შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

სახლის მტვერი

0

 

ერთ სახლში ბებიასთან ერთად თინეიჯერი ნუცა ცხოვრობდა. წიგნი არ უყვარდა, კომპიუტერი ერჩივნა. კომპიუტერიც გასართობად უფრო უნდოდა, ვიდრე სასწავლო რესურსების მოსაძიებლად. ბოლო დროს ბებოსაც ოდნავ ენა შეაჩვია და პასუხებსაც უბრუნებდა. სახლში წესრიგი უყვარდა თუ არა, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ წესრიგისთვის შრომა არ ხიბლავდა. დიახ, სისუფთავესა და წესრიგს ხელის განძრევა სჭირდება. მაგიდა თავის თავს მტვერს ვერ გადაწმენდს, შენ უნდა მიხვიდე ნაჭრით და გადაწმინდო.

მოკლედ, ერთ დღეს ნუცას ბებიას საქმეზე ვესტუმრე და თვალი ნუცას სამეცადინო მაგიდისკენ გამექცა. მაგიდას სამეცადინო ერქვა, თორემ გოგო მეცადინეობდა, თუ ინტერნეტის ლაბირინთებში კლავდა დროს, ეგ არ ვიცი. თვალი კი იმიტომ გამექცა,   რომ მაგიდას მტვრის სქელი ფენა ედო. გულმა ვეღარ მომითმინა, მივედი და თითით დავწერე:

ნ უ ც ა…

ჰო, ის თითი მერე სველი ქაღალდით გავიწმინდე (ეს ისე, მაინც, რომ ვიცოდეთ). ბებოს გაუხარდა, იფიქრა, იქნებ ახლა მაინც შერცხვეს ჩემს შვილიშვილსო. გოგოს კი, ნურას უკაცრავად, სულაც არ შერცხვენია. თვალი თვალში გამიყარა და დუმილით მაგრძნობინა:

–         მე რა? ჩემს მაგიდაზე, რომ მტვერია, ბებიაჩემს შერცხვეს… თუ ძალიან გინდა, შენცო!..

ალბათ, ოდესმე ნუცა მიხვდება, რომ მტვერი ცუდია, სისუფთავე კი – კარგი. მე კი ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს მტვერზე მინდა დავწერო.

მტვერი ყველგანაა და გააჩნია რა თვალით შეხედავ. თუ გალაკტიონი ხარ, მაშინ დაწერ:

„ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით “…

 

გალაკტიონმა ისიც იცოდა, რომ ჩვენც მტვრად ვიქცევით და წერდა:

 

„…ის იყო მეფე, ახლაა მტვერი, რომ საუკუნეთ

რიგი გარიყოს,

არ შეუძლია იყოს პირფერი, არ შეუძლია

მტვერი არ იყოს…“.

 

მაგრამ… თუ გალაკტიონი არ ხარ და უბრალოდ „ნუცა“ ხარ, მტვერი აწმინდე, რადგან…

მეცნიერებმა სახლის მტვერში 44 საშიში ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. აქედან, ათი მათგანი, განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა ჯგუფს მიაკუთვნეს.

მათი უმეტესობა ფტალატია.

  1. DEHP – ფტალატების წარმომადგენელია. მისი სამიზნეჰორმონები და იმუნური სისტემა გახლავთ.
  2. DEHA – კვლავ ფტალატების ჯგუფიდან არის, თირკმელებს და ღვიძლს აზიანებს.
  3. HHCB – არომატული ნახშირწყალბადების წარმოებული; იმუნური სისტემის დათრგუნვაშია შემჩნეული.
  4. BBP – კვლავ ფტალატი, ცნს-ის დათრგუნვას იწვევს.
  5. TPHP – ისევ ფტალატი, ცნს-ის და რეპროდუქციული სისტემას თრგუნავს.
  6. TDCPP – ტრის, 1,3 დიქლორ-2 – პროპილ-ფოსფატია, კიბოს მაპროვოცირებელი ბრძანდება.
  7. DBP – ფტალატი, თრგუნავს​ცნს-ის და რეპროდუქტიულ სისტემას .
  8. DIBP-ფტალატი, ცნს-ის და ჰორმონალურ ფუნქციების დამთრგუნველია.
  9. HBCD – ჰექსაბრომციკლოდოდეკანი, გამომყოფი სისტემის დამთრგუნველია.
  10. მეთილპარაბენი-ფენოლი- სისხლწარმომქმნელი ორგანოების (ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი) დამთრგუნველი.

ფტალატები ფტალმჟავას მარილები და ესტერებია. ადამიანის ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. აქვთ აკუმულირების უნარი. იწვევენ ჰორმონალური სისტემის დათრგუნვას, აზიანებენ ღვიძლს, თირკმელებს, იწვევენ ალერგიას, ასთმას, ნერვული სისტემის აშლილობას, აფერხებენ ბავშვის განვითარებას.

მათ ყველგან შეხვდებით, საღებავებში, ლაქებში, ლამინატებში, სათამაშოებში, პლასტმასის ჭურჭელში, პარფიუმერიაში და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება სახლში გარედანაც შეიძლება მოხვდეს, განსაკუთრებით, თუ ისეთ კამკამა ჰაერიან ქალაქში ცხოვრობს ადამიანი, როგორიც თბილისია. თუმცა, უმეტესობის წყარო, სახლის ის ქიმიაა, რომელსაც სისუფთავისთვის ვიყენებთ. ასევე, კოსმეტიკური საშუალებები, დეზოდორები და ა.შ. ამიტომ, თითოეული მათგანი ყურადღებით უნდა შეირჩეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „მისი უდიდებულესობა“ თამბაქო. მე დღემდე ვერ გამიგია, რატომ იმჭვარტლავენ ადამიანები ფილტვებს. მწეველებს  განსაკუთრებულად ვაკვირდები და ვერ ვხვდები, ასეთი მწარე კვამლის ამოსუნთქვის წამს, რატომ აქვთ ყველას ერთნაირად ნეტარი სახე. თუმცა, ადამიანს საკუთარი შიგნეულობის განადგურებას ვერავინ აუკრძალავს, ამიტომ  მოწიეთ და ინეტარეთ, მაგრამ… სახლში თუ მოწევთ, მაშინ სახლის მტვერს თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებებიც დაემატება. ანუ: ალდეჰიდები, კეტონები, ნიკოტინი, ორგანული მჟავები. აქვეა, პოლიარომატული ნახშირწყალბადები. მათ შორის, თირკმელებზე „მონადირე“  ალფა-ბენზო პირენი. დადგენილია, რომ ერთი უფილტრო სიგარეტი გარემოში ავრცელებს 25მგ. ალფა-ბენზო პირენს.  არ დაივიწყოთ, რომ თამბაქოს კვამლი ხელს უწყობს მტვრის ნაწილაკების უფრო სტაბილურ შეჩერებას დახურულ სივრცეში, ანუ სახლში.

ჩრდილოეთ კაროლინაში დუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სახლში 11 სახის მტვერი გამოიკვლიეს. მათ მიერ გაკეთებული დასკვნა კი ერთდროულად საინტერესოც არის და ოდნავ სიმწარენარევ სასაცილოც. აღმოჩნდა, რომ მტვერი შეიძლება ზედმეტი წონის მიზეზი გახდეს. დუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თაგვების ადიპოციტების (ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები) წინამორბედებზე – 3T3-L1, სახლის 9 სახეობის მტვრით იმოქმედეს. ამ მტვერში შედიოდა ნივთიერებები, რომლებიც ენდოკრინულ სისტემაზე ზემოქმედებდნენ.  გამოკვლეული 9 სახეობიდან, 7 სახეობის მტვერი 3T3-L1-ს „აიძულებდა“ სწრაფად მომწიფებულიყო და ქსოვილში ტრიაცილგლიცეროლები დაეგროვებინა. ამ საქმეში განსაკუთრებით „თავი გამოიჩინეს“- TPHP, DBP და ფუნგიციდმა პირაკლოციტრობინმა.

ახლა ოდნავ იუმორიც მოვიშველიოთ, თუ დღეში 50-ჯერ ავიღებთ მტვერს, უეჭველი დავხარჯავთ ზედმეტ კალორიებს და გავხდებით.

მტვრის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი ბავშვები არიან. აღმოჩნდა, რომ მტვერში შემავალი ზოგიერთი ფტალატი თავის ტვინში ნეირონებს შორის კავშირის გართულებას იწვევს.  ინფორმაციის  აღქმა ძნელდება, ბავშვი ადვილად იღლება, უქვეითდება მეხსიერება.

თუ მტვერი, რომელიმე ელექტრო ხელსაწყოში დაგროვდება, შეიძლება მოკლე ჩართვა და ხანძარიც  მოხდეს.

განსაკუთრებული თემაა ალერგია მტვერზე. ალერგიას მიკროსკოპული ტკიპები იწვევენ. 12გ მტვერში 42000 ტკიპაა. ეს ტკიპები ყველგან არიან მიმოფანტულნი, დაწყებული ხალიჩებიდან და რბილი სათამაშოებიდან, დამთავრებული ჩვენივე საძინებელი ადგილით.

მტვრით მეცნიერები პირველად 1940 წელს დაინტერესდნენ. იმხანად საოპერაციო ოთახებში არსებული ადამიანის პათოგენებს სწავლობდნენ. 1970 წლიდან დაწყებული კი, შეამჩნიეს მტვერში არსებული კარცეროგენური ნივთიერებები, მათ შორის, ახლა უკვე აკრძალული პოლიქლორბიფენილები. მაშინ მათ ელექტრულ კაბელებსა და ხის იატაკის წებოში იყენებდნენ. სწორედ, ამ პერიოდში დაიყო მტვერში არსებული ნივთიერებები ორ კატეგორიად: მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი ნივთიერებები. ხვდებით ალბათ, რომ თუ ნივთიერება მსუბუქია, მაშინ ჰაერში მტვერთან ერთად დაფარფატებს და მისი ჩასუნთქვა გაცილებით იოლად და ხშირად ხდება. თუმცა, ნახევრად-მსუბუქ ნივთიერებებთანაც არ არის საქმე იოლად. ისინი ასევე არიან მტვერში, ოღონდ არა ჰაერში, არამედ რაიმეს ზედაპირზე (მაგ. ნუცას სამეცადინო მაგიდაზე), შეხებისას ჩვენს კანზე ხვდებიან და გვიღიზიანებენ. განსაკუთრებით ალერგიულებს კი განსაკუთრებულად გაურთულებენ ცხოვრებას.

სახლის მტვრის კომპონენტებში მოიაზრება ნივთიერებები აზოსაღებავებიდანაც, რომლებიც სახლის ავეჯის თუ კედლების საღებავებში შედიან. თუმცა, მეცნიერთა აზრით, სახიფათო უფრო ჰალოგენირებული პარაფინების შემცველი  საღებავები გახლავთ. ისინი ანტიპირენების მსგავსად მოქმედებენ. დუკის უნივერსიტეტში მათი  შესწავლისას, აღმოჩნდა, რომ სახლის მტვრის ყოველ ერთ გრამში 700მკგ. ჰალოგენირებული პარაფინები იყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცხოველები სახლში. სეირნობიდან დაბრუნებულმა ძაღლმა შესაძლოა დამატებითი ნივთიერებები შემატოს სახლის მტვერს.

 

მტვერი კოსმოსშიც არის, ვარსკვლავთშორისი მტვერიც არსებობს და თქვენ წარმოიდგინეთ, თავად პლანეტა მარსის  შიდა ნაწილის მტვერი რკინის სულფიდებით და ქლორიდებით არის გაჯერებული. პოლუსების ნაწილში კი გაყინული ნახშირორჟანგისგან წარმოქმნილი, ე.წ. ფიფქისებრი მტვერი ყოფილა მიმოფანტული.  შეიძლება, იფიქროთ, თუ ნახშირორჟანგია, შეიძლება ის ვინმემ ამოისუნთქა და …იქნებ სიცოცხლეც არისო? პოეტიც ამას კითხულობს:

„არის თუ არა სიცოცხლე მარსზე,

არის თუ არა იქ სადმე წყალი?

სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,

როდესაც მარსზე იქნება ქალი…“ (ტარიელ ჭანტურია).

 

რა თქმა უნდა… ასეთი ქალი  მარსზე, ამომშრალი ტბის პირას,  უკვე ცხოვრობს და მტვრის აწმენდაც არ ავიწყდება…

 

„მათ ჰქონდათ ბროლის სვეტებიანი სახლი პლანეტა მარსზე ამომშრალი ზღვის პირას, და ყოველ დილა შეიძლება დაგენახათ, თუ როგორ მიირთმევდა მისის კ. ოქროსფერ ნაყოფს, რომელიც ბროლის კედლებზე იზრდებოდა, ანდა როგორ ასუფთავებდა სახლს თითო მუჭა მაგნიტური მტვრის მიმობნევით, რომელიც ჭუჭყს იკრავდა და მასთან ერთან მიჰყვებოდა ცხელ ქარს“ (რეი ბრედბერი, „ილა“).

 

ისტორიული გმირების ბერნარდ შოუსეული ლიტერატურული ცხოვრება

0

 

ადამიანები ოცი საუკუნის წინათ ისეთივე იყვნენ, როგორებიც თქვენ ხართ, ისე საუბრობდნენ და ცხოვრობდნენ, როგორც თქვენ საუბრობთ და ცხოვრობთ, არც უარესად და არც უკეთესად~, _ ასე მიმართავს მეოცე საუკუნის  ინგლისელ მაყურებელს საუკუნეთა მიღმიდან გამოხმობილი ეგვიპტელთა ქორისთავიანი ღმერთი რა, ბერნარდ შოუს პიესის _ `კეისარი და კლეოპატრა~ _ პროლოგის პერსონაჟი, რომელიც ავტორის ერთგვარი ალტერეგოა. ბერნარდ შოუსთვის თანამედროვე საზოგადოება იყო დაჩლუნგებული, `სავალდებულო განათლებამიღებული~, (და შესაბამისად, გაუნათლებელი), ტექნიკური პროგრესს მინდობილი, რწმენა და ზნეობაშერყეული, ამიტომაც მწერალმა ამ პიესაში გამოიხმო უძველესი დროის აჩრდილები და მაყურებელს მათი სიყვარულის, სიძულვილის, ვაჟკაცობისა და სილაჩრის, გონიერებისა და სიბრიყვის ამბები მოუთხრო, რათა კიდევ ერთხელ დაეფიქრებინა არსებობის აზრსა და მიზანზე.

მთავარი გმირები, კეისარი და კლეოპატრა, როგორც განსხვავებული კულტურის სიმბოლოები, პიესაში ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობის ფონზე იხატება ძალაუფლებისა და პატივმოყვარეობის  სისხლიანი გზები. ბერნარდ შოუ ამ პიესაშიც ირონიისა და მახვილგონიერების საშუალებით დრამატულ ამბებს ლაღად და ხალისით გადმოგვცემს, რათა მაყურებელმა სხვების დაცინვით საკუთარი ნაკლიც გაჩხრიკოს. ბერნარდ შოუს ხიბლავდა გამორჩეული, ლეგენდისა და მითის ბურუსში გახვეული ადამიანები.  ამ პიესაში სწორედ ასეთნი, კლეოპატრა და კეისარი, დაგვიხატა.

პიესა ერეკლე ტატიშვილმა, მსოფლიო კულტურისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნემ, ნამდვილმა ესთეტმა თარგმნა. ის ზუსტად გრძნობდა სათარგმნი ტექსტის ემოციურ მუხტსა და ენერგიას, ამიტომაც შესაფერის ენობრივ ქსოვილში გადმოჰქონდა. სწორედ მისი სრულიად განსხვავებული თარგმანების, მაგალითად, ნიცშეს `ესე იტყოდა ზარატუსტრას~ და შოუს ნახსენები პიესის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ იგრძნობს მკითხველი, რა დიდ ოსტატობას მოითხოვს თარგმანის ხელოვნება. ნიცშეს შემთხვევაში, გამოკვეთილად პათეტიკური, ამაღლებული ლექსიკაა, არქაიზმებით გაჯერებული, რიტმული მრავალფეროვნებით, რაც აუცილებელი იყო იმგვარი მაგიურ-მისტიკური  და პოეტური ტექსტისთვის, როგორიც `ესე იტყოდა ზარატუსტრაა~. შოუს შემთხვევაში კი, სულ სხვაგვარია ენობრივი აქცენტები. თანამედროვე სალიტერატურო ქართული, გამდიდრებული ქართლური კილოკავიდან შემოტანილი სიტყვებით, რომლებიც ზუსტად და ემოციურად გადმოსცემენ სათქმელს.

`ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,

ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა,

დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,

თუ არ იცოდი, სად ინათლა, სად ბნელდებოდა?~

ეს სტრიქონები ერეკლე ტატიშვილს ნიკო სამადაშვილმა მიუძღვნა, რომელმაც კარგად იცოდა მეგობრის სულის ხვეულები, ამიტომაც მიიჩნევდა, რომ მას `რემბრანტის ფუნჯიც~ ვერ მოიხელთებდა, რადგან იდუმალი იყო მისი სახე: `ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს / და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი~. მხოლოდ ასე, მეტაფორებითა და სიმბოლოებით თუ შეიგრძნობდი მის ხასიათსა და მისწრაფებებს.

სწორედ ამ მისწრაფებათა რკალში მოექცა შოუს პიესა, რომლის თარგმნისა და გამოცემის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ გვიამბობს როსტომ ჩხეიძე წიგნს დართულ წერილში `ესეც ქართული `კეისარი და კლეოპატრა~.  პიესა  ერეკლე ტატიშვილმა თავისი დისწულის, გიორგი ჟურულის თხოვნით თარგმნა, მისივე თხოვნით შილერის `ვერაგობა და სიყვარულიც~ გადმოაქართულა, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, `კეისარისა და კლეოპატრას~ სცენა არ უნახავს, მოგვიანებით, 1985 წელს დაიბეჭდა ჟურნალ `საუნჯეში~.  პიესის პროლოგი კი პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა ისე თარგმნეს, რომ მთელი პიესის სტილური მანერის ორგანულ ნაწილად აქციეს.

მკითხველმა, რასაკვირველია, მაშინვე შეიგრძნო `ერეკლე ტატიშვილისეული თარგმანის ენობრივი შთამბეჭდაობა~. როსტომ ჩხეიძის ზემოთ ნახსენებ წერილში წარმოჩენილია, თუ რა ქმნის ამ შთამბეჭდაობას. ავტორის აზრით, ამ თარგმანით ერეკლე ტატიშვილმა ივანე მაჩაბელთან სულიერი ხიდი გადო.

წიგნს დართული აქვს ოთარ ჩხეიძის ესე `იუმორი ბერნარდ შოუსი~, რომელშიც წარმოჩენილია შოუს ოსტატობის საიდუმლოებანი, მისი იუმორის ძალა: `და იცინოდა, იცინოდა ბერნარდ შოუ, მწარედ იცინოდა, ნაღველი ამოჰქონდა, მაგრამ მაინც იცინოდა, მაშ, რაო, გოდებას ჰო არ მიეცემოდა, როცა მისი ბობოქარი გონება დიდ იმედებს გაენათებინა, ან თუ ეჭვებიც აღეძვროდა, მერე რაო, ის ხომ მაღლა იდგა ყოველივე იმაზე, რისთვისაც წარმავლობა დაერქმიათ, ისე მაღლა, რომ სიკვდილის სარეცელზეც იცინოდა ოთხმოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, იცინოდა და ამბობდა, რომ მალე შეხვდებოდა ღმერთსა, რომელთანაც ბევრი რამე ჰქონდა სადავო და სადავიდარაბო~.

შოუს პიესაში ის ისტორიული ეპიზოდია გაცოცხლებული, როდესაც კეისარმა ეგვიპტე დალაშქრა და კლეოპატრას შეხვდა.  თექვსმეტი წლის დედოფალი, ეგვიპტური მითებითა და ლეგენდებით ნაკვები, ჯერ კიდევ ბავშვურად გულუბრყვილო, სფინქსის ქანდაკებასთან ხვდება კეისარს სიბნელეში ისე, რომ არ იცის, ვინ არის. შოუ იყენებს დრამატურგიის ნაცად ფანდებს, რათა ორივეს ხასიათი მოულოდნელსა და უცნაურ ვითარებაში გამოკვეთოს. კლეოპატრასთვის რომაელები კანიბალი ბარბაროსები არიან, მათ ბელადს, მშობლები ვეფხვი და ცეცხლოვანი მთა ჰყავდა, თვითონ კი სპილოს მსგავსი ცხვირი აქვს. აქ შოუს რეპლიკა აქვს ჩართული: (კეისარი უნებურად ცხვირზე ხელს მოისვამს). ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მკითხველი ხედავს, როგორ გავლენას ახდენს კეისარი კლეოპატრაზე, როგორ აძლიერებს სულიერად და გონებრივად წვრთნის, ახალ იდეალებსა და ღირებულებებს აზიარებს, თუმცა კლეოპატრას ბოლომდე ვერ გარდაქმნის, მასში რჩება ძალაუფლებისა და პატივმოყვარეობის ძლიერი ფესვები, რომლებზეც, ვითარებისდა შესაბამისად, მოწინააღმდეგეთა სისხლის მორწყვით, ამოიზრდება მშვენიერი, მაგრამ შხამიანი ყვავილები.

ავტორი პიესაში იყენებს რამდენიმე ცნობილ ეპიზოდს კეისრის ცხოვრებიდან, მაგრამ უმთავრესი ამბები, რა თქმა უნდა, მისი ფანტაზიის ნაყოფია.

პიესაში კეისარი წარმოჩნდება, როგორც ჭკვიანი და მოხერხებული სარდალი, ღირსეულ და ერთგულ ადამიანთა დამფასებელი, მტერთა შემწყნარებელი. ის არ ამართლებს შურისგებას და არც საზოგადოების დაცვის მოტივით განხორციელებულ მკვლელობებს. არ ერიდება საკუთარ თავსაც დასცინოს: `რა უგუნური და რეგვენი ვიყავი მაშინ! და ადამიანთა სიცოცხლე მსგავს რეგვენებზეა დამოკიდებული!~ ამიტომაც ეუბნება კლეოპატრა: `შენ მეტად მგრძნობიარე ხარ, კეისარო, მაგრამ გონიერი, თუ ჩემს სიტყვას დაუჯერებ, მალე სახელმწიფოს მმართველობას ისწავლი~. ამ უკანასკნელ რჩევაზე, რა თქმა უნდა, კეისართან ერთად, მკითხველსაც ჩაეღიმება.

შოუ გვიხატავს კეისრის წინააღმდეგობრივ სახეს, ერთი მხრივ, ბავშვურად აღტაცებულსა და ხუმარას, კლეოპატრასთან ურთიერთობისას, მეორე მხრივ, შორსმჭვრეტელ სტრატეგს. მაგალითად, როდესაც კეისარი ეგვიპტელთა ალყაში მოექცევა, ერთი შეხედვით, გაუგებარ ბრძანებას გასცემს _ საკუთარ ფლოტს ცეცხლი წაუკიდონ. როგორც აღმოჩნდა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო: ეგვიპტელთა ლაშქარი ცეცხლის ჩასაქრობად წავიდა და კეისარმა ალყა გაარღვია. ყველასთვის ცნობილი ეპიზოდი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვისა, აქ ნიუანსებით არის გამდიდრებული:

`თეოდოტ: თქვენი ხომალდების ცეცხლი ქალაქს მოედო. იწვის ქვეყნიერების შვიდ საოცრებათა შორის პირველი _ იწვის ალექსანდრიის ბიბლიოთეკა!

კეისარი: სულ ეგ იყო?

თეოდოტ: (ყურებს არ უჯერებს). სულ! კეისარო, ნუთუ გსურს შთამომავლობის ხსოვნაში ბარბაროსი, უვიცი მხედრის სახელი მოიხვეჭო, რომელმაც წიგნის ფასი არ იცის.

კეისარი: თეოდოტ, მეც ხომ მწერალი ვარ. უნდა გითხრა, უმჯობესია ეგვიპტელები ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ვიდრე წიგნების ოცნებით.

თეოდოტ (ლიტერატურული ემოციებით სულდგმული პედანტის მხურვალებით): კეისარო, ადამიანთა ათი თაობა ქვეყნიერებას მხოლოდ ერთ უკვდავ წიგნს აძლევს.

კეისარი (აუღელვებლად): და თუ  ის წიგნი კაცობრიობას ხოტბას არ ასხამს, მას ჯალათი ბაზრის მოედანზე ცეცხლში სწვავს.

თეოდოტ: ისტორია რომ არ იყოს, სიკვდილი შენ და შენს უკანასკნელ ჯარისკაცს ერთ საფლავში დაგასამარებდა.

კეისარი: სიკვდილი მაგას იზამს და უკეთესი საფლავი არც მესაჭიროება.

თეოდოტ: იქ კაცობრიობის ხსოვნა იწვის.

კეისარი: სამარცხვინო ხსოვნა, დეე დაიწვას.

თეოდოტ: შენ გსურს წარსული დაწვა!

კეისარი: დიახ, და მისი ნამუსრით მყობადი შევქმნა~.

კეისრის ბუნებას კარგად შეიგრძნობს კლეოპატრა, როცა ამბობს: `კეისარს არავინ უყვარს. ჩვენ… ჩვენ ვინღა გვიყვარს? მხოლოდ ისინი, ვინც არა გვძულან. ჩვენთვის ყველა უცხოა ან მტერი, გარდა მათი, ვინც გვიყვარს. კეისარი სხვანაირია; მან მძულვარებისა არა უწყის რა; ყველას თავის მეგობრებადა ჰქმნის _ ძაღლებსაც და ბავშვებსაც. ის საოცრად კეთილად მეპყრობა; არც დედა, არც მამა, არც გამზრდელი ჩემთვის ასე არ ზრუნავდნენ, არასოდეს ასე გული არ გადაუშლიათ~.

კეისრის მახვილგონიერება არაერთგზის გამოვლინდება, მაგალითად, როდესაც პოტინს ესაუბრება: `მეგობარო, როდესაც ადამიანს ამქვეყნად გასამხელი აქვს რამე, ძნელი ის კი არ არის, ვაიძულოთ, გაამხილოს, არამედ ხელი შევუშალოთ, მეტად ხშირად არ გაამხილოს~.

როცა პოტინი ეუბნება კეისარს, კლეოპატრას ერთი სული აქვს, რომს გაგისტუმროს, მარტომ იმეფოს და ამიტომ შური იძიეო, ის პასუხობს: `შურს ვიძიებ? სულელო ეგვიპტელო! შურისძიებისათვის ვიფიქრო! შური ვიძიო ქარის წინააღმდეგ, რომ მყინავს? შური ვიძიო ღამის წინააღმდეგ, რომ სიბნელეში ფეხი მიცდება? შური ვიძიო ახალგაზრდობის წინააღმდეგ, სიბერეს რომ ზურგს აქცევს ან თავმოყვარეობის, _ მონობას რომ უარყოფს~.

კეისარი ხან რომანტიკოსიცაა, კლეოპატრას ეუბნება: `წამომყვები ამ მდინარის აკვნის სანახავად საიდუმლოებათა გულის ქვეყანაში? დავივიწყოთ რომი, რომელიც ამაღლდა მხოლოდ იმისთვის, რომ ამოეცნო, ვით ანადგურებს საზოგადოების დიდება სრულიად არა დიდ ხალხს! აგიშენო ახალი სამეფო, ავაგო წმინდა ქალაქი იქ, დიდი უცნაურების სამყაროში!~

როცა ბრიტანიკუსი ეუბნება, არ შეიძლება ღალატი, ვერაგობა და სიცრუე დაუსჯელი დარჩესო, კეისარი ეტყვის: `და ესე დაუსრულებლად  მკვლელობა მკვლელობას შობს – სამართლიანობის, სინდისისა და მშვიდობიანობის სახელით… ესე იქნება, ვიდრე სისხლს მობეზრებული ღმერთები ხალხის ახალ მოდგმას არ შექმნიან~.

როცა აპოლოდორს კეისარი ხელოვნებაზე ესაუბრება, ამასაც იტყვის: `რომს ხელოვნება არა აქვს? და განა მშვიდობიანობის განმტკიცება, ომი, სახელმწიფოს მართვა-გამგეობა _ ყველაფერი ეს ხელოვნება არ არის? განა ცივილიზაცია ხელოვნება არ არის?~

მკითხველი გრძნობს, რომ კეისრისთვის სიცოცხლეა უპირველესი ხელოვნება. ადამიანური გრძნობები _ ფერადი საღებავებია, რომელთა მეშვეობითაც იხატება შთამბეჭდავი ტილოები.

ანტონიუსი ამ პიესაში მხოლოდ ფანტომია, რომელმაც ერთხელ გაიელვა და კლეოპატრაში საოცარი კვალი დატოვა. ის კეისარმა გააგზავნა ეგვიპტეში კლეოპატრას მამის დასახმარებლად თექვსმეტი ათასი ტალანტის საფასურად. ახალგაზრდა ქალი მასზეა შეყვარებული, მოხიბლული მისი სხეულის სილამაზით, არც ერიდება, რომ ყოველთვის ხაზი გაუსვას 50 წლის კეისრის სიბერეს, გვირგვინს მხოლოდ გამელოტებული კეფის დასაფარავად რომ იკეთებს. კეისარი ბოლო ეპიზოდში, გამომშვიდობებისას კლეოპატრას ჰპირდება, რომ ყველაზე ძვირფას საჩუქარს, მარკუს ანტონიუსს, გამოუგზავნის. გახარებული კლეოპატრას დანახვაზე გამოცდილი რომაელი სარდალი რუფუსი იტყვის: `ბევრი არაფერი გასაგებია, ქალბატონო, თუ კეისარს ანტონიუსში უცვლი~. მაგრამ კლეოპატრა გრძნობდა, რომ მას ბედი დიდ სიყვარულს უმზადებდა.

ამის შესახებ შექსპირი მოგვითხრობს (`ანტონიოსი და კლეოპატრა~) და სწორედ ის არის ამ დიდი სიყვარულის ლეგენდისთვის შარავანდედის დამდგმელი.

ამ პიესაში კლეოპატრა, ეგვიპტის ამაყი დედოფალი, ანტონიოსის სიყვარულისთვის მზადაა, სიცოცხლეც კი გასწიროს. როცა ანტონიოსს ეკითხება, როგორ გიყვარვარო, ის პასუხობს: `ნამდვილ სიყვარულს ანგარიში როდი შეჰფერის~ .კლეოპატრა მაინც არ ცხრება: `მაინც სამზღვარი მსურს, ვიცოდე მაგ სიყვარულის~. ამაზე ანტონიოსი პასუხობს: `საზღვრად მონახე მაშ სხვა ზეცა, სხვა დედამიწა~. როცა მოულოდნელად ანტონიოსი რომს გაემგზავრება, კლეოპატრა ქარმიანას სთხოვს, მანდრაგორა დაალევინოს, რათა: `მსურს სულ მეძინოს, ვიდრე ჩემს სატრფო ანტონიოსს კვლავ შევეყრები~. ბრძოლაში დამარცხებული ანტონიოსი კლეოპატრას ხელებში დალევს სულს, მაგრამ სიკვდილამდე მოასწრებს თქმას, რომ: `ანტონიოსი კეისარს არ დაუმარცხნია, თვით დაამარცხა თავისი თავი~ და კლეოპატრაც დაემოწმება: `რაღა თქმა უნდა, ანტონიოსი თუ დასძლევდა ანტონიოსსა! ვაი, რომ სწორედ ეგ მომხდარა~. კლეოპატრაც თავს იკლავს, გველებს დააკბენინებს თავს და მისი ბოლო სიტყვებიც ანტონიოსის ხსენებაა, მასთან შეხვედრის წყურვილის გამომხატველი. ოქტავიოს კეისარი მიჯნურთა ერთად დაკრძალვას ბრძანებს და იტყვის: `მაგათთანა სახელოვანი წყვილი არა სძევს არცერთ კუბოს~. რა თქმა უნდა, ივანე მაჩაბლის ენა, საოცრად მისადაგებული შექსპირის გმირების ქარიშხლიან ვნებებსა და ტრაგიკულ ამბებს, მკითხველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

შექსპირის   `ანტონიოსი და კლეოპატრა~ ვახტანგ ტაბლიაშვილმა დადგა 1951 წელს, ბერნარდ შოუს პიესა კი ელის თავის ქართველ რეჟისორს. ვიზიარებთ როსტომ ჩხეიძის სურვილს, რომ კარგი იქნება ეს ორი პიესა, როგორც ერთი ისტორიული ამბის ორი დრამატურგიული ვერსია, მომავალში ერთ წიგნად გამოიცეს.

 

კომპეტენციების დაუფლება, როგორც ცოდნის ფუნქციონალური ხარისხის გაზრდის საშუალება

0

კარს მოგვადგა ახალი სასწავლო წელი და მასწავლებლებს ბევრი გვაქვს საფიქრალი და საკეთებელი. უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლის წინაშე არსებულ მოთხოვნებს და სტანდარტების „დაგეგმილ შედეგებს“ დღეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა და უნარები განსაზღვრავს, არამედ კიდევ „რაღაც სხვა“, ცოდნის არა სტრუქტურული, არამედ ფუნქციონალური ხარისხი. ამ „ზესაგნობრივ“, ანუ როგორც უწოდებენ,  „მეტასაგნობრივ/მეტაშემეცნებით“ პროცესებში გულისხმობენ შემოქმედებით  ძალისხმევას, გონებრივ  ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა  შემეცნებითი აქტივობის ანალიზსა და მართვას.  ამისთვის კი  მოსწავლეთა მხრიდან მხოლოდ ფაქტებისა და მოვლენების შეპირისპირება, გააზრება/გაგება, ანალიზი, საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირება/შეფასება, საგნობრივი ცოდნისა და უნარების დაუფლებისკენ სწრაფვა საკმარისი აღარაა.

 

მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ქმედებების დაუფლება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას  მოსდევს დამოუკიდებლად, შემოქმედებითი გზით ახალი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების, მათ შორის, ათვისების პროცესის დამოუკიდებელად ორგანიზება, ანუ სწავლის უნარის გამომუშავება. „ათვისების უნარის“ მიღწევა კი, თავის მხრივ, გულისხმობს სასწავლო საქმიანობის ყველა კომპონენტის სრულფასოვან ათვისებას  სასწავლო მოტივების, მიზნების, ამოცანების, ქმედებებისა და ოპერაციების (ორიენტირება, მასალის გარდაქმნა, დაკვირვება და შეფასება) გათვალისწინებით.

 

თავის მხრივ, შემეცნებითი, „განმავითარებელი“ ქმედებები ის განზოგადებული ქმედების ხერხებია, რომლებიც, ერთი მხრივ, სხვადასხვა საგნობრივ სფეროში ფართო ორიენტაციის  შესაძლებლობასაც აძლევს მოსწავლეებს და, მეორე მხრივ,  თავად ეს  ქმედებებიც მათი გააქტიურების გზითვე ვითარდება და ყალიბდება.

  • რა შეიძლება გააკეთოს ამ მხრივ მასწავლებელმა? კონკრეტულად რომელი სასწავლო ქმედებების დაუფლებას უნდა შეუწყოს ხელი? ან როგორ შეძლოს მათი გააქტიურება/ჩამოყალიბება მოსწავლეებში?

 

ამ მიმართულებით ორი რიგის პრობლემა იკვეთება:

I – ეს იმ დავალებების ხასიათია, რომელთაც ტრადიციულად ჩვენ ვაძლევთ   მოსწავლეებს (ძირითადად, სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით). სახელმძღვანელოებში მეტწილად  წარმოდგენილია შემდეგი  ტიპის დავალებები:

  • ჩასვი, გამოყავი, ხაზი გაუსვი, შეავსე, ამოხსენი ნიმუშის მიხედვით და ა.შ. რაც მიუთითებს სასწავლო-შემეცნებითი პროცესის რეპროდუქციულ ხასიათზე. შედეგადაც ვიღებთ მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის რეპროდუქციულ სტილს. ასეთი სწავლება მეტწილად მასალის დამახსოვრებას ემსახურება და ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, რითაც სწავლის ფუნქციონალურ ხარისხს ნამდვილად ვერ გავზრდით.

II – გასათვალისწინებელია, რომ სახელმძღვანელოებში გადმოცემული ინფორმაციის მოცულობა (ინფორმაციულობა) არ შეესაბამება მისი ათვისების შესაძლებლობას, რაც იწვევს  წინააღმდეგობრიობას  შინაარსსა და სწავლების პროცესუალურ კომპონენტებს შორის (მიზანსა და „განმავითარებელ“, მეტაშემეცნებით ქმედებებს შორის). ეს უკანასკნელი კი პირდაპირ კავშირშია სწავლის მოტივაციასთან.

  • რა გზას დავადგეთ მასწავლებლები? რომელი გზა შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ოპტიმალურად?

ეროვნული სასწავლო გეგმა გვთავაზობს რეალურ შესაძლებლობას, თავი გავართვათ სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროცესის ამ სირთულეებს და სათანადო შედეგებზე  გავიდეთ.  ესაა გამჭოლ კომპენტენციებზე აქცენტირება.

  • რატომ კომპეტენციები?

ისინი ხელს უწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად და რეალურად ხდება ცოდნის შეძენა.

  • როგორია კომპეტენციის სტრუქტურა, რას ითხოვს ის ჩვენგან?

 

ისტორიის საგნის სწავლების მაგალითზე  ვნახოთ, კონკრეტულად როგორ იცვლება ინფორმაციის გადაცემის სისტემა კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დროს (სიტუაციის, მასწავლებლისა და მოსწავლის მობილიზების, თვითრეგულაციისა და რესურსების სწორად განაწილების გზით) და შესაბამისად, როგორ იზრდება ცოდნის ფუნქციონალური ხარისხიც:  

 

მაგალითად, ისტ.VII.9-ის  მიზნის   მისაღწევად („მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში“ –  ისტ.VII.9) მოსწავლე უნდა დაეუფლოს ცოდნას რელიგიის შესახებ და გაიაზროს მისი ისტორიული მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიულ მემკვიდრეობაში. მოცემულ საკითხს სახელმძღვანელოში რამდენიმე პარაგრაფი ეთმობა, რომლის შესწავლის დროსაც, ცხადია, მასწავლებელი  გვერდს ვერ აუვლის რელიგიის წარმოშობის საკითხს და ძველი მსოფლიოს რელიგიების ზოგად დახასიათებას. მიდგომების თვალსაზრისით, ერთმანეთისგან განსხვავდება ტრადიციული, ჩვეულებრივი გაკვეთილი და კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი:

 

 

თემა: „პოლითეიზმიდან  მონოთეიზმამდე“
ტრადიციული, ჩვეულებრივი გაკვეთილი კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული გაკვეთილი
Ι. საშინაო დავალების გამოკითხვა: ჩვეულებრივ ესაა პასუხები გაკვეთილის, პარაგრაფის ბოლოს  დასმულ შეკითხვებზე. Ι. საშინაო დავალება შეიძლება შესრულდეს მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად შედგენილი შეკითხვების მიხედვით, რომლებსაც  ისინი თანაკლასელებს დაუსვამენ.
ΙΙ. ახალი გაკვეთილის შესავალი:  მასწავლებლის მიერ შესასწავლი თემის გამოცხადება, მაგალითად, „პოლითეიზმი“ (ძველი ბერძნების, ზოგადად, ძველი მსოფლიოს რელიგიების მიხედვით). ΙΙ. გაკვეთილის თემას ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებენ (თემის ფორმულირება), რომლის დროსაც მოსწავლეები გადმოსცემენ გაკვეთილის ძირითად აზრს ისე, როგორც ეს თავად გაიგეს: „გაკვეთილის თემაა…“.

 

ΙΙΙ.  გაკვეთილის ძირითადი  ნაწილი:

ა) მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს და  საუბრობს სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტსა და თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით:

·         როგორ  წარმოიშვა სამყარო ძველი მსოფლიოს რელიგიების მიხედვით.  როგორ იყო, მათი აზრით, სამყარო „მოწყობილი“;

·          რა ადგილი ეკავა, რა მნიშვნელობა ჰქონდა რელიგიას ძველი ადამიანების ცხოვრებაში;

·         და სხვ.

ΙΙΙ. პრობლემური სიტუაციის შექმნა:

ა) მოსწავლეები სახელმძღვანელოს ტექსტის დახმარებით გამოავლენენ წინააღმდეგობრიობას „ღმერთების როლის“ შეფასებაში ძველი  ბერძნებისა და, ზოგადად, ძველი ადამიანების  ცხოვრებაში:

„1 ფაქტი: ადამიანები ეთაყვანებოდნენ ღმერთებს და არ შეეძლოთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა“;

„2 ფაქტი: ადამიანები ეკამათებოდნენ ღმერთებს“ .

 

ბ) მოსწავლეები აყალიბებენ პრობლემას (თემის ძირითადი შეკითხვა, საკითხი, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, რათა გადაიჭრას წინააღმდეგობრიობა):

·         „რატომ ეკამათებოდნენ ღმერთებს ადამიანები?“

გ) მოსწავლეები წამოაყენებენ  ვერსიებს:

·         „მობეზრდათ  ღმერთების თაყვანისცემა“;

·         „აღარ ეშინოდათ ღმერთების“ და სხვ.

დ) მასწავლებელი ახდენს ცოდნის აქტუალიზაციას, რომელიც აუცილებელია პრობლემის გადაჭრისათვის, პრობლემაში გარკვევისთვის, რომლის გარეშეც პასუხს ვერ მივიღებთ: „მაშასადამე, საჭიროა ვიცოდეთ:

·         მითები სამყაროსა და ღმერთების შექმნაზე;

·         მითები ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობაზე;

·         ზნეობრივი ნორმები, რომლებიც აღიარებული იყო ძველი საბერძნეთის პოლისებში, ძველ აღმოსავლეთში და ა.შ.“.

ე) პასუხის მოძიება სახელმძღვანელოს ტექსტისა და  სხვა მასალების  დახმარებით: მოსწავლეები წაიკითხავენ მითებს სამყაროსა და ღმერთების  შექმნაზე, იმუშავებენ სახელმძღვანელოს თვალისაჩინოებებზე და პასუხს გასცემენ შეკითხვებს:

·         „ძველი მსოფლიოს რომელი  მოვლენები შეიძლება  ასახულიყო ამ მითებში?“

·         „რა წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ადამიანებს სამყაროზე?“

·         „რა მსაგვასება-განსხვავებაა ძველაღმოსავლურ და ძველბერძნულ ღმერთებს შორის?“

·         „თქვენი აზრით, ღმერთების რომელი ქცევა ეწინააღდეგებოდა ძველი ადამიანების, მაგალითად, ძველი ბერძნების მორალურ ღირებულებებს?“  და ა.შ.

ვ) მოსწავლეები კითხულობენ მითებს ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობაზე  და პასუხობენ კითხვაზე: „შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ძველი საბერძნეთის ღმერთები ჰგავდნენ თავად ძველ ბერძნებს?“

ზ) მოსწავლეები ეცნობიან ძველი ბერძნების, პოლისების  ზნეობრივ ღირებულებებს და მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტზე, შემდეგ კი წამოჭრიან შეკითხვას: „ძველ ბერძნებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ სჯეროდათ ღმერთების არსებობის. რატომ?“

ΙV.  ცოდნის განმტკიცება, მასალის შეჯამება სხვადასხვა დავალებებით.

 

ΙV. ა) თემის შეკითხვებზე პასუხი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც თავად იპოვეს მოწავლეებმა პედაგოგის მიერ შეთავაზებულ მასალაში.

ბ)  რეფლექსიის ეტაპზე, მოსწავლეებს  საშუალება აქვთ,  გადახედონ თემის ფორმულირებას და სურვილის შემთხვევაში მოახდინონ მისი კორექტირება  

 

V. საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის. V. ინდივიდუალური საშინაო დავალების მიცემა.

 

 

როგორც ვხედავთ, მასწავლებელი ინფორმაციის მიწოდებისას ასრულებს მხოლოდ კოორდინატორის როლს, ის ქმნის სამუშაო პირობებს,  არ კარნახობს მოსწავლეებს თავის პოზიციას, გამოდის თანამშრომლის, სასწავლო პროცესის რეალური თანამონაწილის როლში. მის მიერ მიცემული დავალებები კი  მოსწავლეთა  მხრიდან მოითხოვს ანალიზის, შედარების, განზოგადებისა და ისტორიული მასალის ტრანსფორმაციის უნარს. ასეთი დავალებები ნაკლებადაა ჩართული  სახელმძღვანელოებში, მაგრამ პროფესიონალმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს  მოსწავლეებისათვის მათი შეთავაზება, უნდა მოახერხოს ისეთი სასწავლო აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა, მაგალითად,

  • „ჭკვიანი ტესტების“ შედგენა, რომელიც არამარტო ფაქტების ცოდნაში, არამედ  მოსწავლის მხრიდან ისტორიული მოვლენების განვითარების ზოგად ნიშან-თვისებებში გარკვევას დაადასტურებს  (ყოველი ასეთი დავალება შეიძლება გახდეს მოკლე განხილვის საგანი, რომელიც მოსწავლეს შეხედულებების „გადახედვის“, კორექტირების საშუალებას მისცემს);
  • შედარებითი და კლასიფიკაციის ცხრილების, ლოგიკური სქემების  შედგენა;
  • ციფრული მონაცემების მოძიება დასკვნების გასაკეთებლად;
  • რამდენიმე საინფორმაციო წყაროს მოძიება/მოსწავლეთა მედიაწიგნიერების უნარების წარმოსაჩენად;
  • ისტორიული პერსონალიების განსაზღვრა კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით (შემოქმდებითი და კრიტიკული აზროვნების გასავითარებალად);
  • ეკონომიკური და სამეურნეო სტრუქტურის ამსახველი მასალის შეთავაზება (სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებისათვის) და ა.შ.

 

ამგვარი მუშაობით ჩვენ მივიღებთ რეპროდუქციული მიდგომებიდან კონსტრუქტივიზმზე და კვლევითი უნარების გააქტიურებისკენ მიმართულ გაკვეთილებს, რომლის მიზანიც და შედეგიც თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის უმნიშვნელოვანესი – ცოდნის ფუნქციონალური ხარისხის გაზრდა და კომპეტენციების დაუფლება იქნება.

 

რეგისტრებისა და ოქტავების სისტემა

0

სამი რეგისტრი

ბგერების სიმაღლის გაცნობა და კლავიატურაზე ორიენტირება ბავშვისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წიგნის გადაშლა და ასოების ამოცნობა.

თუ დღევანდელი თემის არსში კარგად გარკვევა გვსურს, პიანინოს სახურავი ავხადოთ. შევამჩნევთ, რომ ეს კარგად ნაცნობი შავ-თეთრი კლავიშები ანუ ბგერათა რიგი კლავიატურაზე მკაცრი თანმიმდევრობით არის განლაგებული.

ჩვენგან მარცხნივ მდებარე კლავიშებს, სადაც დაბალი ბგერები ჟღერს, ქვედა რეგისტრი ეწოდება; მარჯვნივ მდებარეს (მაღალი ბგერები) – ზედა რეგისტრი, ხოლო ჩვენ წინ, ცენტრში განლაგებულს (საშუალო სიმაღლის ბგერები) – შუა რეგისტრი.

რეგისტრი არის მუსიკალური საკრავის ან სასიმღერო ხმის დიაპაზონის მონაკვეთი, რომლისთვისაც დამახასიათებელია განსაზღვრული სიმაღლე და ერთიანი ტემბრი. რეგისტრი გავლენას ახდენს მუსიკის ხასიათზე.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ხატოვნად აზროვნებენ, წარმოსახვის უნარი კარგად აქვთ განვითარებული. გარე სამყაროს შეცნობა უწყვეტ კავშირშია საყვარელი ზღაპრებისა და სათამაშოების სამყაროში ჩაძირვასთან. როდესაც ბავშვი კლასში შეაბიჯებს, ეს კავშირი სრულად ჯერ კიდევ არ არის გაწყვეტილი. საყვარელ სათამაშოს შეუძლია, გაკვეთილი გამოაცოცხლოს და ბავშვს ახალი მასალის ათვისებაში დაეხმაროს. მაგალითად, რეგისტრების შესწავლის დროს მაღალ, საშუალო და დაბალ ბგერებს შორის განსხვავებას მოსწავლე უფრო სწრაფად აითვისებს, თუ ამ ბგერებით „გავახმოვანებთ“ დათვს, ცხვარს, ჩიტს.

თემის შესავალზე საუბრისას მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აჩვენოს, როგორ არის მოწყობილი ფორტეპიანო; ყურადღება გაამახვილოს ხმების მრავალფეროვნებაზე, მაღალ, საშუალო და დაბალ რეგისტრებს შორის განსხვავებაზე. ამ დროს ბავშვი დაბალი ბგერების – დათვის ბურდღუნთან, ხოლო მაღალი ბგერების ჩიტების ჭიკჭიკთან ასოცირებას ახდენს. ამრიგად, ბავშვს არა მხოლოდ ესმის, არამედ ხედავს კიდეც. როდესაც მასწავლებლის ხელი ზევით მიემართება, ბავშვის წარმოდგენაში კლავიშები „წვრილ“, მსუბუქ, წკრიალა ხმას გამოსცემს, ხოლო ქვევით მოძრაობისას – „მსხვილ“, მსუყე, დაბალ ხმას. მაღალი და დაბალი „ხმები“ ანუ რეგისტრები მისთვის მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც შეეხება შუა რეგისტრს (დაბალსა და მაღალს შორის განლაგებულ ბგერებს), ეს ბგერათა რიგის ის მონაკვეთია, რომელშიც ვსაუბრობთ და ვმღერით. ჩვენი ყურთასმენა ხომ „სასაუბრო“ ტალღაზე უფრო კარგადაა მომართული. მაგალითად, ბავშვს თუ ვთხოვთ, სცადოს კლავიატურის ზედა ან ქვედა კიდეში მდებარე კლავიშებზე თითის დაჭერისას გამოცემული ბგერების ხმით გამეორება, აღმოაჩენს, რომ მათი იმიტირება შეუძლებელია. ბუნებრივია, ისინი არ დაემთხვევა მისი ხმის დიაპაზონს. კლავიატურის შუა ნაწილში სიმღერა კი არ გაუჭირდება.

ბავშვის ხატოვანი წარმოდგენისთვის მუსიკალურ „სახელმწიფოში“ სამი რეგისტრი შეგვიძლია სამ მეზობელ ქალაქსაც შევადაროთ.

ედვარდ გრიგის „მთის მეფის გამოქვაბულში“ ადვილად ვამჩნევთ რეგისტრების ცვლას: დასაწყისში მუსიკა ყოველ რეგისტრში ცალ-ცალკე ჟღერს, შემდეგ რეგისტრები წყვილ-წყვილად ერთიანდება (ზედა-შუა, შუა-ქვედა), კულმინაციაში კი სამივე რეგისტრი ერთდროულად ისმის. ბგერის სიძლიერის ზრდასთან ერთად ტემპიც ჩქარდება.

ოქტავები

ახლა გადავიდეთ კლავიატურის უფრო დაწვრილებით და ზუსტ დაყოფაზე ოქტავებად.

ყველამ იცის, რომ მუსიკაში ბგერები ნოტებით აღინიშნება. ასევე ყველამ ვიცით მათი დასახელება: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, მაგრამ ჩაწერის პრინციპებს, ეგრეთ წოდებულ ნოტაციას, ბევრი არ იცნობს.

მოგეხსნებათ, ნოტების ჩაწერა 5 ხაზზე ხდება, რომელსაც სანოტო სისტემას ვუწოდებთ. ამ სისტემაში ყოველ ნოტს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს, რომელიც არასდროს იცვლება. ნოტის მდებარეობა გასაღებსა და ოქტავაზეა დამოკიდებული.

ფორტეპიანოს კლავიატურა პირობითად დაყოფილია შვიდ სრულ და ორ არასრულ ოქტავად: სუბკონტროქტავა, კონტროქტავა, დიდი ოქტავა, პატარა ოქტავა, პირველი ოქტავა, მეორე ოქტავა, მესამე ოქტავა, მეოთხე ოქტავა და მეხუთე ოქტავა. ოქტავას, რომელიც კლავიატურის შუაში მდებარეობს „პირველი“ ეწოდება, ოქტავებს, რომლებიც პირველი ოქტავის ზევით ანუ მარჯვენა მხარეს განლაგდება – „მეორე“, „მესამე“, „მეოთხე“ და „მეხუთე“, ხოლო ოქტავებს, რომლებიც პირველი ოქტავის ქვევით ანუ მარცხენა მხარესაა განლაგებული – „პატარა“, „დიდი“, „კონტროქტავა“ და „სუბკონტროქტავა“.

შეგახსენებთ, რომ ოქტავების სისტემა არის ოქტავური მსგავსების პრინციპზე დაფუძნებული დაჯგუფებისა და მუსიკალური ბგერების აღნიშვნის ხერხი. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ოქტავა წარმოადგენს მუსიკალურ ინტერვალს (აღინიშნება ციფრ „8“-ით) დო-დან მომდევნო დო-მდე. ანუ მანძილს მოცემული ბგერიდან იმავე სახელის უახლოეს ბგერამდე ოქტავა ეწოდება. მაშასადამე, ოქტავა არის მანძილი ერთი და იმავე სახელწოდების ორ კლავიშს შორის. ოქტავა დიატონური ბგერათა რიგის მერვე საფეხურია. ოქტავა შეიძლება აიგოს ნებისმიერი ბგერიდან: რე-დან რე-მდე, მი-დან მი-მდე, ფა-დან ფა-მდე და ა.შ.

რეგისტრებისა და ოქტავების ურთიერთშეთავსება პირობითად ასე გამოიყურება: ქვედა ანუ ბანის რეგისტრში სუბკონტროქტავის, კონტროქტავისა და დიდი ოქტავის ბგერები შედის, შუა რეგისტრში – პატარა, პირველი და მეორე ოქტავის ბგერები, ხოლო ზედა რეგისტრი მესამე, მეოთხე და მეხუთე ოქტავებისგან შედგება (დაბალი, შუა და მაღალი რეგისტრები აქვს ნებისმიერ მუსიკალურ საკრავსა თუ ადამიანის ხმას).

კლავიატურა ქვედა რეგისტრიდან (სუბკონტროქტავა, კონტროქტავა, დიდი ოქტავა) იწყება. ამ რეგისტრში განლაგებული ბგერები სანოტო ჩანაწერში ბანის გასაღებით აღინიშნება, ხოლო შუა (პატარა, პირველი და მეორე ოქტავა) და ზედა რეგისტრების ბგერები (მესამე, მეოთხე და მეხუთე ოქტავები) – ვიოლინოს გასაღებით. სუბკონტროქტავა არასრულია და წარმოდგენილია სამი ბგერით: ლა, სი ბემოლი (ლა დიეზი), სი. მეხუთე ოქტავაც არასრულია, რომელშიც მხოლოდ ერთი ბგერაა – დო.

ასოებრივი ნოტაციის დროს ოქტავის ბგერებს შემდეგნაირად განვასხვავებთ:

დიდი ოქტავის ბგერები დიდი ასოებით აღინიშნება: C, D, E, F, G, A, H;

პატარა ოქტავის ბგერები – პატარა ასოებით: c, d, e, f, g, a, h.

პირველი ოქტავის ბგერებიც პატარა ასოებით იწერება, რომლებსაც ზედა მარჯვენა კუთხეში ემატება ციფრი 1.

უფრო ზევით მიმავალი მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ოქტავის ბგერებს შესაბამისი რიგითი ნომრები ემატება: 2, 3, 4, ან 5.

კონტროქტავისა და სუბკონტროქტავის ბგერები ყოველთვის დიდი ასოებით აღინიშნება და ქვედა მარჯვენა კუთხეში, შესაბამისად, ციფრი 1 ან 2 ემატება.

სქესობრივი ინსტინქტი ბავშვებში

0

თვით აზრი იმის შესახებ, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ბავშვებს აქვთ სქესობრივი გამოცდილება, მავანს უზნეო მოეჩვენება. სულ ერთი-ორი თაობის წინ ბავშვები სექსუალური თვალსაზრისით სრულიად უმანკოებად მიჩნეოდნენ. დღეს ყველა ასე აღარ ფიქრობს, მაგრამ რაკი ასეთი აზრი დღესაც არსებობს, საჭიროა მისი განხილვა.

წინათ მიიჩნეოდა, რომ სექსუალობა ფიზიოლოგიურ სიმწიფესთან ერთად წარმოიშობა. ამჟამად, პირიქით, მიგვაჩნია, რომ სქესობრივი ინსტინქტი ბავშვთან ერთად იბადება. თუ ჩვენ ჩვენი შვილების სექსუალური განვითარება გვაინტერესებს, უნდა ვიცოდეთ, როგორი სექსუალური გამოცდილება აქვთ მათ. მათ დასახმარებლად და დასარიგებლად მომწიფების პერიოდს არ უნდა ვუცადოთ – მაშინ უკვე გვიან იქნება; ეს თავიდანვე უნდა დავიწყოთ.

თუ ბავშვის სექსუალურ აქტივობას არ დავაკვირდით, მას ვერ დავეხმარებით და საჭირო კალაპოტში ვერ მოვაქცევთ. იმის გასაგებად, რას აკეთებს ბავშვი ჩუმად, როგორ იღებს ამ გამოცდილებას, არ არის აუცილებელი, ფეხდაფეხ ვდიოთ მას. ის ათასგვარი სახით გამოავლენს საკუთარ სქესობრივ ინსტინქტს. ჩვენც არ დაგვჭირდება ხანგრძლივი დაკვირვება, მხოლოდ ამოცნობა უნდა შეგვეძლოს.

სქესობრივი ინსტინქტს გამოვლენა ყველა ბავშვს ახასიათებს. თუ თქვენს შვილსაც შეატყვეთ ეს, ნუ ჩათვლით, რომ მისი სექსუალობა გადაჭარბებულია ან დროთა განმავლობაში პრობლემად იქცევა. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს ჰგავს.

რას წარმოადგენს ახალშობილებისა და პატარა ბავშვების სქესობრივი გამოცდილება?

  1. ბავშვები თავის პირველ და ყველაზე ჩვეულებრივ სექსუალურ გამოცდილებას მაშინ იღებენ, როცა უფროსები მათ გენიტალიებზე ეხებიან.

სქესობრივი ინსტინქტი მათ ისე არ აქვთ გამოხატული, რომ სტიმულაცია იყოს საჭირო, მაგრამ ბავშვები ამ ორგანოებთან ყოველ შეხებაზე რეაგირებენ. ძნელი არ არის 6 ან 7 თვის ბიჭუნაზე სასქესო ასოს ერექციის შემჩნევა, როცა დედა ბანს, ამშრალებს ან ტალკს აყრის. აქ საქმე ეხება ორგანოს სექსუალურ აგზნებას, რაც სავსებით ჯანმრთელი რეაქციაა.

  1. ბავშვები თვითონაც ეხებიან საკუთარ სასქესო ორგანოებს, თავდაპირველად – ინტერესისთვის, მალე კი ხვდებიან, რომ ეს შეხება სასიამოვნოა. თუ ჩვენ ბავშვთან იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ პირდაპირ შეგვიძლია ვკითხოთ, რატომ აკეთებს ამას, ის გულწრფელად გვიპასუხებს: „იმიტომ, რომ მსიამოვნებს“. ამიტომ ეწევიან ბავშვები მასტურბაციას და ესეც ნორმალური სქესობრივი გამოცდილებაა.
  2. ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი გამოავლენს სასქესო ორგანოების მიმართ გარკვეულ ინტერესს და აღმოაჩენს საწინააღმდეგო სქესის ანატომიურ განსხვავებებს. ლოგიკურია, რომ ბავშვები ფიქრობენ ამაზე და თამამ კითხვებს სვამენ.
  3. ბავშვის ოჯახში ხშირად მატებაა პატარა დაიკოს ან ძამიკოს სახით. დედისერთაც რომ იყოს, მას ეყოლება მეგობრები, რომლებსაც დები და ძმები ჰყავთ. ახალშობილის გაჩენამდე მშობლები წინასწარ ამზადებენ ბავშვს. თვითონაც სვამს კითხვებს და უსმენს, რას ამბობენ ამის შესახებ ოჯახში. ჯანსაღ ოჯახში, ჩვეულებისამებრ, გულახდილად უხსნიან ბავშვებს, საიდან ჩნდებიან პატარები და ესეც, გარკვეული თვალსაზრისით, სქესობრივი გამოცდილებაა.
  4. ბავშვის ცნობიერებაში ღრმა კვალს ტოვებს გამოცდილება, რომელსაც ის იღებს საკუთარ მშობლებზე ყოველდღიური დაკვირვებით.

ბავშვები ხედავენ, რომ დედა თავისი  საქმეებითაა დაკავებული, მამა კი – თავისი საქმეებით. ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვებს, გაიგონ საკუთარი სქესობრივი როლი ცხოვრებაში, ეს კი უპირველესი მნიშვნელობის გამოცდილებაა.

  1. გარდა ამისა, გამოცდილება, თუმცაღა იშვიათად, მიიღება, როცა ბავშვი დედ-მამის სქესობრივი სიახლივის უნებლიე მოწმე ხდება. ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს დაუშვებელია, მაგრამ შეიძლება შემთხვევით მოხდეს, როცა ბავშვებს მშობლების ოთახში სძინავთ.

აი, ასეთ სქესობრივ გამოცდილებას იღებენ ბავშვები 5-6 წლისათვის, რაც მთლიანობაში არცთუ ცოტაა. სექსუალური ურთიერთობის მხრივ ბავშვი არც ისე უმანკოა, როგორც გვგონია. ის შეიძლება გაუცნობიერებელი იყოს, მაგრამ არა ანგელოზივით წმინდა. სქესის საკითხები მის წინაშე მთელი სისავსით ჯერ არ დამდგარა. მას ჯერ არ უმუშავებს, თავს არ ახსენებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები. საკუთარ სქესობრივ განსხვავებულობას ბავშვი ბუნდოვნად გრძნობს, უფრო შემეცნებით, ვიდრე ფიზიოლიგიურად. ერთი სიტყვით, ყველაფერზე შეიძლება ვიკამათოთ, გარდა იმისა, რომ ბავშვი უსქესო არსებაა.

ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები (ნაწილი პირველი)

0

„სწავლაზე ორიენტირებულ პარადიგმაში, განვითარების თანაბარი შანსის მისაცემად, მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს  განსხვავებულ პირობებს სთავაზობს, მათი ადრეული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. იგი თითოეულ მოსწავლეს აფასებს ინდივიდუალური საზომით საკუთარ მიღწევებთან (და არა სხვათა მიღწევებთან) მიმართებით. ეს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაინახონ საკუთარი წინსვლა, დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ  წინსვლა და  იმ ცოდნის თანდათანობით  შეძენა, რომელიც მათ მიღწევების ერთი დონიდან მეორეზე გადაიყვანს. სწორედ ასეთ ინდივიდუალიზებულ მიდგომას გულისხმობს პედაგოგიური პრინციპი: „ყველა მოსწავლე მნიშვნელოვანია. სკოლა უნდა მოერგოს მოსწავლეს, და არა მოსწავლე სკოლას

/თამარ ჯაყელი/

 

ევროპის საბჭოს მიერ, 2010 წელს შემუშავებული ქარტიის, „დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ“ მიხედვით, „სკოლების ზოგად დანიშნულებას არ წარმოადგენს მხოლოდ ცოდნის გადაცემა ერთი თაობიდან მეორეზე. თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს წარმოადგენს, თუ სკოლას სურს ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის კედლებში მოსწავლეები დემოკრატ მოქალაქეებად გაიზარდონ[1]. ამგვარად, ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე განათლების რეფორმა ეფუძნება სკოლას, როგორც წამყვან ძალას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში.

ამავე ქარტიის თანახმად, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის სწავლების მიზანს ასევე წარმოადგენს ისეთი მოსწავლეების აღზრდა, რომლებიც აქტიურ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია აქტივობებსა და ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლაზე. სკოლა აღიქმება სფეროდ, სადაც შესაძლებელია ჭეშმარიტი გამოცდილების მიღება, სადაც, მათ ადრეული ასაკიდან შეუძლიათ გააცნობიერონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ცნობიერების ამაღლება გამოწვევაა როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მასწავლებლებისა და სკოლებისათვის. მოზარდი მონაწილეობას უნდა ღებულობდეს სოციალურ ცხოვრებაში, რაც ნიშნავს, რომ ბავშვმა უნდა განავითაროს საკუთარი ფასეულობები, ცხოვრების სტილი, კულტურული ურთიერთობები და ყოველივე ამის შედეგად აიმაღლოს ცნობიერება. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება ხელს უწყობს ღირებულებებზე ორიენტირებული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც მოზარდებს თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას უმტკიცებენ და სოციალური სამართლიანობის დამყარებას უწყობენ ხელს (Covington&Omelich,1979). ასეთი სახის სწავლება ამდიდრებს მოსწავლის ფასეულობებზე დაფუძნებულ ცოდნას, ავითარებს ქმედებაზე ორიენტირებულ უნარებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების კომპეტენციებს. სწავლების ეფექტურობა მიიღწევა არა მარტო უბრალოდსიტყვათა თამაშით“, ქადაგებებითა და დიალოგებით, არამედ იმ უნარჩვევების გამომუშავებით, რომლებიც საბოლოოდ ასახავს ქცევას. ფასეულობებზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლეებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ფასეულობათა თეორია ეფუძნება ჰიპოთეზას, მოსწავლე, რომლის ქცევაც დამყარებულია ფასეულობით უნარ-ჩვევებს, ნაკლებად უშვებს სერიოზულ შეცდომებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში[2].

ამ ზოგადი ცოდნის კვალობაზე ჩვენი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს  და, მათ შორის, არაერთ გონიერ მასწავლებელს რჩება უკმარობის განცდა, რომ ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნისთვის რაღაც ისეთი წინაპირობებია საჭირო, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის საერთო წინსვლას გამოიწვევდა. უდავოა, განათლება სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ის პრინციპები, რომელიც განათლების სისტემებში ინერგება, ზოგადსაზოგადოებრივ შეგნებას განაპირობებს. ილია სამართლიანად ამბობდა: წყალი ბოლომდე მღვრიედ ივლის, თუ იგი სათავეშივე აიმღვრაო. ფაქტია, ერთეულ მავანთა მეცადინეობის მიუხედავად, ჩვენში წყლის უსუფთაობა იმდენად შეამჩნევი და ყოვლისმომცველი გამხდარა, რომ ეს უკვე განათლების არა ერთ ექსპერტსა თუ მკვლევარს აფიქრებს.

ახლახან ქართულ ბეჭდურ მედიაში გამოჩნდა თამარ ჯაყელის დასაფიქრებელი წერილი, რომელიც ქართული სასკოლო განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ეხება და, ამავდროულად, რეალურად გამაუმჯობესებელ ეფექტურ ბერკეტებსაც გვთავაზობს. იგი ეყრდობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული ავტორიტეტის და საგანმანათებლო რეფორმებში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტის, მაიკლ ფულანის აღიარებულ ნაშრომს:  „უვარგისი ბერკეტების შერჩევა მთლიანი სისტემის რეფორმებისთვის“ (Choosing the wrong driversfor whole system reform, Centre for Strategic Education Seminar Series, Paper No. 204, May 2011), საუბრობს იმ ფატალურ შეცდომებზე, რომლებსაც განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით შერჩეულ ბერკეტებად მოიაზრებენ და, რომლებიც, გაუმჯებესების ნაცვლად, სისტემის ხანგრძლივ სტაგნაციასა და რეგრესს განაპირობებს როგორც უცხოეთში, ასე საქართველოში. ამავე ავტორის მიხედვით, განათლების ხარისხის რეალურად გამაუმჯობესებელი ეფექტური ბერკეტები ოთხ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმებია:

  1. მასწავლებლებისა და მოსწავლეების 100%-ის დაფარვა, რაც გულისხმობს განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მთლიანი საზოგადოების მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი შეგნების ამაღლებას, ანუ მთლიანი თაობის ფორმირებას, მთლიან ჩართულობას / ინკლუზიას.
  2. სკოლებში ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბება მკვეთრად აუმჯობესებს სწავლისა და სწავლების შედეგებს, ხოლო წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა ურთიერთნდობაზე დაფუძნებული გუნდური თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობა სრულიად ფორმალურ ხასიათს იღებს და ნაყოფს ვერ იძლევა.
  3. მოსწავლისა და მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება;
  4. მოსწავლისა და მასწავლებლის მოქცევა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების უწყვეტ „ნაკადში“.

 

მაშასადამე, სრული დაფარვა/ინკლუზია, თანამშრომლობა, მოტივაციის ზრდა და უწყვეტი განათლება – ის ფაქტორებია, რომლებიც  სასწავლო პროცესის ეფექტურობასაც განაპირობებს და განათლების ხარისხს რეალურად წინ სწევს. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ და არც არავისთან დავას  უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ „ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეორე მხრივ კი, უნდა გვახსოვდეს შემდეგი:  ცალკეული წარმატებული პიროვნება ვერ შექმნის საზოგადოებრივ კეთილდღეობას,  ამისათვის აუცილებელია მთლიანი საზოგადოების მოქალაქეობრივი და სახალმწიფოებრივი შეგნების ამაღლება, ანუ მთლიანი თაობის ფორმირება“.

სასწავლო პროცესში მოსწავლეების თანაბარ ჩართულობაზე/ინკლუზიაზე არაერთგზის გვითქვამს და დაგვიწერია.  სახელმწიფოს მხრიდან ნელი, მაგრამ, რეფორმების მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩართულობის განათლების ბევრი საკითხი ჩვენში ჯერ კიდევ მიანც მოუგვარებელია. შესაბამისად, ვერ ხერხდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა 100%-ით ჩართულობა. ამას ხელს უწყობს ჩვენში არსებული პოლიტიკა (ენობრივი თუ არაენობრივი), სტერეოტიპული აზროვნება, გარჩევის/დისკრიმინაციისა და გარიყვისადმი/სტიგმატიზაციისადმი მიდრეკილებები და არასათანადო შეფასებითი დამოკიდებულებები.

შეფასების იმ სისტემის ხარვეზებზე, რაც დღესდღეობით საქართველოშია, ასევე არაერთგზის თქმულა. ვგულისხმობთ როგორც ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში ყალბი ნიშნებით შეფასების მანკიერ და კორუმპირებულ სისტემას, ისე ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში გარე შეფასების ინსტრუმენტებს, კერძოდ,  უნიფიცირებულ და სტანდარტიზებულ საგამოცდო სისტემას, რომელიც სწავლების მოძველებულ, ბიჰევიორისტულ კონცეფციას ეფუძნება. ამას ემატება „მასწავლებელთა  საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და   კარიერული ზრდის“, შეფასების სქემა, როგორც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი „სისტემური“ ბერკეტთაგანი, რომელიც ეფუძნება კონცეფციას, რომ დასჯა-წახალისება/დაჯილდოების მექანიზმით შესაძლებელია სასკოლო საზოგადოების ქცევის მართვა და განათლების ხარისხის ამაღლება.

 

აღნიშნულ სქემას თუ ინკლუზიის, ანუ მოსწავლეთა 100%-ით დაფარვის/ჩართულობის კუთხის შევხედავთ, არცთუ სახარბიელო სურათი გამოიკვეთება. კერძოდ: საგნის მასწავლებლის პროფესიული განვითარების საქაღალდეში კრდიტქულების დაგროვების სისტემა მოიცავს მრავალფეროვან არჩევით აქტივობებს, მათ შორისაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში. როგორც ითქვა, აღნიშნული აქტივობა არჩევითია და თუკი მასწავლებლის კეთილი ნება არ იქნება, შეიძლება საჭიროების შემთხვევაშიც კი თავიდან აიცილოს „ზედმეტი“ შრომა, რადგან კრედიტები სხვა სავალდებულო აქტივობებითაც საკმარისად დაუგროვდა და სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის საჭიროდ აღარ მიიჩნიოს ინდივიდუალური სასწავლო თუ თემატური გეგმების შედგენა, ისგ ჯგუფის სხდომებში მონაწილეობა, რესურების მომზადება და სხვა ამ ტიპის, მართლაც რომ, სავალდებულო და საშური საქმიანობა.

როცა სიახლე ინერგება, ალბათ, ძნელია ყველაფრის გათვლა და უფრო იოლი –კეთილსინდისიერების ღირებულებასთან პედაგოგის საქმიანობის დაკავშირება,  მაგრამ ფაქტია, ამ უკანასკნელმა ჩვენში უნებურად უფრო ფასადური და ზედაპირული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და, რაც ყველაზე მთავარია, კლასში ძალადობის ისეთი ჩუმი ფორმის წარმოქმნა, როგორიცაა უგულებელყოფა, არაერთი სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლის, პირობითად და მსუბუქად რომ ვთქვათ, უკანა რიგებში გადასმა,  არათუ სწავლება  გახადა თანამშრომლობაზე, ჩართულობაზე, 100%-იან დაფარვაზე ორიენტირებული და ყველასთვის ბევრად უკეთესი შედეგის მომტანი, როგორც, ალბათ, ეს სქემის მესვეურთა მხრიდან ივარაუდებოდა. თუკი ასე გაგრძელდა, იმ მწყერის მდგომარეობაში დავრჩებით, რომელიც  წინასწარგანსაზღვრულად ხეზე ვერასდროს  უნდა შემოჯდეს!

ეს რაც შეეხებოდა ჩართულობას და მასწავლებელთა „განვითარების“ სქემას.

სხვა გადაულახავ წინააღმდეგობად რჩება იმ ბავშვების რეალური მდგომარეობა, ვისაც არ გააჩნია ე. წ. სპეცსაჭიროების მქონეს სტატუსი, თუმცა აქვთ ყურადღების, აღქმის, დასწავლის ან სხვა, ემოციური ტიპის სირთულეები. ამგვარ შემთხვევებში გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: 1. მშობელთა ნაწილს არ სურს, ბავშვს სკოლაში რაიმე სახის სტატუსი მიენიჭოს; 2. ზოგ შემთხვევებში დირექციას, მასწავლებელსა და მშობელს შორის გარიგების საფუძველზე ყალბი ნიშნებით ბავშვი კლასიდან კლასში გადადის; პრობლემას ვერც სულზე მოსწრებული მინისტრის ბრძანება შველის და სასიკეთო ცვლილებებს სავალალო სქემის მონაწილენი სკეპტიკურად უყურებენ;  2. მშობლებს ან მასწავლებლებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ ბავშვი ზარმაცობს. უფროსების მხრიდან ამგვარი ტიპის უკმაყოფილება იწვევს ბავშვის ნეგატიურ თვითაღქმას, რაც, იმთავითვე,  შფოთვის, ემოციური ინტელექტის დაქვეითების, ქცევის დეზორგანიზაციის და სხვა არაერთი დარღვევის წინაპირობაა. შედეგად ვიღებთ სწავლაში ჩამორჩენილ და დემოტივირებულ, ნეგატიურად მარკირებულ („სუსტ“, „უნიჭო“, „უზრდელ“, „უპატრონო“, „თავხედ“, „აცვენილ“, „თავგასულ“…) მოზარდთა არმიას, რომელთა ადგილი, ძალიან სამწუხაროდ, რეიტინგული რანჯირების მარათონის წყალობით მშობლიურ სკოლებში ნაკლებად რჩება.  ხოლო იმათ, ვინც სიამოვნებით ხელს აწერს ამ ტიპის ბავშვების არა ჩართულობას, არა ამოქაჩვას, არამედ – სკოლიდან გარიცხვას, ანუ გარიყვასა და გაწირვას, ნამდვილად ევალებათ, ისწავლონ ფიქრი ექსპერტის მიერ დასმულ კითხვაზე:  „სად არის აქ პედაგოგიკა?!“[3]; ან გააცნობიერონ ამგვარი  მიდგომების სავალალო პროგნოზები:  „ყოველწლიურად ათიათასობით მოზარდის დასახიჩრებული პოტენციალი ისევ ქვეყანას დააწვება პრობლემად და  შემაფერხებლად იმოქმედებს მის განვითარებაზე. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს განაპირობებს განათლების დონის დადაბლებას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი  – ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სერიოზულ შეფერხებას“.

 

როცა ტრადიციული სასწავლო მეთოდები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, მათი ეფექტიანობის გასაზრდელად სასწავლო კურიკულუმებში  არატრადიციული, არაფორმალური სასწავლო სტრატეგიების შეტანა – კლასში მერხების წყობის მენეჯმენტი, ჯგუფური სწავლება და სხვა – საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშველის, თუკი სწავლება მართლაც მოსწავლეზე ორიენტირებული გახდება, თუკი სკოლაში სასწავლო ჩართულობასთან დაკავშირებულ მინისტრისეულ გონივრულ ბრძანებაზე  არავინ იტყვის, სისულელაო, თუკი სკოლა დემოკრატიული ღირებულებების და 12 ფუნდამენტური პრინციპის პირდაპირი გამტარი იქნება და არა ავგიას თავლა.

ეს მთავარია, დანარჩენზე კი შემდგომ მოგახსენებთ.

ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ; სტრასბურგი 2010, გვ.45[1]

[2] www.citized.info

[3] https://liberali.ge/articles/view/3241/standartizebuli-testireba-khariskhiani-ganatlebis-tsinaaghmdeg

სხვა მწუხარებათა და სიხარულთა გამო

0

რა მწუხარებამ უნდა გაგვტეხოს ჩვენ, მანის ფაფასთან ბრძოლაში გამოწრთობილი ბავშვები? ეს საშინელი და აუცილებელი წმინდა ინკვიზიცია სრულიად გულგრილი სახით შემოგყურებდა თეფშიდან აისბერგივით ამოწვერილი კარაქით და სამყაროს დაუნდობლობას გვაჩვევდა.

კლასიკა გარდაუვალ სცენარს გულისხმობდა – უნდა დაგეწყო კიდიდან, შესაბამისად შუაში ცივდებოდა და რაღაც პატარა ბურთულები კეთდებოდა. კურკუტები. ან რამე სხვა სახელი – აი, ბავშვობისას ყველა ხომ რაღაც საკუთარს ვარქმევთ ასეთ წარმონაქმნებს, რისთვისაც დიდებსაც კი ჯერ ვერაფერი დაურქმევიათ. იმ ბურთულების ჭამა waterboarding-ის შემდეგი საფეხურია  მსოფლიო წამებათა არსენალში.

ყველაზე მცირე თეფშსაც კი უძიროს ხდიდა მანის ფაფა. ამიტომაც ვერასდროს ვჭამდით ბოლომდე. ამიტომაც ყველას უშნო ცოლები და ქმრები გვეყოლებოდა.

და ჩვენ სულ არ გვანაღვლებდა არც მომავალი ცოლები და ქმრები, რადგან გოგონებიც და ბიჭებიც მხოლოდ ერთი შიშით განმსჭვალულები ვიჯექით და ველოდით სრულიად უწყინარ მზარეულ ზეზის. ზეზი უზარმაზარ ქვაბში თხევად ურჩხულს ხარშავდა.

ეს იყო ბავშვობა. უცნაური და გაუგებარი მწუხარებებისა და სიხარულის დრო.

სიხარული ხომ ორგვარია. ან თავისით მოდის, ანაც სწავლობ. ჩვენ უფროსებისგან დავიზეპირეთ, რომ ორი ტომარა პურის ფქვილი უდრიდა სიხარულს, იქვე შემოსასვლელში მიყუდებული და ორი კვირა პურის საცხობად სამყოფი.

და ამ ცხობისთვის და გათბობისთვის მთიდან ჩამოტანილი ხეების ჩამოცლა ძველი მანქანიდან მეზობლების დახმარებით უდრიდა სიხარულს შემოდგომის გაცრეცილ ღამით.

და საერთოდ ამ მანქანის თუხთუხით მოსვლა და ფარების ჭიშკართან მონათება უდრიდა სიხარულს. და მანამდე ლოდინი მთაში თხილის და შეშის ჩამოსატანად წასული ბაბუის და მამის. რომლებიც მოვიდოდნენ ან 18, ან 19, ან 20 ოქტომბერს.

რამ უნდა გაგვაბრუოს ჩვენ, ასეთი სიხარულებით გაზრდილი ხალხი? რა არის ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი? არაფერი. ვერაფერი.

 

 

სასწავლო მენიუ გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

 ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სწავლების მეთოდიკის უახლეს მიმართულებას “დიფერენცირებულ სწავლებას” ეხება, რომლის მიზანი გეოგრაფიის საგნის სწავლებაში მრავალმხრივი მეთოდების დამკვიდრებაა. დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს, მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესების, დამოკიდებულებებისა თუ ღირებულებების გათვალისწინებით დაგეგმილ გაკვეთილებს, რომლებშიც ყველა მოსწავლე ჩართულია.

სასწავლო წლის დასაწყისში მე-7 კლასების პირველი შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზით დაბალი შედეგები გამოვლინდა, თუმცა მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში  ჩართულობა და  ინტერესი დაბალი არ იყო. აშკარა იყო, რომ მოსწავლეებისათვის რაღაც ახალი უნდა შემეთავაზებინა. მით უმეტეს,  რომ მე-7 კლასიდან იწყება გეოგრაფიის საგნის სწავლება და შესაბამისად – მოსწავლეთა დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ინტერესი საგნის მიმართ.

ამიტომ დავგეგმე კვლევა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა დაბალი შედეგების გამომწვევი მიზეზებისა და კომფორტული ზონების დადგენა, ინტერვენციების დაგეგმვა – განხორციელება, მიღწეული შედეგების შეფასება და კოლეგებისთვის გაცნობა.

ინტერვენციების დაგეგმვისას გამოვიყენე სასწავლო მენიუ, რომელიც საკმაოდ გავრცელებული ინსტრუმენტია და გამოიყენება დიფერენცირებული სწავლებისთვის.

სასწავლო მენიუს საშუალებით მოსწავლეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი ტემპის, ინტერესებისა და მზაობის დონის მიხედვით შეარჩიონ სასწავლო მენიუში მოცემული აქტივობები. მოსწავლეებისთვის კითხვებისა და დავალებების მენიუს შეთავაზება და მათთვის უფლების მიცემა, აირჩიონ თუნდაც ერთი მათგანი, რომელსაც უპასუხებენ, მასწავლებელს სწავლების დიფერენცირების საშუალებას აძლევს. სასწავლო მენიუ გამოიყენება თემის შესწავლის პროცესში. მასწავლებელი მისი გამოყენებით სწავლებას მოსწავლეთა სასწავლო საჭიროების შესაბამისად გეგმავს.

დიფერენცირებული სწავლებისას ძალიან დიდია მოსწავლეთა ჩართულობა და დამოუკიდებლობის ხარისხი.

სასწავლო მენიუს კომპონენტების დასახასიათებლად გამოიყენება სხვადასხვა ლექსიკონი: მაგ: სავალდებულო, შეთანხმებადი და არჩევითი.

პირველ კომპონენტში (სავალდებულო) უნდა გაიწეროს აქტივობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია; მეორე კომპონენტი (შეთანხმებადი) აერთიანებს აქტივობებს, რომელთაგან ყველას შესრულება არ არის აუცილებელი, რადგან თითოეული მათგანი სხვადასხვა გზით იძლევა საკითხის შესწავლის საშუალებას (მოსწავლემ უნდა შეასრულოს ერთი ან მეტი, მაგრამ არა ყველა აქტივობა); ბოლო კომპონენტი (არჩევითი) მოიცავს დამატებით სასწავლო აქტივობებს, რომელთა შესრულებაც სასურველია თემის კარგად შესასწავლად. მოსწავლეს იმ დოზით უნდა მიეწოდოს მასალა, რამდენის ათვისების შესაძლებლობაც აქვს.

მოსწავლეებმა უნდა მიიღონ დეტალური უკუკავშირი მათ მიერ სასწავლო მენიუს მიხედვით შესრულებულ დავალებებზე. გარდა ამისა, მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოსწავლეთა ინტერესები და პრიორიტეტები მათ მიერ გაკეთებული არჩევნის მიხედვით. მაგალითად, თუ მოსწავლეთა 75% ირჩევს პრეზენტაციას, როგორც არჩევით აქტივობას, მასწავლებელმა შეიძლება ეს გაითვალისწინოს და მომავალში უფრო ხშირად მისცეს კლასს ისეთი დავალება, რომელიც პრეზენტაციის გაკეთებას მოითხოვს.

სწავლის სტილის დიაგნოსტიკური ტესტის ანალიზის  შედეგად დავადგინე მოსწავლეთა მოდალობები და შევიმუშავე სხვადასხვა აქტივობა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

გთავაზობთ სასწავლო მენიუს ორ ნიმუშს.

 

სასწავლო მენიუს მაგალითი N 1

 

საგანი: გეოგრაფია თემა: დედამიწის კლიმატური სარტყლები.

სასწავლო მიზანი:

  • დაახასიათოს ჰავის ძირითადი ტიპები;
  • რუკის მეშვეობით გამოყოს კლიმატური სარტყლები;
  • განსაზღვროს საქართველოს მდებარეობა კლიმატურ სარტყლებში.

 

სავალდებულო (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება):

 

  • მოცემული რუკის მიხედვით დაადგინეთ დედამიწის კლიმატური სარტყლები;
  • გაეცით დასაბუთებული პასუხი შემდეგ კითხვას: რა განაპირობებს ტროპიკულ და სუბტროპუკულ სარტყლებში უდაბნოების არსებობას?

 

შეთანხმებადი (უნდა შეასრულოთ ამ დავალებებიდან ერთი მაინც):

 

  • შეარჩიეთ ერთ-ერთი კონტინენტი და სახელმძღვანელოში მოცემული რუკის მიხედვით შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

 

კონტინენტის სახელწოდება    
კლიმატური სარტყელი. გავრცელების არეალი. ჰავა (ტემპერატურა და საშ. წლიური ნალექი).
 

 

 

 

 

 

 

   

წარმოიდგინეთ, რომ მოცემული კონტინენტის დამახასიათებელი კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. წარმოადგინეთ პრეზენტაცია იმის შესახებ:

  • კონკრეტულად რა ტიპის ცვლილება მოხდა;
  • როგორ აისახება ამგვარი ცვლილება კონკრეტულად ამ კონტინენტზე  მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაზე;
  •  ამგვარი შემთხვევების პრევენციის რა კონკრეტული გზები არსებობს.

 

არჩევითი (შეგიძლიათ მოცემული დავალებებიდან შეასრულო ერთი ან მეტი):

  • მოცემული რუკის მიხედვით დაადგინეთ, რომელი კლიმატური სარტყელია გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. დაახასიათეთ იგი შემდეგი გეგმის მიხედვით:

ა) მდებარეობა და გავრცელება;

გ) კლიმატური მახასიათებლები;

დ) სამეურნეო ათვისება.

  • მოიძიეთ ინფორმაცია სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კლიმატის შესახებ (ფოტო/ვიდეომასალა, რუკები) და შეადარეთ საქართველოს კლიმატს. ეცადეთ, აღმოაჩინოთ ანალოგიები და მსგავსება-განსხვავება გამოხატოთ თქვენთვის სასურველი ფორმით.
  • შექმენით მეტეოსადგურის მაკეტი.

 

სასწავლო მენიუს მაგალითი N 2

 

საგანი: გეოგრაფია.

თემა: ბუნებრივი ზონები.

 

სასწავლო მიზანი:

  • მოსწავლეთა მსჯელობა ბუნებრივი ზონების იდენტიფიცირებისა და მათი მახასიათებლების განსაზღვრის შესახებ;
  • ბუნებრივი ზონებს შორის არსებული განსხვავებების გაგება/გააზრება.

 

სავალდებულო (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება):

 

  • მოცემული რუკის მიხედვით, დააჯგუფეთ და ცხრილის სახით წარმოადგინეთ ბუნებრივი ზონები;
  • გაეცით დასაბუთებული პასუხი შემდეგ შეკითხვას: დედამიწაზე არსებული ბუნებრივი ზონები არსებითად განსხვავებულია  და იცვლება განედების მიხედვით, მთებში კი განსხვავება შედარებით ნაკლებია.  როგორ ფიქრობთ, რატომ?

შეთანხმებადი (უნდა შეასრულოთ ამ დავალებებიდან ერთი მაინც):

 

  • შეარჩიეთ ერთ-ერთი კონტინენტი და სახელმძღვანელოში მოცემული მაგალითების მიხედვით შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

 

კონტინენტის სახელწოდება    
გავრცელების არეალი ჰავა (ტემპერატურა და საშ. წლიური ნალექი) ნიადაგ-მცენარეული საფარი და სამეურნეო ათვისება
 

 

 

 

 

 

 

   

 

წარმოიდგინეთ, რომ კონტინენტის ერთ-ერთი კუთხისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ზონა ადამიანის ჩარევის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა. წარმოადგინეთ პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ:

  • კონკრეტულად რა ტიპის ჩარევა მოხდა;
  • როგორ აისახება ამგვარი ცვლილება როგორც კონკრეტულად ამ კუთხეში  მცხოვრები ადამიანების, ისე მთლიანად რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებაზე;
  •  ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის რა კონკრეტული გზები არსებობს.

 

არჩევითი (შეგიძლიათ მოცემული დავალებებიდან შეასრულო ერთი ან მეტი):

  • მოცემული რუკის მიხედვით დაადგინეთ, რომელი ბუნებრივი ლანდშაფტებია გავრცელებული თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაახასიათეთ ერთ-ერთი შემდეგი გეგმის მიხედვით:

ა) მდებარეობა და გავრცელება;

ბ) ნიადაგურ-მცენარეული საფარი;

გ) კლიმატი;

დ) სამეურნეო ათვისება.

  • მოიძიეთ ინფორმაცია სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ზონების შესახებ (ფოტო/ვიდეომასალა, რუკები) და შეადარეთ საქართველოს ბუნებრივ ზონებს. ეცადეთ, აღმოაჩინოთ ანალოგიები და მსგავსება-განსხვავება გამოხატოთ თქვენთვის სასურველი ფორმით.
  • შექმენით საქართველოს რომელიმე კუთხისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ზონის მაკეტი.

 

გამოყენებული ლიტერატურა: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები მოდული  – „აქტიური სწავლება გეოგრაფიაში” – ტრენინგის მასალები.

 

Instagram, როგორც სასწავლო რესურსი 

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ ის არის, როგორ შექმნას ციფრულ ტექნოლოგიებთან დამეგობრებული და სმარტფონებით შეიარაღებული ბავშვებისთვის ისეთი სასწავლო მასალები, პედაგოგიური მეთოდიკა და საკითხავი მასალა, რომელიც მათთვის მიმზიდველი და საინტერესო იქნება.

 

დღეს ინფორმაცია ბევრად მეტიცაა და ბევრად სწრაფადაც ვრცელდება, ვიდრე ეს თუნდაც 10-15 წლის წინ იყო. ახალი თაობები პატარაობიდან ეჩვევიან მოცემულობას, რომ ამბებს აქვთ თავისი ხმოვანი ილუსტრაციები, რაღაც ამბავი შეგიძლია ნახევრად ნახო, გაიმეორო ან მეორე წამზევე შეწყვიტო, მოიძიო ერთ თემაზე უამრავი მასალა ან საერთოდ დაბლოკო და დაივიწყო ის.

 

ამ მოცემულობაში ერთ-ერთი სწორი გზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის საინტერესო სასწავლო მასალების ეფექტურად მიწოდებისთვის არის – დაახვედრო მათ ისინი იქ, სადაც სიამოვნებით ატარებენ დროს, სადაც მოსწონთ ყოფნა და კარგად ერთობიან. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი Instagram-ია, სოციალური ქსელი, სადაც უმეტესობა პირად ფოტოებს აზიარებს, მაგრამ დღეს ნებისმიერი ინტერესის ადამიანი უკვე ბევრ საინტერესო გვერდს შეხვდება.

 

 

როგორ ვიყენებთ instagram-ს, როგორც სასწავლო რესურსს?

 

ამისათვის ორი გზა შემიძლია შემოგთავაზოთ: ერთია, ბავშვებს და მოზარდებს აჩვენოთ ის გვერდები, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მათთვის საინტერესო კონტენტს აწარმოებს; მეორე კი, თავად შექმნან ასეთი გვერდები და სცადონ ამ გვერდებზე თანატოლებისთვის მიმზიდველი მასალების შექმნა.

 

რა გვერდები ვურჩიოთ ბავშვებს ყოველდღიური მოხმარებისთვის?

 

  • Science (https://www.instagram.com/science/) – გვერდი მეცნიერებაზე, რომელიც დაეხმარება ბავშვებ შეიმეცნონ სამყარო;

 

 

  • Tech (https://www.instagram.com/tech/ )- გვერდი ტექნოლოგიებზე, რომელიც ამ სფეროში მიმდინარე ამბებს მარტივი ბარათების საშუალებით გაგაცნობთ;

 

  • History (https://www.instagram.com/history/) – ძველი ამბების ცოდნა გვეხმარება ახალ ამბებში გასარკვევა – ეს არის სლოგანი გვერდის, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, პერსონებს, ფაქტებს გაგაცნობთ;

 

 

  • Biography (https://www.instagram.com/biography/ ) – ამ გვერდის საშუალებით გაიცნობთ ადამიანებ, რომლებაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს სხვადასხვა კულტურაში, რომლებიც ცდილობდნენ, შეეცვალათ სამყარო, რომთა ცხოვრების გზაც შთაგონებად შეიძლება იქცეს;

 

  • Nasa (https://www.instagram.com/nasa/ ) – აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს გვერდი კოსმოსის კვლევაზე, სამყაროზე, სამეცნიერო ექსპერიმენტებზე, ადამიანის წარმატებულ და წარუმატებელ მცდელობებზე, შეიცნოს უკეთ გალაქტიკა, გულგრილს რთულად თუ ტოვებს ვინმეს;

 

 

  • Usinterior (https://www.instagram.com/usinterior/ ) – ამერიკის დაცულ ტერიტორიების სააგენტოს გვერდი, სადაც მივხვდებით, რომ სამყარო მის ყველა წერტილში ლამაზი და მშვენიერია და მისი მთავარი ხიბლი სწორედ მის მრავალფეროვნებაშია;

 

  • EarthPix (https://www.instagram.com/earthpix/) – დედამიწის სხვადასხვა ადგილებში გადაღებულმა ფოტოებმა და მათმა თანმდევმა ინფორმაციებმა ამა თუ იმ ადგილის შესახებ შესაძლოა სრულად ვერ ჩაანაცვლო გეოგრაფიის გაკვეთილები, მაგრამ ამ საგნის მიმართ ინტერესის გაღვივებაში ნამდვილად დაგეხმარებათ;

 

 

  • Astrophisics (https://www.instagram.com/astrophysics_/ ) – ვარსკვლავები და ციური სხეულები მთელი თავისი სიკაშკაშით, სილამაზით, ურთიერთკავშირებით და განსხვავებულობით არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის აღმაფრთოვანებელია, თუმცა ადრეული ასაკიდან ამ თემატიკით დაინტერესებამ შესაძლოა პატარები ასტროფოტოგრაფიით დააინტერესოს;

 

  • Who (ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია) – https://www.instagram.com/who/ – ჯანმრთელობის საკითხები მარტივად და გასაგებად. რას იწვევს თამბაქო, ავტომობილის გამონაბოლქვი, ალკოჰოლი, მეორადი მოხმარების ცხიმები, რამდენი გვეძინოს და რა ვჭამოთ, რა დაავადებებს ებძვიან მსოფლიოს სხვასხვა წერტილში, რა უნდა გავაკეთოთ სუიციდის პრევენციისთვის და როგორ ავირიდოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – ამ ყველაფერზე პასუხების მიღება მოზარდებს უფროსებთან კომუნიკაციის და ყველანაირი თანმხლები უხერხულობის გარეშე შეეძლებათ;

 

 

  • National Geographic (https://www.instagram.com/natgeo/ ) – ყველა თაობის საყვარელი საკითხავი. ჟურნალისთვის ინტერნეტში თვალის დევნება კიდევ უფრო მოხერხებულია, ვიდრე ბეჭდურად.

 

აქვე რამდენიმე ქართული გვერდი:

 

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ბავშვებთან ერთად?

  • გვერდი, რომელიც ექსპერტიმენტების შესახებ ვიზუალურ ამბებს გვიყვება;
  • გვერდი, რომელიც სკოლაში არსებული ხარვეზების შესახებ გვიყვება (ცოტა გამბედაობა და სითამამე სჭირდება, მაგრამ ცდად ღირს);
  • გვერდი, რომელშიც ბავშვები აღწერენ თავიანთ ყოველდღიურობას, ეცდებიან მნიშვნელოვანი ამბები ჩვეულ ყოველდღიურობაში დაინახონ;
  • გვერდი, სადაც ბავშვები შეეცდებიან მათთვის მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენები, ამბები, ისტორიები გაუზიარონ სხვებს მათთვის გასაგებ ენაზე.

 

და კიდევ ბევრი რამ.

 

 

 

 

როგორ ვიმუშავე მასწავლებლად ლაოსში

0

თუ ხართ მასწავლებელი, რომელიც მშვენივრად საუბრობს ინგლისურად, შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება 360 გრადუსით შეატრიალოთ და პედაგოგიური მოღვაწეობა აზიაში გააგრძელოთ. დიახ, აზიაში, სადაც ზაფხულის არდადეგებს ტაილანდის რომელიმე კუნძულზე ან ტიბეტის მონასტერში მედიტაციებში გაატარებთ. ასე მოიქცა ეკატერინე ბერტი. მან თავისი ცხოვრება უეცრად შეცვალა და 11 წლის განმავლობაში ლაოსში მასწავლებლად იმუშავა.

 

ეკატერინე ბერტი: „როდესაც ლაოსში წასვლის შესაძლებლობა მომეცა, ძალიან გამიხარდა. ჩემს მომავალ მეუღლეს იქ სამუშაო შესთავაზეს. ჩვენ ენერგიული ახალგაზრდები ვიყავით. გვინდოდა სამყარო გვენახა, გვეგრძნო მისი ეგზოტიკა და ახალი თავგადასავლები.

 

თავდაპირველად ლაოსში ორი წლით დარჩენას ვგეგმავდით, თუმცა იქ 11 წელი ვიცხოვრეთ. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში ვიმუშავე: მონტესორის საერთაშორისო საბავშვო ბაღში, ენების სკოლაში და ინგლისური ენის მასწავლებლად ერთ-ერთ უნივერსიტეტში. სამსახურს იოლად ვპოულობდი. ვაგზავნიდი რეზიუმეს. როგორც წესი, მეორე დღესვე მირეკავდნენ და გასაუბრებაზე მიბარებდნენ. ინგლისურენოვანი მასწავლებლები ადგილობრივ ბაზარზე ყველას სჭირდებოდა.

 

ალბათ ძალიან საინტერესო პედაგოგიური გამოცდილება ლაოსის დედაქალაქში ვიენტიანის საერთაშორისო სკოლაში მივიღე. 7 წლის განმავლობაში იქ პირველ, მეორე და მესამე კლასს ვხელმძღვანელობდი. მასწავლებელთა 80% ადგილობრივები იყვნენ, დანარჩენი ჩემნაირი, მოწვეული პედაგოგები სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

სკოლაში ორენოვანი სწავლება იყო: დილის რვა საათიდან ორის ნახევრამდე – ინგლისურ ენაზე, ორის ნახევრიდან ოთხ საათამდე კი – ლაოსურ ენაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ატესტატს იღებდნენ და შეეძლოთ A-levels გამოცდების ჩაბარება, რომელიც გზას უხსნიდა მათ სხვა უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.

 

რთული დასაწყისი

გასაუბრება წარმატებითაა გავლილი, ღია გაკვეთილიც ნაჩვენები, შტატიან მასწავლებლად მეორე კლასში ვარ დანიშნული. მერე იწყება ყველაზე საინტერესო ამბები. როდესაც მოსწავლეთა სია მომცეს, დავხედე და შეუძლოდ გავხდი. ოცი ლაოსელი, რამდენიმე კორეელი და სამი ინგლისელი ბავშვი ჩამაბარეს. ასეთი გამოწვევისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი.

 

ენების სკოლაში გამოცდილება მიღებული მქონდა ინგლისში, ამერიკასა და ირლანდიაში, მაგრამ არასოდეს მემუშავა საჯარო სკოლაში და მით უფრო ინგლისური ენა არ მესწავლებინა ინგლისელებისთვის. ამას მეორე დარტყმაც მოჰყვა – მითხრეს, რომ სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ და არც მომცემდნენ. მე თავად უნდა მომეფიქრებინა, როგორ ვასწავლიდი ბავშვებს და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდილი მასალის სახით რამეს მივაწოდებდი. ხელში 600-ფურცლიანი სასწავლო გეგმა მომაჩეჩეს, რომელზე დაყრდნობითაც გაკვეთილები უნდა დამეგეგმა. მირჩიეს ბიბლიოთეკაში შემევლო. მერე აღმოჩნდა, რომ ნიშნების სისტემა აქ არ არსებობდა.

 

ახლა ასეთი წვრილმანებით ჩემი დაშოკვა შეუძლებელია, მაგრამ იმ დროს ბევრი ვინერვიულე. ვერ ვხვდებოდი, როგორ მესწავლებინა სახელმძღვანელოების გარეშე ასეთი შერეული კლასისთვის ინგლისური ენა? აშკარად დახმარებას ვსაჭიროებდი.

 

სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი

სკოლის  სასწავლო ნაწილი შესანიშნავი ქალბატონი იყო – მშვიდი, კეთილი, გონიერი. თუმცა ერთი თავისებურება ჰქონდა: არასოდეს პასუხობდა პირდაპირ დასმულ შეკითხვებს. არსებობს ასეთი ხუმრობა დალაი-ლამას ინტონაციის მქონე ავტონავიგატორზე: „შეუხვიეთ იქ, სადაც გინდათ. მოგზაურობის მიზანს მნიშვნელობა არ აქვს. მოგზაურობა – ეს თავადაა თქვენი მიზანი“. ჩემი სასწავლო ნაწილის გამგეც ამ აზრზე იყო.

თავიდან ამას ვერ მივხვდი. რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახავდი თუ არა ეზოში, მისკენ თავქუდმოგლეჯით გავრბოდი და ვთხოვდი: „უკაცრავად, შეგიძლიათ ერთი წუთი დამითმოთ?“ და რომელიმე კონკრეტულ კითხვას ვაძლევდი, მაგალითად: „როგორ უნდა შევაფასო ჩემი მოსწავლეების წერითი ნამუშევრები?“. პასუხად ეს შესანიშნავი ქალბატონი მხოლოდ დამაინტრიგებლად მიღიმოდა და ზოგად-ფილოსოფიურ პასუხს მცემდა: „ბავშვები არიან ცარიელი, კრისტალური კოლბები. დააკვირდით მათ და აავსეთ“.

რასაკვირველია, მე ამაში ვეთანხმებოდი. ვცდილობდი ბავშვების ავსებას, მაგრამ სკოლა მავალდებულებდა წელიწადში ორჯერ წერითი გამოცდის ჩატარებას და შეფასებას. როგორ უნდა შემეფასებინა? ხომ არ ვეტყოდი, რომ კოლბების ავსება მოვახერხე?..

თავისუფალი მასწავლებელი

 

ამ სიტუაციას მეორე, სასიამოვნო მხარეც ჰქონდა. არავინ მეუბნებოდა, როგორ და რა ხერხებით უნდა მესწავლებინა. რა თქმა უნდა, სასწავლო გეგმას უნდა მივყოლოდი და ანგარიშებიც ჩამებარებინა, მაგრამ რა უნდა მეკეთებინა კლასში, ამას მხოლოდ თავად ვწყვეტდი. მქონდა ასპროცენტიანი თავისუფლება. მენდობოდნენ. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო და ეს იყო ძალიან კარგი.

 

შევუდექი სამუშაოს. გამოვიწერე ყველა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო საიტი და დღეში ხუთ-ექვს საათს ამ საიტებზე ვატარებდი. ჩემი საკლასო ოთახი საახალწლო ნაძვის ხესავით აჭრელდა ფერადი პლაკატებით და სტიკერებით. მათ ღამ-ღამობით ვამზადებდი, როდესაც დაღლილ გონებას ახალი ინფორმაციის მიღების უნარი აღარ შესწევდა.

 

ძალიან გამიმართლა კოლეგებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დავუმეგობრდი ორ ახალგაზრდა პედაგოგს ინგლისიდან და ამერიკიდან. ყველა თავისუფალ გაკვეთილს მათ კლასებში ვატარებდი. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ. გაოცებული ვიყავი იმით, თუ რამდენად შემოქმედებითად უდგებოდნენ თავიანთ საქმეს და პატივს სცემდნენ მცირეწლოვან მოსწავლეებს.

 

ჩემი მეგობარი მასწავლებლების მუშაობის მეთოდებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს. თუკი პირველ სასწავლო წელს ჩემი მოსწავლეები მერხებთან ისხდნენ, მე კი დაფასთან ვიდექი და იქედან ვღაღადებდი, მეორე სასწავლო წელს ხალიჩაზე გადავინაცვლეთ. ამ ხალიჩაზე ბავშვები სხდებოდნენ, ზოგჯერ წამოწვებოდნენ კიდეც. მერხებთან მხოლოდ წერითი სამუშაოების დროს გადავინაცვლებდით ხოლმე. გაკვეთილების მსვლელობისას ზოგჯერ მუსიკას ვრთავდი.

 

სამ საგანს ვასწავლიდი: ინგლისურს, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას. მე თვითონ დავყავი ინგლისურის გაკვეთილები ფონეტიკად, გრამატიკად, კითხვად და წერად. ასევე, ბავშვებს უტარდებოდათ ფიზკულტურის, მუსიკისა და ხატვის გაკვეთილები სხვა პედაგოგებთან ერთად.

 

მშობლები და ნოსტალგია

 

თუკი უცხოელი ბავშვების მშობლები ყოველთვის ინტერესებოდნენ ბავშვების პროგრესით, ლაოსელი მშობლები მათ თითქმის არ მოიკითხავდნენ. ისინი მშობელთა კრებებსაც კი არ ესწრებოდნენ. ლაოსელი მამა, რომელსაც სადმე გადავეყრებოდი, ასე იქცეოდა: ჯერ თავაზიანობის გამო ინგლისურად მოიკითხავდა შვილს, მერე კი რუსულ ენაზე გადადიოდა. საქმე ისაა, რომ ლაოსელი ზრდასრულების უმეტესობას სკოლა საბჭოთა კავშირის დროს აქვს დამთავრებული. ლაოსელები ხშირად იხსენებენ იმ პერიოდს, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს, ცხოვრობდნენ რუსეთის საერთო საცხოვრებლებში, როგორ ურთულდებოდათ იქაური სიცივის ატანა და როგორი ეგზოტიკური გემო ჰქონდა მანდარინს.

ლაოსელი მშობლები აშკარად განიცდიან ნოსტალგიას. არ ვიცი, ალბათ ეს ნოსტალგიაც უფრო არა საბჭოთა დროს, არამედ მათ ახალგაზრდობას უკავშირდება. ვცდილობდი მათ მეხსიერებაში შემორჩენილი საბჭოთა სივრცის სიყვარული სხვა შეგრძნებებით გამებათილებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. როგორც კი ბავშვებზე ვიწყებდი ლაპარაკს, ჩუმდებოდნენ და მათი ანთებული მზერა ქრებოდა.

ის, რომ ლაოსელი მშობლები ნაკლებად იყვნენ შვილების სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებული, არ მედარდებოდა. პირიქით, მიხაროდა, რომ მენდობოდნენ, როგორც პედაგოგს, რომელიც მათი ჩარევის გარეშე ართმევდა თავს შვილებთან ურთიერთობას.

ამ მხრივ ვიენტიანის ინგლისურ სკოლაში, სადაც ასევე მომიწია მუშაობა, მშობლები მთელი ძალ-ღონით ერეოდნენ სასწავლო პროცესში და განუწყვეტლივ რჩევებს იძლეოდნენ, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო. აქ ცხოვრობდა ბევრი უცხოელი, რომელიც მუშაობდა გაერო-ში, მსოფლიო ბანკში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მამაკაცი მშობლები გვიანობამდე ისხდნენ ოფისებში ან მივლინებებში დადიოდნენ, ქალები კი სამსახურს ვერ პოულობდნენ და დიასახლისობდნენ.

გრძელი სახელის მქონე მოსწავლეები 

ჩემს კლასში ყოველთვის სწავლობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ბავშვები. წლების განმავლობაში ვასწავლიდი ლაოსელ გოგონებს და ბიჭებს, ტაილანდელებს, ვიეტნამელებს, ინდონეზიელებს, მალაზიელებს, კამბოჯელებს, შრი-ლანკელებს, ინდოელებს, ჩინელებს, იაპონელებს, ავსტარლიელებს, კანადელებსა და ამერიკელებს.

ლაოსური ტრადიციის მიხედვით, კლასში შესვლამდე ყველა ბავშვი ფეხსაცმელს იხდიდა. მასწავლებელს კი უფლება ჰქონდა, არ გაეხადა. გამარჯობას და ნახვამდის, ბოდიშსა და ა.შ. მოსწავლეები ტრადიციული ბუდისტური მისალმებით – „ვაით“ – გამოხატავდნენ.

ბევრ ლაოსელს სახალისო სახელები ერქვა. ნამდვილი სახელები ძალიან გრძელი აქვთ. მაგალითად, პეტანუტპონ სირიპალაპანგსი ან კსაიკანტანი დუანგპრაჩანი. ამიტომ ერთმანეთს შემოკლებულ სახელებს ეძახიან. ყველაზე შემოკლებული სახელი ნოეა, ნაი, ტუი, მონალიზა, ბიგბოსი და სხვ. პირველ კლასში რამდენიმე ბეკჰემი მყავდა, ზოგიერთ ბავშვს კი აიფონი ერქვა.

ტონგი – ბიჭი ენციკლოპედია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამბობენ: „ვიეტნამელები ბრინჯს თესავენ, ლაოსელები კი უყურებენ, როგორ იზრდება“. არის ამაში სიმართლის მარცვალი. შრომისმოყვარეობის ხარჯზე ყველა ჩემი ვიეტნამელი მოსწავლე უფრო მეტ წარმატებას აღწევდა, ვიდრე მათი ლაოსელი თანაკლასელები.

სკოლაში მუშაობის პერიოდში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ერთმა ვიეტნამელმა ბიჭუნამ – ტონგმა დატოვა. მან არცერთი სიტყვა არ იცოდა ინგლისურად. პირველ ხანებში მერხთან გაყურსული იჯდა და მორცხვად იღიმოდა, მაგრამ ძალიან ყურადღებით მისმენდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ყველა სიტყვას ხარბად ყლაპავდა.

რამდენიმე თვეში ტონგი უკვე ახერხებდა იმ თანაკლასელებთან საუბარს, ვინც ინგლისურ ენას სამი წლის ასაკიდან სწავლობდა. კიდევ რამდენიმე თვეში მან სიტყვების დიდი მარაგი დააგროვა. მალე მის სასაუბრო ენაში გაჩნდა სამეცნიერო ტერმინებიც. საიდან იცი-მეთქი, ვკითხე. ამ კითხვაზე მოკრძალებით მიპასუხა, ენციკლოპედიიდან ვიზეპირებო.

არასოდეს დამავიწყდება ტონგის პირველი წერილობითი ნამუშევარი. როგორც წესი, ორშაბათობით ვთხოვდი მოსწავლეებს დაეხატათ, როგორ გაატარეს უქმეები და რამდენი სიტყვით განმარტებაც მიეწერათ. ტონგის ნამუშევარს ერქვა – „კვირას დედამ ფეხსაცმლის წმენდა მასწავლა“.  ბავშვი, რომელმაც ნახევარი წლის წინ ინგლისური ენა საერთოდ არ იცოდა, ორ ფურცელზე მეთოდურად აღწერდა ყველა ეტაპს, რომელიც ფეხსაცმლის საწმენდად იყო საჭირო. აქვე ამატებდა, რომ ეს ფეხსაცმელი დედამ იმდენჯერ გააწმენდინა, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ შვილმა გაკვეთილი ისწავლა.

ამის მერე ტონგის, მისი ოჯახისა და, საზოგადოდ, ვიეტნამელების მიმართ დიდი პატივისცემა გამიჩნდა. მე ბევრ ქვეყანაში მიმუშავია პედაგოგად, მაგრამ ლაოსი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ჩემს გულში. მე მოსწავლეებს ინგლისურს და მათემატიკას ვასწავლიდი, მათ კი მასწავლეს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია მარტივად შეხედო ყველაფერს. „ბო პენიანგი“ – „არაფერია საშიში“, ეს ის ფრაზაა, რომელსაც ლაოსელები ხშირად ამბობენ, ღიმილით და სასიამოვნო განწყობით.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...