სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

სულხან-საბას ოთხი იგავი კრიტიკული თვალით

0

სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება ქართული ლიტერატურის აღორძინების ეპოქა, რომელიც მოსდევს ექვსსაუკუნოვან ჩავარდნას, გენიალური „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერების, ინტერპოლატორებისა და ეპიგონების წყალობით რომ დაუდგა ქართულ მწერლობას. საბა მრავალმხრივი მოღვაწეა, მისი როლი როგორც პოლიტიკური ფიგურისა, დიპლომატისა, ენათმეცნიერისა, მწერლისა და ერის ჭირისუფლისა უდავოდ განუზომელია, მაგრამ კიდევ უფრო მომხიბვლელად წარმოაჩენს მის ფიგურას ნოვატორობა ყველგან და ყველაფერში, რაც მის მემკვიდრეობას ნამდვილად ეტყობა. უნიკალური განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონაც“ პირველი იყო, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაშიც“ და იგავების კრებულიც, რომლის მხოლოდ სათაური რად ღირს! საბას პროზაც კი განიცდის რუსთველის გავლენას, ყველგან კრთის „ვეფხისტყაოსნის“ ალუზია, მაგრამ ისე ნიჭიერად და ორიგინალურად, რომ მწერლის უზადო გემოვნებაში ეჭვს ვერ შევიტანთ.

ნოვატორია საბა იგავების კრებულის კომპოზიციასა და არქიტექტონიკაშიც. მან თავისი 150-მდე იგავი უპრინციპოდ კი არ ჩაყარა კრებულში, არამედ შეთხზა მეფე ფინეზის კარის ამბავი, სადაც ხუთი დაუვიწყარი, შთამბეჭდავი გმირი გააცოცხლა და იგავები მათ აამბობინა. მეფის კარის ინტრიგები ფონია, რომელზეც გაიშალა იგავების მრავალფეროვანი სამყარო. სიუჟეტი მოგვაგონებს ჯადოსნურ ფარდას, რომელზეც მარგალიტებად არის დაბნეული იგავ-არაკები.

მარად თანამედროვეა ფინეზის კარის ამბები. ფინეზ მეფე, სედრაქ ვაზირი, ღვთით მოვლენილი ბრძენი აღმზრდელი ლეონი, საჭურისი სეფეთუხუცესი რუქა და მეფის ძე ჯუმბერი განუმეორებელი სახე-სიმბოლოები არიან. თვითონ ამბავი გამოირჩევა ნაირგვარი მორალურ-ეთიკური პრობლემების უღრმესი ქვეტექსტებით, უცდომელი დიდაქტიკური აქცენტებით, გონებამახვილური დიალოგებითა და შეგონებებით, რაც მოზარდ მკითხველს აღმოჩენებისკენ უბიძგებს, ხოლო სასწავლო პროცესში ევრისტიკული ელემენტების შეტანა ძალზე სახალისო და საინტერესოა მოსწავლეებისთვის.

2012 წლიდან სასკოლო და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში შევიდა სულხან-საბას ოთხი იგავი („მეფე ხორასნისა“, „სამნი ბრმანი“, „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“ და „ძუნწი დიდვაჭარი“); საატესტატო გამოცდების პროგრამაში კრებულიდან „სიბრძნე სიცრუისა“ შედის „მეფე ფინეზის კარის ამბავი“, ხოლო ეროვნული გამოცდების პროგრამაში მხოლოდ ხუთი იგავი რჩება.

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის მეორე და მესამე ვარიანტების ტესტებში შევიდა კიდეც საანალიზოდ „მეფე ხორასნისა“ და „სამნი ბრმანი“.

2016 წლის სექტემბერში ინტერნეტგაზეთმა „მასწავლებელმა“ გამოაქვეყნა მარინა ლორთქიფანიძის საინტერესო სტატია ამ თემაზე – „სულხან-საბა ორბელიანის ოთხი იგავის გააზრებისთვის“, სადაც ავტორმა მოცემულ ტექსტებზე მრავალშრიანი დაკვირვება წარმოადგინა, თუმცა მას ყურადღება არ გაუმახვილებია ამ იგავების მიმართ კრიტიკულ თვალსაზრისზე. სტატია უდავოდ დაეხმარება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ამ იგავების სწავლების დროს და აბიტურიენტებსაც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს, მე კი შევეცდები, ახალი რაკურსით, კრიტიკული თვალთახედვით გავაანალიზო ეს ოთხი იგავი.

არ მიყვარს სტატიის დასაწყისშივე პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულების გაცხადება, მაგრამ უნდა გავამხილო, რომ ეს ოთხი იგავი საბას შემოქმედების აქილევსის ქუსლად მიმაჩნია და სასკოლო თუ სააბიტურიენტო პროგრამებში მათი შეტანა მიზანშეუწონელი მგონია. თუ მხოლოდ ამ იგავების მიხედვით გაიცნობს აბიტურიენტი სულხან-საბას, ნამდვილად არ იქნება მასზე მაღალი წარმოდგენის, როგორც ამასწინათ ჩემმა ერთმა მოსწავლემ თქვა, როცა ამ იგავებს ვკითხულობდით: „მასწავლებელო, მეგონა რაღაც შეცდომა იყო და გამოუცდელი მოსწავლის ნაწერს ვკითხულობდით, ასეთი ყალბი, არადამაჯერებელი, უაზროდ გაწელილი და კომპოზიციურად დაუხვეწავი ტექსტი სასკოლო პროგრამაში არ შემხვედრიაო“.

სულხან-საბას თავის კრებულში ადამიანური ყოფის უამრავი ნიუანსი და მორალური პრობლემა აქვს წამოწეული, ხოლო ამ ოთხ იგავში საუბარია მხოლოდ სიკეთის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ „სიკეთისათვის სიკეთე არავის უქმნია“, რაც თავისებურად მყიფე იდეაა, გულისხმობს სიკეთისადმი არაცნობიერ პროტესტს და ჰუმანიზმის პრინციპებთან ნაკლებად თავსდება.

ფანტასტიკური და დაუჯერებელი ამბები მხატვრულ ტექსტებში ისევე ბუნებრივია, როგორც რეალურად მომხდარი თავგადასავლები. დაუჯერებელ ამბებს ჰყვებიან არა მხოლოდ იგავებსა და ზღაპრებში, არამედ ყველა ჟანრის ეპიკურ ტექსტებში. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ „ვეფხისტყაოსანი“, სადაც რუსთველმა დევებისა და ქაჯების ამბები ისე დამაჯერებლად მოგვითხრო, რომ ისინი მკითხველის თვალწინ ცოცხლდებიან, მოკლებულნი არიან ყოველგვარ სიყალბეს და ორგანულად ერწყმიან პოემის ადამიანი-გმირების ცხოვრების გზას.

საბას ამ იგავებში კი ფანტასტიკური და რეალური ამბები ისე ყალბად და დაუჯერებლად არის მოთხრობილი, რომ მკითხველის გაღიზიანებას იწვევს. ხორასნის მეფის ამბავში გაუგებარია, რატომ სურს მეფეს იმის დამტკიცება, რომ მასზე უხვი და მასზე მდიდარი დედამიწაზე არავინაა. ასევე გაუგებარი და არამოტივირებულია ჩინელი მდიდრის იდეა-ფიქსი, უმასპინძლოს განურჩევლად ყველას და გააჩუქოს ყველაფერი. იგავის პირველი ნახევარი კომპოზიციურად გაწელილია, ბოლოს კი მოვლენები ელვისებურად ვითარდება და მკითხველს დაუკმაყოფილებლობის განცდას უჩენს. გაუგებარია, რატომ განურისხდა მალქოზ ურია თავის ქვეშევრდომს, გაუგებარია კიდობანში ჩასმული მოყმის მკვდრის აკლდამაში დამარხვა, ისევე როგორც ქურდთა და მპარავთა მოულოდნელი ატეხვა და მიწაში ჩამარხული კაცის გამოშვება. მარინა ლორთქიფანიძე ამ პასაჟზე აღნიშნავს: „იგავის საინტერესო დეტალია, თუ როგორ შეძლებს მოყმე უსამართლობისგან თავის დახსნას: „სამხრესა შინა ჰქონდა თვალი ძვირფასი, მით იყიდა სისხლი თვისი“. ფულისა და ქონების გონივრული გამოყენება ხსნის ფულის დაგროვების მიზანს, რაც თავისთავად აზარტულია. დიდი მორალისტი ზედმიწევნით ეხმაურება შოთა რუსთაველს: „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების, უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების“. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამხრეში დამალული ძვირფასი თვლით თავის გამოსყიდვა „ვეფხისტყაოსნის“ ალუზიაა და ამ სიუჟეტურ დეტალს საბას ნოუ-ჰაუდ ვერ მივიჩნევთ – გავიხსენოთ ნესტანის მიერ ფატმანის ნაჩუქარი მარგალიტებით თავის გამოსყიდვა მელიქ-სურხავის ხადუმებისგან.

დაუჯერებელია, ერთი მეფე მეორეს ქვეშევრდომისადმი უსამართლო მოპყრობის გამო შეესიოს, ამოწყვიტოს და მისი სამთავრო თვითნებურად თავის მეგობარს გადასცეს. განა ზღაპრებში ასეთი დაუჯერებელი რამეები არ ხდება, მაგრამ ფანტასტიკური ამბავი უსათუოდ უნდა იყოს ტექსტის პათოსთან, იდეურ ორიენტირებთან, ლოგიკასთან, ქვეტექსტებთან თანხვედრაში, რასაც ამ იგავში ვერ ვხედავთ. იგავს სედრაქი ჰყვება რუქასთვის იმის დასამტკიცებლად, რომ „ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს“. ამ იდეის გადმოსაცემად ასეთი გაწელილი ამბავი ნამდვილად ვერ აღაფრთოვანებს ჩვენს მოსწავლეებს და აკი აპროტესტებენ კიდეც ამ იგავების სასკოლო პროგრამაში შეტანას. გავიხსენოთ იგავი „უსამართლო შირვან-შაჰი“, სადაც ასევე გადმოიცემა ფანტასტიკური ამბები, მაგრამ იმდენად დამაჯერებელია, იმდენად დაკავშირებულია იგავის იდეასთან, რომ სიამოვნებით იკითხება და, ვფიქრობ, შედევრია იგავ-არაკის ჟანრში.

„სამი ბრმის“ იგავში, მართალია, საბა მრავალგზის მოიხსენიებს გლახაკ ყრმას ეპითეტით „საბრალო“, მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი ასეთი სულაც არ გახლავთ. თავიდან ის კეთილშობილ, მშრომელ, ღვთისმოშიშ ადამიანად გვევლინება, უფლისადმი მადლიერების ნიშნად სურს, მოწყალება გაიღოს და აღთქმას დებს, ჩემი ცხრა ფლურიდან ერთს გლახაკს ვაჩუქებო. შემდეგ გადაეყრება თაღლით ბრმას, რომელიც ცხრავეს წაართმევს… „საბრალო“ გლახაკს, თავის მხრივ, არ გასჭირვებია ბრმისთვის მისი ხუთასი ფლურის აწაპნვა, მერე კი – „მადა ჭამაში მოდისო“ – თვითონვე გახდა თაღლითი, მეორე ბრმას შვიდასი ფლური წაართვა, ხოლო მესამეს – ათასი. თანაც მესამესთან სისასტიკე გამოიჩინა: კაცს ფლურები დაკონკილ ჩოხაში ჰქონდა გამოკერებული, ამ „საბრალომ“ კი მას თაფლი შესცხო. როცა ბრმას ფუტკრები დაეხვია და მართლა საბრალომ ჩოხა გაიხადა, მასაც ეს „კეთილსინდისიერი“ ჭაბუკი დაეუფლა. გაუგებარია მეფის სამართალი: „რადგან კარგისთვის კარგი არავის უქმნია, ას-ასი ფლური შენს სამლოცველოდ მიეც და სხვა შენი იყოსო“. მხურვალედ კი ილოცებდა მესამე ბრმა კაცისთვის, რომელმაც ათასი ფლური წაართვა და უკან ასი დაუბრუნა… რა პრინციპით გამოიტანა მეფემ ეს განაჩენი? ლოგიკური იქნებოდა, გლახაკს ფლურები წაერთმია პირველი ბრმისთვის, რომელმაც მას ფული თაღლითურად გამოსტყუა. ლოგიკური იქნებოდა, იგავი ამ ეპიზოდით დასრულებულიყო. მეორე და მესამე ბრმის შემოყვანა ავტორისგან რა მიზანს, რა იდეას ემსახურება, სრულიად გაუგებარია.

მოსწავლეებში პროტესტს იწვევს იგავი „დიდვაჭარი და მეფუნდუკეც“. გავიხსენოთ მისი ფაბულა: საკვირველად გულუხვმა მეფუნდუკემ, რომელიც თავის ფუნდუკში გადასახადს არავის ახდევინებდა (რაც სრულიად არალოგიკურია – მაშ, რის ხარჯზე არსებობდა ფუნდუკი? ან ვის უნახავს ასეთი ქველმოქმედი მეფუნდუკე? ან მდიდარი ვაჭრისადმი ქველმოქმედება რა მიზანს ემსახურება?), დიდვაჭარს ზამთარში უსასყიდლოდ უმასპინძლა და თან დაუმალა თავისი კეთროვანი ვაჟი, რომ სტუმარს არ შეზიზღებოდა. მადლიერ ვაჭარს გზაზე დაეწია მამაზე გამწყრალი გონჯი და ავადმყოფი ჭაბუკი. მდიდარმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის განსაკურნებლად. ამაოდ მოწადინებულ ვაჭარს ერთი აქიმი ეუბნება, რომ ორი წლის ჯანსაღი შვილი საკუთარი ხელით უნდა დაკლას (!) და ავადმყოფს მისი სისხლი შესცხოს – სხვა ვერაფერი მოარჩენსო. კაცმაც დაკლა ერთადერთი შვილი. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ, როცა დედამ ძუძუ ჩაუდო პირში, ბავშვი გაცოცხლდა. მხოლოდ მამისგან მიყენებული ჭრილობა დარჩა ყელზე სალტედ.

ნათელი და მარტივი იდეისთვის, რომ ნამდვილი სიკეთე მაქსიმუმის გაღებას ნიშნავს, ნამდვილად ნაყალბევია ეს ჰიპერბოლებით გაჯერებული ფაბულა. გაუგებარია, რატომ წირავენ ასე სასტიკად შვილებს ან მეფუნდუკე, ან დიდვაჭარი თვითმიზნურად კეთილის იმიჯის შესაქმნელად. საამისოდ სხვა ამბების მოფიქრებაც შეიძლებოდა ისევე დამაჯერებლად, როგორც, მაგალითად, „მაოხრებელი მკვდრის“ ან „მოხერხებული არაბის“ იგავებშია.

შედარებით დამაჯერებელი სიუჟეტი აქვს „ძუნწ დიდვაჭარს“. ძუნწი ვაჭარზე მისივე ანტიპოდი ხურო ნაზარი (სემანტიკური ასოციაციით – მაცხოვრის ალუზია) ისეთ გავლენას ახდენს, რომ ამ ადამიანში საინტერესო მეტამორფოზა იწყება. მისი გაკეთილშობილება, ყოველივეს დაკარგვასთან შეგუება, უდავოდ ნარატივის ძლიერი მხარეა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაუგებარია, რა საჭიროა ესოდენ გაწელილი ამბავი იმ იდეების გადმოსაცემად, რომ ბედისწერა გარდაუვალია და რომ სიძუნწე ისჯება.

ვფიქრობ, საბას ეს იგავები ურთიერთდაუკავშირებელი სიუჟეტური კვანძებით, სუსტი, არაშთამბეჭდავი სახეებით, გმირების გაუგებარი, უმოტივაციო ქცევით ვერ დაიმსახურებენ მკითხველის ინტერესსა და მოწონებას, ამიტომაც უმჯობესი იქნება, ისინი ამოღებულ იქნეს სასკოლო და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან და ჩანაცვლდეს „მეფე ფინეზის კარის ამბით“, რომელიც უამრავ აქტუალურ, ღრმააზროვან თემას და იდეას აცოცხლებს და სავსეა სიუჟეტური, სახეობრივი თუ სტილური მარგალიტებით. იდეებსა და პერსონაჟებს რომ თავი დავანებოთ, მოცემული იგავები სტილებრივად დაუხვეწავი და გაუმართავია.

შემინდოს დიდებული სულხან-საბას სულმა, მაგრამ კლასიკური ტექსტების ნაკლიც და ღირსებაც შეუფარავად უნდა ითქვას. ქართველთა შორის „პირველი ევროპელი“ ალბათ თავადაც არ იტყოდა უარს საკუთარი ტექსტების გარშემო ცხარე პოლემიკაზე. რამდენიმე სუსტი იგავი მის სიდიადეს ვერაფერს დააკლებს, ხოლო ჩვენს ახალ თაობებს იგი უნდა გავაცნოთ თავისი ბრწყინვალებით. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სუსტი იგავების პროგრამაში შეტანა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ მრავალშრიანი, უეჭველი ღირებულების მხატვრული ტექსტების ანალიზით, მათში დასმული პრობლემების ჩხრეკით და არა სუსტი ნაწარმოებების სწავლებით. გამოდის, რომ ახალგაზრდებს ვცდით, რამდენად ამოიცნობენ ღირებულ და ნაკლებად ღირებულ ტექსტებს, რაც გაუმართლებელი მიდგომაა.

გენერლის კატა

0

გენერლის კატას „კიკი“ ჰქვია. უფრო თუ დავაკონკრეტებ, გენერლის შვილის მფარველობის ქვეშ ბრძანდება. თბილი და კარგი ოჯახია და „კიკიც“ გულღიად მიიღეს. ერთ დღეს ოჯახი სტუმრად წავიდა. „კიკიმ“ დრო იხელთა და თავის დიდ ბაბუას სახლიდან გამოეპარა. უცნაური კატური ფიქრების ამბავი იქნებოდა, თორემ თბილ სახლში ყოფნა არ ჯობია გაყინულ სადარბაზოში წანწალს? „კიკიმ“ სხვანაირად გადაწყვიტა და გარეთ შემთხვევით გასულ მეზობელს გული გაუხეთქა. თვალები დაუქაჩა, აექოჩრა და „ჰააააა“ – შეუსისინა კატურად. მეზობელსაც თავიდან შეშინებია ვიღაც თავხედი კატის დანახვა, შემდეგ კი წითელი საყელურით „კიკი“ ამოუცნია. თუმცა, თავგადასავლის მაძიებელი ფისო თვალსა და ხელს შუა, სადღაც გაქრა, დაიკარგა.

გენერლის კატა „კიკის“ ცოტა ხანში მთელი სადარბაზო ეძებდა.

– „კიკიიი“, ფისოოო, „მიაუუ“, – განსაკუთრებით აქტიურობდა ერთ-ერთი ქალბატონი.

დიდხანს ეძებეს თუ ცოტას, ვანო პაპას „ჩულანში“ მოჰკრეს თვალი. ეს „ჩულანი“ სადარბაზოს კუთხეში იყო მოწყობილი, ვანიკოს ეკუთვნოდა და რკინის რიკულიანი კარითაც ჩაერაზა. თუმცა, „კიკი“ რიკულებს შორის თავისუფლად გამძვრალიყო, ცემენტით სავსე პაკეტზე შემოსკუპებულიყო და თეთრად დაწკეპილ ულვაშებზე ცემენტის მტვერიც შერჩენოდა.

– „კიკი“ მოდი ჩემთან, ხელი გაუწოდა აქტიურმა ქალბატონმა.

– არა, ფრუტუნით მიუგო „კიკიმ“ და სიღრმისკენ ცემენტით სავსე სხვა პაკეტზე გადასკუპდა.

– „კიკი“, რა გინდა მაგ ცემენტზე, – ნერვიულობდა მესამე სართულის მეზობლის პატარა ბიჭი. მერე კი უეცრად განაგრძო, წარმოგიდგენიათ იმ დღეს დავინახე, ცემენტს წვიმიან ამინდში ასხამდნენო. ეს სად გაგონიალაო?….

ცემენტი წვიმიან ამინდშიც გამყარდება.

რატომ?

აი, მაგალითად, თიხა, რომ წყლით დავასველოთ, ის პლასტიკური გახდება, მისგან ნებისმიერ რამეს გააკეთებ. არ მოგეწონება და – ისევ წყლით დაასველე, მიზილე-მოზილე და ნაკეთობა შეცვალე. თუმცა, მერე გაკეთებულის გაშრობაა საჭირო. ცემენტიც წყალში უნდა გაიხსნას, მაგრამ როცა გამაგრდება, უკვე ვეღარ გადაკეთდება. გარდა ამისა, ცემენტი წვიმაშიც მყარდება.

რას წარმოადგენს ცემენტი ქიმიური თვალსაზრისით?

თანამედროვე ცემენტი 200 წლისაც არ არის. არადა, ახლა მშენებლობა ცემენტის გარეშე ხომ წარმოუდგენელია? ადრე რას აკეთებდნენ? ძველი დროიდან ადამიანები ნაგებობებს ქვისგან აგებდნენ. პირველად ქვების ერთმანეთთან დასამაგრებლად თიხას იყენებდნენ. თიხას იოან ბეხერი „ცხიმიან მიწასაც“ (“terra pinguis”) უწოდებდა და ფიქრობდა, რომ სწორედ ასეთი მიწა შეიცავდა მისტიკურ „ფლოგისტონს“. შემდეგ  ჩინეთში, ეგვიპტესა და ინდოეთში მშენებლობაში თიხასთან ერთად თაბაშირსაც ურევდნენ. თაბაშირს ყურადღება პირველად არაბმა ალქიმიკოსმა ალ-რაზიმ მიაქცია. აღმოაჩინა, რომ ის მოტეხილი კიდურების დასაფიქსირებლად და გასასწორებლად კარგი მასალა იყო. ძველ საბერძნეთსა და რომში კი სამშენებლო მასალად უპირველესად კირი მიაჩნდათ. იმდროინდელი ძალიან ბევრი ნაგებობა დღემდე დგას.

კირის მისაღებად, ჯერ კალციუმის კარბონატს გამოწვავდნენ. ეს რეაქცია პირველად როჯერ ბეკონმა ჩაატარა. კალციუმის კარბონატი აწონა, შემდეგ მიღებული მასის წონაც გაიგო და დანაკლისი აღმოაჩინა. დაფიქრდა და თქვა, ის, რაც დამაკლდა სადღაც „გაიპარაო“. გარკვეული დროის შემდეგ ისევ აწონა და ძველ წონასთან მიახლოებული მაჩვენებელი მიიღო.

– უიმე, უკან დაბრუნებულაო, თქვა და აირს (CO2) „ბმული ჰაერი“ უწოდა.

CaCO3↔CaO+CO2

შემდეგ, მიღებულ „ჩაუმქრალ“ კირს (კალციუმის ოქსიდს) აქრობდნენ. ანუ, სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში ზედ წყალს ასხამდნენ. წარმოიქმნებოდა „ჩამქრალი“ კირი, ანუ კალციუმის ჰიდროქსიდი.

CaO+H2O=Ca(OH)2

„ჩამქრალ“ კირს კვლავ წყალში ხსნიდნენ და სამშენებლო მასალად იყენებდნენ. წყალში გახსნილი ჩამქრალი კირი გარემოდან ნახშირორჟანგის შთანთქმით მყარდება. ეს პროცესი და, შესაბამისად, კირის გამყარებაც ნელა მიმდინარეობდა და დღეები სჭირდებოდა, წლები სჭირდებოდა.

Ca(OH)2+CO2= CaCO3

ხედავთ, არა? რეაქცია საიდანაც დავიწყეთ, ისევ იქ დავბრუნდით.

პარალელურად, ვითომ ნაგებობის გასამაგრებლად კირს ხარის სისხლს, კვერცხის ცილას და ა.შ. ამატებდნენ.

სხვათა შორის, გაკვეთილზე ან კლუბური მეცადინეობისთვის ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ვიცი.

მაგ. გახსენით ცივი მინერალური წყლის, ბორჯომის ბოთლი. სწრაფად გაუკეთეთ აირსადინარიანი მილის მქონე საცობი და მისი მეორე ბოლო კირწყლიან ჭიქაში ჩაუშვით. მინერალური წყლიანი ბოთლი მოათავსეთ თბილ წყალში. ბოთლიდან გამოიყოფა აირის ბუშტები – ნახშირორჟანგი, რომელიც მილით ჩაედინება თუ არა კირწყლიან ჭიქაში, მაშინვე აამღვრევს. კირწყალში არსებული კალციუმის ჰიდროქსიდი გარდაიქმნება კალციუმის კარბონატად – კირქვად. ის წყალში ცუდად იხსნება და თეთრ ნალექს წარმოქმნის.

განაგრძეთ ნახშირორჟანგის გატარება კირქვიან წყალში. რაღაც დროის შემდეგ წყალი კვლავ გამჭირვალე გახდება, რადგან ნახშირორჟანგი რეაქციაში შედის კირქვასთან და მას ჰიდროკარბონატად გარდაქმნის, რომელიც წყალში ძალიან კარგად იხსნება.

CaCO3+CO2+H2O= Ca(HCO3)2

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცემენტი როდისღა გამოჩნდა? 1822 წელს ერთმანეთს გარკვეული პროპორციით შეურიეს კირი და თიხა, მიიღეს ახალი მასალა. სიტყვა „ცემენტი“ ლათინურად „დაქუცმაცებულ ქვას“ ნიშნავს. ყველანაირი ცემენტის ძირითად შემადგენლად სამი მინერალი ითვლება: კალციუმის ოქსიდი, ალუმინის (III) ოქსიდი და სილიციუმის ოქსიდი.

უფრო თუ დავაკონკრეტებთ, კირის და თიხის გახურებისას 1450 გრადუსამდე, მათი სტრუქტურის ცვლილება მიმდინარეობს და, ე.წ. კლინკერის გრანულები წარმოიქმნება. ამ გრანულებს შეურევენ თაბაშირს და ფხვნილის სახეს მისცემენ. მზა ცემენტის ქიმიური ფორმულა დაახლოებით ასეთია: CaO-67%, SiO2-22%, Al2O3-5%, Fe2O3-3% და 3% კიდევ სხვა დანამატებზე მოდის, თუმცა ეს მაჩვენებლები მერყეობს.

წყალში გახსნილი ცემენტის გამყარების პროცესი ასევე ქიმიური ნაერთების წარმოქმნას ეფუძნება. ეს ახალი ნაერთები წარმოიქმნება კალციუმისა და ალუმინის ოქსიდების წყალთან ურთიერთქმედებით. რა თქმა უნდა, ცემენტის გამყარებისას უამრავი რეაქცია მიმდინარეობს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ცემენტის კრისტალური მესრის შემადგენლობაში წყლის მოლეკულები შედიან. გამოდის, რომ წყალი ცემენტის გამყარებას ხელს კი არ უშლის, პირიქით ეხმარება კიდეც. ამიტომ, ცემენტს წვიმაშიც შეუძლია გამყარება. თუმცა, წვიმასაც გააჩნია, კოკისპირულმა შეიძლება გამორეცხოს კიდეც ყველაფერი.

კლუბური მუშაობისთვის კიდევ ერთი სამუშაოს ჩატარება შეიძლება. გავაკეთოთ ცემენტი თავად. ავიღოთ თიხა, ნახშირი და კირი. კირი უნდა გამოიწვას ღუმელში, დაახლოებით 1150 გრადუსამდე. თვალითაც შეატყობთ, წითელი ფერი უნდა დაჰკრავდეს. მიღებული გამომწვარი კირი გავხსნათ წყალში, დავუმატოთ თიხა და ნახშირი. კარგად ავზილოთ და საცხოვრებელი სახლის არა, მაგრამ ქვებისგან სათამაშო სახლი აგება შეიძლება.

ქარხნული ცემენტის შეფუთვა სხვადასხვა სპეციფიკურობით გამოირჩევა. მაგ. სულფატმედეგი ცემენტი. ასეთ ცემენტს სულფატშემცველი მინერალური წყლების მიმართ განსაკუთრებული მდგრადობა ახასიათებს. ყინვამედეგიც გახლავთ. აქვს ნაკლები სითბოგამოყოფა. ასეთი ტიპის ცემენტს მიწისქვეშა და საზღვაო მშენებლობებისთვის იყენებენ.

ან, მაგ. წიდაცემენტი გრანულირებული წიდის ბაზაზე მიიღება და სულფატცემენტის ალტერნატივად გამოიყენება აგრესიულ გარემოში სამუშაოდ. მის ფუძეზე დამზადებული ბეტონი დიდ დროს უძლებს და ახასიათებს: ტუტეების დაბალი შემცველობა, სულფატებისადმი მდგრადობა, შემცირებული შეღწევადობა, თერმული ბზარების წარმოქმნის ძალიან მცირე რისკი, კარგი სიმტკიცე.

თავად ბეტონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშენი მასალაა. მიიღება შემკვრელი მასალის, წყლის, ინერტული მსხვილი და წვრილი შემავსებლის და გარკვეული დანამატების ნარევის გამაგრების შედეგად. სიმკვრივის მიხედვით არჩევენ: ზემძიმე, მძიმე, მსუბუქ და ზემსუბუქ ბეტონს. მასალის მიხედვით კი ბეტონი შეიძლება იყოს: ცემენტის, კირის, წიდის, სილიკატური, თაბაშირის, ასფალტბეტონი, პოლიმერბეტონი და ა.შ.

დანიშნულების მიხედვით ბეტონი არის – სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობისთვის, ჰიდროტექნიკური, საგზაო, დეკორატიული, ქიმიურად გამძლე, ცეცხლმედეგი, ყინვამედეგი, წყალშეუვალი და ა.შ.

ბეტონის ზოგადი ქიმიური შედგენილობა მარტივია. კალციუმის კარბონატს გაცხელებით უმატებთ ნახშირორჟანგს, ღებულობთ კალციუმის ოქსიდს, უმატებთ ქვიშას, ანუ სილიციუმის ოქსიდს. შემდეგ უმატებთ ქვა-ღორღს შემავსებლად. უმატებთ წყალს და იწყება ქიმიური რეაქცია. სანამ ბეტონი ისხმება, ანუ მოძრაობაშია, ის არ მყარდება. როცა უმოძრაოდაა, სილიციუმის ოქსიდი და კალციუმის ოქსიდი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და ჟელესმაგვარ ნივთიერებას წარმოქმნიან. რომელიც სულ უფრო და უფრო მაგრდება. ნამდვილი სიმყარისთვის ბეტონს რამდენიმე დღე სჭირდება. ამ დროს ის ჰაერის ნახშირორჟანგთან ურთიერთქმედებს. ბეტონის ნაგებობა წლების განმავლობაში სულ უფრო მყარი ხდება. კიდევ უფრო სიმყარისთვის ბეტონის დასხმისას რკინის არმატურას იყენებენ.

კატა „კიკი“ ბოლოს და ბოლოს ცემენტიანი ტომრებიდან სასუსნავით გამოიტყუეს და სახლში, სითბოსა და ფუფუნებაში დააბრუნეს. მე კიდევ ბებოს სიტყვები გამხასენდა, სადღაც სივრცეში მომზირალი, ჩაფიქრებული სახით, რომ მეტყოდა ხოლმე:

– შვილო, დაიხსომე… უპატრონო ქვაც არ ვარგაო..!

– რატომ არ ვარგა, ქვას რა მოუვა-მეთქი, ჩავეძიებოდი.

– ხავსი დაედება, ბებო გენაცვალოსო…

„ჩაცემენტებულ“ „კიკის“ კი უამრავი პატრონი გამოუჩნდა.

ნეტავ რატომ?…

 

 

მოგზაურობა ატომში

0

განსაკუთრებული გულისფანცქალით ელოდებიან მოსწავლეები პირველ გაკვეთილს ფიზიკაში და ინფორმაციას ამ „საშინელი“, მაგრამ საინტერესო საგნის შესახებ. ასე სმენიათ მშობლებისგან, უფროსკლასელებისგან. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება მათი პირველი შეხვედრა ფიზიკასთან. პირველი შეხვედრა იმიტომ, რომ წარსული გაკვეთილები მათემატიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფიზიკას. ახლა კი ნამდვილი ფიზიკა იწყება და ისინი სამყაროს შეცნობის კარიბჭესთან იმყოფებიან…

ბერძნულად „ფიზიკა“ ბუნებას ნიშნავს და პირველად იგი (φύσις) არისტოტელემ შემოიტანა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში. ბუნების ნაწილი ვართ ჩვენ და ჩვენ გარშემო მყოფი ყველაფერი. მათ შორის: მზე, ვარსკვლავები, პლანეტები, ტყეები, მდინარეები, სახლები, ქალაქები.

ბუნება მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება ერთი სიტყვით – მატერიით შეიძლება გამოვხატოთ. მატერია ორი ფორმით ვლინდება ბუნებაში: ნივთიერება და ველი (ნახ.1).

 

 

მატერიას  წარმოადგენს ნებისმიერი ნივთიერება. მაგალითად, ჰაერი, რკინა, წყალი. ნივთიერი ფორმით  წარმოდგენილ მატერიას ვეხებით, შევიგრძნობთ. ნივთიერებისგან შედგება ჩვენ ირგვლივ არსებული საგნები. მათ ფიზიკის ენაზე ფიზიკურ სხეულებს უწოდებენ. მაგალითად, რეზინის ბურთი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნივთიერი მატერიის სახე. ამასთან იგი ფიზიკური სხეულია, რადგან  ფორმა და მოცულობა აქვს. ფიზიკური სხეულებია: კალამი, ცარცი, მაგიდა, ტელეფონი, თვითმფრინავი, ჭიქაში ჩასხმული წყალი და ა.შ.

მატერიის მეორე სახეს წარმოადგენს ველი. მატერიის ფორმად, როგორც ველი, შეგვიძლია განვიხილოთ მაგნიტური ველი, ელექტრული ველი, გრავიტაციული ველი. ეს ველებიც მატერიის გამოვლინებაა და მათ ჩვენ ვერ შევიგრძნობთ – არც სუნი აქვთ და არც გემო. ამ ველების არსებობა სხვადასხვა მოქმედებებით ვლინდება. მაგალითად,

  • მაგნიტის მიერ მის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის გავლენით ცოტა მოშორებით მყოფი რკინის ნაჭერი მიიზიდება;
  • აბრეშუმზე ხახუნით დამუხტული მინის ჯოხი მის ირგვლივ აღძრული ელექტრულის ველის გავლენით ქაღალდის ნაკუწებს მიიზიდავს;
  • დედამიწის გრავიტაციული ველის მოქმედება კი ყველასთვის ცნობილია – დედამიწის ზედაპირიდან აწეული საგნები სწორედ ამ ველის მოქმედებით ეცემა დედამიწაზე.

ჩვენ ირგვლივ ბუნება მუდმივად იცვლება. ნებისმიერ ცვლილებას ბუნებაში მოვლენა ეწოდება. ყველა მოვლენის საფუძველთა საფუძველს ფიზიკური მოვლენა წარმოადგენს. მაგალითად, წვიმის (ბუნებრივი მოვლენა) წარმოქმნა მდინარეებიდან, ტბებიდან და ზღვებიდან წყლის აორთქლებასთან არის დაკავშირებული; წელიწადის დროთა ცვლილება კი დედამიწის მზის გარშემო ბრუნვას უკავშირდება. ფიზიკურ მოვლენებს წარმოადგენს ასევე ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები: სისხლდენა, სახსრების მოძრაობა, ოფლით გაგრილება, ორგანოების კვება, უჯრედებში ნივთიერებათა მოძრაობა, უჯრედების გამრავლება და ა.შ.

ფიზიკის, როგორც მეცნიერების, ამოცანაა ფიზიკური მოვლენების კვლევა, მათი როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული შესწავლა, სხვადასხვა კანონზომიერებების დადგენა და მათი ადამიანის სასარგებლოდ გამოყენება.

ფიზიკური მოვლენები იყოფა ოთხ ჯგუფად: მექანიკური, სითბური, ელექტრომაგნიტური და ოპტიკური (ნახ.2).

 

  • მექანიკური მოვლენები უკავშირდება სხეულების მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს.
  • სითბურ მოვლენებს წარმოადგენს: სხეულების ტემპერატურის ცვლილება, დნობა, აორთქლება, დუღილი.
  • ელექტრომაგნიტური მოვლენები დაკავშირებულია დამუხტულ ნაწილაკებთან, მათ მოძრაობასთან და ურთიერთქმედებასთან. დღეს ასეთი მოვლენების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ელექტრომაგნიტური მოვლენების კანონზომიერებების ღრმად შესწავლა და მათი გამოყენება წარმოადგენს დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქის უმთავრეს მიღწევას. დღეს მსოფლიოში ეკონომიკის გაციფრულების პროცესში, ტექნოლოგიები განსაზღვრავს სახელმწიფოთა შესაძლებლობებს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ასპექტში.
  • ოპტიკურ მოვლენებს წარმოადგენს სინათლის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა პროცესი – ჩრდილის წარმოქმნა, ცისარტყელის გამოჩენა, სინათლის არეკვლა, გარდატეხა, სხეულთა ფერები, თვალთან და მხედველობასთან დაკავშირებული თავისებურებები და ა.შ.

ამრიგად, ფიზიკა შეისწავლის მატერიის (ნივთიერების და ველების) აგებულებას, მის თვისებებს და მატერიის ძირითად ცვლილებებს (ფიზიკურ მოვლენებს).

 

ატომები და მოლეკულები

ჩვენ ირგვლივ განუწყვეტლივ იცვლება სამყარო. იცვლებიან ფიზიკური სხეულები და სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა თვისებებს ავლენენ. ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა: რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, ვიცოდეთ, რისგან შედგება ეს სხეული, როგორია მისი შინაგანი სტრუქტურა (აგებულება)?

ფიზიკური სხეული ნივთიერებისგან შედგება. ვიცით, რომ ნივთიერება შეიძლება იყოს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობაში. გარეგნულ განსხვავებას მყარ სხეულებს, სითხეებსა და აირებს შორის ყველა ადვილად ვამჩნევთ, მაგრამ არ ვიცით, რა ფიზიკური თვისებებით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. ამ საქმეშიც ნივთიერების შედგენილობის გაცნობა დაგვეხმარება. ნივთიერების აგებულების ცოდნა დაგვეხმარება ასევე ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როგორ წარიმართება ესა თუ ის მოვლენა. როგორ დავაჩქაროთ ან შევანელოთ ის. იმისთვის, რომ გავერკვეთ, რისგან შედგება ნივთიერება (მაგალითად, შაქარი), ის უნდა გავტეხოთ და დავაქუცმაცოთ, რაც შეიძლება მცირე ზომის ნაწილაკებად. ეს პროცესი  შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, სანამ მიკროსკოპითაც ვერ დავინახავთ შაქრის მცირე ნაწილაკს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ  ნაწილაკები გაქრა?

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი სწავლული, ფილოსოფოსი დემოკრიტოსი თვლიდა, რომ ნივთიერებას დისკრეტული (ნაწილაკური) აღნაგობა აქვს და იგი შედგება თვალით უხილავი უმცირესი ნაწილაკებისაგან – მოლეკულებისგან და ატომებისგან. მოლეკულა ნიშნავს მცირე მასას, ატომი კი – განუყოფელს. დემოკრიტოსის მოსაზრებებს საუკუნეების განმავლობაში არ აღიარებდნენ. ჭეშმარიტად ითვლებოდა მხოლოდ არისტოტელეს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ყველა ნივთიერებას სხვადასხვა სახის ნივთიერებებად გარდაქმნა შეეძლო.

ცდებმა და დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ქიმიური რეაქციების დროს   ნივთიერების შემადგენელი მოლეკულები იშლება ატომებად. ატომი კი აღარ იშლება. სწორედ მოლეკულები განსაზღვრავენ ამა თუ იმ ნივთიერების ქიმიურ თვისებებს. ესე იგი დაქუცმაცებული შაქრის ნაწილაკები კი არ გაქრა, არამედ გადაიქცა თვალით უხილავი ზომის ნაწილაკებად, რომლებიც განსაზღვრავს შაქრის თვისებებს.

ამრიგად, ფიზიკური სხეული შედგება ნივთიერებისაგან. ნივთიერება შედგება მოლეკულებისაგან. მოლეკულები კი – ატომებისაგან. თუმცა არსებობენ ერთატომიანი მოლეკულები (ნახ.3).

 

ნივთიერების ნაწილაკური აღნაგობა დასტურდება სხვადასხვა ცდით: მაგალითად, ფოლადის ბურთულა, რომელიც თავისუფლად გადის რგოლში, გახურებისას ამ რგოლში იჭედება (სურ.3); მინის მილში ჩასხმული სითხის გაცხელებისას შეინიშნება მისი მოცულობის ზრდა (სურ.4). ხელით შეგვიძლია ბურთის შეკუმშვა, ზამბარის ან რეზინის გაჭიმვა-შეკუმშვა. ეს ცდები ასაბუთებს იმას, რომ ნივთიერება შედგება ნაწილაკებისაგან, რომელთა შორის შუალედებია და თუ გარკვეული მიზეზით ნაწილაკები ერთმანეთს დაშორდა, სხეულის მოცულობა იზრდება, ხოლო თუ ნაწილაკები ერთმანეთს მიუახლოვდა, სხეულის მოცულობა მცირდება.

 

 

ერთი და იმავე ნივთიერების ყველა მოლეკულა ერთნაირია. მოლეკულა შეიძლება იყოს შედგენილი ერთნაირი ატომებისგან, მაგალითად, წყალბადი (H2  ), ჟანგბადი (02). ასეთ ნივთიერებებს მარტივს უწოდებენ. თუ მოლეკულა შედგება სხვადასხვა სახის ატომისაგან, მაშინ ეს ნივთიერება რთულია, მაგალითად, წყალი (H20). იგი შედგება ორი ატომი წყალბადისა და ერთი ატომი ჟანგბადისგან.

1908-1911 წლებში ინგლისელი ფიზიკოსის, ერნსტ რეზერფორდის, მიერ ჩატარებული ცდების შემდეგ დადგინდა ატომის აღნაგობა (პლანეტარული მოდელი). რეზერფორდმა დაადგინა, რომ ატომი შედგება ატომბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისაგან. მოგვიანებით შეისწავლეს ატომბირთვის აღნაგობაც. ატომბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისგან. მათ სხვანაირად ნუკლონებს უწოდებენ (ნახ. 4). ატომის მასა თავმოყრილია ატომბირთვში, რადგან პროტონი და ნეიტრონი ელექტრონზე გაცილებით მძიმე ნაწილაკებია. ნეიტრონის მასა ოდნავ აღემატება პროტონის მასას. პროტონი კი 1840-ჯერ მძიმეა ელექტრონზე.

          მიზიდვა-განზიდვის უნარის მქონე ნაწილაკებს დამუხტული ნაწილაკები ეწოდება. დამუხტულია პროტონები, რადგან ისინი  ერთმანეთს განიზიდავენ. მათ ერთნაირი (დადებითი, +) მუხტი გააჩნია, ერთმანეთს განიზიდავენ ელექტრონებიც. მათ უარყოფითი მუხტი გააჩნიათ. ხოლო პროტონი და ელექტრონი, როგორც დადებითი და უარყოფითი ნაწილაკები, ერთმანეთს მიიზიდავენ. პროტონის და ელექტრონის მუხტის ზომა ერთნაირია და ატომი ელექტრულად ნეიტრალურია, რადგან მასში პროტონების  რაოდენობა ელექტრონების რაოდენობის ტოლია.

 

ლალი
თუ ნეიტრალურმა ატომმა დაკარგა ელექტრონი, მაშინ ბირთვის დადებითი მუხტი გადააჭარბებს უარყოფით მუხტს და და ატომი დადებითად დაიმუხტება, ხოლო თუ – პირიქით, ატომი მიიერთებს ელექტრონს, იგი უარყოფითად დაიმუხტება. დამუხტულ ატომს იონი ეწოდება. ესე იგი ატომი თუ ელექტრონს კარგავს, იგი დადებით იონად გადაიქცევა, თუ ელექტრონს იძენს –  უარყოფით იონად. პროტონს, ნეიტრონს და ელექტრონს ელემენტარულ ნაწილაკებს უწოდებენ.

ამგვარად, გავეცანით მატერიის ცნებას, მის ფორმებს, სამყაროს ფუნდამენტს – ატომს და მის აღნაგობას. გავარკვიეთ, რითი განსხვავდება ატომი მოლეკულისაგან და იონისაგან.

 

ლიტერატურა

  1. ილუსტრაციები სითბური გაფართოების შესახებ

https://www.flickr.com/photos/goalfinder/6964033833/in/photostream/

  1. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2001 წ.

 

 

 

 

 

 

მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევების  განვითარება გაკვეთილზე

0

მოსმენა  ადამიანის უნარ-ჩვევების  შემადგენელი ელემენტია. გაიგო, რას საუბრობს თანამოსაუბრე, ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება მოსმენილზე და შეგეძლოს პასუხის გაცემა –  ამ ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციის შესრულებისთვის აუცილებელია მოსმენის უნარის ფორმირება. მოსწავლეები  ჯერ გაიაზრებენ, აღიქვამენ ნათქვამს და შემდეგ, მიღებული ინფორმაციის გაგების საფუძველზე იწყებენ პასუხების გაცემას  გაგებულ და აღქმულ   ინფორმაციაზე.   და რადგან  ადამიანი   მხოლოდ იმის 10%-ს იმახსოვრებს, რასაც ისმენს, ამიტომ მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა  სწავლა/სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მოსმენის უნარისა და სხვისი გაგების უნარის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მოსმენის ტექნიკის დაუფლება. ის ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის მიღებაში, გააზრებაში, ადრე მიღებულ ინფორმაციასთან შედარებაში, პრობლემური სიტუაციის შექმნაში  და პრობლემის გადაწყვეტაშიც.

აქტიურმოსმენაში ჩართულია მეორე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაც – დაკვირვება, რომელიც აუცილებელია მოსმენის შიდა- და გარეფაქტორებზე, ანუ ქცევაზე ყურადღების  გამახვილებისთვის.

გარეფაქტორში გულისხმება:

  • მსმენელზე დაკვირვება ანუ მის ქცევაზე დაკვირვება –  რამდენად რთულია  სასაუბრო თემა, ჰქონდა თუ არა აქამდე ინფორმაცია თემის შესახებ, რამდენად დამაჯერებელია მოსაუბრე (განსაკუთრებით იმ ადამიანების ქცევაა მნიშვნელოვანი, რომლებიც დამკვირვებლისგან განსხვავებულ კულტურას ეკუთვნიან);
  • დაკვირვება გარემოზე – რამდენად შესატყვისია გარემო ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად და არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი გარემო ფაქტორები (მაგ., ხმაური, ვიბრაცია, განათება, ტემპერატურა და სხვა).

 

შიდა ფაქტორში იგულისხმება:

  • საკუთარ თავთან დაკავშირებულ ფაქტორებზე დაკვირვება – ყველა შეუსაბამო ქცევის შეწყვეტა მოსმენის დაწყებამდე, შესატყვისი მასალის  წინასწარ მომზადება (მაგ. ჩასაწერი რვეული,  წინა გაკვეთილის შინაარსი), საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაკონტროლება, ყურადღების გამახვილება მოსაუბრის  ნებისმიერ ქცევაზე  და ა.შ.

სწორედ დაკვირვება აძლევს საშუალებას მოსწავლეს, აღიაროს, რომ

  • მის მიმართ ყველა კეთილგანწყობილია;
  • რომ არ აქვს შფოთვის საფუძველი, მშვიდად უნდა შეხვდეს ყველაფერს, რასაც ეუბნებიან, ასწავლიან, რადგან ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ კეთილგანწყობაა;
  • მას არ უწყებენ დაკითხვას, ესაუბრებიან ისე, რომ მისგან პასუხს არ ელოდებიან და უხერხულად არ აგრნობინებენ თავს;
  • პასუხის გაცემამდე მას აქვს დაფიქრების საშუალება;
  • თუნდაც მცდარი აზრის გამოთქმის შემთხვევაში მას არ ედავებიან;
  • თუ მზად არაა საუბრისთვის, კონტაქტისთვის, არ აძალებენ საუბრის გაგრძელებას – გადადებენ სხვა დროისთვის;
  • ცდილობენ, მიაწოდონ კარგად ილუსტრირებული ინფორმაცია, რათა  გაუადვილდეს  ინფორმაციის გაგება და ა.შ.

როგორ  შევამოწმოთ  მოსწავლის მოსმენისა და დაკვირვების  უნარი? არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი:

  • მაგალითად, დაასახელოს რამდენიმე ციფრი და შემდეგ ჩამოთვალოს ისინი უკუღმა (მაგალითად, ისტორიის სწავლებისას ვთხოვოთ მოსწავლეს, დაასახლოს რამდენიმე ისტორიული თარიღი და შემდეგ ჩამოთვალოს ისინი უკუღმა).  თუ ის ზედმეტი სირთულის გარეშე გაართმევს თავს დავალებას, მაშინ გავზარდოთ რიცხვების (თარიღების) რაოდენობა გარკვეული ერთეულით და ვთხოვოთ, იგივე გააკეთოს ამ შემთხვევაშიც. თუ ექვს ციფრს (თარიღს) შეუცდომლად ჩამოთვლის უკუღმა – ეს უკვე კარგ შედეგად ითვლება.

 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეს გაუაქტიურდება მოსმენისა და დაკვირვების უნარი, ის შეიძენს მნიშვნელოვან კომპეტენციას ამ მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად ის დაეუფლება დემოკრატიული კულტურისთვის მნიშვნელოვან  მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევის კომპეტენციასაც (თუმცა, შეიძლება, სხვადასხვა დონეზე, ანუ მას ექნება სხვადასხვა დონის კომპეტენცია). მაგალითად, დემოკრატიული  კულტურის კომპეტენციების მიხედვით მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევების გამოვლენა  ხდება  შემდეგი ქცევების განხორციელებისას:

  • ელემენტარული კომპეტენციის დონეზე:  ა) როდესაც მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრისაგან განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და ბ)  ზოგადად სხვა ადამიანებისთვის ყურადღებით მოსმენა.
  • საშუალო კომპეტენციის დონეზე: ა) აკვირდება მოსაუბრის ჟესტიკულაციას და, ზოგადად, მისი სხეულის ენას, რათა განსაზღვროს მის მიერ ვერბალურად გადმოცემული აზრის ზუსტი მნიშვნელობა; ბ) შეუძლია სხვისი საუბარი კარგად მოისმინოს, რაც ემსახურება იმის დადგენას, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე და რა განზრახვა ამოძრავებს მას.
  • მაღალი კომპეტენციის დონეზე: ა) ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე; ბ) ამჩნევს განსხვავებული კულტურული კუთვნილების მქონე პირების განსხვავებულ რეაქციებსა და რეაგირების მანერას ერთსა და იმავე სიტუაციაზე.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საგაკვეთილო მუშაობისას მოსმენისა და დაკვირვების  უნარის  განვითარებაში? უპირველესად გვახსოვდეს, რომ მოსმენის განვითარებაზე მიმართული სამუშაოს ორგანიზების ფორმები შეიძლება იყოს როგორც ინდვიდუალური, ასევე ჯგუფურიც.

პრაქტიკულ ნაბიჯებად შეგვიძლია გამოვიყენოთ:

  • თამაში, სავარჯიშო, დისკუსია, დიალოგი, სიტუაციის მოდელირება, მინი-ლექცია, საუბარი, რეფლექსია, განხილვა, ტექსტის კითხვა (მაგალითად, გამოცემების, ლეგენდების..), კარნახი და სხვ. მიდგომები. მუშაობის პროცესში მასწავლებელი ჩაინიშნავს,  კომპეტენციის რა დონეზე გადიან მოსწავლეები და მის მიხედვით დაგეგმავს  შემდგომ სამუშაოს.

ზოგადად, რა სახის სავარჯიშოები შეიძლება გამოვიყენოთ მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის? ამ მიმართულებით მრავალი მიდგომა და ხერხი არსებობს, მაგრამ  საგაკვეთილო ფორმატში, დროისა და სივრცის ეკონომიიდან გამომდინარე, ეფექტურია მარტივი სავარჯიშოების შესრულებაც. განვიხილოთ რამდენიმე მარტივი  მაგალითი:

  1. სავარჯიშო „10 სიტყვა“: სავარჯიშოს არ სჭირდება განსაკუთრებული   რესურსები. საჭიროა  მხოლოდ  ნელ-ნელა  ჩამოითვალოს  10 სიტყვა და  ვთხოვოთ მოსწავლეს მათი დამახსოვრება და შემდეგ – იმ სიტყვების დასახელება, რომელიც დაიმახსოვრა.  მეტი მოტივირებისათვის,  უმჯობესია,  დავალების  ჯგუფურად შესრულება.  შესაძლებელია, ერთმა მოსწავლემ ჩამოთვალოს ის სიტყვები, რომლებიც დაამახსოვრდა, ხოლო სხვებმა – დაუმატონ ისინი, რომელიც გამოტოვა. სასურველია, თუ სიტყვებს დავაჯგუფებინებთ შინაარსის მიხედვით (მაგალითად, ცალკე ჩამოთვლის ბრძოლის სახელებს, ცალკე – ზავის სახელებს, ან მეფეთა, ან ცნობილი ისტორიული მოვლენების და ა.შ. სახელებს);
  2. სავარჯიშო თოვლის ფანტელები“: დავალება აგებულია მრავალჯერად გამეორებაზე და დასამახსოვრებელი სიტყვების რაოდენობის თანდათან გაზრდაზე. სასურველია, ამ დროს მოსწავლეები ჯაჭვისებურად, თოვლის ფანტელებივით ერთმანეთის მიყოლებით, გადაჯაჭვულებივით ისხდნენ და ასრულებდნენ დავალებას. თავდაპირველად, ერთი მოსწავლე ასახელებს სიტყვას, მეორე – იმეორებს მას და ამატებს შემდეგს და ა.შ.

ეფექტურობისათვის, სასურველია,  დასახელდეს მაქსიმუმ 15 სიტყვა. თუ მოსწავლეს გაუჭირდება ყველას დასახელება, მაშინ ის მოსწავლე, რომელმაც ყველა ჩამოთვალა, გაიმეორებს სიტყვებს და მოსწავლე ამის შემდეგ  ხელახლა ცდის დავალების შესრულებას;

  1. სავარჯიშო „ჭადრაკის დაფა“:  მოსწავლეები ეწყობიან ჭადრაკისებურად და  წინასწარ არჩეული „მეთაურის“ ბრძანების მიხედვით გადაადგილდებიან სხვადასხვა მიმართულებით. ვინც ვერ მოისმენს სწორად, არასწორად გადაადგილდება და შესაბამისად, ამოვარდება რიგიდან, ამიტომ მოსწავლეები ცდილობენ, მაქსიმალურად სწორად მოისმინონ მიღებული ბრძანება.  სავარჯიშო ძალიან სახალისოა და მოსწავლისგან სულ რამდენიმე ნაბიჯით გადაადგილებას მოითხოვს. მოიგებს ის მოსწავლე, რომელიც ყველა „ბრძანებას“უშეცდომოდ შეასრულებს;
  2. სავარჯიშო – „რა ფერია?!“: მასწავლებელი კითხულობს რაიმე ტექსტს, ან აღწერს რაიმე სიუჟეტს, საგანს (მაგალითად, ზღაპარს, ან  ხელოვნების ისტორიიდან – რომელიმე ნახატს, სასახლის დარბაზს და ა.შ.). მოსწავლემ უნდა დაიმახსოვროს ფერები – რომელი დეტალი რა ფერში იყო დასახელებული, შემდეგ კი ამოარჩიოს ფერადი ფანქრებიდან მითითებული ფერის ფანქარი და შეეცადოს, გაიმეოროს  დეტალის აღწერილობა;
  3. სავარჯიშო – „ამბის დასურათება“: დავალება ცოტა  რთულია წინასთან შედარებით. წინასწარ გამზადებულია ფურცლები და ფანქრები. მოსწავლეები მოუსმენენ ინფორმაციას, გმირის, პერსონაჟის ან საგნის აღწერილობას და შემდეგ  შეეცდებიან, დახატონ ფურცელზე.
  4. სავარჯიშო  – „არჩევნები“:  მასწავლებელი წინაწარ აფრთხილებს მოსწავლეებს, რა უნდა დაიმახსოვრონ  ინფორმაციიდან – მოვლენები, საგნები და ა.შ.  შემდეგ კი მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ და ჩამოთვალონ მხოლოდ მითითებული ცნებები და სხვ.

 

მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევა, ანუ სხვა ადამიანის ქცევაზე დაკვირვება   მნიშვნელოვან  საინფორმაციო წყაროდ გამოადგება მოსწავლეს იმ ქცევების შესახებ, რომლებიც ყველაზე მისაღები და ეფექტურია სხვადასხვა სასწავლო კონტექსტში (თუნდაც სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში) და შეიძლება  სასარგებლო აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ინფორმაციის შენახვა და მოგვიანებით თავისებური ქცევის მსგავს სიტუაციებში გამოყენება.

მობილური ტელეფონი, მოკავშირე სასწავლო პროცესში

0

შვიდი თვის წინ საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება აეკრძალა. კანონის ინიცირების მიზეზი მოზარდების სმარტფონებზე დამოკიდებულება გახდა – სკოლის ტერიტორიაზე შესვენების დროს განტვირთვის ნაცვლად, მოსწავლეები მთელ დროს მობილურ ტელეფონებში ატარებდნენ.

საქართველოში ასეთი კანონი არ გვაქვს და სმარტფონების გამოყენება მხოლოდ რამდენიმე, ისიც კერძო სკოლაში შიდა განაწესით იკრძალება. საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის კი, მობილური ტელეფონის საკითხი, უმეტესწილად, დიდ თავის ტკივილადაა გადაქცეული. განათლების ზოგიერთი ექსპერტივით მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ  სმარტფონების ადგილი სკოლაში არ არის. ისინი აცხადებენ, რომ ტელეფონიანი ბავშვი ხელს უშლის გაკვეთილზე, სმარტფონი ბავშვს ყურადღებას უფანტავს და ასევე, მავნეა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით იმ საკლასო ოთახის სივრცეში, სადაც რამდენიმე ათეული მოსწავლე ზის.

სხვა მასწავლებლებსა და განათლების ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ტელეფონი ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და მასში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდისთვის არის სასარგებლო. მათი აზრით, სმარტფონებთან ომი უშედეგოა, რადგან ის თანამედროვე მოსწავლის განუყოფელი ნაწილია და მის წინააღმდეგ ლაშქრობებს აზრი არ აქვს.

დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია მობილური ტელეფონი ვაქციოთ ჩვენს მეკავშირედ? ტელეფონები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბავშვებმა სასწავლებლად ბევრი სასარგებლო საგანმანათლებლო აპლიკაცია გამოიყენონ. უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რას აკეთებენ თავიანთ ტელეფონებში და შევუთანხმოთ მათი გამოყენების გარკვეული წესები.

მაგალითად, „ამოტრიალებული კლასის“ მეთოდი საკმაოდ გავრცელებული ტექნიკაა, როდესაც პედაგოგები იწერენ „ლექციებს“, რომლებსაც მოსწავლეები სახლში უსმენენ და ტელეფონებში, ტაბლეტებსა და ლეპტოპებში უყურებენ. კლასში კი პედაგოგის დრო მხოლოდ იმის გარკვევაზე მიდის, რა გაიგეს მოსწავლეებმა მისი ლექციიდან.

ანდა „შუქნიშნის“ სისტემის გამოყენება – თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ სმარტფონები და სხვა მსგავსი ტექნიკა, უბრალოდ არეგულირეთ მათი მოხმარება. მაგალითად, ერთ გაკვეთილზე  სთავაზობთ მოსწავლეებს აპლიკაციის გამოყენებას, შემდეგ გაკვეთილზე კი სთხოვთ, რომ დასმულ ამოცანას თავი უტელეფონოდ გაართვან. იღებთ სტიკერებს და უბრალოდ უთანხმებთ მოსწავლეებს გარკვეულ წესებს. დაფაზე მიწებებული წითელი სტიკერი ნიშნავს იმას, რომ დღეს ტელეფონებს გაკვეთილებზე არ ხმარობთ,  ყვითელი სტიკერი ნიშნავს, რომ ტელეფონი შეიძლება უბრალოდ მერხზე იდოს ეკრანით ქვემოთ, მწვანე სტიკერი კი – დღეს ტელეფონი გაკვეთილის აქტიური ნაწილი იქნება.

შეგიძლიათ დაიწყოთ რომელიმე დღე ტელეფონის გარეშე, ამას წინასწარ აცხადებთ – ეს არა მხოლოდ სკოლებისთვისაა პოპულარული მეთოდი. მაგალითად, ნიუ-ჯერსიში, რადოლფის სკოლაში, ნებადართული იყო გაკვეთილზე ტელეფონების გამოყენების პოლიტიკა, მაგრამ რაღაც მომენტში ასეთი მიდგომა უკონტროლო გახდა. სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, არ  აეკრძალა სმარტფონების და ტაბლეტების გამოყენება, მაგრამ გადაწყვიტა, რომ კვირაში ერთი დღე – პარასკევი, სკოლაში ტელეფონი არავის გამოეყენებინა.

შეგიძლიათ მოსწავლეებთან „ხელშეკრულება“ გააფორმოთ – ამისათვის საუკეთესო პერიოდი წლის დასაწყისია. განიხილეთ კლასში ღიად და მენტორობის გარეშე, რომ სმარტფონის გამოყენებას გაკვეთილზე თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ჰკითხეთ, თუ როგორ იყენებენ ტელეფონს, რომელ აპლიკაციას ხმარობენ ყველაზე ხშირად, რომელი სოციალური ქსელი ურჩევნიათ და რატომ. ეცადეთ მოილაპარაკოთ როდის და რატომ გამოიყენებთ ტელეფონს გაკვეთილზე. შეგიძლიათ წერილობითი „კონტრაქტიც“ კი გააფორმოთ ამის თაობაზე, შემდეგ ამობეჭდოთ, ხელი მოაწერინოთ ბავშვებსა და მათ მშობლებს და კლასში თვალსაჩინო ადგილზე განათავსოთ.

აკონტროლებინეთ მოსწავლეებს საეკრანო დრო – მათ უნდა ესმოდეთ, რამდენ ხანს უთმობენ სმარტფონებს. მაგალითად, პენსილვანიში The Agnes Irwin სკოლის მასწავლებლებმა სთხოვეს მოსწავლეებს, დაეთვალათ საეკრანო დრო, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გატარებული. აღმოჩნდა, რომ ბავშვები თვითონ ვერ აცნობიერებდნენ დროის ხანგრძლივობას და როდესაც მისი კონტროლი დაიწყეს, თვითონაც გაოცებული დარჩნენ.

 

მას მერე, რაც მოსწავლეები თავიანთ საეკრანო დროს თვითონ დაამონიტორინგებენ, სთხოვეთ ინტერენეტში ერთკვირიანი აქტივობების რუკის დახაზვა: საიტები, სადაც შედიოდნენ, გამოყენებული დანართები, აპლიკაციები და არა მხოლოდ. თუ ვერ დახატეს, ცხრილი შეადგინონ. რატომ გჭირდებათ ეს? ეს კიდევ ერთხელ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გაესაუბროთ მოსწავლეებს საეკრანო დროის სარგებლიან გამოყენებაზე, იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ან არ დაეხმარა ტელეფონი სწავლაში.

 

შესთავაზეთ სამუშაო გეგმა მოსწავლეებს. მაგალითად, Denver Public Schools მასწავლებლები არ კრძალავენ სკოლაში გაჯეტების გამოყენებას. მათ მოიგონეს მეთოდიკა, რომლის დროსაც სმარტფონებთან  მუშაობისას დაცული უნდა იქნას შემდეგი სქემა: „მოზიდვა, პერსონალიზაცია, შეფასება, შექმნა“. მოზიდვა ნიშნავს სმარტფონის გამოყენებით დამატებითი საგანმანათლებლო მასალის გაცნობას, მაგალითად, ბიოლოგიის გაკვეთილზე მოსწავლეებს შეუძლიათ 3D-ში უჯრედების დათვალიერება. პერსონალიზაცია გულისხმობს, ვთქვათ, ინტერნეტში ინდივიდუალური საგანმანათლებლო მარშრუტის შედგენას. შეფასების ცნება დაკავშირებულია პედაგოგებთან – მათ შეუძლიათ მოსწავლეთა სწავლის პროგრესი ონლაინრეჟიმში გააკონტროლონ. დავალებები შესაძლოა ტელეფონების დახმარებით უნდა შესრულდეს – დაწყებული მარტივი პრეზენტაციითა და პრიმიტიული საიტის შექმნით, რომელიც მოსწავლის ცოდნის დონეს წარმოაჩენს.

 

გამოიყენეთ მოხერხებული პროგრამები, მაგალითად, ბევრი ამერიკელი პედაგოგი კლასში განმუხტვისთვის და კონცენტრაციისთვის იყენებს Stop, Breathe & Think ფორმატს. ზოგი პროგრამა განკუთვნილია კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე, ეხმარება ბავშვებს რაღაც მომენტში ამოისუნთქონ, რომ შემდეგ უკეთ კონცენტრირდნენ. ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში ეს ინიციატივა საუკეთესოდ უნარჩუნებს ბავშვებს ყურადღებას მათემატიკის გაკვეთილზე. ვარჯიში სულ რამდენიმე წუთიანია, ბავშვები ისვენებენ და შემდეგ მეცადინეობას უფრო მეტად კონცენტრირებული უბრუნდებიან.

შეგიძლიათ, რეალური პროექტების განხორციელება შესთავაზოთ მობილურის დახმარებით. ლაურა ჰარტის, Miramonte Elementary-ის დირექტორის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეებმა იგრძნონ კავშირი ახლანდელ გაკეთებულსა და მომავალს შორის. ამიტომ მეექვსე კლასის მოსწავლეებს ეძლევათ ბიზნესიდეის შექმნისა და მისი განხორციელების დავალება, სრული ბიზნესგეგმის შედგენა და გაანგარიშება. მოსწავლეები მუშაობენ რეალურ მონაცემებთან, რომლებსაც თავად აგროვებენ, აანალიზებენ და იდეას სრულფასოვან პრეზენტაციად აქცევენ. დავალება, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტაქტივობასთან და კომუნიკაციასთან, პრაქტიკული საქმე ხდება.

ციფრული საზოგადოების შექმნა -კალიფორნიაში მირამონტის დაწყებითი სკოლის პედაგოგები მუდმივად ასწავლიან ბავშვებს ციფრული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან უნარებს. მთავარი მიზანია, მოსწავლეები მიხვდნენ და გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ მათ მიერ ინტერნეტში შექმნილ ნებისმიერ პროდუქტს, სხვებიც ნახულობენ და არა მხოლოდ ეცნობიან, არამედ ამან შეიძლება მათზე დიდი გავლენა იქონიოს.

 

ელეფთერა – მარტოობის უცნაური ამბავის სინოფსისი

0

ელეფთერა ლომინიეშვილი. 65 წლის ქვრივი კაცი სურებიდან. დილაობით ახსენდება, რომ მოკვდება და 5 წუთი ყველაფერს აზრი ეკარგება.  მარტოობასაც. მარტოობა იწყება ამ ხუთი წუთის შემდეგ. სიყვარულის ძებნა. ქვრივი, უკვე მოხუცი კაცი, რომელიც თითქმის უკაცრიელ სოფლიდან, სურებიდან ტელეფონზე რეკავს და მობილურით ცდილობს ქალებს დაუკავშირდეს და ცოლად შეირთოს. ამ ქალების განცხადებები, ისევ როგორც ელეფთერასი რომელიმე ყვითელ ჟურნალშია დაბეჭდილი. ელეფთერი ჟურნალს ავტობუსს აბარებს და სახლში უზამაზარი გროვა აქვს. ეძებს სიყვარულს, ოღონდ არა მომვლელის თვალსაზრისით, სიყვარულს ეძებს, რომელიც არ იცის რა არის. მხოლოდ სხვებისგან გაუგია ამ გრძნობის შესახებ. მანამდე – საბჭოთა ჯარი. უკრაინაში იყო და ხანდახან ფიქრობს, რომ შეიძლება ერთი ქალი უყვარდა, ტატიანა ანტონენკო, რომელთანაც ერთდღიანი რომანი ჰქონდა, ელეფთერს ჯარის ტანსაცმელი საპატიო ადგილას აქვს მიფენილი. თითქოს ამ ტანსაცმლით სიყვარულსაც იგონებს და სიყმაწვილესაც. ვინ იცის.

ცოლი – მხოლოდ პატივისცემა და არა სიყვარული. გარდაიცვალა სამი წლის წინ. სურათი ახლაც კიდია და სურათთან შარშანწინდელი ბზა და შარშანდელი წითელი კვერცხი

კაცი ზარმაცია და რომანტიკული. არ არის სოფლისითვის დაბადებული, მაგრამ ქალაქსაც სულ უფრთხოდა. საბჭოთა დროს კულტურის სახლის ხელმძღვანელი იყო. აქ იხატება ადამიანი – ცალი ფეხით სსრ–ში, ცალით დამოუკიდებელ საქართველოში,. მოსავალს უფრო ცოლი და ცოლის მეგობრები იღებენ – ქალების ნადი.

კინოს სცენა შვილიშვლის ჩაყვანისას ქალაქში და ასე შემდეგ. სცენა ასეთია – დიდ და უკვე გაუქმებულ კინოეკრანთან დგას პატარა ტელევიზორი. ამ ტელევიზორში აჩვენებენ ტიტანიკს. სიმულაციაა კინოში ყოფნის, ტრაგი–კომიკური.

რამდენიმე მარცხი სიყვარულის ძებნისას – ჩაშლილი ქორწილი ქუთაისიდან, გზიდან მიბრუნებული მაყარი. სოფლის სიშორე დაიწუნეს. გზაზე ავარია და ავარიის სცენაც.

ხუთი ქალის ამოსვლა და გაუგებრობა. ზოგს შვილის ჰყავს და ხშირად ბრუნდება უკან. ზოგს მხოლოდ თავშესაფარი აინტერესებს. კაცი სიყვარულს ეძებს და ითხოვს.

ქალების ამბები  ცალკე. სხედან და საკუთარ ისტორიას ყვებიან. ერთი თონეში პურს აკრობდა – დამწვარი ხელები. ქმარი მცემდა. ძალიან მძიმე დღეს გამოექცა. სიყვარულს ეძებდა თუ თავშესაფარს, რთულად გამოიცნობ. ბევრია ასეთი. ძალიან ბევრი.

 

ავტობუსი რომ ამოდის სოფელში, თუ ვინმე უცხო ქალი ზის, ესე იგი ელეფთერის საცოლეა.

 

შეშლილი ქალის ისტორია. ერთხელ ასეთიც ეწვია და მადევრებიც მიეწივნენ. ელეფთერმა იცრუა, ბიჭს ვერ გამოვაჩენო. თითქოს ეს ქალი მისი შვილთან მოვიდა პაემანზე. რადგან იმაზე ახალგაზრდა იყო, ვიდრე ელეფთერს ეკუთვნოდა.

 

მთავარი სიყვარულის განვითარებაც – ერთ–ერთი ზარისას ქალს უკავშირდება, რომელსაც ტატიანა ქვია. როგორც გატეხილ, სლავურ აქცენტიანი ქართულით ეუბნება რომ გარდაცვლილი ქმრის გვარზეა – ბალანჩივაძეა და საკუთარ გვარს არაფრით არ ამბობს. ელეფთერს  რაღაც უცნაური და ყველაზე ძლიერი მიზიდულობა დაძლევს. ხვდებიან სამტრედიაში, სადაც ეს ქვრივი ქალი ცხოვრობს. იქაურ კაფეში წასვლის სცენა. სხვა სცენები. რამდენჯერმე ჩასვლა. სოფლის ავტობუსი. ელეფთერი წარმოიდგენს, რომ ეს ტატიანა ის ტატიანაა, თუმცა ტატიანა არ ამბობს არც გვარს და არც წინა ისტორიას. უბრალოდ ამბობს, რომ უკრაინიდან არის გამოთხოვილი. ელეფთერი და ტატიანა ქორწინდებიან.

ამფერია აი ცხოვრება, ამფერია ანუ აფერია. სულ მთლად აფერი – მაინც ამბობს ხოლმე ელეფთერი დილაობით, იმ ხუთ წუთში, როცა ხვდება, რომ ადრე თუ გივან აუცილებლად მოკვდება.

 

 

 

პროექტები და აქტივობები ძალადობის პრევენციისათვის

0

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის მიზნით, მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს მოსწავლეთა საჭიროებები, ინტერესები და შესთავაზოს ისეთი აქტივობები, რომლებიც მათგან გამოცდილებით სწავლასა და აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს.  ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვცდილობ, დავგეგმო სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. პრიორიტეტულ თემებად კი ვირჩევ ისეთ თემებს, რომლებიც აქტუალურია თვითონ მოსწავლეთა საზოგადოებაში.  ერთ-ერთი ასეთი თემაა  ბულინგი, სოციალური მოვლენა, ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას. ამ მოვლენას  ყოველდღიურად ყველგან ვხვდებით, განსაკუთრებით კი – სკოლებში.                                                                                                                                                                                                                                                                       

ბულინგი აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში. პრობლემა მასშტაბურია ჩვენს ქვეყანაშიც. კვლევების შედეგად, გამოკითხული ქართველი მოსწავლეების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. სტატისტიკა, მართლაც, შემაშფოთებელია. ვხვდებით ყველა ტიპის ბულინგის შემთხვევებს: ფიზიკურს, ვერბალურს, ფარულს, კიპერბულინგს. სკოლაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური…) განსხვავებული ბავშვები. ბულინგის მოტივაცია სხვადასხვაგვარია – შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი და სხვ. ბულინგი სკოლაში უარყოფითად აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე.

პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ლიტერატურის მასწავლებელს. გაკვეთილებზე ხშირად უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს ძალადობის თემაზე დაწერილი ნაწარმოებები. სწორად შერჩეული სტრატეგიით წავაკითხოთ და გავააზრებინოთ ტექსტი, დავაფიქროთ პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, ვაპოვნინოთ პრობლემის გადაჭრის გზები. სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში შეტანილია ნაწარმოებები, რომლებშიც წამოჭრილია სხვადასხვა ტიპის ძალადობის პრობლემა (თ. ჭეიშვილის „სურათებიანი წიგნი“, ა. სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“ და სხვ.). ტექსტების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ბულინგი პრობლემაა ჩვენს სკოლაშიც. ამიტომ, არ დავკმაყოფილდი სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტებით. მოვიძიე და შევიტანე დამატებითი მასალა, მათ შორის მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები, აგრეთვე, საინფორმაციო ტექსტები.  გთავაზობთ ერთი გაკვეთილის მოკლე აღწერას.

მე-7 კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: ორი სხვადასხვა სახის ტექსტი ერთ თემაზე. კლასში დასამუშავებლად შევიტანე ორჰან ფამუქის „სკოლაში არ მივდივარ“ (წიგნიდან „სხვა ფერები“) და საინფორმაციო ტექსტი ბულინგზე.

გაკვეთილის მიზანი იყო: მხატვრული ტექსტისა (ფამუქის „სკოლაში არ მივდივარ“) და ბულინგზე საინფორმაციო სტატიის წაკითხვა; წაკითხული ტექსტების შედარება; წაკითხულის გარშემო საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; წაკითხულის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან.

მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი აქტივობები:

  1. სურათის, სათაურისა და პირველი სტრიქონების მიხედვით თემასთან დაკავშირებით მათი ვარაუდის მოსმენა;
  2. ასოციაციური რუკაზე მუშაობა  ბულინგზე  ცოდნის გააქტიურების მიზნით;
  3. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი, გამოხატეს საკუთარი ემოციები წაკითხულის გარშემო, იმუშავეს ჯგუფებში, შეავსეს სქემები (პერსონაჟის რუკა, დაამყარე კავშირი);
  4. წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტი და ვენის დიაგრამით შეადარეს მხატვრულ ტექსტს;
  5. იმსჯელეს ტექსტებში დასმულ პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, გამოიტანეს დასკვნები, დაუკავშირეს წაკითხული საკუთარ გამოცდილებას;
  6. საშინაო დავალებად მიეცათ, მიეწერათ წერილი პესრონაჟისთვის, სადაც მისცემდნენ რჩევა-დარიგებას, თუ როგორ გადაეჭრა პრობლემა.

მოსწავლეები შეფასდნენ ჯგუფური მუშაობისა და წაკითხულის გაგება-გააზრების შეფასების რუბრიკების მიხედვით. ჩემი აზრით, მსგავსი ტექსტები ხშირად უნდა შევიტანოთ კლასში, რადგან მათი წაკითხვა-გააზრება მოსწავლეებს ეხმარება პრობლემის გაცნობიერებაში.

სწავლასა და რეალურ ცხოვრებას შორის კავშირების დანახვის მიზნით მოსწავლეებს ვრთავ სხვადასხვა სახის კვლევით აქტივობაში, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მათ მოტივაციას. ბულინგის პრევენციის ეფექტური გზაა პროექტების განხორციელება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. მე-8 კლასში დავგეგმე სოციალური პროექტი „არა ბულინგს!“, რომლის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კვლევა „ბულინგი ჩვენს სკოლაში” (მომზადდა კითხვარები, კლასი დაიყო სამ ჯგუფად და კვლევა ჩატარდა სხვადასხვა საფეხურზე), დისკუსია, ნახატების, პლაკატების მომზადება, ბუკლეტების მომზადება და გავრცელება, პროექტის პრეზენტაცია. სამოდელო გაკვეთილზე (გამჭოლი კომპეტენციები-ციფრული წიგნიერება, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები) გაკეთდა კვლევის პრეზენტაცია. გაკვეთილის მიზნები: ჯგუფთან ერთად განხორციელებული კვლევის-„ბულინგი ჩვენს სკოლაში“ – შედეგად მიღებული მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამების სახით წარმოდგენა; ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება ინფორმაციის ორგანიზებისას შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად; კვლევის, ანალიზის, პრეზენტაციისა და თანამშრომლობის  უნარების განვითარება; პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა. გაკვეთილი დაიგეგმა ესგ-ის მოთხოვნების შესაბამისად (ქართ. VIII. 1. ქართ. VIII. 4.).

გაკვეთილზე შეთავაზებული აქტივობები: მასწავლებელი კლასს ყოფს სამ მცირე ჯგუფად. სთხოვს, აიღონ მაგიდიდან ბარათი, რომელზეც მოცემულია სიტუაცია თემაზე – სასკოლო ბულინგი. მოსწავლეები იღებენ ნებისმიერ ბარათს, განიხილავენ ჯგუფში, ინაწილებენ როლებს, ამზადებენ და წარმოადგენენ სიტუაციას როლური თამაშის სახით. შემდეგ მოსწავლეები საუბრობენ თავიანთ ემოციებზე, ამოიცნობენ, ბულინგის რომელი სახე იყო წარმოდგენილი სიტუაციაში. მასწავლებელი მიმართავს ჯგუფებს, წარმოადგინონ კვლევის პრეზენტაცია. ჯგუფების მიერ შერჩეული პრეზენტატორები წარმოადგენენ პროექტის – არა ბულინგს! – ფარგლებში განხორციელებული კვლევის – ბულინგი ჩვენს სკოლაში – პრეზენტაციას. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს:

1-ლი ჯგუფი -„ბულინგი დაწყებით საფეხურზე“;

მე-2 ჯგუფი- ბულინგი საბაზო საფეხურზე“;

მე-3 ჯგუფი – ბულინგი საშუალო საფეხურზე“.

   მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს:

  • რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის კვლევის განხორციელება?
  • რა სარგებელი მოგიტანათ სკოლის კვლევაზე მუშაობამ?
  • რა თემებზე ისურვებდით მომავალში კვლევების განხორციელებას?

იმართება დისკუსია, მოსწავლეები მსჯელობენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი პრეზენტატორებს აფასებს პრეზენტაციის შეფასების სქემის მიხედვით, მოსწავლეები კი აფასებენ თავიანთ მონაწილეობას კვლევითი პროექტის განხორციელების პროცესში.

 ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილები, პროექტები და სხვა სახის აქტივობები ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, უვითარებს მათ სხვადასხვა საჭირო უნარს, მაქსიმალურად რთავს მათ სასწავლო პროცესში, ეხმარება პრობლემის გააზრებასა და გადაჭრის გზების ძიებაში, ასწავლის ხალისით, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე.    

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://sputnik-georgia.com/reviews/20170215/234886318/arsebobs-tu-ara-bulingis-oficialuri-statistika-saqartveloshi.html

https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/63644-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/19/

განწყობის სკოლა

0

განწყობა, გავრცელებული განმარტების თანახმად, შინაგანი მზაობაა, რომელიც საჭირო დროს სათანადო ცოდნისა და უნარების გააქტიურებასა და მობილიზებას გვიადვილებს. ყველასათვის ცნობილი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის თეორიის თანახმად, განწყობა რამდენიმე ფაქტორისგან – სუბიექტური მოთხოვნილებისა და ობიექტური გარემოსგან შედგება. მოგვიანებით, შოთა ნადირაშვილმა (ფსიქოლოგი, განწყობის ანთროპული თეორიის ავტორი) უზნაძისეულ ფაქტორებს კიდევ ერთი მიმართულება მიამატა – ოპერაციული შესაძლებლობები, ანუ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გვჭირდება ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.

თურმე განწყობაც შეიძლება იერარქიულად გაიზომოს. სიტუაციური განწყობა ერთჯერადია და კონკრეტულ სტიმულზეა დამოკიდებული, ფიქსირებული – სტაბილურია, მაგრამ მაინც საჭიროებს გარეგან სტიმულს, დისპოზიციური (თვითსტიმულაცია) განწყობის შემთხვევაში კი ინდივიდი თავად ეძებს შესაბამის გარემოს და სიტუაციას სასურველი ქცევის განსახორციელებლად.

შეიძლება იფიქროთ, განწყობას რაღა კვლევა და თეორია სჭირდებაო. არადა, სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა ნაყოფს გამოიღებს ჩვენი შრომა. ყველაფერი ხომ რაიმეს ნახვის/მოსმენის სურვილის გაჩენით იწყება.

სასწავლო მოტივაცია, რომელსაც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების სპეციალისტები, სწორედ განწყობის თეორიას ეხმიანება. მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობას კი ყველაზე მეტად აფექტური სასწავლო მიზანი მიესადაგება.

როგორც ვიცით,  სასწავლო მიზანი სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწორედ სასწავლო მიზანი განსაზღვრავს, რის სწავლებასა და შეფასებას ვაპირებთ კონკრეტული გაკვეთილით ან გაკვეთილების ერთობლიობით. სასწავლო მიზნის მთავარ ინდიკატორს დასახული მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება და დაკვირვებადი ქცევის ტერმინებით (მაგალითად, იხსენებს, ჩამოთვლის, ამოიცნობს, აკავშირებს…) გადმოცემა წარმოადგენს. ანუ მიზანი კარგად უნდა ასახავდეს მოსალოდნელ შედეგს და მოსწავლეზე დაკვირვებით ობიექტური დასკვნის გამოტანა ერთზე მეტ დამკვირვებელს უნდა შეეძლოს.

სასურველია, სასწავლო მიზანში დაკონკრეტებული იყოს ის სასწავლო გარემო/პირობები და კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე შეძლებს კონკრეტული ქცევის შესრულებას. ასევე უნდა განისაზღვროს, რა დონეზე მოეთხოვება მოსწავლეს აღნიშნული ქცევის შესრულება (მხოლოდ ნასწავლი საკითხების ამოცნობა, თუ მათი გაგება-გამოყენებაც)

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს სასწავლო მიზნების ტაქსონომია, რომელიც სწორედ მოსწავლეთა მიღწევების დონეს ზომავს. სანამ განწყობასთან დაკავშირებულ სასწავლო მიზანს ჩავუღრმავდებოდე, ზოგადად მიმოვიხილავ მიზნის სპეციფიკას. როგორც ვიცით, სამივე სფეროს აქვს თავისი ტაქსონომია (იერარქია), რომელიც დაძლევის დონეებისგან შედგება. საგანმანათლებლო სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია კოგნიტური (შემეცნებითი) სასწავლო მიზანი, რომლის მიღწევის დონეებიც ყველასათვის კარგად ნაცნობი ,,ბლუმის ტაქსონომიით“ იზომება.

რაც შეეხება ფსიქომოტორულ (უნარ-ჩვევები) მიზანს, ამ მიმართულებით ტაქსონომიის აგება ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან იგი შეიძლება მოიცავდეს, როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური სფეროსთვის დამახასიათებელ ინდიკატორებს. ფსიქომოტორული სფეროს ძირითადი მიმართულება კუნთოვანი მოძრაობების საშუალებით კონკრეტული უნარების შეძენაა, რაც, თავის მხრივ, ფსიქიკის მეშვეობით იმართება. სასწავლო მიზნის ზემოაღნიშნულ ტიპს ყველაზე ხშირად პროფესიულ განათლებაში იყენებენ. ,,დეივის ტაქსონომიაშიც“ დაცულია ბლუმის იერარქიის მთავარი პრინციპი – მარტივიდან რთულისკენ. შეფასება იწყება იმიტაციის უნარის გაზომვით, რომელსაც მოსდევს მანიპულაცია (დასწავლილი მოქმედებების მითითებების დახმარებით შესრულება) და სიზუსტე (დასწავლილი მოქმედებების დამოუკიდებლად შესრულება). იერარქიის მწვერვალს კი ჩვევების კომბინირება (უნარების ინტეგრირება დასახული ამოცანის შესასრულებლად) და ნატურალიზაცია (ავტომატიზებული ქცევა) იკავებს.

აფექტურ (ემოციურ) სასწავლო მიზანთან დაკავშირებული ტაქსონომია ადამიანის განწყობას, ემოციებს, გრძნობებსა და ღირებულებებს მოიცავს. იგი ბლუმმა კოლეგებთან ერთად 1964 წელს შექმნა. კოგნიტურის მსგავსად, აფექტური სფეროს ტაქსონომიაც იერარქიულია და ზომავს კონკრეტული ადამიანისა თუ ჯგუფის განწყობას ან კონკრეტული ღირებულებების მიღება-გათავისების დონეს. აღნიშნული იერარქიის დასხმარებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა მოლოდინი და დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს სასწავლო გარემოსა და მიმდინარე აკადემიური პროცესების მიმართ.

I საფეხური მიღება/გაცნობიერება მოსწავლეს აქვს რაიმეს მოსმენის/გაგების სურვილი
II საფეხური

 რეაგირება

მოსწავლე აქტიურდება სასწავლო პროცესში, მოეთხოვება არჩევანის გაკეთება შეთავაზებულ ვარიანტებს შორის. მას აქვს მოქმედების სურვილი და სიამოვნებს იმ საქმიანობის პროცესი, რომელშიც საკუთარი ნებითაა ჩართული.
III საფეხური  ღირებულების გააზრება ინფორმაციის დამუშავების შედეგად მოსწავლე იღებს და ითავისებს ღირებულებებს/დამოკიდებულებებს. აქვს საკუთარი შეხედულება მოვლენებისა თუ საგნების შესახებ, თუმცა ერიდება საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას.
IV საფეხური

ღირებულებათა სისტემის ორგანიზება

აღნიშნულ საფეხურზე იდეები გაცნობიერებულია და კონკრეტული პიროვნების ღირებულებების სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
V საფეხური

ღირებულებათა სისტემის გათავისება

 პიროვნება/ჯგუფი მოვლენებს აღიქვამს და იქცევა საკუთარი  ღირებულებების შესაბამისად.

 

როდესაც გაკვეთილს აფექტურ მიზანზე დაყრდნობით ვაგებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, აფექტური სფეროს რა დონეზე ვგეგმავთ მოსწავლეთა შეფასებას და რამდენად რეალური მოლოდინები გვამოძრავებს. მაგალითად, ახალი საგნის პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებისგან ღირებულებათა სისტემის გათავისება არ უნდა მოვითხოვოთ, რადგან მათ ჯერ მიღება-გაცნობიერების ფაზა არ გაუვლიათ.

სანამ კონკრეტული მიზნის შედგენასა და გაზომვას შევუდგებით, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • ყოველი ახალი საკითხის შესწავლის წინ  მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დასახოს ახალი სასწავლო მიზანი, რომლის მიხედვითაც დაგეგმავს სასწავლო პროცესს.
  • მიზანი  უნდა მოიცავდეს მისი განხორციელებისკენ მიმართულ კონკრეტულ აქტივობებს და ეხმიანებოდეს საბოლოო სასწავლო მიზანს.
  • შესაძლებელია, თემატური ერთეულისა და გაკვეთილის მიზნების მსგავსად, მასწავლებელმა არ გაწეროს თითოეული აქტივობის მიზანი, მაგრამ ისინი ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს გაკვეთილის მიზანს და მოსწავლეები თანმიმდევრულად მიჰყავდეს სავარაუდო შედეგამდე.
  • მოსწავლეებს, შეფასების კრიტერიუმებთან ერთად, მასწავლებელმა სასწავლო მიზანიც უნდა გააცნოს;
  • გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებისთვის გასაგები ენით/ნაცნობი ლექსიკური ერთეულებით უნდა იყოს შედგენილი;
  • მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, მკაფიო (ნათელი) და გაზომვადი;
  • მიზანში დაფიქსირებული შედეგის გაზომვა შესაძლებელი უნდა იყოს განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტით;
  • კარგად გაწერილი სასწავლო მიზანი ზრდის სასწავლო მოტივაციას და  მოსწავლეს სასურველ შედეგამდე მისვლას უადვილებს.

აქვე გაგიზიარებთ გრძელვადიან აფექტურ მიზანს, რომელიც ერთ-ერთი საგნობრივი პროექტის დაგეგმვისას შევადგინე.

აფექტური სასწავლო  მიზანი

საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი:  IV

სემესტრი:  II

თემა:  წიგნის საერთაშორისო დღე

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

აფექტური მიზანი: მოსწავლეები დამოუკიდებლად შეარჩევენ და წაიკითხავენ მხატვრულ ლიტერატურას; გაითავისებენ რჩეული წიგნის ღირებულებებს და გამოავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას სლაიდ-შოუს, პოსტერის, კომიქსის ან სარეკლამო ბუკლეტის პრეზენტირების გზით.

მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლე აღიქვამს კითხვის და მასთან დაკავშირებული ესთეტიური ფაქტორის მნიშვნელობას, საკუთარი სურვილით შეარჩევს მხატვრულ ტექსტს,  დამოუკიდებლად წაიკითხავს, გაიზიარებს მასში ჩადებულ იდეას/ღირებულებას და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ მასალაზე დაყრდნობით შესრულებულ დავალებაში.

შინაარსი:  საკითხავი მასალის შერჩევა, წაკითხვა და დამუშავება; პრეზენტაციისთვის თვალსაჩინოების მომზადება; რჩეული წიგნის აუდიტორიისთვის წარდგენა.

კატეგორიები: აღნიშნული პროექტი იზომება  აფექტური ტაქსონომიის I, II, III  და IV საფეხურების მიხედვით.

როგორც ვხედავთ, მიზანთან დაკავშირებული აქტივობები კოგნიტურ შინაარსსაც ატარებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ვაფასებთ არა შესრულების აკადემიურ ხარისხს, არამედ მოსწავლის დამოკიდებულებას დავალებების მიმართ და ღირებულებათა ცვლას პროექტზე მუშაობის პროცესში. აფექტური მიზნის შედგენის მსგავსად, არც მიღწეული შედეგების გაზომვაა იოლი საქმე. ამიტომ, ამ თემას ,,განწყობის სკოლის“ შემდეგ ,,გაკვეთილზე“ განვიხილავ.

 

მეიგავე ერლომი

0

„თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა!

ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია… გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი.

თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე, იქნებ საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც სულიერი სიმშვიდის გვირგვინს დაგადგამს.

საერთოდ, შენი რაობა, შენი არსება არ შეიძლება შედარების საგანი გახდეს. შედარებითი სრულყოფა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიაღწიო სრულყოფას საკუთარ შესაძლებლობებში, ანუ შენ შეიძლება დაემჯობინო საკუთარ თავს.“

ერლომ ახვლედიანი

 

კაცი იყო, უცნაური სახელი, ერლომი, ერქვა და საოცრად წერდა.

მე ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ მიხარია, ნანახი რომ მყავს. არც შეხვედრის ადგილი მახსოვს, არც დრო. ფრაგმენტი მაქვს უბრალოდ გონებაში: ვიღაც წვერებიანი, ჭაღარა, საყვარელი გარეგნობის კაცი; აი, ისეთი დიდი და სქელმინებიანი სათვალით, თვალებს რომ უპატარავებს ადამიანებს. ჩვეულებრივზე უფრო უბრალოდ და დაუდევრად ჩაცმული, თავის შვილს, 12-13 წლის ცელქ, მოუსვენარ ბიჭს წარმოუდგენლად მშვიდად აძლევს შენიშვნას … რატომღაც ყველა ( მაშინ რა ვიცოდი, ვინ იყო) ბატონო ერლომობით მიმართავს.

მართლა განსაკუთრებული უნარია, გამოირჩე შენი უბრალოებითა და გამორჩეულობის არსიყვარულით. ერლომ ახვლედიანი ჩემთვის ჩუმად გენიალური მწერლების კატეგორიას მიეკუთვნება, სიცოცხლეშიც რომ ჩუმები არიან და გარდაცვალების შემდეგაც. მაგრამ ეს განსაკუთრებული სიჩუმე გაგრძნობინებს, რომ სინამდვილეში რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ხმაურს წაუყრუე და გაიძულებს, დაძაბო მთელი სხეული, სული და ისე უსმინო ამ სიჩუმეს და აღმოაჩინო! მე პირადად, ზუსტად ეს დამმართა ერლომ ახვლედიანის შემოქმედებამ თავის დროზე.

ამ სტატიაში მხოლოდ მეიგავე ერლომზე უნდა ვილაპარაკო. იმიტომ, რომ მასში, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ მეიგავე ცხოვრობდა. გარდა იმისა, რომ იგავებს წერდა, იგავურია თავისი ხასიათით მისი მოთხრობებიც:  ,,ვანო და ნიკო“, ,,აღუ“, რომანი ,,კოღო ქალაქში“…

ვისაც ერლომის სახელი და გვარი გაუგია, იცის, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ნიჭისა და  ხელწერის სცენარისტია ქართულ კინემატოგრაფიაში.

ჩემთვის მისი კინოც იგავებია, სიმბოლოებითა და ალეგორიებით სავსე. ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმია ,,საერთო კედელი“, ორ განსხავებული ხასიათისა და ინტერესის მეზობელზე, რომლებიც ვერ უძლებენ ერთმანეთის ხმაურს კედლის იქით, მაგრამ გარეთ რომ გადიან, ვერც კი ხვდებიან, ის კედლის აბეზარი მეზობლები რომ არიან და ერთმანეთს დიდი თავაზით ექცევიან. თითქოს ჩვეულებრივი მეზობლური ამბავია, მაგრამ ერთი ეპიზოდია, აივნიდან ებრძვიან ცოცხებითა და იატაკის ჯოხებით ერთმანეთს, კუთხის აივნებია, სხვადასხვა მხარეს და ერთმანეთს მაინც ვერ ხედავენ,ისე იქნევენ თავიანთ „ იარაღებს“, ეგებ მიაწვდინონ ერთმანეთს. მაგრამ გაოცებისგან პირდაღებული მაყურებელი აღმოაჩენს, რომ სხვადასხვა სართულზე დგანან. მაშინ როგორღა აქვთ საერთო კედელი? არადა, ნამდვილად აქვთ, რადგან ფილმი სწორედ ამ კედლის განგრევითა და საერთო კარის გაკეთებით სრულდება. უცნაური დეტალია, პარადოქსული, რომელიც შეგახსენებს, რომ ფილმის სცენარის ავტორი ერლომია – პარადოქსული აზროვნების დიდოსტატი.

ერლომ ახვლედიანი იგავებსაც წერდა და არაკებსაც. დიახ, მათ შორის განსხვავებაა, ყველა ლექსიკონში იგავი განმარტებულია დამრიგებლური ხასიათის, ალეგორიულ ნაწარმოებად, ხოლო არაკი – ზღაპრული შინაარსის იგავად. დიდი მეცნიერი, პროფესორი რევაზ სირაძე ჯერ კიდევ სტუდენტებს გვიხსნიდა, რომ სინამდვილეში ,,იგავ-არაკი”  შეცდომით წარმოქმნილი კომპოზიტია და იგავი და არაკი განსხვავდება თავისი არსით. უბრალოდ, ამ კომპოზიტის შექმნა იმან გამოიწვია, რომ, მაგალითად, სულხან-საბა იგავებსაც ( მასში პერსონაჟები ადამიანები არიან) წერდა და არაკებსაც ( სადაც პერსონაჟებად ცხოველები არიან გამოყვანილი) და ,, სიბრძნე სიცრუისა“ ნამდვილად იგავ-არაკების ანუ იგავებისა და არაკების კრებულია. თუმცა მხოლოდ ერთი თხზულება სინამდვილეში ამ ორისაგან ერთ-ერთია. აი, სახარებაში არაკები არ არის, იქ მხოლოდ იგავებია.

საინტერესო იგავები აქვს ერლომ ახვლედიანს დაწერილი ( არაკებიც), მაგრამ არც ერთი არ არის თავისი სტილით კლასიკური იგავი. მორალი არ დევს ზედაპირზე ( ანუ მისი ამოცნობა საკმაოდ რთულია) და მით უმეტეს, მზამზარეული შეგონებაც არ არის ბოლოში გამოტანილი, არც ახსნა მოსდევს სახარებისეულად.

თავისთავად აღძრავს ფიქრს და ხელმეორედ გადაკითხვის სურვილს მისი იგავები. ყველა ნიუანსი, ყველა ფრაზა, სიტყვა, ყველა მხატვრული სახე მნიშვნელოვანია არსის წვდომისთვის. კომპოზიციურადაა გადაჯაჭვული ერთმანეთს თითოეული სიტყვა, რომელთა გადანაცვლებით ის აღარ გამოვა, რისი თქმაც მწერალს სურდა.

უცნაური სათაურები აქვს ერლომის იგავებს, ერთი სტრუქტურის: ,, კაცი, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარდა, ,, ამბავი კაცისა, თავი რომ დაკარგა“,  ,,ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა“, ,,დღეგრძელი კაცის ამბავი“, ,,ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო“, ,,ამბავი კაცისა, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარდა“ ან „შურიანი კაცის იგავი“, ან „მეოცნებე კაცის იგავი“… საკმაოდ ბევრი ,,კაცი“ ჰყავს, ბევრი ისტორიით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დასაფიქრებელი ხასიათითა და ქცევით…  იგავების უმეტესობა კი ასე იწყება, თავისებურად – „კაცი იყო…“

ერლომ ახვლედიანის იგავებში არ არიან კარგი და ცუდი კაცები, მის იგავებში ცხოვრობენ ადამიანები თავიანთი განსაკუთრებული თავგადასავლებით, რომლებიც ჩვეულებრივი ამბებისაგან იმითი განსხვავდება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გასწავლის… მაგალითად, გასწავლის, როგორ უნდა სძლიო შურს, სამშობლოს როგორი სიყვარული არაა სიყვარული, როგორ უნდა იცხოვრო მხოლოდ ერთი დღით, თუ „მპარავმა ხვალინდელი დღე“ მოგპარა და რამდენი რამ შეიძლება მოასწროს ადამიანმა ამ ერთ დღეში…

ამ ყველაფერს გადმოსცემს სწორედ იგავისთვის დამახასიათებელი, ან უფრო შეკუმშული ლაკონიზმით.

მისი იგავები რიტმული პროზის ნიმუშებია. მოკლე წინადადებები, ერთი და იმავე სიტყვებისა და ფრაზების ხშირი გამეორება ქმნის დამახასიათებელ რიტმს, ამიტომ ამ იგავებს ძალიან უხდება ხმამაღლა წაკითხვა.

ზემოთ ვახსენე, პარადოქსული აზროვნების დიდოსტატია ერლომი. ,,მეოცნებე კაცის ამბავში“ აღწერს კაცს, რომელიც სრულ იდილიაში ცხოვრობს, ჰყავს საყვარელი ოჯახი, სათუთად ზრუნავს მასზე, გარშემო ყველა და ყველაფერი უყვარს და ისიც ყველა-ყველაფერს უყვარს. იგავის ბოლო აბზაცში კი წამოწვება ეს იდილიურ-იდეალური კაცი და ოცნებობს სიძულვილზე, გულქვაობაზე, შურისმაძიებლობაზე, შიშზე…

„ანტონიმური ხასიათისაა“ მისი პროზა, ანტონიმურ სიტყვათა თამაშით ქმნის შინაგან წინააღმდეგობას შინაარსსა თუ იდეაში… ასე აღწერს კაცს, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა:

 „ წვიმაში იყო, წვიმაში ყოფნა უყვარდა, მზეზე იყო, მზეზე ყოფნა უყვარდა. ჩრდილიც უყვარდა.

მთვარიანი ღამეც უყვარდა და უმთვარო ღამეც უყვარდა.

ვარსკვლავებიც უყვარდა.

საქმე ჰქონდა, საქმეში ყოფნა უყვარდა. უქმად იყო, უქმად ყოფნა უყვარდა.

მთაც უყვარდა და ბარიც უყვარდა…“

და ასე იგავის ბოლომდე.

ასევე ანტონიმებით გადმოსცემს შურიანი კაცის განცდებს:

ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა… “

ანტონიმური სიტყვების ამ ერთგვარი თამაშით მწერალი კარგად აჩვენებს, როგორი ,,ორგემაგეა“ არა  მხოლოდ საწუთროს, არამედ კაცთა ბუნება და რა რთულია ,,ორბუნოვანი“ ადამიანისთვის საკუთარ თავზე გამარჯვება.

რაც შეეხება არაკებს, აქაც გამორჩეულია თავისი ხელწერით ერლომ ახვლედიანი. როგორც წესი, არაკები ერთგვარი ,,სტერეოტიპული პერსონაჟებით“ გამოირჩევა. მაგალითად: მელა ყოველთვის ცბიერია, თაგვი – მშიშარა, ვირი- აუცილებლად ჯიუტი და ა. შ.

ერლომის არაკში ,, მელი და ტყუილი“ მელა ყველაზე მართალი ცხოველია, ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ ამის გამო, სანამ ტყუილი არ მოატყუებდა და მატყუარას გახდიდა. არაკში  შთამბეჭდავადაა მოთხრობილი, როგორ გახდა მელა მატყუარა და მკითხველიც მისდამი თანაგრძნობით იმსჭვალება და არა უარყოფითი დამოკიდებულებით, როგორც არაკთა მელიების ხვედრია.

მეორე არაკში თაგუნა, უბრალოდ, ზარმაცია. წევს და გეგმავს, რას გააკეთებს, თუ ადგება, მაგრამ არ დგება, მხოლოდ გვერდს/ გვერდებს იცვლის, მწერალი გვაჯერებს, რომ რამდენჯერაც გადაბრუნდება თაგუნა, იმდენი გვერდი აქვს. აი, მეთერთმეტე გვერდზე რომ გადაბრუნდა და დაიძინა, მერე აღარ გათენებულა მისთვის, რადგან საკმაოდ გვიან აღმოაჩინა, რომ ვიღაცას ამოევსო მისი სორო. ღიმილისმომგვრელი და თან უცნაურად სევდიანია თაგუნას ამბავი. არც აქ ღალატობს თავის ,,პარადოქსულ აზროვნებას“ ერლომი: ,, – ,,დავინახავ ხაფანგს და ისე ავუვლი გვერდს, რომ ხაფანგმა ვერაფერი გაიგოს, როცა გაიგებს, უკვე გვიანი იქნება, ხაფანგი გაბრაზდება, მე უკვე შორს ვიქნები და ხაფანგს არავინ ეყოლება დასაჭერი, როცა ხაფანგს არავინ ეყოლება დასაჭერი, თავის თავს თვითონვე დაიჭერს“. პარადოქსულია, აბა, რა, საკუთარი თავის თვითონვე დამჭერი ხაფანგი და ალეგორიულობით ცოტათი ჰგავს სხვისთვის გამზადებულ ორმოში ჩავარდნილ ორმოსვე მთხრელს.

სრულიად განსხვავებული და საინტერესო პერსონაჟია უნიჭო ობობა, რომელმაც, მართალია, აბლაბუდას ქსოვა ვერ ისწავლა, მაგრამ ბზუილის სწავლა მშვენივრად გამოუვიდა: ,,  იმ დღის შემდეგ პატარა ობობა, სადაც კი აბლაბუდას ნახავდა, შიგ ჩაჯდებოდა და ბზუოდა, ყოველი მხრიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ დიდი ობობები…“ პატარა, უნიჭო, ონავარი ობობას ეს მხატვრული სახეც ღიმილისმომგვრელია, დამეთანხმებით.

ან კიდევ – არაკი „ მელა მასწავლებელი“ ასე მთავრდება: ,,საბოლოოდ ნაბოლარამ გადასანსლა მელა, რადგან უვიცი დატოვეს და ისიც კი არ ასწავლეს, რომ წიწილას არ შეუძლია, მელა გადასანსლოს“

საერთოდ, ეს სევდანარევი რაღაცნაირად მქრქალღიმილიანი და თბილი იუმორი ერლომ ახვლედიანის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. , ჩემი აზრით, ყველაზე თვალსაჩინო არაჩვეულებრივ ფილმ ,,არასერიოზულ კაცშია“.

სიტყვას კი არ მოჰყვა, მე მოვიყვანე, ვერ ავუარე გვერდი მაინც ამ ფილმს, ეს ფილმი მისი ცხოვრება მგონია და მისი ცხოვრება კიდევ ყველაზე ბრძნული იგავი.

 

 

 

 

 

პროფესია – მასწავლებელი. ირა ძირკვაძე

0

წალკიდან ოცი კილომეტრის დაშორებით სოფელი გუმბათი მდებარეობს. სოფელში, უკვე ოცი წელია,  აჭარელი ეკომიგრანტები არიან ჩასახლებული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. ირა ძირკვაძე, 23 წლის მასწავლებელიც ამ სოფლის მკვიდრია. იგი გუმბათის ერთსართულიან სკოლაში, სადაც 78 ბავშვი სწავლობს, ქართულს და ინგლისურს ასწავლის. თბილისში , არაბისტიკის შესწავლის შემდეგ , ირა საკუთარ სოფელში დაბრუნდა და ბევრი მისი თანასოფლელივით, ქალაქში აღარ უძებნია სამსახური. ირა იმაზე წუხს, რომ სოფელი იცლება, ახალგაზრდები საკუთარ ადგილს და სამსახურს ვერ პოულობენ სოფელში, რაც შემდეგ იქაურობის  მიტოვების მიზეზი ხდება. თუმცა, ვერც იმაში ხედავს ვერაფერს გასაოცარს, რომ საკუთარ სოფელში დაბრუნდა და სკოლაში  დაიწყო მასწავლებლად  მუშაობა.

 

,,ყველაზე რთული იყო მასწავლებლად შესვლა იმ საკლასო ოთახში, რომელიც  ჩემი ბავშვობის მოგონებებს ინახავს. გუმბათელებს ჯერ გაუკვირდათ ჩემი მასწავლებლად დაბრუნების ამბავი. ხშირად მეუბნებოდნენ მსგავს სიტყვებს : განა  იმისთვის ისწავლე ოთხი წელი, რომ ისევ გუბათში დაბრუნებულიყავი?! ნელ-ნელა გაიაზრეს, რომ ჩემი დაბრუნება ცუდი კი არა, კარგია”.

 

1990 -იან წლებამდე  გუმბათში ბერძნები ცხოვრობდნენ, ახლა კი ბერძენთა  მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი.   უმრავლესობამ სოფელი 90-იანი წლების მიწურულს დატოვა და  საბერძნეთს  მიაშურა. სხვადასხვა არტეფაქტებისა  და  ზეპირი გადმოცემების საფუძველზე  ვარაუდობენ, რომ ბერძნების ჩამოსახლებამდე აქ ქართული სოფელი იყო, რომელიც გაუდაბურდა და შემდეგ თურქეთიდან ჩამოსახლებულმა  ბერძნებმა სოფელს ახალი სიცოცხლე დაუბრუნეს. ახლა გუმბათს, აჭარელი ბავშვების მხიარული ხმები და შეძახილები  ახალისებს. ირა  ასეთ პროექტსაც ახორციელებდა:  ,,აღმოაჩინე შენი სოფელი”. მოსწავლეებთან ერთად დადიოდა სოფელში და ისტორიულ ამბებს აგროვებდა. პროექტის ჰონორარით ველოსიპედი იყიდა და ველოსიპედიანი  მასწავლებლის დანახვა სოფელში აღარავის  უკვირს. თავიდან კი :

 

,,პირველად ველოსიპედებით რომ წავედით გუმბათის გარშემო სასეირნოდ, რამდენიმე შემხვედრმა მითხრა, როგორ რისკავ, რომ ასე დაჰყვები მოსწავლეებსო. მაგრამ, მე ასე ვფიქრობ: თუ მოსწავლეებს დაანახებ რომ ენდობი, ისინი არასოდეს გაგიცრუებენ იმედებს”- იხსენებს ირა ძველ ამბებს.

 

ნოემბრის მიწურულს გუმბათის დილა მკაცრია და სუსხიანი. ადგილობრივები ზამთრისთვის ემზადებიან – თივას აწყობენ, შეშას იმარაგებენ. დილაადრიან სოფლის ორღობეებში თავსაფრიანი ქალები წყლის მოსატანად მიიჩქარიან, ზოგიერთი პირუტყვს მიერეკება. სოფელი არც გაზიფიცირებულია  და ასევე,  სასმელი წყლის პრობლემაც დგას.  სხვა პრობლემებიც არ აკლიათ: კარტოფილი მოჰყავთ დიდი რაოდენობით, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებენ.   ამ  და კიდევ ბევრ სხვა მიზეზთან ერთად  გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ აღარ მოუწევთ ქალაქში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს სოფლისკენ გული. ირა, ის სასიამოვნო გამონაკლისია, რომლის სოფელში დაბრუნებას ცვლილებები მოჰყვა და ახალი იმედები გააჩინა.

 

 

თუ თანმიმდევრობის  კანონს მივყვებით, ირასთან სტუმრად ჩასულები ჯერ მის სახლში ვხვდებით. სადაც აჭარული კერძებით გვიმასპინძლდებიან და იგრძნობა ძალდაუტანებელი  კეთილგანწყობა. ღუმელთან თბება ირას ბებო – მარიაჩკა. ტრადიციულ, მუსლიმურ თავსაბურავში გამოწყობილი და ოდნავ გოროზი გამომეტყველებით. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.  ირა მშობლებთან საუბრობს. მათი   მეგობრული დამოკიდებულება ირას მიმართ, იმაზეც მაფიქრებს, რატომ არის ასეთი ლაღი და პოზიტიური ახალგაზრდა მასწავლებელი და რატომ სჯერა იმ საქმის, რასაც ასე გულწრფელად აკეთებს. მის უკან – მისი  ოჯახია, ირას  ყველა საუკეთესო გეგმის და მიზნის მხარდამჭერი.

 

ირას ორივე მშობელი მასწავლებელია. დედა – ციცინო გობაძე ქართულს ასწავლის, მამა- ლევან  ძირკვაძე რუსულს და გეოგრაფიას. ირა ამბობს, რომ მშობლების პროფესიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ  და შემდეგ უკვე  საყვარელი პროფესიაც აპოვნინა.  წიგნები და განათლების თემებზე  საუბარი, ირას ბავშვობიდან ახსოვს. ახლა კი სამი მასწავლებლისგან შემდგარ ოჯახში ხშირად ხდება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, დისკუსია,  ერთმანეთს გაკვეთილებზეც ესწრებიან და ცდილობენ, საკუთარ პროფესიაში ერთმანეთის საუკეთესო პროფესიული მიდგომები გამოიყენონ. ირას დედას,  შვილის ახლებური და თანამედროვე მიდგომები მოსწონს. მოსწონს მისი თავისუფლება და სილაღე, მისი დამოკიდებულება ბავშვებთან, რომ არავის განასხვავებს და ცდილობს ყველასთან გულწრფელი იყოს.

 

პატარა სოფელი, რომელიც ვერც გზებით და ვერც გამართული ინფრასტრუქტურით თავს ვერ მოიწონებს, გადარჩენას განათლების გზით ცდილობს. ირასგან ვიგებთ, რომ გასულ წელს სოფლიდან 7 სტუდენტი წავიდა ქალაქში სასწავლებლად და მათგან ექვსმა დაფინანსება მოიპოვა.  ეს კი პატარა სოფლისთვის, რომელიც ასე მოკლებულია ცივილიზაციის სიკეთეებს, არც ისე ჩვეულებრივი ამბავია და ეს ამბავი განსაკუთრებით ძირკვაძეების ოჯახს ახარებს, რომელიც  გუმბათელი ბავშვების სამომავლო განათლებასთან გადაჯაჭვულია.

 

ირა სკოლაში წასასვლელად ემზადება. დღეს განსაკუთრებული დღეა მისთვისაც და მისი მოსწავლეებისთვისაც. ახალგაზრდა მასწავლებლის  სახლთან  მოსწავლეები იკრიბებიან, ველისიპედებით არიან…  მოკლე დოკუმენტურ ვიდეოს  ვიღებთ. ირა ველოტურს გეგმავს. ამ ამბავს ყველა ბავშვი  ყიჟინით ხვდება, თან ახალი თავგადასავალიც მოსწონთ. გუმბათელი ბავშვები არც ისე განებივებულები არიან სიახლეებით.

 

გიგი მიქელაძე, ნიკა კახაძე, ელენე მიქელაძე, თორნიკე მუშარბაძე, ლიზი ბერიძე, საბა საგინაძე, ლუკა გორგაძე, საბა ჭელიძე და გიორგი ბოლქვაძე – ირას მოსწავლეები არიან. ირა ამჯერად, ქართულის გაკვეთილს ატარებს.  ბიჭები უფრო აქტიურობენ, ვიდრე გოგონები. საკუთარ სურვილებზე და მისწრაფებებზე ყვებიან. რა უნდათ მომავლისგან, რატომ უნდა ისწავლონ, რას მოელიან განათლებისგან ; ასევე იმასაც ყვებიან,  რა არ აქვთ სოფელში, როგორ ოცნებობენ კარგ გზაზე, რომ უკეთესად ისეირნონ ველოსიპედებით და მომავალში ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ გაჭირვებაში მყოფ თანასოფლელებს დაეხმარონ.

 

,,საოცარი მოსწავლეები მყავს: გულწრფელები, მოუსვენრები, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულები;  წერენ ლექსებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს, ხატავენ მათთვის საინტერესო პერსონაჟებს; აკვირდებიან ყოველ დეტალს, ზოგჯერ მთავაზობენ, რომ საშინაო დავალება მათთან ერთად მეც დავწერო. საგაკვეთილო აქტივობებში ცვლილებები შეაქვთ. უხარიათ სიახლეები და ძალიან ჭკვიანურ შეკითხვებს სვამენ და ცდილობენ ყველაფერი  ობიექტურად შეაფასონ. ერთი მოსწავლე მყავს , წერა ეზარება ხოლმე. ერთ დღესაც გაბრწყინებული თვალებით მეუბნება :,,მას., რა მაგარი იქნება ისეთი კალამი რომ არსებობდეს, ვუთხრა რისი დაწერაც მინდა და თვითონ დაწეროს.”  წარმოგიდგენიათ, ლუკა რომ დიდი გაიზრდება  და თუ სამყარო მას დაეხმარება, შეიძლება გამომგონებელიც გახდეს. მერე რა, წერა თუ არ უყვარს, სამაგიეროდ, ფიქრი და ხატვა უყვარს.”

 

ახალგაზრდა მასწავლებელში ყველაზე დიდ, პროფესიულ დისკომფორტს მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი იწვევს და წუხს, რომ ჟურნალში ჩაწერილი ქულები სათანადო ინფორმაციას ვერ გვაძლევს მოსწავლის შესახებ და უფრო სხვა რამ არის საჭირო და მოსაფიქრებელი.

 

,,ყველაზე მეტად, მე და ნიშნები, ე.წ ქულები, ვერ ვუგებთ ერთმანეთს. მოსწავლეებს ისე სწყინთ დაბალი ქულის მიღება და ისე გაფაციცებული თვალებით შემოგყურებენ მაღალი ქულის მოლოდინში, სურვილი მაქვს ყველას ათიანები ჩამოვუწერო და გავახარო. მაგრამ, სამართლიანობის შეგრძნება მაინც სწონის ამ ყველაფერს და მიწევს რეალურად შეფასება. ვფიქრობ, მოსწავლეებთან ბევრი გვაქვს სამუშაო ნიშნებთან დამოკიდებულებაზე, რათა მათთვის ღირებული და მნიშვნელოვანი მხოლოდ დამსახურებულად, საკუთარი ცოდნის შესაბამისად მიღებული ნიშანი იყოს.  ნიშნების ნაცვლად, ყოველი სემესტრის ბოლოს სიამოვნებით დავწერდი თითოეული მოსწავლის დახასიათებას, თუ რა ისწავლა, რაში სჭირდება დამატებითი მეცადინეობა ან რას აკეთებს კარგად, ან რა უნდა გამოასწოროს. ოღონდ არა ისეთს, ადრე რომ წერდნენ :,,არის კარგი მოსწავლე, წერს კარგად და კითხულობს.”  უფრო დაკონკრეტებით რომ იყოს დახასიათებული მოსწავლის შესაძლებლობები.  ეს იქნება ინფორმაცია მასწავლებლისთვის, რათა უკეთესად დაგეგმოს შემდეგი სემესტრის თემები. მშობლისთვისაც კარგი იქნება ასეთი ინფორმაციის მიწოდება, რომ უკეთ დაინახოს მისმა შვილმა  რისი სწავლა შეძლო კარგად და რა მიმართულებით აქვს დამატებითი სამუშაო.”

 

ირას იმაზეც ვკითხეთ, თუ რა წინაღობები და გამოწვევები ხვდება ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლაში და ასევე, რა შეიძლება გახდეს ახალგაზრდა მასწავლებლისთვის იმედგაცრუების მიზეზი, თუ კი გადაწყვეტს თავისი პროფესიული არჩევანი სკოლას დაუკავშიროს.

 

,,როგორც ახალბედა მასწავლებელს, პირველ რიგში, დისკომფორტს მიქმნის მასწავლებლების მიმართ უნდობლობა. გვამოწმებენ, გვთხოვენ დამამტკიცებელ საბუთებს, რომ რაღაც ჩავატარეთ. გვთხოვენ, ვავსოთ შაბლონები, ყველა საბუთი ვაჩვენოთ რესურსცენტრის თანამშრომელს. ზოგჯერ მგონია, რომ ამ გარე ფაქტორების მოწესრიგება უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე მოსწავლის აღზრდა და მათთვის ცოდნის გადაცემა. გვთხოვენ , რომ აუცილებელია შემაჯამებელი გაკვეთილი და შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ არ უხსნიან, რომ ეს სამინისტროს ან რესურსცენტრის წარმომადგენლისთვის კი არ გვჭირდება, არამედ შემაჯამებელი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გაიგეს ჩვენმა მოსწავლეებმა და რა ვერ გაიგეს.  ხოლო შეფასების რუბრიკა იმისთვის გვჭირდება, რომ მოსწავლეებს გავაგებინოთ, თუ როგორ შეფასდებიან. საგანმანათლებლო სივრცეში  მუდმივი რეფორმები და მასწავლებლების ცდების ობიექტებად გამოყენებაც დამღლელია. თითქოს სულ შიშშია მასწავლებელი, რადგან მის პროფესიაში არ არის სტაბილური მდგომარეობა და სწორედ ეს იწვევს იმედგაცრუებასაც და ამ პროფესიის არაპოპულარობასაც”.

 

,,რთულია მასწავლებლობა, ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. ერთი კარგი გაკვეთილის ჩატარება პედაგოგისგან ძალიან დიდ ენერგიას, შრომას  და დროს მოითხოვს. მეოთხე გაკვეთილის შემდეგ  შინაგანად ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე, მაგრამ ერთი უბრალო მოსალმება მოსწავლეებისგან, რომლებიც მუდამ სითბოჩაღვრილი თვალებით შემომციცინებენ,  ყველაფერს მავიწყებს. ადამიანებს ხომ  ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია სამყაროს წინაშე და ვფიქრობ, რომ მე ყველაზე კარგად ჩემს პიროვნულ ვალდებულებებს მასწავლებლობით შევასრულებ. მასწავლებლობა ხომ იმასაც ნიშნავს, რომ გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა, სხვა ადამიანებისთვისაც იყო მნიშვნელოვანი და სხვებიც   საკუთარივით   შეიყვარო”.

 

ირა ორი წელია ,  რაც მასწავლებელია და უკვე მოიპოვა ბავშვების სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა მასწავლებელია, ყოველდღიურად ცდილობს, უფრო მეტი ისწავლოს და საკუთარი ცოდნა გუმბათელ მოსწავლეებს გაუზიაროს. ირა იმაზეც დარდობს, რომ გუმბათელი  ბავშვები ქალაქელი ბავშვებისგან განსხვავებით მოკლებული არიან ბევრ შესაძლებლობებს, ამიტომ ყოველი ახალი სამუშაო დღე  მისთვის გამოწვევაა, იპოვოს საკუთარ თავში ძალა და ენერგია, რომ  მოსწავლეების  ცხოვრებაში სასწაულები მოახდინოს.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...