შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

პირადი სივრცე ანუ უხილავი საზღვარი მოსწავლემდე

0

დედამიწაზე რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმდენი „პირადი სივრცე“ არსებობს. რეალური თუ ირეალური მანძილი ყოველ ინდივიდამდე სხვადასხვაა.  ხილული საზღვრების გარდა ადამიანები თავის გარშემო თვალით უხილავ საზღვარსაც ქმნიან.

პირადი სივრცის აღქმა ბავშვობაში ყალიბდება და მისი დარღვევა ადამიანების ქვეცნობიერში დისკომფორტს, ფორიაქს, შფოთს და სხვა უარყოფით ემოციებს იწვევს. პირველად, სწორედ ბავშვობაში გვაწუხებს, თუ ვინმემ ჩვენს სივრცეში უნებართვოდ შემოაღწია, მით უფრო, თუ სივრცის დამრღვევი ზრდასრულია და განსაკუთრებული უფლებებითაც სარგებლობს. მაგალითად, მასწავლებლის სტატუსით.

12 წლის გოგონა უხასიათოდ დაბრუნდა სკოლიდან.  მიზეზი, რომელიც დედას გაუმხილა, ის იყო, რომ მეექვსე გაკვეთილზე, მერხზე ჩამოდებული თავი მასწავლებელმა ხელით ააწევინა და ფიზიკური მოქმედებით  აიძულა სკამზე გამართული დამჯდარიყო. აი, ასე, ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა.

  • „მე ისედაც ვუსმენდი მასწავლებელს, ჩემთვის კომფორტულ მდგომარეობაში. რატომ შემეხო, ამით ხომ ჩემი პირადი სივრცე დაარღვია“. – ამბობდა განაწყენებული გოგონა.

დედის ნათქვამი მასწავლებელს სიცილად არ ეყო, მით უფრო, რომ ამ მეთოდით მოსწავლეები არაერთხელ წამოეყენებინა მერხიდან. როგორც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, პედაგოგთა ერთი ნაწილი იტყვის, სუნთქვის უფლება აღარ დაგვიტოვონო, ისე თქვა იმ მასწავლებელმაც და ამით ამოიწურა ინციდენტი. თუმცა გოგონას საყვარელი საგნების რეიტინგში, იმ მასწავლებლის საგანმა ქვევით გადაინაცვლა.

 

ზრდასრულების მსგავსად, ყველა მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა არის მისი პირადი სივრცე. სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის.

როგორ ესმით სკოლაში მოსწავლის პირადი ცხოვრების უფლება? კერძოდ, რამდენად იცავენ უფროსები მოსწავლეების პირად სივრცეს?

მაგალითისთვის, განვიხილოთ მოსწავლეთა ვარცხნილობის სტილი, რომელიც ხშირად სკოლების შინაგანაწესით განისაზღვრება. გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლეების დიდ ნაწილს უფლება არ აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება თავისი თმების მდგომარეობის შესახებ.

სასკოლო შინაგანაწესის თანახმად (უმეტეს სკოლებში ეს ჩანაწერი არსებობს), მოსწავლის ჩაცმის წესი ასეთია: სკოლების “მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. ვაჟები უნდა გამოცხადდნენ მოკლედ შეჭრილი თმით.”

რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელ მოსწავლე ბიჭს გაკვეთილზე მაკრატლით მოაჭრა გრძელი თმა. მშობელს პრეტენზია არ ჰქონია, ან კი როგორ გაბედავდა დირექტორისთვის შეწინააღმდეგებას.  მოსწავლის ჩივილს ყური არავინ უგდო. ერთი შეხედვით, დირექტომა გაიმარჯვა, მაგრამ რა იქნება მომავალში? რას მიაღწია ძლევამოსილმა დირექტორმა ამ ქმედებით, როცა უხეშად შეიჭრა 17 წლის ბიჭის პირად სივრცეში, ისარგებლა მისი მოთმინებით, შეაჭრა დიდი ხნის ნაზარდი თმა და გაიმყარა მკაცრი დირექტორის სახელი.

რაც უფრო მკაცრად არეგულირებს სკოლის შინაგანაწესი მოსწავლის პირადი სივრცის ფარგლებში არსებულ ვითარებას, მით უფრო აშკარაა, რომ სასკოლო საზოგადოების ნაწილი მზად არ არის მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდებთან ურთიერთობისთვის.

მოზარდები ინდივიდუალიზმისკენ მიილტვიან, ცდილობენ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი იპოვონ, უფროსებისგან არაკორექტულად გაცემული შენიშვნები კი მოსწავლეებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. რაც უფრო ღრმად იჭრება მასწავლებელი თუ მშობელი ბავშვის პირად სივრცეში, მით უფრო მძიმე კომპლექსს უტოვებს მოზარდს. ეს კომპლექსი კი შეიძლება მთელი ცხოვრება ახსოვდეთ და გულში ხინჯად ჰქონდეთ. როგორც მე მახსოვს, საკონტროლო წერის დროს მერხებს შორის მოსიარულე მასწავლებლის მიერ ჩემი ლამაზი ვარცხნილობის უმიზეზოდ ხელით მოსინჯვა და გავლით ნათქვამი მწარე კომენტარი: – „მაგ „პრიჩოსკების“ გაკეთებას, გაკვეთილების უკეთ მომზადებაში დახარჯე დრო, ის ჯობიაო“. (ამ სიტყვებით იმხელა ზემოქმედება მოახდინა ჩემზე, მას შემდეგ უკან შეკრული თმით დავდივად. სილამაზის სალონშიც კი ისე ვითხოვ თმის დავარცხნას, რომ არ მეტყობოდეს სალონის კვალი.)

თუ ჩვენ გვინდა სკოლაში მოსწავლეები თავს კარგად გრძნობდნენ, უნდა დავუტოვოთ მათ პირადი სივრცე. სადაც იმ ფერს ლაქს წაისვამენ ფრჩილზე, რა ფერიც სურთ; იმ ტატუს გაიკეთებენ, რაც გაუხარდებათ; ისე შეიჭრიან, გაიზრდიან, შეიღებავენ და გადაიპარსავენ თმას, როგოც ესიამოვნებათ;  გაიხვრეტენ ყურს, ცხვირს ან არ გაიხვრეტენ.

დროა, სკოლამ აღიაროს, რომ მოსწავლეთა მანერები, ჩვევები, თავის მოვლის კულტურა,  სამოსი, ვარცხნილობა თუ აქსესუარები მათი პირადი სივრცის ნაწილია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ისე, როგორც უფროსები ვექცევით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი.

რატომ უნდა ჩავაბაროთ უნივერსიტეტში?

0

14 შედეგი, რომლებიც ასოცირდება უმაღლეს განათლებასთან.

ავტორი: გლენ გეჰერი (Glenn Geher, Ph.D.), ფსიქოლოგიის პროფესორი,  ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი (State University of New York at New Paltz), აშშ.

შემოთავაზებულ სტატიაში გთავაზობთ ამერიკელი ფსიქოლოგის, ნიუ-იორკის შტატის ნიუ-პალცის უნივერსიტეტის პროფესორის, ბ-ნი გლენ გეჰერის მოსაზრებებს, თუ რა სარგებელი მოაქვს უმაღლეს განათლებას, კერძოდ კი სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარებას. პროფესორი გეჰერის სტატიამ ჩემი ყურადღება იმ არგუმენტების ჩამონათვალით მიიპყრო, რომლებსაც ის ახალგაზრდა ამერიკელებს სთავაზობს.

საინტერესოდ მომეჩვენა იმავეს გააზრება ქართული რეალობისთვის. რამდენად ემთხვევა ამერიკელი პროფესორის მოსაზრება საუნივერსიტეტო განათლების „სიკეთეების“ შესახებ ჩვენსას? რამდენად შეესაბამება პროფესორი გეჰერის მოსაზრებები ქართულ სინამდვილეს?

პროფესორი გლენ გეჰერი: „რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო განათლების მქონე ხალხი საშუალოდ უფრო მეტ ფულს აკეთებენ ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. მაგრამ, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ჩემთვის ნათელი ხდება, რომ ეს აისბერგის მხოლოდ წვერია – სტუდენტების დახმარება, მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება და უნივერსიტეტში მათთვის სოლიდური განათლებისა და ცოდნის გადაცემა, ის რთული საკითხებია, რომლებიც სცილდება ნებისმიერი მასწავლებლისა და პროფესორის პროფესიული ინტერესების სფეროს.

ქვემოთ გთავაზობთ იმ თოთხმეტ შედეგს, დაკავშირებულს საუნივერსიტეტო განათლებასთან, რომლებსაც ნებისმიერი ახალგაზრდის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და რომელთა გააზრება შესაძლოა, დაეხმაროს ადამიანს, ზრდასრული ცხოვრების დასაწყისში უმაღლესი განათლების მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

 

  1. ფული! დიახ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ბაკალავრს ათასობით მეტ დოლარს უხდიან სამუშაოსთვის, ვიდრე სხვას, ვისაც საუნივერსიტეტო ხარისხი არ აქვს. ეს სხვაობა, ადამიანის ცხოვრების წლების გათვალისწინებით, საბოლოოდ ასეულობით ათას დოლარს შეადგენს!

 

  1. კონკრეტულ სფეროში სპეციალისტად ჩამოყალიბება. უნივერსიტეტში ყველა ირჩევს ცოდნის რომელიმე სფეროს, რომელიც შემდგომ მისი მთავარი სპეციალობა ხდება. ამერიკაში ამ „მთავარ“ სპეციალობას „მეიჯორს“ (major) ეძახიან, რომლის შესასწავლად სტუდენტი ერთ კონკრეტულ თემაზე 10-15 განსხვავებულ კურსს ირჩევს. თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ეს მართლაც დიდებული საშუალებაა რომელიღაც კონკრეტულ დარგში ექსპერტული ცოდნის მისაღებად. მიუხედავად თქვენი სპეციალიზაციისა და სწავლის შეფასების საშუალო შეწონილი ქულებისა (ამერიკ. GPA – Grade Point Average), უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენი სპეციალობა საშუალებას მოგცემთ თქვენი ცოდნა დამსაქმებელს შესთავაზოთ.

 

  1. ზოგადი განათლების მიღების საშუალება. როგორც წესი, უნვერსიტეტები სტუდენტებს უზრუნველყოფენ იმით, რომ ხარისხის მისაღებად (ბაკალავრიატი), მათ იმ საჭირო კურსების აუცილებელი რაოდენობა აიღონ (ჩვეულებრივ 10 კურსი), რომლებიც ეხება განათლების ფართო თემებს: დასავლური ცივილიზაციის ისტორიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ხელოვნებას. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმეტესობა, სტუდენტებს გადასცემს საჭირო ცოდნასა და აკადემიურ იდეებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროს შესახებ.

 

  1. სპეციფიკური უნარების ათვისება. სტუდენტი, თავის ძირითად სპეციალობაში ეცნობა არა მხოლოდ მის შინაარსს, არამედ სწავლობს უნარებს, რომლებიც აუცილებელია ამ კონკრეტულ სფეროში ცოდნის მისაღებად. თუ სწავლობთ ფსიქოლოგიას, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიაში არსებული მოსაზრებების შესწავლა არ გახლავთ. სტუდენტი ასევე სწავლობს სტატისტიკური ანალიზის ჩატარებას, საკვლევის გეგმის შედგენას, ვთქვათ, ადამიანის ქცევის შემსწავლელ მეცნიერებებში. უნივერსიტეტში ნებისმიერი სპეციალობის შესწავლისას ახალგაზრდა ითვისებს ისეთ უნარებს, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

 

  1. ჯგუფური მუშაობის შესწავლა. უნივერსიტეტში, სწავლის რომელიღაც ეტაპზე სტუდენტს ჯგუფური პროექტის გაკეთება უწევს. ეს შეიძლება მოხდეს კლასის, საკლასო ჯგუფისა თუ კლუბის მასშტაბით. ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ რეალურ სამყაროში, როგორც წესი, საქმეები ჯგუფური ხასიათისაა. შესაძლოა, ადამიანების უპირატესობა სხვა ჰომინიდებთან ზუსტად ამაში მდგომარეობს: ადამიანებს სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის შეეძლოთ, ეთანამშრომლათ დიდი ჯგუფების პირობებში. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ფაქტია, რომ ჯგუფური მუშაობა ყველა ჩვენგანის მომავალია და უნივერსიტეტი თქვენ ამისთვის მოგამზადებთ.

 

  1. დროის მართვა (მენეჯმენტი). თვრამეტი წლის ასაკში, ყველა ვერ იქნება დროის მართვის ექსპერტი. უნივერსიტეტი ზუსტად ის ადგილია, რომელშიც ახალგაზრდას დროის სწორად განაწილების უნარებს ასწავლიან. თქვენ შეიძლება დაგავალონ ნაშრომის ჩაბარება სამშაბათს და გქონდეთ ორი გამოცდა ოთხშაბათს (რომელთა მომზადებისთვისაც თითოეულისთვის ათი საათი დაგჭირდებათ) და „ქუიზი“-გამოკითხვა პარასკევს. ყველა ამ დავალების შესრულებას და მათში კარგი შეფასებების მიღებას, თქვენი გარჯა სჭირდება. შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლისას ერთ-ერთი მთავარი უნარი, რომელსაც სტუდენტი სწავლობს, დროის სწორი განაწილება და მართვა გახლავთ. თუ კარგად შეგეძლებათ დროის მენეჯმენტი ეს დიდ უპირატეობას მოგცემთ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

  1. პროექტების შესრულება (დასრულება). უნივერსიტეტში სწავლისას, თქვენ დაგავალებენ სხვადასხვა სახის პროექტებს. თქვენ თითოეულ მათგანზე მოგიწევთ მუშაობა და დროის დახარჯვა. ეს შეიძლება იყოს კვლევითი დავალება სოციოლოგიაში და პარალელურად სკულპტურის ძერწვა ხელოვნების კლასში. შეიძლება, სტუდენტურ კლუბში, რომლის წევრიც ხართ, დამამთავრებელი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიების ორგანიზებაში აღმოჩნდეთ ჩართული, სადაც სიტყვით გამოვლენ მოწვეული საპატიო სტუმრების. გარდა ამ ყველაფრისა, თქვენ მუდმივად გექნებათ სამუშაო, რომელიც წლის საფინალო კვლევასთან, ან სადიპლომო კვლევასთან იქნება დაკავშირებული, რომელზე მუშაობაც მთელი წელი გრძელდება. როგორც ხედავთ, უნივერსიტეტში სწავლისას, უამრავი რამ იქნება გასაკეთებელი! ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დავალებებისა და პროექტების წარმატებულად დასრულება შეუფასებელი უნარია! თქვენ მიერ გამომუშავებული უნარი – სწორად გადაანაწილოთ დრო და ენერგია სხვადასხვა სახეობის საქმეებსა და პროექტებზე – ნამდვილი მიღწევაა! უნივერსიტეტი ამ უნარების განვითარებისთვის გადასარევი ადგილია.

 

  1. წესები და წესების დაცვა. სტანდარტულ საბაკალავრო აკადემიურ პროგრამაში, სტუდენტი, როგორც წესი, ოთხი წლის განმავლობაში ორმოცამდე სხვადასხვა კურსს სწავლობს. ყოველი საგანს აქვს სასწავლო გეგმა, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა წესის დაცვას. გარდა ამისა, უნივერსიტეტებში არსებობს „სტუდენტური გზამკვლევი“, რომელშიც უნივერსიტეტში სწავლისა და ქცევის სხვა წესებია აღწერილი. სწავლის დროს, სტუდენტები მალევე სწავლობენ ამ წესებს და ცდილობენ მათ დაცვას, რადგან წესების დარღვევისთვის ყოველთვის განსაზღვრულია სასჯელი ან ჯარიმები. სწორედ ამიტომაც, უნივერსიტეტდამთვარებული აღიქმება ისეთ ადამიანად, რომელსაც აქვს კარგი ხარისხის, პირველი საფეხურის უმაღლესი განათლება და იცის უნივერსიტეტებში არსებული წესებით თამაში.

 

  1. ახალი მეგობრები, რომლებიც მეგობრებად რჩებიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უნივერსიტეტში სწავლას თან უამრავი სოციალური სიკეთეც მოჰყვება. დღეს, ორმოცდაშვიდი წლის ასაკში, კვლავ ახლო მეგობრები მყავს უნივერსიტეტის წლებიდან. სულ მალე ჩვენ ვგეგმავთ კურსელების შეხვედრას (ოჯახებთან ერთად). უნივერსიტეტი შესანიშნავი გამოცდილებაა. იქ ყოფნისას, ყველა სტუდენტი თითქოს ერთ ნავში ზის და იმდროინდელი მეგობრობა, როგორც წესი, ამ გამოცდილების ნაწილია.

 

  1. მრავალფეროვანი იდეა და თვალსაზრისი. უნივერსიტეტში სტუდენტად ყოფნისას, ახალგაზრდას მოუწევს ყველანაირი იდეისა და მოსაზრების მოსმენა. ხშირად იქნება ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ერთი და იმავე საკითხის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები და იდეები დიამეტრულად განსხვავებული იქნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთი, მართლაც განათლებული პროფესორი, აბსოლუტურად არ დაეთანხმოს მეორე ასევე განათლებულ პროფესორს. ეს კარგია. ეს საუნივერსიტეტო „თამაშების“ ნაწილია! იმის შესწავლა, თუ როგორ უნდა იმუშაო ერთმანეთისგან განსხვავებული იდეების გარემოცვაში, ყველა კარგი უნივერსიტეტისა და კოლეჯის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მეც გპირდებით, რომ თქვენ თვითონვე დარწმუნდებით იმაში, რომ იდეოლოგიური განსხვავებები და იდეების მრავალფეროვნება, უნივერსიტეტის შემდგომი სამყაროს მთავარ ნაწილს შეადგენენ.

 

  1. განსხვავებული ადამიანები. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან! ადამიანები განსხვავდებიან სქესით, სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობით, რელიგიური კუთვნილებით, კულტურული წარმოშობით და ბევრი სხვა თვისებით. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით იმითაც, თუ რა ტიპის მუსიკა მოგვწონს, როგორ ვატარებთ შაბათის საღამოს, რანაირი საკვები მოგვწონს. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგია. უნივერსიტეტში ლექციებზე, საერთო საცხოვრებელში თუ კამპუსში ყოფნისას თქვენ გექნებათ საშუალება, გამოსცადოთ ეს მრავალსახეობა და მისი მშვენიერება. ეს ფაქტი დაგეხმარებათ იმის აღქმაში, რომ ის პატარა ადგილი (ქალაქი, სოფელი, უბანი), საიდანაც თქვენ მოდიხართ, მხოლოდ ერთ-ერთია, იმ უამრავ, ასეთივე პატარა ადგილს შორის, რომლებიც მთელს მსოფლიოშია მომოფანტული. ეს გაკვეთილი კი დაგეხმარებათ ყველანაირ ადამიანთან თანამშრომლობაში, თუ ერთად მუშაობაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

  1. გამართული წერითი მეტყველების შესწავლა. თქვენი საუნივერსიტეტო გამოცდილება ძალიან ბევრ წერით სამუშაოს მოიცავს. სტუდენტებმა ეს ფაქტი უნდა დააფასონ. თვრამეტი წლის ასაკში, უეჭველად დიდი მოცულობის წერილობით სამუშაოს შესრულება მოგიწევთ – ეს ყოველთვის ასეა. წერითი დავალებები, ისეა შედგენილი, რომ დაეხმაროს სტუდენტებს კარგი წერითი უნარების განვითარებაში, ინფორმაციის გასაგები და მიმზიდველი სახით წარმოდგენაში (პრეზენტაციაში) ყველა სახის აუდიტორიისათვის. კარგი მწერლების ფასი, ხომ იცით, განუზომელია.

 

  1. საჯარო საუბრის უნარი. თქვენი საუნივერსიტეტო გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, შეიცავს საჯარო გამოსვლებსაც. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა! როდესაც გაიზრდებით, დამიჯერეთ, ეს უნარი ძალიან დაგჭირდებათ! მიუხედავად იმისა, თუ რა სამუშაოს იშოვით, ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია და მათთვის თქვენი მოსაზრებების გაზიარება. თქვენ უბრალოდ, დაგჭირდებათ სხვებთან საუბარი… ან – ანგარიშის ჩაბარება გაწეულ სამუშაოზე, ან – კლიენტის დარწმუნება, რომ მან თქვენი შეთავაზებული პროდუქტი შეიძინოს. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, მოგიწიოთ სასკოლო საბჭოს დარწმუნება ხელოვნებაში სხვა მასწავლებლის დასაქირავებლად. შეიძლება მოგიწიოთ თქვენი კვლევის წარდგენა კონფერენციაზე. უნარები, რომლებსაც შეიძენთ საჯარო გამოსვლებისთვის, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი მომავლისათვის.

 

  1. საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება. უნივერსიტეტში გატარებული წლების დროს, ახალგაზრდებს ბევრი შანსი ეძლევათ, ემსახურონ საზოგადოებას ან თემს, სადაც ისინი ცხოვრობენ და სწავლობენ. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოთ საპატიო პროგრამაში, რომელიც საზოგადოებრივი სამსახურის ელემენტებს შეიცავს. შეიძლება საკლასო დავალებას ჰქონდეს საზოგადოებრივ სამუშაოებთან დაკავშირებული თავისებურებები. თქვენ შეიძლება იყოთ კლუბის ან „საძმოს“ წევრი, რომელთა მისიაა საზოგადოების სამსახური. მეც ჩემი მხრიდან, როგორც ზრდასრული მოქალაქე, გეტყვით, რომ ასეთი აზროვნებისა და უნარების მქონე ადამიანები, რომლებიც შრომობენ საზოგადოებისთვის, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება!

დასასრულ, როგორც მწერალი, რომელიც წერს წიგნს სტუდენტებისთვის, ვიტყვი, რომ ჩემი თაობის ხალხი დამოკიდებულია თქვენი თაობის ხალხზე, რათა მსოფლიო სწორ კალაპოტში დავაბრუნოთ. ბოლო ხანს ალბათ ამიტომ ვსაუბრობთ ასე ხშირად თემისა და საზოგადოების მნიშვნელობასა და მის ღირებულებაზე.

 

დასასრული

კი, გეთანხმებით, უნივერსიტეტი ყველასთვის არ არის საჭირო თუ აუცილებელი. დიახ, ხდება ისეც, რომ ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ადამიანები არ ირჩევენ უნივერსიტეტის გზას. ასევე, ვფიქრობ, რომ საუნივერსიტეტო განათლება არ არის წარმატების გარანტია. ამის შემდეგ კი ისევ ვიტყვი, რომ კარგ საუნივერსიტეტო განათლებას ყოველთვის მოაქვს ზემოთ ხსენებული სიკეთეები.

 

თუ სკოლის მოსწავლე ხართ და თქვენი მომავალი ცხოვრებისეული გზის სხვადასხვა ვარიანტებზე ფიქრობთ, გირჩევთ აირჩიოთ საუნივერსიტეტო ვერსია და განიხილოთ იგი; თუ უნივერსიტეტში გისწავლიათ, მაგრამ რატომღაც არ აგიღიათ ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, წადით, დარეგისტრირდით გამოტოვებულ საგნებზე და შეასრულეთ სადიპლომო მოთხოვნები.

საუნივერსიტეტო გამოცდილება ხელს უწყობს ახალგაზრდა ადამიანის ჰოლისტურ[1] განვითარებას და დადებით გავლენას ახდენს მის წინსვლაზე.  ჰო, მართლაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კარგ განათლებას, მეტი ფული მოაქვს!“.

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

[1] ჰოლისტური (holistic, ინგლ.) – ინგლისურ ენაში და ინგლისურენოვან ქვეყნებში გავრცელებული ცნება, რომელიც მთლიანობას, რაიმეს შემადგენელი ნაწილების ერთად განხილვასა და მის ასე წარმოდგენას აღნიშნავს.

მარცვლოვან-რიტმული „ფანდი“ მუსიკაში

0

ჯაზისთვის მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო ვოკალური საშემსრულებლო მხარე. ახლაც დიდ ინტერესს იწვევენ ბლუზის, როგორც პირველი, ასევე მომდევნო ათწლეულების შემსრულებლები. გამორჩეული ნიჭის ვოკალისტი-იმპროვიზატორები მუსიკალური ტექსტის პარალელურად მელოდიურ-რიტმულ ხაზს განსაკუთრებული ხერხის – სკეტის საშუალებით გადმოსცემენ.

ახლა კი თვალი გადავავლოთ გასაოცრად უცნაური სკეტის დაბადებასა და განვითარებას. სკეტი ჯაზის ვოკალისტის, ეგრეთ წოდებული, „მარცვლოვანი“ მელოდიურ-რიტმული იმპროვიზაციაა. ჯაზის ხელოვნებაში ამგვარი სახეობის ვოკალის შექმნა და განვითარება ლუი არმსტრონგის სახელთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, სკეტის გამობრწყინების პირველი ნიშნები XX საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს ბლუზის შემსრულებლების ჩანაწერებში შეიმჩნევა. ეს ცალკეული მარცვლოვანი წამოძახილები, ასევე ფალცეტური მარცვლოვანი პასუხ-წამოძახილები, დუეტი ტუჩის ჰარმონიკით და სხვა, სოლისტების გამხნევებისკენ იყო მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ბლუზის შემსრულებლებს ვოკალში მარცვლების გამოყენების გამოცდილება ჰქონდათ, ამან ფართო გავრცელება მაინც ვერ ჰპოვა. ძირითადი სათქმელის წარმოსაჩენად მომღერლები თავიანთ საშემსრულებლო ემოციებს იმდენად ფართოდ ხარჯავდნენ, რომ მარცვლოვანი იმპროვიზაციისთვის დამატებითი ენერგიის ამოფრქვევა ზედმეტად მიაჩნდათ.

ვოკალური იმპროვიზაციის მომწიფების პირველ ეტაპზე ბლუზის შავკანიან შემსრულებლებს გვერდს უმშვენებდნენ შესანიშნავი ინსტრუმენტალისტ-მოკარნახეები ახალ ორლეანული ტიპური შემადგენლობით: საყვირი, კლარნეტი, ტრომბონი და რიტმ-სექცია. სასულე საკრავების შემსრულებლები თავიანთ აკომპანიმენტში თემის მელოდიურ ხაზს იმპროვიზაციული პასუხებით აგრძელებდნენ, ხოლო უფრო მეტი და მეტი ვარირებით მელოდიას საკუთარი თავნება ინტერპრეტაციებით ცვლიდნენ.

 

თეთრკანიანი მომღერლების უმეტესობა ესტრადის სცენაზე შოუებსა და ვარიეტეს ნომრებში თამამად იწყებდა მარტივი მარცვლოვანი სიმღერების გამოყენებას, სვინგისა და ყოველგვარი რიტმული სირთულეების გარეშე.

 

კინო-ეკრანებზე 1927 წელს გამოსული პირველი მუსიკალური ფილმის („ჯაზის მომღერალი“) გმირი თეთრი მსახიობი ელ ჯოლსონი თავის ვოკალურ ნომრებში სიტუაციის დრამატიზებისთვის ერთგვარ წამოძახილებსა და დაზეპირებული მარცვლების თანმიმდევრობას იყენებს. „მარცვლოვანი“, ანუ სკეტური სიმღერა წარმატებული „დანამატი“ გახდა ესტრადისთვის, მიუზიკლებისთვის, შოუებისთვის, კინო-სცენისთვის.

 

მნიშვნელოვანი ძვრა მაშინ მოხდა, როდესაც საყოველთაოდ მიღებული სიმღერის „სწორ“, „მიღებულ“ საშემსრულებლო მანერაში რიტმული „მარცვლოვანი ჩანართი“ შეიჭრა. ეს „ფანდი“ ინსტრუმენტალისტებთან იყო შემჩნეული; შემდეგ კი ის აითვისეს ვოკალისტებმაც, რომლებიც შინაგანად შეიგრძნობდა ანსამბლის, ორკესტრის ჟღერადობასა და საკრავების სუნთქვას; და იმპროვიზაციის უნარს, სვინგის გრძნობას, მანერებსა თუ სტილს ბუნებით ფლობდა. ამგვარი საოცარი უნარის დემონსტრირება 1935 წელს ჩიკა უებას ბიგ-ბენდში პირველმა ახალგაზრდა ელა ფიცჯერალდმა მოახდინა. მოგვიანებით გამოჩნდა თეთრკანიანი ვოკალისტი ანიტა ო’დეი. 1940-იან წლებში სკეტი საგრძნობლად გაართულა კებ კელოუეიმ და ბი-ბოპის გავლენით მას ახალი მნიშვნელობა შესძინა.

 

ელა ფიცჯერალდის პირველი იმპროვიზაციები 30-იანი წლებით თარიღდება. ის გარემოცული იყო ძალზე ნიჭიერი ინსტრუმენტალისტებით, რამაც მომავალი იმპროვიზატორის კარგ ალღოზე უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა. ჯაზის ამომავალი „ვარსკვლავი“ სწორედ ბრწყინვალე ორკესტრის შიგნით დაიბადა.

 

40-იან წლებში ელა ფიცჯერალდი სკეტის ხელოვნებას უკვე სრულყოფილად ფლობს, 50-60-იან წლებში კი წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს. იგი ჯაზური საკრავების იმიტირების დიდი შესაძლებლობებით იყო ცნობილი.

ელა ფიცჯერალდის მთლიანი სკეტის ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს სიმღერა „ატლასის თოჯინა“ და კუპლეტები სიმღერიდან „მეკი-დანა“, სადაც ის დამატებით არმსტრონგის მანერასა და ხმას აკოპირებს. ამ სკეტურ ნიმუშებს ზედმიწევნით სწავლობს და თავის თავზე ირგებს მსოფლიო ჯაზის ვოკალისტების თაობები. ელა ფიცჯერალდის სკეტური ვოკალი ენათესავება ჩ. პარკერის, ჯ. კოლტრეინის (საქსოფონისტები), ო. პიტერსონის, ბ. ტეილორის (პიანისტები) იმპროვიზაციებს. ეს არის ჯაზის დიდებული სკოლა, უმაღლესი რანგის ტრენინგი ვოკალისტებისთვის.

 

ჯაზურმა ვოკალურმა სტილმა ევოლუცია განიცადა უმარტივესი მარცვლოვანი სიმღერიდან იმპროვიზებულ რთულ ჯაზურ სკეტამდე. ფოლკლორულ-პრიმიტიული სკეტი გვხვდება სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ საგალობლებში (ინგლისურ ხალხურ ბალადებში, ტიროლის სიმღერებში, აფრიკული ტომების საგალობლებში). მელოდია აგებულია ერთ ან რამდენიმე მარცვალზე, ხან რამდენიმე ხმოვან ასოზე („ლა-ლა-ლა“, „ო-ოო-ო“, „ნა-ნა-ნა“, „ე-ე-ეი“).

 

ბი-ბოპის გამოჩენამ შეცვალა სკეტის ფრაზირება, გართულდა მისი რიტმული კონსტრუქცია, წარმოიშვა მარცვალთა ახლებური შეხამება: „შუ-ბი-დუ-ბი“, „დე-ბუ-დუ-ბა“, „ბა-უ-ბაპ“, „სტუ-კი-ტუკი“ – დან „ბოპ-ბიბოპ“, „რი-ბოპ“და ა.შ. მაგალითად, 60-იანი წლების დასაწყისში სენსაციად იქცა ცნობილი ვოკალური ტრიოს „ლამბერტ, ჰენდრიქს და როსის“ გამოჩენა. ბი-ბოპის ერთგული მიმდევრები პირველები აღმოჩნდნენ ჯაზური ვოკალის მანამდე გაუხსნელი სფეროების წარმომჩენებს შორის.

ამ ტრიოს ფენომენალურ მიღწევად მიიჩნევა ანსამბლის შავკანიანი მონაწილის ჯონ ჰენდრიკსის შესრულება. ის ლიტერატურულ-პოეტური ნიჭის წყალობით ვოკალური იმპროვიზაციის მოქნილ მელოდიურ ხაზზე ადებდა ლიტერატურულ ტექსტს, უფრო ხშირად რითმულს. ლიტერატურულ-ვოკალური ფრაგმენტების მაღალ დონეზე შესრულებით სამივე ვოკალისტი აბსოლუტურად სპონტანურად, ბრწყინვალედ გადმოსცემდა მარცვლოვან იმპროვიზაციას. ტრიოს მიერ იმპროვიზაციული ვოკალის ხელოვნებაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია.

 

 

უნდა ითქვას, ვირტუოზული სკეტის, უმაღლესი საშემსრულებლო დონის მიღწევა არცთუ ბევრმა ვოკალისტ-იმპროვიზატორმა შეძლო. მაგალითად, თანამედროვე არტისტის ბობ მაკ ფერინის შემოქმედებაში არსებული ვოკალური ტექნიკის ყველა შესაძლებლობაა თავმოყრილი, და ჯაზის ამ სახეობის ხელოვნების განვითარებაში კიდევ არაერთი ხერხი მიიჩნევა მის პირად დამსახურებად.

აქვე შეიძლება აღვნიშნოთ სკეტის ახალი ხერხების ექსპერიმენტატორი და გამომგონებელი თეთრკანიანი ვოკალისტი ჯ. დ. უოლტერი, რომელიც აგრეთვე დამატებით მუშაობს ელექტრონული, კომპიუტერული პროგრამებით და მნიშვნელოვანწილად აფართოებს შემსრულებლის ვოკალურ შესაძლებლობებს.

 

 

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად (ლეგენდები ჯაზის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ნახევარი სიმართლითა და ნახევრად გამოგონილი ამბით ბევრზე ბევრი იყო. უნდა ითქვას, ისინი ჯაზის ისტორიას უთუოდ ალამაზებდნენ) 1924 წელს სიმღერაზე Hebbie Jebbies მუშაობის დროს ახალგაზრდა ლუი არმსტრონგს სანოტო ჩანაწერი პიუპიტრიდან ჩაუცურდა. იმ დროს სტუდიური დრო ძალზე ძვირად ფასობდა, რის გამოც ჩაწერის შეწყვეტა და ახალი დუბლის შექმნა პრაქტიკაში მიღებული არ იყო. ამიტომ ლუიმ ტექსტის სანაცვლოდ სპონტანურად მუსიკალური ფრაგმენტის ისეთი მარცვლებით იმიტირება დაიწყო, თითქოს საყვირი დამარცვლით აამღერა.

ფაქტობრივად მან ნოვატორული ნომერი შექმნა, სიმღერისას ისეთ სახმო იმპროვიზაციებს გამოსცემდა, როგორიც ცოტა ვინმეს თუ მოუსმენია ახალი ორლეანის საზღვრებს გარეთ.

რა თქმა უნდა, იმ მომენტში ლუისთვის აღფრთოვანებით არავის დაუყვირია – „ო, შენ ახლა სკეტი იმღერეო“. მოგვიანებით, როდესაც მარცვლოვანი იმპროვიზაცია ვოკალისტებისთვის სტანდარტულ ხერხად იქცა, სიმღერის ამ მანერას სკეტი ეწოდა.

 

არმსტრონგი იხსენებდა: „ჩვენ „Hebbie Jebbies“ ვწერდით, როცა ნოტები ხელიდან გამიცურდა. მე კაბინისკენ ვიხედები, ხმის ჩამწერი სტუდიის პრეზიდენტი კი ხელს მიქნევს – „ჩუმად ნუ ხარო!“ და ამ დროს გამახსენდა, ჩვენ ხომ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ამ მანერაში ვმღეროდით. უბრალოდ უსიტყვოდ ვმღეროდით და საკრავის ბგერების ჟღერადობას ვამსგავსებდით, მხოლოდ ასეთ სიმღერას სკეტს არ ვუწოდებდით“.

ჩანაწერი გამოშვებულია 1926 წელს, რომელიც უმალ გახდა შავი კვარტლების ჰიტი და რაც მთავარია, კომპოზიციამ სკეტი უპოპულარულესი გახადა.   

 

ბავშვებზე დაკვირვების დრო – ახალი აღმოჩენები

0

სანამ შვილები არ გამიჩნდა, მეგონა, ბავშვებთან ურთიერთობა არ გამომდიოდა.  შეიძლება ითქვას, ნაკლები თანაგანცდა  მქონდა, მათთან ურთიერთობას ვერიდებოდი და ცოტა ,,მეშინოდა”კიდეც მათი. მაშინაც ისე ვუყურებდი, როგორც დიდ ადამიანებს და მხოლოდ ლოყაზე ხელის მოცაცუნება არ კმაროდა.  კიდევ, რაღაც უნდა მეთქვა მათთვის, უნდა დავხარჯულიყავი ამ ურთიერთობისთვის და ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობად მეჩვენებოდა. მაშინ, რატომღაც მეგონა, რომ ბავშვები ამას ვერ ხვდებოდნენ, მე კი ჩემი დამოკიდებულებები უხერხულ განცდებს მიჩენდა.  საკუთარი შვილების  გაჩენის შემდეგ, სხვა უცნობი მხარეებიც აღმოვაჩინე ჩემს ხასიათში და ბავშვებზე  დაკვირვება ჩვეულებრივ საქმიანობად მექცა.

პირველ რიგში: ისინი ჩვენგან ჩვეულებრივ ურთიერთობას ითხოვენ და სურთ, ისე მოვექცეთ, როგორ დიდ ადამიანებს; ველაპარაკოთ თანასწორივით, ველაპარაკოთ მძიმეწონიანი და პატიოსანი არგუმენტებით და არ გადავამლაშოთ; ვიყოთ თანმიმდევრული და ამასთან ერთად მშვიდი. ვერ ვიხსენებ, ვერცერთ ისეთ შემთხვევას, როდესაც  ნორმალურ მიდგომას უკვალოდ ჩაევლოს, როდესაც მცირე ტიპის კონფლიქტები ჩნდებოდა ყოველდღიურ ურთიერთობებში. პირისპირ, სხვა დამსწრე პირებისგან გამოცალკევების შემდეგ და ბავშვებთან  გულდასმით და გულწრფელ საუბრებში ბევრი რამ ირკვევა. მათ სჭირდებათ იმის ახსნა, რა არ მოგვეწონა მათ ქცევაში, რა გვეწყინა და რა იყო გულსატკენი. ამის შემდეგ, შეიძლება ბევრჯერ იყვნენ არათანმიმდევრულნი ქცევაში და ვერ მოიქცნენ ისე ,,კარგად”, ჩვენ რომ მოგვეწონებოდა, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ მცდელობა, რაღაც შეცვალონ  და ეს მცდელობა უნდა დავუფასოთ.

ჩემი ორი შვილი ერთმანეთს არ ჰგავს. მათი ხასიათის შტრიხები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მათში ორი რამ შევნიშნე, უფროსი თავდაჯერებულად და ყველანაირი მტკიცების გარეშე გამოხატავს საკუთარ აზრს და შესაძლებლობებს. ამბობს, რომ ეს თეთრია ან შავი, ხოლო უმცროსი მუდმივად მტკიცების რეჟიმშია, ის ამბობს, რომ შეიძლება ეს შავია, მაგრამ შესაძლებელია თეთრი გახდეს. ის ამბობს რომ თავადაც ყველაფერს შეძლებს, ხიდიდან წყალში ისიც გადახტება, ცურვას ისიც ისწავლის, წყალში ყვინთვასაც არ მოერიდება, სტვენა მასაც შეუძლია და ციხესიმაგრის ხატვა მასაც უფროსივით გამოდის. მას შეუძლია დაგვაჯეროს, რომ რასაც მოინდომებს ყველაფერს შეძლებს და დაბრკოლებები არაფრით შეაშინებს. მაგრამ, თუ ცოტათი წაიბორძიკა და ჩვენც  საყვედურით გავხედავთ, თვალები  ცრემლით ევსება. ვერც ჩვენ გვპტიობს საყვედურნარევ მზერას და ვერც საკუთარ თავს პატიობს შეცდომას.

როდესაც, ბავშვების  ხასიათს და დამოკიდებულებებს გავაანალიზებთ, სხვადასხვა სამოქმედო სტრატეგია დაგვჭირდება. ორ განსხვავებულ არსებას თამაშიც განსხვავებული  უნდა, საუბარი და მიდგომებებიც მათი ხასიათის შესაბამისი. არ გპატიობენ წამოცდენებსაც და მუდმივად ითხოვენ ძალიან დიდ მოთმინებას.  ყოველი დღე ჩემთვის სიმშვიდის შენარჩუნების თუ ბეწვის ხიდზე სიარულის მცდელობაა. ისინი, ხომ მთელი დღე არ იღლებიან, უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან და გათენებიდან დაღამებამდე თამაშს ითხოვენ, უამრავ შეკითხვას სვამენ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ  და  მათი სურვილებიც უსაზღვროა.

როდესაც, ბავშვებზე დაკვირვებას ვიწყებთ, მათში ბევრ საინტერესო ცვლილებას აღმოვაჩენთ. ეს ცვლილებები კი განსაკუთრებით თავს იჩენს ახალ გარემოში, სადაც ახალი შესაძლებლობების გამოცდისთვის ხელსაყრელი პირობებია. სადაც, მართლაც თვალსა და ხელს შუა ამჩნევ, როგორ იზრდებიან ისინი მენტალურადაც და ფიზიკურადაც. როგორ მოსწონთ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და რა საოცარი კმაყოფილებით აჯამებენ ერთი თვის განმავლობაში მიღებულ შედეგებს.  იკვლევენ, რა ისწავლეს და რა შეძლეს. ამ ყველაფერს ისინი, უფროსებივით მიზანდასახული აზარტით მიჰყვებიან და სწავლის, ძიების და კვლევის ეს თავისებური  პროცესი, მათ ბედნიერს ხდის. სწორედ, ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების ძიება ასე აღაფრთოვანებთ, რა პირობები დახვდება სკოლაში. ექნებათ თუ არა ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოსცადონ საგანმანათლებლო გარემოში. ექნებათ თუ არა მასწავლებლებს მათზე დასაკვირვებლად დრო და განწყობა…

ჩემი ექვსი წლის შვილი, რომელიც სექტემბერში სკოლაში მიდის და რომელიც სწორედ  ასეთი დაჯამებების დიდოსტატია, ივლისის  ბოლოს კმაყოფილი სახით  ითვლიდა თითებზე იმ მიღწევებს,  რაც სხვა, არაქალაქურ გარემოში შეისწავლა. ,,დავძლიე სიმაღლის შიში, დავძლიე სიღრმის შიში, დავძლიე ცურვის შიში. ვისწავლე სტვენა, წყალზე ზურგით წოლა, წყალში ყვინთვით ცურვა, საცურაო რგოლის გარეშე ცურვა. ვისწავლე ყველის ამოყვანა და გავიჩინე კიდევ ოთხი საუკეთესო მეგობარი”- ასეთი იყო მისი არასრული ჩამონათვალი საზაფხულო მიღწევების და ალბათ, არასოდეს ყოფილა ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი, როგორიც ცხელი  ივლისის თვეში.

ბავშვებს  არაფერი ისე არ სიამოვნებთ, როგორც საკუთარი შესაძლებლობების გააზრება და მათი გამოყენება. არც მშობლებს და არც მასწავლებლებს არ უნდა გამოგვეპაროს მათი უჩინარი უნარები და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ჩვენი დაკვირვების ობიექტივში, რათა ჩვენც შევძლოთ დახმარება და ცოტაოდენი გზის გაკვალვა მათთვის, საკუთარი შესაძლებლობების ძიებისა და გამოცდის  პროცესში.

 

 

 

მდგრადი არქიტექტურა და გეოგრაფია

0

კვლავ გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეამ შემიპყრო. აბა, როგორ ავუვლი გვერდს, როცა ჩვენი წინაპრებიც კი სახლების მშენებლობისას გეოგრაფიულ გარემო ფაქტორებს ითვალისწინებდნენ.

ტრადიციული ქართულ გლეხურ სახლებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ ენერგოეფექტურობის ძირითადი პრინციპები და გამომდინარე ადგილობრივი პირობებიდან, შეძლებისდაგვარად იცავდენ მათ.

დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი მდგრადი განვითარებაა, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციაზე. იგი იქცა კაცობრიობის მომავლის ყველაზე ცნობილ გლობალურ მოდელად.

გარდა ამისა, ეს თემა 2015 წლის 25 სექტემბერს გაერო-ს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან  მე-7 და მე-11 მიზანს ეხმაურება.

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

  • ენერგიის სახეები – განახლებადი, მზის, ქარის, გეოთერმული, მიქცევა-მოქცევის;
  • ენერგიის ეფექტიანობა და დაზოგვა;
  • ენერგიის წარმოებასთან, მიწოდებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების საკითხები.

მიზანი 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. მდგრადი და უსაფრთხო საკვები.

  • ურბანული ეკოლოგია და ველური ბუნების ადაპტაცია თანამედროვე დასახლებებთან;
  • მდგრადი შენობა-ნაგებობები და სივრცითი განვითარება;
  • ნარჩენების მართვა;
  • წყლის ციკლი (მწვანე სახურავი, წვიმის წყლის შეგროვება, ძველი არხების/კალაპოტების განახლება, მდგრადი ურბანული სადრენაჟო სისტემები).

1993 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს “დეკლარაცია მდგრადი მომავლისათვის”, მასში ნათქვამია: „არქიტექტურული გარემო და ცალკეული შენობები ხშირად უარყოფით გავლენას ახდენენ ბუნებრივ გარემოზე, ამიტომ არქიტექტორების მოვალეობაა, შექმნან ისეთი არქიტექტურული გარემო, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს და ამავე დროს შეინარჩუნებს და კიდევაც გააუმჯობესებს ბუნებრივ გარემოს“.

დღეს მსოფლიოში მიღებულია მდგრადი არქიტექტურის (sustainable architecture) შემდეგი განსაზღვრება:

”შენობების და მთლიანობაში არქიტექტურული გარემოს ხანგრძლივი (მდგრადი) ექსპლოატაციის შესაძლებლობა, როგორც დღეს მცხოვრები, ისე მომავალი თაობების კომფორტული ცხოვრებისა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესების უზრუნველყოფის პირობით”.

არქიტექტურის მდგრადი განვითარების კონცეფცია გულისხმობს როგორც განაშენიანების, ასევე შენობების დაპროექტების პროცესში ადამიანისთვის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას.

ზოგადად მდგრად არქიტექტურაში იგულისხმება ურთიერთდაკავშირებული შემდეგი ძირითადი კომპონენტების ერთობლიობა:

  • შენობების კომფორტული მიკროკლიმატი, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე;
  • შენობების ენერგოეფექტურობა;
  • განახლებადი ენერგიის გამოყენება;
  • შენობების ყველა ენერგეტიკული ელემენტის მთლიანობაში განხილვა და მათი ოპტიმიზაცია;
  • ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენება;
  • სათბური აირების ემისიის შემცირება.

ამ კომპონენტებს შორის ურთიერთქმედებისა და კომპრომისების ძიება XXI საუკუნის არქიტექტორებისა და სხვა დარგის სპეციალისტების ძირითადი ამოცანაა. მდგრადი არქიტექტურის ძირითადი კომპონენტების ერთობლიობაში წამყვანი ადგილი უკავია:

  1. შენობებში კომფორტული მიკროკლიმატის შექმნას, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე;
  2. შენობების ენერგოეფექტურობას;
  3. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებას.

სათავსოს შიგნით ფიზიკური გარემო, ანუ მიკროკლიმატი და მისი გამოთვლის მეთოდები, პირდაპირ კავშირშია მშენებლობის რაიონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებთან, ამიტომ საჭიროა შესაბამისი კლიმატური გარემოს პარამეტრების შესწავლა.

არქიტექტურული კლიმატოლოგია შეისწავლის კლიმატის იმ ელემენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ არქიტექტურული დაგეგმარების და სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესებზე.

ეს ცოდნა საშუალებას აძლევს არქიტექტორს, სხვადასხვა კლიმატურ რაიონში, არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით, ერთი მხრივ, შეამციროს ბუნების უარყოფითი გავლენა ადამიანზე და შენობებზე, მეორე მხრივ, მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი კლიმატური რესურსები.

მრავალრიცხოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საცხოვრისის მოცულობით-გეგმარებითი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, შეიძლება დავყოთ ხუთ ძირითად პუნქტად:

  1. ბუნებრივ-კლიმატური პირობები;
  2. ადგილობრივი მასალების ხასიათი;
  3. მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა, ოჯახის სტრუქტურა;
  4. პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ტექნიკის განვითარების დონე;
  5. კულტურული მემკვიდრეობის ხასიათი, რომელიც ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე.

პირველი ორი ფაქტორი (ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ადგილობრივი მასალების ხასიათი) საცხოვრისის განვითარების ყველა ეტაპზე თითქმის უცვლელად განსაზღვრავდნენ სახლის სტრუქტურას (მაგალითად, დარბაზული ტიპის საცხოვრებელი აღმოსავლეთ საქართველოში, საჯალაბო სახლი – დასავლეთ საქართველოში, კალოიანი სახლი – მთა-გორიან რეგიონებში).

ბუნებრივ-კლმატური ფაქტორები საცხოვრებლის განვითარებაზე ზემოქმედებდნენ:

ა) გლეხის სამეურნეო საქმიანობის ხასიათის მიხედვით;

ბ) ნესტიანობისა და ნალექების რაოდენობის მიხედვით;

გ) ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით;

დ) რელიეფის ტიპის მიხედვით.

  1. საცხოვრებლის სტრუქტურული მოწყობა, ძირითადად განისაზღვრება გლეხის სამეურნეო მოღვაწეობის მიხედვით, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე. ხორბლისა და სხვა მარცვლეულის შემგროვებელს, მევენახეს, ველზე მცხოვრებ გლეხს სჭირდება ისეთი საცხოვრებელი, სადაც გათვალისწინებული იქნება სამეურნეო ხასიათის სივრცე: ბეღელი, მარანი და ა.შ. ხოლო მთიან რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობების გამო ძირითადი სამეურნეო საქმიანობა არის მეცხოველეობა, საცხოვრებელი თავის თავში ითვალისწინებს სივრცეს საქონლის სადგომად, ადგილს მისი საკვების შესანახად, რძისა და რძის პროდუქტების შესანახად და ა.შ.
  2. ტენიანობის მაჩვენებელი და ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განსაზღვრავს კონსტრუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის – გადახურვის ფორმასა და ხასიათს. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატი იძლევა საშუალებას, მოეწყოს ბრტყელი გადახურვა. ხოლო დასავლეთ საქართველოს ნოტიო ჰავა და ნალექების უხვი რაოდენობა აუცილებელს ხდის დახრილი სახურავის მოწყობას.
  3. ტემპერატურული რეჟიმი, კლიმატის ხასიათი, მისი სიმკაცრე ან სირბილე განსაზღვრავს სახლის შემომზღუდავი კონსტრუქციის – კედლების სისქეს. დასავლეთის რბილი კლიმატი იძლევა შეფიცრული ან დაწნული კედლების მოწყობის საშუალებას. უფრო მკაცრი აღმოსავლეთისა და მთის რეგიონების კლიმატი კი საჭიროს ხდის კაპიტალური ქვის ან მორების კედლებისა და სქელი გადახურვის არსებობას, ასევე ცხოველური ფიზიოლოგიური სითბოს გამოყენებას.
  4. რელიეფის ტიპი (დახრილი, სწორი, არაერთგვაროვანი) განსაზღვრავს სახლის ფუძის სიმაღლეს. აღმოსავლეთისა და მთის საქართველოს რელიეფი განსაზღვრავს საცხოვრებლის ნაწილობრივ მიწაში ჩაფვლას, რაც უკეთ ესადაგება მშრალი და მკაცრი კლიმატის პირობებს, ასევე მთიანი რეგიონების საცხოვრებლების ფუნქციურ სტრუქტურას – ტერასული სახლები, რომელთა თითოეული სართული წარმოადგენს ზედა სართულის ეზოს. ხოლო კოლხეთის დაბლობის რბილი, ნესტიანი კლიმატი, ჭაობიანი ნიადაგი განსაზღვრავს სახლების ხიმინჯებზე შედგომის საჭიროებას.

ადგილობრივი სამშენებლო მასალები და მათი დამუშავების საშუალებები, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, განსაზღვრავს საცხოვრებლის არქიტექტურის თავისებურებასა და მისი აგების საშუალებას. აღმოსავლეთში ქვის კედლები (რიყის ქვები ხსნარით, ფიქალი ძირითადად ხსნარის გარეშე), ხოლო დასავლეთში – ხის კედლები (მორების, შეფიცრული ან დაწნული).

ქართლის დარბაზში ფოთლოვანი ხის მასალის, ხოლო სამცხე-თრიალეთის დარბაზში წიწვოვანი მასალის კონსტრუქციებში გამოყენება განსაზღვრავს ინტერიერის განსხვავებულ მხატვრულ-დეკორატიულ გადაწყვეტას, მაგალითისთვის: პლასტიკური და ორნამენტული – აღმოსავლეთში, ხოლო მკაცრი გეომეტრიული – სამცხე-თრიალეთში.

კავკასიონის მთებში არსებული ფლეთილი ფიქალის ხელმისაწვდომობამ სვან და თუშ მშენებლებს საშუალება მისცა დახრილი სახურავები მოეწყოთ ამ მტკიცე მასალისგან. მასალის თვისებებმა განსაზღვრა გადახურვის ფორმა და ხასიათი: სახურავი ორქანობიანია და მინიმალური დახრა აქვს, ფილები გამაგრებულია საკუთარი სიმძიმის ძალით. სწორედ ფიქალის გამოყენებამ განაპირობა აღმოსავლეთ კავკასიონის კოშკების უნიკალური არქიტექტურულ-მხატვრული იერ-სახე.

საზოგადოების სოციალური სტრუქტურა განსაზღვრავს საცხოვრებლის ხარისხობრივ და მოცულობით თვისებებს. განსხვავდება მდიდრებისა და ღარიბების საცხოვრებლისა და მისი მოწყობის ხარისხი ერთსა და იმავე გარემო პირობებში. სამშენებლო ტექნოლოგიის განვითარებამ, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე, განსაზღვრა მასალების დამუშავების საშუალებები. მაგალითად, საცხოვრებლის განვითარების ადრეულ ეტაპზე კედლის წყობაში იყენებდნენ ალიზს, რიყის ქვას, ფიქალს ხსნარის გარეშე, ასევე ხის მთლიან მორებს მოპირკეთების გარეშე; ხოლო განვითარების შემდგომ ეტაპეპზე გამოიყენებოდა ქვითკირი ხსნარით და დახერხილი ხის ფიცრები; ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელი იყო ბრტყელი გადახურვის გამოყენება, მოგვიანებით კი დახრილი სახურავის მოწყობა დასავლეთის რეგიონებში და ა.შ.

ქართული საცხოვრისის გეგმარებითი სტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რა თქმა უნდა, გათბობას, ბუნებრივ განათებას, გადახურვასა და შემომზღუდავ კონსტრუქციებს, ასევე სახლის მდებარეობას რელიეფზე.

გათბობა წამყვანი ფაქტორია საცხოვრებლის ეტაპობრივი განვითარების გზაზე. საწყის ეტაპზე სახლი თბებოდა და ნათდებოდა სახლის ცენტრში განთავსებული კერის საშუალებით. დარბაზის ტიპის საცხოვრებელი გვირგვინითა და ერდოთი წარმოადგენს უკანასკნელ, ყველაზე მაღალ საფეხურს კერიანი სახლის განვითარებაში.

ბუნებრივი განათებისა და კერიდან კვამლის მოშორების საშუალება არანაკლებ საინტერესოა იმერეთისა და სამხრეთ ოსეთის საცხოვრისებშიც. აქ გვხვდება ორქანობიანი გადახურვა პირამიდული (მაგრამ არა საფეხურებიანი) გვირგვინითა და ერდოთი.

ღია ცეცხლი, კერა განსაზღვრავს ყოფითი ცხოვრების დაბალ ჰორიზონტს, დაბალ ავეჯს: რაც ახლოს ხარ იატაკთან, მეტია განათება ღამით და ნაკლებია კვამლი. განვითარების გვიანდელ ეტაპზე ჩნდება ბუხარი საკვამურით, კიდევ უფრო გვიან კი – კედლის ღუმელი. ბუხარი ნაკლებად პრაქტიკულია მრავალსულიანი ოჯახისთვის, ის იძლევა გათბობასა და განათებას მხოლოდ ერთი მიმართულებით.

ბუხარი, როგორც წესი, აწეულია იატაკის დონიდან, რაც ამაღლებს ყოფითი ცხოვრების ჰორიზონტს. პროგრესის შემდგომი ეტაპია ცენტრალური გათბობა, რომელიც ფაქტობრივად წყვეტს საცხოვრებლის ფორმირებაზე და ფუნქციურ გადაწყვეტაზე ზემოქმედებას.

დღის განათება – ეს შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებლის ფორმირებაში. არქეოლოგიური წყაროების მიხედვით მტკვარ-არაქსის კულტურისა (III-II სს ჩვ. წელთ აღრიცხვამდე) და ადრეული ქვის ხანის (V-IV ათასწლეული) უძველესი საცხოვრებლები გვხვდება ზენიტური განათებით.

დასავლეთ საქართველოს „საჯალაბო“ სახლები გვხვდება სპეციალური განათების ღიობების გარეშეც, ასეთი სახლები ნათდებოდა ღია კარიდან. ზემოთ ასევე ვახსენეთ იმერეთისა და სამხრეთ ოსეთის სახლები, რომლებშიც გვხვდება დახრილი სახურავიდან ამოშვერილი პირამიდული (არა საფეხუროვანი) გადახურვა ერდოთი, რომელსაც იყენებდნენ ბუნებრივი განათების მისაღებად და კვამლის თავიდან ასაცილებლად.

მთის საცხოვრებლებში შუქი ძირითადად შემოდიოდა ზედა ღიობით – ერდოთი, ან კედელში დატანებული სათოფურებით, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა სახლ-სიმაგრეებში. განვითარების გარდამავალ ეტაპზე ფასადზე პირველად ჩნდება ფანჯრის მცირე ღიობები, რომლებსაც აკრავდნენ გაზეთილ ან გაქონილ ქაღალდს. შუშის ფანჯრები საცხოვრებლის ახალი ტიპის ერთ-ერთი ნიშანია.

გადახურვის მოწყობა შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახლის სტრუქტურაში. სხვენის გაჩენა, გაცალკევებული მოცულობა გადახურვის ქვეშ და ჰორიზონტალური ჭერის მიღება საცხოვრებლის ახალ ტიპზე გადასვლის ნიშანია.

ბრტყელი გადახურვის გავრცელების რაიონებში (აღმოსავლეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი) ეს ფაქტი გამოიხატა ბრტყელ გადახურვაზე სახურავის მოწყობით.

ღრმა გეგმარებითი კომპოზიცია მთავარი ფასადით განივი მხრიდან წარმოადგენს ძველი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმასხვავებელ ნიშანს. გაწელილ მართკუთხა გეგმარებაში დერეფანი ყოველთვის ეწყობა ვიწრო მხრიდან (რელიეფის დახრასთან სახლის გრძივი ღერძი მართ კუთხეს ქმნის). ამასთან ახალი ტიპის საცხოვრებლებში, რომლებთაც იგივე გაწელილი გეგმა აქვთ, აივანი გვხვდება სახლის განიერ მხარეს. ეს ტრანსფორმაცია გამოწვეულია სახლის მოცულობით-გეგმარებითი სტრუქტურის მთელი რიგი ცვლილებებით: საცხოვრებელი სივრცის პატარა ოთახებად დანაწევრება, განსაკუთრებული სამეურნეო სათავსოების გამოყოფა, სათავსოების იზოლაცია და ა.შ. ამ ცვლილებების აუცილებლობა მოიტანა დროებამ, ღრმა სოციალურ-ეკონომიკურმა ძვრებმა.

კიდევ ბევრ საინტერესო რესურსს ნახავთ წიგნში „ენერგოეფექტური პრინციპები ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“- ავტორთა  ჯგუფი: თემის  ხელმძღვანელი, პროფესორი   ლევან ბერიძე, შემსრულებლები: მაგისტრანტი ლაშა ხულორდავა და დოქტორანტი მზევინარ გაგაძე.

 

აჰა, მიიწურა ზაფხული

0

იყო, დრო, როცა ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა უნივერსიტეტში გამოცდები, რომ სოფელში წავსულიყავი. წასვლის წინა ღამით, რა თქმა უნდა, მღელვარებისგან ვერ ვიძინებდი და ლოგინში ვბორგავდი. ჯიქიაზე დილით ტრანსპორტს სად ნახავდი, არც გამოსაძახებელი ტაქსები იყო მაშინ, ამიტომ მე და ჩემს დას მძიმე ჩანთების თრევა ქავთარაძემდე გვიწევდა, იქიდან კი სამოცდათხუთმეტი ნომერი მარშრუტკით გავდიოდით ვაგზლის მოედანზე. მარშრუტკა ქვედა მხარეს, მთავარ შესასვლელთან ჩერდებოდა, ჩვენი ავტობუსი კი ზევითა მხარეს, ნახალოვკაზე იდგა, ამიტომ ახლა იქიდან გვიწევდა ჩანთების თრევა, მაგრამ არცერთხელ არ დაგვიწუწუნია, რადგან წინ მთელი სამთვიანი ბედნიერება გველოდა.

შემდეგ იყო წითელი „იკარუსით” რვასაათიანი მგზავრობა პაპანაქება სიცხეში. ავტობუსში, რა თქმა უნდა, კონდიციონერი არასდროს მუშაობდა და საშინელი ჩახუთულობა იყო. სოფელში ხომ მიმიხაროდა, მაგრამ დიღმის მასივს გავცდებოდით თუ არა, საშინელი სევდა მეუფლებოდა თბილისის დატოვების გამო, რადგან მიყვარს ეს ქალაქი. სადღაც დიდ დიღომთან მძღოლი საქარე მინის თავზე მიმაგრებულ ტელევიზორს რთავდა და ვან დამის ფილმებისა და „იუმორინას” ყურებით ვიქცევდით თავს. მცხეთასთან აუცილებლად გავხედავდი „სვეტიცხოველს” და „ჯვარს”, ჩემს გაუნელებელ სიყვარულებს.

ვბრაზდებოდი, როცა რიკოთზე ავტობუსი თხუთმეტ წუთზე მეტხანს ჩერდებოდა. საერთოდ „იკარუსი” სენაკამდე გზას ექვს საათს ანდომებდა, მაგრამ სენაკიდან ჩხოროწყუმდე ისეთი უსაშინლესი გზა იყო, რომ იმ პატარა მანძილზე ხოხვით სიარულში გადიოდა ორი საათი. სოფელ ზანასთან, თერმული წყლის შადრევანთან, იყო ყველაზე კატასტროფული მონაკვეთი, თავისუფლად შეგეძლო ნებისმიერი ტრანსპორტისთვის ფეხით გაგესწრო. ოთხმოცდაათიან წლებში სწორედ მაგ ადგილას ძარცვავდნენ ხოლმე ავტობუსებს, რომლებსაც ჩხოროწყუს ბაზრობის მოვაჭრეები მოჰყავდა ლილოში საქონლის ასაღებად. ხო, მართლა, სენაკში სულ ის ამბავი მახსენდებოდა, ბავშვობაში „სამოსელი პირველის” წაკითხვის შემდეგ სამყაროს ნახვა რომ გადავწყვიტე დომენიკოსავით და სენაკში გავყევი ავტობუსს. ძებნა იყო გამოცხადებული, ძლივს მიპოვეს.

სოფელი ზანა სენაკის ბოლო სოფელია, შემდეგ ჩხოროწყუ იწყება და იწყებოდა ჩემი გულისფანცქალიც. პირველი სოფელი ლესიჭინეა, აუცილებლად გავხედავდი იქ მცხოვრები დეიდაჩემის სახლს. მიხაროდა, როცა ეზოში დეიდაჩემს ან ჩემს დეიდაშვილს მოვკრავდი თვალს. ჩემდეგი ჩემი სოფელია, ქვედაჩხოროწყუ. მდინარე ოჩხომურის ხიდს რომ გავივლიდით, უკვე სახლში მეგულებოდა თავი, უკვე ვდგებოდით და წინ გადავდიოდით მე და ჩემი და, რადგან ჩვენი სოფლის ცენტრამდე ცოტაღა რჩებოდა. დიდ აღმართს ავივლიდით და იქვე იყო სოფლის ცენტრი, მარჯვნივ სოფლის ადმინისტრაციული შენობა, მარცხნივ, გზის გადაღმა, უგუმბათო, თეთრი ქვით მოპირკეთებული ეკლესია, მის უკან კი სკოლა. როგორც წესი, მამაჩემი ან ჩემი რომელიმე ძმაკაცი გვხვდებოდა ხოლმე ურიკით, რადგან ჩემს უბნამდე კიდევ ორი კილომეტრი უნდა გვევლო ფეხით.

სანამ ჩვენს სახლამდე მივიდოდით, გზად საბიძაშვილოს ჩამოვუვლიდით, რადგან ჩვენი სახლი მერე იყო. ერთწლიანი განშორების მიუხედავად, არანაირ გაუცხოებას არ ვგრძნობდი, შევდგამდი თუ არა ფეხს ჩემს ეზოში, შინ ვიყავი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ არასდროს არსად წავსულვარ. სახლის კარის გაღებისთანავე ტირილამდე ტკბილი და განუმეორებელი სუნი მეცემოდა, ჩემი სახლის სუნი, დედასავით მშობლიური. ცოტა ხანს ვირინდებოდი. ჩემების ნახვის შემდეგ უმალ ჩემს ბიბლიოთეკას და თაროზე შემოლაგებულ ჩემს ნახატებს და პატარა ქანდაკებებს მივაშურებდი. ბებიაჩემი იქით ვიშვიშებდა, ამ ბავშვს ეს წიგნები ჩვენზე მეტად უყვარსო.

შემდეგ იწყებოდა თავბრუდამხვევი ამბები: მდინარეზე წასვლა, პირველი მაგარი ზაგარი (თავისი სამდღიანი ტკივილებით, ღამით მუცელზე წოლებით და ზურგზე მაწვნის და არყის წასმებით თუ კიტრის კანის დაფენებით), საღამოს ფეხბურთი, მონატრებული სირბილი გულის ამოვარდნამდე. ღამით კი, მეზობლის ჭიშკართან გამაგრძელებლით გადმოყვანილ დენზე შეერთებული მუსიკალური ცენტრის მოსმენა. პირველ ხანებში საწოლში ჩაწოლისთანავე მკვდარივით მეძინებოდა ხოლმე, მაგრამ თანდათან ვეჩვეოდი და ძილის წინ აუცილებლად წავიკითხავდი წიგნს, ჩემს ბავშვობის წიგნებს ვუბრუნდებოდი ისევ და ისევ. თხილის კრეფის კოშმარების გამოტოვებით, ყველაფერი იდეალურად იყო.

მაგრამ, რაც კარგია, ყველაფერი უცებ ხომ მთავრდება და მალე გადიოდა ზაფხულიც… შუა აგვისტოში უკვე სევდა მეპარებოდა. ფერისცვალების შემდეგ უკვე გრილოდა, გამთენიისკენ საბანი უნდა დაგეფარებინა, მდინარეც ისეთი თბილი და სასიამოვნო აღარ იყო, ბებიაჩემი ამბობდა, ფერისცვალება დღეს წყალში ყინული ვარდებაო. ზაფხულის ბოლო ტკბილი ლუკმა მარიამობის ღამე და ჭიაკოკონა იყო. ჩაგვაწებებდნენ ბებიები და დედები კეფაზე, თმაში, თაფლის სანთლის პატარა ბურთულებს, აქაოდა ავსულები ვერ მოგეკარებიანო, ჭიშკარზე ვამაგრებდით დიდ ჯვრებს, რომ ავსულები დაეფრთხო. მერე კი, ღამით, სტადიონის განაპირას, საბურავების უშველებელ ჭიაკოკონასთან იკრიბებოდა მთელი სოფელი და ვშლიდით უზარმაზარ მაგიდას, ყველას გამოჰქონდა სახლიდან რაც ებადა, საჭმელი იქნებოდა, თუ სასმელი. ხო, მანამდე, აგროვილი ფულით, ხობისწყლის გადაღმა მცხოვრებ ოჯახში მივდიოდით საზამთროს და ნესვის საყიდლად. იმ კაცის სახლი ზედ მდინარის პირას იყო. სანამ სახლამდე მიხვიდოდი, ჯერ უკანა ეზო უნდა გაგევლო, რომელიც საზამთროს და ნესვის მწიფე ნაყოფებით იყო მოფენილი. ის კაცი ყარაულობდა ხოლმე თავის მოსავალს. მაგრამ, როცა მყიდველი ჰყავდა, როგორ უყარაულებდა. ამიტომ ორი ჩვენიანი შევიდოდა თუ არა საყიდლად, ჩვენ, რამდენიმე, მიწაზე დავხოხავდით და ხელებით და თავით ნესვის და საზამთროს ნაყოფებს ეზოს ბოლოსკენ მივაგორებდით, საიდანაც ფლატედან მდინარეში ვყრიდით, ცოტა ქვემოთ კი ჩვენიანები იჭერდნენ და ყრიდნენ ტომრებში. დღემდე ვერ ვხვდები, რად გვინდოდა ამდენი. იმ ღამით ადამიანები და ღორები ერთად მივესეოდით ხოლმე საჭმელად, მაგრამ მაინც ვერ ვერეოდით, დილით მთელი სტადიონი საზამთროს და ნესვის ქერქით იყო მოფენილი და გარგანტუას ან პანტაგრუელის ნამუსრევ სუფრას ჰგავდა.

მარიამობის მეორე დილით კი, თვალის გახელისთანავე, მძაფრ ნაბახუსევზე, აღმომხდებოდა თამაზ ჭილაძის რომანის სათაურის ვარიაცია: აჰა, მიიწურა ზაფხული!

მკითხველის ფაქტორი

0

ერთხელ მაინც თუ გიცდიათ საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანა და გაზიარება, აუცილებლად დაინტერესდებოდით, რას ფიქრობენ თქვენს ნაშრომზე ადამიანები, რომლებმაც მის წაკითხვას გარკვეული დრო დაუთმეს. თავად მწერალიც ხომ მკითხველია და ცხადად ხედავს ,,კარგ მთქმელსა“ და ,,კარგ გამგონეს“ შორის გაბმულ უხილავ ძაფს. ამას გარდა, იგი თავისი ნამუშევრის პირველშემფასებელიცაა, მაგრამ მხოლოდ ერთი, მის მიერვე შექმნილი რეალობის ამოკითხვა შეუძლია. თუ დიალოგი შედგა, ყოველი ახალი მკითხველი მის სამყაროს ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს.

დღეს მკითხველის მოზიდვა გაცილებით ადვილია. ავტორთან პირისპირ შეხვედრის დროს ან სოციალური ქსელების დახმარებით, ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების ღიად დაფიქსირება. ეს მომხიბლველი შესაძლებლობა არაერთ მკითხველს იზიდავს, მწერალს კი მისი ინტერესებისა და  დამოკიდებულებების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებას უადვილებს.

ვფიქრობ, შეუძლებელია მკითხველის ცნების რომელიმე ერთი შეხედულების ჩარჩოში მოქცევა. მას შეუძლია შუიდან წაგიკითხოს, თუ შენი დასაწყისი ზედმეტად გაწელილი მოეჩვენება, ან შეგამოკლოს – არასასურველ მონაკვეთებს წვიმის გუბეებივით გადაახტეს, მაგრამ ის შრომა, რაც კვანძის გახსნისთვის გასწიე, სათანადოდ დაგიფასოს. მას უფლება აქვს, მიგატოვოს, თუ რამდენიმე ათეული გვერდის შემდეგაც არ შეწყვეტ სიტყვების ფუჭად ღეჭვას და რულმორეულ აუდიტორიას ერთხელაც ვერ შეაჯანჯღარებ. მკითხველს უფლება აქვს, გაუფრთხილებლად გესტუმროს, შენი სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მოიაროს, შენი ნივთები გადააადგილოს… მოკლედ რომ ვთქვათ, მასპინძელსა და სტუმარს შორის არსებული ზღვარი უნდა წაიშალოს, მეტიც, მკითხველს მწერლის სამყაროში მოხვედრისას შინ დაბრუნების განცდა უნდა დაეუფლოს.

ჩემი აზრით, სავარაუდო მკითხველის ინტერესების გათვალისწინება პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯია. უცნობი აუდიტორიისთვის აქტუალური სასაუბრო თემის შერჩევა არც თუ ისე იოლი საქმეა. მწერალს მსმენელის როლის მორგება და მიმდინარე პროცესებზე ხანგრძლივად დაკვირვება შეიძლება დასჭირდეს. შემდეგ სასაუბრო თემას და მკითხველს სათანადო ლექსიკა და თხრობის მანერა უნდა მოარგოს, დაადგინოს დისკუსიის საზღვრები, შეარჩიოს დამხმარე თემები სამსჯელო საკითხის რაც შეიძლება მეტი პოზიციიდან გასაშუქებლად და ა.შ.

მკითხველმა პირველივე აბზაცში უნდა ამოიკითხოს მწერლის მიზანი და შეიქმნას სწორი მოლოდინი. თუ ჩვენი საკვლევი საკითხი გარკვეული ინფორმაციის დამუშავებას მოითხოვს, აუცილებლად გადამოწმებულ წყაროებს უნდა დავეყრდნოთ. ამას გარდა, ჩვენ მიერ გამოყენებული მასალები პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს სასაუბრო თემას, განმარტავდეს მას და მსჯელობას უფრო მრავალფეროვანს და დამაჯერებელს ხდიდეს. მთავარი თემისგან გადახვევა კი პოტენციურ გულშემატკივარს ყურადღებას გაუფანტავს.

მკითხველის ინფორმირება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მაინც არ გახლავთ საკმარისი. ნაშრომის ლაკონურობაზე, აზრების თანმიმდევრულობასა და სიცხადეზე აღარ შევჩერდები, არც მიღებული ცოდნის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირების სიკეთეებზე ვიმსჯელებ, რადგან დღეს სკოლის ყველა გაკვეთილი სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით იგეგმება. აქედან გამომდინარე, ჩემს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ წაკითხულის გათავისება სიღრმისეული კითხვის თანამდევი პროცესი და წარმატების ძირითადი ფორმულაა. რაც შეეხება თხრობის ინტონაციას, მკითხველთა უმრავლესობას სტრიქონს მიღმა გულისხმიერი თანამოსაუბრის აღმოჩენა ახარებს და მისგან უკმეხ, ქედმაღლურ საუბარს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ძნელად თუ აიტანს. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ მკითხველს შეუძლია წიგნის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა და მისთვის უკვდავების მინიჭება.

ყველა მწერალს ჰყავს თავისი აუდიტორია და წიგნებში მას ხშირად მიმართავს. ამგვარი მიმართვების წყალობით მათი მონოლოგი დიალოგის სახეს იძენს. სავარაუდო მსმენელის პოზიციის გახმოვანებისა და მწერალსა და მკითხველს შორის არსებული უფსკრულის ამოვსების ამ მრავალგზის ნაცადი ხერხისთვის არაერთ სახელგანთქმულ მწერალს მიუმართავს. ზოგი მათგანი კი მკითხველს წიგნში განვითარებული მოვლენების შეცვლისა და სასურველი დასასრულის არჩევის უფლებასაც აძლევს. მიხაილ ენდე ,,დაუსრულებელ ამბავს“ გზააბნეული, მაგრამ თავდაუზოგავი მკითხველის დახმარებით თხზავს. მწერლის ფანტაზიაში მოგზაურობა ვუდი ალენის მკითხველებსაც შეუძლიათ. ,,პატარა პრინცის“ ავტორი თავის აუდიტორიად, ე.წ. დიდ ბავშვებს მოიაზრებს. მილორად პავიჩის თქმით, მისი რომანი ,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ მკითხველთა მომავლის განსაჭვრეტად დაიწერა. ილია ჭავაჭავაძე კი თავის ,,კაცია ადამიანში“ თავშესაქცევი ამბებით განებივრებულ, იმედგაცრუებულ მკითხველს მახინჯ სიმართლეს აჩეჩებს ხელში…

სავარაუდო აუდიტორიის განსაზღვრისთვის ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით შედგენილი კითხვარი შეგვიძლია გამოვიყენოთ:

  1. რას ეძებს მკითხველი?
  2. რას ელის იგი ჩემგან/ჩემი ნაშრომისგან?
  3. რა მაქვს მისთვის სათქმელი, ანუ რისი წაღება შეუძლია ჩემგან?
  4. რა მიზანი აქვს ჩემს კალამს, ანუ რის გაკეთებას მოვითხოვ მკითხველისგან?
  5. რა იცის მკითხველმა ჩემ მიერ შერჩეული თემის შესახებ? გავრცელებულია თუ არა საზოგადოებაში რაიმე სახის სტერეოტიპი ან ცრუ ინფორმაცია საკვლევ თემასთან დაკავშირებით?
  6. როგორ გავაკვირვო, ავაღელვო, გავაბრაზო, გავახარო… ანუ როგორ გამოვიწვიო მძაფრი ემოცია?
  7. ტრიბუნიდან ვესაუბრო, თუ მრგვალ მაგიდასთან სადისკუსიოდ მოვიწვიო?
  8. რა ტიპის სატყუარას წამოეგება? – ეფექტურ სათაურს, თხრობის თავისუფალ მანერას, წიგნის დასასრულით/კულმინაციით დაწყებას, თუ რომელიმე სხვა სამწერლო ხრიკს?
  9. სხვა (გააგრძელეთ საკუთარი თავის გამოკითხვა მანამდე, სანამ ყველა საჭირო ინფორმაციას არ დასტყუებთ).

ჩემი აზრით, მსგავსი კითხვარები სასურველი მკითხველის მოზიდვას და მათი ნდობის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს. თან არარსებულ ნაშრომზე ერთგვარ რეფლექსიას დავწერთ და გარკვეული განსაცდელისგან მას ჯერ კიდევ დაბადებამდე ვიხსნით.

ვთქვათ, ჩემი კვლევის საგანია მარტოსული ადამიანი, რომელსაც გარე სამყარო ვერ ამჩნევს და ვერც თავად პოულობს საკუთარ ადგილსა და დანიშნულებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ ამ თემაზე, თქვათ, ნოველის დაწერა მსურს, ჯერ საკუთარ თავს უნდა გავესაუბრო:

  1. ჩემი მკითხველი დაინტერესებული უნდა იყოს მარტოსულობის თემით და გაუცხოების პრობლემას იკვლევდეს.
  2. თანამედროვე მკითხველი ჩემთან ჩოხელის ,,ადამიანთა სევდის“ ან ქარჩხაძის ,,იგის“ მსგავს მარტოობას არ დაუწყებს ძებნას. მას აქამდე ხელუხლებელი ამბის აღმოჩენა სურს.
  3. ყველა ადამიანი თავის წილ მარტოობას ეზიდება. მეც, გამოგონილი ან ნამდვილი ამბის გავლით, საკუთარი მარტოობის შესახებ უნდა მოვყვე. თხრობის პროცესი ნაცნობი ტკივილის სხვის სამფლობელოში აღმოჩენას უნდა ჰგავდეს და ჩემი მკითხველის ყოველდღიურ სირთულეებს ცოტათი მაინც უნდა ამსუბუქებდეს.
  4. მკითხველისგან გაზიარებას, ემპათიას ვითხოვ, ასევე – საკუთარი თავის აღმოჩენას.
  5. მარტოსულობის პრობლემა ადამიანის შექმნის დღიდან არსებობს და განიხილება, თუმცა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. აღნიშნულ თემაზე უამრავი წიგნი დაწერილა. აქედან გამომდინარე, ჩემი მკითხველი მრავალფეროვანი ინფორმაციით იქნება აღჭურვილი.
  6. მკითხველში მძაფრი ემოციის გამოწვევა ყურადღების მიპყრობის გავრცელებული, თუმცა საკმაოდ რთულად განსახორციელებელი მეთოდია. სათანადო ეფექტის მოხდენას დიდი ოსტატობა – მოქნილობა, მოხდენილობა, მოულოდნელობა, პირდაპირობა და ცოტაოდენი სიცელქეც კი სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მწერალი დროულად უნდა მიხვდეს, სად დასვას წერტილი და სად – სამწერტილი. ჩემ მიერ არჩეული თემის სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, მკითხველში თავისთავად აღიძვრება სევდისა და იმედის ნაზავი, საკმაოდ მძაფრი ემოცია და ვფიქრობ, მისი ხელოვნურად გამოწვევა არ დამჭირდება.
  7. ამ შემთხვევაში არც ტრიბუნა გამომადგება და არც – მრგვალი მაგიდა, მე ჩემს მკითხველში უნდა ჩავსახლდე, მის ნაფეხურებში ჩავაბიჯო და მისი სიტყვებით ვისაუბრო.
  8. რაც შეეხება მკითხველის სატყუარას, ავტობიოგრაფიული პროზა, ანუ პირველ პირში მოყოლილი ისტორიები ყოველთვის განსაკუთრებით მიზიდავდა, ამიტომ, ე.წ. უნივერსალური ,,მე-ს“ შექმნას მეც შევეცდები და მკითხველს ჩემს ფანტაზიაში არეკლილი საკუთარი თავის დანახვის საშუალებას მივცემ.

 

 

 

ისტორიული რომანის დასაცავად

0

მიშელ უელბეკი გერგეთის სამების ფონზე – როგორი მოუთოკავი წარმოსახვითაც უნდა იწონებდეს თავს ქართველი მკითხველი, მსგავსს მაინც ვერაფერს წარმოიდგენდა. მეც გაოგნებული შევცქეროდი ტელეფონით გადაღებულ კადრებს და გულში ვიმეორებდი: ეს სად დამდგარა, ფეხი არ დაუცდეს-მეთქი. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველზე გამორჩეული მწერლის უკან ტაძარი იყო, წინ კი – ვეება სიცარიელე – სიცოცხლეზე გულაყრილების დიდი მეგობარი.

მომდევნო დღეს, ქართველ ავტორებთან შეხვედრისას, მიშელ უელბეკმა თქვა (არ მახსოვს, რომელი კითხვის პასუხად): „მძულს ყველა ისტორიული რომანი, რომელიც იწერება. ყოველთვის სჯობს ავტორები, რომლებიც წერენ იმ ეპოქაზე, რომელშიც ცხოვრობენ. თითქოს ყოველთვის რაღაც ისე ვერ არის, როდესაც ლაპარაკია ისტორიულ რომანებზე“ (ეს სიტყვები რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტმა შემოინახა). მახსოვს, იქვე, დარბაზშივე დავიწყე ფიქრი, მაინც რა უნდა ჰქონოდა მწერალს ისტორიული რომანების საწინააღმდეგო და მე როგორი დამოკიდებულება მქონდა ასეთი პროზისადმი. თითქმის დავეთანხმე. ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ერთი-ორი ისეთი გამახსენდა, მათი დაუწერლობით ბევრიც რომ არაფერი დაშავდებოდა.

ამ საკითხს აღარც მივუბრუნდებოდი, გულმოწყალე უფალს ჩემთვის რობერტ გრეივზის ექვსასგვერდიანი წიგნის ყიდვა რომ არ გადაეწყვეტინებინა. მართლაც ღვთაებრივ საჩუქრად მივიჩნევდი მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ვკითხულობდი – დიახ, ეს დავიმსახურე. ამ ზაფხულს ერთი დღეც არ დამისვენია, გაუსაძლისი სიცხის დროსაც კი ვშრომობდი, ჰოდა, სანაცვლოდ, სად აღმოვჩნდი – პირველი საუკუნის რომში…

Encyclopaedia Britannica „ისტორიული რომანის“ განმარტებისას ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად სწორედ 1934 წელს გამოცემულ ამ რომანს, რობერტ გრეივზის „მე, კლავდიუსს“ ასახელებს. წიგნის მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გმირები ისტორიული პირები არიან, აქ აღწერილ მოვლენებს კი ისტორიის სახელმძღვანელოებშიც წააწყდებით. თავად კლავდიუსი რომის იმპერიას ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, 41-დან 54 წლამდე მართავდა.

წიგნი პირველ პირშია დაწერილი. კლავდიუსი წარმოუდგენელ, განსაცვიფრებელ, თავზარდამცემ ამბებს მოგვითხრობს თავის ბავშვობაზე, გარემოზე, რომელშიც იზრდებოდა და სამყაროს შეცნობას იწყებდა, ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე, რომის იმპერატორებზე, მართვის ფარულ სტრატეგიებზე, ინტრიგებზე, ინცესტურ კავშირებზე, დიდ სიგიჟესა და დიდ ვნებებზე… კითხულობ და უკან, შენ საუკუნეში დაბრუნება სულაც არ გეჩქარება. გინდა, კიდევ ბევრი მოასწრო – გლადიატორების ბრძოლაც ნახო, კალიგულას დარბაზებშიც შეიხედო, გერმანელებთან საბრძოლველად გამზადებულ ჯარსაც შეავლო თვალი.

პირველი საუკუნეა. მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თვალში არავის მოხვდება, ვისაც ამბიციები არ აწუხებს, ვინც წარსულისკენ იხედება… ამ რომანის მთავარი გმირიც მემატიანეა – ისტორიული თხზულებების წერა მასაც მთავარ საქმედ გაუხდია. ეს არავის მოეჩვენება სახიფათოდ, არც შურით დაუწყებენ ცქერას და არც ეჭვით. ფიზიკურად სუსტ, მრავალი თვალსაჩინო ზადით გამორჩეულ ყმაწვილს სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამს – შესანიშნავი შესაძლებლობაა განვითარებისთვის, ცხოვრების საინტერესოდ გატარებისთვის, გამოცდილების დაგროვებისა და საჭირო დროს გამოყენებისთვის.

რობერტ გრეივზი, ბუნებრივია, დიდ სიახლოვეს ხედავდა მთხრობელთან, რომელსაც ასევე იზიდავდა წარსული და რომელიც ასევე წერდა წარსულზე. ამ წიგნზე მუშაობისას ის უმთავრესად ორ წყაროს ეყრდნობოდა: ტაციტუსის „ანალებსა“ და სვეტონიუსის „12 კეისრის ცხოვრებას“, თუმცა მთავარი, რაც „მე, კლავდიუსს“ გატაცებით საკითხავ ტექსტად აქცევს, მწერლის ბრწყინვალე წარმოსახვა და თხრობის ხელოვნების სრულყოფილად ცოდნაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ავტორი მაღალი წარმოდგენისა არ იყო ამ წიგნზე – ზოგადად, მიაჩნდა, რომ ლექსებს ბევრად უკეთ წერდა, ვიდრე ისტორიულ რომანებს.

ერთ ინტერვიუში რობერტ გრეივზი თავისი თაობის ინგლისურენოვან მწერლებს დაუნდობლად აკრიტიკებს სიხარბისა და თვალსაჩინო კონფორმიზმისთვის: „ინგლისელ და ამერიკელ რომანისტებს, თითქმის ყველას, დიდი პრემია და კინოში წარმატების მიღწევა უნდათ. ისინი რომანებს არ წერენ. ისინი სცენარებს წერენ“. მწერლის პოზიცია შესანიშნავად ჩანს „მე, კლავდიუსშიც“, რომელიც, პირველ რიგში, რომანია და შემდეგ – ისტორიული რომანი, ეს უკანასკნელი განსაზღვრება კი უმცირეს ჩრდილსაც არ აყენებს ამ ვეება წიგნს, რომლის ბოლო გვერდებსაც სინანულით ვეთხოვებოდი.

დასაწყისში ნახსენები სხვა მწერალი – მიშელ უელბეკი, ალბათ, ისეთი წიგნების სიძულვილზე საუბრობდა, რომელთა მთავარი ნიშანიც მხოლოდ და მხოლოდ ისტორიულობაა – სიზუსტე, სიმშრალე, მოძებნილი ცნობების ბრმა ერთგულება. მათი ავტორები შესაძლოა დიდ განსხვავებას მართლაც ვერ ხედავდნენ რომანსა და სცენარს შორის. ჰოდა, მათაც წაადგებოდათ პირველი საუკუნის რომში მოგზაურობა – საკუთარი თვალით ნახვა, თუ როგორ უცხადებს კალიგულა ომს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ნეპტუნს – ზღვის ღმერთს.

 

წყნარი ოკეანე – მსოფლიოს სანაგვე

0

1997 წელს ჩარლზ მური, რომელიც საკუთარი იახტით შინ ბრუნდებოდა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე ნაგვის უზარმაზარ გროვას გადააწყდა. მური ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც ოკეანეში დინებების საშუალებით მთელი მსოფლიოდან მოგროვებული „ნაგვის კუნძული“ ნახა.

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში დიდი ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი დაუსახლებელი კუნძული მდებარეობს, რომელიც უახლოესი დასახლებული ცენტრიდან 5000 კილომეტრითაა დაშორებული. ეს კუნძული ჰენდერსონია – უდიდესი პიტკერნის ოთხ კუნძულს შორის. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს იზოლირებული ნაკრძალი სრულიად ხელუხლებელი იქნება, მაგრამ ცდებით. კუნძული ჰენდერსონი, რომელიც იმდენად მოშორებულია დანარჩენი სამყაროსგან, რომ მხოლოდ მეცნიერები თუ სტუმრობენ 5-10 წელიწადში ერთხელ, დიდი უბედურების პირისპირ დგას. კუნძულის სანაპიროებზე გამორიყულია მილიონობით პლასტიკური ნარჩენი. დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ მსგავსი მასშტაბის შემთხვევა მეცნიერებს სხვაგან არსად უანახავთ.

კუნძულ ჰენდერსონს, მეცნიერთა შეფასებით, შეიძლება „მსოფლიოს სანაგვე“ ეწოდოს. ავსტრალიელი და ბრიტანელი სპეციალისტების განცხადებით, წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულზე პლასტიკური ნარჩენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კუნძულ ჰენდერსონზე დაახლოებით 37,7 მილიონი სხვადასხვა სახის ნაგავია – თევზსაჭერი ბადეები, პლასტმასები, კბილის ჯაგრისები, საპარსები და სხვა. მეცნიერთა განმარტებით, კუნძული ოკეანური შესართავის ცენტრში მდებარეობს და ნაგავს ახლოს მცურავი სამხრეთამერიკული გემები ტოვებენ, სანაპიროზე ნარჩენების მოგროვებას კი ტალღები უწყობს ხელს.

კუნძულ ჰენდერსონის პლაჟების ყოველ კვადრატულ მეტრზე 671 პლასტიკური ნარჩენია, რაც დაბინძურების სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კუნძულზე დაახლოებით 37,7 მილიონი პოლიეთილენის პარკი გდია. ხუთ ადგილზე აღებული ნიმუშების მიხედვით ირკვევა, რომ კუნძულზე გამორიყულია 17 ტონა პლასტიკური ნარჩენი; თითოეულ პლაჟზე ყოველდღიურად 3570-ზე მეტი პლასტმასის ახალი ნარჩენი გამოირიყება. შედეგად, სრულიად დაუსახლებელი ჰენდერსონი, რომელიც თითქოს ბუნებრივი, ხელუხლებელი ატოლი უნდა იყოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია.

კუნძულის ლოკაცია მაგნიტივით იზიდავს მოტივტივე ნარჩენებს. საინტერესოა როგორ გროვდება აქ ნაგავი?

წყნარ ოკეანეში არის ჩრდილოეთ წყნაროკეანური სუბტროპიკული მორევი – მასშტაბური და წყნარი დინება, რომელიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს და რომელიც ჰაერის ტემპერატურის და ატმოსფერული წნევის ცვლილება იწვევს. ეს ადგილი, შეიძლება ითქვას, ერთგვარი უდაბნოა ოკეანეში: მართალია, აქ მრავლადაა ფიტოპლანქტონი, მაგრამ ძალიან ღარიბია თევზებითა და ძუძუწოვრებით.

მუდმივი შტილისა და სარეწაო ცხოველების არარსებობის გამო ეს ტერიტორია არც მეზღვაურებს იზიდავს – იშვიათად, რომ რომელიმე გემმა ეს ადგილი გადაკვეთოს. ეს იმიტომ, რომ პლანქტონის გარდა აქ მხოლოდ ნაგავია. ეს არის კოლოსალური ზომის ნაგავსაყრელი ჩვენს პლანეტაზე, სადაც მილიონობით ტონა ნაგავია დაგროვილი და რომელიც ნელა დრეიფობს წყნარი ოკეანის წყლებში.

დინებათა მორევმა ერთდროულად ორი ნაგვის გროვა წარმოქმნა, რომლებიც ცნობილია როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ წყნაროკეანური ნაგვის მონაკვეთები, ხოლო ერთად ზოგჯერ დიდ წყნაროკეანურ ნაგავსაყრელსაც უწოდებენ. ამ ტერიტორიის აღმოსავლეთი მონაკვეთი ჰავაის კუნძულებსა და კალიფორნიას შორის მდებარეობს და ფართობით 2-ჯერ აღემატება ტეხასის შტატს, ხოლო დასავლეთი ნაგავსაყრელი იაპონიის აღმოსავლეთითაა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მათ წარმოქმნაში მხოლოდ იაპონელები და ჰავაიელები არიან დამნაშავეები: დიდ წყნაროკეანურ ნაგავსაყრელს ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა ქმნის. ამ დინების სუბტროპიკული ზონები 6 ათას კილომეტრზე ვრცელდება და მთელ წყნარ ოკეანეში აგროვებს ნაგავს.

1950 წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს პოლიეთილენის პარკების, პლასტმასის ბოთლების, კონტეინერების გამოყენება, ამ გიგანტური ნაგავსაყრელის ფართობი ყოველ 10 წელიწადში ორმაგდება. უკანასკნელ წლებში ოკეანეში მცურავი ნაგვის მოცულობამ კატასტროფულად მოიმატა: როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, წყნარ ოკეანეში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა. ამჟამად ამ ტერიტორიის ფართობი რუსეთის ევროპული ნაწილის ფართობის ტოლია.

მსოფლიო ოკეანის ზედაპირზე მცურავი ნაგვის 90% პლასტმასაა. გაეროს მონაცემებით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ოკეანის ყოველ კვადრატულ მილზე თითქმის 46 ათასი პლასტმასის ფრაგმენტი მოდიოდა. ზოგიერთ რაიონში კი პლასტმასის მასა 6-ჯერ აღემატება ბუნებრივი პლანქტონის მასას. ადამიანის მიერ ყოველწლიურად წარმოებული 300 მლნ ტონაზე მეტი პლასტმასის დაახლოებით 10% ოკეანეში ხვდება, ამ რაოდენობის 70% კი ოკეანის ფსკერზე გროვდება და იქაურ ეკოსისტემებს ანადგურებს. ნაგვის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ხილული და ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს.

მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც ე.წ. „ნაგვის კუნძულების“ პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, მათ გასაწმენდად მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მეცნიერთა აზრით, ასევე არარეალისტურად გამოიყურება ოკეანის გლობალური გაწმენდის პროექტიც, რაც ამავე დროს დამღუპველად იმოქმედებს პლანქტონზეც. მით უმეტეს, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია ნაგვის შეგროვება, რომელიც წყალში ათეულობით მეტრ სიღრმეზეა დაგროვილი. ამიტომ საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს კონტინენტზე ნაგვის გადამუშავებას, მით უმეტეს, რომ ოკეანეში დაგროვილი ნაგვის მხოლოდ 20% იყრება პირდაპირ წყალში, დანარჩენი მასა კი ხმელეთის წყლებს ჩააქვს.

ნაგვის შემცირებისა და მისი ალტერნატიული გამოყენების კარგი მაგალითია ჰოლანდიელების სურვილი, ააშენონ პლასტიკური კუნძული. მათ გამოყენებული ბოთლებისგან დასახლებული კუნძულის შექმნა სურთ და ამისთვის 44 მილიონი კილოგრამი პლასტმასის ნარჩენის გამოყენებას აპირებენ, რომელიც ამჟამად წყნარ ოკეანეს ანაგვიანებს. ხელოვნურად შექმნილ ობიექტს „უტილიზებულ კუნძულს“ დაარქმევენ. პროექტის ავტორები კუნძულის დიზაინს ვენეციის არხების მიხედვით ადგენენ.

ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ობიექტის ენერგომომარაგება ენერგიის განახლებადი წყაროების საშუალებით განხორციელდება. პროექტის ავტორები პლასტმასის უტილიზებას პირდაპირ ოკეანეში აპირებენ. ამ პროცესის შედეგად მიღებულ ტივტივა ბლოკებს კუნძულის ფუნდამენტად გამოიყენებენ.

მომავალი კუნძულის ფართობი დაახლოებით, 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. გარდა ქალაქისა, რომლის შექმნასაც ხელოვნურ ობიექტზე ვარაუდობენ, არქიტექტორები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის სპეციალური ზონის შექმნაზეც ფიქრობენ. ზომით კუნძული დაახლოებით ჰავაისხელა იქნება, ხოლო მოსახლეობა, სავარაუდოდ, 500 ათასს მიაღწევს.

იმედია, პროექტი წარმატებით განხორცილედება და ჰოლანდიის გამოცდილებას სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ.

გაცნობიერებული მშობლობა, ანუ როგორ გავხდეთ საკუთარი შვილების საყრდენი

0

„გაცნობიერებული მშობლობა, ანუ როგორ გავხდეთ საკუთარი შვილების საყრდენი და გავუხსნათ მათ გზა სამყაროს შესამეცნებლად“

პირველი ნაწილი

სუზან სტიფელმანი   (Susan Stiffelman) — ამერიკელი პედაგოგი, განათლების სპეციალისტი, კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი ოჯახური ურთიერთობების საკითხებში. ის ატარებს სემინარებს სკოლებსა და მშობლებისათვის შექმნილ ორგანიზაციებში. სუზანი რამდენიმე წიგნის ავტორია, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.

ურთიერთობების ოთხი მოდელი

ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობების ოთხი ძირითადი მოდელი არსებობს და ჩვენი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ რომელიმე ამ ოთხი მოდელიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. ადამიანები პასიურები, აგრესიულები, პასიურ-აგრესიულები ან მტკიცე და შეუპოვრები (ანუ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასერტულები) არიან.

პასიური ადამიანი ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ჭეშმარიტ გრძნობებს ახშობენ და ქმნიან ილუზიას თითქოს ყველაფერი წესრიგშია. პასიური ადამიანი ამბობს „დიახ“-ს და გულისხმობს „არა“-ს. ის სხვების სურვილებსა და მოთხოვნებს საკუთარზე მაღლა აყენებს. პასიურ მშობლებს ეშინიათ საკუთარი შვილების წყენინების და ცდილობენ თავი მოაწონონ მათ. ამიტომ, ასეთი მშობლები მუდამ დათმობებზე მიდიან და შვილების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებენ.

ურთიერთობების აგრესიული მოდელის მიმდევრები მუქარებს და დაშინებებს მიმართავენ, რათა შვილები საკუთარ ნება-სურვილს დაუქვემდებარონ. ზოგიერთ პასიურ დამკვირვებელს შესაძლოა ასეთი მოდელი ეფექტურადაც კი მოეჩვენოს, რადგან ამ დროს ბავშვის არასასურველი ქცევა ქრება. მაგრამ ასეთი „გაქრობები“ მომავლში არასასურველ შედეგებს იძლევა. ბავშვებს არ შეუძლიათ, აგრესიულ მშობლებთან სიახლოვე განიცადონ, ისინი  ხომ შვილებისათვის ემოციურ ასპექტში უსაფრთხოების გარანტი ვერ ხდებიან.

პასიურ-აგრესიული მშობლები საკუთარი შვილების გაკონტროლებას დანაშაულისა და სირცხვილის განცდის ჩანერგვით ცდილობენ. ასეთი მშობლები ხშირ შემთხვევაში აგრესიას ღიად არ გამოხატავენ, მაგრამ მათი მანიპულაციები ძალიან დახვეწილია და ბავშვებში დანაშაულის განცდას იწვევს, რაც შვილებს პიროვნული განვითარების საწყის ეტაპზე ღრმა იარებს უტოვებს. ასეთი ბავშვები გამუდმებით ცდილობენ მშობლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საკუთარ გრძნობებსა და სურვილებს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. თუ მშობელი ამბობს: „შენ ერთადერთი ბავშვი ხარ ამ ოჯახში, რომელსაც წესიერად სუფრის გაწყობაც კი არ შეუძლია“, ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს შეარცხვინოს შვილი; მაგრამ თუ ის ამბობს: „წუხელ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს იმაზე ფიქრით, საიდან ვიშოვო შენთვის ექსკურსიაზე წასასვლელი ფული“, ამ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად დანაშაულს იგრძნობს მშობლების წინაშე. ჩემი აზრით, ეს შვილებთან ურთიერთობის არასწორი ფორმაა.

ასერტული მშობელი გემის კაპიტანია და ის მართავს შვილის „ცხოვრების ხომალდს“. ასერტული ურთიერთობების შემთხვევაში მშობლები სრულიად ბუნებრივ საზღვრებს აწესებენ მათსა და შვილებს შორის, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნები, განცდები და გრძნობები იქონიონ.  ასეთი მშობლები არ ამუნათებენ შვილებს, როცა მათი და ბავშვების საჭიროებები გარკვეულწილად არ თანხვდებიან ერთმანეთს. სრულებით არ არის საჭირო საკუთარი შვილების წინაშე მუდმივად თავის მოწონება და არც იმის შიში ვარგა, რომ ამის გამო ბავშვი განერვიულდება. მშობლები კარგად აცნობიერებენ, რომ, თუ ისინი საკუთარი შვილების ყველა პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებენ, ამით შვილებს ცხოვრების სირთულეების გადალახვასა და მათთან ადაპტაციის უნარის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობენ. ასერტული მშობლების შვილებმა იციან, რომ ისინი უყვართ სწორედ ისეთები, როგორებიც არიან და არა იმის გამო, რომ მათ მშობლების ხათრით ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა დედიკომ და მამიკომ იამაყონ საზოგადოებაში საკუთარი შვილების მიღწევებით.

ასერტული მშობლები ადვილად იღებენ შვილების „დაუმორჩილებლობას“. არ ღიზიანდებიან, პირად შეურაცხყოფად არ იღებენ შვილის წუწუნს და რაც მთავარია, ძალის გამოყენებით არ ცდილობენ მის დამორჩილებას. ასეთი მშობლები გაგებით ეკიდებიან შვილების გამოხატვის თავისებურებებს და არ ზღუდავენ მათ, მაგრამ აწესებენ გარკვეულ საზღვრებს და არ ეშინიათ იმის, რომ შესაძლოა შვილს ეს გააბრაზებს.

ეს რაც შეეხებოდა თეორიულ ასპექტებს, მოდით ახლა ცოტა პრაქტიკულად ვისაუბროთ. მაშ ასე: ჩაწერეთ საკუთარი შვილის სახელის გასწვრივ ყველა ის თვისება, რომლებთან გამკლავებაც ყველაზე მეტად გიჭირთ. თუ სერიოზულად მოეკიდებით ამ „დავალებას“ და არ ჩართავთ საქმეში „ცენზურას“, შესაძლოა დაახლოებით ასეთი სია გამოგივიდეთ:

მოუთმენელი, თხუპნია, ძალაუფლების მოყვარე, ეგოისტი, უზომოდ მგრძნობიარე, მოუქნელი, ზედმეტად ფრთხილი, უხეში, არაკეთილგანწყობილი, ზედაპირული, აგრესიული, მორცხვი, ინფანტილური, მშიშარა, მომთხოვნი, გამომწვევი, უტიფარი, კრიტიკული, ცივი, ჯიუტი, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, უმადური, ეჭვიანი, კონფლიქტური, უინტერესო, სუსტი, მორცხვი, მფრთხალი, მოუსვენარი, წუწუნა, ადვილად ბრაზდება, ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებს და არასოდეს არ მიჰყავს დაწყებული საქმიანობა ბოლომდე.

 ახლა კი გაეცით პასუხი შემდეგ შეკითხვებს (რაღა თქმა უნდა მხოლოდ ისეთებს, რომლებსაც თვლით, რომ თქვენც გეხებათ):

  • რომელ ადამიანს გაგონებთ თქვენი წარსულიდან ეს ბავშვი? თქვენს მშობლებს ან მასწავლებლებს? უფროს ან უმცროს და-ძმებს? ან იქნებ ყოფილ მეუღლეს?
  • როგორ იქცეოდით თქვენ, როდესაც რომელიმე ამ ადამიანთაგანი მსგავს ქცევას ახორციელებდა? განერიდებოდით? თავად გადადიოდით შეტევაზე? კამათობდით? „ისტერიკას“ აწყობდით? იმალებოდით? ტიროდით? პასიური იყავით თუ პირიქით აგრესიული? ან იქნებ პასიურ-აგრესიული?
  • როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს პრობლემებსა თუ თხოვნაზე იმ ადამიანს? ის თავად თქვენ გადანაშაულებდათ საკუთარი პრობლემების შექმნაში? იგნორირებას ახდენდა თუ ცდილობდა გაეუფერულებინა თქვენი პრობლემები? გეუბნებოდათ, რომ თქვენ ზედმეტად ახლოს მიგაქვთ გულთან ყველაფერი? ან იქნებ რაიმე სხვა ფორმით ცდილობდა ზედმეტი წუწუნისათვის თქვენს დასჯას? გეუბნებოდათ, რომ საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაჭრათ? დანაშაულის გრძნობას ხომ არ გიღვივებდათ? გეუბნებოდათ, რომ მისი ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე თქვენი? ან იქნებ იცინოდა თქვენს ზედმეტ მგრძნობიარობაზე?
  • ახლა დაფიქრდით, ხომ არ ავლენს თქვენი შვილი ისეთ არასასურველ თვისებებს, რომლებსაც საკუთარ თავს გაგონებთ? და ეს ის თვისებები ხომ არ არის, რომელთა „აღიარებაც“ ძალიან გიჭირთ? თავად ხომ არ აკეთებდით ისეთ რამეებს, რომლებიც ბავშვისათვის მიუღებლად მიგაჩნიათ? რა გრძნობები გიჩნდებათ, როდესაც ფიქრობთ, ისეთი მსგავსი თვისებების გამოვლენაზე, რომლებიც საერთოა თქვენთვის და თქვენი შვილისთვის?
  • როგორ იქცეოდნენ თქვენს ადრეულ ბავშვობაში ის ადამიანები, რომლებიც თქვენზე ზრუნავდნენ მაშინ, როდესაც თქვენ არასასურველ თვისებებს ამჟღავნებდით ან არასწორად იქცეოდით? გარცხვენდნენ თუ გაკრიტიკებდნენ? უფრო დამჯერ და-ძმას ხომ არ გადარებდნენ? კუთხეში გაყენებდნენ თუ საკუთარ ოთახში გიშვებდნენ, რათა იქ კარგად დაფიქრებულიყავით, როგორი ცუდი ბავშვი ხართ? ან იქნებ სულაც თქვენი მშობლები თქვენ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდნენ? გიყვიროდნენ თუ გემუქრებოდნენ? ფიზიკურად ხომ არ გსჯიდნენ?
  • რაზე უფრო სწუხხართ ახლა, როდესაც ხედავთ, რომ თვენი შვილიც ისეთივე თვისებებს ავლენს, როგორც თქვენ? რა გაკვეთილის გამოტანა შეგიძლიათ? იქნებ თქვენი შვილის ამ ქცევამ მოთმინების უნარი გამოგიმუშავათ? ან იქნებ მისმა ქცევამ უფრო მოქნილი და ასერტული გაგხადათ?

 

მინდა, გითხრათ, რომ ბავშვის ქცევების „სიღრმისეულ“ მიზეზებში გარკვევა – ძალიან სერიოზული და რთული საქმეა. ამიტომ თუ ემოციები დუღს და ზედაპირზეც კი ამოდის, ისე, რომ მათთან გამკლავება გიჭირთ, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს. მაგრამ თუ თქვენ გსურთ საკუთარ შვილს, ისე შეხედოთ, როგორც მასწავლებელს და მზად ხართ გარდაქმნებისა და განკურნების გზას დაადგეთ, მაშინ გპირდებით, რომ დიდ ჯილდოს მიიღებთ.

 

მოდით, ახლა გაგაცნობთ მშობლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილი შეკითხვების ნაწილს.

შეკითხვა: „ჩემი ოთხი წლის გოგონას განუწყვეტელ წუწუნს ჭკუიდან გადავყავარ. ვიცი, რომ ის პატარაა და ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარი გრძნობების სიტყვებით გადმოცემას, მაგრამ მისი მოტირალი, წუწუნა ინტონაცია ზოგჯერ სასტიკად მაღიზიანებს“.

 

რეკომენდაცია:  იქნებ სცადოთ და თქვენი გოგონას წუწუნს უფრო მსუბუქად შეხედოთ. მისი საქციელი ხომ თავისთავად განყენებულად ცუდი ან კარგი არ არის? მას ასეთად აქცევს თქვენი აღქმა. აქ იწყება ხასიათების ჭიდილი, ძალაუფლებისათვის ბრძოლა. თუ თქვენ გსურთ ბავშვმა რაიმეს კეთება შეწყვიტოს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს გაღიზიანებთ, მაშინ მის უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევთ. რასაც ახლა ვიტყვი იმან შეიძლება „ბუდისტურ შეგონებასავით“ გაიჟღეროს, მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ და მის წუწუნს ზედმეტ „იარლიყებს“ არ მიაწებებთ, მაშინ დაახლოებით ასეთი რამის თქმაც უნდა შეძლოთ: ჩემო კარგო, მე მინდა, გავიგო რა გჭირდება და ამისათვის შემიძლია დავიცადო მანამდე, სანამ ნორმალური ხმით არ მეტყვი, თუ რაშია საქმე“. რაც უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევთ შვილს, მით უფრო მალე მოახერხებს თქვენი შვილი საკუთარი სურვილის წუწუნის გარეშე გაჟღერებას.

 

შეკითხვა: „ჩემი თერთმეტი წლის ტყუპები „თვალებს ატრიალებენ“ ან სულაც გამომაჯავრებენ ხოლმე, როდესაც მათ რაიმეს გაკეთებას ვთხოვ. ასეთ ქცევას მე უპატივცემულობად მივიჩნევ. ხოდა რისი სწავლა შეიძლება თუ საქმე ასეთ აღმაშფოთებელ ბავშვებთან მაქვს“?

რეკომენდაცია:   მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ ტყუპების საქციელს პირად შეურაცხყოფად ნუ მივიღებთ. ამ ასაკის ბავშვებს, ხშირად არ აქვთ პოზიტიური ქცევის როლური მოდელი. მოზარდები ცდილობენ, ე.წ. „გარდატეხის ასაკში შევიდნენ“ და გაიგონ, როგორ მოახერხონ საკუთარი მშობლებისაგან დისტანცირება. სამწუხაროდ, ზოგჯერ ბავშვები ცუდი ქცევების კოპირებას უფრო აქტიურად ახდენენ, ვიდრე პოზიტიურის. როდესაც თქვენი შვილები არასასიამოვნო მიმიკებით ცდილობენ ემოციის გამოხატვას, ეს მხოლოდ არასწორი და არაეფექტური ხერხია, რათა მოზარდებმა გაჩვენონ, რომ არ სურთ თქვენი თხოვნის შესრულება? ამიტომ სჯობს მხოლოდ რჩევით შემოიფარგლოთ და თქვათ: „კარგი იქნება, თუ თქვენს მოსაზრებებს მისაღები ფორმით გამოხატავთ და მოახერხებთ, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი შეხედულებები!“

 

დანარჩენ შეკითხვებს და კიდევ სხვა საინტერესო საკითხებს სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...