ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სანიმუშო გაკვეთილები ეკონომიკაში

0

ეკონომიკური წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ უკვე დაიწერა სტატიაში – „ეკონომიკური წიგნიერება, როგორც „თამაშის წესების“ გაცნობა“. 2018-2019 სასწავლო წლიდან მე-3 და მე-4 კლასებში ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ სწავლება იწყება. რაკი მასში ეკონომიკის საკითხებიც არის შესული, გადავწყვიტეთ, რამდენიმე სანიმუშო გაკვეთილი შემოგთავაზოთ, რომელიც Cynthia Lieb-ისა და Robert L. Stout-ის წიგნიდან Teaching Strategies 3-4 არის ნათარგმნი და ადაპტირებული.

 

ჩვენი სურვილები „ანიდან“ „ჰაემდე“

  1. მიზნები:
  • მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რომ ეკონომიკური სურვილები ის სურვილებია, რომელთა ქონაც ადამიანებს სურთ;
  • რომ ადამიანების ეკონომიკური სურვილები განუსაზღვრელია და მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სურთ.
  1. თეორია. ეკონომიკური სურვილები არის სურვილები, რომელთა დაკმაყოფილება შესაძლებელია საქონლით ან მომსახურებით. ის განუსაზღვრელია და შეუძლებელია მათი სრულად დაკმაყოფილება.
  2. კონცეფციები: ეკონომიკური სურვილები.
  3. მასალები: 33 ცალი სახატავი ფურცელი. 2 ცალი შედარებით სქელი ფურცელი გარეკანისათვის, ფერადი ფანქრები, პასტელები, ფლომასტერები ან ფანქრები თითოეულ მოსწავლეს, სტეპლერი. სახატავი ფურცლის (33 ცალი) ზედა კუთხეში დაწერეთ ანბანის თითო ასო. შედარებით სქელი ფურცელი გამოიყენეთ წიგნის გარეკანად და დააწერეთ – „ჩვენი სურვილები „ანიდან“ „ჰაემდე“ შედგენილი ამა და ამ კლასის მიერ. რამდენიმე მოსწავლეს მოახატვინეთ გარეკანი.
  4. მსვლელობა.

შესავალი. სთხოვეთ მოსწავლეებს დაასახელონ საგნები, რომლებიც უნდათ, ჰქონდეთ დაბადების დღისათვის. მას შემდეგ, რაც თითო საგანს დაასახელებენ, აღნიშნეთ, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული ეკონომიკური სურვილები აქვს და რომ ადამიანებს ძალიან ბევრი სურვილი, მოთხოვნილება აქვთ. აუხსენით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს ყველაფერი, რაც გვინდა.

–     უთხარით, რომ მათ უნდა გააკეთონ ანბანის დიდი წიგნი სურვილების შესახებ.

–     მიეცით თითოეულ მოსწავლეს ამ წიგნის თითო ფურცელი. თუ გყავთ 33-ზე მეტი, ამუშავეთ წყვილებად, თუ ნაკლები – მიეცით 2 ან მეტი ფურცელი.

–     სთხოვეთ, დაასახელონ ფურცელზე დაწერილი ასოები;

–     ასევე – სასურველი საგანი, რომელიც მოცემულ ასოზე იწყება. დაავალეთ, დაეხმარონ სხვებს გონებრივი იერიშის გზით.

–     დაავალეთ, დახატონ სასურველი საგნები, რომელიც მოცემულ ასოზე იწყება. დაეხმარეთ, დაწერონ საკუთარი სურვილი და ერთი წინადადება ამ სურვილის შესახებ.

–     დაალაგეთ ფურცლები ანბანის მიხედვით და აკინძეთ სტეპლერით.

  1. დასკვნითი ნაწილი. შემოიკრიბეთ მოსწავლეები, რათა ერთად წაიკითხონ მათივე შექმნილი წიგნი. იმსჯელეთ მათ უსაზღვრო სურვილებზე (მოთხოვნილებებზე). გაახსენეთ, რომ გვაქვს ბევრი სურვილი, მაგრამ ყველას დაკმაყოფილება არ შეგვიძლია.
  2. კავშირი სხვა საგნებთან.

მეტყველება თუ მათ აქვთ პირადი დღიური, ჩაწერონ ან ჩახატონ თავიანთი სურვილები.

ხელოვნება სთხოვეთ, გაზეთიდან ან ჟურნალიდან ამოჭრილი სურათებით გააკეთონ სურვილების წიგნი.

მათემატიკა სთხოვეთ დანომრონ თავიანთი შედგენილი წიგნის ფურცლები.

ოჯახის კუთხე. ცნობის ფურცელი ოჯახისათვის: ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკის შესწავლას. ამ საგანს ვეცნობით ჩვენი უსაზღვრო სურვილების საშუალებით. უკვე ვისწავლეთ, რომ ჩვენი სურვილები უსაზღვროა და არ შეიძლება გვქონდეს ყველფერი, რაც გვსურს. დაუსვით თქვენს შვილს შეკითხვა ჩვენი ანბანის შესახებ და ესაუბრეთ ოჯახის წევრების სურვილებზე (მოთხოვნილებებზე).

ყველას ყველაფერი უნდა

  1. მიზნები:
  • სურვილების (მოთხოვნილებები) განსაზღვრა;
  • რესურსების განსაზღვრა;
  • ახსნან, თუ რატომ არ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სურთ.
  1. მოკლე შინაარსი. შეზღუდულობა ძირითადი ეკონომიკური პრობლემაა. რაკი ადამიანთა სურვილები (მოთხოვნილებები) შეუზღუდავია და რესურსები კი შეზღუდული, ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ყველა სასურველი საქონელი და მომსახურება. შეზღუდულობა აიძულებს ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი, თუ რომელ სურვილს დაიკმაყოფილებენ.

ეკონომიკური სურვილები (მოთხოვნილებები) შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საქონლისა და მომსახურების მოხმარებით. მწარმოებლები რესურსებით აწარმოებენ იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს სურს. ეს რესურსები არის ბუნებრივი, ადამიანური ან ადამიანის ხელით შექმნილი.

  1. კონცეფციები:

შეზღუდულობა, სურვილები (მოთხოვნილებები), რესურსები, საქონელი, მომსახურება.

  1. მიმოხილვა:
  • სურვილები არის საგნები, რომელთა ქონაც გსურს.
  • არ შეიძლება გქონდეს ყველაფერი, რაც გსურს, რადგან რესურსები შეზღუდულია.
  1. მასალები:

ძველი გაზეთები და ჟურნალები, მაკრატელი თითოეული მოსწავლისათვის, თაბახის ან უფრო დიდი ფორმატის ქაღალდი თითოეული მოსწავლისათვის, წებო.

  1. მსვლელობა. აუხსენით, რომ თითოეულ ჩვენგანს უამრავი სურვილი (მოთხოვნილება) აქვს. ჩვენ გვინდა საგნები საკუთრივ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენი სკოლისათვის, ქალაქისათვის, ქვეყნისათვის და დედამიწისათვის. გვაქვს ბევრი სურვილი, რომელიც სხვა ადამიანების სურვილის მსგავსია, მაგრამ ასევე გვაქვს განსხვავებული სურვილებიც. სურვილები უსაზღვრო, შეუზღუდავია.

ა)         მიეცით მოსწავლეებს 5 წუთი მათთვის სასურველი საგნების სიის შესადგენად. სთხოვეთ, მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული საგანი.

ბ)         სთხოვეთ გაუზიარონ საკუთარი სურვილები კლასს. იმსჯელეთ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სურვილი მხოლოდ მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება (სათამაშო, მაღალი ქულები, ტკბილეული), ზოგი კი – ადამიანთა ჯგუფის (ოჯახური პიკნიკი, დაფა კლასისთვის).

გ) მიეცით მოსწავლეებს დამატებით 5 წუთი სიის შესავსებად. აუხსენით, რომ ადამიანების სურვილები და მათი დაკმაყოფილების საშუალებები ხშირად ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის, რადგან სურვილები გაცილებით დიდია, დაკმაყოფილების უნარი კი – ნაკლები.

დ) განმარტეთ რესურსები, როგორც საგნები, რომელსაც იყენებენ მწარმოებლები ჩვენი სურვილების (მოთხოვნილებების) დაკმაყოფილებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად. აუხსენით, რომ შეზღუდულობა იმიტომ არსებობს, რომ არ არის საკმარისი ადამიანისთვის სასურველი ყველა საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად საჭირო რესურსი. განსაზღვრეთ საქონელი, როგორც ხელშესახები საგანი, რომელიც ჩვენს სურვილებს აკმაყოფილებს და მომსახურება, როგორც სხვა ადამიანთა მოქმედება, რომლის საშუალებითაც ისინი ასევე აკმაყოფილებენ ჩვენს სურვილებს.

(თუ მოსწავლეებს გაუჭირდებათ საქონლისა და მომსახურების განსხვავება, დაუსახელეთ რამდენიმე მაგალითი).

ე) სთხოვეთ მოსწავლეებს დაასახელონ რამდენიმე საქონელი და მომსახურება, რომელიც მათ რამდენიმე მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. (მოთხოვნილება: ახალი სათამაშო; საქონელი: სათამაშო. მოთხოვნილება: მოკლე თმა; მომსახურება: თმის შეჭრა).

ვ) სთხოვეთ მოსწავლეებს გამოიყენონ ძველი ჟურნალ-გაზეთები და იპოვონ იმ საქონლისა და მომსახურების ნახატები, რომლებიც ადამიანთა სურვილებს აკმაყოფილებენ. დაავალეთ, თაბახის ფურცელს ცალ-ცალკე სვეტებად დააკრან ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი საქონლისა და მომსახურების მაგალითები.

დასკვნითი ნაწილი: დაავალეთ მოსწავლეებს, იფიქრონ იმ მოთხოვნილებების შესახებ, რომლებიც მათ სასკოლო ცხოვრებას ეხება (ახალი სათამაშო მოედანი, ახალი ფანჯრები, მცირერიცხოვანი კლასები). სთხოვეთ ახსნან, რატომ არ შეიძლება მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სკოლისათვის სურთ. უთხარით, რომ, როცა ჩვენი მოთხოვნილებები მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო რესურსებს აღემატება, ჩნდება შეზღუდულობა.

მოთხოვნილებები > რესურსები = შეზღუდულობა.

საოჯახო კუთხე – მოიწვიეთ კლასში რამდენიმე მშობელი და ბებია-პაპა, რათა მათ ისაუბრონ იმ არჩევნის შესახებ, რომელიც ბავშვობაში გააკეთეს სასურველი საქონლისა და მომსახურების მისაღებად. სთხოვეთ მოსწავლეებს, შეადარონ სამი თაობის არჩევანი – თავიანთი, თავიანთი მშობლებისა და ბებია-პაპასი.

შესაძლებელია, ვისაუბროთ იმაზეც, როგორ განსხვავდება მაღაზიაში შესული მშობლისა და შვილის სურვილები; ერთი ადამიანის შეზღუდულობა, მეორისათვის პრობლემის გადაჭრაა, ხსნაა; ზოგჯერ ისეც ხდება, რომ როცა მიიღებ იმას, რაც გსურდა, კმაყოფილებას მაინ ვერ გრძნობ.

     ენა , როგორც მედიუმი

0

ენა რომ კომუნიკაციისა და არის გადმოცემის მთავარი საშუალებაა, ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ყველანი ვეთანხმებით. დაბადებიდან, ენობრივ გარემოში მოხვედრის პირველივე წუთიდან ენობრივი არსებები ვხდებით და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, ჩვენთან ენის საშუალებით ურთიერთობს. მოვლენებსაც ენის მიერ მოწვდილი პრიზმით ვაკვირდებით და აღვიქვამთ. მოკლედ, ენაში ვცხოვრობთ და ენა ცხოვრობს ჩვენში.

ვაკვირდებით, როგორია ენა, რომლის საშუალებითაც რაღაც აზრის გამოთქმას ვცდილობთ? ინარჩუნებს თუ არა ჩვენი სამეტყველო თუ აკადემიური ენა თავის მთავარ, გაგებინების ფუნქციას?

ენა მედიუმია საზოგადოების წევრებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შორის, ჰოდა, იმისთვის, რომ მომრიგებლისა და მოკავშირის ფუნქცია სრულად შეითავსოს, ყველა მხრისათვის კარგად გასაგები უნდა იყოს.

რატომ დავიწყე ამაზე საუბარი?

ბოლო დროს ოფიციალურ დოკუმენტებთან, სამთავრობო თუ არასამთავროო ანგარიშებთან, კანონებსა და კოდექსებთან მუშაობა მომიწია და აღმოვაჩინე დოკუმენტების ენა, როგორც ქართული ენის სოციალური თუ სხვა ტიპის დიალექტი.

მივხვდი, ერთ მარტივ და სამწუხარო ჭეშმარიტებას -რომ ვერცერთი ის ადამიანი, ვისი უფლებების დასაცავად თუ ყოფის გასაუმჯობესებლად იგეგმება ეს კვლევები, იბეჭდება ანგარიშები და გაიდლაინები, ვერასდროს გაიგებს რა წერია ამ დოკუმენტებში. შესაბამისად, ვიღებთ ამაოდ დახარჯულ რესურსს – კვლევა, მისი მონაწილეები, ტექსტის დამუშავების სხვადასხვა ეტაპი, ბეჭდვის ხარჯები…

რატომ? მოდი, ჩამოვაყალიბოთ, რა პრობლემებს ვუქმნით ენას და შესაბამისად, საკუთარ თავს?

რატომ არ უნდა წაიკითხოს, ვთქვათ, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე რომელიმე ორგანიზაციის საინფორმაციო ბუკლეტი რაჭის რომელიმე სოფელში მცხოვრებმა თქვენმა ან ჩემმა ბებიამ? ან სკოლის მოსწავლემ, ან მეცხვარემ, ან მე, ადამიანმა, რომელიც ვფლობ სახელწიფო ენას, მაგრამ არ ვიცი ეს, ანგარიშებისა და კანონების ენა, რომელიც ერთგვარ სოციოლექტად  ჩამოყალიბდა?

მხოლოდ ლექსიკაზე არ ვლაპარაკობ, მენდეთ, ძალიან შორს ვარ იმ პურისტთაგან, რომლებიც თვლიან, რომ ენის გადარჩენა ტერმინოლოგიის და ნეოლოგიზმების თარგმანშია. ენას აქვს უფლება აირჩიოს, რომელი ფორმა მიიღოს ან არ მიიღოს, ზედმეტი, ჭარბი ლექსიკა მოიშოროს, ის დაიტოვოს, რაც მის სტრუქტურასა და ბუნებას უკეთ ესადაგება.

მე უფრო სინტაქსს, ზმნის ფორმების ხელოვნურ წარმოებას, პასიურ კონსტრუქციას, ტავტოლოგიებს, ჩართულებისა და დანართების სიხშირეს ვგულისხმობ, ასევე, ისეთ წინადადებებს, რომლებსაც უბრალოდ „მეტისმეტად შერწყმულ“ და „მეტისმეტად ქვეწყობილ“ წინადადებებს დავარქმევ, ვგულისხმობ, რომ წინადადებასაც უნდა ჰქონდეს სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა. იქნებ ეს წესებით არ არის დადგენილი, მაგრამ ენის შეგრძნებისა და გემოვნების საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი!

ვასწავლოთ ოფიციალური ტექსტების წერა ჩვენს მოსწავლეებს დღეს, სანამ სხვა ენის გავლენის ქვეშ ნაკლებად არიან, ვასწავლონ სტილი, ტერმინოლოგიის გამოყენება, აკადემიური ენა, რომელიც სულაც არ არის საჭირო, რთული იყოს, მგონი, პირიქით!

თორემ რა გამოდის?

მე ვარ შშმ პირი, რომლის უფლებების დაცვისთვის და სპეციალური რესურსებით უზრუნველყოფისათვის რომელიღაც ორგანიზაცია უზარმაზარ შრომას დებს, მაგრამ ამ შრომის ნაყოფს მე ვერ მოვიწევ, რადგანაც ენა არ მომცემს ამის საშუალებას.

მე ვარ მშობელი, რომელსაც ძალიან სჭირდება ბავშვებზე ძალადობის თემატიკაზე უფრო მეტის ცოდნა, იმის გააზრება, რომ ბავშვო დამოუკიდებელი  ადამიანია და დაუშვებელია მისით მანიპულირება, მაგრამ მე ამას  ვერ გავიგებ – რადგან სინტაქსის დაუძლევენ გისოსებს ვერ გამოვცდები.

ბოლოს და ბოლოს, მე ბავშვი ვარ, რომელსაც საკუთარი უფლებების გააზრება სურს, მაგრამ ისევ ენობრივი ბარიერი უშლის ხელს, ენა, რომელსაც ფლობს არ არის ის ენა, რომელზეც ეს რესურსებია შექმნილი.

მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ჩემი ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების კარგად გააზრება უნდა, მაგრამ ისევ ენა არ მიშვებს, ენა მაჩერებს და ენა მაყოვნებს…

ვიფიქროთ ამაზე და დავიმახსოვროთ, გაგებინება და კომუნიკაციის პროცესის წარმართვა  – ენის უმთავრესი ფუნქციაა!

 

 

ამბების ხიბლი

0

„-რას ეუბნება კედელი კედელს? “ – სელინჯერის ამ მარადიული კითხვით ბევრჯერ ჩამიგდია საგონებელში ჩემი მოსწავლეები. თავები უმტვრევიათ პასუხისთვის განურჩევლად ასაკისა, სქესისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. გავკადნიერებულვარ და ზოგჯერ მეორე დღისთვისაც გადამიდია პასუხი, ძილშიც უფიქრიათ და ღვიძილშიც, დილით საკლასო ოთახში შესვლისთანავე შეუხსენებიათ, პასუხის უამრავი ვარიანტი უთქვამთ, მაგრამ არც ერთხელ სელინჯერის მსგავსი. ეს მხოლოდ მწერლის პასუხია: კუთხეში შევხვდეთ ერთმანეთსო. ნეტავ დაგანახათ, რა სახეებს იღებენ, როცა გაიგებენ – გაოცება, აღფრთოვანება და იმედგაცრუება ( ეს როგორ ვერ გამოვიცანითო) ერთდროულად ეხატებათ სახეზე!

თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარია ისაა, რომ არც ერთხელ არ დაუსვამთ შეკითხვა, რატომ უნდა ელაპარაკოს კედელი კედელს. ეს ძალიან ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია მათთვის. და ვერც იმას აცნობიერებენ, ამ კითხვაზე ფიქრით მათსა და დიდ მწერალს შორის დიალოგი რომ იბმება. ცოტა მოიზრდებიან და სხვა კითხვაც გაუჩნდებათ: სად მიდიან იხვები, როცა პარკში ტბა იყინება…

ზოგადად, ბავშვებს უყვართ ახირებული კითხვა- პასუხები, სჭირდებათ დიალოგები, ურთიერთობები, აინტერესებთ ამბები… არ არსებობს ამბავი, რომელსაც ისინი ვერ გაიგებენ, თუკი მათ ენაზე მოვუყვებით.

დედაჩემი ფილოლოგია, მაგრამ აღარ მასწავლებლობს.

ერთხელ ყური მოვკარი, როგორ უყვებოდა ,, სტუმარ – მასპინძელს“ მისთვის გასაგები ენითა და ემოციებით ჩემს 6 წლის შვილს. გავიფიქრე და დავწერე კიდეც: არსებობენ გადამდგარი გენერლები, მაგრამ არ არსებობენ გადამდგარი ფილოლოგები – მეთქი და გამახსენდა, როგორ მიყვებოდა მეც იმავე პოემას პატარაობისას. ზუსტად მახსოვს, როგორ აღმიწერდა აღაზას სილამაზეს და სანამ მართლა წავიკითხავდი ,,სტუმარ- მასპინძელს“, ბევრი წელი გავიდა. კითხვის სწავლამდე ვიცოდი აკაკი წერეთლის ,,ღამურაც“, როგორ დაისაჯა იმისთვის, რომ თაგვობა კი არა, ჩიტობა უნდოდა. კიდევ ბევრი ნაწარმოები მოუყოლია ამბებად.

ამას წინათ სოციალური ფსიქოლოგიის კონსპექტში გადავაწყდი – ჩამოთვლილი იყო ის კომპეტენციები, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს მასწავლებელი. ერთ- ერთი იყო:

,, ყოფითი ამბების, შემთხვევების პრეზენტაცია: იდეების სწავლებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა ყოფითი ამბების, შემთხვევების მოყოლის მეთოდი. ასეთ სიტუაციებს შეჩვეული კლასი ყოველთვის ელის ამბის განვითარებას და თავისთავად ერთვება მასწავლებელთან თანამშრომლობით ურთიერთობაში.“ (გ. ჩაგანავა)

ამბებს დიდი ძალა აქვთ. საოცარი შეგრძნებაა, როცა რაიმეს თხრობას იწყებ და მაშინვე მოგაჩერდებიან დაჭყეტილი თვალებით და დაცქვეტილი ყურებით. სულ რამდენიმე სიტყვა ყოფნით, მოინუსხონ რაიმე ამბით. არადა, გაკვეთილის ახსნისას რამხელა ძალისხმევა გჭირდება, მათი ყურადღება რომ მიიპყრო! თუ რაიმე წამიკითხავს, მინახავს, შემთხვევია და განსაკუთრებით განმიცდია, სულ ამბებად მომიყოლია მათთვის.

ბავშვებმა დიდებივით იციან, რომ ცხოვრებაც ერთი დიდი, საიდუმლოებებითა და მოულოდნელობებით სავსე, ყველაზე ფერადი ამბავია, რომელშიც უთვალავჯერ იკვრება თავგადასავლების კვანძი, უთვალავჯერ აღწევს კულმინაციას და იმდენივეჯერ, მაგრამ სხვადასხვანაირად იხსნება ბოლოს.

კითხვა კარგია, აუცილებელია, ჰაერია, მაგრამ ამბებს თავიანთი ადგილი უჭირავთ მუდამ. თითქმის ყველა მწერალი იხსენებს, როგორ უყვებოდა ვიღაც ბავშვობაში მითებს, ლეგენდებს, საინტერესო თავგადასვალებს და როგორ მოახდინა გავლენა მასზე ამ ამბებმა.

 „ _ ბებო, რამე წამიკითხე, _ ვეტყოდი ხოლმე შემდეგ.

ბებიაც მიკითხავდა გრიმების ზღაპრებს, მიამბობდა ამირანის ამბავს…

ერთხელ «მუმუ» წამიკითხა.

_ ბებო! _ შევშფოთდი, _ დაიხრჩო?

_ დაიხრჩო…

_ მოკვდა?

_ მოკვდა…

_ რატომ დაიხრჩო, ცოდვა არ არი? _ შევაცქერდი ბებიას და ტირილი დავაპირე.

ტირილი ხმამაღალი მიყვარდა. ისეთ ღრიალს ამოვუშვებდი ხოლმე, რომ…

_ დაიცა, დაიცა, _ დაფაცურდა ბებია, _ ჯერ არ დამიმთავრებია. მუმუმ იცოდა კარგი ცურვა, _ განაგრძო «კითხვა» ბებიამ, _ გასცურა მდინარე, მივიდა გერასიმესთან და ახლაც იქ ცხოვრობენ კარგად და ბედნიერად… ფქვილი აქა, ქატო იქა, _ დაუმატა დამაჯერებლობისათვის.

მეც დავუჯერე და ცრემლიანი თვალებით გავუღიმე.“ ( „პირველი კონცერტი“ გ. დოჩანაშვილი) – ჰო, ბებიებს ტყუილიც კი დაეჯერებათ. მე კი მინდოდა, ორი რამ აუცილებლად მეთქვა:

პირველი და მნიშვნელოვანი -არასოდეს დაგეზაროთ ამბების მოყოლა,მათ დიდი ძალა აქვთ. არ დაგენანოთ დრო მბობისთვის, ლიტერატურა ამის ფუფუნებას იძლევა. ამბების მოყოლით პატარა ადამიანები ბევრ რამეს სწავლობენ: როგორ მოუსმინონ სხვებს, როგორ გამოხატონ, რომ უსმენენ, უჩნდებათ სურვილი,თვითონაც მოყვნენ ამბებს.მალევე მიხვდებიან, რომ ადამიანები მხოლოდ მათ უყვებიან ამბებს, ვინც უყვართ და ეს ნდობის დიდი გამოხატულებაა.

და მეორე, არც ისე მნიშვნელოვანი – არ მიყვარს ადაპტირებული წიგნები, არასოდეს ვუკითხავ ჩემს შვილს( არც მოსწავლეებს ) ადაპტირებულ კლასიკას, რადგან ვთვლი, ისედაც საკმარისად თავდაჯერებულს, დააჯერებს, რომ კლასიკაც გადაკითხული აქვს და ინტერესს დაუკარგავს. მაგრამ სამაგიეროდ, მოვუყვები ადაპტირებულ ან თუნდაც ინტერპრეტირებულ ამბებად და იმედს დავიტოვებ, ოდესმე აუცილებლად გადაამოწმებს.

ნინო აბულაძე – „მოხეტიალე“ ისტორიკოსი

0

იცნობთ გრაფ ნიაბულ43-ე საჰერცოგოდან? ან მის დიდძალ მემკვიდრეობასა და უცნაურ ანდერძზე გაგიგონიათ რაიმე? გასაგებია. თქვენ არ გაქვთ წოდება, რომელიც უფლებას მოგცემდათ, შუა საუკუნეების სასურველი ქალაქის ისტორია და თვითმყოფადობა შეგესწავლათ, მისი განვითარების საუკეთესო გეგმა-პროექტი შეგედგინათ და თანაწოდებულთა შორის გაგემარჯვათ. გამარჯვება კი ღირდა. მარად ახალგაზრდა ნიაბულის მილიონები თქვენს საფულეში გადმოცურდებოდა და ხელ–ფეხს გაგიხსნიდათ ყველაზე ამბიციური პროექტის განსახორციელებლად.

ამ აზარტულ წინადადებაში ჩართვის პრივილეგია მხოლოდ მათ, ნინო აბულაძის მერვეკლასელებს ერგოთ. დიახ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულ-ხუთეულის წევრის, თბილისის 43-ე სკოლის ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებლის შესახებ გესაუბრებით. იმასაც გაგიმხელთ, რომ გრაფი ნიაბული მისი ახალი სახეა, ახალი ინტრიგა. ვისთვის და რისთვის? მოსწავლეებისა და სწავლებისთვის.

ნინო აბულაძე სიახლეების მაძიებელი „მოხეტიალე“ ისტორიკოსია პროფესიული წარმოსახვითა და საზრუნავით (სადღაა დრო პირადისთვის?). სოციალური ქსელები იტევს მის შფოთვას („ჩამქრალ ვულკანს ვგავარ… ვლოცულობ, ამოფრქვევა არ დავიწყო“), საყვედურს („არც ჩემზე გადაღებულ სიუჟეტში, არც ინტერვიუებში არ ჩანს ის ნინო, ვინც ვარ“), აღიარებას (“ამ პატარამ მასწავლა უცბად, რომ გაკვეთილის ფორმატი სასწრაფოდ უნდა შემეცვალა“). იმავე ქსელში თავდაჯერებულად „მოგზაურობენ“ მისი რესურსები კოლეგების მადლიერი კომენტარებითურთ.

– პირველსავე გაკვეთილებზე ვიგრძენი, რომ არის საგანი, რომელსაც ასწავლი და არის გამოწვევა, მოსწავლეები წამოიყვანო შენკენ, შენი საგნისკენ. ამისთვის უნდა დაანახო, რომ ეს სჭირდებათ, რომ ეს საინტერესოა. იქიდან მოყოლებული, თვრამეტი წელია ვფიქრობ, ვფიქრობ, როგორ გავხადო ყოველი გაკვეთილი საინტერესო. ჯერჯერობით, მგონი, ვახერხებ. არ უნდა ჩამორჩე სიახლეებს. ბავშვებს მოსწონთ, როცა ეუბნები: მოდი, ერთად ვისწავლოთ! ზოგჯერ კოლეგები მეკითხებიან, ვუმხელ თუ არა მოსწავლეებს, რომ რაღაც არ ვიცი. რა თქმა უნდა. იმასაც ვეუბნები, რომ რაღაც დამავიწყდა. „დამავიწყდა-შემახსნეს“ მეთოდსაც კარგად ვიყენებდი სწავლებაში, მაგრამ გამიგეს… მაიკროსოფტის პროგრამები ჩემი საყვარელი ინსტრუმენტია. Minecraft-ი არ ვიცოდი, შარშან ერთად დავიწყეთ სწავლა და საქართველოს რეგიონების აწყობა. შინიდან სკოლამდე დიდი გზაა და ამ გზაზე სულ ვფიქრობ, რა გავაკეთო ისეთი, რომ შუა საუკუნეების ქალაქები საინტერესოდ ვასწავლო–მეთქი. ეს პროექტი მოვიგონე – ნიაბული გავხდი. ახალი გიჟური თამაში წამოვიწყე. რა გამოგვივა, არ ვიცი. მე, გრაფ ნიაბულს, დიდძალი ფული მაქვს და უნდა დავაბანდო. ამათ ქალაქები უნდა აშენონ. ეს მოსწონთ, თამაშით სწავლების საქმეც კეთდება: ერთმა ვენეცია აირჩია, მეორემ – კონსტანცა… ამ ქალაქებზე მათ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. სხვათა შორის, თქვენც მოგიწევთ შეფასებაში მონაწილეობა, რადგან მინდა, ყველა ჩაერთოს იმ ქალაქის შერჩევაში, რომელიც ინვესტიციას მოიპოვებს.

– ნინო, როგორც ამბობთ, მასწავლებლობაზე არ გიოცნებიათ…

– ახლა დიფერენცირებულ სწავლებაზე რომ მიდის საუბარი, მაშინაც იყო ამგვარი დიფერენციაცია და დავამთავრე ჰუმანიტარული სკოლა, სადაც მასწავლიდა და თან ჩემი დამრიგებელი იყო ალექსანდრე ჩოლოყაშვილი. ბაბუას ოჯახიც რეპრესირებული გახლდათ. ეს საკითხები ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ბაბუა დუმდა. ნამდვილი ისტორიებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ამყვა. სულ მაწვალებდა კითხვა, როგორ გამეგო მეტი ამ ამბების შესახებ. ბიძგი მომცა ჩემმა დამ, როცა ისტორიკოსის პროფესიაზე მიმანიშნა, რომ მეტ კითხვაზე მეპოვა პასუხი. ჩემი პირველი ნაბიჯები მაშინდელი პიონერთა სასახლის მხარეთმცოდნეობის წრეს უკავშირდება, სადაც კოტე ჩოლოყაშვილის შვილი გვასწავლიდა. გარემო საკმაო ინტერესს აღმიძრავდა და აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებასაც მაძლევდა. ამას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღმავლობა საქართველოში. აქტიური კლასი გვქონდა, დავდიოდით, ხალხს მოვუწოდებდით, გამოსულიყვნენ. ამის გამო მამას აკითხავდა მილიცია, შავ სიაში ვიყავი. რაც შეეხება პროფესიას, მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისტორია ავირჩიე, სპეციალობით ეთნოგრაფი ვარ.

– 43-ე „საჰერცოგოში“ როგორ მოხვდით?

– ამაზე არც მიფიქრია და არც მიოცნებია, თუმცა მასწავლებლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა და სკოლაც მიყვარდა. 43–ეში ჩემი მეგობარი მარიკა კევლიშვილი მუშაობდა. დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როცა დამირეკა და მითხრა: რაღა სხვაგან გაიარო პედაგოგიური პრაქტიკა, მოდი ჩვენთან, ისტორიის საათები არისო. მოვედი, არც ხელფასი მიკითხავს, არც არაფერი… მაშინდელი დირექტორი, ავთო ხმიადაშვილი მესაუბრა და პირდაპირ, მარტო შევედი გაკვეთილზე. ზუსტად ერთ კვირაში მივხვდი, რომ აქედან ვეღარსად წავიდოდი. დირექტორი გახდა ჩემი მეგზური სასკოლო ცხოვრებაში. სწორედ მან შემარქვა „მოხეტიალე“. არ ვივიწყებდი, რაც მოსწავლეობისას არ მომწონდა. გაზაფხულზე ბავშვს, მოზარდს კლასში გული არ უჩერდება. რა პრობლემაა – გაზაფხულია, გასვლით გაკვეთილს მოვაწყობ, გარეთაც იქნებიან და საგაკვეთილო მიზანსაც მივაღწევ… ვიტყოდი, ახლა სოლოლაკის ქუჩები უნდა შევისწავლოთ-მეთქი და გავიდოდით.

– თვრამეტ წელიწადში რამდენიმე თაობა შეიცვალა, ღირებულებები გადაფასდა… რა რჩება, რა იცვლება?

– ამაზე ბევრი მიფიქრია. მთავარი საყრდენის შესანარჩუნებლად ვეუბნები, რომ ეს არ არის მხოლოდ საგანი, ეს ჩვენი სამშობლოს ბიოგრაფიაა, თავისი კარგით და ცუდით, და როგორც საკუთარი ბიოგრაფია უნდა იცოდეს ადამიანმა, ასევე უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ბიოგრაფიაც. მოსწავლემ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა, იცნობდეს მას და გააზრებული ჰქონდეს საკუთარი მოვალეობები ქვეყნის წინაშე. ეს საკლასო ოთახში დაგდებულ ფურცელზე რეაგირებით იწყება, გრძელდება და გრძელდება… მინდა, ყველა დეტალზე თავად იფიქრონ, რატომ და როგორ. ქვეყნის სიყვარულსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას კომპიუტერის სიყვარული ვერ შეცვლის, ეს ღირებულებები გადადის ყველა თაობაში. ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია და თუ ამ ღირებულებას აღიარებ, იქვეა სამშობლო, იქვეა გარემო, ბუნება, სადაც ცხოვრობ…

– ნინო, ყველაზე რთული, ალბათ, უახლესი ისტორიის სწავლებაა…

– 9 აპრილი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. აქციაზე გავედით მოუმზადებლები, ქაქუცას დროშით… ჩვენი დამრიგებელი ცუდად გახდა, რადგან ახსოვდა, რა გადაიტანა მისმა ოჯახმა ქაქუცას გამო. ის ჩვენ გამო ფრთხილობდა, შიშობდა. მახსოვს, ენის საკითხებთან დაკავშირებული აქციის დროს სკოლის კარი გადაგვიკეტეს და ფანჯრიდან გადავედით… ახლა სხვანაირად აღვიქვამ ამ ყველაფერს. ცხრა აპრილის თემა სამოდელო გაკვეთილად ვაქციე მეექვსეკლასელებთან. ძალიან ძნელი ამოცანა დავუსახე საკუთარ თავს, რადგან ერთ გაკვეთილში მოვაქციე რამდენიმე თემა – ოკუპაციით დაწყებული, 9 აპრილით დამთავრებული. რთული იყო, მთელი კვირა ვმუშაობდი, რომ მარტივად და გასაგებად დამეშალა ეს საკითხები. გაკვეთილზე რამდენიმეწუთიანი ვიდეოსიუჟეტი ვაჩვენე და წამიერად ემოცია ვერ შევიკავე, რაც იქვე გულწრფელად ვაღიარე. მოსწავლეებთან ურთიერთობისას გულწრფელობა აუცილებელია. საქართველოს ისტორიის, მით უფრო – უახლესი მოვლენების შეფასებას ემოციები ახლავს თან და ეს ბუნებრივიცაა. თუ ჯერ სხვა ქვეყნების ანალოგიურ მოვლენებზე ვამსჯელებთ და მერე ჩვენსაზე გადავალთ, მოსწავლეები უფრო შეინარჩუნებენ ობიექტურობას. ვცდილობ, ჩემი აზრი მათ თავს არ მოვახვიო. ჩვეულებრივ, ვკითხულობთ წყაროს, ან ვუყურებთ ვიდეომასალას და ვსვამ კითხვებს, ვთხოვ, შეაფასონ – სწორი იყო, არ იყო, როგორ აჯობებდა, მაშინ რა მოხდებოდა? ეს ჩემთვისაც ხელახალი შეფასება-გადაფასების პროცესია. ყოველ თაობასთან ერთად ხელახლა გავდივარ ამ გზას.

რას გვეტყვით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე?

– საქართველოში ეს იყო პირველი გამოცდილება. კარგია, რომ მონაწილეობა მივიღე. ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს, რომლებიც, მიმაჩნია, რომ მომავალ წელს ამ კონკურსში უნდა იყვნენ. მსურს,  საქართველომ დაინახოს უფრო მეტი პროფესიონალი მასწავლებელი, რომლებიც განათლების სისტემაში ნამდვილად არიან. პრობლემას ვერ გავექცევი და ვერ ვიტყვი, რომ ყველა მასწავლებელი კარგი პროფესიონალია, მაგრამ არიან ძალიან კარგი მასწავლებლებიც, რომლებმაც ან არ შეავსეს აპლიკაცია, ან შეავსეს, მაგრამ ისე არ წარადგინეს თავი, როგორებიც სინამდვილეში არიან. ბევრ მათგანს ვიცნობ, აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით, ბევრი რამ მისწავლია მათგან და მიმაჩნია, რომ ისინი იმსახურებენ გამორჩევას ათეულშიც, ხუთეულშიც და ერთეულშიც… კონკურსის შემდეგ მომემატა პასუხისმგებლობა, რადგან ხუთეულში ყოფნაც ძალიან საპატიოა და ბევრ რამეს გავალდებულებს. ამ კონკურსში ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ქართულის მასწავლებელი. რეკომენდაცია ჩემმა მოსწავლემ დამიწერა, რომელიც ჩეხეთში სწავლობს და წარმატებულია. როცა ეს რეკომენდაცია წავიკითხე, მაშინ ვიფიქრე, რომ დიახაც, სწორად მოვიქეცი, როცა კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე.

–რა არის დღეს მასწავლებლისთვის მთავარი გამოწვევა?

– აქამდეც და ახლაც ჩემი საქმიანობა უპირველესად სწავლებისკენაა მიმართული. შემიძლია, მთელი ღამე გავათენო, რამდენიმე დღე ვიფიქრო იმაზე, როგორ მივაწოდო ბავშვებს გასაგებ ენაზე ერთი ტერმინი. რთული ტერმინი ისე უნდა დავუშალო, რომ არსი შენარჩუნდეს და თან იოლად გასაგები გახდეს. მიმაჩნია, რომ მასწავლებლობა, უპირველესად, ხარისხიანი სწავლებაა. სკოლის შიგნით ეს ერთი სერიოზული გამოწვევაა. უფრო ფართოდ, მთავარი გამოწვევაა, დაინგრეს მასწავლებლის სტერეოტიპი. მქონია და მაქვს ტიტულები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საპატიო – მასწავლებლობაა. ასე რომ არ იყოს, წელგამართული ვერ შევალ კლასში. გამოწვევაა, გავუძლო ამდენ უარყოფით ენერგიას, რომელიც მასწავლებლებისკენ მოდის და დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩემს პროფესიაში შედეგი სხვა პროფესიებივით მალე არ დგება, მაგრამ ამ შედეგში დარწმუნებული ვარ. ამას მიდასტურებენ ჩემი ყოფილი მოსწავლეები, როცა ვხედავ, როგორ ცხოვრობენ ისინი.

მასთან ვიყოთ, როცა ვჭირდებით

0

ხელოვნურად მოღიმარი თვალები, უჩვეულოდ არაბავშვური ღიმილი ბავშვურ სახეზე,  ფამილარობით შენიღბული  სიფაქიზე,  შინაგანი დაძაბულობა გარეგანი მოშვებულობის  ფონზე –  ის თხუთმეტი წლისაა და უკვე პროსტიტუციაშია ჩაბმული.

როგორ მოხდა?

დიდხანს ითვლებოდა მშობლებისთვის „საამაყო“, სხვებისთვის „სანატრელ“ შვილად – ლამაზი, ალერსიანი,  დამჯერე, თავაზიანი, მხიარული, საზრიანი, კარგად ხატავდა, კარგად სწავლობდა. მშობლები საკმაოდ ყურადღებიანი იყვნენ, საკმაოდ აღიარებულიც: მაღალი  თანამდებობები, პრესტიჟული უბანი, ბინა, ბაღი და სკოლა,  „ელიტური“ სტუდიები, წრეები და რეპეტიტორები, ძიძა, ჯანსაღი საკვები, ბრენდული ტანსაცმელი. ოღონდ არსებობდა  თითქოს ბუნებრივი დისტანცია, ზღვარი, რომლის იქითაც არცერთი მხარე არ გადადიოდა.

მშობლებმა, მაგალითად, დიდხანს არ იცოდნენ, რომ მათ შვილს მეტსახელი ჰქონდა. ესპანურის გაკვეთილზე, მასწავლებელმა – „ბიჭი“ როგორ იქნება ესპანურადო, ჰკითხა. ნაკარნახევი „niño“ როგორც გაიგონა, ისე გაიმეორა. ყურადღება არ მიუქცევია, რომ ეს მისი სახელი იყო: „ნინჩო“. მაშინ, სხვებთან ერთად, თვითონაც ბევრი იცინა. მეტსახელი შერჩა – „ბიჭი“.

ძიძამ შემთხვევით გაიგონა და მშობლებს უთხრა. ამას მოჰყვა მშობლების ყვირილი, ჩხუბი, დადანაშაულება. მერე ექიმთან წაიყვანეს. ვერ გაიგო, რატომ გადაიყვანეს სხვა სკოლაში, რატომ აუკრძალეს ბიჭებთან მეგობრობა, რატომ გაქრა მისი გარდერობიდან  შარვლები და შორტები, სათამაშოებიდან – მანქანები და ბურთები, და მერე,  ცხოვრებიდან – მამა.

მე-6 კლასში, ქართულის საკონტროლო წერაზე თემა დაწერა: „ვინ ვარ მე?“, რომელშიც გრამატიკული შეცდომების გამო, დაბალი ნიშანი მიიღო და ამ ნიშნისთვის სახლში დაისაჯა:

„თქვენი სამყარო რომ დავინახე პირველად, თავიდან ბევრი რამე ვერ გავიგე და გამიკვირდა. ნელ-ნელა მივხდი, რომ თქვენი სამყარო ჩემიც არის. ოღონდ მასში თქვენ ხართ. მე თქვენი იმდენ ხანს მჯეროდა. თქვენ როცა მიდიოდით სახლიდან,  ჩვენი სახლი უცხო ხდებოდა. კარადაში ვიღაც ფხაკუნობდა, ვიღაც ჩემ ოთახში ფარდებს აქანავებდა და კარს აჭრიალებდა. როცა ჩემთან იყავით, ისევ სიმშვიდე იყო. ამეების მოყოლა რამდენჯერაც დავაპირე, სულ მეუბნებოდით: რა სისულელეა, საშიში რა არი, უკვე დიდი ხარ და ძიძა ხომ სულ შენ გვერზეაო. მერეც, რომ მტოვებდით უფრო დიდხანს უცხო ადგილებში და მეუბნებოდით, რომ „შენ საბავშო ბაღში ივლი და მერე სკოლაშიო, იქ შენნაირი ბავშვები არიანო“,  მე ჩუმად ვტიროდი, მაგრამ სულ გელოდებოდით და თქვენი სულ მჯეროდა.

დიდხანს მეგონა, რომ ჩემი სახლი ერთად ერთი მთავარი და საუკეთესო ადგილი იყო მთელ დედამიწაზე და თქვენ კიდევ ყველაზე მთავარი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მაგარი და ყველაზე უკეთესი დიდი ადამიანები მეგონეთ. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სახლი არაა ყველაზე მთავარი და არც ყველაზე საუკეთესო. თქვენ კი, დედა და მამა არც ყველაზე მთავრები, არც ყველაზე ჭკვიანები, არც ყველაზე მაგრები და, საუბედუროდ, არც ყველაზე უკეთესები ყოფილხართ თურმე.

თქვენ ისე მონდომებით მერეკებოდით მე უცხო სამყაროში, რომ ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ იზრდებოდა უცხო და როგორ პატარავდებოდით თქვენ. ახლა კი თითქმის არ ჩანხართ, უჩინმაჩინები გახდით, გინდაც ჩემ გვერდით იყოთ და გინდაც არა. თქვენ თითქმის დაიკარგეთ. მე მაინც ახლაც გეძახით თქვენ და გეძებთ. თქვენც გეძებთ და ჩემს თავსაც“.

უნაკლო გარეგნობის, თითქმის სულ გაღიმებული, ხალისიანი, დაუზარელი, სასიამოვნოდ მოსაუბრე გოგონა ყველგან ყურადღების ცენტრში იყო. რამდენიმე ბიჭი სიყვარულში გამოუტყდა. ერთთან, ცოტა მოზრდილთან, თითქოს რაღაც გამორჩეულიც დაიწყო, მაგრამ მალე ძალადობით დასრულდა. სირცხვილითა და შიშით არავისთვის არაფერი უთქვამს.

დღიურში ბუნდოვნად ჩაწერა: „მივხვდი, რომ  მათ, ყველას, მე კი არ ვჭირდები, არამედ მხოლოდ ჩემი სილამაზე სჭირდებათ და აინტერესებთ. რა საშინელებაა, როცა თოთხმეტი წლისაც არ ხარ და ცხოვრება თავზე გენგრევა. ვიცი, ჩემი ბრალია ყველაფერი. ხოდა, თავმოყვარეობაც აქ დამთავრდა“.  „ვერავის ვეტყვი, ვერავინ გამიგებს, ძალიან მეშინია“ – ეს მოკლე ჩანაწერი კოშმარული სიზმრიდან გაღვიძებულმა გააკეთა. „სკოლაში ერთი მეგობარიც არ მყოლია, დაქალები – ქვეყნის, „პაკლონნიკებიც“ – უამრავი. მეგობარი კი – არცერთი. მშობლები? ეგენი, საერთოდ, რა შუაში არიან?“ – ეს მოგვიანებით, ფსიქოლოგთან თქვა.

მანამდე კი მტანჯველი საიდუმლოს დავიწყებას ცდილობდა: მუსიკას უსმენდა, ფილმებს უყურებდა, წიგნებს კითხულობდა, კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა, ხატავდა, ტანვარჯიშზე დადიოდა, ციგურებით სრიალებდა. ოღონდ „გაქცევა“ არ გამოსდიოდა.

უკანასკნელი სიცარიელე – მისგან გარბიხარ, მასთან ბრუნდები.

დედასთან მორიგი, როგორც თვითონ ამბობს, „უაზრო“ შელაპარაკების შემდეგ, სახლიდან გაიქცა და მასზე ცოტათი უფროს გოგონებს გადაეყარა, რომლებმაც „თავისუფლება“ უკვე გამოსცადეს. თითქოს მომენტალურად, მომრავლდა ტყუილები, სკოლის გაცდენები, სახლიდან გაქცევები, განურჩეველი ურთიერთობები. სიცოცხლე, რომელიც უკვე ისედაც გაიყო სიცოცხლედ „სხვებისთვის“ და საკუთარი თავისთვის, დაიხლიჩა უამრავ ეპიზოდად, ნაგლეჯად – სექსიდან სექსამდე.

მალე ყველაფერი გაფერმკრთალდა. დარჩა მხოლოდ ერთი საზრუნავი – პარტნიორთა მოსაზიდად ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ფორმა და სილამაზე. ყოფნა იქცა არყოფნაში გაქცევად.

ამ ყველაფრის ფონზე თითქმის მექანიკურად აბარებდა სასკოლო ტესტებს, წერებს, გამოცდებს. დედამ ყურადღება ჯერ სახლიდან გამქრალ ძვირფას ნივთებსა და სასმელების კოლექციის შეთხელებულ ვიტრინას მიაქცია, შემდეგ – გამომწვევ ჩაცმულობას და მაკიაჟს, ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნს, უცხო ნივთებს და „უჩვეულო“ მეგობრებს. „არ მემორჩილება, გაფუჭდა“ – დასამორჩილებლად და გამოსასწორებლად დედამ სცემა, გალანძღა, მობილური ჩამოართვა, ინტერნეტი გამოურთო, ოთახში ჩაკეტა.  მეორე დღეს  გაქცევა მოახერხა და სამი დღე „დაქალთან შერჩა“.  დაბრუნებულს, დედისთვის ხმა არ გაუცია, ოთახის კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

ვინ არიან?

„გზასაცდენილ“ მოზარდთა შორის უამრავ სხვადასხვა ტიპს ვხვდებით. აქ არიან ძალადობაგანცდილნი, მომხდარში საკუთარ თავს რომ იდანაშაულებენ და გახმაურების ეშინიათ; ცნობისმოყვარენი, რომლებსაც ყოველგვარი სიახლე აინტერესებთ და იზიდავთ; მიმბაძველნი, მიბაძვის ბავშვური უნარით ბრმად რომ იმეორებენ ვიღაცის ქცევას; თავმოყვარენი, ამ გზით რომ აპროტესტებენ მშობლების კონტროლს ან პირიქით, გულგრილობას; თავდაჯერებულობას მოკლებულნი, რომლებსაც ძალიან უნდათ გარკვეული ჯგუფის წევრობა; ექსპერიმენტატორები, რომლებიც საკუთარი თავისა და სხვების გამოსაცდელად თავს სახიფათო სიტუაციებში იგდებენ; პიროვნების ქცევითი აშლილობის მქონენი, ყველაზე სწორი აღზრდის მიუხედავად, მაინც მიდრეკილნი რომ არიან სახლიდან გაქცევების, ასოციალური ქცევებისკენ და ბევრი სხვა. მგრძნობიარე მარტოსული, გარეგნული კომფორტითა და ნაცნობ-მეგობრებით გარშემორტყმულს ზედაპირული ურთიერთობები თუ ეფექტები რომ არ აკმაყოფილებს – ერთი მრავალთაგანია. მას ნინჩო, ლუკა, გიორგი, ანი, მარიამი, ირაკლი, სოფო, ზუკა, ქეთი ჰქვია. მათი „გზასაცდენის“ გამომწვევი  ფაქტორი ასე ფორმულირდება: „ძალადობისგან და უგულებელყოფისგან თავის დაღწევის სურვილი და პროტესტი არსებული ოჯახური და სოციალური გარემოს მიმართ“.

რატომ მოხდა?

ჩვენ მას სიცოცხლე მივეცით, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ მას ჩვენი შეხედულებებით და ღირებულებებით უნდა ეცხოვრა. ალბათ შეგვეშინდა, რომ ჩვენი ცხოვრება დაგვეწყო მისი ცხოვრებიდან. ჩვენ დაჟინებით ვტენიდით მას ჩვენს ნახევარცოდნებს და ნახევარგამოცდილებებს. ალბათ იმედიც გვქონდა, რომ ის ჩვენს მცდელობებს დააფასებდა,  ჩვენს „კეთილშობილებას“ აღიარებდა. ის კი მათ უკან გვიბრუნებს, თითქოს სახეში გვესვრის. ახლა ის,  თუნდაც დასწავლილი, დაზუთხული სიტყვებით  გვეთანხმებოდეს, აღარაფერს ელის ჩვენგან, გარდა იგივე დაზეპირებული, მანეკენური სიტყვებისა. მაშინაც კი, როცა სიტყვები გულწრფელია, მას ისინი აღარ ესმის, რადგან დიდი ხანია,  სიტყვებზე  „ალერგია“ აქვს.

ის ძალიან დაგვშორდა. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი გადამეტებული მზრუნველობის მიუხედავად, ჩვენ მისი განცდების მიმართ უყურადღებო ვიყავით, მისი ამბები არ გვაინტერესებდა. ავაშენეთ მისთვის სახლი, შევუშვით შიგ, როგორც გალიაში პატარა ცხოველი და როცა გვეძახდა, არ მივედით. ახლა კი თვითონ აღარ გვიშვებს.

რას დავეყრდნოთ?

ყოველ განვითარებაში არის ნათელი და ბნელი ზოლები. თანაბარი მოძრაობა მხოლოდ ფიზიკის სახელმძღვანელოებშია, შეუქცევადი პროგრესი – მხოლოდ აბსტრაქციაში. ცხოვრებაში, ცოცხალ ადამიანს აღზევებები და დაცემები აქვს, ზოგჯერ – ხანგრძლივიც. ბავშვი უამრავჯერ „ფუჭდება“ და ამ დროს ის  საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსა და მთელ სამყაროს გამოცდის;  უამრავჯერ „ინგრევა“, თავისებურად ხელახლა რომ „აშენდეს“.

სხვა სხვის, თუნდაც შვილის ნაცვლად, ვერ იცხოვრებს, ისევე, როგორც სხვა სხვის ნაცვლად ვერ ისუნთქებს. შეგვიძლია, მხოლოდ დავეხმაროთ.

როგორ დავეხმაროთ?

უპირობო სიყვარულითა და ნდობით, მისი შესაძლებლობების რწმენითა და წახალისებით,  მისი სურვილებისა და აზრების გაზიარებით, რთულ სიტუაციებში  – თანაგრძნობით, დამშვიდებით და გამხნევებით.

და, რაც ყველაზე მთავარია:

არასდროს დავიჯეროთ, რომ განვითარებადი, ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა შეიძლება შეუქცევადად დაირღვეს. ბავშვის ფსიქიკა, მრავალი მიზეზის გამო იოლად ზიანდება და ხშირად უმძიმეს სურათს იძლევა, მაგრამ მას საოცარი აღდგენის უნარიც აქვს. მთავარია, მასთან ვიყოთ, როცა ვჭირდებით.

 

„ნეტავი ნატვრა მანატრა…“

0

” ნეტავი ნატვრა მანატრა,

ეს ნატვრა ამიხდინაო

ოქროს სასახლე ამიგო,

ჭრელის წალკოტით წინაო!..”

აქ ჩემი და ლექსის ავტორის ნატვრები ერთმანეთს სცდება. ჩემთვის ჭრელწალკოტიანი ოქროს სასახლე სრულიად საკმარისია. ლექსის ავტორი კი უფრო შორს მიდის და შიგნით დიდგვაროვან  მოახლეებსაც ნატრობს.

ამ სახუმარო დასაწყისის შემდეგ დავწერ, რომ საქმე სწორედაც რომ ნატვრას შეეხება. უფრო რომ დავაკონკრეტო, ნატვრის ფორმის „წარმოებას“. ამაში ვმეცადინეობდით თურქული ენის ბოლო გაკვეთილზე:

„- ნეტავ… იმ უკაცრიელ  კუნძულზე გამასეირნა…

– ნეტავ… ღრუბლებთან მაფრინა…“

შემდეგ უკვე, არასწორი ნატვრის შედეგების შესახებ სინანულის გამოხატვას ვსწავლობდით:

„- იმ უკაცრიელ კუნძულზე, რომ არ წავსულიყავი, კანიბალებს ხომ არ გადავეყრებოდი?

– ცაში ღრუბლებთან, რომ არ მეფრინა, თავბრუ ხომ არ დამეხვეოდა?“.

გაკვეთილის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი, ჩემთვის ჩუმად კვლავ ვცდილობ ფორმების წარმოებას, ოღონდ ოდნავ რეალურ საკითხებზე:

„- ნეტავ… ჩემს ქალაქში ყოველი შებინდებისას საშინელი საცობები არ იქმნებოდეს.

– მოძრაობა რამენაირად, რომ დაგეგმონ, ალბათ საცობებიც აღარ შეიქმნება?…

– ნეტავ… ეროვნული ვალუტა მუდმივად სულს არ ღაფავდეს…

– ეს პროცესი ცოტა ჭკვიანურად, რომ გაანალიზდეს, იქნებ ვალუტის  აღმა-დაღმა ხტომაც ოდნავ შენელდეს?…

– ნეტავ… ტაქსის მძღოლები (ლარის კვდომის საბაბით) მგზავრებს ყელში ხელს არ უჭერდნენ…

– ყელში ხელის წაჭერას ვინ ჩივის, ნეტავ, წვიმის დროს ისე არ მიიჩქაროდნენ, რომ ფეხით მოსიარულეებს წყლის ნაკადს არ ასხამდნენ…

– წყლის ნაკადის მისხმას ვინ ჩივის, ნეტავ, გზებზე მანქანებიდან ნაგავს არ ყრიდნენ… (ეს უკვე, ყველანაირ მანქანას შეეხება და უფრო გზატკეცილებზე მაქვს შემჩნეული. სისუფთავე იქაც ხომ საჭიროა?)…

– ნეტავ… ამ ახალდაგებულ ასფალტზე სულ მცირე წვიმის მოსვლის შემდეგაც კი გუბეები არ დგებოდეს და მე შიგ არ დავჭყაპუნობდე.

– ასფალტის დაგებისას ოდნავი დაქანება, რომ გაკეთებულიყო, წვიმის წყალი გუბეებად, ხომ აღარ დადგებოდა…“.

ასფალტზე გამახსენდა…

იცით, რომ ასფალტს ძველ ბაბილონში, ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გზების დასაგებად იყენებდნენ. ბუნებაში ასფალტი მზა სახითაც გვხვდება. კუნძულ ტრინიდადზე (კარიბის ზღვაში) არის „ტბა“, რომელიც ამოვსებულია 15 მილიონი ტონა ასფალტით. ოდესღაც ალბათ იქ ნავთობის საბადო იყო, რომელიც განსაკუთრებული გეოლოგიური პროცესების გამო მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ნავთობის თხევადი კომპონენტები აორთქლდა და დარჩა მხოლოდ ასფალტი.

ეს ტბა 1595 წელს უოლტერ რელიმ აღმოაჩინა. აქედან მიღებულ ასფალტს იყენებდა თავისი გემების გამაგრებისთვის. ამჟამად, ტბა ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი ადგილია, მისგან მიღებული მაღალხარისხიანი ასფალტი კი ექსპორტზე გააქვთ.

ზოგადად კი, ნავთობის პროდუქტები 3000C-ზე მაღალ ტემპერატურაზე გამოხდით იშლება. პროცესს ვაკუუმში აწარმოებენ. ამგვარი გამოხდით მაზუთიდან სხვა პროდუქტებთან ერთად მიიღება ვაზელინი (მყარი და თხევადი მახშირწყალბადების ნარევი) და პარაფინი (მყარი მახშირწყალბადების ნარევი). მაზუთიდან ყველა ზემოხსენებული პროდუქტის გამოხდის შემდეგ რჩება გუდრონი, რომელიც ჰაერზე დაჟანგვის შედეგად ასფალტად გადაიქცევა.

რადგან ნავთობზე ჩამოვაგდე საუბარი, იმასაც შეგახსენებთ, რომ სპეციალური მიკრობების საშუალებით ნავთობის ნარჩენებისგან შესაძლებელია ხელოვნური საკვების, მაგ. ხელოვნური ხორცის მიღებაც. ასეთი ხელოვნური ხორცის მაღაზია თავად მაქვს ნანახი კანადაში, ვანკუვერში. ისე დამაინტერესა შევედი კიდეც… გარეგნულად ჩვეულებრივი ხორცისგან  ვერაფრით გაარჩევდით.

ხელოვნური ათასი რამე არსებობს, ზოგს ვანკუვერის მაღაზიის არ იყო, ოფიციალურად გვთავაზობენ (ანუ, გვეუბნებიან, რომ ხელოვნურია). ზოგ პროდუქტს კი მოტყუებით გვაჩეჩებენ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა აქვთ.

წარმოვიდგინოთ თაფლის არაკეთილსინდისიერი გამყიდველი. რა შეიძლება გვავნოს? კი, შეუძლია წონაში მოგვატყუოს. კიდევ? წონაშიც მოგვატყუოს და ხელოვნური თაფლიც შემოგვასაღოს.

ერთ-ერთი ასეთი რეცეპტი ამოვიკითხე. არაკეთილსინდისიერ გამყიდველს აქვს 200მლ. სუფთა თაფლი, მაგრამ მას უფრო მეტი უნდა, რომ ჰქონდეს. აიღებს და დაუმატებს კარამელის სიროფს, ცოტა სახამებელს ან… ცარცს… დიახ, თურმე ცარციც გამოდგება. ოდნავ არომატიზატორი დასჭირდება და ეგ არის. ასეთი გამყიდველები „ნამდვილი ქიმიკოსები“ არიან. ამგვარად დამზადებული თაფლი ფრუქტოზასთან ერთად კიდევ უფრო საშიში ხდება (200 მლ. ნამდვილ თაფლს ხომ შეიცავს, ჰოდა, იმ ნამდვილი თაფლის ფრუქტოზაზეა საუბარი).

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ნამდვილი თაფლის ჩაიში გახსნა არ შეიძლება. ადუღებულ წყალში (ანუ, ჩაიში),  თაფლში შემავალი ფრუქტოზა ჰიდროქსიმეთილფურფოროლად გარდაიქმნება (ამ პროცესზე უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატიაში: https://mastsavlebeli.ge/?p=4058).

საქაროზა → მონოსაქარიდები (ფრუქტოზა, გლუკოზა) → შაქრის ანჰიდრიდი → ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი.

მით უმეტეს საშიშია ხელოვნური თაფლის ადუღებულ წყალში გახსნა – ის  სხვა კარცეროგენების მოქმედებას აძლიერებს. მაგ. დავუშვათ, მივირთვი რამდენიმე ქაფშიას კონსერვი (იგივე, შპროტი), რომელშიც საშიში ბენზოპირენია. შემდეგ  დავაყოლე ჩაი ფალსიფიცირებული თაფლით. ჩათვალეთ, რომ მიღებული კარცეროგენის მოქმედება 5-ჯერ გავაძლიერე. სხვათა შორის, ბენზოპირენი სიგარეტის მოწევის შედეგადაც გამოიყოფა. სიგარეტის კვამლში მისი შემცველობა საშუალოდ 0,025მკგ-ს შეადგენს. სადღაც გამოუთვლიათ კიდეც, რომ ერთი სიგარეტის მოწევა თექვსმეტი საათის განმავლობაში გამონაბოლქვი გაზების სუნთქვის ტოლფასია.

თუმცა, კვლავ თაფლს დავუბრუნდეთ და წინა სტატიიდან გავიხსენოთ, როგორ გავსინჯოთ თაფლი ხელოვნურია თუ არა https://mastsavlebeli.ge/?p=4310

საოცარია, მაგრამ, თურმე ზოგიერთი ნამდვილი თაფლი სამკურნალო მაინც არ ყოფილა. უბრალოდ, გემრიელი და უვნებელი დესერტია. სამკურნალო თაფლის სიაში პირველ ადგილზე ეგვიპტური თაფლია. ეს რომ წავიკითხე, ჯერ პირამიდების თაფლზე ვიფიქრე, რომელსაც პირადად მე (პირამიდების პატივისცემის მიუხედავად) არ გავსინჯავდი. https://www.nationalgeographic.com.au/history/honey-in-the-pyramids.aspx

თუმცა, აქ საუბარი თურმე კვლიავისგან (Caraway) დამზადებულ შავ თაფლზე ყოფილა, რომელიც ყველაფერს უხდება და მხოლოდ სპეციალური თაფლის სამედიცინო ბაზრობებზე იყიდება. არც არის გასაკვირი, შავი კვლიავი ასზე მეტ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. დილით, ჭამამდე ერთ სადილის კოვზს მიირთმევენ, ასევე იდებენ ჭრილობებზე ან დამწვრობაზე. რევმატიზმის დროს კი საფენებს ამზადებენ.

ჰოლანდიაში ტიტას ხის და კიტრის ყვავილის  თაფლს თვლიან სამკურნალოდ. ზოგადად კი ექიმი თანხმდებიან, რომ ყვავილების ნაკრების და მწკლარტე გემოს თაფლი სამკურნალო მიზნებისთვის განსაკუთრებულად კარგია.

გახსოვთ, არა? წერილის დასაწყისში წვიმიან საღამოს პიკის საათში სახლში ვბრუნდებოდი. სამარშრუტო ტაქსი არსად ჩანდა, ტაქსები მგზავრობის საფასურად „ზილ მოსკვიჩის“ ფასს მიფასებდნენ (ასე ერთი ჩემი ნაცნობი ხუმრობდა ხოლმე. თუ, რამე უსაშველოდ ძვირი ღირდა, დაასკვნიდა „ზილ მოსკვიჩის“ ფასი ადევსო). ჰოდა, მივდიოდი წყალდამდგარ ახლადაგებულ ასფალტზე იმ იმედით, რომ რაიმე ტრანსპორტს მანდვილად ვიპოვიდი. მანქანები მიდიოდნენ, წყალსაც  უხვად აშხეფებდნენ და ფანჯრიდან არც რაღაც პაკეტების  მოსროლაზე ამბობდნენ უარს.

გაკვეთილზე ნატვრის „წარმოება“ ვისწავლეთ.

 

ნეტავი ნატვრა მანატრა,

ეს ნატვრა ამიხდინაო,

ისეთ ქალაქში მაცხოვრა…

ნაგავ არ მამაყრიანო….

 

გავუფერადოთ ბავშვებს გაკვეთილები

0

სწავლა მოსაწყენი რომ არ გახდეს, სასურველია, პროცესში ჩავრთოთ თამაშები და ვიქტორინები. ფერადი ფურცლების გამოყენება მოსწავლეებს განსაკუთრებით ახალისებს. გთავაზობთ თამაშის რამდენიმე ვარიანტს.

 

მასწავლებელი კლასს 5 გუნდად ყოფს. მოსწავლეები ირჩევენ კაპიტანს.

თამაშის წესები:

მასწავლებელი წინასწარ ხატავს ხუთ უფოთლო ხეს. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში გუნდები იღებენ სხვადასხვა ფერის ფურცლებს, რომლებითაც თავიანთ ხეს რთავენ.

საუკეთესო პასუხისთვის გუნდი იღებს მწვანე ფოთოლს, სწორი, მაგრამ არასრული პასუხისთვის – ყვითელს. სუსტი პასუხი წითელი ფოთოლით აღინიშნება. არასრული პასუხის სრულყოფისთვისაც გუნდი იმსახურებს მწვანე ფოთოლს.

ამრიგად, კონკურსის დასასრულს თითოეულ გუნდს აქვს ფერადი ხე. ვის ხეზეც ყველაზე მეტ მწვანე ფოთოლს დაითვლიან, გამარჯვებულადაც ის ჩაითვლება.

თითოეული გუნდი რიგითობის მიხედვით პასუხობს. კენჭისყრა ხდება ნებისმიერი ხერხით.

 

  1. ბლიც კითხვები:

1) რა არის მერიდიანი?

2) რა მიმართულებას გვიჩვენებს მერიდიანები?

3) როგორი ფორმა აქვს მერიდიანებს გლობუსზე?

4) როგორი ფორმა აქვს მერიდიანებს ფიზიკურ რუკაზე?

5) როგორია მერიდიანის სიგრძე გრადუსებში?

6) როგორია მერიდიანის სიგრძე კილომეტრებში?

7) რას უდრის ერთგრადუსიანი მერიდიანების რკალის სიგრძე კილომეტრებში?

8) რა არის პარალელი?

9) რომელია ყველაზე გრძელი პარალელი?

10) რა მიმართულებას გვიჩვენებს პარალელები?

11) რა ფორმა აქვს პარალელებს გლობუსზე?

12) რა ფორმა აქვს პარალელებს ფიზიკურ რუკაზე?

13) დედამიწის რომელ ნაწილში იქცევა პარალელები წერტილად?

14) როგორია პარალელების სიგრძე გრადუსებში?

15) როგორია პარალელების სიგრძე კილომეტრებში?

16) რას უდრის ერთგრადუსიანი პარალელის რკალის სიგრძე კილომეტრებში?

17) რა არის გეოგრაფიული გრძედი?

18) როგორ იზომება გეოგრაფიული გრძედი?

19) რა არის გეოგრაფიულ განედი?

20) როგორ იზომება გეოგრაფიული განედი?

21) რა არის გრადუსთა ბადე?

22) რა არის გეოგრაფიული კოორდინატები?

23) რომელ გეოგრაფიულ გრძედზე მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ნებისმიერი წერტილი?

24) განსაზღვრეთ ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი: ა) ს.გ. 35°; ბ) ჩ.გ. 15 °. ახსენით, რატომ ფიქრობთ ასე.

25) რა მიმართულებით შეგვიძლია წასვლა ჩრდილოეთ პოლუსიდან?

 

  1. ვინ უფრო სწრაფია

პასუხობს ის გუნდი, რომელიც პირველი ასწევს საჩვენებელ ბარათს.

1) რომელ კონტინენტს გადაკვეთს ყველა მერიდიანი? აჩვენეთ მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზე. (პასუხი: ანტარქტიდა)

2) რომელ ოკეანეს გადაკვეთს ყველა მერიდიანი? აჩვენეთ რუკაზე. (პასუხი: არქტიკული ოკეანე)

3) რომელ პარალელზე გაივლის უფრო მოკლე გზას მოგზაური – მე-60-ზე თუ ეკვატორის გასწვრივ? (პასუხი: მე-60 პარალელზე)

4) პოლუსისკენ მიმავალი გზა 30°-იანი მერიდიანის გასწვრივ უფრო მოკლეა თუ 60°-იანი მერიდიანის გასწვრივ? პასუხი დაასაბუთეთ. (ორივე მერიდიანის გასწვრივ გზა თანაბარი სიგრძისაა, რადგან ყველა მერიდიანი თანატოლია)

5) რომელი კუნძული მდებარეობს ეკვატორიდან უფრო ჩრდილოეთით: გრენლანდია თუ სახალინი? (პასუხი: გრენლანდია უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს)

6) შესაძლებელია თუ არა საკლასო ოთახში მერიდიანის გატარება? (შესაძლებელია, თუ გავარკვევთ ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებას)

7) რომელი კონტინენტები გვხვდება მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში? აჩვენეთ რუკაზე. (პასუხი: ევრაზია, ჩრდილოეთ ამერიკა)

8) ჩამოთვალეთ კონტინენტები, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. აჩვენეთ რუკაზე. (პასუხი: ავსტრალია, ანტარქტიდა)

9) იპოვეთ კონტინენტები, რომლებიც ერთდროულად ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში მდებარეობს. აჩვენეთ რუკაზე. (აფრიკა, სამხრეთი ამერიკა)

10) აჩვენეთ რუკაზე კონტინენტი, რომელიც ოთხ ნახევარსფეროში მდებარეობს. (პასუხი: აფრიკა)

11) აჩვენეთ რუკაზე წერტილი, რომლის კოორდინატებია გ. 0 ° გ. 0 °. (პასუხი: ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში)

12) დაასახელეთ საქართველოს ყველა პუნქტის განედი. (პასუხი: ჩრდილოეთ განედი)

13) რომელი ქალაქი მდებარეობს თბილისის სამხრეთით – რუსთავი თუ თეთრი წყარო? (პასუხი: თეთრი წყარო)

14) რომელი ოკეანეები აკრავს აზიას? (პასუხი: ჩრდილოეთით – ჩრდილოეთის ოკეანე; სამხრეთით – ინდოეთის ოკეანე: აღმოსავლეთით – წყნარი ოკეანე; დასავლეთით – ატლანტის ოკეანე).

 

  1. მიპოვე

გუნდები პასუხებს წერენ ფურცლებზე, რომლებზეც წერია გუნდების სახელები. პასუხები მოწმდება და ფასდება.

1) ტრანსპორტის რომელი სახეობით (სახმელეთო თუ საზღვაო) მოგიწევთ მისვლა პუნქტში, რომლის კოორდინატებია: ს. გ. 30° და ა. გ.70°? (პასუხი: საზღვაო ტრანსპორტით, რადგან ეს წერტილი ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს)

2) მე ახლა ვიმყოფები შესანიშნავ ადგილზე, რომელიც 1856 წელს ინგლისელმა მოგზაურმა დევიდ ლივინგსტონმა აღმოაჩინა. იპოვეთ ეს ადგილი რუკაზე. მისი კოორდინატებია: ს. გ. 18°, ა.გ. 26°. რომელი კონტინენტზე მდებარეობს ის? (პასუხი: აფრიკაში. ეს არის ჩანჩქერი ვიქტორია)

3) რომელ ოკეანემდე უფრო სწრაფად მივალ, თუ ამჟამად ვიმყოფები ადგილზე, რომლის კოორდინატებია ს.გ. 3° და ა.გ. 37°? (პასუხი: ინდოეთის ოკეანემდე. ეს ადგილია ვულკანი კილიმანჯარო აფრიკაში)

 

  1. გეოგრაფიული ობიექტის განსაზღვრა გეოგრაფიული კოორდინატების დახმარებით

თითოეული გუნდი მიიღებს ერთ დავალებას, რომლისთვისაც შეარჩევს პასუხს (დრო – 1 წუთი).

ამოცანა 1. “1820 წლის 28 იანვარი, ს.გ. 70° და დ.გ. 2° კოორდინატების ახლოს ორივე გემიდან მიწა შეამჩნიეს”, – წერდა ამ მოვლენის შესახებ მკვლევარი და მოგზაური მიხეილ ლაზარევი. რომელი მიწა აღმოაჩინეს ამ დღეს?

პასუხის ვარიანტები:

ა. გვინეა

ბ. ახალი ზელანდია

გ. კუბა

დ. ანტარქტიკა

პასუხი: გ. ანტარქტიკა

 

ამოცანა 2. 10 იანვარი, 1821 წელი. რუსული ექსპედიციის გემებმა “ვოსტოკმა“ და “მშვიდობამ” აღმოაჩინეს კუნძული, რომლის კოორდინატებია ს.გ. 69° და დ.გ. 91°. ეს იყო…

პასუხის ვარიანტები:

ა. ვრანგელის კუნძული

ბ. პეტრე I–ის კუნძული

გ. ტასმანია

დ. მადაგასკარი.

პასუხი: ბ. პეტრე I–ის კუნძული

 

ამოცანა 3. ჟ. ვერნის რომანის გმირმა კაპიტანმა გრანტმა მიაღწია კუნძულს, რომლის კოორდინატებია: ს.გ. 37° და დ.გ. 153°. ეს იყო…

პასუხის ვარიანტები:

ა. პეტრე I–ის კუნძული

ბ. ტაბორი

გ. შრი-ლანკა

დ. სახალინი.

პასუხი: ბ. ტაბორი

 

ამოცანა 4. იალქნიანი გემი ინდოეთის ოკეანეში იძირება. მისი კოორდინატებია ს.გ. 10° ს და ა.გ. 60°. რომელი კონტინენტის სანაპიროზე გაიგებენ რადიოოპერატორები პირველად SOS სიგნალს?

პასუხის ვარიანტები:

ა. აფრიკა

ბ. ევრაზია

ბ. ავსტრალია

გ. სამხრეთი ამერიკა

პასუხი: ა. აფრიკა

 

ამოცანა 5. ამ კუნძულს რამდენიმე სახელი აქვს: რაპა-ნუი, ვაიგუ, მაგრამ უფრო მეტად ის სხვა სახელით არის ცნობილი. რომელ კუნძულზეა საუბარი, თუ მისი კოორდინატებია ს. გ. 27° და დ.გ. 109°?

პასუხის ვარიანტები:

ა. აღდგომის კუნძული

ბ. გრენლანდია

გ. პეტრე I–ის კუნძული

დ. მადაგასკარი

პასუხი: ა. აღდგომის კუნძული

გუნდები წაიკითხავენ პასუხებს. არასწორი პასუხის შემთხვევაში სხვა გუნდები შეუსწორებენ.

 

  1. შენი ქალაქის კოორდინატები

თითოეული გუნდი რუკის საშუალებით განსაზღვრავს საკუთარი დასახლებული პუნქტის გეოგრაფიულ კოორდინატებს.

 

  1. ადაადგილების მიმართულების განსაზღვრა

გუნდები იღებენ ერთ ამოცანას. მათ უნდა განსაზღვრონ მიმართულებები რუკებზე (დრო – 1 წუთი). გუნდის წარმომადგენელი კითხულობს პასუხს და მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზე აჩვენებს გადაადგილების მიმართულებას.

ამოცანა 1. რა მიმართულებით მიედინება მდინარე ნილოსი აფრიკაში? (პასუხი: სამხრეთიდან ჩრდილოეთით)

ამოცანა 2. რა მიმართულებით უნდა გავემგზავროთ კუნძულ მადაგასკარიდან, რათა ინდოეთში მოვხვდეთ? (პასუხი: ჩრდილო-აღმოსავლეთით)

ამოცანა 3. საიდან საით არის გადაჭიმული ურალის მთები? (პასუხი: ჩრდილოეთიდან სამხრეთით)

დავალება 4. რა მიმართულებით მიედინება სამხრეთ ამერიკაში მდინარე ამაზონი? (პასუხი: დასავლეთიდან აღმოსავლეთით)

ამოცანა 5. რა მიმართულებით უნდა იფრინოს თვითმფრინავმა, თბილისიდან ბეიჯინგში რომ მოხვდეს?

 

  1. ობიექტის სიგრძის გამოთვლა გრადუსთა ბადის გამოყენებით

თითოეული გუნდი იღებს ამოცანას: ხუთი წუთის განმავლობაში გრადუსთა ბადის საშუალებით უნდა განსაზღვრონ, რამდენ გრადუსზე და რამდენ კილომეტრზეა გადაჭიმული აფრიკა ეკვატორის გასწვრივ. (35° (44 ° -. 9 °) ეკვატორზე 1°= 111.3 კმ. ამდენად, აფრიკა გადაჭიმულია 3900 კმ–ზე (35 ° x 111.3 კმ … ).

 

დასასრულ, თითოეული გუნდი ითვლის მწვანე, ყვითელი და წითელი ფოთლების რაოდენობას და ქულებს აჯამებს.

ფერადი გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესოა.

პრაქტიკული  გაკვეთილები  ბიოლოგიაში

0

ბიოლოგია, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერება, მოსწავლეებს სამყაროს  შეცნობასა და  მის  სწორად აღქმაში   ეხმარება. საბუნებისმეტყველო   დისციპლინები  ხელს უწყობენ მოსწავლის მიერ სამყაროს ადეკვატურად აღქმის უნარის  ფორმირებას. ამიტომაც მასწავლებელი საგნის სწავლების პროცესში ვალდებულია, ბევრი პრაქტიკული  მეცადინეობა  ჩაატაროს, რათა  მოსწავლეებს  საგნის მიმართ ინტერესი გაუღვივოს და ისეთი უნარ–ჩვევები ჩამოუყალიბოს, როგორიცაა, დაკვირვება,  აღწერა, მონაცემთა ანალიზი და კლასიფიკაცია,  მოდელის  შექმნა  და  გამოყენება.

ბიოლოგიის  სწავლება რომ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იყოს, სასურველია საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი აქტივობებისა და საგანმანათლებლო  რესურსების   სწორად  გამოყენება,  რაც  მნიშვნელოვნად   ზრდის   მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობასა და ინტერესს საბუნებისმეტყველო  დისციპლინების  მიმართ.

მოსწავლეთა მოტივაცია იზრდება პრაქტიკული გაკვეთილებისას, როცა ხდება მოდელებისა და სქემების შექმნა, რომელიც ეხმარება მათ საკითხის უკეთ გაგება-გააზრებაში. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ მსგავს დავალებებს და ინტერესით  ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

ეროვნული  სასწავლო   გეგმის   მიხედვით:

ბიოლ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია, დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა,  ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის   მნიშვნელობაზე სელექციასა  და  მედიცინაში.

   სწავლება შედეგიანია, თუ მოსწავლე:

ადგენს მიტოზისა და მეიოზის მარტივ სქემებს, ადარებს შვილეულ უჯრედებში  ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებს და  განმარტავს მათ  მნიშვნელობას;

 ბიოლ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდური განვითარების ფორმები;

თუ მოსწავლე:

იყენებს/ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომებისა და მათი  უბნების გენეტიკურ ცვალებადობასთან განაწილებას.

გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე მსგავსი სახის აქტივობები  მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს VII, VIII, IX, X კლასებში.

მინდა, შემოგთავაზოთ   მე–9 კლასში  მეიოზის  მოდელის   შექმნის  ეტაპები  და  საკითხის   უკეთ   გასაგებად   მისი  დამზადების აუცილებლობა.

მეიოზის   პროცესის   შესწავლა,  მიტოზთან  შედარებით,  რთულია.  მოსწავლეებს  უჭირთ  მეიოზის  ფაზების  ამოცნობა,  განსაკუთრებით – პირველი   და   მეორე  დაყოფის  ფაზებისა,  მათი   თავისებურებების  გარჩევა  და  გენეტიკური    როლის     დასაბუთება. მეიოზის პროცესის უკეთ შესწავლის მიზნით შესაძლებელია  გაკვეთილზე   ცალკეული  ფაზების ამსახველი  მოდელის  დამზადება.

გაკვეთილის   მსვლელობა:

მეიოზის მოდელის დასამზადებლად მოსწავლეებს  წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ   საჭირო მასალა: სხვადასხვა  ფერის პლასტელინი, ფლომასტერები ალექსანდროვის ფურცელი   ან   მუყაოს   ქაღალდი,  წებო . (სურ.1)


სურ.1

აქტივობა 1.  მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად (სასურველია 3–4 ჯგუფის შექმნა).

ის აცნობს მოსწავლეებს ჯგუფში მუშაობის წესებს, პრაქტიკული გაკვეთილის მიზანსა  და შეფასების კრიტერიუმებს. თეორიული ცოდნის შემოწმების მიზნით სვამს სავარაუდო  კითხვებს:

  1. რომელ ჯირკვლებში  მიმდინარეობს  მეიოზი?
  2. რას ნიშნავს ბივალენტი, კროსინგოვერი?
  3. რა განაპირობებს  ქრომოსომების  რედუქციას მეიოზში?
  4. ჩამოაყალიბეთ მეიოზის  გენეტიკური  მნიშვნელობა.

მეიოზის  პროცესის  შეხსენების  მიზნით  შეიძლება ტაბულებისა და ანიმაციების გამოყენებაც.

  1. . https://www.youtube.com/watch?v=W7CV9_NwSHk
  2.  https://www.youtube.com/watch?v=3WXx6F7quMk
  3.  https://www.youtube.com/watch?v=z4z72rSvNQ0
  4.  https://www.youtube.com/watch?v=dyGqKIGXLLo
  5. https://www.youtube.com/watch?v=QKV0C9oVTp8

   აქტივობა 2   მასწავლებელი  თითოეულ  ჯგუფს  აძლევს  კონკრეტულ დავალებას.  თითოეულმა  ჯგუფმა  იცის, მეიოზის პროცესის  ამსახველი რომელი   ფაზა  უნდა   დაამზადოს. სურ.2 ( მუშაობის პროცესი).

 

 

(სურ.2)
 მოსწავლეებმა  ზუსტად  უნდა  შეძლონ  გაორმაგებული ქრომოსომების სწორად  წარმოსახვა, დედისეული და  მამისეული  ქრომოსომების  სხვადასხვა  ფერით აღნიშვნა  და  ერთი ცენტრომერით  გაერთიანება.  სამუშაოს   დასრულების  შემდეგ,  მოსწავლეები თანმიმდევრობით ფაზებს მუყაოს დიდ ქაღალდზე აწებებენ. თითოეულ  ფაზას  უკეთებენ  წარწერას (სურ.3) (აწყობენ მეიოზის მოდელს).

(სურ.3)

პირველი   მეიოზური   დაყოფის   ამსახველი  მოდელის  დამზადების  შემდეგ (სურ.4). მოსწავლეები იწყებენ  მეორე მეიოზური დაყოფის  ამსახველი  ფაზების დამზადებას. მათ  იციან,  რომ  მეორე  მეიოზური  დაყოფა  მიტოზის  მსგავსია.

 

(სურ.4)            პირველი მეიოზური დაყოფა.

მეიოზის  მოდელის    დამზადების   დროს   მნიშვნელოვანია  მოსწავლემ   როგორც   პირველი,  ისე   მეორე  დაყოფის  მეტაფაზასა  და  ანაფაზაში  სწორად   შეძლოს   ქრომოსომული   წყვილების   განლაგება   და  განაწილება, რათა  ნათელი  გახდეს  ბივალენტებისა  და  კროსინგოვერის წარმოქმნის, ასევე  ქრომოსომების რედუქციის მიზეზი  მიღებულ    უჯრედებში.   შესრულებული  სამუშაოს  წარმოდგენის  შემდეგ  მასწავლებელი  აფასებს  პრაქტიკულ გაკვეთილს.

აქტივობა 3.  პრაქტიკული გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

 

 

 

 

კრიტერიუმები

 

ქულა

 1.  

სწორად აქვს შერჩეული მასალა მოდელის დასამზადებლად.

 

 

1 ქულა

2. სწორად ახერხებს ქრომოსომების გაორმაგებას და მათი ერთი ცენტრომერით დაკავშირებას.   1 ქულა
3. სწორად ახერხებს მეტაფაზასა და ანაფაზაში  ქრომოსომების  განლაგებას.   2 ქულა
4. პირველი მეიოზური დაყოფის შედეგად მიღებულ უჯრედებში ქრომოსომების რედუქცია სწორადაა წარმოდგენილი.  

1.5 ქულა

5. სწორად  წარმოადგინა  მეორე  მეიოზური  დაყოფა. 2 ქულა
6.

 

–––

 

7.

პირველი და მეორე მეიოზური დაყოფის ამსახველი ფაზების თანმიმდევრობა სწორადაა წარმოდგენილი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

იცავს  დროის   ლიმიტს.

 

 

 

2 ქულა

–––––––––––––––––––––

0,5 ქულა

  • 5 –

პრაქტიკული  გაკვეთილები   შეიძლება   ჩატარდეს საკლასო  ოთახში:

 

 

(სურ.6)
გაკვეთილის  თემატიკიდან  გამომდინარე,  მსგავსი  გაკვეთილები  სხვა  მოდელების   დასამზადებლადაც (სურ.6) პრაქტიკულ  შემაჯამებელ   მეცადინეობად   შეიძლება  ჩაითვალოს, ხოლო  დამზადებული  მოდელები – სასწავლო  რესურსად.

მოდელისა  და  სქემების  შექმნა    მოსწავლეებს   მეიოზის  საფუძვლების გარკვევაში ეხმარება. ისინი  უკეთ   იმახსოვრებენ  თითოეული  ფაზის   თავისებურებებს,  ნათელი  ხდება  ბივალენტებისა  და   კროსინგოვერის  მექანიზმი  და  აღარ   უჭირთ  მეიოზის  გენეტიკური  როლისა  და  ევოლუციის   პროცესში   მისი   მნიშვნელობის   დასაბუთება.

მსგავსი  დავალებები    მოსწავლეებს    საკითხის   ერთიანობაში განხილვისა  და   მიზეზ-შედეგობრივი   კავშირის   დადგენის  საშუალებას აძლევს. იზრდება სწავლის  მოტივაცია, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.   გამოიმუშავებენ   დამოუკიდებლობას,  კრიტიკულ  ხედვას; უნარს,  პრაქტიკულად   გამოიყენონ  და კონკრეტულ სიტუაციას  მიუსადაგონ მიღებული ცოდნა;  გადაჭრან  ესა  თუ   ის    პრობლემა,  რაც   ამავე  დროს  ზრდის    მათი   თვითშეფასების   ხარისხს.

გამოყენებული  ლიტერატურა

  1. ეროვნული  სასწავლო  გეგმა,  2011-2016 წ.

 

 

ცნობილი ფეხბურთელები წიგნის გმირები რომ ყოფილიყვნენ…

0

ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ლიტერატურულ გმირებად წარმოჩენა ჩვენი მოგონილი ამბავი ნამდვილად არ არის. ყველას გვახსოვს, ვინც არიან ფეხბურთელები მეტსახელად: „ჰალკი”, „პიტერ პენი”, „რობინ ჰუდი” და სხვა… თუმცა, იმის გამო, რომ ქართული მწერლობა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყანა, ასწლეულების განმავლობაში დანარჩენ სამყაროსგან იზოლაციაში იყო, ბუნებრივია, პლანეტის უდიდეს ნაწილში არათუ ჩვენი მწერლობის, არამედ ქართველთა სახსენებელიც კი არ იყო. ჰოდა, წესით, ნამეტანი საინტერესო უნდა იყოს ქართული ლიტერატურის გმირების და თანამედროვე ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ერთგვარი შეთანასწორება…

ჟოზე მოურინიო ალბათ ოთარაანთ ქვრივია. ადამიანი, რომელსაც არაფერი მოსწონს, რომელიც ყველას ჭკუას არიგებს, ყველგან ცხვირს ჰყოფს და ამის გამო ბევრი მტერი და ავის მოსურნე გამოუჩნდა. მაგრამ, ამასთან ერთად ყველა აღიარებს მის შესაძლებლობებსა და თავის საქმეში განსაკუთრებულობას. ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს, ჟოზეც „პილპილმოყრილი მადლის” გამცემია.

დევიდ ბექჰემი სოლომონ მორბელაძეა. სოლომონის მსგავსად, რასაც ეს კაცი აქეთ-იქით დაწანწალებს, ერთი სერის წოდება მარტო მაგაში უკუთვნის. ერთ წელიწადს მანჩესტერშია, მეორე წელს – მადრიდში, მერე – მილანში, მერე – ამერიკაში… პარიზსაც კი გაუსინჯა გემო და მუღამი. ერთი ისაა, რომ ბედშავი სოლომონ მორბელაძე ამ წანწალში კაპიკებს იღებდა, ეს ჩვენი დევიდი კი გვარიან ფულს ღუნავს.

პეპ გვარდიოლასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ურთიერთობა ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის „გამზრდელის” სიუჟეტს. მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი კატალონიის „ბარსელონაში” უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ჩავიდა, თავიდან სულ იმას იძახდა, რომ პეპისგან ბევრი რამ ისწავლა და რომ არა გვარდიოლა, ფეხბურთის ავან-ჩავანი ასე კარგად არ ეცოდინებოდა. მაგრამ, ბოლოს მოხდა ისე, რომ „გაზრდილმა” „გამზრდელს” უღალატა და ახლა სადაც კი შანსი ეძლევა, ყველგან პეპის წლევლა-კრულვაშია.

დიეგო მარადონა და სერხიო აგუერო, ბეკინა სამანიშვილი და მისი სიძე – კირილე მიმინოშვილი არიან. თუმცა იმ განსხვავებით, რომ მარადონა-აგუეროს შემთხვევაში სიმამრი სიძეზე ბევრად გადარეულია. წარმოდგენის ამბავია, თორემ დიეგო მარადონას სიძე ნაგიჟარი კირილე მიმინოშვილი რომ ყოფილიყო, და პირიქით – ბეკინას აგუერო რომ ესიძებოდეს, კარგ კოხტა სიძე-სიმამრებს მივიღებდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ბეკინასა და კირილეს ამოვიყვანთ წიგნის ფურცლებიდან და ვერც გავაგანიერ დიეგოს ჩავტენით შიგ.

კლარენს ზეედორფი ხევისბერი გოჩას შვილი – ონისეა, რომელმაც თავის მეგობარსა და მოკეთეს, ლუის რონალდუს, (ისევე როგორც გუგუას) მილანის „ინტერში” თამაშის დროს სატრფო გაუბახა და თან ეს ისე ურცხვად გააკეთა, თვალიც კი არ დაუხამხამებია. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, მილანში არ გამოჩენილა ხევისბერ გოჩასთანა სიმართლის მაძიებელი კაცი, თორემ კლარენს ზეედორფს კაი სქელტარა ხევსურული ხანჯალი ნაღდად არ ასცდებოდა მარცხენა ძუძუს ქვემოთ.

სერ ალექს ფერგიუსონი ლიტერატურული გმირი კი არა, თავადი გრიგოლ ორბელიანია. უფრო ზუსტად, მობერებული და გადამდგარი გენერალი – გრიგოლ ორბელიანი. მრავალი ომის მნახველი, მრავალი ლექსის დამწერი, მრავალი კარგი თუ ავი საქმის ჩამდენი. კაცი, რომელსაც სიბერემ ფრონტის ხაზზე უწია და ახლა ორთაჭალის (ედინბურგის) ბაღებში ქეიფებში უნდა გალიოს თავისი დარჩენილი დღეები.

თემურ ქეცბაია ილიას „განდეგილია”, რომელიც ახლოს არამკითხე ხალხს (მაგალითად, ჟურნალისტებს) არ იკარებს და თუ იკარებს, მაშინაც დიდ ცოდვას სჩადის (მისი აზრით). ამასობაში კი ცხოვრება წინ მიდის, ქვეყნები ფეხბურთის კუთხით სულ უფრო ვითარდებიან. ჩვენ და ჩვენი მწვრთნელი კი ვზივართ გამოქვაბულში სულის ცხონების იმედად…

 

 

 

თვითშეფასების კითხვარი (მეორე ნაწილი)

0

 


მასწავლებელიცოდნის ნათელით

უსწავლელობის დამმარცხებელი.

აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,

აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.

(მასწავლებელი – იოსებ ნონეშვილი).

 

 

  1. „ნათქვამის გასაანალიზებლად მოსმენის დროს ყურადღებას ვაქცევ და ვითვალისწინებ მოსწავლის ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას, მიმიკებს და ა.შ. (არავერბალური კომუნიკაციის ნიშნებს)“.

 

ქალბატონი ირმა – ფიზიკის მასწავლებელი:

 

„სანამ ამ პუნქტს ვუპასუხებ, გულწრფელად ვიტყვი, რომ მასწავლებლებლებს ხშირად გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ მავანთ ჩვენ კონკრეტული საგნის პედაგოგები კი არა, ზოგჯერ ფსიქოლოგები ვგონივართ. რადგან ისეთი ტერმინებით გველაპარაკებიან, რომ კარგ ფსიქოლოგსაც შეშურდება. არავერბალური კომუნიკაცია შესანიშნავია და მასზე დაკვირვების გარდა, რას ვაკეთებთ აბა კლასში? ბავშვები, ხომ მუდამ იმას ცდილობენ, ჩვენ რამე მოგვატყუონ, და ჩვენც სულ გაფაციცებული ვართ, არ გამოგვეპაროს მათი „ოხუნჯობები“ და მერე ბავშვებმა ზურგს უკან არ დაგვცინონ. „ნახე, როგორ წავეკაიფე (უკაცრავად ჟარგონისთვის) ინგლისურის მასწავლებელს?“ ასეთი და უარესებიც ძალიან ხშირად მოგვისმენია, სამწუხაროდ.

 

აქვე მინდა გითხრათ, ერთმა ფსიქოლოგმა ამაზე გვითხრა: „ბავშვების ქცევები პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოთ“. კრიტიკულ სიტუაციებში ხშირად მახსენდება და ვფიქრობ სიმართლეა, რადგან ბავშვები ხომ მუდმივად თვითდამკვიდრებას ცდილობენ,  ხშირად ტრაბახობენ, რათა თავი გამოიჩინონ, შეყვარებულს გაეპრანჭონ, ძმაკაცზე შთაბეჭდილება მოახდინონ. მასწავლებელი კი ამ დროს საკუთარი კომპლექსების ტყვეობაში არიან და ფიქრობენ, ბავშვებმა როგორ უნდა მაჯობონ? ამათ რა საკუთარი მშობელი ხომ არ ვგონივარ, რომ ამდენს მიბედავს? მოკლედ, მოსმენა და ჟესტები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და, სიმართლე უნდა ითქვას, ზოგჯერ ვფიქრობ: ნეტავ ეს ფსიქოლოგიური ტრენინგები ადრეც ყოფილიყო, როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, მაშინ შეიძლება უკეთესი პედაგოგი ვყოფილიყავი.

 

ისე, განა ადამიანები ყოველდღიურ ურთიერთობებში ჟესტებსა და მიმიკებს არ აკვირდებიან? პედაგოგები – მით უფრო. ახლა კიდევ ერთი რამ  უნდა აღვნიშნო: ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები (არც თუ იშვიათად), როდესაც ბავშვი მიმტკიცებდა, რომ მისი ხმის ტონი და მით უფრო მიმიკა მე არასწორად გავიგე და რომ ჩემი მხრიდან სრული უსამართლობა იყო მისთვის შენიშვნის მიცემა. ამიტომ გამოდის, რომ თუ გულწრფელად შევავსებთ ამ პუნქტს, უნდა ვთქვათ, რომ ზოგ შემთხვევაში მასწავლებლის ცოდნა და კომპეტენცია არავერბალური კომუნიკაციის საკითხებში არ არის საკმარისი, მის მიზნობრივად გამოსაყენებლად“.

  1. „მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას ვაქცევ საკუთარ ლექსიკას, ასევე ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას, მიმიკებს და ა.შ.“.

ქალბატონი ლიკა – ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საბაზო და საშუალო საფეხურებზე:

„თუ გულწრფელობაა, გულწრფელობა იყოს: როდესაც გამაბრაზებენ, აღარაფერს ვაქცევ ყურადღებას – კიდეც ვყვირი, ხელებსაც ვიქნევ, ზოგჯერ მაგიდაზეც დამირტყამს ხელი. ამ დროს სახის გამომეტყველებაც, რომ „შესაბამისი“ მექნება, ამას თქმაც არ უნდა. ყველას უნახავს გაცოფებული მასწავლებელი თვალებიდან ნაპერწკლები, რომ სცვივა.

კითხვარის შევსების დროს, ამას არ ვწერთ. მიხვდებით ალბათ რატომაც. ჩვენ ხომ მასწავლებლები ვართ და არ შეგვშვენის ეგეთი საქციელი. ეს ძალიან კარგად ვიცით და ვადასტურებთ, რომ ეგრეც უნდა იყოს. მაგრამ მასწავლებლებიც ხომ ადამიანები ვართ და ერთმანეთს სულ იმას შევჩივით, რომ ძალიან რთულ საქმიანობას ვართ შეჭიდებული და ნერვები ზოგჯერ გვღალატობს ხოლმე. რადგან ასეთი გულწრფელი საუბარი წავიდა, იმასაც გეტყვით, რომ ძალიან გვწყინს, ჩვენი პროფესია ასეთი დაუფასებელი რომ არის. იმედია, ცუდად არავინ გაიგებს, რადგან მართლაც საჭიროა მასწავლებელმა ბრაზის მართვა იცოდეს და საკუთარი  მიმიკები, ჟესტები, გამომეტყველება და ემოციები აკონტროლოს“.

  1. „მოსწავლეებთან ურთიერთობას ვამყარებ სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობების გარეშე“.

ბატონი რეზო – ერთადერთი მამაკაცი პედაგოგი ჯგუფში, რომელიც მათემატიკას ასწავლის:

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩემზე სულ არ მოქმედებს მოსწავლე ბიჭია თუ გოგო, ნიჭიერია თუ ნაკლებად ნიჭიერი, დამჯერეა თუ ჯიუტი, ქართველია თუ არაქართველი, ქრისტიანია თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, როგორი ოჯახიდან არის, მერამდენე შვილია და კიდევ რა ვიცი, რა სტერეოტიპები შეიძლება არსებობდეს? ერთადერთი წინასწარი განწყობა მაქვს, თუ მათემატიკას კარგად ითვისებს, ესე იგი, კარგი მოსწავლეა“.

ახლა მეც მინდა გულწრფელად ვთქვა, ჩვენ ძალიან გვიჭირს სტერეოტიპებისგან გათავისუფლება. ადამიანური სისუსტეები ჩვენთვის უცხო არ არის და თუ ზოგჯერ რამე ახდენს გავლენას ჩვენს მოსწავლეებთან ურთიერთობებზე, ვფიქრობ, ეს წინასწარ განზრახვით არ ხდება“.

  1. „ყველა მოსწავლეს ვუდგები ინდივიდუალურად; ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის, როგორც პიროვნების, ღირებულება და უნიკალურობა“.

ქალბატონი თამარი – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. პედაგოგობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო:

„სიმართლე გითხრათ, მე ჯერ არ შემივსია თვითშეფასების კითხვარი და, ვფიქრობ, საკმაოდ გამიჭირდება, რადგან ძალიან ვრცელია და სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს. მასწავლებლობა მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მიოცნებია სკოლაში მუშაობაზე. მიმაჩნია, რომ ბავშვებს კარგად ვუგებ, ისინიც პატივისცემით მექცევიან, არ ცდილობენ ჩემი გამოუცდელობით ბოროტად სარგებლობას. ალბათ პატარებთან ყველა ასეა. გაცილებით უფრო დამღლელი და შემაწუხებელი ჩემთვის ამდენი დამატებითი აქტივობაა, უამრავი საწერი გვაქვს. ვფიქრობ, სხვა მასწავლებლების აზრსაც გამოვთქვამ ამით.

ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას მართლა ვცდილობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ყოველთვის არ გამომდის, ძალიან ძნელია. შესანიშნავი იქნებოდა მეტი ცოდნა, რომ მქონოდა ამ სფეროში. მე ხომ კარგად მახსოვს, როდესაც თავად ვიყავი მოსწავლე, ის მასწავლებლები ძალიან მიყვარდა, რომლებიც ჩემს პიროვნებას პატივისცემით ექცეოდნენ და ჩემი ღირსების შელახვას არასოდეს დაუშვებდნენ. ერთ-ერთი ფსიქოლოგი ქცევის მოდელირების შესახებ გვიყვებოდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ მეც ისევე კარგად მოვექცევი  ჩემს მოსწავლეებს, როგორც ჩემი საყვარელი პედაგოგები მექცეოდნენ. უდავოდ, უსიამოვნო შემთხვევებიც იყო, მაგრამ მე მათ აღარ ვიხსენებ. რაღაც ძალიან იდეალური გამოვედი ხომ?“

  1. „ხელს ვუწყობ მოსწავლეებს, გაბედულად დასვან კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები“.

ქალბატონი ნატა – გეოგრაფიის მასწავლებელი. მართალია, მისი სკოლა შედარებით პატარაა და არც ისე პრესტიჟული, მაგრამ მას მიაჩნია, რომ თუ შენი საქმე გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა სად ასწავლი, მნიშვნელოვანია – როგორ ასწავლი:

„მგონია, რომ ჩემი საგანი თავად განაწყობს მოსწავლეებს შემეცნებისკენ, კითხვების დასმისკენ. რაიმე დამატებითი სტრატეგიები არ მაქვს ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, დღეს ინტერნეტის ეპოქაა და ბავშვებს უამრავი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. ისინი გამუდმებით ცდილობენ, კითხვები დამისვან. სიმართლე გითხრათ, ხშირად „ჩამჭრელ“ კითხვებსაც არ ერიდებიან და ისეთი ეშმაკი თვალებით მიყურებენ, აინტერესებთ – რას ვუპასუხებ, მოვახერხებ თუ არა სიტუაციიდან „გამოძრომას“. ძალიან მახალისებს და ენერგიით მავსებს ეს ყველაფერი და ბავშვებიც კიდევ უფრო ხალისობენ, ცდილობენ ახალ-ახალი ოხუნჯობები მოიფიქრონ“.

  1. „ვფლობ და შესაბამისად ვიყენებ კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების სხვადასხვა სტრატეგიას“.

ქალბატონი ხათუნა – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ერთ-ერთ არაქართულენოვან სკოლაში:

„რადგან გულწრფელად ვსაუბრობთ, მაშინ მეც გულწრფელად გეტყვით. სხვებივით მეც უამრავი ტრენინგი მაქვს მოსმენილი. მათ შორის საკუთრივ კონფლიქტების მართვაზე. გვასწავლეს, ასევე, სხვადასხვა სტრატეგია და მიდგომა. მაგრამ ვერ მოგატყუებთ, რომ რომელიმე გამოვიყენე და წარმატებით მოვაგვარე სასკოლო  კონფლიქტი. საერთოდაც მიმაჩნია, რომ ყველა მასწავლებელს მისთვის მისაღები მეთოდი აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონფლიქტურ სიტუაციაში. კონფლიქტი ხომ მრავალ რამეზეა დამოკიდებული და, სამწუხაროდ, ის, რომ მე მასწავლეს კონფლიქტის რაობა, ხშირ შემთხვევაში ვერ მეხმარება მისი პრევენციის მიღწევაში“.

აი ეს არის, რაც მოვისმინე ჩვენი მასწავლებლებისგან. ჩემთვის საინტერესო იყო და ამიტომ თქვენც გაგიზიარეთ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...