პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

წერა თუ მეტყველება

0

„ საიდუმლო დიდი ხანია გახსნილია და იგი მდგომარეობს იმაში, რომ უშუალობა შეუძლებელია ენის მეშვეობით გამოითქვას, რადგან თავისი ბუნებით ენა ყოველთვის გამაშუალებელ როლს თამაშობს: მას არ შეუძლია რამე გამოხატოს, ტკივილის ან სიხარულის გამოხატვა შესძლებელია მხოლოდ ინსტინქტური ყვირილით, ანდა, უარეს შემთხვევაში, შორისდებულებით. ნებისმიერი რეალობა გარდაისახება ამ რეალობის ნიშანში“.

ბარტი

 

წერას და მეტყველებას გამოხატვის განსხვავებული პარამეტრები აქვს და ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანს რომელიმე უნარი უფრო განვითარებული აქვს, თუმცა ორივე აზრის გამოხატვის ფორმატია.

რიტორიკის ჯგუფში ყოველთვის ვსვამ სტუდენტებისთვის ერთ კითხვას: რატომ ლაპარაკობს (წერს) ადამიანი…? ან თქვენ, ვინც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობთ, თქვენც გეკითხებით: რატომ ლაპარაკობთ…? რა „აიძულებს“ ადამიანს, ილაპარაკოს…?

თუ ჩვენ გადავხედავთ მთელი დღის ჩვენს ენობრივ სიტუაციებს, ამ კითხვას ადვილად გავცემთ პასუხს ენის ძირითადი ფუნქციების მოშველიებითაც. ადამიანი ენას იყენებს: საკომუნიკაციოდ, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის, გამოხატვისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ანაწევრებს დროში, რადგან ეს გამოხატვა ხაზოვანი ბუნებისაა, ყველაფერი მიმდინარეობს დროსა და სივრცეში… აგერ ამ ნაწერსაც თუ დახედავთ, დიდი დაკვირვება არაა სჭირო, დაინახავთ, აზრი, რომლის გამოთქმასაც ვცდილობ, როგორ არის დაწყობილი გრაფიკულად ხაზებზე.

დიახ, ჩვენ გარკვეულ აზრს გამოვხატავთ ამ დანაწევრებული მეტყველებით, მაგრამ მეორე კითხვა: როდის იბადება აზრი…? (თქმამდე, თქმის დროს თუ თქმის შემდეგ?) და სანამ სიტყვის ფორმაში გამოეწყობა, სად არის მანამდე და რა ფორმა აქვს მას და აქვს თუ არა ფორმა საერთოდ? ამის საილუსტრაციოდ ხშირად ვიშველიებ ვიგოტსკის მეტაფორას: აზრი ღრუბელია, ხოლო წვიმა – სიტყვები…

ამ კითხვებზე მრავალი მეცნიერული თეორია შეიძლება მოვიშველიოთ, მაგრამ ახლა ეს თეორიები კი არ მაინტერესებს, არამედ ის, რასაც თავად განიცდით, როცა გამოთქვამთ (ან ვერ გამოთქვამთ). შეგვიძლია, აზრს ვკითხოთ: როგორი გამოხატვა ურჩევნია: წერით თუ მეტყველებით…? მაგრამ დაგროვილი აზრი, ემოცია, გრძნობა, განცდა რომ აუცილებლად გამოხატვას მოითხოვს, ამაში რუსთაველსაც დავიმოწმებ: „დიდი ლხინია ჭირთა თქმა“. რატომ გამოთქმა? იმიტომ რომ, მხოლოდ ეს აწონასწორებს ადამიანს, როდესაც შინაგანი იხსნება გარეგანში და ეს მხოლოდ წერას ან მეტყველებას შეუძლია. ფრანგი მწერალი ფრენსის პონჟი წერდა: „ჩვენ რომ მხოლოდ სხეული ვიყოთ, ადვილად მივაღწევდით წონასწორობას ბუნებასთან, მაგრამ ჩვენ სული გვაქვს… მსუბუქი თუ მძიმე, – ეგ ვინ იცის? მას ამძიმებს ხსოვნა, წარმოსახვა, განცდები… მაგრამ თქვენ გაქვთ სიტყვა. თითოეული წარმოთქმული სიტყვა ჩვენ სულ უფრო გვამსუბუქებს, წერა კი – საერთოდ სხვა მხარეს გვაბრუნებს… წონასწორობა აუცილებელია.“  ეს წონასწორობა კი მხოლოდ გამოთქმითაა შესაძლებელი.

სოსიური ენას, როგორც სისტემას, ჭადრაკს ადარებდა და ინდივიდის მეტყველებას კი – უნიკალურ პარტიას, რომელიც არ მეორდება. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ, იმის მიუხედავად, ჩვენ თამაშის ერთნაირი წესებით ვსარგებლობთ ენის გამოყენებისას (მოცემული გვაქვს ენის ლექსიკური მარაგი, გრამატიკა, სტილისტიკა და ასე შემდეგ…) კვლავ და კვლავ შეგვიძლია ახალი პარტია ვითამაშოთ… სხვაგვარად როგორ შევძლებდით განსხვავებული ემოციების, გრძნობების, განცდების ერთი ენით გამთქმას, ყველაფერი რომ სტანდარტიზებული იყოს? თუმცა, ენა კლიშეებსაც ატარებს და სტანდარტიზებული გამოთქმებიც მუდამ მზადა აქვს, მეტაფორების შექმნაზე რომ არ იწვალოთ, მაგრამ აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ასეთი მეტყველება მკვდარი და უემოციოა, რადგან ის, რაც ერთხელ უკვე დაიშტამპა, დაკარგა ემოციურობა და ზემოქმედების ძალა.

მოკლედ, ამ შესავლის შემდეგ ვიტყვი, რომ ვწერთ თუ ვმეტყველებთ, ჩვენ გარკვეულ აზრს გამოვხატავთ; რომელია უპირატესი: წერა თუ მეტყველება…? ლოგოცენტრული თეორიის მიხედვით, მეტყველება უპირატესია. დერიდამ  წიგნში „გარამატოლოგიის შესახებ“ გრამატოლოგია (წერის თეორია) წარმოადგინა, როგორც მეტყველების პრივილეგიის დეკონსტრუქციის საშუალება.

ჩვენ „წერას“ ვამჩნევთ მეტყველების ზოგადი ინფლაციის ფონზე, როდესაც მისი ფუნქციები იცრიცება… დღესდღეობით ითვლება, რომ ყოველგვარი ნიშანი (წერილობითიც და ზეპირიც) არის მხოლოდ ნიშნის ნიშანი, კვალის კვალი, აღმნიშვნელის აღმნიშვნელი… გადაგზავნათა უსასრულო ბმული, რომელიც ვერასდროს აღწევს აღსანიშნამდე…“ (დერიდა).

პოლანი ზუსტად იმავეს ამობობს: სიტყვა აზრს იძენს მხოლოდ ფრაზაში, ფრაზის აზრი გასაგები ხდება აბზაცის კონტექსტის მიხედვით, აბზაცისა – წიგნის კონტექსტში, ხოლო წიგნის აზრი – ავტორის შემოქმედების კონტექსტში. დედამიწის აზრი – მზის სისტემაა, მზის სისტემისა – ირმის ნახტომი, ირმის ნახტომის აზრი კი…. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს არ ვიცით რაიმეს სრული აზრი და, შესაბამისად, არც სიტყვისა…. სიტყვა არის ახალ-ახალი პრობლემების ამოუწურავი წყარო, სიტყვის აზრი არასდროს არ არის სრული.

ამ თეორიებს თითქოს პასუხს სცემს და საინტერესოა უნივერსალური სიმბოლიზმის შუასაუკუნეების თეორია, რომელიც დაკავშირებულია უკანასკნელი აღსანიშნის გაგებასთან.  წმინდა ავგუსტინეს ნიშნის თეორია შემდეგში მდგომარეობდა: „სამყარო იყოფა საგნებად (res)  და ნიშნებად (signum), ნიშანი განისაზღვრება როგორც საგანი, რომელსაც იმის გარდა, რომ თვითონ თავისთავად აქვს აზრი, ავლენს კიდევ რაღაცას, რადაც ის არ გვევლინება,  წმინდა ავგუსტინესთან რეალურად ყოველ საგანს შეუძლია აღნიშნოს მეორე საგანი, ანუ გამოვიდეს აღმნიშვნელის როლში. ამ პერსპექტივაში, ერთადერთი საგანი, რომელიც არ შეიძლება აღმნიშვნელის როლში გამოვიდეს, არის ღმერთი. გარკვეული აზრით, აქ გათანაბრებულია რეფერენტის სემიოტიკური გაგება და პირველმიზეზის მეტაფიზიკური გაგება. სიგნიფიკაციური დამოკიდებულების საბოლოო პოლუსებია: ღმერთი – სიტყვა.

„ღმერთი – სიტყვის“  მეტაფორა იგივეა, რაც იდეა და მატერია, სული და ხორცი… მატერია, სიტყვა, ენა – ყოველთვის შუამავალია იდეისა, მხოლოდ გამოვლენილის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რამდენად არის დაკავშირებული ან დაშორებული სული სხეულს, იდეა – მატერიას, აზრი – სიტყვას… ეს ჰქონდა მხედველობაში ციცერონს, როდესაც ამბობდა: „არ შეიძლება გამოიყოს სიტყვა აზრიდან, როგორც სული სხეულიდან, რათა არ წაერთვას სიცოცხლე არც ერთს, არც მეორეს.“ ეს ნიშნავს, რომ სიტყვა შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ მატერიას, ნიშანთა სამყაროს და დაშორებული იყოს აზრისგან, ან განუყოფელი იყოს აზრისგან და სიტყვა წარმოადგენდეს აზრის უშუალო ნაწილს, ფრაგმენტს, რომელიც მიანიშნებს, როგორც ნიშანი, გარკვეული აზრის მყოფობას სიტყვაში.

ზემოდასახელებული არგუმენტების შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წერაც და მეტყველებაც ორივე ემსახურება აზრის გამოთქმას, გამოხატვას. სწორედ ამ გამოთქმა-გამოხატვის შემდეგ აცნობიერებს სუბიექტი აზრს, რომელსაც ატარებს და, შესაბამისად, ამ გაცნობიერებით ქმნის იგი საკუთარ თავს. „საკუთარი ხმის, მეტყველების მოსმენით ადამიანი აგებს საკუთარ თავს“ (ჰეგელი).

რაც შეეხება წერა-მეტყველების მიმართებას, ისევ დერიდას მიხედვით, წერა მეტყველებისათვის არის შინაგანიც და გარეგანიც და მეტყველება წერისთვის ასევე გარეგანიც და შინაგანიცაა და ამავე დროს, ადგილი აქვს ორივეს „ამოშლას“, თითქოს ზღვარი იშლება შინაგანსა და გარეგანს შორის.

წერა-მეტყველებამ კი დაიმკვიდრა თანაბარი ადგილი აზრის გამოთქმისას, მაგრამ ახლა ავიღოთ ცალკეული ინდივიდი: ერთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ წერის მეშვეობით გამოიხატება და ადამიანი, როომელიც მხოლოდ მეტყველებით გამოიხატება. წერისა და გამოთქმის უნარი ორი განსხვავებული უნარია და ორივე მოითხოვს თანაბარ განვითარებას, რადგან თანამედროვე ადამიანი ამ ორი უნარის შესაბამისი ფლობის გარეშე წარმოუდგენელია.

ეს განსხვავებული უნარები განსაკუთარებით კარგად ჩანს სტუდენტთა პრეზენტაციისას, როდესაც ერთსა და იმავე სტუდენტს კარგად შეუძლია წერა და საერთოდ არ შეუძლია ზეპირი გამოთქმა და პირიქით.

რა ხარვეზი შეიძლება გააჩინოს ერთ-ერთი უნარის განუვითარებლობამ ან გამოუყენებლობამ პიროვნებაში? პირობითად, „მწერალი“ მიმართულია შინაგან მეტყველებაზე, შინაგან დიალოგზე, ჩაკეტილია, აუდიტორიის წინაშე თავს უხერხულად გრძნობს, უჭირს ზეპირად აზრის გამოთქმა მაშინ, როცა წერილობით ამას კარგად ახერხებს. პირობითად „ორატორი“ კი კომუნიკაბელურია, ადვილად ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს, გახსნილია, შეუძლია ნებისმიერი აზრის განვითარება-დასაბუთება, მაგრამ წერის დროს არ შეუძლია აზრის ჩამოყალიბება.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ორი უნარის ფლობა და განვითარება. სტერეოტიპია, რომ „მე წერა არ გამომდის“ ან – „მე ლაპარაკი არ მეხერხება“. წერითი უნარები წერით ვითარდება და რიტორიკული – მეტყველებით.

ერთ ძველ ლექსში ასეთი სტრიქონები მაქვს და ახლა გამახსენდა, ფინალისთვის და ამ სტატიის აზრისთვის გამოვიყენებ:

„რაც უნდა გითხრა, ვერაფრით მოგწერ

და, რასაც მოგწერ, ვერაფრით გეტყვი“.

 

 

მუშტი და კრიტიკა

0

აკაკი ბაქრაძე იგონებს, როგორ იკითხა ერთმა მწერალმა (თუ კინორეჟისორმა, ზუსტად აღარ მახსოვს), მის წიგნზე (თუ ფილმზე) დაწერილი ნეგატიური კრიტიკის წაკითხვის შემდეგ: რამდენს მისცემდნენ ავტორს ამის დაწერაშიო. როცა პასუხი მიიღო, დაამატა: ორმაგს მივცემდი, ოღონდ ეს არ დაეწერაო, და წნევააწეული წავიდა სახლში.
ეს იყო მაშინ ტიპური, თუმცა ლოიალური მიდგომა კრიტიკოსის მიმართ ავტორის მხრიდან. სამოცდაათიან, ოთხმოციან წლებში, მეორე და მესამე ხარისხოვანი ავტორები უფრო აგრესიულად უდგებოდნენ საკითხს: უბრალოდ და მარტივად ცვხირ-პირს უმტვრევდნენ კრიტიკის ავტორს, შემდეგ ლეგენდად დადიოდა ეს ამბები ბოჰემურ წრეებში. პირადად მომისმენია მსგავსი ისტორია მოკრძალებული ნიჭის პოეტის, თუმცა კარგი კაცის მოყოლილი, თუ როგორ გაუნგრია თავ-ყბა ოთხმოციანი წლების დასაწყისში ერთ ცნობილ კრიტიკოსს, რომელმაც მისი სადებიუტო წიგნი (სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ,) მიწასთან გაასწორა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაშინაც და დღესაც, ზოგიერთ კრიტიკოსს, განსაკუთრებით თუ ირონიული პათოსი აქვს არჩეული, უჭირდა და უჭირს ზომიერების დაცვა და ტექსტის დაცინვასთან ერთად, ავტორის შეურაცხყოფაზე გადადის. ირონიული პათოსით კრიტიკული წერილის წერა ყველა, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულ და იუმორის მქონე ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ტექსტზე, ეს მარტივი და ბანალურად მომგებიანი გზაა, ამიტომ, ჩვენი ჭკუით, თავმოყვარე კრიტიკოსმა სხვა გზები უნდა ეძებოს.
ერთ დროს ლიტერატურული საიტების მჩქეფარე ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, საინტერესო ამბები ხდებოდა. ამ საიტებზე ბლომად გადააწყდებოდი მოძველბიჭო ელემენტებს, მათ ცხოვრებისეულ გაგებასთან სრულიად შეუსაბამო ნიკებით. ისინი, როგორც წესი, ლექსის მთხზველები იყვნენ, პროზას ნაკლებად ეტანებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ პროზის წერას ბევრი კითხვა, დრო და წვალება უნდა. უარყოფით, თუნდაც ძალიან კულტურულ, კომენტარზე მათი რეაქცია სამ ეტაპად იყოფოდა: პირველი, ეს იყო იქვე, კომენტარებში პასუხის მოთხოვნა, თუ რატომ არ მოეწონა მავანს მისი ლექსი („მე რაც მტკივა, იმას ვწერ, ძმაო, შენ ამას ვერასოდეს გაიგებ”, “თუ არ მოგწონს, რას კითხულობ, ვინ გეხვეწება”, „ეგეთები სხვას დაუკომენტარე” და უფრო მწვავე რაღაცები.); მეორე ეტაპი იყო კორექტულობის ჩარჩოებიდან დიდი მანძილით გასული წერილის გაგზავნა პირადი შეტყობინების სახით (ჰქონდა ასეთი ფუნქცია იმ საიტებს), ანუ ისეთი სიტყვების მიწერა, რასაც, ბანის დადების შიშით, კომენტარებში ვერ გამოიყენებდნენ. თუ კომენტარის ავტორი მედგრად დაუხვდებოდა, ამის შემდეგ უკვე იწყებოდა ტელეფონის ნომრების გაცვლა და შეხვედრის დათქმა სადმე, მოფარებულ ადგილას. ხოლო თუ კომენტარის ავტორი დაშინდებოდა, არც ნომერს გასცემდა და არც საჩხუბრად გავიდოდა, უახლოეს პოეზიის საღამოზე (იცოცხლე, საღამოებს ყოველ კვირა ვატარებდით) ხდებოდა მისი დაჭერა და გალახვა. მე არავის ვუწერდი უარყოფით კომენტარებს და ყველასთან ვმეგობრობდი, შეიძლება ზოგიერთებს ლექსები არ უვარგოდათ, მაგრამ სულაც არ იყვნენ ცუდი ბიჭები.
ახლა დავსერიოზულდეთ: ავტორი, რომელსაც მშვიდად არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა, საერთოდ არ მიმაჩნია შემდგარ მწერლად ან პოეტად. ნეგატიური კრიტიკის შემთხვევაში ავტორს ყოველთვის რჩება გადამწყვეტი უპირატესობა: არ ეთანხმებოდეს, და სულაც არაა აუცილებელი ამისი ხმამაღლა და უხეში ფორმებით აფიშირება. აქსიომა: ავტორის სიმშვიდე მისი თვითრწმენისა და სიძლიერის დამადასტურებელია. გული მიკვდება, როცა ფეისბუქზე უამრავი ლაიქით და გაზიარებით ნირვანაში მყოფი კარგი ავტორის სამარცხვინო რეაქციას ვაწყდები, როცა ვინმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამს მის ტექსტთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ პატივისცემა მეკარგება ასეთი ავტორისადმი.
არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენში კრიტიკა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო რაც არსებობს, მეტწილად, ტენდენციურია და ავტორთან კრიტიკოსის მეგობრობა განსაზღვრავს, ან სულად დაკვეთით იწერება. არსებობს მესამე მოტივიც: პირფერობა და პირადი გამორჩენის იმედი.
ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ძალიან კარგი თანამედროვე პოეტის (და ლიტწრეებში დიდად მიღებული კაცის) ძალიან კარგი წიგნიდან ძალიან კარგი ლექსები დავდე ჩემს ფეისბუქგვერდზე, ერთმა ძალიან კარგმა, თუმცა მაშინ ნაკლებად ცნობილმა მწერალმა ყველა ლექსზე დააფიქსირა თავისი უარყოფითი და, ერთგვარად, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ამ ტექსტებისა და მათი ავტორისადმი. დღეს ხსენებული პოეტი ხსენებული მწერლისთვის ერთ-ერთის საუკეთესო პოეტია, იმიტომ კი არა, რომ პოეტმა უკეთესად წერა დაიწყო. არა. უბრალოდ ისინი ახლა მეგობრები არიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ეს მიხარია, რადგან ხსენებული მწერლის დამოკიდებულება ხსენებული პოეტის შემოქმედებისადმი აბსოლუტურად სწორია, უბრალოდ ეს არის ტიპური მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
დაბოლოს: ვისთვის იწერება კრიტიკა?! რა თქმა უნდა, მკითხველისთვის. ზოგიერთს ჰგონია, რომ კრიტიკა მწერლისთვის იწერება, კრიტიკამ მწერალი უნდა გაზარდოს და ა.შ. ეს სისულელეა, ლიტერატურა სპორტი არაა, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს, ეს ის ხელობაა, სადაც სწავლება არა რჩევის, არამედ მაგალითის მიცემით ხდება.
ფოლკნერი ამბობდა: მირჩევნია შეცდომა დავუშვა, ვიდრე სხვისი რჩევა გავითვალისწინოო. ჩვენის მიხვედრილობით კი უფალ უილიამს უფრო დაეჯერება, ვიდრე კრიტიკის არსებობის ისტორიაში ერთად აღებულ ყველა კრიტიკოსს.

 

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სამოქალაქო ჩართულობა

0

სამოქალაქო განათლება ან მოქალაქეობის სწავლება სამოქალაქო ჩართულობის აუცილებელი  წინაპირობაა. რა არის სამოქალაქო განათლება? ლინმა (2015) შეაჯამა სამოქალაქო განათლების შესახებ ლიტერატურა და წარმოადგინა ქვემოთ მოყვანილი სამი განმარტება:

 

  1. 1. მოქალაქეობის სწავლება ნიშნავს სასწავლო პრაქტიკას, წარმოდგენილს ისეთი სასწავლო აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიულ აზროვნებას;

 

  1. 2. მოქალაქეობის სწავლება მოიცავს როლურ თამაშებს, როგორიცაა მაგ. დებატები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ კრიტიკულად მიუდგნენ და გაიგონ დემოკრატიის აბსტრაქტული კონცეფციები;

 

  1. 3. მოქალაქეობის სწავლება შეიძლება შეიცავდეს მომსახურების სწავლების პროგრამებს, სადაც ახალგაზრდები ეხმაურებიან საზოგადოების საჭიროებებს მომსახურების პროექტის შემუშავებისა და განხორციელების გზით.

 

ვიდრე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის კონკრეტულ გზებს განვიხილავთ, შევჩერდეთ სამოქალაქო ჩართულობას, ახალგაზრდების შედეგებსა და ბავშვის აღზრდას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. ბავშვის აღზრდისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის კვლევა ფოკუსირდებოდა მშობლების ოთხ ქცევაზე: სამოქალაქო ქცევის მოდელირება, სამოქალაქო ღირებულებებზე ყურადღების გამახვილება, პოლიტიკური დისკუსიების ქონა და ხელშემწყობი საოჯახო გარემოს უზრუნველყოფა.

 

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ ინფორმაციას, იყვნენ თვითკრიტიკულები და მზადმყოფნი ახალი გამოცდილებების მისაღებად, ჰქონდათ უფრო მაღალი შედეგები სამოქალაქო ჩართულობასა და ახალგაზრდობის პოზიტიურ განვითარებაში (მაგ. კომპეტენცია, ცოდნა, ხასიათი, დამოკიდებულება და ზრუნვა). სხვა კვლევებმა უჩვენა, რომ სათემო ჩართულობას შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს ახალგაზრდობის მენტალურ ჯანმრთელობაზე. კვლევამ, რომელიც მარგინალიზებულ ახალგაზრდებზე იყო ორიენტირებული, გვიჩვენა, რომ მშობლებისა და თანატოლების მხარდაჭერამ  შესაძლოა ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ახალგაზრდების რწმენას, რომ შეუძლიათ ცვლილებების განხორციელება და მათ სურვილს, იმუშაონ საზოგადოებრივი სამართლიანობისათვის.

 

როგორ შეუძლიათ მშობლებსა და მზრუნველებს ხელი შეუწყონ ახალგაზრდებში მოქალაქეობის სწავლებას და სამოქალაქო ჩართულიბას? აი, რამდენიმე იდეა:

 

  1. 1. მშობლებმა და მზრუნველებმა პირველ რიგში საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვან:

 

ა. რამდენად ხშირად ვსაუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე ან ახალ ამბებში მოსმენილ შემთხვევებზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან?

 

ბ. რამდენად ხშირად განვიხილავდით პოლიტიკას ოჯახში, როდესაც პატარა (ახალგაზრდა ან თინეიჯერი) ვიყავით?

 

  1. 2. დაუსვით ახალგაზრდებს კითხვები მიმდინარე მოვლენების შესახებ ისე, რომ ხელი შეუწყოთ კრიტიკული აზროვნების უნარებისა და ემოციური კომპეტენციის განვითარებას.

 

  1. 3. განამტკიცეთ ახალგაზრდების ცხოვრებისეული გამოცდილება და პერსპექტივა სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებაში. მაგ. ნუ იქნებით უყურადღებო და ნუ უგულვებელყოფთ მათ ფიქრებს.

 

  1. 4. დაეხმარეთ ახალგაზრდებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები სოციოპოლიტიკურ მოვლენებზე და წაახალისეთ დემოკრატიული დიალოგი.

 

  1. 5. მიეცით უფლება გოგონებს ჩაერთონ სოციალურ ქმედებებში. ბიჭები ხშირად სოციალიზდებიან, რომ იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებული, გოგონები კი – რომ დაეთანხმონ არსებულ მდგომარეობას (სტატუს ქვოს).

 

  1. 6. წაახალისეთ ახალგაზრდები, კრიტიკულად იკვლიონ არსებული მდგომარეობა ისეთი კითხვების დასმით, რომლებიც წარმოაჩენს სხვადასხვა თვალთახედვას და ხელი შეუწყვეთ პერსპექტივების ცვლას.

 

  1. 7. წაახალისეთ ახალგაზრდები, გამოავლინონ სოციალური პრობლემა ან საჭიროება თავიანთ თემში და მოახდინონ გონებრივი შტურმი ისეთი მოქმედების გეგმის შესამუშავებლად, რომელიც სხვებთან ერთად მუშაობას გულისხმობს.

 

  1. 8. გააცანით ახალგაზრდებს ადგილობრივი პოლიტიკის აქტორები სათემო და პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრების გზით.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/you-empowered/201712/how-teach-kids-about-civic-engagement

 ჩვენი დუმილი –მოსწავლეების ტრაგედიაზე ანუ ,,ორი თავი’’

0

სიკვდილზე ბევრი დამიწერია.  ახლა აღარ ანუ უფრო ზუსტად, ვეღარ დავწერ. არის სიკვდილები, რომელიც ისე მტკივნეულია,  ფიქრს არიდებ.  თან უამრავი სიტყვა დაიხარჯა უკვე.

სხვა რამის თქმა მინდა. ესეც ითქვა, ოღონდ ცოტა ვრცლად ვეცდები:

ხშირად მოგიკრავთ ხოლმე ყური, როცა ვინმე დაშავდება ან მოკლავენ, მივლენ, იქვე  შემსწრეს კითხავენ რამეს და ის პასუხობს: არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. და მერე სახლში შესული ალბათ იტყვის – ორი თავი ხომ არ მაქვს, თან ამით არაფერი ეშველებათ იმ საწყლებს.

მე კიდევ მგონია, რომ ჩვენი – ჩემი და თქვენი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ არაფერი არ ვიცით ან უფრო ზუსტად ვიცით და თავს ვიტყუებთ. ვიცით, მკველობამდეც, მკვლელობისას და მკვლელობის შემდეგ. ვიცით, რომ ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, ჯერ არსად გამქრალა და მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ვდუმვართ.  ვდუმვართ ასე, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ იქცევა.

აბა, ორი თავი ხომ არ გვაქვს?  არადა – დიახ! ორი თავი უნდა გვქონდეს, ორი და ხუთიც და ათასი თვალი, რომ ერთამენთი და ეს ქვეყანა ამ ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. ორი თავია საჭირო. აქ და ახლა. სხვების, გადარჩენილების სიცოცხლისთვის!

ამ გულგრილობამ ქვეყანაში თაობები გამოტოვა. ამ ცხოველურმა თვითგდარჩენის ინსტიქტმა – ყველაზე მშიშარა ხალხის საქმემ. იყო დრო, როცა სიკვდილმა ლამის ტრაგიკულობა დაკარგა, იმდენად საბითუმო გახდა. საბითუმო კი არა, ლამის საბუთი გახდა – ციხეში შემავალ კარში კაი ტიპობის დამადასტურებელი.

ჩვენ ახალი დროის ადამიანები გვქვია და თუ მართლა გვქვია, ეს მოჯადოებული წრე უნდა დავძლიოთ.

მაინც თქვენი იმედი მაქვს – იმ ხალხის, რომელთა სახელიც ამ გამოცემას ჰქვია. ვცადოთ.

არაფორმალური განათლება სკოლაში

0

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რაიონებსა და რეგიონებში ძალიან ბევრი ახალგაზრდული მუშაკი გამოჩდა. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარ თემში არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეცვალონ: აწყობენ შეხვედრებისთვის სივრცეებს, საკუთარი და მოზიდული სახსრებით არემონტებენ ბიბლიოთეკებს, მედიათეკებს; თანასწორგანმანათლებლობის პრინციპით, ცდილობენ, დაეხმარონ თანატოლებს საჭირო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებასა და გამოყენებაში.

თუმცა, სახელმწიფო დონეზე, ამ ტიპის აქტივობები საკმარისი არ არის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მოსწავლეთა ნაკლებტოლერანტულობაზე, ნაკლებინფორმაციულობასა და განსხვავებულის მიმღებლობის დაბალ მაჩვენებელზე.

სასკოლო მასალა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება, მეტ-ნაკლებად ახერხებს ამ კომპეტენციათა განვითარებას, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რამდენად ინფორმირებულები, მიმღებლები არიან თვითონ მასწავლებლები, ფასილიტატორები, ეს კიდევ ერთ პრობლემად წარმოგვიდგება. პროცენტული მაჩვენებლით, მასწავლებელთა საშუალო ასაკი საქართველოში შემდეგნაირად გამოიყურება:

მასწავლებელთა დიდ ნაწილს, რომელიც მაღალ ასაკობრივ კატეგორიაშია, არ აქვს ციფრულ-ტექნოლოგიური უნარები, შესაბამისად, ეს ჯგუფი მოკლებულია იმ ინფორმაციულ სიკეთეებს, რომლებიც ამ კომპეტენციის არსებობის შემთხვევაში უნდა მიეღო და გაევრცელებინა. საბოლოოდ, გამოდის ის, რომ თუნდაც სასკოლო რეალობაში, მოსწავლემ იცის, რა მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1921 წელს, თუმცა ამ საკითხზე მასწავლებლისგან არ სმენია თანამედროვე ისტორიკოსების, მეცნიერების მოსაზრებები.

განათლებაში მცირე ფინანსური რესურსი ის საკითხია, რომელიც სხვადასხვა პოლემიკის დროს ხშირად მოჰყავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამამართლებელ არგუმენტად. ამ შემთხვევაში, ასევე არახელსაყრელ ვითარებაშია და კიდევ უფრო მეტად საკანონმდებლო პოლიტიკის თუ ფინანსური პოლიტიკის ყურადღების ცენტრში ხვდება არაფორმალური განათლება.

ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა არაფორმალური განათლების მუშაობის საკანონმდებლო დონეზე აღიარება და სკოლებში ახალგაზდრული მუშაკების არსებობის ხელშეწყობა სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით. მოხდებოდა კადრობრივი და მატერიალური რესურსების გაზიარება რეალობის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

საზოგადოებრივ, მოხალისეობრივ საწყისებზე მომუშავე ერთეული პირები თუ ჯგუფები დიდხანს ვერ ახერხებენ კოორდინირებას, თუნდაც იმის გამო, რომ რაღაც მომენტში დგებიან ბევრი პრობლემური გამოწვევის წინაშე: არ აქვთ ადგილი, სადაც შეიკრიბებიან და დაგეგმავენ სამომავლო ღონისძიებებს დ ა.შ. თუ განათლების სამინისტრო ხელს შეუწყობს ახალგაზრდულ მუშაკებს, მათ გაუჩნდებათ სივრცეები სკოლის შენობაში, სადაც მოახერხებენ, როგორც ფასილიტაციას, ასევე ამ პროცესისების დაგეგმვას, უკუკავშირების შეფასებას. სკოლაში კოორდინირებულ და დაგეგმილ აქტივობებს და გაძლიერებულ ახალგაზრდულ კლუბებს კი უფრო მძლავრად შეეძლებათ სკოლის გარეთ, თემში, საზოგადოებაში მოახდინონ ეფექტური ცვლილებები.

 

ცხრილი – https://edu.aris.ge/news/skolebshi-axalgazrda-maswavleblebis-deficitia.html

 

მანჰეტენი, მასწავლებელი, მონაგარი და სხვა – (საახალწლოდ)

0

ერთი ძველი ანდაზაა – „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“. ძველების დალოცვა-დადიდებაშიც მომიკრავს ყური: „შემოდგომა – ღალიან-ბარაქიანი, პურ-წყლიანი, ზამთარი – ნებისა, რგებისა, ზაფხული – მშვიდობისაო…“ სოფლად თუ ქალაქად, მინდვრად თუ კაბინეტ-სამსახურად ყველაზე მომქანცველი სწორედ წელიწადის ეს დროა. ვითვლით „წიწილებს“ და მთელი წლის ნაჯაფ-ნაოფლარს ვაფასებთ. აბა, რა ბიჭები და გოგოები ვიყავით, როგორ ვიშრომეთ, რა შევძელით, რა დაგვრჩა გაუკეთებელი. და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკეთებთ სატრაბახოდ. დღევანდელი ყოფის რიტმი აღარ გვაძლევს საშუალებას, ზამთარი მარტო „ნებისა და რგებისა“ იყოს. წლის მონაგარის დათვლა-გადათვლას სინამდვილეში ერთი მთავარი მიზანი აქვს – რა ვქნათ შემდეგ წელს. დიახ, მრავალმილიონიან მანჰეტენზეც და ორკომლიან სოფელ მათურაშიც პირველი თოვლის ჩამოყრისთანავე მთავარი საფიქრალი ეს არის.

ცხადია, არც ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ არიან გამონაკლისები. ყოველი წლის ბოლოს რედაქტორი ჟურნალ-გაზეთის მთელ ამქარს ქალაქგარეთ წაგვასხამს ხოლმე წიწილებივით  და გვიკითხავს ლექციებს – ხან გვაქებს, ხანაც გვტუქსავს. წელსაც გუდაურში მოგვიწია თავყრილობამ. თბილისში არაფრად დაგვტოვა – ემანდ არავინ მოიმიზეზოს, სახლში აბოჟირებული ბალღები მელოდებიან და ადრე უნდა წავიდეო. ის კი არა, შარიანი რედაქტორის შეშინებულმა, ზოგიერთმა ბალღებიც თან იახლა.

ჰოდა, ვისხედით ორი დღე გუდაურში საფიხვნოზე და ვითვლიდით ჩვენს „წიწილებს“… თემას ოდნავ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ საწარმოში ვმუშაობდი. არ შემრცხვება იმის თქმის, რომ ფრიად საჭირო და ერთობ ხარისხიან პროდუქციასაც ვუშვებდით, მაგრამ მის წარმოებაზე არ გვადგებოდა იმდენი ჯაფა, რამდენიც მის გაყიდვაზე. ამიტომ ძირითად პროდუქტთან ერთად რეკლამას რეკლამაზე ვაცხობდით. სამწუხაროდ, დღეს რამის გაყიდვა რეკლამის გარეშე შეუძლებელია.

თუმცა ამ მოთუხთუხე ბიზნესინდუსტრიასაც აღმოაჩნდა გამონაკლისი. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ა. გინახავთ სადმე მისი რეკლამა? არა. ვერც ნახავდით, რადგან ასეთი რამ ამქვეყნად არ არსებობს. როგორ „იყიდება“?  Google Content Analytic-ის ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ 2017 წელს 1 077 065 სტუმარი ჰყავდა, მათგან 513 728, ინტერნეტის ენაზე რომ ვთქვათ,  უნიკალური მომხმარებელი იყო.  სულ კი მიმდინარე წელს 5 072  831 სტატია ჩამოიტვირთა!!! დაუჯერებელია, მაგრამ Google-ის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა უხერხულია.

შეხვედრას დავუბრუნდები. რედაქტორმა ბოლოს სიტყვა ჩვენც გვათქმევინა. მესამეკლასელებივით სათითაოდ აგვაყენა ფეხზე  და საგულდაგულოდ გამოგვკითხა, რა გვედო გულში მომდევნო წლისთვის. ერთი ჩემი კოლეგა-ბლოგერი, ღვინისა (სომელიეა) და სპორტის ერთნაირად ზედმიწევნით მცოდნე და გულშემატკივარი, სკოლებში სპორტული ბაზების ბედით დაინტერესდა – ვინა თქვა ჯანსაღი ცხოვრება ბურთისა და მოედნის გარეშეო. მართალია, ვერ შეეკამათები.

მაგრამ კიდევ ერთი ძველი ანდაზა უნდა გავიხსენო: „ყველა თავისას ჩიოდა, მენახირე – ბუზალაკსაო“.  ამ შემთხვევაში მენახირე მე ვარ, ხოლო ბუზალაკი – ქიმიის ლაბორატორიები, რომლებიც ბევრ სკოლაში ან არ არის, ან უფუნქციოდაა მიტოვებული. არადა ქიმიის სწავლება ლაბორატორიის გარეშე ვერ მოხერხდება. არ მიწყენს ლევანი და იმასაც ვიტყვი, რომ ყმაწვილმა ბურთი შეიძლება  ქუჩაში ან სპორტულ მოედანზეც ითამაშოს, თუ სკოლაში ვერ შევუქმნით სათანადო პირობებს, მაგრამ ქიმიის ლაბორატორიას სად ნახავს?

საბედნიეროდ, ქიმია იმდენად მდიდარია ექსპერიმენტებით, რომ ყოველთვის, ყოველგვარ პირობებში შეიძლება გამოსავლის პოვნა. ყოფითი საგნებითა და უვნებელი საკვებითაც არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება და სულ არაფრის ჩვენებას, ეს სჯობია. არადა ბევრ სკოლაშია ქიმიური ჭურჭელი. სკოლის ადმინისტრაციის ცოტაოდენი მონდომებაა საჭირო, რომ ასეთი სკოლები ქიმიური რეაქტივებითაც მომარაგდეს.  თუ ვინმეს უფრო მეტის სურვილი გაუჩნდება, ლაბორატორიული ამწოვი კარადის აწყობასაც შეძლებს. არ არის ეს მეტისმეტად ძვირი. თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო. აქ ფინანსები მეორეხარისხოვანია. მთავარი სხვა რამაა.

თემურ ჩხეტიანისა არ იყოს,  მთავარი წადილია, თორემ

„სულ ადვილია, გამოიხმო მანჰეტენი

აქ, ამ დაკარგული ქვეყნის ერთ, მივიწყებულ სოფელში,

აი, ამ ეზოში,

როცა შემოდგომის მიწურული

ასეთი მზიანია და ასე თბილია“.

არ გჯერათ? ესტუმრეთ თემურს სოფელ ვაჩნაძიანში და დარწმუნდებით.

სენსორული ინტეგრაცია – რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა და მასწავლებლებმა?

0

ამას წინათ ელფოსტით წერილი მივიღე. ადრესანტი მწერს, რომ მის შვილს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა აქვს და ინფორმირების კუთხით დახმარებას საჭიროებს. 8 წლის ბიჭის დედა წუხს, რომ მისი მეორეკლასელი შვილი ზემოთ ნახსენები პრობლემის გამო გაკვეთილზე ვერ ჩერდება, აქვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, აღარ იცის, რა ქნას. ამ ფონზე იწყებს გაკვეთილზე სიარულს, ვერ აკონტროლებს თავს, თუმცა ზოგჯერ ამით მანიპულირებს კიდეც. ამ მიზეზების გამო იღებს შენიშვნებს. შენიშვნებს იღებს მაღალი იმპულსურობისთვისაც. შედეგად კი  თვითშეფასება ძალიან დაუდაბლდა. შეკითხვაზე, თუ როგორი მგრძნობელობა ახასიათებს ბიჭს – გაძლიერებული თუ შემცირებული, დედა პასუხობს, რომ არეული აქვს. ვესტიბულარული მაღალი აქვს, ხელებზე ტაქტილური – დაბალი.  სკოლას, რომელშიც იგი სწავლობს, არ ჰყავს სპეცმასწავლებელი, თუმცა ჰყავს ოკუპაციური თერაპევტი.  დედა ამბობს, რომ ბავშვის პრობლემის გამო მასწავლებელი დაბნეულია, ვერც ოკუპაციური თერაპევტი უწევს გაკვეთილზე დახმარებას, ამიტომ პრობლემა პრობლემად რჩება და აღარ იცის, სასწავლო პროცესში საკუთარ შვილს როგორ დაეხმაროს.

რა თქმა უნდა, რთული და თითქმის შეუძლებელია ერთი მონაწერის პასუხად ზუსტი რეცეპტების გამოძებნა, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ცოდნის შეგროვება და ინფორმირების მიზნით შეთავაზება. მით უფრო, რომ შეიძლება თითოეული ჩვენგანის გარშემო ცხოვრობდეს ბავშვი, რომელთა მოძრაობები უხერხული და ნაკლებად ზუსტია; რომელსაც კალმის ამოღება ან  საღებავების გახსნა უჭირს, როდესაც ყველა დანარჩენი უკვე წერს ან ხატავს; წყალი ეღვრება, ზედაპირის შემშრალებისას კი მკლავები უსველდება და ამას ვერ ამჩნევს; ხშირად აზიანებს ნივთებს, ზედმეტად აწვება ფანქარს ან კალამს, დაფაზე წერისას ხელში ატყდება ცარცი, ხშირად იზიანებს კანს და ამას ვერ გრძნობს. თავს იცავს შეხებისგან და ვერ აცნობიერებს თვითდისკომფორტის მიზეზებს. ამგვარი შემთხვევების უკეთ გასააზრებლად კი ნამდვილად დაგვეხმარება სენსორული ინტეგრაციის არსისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიების გაცნობა და შესწავლა.

სენსორული ინტეგრაციის არსი

სენსორული ინტეგრაცია, ანუ სენსორულ სტიმულთა გადამუშავება არის რთული პროცესი, რომლის დროსაც ადამიანის ნერვული სისტემა ღებულობს ინფორმაციას ყველა გრძნობის რეცეპტორიდან (შეხება, ვესტიბულარული სისტემა, პროპრიოცეპცია, ყნოსვა, გემო, მხედველობა,  სმენა და ინტეროცეპცია). შემდეგ კი გადაამუშავებს, აწესრიგებს და ინტერპრეტირებს იმგვარად, რომ მათი მიზნობრივი და ეფექტური ამოქმედება შეძლოს. სენსორული ინფორმაციის გადამუშავება ხდება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, ხოლო სენსორული შეგრძნებების გაერთიანების შედეგია რეაქციის განსაზღვრული ტიპი, რომელსაც ადაპტაციური პასუხი ეწოდება.

ვესტიბულური სისტემა ეყრდნობა ყურში განლაგებულ რეცეპტორებს და პასუხს აგებს ტვინისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორიცაა თავის მდგომარეობა (მოძრაობს თუ არა თავი, რა მიმართულებით და რამდენად სწრაფად). პროპრიოცეპტული სისტემა ეყრდნობა რეცეპტორებს, რომლებიც განთავსებულია კუნთებსა და მყესებში და იგი აწვდის ტვინს ინფორმაციას ადამიანის სხეულის სივრცეში განთავსების შესახებ. ასე სხვა შეგრძნების ორგანოებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწვდიან სენსორულ ინფორმაციას, რომელსაც გადაამუშავებს და ჩვენს ქცევას შესაბამის ორგანიზებას უწევს. ყოველ ჩვენგანს აქვს სტრატეგიები, რომლითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს სისტემას ამოცანის შესრულებაში. ეს ისეთი ქმედებებია, რომელთაც მათზე ფიქრის გარეშეც კი ვასრულებთ.

ტერმინის ისტორია

იმით, თუ როგორ ახდენენ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე სენსორული ინტეგრაციის პროცესები და მოძრაობის დაგეგმვის დარღვევები, პირველად (1902 წელს) სერ ჩარლზ შერინგტონი (sir Charles Scherington) დაინტერესდა და ტერმინი „სენსორული ინტეგრაციაც“ მანვე შემოიტანა. სენსორული ინტეგრაციის თეორიას კი საფუძველი დაუდო დოქტორმა ა. ჯინ აირსმა (A. Jean Ayres), რომელმაც XX საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, განვითარების ფსიქოლოგიის, სწავლების ფსიქოლოგიის, ნეირობიოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის სფეროდან ლიტერატურის  გაცნობითა და საკუთარ კლინიკური გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ჰიპოთეზები, რომლებიც მიუთითებდნენ ფსიქონევროლოგიური ფუნქციის იმპლიკაციას ბავშვის ქცევასა და სწავლებაში. იგი დაინტერესდა და დასმული ჰიპოთეზების შესამოწმებლად ააგო საკვლევი მეთოდები, ჩაატარა მთელი რიგი კვლევებისა, რომელთა შედეგებიც რამდენიმე ათეულ პუბლიკაციაში გამოაქვეყნა (1967, 1974, 1975). ოცდაათწლიანი შრომის საფუძველზე, ნეირო-მეცნიერებისა და ოკუპაციური თერაპიის შესახებ ცონდის გაერთიანებით შეიქმნა სენსორული ინტეგრაციის თეორია, შეფასებები და მკურნალობის საფუძვლები, რომლის საფუძველშივე თეორია ასწავლის, რომ ბავშვების მუშაობა თამაშია. თამაშის საშუალებით ბავშვები სწავლობენ საკუთარი თავისა და გარე სამყაროს შეცნობას. სენსორული ინტეგრაცია ხდება მაშინ, როდესაც საგნები, რომლებსაც ისინი ხედავენ, რომლებისაც ესმით და რომელთაც გრძნობენ,  მათთვის მნიშვნელობას იძენენ.

სენსორული ინტეგრაციის დონეები:

I დონე  – შეხებას (როცა ადამიანს ეხება, და როცა მას ეხებიან) აქვს ძალზე არსებითი გავლენა განვითარებაზე ბავშვობაში და მომდევნო პერიოდებში. შეხების შეგრძნება ბავშვისათვის განსაზღვრავს განცდას: წოვა, ღეჭვა, საჭმლის ყლაპვა. დედასთან ახლო კონტაქტი არის ტვინის მიერ ხორციელი კონტაქტიდან მომდინარე შეგრძნებების ინტერპრეტაციის პირველი მცდელობა. სხეული აძლევს ბავშვს საკუთარი თავის შეგრძნების, საკუთარი ფიზიკური სხეულებრიობისა და თვითმყოფადობის პირველ შთაბეჭდილებას. კანი იქცევა საზღვრად, ადგილად, სადაც ბავშვი იწყება და მთავრდება უსაფრთხოდ ყოფნის შეგრძნების წყაროდ და სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბების დვრიტად.

ვესტიბულური და პროპრიოცეპტიული შეგრძნებების ინტეგრაცია ბავშვს თვალის გუგების მოძრაობის კონტროლის, საგანზე მზერის დაფიქსირების უნარს აძლევს, შესაძლებელს ხდის მზერის მოძრავ საგანზე გაყოლებას. გავლენას ახდენს ასაკთან შესაფერისი პოსტურალური რეაქციების ჩამოყალიბებასა (როგორებიცაა, მაგ., მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება, ხოხვა, დგომა, სიარული) და კუნთების დაძაბულობის მართებულ განაწილებაზე. სიმძიმის ძალის შეგრძნება უსაფრთხოდ გრძნობის მეორე წყაროს წარმოადგენს.

II დონე ამ პერიოდში ყალიბდება სხეულის აღქმა, რაც წარმოადგენს მოტორული დაგეგმვის საფუძველს. მყესებიდან, სახსრებიდან, კუთნებიდან, კანიდან და სიმძიმის ძალიდან მომდინარე ინფორმაციების სწორი ორგანიზება გავლენას  ახდენს ორმხრივ კოორდინაციასა და შემეცნებით განვითარებაზე.

III დონე – სენსორული ინტეგრაციის ამ დონის მიღწევა შესაძლებელია წინა ორი დონის მართებულად გავლით. ამ დონისათვის დამახასიათებელი უნარი გამოიხატება სიტყვიერი კომუნიკაციით. ამისათვის კი საჭიროა სტიმული სამი სისტემიდან: ყველა სენსორული, ვესტიბულარული და სმენითი სისტემებიდან.

ისევე, როგორც მეტყველება, ინტეგრაციის დამასრულებელი ეტაპი ადრეულ დონეებზე არის მზერითი აღქმა. იმისათვის,  რომ ის სწორად განვითარდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს მრავალი გამოცდილება: უნდა ეხებოდეს საგნებს, ამოძრავებდეს მათ, გადაჰქონდეს, იგრძნოს მათი სიმძიმე სიმძიმის ძალასთან შეფარდებით.  ამ დონეზე თავს იჩენს ბავშვის უფრო მეტად მიზნობრივი საქმიანობა – მას შეუძლია ამოქმედდეს, განაგრძოს ეს აქტი და მიიყვანოს დანიშნულ მიზნამდე. ამ ეტაპზე იხვეწება აგრეთვე კოორდინაცია „თვალი–ხელი“, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დავალებებში, რომლებიც მოითხოვს ზუსტ მოძრაობას.

IV დონე – ამ დონეზე გამოიცდება, სპეციალიზდება ნერვული სისტემის ფუნქციონირება. ეს ხელს უწყობს სწორი ადაპტაციური რეაქციების განვითარებასა და წარმოშობას. სპეციალიზაცია შესაძლოა მოიცავდეს ხელის მანუალურ ფუნქციებს, ტვინის ნახევარსფეროთა ლოგიკურ-ენობრივ ან წარმოსახვით ფუნქციებს. სენსორული ინტეგრაციის საბოლოო შედეგია კონცენტრაციისა და რეალობის ორგანიზაციის უნარი.

მიუთითებენ, რომ სენსორული ინტეგრირების გადმოსახედიდან სწავლას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი ზუსტ სენსორულ ინფორმაციას იღებს, ამუშავებს და იყენებს მას ქცევის ორგანიზებისთვის. ზოგიერთ შემთხვევებში სისტემა საჭიროებისამებრ არ ფუნქციონირებს და პიროვნებას არ გამოსდის შემოსული ინფორმაციის დახარისხება, პრიორიტეტების მინიჭება და, შესაბამისად, გამოპასუხება. როდესაც ბავშვები იღებენ არაზუსტ ან არასანდო სენსორულ ინფორმაციას, ირღვევა მათი უნარი, დაამუშაონ ეს ინფორმაცია და შექმნან შესაბამისი პასუხი (დუნი, 1991). მწირ სენსორულ ინტეგრაციას მივყავართ პრობლემებისაკენ, როგორიცაა ყურადღების გაფანტვა, მოტორიკის კონტროლის დაქვეითება, გადაჭარბებული აქტიურობა; დარღვევები გამოცდილების მიღების, სწავლის, გარემოსა და სხვებთან ურთიერთობის უნარებში. დეფიციტმა შესაძლოა მრავალგვარად იმოქმედოს ქცევასა და შესრულებაზე. მწვავე სენსორული დეფიციტის შემთხვევებში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს, ე. წ. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სენსორული ინფორმაციის დამუშავების დარღვევა. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის მქონე ბავშვები აჩვენებენ მთელ რიგ სიმპტომებს, რომლებიც ხშირად არასწორად არის აღქმული, როგორც ცუდი ქცევა. არადა, როგორც ვნახეთ, ამ ყველაფრის საფუძველი, შესაძლოა, სენსორული შიმშილი იყოს[1].

სენსორული შიმშილი

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ბავშვებს ახასიათებთ ორი ტიპის შიმშლილი: შიმშილი დედის რძისა და შიმშილი შეგრძნებათა გამოცდილებების. ამათგან პირველი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუმცა არც მეორეა სასიცოცხლოდ უმნიშვნელო. გრძნობათა სტიმულაციისთვის შიმშილი პირდაპირ არ კლავს, თუმცა ირიბად მაინც წყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, რამდენადაც ბავშვის ნერვული სისტემა პირდაპირ სწორედ  შეგრძნებით ინფორმაციას ეპასუხება.  ეს მეორე, ბიოლოგიური შიმშილი სენსორული, გრძნობათა შიმშილია, რომელიც ნაკლებად გააზრებულია ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც აჩვენებს უზარმაზარ ზღვარს არსებულ მოცემულობებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს შორის. მშობლებს მიეწოდებათ ზოგადი რჩევები ჩვილების „ზესტიმულაციისათვის“[2], რათა უზრუნველყონ ძილი და მშვიდი ქცევა, თუმცა 1950-60-იანი წლებიდან მომდინარე  ბიჰევიორიზმის შეხედულებების მიერ (იგულისხმება, ე.წ. პირველი ტალღის ბიჰევიორისტული სტრატეგიები) ნეირომეცნიერებების მნიშვნელოვანი ასპექტები და უახლესი მიღწევები უგულებელყოფილი და დაგმობილია. არადა, ამ მიდგომებით ცხადი ხდება, რომ სტრესები, რომელსაც ადრეულ ასაკში სენსორული შიმშილი იწვევს, მოზრდილობის ასაკში ხშირად მეორდება და მათი უკუეფექტები ცხოვრების მანძილზე ქრონიკულ პრობლემად რჩება[3].

ბავშვი  ერთნაირად ტირის და ჩივის საკვებით შიმშილისა და შეგრძნებითი (სენსორული) შიმშილის დროს. დედის რძის შიმშილი და სენსორული დიეტა ნერვულ სისტემაზე ციფერბლატს ერთდაგვარად ამუშავებს. ტირილი და წუწუნი არასაკმარისი სენსორული სტიმულაციის შედეგია. მნიშვნელოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვილები, რომლებსაც სხეულზე შეხების გზით დღეში 10 საათს ეკონტაქტებიან, ორჯერ ნაკლებად ტირიან იმ პატარებთან შედარებით, რომლებიც მშობლებთან ფიზიკურ კონტაქტს 24-საათიანი პერიოდიდან მხოლოდ 6 საათის მანძილზე განიცდიან[4]. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ პატარა ბავშვის ძილი და პირველ წლებში ცხოვრებისადმი მისი სწორი დამოკიდებულებები თავიდან აგვაცილებს „ზესტიმულაციას“, არ გამოიწვევს ძილის ჩვევის აფექტებს, ხელს შეუწყობს ტვინის ნორმალურ განვითარებას და დამოუკიდებლობას გვიან ბავშვობაში[5].

ზოგიერთ ბავშვს სხვებთან შედარებით მაღალი სენსორული მოთხოვნილება აქვს, თუმცა ყველა მათგანს მოეძალება თუ გაუმძაფრდება სხვადასხვა შეგრძნება ან შეგრძნების სურვილი, მსგავსი შეხებისა, მზერისა, სხეულზე დაწოლისა და მიკარებისა, მოსმენისა, მოძრაობისა, სითბოსი, ყნოსვისა, დაგემოვნებისა[6]. მშობლობა ძალიან გაიოლდება, თუკი ყოველ ჯერზე გონივრულად შევიცნობთ ბავშვის სენსორულ საჭიროებას, როგორც სამომავლო ინვესტიციას. ამისთვის კი აუცილებელია სახლის მოსაწყენი ოთხი კედლიდან მათი გაყვანა და ჩვენს სენსორულ საჭიროებებთან დაკავშირება სოციალური კონტაქტურობისთვის, ვარჯიში, სეირნობა, სხვადასხვა ამოცანის დასახვა და შესრულება, ყოველდღიურად სასიამოვნო აბაზანის შეთავაზება, ჯირითი ან რბოლა – ერთი სიტყვით, გასაოცარი სამყაროს საუცხოო შეგრძნებათა კალეიდოსკოპის შეთავაზება –  გვირჩევენ ამერიკელი ნეიროფსიქოლოგები.

თუკი ბავშვს დაბადების წლებიდან ვეხმარებით ნატიფი და მსხვილი მოტორიკის სწორი განვითარებით, ამ შემთხვევაში მას აქვს წარმოდგენა საკუთრი სხეულის სქემასა და მნიშვნელობაზე. მან იცის რომელი მხარეა მარცხენა და რომელი მარჯვენა, მისი მოძრაობები არის ელასტიური, კოორდინირებული და ზუსტი, რაც ხელს უწყობს ეფექტურ მოქმედებას, ყველა დავალების სწრაფ და ზუსტ შესრულებას. ბავშვი მეტად დამოუკიდებელი ხდება, აქვს უსაფრთხოების განცდა და სამყაროს გაცნობის ახალი შესაძლებლობები. კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა უზრუნველყოფს უფრო ზუსტ და მკაფიო მოძრაობას, რაც განსაკუთრებით წერის დროსაა აუცილებელი. ხოლო როდესაც ეს განვითარება დაგვიანებულია, ამ დროს ისეთი საგანიც კი, როგორიცაა ფიზიკური აღზრდა, ხშირად სტრესის წყაროდ იქცევა და საერთოდ არ არის სიხარულის მომტანი. ყოველი მოქმედება შეიძლება კატასროფული აღმოჩნდეს, თვითონ გაკვეთილი კი კოშმარად ექცეს.

მაშასადამე, სწორედ შეგრძნებების ნაკლებობა იწვევს ტვინში სენსორულ შიმშილს და სწორედ შესაბამისი აღქმები აისახება ადამიანების/ბავშვების არაადეკვატურობასა და ქცევით დარღვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ნერვიულობენ და შფოთვა მაღალია. შფოთვისას კარგად ჩანს არავერბალური მოძრაობები. ამ დროს კი სენსორული გამღიზიანებლები შეიძლება იყოს შფოთვის შესამცირებელი საშუალება.

ქართველი ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ერთგან ამბობს: შევამჩნიე, რომ მოზრდილი, გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების რიგი დგას წელვადი სათამაშოების დახლებთან. ამის მიზეზი არის ის, რომ ამცირებს შფოთვას. მეორე ის, რომ ბავშვებს სენსორული შიმშილი აქვთ. ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს? ან ეზოში ვინ დარბის? ეზოში თუ არიან, ძირითადად სხედან და ჭორაობენ. ეს ბავშვები ძირითად დროს ან სკოლაში ატარებენ ან კომპიუტერთან, ამიტომ აქვთ სენსორული შიმშილი. ამ ფონზე ასეთი ტიპის ფაქტურები მათთვის მიმზიდველია. ბუნებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ამას ტყლარწი ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ, როცა თბილისში ხე და ბალახი აღარ არის, ტყლარწი არაუშავს“ ვარიანტია იმისათვის, რომ ბავშვებმა ეს შეგრძნებები მოიწესრიგონ. მისი თქმითაც, საჭიროა, რომ ბავშვებს ბუნებასთან კონტაქტი ჰქონდეთ და სპორტით დაკავდნენ.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევა

დავაკვირდეთ შეხებაზე ზემგრძნობელობის სიმპტომებს, როგორიცაა:

  • არ უყვარს თმის დავარცხნა, ნერვიულდება დავარცხნისას;
  • შეხებისაგან თავის არიდება, შეხტომა შეხებისას;
  • სხეულის იმ ადგილებზე შეხების თავიდან აცილება, რომლებშიც უხვადაა შეხების რეცეპტორები (სახე, თავი, მხრები);
  • ბავშვს არ უყვარს სახის დაბანა;
  • ცუდად რეაგირებს ჩაცმაზე, ურჩევნია ჩააცვან „თავიდან ფეხებამდე”;
  • არ უყვარს ფეხშიშველი სიარული;
  • ფრჩხილების დაჭრა;
  • სხვა ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტი. უყვარს, როცა თვითონ ეხება, როცა მას ეხებიან – არა;
  • არ უყვარს, როცა მას ზურგიდან უახლოვდებიან –ამას ხიფათად აღიქვამს;
  • თავს არიდებს ბურთის დაჭერას, განსხვავებულად უჭირავს ფანქარი, ცარცი;
  • ხშირად იჩენს თავს ზოგიერთი საჭმლის კონსისტენციაზე ორალური არატოლერანტულობა;
  • თავის არიდების დამახასიათებელი განწყობა – „არ მიყვარს ამის კეთება”;
  • ზეაქტიურობა;
  • მეორე ადამიანის სიახლოვეზე ტოლერანტულობის დაბალი ზღვარი (საუბრის სფერო, ინტიმურობის სფერო);
  • უყვარს ფართო ტანსაცმლის ტარება, გრძელი მკლავები და სხვ.
  • შესაძლოა განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს ზოგიერთი ტიპის ქსოვილის მიმართ;
  • არ უყვარს სველი მასალებით მუშაობა (მარილის ცომი, პლასტელინი, წებოვანი საღებავი).

თუ ამ სიმპტომების 50% თუ მაინც ვლინდება, უნდა ვისაუბროთ ბავშვის ზეგმრძნობიარობაზე, ხოლო  შეხებაზე ქვემგრძნობელობა დამახასიათებელია მაშინ, როდესაც არსებობს შეხების იმპულსის რეგისტრაციის გადახრა. მაგალითად:

  • საჭმლით დასვრილი პირი;
  • ბავშვი ხშირად აფუჭებს სათამაშოებს;
  • ზედმეტად აწვება ფანქარს ქაღალდზე;
  • ხშირად ზიანდება და ვერ გრძნობს ამას;
  • გრაფესთეზიის ტესტში (კანზე შეხება) ვერ არჩევს მის კანზე გამოყვანილ ფიგურებს.

ან თავდაცვა შეხებაზე:

  • დამახასიათებელი ნიშანია მოტორული აქტივობის ზრდა (თავდაცვითი – პროტოპატიული სისტემის სტიმულაცია);
  • ზოგჯერ ცალკეული, დაწყებითი სტიმულები არ იწვევს რეაქციას, მაგრამ მათი დაჯამება სივრცესა და დროში, შესაძლოა არასასურველი რეაქციების მიზეზი გახდეს.

პირები, რომლებსაც აქვთ თავდაცვა შეხებაზე, ვერ აცნობიერებენ თვითდისკომფორტის მიზეზებს[7]. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ფუნქციონირებას დაზიანებულს ვერ დავარქმევთ, ამიტომ დისფუნქციას უწოდებენ.

როგორ დავეხმაროთ?

თითოეულ ადამიანს, რომელსაც ახასიათებს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, გააჩნია მისთვის დამახასიათებელი საჭიროება და შეგრძნებითი სირთულე. ამ პრობლემის მკურნალობის გზაზე პირველი ნაბიჯია იმის განსაზღვრა, თუ რომელი შეგრძნების მიმართაა ზე- ან ქვემგრძნობელი. ამის შემდეგ გაწვრთნილ თერაპევტთან მკურნალობა ბავშვებს თუ მოზრდილებს უვითარებთ სტრატეგიებს ბრძოლისა და პრობლემების დასაძლევად. სენსორული ინტეგრაციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეიძლება  შეასრულოს: ოკუპაციურმა თერაპევტმა, ფიზიოთერაპევტმა, ფსიქოლოგმა, ლოგოპედმა, ექიმმა ან პედაგოგმა, რომელმაც (მხოლოდ პოლონეთში) გაიარა სენსორული ინტეგრაციის თეორიისა და თერაპიის ტრენინგი I და II, გამოცდებით და მიიღო სენსორული ინტეგრაციის თერაპევტის სერტიფიკატი. ამ ტრენინგებს ატარებენ საგანგებოდ მომზადებული სენსორული ინტეგრაციის მასწავლებლები და ხანგრძლივობით I – 40 საათი გრძელდება, ხოლო II – 170 საათი; ჯამში 210 საათი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა.

მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს „სენსორულ დიეტას“, რომელშიც აქტივობები სრულდება ნაზი, სახალისო ფორმებით, რათა გაიოლდეს შეგრძნებათა რანჟირება. ეს მიდგომა ძალიან ეფექტურია მათთვის, ვინც შინ მკურნალობს. შეგრძნებების აფექტებზე დამოკიდებულებით თერაპია შეიძლება შეიცავდეს:

  • ფიზიკურ თერაპიას სენსორული ინტეგრაციის მიდგომის (PT-SI) გამოყენებით;
  • მხედველობით თერაპიას თვალის მოტორული უნარების გასაუმჯობესებლად იმათთვის, ვისაც აქვს კითხვის, წერის, ქუჩაში გადაადგილების შერწყმის პრობლემები;
  • სმენითი თერაპია (LT), რომელიც სთხოვს ადამიანებს სმენითი პრობლემებით, მოისმინონ განსხვავებული ბგერითი სიხშირეები და შაბლონები ტვინის სტიმულირებისთვის სხვა მოტორული ამოცანების (როგორიცაა სიარული, ბალანსის დაცვა) შესრულებისას;
  • ფსიქოთერაპია ადამიანებისთვის, რომლებსაც ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური აშლილობა (დეპრესიული აშლილობები, ბიპოლარული აშლილობა და სხვ.) ან გაღიზიანება შფოთვითი სენსორული ინტეგრაციის დარღვევის გამო.
  • მეტყველებისა და ენის თერაპია

ყველა ამ თერაპიის მიზანია ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების გაუმჯობესება. მათ შორის:

  • როგორ ეხები და გეხებიან;
  • როგორ მოძრაობ და ამოძრავდი;
  • ორმხრივი (ბილატერალური) კოორდინაცია (ტანის ორივე მხარის ერთდროული გამოყენებით, მაგალითად, დოლზე დაკვრა და ა. შ.);
  • თვალის მოტორული უნარები (როგორ კითხულობ ან ხედავ ბურთს, რომელიც შენკენ მოდის).

ორივე, ოკუპაციური და სმენითი თერაპია (LT) ეყრდნობა ნეიროპლასტიკურობის პრინციპებს,  რომელიც იბრძვის, რომ ტვინი შეიძლება შეცვალოს გამოცდილებამ. ზოგისთვის ეს გულისხმობს რამდენიმეწლიან თერაპიას, სხვებს კი სჭირდებათ ნაკლები დრო სიმპტომების მართვისთვის.

ზოგ ბავშვს, რომლებსაც თერაპევტებმა წარმატებით გაატარეს სიმპტომების მართვის გზა, აღმოჩნდება, რომ ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა, რამდენადაც ისინი იზრდებიან და აწყდებიან ცხოვრების ახალ გამოწვევებს. კოლეჯებში სწავლამ თუ ცალკეულ სტრესულ სამსახურებში მუშაობამ შეიძლება ახალი სიმპტომი წარმოშვას. დამატებითმა თერაპია და რჩევები კი  დაეხმარება სიმპტომებზე კონტროლის კვლავწარმოქმნაში იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება გარემო და მდგომარეობები.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მკურნალობისთვის მედიკამენტები არ არის რეკომენდებული. ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის კი რეკომენდებულია ნებისმიერი ალტერნატული მკურნალობა კვალიფიციური თერაპევტის ზედამხედველობით.

სენსორული ორგანიზება არის სისტემა, რომელიც იქმნება პაციენტის საჭიროებების პრიორიტეტების გათვალისწინებით იმგვარი გარემოს შესაქმნელად, რომელიც ზრდის პაციენტის ძალას და ამცირებს გამოწვევებს. ეს გულისხმობს ამოცანებისა და რუტინების წინა პლანზე წამოწევას მოკლე და მარტივი ნაბიჯებით, რაც ზღუდავს სენსორულ დაუცველობას და იოლად ზესტიმულირებულ პაციენტს სირთულეებს გადაალახვინებს. თუ არ არსებობს სპეციალისტების დახმარების შესაძლებლობა, შეგრძნებების დარღვევების მკურნალობის შესაძლებლობას სახლის პირობებშიც უშვებენ ბავშვისთვის სტიმულაციის სპეციალური ხელსაწყოების უზრუნველყოფით. მაგალითად:

ჰიპერაქტიულ, სენსორული პრობლემის მქონე ბავშვს მივცეთ სუფთა სარეცხით სავსე კალათა. წავიღოთ სუფთა სარეცხი, დავაწყოთ კალათით იატაკზე, შევიტანოთ ოთახში, გადავარჩიოთ სარეცხი და დავაჯგუფოთ, თითოეულ ჯგუფს მივუჩინოთ თავისი ადგილი.

  • ვთხოვოთ, მიაწვეს საყიდლების ურიკას სუპერმარკეტში ანდა ჩამოიტანოს ჩანთები მანქანიდან;
  • ხან შეიძლება ბუქნების კეთებაც ვთხოვოთ.

შეხებაზე მგრძნობელ ბავშვებს მივცეთ  სამზარეულოს მაგიდასა და აბაზანის კედელზე თითებით ან საპარსი ქაფით ხატვის საშუალება.

შემცირებული მგრძნობელობის ბავშვებისთვის კარგია და ძალიან ეხმარებათ:

  • ცურვა, ცხენზე ჯირითი, ბატუტზე ხტომა;
  • საქანელა – მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად კარგად მშვიდდებიან ქანაობის დროს. ეს შეიძლება იყოს ხეზე ჩამობმული უბრალო თოკი;
  • დასამშვიდებელი განმარტოებული ადგილი – მაგალითად, მოზრდილი მუყაოს ყუთი, რომელშიც ბავშვს დამალვა შეუძლია, რომელშიც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს (ესეთი ყუთი შეგიძლიათ შეღებოთ და გააკეთოთ მისგან სახლი, ციხესიმაგრე ან სხვა რამ);
  • ბავშვის საბანში მჭიდროდ გახვევა;
  • მასაჟის გაკეთება, დაფხანა, დაზელვა და ა.შ.
  • ფეხშიშველი სიარული;
  • არასწორი ზედაპირის მქონე რეზინის ბურთების დაზელა/დასრესა;
  • ვატაროთ თავისუფალი და სრული ტანსაცმელი;
  • მოვათავსოთ ჯიბეში სურნელოვანი პაკეტი, რათა გადავფაროთ გამაღიზიანებელი სუნი ან კაშნეს ტარება, რითაც დაიფარება ცხვირი – ესეც კარგ სტრატეგიად განიხილება.

ხმაურსა ან სინათლეზე ზემგრძნობელ ბავშვებს ვთხოვოთ,

  • ატარონ ხმის დამხშობი ყურსასმენები. ისინი შეიძლება დაგვეხმაროს გარემო ხმაურის დარეგულირებაში;
  • დავრთოთ ბავშვს ნება, ატაროს სათვალე განათებისას და შევასვენოთ ხშირად მაღალ ადგილებში ასვლისას;
  • სამზარეულოში ვიქონიოთ სამზარეულო რეცეპტების წიგნები, რათა შევისწავლოთ ჯანსაღი საკვების მომზადების წესები, რომლებითაც მგრძნობიარე ბავშვებს მივიზიდავთ.

სახლსა თუ სკოლებში მიზანშეწონილია სენსორული ზონების შექმნა. ეს ზონები ბავშვის მგრძნობელობას განტვირთავს და დაეხმარება მას სწავლასთან დაბრუნებაში.

  • დავდგათ ბრინჯით სავსე ყუთი და დავმარხოთ მასში „განძი“, რომელიც უნდა ვიპოვოთ.
  • დავაწყოთ ქსოვილის ბლოკები, ავაგოთ და დავანგრიოთ.

 

ხოლო თუკი ბავშვი აუტისტური სპექტრის თვისებებსაც ავლენს, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ აქტივობები, რომლებიც მათ დაღლით და დამატებითი სტიმულაციის გამომწვევი იქნება. ეს შეიძლება იყოს სპორტის შემდეგი სახეობები:

  • ცურვა, კედელზე ცოცვა, სპორტული აქტივობის სხვა ფორმები;
  • ყოველდღიური გეგმების შედგენა.

 

ამ ტიპის შემთხვევებში რეკომენდებულია, ბავშვს წარუდგინოთ მთელი დღის გეგმა თავისი კონკრეტული დავალებებით და დროით. მაშინ, როდესაც ბავშვი შეხედვით გვეკონტაქტება, ამის გაკეთება პიქტოგრამების (სიმბოლური სურათები) გამოყენებით შეიძლება. გეგმის ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ბავშვს რაც შეიძლება მალე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მან შეძლოს ამასთან შეგუება. გეგმის შეცვლასთან დაკავშირებული სიტუაცია ხშირად სტრესული და მოულოდნელია მშობლისთვისაც. თუ ამას აუტიზმის მქონე ბავშვის სტრესსაც დავუმატებთ, რომელიც ამაში იღებს მონაწილეობას, სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად დაიძაბოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კარგად მოვექცეთ ბავშვს, რომელიც ისედაც განიცდის დღის გეგმაში მომხდარ ცვლილებებს.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დასჯის სისტემას ხშირად დადებითი შედეგები არ მოაქვს. ამიტომ აღმზრდელობითი გეგმები პოზიტიური შედეგების წახალისება-დაჯილდოების სიტემაზე უნდა ავაგოთ. მნიშვნელოვანია, ბავშვი პიროვნებად ჩავთვალოთ და ასე განვუმარტოთ კონკრეტული საქმე, რომელზეც ის იმუშავებს. მაგ.: „არ ავდგე გაკვეთილის დროს“. ჩამოვწეროთ წესები და დავდოთ სავაჭრო ხელშეკრულების მსგავსი შეთანხმება, სადაც ჯილდოების მიღების წესები იქნება გაწერილი. ამისათვის საჭიროა კარგი შეფასების სისტემის შექმნა (თანამშრომლობა მასწავლებლებთან, რათა ყოველ გაკვეთილზე მიაწოდონ ბავშვსა და მშობელს დაწერილი უკუკავშირი).

მიუღებელია მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება ბავშვის დღიურის გზით, სადაც მსგავსი ჩანაწერი შეიძლება იყოს: „მოსწავლე ცუდად იქცეოდა სკოლაში“. ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ დეტალს უნდა მოიცავდეს, რადგან ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები მომხდარი ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ. ჩანაწერი უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს ამა თუ იმ ქცევის სრულყოფილ აღწერას. სამწუხაროდ, ეს მასწავლებლის მხრიდან დიდ ჩართულობას მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელს ხდის სიმართლის მოძიებას და შეთანხმებების აღსრულებას. კონკრეტული რთული სიტუაციები შეიძლება შემდგომ განხილული და აღდგენილი იყოს თერაპიის დროს.

მიჩნეულია, რომ მეტად გამძაფრებული სენსორული მგრძნობელობა ხშირად შეიძლება ზოგჯერ მნიშვნელოვან კოზირს წარმოადგენდეს. აუტისტები ხშირად მძაფრი, დეტალური და წარმოუდგენელი ფოტოგრაფიული მეხსიერებით გამოირჩევიან – იმახსოვრებენ უფრო სწრაფად და უფრო მეტს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი. მათი მგრძნობელობა გემოზე და სუნზე მათ ახალი აქტივობების შესაძლებლობას აძლევს, მაგალითად, მათგან გამოდიან ყავის, ღვინისა თუ სხვა პროდუქტების კარგი დეგუსტატორები. სმენითი მგრძნობელობის წყალობით, მათ ახასიათებთ საშუალოზე უფრო მაღალი დონის მუსიკალური ნიჭი, რაც მათი უზარმაზარი მეხსიერებისა და გამეორების უნარის შედეგად დამატებითი სარგებელის მომტანი ხდება.

მიიჩნევენ, რომ ყველა ასაკში დაეხმარება სირბილი, ცურვა, ბატუტზე ხტომა და საბრძოლო ხელოვნება. ზესტიმულირებული ადამიანები კი შვებას კითხვით, მუსიკის მოსმენით, კატის მოვლითა და მებაღეობით იპოვნიან[8].

როგორ მოვიქცეთ რთულ სიტუაციაში, თუკი ბავშვი გაღიზიანებულია?

სკოლაში ბავშვის დამშვიდება განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში სავსებით შესაძლებელია. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ბავშვის განრიდება სტიმულატორისგან, რომელიც მას აღიზიანებს (მაგ., რესურსოთახსა თუ სხვა მშვიდ ოთახში გადაყვანა ხმაურიანი დერეფნიდან. ასევე შესვენებებზე სასკოლო ბიბლიოთეკაში შესვლა) ან ქცევის გამომწვევი წინაპირობის აღმოფხვრა, თუკი ეს საკლასო ოთახშივე შესაძლებელია. მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, გაერიდოს გამღიზიანებელს.  შეიძლება გავუკეთოთ ხმაურის დამხშობი ყურსასმენები. თუკი კლასში ამის საშუალებაც არ არსებობს, მაშინ მიზანშეწონილი იქნება ჩუმი საკლასო აქტივობის მოფიქრება, მაგ., ტექსტზე ინდივიდუალურად მუშაობა და სხვ. ხოლო კლასის დამოუკიდებლად მუშაობის პერიოდში ინდივიდუალურად ვიმუშაოთ მოსწავლის სპეციალურ საჭიროებაზე.

ყველაზე ხშირი შეცდომები:

  • ბავშვის თავისუფალი მოძრაობისთვის შესაბამისი სივრცის არარსებობა, მაგ. ვიწრო ოთახი;
  • ფიზიკურ და ინტელექტუალურ მეცადინეობებს შორის ბალანსის არარსებობა;
  • დიდი დატვირთვა ინტელექტუალურ განვითარებაზე, მაგ. საბავშვო მოედანზე თამაშის ნაცვლად წასაკითხი დავალებების მიცემა.[9]
  • ნურასდროს ვიტყვით, რომ გვიანია. ყოველთვის იმედით და კეთილგანწყობით დავეხმაროთ ჩვენს შვილს, მის ამხანაგს, მეზობელსა თუ მოწაფეს, განივითაროს ის მოტორული უნარები, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა განევითარებინა; ნუ შევეჩვევით და ნუ შევხედავთ უცხოს თვალებით, ნუ შევატოვებთ განსაცდელს მარტო. ნურასდროს ჩავთვლით საკმარისად იმ პატარა და ერთჯერად ლუკმებს, რომელიც ვერასოდეს დაამარცხებს სენსორულ შიმშილს. ერთმანეთის შეგრძნება ხომ ენდორფინების ის  დიდი ულუფაა, რომელიც ერთმანეთის გასაფატრად დანას არასდროს აგვაღებინებს, პირიქით, გვაბედნიერებს და სიცოცხლის ხალისით გვავსებს.

და კიდევ: 6 თვის შემდეგ წერილის ადრესანტიდან, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, ვისურვებდი, შემდეგი პასუხი მიმეღო:

*„იცით, რომ გითხრათ, რომ მოეხსნა ეს ყველაფერი, მოგატყუებთ. უბრალოდ, თვითონაც და მასწავლებლებიც ძალიან ცდილობენ, გადალახონ იპულსური შემოტევები, არასდროს იყოს უსაქმურად,  და ყოველთვის აკონტროლოს თავი. საკლასო და რესურსოთახებში სენსორული ზონები მოაწყვეს, ბრინჯით სავსე ქილაში მასწავლებლის მიერ ჩადებულ დავალებას ეძებს. ხოლო როდესაც იპოვის, მასწავლებელი ხელში მიკროფონს აჭერინებს და ისე ისმენს მის პასუხებს. ხანაც ბურთს ესვრის და ისე აპასუხებს ბავშვებს. მერხზეც მცირე დაფა და მარკერი უდევს და სხვადასხვა სავარჯიშოებს ხალისით ასრულებს. ერთ კუთხეში ქსოვილის ბლოკები და რბილი სათამაშოები დავაწყვეთ, მათი საშუალებით ყველა კარგად ერთობა, ხან ამოცანებისთვის იყენებენ, ხანაც ცოცხალ ტექსტებს ქმნიან და ასე სწავლობენ. ფანჯრებზე შემოწყობილ ჩითილებსაც აკვირდება და წყალს უსხამს ხოლმე. ასე რომ,  ყოველ გაკვეთილზე დასაქმებული და მოტივირებულია. თუმცა ეს ადვილად მისაღწევი არ იყო, რადგან წუწუნა ტიპია და თავდაპირველად აქტივობებში სწრაფად ვერ ერთვებოდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.  ბათუნა სხვა ბიჭია და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ“.   

 

[1] Rogozinski, R., Sensory integration, PMWSZ in Opole, 2010.

[2] ტერმინი გულისხმობს ბიჰევიორისტულ მიდგომას, რომლის თანახმადაც ბავშვებს ჩვილობიდანვე თავად უნდა ჩამოუყალიბდეთ სტიმულები დამოუკიდებელი გამოცდილებების საფუძველზე, როგორიცაა, მაგ., ცალკე ოთახში ძილი, სასურველ საგნამდე დამოუკიდებლად მიახლოება და მათი დაუფლება და ა. შ.

[3] https://pameladouglas.com.au/blog/babys-sensory-hunger

[4] .            St James-Roberts I, Alvarez M, Csipke E, Abramsky T, Goodwin J, Sorgenfrei E. Infant crying and sleeping in London, Copenhagen and when parents adopt a “proximal” form of care. Pediatrics. 2006;117:e1146-e1155.

[5] Price AM, Wake M, Ukoumunne OC, Hiscock H. Outcomes at six years of age for children with infant sleep problems: longitudinal community-based study. Sleep Medicine. 2012;13 991-998.

[6] https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=-7NeFNFswo0C&oi=fnd&pg=PR9&dq=jean+ayres+sensory+integration+therapy&ots=iLfyCcM8Sj&sig=VjBiln-S_Q-t0avWPWsmSM10P_4&redir_esc=y#v=onepage&q=jean%20ayres%20sensory%20integration%20therapy&f=false

 

[7] რაგოზინსკი, იქვე, 16.

[8] https://www.additudemag.com/sensory-processing-disorder-treatment/

[9] https://miedzykulturowa.org.pl/wp/wp-content/uploads/2016/12/Ulotka-gruz-autyzmprevbost.pdf

 

ცოტა რამ დე ნიროზე, აკასა და „ჩ. ც. დ“-ზე

0

იყო ასეთი ამერიკელი კინორეჟისორი – ჰაროლდ რამისი (მშვიდად განისვენოს, სამი წლის წინ გარდაიცვალა). აქვს მას ერთი ყოვლად წელში გამართული კინოდილოგია („გააანალიზე ეს“, „გააანალიზე ის“) რობერტ დე ნიროს და ბილი კრისტალის მონაწილეობით. ორივე ნაწილში არის უამრავი ძალიან სასაცილო და ოსტატურად დაწერილ-დადგმულ-გათამაშებული სცენა, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს პირველი ნაწილის დასაწყისი, როცა სადღაც, მიყრუებულ ფერმაში, შეკრებილ მაფიოზებს პოლიცია დაეცემა. ძალიან სასაცილოა, როგორ ხტებიან ფანჯრებიდან და სახურავიდან და გარბიან ღიპიანი მაფიოზები. როცა ტელევიზორში ამ ფილმს გადავაწყდები, დასაწყისს რამდენჯერმე ვახვევ ხოლმე. ეს ეპიზოდი ტიპიური მაგალითია კინოში  მაფიოზური მენტალიტეტის დეკონსტრუქციისა. ჰოლივუდმა და უკვე ნახსენებმა დე ნირომ გადამწყვეტი როლი შეასრულეს მაფიოზური ცხოვრების ჰეროიზაციაში („ნათლია“, „ერთხელ ამერიკაში“, „კაზინო“,„დიდებული ბიჭები“ და სხვა), მაგრამ იქ ასეთ ფილმებსაც იღებენ და ამ ფილმებში დე ნიროც მონაწილეობს. თუ რამდენიმე თანამედროვე ქართველ მოაზროვნეს დავუჯერებთ, სწორედ ზემოთ ნახსენებმა მაფიოზურმა ფილმება, სხვა ფილმებთან ერთად, დაღუპა ოთხმოციან-ოთხმოცდაათიან წლებში ქართველი ახალგაზრდობა. ალბათ არის ამაში სიმართლის წილი, მაგრამ არ მიმაჩნია მთლად სწორად, ჩვენი პრობლემები ფრენსის ფორდ კოპოლას, მარტინ სკორსეზეს და ბრაიან დე პალმას გადავაბრალოთ, რადგან მათი ფესვები ჩვენში უფროა საძიებელი.

აკა მორჩილაძის ქუჩური „რომნები“ (როგორც თვითონ იტყოდა) არის მცდელობა ძველბიჭური ცნობიერების დეკონსტრუქციისა, რადგან ყველა მათგანი პაროდიაა, რომელიც ბევრს, უბრალოდ, არ ესმის და სერიოზულად იღებს ამ ყველაფერს. უბრალო მკითხველებს რომ თავი დავანებოთ, თვით კინორეჟისორებმაც ვერ გაიგეს და მისი რომანების ყველა ეკრანიზაცია („ყარაბაღის“ პირველი ნაწილის გამოკლებით) ოთხმოცდაათიანი წლების ქართული ძველბიჭური ფილმების სტილში გადაღებული იდიოტიზმები გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სცენარებს ძირითადად თვითონ აკა წერს ხოლმე. ეს, ალბათ, რეჟისორების და პროდიუსერების მოთხოვნაა, რადგან ასეთი ფილმები კარგად იყიდება ჩვენში (და საზოგადოდაც).
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართველი რეჟისორები სხვა თემებსაც იკვლევენ, ქუჩის ჰეროიკისადმი ინტერესი მაინც არ ნელდება. კინოს თუ თავს დავანებებთ და ტელევიზიაში გადავინაცვლებთ, ქუჩური ცნობიერების დეკონსტრუქციის მხრივ საინტერესოა „ჩემი ცოლის დაქალები“.

ბევრი პატივსაცემი ადამიანის ღრმად და აღმატებულად პოზიტიური აზრი გვსმენია ამ სერიალის შესახებ, მაგრამ, ჩვენი ჭკუით, ეს უმალ სცენარის ავტორთან მეგობრობით გამოწვეული „აღფრთოვანებაა“, ვიდრე სერიალის მხატვრული ღირებულებით.

არის რამდენიმე თემა, რომლებიც სერიალში კარგადაა დამუშავებული, მათ შორის – ზემოთ ნახსენები ძველბიჭური ცნობიერების პაროდია, რაც, უნდა ითქვას, უფრო მკაფიოა, ვიდრე აკას რომანებში და მაყურებლის მხრივ ყოველგვარ ვერგაგებას ან შეცდომით გაგებას გამორიცხავს (თუმცა აქაც არის გულუბრყვილო შეუსაბამობები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არ ღირს). ამავე დროს, არის თემები, რომლებიც იმდენად თითიდანაა გამოწოვილი, რომ გაღიზიანებასაც კი იწვევს. პირადად ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი და არადამაჯერებელია ამ სერიალში თავმოყრილი მეგრელი პერსონაჟების ხელოვნური მეტყველება, რომელიც თენგიზ ჩანტლაძისა და „კომედი შოუს“ სკეტჩებიდან და იუმორინას საესტრადო წარმოდგენებიდან ნასესხები კლიშეებითაა სავსე (ყოველ წინადადებაში ჩაკვეხებული „მაგალითად“, „იქნებოდესიქნება“ და ასეთები). გასაკვირი ის არის, რომ, ახალგაზრდებით დაწყებული და ასაკოვანი ხალხით დამთავრებული, ყველას მეგრული აქცენტი აქვს. უამრავ მეგრელს ვიცნობ, ზოგს აქცენტი საერთოდ არ ეტყობა, მაგრამ ვისაც ეტყობა, დამიჯერეთ, ასე ნამდვილად არ მეტყველებს. მესმის, რომ ეს არის გაშარჟების მცდელობა, მაგრამ გროტესკი გამოდის. შარჟი ყოველთვის უბოროტო სიცილს იწვევს, გროტესკი კი – აგრესიანარევ გაღიზიანებას.

თავიდან, რამდენადაც მახსოვს, ეს სერიალი ლამის სიტკომის ჩარჩოებში თავსდებოდა, ცოტა პერსონაჟით და მარტივი თემებით. საქმე მაშინ გართულდა, როცა ავტორებმა მასშტაბის გაფართოება მოინდომეს. თავდაპირველად ეს საინტერესო იყო, მაგრამ რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სცენარის ავტორი თემებს ვეღარ ავითარებდა და მუდმივად ახალი თემების გაშლას ცდილობდა, ბოლოს კი ვეღარც ახალ და აქტუალურ თემებს პოულობდა და უკვე წარსულის კუთვნილებად ქცეული თემების შემოტანა დაიწყო. მესმის, რომ ერთგული მაყურებელი იმაზეც დახუჭავს თვალს, რომელიმე სერიაში „მეცხრე ბლოკი“ რომ გაითიშოს და პერსონაჟებმა „კერასინკაზე“ ნამცხვარი „სიგუა“ გამოაცხონ, მაგრამ ნეიტრალურმა ხალხმა ხომ ვიცით, რომ არც მთლად ასეა საქმე.

დამაჯერებლობასაა მოკლებული ურბანული ფაშიზმის ვადაგასული თბილისური ფორმა: ცენტრალური უბნებისა და გარეუბნების დაპირისპირება, თან ისეთი მწვავე, რომ ვაკელები გლდანში ვერ შედიან და იქაურ მაყურებელს (თუ ვიღაც ამდაგვარს) შეხვდებიან მავანი ლაწირაკი თინეიჯერის გადმოსაცემად, თითქოს ეს უკანასკნელი ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში იყოს თავშეფარებული.

საერთოდ, ამ სერიალში ბევრს ჭამენ. რაც მინახავს, თითქმის ყველა სერიაში ხინკლით, ქაბაბით, მწვადით და მისთანებით სავსე სუფრასთან სხედან კაცები, სვამენ და განიხილავენ თავიანთ და თავიანთი მეგობრების პრობლემებს. არადა ქართული სუფრა ყველაზე ნაკლებადაა ის სივრცე, სადაც პრობლემებზე საუბრობენ. საქმე სხვა რამეშია: ძნელი მისახვედრი როდია „ილიაჭავჭავაძეობა“ ავტორებისა, რომლებიც ეროვნულ „ფაშ-ვ-იზმსა“ და „ლუარსაბთათქარიძეობაზე“ მიგვითითებენ.

სერიალის ერთ-ერთი ნათელი მხარეა მსახიობების კარგი თამაში, ასევე – კარგი რეჟისურა, რაც კი შესაძლებელია ტელევიზიის პირობებში. არის კიდევ რამდენიმე დადებითი თუ უარყოფითი მხარე, რომლებზეც საუბარი ღირს, მაგრამ, ბლოგის ფორმატის გათვალისწინებით, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოვყავი.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს შეცდომის გააზრებაში

0

ვფიქრობ, შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არასოდეს დაუშვია შეცდომა. მართალია, შეცდომასა და მარცხზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს, მაგრამ თითქმის ყველასთვის ისინი იმედგაცრუებასთან, უარყოფით განცდებთან არის დაკავშირებული. თავისთავად, არც შეცდომა, არც მარცხი ტრაგედია არ არის, მაგრამ ერთმაც და მეორემაც შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანოს, თუ მათ მიმართ დამოკიდებულებას არ შევიცვლით და ვერ ვმართავთ ჩვენს ქცევასა თუ ემოციებს აღნიშნულ სიტუაციებში.

მარცხის შიში ადამიანის პოტენციური შესაძლებლობების შემზღუდავი, განვითარების და თვითრეალიზაციის შემაფერხებელი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია. რატომ გვეშინია ასე წარუმატებლობის? ალბათ იმიტომ, რომ თავად სიტყვები „წარუმატებლობა“, „მარცხი“ უარყოფითთან, მძიმე სულიერ განცდებთან, ტკივილთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ჩვენი ბავშვობიდან მოდის. ბავშვობიდან გვეშინია შეცდომის გარშემო მყოფთა, უპირველესად კი მშობლებისა და პედაგოგების დამოკიდებულების გამო. „შეცდომას ვუშვებ, ე.ი. გაკვეთილი კარგად არ ვიცი და დაბალ შეფასებას მივიღებ. დაბალი შეფასება კი მშობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს“. როდესაც ბავშვის ცნობიერებაში შეცდომა და მარცხი ასეთ უარყოფით განცდებს უკავშირდება, შეუძლებელია, მომავალში მათდამი შიში არ ჩამოუყალიბდეს და წარუმატებლობაში რაიმე დადებითის დანახვა შეძლოს. არადა ის მართლაც შეიძლება სარგებლობის მომტანი აღმოჩნდეს.

  • შეცდომა ხშირად საუკეთესო მასწავლებელია. ის უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე წარმატება. ეს უკანასკნელი გვათრობს, გვაბრუებს, აძინებს შემოქმედებით უნარს. მარცხზე პასუხისმგებლობა კი საფუძველს უყრის შემოქმედებას.
  • შეცდომების გარეშე კაცობრიობა ვერ შეძლებდა განვითარებას. ყველას რომ შეშინებოდა შეცდომების და არ ემოქმედა, არავითარი ცვლილება არ მოხდებოდა. ყველაფერი ისევე დარჩებოდა, როგორც კაცობრიობის არსებობის პირველ საფეხურზე იყო.
  • მართალია, შეცდომა და მარცხი გულს გვტკენს, მაგრამ ამ დროს უკეთესად შევიცნობთ საკუთარ თავს.
  • წარმატებული ადამიანი სირთულეებს, შეცდომებს და მარცხს წარმატებისკენ მიმავალი გზის აუცილებელ ნაწილად აღიქვამს. შეცდომებში ის ხედავს გამოცდილებას, რომელსაც ერთადერთი სწორი გზისკენ მიჰყავს.
  • თითოეული შეცდომა შეიცავს წინსვლაში დასახმარებლად საჭირო პოტენციალს, მაგრამ ამ პოტენციალის გამოყენებას მხოლოდ ის მოახერხებს, ვინც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას თავისივე შეცდომის გამო და შეეცდება გაერკვეს, რატომ აღმოჩნდა გადაწყვეტილება მცდარი. იმ ადამიანს კი, ვინც თავის წარუმატებლობაში გარშემო მყოფებს და ვითარებას ადანაშაულებს, არ შეუძლია დაინახოს ის სარგებლობა, რომელიც მოაქვს განცდილ მარცხს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობის აღება და თავის დადანაშაულება ერთი და იგივე არ არის. დანაშაულის გრძნობა ადამიანზე უკიდურესად ნეგატიურად, გამანადგურებლადაც კი მოქმედებს. ამიტომ ვერიდოთ დაშვებულ შეცდომებში როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის დადანაშაულებას.

 

რეკომენდაციები მარცხისა და შეცდომის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად

  • იმისთვის, რომ შეცდომამ და მარცხმა დადებითი როლი შეასრულოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ის უნდა აღვიქვათ როგორც კონსტრუქციული და სასარგებლო და არა დამანგრეველი და უსარგებლო.
  • ვეცადოთ, თითოეულ მარცხში დადებითი დავინახოთ, რაც წარუმატებლობის შიშს დაგვაძლევინებს და თავდაჯერებას შეგვმატებს. გავითვალისწინოთ, რომ თითოეული შეცდომა ჩვენი დამხმარეა საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
  • ვეცადოთ, გავაანალიზოთ შეცდომა და ვერიდოთ მის გამეორებას.
  • ჯობს, ვიმოქმედოთ და დავმარცხდეთ, ვიდრე უმოქმედოდ ვიყოთ შეცდომის შიშის გამო.
  • მარცხის განუცდელად წარმატება შეუძლებელია. ყოველი წარუმატებელი ნაბიჯი წარმატებასთან გვაახლოებს. შეცდომების დაშვება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსის ხელიდან გაშვება.
  • ვმართოთ ჩვენი შეცდომები და არ მივცეთ პრობლემებს ჩვენი მართვის უფლება. თითოეული პრობლემა გზავნილია, რომელიც გვამცნობს, რომ შეგვიძლია, სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ.
  • ყოველგვარი წარმატება შეცდომებზა და სირთულეების გადალახვაზეა აგებული.
  • თუ გვსურს, წარმატებული ვიყოთ, უნდა შევძლოთ სირთულის გამოცდილებად გარდაქმნა.
  • განვიხილოთ მარცხი არა დაცემად, არამედ ნახტომად.
  • ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას უარყოფითზე. ვეცადოთ დავინახოთ ის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც მორიგ პრობლემასთან შეჯახებამ მოგვცა. გვახსოვდეს, რომ წარმატება და მარცხი ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის.
  • თუ დასახული მიზნისკენ სვლა გადავწყვიტეთ, ნუ დავივიწყებთ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა შეცდომის დაშვების შიშია.

გავითვალისწინოთ, რომ შეცდომები ვერ დაგვეხმარება, თუ მათში სხვებს დავადანაშაულებთ.

  • შეცდომა შესაძლებლობას გვაძლევს, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, ოღონდ უფრო გონივრულად.

ასე რომ, დავაფასოთ ჩვენი შეცდომები, რადგან ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ, გავხდეთ უკეთესები, უფრო ძლიერები, უფრო ჭკვიანები და წარმატებულები. ნუ დავივიწყებთ, რომ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.

  სახალისო  გაკვეთილები

0

მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად   თანამედროვე ცოდნით აღჭურვის, თვითგანვითარებისა და მოსწავლეთა განვითარების სხვადასხვა გზების ძიებისკენ გვიბიძგებს. ახალი გამოწვევები, თეორიული მიდგომებით  პრაქტიკული აღმოჩენების კეთება, მრავალჯერ განმეორებით მისი დახვეწა-გამოყენება პედაგოგის ყოველდღიური აქტივობაა.

განსხვავებული, არასტანდარტული, ახლებური, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები ახალგაზრდებში შემოქმედებით აზროვნებას, შინაგანი მოტივაციის ამაღლებას,  სწავლისადმი პოზიტიური ემოციური კავშირების ჩამოყალიბებასა და თვითგამოხატვის უნარებს ავითარებს.

მარტივად ნასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში  კარგ მასწავლებლად გვაქცევს. თუ გსურს, ვიყოთ საუკეთესო, უნდა გამოვიყენოთ ახალი მიგნებები, რათა მოსწავლეებს სწავლა სახალისო პროცესად ვუქციოთ…

ბოლო წლებში  საკუთარი პრაქტიკითა და გამოცდილებით  გაკვეთილზე ისეთი აქტივობები დავგეგმე, რომლებიც მოსწავლეებს საგაკვეთილო განწყობას უმაღლებს და დავალების  გამოკითხვისა თუ  ახსნის  პროცესს „თამაშად“ გარდაქმნის. თამაშის ტიპის აქტივობებით ვახერხებ გაკვეთილის მიზნის მიღწევას და სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და ხალისიანი ხდება. ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარება არ საჭიროებს კლასის წინასწარ შემზადებას და მარტივად იმართება.

საკუთარი მიგნებებით ვახერხებ მოსწავლეთა ინტერესებსა და ეროვნულ-სასწავლო გეგმის სტანდარტებზე მორგებული სახალისო გაკვეთილების ჩატარებასა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას. ყველა მონდომებული და საქმეზე ორიენტირებულია. ასეთ დროს სწავლის პროცესიც სახალისოა.

           მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ერთ–ერთი ასეთი თამაში-გაკვეთილის   შესახებ.  ჩემის სურვილია, ის ჩემმა კოლეგებმაც სცადონ.

გეოგრაფიის თამაში-გაკვეთილი მიზანშეწონილია დიდი მოცულობის პარაგრაფის გამოკითხვისას – მაგალითად, ისეთი მასალების, რომლებიც მოიცავენ ინფორმაციას კონტინენტების, საქართველოს ტერიტორიულ–ადმინისტრაციული ერთეულების, ქვეყნების შესახებ (VII. VIII, IX, X კლასები).  ჩემი, როგორც მასწავლებლის მიზანია:

1) მოსწავლეებმა სიღრმისეულად და ხარისხიანად შეისწავლონ მასალა;

2) საგაკვეთილო პროცესში ჩაერთოს ყველა მოსწავლე;

3) ახალგაზრდებში იყოს დიდი ინტერესი და აზარტი საგაკვეთილო პროცესის მიმართ;

4) მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ერთმანეთის მოსმენის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და   წიგნზე მუშაობის უნარები.

მნიშვნელოვანია, რომ მასალის ათვისება შეძლონ ისეთმა მოსწავლეებმაც, რომლებმაც იზარმაცეს და  გაკვეთილი არ მოამზადეს.

ამ  სახალისო გაკვეთილის შესახებ მოსწავლეები წინასწარ არ არიან ინფორმირებული და გამარჯვებულის როლში ყოფნისა თუ საგაკვეთილო პროცესში თანამონაწილეობით მიღებული სიამოვნების გამო  ისინი  ცდილობენ, სტაბილურად მოამზადონ დავალებები.

ამ ტიპის გაკვეთილს შემდეგნაირად ვატარებ:

მაგალითად, თუ „აზიის კონტინენტს“ ვასწავლი, გაკვეთილს ვიწყებ მხოლოდ შეკითხვებით: ,,რა გაიგეთ აზიის შესახებ საშინაო დავალების მომზადებისას?“ ან  „როგორ დაახასიათებდით აზიის კონტინენტს?“

„თამაშის“ წესები ასეთია:

  1. თითოეულ მოსწავლეს თითო ჯერზე ევალება, თქვას მხოლოდ ერთი წინადადება. ვიწყებთ პირველ მერხთან მჯდომი მოსწავლისგან და გადავდივართ სხვა მოსწავლეებზე (ადგილის მიხედვით – რიგითობა დაცულია, თითოეული მოსწავლე ელოდება, როდის მოვა მათი რიგი მეორედ, მესამედ და ა.შ.).
  2. მასალა უნდა იყოს მრავალმხრივი, აზრი – სწორად  ფორმულირებული, საინტერესო და  არათანამიმდევრული – არ უნდა მიჰყვებოდეს პარაგრაფის სტრუქტურას  (მაგ. ერთი ამბობს ჰიმალაის მთების შესახებ, მეორე – ბაიკალის ტექტონიკურ ტბაზე, მესამე მდინარე განგაზე, მეოთხე – აზიის ტროპიკული ქარიშხალ  ტაიფუნზე, მეხუთე – ჰავის შესახებ, მეექვსე – კლიმატური სარტყლებზე, მეშვიდე – მუსულმანთა წმინდა ქალაქებზე, მერვე – წყნაროკიანური ვულკანური რგოლზე, მეცხრე – მოსახლეობის სიმჭიდროვეზე … და ა.შ.).
  3. ,,თამაშის“ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ სახელმძღვანელოს გამოყენება.
  4. აქტივობას ეთიშება ის მოსწავლე, რომელიც სხვის ნათქვამს გაიმეორებს და ისიც, რომელსაც აღარაფერი ექნება სათქმელი….
  5. შესაძლებელია ,,თამაშმა“ რამდენჯერმე (5–6-ჯერ) მოიაროს მთელი კლასი.
  6. „თამაშის“ მიმდინარეობისას მოსწავლეთა რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. ბოლოს დარჩენილი 2 მოსწავლე  კი  მაღალი ქულით  ფასდება…

 

ასეთი ტიპის გაკვეთილის ანალიზისას თვალნათლივ ჩანს, რომ მოსწავლეთა მიერ წარმოთქმული პირველი წინადადებები ყოველთვის ის ფრაზებია, რომლებმაც საშინაო დავალების შესრულებისას მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს  და ყველაზე მეტად ჩაებეჭდათ გონებაში. ,,თამაშის“ წესის მიხედვით,  მათ აქვთ წიგნების გამოყენების უფლება. ამიტომაც ისინი ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად ,,იქექებიან“, უღრმავდებიან ინფორმაციას აზიის შესახებ, გაკვეთილის მთავარი ნაწილიდან  გადადიან და აქტიურად იყენებენ  პარაგრაფში წარმოდგენილ რუბრიკას – ,,ეს საინტერესოა“, ცხრილებს, ლექსიკონებს დიაგრამებს, სურათებს, თემატურ რუკებს, დაწვრილებით განიხილავენ აზიის შესახებ ინფორმაციას და ამომწურავ ცოდნას აგროვებენ სახლში ნასწავლით, გაკვეთილზე  ამოკითხულით, სხვებისგან მოსმენილით.

,,თამაშის“ მიწურულს, აზია უკვე  სხვადასხვა მიმართულებით  მრავალჯერაა განხილული – დაწყებული გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფითა თუ შიდა წყლებით, დამთავრებული მოსახლეობით, მათი სამეურნეო საქმიანობით, ტრადიციებით, ღირსშესანიშნაობით…

ჩემი მისია შესრულებულია –  გაკვეთილის ბოლოს ყველა მოსწავლეს აქვს ინფორმაქცია ამ კონკრეტულ საკითხზე.  მათ ეს მასალა აითვისეს თამაშ-თამაშით, ძალდატანებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.   გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა კი სამომავლოდ კლასში დასმულ კითხვებზე სწორი პასუხებისთვის, სხვა კონტინენტთან შედარებისთვის და შემაჯამებელ წერაში მაღალი რეიტინგისთვის გამოადგებათ.

,,თამაში“ გაკვეთილი მიმდინარეობს წყნარად,  ყველა მოსწავლეს მთავარი როლი აქვს, მასწავლებელს მხოლოდ რეგლამენტის დაცვის  ფუნქცია აკისრია…

გაკვეთილზე დისციპლინა დაცულია, რადგან:

1) მოსწავლეებს თავად მოსწონთ ასეთი გაკვეთილები. იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტიანი ხდება;

2) ყველას გონება დაკავებულია, მათ არ რჩებათ დრო სხვა რამეებისთვის. უჩნდებათ სწავლის სურვილი, იშვიათდება მოსწავლეთა ნეგატიური ქცევა;

3) გაკვეთილი იმართება თავად, არ სჭირდება დამატებითი ბერკეტები. მასწავლებელს მხოლოდ შეცდომების გასწორება და ,,თამაშის“ დასასრულ  ყველაზე  მეტად ინფორმირებული ახალგაზრდების შეფასება ევალება;

4) საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის გაკვეთილი შედეგიანია ყველაზე დაბალი მოსწრებისა და ზარმაცი მოსწავლეებისთვისაც კი;

5) და რაც მთავარია – მასწავლებელს არ უწევს მოსწავლეთა დაჯგუფება, მერხებისა და სკამების გადაადგილება, კლასის ინვენტარის საგანგებოდ დალაგება და, სახელმძღვანელოს გარდა, არ  სხვა დამატებით რესურსს იყენებს.

დასასრულ, გავიმეორებ და ვიტყვი: მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად თანამედროვე ცოდნით აღჭურვის, თვითგანვითარებისა თუ მოსწავლეთა განვითარების სხვადასხვა გზების ძიებისკენ გვიბიძგებს.  მეც  მუდმივ ძიებაში ვარ…

 

ქ. თბილისის 52-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი  თამარ ტეტელოშვილი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...