ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

მხატვრული კონტრასტი ნაწარმოების მთავარი სათქმელის გაგებისათვის.

0

წუთისოფლურ სამყაროს საფუძვლად უდევს დაპირისპირების კანონი. ეს არის სამყარო, სადაც სიკეთეს შეიცნობ იმით, რომ არსებობს ბოროტება, სადაც სიცოცხლე იმით არის ძვირფასი, რომ სიკვდილი მეფობს. არ შეიძლება არ გაგახსენდეს ვაჟა:,,შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“. ასე მოაწყო შემოქმედმა ჩვენი სამყარო_ჩვენი ცნობიერება უნდა ჩასწვდეს ბოროტების, ნგრევის, ქაოსის არსს, შეიგრძნოს იგი, რათა იოცნებოს, იბრძოლოს , იღვაწოს სიკეთისათვის და განვითარდეს სულიერად, მიუახლოვდეს პირველ საწყისს, დაუბრუნდეს თავის არსს, ეს არის მოძრაობა ვერტიკალურად_მიწიდან ცისკენ, ორი სამყაროს კავშირის აღდგენა_ადამიანური იდეალი.

მიწიერი სამყაროს არსებობის ამ წესს მხატვრული სახეების შესაქმნელად ხშირად იყენებს მწერლობა, რომლის მოვალეობაა ადამიანური ყოფის, სულის მოძრაობის გამოსახვა.უმეტეს შემთხვევაში მხატვრული კონტრასტით გადმოსცემს მწერალი თავის მთავარ სათქმელს, იდეას. ილიას მოთხრობაშიც ,,სარჩობელაზედ“ გვხვდება ეს ხერხი და შესაძლებელია მასზე დაკვირვებით, ანალიზით ბავშვები მივიყვანოთ მწერლის მთავარ სათქმელამდე, აღმოვაჩენინოთ, რა მიზნით შექმნა მწერალმა ნაწარმოები, რა იყო დაწერის მთავარი მოტივი, მისი მთავარი ,,მესიჯი“ მკითხველისადმი.

ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ,როგორ ვამუშაოთ მოსწავლეები ტექსტის მხატვრულ ანალიზზე, კერძოდ,მხატვრული კონტრასტის მაგალითები უნდა დავაძებნინოთ ტექსტში. ეს სამუშაო ბავშვებს შეიძლება მოთხრობაზე მუშაობის დაწყებისთანავე ვთხოვოთ, ყოველ თავში მარკერით, ფანქრით მონიშნონ და ამოიწერონ რვეულში მხატვრული კონტრასტის მაგალითები. როცა ტექსტის შესწავლას დაამთავრებენ, უკვე მასალა შეკრებილი, ამოწერილი ექნებათ და შეიძლება მისი გამოყენება ბოლო გაკვეთილისათვის ,რომელზეც დისკუსიის საშუალებით უნდა გაირკვეს მწერლის მიზანი, ნაწარმოების მთავარი სათქმელი.სავარაუდოდ ბავშვები ამოიწერენ:

უფროსი ძმა-უმცროსი ძმა.

უფროსის გარეგნობა-,,უფხო გული ჰქონდა დამალული“;

უმცროსის გარეგნობა-,,მეორეს სხვა ნიშანწყალი ჰქონდა.“

,,უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც“

,,უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზე“

უფროსი აშკარად ტყუის, უმცროსს აშკარად არ მოსწონს ძმის საქციელი და ცდილობს შეაჩეროს.(დასაწყისშივე ჩანს ორი სხვადასხვა ბუნების ადამიანი).

ასაკი-ყმაწვილები-,,ძუძუმწოვრები“(ბიჭებს პეტრე ეძახის ასე).

დროული კაცი“ (პეტრე ასე ეძახის თავის თავს).

კაცი და დედაკაცი(მახათაზე  სეირის საყურებლად შეკრებილი საზოგადოება).

ქალაქი (მახათას მთა ,სადაც დგას სახრჩობელა)  და სოფელი (სადაც ბიჭები გაიზარდნენ და საიდანაც გამოყარეს).

ბეჟანის ჩამოხრჩობისას: ,,ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქოს სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო“(სიკვდილის შიში)

ბეჟანის ჩამოხრჩობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ:,,ხალხი, წუთის წინათ სულგანაბული, ეხლა მხიარულად ყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც.“

(ვაჟა-,, სიკვდილი ყველას გვაშინებს სხვას თუ ჰკვლენ ცქერა გვწადიან, კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯერა თუ რა დიდს ცოდვას სჩადიან“…)

,,მართალი თვალთმაქცობა თუ ტყუილი ჩამორჩობა“(პეტრე თაკილობდა, რომ პირველი ტყუილი აღმოჩნდებოდა,ერჩივნა ჩამოხრჩობა ყოფილიყო სინამდვილე).

,,შინაური გვცემდა -უცხოს ვებრალებოდით“.

,,ყველანი“-,, ჩვენ“ -ამ სიტყვებში ჩანს ,როგორ გარიყა ძმები საზოგადოებამ და როგორი დაპირისპირებაა მათ შორის.

მართალი- მტყუანი.

,,თქვენ სეირს უყურებდით- მე ვუყურებდი და ვიწოდი“ჩამოხრჩობილის ძმის სიტყვები.,, მე ერთი აქეთ პირას დავრჩი- თქვენ მრავალნი -იქით“.

,, განკითხვის დღემ გამოაჩინოს საით არიან მართალნი და საით მტყუანნი“.

და ბოლოს ყველაზე მთავარი კონტრასტი – ცოდვა და მადლი- ,,ქალაქში  ცოდვა და მადლი ხალვათად დადის , ორთავეს დიდი შარაგზა აქვს“- ეს უმცროსი ძმის  სიტყვებია, თუმცა ნაწარმოებში კარგად ვხედავთ, რომ ყველგან და ყველას სულში უპირისპირდება ერთმანეთს ცოდვა და მადლი.

ეს მაგალითები ცხადყოფს,როგორ იხლიჩება ორად ადამიანის სული, სამყარო, საზოგადოება, როგორ ებრძვის ერთმანეთს ცოდვა და მადლი პერსონაჟთა სულში, საზოგადოებაში, რომელთა ჭიდილშიც უნდა გადაწყდეს, გადარჩებიან, თუ დაიღუპებიან,ექნება ამ საზოგადოებას ,მისგან გარიყულ წევრებს მომავალი თუ არა…

ნაწარმოების ბოლოს ილია სვამს რიტორიკულ შეკითხვას:,,მართლა და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში იყო…“  ამ შეკითხვით ილია იწვევს მკითხველს,ჩაიხედოს საკუთარ სულში, გაასამართლოს პეტრე და მასთან ერთად საკუთარი თავი. ეს შეკითხვა უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა დისკუსიისთვის.

დისკუსიის დროს, ალბათ ,გამოიკვეთება ორი მოსაზრება-იქნებიან ბავშვები, რომლებიც პეტრეს დაადანაშაულებენ, იქნებიან ისინი, ვინც პეტრეს გაამართლებენ(შესაძლებელია ეს დისკუსია ორმა ქართულის მასწავლებელმა ჩაატაროს და თავადაც საწინააღმდეგო პოზიციები დაიჭირონ, თუმცა დისკუსიის დროს აცალონ უნდა ბავშვებს საკუთარი აზრის დაფიქსირება,მხოლოდ კითხვებით, მინიშნებებით შეახსენონ   საჭირო ადგილები ტექსტიდან).

მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პეტრე მართალია,უნდა დაძებნონ შესაბამისი არგუმენტები და ადგილები ტექსტში. ამას  ადვილად იპოვიან ნაწარმოების დასაწყისში-პეტრე უანგაროდ უმასპინძლდება ყმაწვილებს, ამხნევებს-,,ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა“, ,,ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში შიმშილით ლეკვიც კი არ მომკვდარა“…,,ასე გგონია სათათრეთში იყვნეთ“…

დასაწყისში პეტრე მკითხველზე, განსაკუთრებით ბავშვებზე იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს,იმდენად უხარიათ პეტრეს სიკეთე,რომ ბოლომდე უჭირთ ბეჟანის ძმის სიტყვებში გარკვევა,რომელიც პეტრესაც ბრალს სდებს  ძმის სიკვდილში.

პეტრე აქ კეთილია, ხელგაშლილია, უანგარო მასპინძელია, მზრუნველ მამას ჰგავს-თავისი ნაბადიც კი გაუშალა ბიჭებს და თავად კი მიწაზე დაწვა:,,თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზე გდებას ვერ აიტანთო“.

პეტრე ფულითაც არ იხიბლება-როცა გაძარცვავენ, ფულზე არ დარდობს-,,მაგას ვინ ჩივის“…,,ღმერთმა იმათ კი შეარგოთ.“

ნაწარმოების ბოლოს,როცა ბეჟანის ძმის წერილს პეტრეს შვილი ხსნის ,იქედან ფული გადმოცვივდება, პეტრე ზედაც არ შეხედავს, მას მხოლოდ წერილის შინაარსი აინტერესებს.

 

მახათაზე არ სჯერა, რომ კაცს ჩამოახრჩობენ,, კაცის ჩამორჩობა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის აიღო და ჩამოჰკიდო, რაც არ უნდა იყოს ღვთის სული ადამიანია.“

ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები, ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ…ტექსტის ეს ადგილები აძლევს საშუალებას პეტრეს დამცველებს გაამართლონ იგი.

მოსწავლეების მეორე ნაწილი ეძებს ტექსტში პეტრეს გამამტყუნებელ ეპიზოდებს, ფრაზებს. ნაწარმოების დასაწყისში ერთი შეხედვით პეტრე კეთილი გლეხია, შემდეგ რთულდება მისი სახე. მწერალი  ნელ-ნელა  წარმოაჩენს ადამიანური ბუნების იდუმალ მხარეებს,გვიჩვენებს, რა ცოდვა-მადლი ტრიალებს ადამიანის სულში.

 

მეორედ პეტრეს ვხედავთ,,ყეინსავით გამოჭიმულს“ ურემზე,რომელსაც სიამაყით ევსება გული შვილის გამო,  მას ვაჟიც სასახელო გაუზრდია, თავი მოსწონს, რომ ,,გზის მამალი ამის შვილის ურემზედ დაესვათ, პირველობაც ურმის ქარავანში შვილისთვის მიეცათ“. მაგრამ იგი,,თავის ჯამს მაცქერალი“ კაცია, რომელსაც უჭირს სხვისი ტკივილის დანახვა.თავიდან მშიერ-მწყურვალ ბიჭებს იფარებს,მაგრამ მახათაზე თავისი შვილის ტოლა ახალგაზრდის სიკვდილით დასჯას ესწრება…პეტრე, რომლის სიკეთითაც მოხიბლული ვართ დასაწყისში, გაძარცვის შემდეგ უფრო მეტად საკუთარ თავმოყვარეობაზე ფიქრობს, ვიდრე დაღუპულ ახალგაზრდებზე, მათს ბედზე, ვინ არიან, რამ მიიყვანა ისინი ასეთ მდგომარეობამდე. მას თავიდანვე გამორჩა მხედველობიდან ბეჟანისა და მისი ძმის წაკამათება,როცა ბეჟანის ტყუილები უმცროსს აბრაზებდა. დროული, ბევრი ჭირ-ვარამის მნახველი პეტრე,როგორც იგი თავის თავს უწოდებს, ვერ ჩასწვდა ახალგაზრდების სულს.პატივმოყვარეობა  მას მხოლოდ საკუთარ თავზე აფიქრებს,გული არ სწყდება,რომ ბავშვები ცუდ გზას დასდგომიან(ის ხომ მამაა, შვილები მასაც ჰყავს)  და იმას დარდობს გაძარცული:, ,ვისაც ვეტყვი, დამცინებს“, მეზობლები ჯავრით გამხეთქენ“. .,,ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, უსუსურმა ბავშვმა გამქურდა“, ,, მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არა ჰქონდა შემშრალი…ეს დროული კაცი“.

მას თითქოს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ,სოფლელობა მისთვის უვიცობასთან, სიბრიყვესთან ასოცირდება, მუდამ იმას შიშობს ,არ დასცინონ ახლობლებმა,მეზობლებმა,ქალაქში _ქალაქელებმა-თითქოს არ სჯერა ,რომ კაცს არჩობენ,მაგრამ შეკითხვას და დაზუსტებას არ კადრულობს, არ დამცინონო. ანუ ის,რაც ხდება მახათაზე, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი პატივმოყვარეობა.

,,კეთილი“ პეტრეს ნამდვილი სახე სახრჩობელასთან,მახათაზე გამოჩნდა, თითქოს თავადაც აღმოაჩინა საკუთარი თავი, ის მეორე პეტრე,რომელმაც კაცის დარჩობის სანახავად ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გასწია:,,კაცის გული მალია, მალი ცოდვის საქმეზედ, კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწია და!.. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს“. ,,ღვთის წინაშე კი იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას თამაშობდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ…“ როგორც ეტყობა, ადამიანი საკუთარ თავს ვერ დაემალება, დიდხანს იპრანჭება, კეკლუცობს და თამაშობს , მაგრამ გურამ დოჩანაშვილის არ იყოს ,,არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით…“ იგი თავის თავს გამოუტყდა,რომ ერჩივნა ნამდვილი  ჩამოხრჩობა ენახა,იგი არ არის ისეთი გულუბრყვილო,როგორიც მკითხველს თავიდან ჰგონია, საკუთარი გულის ბნელ მოძრაობას ხედავს:,,ძნელი რამ არის ,როცა გუნება თავში გამწევ ცხენსავით დაღოჯავს ჭკუის ლაგამსა და ცალმხრივ გაიწევს“.

პეტრეს ბიჭების მიმართ თითქოს ავი არაფერი ჩაუდენია, თავსაც იმართლებს, მე რა შუაში ვარო?-ისევ ილია სცემს ამაზე პასუხს ,,კაცია-ადამიანში“,რაც უნდა გექნა, ის გიქნიაო“. აქაც ილიას აინტერესებს,როგორ ცდილობს ადამიანი იყოს სრული,,ვითარცა ზეციერი მამაი სრულ არს“, როგორ ებრძვის ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას. პეტრე ესწრებოდა იმ სანახაობას ,სადაც ადამიანები გულგრილად უცქერდნენ,ღვთის შვილს როგორ ჩამოახრჩობდნენ წიწილასავით და არავინ კითხულობდა, არავის აინტერესებდა, რამ მიიყვანა ეს ადამიანი სახრჩობელამდე. უმოქმედო და გულგრილი ადამიანებიც თანამონაწილენი არიან მათ ირგვლივ გამეფებული ბოროტებისა.

ისევ ილიას მოვუსმინოთ(1877წ. სტატია ,,სოფლის უფროსის არჩევანი“).

,,უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გულგრილები ვართ სხვის უბედურების დანახვაზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ_ მე ხომ არაო…ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მეშველი არ მეყოლება …მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითოულება არის, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისათვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა.“

იქ ,სადაც ყველა თავისთავზე ფიქრობს,მოყვასის ცნება კარგავს აზრს .თუ უბედურება მას ან მის ოჯახს არ ეხება, ,,სხვისი ჭირია“ და არ ანაღვლებს. ასეთ მშიშარა და გულგრილ საზოგადოებაში კანონი და სახელმწიფოც დაუნდობელია. ადამიანის ბედი, სიცოცხლე არაფრად ღირს,იგი ადვილად იღუპება, დასაღუპად განწირულს არავინ შველის. ილია კარგად ხედავდა თავისი საზოგადოების სისუსტეს,უსამართლო მართლმსაჯულების განუკითხაობას ,ამიტომაც დააყენა საკითხი სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ.

ვინ იცის ,ბიჭების სოფელში რამდენი ,,პეტრე“ იყო ,რომლებიც ხედავდნენ ბიჭების უბედურებას, მაგრამ ძალა არ ეყოთ, რომ გამოსარჩლებოდნენ ობლებს, რადგან საკუთარ სატკივარს ვერ მოსცილდნენ, აუტკივარი თავი ვერ აიტკივეს და თავადაც ხელი ჰკრეს უფსკრულისაკენ  ახალგაზრდებს,რადგან ისინი მათი შვილები არ იყვნენ.ეს უგუნური საზოგადოება უმოქმედობით, უპასუხისმგებლობით ხელს უწყობს თავისივე წიაღში ავაზაკის, ყაჩაღის ჩამოყალიბებას და ავიწყდება, რომ ხვალ იგი მასზე იძიებს შურს, მას გაძარცვავს, მოკლავს, მას შეურაცხყოფს: ,,გადავემტერეთ  უსამართლო ქვეყანას,გადავემტერეთ ყველას.ყველა ხედავდა,რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ,არავინ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა…ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად“…ამ სიტყვებში ჩანს დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომელიც ყველას დამნაშავედ ხედავს უმოქმედობის გამო და ეს მწარე სიმართლეა.

საინტერესოა ნაწარმოების ფინალი, სადაც არც პეტრე და არც უმცროსი ძმა თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.მწერალი ნაწარმოების დასაწყისში გვეუბნება,რომ ამ ყმაწვილში ღვთის მადლი იყო, პეტრეს სიკეთემ კი ისე იმოქმედა მის სულზე, რომ უკვე ავაზაკად ქცეული აღსარების სათქმელად განაწყო.ვფიქრობ, რომ ილიას მიზანია პეტრესაც უშველოს და გზადაკარგულ ჭაბუკსაც, ოღონდ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ გადარჩებიან.მახათას მთაზე მწერალი პეტრეს მაინც აცალკევებს საზოგადოებისაგან, იმ საზოგადოებისაგან ,რომელმაც ზუსტად იცის, სად მიდის და რა უნდა ნახოს, ეს ხალხი მიჩვეულია ასეთ სანახაობას,ყალბია მისი ვითომ სიბრალულით სავსე სიტყვები:,,რა ახალგაზრდაა ეს უბედურის შვილი!“ და სხვა…ილიას მაინც პეტრეების გამოფხიზლება უნდა, მათში ხედავს ძალას, რომ ფსევდოსიკეთე მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულითა და თანაგრძნობით შეეცვლებათ(შემთხვევითი არ არის ,რომ ბეჟანის ძმას არ დაავიწყდა იგი და მას გაუგზავნა წერილი.)ეს ნაწარმოები არის გზავნილი პეტრეებისათვის, ანუ საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებსაც აქვთ მადლი ღვთისაგან ბოძებული, მაგრამ ამ მადლმა ცოდვას უნდა აჯობოს, ამას დიდი ძალა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოყვასის თავგანწირული სიყვარული სჭირდება.

ვისი იმედი აქვს ამ ნაწარმოებაში ილიას, აქვს თუ არა პეტრეების იმედი?!როცა ამ კითხვას სვამ,გახსენდება რევაზ ინანიშვილის ქალიშვილის სიტყვები:,,დაფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!“

ვკითხოთ დღევანდელ საზოგადოებას: ვნანობთ პეტრეები ჩვენს გულგრილობას? ეს ესე მიეცემათ დასაწერად მოსწავლეებს…

 

 

 

ფატმანის სახის გაგებისთვის  ,, ვეფხისტყაოსანში’’

0

 

რამდენადაც ღვთაებრივი ნათელით ვეცნობით ,,ვეფხისტყაოსნის’’ მეფე  ქალებს, იმდენად დაუნდობელი ცივი რეალობით, თითქოსდა ნეტან-დარეჯანისა და თინათინის ანტიპოდად გვაცნობს ფატმანის სახეს რუსთველოლოგიური კრიტიკის უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ დადებითს, რომ ფატმანი  კარგი მეგობარია, რასაც ყველა კრიტიკოსი ეთანხმება… კარგი მეგობარი კი ვერ იქნები თუ ხასიათისა და თვისებათა ნიშნულში თავს არ იყრის სხავადასხვა ,, კარგი“. ხასიათის  შავ-თეთრ ფერებში დანახვა, ანუ აბსოლიტურად თეთრი და აბსოლიტურად შავი, ჯერ კიდევ კომუნისტური ცნობიერებიდან შემორჩა ჩვენს მეხსიერებას.  ფატმანს ქაჯეთის სამეფომდე ვეცნობით, რამდენადმე ეს ნიუანსიც უწყობს ხელს ფატმანის უარყოფითად აღქმას, მოლწამოსხმული ფატმანის მსახურები გვაგებინებენ ნესტანის შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი ფატმანის გონიერებაზე მეტყველებს, თავად ფატმანი არასოდეს გმხდარა ქაჯთა თანაზიარი. პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულება მკითხველისა, [ თუკი ის ჭეშმარიტი მკითხვალია]  მჟღავნდება იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს აკეთებს იგი გადამწყვეტ მომენტში- სულიერსა თუ ნივთიერს. ფატმანი კი სავსეა, როგორც ნივთიერებით , ე.ი. ფიზიკური ქალური ბუნებით,- ასევე სულიერებით, და იგი, როგორც პერსონაჟი, იმიტომაც ,,იმარჯვებს,’’ რომ არ დაურღვევია წონსაწორობა ნივთიერებასა და სულიერებას შორის ,, სულსა და ხორცს შორის’’[აკაკი ბაქრაძე]

თუკი ჩავთვლით, რომ  ადამიანის ქცევასა და ბუნებას რამდენადმე განაპირობებს გარემო, რომელშიც უხდება მას ცხოვრება „ფატმანი ბნელში ნათელია, რომელმაც გაიარა მიწიური ცხოვრების ყველა ბნელი კუნჭული, გაიარა ქალური ცოდვითა და ტკივილებით ისე, რომ არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილა მისთვის, მაგრამ ცოდვის გზაზე ფატმანი არ შეჩერებულა, იგი ნათელთან [ნესტან-დარეჯანი, ავთანდილი]   ნათელია და ცოდვის ჩრდილიც არსად დაჰკრავს მის კეთილშობილურ ბუნებას ,, ასე თანდათან მიილტვის ფატმან ზექალობისკენ’’ [გრიგოლ რობაქიძე] გავიხსენოთ ამქვეყნიური გზა ჩვენი წმინდანი ქრისტიანი ქალებისა, განა მათაც  ცოდვიანი, ეკლიანი გზა არ გაიარეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში? [მარიამ მაგდანილელი, მარიამ მეგვიპტელი] მაშ რაღას უნდა ვერჩოდეთ ფატმანს. ჩვენ ხომ მას ვტოვებთ არა ცოდვაში ჩაფლულს, არამედ ცოდვაზე ამაღლებულს. [ზვიად გამსახურდია]

 

ვფიქრობ, ფატმანის ბუნების ამგვარი განზოგადება თუ ახსნა უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს საუბრის შესავალ ნაწილში, ხოლო შემდეგ ტექსტის კომენტირებით შეიძლება ხასიათის უფრო ღრმა და კონკრეტული გახსნა.

ფატმანს, როგორც პერსონაჟს, ავთანდილთან მიმართებით ვეცნობით, ნესტან-დარეჯანის (ზეციური სატრფოს), მაძიებელი ავთანდილი ვაჭართა ქალაქში მოხდება. ზვიად გამსახურდია თვლის, რომ ნესტანის, როგორც სოფიას პოვნა, უზენაესი ჭეშმარიტების წვდომა, შეუძლებელია სოფლისგან მოწყვეტით, ამისთვის პრაქტიკული ინტელექტის დაუფლებაა საჭირო, პრაქტიკულ ცხოვრებაში განხორციელება თეორიული სიბრძნის პრინციპებისა, ასე, რომ  გულანშაროში ავთანდილის ზეცნობიერი გონება მიწიური სიბრძნითაც უნდა გაჯერდეს, რათა ავთნდილი მიწვდეს საწადელს. ხოლო ვინ არის ავთანდილის გულანშაროელი მასპინძელი- ფატმანი, ამაში მისი სახელის ეტიმოლოგიური ახსნაც დაგვეხმარება. ძირითადად ეს სიტყვა ცოდნას, გაგებას ახსნას უკავშირდება. ფატმანის გზაც პრაქტიკულ ცოდნაზე დამყარებული სიბრძნის გზაა.

ავთანდილის დაახლოებას ფატმანთან რამდენიმე კრიტიკოსი ალეგოლიურად მაღალი ფილოსოფიური ზეცნობიერისა და პრაქტიკული   მიწიური სიბრძნის შერწყმას უკავშირებს. ამით ხორციელდება ავთანდილის კრედო ,, ვისთვის კვდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“ და, რადგან მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ადამიანი ზეციურისა და მიწიური ბუნების შერწყმაა.  ეს სწორედ ფატმანის ბუნებაში ხორციელდება. აქვე მინდა გავიხსენო თამაზ ჭილაძის აზრი ვაჭართა შესახებ,- ვაჭრები აქ კეთილი ძალაა და არა ბოროტი. გავიხსენოთ ისიც, რომ მე-12 საუკუნეში ვაჭრებს იმდენი ძალა გაჩნდა, რომ სამეფო ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ. რუსთაველს არც სძულს და არც უყვარს ვაჭრები, გენიალურმა პოეტმა მათი დადებითი მხარეც იცის და უარყოფითიც. ამავე დროს დაუშვებელია ვაჭრებს და რაინდებს შორის სრული თანხმობის ძიება. ვაჭრები ხომ სრულიად სხვები არიან, რაინდები კი სრულიად სხვანი- „ შუა უძევთ დიდი ზღვარი’’, უფრო სწორედ ეს ზღვარი ღვთის მიერაა აღმართული, რათა არ დაირღვეს რუსთველური ჰარმონიულობის კანონი ,, რაცა ვის რა ბედმან მიცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს’’.

„ბედმან’’  ფატმანს სხვა ფუნქცია დააკისრა, დიდი და დაუტეველი სიყვარული ჩადო მასში, ვიდრე  იგი ვაჭართა ქალაქში გულანშაროში მოთავსდებოდა, ამიტომაც იგი ნესტან- დარეჯანის  ზეციური მასპინძელია  და უხარბოა  და სულგრძელი, როგორც სიყვარული.

ასე, რომ თუ ნაწარმოების დასაწყისში რუსთველი გვაცნობს ,, მუტრიბთა და მომღერალთა’’ მოყვარულ ფატმანს ნაწარმოების ბოლოს მას ცრემლში განბანილს მონანიეს ვხედავთ. აქედან გამომდინარე ფატმანის გამომწვევი უდარდელობა და პირდაპირობა იქნებ ნიღაბია არსებულ სამყაროსგან თავის დასაცავად. მას ხომ ხშირად სტანჯავს მარტოობა ამ სიმდიდრითა და ყვავილებით გაძეძგილ  ქალაქში (,, მარტო დავრჩი,  სევდა რამე შემომექცა გულსა მურად’’) მარტოობა კი სულის სიმაღლისა და კეთლშობილების ნიშანია, როგორც უთქვამთ,- სული იზრდება მარტოობაში. იქნებ მარტოობაში გაზრდილი სულის შინაგანი გამოძახილია ფატმანის ავთანდილისადმი მიწერილი წერილი, როგორც მას უწოდებს პოეტი ,,უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი’’. აქვე მინდა გავიხსენო კორნელი კეკელიძის შესანიშდნავი გამოთქმა ,, მოულოდნელი სიყვარული’’,  ამ სიტყვებით ახსნა მან ავთანდილისა და ფატმანის ლტოლვა ერთმანეთისაკენ. გავიხსენოთ ავთანდილის განწყობა ფატმანის მიმართ პირველი შეხვედრისას ,, რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული  ჰგონია’’ დაშორებისას – ,, შენ  გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისნდობელი’’.  ასე, რომ ავთანდილმა და ფატმანმა ბევრი რამ ისწავლეს ერთმანეთისაგან- დაეხმარნენ ერთმანეთს აღმოეჩინათ საკუთარი  თავი.

ზვიად გამსახურდია ავთანდილის  მიერ ჭაშნაგირის მკვლელობას ასე ხსნის ,,ეს უნდა გავიგოთ, როგორც ფატმანის  განთავისუფლება უარყოფითი ბახკიზმისაგან, რომლისგანაც მას სულიერი დაღუპვა  ელოდა. ამას ფატმანი თავდაცვის მიზნით აკთებს,  ფაქტიურად ავთანდილიც თავს იცავს  ჭაშნაგირისაგან, ჭაშნაგირისთვის, რომ უცხო იყო ამაღლებული ზეარსი აზროვნება ეს მთელი ტექსტიდან ჩანს. ისიც ცხადია, რაც უნდა იდეალური  იყოს სახელმწიფოებრივი წყობა, ზოგჯერ მისი გზა მაინც ამ სისხლიან წუთისოფელზე გადის, არა მარტო ფატმანის , არამედ ,, ვეფხისტყაოსნის’’ რაინდთა  არაერთი გადაწყვეტილებისა თუ ქმედებისას ,, იცქირება“  დემნა ბატონიშვილის დათხრილი თვალები“. ზვიად გამსახურდია ამბობს ,, როდესაც ადამინში ივანებენ სარწმუნოება და სიბრძნე [ ავთანდილი] ისინი კლავენ მასში  მიდრეკილებას ლოთობისა და ჰედონიზმისაკენ. აი, რას ნიშნავს ჭაშნაგირის  მკვლელობა.“

ავთანდილს ჭაშნაგირის სიკვდილისა და ნესტან-დარეჯანის ამბის გაგების შემდეგ შეეძლო დაემალა მისთვის თინათინის ამბავი, მაგრამ ამ  უკიდურესობამდე მართალ ქალს ვერ აკადრა ტყუილი. დახმარების თხოვნა კი ცნობიერთა მკურნალის მიერ ფატმანის ზეცნობიერად აღიარებაა. ფატმანის პასუხიც მისი კეთილშობილებისა და ღირსების კიდევ ერთი დადასტურებაა ,,ფატმან თქვა; ღმერთსა მადლობა, საქმენი მომხვდეს, მო რანი, დღეს რომე მესმეს ამბავნი უკვდავებისა სწორანი’’. ეს არის ,, სიყვარულში ამაღლება ადამიანური სულისა, სადაც დიდი ინგლისელი პოეტის არ იყოს, ბევრი რამ ხდება, ისეთი, რაც ფილოსოფოსთ სიზმრადაც არ დაესიზმრებაო’’[ თ. ჭილაძე]

ფატმანის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სიკეთის გამაჯვება. სიკეთე კი ფატმანის ცნობიერებაში ისეთივე ფორმულირებით ხმიანდება, როგორიც ავთანდილის ცნობიერში. ქაჯეთის ციხიდან გამოხსნილ ნესტანს ფატმანი ასე მიმართავს ,, ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი’’

ეს თითქმის, იმ სიტყვების განმეორებაა, რაც ცოტათი ადრე ავთანდილმა ასმათს უთხრა: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’. ოღონდ ესაა ავთანდილი კეთილს კეთილი ნიადაგი დახვდა, იხარა და ადვილად აღმოვაჩენთ-ხოლმე ფატმანის კეთილს კი ჭუჭყი და ამქვეყნიური ბიწი უნდა განაშორო, რათა იბრწყინოს.

ასე რომ ფატმანის სულის ევოლუციის გზა უნდა დავანახოთ მოსწავლეს, რომ ეს პერსონაჟი სწორად აღიქვას. ამ  გზის შეცნობაში კი თავად ფატმანის ღია უშურველი ბუნება და საკუთარი სულისკენ მიმართული  ირონია გვეხმარება. და რაც მთავარია, მართებული ქმედება და საქმე ყველა გადამწყვეტ  და კულმინაციურ სიტუაციაში,  რამეთუ ,, საქმეთაგან გამართლდების კაცი და არა სიტყვათაგან“.

 

საინტერესო ინტერაქცია ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ბავშვებს ვუყვებოდი: ჩემს ბავშვობაში ბიჭები გოგონებს 8 მარტს ყვავილებით გვილოცავდნენ. ჩვენც, შესაბამისად, 23 თებერვალს (წითელი არმიის დღეს) დიდი რუდუნებით საჩუქრებს ვუკეთებდით ჩვენს თანაკლასელ ბიჭებს-მეთქი. მაინტერესებდა, მათი რეაქცია ამ თარიღთან მიმართებით როგორი იქნებოდა.

– მასწ, საქართველოს გაუბედურების დღეს ულოცავდით ერთმანეთს? – გაკვირვებით მკითხა შავტუხა, ლამაზთვალება ბიჭმა, რომელსაც აღშფოთება და გაკვირვება სახეზე ნათლად ეხატა.

– ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებოდა ეს… ეს სხვა ეპოქა იყო, „ჟამი მეფისტოფელისა“ (გალაკტიონი), რომელმაც  „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“ (გალაკტიონი). თუმცა ჩვენ გვინერგავდნენ და გვაჯერებდნენ, რომ ამ დღის „წყალობით“ ჩვენმა ქვეყანამ ბედნიერება, თავისუფლება, ნათელი მომავალი მოიპოვა.

– ისტორიას არ კითხულობდით, ასე როგორ გატყუებდნენ? – იკითხა კიდევ უფრო გაკვირვებულმა გოგონამ და მხრები აიჩეჩა.

გამიხარდა… მივხვდი, რომ თავისუფლების განცდა ჩვენს ბავშვებში ღრმად იყო ფესვგადგმული. ამათ ვეღარ დააჯერებდი იმას, რასაც ჩვენ „გვთავაზობდნენ“. ჩაკეტილი საინფორმაციო ვაკუუმი გარღვეული იყო და ამათი გონებაც ტყუილით ვეღარ მოიწამლებოდა. ვერაფერი ჩაკლავდა ამ ხალას გოგო-ბიჭებში ბედნიერებისა და სიამაყის განცდას.

1921 წლის ავბედით დღეზე უნდა მესაუბრა. კოლაუ ნადირაძის ლექსი ამაში ნამდვილად დამეხმარებოდა… ლექსის ახსნამდე მოსწავლეებს ვაჩვენე ამ დღეებთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრები და ვთხოვე, ორიოდე სიტყვით დაეწერათ ნანახით აღძრული ემოცია.  მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ლექსის კითხვა და ანალიზი.

კოლაუ ნადირაძემ ეს ლექსი 1969 წელს დაწერა. მასში დიდი ტკივილი, სევდა, თავისი თანამოძმეების (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე…) დაბნეული ქმედებები იკითხება. გენერალ მაზნიაშვილის თხოვნით, „ცისფერყანწელთა“ წარმომადგენლები არეულობის თავიდან ასაცილებლად,  წითელგვარდიელთა გვერდით  აღმოჩნდნენ. როგორც ცნობილია, ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა (ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ). 1921 წლის 25 თებერვალს

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

                    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“…

კონტრასტის არაჩვეულებრივი ხერხით თოვლის სიწმინდეს, სიკაშკაშეს სიშავე ერწყმის, რაც ემოციურ დისონანს ქმნის მკითხველის გონებაში. არსად, არც ერში და არც ბერში, არ იყო კონსოლიდაცია: „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.  ყველა თავგზააბნეული  იყო.

სიმბოლურად გრდემლი ბედისწერაა, რომელიც უბედურების მომასწავებლად არის ლექსში  წარმოჩენილი. ვხედავთ, მხსნელისა და პატრონის გარეშე დარჩენილი ქალაქი როგორ ადის გოლგოთაზე, როგორ აცვამენ ჯვარზე,  როგორ ნერწყვავენ, აფურთხებენ, ფეხქვეშ თელავენ… უმძიმესი ტრაგედია შავ-თეთრ ფონზე იხატება, რომელშიც წითელი ფერი სიკვდილის მაუწყებლად შემოდის.  სხვა ფერი ამ ტექსტში არ დომინირებს. სიცოცხლეს ძალით ჩააცვეს თალხი. კოჯორსა და ტაბახმელაში თეთრი თოვლი დასტირის „გმირების გვამებს, /განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს“.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ყურადღებას გავამახვილებინებთ ამ ტექსტში არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებზე. კოლაუ ნადირაძე, როგორც სიმბოლისტი პოეტი, ტროპის ამ სახეს უშურველად  გვთავაზობს, რაც ჩვენს გონებრივ ჰორიზონტს აფართოებს და წარმოდგენათა სპექტრს ამრავალფეროვნებს.  მოსწავლეები დავაფიქროთ  გრდემლის, ცელის, სისხლის, თოვლის, თალხის, გოლგოთის მნიშვნელობებზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კონტრასტის ხერხი ამ ლექსში ძალზე მნიშვნელოვანია.

„წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით“. 

სისხლის მწოველ არმიასთან თეთრი ცხენი გარკვეულ შეუსაბამობაში მოდის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ ვინ იყო ამხედრებული (სერგო ორჯონიკიძე) ამ ცხენზე, მარტივად ამოსაცნობი იქნება მოღალატის მიზანი.

 

ლექსი პირობითად სამ ნაწილად იყოფა. თითოეულ ნაწილში ავტორი სხვადასხვა საკითხს ეხება.

 

 პირველი ნაწილი ეთმობა წითელი არმიის შემოსვლით  გამოწვეულ დაბნეულობასა და არეულობას („ძილღვიძრად იყო ქალაქი  ჩემი“);

მეორე ნაწილში დახოცილი იუნკერების ხილვით  აღძრული ტკივილია ნაჩვენები;

მესამე ნაწილი ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარსულის შელახვის თემას ეძღვნება.

 

რეფრენი – „თოვდა და თბილისს ებურა თალხი,/ დუმდა  სიონი და დუმდა ხალხი“ –  იმდროინდელი საქართველოს, ქართველი ხალხის მორალურ-ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს.

 

ვერსიფიკაციის მიხედვით, ლექსი ათმარცვლიანია, პირველი და მესამე სტროფები წყვილი რითმითაა გაწყობილი (თალხი – ხალხი, ჩემი – გრდემლი/; თალხი – ხალხი, ტაბახმელა – ნელა). შემდეგი სტროფების რითმა სათქმელის მიხედვით იცვლება, რაშიც იკითხება ავტორის დაძაბულობა და ემოციურობა.

 

გასაბჭოებამ რა სიკეთეც მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არაერთ ნაწარმოებშია ასახული. ამის ხმამაღლა ან შეფარულად მთქმელნი დააპატიმრეს, გააციმბირეს, სიკვდილით დასაჯეს. მწერლებს ის უნდა ეწერათ, რაც საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდისთვის იქნებოდა სასურველი და ხელსაყრელი.  მწერალს ახალი ადამიანი, ე.წ. საბჭოთა მოქალაქე უნდა გამოეწრთო. შეიცვალა მორალური და კულტურული ფასეულობები, ბელადებზე დითირამბები, მათი ქება და მაამებლობა სასიცოცხლოდ  აუცილებელი მოთხოვნა გახდა.

ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზის დასაწერად და პარალელის გასავლებად მოსწავლეებს შევთავაზე გოდერძი ჩოხელის მოთხრობის („აჩლახუნე“) წაკითხვა.

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

ნადირაძე კოლაუ,   „25 თებერვალი, 1921“, „ცისფერყანწელები“, 100 ლექსი, გამომც. „ინტელექტი“, თბ. 2007, გვ.123.

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული კონკურსი მწერლებისათვის!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საინფორმაციო საგანმანათლებლო  რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის “ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ ფარგლებში –  ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურმწერლებისთვის: საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  2 ოქტომბერს,  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის მიმდიანრეობისას,  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატიული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

 

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი 700 ლარი;

III ადგილი 500 ლარი.

 

ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე:  mastsavlebeli.ge@gmail.com  გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

საკონკურსო მოთხრობის მოცულობა 5-15 გვერდამდე.

საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 სექტემებრი!

საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

 

კონკურსის პარტნიორებია:    გამომცემლობა „ინტელექტი,“ გამომცემლობა  „წიგნები ბათუმში“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც  დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!

 

 

ფრანგული  ენის  ეფექტურად  სწავლების  სხვადასხვა  სტრატეგია   FLE-ს  ფარგლებში

0

უცხო  ენის  სწავლება,  ჩვენს კონკრეტულ  შემთხვევაში,  ფრანგული  ენის,  ბუნებრივი  გარემოსაგან  მოწყვეტით,  საკმაოდ  დიდ  ძალისხმევას  მოითხოვს როგორც  პედაგოგისგან,  ასევე  მოსწავლის  მხრიდან.  ჩვენი  მიზანი  ხომ  ეს  არის,  რომ  ვასწალოთ  ენა  საშუალო  სირთულის  საკომუნიკაციო  დონეზე.    საამისოდ,  თავდაპირველად  უნდა  განისაზღვროს  მიზნები  და  სტრატეგიები  სამეტყველო  მოთხოვნების  შესაბამისად.

ჩემი  მიზანია,  კოლეგებს  გავუზიარო  საკუთარი  გამოცდილება,  გაკვეთილზე და  გაკვეთილის  გარეთ,   ფრანგული  ენის  სწავლების  ეფექტური  ხერხების  შესახებ,    რომელმაც   მრავალი  წლის  გამოცდას  გაუძლო   არცთუ  ცუდი  შედეგებით.

თავდაპირველად  დავიწყებ   ,,სცენაზე  ამეტყველებული  ფრანგული  ენის“  საუკეთესო  სტრატეგიით,  რამაც  დიდწილად    ხელი შეუწყო მოსწავლეებში  შინაგანი  მოტივაციის  ამაღლებასა  და   ფრანგული  ენით  მათ   დაინტერესებას,  ვცდილობ  შევარჩიო  მარტივი,  ლაკონიური იუმორისტული წარმოდგენა, რომლის   განხორციელება  კლასგარეშე,  თეატრალური  აქტივობის  ეფექტურობაში  აისახება.   მოსწავლეები  ამ  ხერხით  იღრმავებენ  ცოდნას  ფრანგულ  ენაში,  ასევე  ეცნობიან  ფრანგული  კულტურის  ელემენტებს მაყურებლის  წინაშე სხვადასხვა  სასცენო  რეპერტუარის  შესრულებით.  წარმოდგენის  გათამაშებით,   ენობრივ – კულტურული  არეალი  არ  წყდება  ემოციებს,  შთაბეჭდილებებს,  რათა  მათ  ისწავლონ  აღმოჩენითა  და  სცენაზე  როლის  შესრულებით.  ძირითადად  ვამუშავებთ  კომიკურ  წარმოდგენებს,  რადგან  სცენაზე  ბავშვის  სიცილი  უნდა  ისმოდეს,  მას  როლმა  ხალისი  და  სიხარული  უნდა  განაცდევინოს,  ასევე  ყველაფერი  ეს  დაკავშირებულია  მოძრაობასთან,  დინამიკასთან.  მოსწავლე  ეუფლება  სცენას,  გადაადგილდება  სხარტად,  დახვეწილად  შედის  დიალოგში  პარტნიორებთან.   ვითვალისწინებ,  რომ  ჩვენი  ბევრი  აღსაზრდელისათვის  ცხოვრება  საამური   და  იოლი  როდია.   თეატრში  ბავშვები  იცინიან,  ტირიან  კიდეც.  სიცილსა  და  ცრემლებს  ოცნებებსაც   ვუმატებთ ,  რამეთუ  ამ  გზით  მოზარდს  შეუძლია  წარმოდგენაში  იმ  ქვეყნებს  ეწვიოს,  სადაც  უკეთ  ცხოვრობენ  ადამიანები.  სწავლების  აღნიშნული  სტრატეგია  მიგვანიშნებს,  მივცეთ  ჩვენს  აღსაზრდელთ  თეატრსა  და  ცხოვრებაზე   სწორად  დაბალანსებული  წარმოდგენა.

საკმაოდ  ეფექტური  და  აუცილებელია  გაკვეთილზე  აუდირება,  როგორც  მიმართულება-მოსმენა.

მინდა   მოკრძალებით  შევეხო  იმ  საკითხს,  თუ  რა  ნაბიჯებს  ვდგამ  საამისოდ,  რომ  ჩაწერილი  მასალა  წარმატებით  გაშიფრონ  მოსწავლეებმა.

  1. მოსმენამდე კლასს  ვაჩვენებ   ნახატს,  რომელზედაც  ილუსტრირებულია  მოსასმენ  დოკუმენტზე  აღბეჭდილი  სიტუაცია,
  2. ვასმენინებ მოსწავლეებს  ჩანაწერზე  გაჟღერებულ  ხმებს,  რათა  გამოიცნონ,  თუ  სად  ხდება  მოქმედება  და  საერთოდ  რა  ხდება,
  3. ვასმენინებ დიალოგში  მონაწილე  პირთა  ხმებს,  გამოვაცნობინებ  მათ  სქესს,  ასევე  ფიზიკურ  და  ფსიქოლოგიურ  მახასიათებლებს,
  4. ამის შემდეგ  ვთავაზობ  კითხვებს:  ვინ?   რა  ხდება?   როდის?   სად?   რატომ?
  5. ვთხოვ,მოიპოვონ მასალიდან ინფორმაცია,
  6. მოსწავლეებს ვთავაზობ  ნაცნობი  სიტყვების  იდენტიფიკაციას,
  7. ,,გამჭვირვალე“ ლექსიკური  ერთეულების  დახმარებით  მოსწავლეები  ცდილობენ  გაიაზრონ  მოსმენილი  მასალა.

ეს  სტრატეგია   ხელს  უწყობს  მთლიანი  დოკუმენტის   უკეთ  გაგებას.  მოსწავლეები  ხალისით  ასრულებენ  ამ  სამუშაოს.

ასევე   კარგ  შედეგს  იძლევა  ,,ატელიე  შანსონ“-ის   გამოყენება  გაკვეთილზე,   რაც  ნაყოფიერად  ასოცირდება  ფრანკოფონული  სამყაროს  გაცნობასა  და  ფრანგული  ენის  სწავლებასთან.  სიმღერა  ხომ  იმისთვისაა  შექმნილი,  რომ  ვიმღეროთ,  მოვუსმინოთ  მას,  გავუზიაროთ  ერთმანეთს  და  ბოლოს,  ამ  სიმღერებით  გავიხალისოთ  გუნება-განწყობა.

ისწავლო  სხვა  ქვეყნის  ენა,  ეს  ნიშნავს  აღმოაჩინო  შენი მშობლიური  ენისა  და  კულტურისაგან  განსხვავებული  უცხო  ქვეყნის  კულტურა,  ტრადიციები,   ადათ  -წესები.  სწავლების  მრავალფეროვანი  სტრატეგია  მხოლოდ  ხელშემწყობი  იქნება  პოზიტიური  ეფექტისა  მოსწავლესა  და  სამიზნე  ენას  შორის.  უცხო  ენის  შესწავლა  ფართო  გაგებით  მოიცავს  ადამიანის  გრძნობის  ყველა  ორგანოს:     სმენას,  შეხებას,  გემოვნებას,  ყნოსვას,  მხედველობას.

ენა  აზროვნების  იარაღი  და  გაგებინების  საშუალებაა.  მისი  მეშვეობით  ადამიანები  ერთმანეთში  ცვლიან  ინფორმაციებს,  რეაგირებენ,  გამოხატავენ  სურვილებს,  გრძნობებს,  შეხედულებებს,  ამყარებენ  ურთიერთკავშირს.  სიმღერით  კი  კავშირს  ვამყარებთ  სხვა  ქვეყნის  მრავალფეროვან  კულტურასთან.   ფრანგული  ენა  მხოლოდ  სავარჯიშოების  გასაკეთებლად  კი  არ   უნდა  ვასწავლოთ,  არამედ  ვამღეროთ,   გავართოთ  ამ  ენაზე  მოსწავლეები.  ვცდილობ  ჩემს  მოსწავლეებს  შევასწავლო  ფრანგული  სიმღერები,  რათა  ხანგრძლივად  შემოინახონ    მეხსიერებაში  ისინი  და   თაობებს  გადასცენ  ეს   მშვენიერი  მუსიკალური  მარგალიტები.   ჩვენ  ვშიფრავთ  ფრანგულ  სიმღერებს,  ვაანალიზებთ  მათ.   დაფაზე  ვწერ  სიტყვას  ფრანგულად-  ,,სიმღერა“

  1. კლასს ვთხოვ  ამ  სიტყვის  დეფინიციას,  ისინი  განმარტავენ  ფრანგულად-სიმღერა   ეს  მუსიკაა,  ინსტრუმენტები,  მელოდია  და  ა.შ.
  2. რომელ მუსიკალურ  ინსტრუმენტებს  იცნობთ  თქვენ?-  ისინიც  ასახელებენ ნაცნობ  სიტყვებს:  სალამური,  გიტარა,  ვიოლინო  და  სხვა.
  3. შეთავაზებულ თემაზე  ხდება  ლექსიკური  ველის  ეტაბლირება.
  4. ვასახელებინებ პერსონაჟებს.
  5. ვასახელებინებ გამოთქმებს,  რომლებიც  გრძნობა-აღქმის  გამომხატველია (მიყვარს,  მომწონს,  ვაღმერთებ,  და  ა. შ.),
  6. ვცდილობ მიაგნონ დეტალებს,  რომელიც   პერსონაჟებთანაა  დაკავშირებული,
  7. ჩემი მითითებით   მოსწავლეები  ყურადღებას ამახვილებენ მოქმედების  აღმნიშვნელ  სიტყვებზე.  მიმყავს  ისინი  პასუხამდე,  თუ  რატომ  მოიქცა  პიროვნება  ასე  და  არა  სხვაგვარად.

ენაზე  მუშაობის  დახვეწაში  ნაყოფიერია  სტრატეგია   ,,ჟურნალ  პაღლე“- რადიოთი  ან  სხვა  მასობრივი  საშუალებებით  გადაცემული  ამბები.   ამ  ტექნიკას  მიაგნო  ემანუელ  ფრენემ. ფრანგმა  პედაგოგმა  საფუძველი  ჩაუყარა   პედაგოგიკას, რომელიც ეფუძნება  მოსწავლეთა   აზრის  გამოხატვას.   აქ  მოიაზრება  კრეაცია,   ტექსტის გაცნობით გამოწვეული  შთაბეჭდილება.  ეს  სტრატეგია  ხელს  უწყობს  კლასის  გახსნილობას  ახლებურად,  რაც  ნიშნავს  გამოხატვის  თავისუფლებას  კლასის  წინაშე.

   სტრატეგიის  მიზანია:   მოსწავლემ   შექმნას  საკომუნიკაციო  ველი  (რა  თქმა  უნდა  ფრანგულად)

– მოსწავლემ  ისაუბროს  ჯგუფის  წინაშე,

-მოსწავლე  დაეუფლოს  მოხსენების  სტრუქტურას,

–  მოსწავლემ  ივარჯიშოს  საერთაშორისო ამბების  მიწოდებაზე  კლასში.

 

მოქმედების  ფორმა –   მოსწავლე  ამ  დროს  საინფორმაციო  გამოშვების  პრეზენტატორის  როლს  მოირგებს  მეგობრების  წინაშე.(შეიძლება  სხვა  კლასის  მოსწავლე  მოვიწვიოთ  სხვა  ჯგუფში)

მოსწავლე  ინფორმაციას  გადასცემს  თხრობით.

ეს  პედაგოგიური  სტრატეგია  ასაკს  არ  ზღუდავს (FLE-ს  სწავლების  ფარგლებში).  ვცდილობ  დავნერგო  ეს  პრაქტიკა,  რადგან  მას  შედეგი  მხოლოდ  სისტემატურობის  შემთხვევაში   მოაქვს.

ფრანგული  ენის  სწავლა  ეს  არის  კიდევ  ერთი  ფანჯარა  ევროპაში,  რაც  ნიშნავს  გამოხატვის  სხვადასხვა   შესაძლებლობებს,    ეს  ამავდროულად  სწავლით  მიღებული  სიამოვნების  აღმოჩენაცაა.

 

 

ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში

0

თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითხების  დასმა, გაანალიზება, გარკვეული გეგმის  დასახვა  და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მთავარია, პედაგოგმა სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას  მიმართოს, რომელიც  ეროვნულ სასწავლო გეგმას  წარმართავს.  დაგეგმილი სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის ვითვალისწინებთ, რომ კლასში გვყავს სხვადასხვა ტიპის მოსწავლე.  მათ ახალი მასალის ათვისებისა და შემეცნების სხვადასხვა უნარი აქვთ. სწავლების მოდალობის ძირითადად სამი ტიპი  არსებობს: ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური.  მოსწავლეთა დიდ ნაწილს  ვიზუალურად აღქმის უნარი აქვს. ამგვარ მოსწავლეებს სჭირდებათ  სასწავლო მასალის „დანახვით სწავლება“, რომ იგი საინტერესო და გასაგები გახდეს.  მასწავლებლები ხშირად იყენებენ ცხრილებს, ფოტოებს, სლაიდშოუს და სხვა მსგავსი ვიზუალიზაციის ხელშემწყობ საშუალებებს. მოსწავლეთა ნაწილს, რომელთაც   სმენითი  ათვისების უნარი აქვთ, სწავლა ჯდომის, მოსმენისა და ხმამაღლა კითხვის მეშვეობით ურჩევნიათ. ხოლო კინესთეტიკურ მოსწავლეს სჭირდება მოძრაობა და სასწავლო მოდელები, რომლებსაც იგი ხელში დაიჭერს, ან შეეხება [მანანა ბოჭორიშვილი. გვ.1-4.].  სამივე ტიპის მოსწავლეთათვის  ძლიერ მიმზიდველი და ეფექტური გარემოა სამუზეუმო სივრცე.

მოსწავლე ახალ მასალას სწავლობს კითხვით, მოსმენით, დაკვირვებით, მსჯელობითა და კეთებით. სწავლის პროცესი ახალი ინფორმაციის ათვისებას, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეძენას გულისხმობს. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლე ახალ მასალას ეტაპობრივად ითვისებს.  მეცნიერთა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანი ახალ ინფორმაციას განსხვავებულად შეიმეცნებს: წაკითხულის – 10%, მოსმენილის – 20%, ნანახის – 30%; ხედავს ვიზუალურ მასალას (ფილმს, სტენდს, თვალსაჩინოებას) და ამავე დროს ისმენს ახსნა-განმარტებას – 50%; თუ თვითონ საუბრობს ან მსჯელობს მასზე, რაც მოისმინა და წაიკითხა (დისკუსია, პრეზენტაცია) -70%;  ასრულებს  ლაბორატორიულ სამუშაოს, სავარჯიშოებს, მიმართავს სიმულაციასა და  როლურ თამაშებს, ახალ ინფორმაციას უკავშირებს პირად გამოცდილებას – 90% [Museum. Ge გვ. 2-3]..

მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა  და  მოსწავლეთა ჩართულობისათვის.  საგამოფენო სივრცეში შეგიძლია დაათვალიერო ახალი ექსპოზიცია, ნახო ფილმი, ინტერაქტიული მონიტორები, სტენდები, ხელით შეეხო ასლებსა და მულაჟებს,  ეს არის კომფორტული, სასიამოვნო  და უჩვეულო გარემო. „მუზეუმმა საგანმანათლებლო ფუნქცია მსოფლიო სივრცეში 1951 წლის იუნესკოს სემინარზე მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა  შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“. დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნასა  და გაზეპირებაზე, არამედ შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე, კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი  ჩვენს ყოფიერებაში. სწავლა თამაშით, შემეცნება შეხებითა და შექმნით – ეს და სხვა თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდები მუზეუმს უფრო სახიერსა და მიმზიდველს ხდის [თამარ კიკნაძე. გვ. გვ. 30.31].

საექსპოზიციო დარბაზები, სარესტავრაციო სახელოსნოები ცოცხალ და ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსად შეიძლება გამოვიყენოთ. მუზეუმის  საგანმანათლებლო  პროგრამებით სკოლების, პედაგოგებისა და მშობლების დაინტერესება, ერთ-ერთი პრიორიტეტია მსოფლიოში.  მრავალი მუზეუმი  თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან,  სკოლებთან და კოლეჯებთან. მაგალითად, ნიუ-იორკის ჯონსონის მუზეუმი  ემსახურება კოლეჯებს,  აქვს  ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი. პედაგოგს ფართო სპექტრით შეუძლია   შეიმუშაოს  სხვადასხვა  პროგრამა: ისტორია – არქეოლოგია, ეთნოგრაფია; ხელოვნება – არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა; სამოქალაქო სწავლება – კანონმდებლობა, მოქალაქეობრივი მოვალეობა; ტექსტილი – სამოსის დიზაინი. უცხო ენის პედაგოგს აქვს საშუალება გამოიყენოს ნებისმიერი ექსპოზიცია გაკვეთილის ჩასატარებლად [Herbert F. გვ. 34]. ამ პრაქტიკას იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმი.

მასწავლებლები ცდილობენ, სასწავლო პროგრამები გაამდიდრონ   ნოვატორული იდეებით. სამუზეუმო სივრცეში განთავსებული არტეფაქტები გამოიყენონ საგნობრივი სპეციფიკისათვის, შექმნან ახალი პროექტები. XX საუკუნის 80-იან  წლებში ბერლინში  პერგამონის მუზეუმში პირველად ვნახე მუზეუმში ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილი. მოსწავლეები უშუალოდ სამუზეუმო  შედევრების ასლებთან ისხდნენ და  მუშაობდნენ. ეს საბჭოთა სტუდენტისათვის აღმოჩენა იყო. მუზეუმებში სტანდარტული ექსკურსიები,  გიდის მონოტონური საუბარი, ერთი  თვალის შევლება ექსპონატისთვის, დღევანდელ მოსწავლეში, არ ბადებს მისთვის საინტერესო გარემოს, რადგან მასობრივი საშუალებები, ინტერნეტგვერდები უფრო ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.  მათ მიერ ექსპოზიციაში ხილული ნაწარმოები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. ხშირად მოსწავლეები ამბობენ ჩვენ ამ მუზეუმში უკვე ვიყავით, ხოლო როდესაც ჩაეკითხები, თუ რა ნახეს, პასუხი პასიური და ბუნდოვანია.  ეს არის  საბჭოთა პერიოდის დროებითი გასეირნება მუზეუმში. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოურ სივრცეში გაგრძელდა მსგავსი ვიზიტები, თუმცა დღესდღეობით მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და მიიღო ის სახე, რომელიც აპრობირებულია დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში, სადაც სამუზეუმო სასწავლო პროგრამები ფართო სპექტრით თავისუფალ არჩევანს აძლევს სტუდენტებს, მოსწავლეებსა და  პედაგოგებს.  ეს მეთოდი საქართველოშიც წარმატებით იკიდებს ფეხს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი გვთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს: „ყორღანების  საიდუმლო“, „ოქრომრავალი კოლხეთი“, „სამკაულის ხელოვნება“, „აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში“, „უძველესი ადამიანი და მისის იარაღები“, „ვისწავლოთ უცხო ენა  მუზეუმში“ [თამარ კიკნაძე გვ.30-31].

სამუზეუმო სწავლების მეთოდი საშუალებას იძლევა მოსწავლე ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლოს, ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამაში. ეს  გაცილებით შედეგიანია, როგორც  მოზარდისთვის და ასევე მშობლის მოტივაციისათვის. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში სასწავლო მოდულების ჯგუფების ხელმძღვანელები ამზადებენ ახალ თემაზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომელიც გამდიდრებულია სახალისო შემეცნებითი დეტალებით.

ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმის თანამშრომლები    განხორციელებული სასწავლო პროგრამების მიხედვით განსაზღვრავენ მოსწავლეთა  მიღებული ცოდნის ხარისხსა და რაოდენობას. ნიუ-იორკის ჯონსონის მუზეუმის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ  1996-97 წლებში ჯონსონის  ხელოვნების მუზეუმის პროგრამულ სწავლებაში ჩართული იყო 6400 მოზარდი  57 სკოლიდან [Herbert F. გვ.36-37].

სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა მუზეუმი, როგორც რესურსი სასწავლო პროგრამისთვის, შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ. ამისათვის საჭიროა  თანამშრომლობითი ურთიერთობა მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრთან.

  • თავდაპირველად  გაკვეთილი ან პროექტი შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ თქვენც და მოსწავლეებს. იმისათვის, რომ სასწავლო პროგრამაში სამუზეუმო ექსპოზიცია ჩართოთ, წინასწარ შეიძლება ინტერნეტ საიტზე ნახოთ,  რა სიახლეებს – გამოფენებს გვთავაზობს მუზეუმები თუ გალერეა. გაეცანით მუზეუმის  თანამშრომლების მიერ შედგენილ  სასწავლო პროგრამებს და  მიუსადაგეთ  თქვენს კონკრეტულ თემას.
  • დეტალურად დაწერეთ გაკვეთილის გეგმა  და განსაზღვრეთ  სამუშაო დრო.
  • საჭიროა მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება სამუზეუმო სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობაში. შეადგინეთ ბუკლეტი, რომელშიც განსაზღვრავთ მიზანსა და შედეგს.
  • მუზეუმის სივრცის გათავისებაში საწყის ეტაპზე განახორციელეთ სხვადასხვა პროექტი, მათ  შორის Intel-ის  პროგრამა. დაგეგმილი პროექტით მიდიხართ  მუზეუმში. მოსწავლეები შეარაღებული არიან საწერი და სახატავი მასალით, ფოტოაპარატით. დაიცავით სამუზეუმო შინაგანაწესი. ექსპონატის ფოტოგადაღებისას  არ შეიძლება ცხელი  ნათება, რომელიც მხატვრული ნიმუშის დაზიანებას გამოიწვევს.
  • საგაკვეთილო ან პროექტის გეგმის განხორციელებისას მოსწავლეები ეცნობიან  კონკრეტულ ექსპოზიციას, რომელიც თემატურია თქვენს პროგრამასთან მიმართებით. დანარჩენი სამუზეუმო სივრცე ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, რადგან სხვა დარბაზები მომავალი გაკვეთილისა თუ პროექტისათვის გამოგადგებათ. სამუშაო დროსაც ეფექტურად გამოიყენებთ და არ დაიკარგება მოსწავლეთა შემეცნების  ხარისხი.
  • თქვენი გაკვეთილისა თუ პროექტის თემის მიზანი შეთანხმებული უნდა იყოს მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრთან, რომელსაც  შეგიძლიათ გააცნოთ თემა. მუზეუმის თანამშრომლები გაგიწევენ კონსულტაციას, როგორ შეიძლება დაგეგმოთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლეთა აქტიურობა იყოს შემოქმედებითი, მრავალფეროვანი და ესგ-ზე მორგებული.  მსგავსი ურთიერთთანამშრომლობით  კონტაქტი დამყარდება სკოლასა და მუზეუმს შორის.
  • სასწავლო პროგრამა ისე გაანაწილეთ, რომ შეიცავდეს სახალისო  შემეცნებით დეტალებს, როლურ თამაშებს.
  • თანამედროვე მუზეუმს დიდი როლი აკისრია ინკლუზიურ განათლებასა და მარგინალურ ინტეგრაციაში. სწავლა შედეგიანია, თუ  პროცესი ინტერაქტიულია.  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აქვს დანერგილი პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთათვის.
  • სამუზეუმო სივრცე შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა კონფერენციის ჩასატარებლად.

ყველაფერი  დამოკიდებულია თქვენს ინიციატივასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. შედეგს  მალე დაინახავთ.  VI კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების საგანში მოვამზადეთ პროექტი  „ეგვიპტის ხელოვნება“. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოსწავლეების ერთ-ერთი სამუშაო დავალება იყო ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის  აღმოსავლეთის ხელოვნების ექსპოზიციაში.  წინარე ცოდნაზე დაყრდნობით  გამოვიყენეთ გონებრივი იერიში, ვენის დიაგრამა. მოსწავლეებმა აღწერეს ხელოვნების ნიმუშები, ამოიცნეს სხვადასხვა ქანდაკება და ისაუბრეს მათ დანიშნულებასა და ხასიათზე. გადაიღეს ფოტოები პრეზენტაციისათვის, ჩაინიშნეს მნიშვნელოვანი დეტალები. ხელოვნების ისტორიის ასეთი სწავლების მეთოდი გაცილებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია, ვიდრე  საკლასო ოთახში პედაგოგის მონათხრობი.

საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი მუზეუმია. მიუსადაგეთ სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა თქვენს ქალაქში, რეგიონსა თუ მხარეში არსებული მუზეუმების შესაძლებლობები. სამუზეუმო სივრცის გამოყენება შეუძლია როგორც ჰუმანიტარულ,  ასევე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს. საილუსტრაციოდ მოგვყავს  რამდენიმე კონკრეტული  მაგალითი.

ისტორიის საგნის  პედაგოგებმა არქეოლოგიურ  და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული თემები. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების შესწავლისას გამოიყენეთ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რეგიონებში – მხარეთმცოდნეობის მუზეუმები მოსწავლეს შეუძლია აღწეროს, გაანალიზოს, ეთნოგრაფიის თვალსაზრისით განასხვავოს საქართველოს მხარეები ერთმანეთისაგან. დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები საშუალებას მისცემს მოზარდებს, შეადარონ არქაული  და წინაქრისტიანული პერიოდის  (ქვის ხანის, სპილენ-ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის) ნამუშევრები.

საბჭოთა ეპოქის ისტორიის შესწავლისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ოკუპაციის მუზეუმს, სადაც დაუნჯებულია საინტერესო მასალა საქართველოში არსებული საბჭოთა რეჟიმის შესახებ. დოკუმენტური აუდიო-ვიდეო, ფოტო მასალა  სრულყოფილად ასახავს ისტორიულ ფაქტებს. ოკუპაციის მუზეუმს აქვს თემატური პროგრამები: „უღმერთოთა სახელმწიფო“, „დაკარგული თაობა“, „შეფიცულები“ და სხვა. ზუგდიდის  დადიანების სასახლე სასურველი სივრცეა  ნაპოლეონის ომების ისტორიის საკითხების განსახილველად. მოსწავლეს შეუძლია შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები.

მუსიკის გაკვეთილი ჩაატარეთ თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში, სადაც უშუალოდ გაეცნობიან მუსიკალური ინსტრუმენტების ხმოვანებას და თვითონვე შეძლებენ ამ ინსტრუმენტებზე დაკვრას. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების პროგრამული დაგეგმვა, კონფერენციები, პროექტები განხორცილებადია ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმებში, სადაც მოსწავლე არა პასიური მსმენელის როლში, არამედ პირიქით, საგაკვეთილო აქტივობებით იქნება დატვირთული. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია რაფიელ ერისთავის ცნობილი  ნაწარმოების  „გაყრის“, ხელნაწერი, პირველი სპექტაკლის აფიშა და სამსახიობო დასის ფოტოები. პედაგოგს  შეუძლია გააღვივოს  ინტერესი ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ, სადაც ავტორმა სარკაზმულად წარმოაჩინა  თავად-აზნაურთა დეგრადაცია.

სამუზეუმო სივრცე ეფექტურია უცხო ენების პედაგოგებისთვისაც. გოეთეს ინსტიტუტმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეიმუშავა ერთობლივი პროგრამა „ვისწავლოთ გერმნული ენა მუზეუმში“. შედგა გასვლითი  გაკვეთილების ჩატარების  დეტალური გეგმა,  ინსტრუქციები.  პედაგოგს  შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს   ექსპოზიცია, საგამოფენო დარბაზები, ჩაატაროს გაკვეთილი, რომლის მიზანია ლექსიკის გამდიდრება და ანალიტიკური ანალიზი [მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე. გვ.80-82].

ბიოლოგიის  პედაგოგს  პრეისტორიული პერიოდის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესანიშნავი რესურსი აქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 2013 წელს შედგენილი სასწავლო პროგრამა „პრეისტორიული თამაშები“ განხორციელდა. მასში მონაწილეობა არაერთმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნული მუზეუმის პრეისტორიული ხანის ანთროპოლოგიური ექსპოზიცია წარმოადგენს ევოლუციის კონცეფციას ორგანულ სამყაროში, მის მრავალფეროვნებას, ანთროპოლოგიურ აღმოჩენებსა (მაგ.ზეზვა, მზია, ლუსი) და მათ მნიშვნელობას.   პრეისტორიული თემის შესწავლისას ასევე დაგეხმარებათ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის პრეისტორიული ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორია, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მუზეუმის ისტორიულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს. უშუალო კონტაქტი  ხელოვნების ნიმუშთან ქმნის კიდევ უფრო დიდ ეფექტს და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს. ასეთი მუშაობის პრინციპმა დაგვანახა  ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მსგავსი პროექტისა თუ გაკვეთილის ჩატარების შემდეგ   მოსწავლეებმა შემომთავაზეს  განმეორებითი ვიზიტი და გაისმა ფრაზა: „როგორ ველოდი ამ გაკვეთილს“.  პედაგოგისათვის ეს არის დიდი ჯილდო, როდესაც  ინიციატივა მოდის არა მასწავლებლისაგან, არამედ მოსწავლისაგან.  მათი ჩართულობა  ხდება  სასურველი და კოგნიტური. მოსწავლეებში ვითარდება შემოქმედებითი აქტივობა და შემეცნებითი უნარი-ჩვევები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მანანა ბოჭორიშვილი – „დიფერენციაციის თეორიის რამდენიმე ასპექტი“. 16. 05. 2014წ.
  2. მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) 2009 წ. Museum. Ge
  1. თამარ კინაძე –  „მუზეუმი როგორც უწყვეტი განათლების წყარო“ მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) 2012 წ.
  2. Herbert F. Jonson Muzeum of Art. Annual report 1996-1997.
  3. მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე – „იდეალური ადგილი სწავლებისათვის“- მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) 2014წ.  # 3.
  4. Museum.ge
  5. https://www.smb.museum/museen-und-einrichtungen/pergamonmuseum/home.html

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მხატვრული ტექსტის წაკითხვისათვის

0
Books on a wooden background.

„ყველგან, სადაც სამყარო განიცდება ჩვენ მიერ, სადაც ხდება უცხოობის ჩამოცილება – სრულდება ჰერმენევტიკული პროცესი სამყაროს შეკრებისა სიტყვაში და ზოგად ცნობიერებაში“.

ჰ. გადამერი

 

„აზრის გამოვლინება ენაში“ _ ასე განსაზღვრავს გაგების ცნებას შლაიერმახერი.

ხშირად მოსწავლე კითხულობს ამა თუ იმ ტექსტს, იცის მისი შინაარსი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ჩაწვდა ავტორის სათქმელს. როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლემ სწორად გაიგო ტექსტი? ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ ასეთი ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი არ არსებობს. მხატვრული ტექსტის გაგება, მისი სწორად ინტერპრეტაცია, სინქრონული და დიაქრონული რაკურსების გაერთიანება, მკითხველი და თეორეტიკოსი, ავტორი და ისტორიული კონტექსტი, შინაგანი და გარეგანი ლოგოსი, ენობრივი და ჟანრული მოდელი – ეს ლიტერატურის თეორიის საკითხების ის მცირე ჩამონათვალია, რომლის ცოდნაც საჭიროა სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის ტექსტის დეკონსტრუქციისა და შემდგომი სწორი რეკონსტრუქციისთვის.

მხატვრული ტექსტების ჰერმენევტიკული მეთოდით კვლევა მეტად აქტუალური და საინტერესოა. ჰერმენევტიკას სხვაგვარად გაგების თეორიის სახელით მოიხსენიებენ. იგი მოიაზრება როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ახსნისა და განმარტების უნივერსალური ხერხი. მხატვრული ტექსტების ამ კუთხით კვლევას ღრმა ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობითი საფუძვლები აქვს. ის ტექსტის ფუნდამენტური გააზრების საშუალებას იძლევა, მისი გამოყენებით შევიცნობთ ტექსტის მთავარ სათქმელს, საზირსს. ტერმინ „ჰერმენევტიკას“ ეტიმოლოგიურად ანტიკური ღმერთის ჰერმესის სახელთან აკავშირებენ. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესი შუამავალია ზევსსა და ადამიანებს, ზევსსა და მიწისქვეშეთს, აგრეთვე მიწისზედა და მიწისქვეშა სამყაროებს შორის. ის მედიატორია, რომელიც განუწყვეტლივ კვეთს ონტოლოგიურ საზღვრებს და ასრულებს “სიტყვის მიმტანის”, “ამბის განმმარტავის” ფუნქციას.

გაგებისა და ახსნის პრობლემით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაინტერესდნენ. ტექსტის გააზრების კუთხით პირველი ნაბიჯები სტოელთა ფილოსოფიურ სკოლას უკავშირდება. ამ სკოლის წარმომადგენლებმა დაიწყეს ბერძნული მითების, ჰომეროსის “ილიადასა” და “ოდისეას” და ჰესიოდეს “თეოგონისს” განმარტება. განმარტების ხელოვნებას ეხებოდნენ სოფისტებისა და რიტორიკის სკოლებში. შემდეგ სტოელებთან განვითარდა ე.წ. ალეგორიული ინტერპრეტაცია.

მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესში სტოელები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ წარმოთქმულ და შინაგან ლოგოსს: პირველი ტექსტის პირდაპირი აზრია, ხოლო მეორე – ამ გამოხატულების შინაარსი ანუ დაფარული საზრისი. შინაგანი ლოგოსი ანუ ტექსტის დაფარული საზრისი ცხადდება გარეგან ლოგოსში. ტექსტის ალეგორიული ინტერპრეტაციის მეთოდი შემდგომ განვითარდა ბიბლიის ტექსტების ელინისტური და პატრისტიკის პერიოდის ეგზეგეტიკაში.

შუა საკუნეებში ჰერმენევტიკა განუყოფლად დაუკავშირდა თეოლოგიას, რადგან ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების აღმავლობის ეპოქაში აუცილებელი გახდა საღვთო წიგნების, ეკლესიის მამათა თხზულებების განმარტება. წმინდა წიგნებში მოცემული დოგმები და მათი ახსნის ფორმები საუკუნეების განმავლობაში ღვთისმეტყველთა პრეროგატივას წარმოადგენდა. ეკლესიას სჭირდებოდა გარკვეული მოძღვრება, ახსნის თეორია და მეთოდი. ამგვარად, უკვე გვიან შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ჰერმენევტიკის თეოლოგიასთან დაკვავშირებული სახეობა, რელიგიურ-დოგმატური ჰერმენევტიკა.

ბიბლიის ტექსტების ალეგორიული განმარტების წამოწყება ფილონ ალექსანდრიელს უკავშირდება (ძვ. წ. I ს). ფილონს მიაჩნია, რომ ავტორი ყოველთვის ზრუნავს, რათა ტექსტი ალეგორიული იყოს. შესაბამისად, ამგვარი ტექსტი ალეგორიულად უნდა განიმარტოს.

ბიბლიის ალეგორიული განმარტება ასევე დაკავშირებულია ღვთისმეტყველ იოანე ოქროპირის სახელთან. ფილონის მოძღვრებაზე დაყრდნობით იგი აყალიბებს თავის ცნობილ სწავლებას საღვთო წერილის სამგვარი განმარტების, ანუ საღვთო წერილის ტექსტში სამმაგი საზრისის არსებობის შესახებ. ტექსტში პირდაპირი და დაფარული საზრისების გამოყოფა შეესატყვისება ადამიანის არსის სამ შემადგენელ ნაწილს: ხორცს, სამშვინელს და სულს. იოანე ოქროპირის აზრით, ეგზეგეტი სახარების ტექსტებში ჯერ ჰპოვებს სხეულებრივს, სიტყვასიტყვით – აზრს, შემდეგ – მშვინვიერს ანუ ტექსტის მორალურ-ეთიკურ საზრისს, დაბოლოს – სულისმიერს ანუ ტექსტის შინაგან ლოგოსს.

XIX საუკუნიდან კი ჩნდება ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, რომელიც წერილობითი წყაროების ინტერპრეტაციის პრობლემებს განიხილავს. მისი წარმოშობა გერმანელი ფილოსოფოსისა და თეოლოგის ფრიდრიჰ შლაიერმახერის (1768-1834) სახელს უკავშირდება. შლაიერმახერის მოღვაწეობა იქცა ჰერმენევტიკული კვლევისაკენ შემობრუნების წერტილად.

ამდენად, ლიტერატურული ნაწარმოების გაგება გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტების ცოდნას, არამედ მთელ ნაწარმოებს როგორც განსაზღვრული შინაარსის მქონე მოდელს. ეს მოდელი ვლინდება ჟანრით, მხატვრული ხერხებით, კომპოზიციისა და სიუჟეტის თავისებურებით, მწერლის ენითა და სხვადასხვა „კოდის“ ერთობლიობით, რომლებსაც ამოხსნა, დეკოდირება სჭირდება.

ტექსტის სწორად ინტერპრეტაციის გასაღები კოდების ფლობით გამოიხატება. მკითხველი ტექსტს გაიაზრებს მასში მოცემული ენიგმებით როგორც სინქრონულ, ასევე დიაქრონულ ჭრილში. ასე ხდება მკითხველის გამოცდილების გადანაცვლება ტექსტში.

განვიხილოთ რამდენიმე კოდი.

გამოსახვის საშუალებათა კოდი – მოიცავს ლიტერატურული ნაწარმოების ენობრვ მხარეს და გულისხმობს მკითხველისაგან ენის ცოდნას, სტილისტიკურ თავისებურებათა გააზრებას, ტროპების გამოყენების გათვალისწინებას და სხვ. მაგალითად, იმპრესიონისტული პროზისათვის დამახასიათებელია ერთგვარი ირონია როგორც აზრის ლაკონიური გამოხატვის საშუალება, ემოციურ-ექსპრესიული თხრობა, მრავალწერტილი, დაუმთავრებელი წინადადებები, მძაფრი რიტმი, მოკლე, სხარტი ფრაზები, „დეპეშური“ სტილი, მუსიკალურობა. ნიკო ლორთქიფანიძე ერთგან წერს: „უმთავრეს მიზნად დასახული მქონდა, მკითხველში ერთგვარი სულის განწყობა გამომეწვია – სიტყვის საშუალებით მუსიკის საწადელი მიმეღწია“. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება:

„მოკვდა უცხოეთში.

– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდნენ“.

(„გული“).

„დარჩა მამა-შვილი ისევ ობლად. ელის ბავშვი ეყოლა.

გაუჭირდათ. გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც… ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე…“

(„შელოცვა რადიოთი“)

„გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი…“ (თავსაფრიანი დედაკაცი“) – ამ ორი სიტყვით მწერალმა შექმნა სიტყვის ფერიც, მუსიკალურობაც, პერსონაჟის გამოკვეთილი სახასიათო ტიპიც.

მწერალი თავისი ოსტატობით, პატარა, სხარტი წინადადებებით, ზუსტად მიგნებული ფრაზებით ახერხებს ემოციური სიუჟეტის აგებას. მშრალი ფრაზები ფერწერული სურათის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ჟანრული კოდი. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ლიტერატურულ ჟანრს სიუჟეტის აგების თავისებური კანონები აქვს.

ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლა რომ გაუდვილდეთ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სასულიერო მწერლობისათვის ნიშანდობლივია ეროვნული გმირის ახლებური სახის შექმნა (რ. სირაძე). ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს თან სდევს აღმზრდელობით-დიდაქტიკური მოტივები, გმირითა და მასთან დაპირისპირებული ანტიგმირით წმინდანის სრულყოფილი სახის შექმნა, ისტორიზმის სიჭარბე. წმინდანი იმეორებს ქრისტეს გზას. საყურადღებოა ჰაგიოგრაფიული ტექსტების ბიბლიასთან მიმართება, რომლითაც ვლინდება შუასაუკუნეების მრწამსი.

გავიხსენოთ შუა საუკუნეების ეპოსი. „ვეფხისტყაოსნის“ სწავლის დროსაც გვმართებს ჟანრის მახასიათებლების გათვალისწინება. შუა საუკუნეების ეპოსი მიზნად არ ისახავს კონკრეტული სინამდვილის ასახვას, აქ გმირები მხატვრულ იდეალებს განასახიერებენ. გვხვდება სინთეზი რეალური და გამოგონილი ფაქტებისა, ქვეყნებისა. არ გვხვდება დრო-სივრცითი საზღვრები. ყოველივე ამის გათვალისწინებით ტექსტის გააზრება მართებს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლესაც, რომლისთვისაც უკვე გასაგები იქნება, რატომ აღწერს რუსთველი დევებთან ბრძოლას, სამი გმირის სამი ჯადოსნური აღკაზმულობით ქაჯთა ძლევას და სხვ.

რაც შეეხება იმპრესიონისტულ პროზას, მან მოხსნა სიუჟეტის კლასიკური გაგება, გააბატონა მცირეფორმიანი თხზულებები, რომლის მიზანიც ემოციურ-ექსპრესიული განწყობის შექმნაა (ნ. ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი). მინიატურა, ნოველა, ესკიზი – მწერლის შთაბეჭდილებითი ასახვის ყველაზე ზუსტად მიგნებული ფორმებია. ვრცელ მონოტონურ აღწერებს, თხრობას ანაცვლებს სხარტი ფრაზები: „ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის… წინდაც კი შავი…“ აქ აშკარად იკვეთება რეალისტური სტილისგან განსხვავებული დახვეწილი ლაკონიური თხრობა, ფერწერული პორტრეტების თხზვა. ასევე, ნიშანდობლივია მწერლის სუბიექტური შეფასების ღიად წარმოჩენა, რიტმულ-მუსიკალური მინიატურებით რეალისტური სურათების შექმნა. მაგალითად, ნ. ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“ იწყება ამაღლებული ინტონაციით: „იქ, სადღაც, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო… აქ კი… დღეს…“ – და შემდეგ მწერალი მთელი ტრაგიზმით ხატავს სურათებს იმ განწირული ადამიანების ყოფიდან, რომელთათვისაც დახშულია „ტანჯვის შემამსუბუქებელი“ გზები. გმირის სულიერი სამყაროს წვდომისათვის იმპრესიონისტული წერის თავისებურების დახვეწილი შტრიხების გააზრება მკითხველს სულ სხვა რეცეფციულ პროცესს სთავაზობს. ხშირად მარტივი შინაარსის სიღრმისეულ წვდომას სწორედ ჟანრის სპეციფიკის ცოდნა უადვილებს მკითხველს.

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჭია იყო მწერალი და ასევე უდიდესი ნიჭია, იყო კარგი მკითხველი. როგორც გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი ამბობდა, კითხვა ხელოვნებაა, მკითხველიც ხელოვანია. წიგნის კითხვის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა კულტურული მკითხველისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავება ყოველ ჩვენგანს შეუძლია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჟურნალი “სჯანი”, ჰერმენევტიკა, 2000, #1, 207-213
  2. ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008, 114-122
  3. რატიანი ი. ლექციები ლიტერატურის თეორიაში, თბილისი, ლიტერატუ-რის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2005, 46-49
  4. ყარალაშვილი რევაზ, წიგნი და მკითხველი, თბილისი, განათლება, 1977

,,მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“

0

,,მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“.
       თომას გორდონი

,,მშობლებს ადანაშაულებენ ახალგაზრდობის ყველა პრობლემის, ასევე იმ პრობლემების გამო, რომლებსაც ის საზოგადოებას უჩენს“ (თ. გორდონი  ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“). დიახ, ადანაშაულებენ, მაგრამ ცოტას ასწავლიან. რამდენი მშობელია იმისთვის მზად,  თავის თავზე რომ აიღოს შვილების აღზრდა? სწორედ ეს კითხვა დასვა  1962 წელს კალიფორნიის შტატში (აშშ) დოქტორმა თომას გორდონმა, რომელმაც  მშობელთა წვრთნის პროგრამა შექმნა, შემდგომ კი წიგნადაც გამოსცა. პროგრამა და წიგნი მშობელთა სწავლებისთვისაა შექმნილი. მისასალმებელია, რომ ქართულად ითარგმნა და გამოიცა. ამ წიგნის წაკითხვა და დამუშავება გახდა მთავარი მოტივი  მკითხველისათვის ჩემი შეხედულებები გამეზიარებინა. ამ ეტაპზე სამიზნე ჯგუფი დაწყებითი კლასების  მასწავლებლები იქნებიან.

როცა ახალგაზრდა მშობელი ვიყავი, მინდოდა ჩემ შვილებს ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ეკეთებინათ და ვერ ვხსნიდი, რატომ ჰქონდათ პროტესტი ზოგიერთ რამეზე. როცა მრავალი წელი დაწყებით  კლასებში ვიმუშავე, გავეცანი მეთოდურ ლიტერატურას, ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ქცევებს, ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის უმთავრესს  – მთავარია  გულისყურით მოვუსმინოთ  ბავშვებს (მოზარდებს). მათი ყველა მოქმედება, გამოთქმა, ჟესტი რაღაცას მიგვანიშნებს.  თომას გორდონს წიგნში მოჰყავს ასეთი მაგალითი: ბავშვი ეკითხება დედას: ,,საჭმელი  მალე იქნება?“(სავარაუდოდ შია), დედა უბრუნებს კითხვას: ,,სადმე გეჩქარება?“ შესაძლოა დედამ ბავშვის შეტყობინება არასწორად გაიგო, ბავშვს კი მართლა შია. დედამ მასში ეჭვი შეიტანა, რაც ბავშვისთვის შუმჩნეველი არ დარჩება და მსგავსი ურთიერთობის გაგრძელებამ შესაძლოა ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის დეფიციტი წარმოშვას. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, ურთიერთობა დროთა განმავლობაში გაქრეს. მას თ.გორდონი ,,მშობლების დათხოვას“ უწოდებს. დამეთანხმებით, ბევრი გვსმენია, რომ შვილი მშობლის აზრს და შეხედულებებს საერთოდ არ იზიარებს, ანუ ,,დაითხოვა“ მშობელი.

მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო, რომლებშიც მშობლებს დახმარება სჭირდებათ:

  • ძალიან ბევრი იწერება (მივესალმები ამ ფაქტს) ინკლუზიურ განათლებაზე, მშობლები ინფორმირებულები არიან მეტ-ნაკლებად, განსაკუთრებით ქალაქში, თუმცა ამას რაიონებზე, სოფლებზე ვერ ვიტყვით. ვფიქრობ, ამ კატეგორიის მშობლების დამატებითი ინფორმირებაა საჭირო, მეტი დარწმუნება მაგალითების ჩვენებით, გულისხმიერი მიდგომა.  ისინი უარს ამბობენ შვილებისთვის   სსსმ სტატუსის მინიჭებაზე, ეს კი, მოგეხსენებათ, ხელს უშლის პედაგოგებს,  ეფექტურად იმუშაონ ამ მოსწავლეებთან.
  • მშობელი, რომელმაც არ იცის ბავშვის (მოზარდის) ასაკობრივი თავისებურებანი, უკვირს: რატომ არ სჯერა მის პირველკლასელ შვილს მისი და სჯერა მასწავლებლის? რატომ უნდა მეტი თამაში და რატომ არ ჯდება გაკვეთილების მოსამზადებლად . თუ ეცოდინება, რომ პირველკლასელობა დიდობას არ ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ითამაშოს, დახარჯოს ენერგია, რომ ეს მისი ასაკისთვისაა დამახასიათებელი და ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს სკოლას და წიგნებს, მაშინ მშობელი თვითონ დაეხმარება შვილს, დრო სწორად გაანაწილოს, გამოიყენოს სხვადასხვა აქტივობები.

ისმის კითხვა: ვინ უნდა ასწავლოს მშობელს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, აქ დიდი როლი მასწავლებელს ეკისრება: მან ახალბედა მშობლებს  კორექტულად, თითქმის შეუმჩნევლად  უნდა ,,ასწავლოს“ შვილთან ურთიერთობა, მარტივი აქტივობები, რათა გაუადვილდეს ბავშვის ,,მართვა“. ვფიქრობ, უპირველესად, ასაკობრივი თავისებურებები უნდა იცოდეს მშობელმა, რომ არ უკვირდეს შვილის ესა თუ ის საქციელი, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ ასაკში.  ხშირად დაინტერესდეს მისი დამოკიდებულებით სკოლისადმი, წაახალისოს, დაეხმაროს პატარ-პატარა უსიამოვნებების მოგვარებაში, აქტიურად მოუსმინოს და ყურადღებით გაშიფროს ყველა მისი შეტყობინება და ა.შ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მოგვისმენს, გვენდობა მშობელი?  მშობელი უნდა დავარწმუნოთ, რომ ვზრუნავთ მის შვილზე(ეს აქსიომაა) და ამაზე არანაკლებია მისი დარწმუნება ჩვენს კომპეტენტურობაში. ამ ორი ძირითადი საკითხის მოგვარების შემდეგ, მშობელი მიიღებს ჩვენს რჩევებს, რეკომენდაციებს, მით უმეტეს, თუ რომელიმე ჩვენი რჩევა მას დაეხმარა პრობლემის მოგვარებაში.

ერთხელ ერთმა მშობელმა მომმართა ჩივილით, რომ მისი პირველკლასელი შვილი (ჩემი მოსწავლე) სახლში ძალიან უხეშია, განსაკუთრებით დედისადმი იჩენს აგრესიას, არ ასრულებს მის  მითითებებს, თხოვნასაც კი. ამ დროს იგივე მოსწავლე სკოლაში ძალიან თავაზიანია, კარგი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან.  პრობლემა და მიზეზი ერთად  იყო დასადგენი. ხშირად ვკონტაქტობდი მშობელთან, ერთად ვაკვიდებოდით დათოს ქცევებს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. დავინტერესდი დათოს ურთიერთობით პატარა ძმებთან. აღმოჩნდა, რომ მათაც ეუხეშებოდა. დედამ გაიხსენა დათოს სიტყვები, რომელიც გაბრაზეულმა უთხრა: რას გააჩინე ეს ზუკა და თემოო… ის ძმებზე ეჭვიანობდა, ნაცნობი სიტუაცია, დამეთანხმებით…დედამ ჩათვალა , რომ დათო უკვე დიდი ბიჭია და პატარების ,,სამსახურში“ ჩააყენა. დათომ კი დედაც და ძმებიც ლამის შეიძულა. ეს პრობლემა ერთობლივად მოვაგვარეთ, მაგრამ რა მოხდებოდა, მშობელს რომ არ მოემართა მასწავლებლისთვის? სავარაუდოდ,  ურთიერთობა უფრო გაუარესდებოდა და დათო მშობლებს  გაუუცხოვდებოდა, ძმებსაც შეიძულებდა.

მშობლებს უნდა დავეხმაროთ, გამოიყენონ სწორი მიდგომები , მოგვენდონ, მიიღონ ჩვენგან კონსულტაციები და არც ჩვენ დავიღალოთ ე.წ. ,,რთულ“ მშობლებთან მუშაობით. მეც შემხვედრია და კოლეგებისგანაც მსმენია ე.წ. ,,საბჭოთა მშობლების“ შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა , დამეთანხმებით, არც ისე მარტივია. ერთერთმა მშობელმა ნახა ჯგუფური მუშაობისთვის დალაგებული მერხები და პროტესტი გამოთქვა: ასე „ჯგროდ“ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმაო. მე ის დავპატიჟე ჩემს გაკვეთილზე და სწორედ ჯგუფური მუშაობა ვაჩვენე, სადაც მისი შვილი პრეზენტატორი იყო… მაშინვე არ უღიარებია  თავისი შეცდომა, თუმცა მსგავსი შენიშვნა მერე არ მოუცია (ხშირად გვსტუმრობს ხოლმე).

ბევრს ვფიქრობ და ვგეგმავ შევიმუშაო სხვადასხვა აქტივობები ე.წ. ,,პასიური“ მშობლების გასააქტიურებლად. ესეც  პრობლემაა და შევეცდები შემდგომში ამ საკითხშიც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.

და ბოლოს, მასწავლებლებს გთხოვთ, ვურჩიოთ მშობლებს იკითხონ მეთოდური ლიტერატურა. მე ვურჩევდი აუცილებლად წაიკითხონ თომას გორდონის ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“. როცა ჩემი მოსწავლეების (და არამარტო მათი) მშობლებთან ამ წიგნის პრეზენტაცია გავაკეთე და სავარჯიშოებიც ერთად შევასრულეთ, მიხვდნენ, რომ მათ ეს სჭირდებათ.

ვფიქრობ, ერთ რამეში შევთანხმდებით, რომ მასწავლებელმა (განსაკუთრებით დაწყებითი კლასების) უნდა აღზარდოს არამარტო მოსწავლე, არამედ იზრუნოს მათი მშობლების ,,აღზრდაზეც“, რომ არ გაწყდეს ჯაჭვი:  მშობელი-მოსწავლე-მასწავლებელი, რომელიც სრულფასოვანი პიროვნების ფორმირების გარანტია.

 

 

ნატო კვარაცხელია–დმანისის მუნიციპალიტეტი, ირგანჩაის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • თ. გორდონი- ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2014წ.
  • ლევან ლორთქიფანიძე- ,,საბჭოთა ადამიანი ცოცხალია“—-ჟურნალი ,,მასწავლებელი“- N 4 –2016წ.
  • ქეთევან ოსიაშვილი–,,როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან“–ჟურნალი ,,მასწავლებელი“ 2015წ.
  • Google—-დემიკ მეადორი–მშობლებთან მუშაობის ასპექტები“.

 

მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ინტერნეტი 

0

(მეორე ნაწილი)

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ციფრული წიგნიერების მნიშვნელობაზე, იმ უარყოფით შედეგებზე, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის შეუზღუდავმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს, გავეცანით რამდენიმე კვლევის შედეგებს და გავრცელებულ მოსაზრებებს. მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ ამ პროცესში სკოლის ჩართულობის მნიშვნელობას.

კვლევები (BITKOM Studie, 2014) წარმოაჩენს საინტერესო ტენდენციას: მოზარდები ობიექტურად ვერ აფასებენ ინტერნეტის პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას. გამოკითხულთა 58% დარწმუნებულია, რომ ინტერნეტის საშუალებით მათ მხოლოდ დადებითი გამოცდილება მიიღეს. მხოლოდ 35% საუბრობს უარყოფით გამოცდილებაზე. ჩამონათვალში ლიდერობს მობინგი, საშიში ფილმების/ვიდეოების ნახვა და კონკრეტულ (ამ შემთხვევაში – გამოკითხულ) პირზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მშობლებსა და სკოლას მართლაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსწავლეთა ციფრული წიგნიერების განვითარებაში.

ციფრული წიგნიერების საკითხების მიმოხილვისას ჩნდება კითხვა: ახდენს თუ არა სწავლის შედეგებზე დადებით ან უარყოფით გავლენას ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენება? იქ, სადაც მასწავლებელი გაკვეთილებსა და დავალებებს შესაბამისად გეგმავს, მკვლევრები ერთმნიშვნელოვნად დადებით ეფექტზე საუბრობენ. თანამედროვე გაკვეთილი წარმოუდგენელია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე. ვერც იმ ფაქტს ავუვლით გვერდს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ციფრულ ტექნოლოგიებთან ბრძოლის ნაცვლად უფრო გონივრული იქნება მათი ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აამაღლებს მათი ციფრული წიგნიერების დონეს. გამონაკლისს არც კომპიუტერული თამაშები წარმოადგენს. თამაშზე დაფუძნებული სწავლების (Game-Based Learning) მოდელის განხილვისას აქტიური დისკუსია სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს – როგორ გახდეს კომპიუტერული თამაშები სასწავლო პროცესის ნაწილი და მაქსიმალური სარგებლობა მოუტანოს მოსწავლეს. მოდელის მიხედვით, სასწავლო გეგმაში მხოლოდ ის თამაშები შეიძლება იქნეს შეტანილი, რომელთა შინაარსი, სტრუქტურა და მიმდინარეობა სასწავლო პროგრამასა და სასწავლო მიზნებს შეესაბამება. შესაძლებელია საშინაო დავალებების იმგვარად ორგანიზებაც, რომ მათი შესრულების დროს მოსწავლემ კომპიუტერული თამაშები გამოიყენოს. მოდელს სუსტი მხარეებიც აქვს – სასწავლო მიზნით წარმოებული კომპიუტერული თამაშები ონლაინ თამაშებთან შედარებით გრაფიკითა და ხარისხით არ გამორჩევა. საგანმანათლებლო ორგანიზაციები და კომპიუტერული თამაშების პროვაიდერები არ არიან დაინტერესებულნი, ამ კუთხით მიმართონ ფინანსური რესურსები.

მეორე მიდგომა მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენებას სთავაზობს. „Mobile Learning“ (ხშირად გამოიყენება ტერმინი „mLearning“) გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. ამ მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ კონკრეტული სასწავლო მასალის ათვისება ხდება არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ მოსწავლისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

ორივე მიდგომის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, კონკრეტული კომპიუტერული თამაში თუ პროგრამა მორგებული იყოს სასწავლო მასალას და შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი ეფექტის გაზომვა გართულდება. ჰოლანდიის კრიმინოლოგიის კვლევითი ცენტრის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც ბევრ დროს უთმობენ ძალადობის შემცველ კომპიუტერულ თამაშებს, უფრო დაბალი მოსწრება აქვთ. მკვლევრები აქვე აღნიშნავენ, რომ დაბალი მოსწრების მიზეზების კვლევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ოჯახებში ძალადობის მიმართ არსებული გამოცდილება, სოციალური სტატუსი და შვილის განათლებისადმი მშობლების ინტერესი.

მრავალ ქვეყანაში ციფრული წიგნიერების საკითხები სასკოლო კურიკულუმშია ინტეგრირებული და დამოუკიდებელ საგნად არ ისწავლება, თუმცა მასწავლებლის განათლების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება და მის ცენტრში დგას ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების როლი აღზრდის, განათლებისა და სოციალიზაციის კონტექსტში. ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს ციფრული პედაგოგიკის მიმართულება, რომლის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებსა და მოზარდებს ციფრულ ტექნოლოგიებთან დამოუკიდებლად და კომპეტენტურად გამკლავებაში. მიუხედავად ამისა, განათლების თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები სათანადოდ არ არიან მომზადებულნი ამ კუთხით და პროფესიული განვითარება სჭირდებათ. მათი აზრით, მასწავლებლები სირთულეებს აწყდებიან პრაქტიკაში, მშობლებთან ურთიერთობისას. სირთულეებს წარმოშობს ასევე მასწავლებელთა განწყობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ. საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენების მხრივ ლიდერობენ ავსტრალია, კანადა და კორეა. დაბალი მაჩვენებელი აქვს გერმანიას – მათ მასწავლებლების მხოლოდ 9.1% იყენებს, 30%–ს კი მიაჩნია, რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს და მათი ხშირი გამოყენება მიზანშეუწონელია.

ამ საკითხის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება ქართველ მასწავლებლებშიც შეინიშნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ხედავენ პროფესიული განვითარების საჭიროებას. TALIS-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, საგნის სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება (62%) და საგნის სწავლებაში ისტ-ის გამოყენების უნარების გაძლიერება (68%) მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებაა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი მასწავლებელები შედარებით იშვიათად მიმართავენ სწავლების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ისტ-ის გამოყენებით პროექტებსა და საკლასო დავალებებზე მუშაობა. თუმცა ამ მხრივ TALIS-ის ქვეყნების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია.

განათლების თეორეტიკოსების ერთი ნაწილი (მაგ. Junge, 2013) მოსწავლეებისთვის ციფრული წიგნიერების განვითარებაში სკოლას აკისრებს გადამწყვეტ როლს და არა ოჯახს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ შინაარსობრივ ასპექტებზე და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი, არამედ მთელი სასკოლო გარემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, სკოლის თითოეულმა წარმომადგენელმა გააცნობიეროს ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ დონეზეც. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი მხოლოდ ავტომატურად შესასრულებელ პროცესებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ კომპეტენტურ და გააზრებულ მართვასაც.

ციფრული კომპეტენციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მშობლებს. სტატიის მომდევნო ნაწილში გავეცნობით ამ საკითხის მიმართ მშობლებში გავრცელებულ მოსაზრებებს, აღზრდის მეთოდებსა და სხვადასხვა კვლევის შედეგებს.

მასწავლებლები – ენ სალივანი

0

 

(ნაწილი მესამე)

მასწავლებლობა შემოქმედებაა, რომელიც მასალის გარეშე წარმოუდგენელია. მასალა ან კარგად მოგვყვება ხელში ან – არა და ამიტომაც ხშირად ჩვენს გვერდზე მის ადგილს ვერ ვპოულობთ. შემოქმედი და ჭეშმარიტი ოსტატი ისაა, ვინც უცნაური მასალისაგან დიდი შრომის ფასად ოდესმე შედევრს ააკაშკაშებს, ღირებულ საგანს შექმნის – ყველასთვის საჭიროს და სასარგებლოს.

მსოფლიოს ახსოვს ენ სალივანი (Johanna Mansfield Sullivan Macy 1866-1936), ამერიკელი მასწავლებელი, რომელმაც შექმნა მთელი მეთოდოლოგია ერთდროულად სმენისა და მხედველობის არმოქნე ბავშვებთან მუშაობისთვის.

 

თავად ხუთი წლის ასაკში თვალის გადამდები დაავადებით მხედველობის დაკარგვის გამო დედით ობოლი ენ სალივანი განათლების მიღებას აგრძელებს პერკინსის უსინათლოთა სკოლაში (Perkins School for the Blind), რომლის დამთავრების შემდეგ, 20 წლის ასაკში, იმედიანი და სერიოზული,  იგი  თავის ადგილსა და როლს 7 წლის, ერთდროულად  უსინათლო და სმენის არმქონე ჰელენ კელერის გარემოცვაში პოულობს და მისი პედაგოგი ხდება.

წარმოდგენაც კი ძნელია, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს აღზრდის არმქონე უსინათლო და უსმენო გოგონა, რომელიც სამყაროს მხოლოდ ხელების საშუალებით აღიქვამს და ამავე ხელებით ედება ყველას და ყველაფერს – მიწასა თუ საკვებს, ტალახსა თუ სიცოცხლისათვის საშიშ საგნებს, ნაცნობსა და უცნობს ერთდროულად. ხელები მისი თვალებია, ყურებიც, ფანტაზიაცა და წარმოსახვაც, კოვზიც, ჭიქაც… იქამდე, ვიდრე გადაშლილი წიგნი გახდება და მასში საკუთარ თავს არ ამოიკითხავს.

მასთან როგორ მოვიქცეოდით? რა იქნებოდა ჩვენი მიზანი – ის, რომ კოვზით ჭამა გვესწავლებინა თუ წიგნების წერა შთაგვეგონებინა?

ჩვენდა გასაოცრად, არაადამიანური ძალისხმევის ფასად ენ სალივანმა ორივე მიზნის მიღწევა შეძლო.  მისი სასწავლო გეგმა მოიცავდა მკაცრ გრაფიკს, რომელსაც შესავლის სახით ერთვოდა ახალი სალექსიკონო სიტყვები; მიდგომებსა და სტრატეგიებს ხშირად ცვლიდა, თუკი ჰელენ კელერთან მათ შეუსაბამობას აღმოაჩენდა.  ლექსიკას ასწავლიდა პირადი ინტერესიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვას გოგონას ხელისგულზე ასო-ასო გამოწერდა. ისე, რომ ექვსი თვის მანძილზე 575  სიტყვა შეასწავლა, ასევე ნაწილობრივ დაამახსოვრებინა გამრავლების ტაბულა და ბრაილის სისტემა.  ენ სალივანმა ჰელენის მშობლები დაარწმუნა, რომ გოგონა სრულყოფილი განათლების მისაღებად პერკინსის სკოლაში გადაეყვანათ. 1888 წელს იგი, ჰელენთან ერთად ბოსტონს გაემგზავრა. ახლა იქ აგრძელებს მის განსწავლას და შესანიშნავი პროგრესის წყალობით სახელსაც მოუხვეჭს. ისე, რომ ჰელენი სკოლის საჯარო სიმბოლო  და მისი სახელის, პოპულარობისა და ფინანსების შესამჩნევი ზრდის წყარო ხდება, ხოლო თვით სკოლა ქვეყნის მასშტაბით უსინათლოთა საუკეთესო სკოლის სახელს იძენს.  ჰელენის პლაგიატორობაში დადანაშაულების გამო შეურაცხყოფილი ენ სალივანი ტოვებს პერსინსის სკოლას, თუმცა აგრძელებს რედკლიფის კოლეჯის დიპლომის მოსაპოვებლად გოგონას ასისტირებას.   Radcliffe College.

1905 წელს სალივანი ჰარვარდის უნივერსიტეტის ინსტრუქტორზე ქორწინდება. იგი მაშინაც კი არ ტოვებს თავის მოწაფეს, უფრო მეტიც, მეუღლეს სთხოვს, მას შრომების გამოქვეყნებაში დაეხმაროს. 9 წლის ერთჭერქვეშ თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი სიმტკიცეს კარგავს, ხოლო 1920 წელს ჯოზეფ ალბერტ მეისი საბოლოოდ უჩინარდება. ენ სალივანი ცხოვრების ბოლომდე მეუღლის გარეშე, ჰელენთან ერთად აგრძელებს არსებობას.

1932 წელს ენ სალივანი და ჰელენ კელერი შოტლანდიის საგანმანათლებლო ინსტიტუციის საპატიო სტიპენდიას იღებენ. საპატიო ხარისხებს მოიპოვებენ ტემპლის უნივერსიტეში, ხოლო 1955 წელს ენ სალივანი ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხის მფლობელიც – honoris causa  ხდება.

„სასწაულმოქმედი“ (The Miracle Worker ) – იმ ფილმის სახელწოდებაა, რომელიც უილიამ გიბსონმა ჰელენ კელერის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ჩემი ცხოვრების“  The Story of My Life  მიხედვით ენ სალივანის შესახებ 1962 წელს  გადაიღო და მათი ცხოვრების ურთულესი გზა აღწერა. ეს არის  მეოცე საუკუნის 40-იან წლებამდე მომხდარი ისტორია, რომლის მთავარი პერსონაჟები ამტკიცებენ, რომ  მოზარდისთვის, რომელიც ერთდროულად თუნდაც უსინათლო და სმენის არმქონე იყოს, წარმატებისთვის გზა მხოლოდ მაშინ არის ხსნილი, როდესაც მას მასწავლებელი შთააგონებს, რომ მიუღწეველი არაფერია; როდესაც იგი ენის მთელი ლექსიკონიდან მხოლოდ ერთ სიტყვას – „შეუძლებელს“ ამოიღებს და მის გარეშე მიიტანს მოწაფის აზრამდე, გულამდე, შეგრძნებამდე.

ფილმი მეორედ 2000 წელს გადაიღეს. იგი ინგლისურენოვანია და ქართულად ჯერ არ თარგმნილა.

 

ასევე ინგლისურენოვანია 1962 წელს გადაღებული ფილმიც, რომლის ლინკიც აქვეა:

 

https://www.youtube.com/watch?v=zZsgEQaogVg[1]

არსებობს დაახლოებით მსგავსი სცენარის მიხედვით 2013 წელს შექმნილი ფილმი „ჩემი სამყარო“, რომლის სცენარის ავტორი თურქი რეჟისორი, უღურ იუჯელია.  ფილმი ქართულად უკვე ნათარგმნია. თავად განვსაჯოთ, რა არის მათში სიმართლე და რა – გამონაგონი:  https://net.adjara.com/Movie/main?id=10241

ფაქტი ერთია, პალიტრაზე ფუნჯის ერთმა არასწორმა მონასმმა შეიძლება ტილოს ძალა დაუკარგოს, ერთმა ყალბმა ბგერამ – მელოდიას განვითარება წაართვას, ერთმა არასწორმა არქიტექტურულმა გათვლამ – სავალალო თუ ფატალური შედეგები გამოიწვიოს. მასწავლებლებმაც თეორიულად იციან, რომ მათ მიერ ნათქვამი ერთი სიტყვა ან ქმედება ზოგჯერ დაახლოებით  ბოლო მაგალითის ბადალი შედეგების მომტანია და, ამის მიუხედავად, მაინც ჭირს ისე მოღვაწეობა, რომ ყოველ ბავშვში დავტოვოთ კვალი ნათელი. არადა, თურმე შესაძლებელია და თანაც როგორ!

 

სასარგებლო რესურსები:

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Anne_Sullivan
  2. https://en.wikipedia.org/wiki/Helen_Keller

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...