ორშაბათი, მაისი 19, 2025
19 მაისი, ორშაბათი, 2025

ათი ფერი ”ვეფხისტყაოსანში”

0

ფერი მხატვრულ ტექსტებში უმნიშვნელოვანესი ესთეტიკური კატეგორიაა. სიმბოლიკაში მას საინტერესო დატვირთვას აკისრებენ მწერლები. ფერით შესაძლებელია ისეთი ქვეტექსტის მინიჭება ავტორის სათქმელისთვის, რაც ნაწარმოების უმთავრესი იდეური აქცენტების ამოხსნაში დაგვეხმარება. შესაძლოა, მკითხველისთვის გარკვეულ სირთულეს წამოადგენდეს მწერლის ჩანაფიქრის ამოცნობა, მაგრამ ამ საკითხების შესწავლა, დეკოდირება და ანალიზი შესაძლებელია. ლიტერატურათმცოდნეები საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიან ფერთა სიმბოლიკის საკითხებს და არსებობს მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტშიც კი მიღებული და საყოველთაოდ გაზიარებული ახსნები. მაგალითისთვის ცისფრისა და ლურჯის სიმბოლიკაც იკმარებდა. მხატვრობასა და ლიტერატურაში ეს ფერი იდეალის, რომანტიკული ოცნების, სასურველის, შეუცნობლის, მისტიკურის სიმბოლოდ ითვლება. სხვა დატვირთვა აქვს ლურჯ ფერს ”ვეფხისტყაოსანში”.

რუსთველი, როგორც სიმბოლოთა დიდოსტატი, ”ვეფხისტყაოსანში” ფერებს განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციას სძენს. ერთი ფერი პოემის მთელ სიუჟეტში ერთ კონკრეტულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და არ არის რთული ამოსაცნობი მისი დანიშნულება. პოემის სამყარო ისედაც მრავალფეროვანია, ხოლო ფერები პოეტს ეხმარება თავისი საიდუმლოებების მკითხველისთვის დამაინტრიგებლად მიწოდებაში. პოემა მთლიანად ლიტერატურულ მისტიფიკაციად უნდა ჩავთვალოთ. აქ საიდუმლოა ავტორის ვინაობა, პოემის ფაბულა და სიუჟეტი, გმირთა ვინაობა, ქვეყნები და ქალაქები, დრო და სივრცე (ქრონოტოპი), მაგრამ რუსთველოლოგია ამ საიდუმლოებებს თავისებურად ხსნის და მომზადებულ მკითხველსაც შეუძლია ნაირგვარი ინტერპრეტაციებით ტექსტის აღქმა.

პოემის ფერთა სამყარო პირობითად ამგვარ პალიტრას გვთავაზობს (ძირითადად დომინირებს ათი ფერი):

  • შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა (სამი სკნელი, სამი რაინდი და სამი ფერის ცხენი – მითოსური პარადიგმა);
  • ოქროსფერი, ძოწისფერი და ჭრელი;
  • მწვანე და ნარინჯისფერი;
  • ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები.

შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა

ქართულ მითოსსა და ჯადოსნურ ზღაპრებში კოსმოსის აღქმა ყოველთვის ასეა შემოთავაზებული: სამყარო იყოფა სამ სკნელად – ზესკნელი-შუასკნელი-ქვესკნელი. უძველეს მსოფლაღქმაში ზესკნელი უფლისა და ანგელოსების საუფლოა და მას თეთრი ფერი შეესაბამება, შუასკნელი – ადამიანთა სამყოფელია, მიწიერება, რომლის სიმბოლო წითელი ფერია, როგორც ფერი სიცოცხლისა, სისხლისა და სიყვარულისა, ხოლო ქვესკნელი ანუ სულეთი მიცვალებულთა საუფლოა და მისი შესაფერისია შავი ფერი, თუმცა აქ სიკვდილთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაბამიც არის, ვინაიდან მიწის წიაღში ჩადის თესლი, ღვივდება და ახალი სიცოცხლე იბადება. მითოსური წარმოდგენით ასევე არსებობს კულტი სამი მესია-გმირისა, რომლებიც ამ სამი სკნელის ფერების ცხენებზე არიან ამხედრებულნი. რუსთველი ზუსტად მისდევს ამ მითოსურ წარმოდგენებს. ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი ხსენებული მითოსური არქეტიპების „რეინკარნაციად“ გვევლინებიან. ავთანდილი, როგორც უფალთან მიახლოებული, ნათელი გმირი, თეთრ ცხენზე ზის; ტარიელი, როგორც სატრფოს დამკარგავი, ქვესკნელში ჩასული, განმარტოებული, სევდიანი გმირი – ფრიდონის ნაჩუქარ შავ ცხენზე ზის; ხოლო ფრიდონი ნამდვილი შუაკაცია, მიწის კაცი, ის რჩეული რაინდია, მაგრამ ავათანდილს და ტარიელს ვერ შეედრება. როცა სამნი ერთად მიდიან, რუსთველი მათზე ამბობს: ”ორნი მზენი, ერთი მთვარე”. ფრიდონის ცხენის ფერზე ”ვეფხისტყაოსანში” მითითება არ არის, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის, როგორც წითელი სკნელის გმირი, წითელ ცხენზე ზის.

საინტერესო დატვირთვა აქვს წითელ ფერს ავთანდილის გულანშაროში ყოფნის ეპიზოდში, ჭაშნაგირის მოკვლის სცენაში. ჭაშნაგირის სახლი სანაპიროზე ასეთი იყო: ”ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა”… სახლი ძალიან მდიდრული იყო, მაგრამ წითელი და მწვანე უგემოვნო ფერთა შეხამებაა, რაც ჭაშნაგირის მდაბიო ბუნებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

1953 წელს ბუენოს-აირესში გამოიცა ცნობილი ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის წიგნი ”ვეფხისტყაოსნის” ფერთამეტყველება”, სადაც თეთრი ფერი პოემაში მიჩნეულია სიმშვიდის, სიკეთის, სინათლის, სიახლის, ძიების და აღმოჩენის ფერად. თეთრი, ბროლ-ფიქალი, ასევე თეთრი ფერის ქვები, სადაფი და მარგალიტი ითვლება გონებისა და სულის სინათლის ფერებად. წითელი ფერი სიყვარულის და, ამასთან, სისხლის, შურისძიების ფერია. ტარიელმა წითელი ატლასით მორთო სასიძოს, ხვარაზმელი უფლისწულის, კარავი, როგორც მოსალოდნელი სისხლისა და შურისძიების სიმბოლო. ტარიელის შავი ცხენი მას თან ახლავს განუყრელად, მისთვის მხსნელი და მშველელია, ქაჯეთის ციხის აღების დროსაც ფრიდონი გაეხუმრა ტარიელს (”ვეფხისტყაოსანი” ნოდარ ნათაძის რედაქციით, თბილისი, 2014, სტროფი 1414): ”მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა, / ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, / თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”…

შავის და თეთრის სიმბოლიკას უკავშირდება ვეფხის ტყავიც, როგორც პოემის უმთავრესი სიმბოლო. ნათელი (იგივე თეთრი) და შავი ზოლების მონაცვლეობა ტარიელის ვეფხის ტყავზე სიმბოლოა სამყაროში ბოროტისა და კეთილის, ორი ანტაგონისტური ენერგიის,  ჭიდილისა.

ძოწისფერი, ოქროსფერი და ჭრელი

ძოწისფერი წითლის ელფერია, ”გამუქებული” წითელი, და მას პოემაში საინტერესო ფუნქცია აქვს. ძოწეულით მოსილია ავთანდილი, როცა სანადიროდ მიდიან. ნადირობა შუასკნელის საქმეა, მიწიერი ძიება, სარჩოს მომპოვებლობა, ნადირის სისხლის ღვრა, რაც წითელ ფერთან ასოცირდება და წითლის ზემოაღნიშნულ სიმბოლიკასთან არის კავშირში.

საინტერესოა ოქროსფერის სიმბოლური დატვირთვა. ოქროსფერი ”ვეფხისტყაოსანში” მეფური დიდების ფერია და ავთანდილსაც ოქროსფერი რიდე (”პირ-ოქრო რიდე ებურა”…) მოსავს, როგორც მომავალ მეფეს, მიწიერ დიდებაში მყოფ გმირს, ძალაუფლებით აღჭურვილს, ფიზიკურად და მორალურად ძლიერ, მშვენიერ არსებას, რენესანსული აზროვნების იდეალური გმირის განსახიერებას. ოქროსფერი რიდე ასევე შეიძლება დავუკავშიროთ შარავანდედს, რომელიც წმინდანებს ჰმოსავთ ხატებზე.

ასევე ავთანდილთან არის დაკავშირებული ჭრელის სიმბოლიკა. როცა ახლადგამეფებულმა თინათინმა პირველად იხმო თავისი სპასპეტი, იოლი წარმოსადგენია ავთანდილის სიხარული. მას თინათინის გამეფება ხომ სწორედ ამის გამო აბედნიერებდა, ფიქრობდა, ”ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისაო”… მეფესთან პირველ შეხვედრაზე ავთანდილი ასე შეიმოსა: ”ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა, უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა”… ჭრელი კაბა აქ ზუსტად ეხმიანება გმირის ამაღლებულ განწყობას, ბედნიერებასა და სიხარულს, ის მდიდარი სულიერების და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოც არის.

მწვანე და ნარინჯისფერი

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ (ვიქტორ ნოზაძე), მწვანე ფერი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში დაკავშირებულია იმედთან, სიკეთესთან, მოლოდინთან და ძიებასთან და სწორედ ამას გამოსახავს ის ”ვეფხისტყაოსანშიც”. ნოზაძე აღნიშნავს, რომ ქრისტიანობაში მწვანე სამებისა და ეპიფანიის ფერია. პოემის მთავარი სიმბოლოა ნესტანის მწვანე კაბა, რომელიც მას ტარიელთან შეხვედრის დროს ემოსა და შემდეგ ქაჯთა ხელში ხანგრძლივი ტყვეობის მანძილზე გაუხდელად ეცვა. მართალია, უნუგეშო იყო ნესტანის მდგომარეობა ქაჯთა ტყვეობაში, მაგრამ მას იმედი მაინც არ დაუკარგავს. მისი მწვანე კაბაც სწორედ ამ იმედის განსახიერებაა.

ნესტანის კაბის ფერია აგრეთვე ნარინჯისფერი, რომელიც მას მაშინ მოსავს, როცა პირველად წარადგენენ სასახლის კარზე, ტარიელის ხატაეთის ომიდან ტრიუმფით დაბრუნების დღეს. ხატაელთა დამორჩილება ნესტანის საგმირო დავალება იყო და მიჯნურები ხარობენ იმით, რომ ტარიელმა ასეთი გამარჯვება მოიპოვა, გააძლიერა ინდოეთი, შემოიმტკიცა მოხარკე ქვეყანა.

ნესტანი პოემის უმთავრესი მისტიფიკაციაა. ის არა  ჩვეულებრივი ქალი, არამედ კოსმიური, ეზოთერული სიბრძნის განსახიერებაა (ზვიად გამსახურდია, ”ვეფხისტყაოსნის” სახისმეტყველება, თბილისი, 1991). ამიტომაც ნესტანის მწვანე და ნარინჯისფერი კაბები მისი სახის გახსნაში გვეხმარება. გავიხსენოთ ნესტან-დარეჯანის სახელის ეტიმოლოგიაც – რომლის მსგავსიც არავინ ყოფილა…

 

ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები

 

პოემის ფერად სიუჟეტში მკითხველი მრავალგზის წააწყდება ლურჯ და ყვითელ ფერებს, როგორც პოემის ნეგატიურ სიმბოლოებს. ყველაზე ხშირად სწორედ ეს ფერები იხსენიება. ისინი ბევრი ტონითა და ელფერით გვხვდებიან. ყვითელი წარმოდგენილია, როგორც: ქარვისფერი, ამარტისფერი, ნარგისისფერი, ზაფრანისფერი, ხოლო ლურჯი, როგორც: ლაჟვარდისფერი,  ლები.

ორივე ეს ფერი დაკავშირებულია სევდასთან, დეპრესიასთან, სულიერ ტკივილთან, სნეულებასთან, დაცემასთან, უბედურებასთან, ტანჯვასთან. მაგ: ”ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან” …

მე-19 საუკუნის რომანტიკულ პოეზიაში ლურჯმა და ცისფერმა მიუღწეველი, მაგრამ სასურველი ოცნების, იდეალის, მისტიკურის, შეუცნობლის დატვირთვა შეიძინა (გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსი „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“…) ან თუნდაც ამ ფერის გამოსახვა იმპრესიონისტულ მწერლობასა და მხატვრობაში, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“ ლურჯისა და მისი ტონების ამგვარ სიმბოლიკას არ იზიარებს. ეს ფერი რუსთველის პოემაში დაკავშირებულია ცემასთან, ტკივილთან, დეპრესიასთან. გავიხსენოთ დავარ ქაჯის მიერ ნესტანის ცემის ეპიზოდი, რომელსაც ტარიელს ასმათი უყვება:

„ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა“…

 

ფერებს ”ვეფხისტყაოსანში” უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მათი მეშვეობით რუსთველი გამოხატავს გმირების სულიერ მდგომარეობას, იდეურ და მსოფლმხედველობრივ მიმართულებებს, მკითხველს ნათელ წარმოდგენას უქმნის დროსა და სივრცეზე, პერსონაჟების განწყობებზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე გმირებისადმი.

პოემის სწავლების პროცესში მასწავლებელს შეუძლია რუსთველისეული ფერთა სიმბოლიკის თემაზე საგანგებო საგაკვეთილო აქტივობები მოამზადოს, მოსწავლეები აქციოს მკვლევრებად, დააძებნინოს ტექსტში ფერთა სიმბოლიკის გამომხატველი ტაეპები და დაგეგმოს სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობა ამ სიმბოლიკის დეკოდირებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემი  ქართულის მასწავლებელი

0

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული…“

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის მასწავლებელს გაკვეთილზე ორი მისია აკისრია:პირველი-მისცეს მოსწავლეს ფაქტობრივი ცოდნა და  მეორე-იზრუნოს ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაზე.

ხშირად დამისვამს თავისთვის შეკითხვა- რას ვატან ბავშვებს ტექსტების,საზეპირო ადგილების,გრამატიკული წესების ცოდნისა და მრავალფეროვანი ლიტერატურული  ნაწარმოებების ერთმანეთისაგან გარჩევის გარდა? ამ კითხვის პასუხის ძებნაში  ყოველთვის ჩემი ქართულის მასწავლებლის მოგონებამდე მივდიოდი…

ჩემი ნუნუ მასწავლებელი, დიდი ხნის წინ ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვსწავლობდით, ერთნაირად განვიცდიდით. დღემდე მიკვირს, როგორ არღვევდა იდეოლოგიურ ჩარჩოებს, არასდროს გვავალებდა გამოჩენილ კრიტიკოსთა აზრების გამოყენებას, გვთხოვდა გვეფიქრა, გვეკვლია, მიზეზები გვეპოვა პერსონაჟთა ქცევისა და შეგვეფასებინა ისე, როგორც ჩვენ შეგვეძლო მათი გაგება და გააზრება.

ახლა ვხვდები – მისი მიზანი ჩვენში, „გულგრილ“, „უდარდელ“ ბავშვებში, ემოციების გაღვიძება იყო. ჰოდა, ასე ვისწავლე, თურმე მაშინ სულგრძელობა-

„არა, შენ ვერ შეგეხება,

სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:

დედიჩემის გაზრდილი ხარ,

მისი ძუძუ გიწოვია..

წადი, ჩემგან შენდობილი…

მაგრამ შორს კი…და მშვიდობით“…

ახლაც მახსოვს ხმის ტემბრი და ინტონაცია, საკვანძო სიტყვებზე მახვილები…

ღირსების შეგრძნებით გამოწვეული ემოციაც:

„ შევასრულე, მოგიყვანე, დროა, აწ-კი გაეშურე!

ნუ დამძრახავ, საკადრისად თუ რომ ვერა გემსახურე.

გამოაწყო, არ დააკლო ,რაც წესია სამსახური,

რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური“.

მაშინ ემპათიაც მისწავლია:

„ნაზიბროლა ჩუმად ტირის,

პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!…

თმაგაშლილი, ტინის კედელს

თავს ახლის და ხმას არ იღებს…“

 

ჩემს მოსწავლეებსაც  ვეკითხები- ვინაა ბათუ – კაი ყმაა, რაინდი თუ დენდი, იქნებ „კაი ბიჭია“- ასე რომ  მოსწონთ და ვცდილობ,მკვიდრი წარმოდგენები შეიცვალონ:

 

 

ჩუ,ნუ სტირი გენაცვალე!

რაც გინახავს სიზმარია,

დაივიწყე ისევ,მალე!

ყოველგვარი მოსავალი

კაცის თავზე უნებური,

ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს

რას უჩივი,რით ემდური?

გადაიგდე გულიდან ეგ

ცრუ ზღაპარი და სიზმარი!..

მე და შენი სიყვარული

წმინდა არის, ვით ლამპარი!“

ეს იყო პირველი, ყველაზე დიდი განცდა, რაც მე  ჩემი თვალით დავინახე და გულით ვიგრძენი: როგორ გადაისვა  ჩემმა მასწავლებელმა ორივე მკლავზე ხელები და დაიმშვიდა მოწოლილი „ფიზიკური“ ემოცია, რომელიც მე და კიდევ ბევრს ჩემს კლასში გადაგვედო.

მერე იყო კომენტარი – კავკასიაში ვაჟკაცობისა და კაი ყმობის ინსტიტუტის შეუვალ კანონებში, როგორ „ჩაჯდებოდა“ ბათუს საქციელი.

კიდევ პასუხისმგებლობა ვისწავლე მაშინ. მერეც,  როცა მასწავლებელი გავხდი და გავიაზრე აკაკის სიტყვები: „ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“. ერთგან ვწერდი: მე ჰაჯი უსუბი არა ვარ, ერთი უბრალო მასწავლებელი ვარ – მეთქი. ამ უბრალოებით მესმის ის, რომ ჩემს ნუნუ მასწავლებელს ამდენი რომ არ „ეგრძნობინებინა“ ჩემთვის, ვერ მივხვდებოდი ჰაჯის სიტყვებს და ვერც იმ ინტონაციას მივაგნებდი, შემდეგი სტრიქონების  წაკითხვას რომ სჭირდება:

„ შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ ,

რომ   კ ა ც ა დ ვერ გამიზრდიხარ!“

კაცად და ქალად გაზრდას ემოცია სჭირდება. თუ სულის სიმები არ შეურხიე მოსწავლეს, ის ვერაფერს გაიგებს და დაინახავს.

ახლა მე ჩემს გარდაცვლილ მასწავლებელზე  ხუთი წლით უმცროსი ვარ.ვცდილობ,ბევრი რამ გავიხსენო,იმიტომ კი არა,მისი მოგონებით გავიხარო,მე ის ისედაც ყოველთვის მახსოვს,ვცდილობ,იმას ვეცადო, საფიქრალად რა გავატანო ჩემს ჭკვიან გოგო-ბიჭებს,რომ მომიგონონ,ვახსოვდე,თქვან: ჩემი ქართულის მასწავლებელი…ძალიან რთული ყოფილა! მაგრამ მაინც ვეუბნები,როცა  შოთა რუსთაველს ვიწყებთ: ეს წიგნი ჩემი ქართულის მასწავლებელს თავთან ედო და ისე არ დაიძინებდა,ერთი სტროფი მაინც არ წაეკითხა-მეთქი.როცა  ვასრულებ პოემაზე მუშაობას,მაშინ ვამბობ: იცით, „ვეფხისტყაოსანი“ მეც თავთან მიდევს  და ვცდილობ 1 სტროფი მაინც წავიკითხო, თუ ვერ ვკითხულობ, ხელში ვიღებ, ცოტა ხანი მიჭირავს, მერე ვდებ და საყვარელ ორ აფორიზმს ვიმეორებ, იმას, რომელებიც  განსაკუთრებულად უყვარდა ჩემს მასწავლებელს -მეთქი—- „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“ და  „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“.

ისევ მოგონებები: „ თავსაფრიანი დედაკაცი“  რომ დავამთავრეთ, ასე გვითხრა: ვაჟამ ბრძანა- „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაო“. ამაზე იფიქრეთ და რაზე დაწერა ეს ნაწარმოები მიხვდითო- ახლა მივხვდი, უკვე დიდი შვილების დედამ,- ღმერთს „ძეგლს“ არ უდგამენ. ხატზე წერენ, ხატს ქმნიან, დიდებული ადამიანებიც მიწიერ ხატად უნდა იქცნენ. დედაც ხატია, ოღონდ სურათხატი. მივხვდი, ნუნუ მასწავლებელო, ვიფიქრე თავსაფრიანი დედაკაცის „ძეგლზე“, თუ რატომ დაუდგა ნიკო ლორთქიფანიძემ- იმიტომ, რომ ღმერთი არ იყო…

და კიდევ ჰიუგოც მომაგონეთ: მინდა ჩემმა მკითხველმა მეც დამივიწყოს, თავიც, სამყაროც და  მხოლოდ  ჩემს ნაწარმოებზე იფიქროსო.

მე თქვენ მასწავლეთ, რომ მოსწავლეებს ვუთხრა: არ დაივიწყონ თავი, არც სამყარო, ოღონდ ქართული ლიტერატურის გაკვეთილიდან რომ გავლენ,  სიყვარული გაიყოლონ, რადგან თუ მის მადლში იქნებიან, სამყარო მშვენიერი გახდება.

დაბოლოს, გიორგი კეკელიძე:უსიტყვოდ შეიძლება სიყვარულის  გამოხატვა, ხოლო სიყვარულის გარეშე სიტყვა არ გამოითქმება, ამიტომ ლიტერატურა სიყვარულს ებღაუჭებაო…ასე აცილებენ ჩემს ბავშვებს  ჩემი პერსონაჟები და მგონია, მათაც მიაქვთ სევდა,წუხილი,დარდი და სიყვარული იმდღევანდელ პერსონაჟზე,ვისზედაც გაკვეთილზე ვისაუბრეთ!  მეც ასე წამოვიღე თქვენი გაკვეთილებიდან  დარდი,ფიქრი,სევდა,წუხილი და მოლოდინი,მომავალ წელს ისევ მათთან შეხვედრისა, ჩემო ქართულის მასწავლებელო!

მასწავლებლის ცხოვრება- ორშაბათი მძიმე დღეა

0

,, ორშაბათი ჩიოდა,

საქმით თავი სტკიოდა

მარიამ წიკლაური

 

თქვენი არ ვიცი და მე მკლავს ორშაბათი. შაბათ – კვირა არ მყოფნის ფიქციური დასვენებისთვის. მოუთმენლად ველი დღეს,  როცა კაცობრიობა მივა იმ დასკვნამდე ( როგორც ხმები მომდის, დაიწყეს ამაზე ფიქრი), რომ დასვენების 3 დღე აუცილებელია ადამიანობისა და საქმის ხარისხის შენარჩუნებისთვის.

სახელის გატეხის ამბავი სჭირს ორშაბათს და მაინც მაგას მივაწერ ხოლმე მთელ სიმძიმეს, თორემ სინამდვილეში კვირა საღამო უფრო არ მიყვარს. რადგან, როგორც წესი, ყველაფერს კვირა საღამოსთვის ვიტოვებ გასაკეთებლად და ორშაბათს უკვე გვარიანად დაღლილი და გამოუძინებელი ვხვდები. რა ორშაბათის ბრალი ეგ არის?!

ასეა თუ ისე, მთელი მასწავლებლური ცხოვრებაა (არ მახსოვს, მოსწავლეობისას ან სტუდენტობისას თუ მიჭირდა ან მიჭერდა ორშაბათი) ვცდილობ, ორშაბათი შევიმსუბუქო, რომ მთელი კვირის სამყოფი ენერგია და განწყობა გამოვიზოგო.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი ვნახე: ორშაბათი არასტანდარტული გაკვეთილების დღეა.

ბანალურად დავესესხები გურამ რჩეულიშვილს – ,, პირობას გიდებთ, არ ვიქნები ორიგინალური, /ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით/ და თავმდაბალი“ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ თემაზე: როგორ შევიმსუბუქოთ ორშაბათი.

ყველაზე არაორიგინალური და მგონი, საყოველთაოდ აღიარებული ისაა, რომ ორშაბათობით კითხვის დღე გვაქვს ხოლმე. ჩემი კიდევ ერთი ოცნებათაგანია, ჩემმა მოსწავლეებმა „დაუჯერებელი“ დამიჯერონ, რომ კითხვაც დასვენების ერთგვარი ფორმაა! ჰოდა, მივცემ რომელიმე, ჩემი აზრით, კარგ მოთხრობას წასაკითხად, მოკალათდნენ, როგორც უნდათ, წაიკითხონ, იფიქრონ და მძიმე ორშაბათს დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ან რამე დავხატოთ იმ მოთხრობის მიხედვით, ან ვიქტორინა შევადგინოთ, ან ,,მოთხრობის/ წიგნის რუკა“ შევქმნათ ( ძალიან ჰგავს განძის საპოვნელ რუკას – დიდი ფორმატის ქაღალდზე ნახატებითა და ციტატებით გადაიტანონ ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ქმნიან ამბავს თუ მთავარ სათქმელს, დასაწყისიდან ფინალამდე.) ან უბრალოდ შლიან თავიანთ ,,ლიტერატურულ დღიურებს“,  იქვე წერენ, რისი სახლში დაწერაც დაეზარათ/ვერ მოასწრეს/ვერ მოიფიქრეს. მერე ვკითხულობთ.

ან კიდევ ავსებენ პერსონაჟის კითხვარს, მაგალითად, ასეთს:

 


ეს კითხვარი შეგიძლიათ, ცვალოთ ნაწარმოების ხასიათისა და არსის მიხედვით, რომ მოსწავლემ მაქსიმალური ამოიღოს ტექსტიდან, რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნებისა და ფანტაზიის მოშველიებით.

მძიმე ორშაბათს მაინც სხვაგვარი მრავალფეროვნება სჭირდება, ამიტომ ხანდახან წერის ორშაბათები გვაქვს. ესეები თავისთავად სხვადასხვა სახისაა და ეს ხელს გვიწყობს: ხან არგუმენტირებულს წერენ, ხან – ანალიტიკურს, ხან კიდევ მხატვრულად შლიან ფრთებს.

არგუმენტირებული ესესთვის უფროსკლასელებს რამდენიმე ცნობილი ადამიანის გამონათქვამს ვაწვდი. მაგალითად, ასე:

ა) ,,ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს – კომედია“

ჟან დე ლა ბრუერი

ბ),,მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ“.

ვოლტერი

ირჩევენ ორიდან ერთს, ჯერ უნდა განმარტონ თავიანთი სიტყვებით, მერე არგუმენტირებულად ან დაეთანხმონ, ან უარყონ. არაა ადვილი, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სახლში წყნარად, მშვიდად დაიწყებენ ჯერ ფიქრს, მერე წერას. ორშაბათს მოვლენ და ერთმანეთს მოუსმენენ. განსხვავებულია მაინც.

ანალიტიკურ ესეებს სტატიებზე ვწერთ. ეს ის სფეროა, რომელსაც არ  ეკარებიან მასწავლებლის დავალების გარეშე. არადა, სტანდარტით გათვალისწინებულია, არამხატვრულ ტექსტებზე მუშაობაც უნდა შეძლონ. საინტერესო სტატიებს თუ შევარჩევ, ეხალისებათ წერა. განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს: ა) უნდა გამოკვეთონ პრობლემები, რომლებსაც სტატია ეხება; ბ) ციტატების დახმარებითა და მსჯელობით დამარწმუნონ, რომ ნამდვილად ადეკვატურად გაიაზრეს სტატია; გ) გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება წამოჭრილი პრობლემის მიმართ; დ) აუცილებლად უნდა აღნიშნონ, თუ რაიმე გაუგებარი იყო მათთვის სტატიაში.

ასე ვწერეთ, მაგალითად, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ძალიან ემოციურ სტატიაზე ,,ბალიბულინგი“ ბალიბულინგი  და  საინტერესო რეჟისორისა და მწერლის, ნანა ექვთიმიშვილის, ბევრისმთქმელ სტატიაზე ,, არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა“ არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა

რაც გაიგეს, იმაზე დაწერეს, რაც ვერა – გაკვეთილზე ვისაუბრეთ და მგონია, ერთი მომცრო აგური დავდე ამ სტატიების დახმარებით მათი ცნობიერების სწორად შენებაში.

როგორც ანალიტიკური, ისე არგუმენტირებული ესეს დაწერა შესაძლებელია პატარ – პატარა ვიდეოებზე, რომლებიც უხვადაა ინტერნეტში და ამა თუ იმ კონკრეტულ პრობლემას ეხება.

ამ ვიდეოზე წერენ არგუმენტირებულ ესეს: ,,შეუძლია თუ არა სიტყვებს ადამიანის  სამყაროს შეცვლა“

ხოლო მეორე ვიდეოზე რომელიც საკმაოდ საკამათო საკითხს ეხება, ანალიტიკური ესეს დაწერას არჩევენ.

,

 

უმცროსკლასელებისთვის მეტისმეტად მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების ჩვენება შეიძლება .

იქვე, გაკვეთილზე, უყურებენ და მერე წერილობით აანალიზებენ ხოლმე. მივუთითებ, რომ წერისას ყურადღება მიაქციონ შემდეგ პუნქტებს:

  • ამოიცნონ მთავარი სათქმელი;
  • დაახასიათონ პერსონაჟები;
  • დააკვირდნენ დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვან რამეებზე მიგვანიშნებენ:
  • ყურადღება მიაქციონ ფერებსა და მუსიკას.

კომპანია  Apple- ის სარეკლამო ანიმაცია „ share the gift“

ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის და მშვენიერი ანალიტიკური ესეებიც ,, გამოაცხვეს“ მცირეხნიანი განხილვის შემდეგ.

თუ ანიმაცია საკმაოდ ვრცელია, ასეთ შემთხვევაში, ვავალებ, რომ სახლში ნახონ შაბათ- კვირას და ისე მოამზადონ ანალიზი.

ვთვლი, რომ ერთ- ერთი უმთავრესი უნარი, რომლის დეფიციტიც თვალშისაცემია ჩვენს საზოგადოებაში და  რომელიც ადამიანებს პატარაობიდანვე უნდა გამოუმუშავდეთ, აქტიური მოსმენაა. არადა, საგნობრივ სტანდარტში მხოლოდ 3 მიმართულებაა გამოყოფილი: ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა. შესაბამისად, უცხოური ენების სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებით, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო არაფერს გვთავაზობს საინტერესოს ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იმ მოტივით, რომ ქართული მშობლიური ენაა.  ვთვლი, რომ ამ უნარის განვითარება რთულად მისაღწევიცაა. სწორედ ამას ვითვალისწინებ და ზოგჯერ ვავალებ ხოლმე სახლში მოუსმინონ სხვადასხვა საინტერესო ლექციას თუ საჯარო გამოსვლას. არსებობდა ასეთი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გადაცემა  ,,ჩაის თემა“; ასევე პატარ- პატარა ჩანაწერები ,,1 წუთი მაესტროზე“, დიდი ხანია არაა, რაც საქართველოში დაიწყო პროექტი TEDxTbilisiთითოეული მათგანის ჩანაწერთა უმეტესობა განთავსებულია YouTube – ზე; ყოველთვის შეიძლება, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო და გასაგები თემების შერჩევა, ისინი უსმენენ ( იქვე, გაკვეთილზე ან სახლში) და  მსჯელობენ ან წერენ ანალიტიკურ ესეს იმავე პრინციპით, რომლითაც სტატიებზე მუშაობენ.

ყველაზე მეტად მაინც მხატვრული თხზულებების წერა ეადვილებათ. აქ  ფოტოგრაფია და მხატვრობა გვეხმარება. რა უნდა?! აჩვენე 1-2 მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი ფოტო/ ნახატი, ან ორივეზე ერთად დაწერონ და გამაერთიანებელი ამბავი მოიფიქრონ, ან ერთ-ერთი აირჩიონ და იმას ჩაუღრმავდნენ.

მეტისმეტი წერა რომ არ გამოუვიდეთ და მოსაწყენად არ იქცეს, მალე მონოლოგების ორშაბათი უნდა მოვაწყო. ეს ორი ხერხით შეიძლება მომზადდეს: ა) თავად ირჩევენ სალაპარაკო თემებს და ამზადებენ 3-3 წუთიან მონოლოგებს. ამ ხერხს უარყოფითი ისა აქვს, რომ, დიდი ალბათობით, რამდენიმე თემა განმეორდება. დადებითი ის, რომ ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა ადამიანის თვალით შეხედავენ.

ბ) წინასწარ ჩამოვწერ თემებს, რომლებზეც მინდა, რომ ისაუბრონ. გაინაწილებენ და მოამზადებენ. უარყოფითი – არჩევანი ერთგვარად შეზღუდული აქვთ; დადებითი-  იძულებული გახდებიან, ისეთ თემებზე დაფიქრდნენ და სალაპარაკოდ მოემზადნონ, რომლებზეც მანამდე არ უფიქრიათ.

კრიტერიუმები:

  • უნდა ჩანდეს, რომ თემას საფუძვლიანად გაეცნო და ისე მოამზადა მონოლოგი;
  • დაუკავშიროს საკუთარ გამოცდილებას/ ცხოვრებას;
  • მოიფიქროს ეფექტური დასაწყისი და დასასრული;
  • წარმოაჩინოს პრობლემა და მისი გადაჭრის გზა;

დასასრულს რომ მივუახლოვდი, სტატიას გადავხედე – დამძიმებული ორშაბათის შთაბეჭდილება უფრო დარჩება ადამიანს, მგონი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს მრავალფეროვნება ნამდვილად აუმჯობესებს მოსწავლეთა საორშაბათო განწყობას და ჩემსას ხომ ფრთებს ასხამს: კვირა საღამოთი დაღლილ – დამძიმებულ თვალებს ორშაბათის დილა რომ გამახელინებს, ვიცი, აუცილებლად უნდა ავდგე და მხნეობა უნდა მოვიკრიბო დღეში 6 გაკვეთილის ჩასატარებლად, გამეფიქრება უცებ, რომ ექვსივე გაკვეთილზე სხვადასხვანაირად, საინტერესოდ მსუბუქი, ძირითადად, ჩემი მოსმენითა და რჩევებით შემოფარგლული გაკვეთილები მელოდება და განწყობა მიხდება ისეთი, ლამის ასკინკილით დავადგე ახლომდებარე სკოლის გზას.

 

 

 

 

ვინ გინდა გამოხვიდე

0

ადრე, ერთი ტექსტი დავწერე, აი ესა:პროფესია: სტერეოტიპი ამ ტექსტში პროფესიულ სტერეოტიპებზე ვსაუბრობდი, ანუ იმაზე, თუ საზოგადოების თვალში როგორი იარლიყები ეკერება ამა თუ იმ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ მათი პროფესიებიდან გამომდინარე, რომ თითქოსდა წარმოუდგენელია პოლიციელი პოეტი იყოს, ანდა ბანკის მოხელე – კინორეჟისორი… მაშინ მინდოდა საზოგადოების თვალში ადამიანებისთვის პროფესიული ნიღბები მომეხსნა და ისინი ისევ ადამიანებად მეჩვენებინა სტერეოტიპებს აყოლილთათვის… თუმცა ახლა რატომ გავიხსენე ეს ამბავი, ამ ტექსტშიც პროფესიებზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტში. კონტექსტში, რომელიც, გარკვეულწილად, შესაძლოა დესტრუქციული იყოს, ანდა რთულად გასააზრებელი, რადგან ყოველდღიურ დღის წესრიგში საყოველთაოდ შეთანხმებული სიცოცხლის სისტემისთვის ეს ერთგვარი “ბაგია”, პროგრამული ხარვეზია და შესაძლოა “ლურჯი სიკვდილი” გამოიწვიოს. მოკლედ,

აი, თქვენ, წარმომიდგენია, სავარაუდოდ ბავშვობიდან, ბაღის ასაკიდანაც კი გეკითხებოდნენ უფროსები, მშობლები თუ მეზობლები, მასწავლებლები და სხვებიც, “ვინ გინდა გამოხვიდე?”, “რა პროფესიას ირჩევ?”, “რა გინდა, რომ აკეთო ცხოვრებაში?”, შემდეგ თქვენ ბევრს ფიქრობდით, ანდა არც ფიქრობდით და რაც იმხანად ყველაზე საინტერესოდ მიგაჩნდათ, იქ წარმოიდგენდით თავს, იწყებდით ოცნებას ასტრონავტობაზე ან ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე, პოლიციელობაზე, ან მხატვრის პალიტრასთან ამოთხუპვნაზე და ა.შ. ლირიულად რომ გადავუხვიოთ, მაგალითად, როცა მესამე კლასში ვიყავი, ჩვენც დაგვისვა მასწავლებელმა ანალოგიური შეკითხვა, მთელ კლასს, ჰოდა 4 თუ 5 პასუხი “ქურდი” იყო, ყველაზე გულმისავალი და მომხიბლველი “პროფესია” ბნელი 90-იანების ბავშვებისთვის. თუმცა დავბრუნდეთ ჩვენ დროში, იმედია, ეს მხოლოდ მძიმედ გასახსენებელი წარსულია, ჩვენი დროის ბავშვები კი ირჩევენ იყვნენ რეჟისორები, ბანკირები, ბიზნესმენები, იურისტები, ფიზიკოსები და ა.შ. შემდეგ ისინი იწყებენ ამ პროფესიის სივრცეში აზროვნებას, შესაბამისი უნარების განვითარებას, უფრო მეტად შემზადებას მომავალი ცხოვრებისთვის. კი, ისეთებიც არიან მრავლად, სკოლის დამთავრებისასაც რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, სად უნდათ, ჩააბარონ, კიდევ, ისეთებიც, სხვისი კარნახით რომ ჩააბარებენ სადმე, გაუაზრებლად მოეწყობიან რომელიმე სამსახურში და იმუშავებენ ასე, შაბათ-კვირის მოლოდინში. ანდა აი, ბიჭი წამოდგა ახლა და მეუბნება, “მე მიყვარს ჩემი პროფესია, სულაც არ ველოდები შაბათ-კვირას და პირიქით, ყოველდღიური სამუშაოთი ვიღებ სიამოვნებას”. კი, გენაცვალე, მადლობა, დაბრძანდით. აი, გოგონაც, ამბობს: “მე ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ბედნიერი ვარ და კმაყოფილი, ვვითარდები ყოველდღიურად და მივიწევ წარმატებისკენ”. მადლობა, გოგონა, თქვენც გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ! მოკლედ, ბევრნაირი მოსწავლეა, სტუდენტია, ზრდასრული ადამიანია, ზოგი ისეთ პროფესიას ირჩევს, ზოგი ასეთს, ზოგი მუშაობს პროფესიით, ზოგი – არა, ზოგი მოელის, რომ დადგება დღე, როცა იმუშავებს და ა.შ. მაგრამ…

რატომ ვირჩევთ პროფესიებს? საერთოდ რატომ? ეს კულინარია, ის – მწერალი, აგერ იქ რომ დგას – ბუღალტერია, კი, კარგი ბუღალტერია, მის გვერდით ეკონომისტი წრიალებს. და მერე, ერთ დღეს ეკონომისტს ინტერვიუს ართმევენ, ეკონომისტი სიტყვებად იღვრება, მეორე დილით კი იღვიძებს და ფიქრობს, ვახ, რა კარგია ამ კამერებთან ტრიალი, რა იქნება ერთ ფილმში გადამიღონ. ურეკავს მეგობარ რეჟისორს. “ბიჭო, ჰა რამე მათამაშე, ბუჩქი ვიქნები, ჰა ჰა ჰა”. თან თავის თავთან კონფლიქტი აქვს, “რა ფილმი ბიჭო, ეკონომისტი კაცი ხარ”. ეს ციხეები, ეს ალაყაფები, ეს მარწუხები. “უი, თქვენ ხომ ფიზიკოსი ხართ? ეკონომისტების ფორუმზე როგორ აღმოჩნდით? კარგით ახლა, რას ჰქვია მაკროეკონომიკა გაინტერესებთ, ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ გენაცვალე, მაკროეკონომიკა თქვენ ის ხო არ გგონიათ, კაცო”. არადა ფიზიკოსმა ერთ დღეს გადაწყვიტა გადაეკითხა უამრავი წიგნი მაკროეკონომიკაზე, მოეწონა, მოიხიბლა, არა, განა ფიზიკა აღარ აინტერესებს, მაგრამ აი, ახლა, ეს ორი თვე უნდა, რომ აქეთ გადმოხტეს, აქ იტრიალოს, ეს აკეთოს, როგორ? მერე როგორღა დაბრუნდება ფიზიკაში? სამსახური? რა ქნას…

თანამედროვე სამყაროს სხვა ტემპი და შესაძლებლობების მენიუ აქვს. დღეს სულ უფრო მეტად პოპულარულია თავისუფალი პროფესიონალის ამპლუა, ე.წ. “ფრილანსერი” საკუთარი დამოუკიდებლობით ტკბება, “არც არავის ემონება, არც ბატონობს არავის”, “ფრია” და დაფრინავს სადაც უნდა, როგორც უნდა. თუმცა ისიც თავისი პროფესიის მონაა, შესაძლოა არა კონკრეტული ორგანიზაციისა თუ კომპანიის (თუმცა მათიც, დაქირავების დროის განმავლობაში), არამედ პროფესიის. ის პროგრამისტია, ან სცენარისტია, ან მარკეტოლოგია. პროექტებს თავად ირჩევს და სამუშაო ადგილსა თუ დროსაც, აგრეთვე, მაგრამ იმას ხომ ვერ გაექცევა, რომ პროგრამისტია, ან სცენარისტია, ან მარკეტოლოგია? ღმერთო! განგებავ! დიდო აფეთქებავ! ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები უნდა ვყოფილიყავით, ჩვენი სამყარო ხომ დიდია, უდიდესია, უსასრულოა, სადაა ჩვენი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, სადაა ჩვენი ინტერესი ყველაზე თავბრუდამხვევი სიცოცხლის მიმართ? აი, ჩემ ბავშვობაში, ეგეთი სტერეოტიპული აზრი ისმოდა ხოლმე, “უფ, ამერიკელები, ეგენი არიან ერთი მიმართულებით განათლებულები, მარტო თავისი პროფესია და იმის იქით არაფერი, სამაგიეროდ პროფესიაში მაგრები არიან”. ეგ რომ ეგრე არაა, არ უნდა კამათი და არც მაგის დრო გვაქვს ახლა, მაგრამ შენ რამდენად მიჰყვები საკუთარ ინტერესებს და არა პროფესიულ განაწესს? შენ, ნინო, მარიამ, ალექსი, რამინ! (იარონ, იარონ, იარონ, ამინ!) პროფესია შენ აირჩიე? თუ მიეცი მას შანსი თავად აერჩიე? და რამდენჯერ მიეცი ეს შანსი? არ მოგწყინდა საკუთარ პროფესიასთან ეს მონოგამიური ურთიერთობა? ვინ დაგიწესა, ვინ დაგიკანონა, რომ თუ ეკონომისტი ხარ – ეკონომისტი უნდა იყო მთელი ცხოვრება? აა, იმიტომ რომ დრო ისედაც ცოტაა და ჯობია, ერთ პროფესიაში განვითარდე და გამოცდილება მიიღო? რა თქმა უნდა, შენ ხომ სრულ დროს პროფესიაში განვითარებას უთმობ და დრო აღარ დაგრჩება სხვა რამისთვის, მიუხედავად იმისა, დაგაინტერესებს თუ არა ეს “სხვა რამ”.

“სანდრო, რა გინდა, ვერ გავიგეთ?!”

თანამედროვე სამყარო სულ უფრო და უფრო მეტ წესს თესავს. რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია და რაც უფრო დიდია მისი თვალსაწიერი, მით უფრო მეტია მისი მოწესრიგების საჭიროებაც, ამიტომ კაცობრიობა ცდილობს თავიდან აირიდოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, გზიდან გადახვევები, ამოვარდნები ყოველდღიურობიდან, არითმიები. კაცობრიობას ურჩევნია ადამიანებს ჰქონდეთ თავისი პროფესიული იდენტობა, ეს პროფესიებს უფრო მეტად სჭირდება ასე, ვიდრე ადამიანებს. ადამიანებს სინამდვილეში ცნობისმოყვარეობის თავისუფლება სჭირდებათ, სამყაროს შემეცნების ინტერესი, ახლის აღმოჩენის და შესწავლის წადილი, საკუთარი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე – თვალსაწიერის კიდევ უფრო გაფართოება და შეძლებისდაგვარად შეგრძნება იმისა, თუ სად იწყება და სად მთავრდება სამყარო. თქვენ გკეტავენ თქვენი პროფესიები ერთ პატარა ჰაუპტვახტში, და თუ ბავშვობაში ხატავდით – ახლა ამის დრო აღარაა, და თუ ბავშვობაში ვარსკვლავებიან ცას უყურებდით – აი, ასტრონომი ხართ და თქვენ საყვარელ საქმეს აკეთებთ, მაგრამ თან რომ ხატავდით ამ ცას – ახლა ამის დრო უკვე აღარაა, და თუ ბავშვობაში ვარსკვლავებიან ცას უყურებდით და ხატავდით, ახლა კი ასტრონომი ხართ და პერიოდულად ხატავთ კიდეც, აი, თქვენ საყვარელი პროფესიაც გაქვთ და ჰობიც, მაგრამ იქნებ და თქვენი ჰობი, თქვენი გაუცნობიერებელი მინიშნებაა იმაზე, ვინც სინამდვილეში გინდოდათ გამოსულიყავით? ახლა, როცა უკვე დიდი ხართ და უკვე ვიღაც გამოხვედით, აღარ დაგისვამთ თქვენი თავისთვის შეკითხვა – ვინ მინდა გამოვიდე? წინ ხომ კიდევ ხანგრძლივი ცხოვრებაა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ხომ ასე ვთვლით, ჰოდა, იქნებ შეგვიძლია, საერთოდ არ ვიფიქროთ პროფესიებზე, არ დავლუქოთ ეს სკივრი, არ დავხუროთ ეს “საქმე”, და იქნებ შესაძლებელია ყოველ დღე ახალი რამ აღმოვაჩინოთ, აი, მაგალითად, ჰიტლერის ფავორიტ კინორეჟისორ ლენი რიფენშტალივით (ისტორიის საინტერესო ეპიზოდების კითხვა მიყვარს და ეს ფაქტიც შემთხვევით აღმოვაჩინე), რომელმაც ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ თავი ანება მონუმენტური პოლიტიკური ფილმების კეთებას და რომელიც წყალქვეშა სამყაროს იღებდა მთელი დარჩენილი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში. “ჰმ, რა შუაშია, სანდრო, ლენი, იცი კარგად მისი ბიოგრაფია, ასე რომ მსჯელობ?”. პრინციპში, აბა, მე რა ვიცი, ისტორიკოსი კი არ ვარ.

როლური თამაშიდან რეალურ სიტუაციაში

0

ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილიდან დაიწყო… ვისწავლეთ ქვეყნები და ეროვნებები, დავუკავშირეთ ენა, ქვეყანა და ეროვნება ერთმანეთს, ვითამაშეთ Kahoot. უცებ მესმის ერთ-ერთი მოსწავლის შეკითხვა: „მასწ, პასპორტებში ეროვნება იწერება? როგორია ამერიკული პასპორტი?“

„- იაპონური? – მექსიკური? – გერმანიის დროშა დავახატო პასპორტს, მასწ?“ – გადავიდნენ ბავშვები კითხვებზე…

 

მეორე გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ გამეცნო მათთვის სხვადასხვა ეროვნებების დროშები, მეჩვენებინა მათი პასპორტის ნიმუშები, შეგვესწავლა სათანადო ლექსიკა, წარმოედგინათ თავი მათთვის საოცნებო ქვეყნის მოქალაქეებად და თავადაც შეექმნათ ამ ქვეყნების პასპორტები. როდესაც ეს ყველაფერი ვისწავლეთ და პასპორტების გავაკეთეთ, მომინდა ამ თემის გაგრძელება და მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი როლური თამაშით შეძლებდნენ თავიანთი საყვარელი ქვეყნების „წარმომადგენლობის“  გამოყენებას.

მომდევნო გაკვეთილი აეროპორტის თემას მივუძღვენი, ვუყურეთ ვიდეოს, ვისწავლეთ აეროპორტი წესები, როგორ გადიან მგზავრები რეგისტრაციასა და უსაფრთხოების შემოწმებას, თუ იყო საბაჟო, და ამ თემასთან დაკავშირებული ლექსიკა. იქვე გავითამაშეთ როლური თამაში – ორმა მოსწავლემ მებაჟის როლი გაითამაშა, ორი – სარეგისტრაციო მაგიდას მიუჯდა, კიდევ ორმა უსაფრთხოების ოფიცრის როლი მოირგო, კიდევ ორი „თვითმფრინავის“ გასასვლელში დადგა boarding pass-ის გასაცემად და დანარჩენი მოსწავლეები მგზავრები იყვნენ. ყველა მოქმედება ერთდროულად ვითარდებოდა – ვერ ვასწრებდი თვალ-ყურის დევნას. ბავშვები თავიანთი დამზადებული პასპორტებით სხვადასხვა ქვეყანაში „მიემგზავრებოდნენ“. ყველაზე სუსტი მოსწავლეებიც ისე იყვნენ ჩართული ამ თამაშში, ისე კარგად იყენებდნენ ყველა იმ სიტყვას თუ ფრაზას, რომლებიც ნასწავლი ჰქონდათ, რომ ბედნიერებისგან აღმომხდა: „თქვენ მე დღეს ისე გამახარეთ, რომ ნამდვილ აეროპორტში წაგიყვანთ და იქ რეალურად გაჩვენებთ, რა და როგორ ხდება“. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ყოველი დღე იწყებოდა შეკითხვით: „როდის მივდივართ აეროპორტში, მასწ?“

ბავშვებს რომ შეჰპირდები, აუცილებლად უნდა შეასრულო – ამაზე ორი აზრი არ არსებობს!

მივწერე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფეისბუქის საშუალებით, რომ მსურდა მოსწავლეების მიყვანა სასწავლო ვიზიტით. მითხრეს დაგიკავშირდებიანო. ორი კვირა ველოდეთ პასუხს. ბოლოს მივიღე ნანატრი იმეილი – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პიარ-მენეჯერი ნანა ბარამიძე პირადად მწერდა, რომ მზად იყო ჩამოსულიყო ქუთაისის აეროპორტში ჩვენს დასახვედრად და გიდობასაც გაგვიწევდა. იმეილს ნანას სატელეფონო ზარიც იქვე მოჰყვა. შევთანხმდით დღესა და საათზე, როდის უნდა ჩამეყვანა ბავშვები აეროპორტში. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ბავშვები გულმოდგინედ ემზადებოდნენ – უამრავ კითხვას მისვამდნენ, სიტყვებს იმეორებდნენ, თავიანთ გაკეთებულ პასპორტებს საგულდაგულოდ ინახავდნენ აეროპორტის მებაჟეებისთვის საჩვენებლად…

გამგზავრების დღეც დადგა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოგვიყო სატრანსპორტო საშუალება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

სკოლიდან მე-7 კლასის დამრიგებელი თამარ ჭიპაშვილი და ჩემი მედია კლუბის “Generation Z/ახალი თაობა“ ნორჩი ჟურნალისტები და ოპერატორები გამოგვყვა სიუჟეტის გადასაღებად.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ბაღდათიდან ერთი საათის  გზაა. გზაშიც ბევრი შეკითხვა და მხიარული ისტორიების გაზიარება იყო.

აეროპორტის კარებში დაგვხვდა ქაალბატონი ნანა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამსახურის მგზავრთა გადაყვანის მენეჯერი ომარ ტყეშელაშვილი, რომლებმაც ჩვენს მოსწავლეებს დაათვალიერებინეს აეროპორტი, გაატარეს რეგისტრაცია „ფიქტიური“ პასპორტებით, გაიარეს უსაფრთხოების შემოწმება. ბავშვებმა ასევე თვალი ადევნეს თვითმფრინავის აფრენას – ბევრისთვის ეს პირველი ნამდვილი თვითმფრინავი იყო მათ ცხოვრებაში.

მეხანძრე რაზმმა სახანძრო მანქანები გამოიყვანეს, რათა ბავშვებისთვის მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ MAN-ის ფირმის უახლესი მანქანების შესაძლებლობებს და საჩვენებელად სიმულაციური ხანძრის ჩაქრობისას წყლის ჭავლი გამოიყენეს. ჩემი ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – მათი სიხარული და ემოცია კიდევ მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს ყოველთვის.

ასე გახარებულებმა დავტოვეთ აეროპორტი და ბაღდათის გზას გავუდექით. გზაში იყო უსაზღვრო ემოცია, სიხარულისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. მოშიებული ბავშვები  ქუთაისის მაკდონალდსში დავაპურეთ. მომსახურე პერსონალმა ისინი ბუშტებით დაასაჩუქრა.

მეორე დღეს გაკვეთილზე შთაბეჭდილებების გაზიარების დღე იყო. შთაბეჭდილებები თემების სახით გაუზიარეს ერთმანეთს.

„მასწ, კი მიწერია თემა, მაგრამ ბევრი შეცდომა მაქვს, სიტყვები არ მეყო ემოციების გამოსახატად“ – მითხრა არჩილმა.

„მეც შეცდომები მაქვს, მასწ“ – მითხრა ელენემ….

შეცდომები თუ არ დაუშვი – სწავლა შეუძლებელია. ჩემთვის მთავარია, ისე გამოხატონ აზრი, რომ მესიჯი გასაგები იყოს, გრამატიკულ შეცდომებს ყოველთვის ეშველება.

ვიცი, რომ ეს გამოცდილება ბავშვებს მომავალში გამოადგებათ და მიღებული შთაბეჭდილებები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. მახარებს მათი სიხარული და ბედნიერების განცდა…

შემდეგი დანიშნულება – აშშ საელჩოა. თავად აშშ-ის კულტურის ატაშემ იულიუს ცაიმ მიგვიწვია.

ვიცი, ბავშვები დღეებს ითვლიან. ცოტაც დათბეს და…

გთავაზობთ ჩემი მოსწავლეების რამდენიმე ნაშრომებს.

ფსევდოპატრიოტიზმის მრავალთავა ურჩხული

0

ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი, როდესაც ბებიაჩემის თხოვნით დავიზეპირე, უზომოდ გრძელი და ჩემთვის გაუგებარი სიტყვებით სავსე ლექსი, ავტორი „თვალნათელ“ და „სანატრელ“ საქართველოს უგალობდა, რომელიც, ოდესღაც, შორეულ წარსულში დიდიც კი ყოფილა.  ამას გაუთავებელი სტრიქონები მოჰყვებოდა, სადაც პოეტი „გასაშტერებელ ოპიზრებს“, ცურტაველსა და მოდრეკილს ასხამდა ქებას.  ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ყოფილა გადაჭიმული და თან თამარსაც უკრეფია სულ ოქროს ვაშლები (ვიზუალურად წარმოდგენილიც კი მქონდა, როგორ კრეფდა თამარი ოქროს ვაშლებს,  სავარაუდოდ, ოქროს ხეზე, აბა, ვერცხლის  ხე ხომ არ მოისხამდა ოქროს?). მოკლედ, უცხო  და ჩემთვის ძნელად გამოსათქმელი სიტყვების რახა-რუხი ფრიად სევდიანად და პესიმისტურად სრულდებოდა- ვაჰ, დრონი, დრონი – ბოლო ნაწილის თქმისას, კი სევდიანი სახე უნდა მიმეღო და ზემოთ აპყრობილი ხელები ძირს მომაკვდავი ჩიტებივით ჩამომეყარა. ლექსს ვამბობდი გამოთქმით, ხმამაღლა, ხატოვნად – სტუმრებისა და მეზობლების წინ, სკამზე შემდგარი, თუ იატაკზე გაშეშებულ პოზაში. ოჯახში სუფრის თამადის მოთხოვნითა თუ ბებიაჩემის ხათრით. მეგონა, რომ ძალიან კარგად გამომდიოდა და სიამაყით ვივსებოდი ხოლმე. რომ გეკითხათ, რაზე იყო ეს ლექსი ან ვინ იყვნენ ოპიზრები, ცურტაველი, რატომ  აღარ იყო საქართველო დიდი, თამარი რატომ ან საიდან კრეფდა ოქროს ვაშლებს, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემდით. კი ვხვდებოდი, რომ ლექსი სამშობლოს ეხებოდა, ოღონდ რომელს და რატომ, რა საჭირო იყო ან ამით საქართველოს რა წაადგებოდა, პასუხი არ მქონდა. ის კი არა, უკვე საკმაოდ მოზრდილმა გავიგე მათი ვინაობა და მაშინ კი ამომიტივტივდა ეს უჩვეულოდ გადაპრანჭული ლექსი.

ოთხმოცდაათიანი წლები იყო, დრო როდესაც ხმამაღალი ლექსები და პატრიოტული სიმღერები მოდაში შემოვიდა, იმ ხანად, როგორც ჩანს, საზოგადოებას სჭირდებოდა ეს ხმამაღალი „ყვირილი“, რომ როგორღაც ამ „ყვირილს“ მაინც აენთო მათ გულებში წლების განმავლობაში მიმქრალი სამშობლოს ცნება და განცდა. მიზანი ნათელი იყო, საშუალება არასწორი – ყოველგვარ შინაარსს და არსს მოკლებული პათეტიკა სუფრებზე დაბინავდა, სიმღერებში დაიდო ბინა და რაც ყველაზე სევდიანი ამბავია, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც შემოგვეპარა. აბა, როგორ უნდა გაიზარდოს ადამიანი, თუ სისხლისფერი ყაყაჩოები ხმამაღლა და გამოთქმით არ წარმოუთქვამს, „სულიკოში“ – საქართველო არ აღმოუჩენია და ნაცემ არწივში – დაბეჩავებული სამშობლო არ მოსჩვენებია.

გულზე მჯიღის ცემით დაწყებულმა პატრიოტიზმმა ჩვენს გულებში სამშობლო ვერ აანთო, ის მიმქრალი ნაპერწკალიც კი გააქრო და უზარმაზარ, მრავალთავა დიდ მონსტრად იქცა. მონსტრად, რომელიც ყველას მოედო, სამშობლოს სიყვარულის სახელით ადამიანებს თვალებზე ლიბრი ააკრა და საგნები სულ სხვანაირად დაანახვა.

  ვიღაცები ამ  ფსევდოპატრიოტიზმს  ამოეფარნენ და საკუთარი ბინძური საქმეების და ფიქრების, აზრების გამართლება სცადეს. ისიც უნდა ითქვას, რომ მონსტრი ოთხმოცდაათიან წლებში არ შექმნილა, წითელი რეჟიმი მას წლების განმავლობაში ზრდიდა, კვებავდა, რომ რეჟიმის მოსპობის შემდეგ ჩვენთვის დაეტოვებინა, რომლის მოშორება, მოსპობა და ამოძირკვა მარტივი საერთოდ არ აღმოჩნდა, პირიქით, უფრო და უფრო  ძლიერდება. მით უფრო, როდესაც ხალხზე მისი ძალაუფლება  შეამჩნიეს და სათავისოდ გამოიყენეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც დიდად სიჭკვიანითა და შორსმჭვრეტელობით არ გამოირჩევიან.  ნელ-ნელა სიტყვები გახუნდა, მაგრამ დრო და დრო  მას ფერი ემატება და ახალი თავიც ეზრდება.  უამრავი ლოზუნგი, სლოგანი სწორედაც რომ ამ მრავალთავას გაძლიერებაა.

სამწუხაროდ, მას მხოლოდ პოლიტიკოსები როდი მიმართავენ დასახმარებლად.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ულამაზესი, პატარა გოგონას ვიდეოს, სადაც ის დაჭიმული, კოპებ და მუშტებშეკრული ზეპირად „ყვიროდა“ ლექსს, შიგადაშიგ კი, კბილებს შორის გამოცრილი: „სამშობლო“ და „საქართველო“ ისმოდა. დიახ, ჩვენი დღევანდელი პატრიოტიზმი კბილებიდან გამოცრილი და მუშტებშეკრულია, გაბრაზებულია,  მრისხანებით სავსე და აგრესიულია,  ალბათ იმიტომ, რომ მონსტრის ძალაუფლება დღითიდღე იზრდება და კონტროლს კარგავს. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის კომენტარები იყო, ადამიანები ამ ბავშვს რომ უწერდნენ და ხოტბას ასხამდნენ, ასეული, ათასობით ადამიანისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ მისაღები კი არა, სასურველი და აღმაფრთოვანებელი იყო. დიახ, ფსევდოპატრიოტიზმის მონსტრს უამრავი მიმდევარი ჰყავს და ისინი მას უზარმაზარ ძალას აძლევენ. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი საოცარი საბავშვო ავტორის, ძალიან კარგი საბავშვო ლექსი დამნაშავედ ცნეს თაობის „გადაგვარებაში“, ხოლო ავტორის უპირობოდ დასჯა მოითხოვეს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ლექსები ჩვენს მონსტრს აღიზიანებს და არ მოსწონს, იმიტომ რომ ასეთ ლექსებზე გაზრდილი თაობა თავისუფალი და ლაღი იქნება, იმიტომ რომ წითელი რეჟიმის შვილი ასეთ რამეებზე ძალიან ფრთხება და შიში იპყრობს, რომ არ გააძევონ ერთხელ და სამუდამოდ.

აბა როგორ გავზარდოთ ბავშვები პატრიოტად, რომ თავი დავაღწიოთ ფსევდოპატრიოტულ რახარუხს, მრავალთათვის  საკმევლის კმევას? როგორ ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული? ძალიან მარტივად, მიეცით საშუალება, რომ სამშობლოს შეეხონ, იგრძნონ, გაითავისონ.

ჩემს ბავშვობაში თამარ მეფე (თუ ოქროს ვაშლების მოკრეფას არ ჩავთვლით), დავით აღმაშენებელი თუ ილია ჭავჭავაძე ხელშეუხებელნი, განყენებულები და შორეულები იყვნენ, ისევე როგორც საქართველოს დროშა, გერბი, ისტორია, ჰიმნი.

მგონია, რომ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი  ახლობელი უნდა იყოს როგორც მაგალითად, მათთვის საყვარელი რომელიმე ანიმაციური ფილმი. მათ უნდა გამოძერწონ, ხატონ, შექმნან კომიქსები  და საკუთარი აზრი ყოველგვარი კრძალვის გარეშე გამოთქვან.  უნდა ისაუბრონ წინაპრების შეცდომებზეც და მიღწევებზე.

მესამე კლასის სახელმძღვანელოში „ცხრა ძმა ხერხეულიძე“ შეგვხვდა და მათზე საუბარი მოგვიწია, ზოგიერთი საერთოდ ვერ მიხვდა, დედა რატომ იყო ბედნიერი, როდესაც შვილებს მტერთან საბრძოლველად უშვებდა, რატომ არიგებდა, რომ ზურგში არ დაჭრილიყვნენ და ხმლისთვის მკერდი შეეშვირათ. რატომ აჩენდა ამდენ შვილს, თუ მაინც დაეხოცებოდა. პატარებს რთულია აუხსნა და მიახვედრო, რა არის თავგანწირვა და სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების მსხვერპლად შეწირვა. ამის პარალელურად ვისაუბრეთ ხალხურ ლექსზე, სადაც ჩიტი მელას უყრის ბარტყებს, რომ ხე დაიცვას. ვთქვით, რომ ხე და  სამშობლო ამ შემთხევაში ერთმანეთს უდრის და ორივე მათგანი სამყაროს აღნიშნავს. სამყაროს გადარჩენა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალი არსებობდეს, რომ ცხრა ძმის დედამ საკუთარი შვილების გაწირვით ჩვენ არსებობის და დაბადების საშუალება მოგვცა. ვიღაცები ჩაფიქრდნენ, ვიღაცები ისევ საკუთარ აზრზე დარჩნენ, ვიღაცებმა ისიც კი თქვეს, რომ მათთვის სამშობლო დედამიწაა და საზღვრები ეს ადამიანების მოგონილია. ანუ ყინული დაიძრა, საუბარი დავიწყეთ.

ბავშვებს ესაუბრეთ იმაზე, თითოეულ მათგანს როგორ შეუძლია  საკუთარი ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა, სამშობლო ხომ მიკრო სამყაროა ამ  მაკრო სამყაროში,  რომ ჩვენი პლანეტა  უამრავი ასეთი ქვეყნისგან შედგება და  თუ კი ყველა საკუთარ სამშობლოზე იზრუნებს, სამყაროზე ზრუნვა გამოგვივა.

ბავშვები ამჟამინდელი, აწმყო დროის გმირებითა და ამბებით მოხიბლეთ, ჩვენი დღევანდელი წარმატებით და არა წარსულზე ტირილით. მოუყევით , რომ კარგი მხატვრები გვყავს, საოცარი მოცეკვავეები და მომღერლები, რომ ჩვენი ანბანის თითოეული ასო ამბავს ყვება, რომ ქართული ხალხური სიმღერები უნიკალურია და კოსმოსშიც კია გაგზავნილი ერთ-ერთი სიმღერა. ამგვარ საუბრებს უფრო მეტი შედეგი აქვს, ვიდრე დაზეპირებულ ლექსებს სისხლზე და მეფეებზე.

წაიყვანეთ ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე, აჩვენეთ, გააცანით მიწა, რომელზეც ვცხოვრობთ, რომელზეც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ და მათი შვილებიც იცხოვრებენ.  დაეხმარეთ, შეიგრძნონ ბუნება,  ხეები, ფეხები ცივ მდინარეში დაასველებინეთ  და დამერწმუნეთ, ასე სამშობლოს ისე შეიყვარებენ, რომ თავადვე  გაუჩნდებათ სურვილი  დაიცვან და თუ საჭიროა, მისთვის იბრძოლონ კიდეც.

და ეს ჩვენი წითელი ურჩხული ნელ-ნელა დასუსტდება,  შეიძლება სულ გაქრეს კიდეც, რადგან მას მომხრეები მოაკლდება,  მათ გარეშე კი ის არაფერია, მრავალთავას სულის გასაღები ხომ აღტკინებულ, ბრალმდებელ,  ფსევდოპატრიოტიზმით  გაბრუებულ ადამინებში ინახება.

 

 

 

 

 

 

 

ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი

0

მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია, კოლეგებისათვის კი სასარგებლო. დღევანდელ სტატიაში მინდა, კოლეგებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და  შევთავაზო ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი, რომელიც თავისი შინაარსით, მიზნითა და აქტივობებითაც  ინოვაციურია. მიმაჩნია, რომ თანამედროვე  და სწრაფად განვითარებად სამყაროში მასწავლებელი ახალი ცოდნის კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს, მისდევდეს სიახლეებს და მოსწავლეებსაც საჭირო დროს უზიარებდეს.

სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში ჩავატარე VIII კლასში. ისინი სწავლობენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, მათ თვისებებსა და ფართობების გამოთვლას. შესაბამისად, შევარჩიე გაკვეთილის თემაც და მიზანიც. დავგეგმე მიზნის შესაბამისი აქტივობები და შევარჩიე რესურსები,  სწავლების მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები.

ჩემ მიერ შერჩეული თითოეული აქტივობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.  წარმოგიდგენთ თითოეულ აქტივობას თანმიმდევრობით.

          გაკვეთილის თემა: მოგზაურობა ოთკუთხედების ქალაქში.

          გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს

  • პარალელოგრამისა და მისი კერძო სახეების  თვისებებისა  და ფართობის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
  • ტრაპეციის თვისებებისა  და ფართობის გამოყენება ამოცანების                  ამოხსნისას;
  • ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება.

          გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აყალიბებს მიმართებას (მაგალითად, ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებას (მაგალითად, ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);

ფიგურის მოცემულ თვისებებს შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;

მათ. VIII.9.     მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;

პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.

 

          გაკვეთილი დავიწყე პირველი აქტივობით: მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები და შევახსენე ქცევის წესები ( 3 წთ).

გამოყენებული მეთოდი: ვერბალური ახსნა; კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო; სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდები; დაბეჭდილი რუბრიკები.

          აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება –  ( 4 წთ). მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფურად მომზადებული საპრეზენტაციო ფორმატები პარალელოგრამის, კვადრატის, მართკუთხედის, რომბის და ტრაპეციის შესახებ.  წარმოადგინეს ფიგურების გამოყენების ამსახველი ფოტოების გალერეა. ამ აქტივობით  მოსწავლეებმა დაინახეს ფიგურების გამოყენება საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში.

გამოყენებული მეთოდი: პრეზენტაცია. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური. სასწავლო რესურსი: მოსწავლეების მიერ საპრეზენტაციო ფორმატები.

აქტივობა 3. გამოწვევა  (3 წთ)

             აქტივობის აღწერა:  საშინაო დავალების შემოწმებისა და უკუკავშირის შემდეგ, მოსწავლეებს გამოწვევის მიზნით შევთავაზე ინტერნეტში მოძიებული ფოტოები ოთხკუთხედების გამოყენების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მოგზაურობა ოთკუთხედების ქალაქში ცოდნის ტრანსფერის მიზნით. ამოცანების ამოხსნა და ცოდნის დანერგვა პრაქტიკაში.

გამოყენებული მეთოდი: მინი-ლექცია. პრეზენტაცია.  ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო. გამოყენებული რესურსი: წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო სლაიდები.

         აქტივობა 4. წინარე ცოდნის გამეორება (7 წთ)

მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეო, რომლის გამოყენებით პარალელოგრამი სიმღერით წარადგენს თავის თავს. ფილმის ყურებისა და მოსმენის შემდეგ მოსწავლეებიდან ავიღე ინტერვიუ წინასწარ შედგენილი კითხვების მიხედვით: როგორ წარადგინა პარალელოგრამმა თავი? რა თვისებებით მოიწონა თავი? რატომ გვახსენებდა ხშირად ,,მე ვარ პარალელოგრამი“? (https://www.youtube.com/watch?v=Rpkjb4Tx844).

ამასთანავე წინასწარ სლაიდებზე წარმოდგენილი კითხვებით მოსწავლეებს გავააქტიურებინე ის ცოდნაც, რომელიც თავად  იცოდნენ პარალელოგრამზე, კვადრატზე, მართკუთხედზე, რომბზე, ტრაპეციაზე. გავაგრძელებინე მოგზაურობა ანიმაციური ფილმის   გამოყენებით. ფილმის თანხლებით ხდება შეხვედრა თითოეულ ფიგურასთან, რომლებიც თავსდება ცოდნის გააქტიურების შემდეგ სატვირთო მანქანაზე და ასე გრძელდება მოგზაურობა ოთკუთხედების ქალაქში.  შემდეგი ფიგურა ამ მოგზაურობის დროს იყო კვადრატი.

წინარე ცოდნის გააქტიურება მოხდა კითხვებით, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, გამოკითხვის ჩხირების გამოყენებით. წინარე ცოდნის გააქტიურობის დროს ფიგურიდან ფიგურაზე გადასასვლელად  მოსწავლეებს შევთავაზე მარტივი ამოცანებიც:

1) პარალელოგრამის გვერდები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1:2. იპოვეთ მისი გვერდები, თუ პერიმეტრი  60 სმ-ია.

2) იპოვეთ კვადრატის პერიმეტრი და  დიაგონალი , თუ მისი გვერდი 6 მ-ია.

3) იპოვეთ მართკუთხედის პერიმეტრი  და დიაგონალები, თუ მისი გვერდებია 9 სმ და 12 სმ.

4) იპოვეთ  რომბის პერიმეტრი და კუთხეები, თუ მისი გვერდი 6 მ-ია, ხოლო ერთი კუთხე- 60°.

5) ტრაპეციის დიდი ფუძეა 26 სმ, მცირე ფუძე კი 10 სმ.  იპოვეთ ტრაპეციის შუახაზი.

გამოყენებული მეთოდი: ვიდეოს ჩვენება,  ინტერვიუ, კითხვა-პასუხი.  ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური. რესურსები: ვიდეო, გამოსაკითხი ჩხირები, მიკროფონი, სლაიდები.

         აქტივობა 5. გამოტოვებული სიტყვების შევსება. (3 წთ)

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი, მოსწავლებს სთავაზობს ბრტყელი ფიგურების ფართობების გამოსათვლელ  ტექსტებს გამოტოვებული სიტყვებით.  ჯგუფებში  კითხულობენ და აღადგენენ გამოტოვებულ სიტყვებს. წარმოადგენენ შევსებულ ტექსტებს. მიიღებენ  უკუკავშირს და განმავითარებელ შეფასებას.

  • პარალელოგრამის ფართობი ტოლია —————–     და    ამ  —————  დაშვებული

——————- ნამრავლის.

  • რომბის ფართობი ტოლია ——————— და   ამ  ———————–დაშვებული ——————-  ნამრავლის.
  • რომბის ფართობი ტოლია ————————- ნამრავლის  ————————-.
  • მართკუთხედის ფართობი ტოლია მისი ——————–  და ————————– ნამრავლის.
  • კვადრატის ფართობი ტოლია მისი გვერდის   ————————.
  • ტრაპეციის ფართობი ტოლია მისი ფუძეების —————– ——————-   და   ———————  ნამრავლის.
  • ტრაპეციის ფართობი ტოლია ——————– და ———————— ნამრავლის.

გამოყენებული მეთოდი:  გამოტოვებული სიტყვების შევსება. ორგანიზების ფორმა  ჯგუფური მუშაობა.  რესურსები: თაბახის ფურცელზე  დაბეჭდილი ტექსტები გამოტოვებული სიტყვებით.  შევსებული ტექსტების სლაიდები უკუკავშირისათვის.

აქტივობა 6. ამოცანების ამოხსნა ჯგუფებში. (20წთ). აქტივობის აღწერა: მოძიებული სურათების მიხედვით  ამოცანების შედგენა და ამოხსნა.  ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.

ამოცანა 1.   ABCD ტრაპეციის  ფუძეებია 140 სმ და  40 სმ. AB ფერდი დაყოფილია  სამ  ტოლ ნაწილად  და დაყოფის წერტილებზე გავლებულია  ფუძეების პარალელური წრფეები. იპოვეთ  ფერდებს შორის მოქცეული  ამ წრფეების  a, b  და c  მონაკვეთები.  (სურ. 1).

ამოცანა 2.  პატარა მარიამი  საბავშვო მოედანზე სასრიალოზე სრიალებდა. ა) რა ფიგურაა სრიალის დროს  მისი მოძრაობის ტრაექტორია?  ბ) რა მანძილს გაივლიდა მარიამი პირველი ჩამოსრიალების დროს?      გ) მეორე ჩამოსრიალების დროს? დ) რა ფართობი უკავია პირველი და მეორე სართულის იატაკს? ე) რა ფართობის ამოშენებაა საჭირო მეორე სართულის უკანა კედლის ამოსაშენებლად?  ვ) რა ფართობის სახურავია საჭირო სასრიალოს გადასახურად? (სურ. 2) (სასრიალო დავყავი სამ ნაწილად პირველი სართული, მეორე სართული და სახურავი, დაურიგდათ ჯგუფებში. გამოთვალეს  და პრეზენტაციის შემდეგ მოხდა სურათის გამთლიანება.

ამოცანა 3. მოცემულია მართკუთხა სამკუთხედის ფორმის ნაკვეთი, რომლის ჰიპოტენუზაა 26 მ, ხოლო ერთ-ერთი კათეტი 10 მ. ა) რას უდრის  ნაკვეთის ფართობი? ბ) რამდენი ყვავილის დარგვა შეიძლება მოცემული

ნაკვეთზე, თუ ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია 9 ნერგის დარგვა? გ) რამდენი მეტრი სიგრძის ბეტონის ფილაა საჭირო ამ  ნაკვეთის შემოსაღობად?  (სურ.3)

   ამოცანა 4. წრიული ფორმის ნაკვეთზე ტოლფერდა ტრაპეციის ფორმის 9 საყვავილე  უნდა მოეწყოს.  ტრაპეციის  ფუძეებია 3 მ და 9 მ, ხოლო ფუძესთან მდებარე კუთხეა 60. ა) რამდენი მეტრი ღობეა საჭირო თითო ტრაპეციის შემოსაღობად? ბ) 9 ტრაპეციის შემოსაღობად? გ) რა ფართობს დაიჭერს ერთი ტრაპეცია? დ) 9 ტრაპეცია?   (სურ. 4)

ამოცანა 5. კვადრატის ფორმის ნაკვეთი,  რომლის გვერდი 12 მ-ია, დიაგონალებით დაყოფილია 4 ტოლ სამკუთხედად.  გამოთვალეთ: ა) რას უდრის ნაკვეთის ფართობი? ბ) რას უდრის თითოეული სამკუთხედის ფართობი? გ) რა სიგრძის ცოცხალი ღობითაა შემოღობილი კვადრატი? დ) წვეროდან რა მანძილზეა დარგული ხე? (სურ.5).

ამოცანა 6. მიწის ნაკვეთი დაყოფილია პატარა მართკუთხედებად, რომლის გვერდებია 6 მ. და  10 მ.   თითოეულ ნაკვეთში დარგულია ყვავილები. ა) რას უდრის ერთი პატარა ნაკვეთის შემოსაღობად საჭირო ღობის სიგრძე?  ბ) რას უდრის ნაკვეთის ფართობი. (სურ.6)

   მეთოდი: ჯგუფური მუშაობა.  პრეზენტაცია  ორგანიზების ფორმა:  ჯგუფური. რესურსები:  დაფა, ცარცი. ფოტო და  ვიდეო მასალა, სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი.

        აქტივობა 7.   საშინაო დავალება    (1 წთ). შესრულებულ დავალებას წარმოადგენენ მომდევნო გაკვეთილზე და მიიღებენ უკუკავშირს.

         აქტივობა 8. გაკვეთილის შეჯამება და შეფასება. (4 წთ)

გაკვეთილს შეაჯამებს მასწავლებელი. მოსწავლეებს ის შეაფასებს ინდივიდუალურად განმსაზღვრელი შეფასებით. ჯგუფების მუშაობა შეფასდება განმავითარებელი შეფასებით,  მოსწავლეები გააკეთებენ ჯგუფების ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას, შეფასების რუბრიკების გამოყენებით.

ვფიქრობ, გაკვეთილი საინტერესო და ინოვაციურია, სახელმძღვანელოს ფურცლებიდან ამოცანები გავიტანეთ პრაქტიკულ და რეალურ ცხოვრებაში. შევადგინე ახალი ამოცანები და ამოვხსენით გაკვეთილზე. შესაბამისად, გავედი რამდენიმე გამჭოლ კომპეტენციაზეც, როგორებიცაა, მედიაწიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენცია. ინტერნეტში მოძიებული სურათების მიხედვით დაიწერა ამოცანების ტექსტები, შედგა შესაბამისი ნახაზები და ამოხსნის მათემატიკური მოდელები. მოსწავლეებმა შეძლეს პრაქტიკული ცხოვრებისეული ამოცანების ამოხსნა. ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.  ჩემს კოლეგებსაც  გავუზიარებ გამოცდილებას და საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ჩემ მიერ შექმნილი რესურსები, ან თავადაც შექმნან მსგავსი რესურსები. დაგეგმონ და ჩაატარონ ანალოგიური სამოდელო გაკვეთილები.

 

გამოყენებული ლიტერატურა.

1.ეროვნული სასწავლო გეგმა.

  1. გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი. მათემატიკა VIII.  გამომცემლობა ინტელექტი 2012.
  2. ინტერნეტ– რესურსი (https://www.youtube.com/watch?v=Rpkjb4Tx844
  3. ფერადი სურათები აღებულია : https://www.google.com/search?biw=1366&bih=625&tbm=isch&sa=1&ei=cKjdXPChAorHrgSF_qmYAg&q=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98&oq=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98&gs_l=img.12…0.0..318682…0.0..0.0.0…….1……gws-wiz-img.GKnQlPu1gtM

რა არის storytelling და როგორ შევქმნათ ის?

0

რატომ გახდა აქტუალური თანამედროვე სამყაროში storytelling-ები? ისტორიების, ამბების შეთხზვა და მოყოლა ერთნაირად აქტუალურია ბიზნესსა და მხატვრულ ლიტერატურაში. თითქოს სამყაროს არ აკლია „ამბები“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალო და მარტივ ამბებზე კი არა, ისეთ ამბებზე ვსაუბრობთ, რომლებიც აღვიძებს შთაგონებას, აღძრავს ქმედებას, გვაძლევს მოტივაციას…

ბავშვობის ყველაზე მძაფრი განცდა უკავშირდება იმ ამბებს, რომლებსაც ბებიები და ბაბუები გვიყვებოდნენ ხოლმე. შეიძლება, ის ამბები არც არსებობდა და სპეციალურად ჩვენთვის იგონებდნენ, ან გაგონილს ამატებდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენ მაინც სიამოვნებით ვისმენდით. ზეპირადაც ვიცოდით ეს ამბები, მაგრამ მაინც, კვლავ და კვლავ, მოყოლას ვთხოვდით. იყო ამ თხრობაში რაღაც მაგიური… ბავშვური ფანტაზიები ამდიდრებდა ამ მონაყოლს და სადღაც, სხვა სამყაროში გადავყავდით. განსაკუთრებით, თუ რაიმე დაუჯერებელი იყო თხრობაში, აი, სწორედ ის ხდებოდა ყველაზე დასამახსოვრებელი. მეც ვეხვეწებოდი ჩემს ბაბოს ზამთარში, ღუმელთან:

– ბაბო, ბაბო, აი, ის ამბავი მომიყევი რა, ჭინკებზე… სოფლის ბოლოში რომ ხვდებოდა მთვრალ კაცებს…

ბაბოც დაუღალავად მიყვებოდა და მიყვებოდა… მე ყველაფრის მჯეროდა… ახლაც რომ მახსენდება, ცხადად ვხედავ, ამბების მოყოლის დროს როგორ ვხედავდი სიუჟეტს… როგორ ხარხარებდნენ ჭინკები და გარბოდნენ მერე… ჰოოო, ეგ ამბავი მართლა მოხდა, – დააყოლებდნენ შემოსწრებული მეზობლის ქალები და მეც მეტი რა მინდოდა… თვალებში სულ ჭინკები ამითამაშდებოდა ხოლმე.

შესაძლოა, ამბების სიყვარული დიდობაშიც იმ ბავშვურ და ჯადოსნურ სამყაროსთან გვაკავშირებს, სულს რომ სასწაულებით კვებავდა… კეთილები რომ იმარჯვებდნენ, ზღაპრის გმირები რომ შინ ბრუნდებოდნენ, ყველაფერი რომ კარგად სრულდებოდა… ჭირი რომ იქ იყო და ლხინი სულ აქ… აი, ამაზე კი ბევრი მიფიქრია: ნეტა ეს „იქა“ სად არის მეთქი…? ამდენი ჭირი და ქატო როგორ ეტევა ნეტავ-მეთქი? მიფიქრია, მაგრამ ახლაც არ ვიცი და ახლაც არ მაქვს პასუხი…  ასეა თუ ისე, ახლა ის მინდა, რომ ყველგან ლხინი იყოს – იქაც და აქაც და ადამიანმა ისწავლოს სიხარული.

ბავშვობის ამბებმა ახლა შორს რომ არ წამიყვანოს, ისევ აქ და ახლა დავბრუნდები და გავაგრძელებ. ჰოდა, როგორც ჩანს, ეს storytelling-ებს ახლა რასაც ვეძახით, სწორედ ეგაა, რაც ჩვენს ბავშვობაში სულ ხდებოდა და გვამახსოვდებოდა.

დღეს კი ყველაფერში ასე გავრცელებულ storytelling-ის მეთოდს იმას ვუკავშირებ, რომ ადამიანთა ცხოვრებიდან გაქრა ნამდვილი ემოციები და დარჩა უბრალოდ ფაქტები და მოვლენები, თეორიები, აბსტრაქციები და ცხოვრება თითქოს ხელიდან გვეცლება. რატომ…? იმიტომ რომ, ისეთი მექანიკური გახდა ადამიანი, ცოცხალი ემოციების ადგილი აღარ რჩება, არადა, ნამდვილად აკლია. მხოლოდ ემოციებია ის, რაც დასამახსოვრებელს ხდის მოვლენას ან ფაქტს და არა თავისთავად ფაქტი.

ერთმა ინგლისელმა პროფესორმა თავის ლექციაზე ათ სტუდენტს ერთწუთიანი სიტყვის/მოხსენების მომზადება სთხოვა. ათიდან ცხრამ თავის მოხსენებაში ციფრები, კვლევების შედეგები და მეცნიერული მტკიცებები გამოიყენა. მხოლოდ ერთმა თემის შესახებ პატარა ისტორია შეთხზა და აუდიტორიას წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ პროფესორმა აუდიტორიას სთხოვა დაესახელებინა, ვისი გამოსვლა დაამახსოვრდათ ყველაზე მარტივად. ყველამ იმ ერთი სტუდენტის ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.

ამდენიც იმიტომ ვილაპარაკე, რომ აქამდე მივსულიყავი, რა მნიშვნელოვანია სწავლებაში ასეთი ამბების შეთხზვა.

ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებს მხოლოდ ერთი ტიპის წერას ვასწავლით, ე.წ. განხილვებს და ეს განხილვებიც ერთგვარ სტერეოტიპად იქცევა ხოლმე. ამ ჟანრის გვერდით კარგი იქნება storytelling-ის მეთოდის გამოყენება: ამბის შეთხზვა რომელიმე ლექსით მიღებულ ემოციაზე, ან ახალი ამბის დაწერა უკვე ნაცნობ სიუჟეტზე. ბევრი რამ შეიძლება მოიფიქროს მასწავლებელმა, რომ გაკვეთილი ასეთი მეთოდით უფრო საინტერესო გახადოს.

რომელიმე თეორიის ან მოვლენის მხოლოდ ვერბალური გადმოცემა განწირულია მალე დასავიწყებლად. ამიტომ არის, რომ გამოცდების საკითხებს მოსწავლეები ან სტუდენტები 3 დღეში იზუთხავენ და ჩაბარებისთანავე ავიწყდებათ; ამიტომ არის, რომ გამოცდებმა დაკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია: შეამოწმოს ცოდნა. ის ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც წინა დღით დაისწავლა მოსწავლემ ან სტუდენტმა.

გააზრებული და გაცნობიერებული სწავლა ყოველთვის დაკავშირებულია ემოციურ დამახსოვრებასთან. ემოციას კი ქმნის ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება რაიმეს მიმართ. თუ ეს ის კითხვაა, რომელზეც დიდხანს ფიქრობდა მოსწავლე და კონკრეტული ცოდნით მიიღო პასუხი ამ კითხვაზე, მაშინ ასეთი ცოდნა მას არასდროს დაავიწყდება.

მოსწავლეს შეუძლია, ფიზიკის ან ქიმიის რომელიმე თეორიაზეც კი  დაწეროს პატარა მოთხრობა; მთავარია, შექმნას ემოციური ამბავი.  მხოლოდ აბსტრაქტული ცნებებით გადმოცემა სუსტი ცოდნაა. ამბავი უნდა იწვევდეს ნამდვილ განცდებს, შეიძლება იყოს რეალურიც და გამოგონილიც, მთავარია, ემოცია იყოს ნამდვილი!

ამბის მოსმენისას უნდა ხედავდე, ვიზუალური კადრები უნდა ჩნდებოდეს თვალწინ, იმდენად რეალური და კონკრეტული უნდა იყოს აღწერა. ამაზე აქვს ერთი ძალიან საინტერესო წერილი ამერიკელ მწერალს, მოკლე მოთხრობების დიდოდტატს, ფლენერი კონორის – „როგორ დავწეროთ მოკლე მოთხრობა“ (თარგმნა ნანა ბაღათურიამ). მწერალი ერთგან წერს:

ჩემი ერთი მეგობარი სამსახიობო ხელოვნების კურსებზე დადის ნიუიორკში ერთ ქალბატონთან, ვისზეც ამბობენ, რომ ძალიან კარგი მასწავლებელიაო. ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ პირველი თვე მათ ერთი ფრაზაც არ წარმოუთქვამთ და მხოლოდ დანახვას სწავლობდნენ. დანახვის სწავლა, მუსიკის გარდა, ხელოვნების ყველა დანარჩენი დარგის შესწავლის საფუძველია. საკმაოდ ბევრ მწერალს ვიცნობ, რომლებიც ხატავენ არა იმიტომ, რომ ხატვა ეხერხებათ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათ წერაში ეხმარება, რადგან აიძულებს ხედავდნენ საგნებს. მოთხრობის წერა რაღაცის თქმას კი არა, ჩვენებას ნიშნავს“.

ამიტომ არის მეტაფორული ამბების შეთხზვა ბიზნესშიც ძალიან აქტუალური.   სწორედ იმის გამო, რომ ამბავი, storytelling, არის ვიზუალური, ემოციური და აღძრავს ისეთ მოქმედებას, რომელიც სასურველია კომპანიისთვის. პროდუქტი, რომელიც საინტერესო ისტორიით წარადგინეს, წარმატებით იყიდება.

დიდი კოპირაიტერები წერენ, რომ „კოსმეტიკა ქარხანში მზადდება, ხოლო მაღაზიაში იყიდება იმედი“.

სტივ ჯობსიც იმ აზრის იყო, რომ ის ჰყიდდა არა პროდუქტს, არამედ შთაბეჭდილებას და ემოციას ამ პროდუქტზე.

და მაინც, რატომ ჰყვები? იმიტომ რომ, უბრალოდ აზრის გამოხატვა არაფერია, ის უნდა ახსნა და განამტკიცო ემოციით.

„ჰყვები მოთხრობას იმიტომ, რომ მისი მთავარი აზრის თქმა საკმარისი არ იქნებოდა. როდესაც ვინმე გეკითხება, თუ რის შესახებაა მოთხრობა, ერთადერთი შესაფერისი პასუხი იქნება ურჩიო, წაიკითხოს ის. მოთხრობის აზრი აბსტრაქტული არ არის, ის უნდა განიცადო და მისი თქმის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ დაგეხმაროს ამ აზრის უფრო სრულყოფილად გაგებაში“. (ფლენერი კონორი– „როგორ დავწეროთ მოკლე მოთხრობა“).

სამყარო კი თქვენგან თქვენს ამბავს ელოდება, მკითხველო!

 

მასწავლებლის საკითხავი _ ირაკლი სამსონაძის პიესები

0

დრამატურგი უნდა იყოს თეატრში, უნდა ცხოვრობდეს და სუნთქავდეს თეატრით. როგორც შექსპირი, მოლიერი იყო მუდმივად თეატრში, ისე უნდა იყოს თანამედროვე დრამატურგი მუდმივად თეატრალურ გარემოში. არ შეიძლება დრამატურგი არსებობდეს თეატრის გარეშე, მით უმეტეს, თუ კი არის ამის საშუალება. არ მესმის იმ დრამატურგებისა, რომლებსაც თეატრისგან დამოუკიდებლად სურთ იყონ დრამატურგები. დრამატურგი აყალიბებს ახალ თეატრს. მისი იდეებიდან  ახალი კონცეფცია ყალიბდება თეატრში. ლიტერატურა არის უმნიშვნელოვანესი წყარო თეატრალური ხელოვნებისთვის, ამიტომაც არის აუცილებელი დრამატურგისა და თეატრის ურთიერთობა. დრამატურგი უნდა იცნობდეს მსახიობებსაც, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში კარგი მასალა აღმოჩენილან ახალი იდეების განხორციელებისათვის. ეს არის ორმხრივი გამდიდრების პროცესი, როცა იცი, ამა თუ იმ მსახიობს რა ტექსტი უნდა დაუწერო,~ _ ამბობს ირაკლი სამსონაძე ერთ ინტერვიუში. ცხადია, თვითონ ასეთი დრამატურგია, ახლო კავშირი აქვს სხვადასხვა თეატრთან. მისი ბევრი პიესაა დადგმული და, როგორც თვითონ ამბობს, მსახიობები მას ერთგვარად ეხმარებიან კიდეც, როდესაც წარმოსახვით ისეთ ხასიათებს ქმნის, რომელთა სცენაზე შესატყვის განხორციელებაც შესაძლებელია.

მის მრავალმხრივ საყურადღებო პიესების კრებულში `კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით~ თავმოყრილ შვიდ პიესათაგან უმრავლესობა წარმატებით დაიდგა სხვადასხვა თეატრის სცენაზე და კრიტიკოსთა და მაყურებელთა აღიარებაც მოიპოვა. ეს პიესები თანამედროვე ქართული დრამატურგიის მაღალ ხარისხსა და აქტუალობას წარმოაჩენენ. ირაკლი  სამსონაძე თანაბარი ოსტატობით ქმნის მოთხრობებს, რომანებსა და პიესებს. ამიტომაც თანამედროვე ქართული სალიტერატურო ტენდენციების ანალიზი წარმოუდგენელია მისი ნაწარმოებების გარეშე (`ყურთბალიში~, `ღრუბელი, სახელად დარინდა~, `ლეას საათი~ და სხვ.)

ამ პიესებში ყველა ის პრობლემაა წარმოჩენილი, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებას აღელვებს. მისი პიესების გმირები უბრალო ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაზეც გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალური ვითარება, მეორე მხრივ, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-კულტურული პროცესები. პიესებში ფანტასმაგორიისა და აბსურდულობის განცდა ჭარბობს. ცხადია,  მოვლენების ამგვარი რაკურსით გამოხატვა მისი ესთეტიკის აბსურდის დრამასთან ნათესაობაზე მეტყველებს. პოსტმოდერნისტული აღქმა სამყაროსი ავლენს ავტორის სწრაფვას დახატოს თანამედროვე საშუალო კლასის ადამიანის მარტოობა და გამოუსავლობის შეგრძნება. საქართველოს უახლეს ისტორიაში მოუგვარებელ პრობლემებად ქცეული _ უმუშევრობა, სიდუხჭირე ამ პიესებშიც აქტუალურია, რომლებიც დანახულია თანამედროვე ადამიანის სულიერი შეჭირვების თანხმლები მოვლენების ფონზე და წარმოჩენილია პოსტმოდერნისტული ესთეტიკის პრინციპებით. პიესები გაერთიანებულია წიგნის საერთო სათაურით `კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით~ _ აბსურდის ბილეთს გაძლევს მწერალი, რომ მის წარმოსახვით წარმოდგენებს დაესწრო. რა თქმა უნდა, მკითხველიც აბსურდის ადამიანად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც იცის, ან პიესების წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდება, რომ ცხოვრება ორსახიან იანუსს, თატრალურ ნიღაბს ჰგავს, რომლის ერთი სახე პირახეული იცინის, მეორე კი პირმოკუმულა ტანჯვის სიმწრისაგან.

ეს პიესებიც, ცალკეული ეპიზოდითა თუ მთლიანობაში, ამგვარ ორმაგ განცდებს გამოიწვევს მკითხველში _ გააცინებს და დაამწუხრებს კიდევაც, ორივე გრძნობა კი ერთ საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას ემსახურება _ თუკი ნამდვილი ხელოვნებაა, მკითხველი (მაყურებელი) კათარზისს განიცდის, რაღაცით ისე შეიძვრება, რომ მერე შეიძლება შეიცვალოს კიდეც, თუ სუბიექტურ-ობიექტურ გარემოებანი მის მიმართ მოწყალედ განეწყობიან. ავტორი კი ლაღია, თავისუფალი დრამატურგიული კლიშესა თუ ტაბუსაგან, მისთვის მხოლოდ ერთია მთავარი (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამოცანა იგივეა, რაც, ვთქვათ, შექსპირის ან ჩეხოვისთვის), მაყურებელი თანდათან და შეუმჩნევლად, სცენაზე დატრიალებული დრამატული თუ კომიკური ეპიზოდების წარმოსახული სივრციდან საკუთარი სულის სიღრმეებისკენ მიაბრუნოს და ბნელ ლაბირინთებში ახეტიალოს. ხანდახან ოდნავ გამომკრთალი ფანტომური სინათლეები კი რწმენისა, სიყვარულისა, სიკეთისა და იმედისა იმ საყრდენებად აქციოს, რომლებიც გზის გაკვალვაში დაეხმარებიან.

პირველი პიესა `ყოფილების სარეცელი _ ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია ორ სურათად~ მაყურებელმა თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. მის წარმატებაზე მეტყველებს ის, რომ დაიდგა როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ახალციხის, გორის და სხვა თეატრის სცენებზე. დღეს განსაკუთრებით მწვავეა უცხოეთში ოჯახის სარჩენად წასულ ადამიანთა ბედი. სწორედ ამ თემას ტრაგიკომიკური სტილით წარმოაჩენს ავტორი ამ პიესაში. ერთმანეთს გადაეწვნება მატერიალური ყოფისთვის დამახასიათებელი პრაგმატული და რომანტიკული ნაკადები.  სცენაზე ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი, ქალი და კაცი, სრულიად მოულოდნელ ვითარებაში, სადღაც საწყობში ერთ ტახტზე გვერდიგვერდ მწოლი, იღვიძებს. ორივეს თავის ცხოვრება აქვს, თავისი დარდი და სიხარული, თავისი თავგადასავალი. ეს გამოღვიძება ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს. ასე უნდა შეიგრძნოს მკითხველმა პიესის მსვლელობისას _ ერთი მხრივ, ფიზიკური გაღვიძება_ თავდაპირველი შეცბუნებით, საუბრით, ერთმანეთის გაცნობით. მეორე მხრივ სულიერი გაღვიძება _ ისინი ამ საუბარში უნებლიეთ საკუთარ ცხოვრებას და მესაც შეიმეცნებენ.

ავტორი ჩვეულებრივ ადამიანებს ირჩევს, ყოფითი საზრუნავებით სავსეებს, ოღონდ სხვადასხვა სოციალური წრისას. ქალი მუსიკოსია, ქალაქელი, კაცი კი სოფლელია, ათას საქმეგამოვლილი, ახლა `ტრაილერით~ ვაშლი გააქვს გასაყიდად. მათი მეტყველების სტილიც შესაბამისადაა შერჩეული. აბსურდული სიტუაციაა, ქალმა არ იცის, როგორ მოხვდა აქ, უცხო ვანოსთან ერთად ტახტზე და განიცდის ჩავლილ ღამეს, რადგან არ არის დარწმუნებული, რამე მოხდა თუ არა  მათ შორის. კაცი უბეჯითებს, მოხდაო და ეს ამბავი არ ანაღვლებს. ქალი, სახელად ნანა, `მოხუცი ქალის პამპერსებით სუნთქვაშელანძული~ ცდილობს კაცის დამუნათებას, ლანძღავს, საკუთარ თავს პიედესტალზე აყენებს, ზნეობრივად წმინდად წარმოაჩენს, მას ხომ ქმარ-შვილი ჰყავს. საუბარში ნელ-ნელა გამოიკვეთება მათი პირადი ცხოვრების დეტალები. ისინი ერთმანეთს საკუთარ დარდს უზიარებენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, სიტყვა გაზიარება არ შეეფერება, უბრალოდ, გვერდიგვერდ სხედან და პარალელურ ისტორიებს ჰყვებიან, რომელთაც, ერთი შეხედვით, არანაირი გადაკვეთის წერტილი არა აქვთ. კაცი ჰყვება, შემთხვევით როგორ გაატყავა ფერმის კურდღელი  მეგობართან ერთად და როგორ  აზღვევინეს დეკეულის ფასი, `ფოლკსვაგენის~ ყიდვასაც რომ შეძლებდა იმ ფულით.  ეტყობა, ეს ხარჯი მისთვის მოუნელებელი ზარალია. ეს არის მისი ცხოვრების ახლანდელი მთავარი საფიქრალი, ქალი კი ვიღაც თემუკას სიყვარულს მისტირის.  რეალურად, ამ ამბებს ისინი მაყურებელს უფრო უყვებიან, ვიდრე ერთმანეთს. ქალი `აღმოაჩენს~,  ორივე ყოფილები არიან:  ვანო `ყოფილი მექანიზატორ-ინჟინერ-კონსტრუქტორია~ და თვითონაც `უბედური-ყოფილი მუსიკოს-შემსრულებელი~.

ქალს იმდენად ეცოდება თავი, რომ საკმარისია ცოტაოდენი ღვინო, რომ მოეშვას და უცხო კაცის მიმართ ნდობა გაუჩნდეს. მაგრამ ისინი ერთმანეთისგან შორს არიანN P_ ქალი სტრინდბერგზე, შოპენზე, ღვთიურ ბგერებზე ალაპარაკდება, რაც კაცისთვის ჩინურივითაა.  რა დააკავშირებს გაუცხოებულ ადამიანებს ერთმანეთთან? ქრისტიანობისთვის ეს სიყვარული იყო. ადამიანებს ერთმანეთში ღმერთი უნდა დაენახათ და ეცნოთ. სამწუხაროდ, ამგვარი სიყვარული ჩაფერფლილა. ახლობლებსაც კი ერთმანეთის მიმართ მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრი აკავშირებთ. დრამატურგმა ეს ორი ადამიანი ტრაგიკული ამბით დააკავშირა ერთმანეთთან. გერმანიაში ერთ წვიმიან დღეს ქართველი ემიგრანტი კაცი ქართველ ემიგრანტ ქალს გაიტანს, მათი ახლობლები კი ხარჯის დაზოგვის მიზნით მათ ერთი კუბოთი ჩამოასვენებენ. გულისშემძვრელია ამის აღქმა და გააზრება. ესენი უბედური ადამიანები არიან, ბედნიერების ამაოდ მაძიებელნი. მწერალი გვიჩვენებს მათი სულის ნაპერწკლებს, რომლებიც ინთება და ქრება, სამწუხაროდ, არავინ არის ამ ნაპერწკალთა  გამღვივებელი, პირიქით, ცხოვრება თავისი სასტიკი და ბნელი ნაბიჯებით გულმოდგინედ აქრობს ყოველ გამონათებას, თუმცა მკითხველს ბოლოს მაინც არ რჩება უსაშველობისა და გამოუვალობის განცდა, რადგან ეს ადამიანები კვალს ტოვებენ მათს შთაბეჭდილებაში და აღძრავენ დამყაყებულ-დაჭაობებული ვითარების შეცვლისკენ, საკუთარი თავისა თუ თავისუფლების მოსაპოვებლად აქტიური მოქმედებისკენ.

პიესაში იხატება ქართველი ემიგრანტების ბედი. შთამბეჭდავია ეპიზოდები, როდესაც პერსონაჟები თავიანთ ქვეყანას იხსენებენ. მაგალითად, როცა ქალი საუბრობს უცხო ქვეყანაში ლიანდაგებს შორის ამოსულ ტყემლის ხეზე, რომელიც იდგა `საიდანღაც მოვლენილი, საიდანღაც, საიდანღაც ნაყოფდახუნძლული, ასე ეული, იმ ნაცრისფერ, მოღრუბლულ დღეს~. მერე ამ ტყემალს დაკრეფს, შეიგრძნობს მის `სათუთ, მაცოცხლებელ სიგრილეს~. მერე დაეძებს ომბალოს, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია ტყემლის საწებლის მოხარშვა. `აკლია სასიცოცხლოდ… უმთავრესად… სუნთქვა, სული, შთაგონება აკლია და ამდენ დახლებზე ვერსად  ამ უცხო ხმებში ამ უცხი კომფორტულ ქალაქში ვერსად, ვანო, ვერსად და მუდმივად ვფიქრობა _ ვაიმე, ვაიმე, ჩემი ტყემალი, ვაიმე, ომბალოს მოლოდინში არ გამიფუჭდეს, ვაიმე და ვუცვლი პამპერსს იმ მოხუცებულ ქალს და ვფიქრობ _ვაიმე, სადმე ომბალო ვაიმე და ეს იგივე სულის გაყრაა ხორცთან, ვანო, ეს იგივე ვერშეყრის კოშმარია და…~. მერე ბოტანიკურ ბაღში მიაგნო  ლათინური და გერმანული წარწერებით ფირნიშზე, ინდური ეგზოტიკური მცენარეაო: `დავწვდი, მოვწყვიტე, გავქროლდი და გული ყელში მებჯინებოდა, ხოლო ომბალოს ცრემლის სისველედ ჩემს მუჭში, ვანო, და სურნელად და მოპოვებულ ნეტარებად~. ომბალოში გაერთიანდა ყველა სასიამონო მონატრებული განცდა საქართველოზე. `ცალკეულ სიტყვებს ცხოვრება და გამოცდილება ისეთ ემოციურ იერს ანიჭებს, რაც სრულიად უცხოა მათი ყოველდღიური მნიშვნელობისთვის~, _ წერს თომას მანი რომანში `დოქტორი ფაუსტუსი~.

მკითხველიც ხელშესახებად გრძნობს ქართული სამზარეულოს განუმეორებელ არომატებს, სურნელს, რომელიც მხოლოდ მშობლიურ გარემოში ტრიალებს და შეიგრძნობა. ამ დეტალით მწერალმა შეძლო ქალის სულიერი ტკივილის სიღრმისეულად წარმოჩენა. ირაკლი სამსონაძე დაშლილ სამყაროს ხატავს. აბსურდულ სიტუაციებში მოხვედრილი პერსონაჟები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. სცენიდან დარბაზში გადმოდის პიესის სივრცე. მაყურებელიც იმ საერთო აბსურდის  ჩუმი მონაწილეა.

პიესაში `პოსტსაბჭოური  სკვერი _ ტრაგიკომედია ოთხ სურათად~ წარმოჩენილია, რა კვალი დატოვა საბჭოთა იდეოლოგიამ ადამიანებზე. პიესის მოქმედი გმირები გაცოცხლებული ქანდაკებები არიან, ისინი სკვერებსა და ბაღებში დგანან მიტოვებულნი, გაძარცულნი, გარეგნულად მოზეიმე, შინაგანად კი _ უბადრუკი წარსულის მოწმენი.

`დევნილი ღმერთის~ ხანაში, როდესაც ადამიანები მალულად შედიოდნენ ეკლესიაში ხატების წინ სალოცავად და სანთლების დასანთებად, ზეიმობდა სხეულის სიჯანსაღის კულტი. საბჭოეთში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით კუნთმაგარ ქალებსა და კაცებს, ხელში ნამგალ-უროთი, არა უბრალოდ საშრომლად, არამედ თითქოს მთელი სამყაროსა და, უპირველესად, ღვთის წინააღმდეგ საბრძოლველად შემართულთ. პიესის მოქმედება პოსტსაბჭოურ სკვერში ვითარდება. მწერალი კარგად გვიხატავს იმ სივრცეს, რომელშიც პერსონაჟებმა უნდა იმოძრაონ: `სცენის ცენტრში კვარცხლბეკი. კვარცხლბეკზე ქანდაკადქცეული, ტრიკოამოცმული ქალ-ვაჟი. გოგოს   ნამგალი უჭირავს, ბიჭს _ ურო, ცალი ფეხი მოუხრიათ, მეორე უკან გაუზიდავთ, სხეულები წინ წაუხრიათ, გასაფრენად გამზადებულ რაკეტებს ჰგვანან~. ესენი პიესის მთავარი მოქმედი გმირები: ფიზკულტურელი გოგო და ფიზკულტურელი ბიჭი არიან. ისინი განასახიერებენ საბჭოთა დროის ნაშთებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ სიცოცხლის უნარი, ამიტომაც არის, რომ ლაპარაკობენ, ფიქრობენ, განიცდიან და ყოველივე იმის მონაწილენი არიან, რაც თანამედროვე საქართველოში ხდება. მათ დიალოგში იხატება საბჭოთა დრო, როდესაც პარტიის მსახურება იყო უპირველესი, ამ მსახურებას რელიგიური თაყვანისცემის იერი დაჰკრავდა და ის ყველგან იჭრებოდა. შეყვარებულ გოგო-ბიჭს შეიძლება ერთმანეთი დაესმინა, თუ რაიმეს, ხელისუფლების საწინააღმდეგოს, შეამჩნევდა.

მწერალი გვიჩვენებს, დრო როგორ მოქმედებს ადამიანის სულიერ განვითარებაზე. ერთი მხრივ, მოჩანან ქანდაკებებში ხორცშესხმული იდეალები საბჭოთა ეპოქისა, მეორე მხრივ კი, პოსტსაბჭოთა ახალგაზრდები. როგორები არიან ისინი? თავისუფალნი და ლაღნი? სამწუხაროდ, არა.  მზია სახლმმართველია, სამუშაოსგან გამოფიტული, გამომშრალი და გაბოროტებული, რადგან აღარავინ აღიქვამს ქალად, სართულიდან სართულზე დაეხეტება და ათასგვარი გადასახადის ფულს კრებს. ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, მილიციონერ ბიჭთან შეხვედრა იყო, შეხვდა კიდეც _ რეზოს, მარტოხელა კარლო ბაგარის ცხედრის ამოცნობისას გაიცნო, იმდენი გაბედა, რომ სწორედ ამ სკვერში შეხვედრა სთხოვა. ჩვენც სწორედ ამ დროს ვეცნობით, ქანდაკებებთან მოსაუბრეს, რეზოს მოლოდინში. რეზოც გამოჩნდება, თოკით ხელში, გაუპარსავი, მოუვლელი, ჭილყვავს გამოდევნებული, უბადრუკი და არა ისეთი, როგორსაც მზია მთელი სიცოცხლე ელოდა. რეზოს სახე ამძაფრებს პიესის პოლიტიკურ შინაარსს, კერძოდ, ის მიანიშნებს, `გახრწნილი პოლიტიკური სისტემის~ პირობებში როგორ მრავლდებიან ავაზაკები, კაცისმკვლელები. მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ეს თითქოს არაფერს ნიშნავს, ადამიანი ისევ დაბმულია, მიბმულია ახალ პოლიტიკურ იდეალს, რომელმაც თუ მოინდომა, როგორც რეზო ამბობს, საკუთარ მამას მოგაკვლევინებს და დედას შეგრთავს ცოლად. ამგვარად, პიესაში ბედისწერის  თემაც შემოიჭრება. დრონი იცვლებიან, მაგრამ ადამიანი ბედისწერის მონად რჩება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ბედისწერის ბრალია, რომ მავანი საბჭოეთში გაჩნდა ან პოსტსაბჭოთა პერიოდში – აღრეული ზნეობრივი ფასეულობების ხანაში: `ბედისწერის მსახვრალი ხელი… ისტორიული გარდაუვალობა… სტაგნაციისთვის ვარ განწირული და ამას ვერსად გაექცევი… პოლიტიკური სისტემა ლპება~, _ ამბობს რეზო.

იმის საჩვენებლად, რომ საბჭოური იდეოლოგია ისევ ცოცხლობს და არც მომავალში ემუქრება რაიმე, დაფეხმძიმული ფიკზულტურელი გოგოს ალეგორიით გვიჩვენებს.  ფიკზულტურელი ბიჭი კი ომშია წასული. თანდათან პიესა სულ უფრო ფანტასმაგორიული ხდება _ კვარცხლბეკი საცხოვრებელ ბინას ემსგავსება. ომიდან დამარცხებული ფიზკულტურელი ბიჭი ისევ სადღაც მიდის_ ახლა საშოვარზე. ფორთოხლის პლანტაციებში, უცხო ქვეყანაში მონურად უნდა იშრომოს. ეს ყოველივე ირეკლავს მეოცე საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ვითარებას. ფიზკულტურელ გოგოს ბიჭი შეეძინება. MEმერე შვილის გასაზრდელად ძველმანებით ვაჭრობას იწყებს და ასე, მკითხველის თვალწინ _ ორი ოჯახი _ ქანდაკებებისა და ხორციელი ადამიანებისა ერთმანეთს ემსგავსება. ქანდაკებათა ოჯახი უფრო გამძლე  და ამტანიც აღმოჩნდება. პატარა რეზო გაიზრდება, მწმენდავი გახდება და კვარცხლბეკზე თვისივე ხელით მოკლული მამის (მამინაცვლის) ადგილს დაიკავებს.

შეიძლება ითქვას, რომ პიესის კომიკური ეპიზოდები ავტორის დიდ ტკივილს წარმოაჩენენ _ ის იყურება წარსულში, რათა დაავადებული აწმყოს წამალი აღმოაჩინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ პოულობს. მკითხველსაც უსაშველობისა და გამოუვალობის განცდას უტოვებს. `არავის აქვს უფლება ჩვენგან ოპტიმიზმს ითხოვდეს. ჩვენ მოვალენი ვართ, გავიგოთ იმათი შეცდომა, ვინც ვერ გაუძლო სასოწარკვეთილების ძალთა მოსევას, თავს უფლება მისცა პატიოსანი სახელისთვის ჩირქი მოეცხო და თანამედროვე ნიჰილიზმის უფსკრულში გადაჩეხილიყო~, _ წერს ალბერ კამიუ თავის სანობელო სიტყვაში.

პიესაში `საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში _ ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად~ _ წარმოჩენილია აფხაზეთის ომის ტრაგედია და გაუბედურებული ადამიანები, რომელთაც თავიც დაუკარგავთ, სამშობლოც და მთელი სამყაროც (პიესა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა 2005-2006 წლებში). ავტორი პიესას თვითონვე განმარტავს, როგორც ფანტასმაგორიას, რაც რეალობისა და წარმოსახვის სრულ აღრევას გულისხმობს. მართლაც, მკითხველი ვერ არჩევს, სად იწყება ერთი, ან სად მთავრდება მეორე. პიესაში სულ შვიდი პერსონაჟია: თაზო, მისი ყოფილი ცოლი (ნიუ) ქმრითურთ (აჩიკო). კესო, თეატრის ადმინისტრატორი გაბრიელი, თაზო მისი მეგობარია, დაზმირი (საბჭოეთში გავრცელებული უცნაური სახელი-კომპოზიტით, რომელიც რეალურად, სამი რუსული სიტყვის აბრევიატურაა: `და ზდრავსტვუეტ მირ~. იგი სცენის მუშა და დენის ჩამჭრელია.

ავტორი ასე გვამზადებს მოქმედებისთვის: `პოსტრევოლუციური საქართველო, ჩვენი დღეები. მოქმედება საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი თეატრის შენობაში ხდება. სცენაზე მიმოყრილი ნივთები. გვეუფლება განცდა, თითქოს ნაგავსაყრელის, ან თუნდაც ნანგრევებად ქცეული სახლის მხილველნი ვართ. თუმცა ეს არც ნაგავსაყრელია და არც ნანგრევებად ქცეული სახლი. უშინაარსოდ, უსაგნოდ მიმოყრილი თეატრალური რეკვიზიტებია სცენაზე. მათ შორის, ყოფით ნივთებსაც ვხედავთ _ ნავთქურას, ტელევიზორს, სკამებს და ა. შ. გაბრიელი ამბობს: `თეატრი ბორდელად გადაიქცა~ და ამ ფრაზით კარგად გამოხატავს იმ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ხელოვნება აღარავის აინტერესებს, ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპოვოს სარჩო-საბადებელი და როგორ გადაირჩინოს თავი. პერსონაჟები საუბრობენ თავიანთ გაჭირვებაზე _ გაბრიელი როლს ვეღარ თამაშობს, თაზოს ცოლი გაქცევია, კესო ვიღაც კაცებს იღებს. მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისა არ ესმით. ერთს მეორის ამბავი არ აღელვებს. თავიანთ ამბებს ვითომ უზიარებენ ერთმანეთს დარდის გასაქარვებლად, მაგრამ დარდი არსად მიდის, რადგან არც ნამდვილი თანაგრძნობაა და არც გაზიარება. თითქოს ჯოჯოხეთია. მწერალი დაკარგულ ადამიანებს ხატავს, უსაყრდენოებს, გამოსავალი რომ ვერ უპოვიათ და დაბნეულნი დაბორიალობენ.  ერთმანეთს `ჩამოსაწერებში~ გასულებს ეძახიან.  ასე მოექცა მათ `ახალი რევულუცია~ (იგულისხმება 2003 წლის ვარდების რევოლუცია). კესოს თავი აქვს დამწვარი _ ქაჩლად იქცა. კესოს კლიენტების დატოვებული ფულით გააქვთ თავი თაზოსა და გაბრიელს. ისინი ყველანი ნაკაცრები არიან.

პიესაში ტელევიზორს შემოაქვს რეალობის მეორე პლანი _ აქ თაზოს ცოლი ახალი ქმრით _ აჩიკოთი გამოჩნდება. ისინი თითქოს ბედნიერები არიან. ნიუ ჟურნალისტია, აჩიკო  _  კონფლიქტოლოგია. პაროდირებულად არის წარმოჩენილი სატელევიზიო სივრცე, რომელიც ადამიანებს რეალობის შეგრძნებას უკარგავს. ათასგვარ შოუში წამყვანები მსჯელობენ ისეთ თემებზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მაგალითად, ქალაქში შაჰიდი ქალი გამოჩენილა, გლობალური პრობლემები, ტერორიზმი, ტერაქტები… კესოს ოცნება ფიჭვის ტყეზე წარმოაჩენს ილუზიების მსხვრევით გამოწვეულ ტკივილებს, თუმცა ამ ფიჭვის ტყეს შემოაქვს სწორედ იმედის სხივი ბნელ ყოფაში. პიესა სავსეა სახარებისეული და ლიტერატურული ალუზიებით, რომლებიც აღრმავებენ პიესის შინაარსს და პერსონაჟებს სიკეთისა და ბოროტების სიმბოლოებად წარმოაჩენენ.  სამყაროში  მუდმივად გრძელდება ბრძოლა ნათელსა და ბნელ ძალებს შორის, მთავარია, ადამიანმა არ დაკარგოს კავშირი ღვთაებრივ სამყაროსთან, არ ამოიშანთოს სული და სხეულის გახრწნის პირობებშიც სჯეროდეს ხსნისა და გადარჩენისა.

პიესა `ციცქნა გოლიათი _ ჩვენი კომიკური აბსურდული ერთ მოქმედებად~ ერთმანეთისგან სრულიად გაუცხოებულ ცოლ-ქმარს გვიხატავს, რომელთაც ისიც არ იციან, ბავშვს რა სქესი და რა ასაკი აქვს. შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ორსქესიანია. ისინი გაუცხოებულნი არიან ყველასა და ყველაფრისგან. ამძიმებთ `ჭაობიანი~ წარსული, შესაბამისად, ვერც აწმყოში გაუკვლევიათ გზა.

`ისე გულმოდგინეთ ვშლით კვალს, რომ მეხსიერებაც გვეშლება ხანდახან~, _ ეუბნება ქმარი ცოლს. მკითხველი ვერ არკვევს, ვინ არიან ისინი, ქურდები, მკვლელები, სახელმწიფო მოხელენი თუ ტერორისტები. ისინი დროისაგან შეშლილ ადამიანებს ჰგვანან, რომელთაც თავი ვერ დაუღწევიათ წარსულისაგან. ისინი იგონებენ, როგორ დახოცეს ბებია-ბაბუა და მშობლები, მაგრამ მათი აჩრდილები მათთან არიან.  უმომავლობისა და უპერსპექტივობის განცდა ამძიმებს მათ აწმყოს. გამუდმებული არეულობა, მიტინგები, პარტიული ბრძოლები და ქვეყანაში ატეხილი გაუთავებელი აყალმაყალი მათ კლავს, როგორც პიროვნებებს. ისინი ვერ გარკვეულან ვითარებაში, სწორი გზა ვერ აურჩევიათ. წარსულზე შურისძიებას მათთვის არც ბედნიერების შეგრძნება მოაქვს და არც სამომავლო იმედს უსახავს. `ჩვენ არავის, სრულიად არავის ვჭირდებით~ _ ამ სასოწარკვეთილი ამოძახილით არის გამსჭვალულლი მთელი პიესა. ისინი აფეთქებენ ქალაქს, სხვის სახლებს და თვითონაც ფეთქდებიან, თუმცა პიესის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ კოშმარული სიზმარია.

`ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი~ (კომედია ორ მოქმედებად) თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაიდგა 2006, 2007 და 2010 წლებში, რეჟისორები: რობერტ სტურუა და ანდრო ენუქიძე. პიესაში ოჯახური პრობლემები, თაობათა ურთიერთობა და გაუცხოება იხატება. პიესაში გამოიკვეთება უცხოეთიდან ჩამოსული გიორგი, რომელსაც, როგორც, თვითონ ამბობს, ლადიოტანტის პროფესია აქვს. პიესისს ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რას ნიშნავს ეს ლადიოტანტი ან იგი ნაზავია იდიოტის, მუტანტის, კომერსანტის და ყველა ამგვარი სიტყვების, რომლებიც ადამიანის გარკვეულ სულიერსა თუ სოციალურ მდგომარეობას უცხო ტერმინებით აღნიშნავენ. ამ პიესაშიც გაუცხოების პრობლემაა მთავარი. პიესის ეპიზოდები ამ სიტყვა ლადიოტანტის ირგვლივ ლაგდება. პერსონაჟები ცდილობენ ჯერ სიტყვის, შემდეგ გიორგის პიროვნების ამოცნობას. ამ გამოცანას სთავაზობს ავტორი მკითხველს _ ვინ იყო გიორგი და რად აქცია იგი დრომ და გარემოებებმა? უფრო ზოგადად კი, რა ბედი აქვს ადამიანს თანამედროვე გლობალურ სამყაროში, განვითარებული ტექნოლოგიების ხანაში. რა ემართება ადამიანის სულსა და ზნეობას?  ვანილის მოტკბო სურნელი კი დაკარგული იდეალების სიმბოლოა.

პიესაში `მეთევზე ერთი, ორი…_ დრამატული იგავი ერთ მოქმედებად~ _ უცხო მიწაზე დახოცილ ქართველ ჯარისკაცთა ბედია წარმოჩენილი. ისტორიულად, ხან მამელუქები იყვნენ ქართველები, ხან იანიჩრები, ხან ვოლუნტიერები. ეს არ შეცვლილა არც დღეს. ერთი თუ ინტერნაციონალური მისიით იბრძოდა, მეორე _ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

პიესაში ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ერთი ბედით_ ორივე ახალგაზრდა დაიღუპა. მათს დიალოგში თაობათა შორის ურთიერთობაა წარმოჩენილი. მწერალი მიგვანიშნებს ამბის იგავურობაზე _ ეს მკითხველს უბიძგებს პერსონაჟები თუ მათი ურთიერთობები ალეგორიულად გაიაზროს, ტექსტში სიმბოლოები ეძებოს და ქვეტექსტები ამოიკითხოს. სახელები – უფროსი წერტილა, უმცროსი წერტილა _ ამ ადამიანების რაობაზე მიანიშნებენ. ისინი უსაზღვრო სამყაროში მცირე წერტილები არიან მხოლოდ, თავიანთი პატარა საზრუნავებით. უფროსი და უმცროსი, მეთევზეები დავობენ უმნიშვნელო წვრილამანებზე

`თევზაობა სიცოცხლის უპირველესი ნიშან-თვისებაა~, _ ამბობს უფროსი წერტილა. ცხოვრებაა ზღვაა და ადამიანს მოვალეობაა დაიჭიროს თევზები, საქმე აკეთოს. ჰემინგუეის `მოხუცსა და ზღვასთან~ არის გადაძახილი, იქაც მოხუცი მეთევზე დიდი თევზის დაჭერაში ნახულობს ცხოვრების საზრისს. სწორედ თევზაობა შეაგრძნობინებს, რომ ადამიანის დამარცხება შეუძლებელია. ან ჰერმან მელვილის `მობი დიკი~_ თეთრი ვეშაპის დევნაში კაპიტანი საკუთარ თავს და სამყაროს კანონზომიერებას თანაბრად შეიმეცნებს.

უფროსი მეთევზე ამ ადგილას სათევზაოდ კი არ მოდის, არამედ დასასვენებლად, თუმცა ძუაგაწყვეტილი ანკესი თან მოაქვს _`ეგ კიდე საკითხავია, მე დავიჩემე ეს ადგილი თუ ამ ტბამ და ტირიფმა დამიჩემეს~.  თევზებზე დავასა და ბაქიბუქობაში, თუ ვის რამდენი დაუჭერია, თანდათან გამოიკვეთება უფროსი წერტილის უცნაურობა, სიმბოლურობა: `ხედავ იმ გორას, იქ რომ მზე ამოიწვერება, ისევ ჩემს ხეტიალს უნდა შევუდგე, ერთი ორი, ერთი ორი, უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ; ამიტომაც გთხოვ, დამასვენე ჩემს სკამზე, სადაც წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ მეძლევა ჩამოჯდომის საშუალება.

პიესაში ხშირად შემოიჭრება ირონია: `თუ წერტილას გეძახიან, რა ძახილის ნიშანივით იჭიმები!~ თაობათა შორის განსხვავებას ისიც გამოხატავს, თუ რომელი ენის გავლენას განიცდიან დიალოგის მონაწილენი. უმცროსი ამბობს: `მე  Fულლსტოპ-ს მეძახდნენ  ხოლმე… წერტილს ნიშნავს ინგლისურად. უფროსი : `მე `ტოჩკას~, რუსულად ნიშნავს წერტილს~.  უმცროსის დაბაში მზე დასავლეთიდან ამოდიოდა, უფროსისა _ ჩრდილოეთიდან.  უმცროსი ინგლისურად იგინება, უფროსი _ რუსულად. პიესაში შემოიჭრება დღევანდელობისთვის აქტუალური პოლიტიკურ-კულტურული ორიენტაციის საკითხი: ევროპა და რუსეთი? უფროსი ინტერნაციონალურ ვალზე საუბრობს _ იხსენებს, როგორ შეიჭრნენ საბჭოთა ჯარები ავღანეთსა თუ სხვაგან. უმცროსი _ საერთაშორისო  უსაფრთხოებაზე მსჯელობს, როცა შენი დაბის სიმშვიდის დასაცავად სადღაც შორს უნდა იბრძოლო, მაგალითად, ავღანეთში.

წერტილა _ ტრადიციული მეტსახელია, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტი მაშინ ჩნდება, როდესაც ზედმეტსახელ `წერტილას~ სულ სხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობს მწერალი. უფროსი ამბობს; `წერტილას უფრო იმიტომ მეძახდნენ, რომ ყველა დაძაბულ საუბარში ბოლო წერტილს მე ვსვამდი~.  აღმოჩნდება, რომ უმცროს წერტილასაც ამიტომ ეძახდნენ ამ სახელს და არა მხოლოდ ტანმორჩილებისათვის. ისინი ყველაფრით ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ძველმა თაობამ ახალს უნდა დაუთმოს ადგილი, რაც უფროსისთვის მტკივნეულია _ ეს სიმბოლურად გამოხატულია, როცა უფროსს არ მოსწონს, რომ უმცროსი მის სკამზე ჯდება. პიესაში ჩანს უფროსის საბჭოური წარსულის გამოცდილება. უფროსი უმცროსს: `ძალიან ახლოდან ძალიან შორს დაგინახე~. მკითხველს უჩნდება ბუნდოვანი განცდა, ხომ არ არის  ეს შეხვედრა წარსულთან? უმცროსი ოცნებობს თავისი თევზის დაჭერაზე, რომელსაც `სახეჩი ატამივით ყვითელი ზურგი აქვს და თვალწარმტაცი ზურგი, ვარსკვლავებით გადანათებული ღამეებივით~. ორივენი ნოსტალგიით ახსენებენ თავიანთ პატარა დაბას, სადაც ოდესღაც ცხოვრობდნენ.  მკითხველს უჩნდება ეჭვი, ეს ყოველივე რეალობაში ხდება თუ საიქიოში, სულთა საუფლოში. ამას ამძაფრებს უმცროსის სიტყვები: `ვიყავი თუ ვარ?~

საოცნებო თევზი გამოჩნდება, მაგრამ ძუა წყდება. ეს ნიშნავს უმცროსის სიკვდილს: `ჰოსპიტალში… სამყაროს უკიდურეს სამხრეთის სამხრეთ პროვინციაში… (პაუზა). დედა გაიგებს, ეტკინება…~ მოულოდელად  ყველაფერი ცხადი ხდება, ორივე საიქიოშია: უფროსი სნაიპერის ტყვით არის მოკლული. უმცროსი _ ნაღმის ნამსხვრევით. ორივე ხვდება მსგავსების რაობას. უფროსი ამბობს: `ჩვენ ხვედრით ვართ მამაშვილი~. პიესის ბოლოს ორივე ხედავს გორას, გორაზე დაბას, დაბასთან ტბას და ტბასთან ტირიფს. ეს ტირიფი გლოვის სიმბოლოა. სცენაზე რჩება ორი ცარიელი სკამი და ორი ძუაგაწყვეტილი ანკესი.

პიესათა საერთო სტილისტიკიდან თითქოს ამოვარდნილია `აბეშურა _ ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი~ (ტრაგედია ორ მოქმედებად), რომელსაც მკითხველი შორეულ წარსულში გადაჰყავს. პიესა ეძღვნება თამაზ ბაძაღუას, ბადრი ჭოხონელიძის, ვაჟა ბრეგაძის ნათელ ხსოვნას. ამ პიესისთვის ავტორს გადაეცა ისტორიულ-ლიტერატურული პრემია `დავით აღმაშენებელი~ (2010). პიესა 2003-2004 წლებში ქუთაისი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა.

მოქმედება ხდება მცხეთაში მესამე საუკუნის დასასრულს. პიესა ეფუძნება `ქართლის ცხოვრების~ ერთ ეპიზოდს, რომელიც მოგვითხრობს ფარნავაზიანთა უკანასკნელი მეფის, ასფაგურისა და მისი მხოლოდშობილი ასულის, აბეშურას, აღსასრულზე. ყურადღებას იქცევს პიესის ენა, რომელიც მკვეთრად რიტმულია, გამოყენებულია, ძირითადად, სონეტის, 14-მარცვლიანი რიტმი, რაც ძალიან უხდება პიესას, ერთგვარ ზომიერ პათეტიკურობას ანიჭებს ტრაგედიას. შექსპირის ტრაგედიებიც ხომ მაჩაბელმა 14-მარცვლიანი რიტმით თარგმნა. პიესას ფონად გასდევს `უკვდავებისგან გათანგული ორი შეშლილი ყორნის~ (ნოეს კიდობნიდან არიან) ფილოსოფიური ელფერით შემოსილი კომიკური დიალოგები. ისინი გარდაუვალ ბედისწერასაც განასახიერებენ და თვითონ უკვდავნი, ედგარ პოსეული ყორანივით საზარლად დასჩხავიან მოკვდავთ: `აღარასოდეს~, რომელსაც ამ პიესაში ჩაენაცვლება `ფარნაოზის სახლი კვდება~. პიესაში წარმოჩნდება ფარნავაზიანთა ქართლის ბედი, ასფაგურის ასულის, აბეშურას ტრაგიკული ბედი. გოგონა თავიდანვე წარმოჩნდება, როგორც მარტოსული მეოცნებე, მუხას გარდაცვლილ დედას რომ ეძახის და მის ფუღუროში ემალება რეალობას. საბერძნეთში ქართლის ელჩს ახალგაზრდა ბაქარს სიყვარულ ი თსულის ძუძუმტეს უწოდებს.  ქართლს უჭირს არჩევნის გაკეთება: `კაცმა არ იცის, ვისი ფეხის ლოკვა სჯობია, სპარსთა თუ ბერძენთა~. სპარსთა მეფის ძე, 7 წლის მირიანიც გამოჩნდება, დგება დრო ფარნავაზიანთა დინასტიის ხოსროვიანთა დინასტიით ჩანაცვლებისა. ავტორი მიჰყვება ქართლის ცხოვრების ვერსიას იმის შესახებ, რომ ქართლის ერისთავებმა ასფაგურის სიკვდილის შემდეგ ქასრეს შვილი მირიანი სთხოვეს აბეშურას ქმრად. პიესაში იხატება მამის მკვლელობითა და დატრიალებული ამბებით შეშლილი აბეშურა, უსაღვროდ კეთილი, ხალხის მოსიყვარულე, მაგრამ მაინც ყველასგან მიტოვებული და სასიკვდილოდ განწირული.  პიესას მსჭვალავს ერთგვარი რომანტიკული სულისკვეთება, რომ ყოველგვარ ნაზს, სათუთსა და ანგელოსურს დევნის მიწიერი, ჭუჭყიანი, პოლიტიკური თუ ყოფითი ინტრიგებით სავსე ცხოვრება. მწერლის საყვარელი `აბსურდი~ აქ სცენის მიღმაა, მაგრამ ის მაინც შემოიჭრება უკვდავი ყორნების საუბარში `რძიანი ყავის ხსენებით~. ღალატით მკვდარი ასფაგური და აბეშურა ქართლის ცხოვრების ფურცლებში ჩარჩნენ, მაგრამ მათ ბედისწერას მათი სულიერი ნათესავები იმეორებენ დღეს და გაიმეორებენ ხვალ და ამას უბრალო ადამიანურ ენაზე ჰქვია სინათლისა და სიბნელის დაუსრულებელი ბრძოლა, ყველაზე უმაკოთა მსხვერპშეწირვის რიტუალით. აბეშურაც მკითხველის შთაბეჭდილებაში რჩება, როგორც ღვთაებრივი ნაპერწკლის მოულოდნელი გამოჩენა ყოფიერების სიბნელეში, სულ ცოტა ხნით ადამიანთა სულების გასათბობად და გასანათებლად და მერე ისევ გასაქრობად. ის, როგორც გიორგი ლეონიძე ამბობს `ნატვრის ხეში~, დროებით თვალს მიფარებული სილამაზეა, რომელიც აუცილებლად ისევ გამოჩნდება.

მწერალი თავისი პიესებით მკითხველს `გონებით თამაშისთვის~ აღძრავს, რათა ამ გზით, სხვათა სიცოცხლესა, ბედსა და დროში მოგზაურობით საკუთარი თავი აპოვნინოს. `ეს წარმოდგენა ხაფანგია, მეფის სინდისს დამაჭერინებს~,_ ამბობს ჰამლეტი. კამიუს აზრით, „სინდისი მეტად ფრთამალია და ხელიდან გვისხლტება, კუდში უნდა სდიო, იმ მოუხელთებელ წამში უნდა სწვდე, როცა თავის თავს ავლებს წამიერ მზერას~ (`სიზიფეს მითი~). ამ პიესების კითხვისას მკითხველიც მოახერხებს საკუთარი სინდისის მოხელთებას და ცხოვრებისეული აბსურდის გადალახვას `მეს~ შემეცნების საშუალებით.

 

განათლება- ჩრდილოეთი vs დასავლეთი

0

მსოფლიოს უახლესი რეიტინგი განათლების დონის შესახებ ცხადყოფს, რომ სიის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის. ის მეშვიდე ადგილზეა. რომელია #1 ქვეყანა? – ფინეთი.

კვლევა ჯონ მილერმა, ცენტრალური კონეკტიკუტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჩაატარა და მსოფლიოს 60 ქვეყნის წიგნიერების ტრენდები და თავისებურებები გააანალიზა.

კვლევამ გამოააშკარავა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნები საუკეთესოები არიან, ხოლო დასავლეთი ნახევარსფერო განათლების დონით მათთან შედარებით მოიკოჭლებს.

მსოფლიოს ოცი ყველაზე განათლებული ქვეყნის სია ასე გამოიყურება:

ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, შვედეთი, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ლატვია, ნიდერლანდი, კანადა, საფრანგეთი, ლუქსემბურგი. ესტონეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ისრაელი და პოლონეთი.

– ჩვენ მიერ შესწავლილი ფაქტორები კომპლექსურია და ერის ზოგად პორტრეტს წარმოადგენს. კონკრეტული მიგნებები, რომლებიც მსოფლიოს კვლევის ფარგლებში გავაცანით, ერთპიროვნულად მნიშვნელოვანი და სამაგალითოა დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათთვის, ვისაც განათლების დონე არადამაკმაყოფილებელი აქვს. ინდივიდების განათლების დონე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი წინაპირობაა და ძალიან მნიშვნელოვანია მომავლის გლობალური კეთილდღეობისთვის, – ამბობს ჯონ მილერი.

მისი განცხადებით, კვლევის ძირითადი წყარო იყო PIRLS – (Progress in International Reading Literacy Study) – კითხვის დონის საერთაშორისო კვლევა და – PISA (Program for International Student Assessment) – მოსწავლეების საერთაშორისო გამოცდების პროგრამა. მკვლევარი აქტიურად იყენებდა სხვა წყაროებსაც – ბიბლიოთეკებს, გაზეთებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ინტერნეტის განვითარების დონის გავლენის მონაცემებს თითოეული ქვეყნის მაგალითზე.

ჯონ მილერის ახალ კვლევაში განათლების დონის მაჩვენებლით საქართველო სიაში თურქეთს მოსდევს და 51-ე ადგილს იკავებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...