შაბათი, აგვისტო 16, 2025
16 აგვისტო, შაბათი, 2025

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პერსონაჟი

0

„ადამიანი თავის თავს ვერ დაეხმარება, თუ სხვებს არ უთხრა“.

სარა შვარტი

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა საზოგადოებაში იწვევს შიშს, გაუცხოებას, სირცხვილს. ხშირია დიაგნოზის დამალვა, პრობლემის შესახებ საუბრის აკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის რამდენიმე ათასი შემთხვევაა აღნუსხული, საზოგადოებრივი ცნობიერება ამ კუთხით ძალიან დაბალია.

სტატიის მიზანი პრობლემის მოგვარების მცდელობა არ არის. მინდა, ერთი გაკვეთილის შესახებ გიამბოთ – როგორ დაგვაფიქრა ერთმა ეპიზოდმა მე და ჩემი მოსწავლეები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე. გაკვეთილმა კითხვები გააჩინა: რა ვიცით ჩვენ – უფროსებმა და რა იციან ბავშვებმა ამ საკითხზე? რატომ არის საჭირო მსგავს თემებზე საუბარი და როგორი ფორმა უნდა გამოვუძებნოთ სათქმელს?

ლიტერატურის მნიშვნელოვნებაზე ბევრს ვსაუბრობთ. მისი საშუალებით სხვა ადამიანების გრძნობებს ვეცნობით და განვიცდით. მასწავლებელს ამ განცდებსა და რეალობას შორის შუამავლის როლი აკისრია. პირადი მაგალითის ძალაზეც ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება მოსაყოლი ამბავი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახის წევრის შესახებ. ასეთ დროს შეიძლება ამბის გამოგონებაც (იხ. სტატია „გამარჯობა, მე ლევანი მქვია და მე მჩაგრავენ…“ ბმულზე

გამარჯობა, მე ლევანი მქვია და მე მჩაგრავენ…).

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ახლოვდებოდა. სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენს დაბადების დღეებს ვუხდიდით ხოლმე, რადგან იქაური ბავშვები კითხვით სწორედ მისი წიგნების წყალობით დაინტერესდნენ. თბილისის კერძო სკოლაში დაბადების დღის აღნიშვნა ფორმალური რომ არ ყოფილიყო, გადავწყვიტე, მეექვსეკლასელებისთვის „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ გამეცნო. წიგნი ქართულად რამდენიმე თვის წინ ითარგმნა და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.

ასტრიდის პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია – ადამიანები იდეალურები სულაც არ არიან, თუმცა წიგნმა „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ ამ მხრივ კიდევ უფრო გამაკვირვა. მაგალითად, აქ გაიცნობთ ალკოჰოლიზმით დაავადებულ ბატონ ნილსონს, დედას, რომელსაც უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული მცირეწლოვანი შვილები და სტატიის მთავარ გმირს – ბატონ ლინდკვისტს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მწერალი ცდილობს, ბავშვებს (მკითხველს) დაანახოს მრავალფეროვანი საცხოვრებელი გარემო და განსხვავებული ადამიანების მიმღებლობის აუცილებლობა.

წიგნში განვითარებული მოვლენები შვიდი წლის მადიკენისა და მისი პატარა დის ირგვლივ ტრიალებს, რაც ამბავს უფრო მეტ სიმძაფრეს სძენს. წიგნი მეოცე საუკუნის 70-იან წლებშია დაწერილი. შვიდი წელი ის ასაკია, როდესაც სამყაროს ნელ-ნელა ეცნობი და ქცევის მართვას სწავლობ. ოჯახს, სკოლას, გარემომცველ სოციუმს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ ამ მხრივ გამორჩეული წიგნია.

იმ ეპიზოდის შინაარსი, რომლის გარშემოც გაკვეთილი ავაგე, ასეთია: მადიკენის დედის დაბადების დღეს ოჯახი სურათის გადასაღებად გაეშურება. გზად ბაღი უნდა გადაკვეთონ. აქ ქოხია, რომელშიც ბატონი ლინდკვისტი მარტოდმარტო ცხოვრობს. ლინდკვისტისა ყველას ეშინია, მშობლები ბავშვებს მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ, რადგან „მთლად დალაგებული არ არის“.

მადიკენსა და მის პატარა დაიკოს, ლისაბეტს, ბატონი ლინდკვისტის ქოხის ნახვა სურთ. მამა შვილებს უხსნის, რომ მოხუცი ასეთი საშიში და კარჩაკეტილი მას შემდეგ გახდა, რაც ცოლი და პატარა შვილი ტბაში დაეხრჩო. ცოტა ხანში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება: მშობლები ნაცნობთან საუბარს შეჰყვებიან, ამასობაში კი ლისაბეტი გაუჩინარდება. მალევე დაინახავენ, როგორ მიათრევს მოხუცი ატირებულ გოგონას.

საინტერესოა დედისა და მამის რეაქციაზე დაკვირვება: თუ მანამდე მამა მშვიდად უხსნიდა ბავშვებს ლინდკვისტის ქცევის თავისებურების მიზეზს, ამ ქცევასთან შეჯახებისას წონასწორობას კარგავს და მზად არის, თავს დაესხას მოძალადეს. სამაგიეროდ, დედა გონიერებას და სიმშვიდეს ინარჩუნებს: ჯერ გაშმაგებულ მამას აჩერებს, მერე ატირებულ ლისაბეტს მკაცრად მიმართავს, რომ ტირილი შეწყვიტოს, მოხუცთან მიდის, ლოყაზე ეფერება და შვილის დაბრუნებას სთხოვს. ლინდკვისტი ჯიუტად იმეორებს, რომ ლისაბეტი მისი შვილია. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დედა მას მოხალულ ნუშსა და ნიგვზიან ნამცხვარს სთავაზობს, ჩანთას ხსნის და იქიდან ტომსიკებს იღებს. ლინდკვისტს ორივე ხელი სჭირდება ტკბილეულის გამოსართმევად, ამიტომ ლისაბეტს ხელს უშვებს და, ამგვარად, პატარა გოგონა თავისუფლდება. დედა კიდევ ერთხელ ეფერება მოხუცს ლოყაზე და ემშვიდობება.

ასეთ გონივრულ გამოსავალს და სიტუაციის მართვის გზას გვთავაზობს ასტრიდი. ცდილობს, ლიტერატურის მეშვეობით მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას, რომ ყურადღების გადატანა, სითბოს გამომჟღავნება, ბრაზის მოთოკვა სხვისი რთული ქცევის მართვის საუკეთესო ხერხებია. იმასაც გვაპარებს, რომ ბატონი ლინდკვისტი სულ ასეთი „გადარეული“ არ ყოფილა, რომ საზოგადოებისგან პირადმა ტრაგედიამ და დიდმა სტრესმა გარიყა.

საკლასო ოთახში დავბრუნდეთ.

სამგვერდიანი ეპიზოდი შერჩეულია. თავდაპირველად ასოციაციურ რუკას ვქმნით. დაფაზე ვწერ: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი, ბავშვები კი შემდეგ სიტყვებს მკარნახობენ: გაფრენილი, გიჟი, ტვინით ავადმყოფი, კანიბალი, სკლეროზიანი, მკვლელი, მოძალადე, მანიაკი.

მათ არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი საშიშია. 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევაც ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ბევრი არაფერი ვიცით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისა ჯერ კიდევ გვეშინია და ჯანმრთელობის ასეთი პრობლემა ჯერ კიდევ სტიგმად რჩება.

წავიკითხეთ შერჩეული ეპიზოდი. განვიხილეთ თითოეული პერსონაჟის საქციელი. ვისაუბრეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის რაობაზე.

პირადი ამბის მოყოლის დრო დგება. ვიხსენებ, რომ ზუსტად მადიკენის ტოლი, შვიდი წლისა ვიყავი, პირველად რომ გავიგე, რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ჩემს უფროს ძმას შიშის ნიადაგზე უძილობა დაეწყო და თანდათან იმდენად გაუმწვავდა მდგომარეობა, რომ რამდენიმე წელიწადში ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

მოვუყევი, რომ მრცხვენოდა ჩემი ძმის საქციელის. თავზე ცა მემხობოდა, როცა ქუჩაში გამვლელები ერთმანეთს ზურასკენ მიუთითებდნენ და გიჟად მოიხსენიებდნენ. დიდხანს მიჭირდა საუბარი პრობლემის შესახებ. მერე დავძლიე სირცხვილის გრძნობა. ფსიქიატრიული კლინიკების შესახებაც ვუამბე. ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი თითი რომ არ დაუკარებია ჩემთვის, არც ამის თქმა დამვიწყებია. ახლა ვხვდები, რომ მისი აგრესიის მთავარი მიზეზი ხშირად არასწორი ქცევა იყო. მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეოდით ზურას. არც არავინ გვასწავლიდა. ყველა დავიბენით: ჩვენ, მეზობლები, ნათესავები. რთული სიტუაციიდან გამოსავლად ზურას ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა მივიჩნიეთ.

ჩემი პირადი ამბავი ადვილი მოსასმენი არ არის ბავშვებისთვის, მაგრამ თუ სათქმელს ადეკვატურ ფორმას უპოვი, საკლასო ოთახში იუმორმაც შეიძლება გაიჟღეროს, მაგალითად, როცა შიზოფრენიის ერთ-ერთ მახასიათებლად უცხოპლანეტელებთან ზურას წარმოსახვითი საუბარი ვახსენე, ერთმა გოგონამ მითხრა, მერე რა მოხდა, მასე დედაჩემიც ელაპარაკება ხმამაღლა საკუთარ თავსო. ზურას გაცნობის სურვილიც გამოთქვეს.

დასაწერად თავისუფალი თემა მივეცი, სათაურით „რა შეცვალა ჩემში ამ ეპიზოდმა“.

რა თქმა უნდა, ათი-თერთმეტი წლის გოგო-ბიჭებს ერთი გაკვეთილი პრობლემის გადაჭრის გზას ვერ აპოვნინებს, მაგრამ მათ შინაგან სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრების დასაწყისად შეიძლება იქცეს.

მეორე დღეს ერთმანეთს ხმამაღლა უკითხავდნენ ნაწერებს. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ფორმულირებისას ფრთხილობდნენ და დიდი იმედი მაქვს, ასოციაციურ რუკაზე ჩამოწერილი სიტყვებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს აღარასოდეს მოიხსენიებენ.

„ამ მოთხრობამ ჩემში შეცვალა ის, რომ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემა აქვს, არ უნდა ვუწოდოთ გიჟი, პირიქით, უნდა დავეხმაროთ. ისინი ხომ შინაგანად კეთილი და საყვარელი ადამიანები არიან. სანამ მათ გიჟებს უწოდებთ ან რამე ცუდს იტყვით, წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, სევდა, ტკივილი, სინანული და მერე თქვით, თუ გაბედავთ ამას“.

„ამ ეპიზოდმა მასწავლა, რომ სხვებს გიჟები არ უნდა დავუძახოთ, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავამციროთ ის, ვინც ჩვენგან განსხვავდება.

მაგალითად, წიგნი „საოცრება“ არის ბიჭზე, რომელიც თავისი სახით განსხვავდება, მაგრამ ბოლოს ბევრი მეგობარი ეყოლება და ყველაფერს შეცვლის.

წიგნი „თევზი ხეზე“. ელი უცნაურია იმით, რომ ის დანარჩენებს არ ჰგავს და არც დაემსგავსება. მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ, ესე იგი, მას წერა-კითხვა არ შეუძლია.

ლელა მასის ძმა, ზურა, იმითი არის უცნაური, რომ ის მეგობრებსა და ახლობლებს განშორებულია, თითქოს მას ემოციები არ აქვს“.

„ამ ეპიზოდმა დამაფიქრა იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ის როგორია ან რანაირი ადამიანია, რადგან მასაც აქვს გრძნობები და გული“.

„ამ ეპიზოდმა მიმახვედრა, რომ ყველა ადამიანი ადამიანია, არა – გიჟი. ისიც ადამიანია, ოღონდ განსხვავებული. ამ ეპიზოდმა დამაფიქრა, რომ სხვას მხარში უნდა დაუდგე და არ უნდა დასცინო“.

„მე გავიგე, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი არის ტყვე. მას არ უნდოდა ყოფილიყო ასეთი. მას ეს გზა არ აურჩევია და ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ. მათ არ შეუძლიათ იფიქრონ, როგორც ჩვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან გიჟები. თუ ექნებოდათ არჩევანის უფლება, ისინი არჩევდნენ ისეთ ცხოვრებას, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. შეიძლება, ყველა ვერ გამოვასწოროთ, მაგრამ რაღაცას მაინც ხომ გავაკეთებთ. ტექსტმა შეცვალა ჩემი ფიქრი ასეთ ადამიანებზე“.

„ძალიან მომეწონა დედის საქციელი, რადგან ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ის კარგად აღზრდილი ადამიანია. დავფიქრდი იმაზე, რა კარგი იქნება, ყველა ასე რომ მოიქცეს.

ძალიან შემეცოდა ლელა მასის ძმა, ლელა მასწავლებელი და მისი მშობლები“.

 

ბავშვების გულწრფელობას ადვილად იგრძნობთ, იმასაც შეამჩნევთ, რა სწორად შეუფასებიათ წაკითხული და მოსმენილი, არათუ გაუაზრებით, არამედ გულში გაუტარებიათ და პატარა გადაწყვეტილებებიც მიუღიათ.

ასე რომ, ასტრიდის დაბადების დღე დემოკრატიულ ღირებულებებზე ყურადღების გამახვილებით აღვნიშნეთ. სტატიაში აღწერილი ეპიზოდი შეგვიძლია დავუკავშიროთ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს, კერძოდ, მეცამეტე კომპეტენციას – ემპათიას და ერთ-ერთ დესკრიპტორს: „თანაგრძნობას გამოხატავს სხვა ადამიანების თავს დატეხილი უსიამოვნების გამო“.

ბავშვების წერილები სავსეა თანაგრძნობის გამომხატველი ფრაზებით. ლიტერატურულმა მაგალითმა: ბატონი ლინდკვისტის პირადმა ტრაგედიამ, მარტოსულობამ, რთული ქცევის გამოვლენის მიზეზებში გარკვევამ და მადიკენის დედის გონივრულმა ქმედებამ, – ბავშვები თანაგრძნობით განსმჭვალა და მათთვის კიდევ უფრო ადვილი აღსაქმელი გახადა ჩემი პირადი ისტორია.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სწორედ სკოლაში უნდა დავიწყოთ საუბარი. გავეცნოთ მიზეზებს და გავაცნოთ ისინი ბავშვებსაც, გავერკვიოთ იმაში, რთულ ქცევასთან შეჯახებისას როგორ ვიმოქმედოთ. როდესაც შიშს დავამარცხებთ და გავაცნობიერებთ საფრთხეს, რომ შეიძლება, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თითოეული ჩვენგანი იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, საზოგადოებრივი ცნობიერებაც აგვიმაღლდება და სამყაროც უკეთესობისკენ შეიცვლება.

ბავშვობაში ჩემ გარშემო ყველა დუმდა. მაშინ რომელიმე გაკვეთილზე მსგავს პრობლემაზე რომ გვესაუბრა, ჩემთვის ბევრი რამ ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხმა ამოვიღოთ, ვისაუბროთ, პირადი გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ.

წერილის ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვახსენო ასტრიდ ლინდგრენისა და 12 წლის გოგონას, სარა შვარტის, რამდენიმეწლიანი მიმოწერა. წერილებში სარა გულწრფელად უყვება ასტრიდს საკმაოდ მწვავე ფსიქიკური პრობლემების შესახებ. ერთგან ასეთ რამეს წერს: „არც ერთ ადამიანს, არც ავადმყოფს და არც ჯანმრთელს, არ უნდა, იყოს სულიერად დაავადებული და არც ერთი ადამიანი არ უმხელს სხვას, რომ სულიერად დაავადებულია“.

მწერალიც ცდილობს, პატარა გოგონას საკუთარი თავის რწმენა გაუღვივოს და საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითები მოჰყავს, მაგალითად, როგორ იყო შეპყრობილი სუიციდური აზრებით, როგორ შეაშინა ერთხელ ფსიქიკურად დაავადებულმა კაცმა და როგორ გაიქცა… ასტრიდის პასუხები ჩემთვის ერთ მოწოდებად ხმიანდება: “ჰეი სარა, შენ მარტო არ ხარ, ოდესმე ყველას გვიშფოთდება სული.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი II, 2018
  2. https://netgazeti.ge/life/84699/?fbclid=IwAR0OzHt1RfQUmpzepsAMuThfqYw-hCrFR9Ntxjmb9RrS8Yuyz3qCCXdOVTk
  3. „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი, 2018

 

 

სილვა – სახალხო ტრიბუნი

0

12 მარტი ქართული დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1919 წლის გაზაფხულის გრილ დღეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. დამფუძნებელი კრება საქართველოს წარსულში პირველი საყოველთაო, პირდაპირი და დემოკრატიული გზით არჩეული სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო გახლდათ. კრება ხუთი პარტიის წევრებს აერთიანებდა. დეპუტატებს შორის იყვნენ ქალებიც და კაცებიც, ქართველებიც და არაქართველებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ქრისტიანები, მუსლიმები, ურწმუნონი. საკანონმდებლო ორგანომ თავისი მუშაობის ორი უმნიშვნელოვანესი წლის განმავლობაში უამრავი კანონი შეიმუშავა, ხელახლა გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და დაამტკიცა კავკასიის რეგიონში ამოქმედებული პირველი კონსტიტუცია.

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, არც კი ვიცნობთ ქვეყნის პარლამენტარიზმის მატიანეში თქმული პირველი სიტყვის შინაარსსა და მის ავტორს. 1919 წლის 12 მარტის სხდომა ძველმა რევოლუციონერმა და პუბლიცისტმა, სოციალ-დემოკრატთა დასის უხუცესმა ლიდერმა, ცარისტული რეჟიმის მიერ მუდმივად დევნილმა და მრავალგზის გადასახლებულმა სილვა ჯიბლაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში სასულიერო სემინარიის სტუდენტთა გაფიცვების მთავარმა ორგანიზატორმა არაერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

უპირველეს ყოვლისა, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს პოლიტიკური ყოფა შეაფასა და ახლად დაფუძნებული რესპუბლიკის მთავარ გამოწვევაზე დასვა აქცენტი: „ინგრევა სახელმწიფოები, ისპობა, თუმცა დრომოჭმული, მაგრამ, ჯერ კიდევ ძლევა მოსილი წოდებები, ნაფოტივით იმსხვრევა ტახტები ღვთის მიერ მირონცხებულთა, რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყნიერებას. ერთი სიტყვით, ცხოვრება ვეღარ ეტევა თავის ტანში, გაფაციცებით კანს იცვლის, განახლების, გადახალისების გზაზე დგება. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი კვანძი ისკვნება… არ კმარა მარტო დანგრევა ძველისა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალი, მტკიცე საძირკველის დაფუძნება“. სილვა ჯიბლაძისა და სხვა დამფუძნებლებისათვის მჩაგვრელი სისტემის ნგრევა საქმის დასაწყისი გახლდათ. ისინი თავიანთ მიზნად ხალხის ძალაუფლების გამყარებასა და განმტკიცებას აცხადებდნენ. ხალხის ძალაუფლების წყარო მხოლოდ ძლიერი პარლამენტი არ უნდა ყოფილიყო. დამფუძნებელმა კრებამ ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ცალკეული რეგიონების ავტონომიურობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალაუფლების ზრდისთვის, სახალხო ინიციატივებისა თუ რეფერენდუმთა მოწვევის უფლების დაცვისა და პროფესიული თუ ეროვნული კავშირების მხარდაჭერისთვის. პარლამენტს მიღმა მოქმედი წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მშენებლობა სწორედ „ხალხის თვითმპყრობელობის“ იდეის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

მწერალ ეგნატე ნინოშვილის უერთგულეს მეგობარს პირველი საპარლამენტო გამოსვლის დროს არც პოლიტიკოსის, დეპუტატის პასუხისმგებლობაზე საუბარი დავიწყებია: „არ არის დარგი ისეთი რთული და საიდუმლოებით მოცული, როგორც პოლიტიკა და ვაი იმ ხალხს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ შესწევს გამჭრიახობა, ჩაიხედონ ამ საიდუმლოების სიღრმეში და გაიკვლიონ გზა ამ იშვიათ ხელოვნების ბნელ ლაბირინთში. თითოეული ნაბიჯი მრუდეთ გადადგმული ამ სფეროში, შეიძლება გახდეს საბედისწერო ნაბიჯად მთელი ხალხისათვის“. საუბედუროდ, საქართველოს მაშინდელმა ლიდერებმა პოლიტიკის ყველა საიდუმლოს ამოხსნა და რუსეთის ახალი იმპერიის გავლენიდან ქვეყნის დახსნა ვერ მოახერხეს.

სილვა ჯიბლაძემ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში წარმოთქმული პირველი სიტყვა იმედითა და ჩვენი ხალხის განსაკუთრებულ ბრძოლისუნარიანობაზე მკაფიო მინიშნებით დაასრულა: „ხალხი, რომელმაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინულის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა-განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებას“. ჯიბლაძისა და მის თანამებრძოლებს სწამდათ, რომ თავისუფალი სახელმწიფოს პირობებში გაცილებით მეტი ადამიანი მოახერხებდა ძალისა და გონების მოკრებას რესპუბლიკის სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად.

ძველი ეპოქის აჩრდილებისგან გათავისუფლება, ხალხის თვითმპყრობელობის დაფუძნება, პოლიტიკური სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნისკენ სიფრთხილით მისწრაფება და მოქალაქეობრივად განვითარებული საზოგადოების იმედი განსაზღვრავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პირველი საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ორგანოს გახსნითი სიტყვის შინაარსს.

სილვა ჯიბლაძეს მხოლოდ 12 მარტს არ ჰქონია ისტორიული გამოსვლა. თანამებრძოლები ყოველთვის მას ანდობდნენ მთავარი გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცხადების პრივილეგიას. 1894 წელს დამფუძნებელი კრების მომავალმა უხუცესმა წევრმა გურიის პატარა სოფლის, ჩანჩეთის სასაფლაოზე გაამხილა „მესამე დასის“, ანტიცარისტული რევოლუციური მოძრაობის დაარსების ფაქტი. მაშინ მან საქართველოს ყოფა ალექსანდრე ყაზბეგის „ელგუჯასა“ და ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით ახსნა. მან რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკების მიერ ადგილობრივთა მორალური დამცირება და სოციალური უსამართლობა ჩვენი თანამოქალაქეების მთავარ და უმძიმეს პრობლემებად მოიხსენია.

მხოლოდ „მესამე დასის“ დაარსებისას და დამფუძნებელი კრების გახსნით სხდომაზე არ უთქვამს სილვა ჯიბლაძეს სეფესიტყვა. მის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლის აღმოჩენაა შესაძლებელი.

1917 წლის 27 თებერვალს პედროგრადში ამბოხებულებმა (ბოლშევიკების გამოკლებით) რუსეთის თვითმპყრობელი მეფის ტახტიდან ჩამოგდება მოახერხეს. ეს ის მეფეა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ საქართველოს ყველა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები (ეროვნული მოძრაობის წევრებიც და სოციალისტებიც), რუსიფიკატორული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკისა თუ სისხლიანი რეპრესიების (საზოგადო მოღვაწეთა მკვლელობიდან დაწყებული, მუშათა უბნების მრავალწლიანი, პერმანენტული რბევით, 1905 წლის მოვლენებით დასრულებული) გამო. ამბოხების გამარჯვების ამბავი საქართველოში 28 თებერვალს მენშევიკ გოგიტა ფაღავას დეპეშით შეიტყვეს: “მთავრობაძე გარდაიცვალა, მიუსამძიმრეთ (შეატყობინეთ) ნათესავებსა და ახლობლებს“. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ამ ამბის დაჯერება ყველას უჭირდა, ყველა ეჭვს ჰყავდა შეპყრობილი. ქართულ საზოგადოებას მთავარ კითხვაზე პასუხი 5 მარტს ნაძალადევში, თეატრის მოედანზე გამართულ მიტინგზე უნდა მოესმინა. გადაძეძგილი მოედნის შუაში აღმართულ ფიცრულზე, ყველაზე გამოცდილი რევოლუციონერი სილვა ჯიბლაძე ავიდა. საყოველთაო ზეიმის, ხანგრძლივი ოვაციების გამოსაწვევად და ეჭვების გასაფანტად მის მიერ ნათქვამი ერთადერთი სიტყვა გახდა საკმარისი: “აღსრულდა!”

ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ქართული პარლამენტარიზმის პირველი ნაბიჯი თავგანწირულმა იდეალისტმა და უბადლო სახალხო ტრიბუნმა გადადგა.

 

„იუვე“ სიყვარულია!

0

მასწავლებელი რომ მოსწავლისთვის როლური მოდელია, ყველამ ვიცით. ჩვენი დამოკიდებულებით, სიტყვა-პასუხით, ცოდნითა თუ პროფესიონალიზმით მოსწავლეებზე დიდი გავლენის მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ ბავშვებისთვის ცოცხალი მაგალითი ვართ იმისა, როგორი უნდა იყოს, საზოგადოდ, ადამიანი და არა მხოლოდ მასწავლებელი. ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ მათ ღირებულებები, დავანახოთ, რა არის კარგი და რამ შეიძლება მოგვაყენოს ზიანი. მოკლედ, ჩვენ ვართ მათი მეგზურები ამ უკიდეგანოდ მრავალფეროვან სამყაროში.

შეიძლება კი, მასწავლებლის გატაცებამ ბავშვებზე გავლენა მოახდინოს? ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე გეტყვით, რომ შეიძლება. მასწავლებლის სიყვარული გადამდებია J

თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე სპორტითაა გატაცებული, ძირითადად – ფეხბურთით. განსაკუთრებით – ბიჭები. უმეტესობის საყვარელი საფეხბურთო კლუბები „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალია“. რონალდუს გადმოსვლამდე ტურინის „იუვენტუსს“, „იუვეს“, ბევრი არც კი იცნობდა ან, თუ იცოდა რამე ამ ლეგენდარული კლუბის შესახებ – ძალიან ცოტა.

ერთხელ, ექსკურსიაზე, ფეხბურთზე ჩამოვარდა საუბარი.

– მასწ, თქვენ გიყვართ ფეხბურთი?

– დიახ, ძალიან, – მივუგე.

ამის გაგონებაზე ყველა ბავშვმა ერთად გამომხედა. ნამდვილად არ მოელოდნენ, თუ ფეხბურთით ვიქნებოდი გატაცებული (თანაც როგორ!).

– და რომელია თქვენი საყვარელი კლუბი? ფეხბურთელი? – დამაყარეს კითხვები.

– „იუვენტუსი“, ალესანდრო დელ პიერო და ჯიჯი ბუფონი. – ვუპასუხე.

ჩემს პასუხს ბავშვებში დიდი აღტაცება არ გამოუწვევია.

-აუ, მასწ, რა დროს „იუვენტუსია“! ახლა ყველაზე მაგარი „რეალი“ და რონალდუა

– რა „რეალი“, ბიჭო! „ბარსა“ და ლეო ყველას ჯობია!

– ამათ ხომ „ბებერ ქალბატონს“ ეძახიან, როგორ შეიძლება, ასეთი სახელის პატრონი კარგი იყოს? – გაეციანთ ბავშვებს.

მოკლედ, ატყდა დავა, ვინ ვის სჯობდა.

მაინც როგორ გვიყვარს ქართველებს ყველასა და ყველაფრის შედარება!!!

კამათს რომ მორჩნენ და საშუალება მომეცა, ერთი-ორი სიტყვა მეც ჩამერთო, მოვუყევი, როგორ შემაყვარა „იუვენტუსი“ ჩემმა უფროსმა ვაჟმა გიორგიმ, როგორი აღფრთოვანებით მიყვებოდა ამ კლუბის შესახებ: როდის დაარსდა, რატომ ეძახიან „ბებერ ქალბატონს“, რომელი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა ამ კლუბში და რა წარმატებას მიაღწია. მეუბნებოდა, ჰუმანურობის, კაცობის, ამტანობის და მეგობრობის როგორი ეტალონი იყო კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი.

უფრო მეტად რომ გამემძაფრებინა მათი ინტერესი, ინოვაციების ცენტრში, არაფორმალური შეხვედრის დროს, სანამ ლეგოს რობოტების გაკვეთილი დაიწყებოდა, ინტერნეტით მოძიებული ინფორმაცია, ფოტოები და „იუვეს“ საუკეთესო გოლების ვიდეოჩანაწერები ვაჩვენე ბიჭებს. ვიგრძენი, დაინტერესდნენ და პატივისცემაც იგრძნეს „ბებერი ქალბატონის“ მიმართ, თუმცა მეტსახელისადმი ირონიული დამოკიდებულება არ შეცვლიათ, სანამ „იუვეს“ დაარსების ისტორია არ გავაცანი.

ბავშვებს ისიც ვუთხარი, რომ ჩემს ჭიქების კოლექციაში „იუვენტუსის“ ემბლემიანი რამდენიმე ჭიქაც იყო. ჩემმა მეგობრებმა იციან ჩემი ჰობის შესახებ და ხშირად მჩუქნიან „იუვენტუსის“ ემბლემიან ნივთებს. ერთმა მეგობარმა იტალიიდან, ასეთი ქოლგაც კი გამომიგზავნა!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1897 წელს ტურინის ლიცეუმის “მასიმო დ’აძელიოს“ რამდენიმე სტუდენტმა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ფეხბურთი, გასართობად საკუთარი გუნდის დაარსება გადაწყვიტეს. 1897 წლის 1 ნოემბერს კლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდა. „იუვენტუსი“ კი მოგვიანებით ეწოდა დამაარსებელთა ასაკის გამო: „iuventus“ ლათინურად „ახალგაზრდობას“ ნიშნავს. ამიტომაც აქვს სრულიად საპირისპირო მნიშვნელობის მეტსახელი. საქმე ის არის, რომ არაერთი ტიტულის მფლობელი გუნდი რამდენიმე ადამიანმა ხუმრობით უკვე დაბერებულ, გამოცდილ ქალბატონს შეადარა.

1929 წლიდან მოყოლებული, „იუვენტუსი“ სერია A-ში თამაშობს. გამონაკლისი 2006-2007 წლების სეზონი იყო. მის აქტივში 63 ტიტულია. 34-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მოპოვებული აქვს თასების მფლობელთა თასი, ორჯერ – უეფას სუპერთასი.

ალესანდრო დელ პიეროს დამსახურებაა „იუვენტუსის“ აღმასვლა. „იუვეში“ მისი მისვლის შემდეგ კლუბი შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 1997-1998 წლებში მან საუკეთესო სეზონი ჩაატარა და საუკეთესო მეგოლის ტიტულიც დაიმსახურა. გუნდმა სკუდეტოც* მოიგო და 2012 წლიდან მოყოლებული, იტალიის ჩემპიონის ტიტული არავისთვის დაუთმია.

„იუვენტუსში“ უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მხოლოდ ეს სახელებიც კი რამდენს ნიშნავს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისთვის: რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, ფაბიო კანავარო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ზინედინ ზიდანი, პაველ ნედვედი, ჯიჯი ბუფონი…

ახლა „იუვეს“ რამდენიმე ფანი მყავს მეექვსე კლასში, რაც ძლიერ მახარებს. ერთი მათგანი ტყუპისცალი დათაა, რომლის დაბადების დღის ტორტს „იუვენტუსის“ წარწერა ამშვენებს.

 

 

ჩემს მეშვიდეკლასელებს შორისაც არიან „იუვეს“ გულშემატკივრები, ჩემთან ერთად ხარობენ მათი წარმატებით და ჩემთან ერთად განიცდიან მათ დამარცხებას. ყოველი თამაშის შემდეგ მოირბენენ ხოლმე შეძახილებით: „მასწ, დღეს „იუვემ“ ორი გოლი გაიტანა! ერთი რონალდუს გოლი იყო დიბალას შესანიშნავი გადაწოდებით!“

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ ცხრაწლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და 2018 წელს ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა.

ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრის დროს რონალდუს გატანილ „მაკრატელაზე“ ტურინელების აპლოდისმენტებმა გადააწყვეტინა კრიშტიანუს ამ კლუბში გადაბარგება და არა ასმა მილიონმა ევრომ. კარგად მახსოვს რონალდუს აღფრთოვანება ტურინელი გულშემატკივრებით და მისი მადლიერება. ამ ამაყ და ცოტა ამპარტავან მოთამაშეს ცრემლიც კი მოადგა, ისე აუჩუყა გული ტურინელების დამოკიდებულებამ.

ჩემი დამოკიდებულება ამ მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელის მიმართ ცოტა განსხვავებულია. მიუხედავად თავდაუზოგავი თამაშისა და უამრავი საქველმოქმედო აქციისა, რონალდუმ ჩემი პირადი პატივისცემა ჯერჯერობით ბოლომდე მაინც ვერ დაიმსახურა, რადგან კარგად მახსოვს მისი ფეხბურთელისთვის შეუფერებელი საქციელი მოედანზე, მაგრამ „იუვესთან“ ურთიერთობით, იმედია, დახვეწს მანერებს და გუნდის ღირსეული წევრი გახდება – „იუვე“ ხომ ადამიანობის, გამტანობის, მეგობრობის და ძლიერების ეტალონია!

„იუვე“ სიყვარულია!

 

სკუდეტო* – სერია -A-ს გათამაშება

 

გამოყენებული ლიტერატურა:

იუვენტუსის ფან-კლუბი www.juve.ge

კითხვისა და წერის უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე          

0

საქართველოში წერა-კითხვის სწავლების ძალზე დიდი ისტორია გვაქვს, ალბათ ისეთივე ძველი, როგორც თავად ქართული დამწერლობის შემოღება. ძნელი სათქმელია, ჩვენი შორეული წინაპრები როგორ ასწავლიდნენ წერა-კითხვას და ვინ როგორი წარმატებით ართმევდა თავს ამ ურთულეს ამოცანას, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერა-კითხვის სწავლება დღემდე რჩება სწავლების ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად.

რატომ უნდა ვიზრუნოთ კითხვისა და წერის (წიგნიერების) ფუნდამენტური უნარების სწავლა-სწავლების გაუმჯობესებაზე დაწყებით კლასებში?

იმიტომ, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში.

წიგნიერების უნარ-ჩვევების მფლობელი მოსწავლეები სწრაფად და ხარისხიანად სწავლობენ არამხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების საგნებს.
წიგნიერი მოსწავლეები გამოირჩევიან ემპათიის, პოზიტიური  სოციალური ურთიერთობის და თანამშრომლობის უნარებით.

ამიტომ წიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება ეთმობა როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე სკოლის შემდგომ ასაკში.

წიგნიერების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია, დავისახოთ შემდეგი საგანმანათლებლო მიზნები:

  • ძირითადი საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა) განვითარება;
  • მიზნობრივად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების წაკითხვისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
  • წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება;
  • საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოხატვისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის უნარის განვითარება;
  • ლიტერატურული ტექსტების წაკითხვის მოტივაციის გაღვივება, მათი აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
  • დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

 ამ მიზნებიდან გამომდინარე, სკოლაში კითხვისა და წერის სწავლება კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ითვალისწინებს. ეს ამოცანებია:

  • ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
  • აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
  • ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკისა და ფასეულობების

აღქმა-გააზრება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

  • მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
  • კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
  • ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
  • სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება.

როგორ შეიძლება განუვითაროთ მოსწავლეებს  წერისა და კითხვის (წიგნიერების)  უნარები პირველივე კლასიდან?

წერა-კითხვის ათვისება განსაკუთრებით შედეგიანია, როცა იგი მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ, აქტიურ სწავლება-სწავლის მიდგომებს ეფუძნება.
ასეთი სასწავლო პროცესი გაკვეთილებისა და და თემატური ერთეულების იმგვარად დაგეგმვასა წარმართვას გულისხმობს,როდესაც მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვისა და საკუთარი მიღწევების შეფასების საშუალება ეძლევათ.

შემოგთავაზებთ ამ მიმართულებით  ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს  I  კლასში:

გაკვეთილის თემა : ,,პინგვინი პეპე“

მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ მცირე ზომის ტექსტის კითხვას, მის გაგებასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, ვარაუდების გამოთქმას, მარტივი ტექსტის წერას.

შედეგად :  მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის მიმართ  ვარაუდების გამოთქმას, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, ტექსტის გაგება-გააზრებას, მახასიათებლის ცხრილისა და მარტივი ტექსტის შედგენას.

წაკითხვამდე: ამ ფაზაზე განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს კითხვისათვის მომზადებაში ეხმარება, მასწავლებელს კი – მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებასა და წინარე ცოდნის გააქტიურებაში.

  • მოტივაციის შესაქმნელად და გაკვეთილის თემის გაცნობის მიზნით, მოსწავლეებს  კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management -ის საშუალებით ბუკებში  ვუჩვენე ნაწყვეტი მულტფილმიდან პინგვინის შესახებ

 

დავუსვი შეკითხვები: რის შესახებ იყო ფილმი? ჰქონდათ თუ არა მასზე რამე ინფორმაცია?  შემდეგ ვკითხე, რატომ ვაჩვენე ეს ნაწყვეტი, რის შესახებ იქნებოდა ჩვენი გაკვეთილი.

სავარაუდო პასუხების გამოთქმის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე G-priedi -ის დამხმარე სასწავლო მასალა, საკითხავი წიგნი ,,პინგვინი პეპე“       https://kargiskola.ge/anbani/pingvini%20pepe.pdf.

დავათვალიერებინე ყდაზე გამოსახული ილუსტრაცია და ვუთხარი, რომ დღეს ტექსტში სწორედ პინგვინის შესახებ იქნებოდა საუბარი.

გავაცანი  გაკვეთილის თემა და მიზანი, მივაწოდე ინფორმაცია კითხვის იმ სტრატეგიის შესახებ, რომლითაც მოუწევდათ ტექსტთან მუშაობა გაკვეთილის განმავლობაში  (პაუზებით კითხვის მეთოდით წაიკითხავდნენ ტექსტს, გაიზრებდნენ მის შინაარსს, შეავსებდნენ მახასიათებლის ცხრილს, დაწერდნენ მარტივ ტექსტს, დახატავდენ მოთხრობის იმ ნაწილს, რომელიც ძალიან მოეწონებოდათ).

კითხვის განმავლობაში:   მეორე ფაზის მიზანია, მოსწავლეებმა ტექსტთან აქტიური მუშაობით შეიძინონ ახალი ცოდნა, განივითარონ ის ახალი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მესამე ფაზის წარმატებით დაძლევაში.

ტექსტის კითხვა დავიწყე საჩვენებელი კითხვით, ხმამაღლა. როდესაც მოსწავლეები უსმენენ, როგორ კითხულობს მასწავლებელი ხმამაღლა, მათ უვითარდებათ წიგნიერებისათვის საჭირო უმნიშვნელოვანესი უნარები, უმაღლდებათ კითხვის მოტივაცია. ისინი იწყებენ იმის გააზრებას, რომ კითხვა არის ახალი ინფორმაციის მოპოვების, სწავლისა და სიამოვნების მიღების საშუალება.

მეორე ჯერზე ტექსტი მოსწავლეებს წავაკითხე კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით:  განგრძობითი, მინიშნებითი კითხვით, გამოვიყენე  პაუზებით კითხვის მეთოდი.

წაკითხვის პროცესში ხმამაღალი ფიქრის მეშვეობით , შეკითხვების დასმით, ვარაუდების გამოთქმით დავაზუსტე, თუ რამდენად გაიგეს პატარებმა წაკითხული ტექსტი.

კითხვის დასრულების შემდეგ მოვასმენინე ტექსტის აუდიოჩანაწერი, რომელმაც გაახალისა პატარები და მისცა მათ საშუალება კიდევ უფრო დაეზუსტებინათ ტექსტში მიმდინარე მოვლენები.   ,,https://kargiskola.ge/anbaniaudio.php?audio_cigni=audio_pingvini%20pepe

 

შემდეგ კვლავ დავუბრუნდით ტექსტს, დამატებითი კითხვებით დავეხმარე ტექსტის უკეთ გაზრება-გაგებაში. მოსწავლეები უფრო ღრმად დაუკვირდნენ ტექსტის დეტალებს, რამაც გაუადვილა სამივე ცხოველის მახასიათებლების შესახებ ცხრილის შევსება (ცხრილი შევავსეთ პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელირების გამოყენებით) .

 

წაკითხვის შემდეგ

წაკითხვის შემდეგ , მესამე ფაზის მიზანია, მოსწავლეებმა გამოიყენონ დაუფლებული ცოდნა და უნარ-ჩვევები ძირითად საკითხებზე მსჯელობის, შეჯამების, შეკითხვებზე პასუხის გაცემის თუ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შესაქმნელად.

შესაბამისად, ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ  მოსწავლეებს ვთხოვე, დახმარებოდნენ პინგვინის პაპას, დაესრულებინათ წინადადება – „სპილო არის….“ და დაესურათებინათ ის.

ასეთი შემოქმედებითი დავალებით პატარები გაცილებით უკეთ ითვისებენ მიღებულ ცოდნას, ქმნიან ორიგინალურ ნამუშევრებს. ხდებიან თავდაჯერებული, ეძლევათ სწავლის შინაგანი მოტივაცია და კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულება.

 

შეფასება

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი, ისაუბრეს, რომელი აქტივობა მოეწონათ, იყვნენ თუ არა აქტიურები, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, რომელი თემის გაცნობა-შესწავლას ისურვებდნენ მომავალში.

მე კი მოსწავლეების  შესაფასებლად გამოვიყენე ა-ბ-გ რეზიუმე, სადაც მინიშნებულ ასოზე მათ ტექსტიდან უნდა მოეძებნათ სიტყვა და დაეწერათ, რა გაიგეს მის შესახებ.

 

 

ამრიგად, გაკვეთილზე სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები, სწავლის მეთოდები და წაკითხულის გააზრების ეფექტიანი სტრატეგიები  დაეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოუყალიბოს მას სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, შექმნას საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლის შემდგომ საფეხურზე გამოადგება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. ,,წიგნიერება“ – პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია, 2012;
  3. ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 წ.;
  4. ,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას“ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005წ.;
  5. მ. ასლანიშვილი, სადისერტაციო ნაშრომი ,,ადრეული კითხვის მეთოდურ-ფსიქოლოგიური საფუძვლები“.

 

 

 

ფანტაზიორი ბავშვები – დამახასიათებელი ნიშნები და ურთიერთობის სტრატეგიები

0

ყველასთვის ცნობილია, თუ რა მდიდარი ფანტაზია აქვთ ბავშვებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვი ფანტაზიორია.  განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად ახერხებს პატარა თავისი ფანტაზიორობის გამოხატვას, გამოვლენას. არიან ბავშვები, რომლებსაც ერთი შეხედვით არარსებული საგნებისაგან შეუძლიათ „გამოიგონონ“ მთელი სამყარო.

ბავშვის ფანტაზიის სამყარო მრავალფეროვანია და აქტიურ განვითარებას სამი წლის შემდეგ იწყებს. ამ პერიოდამდე მიმდინარეობს აქტიური მომზადება, რაზეც ბევრად არის დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ფანტაზიის შემდგომი განვითარება. პატარა სამყაროს შეიმეცნებს დედასთან ურთიერთობის გზით – დედა უკითხავს წიგნს, ასწავლის სხვადასხვა საგნის გამოყენებას. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ბავშვი ხდება დაკვირვებული და იწყებს საგნებსა და მოვლენებზე საკუთარი წარმოდგენების შექმნას. 4-დან 7 წლამდე პერიოდი ფანტაზიის აქტიური განვითარების, მისი ნამდვილი გაფურჩქვნის პერიოდია. სწორედ ამ პერიოდის ბავშვები იწყებენ დაუჯერებელი ისტორიების მოყოლას – როგორ გახდა უცნაური მოვლენების მონაწილე; როგორ ნახა სპილოს ზომის ძაღლი, როგორ ცდილობდნენ მის მოტაცებას და როგორ დაუსხლტა ხელიდან გამტაცებლებს; როგორ აგდებდა მამა მის პატარა ძამიკოს ფანჯრიდან, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, ბავშვის მიერ მოთხრობილი ანალოგიური ისტორიები გარშემომყოფთა მიერ კვალიფიცირდება როგორც ტყუილი, რაც ძალიან სწყინს პატარას და შექმნილ სიტუაციას უსამართლოდ მიიჩნევს. ეს ისტორიები არ წარმოადგენს სიცრუეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ბავშვისთვის არანაირი ხელშესახები სარგებელი არ მოაქვთ. ისინი არ ეხმარებიან მას დასჯის თავიდან აცილებაში,  ან რაიმე სახის საჩუქრის მიღებაში. ეს სხვა სახის მოვლენაა და ის ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია. ბავშვური ფანტაზიის წყარო ხშირ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანი და სრულიად განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს სიზმარი, რომელიც ბავშვმა სინამდვილედ მიიღო, შეიძლება იყოს აუსრულებელი, ფარული სურვილებისა და დიდი ხნის ოცნების გამოხატვა – „მე მამამ ლეკვი მიჰყიდა“- უცხადებს პატარა თანატოლებს ამაყად, თუმცა, როგორც ირკვევა მამა მხოლოდ საუბრობდა ასეთ შესაძლებლობაზე. ბავშვის ფანტაზიის წყარო შეიძლება გახდეს ასევე თანაკლასელებში ავტორიტეტის ამაღლების სურვილი  და საკუთარი თავის ისეთი მოვლენის გმირად წარმოდგენა, რაც შორსაა რეალობისგან. ზოგიერთ შემთხვევაში ფანტაზია ასრულებს არასასურველი ინფორმაციისაგან ქვეცნობიერად თავის დაცვის როლს. მაგ. ბავშვს, რომლის მშობლებიც დაცილებული არიან, შეუძლია მოუყვეს მეგობარს გამოგონილი ისტორია „მოგზაურ“ მამაზე, რომელიც ვერ ასწრებს უცხოეთიდან ჩამოსვლას  და სასკოლო ღონისძიებაზე მასთან მისვლას. ვაიძულოთ ფანტაზიორი აღიაროს, რომ ეს გამოგონილია, ნიშნავს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენოთ მას. უნდა აღინიშნოს, რომ ფანტაზიორობა ბავშვისთვის სერიოზული შემოქმედებითი თამაშია, რომლის გარეშეც ის პიროვნულად სრულფასოვნად ვერ განვითარდება, ის ხელს უწყობს ასევე მის ემოციურ განვითარებას და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ფანტაზიორი ბავშვები თავისი თანატოლებისაგან გამოირჩევიან მთელი რიგი თავისებურებებით:

  • აქვთ ძალიან კარგი მეხსიერება და ინტელექტის მაღალი დონე;
  • საკმაოდ ნათელი პიროვნებები არიან, ყოველთვის გამოირჩევიან უშუალობითა და ინდივიდუალურობით, გონებამახვილობითა და მიხვედრილობით;
  • ხასიათდებიან კომუნიკაბილურობით, ადვილად შედიან კონტაქტში უცხო ადამიანებთან;
  • უყვართ ბევრი ლაპარაკი. მათ შეიძლება სრულიად დაუფიქრებლად, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე მოუთხრონ ახლობლებსა და ნაცნობებს, მეზობლებსა და თანამგზავრებს ტრანსპორტში, თუ რით არიან დაკავებული მშობლები, სად მუშაობენ და როგორ ცხოვრობენ;
  • თამაშისას ადვილად შედიან თავისი საყვარელი მულტფილმების გმირების როლში და რადგანაც ისინი ჩვეულებრივ მდიდარი ფანტაზიით ხასიათდებიან, ტექსტს მულტფილმებიდან თავისი სიტყვებით ცვლიან;
  • მათთვის მოსაწყენი და მოსაბეზრებელია ყოველდღიურობა და ცხოვრების ჩვეული რიტმი. ამიტომ, ისინი წარმოსახვაში მუდმივად ქმნიან სცენარს ალტერნატიული რეალობისთვის, სადაც მოვლენები მათთვის უფრო საინტერესოდ ვითარდება;
  • ხასიათდებიან განყენებული ცნებებით აზროვნების კარგი უნარით, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის;
  • კარგად აქვთ განვითარებული შემოქმედებითი უნარები, აქვთ ნათელი წარმოსახვა. მათი ფანტაზია ხშირად შემოქმედებით საქმიანობაში (ხატვა, ძერწვა, ისტორიების შეთხზვა და ფურცელზე გადატანა) პოულობს ასახვას. ალბათ, სწორედ ამიტომ დიდობაში ისინი ძირითადად შემოქმედებით პროფესიებს ირჩევენ – მხატვარი, მოქანდაკე, მუსიკოსი, მწერალი, დიზაინერი მათი საყვარელი პროფესიებია.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ფანტაზიორობაში თავისთავად ცუდი არაფერია და ის ბევრი სარგებლობის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის განვითარებისთვის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ბავშვის ფანტაზია ზედმეტად შორს მიდის და ბავშვი ვეღარ გრძნობს ზღვარს რეალურ და გამოგონილ სამყაროს შორის. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს და საერთოდ ბავშვთან ურთიერთობის რა სტრატეგიები ავირჩიოთ იმისათვის, რომ ფანტაზიორობა მისი განვითარების ხელშემწყობი გახდეს და ზედმეტი ფანტაზიორობით გამოწვეული საფრთხეებიც ავიცილოთ თავიდან.

რეკომენდაციები ფანტაზიორ ბავშვთან ურთიერთობისათვის:

  • ხშირად უფროსებს გვიჭირს ბავშვის ფანტაზიის მიღება, აღიარება და ფანტაზიორობის პროცესში მის მიერ შეთხზული ისტორიები ჩვენ მიერ ტყუილად აღიქმება. უნდა ითქვას, რომ ბავშვურ ტყუილსა და ფანტაზიას შორის ძალიან მყიფე საზღვარია. იმისათვის, რომ შევძლოთ მათი გამიჯვნა და მივხვდეთ ბავშვი რამეს იგონებს, ფანტაზიორობს თუ იტყუება, საჭიროა გავაანალიზოთ მისი ქცევა, ვიპოვოთ ის მოტივები, რომლებიც მას ამოქმედებს. ფანტაზიორობის დროს ბავშვი ან ცხოვრების გალამაზებას, გამრავალფეროვნებას ცდილობს, ან მძიმე, არასასიამოვნო და შემაწუხებელი განცდებისაგან განთავისუფლებას. ფანტაზიორობა ბავშვისთვის თავისებური თამაშია, რომელსაც არანაირი სარგებლის მიღების და გამორჩენის მოლოდინი არ ახლავს. ფანტაზიორი ბავშვები უბრალოდ სიმართლეს ფანტაზიით მალავენ, ნიღბავენ. რაც შეეხება ტყუილს, მას ბავშვი იმისთვის იყენებს, რომ თავიდან აიცილოს დასჯა, დაცინვა და ხანგრძლივი ახსნა-განმარტებები, ან – მიიღოს სასურველი საგანი. არ იქნება გამართლებული ფანტაზიორ ბავშვთან ჩხუბი, საყვედურის გამოთქმა, მისი დასჯა იმისათვის, რომ ის „იტყუება“, იგონებს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ არსებობს, არ მომხდარა. ნუ მივიღებთ ბავშვის ფანტაზიას, როგორც ტყუილს, სიცრუეს. ასეთი მიდგომით დიდ სულიერ ტრავმასა და ტკივილს მივაყენებთ პატარას, რომელიც ასეთ დროს, როგორც წესი, იბნევა, საგონებელში ვარდება და ვერ ხვდება, რატომ ეჩხუბებიან და რატომ არ შეიძლება მისი საყვარელი მულტფილმების გმირების თამაში. ვიყოთ ყურადღებიანი და გულისხმიერი პატარა ფანტაზიორის მიმართ, მარტივად, მისთვის გასაგები ენით ავუხსნათ, რომ მულტფილმების გმირები ცხოვრობენ არარეალურ სამყაროში, ჩვენ, ადამიანები კი რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ, ხანდახან შეიძლება წარმოვიდგინოთ არარეალური სამყარო, ვიფანტაზიოროთ და ვითამაშოთ. ჩვეულებრივ, როცა ბავშვს ვუჩვენებთ საზღვარს და ვუხსნით, სად იწყება და სად მთავრდება არარეალური სამყარო, ის იწყებს ამ საზღვრების დაცვას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ფანტაზია აუცილებელია შემოქმედებითი და პრობლემური ამოცანების გადასაწყვეტად, რადგანაც ისინი საჭიროებენ არასტანდარტულ მიდგომას. ამიტომ, გაუმართლებელი იქნება, ვებრძოლოთ ბავშვურ გამოგონებებს, სისულელე და ტყუილი ვუწოდოთ მას და ამგვარად დავამციროთ პატარები. ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ეს რაღაც სამარცხვინო და არასაჭიროა. კარგი იქნება, თუ გამოვყოფთ ისეთ სფეროებს, სადაც ბავშვის ფანტაზია და გამომგონებლობა წახალისებული იქნება ჩვენ მიერ. ასეთი შეიძლება იყოს თამაშები, თეატრალური დადგმები, ხატვა, ძერწვა და ა.შ.;
  • გამოვიწვიოთ ფანტაზიორი ბავშვი გულწრფელ საუბარზე; შეიძლება ჩვენ მასთან ერთად უკეთესად შევძლოთ იმ საქმიანობის შერჩევა, სადაც ის შეძლებს საკუთარი ფანტაზიის სრულად გამოხატვას. მაგ. თუ ბავშვი დაუსრულებლად თხზავს „ტყუილებს“ და არარეალურ ისტორიებს, ნუ შევეცდებით მის გამოაშკარავებას და ნუ გავკიცხავთ. უკეთესი იქნება, თუ მოვუსმენთ, საინტერესოდ ჩავთვლით მის მიერ შეთხზულ ამბავს და შევთავაზებთ დაწეროს ამის შესახებ ან დახატოს, საღებავებით გამოხატოს ფანტაზიები. ამასთან, კარგი იქნება, თუ თავის განცდებსა და შთაბეჭდილებებს დღიურში დააფიქსირებს; რეალობასთან შერეული ილუზიები გარდაიქმნება მხატვრულ ქმნილებაში და შესაძლოა ჩვენ ნამდვილი ლიტერატურული ნაწარმოები მივიღოთ. ეს შემოქმედებითი თვითგამოხატვის კარგი საშუალება იქნება. თუ ამასთან ერთად ბავშვს საშუალება ექნება, მოისმინოს ჩვენგან სიტყვები: „რა კარგად გააკეთე, რა საინტერესოდ მოჰყევი!“, მისი სულის კარი ჩვენთვის ღია იქნება;
  • ყველაფრის მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ფანტაზიორობამ შეიძლება უფროსები საგონებელში ჩაგვაგდოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც პატარა ვერ ახერხებს რეალური და წარმოსახული სამყაროს გამიჯვნას, უჭირს თავისი წარმოსახული თამაშიდან გამოსვლა, როდესაც გამოგონილი ისტორიები უხვად მოიცავს აზრებს ძალადობაზე, აგრესიაზე, შიშებზე, ბავშვი არ ავლენს სითბოს და სიყვარულს მშობლების მიმართ, არ უყვარს საკუთარი და-ძმა, აგრესიულია მათ მიმართ. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ შევეცდებით ბავშვის ამგვარი  ქცევის მიზეზების გარკვევას. შესაძლოა, ის უნებლიეთ ოჯახური დრამის, მშობლებს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. მაშინ, მხოლოდ სიყვარულმა, ყურადღებამ და მოთმინებამ ბავშვის მიმართ შეიძლება შეაჩეროს სისასტიკის და უხეშობის განვითარება მასში.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, ადამიანს ფანტაზიის უნარი რომ არ ჰქონოდა, ძალიან ბევრი რამ მოაკლდებოდა კაცობრიობას: მეცნიერული აღმოჩენები, ხელოვნების ნაწარმოებები, ბავშვებისთვის ესოდენ საყვარელი ზღაპრები და საბავშვო თამაშები. წარმოსახვის გარეშე ვერცერთი ბავშვი ვერ შეძლებდა სწავლას, რადგან გაუჭირდებოდა განყენებული ცნებებით ოპერირება და ხატების კონსტრუირება. ასე რომ, ფანტაზიორობის აკრძალვა ადამიანისთვის შეიძლება პროგრესის გაჩერების ტოლფასი აღმოჩნდეს.

 

 

კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი

0

საბუნებისმეტყველო განათლების სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი უნდა ცდილობდეს კვლევის დანერგვას. ჰაქსლის (Huxley, 1899) მიხედვით, თუ პედაგოგს მეცნიერული კვლევის გამოცდილება ნაკლები აქვს და ფლობს ბუნებისმეტყველების მხოლოდ მარტივ კონცეფციებს, მაშინ ამ მოცემულობამ შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება, შექმნას ერთგვარი ბარიერი კვლევების დანერგვასა და სწავლა-სწავლების პროცესში. შესაბამისად, იზღუდება მასწავლებლის შესაძლებლობა, ჩაატაროს ისეთი გაკვეთილები, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებულის საფუძველზე ახალი ცოდნის შეძენას. ჰაქსლი ამბობს: „მასწავლებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ მოსწავლეს მიაწოდოს ცოდნა, არამედ უნდა დარწმუნდეს, რომ ისინი ცოდნას თავისით იღებენ  და აქტიური შემსწავლელები არიან. მაგალითად, საკმარისი არ იქნება მასწავლებლის მხრიდან იმის თქმა, რომ მაგნიტი იზიდავს რკინას, არამედ უნდა დაელოდოს, მოსწავლე თვითონ მივიდეს ამ დასკვნამდე“ (Huxley, 1899, p. 127).

რეგანისა და სხვათა მიხედვით (Reagan et al., 2000), მასწავლებელთა პროფესიული ზრდისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი საქმიანობის რეფლექსია, გაავრცელონ საკუთარი იდეები და მიიღონ სიახლეები იმ კოლეგებისგან, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამ მიდგომით ისინი გაიაზრებენ სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობას და ამასთანავე, ჩამოუყალიბდებათ განწყობა და დამოკიდებულება, შექმნან “კვლევის კულტურა“ საკუთარ თავსა და საგაკვეთილო პროცესში. ამავე ავტორთა მიხედვით, „კვლევის კულტურა“ მოიაზრებს მასწავლებელთა ჩართვას კვლევებში, ასევე კოლეგებისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივ სწრაფვას, ღრმად ჩასწვდნენ სწავლა-სწავლების ამგვარ მიდგომას და გააუმჯობესონ ის. იმისათვის, რომ სკოლაში „კვლევის კულტურა“ იქნეს შენარჩუნებული, საჭიროა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის, ასევე, კოლეგებს შორის არსებობდეს ორმხრივი პატივისცემა და თანამშრომლობა, მუდმივი მზაობა სიახლეების მისაღებად და სწრაფვა ახალი იდეების განხორციელებისაკენ.

ბრუქსის მიხედვით, „მასწავლებელი, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მუდმივად იყენებს კვლევებს, მისი მოსწავლეები იჩენენ მეტ ინტერესს და ავლენენ შემეცნებით უნარებს“ (Brooks & Brooks, 1999, p.380). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებისთვის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საინტერესო და სახალისოა, ისინი ბუნებით მაინც ზარმაცი არიან და მათ ყოველთვის სჭირდებათ მასწავლებლის მხარდაჭერა და სტიმული. მასწავლებელი მოკლე კომენტარებით უნდა აძლევდეს მოსწავლეებს რეკომენდაციას კვლევის პროცესში და უთითებდეს ინტერნეტრესურსებს, ამა თუ იმ საკითხის პირველწყაროს განსახილველად. სასურველია, მასწავლებელმა მოიწვიოს საკვლევი საკითხის შესაფერისი ექსპერტი.

ლეველინი (Llewellyn, 2002) თვლის, რომ დამწყები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებლები ყოველთვის სამ ძირითად კითხვას სვამენ:

  1. რომელია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მამოძრავებელი ელემენტები?
  2. რას წარმოადგენს კვლევაზე დაფუძნებული აქტივობები, რომელსაც მე ვატარებდი?
  3. როგორ უნდა ჩავრთო ჩემი მოსწავლეები კვლევით აქტივობებში, თუ მათ არ აქვთ წინარე კვლევითი გამოცდილება და ინტერესი?

კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია ყველა იმ მასწავლებლისათვის, რომელიც ცდილობს, ჩაერთოს კვლევაზე დაფუძნებული მიდგომით სწავლებაში.

NRC (National Research Council, 2002) საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისგან მოითხოვს:

  • ხელი შეუწყონ მოსწავლეებს სენსომოტორული, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებასა და გამოყენებას;
  • დაგეგმონ ისეთი აქტივობები, რომლებიც გაზრდის მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, აამაღლებს მათში სამეცნიერო წიგნიერების დონეს; მოსწავლეები ჩასწვდებიან მეცნიერების არსს; მათ გაუღვივდებათ მეცნიერების მიმართ ინტერესი და სიყვარული.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, ისწავლონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური მუშაობით. ის მუდმივად უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებს იდეების გენერირებისა და შეკითხვების დასასმელად, ეხმარებოდეს მათ აზრის ფორმულირებასა და კვლევის დროს  როლების განაწილებაში. მასწავლებელი შეაფასებს რა წინარე ცოდნას, გამოიყენებს მას, როგორც ახალი მასალის შესწავლის საფუძველს, კითხვებისა და კვლევების საშუალებით დააშენებს მასზე ახალ ცოდნას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლისგან ნებისმიერი აზრი, შეკითხვა ან პასუხი მშვიდად და გულდასმით მოისმინოს ბოლომდე. არაზუსტი პასუხი კი აქციოს მათი შემდგომი განვითარების საფეხურად. მასწავლებელს ყოველდღიურ ჩვევაში აქვს კვლევაზე ორიენტირებული, მცირე ჯგუფებად ორგანიზებული საკლასო სიტუაციის შექმნა. იგი კვლევების დროს უზრუნველყოფს სწორ საკლასო მენეჯმენტს, ეფექტურ კომუნიკაციასა და უსაფრთხოებას. ის არ ერთვება კვლევის პროცესში, დადის ჯგუფებს შორის, მოქმედებს როგორც ფასილიტატორი, მედიატორი. საჭიროების შემთხვევაში კი, მოსწავლეებს უწევს დახმარებას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება და ის მათ ეხმარება დასმულ ამოცანაზე პასუხის გაცემაში, მტკიცებულებებისა და დასკვნების ჩამოყალიბებაში. იგი წაახალისებს მოსწავლეთა კომუნიკაციას, ასოციაციური რუკების, გრაფიკებისა და მოდელების შექმნასა და გამოყენებას ცოდნის დემონსტრირების მიზნით. მუდმივად აწარმოებს მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს, ეხმარება მათ თვითშეფასებაში და თვითონაც აფასებს  სხვადასხვა ფორმით.

ლეველინის (Llewelyn, 2002) მიხედვით, მასწავლებელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ ეტაპები, რომლებიც აყალიბებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელს, არის ყველასთვის პერსონალური გამოცდილება. მიუხედავად იმისა, თუ რა გზას აირჩევს ინდივიდი, ის აუცილებლად გაივლის 4 სტადიას:

  1. იწყებს სწავლებას ტრადიციული მიდგომებით;
  2. გაიაზრებს კვლევის ცნების ფენომენს;
  3. ტრადიციული სწავლებიდან გადადის კვლევებით სწავლებაზე;
  4. ნერგავს კვლევებს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მკვეთრად ჩანს, რა ეტაპობრივად მიმდინარეობს მასწავლებლის ცნობიერებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში  კვლევითი სტრატეგიების გაძლიერება.

როგორც სერჯიოვანი (Sergiovanni, 1996) აღნიშნავს, კვლევითი სწავლება მოითხოვს, რომ მასწავლებელმა გააანალიზოს პრობლემები, შეაფასოს სიტუაციები და მიიღოს გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, აუცილებელია არსებობდეს მასწავლებელთა ქსელი, სადაც ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან გამოცდილების გაზიარებით, რაც თითოეულ მათგანს აუმაღლებს კვალიფიკაციის დონეს. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ორმხრივი მოტივაცია, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი. სკოლის ადმინისტრაცია უნდა ენდობოდეს მასწავლებელს, რათა მან მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, აითვისოს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიები და მოარგოს თავისი კლასის დონეს. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და მზად იყოს სიახლეების მისაღებად.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სპეციალისტები ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან – იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო საგნების კვლევებით სწავლება გახდეს უფრო ეფექტური, სხვა ასპექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მუდმივი გრძელვადიანი პროფესიული განვითარების (CPD Continious Profesional Development) პროგრამების განხორციელება, ასევე ვორქშოფებისა და კონფერენციების ორგანიზება.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშესაწყობად და ამ სფეროს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მიზნით, ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტ PROFILES-ის (https://www.profiles-project.eu/) ფარგლებში, ბოლტესა და PROFILES-ის კონსორციუმის სხვა წევრთა მიერ (Bolte et al., 2012) შემუშავებულ იქნა სამსაფეხურიანი გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამა, რომლის ეტაპებს შეადგენს:

  1. პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მასწავლებელი ატარებს საკუთარ კლასში, როგორც მეცნიერი;
  2. მასწავლებლის ჩართულობა კურიკულუმის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;
  3. თანამშრომლობა სხვა მასწავლებლებთან, მასწავლებელი ნერგავს საკუთარ პრაქტიკას.

მსგავსი მოდელი იწვევს მასწავლებელთა თვითეფექტურობისა და მესაკუთრეობის გრძნობის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, მკვეთრად აისახება მოსწავლეთა მოტივაციასა და მათ დამოკიდებულებებზე საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ.

პროექტ PROFILES-ის მონაწილე ქვეყნების კოორდინატორებისაგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, PROFILES კონსორციუმმა დაადგინა, რომ მასწავლებელი პროფესიული კუთხით შესაძლებელია განვითარდეს 2 მიმართულებით:

  1. მასწავლებელი, როგორც კურიკულუმის განმავითარებელი;
  2. მასწავლებელი, როგორც საკუთარი პრაქტიკის მკვლევარი.

ჰოფშტაინისა და სხვათა მიხედვით, პროექტის PROFILES გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამები მიმართული იყო მასწავლებელთა 4-ეტაპიან განვითარებაზე. კერძოდ, მასწავლებელი, როგორც შემსწავლელი; მასწავლებელი, როგორც მასწავლებელი; მასწავლებელი, როგორც პრაქტიკოსი და მასწავლებელი, როგორც ლიდერი (Hofstein et al, 2012, p.57).

 

სქემა  1. მასწავლებლის ოთხეტაპიანი განვითარების მოდელი

 

ბოლტესა და თანაავტორთა მიხედვით (Bolte et al., 2012) მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული მოდელი, შედეგებიდან გამომდინარე, CPD პროგრამის ერთ-ერთი ეფექტური და წარმატებული მოდელია. პირველი და მეორე საფეხური არის საწყისი და ძირითადი ოთხეტაპიან მოდელში. შემსწავლელისა და პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის განვითარება ხელს უწყობს მასწავლებლის მესაკუთრის განცდის ჩამოყალიბებას.

მესაკუთრეობის შესახებ საინტერესოდ მსჯელობს ოსბორნი (Osborne, 2002).  მისი თქმით, ცნება – მესაკუთრე შედარებით ახალია საბუნებისმეტყველო განათლების სპეციალისტებისთვის, მეტადრე მასწავლებლებისთვის. იგი ფიქრობს, რომ მასწავლებლები, რომლებიც ჩართულნი არიან სასწავლო მასალის შემუშავების პროცესში, უფრო მეტად უვითარდებათ მესაკუთრეობის განცდა. მესაკუთრეობის გრძნობის ღრმად განვითარება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მასწავლებლების პროფესიულ დამოკიდებულებასა და მათ ქცევაზე, როგორც ნოვატორზე, ასევე, ლიდერობის უნარის განვითარებაზე.

როგორც მკვლევრები (Hofstein et al., 2012) მსჯელობენ,  მასწავლებელს, როგორც მესაკუთრეს:

  • უნდა ჰქონდეს სურვილი, ჩართოს სხვა მასწავლებლები პროექტებში;
  • უნდა ჰქონდეს მზაობა, განსაზღვროს სოციოსამეცნიერო საკითხები, რომელიც იმ გარემოსთვის არის დამახასიათებელი;
  • მისცეს ამ საკითხების განხილვას პროექტების სახე;
  • გამოაქვეყნოს ეს პროექტები ინტერნეტ სივრცეში და გააცნოს თავი საზოგადოებას;
  • მოუყვეს თავის მოსწავლეებს ამ მოდულში მონაწილეობის შესახებ;
  • ეცადოს, შეიტანოს არტეფაქტები, რომლებიც მტკიცებულებებს წარმოადგენს საკლასო ქცევისა და პრაქტიკისათვის.

შინაარსობრივ ცოდნაზე დაყრდნობით მასწავლებელი წყვეტს, შეიტანოს თუ არა ცვლილებები, ალტერნატივები და შესწორებები თავდაპირველ კვლევით მოდულსა და საკლასო სივრცეში. მას სამუშაოდ შემდეგ გამოიყენებს, როდესაც დარწმუნდება, რომ თემა არის მოსწავლეებისათვის რელევანტური. ამ ეტაპზე მასწავლებელს უკვე აქვს მზაობა, რომ გახდეს გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამის ლიდერი მომდევნო წელს.

ინგლისში, განათლების ექსპერტები (Millar  &  Osborn, 1998) განიხილავენ საბუნებისმეტყველო საგნების კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას და მის ზეგავლენას ქვეყნის სამეცნიერო მუშაობის ხარისხზე. როგორც ექსპერტთა დასკვნებში ვკითხულობთ, ამ საკითხის მოსაგვარებლად, ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწის გარდა, მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ მასწავლებლის კომპეტენციას. შირლის (Shirley, 2012) მიხედვით, ინგლისში განხორციელდა მასწავლებელთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელშიც ხაზი გაესვა გამოცდილი მასწავლებლების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სკოლებს შორის თანამშრომლობის გზით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია სხვა მასწავლებელთა მზაობა და სურვილი, მიიღოს შეთავაზებული გამოცდილება და შეცვალოს საკუთარი სასწავლო მიდგომა.

როგორც სორნუნენი (Sornunen at al., 2012) წერს, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტმა ფინეთში განახორციელა მასწავლებელთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც სხვა პროგრამების მსგავსად, ორიენტირებულია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარებაზე. თუმცა, მასწავლებლებს შორის უშუალო, მჭიდრო კონტაქტის ნაკლებობის გამო, ისინი ხშირად მიმართავენ დისტანციურ კომუნიკაციას Moodle-ის პროგრამის გამოყენებით. Moodle პორტალი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განათავსონ საკუთარი რესურსები და გამოიყენონ სხვათა მიერ განთავსებული მასალები მათი მოდიფიცირების უფლებით.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქმნება:

  • კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებლის ერთგვარი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია პედაგოგთა დამოკიდებულებებზე, ქცევასა და კომპეტენციებზე;
  • პლატფორმა სწავლებისა და აქტიური სწავლისათვის.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი პრეზენტაციის, გაკვეთილის ორგანიზების, კითხვების დასმის ტექნიკისა და თვით სხეულის ენითაც კი განსხვავდება ტრადიციული სწავლების მასწავლებლისგან. იგი სარგებლობს გრძელვადიანი გეგმით, თითოეულ გაკვეთილს გეგმავს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების  მიდგომების – 5E სასწავლო ციკლის მოდელისა და კვლევითი ციკლის მოდელის (იხ. https://mastsavlebeli.ge/?p=17675) გათვალისწინებით. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი არის მოქნილი და წინასწარ დაგეგმილსა და გაკვეთილზე, კვლევის დროს მომხდარ ცვლილებებს მარტივად უძღვება, რათა გაკვეთილმა არ მიიღოს ქაოსური ხასიათი ან/და არ ასცდეს საბუნებისმეტყველო განათლების კონტექსტს. მასწავლებელი საკვლევ საკითხს მუდმივად აკავშირებს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებთან, მათემატიკასა და ტექნოლოგიებთან. მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეებში გააღვივოს ცნობისმოყვარეობა, გამოიკვლიოს მოსწავლეთა ინტერესები და ამის მიხედვით აირჩიოს სასწავლო თემა და მეთოდი, რომელიც, ამავდროულად,  შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომების დამნერგავი მასწავლებელი მუდმივად ქმნის სამეცნიერო კვლევებისადმი პოზიტიურ საკლასო სიტუაციას, აღძრავს ინტერესს, იყენებს მეტაკოგნიტური სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიებს, შემოაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები და ავითარებს მაღალი დონის კრიტიკულ სააზროვნო უნარებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Brooks, J., & Brooks, M. (1999) In search of understanding: The case for the constructivist class-rooms. Upper Saddle River, NJ: Merrill-Prentice Hall
  2. Bolte, C., Streller, S., Holbrook, J., Rannikmäe, M., Hofstein, A., Mamlok-Naaman, R., & Rauch, F. (2012). Introduction into the PROFILES Project and its Philosophy. Inquiry-based Science Education in Europe: Reflections from the PROFILES Project, 31-42.
  3. Hofstein, A., Mamlok-Naaman, R., Katchevitch, D., Rauch, F., & Namsone, D. (2012). Teachers’ ownership: What is it and how is it developed. Inquiry based Science Education in Europe: Reflections from the PROFILES Project, 56-58.
  4. Huxley, T. (1899). Science and Education. New York: Appleton
  5. Llewellyn, D. (2002). Teaching high school science through inquiry: A case study approach. Corwin Press. USA
  6. Millar, R. and Osborne, J.F. (eds.)(1998). Beyond 2000: Science Education for the Future. London: King’s College London.
  7. National Research Council. (2002). Inquiry and the National science education standards: A guide for teaching and learning. Washington, DC: National Academy Press.
  8. Osborne, J., (2002). Notes on the use of data transformations. Practical Assessment, Research & Evaluation, 8(6). 06.2017 Retrieved from https://PAREonline.net/getvn.asp?v=8&n=6
  9. Reagan, T. G., Case, C. W., & Brubacher, J. W. (2000). Becoming a reflective educator: How to build a culture of inquiry in the schools. Thousand Oaks, CA: Corwin.
  10. Sergiovanni, T. J. (1996). Leadership for the schoolhouse: How is it different? Why is it important? Jossey-Bass, Inc. Publishers, 350 Sansome Street, San Francisco, CA 94104.
  11. Shirley S., (2012) Inquiry-based Science Education in Europe: Reflections from the PROFILES Project. Effective Continuous Professional Development in Science Education. 17, Berlin.
  12. Sornunen, K., Hartikation-Ahia, A., Juntunen, S., Keinonen, T. & Karkkainen, S. (2012). Inquiry-based Science Education in Europe: Reflections from the PROFILES Project.Teachers Continuous Professional Development Programme in Finland. 106. Berlin.
  13. https://www.profiles-project.eu/

 

ათი ფერი ”ვეფხისტყაოსანში”

0

ფერი მხატვრულ ტექსტებში უმნიშვნელოვანესი ესთეტიკური კატეგორიაა. სიმბოლიკაში მას საინტერესო დატვირთვას აკისრებენ მწერლები. ფერით შესაძლებელია ისეთი ქვეტექსტის მინიჭება ავტორის სათქმელისთვის, რაც ნაწარმოების უმთავრესი იდეური აქცენტების ამოხსნაში დაგვეხმარება. შესაძლოა, მკითხველისთვის გარკვეულ სირთულეს წამოადგენდეს მწერლის ჩანაფიქრის ამოცნობა, მაგრამ ამ საკითხების შესწავლა, დეკოდირება და ანალიზი შესაძლებელია. ლიტერატურათმცოდნეები საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიან ფერთა სიმბოლიკის საკითხებს და არსებობს მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტშიც კი მიღებული და საყოველთაოდ გაზიარებული ახსნები. მაგალითისთვის ცისფრისა და ლურჯის სიმბოლიკაც იკმარებდა. მხატვრობასა და ლიტერატურაში ეს ფერი იდეალის, რომანტიკული ოცნების, სასურველის, შეუცნობლის, მისტიკურის სიმბოლოდ ითვლება. სხვა დატვირთვა აქვს ლურჯ ფერს ”ვეფხისტყაოსანში”.

რუსთველი, როგორც სიმბოლოთა დიდოსტატი, ”ვეფხისტყაოსანში” ფერებს განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციას სძენს. ერთი ფერი პოემის მთელ სიუჟეტში ერთ კონკრეტულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და არ არის რთული ამოსაცნობი მისი დანიშნულება. პოემის სამყარო ისედაც მრავალფეროვანია, ხოლო ფერები პოეტს ეხმარება თავისი საიდუმლოებების მკითხველისთვის დამაინტრიგებლად მიწოდებაში. პოემა მთლიანად ლიტერატურულ მისტიფიკაციად უნდა ჩავთვალოთ. აქ საიდუმლოა ავტორის ვინაობა, პოემის ფაბულა და სიუჟეტი, გმირთა ვინაობა, ქვეყნები და ქალაქები, დრო და სივრცე (ქრონოტოპი), მაგრამ რუსთველოლოგია ამ საიდუმლოებებს თავისებურად ხსნის და მომზადებულ მკითხველსაც შეუძლია ნაირგვარი ინტერპრეტაციებით ტექსტის აღქმა.

პოემის ფერთა სამყარო პირობითად ამგვარ პალიტრას გვთავაზობს (ძირითადად დომინირებს ათი ფერი):

  • შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა (სამი სკნელი, სამი რაინდი და სამი ფერის ცხენი – მითოსური პარადიგმა);
  • ოქროსფერი, ძოწისფერი და ჭრელი;
  • მწვანე და ნარინჯისფერი;
  • ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები.

შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა

ქართულ მითოსსა და ჯადოსნურ ზღაპრებში კოსმოსის აღქმა ყოველთვის ასეა შემოთავაზებული: სამყარო იყოფა სამ სკნელად – ზესკნელი-შუასკნელი-ქვესკნელი. უძველეს მსოფლაღქმაში ზესკნელი უფლისა და ანგელოსების საუფლოა და მას თეთრი ფერი შეესაბამება, შუასკნელი – ადამიანთა სამყოფელია, მიწიერება, რომლის სიმბოლო წითელი ფერია, როგორც ფერი სიცოცხლისა, სისხლისა და სიყვარულისა, ხოლო ქვესკნელი ანუ სულეთი მიცვალებულთა საუფლოა და მისი შესაფერისია შავი ფერი, თუმცა აქ სიკვდილთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაბამიც არის, ვინაიდან მიწის წიაღში ჩადის თესლი, ღვივდება და ახალი სიცოცხლე იბადება. მითოსური წარმოდგენით ასევე არსებობს კულტი სამი მესია-გმირისა, რომლებიც ამ სამი სკნელის ფერების ცხენებზე არიან ამხედრებულნი. რუსთველი ზუსტად მისდევს ამ მითოსურ წარმოდგენებს. ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი ხსენებული მითოსური არქეტიპების „რეინკარნაციად“ გვევლინებიან. ავთანდილი, როგორც უფალთან მიახლოებული, ნათელი გმირი, თეთრ ცხენზე ზის; ტარიელი, როგორც სატრფოს დამკარგავი, ქვესკნელში ჩასული, განმარტოებული, სევდიანი გმირი – ფრიდონის ნაჩუქარ შავ ცხენზე ზის; ხოლო ფრიდონი ნამდვილი შუაკაცია, მიწის კაცი, ის რჩეული რაინდია, მაგრამ ავათანდილს და ტარიელს ვერ შეედრება. როცა სამნი ერთად მიდიან, რუსთველი მათზე ამბობს: ”ორნი მზენი, ერთი მთვარე”. ფრიდონის ცხენის ფერზე ”ვეფხისტყაოსანში” მითითება არ არის, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის, როგორც წითელი სკნელის გმირი, წითელ ცხენზე ზის.

საინტერესო დატვირთვა აქვს წითელ ფერს ავთანდილის გულანშაროში ყოფნის ეპიზოდში, ჭაშნაგირის მოკვლის სცენაში. ჭაშნაგირის სახლი სანაპიროზე ასეთი იყო: ”ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა”… სახლი ძალიან მდიდრული იყო, მაგრამ წითელი და მწვანე უგემოვნო ფერთა შეხამებაა, რაც ჭაშნაგირის მდაბიო ბუნებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

1953 წელს ბუენოს-აირესში გამოიცა ცნობილი ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის წიგნი ”ვეფხისტყაოსნის” ფერთამეტყველება”, სადაც თეთრი ფერი პოემაში მიჩნეულია სიმშვიდის, სიკეთის, სინათლის, სიახლის, ძიების და აღმოჩენის ფერად. თეთრი, ბროლ-ფიქალი, ასევე თეთრი ფერის ქვები, სადაფი და მარგალიტი ითვლება გონებისა და სულის სინათლის ფერებად. წითელი ფერი სიყვარულის და, ამასთან, სისხლის, შურისძიების ფერია. ტარიელმა წითელი ატლასით მორთო სასიძოს, ხვარაზმელი უფლისწულის, კარავი, როგორც მოსალოდნელი სისხლისა და შურისძიების სიმბოლო. ტარიელის შავი ცხენი მას თან ახლავს განუყრელად, მისთვის მხსნელი და მშველელია, ქაჯეთის ციხის აღების დროსაც ფრიდონი გაეხუმრა ტარიელს (”ვეფხისტყაოსანი” ნოდარ ნათაძის რედაქციით, თბილისი, 2014, სტროფი 1414): ”მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა, / ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, / თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”…

შავის და თეთრის სიმბოლიკას უკავშირდება ვეფხის ტყავიც, როგორც პოემის უმთავრესი სიმბოლო. ნათელი (იგივე თეთრი) და შავი ზოლების მონაცვლეობა ტარიელის ვეფხის ტყავზე სიმბოლოა სამყაროში ბოროტისა და კეთილის, ორი ანტაგონისტური ენერგიის,  ჭიდილისა.

ძოწისფერი, ოქროსფერი და ჭრელი

ძოწისფერი წითლის ელფერია, ”გამუქებული” წითელი, და მას პოემაში საინტერესო ფუნქცია აქვს. ძოწეულით მოსილია ავთანდილი, როცა სანადიროდ მიდიან. ნადირობა შუასკნელის საქმეა, მიწიერი ძიება, სარჩოს მომპოვებლობა, ნადირის სისხლის ღვრა, რაც წითელ ფერთან ასოცირდება და წითლის ზემოაღნიშნულ სიმბოლიკასთან არის კავშირში.

საინტერესოა ოქროსფერის სიმბოლური დატვირთვა. ოქროსფერი ”ვეფხისტყაოსანში” მეფური დიდების ფერია და ავთანდილსაც ოქროსფერი რიდე (”პირ-ოქრო რიდე ებურა”…) მოსავს, როგორც მომავალ მეფეს, მიწიერ დიდებაში მყოფ გმირს, ძალაუფლებით აღჭურვილს, ფიზიკურად და მორალურად ძლიერ, მშვენიერ არსებას, რენესანსული აზროვნების იდეალური გმირის განსახიერებას. ოქროსფერი რიდე ასევე შეიძლება დავუკავშიროთ შარავანდედს, რომელიც წმინდანებს ჰმოსავთ ხატებზე.

ასევე ავთანდილთან არის დაკავშირებული ჭრელის სიმბოლიკა. როცა ახლადგამეფებულმა თინათინმა პირველად იხმო თავისი სპასპეტი, იოლი წარმოსადგენია ავთანდილის სიხარული. მას თინათინის გამეფება ხომ სწორედ ამის გამო აბედნიერებდა, ფიქრობდა, ”ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისაო”… მეფესთან პირველ შეხვედრაზე ავთანდილი ასე შეიმოსა: ”ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა, უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა”… ჭრელი კაბა აქ ზუსტად ეხმიანება გმირის ამაღლებულ განწყობას, ბედნიერებასა და სიხარულს, ის მდიდარი სულიერების და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოც არის.

მწვანე და ნარინჯისფერი

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ (ვიქტორ ნოზაძე), მწვანე ფერი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში დაკავშირებულია იმედთან, სიკეთესთან, მოლოდინთან და ძიებასთან და სწორედ ამას გამოსახავს ის ”ვეფხისტყაოსანშიც”. ნოზაძე აღნიშნავს, რომ ქრისტიანობაში მწვანე სამებისა და ეპიფანიის ფერია. პოემის მთავარი სიმბოლოა ნესტანის მწვანე კაბა, რომელიც მას ტარიელთან შეხვედრის დროს ემოსა და შემდეგ ქაჯთა ხელში ხანგრძლივი ტყვეობის მანძილზე გაუხდელად ეცვა. მართალია, უნუგეშო იყო ნესტანის მდგომარეობა ქაჯთა ტყვეობაში, მაგრამ მას იმედი მაინც არ დაუკარგავს. მისი მწვანე კაბაც სწორედ ამ იმედის განსახიერებაა.

ნესტანის კაბის ფერია აგრეთვე ნარინჯისფერი, რომელიც მას მაშინ მოსავს, როცა პირველად წარადგენენ სასახლის კარზე, ტარიელის ხატაეთის ომიდან ტრიუმფით დაბრუნების დღეს. ხატაელთა დამორჩილება ნესტანის საგმირო დავალება იყო და მიჯნურები ხარობენ იმით, რომ ტარიელმა ასეთი გამარჯვება მოიპოვა, გააძლიერა ინდოეთი, შემოიმტკიცა მოხარკე ქვეყანა.

ნესტანი პოემის უმთავრესი მისტიფიკაციაა. ის არა  ჩვეულებრივი ქალი, არამედ კოსმიური, ეზოთერული სიბრძნის განსახიერებაა (ზვიად გამსახურდია, ”ვეფხისტყაოსნის” სახისმეტყველება, თბილისი, 1991). ამიტომაც ნესტანის მწვანე და ნარინჯისფერი კაბები მისი სახის გახსნაში გვეხმარება. გავიხსენოთ ნესტან-დარეჯანის სახელის ეტიმოლოგიაც – რომლის მსგავსიც არავინ ყოფილა…

 

ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები

 

პოემის ფერად სიუჟეტში მკითხველი მრავალგზის წააწყდება ლურჯ და ყვითელ ფერებს, როგორც პოემის ნეგატიურ სიმბოლოებს. ყველაზე ხშირად სწორედ ეს ფერები იხსენიება. ისინი ბევრი ტონითა და ელფერით გვხვდებიან. ყვითელი წარმოდგენილია, როგორც: ქარვისფერი, ამარტისფერი, ნარგისისფერი, ზაფრანისფერი, ხოლო ლურჯი, როგორც: ლაჟვარდისფერი,  ლები.

ორივე ეს ფერი დაკავშირებულია სევდასთან, დეპრესიასთან, სულიერ ტკივილთან, სნეულებასთან, დაცემასთან, უბედურებასთან, ტანჯვასთან. მაგ: ”ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან” …

მე-19 საუკუნის რომანტიკულ პოეზიაში ლურჯმა და ცისფერმა მიუღწეველი, მაგრამ სასურველი ოცნების, იდეალის, მისტიკურის, შეუცნობლის დატვირთვა შეიძინა (გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსი „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“…) ან თუნდაც ამ ფერის გამოსახვა იმპრესიონისტულ მწერლობასა და მხატვრობაში, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“ ლურჯისა და მისი ტონების ამგვარ სიმბოლიკას არ იზიარებს. ეს ფერი რუსთველის პოემაში დაკავშირებულია ცემასთან, ტკივილთან, დეპრესიასთან. გავიხსენოთ დავარ ქაჯის მიერ ნესტანის ცემის ეპიზოდი, რომელსაც ტარიელს ასმათი უყვება:

„ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა“…

 

ფერებს ”ვეფხისტყაოსანში” უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მათი მეშვეობით რუსთველი გამოხატავს გმირების სულიერ მდგომარეობას, იდეურ და მსოფლმხედველობრივ მიმართულებებს, მკითხველს ნათელ წარმოდგენას უქმნის დროსა და სივრცეზე, პერსონაჟების განწყობებზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე გმირებისადმი.

პოემის სწავლების პროცესში მასწავლებელს შეუძლია რუსთველისეული ფერთა სიმბოლიკის თემაზე საგანგებო საგაკვეთილო აქტივობები მოამზადოს, მოსწავლეები აქციოს მკვლევრებად, დააძებნინოს ტექსტში ფერთა სიმბოლიკის გამომხატველი ტაეპები და დაგეგმოს სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობა ამ სიმბოლიკის დეკოდირებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემი  ქართულის მასწავლებელი

0

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული…“

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის მასწავლებელს გაკვეთილზე ორი მისია აკისრია:პირველი-მისცეს მოსწავლეს ფაქტობრივი ცოდნა და  მეორე-იზრუნოს ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაზე.

ხშირად დამისვამს თავისთვის შეკითხვა- რას ვატან ბავშვებს ტექსტების,საზეპირო ადგილების,გრამატიკული წესების ცოდნისა და მრავალფეროვანი ლიტერატურული  ნაწარმოებების ერთმანეთისაგან გარჩევის გარდა? ამ კითხვის პასუხის ძებნაში  ყოველთვის ჩემი ქართულის მასწავლებლის მოგონებამდე მივდიოდი…

ჩემი ნუნუ მასწავლებელი, დიდი ხნის წინ ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვსწავლობდით, ერთნაირად განვიცდიდით. დღემდე მიკვირს, როგორ არღვევდა იდეოლოგიურ ჩარჩოებს, არასდროს გვავალებდა გამოჩენილ კრიტიკოსთა აზრების გამოყენებას, გვთხოვდა გვეფიქრა, გვეკვლია, მიზეზები გვეპოვა პერსონაჟთა ქცევისა და შეგვეფასებინა ისე, როგორც ჩვენ შეგვეძლო მათი გაგება და გააზრება.

ახლა ვხვდები – მისი მიზანი ჩვენში, „გულგრილ“, „უდარდელ“ ბავშვებში, ემოციების გაღვიძება იყო. ჰოდა, ასე ვისწავლე, თურმე მაშინ სულგრძელობა-

„არა, შენ ვერ შეგეხება,

სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:

დედიჩემის გაზრდილი ხარ,

მისი ძუძუ გიწოვია..

წადი, ჩემგან შენდობილი…

მაგრამ შორს კი…და მშვიდობით“…

ახლაც მახსოვს ხმის ტემბრი და ინტონაცია, საკვანძო სიტყვებზე მახვილები…

ღირსების შეგრძნებით გამოწვეული ემოციაც:

„ შევასრულე, მოგიყვანე, დროა, აწ-კი გაეშურე!

ნუ დამძრახავ, საკადრისად თუ რომ ვერა გემსახურე.

გამოაწყო, არ დააკლო ,რაც წესია სამსახური,

რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური“.

მაშინ ემპათიაც მისწავლია:

„ნაზიბროლა ჩუმად ტირის,

პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!…

თმაგაშლილი, ტინის კედელს

თავს ახლის და ხმას არ იღებს…“

 

ჩემს მოსწავლეებსაც  ვეკითხები- ვინაა ბათუ – კაი ყმაა, რაინდი თუ დენდი, იქნებ „კაი ბიჭია“- ასე რომ  მოსწონთ და ვცდილობ,მკვიდრი წარმოდგენები შეიცვალონ:

 

 

ჩუ,ნუ სტირი გენაცვალე!

რაც გინახავს სიზმარია,

დაივიწყე ისევ,მალე!

ყოველგვარი მოსავალი

კაცის თავზე უნებური,

ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს

რას უჩივი,რით ემდური?

გადაიგდე გულიდან ეგ

ცრუ ზღაპარი და სიზმარი!..

მე და შენი სიყვარული

წმინდა არის, ვით ლამპარი!“

ეს იყო პირველი, ყველაზე დიდი განცდა, რაც მე  ჩემი თვალით დავინახე და გულით ვიგრძენი: როგორ გადაისვა  ჩემმა მასწავლებელმა ორივე მკლავზე ხელები და დაიმშვიდა მოწოლილი „ფიზიკური“ ემოცია, რომელიც მე და კიდევ ბევრს ჩემს კლასში გადაგვედო.

მერე იყო კომენტარი – კავკასიაში ვაჟკაცობისა და კაი ყმობის ინსტიტუტის შეუვალ კანონებში, როგორ „ჩაჯდებოდა“ ბათუს საქციელი.

კიდევ პასუხისმგებლობა ვისწავლე მაშინ. მერეც,  როცა მასწავლებელი გავხდი და გავიაზრე აკაკის სიტყვები: „ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“. ერთგან ვწერდი: მე ჰაჯი უსუბი არა ვარ, ერთი უბრალო მასწავლებელი ვარ – მეთქი. ამ უბრალოებით მესმის ის, რომ ჩემს ნუნუ მასწავლებელს ამდენი რომ არ „ეგრძნობინებინა“ ჩემთვის, ვერ მივხვდებოდი ჰაჯის სიტყვებს და ვერც იმ ინტონაციას მივაგნებდი, შემდეგი სტრიქონების  წაკითხვას რომ სჭირდება:

„ შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ ,

რომ   კ ა ც ა დ ვერ გამიზრდიხარ!“

კაცად და ქალად გაზრდას ემოცია სჭირდება. თუ სულის სიმები არ შეურხიე მოსწავლეს, ის ვერაფერს გაიგებს და დაინახავს.

ახლა მე ჩემს გარდაცვლილ მასწავლებელზე  ხუთი წლით უმცროსი ვარ.ვცდილობ,ბევრი რამ გავიხსენო,იმიტომ კი არა,მისი მოგონებით გავიხარო,მე ის ისედაც ყოველთვის მახსოვს,ვცდილობ,იმას ვეცადო, საფიქრალად რა გავატანო ჩემს ჭკვიან გოგო-ბიჭებს,რომ მომიგონონ,ვახსოვდე,თქვან: ჩემი ქართულის მასწავლებელი…ძალიან რთული ყოფილა! მაგრამ მაინც ვეუბნები,როცა  შოთა რუსთაველს ვიწყებთ: ეს წიგნი ჩემი ქართულის მასწავლებელს თავთან ედო და ისე არ დაიძინებდა,ერთი სტროფი მაინც არ წაეკითხა-მეთქი.როცა  ვასრულებ პოემაზე მუშაობას,მაშინ ვამბობ: იცით, „ვეფხისტყაოსანი“ მეც თავთან მიდევს  და ვცდილობ 1 სტროფი მაინც წავიკითხო, თუ ვერ ვკითხულობ, ხელში ვიღებ, ცოტა ხანი მიჭირავს, მერე ვდებ და საყვარელ ორ აფორიზმს ვიმეორებ, იმას, რომელებიც  განსაკუთრებულად უყვარდა ჩემს მასწავლებელს -მეთქი—- „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“ და  „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“.

ისევ მოგონებები: „ თავსაფრიანი დედაკაცი“  რომ დავამთავრეთ, ასე გვითხრა: ვაჟამ ბრძანა- „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაო“. ამაზე იფიქრეთ და რაზე დაწერა ეს ნაწარმოები მიხვდითო- ახლა მივხვდი, უკვე დიდი შვილების დედამ,- ღმერთს „ძეგლს“ არ უდგამენ. ხატზე წერენ, ხატს ქმნიან, დიდებული ადამიანებიც მიწიერ ხატად უნდა იქცნენ. დედაც ხატია, ოღონდ სურათხატი. მივხვდი, ნუნუ მასწავლებელო, ვიფიქრე თავსაფრიანი დედაკაცის „ძეგლზე“, თუ რატომ დაუდგა ნიკო ლორთქიფანიძემ- იმიტომ, რომ ღმერთი არ იყო…

და კიდევ ჰიუგოც მომაგონეთ: მინდა ჩემმა მკითხველმა მეც დამივიწყოს, თავიც, სამყაროც და  მხოლოდ  ჩემს ნაწარმოებზე იფიქროსო.

მე თქვენ მასწავლეთ, რომ მოსწავლეებს ვუთხრა: არ დაივიწყონ თავი, არც სამყარო, ოღონდ ქართული ლიტერატურის გაკვეთილიდან რომ გავლენ,  სიყვარული გაიყოლონ, რადგან თუ მის მადლში იქნებიან, სამყარო მშვენიერი გახდება.

დაბოლოს, გიორგი კეკელიძე:უსიტყვოდ შეიძლება სიყვარულის  გამოხატვა, ხოლო სიყვარულის გარეშე სიტყვა არ გამოითქმება, ამიტომ ლიტერატურა სიყვარულს ებღაუჭებაო…ასე აცილებენ ჩემს ბავშვებს  ჩემი პერსონაჟები და მგონია, მათაც მიაქვთ სევდა,წუხილი,დარდი და სიყვარული იმდღევანდელ პერსონაჟზე,ვისზედაც გაკვეთილზე ვისაუბრეთ!  მეც ასე წამოვიღე თქვენი გაკვეთილებიდან  დარდი,ფიქრი,სევდა,წუხილი და მოლოდინი,მომავალ წელს ისევ მათთან შეხვედრისა, ჩემო ქართულის მასწავლებელო!

მასწავლებლის ცხოვრება- ორშაბათი მძიმე დღეა

0

,, ორშაბათი ჩიოდა,

საქმით თავი სტკიოდა

მარიამ წიკლაური

 

თქვენი არ ვიცი და მე მკლავს ორშაბათი. შაბათ – კვირა არ მყოფნის ფიქციური დასვენებისთვის. მოუთმენლად ველი დღეს,  როცა კაცობრიობა მივა იმ დასკვნამდე ( როგორც ხმები მომდის, დაიწყეს ამაზე ფიქრი), რომ დასვენების 3 დღე აუცილებელია ადამიანობისა და საქმის ხარისხის შენარჩუნებისთვის.

სახელის გატეხის ამბავი სჭირს ორშაბათს და მაინც მაგას მივაწერ ხოლმე მთელ სიმძიმეს, თორემ სინამდვილეში კვირა საღამო უფრო არ მიყვარს. რადგან, როგორც წესი, ყველაფერს კვირა საღამოსთვის ვიტოვებ გასაკეთებლად და ორშაბათს უკვე გვარიანად დაღლილი და გამოუძინებელი ვხვდები. რა ორშაბათის ბრალი ეგ არის?!

ასეა თუ ისე, მთელი მასწავლებლური ცხოვრებაა (არ მახსოვს, მოსწავლეობისას ან სტუდენტობისას თუ მიჭირდა ან მიჭერდა ორშაბათი) ვცდილობ, ორშაბათი შევიმსუბუქო, რომ მთელი კვირის სამყოფი ენერგია და განწყობა გამოვიზოგო.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი ვნახე: ორშაბათი არასტანდარტული გაკვეთილების დღეა.

ბანალურად დავესესხები გურამ რჩეულიშვილს – ,, პირობას გიდებთ, არ ვიქნები ორიგინალური, /ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით/ და თავმდაბალი“ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ თემაზე: როგორ შევიმსუბუქოთ ორშაბათი.

ყველაზე არაორიგინალური და მგონი, საყოველთაოდ აღიარებული ისაა, რომ ორშაბათობით კითხვის დღე გვაქვს ხოლმე. ჩემი კიდევ ერთი ოცნებათაგანია, ჩემმა მოსწავლეებმა „დაუჯერებელი“ დამიჯერონ, რომ კითხვაც დასვენების ერთგვარი ფორმაა! ჰოდა, მივცემ რომელიმე, ჩემი აზრით, კარგ მოთხრობას წასაკითხად, მოკალათდნენ, როგორც უნდათ, წაიკითხონ, იფიქრონ და მძიმე ორშაბათს დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ან რამე დავხატოთ იმ მოთხრობის მიხედვით, ან ვიქტორინა შევადგინოთ, ან ,,მოთხრობის/ წიგნის რუკა“ შევქმნათ ( ძალიან ჰგავს განძის საპოვნელ რუკას – დიდი ფორმატის ქაღალდზე ნახატებითა და ციტატებით გადაიტანონ ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ქმნიან ამბავს თუ მთავარ სათქმელს, დასაწყისიდან ფინალამდე.) ან უბრალოდ შლიან თავიანთ ,,ლიტერატურულ დღიურებს“,  იქვე წერენ, რისი სახლში დაწერაც დაეზარათ/ვერ მოასწრეს/ვერ მოიფიქრეს. მერე ვკითხულობთ.

ან კიდევ ავსებენ პერსონაჟის კითხვარს, მაგალითად, ასეთს:

 


ეს კითხვარი შეგიძლიათ, ცვალოთ ნაწარმოების ხასიათისა და არსის მიხედვით, რომ მოსწავლემ მაქსიმალური ამოიღოს ტექსტიდან, რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნებისა და ფანტაზიის მოშველიებით.

მძიმე ორშაბათს მაინც სხვაგვარი მრავალფეროვნება სჭირდება, ამიტომ ხანდახან წერის ორშაბათები გვაქვს. ესეები თავისთავად სხვადასხვა სახისაა და ეს ხელს გვიწყობს: ხან არგუმენტირებულს წერენ, ხან – ანალიტიკურს, ხან კიდევ მხატვრულად შლიან ფრთებს.

არგუმენტირებული ესესთვის უფროსკლასელებს რამდენიმე ცნობილი ადამიანის გამონათქვამს ვაწვდი. მაგალითად, ასე:

ა) ,,ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს – კომედია“

ჟან დე ლა ბრუერი

ბ),,მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ“.

ვოლტერი

ირჩევენ ორიდან ერთს, ჯერ უნდა განმარტონ თავიანთი სიტყვებით, მერე არგუმენტირებულად ან დაეთანხმონ, ან უარყონ. არაა ადვილი, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სახლში წყნარად, მშვიდად დაიწყებენ ჯერ ფიქრს, მერე წერას. ორშაბათს მოვლენ და ერთმანეთს მოუსმენენ. განსხვავებულია მაინც.

ანალიტიკურ ესეებს სტატიებზე ვწერთ. ეს ის სფეროა, რომელსაც არ  ეკარებიან მასწავლებლის დავალების გარეშე. არადა, სტანდარტით გათვალისწინებულია, არამხატვრულ ტექსტებზე მუშაობაც უნდა შეძლონ. საინტერესო სტატიებს თუ შევარჩევ, ეხალისებათ წერა. განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს: ა) უნდა გამოკვეთონ პრობლემები, რომლებსაც სტატია ეხება; ბ) ციტატების დახმარებითა და მსჯელობით დამარწმუნონ, რომ ნამდვილად ადეკვატურად გაიაზრეს სტატია; გ) გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება წამოჭრილი პრობლემის მიმართ; დ) აუცილებლად უნდა აღნიშნონ, თუ რაიმე გაუგებარი იყო მათთვის სტატიაში.

ასე ვწერეთ, მაგალითად, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ძალიან ემოციურ სტატიაზე ,,ბალიბულინგი“ ბალიბულინგი  და  საინტერესო რეჟისორისა და მწერლის, ნანა ექვთიმიშვილის, ბევრისმთქმელ სტატიაზე ,, არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა“ არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა

რაც გაიგეს, იმაზე დაწერეს, რაც ვერა – გაკვეთილზე ვისაუბრეთ და მგონია, ერთი მომცრო აგური დავდე ამ სტატიების დახმარებით მათი ცნობიერების სწორად შენებაში.

როგორც ანალიტიკური, ისე არგუმენტირებული ესეს დაწერა შესაძლებელია პატარ – პატარა ვიდეოებზე, რომლებიც უხვადაა ინტერნეტში და ამა თუ იმ კონკრეტულ პრობლემას ეხება.

ამ ვიდეოზე წერენ არგუმენტირებულ ესეს: ,,შეუძლია თუ არა სიტყვებს ადამიანის  სამყაროს შეცვლა“

ხოლო მეორე ვიდეოზე რომელიც საკმაოდ საკამათო საკითხს ეხება, ანალიტიკური ესეს დაწერას არჩევენ.

,

 

უმცროსკლასელებისთვის მეტისმეტად მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების ჩვენება შეიძლება .

იქვე, გაკვეთილზე, უყურებენ და მერე წერილობით აანალიზებენ ხოლმე. მივუთითებ, რომ წერისას ყურადღება მიაქციონ შემდეგ პუნქტებს:

  • ამოიცნონ მთავარი სათქმელი;
  • დაახასიათონ პერსონაჟები;
  • დააკვირდნენ დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვან რამეებზე მიგვანიშნებენ:
  • ყურადღება მიაქციონ ფერებსა და მუსიკას.

კომპანია  Apple- ის სარეკლამო ანიმაცია „ share the gift“

ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის და მშვენიერი ანალიტიკური ესეებიც ,, გამოაცხვეს“ მცირეხნიანი განხილვის შემდეგ.

თუ ანიმაცია საკმაოდ ვრცელია, ასეთ შემთხვევაში, ვავალებ, რომ სახლში ნახონ შაბათ- კვირას და ისე მოამზადონ ანალიზი.

ვთვლი, რომ ერთ- ერთი უმთავრესი უნარი, რომლის დეფიციტიც თვალშისაცემია ჩვენს საზოგადოებაში და  რომელიც ადამიანებს პატარაობიდანვე უნდა გამოუმუშავდეთ, აქტიური მოსმენაა. არადა, საგნობრივ სტანდარტში მხოლოდ 3 მიმართულებაა გამოყოფილი: ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა. შესაბამისად, უცხოური ენების სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებით, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო არაფერს გვთავაზობს საინტერესოს ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იმ მოტივით, რომ ქართული მშობლიური ენაა.  ვთვლი, რომ ამ უნარის განვითარება რთულად მისაღწევიცაა. სწორედ ამას ვითვალისწინებ და ზოგჯერ ვავალებ ხოლმე სახლში მოუსმინონ სხვადასხვა საინტერესო ლექციას თუ საჯარო გამოსვლას. არსებობდა ასეთი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გადაცემა  ,,ჩაის თემა“; ასევე პატარ- პატარა ჩანაწერები ,,1 წუთი მაესტროზე“, დიდი ხანია არაა, რაც საქართველოში დაიწყო პროექტი TEDxTbilisiთითოეული მათგანის ჩანაწერთა უმეტესობა განთავსებულია YouTube – ზე; ყოველთვის შეიძლება, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო და გასაგები თემების შერჩევა, ისინი უსმენენ ( იქვე, გაკვეთილზე ან სახლში) და  მსჯელობენ ან წერენ ანალიტიკურ ესეს იმავე პრინციპით, რომლითაც სტატიებზე მუშაობენ.

ყველაზე მეტად მაინც მხატვრული თხზულებების წერა ეადვილებათ. აქ  ფოტოგრაფია და მხატვრობა გვეხმარება. რა უნდა?! აჩვენე 1-2 მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი ფოტო/ ნახატი, ან ორივეზე ერთად დაწერონ და გამაერთიანებელი ამბავი მოიფიქრონ, ან ერთ-ერთი აირჩიონ და იმას ჩაუღრმავდნენ.

მეტისმეტი წერა რომ არ გამოუვიდეთ და მოსაწყენად არ იქცეს, მალე მონოლოგების ორშაბათი უნდა მოვაწყო. ეს ორი ხერხით შეიძლება მომზადდეს: ა) თავად ირჩევენ სალაპარაკო თემებს და ამზადებენ 3-3 წუთიან მონოლოგებს. ამ ხერხს უარყოფითი ისა აქვს, რომ, დიდი ალბათობით, რამდენიმე თემა განმეორდება. დადებითი ის, რომ ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა ადამიანის თვალით შეხედავენ.

ბ) წინასწარ ჩამოვწერ თემებს, რომლებზეც მინდა, რომ ისაუბრონ. გაინაწილებენ და მოამზადებენ. უარყოფითი – არჩევანი ერთგვარად შეზღუდული აქვთ; დადებითი-  იძულებული გახდებიან, ისეთ თემებზე დაფიქრდნენ და სალაპარაკოდ მოემზადნონ, რომლებზეც მანამდე არ უფიქრიათ.

კრიტერიუმები:

  • უნდა ჩანდეს, რომ თემას საფუძვლიანად გაეცნო და ისე მოამზადა მონოლოგი;
  • დაუკავშიროს საკუთარ გამოცდილებას/ ცხოვრებას;
  • მოიფიქროს ეფექტური დასაწყისი და დასასრული;
  • წარმოაჩინოს პრობლემა და მისი გადაჭრის გზა;

დასასრულს რომ მივუახლოვდი, სტატიას გადავხედე – დამძიმებული ორშაბათის შთაბეჭდილება უფრო დარჩება ადამიანს, მგონი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს მრავალფეროვნება ნამდვილად აუმჯობესებს მოსწავლეთა საორშაბათო განწყობას და ჩემსას ხომ ფრთებს ასხამს: კვირა საღამოთი დაღლილ – დამძიმებულ თვალებს ორშაბათის დილა რომ გამახელინებს, ვიცი, აუცილებლად უნდა ავდგე და მხნეობა უნდა მოვიკრიბო დღეში 6 გაკვეთილის ჩასატარებლად, გამეფიქრება უცებ, რომ ექვსივე გაკვეთილზე სხვადასხვანაირად, საინტერესოდ მსუბუქი, ძირითადად, ჩემი მოსმენითა და რჩევებით შემოფარგლული გაკვეთილები მელოდება და განწყობა მიხდება ისეთი, ლამის ასკინკილით დავადგე ახლომდებარე სკოლის გზას.

 

 

 

 

ვინ გინდა გამოხვიდე

0

ადრე, ერთი ტექსტი დავწერე, აი ესა:პროფესია: სტერეოტიპი ამ ტექსტში პროფესიულ სტერეოტიპებზე ვსაუბრობდი, ანუ იმაზე, თუ საზოგადოების თვალში როგორი იარლიყები ეკერება ამა თუ იმ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ მათი პროფესიებიდან გამომდინარე, რომ თითქოსდა წარმოუდგენელია პოლიციელი პოეტი იყოს, ანდა ბანკის მოხელე – კინორეჟისორი… მაშინ მინდოდა საზოგადოების თვალში ადამიანებისთვის პროფესიული ნიღბები მომეხსნა და ისინი ისევ ადამიანებად მეჩვენებინა სტერეოტიპებს აყოლილთათვის… თუმცა ახლა რატომ გავიხსენე ეს ამბავი, ამ ტექსტშიც პროფესიებზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტში. კონტექსტში, რომელიც, გარკვეულწილად, შესაძლოა დესტრუქციული იყოს, ანდა რთულად გასააზრებელი, რადგან ყოველდღიურ დღის წესრიგში საყოველთაოდ შეთანხმებული სიცოცხლის სისტემისთვის ეს ერთგვარი “ბაგია”, პროგრამული ხარვეზია და შესაძლოა “ლურჯი სიკვდილი” გამოიწვიოს. მოკლედ,

აი, თქვენ, წარმომიდგენია, სავარაუდოდ ბავშვობიდან, ბაღის ასაკიდანაც კი გეკითხებოდნენ უფროსები, მშობლები თუ მეზობლები, მასწავლებლები და სხვებიც, “ვინ გინდა გამოხვიდე?”, “რა პროფესიას ირჩევ?”, “რა გინდა, რომ აკეთო ცხოვრებაში?”, შემდეგ თქვენ ბევრს ფიქრობდით, ანდა არც ფიქრობდით და რაც იმხანად ყველაზე საინტერესოდ მიგაჩნდათ, იქ წარმოიდგენდით თავს, იწყებდით ოცნებას ასტრონავტობაზე ან ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე, პოლიციელობაზე, ან მხატვრის პალიტრასთან ამოთხუპვნაზე და ა.შ. ლირიულად რომ გადავუხვიოთ, მაგალითად, როცა მესამე კლასში ვიყავი, ჩვენც დაგვისვა მასწავლებელმა ანალოგიური შეკითხვა, მთელ კლასს, ჰოდა 4 თუ 5 პასუხი “ქურდი” იყო, ყველაზე გულმისავალი და მომხიბლველი “პროფესია” ბნელი 90-იანების ბავშვებისთვის. თუმცა დავბრუნდეთ ჩვენ დროში, იმედია, ეს მხოლოდ მძიმედ გასახსენებელი წარსულია, ჩვენი დროის ბავშვები კი ირჩევენ იყვნენ რეჟისორები, ბანკირები, ბიზნესმენები, იურისტები, ფიზიკოსები და ა.შ. შემდეგ ისინი იწყებენ ამ პროფესიის სივრცეში აზროვნებას, შესაბამისი უნარების განვითარებას, უფრო მეტად შემზადებას მომავალი ცხოვრებისთვის. კი, ისეთებიც არიან მრავლად, სკოლის დამთავრებისასაც რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, სად უნდათ, ჩააბარონ, კიდევ, ისეთებიც, სხვისი კარნახით რომ ჩააბარებენ სადმე, გაუაზრებლად მოეწყობიან რომელიმე სამსახურში და იმუშავებენ ასე, შაბათ-კვირის მოლოდინში. ანდა აი, ბიჭი წამოდგა ახლა და მეუბნება, “მე მიყვარს ჩემი პროფესია, სულაც არ ველოდები შაბათ-კვირას და პირიქით, ყოველდღიური სამუშაოთი ვიღებ სიამოვნებას”. კი, გენაცვალე, მადლობა, დაბრძანდით. აი, გოგონაც, ამბობს: “მე ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ბედნიერი ვარ და კმაყოფილი, ვვითარდები ყოველდღიურად და მივიწევ წარმატებისკენ”. მადლობა, გოგონა, თქვენც გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ! მოკლედ, ბევრნაირი მოსწავლეა, სტუდენტია, ზრდასრული ადამიანია, ზოგი ისეთ პროფესიას ირჩევს, ზოგი ასეთს, ზოგი მუშაობს პროფესიით, ზოგი – არა, ზოგი მოელის, რომ დადგება დღე, როცა იმუშავებს და ა.შ. მაგრამ…

რატომ ვირჩევთ პროფესიებს? საერთოდ რატომ? ეს კულინარია, ის – მწერალი, აგერ იქ რომ დგას – ბუღალტერია, კი, კარგი ბუღალტერია, მის გვერდით ეკონომისტი წრიალებს. და მერე, ერთ დღეს ეკონომისტს ინტერვიუს ართმევენ, ეკონომისტი სიტყვებად იღვრება, მეორე დილით კი იღვიძებს და ფიქრობს, ვახ, რა კარგია ამ კამერებთან ტრიალი, რა იქნება ერთ ფილმში გადამიღონ. ურეკავს მეგობარ რეჟისორს. “ბიჭო, ჰა რამე მათამაშე, ბუჩქი ვიქნები, ჰა ჰა ჰა”. თან თავის თავთან კონფლიქტი აქვს, “რა ფილმი ბიჭო, ეკონომისტი კაცი ხარ”. ეს ციხეები, ეს ალაყაფები, ეს მარწუხები. “უი, თქვენ ხომ ფიზიკოსი ხართ? ეკონომისტების ფორუმზე როგორ აღმოჩნდით? კარგით ახლა, რას ჰქვია მაკროეკონომიკა გაინტერესებთ, ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ გენაცვალე, მაკროეკონომიკა თქვენ ის ხო არ გგონიათ, კაცო”. არადა ფიზიკოსმა ერთ დღეს გადაწყვიტა გადაეკითხა უამრავი წიგნი მაკროეკონომიკაზე, მოეწონა, მოიხიბლა, არა, განა ფიზიკა აღარ აინტერესებს, მაგრამ აი, ახლა, ეს ორი თვე უნდა, რომ აქეთ გადმოხტეს, აქ იტრიალოს, ეს აკეთოს, როგორ? მერე როგორღა დაბრუნდება ფიზიკაში? სამსახური? რა ქნას…

თანამედროვე სამყაროს სხვა ტემპი და შესაძლებლობების მენიუ აქვს. დღეს სულ უფრო მეტად პოპულარულია თავისუფალი პროფესიონალის ამპლუა, ე.წ. “ფრილანსერი” საკუთარი დამოუკიდებლობით ტკბება, “არც არავის ემონება, არც ბატონობს არავის”, “ფრია” და დაფრინავს სადაც უნდა, როგორც უნდა. თუმცა ისიც თავისი პროფესიის მონაა, შესაძლოა არა კონკრეტული ორგანიზაციისა თუ კომპანიის (თუმცა მათიც, დაქირავების დროის განმავლობაში), არამედ პროფესიის. ის პროგრამისტია, ან სცენარისტია, ან მარკეტოლოგია. პროექტებს თავად ირჩევს და სამუშაო ადგილსა თუ დროსაც, აგრეთვე, მაგრამ იმას ხომ ვერ გაექცევა, რომ პროგრამისტია, ან სცენარისტია, ან მარკეტოლოგია? ღმერთო! განგებავ! დიდო აფეთქებავ! ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები უნდა ვყოფილიყავით, ჩვენი სამყარო ხომ დიდია, უდიდესია, უსასრულოა, სადაა ჩვენი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, სადაა ჩვენი ინტერესი ყველაზე თავბრუდამხვევი სიცოცხლის მიმართ? აი, ჩემ ბავშვობაში, ეგეთი სტერეოტიპული აზრი ისმოდა ხოლმე, “უფ, ამერიკელები, ეგენი არიან ერთი მიმართულებით განათლებულები, მარტო თავისი პროფესია და იმის იქით არაფერი, სამაგიეროდ პროფესიაში მაგრები არიან”. ეგ რომ ეგრე არაა, არ უნდა კამათი და არც მაგის დრო გვაქვს ახლა, მაგრამ შენ რამდენად მიჰყვები საკუთარ ინტერესებს და არა პროფესიულ განაწესს? შენ, ნინო, მარიამ, ალექსი, რამინ! (იარონ, იარონ, იარონ, ამინ!) პროფესია შენ აირჩიე? თუ მიეცი მას შანსი თავად აერჩიე? და რამდენჯერ მიეცი ეს შანსი? არ მოგწყინდა საკუთარ პროფესიასთან ეს მონოგამიური ურთიერთობა? ვინ დაგიწესა, ვინ დაგიკანონა, რომ თუ ეკონომისტი ხარ – ეკონომისტი უნდა იყო მთელი ცხოვრება? აა, იმიტომ რომ დრო ისედაც ცოტაა და ჯობია, ერთ პროფესიაში განვითარდე და გამოცდილება მიიღო? რა თქმა უნდა, შენ ხომ სრულ დროს პროფესიაში განვითარებას უთმობ და დრო აღარ დაგრჩება სხვა რამისთვის, მიუხედავად იმისა, დაგაინტერესებს თუ არა ეს “სხვა რამ”.

“სანდრო, რა გინდა, ვერ გავიგეთ?!”

თანამედროვე სამყარო სულ უფრო და უფრო მეტ წესს თესავს. რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია და რაც უფრო დიდია მისი თვალსაწიერი, მით უფრო მეტია მისი მოწესრიგების საჭიროებაც, ამიტომ კაცობრიობა ცდილობს თავიდან აირიდოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, გზიდან გადახვევები, ამოვარდნები ყოველდღიურობიდან, არითმიები. კაცობრიობას ურჩევნია ადამიანებს ჰქონდეთ თავისი პროფესიული იდენტობა, ეს პროფესიებს უფრო მეტად სჭირდება ასე, ვიდრე ადამიანებს. ადამიანებს სინამდვილეში ცნობისმოყვარეობის თავისუფლება სჭირდებათ, სამყაროს შემეცნების ინტერესი, ახლის აღმოჩენის და შესწავლის წადილი, საკუთარი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე – თვალსაწიერის კიდევ უფრო გაფართოება და შეძლებისდაგვარად შეგრძნება იმისა, თუ სად იწყება და სად მთავრდება სამყარო. თქვენ გკეტავენ თქვენი პროფესიები ერთ პატარა ჰაუპტვახტში, და თუ ბავშვობაში ხატავდით – ახლა ამის დრო აღარაა, და თუ ბავშვობაში ვარსკვლავებიან ცას უყურებდით – აი, ასტრონომი ხართ და თქვენ საყვარელ საქმეს აკეთებთ, მაგრამ თან რომ ხატავდით ამ ცას – ახლა ამის დრო უკვე აღარაა, და თუ ბავშვობაში ვარსკვლავებიან ცას უყურებდით და ხატავდით, ახლა კი ასტრონომი ხართ და პერიოდულად ხატავთ კიდეც, აი, თქვენ საყვარელი პროფესიაც გაქვთ და ჰობიც, მაგრამ იქნებ და თქვენი ჰობი, თქვენი გაუცნობიერებელი მინიშნებაა იმაზე, ვინც სინამდვილეში გინდოდათ გამოსულიყავით? ახლა, როცა უკვე დიდი ხართ და უკვე ვიღაც გამოხვედით, აღარ დაგისვამთ თქვენი თავისთვის შეკითხვა – ვინ მინდა გამოვიდე? წინ ხომ კიდევ ხანგრძლივი ცხოვრებაა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ხომ ასე ვთვლით, ჰოდა, იქნებ შეგვიძლია, საერთოდ არ ვიფიქროთ პროფესიებზე, არ დავლუქოთ ეს სკივრი, არ დავხუროთ ეს “საქმე”, და იქნებ შესაძლებელია ყოველ დღე ახალი რამ აღმოვაჩინოთ, აი, მაგალითად, ჰიტლერის ფავორიტ კინორეჟისორ ლენი რიფენშტალივით (ისტორიის საინტერესო ეპიზოდების კითხვა მიყვარს და ეს ფაქტიც შემთხვევით აღმოვაჩინე), რომელმაც ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ თავი ანება მონუმენტური პოლიტიკური ფილმების კეთებას და რომელიც წყალქვეშა სამყაროს იღებდა მთელი დარჩენილი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში. “ჰმ, რა შუაშია, სანდრო, ლენი, იცი კარგად მისი ბიოგრაფია, ასე რომ მსჯელობ?”. პრინციპში, აბა, მე რა ვიცი, ისტორიკოსი კი არ ვარ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...