კვირა, მაისი 4, 2025
4 მაისი, კვირა, 2025

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დროულად ამეტყველებაში

0

 

მშობლისთვის შვილის განვითარებაში მომხდარი მცირედი ცვლილებაც კი მნიშვნელოვანია, ხოლო პირველ სიტყვებს ის განსაკუთრებულ მოვლენად აღიქვამს და მოუთმენლად ელის, თუმცა ხშირად პროცესი ჭიანურდება და 2-2,5 წლის ბავშვი ერთ სიტყვასაც ვერ წარმოთქვამს გამართულად, რაც, ბუნებრივია უფროსების შეშფოთებას იწვევს.

ბავშვებში მეტყველების განვითარების პრობლემა ჩვენს დროში აქტუალურია როგორც არასდროს. სულ უფრო ხშირად გვხვდებიან პატარები მეტყველების განვითარების შეფერხებით და ამა თუ იმ დარღვევით. დღეს უკვე ვეღარავის გავაკვირვებთ იმით, რომ სამი წლის ბავშვი თითქმის არ ლაპარაკობს, ან ლაპარაკობს, მაგრამ მისი მხოლოდ დედას ესმის. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, ავტეხოთ განგაში და სპეციალისტებს მივმართოთ დახმარებისთვის თუ დაველოდოთ? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, სასურველია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების დარღვევა სერიოზული, თუმცაღა გამოსწორებადი დეფექტია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. აღნიშნული საკითხი ცალკე განხილვას იმსახურებს და მას სხვა სტატიაში შევეხებით. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ბავშვის აღზრდისა და ცხოვრების პირობებთან. წინამდებარე სტატიაში სწორედ მეტყველების განუვითარებლობის, ჩამორჩენის საკითხსა და ბავშვის დროულად ამეტყველების ხელშემწყობ პირობებზე გვექნება საუბარი.

მეტყველების განვითარება საკმაოდ რთული პროცესია. სრულყოფილად ამეტყველებამდე ბავშვს განსაზღვრული ეტაპების გავლა უწევს. მშობელი, ბუნებრივია, მშვიდად ვერ იქნება, როდესაც ხედავს, რომ მეზობლის ერთი წლის პატარა უკვე ლაპარაკობს, მისი ორი წლის შვილი კი ორიოდე სიტყვას თუ წარმოთქვამს, ისიც – გაჭირვებით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ ბავშვს განვითარების პროცესში საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ასაკობრივ კანონზომიერებთან ერთად არც ინდივიდუალური თავისებურებები უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მრავლადაა შემთხვევა, როდესაც ბავშვი ორ წლამდე დუმს, სამი წლის ასაკში კი ეწევა და უსწრებს კიდეც განვითარებით მათ, ვინც ენა 10 თვის ასაკში ამოიდგა. ის ფაქტი, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს, ყოველთვის არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მეტყველება არ ვითარდება. შესაძლოა, ამ დროს ის სიტყვას პასიურად ეუფლებოდეს (მეტყველების გაგება), აქტიური დაუფლება (ლაპარაკი) კი გვიან დაიწყოს. ასეთი ბავშვების მშობლები გაოცებით აღნიშნავენ, რომ მათ შვილს ყველაფერი ესმის, მაგრამ ლაპარაკს არც კი ცდილობს. გადის რამდენიმე თვე და იგივე მშობლები სიხარულს ვერ მალავენ, რომ მათმა „მუნჯმა“ ერთბაშად ამოიდგა ენა.

ასე რომ, ნუ ინერვიულებთ – თუ პატარას ესმის მისკენ მიმართული მეტყველება და ჩვენც ყოველგვარ პირობას ვუქმნით ნორმალური განვითარებისათვის, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ალაპარაკდება. რამდენად ადრე ან გვიან მოხდება ეს, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, უპირველეს ყოვლისა – მშობლებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა უშლის ხელს ბავშვს დროულად ამეტყველებაში და როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარას ამ სირთულის დროულად და უმტკივნეულოდ გადალახვაში.

 

  • ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ მეტყველება მხოლოდ მეტყველებითი ურთიერთობის პროცესში შეიძლება განვითარდეს. ამდენად, მეტყველების განვითარებაში ჩამორჩენის პირველი და უმთავრესი მიზეზია ბავშვის არასაკმარისი ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან, უპირველეს ყოვლისა –მშობლებთან. ჩვენს დროში ბევრ მშობელს შვილებთან ხანგრძლივი ურთიერთობის არც დრო აქვს და არც სურვილი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა, თუ ის საგნებით, სათამაშოებით არ იქნა გაშუალებული, ბევრს ვერაფერს შემატებს მეტყველების განვითარებას. საჭიროა არა უბრალოდ ლაპარაკი ბავშვთან, არამედ თამაში და საუბარი თამაშის პროცესში. ასეთი საგნობრივი თანამშრომლობის დროს უფროსი ბავშვის წინაშე აყენებს სამეტყველო ამოცანას, რომელიც მოითხოვს მისი ქცევის მთლიანად გარდაქმნას. იმისთვის, რომ გაუგონ, მან უნდა წარმოთქვას განსაზღვრული სიტყვა გარშემო მყოფებზე გავლენის მოსახდენად. სამეტყველო ამოცანის არსი ის არის, რომ აღუძრას ბავშვს ამა თუ იმ სიტყვის აქტიური გამოყენების სურვილი. თავდაპირველად ბავშვს არავითარი მოთხოვნილება არ აქვს, წარმოთქვას ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელი სიტყვა. ასეთი მოთხოვნილება მას მხოლოდ უფროსთან ურთიერთობამ შეიძლება აღუძრას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი ყველაფერს, მათ შორის – ლაპარაკსაც, მიბაძვით სწავლობს, ამიტომ ჩვენი მეტყველება გასაგები უნდა იყოს მისთვის, თითოეული ბგერა მკაფიოდ, გარკვევით უნდა წარმოვთქვათ, გამოვიყენოთ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ბავშვისთვის გასაგებია. ამასთან, აუცილებელია, პატარასთან ჩვენს მეტყველებით ურთიერთობას ემოციებიც ახლდეს. ნუ დავივიწყებთ ღიმილის მნიშვნელობას, თვალებით კავშირს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ მეტყველების დაუფლების პროცესში ბავშვისთვის აუცილებელია მოლაპარაკე ადამიანის ყურება, მისი ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვება, რაც მოწმობს, რომ ბავშვს არა მხოლოდ ესმის, არამედ „ხედავს“ კიდეც საჭირო სიტყვას. პატარას უნდა ჰქონდეს დაკვირვების საშუალება იმის აღსაქმელად, როგორ წარმოითქმება ესა თუ ის ბგერა ან სიტყვა.
  • ბავშვის გვიან ამეტყველების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად მიიჩნევა ტელევიზორსა და კომპიუტერზე მიჯაჭვულობა. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ადამიანებთან ურთიერთობა ბევრისთვის კომპიუტერსა და ტელევიზორთან ურთიერთობამ ჩაანაცვლა. შესაძლოა, დაგებადოთ კითხვა: ბავშვს ხომ ტელევიზორიდანაც ესმის ლაპარაკი, რატომ არ შეიძლება, ეს ამეტყველებაში დაეხმაროს? საქმე ის არის, რომ ტელევიზორში მოსმენილი საუბარი ბავშვზე სათანადო ზემოქმედებას ვერ ახდენს. ბავშვი ვერ აღიქვამს მას როგორც პირადად მისკენ მიმართულს, არ არის ჩართული მის პრაქტიკულ აქტივობაში, ამიტომაც რჩება მხოლოდ ეკრანზე მოციმციმე მხედველობითი სტიმულების ფონად. დადასტურებულია, რომ ასეთ დროს პატარები ვერ გამოყოფენ ცალკეულ სიტყვებს, არ ესმით დიალოგები. საუკეთესო ტელეგადაცემებსაც კი არ შეუძლია მშობლების შვილთან ურთიერთობის ჩანაცვლება. მეტყველების დაუფლების პროცესში მყოფი ბავშვისთვის ნამდვილად არ არის სულერთი, ვინ და როგორ წარმოთქვამს სიტყვას. მეტყველებითი ურთიერთობის დროს მთავარია არა ინფორმაციის მიღება, არამედ რაღაც სხვა – თვალებში ყურება, დაინტერესებული მზერა, საპასუხო ღიმილი, ემოციური გამომხატველობა. ბავშვისთვის ამ ყველაფრის მიცემა მხოლოდ ახლობელ და ძვირფას ადამიანს შეუძლია.
  • ხშირად ბავშვის დაგვიანებით ამეტყველება იმის ბრალია, რომ გარშემო მყოფ უფროსებს მისი უსიტყვოდაც ესმით, მისი ყველა სურვილის ამოცნობას ახერხებენ და სათანადოდ რეაგირებენ. ამ შემთხვევაში ბავშვი მეტყველების არავითარ საჭიროებას არ განიცდის და არც რაიმე ძალისხმევას იჩენს ამის გასაკეთებლად. ასეთ გარემოში მოხვედრილი ზოგიერთი პატარა დიდხანს იყენებს უფროსისთვის ნაკლებად გასაგებ „ბავშვურ სიტყვებს“. კარგი იქნება, თუ ასეთ დროს ვაგრძნობინებთ, რომ არ გვესმის მისი და ამით მივცემთ სიტყვების სწორად წარმოთქმის სურვილს ჩვენთან ურთიერთობის გასაგრძელებლად.
  • მეტყველების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მოტორული განვითარების არასათანადო დონე. რა უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს, მეტყველების განვითარება პირდაპირ კავშირშია მოტორულ, განსაკუთრებით კი – ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. პრაქტიკა მოწმობს, რომ თუ ეს უკანასკნელი შეესაბამება ასაკს, მეტყველების განვითარებაც ნორმის ფარგლებშია, მაგრამ თუ ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაში შეფერხება შეინიშნება, ჩამორჩება მეტყველების განვითარებაც. მეტყველების განვითარების დონის განსაზღვრისთვის შეიძლება ერთი წლის ბავშვს ვთხოვოთ, გვიჩვენოს ერთი თითი, შემდეგ – ორი ან სამი თითი („გააკეთე აი, ასე“, – ვეუბნებით პატარას და ვუჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოს). ბავშვები, რომლებიც ახერხებენ თითების იზოლირებულ მოძრაობას, „მოლაპარაკე“ ბავშვები არიან, მაგრამ თუ პატარას თითები დაჭიმული აქვს ან ყველას ერთად ხრის და შლის, მას აუცილებლად ექნება შეფერხება მეტყველების განვითარებაში. სანამ თითების მოძრაობა თავისუფალი არ გახდება, მეტყველების განვითარებაში წარმატებას არ უნდა ველოდეთ. თითების დიფერენცირებული მოძრაობის განვითარების კვალდაკვალ ბავშვი იწყებს პირველი სიტყვების წარმოთქმას. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების შესაბამისად ვითარდება მეტყველებაც. ამდენად, კარგი იქნება, თუ უკვე 6-7 თვიდან ჩავუტარებთ ბავშვს მტევნისა და თითების მასაჟს. სათამაშოების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომელიც პატარას საერთო განვითარებას და კერძოდ ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარგია, მაგალითად მსხვილი ხის მძივი, ხის ასაწყობი პირამიდა. მოგვიანებით საჭიროა, ბავშვი ძერწვას და ფანქრებით ხატვასაც მივაჩვიოთ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თამაშის, ძერწვისა და ხატვის პროცესში პატარას უფროსი გვერდით ყოფნა და მასთან მეტყველებითი ურთიერთობა სჭირდება.

ამრიგად, მეტყველების განვითარების შემაფერხებელი არაერთი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მისი დროული და ნორმალური განვითარებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ბავშვისა და მოზრდილის შინაარსიანი ურთიერთობა. თუმცა ხდება ისეც, რომ მშობლების ძალისხმევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ და ბავშვი 3 წლის შემდეგაც აგრძელებს დუმილს, გაურბის მეტყველებით ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ჯობს მივმართოთ სპეციალისტს: ლოგოპედს, ბავშვის ფსიქოლოგს, ნევროპათოლოგს. ნუ დავივიწყებთ, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, რომ მასში აისახება ბავშვის ყველა მიღწევა და პრობლემა.

რას ითხოვს ჩვენგან მუსიკის გაკვეთილები (II ნაწილი)  

0

როდესაც ბავშვს მუსიკალურ საკრავზე დაკვრის შესწავლა არ სურს, მთავარი მიზეზი, წესისამებრ, უფროსების მხრივ ყურადღების ნაკლებობაა.

იმისთვის, რომ ბავშვს თავიდანვე არ ჩამოუყალიბდეს ან შემდგომ გაუქრეს სწავლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ასაკობრივი თავისებურებები და, ამასთან, ბავშვის შინაგან მდგომარეობაში გაერკვიონ.

სწავლის პროცესში ბავშვი რამდენიმე ასაკობრივ საფეხურს გაივლის:

* სკოლამდელი ასაკი (5-დან 7 წლამდე);

* უმცროსი სასკოლო ასაკი (7-დან 10 წლამდე);

* საშუალო სასკოლო ასაკი (11-დან 14 წლამდე).

 

სკოლამდელი ასაკი

 

როგორც ვიცით, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია, ამიტომ განმავითარებელი მეცადინეობები სწორედ თამაშს უნდა ეფუძნებოდეს.

ამ შემთხვევაში ბავშვი სიამოვნებით იმეცადინებს, რადგან თამაშით სწავლა მისთვის საინტერესოა და დადებით ემოციებსაც აღუძრავს. თამაშის გარეშე თუ შევთავაზეთ მეცადინეობა, უარყოფითად განეწყობა, ვინაიდან:

  • ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების დიდხანს დაძაბვა.
  • მიუხედავად ცნობისმოყვარეობისა და სიახლეების ათვისების კარგი უნარისა, კონცენტრირების უნარის ნაკლებობის გამო ახსნილი მალე ავიწყდებათ.

 

ბავშვისთვის, რომელმაც უკვე მრავალი სახის თამაში იცის, საინტერესო იქნება მუსიკის მასწავლებლის როლი, როდესაც თოჯინას აჩვენებს, როგორ დააჭიროს თითი კლავიშს, როგორ დაუკრას და როგორ იმღეროს. მიეცით დღიურიც, რომელშიც თოჯინას ნიშნებს დაუწერს. როლური თამაშის დროს ბავშვი თავს დიდ ადამიანად გრძნობს და თოჯინას ისე ეპყრობა, როგორც მასწავლებელი – მოსწავლეს. ეს თამაში მუსიკის გაკვეთილებს გაახალისებს.

 

უმცროსი სასკოლო ასაკი

 

როგორც ვიცით, ადამიანის განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლება სტაბილური და კრიზისული პერიოდები. ერთ-ერთი კრიზისული პერიოდი 7 წლის ასაკს ემთხვევა, სწორედ იმ დროს, როდესაც ბავშვი სწავლას იწყებს. კრიზისი შესაძლოა გამოიხატოს მკვეთრი ცვლილების – თამაშის ნაცვლად მეცადინეობის – მიუღებლობით.

ბავშვმა, რომელიც მუსიკის სწავლის დაწყებამდე დარწმუნებული იყო საგნის სიმარტივეში, შესაძლოა ძლიერი იმედგაცრუება განიცადოს. გასართობად განწყობილმა, თავი შებოჭილად იგრძნოს.

საშინაო დავალებების შესრულებისას სირთულეები და დაბალი შეფასებები ბავშვს ყოველთვის უარყოფითად განაწყობს შესასწავლი საგნის მიმართ.

როდესაც ბავშვი აცხადებს, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა არ სურს, ნუ აიძულებთ. ნაცვლად ამისა, მიზეზის დადგენა სცადეთ და სასურველი შედეგის მისაღწევად გამოსავალი ეძებეთ.

ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა დავალების მასშტაბურობა იყოს. ამ შემთხვევაში დავალება უნდა დანაწევრდეს და ნაწილ-ნაწილ, შესვენებებით მომზადდეს: დღეს მხოლოდ მარჯვენა ხელის პარტიას შეისწავლოს, მეორე დღეს – მარცხენა ხელისა… ასე შესაძლოა, მეცადინეობა ბავშვის საყვარელ საქმიანობადაც კი იქცეს. განწყობაც გამოუკეთდება და მშვიდად გააგრძელებს სწავლას.

ამ რთულ პერიოდში მშობლების ამოცანა არა ძალდატანება, არამედ დახმარებაა. ვეცადოთ, ვასწავლოთ ბავშვს სირთულეების გადალახვა და გავიხსენოთ, რომ ჩვენც იმის კეთება გვიყვარს, რაც კარგად გამოგვდის.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სწრაფად ელის დადებით შედეგს. დავეხმაროთ, რომ თავისი შრომის შედეგი დაინახოს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ უმცროსი ასაკის მოსწავლისთვის მაღალი შეფასება ერთ-ერთი უძლიერესი მოტივაციაა.

სკოლის შემდეგ მშობელმა ბავშვის განტვირთვასა და გახალისებაზე უნდა იზრუნოს. შეცდომაა, როდესაც სკოლის შემდეგ შინისკენ მივიჩქარით და გადაღლილ ბავშვს საშინაო დავალებების შესასრულებლად ვსვამთ. შეუსვენებლად მეცადინეობა ბავშვს სწავლას ვერ შეაყვარებს. გარდა ამისა, პატარა მოსწავლეს დღეში 2-3 საინტერესო გასართობი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ საშინაო დავალებები უფრო ხალისიანად შეასრულოს.

ბავშვი ენერგია და მოძრაობაა, ამიტომ ქვეცნობიერად ის მუდამ მოზღვავებული ენერგიის დახარჯვის საშუალებას ეძებს: გაკვეთილებს შორის, შესვენებებზე, დარბის, ხტუნავს და ა.შ. მუსიკაში მეცადინეობა, განსაკუთრებით – ფორტეპიანოზე დაკვრა, კი საკმაოდ სტატიკური საქმიანობაა და ბავშვს ენერგიის გაცემის საშუალებას არ აძლევს. სასარგებლო იქნება, თუ ბავშვი მოძრაობის მოთხოვნილებას სპორტით დაიკმაყოფილებს.

 

საშუალო სასკოლო ასაკი

 

მუსიკალური ნაწარმოებები თანდათან რთულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების პროცესიც უფრო და უფრო დატვირთული ხდება.

არსებობს ისეთი სუნთქვის შემკვრელი თავშესაქცევი, როგორიცაა კომპიუტერული თამაში ამაღელვებელი სიუჟეტით, ტელევიზია, ინტერნეტი – აქ ხომ, პრაქტიკულად, „ცხოვრებაა“ შესაძლებელი. 

თუ ამ დროისთვის მოსწავლის აზროვნებაში ჩანერგილი არ არის სასარგებლო საქმიანობა, არსებობს საფრთხე, ერთადერთი „სერიოზული გატაცება“ კომპიუტერი გახდეს.

ამ პერიოდში საშუალო სასკოლო ასაკის მოზარდს მეგობრების წრე უკვე შერჩეული ჰყავს და შეუძლია მათი ცხოვრების წესის შეფასებაც. ის გარემოცვის გაანალიზებას იწყებს და როცა ხედავს, რომ მისი მეგობრები სკოლის შემდეგ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ, კითხვა უჩნდება: ასეთივე ცხოვრებაში თავად მას რა უშლის ხელს? რატომ უნდა იმეცადინოს მუსიკა, რას მატებს? პიროვნულად ჩამოუყალიბებელი მოზარდი, რომელსაც საკუთარი თავისა და სხვათა მოქმედებების შეფასება უჭირს, შესაძლოა გზასაცდენილ ადამიანებს დაემსგავსოს. მაგრამ თუ მისი თანატოლებიც სწავლობენ მუსიკას, დამოკიდებულება თავადაც შეეცვლება და სწავლების პროცესიც უფრო მშვიდად წარიმართება.

 

11-12 წლის მოზარდი ჯერ კიდევ ფიზიკური და გონებრივი განვითარების პროცესშია, თუმცა უფრო გააზრებულად იწყებს საკუთარი წარმატების სხვისასთან შედარებას. თუ საკუთარი უპირატესობა დაინახა, ეს დადებით ემოციებს აღუძრავს და სწავლის სტიმულსაც მისცემს.

პალაციოს საოცრება

0

ავგუსტ პულმანის ისტორიის კითხვა მეტროში დავიწყე, ღამით, როცა მაგისტრატურის ლექციიდან ვბრუნდებოდი. სიმართლე ვთქვა, წიგნი დროის გასაყვანად გადავშალე და ვფიქრობდი, რომ სხვა დროს თავიდან წავიკითხავდი, იმ მომენტში კი მთავარი იყო ყურადღება გადამეტანა და დაღლილობა ნაკლებად შემეგრძნო, თუმცა პირველი რამდენიმე გვერდიდანვე მივხვდი, რომ ვცდებოდი.

ავგუსტ პულმანი, პატარა ბიჭია, რომელიც მეხუთეკლასამდე სკოლაში არ დადიოდა თავისი სახის გამო, რაც დაბადებიდან დაჰყვა. ჯანმრთელობის ხშირმა პრობლემებმა მას ხელი შეუშალა სხვა ბავშვების მსგავსი ყოველდღიურობა ჰქონოდა, თუმცა ოდესმე ეს ასე უნდა მომხდარიყო. ავგუსტი თვითონ აღწერს სკოლის პირველ დღეებს, დირექტორთან შეხვედრას, ოჯახურ ამბებს – როგორ  ეხმარებიან მშობლები. შემდეგ კი სკოლის პირველი დღეებია აღწერილი – უცხო ადამიანები, მასწავლებლები, თანატოლები, უფროსები. როგორ მიიღებენ ისინი ავგუსტს, რომელიც უცნაურად გამოიყურება; დასცინებენ, დაუმეგობრდებიან.

მოკლედ რომ თქვა, მე ამ წიგნის რეცენზიას არ ვწერ და ამიტომ ვწყვეტ მის შინაარსზე, ემოციურ მომენტებსა და სხვა ნიუანსებზე საუბარს. უბრალოდ, მისი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ვფიქრობ ჩვენს რეალობაში მცხოვრებ პატარა „ავგუსტებზე“.

რამდენიმე წლის წინ ბორჯომის ქუჩაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სკოლის მოსწავლეებს რომ ადგილობრივმა მცხოვრებებმა კარი შეუდუღეს, ეს ამბავი სულ მახსენდება. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ ბლოგში დავწერე კიდეც ამის შესახებ. მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც მოიხსნა მორალური პასუხისმგებლობა და უბრალოდ განაცხადა, რომ ყველაფერს შესაბამისი უწყებები მოიკვლევდნენ. როგორც იტყვიან, ხელები დაიბანა.

წლებია და ათწლეულები, მიუხედავად ერთეული ადამიანებისა და ორგანიზაციების ძალისხმევისა, ვერ ჩამოყალიბდა ჩვენთან ტოლერანტული გარემო. ჯანსაღი ხედვა და დამოკიდებულებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ადამიანებისადმი. არადა, ძალიან ბევრი ავგუსტ პულმანი ახლა სახლში ატარებს დროს, იმიტომ, რომ მეზობლები მასზე ჭორაობენ, გამვლელებს ეცოდებათ და სინანულის გამომხატველი სახით უღიმიან; მასწავლებლებმა ნაკლებად იციან – როგორ დაეხმარონ მათ. და სხედან ეს ძალიან კარგი ბავშვები სახლში, განათლების უფლებაწართმეულები, მათივე საზოგადოებისგან.

ჩვენ კი ისინი რატომღაც მხოლოდ წიგნებში მოგვწონს. სადაც არაფერი ემუქრებათ, სადაც არაა საჭირო კარის შედუღება, გამოკეტვა, დანარჩენებისგან გარიდება.

ვიცი, რომ ჩვენს ელჟურალს ძალიან ბევრი მშობელი კითხულობს. ვეცდები ნაკლებპათეტიკურად გამომივიდეს და ვეტყვი მათ, რომ იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ, სულ ვოცნებობ, რომ ბავშვობაში ავგუსტის მსგავსი ბავშვი ვყოფილიყავი. როგორი? – საოცრება!..

 

ორდღიანი არდადეგები

0

გადაიარა მცხუნვარე, ხანძრებიანმა ზაფხულმა. ვისთვის მხიარულმა და საინტერესომ, ვისთვის გაუსაძლისმა და „ჯერ ასეთი ცუდი არაფერი მქონია“-სტატუსიანმა. არცერთი სხვა სეზონი, მგონი, არაა ისეთი გამჭვირვალე, ისეთი მყიფე და ადვილად დასასათაურებელი, როგორც ზაფხული – ის მზის და პეპლების ფრთებით შემოდის სამყაროში და ამ ფრთებითვე აცლის მას მთელი წლის დაგროვილ მტვერს, ჩრდილს, ყოფის ნამცეცებს; ამჭვირვალებს ადამიანის თვალწინ ყველას და ყველაფერს და, აბა როგორ გინდა თვალი მოარიდო, რამე გამოგრჩეს, ან უსახელოდ დატოვო – დგას შენ წინ აბრეშუმის ნიავში და სიცოცხლეს გთავაზობს!

დავეხსენი ყოფის საგიჟეთებს ორი დღით და შევხსენი ჩემი ყველაზე გემრიელი ზაფხულის კარი. ჩემს მშობლიურ სოფელში ამოვყავი თავი, სადაც ბავშვობის ბედნიერი დღეები გავატარე, მთების და მდინარეების საიდუმლოებები შევიტყვე, უღალატო მეგობრები გავიჩინე, ყოველი წლის ახალ და ახალ საზაფხულო სიყვარულში გავიხარჯე… სადაც ის ვიცხოვრე, რასაც, იმ ყველაფრისგან ძალიან შორს მყოფი და გაუცხოებულიც, ცალი კუზიდან სინათლის რძედ დღემდე ვიცოხნი.

ზემო იმერეთი. საჩხერე. სოფელს ჭალა ჰქვია. საბა ამბობს, რომ ჭალა წყლისპირა, ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ სახელს ექვსი სოფელი ატარებს, ანუ ექვსი მდინარისპირა სოფელი.

მათგან ერთი, ყვირილას ნაპირებზე გაშენებული, ჩემი ჭალაა – დილით ლურჯი, შაბიამნისფერი, მზის ჩასვლისას შვინდივით შეფაკლული სოფელი.

ახლა, ეს ჩემი გულაჩუყება და მეტაფორები ვინმეს გააცინებს კიდეც – ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი საყვარელი სოფელი აქვს (ყველას თუ არა, ბევრს ხომ მაინც), ენაც ყველას თუ არა, ბევრს უჭრის. მაგრამ მე ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაზეც ის ჩემი გაცინებული მოპაექრეც თავს ჩაღუნავს და თავისი სოფლის ამბავი ჩააფიქრებს.

ჩავედი, ჩავქანდი გულგატიტვლებული. მართალია, არც ბებია-ბაბუა მყავს და აღარც სიბერეში სოფელში გადასაბარგებლად ჯერ კიდევ ჩემს გაჩენამდე მზადმყოფი მამა, ანუ ვინმე, იქაური, მკვიდრი გამომგებებელი, მაგრამ მათი სიყვარული ხომ ახლა ჩვენს დიდ სახლში, ეზოში, იმ მიდამოებში, იმ საყვარელ, ათასჯერ გადაჩხრეკილ და გადაკითხულ ადგილებში განზავდა, რომლისკენაც მივიჩქაროდი! თან, მახსოვს ძველი ზაფხულები, მდინარის პირი და უთვალავი ხალხი – დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად, მანქანებით, უმანქანოდ, ძაღლით, ცხენით ჩამოსული და ჩამოთხლეშილი ნესტიანი ხვატისგან მდინარეში გასაგრილებლად; მახსოვს ის გაუთავებელი ზუზუნი, მდინარიდან რომ ამოჰქონდა საღამოობით ნიავს – იმ ხალხის, დამსვენებლების თუ ადგილობრივების თავშეუკავებელი მხიარულება და უწყინარი ღრიანცელი, ყველაზე მეტად სწორედ ზაფხულს რომ უხდება და მეტიც, აბა ზაფხული და  სოფელი რა არის უამღრიანცელოდ!

ჩავფრინდი ჩემს სოფელზე ფიქრით თავგამოტენილი. გზაში მაღალ ნიშანზე დაგეშილი ბავშვივით გონებაში სულ სხაპასხუპით გადავიმეორე მისი ისტორია. რა ვიცი რისთვის, არც არაფრისთვის, ჩემთვის ალბათ, იმ სიძვირფასის განცდა რომ გამეძლიერებინა, რომლითაც იმ ჩემსას, ჩემს კუთხეს, მიწას, ჰაერს ვეკუთვნი, ან ის მეკუთვნის, ვინ გამიჯნა ან ვინ იანგარიშა ჩემი-შენი წილი…

ჭალის აუზში პალეოლითის დროიდან ისმის ადამიანის ხმა. ამას მოწმობს არა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების, არამედ, ჩვეულებრივი სამეურნეო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნივთები, წერილობითი წყაროები. სწორედ ისინი გვიამბობენ იმაზეც, რომ აქაურ მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა შავი ზღვის სანაპიროზე მოსახლე ბერძნულ კოლონიებთან. მე-8 საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე აფხაზთა მეფის ხელისუფლება ვრცელდებოდა, თამარ მეფის დროს კი რაჭის საერისთავოს დაექვემდებარა. აღმოსავლეთ საქართველოსთან სიახლოვის გამო, ქართველი მეფეები ამ მხარეს სატრანზიტო გზად იყენებდნენ და ჯარითაც ხშირად ჩერდებოდნენ. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელმა სწორედ ამ გზით გადაიყვანა აღმოსავლეთში ყივჩაღები.

ჭალის ისტორია აბაშიძეების გვარის გარეშე ნაკლულია. ამ გვარმა დიდი ღვაწლი გასწია ამ სოფლის კეთილშობილებისათვის. რამდენი დიდებული ამბავი, დიდებული სტუმარი უკავშირდება ჭალის აბაშიძეებს და მათ დახვეწილ, არისტოკრატ, განათლებულ ოჯახობას! იოანე ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ გვარის პირველი მკვიდრნი აბაშიდან, ანუ სამეგრელოდან მოვიდნენ, მათი სათავადო კი იმერეთში ჩამოყალიბდა.

იყვნენ ასეთი აბაშიძეები – ანტონი და ქეთინო, რომლებთანაც სტუმრობა ჰყვარებიათ მარჯორი და ოლივერ უორდროპებს. ქეთინო აბაშიძის სახლის ხშირი სტუმარი იყო ასევე აკაკი წერეთელიც, რომლის ნაჩუქარი ვერცხლის კოვზი ქეთინომ სხვიტორის მუზეუმს გადასცა. მისსავე ეზოშია გადაღებული კადრები ფილმიდან „სამანიშვილის დედინაცვალი“.

აბაშიძეებს მეფეებიც ხშირად სტუმრობდნენ – მაგალითად, იოველ აბაშიძის სახლის ხშირი სტუმარი იყო სოლომონ II.  ამ ოჯახში ყოფილა ციხე, რომლის შიგნით იყო სათავსოები, ალყის შემთხვევაში შეხიზნულ მოსახლეობას რომ თავი გაეტანა, მათ შორის, 365-ფუთიანი ჭური და ციხის ერთი კედელი დღესაც შემორჩენილია.

და არის კიდევ ერთი სახლი ჭალაში,  სილამაზით და  წარსულით გამორჩეული, სადაც, არც მეტი არც ნაკლები, რამდენიმე ხნით  უცხოვრია ინგლისელ მეცენატს ჩემბერსს. როდესაც ღენტორ აბაშიძე გარდაიცვალა, ჩემბერსმა დიდი პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად სპეციალურად დაამზადებინა იტალიაში ანგელოზის თეთრი მარმარილოს ქანდაკება მისი საფლავისთვის. ამ ქანდაკების ნახვა დღესაც შეგიძლიათ აბაშიძეების საგვარეულო სასაფლაოზე.  ქანდაკებას თან სდევს წარწერა, რომლის ავტორი ღენტორ აბაშიძის ოჯახის ნათლია – აკაკი წერეთელია.

რამდენი ხუროთმოძღვრების ძეგლია, ზოგი გაუქმებული, ზოგიც ახლადაღდგენილი, ზოგი, რესტავრაციის მოლოდინში – ჭალის ჩვილი მთების კალთებზე ჩამწკრივებული!.. ვფურცლავ მათ ისტორიებს. აბა რა გასაკვირია, რომ მათ შორის ერთი, ჩემი სახლის თავზე, მთავარანგელოზის სახელობისა, ყველაზე მეტად რომ მიყვარს – 1990-იანი წლების მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა, ქვა ქვაზე არ დატოვა, ისევე, როგორც სხვა ეკლესია-მონასტრები საჩხერეში. ამაზე ამბობდნენ – ამ ტაძრებმა თავიანთ თავზე იტვირთეს სტიქიის საშინელებაო, ადამიანები დაიფარესო. გინდ ისე თქვით და გინდ ასე, ფაქტია, იმ საზარელი მიწისძვრის დროს ერთი კაციც არ დაღუპულა საჩხერეში. ტაძრები, ტაძრები დაინგრა…

ცოტა ხნის წინ აღადგინეს ჩემი საყვარელი პაწაწინა „მთავარანგელოზი“, როგორც ბებიაჩემი ეძახდა – ყოველ დილით მისკენ რომ აიხედავდა და პირჯვარს გადაიწერდა, მისთვის ყველაზე აუცილებელ შემთხვევებში კი, უჩუმრად გაიპარებოდა ძღვნით (მრგვლად მოხარშული ქათამი, ცხელი ხაჭაპურები, მისივე ხელით ჩამოქნილი სანთელი, ხელადით ღვინო). რას ითხოვდა მთავარანგელოზისგან შვილებით და შვილიშვილებით ბედნიერი ბებია, ან იქნებ არც არაფერს და მხოლოდ მადლობის სათქმელად მიცურავდა მზეში ალაპლაპებულ აღმართზე, ასე ჩანდა შორიდან მისი დინება…

კიდევ მახსოვს, რომ ერთ წელიწადს, უკვე ყელში რომ უჭერდა „პოსტპერესტროიკის“ ეპოქა ჩვენს მშობლებს და მათი ფორიაქი ჩვენზეც გადმოდიოდა, სოფელში არდადეგებზე ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი იქაური მეგობრები დიდ მაძიებლობაში ჩაკარგულიყვნენ. ყვირილას ზედა წელში, შენაკადის სათავეებთან ვიღაცას გიშრის მადანი აღმოეჩინა. მუჭებით ყრიაო, ქალაქში გავასინჯინეთ და ნაღდი გიშერიაო, კაი ძვირადაც იბარებენ და არიქა ავშენდებითო – დაძრულიყო მთელი საბავშვეთი გიშრის მოსაპოვებლად. ცხადია, ჩემი უხეირო უნარებით მაინც ავეკიდე და ვერაფრის პოვნის სიმწარეც ვიგემე. სამაგიეროდ, ჩემი ბიძაშვილების წყლისგან ფორმაშეცვლილ ხელისგულებზე აბრწყინებული გიშრის ნამცეცების ყურება რად ღირდა, წივილ-კივილით რომ გამოექანებოდნენ ხოლმე და ფარული ჯიბრით, მაგრამ მაინც ალალად და ბედნიერად მახარებდნენ ახალაღმოჩენილი განძის შესახებ!

სად წავიდა ის ჩვენი გიშრები.. ან ის ტყვიის ჯვრები, აფხაზეთის ომში ნაომარმა და  დევნილად ქცეულმა, ერთი ჩვენი მეზობლის ძმამ რომ ჩამოგვისხა ყველას, უბნის ბავშვებს. სათითაოდ, მთელი თვე თავი მაგით შეიქცია. ომის და მიტოვებული სახლის ბოღმას მაგით იქარვებდა ალბათ. გადაადნო რაც ტყვია ებადა, შეურია მგონი თუთიაში კიდევ და ჩამოგვიქნა უსწორმასწორო ჯვრები. ჩვენც ჩამოვიკონწიალეთ ყველამ და ვიცნობოდით იმ ზაფხულს ამ ნიშნით – ტყვიის ჯვრების რაინდებივით…

ცარიელი დამხვდა ჩემი უბნის გაჩერება, ადრე 6-7 კაცის გარეშე რომ არ იქნებოდა ეგ „ბირჟა“. ცარიელი და ჩუმი, უადამიანო იყო გზაც, ვიდრე სახლამდე ორღობეს მივუყვებოდი. ადრე ისიც – ბავშვების ჟრიამულიანი, ძროხებისგან აბღავლებული, ქათმებისგან აკრიახებული…

ჭალა მაღალმთიან სოფლად არ ითვლება, ზღვის დონიდან სულ რაღაც 560 მეტრზე მდებარეობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წესით და რიგით და იმ ბუნებრივი პირობების, გარემოს, პოტენციალის გათვალისწინებით, რაც სოფელს აქვს, დაცლისთვის ის არასოდეს უნდა გაიწიროს. აბა რისთვის ჰქვია „ჭალა“ – მარტო მდინარისპირა სავარგულებია იმდენი, რომ იმათი დამუშავებით, კულტურების ცვლით, მოსახლეობა შეძლებს თავი გაიტანოს, ზამთარი გადაატაროს. იქ კი, მდინარიან სოფელში, წყალი არა აქვთ სახლებამდე შეყვანილი, აბა რა ვიცი, ვისი უნიათობის – იქაური მთავრობის თუ თავად იქაურების – გამო!

ვისხედით იმ საღამოს მე და ჩემი ნათლიდედა, ჭალის სკოლის პედაგოგი, კეთილშობილი და განათლებული, ნანა ჭიტაძე და ვსაუბროდით სწორედ ამ სატკივარზე – რატომ დაიცალა ეს „სანაპირო“ სოფელი? რა ეშველება? რა მოაბრუნებს იმ ხალხს, იმ კაცებს, ვინც კაი ხნით, სარჩოს საშოვნელად სხვა ქვეყნებში ან დედაქალაქში გადაიხვეწნენ? ან იმ ბავშვებს რა პერსპექტივები აქვთ, ვინც ჭალაში, გნებავთ მთელ საჩხერეში იბადებიან? ვისაც ნანა მასწავლებელი მომავლის გეგმებზე ესაუბრება და ზრდის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ოცნება აიხდინოს. ეს ოცნებები კი, აღარც ამ ბავშვების სოფელში ეტევა, აღარც ამ კუთხეში…

ადრეო, ჭალაში რომ გავთხოვდი და ზამთარში სკოლაში წასასვლელად გავემზადებოდი, ყველაზე ადრე ვდგებოდიო, სკოლამდე მისასვლელ გზაზე ფეხდაუდგმელი თოვლი რომ შემხვედროდა, სხვების ნავალით არ ყოფილიყო გადაგლესილი და მენახა ბოლომდე ის თოვლიო, – მითხრა ნანა მასწავლებელმა, – ახლა კიდე, ისე გავივლი მთელ ამსიგრძე გზას, ხანდახან ერთი წყვილი ნაფეხური არსად შემხვდება. მივდივარ, მივკვალავ უღრან თოვლს და ვნატრობ, ვინმემ დამიძახოს, მომესალმოს, გამომელაპარაკოსო…

ჩემი სოფლის ანგელოზებო, აი მაგ ჩვილ მთებში რომ ხართ შეყუჟული ბებერ საყდრებში და სალოცავებში, ტყეებში და მდინარის წკირებში! თქვენგან მონაბერი ჰაერით არ იბრუნებდა გულს მთელი ამდენი უხსოვარი ხანი ეს კუთხე და ალაგი?! ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ, ყველაზე უხილავებს, ვისთვის ძნელად სარწმუნოებს, ვისთვის სულაც არარსებულებს, მე ხომ ვიცი, რომ ხართ – ამ სოფელში ჩადენილი ყველა სიკეთე და ნაცხოვრები სიყვარული – ეს თქვენ ხართ, თქვენი ხორცია ის იმდენი ნაბრძოლი და ნაწვალები სიცოცხლე, ამ სოფლის მიწაში რომ ჩაიკრიფა; თქვენი ფრთებია ის იმდენი ნალოცი და სულშებერილი ოცნება, ფიქრი, სული – ამ მთებისა და მინდვრების ნისლებმა რომ აიტანეს ზევით; ზევით, საიდანაც ბოლოს ყველაფერი სამყაროს თარგზე სწორდება… ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ – არ წაართვათ ჩემს სოფელს ადამიანი, არ გაწიწკნოთ როგორც დედისგან შვილი, არ მოატყუებინოთ თავი ადამიანს, რომ ის რაიმეა თავისი ფესვის, თავისი მიწის და ჰაერის გარეშე; არ დატოვოთ ეს სოფელი და მიეცით ისევ ადამიანებს ლურჯთვალა რწმენა საკუთარი თავისა და იმ ყველაფრისა, რაც მას, დაღლილსა და დაქანცულს, საკუთარ თავთან მარტომყოფს, ისევ ადამიანად აქცევს!..

ანბანისწინა ანაბანა, ანუ კითხვა ილუსტრაციებით

0

ბავშვის კითხვის პროცესით დაინტერესება არც თუ ისე ადვილი საქმეა. წიგნთან მიტყუების ყველაზე ეფექტურ გზას მასში მოთავსებული ილუსტრაციები წარმოადგენს. ხშირად წიგნის მხატვარი მის  ავტორზე არანაკლებ პოპულარული ხდება, რაც ილუსტრატორის კარგ მკითხველობაზე მეტყველებს და მას ნაწარმოების ერთგვარ თანაავტორად აქცევს.

 

დაწყებით საფეხურზე, ყველა ილუსტრირებულ წიგნებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ფერებისა და ფორმების ანაბანას ბავშვი ბევრად ადრე სწავლობს და ილუსტრაციების დახმარებით წიგნის შინაარსის ამოკითხვა შეუძლია. პირველ კლასში, კითხვის უნარის განვითარების პროცესში ამ ,,ანბანის“ გამოყენება აუცილებელიცაა (სიუჟეტური ილუსტრაციები, ნახატების აღწერა და სხვ.).

პირველად ჩემი ყურადღება ,,ჯუნგლების წიგნის“ ილუსტრაციებმა მიიქცია. მაშინ ერთი ციცქნა გოგო ვიყავი, კითხვა არ ვიცოდი, მწვანეყდიან, ფურცლებშეყვითლებულ წიგნს ადგილიდან ძლივს ვძრავდი და საათობით ვაკვირდებოდი პერსონაჟთა ცხოვრების ამსახველ თითოეულ კონტურს, რომელსაც ჩემთვის უცნობ სამყაროში გადავყავდი. მოგვიანებით, მაუგლის გულის ამაჩუყებელმა ისტორიამ ჩემზე არანაკლებ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მისი ილუსტრაციებით აღფრთოვანება მაინც ვერ დაჩრდილა.

,,ჯუნგლების წიგნის“ ავტორმა, რადიარდ კიპლინგმა არანაკლებ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ინგლისელი მწერალი ინდოეთში დაიბადა და იქ ბავშვობის უბედნიერესი ხანა გაატარა. სამშობლოში დაბრუნებიდან ათი წლის შემდეგ, მომავალი მწერალი ბედმა ისევ ინდოეთში მოახვედრა. სუსტი მხედველობის გამო, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული რადიარდი ,,სამოქალაქო და სამხედრო გაზეთის“ რედაქციაში, ბრიტანეთის ინდოეთის ქალაქ ლახორში ჟურნალისტად მოეწყო. რეპორტიორის სამუშაო მას ფიქრისა და ცხოვრებაზე დაკვირვების პროცესში ეხმარებოდა. ასე გადაიქცა რიგითი რეპორტიორი ინგლისის პირველ ნობელიანტ მწერლად. მაუგლის ისტორიამ მარტო რადიარდის კი არა, მისი წიგნის მხატვრის სახელიც უკვდავყო. შესაძლოა, არავის სცოდნოდა მწერლის მამის, ბომბეის ხელოვნების სკოლის პროფესორის – ჯონ ლოკვუდ კიპლინგის სახელი, მას რომ ,,ჯუნგლების წიგნის“ პირველი გამოცემის (1894 წ.) ილუსტრაციები არ შეექმნა.

 

ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად  ,,ვინი პუჰის“ ილუსტრატორსაც. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დათვის თავგადასავლების (1926-1928 წწ.) პირველი გამოცემის ილუსტრაციები ბრიტანელ მხატვარს, ერნსტ შეპარდს ეკუთვნის. ამას წინათ მისი ნამუშევრები – ,,სახლი ვინის ტყეში“ და ,,ვეფხვებს თაფლი არ უყვართ“ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე 50 და 32 ათას  დოლარად შეფასდა.

 

ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ამბები პირველად რუსულენოვანი (თავისუფალი) თარგმანიდან გადმოქართულებულ წიგნში ამოვიკითხე. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ თავგადასავლები მელოდა“. მიუხედავად თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზებისა (ითარგმნა შეკვეცილი ვერსიიდან), დღემდე ეს წიგნი ისევე მომწონს, როგორც ,,ვინი პუჰის“ მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმების (თედორე ხიტრუკი) რუსული ვერსია, ე. ლეონოვის შესანიშნავი გახმოვანებით. თუმცა წიგნის ორიგინალის ენაზე წაკითხვა რომ შემეძლოს, ალბათ მის უპირატესობაზე ისევე ვისაუბრებდი, როგორც შეპარდისეულ ილუსტრაციებზე, რომელთაც პირველწყაროს მომაჯადოებელი იერი დაჰკრავთ.

 

ვინი ა. მილნის შვილის, ქრისტოფერ რობინის სათამაშო დათუნა იყო და ის წიგნში თავის პატრონთან ერთად მოხვდა. პუჰის გამოსახულება ზემოხსენებულ წიგნზე ადრე, ა. მილნის 1924 წელს გამოცემული ლექსების კრებულში, სათამაშო დათვის შესახებ შეთხზული პოემის ილუსტრაციაში გამოჩნდა. მოგვიანებით კი მხატვარმა ის პუჰის შესახებ შეთხზული მოთხრობების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებში გამოიყენა. არც ქრისტოფერ რობინის სათამაშოს სახელი გახლავთ შემთხვევითი. ზოოპარკში სტუმრობისას, პატარა მილნიმ დათვის ბელი ვინი დაინახა, ძალიან მოეწონა და თავის სათამაშოს სახელი სწორედ ზემოაღნიშნული ბელის საპატივცემულოდ დაარქვა. ვარაუდობენ, რომ შეპარდის ილუსტრაციებზეც სწორედ ეს ბელია აღბეჭდილი. უკანასკნელი ცნობით, კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის საკუთრებაა.

 

წიგნში მოთხრობილი ამბავივით სათუთი და დაუვიწყარი ილუსტრაციებითაა გაფორმებული  ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ,,პატარა უფლისწული“. მათ შექმნაზე თავად წიგნის ავტორმა იზრუნა.

 

,,პატარა უფლისწული“ პირველად 1943 წელს, ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე გამოიცა, მწერლის სამშობლოში კი სამი წლის შემდეგ დაიბეჭდა. ეკზიუპერის ერთადერთმა ,,საბავშვო“ თხზულებამ მალე გაითქვა სახელი და ყველაზე ხშირად თარგმნილი ფრანგულენოვანი წიგნების სიის სათავეში მოექცა. არსებობს წიგნის ბრაილის შრიფტით შესრულებული ვერსიაც.

 

რაც შეეხება ფრანგი პილოტის მიერ შექმნილ ილუსტრაციებს, ისინი მხოლოდ თხზულების მხატვრულ გაფორმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ტექსტის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს და მწერლის სათქმელს (სატკივარს) ასაბუთებს. მაგალითად მოვიყვან მახრჩობელა გველის მუცელში მოთავსებული სპილოს ილუსტრაციას, რომელიც ყველას ქუდად ეჩვენება, ან პატარა უფლისწულისთვის დახატულ  ნასვრეტებიან ყუთს, რომელში ჩაძინებული ბატკნის დანახვაც მხოლოდ მწერლის ოქროსფერთმიან მეგობარს შეუძლია.

 

 

 

დღეს ქართული საგამომცემლო ბაზარი ნათარგმნი თუ ქართულენოვანი წიგნების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. განსაკუთრებით მომრავლდა საბავშვო ლიტერატურა, შესაბამისად, საქმე არც წიგნის ილუსტრატორებს ელევათ. წიგნის გაფორმების საქმემ ევოლუცია განიცადა. ზოგიერთი კრებული სამგანზომილებიანი და ხმოვანია, ზოგს სათამაშო მოჰყვება, ან სხვა გასართობი დეტალითაა აღჭურვილი, მაგრამ ერთი რამ მაინც უცვლელი რჩება – ილუსტრაციას საბავშვო ლიტერატურის სამყაროში დღესაც მთავარი ადგილი უჭირავს.

 

ქართულენოვანი საბავშვო წიგნების ფურცლებზე ბევრ საინტერესო ილუსტრატორს შეხვდებით. თავიანთი ჯადოსნური ამბების თანაზიარად ავტორები და გამომცემლები ყველაზე ხშირად ქართველ ფერმწერს, ნინო ჩაკვეტაძეს ირჩევენ.  გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებში, მწერლისა და მხატვრის ფანტაზიათა შერწყმის წყალობით,  ფურცლის დილეგში გამოკეტილი სიზმარ-ცხადი ცოცხლდება და მკითხველში ბავშვობისდროინდელ, გაცრეცილ მოგონებებში ჩაძირულ, მოპარულ მურაბასავით ტკბილ-მწარე შეგრძნებებს აღვიძებს. ყველაზე არაორდინალური ქართველი მეზღაპრის ნაამბობის გაცოცხლება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა, თუმცა მხატვარმა მაინც შეძლო მისი სამყაროს აღქმა და გამოსახვა. ბ-ნი გურამის თხზულებებისთვის  დამახასიათებელი სიკეთის შუქი მის ილუსტრაციებშიც ,,იკითხება“: „სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია, ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის“.

 

„პატარა ქალაქის ზღაპრებისთვის“ 90-მდე ნახატი შეიქმნა. ამ წიგნის გარდა, ნინო ჩაკვეტაძეს გაფორმებული აქვს: „ბერძნულ-რომაული მითები და ზღაპრები“, დ. ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“, ი. გოგებაშვილის „დედაენა“, ი. კარაფიატის ,,ციცინათელები”,  ზ. თვარაძის ,,მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“,  ა. კ. ვესტლის ,,დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, დ. ზურაბიშვილის ,,მოგზაურობა სიზმარეთში“ და სხვ. გასაკვირი არცაა, რომ ნინო ჩაკვეტაძეს საბავშვო წიგნების ილუსტრირებას ასე ხშირად ავალებენ, მას ხომ ბავშვობაში ყველაზე სწრაფმავალი ტრანსპორტის – სიკეთის შუქის დახმარებით გადაყავხარ.

ჩემი საკვების ფერადი ყუთი- რა გავატანოთ ბავშვებს სკოლაში?

0

უკვე დიდი ხანია გვპირდებიან, რომ მოსწავლეთა ჯანსაღ კვებას უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, რომ სკოლის ტერიტორიაზე გაზიანი სასმელებისა და ჩიპსების გაყიდვა აიკრძალება, რომ სკოლის ბუფეტები უფრო ჯანმრთელ და სასარგებლო საკვებს გაყიდიან.

თუმცა, როგორც ყველა სასარგებლო ინიციატივა, ჯანსაღი კვების თემის სისტემატიზაცია და კონკრეტული, საჭირო ქმედებები იგვიანებს. ამიტომ, ისევ მშობლებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარების ყველაზე აქტიური ფაზა გაუგებარი ფენოვანი ხაჭაპურების თუ უხარისხო სწრაფი  კვების პირობებში არ მიმდინარეობდეს.

რასაკვირველია, ძალიან რთული გამოწვევაა – საკვები უნდა იყოს მარტივი, გემრიელი, ჯანსაღი, სატარებლად ადვილი, არ სჭირდებოდეს გაცხელება, ცივიც გემრიელი იყოს, მოსწავლეს შეეძლოს ადვილად ჭამა.

ძირითადად ასეთი საკვები შეიძლება იყოს სენდვიჩების ან სალათების ტიპის, სასურველია, დესერტიც, ოღონდ ჯანმრთელი და რაციონალური.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს და მინიშნებას იმისთვის, რომ თქვენი შვილების ყოველდღიური წახემსება გემრიელი და მრავალფეროვანი იყოს, პროფესიონალის რჩევებსაც დავიხმარებ.

ილია ბენაშვილი გამოცდილი შეფმზარეულია, რჩევა მას ვკითხე.

პირველი, რაც სასკოლო კვებაზე ახსენდება ისაა, რომ საკვები, რომელიც ჩვენი შვილების ზურგჩანთებში დაიდებს ბინას, გზას, რამდენიმე გაკვეთილს, მგზავრობას უნდა უძლებდეს, ფორმას არ უნდა კარგავდეს და ისევ ისეთი მადისაღმძვრელი იყოს რამდენიმე საათის მერე, როგორც მომზადებისას.

მარტივი გამოსავალია სხვადასხვა სახის ვრეპი  – ლავაშში გადახვეული ომლეტი ბოსტნეულით, იმისათვის, რომ ვრეპი მშრალი არ იყოს, მაწვნის ან არაჟნის სოუსს ვიყენებთ, რომელსაც თქვენი შვილის გემოვნების მიხედვით, ცოტაოდენი პიტნით, სანელებლებით, ლიმნით შეაზავებთ. თუ მზა, ქარხნულ ლავაშს სიმინდის ფქვილის ტორტილათი ან თუნდაც წიწიბურის ან ბრინჯის ფქვილის თხელი ბლინით შეცვლით, ის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება. შეგიძლიათ ფრანგული კრეპებიც მოამზადოთ, რომელიც, რძისა და კვერცხის შემცველობის გამო კიდევ უფრო ნოყიერია, კრეპისთვის შიგთავსად ხორცის, ყველის, ხაჭოს, ჩაშუშული ბოსტნეულის,  ტკბილი კრემის თუ თაფლის გამოყენება შეგიძლიათ. ჩვენს „ლანჩბოქსში“ ანუ ხემსის ყუთში ადგილი ბოსტნეულის ან ხილის სალათისთვის, შინაური  ორცხობილისა თუ კექსისთვისაც მოინახება, არც თქვენი მომზადებული ლაზანიის ნაჭერი იქნება ზედმეტი, რომელსაც ხორცისა და ყველის ნაცვლად ფერად-ფერადი ბოსტნეულის რაგუთი მოამზადებთ.

ყველი, არავითარ შემთხვევაში არ დავივიწყოთ ყველი, ცილოვანი საკვები აუცილებელია სკოლის მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით რძის პროდუქტები – კალცის საბადო. აქვე სხვა რა უნდა გამახსენდეს, თუ არა ყველის მეგობარი – მჭადი, პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მჭადში მრავალი ისეთი პროდუქტის დამალვა შემიძლია, რაც ბავშვებს არ უყვართ, ცომს რძით ვზელ და ჭვიშტარს ვამზადებ, რომელსაც ყველთან ერთად ბლომად ხაჭოც აქვს.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხრაშუნა სტრუქტურის საკვები, ამიტომ თქვენს სალათებს შეგიძლიათ მზესუმზირა, გოგრის თესლი ან თხილი დაუმატოთ, ოღონდაც მცირე რაოდენობით.  თხილეული და მშრალი ხილი საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როდესაც ბავშვი ჭამას ვერ ასწრებს, ამ ფუნქციით გამორჩეული ქართული დესერტის – ჩურჩხელას მრავალსახეობის გამოყენება შეგიძლიათ.

სენდვიჩები? რასაკვირველია, გარეთ ნაყიდ საკვებს ჯობია თქვენი ხელით მომზადებული ბუტერბროდები და სენდვიჩები გაატანოთ შვილებს. მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ როგორც პურის სახეობა, ასევე შიგთავსი. შინგამომცხვარი პური საუკეთესო არჩევანია, მაგრამ ცხობის დრო ნაკლებად გვაქვს, ამიტომ აირჩიეთ ნაკლებსაფუარიანი პური სენდვიჩებისა თუ ბუტერბროდებისათვის. ხოლო ხორცის კოტლეტს ცოტაოდენი ყაბაყი, ჭარხალი, სტაფილო ან სხვა ბოსტნეული გაურიეთ.

გოგრა – ახლა ამ სასარგებლო პროდუქტის სეზონი იწყება – გოგრის ნამცხვარი თუ თაფლით შეზავებული მოხარშული გოგრის ერთი ნაჭერი შესანიშნავი წასახემსებელი იქნება მოსწავლეთათვის – სასარგებლო ნივთიერებათა თაიგული.

კიდევ, ძალიან ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ არჩევანს და ფანტაზიას თქვენ მოგანდობთ. მთავარია, რომ არ დავიზაროთ და ბავშვებს ყოველთვის გავატანოთ საკვები, საკვებთან ერთად ჩვენი მზრუნველობა და სიყვარული.

ჰო, ზოგჯერ  ერთი ულუფით მეტი ჩადეთ, იქნებ თქვენმა შვილმა რომელიმე კლასელსაც გაუნაწილოს?

 

 

ჩემი მოსწავლის მოგზაურობა 1924 წელს დამარცხებულ საქართველოში

0

1924 წლის აგვისტოს აჯანყება დამარცხდა. ამ აჯანყების დამარცხებასთან ერთად დამარცხდა საქართველოც.

უკვე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე იმ საინტერესო დაკვირვებების შესახებ, მე და ჩემი მოსწავლეები რომ წავაწყდებით ხოლმე კვლევით ესეებზე მუშაობის პროცესში. წელს ორი მოსწავლის ხელმძღვანელი ვარ. არცერთს არ ვასწავლი ქართულ ლიტერატურას (ამ ბავშვებს ჩემს მოსწავლეებს იმიტომ ვეძახი, რომ მათ ცოდნის თეორიას ვასწავლი). როგორც წესი, სანამ დასამუშავებელ თემას ავირჩევდეთ, ჯერ ვარკვევ, რომელი ავტორები, რა საკითხები, რომელი ჟანრი, პერიოდი იტაცებთ ბავშვებს. არ მინდა, რამე დავაძალო რომელიმეს, მირჩევნია, მათი ინტერესები მე გავითვალისწინო და არა – პირიქით. დაკვირვებული ვარ, რომ ბავშვებთან ერთად მეც ვიზრდები და ვვითარდები, იმდენ ახალს ვიგებ, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი მანამდე.

ლაშა კობაიძეს რომ შეხვედრა დავუნიშნე, ვთხოვე, ფურცელზე ჩამოეწერა საყვარელი ნაწარმოებები ქართული ლიტერატურიდან. გამიკვირდა და ცოტათი გავბრაზდი კიდეც, როცა, სიის ნაცვლად, ფურცელზე ერთადერთი სათაური, „ღვთაებრივი კომედია“ დამხვდა – ქართველი მწერლის ნაწარმოების ნაცვლად ლაშას დანტე ალიგიერის ნაწარმოების სათაური დაეწერა ფურცელზე… ლაშა არ გავაწბილე და უკან არ გავაბრუნე, თუმცა ერთი წამით კი გამიელვა თავში, ახლა ამ მატრაბაზს (მართლა ასე ვუწოდე) უარს ვეტყვი და აღარ ავიყვან-მეთქი, მაგრამ მაშინვე მოვერიე ჩემს თავს და ლაშას საუბარი გავუბი. საუბარში აღმოვაჩინე, რომ ლაშა იმაზე გონიერი და ნაკითხი იყო, მანამდე რომ მეგონა. გასაგები იყო, რატომაც მოსწონდა დანტე ალიგიერი და შევეკითხე, რას იტყვი, მოგზაურობაზე შექმნილი ნაწარმოები რომ ავირჩიოთ თემად, თუნდაც ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“-მეთქი. ეს შეთავაზება ჩემგან იმიტომ წამოვიდა, რომ მას ანტისაბჭოური ისტორიებიც აინტერესებდა. ამ რომანის შესახებ ლაშას არც სმენოდა (ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაც“ არ ჰქონდა ნანახი), ამიტომაც უსიხარულოდ დამთანხმდა, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, კვლევით ესეს თუ არ დაწერდა, დიპლომს ვერ აიღებდა. ლაშასთან ერთად მეც შევუდექი რომანის კითხვას. არ ვიცი, კარგ მეხსიერებას („ბორიაყი“ წლების წინ მქონდა წაკითხული) დავაბრალო თუ ინტუიციას, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩენა იყო, როცა ნაწარმოებში არაერთგზის იყო ნახსენები დანტე ალიგიერი და მისი მოგზაურობა საიქიოში. ახლა კი იმ დაკვირვების შესახებ მოგითხრობთ, რომანის კვლევისას რომ გავაკეთეთ. იმედია, თქვენც დაინტერესდებით და ჩვენსავით კმაყოფილი დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას კვლევითი ესე ჯერ არ გაგვიგზავნია შესაფასებლად, მიმაჩნია, რომ არასწორად არ ვიქცევი, როცა ჩვენს მიგნებებს წინსწრებით ვაქვეყნებ. სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე მკვლევრებიც ხომ თავიანთ მოსაზრებებს ჯერ სტატიებად აქვეყნებენ ხოლმე ჟურნალებში, მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვთ ნაშრომები. რჩევები და კრიტიკა ხომ არასოდესაა ზედმეტი.

1924 წლის აჯანყებაზე საბჭოთა პერიოდში რომ გაჭირდებოდა ნაწარმოების გამოქვეყნება, ავტორს, დაფასების ნაცვლად რომ დასჯიდნენ, ცხადია. ამიტომაც ოთარ ჩხეიძემ გამოსავალი მოძებნა და რომანი „ბორიაყი“ ისე ააგო, ნაკლებად მოედავებოდი მწერალს. რომანი შეთქმულთა დამარცხების შემდგომ პერიოდს ასახავს. ახალგაზრდა მუსიკოსი (ნიკუშა ჩაჩანიძე) ფოლკლორულ ექსპედიციას დაგეგმავს გორის რაიონის სოფლებში, მარშრუტის ულაზათო მონახაზს, ერთგვარ რუკას შეადგენს და, მიუხედავად მისი პროფესორის, კომპოზიტორ გიორგი ყანჩაველის გაფრთხილებისა, ცუდი დრო არისო, მაინც გაეშურება საშური საქმის (მივიწყებული ხალხური სიმღერების ჩაწერა) აღსასრულებლად. ეს ულაზათო რუკა აღმოჩნდება მტკიცებულება და ნიკუშას მასპინძელ ოჯახებს, არისტოკრატული გვარის წარმომადგენლებს, ააწიოკებენ, დააპატიმრებენ, შემდეგ კი სიკვდილითაც დასჯიან. მანამდე კი ახალგაზრდა მუსიკოსს 1924 წლის აჯანყებაში დამარცხებული შეთქმულები, უკვე სასოწარკვეთილი გვარიშვილები, მხსნელად, თბილისიდან მოვლენილ შიკრიკად მიიჩნევენ. ამ გაუგებრობის გამო ნიკუშა უხერხულ სიტუაციაშია და მუდმივი თავის მართლების რეჟიმში იმყოფება. გმირად მიჩნეული ახალგაზრდა კომპოზიტორი ცრუგმირი აღმოჩნდება. მისი სტუმრობის ბრალი გახდება რამდენიმე ოჯახის – ხეთერელების, კათარელების, იტრიელების, არჯევნელების და კიდევ ცალკეული ადამიანების – პეტრე ვარაზნელის, გიგა მაბკურელის, ლეკო თათაშელის – ამოწყვეტა. თუმცა ეს ერთი შეხედვით. ნიკუშა ჩაჩანიძე ერთი შეხედვითაა დამნაშავე. სინამდვილეში ნიკუშა ჩაჩანიძე უდანაშაულოა, რადგან მისი მასპინძლები ისედაც განწირულები არიან.

გავიხსენოთ ერთი ამონარიდი საქართველოს კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სიტყვიდან: „ჩვენთან საქართველოში, ექვსი პროცენტი იყო თავადაზნაურობაო, …და უნდა გაუწყოთო, საზეიმოდ უნდა გაუწყოთ: უკვე ერთ პროცენტზე დავიყვანეთ, ერთზე, ერთადერთზე, და შემდეგ სხდომაზე ბედნიერება მექნება მოგახსენოთ: ნოლი იქნებაო” (https://maiajaliashvili.blogspot.com/2011/03/blog-post.html). ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ახალმა მთავრობამ მიზანში ამოიღო კონკრეტული გვარის ადამიანები. აწი მათ აღარავინ დაინდობდა. სწორედ იმიტომ რომ ახალგაზრდა მუსიკოსის მასპინძლებმა შესანიშნავად უწყიან ეს, იციან, რომ მათზე ნადირობაა გამოცხადებული ახალი რეჟიმის მხრიდან, ისინი ცოტა პირქუშად ხვდებიან სტუმარს, თითქოს დავიწყებული აქვთ სტუმარ-მასპინძლობის უკვდავი წესები. ისინი უკვე ისეთ ალყაში მოუქცევიათ მონადირეებს – პარტიის ერთგულ ფინიებს – რომ ალყიდან თავის დაღწევის არანაირი გზა არ არსებობს. ამიტომაცაა სრულიად უდანაშაულო ნიკუშა ჩაჩანიძე, მისი რუკა მხოლოდდამხოლოდ საბაბია: არ იქნებოდა რუკა, იქნებოდა სხვა საბაბი. ის კი არა, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ თავადაზნაურობა უკვე შეგუებია ხვედრს, მზადაა სიკვდილისთვის და გამოემშვიდობა კიდეც სიცოცხლეს. ისინი ამ სამყაროს კი არა, უკვე იმ სამყაროს ბინადრები არიან.

თუკი ნაწარმოების წაკითხვისას ამ მოსაზრებას მივიჩნევთ ამოსავლად და მას ამ პერსპექტივიდან წავიკითხავთ, მაშინ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობა გორის რაიონის სოფლებში დაკარგავს გეოგრაფიულ საზღვრებს და ეს მოგზაურობა კატაბასისად იქცევა. კატაბასისი ბერძნული სიტყვაა და ის, პირველადი მნიშვნელობით, ქვეყნის შიგნიდან ზღვისკენ მგზავრობას აღნიშნავს, თუმცა ამ სიტყვის მეორეული მნიშვნელობა ცოცხალი ადამიანის (მითოლოგიური პერსონაჟის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირის) საიქიოში გამგზავრებაა. ტექსტებს კი, რომლებიც კატაბასისს აღწერენ, კატაბატიკური ჰქვიათ (მაგ. მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების ოდისევსის ან ენეასის ვიზიტი მიცვალებულებთან, მითოლოგიური პერსონაჟების ჰერაკლეს, ორფევსის სტუმრობა ჰადესში, დანტეს მიერ საიქიოს მონახულება). ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟის მოგზაურობა ცნობილ კატაბასისებს არ წააგავს, რადგან იქ პერსონაჟებს კონკრეტული  მისია აქვთ (გარდაცვლილის მონახულება სხვადასხვა მიზნით. მაგ. გარდაცვლილის გამოყვანა საიქიოდან, წარუმატებელი მოგზაურობა, მაგრამ მაინც მოგზაურობა.  არცერთი გარდაცვლილი არ დაბრუნებულა ამ სამყაროში; მომავლის გაგება). თუმცა ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟის მოგზაურობა კატაბასისიცაა მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ელემენტებით. როგორ უნდა მოხვდეს პერსონაჟი ირეალურ სამყაროში? ყველა სხვადასხვაგვარად ახერხებს ამას. ერთი ხომალდით მიდის კონკრეტულ ადგილას, მერე გარკვეულ რიტუალებს ატარებს, მეორე ოქროს შტოს ეძებს, მესამე სამყაროთა გამყოფ მდინარეზე გადადის. ნიკუშა ჩაჩანიძე კი ბორიაყისგან შეწუხებული რუსთან გაჩერდება მტვრის ჩამოსაბანად. თუკი ბორიაყი ქართლელებისთვის ზაფხულის ქარია, მტვერს რომ აყენებს ჰაერში, რომანში ბორიაყი კატაბატიკური ქარი აღმოჩნდება; საიქიოს და სააქაოს მდინარე ყოფს, რომანში კი ასეთი გამყოფი რუ არის; სააქაოდან გასულს მეგზური სჭირდება, ასეთი მეგზური ნიკუშასაც გამოუჩნდება. ის (ლეკო თათაშელი) უგონოდაა, რუში ისე გაწოლილა, თავი ერთ მხარესა აქვს, ფეხები კი მეორე მხარეს; საიქიოს დარაჯები, მცველები ჰყავთ. მათ მარტო აქედან იქით უდროოდ წასულისგან კი არ უნდა დაიცვან ის სამყარო, არამედ იქიდან გამოსვლის მსურველიც არ უნდა გამოატარონ. რომანში ასეთი ქოფაკები სასახლეს არ ატოვებინებენ ახალგაზრდა კომპოზიტორს; „ბორიაყის“ პერსონაჟი გადადის უცნაურ სამყაროში, იქ, სადაც იმქვეყნად მალე გასამგზავრებლები, სიკვდილის განაჩენგამოტანილები ისე ცხოვრობენ, თითქოს უკვე იმქვეყნად გასტუმრებულები იყვნენ. მათ უხალისო სახეები აქვთ, არც სტუმარი უხარიათ, არც ახალი ამბები იციან, ისინი დროში გაყინულან, მათთვის დრო შეჩერებულა. მათი საცხოვრებლებიც ბნელში გახვეულა. რაღაცით ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟი ზღაპრის გმირს წააგავს, რომელიც უეცრად, ისე რომ თვითონაც არ უნდა, აღმოჩნდება ირეალურ სამყაროში; ან იმ ზღაპრის გმირს, რომელმაც არც კი უწყის წესიერად, სად იმყოფება; ან იმ ზღაპრის პროტაგონისტს, რომელიც ახალი ცოდნით აღჭურვილი გამობრუნდება რეალურ სამყაროში. ასე რომ ნიკუშა ჩაჩანიძე, გმირად (რომანის დასაწყისში ასე უყურებენ მას დამარცხებული აჯანყების მონაწილეები) აღქმული ცრუგმირი (რომანის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თითქმის ყველა ხვდება, რომ ნიკუშა ის არაა, ვინც თავდაპირველად ეგონათ, ის არაა თბილისიდან მოვლენილი შეთქმულთა შიკრიკი, მომავალი ახალი აჯანყების ორგანიზატორი) კი არ არის, არამედ ნამდვილი გმირია, რომელიც ისეთ ცოდნას შეიძენს, მანამდე რომ არც დაესიზმრებოდა, რომელიც უკან ბრუნდება „რეალურ სამყაროში“ (თბილისში) და უკვე გაცნობიერებული აქვს თავისი ახალი მისია. რა მისიაა ეს?

ცხრა გვარის წარმომადგენელი უნდა დაღუპულიყო, ზოგი გვარიდან მეტი, ზოგიდან – ნაკლები. ესენი იყვნენ ხეთერელები, კათარელები, ოცხელი, მაბკურელი, ვარაზნელი, არჯევნელები, იტრიელები, თათაშელი და ნიკუშა ჩაჩანიძე. რატომ ცხრა? შესაძლოა იმიტომ, რომ დანტეს ჯოჯოხეთში ცხრა კარია. ან, შესაძლოა, ეს ციფრი არაფერ შუაში არ იყოს დანტეს რომანთან. უბრალოდ ჯოჯოხეთი იყო ამ გვარის წარმომადგენელთა ყოფაც, უსიცოცხლო სიცოცხლე, განაჩენს დამორჩილებული და ბედს შეგუებული. ახლა კი, ფიზიკური გაწყვეტის შემდეგ მათ ჯოჯოხეთიდან საიქიოში გადაინაცვლეს, იქ, სადაც, როგორც ამბობენ, სამოთხეც არსებობს. დაიმსახურეს ამ ადამიანებმა – რა ცოდვაც არ უნდა ჩაედინათ სიცოცხლეში, როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მანამდე – სამოთხე, თუნდაც იმიტომ, რომ აქაური სამყარო მათთვის ჯოჯოხეთზე უარესი გამოდგა. ამ პერსპექტივიდან ნიკუშა ჩაჩანიძე მოგზაურობს გორის რაიონის სოფლებში, რომლებიც სინამდვილეში ამქვეყნიურ ცხრაკარიან ჯოჯოხეთად უქცევია ახალ ხელისუფლებას. ნიკუშა მოინახულებს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს. ახლა უკვე გასაგები ხდება, რატომ აფრთხილებდნენ ყველანი ნიკუშას, მორიდებოდა მოგზაურობას, ცუდი დრო არის, თბილისს როგორც კი გასცდები, ულმობელ ამბებს გადაეყრებიო. ნიკუშა ვერ განახორციელებს დაგეგმილს, ვერ შეასრულებს თავის მისიას (დაკარგვის პირას მყოფი ხალხური სიმღერების ჩაწერა), მაგრამ ნიკუშა უკვე ახალი მისიით დაბრუნდება თბილისში.

თუკი რომანის დასაწყისში მწერალი ამბობდა, მოგზაურობა ათასგვარი არის და ვინ რა იცის, ვის რას მოუტანსო, რომანის ბოლოს გასაგები ხდება, რომ ამ მოგზაურობამ ნიკუშას ის მოუტანა, რომ მან გარეთ გამოიტანა ჯოჯოხეთის ამბები. აწი უკვე ახალ თაობებს მოამბე, მთხობელი ეყოლებათ. რაც შეეხებათ თავადური გვარების წარმომადგენლებს, ისინი გადაინაცვლებენ ამ ქვეყნიდან (სულ ერთია, ცხრაკარიან ჯოჯოხეთს დავარქმევთ თუ მოსაცდელს) იმ ქვეყანაში, მალე მათ ისინიც მიეწევიან, წირვა რომ გამოუყვანეს დიდგვაროვნებს ჯერ კიდევ სიცოცხლეში და იმქვეყნიურ ცხრაკარიან ჯოჯოხეთში მოძალადენი და ნამდვილი დამნაშავეები დაიტანჯებიან, ხოლო ისინი, ვისთვისაც აქაურობა მათ გამო ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო, წმინდანების გვერდით დაიმკვიდრებენ სასუფეველს.

 

ბავშვები და ქუჩა (ნაწილი პირველი)

0

 

ნაწყვეტები ჯეინ ჯეკობსის გახმაურებული წიგნიდან, „დიდი ამერიკული ქალაქების სიცოცხლე და სიკვდილი“[1]

 

მოკლე ცნობა: ამრიკელი ჟურნალისტი ჯეინ ჯეკობსი (1916-2006, აშშ-ის, შემდეგ კი კანადის მოქალაქე), საქვეყნოდ ცნობილი გახდა თავისი გახმაურებული წიგნის -, „დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილისა და სიცოცხლის“ –  გამოქვეყნების შემდეგ, 1961 წელს. ამ წიგნით ჟურნალისტი და აქტივისტი ჯეკობსი, დაუპირისპირდა  იმდროინდელი აშშ-ის ურბანული „განახლების“ პოლიტიკას და ამერიკის უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის მმართველებს, კერძოდ კი დიდი ნიუ-იორკის  ტერიტორიაზე მშენებლობისა და განვითარების მთავარ შემოქმედს, რობერტ მოუზესს. ჯეკობსის მიერ წიგნში მოყვანილი არგუმენტები თვალნათლივ უჩვენებდა მკითხველებს ქალაქის „დამგეგმავების“ მიერ ჩვეულებრივი ნიუ-იორკელების აზრის უგულვებელყოფას და მათი სურვილების სრულ იგნორირებას. ჯეინ ჯეკობსის ამ წიგნით სოციოლოგიაში შემოვიდა ისეთი ცნებები როგორებიცაა „სოციალური კაპიტალი“ („social capital”) და „თვალები ქუჩაზე“ („eyes on the street”). ჯეკობსის მთავარი დამსახურება გახდა ის, რომ მისი წიგნის შემდეგ, აშშ-ში კრიტიკულად შეხედეს 60-იანი წლების „რაციონალისტური“ ქალაქგეგმარების  წესებსა და პრინციპებს. ჯეკობსის მტკიცებით, მოდერნისტული არქიტექტურა და გავრცელებული ურბანული დაგეგმვა უარყოფდა თვითონ ქალაქის, როგორც ადამიანებით დასახლებული ადგილის იდეას. ჯეკობსის აზრით, დიდი ქალაქის მოსახლეობა, ქალაქში მცხოვრები ადამიანები, წარმოადგენენ რთულ, მრავალშრიან საზოგადოებრივ ერთობას, ქალაქის თემს, რომლის აღქმა და გაგება საკმაოდ რთული საქმეა. ჯეკობსის კრიტიკის ობიექტი, „მოდერნისტი“ დამგეგმავები, ქალაქის „დაგეგმვისთვის“ დედუქციურ წესებს იყენებდნენ, რომლებმაც წარმოშვა ურბანიზმის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, ქალაქის ტერიტორიის დაყოფა „გამოყენების ზონებად“ (საცხოვრებელი, სამრეწველო, კომერციული, სხვა). ჯეკობსის აზრით, ამ პოლიტიკამ დაანგრია ქალაქების უნიკალური ერთობები – საქალაქო თემები და მათი ინოვაციური ეკონომიკა – და ჩაანაცვლა ისინი იზოლირებული, არაბუნებრივი, ურბანული სივრცეებით, რომლებიც არ ითვალსწინებენ ადამიანის ფაქტორს.

ქვემოთ გთავაზობთ ჯეინ ჯეკობსის საინტერესო ანალიზს, დიდ ქალაქებში ბავშვებისა და ქუჩის სივრცის ურთიერთქმედებისა და მათ შორის არსებული დამოკიდებულების შესახებ.

„ქალაქის მშენებელთა კიდევ ერთ ცრურწმენას წარმოადგენს ფანტაზია ბავშვების „გადაკეთების“ შესახებ. მათი ისტორია დაახლოებით ასე გამოიყურება: ბავშვების მთელი არმია იძულებულია ითამაშოს ქალაქის ქუჩებში. ეს საცოდავი ფერმკრთალი და რაქიტული ბავშვები, გარშემორტყმულნი უზნეო გარემოთი, ერთმანეთს უზიარებენ უხამსი ხუმრობებს სექსზე, დასცინიან ყველას და ისე ადვილად ითვისებენ „გაფუჭებულობის“ ახალ-ახალ  ფორმებს, როგორც ეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ხდება. ამას უწოდებენ „მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელსაც  ქუჩა აყენებს მოზარდების თაობას“ ან უბრალოდ „ჯურღმულის აღზრდას“.  თუ შესაძლებელი იქნებოდა ამ დაბეჩავებული ბავშვების გადაყვანა ქუჩებიდან პარკებში და სათამაშო მოედნებზე, სადაც იქნებოდა საშუალებები, რომლებზეც ბავშვები შეძლებდნენ გართობას, ვარჯიშს; სადაც მათ შეეძლებოდათ, ერბინათ, ექნებოდათ ბალახი, სულიერი ზრდისთვის…სუფთა და ბედნიერი ადგილები, სავსე სიცილითა და მხიარულებით, რომლითაც ბავშვები უპასუხებდნენ ჯანმრთელ გარემოს…

აქ შევჩერდეთ. გვეყოფა ფანტაზიები. განვიხილოთ სიტუაცია რეალური ცხოვრებიდან, რომელიც წარმოადგინა ჩარლზ გუგენჰაიმმა, კინოდოკუმენტალისტმა სენტ-ლუისიდან. გუგენჰაიმმა გადაიღო ფილმი სენტ-ლუისელ ბავშვებზე, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან. მან ფილმში აღნიშნა, რომ ბავშვების დაახლოებით ნახევარი, ბაღიდან სახლში უხალისოდ მიდის. გუგენჰაიმმა საკმაო ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა, რათა ამ უხალისობის მიზეზისთვის მიეკვლია.  ყველა ბავშვი, რომლებსაც საბავშვო ბაღის დატოვება არ უნდოდა, ახლომდებარე საცხოვრებელი მასივიდან იყო. ასევე ყველა ბავშვი, რომლებსაც სახლში დაბრუნება უხაროდა, ხცოვრობდა ძველ, „ჯურღმულ“ ქუჩებზე. ამ სიტუაციის საიდუმლო ადვილად ამოსახსნელი აღმოჩნდა: ბავშვებს, რომლებიც ბაღიდან საცხოვრებელ მასივში (ბაღებით, პარკებით და სათამაშო მოედნებით) ბრუნდებოდნენ, ხშირად ხვდებოდნენ ადგილობრივი ხულიგნები, რომლებიც მათ ჯიბეებს უტრიალებდნენ ან სულაც, ცემდნენ-ხოლმე. ამ ბავშვებისთვის, ყოველდღიურად, სახლში დაბრუნება წამების ტოლფასი იყო. ის ბავშვები კი, რომლებსაც ძველი ქუჩებით უხდებოდათ დაბრუნება, არაფერს ასეთს არც განიცდიდნენ და არც მოელოდნენ. ამასთან, მათ შეეძლოთ თვითონ აერჩიათ დასაბრუნებელი  გზის რამდენიმე მარშრუტიდან ყველაზე უსაფრთხო. „თუნდაც ვინმეს რომ მოენდომებინა მათი დაჩაგვრა, მათ ყოველთვის შეეძლოთ შეერბინათ მრავალ მაღაზიიდან რომელიმეში, სადაც მათ ვინმე დაეხმარებოდა“, ამბობს გუგენჰაიმი. „ძველი ქუჩების“ მცხოვრებ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდათ უსაფრთხოების შეგრძნება და ისინი სახლში მხიარულები და გახარებულები ბრუნდებოდნენ“. გუგენჰაიმმა ოსტატურად აჩვენა ფილმში  უკაცრიელი, მოსაწყენი სათამაშო მოედნების, მდელოებისა და საინტერესო, ძველებური ქუჩების შედარება, რომლებიც ფილმის ოპერატორს სიტუაციის მხატვრულად გამოსახვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობდა.

აქვე მსურს მოვიყვანო ერთი ტრაგიკული ისტორია, რომელიც ნიუ-იორკში, 1959 წლის ზაფხულში მოხდა – ნიუ-იორკის მოზარდთა ბანდების დაპირისპირებას, შემთხვევით, თხუტმეტი წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა. იგი უბრალოდ იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც მოზარდთა ბანდების შეტაკება მოხდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ, რომელიც მასივში მდებარეობდა. „ნიუ-იორკ თაიმსი“, უკვე სასამართლოს მიმდინარეობისას ამ შემთხვევის შესახებ წერდა: „პირველი ჩხუბი დაახლოებით შუადღისას მოხდა, როდესაც „სპორტსმენების“ ბანდის წევრები „სარა დელანო რუზველტის” პარკის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მდელოზე შევიდნენ. ამ მდელოს, „ფორსაით სტრიტის“ დაჯგუფების ბიჭები თავიანთ ტერიტორიად თვლიდნენ. <…> დღის მეორე ნახევარში, „ბიჭებმა“ გადაწყვიტეს საბრძოლველად სხვადასხვა საშუალებები გამოეყენებინათ – კარაბინი და ბოთლები აალებადი ნარევით. <…> საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, ფორსაით-სტრიტის მოზარდები მოულოდნელად მიუახლოვდნენ „სპორტსმენების“ ბანდის შეკრების ადგილს, ლილიან უოლდის საცხოვრებელ მასივთან ახლოს, „სი“ და „დი“ ავენიუებთან. ეს ადგილი „არავის მიწად“ შეიძლებოდა განხილულიყო, რადგან აქ საცხოვრებელი მასივის საზღვარი გადიოდა. „ფორსაითელებმა“ „სპორტსმენებს“ აალებული ბოთლები ესროლეს. ერთ-ერთი ბიჭი კი მიწაზე დაწვა, კარაბინი მოიმარჯვა და ისროლა“.

სად მოხდა ეს თავდასხმა? პარკში და მასივისა და პარკის შესაყარზე. ასეთი ინციდენტებისა და კრიმინალური შემთხვევების შემდეგ, კვლავ ისმის ხმები პარკების ფართობებისა და რაოდენობების გაზრდაზე. ჩვენ მართლაც მოჯადოებულნი ვართ სიმბოლოებით. ე.წ. ქუჩის ბანდები თავიანთ „ქუჩურ გარჩევებს“ სწორედ პარკებსა და სათამაშო მოედნებზე აწყობენ.  „ნიუ-იორკ თაიმსმა“ 1959 წელს გამოიკვლია ნიუ-იორკში, ბოლო ათწლეულებში მომხდარი ძალადობის შემთხვევები მოზარდთა შორის და ყველა (!) შემთხვევაში, ინციდენტები პარკებში მოხდა. მეტიც, ასეთი შემთხვევები სხვა ქალაქებშიც მსგავსი, საცხოვრებელი მასივების მიმდებარე პარკებში და სათამაშო მოედნებზე ხდებოდა. ეს ის ადგილებია, სადაც „სათამაშო მოედანი“ ბავშვებისათვის აღარ იყო ქალაქის ქუჩა. სამწუხაროდ, მსხვილი მასივების მშენებლობების შედეგად, მოხდა ბავშვების ქუჩებიდან განდევნა და მათი გადანაცვლება, ბალახით დაფარულ, სათამაშო მოედნებით გავსებულ, მრავალჰექტრიან „დასავენებლ“ ზონებში, სადაც არ არსებობს ქუჩები. ასეთი სავალალო შედეგი გაკვირვებას არ იწვევს“. როგორც შემდეგ ქ-ნი ჯეკბსი აღნიშნავს, ქალაქის დაგეგმარება და მისი არქიტექტურის ცვლილება, შესაბამისად იწვევს ცვლილებას ადამიანების ქცევაში. უსაფრთხოების კანონები მოზრდილთათვის და საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესები ისევე ვრცელდება ახალგაზრდებზე, როგორც ეს ხდება ზრდასრულთათვის, იმ განსხვავებით, რომ ბავშვები უფრო მოწყვლადნი არიან ბოროტმოქმედებისა და ბარბაროსების წინაშე.

მაინც რა ცვლილებას იწვევს მოთამაშე ბავშვების გადანაცვლება ქალაქის ცოცხალი ქუჩებიდან ერთი მხრივ უფრო კომფორტულ და გამწვანებულ პარკებში, რომელბიც საცხოვრებელ მასივებთან არიან გაშლილი? უმეტეს შემთხვევაში (და არა ყოველთვის, მადლობა ღმერთს!), ყველაზე მთავარი ცვლილება ის არის, რომ ბავშვები გადიან ზრდასრულთა ზედამხედველობიდან, რომელიც მუდმივად არსებობს ქუჩებში.  პარკში და სათამაშო მოდნებზე, ეს უხილავი ზედამხედველობა (ან უბრალოდ ყურადღება) ან მცირეა, ან საერთოდ არ არსებობს.  დიდი ქალაქების ბავშვებმა ეს ყოველთვის კარგად იცოდნენ და ეს ცოდნა თაობებს გადაეცემოდა. „თუ რაიმე ანტისაზოგადოებრივის ჩადენა გვინდოდა, ჩვეულებრივ ლინდსი-პარკში მივდიოდით, სადაც ადვილი იყო უფროსებისგან დამალვა“ , ამბბს ჯესი რეიჩეკი, ბრუკლინში გაზრდილი მხატვარი – „მაგრამ უმეტეს დროს, ჩვენ ქუჩაში თამაშში ვატარებდით. იქ კი უჩუმრად ვერ იხულიგნებ“.

მოზრდილთა მხრიდან ბავშვებისა და მიმდებარე გარემოს ჩუმი ზედამხედველობის საინტერესო შემთხვევას აღწერს ჯეინ ჯეკობსი მომდევნო პარაგრაფში: „იმ დღეს მანჰეტენის შუა ნაწილში წავედი. უესტსაიდში მომხდარი საშინელი შემთხვევის შემდეგ, როდესაც ჩხუბში ორი თექვსმეტი წლის ახალგაზრდა მოკლეს, მსურდა ეს რაიონი მენახა და იქაურ ცხოვრებას დავკვირვებოდი. მიმდებარე ქუჩები უკვე დაბრუნებოდნენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ასობით ბავშვი, ქუჩაში მყოფი და მოსეირნე თუ ფანჯრებიდან ქუჩებში მომზირალი უამრავი მოზრდილის დაკვირვების ფონზე, ტოტურებზე თამაშობდნენ ან მხიარული შეძახილებით დასდევდნენ ერთმანეთს. ქუჩების ტროტუარებზე უხვად ნახავდით ნაგავსა და ნარჩენებს. ტროტუარებიც საკმაოდ ვიწრო გახლდათ მათთვის დაკისრებული ფუნქციებისათვის და მათ ესაჭიროებოდათ მზისგან დაცვა, მაგრამ ამ ქუჩებზე ადგილი არ ჰქონდა სახიფათო ქმედებებს: ცეცხლს, იარაღიან ხალს თუ პირდაპირ მუქარას ვინმეს მიმართ. მომხდარი მკვლელობის ადგილას, მიმდებარე პარკში, როგორც ჩანს, საქმეები ასევე ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. სამი პატარა ბიჭუნა, ერთად ცდილობდნენ გაეჩაღებინათ კოცონო ხის სკამის ქვეშ. იქვე, სხვა ბავშვებს, ერთი მცირე ასაკის ბიჭუნა დაეჭირათ და თავს ბეტონის საფარზე ახლევინებდნენ. მოედნის ზედმახედველი ამას ვერ ხედავდა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული – იგი ფლაგშტოკიდან ამერიკის შეერთებული შტატების დროშას წევდა ქვევით. უკვე სახლში დაბრუნებისას, ჩავუარე მეტ-ნაკლებად მოვლილსა და წყნარ სათამაშო მოედანს. საღამოს საათები იყო და პარკებში მოსერნე დედიკოები და ბაღის ზედმახედველი ოფიცრები უკვე აღარსად ჩანდნენ. მოედანზე მხოლოდ ორი ბიჭი იდგა, რომლებიც გოგონას გორგოლაჭებიანი „სქეითერებით“ ცემით ემუქრებოდნენ. იქვე იდგა ლოთი, რომელიც ცდილობდა ბავშვებისთვის განემარტა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ცოტა მოშორებით, უკვე საქალაქო ქუჩაზე, სადაც პუერტო-რიკოდან ჩამოსული ათასობით ემიგრანტი ცხოვრობს, სურათი სრულიად განსხვავებული გახლდათ. ყველა ასაკის დაახლოებით ოცდარვა ბავშვი მხიარულად თამაშობდნენ ტროტუარზე ყოველგვარი ჩხუბებისა თუ აგრესიის გარეშე, თუ არ ჩავთვლით კამათს კამფეტების შეკვრის თაობაზე. ბავშვების აქტივობებს ზედაპირულად უყურებდნენ ქუჩის ზრდასრული ბინადარნი, რომლებიც ერთმანეთთან საუბრით იყვნენ დაკავებულნი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უფროსების ზედამხედველობა ზედაპირული სრულიადაც არ აღმოჩნდა: როდესაც ბავშვების კამათი კამფეტების თაობაზე გამწვავდა, უფროსი მოქალაქეები მაშინვე ჩაერივნენ და აღადგინეს წესრიგი და სიმშვიდე. ქუჩაში ზრდასრული ადამიანების შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა – ზოგი მიდიოდა, ზოგიც მოდიოდა და ემატებოდა მიზანსცენას, ფანჯრებიდან ქუჩას სხვადასხვა ადამიანები გადაჰყურებდნენ, ქუჩის დინამიკაც მუდმივად ცვალებადი იყო: ზოგი ტროტუარზე იდგა და მეორეს ესაუბრებოდა, ზოგიც ნელი სიარულით მიჰყვებოდა მას. ერთი საათის განმავლობაში, რომლის დროსაც მე ქუჩას ვადევნებდი თვალს, ზრდასრული გამვლელების თუ დამსვნებელების რაოდენობა ქუჩაში დიდად არ შეცვლილა – ეს ხდებოდა საღამოს რვა საათიდან თერთმეტამდე. მოგვიანებით, საკუთარ სახლთან მისვლისას, ჩვენი კვარტლის ბოლოში ჩემმა მზერამ შემდეგი სურათი აღნიშნა – ჩვენი მრავალბინიანი სახლის, ატელიეს, სამრეცხაოს, პიცერიისა და ხილის მაღაზიის წინმდებარე მცირე სივრცეში, ტროტუარზე, თოთხმეტი ზრდასრული მეზობლის თვალწინ დაახლოებით თორმეტი ბავშვი თამაშობდა.

რასაკვირველია, დიდი ქალაქების ყველა ტროტუარი ასეთი დაკვირვების ქვეშ ვერ იქნება და ეს ალბათ ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლესაც ქალაქმშენებლობა და გეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს. ნაკლებად გამოყენებადი ტროტუარები ცუდად უზრუნველყოფენ უფროსების მიერ ბავშვების აქტივობების ზედამხედველობა-დაკვირვებას. შეიძლება ითქვას, რომ არც მთლად უსაფრთხოა ტროტუარები, სადაც თითქოს საკმარისია უფროსების პერიფერიული მზერა, ეზოში და ტროტუარზე იქნება ეს თუ უბრალოდ ფანჯრიდან ქუჩაში მომზირალი მეზობლისგან. თუ სახლებიდან გამომავალი თუ უკან დაბრუნებული ადამიანების შემადგენლობა ჩქარა იცვლება, ეს ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აქტივობების პერიფერიულ კონტროლს თუ ზედამხედველობას და ქალაქმშენებლებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ქუჩები, სადაც ბევრია უფროსებიცა და ბავშვებიც, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სათამაშო მოედნები და პარკები.  როგორ წესი, დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და რეალურად იზიარებენ მათზე პასუხისმგებლობას, კარგად ესმით ქუჩისა თუ მისი ტროტუარების მნიშვნელობა: „შეგიძლია ქუჩაში ითამაშო, ოღონდ ტროტუარს არ გასცდე – ეუბნებიან ქალაქელი დედები თავიანთ ბავშვებს. ბოსტონური ნორთ-ენდის სოციალური სერვისების დაწესებულების დირექტორის, ფრენკ ჰეივის სიტყვებით, მას მშობლები დროდადრო შეკითხვებს უსვამენ ამ თემაზე: „მე ბავშვებს ვაძლევ უფლებას, ითამაშონ ქუჩაში ვახშმის შემდეგ. გამოდის არასწორად ვიქცევი?“ – ეკითხება მას ერთ-ერთი მშობელი ნორთ-ენდიდან. ჰეივი არწმუნებს მშობლებს, რომ ისინი სწორად იქცევიან. მისი აზრით, ნორთ-ენდში მოზარდებს შორის დაბალი დამნაშავეობის მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას ამ სამეზობლო-თემში ქუჩის ცხოვრების იმ თავისებურებით, როდესაც ბავშვები თავისუფლად ერთობიან, ქუჩაში მყოფი უფროსების, ქუჩის მაღაზიებისა და ბიზნესების მფლობელების მუდმივი ყურადღების ქვეშ ქუჩაში მიმდინარე მოვლენებისადმი”.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ,

 

 

 

 

 

[1] The Death and Life of Great American Cities by Jane Jacobs, Vintage Books Editions, 1992, originally published by Random House, 1961, ISBN 0-679-74195-X

განათლების სექტორის გეგმის მომზადება

0

წინა სტატიაში “განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები”,  განხილულ იქნა განათლების სექტორის დაგეგმვის (Education Sector Planning (ESP) ზოგადი არსი და მახასიათებლები. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებისა და აქტივობების განხილვისას აღინიშნა, რომ გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის ციკლები დაგეგმვის ძირითადი რგოლებია და მათი სათანადოდ წარმართვა დიდ გავლენას ახდენს მთელი პროცესის ოპტიმალურ განხორციელებაზე. წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ სექტორის გეგმის მომზადების ფაზებს და პროცესებს, ჩართულ მხარეებს და მათ ფუნქცია-მოვალეობებს, გავეცნობით ეფექტიანი გეგმის მომზადების მთავარ პრინციპებს.

 

სექტორის გეგმა, ისევე როგორც განვითარების სხვა გეგმები, შეიძლება სხვადასხვა პერიოდზე იყოს გათვლილი, კონტექსტიდან გამომდინარე, იყოს გრძელვადიანი, საშუალო– ან მოკლევადიანი. საერთო სტანდარტი კონკრეტული გეგმის მოქმედების ხანგრძლივობის ამა თუ იმ კატეგორიის განსაზღვრისთვის არ არსებობს. შესაბამისად, სექტორული გეგმის პერიოდი განისაზღვრება კონკრეტული სისტემის სპეციფიკური გამოწვევებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, მოცემული სისტემის მესვეურების გადაწყვეტილებით. გრძელვადიანი (როგორც მას უწოდებენ – პერსპექტიული) გეგმის ხანგრძლივობა 10-15 წლით განისაზღვრება და, წესისამებრ, ნაკლებად დეტალიზებულია, ძირითადად სისტემის განვითარების საერთო ორიენტირებსა და მიმართულებებს მოიცავს. საშუალოვადიანი გეგმა ხუთ წლამდე ვადაზეა გათვლილი და მისი პროგრამები და სტრატეგიები შედარებით სპეციფიკურია, ხოლო მოკლევადიანი ანუ წლიური გეგმები მეტად კონკრეტულია და, როგორც წესი, წლიურ საბიუჯეტო ციკლს ემთხვევა.

პერიოდის მიხედვით სექტორული გეგმის ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა საშუალოვადიანი გეგმა. მას სხვა გეგმებზე ხშირად იყენებენ სისტემის მესვეურები. მასში გაწერილია მოცემული პერიოდის სპეციფიკური მიზნები, ამოცანები და პროგრამები. ასეთ გეგმაში შესაძლოა გრძელვადიანი პერსპექტივაც იყოს გათვალისწინებული. საშუალოვადიანი გეგმა, როგორც წესი, ითარგმნება თითოეულ წელზე გათვლილ გეგმებად სათანადოდ გათვლილი წლიური ბიუჯეტებითურთ. გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე, ჩვენი მიმოხილვის ძირითად სამიზნესაც სწორედ საშუალო პერიოდზე გათვლილი გეგმა წარმოადგენს.

 

სხვადასხვა ქვეყნის განათლების სექტორის განვითარების საშუალოვადიან გეგმებს სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით შეიმუშავებენ. ისინი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და თითოეული ქვეყნის განვითარების სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და სხვა თავისებურებებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ნაციონალური მასშტაბის გეგმაზე მუშაობენ. სხვა ქვეყნებს აქვთ როგორც ნაციონალური დონის, ისე ცალკეული რეგიონებისა და პროვინციების განათლების განვითარების გეგმები. დონის მიხედვით გეგმის განსაზღვრა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოწყობის ტიპზეა დამოკიდებული. ცენტრალიზებული მმართველობის ქვეყნებში ნაკლებად იყენებენ სხვადასხვა დონის გეგმებს, ხოლო ფედერალური მოწყობისა და დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნებში გეგმათა მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც. აქ ქვეყნის მართველობით სტრუქტურასა და ტიპთან ერთად მნიშვნელობა ენიჭება სხვა ისეთ ფაქტორებსაც, როგორებიცაა ქვეყნის ზომა, გეოგრაფიული მრავალფეროვნება, პოლიტიკური კულტურის თავისებურებები და სხვა. არიან ქვეყნები, რომლებსაც ძირითადად რეგიონული გეგმები აქვთ, ხოლო ნაციონალურ დონეზე მხოლოდ ადგილობრივი გეგმების დანერგვის ხელშემწყობი სტრატეგიები მუშავდება. დონის მიხედვით (ნაციონალური, ადგილობრივი, რეგიონული და ა.შ.) განსხვავდება განვითარების გეგმების შემუშავების პროცესები და მიდგომებიც.

საინტერესოა, იმ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემების განვითარებისთვის იყენებენ ადგილობრივ/პროვინციულ გეგმებს და, ამასთან, ნაციონალური დონის გეგმაც აქვთ, როგორ და რა თანმიმდევრობით მიმდინარეობს თითოეული დონის გეგმის მომზადების პროცესი. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა მიდგომა, რომლებიც ასევე დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნისა და განათლების სისტემის გვარობაზე.

არსებობს სამი ძირითადი მიდგომა:

  • თავდაპირველად იქმნება ნაციონალური დონის გეგმა, შემდეგ მასზე დაყრდნობით მუშავდება ადგილობრივი დონის გეგმები. ამ მიდგომას სექტორის გეგმის მომზადების „ზემოდან-ქვემოთ“ (top down) მიდგომას უწოდებენ.
  • ჯერ ადგილობრივი გეგმები მზადდება, მერე კი, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, დგება ნაციონალური გეგმაც. ამ მიდგომას სექტორის გეგმის მომზადების „ქვემოდან ზემოთ“ (bottom-up) მიდგომას უწოდებენ
  • არსებობს მესამე ვარიანტიც, სადაც სხვადასხვა დონეზე გეგმის მომზადების პროცესი ერთდროულად არის ინიცირებული, ანუ გეგმები რაიონულ და რეგიონულ დონეებზე ეროვნული გეგმის მომზადებასთან ერთად სინქრონულად დგება.

რელევანტური არჩევანის გაკეთება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. სექტორული გეგმის მომზადების ოპტიმალური მეთოდი მეტწილად განსაზღვრავს სისტემის განვითარების ადეკვატური ორიენტირებისა და გზების იდენტიფიცირების შანს.

უნდა ითქვას, რომ საერთო პოლიტიკის ფორმულირება ცენტრალურ დონეზე ხორციელდება. ადგილობრივი დონეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საერთო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, მერე კი ზედმიწევნით მისდევდნენ ცენტრალურ დონეზე შეთანხმებულ და დამტკიცებულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ადგილობრივი გეგმების განხორციელება, რაც არ უნდა დეცენტრალიზებული იყოს სისტემა, წარმოუდგენელია ცენტრალური სტრუქტურებიდან მიზანმიმართული და ეფექტიანი კოორდინაციის გარეშე, რადგან ორივე დონის გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული წინასწარ განსაზღვრული საერთო პრიორიტეტებით. სტრატეგიული განვითარების გეგმების ოპტიმალური შემუშავებისთვის აუცილებელი პირობაა სისტემაში დაგეგმვის უნარებითა და სხვა სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილი პროფესიონალების არსებობა.

არსებობს სისტემები, მათ შორის – განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც სტრატეგიული გეგმის შემუშავება მხოლოდ ცენტრალურ დონეზე ხორციელდება, თუმცა ქვეყნების მიხედვით არსებობს განსხვავებები თავად დაგეგმვის პროცესების წარმართვის მეთოდოლოგიებში. განასხვავებენ უმთავრესად ორი სახის მიდგომას:

  • ცენტრალური სტრუქტურები მართავენ და წარმართავენ მთელ პროცესს. ამ შემთხვევაში ადგილობრივი დონეების როლი მინიმალურია, თუმცა მონაწილეობითი. ამ მიდგომას ცენტრალიზებული ეწოდება;
  • ძირითადი პროცესები ადგილობრივ დონეებზე ვითარდება დაინტერესებული ჯგუფების მაღალი ჩართულობით, ხოლო ცენტრალურ დონეზე ხორციელდება კომპილაცია-ანალიზი და შეჯამება. ეს დეცენტრალიზებული მიდგომაა.

იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებული განათლების სისტემებია, ორივე მიდგომას თანაბარი წარმატებით იყენებენ, რადგან თავად სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა ეფუძნება მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ცენტრალიზებული მიდგომის შემთხვევაშიც ძირითადი ყურადღება ექცევა პროცესში უკლებლივ ყველა დაინტერესებული ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას და ადგილობრივი კონტექსტების გათვალისწინებას.

იმ სისტემების უმეტესობაში, სადაც ნაკლებადაა განვითარებული გეგმების მომზადების მონაწილეობითი პრინციპები, უპირატესობას პირველი მიდგომის მოდიფიცირებულ ვარიანტს ანიჭებენ. ამ შემთხვევაში დაგეგმვითი პროცესები მკვეთრად ცენტრალიზებულია, ხოლო ადგილობრივი დონეებისა და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის ხარისხი – ნაკლები. გადაწყვეტილებები არჩევანის შესახებ, წესისამებრ, არ ეყრდნობა წინასწარ ჩატარებულ რისკების ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად ითვალისწინებენ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც, მათ შორის – კონკრეტული რეგიონების სპეციფიკურ მოთხოვნებს. შესაბამისად, განვითარების ორიენტირები და ოპტიმალური გზები საგრძნობი ხარვეზებით განისაზღვრება. ანალოგიურ სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვს ოპტიმალური მიზნებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირების, დიფერენცირებული პოლიტიკის შემუშავება-წარმართვის კუთხით. შედეგად სისტემის განვითარების ტემპსა და ხარისხში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება.

სექტორის რეალისტური გეგმის შემუშავებისა მისი წარმატებით დანერგვისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გეგმის შემუშავებაში მონაწილე სუბიექტების სწორად განსაზღვრა და მათ შორის კონსულტირების ეფექტიანი ფორმატის ჩამოყალიბება. ამასთან, ქვეყნის განათლების სამინისტრო უნდა იყოს დაგეგმვითი პროცესის ლიდერი, ძირითადი წარმმართველი და მაკოორდინირებელი. ზოგიერთ ქვეყანას განათლების ერთზე მეტი სამინისტრო აქვს (მაგ., ზოგადი განათლებისა, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლებისა). ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების არსებობაც, რადგან განათლების სექტორის დაგეგმვა თავისთავად გულისხმობს ყველა ქვესექტორის გეგმებისა და სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრას. ისიც უნდა ითქვას, რომ დაგეგმვის პროცესში სამინისტროების ჩართულობა განათლების პროფილური უწყებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია სხვა სამინისტროების აქტიურობაც, რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვს განათლებასთან (მაგ., შრომის, ახალგაზრდობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროები).

დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, სადაც ფედერალური მოწყობაა, გეგმარებით პროცესებში ჩართული ყველა დონის (ცენტრალიზებული, დეცენტრალიზებული) ადმინისტრაციული სუბიექტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაშინაც კი, როცა საქმე არ გვაქვს ფედერალურ სტრუქტურებთან, რეგიონისა და პროვინციის მთავრობები სტრატეგიული გეგმების მომზადების პროცესში აქტიურ პარტნიორებად გვევლინებიან. განურჩევლად ქვეყნისა და განათლების სისტემის მოწყობის ფორმისა, სექტორული გეგმების მონაწილეობითი მომზადების პროცესი აუცილებელი პირობაა. ფედერალური მოწყობის არმქონე ქვეყნებშიც კი გეგმის მომზადების პროცესი ადგილობრივ სტრუქტურებთან მჭიდრო კონსულტაციების პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, აუცილებელია, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივი, პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, პედაგოგები, მშობლები, სათემო ასოციაციები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობით და ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ხარისხის მიხედვით დაინტერესებული ჯგუფები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მათთან კონსულტაციები და მათი ჩართულობის მაღალი ხარისხი გადამწყვეტია კომპლექსური გეგმის შემუშავებისთვის. კონსულტაციებისთვის ჯგუფები შეიძლება ოთხ კატეგორიად დაიყოს:

ჯგუფი 1-  აერთიანებს მონაწილეობით მაღალი მნიშვნელობის, მაგრამ მცირე გავლენის მქონე წარმომადგენლებს. ესენი არიან საზოგადოებრივი, ქალთა, ეთნიკური და ეროვნული უმცირესებობის, ახალგაზრდების და ა.შ. ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ჯგუფი 2 – მოიცავს მონაწილეობით მაღალი მნიშვნელობის და, იმავდროულად, დიდი გავლენის მქონე წარმომადგენლებს. მაგალითად, პრემიერმინისტრის ოფისი, განათლების სამინისტრო, ნაციონალურ კომიტეტები და ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;

ჯგუფი 3 – შედგება მონაწილეობით დაბალი მნიშვნელობის და მცირე გავლენის მქონე წარმომადგენლებისაგან. ამ კატეგორიაში შედის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, რელიგიური და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

ჯგუფი 4 – აერთიანებს მონაწილეობით დაბალი მნიშვნელობის, მაგრამ დიდი გავლენის მქონე წარმომადგენელებს. ესენი შეიძლება იყვნენ უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, კერძო და ბიზნესორგანიზაციები და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის მნიშვნელობა და ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს.

ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია განათლების სექტორის გეგმის მომზადების პროცესის წამყვანი სტრუქტურებიც. პროცესს ძირითადად განათლების სამინისტროების სტრატეგიული დაგეგმვის ქვედანაყოფები წარმართავენ. ზოგიერთ ქვეყანაში განათლების სამინისტროები ქმნიან ექსპერტთა სპეციალურ კომისიას და მისი მეშვეობით არეგულირებენ შესაბამის პროცესებს. ზოგიერთ შემთხვევაში სტრატეგიული გეგმის მოსამზადებლად იქმნება ნაციონალური გუნდები, რომლებიც შედგება განათლების სამინისტროს, სხვა სამინისტროების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებისგან. ნაციონალური გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სამინისტროებთან და ხელს უწყობენ მაქსიმალური ჩართულობის მიღწევას. სირთულეს წარმოადგენს დიდი შემადგენლობის გუნდების მართვა და მათი მეშვეობით პროცესების სწრაფად წარმართვა. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, დიდი შემადგენლობის გუნდები ასრულებდნენ საკონსულტაციო და საორიენტაციო ფუნქციებს, ხოლო მცირე ზომის სამუშაო ჯგუფები წარმართავდნენ კონსულტაციის პროცესს და ამზადებდნენ საბოლოო პროექტს.

განათლების სექტორის სტრატეგიული გეგმა კომპლექსური დოკუმენტია და რამდენიმე ქვესექტორსა და პრიორიტეტულ მიმართულებას თუ თემას მოიცავს. ამ საკითხის დარეგულირების ერთ–ერთი გზაა რამდენიმე ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. ეს ჯგუფები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს განათლების საფეხურების (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი) ან თემატური (მენეჯმენტი, დაფინანსება და სხვა) ბლოკების მიხედვით. მრავალშემადგენლობიანი დაგეგმვის კომიტეტის, რამდენიმე სამუშაო ჯგუფისა და მოცულობითი საკონსულტაციო პროცესის არსებობის შემთხვევაში დაგეგმვითი პროცესების წარმართვა საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ წარმოიშობა საჭიროება ექსპერტთა შედარებით კომპაქტური ჯგუფის იდენტიფიცირებისა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესებს და მოამზადებს გეგმის დოკუმენტს. ექსპერტთა შერჩევის უნიკალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო გამოცდილების პროფესიონალი კადრებით, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება განათლების დაგეგმვაში, სტატისტიკის ანალიზში, ფინანსურ მენეჯმენტსა და ბიუჯეტირებაში.

რეკომენდებულია დაგეგმვის ჯგუფი დაკომპლექტდეს შემდეგნაირად:

  1. ერთი კომპაქტური მართვის ჯგუფი განათლების სამინისტროს ბაზაზე, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს მთელ პროცესს;
  2. რამდენიმე სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მიმართულების მიხედვით;
  3. წარმომადგენლობითი კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პედაგოგები და სხვა. კომიტეტის მუშაობა განათლების მინისტრის თავჯდომარეობით უნდა წარიმართოს.

კომიტეტის ფორმა და შემადგენლობაც მოსამზადებელი გეგმის გვარობაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია ის გარემოება, რა ტიპის გეგმაა მოსამზადებელი – ერთი ნაციონალური თუ რამდენიმე რეგიონული, რომლებიც შემდგომ ნაციონალურ გეგმად გაერთიანდება. პირველ შემთხვევაში აუცილებელია ცენტრალურ დონეზე მიმდინარე პროცესებში დეცენტრალიზებული ადგილობრივი დონეების წარმომადგენლობის გათვალისწინება და მათთან აქტიური კონსულტაციების წარმოება, ხოლო მეორე შემთხვევა ითვალისწინებს გეგმების მომზადებას ყველა – ცენტრალურ თუ რეგიონულ – დონეზე. ორივე შემთხვევაში დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა იყოს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისთვის და ფინანსურ ანალიზს საბოლოო ფინანსური მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად, ხოლო სისტემის მართვის სპეციალისტები შეიმუშავებენ განხორციელების გეგმებს.

მონაწილეობითი პროცესების ფასილიტირების მკაფიო წესები არ არსებობს. ქვემოთ მაგალითად მოყვანილია ცენტრალურ დონეზე განათლების სექტორის დაგეგმვის პროცესის ორგანიზაციული სტრუქტურის ზოგადი სქემა.

 

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განათლების სექტორის დაგეგმვითი პროცესების განხორციელება აუცილებელია სისტემის ჰარმონიული განვითარებისთვის სწორი სარეფორმო პროცესების უზრუნველსაყოფად. სექტორის განვითარების ოპტიმალურად ჩამოყალიბებული გეგმა უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწორი განვითარება-გაუმჯობესების პროცესის შეუქცევადობასა და მდგრადობას (მიუხედავად სისტემის ხელმძღვანელი რგოლების ხშირი ცვლილებისა). ძალიან მნიშვნელოვანია თვით დაგეგმვითი პროცესების სწორი მეთოდოლოგიით წარმართვა და რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპის გათვალისწინებაც. სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ პროცესში უკლებლივ ყველა დაინტერესებული ჯგუფის მაქსიმალური ჩართულობა და გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი კონტექსტები და ინტერესები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • Philip Coombs. 1970. What is educational planning? Fundamentals of educational planning No. 1, Paris: IIEP-UNESCO.

რეცენზია, ანოტაცია და გამოხმაურება

0

სექტემბრის პირველი კვირა განსაკუთრებულია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ხანგრძლივი არდადეგებიდან სკოლაში მობრუნებულ მოსწავლეებს უამრავი რამ აქვთ გასაზიარებელი ერთმანეთისთვის და მასწავლებლებისთვის. სასკოლო რეჟიმსა და  სწავლა-სწავლების ჩვეულ პროცესში ჩართვაც არ არის მარტივი საქმე. მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები უნდა ჩავაწერინოთ, მომავალი წლის სამუშაო გეგმა გავაცნოთ, რვეულების რაოდენობა, შემოწმების „განრიგი“ და სხვა უამრავი დეტალი გავაცნოთ. ამ პირობებში პირველივე დღეს ვერც შესაბამის გვერდზე ვთხოვთ მათ წიგნების გადაფურცვლას, ვერც მიცემული დავალების შემოწმებას შევუდგებით და ვერც პირდაპირ საპროგრამო ტექსტების დამუშავებას  შევუდგებით.

გთავაზობთ აქტივობას, რომელიც სწორედ სექტემბრის პირველი კვირისთვისაა ზედგამოჭრილი.

ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს ხშირად ვთხოვთ ხოლმე ზაფხულის განმავლობაში წაკითხული წიგნების ჩამონათვალს. მშრალი, არაფრისმომცემი სიის წარდგენის ნაცვლად ვთხოვოთ მათ რეცენზიის, ანოტაციის ან გამოხმაურების მომზადება. თავდაპირველად, გავაცნოთ მოსწავლეებს, რა განსხვავებაა რეცენზიას, ანოტაციასა და გამოხმაურებას შორის. საპრეზენტაციო გაკვეთილებზე სასურველია საკლასო სივრცეც შესაბამისად მოვაწყოთ – განალაგეთ მერხები წრიულად, მოირგეთ მოდერატორის ან დამკვირვებლის „როლი“, თავადაც მოამზადეთ ზაფხულის განმავლობაში წაკითხული საინტერესო წიგნის შესახებ რეცენზია, ანოტაცია ან გამოხმაურება.

რეცენზია

რეცენზია (resensio)  ლათინური სიტყვაა და ნიშნავს განხილვას, გამოხმაურებას, შეფასებას. რეცენზია მხატვრული ან სამეცნიერო ლიტერატურის, მუსიკალური ნაწარმოების, თეატრალური დადგმის, ფერწერული ტილოს ან ხელოვნების სხვა ნებისმიერი ნიმუშის შეფასებას გულისხმობს. ეს აკადემიური, კრიტიკული, ანალიტიკური წერის სახეა და მისი დანიშნულებაა კრიტიკულად განიხილოს, შეაფასოს ნამუშევარი. რეცენზიაში შინაარსის დეტალური მიმოხილვა საჭირო არ არის. რეცენზენტმა მოკლედ უნდა ისაუბროს შინაარსობრივ მხარეზე და მეტი ყურადღება დაუთმოს ნამუშევრის ღირსებების ან ნაკლის მიმოხილვას. რეცენზიაში დასაშვებია (ლიტერატურული ტექსტის შემთხვევაში) ამონარიდების, განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთების, არსებითი ელემენტების მიმოხილვა/ციტირება.

რეცენზია, განსხვავებით ანალიტიკური ან არგუმენტიირებული ესესგან, მკაცრად სტრუქტურირებული არ არის. რეცენზენტს შეუძლია შეარჩიოს მისთვის მოსახერხებელი ფორმა და მისცეს რეცენზიას სტატიის, ფელეტონის, ავტორთან ინტერვიუ/დიალოგის ფორმა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეცენზენტმა წარმოაჩინოს საკუთარი შეხედულებები, სუბიექტური შეფასება, განსახილველი ნაშრომის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მიუხედავად ამგვარი თავისუფლებისა, არის რამდენიმე მნიშნელოვანი კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კარგი რეცენზია:

  • ცნობები ავტორის შესახებ ( ვინაობა, საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები, ნამუშევართან დაკავშირებული ბიოგრაფიული ეპიზოდები…)
  • ნაშრომის დასახელება და მოკლე აღწერა ( შინაარსის დეტალური გადმოცემა საჭირო არ არის. საკმარისია საკვანძო, არსებითი დეტალების ხსენება)
  • არგუმენტირებულად შეფასება ( დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა, რა მომეწონა/რა არ მომეწონა და რატომ)
  • განსაკუთრებით საინტერესო/მნიშნელოვანი/დასამახსოვრებელი ციტატები

ანოტაცია

ანოტაცია შენიშვნას ნიშნავს და განსახილველი ნაშრომის შინაარსის მოკლედ გადმოცემას გულისხმობს, ზოგჯერ – შეფასების დართვით. ანოტაცია წარმოაჩენს ნაშრომის თავისებურებებს, მიმოიხილავს შინაარსობრივ მხარეს და განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება. ანოტაცია პასუხს გვცემს კითხვაზე „რაზეა წიგნი/ფილმი/ნაშრომი?“ ანოტაცია მოკლე ცნობებს გვაწვდის ასევე ნაშრომის ავტორის, სახელწოდების, გამოცემის(გამოშვების, შექმნის) ადგილსა და თარიღზე. ანოტაცია უფრო მოკლე და სქემატურია, ვიდრე რეცენზია.

მოცემულ განმარტებებში განსხვავება ანოტაციასა და რეცენზიას შორის თვალნათელია, ამიტომ ამაზე საგანგებოდ აღარ შევჩერდებით.

გამოხმაურება

გამოხმაურება მეტად ჰგავს რეცენზიას, თუმცა მისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს ავტორს. გამოხმაურებაში მოსწავლეს შეუძლია იმ თანმიმდევრობით გადმოსცეს სათქმელი, როგორც თავად მოესურვება. არც ფორმისა და არც შინაარსის მხრივ ის შეზღუდული არ არის. გამოხმაურება გულისხმობს სუბიექტური მოსაზრებების, შეგრძნებების გადმოცემას, თუნდაც – მხატვრულად ( განსხვავებით წინა ორი ფორმისგან. ანოტაციაც და რეცენზიაც აკადემიური, ანალიტიკური სტილის დაცვით იწერება).

მნიშნელოვანია მცირე ცნობების მოწოდება ნაშრომზე ( ავტორი, სათაური, შექმნის პერიოდი).

სასურველია ციტატების, ეპიზოდების, მნიშნელოვანი მონაკვეთების წარმოჩენა.

 

საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისა და რეცენზია-ანოტაცია-გამოხმაურების სტრუქტურული თავისებურებების გაცნობის შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს წაკითხული წიგნის შესახებ რომელიმე მათგანის მომზადება, მომდევნო რამდენიმე გაკვეთილი კი წაკითხული წიგნების განხილვის გაკვეთილებად გამოაცხადეთ.  კარგი იქნება, თუ მოსწავლეები იმ წიგნებსაც თან წამოიღებენ, რომლებზეც ნაშრომებს მოამზადებენ. ჩემი გამოცდილებით, გაკვეთილის დასრულებისთანავე კლასში დიდი „აღებ-მიცემობა“ ჩაღდება, ბავშვები ერთმანეთს უთანხმებენ, ვინ ვის წიგნს ითხოვებს. იყო შემთხვევებიც, როდესაც საინტერესოდ მომზადებული რეცენზიის შემდეგ ერთ-ერთ წიგნს „მთხოვნელების“ მთელი რიგი დაუდგა. ეს პროცესი იმდენად ცოცხალი, შემეცნებითი და მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საათის დათმობა, მით უფრო, სასწავლო წლის დასაწყისში ნამდვილად ღირს.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...