შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები  

0

სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. ამავე დროს ჩვენს ქვეყნაში პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა წიგნიერების დონე. ოცდახუთწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის დეფიციტს. მშობლები მხოლოდ მშობელთა კრებებზე მოდიოდნენ სკოლაში, ან ჩემ მიერ მომზადებული ღონისძიებების სანახავად.

ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე მშობლის თანადგომის გარეშე მასწავლებელს გაუჭირდება მაღალი შედეგების მიღწევა. საქართველოში ჩატარებული ყველა საერთაშორისო კვლევა მოსწავლეთა წიგნიერების დაბალ დონეს გვიჩვენებს. გამონაკლისები არც ჩემი მოსწავლეები არიან. გადავწყვიტე, მშობლები იმგვარად გამეაქტიურებინა, რომ მათ ჩართულობას მოსწავლეთა წიგნიერების დონე გაეზარდა. მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გავარკვიე მშობელთა ნაკლები ჩართულობის მიზეზები. მოვიწვიე მშობელთა კრება. ვთხოვე მშობლებს კითხვარის შევსება. კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი:

  • მშობლებმა არ იციან, რა გზით შეიძლება ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
  • არ იციან, როგორ იზრუნონ შვილის განვითარებაზე (მხოლოდ გაკვეთილების მომზადებით შემოიფარგლებიან).
  • არ იცნობენ ლიტერატურას მშობლთა ჩართულობაზე.

ყველა მათგანმა გამოთქვა მზადყოფნა, უფრო მეტი დრო დაეხარჯა შვილის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამავე დროს აღნიშნეს, რომ არ აქვთ დროის დეფიციტი. გამოიკვეთა, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზები მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

„სკოლა აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ (ი. აფთარაშვილი) ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს:

* მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილის სწავლის პროცესში;

* მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;

* მშობლები შვილების სწავლის პროცესში ჩართული არიან როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ქულებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა…

მშობლებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ მომავალი ერთობლივი აქტივობების დასაგეგმავადაც“ (ს. ლობჟანიძე). სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე ყველა შეხვედრა ჩემი სადამრიგებლო პირველი კლასის მშობლებთან.

მშობელთა მიზანმიმართულად გააქტიურებაში დიდი დახმარება გამიწია პროექტმა G-PRIED, კერძოდ, მშობელთა ჩართულობის გვერდმა. ამ გვერდზე ვკითხულობთ: „კვლევა გვიჩვენებს, რომ ბავშვის მოტივაცია და მიღწევები უმჯობესდება, როცა მშობლები და აღმზრდელები აქტიურად მონაწილეობენ მის წიგნიერ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში“. ამ პროექტის დახმარებით მე შევძელი, კითხვა მშობლებისა და შვილებისთვის საყვარელ აქტივობად მექცია. ამის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

ვინაიდან კითხვარში მშობლებმა გამოხატეს მზადყოფნა, მეტი დრო დაეხარჯათ შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე, მათ შევთავაზე პროექტი – „პირველი კლასის ტელევიზია“, გადაცემა „ცოდნის კარი“.

მშობლებს მოეწონათ იდეა და გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ ამ პროექტში, რაც გულისხმობდა შემდეგს: წლის განმავლობაში მათ უნდა მოეძიებინათ შვილებისთვის საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე. ინფორმაციის წყაროდ შეეძლოთ გამოეყენებინათ ინტერნეტი, წიგნი, ჟურნალ-გაზეთები, უფროსების ნაამბობი და სხვ. ბავშვი სწავლობდა ამ ინფორმაციას, ვარჯიშობდა გამართულ მეტყველებაში, დროის ლიმიტის დაცვაში. ყოველდღიურად კლასში ერთი მოსწავლე მოდიოდა მომზადებული „რეპორტაჟით“, რომელსაც ვუთმობდი 2 წუთს. მშობლებიც და ბავშვებიც მთელი წელი ხალისით მუშაობდნენ. არც ერთი მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთს არ ჰგავდა. ყოველდღიურად ახალ საინტერესო თემას ვისმენდით ჩვენი „ტელევიზორიდან“ (აქტივობისთვის სპეციალურად შევქმენით ლამაზი ჩარჩო – ტელევიზორის ეკრანი). გვჭირდებოდა ლოგოც. გამოვაცხადე კონკურსი მის შექმნაზე, რაც ასევე მშობელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. „კომპეტენტურმა ჟიურიმ“ ფარული კენჭისყრით შეარჩია მათ შორის საუკეთესო.

პირველკლასელები ბევრს ვარჯიშობდნენ სახლში, რომ კარგად მოერგოთ ჟურნალისტის როლი. ასეთი მუშაობით მათ, პირველ რიგში, შეიძინეს ცოდნა საინტერესო საკითხებზე, ჩამოუყალიბდათ მეტყველების კულტურა, მოსმენის კულტურა, ისწავლეს დროის ლიმიტის დაცვა, განუვითარდათ პრეზენტაციის უნარი (ბავშვები კითხვებს უსვამდნენ გამომსვლელს). რაც მთვარია, რეპორტაჟის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები. ისინი იძიებდნენ, ასწავლიდნენ, მეტყველებაში ავარჯიშებდნენ ბავშვებს.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. რატომღაც ყველა მშობლის აქტიურობის იმედი არ მქონდა, მაგრამ აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმაც კი შეძლეს, სამჯერ მაინც მოსულიყვნენ მომზადებულები „სატელევიზიო გადაცემისთვის“. ისინი კითხულობდნენ ლექსს, გვიყვებოდნენ მათი ოჯახის, მათი ერის ტრადიციებზე. ამ პროექტმა ხელი შეუწყო ინტერკულტურულ განათლებასაც.

მშობლებთან მორიგი შეხვედრისას მათთან შეთანხმებით პარალელურად დაიგეგმა ახალი პროექტი. საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ უკვე ყველა ბავშვს შეეძლო კითხვა. წასაკითხად გამოვიყენეთ პროექტ G-pride-ის მიერ მოწოდებული წიგნები. კითხვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები. ყველა მათგანი შვილთან ერთად კითხულობდა წიგნებს და მუშაობდა ტექსტის გააზრებაზეც. პროექტის პრეზენტაცია სკოლის ბიბლიოთეკაში განვახორციელეთ. გვესწრებოდა სკოლის დირექტორი და ყველა ბავშვის მშობელი. გამოვიყენე როგორც დაბალი, ასევე მაღალი დონის სააზროვნო კითხვები. გამოიკვეთა ყველაზე აქტიური მკითხველებიც. პრეზენტაცია ჯგუფებში მიმდინარეობდა. თუ რომელიმე ჯგუფს გაუჭირდებოდა კითხვაზე პასუხის გაცემა, ჯგუფზე მიმაგრებულ მშობელს უფლება ჰქონდა, დახმარებოდა მას სრულყოფილი პასუხის გაცემაში (ამ დროსაც ჩანდა მშობლის ჩართულობა. მშობელიც მომზადებული მოდიოდა შვილთან ერთად).

ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც ვაკეთებ მშობელთა მიზანმიმართულად გასააქტიურებლად. დანარჩენზე შემდეგ სტატიებში მოგიყვებით. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგები თვითონაც დანერგავენ პრაქტიკაში მსგავს აქტივობებს და გაითვალისწინებენ ჩემს რეკომენდაციებს:

* მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

* მივიდეთ მშობლებთან რაც შეიძლება ახლოს.

* მოვიპოვოთ მათგან ინფორმაცია წერილობითი ფორმით.

* დავგეგმოთ მათთან ერთად აქტივობები (ასე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობთ მათგან).

* არცერთი აქტივობა არ დავტოვოთ შემაჯამებელი პრეზენტაციის გარეშე.

* პრეზენტაცია მათი თანდასწრებით ჩავატაროთ.

*  ზოგჯერ მათვე დავაკისროთ შემფასებლის როლი.

* დავანახოთ ჩვენი კეთილგანწყობა – ამით მოვიპოვებთ მათ ნდობას.

* გავაცნოთ თანამედროვე სკოლის სტანდარტები და მოთხოვნები.

* ვასწავლოთ, როგორ დაეხმარონ შვილებს.

* გავაცნოთ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად. ასე უფრო ადვილად შევძლებთ მათი ჩართულობის გაზრდას და პრობლემების გადაწყვეტას.

ყველაფერი ეს მიგვიყვანს მთავარ მიზანთან – ამაღლდება ჩვენი მოსწავლეების წიგნიერების დონე. მშობელი იგრძნობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მას იღებენ, უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ. აღარასოდეს ექნება მიუღებლობის განცდა და ყოველთვის მთელი არსებით ჩაერთვება შვილის განათლებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს. ლობჟანიძე, „როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას“ (პირველი ნაწილი),დეკემბერი, 2013
  2. ი. აბულაძე, ჟურნალი „მასწავლებელი“, თებერვალი, 2014
  3. teaching.about.com., გიორგი გახელაძე,თამარ მოსიაშვილი, ია აფთარაშვილი, ფონდის (UNICEF)
  4. https://kargiskola.ge/parent/pdf/reading1.pdf

სიყვარულის წიგნი   

0

„ინტერვიუზე მისული ჟურნალისტის კითხვაზე ოთარმა ვრცელი პასუხი წამოიწყო. შუა პასუხზე ტელეფონმა დარეკა. ოთარმა ტელეფონით ისაუბრა და როცა ჟურნალისტს მიუბრუნდა, შეკითხვა აღარ ახსოვდა. ჟურნალისტმა კითხვა გაუმეორა, მაგრამ ოთარმა რადიკალურად საწინააღმდეგო პასუხი გასცა.

– თავიდან სხვანაირად მპასუხობდით, – ანერვიულდა ჟურნალისტი.

– ოჰ… იმის მერე იმდენი დრო გავიდა… – დაამშვიდა ოთარმა“.

ეს ჩანაწერი იმ წიგნიდანაა, დიდი რეჟისორისა და დიდი მასწავლებლის, ოთარ იოსელიანის შესახებ რომ დაწერა მარინა ქარცივაძემ, მსახიობმა და მოსწავლეთა შორის ყველაზე ერთგულმა. კითხვამ იმდენად გამიტაცა, გასული საუკუნის მშფოთვარე წლებიდან დასაბრუნებლად საკუთარი თავისთვის ერთგვარი ძალდატანებაც კი დამჭირდა. ისევ იქ ყოფნა მინდოდა – გადასაღებ მოედნებზე, კინოსტუდიის პავილიონებში, ოთარისა და მარინას სახლებში, მათი მეგობრებისა და ახლობლების გვერდით.

წიგნს „Modus vivendi“ ჰქვია. მისი წაკითხვის სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, მარინა ქარცივაძის გაცნობისა და მასთან საუბრის შემდეგ კი სულაც გამიორმაგდა. გული მიგრძნობდა, რომ სწორედ საჩემო საკითხავი უნდა ყოფილიყო. „ეძღვნება შავ-თეთრი კინოს მოყვარულებს“, – გადაშლისთანავე შევნიშნე. სიხარულიც ამას ერქვა – ისე გამოვიდა, რომ სხვა მკითხველებთან ერთად, წიგნი მეც მეძღვნებოდა.

არა, ასეთ ოთარ იოსელიანს არ ვიცნობდი. რა თქმა უნდა, როგორც ავტორი ამბობს, მთავარი ფილმებია და ყველაზე მნიშვნელოვანსაც მაშინ ვხვდებით, როცა მათ ვუყურებთ, მაგრამ ამ წიგნში აღწერილ ამბებსაც თავისი წონა აქვს – თავისი სიმართლე და მომნუსხველობა. დიდი რეჟისორის გვერდით მუშაობა, ადამიანებისა თუ მოვლენებისთვის მისი თვალით შეხედვის ყოველი მცდელობა, ხუმრობისა თუ ყოველდღიური ურთიერთობის მისეულ ფორმებზე დაკვირვება – რაღაც ისეთს გასწავლის, რასაც სხვაგან ვერ ისწავლიდი. დიდი გამართლებაა ეს გაკვეთილები, ამდენი წლის მანძილზე – ამდენი გაკვეთილი.

„გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“… როგორ ემზადებოდნენ გადაღებისთვის, როგორ იღებდნენ, რა გზებს მიმართავდნენ საბჭოთა ცენზურისთვის თვალის ასახვევად, უსამართლო ბრალდებების გასაქარწყლებლად, დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. წიგნს იმ შემზარავი წერილების ნაწილიც ერთვის, „აღშფოთებული საბჭოთა მოქალაქეები“ რომ წერდნენ: ხან ფილმის გადაკეთებას მოითხოვდნენ, ხან აკრძალვას, ხან განადგურებასაც კი.

ძნელია, გაუძლო. ძნელია, ხელი არ ჩაიქნიო და ახალ ჩანაფიქრს იმთავითვე ეჭვით არ შეხედო. ალბათ ოთარ იოსელიანსაც გაუჩნდებოდა დროდადრო მტანჯველი ეჭვი, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა კი წიგნის ფურცლებზე წარმოგვიდგება, საკუთარ თავსა და საკუთარ სიმართლეში ბოლომდე დაჯერებულია, იცის, რას აკეთებს და რატომ. მასა და საბჭოთა სინამდვილეს შორის თითქოს უხილავი სივრცეა, რომელსაც საჭირო დროს იმ ურჩხულების გაჩენა შეუძლია, შემოქმედის თავისუფლებას რომ გააფთრებით დაიცავენ, ნებისმიერ საფრთხეს გასწვდებიან, გააქრობენ.

წიგნის ავტორი არც თავშესაქცევ ამბებს იშურებს მკითხველების გასახალისებლად. ამის დამსახურებაცაა, მისი ნაწერი ასე მსუბუქად, ძალდაუტანებლად რომ იკითხება. არც იმას მალავს, რომ თავის დროზე კინოში გადაღება სულაც არ უნდოდა, ახალგაზრდულ უპასუხისმგებლობაზეც გვესაუბრება, იმაზეც, „გიორგობისთვის“ გადაღებისას უდროო დროს ატეხილ სიცილს რეჟისორი წყობიდან რომ გამოუყვანია და, არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე სქელი ენციკლოპედია უსვრია ქალიშვილისთვის: როგორც ჰალეის კომეტამ დედამიწას, ისე ჩამიქროლა საფეთქელთან ამ ენციკლოპედიამო.

საბოლოოდ, სწორედ ასეთი გამოდის წიგნი, რომელსაც სიყვარული გაწერინებს. სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი რამ განსაზღვრა შენს ცხოვრებაში.  „მე უნდა აღვზარდო შენი მხატვრული გემოვნება“, – უთქვამს ერთხელ ოთარ იოსელიანს მარინა ქარცივაძისთვის, როდესაც ის, მოსკოვის კინოფესტივალიდან ახლად ჩამოსული, რომელიღაც ფილმზე აღფრთოვანებით საუბრობდა. ცხადია, ამ განცხადებაში ხუმრობის წილიცაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მან აქაც წარმატებას მიაღწია – დამაჯერებელ წარმატებას.

Modus vivendi – ცხოვრების წესი გამოარჩევს ასეთ ადამიანებს, ვის გვერდით ყოფნასაც, რა თქმა უნდა, თავისებური სირთულეც ახლავს. „წინააღმდეგობრივი, მრავალწახნაგოვანი, ჩვეულებრივიც, არაჩვეულებრივიც, – ასე გვიხასიათებს ავტორი წიგნის მთავარ გმირს და იქვე ამატებს: – გამოკვეთილად ინდივიდუალური სტილი აქვს. აქ მხოლოდ შემოქმედებით სტილს არ ვგულისხმობ: ცხოვრების, ჩაცმის, ქცევის, მოფერების, გაბრაზების…“ ასეთ რეჟისორთან ურთიერთობა მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა. დროთა განმავლობაში მისი მეგობრები შენი მეგობრებიც ხდებიან, ის ახლად გაცნობილი კი, ერთ საღამოს ჩიბუხების კოლექცია რომ დაგათვალიერებინა და თითოეულის გასინჯვის საშუალება მოგცა, არც მეტი, არც ნაკლები, მერაბ მამარდაშვილია. როგორ უნდა მიიღო ბედის ასეთი საჩუქარი? სიხარულით, დანარჩენი სამყაროს წინაშე ერთგვარი ვალდებულების გაცნობიერებით, როგორც იღებს კიდეც მარინა ქარცივაძე, შესანიშნავი მთხრობელი, შესაშურად კარგი მეხსიერებისა და მახვილი თვალის მქონე.

ბილინგვი ბავშვები – დამახასიათებელი ნიშნები და აღზრდის თავისებურებები

0

ვინ არიან ბილინგვი ბავშვები, რა თავისებურებებით ხასიათდებიან ისინი და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი აღზრდისას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომლებიც ბევრ მშობელს და პედაგოგს დააინტერესებს.

ბილინგვიზმი ორენოვნებას, ორი ენის ერთნაირად ფლობას და ურთიერთობისას მათი ერთნაირად, თანაბარი ხარისხით გამოყენების უნარს აღნიშნავს. ადამიანებს, რომლებიც ორ ენას ფლობენ, ბილინგვებს უწოდებენ, ორზე მეტს – პოლილინგვებს, ექვსზე მეტს – პოლიგლოტებს. სპეციალისტების აზრით, ბილინგვები უფრო მეტია მსოფლიოში, ვიდრე მონოლინგვები, ამდენად, ორენოვნება თანამედროვე სამყაროში ნორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ზოგიერთი მეცნიერი ორენოვანის კატეგორიაში იმათაც მოიაზრებს, ვინც სრულყოფილად კი არ ფლობს მეორე ენას, არამედ უბრალოდ ესმის ის. ზოგი კი თვლის, რომ ბილინგვი ეს ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ ფლობს უცხო ენას, არამედ იცის უცხო ენის კულტურა, გრძნობს მის გრამატიკულ სტრუქტურებს, იდიომებს, ესმის ხუმრობა ამ ენაზე და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბილინგვს ორ ენასთან აქვს შეხება და სიტუაციიდან გამომდინარე, ორ ენაზე უწევს ურთიერთობა გარშემომყოფებთან. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ბილინგვიზმს. როდესაც დედა და მამა ერთი ენის მატარებლები არიან, აქვთ ერთი საერთო მშობლიური ენა, მაგრამ სურთ, რომ მათი ბავშვი ორენოვანი იყოს, მშობლიურის გარდა, უცხო ენასაც კარგად ფლობდეს და ამასთან, საკუთარი სურვილის რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებენ (ქირაობენ ამ ენაზე მოლაპარაკე ძიძას, მასწავლებელს, ბავშვის თანდასწრებით თვითონაც ამ ენაზე იწყებენ ერთმანეთთან ურთიერთობას), ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურ ბილინგვიზმთან. ხელოვნური ბილინგვიზმის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია შევუქმნათ პატარას ოპტიმალური პირობები ორენოვნებისათვის.

არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ბავშვი იზრდება ორენოვან ოჯახში, ერთი მშობელი ლაპარაკობს ერთ ენაზე, მეორე – მეორეზე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი განსხვავებული ეროვნების წარმომადგენლები არიან და მათთვის მშობლიური ენა სხვადასხვაა. ასეთ დროს ბავშვი იზრდება არა მონოლინგვისტურ გარემოში. მას უკვე  დაბადებიდან ესმის უფროსების საუბარი ორ ენაზე, გარემოცულია ერთზე მეტი ენით,  იმყოფება ბუნებრივი ბილინგვიზმის პირობებში. ბუნებრივი ბილინგვიზმი ეს არის დედისა და მამის ენების ცოდნა შერეულ ოჯახებში.

როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად ორენოვან გარემოში? შესაძლებელია თუ არა „ვასწავლოთ“ ბავშვს ორი ენა დაბადებიდან, თუ უკეთესია  მოვიცადოთ და მოგვიანებით შევასწავლოთ მეორე მშობლიური ენა. მკვლევრები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ბევრად უკეთესია, როდესაც ბავშვი ორივე მშობლის ენას საკმაოდ ადრეული ასაკიდან ეუფლება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრი მშობელი, იმის შიშით, რომ

ბავშვს არ აერიოს ორი ენა ერთმანეთში, არ მოხდეს ენების აღრევა და ამან არ გამოიწვიოს პატარას გვიან ამეტყველება და შეფერხება ინტელექტუალურ განვითარებაში, ბავშვს განვითარებისთვის მონოლინგვისტურ გარემოს უქმნის და აიძულებს  ოჯახის ყველა წევრს, რომ პატარას მხოლოდ ერთ ენაზე და ამასთან დედის ენაზე ელაპარაკონ, ვინაიდან მასთან ყველაზე დიდ დროს მაინც დედა  ატარებს  და, როგორც წესი, ბავშვები დედის ენაზე იწყებენ ამეტყველებას. ნამდვილად არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ბავშვი გავითარებისთვის, თუ ის ორენოვან გარემოში იზრდება? როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კატეგორიის მშობლების შიში უსაფუძვლო იქნება, თუ დავიცავთ ბილინგვი ბავშვის აღზრდის ძირითად პრინციპებს:

  • უპირველეს ყოვლისა ბილიბგვი ბავშვი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ორი მონოლინგვის გაერთიანება ერთ ბავშვში. გონივრული და გამართლებული არ იქნება ბილინგვის მეტყველება შევადაროთ იმ ბავშვების მეტყველებას, რომლებიც მოცემული ორი ენიდან თითოეულს ითვისებენ, როგორც ერთადერთ მშობლიურს, რადგანაც  ასეთი შედარების შედეგად ხშირად კეთდება დასკვნები ადრეული ბილინგვიზმის ზიანზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. ორენოვნება ბუნებრივი და ფართოდ გავრცელებული მოვლენაა თანამედროვე მრავალენოვან სამყაროში, სადაც ორი ან მეტი ენის ფლობა ნორმა ხდება, მათ შორის ბავშვებისთვისაც. მშობლების ამოცანაა, დაეხმარონ ბავშვს ორი ენის დაუფლების პროცესის უმტკივნეულოდ გადალახვაში;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბილინგვიზმი არ წარმოადგენს გადახრას ბავშვის მეტყველების განვითარების პროცესში. ძალიან ბევრი პატარა ორენოვან გარემოში იზრდება, რაც ხელს უწყობს მათში ბილინგვიზმის განვითარებას უკვე დაბადებიდან;
  • ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მშობელმა ბავშვთან, თუ ის ბილინგვურ გარემოში იზრდება და განსხვავებული ეროვნების მშობლები ჰყავს, არის ის, რომ დედა თავის მშობლიურ ენაზე ელაპარაკოს პატარას და მამა – თავის ენაზე. ერთმანეთთან მათ შეიძლება ილაპარაკონ ნებისმიერ ენაზე, მაგრამ ბავშვთან – მხოლოდ ზემოაღნიშნული ხერხით. ამგვარად ბავშვს უყალიბდება ასოციაცია, მაგ. თუ მამა მასთან მხოლოდ ინგლისურ ენაზე ურთიერთობს, ეს ენა ბავშვისთვის ასოცირებული იქნება მამასთან, ქართული კი – დედასთან. ბავშვთან ამგვარად ურთიერთობის დროს ჩვენ ამ პრინციპს უნდა მივსდიოთ ყველა სიტუაციაში და ყველა ადგილას: სახლში, ქუჩაში, სტუმრად, ტრანსპორტში და ა.შ. თუ ოჯახში ორი ან მეტი ბავშვია, თითოეულ მათგანთან ვიქონიოთ ასეთივე ურთიერთობა – დედა ბავშვთან ქართულ ენაზე საუბრობს, მამა – ინგლისურად. რა ენაზე იურთიერთობებენ ბავშვები ერთმანეთში, ეს მათი ასარჩევი და გადასაწყვეტია. ნუ მოვახდენთ მათზე ზეწოლას, დაე, თვითონ გადაწყვიტონ და იურთიერთობონ იმ ენაზე, რა ენაც უფრო ახლობელია მათთვის. ამ პრინციპით უნდა იმოქმედონ არა მხოლოდ მშობლებმა, არამედ ნათესავებმაც, ნაცნობებმა, ძიძამ, აღმზრდელებმა;
  • მშობლების ენის დაუფლება ბავშვის მიერ, ადრეულ ასაკში, ძალიან ბუნებრივად, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში უნდა ხდებოდეს. ნუ მივცემთ ამ პროცესს სასკოლო სწავლების ხასიათს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ბავშვი, დიდი ალბათობით, პროტესტს გამოხატავს და უარს იტყვის ენის დაუფლებაზე;
  • როგორც წესი, ორენოვან ოჯახებში ბავშვები ლაპარაკს მონოლინგვურ ოჯახებში აღზრდილ თანატოლებზე გვიან იწყებენ. მეორე გავრცელებული პრობლემა ენების აღრევაა. 4 წლამდე ასაკის ბავშვები ძალიან ხშირად ურევენ ენებს. ამ შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პატარებს ჯერ კიდევ საკმარისად არა აქვთ განვითარებული ლექსიკური მარაგი. და სიტყვა, რომელიც მათ არ იციან ერთ ენაზე, უბრალოდ ჩაანაცვლებენ ნაცნობი სიტყვით მეორე ენიდან. ლექსიკური მარაგის ზრდასა და გამდიდრებასთან ერთად ენების ასეთი აღრევის შემთხვევებს უფრო იშვიათად აქვს ადგილი. სხვა შემთხვევებში ბავშვმა შეიძლება აურიოს ენები, როცა ასე მშობლებიც იქცევიან. ყველაფრის მიუხედავად, თანდათან ხდება ენების ერთმანეთისაგან გამოყოფა და რაღაც დროის შემდეგ ბავშვი საკმაოდ თავისუფლად იწყებს ორივე ენაზე ლაპარაკს. როგორც კი პატარა სოციუმში მოხვდება, წამყვანი ენა გარემოს ენა ხდება და სწორედ ის იწყებს უკეთესად და სწრაფად განვითარებას. მეორე ენა რჩება იმ დონეზე, რომელიც მშობლებთან ურთიერთობისათვისაა საჭირო.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებიც ბილინგვი ბავშვის აღზრდას ახლავს თან, სწორი აღზრდის პირობებში, ბილინგვიზმი აჩქარებს მის გონებრივ განვითარებას და მომავალში მას ბევრად უფრო გაუადვილდება ახალი ენის ათვისება. ბუნებრივი ბილინგვიზმის შემთხვევაში, ბავშვისთვის, დაბადების მომენტიდან (თუ მანამდეც არა) აუცილებელი ხდება დედისა და მამის ენების განსხვავება, რაც დადებითად აისახება მისი ტვინის მუშაობაზე, ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის უკეთესად ათვისებას და, როგორც მეხსიერების, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას.

 

ქეთევან ოსიაშვილი

15.11.2018.

 

ხიზაბავრელი  მასწავლებლის  პორტრეტი

0

ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში  მასწავლებელი ასმათ ხაზალაშვილი ცხოვრობს. იგი ადგილობრივ სკოლაში  ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.  სერტიფიცირებული პედაგოგი  მუდმივად ცდილობს განვითარების და სწავლის პროცესი არ შეწყვიტოს.  2017-2018 სასწავლო წელს ასმათ ხაზალაშვილმა  მასწავლებელთა სწავლების პროგრამა   გაიარა ახალციხის თსუ-ის ფილიალში და  უფროსი  მასწავლებლის  სტატუსი მიიღო. ხიზაბავრის  სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში 70 მოსწავლემდე სწავლობს  და ყოველ წელს მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ინტერვიუში  ხიზაბავრის სკოლის მასწავლებელი იქაურ  ლეგენდებზე, სკოლის დაარსების ისტორიაზე,  საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებასა  და პრაქტიკაზე გვიყვება.

 

 

 

–  თქვენი სოფლის სახელს მრავალი ლეგენდა და გადმოცემა უკავშირდება. ცოტა რამ მოგვიყევით ხიზაბავრის წარსულზე…

ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია. არქეოლოგიური მასალებზე დაყრდნობით დასახლება ივარაუდება გვიანი ბრინჯაოს -ადრე რკინის ხანიდან. ე.ი ძვ.წ.აღ-ის პირველი ათასწლეულით. სოფლის სახელწოდება ორი სოფლის სახელის შეერთებითაა მიღებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: ორი სოფელი ყოფილა-  ხიზა და ბავრა. მათ გაუვალი ტყე ჰყოფდა. უგზოობის გამო მათ მცხოვრებთ არ სცოდნიათ  ერთმანეთის არსებობა. ზამთარში ,,ბავრელ” კაცს თოვლზე  ადამიანის ნაფეხური შეუნიშნავს, ნაკვალევს გაჰყოლია და ხიზაში მისულა, სადაც მისთვის კარგი მასპინძლობა გაუწევიათ. შემდეგ,  ხიზელებიც სტუმრებიათ ბავრელებს, მოსწონებიათ ბავრა და თვითონაც გადმოსულან საცხოვრებლად. ურთიერთპატივისცემის ნიშნად სახელები – ხიზა და ბავრა, შეაერთეს და მიიღეს ხიზაბავრა. ხიზაბავრას ტერიტორია – დარნებით, მიწისქვეშა სამალავებით არის დაქსელილი. ეს მიწისქვეშა სამალავები ეხმარებოდა მოსახლეობას თავდაცვაში მტრის შემოსევის დროს. სულხან საბას განმარტებით დარანი არის ,,სახლი  მიწის ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად”. დარნებს თავის დროზე მეტად მნიშვნელოვანი, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.  ხიზაბავრის მოსახლეობა მეთევზეობასაც ეწეოდა. თევზჭერის საშუალებას  წარმოადგენდა ნემსკავი, ბადე (სამი ტიპის: სასროლი, გაბმული და ხოლიხე), დატოპვა,  ანუ ხელაობა და ოჩხე.  ოჩხის კეთება და შემდგომ მისი ჩხრეკა შრომატევადი იყო, ამავე დროს დიდ ფიზიკურ გამძლეობასა და საქმის ცოდნას მოითხოვდა.  ასპინძის რაიონში  ოჩხეს მარტო ხიზაბავრაში აკეთებდნენ. ოჩხეს ზაფხულში ამზადებდნენ. მტკვრის ნაპირას ქვებისგან  დიდ ორმოს აშენებდნენ. ორმოს უტოვებდნენ შესასვლელს. შემდეგ ზამთარში მიდიოდნენ მის საჩხრეკად. გაყინულ წყალში ჩადიოდნენ და იწყებდნენ თევზჭერას. დღეს აღარავინ აკეთებს ოჩხეს…   ხიზაბავრაში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც სახსრების ტკივილის დროს იყენებენ.  ეს წყალი ვარანტებში მდებარეობს. ხიზაბავრა ცნობილია აგრეთვე  საფირმო კერძით, დელიკატესით – ლოკოკინით, რომელსაც ზამთრობით მოიპოვებენ.

–  როგორც ცნობილია, ხიზაბავრას  სკოლის  დაარსების ისტორია  ილია ჭავჭავაძეს და  წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას უკავშირდება… როგორი იყო პირველი სკოლა ხიზაბავრაში?

ხიზაბავრაში  სკოლა 1881 წელს გაიხსნა. სკოლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მღვდელს –  ივანე გვარამაძეს. ივანე გვარამაძე 1869 წელს ხიზაბავრაში მოავლინეს მღვდლად. იგი იყო დიდი განმანათლებელი, არქეოლოგი, ისტორიკოსი და ხალხური სიტყვიერების შემკრები.  იცოდა  რამდენიმე უცხო ენა და ეწეოდა ქველმოქმედებას.  სწორედ, მის სახელს უკავშირდება ჩვენს სოფელში  სკოლის დაარსებაც. როგორც ვიცით, მან თხოვნით მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას  და მათაც დახმარება აღუთქვეს. ასე გაიხსნა 1881 წელს  ხიზაბავრის ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც თავდაპირველად საეკლესიო სასწავლებელი იყო. სკოლაში სწავლა სეზონურად მიმდინარეობდა, მხოლოდ ზამთრის თვეებში. შემდეგ ოთხკლასიან სკოლად გადაკეთდა,  1925 წელს კი  შვიდწლედად.  1935 წელს კი სკოლამ საბოლოოდ საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო.

საინტერესო წარსულის  მქონე სკოლაში ასწავლით. რას ფიქრობთ მასწავლებლის  მისიაზე? რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა?

 პედაგოგობა მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ამას მთელი არსებით ვაცნობიერებ.  თითოეულ ბავშვთან ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, თუ რაღაც ისე არ გამოგივიდა, დაკარგავ მათ სიყვარულსა და ნდობას…  მე ძალიან მიყვარს და მომწონს  ბავშვებთან ურთიერთობა და  სწორედ ამ  სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასწავლებლობა.

– რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლის  ნდობა არ დაკარგოს და მისი იმედები გაამართლოს?

 პირველ რიგში მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედი. ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა, რთული და საინტერესო  პროცესია, რაც ძალიან დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მასწავლებლისგან, ისე მოსწავლისგან. ეს პროცესი, რომ მომაბეზრებელი არ გახდეს მოსწავლისთვის, მასწავლებელი ყველანაირად უნდა ეცადოს, იყოს შემოქმედებითი და კარგად დაგეგმილი და გააზრებული სამოქმედო გეგმით ასწავლოს. ქართულში თემატიკა უსაზღვროა. მრავალფეროვანია მოსწავლეთა დამოკიდებულებები და მათი შეხედულებები, ეს კი მასწავლებელს დამატებით  სტიმულს აძლევს სიახლეებზე საფიქრალად.

  • რა გიჩვენათ გამოცდილებამ და მოსწავლეებზე დაკვირვებამ? ხომ არ აფრთხობთ  მათ რთული  ლიტერატურული ტექტსტების  შესწავლა? როგორ პოულობთ ამ პრობლემის დაძლევის გზებს?

მე მე-7, მე-8 , მე-9 და მე-11 კლასებს ვასწავლი. ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლას  როდესაც ვიწყებთ, მოსწავლეები თითქოს ერთგვარ შიშს გრძნობენ. მეტად რთული ეჩვენებათ ძველი, ხმარებიდან გასული სიტყვები. ცოტათი თითქოს აფერხებთ ტექსტი, მაგრამ როგორც კი სიღრმისეულად დავუკვირდებით ამ ტექსტებს, დროს დავხარჯავთ მათზე საკვლევად, მათაც დაუძლევლად აღარ ეჩვენებათ ეს პროცესი.  აქ ცალკე საყურადღებოა მასწავლებლის უწყვეტი განათლების პროცესი და იმ სიახლეებზე მიდევნება, რაც საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარეობს. ამასთან, დაკავშირებით მახსენდება 2015 წელს გავლილი ტრენინგი  ,,გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში”. ამ ტრენინგმა კარგი გამოცდილება მომცა და მოსწავლეებთან  მუშაობა გამიადვილა. თან, ჩვენთან გადატვირთული კლასები არ არის. კლასში მინიმუმ სამი ბავშვია, მაქსიმუმ რვა. ასეთ დროს უფრო მარტივია მასწავლებელმა თითოეულთან მიიტანოს ცოდნა, საკუთარი  გამოცდილება და სიახლეები. მინდა ცოტა კიდევ ვისაუბრო იმაზე, თუ  რა მნიშვნელოვანია რეგიონის მასწავლებლებისთვის ტრენინგებსა  და სემინარებში მონაწილეობის მიღება. ახლახან ვიყავი ტრენინგზე, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის ეფექტიანი სწავლებისთვის სამუზეუმო მასალების გამოყენებას შეეხებოდა. ეს იყო არაჩვეულებრივი ტრენინგი და საუკეთესო გამოცდილებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება.  ამ ახალ სასწავლო წელს ვაპირებ ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვას.

როგორ უმკლავდებით ერთდროულად სოფლის  ცხოვრებასთან ერთად პროფესიულ გამოწვევებს? რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს, ალბათ კიდევ უფრო მეტი შრომა უწევთ პროფესიული განვითარებისთვის…

მართალია!  ცხოვრება ხიზაბავრაში და ჩვენს სოფლებში ადვილი არ არის.  აქ ყოფნა  დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის  ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ვიზრუნო.  ფიზიკურ შრომას,  გონებრივ შრომასაც ვუთავსებ. ვცდილობ, არ გამოვაკლდე ტრენინგებს, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს და ცოდნა  მუდმივად გავიმდიდრო და გავიმყარო. მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთთანამშრომლობას, რაშიც ძალიან მეხმარება ინტერნეტი და თავისუფალი სივრცე.  სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მასწავლებლები ინტერნეტით ვუკავშირდებით ერთმანეთს და  პროფესიულ სიახლეებს ვუზიარებთ. ვფიქრობ, მასწავლებლისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეჟიმში ყოფნა. გარდა ამისა, ვფიქრობ რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, ჩვენ ხომ ორმაგად დატვირთული ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ძალიან გვაწუხებს მოსწავლეთა სიმცირე. მოსწავლეთა კონტიგენტი ყოველწლიურად მცირდება, ახალგაზრდობა თავს არიდებს სოფელს, არც გაემტყუნებათ, უმუშევრობა ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი სოფლებისთვის. ასეთ დროს უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ რაც შეიძლება მეტად დავიხარჯო, მეტი გავიგო, უფრო მეტად განვვითარდე, მეც ყოველდღიურად ვისწავლო და ჩემი ცოდნა გადავცე ბავშვებს, რომელთაც ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებათ.

 

 

 

 

როგორ გავხდეთ „თავისუფლების მწერლები“?

0

„როცა ლოს ანჯელესის აჯანყებას ტელევიზორით ვუყურებდი, იურისტობას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვთქვი: ღმერთო, როცა პატარა ბავშვის სასამართლოზე დაცვა მიწევს, ეს ხომ უკვე წაგებული ომია. ჰოდა, გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი, რადგან მთავარი ბრძოლა აქ, საკლასო ოთახებშია“.
კ/ფ თავისუფლების მწერლები

 

თანამედროვე სამყარო სავსეა არასასურველ შედეგებთან ბრძოლის სტრატეგიებით, ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ვაცნობიერებთ, „როცა ურემი გადაბრუნდება“, არადა, შეუძლია ადამიანს დაფიქრდეს იმაზე, როგორ არ უნდა მოხდეს ის, რაც ხდება და არ მოსწონს. შედეგთან ბრძოლა ნამდვილად წაგებული ომია, რადგან ჩვენ ხელიდან გავუშვით უკვე ის შესაძლებლობა, რომელიც ამ შედეგს არ მოიტანდა.

ასე რომ, გადავინაცვლოთ კლასებსა და აუდიტორიებში.

ყველაფერი იწყება ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან… ზოგადად, განათლებიდან. ასე თვლის ერინ გრიუველი, ინგლისური ენის მასწავლებელი კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში (ფილმიდან „თავისუფლების მწერლები“). ის არ ნებდება უიმედო რეალობას, სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც დროსა და რესურსს არ ხარჯავს ძნელადაღასაზრდელ და კრიმინალისაკენ მიდრეკილ მოზარდებზე, ასეთ ბავშვებს ბიბლიოთეკიდან წიგნებსაც კი არ ატანენ წასაკითხად.

მაგრამ ერინის გამოჩენა სკოლაში ცვლილებებს იწვევს. მისთვის არავის აუხსნია, როგორ უნდა შეერჩია მეთოდი, როგორ ესწავლებინა ბავშვებისთვის, უფრო პირიქით, აფრთხილებდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა ასეთ ბავშვებთან მუშაობას.

რა გახდა წარმატებისთვის საკმარისი? მასწავლებლის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ცოდნის გზით, ლიტერატურის დახმარებით ბავშვებზე მოეხდინა ზეგავლენა, ესწავლებინა მათთვის ტოლერანტობა, რათა ისინი გამხდარიყვნენ შემწყნარებლები სხვადასხვა კლანის, რასის მიმართ. ეს თავიდან უტოპიური ჩანდა, მაგრამ ნელ-ნელა ერინი შეძლებს მათ დაინტერესებას, მოსწავლეებს გაუღვივებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ყველაზე მთავარი: ის შეეცდება, დავალებები ისე შეარჩიოს, რომ ბავშვებმა თვითგამოხატვა მოახერხონ, რადგან მასწავლებელი გრძნობს, რომ ისინი დიდ ტკივილს, დარდს, უსამართლობას, შიშს ატარებენ პატარა გულებით… ეს კი აგრესიულს ხდის მათ. ამიტომ ერინი მათთვის ყიდულობს წიგნებს, ჟურნალებს… ურიგებს  და ეუბნება:  „ყველას გვაქვს რაღაც ამბავი მოსაყოლი და ეს მნიშვნელოვანია… აუცილებლად უნდა გავუმხილოთ საკუთარ თავს მაინც, ამიტომ ყოველდღე  დაწერთ რაღაცას ამ ჟურნალში. შეგიძლიათ დაწეროთ, რაც გნებავთ, თქვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ… თუ გინდათ, დღიურის სახით, თუ გინდათ, ლექსებისა და სიმღერის სახით…“.   მასწავლებელი ამას აკეთებს რბილად, ძალდაუტანებლად… იმასაც კი ეუბნება, რომ თუ მათი სურვილი არ იქნება, არც წაიკითხავს… ასე მოიპოვებს ერინი მოსწავლეების ნდობასა და სიყვარულს. ისინი იწყებენ  წერას და ჰყვებიან თავის ამბებს – საშინელ ამბებს – სისხლით, სისასტიკით, მკვლელობებით, ციხით, შიშით სავსე ცხოვრებას და ჟურნალებს აწყობენ იმ თაროზე, რომლიდანაც მასწავლებელს შეეძლო, აეღო და წაეკითხა…

ერინი მას შემდეგ, რაც საკუთარ ცხოვრებაზე და ტკივილებზე ალაპარაკებს ბავშვებს, მერე კითხვასაც დააწყებინებს, თავად ყიდულობს და ურიგებს მათ „ანა ფრანკის დღიურს“, „თავისუფლების მწერლების“ ფონდსაც კი შექმნიან და სკოლაში მოიწვევენ ქალს, რომელმაც ანა ფრანკი შეიფარა, რომელიც მოსწავლეებს ეუბნება, რომ ისინი თავად არიან გმირები!

ერინმა მოსწავლეებს ჩაუნერგა უნიკალურობის გრძნობა… ბავშვები, რომლებიც ოჯახებისგან დავიწყებული და სკოლის ადმინისტრაციისგან მიტოვებულები იყვნენ, რწმენით ივსებიან… ერთმანეთსაც სიყვარულით დაუწყეს ყურება, გადალახეს კლანურობა, განსხვავებულობა… უფრო მეტად გაიხსნენ და სწორედ აქედან იწყებს ერინი, რომ დაარწმუნოს მოსწავლეები ცვლილებების შესაძლებლობასა და გარდუვალობაში. სხვა აზრს არც უშვებს: შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნებათ, ამას ვერ შევძლებო, სამუდამოდ გაჩუმდება და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით ცვლილებაში, სამუდამოდ გაქრება. ის პიროვნება, რომელსაც აქამდე წარმოადგენდით, არსებობას შეწყვეტს. დაიბადება ახალი ადამიანი.

მასწავლებელი შეძლებს მათგან ახალი ადამიანების დაბადებას! ეს ნამდვილად საზეიმო მომენტია. როცა ამ ფილმს უყურებ, გრძნობ, რამდენი რამე შეუძლია რწმენას და ცოდნას ერთდროულად… მაგრამ რწმენა და ცოდნა მხოლოდ სიყვარულის გარემოცვაში იბადება და იძენს ძალას.

თანამედროვე მასწავლებელი სხვა გამოწვევების წინაშეა, მაგრამ მიზანი იგივეა! შესაძლოა, დღევანდელი სკოლის მოსწავლეს ჩვენს პირობებში კლანურობისა და რასიზმის პრობლემა არ აქვს, მაგრამ განსხვავებული აზრის მიუღებლობას ადამიანი  იმავე სიძულვილამდე მიჰყავს, რომელიც იწვევს დაყოფას, დაპირისპირებას, გახლეჩას, ომს (მენტალურს, ფსიქოლოგიურს…).

მეთოდი, რომელსაც ერინი გაკვეთილებზე სრულიად ბუნებრივად მიმართავს –  თითოეული ადამიანის უნიკალურობაში დარწმუნებაა! ყველას აქვს რაღაც, რითაც სხვისგან გამოირჩევა და ამით უფრო საინტერესო ხდება.

დღეს კიდევ უფრო მძაფრია გახლეჩა და დაპირისპირება განსხვავებული აზრის გამო. როდესაც პოეზიის ლექციაზე ერთ ლექსზე სტუდენტები სრულიად განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ, ჯერ ერთმანეთს ეპაექრებოდნენ და მერე მე მიყურებდნენ მოსამართლესავით, რათა განმესაჯა: ვინ იყო მართალი, ვინ გამოთქვამდა სწორად ამა თუ იმ ლექსის აზრს! მე კი ვეუბნებოდი, რომ ყველა გამოთქმული აზრი სწორი იყო და ვუსაბუთებდი, რატომ! ამის შემდეგ ისინი უკვე სწორ პასუხს კი არ ეძებდნენ, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, მართლა რა შეგრძნებები, ემოციები, აზრები უჩნდებოდათ და თავისუფლად იწყებდნენ დისკუსიას, რადგან აუდიტორიაში მათ არავინ ეუბნებოდა, რომ ცდებოდნენ. ან და, როგორ შეიძლება შეცდე, თუკი გულწრფელი ხარ გამოხატვაში? რას ნიშნავს ამ დროს შეცდომა? ჩვენი სკოლა და განათლების სისტემა კი შეცდომა-სისწორეზე ორიენტირებული სისტემაა, დაყოფაზე, დახარისხებაზე, ადამიანების გადანომვრაზე: შენ პირველი ხარ, შენ საუკეთესო ხარ, ის – მეორეა, ვიღაც – მესამე… ვიღაც საერთოდ, მაჩანჩალაა… მასწავლებლები ასე არტყამენ იარლიყებს ბავშვებს და მათაც ზუსტად იციან, ამ იარლიყის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთონ, მასწავლებელს მაინც ვერაფერს „დაანახვებენ“. ცოდნა არ არის წახალისებული, არამედ მასწავლებელი სულ „გამოჭრაზეა“, რა არ იცი… თორემ რაც იცი და როგორც იცი, ეგ არავის აინტერესებს!

ამიტომ თუ მასწავლებლები შეცვლიან დამოკიდებულების რაკურსს, მოსწავლეებიც თავისთავად შეიცვლებიან: არა კონკურენცია, არა შეჯიბრი, არა გადასწრება, არა ჩასაფრება, არა დაძირვა, არამედ თანამშრომლობა, უნიკალურობის განცდა, ერთიანობა, სიყვარული – უნდა გახდეს ცოდნის მიღების საფუძველი!

ასე იქცა საყვარელ და საინტერესო ადგილად ერინის 203-ე კლასი! როდესაც ჩემი სტუდენტები ამბობდნენ, რომ 414-ე აუდიტორია მათი საუკეთესო ადგილია, მე უკვე ვიცი, რომ ისინი იმ  ცვლილებებს გულისხმობენ, რომელიც კონკრეტულ ლოკაციას მეტაფორულად დაუკავშირეს.

ნებისმიერი კლასი შეიძლება იქცეს იმ ადგილად, სადაც ბავშვებს უხარიათ მისვლა… ეს კი თქვენზეა, ძვირფასო მასწავლებლებო! ხშირად უთქვამთ ჩემთვისაც, რომ საიდან ვუყრი თავს ერთად ამდენ შემოქმედ ადამიანს, რაც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს… მე მათ არასდროს ვარჩევ და გარწმუნებთ, რომ თითოეული მათგანი ისედაც უნიკალური და შემოქმედებითია. უბრალოდ, ენდეთ… შეცვალეთ დამოკიდებულება და თქვენი კლასის თუ აუდიტორიის ნომერიც მეტაფორად იქცევა, სადაც მისვლა ყველას გაუხარდება. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ამბავი და ახლა კი ჯერი თქვენზეა: შექმენით მათგან „თავისუფლების მწერლები“. დააწერინეთ ამბები და მერე ჰკითხეთ: რა ასწავლა მათ ამ ამბავმა…?

 

დემოკრატია და მათემატიკის გაკვეთილი

0

მოსწავლეთათვის თავისუფლების მინიჭება ხშირად ზედმეტი აყალ-მაყალი გვგონია. თავისუფლების მინიჭება ყოველთვის იძლევა შედეგს – ზრდის მოტივაციას.

ვისაუბროთ გაკვეთილის შესახებ, რომელის დროსაც არ დაგვჭირდება მერხები და კლასში შესაძლებელია თავისუფალი გადაადგილება. რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მერხებთან მჯდარი ჩვენი მოსწავლეებისათვის ეს უკვე მომხიბლავია.

მეხუთე კლასში შემოდის ახალი ტერმინები: მარტივი, შედგენილი, ლუწი კენტი, გამყოფი, ჯერადი და ასე შემდეგ. მართალია, მოსწავლეებს ლუწი და კენტი ადრეც გაუგიათ, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ ამ პროცესს სახალისოს გავხდით.

დავყოთ კლასი ორ ჯგუფად ლუწებად და კენტებად. ბავშვები სხედან რკალად განლაგებულ სკამებზე. ვხსნით განსხვავებას ლუწ და კენტ რიცხვებს შორის და მოგვყავს მაგალითები. აქვე ვასწავლით ორზე გაყოფის ნიშანს . ყუთში მოთავსებულია ფურცლები მოსწავლის სახელითა და გვარით. ამ მომენტისთვის კლასი დგება ფეხზე და ყუთიდან ვიღებთ ორ სახელსა და გვარს. იმის მიხედვით, ვინ რომელი გუნდიდან არის, თითოეული ასახელებს რომელიმე რიცხვს . მათ მიერ დასახელებული რიცხვები უნდა შეკრიბოს. თუ შედეგი იქნება კენტი, ორივე ბავშვი გადადის ან რჩება კენტის მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღმოჩნდნენ ლუწის მხარეს. რიგებს შორის არის სამოძრაო სივრცე. პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლის წყვილი არ ამოვა. იმარჯვებს ის გუნდი, რომელშიც მეტი მოსწავლე აღმოჩნდება.

ამ თამაშის პროცესში ისინი სწავლობენ ორზე გაყოფის ნიშანს და ლუწ-კენტობას.

ამ თამაშის სხვა ვარიანტი: მეხუთე კლასი, მარტივი და შედგენილი რიცხვები.

კლასი იყოფა ორ გუნდად: მარტივებად და შედგენილებად. ვიქონიოთ სამი ყუთი: ერთი ცურცლებით, რომლებზეც წერია მოსწავლეების სახელები და გვარები, მეორეზე – მარტივი რიცხვები და მესამეზე – შედგენილი რიცხვები. ვიღებთ სახელსა და რიცხვს სათანადო ყუთიდან. ამ რიცხვების შეკრების შედეგი, როგორიც იქნება ისეთი ხდება ორივე მოსწავლე პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ დაწყვილდება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც თამაშის დასასრულს მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი.

 

მეშვიდე კლასი. მთელი რიცხვების გამრავლება.

დავყოთ კლასი ორ ჯგუფად – პლუსებად  და მინუსებად. ბავშვები სხედან რკალად განლაგებულ სკამებზე. ვხსნით უარყოფითი რიცხვების გამრავლებას შეკრების მაგალითების გამოყენებით. აქვე ვეუბნებით, რომ პლუსი შეიძლება განიხილონ, როგორც მეგობარი და მინუსი, როგორც მტერი. ანუ

+ x + = +

– x – = +

– x + = –

+ x – = –

ეს კარგად ნაცნობი ცხრილი ავხსნათ ასე:

ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია;

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია;

ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია;

ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია.

ასევე, განვიხილოთ მსჯელობები:

ტყუილია, რომ ტყუილია;

მართალია, რომ მართალია;

ტყუილია, რომ მართალია;

მართალია, რომ ტყუილია.

 

ამის შემდეგ ვიწყებთ გათამაშებას.

მოსწავლეების სახელი და გვარი მოთავსებული იქნება ყუთში. კლასი დგება ფეხზე და ვიღებთ ორი მათგანის სახელსა და გვარს. იმის მიხედვით, ვინ რომელი გუნდიდან არის თითოეული აკვირდება, პლიუსდება თუ მინუსდება. ორივე გადადის სათანადო გუნდში. აქაც, პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ დაწყვილდება. გამარჯვებულია იმ გუნდის ბავშვები,  რომლებიც თამაშის დასასრულ მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი.

 

მეშვიდე კლასი: მთელი რიცხვების შეკრება

 

კლასი იყოფა ორ გუნდად: პლიუსებად და მინუსებად. ავიღოთ სამი ყუთი: ერთი – სახელებით და გვარებით, მეორე – უარყოფითი რიცხვებით და მესამე – დადებითი რიცხვებით. მივიღებთ სახელს და რიცხვს სათანადო ყუთიდან. ამ რიცხვების შეკრების შედეგი, როგორიც იქნება, ისეთი ხდება ორივე მოსწავლე. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ დაწყვილდება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც თამაშის დასრულების ხანს მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი. თუ ერთმანეთს შეხვდება მოპირდაპირე რიცხვები, მოსწავლე გადადის ნეიტრალურ ზონაში.

 

ეს მეთოდი ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას და ეფექტურია ფაქტების დასამახსოვრებლადაც. შეგვიძლია მოსწავლეთა სახელისა და გვარების ჩაბრუნება, რათა არ მოხდეს უკვე ამოსული მოსწავლის ყურადღების მოდუნება. ეს მეთოდი გათვლილია ყველა მოსწავლეზე მოსწრების მიუხედავად.

 

ენა და ჩვენა, ანუ ჩვენ და ენა

0

უცნობი ამბავი როდია, ხანდახან ენა აქეთ რომ გვსწავლობს და გვიზეპირებს. გამოთქმებად გვმარცვლავს. დროს, ეპოქას, კონტექსტს. სხვა დროში იგივე წინადადება შეიძლება გაუგებარი ოქსიმორონი ან სულაც საქებარი სიტყვა გამომდგარიყო, მაგრამ რას გავუგებთ ჩვენს უცნაურ, მრავალტანჯულ თავს. აი, ზოგიც დილის ულუფად:

,,ერთი საწყალი, პატიოსანი კაცია’’ – დანანებით ნათქვამი. ჩემი დახმარება არ გჭირდებათ უფრო ღრმა განმარტებისას, ზედაპირულად კი ასეთი ფორმულაა – პატიოსანი = საწყალს, ანუ უფულოს, უუნაროს, უგავლენოს და ყოველგვარ უ–გვანს.

,,მაგას აზრები აწუხებს’’ – ნიშნავს განსხვავებული აზრის გამომთქმელ კაცს ან მოფიქრალს. გამოითქმის ცინიკური ინტონაციით და სიტყვა ,,აწუხებს’’ იოლად მიგანიშნებთ, რომ პრობლემა იმ აზრებიანს აქვს და არა შენ – უაზროს.

,,ტვინიკოსია’’ – განსაკუთრებით საშიში დაავადება, თანდაყოლილის მსგავსი და ცოტა ქრონიკულიც. შეიძლება წარმოიშვას ,,აზრებით შეწუხების’’ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალებთ. სიმპტომები ღიად გამოვლინდება კარგად სწავლისას, საქმის უკეთ გაკეთების დროს ან სწორი რჩევის მიწოდების წუთებში. ეს დაავადება არ გკლავს, ანუ ბოლომდე არ გრიყავს, მაგრამ მაინც თანაგრძნობის შემაწუხებელი ღიმილით გიყურებენ და სჯობს აიცრა – ქუჩაში დადგე, შორს გადააფურთხო, თავი ჩაქინდრო, მზეს ნაკლებად უმზირო და მზესუმზირა ხშირად ჭამო – კაი გრძელი აცრაა, მაგრამ ნაკლებად მტკივნეული.

“ადგილს აფუჭებს” – ამ საშინელი ბრალდებით ერთი-ორჯერ ჩემთვისაც მოუმართავთ. იგულისხმება ადამიანი, რომელიც ხელს უშლის მეორე ადამიანს. ეს მეორე ადამიანი სულ მზად არის რაღაცის მისათვისებლად, მოსაპარად ან ნათესავების დასაწინაურებლად, მაგრამ არ გაუმართლა და ახლა ელის დროს, რომ რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოს ადგილის გამფუჭებელი და სამშობლო გადაარჩინოს

,,მაგარი უბედური სულია’’ – არავითარი კავშირი სვე-იღბლის არქონასთან ამ ფრაზას არ აქვს. პირიქით –წარმატებული, საქმის მარიფათიანად მქმნელი და მისაბაძი კაცის სინონიმი გახლავთ.

კი, ენამ ის ამოგვძახა, რაც ჩვენი ქცევით ჩავძახეთ, ამიტომაც სხვა რა დაგვრჩენია, უნდა ვუპასუხოთ – მოვიშოროთ აზრები და პატიოსნება, ტვინიც და ვიყოთ ასე უბუდურები. უბედური სულები.

უცნობი ამბავი როდია, ხანდახან ენა აქეთ რომ გვსწავლობს და გვიზეპირებს. გამოთქმებად გვმარცვლავს. დროს, ეპოქას, კონტექსტს. სხვა დროში იგივე წინადადება შეიძლება გაუგებარი ოქსიმორონი ან სულაც საქებარი სიტყვა გამომდგარიყო, მაგრამ რას გავუგებთ ჩვენს უცნაურ, მრავალტანჯულ თავს. აი, ზოგიც დილის ულუფად:

,,ერთი საწყალი, პატიოსანი კაცია’’ – დანანებით ნათქვამი. ჩემი დახმარება არ გჭირდებათ უფრო ღრმა განმარტებისას, ზედაპირულად კი ასეთი ფორმულაა – პატიოსანი = საწყალს, ანუ უფულოს, უუნაროს, უგავლენოს და ყოველგვარ უ–გვანს.

,,მაგას აზრები აწუხებს’’ – ნიშნავს განსხვავებული აზრის გამომთქმელ კაცს ან მოფიქრალს. გამოითქმის ცინიკური ინტონაციით და სიტყვა ,,აწუხებს’’ იოლად მიგანიშნებთ, რომ პრობლემა იმ აზრებიანს აქვს და არა შენ – უაზროს.

,,ტვინიკოსია’’ – განსაკუთრებით საშიში დაავადება, თანდაყოლილის მსგავსი და ცოტა ქრონიკულიც. შეიძლება წარმოიშვას ,,აზრებით შეწუხების’’ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალებთ. სიმპტომები ღიად გამოვლინდება კარგად სწავლისას, საქმის უკეთ გაკეთების დროს ან სწორი რჩევის მიწოდების წუთებში. ეს დაავადება არ გკლავს, ანუ ბოლომდე არ გრიყავს, მაგრამ მაინც თანაგრძნობის შემაწუხებელი ღიმილით გიყურებენ და სჯობს აიცრა – ქუჩაში დადგე, შორს გადააფურთხო, თავი ჩაქინდრო, მზეს ნაკლებად უმზირო და მზესუმზირა ხშირად ჭამო – კაი გრძელი აცრაა, მაგრამ ნაკლებად მტკივნეული.

“ადგილს აფუჭებს” – ამ საშინელი ბრალდებით ერთი-ორჯერ ჩემთვისაც მოუმართავთ. იგულისხმება ადამიანი, რომელიც ხელს უშლის მეორე ადამიანს. ეს მეორე ადამიანი სულ მზად არის რაღაცის მისათვისებლად, მოსაპარად ან ნათესავების დასაწინაურებლად, მაგრამ არ გაუმართლა და ახლა ელის დროს, რომ რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოს ადგილის გამფუჭებელი და სამშობლო გადაარჩინოს

,,მაგარი უბედური სულია’’ – არავითარი კავშირი სვე-იღბლის არქონასთან ამ ფრაზას არ აქვს. პირიქით –წარმატებული, საქმის მარიფათიანად მქმნელი და მისაბაძი კაცის სინონიმი გახლავთ.

კი, ენამ ის ამოგვძახა, რაც ჩვენი ქცევით ჩავძახეთ, ამიტომაც სხვა რა დაგვრჩენია, უნდა ვუპასუხოთ – მოვიშოროთ აზრები და პატიოსნება, ტვინიც და ვიყოთ ასე უბუდურები. უბედური სულები.

 

 

 

 

წავიკითხოთ თუ არა ჯეკ ლონდონის მოთხრობები?

0

თოვლი, მარხილში შებმული ძაღლები და ინდიელები, – რამდენიმე სიტყვით ასე გადმოვცემდი ჯეკ ლონდონის მოთხრობებისგან გამოყოლილ, ბავშვობისდროინდელ მოგონებებს. იისფერი წიგნი „საბჭოთა საქართველოს“ გამოცემული „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ ერთერთი ტომი გახლდათ. სწორედ მისგან დავიწყე ჯეკ ლონდონის სამყაროში მოგზაურობა. ეს წიგნი დღემდე გამორჩეულად მიყვარს და ვერც ერთი თანამედროვე ფერადი გამოცემით ვერ ჩავანაცვლე… მაშინ წავიკითხე, როდესაც სქელტანიანი წიგნები ბუნების ვრცელი აღწერებით არ გვაფრთხობდა, როდესაც ბიბლიოთეკების სურნელს ვცნობდით და სასაუბრო თემების ნახევარს წაკითხულს ვუთმობდით.

დრომ წიგნებთან დამოკიდებულებაში ბევრი რამ შეცვალა. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მოზარდები ჟიულ ვერნის, დანიელ დეფოს, ჯონათან სვიფტის, დიუმას, შარლოტა ბრონტეს თუ სხვა კლასიკოსი ავტორების ნაწარმოებებს იშვიათად რომ კითხულობენ. ისიც სამწუხაროა,  უფროსი თაობისთვის საყვარელი წიგნების წაკითხვ-არწაკითხვის საკითხი დღის წესრიგში რომ დადგა. თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორიც ითარგმნა და თაყვანისმცემლები გაუჩნდა ახალგაზრდებში.

და მაინც, „ძველ“ წიგნებს იოლად არ უნდა შეველიოთ – მოსწავლეებს საინტერესო თემებზე თუ გავუმახვილებთ ყურადღებას და ახლებურად შევუფუთავთ, იქნებ, მოვაწონოთ კიდეც ისინი. ექსპერიმენტი მეც ჩავატარე – „თეთრი მდუმარებისა“ და „გზების გასაყარის“ მაგალითზე გავარკვიე არწაკითხვის საფრთხე სამართლიანად ემუქრებოდა თუ არა ჯეკ ლონდონის მოთხრობებს.

***

– „დიდი-დიდი კარმენმა ორი დღე კიდევ იცოცხლოს,“ – დავიწყე…

– კარმენი ვინაა მას, რა სჭირს? – ზოგიერთი მართლა დაინტერესდა, ზოგიერთმა მექანიკურად, სიტყვის მასალად წამოიყვირა.

მალე აღმოაჩინეს, რომ კარმენი ძაღლია, მის გვერდით თუ კვალდაკვალ სხვა ძაღლების ჰაერში გაელვებული თეთრი კბილებიც დააფიქსირეს. თვალებში სხივი ჩაუდგათ და დააზუსტეს, ამბავი მართლა ძაღლებზე იქნებოდა თუ არა. ეს ხომ ჯეკ ლონდონია, – გავფიქრე და დავაიმედე, –  არა მხოლოდ ძაღლებზე, მათ მარეკებზეც! – რამდენიმე წინადადებაში კი ნამდვილი ვაჟკაცი, მელმუტ კიდსიც წარვუდგინე. სწორედ ის მელმუტ კიდსი, ერთი დარტყმით ხარს რომ აქცევდა, ზოგჯერ ძალზე უხეში რომ იყო, მაგრამ საბრალო პირუტყვის ცემას ვერაფრით იტანდა. „იშვიათად შეხვდებოდა კაცი ჩრდილოეთში ასეთ ლმობიერ ძაღლების მარეკს. ხანდახან ცრემლებით აევსებოდა ხოლმე თვალები მათი საცოდაობის შემყურეს.“

– ძაღლის ცემა, მასწ?.. ეგ რა საშინელებაა, არ შეიძლება! – აპროტესტებენ და უამრავი ნანახი თუ გაგონილი მაგალითი მოჰყავთ.

მე კი ჩრდილოეთის მკაცრ წესებზე ვუამბობ, ვუხსნი, რომ ვიდრე პირუტყვს ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მოსაკლავად არავინ გაიმეტებს; რომ ჩრდილოეთში მოგზაურობა მომაკვდინებელ შრომაზე უარესია; რომ იქ ბუნება ათასგვარ ხერხს მიმართავს, რათა დაარწმუნოს ადამანი, მოკვდავი ხარო; რომ საზარელი და თავზარდამცემია უდრტვინელი თეთრი მდუმარება!

– რას ნიშნავს თეთრი მდუმარება?

– როდესაც „ირგვლივ არაფერი იძვრის, ცა სპილენძივით კრიალებს, დაჩურჩულებაც კი მკრეხელობაა. როდესაც ადამიანს საკუთარი ხმაც კი აშინებს.“

კლასთან ერთად ვინაცვლებ ჯეკ ლონდონის სამყაროში. ბავშვობისას გაკვალულ ბილიკებს ადვილად ვცნობ, ამ ბილიკებზე კი „მკვდარი სამყაროს იდუმალ სივრცეებში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი,“ უმწეო მეგზური მოჩანს, რომელიც შიშისგან ცახცახებს და გრძნობს, როგორი „მატლივით პატარა და უსუსურია ადამიანი უსასრულო მდუმარებაში…“ თუმცა ავტორი უიმედოდ არ გვტოვებს და უმწეო მეგზურს ისეთ მეგობარს ამოუყენებს გვერდში, „ერთად რომ  გაიარეს არა ერთი და ორი მდინარე თუ ბილიკი, ერთად რომ ათევდნენ ღამეებს სადგომებზე და სარეწებში, ერთად რომ დახვედრიან სიკვდილს მინდვრად თუ წყალდდობისას…“ იმაშიც კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად დაგვარწმუნებს, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია; რომ ადამიანმა მართალია ბევრი ცხოველი მოაშინაურა, მაგრამ მხოლოდ ერთგულებით გამორჩეული დაიმეგობრა.

თვალის დახამხამებაში „გზების გასაყარზე“ გადავდივართ. ამჯერად პირველყოფილ ზნე-ჩვეულებებზე აღზრდილი ინდიელი გოგონა სიპსუ გვაოცებს. სიპსუ ველური წესების ტყვეა და ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ბუნებრივ აუცილებლობად მიაჩნია, ამიტომ საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს, ტომის ბელადები განგების ძალებისთვის მის შეწირვას რომ დააპირებენ. ახალგაზრდა ვაჟი გვარად ჰიჩკოკი კი „ახალი დროის პირმშო გახლავთ“ და მსგავს დამოკიდებულებებს ვერ ეგუება. ჰიჩკოკისა და ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი მეგზურების არჩეული გზები მოსწავლეებისთვის სერიოზული განსჯის საგნად იქცევა (ერთი გაკვეთილს ნამდვილად ვერ ვიკმარებთ).

– კიდევ წავიკითხოთ ჯეკ ლონდონის მოთხრობები? – ვკითხულობ ღიმილით.

პასუხი ერთმნიშვნელოვანია, – აინტერესებთ დარჩენილი მოთხრობებიდან რომელი რაზეა, სარჩევს ათვალიერებენ და აზუსტებენ, კიდევ თუ შეხვდებათ ამბები ძაღლებზე.

ეს ხომ ჯეკ ლონდონია! – ამჯერად ხმამაღლა ვამბობ და მოსწავლეებს ავტორის შესახებ ვუამბობ – როგორ შრომობდა პატარაობიდან, ხან დილის გაზეთებს ყიდდა, ხან ლუდხანებს ალაგებდა, ხან კი კეგლის მოედნებს ემსახურებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საკონსერვო ქარხანაში მუშად მოეწყო, რესტორნებს ამარაგებდა, ფაბრიკაში მუშაობდა, თეთრეულს აუთოვებდა, ცეცხლფარეშიც იყო. 1893 წლის 12 ნოემბერს კი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა და სან-ფრანცისკოს ერთერთი გაზეთის პრემია დაიმსახურა. ასე დაიწყო მისი ლიტერატურული კარიერა.

ვთანხმდებით, რომ აუცილებელი საკითხავის სიაში უნდა შევიტანოთ „წყურვილი სიცოცხლისა“ – მოთხრობა ადამიანზე, კანადის ტუნდრაში რომ მიიკვლევდა ხიფათით სავსე გზას და შიმშილს ებრძოდა. არც რომანები უგულვებელვყოთ, მითუმეტეს, რომ „თეთრი ეშვი,“ იმ ძაღლის ხვედრზეა, რომლის  ძარღვებშიც მგლის სისხლიც ჩქეფდა; „წინაპართა ძახილი“ კი – იმ ლეკვის უმძიმეს ცხოვრებაზე, იძულებით რომ დაივიწყა თბილი ხალიჩა,  საკვები,  მოსიყვარულე პატრონი და ველურ მონადირედ იქცა.

იისფერი წიგნი გაცრეცილ-გახუნებული ფურცლებით კიდევ ერთხელ უძლებს გამოცდას. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იშვიათია, მწერალი ჯეკ ლონდონივით შეუმჩნევლად რომ მოგწყვეტს მყუდრო ბინას და გაუსაძლის სიცივეში აღმაფრენით გაგატარებს ასობით მილს ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანს არაფერი ესქმება. მისი გმირები ბუნებისგან სწავლობენ ფიზიკას, მხნეობით ხვდებიან განსაცდელს, პათეტიკური ფრაზებისა და უთავბოლო მსჯელობების გარეშე, თავიანთი საქციელითა და ფიქრებით გვახვედრებენ ცხოვრების არსს და ჩვენს უმთავრეს დანიშნულებას.

ტერმინოლოგიური კარნახი ისტორიისა და სამოქალაქო  განათლების გაკვეთილზე

0

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების შესწავლა შეუძლებელია ტერმინებისა და ცნებების შესწავლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მასწავლებელს  მოცემული სირთულის დაძლევა სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზების შემთხვევაში შეუძლია: ტერმინების შესწავლა/დასწავლა რეპროდუქციული ხასიათის მეთოდებს მიეკუთვნება, ამიტომ შედეგის მისაღწევად საჭიროა  სამუშაო პროცესში მასალის ახსნაზე, დამახსოვრებასა და ცოდნის კონტროლ/შემოწმებისკენ მიმართული აქტივობების გამოყენება.

მრავალფეროვანი აქტივობებიდან, რომლებსაც მასწავლებელი მოსწავლეებისთვის ტერმინებისა და ცნებების შესასწავლად იყენებს, ეფექტურია რამდენიმე მიდგომა:

ა) ე.წ. ბარათების სისტემა – მასწავლებელი კლასში დაარიგებს საინფორმაციო ბარათებს, რომლებზედაც დაწერილია განსაზღვრებები და მოცემულია სტრუქტურული სქემები. მაგალითად, მითითებულია ცნება “ლეგიტიმაცია“  და დახაზულია სქემა. მოსწავლეს ევალება მისი შევსება (იხ. სქემა 1):

 

ასეთი საინფორმაციო ბარათები მოსწავლეს ინფორმაციის სტრუქტურირებისა და შედარებით ადვილად ფიქსაციის საშუალებას აძლევს, მასწავლებელს კი ეხმარება დროის სწორად ორგანიზებასა და ეკონომიაში (ზედმეტი დრო აღარ იკარგება  ცნებების კარნახზე).

ბ) მიმდინარე მასალის შემოწმებისთვის და ტერმინილოგიის ათვისებისთვის გამოიყენება ასეთი აქტივობაც: ორი მოსწავლე დაფაზე წერს ახალი სიტყვების განმარტებას, დანარჩენები კი რვეულებში ჩაწერენ შესაბამის ტერმინებსა და ცნებებს, რომლებიც უკავშირდება დაფაზე მითითებულ ცნებას. მაგალითად, დაფაზე იწერება: „ხალხის ძალაუფლება“,  „მოსწავლეები შეუსაბამებენ ცნებას და რვეულებში ჩაწერენ – „დემოკრატია“; „განიარაღება“ ანუ  „დემილიტარიზაცია“, „წარსულის შესახებ თხრობა“ ანუ „ისტორია“ და სხვ.  ცნებები შეიძლება იყოს როგორც მიმდინარე მასალიდან, ისე მთლიანად განვლილი თემიდან და ა.შ.

გ) მასწავლებელი დაფაზე წერს ცნებებს, მოსწავლეები კი რვეულებში განმარტებას წერენ: „არქოლოგია“, „ფაქტი“, „ისტორიული წყარო“, „ქრონოლოგია“, „ისტორიულ რუკა“, „ლეგენდა“, „მითოლოგია“, „ნუმიზმატიკა“ და ა.შ.

ცხადია, ტერმინოლოგიურ კარნახს სწავლებასთან ერთად აქვს კონტროლის ფუნქციაც, ამიტომ ტერმინებისა და ცნებების რაოდენობის მიხედვით მასწავლებელს შეფასების სისტემის შემუშავებაც შეუძლია. შეფასების დროს მნიშნელოვანია ინფორმაციის სიზუსტე და ლოგიკა, სინონიმების მოძებნა და ა.შ.  მაგალითად, თუ თემის შემოწმებისას განიხილება 8 ტერმინი,  შეფასების კრიტერიუმები შეიძლება გადანაწილდეს შემდეგნაირად:

10 ქულა –  10 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

9 ქულა – 8-9 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

8 ქულა –  6-7 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

7 ქულა –  4-5 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

6 ქულა –  თუ სწორად განმარტა 3 ტერმინი მაინც;

5 ქულა – თუ მოსწავლეს 1-2 ტერმინზე მეტის განმარტება არ შეუძლია.

 

განვიხილოთ შემაჯამაბელი ტერმინოლოგიური კარნახის მაგალითი მე-10 კლასის „ისტორიის შესავლის“ კურსიდან: მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს შესასწავლ ტერმინებს. საკონტროლო სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები, სადაც მითითებული იქნება დავალებები – ტერმინები, რომლებსაც უნდა  მიუწერონ განსაზღვრებები. ასეთი ცნებები ბევრი დაგროვდება შესწავლილი თემის მიხედვით, შეუძლებელია მათი ცალ-ცალკე ამოწერა. ამიტომ დროის ეკონომიისა  და  ეფექტურობისათვის შედგება ტერმინების ერთიანი ჩამონათვალი რიგობითი ნომრების მიხედვით. ბარათებზე კი, რომლებიც დაურიგდება მოსწავლეს, მითითებული იქნება, რომელი ნომრით მოცემული ტერმინების განსაზღვრება ევალება (მაგალითად, იხ. სქემა 2):

ბარათების  სტრუქტურა  ძირითადი  ცნებებისა  და  ტერმინების მიხედვით   VII  კლასის  ისტორიის შესწავლის  კურსიდან რიგობითი ნომრის მიხედვით:

 

ცნებები და ტერმინები მოსწავლეთა ვარიანტები
1.ისტორია; 2. რელიგია; 3. ტომი; 4 სახელმწიფო; 5. იმპერია; 6. დემოკრატია; 7. იმპერია; 8. კანონი, 9. სახალხო კრება, 10. ფარაონი; 11. კასტა; 12. მოქალაქე, 13. ლეგიონი; 14. კონსული; 15. მონარქი; 16. დიდი გადასახლება; 17. რაინდი; 18. სასულიერო წოდება; 19. იმპერატორი  და ა.შ.    და ა.შ. I    ვარიანტი  – 1, 4, 9, 12, 19…                                       II   ვარიანტი  – 2, 5, 10, 11 , 13…

III ვარიანტი – 3, 6, 8, 9, 17…                                      IV  ვარიანტი -7,  15, 16, 18….

განსაზღვრება

ისტორია ნიშნავს….

სახელმწიფო ეს არის…

სქემა 2.

ასეთი დავალების შესრულებისას სასურველია, სავარჯიშოს დაძლევა ყველა მოსწავლეს თანაბრად შეეძლოს, ამიტომ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს საშუალო სირთულის საკონტროლო შეუდგინოს.  სავარჯიშოს შედეგების მიხედვით ცხადი გახდება, რომ მოსწავლეებს გაუღრმავდათ თეორიული ცოდნა მოცემულ საკითხებზე და განუვითარდათ ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

) განსაკუთრებით საინტერესოა ტერმინოლოგიური კარნახის შედეგები, როდესაც მოსწავლეები წინასწარ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით თავად ადგენენ სავარჯიშოებს თეორიული და ვიზუალური მასალის გათვალისწინებით და „გამოკითხავენ“ თანაკლასელებს. მასწავლებელი კი მათ აქტივობას განსაზღვრული ქულით აფასებს. შესაძლებელია ასეთი დავალება შესრულდეს ჯგუფურადაც.

მოვიყვანოთ კონკრეტული გაკვეთილის მაგალითი:

კლასი – VII

გაკვეთილის თემა   – „ბიზანტია ადრე შუა საუკუნეებში“

მიზანი: მოსწავლის მიერ ცნებითი და ტერმინოლოგიური ლექსიკონის შედგენის უნარ-ჩვევისა და ცოდნის დემონსტრირება;  სივრცითი წარმოდგენებისა   და ვიზუალურ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევების ფორმირება; სმენითი, მოტორული, ანალიზის, სინთეზის და, ზოგადად,  ლოგიკური აზროვნების, განვითარება.

აქტუალობა: ტერმინოლოგიური უწიგნურობა ხელს უშლის საგნის შესწავლას და,  ზოგადად, წარმოშობს სხვა ტიპის „უხერხულობასაც“:  ვერ ხორციელდება ცოდნის ტრანსფერი; ვერ ვითარდება აბსტრაქტული აზროვნება. სისტმატური ვარჯიშის შემთხვევაში კი მსგავსი ტიპის პრობლემების დაძლევა და მიზნის მიღწევა შესაძლებელია. იზრდება საგნობრივი კომპეტენციის დონე და მაღლდება სწავლის შედეგები.

რესურსები: კომპიუტერი, მულტიპროექტორი, ეკრანი, მოსწავლის მიერ მომზადებული სლაიდშოუ.

მოსწავლეები რიგ-რიგობით წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს – სლაიდებს ცნებებისა და ვიზუალური მასალის თანხლებით. თანაკლასელების ამოცანაა, შეუსაბამონ მოცემული ცნებები და ტერმინები ვიზუალურ მასალას, ხოლო ზოგიერთ მათგანზე, ამოცანის პირობის მიხედვით, გააკეთონ ზეპირი განმარტება.

მოსწავლეთა პრეზენტაციის მაგალითი:

 

ასეთი დავალებების შემთხვევაში გაკვეთილი გამოირჩევა მაღალი მოტივაციით,  მოსწავლეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას, იყენებენ სახელმძღვანელოსა და სხვადასხვა ლექსიკონს;  უვითარდებათ წიგნთან მუშაობის, ანალიზის, ანალოგიის, კომუნიკაციის, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარები; წარმატებით ეუფლებიან სასწავლო მასალას, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ძირითად ცნებებსა და ტერმინებს. ამიტომ მსგავსი აქტივობების  გამოყენება სასარგებლოა სასკოლო  პრაქტიკისთვის.

 

 

განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები

0

სწავლა-სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა იჩენს თავს და ეს ბუნებრივიცაა, იმდენად რთული, მრავალმხრივი, დინამიკური და შექცევადია მასთან დაკავშირებული თემები და საკითხები. მიუხედავად ამისა,  შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დავძლიოთ ბევრი წინააღმდეგობა, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება. და მაინც ყველაზე მეტად უმართავი, დაუძლეველი და რთულად გასახორციელებელი შეფასების სისტემაა, კონკრეტულად კი განმავითარებელი ფორმატი.

არანაკლებ რთულია, ახალი და განსაკუთრებული თქვა ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან მედიასივრცეში თეორიული თუ პრაქტიკული უამრავი რეკომენდაცია არსებობს.  ერთი შეხედვით, შესაძლებელია, ვინმეს იოლიც კი მოეჩვენოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება,  სინამდვილეში კი  ასე ნამდვილად არ არის.

არადა, სასწავლო პროცესის ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ობიექტურ, კომპეტენტურ განმავითარებელ შეფასებასთან, ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებასთან.

პრობლემათა ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით და მათი მოგვარების ვარაუდები და გზები

 

 

 

 

 

  1. პრობლემათა სათავე, რომლიდანაც დანარჩენი პრობლემები მომდინარეობს, გახლავთ ის, რომ სკოლებში შეფასების სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები არ აღიქმება სასკოლო კულტურის ნაწილად და, ზოგადად, დღევანდელ პედსაზოგადოებას არც აქვს გაცნობიერებული, რა არის სასკოლო კულტურა.

 

სასკოლო კულტურა, როგორც ესგ-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რა თქმა უნდა, უპირველესად გულისხმობს მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის დამოკიდებულებას სასკოლო ღირებულებებისადმი. რა უნდა გააკეთოს სკოლამ ამ პრობლემის გადასაჭრელად? ერთჯერადად ვერაფერი. მიზნობრივი, სისტემატური მუშაობა ამ მხრივ,  სწორად წარმოებული მონიტორინგი, განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გაცნობიერება, თანამშრომლობა, მშობლის ჩართულობა ხელს შეუწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებას. უცვლელი და მარადიული არაფერია. მათ შორის არც ჩვენი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

 

  1. საგაკვეთილო პროცესში განმავითარებელ შეფასებას, ფაქტობრივად, არ ეთმობა დრო. თვით სამოდელო და საჩვენებელ გაკვეთილებზეც კი შეფასება მიფუჩეჩებულია. უკეთეს შემთხვევაში, მასწავლებელი სულ 1 წუთში ,,ასწრებს“ შეფასებასაც და ურთიერთშეფასებასაც… რატომ ხდება ასე? განა ასე რთულია სწორი  განმავითარებელი შეფასება მივცეთ მოსწავლეებს? რასაკვირველია, შეუძლებელი არ არის, მაგრამ მიუჩვეველი მოსწავლე და მასწავლებელი ფორმალურად უდგება ამ პროცესს. ერთმა ძალიან კარგმა მასწავლებელმა ამას წინათ მითხრა,  როდესაც გეგმას განვიხილავდით, – 4 წუთი როგორ დავკარგო შეფასებისათვის?  დიახ, დაკარგული ჰგონია ეს წუთები, რადგან საგაკვეთილო პროცესში არ არის დანერგილი სისტემატური განმავითარებელი შეფასება.

მე არ ვფიქრობ, რომ ყოველ გაკვეთილზე შესაძლებელია რამდენიმე მოსწავლის განმავითარებელი კომენტარით შეფასება. თუნდაც 1 მოსწავლის სრულფასოვანი და  ობიექტური, სწორი შეფასება ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ხომ იქნება სხვა მოსწავლეთათვის?

  1. მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შევეხები იმ სამ მიმართულებას, რომლებიც სხვა საგნებისათვისაც არ არის უცხო – კითხვა, ზეპირმეტყველება, წერა. მასწავლებლისათვის ურთულესია ამ პროცესების შეფასება განმავითარებელი ფორმით.

თუ კლასებში მოსწავლეთა თვითშეფასებასა და ურთიერთშეფსებას დავნერგავთ, მას აქტივობების განხორციელების განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ, შეფასების რუბრიკებს მზამზარეულს არ მივაწოდებთ მოსწავლეებს, ჩავრთავთ მათაც შეფასების კრიტერიუმების შედგენის პროცესში –  რა თქმა უნდა, მათ აღარ გაუჭირდებათ ერთმანეთის წარმატების აღიარება, ერთმანეთისთვის რეკომენდაციების მიცემა. ასე მეტაკოგნიტური უნარები ჩამოუყალიბდებათ და უკეთ გაუძღვებიან სწავლის სწავლას;

  1. განმავითარებელი შეფასების კულტურის არქონის გამო მოსწავლეები და მშობლები აღიარებენ განმსაზღვრელ შეფასებას, განმავითარებელს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ნიშნის კულტი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის განმავითარებელ შეფასებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ განმსაზღვრელი შეფასება საერთოდაც უნდა გაუქმდეს და უცხოეთის ბევრი ქვეყნის მსგავსად, მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება სემესტრული გამოცდებით ან ალტერნატიული გზებით მოხდეს.

ათი წელია მასწავლებელი ვარ, კარგად ვიცნობ არა მხოლოდ იმ სივრცეს, სადაც ვასწავლი, არამედ უამრავი ჩემი კოლეგის გამოცდილება და ხედვაც ვიცი ამ საკითხთან მიმართებაში. მშობლებისა და მოსწავლეების ძალზე დიდი ნაწილისათვის  განმავითარებელი შეფასება არაფერს ნიშნავს, ძირითადი ორიენტირი მაღალი ქულაა. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რაში და როგორ გამოიყენებენ მას, თუკი სათანადო საგნობრივი კომპეტენცია არ ექნებათ

მშობლების პედაგოგებთან თანამშრომლობა მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო,  დღეისათვის კი სწავლა-სწავლების წარმატების ერთი ძირითადი რგოლი უნდა გახდეს. სკოლის კულტურაში ეს სფეროც უნდა მოიაზრებოდეს. ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მშობლებთან ერთჯერადი შეხვედრით. მართალია, მშობელთა ერთ ნაწილს სკოლაში მოსვლაც კი ძალიან უჭირს, ვერ ახერხებს ან ინდიფერენტულია, მაგრამ  ყველა კლასშია მშობელთა აქტივი, რომლებსაც შეუძლია სხვებზე გავლენის მოხდენა. რას და როგორ სწავლობს მათი შვილი, როგორ და რა ფორმატით ფასდება – მათი უფლებაა ამის ცოდნა. ამის შემდეგ აღარ დაუპირისპირდება მშობელი მასწავლებელს თუნდაც იმის გამო, რომ მან გაკვეთილი სახლში ,,ჩაიბარა“… და უსამართლოდ ეჩვენება მისი შვილის დაბალი შეფასება.

 

 

  1. განმავითარებელი კომენტარების წერილობითი ფორმით გაკეთება ურთულესია, განსაკუთრებით, მრავალრიცხოვან კლასებში. გასაგებია, რომ ეს არ ხდება ყოველდღიურად, მაგრამ პერიოდულად, მასწავლებლისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დაკვირვებას. როგორც წესი, მასწავლებელს სამუშაო სახლში მუდამ მიჰყვება. ამიტომაც უჭირს საშინაო და სასკოლო საქმის გაძღოლა, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი რეპეტიტორია. მას არასოდეს დარჩება დრო საფუძვლიანი და ეფექტური განმავითარებელი შეფასების წერილობით საწარმოებლად. კარგი მასწავლებელი შეეცდება, მოსწავლეს, ე.წ. დაკვირვების დღიურის წარმოებაში მაინც დაეხმაროს.. ჩამოუყალიბოს მეტაკოგნიტური უნარები და დროდადრო მაინც ადევნოს თვალ-ყური მოსწავლის მიერ მიღწეულ შედეგებს.

რეპეტიტორობის ინსტიტუტი კი დღემდე რჩება სკოლის უსერიოზულეს კონკურენტად.  ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ყველას კარგად მოეხსენება.

 

  1. კიდევ ერთი მასშტაბური პრობლემაა მასწავლებელთა თვითგანვითარებისა და თანამშრომლობის დეფიციტი. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება მოსწავლის ეფექტურად შეფასება, თუ სასკოლო სივრცეში არ არსებობს გამოცდილების გაზიარების კულტურა და პროფესიული განვითარების ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეული წელია მოქმედებს პროფესული განვითარებისა და წინსვლის სქემა,  კარგად მოგეხსენებათ ის შედეგები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში   პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დაიდო. სახელმწიფოებრივმა მიდგომამ ამ კუთხით ბევრი ვერაფერი შეცვალა. ამაზე ჩვენი და ჩვენი მოსწავლეთა შედეგები მეტყველებს. რაღაც უნდა შევცვალოთ, რა და როგორ? ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი, ვფიქრობ, ყველაზე მეტად კომპეტენტურ მასწავლებლებს შეუძლიათ. არადა, ხშირად მათი ხმა არის ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ვერც აქ გავიმართლებთ თავს. მეტი აქტიურობა და მოქალაქეობრივი კულტურა გვმართებს, მასწავლებლობა არ არის პროფესია, რომლითაც მხოლოდ თავი  უნდა ირჩინო… ჩვენი ინდიფერენტულობა, უპასუხისმგებლობა, არაკოლეგიალურობა, ურთიერთთანამშრომლობის კულტურის არქონა, ,,რა ჩემი საქმეა“-თი გულის  გაკეთება ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. გვეშველება თუ არა? ამ რიტორიკულ კითხვას ჩვენვე უნდა გავცეთ პასუხი.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...