კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

წიგნი, საიდანაც წყალი იღვრება…

0

სტამბულის გულჰანეს ბაღში ფუატ სეზგინის დაარსებული მისივე სახელობის ისლამური მეცნიერების ისტორიის ბიბლიოთეკაა. თავად მეცნიერი დღეს ძალიან მხცოვანია, თავს მხნედ გრძნობს, გერმანიაში ცხოვრობს და თავის შემოსავალს ისევ და ისევ საყვარელი საქმის განვითარებას ახმარს. პირველად ამ ბიბლიოთეკაში 2016 წელს მოვხვდი. 2017 წლის მაისში კი ბიბლიოთეკის გასაფართოებლად უკვე უზარმაზარი მშენებლობა წამოეწყოთ. იმავე წლის ნოემბერში  დასრულებული დამხვდა, თუმცა შიდა სამუშაოები გრძელდებოდა. სტენდზე განთავსებული სურათების მიხედვით, ახალი ბიბლიოთეკა მართლაც მაშტაბური უნდა იყოს. წიგნები რამდენიმე ენაზეა, თუმცა პირველწყაროები, ბუნებრივია, ლათინურად და არაბულად არის. საერთოდაც, თუ გსურს მეცნიერების ისტორიის  კარგი მკვლევარი გახდე, ამ ორი ენიდან ერთ-ერთი მაინც გჭირდება ხელნაწერების ამოსაკითხად.

მეცნიერების ისტორიის პოპულარიზაციისთვის ორი საზაფხულო სკოლაც იმართება. აქედან, ერთს „ისტორიის შუქ-ჩრდილი“ ეწოდება და ორიგინალურ, სახალისო ისტორიულ კვლევებს ეძღვნება.

ჰოდა, მეც დავფიქრდი, „მასწავლებლისთვის“ რა ცოტა მაქვს დაწერილი საქართველოში ქიმიის განვითარების ისტორიაზე. ამიტომ,  წიგნები მოვიძიე, გადავათვალიერე, ჩავინიშნე, მოვინიშნე და…

თურმე…

ქართულ ლიტერატურაში ქიმია პირველად მე-10-ე საუკუნეში ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნ ძეგლშია ნახსენები, რომელიც წმინდა ბაგრატის ცხოვრებას ეხება. წიგნში წარმოდგენილია ცნებები მეტალურგიისა და ქიმიის შესახებ. თუმცა სახელწოდება „ქიმიის“ ქართულ ლიტერატურაში პირველად მეათე საუკუნეში ხსენება ალბათ,  პირობითად უნდა ჩაითვალოს, რადგან შესაძლოა ის ადრეც იყო  მოხსენიებული, მაგრამ წყაროს ჩვენამდე არ მოუღწევია.

არსებობს წერილობითი წყაროები, რომელთა თანახმად, მცირე აზიაში მოსახლე ქართველ ტომებს საკმაოდ განვითარებული პრაქტიკული ცოდნა ჰქონდათ ქიმიაში. ამ ტომებიდან ძველად, კულტურულად უფრო დაწინაურებულები ყოფილან თაბალები, სასპერები, მუსკები, ხალიბები, იბერები. მოგვიანებით კი კოლხები და ლაზები, მეგრულ-ჭანური ტომები, სვანები. აპოლონიოს როდოსელი წერს: „ხალიბები არც მიწას ამუშავებდნენ, არც ხეხილის გაშენებას მისდევდნენ, არც ნახირს აძოვებდნენ. ისინი რკინით მდიდარ პირქუშ მიწას თხრიდნენ და მოპოვებულ მადანს სურსათზე ცვლიდნენ“-ო. ს. ყაუხჩიშვილი გვაწვდის ცნობებს ანტიკური ხანის ქართველი ტომების შესახებ და ადასტურებს, რომ ქართველი ტომები კოლხები, ლაზები და სხვები იმ დროს შავი ზღვის მახლობლად ცხოვრობდნენ და მადნების მოპოვება იცოდნენ.

პრაქტიკული ქიმიის ხანა საქართველოში დასახლებულ ტომებში ქვის მოპოვებასა და დამუშავებას უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრების თანახმად, ანტიკური ხანის საქართველოში სამშენებლო მასალას ქვა, აგური და კრამიტი წარმოადგენდა. კრამიტის წარმოებაში ღარიანი კრამიტის დამზადების საკუთარი, ორიგინალური იბერიული წესი გამომუშავებულა, რაც განსაკუთრებით განვითარდა ძვ.წ. I საუკუნეში, როდესაც მცხეთა იბერიის დედაქალაქი იყო. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ალ-რაზის „საიდუმლოებათა წიგნში“ თიხების მრავალფეროვნების შესახებ წერია. დასახელებულია ფაიფურის, სამეთუნეო, სატიგელე, მაგარი თეთრი თიხა და სხვა. ასევე, იბნ სინას „მედიცინის ტრაქტატის“ მესამე ტომში ოცამდე სხვადასხვა თიხაა დასახელებული. ეს ნიშნავს, რომ არაბული ალ-ქიმიის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე თიხას და მასთან მუშაობის წესებს იცნობდნენ. ალ-რაზი თავის წიგნში კერამიკული ჭურჭლის ზედაპირის მომინვას (ემალით დაფარვა) ახსენებს. პრაქტიკული ქიმიის პერიოდის საქართველოში ამ ტექნიკას იცნობდნენ და იცოდნენ, რომ ამ ხერხით: ა) თიხის ჭურჭლის წყალგაღწევადობის თავიდან აცილება მომინვით შეიძლება და ბ) თიხის საგნების უკეთ გალამაზებისათვის სასურველია მათი მომინვა. ამ საქმისთვის იყენებდნენ კვარცს-SiO2, მინდვრის შპატს K2O∙Al2O3∙6SiO2, სოდას Na2CO3∙10H2O,  პოტაშს  K2CO3,  გვარჯილას KNO3,  ბორაკს  Na2B4O7∙10H2O.

შერჩეული მასალის მიხედვით, მოჭიქვა შედგებოდა შემდეგი სილიკატებისაგან: K2SiO3  (ანუ, K2O∙SiO2), CaSiO3 (ანუ, CaO∙SiO2 ),  Na2SiO3  (ანუ, Na2O∙SiO2),   PbSiO3  (ანუ, PbO∙SiO2), Al2(SiO3)3 (ანუ, Al2O3∙3SiO2). თუმცა, ბუნებრივია სილიკატების ქიმიური შედგენილობა მათთვის უცნობი იქნებოდა. უბრალოდ, მასალა თიხის ჭურჭლის კედელს კარგად უნდა მიკვროდა და არ გაბზარულიყო.

დმანისის გათხრების დროს ნაპოვნ ჭურჭელს ორგვარი მომინვა ახასიათებს: ა) გამჭირვალე მინური, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტყვიის ოქსიდი-PbO, კვარცი-SiO2 და სურინჯი Pb3O4; ბ) ფერადი მინური, რომელიც ტყვიის და სილიციუმის ოქსიდების გარდა, შეიცავდა სპილენძის (II) ოქსიდს-CuO, რაც მინურს მწვანე ფერს აძლევდა. ღია ვარდისფერის მისაცემად შავქვას, იგივე მანგანუმის(II) ოქსიდს  – MnO2 იყენებდნენ. ამ შემთხვევაში, ღია ვარდისფერს არა მანგანუმის(II) ოქსიდი იძლევა, არამედ, რეაქციათა შედეგად წარმოქმნილი Mn2(SiO3)3 მანგანუმსილიკატი.

4MnO2″2Mn2O3+O2 (500OC), Mn2O3+3SiO2″Mn2(SiO3)3.

ენეოლითურ ხანაში სპილენძი აღმოაჩინეს და ქვიდან ლითონის ნაკეთობებზე გადასვლა მოხდა. სპილენძს თურმე პოულობდნენ თერგის ხეობაში, კახეთში, ალავერდში. ენეოლოთის ხანაშივე ჩაეყარა საფუძველი მეტალურგიის განვითარების დასაწყისს.  პირველ ეტაპად თვითნაბადი სპილენძის დამუშავება უნდა ჩაითვალოს. სპილენძის გამოდნობა ჟანგბადშემცველი მადნებიდან შედარებით ადვილ პროცესს წარმოადგენს, ვიდრე მისი მიღება სულფიდური მადნებიდან. ამიტომ, შეიძლება დავუშვათ, რომ პირველად სპილენძს წითელი მადნის (Cu2O) ან მალაქიტის CuCO3∙Cu(OH)2, გადამუშავებით იღებდნენ. გამოდნობა-აღდგენა  წარმოებდა მადანზე ხის ნახშირის მოქმედებით მაღალ ტემპერატურაზე. თუმცა, საკითხავია, როგორ მიაგნეს იმ პერიოდის ადამიანებმა ამ მეთოდს, რადგან ისინი ქიმიურ პროცესებში ჩახედული არ ყოფილან. არის ვერსია, ცნობისმოყვარეობასა და დაკვირვებაზე. მაგ. სპილენძი მომწვანო ფერის ნივთიერებით იფარებოდა. ასეთი ფერის ნივთიერების პოვნა ბუნებაშიც იყო შესაძლებელი. კერძოდ, ზურმუხტისფერი მალაქიტი CuCO3∙Cu(OH)2 და ცისფერი აზურიტი 2CuCO3∙Cu(OH)2. ამ ნივთიერებათა შედარებას ბუნებაში ნაპოვნ მსგავსი ფერის მადნებთან ძველი ადამიანი შეიძლებოდა მიეყვანა იმ დასკვნამდე, რომ მადნები სპილენძის შემცველია. შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მადნიდან სპილენძის მიღება. რადგან ენერგიის ერთადერთი წყარო ცეცხლი იყო, სწორედ მას გამოიყენებდნენ. ცოცხლის ზემოქმედებით მალაქიტი ან აზურიტი გაშავდებოდა. ეს შავი ნივთიერება, რა თქმა უნდა, სპილენძის (II) ოქსიდი იყო. მაშინდელ ადამიანს ეს არ ეცოდინებოდა. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ამ შავი მასიდან სპილენძის მიღება შესაძლებელი იყო. მადნებიდან ჯერ სპილენძის ჟანგი წარმოიქმნებოდა, საიდანაც ლითონს ნახშირი აღადგენდა.

ძვ.წ.-ის Iათასწლეულში ქართულ ენაში შემოდის სიტყვა  „კირი“. წარმოქმნილია ურარტული „ყირა“ ანუ „კირა“-სგან, რაც ნიშნავს „მიწას“.  როგორც სამშენებლო მასალა, ჩვენთან ხმარებაში შემოვიდა ძვ.წ. VIII-VIIს.ს. „ქართლის ცხოვრებაში“ ლეონტი მროველი ამბობს: „აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისა“ . სამშენებლო მასალებზე კირის შემატების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ხუროთმოძღვრების ისეთი ძეგლების აგება, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს. კირის გამაგრებას, მის შეკვრას ოთხი ფაქტორი განაპირობებს. 1. გაშრობა, 2. დაკრისტალება, 3. ჰაერის ნახშირორჟანგთან ურთიერთქმედებით, კალციუმის კარბონატის წარმოქმნა. 4. ურთიერთქმედება კირსა და ქვიშას შორის. ბოლო ორი პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან ნელა მიმდინარეობს, კირი თანდათანობით მაგრდება. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უწყლო კირს (ოქსიდს)-ჩაუმქრალს, ხოლო წყლიანს (ჰიდროქსიდს) – ჩამქრალს უწოდებენ. ვახტანგ VI კი მათზე გაუნელებელს და განელებულს – წერდა.

არქეოლოგიური გათხრების თანახმად, საქართველოში მინის წარმოებაც განვითარებული ყოფილა. მისი წარმოების ჩასახვას ზოგი წყარო ძვ.წ. IV-IIIსს. მიაკუთვნებს. მცხეთაში აღმოჩენილი ლურჯი მინის საგნები ადგილობრივ სახელოსნოებში ძვ.წ. VI-Vსს. უნდა იყოს. ცნობილია ასევე, რომ ფერადი მინის მისაღებად კობალტის და სპილენძის ნაერთებს შეადნობდნენ.

არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ძველად და შუა პერიოდშიც საქართველოში კარგად იცნობდნენ საღებავების შექმნის ტექნიკას. კერამიკაში დმანისის ოსტატები იყენებდნენ ყვითელს, ნარინჯის ფერს; ფირუზის ფერს, მწვანეს, მოთეთროს. თეთრ საღებავად ფართოდ გამოიყენებოდა ცარცი-CaCO3;  ბარიტი-BaSO4; კაოლინი-Al2O3•2SiO2•2H2O. უფერო საღებავებს ამზადებდნენ დანაყილ მინასთან ტყვიის (II) ოქსიდის და თეთრი ქვიშის (სილიციუმის (II) ოქსიდი) შედნობით. ყვითელ საღებავად გამოიყენებოდა რკინის (III) ჰიდროქსიდის და რკინის (III) ოქსიდის ნარევი. ასევე იყენებდნენ სტიბიუმის სულფიდს. მწვანე საღებავებისთვის ძირითადად მალახიტს და მასთან შერეულ სპილენძის (II) ოქსიდს, ქრომის (III) ოქსიდს, ალუმინის (III) ოქსიდს, მაგნიუმის (II) ოქსიდს იყენებდნენ.  წითელი საღებავისთვის იყენებდნენ რკინის (III) ოქსიდს, კინოვარს (ქართულად სინგური)-HgS, რომლის სუსპენზიაც წყალში ძველად წითელ მელნად ყოფილა გამოყენებული. სხვათა შორის,  ვახტანგ მეექვსეს თავის წიგნში არა ერთხელ წერს სინგურზე, მაგრამ ყოველთვის საღებავის დასამზადებლად იყენებს და არ განიხილავს, როგორც ელექსირს ოქროს ტრანსმუტაციისთვის. #159-ე რეცეპტში ვახტანგ მეექვსე აღწერს ყვითელი  ფერის მელნის დამზადებას. „აიღე ერთი რიგი ხე არის, ჭალაში იქნება, რკოსავით მოისხამს. დაჭეჭყე, ნაცარტუტაში დაალბე, მოადუღე, გაწურე, ისევ მოადუღე და დანაყილი შაბი გაურიე“. ნაცარტუტა, სავარაუდოდ, ტუტე იქნებოდა, შაბი კი ალუმინის სულფიდი. რაც შეეხება რკოსმაგვარ ნაყოფს, სავარაუდოდ, მეფე ე.წ. ჰალის  კაკლებზე საუბრობს, რომლებსაც  არაბული ალქიმიის პერიოდში მელნის დასამზადებლად იყენებდნენ. ეს კაკლები ტანინის მჟავას შეიცავდა.

ახლა ეს ამბავი აქ დავასრულოთ, თუმცა კვლავ უეჭველად დავუბრუნდეთ, რადგან საკუთარ ქვეყანაში მეცნიერების განვითარების ისტორია წიგნია, საიდანაც სიცოცხლისთვის აუცილებელი წყალი იღვრება. ყოველ შემთხვევაში, ფუატ სეზგინის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის ახალი შენობის წინ, სწორედ ასეთი წარწერით   გამოქანდაკებული წიგნია, მისგან კი  წყალი იღვრება.

 

როგორ გავხადოთ  უფრო საინტერესო და სახალისო რუსული ენის გაკვეთილი

0

(ნაწილი I)

განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, სწავლა/სწავლების პროცესის მოდერნიზება იძულებულს ხდის მასწავლებელს, დაფიქრდეს ისეთი პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლებიც მოსწავლეს საგნისადმი მეტ ინტერესს გაუჩენს.  რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლეები ინტერესით დაეუფლონ ახალ ცოდნას, შეაფასონ საკუთარი შრომა და აჩვენონ მაღალი შედეგები. რამდენიმე დღის წინ ერთი ძველი მეგობარი შემხვდა, თან მეშვიდეკლასელი შვილი ახლდა. დამინახეს თუ არა, ჩვეულებისამებრ, დაიწყეს წუწუნი ტექსტების დაზეპირებაზე, ლექსებზე, სახელმძღვანელოებსა და ენის სირთულეზე; რამდენად საინტერესოა ინგლისურის გაკვეთილები, წიგნები და მასწავლებლის მიდგომა, ვიდრე რუსულის. შეძლებისდაგვარად თავი ვიმართლე და არაერთი მაგალითი მოვუყვანე, ხან კარგი მასწავლებლის, ხან სკოლის და თან სისტემაში განხორციელებული ცვლილებები მოვიშველიე. მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო მასწავლებლის მხრიდან იმისთვის, რომ საინტერესო, ხალისიანი და, ამავე დროს, შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაატაროს. დღეს ბევრს ვკითხულობთ აქტიური სწავლების მეთოდებზე, ვცდილობთ დავნერგოთ, თუმცა, არსებული რესურსის ფარგლებში, ხშირად  ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს.

რას გულისხმობს აქტიური სწავლება? მეთოდისტები გამოყოფენ აქტიური სწავლების  სამ დონეს:

აღდგენა – როდესაც მოსწავლე ცდილობს, გაეცნოს მასალას; დაიმახსოვროს, აღადგინოს ცოდნა; დაეუფლოს ინფორმაციის/ცოდნის გამოყენების ხერხებს ნიმუშის გამოყენებით;

ინტერპრეტაცია – დაკავშირებულია მოსწავლის მიერ ნასწავლი მასალის აზრის წვდომასთან, კავშირების დადგენასთან, განსხვავებულ სიტუაციაში ცოდნის გამოყენების ხერხებთან;

შემოქმედებითობა –  როდესაც მოსწავლე ცდილობს თეორიული მასალის გააზრებას შემეცნებითი ინტერესის, პრობლემის გადაწყვეტის დამოუკიდებლად ძიების საშუალებით.

ტრადიციული მეთოდების გამოყენებისგან განსხვავებით აქტიური მეთოდების გამოყენებისას  ხდება:

აზროვნების გააქტიურება, როდესაც მოსწავლე, სურვილის მიუხედავად, იძულებულია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში;

მოსწავლის სასწავლო აქტივობებში, ე.წ. გრძელვადიანი ჩართვა, როდესაც ის იძულებულია არა ეპიზოდურად, არამედ მთელი გაკვეთილის მანძილზე იყოს აქტიური;

შემოქმედებითი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მოსწავლეთა მოტივაციისა და ემოციურობის უმაღლეს ხარისხში აყვანა. მუდმივი კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უკუკავშირის მეშვეობით.

აქტიური მეთოდებით ხდება სასწავლო მასალის ათვისება აქტიური სააზროვნო და პრაქტიკული ქმედებებით, რომლებიც ითვალისწინებს არა მზა ცოდნის ათვისება/დაზეპირებას, არამედ   მოსწავლეების მიერ ცოდნისა და უნარის განვითარებას მათ აქტიურ სააზროვნო და პრაქტიკული გამოყენების ფაზაზე.

ბოლო დროს მასწავლებლები ხშირად მიმართავენ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარს უვითარებს და ხელს უწყობს მოსწავლე-მასწავლებლის ერთობლივ მუშაობას. ასეთი სწავლების დროს მასწავლებლის მთავარი ამოცანაა არა მზა ინფორმაციის გადაცემა,  არამედ მოსწავლესთან ერთად ახალი თეორიული და პრაქტიკული სიახლეების „აღმოჩენა“. პრობლემური და საინფორმაციო სწავლების  ლოგიკა პრინციპულად განსხვავებულია.  თუ საინფორმაციო სწავლებისას ხდება    მასალის შემოტანა გაცნობისა და დამახსოვრების მიზნით, პრობლემური სწავლებისას ახალი ინფორმაციის შემოტანა გულისხმობს მის, ე.წ. აღმოჩენას. უცხოური ენის გაკვეთილზე  მნიშვნელოვანი ელემენტია, მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ მასალაზე დიალოგის/კომუნიკაციის წარმართვა. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სამივე საფეხურზე, თუმცა გასათვალისწინებელია სწავლების დონე, ლექსიკური მარაგი, ასაკობრივი თავისებურებები და მოსწავლეთა ინტერესები. სახელმძღვანელოებში, მასწავლებელთა მიერ გადმოგზავნილ გაკვეთილის გეგმებსა თუ პროექტებში, სხვადასხვა დამატებით რესურსში ხშირად ვხვდებით ტექსტებსა და დავალებებს, რომლებიც ან ასაკისთვის შეუფერებელია, თუმცა მეთოდურად გამართული; ან მოსწავლეებისთვის ნაკლებად საინტერესოა და მხოლოდ მასწავლებლის გემოვნებითაა შერჩეული. ასეთ დროს მასწავლებლის შრომა შესაძლებელია ფუჭი იყოს, ამიტომ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია გონებრივი იერიშით მოსწავლეთათვის საინტერესო თემების შერჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ მასალის მოძიება და აქტივობების დაგეგმვა.

დღეს ინტერნეტრესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში გახშირდა. მოსწავლეებს ასეთი გაკვეთილები აინტერესებთ, ეძლევათ საშუალება, უფრო გააქტიურდნენ და დაგროვილი ლექსიკა და კონსტრუქციები გამოიყენონ კომუნიკაციის დროს. გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც შეგიძლიათ დაგეგმოთ ასეთი რესურსის გამოყენებით. კლასის და საფეხურიდან გამომდინარე დავალებები შესაძლებელია, გავართულოთ ან შევცვალოთ. მთავარია, რომ მასწავლებელმა შეძლოს ნებისმიერი რესურსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რაც გაკვეთილს მეტად ეფექტიანს გახდის.

მოდელი 1.

თემა სტანდარტული და ნებისმიერ საფეხურზე აქტუალურია – „გაცნობა“. განსხვავებულია ლექსიკური მარაგი, გავლილი გრამატიკული მასალა და კონსტრუქციების გამოყენება.

https://www.youtube.com/watch?v=ABGHYmYaqr8

მასწავლებელი წინასწარ აკრავს დაფაზე ლექსიკურ ერთეულებს, ფრაზებს, რომლის გააქტიურებაც დასჭირდებათ მოსწავლეებს გაკვეთილის განმავლობაში.

კლიპი, რომელსაც გთავაზობთ, ინგლისურენოვანია. პირველ ეტაპზე კლიპს უხმოდ უყურებენ. კლიპის ჩვენებამდე ლექსიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან ვარაუდი, რაზე იქნება კლიპი.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რეკლამის/ვიდეოს პირველ ნაწყვეტს  ხმის გარეშე 00:05;

ნახვის შემდეგ მოსწავლეები აღწერენ ახალგაზრდა მამაკაცს.

Как вы думаете, кто он? Как его зовут? Где он? С какой целью?  Какое время года? Опишите….и т.д.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რეკლამის/ვიდეოს მეორე ნაწყვეტს  ხმის გარეშე და სთხოვს მოსწავლეებს, დაახასიათონ გოგონა. 00:26

Опишите девушку. Как вы думаете, кто она? Как ее зовут? …..

წყვილებში მუშაობა. მასწავლებელი სვამს კითხვას: როგორ გგონიათ, რაზე საუბრობენ ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი? საფეხურიდან და კლასის შესაძლებლობიდან გამომდინარე მასწავლებელს შეუძლია დაფაზე წინასწარ გააკრას კონსტრუქციები, რომლის გამოყენებაც საჭიროა დიალოგის  შედგენისას. Придумайте диалог и разыграйте его.

Презентация.

პრეზენტაციის შემდეგ   

დავალება: წყვილებში უნდა მოიფიქრონ ამბის დასასრული და წარმოადგინონ საკუთარი ვერსია.

Задание. Придумайте конец этой встречи.

Презентация.

პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს კლიპს ბოლომდე. თუ მოსწავლეებს აქვთ ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნა, გაიგებენ, რაზეა საუბარი კლიპში. თუ არა, მასწავლებელი მოკლედ უყვება დიალოგის შინაარსს. მოსწავლეები კლიპის დასასრულს საკუთარ ვერსიას ადარებენ.

 

 

როგორ ვმართოთ ემოციები

0

ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ემოციების გარეშე. მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, რადგანაც ისინი ჩვენს ყოფას ბევრად უფრო საინტერესოს და შინაარსიანს ხდიან. თუმცა, ამავდროულად ემოციებს შეუძლიათ გაანადგურონ კიდეც ჩვენი ფსიქიკა, ჯანმრთელობა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ  ჩვენ ემოციური აფეთქების ზღვართან მივალთ და მისი მართვის სადავეებს ხელიდან გავუშვებთ. ალბათ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მდგარა აღნიშნული საფრთხის წინაშე. არის პროფესიები, რომლებიც, ამ მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პედაგოგის პროფესია სწორედ ასეთ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ პედაგოგთა დღევანდელ ყოფას და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული საფრთხე საკმაოდ რეალურია.

შესაძლებელია თუ არა ემოციების კონტროლი, მათი მართვა და ემოციური აფეთქების საფრთხის თავიდან აცილება, თუ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ემოციები ჩვენზე ძლიერია, დომინირებს ჩვენს ქცევაზე და არაფრის გაკეთება შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ემოციების მართვა ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ტიპოლოგიურ თავისებურებებზე, მაინც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს უნარი გამომუშავებადი და აღზრდადია. ერთ-ერთი ნიშანი, რაც გამოარჩევს კარგად აღზრდილ ადამიანს, სწორედ ის არის, რომ მას შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი და მართვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. განვითარებულ პიროვნებას აქვს საკუთარი  თავის ფლობის უნარი.

რატომ არის საჭირო ემოციების კონტროლი და მართვა, რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციების უმართაობა? რა ხდება, თუ ჩვენ არ შეგვიძლია, ან არ გვსურს გავიგოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები:

  • გვიფუჭდება ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. ემოციებით შეპყრობილ ადამიანს უქვეითდება მგრძნობელობა ყველას, მათ შორის ახლობლების მიმართაც კი. ამიტომ, ემოციური აფეთქების ზღვართან მისული ასეთი ადამიანები არ იშურებენ ერთმანეთისათვის არასასიამოვნო და მტკივნეული სიტყვების თქმას, მწვავედ რეაგირებენ უმნიშვნელო შენიშვნებზე, ადვილად შედიან კონფლიქტში გარშემომყოფებთან, შემდეგ კი თავს უბედურად და დათრგუნულად გრძნობენ;
  • ქვეითდება ჩვენი შრომისუნარიანობა. საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებსუსასრულოდ ვხარჯავთ მომქანცველ, გამომფიტავ, დამაუძლურებელ  განცდებზე. შედეგად ჩვენ შეიძლება აღარ გვეყოს ძალები საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად;
  • გვიფუჭდება დამოკიდებულება საკუთარ თავთან. უარყოფითი ემოციების სიჭარბე გვაფიქრებინებს, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის“ ან „ყველა ჩემს წინააღმდეგაა მომართული“. შედეგად შეიძლება დაგვიქვეითდეს თვითშეფასება, დავადანაშაულოთ საკუთარი თავი და დეპრესიაშიც კი ჩავვარდეთ;
  • ნადგურდება ჩვენი ჯანმრთელობა. შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოებაში ემოციურად ფეთქებადი სიტუაციების ზრდა პირდაპირპროპორციულ  დამოკიდებულებაშია ფსიქოსომატური დაავადებების ზრდასთან. არაკონტროლირებადი და უმართავი ემოციები დიდ როლს თამაშობს ძალიან ბევრი დაავადების აღმოცენებაში. დღეს უკვე აღარავის აკვირვებს გამოთქმა „დაავადება განვითარდა ნერვულ ნიადაგზე“. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ადგილი აქვს მოჭარბებულ ემოციურ რეაგირებას, უარყოფით ემოციებზე ჩაციკვლას, მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნას, საკუთარი ემოციების უარყოფას ან დათრგუნვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი ემოციების გაგება, კონტროლი და მართვა.

რეკომენდაციები ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად:

  • ვაღიაროთ იმ ემოციის არსებობა, რომელიც ჩვენ დაგვეუფლა და დავარქვათ მას სახელი. რა არის ეს – შიში, სიხარული, მრისხანება, აღშფოთება, თუ რაიმე სხვა. იმისათვის, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები, საჭიროა ჯერ ვაღიაროთ მათი არსებობა და მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. თუ ჩვენ ბოლომდე ვერ გავაცნობიერებთ ჩვენს განცდებს, ვერ გავიგებთ, რა როლს თამაშობს ემოციები პირადად ჩვენს ცხოვრებაში;
  • ნუ გავუკეთებთ იგნორირებას ემოციას, რომელსაც განვიცდით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. უკეთესი იქნება შევხედოთ სიმართლეს თვალებში, მივიღოთ ის, როგორც მომხდარი ფაქტი. გავაცნობიეროთ, გავაანალიზოთ, გავიგოთ რა დგას ამ ემოციის უკან; როდის, რის შემდეგ გაჩნდა ის, რაშია მისი არსი და ღირებულება, რისთვის გვჭირდება, რა  სიგნალს იძლევა, რისკენ მიმართავს ჩვენს ყურადღებას, რაზე ღირს დაფიქრება და რა ცვლილებების გატარებაა საჭირო. ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან ამ კითხვებზე პასუხის დროს;
  • ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი აზრები, ვინაიდან ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი ან ადამიანი, არამედ ჩვენი აზრები და ფიქრები ამ მოვლენის, ფაქტისა და ადამიანის შესახებ. და, თუ ეს აზრები პოზიტიურია, ჩვენ დადებით ემოციებს განვიცდით, მაგრამ, თუ ისინი უარყოფითია, ჩვენ ნეგატიური და გამანადგურებელი ემოციები გვიპყრობს. ამასთან, მთელი სიბრძნე მდგომარეობს არა იმაში, რომ არ დავინახოთ ცხოვრების სირთულეები, არამედ იმაში, რომ ამ სირთულეებს კონსტრუქტივისტულად მივუდგეთ. იმ დროს, როცა ვიგრძნობთ, რომ მარცხის გამო საკუთარ ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ, გავიხსენოთ ჩვენი პირადი წარმატების მაგალითები წარსულიდან. მაგ. ნაცვლად იმისა, რომ ვინერვიულოთ წარუმატებლად ჩატარებულ დღევანდელ გაკვეთილზე, გავიხსენოთ კოლეგების როგორი მოწონება და აღიარება დაიმსახურა ერთი კვირის წინ ჩატარებულმა ჩვენმა გაკვეთილმა. დღევანდელი მარცხი კი შეიძლება აღვიქვათ, როგორც სასარგებლო გამოცდილება. ემოციური წონასწორობის მდგომარეობაში გადასვლა დაგვეხმარება, გავაანალიზოთ სიტუაცია და ვიზრუნოთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქცევას ჩვენივე ემოციები მართავს, ემოციებს კი – ჩვენი აზრები და ფიქრები. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენს ქცევაში რამე შევცვალოთ, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები. ემოციების სამართავად კი ჩვენი აზრებისა და ფიქრების მართვაა საჭირო;
  • მოვერიდოთ ემოციის დათრგუნვას, ჩახშობას, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. ემოციების დათრგუნვით, ჩახშობით ჩვენ კი არ ვთავისუფლდებით, არამედ უფრო ვაღრმავებთ პრობლემას და ნეგატიური ემოციების ტყვეობაში ვრჩებით. უკეთესი იქნება არ დავმალოთ, არ დავთრგუნოთ, არ ჩავახშოთ ჩვენი ემოცია და ვიფიქროთ იმაზე, რამაც ჩვენში ეს ემოცია გამოიწვია. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე დრამატულ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ამას იმით ახერხებენ, რომ ფიქრობენ იმ ცუდზე, რაც შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მომხდარიყო. იმაზე ფიქრი, რომ ამაზე ბევრად უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო, ნეიტრალიზებას უკეთებს არსებულ პრობლემას და კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ემოციური წონასწორობის აღსადგენად იმათი შენდობის, პატიების უნარია, ვინც გაგვანაწყენა. ემოციური წონასწორობა კი, თავის მხრივ, აუცილებელია რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მიმდინარე მოვლენების საღად, გონივრულად შეფასებასა და ადეკვატურად მოქმედებას.

 

 

მებრძოლ უღმერთოთა კავშირი

0

ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს – სტალინს, ხრუშოვს და სხვებს – შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა, მაგრამ მთავარი ბომონი – სრულქმნილი ულიანოვი – ეჭვის მიღმა სუფევდა. არის ერთი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი, რაულ სერვაისის „პეგასუსი“, – ადვილად იპოვით ინტერნეტში. ათიოდე წუთში დიდებულადაა მოთხრობილი, როგორ ანაცვლებს სოფლის მჭედელი ერთ უფალს მეორით. ამ წერილის თანასამზერელად გირჩევთ. ისე, ირიბად. ცალი თვალით.

ანტირელიგიური კამპანია გაჩაღდა.

ხოლო ჩემს მაგიდაზე ახლა ოცამდე ამგვარი წიგნი დევს. გაზეთი უფრო მეტი იყო. ეს წიგნები პერიოდული გამოცემების ერთგვარ შეჯამებად შეგვიძლია ვიგულისხმოთ. აქ იყრიდა თავს მთავარი ინსტრუქციები და, ჩვენებური ახალმეტყველებით რომ ვთქვათ, „ქეისები“. იწყებოდა ყველაფერი ყმაწვილთა აღზრდით. 1932 წელს გამოდის ვინმე პ. მიქაძისა და ან. გველესიანის წიგნი „პიონერები ანტირელიგიურ ფრონტზე”. ახალი, ლენინური რელიგია ძალიან აგრესიული იყო. მას მთლიანად უნდა ამოეძირკვა წინამორბედი. ამიტომაც „ნორჩ უღმერთოთა კუთხეში“ დაიდგა ყუთი, სადაც ასეთ ამბებს ათავსებდნენ: „ერთხელ პიონერები შეგროვდნენ ჩემს ეზოში და გადაწყვიტეს, რამენაირად მაინც დაეშალათ მორწმუნენი. პიონერები რამდენიმეჯერ მოვიდნენ ეკლესიაში და იმდენი მოახერხეს, რომ შეუმჩნევლად ეკლესიის გამათბობი მილი გასტეხეს. ამის გამო შესწყდა მორწმუნეთა სიარული ეკლესიაში, რადგან საშინლად ციოდა; ამრიგად, ეკლესიას რელიგიური ცრუმორწმუნეობის საშუალება გამოეცალა“.

სხვებს, უკვე ზრდასრულებს და განსხვავებულ ფერხულში თავშერგულებს, „უფრო დიდ“ კუთხეებს უწყობდნენ. მაგალითად: „კუთხეს უნდა ქონდეს თარო და ვიტრინა პოპულიარული ანტირელიგიური ლიტერატურით. კუთხის ლოზუნგები, ისე როგორც სხვა მასალები, დაკავშირებულ უნდა იქნენ კოლმეურნეობის წარმოებასთან, მაგ.: „ძირს ხუცის სასხურებელი, გამოვიყენოთ ქიმიური სასუქი“. თუ ბოლშე-ეზოთერიზმი არ გაჭრიდა, სხვა, პრაგმატული მაგალითებით ცდილობდნენ მშრომელთა მორჯულებას – სანამ კიდევ უფრო „პრაგმატული” 37 არ დადგა. ასე განსაჯეთ, 1932 წელს გამოცემულ წიგნში: „აღდგომა. მისი წარმომავლობა და მნიშვნელობა“, – დაწვრილებით ანგარიშობენ იმ ზარალს, რაც სადღესასწაულო ამბების გამო მიადგა დიად სამშობლოს: „ბეჟიცაში, დასავლეთის ოლქში, ქარხანა „წითელმა პროფინტერნმა“ დაკარგა 1500 კაცზე მეტი თვითნებობითი გაცდენის გამო; ფულზე რომ გადავიტანოთ – 22.754 მანეთი. მაშასადამე, ქარხანამ სოფლის მეურნეობას ვერ მისცა 2.143 სახნისი“. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. უფრო საბჭოურად – ფოლადის ლოგიკა. კაპიტალიზმს ხომ ბრალდებოდა და ბრალდებოდა ყველაფერი. იესო ქრისტე და მუჰამედი ლამის იყო პირველ ბურჟუებად გამოიყვანეს და მათი მოწაფეები – გაწაფულ კლერკებად. დ. ციხელაშვილი მიმართულების ოსტატად მიიჩნეოდა. სწორედ მას ავალებდნენ ან ივალებდა ამ საქმეს და საოცარი მხატვრულობით ასრულებდა – ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იწყებდა და მოულოდნელად კულაკთა შეთქმულებებით ასრულებდა. მოკლედ, ახლა სახალისოდ საკითხავია, მაშინ კი სისხლს ითხოვდა ეს ფურცლები.

რაღაც ნაწილი აღარ მომიყვანია. აი, ის, სადაც მუქარა იმატებს და სიტყვები ადრესატებს სასაკლაოსკენ მიერეკებიან. რა საჭირო იყო –  მინდოდა, რბილად მეთქვა ძალიან მარტივი რამ: ყოველგვარი ძალადობა ცუდია.

ხოლო მებრძოლ უღმერთოთა კავშირს უფრო მოკლედ ერქვა „მუკ“-ი. ლოზუნგი კი, რომელიც თითქმის ყველა გამოცემას ახლდა, ასეთი იყო: „არც ერთი საწარმოო, დაწესებულება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საბინაო ამხანაგობა, ყაზარმა, კოლმეურნეობა, საბჭოთა მეურნეობა და კომუნა მუკის გარეშე“.

უჰაკლბეროდ

0

ჰეკლბერად გავიცანი. არადა, ჰაკლბერია – წიგნების მაღაზიაში ნანახ ორი წლის წინანდელ გამოცემასაც სწორედ ასე აწერია: მარკ ტვენი, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“. მთარგმნელი იგივეა – თამარ დიასამიძე. ეს თარგმანი ბავშვობაში წავიკითხე, თანაც ზედიზედ რამდენჯერმე: დავამთავრებდი და ისევ თავიდან ვიწყებდი. რა მექნა, ნათხოვარი მქონდა და ადრე თუ გვიან უნდა დამებრუნებინა. ყურიც მთავარი გმირის იმ სახელს მიეჩვია, რომელიც მაშინ ეწერა წიგნში – ჰეკლბერი, ჰეკი.

ორი თვის წინ ინგლისური წიგნების მაღაზიაში გადავაწყდი და, ბოლოს და ბოლოს, იმ ენაზე წავიკითხე, რომელზეც მარკ ტვენმა დაწერა. განუზომლად დიდი სიამოვნება იყო. ოღონდ პირველივე გვერდების კითხვისას მივხვდი, რომ ჩვენ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ არ გვაქვს – ეს წიგნი თავიდან უნდა თარგმნოს ვინმე მამაცმა, თავზეხელაღებულმა მთარგმნელმა, არც წლების დაკარგვას რომ არ შეუშინდება და არც ენობრივ ექსპერიმენტებს, დიდ, აზარტულ თამაშს.

გახსოვთ ის ეპიზოდი, ჰაკი რომ გოგოსავით გამოეწყობა და შუა ხნის ქალბატონის წინაშე თავშესაქცევ სცენას გაითამაშებს – ვითომ ძალიან ნაზი, ზრდილობიანი, დახვეწილი არსებაა? ჯერ ამბობს, სარა უილიამსი ვარო, მერე – მერი უილიამსიო. დაშვებულ შეცდომას რომ გააცნობიერებს, საჩქაროდ გამოასწორებს: სარა მერი უილიამსი მქვიაო. წიგნის ქართული თარგმანი სწორედ ამ „გოგოს“ მაგონებს, იმდენად თვალშისაცემია გაკეთილშობილებისკენ სწრაფვა, ხელოვნური სამშვენისები, ვითომ-მოკრძალება და ვითომ-დახვეწილი მეტყველება, უხერხული სიტუაციებიდან თავის დაძვრენის მცდელობები.

სინამდვილეში ეს „ჰაკლბერი ფინის თავგადასავლის“ ქართული თარგმანი კი არა, სალიტერატურო ენით გადმოწერილი ამბავია, დაწვრილებით მოყოლილი შინაარსი. მარკ ტვენის წიგნში დიალექტების ნამდვილი ფეიერვერკია, ყოველდღიური მეტყველება, ცოცხალზე ცოცხალი ენა. მას, ვინც ახალ თარგმანს შეეჭიდება, მაგარი გული უნდა ჰქონდეს – არაერთხელ მოუწევს სქელ კედელთან თავით შეჯახება, გაუვალ უღრანში ჩაკარგვა, სასოწარკვეთის წუთებიც ბევრჯერ დაუდგება. არადა, ღირს ამგვარი თავგანწირვა იმისათვის, რომ მოზარდებისა თუ ზრდასრულების უსაყვარლესი წიგნი იმ სახით მოხვდეს მკითხველის ხელში, რა სახითაც მწერალმა შესთავაზა თავის დროზე.

აქვე ერთი რჩევაც მისთვის, ვინც ამ საქმეს შეუდგება: ყოველმხრივ გაუმართლებელი იქნება უცხო ენის დიალექტების ჩანაცვლება ქართული კილოებითა თუ კილოკავებით. განსაცდელში ჩავარდნილ მთარგმნელს ხან გამომგონებლობა მოუწევს, ხან სიტყვა-გამოთქმათა ფაქიზი გადარჩევა. საკმარისია, ერთხელ მაინც მოუქციოს ზანგმა ჯიმმა გურულად ან ზემო იმერულად, რომ გამოუსწორებლად დაზიანდეს მთელი თარგმანი და კომიკური ეფექტი მივიღოთ იქ, სადაც ის სრულიად ზედმეტი იქნება.

არც „მეფე“ და „ჰერცოგი“ უნდა ლაპარაკობდნენ ვერა-ვაკელი ყალთაბანდებივით.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, როგორი დიდი წიგნია მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მის წაკითხვას იმ ასაკში, როცა მთელი სამყაროს მდინარეები გიხმობენ, როცა სახლიდან გაქცევა ყველაზე იდუმალი ნატვრაა და თავგადასავლების ძიება – უდიდესი ვნება.

მართალია, ეს წიგნი გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ დამფასებელთა და აღფრთოვანებულთა რიცხვი ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მისი დამწუნებლების. სასკოლო პროგრამიდანაც ამოუღიათ და მერე ისევ დაუბრუნებიათ ამერიკის სკოლებში. სულ ცოტა ხნის წინ მინესოტის შტატის ქალაქ დულუთში როგორც მისი, ასევე ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ სწავლებაზე თქვეს უარი – რასისტული გამონათქვამები შავკანიანი მოსწავლეებისთვის შეურაცხმყოფელია და მათ გარიყვას უწყობს ხელსო. უარესი რა შეიძლება დაემართოს მოზარდს, რომელიც მეტისმეტად სწორხაზოვნად მოაზროვნე აღმზრდელთა ხელშია ჩავარდნილი?

წინა წლებში სიტყვა „ზანგი“ ხვდებოდათ ყურში ცუდად და სცადეს, შეეცვალათ სიტყვით „მონა“. სხვა სიტყვებიც სცადეს, მაგრამ დიდად ვერც ერთმა გაამართლა. ან კი როგორ გაამართლებდა?! მსგავსი მცდელობები მხოლოდ თავშესაქცევ ამბად შემორჩება ისტორიას.

პირველად 1885 წელს აკრძალეს მასაჩუსეტსის შტატში – მაკულატურაა და მეტი არაფერი, ბარაკებში მცხოვრებთა საკითხავიაო. დრომ საპირისპირო დაამტკიცა – მარკ ტვენის ამ ბრწყინვალე წიგნმა საუკუნესაც გაუძლო და მეტსაც. ზოგიერთი მოსაზრებით, ის სულაც პირველი ამერიკული რომანია. შესაძლოა სადავოდ გახადო ეს მოსაზრება, შესაძლოა მის ლიტერატურულ ღირსებაში ეჭვიც შეიტანო – ამის უფლება მკითხველს აქვს. ერთი რამ ცხადია: „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ ის წიგნია, რომლის აკრძალვაც უპატიებელი დანაშაულია, რომლის ცუდად თარგმნაც შესაძლოა, ნაკლებად მძიმე და მისატევებელი, მაგრამ ასევე დანაშაულია.

ამერიკულ ლიტერატურაზე ჩემსავით შეყვარებული მკითხველისთვის კი წარმოუდგენელია სამყარო ამ გონიერი, გამბედავი, თავგადასავლების მაძიებელი, გარდასახვის შესაშური უნარის მქონე ბიჭის გარეშე. არც ამერიკა, არც მე-19 საუკუნე არ არსებობს უჰაკლბეროდ.

 პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლების მაგალითები  გეოგრაფიის გაკვეთილზე            

0

გეოგრაფიის სწავლების თავისებურება ის გახლავთ, რომ იგი  მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე მოქმედი ფაქტორის კომპლექსს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ  ეს ფაქტორები  მეცნიერების სხვადასხვა დარგს მიეკუთვნება, რაც მასალას განსაკუთრებულ მიმზიდველობას  ანიჭებს  და სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

პრობლემაზე  დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული,  ანუ აქტიური სწავლების ხერხია და იგი წარმატებით გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. მას  სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:  სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;  მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ და მასწავლებელი არის ,,ფასილიტატორის“ როლში, რის შედეგადაც მოსწავლე საკუთარ სწავლაზე  მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას იღებს.  თავად პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ოთხი ეტაპისგან შედგება: 1. პრობლემური სიტუაციის შექმნა და პრობლემის  წარდგენა (პრობლემის იდენტიფიცირება); 2. ჰიპოთეზის გამოთქმა; 3. გადაწყვეტის გზების ძიება და ჰიპოთეზის დამტკიცება; 4. პრობლემის გადაწყვეტა.

სწავლების ამ სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას  სხვადასხვა წყაროებიდან განსახილველი საკითხის შესახებ და მაქსიმალურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. დასმული პრობლემა მათ  უბიძგებს, მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, ერთადერთი სწორი პასუხის ძებნისას მოახდინონ დასმული პრობლემის ინტერპრეტირება, მოაგროვონ საჭირო ინფორმაცია, ააგონ მოდელი, გამოთქვან ვარაუდი, შეაფასონ და შეადარონ შესაძლო შედეგები და გააკეთონ დასკვნები.

პრობლემა არსებობს მაშინ, როცა მოსწავლე ავლენს  დაინტერესებას, ცნობისმოყვარეობას და არ იცის, როგორ გადაჭრას რაიმე საკითხი. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას ახალი მასალის შესწავლა და შემდგომ მისი განმტკიცება დაფუძნებულია მოსწავლეების წინარე ცოდნაზე და მისი გამოყენების უნარ-ჩვევებზე.  მოსწავლეებს ეძლევათ რაიმე  კონკრეტული პრობლემა, რომელიც მათ დამოუკიდებლად  უნდა გადაწყვიტონ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, მაგრამ უკვე  ახალ სიტუაციაში  და იპოვონ მისი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა: ა) პრობლემური სიტუაცია მოსწავლეთათვის გასაგები უნდა იყოს. თუ მოსწავლეები ვერ იგებენ ამოცანის არსს, მასზე შემდგომი მუშაობა უნაყოფოა. ბ) მეორე მოთხოვნაა – წამოჭრილი პრობლემის დაძლევა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ პრობლემის გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ამოცანაზე მუშაობისას ბევრი დრო დაიხარჯება, გაუგებარი იქნება და ასეთი  სწავლება აზრს დაკარგავს. გ) პრობლემის ფორმულირებამ და შინაარსმა მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ასევე არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებს პრობლემის ავთენტურობა და  რეალურობა.

სასწავლო პროცესში პრობლემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს პრობლემური კითხვის ფორმით ან დავალებით.  თუმცა ორივეს აქვს საერთო: მათ შინაარსში ჩადებულია პრობლემური სიტუაციის წარმოქმნის პოტენციური  შესაძლებლობა, რომელიც მათი ამოხსნის  თუ შესრულების პროცესში  წარმოიქმნება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რაც აქვს. ამიტომ ამ პროცესში იგი აქტიურია, ეძებს საჭირო ინფორმაციას –  წიგნებს, გამოკვლევებს, ელექტრონულ ინფორმაციას და ახალი ცოდნით უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას.

პრობლემური სიტუაციის განხილვამდე  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით შესაძლებელია მათ რაიმე სახალისო დავალება შევთავაზოთ. მაგალითად;  მე-7 კლასში თემის „დედამიწის შინაგანი აგებულების“  შესწავლისას შესაძლებელია ასეთი დავალების მიცემა: დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს ფილების  შესახებ თქვენი წინარე ცოდნის საფუძველზე გამოთქვით თეორია ლითოსფეროს ფილების მოძრაობის შესახებ. თქვენი თეორია დასაბუთებული უნდა იყოს  და  მის მართებულობას უნდა ჰქონდეს მტკიცებულება.

გეოგრაფიის სწავლებისას გამოიყენება რამდენიმე სახის პრობლემური ან შემოქმედებითი დავალება. მოსწავლეებისთვის  ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკური გეოგრაფიის კურსიდან  ცნობილია, რომ მზის სითბოს რაოდენობა დამოკიდებულია  განედზე: რაც უფრო დაბლაა განედი, მით მეტია სითბო და პირიქით. მაგრამ აფრიკის კონტინენტის შესწავლისას  მოსწავლეები იგებენ, რომ ტროპიკულ სარტყელში  ზაფხულის ტემპერატურა უფრო მაღალია (+32 გრადუსი), ვიდრე ეკვატორულში  +24 გრადუსი). ეს ფაქტი ეწინააღმდეგება მათ მიერ შესწავლილ კანონზომიერებას და,  შეიძლება ითქვას, პრობლემური შინაარსის დავალების საფუძველი ხდება. პრობლემური შინაარსის დავალება კი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ატლასის  ან თემატური რუკების გამოყენებით შეადარეთ  აფრიკის ტროპიკული და ეკვატორული სარტყლების  ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურები. იმსჯელეთ, რატომაა  ტროპიკულ სარტყელში ივლისის ტემპერატურა უფრო მაღალი? (პასუხი: ზაფხულში სუბეკვატორულ სარტყელში ეკვატორული ჰაერის მასებია გაბატონებული, რომელსაც დიდი რაოდენობით ნალექი მოაქვს. ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მთელი წელი მშრალი ტროპიკული ჰაერის მასები ბატონობს. რადგანაც სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება, ამიტომ ეკვატორულ სარტყელში, სადაც ზაფხულში ტენიანობა ძალიან მაღალია, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ტროპიკულ სარტყელში).

გეოგრაფიული გარსის მთლიანობისა და გეოგრაფიული კანონზომიერებების შესახებ  პრობლემური ხასიათის დავალების მაგალითი შეიძლება შეეხებოდეს დედამიწის კლიმატის ცვლილებას ან მარად მზრალობას. მოსწავლეებმა ამ მოვლენების შესახებ უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, რომლებსაც საფუძვლად მათი მეცნიერულ-პრაქტიკული მნიშვნელობა უნდა დაუდონ.

გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების ნიმუშებს:

ადრე  დედამიწას  იმიტომ სწავლობდნენ, რომ მისი აღწერილობა  მოგზაურობისა და ვაჭრობის დროს გამოეყენებინათ.  ახლა რა მიზნით მიმდინარეობს დედამიწის შესწავლა?

რატომ მოდის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ნამიბის უდაბნოში უფრო მცირე ნალექი, ვიდრე საჰარის ყველაზე მშრალ რაიონებში?

მდინარეების  რა თავისებურებაა დამოკიდებული დედამიწის რელიეფსა და კლიმატზე?

რა დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას?

რა როლი შეასრულა დიდი აბრეშუმის გზამ  საქართველოს ეკონომიკაში?

განიხილეთ და დაახასიათეთ მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია. რა ტენდენციების გამოვლინებას აქვს ადგილი?

რატომაა ტუნდრის ზონაში  წყლის საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუ ნალექების წლიური რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია ანუ უფრო ნაკლები,  ვიდრე, მაგალითად, კასპიისპირა  უდაბნოებში?

სტეპებში ხე-მცენარეულობის არარსებობა არასაკმარისი ტენიანობით  აიხსენება.  მაშინ რატომ  არ არის ტუნდრაში გავრცელებული ხე-მცენარეულობა, რომელიც პირიქით გადაჭარბებული ტენიანობით  გამოირჩევა.

გოლფსტრიმის დინების ტემპერატურა +4 გრადუსია  და  იგი, როგორც  თბილი დინება ისეა ცნობილი, მაშინ, როცა კანარის დინების ტემპერატურა +22  გრადუსია და მას ცივ დინებას უწოდებენ.  როგორ ფიქრობთ, რატომ?

1800 წელს 1 ტონა თუჯის გამოსადნობად 2.5 ტონა კოქსი და 4 ტონა კოქსვადი ნახშირი იყო საჭირო. კოქსის ხარისხის გაუმჯობესებამ და გამოდნობის პროცესის სრულყოფამ 0,7-0,8 ტონით შეამცირა კოქსის წილის ხარჯი. ახსენით, როგორ აისახა ეს მოვლენა მეტალურგიული ქარხნების განლაგებაზე?

ცნობილია, რომ მეტალურგიული  საწარმოები გარემოს ძლიერი დამაბინძურებელია. შავი მეტალურგიის  ქარხნები ატმოსფეროში 15%-მდე, ხოლო ფერადი მეტალურგიის საწარმოები  22%-მდე  მავნე ნივთიერებებს გამოაფრქვევს. რატომ ითვლება მოცემული კომპლექსის საწარმოების ნაწილი ეკოლოგიურად სუფთად? რაზე არიან ისინი სპეციალიზებული?

ავსტრალიაში ფართოდაა გავრცელებული  და ძალიან  განვითარებულია მეცხვარეობა, მაგრამ  კლიმატოლოგიურ ცოდნაზე  და ავსტრალიის ბუნებრივი ზონების რუკების ანალიზზე დაყრდნობით  ჩვენ ვსაუბრობთ კონტინენტის სიმშრალეზე,  დამშრალი მდინარეების (კრიკების)  ქსელსა და მტკნარი წყლის დეფიციტზე. მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ პირობებში კონტინენტს  ლიდერის პოზიცია უკავია სოფლის მეურნეობის ამ დარგში? (პასუხი: მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზისა და წინარე ცოდნის გააქტიურების საფუძველზე შეუძლიათ გამოიტანონ დასკვნა, რომ ცხვრები  იმ გამხმარი ბალახით იკვებებიან  და იმ მარილიან წყალს  სვამენ, რომელიც ავსტრალიაში საკმარისადაა).

გეოგრაფია  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია სასკოლო პროგრამაში,  მისი სწავლების ეფექტურობა მისაღწევია იმ შემთხვევაში, თუ  სასწავლო პროცესი  მიმართული იქნება მოსწავლეთა აზროვნების განვითარებაზე, მათი შემეცნებითი დამოუკიდებლობის ფორმირებაზე, მათ შორის  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიის გამოყენებით.

 

 

 

 

„სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ“

0

ვერაფრით ვიხსენებ, როდის შევხვდი პირველად. დღესაც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით. არადა ჩვენი გზები ოთხი თუ ხუთი წლის წინ უნდა გადაკვეთილიყო. პირველად პურის ლუკმა გავიყავით. უსიტყვოდ, ყოველგვარი შორეული მიზნისა და დათქმის გარეშე. მერე რაღაცნაირად წესად გვექცა – შინ დაბრუნებულს, ჭიშკართან მეგებებოდა და ერთად ვვახშმობდით. გამოხდა ხანი და უცებ გავაცნობიერეთ, უერთმანეთოდ ყოფნა აღარ შეგვეძლო…

 

ამ რამდენიმე კვირის წინ კი ჩვენი გზები ისევ გაიყო. წავიდა. სამუდამოდ წავიდა იქ, საიდანაც აღარ თუ ვეღარ ბრუნდებიან. ჩვენში მოკლედ იტყვიან: მოკვდაო.

რამდენიმე ათეული წლის წინ ერთ-ერთი საავადმყოფოს ზღურბლთან მრავალ სიკვდილსიცოცხლენანახმა ექიმმაც ასევე აუღელვებლად, პირდაპირ და მოკლედ მითხრა: „უი, ის რომ მოიყვანეთ, მაშინვე მოკვდაო“.

ჩვენ, თავს ადამიანებს რომ ვუწოდებთ, დიდი ხანია მთელ დუნიას დავეპატრონეთ. ჩვენი სწორი ამქვეყნად არცა სულიერი გვგონია და არცა უსულო. ყველას და ყველაფერს ზემოდან დავცქერით, არათუ სიცოცხლეში, სიკვდილშიაც კი თავს ვამეტებთ. დიდებს „გარდაცვალების“ ფუფუნება გვაქვს, სხვები კი უბრალოდ იხოცებიან, მიდიან ამ სოფლიდან, ქრებიან სამარადჟამოდ…

დიახ, ის ორი უბრალოდ მოკვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადამიანი ვერასოდეს გახდებოდა, რადგან განგებამ ძაღლად გააჩინა, მეორემ კი ვერ მოასწრო – მხოლოდ ერთი კვირა ისუნთქა ჟანგბადით. ჩვენ? ჩვენ ვიცხოვრებთ, ოდესმე გარდავიცვლებით და სიკვდილის შემდეგაც გავაგრძელებთ ყოფას ავად თუ კარგად…

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ყველა ხალხის, ყველა ეპოქის მთავარი თავსატეხი იყო. ასეთივე დარჩება ყოველთვის. კიდევ ბევრი თაობა და ჟამი გარდავალს სიკვდილის წინაშე ძრწოლით…

მაგრამ ერმა, რომელიც იტყვის: „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო“, – სიცოცხლის ფასიც იცის და სიკვდილისაც. ერმა, რომელიც საკუთარ მიცვალებულზე წინ ბეჩავ-საბრალოთ დაუდგამს ტაბლას, იცის გარდაცვლილთა სულის ცხონებაზე ზრუნვა. ერმა, რომლის პოეზიაშიც „ხმით ნატირალი“ ცალკე ლიტერატურული ჟანრი იქნება, იცის, როგორ მოიშუშოს სიკვდილით მიყენებული იარები.

ჰოდა, ასეთი მდიდარი ლექსიკისა და ლაქარდიანი ენის პატრონებს, რატომ გვაქვს ეს ორი სიტყვა ასე გამიჯნული? მჯერა, რომ ეს ენის სიმწირის ბრალი არ არის. ერთ დროს უთუოდ გვექნებოდა „მოკვდას“ ალტერნატიული „გარდაცვალების“ სინონიმი, მერე კი რაღაც მიზეზით მივივიწყეთ, უსარგებლო ნივთივით საკუჭნაოს ბნელ კუთხეში მივაგდეთ და ისიც ნელ-ნელა ისე დაიჟანგა, ახლა რომც მივაგნოთ, ვეღარ ვიცნობთ, რა არის და რისთვის იყენებდნენ…

დღეს მორიგი ექსპერიმენტი ჩავატარე. ორ ნივთიერებას სიკვდილის განაჩენი გამოვუტანე. მათი შეერთებით ახალი მოლეკულა უნდა დაიბადოს. უფრო უკეთესი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ორი… ქიმიაში ამას გარდაქმნას ეძახიან, თუმცა ჩემთვის ეს მოლეკულათა გარდაცვალების სადარია. ორი გარდაცვლილი მოლეკულის ატომები ახალი ფორმით გააგრძელებენ სიცოცხლეს…

 

იდეები სოციალური პროექტების დაგეგმვისათვის  განათლების დაწყებით საფეხურზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სკოლაში სოციალური პროექტების განხორციელება ამის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ, არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობა, სხვებზე ზრუნვა – ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის, როგორც ღირებულის, აღქმაში და უქმნის მათ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს კი საბოლოოდ მოზარდთა რისკიანი ქცევების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. აგრეთვე, ზოგი მეცნიერის აზრით (Eisenberg, 1992), აგრესიული ქცევის შემცირება შესაძლებელია  პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენას) წახალისებით.

ამავდროულად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში – სოციალური პროექტი, როგორც მასწავლებლის დამატებითი საქმიანობა, გათვალისწინებულია პრაქტიკოსის, უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პედაგოგს  0.5 კრედიტი ენიჭება.

სოციალური პროექტის განმახორციელებელი შეიძლება იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და თემი. შესაბამისად, პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება იყოს – კონკრეტული მოსწავლე, კლასი, სკოლა, სასკოლო ქსელი ან თემი.

აქედან გამომდინარე, სოციალური პროექტის მიზნები შეიძლება იყოს:

  • სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება;
  • მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირობების გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება;
  • ტოლერანტობის გაზრდა მრავალფეროვანი ჯგუფების მიმართ;
  • დაპირისპირების, კონფლიქტების პრევენცია;
  • უშუალო გარემოს (მათ შორის ფიზიკურის) გაუმჯობესება;
  • მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება.

სოციალური პროექტები შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე: ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება,  შემოქმედება.

შესაძლოა დაგებადოთ კითხვა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს განვუვითაროთ უნარები, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისკენ იქნება მიმართული.

ვფიქრობთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის  უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება პატარა ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.

ამ ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს გრძნობა განვუვითაროთ.

მიიჩნევა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია სხვისი ემოციების წვდომა. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ფაქიზად გამოხატავდნენ უფროსები ბავშვების მიმართ ემოციებს, რამდენად ხედავდნენ პატარები სხვების მიმართ გამოხატულ ემპათიას, და რამდენად იყო წახალისებული სხვა ადამიანის თუ ბავშვის მიერ განხორციელებული პროსოციალური ქცევა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ექმნება წარმოდგენა,  რომ სხვათა ემოციების წვდომა და სხვაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში თანაგრძნობა  სხვისი ემოციების გაგებით იწყება.

ამისათვის გთავაზობთ აქტივობას ,,ამოიცანი ემოცია’’, რომელიც  6-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი. აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ბარათები სიტუაციებით, რომელიც შეიძლება იყოს ტიპური უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (სიტუაციათა გამრავალფეროვნება სასურველია მოსწავლეთა ინტერსების, ასაკისა თუ კულტურის გათვალისწინებით).

სიტუაციათა სავარაუდო ჩამონათვალი:

  • ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
  • მას დაბადების დღე აქვს და სტუმრებს ელოდება;
  • ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
  • სურს, რომ უფროსებმა ახალი სათამაშო უყიდონ;
  • სკოლაშია და მოშივდა;
  • მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
  • ყური სტკივა და სიცხე აქვს;
  • ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
  • მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
  • ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;
  • სკოლაში ბებიას ელოდება, რომელიც აგვიანებს;
  • ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას ან სთავაზობს ბარათს შესაბამისი ილუსტრაციით. მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებებით (ან ემოტიკონებით). მაგ, მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებზე: რას გრძნობს ბავშვი?/რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ბავშვებს შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი ბარათი, აჩვენონ ჯგუფს და დაასახელონ. ასეთ დროს ბავშვები აკვირდებიან, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.

იმისთვის, რომ აქტივობა მეტად სახალისო იყოს მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია ემოტიკონების დასამზადებლად გამოვიყენოთ ფოტოები სხვადასხვა ჟურნალებიდან ან მანამდე სპეციალურად დამზადებული ხელის თოჯინები. ემოციების გამოსახულებების გამოყენება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. მაგ. შესაძლოა რომელიმე ემოციის ამორჩევის შემდეგ ბავშვებმა იმსჯელონ, რა ემოციაა გამოსახული და როდის განიცდიდნენ ისინი მსგავს ემოციებს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსია – ჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში, თუ ჩვენ ქალაქში შექმნას კარგი კლიმატი.

იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები თავად აირჩევენ მათთვის სასურველ კეთილ საქმეს.

შესაძლოა ეს იყოს:

  • ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
  • კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
  • მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
  • კარგი სურვილებით ბარათების დატოვება თანაკლასელის მერხზე ან ბიბლიოთეკის წიგნში;
  • ასაკოვანი ადამიანის ბავშვობის ისტორიით დაინტერესება, მათი მოსმენა;
  • მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;
  • ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა მაგიდის გაშლასა და ალაგებაში;
  • ოჯახის წევრებისთვის ლოგინის გაშლა;
  • დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
  • ყვავილების მორწყვა;
  • სკოლის ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.

აგრეთვე იდეები შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ სიკეთის ყოველდღიურ, მარტივ გამოვლინებებს, არამედ იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული რესურსი სჭირდება. კერძოდ:

  • ზამთარში ფრინველებისთვის საკვებურების მოწყობა;
  • ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების სწავლება;
  • ჯარისკაცების, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებელთათვის სადღესასწაულო დღეებში მისალოცი, ხელნაკეთი ბარათების გაგზავნა;
  • ექიმების, ექთნების, 112-ის თანამშრომლების, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების დაგზავნა, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე;
  • საბავშვო წიგნების, გასაფერადებლების, სახატავი საშუალებების შეგროვება და გადაცემა ბავშვთა პოლიკლინიკისა და სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაცდელებისათვის;
  • სანიშნეების დამზადება სკოლის ბიბლიოთეკისთვის;
  • ცხოველთა თავშესაფრისთვის სათამაშოების დამზადება (მაგ., ძაფზე გამობმული ბაფთების შექმნა კატებისათვის).

საქმიანობის განხორციელების შემდეგ მიზანშეწონილია პროცესის რეფლექსია. რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ის, თუ რა განცდებს იწვევს მათში ან იმ ადამიანებში, ვისაც ეს შეეხო, მათ მიერ განხორციელებული სიკეთის ჟესტები. აგრეთვე, საპასუხოდ რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისაგან. სასურველია აგრეთვე დისკუსია და დაფიქრება იმის შესახებ, თუ რა სიკეთე გაგვიკეთეს დღის თუ კვირის განმავლობაში სხვა ადამიანებმა და როგორ შეიძლება ამგვარმა ქცევამ შეცვალოს კლიმატი ჩვენს კლასსა თუ სკოლაში. რეფლექსიისთვის შესაძლებელია როგორც კლასში დისკუსიის წამოწყება, ისე სპეციალურად შექმნილი ჟურნალების გამოყენება.

სიკეთის ჟურნალი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

თარიღი:

  • კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
  • მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
  • რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
  • რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
  • დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.

თარიღი:

  • კეთილი საქმე, რომელიც ამ კვირაში გააკეთეთ სხვა ადამიანისთვის?
  • თქვენი აზრით, რას გრძნობდა ის ადამიანი?
  • თქვენ როგორ გრძნობდით თავს?
  • მოახდინა თუ არა თქვენმა საქციელმა გავლენა კიდევ ვინმეზე?
  • რის გაკეთებას აპირებთ ხვალ?

თარიღი:

  • მე შემიძლია ჩემი სიკეთე ჩემს მშობლებს დავანახო იმით, რომ….
  • შემიძლია სიკეთე ჩემ და-ძმას დავანახო იმით, რომ…
  • მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ…
  • შემიძლია სიკეთე ჩემი კლასის დამრიგებელს დავანახო იმით, რომ…
  • რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
  • დახატეთ, თქვენი კლასი, როდესაც იქ კეთილი საქმეები ხდება.

თარიღი:

  • მე რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, მე ამ დღეს გავაკეთებდი…
  • დახატეთ ადამიანები, რომლებიც სიკეთის დღეს აღნიშნავენ…

თარიღი:

  • ჩემთვის სიკეთე არის..
  • დახატეთ, რა არის სიკეთე…
  • სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ…
  • ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?

მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ჟურნალის როგორც გამარტივება, ისე გამრავალფეროვნება. აღნიშნულ ჟურნალს მოსწავლეები დამოუკიდებლად აწარმოებენ, თუმცა ზოგად საკითხებზე შესაძლოა, პედაგოგმა კლასში წამოიწყოს დისკუსია.

ჟურნალის ნაცვლად რეფლექსიისთვის შეგვიძლია უფრო მარტივი ვერსიის გამოყენება, როდესაც მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეს ხატავენ ან წერენ და აკრავენ წინასწარ შექმნილ სიკეთის ხეზე.

აგრეთვე შესაძლებელია კლასში კალენდრის გაკეთება, სადაც მოსწავლეები დღეების მიხედვით ჩაწერენ მათ მიერ გაკეთებული კეთილ საქმეებს.

იხ. სავარაუდო ნიმუში

ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
კლასი გავაფორმე ჩვენი ნამუშევრებით, რამაც კლასი  უფრო კომფორტული გახადა. დავეხმარე თანაკლასელს დავალების შესრულებაში;

მოვიკითხე თანაკლასელი, რომელიც ავად არის.

მოვრწყე ყვავილები;

მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახი.

დავეხმარეთ სკოლის ბიბლიოთეკარს კატალოგის შექმნაში. დავეხმარე ბებიას ნამცხვრის გამოცხობაში. ჩემს დას წავუკითხე ზღაპარი. დავეხმარე მამას მანქანის გარეცხვაში.

 

შესაძლებელია მეოთხე კლასის შემდეგ ორგანიზაციის Life Vest Inside (შინაგანი სამაშველო ჟილეტი) მიერ შექმნილი ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი – ერთი დღე’’ ჩვენება – https://www.youtube.com/watch?v=nwAYpLVyeFU.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იწყება დღე იმით, რომ მშენებელი მუშა ეხმარება პატარა ბიჭუნას, რომელიც სკეიდბორდიდან ვარდება, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეშველება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიკეთე თავად მუშას არ დაუბრუნდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ შესაძლებელია დისკუსიის წამოწყება. თუ რატომ ჰქვია, მათი აზრით, ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი?’’ თქვენ როგორ მოიქცეოდით ბიჭუნას, მოხუცი ქალბატონის, მიმტანის ან სხვა პერსონაჟის ადგილზე? როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად?

იმედი გვაქვს, სტატიაში მოწოდებული იდეები გარკვეულ დახმარებას გაუწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სოციალური პროექტების დაგეგმვისას. ვინაიდან, ბავშვებისთვის საკუთარი და სხვათა ემოციების ამოცნობის უნარების განვითარება, პროსოციალური ქცევის წახალისება და მისი რეფლექსია მნიშვნელოვანია კლასის ერთობის, სკოლის საერთო კულტურისა და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსოციალური ქცევის წახალისება შესაძლოა, სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნითაც გამოვიყენოთ. თუ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი სხვას შეიძლება ჩაგრავდეს საკუთარი ძალის დემონსტრირებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ზემოთ აღწერილი საქმიანობების შეთავაზებით ბავშვებს ვუბიძგებთ, რომ ენერგია ცივილიზებული და სოციალურად მისაღები  ფორმით დახარჯონ. აგრეთვე იგრძნონ საკუთარი და სხვა ადამიანთა ღირებულება, შესაძლებლების ფარგლებში იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებაზე და იგრძნონ, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს ძალა და უნარი, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი და უკეთესი გარემოს შექმნაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Eisenberg, N. (1992). The Caring Child, Harvard University Press. Pp 189.
  2. gl/Aonn1h (ნახვა 01.03.2018).
  3. gl/ZyL5VT(ნახვა 01.03.2018).
  4. gl/ozpMGJ(ნახვა 01.03.2018).
  5. gl/9QKjWy(ნახვა 01.03.2018).
  6. gl/jZW4Uv ( ნახვა 02.03.2018).
  7. gl/9gP6Zc ( ნახვა 02.03.2018).
  8. gl/RdPF2k (ნახვა 01.03.2018).
  9. gl/tAe8Zx(ნახვა 01.03.2018).
  10. gl/AVq5tC(ნახვა 01.03.2018).
  11. gl/rNBrhG(ნახვა 01.03.2018).
  12. gl/LzuxRx (ნახვა 01.03.2018).
  13. gl/oPYq56(ნახვა 01.03.2018)
  14. https://www.lifevestinside.com

 

უწყვეტი განათლების პრინციპები და  მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები

0

თანამედროვე  საგანმანათლებლო პროცესი სწავლებაში ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლის შედეგად მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად  შეიძინოს ცოდნა, მასწავლებელი კი მხოლოდ მისი საქმიანობის წარმმართველის როლს შეასრულებს. ასეთი გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოდულური სწავლება, რომელიც დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო პოპულარული ხდება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში იგი კომპეტენციების ათვისებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტადაც მიიჩნევა.

 

ტერმინი „მოდულური სწავლება“ დაკავშირებულია  ცნება „მოდულის“ საერთაშორისო გაგებასთან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაცაა „ფუნქციური ჯაჭვი“, ანუ ერთგვარი კვანძი, რომელიც თავს უყრის სწავლების შინაარსსა და ტექნოლოგიას. ამ დროს სწავლის შინაარსი წარმოდგენილია დასრულებული, დამოუკიდებელი ბლოკების სახით (მაგ., საინფორმაციო ბლოკი, პრაქტიკული აქტივობა და ა.შ..). მოდულური ტექნოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ის ჩაითვალა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში“  სწავლის მნიშნელოვან  საშუალებად.

 

რა არის ამ მიდგომის არსი? მოდულური სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლე სასწავლო შემეცნებითი საქმიანობისას დამოუკიდებელია (ან მუშაობს მასწავლებლის დახმარებით) და ამ გზით მიაღწევს მოდულის კონკრეტულ მიზანს.

გაკვეთილის მოდულის შექმნა/შესრულება გულისხმობს  შემდეგი პირობების დაცვას:

  1. სწავლების შინაარსი წარმოდგენილია დამთავრებული, დამოუკიდებელი ბლოკების (კომპლექსური თემების, საინფორმაციო ბლოკების) სახით;
  2. ყოველ თემატურ ბლოკში გამოიყოფა რამდენიმე მოდული: 
  • 1-ლი მოდული – მასწავლებლის მიერ თემის ძირითადი საკითხების ზეპირი გადმოცემა, ძირითადი ცნებების განმარტება (მას შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-2 მოდული – დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე, შეიმუშავებენ თხზულების მასალას, განიხილავენ. ამ ეტაპზე ეფექტურია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების, თამაშების, პრეზენტაციების გამართვა (მას შეიძლება დაეთმოს 3-5 გაკვეთილი);
  • მე-3 მოდული – თემის განმეორება და განზოგადება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-4 მოდული – მთლიანი თემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის კონტროლი/შემოწმება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი).

მოცემული მუშაობის დროს მოსწავლეს აქვს ინსტრუქცია, რომელშიც განსაზღვრულია:

  • მოდულის ათვისების მიზანი;
  • როგორ მოიძიოს სასწავლო მასალა;
  • როგორ დაეუფლოს, შეიძინოს ცოდნა ამ მასალის შესახებ;
  • როგორ შეამოწმოს შესრულებული დავალების სისწორე.

მასწავლებლის როლია:

  • შეადგინოს მოდულის ინსტრუქცია;
  • დააზუსტოს რესურსები, საშუალებები;
  • მოახდინოს ათვისებული მასალისა და უნარების  კონტროლი და კორექცია.

შეფასებისთვის გამოიყენება:

  • კონტროლი;
  • თვითკონტროლი;
  • მოსწავლეთა ურთიერთკონტროლი;
  • მასწავლებლის მიერ გაკეთებული დასკვნა.

კარგი ნიშნის მიღება – მოდულური ტექნოლოგიის დროს ყველაზე ეფექტური მოტივატორია. მოსწავლემ ზუსტად იცის, რომ მისი შრომა შეფასდება მუშაობის ყოველ ეტაპზე და შეფასება ადეკვატურად იქნება გაკეთებული, თუმცა მოდულური სწავლების დროს ძირითადად გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.

აღსანიშნავია, რომ მოდულური ტექნოლოგია ინტეგრირებული ტექნოლოგიაა, რამდენადაც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, რომელსაც მოსწავლე მუდმივად  ამტკიცებს თვითკონტროლისა და მასწავლებლის კონტროლის საფუძველზე, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენტურ მოსწავლე/მასწავლებელს.

 

აღსანიშნავია, რომ მოდულური სწავლება შეიძლება განხორციელდეს ერთი საგაკვეთილო დროის განმავლობაშიც.  განვიხილოთ მაგალითი:

 

მოდულური სწავლების ეტაპები ერთი გაკვეთილის ფარგლებში  

 

საგნობრივი ჯგუფი: საზოგადოებრივი მეცნიერებები.

საფეხური:  საბაზო.

თემა: სახელმწიფოს არსი და ორგანიზაცია.

მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს სახელმწიფოს არსისა  და ორგანიზაციის შესახებ წარმოდგენების ფორმირება; შეიძინოს ცოდნა სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების შესახებ; აღწეროს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპი და თავისებურებები კონკრეტული მაგალითების მოყვანით; იმუშაოს სხვადასხვა ტიპის წყაროებზე.

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი;

რესურსები: მოდულის ინსტრუქცია; მსოფლიო პოლიტიკური რუკა; სქემა: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“.

 

ეტაპი: მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ჯგუფს გააცნობს გაკვეთილი/მოდულის ზოგად მიზნებს, იწყება   „გონებრვი იერიში“, რომლის   მიზანია წინარე ცოდნის აქტუალიზაცია თემაზე: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ (წინა ცოდნის აქტუალიზაციისას გამოჩნდება მოდულის როგორც ინტეგრირებული სწავლის სისტემის მთელი უპირატესობა, როდესაც მოსწავლეს ცოდნის ტრანსფერის რეალური საშუალება მიეცემა);

 

ამ ეტაპის დავალებაა: ხელისუფლების  რომელი ტიპის (ქარიზმატული, ტრადიციული/ლეგალური…) დროს შეხვდებით მსგავს სიტუაციას:

ა) ქვეშევრდომებს მოსწონთ   თავიანთი მმართველები და ხელისუფლება;

ბ) მმართველის მხარდაჭერა და ერთგულება თაობიდან თაობას გადაეცემა;

გ) სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს იურიდიული ნორმების მიმართ ერთგულება და წესების ზუსტად დაცვა;

დ) ექვემდებარებიან არა ხელმძღვანელის პიროვნებას, არამედ კანონებს, რომლის ფარგლებში ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევა და ხელისუფლების განხორციელება. სავარაუდო პასუხებია:

  • ხელისუფლების ქარიზმატული ფორმა; 1.2. ხელისუფლების ტრადიციული ფორმა; 1.3. ლეგალური ხელისუფლება.
  • განსაზღვრეთ თქვენი ცოდნა სქემაზე:

სწორი პასუხი/მაღალი დონე = 4 ქ.

სწორი პასუხი/საშუალო დონე=3 ქ.

სწორი პასუხი/დაბალი  დონე=3 ქ.

არასწორი პასუხი/ყველაზე დაბალი დონე=1/2 ქ.

  • შეცდომების გაანალიზება.

მოსწავლის საქმიანობა:  დამოუკიდებლად მუშაობს რვეულებში.

 

II  ეტაპი: ახალი მასალის ახსნა

მიზანი – გაეცნოს საზოგადოების პოლიტიკურ სისტემას;

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნება –   „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ – დამუშავება; 2) კითხვაზე პასუხის გაცემა: „რა როლს ასრულებს საზოგადოების ცხოვრებაში სახელმწიფო“?

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე, და აკეთებს პატარა კონსპექტს/ჩანაწერს.

 

III  ეტაპი:  ახალი მასალის ახსნა

მიზანი  –  ცნება „სახელმწიფოს“ განსაზღვრა; სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების გაცნობა და შესწავლა.

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა; ბ) მასწავლებლის მინი-ლექცია სახელმწიფოს დამახასიათებელ ნიშნებზე და კლასტერის –
„სახელმწიფოს ნიშნები“ – დახატვა.

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; ისმენს მასწავლებლის მინი-ლექციას და  აკეთებს რვეულში ჩანაწერებს.

 

IV   ეტაპი: ახალი მასალის ახსნა და მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა

მიზანი – სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის გაცნობა;

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნებების –   „უნიტარული სახელმწიფო“, „ფედერაცია“, „კონფედერაცია“ – განმარტება

ბ) თითოეულ ტიპის მიხედვით მაგალითების მოყვანა.

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; მუშაობს და ადგენს  სქემებს სახელმწიფოს ტიპების მიხედვით. აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, თუ რა რატომ აღმოჩნდა კონფედერაცია  ისტორიულად არაპერსპექტიული?

 

VII ეტაპზე: განვლილი მასალის კონტროლი:

მიზანი: მიღებული ცოდნის განზოგადება

დავალება: მუშაობა სქემებზე. იპოვეთ შესაბამისობა სახელმწიფოებსა და ტერიტორიული მოწყობის ფორმებს შორის.

მოსწავლე: წერილობით  ასრულებს დავალებას.

  უნიტარული ფედერაციული კონფედერაცია
აშშ      
რუსეთი      
კანადა      
პორტუგალია      
ბელგია      
გერმანია      
იტალია      
ჩინეთი      

 

V   ეტაპი – პასუხების შემოწმება: მასწავლებელი ამოწმებს მიღებულ  შედეგებს და აკავშირებს მას დასახულ მიზანთან.

 

მოდულური სწავლებისას მოსწავლის მოტივაცია მაღალია, თანამშრომლობა თითქმის ყველა დონეზეა შემდგარი და საკმაოდ კონსტურქციულია; მოსწავლე თავად ირჩევს სწავლის დროსა და ტემპს, მსჯელობს, აკავშირებს, ხარისხებს, აჯგუფებს, აკეთებს ჩანაწერებს, ამზადებს პრეზენტაციას, განაზოგადებს მასალას.  მასწავლებელი ყველა ეტაპზე აკვირდება მოსწავლეს, ახორციელებს მისი ცოდნის  კონტროლსა და კორექციას, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენციების განვითარებაზე აქცენტირებულ მოსწავლეს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი სასწავლო პროცესი, მოიძიოს და აითვისოს მასალა და გააგრძელოს ეს პროცესი უსასრულოდ, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ითვლება მოდულური სწავლება უწყვეტი განათლების ერთ-ერთ აქტიურ ხელშემწყობ ტექნოლოგიად.  

 

 

 

როგორ ვასწავლოთ რევაზ ინანიშვილის ანტისაბჭოთა ქვეტექსტების მოთხრობები საბაზო საფეხურზე?

0

ქართველებს თუ რამით შეგვიძლია თავმოწონება ცივილიზებული სამყაროს წინაშე, უპირველესად – ქართული ლიტერატურით. მრავალი ისეთი ავტორი გვყავს, რომელთათვისაც მსოფლიო ასპარეზი ალალია. მათ შორის გამორჩეულია რევაზ ინანიშვილი. მისი ტექსტები ნამდვილი სულის მალამოა მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ეს ავტორი ქმნის დაუვიწყარ მიკროკოსმოსს, რომელიც სამყაროს უდიდეს საიდუმლოებებს უმარტივეს, გენიალურ ნარატივებში ხდის ფარდას. არასდროს მავიწყდება ხოლმე გაკვეთილი და ბავშვების კომენტარები, როცა ინანიშვილის ტექსტზე ვმუშაობთ. საბედნიეროდ, მრავალი მათგანია შეტანილი სასკოლო პროგრამაში და უამრავსაც მასწავლებლები მოვიშველიებთ ხოლმე დამატებით რესურსებად.

მახსოვს, კერძო სკოლაში მუშაობისას რა ზეიმი იყო მეექვსე კლასში „ნეკერჩხლის წითელი ფოთლის“ სწავლება. პაწაწინა ტექსტმა საკლასო ოთახში სასწაულები მოახდინა. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კლასის მოსწავლემ ნეკერჩხლის ფოთლის ფოტოზე მომნიშნა სოციალურ ქსელში. გაოცებულმა კომენტარში კითხვა დავუსვი ბავშვებს: „გახსოვთ ეს მოთხრობა?“ არასდროს დამავიწყდება ლიკას კომენტარი: „მაკა მას, მაგ მოთხრობას რა დამავიწყებს? თქვენ ხომ ჩვენ ნეკერჩხლის წითელ ფოთლებად გვაქციეთო…“. სიხარულისგან დავმუნჯდი. „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“… საამური განცდა იყო… ასეთი მაგიური ძალა აქვს ინანიშვილის ფსიქოლოგიზმს, გამომსახველობას, პერსონაჟის ხატვის მანერას, მისი ექსპრესიულობა ყველას იპყრობს და სულიერების გაუკვალავ შრეებში დაივანებს ხოლმე.

რევაზ ინანიშვილი საბჭოთა ეპოქის შვილია. მამამისი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა 1937 წელს, როცა მომავალი მწერალი 11 წლის იყო. ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის ცხოვრებას და მის შემოქმედებაშიც ანტისაბჭოური განწყობის ტექსტებს ხშირად ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყინარი და კეთილშობილი ადამიანი არ ყოფილა პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რკინის ფიგურა. ის მსოფლიო მასშტაბის ჰუმანისტია და მხოლოდ კალმით, მხოლოდ ალეგორიულად, მხოლოდ მეტაფორულად თუ ამხელს საბჭოთა რეჟიმს. მაგრამ რა ძალა აქვს კალამს? განა ორგანიზებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ჩამოუვარდება მხატვრული სიტყვით გავრცელებული იდეები? და რა სიმბოლურია, რომ 1991 წლის 26 დეკემბერს, როცა „ბოროტების იმპერიის“ დაშლა გამოცხადდა, ხოლო თბილისის ქუჩებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რევაზ ინანიშვილიც აღესრულა…

თანამედროვეობის უდიდესი ჩეხი მწერალი მილან კუნდერა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ნონ გრატად გამოაცხადა სამშობლოში და იძულებული გახდა საფრანგეთისთვის შეეფარებინა თავი, წერდა, რომ ის ის არ იქნებოდა, რომ არა საბჭოური რეპრესიები ჩეხეთში. საბჭოთა დიქტატურები საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური ევროპის გასაბჭოებულ ქვეყნებში, კუნდერას აზრით, მწერლებს აიძულებდა, ანტისაბჭოთა განწყობები შეფარვით, ალეგორიულად ისე მაღალმხატვრულად გადმოეცათ თავიანთ ტექსტებში, რომ აქედან მიგვეღო ბევრად უფრო ღრმა, სახეობრივი, ღირებული ლიტერატურა.

მაგრამ… როგორ ვასწავლოთ უახლოესი წარსული, გასული საუკუნის ანტისაბჭოთა, ალეგორიული ტექსტები თანამედროვე მოსწავლეს, რომელიც საბჭოეთს, საბედნიეროდ, არ მოსწრებია და ეს ეპოქა მისთვის სრულიად უცხო და შეუცნობელია? დაკვირვებული ვარ, რომ ისტორიიდან ჩვენს ბავშვებს ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ შორეული წარსულის ეპოქებზე, პოლიტიკურ სისტემებზე, მეფეებსა და ყოფა-ცხოვრებაზე, ვიდრე მეოცე საუკუნის 70-წლიან რეალობაზე. ეს მრავალი მიზეზით აიხსნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ესეც არის: 30 წლის წინ, როცა საქართველომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველად ღიად დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და პირველმავე მიიღო დამოუკიდებლობა, იმდენად დიდი იყო ეროვნული ცნობიერების იმპულსები, ანტისაბჭოთა და რუსოფობიური განწყობები, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ თითქოს ამ ეპოქას დავიწყების ნისლიანი ფარდა გადავაფარეთ. 1991 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, სამოქალაქო ომებმა დედაქალაქსა და დასავლეთ საქართველოში, რუსული იმპერიის მიერ ინსპირირებულმა ორმა ეთნოკონფლიქტმა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევამ, ხელისუფლებების რევოლუციურმა ცვლილებებმა და სამოქალაქო მღელვარებებმა ისე ჩაგვიხვია შინაურ მორევში, რომ საბჭოეთის ფენომენის კვლევა და ანალიზი ვერც მოვასწარით. საძულველი ხანა დავივიწყეთ და ახლა ეს ამბები მხოლოდ ცნობილი „სოვლაბისთვის“ (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) გადაგვიბარებია (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივა. მიზანი – საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება, რომლის ფარგლებშიც ფონდი 2009 წლიდან პარტნიორებთან ერთად იკვლევს  ტოტალიტარულ წარსულს).

მიზეზი რაც არ უნდა იყოს, რეალობა ასეთია: ინანიშვილის ალეგორიული ტექსტები თანამედროვე ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია და მასწავლებლის ოსტატობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იმდენად ღირებული ტექსტებია, რომ გაუგებრად და უკვალოდ მათმა სწავლებამ არ უნდა ჩაიაროს! სპეციალისტებს ემახსოვრებათ, რომ 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთ ვარიანტში, უცნობი ტექსტის სახით მოხვდა რევაზ ინანიშვილის იშვიათი ექსპრესიულობით და დრამატიზმით, უღრმესი ფსიქოლოგიზმით გამორჩეული მოთხრობა „ლარა“. გამოცდების ცენტრის სტატისტიკით, აბიტურიენტთა 57%-მა, ვინც ეს მოთხრობა აირჩია გასაანალიზებლად, საერთოდ ვერ გაიგო მწერლის მიზანდასახულობა და მოთხრობის იდეები. სტალინური რეპრესიების შედეგად დემორალიზებული, მზრუნველი შვილისა და შვილიშვილის დამსმენი, ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებული კაცი აბიტურიენტებმა თავიანთ ნაშრომებში გმირად გამოაცხადეს.

მახსენდება ბავშვების რეაქცია, როცა ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელს“ ვსწავლობთ მეშვიდე კლასში. ვკითხულობთ მოთხრობას, რომელსაც პიესის ფორმა აქვს. ბავშვები გულდასმით უსმენენ. ინანიშვილის ენა სხვა მოთხრობებიდან მათ ძალიან ემშობლიურებათ და მოსწონთ, მაგრამ „ჩიტების გამომზამთრებელი“…

– მას, ვერაფერი ვერ გავიგე! რა უნდოდააა? – გაოგნებული მეკითხება ნინო და სახეზე ვერგაგების ტანჯვა აწერია… ნინო აქ უკლებლივ მთელი კლასის განწყობის გამომხატველია…

და ჩვენ ვიწყებთ საუბარს საბჭოთა ეპოქის სურნელზე, რუხ ფერზე, შავ-თეთრ რეალობაზე, რომელიც ყველაფერს ფერადს და მიმზიდველს ანადგურებს, რეპრესიების პირსისხლიან ბუნებაზე, ტოტალიტარიზმის სასტიკ მარწუხებზე, რომელიც ისე უჭერს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომ ჩვენში ქრისტეს ჯვარცმის ალუზია ბუნებრივად ჩნდება, ხოლო იქ, წარსულში, ადამიანები სისხლისგან იცლებიან, სული ეხუთებათ, არაერთგზის ტრანსფორმირებული დიქტატურის გისოსებში ჰომო სოვიეტიკუსებად გარდაქმნილთ… საბჭოთა იმპერია მსოფლიოს ცნობილ ტირანიებს შორის თავისი მრავალსახოვნობით ალბათ იშვიათი ფენომენია და მისი სახის გახსნა არ არის იოლი. მაგალითად, როცა ვსწავლობთ ინანიშვილის სულისშემძვრელ ავტობიოგრაფიულ მოთხრობას „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, ბავშვებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რანაირად შეიძლება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ასე უცნაურად გაიმეტონ და დასაჯონ.

– რატომ? – კითხულობენ ბავშვები და ისეთი გაუგებრობის შეშფოთებული მზერა ახლავს ამ კითხვას, რომ მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება, სანამ ყველა „რატომ“-ს გაეცემა პასუხი და სანამ ბავშვები არ დამშვიდდებიან, ხოლო მასწავლებელს ახსნილის, გადაცემულის, გაგებულის და გაზიარებულის განცდა გაახარებს.

და მაინც: როგორ ვასწავლოთ? ძნელია ერთი მომცრო ნოველის სწავლის დროს საბჭოთა ეპოქის უზარმაზარი ისტორიის ამოტრიალება და იმ ყველაფრის ახსნა, რასაც ის წარმოადგენდა. თუ ეს არ იქნება, არ აღიქმება ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტები და ვერჩაწვდომისა და ვერგაგებისთვის განწირულია უნიკალური ტექსტი.

ორი რამ დამეხმარა ამ რთული ამოცანის გადაჭრაში: ჩემი საბჭოთა ბავშვობის ფერების (უფრო სწორად, უფერულობის)  და სურნელის (უფრო სწორად, უმეტესად ყროლის სუნის) გაზიარება და ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა ისტორიის მასწავლებელთან. პირველი ძალიან ეფექტური იყო. მათი ასაკის აწ უკვე „დიდი“ ადამიანის განცდების გულწრფელი გადმოცემა, მაშინდელი სკოლა, როგორც იდეოლოგიური სამჭედლო: პიონერია და კომკავშირი, ყოფის რუხი ფერები და ჩაკეტილი საზღვრები, მომაკვდინებელი ერთფეროვნება და იდეოლოგიზებული, კომპარტიული ფსევდორეალობა… ეს აქ მოკლედ… იქ, გაკვეთილზე, კი შორს მივდივართ ერთად, შორს, საბჭოთა სინამდვილის გატკეპნილ ბილიკებზე, საიდანაც სამყაროს ვერ დაინახავდი ფართოდ გახელილი თვალებით… სიბნელე, შიში… მხოლოდ მინიმალური სოცუზრუნველყოფა რკინის ფარდების უკიდეგანო გისოსებში…

ახლა კი აეხილებათ თვალები ბავშვებს და არ უკვირთ, რატომ არის ოროსანი სკოლაში განგია? რატომ მოთქვამს მისი დიასახლისი დედა და რატომ არის მათი ბინის რეალობა აუტანელი ბიჭისთვის? რატომ გარბის ის და უკანასკნელი ფულით ფერად ჩიტბატონებს ყიდულობს, რომ გამოაზამთრებინოს?.. რომ ეს გამოზამთრება ალეგორიაა საბჭოეთის სასტიკი ხანის გადაგორებისა… რომ ეს ფერადი ჩიტბატონები ამ აუტანელი ერთფეროვნების გაფერადების და გადარჩენის, თავისუფლების წყურვილის ალეგორიული სიმბოლოებია, ხოლო ჩიტბატონების მკვლელი დედა – საბჭოთა ეპოქის „სასოწარკვეთილი დიასახლისი“, რომლის მსგავსებიც მილიონები იყვნენ, ასე გატანჯული, გაწამებული, ენამწარე, უიმედო, ჭირვეული, მარად უბედური, ახალგაზრდობაწართმეული… რომ განგიას ოროსნობა მისი პროტესტია საბჭოთა სკოლისადმი, ხოლო განგიას მამის მოსაზრება, რომ არაა აუცილებელი ყველამ ისწავლოს, უბედურებაა, ყველას რომ კილობით ხორცისა და ლიტრობით ღვინის ჩანთქმა უნდა ყოველდღე, თეთრი სამსახურეობრივი ტელეფონები და ფაფუკი ხელები უნდათ და არავის – პროფსასწავლებელში გამოსადეგი პროფესიის დაუფლება, რეალობის ადეკვატურად აღქმაა (ნეტა განსხვავებული ვარიაციებით მსგავსი მენტალური პრობლემები ახლაც ხომ არ გვაქვს? – შევაპარებ კითხვას ბავშვებს და შემდეგი გაკვეთილისთვის სადისკუსიო თემად ესეც გვიჩნდება: მოსწავლის თვითმენეჯმენტი და კარიერის დაგეგმვა, მიმართება საკუთარი განათლებისადმი)… ვიწყებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას – ალეგორიული სახე-სიმბოლოების დეკოდირებას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოთხრობის დასაწყისში მამის მიერ მოტანილი, გაზეთში გახვეული სპორტული „რეიტუზი“ საბჭოური მარკეტინგის უბადრუკობის სიმბოლოა, დედის მიერ ბიჭის თვალწინ დახოცილი ჩიტბატონები კი სიმბოლურ-ალეგორიულად გამოხატავს საბჭოთა ახალგაზრდის ჩაკლულ სულს. გულდაწყვეტილი, ცრემლმორეული, შეურაცხყოფილი განგიას უმწეო პასუხი დედის აგრესიაზე: „კარგით, კარგით“… სწორედ მის დიდბუნებოვნებასა და მიხვედრილობაზე მეტყველებს… ბიჭმა გაუგო დედას, ისეთი რამ გაუგო, რისი გაგება და მიტევებაც  ყველა ეპოქის ბავშვს გაუჭირდებოდა… ხოლო მამის სიტყვები ფინალში: „თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს“… იმხელა ქვეტექსტს იტევს: რომ საბჭოთა სინამდვილე გამორიცხავს შემოქმედებითობას და თავისუფალ არჩევანს.

ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე თუკი ისტორიის მასწავლებელი ისტორიის და წყაროების ენაზე აუხსნის ბავშვებს საბჭოთა იმპერიის რეალურ სახეს, რევაზ ინანიშვილის უცნაური ფორმით გამოთქმული ანტისაბჭოთა იდეები ნათელი გახდება ყველასთვის. და აი, ვამზადებთ პროექტ-გაკვეთილს და პრეზენტაციას საბჭოთა სინამდვილის კვლევასა და ლიტერატურაში მის ასახვაზე…

ახლა უკვე ნინოს აღარ აქვს გაოცებული სახე. ღიმილი აფენია და ბრიალა თვალები უბრწყინავს, შეცნობილი და გააზრებული საიდუმლოს ამოხსნით გაბედნიერებულს… ამ ემოციას მასში საბჭოთა ადამიანებისადმი თანაგრძნობის სევდა თუ ჩაანაცვლებს ამიერიდან.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...