პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

ბავშვების დაწერილი ამბები ხელოვნებაზე

0

ხელოვნების დისტანციურ გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ერთად მუზეუმების და გალერეების ვირტუალური დათვალიერება, შთაბეჭდილებების ერთად მოგროვება, ცოცხალი და ამაღელვებელი პროცესია. ონლაინ რეჟიმში სწავლების გარკვეულ ემოციურ და ტექნიკურ სირთულეებს, თავისებური ხიბლიც ახლავს. როგორც ბავშვები მეუბნებიან, ეკრანზე გაზიარებულ ნახატებსაც თითქოს სხვა თვალით უყურებენ, ვიდრე წიგნში მოცემულ რეპროდუქციებს. დეტალებსაც უკეთ კითხულობენ. მეცადინეობისას რამდენჯერ გვქონდა შემთხვევა, როცა ხელოვნების ნიმუშებში მათ ისეთი რამ შუმჩნევიათ, რაც ადრე გამორჩათ, ან კარგად არ დაამახსოვრდათ. ჰოკუსაის „დიდი ტალღა“ ბევრს ეცნო, ფუძის მთის და კანაგავას ვეებერთელა ტალღის ინტერპრეტაციებიც დაუხატავთ, მაგრამ ახლა შეამჩნიეს, რომ გაშმაგებულ ტალღებში მხატვარს თურმე ნავები და ადამიანებიც გამოუსახავს.

ვინ არის ვასიკო?

მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია, ძვ.წ. VIII ათასწ. ახ.წ. IV საუკუნემდე“ დავათვალიერეთ.¹  ბავშვებს ვთხოვე, ექსპოზიციაზე ელინისტური ხანის ქანდაკება ამოეცნოთ. ჩვენი გაკვეთლის თემა სწორედ ამ ძეგლს ეხებოდა.

ჭაბუკის ტორსი მოსწავლეებმა მეორე ვირტუალურ დარბაზში შესვლისთანავე შეამჩნიეს, ქანდაკებას ყველა მხრიდან შემოუარეს, თქვეს, რომ ბრინჯაოშია ჩამოსხმული და როგორც უმეტეს, მათთვის ცნობილ ძველ ბერძნულ ქანდაკებას, მასაც აკლია თავი და კიდურების ნაწილები. გაკვეთილზე ჭაბუკის ტორსის დამუშავების ტექნიკასა და მის მხატვრულ ღირებულებაზე ვისაუბრეთ. ეს ელინისტური ქანდაკება, სავარაუდოდ, ვანშია დამზადებული, რადგან მასთან ერთად ბრინჯაოს სხვა ნატეხებიც არის აღმოჩენილი, რომლებიც ამგვარი ქანდაკებების შესაქმნელად გამოიყენებოდა. საინტერესოა ბრინჯაოს ჩამოსხმის ტექნიკა – თიხის ყალიბს ცვილით ფარავდნენ, შემდეგ კი,  როცა ბრინჯაოს ასხამდნენ, ცვილი დნებოდა. ამ მეთოდს „დაკარგული ცვილის მეთოდი” ეწოდება. ჭაბუკის ქანდაკების ბრინჯაოს კედლის სისქე თხელია, რაც დამზადების მაღალ ხარისხზე მეტყველებს.²

(სურ. 1)

ამ ბრინჯაოს ჭაბუკს რომ „ვასიკო“ ჰქვია, ბავშვებმა გაკვეთილზე გაიგეს. მაგრამ საიდან დაერქვა ეს სახელი, ან სად იპოვეს, ქართული კულტურისთვის რა მნიშვნელობის მატარებელია, ეს უკვე თავად უნდა გამოეკვლიათ და დაეწერათ. მაინტერესებდა, მათი აზრიც, რას იზამდნენ, თავად რომ მსგავსი ძეგლი ეპოვათ, როგორ მოიქცეოდნენ, რას დაარქმევდნენ? ვიფიქრე, ეს ბოლო პუნქტი გაახალისებდათ. საორიენტაციოდ იუთუბის ბმული, „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ელინისტური შედევრები კოლხეთში“ ³ მივუთითე.

„ვასიკოს“ შესახებ ბავშვებმა ასეთი მასალები შეაგროვეს:

„ანტიკურ ხანაში ვანი ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელმაც ძვ.წ. III-I სს-ში აყვავებას მიაღწია. გათხრების შედეგად აქ ჭაბუკის ტორსი აღმოაჩინეს, რომელსაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება ბრინჯაოსია, სიმაღლე 105 სმ. თარიღდება ძვ. წ. II-I სს. ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო. ამ ტორსის ზუსტი წარმომავლობის დადგენა ძნელია, რადგან მას არ აქვს თავი, თუმცა მისი ათლეტური სხეული გვაფიქრებინებს, რომ ის შეიძლება იყოს აპოლონი. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი აღმოჩენა იყო. მე თუ ასეთივე რაღაცას აღმოვაჩენდი, გაოცებული ვიქნებოდი და შემდეგ მუზეუმს ჩავაბარებდი. ძეგლს კი ალბათ ჩემს სახელს დავარქმევდი“.

„მე რომ უძველესი ქანდაკება ან თუნდაც სამკაული მეპოვნა, რას ვიზამდი? ალბათ, არ მეცოდინებოდა, სიხარულისგან სად წავსულიყავი. ემოციებისგან რომ დავწყნარდებოდი, შემდეგ ჩემი აღმოჩენის შესახებ მუზეუმს ვაცნობებდი. შენს ეზოში ხელოვნების უძველეს ნიმუშს ყოველდღე ხომ არ პოულობ?! ბრინჯაოს ტორსი ახვლედიანების გორაზე – ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ-მიდამოში იპოვეს და ვანის ექსპედიციის წევრებმაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება ადგილობრივადაა ჩამოსხმული. სავარაუდოდ, ტორსი ელინისტური პერიოდის ნამუშევარია, რომელიც კლასიკური პერიოდის ბერძნულ ქანდაკებას ბაძავს. ეს ძეგლი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ქანდაკების ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს“.

„2015 წელს „ვასიკომ“ ფლორენციაში იმოგზაურა, როცა მონაწილეობა მიიღო დიდ არქეოლოგიურ გამოფენაში „ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები”. 2016 წელს კი ამავე გამოფენამ ვაშინგტონის ეროვნულ გალერეასა და ჟან პოლ გეტის მუზეუმში გადაინაცვლა. ბრინჯაოს ტორსმა მსოფლიო შემოიარა და ისევ დაუბრუნდა ეროვნულ მუზეუმს“.

უფიცის მონახულება

მოსწავლეებმა ერთ-ერთი ვირტუალური ტური უფიცის გალერეაში მოაწყვეს. ვთხოვე, დათვალიერების შემდეგ რამდენიმე ნახატი, რაც მოეწონებოდათ,  შეერჩიათ და საკუთარი შთაბეჭდილებები დაეწერათ.

(სურ. 2)

ავთო, 13 წლის: „პირველივე დანახვაზე კარავაჯოს „მედუზა“ მომეწონა. ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ რომ დავინახე, დავფიქრდი, რატომ მეცნობოდა. მერე გამახსენდა, რომ ამ ნახატის რეპროდუქცია სახლში გვაქვს. პიერო დე ლა ფრანჩესკას „ურბინოს ჰერცოგის და მისი ცოლის პორტრეტები“ რომ ვნახე, ჩვენი გაკვეთილი გამახსენდა, რადგან ეს ნახატი ადრე ხელოვნებაზე დავხატე.“

(სურ. 3)

ელენე, 13 წლის: „როსო ფიორენტინოს „ანგელოზი, რომელიც ბარბითზე უკრავს“ ძალიან მომეწონა. ამ პატარა ანგელოზს სევდიანი მზერა აქვს. მეორე ნახატია – ბრონზინოს “ტოლედოელი ელეანორას პორტრეტი შვილთან ერთად“. აქ დედა-შვილის ჩაცმულობამ, განსაკუთრებით ქალის კაბის ორნამენტმა და სახეების გამომეტყველებამ მიმიზიდა. ტანსაცმლის მიხედვით, ალბათ, სამეფო ან არისტოკრატული ოჯახიდან არიან.“

დასავლეთ სექტორი

ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვებისას, ბავშვებს ხშირად ვთხოვ, იფიქრონ, რა ემოციებს იწვევს მათში, რა აზრები, ასოციაციები უჩნდებათ ან რა შეიძლება წარმოიდგინონ. მერე, როცა ამ ჩანიშნულ აზრებს გაკვეთილზე კითხულობენ, ერთმანეთთსაც ახლებურად აღმოაჩენენ. ზოგი პერსონალურ, ზოგი კი გამოგონილ ამბებზე წერს.

მერვე-მეცხრეკლასელებს განსაკუთრებით თანამედროვე არტისტები აინტერესებთ. რამდენიმე დღის წინ ვირტუალურად მურთაზ შველიძის გამოფენები „თვალთვალი“ და „დასავლეთ სექტორი“ ერთად ვნახეთ. საშინაო დავალებად კი მათ მიერ არჩეული ერთი ნახატის მიხედვით საკუთარი ამბის დაწერა დავავალე.

 (სურ. 4)

 

ამბავი 1 : „მე მურთაზ შველიძის ნახატი მომეწონა, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, მაგრამ სტადიონის სკამებია. ალბათ ამ ნახატმა ჩემზე ასე იმიტომ იმოქმედა, რომ ფეხბურთის ფანი ვარ. ეს ცარიელი ფერადი სკამები პირველ, მეორე, მესამე კლასს მახსენებს, როდესაც ბავშვები სკოლაში სტადიონზე ჩავდიოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით. დღეს იქ სტადიონი აღარ არის, კორპუსი ააშენეს. რომ იცოდეთ, ლიონელ მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია.“

(სურ. 5)

ამბავი 2: „მე ამ ნახატმა ფერებით მომხიბლა. თან რაღაც კინო კადრს ჰგავს, მანქანის დეტალებიც ძალიან კარგად დაუხატავს მხატვარს. ასე მგონია, რომ ამ გოგოს ქეთა ჰქვია. ის ფეხბურთის თამაშზე ტაქსით მივიდა თავისი შეყვარებულის საგულშემატკივროდ და როგორც ყოველთვის, ტაქსის მძღოლი სიგარეტს ეწეოდა.“

(სურ. 6)          

ამბავი 3:  „ეს ნახატი რეალობასთანაა დაკავშირებული და ამიტომ მომეწონა. აქ ჩანს, რომ ეს ქალი საჭესთან გარეგნობაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე გზაზე. ჩემი აზრით, ბევრს აქვს ეს პრობლემა. ზოგი საჭესთან ტელეფონშიც იყურება და ეს არ არის უსაფრთხო. თან როგორი წვიმიანი ღამეა. მეორე ქალი კი ცდილობს საჭე დაიჭიროს და გადარჩნენ. ალბათ, აქ ამბავი გადარჩენაზეცაა და სასოწარკვეთაზეც.“

კაკო

მეექვსეკლასელებს თანამედროვე ქართველი ხელოვანის, კაკო თოფურიას ნახატების, ქანდაკებების, გობელენების დათვალიერება და შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვე. საკუთარი ნამუშევრებისადმი სკეპტიკურად განწყობილი პატარა მხატვრები კაკოს ნახატებს რომ ნახავდნენ, ვიცოდი, მის ხელოვნებასთან საიხლოვეს იგრძნობდნენ. მინდოდა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რომ სწორედ მათი თვალით დანახული სამყაროა საინტერესო თანამედროვე ხელოვნებისთვის. მოიხიბლნენ კაკოს ჩიტებით, ლურჯი კატით, უჩვეულო ფორმის ძაღლით, რომელიც ნიანგს უფრო მიამსგავსეს. განსაკუთრებით პორტრეტები მოეწონათ, დიდი სახეები, თავისუფალი კონტურები. კაკოს წითელი ჩიტი მარიამის შთაგონებაც გახდა. ფიქრობს, რომ ძალიან საყვარელია და როცა თავად პატარა იყო, თურმე სულ ცხოველებს ხატავდა.

(სურ. 7)

წერილს 10 წლის გურამის კომენტარით დავასრულებ: „მე მომეწონა კაკო თოფურიას ნახატები, ძალიან სახალისო და თავისუფალია. მგონია, რომ როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებსაც მოსწონთ. შეიძლება ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ მისი ნახატები არარეალისტურია, მაგრამ მე ვფიქრობ, სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც რეალისტური იყოს. ხელოვანი თავისუფალია და შეუძლია თავისი გემოვნების მიხედვით ხატოს.“

გამოყენებული რესურსები:

¹ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია, ძვ.წ. VIII ათასწ. ახ.წ. IV საუკუნემდე“

https://my.matterport.com/show/?m=LkghfXPy3mo&fbclid=IwAR0sLApvjcymN95gUZBKSyhNCT65eEfM-yoCQ9R3gyS5isJaKxRWp-UsJVY

² არქეოლოგია, დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

https://museum.ge/files/publications/damxmare%20masala%20pedagogebistvis/arqeologia.pdf

³ ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ელინისტური შედევრები კოლხეთში“ https://youtu.be/yv60QIpdjN0

უფიცის გალერეა

https://artsandculture.google.com/partner/uffizi-gallery

მურთაზ შველიძე, „დასავლეთ სექტორი“

https://youtu.be/QjMx_Vbt_GA

კაკო თოფურია

https://www.facebook.com/KAKO-47487123971/

რამდენიმე  მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია  ონლაინგაკვეთილებისათვის

0

ანიმაცია შესანიშნავი სასწავლო რესურსია, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასებისთვის. როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი ფერადი, ლამაზი, საინტერესო ფორმითაა გადმოცემული, მოსწავლეთა ყურადღება ასმაგდება. ანიმაცია განსაკუთრებით გვეხმარება ღირებულებებთან დაკავშირებული თემების ახსნასა და გამარტივებაში.

ჩამოვთვლი მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ ჩემს მოსწავლეებს. ამ ფერადი რესურსის  გამოყენება ძალიან მეხმარება მოსწავლეთა მოტივაციასა და ყურადღების კონცენტრაციაში.

  1. მთვარე, La Luna –

    ამ ანიმაციის მთავარი ხიბლი გამოსახულების სილამაზე და მოულოდნელობაა. ტექსტები, რომელთა სწავლებისას შეიძლება გამოიყენოთ ეს ფილმი, დაწყებითი კლასების ლიტერატურის სახელმძღვანელოში მრავლადაა. მაგალითად, ნაირა გელაშვილის „როგორ გაიპარნენ ვარსკვლავები“, სადაც ტექსტის კითხვის პარალელურად ფილმის ნახვა განსაკუთრებით ამდიდრებს მოსწავლეებს წარმოსახვას. ფილმი რომ ნამდვილ კლასში მეჩვენებინა, ოთახს მთლიანად დავაბნელებდი და ჩემი მოსწავლეების თვალებში აკიაფებული ვარსკვლავების ცქერით დავტკბებოდი, თუმცა, არც ონლაინგაკვეთილებისთვისაა ურიგო.

 

  1. დღე და ღამე –

პიქსარის ჯადოსნური ანიმაცია არამხოლოდ ლიტერატურული ტექსტის სწავლებისთვის, არამედ ბუნების ან გრამატიკის გაკვეთილებისთვისაც გამოგადგებათ. როგორ? სინონიმებისა და  ანტონიმების, უარყოფითი ნაწილაკების ან, სულაც, ზედსართავი სახელის ასახსნელად შესანიშნავი თვალსაჩინოებაა.

 

  1. ჩოკინა

არჩილ კუხიანიძის ეს შესანიშნავი ანიმაცია ქართულის გაკვეთილებზე ბევრჯერ გამოვიყენე, პატარა ამბის კომპოზიცია, თხრობა, პერსონაჟების დახასიათება და ქართული ენის დიალექტური მრავალფეროვნება, ალბათ სხვა თემებსაც დაუკავშირებთ, მითუმეტეს, რომ ტექსტი შესანიშნავ პოეტს, ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის.

 

  1. Changing Batteries (ბატარეების გამოცვლა)

ეს საოცრად გულისამაჩუყებელი, კეთილი ანიმაცია სიყვარულზე, ერთგულებასა და ზრუნვაზეა, გარდა საკუთრივ ზოგადი თემებისა, როგორიცაა მოყვასის სიყვარული, ზრუნვა, ერთგულება, მონატრება, კონკრეტულ, ჟანრულ მახასიათებლებსაც თუ გამოყოფთ, ფანტასტიკის ჟანრის მშვენიერ ილუსტრაციად გამოგადგებათ ბავშვებისთვის.

  1. Mouse For Sale ( იყიდება თაგვი)

ეს პაწაწინა, საყვარელი ანიმაცია ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის, შინაური ცხოველების  მოვლის, ზოგადად, ბუნებასა და გარემოზე ზრუნვის თემაზეა, „იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე“ – როდესაც „პატარა უფლისწულიდან“ ნაწყვეტებს წააკითხებთ მოსწავლეებს, ეს მშვენიერი ანიმაციაც არ დაივიწყოთ.

 

  1. Kitbull

როდესაც ლიტერატურული პერსონაჟების ხასიათების განსხვავებაზე ისაუბრებთ, პერსონაჟის რუკას შექმნით ან პერსონაჟის პორტრეტს, ეს ანიმაცია გამოგადგებათ, სადაც ორი მთავარი პერსონაჟი – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, საპირისპირო ხასიათისა და თვისებების არსება ერთმანეთს უმეგობრდება. აღწერა, დახასიათება, დიალოგი, წარმოსახვითი ამბები  და კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა შეიძლება მოიფიქროთ. კეთილი და მხიარული ანიმაცია ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.

 

 

 

 

ქიმია, რომ სცოდნოდა…

0

როგორ ფიქრობთ, ქიმიკოსს ბევრი ფული აქვს?

ცოტა სხვანაირად ვიკითხავ. თუ ქიმიკოსი ოდნავ  არ ბიზნესმენობს, კარგი ჯამაგირი აქვს?

კიდევ ერთხელ ვცადოთ…

ქიმიკოსს, ქიმიის ცოდნის იმედად, სამეცნიერო-აკადემიური პატიოსანი საქმიანობით კარგი ანაზღაურება აქვს?

პასუხი ერთია:

  • არა!

დავაკონკრეტოთ,

  • ამ ქვეყანაში არა, სხვაგან – კი ბატონო.

ახლა, სხვა შეკითხვა მაქვს.

საქმოსან, ე.წ. ბიზნესმენ და ფულიან ადამიანებს ქიმიის ცოდნა ევალებათ?

 

  • ბატონო, ცოტა ხმადაბლა გაიცინეთ, თორემ თქვენს გულიან სიცილზე ჩემს ფისო „კატოს“ შეეშინდა და უკვე გასაქცევ ადგილს ზვერავს.

 

დღეს ერთი ბიზნესმენის ამბავი მინდა მოგითხროთ, რომელმაც კარგი ცხოვრების გემო  იცოდა. საქმის შემოსავლიანად  კეთება და დიდი შემოსავლის მოპოვება იცოდა. ლამაზი სახლის,  ნივთების და ცოლის ფასი იცოდა… აი, ქიმია კი არ სცოდნია თურმე და…

მოკლედ, საქმე ასე ყოფილა…

ამ კაცმა ცოლისთვის დაბადების დღის გადახდა გადაწყვიტა. ქალაქგარეთ არსებულ ვილაში მდიდრული მიღება მოაწყო. დელიკატესებისა და ძვირფასი სასმელის ფონზე სტუმრების გასაოცებლად აბანოს დარბაზში არსებულ აუზში დიდი რაოდენობით მშრალი ყინული ჩაყარა და თავადაც საბანაოდ გადაეშვა. სხვებმაც მიბაძეს და დღეს მათგან ოთხი  ცოცხალი აღარ არის. მათ შორის, მასპინძელი და მისი მეუღლე.

რატომ?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილ სპექტაკლში https://mastsavlebeli.ge/?p=19542 მშრალი ყინული ჩვენც ჩავაგდეთ წყალში და ცუდი  არაფერი  მომხდარა.

სტუდენტებთან ერთადაც გამიკეთებია იგივე და ცოცხლები ვართ…

მაშ, რა მოხდა წვეულებაზე?

ბიზნესმენმა, რომელმაც ფულის მოპოვება ისწავლა, ქიმია კი არა, 25კგ. მშრალი ყინული მოატანინა და დახურულ აბანოში არსებულ ცხელი წყლით სავსე აუზში ჩააყრევინა. შედეგად, რეაქცია წარიმართა, მშრალი ყინული, რომელიც მყარი ნახშირორჟანგია რეაქციაში შევიდა წყალთან, წარმოიქმნა ნახშირმჟავა. და რადგან, რეაქცია შექცევადია, ნახშირორჟანგის რაღაც ნაწილი უკან გამოთავისუფლდა და სტუმრებმა დახურულ სივრცეში  გონება დაკარგეს – ოთხი მათგანი გარდაიცვალა.

დაახლოებით ივივე ოხდა კამერუნის  ჩრდილოეთ-დასავლეთით, ტბა ნიოსთან. ყველაფერი 1986 წლის 21 აგვისტოს, საღამოს რვის ნახევარზე დაიწყო. ჯერ უცნაური ხმა გაისმა, თითქოს ვიღაც იღრინებაო. ტბის თავზე თეთრი ღრუბელი წარმოიქმნა. ცოტა ხანში  წყლის უზარმაზარმა ნაკადმა ამოხეთქა, კიდევ ცოტა ხანში კი ახლო-მახლო მოსახლეობის ნახევარზე მეტმა გრძნობა დაკარგა. მოგვიანებით ნაწილი კვლავ გონზე მოვიდა, თუმცა 1700 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგედიის შემდეგ, სამეცნიერო გამოძიება დაიწყო.

ტბიდან 240 000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოთავისუფლდა. პირდაპირ ზედაპირზე ამოიფრქვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტბაში წყლის დონე მოულოდნელად ერთი მეტრით დაეცა. ნახშირორჟანგის სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 1.5-ით მეტია. ამ გაზით დაიფარა ტბის მიმდებარე ტერიტორია. შედეგად უამრავმა ადამიანმა ჟანგბადის უკმარისობის გამო გრძნობა დაკარგა, 1700 კი – გარდაიცვალა.

ნიოსის ტბა გამყოფ ხაზზე მდებარეობს და კრატერული წარმოშობისაა. მისი ზედაპირული სივრცე 1.48კმ2-ია, ვერტიკალურად შეკვეცილი კონუსით, სიღრმე 210მ-ია. წყალქვეშ ნახშირორჟანგი მუდმივად შემოედინება, შემოდინების სიჩქარე წუთში დაახლოებით 10მ3-ია. ტბაში დაახლოებით 1.5კმ3 გაზი შეიძლება იყოს გახსნილი.

გადარჩენილები იხსენებდნენ, რომ უბედური შემთხვევის წინ რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა.

ტბამ „მკვლელი ტბის“ სახელი მიიღო, მაპროვოცირებლად წვიმას თვლიან…

კეთილი, იქ პროვოცირება წვიმამ გამოიწვია, მაგრამ იმ ამბავში, რითაც თხრობა დავიწყე ადამიანებმა თავად ჩაყარეს წყალში 25კგ. მშრალი ყინული. ასეთ შემთხვევაში, ქიმია თუ არ იცი, ქიმიკოსის კონსულტაცია მაინც უნდა მიიღო.

რატომ დაკარგეს გონება?

ყველაფერი მარტივია, ცილა ჰემოგლობინის ჰემთან დაკავშირებულმა რკინის იონმა ჟანგბადის ნაცვლად ნახშირორჟანგი დაიკავშირა.

ცილა ჰემოგლობინი ყველას გაგვიგია. ის კი არა, აფთიაქებში დღესაც კი (ბავშვობაში ხომ მით უმეტეს) სიამოვნებით ვყიდულობ მის ასამაღლებელ ჰემატოგენებს და გემრიელად გეახლებით ხოლმე.

ადამიანის სისხლის ცილამ მხატვარი ჯულიან ვოს-ანდრეა ისე აღაფრთოვანა, რომ ფოლადისა და მინისგან კომპოზიცია შექმნა და „ფოლადის გული“ უწოდა. სინამდვილეში კომპოზიცია ჰემოგლობინთან დაკავშირებულ ჟანგბადს ასახავდა და ის ამერიკაში არიზონის შტატის ქალაქ ოსვეგოს ამშვენებდა ერთ ხანად.

პირველ სურათზე კომპოზიცია ახალია, მეორე სურათზე დამონტაჟებიდან ათი დღეა გასული, მესამე სურათზე კი გივე კომპოზიციაა, ოღონდ სამი თვის შემდეგ.

 

ყურადღება, შეკითხვა მოსწავლეებს: რა დაემართა კომპოზიციას?

 

თქვენ მოიფიქრეთ, მე კი ჰემოგლობინს დავუბრუნდები.

 

ჰემოგლობინს (HB) შეიცავს ადამიანისა და ცხოველის სისხლი. ის ძირითადად ერითროციტების შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ცილის მეშვეობით ასრულებს სისხლი თავის სუნთქვით  ფუნქციას, ანუ აწვდის ქსოვილებს ჟანგბადს და ათავისუფლებს  მათ ნახშირორჟანგისგან.  ჰემოგლობინის მოლეკულური მასა 64500 დალტონია. იგი შეიცავს ცილა გლობინს და მასთან დაკავშირებულ პროსტეთულ ჯგუფს – ჰემს. ჰემოგლობინის მოლეკულური მასის 96% გლობინზე მოდის, ხოლო 4% ჰემზე.

ჰემი ნაერთია, რომელშიც პროტოპორფირინი Fe2+ იონთან არის დაკავშირებული. რკინის იონს ექვსი კოორდინაციული ბმის წარმოქმნა შეუძლია. ჰემოგლობინში Fe2+ იონი ოთხი კოორდინაციული ბმით პორფირინის პიროლის ბირთვების აზოტის ატომებს უკავშირდება, მეხუთე კოორდინაციული ბმით – გლობინის მოლეკულის ამნიმჟავა ჰისტიდინის იმისაზოლის ბირთვს, ხოლო მეექვსე კოორდინაციული ბმით Fe2+ შეიძლება დაუკავშირდეს ჟანგბადს ან სხვა ლიგანდებს (CO2, CO, CNდა სხვა).

ჰემოგლობინის ერთ მოლეკულაში ოთხი ჰემია. ე.ი. ჰემოგლობინის ერთი მოლეკულა რკინის ოთხ იონს შეიცავს და შეუძლია ჟანგბადის ოთხი მოლეკულა დაიკავშიროს.

ჰემს შეუძლია დაიკავშიროს აირადი ნივთიერებები ან სხვა ფუნქციური ჯგუფები, რის შედეგადაც იცვლება ან არ იცვლება მასში შემავალი რკინის დაჟანგვის ხარისხი. ჰემს, რომელშიც რკინის დაჟანგვის ხარისხი +3-ია და ერთი კოორდინაციული ბმით დაკავშირებულია ქლორთან, ჰემინს უწოდებენ, ხოლო თუ ქლორის ნაცვლად ჰიდროქსილის ჯგუს დაუკავშირდება – ჰემატინს. დენატურირებულ გლობინთან დაკავშირებულ ჰემატინს პარაჰემატინი ეწოდება. ამ უკანასკნელის აღდგენის შედეგად მიიღება ჰემოქრომოგენი, რომელშიც ჰემი დაკავშირებულია დენატურირებულ გლობინთან. სასამართლო მედიცინაში სისხლის ლაქის იდენტიფიკაციისთვის ჰემოგლობინი გადაჰყავთ ჰემოქრომოგენში, ამ უკანასკნელს კი ადვილად აღმოაჩენენ სპექტროსკოპულად.

ჰემოგლობინის ჟანგბადთან დაკავშირების შედეგად მიიღება ოქსიჰემოგლობინი, რომელშიც რკინის დაჟანგვის ხარისხია +2 და ჟანგბადთან იგი მეექვსე კოორდინაციული ბმითაა დაკავშირებული. ოქსიჰემოგლობინი ადვილად დისოცირდება ჰემოგლობინად და ჟანგბადად. ეს პროცესი არ არის აღდგენითი, რადგან როგორც ჰემოგლობინში, ისე ოქსიჰემოგლობინში რკინის დაჟანგვის ხარისხი  +2-ია.

ჰემოგლობინს შეიძლება დაუკავშირდეს CO. ამ შემთხვევაში მიიღება კარბოქსიჰემოგლობინი.  აქაც რკინის დაჟანგვის ხარისხია +2. ჰემოგლობინი 200-ჯერ უკეთ უერთდება CO-ს, ვიდრე ჟანგბადს. იგივე ითქმის CO2-ზე, ამიტომ თუ ჰაერში ისინი მაღალი კონცენტრაციით დაგროვდებიან, მაშინ ორგანიზმში ადვილად წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი, რის შედეგადაც ირღვევა ქსოვილოვანი სუნთქვა და შეიძლება ორგანიზმი უჰაერობის გამო დაიღუპოს.

სწორედ ეს მოხდა ბიზნესმენის მიერ მოწყობილ დღესასწაულზე. 25კგ მშრალი ყინულის ცხელ წყალში ჩაგდების შემდეგ წარმართულმა ქიმიურმა რეაქციამ დიდი კონცენტრაციის ნახშირორჟანგის დაგროვება გამოიწვია და ყველა იქ მყოფის ჰემოგლობინს ჟანგბადის ნაცვლად სწორედ CO2 დაუკავშირდა, წარმოიქმნა კარბოქსიჰემოგლობინი და განვითარდა ჰიპოქსია.

აჰ, ქიმია, რომ სცოდნოდათ…

 

 

როდესაც ერთმანეთს მანძილი გვაშორებს. დისტანციური სწავლების ფსიქოლოგია

0

მასწავლებელს ამჟამინდელი სიახლეები ზოგჯერ სასოწარკვეთაშიც ამყოფებს, კვირის ბოლოს გამოფიტვას და დაღლილობას გრძნობს. მისი საქმიანობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მანძილზე სწავლების თავისებურებებისგან გამომდინარე, გაკვეთილზე დაგვიანებით „შემოსული“ თითოეული მოსწავლისათვის  ხელახლა ხსნის მიმდინარე აქტივობის შინაარსს და სასწავლო მასალას.

მოსწავლეებთან პირისპირ ურთიერთობისას, მთელი ჯგუფი ერთსა და იმავე სივრცეში იმყოფება. შეგიძლიათ, მოსწავლის ქცევაზე ყურადღების გამფანტავი გამღიზიანებლების გავლენა სწრაფად შეამციროთ, რადგან თქვენც და თქვენი მოსწავლეებიც ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებით, თქვენი უშუალო დასწრება კი ამარტივებს სწავლა – სწავლებისთვის შესატყვისი ქმედებების განხორციელებას. მაგალითად, თუ მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობისას, სარგებლობს სოციალური ქსელით, შეგიძლიათ, მას გაკვეთილის მანძილზე, მობილური ტელეფონი ჩამოართვათ. ამჟამად კი, მოსწავლეების უმრავლესობა ისეთ საშუალებებს იყენებს სწავლისათვის, რომლებიც, უშუალოდ უკავშირდება გამღიზიანებლების სიჭარბეს: სოციალურ ქსელში განთავსებული სიახლეები, მეგობრების ფოტოები, მასწავლებლისგან დამოუკიდებლად მიმდინარე საუბრები და ა. შ.

გარდა ამისა, სახლის გარემოს დაკავშირება სწავლასთან საკმაოდ რთულია. თუ კლასიკური განპირობების პრინციპებს დავეყრდნობით, სახლი ნაკლებად უკავშირდება კლასში განცდილ მდგომარეობებს, სწავლისთვის მზაობას, ერთმანეთში აღრეულია სხვადასხვა სოციალური როლი: როგორ მოვიქცე? შვილივით მოვიქცე, მოსწავლესავით, კლასელივით, თუ…? როლების − ირგვლივ მყოფების მოლოდინებთან შესატყვისი ქცევების − ასეთი აღრევა გაკვეთილის უჩვეულობას განაპირობებს, ხოლო სახლში შესრულებული აქტივობების გადაკვეთა ისეთ აქტივობებთან, რომლებიც, როგორც წესი, სკოლასთანაა გაიგივებული, მოსწავლეებში ხელისშემშლელ აჟიტირებას აძლიერებს.

ამიტომ,…

რეკომენდაცია #1 – თქვით მოკლედ და გაკვეთილის დაწყებამდე ჩაწერეთ ინსტრუქცია

სცადეთ ინსტრუქციის ვიდეორგოლის სახით ჩაწერა. ეცადეთ, კონკრეტული დავალების შესრულების ინსტრუქცია არ აღემატებოდეს 2 – 3 წუთს.

რატომ გთავაზობთ ამ რეკომენდაციას?

პირისპირ ურთიერთობის დროს, მოსწავლეების ყურადღება მეტ – ნაკლებად მიმართულია სასწავლო პროცესისკენ და თქვენც შეგიძლიათ, თითოეული მოსწავლის კითხვას გულდასმით უპასუხოთ. მანძილზე სწავლების ერთ – ერთი თავისებურება ისიცაა, რომ ეკრანთან ხანგრძლივი მიჯაჭვულობა, ერთდროულად მოლაპარაკე მოსწავლეები და ა. შ. უცნაურ, „გამღიზიანებლების სიჭარბის შემდგომ ნაბახუსევის“ მსგავს მდგომარეობას იწვევს. შესაბამისად, თითოეული მოსწავლისათვის ინსტრუქციების ხელახლა, თავიდან ბოლომდე ახსნა იმას გამოიწვევს, რომ, ერთი მხრივ, სწრაფად დაიკარგება მთავარი აქტივობებისთვის განკუთვნილი დრო, ხოლო, მეორე მხრივ, დაკარგავთ იმ მოსწავლეების ყურადღებას, რომლებმაც უკვე გაიგეს ინსტრუქცია.

ინსტრუქციების რამდენიმე წუთიანი ვიდეორგოლის სახით ჩაწერას, სულ მცირე, ორი დადებითი მხარე აქვს:

ა) შეგიძლიათ, ისინი გაკვეთილის დაწყებამდე გაუგზავნოთ თქვენს მოსწავლეებს და სთხოვოთ, წინასწარ გაეცნონ კონკრეტული დავალების შესრულების ინსტრუქციას და გაკვეთილის დაწყებამდე, თუნდაც, ერთი საათით ადრე გამოგიგზავნონ კითხვები მასთან დაკავშირებით.

ბ) მოსწავლეები, რომელთაც ექმნებათ ტექნიკური დაბრკოლებები, გვიან უერთდებიან გაკვეთილს ან, განსაზღვრული გარემოებებისგან გამომდინარე, არ შეუძლიათ კონკრეტულ გაკვეთილზე დასწრება, დამოუკიდებლად შეძლებენ, გაეცნონ დავალების შესრულების ინსტრუქციას.

იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ვიდეორგოლის ჩაწერა, მოაწესრიგეთ ინსტრუქციები წერილობითი სახით. სასურველია, ისინი დოკუმენტის სახით ატვირთოთ ისეთ ინტერნეტ სივრცეში, რომლითაც სარგებლობა მოსწავლეებს ნებისმიერ დროს, თქვენგან დამოუკიდებლად შეეძლებათ.

რეკომენდაცია #2 – ნუ დაივიწყებთ ქაღალდს

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოსწავლეების მშობლებს სურთ, შვილებმა ნაკლები დრო დაყონ ეკრანთან, შეგიძლიათ, მათ სთხოვოთ, დავალება სამუშაო რვეულებში შეასრულონ, ხოლო თქვენ შესრულებული დავალების ფოტო გამოგიგზავნონ.

რეკომენდაცია #3 – დავალება ვიდეორგოლის სახით

შეგიძლიათ, თქვენს მოსწავლეებს დავალების მოწოდება ვიდეორგოლის სახით სთხოვოთ.

მაგალითად, თქვენ გაინტერესებთ, შეძლო თუ არა თქვენმა მოსწავლემ ამოცანის ამოხსნის დროს, შესატყვისი ნაბიჯების გათვალისწინება. იმისათვის, რომ ეს შეაფასოთ, სთხოვეთ, კონკრეტული ამოცანის ამოხსნის პროცესი ვიდეორგოლის სახით მოგაწოდონ.

ამისათვის, მათთვის მარტივი ინსტრუქციის მიწოდება დაგჭირდებათ.

სთხოვეთ მოსწავლეს, გაახმოვანოს ყველა ნაბიჯი, რომელსაც ამოცანის ამოხსნისთვის იყენებს და მოგაწოდოთ თითოეული ნაბიჯის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

სასურველია, ამ აქტივობაში მოსწავლის მშობლებიც მონაწილეობდნენ.

თუ მშობელს არ შეუძლია, შვილს დაეხმაროს, შეგიძლიათ, ისევ და ისევ, ქაღალდზე შესრულებული დავალების გამოგზავნა და დავალების შესრულების დროს, აუდიოჩანაწერის გაკეთება სთხოვოთ.

რეკომენდაცია #4 – მკაფიო გეგმა

განჭვრეტადი გარემო ახლა იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მკაფიოდ სტრუქტურირებული გაკვეთილი და წესები, რომელსაც თითოეული გაკვეთილის მიმდინარეობის დროს მოსწავლეების ქცევები დაემორჩილება.

სასურველია, თითოეული გაკვეთილი მკაფიოდ განსაზღვრული გეგმით დაიწყოთ, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს წარუდგენთ და ეცდებით, გაკვეთილი გეგმით განსაზღვრულ ნაბიჯებს დაუქვემდებაროთ.

ამ შემთხვევაში, გეგმა უნდა შედგებოდეს მკაფიოდ განსაზღვრული ერთი მიზნისაგან, მიზნის შესატყვისი და შემაჯამებელი აქტივობებისაგან.

სასურველია, გეგმის თითოეული პუნქტის გასწვრივ მიანიშნოთ, რამდენ წუთს დაუთმობთ თითოეულ აქტივობას და ეს გეგმა შეათანხმოთ თქვენს მოსწავლეებთან.

რეკომენდაცია #5 – მკაფიო წესები და წესების დარღვევის შედეგები

როდესაც ერთმანეთისაგან მანძილი გვაშორებს, რთულია ისეთი წესებისა და წესების დარღვევის შედეგების განსაზღვრა, რომლებიც ურთიერთობაში დამხმარე ტექნოლოგიების თავისებურებებსაც შეესაბამება. თუმცა, ნებისმიერი წესი:

ა) უნდა შეიცავდეს მკაფიოდ განსაზღვრულ, სასურველ ქცევას, ზუსტად უნდა საზღვრავდეს, რას ელიან მოსწავლისგან.

ბ) შედეგებს, რომლებიც წესების დარღვევას მოჰყვება.

მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი წესი:

ა) ვუსმინოთ ერთმანეთს. სანამ ერთი ადამიანი არ დაასრულებს საუბარს, ჩუმად ვიყოთ.

ეს წესი არ იმოქმედებს იმ შედეგის გარშე, რომელიც მის დარღვევას მოჰყვება. ადამიანები შედეგით ვსწავლობთ.

რას გააკეთებდით, თუ ამ წესს დაარღვევდა მოსწავლე?

შენიშვნის მიცემა ან წესის დარღვევაზე მითითება, ტექნიკური საშუალებების თავისებურებებისგან გამომდინარე, შესაძლოა, არაპრაქტიკული იყოს. ამიტომ, იქნებ…

ბ) უკეთესი იყოს, მოსწავლეებს შევუთანხმდეთ, რომ გამოვიყენებთ მიკროფონის გამორთვის[1] ფუნქციას, თუ ამ წესს მოსწავლე დაარღვევს?

ან, მაგალითად, რას მოიმოქმედებთ, თუ მოსწავლე გაკვეთილზე 15 წუთზე მეტს დააგვიანებს?

იქნებ, შეიცვალოს მისალმების წესი? მაგალითად, იმისათვის, რომ გაკვეთილის მსვლელობას არ შევუშალოთ ხელი, გამოვიყენოთ ხელის დაქნევის[2] ემოტიკონი ან მიმოწერა ყველასთან და ყველა მოსწავლეს მისალმებაზე მიმოწერით გამოხმაურება ვთხოვოთ.

სასურველია, ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე ერთი წუთის მანძილზე მაინც შეახსენოთ მოსწავლეებს წესები, რომლებიც თქვენსა და მათ შორის ურთიერთობას აწესრიგებს.

რეკომენდაცია #6 – წერითი ტესტი[3] ჯგუფური დისკუსიის ნაცვლად

მოსწავლეებთან ურთიერთობაში დამხმარე საშუალებების თავისებურებების გათვალისწინებით, სასურველია, თავი შეიკავოთ ჯგუფური დისკუსიის გამოყენებისაგან. როგორც წესი, მოსწავლეების უმრავლესობა იმპულსის კონტროლის უნარს ივითარებს და ხვეწს. მათ უჭირთ, დისკუსიაში მონაწილე თანაკლასელს მისცენ საუბრის დასრულების საშუალება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, უკეთესია, დროდადრო, გამოიყენოთ მოკლე, რამდენიმე კითხვისაგან შემდგარი წერითი ტესტი, რომელიც გამოკითხვის შედეგებს ავტომატურად დაიანგარიშებს და საშუალებას მოგცემთ, სწრაფად გამოავლინოთ, რა არ იციან მოსწავლეებმა საკითხის სრულად გათავისებისთვის.

რეკომენდაცია #7 – პროექტებზე დამყარებული სწავლება

იქიდან გამომდინარე, რომ პირისპირ წარმართული გაკვეთილისგან განსხვავებით, ონლაინ გაკვეთილი რამდენადმე მცირე დროის მანძილზე გრძელდება, შეგიძლიათ, პროექტზე დამყარებულ სწავლებას მიმართოთ.

შეგიძლიათ მოსწავლეებს ახალ თემასთან დაკავშირებით პროექტის მომზადება და მისი წარდგენა შესთავაზოთ.

სცადეთ, რამდენიმე მოსწავლეს გაუნაწილოთ ის საკითხები, რომელთა განხილვასაც მომავალ გაკვეთილზე გეგმავთ. გაკვეთილზე კი, მიეცით მოსწავლეებს უფლება,  წარმდგენის როლში აღმოჩნდნენ. ეცადეთ, ერთი საკითხის მომზადება ერთ მოსწავლეს დაავალოთ, რადგან, შესაძლოა, ამჟამად, მეწყვილესთან ურთიერთობა გაუჭირდეთ.

ვფიქრობ, ასე შეძლებთ, ონლაინ გაკვეთილის სპეციფიკას შეუსაბამოთ აქტივობები და დანარჩენები გაკვეთილის მოსასმენად განაწყოთ. თქვენ კი, ამ შემთხვევაში, წესების დაცვის ზედამხედველობაზე იზრუნოთ. გაკვეთილის ბოლოს კი, მოსწავლეებს წერილობით ტესტში მონაწილეობა სთხოვოთ.

 

* * *

ამჟამად, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ცდილობენ განუსაზღვრელობის გავლენის შემცირებას, თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი დაბრკოლებებისა და სიახლეების წინაშე იმყოფება. ზოგჯერ გვჯერა, რომ გამოწვევების წინაშე მარტო ვართ, თუმცა, შემოთავაზებული რეკომენდაციები მრავალი მასწავლებლის მსგავსი გამოცდილების გამთლიანების შედეგია.

და, როდესაც ერთმანეთს მანძილი გვაშორებს, იქნებ, თქვენც შეძლოთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ამჟამინდელ განუსაზღვრელობას საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული შეხვდეთ.

გამოყენებული წყაროები

 

EdSurge. (2020). Navigating Uncertain Times: How Schools Can Cope With Coronavirus. Retrieved from EdSurge: https://www.edsurge.com/research/guides/navigating-uncertain-times-how-schools-can-cope-with-coronavirus

Farah, K. (2020, March 20). 4 Tips for Teachers Shifting to Teaching Online. Retrieved from Edutopia: https://www.edutopia.org/article/4-tips-supporting-learning-home

Gardoqui, K. E. (2020, March 16). Remember, Online Learning Isn’t the Only Way to Learn Remotely. Retrieved from Education Week: https://www.edweek.org/ew/articles/2020/03/16/remember-online-learning-isnt-the-only-way.html

Hrastinski, S. (2009). A theory of online learning as online participation. Computers & Education, 78 – 82.

Lee, K. (2020, March 16). Coronavirus: 14 simple tips for better online teaching. Retrieved from THE CONVERSATION: https://theconversation.com/coronavirus-14-simple-tips-for-better-online-teaching-133573

Schwartz, L. (2020, March 13). What Teachers in China Have Learned in the Past Month. Retrieved from Edutopia: https://www.edutopia.org/article/what-teachers-china-have-learned-past-month

SHIFT – DISRUPTIVE ELEARNING. (2020, January 30). Five Rules of Engagement All eLearning Designers Should Live By. Retrieved from SHIFT – DISRUPTIVE ELEARNING: https://www.shiftelearning.com/blog/rules-of-engagement-elearning

Snelling, J., & Fingal, D. (2020, March 16). 10 strategies for online learning during a coronavirus outbreak . Retrieved from International Society for Technology in Education (ISTE): https://www.iste.org/explore/learning-during-covid-19/10-strategies-online-learning-during-coronavirus-outbreak

UNESCO. (2020). Adverse consequences of school closures. Retrieved May 2, 2020, from UNESCO: https://en.unesco.org/covid19/educationresponse/consequences

USC Rossier School of Education. (2020, April). Supporting online learning in a time of pandemic. Supporting online learning in a time of pandemic. Los Angeles, California, USA: USC Rossier School of Education.

Young, J. R. (2020, March 11). Coronavirus Has Led to a Rush of Online Teaching. Here’s Some Advice for Newly Remote Instructors. Retrieved from EdSurge: https://www.edsurge.com/news/2020-03-11-coronavirus-has-led-to-a-rush-of-online-teaching-here-s-some-advice-for-newly-remote-instructors

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ინტეგრირებული გაკვეთილი  ვირტუალურ საკლასო სივრცეში           

0

პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ პედაგოგები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. დისტანციური სწავლების მეშვეობით სასწავლო პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცა. სწავლების პროცესის ცვლილებებთან ერთად,   დისტანციური სწავლების  სტრატეგიების გამოყენება, აქტივობების შეცვლა, დახარისხება და ვირტუალურ სივრცეზე მორგება გახდა  მნიშვნელოვანი ამოცანა თითოეული პედაგოგისათვის.  იმისათვის, ომ მოსწავლეებს სწავლა სახალისო პროცესად ვუქციო, დავიწყე ახალი მიგნებების დანერგვა, მოსწავლეთა დაინტერესებასა და შედეგზე გათვლილი აქტივობების შეთავაზებით.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა სწავლების ერთ-ერთ მიზანს  წარმოადგენს. უცხო ენის სწავლებისას მარტივი ავთენტიკური დოკუმენტების, მულტიმედიური ტექსტების, აუდიო-ვიდეო, ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება  საგნობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე  სწავლების ყველა საფეხურზე მიხდებოდა. ფრანგული ენის ელექტრონული რესურსების, საგანმანათლებლო ვებ-გვერდების, პოდკასტების, სავარჯიშოების ნამდვილი საბადო არსებობს ონლაინ სივრცეში, რომელთა  გამოყენება საგაკვეთილო  ვირტუალურ პროცესს საინტერესოს ხდის და  დასახული მიზნის მიღწევაში მეხმარება.

იმისათვის, რომ გამეგო მოსწავლეთა შეხედულებები ფრანგული ენის დისტანციური სწავლების შესახებ, მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ისინი. ვთხოვე, პირადად მოეწერათ,  რა  ტიპის სირთულეებს აწყდებოდნენ გაკვეთილებზე, რა მოსწონდათ, რა არ მოსწონდათ?   ბავშვებს ძალიან ენატრებათ რეალური სასწავლო გარემო. თუმცა აღმოჩნდა, რომ დისტანციური სწავლება უმეტესობისათვის საინტერესოა, უფრო მეტიც, მორიდებული და პასიური მოსწავლეები, უფრო გააქტიურდნენ, მეტად მოინდომეს, მოემატათ თვითდაჯერებულობა, მოსწავლეთა ის ნაწილი კი, რომელიც აქტიურობდა, ჩვეული მოტივაციით აგრძელებს მუშაობას. აი, ერთ-ერთი მეექვსე კლასელი გოგონას  წერილი( პროექტ- ,, ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი’’-ის გამარჯვებული) ჩემი აზრით, ონლაინ გაკვეთილებს ცოცხალი გაკვეთილებიჯობია, მაგრამ ამას ერთი დადებითი მხარეც აქვს, მასწავლებელი ერთი გაკვეთილის ირგვლივ უამრავ თამაშს და შემეცნებით სავარჯიშოებს გვიგზავნის, რათა ამა თუ იმ გაკვეთილში უფრო კარგად და ვრცლად გავერკვიოთ. ასე რომ, გამოსავალს პოულობს გასაჭირში.

ვირტუალური ინტეგრირებული გაკვეთილი

ფრანგული, როგორც მეორე უცხოური ენა-მუსიკა

სწავლების საფეხური /დაწყებითი / მე-6 კლასი

თემა-,,Vive la musique!’ Les instruments de la musique-,,გაუმარჯოს მუსიკას!“

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი :

ფრანგული ენა

IIუცხ.დაწყ.(II)2. სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.

IIუცხ.დაწყ.(II)4. ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მუსიკა 

მიმართულება-მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია

მუს.დაწყ .(II)6  მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა.

მიზანი

 ფრანგული ენა: მოსწავლე შეძლებს : მუსიკალურ საკრავთა  სახელების წარმოთქმას, იდენტიფიცირებას, სქესის მიხედვით დაყოფას, რაც გაუადვილებს ახალი გრამატიკული ელემენტების: ,,de la , “ ,,du”-ს  გაგებასა და შესწავლილ ზმნასთან გამოყენებას ზეპირმეტყველებაში, მოსმენილის გააზრება-გაგებას, თემის შესაბამის ახალ ლექსიკურ ერთეულებთან დაკავშირებას და წარმოდგენას პრაქტიკულ სავარჯიშოში.

მუსიკა– კონკრეტული მუსიკალური ფრაგმენტის საკრავთა ხმის ტემბრის მიხედვით ამოცნობა და დაკავშირება შესაბამის ინსტრუმენტთან, ახალი მუსიკალური ინსტრუმენტის გაცნობა.

წინარე ცოდნა

ფრანგული ენა-პირველი ჯგუფის ზმნის,,jouer“ უღლება თხრობითი კილოს აწმყო დროში.

მუსიკა-მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს  მუსიკალური საკრავები.

აქტივობა N1 საორგანიზაციო საკითხები

მიზანი-ვირტუალური სივრცის ორგანიზება

ვირტუალური სივრცის ქცევის წესები:

  • ყურადღებით მოსმენა;
  • ხმაურის ასარიდებლად მიკროფონების დეზაქტივაცია;
  • გამოძახების შემთხვევაში მიკროფონის აქტივაცია.

აქტივობა N2  გონებრივი იერიში (Remue-méninges) ასოციაცია (ინსტრუმენტი-ჟღერადობა)

მიზანი-მუსიკალური ინსტრუმენტების ხმის ამოცნობა.

აქტივობის აღწერა

გაზიარებულ ეკრანზე მოსწავლე ხედავს ინსტრუმენტის ილუსტრაციას, უსმენს ჟღერადობას  და  აკავშირებს ბგერის მიღების წესის(ჟღერადობის)მიხედვით https://learningapps.org/watch?v=pasbpmggj16

1

 

აქტივობა-N3

ასოციაციები(სიტყვა ეტიკეტი-ილუსტრაცია)

მიზანი-ლექსიკური ერთეულების მემორიზება.

აქტივობის აღწერა-სიტყვის ორთოგრაფიული ხატის  ამოცნობა და ილუსტრაციასთან დაკავშირება(სიტყვა ეტიკეტი-ილუსტრაცია), მუსიკალური საკრავების იდენტიფიცირება.

მასწავლებელი ლექსიკური ერთეულების მემორიზებას და ვერიფიკაციას ახდენს ასოციაციების მეშვეობით თიმსის გაზიარებული ეკრანის საშუალებით.

https://learningapps.org/watch?v=pasbpmggj16

აქტივობა N4

მიზანი-ახალი ლექსიკური ერთეულების სქესის მიხედვით დაყოფა.

აქტივობის აღწერა-მოსწავლე ახდენს არსებითი სახელების  მდედრობითი და მამრობითი სქესის მიხედვით ინსტრუმენტის აღმნიშვნელი არსებითი სახელების დახარისხებას.

https://learningapps.org/watch?v=pasbpmggj16

აქტივობა N5

გრამატიკული მასალა-ცოდნის კონსტრუირება

მიზანი-ახალი გრამატიკული ელემენტების გაგება.

აქტივობის აღწერა-მასწავლებელი თეთრ დაფაზე წერს პატარა სიტყვას (წინდებულს) ,,du”,,de la”, რომელიც  ზმნა,,jouer”-ს შემდეგ გამოიყენება. მასწავლებელი ცდილობს, დაეხმაროს მოსწავლეებს  პატარ-პატარა მინიშნებებით (მიანიშნებს არტიკლზე და არტიკლით გამოხატულ სქესზე)

Jouer de + instrument

  • jouer du + masculin

Exemples : Je joue du piano. Elle joue du violon.

  • jouer de la + féminin

Exemples : Elle joue de la flûte. Ils jouent de la guitare.

 

  • jouer des + pluriel

Exemple : Je joue des castagnettes. Ils jouent des castagnettes.

აქტივობა N 6 ახალი ინსტრუმენტის პრეზენტაცია

მიზანი-ახალი ლექსიკური ელემენტის-ინსტრუმენტის გაცნობა.

აქტივობის აღწერა

გაზიარებულ დაფაზე, ილუსტრაციის საშუალებით მასწავლებელს შემოაქვს ახალი ლექსიკური ერთეული des castagnettes -მუსიკალური დასაკრავი, განმარტავს  მის მნიშვნელობას და ასმენინებს მათთვის უცხო მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობას.

 

 

აქტივობა N 7  ვიდეო-კაფსულა

მიზანი – მოსმენილის გააზრება; გამჭოლი კომპეტენციების განვითარება.

აქტივობის აღწერა:  ვიდეო-კაფსულა ავთენტიკური დისკურსია, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ლექსიკური ელემენტებისა და გრამატიკული ფორმების, სიტუაციების  ერთობლიობას. მულტიმედიური ტექსტის ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებები მოსწავლეებში აღძრავს ცნობისმოყვარეობას  და გაუმარტივებს ახსნილი მასალის დამახსოვრებას.

მასწავლებელი, ვიდეო-კაფსულის  მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებს უსვამს კითხვას-Et vous ? Vous jouez de quel instrument ?

მოსწავლე პასუხობს:

  • Je joue de la guitare
  • Je joue du piano
  • Je joue du violon ა. შ.

 

აქტივობა N 8 -საშინაო დავალება

შეთავაზებული დავალება, მოსწავლეს საშუალებას მისცემს, კიდევ მოუსმინოს  გაკვეთილზე გამოყენებულ აუდიო-ვიზუალურ საშუალებას და შეასრულოს სავარჯიშო, სადაც გამთლიანებულია საგაკვეთილო აქტივობებზე გამოყენებული დეტალები.

https://www.podcastfrancaisfacile.com/wp-content/uploads/2019/01/jouer_de.pdf

აქვე შესაძლებელია საგანმანათლებლო თამაშების მიწოდება ბავშვებისათვის, რაც მოსწავლეებს სწავლის პროცესს  გაუმარტივებს და გაახალისებს.

Jeux pedagogisés  -საგანმანათლებლო თამაშები

https://lululataupe.com/7-ans-et-plus/quiz/55-qcm-instruments-de-musique

https://lululataupe.com/jeux-tablettes/4-5-ans/instruments-de-musique/

 

შეფასება_დისტანციური სწავლების მოთხოვნისა და დაწყებით საფეხურზე შეფასების ფორმის გათვალისწინებით, უმეტესწილად ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას და მოსწავლეებს ვახალისებ, სიტყვიერი შეფასებით, კომენტარით, ვუქებ ჩართულობას, აქტიურობას, მონდომებას. ვირტუალურ გაკვეთილებს  ბევრი დადებითი მხარე აქვს, ონლაინ დავალებების  შესრულებისთანავე მოსწავლე მიღებულ შედეგს, თვითონვე ადევნებს თვალს, ესეც ერთგვარად მამოტივირებელია მათთვის და ამასთანავე მეხმარება მოსწავლეების  შეფასებაში, რამდენად დაძლეულია ჩემ მიერ მიწოდებული მასალა და რა უნდა გავითვალისწინო მომდევნო გაკვეთილის მომზადებისას.

 

ვფიქრობ, სასკოლო საგნებს შორის გადებული ,,ენობრივი ხიდები“ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას,  სხვადასხვა საგნის კონტექსტში შეძენილი  ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს გააფართოებს მოსწავლეთა ენობრივ ცნობიერებას და განავითარებს მათ შემეცნებით თუ ენობრივ უნარებს, რაც წარმატებული სწავლის საფუძველია. ტექნოლოგიების გამოყენების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული დონის ამაღლებას, ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით. ინტეგრირებული სწავლება აერთიანებს საგნობრივ შინაარსს, ფრანგული ენისა და მუსიკის ინტეგრირებით, მუსიკის გაკვეთილისათვის აუცილებელი განსაკუთრებული ემოციური ატმოსფერო იქმნება და ამავდროულად, ფრანგულ ენაში  თემის შესაბამის საჭირო  ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ ნაწილზე მუშაობა აერთიანებს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას – მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკს და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლები სტრატეგიები მოსწავლეებს უადვილეს საკომუნიკაციო მიზნის მიღწევას.

 

ფრანგული ენა-რესურსები, საგანმანათლებლო საიტები, თამაშები, სავარჯიშოები

 

 

Ø  https://tenseignes-tu.com/category/outils-numeriques/  Les outils numériques

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პაროდია პანდემიისას, ანუ იუმორის თავისებურებები ჟამიანობისას და საერთოდაც…

0

რა გვაცინებს, როდესაც ყველაფერი არის ძლიერ ცუდად?

 

რატომ გვიყვარს ( თუ გვჭირდება?) საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების გამოჯავრება?

 

ეთიკურია თუ არა სიცილი გაჭირვებისას, პანდემიისას, როცა სიკვდილისა და ავადმყოფობის ამდენი შემთხვევაა?

 

როდის და რაზე გაგვეცინა ბოლოს გულიანად, ხმამაღლა, ხმით?

 

რატომ გახდა პაროდია ასე პოპულარული ბოლო ხანებში? რა მიზეზი და ახსნა აქვს ამას?

 

რამდენი კითხვაა…და რამდენი კითხვაცაა, იმდენი საკვლევია.

(სტატიის მიზანი არ არის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ზოგი კითხვა „განწირულია“უპასუხობისთვის. ამ შესავალში დასმული კითხვების დარად…)

 

ახლა რთული და უჩვეულო ვითარებაა.

 

რეალობა, რომლის წარმოდგენაც, მიუხედავად მრავალგვარი აპოკალიფსური, პოსტაპოკალიფსური, უტოპიური, დისტოპიური ტექსტებისა და სცენარებისა, მაინც რთული წარმოსადგენი იქნებოდა ორიოდე თვის წინ.

 

არისტოტელე ამბობდა, ტრაგედია „შიშისა და თანაგრძნობის გზით ამგვარ ვნებათაგან განგვწმენდსო“ და დრამატული ხელოვნების „განმწმენდ“, თერაპიულ დანიშნულებაზე მიუთითებდა.

 

„ბნელ და შემაწუხებელ“ ვნებათაგან განთავისუფლების ერთგვარი მცდელობაა, ვფიქრობ, იუმორიც. განსაკუთრებით – ასეთ უცნაურ დროებაში.

 

ერთგვარი პასუხი, ახსნა, ამოთქმა, რომელიც შეიძლება შეაგებო ისეთ აბსურდულ სიტუაციას, რომელსაც ახსნას ვერ უძებნი, ისეთ ტკივილს, რომლის ატანაც არ ძალგიძს, მდგომარეობას, რომლის რაციონალურად გადაწყვეტაც რთულია.

 

სწორედ ამ ვითარებაში ჩანს იუმორი სხვა ყველაზე მეტად ადეკვატური, შესაბამისი და შესაფერისი პასუხი. ამის დასტურია გავრცელებული ინტერნეტმემები, რომლებზეც ყველა ის სიტუაციაა გამოჯავრებული, „მასხრად აგდებული“, რაც ბოლო დროის მოვლენების გამო ასე აქტუალური გახდა.

 

  • ფოტოშოპის მეშვეობით სუპერგმირების სამოსში გამოწყობილი ეპიდემიოლოგების ფოტოები;
  • ვიდეოგიფები „ცხელი წერტილიდან“ – ინფექციური საავადმყოფოდან;
  • რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი სასაცილო ინტერნეტმემები, რომლებშიც ცნობილი სერიალის მოტივებია ნასესხები და მორგებული არსებულ სიტუაციას;
  • არაჩვეულებრივი პაროდიები – გენიალური ნახატების „გაცოცხლებული“ ვარიანტები, როდესაც იზოლაციაში მყოფი ადამიანები ხელთ არსებული ნივთებისა და საგნების გამოყენებით ცნობილი ნახატების იმიტაციებს აკეთებენ, იღებენ და აქვეყნებენ;
  • პაროდია-წერილები, რომლებიც ცნობილი მწერლების სტილის ბაძვით იქმნება…

 

სიცილი საზღვრებს გარეშე, სიცილი მორალური ან ეთიკური მუხრუჭების გარეშე, სიცილი ყველასა და ყველაფერზე, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ადამიანური და აუცილებელი რამაა.

 

ანრი ბერგსონის თქმით, დროებითი ანესთეზია – უგრძნობლობა – ესაა სიცილის ბუნებრივი გარემო („სიცილის მომენტში მთელი სისრულით რომ გამოვლინდეს კომიკურობა, გრძნობების დროებითი ანესთეზია აუცილებელია“…ანრი ბერგსონი, „სიცილი“, ინტელექტი, 2014).

 

ხომ საჭიროა ზოგჯერ რელიგიური, მორალური, ეთიკური ან რთული ვითარების გამო დაძაბულობის ზღვარზე მყოფი ადამიანური გრძობების დროებითი ანესთეზია? ძალიანაც!

 

¨¨¨

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს ( როგორც არგუმენტირებული ესეების დებულებებშია ხოლმე ფორმულირებული), რომ არსებობენ ხელშეუვალი ავტორიტეტები, რომ ზოგიერთი შემოქმედის, მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკა ან ნებისმიერი სხვა გრძნობა, „გარნა“ პატივისცემისა დაუშვებელია. ამგვარი დამოკიდებულება ქმნის სწორედ კვარცხლბეკზე შემოსკუპებული გაშარჟებული პერსონაჟების გალერეას.

 

რა კარგია, ამ სიბეცისგან თავის დასაცავი პრევენციული საშუალებები რომ არსებობს და მხატვრულ ლიტერატურას თავისი წვლილი რომ შეაქვს პაროდიის, ეპიგრამების, სატირის, სარკაზმის, გროტესკის და სხვა იუმორისტული, კომიკური გამომსახველობითი ხერხებით.

 

სულ მიკვირს, რატომ არ ისწავლება ჩვენთან ისტორია და ბიოგრაფიები შელამაზებისა და „გადავარცხნის“ გარეშე ან რატომ ითვლება, რომ თუ რომელიმე ღვაწლმოსილი მოღვაწის რაიმე „უღირსი“ ან „შეუფერებელი“ საქციელი გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, მის „სიდიადეს“რამენაირად ჩრდილი მიადგება.

¨¨¨

რაც ეს უცნაური დრო დაგვიდგა და ონლაინ რეჟიმზე გადავერთეთ, გაკვეთილების დაგეგმვის, მიზნებისა და შედეგების შესახებ ფიქრისას ვცდილობ, რაც შეიძლება სახალისო და საინტერესო სამუშაო შევარჩიო მოსწავლეებისთვის. სახალისო – გადამწყვეტი და საკვანძო ფაქტორია.

 

იუმორის სახეებიდან ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულის, პაროდიის შესახებ ცნობების შეგროვებისას ერთ წერილს წავაწყდი, რომელსაც ხელს სკოტ ფიცჯერალდი „აწერს“, მაგრამ ეს წერილი მას არასდროს დაუწერია.

 

2020 წლის 13 მარტს  თანამედროვე ამერიკელმა მწერალმა, ნიკ ფარიელამ იუმორისტულ საიტზე გამოაქვეყნა „სკოტ ფიცჯერალდის წერილი კარანტინიდან“. გამოქვეყნებულ მასალას ახლავს მინაწერი – ნაშრომი პაროდიაა და არ გახლავთ ფიცჯერალდის ნამდვილი წერილი. ფარიელა ცდილობს, მიბაძოს ფიცჯერალდის სტილს, ახსენოს თანამედროვეობისთვის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი რეალიები. რამდენიმე მონაკვეთზე გულიანად ჩამეღიმა, რამდენიმე მონაკვეთმა კი თარგმნისას გვარიანად „გამჭედა“ (როგორც ჩემი მოსწავლეები იტყოდნენ), რადგან არც მწერლური ნიჭი აღმომაჩნდა, არც მთარგმნელობითი და იუმორის ამ სპეციფიკური ასახვის ხერხის, პაროდიის გადმოქართულებაც იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა (ძალიანაც ადვილად წარმომედგინა – აგერ ტექსტი, აგერ ლექსიკონების ტევრი, მწერალს ვიცნობ, სტილი მახსოვს, ასე ვფიქრობდი…).

აი, „ღწვისა და დაგვის“ შედეგიც:

 

უძვირფასესო როზმერი,

კრიალა, მოსაწყენი დღე იყო. გეგონებოდა, ცაზე გამოკიდებული მქრქალი ვარსკვლავიდან უღიმღამო ბადურაა ჩამოშვებულიო.

გმადლობ წერილისთვის.

 ჩამოცვენილი ფოთლების ფერხულს გავცქერი, გარეთ, ნაგვის ურნასთან რომ გაუმართავთ. ეს შარიშური ჯაზივით ჩამესმის.

ქუჩები დაცარიელდა. ვფიქრობ, ქალაქელების უმეტესობა საკუთარ უბნებში შეიკეტა. სწორიცაა. ახლა მეტად საჭიროა ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება. ბარებსაც არ უნდა გავეკაროთ. ეს რომ ჰემინგუეის ვუთხარი, მუცელში მდრუზა ხელი. ვკითხე, დაბანილი თუ გაქვს-მეთქი. არ ჰქონდა. ის ხომ ყველაფერს უარყოფს და არად დაგიდევს. ირწმუნება, ვირუსი უბრალო გრიპიაო. ნეტავ, რა წყაროები აქვს…

ხელისუფლებამ გაგვაფრთხილა, ერთი თვის სამყოფი აუცილებელი რაღაცები მოიმარაგეთო. ზელდამ და მე წითელი ღვინო, ვისკი, რომი, ვერმუთი, აბსენტი, თეთრი ღვინო, შერი, ჯინი და, ღმერთო, თუ საჭირო გახდა, ბრენდიც ვიყიდეთ. ილოცე ჩვენთვის.

ნეტავ, მოედნისთვის შეგეძლოს თვალის შევლება. ოჰ, საშინელებაა. მზარავს იმის წარმოდგენა, რასაც მომავალი გვიქადის. გრძელი დღეების ნელი წრებრუნვა, წყალწყალა ჰაიბოლის კოქტეილის უსასრულო წრუპვა. ზ. ამბობს, საკმარისი მიზეზი სმისთვის ეგ არ გახლავსო. რა ვქნა, რაღაცით ხომ უნდა დავაკავო ხელები.

ჩაფიქრებული გავყურებ სანაპირო ზოლს, ნისლით შებურულს. ჯანღი ავისმომასწავებლად, თავს დატეხილი სასჯელივით მოემართება აქეთკენ.

 და მაინც,  დაისის უსწორმასწორო ღრუბლებს მიღმა სინათლის ეულ სხივს ვხედავ.

შევყურებ ამ სხივს და მინდა უკეთესი ხვალინდელი დღისა ვირწმუნო.

 

მარად შენი,

ფ.სკოტ ფიცჯერალდი

 

წერილი ძალიან მალე საკმაოდ პოპულარული გახდა. როგორც ხდება ხოლმე, საიტიდან საიტზე „ამხანაგთა სათრეველად“ და „სალაღობოდ“ გავრცელების შემდეგ წყარო დაიკარგა, მინაწერისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია და ბევრგან ისე გამოქვეყნდა, როგორც ფიცჯერალდის რეალური წერილი „ვინმე“ როზმერისდმი. მედიაწიგნიერების ანაბანის უცოდინრობა და წყაროს გადამოწმების უგულებელყოფა „სხვა ოპერიდანაა“ და ამჯერად ამაზე არ შევჩერდები.

¨¨¨

დავუბრუნდეთ პაროდიისა და იუმორის ეთიკურობის საკითხს.

 

რატომ გახდა პაროდია  გამოხატვის, მხატვრული ასახვის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის, სათქმელის გამოთქმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი?

 

დასაშვებია თუ არა სიცილი ყველასა და ყველაფერზე – მათ შორის, „კლასიკოს მწერალზე“, რელიგიურ თემატიკაზე, ავტორიტეტულ ეპიდემიოლოგებსა თუ „ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ“ პროფესიონალებზე?

 

ვფიქრობ, საინტერესო თემაა არგუმენტირებული ესესთვის, რომელსაც აუცილებლად შევთავაზებ მოსწავლეებს, რადგან დასმულ კითხვებზე ერთი და სწორი, უალტერნატივო და ჭეშმარიტი პასუხი არც არსებობს.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

 

 

 

ჰეროიდები – ქალები ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან

0

შესავალი 

„მან კი მომიგო მყისვე, მარად უცდომელი ანდაზით: ქალო, გახსოვდეს, რომ ქალს სამკაულად შვენის სიჩუმე“ ––  ეს სიტყვები დიდი ბერძენი ტრაგიკოსის – სოფოკლეს ერთ-ერთი გამორჩეული ტრაგედიიდანაა[1], თუმცა ამ სიტყვებს ერთი ავტორი არ ჰყავს. მათი ავტორი მთელი კაცობრიობაა, რომლმაც საკუთარი ისტორიის – უბრალო ისტორიის კი არა, ამბების მომცველი ისტორიის დამახსოვრება და ათვლა მაშინ დაიწყო, როცა ქალის უმთავრეს ატრიბუტად, სამკაულად და ვალდებულებადაც დუმილი დასახელდა.

კიდევ უფრო დრამატულად  რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორია მდუმარე ქალების ისტორიაა, მდუმარე ქალები კი – ჩვენი სამყაროს ისტორიული მოცემულობა.

მეორე დიდ დრამატურგთან – არისტოფანესთან კი ასეთ ფრაზას წააწყდებით: „მე ამ გულიდან ვერ ამოვიგდებ ქალის სიძულვილს“. თუმცა არც ამ ფრაზას ჰყავს ერთი ავტორი, მერე რა, რომ მას ამ კონკრეტულ კომედიაში[2] მოხუც კაცთა ქოროს წინამძღოლი წარმოთქვამს. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ნათქვამის ავტორობაზე მთელი კაცობრიობა მოაწერდა ხელს. თანაც მოაწერდა სიამოვნებით.

კაცობრიობა აქ, ამ ტექსტში ნიშნავს მხოლოდ კაცობრიობას, ისევე როგორც ჩვენი სამყაროს ტექსტურაში, რომელიც აგერ ამდენი ასწლეულია იქსოვება და ამ ნაქსოვში, თუკი კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შენიშნავთ ჩაცვენილ თვლებს, რომელთაც არ აქვთ სახელები, იმიტომ რომ მათ ავტორებს ოდესღაც ყელზე სამკაულად ჩამოჰკიდეს ვალდებულება დუმილისა.

და მას შემდეგ არაერთგზის მოგვისმენია ამაყი და ქედმაღლური შემართების სასაცილო კითხვა:

  • კი, მაგრამ რატომ დუმან ქალები?

ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს და ეს პასუხი ამ სტატიის პირველივე აბზაცშია წარმოდგენილი.

თუმცა ამ კითხვას აქვს მეორე და ალბათ უფრო უსულგულო პასუხიც, რომლის შემოქმედნიც ჩვენ საკუთარი ნებითა თუ უნებურად არაერთგზის გავმხდარვართ. ეს პასუხი ისმის სკოლებში, არა, მანამდეც – ისმის საბავშვო ბაღებში და კიდევ უფრო მანამდე – ისმის ოჯახებში, და მერე ისმის ყველგან – უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, მაღაზიებში, კაფეებსა და ბარებში, ტრანსპორტსა და აივნებზეც კი. და ეს პასუხი არის ისევ დუმილი. დიახ, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ყველგან ისმის განგრძობითი დუმილი იმ ქალების შესახებ, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წერდნენ ჩვენი სამყაროს ისტორიას, ოღონდ წერდნენ – ანონიმურად და ეს ხდებოდა ხან ნებით, ხან უნებლიეთ, ხანაც კიდევ – ძალდატანებით, მაგრამ ყოველთვის უსამართლოდ. აქ ალბათ გონივრული იქნებოდა ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ მეხსენებინა და აი, ვახსენე კიდეც და მხოლოდ ამით შემოვიფარგლე. რატომ? იმიტომ…

მაშასადამე:

სად არიან ქალები მაშინ, როდესაც ომებია?

სად არიან ქალები მაშინ, როდესაც მშვიდობაა?

სად არიან ქალები მაშინ, როცა მსოფლიო თავის საუკეთესო ქმნილებებს – ლიტერატურასა და ხელოვნებას აქანდაკებს?

სად არიან ქალები მაშინ, როცა დედამიწა ბრუნავს და მის ბრუნვას კაცობრიობა პირველად აკვირდება?

ან როცა პლანეტები დედამიწელებთან მეგობრობას იწყებენ და მათ მიერ ნაჩუქარ სახელებს ირქმევენ?

სად არიან ქალები, როცა მსოფლიო პირველ მნიშვნელოვან ჩაფიქრებას – ფილოსოფიას მიეცემა?

სად არიან ქალები, როცა სამყარო ახალ წელთაღრიცხვას იწყებს?

და საერთოდ:

  • სად არიან ქალები?
  • სად არიან ქალები?
  • სად არიან ქალები?

ამ შეკითხვამ ქართული პოეზიის გამორჩეული ნიმუში თუ მოგაგონათ, მშვენიერია, ესე იგი -პოეზია გიყვართ, თუმცა ეს კითხვა სულ სხვა პოეზიიდანაა – ძალიან ტრაგიკული პოეზიიდან, რომელშიც ტრადიციულად პასუხად ისმის ხოლმე, იმ ჩვენი საყვარელი ლექსის სტრიქონის ოდნავ სახეცვლილი ვერსია:

  • ქალები არ არიან!

ეს პასუხი კი ყველაზე მცდარი პასუხია ამ ჩვენი სამყაროს ისტორიის მიერ გაცემულ უმცდარეს პასუხთა შორის.

იმიტომ რომ:

  • ქალები აქ არიან! აქ და ყველგან! ახლა და ყოველთვის!

 

მაგრამ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა“ ქალის „მთავარი სამკაულის“ – დუმილის უარმყოფელი ქალისათვის ასე უპირობოდ დაეჯერებინოს სამყაროს? „მოდით რა, სიტყვაზე მენდეთ!“ – ეს ნამდვილად უადგილო ნათქვამი იქნებოდა ჩემი მხრიდან ახლაც კი, როცა თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ – ქალის დაწერილს.

უსამართლობაა, მაგრამ ვინაიდან ეს ჩვენი მშვენიერი სამყარო უსამართლობის მძლავრ ნაკადთა შესართავი უფროა, ვიდრე მწყობრი კოსმოსი, გადავწყვიტე – მივუტევო მას ეს რიგითი უსამართლობაც და ყველაფერი თავიდან დავიწყო.

არ შეგეშინდეთ, მე ახალი სამყაროს შემქმნელი ვერ ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია – იმ ნაქსოვში, რომელზედაც ზემოთ გიამბეთ, რამდენიმე ჩავარდნილი თვალი მაინც ამოვიყვანო. როგორ? როგორ და – გახსენებით თუ შეხსენებით თუ ალბათ უფრო მეტად – ხსენებით იმ სახელებისა, რომელთაც მივიწყება თუ ანონიმის ნიღაბი დაჰყვათ ბედისწერად.

მაშინ როდესაც კლასიკური ფილოლოგიის სწავლა დავიწყე და უეცრად იმ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი, რომელსაც ანტიკურობა ჰქვია და რომელსაც კიდევ უფრო ჯადოსნური ადამიანები მასწავლიდნენ, ამ ადამიანთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. ფილოლოგია… ქალები… – მოგეხსენებათ.

თავდაპირველად ვერაფერი უცნაური ვერ შევნიშნე იმ ამბავში, რომ ეს ჩემი უძვირფასესი მასწავლებლები ჩვენი დარგის ცნობილ მეცნიერებსა თუ მკვლევარებზე, პროფესორებსა თუ ლექტორებზე, მწერლებსა თუ მთარგმნელებზე რომ საუბრობდნენ, მათ მიერ ხსენებულ ამ მართლაც დიდებულ შემოქმედთა სახელებს შორის ქალის სახელები თითქმის არ მოიძებნებოდა. უცნაურად არც ის მოცემულობა აღმიქვამს მაშინ, რომ ანტიკური ლიტერატურის გასაოცარ ნიმუშთა შესწავლისას, მხოლოდ ერთი ქალი ავტორი შევისწავლეთ საფუძვლიანად. ეს საპფო იყო, მეათე მუზა – და შევისწავლეთ ალბათ მაინც უფრო იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ანტიკურობაში უწოდეს მას „მამაკაცური საპფო“.

მიუხედავად ამისა, პროფესიის დაუფლების პირველ ეტაპზე მაინც, ნამდვილად არ გამჩენია კითხვა, რომელიც ზემოთ უკვე არაერთგზის გავიმეორე, მაგრამ აქ ცოტა უფრო მეტ კონკრეტიკას შევძენ ამ კითხვას:

  • სად არიან ანტიკური სამყაროს ქალები? სად არიან სხვა პოეტი ქალები, გარდა „მამაკაცური საპფოსი“? სად არიან ანტიკურობის მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ექიმი, მუსიკოსი, მხატვარი, ათლეტი ქალები და ასე შემდეგ?

აკი ვთქვი, ეს კითხვა თავიდან არც კი გამჩენია-მეთქი, მაგრამ რომც გამჩენოდა, ალბათ საკუთარ თავს პასუხად მივაგებებდი ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ანტიკურობაში და მაშასადამე, ევროპული ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე დიდებულ მონაკვეთში ქალები არ არიან!

და ეს იქნებოდა ყველაზე მცდარი პასუხი ჩემ მიერ საკუთარ თავთან გაცემულ მცდარ პასუხთა შორის. მაგრამ ამ მცდარი პასუხისთვის პასუხს ახლა მე ნუ მომკითხავთ, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ პასუხსაც, რომელიც ასე ჟღერს:

ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან დგას ძველი ბერძნული ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სპორტი და სამყაროს აღქმის სხვა მრავალი მიმართულება, რომელთა წარმომადგენლების ჩამოთვლისას აუცილებლად გაგვახსენდება – ჰომეროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, არქიმედეს, ევკლიდეს, პითაგორას, ანდრონიკოსის, ჰიპოკრატეს, პრაქსაგორას, ფიდიასის, პრაქსიტელეს, აპელესის,  პერიკლეს, თემისტოკლეს, ლეონიდასის, სოლონის, ალექსანდრე მაკედონელის, დემოსთენეს, თეაგენე თასოსელისა და სხვათა სახელები.

შენიშნეთ ხომ? – ეს სახელები მამაკაცთა სახელებია.

იმიტომ რომ ანტიკურობაზე საუბრისას, მითოლოგიურ და ლიტერატურულ ქალ პერსონაჟთა სახელებს იშვიათად თუ გასცდება ევროპული ცივილიზაციის პოპ-მეხსიერება. მედეა, კლიტემნესტრა, იფიგენია, ანტიგონე, ელენე, ლისისტრატე, ჰერა, ათენა, აფროდიტე, დემეტრე და ა.შ. – კი ბატონო, ანტიკურობიდან დამახსოვრებული ქალები არიან, მაგრამ ისინი ფიქციური პერსონაჟები არიან და არა რეალური.

მაშასადამე და კიდევ ერთხელ:

  • სად არიან ანტიკური სამყაროს რეალური ქალები?

კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტთა მცირე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ამ კითხვის დასმისას ვინმე რიგითი ევროპელი ანტიკურობიდან მხოლოდ ერთეული ქალების გახსენებას თუ შეძლებს – უმეტესწილად, ზემოთ დასახელებული პოეტი საპფოსი, უკეთეს შემთხვევაში – საპფოსა და ასპასიას, კიდევ უკეთეს შემთხვევაში კი – საპფოს, ასპასიასა და ჰიპათიას გახსენებას. ანტიკურობა კი გაცილებით მეტ სახელს სცნობდა და აღიარებდა იმ ქალებისა, რომლებმაც ძველი საბერძნეთისთვის დამახასიათებელი მძაფრი გენდერული უთანასწორობის პირობებში როგორღაც შეძლეს და ზემოთ ხსენებულ და არ ხსენებულ კაცებთან ერთად, ევროპული ცივილიზაციის შემქმნელებად მოგვევლინენ.

ძვ. წ. I საუკუნეში, ერთი დიდი რომაელი პოეტი წერს ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყვარელ წიგნს რომაული ლიტერატურიდან, რომელსაც „ჰეროიდებს“ უწოდებს. ჰეროიდებში ანუ გმირ ქალებში ოვიდიუსი უმთავრესად ფიქციურ ქალებს გულისხმობს – ქალებს რომელთა სახელებიც ლიტერატურამ, ხელოვნებამ ან სულაც მითოლოგიამ სამუდამოდ დაამახსოვრა სამყაროს. ამ ქალთაგან მხოლოდ ერთია რეალურად არსებული ისტორიული პირი. ესეც – საპფოა. „მამაკაცური საპფო“.

„ჰეროიდები“ ეპისტოლარული პოეზიის საოცარი ნიმუშია, მასში შემავალი წერილები კი სავსე განსაკუთრებული შფოთვით, ვნებით, სიყვარულით, სიძულვილით, თავგანწირვით, სისასტიკით – მოკლედ, ყველაფრით, რამაც შეიძლება ქალი „საინტერესო“ გახადოს „მამაკაცური“ მწერლობისათვის. ამ წიგნის სრულიად არაჩვეულებრივი თარგმანიც გვაქვს ქართულ ენაზე, ჩემი მასწავლებლის – ქალბატონი იამზე გაგუას მიერ შესრულებული. ამბობენ, რომ ოვიდიუსს უყვარდა ქალები და სწყალობდა კიდეც მათ, ეგ კი არა იმასაც ამბობენ, სწორედ ქალების სიყვარულს აყოლილ პოეზიას შეეწირა მისი მოქალაქეობა და გადასახლებაში გატარებული ბოლო წლები სიცოცხლისა. დიახ, ოვიდიუსს უყვარდა ქალები, „ჰეროიდებიც“ ამის დადასტურებაა ალბათ, მაგრამ ეს სხვა სიყვარულია და ჩვენ ამ სიყვარულზე არ ვისაუბრებთ.

სამაგიეროდ, ვისაუბრებთ რეალურ ჰეროიდებზე – არა ლიტერატურულ, არამედ ნამდვილ, მარადიულად ცოცხალ ქალებზე, გმირ ქალებზე, რომლებმაც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მიუხედავად ისტორიული უსამართლობის მონაპოვარი პატრიარქალური პრივილეგიებისა, მაინც მოახერხეს და ევროპული ცივილიზაციის შესაქმის მთავარ მოქმედ პირებად იქცნენ. მათი მივიწყების არაერთი მცდელობის კვალდაკვალ კი ამ ჰეროიდების სახელები ისტორიამ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემოგვინახა. ამიტომაც გადავწყვიტე, დროდადრო ანტიკურობის გამორჩეულ ქალებზე გიამბოთ ხოლმე, ერთობ ბანალური მიზნით –  გაგახსენოთ სახელები და საქმეები ანტიკურობის ჰეროიდებისა, რათა ისტორიული უსამართლობის გამოძახილ სასაცილო, მაგრამ მავნებლურ კითხვაზე – სად არიან ქალები? – დამაჯერებლად და მტკიცედ უპასუხოთ:

  • ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან!


 

[1] სოფოკლე, აიასი, სტრ. 292-293

[2] არისტოფანე, ლისისტრატე, სტრ. 1018

„განწყობის სათაური“

0

ყველა მასწავლებლის, საგანმანათლებლო საკითხებით, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებით, ცვლილებებით თუ  ბავშვის სწორი განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის საჭირო  და მრავალფეროვანი ინტერნეტჟურნალის, mastavlebeli.ge – ს თვალიერებით და მასში არსებული სტატიების კითხვით იწყება  ბოლო   ერთი წლის თითქმის ყველა  დილა ჩემთვის.

ერთ დილას, სანამ  ჟამიანობის დრო დაგვიდგებოდა, ადრიანად გამეღვიძა და ჩემს საყვარელ “სივრცეში შევიარე”, თვალი გადავავლე  სტატიებს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მასწავლებლის, ლელა კოტორაშვილის სტატიას წავაწყდი, ალბათ გექნებათ წაკითხული, თუ როგორ შეგვიძლია დავალების თავში, თარიღები შევცვალით სათაურებით.

დღის განწყობის შექმნას არამარტო ჩემთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც ფიქრი, იდეები სჭირდება. აუცილებელია,  თითოეულ ჩვენს მოსწავლესთან  შევძლოთ ყოველდღე ემოციური სიახლოვე.  ჩვენ ხშირად საკლასო ოთახში თანაგრძნობაზე და მის აუცილებელ არსებობაზე  ვსაუბრობთ და სწორედ ეს მიმაჩნია ყველა იმ წარმატების საწინდრად, რასაც შეგვიძლია ჩვენს საკლასო ოთახებში მივაღწიოთ – ყველა გაკვეთილზე ჩავწვდეთ ბავშვის ემოციას, განწყობას და ნებისმიერ შემთხვევაში ვუთანაგრძნოთ თითოეულ მათგანს.  როცა ერთ სივრცეში მყოფნი ერთმანეთს იმაზე უკეთ ვიცნობთ და ერთმანეთის იმაზე უკეთ გვესმის, ვიდრე წინა დღით.
ამ ყველაფრის სახალისოდ და ასე რომ ვთქვათ, ოსტატურად მისაღწევად კი გთავაზობთ ჩემს პრაქტიკაში დანერგილ და მრავალგზის გამოცდილ მეთოდს, რომლის  გამოყენებაც  ლელა კოტორაშვილის წერილმა შთამაგონა.
…აი, ერთი სული რომ მაქვს შევხვდე უმცროს მეგობრებს და ეს იდეა გავუზიარო. ასეც მოვიქეცი.
პირველი გაკვეთილი მათემატიკა გვქონდა, ერთი წინადადებით გავუზიარე იდეა: დავწეროთ რვეულში ჩვენი ამ წუთის განწყობის სათაური და რა თქმა უნდა, პირველი თავად ვიყავი, ვინც დაფაზე, თარიღის ადგილას ბრჭყალები გავხსენი და დავწერე: ,,იდეას ვუზიარებ ჩემს უმაგრეს მოსწავლეებს“, თარიღი კი თავისი ჩვეული ადგილიდან, რომელიც ჩემი განწყობის სათაურმა დაიკავა, გადავასკუპე დაფის მარჯვენა კუთხეში. ამ დღიდან, ჩვენ ყოველ გაკვეთილზე წერას ვიწყებდით არა უხალისოდ, თარიღის წერით, არამედ იმაზე ფიქრით, თუ რა განწყობაზე ვართ იმ წუთას. განწყობას ერთი წინადადებით, სათაურის მსგავსად ვწერდით. თარიღმა კი ე.წ. ,,მინდორზე”(ყველა რვეულის ფურცელს აქვს წითელი ხაზი გვერდით)გადაინაცვლა.

წერის დასაწყისში დაწერილ ,,განწყობის სათაურს“ ვკითხულობდით გაკვეთილის ბოლო 5 წუთის ფარგლებში, ან, ბავშვების თხოვნით, მაშინვე, ანუ გაკვეთილის საწყის 5 წუთში. ამას, ძირითადად, მასწავლებელი წყვეტს.

,,განწყობის სათაური“ ეხმარება მასწავლებელს და მშობელს, ყოველ დღე (ისე, რომ ბავშვი ამას ვერც ხვდება) გაიგოს:

  • ბავშვის ემოციური ფონი;
  • რა არის ბავშვისთვის იმ დღეს მნიშვნელოვანი;
  • რაზე დარდობს;
  • რა უხარია:
  • რა განწყობითაა სკოლაში მოსული;
  • პრობლემა ხომ არ აქვს;
  • უფროსების რომელმა ქცევამ, დამოკიდებულებამ გააბედნიერა/დაამწუხრა;
  • რაიმე ხომ არ აქვს გადასაწყვეტი და ამაზე ფიქრობს;
  • მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენით დატვირთული დღე ხომ არ არის;
  • რა არის მისი დღის გეგმა, მიზანი;
  • და ა. შ.

ბავშვები ამ შეთავაზებისას მაქსიმალურად იხსნებიან და ჩვენ, უფროსებს, შეგვიძლია ეს აქტივობა სასარგებლოდ გამოვიყენოთ და მთლიანი დრო, რომელსაც სკოლაში ატარებს დღის განმავლობაში, უფრო ნაყოფიერად და პოზიტიურად მივმართოთ.

ამჟამად ყველა ონლაინ სწავლებაზე ვართ გადასული და ვფიქრობ,  ბავშვების ემოციური ფონის გაგება ახლა, როგორც არასდროს, ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან უფროსებზე არანაკლებ განიცდიან  დღევანდელ რეალობას.
ამიტომაც, ახლა მეტად სჭირდებათ მრავალმხრივი თანაგრძნობა.
გამიხარდა, როდესაც მშობლებმაც მომწერეს და მითხრეს ამ მეთოდის სიკარგე. როდესაც ბავშვს დიდად არ უყვარს საუბარი თავის ფიქრებზე, ემოციებზე, განწყობაზე, არ არის გახსნილი, ეს შეთავაზება გვეხმარება, ბევრი რამ  შევიტყოთ ასეთ მოსწავლეზე, შვილზე. ვისაც წერა არ უყვარს, ვთავაზობ, დახატოს განწყობის შესაფერისი ემოცია(სტიკერის მსგავსი), შემდეგ კი ისაუბროს ნახატზე. ამ შემთხვევაში  უადვილდებათ საუბარი, რადგან საუბრობენ ნახატზე, სათაურზე და არა უშუალოდ საკუთარ “მე”-ზე.
,,განწყობის სათაური”-ს დახმარებით ონლაინ გაკვეთილიც კი სახალისოდ და ღიმილით იწყება და სრულდება. ჩემთვის კი, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარია, ჩემი ღიმილიანი მოსწავლეების გარემოცვაში ვატარებდე გაკვეთილს. ამ მეთოდით ყველა უფრო ახლობელი ვართ ერთმანეთისთვის, რადგან ვიცით, იმ წუთისთვის რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

ფოტოებზე ასახულია  წერილში აღწერილი მეთოდი/აქტივობა.

 

კომპლექსური დავალებები ონლაინსწავლებისთვის

0

მე და საზოგადოება

ონლაინგაკვეთილი – ასე ვუწოდებთ დისტანციური სწავლების ერთეულს, რომელიც ტრადიციულ გაკვეთილს ჰგავს კიდეც და განსხვავდება კიდეც მისგან. არსით ის ინტერნეტკონფერენციის ნაირსახეობაა, რომელშიც კონკრეტული კლასია ჩართული. ონლაინგაკვეთილი რეალურ დროში, ეკრანის გაზიარებისა და მოსწავლეებთან ინტერაქციის პირობებში მიმდინარეობს.

დღეს ამ ტიპის სწავლება დაგეგმილი კი არა, ექსტრემალური სიტუაციით განპირობებული საჭიროებაა, რომელშიც სკოლამ, მასწავლებლებითა და მოსწავლეებით, სრულიად ასიმეტრიული სასტარტო მონაცემებით შეაბიჯა. დასაწყისმა პირველი სირთულეები ამოატივტივა. მათმა გაანალიზებამ აჩვენა, რომ ახალი საკლასო სივრცისთვის შესაბამისი წესების შემუშავება იყო აუცილებელი. ვინაიდან უმრავლესობამ „თიმსში“ დაიმკვიდრა თავი, თავდაპირველი შეხვედრები და შემდგომი შეხვედრების გარკვეული დროც ამ სივრცის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და სტრუქტურასთან გაშინაურებას მოხმარდა. შემდეგ საქმე ინტერნეტკონფერენციებში მონაწილეობის წესების შემუშავებაზე მიდგა. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც უნდა შეთანხმებულიყვნენ საერთო წესებსა და ტერმინებზე.

რადგან წერილი „მე და საზოგადოების“ საგნის სწავლებას შეეხება, ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ წესების შემუშავებაზე კომპლექსური დავალების აგება პირდაპირ კავშირშია სამიზნე ცნება „საზოგადოებასთან“ და მის მკვიდრ წარმოდგენებთან. ასე რომ, ამ დავალების შესრულება არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ფუნქციურ მიზანსაც ეპასუხება.

 

კომპლექსური დავალება

  • შეადგინე წესები, რომელიც ჩვენს ონლაინსაზოგადოებას – კლასს სჭირდება. შენთვის სასურველი ხერხით (ელექტრონულად, ნახატით, სხვა ტექნიკით გააფორმე ეს წესები და წარუდგინე კლასს განხილვისთვის.
  • ახსენი, რა წესები შეარჩიე და რატომ; როგორ მოახდინე მათი ვიზუალიზება და რატომ; რატომ მიგაჩნია, რომ ეს წესები შენს ონლაინკლასს გამოადგება?

დავალების ვიზუალური გაფორმების იდეისთვის შესაძლოა ეს ბმულები გამოგადგეს:

https://www.pinterest.com/pin/82401868169237204/

https://www.pinterest.com/pin/38210296827799042/

  • დავალება მომდევნო შეხვედრამდე ელექტრონულად (ფაილი/ფოტო) ატვირთე შესაბამის საქაღალდეში.

პრეზენტაციას ჩაატარებს პირველი 5 მსურველი, რომელიც წინასწარ, სასაუბროში გამოთქვამს სურვილს. დანარჩენები მონაწილეობას მიიღებთ წესების შევსებასა და საერთო წესების შემუშავებაში. თითო პრეზენტაციისთვის გამოვყოფთ 1-1,5 წუთს.

მასწავლებელი შეხვედრაზე მოსწავლეებს აცნობს ამ დავალებას, რომელსაც ჯგუფის დავალებების საქაღალდეში ატვირთავს.

ამას მოჰყვება გეზის მიმცემი კითხვები დავალების არსში გარკვევისთვის:

  • გასაგებია თუ არა დავალება? შეგისრულებიათ თუ არა ანალოგიური დავალება?

მომდევნო აქტივობაა მცირე დისკუსია:

  • თქვენი აზრით, რა წესები უნდა შევარჩიოთ, რომ ჩვენი შეხვედრები კარგად და შედეგიანად წარიმართოს?
  • რა გვიშლის ხელს ონლაინგაკვეთილების ჩატარებაში (ხმაური, დაგვიანება, უყურადღებობა…)?
  • რა საერთო ინტერესები აქვს კლასს?
  • რა იწვევს კონფლიქტს?
  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ?

საბოლოოდ მასწავლებელი აჯამებს დისკუსიას, მიუთითებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოში საკითხის შესაბამის გვერდებზე.

გარდა ამისა, თანხმდებიან საკონსულტაციო საათის დროზე, როცა მოსწავლეებს შეეძლებათ, დავალების შესრულებამდე წამოჭრილი კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ.

ამის შემდეგ მასწავლებელი გეგმავს მომდევნო შეხვედრას, რომელიც ფაქტობრივად პრეზენტაციებსა და წესების განხილვაზე იქნება ორიენტირებული და მას მხოლოდ ფასილიტაცია მოუწევს.

რას ვასწრებთ 20 წუთში?

გაკვეთილის პირველი წუთები მოსწავლეთა განწყობის მოკითხვა-მართვას უნდა დავუთმოთ, ვინაიდან რადგან შექმნილ ვითარებაში ეს აუცილებელია. აქ შეიძლება გამოვიყენოთ მარტივი კითხვები, რომლებიც ირიბად იძლევა პასუხს მათ განწყობაზე: რა ფერია დღეს შენი განწყობა? რა გააკეთე, რომ კარგ გუნებაზე დამდგარიყავი?

მომდევნო 7-8 წუთი მოსწავლეთა პრეზენტაციებს დაეთმობა, დაახლოებით იმდენივე დრო – დისკუსიას და წესების დამატებას. დასასრულ, მასწავლებელი შეაჯამებს შეხვედრას და მოსწავლეთა კითხვებს უპასუხებს. შემდგომში მას აუცილებლად მოუწევს, გაეცნოს გაგზავნილ დავალებებს, რომელთა პრეზენტაციაც არ მომხდარა და უკუკავშირი მისცეს თითოეულს.

„მე და საზოგადოების“ მომდევნო კომპლექსური დავალება შეიძლება სამიზნე ცნება „ინსტიტუციას“ მივუძღვნათ და მოსწავლეთა დაინტერესებისთვის ამჟამად არსებულ სიტუაციებს დავუკავშიროთ.

 

კომპლექსური დავალება

  • წარმოიდგინე, რომ მემატიანე ხარ და მომავალ თაობას უნდა უამბო, რომელი პროფესიის ადამიანები მუშაობდნენ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში. რომელ ინსტიტუციას მიეკუთვნებოდნენ ისინი? ადამიანების რომელ საჭიროებებზე ზრუნავდა თითოეული ინსტიტუცია?
  • ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, შექმენი კომიქსი, რომელზეც ასახულნი იქნებიან ეს ადამიანები და თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
  •  წარმოადგინე შენი დავალება შემდეგ შეხვედრაზე და აღწერე რისი თქმა გსურდა. როგორ გამოხატე სათქმელი? კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა?
  • მომდევნო გაკვეთილზე ამ დავალებას წარადგენს მოსწავლეთა ნახევარი, შემდეგზე – მეორე ნახევარი.
  • პრეზენტაციას დაეთმობა თითო წუთი.

გავაცნობთ მოსწავლეებს ამ დავალებას, რომელიც ელექტრონულადაც გვაქვს გაგზავნილი.

ვსვამთ კითხვებს:

  • რა ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ამ დავალების შესასრულებლად? სად და როგორ მოვიძიებთ ინფორმაციას? რა გაგვიიოლდება? რა გაგვიჭირდება? რომელ ტექნიკურ საშუალებებს (პროგრამას) გამოვიყენებთ დავალების შესასრულებლად? რას ნიშნავს კომიქსი?

მომდევნო აქტივობა იქნება კითხვა-პასუხი:

  • რომელი პროფესიის ადამიანები მუშაობენ პანდემიის დროს?
  • რატომ არ შეწყვიტეს მუშაობა ამ სამსახურებმა?
  • ადამიანების რომელ საჭიროებებზე ზრუნავენ ისინი?
  • რომელ დაწესებულებეში არიან ისინი დასაქმებული?

დასასრულ, მასწავლებელი ახდენს შეჯამებას და მოსწავლეებს მიუთითებს, მოიძიონ ინფორმაცია სახელმძღვანელოში, რომელიმე საინფორმაციო გადაცემაში, პორტალზე.

გასათვალისწინებელია, რომ რეალურ საკლასო ოთახში ძალიან დიდია გაკვეთილის წინასწარ დაგეგმილი სცენარის შეცვლის ალბათობა, რადგან მოქმედებს უამრავი ფაქტორი: კლასში დახვედრილი მოულოდნელი სიტუაცია, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად დასმულ კითხვებზე არასრული პასუხები, შეთავაზებულ აქტივობებზე კლასის რეაგირება… საკლასო ოთახში მასწავლებლის ყურადღებაც დანაწევრებულია, მას უწევს, თვალი ადევნოს ზემოთ აღწერილ პროცესებს, მოსწავლეებს და მყისიერი რეაგირება მოახდინოს მათ პასუხებსა თუ ქცევაზე. ეს ყოველთვის არ იძლევა რაციონალური გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობას. „თიმსის“ შეხვედრებზე კი მასწავლებელს არ აქვს საშუალება, თვალი ადევნოს მონაწილეთა რეაქციებს. ეს, ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ ვინაიდან მისი ყურადღება არ ნაწევრდება, იქმნება წინაპირობა, დაგეგმილი პროცესი მშვიდად და თანმიმდევრულად წარმართოს.

ისტორიული სილა

0

წელს პანდემიამ და მისგან გამომდინარე საფრთხემ ქვეყანა საყოველთაო აურზაურისა და შეტაკებებისგან იხსნა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებამ ქუჩებიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. ადამიანები კვლავ ვერ თანხმდებიან მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობის გააზრების საკითხზე, კვლავ დავობენ ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღსა თუ სხვა წვრილმანებზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები რთული იყო მთელი ევროპისათვისაც. ნაციზმთან დაკავშირებული ადამიანების გამო მრავალი ათეული წლის განმავლობაში უირისპირდებოდნენ ევროპელი მოქალაქეები ერთმანეთს. მეტსაც გეტყვით, ევროპა დღემდე არ შეთანხმებულა მეორე მსოფლიო ომის მეხსიერების პოლიტიკის ზოგიერთ საკამათო ნაწილზე.

ალბათ, ბევრს წაგიკითხავთ ჰაინრიჰ ბიოლის გენიალური ნაწარმოები „კლოუნის თვალთახედვა“, რომელიც 1950-60-იანი წლების დასავლური საზოგადოების სიყალბეს აღწერს. წიგნში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ წარსულში ნაციზმთან ასოცირებული პირები ახალ ეპოქაშიც თავიანთი პრივილეგიების შენარჩუნებას. ავტორი განრისხებულია იმით, რომ ყოფილი ნაცისტების სწრაფვას ძალაუფლებისკენ ვერაფერი აფერხებს. სახელმწიფოც, ხალხიც, სინდისიც უძლურნი არიან მათი მონდომების წინაშე. ყოფილ მოხელეთა ამორალურობა მხოლოდ ბიოლს არ უკარგავდა მოსვენებას. დასავლეთ ევროპაში გამოჩნდნენ აქტივისტები, რომელთაც გადაწყვიტეს, მთელი ცხოვრება მიეძღვნათ დამნაშავეთა მხილებისთვის. ამგვარ აქტივისტთა შორის გახლდათ ბეატე კლარსფელდიც.

ბეატე კლარსფელდი ცნობილი ევროპელი ჟურნალისტია, რომელიც გერმანიაში დაიბადა. შემდეგ კი გაცვლითი პროგრამით მუშაობდა და სწავლობდა პარიზში, სადაც ცოლად გაჰყვა ადგილობრივ ფრანგ ჟურნალისტს, სერჟ კლარსფელდს. ცოლ-ქმარმა ერთად დაიწყეს მუშაობა და სხვადასხვა გაზეთებში დაუნდობლად ამხელდნენ ყოფილ ნაცისტ მოხელეებს, რომლებიც გერმანიასა და საფრანგეთში სინანულის გარეშე აგრძელებენ ძველებურად ცხოვრებას. კლარსფელდთა მუშაობა, თავდაუზოგავი შრომა ხშირად უშედეგოდ სრულდებოდა, რაც ოჯახის იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას იწვევდა. პირველ ეტაპზე, მათ ელემენტარული პრობლემებიც კი ვერ შეუქმნეს ყოფილ ნაცისტთა კარიერულ წინსვლას. უშედეგობას ვინღა ჩიოდა? 1966 წელს ვითარების გაუარესებისა და ჰიტლერთან დაკავშირებული მოხელეების საბოლოო რეაბილიტაციის პირველი სერიოზული ნიშანიც გამოჩნდა. გერმანიის კანცლერად ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი კურტ-გეორგ კისინგერი აირჩიეს. პარიზულ გამოცემაში ბეატემ უმალვე გამოაქვეყნა კანცლერის მამხილებელი მასალები. ფედერაციული რესპუბლიკის ლიდერი 1933 წლიდან ირიცხებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის შემადგენლობაში, 1940 წლიდან კი „მესამე რაიხის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური რადიომაუწყებლობის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. განყოფილების მიზანი იყო, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ენებზე გადაცემულიყო და სამიზნე ჯგუფებამდე მიეღწია პროპაგანდის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თეზისებს. ბ-ნი კისინგერი ფაქტობრივად ომის დასრულებამდე ბეჯითად ასრულებდა თავის მოვალეობებს. კანცლერის უმწვავესი კრიტიკის გამო ბეატე კლარსფელდი ფრანგულ-გერმანული ახალგაზრდული სამსახურის სამდივნოდან გაათავისუფლეს, რის შემდეგადაც მან ფედერალური მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო.

კლარსფელდი კისინგერის წინააღმდეგ ყველა მშვიდობიან მეთოდს იყენებდა. კერძოდ, დადიოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ქრისტიან-დემოკრატად გარდასახული პოლიტიკოსის შესახებ დეტალურ ცნობებს წარუდგენდა თანამოაზრეებსა და კრიტიკოსებს. ცდილობდა მოეძიებინა პარტნიორები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველა მნიშვნელოვან გამოცემაში, რათა ყველა ჯგუფისთვის მიწევდინა ხმა. 3000 ადამიანზე მეტი დაესწრო კლარსფელდისა და ნობელიანტი მწერლის, გიუნთერ გრასის მოხსენებას ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გამომსვლელები 1960-იანი წლების გერმანიის პოლიტიკურ კულტურაზე ნაცისტების გავლენას აანალიზებდნენ და გმობდნენ. ჟურნალისტი მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ პუბლიცისტური საქმიანობითა და საჯარო გამოსვლებით ვითარებას ვერ შეცვლიდა. აუცილებელი იყო უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმაც. საფრანგეთის მოქალაქემ 1968 წლის 2 პრილს, ბუნდესტაგის ქანდარიდან სდომის მიმდინარეობის დროს კანცლერს ხმამაღლა შესძახა „ნაცისტო, გადადექი!“, რისთვისაც დროებით დააკავეს კიდეც. ცხადია, არც ამ პერფორმანსს ჰქონია დიდი ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე, თითქოს ყველაფერი უცვლელად გრძელდებოდა.

უიმედოდ დარჩენილმა 29 წლის აქტივისტმა პროვოკაციული ეპატაჟური გადაწყვეტილება მიიღო. 1968 წლის 7 ნოემბერს, კლარსფელდი დასავლეთ ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე ჩუმად შეიპარა, მოულოდნელად აიჭრა სცენაზე და კანცლერს კურტ-გეორ კისინგერს სილა გააწნა. კლარსფელდის თავზეხელაღებული ქმედება იქცა იმის სიმბოლოდ, რომ გერმანელი ახალგაზრდები არ ეგუებოდნენ ყოფილი ნაცისტების პოლიტიკურ დაწინაურებას, არ ივიწყებდნენ უმძიმესი ცოდვით აღბეჭდილ წარსულს და ბოლომდე იბრძოლებდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ბოროტების ანასხლეტთა წინააღმდეგ.

კისინგერზე თავდასხმის გამო გასამართლების შემდეგ, ბეატა კლარსფელდმა ბრძოლა გააგრძელდა, ის დღემდე აქტიურია. მისი მონდომების, აქტიურობის წყალობით პასუხისმგებლობაში მიეცნენ ლათინურ ამერიკასა და არაბეთში გაქცეული ნაცისტები კლაუს ბარბი, კურტ ლიშკა, ალოის ბრუნერი და სხვები. ჩემთვის პოლიტიკაში ადამიანის პატიოსნების მნიშვნელოვანი საზომი ერთი სტანდარტით ხელმძღვანელობაა. ქ-ნი კლარსფელდი ნაცისტების გარდა, აღმოსავლეთის ბლოკის ლიდერებსაც უპირისპირდებოდა. 1971 წელს პრაღაში, „რესტალინიზაციისა და ანტისემიტიზმის“ წინააღმდეგ ჩატარებული დემონსტრაციის შემდეგ, მას „ვარშავის პაქტის“ ბევრ ქვეყანაში გადაადგილების უფლებაც კი შეეზღუდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...