სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

მასწავლებლების ზედმეტი დანახარჯი

0

როგორ წარმოგიდგენიათ, ექიმი თავად იხდიდეს პაციენტების მედიკამენტების საფასურს? ან მეხანძრე – იმ წყლის საფასურს, რომელსაც ხანძრის ჩაქრობის დროს ხარჯავს? ინგლისის მთავრობა ყოველწლიურად 2.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რათა საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ მოსწავლეებისთვის კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სასკოლო ინვენტარი მოიმარაგოს. თანხა, როგორც ხვდებით, ძალიან ცოტაა, ამიტომ მასწავლებლებს ამ ყველაფრის შეძენა საკუთარი ფულით უწევთ.

მასწავლებლებისა და ლექტორების ეროვნული ასოციაციის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ბრიტანეთის საჯარო სკოლების მასწავლებლების 94% თავად იხდის კლასგარეშე ლიტერატურაში ფულს, 73% კი რეგულარულად ყიდულობს საკანცელარიო ნივთებს, რადგან მათ სკოლას ამისთვის სახსრები არ ჰყოფნის. წლის ბოლოს ისინი მშობლებს სთხოვენ, სკოლას 10-20 გირვანქა სტერლინგი შესწირონ, რასაც მშობლების 42% აკეთებს, ან დაუტოვონ თავიანთი შვილების საკანცელარიო ნივთები და წიგნები, რომლებიც აღარ სჭირდებათ. ბევრ სკოლაში მასწავლებლებს საპირფარეშოს ქაღალდით მომარაგებაც უწევთ.

ქვემოთ წაიკითხავთ სამი მასწავლებლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სასკოლო კრიზისის შესახებ, რომელიც მათ ჯიბეს მეტისმეტად აზარალებს.

 

დენიელი, კინგსტონი:

– მასწავლებლები ყოველთვის სიამოვნებით ხარჯავენ ფულს უცნაურ და იშვიათ რამეებში, ორიგინალურ ნივთებში, რომლებითაც მოსწავლეებს დააჯილდოებენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მათსავე სურვილზეა დამოკიდებული. სასკოლო ბიუჯეტი წლიდან წლამდე მცირდება და ჩვენ იძულებული ვართ, თავად შევიძინოთ საჭირო აქსესუარები. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ისე უნდა დააფინანსოს სკოლები, რომ მასწავლებლებსა და მშობლებს დამატებით სუბსიდირება არ მოუხდეთ. არასწორია, დაეყრდნო მშობლებისა და მასწავლებლების კეთილ ნებას, გადაიხდიან თუ არა ისინი ფულს, რათა საკლასო ოთახები ადეკვატურად იყოს აღჭურვილი და მოსწავლეებს შესაბამისი რესურსები ჰქონდეთ.

რა ხდება, როცა კლასისთვის რამეს ყიდულობ? უნდა მიხვიდე ადმინისტრაციაში და თანხა გამოითხოვო. ეს პროცესი ხანგრძლივი და შეურაცხმყოფელია, გირჩევნია, უბრალოდ ადგე, იყიდო და დახარჯული ფულის ანაზღაურება საერთოდ არ მოითხოვო – ტყუილად დაკარგავ დროს და სანაცვლოდ უგულებელყოფას მიიღებ. ახლა ყოველკვირა ვყიდულობ პლასტმასის კონტეინერებს, სტეპლერებს, მწებარე ფურცლებსა და ბარათებს, წებოს, ელემენტებს, რადგან სკოლას საამისო სახსარი არ გააჩნია. როცა ფული არ მყოფნის, ისეთ აქტივობას ვიგონებ, რომლისთვისაც წებო არ დაგვჭირდება. ფოტოკოპირების ბიუჯეტის ნაკლებობის გამო მოსწავლეებს ისეთი პატარა მასალები დავუბეჭდე, ძლივს წაიკითხეს. სულ რამდენიმე კვირის წინ იძულებული გავხდით, გვეყიდა უცხოური ენის ლექსიკონები და პორტატიული მეხსიერების ბარათი (ე.წ. ფლეშკა), რადგან სკოლის მეხსიერების ბარათები სავსეა და ახალი ინფორმაციის შესანახად მომიწევს, ძველი მასალები წავშალო. წარმოუდგენელი რამაა, რომ მასწავლებელს საკუთარი ფულის ხარჯვა უწევს, რათა თავისი საქმე ნორმალურად აკეთოს. როგორ ფიქრობთ, კბილის ექიმი საკუთარ კბილებს ჩაგვისვამდა? ან პოლიცია მოგვცემდა თავის ხელბორკილებს? ცხადია, არა!

 

მარტინი, ჩრდილო-დასავლეთი ინგლისი:

– ტექნოლოგიის მასწავლებელი ვარ და ჩემი კლასისთვის პირადი რესურსების ხარჯვა ხშირად მიწევს. ამასწინათ მე და ჩემმა კოლეგამ, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებისათვის ჩვენ მიერ დახარჯული თანხის ქვითრები დავითვალეთ და ორივეს ერთად 5,500 გირვანქა გამოგვივიდა. წებოს, ხის, სკოჩისა და სხვა ნივთების ქვითრების ადმინისტრაციისთვის ჩვენებას აზრი არ აქვს – მაინც არ აგვინაზღაურებენ.

ჩვენი დეპარატამენტი ყოველ პროექტზე 20 მოსწავლეს იღებს. სკოლის მიერ მათი სახარჯი მასალებისთვის გამოყოფილი თანხა პირველსავე კვირაში იხარჯება. ჩვენ მათ ხისგან სხვადასხვა ნივთის დამზადებას ვასწავლით. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამის შესყიდვა გვიწევს? რა მოხდება, თუ საჭირო მასალას არ ვიყიდით? – სამსახურში ვერ წავალთ. ბევრი სკოლა ხის ტექნოლოგიის მიმართულების გაუქმებას იწყებს, რადგან ეს მათთვის დიდი ფინანსური პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ნიჭიერი მოსწავლეები ძალიან დაიჩაგრებიან. მოკლედ და კონკრეტულად – იმისთვის, რომ მოსწავლეებს კარგად ვასწავლოთ, ცხოვრების მაღალ დონესა და მცირე კომფორტზე უარის თქმა გვიწევს. არა მგონია, ამ ქვეყანაში ბედნიერი მასწავლებელი იპოვოთ.

რახელი, ჩრდილო-დასავლეთი ინგლისი:

– ამ წლის დასაწყისში ვცადე, შემეწყვიტა სკოლისთვის პირადი რესურსების ხარჯვა, მაგალითად, არ მეყიდა საწერი კალმები ყველა მოსწავლისთვის და დავკვირვებოდი, რა მოხდებოდა. ცხადია, მოსწავლე მეტყოდა, რომ საკლასო სამუშაოს ვერ შეასრულებდა, რადგან კალამი არ ჰქონდა, გაღიზიანდებოდა და მის დასამშვიდებლად დამატებითი დროის დახარჯვა მომიწევდა. ინგლისში მოსწავლეებს ლანჩისთვის ყოველდღიურად 2 გირვანქას აძლევენ. მათ კი ისიც არ უნდათ, კალმებისთვის 10 ცენტი დახარჯონ. ჩვენ, მასწავლებლებს, მშობლები ხშირად გვსაყვედურობენ: „მერე რა, მიეცი კალამი!“ არავინ კითხულობს, საიდან მოდის ეს კალმები. თუ ეტყვი, რომ არ გაქვს, უმალვე კითხვას შემოგიბრუნებენ: „როგორ წარმოგიდგენია, ბავშვს კალამი ჰქონდეს, როცა თავად არ გაქვს?“ წიგნებთან დაკავშირებითაც იგივე არგუმენტი მოგჰყავთ.

ჩვენ ყველანი, როგორც ჩანს, ძალიან ვუფრთხილდებით სკოლის ბიუჯეტს და პირადად მე ყოველწლიურად 250 გირვანქას ვხარჯავ. ახალბედა მასწავლებლები თავდაპირველად ამას სიმოვნებით აკეთებენ, მერე ბეზრდებათ და სკოლიდან მიდიან, სხვა სამსახურს ეძებენ.

 

სტატიის წყარო The Guardian წერს, რომ ტექსტში ყველა მასწავლებლის სახელი შეცვლილია.

ქვეყნები, სადაც იღებ კოლეჯის დიპლომს და პროფესიით მუშაობ

0

როგორ არის მოწყობილი საშუალო სპეციალობის განათლება საზღვარგარეთ და რაში შეიძლება  გამოგვადგეს ის? უნივერსიტეტთან შედარებით, იქაურ კოლეჯში მოხვედრა გაცილებით მარტივია, სწავლაც უფრო იაფი ღირს. პროფესიის არჩევისა და ორ-სამწლიანი სწავლების შემდეგ, არც სხვა ქვეყანაში დასაქმებაა მითი.

ესპანეთი       

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ესპანეთში სწავლა წელიწადში დაახლოებით 200-500 ევრო ჯდება. აქ არც ცხოვრებაა ძვირი – დიდ ქალაქში ოთახის ქირაობა 300 ევროდ შეიძლება, დაახლოებით ამდენივეა საჭირო კვებისთვის. სწავლის საფეხურს, რომელიც ესპანეთში საშუალო პროფესიულ სწავლებას უტოლდება, Formacion Profesional: Grado Medio ჰქვია. სწავლება ერთი-ორი წელი მიმდინარეობს, აქედან საერთო სწავლის დროის 25%-ს სტუდენტები პრაქტიკას უთმობენ. სპეციალობათა შორისაა ბირთვული მედიცინა, სტომატოლოგია, 3D-ანიმაცია, დიჯეინგი და ხმის რეჟისურა.

პროგრამა Grado Medio ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვისაც 17 წელი შეუსრულდა. ჩაბარებისთვის საჭიროა საშუალო განათლების დიპლომის წარდგენა ან შიდა მისაღები გამოცდების ჩაბარება. პროგრამის კურსდამთავრებული იღებს უმცროსი სპეციალისტის დიპლომს, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანაშია აღიარებული. ასეთი დიპლომით შესაძლებელია სამსახურის დაწყება ან კოლეჯის უფროს კლასში ჩაბარება (გავლილი საგნების ნაწილი ავტომატურად  ჩაბარებულად მიიჩნევა). ესპანურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მხოლოდ ეს პროგრამა (Grado Medio) არ კმარა  – საჭიროა პროფესიული სწავლების მეორე უმაღლესი საფეხურის გავლა (Grado Superior).

კვიპროსი

კვიპროსში სპეციალობების უმრავლესობა, ასე თუ ისე, ტურიზმს უკავშირდება – კუნძულის მოსახლეობის მესამედი სწორედ ამ გზით შოულობს შემოსავალს. ამიტომ აქაურ სასტუმროებში, ტურისტულ სააგენტოებსა და სატრანსპორტო კომპანიებში ყოველთვის მოიძებნება ადგილი სტაჟიორებისთვის. კიდევ ერთი მიზეზი კვიპროსის ასარჩევად არის – თბილი კლიმატი და ზღვა. თუმცა, ადგილობრივ კოლეჯებში სწავლება არც ისე იაფი სიამოვნებაა  – წელიწადში დაახლოებით 3500 ევრო.

ზოგ კოლეჯში, ერთი ან ორი ზედმეტი წლით სწავლის შემდეგ, ბაკალავრის დიპლომის მიღებაა შესაძლებელი. კვიპროსის უმაღლეს ტექნიკურ კოლეჯში კი 3 წლის სწავლის შემდეგ შეიძლება ინჟინერ-ტექნიკოსის საერთაშორისო დიპლომის მიღება და განათლების  ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაგრძელება. კვიპროსის ზოგ კოლეჯში ორმაგი დიპლომის მიღებაც შეიძლება, რომელიც დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის სასწავლო დაწესებულებებითაა აკრედიტებული.

კოლეჯში სწავლის დაწყება 15 წლის ასაკიდან შეიძლება, საჭიროა საშუალო განათლების ატესტატის და ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკაცის წარდგენა – IELTS ან TOEFL.

ირლანდია

ირლანდიაში სასწავლო დაწესებულებები არ იყოფა კოლეჯებად ან უნივერსიტეტებად – ისინი ადგილობრივ განათლების სისტემაში, ე.წ. „მესამე საფეხურს“ წარმოადგენენ. მაგალითად, სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტებში შეიძლება მიიღო როგორც საშუალო პროფესიული სერტიფიკატი, ისე სამეცნიერო ხარისხი, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების სერტიფიკატი უფრო მეტად ფასობს. პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა 1-3 წელზეა გათვლილი. დამთავრების შემდეგ სტუდენტი ეროვნულ სერტიფიკატს (სწავლების 2 წლის შემდეგ) ან ეროვნულ დიპლომს (3 წლის შემდეგ) იღებს.

კოლეჯში ან ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხვედრა 16 წლის ასაკიდან შეიძლება, მაგრამ სტუდენტების ძირითადი ნაკადი 18 წელს ზევითაა: ამ ასაკამდე ირლანდიაში საშუალო სკოლაში სწავლობენ. ჩასაბარებლად საშუალო განათლების ატესტატი და TOEFL ან ​IELTS სერტიფიკატია საჭირო.

სწავლის საფასური ირლანდიაში უფრო დაბალია, ვიდრე მეზობელ დიდ ბრიტანეთში, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალია – 10-13 ათასი ევრო წელიწადში. უცხოენოვან სტუდენტებს ბევრი კოლეჯი სტიპენდიის მიღების საშუალებას აძლევს, რაც წლიური ღირებულების 60%-ს ფარავს.

კანადა

კანადური კოლეჯები სამ ტიპად იყოფა: საჯარო, ტექნიკური და კოლეჯები CEGEP სისტემით. ეს უკანასკნელი მხოლოდ კვებეკის პროვინციაშია და ფრანგულენოვან სტუდენტებს მიზანმიმართულად კვებეკის სასწავლებელში ჩასაბარებლად ადგება. საჯარო და ტექნიკურ კოლეჯში უცხოენოვანი სტუდენტისთვის მოხვედრა უფრო მარტივია (უფრო სასარგებლოც, თუ პროფესიის მიღება გსურთ). მაგალითად, შეგიძლია გახდე კოსმეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, 3D-დიზაინერი, სისტემური ადმინისტრატორი ან საიმიგრაციო კონსულტანტი.

საჯარო კოლეჯში სწავლება 2 წელი გრძელდება. ამის შემდეგ სტუდენტი იღებს არასრული უმაღლესი განათლების სერტიფიკატს და, სურვილისამებრ, პირდაპირ პარტნიორი უნივერსიტეტების მე-3 კურსზე აბარებს. ტექნიკურ კოლეჯში სწავლა 2 წელიწადს გრძელდება.  ის უმეტესად ლაბორატორიებში და სახელოსნოებში მიმდინარეობს. დამთავრებისას კი სტუდენტი საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს იღებს. ასეთი დიპლომით უცხოენოვანი სტუდენტი კანადაში მუშაობის სამწლიან ნებართვას იღებს (Post Graduate Work Permit), მომავალში კი შეუძლია მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა. სწავლა წელიწადში 5 ათასი ევრო ღირს.

კანადის კოლეჯში მოხვედრა 18 წლიდანაა შესაძლებელი. დაგჭირდებათ საშუალო განათლების ატესტატი და ენის გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი TOEFL ან IELTS. ზოგი კოლეჯი ატარებს საკუთარ მისაღებ გამოცდებს ან ითხოვს მოსამზადებელი კურსების გავლას.

საფრანგეთი

ბოლო პერიოდში საფრანგეთში სულ უფრო პოპულარული ხდება სწავლება პროფესიულ ლიცეუმებში (Lycée Professionnel). ამის ხარჯზე ადგილობრივ ახალგაზრდებში უმუშევართა რაოდენობა მცირდება, უცხოელებს კი ენობრივ გარემოში ინტეგრირებისა და სამუშაო სპეციალობის მიღების საშუალება ეძლევათ. მათ ასწავლიან ბავშვებზე ზრუნვას,  ამზადებენ საჯარო მოხელეებად და დიასახლისებად. ამ უკანასკნელები ისეთ პროფესიებში სპეციალიზდებიან, როგორიცაა საკვების მომზადება და ტანსაცმლის მოვლა.

ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ საფრანგეთში განათლება სრულიად უფასოა ან მასში ძალიან ცოტას იხდიან. პროფესიული განათლების მიღება წელიწადში 350-700 ევრო ჯდება. სწავლა ორწლიანია. საიდანაც 12-22 კვირა პრაქტიკულ მეცადინეობას ეთმობა. ლიცეუმის სერტიფიკატით სტუდენტი სამსახურშიც ეწყობა ან ბაკალავრიატზე უნივერსიტეტში აბარებს. თუ ახალგაზრდას აკადემიური განათლების მიღება სურს, მაგრამ უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელი ენანება, შეუძლია ამავე ლიცეუმში ბაკალავრიატის ერთწლიანი პროგრამა გაიაროს. ფრანგულ ლიცეუმში 15 წლის ასაკიდან აბარებენ.

ჰოლანდია

ჰოლანდიაში საშუალო სპეციალიზებული განათლების (MSE) პროგრამა შეიძლება ერთიდან 4 წლამდე გაგრძელდეს. მუშაობის დაწყება ნებისმიერი პროგრამის დასრულების შემდეგ შეიძლება, უნივერსიტეტში ჩაბარება კი – მხოლოდ ოთხწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ.

ჰოლანდიის შრომის ბაზარზე მუშახელის ძირითადი მომწოდებლები საშუალო განათლების კოლეჯები არიან – დასაქმებული ჰოლანდიელების 40%-მა სწორედ ასეთი სახის განათლება მიიღო. ჰოლანდიურ საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის კოლეჯებს ყველაზე მჭიდრო კავშირები აქვთ კომპანიებთან, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ თანამშრომლები. კომპანიების მოთხოვნების მიხედვით, კოლეჯები გარკვეულ უნარებზე ორიენტირდებიან და დამსაქმებლებს მათთვის საინტერესო კადრებით ამარაგებენ. ყველაზე პოპულარული მიმართულებები, რომლებსაც სტუდნეტები ირჩევენ, არის – ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტექნიკური სპეციალობები და სოფლის მეურნეობა.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში არსებობს ორი ტიპის სასწავლებელი, რომლებიც საშუალო პროფესიულ განათლებას გვთავაზობს: შემდგომი განათლების კოლეჯები (Colleges of Further Education) და უნივერსიტეტის წინა კოლეჯები (Colleges of Sixth Form). სწავლება საკმაოდ პრესტიჟულია. ამით აიხსნება საკმაოდ მაღალი გადასახადი – წელიწადში 15-40 ათასი ევრო.

ბრიტანეთის კოლეჯის კურსდამთავრებული იღებს პროფესიულ კვალიფიკაციის ეროვნულ სერტიფიკატს, რომლითაც შეუძლია სამსახურში მოწყობა. თუკი კოლეჯის დამთავრების შემდეგ მას უნივერსიტეტში შესვლის სურვილი გაუჩნდა, იქ ადვილად მიიღებენ; ჩაუთვლიან კოლეჯში გავლილ საგნებს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მეორე ან მესამე კურსზეც კი ჩარიცხავენ.

კოლეჯში ჩაბარება 16 წლის ასაკიდან შეიძლება. ნებისმიერ მსურველს, რომელიც კოლეჯში საზღვარგარეთ ჩააბარებს, შეუძლია სტუდენტური ვიზის გაფორმება. ამასთან ერთად ბევრი სტუდენტი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობს და თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრია, მას შენგენის ტერიტორიაზეც გადაადგილებაც შეუძლია. სტუდენტური ვიზის მისაღებად საბუთების გაფორმებაზე ერთიდან სამ თვემდეა საჭირო.

გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამუშაო სპეციალობები ბევრ ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი იყო. ბევრგან ეს საერთაშორისო არაკომერციული მოძრაობა WorldSkills-ის დამსახურებით დაიწყო. ის სამუშაო პროფესიის პოპულარიზაციას ეწეოდა,  დღესაც ატარებს პროფესიული უნარ-ჩვევების ჩემპიონატებს მსოფლიოს 77 ქვეყანაში. ახალგაზრდა სპეციალისტები სპეციალურ დოკუმენტს – უნარების პასპორტს (Skills Passport) იღებენ. დამსაქმებლისთვის ეს მისი მფლობელის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის უტყუარი მაჩვენებლია.

 

 

 

 

 

გზა ბავშვობიდან სიბერემდე

0

„იმას, ვისი გონებაც არ შეესაბამება მისსავე ასაკს, თავისი ასაკის მთელი უბედურება ატყდება თავზე“. ვოლტერის ამ სენტენციის მოხმობით იწყებს  მსჯელობას ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი თავისი ცნობილი წიგნის, „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმების“, ბოლო თავს: „ასაკობრივი სხვაობისათვის“. მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად  იგი იმასაც განიხილავს, თუ როგორ იცვლება  ადამიანის ზრდასთან ერთად  მისის დამოკიდებულება საკუთარ თავსა, გარემოსა თუ სამყაროსთან. „მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ აწმყოს ვფლობთ და მეტს არაფერს“, _ წერს იგი. მისი აზრით, განსხვავება ცხოვრების დასაწყისსა და ბოლოში ისაა, რომ დასაწყისში ადამიანი ხედავს ხანგრძლივ მომავალს,  ბოლოს კი _ უკან მიტოვებულ ხანგრძლივ წარსულს.  აწმყოს აღქმის რაობას კი განაპირობებს ადამიანის  ტემპერამენტი და არა ხასიათი.  იგი ორ არსებით საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია:

  1. შემეცნება;
  2. ნების გამოვლენა.

ცხოვრების პირველ მეოთხედში სწორედ შემეცნება განაპირობებს  იმ ბედნიერებას, რომელიც შემდგომ „დაკარგულ სამოთხედ“ განიცდება.  ბავშვის გონება ხარბად აკვირდება მისთვის სრულიად უცნობ ცხოვრებას, სადაც „ყველაფერი სიახლის ხასხასა ფერებით ბზინავს“.  „სწორედ ამის შედეგია ის სერიოზული, ჭკვიანური მზერა, რომელსაც ესოდენ ზუსტად გადმოგვცემს რაფაელი თავის ანგელოზებსა და, განსაკუთრებით, „სიქსტის მადონაში“.  მისი აზრით, ბავშვობის წლები ყველაზე პოეტურია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან  პოეზიის თუ, ზოგადად, სხვა ხელოვნების არსი ისაა, რომ თითოეული მოცემული საგნიდან გამოიტანოს მისი „პლატონური იდეა“.  ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი  მთლიანობაში აღიქვამს ყოველივეს. ყველა სახესა თუ საგანში ბავშვი ჭვრეტს „მარადისობის ერთგვარ ხატებას“ (სპინოზა).  სწორედ ამით ხსნის იგი იმ გამაოგნებელ განსხვავებულ  შთაბეჭდილებას, რომელსაც ერთი და იგივე საგანი იწვევს ბავშვობასა  თუ მოწიფულობაში ხილვისას.

შოპენჰაუერის აზრით, ბავშვობაშივე ეყრება მტკიცე საფუძველი მსოფლმხედველობას, რომელიც შემდგომ კი ვითარდება, მაგრამ არსებითად უცვლელი რჩება. აღზრდა ადამიანს თავს ახვევს ცნებებს, მაგრამ ცოდნის არსებითი ელემენტები ცნებებით არ ეძლევა ადამიანს. ყოველგვარი შემეცნების საფუძველი სამყაროს თვალსაჩინო აღქმისა და წვდომის უნარია.  აქ ფილოსოფოსი აღზრდასთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტურ აზრსაც გამოთქვამს: „თვით პესტალოცის პედაგოგიურ ხელოვნებასაც კი არ შეუძლია მოაზროვნე ადამიანად აქციოს ის,  ვინც ბრიყვად დაიბადა. ბრიყვად დაბადებული ბრიყვადვე მოკვდება“ (პესტალოცი მე-19 საუკუნის ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგი იყო).

მხოლოდ ბავშვი ისრუტავს და ისისხლისხორცებს ყოველივეს, რასაც ხედავს,  ამიტომაც ასე წარუშლელად აღიბეჭდება მეხსიერებაში ბავშვობის შთაბეჭდილებები.  მისთვის სამყარო ობიექტურად არსებული, მომხიბლავი და დაუსრულებელი ბედნიერების მომნიჭებელია. მოგვიანებით კი  ჩნდება ნამდვილი ცხოვრების შემეცნების წყურვილი, რასაც ილუზიების მსხვრევა მოჰყვება: „შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში ცხოვრება ერთგვარ დეკორაციად წარმოგვიდგება, რომელსაც შორიდან ვხედავთ,  სიბერეში კი ეს იგივე დეკორაციაა, მხოლოდ ახლოდან დანახული“. „ცხოვრებას ჯერ პოეზიით შევიცნობთ და შემდეგ მისი ნამდვილი სახით“.

შოპენჰაუერის აზრით, ბავშვობის ბედნიერებას ისიც განაპირობებს, რომ  ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამებიან, ჰგვანან, მაგრამ სიჭაბუკეში ურთიერთგანსხავება და დაშორიშორება იზრდება და სულ უფრო მეტი მანძილი ყოფს ადამიანებს ერთმანეთისგან იმ წრის რადიუსებივით, გამუდმებით რომ ფართოვდება. თანდათან კი ჩნდება უბედურების შიში, რომელიც  ბედნიერების დაუოკებელ წყურვილს გადაფარავს,  ამის დასტურად შოპენჰაუერს პირადი მაგალითი მოჰყავს: „სიჭაბუკეში კარზე რომ მომიკაკუნებდა ვინმე, გახარებული ვამბობდი; „მადლობა ღმერთს“, მაგრამ გავიდნენ წლები, ახლა იგივე ვითარება ჩემში შიშს თუღა იწვევს და მე ვამბობ: „აი, ისიც“.

შოპენჰაუერი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის მარტოსულობაზე და აღიშნავს: „სიჭაბუკეში ადამიანს ჰგონია, რომ ყველამ მიატოვა, ხანშიშესული კი ფიქრობს, რომ თვითონ გაექცა ყველას. პირველი, ძალზე უსიამოვნო განცდა, კაცთა ვერცნობისგან იღებს დასაბამს. მეორე, სასიამოვნო კი, მათი ცნობისაგან“. „ადამიანს სძულს ან უყვარს მარტოობა, ესე იგი, თავისი თავის ამარა ყოფნა,  იმისდა კვალად, თუ რამდენად ფასეულია მისი შინაგანი სამყარო“.

მისი აზრით, „ცხოვრება შეიძლება ტილოს მოქარგულ ნაჭერს შევადაროთ, რომლის წაღმა პირსაც ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ ნახევარში ხედავს, უკუღმა პირს კი _ მეორეში. მართალია, ეს უკანასკნელი არც ისე მშვენიერია, მაგრამ გაცილებით მეტს კი გვასწავლის, რადგანაც მასზე შეიძლება თვალი გავადევნოთ, როგორ ეწვნიან ძაფები ერთმანეთს“.  მისი აზრთ, სიჭაბუკეში თვით დროც კი გაცილებით უფრო ზანტად მიიზლაზნება. ამიტომაც სიცოცხლის პირველი მეოთხედი არა მარტო ყველაზე ბედნიერი, არამედ ყველაზე გრძელი პერიოდიც, გაცილებით უფრო მეტ მოსაგონარს გვიტოვებს. სიცოცხლის შემოდგომაზე კი დღეები უფრო მოკლე, მაგრამ, ამასთან, უფრო მშვიდი და ნათელია. გალაკტიონი ამავე აზრს ასე გამოთქვამდა:

„ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის“ („ცამეტი წლის ხარ“).

შოპენჰაუერის აზრით, სიჭაბუკე ვნებათაღელვის დროა, სიბერე კი _ სიმშვიდისა. ბავშვი ხარბად ეპოტინება ყველაფერს, რაც ესოდენ მშვენიერი და ფერადოვანი ეჩვენება, ყველაფერი უჩვეულო ძალით აღაგზნებს, რადგანაც მისი აღმქმნელობა ახალია და ცინცხალი. იგივე ითქმის სიჭაბუკეზედაც, მხოლოდ მისი ცნობისწადილი კიდევ უფრო ძლიერია და მძაფრი. მასაც ასევე აღაგზნებს ეს ჭრელი სამყრო თავისი მრავალფეროვანი ფორმებითურთ და მისი წარმოსახვა აქედან გაცილებით მეტსა ქმნს, ვიდრემ სინამდვილემ შეიძლება მისცეს. ისიც ხარბად მიელტვის რაღაც ბუნდოვანს და გაურკვეველს, მოსვენებას რომ არ აძლევს მას, რომლის გარეშეც არ არსებობს ბედნიერება.  სიბერეში კი ადამიანი თავისუფლდება ილუზიების, ქიმერებისა და ცრურწმეების ტყვეობისაგან. ადამიანი მხოლოდ ხანდაზმულობისას იმსჭვალება ჰორაცისეული „ნურაფერი განგაცვიფრებს“, ესე იგი, უშუალო, გულწრფელი და მტკიცე რწმენით, რომლის თანახმადაც ამქვეყნად ყველაფერი უბადრუკი, უაზრო, უშინარსო და ეკლესიასტეული „ამაოება ამაოთაა“.

„ჩვენი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი ტექსტია, მომდევნო 30 წელი კი ამ ტექსტის კომენტარი.  რაც საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ მის ჭეშმარიტ აზრსა თუ თანმიმდევრობას“. სიცოცხლის დასასრული კი მასკარადის დასასრულს მოგვაგონებს, როცა ყველა იხსნის ნიღაბს.

ადამიანს სიჭაბუკეში განვლილი ცხოვრება იმიტომაც ეჩვენება მოკლე, რომ „მეხსიერებიდან ამოიშლება ყოველივე უსიამოვნო, უმნიშვნელო და უბადრუკი“. მოუქნელი გონება ხოლოდ იმას იმახსოვრებს, რასაც გამუდმებით იმეორებს. გონებას არ სჩვევია, „გამუდმებით ცოხნოს უსიამოვნება“, თუმცა, „ძალზე ცოტაა იმნაირი უბედურება, რომელშიც ჩვენ თვითონ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვოდეს“.

ფილოსოფოსის აზრით, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა, ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე, სულიერ ენერგიებს, გონებრივ შრომაში რომ ვლინდება. ბევრი ნორჩი გენიოსი, ვუნდერკინდი, უფრო გვიან არც კი განსხვავდება დანარჩენ მოკვდავთაგან.

შოპენჰაუერი არ იზიარებს იმას, რომ ადამიანთა ბედი პლანეტებზე წერია.  მისი აზრით, „ადამიანთა უბადრუკ სუბიექტურობას,  რის შედეგადაც მათ ყველაფერი თავიანთ თავზე დაჰყავთ და ნებისმიერი იდეიდან პირდაპირი გზით უბრუნდებიან  საკუთარ თავს, შესანიშნავად ადასტურებს ასტროლოგია, ადამიანის უბადრუკ მეს რომ უსადაგებს უზარმაზარ კოსმიურ სხეულთა მოძრაობას, შესაბამისად, ამქვეყნიურ განხეთქილებებსა და უწმინდურებას კომეტების გამოჩენას უკავშირებს“, მაგრამ, ფილოსოფოსის აზრით, ზეციური სხეულები გვიჩვენებენ „ადამიანის გზას საერთოდ“. ყველა ასაკს ესა თუ ის პლანეტა შეესაბამება და, ამრიგად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთიმეორის მიყოლებით ყველა პლანეტა ახდენს გავლენას.

ათი წლის ასაკში ჩვენს ცხოვრებას განაგებს მერკური. ამ პლანეტის მსგავსად, ადამიანიც ძალიან სწრაფად და თავისუფლად მოძრაობს ძალიან ვიწრო წრეზე.  თვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი აშფოთებს, მაგრამ ბევრ რამეს ადვილად  სწავლობს და ითვისებს. ოცი წლის ასაკიდან ვენერას გავლენა იწყება. ჭაბუკს მთლიანად ეუფლება სიყვარული და ქალის ხატება.  30 წლიდან მარსის გავლენის ქვეშ ვექცევით. ადამიანი ფიცხი, მამაცი, შეუპოვარი და ამპარტავანი ხდება. ორმოცი წლიდან ერთდროულად ოთხი ასტეროიდი ახდენს გავლენას: ცერერა, ვესტა, პალადა, იუნონა.  ამ დროს ცხოვრების ასპარეზი ფართოვდება. მათი გავლენით  ადამიანი ემსახურება იმას, რაც სასარგებლოა.     საკუთარ სახლ-კარზე ზრუნავს,    სწავლობს იმას, რაც მართებულია (აქ იუმორით იმასაც შენიშნავს ფილოსოფოსი, რომ ახლად აღმოჩენილ პლანეტოიდებს ანგარიშს არ უწევს, რადგან ისინი მის მსჯელობას არ ეთანხმებიან).

ცხოვრების 50 წლიდან იუპიტერი იწყებს მბრძანებლობას. ამ დროისთვის ადამიანს უკვე აქვს ცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი, ამიტომ მას აღარ სურს სხვას ემორჩილებოდეს. დარწმუნებულია თავის ძალებში, რომ შეუძლია სხვები მართოს და განაგოს საქმეები. 60 წლიდან  სატურნის გავლენა შემოიჭრება, თავს იჩენს სიზანტე, სიმძიმე, ინერტულობა.  70 წლიდან იწყება ურანოსის გავლენა და ადამიანი უახლოვდება დროს, ცისკენ რომ უნდა გაეშუროს. 80 წლიდან კი დგება ჟამი  ნეპტუნისა, რომელსაც ეროსსაც ეძახიან. ასე უერთდება დასაწყისი დასასრულს. „ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას კი უპანიშადები სავსებით სამართლიანად  განსაზღვრავენ 100 წლით“. იდუმალი კავშირით ერწყმის ეროსი სიკვდილს. მიწისქვეშეთის საუფლო არა მარტო „წამრთმევად“, არამედ „მომცემადაც“ წარმოჩნდება. ასე რომ, „სიკვდილი სიცოცხლის შემოქმედად გვევლინება“. და ეს ისეთი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს ჩასწვდება.

 

სიცხე

0

მცირე ვირუსმა მცირე ხნითვე სახლში დამტოვა და ვაგრძელებ სხვა დღიურების წერას. მოკლედ, ასე:

თუ ოდესმე ქალაქ ოზურგეთში, კალანდარიშვილის ქუჩა #12 ა – ში, სადღაც 1992 წლის 18 თებერვალს, 8 წლისას, სიცხე გქონიათ, იოლად მიხვდებით ნიუანსების სიზუსტეს, მაგრამ რადგან ასეთი მხოლოდ მე ვარ – სიტყვაზე უნდა მენდოთ.
,,ე, ბაღანას სიცხემ უუწია’’ – ამბობს ბებია შორიდან. ,,სიდან მიუათრიე აი გრიპი, ა, საიდან?!შენ არ მეისპე საცხა, რომ დეეთრევი ღელე–ღელე’’ – ეს დედაა, უფრო ახლოდან. ,,კაი, დეეთხუე ბაღანას, აკანკალებს ისედაც’’ – მამა. ბაბუა ცოტა გვიან შემოდის, არაფერს ამბობს, მაგრამ მთელი გურული მეოცე საუკუნის მიწურულის გვიანი ზამთარი მეტყველებს მისით – მყრალი სიგარეტის და ჭაჭის სუნი საშინლად უხდება ტალახიან ვალინკებს და შეუკრეჭელ წვერზე შერჩენილ ხურმა კარალიოკის კვალს. აი, საშინლად. ხატავს. ჯოჯოხეთში თუ მოვხვდები, მათ შორის ასეთი ვარიანტიც შეიძლება – იქნება თებერვლის ნელ–ცივი, წვიმანარევი დღე, მექნება სიცხე, დაახლოებით 37.4, ოღონდ ლოგინში ჩაწოლის დრო ვერ მექნება – მეზობელს მივეხმარები შეშის დახერხვაზე, მერე ის გამოიტანს არაყს, დავლევ, კიდევ დავლევ, ასტრას ნაფაზს დავარტყამ, გამოხრულ კბილში ჩარჩენილ თხილს გადმოვაფურთხებ, ხის გადანაჭერზე ჩამოვჯდები და ფეხებში შესულ წყალზე დავფიქრდები – თავისით გაშრება თუ ფეჩი დაჭირდება? ეს არის ჯოჯოხეთი.
ჯოჯოხეთამდე 1992 წელია. დაახლოებით ისიც ჯოჯოხეთი, მაგრამ სამოთხის ანარეკლებით. მე ვწევარ და თვალს რომ ხუჭავ და წითელი ვარსკვლავები ტრიალებს, ოჯახის წევრების ხმები კოსმოსში გაგზავვნილი სიმღერასავით რომ უერთდება. და ხმა და ფერი იგივეა. გიკვრის? მერა რა. სიცხის დროს უცნაური ამბები ჩვეულებრივდება. მერე მოდის ძმრიანი ნასკები და თხის ქონი და გულისრევა და თხის ქონი და გულისრევა. ლამფის გაჭვარტლული შუშის ჭვრეტა და კედელზე ჩრდილებისგან ბრძოლის სცენების ხატვა. ,,ა, გაოფლიანდა ისევლე’’ ,,მაიკის გამოცვლა’’ ,,მაიკის გამოცვლა’’ ,,მაიკის გამოცვლა’’ – მორჩილი ხარ გამოცვლების დროს, რაღაც უცნაურად ნებდები და ხელს მაღლა წევ. ფხალის ფოთლით შეკრული თავი. უი, სინათლე მოვიდა? ქი წავა ოც წუთში. ან მოსვლა რა იყო, ან იგი – წასვლა. მაგრამ სამოთხის ანარეკლიც ეგაა.
თუმცა მთავარი სცენა მაინც სხვაა. ანუ ის რაც ყველაზე მძაფრად ჩამჩრა და ახლა, ძალიან, ძალიან მომინდა განმეორებულიყო. დედა თერმომეტრს იღებს და მამაჩემს ეუბნება – დაფერთხე , მე აღარ მაქვს მკლავში ძალა. და მამა ,,ფერთხავს’’. მეტი არაფერი, აი, მხოლოდ ეს. არაფერი განსაკუთრებული და ყველაფერი განსაკუთრებული – ოღონდ ჩემთვის. არის საერთო ამბები და არის მხოლოდ შენი – ქალაქ ოზურგეთში, კალანდარიშვილის ქუჩა #12 ა – ში, სადღაც 1992 წლის 18 თებერვალს, 8 წლისას, სიცხე თუ გქონიათ.

„კონკია“: სასკოლო წარმოდგენის ისტორია 

0

მოსწავლეობის დროიდან ყველაზე დიდი სიამოვნებით სწორედ ამ ამბავს ვიხსენებ: უფროსების დაუხმარებლად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედად,  ამოცანის სირთულის არცთუ სრულად გაცნობიერებით, თუმცა კი შემართებითა და თავგანწირვით – როგორ გადავწყვიტეთ სპექტაკლის დადგმა და დავდგით კიდეც ნამდვილ სცენაზე. ეს სცენა კინოდარბაზისა კი იყო, მაგრამ მუქი შინდისფერი ხავერდის ფარდა ჰქონდა და საკმარისი სივრცეც – იმისათვის, რომ გორის თეატრის მსახიობებს დროგამოშვებით მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე ძველი სკეტჩები გაეთამაშებინათ.

კლასის დამრიგებელი გავაფრთხილეთ, რომ სპექტაკლს ვდგამდით. სხვებმაც იცოდნენ – მასწავლებლებმა, მშობლებმა, კინოდარბაზის მეთვალყურეებმა. თავიდანვე ვთქვით, რომ დახმარებას არ ვითხოვდით, ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ საქმე დეკორაციის მომზადებასა და ტანსაცმლის შეკერვაზე არ მიდგებოდა. დღესაც კი მიკვირს, რომ ბოლომდე გვენდნენ – რეპეტიციების უფლება მოგვცეს, აზრი არც ზღაპრის შერჩევისას გამოუთქვამთ და არც როლების განაწილებისას, თავი პიესის წაკითხვითაც არ შეუწუხებიათ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ დაწყებულის დასამთავრებლად ნებისყოფა არ გვეყოფოდა, წლის ბოლოს კი სახელდახელოდ მოგვამზადებინებდნენ რაიმე წარმოდგენას.

არავის უსწავლებია, როგორ უნდა დამეწერა პიესა. კონკია, დედინაცვალი, დედინაცვლის ქალიშვილი, მეფე, დედოფალი, უფლისწული… როცა დიალოგებს ვწერდი, თვალწინ იმ კლასელების სახეები მედგა, რომლებსაც ეს როლები უნდა შეესრულებინათ. ძროხა, ენას რომ ამოიდგამს და საგონებელში ჩავარდნილ გოგოს რჩევებს აძლევს – აი, ეს ძროხაც ხომ ვიღაც უნდა ყოფილიყო. ამ როლით დიდად ვერავინ მოიხიბლა. ბოლოს, როგორც იქნა, მამუკა მეზვრიშვილი დავიყოლიე – წარმოდგენის პირველ ნაწილში ძროხა იქნები და მეორე ნაწილში – უფლისწული, უქმად ყოფნა არ მოგიწევს-მეთქი.

რეპეტიციები დიდხანს გაგრძელდა – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. კინოდარბაზში შებინდებამდე ვრჩებოდით ხოლმე. გვციოდა და გვშიოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ჩემს თავს დიდი ამბავი ხდებოდა: პიესის ავტორიც ვიყავი, რეჟისორიც და კონკიას როლის შემსრულებელიც. წლის ბოლო რომ მოახლოვდა, კლასის დამრიგებელმა შემოგვთავაზა: გორის თეატრის რეჟისორს ვთხოვ, თქვენი სპექტაკლი ნახოს, შეაფასოს და რჩევებიც მოგცეთო. იმ კაცის სახელი და გვარი არ მახსოვს, დღემდე კი დიდი მადლიერებით ვიხსენებ – წარმოდგენა ნახა, მთელი საღამო დაგვითმო, განათების მნიშვნელობაზე გვესაუბრა და ჩემი ერთი კლასელი ორიოდ წუთში გამნათებლად აქცია, ჩემი დადგმული სცენები მთლიანად გადააკეთა, უამრავი რჩევა-დარიგება მოგვცა. უკვე ღამე იყო, სახლებში რომ დავბრუნდით, კმაყოფილები და ახალი ცოდნის მნიშვნელოვნებით გაბრუებულები.

მახსოვს, იმ რეჟისორმა დედინაცვლის ქალიშვილს უთხრა: შენი სიძულვილი უფრო თვალსაჩინო უნდა იყოს, ამიტომ როცა კონკიას შვრიისა და ხორბლის გარჩევას ავალებ, ჯამი კი არ გაუწოდო, ზიზღით მიუგდეო. ჰოდა, მომდევნო რეპეტიციაზე რიტა მეზვრიშვილმა ის ჯამი მთელი ძალით მესროლა – შუბლის ნახევარი კარგა ხანს მტკიოდა.

პრემიერის დროს დედინაცვალმაც ვერ მოზომა და იმის ნაცვლად, რომ მძინარესთვის ფეხი მსუბუქად წაეკრა – ადე, შე უსაქმუროო! – ფეხსაცმლის ცხვირი ფერდში გამეტებით მაძგერა. ტკივილისგან სუნთქვა შემეკრა. მეგონა, ვეღარასდროს წამოვდგებოდი.

ძროხამ მშვენივრად გაართვა თავი საქმეს – უბედურ გოგოს ნამდვილი მეგობრობის ძალა აგრძნობინა. ოთხზე დამდგარ პატარა ბიჭს რუხი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, თეთრად მიხატული ძუძუებით, თავზე კი მუყაოს რქები ადგა. როცა წარმოდგენის პირველი ნაწილი დასრულდა და ძროხა უფლისწულის ტანსაცმლით გამოგვეცხადა, მუხლების ადგილას ამოთეთრებული შავი ქსოვილი ყველას თვალში მოგვხვდა. უფლისწულს გრძელი გზა კი გამოევლო კონკიას სახლამდე, მაგრამ მისი სამოსი აშკარად უფრო დიდ განსაცდელთან გამკლავებაზე მეტყველებდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ პრემიერა სულაც არ გამართულა იმ სცენაზე, სადაც რეპეტიციები გვქონდა. აღარ მახსოვს, რა მიზეზით არ გაგვიღეს კინოდარბაზის კარი სწორედ იმ დღეს. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, წარმოდგენა, რომელსაც თითქმის მთელი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, სპორტულ დარბაზში გაიმართა – ამიტომაც იყო, რომ სცენის მტვრის ნაცვლად უფლისწულის მუხლებზე რაღა არ აღმოჩნდა: ნახერხი, ცარცის ნაფშხვნები… მოკლედ, ამ უფლისწულის საეჭვო წარსული კარგა ხანს იყო შიდასასკოლო საუბრების თემა.

მეფე და დედოფალი ერთ სკამზე ისხდნენ. წარმოდგენა ისე დაიწყო, მეორე ნაწილში სკამები რომ დაგვჭირდებოდა – დაგვავიწყდა. ჰოდა, უჭირდათ მეფეს და დედოფალს, თავს ძლივს იკავებდნენ, მოღუშული სახეებით ელოდნენ საფინალო რეპლიკების გაგონებას.

ვყვები და მგონია, რომ ეს მე არ ვყოფილვარ. თამამი, თავზეხელაღებული. სხვებიც ისეთები იყვნენ, მერე რომ აღარ ყოფილან: თავისუფლები, რაღაცის შექმნის სიხარულით გულაჩქარებულები. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავიწყეთ და დავამთავრეთ; როგორ ვთქვით, რომ ყველაფერს მოვითმენდით, ოღონდ კი კარგი სპექტაკლი გამოსულიყო – ისეთი, როგორსაც ჩვენგან არ ელოდნენ.

 

მოხუცი მასწავლებლები

0

მაშინ თედორე მასწავლებელი 80 წლის იყო, მე მაქსიმუმ 12-ის. სულ რაღაც 2 წელი მასწავლიდა.

მაღალი კაცი იყო, ხმელი და სიბერისაგან წელში უდნავ მოხრილი. ალბათ, ახალგაზრდობაში სხარტი კაცი იქნებოდა, ახლა სიბერეს შეენელებინა მისი ნაბიჯი. პატარა ულვაშს ატარებდა და, რა თქმა უნდა, ყოველთვის პიჯაკი ეცვა.

ახირებული ხასიათი ჰქონდა: ვერ იტანდა ქუდს საკლასო ოთახში – მაშინვე ჩამოგართმევდა და დიდი ხნით ჩაკეტავდა კარადაში; შუბლთან შეკრეჭილ თმას, ე.წ. ,,ჩოლკას“ – თქვენს სახეს ვერ ვხედავო, და ეჭვით უცქერდა ჯინსის ქურთუკიან ბავშვებს – მაშინ იშვიათობა იყო სოფელში და თედორესთვის ფუფუნების და შესაბამისად, გაზულუქების ერთგვარი ნიშანი იყო.

დამახასიათებელი მეტყველების მანერა ჰქონდა, ზოგიერთ თანხმოვანს ყლაპავდა ხოლმე, რაც მის ენაკვიმატობას კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა. თედორე მასწავლებლის მოსწრებულ ნათქვამებზე  ლეგენდები დადიოდა სოფელში. ერთხელ მოსწავლე მიუყვანიათ მისთვის სახლში, აბიტურიენტი,შეუმოწმებია თედორეს მისი ცოდნა და ჩაუქნევია უიმედოდ ხელი, არ გამოვა არაფერიო. შეეხვეწა მშობელი, ბატონო თედორე, ნუ გაგვიშვებთ ასე, გზაზე მაინც დაგვაყენეთო. ერთ წამს დაფიქრდა თედორე, მერე წამოდგა, ამათაც ანიშნა, ადექითო.წავიდა ჭიშკრისკენ, მოით აგერო. ესენი დაბნეულები მივიდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რა ჩაიფიქრა, თედორემ ჭიშკრის ზემოდან გადახედა გზას და ამათ გამოხედა: ა, აგერაა გზაი და გაგიყვანთ ჯვარამდეო ( ჩვენი სოფლის ცენტრს ჯვარს ეძახიან).

სწავლების მეთოდიც და ახსნის მანერაც თავისებური ჰქონდა. დავალებებს ყოველ დღე არ ამოწმებდა, მაგრამ არავინ ვიცოდით, როდის შეამოწმებდა, ყველა დავალება ახსოვდა ზეპირად. ხსნიდა მთელი სულითა და სხეულით, ზუსტად მახსოვს, როგორ ნათდებოდა თავში ყველაფერი თედორეს ახსნისას. ამ დროს არაფერი არ უნდა ჩაგეწერა, მხოლოდ უნდა გესმინა. რომ დაამთავრებდა,მერე გვაძლევდა დროს ჩაწერისთვის. დაფასთან ძირითადად თვითონ იდგა ხოლმე, ჩვენ იშვიათად გამოვყავდით დაფასთან, მაგრამ როცა გამოვდიოდით, მაშინვე ხვდებოდა, ვინ რა ვიცოდით, სად გვიჭირდა და რაში გვჭირდებოდა დახმარება. გიჟდებოდა მშობლების დაბარებაზე! ერთადერთხელ ჩემი მოსწავლეობის ისტორიაში ჩემი მშობელიც დაიბარა, გაკვეთილზე ხითხითის გამო – მენაბდის ქალო,შენცო?!!!

თავიდან არ მენდო და 4-ს მიწერდა „ხუთოსანას“ (დღემდე ვერ გამირკვევია, მართლა ხუთოსანი ვიყავი თუ ინერციით) და მამშვიდებდა: ჩემი 3-იანი 4-იანია უმაღლესში, 4-იანი – 5-იანიო. წლის ბოლოს კაპიტულაცია გამომიცხადა და 5 დამიწერა. თურმე მიდიოდა კიდეც სკოლიდან. თედორეს წასვლით დამთავრდა ჩემი და მათემატიკის ურთიერთობა. გამოსაშვები კლასის გამოცდაზე, ჩემთვის უკვე იეროგლიფებივით რომ ეწერა დაფაზე მათემატიკური ფორმულები და ძლივს ვცოდვილობდი, რაღაც სასწაულით თედორე შემოვიდა დარბაზში (იმ წელს მასწავლებელთა პირველი გამოცდები იყო და თედორეს გამოზრდილ მათემატიკოსებს ისევ 80-ს გადაცილებული მასწავლებელი მოეწვიათ კონსულტაციისთვის) მაშინ, წიგნებში რომაა, ზუსტად ისე ვინატრე, მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე, ოღონდ თედორეს არ დავენახე და ვეცნე. ვერ დამინახა.

ბოლოს რომ ვნახე, ვნახე კი არა, დავინახე, თავის ჭიშკარში შედიოდა. დიდი გოდორი ჰქონდა მოკიდებული.  ერთი-ორად მოხრილი მეჩვენა. ზუსტად ისეთი გულმოდგინება ეწერა სახეზე, როგორც გაკვეთილის ახსნისას. რაღაც ჩამწყდა გულში.

***

ბატონი ელგუჯა ჩემი მასწავლებელი არაა, კოლეგაა, მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ისტორია მეორედება. ისიც მათემატიკოსია. და იმ იშვიათთაგანი,რომლისთვისაც ცხოვრების აზრს კვადრატული ამოცანა არ განსაზღვრავს და ყველაზე მარტივი და აუცილებელი ჭეშმარიტება გამრავლების ტაბულა არაა. სოციალურ თუ ყოფით პრობლემებზე, პოლიტიკაზე თუ ლიტერატურაზე ერთნაირად საინტერესოდ ლაპარაკობს, ყოველთვის აქვს გადანახული მოსათხრობად რომელიმე გულღია და სახალისო ამბავი და მე ძალიან მიყვარს მისი ამბების მოსმენა.

დიდია და თერთმიანი,ძალიან დინჯი, ლეჩხუმელი კაცი. ნაბიჯები და მეტყველება ერთნაირად აუჩქარებელი აქვს(დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდობაშიც ასეთი  იქნებოდა). ერთი უფროსკლასელი ამბობდა,ზარი რომ დაირეკება, სამასწავლებლოდან გამოდის და კართან ელოდება, როდის მინელდება პირველ-მეორე-მესამე კლასელების უთავბოლო რიალი, რომ ნაბიჯი გადადგას, თითქოს გოლიათია და ეშინია ჭიანჭველებს ფეხი არ დაადგასო.

მეორე იხსენებს,ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ტიპიაო: საელჩოს დამზადებული პოსტერი მივუკარი დაფაზე, გენდერულ ბალანსზე იყო, სხვებმა თუ ლექციები და შეგონებები მოაყოლეს, ელგუჯა შემოვიდა, მაშინვე შეამჩნია, მართალიაო, ქალები ჩვენს კულტურაში დაიჩაგრნენ, მაგრამ წამდაუწუმ ამის ტირაჟირება ცოტა მეხამუშებაო.

მესამემ – სულ ბრძნულ რამეებს გვეუბნებაო.

2 წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების გამო სკოლიდან წასვლას აპირებდა, მეთორმეტეთა უმეტესობა მათემატიკას აბარებდა მისაღებ გამოცდაზე და ძალიან უხაროდა იმ კლასში შესვლა. მადლობის ტაშით, ყელში გაჩრილი ბურთებით გააცილეს ელგუჯა მასწავლებელი და კარგად ჩააბარეს გამოცდა. ბატონი ელგუჯა გამოკეთდა და სექტემბერში ისევ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ სულ 2 ბავშვს უნდოდა იმ წელს მათემატიკის ჩაბარება. გულდაწყვეტილმა, მაგრამ ღიმილით შემომჩივლა, ეჰ, შევცდი, ტრიუმფით უნდა წავსულიყავიო.გამეცინა.

წელს ისე დაემთხვა, მე რომ მივდივარ სკოლაში, თვითონ ამთავრებს გაკვეთილებს და მიდის. ან ეზოში ვხვდებით ერთმანეთს, ან კიბეებზე, ან სკოლიდან გამოსასვლელ კარში – წელს გადასარევი ურთიერთობა გვაქვს მე და შენო, ამას წინათ მითხრა ღიმილით, გამეღიმა და თავი დავუკატუნე, არ მითქვამს, რომ ეს ,,ურთიერთობაც“ კი მიხარია, მიყვარს, როცა ეზოში შემოვალ და შორიდანვე დავინახავ, როგორ მოაბიჯებს ძალიან ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით ჯიბეებში ხელებჩაწყობილი (სხვათა შორის,სულ ჯინსის შარვალი აცვია) და ძალიან მიყვარს, რომ ბავშვებს უყვართ, ესმით, უსმენენ და მათაც უნათდებათ თავები, როცა ბატონი ელგუჯა მათემატიკურ თუ ცხოვრებისეულ თეორიებს უხსნის.

***

ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო – ეს ანდაზაც მიყვარს.

გარდაქმნის ბედისწერა

0

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე საბჭოთა კავშირის დაშლისა და „სოციალისტური ბანაკის“ რღვევის საკითხებს მნიშვნელოვან დროს უთმობენ ხოლმე. მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად მსჯელობენ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარდატეხის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებზე. მოზარდები კამათობენ თავიანთი სახელმწიფოების მიერ განვლილ გზებზე. თემის შესწავლის დროს ერთ-ერთი მთავარი მეთოდი შედარებაა. ახალგაზრდები ერთმანეთს საბჭოთა რეჟიმიდან დახსნის სხვადასხვა გამოცდილებას ადარებენ. რიგმა ქვეყნებმა გარდაქმნა მშვიდობიანად და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად შეძლეს. სახელმწიფოთა ნაწილი კი დღემდე წარუმატებლად  ცდილობს ძველი რეჟიმისგან, მისი ნარჩენებისგან თავის დაღწევას, გათავისუფლებას.

ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ საბჭოთა რეჟიმიდან დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის რამდენიმე მარტივ მაგალითს ჩვენც გავიაზრებთ.

თავდაპირველად, საქართველოს შემთხვევაზე გავამახვილოთ ყურადღება. როგორ დატოვა საქართველომ საბჭოთა კავშირი?

1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ გორბაჩოვმა საქართველოს მაშინდელი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გაიწვია და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. საბჭოთა საქართველოს სათავეში მოექცნენ ადამიანები, რომლებიც „ბოროტების იმპერიაში“ მიმდინარე რეფორმატორულ პროცესებს დიდად არ გულშემატკივრობდნენ. მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა დაენდოთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლება ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებული სფეროების ხელშეწყობას, არაგეგმური ეკონომიკის განვითარებას. ქართველი კომუნისტები ერთ-ერთ ყველაზე რეტროგრადულ პოზიციაზე იდგნენ და ბრეჟნევის დროინდელი წესრიგის შენარჩუნებას თავიანთ მთავარ ამოცანად მიიჩნევდნენ. საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ ოპონენტთა წინააღმდეგ დაუფიქრებლად გამოეყენებინათ ყველაზე დაუნდობელი და რეპრესიული მეთოდები.

რეტროგრადი ქართველი კომუნისტების ოპოზიციას რადიკალი დისიდენტები წარმოადგენდნენ. ქართველი დისიდენტები ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. თუ ალექსის დე ტოკვილის საზომებით ვიმსჯელებთ, დისიდენტების მნიშვნელოვან ნაწილს სამშობლოს მხოლოდ ემოციური მხარე ჰქონდა გააზრებული. ისინი თავიანთ ქვეყანას მხოლოდ მისტიური პერსპექტივიდან აფასებდნენ. კომუნისტების ოპოზიციას ბევრი ნამდვილად არ ჰქონდა ნაფიქრი სახელმწიფოებრივ ასპექტებზე. სახელმწიფო წყობაზე, კანონებზე, ეკონომიკურ მოდელებზე, საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგებზე და მათ დაბალანსებაზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები „წითელი დიქტატურის“ დამარცხების შემდეგ აპირებდნენ მსჯელობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტისაბჭოთა აქტივისტები მრავალრიცხოვან ჯგუფებს ვერ ქმნიდნენ, ისინი ცოტანი იყვნენ, 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მათ ინტელექტუალები და მოსახლეობის გავლენიანი ფენები ღიად მხარს არ უჭერდნენ. დისიდენტთა მოქმედებები სპონტანური და ნაკლებად ინტენსიური იყო. ოპოზიციონერებს მუდმივი კავშირი არ ჰქონიათ თავიანთ უცხოელ კოლეგებთან. ხანდახან მთელი ანტიბოლშევიკური მოძრაობა ციხეში გამოკეტილ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ითვლიდა. 9 აპრილის შემდეგ ქართველ დისიდენტებსა და ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის შეთანხმებაზე საუბარი საბოლოოდ იქცა უტოპიად. დამოუკიდებლობის მიჯნაზე მდგარ საქართველოში შეთანხმების მიღწევის მცდელობა შეუძლებელ ამოცანად და მკრეხელურ განზრახვად მიიჩნეოდა.

მაშასადამე, საბჭოთა კავშირის რღვევისას ქართული პოლიტიკის ორივე პოლუსზე ძალაუფლება რადიკალთა ხელში გახლდათ თავმოყრილი.

რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში?

ხშირად სიამოვნებით ვიხსენებ ლიტვის მაგალითს. 1988 წელს ლიტვის კომუნისტურ პარტიას სათავეში ჩაუდგა ალგირდას ბრაზაუსკასი. ბრაზაუსკასი მართლმორწმუნე კომუნისტი არასდროს ყოფილა. მას მემარცხენე პოლიტიკური პოზიციები ჰქონდა და როგორც თავის მემუარებში წერს, დარწმუნებული იყო, რომ მეოცე საუკუნის ბოლომდე აუცილებლად მოუწევდა დამოუკიდებელ ლიტვაში საქმიანობა. თავისი მოლოდინიდან გამომდინარე, ისიც და მისი თანამებრძოლებიც ყოველთვის ემზადებოდნენ თავისუფალ რესპუბლიკაში საცხოვრებლად. ლიტველ კომუნისტებს ჰქონდათ სახელმწიფო სტრუქტურების გარდაქმნისა და რუსეთის გარეშე განვითარების მკაფიო გეგმები. შესაბამისად, არავის გაკვირვებია ის, რომ ცკ-ის პირველ მდივნად არჩევიდან რამდენიმე თვეში ბრაზაუსკასმა კომუნისტური პარტია სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობად გადააკეთა და დისიდენტთა ჯგუფების ინიციატივებს დაუჭირა მხარი. მისი მონაწილეობით გამოაცხადა ლიტვამ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ ბრაზაუსკასის ინიციატივით დაიწყო ლიტვამ ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანება. მისი პრეზიდენტობის დროს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკომუნისტი ოპოზიციონერი ვიტაუტას ლანდსბერგისი გახლდათ. მათ ერთად მუშაობაც შეეძლოთ. ნატო-სა და ევროკავშირის წევრად ბალტიური რესპუბლიკის მიღების ცერემონიალზე მილოცვებს პრემიერ-მინისტრი ბრაზაუსკასი იღებდა.

შეგვიძლია ჩეხეთის შემთხვევაც გავიხსენოთ. 1960-იანი წლების ბოლოს ჩეხოსლოვაკიის სათავეში რეფორმისტი კომუნისტი ალექსანდრ დუბჩეკი მოვიდა. მან სოციალიზმისთვის ადამიანური სახის დაბრუნება გადაწყვიტა. დუბჩეკმა დაიწყო ჩეხოსლოვაკიის დეცენტრალიზაციის, ქვეყანაში მედიის გათავისუფლების, სოციალური და პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა. საბჭოთა კავშირმა დაუმორჩილებელ სოციალისტურ სახელმწიფოს შესაფერისი პასუხი გასცა. პრაღის ქუჩებში რეფორმების მხარდასაჭერად გამოსული ადამიანები ტანკებით დაარბიეს. „პრაღის გაზაფხულამდეც“ და მის შემდეგაც ჩეხოსლოვაკიაში დისიდენტური მოძრაობა არ განელებულა. ინტელექტუალები ინტენსიურად იკრიბებოდნენ, მართავდნენ ანტისაბჭოთა ღონისძიებებს, ბოლშევიკთა საწინააღმდეგო განწყობები მძლავრობდა შემოქმედებით საქმიანობაშიც. ვაცლავ ჰაველს, მილან კუნდერასა და სხვა ხელოვანებს კავშირი ჰქონდათ დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ კოლეგებთან, მათ არ აკლდათ „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი მოაზროვნეების მხარდაჭერა. 1976 წელს 242 განსხვავებული შეხედულებების, რელიგიის, სოციალური წარმოშობის, საქმიანობის ადამიანმა ერთად მოაწერა ხელი მთავრობისადმი მიმართვის ტექსტს. „ქარტია 77“ ხელისუფლებას ჰელსინკის აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას სთხოვდა. მოკლედ, ჩეხოსლოვაკიის დისიდენტური მოძრაობა შედარებით მრავალრიცხოვანი გახლდათ, მოქმედებდა ინტენსიურად, მრავალი წლის განმავლობაში, ჰყავდა მხარდამჭერები ხელისუფლებაში, მზად იყო კონსენსუსისთვის. დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავარი ანტისაბჭოთა მოღვაწე, ვაცლავ ჰაველი გახდა, პარლამენტს კი კომპარტიის რეფორმისტი წარმომადგენელი, „პრაღის გაზაფხულის“ გამო შერისხული ალექსანდრ დუბჩეკი ჩაუდგა სათავეში. ზომიერმა კომუნისტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დისიდენტებმა ერთად დაიწყეს ახალი წყობის შენება.

ახლადწარმოქმნილი პოსტკომუნისტური ქვეყნების განვითარება დიდწილად განსაზღვრა გარდაქმნის ბედისწერამ. სამწუხაროდ, ჩვენ არც საბჭოთა კავშირის რღვევის დროს გაგვიმართლა.

 

 

„ვეფხისტყაოსნის“ პატრონყმური „კონსტიტუცია“

0

მოაზროვნე, განათლებული თაობის აღზრდისათვის მნიშვნელოვანია, ტექსტის შესწავლისას განუვითაროთ მათ ქვეტექსტებზე დაკვირვების, პრობლემის აღმოჩენისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის, მწერლის სათქმელის სწორად გააზრების უნარ-ჩვევები. ამისთვის მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ლიტერატურული ტექსტების ღრმად, გააზრებულად შესწავლას. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკას, კერძოდ, პოემაში დახატულ პატრონყმურ ურთიერთობებს. საკითხით დაინტერესების მიზნით ტექსტის შესწავლისას მოსწავლეებს ვაძლევ მაპროვოცირებელ, მოტივაციის ასამაღლებელ კითხვებს და პასუხების პოვნისაკენ ვუბიძგებ. მაგალითად, ისინი ინტერესდებიან: რატომ ისწრაფვიან პოემის პერსონაჟები ყმობისაკენ? როგორია პოემის პატროყმური ურთიერთობის „კონსტიტუცია“? რა მოვალეობები აკისრიათ და რა უფლებებით სარგებლობენ ყმები, პატრონები? რა იწვევს მათ შორის ვალდებულებებების რღვევას? შეიძლება, ერთი შეხედვით, მოულოდნელიც აღმოჩნდეს მათთვის პოემის პერსონაჟთა მისწრაფება ყმობისაკენ, რადგან მათი ცოდნა, ძირითადად, მაინც ბატონყმობის ფორმაციას უკავშირდება, სადაც ყმა დაჩაგრულია. სინამდვილეში კი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებისთვის ყმობა სრულებით არ არის მათი პიროვნების დამამცირებელი. ტექსტის ღრმად გააზრება მალე დაარწმუნებს მათ, რომ ყმობა რაინდობაა, ასპარეზია თავის გამოჩენისა და ისეთი ადამიანური ღირსებების დამკვიდრებისა, როგორიცაა: ერთგულება, ნდობა, ვაჟკაცობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ყმობა პოემის პერსონაჟებს საგმირო საქმეებისაკენ უბიძგებს, ხოლო ტექსტში ნაჩვენები მათი უფლებები ქმნის თავისუფალ, მოაზროვნე ყმათა სახეებს.
პატროყმობის ისტორიული არსი და „ვეფხისტყაოსანი“
პატრონყმობა-ფეოდალური ურთიერთობის ამსახველი უნივერსალური ტერმინია და მიღებულია პატრონისა და ყმისაგან. იგი X-XIII საუკუნის საქართველოში იყო დამკვიდრებული როგორც სახელმწიფო წყობილებაში, ისე საზოგადოებრივში და ჰუმანურ ფეოდალურ წყობად ითვლება, რადგან პატრონი არა მარტო მბრძანებელია, არამედ მზრუნველიც. პატრონყმურ-ფეოდალური საზოგადოების რწმენას კარგად გამოხატავს სიტყვები: „რაცა ბედმან ვის რა მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს“. ამ წყობილების არსი ყმების კმაყოფილებაშია, რადგან კმაყოფილი ყმა უფრო სანდოა. გიორგი მეორემ თავისი ურჩი ქვეშვრდომების ალაგმვა მხოლოდ იმით შეძლო, რომ „ყოველი ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა“ და ამ საშუალებით „დაიწყნარა მეფობა თვისი“. ამავე აზრს ავითარებს არაბეთის ძლიერი მბრძანებელიც, როცა შვილს მოწყალების უხვად გაცემას ასწავლის. „უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია“. კარგად იცის ბრძენმა მეფემ, რომ „უხვი ახსნილსა დააბამს“. მომავალი მეფეც ამ გზით აპირებს სვლას. „არ დაარჩენს ცარიელსა, არცა ქალსა, არცა ყმასა“. სამწუხაროდ, ერთგულებისა და მორჩილებისათვის დასაჩუქრება აუცილებელი პირობა ყოფილა, როგორც ისტორიულად საქართველოში, ისე მხატვრულ ნაწარმოებში. რუსთაველი ვერ გაექცა თანადროულ სინამდვილეს.

 

მეფე ღმერთის სწორია პატრონის სამსახური წეს-წყობის საფუძველია, რომელზედაც ფეოდალური სახელმწიფოა დაფუძნებული. ავტორი მეფის ინსტიტუტს მიიჩნევს ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტად. მეფის მსახურება, მისთვის თავგანწირვა, შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიით დიდი პატივია, ხოლო მეფის ხელყოფა – უდიდესი ცოდვა. ამ აზრს ავითარებენ პოემის პერსონაჟებიც. „ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“, -აცხადებს ტარიელი. სწორედ ხელმწიფობის გამო დაინდო ტარიელმა როსტევან მეფე. „ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არა ვახლე“. მეფის ინსტიტუტის პატივისცემა გამოიხატება იმაშიც, რომ დამარცხებული მეფეც კი (რამაზი) არ არის შეურაცხყოფილი და დამცირებული. მას ფარსადანი სათანადო პატივით ექცევა, რითაც ხაზს უსვამს მეფის ღვთიურ წარმომავლობას, ხელშეუხებლობას. მეფე რომ სამართლიანი და მოწყალე უნდა იყოს, ისე როგორც უფალი ღმერთი, ამას ადასტურებს როსტევან მეფის დახასიათება, სადაც იგი მოხსენიებულია, როგორც „მოსამართლე და მოწყალე“. ყმა ავთანდილის თვალით დანახული პატრონიც ღმერთთანაა გატოლებული.
„პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი“. პატრონის სამსახურს გმირები ერთმანეთს უწონებენ. იგი მათთვის თავის გამოჩენის საშუალებაა და საამაყოცაა. „წამოსულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად, ღმერთმა ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად“. ავთანდილი თავს იდანაშაულებს, რომ მეფე-პატრონი მიატოვა, უორგულა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე, ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი“, – სინანულით აცხადებს იგი. ფაქტია, რომ რუსთაველი პატრონისადმი ერთგულების მქადაგებელია. მაშინ ისმება კითხვა: თუ ასეა, რატომ დაუშვა ავტორმა, რომ ავთანდილი პატრონის დაუკითხავად გაპარულიყო და მიეტოვებინა სახელმწიფო თანამდებობა? პასუხი ცალსახაა. სწორედ იმიტომ, რომ რუსთაველისთვის არსებობს პატრონის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური ღირსება, როგორიცაა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება. მწერალი არ ერიდება პატრონყმური მოვალეობის დარღვევის ფაქტების აღწერას. მაგალითად: ტარიელის მიერ მეფის ბრძანების შეუსრულებლობა, ტახტზე პრეტენზია, სასიძოს მოკვლა, თითქმის ამბოხიც კი. ისევ ჩნდება კითხვა: როგორ დაუშვა მწერალმა შუა საუკუნეებში მსგავსი სახიფათო სიუჟეტის განვითარება?.. მაგრამ ხომ ცხადზე უცხადესია რუსთაველის პრინციპები, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ღირსება, რასაც სამართლიანობა ჰქვია, ვიდრე ბრმა მორჩილება პატრონისა. სწორედ სამართლიანობის დარღვევას მოჰყვა პატრონყმური ვალდებულების რღვევაც. ავტორი არა მარტო ყმის, არამედ პატრონის ვალდებულებების ასრულებასაც ითხოვს. იგი მხოლოდ სამართლიანობაზე დამყარებული პატრონყმობის მომხრეა. როგორც ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა: როდესაც მთავრობა უზურპატორი ხდება, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა. ქვეშევრდომი არაა ვალდებული, დაემორჩილოს უზურპატორს. ჩანს, ასე ფიქრობდა რუსთაველიც, რადგან არც ფარსადანს და არც როსტევანს აზრად არ მოსვლიათ თავიანთი ყმების დასჯა. დიახ! რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არ გაბრაზებულა როსტევანი, როცა სპასალარმა მეფის დაუკითხავად მიატოვა სახელმწიფო სამსახური და გაიპარა ტარიელის დასახმარებლად. სავარაუდოდ, ფარსადანიც ხვდებოდა თავის არასწორ გადაწყვეტილებას სამეფო გვარის წარომადგენლის (ტარიელის) მიმართ. აშკარად გრძნობდნენ მეფენი თავიანთ უსამართლობას და მხოლოდ საყვედურებით შემოიფარგლებოდნენ. როგორც ვხედავთ, ზოგჯერ, „ვეფხისტყაოსანშიც“ ირღვევა „კონსტიტუცია“. ამ მაგალითებით რუსთაველი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი, უფრო სამართლიანი და ტოლერანტული მსოფმხედველობა.
მოვალეობა, ერთგულება, სიყვარული რა განაპირობებს პოემის პატრონ-ყმათა ურთიერთობებს? რუსთაველი, რომელიც შესავალშივე ხაზს უსვამს პატრონის უზენაესობას და მისი სამსახურის ვალდებულებას („მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“), მაინც ვერ გახდა პატრონისადმი „სიტყვაშეუბრუნებელი, მორჩილი“ ყმების მხატვარი. იგი დამოუკიდებელი, თავისთავადი მოაზროვნეა. მისი გმირების პატრონყმური ურთიერთობა ერთგულებაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივიცემაზეა აგებული. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, თამაზ ჭილაძის თქმით, „რუსთაველის პატრონყმობა ადამიანისათვის გადაკეთებული, გადააზრებული ხელოვნება“.
ავთანდილი თინათინის დავალების შესრულებას თავის მოვალეობად მიიჩნევს, როგორც ყმა. „პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად“. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, თინათინიც სწორედ ასე ფიქრობს. „პირველ ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ…“ ის დავალებას პირველ რიგში ყმას აძლევს, შემდეგ კი სატრფოს. აშკარაა, რომ ორივენი სახელმწიფოებრივ ხედვას ამჟღავნებენ. რა თქმა უნდა, სიყვარული ამ დავალების პირნათლად შესრულების საწინდარია. ავთანდილს ეძლევა შანსი, ამ დავალების შესრულებით თავი გამოიჩინოს არა მარტო როგორც ყმამ, არამედ როგორც მიჯნურმაც. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, გარდა მოვალეობისა, პოემაში პატრონყმური უთიერთობების სხვა ბერკეტებიც არ დავინახოთ.
ავთანდილისა და შერმადინის ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობასა და ნდობაზე. იგი სცილდება პატროყმურ ურთიერთობებს. ეს კარგად ჩანს ავთანდილის ამ სიტყვებში: „ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა“. ავთანდილს ხელს არ უშლის შერმადინის მონა-ყმობა, იყოს მისი მეგობარი და მესაიდუმლე. შერმადინს ენდობა, უმჟღავნებს თავის ხვაშიადს, მისი იმედით ტოვებს ქვეყანას და თავის სანაცვლოდ პატრონადაც „დააგდებს“. საყურადღებოა, რომ „ჯერთ უწვერული“ ავთანდილი მზად არის თავის წერილში, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი სიტყვებით, დაარწმუნოს ქვეშევრდომები, რომ შერმადინი გაუზრდია „ვითა ძმა და ვითა შვილი“. ამ განცხადებით მან თავის ყმებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა დავალების ასასრულებლად. „ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითმცა ავთანდილი“. ავთანდილი პატრონის უფლებით ავალდებულებს ყმებს თავისი ბრძანების ასრულებას. შედეგად „იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა“. ავთანდილმა გაითვალისწინა, რომ დაბალი წარმოშობის ადამიანის პატრონად გამოცხადებაზე შეიძლება უარი ეთქვა ლაშქარს, ამიტომ თავისი უფლება დოკუმენტით (წერილი) განამტკიცა. ფაქტია, რომ შერმადინს ავთანდილი უფრო მაღალი რანგის ადამიანების პატრონად ტოვებდა. „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, პატრონობდი“.
შერმადინისათვისაც ავთანდილის მეგობრობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ლაშქრის პატრონობა. გულწრფელად სთხოვს იგი პატრონს: „წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო რაცა გინდი“, ხოლო, როცა მის გადაწყვეტილებას მოისმენს, კიდევ უფრო დამწუხრდება. „მაგრა რა ვქნა უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი“, ან „შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა მიაკვანე“. ამ განცდებს მხოლოდ მოვალეობა ვერ შობს, იგი უფრო მაღალ გრძნობებზეა დაფუძნებული.
მამაშვილური დამოკიდებულება ვლინდება როსტევან მეფისა და ავთანდილის ურთიერთობაში. ნადირობაში დამარცხებული მეფე ავთანდილის სიყვარულით მეფურ ამპარტავნებას იცხრობს. „უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა“. არც მონებისგან იყო იოლი სათქმელი მეფისათვის „…მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ…“ აშკარად მეფის სამართლიანობისა და მისი ავთანდილისადმი დამოკიდებულების იმედად მყოფმა მონებმა გაბედეს, მეფისათვის ეკადრებინათ, რომ იგი ავთანდილს ვერ უტოლდებოდა ნადირობაში. სამართლიანობას ავლენს პურობისას „სიძუნწეში ეჭვმიტანილი“ მეფეც. იგი მხოლოდ მაშინ კარგავს წონასწორობას, როცა ავთანდილის გაპარვას შეიტყობს. მეფის მწუხარების მიზეზი არა ყმის მიერ დარღვეული ვალდებულებაა, არამედ იმის ფიქრი, რომ ავთანდილის გარეშე მოუწევს ყოფნა. მამის წუხილს უფრო ჰგავს მეფის მოთქმა, ვიდრე პატრონისას. „მარა მე რა ვქნა გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები, გამაღარიბე, დამაგდე…“ ან „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა“. სამართლიანობა და სიყვარული მიაჩნია ავტორს იდეალური პატრონყმური ურთიერთობის საფუძვლად.
პოემის თანახმად, ყმები უფლებრივად შეზღუდული არ არიან. როგორც ვხედავთ, მათ შეუძლიათ გააპროტესტონ პატრონების უსამართლობა, შეუძლიათ იმეგობრონ ყმებთან, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. თვით მეფესაც კი გაეჯიბრონ და სძლიონ, ისე, რომ ამით არ დაზარალდნენ. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ყმას პატრონის შეყვარების და მასთან ქორწინების უფლებაც კი აქვს. ამიტომაც არ მალავს ავთანდილი მეფე-პატრონის სიყვარულს. „მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია, თვით მეფედ მათად მას ხედვენ, მონები მკლავ-მაგრებია“. საგულისხმოა, რომ ამ აზრს შეგნებულად ხვდება როსტევანი. „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა“, -აცხადებს იგი.
დიახ, „ვეფხიტყაოსანი“ პატრონყმური ურთიერთობის რენესანსული ფორმაა. პოემის პატრონყმური „კონსტიტუცია“ მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც, ყმას უფლება აქვს იყოს პატრონის მეგობარი და მიჯნურიც კი. იგი ასპარეზია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გამოსავლენად. პოემის გმირები ღირსეული ყმები არიან. აი, თურმე რატომ ესწრაფვიან ყმობას „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები.
სწორედ ნაწარმოების პრობლემატიკის კვლევა-ძიების პროცესში ყალიბდება მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები, იხვეწება დისკუსიისა და თანამშრომლობის კულტურა. მეტი ყურადღება ექცევა ნაწარმოების შექმნის დროს, ეპოქის სულისკვეთებას, საგანთაშორის კავშირებს, კანონმდებლობით საკითხებს, ხელს უწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას, მოპოვებული მასალის დახარისხებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარს.

მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია!

0

მეტალი ბენზინის ნაცვლად – მითი თუ სინამდვილე?

უცნაური არსებაა ადამიანი. ქედმაღალი, ამპარტავანი, მეამბოხე, თავისად – თავისუფლების და სხვისი დამონება-დამორჩილების მოსურნე, დრო-ჟამთან ერთად ცვალებადი და მოცადი… ჩვენი მოდგმის გაჩენის დღიდან სამყარო გამუდმებით იცვლება და ჩვენც ყოველთვის ვპოულობთ შეცვლილ გარემოში არსებობის საშუალებას. რით? – პროფესიების გამოგონებით.

პირველი პროფესია, რომელიც გამოვიგონეთ, ალბათ მონადირეობა იყო. მშიერ კუჭს ამოვსება სჭირდებოდა და მარტო მცენარეების იმედად ვერ დავრჩებოდით. მონადირეობას მალევე მოჰყვებოდა კულინარიული ოსტატობა – მრავალფეროვნების მოტრფიალე ადამიანს მოსწყინდებოდა ერთფეროვანი უმი ხორცის დაგემოვნება. საკუთარ თავს, ტომსა და ნანადირევს დაცვა სჭირდებოდა, ამიტომ ბრძოლისა და თავდაცვის ხერხებიც მალევე უნდა გაჩენილიყო. მით უფრო – ნადირობიდან ომამდე ერთი ნაბიჯია.

ნადირობაც, ბრძოლაც და კერძის მომზადებაც შიშველი ხელებით საკმაოდ უხერხული და ნაკლებად ეფექტური იყო და ადამის მოდგმამ უმალ ახალი პროფესია – მჭედლობა გამოიგონა, რასაც მადნეულის მოპოვება, აგრონომია, მშენებლობა და სხვა დარგების ჩანასახები მოჰყვა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ახალი პროფესიები და ადამიანებიც უფრო და უფრო იწაფებოდნენ. და რაც უფრო დიდ სიმაღლეზე აჰყავდათ ესა თუ ის ტექნოლოგია, მით უფრო უმჯობესდებოდა მათი ყოფა. მაგრამ ეს მიღწევები მხოლოდ ხორციელ საზრდოს იძლეოდა. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ფიზიკურთან ერთად ადამიანი დასაბამიდანვე განიცდიდა სულიერ შიმშილს. პირველს ტექნოლოგიების განვითარებით უმკლავდებოდა, მეორისთვის კი ხელოვნება მოიგონა, რაზეც გამოქვაბულებში აღმოჩენილი კედლის „მხატვრობა“ მეტყველებს.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს პროფესიებს ორ დიდ ჯგუფად ყოფენ – სახელოვნებოდ (შემოქმედებითად) და არასახელოვნებოდ. ხელოვანის სტატუსს ატარებს ის, ვისაც კალამი, ფუნჯი, საჭრეთელი, სიტყვა და ტორსის პლასტიკა უჭრის. რას მივიჩნევთ დღეს ხელოვნების ნიმუშად? სიმღერას, ლექსს, ნახატს, ქანდაკებას, არქიტექტურულ ნაგებობას.

უცხოელებს ქვეყნის გასაცნობად, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ღირშესანიშნაობებს ვაჩვენებთ ხოლმე. მაგრამ განა შემოქმედებითი წვის ნაყოფი მხოლოდ ეს არის?

რომელ ტურისტულ სააგენტოს მოუვა აზრად, ტურისტული მარშრუტების ნუსხაში ფაბრიკა-ქარხნები შეიტანოს?

შემოქმედება სულის შიმშილის გამოძახილია და ის მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანს აწუხებს. სამწუხაროდ, ინჟინრებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს შემოქმედებით ადამიანებად არ მიიჩნევენ, თუმცა ვინ იცის, რამდენი მათგანია საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანთა ტოლ-სწორი.

ვინ თქვა ინჟინრის შემოქმედებითობა? იმ ქალაქის სავიზიტო ბარათად, რომელსაც საკრე–კერის ტაძარი და მონმარტრი აქვს, უბრალო „რკინის კონსტრუქცია“ იქცა, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, ვიდრე სანახაობრივად. აშენებითაც სწორედ ამ დარგის მიღწევათა სადემონსტრაციოდ ააშენეს. ბევრი ძირძველი პარიზელი დიდხანს ამრეზით უყურებდა ეიფელის კოშკს, მაგრამ ნაგებობის კონტურმა ნელ-ნელა შეიძინა ხელოვნების ნიმუშის სტატუსი და დღეს ის პარიზის სიმბოლოა.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისტორიული ძეგლებით საკმაოდ მდიდარი თბილისის სიმბოლო მთაწმინდა და სატელევიზიო ანძაა, თუმცა ის ვერც ეიფელს დაუდებს ტოლს და ვერც ტორონტოსა თუ შანხაის ტელეანძებს, რადგან მოკლებულია ორიგინალურობას – მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა სერიული წარმოების პროდუქტია.

თუმცა ეიფელის მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ბევრ „ქმნილებას“ სხვა თვალით შევხედოთ – აღმოვაჩენთ, რომ ინჟინრები და გამომგონებლები ხშირად არანაკლები შემოქმედნი არიან, ვიდრე ხელოვანთა ოლიმპოს თავშეფარებულნი.

პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომით თავი გამოიჩინეს მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრებმაც.

გლობალური პრობლემაა ენერგეტიკა. ნავთობი ილევა. არ ვიმჩნევთ, მაგრამ პანიკამდე შორი არ არის. დროდადრო შეფარვით შეგვახსენებენ, რომ „ტყე შეუნახე შვილებსა“ კონცეფციაში, დროა, „ტყე“ „ენერგომატარებლებით“ შეიცვალოს, რადგან ნავთობის ამოწურვის შემდეგ, თუ ენერგიის ალტერნატიული წყარო ერ მოვიძიეთ, პირველი სწორედ ტყე განადგურდება.

ამიტომ მეცნიერები და მკვლევრები დიდი ხანია ფიქრობენ, რით შეიძლება შეიცვალოს ნავთობი. მოისინჯა თითქმის ყველა მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია და იწვის. გამალებით მუშაობენ წყალბადის, ბიოეთანოლის, ბიოდიზელის მიღების მეთოდების გამარტივებაზე… უკვე მზის შუქისა და ქარის დაჭერა-გარდასახვასაც ვახერხებთ. მზისა და ქარისგან სუფთა ელექტროენერგიის მიღების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. მაგრამ ისინი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს ბენზინს და დიზელს. ბიოდიზელი, მართალია,  მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, მაგრამ სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები ჩამორჩება მასზე მოთხოვნის დონეს, ამიტომ ნახშირწყალბადოვან საწვავს ის მხოლოდ ნაწილობრივ თუ ჩაანაცვლებს. წყალბადს დიდი და მძიმე საცავები სჭირდება, ამასთან, მაღალია ფეთქებადობის რისკი.

ასე რომ, თავის დამშვიდება ნაადრევია. ჯერ ისევ აქტიური ძიების ფაზაში ვართ.

მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრები ცდილობენ, გარე წვის ძრავებში საწვავად მეტალის ფხვნილი გამოყენონ. მეტალის წვის ენერგიის გამოყენება ახალი არ არის. მას XX საუკუნის შუა წლებიდან აქტიურად იყენებენ სარაკეტო საწვავებში.

მეტალის წვით დიდი რაოდენობის სითბოს მიღებაა შესაძლებელი, მარტივდება რეციკლიზაციის პროცესი, არ ხდება CO2-ის ემისია.

მოცემული ტექნოლოგია ჯერ დახვეწის სტადიაზეა, თუმცა უკვე მოახერხეს სტაბილური ცეცხლის ალის მიღება მეტალის წვრილდისპერსიულ ფხვნილსა და ჟანგბადის ნარევის ნაკადში. გამოყენების ერთ-ერთი პირველი კანდიდატი რკინაა. დღეს ის მეტალებს შორის ყველაზე მეტი იწარმოება. მისი რეგენერაციის ტექნოლოგიაც უფრო დახვეწილი და იაფია, ვიდრე სხვა მეტალებთან. ტექნოლოგიის ავტორები გვპირდებიან, რომ მალე პროტოტიპული დანადგარის აგებასაც შეძლებენ.

რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ ჩემთვის ყველაზე მეტად სწორედ სამეცნიერო თვალსაზრისით არის საინტერესო. ალბათ გახსოვთ: „ადამიანს რა ჭირი გააფრენს ცაში, მაგრამ მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია!“

სკოლა, სადაც სწავლობთ და ასწავლით  

0

 

ახალგაზრდა პედაგოგის სამსახურში აყვანა იდეალური გადაწყვეტილებაა მრავალი სასკოლო პრობლემის მოსაგვარებლად.  სკოლის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა პედაგოგს შესაძლოა სპეციალურად გადააბაროს სუსტი ან მეამბოხე კლასი, რათა შემდგომში  განტევების ვაცად აქციოს. სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომ ახალგაზრდა მასწავლებელმა, ვიდრე პროფესიული პრობლემების გადაწყვეტას აუღებს ალღოს, უნდა იცოდეს, რომ:

 

1.თქვენ შეიძლება სუსტი კლასი მოგაბარონ

 

ასეთ კლასში ხშირია თვითშეფასების და დისციპლინის პრობლემა. ახალბედას უჭირს მუშაობა, მაგრამ ასეთ სტრესულ გარემოში ის ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენს და სამომავლოდ ნაკლებად უშინდება პრობლემებს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: აგრძნობინეთ მოწაფეებს, რომ ისინი სხვებზე უარესი არ არიან. უნდა გაუქროთ მათ მსხვერპლის ფსიქოლოგია. არცერთ შემთხვევაში არ დაუწეროთ ძალიან დაბალი ქულები; არ მისცეთ აუარებელი საშინაო დავალება, უმკაცრესი შენიშვნები. ტიპური ბოროტი მასწავლებლის დაღი არ უნდა დაისვათ. ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს მათთან ერთად მუშაობა, დაუახლოვდით, ემეგობრეთ, რათა მათ საკუთარი თავის დაიჯერონ. ჩვეულებრივ, სუსტი კლასი მეგობრულია და ჯგუფურ სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს.

 

  1. მოსწავლეები დიდხანს გამოგცდიან

 

ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას, რომ არ გახდეთ დაცინვის ობიექტი. არ იცრუოთ, ამას ბავშვები არ პატიობენ. უცოდინარობა კი თქვენს ავტორიტეტს ძალიან დააზარალებს, ამიტომ მოემზადეთ გაკვეთილისთვის.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: სახლიდან გამოსვლამდე და თითოეული გაკვეთილის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ თავი, როგორ გამოიყურებით სარკეში. არსებობს უამრავი რეალური ისტორია იმის შესახებ, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე კაბის გარეშე მივიდა და ეს გვიან შენიშნა.

 

ჩაიცვით აკურატულად, ელეგანტურად, მოხერხებულად. ბავშვები ყველა წვრილმანს აფიქსირებენ. სამოსზე შემთხვევით მიკრულმა ძაფის ნაგლეჯმა შეიძლება მთელი კლასის ყურადღება გაფანტოს და გაკვეთილი ჩაშალოს. თუ SOS სიტუაციაში აღმოჩნდით, ეცადეთ მდგომარეობა იუმორით გამოასწოროთ, მაგრამ ხუმრობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი, სწრაფად გადადით საქმეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ტრაგედია კომედიად იქევა.

 

იყავით გულმოდგინე. ყოველთვის მოემზადეთ გაკვეთილისთვის. თუ დრო არ გაქვთ, არ იფიქროთ, რომ ბავშვები ამას ვერ შეამჩნევენ. თუ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გულწრფელად უთხარით ამის შესახებ.

 

უმჯობესია, აღიაროთ და არ დააიგნოროთ დაშვებული შეცდომა. მოსწავლეები ადვილად პატიობენ უცოდინარობას, მაგრამ უფროსის მიერ ნათქვამი ტყუილი კარგა ხანს ახსოვთ. მატყუარა მასწავლებელს პატივს არ სცემენ. მოსწავლეებს მოსწონთ მკაცრი და ჭკვიანი პედაგოგი, ვიდრე ის, ვინც ყოველ ჯერზე მაგიდის ქვეშ გუგლით ეძებს პასუხებს.

 

  1. დატესტვა სტრესზე

 

რამდენს უძლებს თქვენი ნერვები? ეს თქვენ იცით და ალბათ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბავშვები ბევრად უფრო ამტანები არიან, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მათ უნდა მისცეთ საშუალება ამოგიცნონ. დაინახონ, რა ხასიათი გაქვთ, რაზე ბრაზობთ, რა გახარებთ.  მათთვის მოსაწყენია ერთფეროვანი მასწავლებლების საათობით მოსმენა და ყურება. მათ უნდათ დაგინახონ ნიღბის გარეშე, მიიღონ თქვენგან ნამდვილი ემოციები.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: ყოველთვის ის იყავით, რაც სინამდვილეში ხართ. თუ ცუდი დღე გაქვთ, განაცხადეთ ამის შესახებ და პირიქით – არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობის გაზიარება. ბავშვებს შეუძლიათ და უყვართ კიდეც განცდების გაზიარება. ნიღბიან ადამიანებს კი არ წყალობენ.

 

  1. მოსწავლეები არ ასრულებენ საშინაო დავალებას

 

საოცარი, არა? თქვენ ცდილობთ მათთვის რაღაცის გაკეთებას, ისინი კი ამას არ აფასებენ. აღიარებენ, რომ საუკეთესო მასწავლებელი ხართ, მაგრამ თქვენი საგანი არ აინტერესებთ. თქვენ მათთვის არაჩვეულებრივ გაკვეთილს გეგმავთ, ისინი კი საშინაო დავალებას არ ასრულებენ ან მოუმზადებელი მოდიან და რაღაცებს იმიზეზებენ.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: არასოდეს იწუწუნოთ. არ თქვათ, რომ თქვენი მოლოდინი არ გამართლდა ან თქვენ ამდენი ენერგია დახარჯეთ, მათ კი დაგაღალატეს. თუ რამე არ გამოგივიდათ, პრობლემის გადაჭრის სხვა გზები ეძიეთ.

არ დაივიწყოთ, რომ პედაგოგი ხართ და არა მათი ბოსი. ბავშვებს არ აქვთ თქვენი ვალი. ბავშვები საკუთარ თავისთვის სწავლობენ და არა იმისათვის, რომ გასიამოვნონ. თქვენ შეიძლება მათ პირადად ძალიან მოსწონდეთ, მაგრამ არ მოსწონდეს თქვენი საგანი. იქნებ მომავალი ქიმიკოსები არიან და არა ლიტერატორები, ან – პირიქით. თქვენ ეს არ იცით.

 

ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა ვერ მოემზადნენ იმის გამო, რომ გუშინ ექსკურსია ან რეპეტიცია ჰქონდათ ან გეოგრაფიაში მძიმე საკონტროლოსთვის ემზადებოდნენ, რომლის მასწავლებელიც, თქვენგან განსხვავებით, არაფერს აპატიებს.

 

შეცვალეთ სწავლების სტრატეგია. თქვენ ფეხბურთის მწვრთნელივით უნდა იყოთ – უნდა ჰქონდეთ სათადარიგო სკამი, რამდენიმე ვარიანტი იმისა, თუ როგორ უნდა მოიგოთ ან ფრედ მაინც დაამთავროთ თამაში, რომელშიც თქვენი გუნდია ჩართული.

 

  1. აუცილებელია დისტანცია

 

„რა მაგარია ახალგაზრდა მასწავლებელი! მოდი, დავუმეგობრდები!“ – რომელიმე მოსწავლე ამას აუცილებლად გაიფიქრებს ან ხმამაღლა იტყვის. რომელიღაც მოსწავლე სკოლის დერეფანში ზრდასრულივით მისალმების დროს თქვენთვის ხელის ჩამორთმევას მოინდომებს; რომელიღაც სიყვარულით მოგეხვევათ; რომელიღაც თქვენთან ერთად გასეირნებას მოინდომებს…

 

მოსწავლეები ხშირად უტოლებენ თავს ახალგაზრდა მასწავლებელს, მათთან უფრო თავისუფლად იქცევიან და ზღვრის შეგრძნებას კარგავენ. ახალგაზრდა მასწავლებელსაც შესაძლოა ესიმპათიურებოდეს ვინმე და ზოგჯერ ახლობლურ დამოკიდებულებაზე უარის თქმა გაუჭირდეს, რადგან ახალგაზრდებთან მეგობრობა ყოველთვის საინტერესოა, ყოველთვის გავსებს ახალი ენერგიითა და სიხალისით.

 

მაგრამ ეს სკოლაა. თქვენ მასწავლებელი ხართ, რიგითი პედაგოგი, რომელმაც არ უნდა დაკარგოს დისტანციის შეგრძნება.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია. არსებობს გარკვეული საზღვარი, რომელსაც მასწავლებელი თავად აყალიბებს – რა არის დაშვებული და დაუშვებელი, რისი გაკეთებაა ნებადართული მხოლოდ გარკვეულ პირობებში. თუმცა, არსებობს პრინციპები, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს. მაგალითად, ნუ გადახვალთ მოსწავლეებთან „შენობით“ ურთიერთობაზე, არ დარჩეთ მასთან მარტო დახურულ კაბინეტში, არ ისეირნოთ მოსწავლესთან ერთად კლასის დამრიგებლის ან მშობლების გაფრთხილების გარეშე, მაქსიმუმადე შეამცირეთ მათთან ფიზიკური კონტაქტი, მკაცრად გააკონტროლეთ თქვენი ლექსიკა: დაუშვებელია უხამსი, უცენზურო სიტყვების ხმარება და სხვ.

 

რა თქმა უნდა, ასეთი ჩამონათვალი უფრო დიდია და ამით არ იწურება, მაგრამ ეს მთავარი პრინციპებია.

 

საერთოდ, ეთიკური საკითხები სკოლის განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და მტკივნეული თემაა. სექსიზმი, შოვინიზმი, ნარკოტიკები, სექსი, პოლიტიკა – ეს ყველაფერი სასაუბროდ ერთდროულად ძალიან მნიშვნელოვანიც არის და საფრთხილოც. ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული, იცოდეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ჩვენ არ გვისწავლია წყაროებთან მუშაობა. რა, როგორ და როდის უნდა ითქვას, მასწავლებლის პასუხისმგებლობაა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა დეტალის გათვალისწინება. თითოეულ მასწავლებელს საკუთარი გამოცდილება აქვს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველაზე კარგად მაინც გულწრფელობა, ცოდნა და მოსწავლეების ინტერესებზე ფოკუსირება მუშაობს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...