შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

თანამშრომლობითი სწავლება – დებატები 

0

    დისკუსია  თანამშროლობითი სწავლების ერთ- ერთი საუკეთესო მეთოდია,მისი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ისეთი უნარების განვითარებას,  როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, საკუთარი   აზრის გამოხატვა,  კომუნიკაციის განვითარება, ოპონენტის პატივისცემა, განსხვავებული აზრის მიღება და კონსესუსი.

უდაო ჭეშმარიტებაა,რომ   მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარება  ადრეული ასაკიდან უნდა  ხდებოდეს დაწყებითი სწავლების საფეხურზე.

დებატების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია ვიცნობდეთ დებატების სპეციფიკას:

 

  • დებატები ორატორული შეჯიბრია, რომლის მიზანია რომელიმე მონაწილე მხარის გამარჯვება;
  • დებატებისას ერთი მხარე ყურადღებით ისმენს მეორე მხარის არგუმენტებს,რათა იპოვოს ხარვეზები და გააბათილოს;
  • დებატებისას პოზიციის შეცვლა სისუსტედ მიიჩნევა;
  • მონაწილენი მცდარ პოზიციასაც ისე იცავენ, როგორც- სწორს;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ მოვლენისადმი სუბიექტური მიდგომა;
  • დებატები მოითხოვს გარკვეული შეხედულებების კრიტიკას.

 

საილუსტრაციოდ გთავაზობთ ჩემ მერ ერთ -ერთ კლასში გამართული დებატების თემას აქტივობების თანმიმდევრობით

სამიზნე ჯგუფი- 5 კლასი

                საგანი-  ჩვენი საქართველო

                  თემა : სვანეთი- საქართველოს განძთსაცავი

დებატებს ვახორციელებ სიღრმისეული წვდომის ფაზაზე. მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამა power-point- ის  გამოყენებით ვაცნობ  სვანეთის მუზეუმს და აქ განთავსებულ ექსპონატებს. ვაძლევ  დებატების ჩატარებისათვის მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციებს .  დებატების თემას ვწერ დაფაზე:

 

 

საუკუნეების წინანდელი ზოგიერთი  განძი ამ დრომდე სვანეთის სხვადასხვა ოჯახშია დაცული.

              სად უნდა ინახებოდეს ეს განძი მუზეუმში, თუ ისევ  ოჯახებში?

 

 

ფერადი ბარათების გამოყენებით ვირჩევ  3  ექსპერტს, დანარჩენ მოსწავლეებს ვანაწილებ ორ ჯგუფად (ისევ ბარათების გამოყენებით)

თითოეულ ჯგუფს ვაცნობ პოზიციას ,რომელიც უნდა დაიცვან.

1 ჯგუფის პოზიცია-   განძი  უნდა ინახებოდეს მუზეუმში

2 ჯგუფის პოზიცია- განძი უნდა ინახებოდეს ოჯახებში.

ჯგუფებს ვაძლევ დროს, 5 წთ-ს, არგუმენტების მოსაფიქრებლად, მათ იციან, რომ ექნებათ სამი გამოსვლა.

ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ შეფასების რუბრიკას, რომლის კრიტერიუმებია:

  • მოსმენა;
  • ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა;
  • არგუმენტირებული მსჯელობა;
  • დროის ლიმიტის დაცვა;
  • განსხვავებული მოსაზრების მიღება, ოპონენტის პატივისცემა.

 

ექსპერტები აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამოავლენენ  და დაასახელებენ  გამარჯვებულს

 

წინაპირობები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო, რათა დებატები იყოს წარმატებული:

  • საკითხის განსაზღვრა;
  • საკითხი დაწერეთ დაფაზე ან ფლიპ-ჩარტზე;
  • სივრცის ორგანიზება;
  • დროის ლიმიტის დაცვისათვის გამოიყენეთ ქვიშის საათი;
  • უმჯობესია დებატები საკითხის შესწავლის შემდეგ ან მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის შემდგომ გავმართოთ.

ძლიერი მხარეებ

 

  • ყველა მოსწავლე ჩართულია;
  • მოსწავლეებისთვის სახალისო აქტივობაა;
  • მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია;
  • კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას უწყობს ხელს;
  • ავითარებს კომუნიკაციისა და თანამ შრომლობის უნარებს;
  • უყალიბდებათ მსჯელობის კულტურა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

„დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“.მოდული3-ინტერაქტიული სწავლება

„ჩვენი საქართველო“-V  კლასი.II  ნაწილი

 

                                                                 

ფერადი მარცვლები მოსწავლის არასასურველი ქცევის კორექციისთვის

0

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ  განვითარებას და წინსვლას მოითხოვს. მასწავლებლის არსი კი სრულფასოვანი ადამიანის აღზრდაა, რომელიც მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე.

ყოველი საგაკვეთილო პროცესი  ინფორმაციის გადაცემის გარდა  ბავშვის შინაგანი სამყაროს  გამდიდრებასაც უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ რაც არ უნდა კარგად დაგეგმილი  და ორგანიზებული იყოს სასწავლო პროცესი, შეუძლებელი იქნება მიზნის მიღწევა, თუ კლასში დისციპლინარული პრობლემებია.  არასასურევლი ქცევის მქონე მოსწავლეს შეუძლია  მთლიანად ჩამოშალოს ის ხარაჩო, რომელზედაც მასწავლებელმა გაკვეთილი ააგო.  ყველა კლასში მოიძებნება მინიმუმ ერთი მოსწავლე,  რომელიც ხშირად ხელს  უშლის გაკვეთილის მსვლელობას  სხვადასხვა სახით და მასწავლებელიც მას ხშირად აძლევს  სიტყვიერ გაფრთხილებას. კლასის წინაშე  მიუთითებს არასასურველ ქცევაზე და ახდენს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას. ზემოაღნიშნული ქმედება ხშირად იწვევს მოსწავლეში არასასურველი ქცევის დასწავლას და განმტკიცებას.

დაწყებით კლასში მასწავლებელს დასჯის ნაცვლად უამრავი სახალისო მეთოდის გამოყენება შეუძლია, რომელიც მოსწავლეს დაასწავლის დადებით ქცევას და განუმტკიცებს მას. ერთ-ერთი წამახალისებელი აქტივობა, რომლის მოსწავლეებთან გამოყენებაც  დადებით შედეგს მოგვცემს არის: „ჩემი სიკეთის მარცვლები“, რომლისთვისაც  ერთი პატარა ქილა, ცოტაოდენი ფერადი მარცვლები და კედელზე გაკრული ბარათების ფურცელია საჭირო, რომლებშიც ბავშვები ფერად მარცვლებს დააგროვებენ.

სასურველი შედეგის მისაღწევად  საჭიროა რამდენიმე საფეხურის გავლა:

  1. კლასში ბავშვები თავად ადგენენ ქცევის წესებს,რომელსაც  შეთავაზებენ  მასწავლებელს. მასწავლებელი  აღნიშნულ წესებს ჩამოწერს დაფაზე და ბავშვებთან ერთად მოახდენს ამ  წესების გაფილტვრას . საბოლოოდ ტოვებენ 5-6 მნიშვნელოვან წესს,რომელსაც მასწავლებელი გამოაკრავს კლასში, თვალსაჩინო ადგილას.
  2. მეორე ეტაპზე კლასში გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანიც მათ მიერ შერჩეული წესების მნიშვნელობაზე საუბარია. წესები უნდა იყოს პოზიტიური სახის და მოსწავლეს დადებითად უნდა განაწყობდეს. ვართ მეგობრულები! ვიცავთ ერთმანეთს ბულინგისგან! პატივს ვცემთ სხვის აზრს და სხვა…
  3. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს, რატომ მოიტანა კლასში ქილა ფერადი მარცვლებით და აუხსნის რას ნიშნავს:“ჩემი სიკეთის მარცვალი“

მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილას დებს ქილით  ფერად მარცვლებს და ბავშვებს უხსნის, რომ ერთი ფერადი მარცვალი აღნიშნავს  სიკეთის მარცვალს, რომელსაც მიიღებენ ისინი მათ მიერ დაწესებული წესების შესრულების შემთხვევაში.

  1. სასურველი ქცევის გამოვლენისას მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ერთ მარცვალს. მოსწავლე კი მას ათავსებს კედელზე განთავსებულ ბარათში, რომელზეც მისი სახელია მითითებული. ქილა გამჭირვალე   უნდა იყოს, რათა მოსწავლეები დააკვირდნენ  მარცვლების შემცირებას. მათთვის ეს ძალიან სახალისო პროცესია. ქილიდან ბოლო ფერადი მარცვლის გაცემის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელი ითვლის  თითოეულის მიერ დაგროვებული მარცვლების რაოდენობას და გამოავლენს   გამარჯვებულს.
  2. ყველაზე მეტი ფერადი მარცვლის მფლობელს მასწავლებელი უსრულებს ერთ სურვილს, მაგრამ სურვილი უნდა იყოს ისეთი, რომ სიკეთის კეთებას ემსახურებოდეს მთელი კლასისთვის. მაგალითად, ყველა ბავშვი გავიდეს ეზოში სათამაშოდ, ერთად უყურონ სასურველ ფილმს და სხვა.

მეთოდი ეფექტურია  და მოსწავლის არასასურველი ქცევის კორექციის გარდა  სიკეთის სწავლაშიც ეხმარება. მოსწავლეები, რომლებიც ნაკლები რაოდენობის მარცვალს იღებენ მათაც იციან, რომ თავიანთი წვლილი შეიტანეს  ამ საქმეში, მათი დახმარებით მალე გამოილია ქილაში ფერადი მარცვლები და  გამარჯვებულმა მოსწავლემ შეძლო ყველა თანაკლასელის გახარება. მეთოდი არ იწვევს არაჯანსაღ კონკურენციას, პირიქით მათ უხარიათ, როდესაც ვიღაც  იღებს მარცვალს, რადგან იციან, საბოლოოდ მათი სიკეთის მარცვალები ერთ დიდ სიკეთედ გადაიქცევა და ყველა ბავშვს გაახარებს.

 

 

ტექსტის გააზრება სქემის და  ვიზუალური მასალის დახმარებით

0

სწავლა-სწავლება  სახალისოა  მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის  ინტერესებისკენ არის მიმართული. მე როგორც მასწავლებელი, მუდმივად ვფიქრობ  როგორ გავუღვიძო მოსწავლეებს   ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი  იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას ორმაგად სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის  – წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და გაგაცნოთ რამდენიმე აქტივობა, რომელიც  სწავლების კონსტრუქრტივისტულ მიდგომებს ეფუძნება და მოსწავლეებს  სხვადასხვა წყაროებზე მუშაობას სახალისოს  ხდის.

შესასწავლი საკითხი – ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი

სასწავლო მიზანი – მოსწავლემ სხვადასხვა წყაროებზე მუშაობით უნდა შეაგროვოს ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის შესახებ;, გამოსახოს მოპოვებული ინფორმაცია სქემის სახით.

აქტივობა -1 ტექსტის გააზრება კოგნიტური სქემის დახმარებით

მასწავლებელი ყოფს კლასს ჯგუფებად და ურიგებს  საინფორმაციო ტექსტს.  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს – წაიკითხონ და გაანალიზონ ტექსტში მოცემული ინფორმაცია შემდეგი სქემის  შესაბამისად:

სქემა-1

 

დაადგინეთ რა ხანგრძლივობისაა  იმ ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი რომელზეც ტექსტშია საუბარი დაადგინეთ რამდენი ეტაპისაგან შედგება იმ ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი, რომელზეც ტექსტშია საუბარი და  მოკლედ დაახასიათეთ თითოეული ეტაპი როგორ გარემოში მიმდინარეობს  მოცემული ორგანიზმის ზრდა-განვითარება.

 

     

 

 

 

 

 

 

პეპლების ცხოვრება

(საინფორმაციო ტექსტი)

პეპლები მწერების ყველაზე ლამაზი და საოცარი წარმომადგენლები არიან. რამდენ ხანს ცოცხლობენ ისინი?

როდესაც ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, პეპელა დებს რამდენიმე ასეულ, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათასეულ კვერცხს. ზოგიერთი მათგანი კვერცხს დებს ამათუიმ მცენარეზე. მომავალში, როდესაც კვერცხებიდან მატლები გამოიჩეკებიან ეს მცენარე მათი თავშესაფარი და საკვები გახდება. ზოგიერთი პეპელა კვერცხებს ნიადაგში დებს, ზოგიც ფრენის დროს ფანტავს. კვერცხში ჩანასახის განვითარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ერთი
მხრივ, კლიმატურ პირობებზე, მეორე მხრივ, პეპლის სახეობაზე. ეს პროცესი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. განვითარების პერიოდი განსაკუთრებით ხანგრძლივია მაშინ, როდესაც სახეობა კვერცხის ფორმით იზამთრებს.

კვერცხებიდან გამოჩეკილ მატლებს სამი წყვილი დასახსრული ფეხი და რამდენიმე წყვილი “ცრუ” ფეხი აქვთ. მათი საშუალებით ისინი გადაადგილდებიან ან ეჭიდებიან რაიმე საყრდენს. მატლები ინტენსიურად იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. ზრდის პროცესში მათი გარეთა საფარველი თანდათანობით “ვიწრო” ხდება, ამიტომ ისინი რამდენიმეჯერ იცვლიან კანს.

როდესაც სიცივეები მოახლოვდება, მატლების უმრავლესობა სპეციალური ნივთიერების გამოყოფას იწყებს, რომელიც ჰაერზე მაგრდება და მკვრივდება. ამ ნივთიერებისაგან ისინი ამზადებენ ერთგვარ პარკს, რომელშიც თავად იბუდებენ და ჭუპრად გადაიქცევიან. ჭუპრის ფორმა დამოკიდებულია პეპლის სახეობაზე. უმრავლეს შემთხვევაში სხეული მთლიანად აღმოჩნდება დაფარული უცნაური საფარველით. ჭუპრის სტადიაზე მწერი იძენს ყველა იმ ნიშან–თვისებას, რომელიც გააჩნია ზრდასრულ პეპელას, ვითარდება კუნთები და ფრთები. ჭუპრები არ მოძრაობენ, როგორც წესი ისინი მიმაგრებულები არიან ტოტებზე, ფოთლებზე, სხვადასხვა საგნებზე. ჭუპრის სახით პეპლები იზამთრებენ. როდესაც დგება გაზაფხული, ჭუპრიდან თავისუფლდება სრულიად განსხვავებული ნიშნების მქონე ახალგაზრდა პეპელა. მის ფრთებში მოძრაობას იწყებს სისხლის მსგავსი სითხე – ჰემოლიმფა. პარკისგან განთავისუფლებული პეპელა მზადაა გასაფრენად. ის სწრაფად აღწევს სქესობრივ სიმწიფეს და მზადაა კვერცხების დასადებად. ამ ლამაზი არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს ძირითად მოვალეობას – დადებს კვერცხებს. ჩვეულებრივ, პარკიდან გამოს­ვლის შემდეგ პეპელა ცხოვრობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: ზოგიერთი სახეობისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა10 თვესაც კი მიაღწიოს.

აქტივობა – 2   ვიდეოფილმის ანალიზი და  საკითხის შეჯამება -ვიზუალიზაცია  ტექსტთან მიმართებაში

მასწავლებელი კლასს აჩვენებს 2 წუთიან დოკუმენტურ ფილმს:

 

 

ამის შემდეგ  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  კონტურულ ბარათებს და სთხოვს მოსწავლეებს  წაკითხული ტექსტის და ნანახი ფილმის საფუძველზე გამოსახონ სასიცოცხლო ციკლი სქემის, ან ნახატის სახით და მოამზადონ ნამუშევარი კლასის წინაშე წარსადგენად.

 

ჯგუფები ამზადებენ პრეზენტაციებს და წარადგენენ კლასის წინაშე, რის შემდეგაც ჯგუფები ახდენენ ნამუშევრების ურთიერთშეფასებას და თვითშეფასებას.

საშინაო დავალება: სასურველია მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალოს შეარჩიონ  მათთვის საინ­ტერესო რომელიმე მცენარე, ან ცხოველი, მოიპოვონ ინფორმაცია მისი სასიცოცხლო ციკლის შესახებ, ან სასიცოცხლო ციკლის გარემოსთან შეგუების თავისებურებების შესახებ და წარმოადგინონ კლასის წინაშე.

საკითხის სწავლებისას გასათვალისწინებელია მოსწავლეების ტიპური შეცდომები – არაპირდაპირი განვითარების სწავლებისას ხშირია შეცდომები სრულ და არასრულ მეტამორფოზთან დაკავშირებით; ხშირია არაპირდაპირი განვითარებისა და არასრული მეტამორფოზის, როგორც ცნებების გაიგივება, გარდა ამისა მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ მწერების ყველა სახეობა ვითარდება სრული მეტამორფოზით

 

ამოცანის პირობის გააზრების მნიშვნელობა

0

თანამედროვე  პირობებში  თეორია  ნებისმიერი  მეცნიერებისათვის წარმოადგენს  ცოდნის ძირითად და წამყვან  ფორმას. დიდია  თეორიული  მასალის  როლი სასკოლო  ფიზიკის კურსში.  ცოდნის  ძირითადი ინდიკატორია  თეორიული  დასკვნების  პრაქტიკაში  გამოიყენება.

საჯარო  სკოლებში  ფიზიკის  სწავლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს  პრაქტიკულ  სავარჯიშოთა სისტემას.  კერძოდ, ამოცანათა  ამოხსნის  სწავლებით – პრობლემის გადაწყვეტას.

ადრეულ  პერიოდში  საბუნებისმეტყველო-მათემატიკური  საგნების  სწავლება  მიმდინარეობდა  სქემით ,,თეორია–ამოცანები“. ამ  სქემიდან  გამომდინარე  ამოცანების  გამოყენება  საგაკვეთილო  პროცესში  ან საშინაო  დავალებისთვის  ემსახურებოდა  იმას, რომ განმტკიცებულიყო  თეორიული დასკვნები. მოსწავლეს ადვილად  დაემახსოვრებინა  თეორიაში  მიღებული  მათემატიკური  ფორმულები.

სწავლების  თანამედროვე  პირობები  მოითხოვს, რომ  სწავლება  იყოს  ეფექტური. მოსწავლეს  შეეძლოს ცოდნის  პრაკტიკაში  გამოყენება. ეს  კი  შესაძლებელია,  თუ  თითოეულ  მასალას  წინ  უძღვის  რაღაც პრობლემა(ამოცანა),  რომლის  გადასაწყვეტად  ექსპერიმენტზე  დაყრდნობით  თუ  გონებრივი  იერიშით დგინდება  პრობლემის  აღმწერი  ფიზიკურ  სიდიდეებს  შორის  თვისებრივი  თუ   რაოდენობრივი დმოკიდებულება.  ხოლო  შემდეგ  ხდება  მისი  განმტკიცება  სხვადასხვა  სახის  ამოცანებით. ამრიგად ახალი  მეთოდის  სქემა  ასეთია ,, პრობლემა (ამოცანა) -თეორია – შედეგის ანალიზი.“

დღევანდელი  მდგომარეობით  ამოცანები  გვხვდება,  როგორც  სახელმძღვანელო  წიგნებში, აგრეთვე  ცალკე  ამოცანათა  კრებულში  ისე,  რომ  რა  ამოცანებიცაა  სახელმძღვანელოში, იგივე  ტექსტია ამოცანათა კრებულებში, იგივეა ამოცანების ამოხსნის წიგნებში.  ამოხსნილი ამოცანები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოსწავლისთვის, გარდა ამისა არსებობს ფიზიკის რვეულები და ა.შ. სადაც არის ერთი და იგივე ამოცანების  განმეორება.

თუ  მოსწავლეს  ექნება   ორი  სახელმძღვანელო – თეორია  და  შესაბამისი  ამოცანათა  კრებული,  ეს შეამცირებს  წიგნის  ფორმატს  და  უფრო  მოსახერხებელიც   იქნება.  თუმცა  ისიც  დასაშვებია, რომ  თეორია და პრაქტიკა   გაერთიანდეს ერთ  წიგნში.

გარდა ზემოთაღნიშნულისა  ფიზიკის  ამოცანების ამოხსნის სურვილს უკარგავს მოსწავლეებს ამოცანის ნარატიული ნაწილის თემატიკა და სხვა ფაქტორები, ისეთი როგორიცაა:

  1. მონაცემები აღებულია სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგიდან და  მათ შორის  საკმაოდაა  საბრძოლო  ტექნიკის  მონაცემთა   ბაზიდან.
  2. თითქმის ყველა  ამოცანის  ამოხსნა  შესაძლებელია  დაიწყოს  მათემატიკური  მეთოდების გამოყენებით.  ვაგებთ  ნახაზს  და  პირობის  შესაბამისად  ვადგენთ  ამოხსნის  სქემას.  ამოხსნა  არ მოითხოვს  ანალიზის  ჩატარებას,  ფიზიკის პროცესებში  ღრმად  წვდომას.
  3. მათემატიკური გამოთვლების  შემდეგ  მიღებული  შედეგი (შედეგები)  არ   მოითხოვენ გაანალიზებას.  რა  მივიღეთ, რას  აღწერს  მიღებული სიდიდე  და  ა.შ.

გამომდინარე აქედან  ამოცანის შედგენაზე მომუშავე ავტორებმა  სასურველია  გაითვალისწინონ:  

  1. ფიზიკის ამოცანების  შედგენისას  გამოყენებულ  უნდა  იქნეს  მონაცემები   მრავალფეროვანი  სფეროებიდან.
  2. ამოცანის  პირობა   ისე უნდა იყოს შედგენილი,   რომ  არ გაუჭირდეს მოსწავლეს    პირობის  ანალიზი.
  3. დასაშვებია და  სასურველიც, რომ  ფიზიკის  ამოცანის  ამოხსნისას  საჭირო  იყოს  მათემატიკური გამოთვლები,  რომელთა  შედეგები  საშუალებას  მოგვცემს  დავადგინოთ  ობიექტის  თვისებები, ფიზიკურ  სიდიდეთა  ოდენობა  და  სხვა.  მაგრამ  აუცილებელია  ტექსტის  შედგენისას  დავიცვათ მეორე  მოთხოვნა.  ამოცანა  თავისი  შინაარსით  მოითხოვდეს  ფიზიკური  მოვლენების  ან პროცესების  ანალიზსს.

 

 

ანოტაცია  თემაზე: შენიშვნები ფიზიკის ამოცანების შედგენისათვის.

თემაში  განხილულია: 1. რომ  საჯარო  სკოლაში  ფიზიკის  სწავლებისათვის  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  პრაქტიკულ  სავარჯიშოთა  სისტემას. განსახილველი  თეორიული  მასალის  შესაბამისი  ამოცანათა შედგენას და  მისი  ამოხსნით — პრობლემის  გადაწყვეტას.

  1. შედარებულია ადრეულ  პერიოდში  ამოცანათა  ამოხსნის  არსებული  სქემა  „პრობლემა- შესაბამისი თეორიის  მისადაგება- ამოხსნა“  ახალ  უფრო  შემოქმედებით,   კვლევით  სქემას „პრობლემა — ამოხსნის გზების ძიება — ამოხსნა — შედეგების ანალიზი.“  ამიტომ  ამოცანების  შედგენისათვის  საჭიროა:

ა). ამოცანაში აღწერილი მოვლენა  შეესაბამებოდეს  რეალურს.

ბ) ამოცანის პირობა  უნდა  ითხოვდეს  ანალიზს,  რათა  დაიგეგმოს  ამოხსნის  სწორი  გზა.

გ). ამოხსნით  მიღებული  შედეგები  საშუალებას  უნდა  გვაძლევდეს  ამოვიცნოთ  ამოცანაში  აღწერილი რეალური  ფიზიკური  პროცესი.

  1. განხილულია ახალი სქემით  ამოცანათა  შედგენისა  და  ამოხსნის ნიმუშები.

 

 ლიტერატურა.

  1. ზ. ბართაია, შ. სურგულაძე საყრდენი  კონსფექტებით  მუშაობის  გამოცდილება.  ბროშურა მასწავლებელთა  დასახმარებლად  თბილისი  1991წ.
  2. ზ. ბართაია საწარმოო  გარემოს როლი ფიზიკის სწავლებაში. ჟურნალი „ ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში“ თბილისი 1994წ N6.
  3. სხვადასხვა ავტორთა მოქმედი სახელმძღვანელო ამოცანათა კრებულები.
  4. რიმკევიჩი პ. და სხვა ფიზიკის ამოცანათა კრებული.—1993წ.
  5. ვ. კობახიძე სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფიზიკაში. თბილისი 1995წ.
  6. ბელიკოვი ი. ამოცანების ამოხსნა ფიზიკაში ზოგადი მეთოდები მოსკოვი 1986წ. (რუსულ ენაზე.)

 

 

მშობლების და მასწავლებლების კომუნიკაცია

0

   წარმატებული სკოლის  ერთ-ერთი მახასიათებელი  ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობაა სასკოლო ცხოვრებაში. მოვიყვან ციტატას: ,,წარმატებულ სკოლებში სჯერათ, რომ მოსწავლეების განათლება არა მხოლოდ მასწავლებლების, არამედ ოჯახისა და საზოგადოების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაცაა. შესაბამისად, მათ დიდი წვლილი შეაქვთ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებაში“. მცირე ასაკში მოსწავლეები განათლებას ღებულობენ ორი ძირითადი წყაროდან: მშობლისგან და მასწავლებლისგან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ორივე რგოლის ჩართვა და მნიშვნელოვანია გამართული კომუნიკაცია. 2003 წელს კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის(,,Public Agenda”) მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ პედაგოგთა 65% -ს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა მშობელთა აქტიურობის გაზრდა. მშობელთა ჩართულობას ყოველთვის მოჰყვება სარგებელი. ფსიქოლოგებს, მკვლევრებს, ექსპერტებს აქვთ ერთობლივი აზრი თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მშობლებთან კომუნიკაციის აუცილებლობას  მივუძღვენი კვლევა და მსურს, გავუზიარო გამოცდილება კოლეგებს, განსაკუთრებით-დამწყებთ.

გამოვიკვლიე მშობელთა მზაობა, პედაგოგიური კულტურა,  გამოვავლინე და განვახორციელე აქტივობები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს თანამშრომლობას.

საკვლევი საკითხის ფორმულირებისთვის, სასწავლო წლის დასაწყისშივე, ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები: როგორია ჩართულობა? რა არის პასიური თანამშრომლობის მიზეზი? რა გზით შეიძლება ამ საკითხის მოგვარება?

      კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო სწორად შერჩეული მეთოდები. მონაცემთა შეგროვების მიზნით, გამოვიყენე კვლევის როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივმა მეთოდებმა დამანახა, როგორ აღიქვეს მშობლებმა საკვლევი საკითხი, ხოლო რაოდენობრივი მეთოდით გავზომე მიღებული შედეგები. გამოვიყენე:

 

დაკვირვება,    ფოკუს-ჯგუფი – თვისობრივი მეთოდები

ანკეტირება –    რაოდენობრივი მეთოდი

  

დაკვირვება– გამოვიყენე გარე(უბრალო) დაკვირვება, როგორც ყველაზე სისტემატური და ხანგრძლივი . რა სიხშირით აკითხავდა შვილს , ესწრებოდა კრებებსა და შეხვედრებს.

ფოკუს-ჯგუფის–  დროს მე, როგორც მოდერატორმა, შევქმენი ისეთი გარემო, რომ ყველას გასჩენოდა გულახდილობის სურვილი, თუმცა, ვაკონტროლებდი დისკუსიის მსვლელობას. ფოკუს-ჯგუფის ჩატარების შემდეგ შევქმენი ანალიტიკური დოკუმენტი რესპონდენტთა ციტატებით. ამით გამიადვილდა დასკვნის გაკეთება. ეს მეთოდი გამოვიყენე კვლევის პირველ(,,დაზვერვის“) ეტაპზე.

 

ანკეტირებით- რა თქმა უნდა, ანონიმურით, მივიღე გულწრფელი ინფორმაცია.

მონაცემთა შეგროვებამ, შედეგების ანალიზმა ასეთი სურათი დამიხატა:

   დაკვირვებამ  დამანახა, რომ მშობელთა კრებებზე, შეხვედრებზე ცხადდებოდა ერთი და იგივე მშობელი, მცირე ნაწილი შემოიფარგლებოდა სატელეფონო საუბრით, ზოგის ბებია მეკონტაქტებოდა, ზოგიერთი კი იშვიათად ,,შემოივლიდა“ სკოლაში.  უბრალო დაკვირვებას ვაწარმოებდი დეკემბრამდე და ვაკეთებდი ჩანიშვნებს,  რის შედეგადაც  შევქმენი სქემა, სადაც ნათლად ჩანს მშობელთა ,,აქტიური ჩართულობა“.( დანართი N 1).

      ფოკუს-ჯგუფი,  როგორც ფოკუსირებული დისკუსია, საინტერესო მეთოდია. იგი ამერიკელმა სოციოლოგმა რობერტ მერტონმა შიმუშავა მეორე მსოფლიო ომის დროს. ფოკუს-ჯგუფი ჩავატარე ორჯერ(მაქსიმალური რაოდენობით-12), მიზნად მქონდა  ყველა რესპონდენტის მოსმენა, ანალიტიკური დოკუმენტის შექმნა, განსხვავებულ აზრთა ტრანსფორმირება ერთიან პოზიციად. რესპონდენტებთან მიმართებაში ვიყავი ლიბერალური( მიმდინარეობდა 1 სთ. და 30 წთ.) . სადისკუსიო გეგმა მქონდა წინასწარ შემუშავებული.ა უდიო ან ვიდეო ჩაწერა არ მომიხდენია, ვაკეთებდი ჩანაწერებს და შევქმენი ტრანსკრიპტი  ციტატებით და მათი შეჯერებით გამოვიტანე დასკვნა, თუ როგორ ესმოდათ ,,მშობელთა ჩართულობა“, რა მოიაზრებოდა ამ სიტყვების მიღმა და  მათი აზრით, რა გავლენას ახდენს იგი ბავშვის წინსვლაზე.  მივხვდი, რომ პედაგოგიური კულტურა არც თუ ისე სახარბიელო იყო.  (დანართიN 2)

   ანკეტირებამ აჩვენა, რომ უმრავლესობა-40% ოჯახს აკისრებს ბავშვის ჩამოყალიბებაში  პასუხისმგებლობას, სკოლას-3%, ოჯახსა და სკოლას-24%,ს აზოგადოებას-4%, ოჯახს, სკოლას და საზოგადოებას-29%.   24%  ფიქრობს სკოლისა და ოჯახის აუცილებელ თანამშრომლობაზე( დანართიN 3).

შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ მშობელთა დიდი უმრავლესობა ვერ ხედავდა საკუთარ  როლს სასწავლო პროცესში ჩართულობასა და სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობაში, ჰარმონიული თანამშრომლობის სარგებელს. შევეცადე ამემაღლებინა მათი პედაგოგიური კულტურა.

გაანალიზების შედეგებზე დაყრდნობით, დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:

  • შეხვედრები ,,პირისპირ“ ; – სემინარები;
  • ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება; – ჯგუფის შექმნა სოც. ქსელში;
  • ,,ტელეფონით საუბრის დღე“; – მესიჯი ,,მხოლოდ კარგი“;
  • ,,მოხალისე მშობელი“;      – ექსკურსია.

  შეხვედრები ,,პირისპირ“ ტარდებოდა ინდივიდუალურად. არავითარი საყვედური მშობელს. იგი ეცნობოდა შვილის ნამუშევრებს და საუბარი იყო გულთბილი. მშობელს ვაგრძნობინებდი, რომ საჭირო იყო მისი მხრიდან მხარდაჭერა. ერთობლივად ვგეგმავდით პრობლემის გადაჭრის გზებს. ეს იყო ურთიერთობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმა.

   ინფორმაციის  სისტემატური  მიწოდებით,  მშობელს ვახვედრებდი, რომ ის იყო ჩემთვის დასაყრდენი, რომ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო და ვაგრძნობინებდი, რომ ვენდობოდი.

გამოვყავი  ,,ტელეფონის დღე“  მშობლებისთვის, რომლებიც მსახურობენ და სამუშაო დღეებში ვერ იცლიან.   ყველამ იცოდა, რომ შაბათს(10სთ.-20სთ.) შეეძლოთ დაერეკათ და მიეღოთ ჩემგან საჭირო ინფორმაცია თუ რჩევა.

 

   ,,მოხალისე მშობელს“ თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და  მოხალისე მშობელს ჩავატარებინე გაკვეთილი ხელოვნებაში(გავითვალისწინე მშობლის შესაბამისი განათლება). მისი ბიჭუნა სხვა განწყობით დამხვდა, უფრო თამამი, ლაღი. გაიზარდა მისი მოტივაცია, როცა დედა მასწავლებლის როლში მოევლინა. მან დედა სხვა კუთხით დაინახა, ეს მისთვის საამაყო იყო.

სემინარები  დავარქვი ისეთ შეხვედრებს, როცა  მშობლებს ვესაუბრებოდი არამხოლოდ პროგრამულ საკითხებზე. მაგალითად, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩემი საუბრები ბავშვების ფსიქოლოგიაზე, სხვადასხვა ხასიათსა და ტემპერამენტზე.  ეს იყო კარნახი, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, რომ უნდა ისწავლონ შვილთან ,,საუბარი“.

   სოციალურ ქსელში შევქმენით გვერდი, რამაც წარმატებით იმუშავა. ყოველდღიური საჭირო ინფორმაცია მოკლე დროში ვრცელდებოდა და მიდიოდა ადრესატამდე(მშობლამდე). ეს უმთავრესად ეხებოდა საჭირო სასწავლო ნივთებს(მოგეხსენებათ, პირველკლასელების გულმავიწყობის ამბავი…).

მესიჯი ,,მხოლოდ კარგი“ გულისხმობს იმას, რომ  მშობლამდე  მივიტანოთ შვილის წარმატება, მონდომება, კარგი საქციელი. წერილს ვწერდი, მესიჯს ვუგზავნიდი, ან მინაწერს ვაკეთებდი რვეულში.  ჩემი მიზანი იყო, მშობელს შეექო შვილი, წაეხალისებინა,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის .

   ექსკურსიას რაც შეეხება, დავგეგმე ისეთი აქტივობა- გართობები, რომელიც მიმართული იყო ისევ  და ისევ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ჩავატარეთ სპორტული შეჯიბრება დედებსა და შვილებს შორის, კონკურსი  ცეკვაში, სიმღერასა და მხატვრულ კითხვაში. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით- ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები.

ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ

 ,,პირისპირ შეხვედრებმა“ მშობელი მეტად გახსნილი გახადა, გაიზარდა ჩემთან კონტაქტი, შეხვედრები გახდა პრობლემების ერთად მოგვარებისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის აუცილებელი. ახალგაზრდა მშობლები უკვე რჩევით მომმართავდნენ.

ინფორმაციის სისტემატურმა მიწოდებამ გაზარდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, ქცევის თვითმართვა.

   ,,ტელეფონის დღეს“ ძირითადად მიკავშირდებოდნენ სამსახურით დაკავებული მშობლები, იღებდნენ ინფორმაციას: შვილის დისციპლინის, გაკვეთილებზე ჩართულობის შესახებ. მირეკავდნენ მოსწავლეებიც, რომელთაც  ახალისებდათ ჩემთან ასეთი კომუნიკაცია.  გაიზარდა მოტივაცია, დადებითი განწყობა ჩემ მიმართ.

,,მოხალისე მშობელს“, როგორც წესი, შეიძლება მივმართოთ სასწავლო წლის მანძილზე 2-3-ჯერ. ჩემი აზრით, კარგი იქნება, ეს ,,აქტივობა“ განხორციელდეს ისეთი მოსწავლის მშობლის მიერ, რომელსაც აქვს პრობლემები დისციპლინის მხრივ, უჭირს კომუნიკაცია და ა. შ.

   სემინარს რაც შეეხება,  ინტერესი გამოიწვია ფსიქოლოგიაზე საუბარმა. განვუმარტე, რომ კარგად უნდა იცოდნენ, როგორი მახსოვრობის მქონეა (ვიზუალი თუ აუდიალი) მათი შვილი, რომ ამის მიხედვით უფრო ადვილად შეძლებენ მეცადინეობას. დეტალურად დავუხასიათე, როგორი ტემპერამენტის ბავშვთან როგორი მოქცევაა სჭირო. როგორ შეიძლება წავახალისოთ(სასურველის შეპირება და დანაპირების ასრულება) და როგორ შეიძლება ,,დავსაჯოთ“(სასურველის აკრძალვა, დროებით ჩამორთმევა). ვასწავლიდი, როგორ დაეგეგმათ მათი დღის რეჟიმი. ვფიქრობ, საინტერესო თემების შეთავაზებით გაიზრდება მასწავლებლის, სკოლის ავტორიტეტი და ახალგაზრდა მშობელთა პედაგოგიური კულტურა.

სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი  გვეხმარებოდა ინფორმაციის სწრაფ გავრცელებაში, ერთმანეთთან სწრაფ კომუნიკაციაში, საკითხის სწრაფად მოგვარებაში. მშობლები ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.

  მესიჯი ,,მხოლოდ კარგი“  ყოველთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ამით ორი საქმე კეთდება: შვილის შექებით, მათ შორის ნდობით ურთიერთობას განვამტკიცებთ და მასწავლებელსა და მშობელს შორის აქტიური კომუნიკაცია მყარდება.

   ექსკურსია მოსწავლეთათვის ალბათ ყველაზე სახალისოა ღონისძიებებს შორის. ისტორიული ადგილების  მონახულების შემდეგ, შევარჩიეთ გარემო, სადაც შევძლებდით ჩემ მიერ წინასწარ დაგეგმილი შეჯიბრებების ჩატარებას. ცეკვაში, სიმღერასა და ლექსის თქმაში შვილებმა აჯობეს, ხოლო სპორტულ  ესტაფეტაში- მშობლებმა. ბავშვები ხალისით, გაკვირვებითა და აღფრთოვანებით შეხვდნენ მშობელთა ჩართვას, აქტიურობას. მათ სხვა თვალით დაინახეს ისინი და მასწავლებელი.

    პრაქტიკის კვლევამ აჩვენა, რომ მშობელთა ინერტულობისა და პასიური ურთიერთობის(სკოლასთან) მთავარი მიზეზებია : დარღვეული ოჯახები, სამსახურით დაკავებული დედები, ეკონომიკური პრობლემები და დაბალი პედაგოგიური კულტურა. ჩვენ, პედაგოგებს, შეგვიძლია, ვიმუშაოთ ამ უკანასკნელზე.

 

ბიბლიოგრაფია                                                                           

  1. თ.ზურაბიშვილი(2006) ,,თვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევებში“, თბილისი,სოც. მეცნიერებათა ცენტრი.
  2. ლ. წულაძე(2008),, რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“, თბილისი, სოც. მეცნიერებათა ცენტრი.
  3. ს.ლობჟანიძე ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“.ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი“,2012წ. 3 მაისი.
  4. მ.ინასარიძე, ს.ლობჟანიძე, მ.რატიანი, ი. სამსონია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“,ნაწ. მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნული ცენტრი,2016.
  5. ,,მშობელთა ჩართულობა“, თბილისი, 2015,საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED-ის მიხედვით.
  6. ნ. ნიჟარაძე, ქ. მაკლეინი, ტ.ბოლი, ნ. გოგიჩაძე, თ.ლოდია ,,სასწავლო და პროფესიული გარემო“,2011.

 

 

 

 

 

დიორამების გამოყენება დაწყებით კლასებში

0

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  დაწყებით კლასებიდანვე  დავიწყოთ მოსწავლეების    ფანტაზიისა და  შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა.   ამისთვის მე, როგორც პედაგოგი მრავალფეროვან მეთოდებს ვიყენებ. ერთ-ერთი მადგანია დიორამები.

დიორამის შექმნა საკმაოდ შრომატევადი,  კომპლექსური, საინტერესო  პროცესია, რომელიც მოსწავლეებს ტექსტის გაგება–გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით შეგვიძლია შევთავაზოთ.

დიორამა რაიმე მოვლენის, პეიზაჟის, სიუჟეტის, პროცესის ამსახველი სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელია, რომელსაც მოსწავლეები ქმნიან  შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისათვის.

დიორამის შექმნა  სხვადასხვა მასალის გამოყენებითაა შესაძლებელი. ასეთ მასალად გამოდგება, მცირე ზომის მუყაოს ყუთი, წებო, საძერწი, ფერადი ფურცლები, ქსოვილები, ფერადი ფანქრები ან  ფლომასტერები, გამხმარი ფოთლები, ტოტები, სათამაშო ჭურჭელი და ა.შ.

დიორამის  დაგეგმვა უნდა დავიწყოთ რამდენიმე  დღით ადრე. სასურველია, რომ დაგეგმვისა და მომზადების პროცესში ჩავრთოთ თავად მოსწავლეები და ხელოვნების  მასწავლებელი, ასე უფრო გაგვიადვილდება მუშაობისას გამოვლენილი სირთულეების დაძლევა და სამუშაო პროცესიც უფრო შემოქმედებითი გახდება. შესაძლებელია დიორამის შექმნის დროს მოსწავლეებს მივაწოდოთ ნახევრად გამზადებული მასალა, მაგ: ნახატები, რომელსაც გააფერადებენ და გამოჭრიან საჭიროების შემთხვევაში. ასევე გამოძერწილი ან თიხისგან გაკეთებული ფიგურები.

II კლასში ჩავატარე გაკვეთილი დიორამის გამოყენებით. მეთოდის დასაწყისში მოსწავლეებს წავუკითხე ტექსტი. აღსანიშნავია, რომ დიორამისთვის ტექსტი უნდა იყოს სწორად შერჩეული, რათა ეპიზოდები იყოს მრავალფეროვანი. მე გამოვიყენე ტექსტი, რომლის ადაპტირებაც მომიწია მოსწავლეების ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. კითხვის პროცესში დავსვი შეკითხვები და მოსწავლეებს ვარაუდების გამოთქმის საშუალება მივეცი. ეს დამეხმარა მათი ყურადღების მობილიზებაში, ჩართულობის ხარისხის გაზრდაში. აქცენტს ვაკეთებდი ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც უნდა გაეთვალისწინებინათ დიორამის შექმნის დროს.ეპიზოდებად დავყავით ტექსტი და დავასათაურეთ.

  • ბიჭი და ჯადოსნური ქვა;
  • მოგზაურობა დინოიზავრებთან;
  • წყალქვეშა სამყარო;
  • ზოოპარკში;
  • ტკბილის სიზმარი.


კლასი დავყავი 5 ჯგუფად და  მოსწავლეებს დავურიგე დიორამისთვის საჭირო მასალა , ასევე  მივეცი ინსტრუქცია, თუ რომელმა ჯგუფმა რომელი ეპიზოდი უნდა გააცოცხლოს დიორამის მეშვეობით. ამ დროს მოსწავლეები იხსენებენ მათთვის განკუთვნილ ეპიზოდს და შესაბამისად ასათაურებენ თავიანთ დიორამას. ყუთში აქვთ აუცილებელი მასალა, ხოლო დამატებითი, შესაძლო მასალა თავად უნდა შეარჩიონ საერთო მასალიდან.  ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექსტთან დაკავშირებული დეტალების გახსენებას, შემოქმედებითი და მოსწავლის ფანტაზიის უნარების განვითარებას. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რა მასალის დაკავშირება შეუძლიათ თემატურად მათთვის განკუთვნილ ეპიზოდთან.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში (თუ მცირერიცხოვანია კლასი, შესაძლებელია წყვილებში მუშაობაც), დროდადრო ვაძლევდი მათ მითითებას და ვეხმარებოდი  საჭიროებიდან გამომდინარე. განვსაზღვრეთ დრო და პერიოდულად ვახსენებდი  მოსწავლეებს, რა დრო დარჩა მუშაობის დასრულებამდე. აუცილებელია, მუშაობის დასრულების შემდეგ, სანამ პრეზენტაციას დაიწყებენ, ბავშვები მივაჩვიოთ საკლასო ოთახის მოწესრიგებას, ვინაიდან დიორამის შექმნისთვის განკუთვნილმა მასალამ შესაძლოა ერთგვარი უწესრიგობა გამოიწვიოს.

მას შემდეგ, რაც ჯგუფები დაასრულებენ დიორამის შექმნასა და კლასის მოწესრიგებას, იწყება მომდევნო ეტაპი – პრეზენტაცია.
ჯგუფები გამოვლენ თანმიმდევრულად ეპიზოდების მიხედვით და  ყვებიან, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელი დეტალები დაამატეს და რატომ.

პრეზენტაცია ძალიან  მნიშნელოვანი ეტაპია, რადგან გარდა  საინტერესო ნამუშევრებისა, ეს არის საშუალება გავიგოთ, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი. პრეზენტაციის შემდეგ ხდება დათვალიერება ნამუშევრების, რომლებიც აერთიანებენ ტექსტს. კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ ურთიერთშეფასებასაც. ამ მეთოდით  ავლენენ წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს. მუშაობის პროცესში აქტიურად უვითარდებათ სოციალური  უნარებიც.

          მოსწავლეებისთვის სწავლების ასეთი მეთოდი  სახალისო და საინტერესოა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დიორამა – „კითხვის ეფექტური მეთოდები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013
  2. https://www.youtube.com/watch?v=uGP9vawWNRo&index=34&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph

როგორ  მოვამზადოთ დამატებითი აქტივობები

0

ისტორიის სახელმძღვანელოების შესახებ ბევრი გვისაუბრია, კოლეგები ვხდავთ მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ წიგნი ნაკლებად საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისათვის.  ხშირად  გვიწევს სასწავლო რესურსების შექმნა და ასევე  დამატებითი აქტივობების მოფიქრება იმისათვის, რომ გაკვეთილი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, საინტერესო, დაეხმაროს ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში  და რაც მთავარია მიიღოს ისეთი ცოდნა , რომელიც გამოადგება.

მასწავლებლებს აინტერესებთ  და ხშირად მეკითხებიან, როგორ გაკვეთილებს ვატარებ.  ვფიქრობ, საინტერესოა არა მხოლდო ის, როგორია ჩემი საგაკვეთილო პროცესი, არამედ, ზოგადად, აუცილებელია ვიფიქროთ, რამდენად შეგვიძლია დღეს ჩვენ კარგად ვასწავლოთ ისტორია.

მინდა გაგიზიაროთ  რამდენიმე აქტივობა ერთ-ერთი გაკვეთილიდან.

გაკვეთილი პუნიკური ომები 

პირველ რიგში ე.ს გ-დან ვირჩევ შესაბამის სტანდარტს , ამჯერად ესენია

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

ვგეგმავ პრაქტიკულ გაკვეთილს, რომლის დროსაც ისტ-ს არ ვიყენებ, მაგრამ საჭირო რესურსებს ვამზადებ  წინასწარ.

როგორ შევქმნათ რესურსი ?

  1. 1. ვეძებ გუგლის დახმარებით თემის შესაბამის მასალას  (უმჯობსია გამოიყენოთ უცხოენოვანი გვერდები, იქ მეტი მრაავლფეროვნებაა”  ) თემის შესაბამისად საქაღალდეში ვათავსებ

ა. ილუსტრაციებს;

ბ. რუკებს;

გ. ტექსტს .

რჩევა  : ტექსტი უნდა იყოს ძალიან მცირე, მის შესაქმნელად გუგლის გამოყენებაც კი არ დაგჭირდებათ . მაგ., რომი მილიტარისტული სახელმწიფოა . კატონის გამონათქვამი  და . 

  1. საგაკვეთილო პროცესის დროს:

ა. გამზადებული მასალიდან ვიღებ  იმ ფურცლებს , რომელზეც წერია საკვანძო სიტყვები:

მაგ. პირველი, მეორე და მესამე პუნიკური ომები, ასევე  ჰანიბალი ან სციპიონი და მათ არეულად ვაკრავ დაფაზე მაგნიტის დახმარებით

ბ.  ამობეჭდილ მასალას (ილუსტრაციებს, რუკებს , მცირე ტექსტებს) ვათავსებ დაფის წინ მერხზე, ვდებ არეულად, მაგრამ ისე, რომ მისი დათვალიერება მოსწავლემ ადვილად შეძლოს.

 აქტივობა 1.  – მოსწავლეებს ვთხოვ , სურვილის მიხედვით გამოვიდნენ , შეარჩიონ ის ფურცელი , რომელიც მათი აზრით შეესაბამება დაფაზე გაკრულ “საინფორმაციო ბანერს” და მიაკრან მის ქვემოთ მაგნიტის საშუალებით.

გამოცდილების გაზიარება : თავდან ვიძახებ ერთ მოსწავლეს, კლასი  ყურადღებით

აკვირდება  როგორ მოქმედებს მოსწავლე, როდესაც ვხედავ, რომ  ე. წ ინსტრუქცია მათთვის  გასაგებია , ამის შემდეგ სამ -სამ მოსწავლეს ვიძახებ და დროსაც ვაწესებ ( ვითვლი 10-მდე ხმამაღლა  , როცა ისმის საკრალური სიტყვა 10, მოსწავლეს აღარ აქვს საშუალება გააგრძელოს “ქმედება “.  ამ დროს შესაძლებელია, სიჩქარეში დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან ამ შეცდომას კლასთან ერთად “აღმოვაჩენთ”)

აქტივობა2.   გასაკრავი  მასალის ამოწურვის შემდგომ იწყება მეორე, ანუ “შეცდომების აღმოჩენა ” და “მაგნიტებით ილუსტრაციების გადაადგილება”, გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს პროცესიც სახალისოა, კლასი ჩართულია ,რამდენიმე მოსწავლეს ერთად უწევს დაფასთან მუშაობა. ამ პროცესმა შეიძლება ხმაური გამოიწვიოს, მაგრამ მასწავლებლებმა ვიცით, რომ  ამ დროს ხშირად ჩვენი მოსწავლეები ხმამაღლა ფიქრობენ, აანალიზებენ ილუსტრაციაზე გამოსახულ მოვლენებს, გონებაშიც აგებენ ქრონოლოგიურ ჩარჩოს, ამიტომ ასეთი ხმაურიანი გაკვეთილი აუცილებელიც კი არის; დაფასთან მუშაობის დასრულების შემდეგ გადავდივართ ახალ აქტივობაზე , რომელიც მოითხოვს მთელი კლასის ჩართულობას და ,რა თქმა უნდა, სოკრატეს მეთოდია

აქტივობა 3.

მოსწავლეებს მივმართავთ შემდეგი შეკითხვებით:

  • დაგვეხმარა თუ არა ეს აქტივობა იმისათვის, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა პუნიკური ომები?
  • რატომ შეიძლება ვუწოდოთ რომს მილიტარისტური სახელმწიფო?
  • ჩვენ მიერ ნასწავლი ქვეყნებიდან კიდევ რომელს შეიძლება ვუწოდოთ მილიტარისტური და რატომ?
  • რა აქვთ საერთო უკვე ნასწავლ სახელმწიფოებს რომთან?
  • არსებული კონფლიქტები რამდენად ასუსტებს ქვეყნებს და დღეს თუ გვაქვს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ტერიტორიების გამო?

ზოგადად, თქვენ  შეგიძლიათ  თავადაც შეარჩიოთ შეკითხვები, მთავარია  დავსვათ შეკითხვები ისე, რომ მოსწავლეებმა იფიქრონ არა მხოლოდ რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტებზე, არამედ იმსჯელონ , რა შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის  სახელმწოფოებს შორის არსებულ კონფლიქტებს , 21-ე საუკუნეშიც არის თუ არა მსგავსი კონფლიქტები და გარდა არსებული სიტუაციისა, რამდენად მოჰყვება ომებს შესაძლებელი ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ასევე ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას ;

ეს კონკრეტული გაკვეთილი ჩემმა მოსწავლეება რუსეთის, ჩრდ. კორეის მაგალითების მოყვანით დაასრულეს და აღნიშნეს, რომ რომსაც და კართანგესაც სჯობდა საკუთარი სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისე ეზრუნათ, რომ მათი ინტერესების კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის გამო ომში არ გადაზრდილიყო .

 

ახლა ისევ მივუბრუნდეთ . და ვნახოთ, რას მივაღწიეთ

ა. ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, არა მხოლოდ მშრალი თარიღებით , არამედ ილუსტრაციების და რუკების გამოყენებით.

ბ. ჩემმა მოსწავლეებმა განიხილეს ომის პერიოდები, იმსჯელეს სტრატეგიებზე ( მაგ. ჰანიბალთან ადვილად დააკავშირეს სპილოებით ალპების  გადალახვა და იქვე იმსჯელეს, როგორ აჯობა ამით რომს, თუმცა დროებით),  იმსჯელეს  რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტზე და დაასკვნეს, რომ მსგავსი სტრატეგიები იწვევს სახელმწიფოების დასუსტებას, ან გაქრობას, თუმცა აქვე აღვნიშნე, რომ ეს ერთის გაძლიერების საშუალებაა, რომელიც შესაძლებელია “მონოპოლისტიც ” გახდეს.

გ. თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია, ხალხმა იფიქროს კონფლიქტების მოგვარებაზე, რათა მიეცეთ საშუალება იცხოვრონ ნორმალურად.

 

 

“გაჩერებების” მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე

0

დღეს უკვე ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია გაჩერებებით სწავლის მეთოდი და მისი გამოყენების ეფექტური შედეგი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ გამოვიყენე აღნიშნული მეთოდი მათემატიკის გაკვეთილზე მე-5 კლასში, ახალი მასალის ახსნისას. გაკვეთილის თემა იყო: ტოლმრიცხველიანი და ტოლმნიშვნელიანი წილადების შედარება.

გაჩერებების მეთოდი ესაა დამოუკიდებლად გაგება-გააზრებაზე, ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდი. სასწავლო მიზნის მისაღწევად დროის ლიმიტი, მასალა, სწავლის გზები, რესურსები, საკლასო სივრცე კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, ასევე- გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები.

საკლასო სივრცე დავყავი ჯგუფური მუშაობისათვის განკუთვნილ 4 ზონად. თითოეულს „გაჩერება #…“ ეწოდება. თითოეულ გაჩერებაზე სხვადასხვა გზით გასაანალიზებელი ერთი და იმავე შინაარსის მასალა განვათავსე. მოსწავლეთა ჯგუფები თანმიმდევრულად მოძრაობენ „გაჩერებებზე“, შესაბამისად თითოეულ ჯგუფს ამ „მოგზაურობისას“ ყველა დავალების შესრულება უწევს.

ახალი ცოდნის და უნარ- ჩვევების შეძენის პროცესი სხვადასხვა გზით შევთავაზე მოსწავლეებს. პედაგოგიკურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბავშვების აღქმა და დასწავლის უნარი სხვადასხვაგვარია, ეს მეთოდიც სწორედ ამ უნარების შესაბამისად გააქტიურებაზეა ორიენტირებული. პირველ „გაჩერებაზე“ მოსწავლეთა ჯგუფს უნდა განეხილა „ილუსტრირებული პლაკატი“, მეორე „გაჩერებაზე“ მანიპულატივების დახმარებით უნდა გაეაზრებინათ საკითხი. მესამე „გაჩერებაზე“ მოსწავლეთა ჯგუფს სახელმძღვანელოდან წაკითხული ტექსტი უნდა გაეაზრებინათ – კითხვების დახმარებით, ხოლო მეოთხე „გაჩერებაზე“ უნდა მოესმინათ პატარა ვიდეო ამ მასალაზე. მნიშვნელოვანი იყო გაჩერებებს შორის დროის ისე განსაზღვრა, რომ მოსწავლეებს არც თავისუფალი დრო დარჩენოდათ და არც დროის სიმცირის გამო ზედაპირულად ემუშავათ. თუ რომელიმე მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯუფს დრო დარჩებოდა, მქონდა სათადარიგო გაჩერება, სადაც განთავსებული იყო ბარათები, წილადების შედარებაზე მაგალითებით, რომლებიც დაეხმარებოდა მოსწავლეს საკითხის უკეთ გააზრებაში/განმტკიცებაში. ცხადია, გაჩერებებით სწავლის დროს მუდმივად ვთანამშრომლობდი მოსწავლეებთან, ვაძლევდი მათ განმავითარებელ შეფასებას.

მოსწავლეს ყოველ  „გაჩერებაზე“ სხვადასხვაგვარად „შეფუთული“  მასალა ხვდება გასააზრებლად. მოულოდნელობები  მოტივაციას უფრო და უფრო ზრდის და ხელს უწყობს  მოსწავლეებს თავიანთი შესაძლებლობების ზედმიწევნით ეფექტურად გამოყენებაში.  მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება მეხუთე კლასში ჩატარებული იმ გაკვეთილის შესახებ რომლის მიზანი იყო   –  მოსწავლეებმქ  შეძლონ ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარება  და დალაგებას.

 

აქტივობა1.  თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა. მოსწავლეთა ორგანიზება.

მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს თემის და მიზნის გაცნობით, მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და შესაბამისი „ინსტრუქციებისა და წესების“ დაცვა. მოსწავლეებს აგრეთვე გააცნობს შეფასების ფორმასა და რუბრიკის კრიტერიუმებს.  კლასი კენჭისყრით  იყოფა 6- 6 მოსწავლისაგან შედგენილ 4 ჯგუფად.

წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობა 2.

 სავარჯიშოები  (1/ 2 )  (წინარე ცოდნის გააქტიურება)

მიზანი:  შეძლოს ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის/რაიმე მთელი ნაწილის/ერთობლიობის ნაწილის გამოსახვა წილადით. მთელის ნაწილის სხვადასხვა წილადით გამოსახვა. მოცემული წილადის ტოლი წილადის დასახელება. ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების ამოცნობა

 

 სავარჯიშო 1.

კლასის ორგანიზება: მთელი კლასი. დრო 4-5 წუთი

 მასწავლებელს სავარჯიშოები წინასწარ აქვს გამზადებული ფლიპჩარტზე. მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ შეკითხვებს:

  • მთელის რა ნაწილია დაშტრიხული?

 

/////////////////

 

  • გვიჩვენებს რომ მთელი იყოფა … ტოლ ნაწილად და აღებულია … ასეთი ნაწილი
  • პირველ დღეს ტურისტმა გაიარა გზის 1/5 ნაწილი, მეორე დღეს 2/5 ნაწილი, მესამე დღეს დარჩენილი 20 კმ. რა სიგრძისაა მთელი გზა?

 

სავარჯიშო 2.

კლასის ორგანიზება : მთელი კლასი. დრო 3-4 წუთი

 

მოცემული წილადებიდან ამოწერე ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადები და განათავსე ცხრილში

3/5,   1/2 ,  1/3,   2/5,   4/5,   11/5,  7/15,  5/9,  1/4,   13/15

ტოლმნიშვნელიანი წილადები ტოლმრიცხველაანი წილადები

 

აქტიბობა 3.   საკლასო გაჩერებების მეთოდი

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტოლმნიშვნელიანი წილადების და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარებას; შედარების წესის გააზრებას/ ჩამოყალიბებას

კლასის ორგანიზება: 6-6 მოსწავლისაგან შედგენილი 4 ჯგუფი

დრო 20-25 წთ

თითოეულ გაჩერებაზე თითოეული ჯგუფი ჩერდება 5-5 წუთი, წინასწარ განსაზღვრული  გაჩერებების აღწერა

I გაჩერება „პლაკატი“

 

 

მოსწავლეთა პირველ ჯუფს აქვს თვალსაჩინო პლაკატი, სადაც გამოსახულია მთელის წილადი ნაწილები სქემატურად, იქვე დაწერილია მათი შესაბამისი წილადები და შედარებულია ისინი. მოსწავლეები პლაკატის დახმარებით დაადგენენ ტოლმნიშვნელიანი წილადებისა და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარების წესს და რამდენიმე მაგალითს შეასრულებენ.

ინსტრუქცია: „თქვენ  წინაშეა პლაკატი, სადაც წილადების შედარების მაგალითებია თვალსაჩინოდ მოყვანილი, მოდელების მაგალითზე კი წილადების შედარების წესია მითითებული. დააკვირდი პლაკატზე მაგალითებს, წაიკითხე წესები და იმსჯელე მის შესაბამისობაზე მაგალითებთან“

II გაჩერება „წილადი ფილები“

მოსწავლეებს ეძლევათ წილადი ფილები და ბარათები, მეტობის და ნაკლებობის ნიშნით. მათ მანიპულატივების გამოყენებით უნდა შეადარონ ფლიპჩარტზე წარმოდგენილი წილადების მაგალითები

მოსწავლეები  შედეგებს აკვირდებიან და თავად აღმოაჩენენ, რომ ტოლმნიშვნელიანი წილადებიდან მეტია ის, რომლის მრიცხველიც მეტია, ხოლო

ტოლმრიცხველიანი წილადებიდან ისაა მეტი, რომლის მნიშვნელიც ნაკლებია.

ინსტრუქცია: „ თქვენს მაგიდაზე არის „წილადი ფილები“,  ასევე ბარათები „ >“  და „<“ ის ნიშნებით

  • დააკვირდი ფურცელზე დაწყობილ ფილებს, ისინი წილადებითაა გამოსახული, შეადარე და ჩასვი მათ შორის „ >“  ან  „<“ ის ნიშნები
  • დააწყვე წილადების შესაბამისად ფილები, შეადარე ისინი, ჩასვი მათ შორის „ >“ ან  „<“- ის ნიშნები
  • დააკვირდი სავარჯიშოებს, წაიკითხე წილადების შედარების წესი და დაასრულე ისინი. ჩასვი მასში სიტყვა „მეტია“ ან „ნაკლებია“

 III გაჩერება „ტექსტის გააზრება“

ამ გაჩერებაზე თითოეულ ბავშვს  სახელმძღვანელო ელოდება. მათემატიკა მე-5 კლასი. გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი. გვ.176. თითოეულ მოსწავლეს ევალება ტექსტის ინდივიდუალურად წაკითხვა და ტექსტის უკეთ გააზრებისათვის რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა

ინსტრუქცია:  სახელმძღვანელოში  176 გვერდზე წაიკითხე ჩანიშნული ტექსტის ნაწილი და უპასუხე კითხვებს (წერილობით )

IV გაჩერება „ფილმი“

https://www.youtube.com/watch?v=MOZoUuOZC_U (00:00დან 04:18)

 

ამ გაჩერებაზე თითოეული ბავშვისთვის თითო ბუკი დევს, სადაც ფილმია განთავსებული. ყურსასმენების გამოყენებით ისინი ინდივიდუალურად  უყურებენ და ისმენენ ფილმს, რომელშიც ახსნილია ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარების წესი მაგალითების გამოყენებით.

აქტივობა 4. სავარჯიშოები

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ  ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარებას, დალაგებას

განვიხილავთ სხვადასხვა სახის სავარჯიშოს, რომელიც მოითხოვს წილადების შედარებასა და დალაგებას

სავარჯიშო 1. ჭეშმარიტია თუ მცდარი?

ამ სავარჯიშოს დროს გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს „დიახ-არა ბარათებს“, რომელიც დამეხმარება უკლებლივ ყველა მოსწავლის შესახებ მოვიპოვო მონაცემები საკითხის გაგების შესახებ.

სავარჯიშო 2. დაალაგე 

სავარჯიშო 3. ამოცანა. გიამ შეღება კედლის 5/24 ნაწილი. ხოლო თენგომ 5/12. რომელმა შეღება მეტი?

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება შეფასება

გაკვეთილის შეჯამება/ შეფასების მიზნით გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების კიდევ ერთ ინსტრუმენტს  „სწრაფი წერა“

მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები ინდივიდუალურად.

 

გვარი სახელი – – – – – – – – – – – – – – –

 

3) ამოცანა: დედამ ერთნაირი ზომის ხაჭაპურები გამოაცხო. ერთი ხაჭაპური ნათიამ 4 ტოლ ნაწილად დაჭრა და სამი ნაჭერი შეჭამა, ხოლო ნატომ 8 ტოლ ნაწილად დაჭრა და სამი ნაჭერი შეჭამა. რომელმა შეჭამა ხაჭაპურის მეტი ნაწილი ნათიამ თუ ნატომ?

 

სწრაფი წერის ბარათები მეხმარება, დავადგინო თითოეული მოსწავლის საკითხის გაგების ხარისხი, რომლის საფუძველზეც მოსწავლეებს მივცემ კონსტრუქციულ უკუკავშირს და დავგეგმავ მომდევნო გაკვეთილს

საშინაო დავალების მიცემა: საშინაო დავალებად ბავშვებს მიეცემათ სავარჯიშოები და ამოცანები, რომლებიც მოიცავს ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარებას და დალაგებას ზრდის ან კლების მიხედვით.

დაკვირვების საფუძველზე მასწავლებელი მთელი გაკვეთილის განმავლობაში აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას, გაკვეთილის ბოლოს განმსაზღვრელ შეფასებას აკეთებს შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმი არადამაკმაყოფილებელი დამაკმაყოფილებელი კარგი ძალიან კარგი
ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარება ვერ ადარებს ტოლმნიშვნელიან და ტოლმრიცხველიან წილადებს. ვერ ალაგებს მათ ზრდის ან კლების მიხედვით. ადარებს ზოგიერთ ტოლმნიშვნელიან და ტოლმრიცხველიან წილადებს. ზოგჯერ ალაგებს მათ რიცხვით სხივზე/ ზრდის/ კლების მიხედვით. ზოგჯერ იყენებს ამ ცოდნას ამოცანების ამოხსნისას ადარებს ტოლმნიშვნელიან და ტოლმრიცხველიან წილადებს. ალაგებს მათ რიცხვით სხივზე/ ზრდის/ კლების მიხედვით. იყენებს ტოლმნიშვნელიან და ტოლმრიცხველიან წილადების შედარების ცოდნას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. აქვს მცირე ხარვეზი ადარებს ტოლმნიშვნელიან და ტოლმრიცხველიან წილადებს. ალაგებს მათ რიცხვით სხივზე/ ზრდის/ კლების მიხედვით. იყენებს ტოლმნიშვნელიანი და ტოლმრიცხველიანი წილადების შედარების ცოდნას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჟურნალი მასწავლებელი, „გაჩერებებით სწავლა“
  2. https://mastsavlebeli. ge/?p=10414

 

 

 

 

 

 

 

პრობლემაზე    ორიენტირებული   სამოდელო გაკვეთილი

0

 

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლისაგან მოითხოვს ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას.  პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება უმეტესწილად დაკავშირებული უნდა იყოს რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ ვითარებასთან.

დროის ეფექტური მართვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.  მისი სწორი განაწილება აწესრიგებს ცხოვრებას, გვეხმარება მიზნების მიღწევაში.  მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი სკოლაშიც კარგად ისწავლონ და სკოლის გარეთაც არ ჩამორჩნენ საინტერესო აქტივობებს, იქონიონ თავისუფალი დრო თამაშისათვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის აუცილებელია დავეხმაროთ, მივცეთ რჩევები, როგორ დაგეგმონ დრო სწორად. ჩნდება კითხვა, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს პრობლემის მოგვარებაში?

მინდა გაგიზიაროთ   ჩემი გამოცდილება – როგორ დავგეგმე და ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში, მესამე კლასში, რომელიც ეხებოდა დროის ეფექტურ მართვას.

  გაკვეთილის თემა –  დროის ფასი

გაკვეთილის მიზანი –  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • სიუჟეტური სურათის გამოყენებით  ტექსტის  შინაარსის გადმოცემა;
  • ტექსტში  პრობლემების აღმოჩენა და  მათი გამომწვევი მიზეზების დასახელება;
  • გამოკვეთილი პრობლემების    ცხოვრებასთან დაკავშირება და   გადაჭრის  გზების ძიება;
  • ჯგუფებში პოსტერის „ ჩვენი ერთი დღე“ შექმნა და პრეზენტაცია;

სტანდარტთან შესაბამისობა:

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
  • საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

             შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;
  • მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ…“, „საინტერესოა იმით, რომ…“ და ა. შ.).

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;
  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • წერს ინსტრუქციებს, გასაგებად წარმოადგენს საჭირო ინფორმაციას;

 

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

             მოსწავლეებს შეუძლიათ მოვლენების თანმიმდევრობით დალაგება; არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნების გამოტანა; აქვთ კოგნიტურ  სქემებზე  მუშაობის გამოცდილება;  შეუძლით ჯგუფებში მუშაობა, პოსტერების შექმნა  და ნაშრომის პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა და რესურსები:

           სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, დაფა, სამუშაო რვეულები და კალმები. სიუჟეტური სურათები, კოგნიტური სქემა „შევადაროთ მოთხრობები“.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.( 2 წთ.) 

              „დღის მესიჯი“

მასწავლებელი კლასში შესვლისას მიესალმება მოსწავლეებს და ტრადიციისამებრ, სთხოვს მორიგეს,  შეავსოს „დღის მესიჯი“. მასწავლებელი დაფაზე   წინასწარ ამზადებს „დღის მესიჯის“ ქარგას, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები/ფრაზები.  მორიგე  გაკვეთილის დასაწყისში, შეავსებს  ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს: რა რიცხვია დღეს, რა დღეა, რა გაკვეთილი გვაქვს  ახლა, როგორია ჩვენი განწყობა, რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილს.

აქტივობა 2. ( 3  წთ.)

გაკვეთილის მიზნისა და შეფასების  პრინციპების გაცნობა

მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს; თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად;  რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს; აქტივობებს და მოსწავლის შეფასების რუბრიკას, შეფასების ფორმებს.   მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს,  გაიხსენონ  ქცევის წესები.

აქტივობა 3. ( 4 წთ.)

სიუჟეტური  ნახატის  „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“  დახმარებით

                ტექსტის შინაარსის გადმოცემა

მასწავლებელი დაფაზე აკრავს მის მიერ წინასწარ შექმნილ სიუჟეტურ სურათს „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“. სთხოვს  მოსწავლეებს  სიუჟეტური ნახატის დახმარებით გაიხსენონ იგავის „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“  შინაარსი.  მოსწავლეები აღწერენ სურათს და თანმიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ  ტექსტის შინაარსს. გზადაგზა მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს, რათა დარწმუნდეს, რამდენად კარგად ახსოვთ ტექსტის შინაარსი.

 

აქტივობა 4. (4  წთ.)

სიუჟეტური ნახატის  „დროის ფასი“

           დახმარებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა

მასწავლებელი დაფაზე აკრავს სიუჟეტურ ნახატს „დროის ფასი“. სთხოვს  მოსწავლეებს,  გაიხსენონ ტექსტის „დროის ფასის“  შინაარსი  სიუჟეტური ნახატის დახმარებით. მოსწავლეები აღწერენ სურათს და თანმიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ  ტექსტის შინაარსს.

აქტივობა 5. ( 10 წთ.)

         იგავებს შორის საერთო პრობლემების აღმოჩენა და გააზრება  კოგნიტური სქემის  „შევადაროთ  იგავები“  დახმარებით

პრობლემაზე დაფუძნებული გაკვეთილის ჩატარებისას მნიშვნელოვანია პრობლემის წარმოდგენა ხელსაყრელი გზით:  ვერბალურად ან/და ვიზუალურად. ამის გათვალისწინებით, მასწავლებელი კედელზე აკრავს (ან დაფაზე წერს) წინასწარ დიდფორმატიან ქაღალდზე მომზადებულ კოგნიტურ სქემას    „შევადაროთ იგავები“. მასწავლებელი კლასს  ეუბნება, რომ მოუწევთ  ტექსტებში მოცემული ფაქტების გახსენება და მათზე დაფიქრება; პრობლემების აღმოჩენა, გადაჭრის გზების ძიება. მასწავლებლის დამხმარე კითხვების საშუალებით მოსწავლეები შეეცდებიან იგავებს შორის საერთო  პრობლემების აღმოჩენას.  მოსწავლეთა პასუხებს მასწავლებელი დააფიქსირებს გრაფიკულ სქემაში. მანამდე კი  შეახსენებს  (მთელ კლასს) სქემის შევსების ინსტრუქციას. სამუშაო სქემაზე მოცემულია ხუთი სახის დავალება:

  1. იგავის სათაური;
  2. აღწერეთ დრო და გარემო, სადაც იგავ-არაკში გადმოცემული ამბავი ხდება;
  3. გაისხენეთ პერსონაჟები,რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი?
  4. აღწერე რაში მდგომარეობს პრობლემა? როგორ გადაიჭრა პრობლემა?
  5. გაიხსენეთ მოქმედებები;
  6. გაიხსენეთ, როგორ გადაიჭრა პრობლემა?

მასწავლებელი  მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით შეავსებს სქემას. მასწავლებლის დამხმარე კითხვების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ  გაავლონ  პარალელი იმ პრობლემებს შორის, რომლებიც გამოიკვეთა ამ ორი იგავის შესწავლისას.

აქტივობა  6. ( 5 წთ.)

                             დისკუსია

მასწავლებელი გამართავს  დისკუსიას იგავებში არსებული საერთო პრობლემის შესახებ. სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს დასაბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას, უბიძგებს  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისაკენ :

-რა პრობლემა წარმოშვა ჭრიჭინას ზაფხულში ჭრიჭინმა?

-რა პრობლემა წარმოშვა ჭრიჭინას სტუმრობამ ციყვის ცხოვრებაში?

-რა დასკვნების გამოტანა შეიძლება?

შემაჯამებელი კითხვები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება იგავებში არსებულ პრობლემებზე, იმსჯელონ მათ გამომწვევ მიზეზებზე და დააკავშირონ ეს პრობლემები ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გამოიტანონ დასკვნები.

აქტივობა  7.  ( 8 წთ.)

        ჯგუფების მიერ  პოსტერის  „ ჩვენი ერთი დღე“  შექმნა

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა იგავებში გამოვლენილი პრობლემა- დროის უქმად ხარჯვა, დაუკავშირონ პირად ცხოვრებას,  გაიაზრონ, რა გზით  შეიძლება მისი  გადაჭრა, მასწავლებელი კლასს უსვამს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას: თქვენი აზრით, როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ყოველი დღე ისე, რომ ცხოვრებაში არ შეგვექმნას  პრობლემები?  ამისათვის,  ჯგუფებს სთხოვს შექმნან  პოსტერი „ჩვენი ერთი დღე“.  მასწავლებელი  სურვილისამებრ კლასს ყოფს  ჯგუფებად. თითოეულ  ჯგუფს ურიგებს ფლიფჩარტს და მარკერს, სთხოვს მოსწავლეებს ჯგუფებში   იმუშაონ პოსტერის  შესაქმნელად. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის თანახმად, მოსწავლეებს ევალებათ ჩამოაყალიბონ /შეიმუშაონ წესები, შეძლონ დღის რეჟიმის შედგენა. მისცენ თანატოლებს რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად, რათა ცხოვრებაში არ შეგვექმნას პრობლემები. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე  ფლიფჩარტზე ჩამოწერილ ინფორმაციას უზიარებს მთელ კლასს.

  აქტივობა 8.  (  6 წთ.)

პრეზენტაცია

მუშაობის დასრულების  შემდეგ ჯგუფები,  აკეთებენ პრეზენტაციას, დაფაზე გამოიტანენ თავიანთ  ნამუშევარს.  მასწავლებელი აძლევს მათ უკუკავშირს.

აქტივობა 9.  (  3 წთ.)

                       გაკვეთილის   შეჯამება / შეფასება

გაკვეთილის შესაჯამებლად მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ასაუბრებს მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს დღეს,  რა გაუჭირდათ, რამ გაახალისათ?   მოსწავლეებიდან  წამოსული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი, შეაფასებს მოსწავლეებს, აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შემდეგ მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს. ბოლოს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეეცადონ,  შეაფასონ საკუთარი თავი.  მასწავლებელი დაითვლის სამამდე და მოსწავლეებმა უნდა დაიკავონ ადგილები იმ ილუსტრაციასთან, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათი ძლიერი მხარეა. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს შეფასების ნომინაციების სიმბოლოებს და კლასში დაფაზე აკრავს.  ვიყენებთ ტრადიციულ ნომინაციებს: ჭკვიანი და საზრიანი პასუხები-ბრძენი ბუ; სხარტი პასუხები-კურდღელი; დინჯი და მოფიქრებული პასუხები-კუ; მხიარული – ჯამბაზი.

მასწავლებელი  მოსწავლეებს ანიშნინებს საშინაო დავალებას: მესამე კლასის მოსწავლის რვეული, წერითი სავარჯიშო N 1, გვერდი 24.

 

 

                           შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმები „გასაუმჯობესებელია“             „კარგია“        „საუკეთესოა“
სიუჟეტური ნახატის  გამოყენებით ტექსტის  შინაარსის გადმოცემა ვერ გადმოსცემს  სიუჟეტური ნახატის გამოყენებით ტექსტის  შინაარსს მცირე ხარვეზით გადმოსცემს  ტექსტის  შინაარსს სიუჟეტური ნახატის  გამოყენებით არგუმენტირებულად გადმოსცემს  ტექსტის  შინაარსს სიუჟეტური ნახატის  გამოყენებით
 

 

ჯგუფური მუშაობა

არ აქტიურობს ჯგუფში მუშაობისას; არ ამახვილებს  ყურადღებას საერთო დავალებაზე; ვერ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან. ინაწილებს პასუხისმგებლობას და დაკვირვებულად მუშაობს; უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს სხვებს საკუთარ მოსაზრებებს.  თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან; ინაწილებს პასუხისმგებლობას და დაკვირვებულად მუშაობს; აქტიურად უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

 

დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებით კლასებში, პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება  ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს.  მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად,  ყველა აქტივობას კარგად გაართვეს თავი და შეძლეს დასახული მიზნების განხორციელება. აღნიშნულ გაკვეთილზე  მოსწავლე  დადგა სირთულის წინაშე, რომლის დაძლევა მოითხოვდა შემოქმედებით მიდგომას, აიძულებდა მოსწავლეს, ეფიქრა, ეძია გამოსავალი, ემსჯელა და სწორად გაეაზრებინა მართებული გადაწყვეტილება.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლეები  ჩართულნი იყვნენ  აქტიურ სწავლაში, მუშაობდნენ  რეალური პრობლემების გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მათთვის გახდა უფრო საინტერესო და სახალისო. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესში მოსწავლეებმა იმუშავეს კოგნიტურ სქემაზე, რომელიც მათ  დაეხმარა პრობლემის ანალიზსა და გადაჭრის გზების ძიებაში.

                             გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა  (დაწყებითი საფეხური) 2018-2024;
  1. ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები კითხვისა და წერის სწავლებისათვის დაწყებით საფეხურზე. ge
  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

        

              

Microsoft PowerPoint-ი   ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0

        საპრეზენტაციო პროგრამა  PowerPoint (Microsoft)  თანამედროვე სამყაროში საკმაოდ პოპულარულ ინსტრუმენტად იქცა და უკვე PowerPoint (Microsoft)-ის გამოყენება შესაძლოა არ მხოლოდ პრეზენტაციებისთვის , არამედ შესაძლოა ინტერაქციულ რესურსად ვაქციოდ გაკვეთილზე, თუ სწორად დავგეგმავთ აქტივობებს  და მართებულად გამოვიყენებთ.

გავეცნოთ Powerpoint-ის  რამდენიმე შესაძლებლობას ქართულის გაკვეთილზე:

  • Powerpoint-ის ხმის ჩაწერის ფუნქცია და „მკითხველის თეატრის“ ელვერსიაზე მუშაობა;
  • Powerpoint-ის სხვადასხვა ეფექტის შექმნის საშუალებები და „არეული თანამიმდევრობის“ ელვერსიაზე მუშაობა;
  • Powerpoint-ის მეთოდ „რეიტინგის“ ელვერსიაზე მუშაობა;

Power point-ის  პროგრამა ხმის ჩაწერის ფუნქციით და მეთოდიმკითხველის თეატრი

  • მკითხველის თეატრი
  • რესურსები: სახელმძღვანელო ან წასაკითხი ტექსტის ქსეროასლები.
  • აქტივობის აღწერა:

მკითხველის თეატრი გულისხმობს ნაწარმოების ხმამაღალ როლურ კითხვაში მოსწავლეების ჩართვას. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას. მოსწავლეები (მკითხველები) გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციებს და მოქმედ პირთა ხასიათს ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით. მკითხველის თეატრი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთდროულად ივარჯიშონ კითხვისა და მეტყველების უნარების განვითარებაში.  მოსაწავლეები სწავლობენ გამომსახველობით კითხვას.

მკითხველის თეატრის ჩატარებამდე უნდა განაწილდეს ტექსტი და განისაზღვროს როლები (მაგალითად, მთხრობელი, მოქმედი პირები). ყოველმა მოსწავლემ რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ტექსტი ჩუმად. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები  საკუთარ როლს მონიშნავენ მარკერებით. მონაწილეთა ერთი ნაწილი განლაგდება ნახევარწრედ, მეორე მაყურებელია. შემდეგ როლები იცვლება.

  • ის ერთდროულად მიმართულია კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაზე.
  • მთავარ პანელზე გადადით insert –ის გვერდზე;
  • მოძებნეთ Media Audio და გადადით Record Audioზე.
  • გაააქტიურეთ წითელი ღილაკი და დაიწყეთ ტექსტის კითხვა. დასრულებისას დააკლიკეთ ღილაკს OK (დადასტურება/დასრულება);
  • სლაიდზე გაჩნდება მსგავსი ნიშანი

                    

                            

 

 

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.                             

  • მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი ინფორმაცია.

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.                             

  • ლექსის ან მხატვრული პროზის ფრაგმენტების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
  • ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით;

,,მკითხველის თეატრის“ ამ ფორმატით გამოყენება ეფექტიანია გამომეტყველებითი კითხვის უნარის გასავითარებლად, გაკვეთილზე, თუ სხვადასხვა პროექტ-გაკვეთილებზე, მოსწავლის თვითშეფასებას და მოსწავლეთა  ურთიერთშეფასებასაც უწყობს ხელს, გვეხმარება საუკეთესო დეკლამატორის გამოვლენაში. ასევე, მოსწავლეს შეუძლია სახლში, არაფორმალურ გარემოში წაიკითხოს ლექსი გამომეტყველებით, დაადოს ხმა, ივარჯიშოს.

  • Powerpoint-ის სხვადასხვა ეფექტის შექმნის საშუალებები და „არეული თანამიმდევრობის“ ელვერსიაზე მუშაობა;

           დაალაგე ლექსის სტროფები შესაბამისი თანმიმდევრობით

Trigger და animacion ეფექტების გამოყენების დამატებითი ინსტრუქცია

  • ტექსტური ფაილის შესაქმნელად გამოიყენეთ INSERT Text Box -ის მენიუ. მასზე დაწკაპებით ისრის ადგილზე გაჩნდება       სპეციალური ნიშანი, მარჯვენა ღილაკით დააკლიკეთ თავისუფალ ადგილზე, გამოვა ტექსტური მცირე ფანჯარა, რომელშიც ჩაწერთ თქვენთვის სასურველ ტექსტს და ჩასვამთ საჭირო ადგილზე.
  • გახსოვდეთ, ყოველი ახალი ტექსტი უნდა ჩაწეროთ ახალ ფანჯარაში.
  • გრაფიკული ფაილის შესაქმნელად გამოიყენეთ insert Shapes-ის პანელი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმა, მონიშნეთ დააკოპირეთ და ჩასვით თქვენთვის სასურველ ადგილზე.
  • ტექსტის და/ან ფიგურის ასამოძრავებლად დააკავშირეთ ისრებით More Motion Paths-ის მენიუს გამოყენებით.
  • შემდეგ აირჩიეთ ღილაკი Animation Pane და დააკლიკეთ timing ღილაკზე. გაიხსნება ფანჯარა და მასზე მონიშნეთ Trigerr და შემდეგ start effect on clic of.
  • ჩამოშალეთ ისარი, მოძებნეთ შესაბამისი ციფრი და ბოლოს

მეთოდის  არეული თანმიმდევრობა“ _ ფორმატის გამოყენება ეფექტიანია პუბლიცისტური, სამეცნიერო და ნებისმიერი ტექსტის სტრუქტურის გასააზრებლად. გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისთვის. ის მოსწავლეს ეხმარება ძირითადი, შემაჯამებელი და დამხმარე აბზაცის მნიშვნელობისა და ფუნქციის გააზრებაში.

  • Powerpoint-ის მეთოდ „რეიტინგის“ ელვერსიაზე მუშაობა;

მეთოდი რეიტინგი

  • მომაზადეთ რესურსი: შექმნით კიბის ფორმა (insert   Shapes-ის პანელის გამოყენებით/ან კიბის ფორმა გადმოწერეთ ინტერნეტიდან და ჩასვით ფოტოს სახით)  და განალაგეთ ლექსის მნიშვნელოვანი ადგილები ამ კიბეზე;
  • ეს აქტივობა შეასრულეთ ელექტრონულად PowerPoint-ის დახმარებით;

 

,,რეიტინგი მეთოდი გამოიყენება კლასისათვის კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად ან ჯგუფებში მიზანმიმართული დისკუსიის წახალისება-სტიმულირებისათვის. ჯგუფებში/წყვილებში განიხილავენ შემოთავაზებულ მოსაზრებებს და ალაგებენ მათ მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით. რეიტინგის სქემას შეიძლება კიბის ან მრავალკუთხედის ფორმა მიეცეს.  რეიტინგის შედგენისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება სულ ზემოთ თავსდება, მის ქვემოთ მასზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მომდევნო საფეხურზე – კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და ა.შ. ყველაზე უმნიშვნელო გამონათქვამი ყველაზე ქვემოთ აღმოჩნდება.

საკითხების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა, როგორც წესი, ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, რეიტინგის ამგვარი ფორმა უფრო პირობითი და მისაღებია მოსწავლისათვის. გარდა ამისა, იგი კონსენსუსის მიღწევის მეტ შესაძლებლობასაც იძლევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.,, ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ‘’ ტრენინგის საკითხავი და სამუშაო მასალა.

2. https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH017d507a1f5483ce39fa52c4.4&gt=1

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...