პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

სკოლა და ღირებულებები

0

სოციალური ქსელი დაიპყრო „ბოლო ზარის“ სიმღერებმა… ამ მოვლენას კი წინ უსწრებდა 51-ე სკოლაში ინციდენტი, რომელიც სწორედ ბოლო ზარის ვიდეოს უკავშირდებოდა. ვიდეოში გაშარჟებული „ქურდული ცხოვრება“ ვერ აიტანა მოსწავლეთა სხვა ნაწილმა და დანების ტრიალიც ამას მოჰყვა… ეს ის  სკოლაა, რომელშიც მოსწავლეთა დაპირისპირება ერთხელ უკვე მსხვერპლით დასრულდა…. ჩემი ყველაზე დიდი შოკი კი გამოიწვია მასწავლებლის განცხადებამ საინფორმაციოში: რომ ინციდენტი მოხდა გაკვეთილების შემდეგ და სკოლის მიღმა…

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა დამღუპველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლას „აინტერესებს“ მხოლოდ მანამ, სანამ სკოლაში არიან;  თითქოს ადამიანის სხვა ნაწილი დადიოდეს სკოლაში, სხვა – ქუჩაში და სულ სხვა – სახლში… თითქოს ადამიანი ერთიანი და მთლიანი კი არა არის, რომელზეც ზრუნავს (უნდა ზრუნავდეს): ოჯახი, სკოლა, სისტემა, სახელმწიფო, არამედ დანაწევრებული… „სკოლის გარეთ“ მოსწავლეზე სკოლა პასუხისმგებლობას არ იღებს და როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ხდება, მაშინ იმას კი არ კითხულობენ: რა და რატომ მოხდა… პირდაპირ თავს იცავენ: მოხდა, მაგრამ სკოლის გარეთ და ჩვენ არაფერ შუაში ვართო…

მასწავლებლებისგან ვიცი, რომ ბევრ მშობელს შვილიც არ აინტერესებს, რას აკეთებს სკოლაში… „შემოყრიან და ხელებს იბანენო“… პირიქითაც ბევრი მსმენია… და გამოდის, რომ ქუჩა ის ადგილია (სახლიდან სკოლამდე და პირიქით), სადაც ბავშვს „კისერიც უმტვრევია“….

მე არ ვეძებ დამნაშავეს… მით უფრო, ერთ რომელიმე დამნაშავეს… მე მაწუხებს ამ ბავშვების ბედი… ამას წინ ერთმა მოსწავლემ გამიმხილა: სუიციდი მხოლოდ იმიტომ გადავიფიქრე, რომ ჩემს მშობლებზე შური ვიძიოო…. ყველა ღამეს ტირილში ვათენებო და არც ესმით ჩემიო… ჰოდა, იძახეთ ახლა: რომ თქვენი ბრალი არაფერია… ან იქნებ იმ ბავშვის „ბრალია“, რომ დაიბადა საერთოდ?  მე ვერ ვიძინებ ამ ამბის შემდეგ… და ასეთი მხოლოდ ერთი ბავშვი არ არის…

მოსწავლეთა „ბოლო ზარის“ სიმღერებმა და ჰიმნებმაც ამიტომ დამაინტერესა. მთელი დღე ვისმენდი სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა ქალაქის ბავშვების ტექსტებს მსგავსი პრობლემებით სავსეს. ერთი შეხედვით, სახალისო ვიდეოები და არტისტული და გულწრფელი ბავშვები რეპავენ თავის 12-წლიან ისტორიას… ამაში არაფერია საგანგაშო… ხოლო, მეორე მხრივ, ტექსტების კვლევისას, აღმოჩნდება, რომ ძალიანაც მნიშვნელოვანია ის, რაზე იციანიან, რას დასცინიან, რას და რატომ აშარჟებენ ბავშვები. ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ თავს დავესხათ და მორალი ვუკითხოთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, არამედ იმიტომ რომ, დავინახოთ აღზდაში და განათლებაში ის ღირებულებები და კონცეპტები, რომლებიც დეკლარირებულია და რომელიც სინამდვილეში აქვთ მოსწავლეებს.

დაპირისპირება რასაც მოჰყვა, ის ვიდეო უკვე აღებულია. 51-ე სკოლის მეორე ვერსიის ვიდეოს  კომენტარებში კი ეს ვნახე:

Gazis Qvitari

წინა ვერსიაში ,,ქურდულიდა ,,ობშიაკიჰქონდათ. ვიდეოკლიპში ქურდულ სამყაროს არ უნდ აშარჟებდნენო. და ნუ ზოგადად ასეთ ვიდეოკლიპებზე არ არიან კარგად განწყობილი უფროსი თაობის წარმომადგენლები...

 

ისევ „ქურდული სამყარო“ და ისევ „ობშიაკები“ 2019 წელსაც… აი, ეს არის პრობლემა, რომ სკოლებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ეს პრობლემა და დღესაც ამაზე ხოცავენ ბავშვები ერთმანეთს დაუნდობლად.

აი კიდევ რაზე იცინიან მოსწავლეები:

კლასში როცა შემოვედი,

მათ ვეგონე ბუნჩულა,

ოთხი კაცი გადავირტყი,

მოვაგვარე ჯიგრულად,

სუსტი ნერვების მქონე ვარ,

ვაწიოკებ მასტებს,

მაგრამ მაინც ჩემი გამაქვს,

ვევასები მასწებს.

ვიდეოს კომენტარებში არის ურთიერთსაწინააღმდეგო შეძახილები:

ასეთი:

რა გინდათ ამ ბავშვებისგან, ვერ მივხვდი? ბოლო ზარზე, ენერგიით სავსე თინეიჯერები აბა, ბოტანიკაზე და ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებზე ხო არ იმღერებენ? ერთობიან და არაინ. გაეშვით, იმას შეხედეთ, გირჩევნიათ, რა ლამაზები არიან. და ის გაიხსენეთ, ჩვენი თაობები რას გავდნენ ბოლო ზარზე და ბანკეტის კასეტებზე.

და ასეთიც:

სამწუხაროდ, ეს კლიპი სრულიად ასახავს იმ სიტუაციას, რომ სკოლაში პრობლემებიაწარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთერთი ევროპული ქვეყნის სკოლის მოსწავლე. ამ შემთხვევაში თქვენი კლიპიც და მასში ასახული ხუმრობებიც იქნებოდა სრულიად სხვა შინაარსის, სხვა თემატიკის და სხვა სტილისიმის თქმა მინდა, რომ გარემო და კულტურა, რომელშიც ვხოვრობთ, გამოვლინდება ყველაფერში, მათ შორის, იუმორშიც სამწუხაროდ, თითქმის ყველა სკოლაში,(უფრო სწორად,იმდენში,რაც საერთო სურათს ასახავს და ერთი/ორი სკოლა, რომელიც უკეთესია, ვერაფერს ვერ ცვლის მთლიან სიტუაციაში) დაახლოებით იმავე შინაარსის კლიპები კეთდება: მასწავლებლების დაცინვა (თუნდაც ხუმრობით), სმაჭამის, გულაობის, ყოველივე მატერიალურის ხაზგასმა და პრიორიტეტულობასასტავი დაბირჟადა მსგავსი თემები რაც აბსოლიტურად განსხვავდება თანამედროვე (დასავლური) სკოლისგანმე არ მითქვამს, რომ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების მატარებლები ხართ და მეტი არაფერი გისწავლიათ, ვიცი, რომ წარმატებული სკოლაა, მაგრამ არა იმ ხარისხით, რაც საჭიროა, რაც შეცვლის ადამიანის იმ ბუნებას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია და რომელიც, სამწუხაროდ, დომინანტიაზუსტადაც, რომ ხალხი არ აიტაცებდა გალაკტიონზე ან ილიაზე შექმნილ კლიპს, იმიტომ რომ, ასეთი საზოგადოებაა, ასეთი დაკვეთაა, მათ უნდათკაჩაობაც, „კაი ბიჭობაც, „სასტავიც, „ბირჟაც, დალევაც და ასე შემდეგ თემები და სკოლა რომ ვერ ცვლის ამ სიტუაციას, ეს აჩვენა ამ კლიპმა….. სწორედ ამ გულისტკივილით დავწერე ეს კომენტარიც

 

ეს ციტატა კი 53-ე სკოლის ჰიმნიდანაა:

დავიღალე სწავლით, მაგრამ არც არასდროს მისწავლია

გამოცდებს მაინც ვაბარებ და არ მიმეცადინია!

შეიძლება თქვათ, რომ ეს მხოლოდ ერთი მოსწავლის განწყობაა, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ „გამოცდაჩაბარებული“ ნამეცადინები თუ უმეცადინო, დასწავლილ ცოდნას იქვე ტოვებს (მე არ მაქვს საუბარი გააზრებულ და გაცნობიერებულ სწავლებაზე, რომელის გამოცდილებაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც არსებობს სკოლებში);

1-ლი სკოლა კი  (კლასიკური გიმნაზია) ასე რეპავს თავის ამბებს:

მთელი წელი ვიდექით ძეგლთან,

ნელი კარებს აღარ გვიღებდა,

მანდატური ოქმებს გვიწერდა,

ამით პრემიას ითრევდა; და ასე შემდეგ…

 

ფინალისთვის კი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ფრაზა:

სკოლას ვამთავრებთ, მივდივართ, სკოლის mother fucker…

 

დანარჩენი თავად დასერჩეთ და მოსიმინეთ…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვკითხულობთ მხოლოდ მასწავლებლები

0

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს წერილი რომელიმე სისტემის უპირატესობის დასამტკიცებლად არ იწერება, მეტიც – ქვემოთ მოყვანილი მაგალითები ვინმესთვის შესაძლოა რიგი სისტემების წარუმატებლობაზეც მეტყველებდეს, მაგრამ მთავარი დისკუსიაა, დისკუსია მასწავლებლებს შორის, რომელიც არცთუ ისე ხშირად იმართება ხოლმე. ნებისმიერ საგანმანათლებლო სისტემას კი ცალკეული მცირე ჯგუფები კი არა, სფეროში ჩახედული პროფესიონალები ქმნიან, ცხადია, თუ ჰკითხავენ და თუ თავად მათ აზრის გამოთქმის არ შეეშინდებათ ან არ მოერიდებათ.

მაშ ასე, მსურს, შვედური სკოლის რამდენიმე უცნაური პრინციპი გაგაცნოთ, რომლებიც სრულიად მიუღებელია, მაგალითად ამერიკის, ბრიტანეთის და, ჩვენ ჩვენი ვთქვათ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებისთვის.

 

მობილური ტელეფონები

წარმოიდგინეთ, რომ ქართულ სკოლაში, გაგანია ფიზიკის გაკვეთილზე, მეშვიდეკლასელმა კაკო იორდანაშვილმა სმს-ები აგზავნოს პარალელურკლასელთან ან მეათეკლასელმა კენტუკელმა ჯონ ბლეიზერმა ყურსასმენები გაირჭოს და Ariana Grande-ს უსმინოს, ან ლივერპულელი მუშის სტივენ პეკის უმცროსმა ქალიშვილმა სარამ Facebook-ზე ან Instagram-ზე სელფი დადოს გაკვეთილის მიმდინარეობისას. საუკეთესო შემთხვევაში, მათ ძალიან მკაცრ შენიშვნას მისცემენ, უარესში კი დირექტორის გარეშე ეს ამბავი ვერ ჩაივლის.

შვედურ საგანმანათლებლო სისტემას კი სულ არ აწუხებს სასწავლო პროცესის დროს მოსწავლე ტეტრისს ითამაშებს თუ აინშტაინის დღიურებს წაიკითხავს, მასწავლებელი ბავშვს მოსმენას არასოდეს აიძულებს. თუ არ გაინტერესებს, ნუ მომისმენ, ნურც ხელს შეგვიშლი, მაგრამ იყავი ჩვენთან – ეს შვედური სკოლის უმთავრესი პრინციპია. თუ მასწავლებელი ბავშვის დაინტერესებას ვერ ახერხებს, ეს მასწავლებლის პრობლემად ითვლება და არა მოსწავლის, რადგან შვედური განათლება ნებაყოფლობითი სწავლის პრინციპზე დგას, რაც, შესაძლოა, სხვა ეთნოკულტურებში არ ამართლებდეს, მაგრამ ლოგიკური ახსნა ამ მეთოდს აქვს – თანამედროვე ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ადამიანის არაცნობიერი მაშინაც კი იმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას, როდესაც სძინავს. ამ თეორიას ისეთი მომხრეებიც კი გამოუჩნდა, ვინც ეს მეთოდოლოგია რელიგიურ ჭრილში გადაიტანა და ამტკიცებს, ქირურგიულ მაგიდაზე დაწოლა ახლობლის თანდასწრების გარეშე არ შეიძლება, რადგან ნარკოზში მყოფს რას ჩაგძახებენ, კაცმა არ იცისო (საიენტოლოგების ცნობილი თეზისი).

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების კვლევები მობილურის გამოსხივებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მატებას შორის კავშირზე შვედ მშობლებს მაინც აშინებთ, ამიტომ ზოგიერთ სკოლაში – და ეს საერთო რაოდენობის 16%-ია – ბავშვებს საკლასო ოთახში ტელეფონის შეტანა უკვე ეკრძალებათ.

 

დაგვიანება

შვედეთში, ზემოხსენებული სისტემებისგან განსხვავებით, სასკოლო ზარის ცნება არ არსებობს, რადგან არ არის განსაზღვრული გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, სასწავლო გაკვეთილების ხანგრძლივობა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ეს ერთგვარი „ღირსების საქმეა“ – თქვა, რომ მიხვალ საერთო შეკრებაზე 12:25 წუთზე და გაჩერდები იქ 35 წუთი, ან 10, ან 1 საათი, გააჩნია, რამდენის გუნებაზე ხარ და რამდენი გინდა წამოიღო სკოლიდან.

ცხადია, ამ შეთანხმებას ყველა ყოველთვის არ იცავს, მაგრამ დაგვიანებული მოსწავლის კლასში შემოსვლისას მასწავლებელი არც „თავსა დამართ სცემს“ და არც „ასტამს უხეთქნის“ ვინმეს – იღიმება და გამარჯობას ეუბნება შემოსწრებულს.

 

მასწავლებელი ავადაა

ქართველი მასწავლებელი ავად არასოდეს ხდება. არ შეიძლება გახდეს. არც ნაბახუსევზე უნდა იყოს შვილის ქორწილის მეორე დღეს. ბავშვი არ უნდა გააჩინოს ხშირად და დასასვენებლად (სეზონზე) წასვლა არ უნდა აუტყდეს „უდროო დროს“. და, საზოგადოდ, ქართველი მასწავლებელი ბანაობასა და ჭამაზეც არ უნდა კარგავდეს დროს. ამერიკასა და ბრიტანეთში მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ ამერიკელი პედაგოგი ავსტრალიაში ორკვირიან მოგზაურობას გადაწყვეტს, მას შემცვლელს იმავე წუთას მოუძებნიან. აი, შვედეთში კი სხვანაირადაა – თუ შვედი მასწავლებელი ავადმყოფობს, ან ბედნიერებას მისცემია, ან კაეშანი მოსაძალებია და განსაქარვებლად „წყლისა პირს“ წასულა, მაგრამ ეს წყალი არა მის ქალაქში, არამედ შორს, თუნდაც სანკტ-პეტერბურგშია, კლასი ისვენებს, პირდაპირი გაგებით ისვენებს. ყველა მოსწავლე ელოდება მასწავლებელს, რადგან შვედური სისტემა პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული სისტემაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით რეპეტიტორის ინსტიტუტია.

 

„აბა, ერთი შეგამოწმო“

შვედურ სკოლაში ტესტები და გამოცდები არის, მაგრამ წარუმატებლად ჩაბარების გამო ფსიქოლოგის დაქირავება, კარდიოთერაპიის კურსი (მშობლებისა და ბებია-ბაბუისთვის), აღსარების ჩაბარება და ტკივილგამაყუჩებლის მიღება საჭირო არ გახლავთ. გამოცდებისა და ტესტების ერთადერთი ფუნქციაც და მიზანიც მიმდინარე ცოდნის შემოწმებაა, რათა მშობელმა გაიგოს, ზარმაცობს თუ არა მისი შვილი და რაში სჭირდება მიხმარება. საგამოცდო სისტემის ამგვარი გაუბრალოების მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, სტრესული გარემოს შემცირებაა, ამიტომ, ბავშვებისთვის სკოლა შიშსა და უბედურებასთან კი არა, სიხარულსა და გართობასთან ასოცირდება, მეტიც – თუ სახლში Medal of Honor-ის ბოლო ვერსიის ჩართვის უფლება არ გაქვს, შეგიძლია სკოლაში წაცუნცულდე და მაგრად მოილხინო, ამის გამო არავინ, არავინ, არავინ დაგსჯის.

 

საშინაო დავალება

საშინაო რა? Home What? სახლში ზიხარ და ტვინს იჭყლეტ? „ვიკინგების“ ბოლო სეზონის ყურების მაგივრად ისტორიის წლებს იზუთხავ? რა სისულელეა, შვედეთში ეს ამბავი წარმოუდგენელია. სახლში მაქსიმუმ რაიმე პროექტის მომზადებას თუ დაგავალებენ, ისიც იმისთვის, რომ კლასის წინაშე თავი გამოიჩინო, აი, რა შემოქმედებითი ტიპი ვარო. მაგალითად, დაწერო ესე ფილმზე „პიანისტი“, ან ილაპარაკო რასიზმზე კინოში, ან მიწასთან გაასწორო დოსტოევსკი, რომელიც საშინლად მოგწონს ან უბრალოდ დაწერო შენი სიყვარულის ამბავი, – რა იცი, იქნებ მწერალი გამოხვიდე?

 

გრძელი გაკვეთილები და ცოტა საგანი

ამერიკული, ბრიტანული და ქართული საგანმანათლებლო სისტემებისგან განსხვავებით, შვედური კლასის მოდელი სხვანაირია. გაკვეთილი, საშუალოდ, საათი ან საათ-ნახევარი გრძელდება; შეგიძლია გახვიდე, მოხვიდე, მიირთვა, წაუძინო კიდეც (ამ მეთოდს მივმართავდი ხოლმე რეპეტიტორთან და მაგრად მშველოდა). შვედური განათლების სისტემის მთავარი მიზანი სიღრმისეული ცოდნის შეძენა და დროის მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაა, რაც, შეიძლება ითქვას, შედეგიანია, რადგან ბოლო ათეული წლებია, სკანდინავიური მოდელი უპირობო ლიდერია ამ მიმართულებით.

 

„ჩემი შვილი დოხტური უნდა გამევიდეს!“

ბავშვებმა, როგორც წესი, მცირე ასაკიდანვე იციან, რა პროფესიები ხიბლავთ და რომელ საგნებს უნდა მიეძალონ, ამიტომ, პოლიციელობის მსურველი ერიკი მეტად ისწავლის ფსიქოლოგიას, სპორტს, ისტორიას, კანონებს, ვიდრე გრეტა, რომელსაც დიზაინერობა აქვს გადაწყვეტილი. მათემატიკის გაკვეთილზე ჯდომასაც თვითონვე გადაწყვეტენ და სკოლის სპექტაკლში მონაწილეობასაც. საყვარელ საგნებში ინტენსიური მომზადების ხიბლი ისაა, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ერთი საფეხურით წინ არიან სხვა საგანმანათლებლო სისტემაგამოვლივლ ბავშვებთან და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. ისინი დროს არ ხარჯავენ „ყოვლისმცოდნეობაზე“.

 

კლასი, მეგობრების შეკრება

ყველაზე მეტად მე ეს ნაწილი მომწონს, რადგან თავადაც ამ მეთოდს ვიყენებ ბავშვებთან და ძალიან ამართლებს. ქართული საკლასო ოთახი დაახლოებით ასეთია – დროის 80% მასწავლებელი ლაპარაკობს და სხვები უსმენენ ან იწერენ, დანარჩენი 20% კი ბავშვები ლაპარაკობენ და მასწავლებელი უსწორებს. მე ეს სისტემა ამოვატრიალე და პირიქით ვმუშაობ. შვედეთშიც ასე ყოფილა.

საკლასო ოთახში შეკრება გამოკითხვა კი არა, დისკუსია და სკუთარი ცოდნის დემონსტრირებაა. როდესაც მე ვიცი საკუთარი (ჰხმ, მაღალი) აზრი „შუშანიკის წამებაზე“, უკვე ვიცი და მაინტერესებს სხვისი თვალით დანახული ტექსტიც. წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როგორ ხედავს ამ ნაწარმოებს პატარა მოცარტი, ან პატარა გოგენი, ან პატარა ილია ჭავჭავაძე, ან პატარა ამბროსი ხელაია, ან პატარა ცელქი და მაიმუნი, მოუსვენარი და ონავარი თვალებციმციმა აინშტაინი!

ასეა თუ ისე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ვაჟა ფშაველას სკოლის მასწავლებელმა იცოდა, ვინ იჯდა მის წინ და განჭვრიტა, როგორ შეატრიალებდა ერის ცნობიერების ნაწილს პატარა ბრაზიანი მოჩხუბარი ბიჭის ნაფიქრი მთაში ხეტიალისას.

არც ჩვენ ვიცით, მასწავლებლებმა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ.

შვედური სკოლის სისტემა ალბათ იდეალური არ არის, ის ალბათ სხვა განვითარებულ ან განუვითარებელ ქვეყანაში ნაკლებად იმუშავებდა. იქნებ მაგრადაც ემუშავა, არ ვიცი. ერთი რამ, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რაც დანამდვილებით ძალიან მომწონს, მიდგომაა – ყველა ბავშვი ინდივიდია, ყველა ბავშვზე ვარაუდობს სკოლა, რომ ის გენიოსია, ყველა ბავშვი დაბადებულია სიკეთისთვის.

შვედური ლიტერატურაც ხომ მთლიანად ამ მეთოდოლოგიას ემყარება!

საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად

0

განათლების ხარისხი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ზრდის სოციალურ ტოლერანტობას და ხელს უწყობს მოქალაქეების უფრო აქტიურ ჩართვას დემოკრატიულ პროცესებში. განათლების დონის გაუმჯობესების და განათლების სისტემაში არსებული სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზა გახლავთ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად პროგრამების შემუშავება. ამ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქველმოქმედო ფონდები, სოციალური ინსტიტუტები და სხვა არაკომერციული ორგანიზაციები. საგანმანათლებლო ფონდების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში ქართველი მასწავლებლები განებივრებულები ნამდვილად არ იყვნენ, ბოლო წლებში, რაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პროექტი დაიწყო, მათი წახალისება და მოტივირება უფრო მეტად ხდება. ამ სფეროს სპეციფიკაზე, განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ პროექტებზე, გრანტების მოძიებისა და მოპოვების პროცესზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი გვესაუბრება.

 

  1. საიდან წამოვიდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის შექმნის იდეა, ვინ არის მისი ავტორი და რა არის ფონდის მთავარი ამოცანა?

 

ყველაფერი ბატონი ბადრის სიცოცხლეში დაიწყო. მან დააარსა და აქტიურად იყო ჩართული მათ მოღვაწეობაში არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც მოიცავდნენ კულტურის სფეროს, ჯანდაცვის, სპორტის, განათლების სფეროებს და სხვა სოციალურ მიმართულებებს. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ,  ფონდების მუშაობა და სხვადასხვა აქტივობები შეჩერდა. ოჯახს წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ბატონი ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ და მისმა ქალიშვილებმა, ლიანამ და იამ, ოჯახის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტეს, რომელიც ოჯახის ბიზნეს საქმიანობის მიღმა საქველმოქმედო საქმიანობით საქართველოს დახმარებას გულისხმობს.

 

ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ფონდის საქმიანობის მთავარი მიმართულება. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საშური საქმე  განათლების სფეროს განვითარებაა, იმიტომ, რომ განათლების სფერო არის ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად იძლევა უკუგებას ქვეყნის განვითარების საქმეში, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომაც, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებას, რაც ორ მიზანს მოიცავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებასა და განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის განათლება შევთავაზოთ მოსწავლეებს, სისტემური ცვლილებებია საჭირო. განათლების სფეროში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალური ამოცანების შესრულებას. ეს სისტემა ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. მხოლოდ განათლების სამინისტრო, რომელიც აქტიურად მუშაობს, ამას ვერ შეძლებს, მხოლოდ სასწავლებელი ამას ვერ შეძლებს. ჩვენი მოქალაქეების, ამ სისტემაში ჩართული ადამიანების აქტიურობის გარეშე ეს არ შეიცვლება. ამიტომ ყველა ერთად უნდა ჩავებათ ამ საქმეში. ფონდის მიზანია, რომ ზუსტად ასეთი სისტემური ცვლილებები მოხდეს. აქცენტს ვაკეთებთ არა ცალკეული პიროვნების დახმარებაზე, არამედ ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ მთლიანად სისტემაზე.

 

  1. მასწავლებლების თემა დღეს ძალიან აქტუალურია. მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია. გაცილებით მეტს ვითხოვთ, მეტ კითხვას ვსვამთ, ვიდრე ადრე. თქვენი ფონდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ტრადიციული პარტიორია. ბოლო ორი წელია ამ თემაზე მთელი საქართველო საუბრობს და ძირითადად, დადებით კონტექსტში. ათეულში მოხვედრილმა ლადო აფხაზავამ შეძლო ყველას დარწმუნება იმაში, რომ კარგი მასწავლებლობა, პირველ რიგში, ადამიანების სიყვარულით იწყება. რა გავლენა მოახდინა ამ ჯილდომ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაზე და რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ბევრი ლადო აფხაზავა გაჩნდეს, გაჩდნენ ისეთი მასწავლებლები, რომელთაც გულწრფელად სჯერათ საკუთარი თავის და იმ ბავშვების, ვისაც, შესაძლოა, რთულ პირობებში უწევდეთ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა?

ამ კუთხით, რა  მთავარი პრობლემები იკვეთება, რომელთა მოგვარებაც მასწავლებელთა ცოდნას, მათ ხარისხს და შესაბამისად, განათლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს?

 

განათლება ურთულესი სფეროა, რომელსაც მრავალი გამოწვევა აქვს. ვერცერთი ცალკე აღებული პროექტი თუ ინიციატივა მათ ერთიანად ვერ გადაჭრის, მაგრამ შეიძლება რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდეს პრობლემები.

რას ვითხოვთ მასწავლებლისგან, ასწავლოს მან ქართული, ფიზიკა და ა.შ საგნები, თუ გაცილებით დიდი მისია ეკისრება?!  მასწავლებლის როლი არ არის მხოლოდ ის, რომ მოსწავლეებმდე მიიტანოს რაღაც კონკრეტული თეორია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. მან მოსწავლეს საგნის მიმართ ინტერესი უნდა გაუღვივოს, უნდა ასწავლოს პრობლემის გადალახვა. დღეს მათემატიკის, ქიმიის ამოცანის ამოხსნის, ხვალ ცხოვრებისეულ და ქვეყნის წინაშე დასმულ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეს.  მასწავლებლის როლი გაცილებით დიდია. მან პიროვნება და საზოგადოების წევრი უნდა გაზარდოს, აზროვნება, ქვეყნის სიყვარული ასწავლოს.

 

როცა 2019 წლის მარტში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა დუბაიში, შევხვდი ათეულის წევრებს და გავეცანი მათ ბიოგრაფიას. ეს ადამიანები გაცილებით დიდ ფუნქციებს ასრულებენ, ვიდრე კონკრეტული საგნის სწავლებაა. ამით არიან გამორჩეულები. მთავარია ის, თუ რას აკეთებ საგნის სწავლების მიღმა, რამდენად ამზადებს სკოლა, მასწავლებელი ხვალინდელ მოქალაქეს, როგორც ცვლის მათ ცხოვრებას. ამაზეა დღეს მოთხოვნა მოსწავლის მხრიდანაც, მშობლის მხრიდანაც და ყველასგან, ვისაც ხვალინდელი დღე აინტერესებს.

 

რატომ ავირჩიეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო? – ამ ჯილდოს ძალიან კარგი მიზნები აქვს. მიზანი არის ის, რომ კარგი მასწავლებელები გამოჩდნენ, მათი შრომა დაფასდეს, დაინახოს საზოგადოებამაც და დაინახონ კოლეგებმაც. აქტუალური და უაღრესად მნიშვნელოვანია მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი, მაგრამ ანაზღაურების გარდა არის დაფასების საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით იმუშაოს. წარმატებული მასწავლებლების შესახებ ყველამ უნდა გაიგოს, კოლეგებმა უნდა ნახონ. ამით ამაღლდება მასწავლებლის პრესტიჟი, შესაბამისად, სხვა, შესაძლოა, უკეთესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს, გაუჩნდეთ მასწავლებლობის სურვილი, რადგანაც ხელფასიც ნორმალური იქნება და შესაბამისი დაფასებაც ექნებათ, სოფლის დონეზე, რაიონის, ქალაქის თუ ქვეყნის დონეზე და ლადო აფხაზავას მაგალითით თუ ვიტყვით, საერთაშორისო დონეზეც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯილდოს დახმარებით მასწავლებლის  პროფესიის მიმართ მეტი ყურადღება, მეტი მოწიწება, მეტი პატივისცემა გაჩნდა, ამდენად ეს მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე პოზიტიურად აისახება.

 

 

  1. როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებთან. რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი?

 

როცა მასწავლებლის პირველი ეროვნული ჯილდო  ჩატარდა 2017 წელს, გამოვლინდა არ მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ძალიან კარგი ფინალისტები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სკოლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს მათი საქმიანობა მათ ზოგჯერ ხელშეწყობა ესაჭიროებათ, რომ გადაილახოს კონკრეტული პრობლემა ან შეძლონ ახალი იდეების განხორციელება ან ახალი მეთოდების შესწავლა და დანერგვა. კოალიცია, რომელიც ატარებს ეროვნულ ჯილდოს, ჩვენთან შემოვიდა „მასწავლებელთა ინიციატივების მხარდაჭერის პროექტის“ წინადადებით.  კოალიციამ იტვირთა ესწავლებინა ათეულის მასწავლებლებისთვის   ზოგადად, როგორ ხდება პროექტის შედგენა, დონორთან ურთიერთობა და დაეხმარა მათ კონკრეტული  პროექტის შედგენაში. ჩვენ ამ იდეას მხარი დავუჭირეთ, დავაფინანსეთ ეს ტრეინინგები და გამოვხატეთ მზადყოფნა დაგვეფინანსებინა საინტერესო შემოთავაზებები. პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობის პროცესშია და 4 მასწავლებელი ახორციელებს საგრანტო პროექტებს.

 

2018 წელს პირველ ათეულს მეორეც შეემატა. ისინი ეხმარებიან ერთმანეთს, უზიარებენ გამოცდილებას, არიან ეროვნული ჯილდოს ერთგვარი ელჩები.  არის იდეა, რომ ჩამოყალიბდეს ე.წ ათეულთა კლუბი, რომლებიც ყოველწლიურად შეივსება ახალი წევრებით. კოალიცია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და შესაძლოა პროექტის ფორმატი შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა, ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

  1. მიუხედავად მოკლევადიანი არსებობისა, ფონდმა უკვე შეძლო სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერა და შეიძლება ითქვას განხორციელებაც. ერთ-ერთი მიმართულება პროფესიული სასწავლებლები და პროფესიული სწავლებაა. თქვენ რა მიმართულებით ჩაერთეთ ამ პროექტში და რა შედეგს ხედავთ, ან რას ელოდებით?

 

„პროფესიული განათლების ჯილდო“, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან“ ერთად 2017 წლიდან ვახორციელებთ, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რაზე დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება? – ქმნი პროდუქტს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე. დღეს ამ გლობალურ ფერხულში ვართ ჩართული. შესაბამისად, ქართული პროდუქტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ადგილობრივ ბაზარზეც და ექსპორტზეც. ხოლო პროდუქტის ეფექტურობას და ხარისხს დიდწილად მუშახელის კვალიფიკაცია და მათი ეფექტურობა განსაზღვარვს. ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კვალიფიციური მუშახელი უმნიშვნელოვანესია. ადრე ბავშვებს პროფესიულ სასწავლებელში გაშვებით აშინებდნენ, ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს და უნდა ვაჩვენოთ, რომ პროფესიული სწავლება ძალიან კარგი მიმართულებაა, რომ შეიძინო პროფესია, რომელიც მოგანიჭებს სიამოვნებას, შეგძენს პროფესიულ სიამაყეს და მოგიტანს კარგ შემოსავალს.

პროფესიული სწავლებით სტუდენტის დაინტერესება  ერთი ამოცანაა და მეორე საკითხია ის, თუ რა დახვდებათ პროფესიულ სასწავლებელში განათლების მიღების მსურველებს. საჭიროა პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია, მათი მიღწევების, შედეგების წარმოჩენა, იმ მასწავლებლების წარმოჩენა, რომლებიც სხვებთან შედარებით უკეთესები არიან. ამიტომ ეს პროექტი პროფესიული სწავლების პოპულარიზაციას ემსახურება და ამ სფეროში მოღვაწე სასწავლებლების, მასწავლებლების და სტუდენტების წარმოჩენას. ასევე იმ ბიზნესებს აჯილდოებს ვინც კოლეჯებთან პარტნიორობს.

 

  1. კიდევ ერთი პროექტი მინდა ვახსენო უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში. სან დიეგოს უნივერსიტეტთან თქვენი აქტიური თანამშრომლობა. STEM-ის მიმართულება, ვთვლი, რომ კარგი პროექტი იყო. ინდივიდუალური დაფინანსებები არ გაქვთ გარდა ამ უნივერსიტეტისა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ უნივერსისიტეტზე აგეღოთ სწორება და რამდენად შეესაბამება ეს თქვენს, ასევე სახელმწიფოს სტრატეგიას?

 

STEM მიმართულებები უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ არ გყავს კარგი ინჟინერი, ვერ ააშენებ სახლს, ხიდს, დენს ვერ გაიყვან და ა. შ. და მისი განვითარება საშური საქმეა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც ასევე „მილენიუმმა“ დააფინასა, უმნიშვნელოვანესია ქართული უნივერსიტეტების ტექნიკური ფაკულტეტების განვითარებისთვის. ისინი ერთობლივად ქმნიან პროგრამებს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სწავლების ხარისხი გაიგივებულია ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების ხარისხთან. მაგრამ ამ უნივერსიტეტში სწავლება და მაღალი ხარისხის განათლების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან შედარებით იაფია, ქართველებისთვის მაინც ძვირია. 7500 დოლარი წელიწადში საკმაოდ მაღალი თანხაა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენი ფონდის მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა, მაგრამ ვიცით, რომ რაც უნდა გავაუმჯობესოთ ხარისხი, ვერ მივიღებთ შედეგს, თუ განათლების მიღება ხელმისაწვდომი არ იქნება.

ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იმ სტუდენტებისთვის,  ვისაც აქვთ საკმარისი უნარი, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფვა, შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრება, გვინდა მოვუხსნათ სწავლის მაღალი საფასურის სახით აღმართული ბარიერი.  სწავლის თანხას ფონდი 4 წლის განმავლობაში გადაუხდის.  იმიტომ დავუჭირეთ ამ პროექტს მხარი, რომ ერთი მხრივ, დავუფინანსოთ სწავლა სტუდენტებს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ და მეორე მხრივ, ამით ფაკულტეტებს კიდევ უფრო გაძლიერებაში დავეხმაროთ, რათა  შეინარჩუნონ ხარისხი და უფრო წინ წავიდნენ, რომ მომავალ თაობებმაც შეძლონ საქართველოში მიიღონ ხარისხიანი განათება.

 

  1. ვიცით, რომ მხარს უჭერთ პროფესიულ ასოციაციებს, დარგობრივ ასოციაციებს. რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით? საქართველოში ახლა ყალიბდება დარგობრივი ასოციაციები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელია არსებობდეს კარგ ფიზიკოსთა, ქიმიკოსთა, მათემატიკოსთა დარგობრივი ასოციაცია, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში და რამდენად ხართ ჩართულები ამ პროცესში?

 

ამ მიმართულებით ერთ პროექტს უკვე ვაფინანსებთ. ჩვენი პარტნიორია კოალიცია „განათლება ყველასთვის“. რატომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და ზოგადად, ასოციაციებს? მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაცია მოიცავს და აერთიანებს კონკრეტული სპეციალობების მასწავლებლებს, შესაბამისად, ვის, თუ არა ამ მასწავლებლებს აქვთ გამოცდილება, ცოდნა, ვინ თუ არა მათ ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ თვითგანვითარებისთვის, მოსწავლეების განვითარებისთვის, ვის თუ არა მათ შეუძლიათ შექმნან უკეთესი სახელმძღვანელოები, უკეთესი სასწავლო პროგრამები და ა.შ.

 

არის შესაძლებლობა, რომ ეს ასოციაციები ორგანიზაციული თვალსაზრისით, დონორებთან ურთიერთობის,  საინტერესო პროექტების შექმნის კუთხით, მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, გააძლიერონ თავიანთი რესურსები, მოხდეს მათი მეტად ინტეგრირება, შექმნან პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარების პირობები, რის შემდეგაც, ისინი ძლიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბდებიან, რომლებიც უფრო აქტიურად, ვიდრე ცალკე აღებული ინდივიდი, ჩაერთვებიან განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. ისინი გახდებიან შესანიშნავი დასაყრდენი განათლების სამინისტროსთვის და თუნდაც, სხვა დონორებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რეფორმების მხარდაჭერას, განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას.

 

სწორედ ამიტომ, მხარი დავუჭირეთ პროექტს, რათა მასწავლებელთა საგნობრივ ასოციაციებს გაეუმჯობესებინათ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტი  მოიცავდა ორ კომპონენტს, პირველი იყო ასოციაციის წევრების  ტრენინგები. ამ ტრენინგების შემდეგ მათ უნდა წარმოედგინათ კონკრეტული პროექტი გრანტის მოსაპოვებლად. ოთხი საგრანტო პროექტი მოწონებული იქნა. ეს პროექტები განხორციელების დამასრულებელ ეტაპებზე არიან და შედეგებზე მალე შეგვეძლება საუბარი. მომავალში იმედი გვაქვს, რომ სხვა ასოციაციებიც შეძლებენ საინტერესო პროექტების წარმოდგენას და მზად ვართ, დავაფინანსოთ.

 

  1. როგორ შეიძლება ადამიანები თქვენთან საინტერესო პროექტებით მოვიდნენ, გაქვთ თუ არა რაიმე ფორმა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტისთვის? საგანმანათლებლო ინიციატივების რაოდენობა იზრდება, რადგანაც ადამიანები მიხვდნენ, რომ თუ საკუთარ თავზე არ აიღებენ  სისტემის გაუმჯობესებას, ის თავისით არ გაუმჯობესდება, სახელმწიფოც დგამს კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ჩართულობის გარეშე ვერაფერს შევცვლით. როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა საინტერესო ინიციატივებით მოგმართონ?

 

ვართ აბსოლუტურად ღია და მივესალმებით ყველას. მთავარი არის, რომ პროექტი აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი. უნდა იყოს ერთგვარი ანალიზი იმისა, თუ რა არის პროექტის მიზანი, რა პრობლემა არსებობს და როგორ აპირებებენ პრობლემის გადაჭრას. შედეგები უნდა იყოს კონკრეტული, ობიექტურად გაზომვადი და პროექტის ავტორმა უნდა შემოგვთავაზოს პრობლემის გადაჭრის ან საერთაშორისო გამოცდილების აპრობირება-დანერგვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ან მისეული ხედვა, რომელიც არ იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სასწავლებელზე მორგებული,  არამედ შესაძლებელი იქნება მისი დანერგვა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება საქართველოში. ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს პროექტს, უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის შესახებ, უნდა ახსნას, რატომ იმსახურებს გრანტის მიღებას და გვაჩვენოს, რა უნარი და გამოცდილება აქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის. გრანტის გაცემის  აუცილებელი პირობაა, რომ პროექტს ჰყავდეს გპფ-ს გარდა სხვა დონორ(ებ)ი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ განვიხილავთ პროექტებს, რომლებშიც მოთხოვნილია ინფრასტრუქტურის აშენება ან რემონტი, ასევე არ ვაფინანსებთ ინდივიდების საზღვარგარეთ სწავლის საფასურებს ან ცხოვრების თუ მგზავრობის ხარჯებს.

სხვა შემთხვევებში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დეტალური ბიუჯეტი, ასევე დეტალური კალენდარული გრაფიკი და ის, თუ როგორ აპირებენ პროექტის მიტანას საზოგადოებასთან.

შემდეგი პროცედურა ასეთია – გვაქვს სამკაციანი საბჭო, განვიხილავთ მოცემულ პროექტს. შესაძლებელია გვქონდეს შენიშვნები, სურვილები, რომლებსაც პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას გავუზიარებთ. ყოველივეს გათვალისწინების შემდეგ კი, ვიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსებაზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, განხორციელებულ პროექტებთან და გრანტებთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://www.gpf.ge/ge/

 

 

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება

0

ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და  სოციალური ინტერაქცია. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა კვლევით, საკუთარი გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.
საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
წარმოგიდგენთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებით დაგეგმილ გაკვეთილს ბიოლოგიაში, სადაც აქტიურია მოსწავლე, ხოლო მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია.
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/ მე-10.
გაკვეთილის თემა: „მოძრაობა“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე უნდა შეძლოს:
1.   მსჯელობა სხვადასხვა ორგანიზმის განსხვავებულ გარემოში მოძრაობის თავისებურებებზე;
2.   საუბარი კუნთის შეკუმშვის მექანიზმზე და კუნთის მოდელის შექმნა;
3.   მსჯელობა ფრენასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები.
ბიოლ.X.12.
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე
•    მსჯელობს ჩონჩხისა და კუნთების დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ., საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
•    მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებსა და კუნთებს და საუბრობს მათ ფუნქციაზე;
•    მსჯელობს ფრინველთა ჩონჩხის ფრენასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე (მაგ., ღრუიანი, მსუბუქი ძვლები, სხეულის ფორმა, დაბალანსებული წონა);
•    მსჯელობს წყალში მობინადრე ცხოველების ცურვასთან დაკავშირებულ სტრუქტურულ თავისებურებებზე (მაგ. სხეულის ფორმა, ფარფლები);
•    მსჯელობს მცენარეთა მოძრაობის სხვადასხვა ფორმებზე (მაგ., ფოტოტროპიზმი, გეოტროპიზმი).

1-ლი აქტივობა (2წთ.).
 აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გააცნოს გაკვეთილის თემა და მიზანი, მოაგვაროს საორგანიზაციო საკითხები, აღწეროს შეფასების ფორმები და რუბრიკები, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.

აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებსა და რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.

აქტივობა მე-2  (8 წთ.) .
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს, სწორად უპასუხოს მასწავლებლის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
აღწერა: მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს ურიგებს ფოტომასალას (უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ფოტომასალას) და სთხოვს დააჯგუფონ ფოტოები მასზე გამოსახულ ორგანიზმთა მოძრაობის ტიპების მიხედვით. ჯგუფები მოახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას. მასწავლებელი სვამს ასევე დამაზუსტებელ კითხვებს წარმოდგენილი პრეზენტაციის ირგვლივ.
სავარაუდო კითხვები:
•    რომელი ფერმენტი უწყობს ქიტინის დემინერალიზაციას ხელს და რა მოხდებოდა ამ ფერმენტის გარეშე?
•    მოძრაობის რა საშუალებები აქვთ მცენარეებს?
•    ჭიაყელა მოძრაობს წინსვლით და უკუსვლით, აღწერეთ ეს პროცესი.
(განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები).

აქტივობა მე-3  (10 წთ.) .
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს შესწავლილი თემის გააზრება და დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემა.

აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს სხვადასხვა სახის დავალებას, და განუმარტავს მოსწავლეებს, რომ დავალების შესრულების შემდეგ უნდა მოახდინონ პრეზენტაცია.
1-ლი ჯგუფის დავალება-მიკროპრეპარატზე მუშაობა და კითხვებზე პასუხი, რომელიც გამომდინარეობს პრეპარატის მასალიდან. რას ხედავთ, როგორ ამოიცანით ეს სტუქტურა, როგორ დაახასიათებთ მას? კიდევ რა სტრუქტურებს იცნობთ, რომელიც არ ჩანს ამ გადიდებაზე?
მე-2 ჯგუფის დავალება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საინფორმაციო ტექსტს და სთხოვს -გააანალიზე ცხრილში მოცემული ინფორმაცია და უპასუხე კითხვებს.
იხ. დანართი N1
ცხრილი და დასკვნები მოსწავლეებს გადააქვთ ფლიპჩარტზე
მე-3 ჯგუფის დავალება
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს რესურსებს და სთხოვს შექმნან კუნთის მუშაობის ამსახველი მოდელი, და ისაუბრონ კუნთის მუშაობაზე.

მე-4 ჯგუფის დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს სიტუაციურ ამოცანას: ახალბედა დიასახლისმა ინკუბატორიდან წიწილები გამოიყვნა და დიდი ხალისით პატრონობდა მათ, როცა დაიზარდნენ, დაიწყეს საქათმიდან გადაფრენა და რამდენიმე ქათამი დაკარგა. დიასახლისმა დახმარებისთვის მეზობელს მიმართა, მეზობელმა ურჩია ქათმებისთვის ფრთები დაემოკლებინა. როგორ ფიქრობთ, გამოადგებოდა თუ არა დიასახლისს ეს რჩევა? ამასთან ერთად აძლევს სხვადასხვა ბუმბულს და ეკითხება, რომელი ბუმბულის დაჭრა იქნებოდა გამოსავალი? რატომ ფიქრობთ ასე?

აქტივობა მე-4. (15 წთ.).
აქტივობის მიზანი: ნამუშევრების პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევრებს. მასწავლებელი აჯამებს პრეზენტაციებს.

აქტივობა მე-5 (5 წთ.).
მიზანი “თემის შეჯამება“
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ელექტრონულ რესურსს, „სწორია-არასწორია“ და მოსწავლეებს ევალებათ ამოიცნონ სწორი ფრაზები.
8.  აქტივობა მე-6 (5 წთ.).
მიზანი: მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შეაჯამოს გაკვეთილი. განხილული საკითხების გააზრების დონის შესაფასებლად გამოიყენოს გასასვლელი ბილეთები.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს. ურიგებს გასასვლელ ბილეთებს. ბილეთში მოცემულია:
1. ერთი რამ, რომელიც კარგად გავიაზრე;
2. ერთი აქტივობა, რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა;
3. ერთი რამ, რაც დამრჩა გასარკვევი.

მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს.
აკეთებენ თვითშეფასებას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.

დანართი N1
საინფორმაციო ტექსტი:
„რამდენიმე მოსწავლემ ცხოველების ძვლების ქიმიური შედგენილობის კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტის პირველ ნაწილში მათ ერთი და იმავე ცხოველის ძვლები 250oC-მდე გააცხელეს. შემდგომ ეტაპზე ძვლების მეორე ნახევარი 24-სთ-ის განმავლობაში მარილმჟავას კონცენტრირებულ ხსნარში მოათავსეს. ექსპერიმენტის შედეგები მოცემულია ცხრილში:

1.   მოიფიქრე, როგორ შეიცვლებოდა ძვალი თითოეული ცდის შემდეგ. ახსენი შენი მოსაზრება და შეავსე ცხრილის შესაბამისი თავისუფალი უჯრა.
2.    რამ გამოიწვია ძვლის მასის ცვლილება გახურების შედეგად მჟავას ზემოქმედების შედეგად?
3.   რომელი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ჭარბობს ძვლის ქსოვილში?
4.   შენი აზრით, ბავშვის ორგანიზმში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების როგორი თანაფარდობა იქნება?
5.   როგორ ფიქრობ, რა იწვევს ძვლების ხშირ მოტეხილობას ასაკოვან ადამიანებში?
6.   წარმოიდგინე, რომ ექიმი ხარ, როგორ დიეტას დაუნიშნავ მოზარდს ძვლების ნორმალური ზრდისთვის?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ბიოლოგიის პროგრამა
  2. მასწავლებლის გზამკვლები, ბიოლოგია

მშობლის როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში

0

ბავშვის აღზრდა  დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად არის აწყობილი სკოლის, ოჯახის, მშობლების ურთიერთობა. სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის გაღვივებასა და განვითარებაში წამყვანი როლი კლასის დამრიგებელს ენიჭება, რომლის მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად აცნობიერებს ოჯახი სკოლის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობას ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემის, მხარდაჭერის, დახმარების, მოთმინებისა და ტოლერანტობის პრინციპები უნდა ედოს საფუძვლად.

სკოლისა და მშობლის ურთიერთობა ჩვენს სინამდვილეში პრობლემას წარმოადგენს. ორივე მხარე სავსებით დასაბუთებულად გამოთქვამს საკუთარ პრეტენზიას.

  • მასწავლებლები უჩივიან მშობლების ინერტულობასა და ნაკლებჩართულობას შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
  • მშობლები მიუთითებენ მასწავლებლების პასიურობასა და მათ გულგრილობაზე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება ბავშვთა სასკოლო გარემოში არასასურველი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება.

როდესაც მშობელი ჩართულია შვილის  განათლების პროცესში, მას უკეთესი მიღწევები აქვს, კერძოდ:

  1. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესებში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას, სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს;
  2. მოსწავლე უფრო დადებითად არის  სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც  აქვს;
  3. მოსწავლეს მეტად შეუძლია ქცევის მართვა, მეტად მოტივირებულია და ჩართულია საგაკვეთილო პროცესებში;
  4. სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლის შვილს უფრო კარგი ურთიერთობები აქვს როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან.

 

აქედან გამომდინარე, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების მოტივაციაც და ჩართულობაც ნაკლებია, შესაბამისად,  აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისგან განსხვავებით  უფრო დაბალია.

როგორც კლასის ხელმძღვანელმა მიზნად დავისახე, მაქსიმალურად ჩამერთო მშობლები სასწავლო პროცესში.

განვახორციელე შემდეგი ღონისძიებები:

  1. სასწავლო წლის დასაწყისში მშობელთა კრებაზე შევქმენით სამოქმედო გეგმა,  რომელიც მოიცავდა ისეთ სასწავლო-აღმზრდელობით ღონისძიებებს,  რომელთა განხორციელებაც მშობელთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა (,,ფინჯან ყავაზე’’ (არაფორმალურ გარემოში მოვიწვიე მშობლები ფინჯან ყავაზე, რასაც მოჰყვა გულწრფელი საუბრები, რამაც მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთთან), ,,დავხატოთ ერთად’’ (მშობლებმა მოსწავლეებთან ერთად შექმნეს სხვადასხვა ილუსტრაცია) – შემდგომ მოვაწყვეთ ,,მშობელთა ნამუშევრების გამოფენა’’, ,,მე რომ მოსწავლე ვიყავი’’ (მოსწავლის თვალით დანახული სკოლის შედარება მშობლის თვალით დანახულ დღევანდელ სასწავლო პროცესთან),  ,,ვინ  უკეთ იცნობს თავის შვილს’’ (მოსწავლეების პასუხების შესაბამისად კითხვები მშობლებს, რომელთა გადამოწმებაც მოხდა და გამოვავლინეთ კიდეც რამოდენიმე გამარჯვებული), ,,კითხვის დრო’’ (მოწვეულმა მშობლებმა მოსწავლეებს წაუკითხეს თავიანთი რჩეული ზღაპრები და ლექსები), ,,მათემატიკური ამოცანების ამოხსნა’’ (ჯგუფებში დავარიგე სათამაშო ფულის კუპიურები, რითაც მშობლები მაღაზიებში წავიდნენ. ყველა მშობელმა შეძლო არსებული თანხით ბავშვების სურვილების დაკმაყოფილება) და სხვა.
  2.  დავაწესე ,,ღია კარის დღე”. ამ დღეს მშობლებს შეეძლოთ  ნებისმიერ  გაკვეთილს,  ღონისძიებას დასწრებოდნენ, გაეზიარებინათ  შთაბეჭდილებები (რაც ორივე მხარისთვის მართლაც საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო იყო);
  3. მშობლებს ინტენსიურად ვაწოდებდი ინფორმაციას   სწავლა-სწავლების პროცესში დანერგილი სიახლეების შესახებ.
  4.  კლასში თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკარი  დიდი ფორმატის ფურცელზე დაწერილი აბრა „სამახსოვრო მშობლებისათვის“ (იაპონიის ერთ-ერთი სკოლის მაგალითზე), რომელზეც თვეში ერთხელ მშობლები აკრავდნენ თავიანთ სურვილებს, შეხედულებებს.

სასწავლო წლის ბოლოს მშობელთა ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მოსწავლეებში მოტივაცია, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და,  რაღა თქმა უნდა, მათი აკადემიური მოსწრებაც…

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი ნაწილი
  2. თომას გორდონი “როგორ გავხდე კარგი მშობელი”

 

 

სოციალური რეკლამებით სწავლება სამოქალაქო განათლებაში

0

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს სკოლა, სწავლა-სწავლების პროცესი. განსაკუთრებით კი სამოქალაქო განათლების სწავლება, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა პიროვნული განვითარება. პიროვნული განვითარებისათვის კი აუცილებელია, მოზარდმა იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები, განვითარდეს პიროვნული და ზნეობრივი თვალსაზრისით, ეზიაროს და ჩამოუყალიბდეს ისეთი ღირებულებები, რომლებიც მას დაეხმარება, გახდეს დემოკრატიული საზოგადოების აქტიური მოქალაქე.

ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ცდილობს, დაგეგმოს გაკვეთილი ისე, რომ გამოიყენოს თანამედროვე სასწავლო რესურსები, რათა გაამრავალფეროვნოს თითოეული გაკვეთილი და მიაღწიოს მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლებას. მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფილმებითა თუ სოციალურის რეკლამებით სწავლების მეთოდი ამ მხრივ ძალიან შედეგიანია. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ სოციალურ რეკლამებით სწავლებაზე აგებული გაკვეთილი. ასეთი გაკვეთილი მათ შემდგომ უნარ-ჩვევებს უვითარებს:

მსჯელობის;

მოსმენის;

პრეზენტაციის;

თანამშრომლობის;

პრობლემის მოგვარების და სხვ

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც სოციალური რეკლამებით სწავლების მეთოდს ეხება.

 

ამ მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  1. წინასწარ გაეცნოს სოციალურ რეკლამას;
  2. მოამზადოს და შეამოწმოს (შეიძლება დავიხმაროთ მოსწავლეებიც) საპრეზენტაციო დაფა, კომპიუტერი, პროექტორი;
  3. რეკლამის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს მისცეთ შესაძლებლობა, იმსჯელონ, გამოხატონ თავიანთი ემოციები, შეხედულებები, გრძნობები;
  4. კლასში შექმნას კეთილგანწყობილი გარემო, რათა მოსწავლეებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრება;
  5. მოუსმინოს და აგრძნობინოს თითოეულ მოსწავლეს, რომ პატივს სცემს მის მოსაზრებას.

 

სამიზნე ჯგუფი-9 კლასი

       თემა – ბავშვთა  უფლებები (ქუჩის ბავშვები)

სოციალური რეკლამა – „მესბა“ (ანნეტა პაპატანასიუ/საბერძნეთი/2011/2 წთ.) გამოვიყენე პროვოცირების ფაზაზე და დამეხმარა სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდაში.

ნაბიჯი 1-ლი

კითხვა-პასუხი;

ვინ არიან ე. წ. „ქუჩის ბავშვები“;

როგორია მათი ცხოვრება?

დაასახელონ მიზეზები, რის გამოც ბავშვები ქუჩაში ხვდებიან.

ნაბიჯი მე-2

მოსწავლეებს ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას და ვუჩვენებ

სოციალურ რეკლამას „მესბა“.

რეკლამის ჩვენების შემდგომ მოსწავლეებს ვურიგებ „ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციას“ და  წყვილებში ვაძლევ დავალებას, მოინიშნონ მუხლები, რომლებიც ირღვევა “მესბას“ შემთხვევაში. მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებას აფიქსირებენ ფლიპ-ჩარტზე.

ნაბიჯი მე-3

მოსწავლეებს ვთხოვ, დაწერონ – „მე რომ ქუჩის ბავშვი ვყოფილიყავი, შემეშინდებოდა…“

ნაბიჯი მე-4

მოსწავლეებს ვაძლევ დისკუსიის ინსტრუქციას. სადისკუსიო თემას ვწერ ფლიპ-ჩარტზე-„შესაძლებელია თუ არა ქუჩის ბავშვების დახმარება“. მოსწავლეები მსჯელობენ და ასახელებენ იმ ქმედებებს, რომლებიც  ქუჩის ბავშვებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. მასწავლებლის წიგნი-თბილისი-2013წ

გავიგოთ მეტი ადამიანის უფლებებზე. მასწავლებლის წიგნი.2014 წ.

ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის ისტორია

0

როდესაც ინტეგრირებულ გაკვეთილზე დავიწყე ფიქრი, მინდოდა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვების ინტერესები გამეთვალისწინებინა და ვკითხე, რომელი საგანი უყვარდათ მეტად. უმეტესობამ, რა თქმა უნდა, სპორტიო, მიპასუხა. თავსატეხი გამიჩნდა: რა გამეკეთებინა ისეთი, რომ ბავშვების ინტერესი გამომეწვია. მერე გამახსენდა ერთი ამერიკული თამაში: „Scavenger Hunt“, რომელიც შეიძლებოდა ადვილად დამეკავშირებინა სპორტთან და საინტერესო და აქტიური გაკვეთილი დამეგეგმა.

რჩევისთვის – რა აქტივობები შეიძლებოდა ჩაგვერთო ინტეგრირებულ გაკვეთილში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით – სპორტის მაწავლებელს მივმართე. გაკვეთილის თემად ავირჩიე „Challenge Hunt“, მიზნად – მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, ფიზიკური აქტივობის განსაზღვრულ დროში შესრულება, ახალი სიტყვების ახსნისა და მოდელირების შემდეგ – ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, დაბოლოს – წინარე ცოდნის შეჯამება, დანაწევრებული წინადადებების შედგენა.

მოთელვისთვის გაკვეთილი დავიწყეთ გეომეტრიული ფიგურების გახსენებით და მოსწავლეებიც დავაჯგუფე: ჩემ მიერ მომზადებული ბარათები სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის გამოსახულებით შემთხვევითობის პრინციპით დავურიგე ბავშვებს და შეიქმნა ხუთი გუნდი: Smiles, Hearts, Stars, Triangles, Circles.

ლექსიკისთვის გამოვიყენე ფლიპჩარტზე დაწერილი სიტყვები და მათი შესატყვისი მოქმედებების ამსახველი ნახატები, რომლებიც ბავშვებმა მარკერით დააწყვილეს. ზოგი სიტყვა მათთვის ნაცნობი აღმოჩნდა, ზოგიც – ახალი. ახალი სიტყვების მოდელირებაში სპორტის მასწავლებელი დამეხმარა.

შემდეგ გუნდები გაემართნენ თავ-თავიანთი ადგილებისკენ, სადაც მათი გუნდების სიმბოლოები ეხატა. პატარა სკივრებში მათ იპოვეს დანაწევრებული წინადადებები, რომლებიც სწორად უნდა აეწყოთ. წინადადებები შეიცავდა წინა გაკვეთილზე შესწავლილ მასალას (განუსაზღვრელ ნაცვალსახელებს). იქვე იყო ფლიპჩარტის ფურცლები და მარკერები. შედგენილი წინადადებები სწორედ ამ ფურცლებზე უნდა გადაეტანათ. ბავშვებმა ყველა დავალება განსაზღვრულ დროში შეასრულეს.

ჯგუფების პრეზენტაციას მოსწავლეები ერთად ადევნებდნენ თვალყურს და ერთმანეთს შეცდომებს უსწორებდნენ.

მინდა ვთქვა, რომ გაკვეთილის მიზნებს მივაღწიე სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვით. ასევე ეფექტურად გამოვიყენე დროც და რესურსებიც: კარგად იმუშავა პოსტერმა, დაჯგუფების ბარათებმა, წინასწარ მომზადებულმა „დანაწევრებულმა“ წინადადებებმა და სპორტულმა ინვენტარმა. ბავშვებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და ფიზიკური შესაძლებლობები.

უკუკავშირის დროს ბავშვების პასუხები გასაოცარი იყო. კითხვაზე, თუ რა ისწავლეს ამ გაკვეთილიდან, მიპასუხეს, რომ გუნდური მუშაობა, ახალი სიტყვები სპორტის თემაზე, დაბოლოს – ცხოვრებისეული უნარები. ვთხოვე, აეხსნათ, რას გულისხმობდნენ. მათ მითხრეს: „ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის და თუ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა გადავლახოთ დაბრკოლებებიო“. მხოლოდ ამ პასუხად ღირდა ეს გაკვეთილი.

როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ამ საგნების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში ჯერ არავის უცდია. მათივე თქმით, ეს მიდგომა სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან შემეცნებასთან ერთად ხელი შეუწყო მოსწავლეების მოტორული უნარების განვითარებასაც. ასეა თუ ისე, გაკვეთილმა დადებითი გავლენა უდავოდ მოახდინა, რადგან ბავშვები დიდი ინტერესით შეხვდნენ სწავლების ამ ახალ ფორმას.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას:

ინტეგრირებული გაკვეთილი – სპორტი/ ინგლისური

საგანი

 

ინგლისური ენა – სპორტი

 

 

კლასი

პედაგოგი

V კლასი

მანანა კაპეტივაძე

მოსწავლეთა რაოდენობა 25 მოსწავლე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე – 0

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ჯგუფური მუშაობა, ერთმანეთის შეფასება
გაკვეთილის თემა  Challenge Hunt

 

 

გაკვეთილის ზოგადი მიზნები ·         მოსწავლეებმა დაბრკოლებების გადალახვით შეასრულონ გრამატიკული დავალება

·         ჩამოუყალიბდეთ გუნდური მუშაობის უნარები

·         შეძლონ განვითარებისთვის გამიზნული ფიზიკური აქტივობების შესრულება

·         აუმაღლდეთ ფიზიკური ვარჯიშისადმი ინტერესი და გამოიმუშაონ სწორი მოძრაობის უნარ-ჩვევები

გაკვეთილის მიზნები და ამოცანები გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების თითოეული გუნდი შეძლებს:

სპორტი:

·         რამდენიმე მარტივი ფიზიკური ვარჯიშის შესრულებას განსაზღვრულ დროში სხვადასხვა აღჭურვილობის (ბურთი, ლახტი, კონუსები) გამოყენებით;

ინგლისური ენა:

·         ახსნისა და მოდელირების შემდეგ ინგლისური სიტყვების მნიშვნელობის გაგებას (skipping rope, push-ups, jump, squat, dribble, burpee press) და მოქმედებების შესრულებას;

·         მოცემული სიტყვებისგან 5 წინადადების შედგენას ახალი სიტყვებისა და გრამატიკული მასალის (განუსაზღვრელი ნაცვალსახელები) some/ any/ a few/ a little, many/much, a lot of/ how many/how much – არჩევითი პასუხების გამოყენებით;

  • ერთმანეთის შეფასებას/ შეცდომების გასწორებას.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები სპორტის სტანდარტი. მე5-7 კლასები

2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარჩვევები ..დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა ფიზიკური აქტივობისას.

შინაარსი:

2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარჩვევები რბენა, ხტომა, გადახტომა, ჩამოხტომა, ვიწრო საყრდენზე წონასწორობის შენარჩუნება, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სიმძიმის საგნების დაჭერა, მიზანში ტყორცნა, მანძილის განსაზღვრა. გუნდური თამაშების (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის) ძირითადი ტექნიკური ელემენტები. წინ და უკან კოტრიალი, ხარიხაზე დაყრდნობით გადახტომა.

 

ინგლისურ ენაში მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

(დ II)

მიმართულება: მოსმენა

უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.                                                                                                  

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა);

·           ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

მიმართულება: წერა

უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.

·           ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით);

·           ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაიწერს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.

მიმართულება: სწავლის სწავლა

უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

  • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

·           ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., წინადადებას);

·           სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება.

უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებსა და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;

·           ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა.

 

გაკვეთილის ხანგრძლივობა  

45 წუთი

სასწავლო რესურსები/მასალები ·         ფლიპჩარტის ქაღალდი

·         კონვერტები სხვადასხვა ფორმის ბარათებით

·         პატარა ყუთები

·         მარკერები

·         დაჭრილი წინადადებები

·         სკოჩი

·         კალათბურთის ბურთები

·         ლახტი

·         კონუსები

 

გაკვეთილის მსვლელობა

რადგან ეს გაკვეთილი მოიცავს ფიზიკურ აქტივობებს, სასურველია, ჩატარდეს ეზოში ან სპორტულ დარბაზში.

მასწავლებელი აცნობს ბავშვებს გაკვეთილის მიზნებს და უხსნის, რა უნდა გააკეთონ – 2 წუთი

 

აქტივობა 1-ელი.

Ø  მასწავლებელი აყენებს ბავშვებს წრეში და სთხოვს, გაიხსენონ გეომეტრიული ფიგურები და ფორმები (shapes – circle, triangle, star, heart shape). შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით (randomly) ურიგებს ბარათებს სხვადასხვა ფორმის ფერადი ფიგურებით და სთხოვს, დაჯგუფდნენ ფიგურების მიხედვით. თითო ჯგუფში ხუთი ბავშვი უნდა მოხვდეს – 5 წუთი

 

აქტივობა მე-2.

Ø  თავდაპირველად მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს ფლიპჩარტს, რომელზეც ჩამოწერილია სიტყვები (skipping rope, push-ups, jump, squat, dribble, burpee press) და ხატია შესაბამისი გამოსახულებები. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, დააწყვილონ სიტყვები ნახატებთან. უცხო სიტყვები (squat, burpee press) შეიძლება გამოიცნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელი უხსნის ბავშვებს სიტყვის მნიშვნელობას.

 

 

Ø  მომდევნო ეტაპი – კენჭისყრის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა უნდა მიირბინოს დანიშნულების ადგილას, ჯგუფის შესაბამის  სიმბოლოსთან, და აიღოს პატარა სკივრი დავალებებით. მაგრამ სკივრს ისე ვერ მოიპოვებენ, თუ არ შეასრულეს სავალდებულო ფიზიკური ვარჯიშები – 7 წუთი

 

აქტივობა მე-3.

Ø  მოსწავლეები დგებიან სასტარტო პოზიციაზე და სასტვენის შემდეგ გარბიან დავალების შესასრულებლად. სპორტის მასწავლებელი თვალყურს ადევნებს და ეხმარება ბავშვებს ვარჯიშების შესრულებაში. ფიზიკური ვარჯიშების აღწერა დევს სკივრებში, რომლებსაც დანიშნულების ადგილზე პოულობენ. გუნდის ლიდერი ხსნის სკივრს და კითხულობს დავალებას. მაგ.: „Your group members will do 10 push-ups each in order to find out the task“. ჯგუფის ყველა წევრმა უნდა გააკეთოს 10-10 აზიდვა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დავალების კონვერტის გახსნა. მეორე ჯგუფის დავალება: „Your group members will do 10 burpee press each in order to find out the task“. მესამე ჯგუფის დავალება: „Your group members will skip the rope 10 times each in order to find out the task“. მეოთხე ჯგუფის დავალება: „Your group members will do 10 squats each in order to find out the task“. მეხუთე ჯგუფის დავალება: „Your group members will dribble the ball through 10 cones each in order to find out the task“. – 5 წუთი

 

აქტივობა მე-4.

Ø   სკივრებში შემდეგი დავალებებია მოცემული – დანაწევრებული წინადადებების შედგენა. ჯგუფებმა უნდა შეადგინონ წინადადებები, some/ any/ a few/ a little, many/much, lots/ a lot of – გამოყენებით. თითო პაკეტში 5 წინადადებაა, ანუ თითო მოსწავლეზე ერთი წინადადება. ვარჯიშების შემდეგ, ისინი ხსნიან კონვერტებს დავალებებით და ადგენენ წინადადებებს. შედგენილი, დაწყობილი წინადადებები მათ გადააქვთ ფლიპჩარტის ფურცელზე და აკრავენ ხეზე (კედელზე).

ყველა ჯგუფი პარალელურად ასრულებს დავალებებს. ამისათვის მათ 15 წუთი ეძლევათ დრო.

 

აქტივობა მე-5.

 

Ø  როდესაც ყველა ჯგუფი შეასრულებს თავის დავალებას და გააკრავს ფლიპჩარტს, ბავშვები თავიანთ ნაშრომს წარადგენენ. დანარჩენები უსმენენ, ამოწმებენ, ინიშნავენ შეცდომებს და შემდეგ აძლევენ უკუკავშირს.

განხილვას და შეჯამებას დაეთმობა 10 წუთი.

 

აქტივობა მე-6.

 

Ø  უკუკავშირი – რა ვისწავლეთ ამ აქტივობით?

მოსალოდნელი პასუხები: გუნდური მუშაობა, დაბრკოლებების გადალახვა, წინადადებების აწყობა და ა.შ. – 2 წუთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასება

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

 

კრიტერიუმები/ ქულები

 

9-10 7-8 6-5 4-1
ჯგუფის მიერ ინსტრუქციის გააზრება

 

ჯგუფმა სამუშაო ინსტრუქცია კარგად გააცნობიერა, დავალება გაიგო და შეასრულა ყველა გათვალისწინებული აქტივობა

 

ჯგუფმა სამუშაო ინსტრუქცია გაიაზრა, დავალება გაიგო, მაგრამ ვერ შეასრულა ორი გათვალისწინებული აქტივობა

 

ჯგუფმა ინსტრუქცია ნაწილობრივ გაიაზრა, დავალება ნაწილობრივ გაიგო და ნაწილობრივ შეასრულა გათვალისწინებული აქტივობა

 

ჯგუფმა ინსტრუქცია ვერ გაიაზრა, დავალება ვერ გაიგო და ვერ შეასრულა გათვალისწინებული აქტივობები
ჯგუფის მიერ ფიზიკური აქტივობების შესრულება დროის ლიმიტის დაცვით

 

ჯგუფის ყველა წევრმა ზედმიწევნით შეასრულა ყველა ფიზიკური აქტივობა დროის ლიმიტის დაცვით ჯგუფის წევრებმა კარგად შეასრულეს ფიზიკური აქტივობა დროის ლიმიტის დაცვით ჯგუფის ყველა წევრმა ვერ შეასრულა ყველა ფიზიკური აქტივობა და ვერ დაიცვა დროის ლიმიტი ჯგუფის წევრებმა ვერ შეასრულეს ვერც ერთი ფიზიკური აქტივობა და ვერ დაიცვეს დროის ლიმიტი
ჯგუფის მიერ დავალებებზე მუშაობა

 

ჯგუფის ყველა წევრმა დროზე და უშეცდომოდ მოახერხა დავალების შესრულება და ფლიპჩარტზე გადატანა ჯგუფის წევრებმა დროზე, მაგრამ ერთი-ორი შეცდომით მოახერხეს დავალების შესრულება და ფლიპჩარტზე გადატანა ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს დროზე და უშეცდომოდ დავალების შესრულება და ფლიპჩარტზე გადატანა ჯგუფის წევრებმა ვერ გააკეთეს დავალება და ფლიპჩარტზე გადატანა ვერ მოასწრეს
ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია

 

ჯგუფის ყველა წევრმა პრეზენტაცია სათანადო დონეზე წარადგინა – უშეცდომოდ და გარკვევით წაიკითხეს დაწერილი წინადადებები ჯგუფის ყველა წევრმა პრეზენტაცია წარადგინა – ორიოდე შეცდომით და კარგად წაიკითხა დაწერილი წინადადებები ჯგუფის წევრებმა პრეზენტაცია წარადგინეს დამაკმაყოფილებლად – იყო შეცდომები ნაწერსა და კითხვაში ჯგუფის წევრებმა პრეზენტაცია ვერ წარადგინეს – ნაწერი არ იყო გადატანილი ფლიპჩარტზე

 

 

 

როგორ ვახერხებ სსსმ მოსწავლის ჩართულობას  გაკვეთილზე

0

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს განათლების მიღების უფლება (მუხლი #35), მაგრამ სამწუხაროდ დაბალია სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან დაბალია პედაგოგთა ძირითადი ნაწილის მზაობა სსსმ მოსწავლის სწავლების სტრატეგიებისა და ადაპტირებული გაკვეთილების დასაგეგმად. პედაგოგთა ძირითადი ნაწილი ვერ ახერხებს სსსმ მოსწავლის დაინტერესებას  საგაკვეთილო პროცესით და მათი პრობლემური ქცევის მართვას, ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა პედაგოგებს გვენიჭება, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ინკლუზიური განათლების მიტანა თითოეულ სსსმ მოსწავლემდე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მცირედი გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს…

ჩვენი სკოლის სსსმ მოსწავლე  ნიკა ფ-ძეს აქვს ყურადღებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ის არ ითვალისწინებს მითითებებს, უჭირს ორგანიზება, ვერ ახერხებს  ხანგრძლივ კონცენტრაციას, ადვილად ეფანტება ყურადღება, არის გულმავიწყი, ზედმეტად ემოციური და ზოგჯერ აგრესიულიც, უჭირს ერთ ადგილზე მშვიდად გაჩერება, ცდილობს გაიქცეს გაკვეთილიდან… რთულია  მისი მართვა…  მაგრამ მდგომარეობა არც თუ ისე უიმედოა….პირველ რიგში, დავადგინე არა ის, რისი დეფიციტი აქვს, ან რას ვერ ახერხებს, არამედ ის –  თუ რა შეუძლია, რა მოსწონს, რაზე რეაგირებს, როგორ იყენებს დახმარებას…მისთვის   შედგენილი მაქვს ესგ-დან გამომდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები.

 

მის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, ნიკას შესაძლებლობიდან გამომდინარე, სისტემატურად ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო ,,მასზე მორგებული“ აქტივობები და გაკვეთილზე ინტეგრაციის მიზნით სისტემატიურად ვუხსნი და ვუსაბუთებ, თუ რომელი სასწავლო ნივთი სჭირდება მას  კონკრეტულ შემთხვევაში, ვაძლევ ნათელ და გასაგებ მითითებებს,  საშინაო დავალებას დაფაზე ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ვწერ, რათა მისი ყურადღება ,,იქეთ“ იყოს მიმართული, ხშირად მიწევს გაკვეთილის გეგმის მოდერნიზაცია. მაგალითად, როცა ვასწავლიდი მართკუთხედის ფართობსა და პერიმეტრს, რატომღაც ნიკა გაღიზიანებული იყო, გაკვეთილზე არ შემოვიდა, გადავწყვიტე, ნაცვლად სავარჯიშოთა სისტემის შესრულებისა, ჩამეტარებინა პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის  ეზოს პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლაზე, მოსწავლეები ეხმარებოდნენ ერთმანეთს და მათ შორის ნიკაც „ეხმარებოდა“ თანაკლასელებს, აწვდიდა მათ სახაზავს, საზომ ლენტს. შემდეგ ნიკამაც მოახერხა სახაზავის სწორად გამოყენება და აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.

 

…ნიკას წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები უყვარს, ამიტომ, სივრცული ფიგურების დამზადებისას, სწორედ მათი გამოყენებით დაუმზადა ნიკამ  ჯგუფის წევრებს სივრცული ფიგურებისათვის აქსესუარები   (სამკუთხედი, მართკუთხედი, წრეწირი) – ფუძე და გვერდითი წახნაგები.

მოსწავლეთა ზეპირი ანგარიშის სწავლებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ხშირად ვიყენებ მათემატიკურ  თამაშს „რიცხვის გადიდება/შემცირება…..-ით/ ჯერ“.   ვინაიდან ნიკა ვერ ახერხებს სწრაფ ანგარიშს, თამაშის დაწყებას  ნიკას  ვავალებ  „აბა ნიკა, დაასახელე რიცხვი!“  ნიკაც ასახელებს რაღაც რიცხვს, ხელის დაკვრით გადასცემს გვერდით მდგომ მოსწავლეს და ის აგრძელებს თამაშს, ადიდებს/ამცირებს….. -ით /ჯერ რიცხვს და გადასცემს მესამეს, მესამე-მეოთხეს და ა.შ. თამაშს ასრულებს ნიკა ალმის აღმართვით.

 

როცა მე-6 კლასის მოსწავლეთათვის დავამზადე მათემატიკური ლოტო სხვადასხვა სავარჯიშოთა სისტემით,  ნიკასათვის დავამზადე მათემატიკური ლოტო  „რიცხვების ამოცნობა 1-დან 10-მდე“.  ლოტოს  მე და ნიკა ერთად „ვთამაშობთ“…ერთხელ ნიკამ ბარათები ხელში ჩაბღუჯა, გულზე მიიხუტა, როდესაც ვთხოვე, ბარათები მაგიდაზე დაედო და გვეთამაშა,  მითხრა: „მინდა, ხელში მეჭიროს!“ შემდეგ სათითაოდ იღებდა „მოკარნახე“ ბარათებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა გამოეცნო რიცხვები…

ნიკას თამაში ძალიან მოსწონდა და ესმოდა რასაც აკეთებდა.

საზოგადოებაში ნიკას მსგავსი ბავშვების ინტეგრირებისთვის ოჯახის, სკოლის და საზოგადოების დიდი ძალისხმევაა საჭირო. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს მზადყოფნა,  „დავინახოთ ადამიანი და არა შეზღუდული შესაძლებლობა…“   ვფიქრობ,      მთავარია მონდომებაა  და  შედეგიც დადგება!

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიკა კაპანაძე, თინა ბარქაია, ინგა შარიქაძე და სხვები. ,,ინკლუზიური განათლება“, 2008 წ.
  2. სატრენინგო მასალები
  3. https://www.wikipedia.org/.
  4. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი – მათემატიკა მე-4 კლასი.
  5. საკუთარი გამოცდილება და კონსულტაცია სპეციალურ მასწავლებელთან.

 

 

 

 მედიაწიგნიერება  ისტორიის გაკვეთილზე

0

  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციათა შორის მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების კულტურის განვითარებას, რადგან რეალურ ცხოვრებაში არსებული მედიაინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, მათი ეფექტიანად და მიზანმიმართულად გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მოზარდთა ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებას მრავალფეროვანი ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა ისეთი  მედიარესურსების  გამოყენება, როგორიცაა – ხმოვან-ვერბალური ინფორმაცია, აუდიო-ვიზუალური საშუალებები, პლაკატი, კარიკატურა, სურათი და სხვა. „მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მედიარესურსების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება“ (ესგ). აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია არა მარტო მედია ინფორმაციის გაფილტვრა-ანალიზი, არამედ მიღებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება და მათ შესახებ საკუთარი ინტერპრეტაციის ვიზუალურად გამოვლენა, მედია სამყაროში სწორი ორიენტაცია და სწორი დასკვნების გამოტანა.

მედიაწიგნიერების ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ საგანსა და სასწავლო პროცესთან. დღევანდელი ტექნოლოგიური ბუმის პირობებში და რეალურ ცხოვრებაში ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად ეცნობიან მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას. ინფორმაციის დიდი ნაწილი მათ მიერ შინაარსობრივად სწორად ვერ აღიქმება და  მედიაგზავნილები,  ე.წ.  მესიჯები მოსწავლეთა  ყურადღების მიღმა რჩება.  მოსწავლეების მიერ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება  არ ნიშნავს მათ ჩართვას მედიაწიგნიერების განათლებაში. მედიაწიგნიერების აქტივობები განსხვავდება სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციისაგან. მედიაწიგნიერების სწავლებაში მთავარია კვლევა და მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნება. ამ მხრივ სწავლება იწყება კურიკულუმის მიზნების განხილვითა და მოსწავლეთა საჭიროების კვლევით. მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირების გზების ანალიზისას გასათვალისწინებელია ინფორმაციის არა პასიური აღქმა-ანალიზი, არამედ მონაწილეობითი მედიაწიგნიერების კულტურის განვითარება, რომელიც  მედიაპროდუქტის კრიტიკულ ანალიზთან ერთად მოიაზრებს მის შექმნასაც, კეთებით სწავლებას, რაც ბევრად პროდუქტულია და სწავლებისადმი ეფექტურ-კონსტუქტივისტულ მიდგომას გულისხმობს.

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ისტორიის და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას  თითქმის ყოველ საგაკვეთილო პროცესშია შესაძლებელი, რადგან მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ  მედიასაშუალებები უამრავ ინფორმაციას გვაწვდის და არჩევანის ფართო შესაძლებლობას იძლევა. მედიაწიგნიერება და მედიარესურსების ანალიზი გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის საგამოცდო ტესტებშიც. პლაკატებისა და კარიკატურების ანალიზს  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. ეს საკითხები პროგრამულად მეათე კლასის კურიკულუმითა გათვალისწინებული.

მედიარესურსების კრიტიკული ანალიზით მოსწავლეთა დაინტერესებისათვის პედაგოგიურ პრაქტიკაში რამდენიმე სტრატეგია გამოვიყენე, რომლებშიც გავითვალისწინე როგორც მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და შემოქმედებითი ინტერპრეტაცია, ისე საავტორო მედიარესურსის შექმნა. ჩემი გამოცდილებიდან მსურს გაგიზიაროთ მეათე კლასში ჩატარებული მედიაწიგნიერებასთნ ინტეგრირებული ისტორიის გაკვეთილი, რომელშიც  გამოყენებულმა მედიაწიგნიერების სტრატეგიებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ გარემოში მედიაგზავნილების სწორად გააზრებას, მათ დეკოდირებასა და რეპრეზენტაციას, მედიარესურსის ვიზუალური ხატის იდენტიფიცირებას და პირადი მოსაზრებების ინტერპრეტაციის საფუძველზე საკუთარი მედიაპოსტერის შექმნას.

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე წინასწარ შევარჩიე სასწავლო პროგრამის, გაკვეთილის მიზნისა და მოსწავლეთა ასაკისათვის შესაბამისი მედიარესურსები, რომლებიც, ერთი მხრივ,  მათთვის საინტერესო და აქტუალური იყო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესში  მოსწავლეთა აქტიურად ჩართვასა და დისკუსიაში მონაწილეობას.

   გაკვეთილის თემა: მედიარესურსები (პოსტერი, კარიკატურა, ვიდეო) როგორც                                                   ისტორიული ეპოქის ასახვის ფორმა.

გაკვეთილის მიზანი:  გაკვეთილის აქტივობებში მონაწილეობით მოსწავლეები შეძლებენ :

  • გააანალიზონ ისტორიული მოვლენის შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციები, კრიტიკულად შეაფასონ და ჩამოაყალიბონ   საკუთარი შეხედულებები  ისტორიული ფაქტის მიმართ;
  • გამოთქვან მოსაზრებები მედიარესურსის შინაარსისა და მისი სანდოობის შესახებ, განსაზღვრონ წყაროს შექმნის მიზანი, დრო და ადგილი, რეალურად შეაფასონ მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე, იმსჯელონ ეპოქის შესაბამისი ფასეულობების, ღირებულებებისა და შესაძლებლობების შესახებ;
  • საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნან საავტორო მედიარესურსი – პოსტერი, რის საფუძველზეც განუვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

აქტივობა 1. შეკითხვები ცოდნის გასააქტიურებლად. მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებისათვის გაკვეთილი დავიწყე მინი-საუბრით თანამედროვე ეპოქაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და შესაძლებლობების  შესახებ, ხოლო იმის გასაგებად თუ რომელი მედიასაშუალებებით  ეცნობიან ინფორმაციას და რა იციან მედიაწიგნიერების შესახებ, დავუსვი შეკითხვები:

  • რომელი მედიასაშუალებებიდან ვეცნობით თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვან ინფორმაციას?
  • როგორ ფიქრობთ, რამდენად სანდოა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის?
  • მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  მხოლოდ ფაქტებს მოგვითხრობს თუ ადამიანების მოსაზრებებსაც გვამცნობს?
  • როგორ შეიძლება მედიაინფორმაციის სანდოობის გადამოწმება და მისი იდენტიფიცირება რეალობასთან?
  • რა მიზანს ემსახურება მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვისთვისაა შექმნილი და როგორი გზავნილია მასში გათვალისწინებული?
  • რა კავშირი აქვს მედიასაშუალებებს ისტორიულ მოვლენებთან, ფაქტებთან და  როგორ ვიყენებთ მათ ისტორიის შესასწავლად?
  • როგორ გავლენას ახდენს მედიაწიგნიერება საზოგადოებაზე – დადებითს თუ უარყოფითს და რატომ?

დასმულ შეკითხვებზე მოსწავლეებმა უპასუხეს ინდივიდუალურად, ზოგიერთ შემთხვევაში ცოდნის გაღრმავებისა და ინფორმაციის სრულად მიღებისათვის   დავუსვი დამატებითი შეკითხვებიც. ამ აქტივობისას  შევეცადე, მოსწავლეებთან ერთად ყურადღება გამემახვილებინა მედიასაშუალებებისა და მედიარესურსების მრავალფეროვნებაზე,  მედიაინფორმაციის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცნობიერებასთან უშუალო კავშირზე.

აქტივობა 2. მოსწავლეთა პროვოცირება საინფორმაციო ვიდეო-რგოლის ჩვენებით. აქტივობის წინ მოსწავლეებს ჩავუტარე ინსტრუქტაჟი საჩვენებელი აუდიო-ვიზუალური მასალის კონტექსტსა და მოსალოდნელ სამუშაოსთან დაკავშირებით. ვიდეო-რგოლი მიეძღვნა საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებულ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  უახლეს საერთაშორისო პოლიტიკასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებს. მოსწავლეებს ვთხოვე, ყურადღებით დაკვირვებოდნენ და კარგად გაეაზრებინათ ვიდეოს მთავარი გზავნილი (რისი თქმა სურდათ ამ ვიდეო-მასალის ჩვენებით მის ავტორებს).  მოსწავლეებმა ნახეს 29 წუთიანი ვიდეორესურსი, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა რუსეთის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკასა და სხვა  ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის  შესახებ –  https://palitranews.ge/video/vladimer-putini-sagareo-politikashi-ruseti-skhva-kveqnebis-shida-sakmeebshi-chaurevlobis-printsips-itsavs ).

ვიდეო-რგოლის  ჩვენების შემდეგ კლასი დავყავი სამუშაო ჯგუფებად და გადავეცი დავალების ფურცლები (N1) ვიდეოფილმის განხილვასთან დაკავშირებით. დავალება დაბეჭდილი იყო T-დიაგრამის სახით, რომლის ერთ მხარეს შეკითხვები ეწერა, მეორე მხარეს კი მოსწავლეებს მოკლედ  უნდა გამოეთქვათ საკუთარი ვარაუდები და გამოევლინათ ვიდეოს მთავარი გზავნილი (მესიჯი). დავალების შესრულებაზე  მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუფებში შეასრულეს დავალება აუდიო-მასალის დეკოდირებასთან დაკავშირებით. (დავალების შეკითხვები შინაარსობრივად ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს : 1. ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული ვიდეოფილმის ავტორი?; 2. რა მიზნითაა შექმნილი ვიდეოფილმი და რომელი აუდიტორიისათვის?; 3. რომელი მთავარი მესიჯი გაჟღერდა ვიდეოში?; 4. წყარო პირველადია თუ მეორადი?; 5. რამდენად შეეფერება მოცემული მესიჯი ცხოვრებისეულ რეალობას?; 6. როგორი განცდა დაეუფლათ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ და როგორია მათი  დამოკიდებულება აღნიშნულ მესიჯთან დაკავშირებით?; 7. როდის შეიქმნა  ვიდეო და რამდენად რეალურია მასში ასახული ფაქტები?; 8. რამდენად სანდოა მოცემული ინფორმაცია და როგორ შეიძლება მისი გადამოწმება?; 9. ინფორმაციის გადმოცემის როგორი ფორმაა გამოყენებული ვიდეორგოლში?).

    აქტივობა 3. მოსაზრებების რეპრეზენტაცია.  დავალებების შესრულებასთნ დაკავშირებული მოსაზრებების რეპრეზენტაციისათვის მოსწავლეებისაგან ავირჩიეთ ორი ასისტენტი, რომლებიც ორგანიზებულად წარმართავდნენ დისკუსიას და მოსაზრებების განხილვას დავალების კითხვების შესაბამისად. სადისკუსიოდ მოსწავლეებმა განიხილეს საპირისპირო მოსაზრებებიც. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ ვიდეორესურსმა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია და საიდან შეიტყვეთ?
  • ვიდეორგოლის მესიჯმა ვის შეიძლება მოუტანოს სარგებელი, ან მიაყენოს ზიანი?

მოსწავლეთა მოსაზრებების რეპრეზენტაციისას ფაქტობრივად ვასრულებდი ფასილიტატორის როლს და ფლიპჩარტზე ვაფიქსირებდი ყველაზე მნიშვნელოვან მოსაზრებებს, ხოლო საჭირო შემთხვევაში ვერთვებოდი დისკუსიაშიც. რეპრეზენტაციის შემდეგ შევაჯამეთ მოსწავლეთა გამოთქმული მოსაზრებები და გამოვყავით მათ შორის მნიშვნელოვანი.

აქტივობა  4. მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის თემისა და მიზნის განსაზღვრა.  ზემოთ აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ გაკვეთილის თემა და გაკვეთილის მიზანი, რომელსაც მივაღწევდით გაკვეთილის საშუალებით. ასევე წინასწარ მივაწოდე ინფორმაცია მოსალოდნელი აქტივობებისა და მათი შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

  აქტივობა 5. კარიკატურის ანალიზი (დეკოდირება). ამ აქტივობაში მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეოფილმისაგან შინაარსობრივად განსხვავებული კონტექსტის მქონე რუსეთში შექმნილი ვლადიმირ პუტინის კარიკატურის („ვიზუალურ ხატის“) განხილვა და ავუხსენი მისი დეკოდირებისათვის შესასრულებელი სამუშაოს არსი. მოსწავლეებმა ჯერ ჯგუფებში განიხილეს კარიკატურა, რომელშიც ვლადიმირ პუტინი ვიდეორგოლისაგან  განსხვავებულ პოზიციაშია გამოსახული და საკუთარ ქვეყანაში მედიის უფლებების შემზღუდველად გვევლინება. მოსწავლეებს გადავეცი შეკითხვების ფურცელი (N2) კარიკატურაზე მუშაობისათვის. (შეკითხვები გამოისახა ეკრანის სლაიდზეც, მასწავლებლის საპრეზენტაციო სლაიდებზე ვიზუალურად ასახული იყო ყველა დავალება და საინფორმაციო მედიარესურსი). შეკითხვების გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა თანამიმდევრულად  იმსჯელეს  კარიკატურის ანალიზზე, მის დანიშნულებასა და ვიზუალურ მხარეზე კარიკატურის დეკოდირების კომპონენტების მიხედვით.

 

 კარიკატურის დეკოდირების  კომპონენტები:  (სამუშაო ფურცელი N 2)

  • ავტორი – ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კარიკატურის ავტორი?
  • მიზანი – რა მიზნით და ვისთვისაა შექმნილი კარიკატურა?
  • ეკონომიკური საფუძველი – ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კარიკატურის დამკვეთი?

ვის მოუტანს ზიანს ან  სარგებელს  შექმნილი კარიკატურა?

  • გავლენა – რით არის მნიშვნელოვანი ეს კარიკატურა საზოგადოებისათვის?
  • პოზიცია – რას ფიქრობენ აღნიშნული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაზე  მედიის მიმართ?
  • შინაარსი –  რამდენად რეალურად ასახავს კარიკატურის ვიზუალური მხარე და                                        გზავნილი   რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
  • ტექნიკა –    რამდენად კარგად არის შერჩეული კარიკატურის ვიზუალური მხარე?                         
  • ინტერპრეტაცია-კიდევ რის დამატება შეიძლებოდა კარიკატურაზე შინაარსობრივად?
  • კონტექსტი – როდის არის წყარო შექმნილი და რამდენად აქტუალურია?
  • სანდოობა – რამდენად სანდოა აღნიშნული წყარო და როგორ შეიძლება მისი გადამოწმება?

აქტივობა 6. შესრულებული აქტივობების სინთეზი. მოსწავლეთა მიერ წარმოთქმულ მოსაზრებათა სინთეზის საფუძველზე ერთმანეთს შევადარეთ ორივე აქტივობის შინაარსობრივი მხარე ( I -პუტინი, როგორც მშვიდობის დამცველი და II- პუტინი, როგორც მედიის უფლებების შემზღუდველი). პროექტორის საშუალებით ინფორმციის  მრავალფეროვნებისათვის მოსწავლეებს ვაჩვენე ვლადიმირ პუტინის სხვა კარიკატურები და მედიარესურსები – პლაკატები, სურათები და ცნობილ ადამიანთა მოსაზრებები პუტინის შესახებ (მაგ., პუტინი მართავს მედვედევთან ერთად სახელმწიფოს საჭეს; პუტინს ხელზე უკეთია „გაზპრომის“ მანიშნებელი, ხოლო თავის სიძლიერესა და ნებას შეკრული მუშტით გამოხატავს; პუტინის სურათი ტრამპთან ერთად ჰელსინკის თათბირზე; პუტინის პლაკატი, რომელშიც გამოსახულია ახალგაზრდა თაყვანისმცემლებთან ერთად). ამ აქტივობით მოსწავლეთა ყურადღება გავამახვილე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებათა მრავალფეროვნებაზე, იმაზე, რომ  პუტინის პოლიტიკას მოწინააღმდეგებთან ერთად ჰყავს მომხრეებიც. შევეცადე,  მოსწავლეებს ყველა ტიპის მედიაინფორმაცია საკუთარი ხედვის ღირებულ წყაროდ განეხილათ. მოსწავლეებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ინფორმაციის სანდოობისა და სწორი თვალთახედვის შემუშავებისათვის აუცილებელია სხვადასხვა მედიასაშულებისა და საინფორმაციო წყაროს შედარება და სწორი ანალიზი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვალსაზრისით. მოსწავლეებს სლაიდების სახით წარვუდგინე არა მხოლოდ პუტინის, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა შესახებ არსებული კარიკატურებიც (მრავალფეროვანი წარმოსახვისა და მათი მიზანმიმართულად გამოყენების შესაძლებლობების გააზრებისათვის). ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ მედიაწიგნიერების ძირითადი დანიშნულებაა, საინფორმაციო გზავნილების ანალიზისას საზოგადოებას გაუწიოს დახმარება სწორი დასკვნებისა და თვალთახედვის შემუშავება-რეპრეზენტაციაში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ მედიაწიგნიერებისა და მედიარესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისათვის, მათი გამოყენება ისტორიის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო აქტივობებისას და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი საკუთარი თვალთახედვის შემუშავებისას.

აქტივობა 7. პოსტერის შექმნა. ამ აქტივობით მოსწავლეებს  საშუალება მივეცი კარიკატურის მიმართ წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შეექმნათ საკუთარი მედიარესურსი -„პოსტერი“, რომელშიც სასურველ ვიზუალურ გამოსახულებასთან ერთად აისახებოდა მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული მედიაგზავნილი. ჯგუფებში სამუშაოდ გადავეცი ფლიპჩარტები, მარკერები, წინასწარ შერჩეული კარიკატურები და ფოტოები. მოსწავლეებმა ჯგუფებში 10 წუთიანი თანამშრომლობით  შეიმუშავეს პოსტერები, რომლებშიც საკუთარი მოსაზრებებით მხარი დაუჭირეს ან გააკრიტიკეს პუტინის ე.წ. „მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული  პოლიტიკა“.

საკუთარი მოსაზრებების  პოსტერებში გამოსახატავად       სამუშაო ჯგუფებმა  გაითვალისწინეს შემდეგი კომპონენტები – მიზანი, აუდიტორია, გამოხატვის ფორმა, გზავნილისა და მათ მიერ შემუშავებული ტექსტის  შინაარსი (სამუშაო ფურცელი N3). წინასწარ ავუხსენი, რომ აქტივობის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ასევე  მნიშვნელოვანი იყო ფოტოებისა და ტექსტის კონტექსტის შესაბამისობა, ვიზუალური გამოსახულება და სივრცეში განლაგება.

აქტივობა 8. გამოფენა-პრეზენტაცია.  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფებში შექმნილი პოსტერები, ყურადღება გაამახვილეს პოსტერის ვიზუალურ მხარესა და მთავარ გზავნილზე, რომელშიც დაფიქსირდა საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება. პოსტერების პრეზენტაციისას ყურადღება გავამახვილეთ თითოეული ნამუშევრის ღირებულებით მხარეზე და მთავარ მედიაგზავნილზე, ტექსტისა და ფოტოს შესაბამისობაზე. რის შემდეგაც  ცოდნის განმტკიცებისა და თემის უკეთ გააზრებისათვის საშინაო დავალებად განვსაზღვრეთ :

  • შექმნან ელექტრონული ან ხელით ნახატი პოსტერი საინტერესო და აქტუალური გზავნილით (თემასთან დაკავშირებით);
  • ან წარმოადგინონ რომელიმე მედიარესურსის დეკოდირება გაკვეთილზე გამოყენებული  კომპონენტების საშუალებით.

   აქტივობა 9. შეფასება და უკუკავშირი. გაკვეთილის დასასრულს შევაჯამეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა აქტივობები სამქულიანი განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული რუბრიკების შესაბამისად (1.არგუმენტირებული მსჯელობა, 2.მედიარესურსთან ინტერპრეტაციის  შესაბამისობა, 3.შემოქმედებითობა და მედიარესურსის დეკოდირების  ორიგინალურობა, 4.ჯგუფური პრეზენტაცია). გაკვეთილის მსვლელობისას საუკეთესო მოსაზრებებს ვაფასებდი განმავითარებელი შეფასებით.

მოსწავლეებმა თვითონაც შეაფასეს საკუთარი პოსტერები, ყურადღება გაამახვილეს მათ შინაარსობრივ, ვიზუალურ მხარესა და ორიგინალობაზე.  გაკვეთილის ბოლოს უკუკავშირისა და რეფლექსიისათვის ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: 1.რა მოეწონათ გაკვეთილის მსვლელობისას  ყველაზე მეტად?; 2.რა არ მოეწონათ, ან გაუჭირდათ შესრულება?; 3. რა უნდა გავითვალისწინოთ  მომავალში?       

აღნიშნული გაკვეთილი შემოქმედებითად წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტივობებში. გაკვეთილზე გამოყენებულმა მედიარესურსებმა მოსწავლეები საკმაოდ დააინტერესა. გამოთქვეს მოსაზრებები მედიარესურსების გაფილტვრა-დეკოდირების პროცესში. საინტერესო იყო მათი დამოკიდებულება  ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებული სხვადასხვა რესურსის  შეპირისპირება-შედარებასთან დაკავშირებით. ასისტენტებთან ერთად შევეცადეთ მაქსიმალურად გამოგვევლინა  მოსწავლეთა დამოკიდებულება მედია-რესურსების მიმართ. ისინი განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ კარიკატურის დეკოდირებასა და საკუთარი მოსაზრებებით ანალოგიური მედიარესურსის – პოსტერის შექმნაში, რაც  მონაწილეობითი  მედიაწიგნიერების ფორმაა. პოსტერების შექმნით მოსწავლეებმა სრულად გამოავლინეს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები. საავტორო პოსტერებზე მუშაობამ დამანახვა, რომ მოსწავლეებმა  გაიაზრეს მედიაწიგნიერებისა და მედიარესურსების არსი, გაიაზრეს ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიცაა – დეკოდირება, რეპრეზენტაცია, მედიაგზავნილი, ვიზუალური ხატი, პოსტერი და სხვა.

ჩემ მიერ ჩატარებული,  მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირებული,  გაკვეთილი ვფიქრობ, პროფესიულ დახმარებას გაუწევს ჩემს კოლეგებს სასწავლო პროცესში მედიარესურსების მიზანმიმართულად გამოყენებაში, რადგან კეთებით სწავლება და  მედიაწიგნიერებით განათლება  მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის, დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის უნარის მქონე მოქალაქეების აღზრდისათვის.

გამოყენებული რესურსები:

  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004წ;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024წწ);
  3. მედიაწიგნიერების ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის, 2018წ;
  4. მედიაწიგნიერება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2014წ;
  5. ისტორიის სახელმძღვანელო მეათეკლასელთათვის, ბაკურ სულაკაურის გამომც.2012წ;
  6. ვიდეორგოლი: https://palitranews.ge/video/vladimer-putini-sagareo-politikashi-ruseti-skhva-kveqnebis-shida-sakmeebshi-chaurevlobis-printsips-itsavs

 

 

 

 

დისკუსია- სწავლების ეფექტური მეთოდი

0

თანამედროვე მასწავლებლის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ სწავლების შინაარსი, არამედ ის მეთოდები და ხერხებიცაა, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ხალისიანად ითვისებენ შინაარსს. სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს, საჭიროა, მასწავლებელმა ხშირად მიმართოს განსხვავებულ სტრატეგიებს.

ეფექტიანი სწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობითი სწავლების მაგალითია დისკუსია. ის არის ინტერაქტიული სწავლების მეთოდი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

დისკუსია ის მეთოდია, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ხშირად უნდა გამოიყენოს. იმიტომ, რომ ეს მეთოდი გვეხმარება სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში და ის ორიენტირებულია ლიტერატურული ნაწარმოებების არა მარტო შინაარსის ცოდნაზე, არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე.

  • წარმატებული დისკუსიის გასამართავად საუკეთესო ვარიანტია მოსწავლეების წრეზე განლაგება;
  • უმნიშვნელოვანესია, სწორედ შევარჩიოთ თემა- წარმოვადგინოთ განსხვავებულ აზრთა ორივე პოლუსი;
  • კლასის ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს სადისკუსიო საკითხი;
  • აუცილებელი პირობაა წესების და შეფასების რუბრიკის წინასწარი ცოდნა;
  • აუცილებელია, მოსწავლეებმა დაიცვან დროის ლიმიტი;
  • ვერბალურად და არავერბალურად წავახალისოთ მოსწავლეები;
  • ყველა პასუხზე გამოვხატოთ დადებითი რეაქცია, ამით ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა მოტივირებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: დისკუსია არ უნდა აგვერიოს დებატებში. დებატები საპირისპირო აზრთა შეჯახებაა, დისკუსია კი ძიების ხასიათს ატარებს.

გთავაზობთ XI კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგმას, სადაც  ძირითად აქტივობად საკლასო დისკუსია გამოვიყენე.

საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო საფეხური, მე-11 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 14, მათ შორის სსმ  მოსწავლე – არა

გაკვეთილის თემა: დისკუსია – რისთვის იბრძვის და რას ეწირება ალუდა ქეთელაური?

 

მიზანი: მოსწავლემ შეძლოს  მხატვრული ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება,  გამოხატოს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზოს  თემის როლი პიროვნების ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში;  ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად;  გამართოს დისკუსია თანაკლასელებთან. გამოიტანოს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნოს მსგავსება-განსხვავება. მოისმინოს გამოსვლები, მათში გამოთქმული მოსაზრებები, ახალი ინფორმაცია და გამოთქვას საკუთარი შეხედულება.

 

ე.ს.გ.

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება;

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;

ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს. მათ შეძლეს მკაფიო და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება ჯგუფში

№1 აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდები

 

კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 საორგანიზაციო საკითხები,

გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები სწავლობენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას; შესწავლილი აქვთ პოემა: „ალუდა ქეთელაური“ შეუძლიათ დასკვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება სადისკუსიო თემის შესახებ.

ნანახი აქვთ ფილმი ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი“

საკლასო შეფასების კრიტერიუმები 2წთ.
 2 მოსწავლეები სხედან ჯგუფებად. მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც გამოსახულია სადისკუსიო საკითხი:

რისთვის იბრძვის და რას ეწირება ალუდა ქეთელაური?

მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს და სთხოვს, ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულება მოცემულ საკითხზე პოემაში განვითარებული მოვლენების  მიხედვით .გაიხსენებენ ივანე კოტორაშვილის ამბავს-როდესაც ხევისბერმა შენიშვნა მისცა, მარჯვენას  რატომ არ სჭრი მტერსო-ივანე პასუხობს, აქ რა დამაკლო, იქ რას მიზამსო. მას თავისი ვაჟკაცობის იმედი აქვს და არა მტრის სიბრალული და ვაჟკაცობის დაფასება ალუდასგან განსხვავებით.

ანალიზი საკლასო ფლიპჩარტი სადისკუსიო საკითხი. სახელმძღვანელო – როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი. 2 წთ.
3 მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში სადისკუსიო თემის არგუმენტირებული დასაბუთებისათვის.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, დაასაბუთონ, რატომ ვერ უგებს თემი ალუდას, თავის გამორჩეულ ვაჟკაცს. მათ უნდა ჩამოაყალიბონ, რომ  ალუდა თემიდან იმის გამო  კი არ მოკვეთეს, რომ მტერს მარჯვენა არ მოსჭრა, არამედ, იმის გამო, როგორც მერე ეს საქციელი  ახსნა, რა ამოძრავებს ალუდას, როდესაც არ ეგუება თემის მიერ დადგენილ წესს  და რა ამოძრავებს ბერდიას,რატომ არ ეყო სიყვარული ბერდიას და რატომაა ალუდასთვის კანონზე მაღლა სიყვარული? როგორ აგნებს ადამიანი საკუთარ თავს მტერთან ჭიდილში?

ანალიზი; შედარება-შეპირისპირება ჯგუფური ფლიპჩარტი  მარკერები, სახელმძღვანელო 12წთ.
4 სადისკუსიო თემის პრეზენტაცია.

მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს განმავითარებელ უკუკავშირს და აფასებს პრეზენტატორებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პრეზენტაცია პრეზენტატორი ფლიპჩარტი 8 წთ.
5 საკლასო დისკუსია

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მიერ წარდგენილ მასალას.

და ახსენებს მათ, რით განსხვავდება ძველი აღთქმის კაცობრიობა, ანუ კანონის კაცობრიობა ახალი აღთქმის კაცობრიობისაგან. უფალმა კანონზე წინ სიყვარული დააყენა და შაბათ დღეს განკურნა ავადმყოფი დედაკაცი. შემდეგ კი ასე ახსნა თავისი საქციელი-კაცი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა კაცისთვისო. ანუ ყველა კანონზე მაღლა სიყვარული დააყენა.

მოსწავლეებმა  უნდა იმსჯელონ და განიხილონ  მთავარი სადისკუსიო თემა – რისთვის იბრძვის და რას ეწირება ალუდა.

მოსწავლეებმა უნდა ; გადმოსცენ მოსაზრება იმის შესახებ,რომ თემს და პიროვნებას ორი სიმართლე აქვს.ალუდას სიმართლე სიყვარულია, თემის სიმართლე კი კანონი.

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ შეხედულებებს და აფასებს მათ დისკუსიის შეფასების კრიტერიუმებით.

დისკუსია საკლასო 20წთ.
6

 

საშინაო დავალება –

ესე: შეიძლება თუ არა მასა იყოს ყოველთვის მართალი?

საკლასო 1 წთ.

 

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება;

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;

ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს მათ შეძლეს მკაფიო და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება ჯგუფებში.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი  შედეგი:

მოსწავლეებმა  შეძლეს  მხატვრულ ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება,  გამოხატეს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზეს  თემის როლი პიროვნების ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში;   ჩამოაყალიბეს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად;  გამართეს  დისკუსია თანაკლასელებთან. გამოიტანეს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნეს მსგავსება-განსსხვავება, მოისმინეს   მოსაზრებები, ახალი ინფორმაცია და გამოთქვეს საკუთარი შეხედულება.

 

შეფასების რუბრიკები:

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

 

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს 2
მსჯელობს არგუმენტირებულად 2
აკეთებს დასკვნებს 2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით) 2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს 2

 

 

                                                               პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები
კრიტერიუმები 0 1 2
 

1

 

მეტყველება

 

 

მეტყველება გაუმართავია,  აზრის გაგება ჭირს, უშვებს ბევრ გრამატიკულ შეცდომას

 

 

მეტყველება გამართულია, თუმცა უშვებს გრამატიკულ შეცდომებს

 

მეტყველებს გამართულად,   სალიტერატურო ენით, იყენებს სათანადო ლექსიკას, კორექტულია.

 

 

2

 

ლოგიკური, არგუმენტირებული

მსჯელობა

 

მსჯელობა მოკლემულია ლოგიკას, არათანამიმდევრულია

 

მსჯელობა ლოგიკურია, თუმცა ზოგჯერ არათანმიმდევრულია მსჯელობს ლოგიკურად, გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ამყარებს შესაბამისი არგუმენტებით.

 

 

3

 

დროის ლიმიტის დაცვა

 

საერთოდ ვერ იცავს დროის ლიმიტს ზოჯერ ვერ იცავს დროის ლიმიტს იცავს ზუსტად დროის ლიმიტს.
4 ჟესტიკულაცია (სხეულის ენა), აუდიტორიის ფლობა

 

არ იყენებს სხეულის ენას (ან გადამეტებულად იყენებს სხეულის ენას)

 

იყენებს სხეულის ენას,ზოგჯერ ვერ ფლობს აუდიტორიას აქვს მოზომილი ჟესტიკულაცია, თვალით კონტაქტს ამყარებს აუდიტორიასთან.

 

5 შემოქმედებითობა, ორიგინალურობა

 

არ არის ორიგინალური მისი მოსაზრებები, აკლია შემოქმედებითობა

 

ავლენს შემოქმედებით უნარს, მაგრამ ნაკლებად ორიგინალურია მისი მოსაზრებები ავლენს შემოქმედებით უნარებს, მისი მოსაზრებები ორიგინალურობით გამოირჩევა.

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

 

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია 1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს 2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები) 2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს 2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს 2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს 1

 

 

დისკუსიას, როგორც  სასწავლო  მეთოდს,  წარმატებით იყენებენ სხვადასხვა   საგნის მასწავლებლები , იგი მოსწავლეს აჩვევს თავისუფალი და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს, მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან მასში. ეს კი მნიშვნელოვანია ყველა საგნის სწავლებისას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ჯანაშია ს. რატიანი მ. ბერძენიშვილი თ. საძაგლიშვილი ს. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. მეთოდური სახელმძღვანელო. თბილისი 2007.

ლობჟანიძე ს.(2012) სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები.

https://mastsavlebeli.ge/?p=2536

ლომიძე ნ. (2016) დისკუსიის ტექნიკა

https://mastsavlebeli.ge/?p=7126

ლომაძე ი. (2017) დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო რესურსი

https://mastsavlebeli.ge/?p=13099

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...