რომელიც ნაწარმოების ძირითად თემას ალეგორიული ფორმით გვიხსნიდა.

უვერტიურა, როგორც დამოუკიდებელი მუსიკალური ფორმა მუსიკის ისტორიაში ფრანგული უვერტიურის სახელწოდებით დამკვიდრდა, რომელიც პირველად გამოვლინდა ჟან ბატისტ ლულის ნაშრომებში, რომელსაც იგი ფრანგული სამეფო კარისათვის ქმნიდა. ლულის უვერტიურები, რომელსაც თავის ბალეტებში იყენებდა, ორი ნაწილისგან შედგებოდა: ნელი შესავალი, რომელსაც მოსდევდა სწრაფი ფუგა, რომელიც ნელი დასკვნით ბოლოვდებოდა. ამას მოჰყვებოდა საცეკვაო მელოდიების სერიები, ამ ფონზე იხსნებოდა ფარდა და სრულდებოდა პროლოგი.

  ფრანგული უვერტიურის ეს განმასხვავებელი სტილი გამოიყენებოდა ინგლისურ ოპერაშიც.  ამის მაგალითია, 1689 წელს შექმნილი ჰენრი პერსელის ოპერა ,,დიდონა და ენეოსი”, რომელიც კომპოზიტორის გვიანი ბაროკოს ნამუშევრად ითვლება. ფრანგული უვერტიურის ამ სახასიათო სტილს იყენებს ი.ს. ბახი. ვოკალურ ნაწარმოებებსა და სუიტების პრელუდიებში.

იტალიური უვერტიურა

იტალიურ მუსიკალურ კულტურაში უვერტიურა 1680-იან წლებში გაჩნდა.

კერძოდ, ალესანდრო სკარლატის ოპერებში. იტალიური საოპერო უვერტიურის ფორმა სამნაწილიანი იყო: 1. ჩქარი; 2. ნელი; 3. ჩქარი ჟიგასა და მენუეტის საცეკვაო რიტმში, რომლის დასკვნით ნაწილში აღდგება ძირითადი თემა.

XVIII საუკუნის შუა წლებში იტალიური უვერტიურა მთელ ევროპაში გავრცელდა. პრაქტიკულად მან შეავიწროვა უვერტიურის ფრანგული სტილი. ფორმამ განიცადა ევოლუცია. I ნაწილში შეიყვანეს ფანფარების მსგავსი ელემენტები, სტრუქტურამ მიიღო სონატური ფორმა, შუა ნაწილი გახდა უფრო ლირიკული.

იტალიური უვერტიურები ხშირად სრულდებოდა, როგორც დამოუკიდებელი საკონცერტო ნაწარმოები. ამ თვალსაზრისით მან ხელი შეუწყო – სიმფონიის შექმნასა და განვითარებას.

XVIII საუკუნის II ნახევარში კომპოზიტორები უვერტიურას იყენებდნენ, როგორც ოპერის სიმფონიურ პროლოგს, რომელშიც კონცენტრირებული იყო ნაწარმოების ძირითადი შინაარსი.

უვერტიურის მნიშვნელობას გრძნობდა ქრისტოფ ვილიბალდ გლუკი. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ოპერა ,,ალცესტას” წინასიტყვაობა, სადაც კომპოზიტორი ახდენს ნაწარმოების ძირითადი შინაარსის გადმოცემას.

ამავე საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა უვერტიურისა და სიმფონიის სონატური ფორმა. ეს კარგად იკვეთება მოცარტის ზინგშპილში ,,სერალიდან გატაცება” და დაუმთავრებელ ოპერაში  ,,მოტყუებული საქმრო”; ასევე, მოცარტის უკანასკნელი უვერტიურაში ოპერიდან ,,ჯადოსნური ფლეიტა”(1791). ამ ნაწარმოებებმა განსაზღვრეს XIX საუკუნის უვერტიურის მოდელი, რომელსაც ჯოაკინო როსინი შემდეგი ფორმით ამკვიდრებს: საზეიმო გახსნით და ნელი, მძიმე შესავლით, რომელსაც მოსდევს მხიარული ძირითადი თემა.

ბეთჰოვენის ნაწარმოებებში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა უფსკრული უვერტიურას, სიმფონიის ფორმასა და სტილს შორის.

საკონცერტო უვერტიურა:

XVIII საუკუნის ბოლოს უვერტიურა გვევლინება, როგორც ცალკე საკონცერტო ნაწარმოები, რომელსაც საფუძვლად უდევს ლიტერატურული სიუჟეტი. სწორედ საკონცერტო უვერტიურით იწყება – რომანტიკული პერიოდი.

უკვე ბეთჰოვენის უვერტიურები, კერძოდ კი ,,ეგმონტი”, გვევლინება როგორც პროგრამული მუსიკის დამოუკიდებელი ინსტრუმენტული ჟანრი, რომელმაც თავისთავად საფუძველი მოუმზადა სიმფონიური პოემის ჟანრს.

ბეთჰოვენის უვერტიურა გოეთეს დრამისათვის ,,ეგმონტი” (1810) წარმოადგენს დასრულებულ მუსიკალურ დრამას – სიმფონიზმის უმაღლეს გამოვლინებას.

ბეთჰოვენი, მუსიკა დრამისათვის  ,,ეგმონტი

ეს სარეპერტუარო აღმასვლა, რომელიც 1810 წელს მოხდა. ის შეიძლება შეფასდეს 1809 წლის მოვლენების პირდაპირ მემკვიდრეობად. ,,ეგმონტის” დადგმა აზრობრივად ესატყვისება ამ პერიოდს. აქედან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ სპექტაკლი, რომლის მუსიკა ბეთჰოვენმა დაწერა, თანამედროვეობის მიერ აბსოლუტურად საპირისპიროდ აღიქმებოდა, გოეთეს ტრაგედია არ მიეკუთვნებოდა კონკრეტულად ერთ პერიოდს, იგი ჩაფიქრებული იყო 1775 წლისთვის. მწერალი მას დროგამოშვებით უბრუნდებოდა. 1788 წელს კი გამოაქვეყნა ვაიმარის დადგმისთვის, რომელშიც გადააკეთა კიდეც ზოგიერთი სცენა. ვენაში, 1810 წელს დადგმული ,,ეგმონტი“, პირველ რიგში არის აქტუალური პიესა ომზე, ძალადობაზე და ეროვნულ თვითგამორკვევაზე, ძალაუფლებასა და ძალმომრეობაზე.

შილერი თითქოს პოულობდა გოეთეს ტრაგედიაში ოპერის საწყისებს, მაგრამ მაინც არ მიაჩნდა ის სანაქებო ქმნილებად. ერთი მხრივ, გოეთე აშკარად ხვდებოდა, რომ პოლიტიკური აზროვნებისთვის საჭირო იყო ეგმონტის მონოლოგების მეტაფორული ენა. აქედან გამომდინარე, დაიმალებოდა რიტმის სიმძაფრის აუცილებლობა, თეთრი ლექსი იქნებოდა ფინალის საფუძველი. ამიტომაც გოეთეს პოეტური ნომრები გააზებული ჰქონდა, როგორც ტრაგედიის მუსიკალური თანხლება. კაიზერი იყო პირველი კომპოზიტორი, რომელმაც დაწერა მუსიკა გოეთეს ამ ნაწარმოებზე.  გოეთეს გული წყდებოდა, რომ არ გამოჩნდა კომპოზიტორი, რომელიც ამ ტრაგედიაზე ოპერის შექმნას მოინდომებდა. უფრო მეტიც, გოეთეს ,,ეგმონტის” სასცენო ბედი არც ისე დიდი ბრწყინვალებით XIX და XX ს.-ში გერმანულ დრამაში გაიშალა.

1810 წლის ვენის დადგმა სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ, საბედნიეროდ, ერთმანეთს დაემთხვა პოეტისა და კომპოზიტორის ფილოსოფიური გააზრება. ბეთჰოვენის პარტიტურას წინ უძღვოდა რემარკა ასეთი განმარტებით, რომ უვერტიურა და დრამის ცხრავე ნომერი უნდა შესრულებულიყო ერთი ამოსუნთქვით.

ანტრაქტებში ბეთჰოვენი ქმნიდა განწყობას მომდევნო მოქმედებებისათვის, ფსიქოლოგიურად ერთმანეთს უკავშირებდა გათამაშებულ სცენებს. ამიტომაც თითქმის ყველა ანტრაქტი, რომელიც მომხდარ ამბებზე მოგვითხრობს, რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. მაგალითად, #1 ანტრაქტში დასაწყისის მეოცნებე თემა A-დურ-ში უკავშირდება ბრაკენბურგისა და კლერხენის უიმედო სიყვარულის თემას; მეორე ნაწილი თანდათან გადაიზრდება სახალხო მღელვარებაში. #2 ანტრაქტი ერთსახოვანია, მასში საზეიმო, აუჩქარებელი მარშისებური განწყობაა.

ბეთჰოვენი ყოველთვის თვლიდა, რომ გოეთე მისი შინაგანი მისწრაფებების თანამოაზრე იყო. ქვეცნობიერად ბეთჰოვენი ეგმონტთან დიდ სიახლოვეს განიცდიდა, მისი წინაპრები წარმოშობით ნიდარლანდებიდან იყვნენ. კლერხენის სახეში კი იგი ,,უკვდავი შეყვარებულის” იდეალს ხედავდა, რომელიც სრული  სისავსით განავრცო მის ერთადერთ ოპერაში ,,ფიდელიო”, რომელსაც პირველად ,,ლეონორა“ ერქვა.

უვერტიურა ,,ეგმონტიეხმიანება ,,ქარიშხლისა და შეტევისფილოსოფიურ თვალსაზრისს.  ეს იყო ფრანგული რევოლუციისა და ბეთჰოვენის გმირული სტილი, რომლებიც ერთმანეთშია გადაჯაჭვული. გოეთეს ,,ეგმონტიდანგზა ბეთჰოვენის ,,ეგმონტამდესაინტერესო ისტორიულ მოვლენებს ითვლის. კერძოდ, ნაპოლეონის ომის მნიშვნელოვან ეპიზოდებს.

როგორც ყოველი მუსიკა დრამისთვის, ბეთჰოვენის ,,ეგმონტის” პარტიტურა შეიქმნა არა კომპოზიტორის ინიციატივით, არამედ შეკვეთით 1809 წლის ზაფხულში. მუსიკა შეუკვეთა ვენის სამეფო თეატრის დირექტორმა იოზეფ ფონ ლუქსენშტეინმა. ბეთჰოვენი საკმაოდ დიდხანს მუშაობდა მუსიკის შექმნაზე. მუსიკის პრემიერისთვის დასრულება მან ვერ მოასწრო. მეორე სპექტაკლმაც მუსიკის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ მესამე წარმოდგენაზე შესრულდა უვერტიურის რამდენიმე ნომერი: 4 საორკესტრო ანტრაქტი, კლერხენის ორი სიმღერა, ,,კლერხენის სიკვდილის” საორკესტრო ეპიზოდი და ფინალური მელოდრომა – ეგმონტის სიზმარი და სიკვდილისწინა მონოლოგი.

    ,,ეგმონტისმუსიკამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. უვერტიურა ბეთჰოვენის სიცოცხლეში სხვადასხვა პოპულარულმა გამოცემებმა გამოსცა. მასზე იწერებოდა რეცენზიებირომელშიც იგრძნობოდა   პუბლიკის  აღფრთოვანება და მოწონება. მასზე ხშირად ამბობდნენ, რომ ბეთჰოვენი აღმოჩნდა ერთადერთი კომპოზიტორი, რომელიც ღრმად ჩაწვდა და შეიგრძნო უძლიერესი პოეტური ქმნილება და მას სულის სიმებით გამოეხმაურა. ასე წარმოიშვა მუსიკა ბრწყინვალე კაშკაშა ბგერებით. რომ არა ბეთჰოვენის ,,ეგმონტიდა მისი დამოკიდებულება გოეთეს პოეტიკისადმი, ალბათ, საზოგადოება დიდხანს არ მიაქცევდა  ყურადღებას მის ტრაგედიას.

1809-1810 წლის პოლიტიკური ვითარება ნიდერლანდელების ისტორიულ მოვლენებს ეხმიანებოდა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ავსტრიელებს თავს ესხმოდა ნაპოლეონის არმია, იმპერატორი ფრანცი და მისი ოჯახი, ქვეყნის თავადაზნაურობა ვენიდან გაიქცა. ერცჰერცოგი მაქსიმილიანი 16 000 კაცით ცდილობდა დაეცვა ვენა. 1809 წელს დაიწყო სასტიკი ბლოკადა. ქალაქელები თავს აფარებდნენ სარდაფებს, მათ შორის იყო ბეთჰოვენი, რომელიც სახლის სარდაფში იმალებოდა. დღისით ვენა გამარჯვებულებს ჩაბარდა. სწორედ, ამ დროს ჩაისახა იდეა, თეატრის სცენაზე დადგმულიყო ,,ეგმონტი“ ბეთჰოვენის მუსიკით. ბეთჰოვენი მოვლენათა ცენტრში იმყოფებოდა. მას არ ჰქონდა არანაირი ფულადი სახსრები, რათა ქვეყნიდან წასულიყო. თებერვლის ბოლოდან ქალაქიდან გავიდნენ კომპოზიტორის უერთგულესი ადამიანები, მფარველები, თავადი ფ. კინსკი, კ. ლიხნოვსკი.

სწორედ, ამ პერიოდში გარდაიცვალა ი. ჰაიდნი. არ მოიპოვება ცნობა იმის თაობაზე, ესწრებოდა თუ არა კომპოზიტორი მის დაკრძალვას. იგი ხომ ჰაიდნის მოსწავლე იყო.

ბეთჰოვენის ,,ეგმონტიჩვენთვის წარმოადგენს მუსიკალურისტორიულ ფანტომს. ყველა დროს თავისი მოთხოვნები აქვს და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 1810 წლისათვის ,,ეგმონტიმნიშვნელოვანი ქმნილება იყო. სამართლიანი იქნებოდა აღგვენიშნა, რომ ბეთჰოვენის ამ მუსიკიდან ემანსიპირებულია“ უვერტიურა, რომელმაც შეინარჩუნა დამოუკიდებლობა  და  იგი   სიმფონიზმის  უმაღლეს  მწვერვალს     წარმოადგენს.  

საკონცერტო   უვერტიურების   რიცხვს მიეკუთვნება:   ვებერის ,,საიუბილეო“ უვერტიურა,    მენდელსონის  ,,ზაფხულის ღამის   სიზმარი“, ,,რუი  ბლაზი“,  ,,ჰებრიდები“.    საკონცერტო   პროგრამული  უვერტიურების   ხაზი   გრძელდება    ბერლიოზთან,  შუმანთან,  გლინკასთან.    XIX საუკუნეში   უვერტიურა   ჩაანაცვლა  და   შეავიწროვა   სიმფონიურმა  პოემამ, რომლის ფორმა შექმნა ფერენც ლისტმა.
ამ ორ ჟანრს შორის განსხვავება მუსიკალური ფორმის თავისუფალ განვითარებაში მდგომარეობდა.   სიმფონიური   პოემა   ითვლება  ,,პროგრამული   კომპოზიტორების“ ფორმად,   როგორებიც იყვნენ რ. შტრაუსი, ს. ფრანკი, ა. სკრიაბინი და ა. შონბერგი.
„კონსერვატორული  კომპოზიტორები“, როგორებიც  იყვნენ ა. რუბინშტეინი, პ. ჩაიკოვსკი, მ. ბალაკირევი, ი. ბრამსი, ბოლომდე უვერტიურის ფორმის ერთგული დარჩნენ.

მოსასმენი მასალა:  უვერტიურა  ,,ეგმონტი“

 

ინგა ბარამიძე, 69-ე  საჯარო სკოლის მუსიკის   მასწავლებელი

 

ახალგაზრდა მასწავლებლის უპირატესობა

0

ბევრ მშობელს იდეალური მასწავლებელი ასეთი წარმოუდგენია: შუახნის ან შუახანს გადაცილებული ქალბატონი, სამართლიანად მკაცრი, მაგრამ კეთილგანწყობილი და განათლებული, მოსწავლეებისადმი ჰუმანური მიდგომით.

რეალობა კი სიურპრიზს გვიმზადებს: მასწავლებელი შესაძლოა სულაც არ იყოს შუახნის ან შუახანს გადაცილებული, პირიქით, იყოს ძალიან ახალგაზრდა, უფრო მეტიც – სრულიად გამოუცდელი. ასეთ პედაგოგთან ურთიერთობა ძაბავს, აღელვებს და ეჭვებს უჩენს მშობლებს, რადგან მათ წარმოდგენაში არსებული პედაგოგის ხატი არ ემთხვევა ახალგაზრდა მასწავლებლის იმიჯს. ის გარეგნულადაც კი უფროსკლასელს წააგავს! „ამ პატარა გოგომ/ბიჭმა ჩემს შვილს რა უნდა ასწავლოს?“ – შფოთავს მშობელი და მისი რეპლიკები სხვა მშობლებსაც უარყოფითად განაწყობს.

რისი ეშინიათ მშობლებს? რატომ არ ენდობიან ახალგაზრდა სპეციალისტებს?

მშობლები ხშირად შეცდომით აიგივებენ ცნებებს „ახალგაზრდა“ და „უხერხემლო“. „კლასში მუდამ იქნება დისციპლინის პრობლემა, ეს მასწავლებელი იმდენად ახალგაზრდაა, ჩვენი შვილების მოთოკვა გაუჭირდება“, ​​- ასეთი საყვედურები კარიერის დასაწყისში ყველა ახალბედა მასწავლებელს ესმის.

დიახ, დისციპლინა სასწავლო მასალის კარგად ათვისების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, მაგრამ „უხერხემლობასთან“ მასწავლებლის ასაკს არაფერი აქვს საერთო. ასაკზე მნიშვნელოვანია პროფესიული უნარები. ბევრი რამ მშობლების თანადგომაზეცაა დამოკიდებული – ისინი მასწავლებელში მოკავშირეს უნდა ხედავდნენ და არა მტერს.

ბევრ მშობელს ისიც აშინებს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი მოულოდნელად შეიძლება დეკრეტში გავიდეს და კლასის სხვისთვის გადაბარება მოუწიოს, რის გამოც ბავშვები დაისტრესებიან, „აირევიან“, ეს კი მათი სწავლის ხარისხზე აისახება. მართლაც შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ დეკრეტული შვებულებისგან არც უფრო ასაკოვანი და გამოცდილი პედაგოგები არიან დაზღვეულნი.

მშობლებს იმისიც ეშინიათ, რომ ახალგაზრდა მასწავლებელმა შესაძლოა „ვერ გაძლოს“ და შუა სასწავლო წელს გადაწყვიტოს სკოლის მიტოვება. უნდა ითქვას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას გამოცდილი მასწავლებლებიც იღებენ ხოლმე და უფრო ხშირადაც… რა გასაკვირია. ბევრი მშობელი სკოლის დერეფანშიც კი ვერ ჩერდება, ისე აღიზიანებს ბავშვების ხმაური. პედაგოგიც ადამიანია. რეგულარული ხმაურის ატანა მისი პროფესიული მოვალეობაა, მაგრამ რკინის ნერვები არც მას აქვს. თუმცა არსებობს კლასები, რომლებსაც, მრავალი სირთულის მიუხედავად, მასწავლებლები ვერ ტოვებენ. მშობელი უნდა ეხმარებოდეს მასწავლებელს შვილის მართვაში – ბოლოს და ბოლოს, ეს მისი მოვალეობაცაა.

რა უნდა გაკეთოს მშობელმა, რომ ახალგაზრდა მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესი ზედმეტად ამაღელვებელი არ იყოს?

მშობლებმა უნდა გაიზრონ,  რატომ ღელავს მასწავლებელი. თუ მანქანას მართავთ, გეხსომებათ განცდა, რომელიც საჭესთან პირველად დაჯდომისას დაგეუფლათ: თეორიულად ყველაფერი იცი, მაგრამ პრაქტიკაში ბევრ რამეს ახლებურად აღიქვამ – მუხრუჭი, სიჩქარეები, მანქანის დაძვრა გაბნევთ და გულს გიჩქარებთ. ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს… ახლა წარმოიდგინეთ, რომ მომდევნო ცხრა თვე ყოველდღე უნდა მართოთ მანქანა, თანაც ამ პროცესს დააკვირდებიან კამერები, სალონში მყოფი ადამიანები.

დაახლოებით ასეთივე მღელვარებას გაიცდის ახალბედა მასწავლებელი.

დავეხმაროთ მას. თუ ხელს შეუწყობთ კლასგარეშე აქტივობების ორგანიზებაში, საკლასო ოთახის გაფორმებაში და სხვა იმ ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ბავშვების სწავლებას, მასწავლებელს მეტი დრო დარჩება პედაგოგიური საქმიანობისთვის.

ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს, განსაკუთრებით – მშობელთა კრებაზე. ნუ დაუსვამთ მასწავლებელს ისეთ კითხვებს, რომლებიც სხვა მშობლების პრეტენზიებს გამოიწვევს და კონფლიქტურ სიტუაციებს შექმნის. მშობელთა კრებისთვის ყოველთვის კარგად მოემზადეთ. დაფიქრდით იმ კითხვებსა და პასუხებზე, რომელთა დასმა და მიღება დანამდვილებით გჭირდებათ. დაზოგეთ თქვენი, სხვა მშობლებისა და მასწავლებლების დრო, ენერგია და ნერვები. მით უმეტეს, ახალგაზრდა მასწავლებელს მეტისმეტად მიაქვს გულთან ყოველგვარი კონფლიქტი, ის უფრო ემოციურია, ვიდრე გამოცდილი პედაგოგი, თანაც უამრავი სხვა საფიქრალი აქვს სკოლაში.

ნუ განსჯით ახალგაზრდა მასწავლებელს სხვა პედაგოგებთან – ნებისმიერ სფეროში, სადაც ადამიანები ურთიერთობენ, შესაძლოა ვინმემ შეცდომა დაუშვას. თუ მშობელი ახალგაზრდა მასწავლებლის მუშაობით უკმაყოფილოა, ამის შესახებ პირადად უნდა ესაუბროს და არა მის კოლეგებთან არჩიოს საქმეები. უმეტესად კონფლიქტის მოგვარება გარე ჩარევის გარეშეც შესაძლებელია. თუ სიტუაცია გართულდა, ახალგაზრდა მასწავლებელი თვითონვე მიმართავს გამოცდილ პედაგოგს კონსულტაციისთვის.

სკოლა პატარა სამყაროა, სადაც ყველაფერი ლუპის ქვეშაა მოქცეული. პედაგოგები ყოველთვის აკვირდებიან, თუ როგორ ურთიერთობენ მშობლები სხვა მასწავლებლებთან. ისინი ფიქრობენ: „ეს მშობელი შესაძლოა მეც ისევე მომექცეს, როგორც ჩემს კოლეგას. სად არის გარანტია, რომ ჩემს ზურგს უკანაც ასე არ ილაპარაკებს?“ ასე ფიქრმა შესაძლოა მასწავლებელს თქვენს შვილთან ურთიერთობის ფორმატი შეაცვლევინოს.

ხშირად დაინტერესდით შვილის სასკოლო ამბებით, ეცადეთ, იყოთ მისი წარმატებებისა და სირთულეების საქმის კურსში. მშობლებისა და პედაგოგების შეხვედრა კარგი იმიტომაც არის, რომ მასწავლებელს კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება, მოსწავლის მუშაობა გააანალიზოს. მომდევნო დღეებში, როდესაც მასწავლებელი ამ ბავშვს დაფასთან გამოიძახებს, ქვეცნობიერად ამოუტივტივდება მშობელთან შეხვედრა, საუბრის თემა და უნებლიეთ კონკრეტულად ამ მოსწავლისთვის შესატყვის დავალებას შეარჩევს. ინდივიდუალური მიდგომა მასწავლებელს ყველა მოსწავლის მიმართ ისედაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ 150 მოზარდის თავისებურებათა დამახსოვრება ძნელია. გარდა ამისა, შვილის ამბების მოკითხვა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მშობლის მზრუნველობას შვილის მიმართ და პატივისცემას მასწავლებლის მიმართ.

მოამარაგეთ შვილი აუცილებელი სასკოლო ნივთებით. ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ შუა გაკვეთილზე მოსწავლის წამოსროლილმა უბრალო ფრაზამ: „მასწ., რვეული სახლში დამრჩენია“, – შესაძლოა საგაკვეთილო პროცესი რამდენიმე წუთით შეაფერხოს, ხოლო თუ ხუთი წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას კალამიც დავიწყებია… 45-წუთიანი გაკვეთილისთვის ეს მეტისმეტად ბევრია. ახალგაზრდა მასწავლებლისთვის დიდი შეღავათია, როცა ბავშვი მუდამ მზად არის გაკვეთილისთვის. სწორედ ასეთ წვრილმანებს ეყრდნობა ნორმალური სასწავლო პროცესი.

ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიეთ მასწავლებელი. ბევრ მშობელს აოცებს სკოლაში ბავშვის ცუდი ყოფაქცევა. ბავშვისთვის მასწავლებელი ავტორიტეტს არ წარმოადგენს. არადა, პედაგოგის ავტორიტეტი მნიშვნელოვანია მოზარდის განვითარებისთვის. ამიტომ კერძო საუბრებშიც კი მშობლებმა ზედმიწევნით უნდა აკონტროლონ თავი და ბავშვის თანდასწრებით მასწავლებელი აუგად არ მოიხსენიონ, არ უწოდონ „უმწიფარი“, „გამოუცდელი“. ამ შემთხვევაში ბავშვიც ისე მოექცევა მასწავლებელს, როგორც თავის ტოლს.

მშობლები ხშირად მისტირიან ძველ დროს, როდესაც „პედაგოგები სხვანაირად კარგები და მკაცრები იყვნენ“. დროა დავიჯეროთ, რომ ის დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, შესაბამისად, შეიცვალა სკოლაც, მასწავლებელიც, ბავშვების მიმართ მიდგომაც, სწავლების ფორმები და მეთოდიკაც.

დაბოლოს, ახალგაზრდა მასწავლებელს ბევრი უპირატესობა აქვს. ახალგაზრდა მასწავლებელთა უმეტესობა აქტიურია, შრომისუნარიანი, ენთუზიასტი, გამბედავი, ოპტიმისტი. თავისი საუკეთესო უნარების წარმოსაჩენად მან არა მხოლოდ ბავშვებისა და კოლეგების, არამედ მშობლების მხარდაჭერაც უნდა იგრძნოს. ახალგაზრდა პედაგოგები ხალისით მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ისე მშობლებთან და სულ მცირე ხანში სწავლებაშიც საუკეთესო შედეგებს აღწევენ.

ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში

0

საჯარო სკოლას საქართველოში არ აქვს ვალდებულება, იყოლიოს ფსიქოლოგი. ამჟამად მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარება მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების სამმართველოზეა მინდობილი. თბილისის გარდა, ფსიქოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებს რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, სადაც სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს უწევენ დახმარებას. მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ცენტრები  ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვებს/მოზარდებს და მათ მშობლებს/მეურვეებს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უფასოდ უწევენ. ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ვესაუბრეთ.

 

ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტიანი იქნება ფსიქოლოგის მუშაობა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან უშუალოდ სკოლაში, სადაც ის თვალნათლივ ხედავს პროცესს და სავარაუდოდ მარტივადაც მოაგვარებს სხვადასხვა პრობლემას ადგილზევე, ვიდრე დისტანციურად. თქვენ როგორ ფიქრობთ?

გეთანხმებით, ფსიქოლოგთან სპეციალურად გადამისამართებული მოზარდი შესაძლოა თავს სკოლის ადმინისტრაციისგან თუ პედაგოგებისგან უარყოფითი ნიშნით გამორჩეულად გრძნობდეს. ასეთ დროს ფსიქოლოგთან ვიზიტი სპეციალისტის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს, რომ მოსწავლეს პირველი შეხვედრისთანავე სასურველად, ნებაყოფლობითად აღაქმევინოს თერაპიის პროცესი. მცირეწლოვანი ბავშვების საჭიროებებიც სასურველია, ფსიქოლოგს ადგილზე ჰქონდეს აღქმული და თუ ბავშვს ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ეს სკოლის ტერიტორიაზე ვერ გვარდება, მხოლოდ მაშინ გააგზავნოს სხვაგან.

ბოლო დროს ქართული საზოგადოების წევრები ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა წარმოშობს მოზარდებში ძალადობას. ისინი სარკე არიან ოჯახისა თუ იმ საზოგადოების, რომელშიც იზრდებიან? თქვენი აზრით, რამდენად სწორი გამოსავალია ბავშვების დატვირთვა სპორტით, სახელოვნებო დამატებითი გაკვეთილებით და . . ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?

 

მოზარდები თავიანთი ასაკობრივი სირთულეების გამო ისედაც გასაჭირში არიან, „ახალ სხეულთან“ შეთავსების, სოციუმში თავის დამკვიდრებისთვის ახალი მოთხოვნების აღქმის, ურთიერთობებში ახალი სტანდარტის მოსინჯვის, რომელიმე ჯგუფთან თვითიდენტიფიკაციის გზების მონახვის და სხვა ამოცანების წინაშე აფორიაქებულები. მათი არა მხოლოდ სხეული, არამედ ტვინიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ პერიოდში სტაბილური არ არის არც ემოციური და არც კოგნიტური ემპათიის (გაცნობიერებული თანაგრძნობის) უნარი. გარდატეხის ასაკში მგრძნობიარობა ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ ისედაც მაღალია და მის დარეგულირებაში მოზარდს არაფერი ეხმარება. ჩვენს სოციუმში გამეფებული უიმედო ატმოსფერო, ხშირად აგრესიული, დაუნდობელიც კი, მოზარდს ხელს უშლის ღირებულებების ჩამოყალიბებაში ან ჯანსაღი, სიცოცხლისკენ მიდრეკილი ქცევის კოპირებაში, რადგან მის ირგვლივ იშვიათად არსებობენ ზრდასრულები, რომელთაც ხვალინდელი დღის იმედი და გეგმა აქვთ, სიხარულს ან სიმშვიდეს ასხივებენ. მოზარდი ხედავს სოციუმში უამრავი უსამართლობის მაგალითს და სხვადასხვა სახის აგრესიულ ქცევას, რომელიც ერთგვარად წახალისებულიც კია და, ცხადია, ვერ ახერხებს ბოლომდე ირწმუნოს, რომ სხვისი დაჩაგვრა, ტკენა, დაუნდობლად გადათელვა არასწორი ან ცუდი საქციელია.

 

თუკი საშუალება არსებობს მოზარდს ავარჩევინოთ მისთვის შესაფერი, საინტერესო დამატებითი აქტივობები (ზოგს – სპორტი, ზოგს – ხელოვნება, ზოგს – კულინარია და ა. შ.), ცხადია, ეს არა მხოლოდ დროის ნაყოფიერად შევსება და ენერგიის ჯანსაღ პროცესად გარდაქმნა იქნება, არამედ სამომავლოდაც დაიცავს მას სიცარიელისა და უმიზნობისგან, რადგან რაც მეტი ინტერესი აქვს ადამიანს, მით უფრო ფერადია მისი ცხოვრება. მაგრამ ვერც მთლიანად შევუვსებთ მოზარდს დროს ისე, რომ თავისუფალი დრო არ დარჩეს. თავისუფალი დრო ისევე მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის და იმდენადვე მონაწილეობს სიცოცხლის სიხარულის გამომუშავებაში, როგორც ახალი და მრავალფეროვანი ინეტერესების გაჩენა. უმთავრესი იმ ფსიქოლოგიური ველის ზეგავლენაა, რომელშიც მოზარდი ვითარდება – რას ისმენს სახლში, რა მაგალითს ხედავს ირგვლივ და რამდენად ახერხებს დაიჯეროს, რომ ძალადობა ცუდია.

როგორც ფსიქოლოგი, რას შეცვლიდით საქართველოს სკოლებში? რა დოზით შეიძლება ფსიქოლოგიის ელემენტების შეტანა თუნდაც სახელმძღვანელოებში?

დიდი ხანია დავშორდი სკოლას, შვილებიც კი კარგა ხანია უკვე სკოლის მოსწავლეები აღარ არიან, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ზუსტი სურათი მიდგას ახლა თვალწინ. ზოგად პასუხს გაგცემთ: მცირეწლოვნებთან განსაკუთრებით კვალიფიციური და სიყვარულით სავსე მასწავლებლები უნდა მუშაობდნენ, რადგან პატარა ბავშვს უფროსის მიმართ კრიტიკა თითქმის არა აქვს, გაუფილტრავად ისრუტავს ინფორმაციის ნაკადს და რაც ნაკლები არასასიცოცხლო „ბაქტერია“ შეჰყვება, მით უკეთესი მისი განვითარებისთვის. სჯობს სწავლება მეტად იყოს თამაშსა და ხალისზე დაფუძნებული, რომ ბავშვს სწავლისა და შრომის მიმართ პოზიტიური განწყობა ჩამოუყალიბდეს.

უფროსკლასელებთან კი სწორედაც რომ მშვენიერი იქნებოდა სოციალური ფსიქოლოგიის გარკვეული დოზით სწავლება – იმ საკითხების, რაც მოზარდებს განსაკუთრებით აინტერესებთ: ურთიერთობების სირთულეები, კომუნიკაციის უნარები, თვითგამოხატვა თუ სხვა.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელს მოზარდებთან ურთიერთობის დროს არაერთ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გამკლავება უწევს. რას ურჩევდით პედაგოგებს? რამდენიმე სასარგებლო წიგნს ხომ ვერ დაგვისახელებდით?

სასურველია ითარგმნოს ძვირიანი, თუმცა მეტად სასარგებლო წიგნები: Kartleen Stassen Berger-ის “Developing Person Trough the Life Span” და Berk&Meyers-ის “Infants, Children, and Adolscents”. ამ ეტაპზე ასევე კარგი იქნება მათი გამოწერა სკოლის ბიბლიოთეკების მიერ, რადგან, ჩემი აზრით, ეს მასალა ქართველ მასწავლებელს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებაში, არამედ ამ წიგნების გაცნობით ის საკუთარ ნერვულ სისტემასაც უკეთ გაიცნობს და შეძლებს მოვლენების არსის სიღრმისეულ წვდომას. გამოცდილ მასწავლებელს ალბათ ნაკლებად უჭირს მოსწავლეების ქცევის ცვლილებებში გარკვევა, დამწყებს კი რთულია, ორი სიტყვით ურჩიო, რა დროს მართებს გაცინება, რა დროს სერიოზულობა და ზოგადად, ავტორიტეტების მსხვრევისა და აჯანყების ამ ასაკში რა და როგორ უნდა შესთავაზოს მოსწავლეს, რომ ინტერესი გაუჩინოს პირადად მის და პირველ ყოვლისა მისი საგნის მიმართ.

ჩემი ბაბუა ვანო ფანჯიკიძე ცნობილი პედაგოგი იყო, ისტორიას ასწავლიდა. მისი მოსწავლეები, უკვე თავადაც ასაკოვნები, ხშირად წერდნენ მასზე მოგონებებს. ერთ-ერთი იგონებდა: მოსწავლეებმა კარი მოხსნეს და ისე ააყუდეს, რომ გამოღებისას მასწავლებელს უნდა დასცემოდა, ან ბრახვანი გაედინა და შეეშინებინა. თურმე სულგანაბული უცდიდნენ მათთვის ნაკლებად საყვარელ პედაგოგს, მაგრამ კლასში რატომღაც ვანო შესულა, ჰაერში დაუჭერია მფრინავი კარი, ჩამოუკიდია ანჯამებზე, მისალმებია მოსწავლეებს და გაკვეთილი დაუწყია. არც საყვედური, არც გარკვევა, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა და ა. შ. არის ისეთი ნიუანსებიც, რაც არ ისწავლება, ეს ალბათ ერთგვარი შინაგანი ცოდნაა, რომელიც ხშირად თავადაც გაუცნობიერებლად გაქვს. უცნაურია, მაგრამ ამ ეპიზოდმა ბაბუა მოზარდებისთვის სერიოზულ ავტორიტეტად აქცია, ამასთან, „ის რომ  გაკვეთილს ატარებდა, გვეგონა კინოს ვუყურებდით, ისეთი მთხრობელი იყოო“, – იგონებდნენ მოსწავლეები.

პრობლემები ბაღის ასაკიდან იწყებაბავშვის შფოთვა, რომელიც სიახლის შიშითაა გამოწვეული, ადვილად დაიძლევა კვალიფიციური, გაწონასწორებული პედაგოგის დახმარებით. სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლების სისტემაშიც ბევრი ხარვეზია. რომ არაფერი ვთქვათ დაბალ ხელფასებზე, რაც მასწავლებლებისა და აღმზრდელების მოტივაციას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ პატარამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და რა უნდაწამოიღოსბაღიდან ისეთი, მომავალში რომ გამოადგება? ვისაუბროთ უმნიშვნელოვანეს პერიოდზესკოლამდელ ასაკზე

გარდა ახალი გარემოსი, პატარა ბავშვის ფუნდამენტური შიშია, არ მიატოვონ. ვაითუ აღარ მიაკითხონ. ამ რწმენის განმტკიცებაზე, რომ აუცილებლად წაიყვანენ უკან, სახლში, მშობლებმაც უნდა იზრუნონ. უპირველესად სახლში უნდა იყოს უსაფრთხო, მშვიდი გარემო და ასეთივე გარემო უნდა იყოს ბაღშიც. უმთავრესი სიყვარულია! ბავშვი ყოველთვის გრძნობს, როგორ ექცევიან, რას გრძნობენ მის მიმართ.

 

არ არის საჭირო პატარა ბავშვს ვასწავლოთ ის, რაც მის ასაკს არ შეეფერება, რადგან რესურსის არაასაკობრივ ამოცანაზე მიმართვა მოაკლებს დროს იმას, რაც ამ ასაკში უნდა განვითარდეს. ბავშვებს ახლის სწავლა ძალიან ახარებთ და სწავლობენ კიდეც ყოველდღე უამრავ რამეს, მაგრამ არ არის საჭირო ბაღში ვასწავლოთ წერა-კითხვა, ანგარიში ან მათთვის შეუფერებელი ლიტერატურული ნაწარმოებები. ბავშვმა ამ პერიოდში მთავარია, ისწავლოს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და თამაში. თამაშის დროს ყველაზე უკეთ ვითარდება ნეირონები, წარმოსახვის უნარი. სასურველია, წავუკითხოთ ზღაპრები და ვასწავლოთ საბავშვო ლექსები. მნიშვნელოვანია: სენსორული განვითარება – სხვადასხვა ფაქტურის და მასალის სათამაშოები, რომელთაც ბავშვი ეხება; მსუბუქი მოვალეობები, რომელიც თავს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და საჭიროდ აგრძნობინებს (მაგალითად, რომელიმეს ევალება წითელი ფერის სათამაშოების შეგროვება და ყუთში ჩაწყობა, სხვას – მანქანების დაბინავება, ფანქრების განაწილება და ა. შ.); დროთა განმავლობაში მოვალეობების გაცვლა, თუკი ბავშვი სხვისი „საქმით“ მეტად ინტერესდება.

სამწუხაროა, რომ მასწავლებლებს, აღმზრდელებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ. ამ უსამართლობის შესახებ აბა რა გითხრათ? ყველასათვის ცნობილია, რამხელა ენერგიას მოითხოვს ბავშვის მოვლა, რომელსაც ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის განცდაც ემატება სხვისი შვილის მიმართ…

ათ წელზე მეტია, რაც საქართველოს სკოლებში ინკლუზიური სწავლება დაინერგა. მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, საზოგადოებაც თითქოს გაიზარდა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიღება ნაკლებად უჭირს, თუმცა მაინც ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით. შესაძლებელია თუ არა არტთერაპიის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა საგნის სწავლებისას იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ წარმოაჩინონ თავი? გასათვალისწინებელია, რომ ბევრ მოსწავლეს აქვს სენსორული დეზინტეგრაცია ან ყურადღების აშკარად გამოხატული დეფიციტი, პედაგოგებს ჰიპერაქტიური ბავშვების მართვაც უჭირთ

 

არტთერაპიის ჩართვა ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველია, რადგან არცერთი ბავშვი არ ვითარდება ყოველმხრივ თანაბრად. ზოგს უჭირს აზრის სიტყვიერი გადმოცემა, სამაგიეროდ იდეალურად ასურათებს თავის ფიქრებს, განცდებს. ფერებით თერაპია არეგულირებს ემოციურ მდგომარეობას, შინაარსის გადმოცემა კი აწესრიგებს აზროვნების პროცესს. არტთერაპიის ტექნიკები კრავს ადამიანის ფსიქიკას და იცავს ცნობიერ და არაცნობიერ პროცესებს გახლეჩისაგან. არტთერაპია არათუ სასურველი, აუცილებელია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია მასალა, რას ვთავაზობთ თერაპიის პროცესში ამა თუ იმ ბავშვს და რას ირჩევს თვითონ. ენერგიის დეფიციტის, ასთენიისას სენსორულ და ემოციურ დონეზე სჯობს რბილი მასალით ან მყარი მასალის მცირე, იოლად დასამორჩილებელი ულუფით ვიმუშაოთ,  ჰიპერაქტიური ბავშვისთვის  და მოზარდებისთვის კი იდეალურია თიხის  და სხვა „ღონიერი“ მასალის შეთავაზება: თიხას აქვს თვისება, გამოათავისუფლოს ადამიანი ჭარბი ნეგატიური ენერგიისგან, ხოლო ფიგურის გამოძერწვა აძლიერებს ფოკუსს, ყურადღების კონცენტრაციას, რაც ასე უჭირთ ამგვარ ბავშვებს. თუმცა არტთერაპია ხატვის და ძერწვის გაკვეთილი არ გახლავთ და აქაც მნიშვნელოვანია კვალიფიციური თერაპევტების მუშაობა და თერაპიის განხორციელებისთვის შესაფერი გარემო.

ნარაზენი გავიარეთ?

0

მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავით, როცა დედაჩემმა მამიდამისთან – თამილა პაჭკორია-მაჭავარიანთან წაგვიყვანა ჭორვილაში. გზად ორი ავტობუსი უნდა გამოგვეცვალა – ერთს ზუგდიდიდან ქუთაისამდე ჩავყავდით, ქუთაისში კი საჩხერის „იკარუსზე“ გადავჯდებოდით და ეგ იყო. სათქმელად ადვილია, მაგრამ დიდ გზაზე, თან გადაჯდომით მგზავრობას მიუჩვეველ ბავშვებს ასეთი გამოცდა მანამდე არ გვქონდა ჩაბარებული.

მგზავრობის სირთულეებს – თვითმხილველები დამემოწმებიან – ყოველთვის ვუმკლავდებოდი, ჩემი ძმა კი ძნელად იტანდა ავტობუსის შუშებიდან დანახული ხეების, სახლებისა და კორპუსების აჩქარებულ წყებას და რაღა დასამალია, გულ-გვამიც ხშირად ამოუტრიალდებოდა ხოლმე. დედაჩემი ამისთვის მუდამ მზად იყო, რადგან თვითონაც უჩიოდა მგზავრობის უგუნებობას და მთელი დასტა საჭიროებები ჩანთაში, ხელთანახლო ეგულებოდა. მაშინაც, ქუთაისამდე არმისულებმა, ჩემი ძმის ტრადიციული სალმობა რომ მოვილიეთ და მძიმე, დამქანცველი სიჩუმე ჩამოწვა, ზუკამ იფიქრა, ჩემ გამო არსებული უხერხული მდგომარეობა ეგებ რაიმეთი განვმუხტოო და ცნობისმოყვარედ, მიკნავლებული ხმით იკითხა:

– დედა, ნარაზენი გავიარეთ?

ჯერ ქალბატონ თამილას წასკდა ხმამაღალი სიცილი. დედაჩემი თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ისიც დამორჩილდა საყოველთაო მხიარულებას.

ამოცანა გვეკითხება: რატომ მოუნდა ჩემს ძმას ქვეცნობიერიდან ამომსკდარი ამ შეკითხვის დასმა? ამის საპასუხოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. ნარაზენი სოფელია ზუგდიდის რაიონში. ბავშვობაში მუდმივად კი გვესმოდა, მაგრამ იქამდე არასდროს ვიყავით ნამყოფი და ჩემს ძმასაც ალბათ მაკონდოსავით ჩარჩა გონებაში ეს ეგზოტიკური სახელი, თან ეტყობა სადმე გზისპირას ეგულებოდა და ძალიან უნდოდა მის შორიახლო მოხვედრილიყო, თვალი შეევლო როგორმე.
  2. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავით (1997-1998 წლებია) და მშობლიური ქვეყნის გეოგრაფიის უცოდინრობაში ვერავინ დაგვდებდა ბრალს – საქართველოს ფიზიკური რუკა გვქონდა ერთთავად კედელზე გაკრული, მაგრამ ზედ სოფლები არ იყო დატანილი, ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული რუკა კი პირველად მეცხრე კლასში ვნახე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თანამშრომელმა მაჩვენა. გუგლ მეფი და უახლესი ტექნოლოგიის სხვა ღირსებანი მაშინ, ცხადია, მიუწვდომელი იყო.
  3. ფეხბურთის თამაში მხოლოდ მეხუთე კლასში დავიწყეთ. თითქმის ყოველ მეორე კვირას გვიწევდა ქალაქგარეთ გასვლა. უამრავ ქალაქ-სოფელში ჩავედით, რამაც რუკიდან დაზუთხული გეოგრაფიული პუნქტები ჩვენთვის ხელშესახები გახადა.
  4. გასაგები მიზეზების გამო, ერთმანეთთან მიმოსვლა და ადამიანური ურთიერთობები მაშინ შეზღუდული იყო. თან ეგეცაა, ნარაზენში ახლობელ-ნათესავი არავინ გვყავდა.
  5. პირველ პუნქტში ნახსენებ მოსაზრებას დავუბრუნდეთ. ნარაზენის სახელი ბავშვობაში მუდმივად იმიტომ გვესმოდა, რომ ჩვენი სოფლის მარშრუტი ზუგდიდი-ცაიში-ურთა-ხეცერა იყო, ხეცერას კი აბასთუმანი და ნარაზენი მოსდევდა. როგორც ყველა ბავშვს, ჩვენც გაუმხელელად გვინდოდა მარშრუტის ბოლო წერტილში მოხვედრა და მერე იმის იქით, მისი შემდგომი სოფლებისთვის თვალის შევლება. დაახლოებით ის გრძნობაა, ახლა სოხუმის, გაგრისა და ცხინვალის ნახვა რომ გინდა და იქ ჩაუსვლელობას ათასი ლეგიტიმური თუ თითიდან გამოწოვილი მიზეზით რომ ამართლებ.

ნუ დასცინი სხვასაო, – ამბობს ქართული ანდაზა და საჩხერეში ჩასულს მეც დამემართა მსგავსი გეოგრაფიული ლაფსუსი. წერის ახირება მაშინაც მქონდა და სხვიტორში, ნუკრი მაჭავარიანის ოჯახში, დღიურებს ჩავუჯექი, თან შიგადაშიგ დედაჩემს ვაჩვენებდი. თავი რომ ჭკვიან ბიჭად მომქონდა, დედაჩემმა პირველივე სტრიქონში მიპოვა შეცდომა და გაცინებით უკვე აღარ გასცინებია, მკაცრად შემომხედა, შეცდომიან სიტყვას ხაზი გაუსვა და ოთახიდან გავიდა. თურმე ნუ იტყვით, ამ გაგანია იმერეთში სხვიტორი კახეთისთვის მიმიკუთვნებია.

…ჰოდა, ამდენი ხალხი იმისთვის შეგაწუხეთ, რომ ერთი რამე უნდა გთხოვოთ (ჩემს თავსაც ერთხელ კიდევ შევახსენო):

ჩვენი შვილების, ძმისშვილების, დისშვილების, ნათლულების აღზრდისას, რეალურ და ვირტუალურ საქართველოში ხეტიალისთვის დრო არ უნდა დავიშუროთ არასდროს, ჩვენც ხომ წაგვადგება დასამეგობრებლად, მაგრამ მათი გონებისა და უნიკალური ცოდნისთვისაც შეუფასებელი მასალა იქნება; დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხომ ისედაც ბევრ ახალ და აღმოუჩენელ სივრცეს ხსნიან ბავშვებისთვის და კარგი იქნება, ამ მიმართულებითაც თუ გაუღვივებენ ინტერესს, წააქეზებენ, წაახალისებენ მოსწავლეების უნარსა და წარმოსახვას, დაიმახსოვრონ ის, რაც თავიდან ეგზოტიკურია, შემდეგ კი ბუნებრივი და მშობლიური ხდება…

გმადლობთ ყურადღებისთვის.

ჩემს ვაჟსაც  მასწავლებლობა უნდა, მთის სკოლაზე ფიქრობს

0

ფასანაურის სკოლის ფანჯრებიდან შავი და თეთრი არაგვის შესართავს გაღმა მთებს რომ გახედო, თავი მაღლა უნდა ასწიო, მაგრამ ხეობის მეორე მხრიდან მოსაზღვრე მთის წვერზე თვალის ასაწვდენად კისრისთვის მეტი ძალდატანება მოგიწევთ. სკოლასთან იქვე, გადარბენაზეა  ჩიტაურების სახლი – ნინო წიკლაურის ოჯახი.

ნინო  ფასანაურის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელია, ცოტა ხნის წინ, სასწავლო ნაწილიც გახდა. ძალიან მენდნენო, ამბობს. ეს  მისი მშობლიური სკოლაა. თავად აქ სწავლობდა, აქ სწავლობდნენ მისი და-ძმა, მეუღლე, უფროსი შვილები.

…რუსო იღლება, სამსახური, სწავლა… თბილისი ისედაც დამღლელია… … ვახო აღარაფერს წერს… არადა, კარგად გამოსდის… ლუკა, ჩემი თბილანა… დღეს საყვედური რატომ ვუთხარი…  სექტემბერში დემეც  მოსწავლე გახდება… ჩემი დიდი ბიჭი… სკოლაში ხვალ რა მაქვს?..  შემაჯამებელზე ისევ მუსიკას ჩავრთავ, მოეწონათ, კარგად იმუშავეს… ზაფხული მომენატრა… აყვავდება ჩემი  ეზო… – ვცდილობ წარმოვიდგინო ნინოს ფიქრები  ძილის წინ, როცა გრძელი დღის ბოლოს ყველას ,,ჩამოუვლის“…

  • ახლა 123 მოსწავლეღა გვყავს, მათ შორის ჩემი ლუკაც, მალე ნაბოლარაც მოვა. ყველანი ჩვენები არიან, მეზობლები, ნათესავები, მეგობრის შვილები. ამ ხეობის სოფლებიდანაც დადიან ბავშვები. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ.

მასწავლებლობა გინდოდათ?

  • სურვილები ბევრჯერ შემეცვალა. ისეთი მასწავლებლები მყავდნენ, შეუძლებელი იყო ამ პროფესიაზეც არ მეფიქრა. პირველი მასწავლებლის შთაბეჭდილება ყველას მოგვდევს. მის კალიგრაფიას რა დამავიწყებს, ულამაზესად გამოჰყავდა ასოები. ჟურნალ ,,დილას“ ყველა ნომერი ჰქონდა აკინძული და ძალიან უფრთხილდებოდა.  სკოლაში რომ მივედი, უკვე გამართულად ვკითხულობდი. შინ ჟურნალებს მატანდა და  ბედნიერი ვიყავი, რომ მენდობოდა.  მოკლედ, ჩემი მასწავლებლების გზაზე დავდექი, მაშინდელ უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისურის სპეციალობით.

ოთხი შვილი და სკოლა, შინ და გარეთ – ბავშვები, როგორ გაართვით თავი?

  • ადრე დავოჯახდი, ბავშვების გაზრდა და სწავლა-მუშაობა – ერთდროულად მიხდებოდა. თავიდან ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და სამუსიკო სკოლაში ვასწავლიდი ფორტეპიანოს. მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ახლა რა ხანია, ინსტრუმენტს არ გავკარებივარ… მხოლოდ ვუსმენ.  მუშაობა რომ დავიწყე, ვცდილობდი ისევე თბილად მოვქცეოდი ჩემს მოსწავლეებს, როგორც ჩემი მასწავლებელი მექცეოდა. რუსუდანიც ჩემი მოსწავლე იყო, რაღაც დაიბნა, დედა-მასწავლებლის შეთავსებას ვერ ახერხებდა და მასთან ნერვებმა მიმტყუნა… შინ ჩემს დედამთილს მოვუყევი… აი, ის იყო მასწავლებელი და ის იყო ქალი, ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი. ნინო, თუ მოთმინება არ ისწავლე, მასწავლებლობა არ გამოგივაო, ახლაც სულ მახსოვს. მართლაც თავის მართვა უნდა შეგეძლოს. მერე სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ძნელი იყო ყველაფერი ერთად, მაგრამ ყველა მეხმარებოდა: მეუღლე, დედამთილი, მამამთილი… უმცროსი შვილების გაზრდაში უფროსები დამეხმარნენ. ასე მოვდივართ.

მასწავლებლობა ისევ სასურველი  პროფესიაა?

  • სწავლების პროცესი ძალიან მომწონს, მიყვარს. ბავშვი თვალებში რომ შემოგყურებს, როცა რაიმე ახლის გაგება-ათვისებაში ეხმარები, უხსნი. ფაქტობრივად ახალი კარის შეღებაში ეხმარები. კლასში ბევრი მოსწავლე არ გვყავს. შემაჯამებელზე შევამჩნიე, ერთმანეთის დახმარებას ცდილობდნენ. შემდეგზე მუსიკა ჩავურთე ხმადაბლა და ისე მივეცი სამუშაო. ჩაწყნარდნენ, ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა და კარგი შედეგიც დადეს. ხანდახან ამ მეთოდს ვიყენებ. სიახლეები უყვართ. ბევრი საქმეა სკოლაში, მაგრამ სხვაგან თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი უფროსი ვაჟი, ვახო  მასწავლებლობით  ძალიან დაინტერესებულია. ფილოსოფიურის სტუდენტია, სულ მეკითხება ახალ სისტემაზე. ამბობს, სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაღალმთიანი სოფლის სკოლაშიო. ქალაქი ან თუნდაც ფასანაური არ უნდა, უფრო მაღალ მთაზე ამბობს, ვნახოთ.

ნინო,  რა გამოწვევები აქვს სკოლას?

  • ჩვენს დაბაში ცხოვრება სხვანაირია, მეტი სითბო შემორჩა ურთიერთობებს. კი გაჭირვებაა, მთის პირობები მკაცრია და ეს ცხოვრებას ართულებს, მაგრამ ადამიანებს შორის მეტი  სიყვარულია. გული მწყდება, რომ  მოსწავლეების რიცხვი მცირდება…  ეს გვაწუხებს, თორემ ძალადობის ამბები რომ ტრიალებს, ბულინგზე რომ საუბრობენ, ჩვენ ეს პრობლემა არ გაქვს. მოზარდებს რაღაც შეიძლება შეეშალოთ, მაგრამ მიზანმიმართული ძალადობა, არ ხდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბავშვი ოჯახში სითბოს და კეთილგანწყობას თუ ხედავს, მას ძალადობის სურვილი არ უჩნდება. ოჯახზე ბევრია დამოკიდებული, სკოლაში იქიდან გამოყოლილი განწყობები იყრის თავს.  მშობლებთან ურთიერთობა ჩვენთანაც ისეა, როგორც ყველგან, დაწყებითებში აქტიურობენ, მოდიან, კითხულობენ. მერე სუსტდება ეს თანამშრომლობა, მაგრამ პატარა თემია, ვხვდებით ერთმანეთს, ხმა მიგვიწვდება და მშობელთან კომუნიკაცია ასე გვარდება. სკოლაში, ზოგ შემთხვევაში, ბევრი დოკუმენტაციაა საწარმოებელი და ამას დიდი დრო მიაქვს, თორემ სიახლე რომ აუცილებელია,  ყველა ვხვდებით.

შვილების აღზრდა?

  • არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ შვილებთან ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. მათ არჩევანს არ ვეწინააღმდეგები, ვახომ თავიდან არქიტექტურულზე ჩააბარა, მეორე წელს _ ფილოსოფიურზე. არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ასევე არის რუსუდანთანაც, ყოველთვის ღიად ამბობს თავის აზრს და ასრულებს კიდეც… პროგრამისტია, თან სპეციალობით მუშაობს, თან მაგისტრატურაში სწავლობს. პატარებთანაც ლმობიერი ვარ.

მეუღლესთანაც?

  • (იცინის) ალბათ. ზოგადად არ მიყვარს კონფლიქტები. ჩემთვის კეთილგანწყობილი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობა არ არის, მირჩევნია კონფლიქტი ავირიდო, რადგან მერე მიჭირს ურთიერთობების აღდგენა და ამას ძალიან განვიცდი. სკოლაშიც ასეა.

მოვალეობები, მოვალეობები… მივიწყებული ინსტრუმენტი. სად ისვენებს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავის უფროს შვილებზე ძალიან უფროსი სულაც არ არის?

  • ქალაქი სხვა ცხოვრებას გთავაზობს, სადღაც წახვალ, ფილმს ნახავ, სპექტაკლს დაესწრები, გამოფენას დაათვალიერებ… ჩვენთან ასეთი რამ არ ხერხდება. შაბათ-კვირას ან ჩემი შვილები ჩამოდიან, ან მე ჩავდივარ მათთან. მეგობრებთან სტუმრობით და ეზოში ყვავილების მოვლით ვისვენებ. ძალიან მიყვარს მიწის ჩიჩქვნა და ყვავილების მოვლა. ზაფხულში ლამაზი ეზო მაქვს და ეს მსიამოვნებს. ახლაც ველოდები დათბობას. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, უბრალოდ, მინდა არაფერი ვაკეთო. მერე მაწუხებს ეს სიზარმაცე. ზაფხულში აქაურ ბუნებაში გასვლას არაფერი სჯობს, ახლიდან იბადები.

ნინო, ქალთა თვეა, ყვავილებს ელოდები?

  • ჩემთვის მოულოდნელად მოტანილ ყვავილებს მეტი სიხარული მოაქვს.

უყურადღებობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც სასწავლო პროცესში შვილის უყურადღებობით არ იყოს შეწუხებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად პედაგოგებისგანაც გვესმის საყვედურები ამა თუ იმ ბავშვის მისამართით – „ჭკვიანი ბავშვია, შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იმდენად გაფანტულია, რომ უჭირს ყურადღების მობილიზება“; „ველაპარაკები, მიყურებს და თითქოს მისმენს კიდეც, მაგრამ ვგრძნობ, რომ გონებით სულ სხვაგან დაფრინავს“; „სულ მოძრაობაშია, გაუთავებლად წრიალებს. მე ერთს ველაპარაკები, ის კი სულ სხვა რამეზე ფიქრობს“. ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ისმენენ მშობლები საკუთარი შვილის მასწავლებლებისგან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფსიქიკური პროცესები (აღქმა, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) ურთიერთდაკავშირებულია და მათი შეთანხმებული მუშაობის გარეშე სწავლაში წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, პედაგოგებისა და მშობლების წუხილი სრულიად გასაგები გახდება. თუ ბავშვი, უყურადღებობის გამო, ვერ ახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას, მას ძალიან გაუჭირდება მისი, როგორც გააზრება, ისე დამახსოვრება. ამიტომაც არის, რომ უყურადღებობის დაძლევა ბავშვში ბევრი მშობლის და პედაგოგისათვის უპირველესი ზრუნვის ობიექტად არის გადაქცეული. მაგრამ, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კონკრეტული ბავშვის უყურადღებობის მიზეზი და რა მიმართულებით მოგვიწევს მასთან მუშაობა.

უყურადღებობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში: 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ბავშვი გამოირჩევა მოჭარბებული მოძრაობითი აქტივობით, იმპულსურობით, ყურადღების სუსტი კონცენრტაციის უნარით. ასეთი ბავშვის ყურადღების წარმართვა ერთი მიმართულებით, მცირე დროის განმავლობაშიც კი, საკმაოდ რთულია. ეს პრობლემები მასში ჯერ სკოლაში წასვლამდე დიდი ხნით ადრე იჩენს თავს. სკოლა და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ამწვავებს სირთულეებს;
  • სომატური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ფორმით. სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება წარმოადგენდეს დაბალი შრომისუნარიანობის, მომატებული დაღლილობის და ორგანიზმის დასუსტების ერთ-ერთ მიზეზს, რის შედეგადაც თავს იჩენს უყურადღებობა;
  • ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურებები. გაფანტულობა და უყურადღებობა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ბავშვებისთვის, რომელთა ნერვული სისტემა სუსტი და ინერტულია. ძლიერი ნერვული სისტემის მქონე მოსწავლეები კი ყურადღების სიმტკიცის, კონცენტრაციის, გადართვის და განაწილების კარგი უნარით გამოირჩევიან;
  • გადატვირთვა და გადაღლა. დღევანდელი მოსწავლე იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას აკისრია, საკმაოდ გადატვირთულია, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად და ემოციურად. გაკვეთილების სიმრავლე სკოლაში, გადატვირთული სასწავლო პროგრამები, დავალებების სიჭარბე, დამატებითი გაკვეთილები რეპეტიტორებთან, ხელოვნების და სპორტის სხვადასხვა სექციაზე სიარული. არცთუ იშვიათად, მოსწავლის დღის განრიგი დილიდან საღამომდე ისეა გადატვირთული, რომ საშინაო დავალებების შესასრულებლად მას გვიან ღამემდე უწევს მუშაობა. სრულფასოვანი დასვენებისთვის ბავშვს დრო პრაქტიკულად აღარ რჩება, ვერ ასწრებს გამოძინებას. არასწორი დღის რეჟიმი, სრულფასოვანი დასვენების, რაციონალური კვებისა და ნორმალური ძილის გარეშე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული გადატვირთვა აუცილებლად გამოიწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უყურადღებობას და გაფანტულობას;
  • ხშირი სტრესები და კონფლიქტები ოჯახსა და სკოლაში შეიძლება ბავშვის უყურადღებობის და გაფანტულობის სერიოზული მიზეზი გახდეს;
  • ასაკობრივი შეზღუდვები ყურადღების განვითარებაში. საერთო ფსიქიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვის ყურადღება სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება. უმცროსკლასელის ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე უფროსკლასელის ან ზრდასრული ადამიანის; მიწოდებული სასწავლო მასალიდან ის მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს, დანარჩენი მისი ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხშირად მშობლების და პედაგოგების სერიოზული უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი ხდება. ამ ასაკში ბავშვს ასევე ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს განვითარებული ყურადღების გადანაცვლების (ერთი მიმართულებით წარმართული ყურადღების მეორე მიმართულებით გადატანა) და განაწილების (ერთდროულად ინტენსიური ყურადღებით რამდენიმე განსხვავებული მოქმედების შესრულება) უნარი. ბავშვის ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოკლებულია ასევე სიმტკიცეს, რის გამოც მას უჭირს ყურადღების ერთი და იგივე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე ხანგრძლივად წარმართვა. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი, იმატებს მისი სიმტკიცე, შედარებით უფრო ადვილი ხდება ყურადღების როგორც გადანაცვლება, ასევე განაწილება. ითვლება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბავშვის ყურადღების მიზანმიმართული განვითარებისათვის;
  • არასაკმარისი მოტივაცია ან მისი არარსებობა. თუ რაიმე საქმიანობა ბავშვისთვის საინტერესო არ არის, ის არანაირ ძალისხმევას არ გამოიჩენს მის შესასრულებლად. და პირიქით, მას შეუძლია გამოავლინოს შესაშური ყურადღება და გულისყურით შეასრულოს დავალება, თუ ის მისთვის საინტერესოა. ბავშვებს რომ შეეძლოთ აკეთონ ის, რაც მათ მოსწონთ, უფროსებს აღარ მოუწევდათ ნერვიულობა მათი უყურადღებობის და გაფანტულობის გამო. როგორც წესი, საუბარი ბავშვის უყურადღებობაზე იწყება მაშინ, როდესაც მისგან რაიმე, მისთვის ნაკლებად მიმზიდველ, არცთუ ისე საინტერესო და არასაკმარისად მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას ითხოვენ.

რეკომენდაციები ბავშვებში ყურადღების განვითარების ხელშესაწყობად:

  • ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვისას, უფროსი თავად უნდა იყოს ყურადღებიანი, გამოავლინოს გულწრფელი ინტერესი მისი საქმიანობის, გატაცებების, ცხოვრების მიმართ;
  • იმისათვის, რომ ბავშვი იყოს მობილიზებული და ყურადღებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, მას აუცილებლად ესაჭიროება მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი, რომელიც, სასურველია, რომ მასთან ერთად შემუშავდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გაანაწილებს დღის განმავლობაში დროს სხვადასხვა საქმიანობებისათვის, როდის იმეცადინებს, როდის წაიკითხავს წიგნს, როდის დახატავს და როდის შეძლებს უბრალოდ თამაშს. მინიმუმ ორი საათი მას საკუთარი ინტერესებისა და გატაცებების დასაკმაყოფილებლად უნდა რჩებოდეს;
  • დაუშვებელია ბავშვის უზომო მეურვეობა. თუ მან იცის, რომ აუცილებლად დაეხმარებიან, უკარნახებენ და მის მაგივრადაც კი მოამზადებენ დავალებას, ის აღარ გამოიჩენს ძალისხმევას და ვერც იგრძნობს ყურადღების კონცენტრირების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, გაქრება მისი მისწრაფებაც ყურადღების განვითარებისა და სრულყოფისაკენ;
  • მივცეთ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა. ეს მას ბევრად უფრო ყურადღებიანს გახდის და საკუთარი თავის გამოვლენაშიც დაეხმარება;
  • დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად ნუ დავტოვებთ ბავშვს მარტო თავის პრობლემებთან. ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს ჩვენს მხარდაჭერას, ჰქონდეს ჩვენი დახმარების და რჩევების იმედი რთული, პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტისას;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ბავშვთან დამოკიდებულებაში უსაზღვრო მოთმინება და თანმიმდევრულობა მოეთხოვებათ. მათ თავიანთი სააღმზრდელო პროგრამა უნდა განახორციელონ ექიმებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან მჭიდრო კონტაქტში, რამდენადაც ასეთი ბავშვები საჭიროებენ სპეციალურ კომპლექსურ საკორექციო-განმავითარებელ მუშაობას;
  • სუსტი ჯანმრთელობის მქონე და დაავადება გადატანილ ბავშვებს ესაჭიროებათ რეჟიმის მკაცრად დაცვა, დატვირთვის დოზირება, დასვენება, სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ბავშვთან ურთიერთობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ისე ინდივიდუალური შესაძლებლობები; ნუ მივცემთ მას ისეთ დავალებას, რომელსაც, წინასწარვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს; ნუ მოვთხოვოთ იმას, რისი გაკეთებაც მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებითაც კი არ შეუძლია. ჩვენი ასეთი მცდელობა არათუ ყურადღების განვითარებას არ შეუწყოს ხელს, არამედ შეთავაზებული საქმიანობის მიმართ ბავშვის ინტერესსაც დააქვეითებს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ, ზრდასრულებს გვიჭირს დაღლილობის შემთხვევაში ყურადღების მობილიზება და ამა თუ იმ  მოქმედების ეფექტიანად შესრულება, ეს გაცილებით უფრო რთულია ბავშვისთვის. ამიტომ, ნუ ვაიძულებთ დაღლილ პატარას აკეთოს ის, რაც არც ყურადღების განვითარების ხელშემწყობი გახდება და მის ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოფიტვასაც გამოიწვევს.

 

 

 

 

ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება

0

 

  • ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება – თქვა ჰამიდმა და ამაყად დაკეცა ხალიჩა.
  • ქალის თითები? – ვკითხე.
  • გოგოს! გოგოს თითები. ასეთი ხალიჩის მოქსოვას თხელი, პატარა თითები უნდა. ქალი ამას ვერ იზამს. მისი თითები უკვე მოუქნელი და უხეშია. ჩემი ოჯახის წევრები ამ ხალიჩას 2 წლის განმავლობაში ქსოვდნენ. ერთი ერთი მხრიდან, მეორე – მეორე მხრიდან. ხედავთ, როგორ ემთხვევა ერთმანეთს გამოსახულებები? სამაგიეროდ, მქსოველ გოგოებს საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება აღარ ევალებოდათ. ამას ქალები აკეთებდნენ.

ამბავს ჰამიდი ჰყვებოდა, ისპაჰანის მთავარ მოედანზე ხალიჩებით მოვაჭრე დიდად მხიარული და ალალი კაცი. ხალიჩა 10 000 აშშ დოლარი ღირდა და მაშინვე წარმოვიდგინე, ამ დიდი კუშიდან რამდენი ერგებოდათ იმ გოგოებს, ორი წლის განმავლობაში რომ თითები იმტვრიეს ხალიჩის ქსოვისას. რა თქმა უნდა – არაფერი.

ცოტა ხნის წინ ერთი ხუმრობა მოვისმინე, დედამიწაზე სამ რამეს ვერ ირჩევ: მშობლებს, სამშობლოს და რუსეთის პრეზიდენტსო. მსგავსი ისტორია მეც გადამხდენია: ბავშვობაში, მე-12 კორპუსის მე-6 სართულის საშრობში, ოთხი მეზობელი ოჯახის მურაბებით, კომპოტებით, ტყემლის საწებლითა და ზამთრისთვის დამზადებული სხვა სიკეთეებით სავსე კარადების გარემოცვაში შტაბს ვაწყობდით ხოლმე. ამ შტაბში ხან საავადმყოფო გვქონდა გახსნილი, ხან სასტუმროს ადმინისტრაცია, ხან სამაშველო პუნქტი, ზოგჯერ კი უშიშროების მთავარი განყოფილება. ამ შტაბის მუდმივი წევრები გიო, თორნიკე, თამუნა, ქეთია, სოფუნა და მე ვიყავით. ისე ხდებოდა, რომ ამ დაწესებულებების უფროსი ყოველთვის მე გახლდით. უფრო სწორად, რადგანაც ყველა დანარჩენს უფროსობას თამაში ერჩივნა, უფროსად მე ვინიშნავდი ხოლმე საკუთარ თავს. ჩემი ჰეგემონია მხოლოდ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ, როცა ქეთიამ მკითხა:

  • სულ შენ რატო ხარ უფროსი?
  • იმიტომ, რომ ბიჭი ვარ – ვუპასუხე.
  • მერე რა? – შემომიბრუნა კითხვა.

რა უნდა მეპასუხა.

ამ ფაქტის აბსურდულობა წლების შემდეგ გავიაზრე, როცა „დარდუბალას” ერთ სერიაში ვნახე, როგორ აყალბებდა არჩევნებს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი ედუარდ შევარდნაძე და როგორ მიიღო მან კუნძულზე მასთან ერთად მყოფების რაოდენობაზე მეტი ხმა. ჩვენ ასეთ გარემოში ვიზრდებოდით – ირგვლივ ყველაფრის უფროსი კაცი იყო – რა თქმა უნდა, ოჯახისაც. ერთხელ ერთმა მეზობელმა მითხრა, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნები, შენი ოჯახის პრეზიდენტობაში ხომ ვერავინ შეგეცილებაო. იმ პერიოდში მხოლოდ ერთ ჩინოვნიკ ქალზე მსმენოდა – ვენერა ჩიფჩიურზე, რომელიც განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი სახელი ისნის რაიონის სკოლებს აზანზარებდა. მახსოვს, მისი ვიზიტის წინ ტყეში ფრინველების გადაძახილივით მოედებოდა ხოლმე ხმა მთელ სკოლას: „ჩიფჩიური მოდის, ჩიფჩიური, ჩიფჩიური, ჩიფჩიური…” და ყველა სტარტზე დგებოდა.

მაშინ ის იყო ერთადერთი ძლიერი ქალი ჩემს წარმოსახვაში. მერე აღმოვაჩინე, რომ ირგვლივ უამრავი ძლიერი ქალია – ისინი ახერხებენ ბავშვების აღზრდას, სახლის დალაგებას, სამზარეულოს ამბების მოკვარახჭინებას, შვილების მეცადინეობას და საღამოს ყველა ამ საქმის ხელახლა მოთავებას, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, რადგანაც ეს საქმე არ ჯდება წარმატების არასამართლიან, უსუსურ, დოგმატურ დეფინიციაში. ამ საქმით დიასახლისები ფულს ვერ შოულობენ, შესაბამისად, წარმატებულებად ვერ ითვლებიან. თავი ფემინისტად მიმაჩნია, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოჯახის შექმნა ქალზე ძალადობაა; რომ დროა კაცები დასხდნენ სახლებში და ქალები გავიდნენ სამუშაოდ… ღმერთო კი მომკალი, რა სისულელეა. მე მწამს, რომ ოჯახში ყველა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. მინდა, რომ როცა კარს ქალი გააღებს, არ უთხრან ოჯახის უფროსს დაუძახეთო – ოჯახში ორმეფობის მომხრე ვარ. სიამოვნებით ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაკაცს არ შერცხვება სარეცხის გაფენა და არაფრად ჩააგდებს ზოგიერთის ქილიკს. მწამს, რომ უნდა დაინგრეს ფესვგადგმული მითი, რომ მამა მკაცრია, მას შვილმა საიდუმლოები არ უნდა გაუმხილო, რადგანაც დაგსჯის და მხოლოდ დედაა შვილის ნამდვილი მეგობარი. მინდა, რომ მამები მთელი გულით ჩაერთონ შვილის აღზრდაში და საკუთარი შვილები ახლოს გაიცნონ. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ქალაქში გამოაკრას აბრები, სადაც ეწერება, რომ სახლი უფრო სწრაფად ლაგდება, როცა მას ორი ადამიანი ერთდროულად ალაგებს და ვახშამი ბევრად უფრო გემრიელია, როცა მაგიდასთან მჯდომი წყვილი თანაბრადაა დაღლილი. რა მაგარი იქნებოდა, მამები მიხვდნენ, რომ თავისი პირმშოსთვის პამპერსის გამოცვლით მხოლოდ შვილის სხეულს კი არა, საკუთარ თავსაც ასუფთავებენ კომპლექსებისგან. მინდა ქართველ მოქეიფე ქმრებამდე დავიდეს, რომ სამზარეულოში ტრიალი ქალის საქმე კი არა, ნებისმიერი სქესის ადამიანის შანსია, შენი ოჯახის წევრებსა და სხვა საყვარელ ადამიანებს გემოს დღესასწაული მოუწყო. კარგი იქნება მამები მიხვდნენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ერთი შეხედვით უხერხულ თემებზე საუბარი ის ინვესტიციაა, რომლის დახმარებითაც სამომავლოდ მძიმე თემებზე აღარ მოუწევთ საუბარი. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ მოტაცებისა და გოგოს დაჯავშნის დრო წავიდა. მშობლებმა ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ სიტყვა „გათხოვება”, რადგანაც ქალის მიერ ქორწინებაში ნებაყოფლობით შესვლა მის ნივთად ქცევას არ გულისხმობს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ქალი საქართველოში ხელის გულზე სატარებლად კი არ აღიქმება, არამედ კაცის გვერდით მდგომად და მის თანასწორად ყველა საქმეში.

იმ დღეს ისპაჰანში იანვრისთვის უჩვეულოდ მზიანი დღე იყო. ხალხი ქუჩებში ირეოდა. ოჯახები სკვერებში, მწვანე ბალახზე გაშლილ ლამაზ ნაჭრებზე ჩამომსხდარიყვნენ და ისვენებდნენ. მაღაზიების ვიტრაჟებზე გამოფენილ ჭადრაკის დაფებზე ერთმანეთის პირისპირ ულამაზესი, ხელნაკეთი ფიგურები იდგნენ. თუმცა ამის მიუხედავად ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

 

პოსტი დაწერილია სპეციალურად კამპანიისათვის „კაცები ზრუნავენ“ გენდერული კვირეულის აღსანიშნავად. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის და შვედეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

#კაცებიზრუნავენ #Genderweek #UNFPA

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...