შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

როგორ დაიწყებს სწავლას პანდემიის პირობებში ნიუ-იორკი. საერთაშორისო გამოცდილება.

0

კოვიდ-19-ის პანდემიის ახალი ტალღის შესაჩერებლად ნიუ-იორკი ქალაქის   შესასვლელებში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აწესებს. 35 შტატიდან შემოსულ მოგზაურებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. წესების დამრღვევი ჯარიმის სახით 10 ათას დოლარამდე გადაიხდის. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სასწავლო წელი მაინც დაიწყება – ახლახან ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის უფროსმა, რიჩარდ კარანსმა, სიტყვით მიმართა მეგაპოლისში მცხოვრებ ყველა ოჯახს და სკოლების გახსნის 2020-2021 წლის გეგმაც წარადგინა. რა განცხადება გაავრცელა მან და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სკოლებმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში? რიჩარდ კარანსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ოჯახებო, ვიმედოვნებ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში კარგად ისვენებთ და ატარებთ ზაფხულს, ხართ ჯანმრთელად და უსაფრთხოდ. გწერთ, რათა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემოდგომაზე, როდესაც სკოლები გაიხსნება. სპეციალურ ბმულზე მას ალბათ თქვენთვის მოინიშნავთ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციასა და სიახლეს არსებული სიტუაციის ირგვლივ.

 

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებთ თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობას. ამავე მოსაზრებით ჩვენ მარტშივე გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე. მაშინდელი მონაცემების მიხედვით, სკოლების დახურვას შეეძლო, გავლენა მოეხდინა ნიუ-იორკში COVID-19-ის გავრცელებაზე. ჩვენთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იყო, მაგრამ თქვენ და თქვენმა შვილებმა ეს გააზრებულად მიიღეთ. ასევე, სამაგალითოდ გაერთიანდა სხვადასხვა სასკოლო საზოგადოება, რათა სისტემას ჩვეულ რეჟიმში ემუშავა.

ჩვენ ახალ სასწავლო წელს ახალი სანიტარული პროტოკოლით, სოციალური დისტანცირებითა და სხვა საკითხების მოგვარებით დავიწყებთ.

თუმცა მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, კვირაში მხოლოდ ხუთ დღეს ვისწავლით. მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ მოსწავლეებს მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ შერეული სწავლის მოდელი: ისინი კვირის გარკვეულ ნაწილს სკოლაში გაატარებენ, ნაწილს კი დისტანციურად ისწავლიან.

გარდა ამისა, ნებისმიერ ოჯახს რჩება უფლება, აირჩიოს სრულად დისტანციური სწავლება. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახების უმეტესობას უამრავი პერსონალური ინსტრუქცია სჭირდება. ასე რომ, ვიმუშავებთ ამ ინსტრუქციებზე, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. ჩვენ არ ვაპირებთ ლიდერის პოზიციის დათმობას მაქსიმალური საგანმანათლებლო თანასწორობისა და სამართლიანობისკენ მავალ გზაზე. თქვენს შვილებს მივცემთ იმას, რაც წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ. ვაღიარებთ, რომ ბავშვს შეიძლება თავისივე კლასელებისგან განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს. არ ვაპირებთ უყურადღებოდ დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ვირუსმა საზოგადოებაში სისტემური რასიზმი გააძლიერა. შევისწავლით შესაძლებლობებს უთანასწორობის, ციფრულ გარემოზე წვდომის მოსაგვარებლად.

ჩვენი გეგმები უნდა იყოს მოქნილი, რომ მოხდეს მათი კორექტირება და საჭიროებისამებრ განახლება. ველოდებით ბრძანებებს ნიუ-იორკის შტატიდან, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი მოქმედებისას. ყველა ინფორმაცია გამოვაქვყნდება სპეციალურ ვებსაიტზე. ეს ინსტრუქციები შეიძლება შეიცვალოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. მინდა იცოდეთ, რომ მეც ისევე ვშფოთავ და განვიცდი ამ ყველაფრის გამო, როგორც თქვენ.

მესმის, რომ შერეული სწავლება უკეთ ჟღერს, ვიდრე დისტანციური, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ მაინც პრობლემურია და უამრავ შეკითხვას ბადებს.

თითოეულ ეტაპზე ერთად ვიმუშავებთ და ყველა საკითხს გადავწყვეტთ – მაგალითად, დედ-მამიშვილების – და-ძმის კლასტერიდან დაწყებული იმ სიტუაციამდე, როდესაც სკოლაში დადასტურდება კორონავირუსის შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მდგომარეობა გაგიადვილოთ და არ წავიდეთ არანაირ კომპრომისზე  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ყოველთვის ვამბობ, რომ ნიუ-იორკში გვყავს საუკეთესო პედაგოგები, მოსწავლეები და მათი ოჯახები. ამას ვერაფერი შეცვლის. სიტუაცია მოითხოვს, რომ ვიმუშაოთ პარტნიორების მსგავსად. ყველას ერთად შევძლებთ იმას, რომ 1.1 მილიონმა მოსწავლემ, თქვენმა შვილებმა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ქალაქის საჯარო სკოლებში, უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოში.

სანიტარული მოთხოვნები (ამონარიდი):

  • სკოლებმა ისე უნდა შეცვალონ სასწავლო სივრცე (ზოგიერთ შემთხვევაში ეს გაიწერება კიდეც), რომ დაიცვან სოციალური დისტანციის ნორმები;
  • ყველა სკოლას ექნება იზოლატორი, ეყოლება ამ ობიექტზე პასუხისმგებელი პერსონალი;
  • სკოლის ჯანმრთელობის ცენტრები შეძლებენ დამატებითი დახმარების გაწევას;
  • სკოლებმა უნდა უზრუნველყონ ზედაპირების წმენდა და დეზინფექცია სკოლის პერსონალის, პედაგოგებისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის;
  • სკოლებს უნდა ჰქონდეთ გაწმენდისა და დეზინფექციისთვის საჭირო მარაგი (ან უნდა დაგეგმონ მარაგის შეძენა);
  • ყოველ ღამე სასწავლო დაწესებულება უნდა დამუშავდეს ელექტროსტატიკური საწმენდით;
  • მაქსიმალურად უნდა გაუმჯობესდეს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა;
  • საკლასო ოთახებში, სველ წერტილებსა და სხვა ადგილებში, სადაც ბავშვები და პედაგოგები მუდმივად ეხებიან სხვადასხვა ზედაპირს (კარის სახელურები, ლეპტოპები), უნდა შემუშავდეს რაც შეიძლება ეფექტიანი წმენდის პროცედურა;
  • მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საკლასო ოთახების დასუფთავების საშუალებები;
  • ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ ადამიანების გადაადგილების ტრაექტორია შენობებსა და სკოლის სხვა ტერიტორიაზე;
  • სკოლებს გაეწევათ მკაცრი რეკომენდაცია, რომ მათ ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდნენ უცხო პირები;
  • დაავადების სიმპტომების გამოვლენის მიზნით ყოველდღე უნდა შემოწმდეს ყველა, ვინც სკოლის კარს შეაღებს – ბავშვები, მასწავლებლები, სკოლის თანამშრომლები“.

 

არა პურითა ცხოვნდების ლექტორი, არამედ სიტყვითა

0

 

 პროფესიული ასკეტიკის გაკვეთილები ქართულ უნივერსიტეტებში

 რამდენიმე დღის წინ, ამ საზაფხულო ხელმომჭირნეობის პირობებში, ერთი აუცილებელი ნივთის განვადებით გამოტანის ერთობ რთული გადაწყვეტილება მივიღე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნივთის ფასი სამნიშნა ციფრს არ აღემატებოდა. საბანკო განაცხადის შევსებაში ჩემი დახმარება კი ერთმა იმთავითვე კეთილგანწყობილმა კონსულტანტმა ითავა. მივადექით სამსახურების ჩამონათვალს და ხუთი უნივერსიტეტის დასახელება რომ ჩამოვურაკრაკე, პოზიციად კი – ლექტორიც მივაყოლე ომახიანად, მყისვე შევნიშნე როგორ იქცა კეთილგანწყობა იგი ფრიად მოწიწებულ აღფრთოვანებად.

სანამ რომელიღაც რიგითი კრედიტოფიცრისგან განვადების დამტკიცებაზე პასუხს ველოდით, ბანკის კეთილგანწყობილმა კონსულტანტმა მოკრძალებით მკითხა თუ რას ვასწავლიდი და მეც ოდნავ ჰიბრისშერეული ანტიკური მაღალფარდოვნებით ვამცნე იმ ხუთივე საგნის შესახებ, რასაც ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში ვკითხულობ და ის იყო, მისი მოწიწებული აღფრთოვანება უპირობო თაყვანისცემად უნდა ქცეულიყო, რომ კრედიტოფიცრისგან პასუხი მოვიდა.

„არაო!..“ – რაღაცნაირი გაოგნებული თანაგრძნობით ამოიბუტბუტა კონსულტანტმა და გაოცებულმა გადახედა თავის კოლეგას, რომელმაც დადებითი პასუხი ახარა რომელიღაც სასტუმროს თანამშრომელ მის კლიენტს – რჩეულს რჩეულთა შორის, ვინაიდან ბანკმა მას წამში დაუმტკიცა სესხი იმ თანხაზე, რაზედაც ჩემი სახელფასო-პროფესიული მორალი ოცნების საშუალებასაც კი არ მომცემს მომდევნო 3-4-5 ათწლეულის განმავლობაში.

„არაუშავს, უტელეფონოდაც გავძლებ!“ – დავამშვიდე გულწრფელად აღელვებული კონსულტანტი და წამოვედი სახლში, სადაც ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გამოგზავნილი შუალედური გამოცდის 73 ნაწერი მელოდა სასწრაფოდ გასასწორებლად.

„არაუშავს, მოვასწრებ!“ – ვთქვი და მართლაც მოვასწარი, რის შემდეგაც 73 წერილი გავგზავნე სტუდენტებთან – ნიშნებითა და შეცდომების ახსნა-განმარტებებით.

ამასობაში, დამტვრეულ ტელეფონზე მესიჯიც მივიღე, რომელიც მამცნობდა რომ ქვეყნის პირველ უნივერსიტეტში ანტიკური ლიტერატურის ისტორიის სემინარების ჩატარების სანაცვლოდ სრულიად დამსახურებულად და დაუყვედრებლად დამერიცხა საბანკო ანგარიშზე ყოველთვიური 56 ლარი.

– რა კარგია ცხოვრება, – ვთქვი მე და მესამე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტესტის მომზადება დავიწყე, რაც ამავე უნივერსიტეტის დეკანატისგან მეილზე მიღებულმა შეტყობინებამ შემაწყვეტინა. დეკანატურ-ადმინისტრაციულ-მენეჯერული ტონით გაჯერებული წერილი სავსე იყო ლექტორების დატუქსვითა და საყვედურით – პანდემიის პირობებში სალექციო-ტექნიკური მოწოდების სიმაღლეზე კი არა, მთლად მწვერვალზე ვერყოფნის გამო.

– რა კარგია ცხოვრება, – გავიმეორე მე და მეოთხე უნივერსიტეტის სტუდენტისგან გამოგზავნილი შეტყობინება გავხსენი. ეს სტუდენტი მთხოვდა, რომ ფინანსურად დავხმარებოდი ჩემს ერთ-ერთ უცხოელ სტუდენტს, რომელსაც დედა და მამა უცებ, ერთდროულად გარდაეცვალა და მცირეწლოვანი და-ძმა დარჩა საპატრონოდ, დავხმარებოდი რამდენითაც შევძლებდი.

და აქ უკვე აღარ გამეცინა. აღარ კი არა ვეღარ.

მომიტევეთ ჩემი ცხოვრების ეს დეტალები ასე მოურიდებლად რომ გამცნეთ, თუმცა ამის მიზანი სხვა არა ყოფილა რა, თუ არა ჩვენება იმ აბსურდისა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტებში დასაქმებული (ძირითადად, ჰუმანიტარი) ლექტორები ვცხოვრობთ. ეს აბსურდი გულისხმობს: დილიდან საღამომდე ლექციების ტარებას, არაპანდემიურ პირობებში დღის განმავლობაში 2-3 უნივერსიტეტს შორის სირბილს, პანდემიის პირობებში კი კომპიუტერის ეკრანს შენივთებულ შენს არსთან ჭიდილს, შესაბამისად – ყოველდღიურად, ათობით სტუდენტთან კომუნიკაციას, უნივერსიტეტების მიერ მთავარ შესაქმედ დასახულ ტექნიკურ ლაბირინთში ყოველდღიურ ფართხალს (სხვა სიტყვა არ მახსენდება), ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შენი ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად, ახალი მასალების გაცნობაში გათენებულ უძილო ღამეებს, მერე სტუდენტების ნაწერების სწორებაში გათენებულ სხვა ღამეებს, შენი საყვარელი ტექსტების სათარგმნელად თუ რომელიმე უძილო ღამე გამონახე – ამით მოგვრილ ტკბილ-მწარე სევდასა და მომდევნო დღის ასატან სიმძიმეს და რა თქმა უნდა, გულისხმობს სხვა, შენს პროფესიასთან სრულიად არაფერშუაში სამსახურის საქმეების ისტერიულ კეთებას, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ფიზიკურად გადარჩე. ამ ყველაფერს კი  ჭეშმარიტად ფილოსოფიურ-ასკეტური ფასი აქვს, ვინაიდან ლექციებზე გაწეული შრომის, მაღალ მატერიებზე საუბრის, სტუდენტებისთვის სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად – შენი ცხოვრების მათ ცხოვრებაზე მორგების სანაცვლოდ, თვის ბოლოს მოგდის 56 ლარიანი შეტყობინება, რომელიც გამცნობს, რომ დღეს შენ – ამ ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტისა თუ უნივერსიტეტების ლექტორი, ამ ფასად ღირხარ.

ჩემი პროფესიიდან ყველაზე მეტად ბერძნული ენა მიყვარს, ენაც და ლიტერატურაც. ყველაზე დიდი ენთუზიაზმითაც სწორედ ამ საგნებს ვასწავლი.

ბერძნულ ენაში არსებობს ერთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სიტყვა – ἀσκῶ, რომელიც „წვრთნას“, „ვარჯიშს“ ნიშნავს. აქედან მომდინარეობს „ასკეტი“ – სიტყვა, რომელმაც რელიგიური დატვირთვა მიიღო და ყოველგვარი ამქვეყნიურის უარმყოფელი,  მხოლოდ სულიერ წვრთნაზე მომართული ადამიანის ამსახველად გვევლინება. თუ ამ მოცემულობას გავითვალისწინებთ ლექტორის მთავარი მისიის – საკუთარი და სტუდენტების სულის წვრთნის კონტექტსში, ყველაფერი დალაგდება:

რატომ უნდა იზრუნოს ვინმემ და მით უმეტეს, სახელმწიფომ იმისათვის, რომ სულიერ წვრთნაში დაგვაბრკოლოს ჩვენ – ლექტორები და გაწეული შრომის შესაბამისი  უკადრისი  ფინანსური ანაზღაურებით, ხელი შეგვიშალოს ჩვენი ჭეშმარიტად ანტიკურ-ფილოსოფიური მოწოდების აღსრულებაში? განა ჩვენ თავად ხშირად არ ვიმეორებთ ხოლმე პლატონისაგან, ეპიქტეტესაგან, სენეკასაგან და სხვა დიდ მოაზროვნეთაგან დასწავლილ ფრაზებს – რომ ჭეშმარიტად მდიდარი ის კი არაა, ვინც დიდ ქონებას ფლობს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია, იმიტომ რომ მთავარი არა სხეული, არამედ სულია, მეგობრებო, სულზე უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ.

და მე, როგორც ერთი რიგითი ლექტორი, რომელიც მხოლოდ სულზე ვზრუნავ და მის გარდა არაფერი სხვა არ მჭირდება, მადლობას ვუხდი იმ უნივერსიტეტებს, რომლებშიც ვმუშაობ, მადლობას ვუხდი სახელმწიფოს, რომლის ბიუჯეტშიც შემაქვს ჩემი მოკრძალებული, მაგრამ ძალზე გულწრფელი წვლილი, მადლობას ვუხდი იმიტომ, რომ ხელს არ მიშლიან, პირიქითაც კი – მთელი არსებით მეხმარებიან, რომ ჭეშმარიტ ასკეტად ვიქცე და სულიერი წვრთნის უმაღლეს საფეხურებს მივაღწიო.

ამის საპირწონედ, სახელმწიფოსგან, რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნით სკოლის მასწავლებლებს, მადლობა ეკუთვნით ექიმებს, მადლობა ეკუთვნით ბანკების, მაღაზიების და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს იმისათვის, რომ პანდემიისგან – მსოფლიო მასშტაბის ამ აპოკალიპტური გამოცდისგან გამოწვეულ სირთულეებს გაუძლეს და გადარჩნენ! მადლობა ეკუთვნით მათ იმისათვის, რომ სულით არ გატყდნენ, ძლიერები იყვნენ ბოლომდე, უფრო მეტიც – განმტკიცდნენ კიდეც, მადლობა და ფინანსური დამხმარებაც ეკუთვნის ყველას, ყველას, ყველას – გარდა ლექტორებისა, რომელთათვის ეს ყოველივე განა სირთულე, განა რაღაც ატიპიური ვითარება, არა, მხოლოდ პროფესიული ვარჯიში იყო, მხოლოდ წვრთნა იყო, რის გამოც მადლიერნი და სიამით აღსავსენი სულიერი წვრთნის სიმაღლიდან უნდა ხარობდნენ.

ამ წერილში არაფერია პერსონალური, არაფერია პირადი, რადგან ჩემი ამბავი გარდა ლექტორობის ამბისა, მრავალ სხვა წახნაგსაც მოიცავს, რის გამოც ხშირად ვამბობ – რომ გამიმართლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი პროფესიის ხალხს და მათ ცხოვრებასთან ჭიდილს ვუყურებ. ამ წერილში ყველაფერი ზოგადია და ასახავს იმ ვითარებას, რომელსაც ჩვენი საამაყო უნივერსიტეტების საამაყო ლექტორების ყოველდღიურობაცა და მთელი ცხოვრებაც ჰქვია. ეს ყოველდღიურობა აღსავსეა უამრავი სიხარულით. ამ სიხარულის მიზეზი კი თავად მიხვდებით, ვინც არიან. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არჩევანია. არჩევანი საკუთარ თავსა და საკუთარი თავის სხვა ვერსიას შორის, რომლად ყოფნაც ჯერ კიდევ მაშინ არ ისურვე, როცა პრესტიჟულ და ერთობ შემოსავლიან დარგს გთავაზობდნენ პროფესიად. არ ისურვე იმიტომ, რომ იმთავითვე გჯეროდა – რასაც აკეთებ იმას უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე ტელეფონს, რომელიც საბოლოოდ კი იყიდე, მაგრამ მაინც არასოდეს დაგავიწყდება შეხვედრა იმ ახალგაზრდა კონსულტანტთან, რომელიც შეიძლება სტუდენტია ან შესაძლოა, უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებაზე, აკადემიურ კარიერაზე ოცნებობს კიდეც. არასოდეს დაგავიწყდება შენი ხუთ უნივერსიტეტიან-სამსახურიანი განაცხადის შევსებისას, როგორ ჩადგა მის აღფრთოვანებაჩამქრალ თვალებში უზარმაზარი ურჩხული – შიში. შიში მომავლის მიმართ. ოღონდ ვისია ეს მომავალი მე არ ვიცი – ჩემი თუ მისი.

ამიტომაც ერთი თხოვნით, და რამდენადაც ჩემი პროფესია მაძლევს ამაზე მსჯელობის უფლებას, ერთი ლოგიკური შეთავაზებით მივმართავ ქართულ უნივერსიტეტებს, მთავრობებსა და მხედრობებს: ახალი სემესტრის შესაქმეს რომ შეუდგებით და პირობითად, 56 ლარიან შრომით ხელშეკრულებებს გააფორმებთ თქვენს საამაყო დასაქმებულებთან, არ დაგავიწყდეთ – ლათინური სიტყვა „ლექტორი“ ჩაანაცვლოთ ბერძნული სიტყვით „ასკეტი“, ვინაიდან აგერ უკვე რამდენი ათასწლეულია, უცვლელ კოსმოგონიურ კანონად და პირველსაქმედ გვევლინება ყველაფრისთვის თავისი ზუსტი, ჭეშმარიტი, შეუმცდარი სახელის დარქმევა.

„იქმენინ ასკეტი!“ – გაიმეორეთ, თქვით, ნუ შეგრცხვებათ!

 

 

მშობლების ჩართულობა სასკოლო ღონისძიებაში

0

მშობლების მონაწილეობა სკოლის სხვადასხვა ღონისძიებაში მნიშვნელოვანია. მოსწავლეებში ყოველთვის სიხარულს იწვევს მშობელთა ჩართულობა, ხოლო პასიურობა – მწუხარებას. ჩემი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან მივხდი, რომ მშობლებსაც სიამოვნებთ, როდესაც მათ ვრთავთ სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობას იღებენ შვილების განვითარებაში.

როდესაც პირველი კლასი შედგება და სწავლა იწყება, ერთმანეთის გაცნობა და კიდევ ბევრი, სასკოლო ცხოვრების წვრილმანები იყრის თავს,  მასწავლებელმა ამ ყველაფრის ორგანიზება უნდა გააკეთოს. ჩემთვის, როგორც დამრიგებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მშობელთა ჩართულობა, მათთან თანამშრომლობა, ამიტომ გადავწყვიტე დამეგეგმა ღონისძიება, სადაც ისინი შვილებთან ერთად მიიღებდნენ მონაწილეობას, იმუშავებდნენ გუნდურად, იხალისებდნენ და უბრალოდ, ერთ ფერად დღეს შეინახავდნენ მოგონებებში, რომლებიც სკოლას უკავშირდება.

გაგაცნობთ ჩემი ღონისძიების გეგმას, რომლის ფარგლებში იყო სახალისო ლოგიკური და სპორტული დავალებები. ზოგიერთი აქტივობა საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და დროს. ამიტომ თუ მის განხორციელებას დაგეგმავთ, სასურველია გაითვალისწინოთ დროის ფაქტორი. ღონისძიება ავაწყვე PowerPoin-ის პროგრამაში პრეზენტაციის სახით, რის საშუალებითაც მონაწილეებს ღონისძიების დავალებებს ვაცნობდი.

ღონისძიებისთვის წინასწარ გავამზადე შეფასების რუბრიკები და რამდენიმე მასწავლებელს ვთხოვე ჟიურის წევრობა. ამის შემდეგ დავაკომპლექტე გუნდები. მცირე ზომის ფურცლებზე დავწერე რიცხვები 1,2,3,4 (რამდენი გუნდიც მინდოდა მყოლოდა), რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში მოვათავსე ყუთში. მშობლებს ის რიგრიგობით ამოვაღებინე  და გადავანაწილე შეხვედრილი რიცხვის მიხედვით. გავაცანი თამაშის წესები.

 

დავალება: ბავშვებმა დახატეს დედები და დაწერეს, რა უყვართ მათ.

 აქტივობის აღწერა: ეკრანზე მონაცვლეობით გამოდის ჯერ ნახატი, მშობელმა უნდა შეძლოს ნახატის მიხედვით საკუთარი თავის ამოცნობა. გამოცნობის შემთხვევაში ის იღებს 2 ქულას. თუ ვერ გამოიცნო, გამოდის ბავშვის მიერ დაწერილი დახასიათება. გამოცნობის შემთხვევაში იღებს 1 ქულას.

დავალება: მოსწავლეებს დავუსვი რამდენიმე შეკითხვა: რომელია შენი საყვარელი ფერი? საჭმელი? თამაში?  ადგილი?  კითხვებზე პასუხი გადავიღე ვიდეოზე.

აქტივობის აღწერა: გუნდის ყველა წევრს მონაცვლეობით ვუსვამ შეკითხვას. მას შემდეგ, რაც მშობლები უპასუხებენ, ირთვება ვიდეო და ისმენს სწორ პასუხს. თითო შეკითხვაზე სწორი პასუხი 1 ქულა.

დავალება: მშობლებმა უნდა შეძლონ  შვილის ამოცნობა თვალახვეულ მდგომარეობაში.

აქტივობის აღწერა: მშობელს აქვს თვალი ახვეული. მან თავზე, სახეზე, თმაზე ხელის შეხებით უნდა ამოიცნოს რომელია საკუთარი შვილი.

 

ასევე მქონდა რამდენიმე სპორტული აქტივობა:

დავალება: მშობელმა უნდა აჭამოს შვილს შოკოლადიანი პური.

აქტივობის აღწერა: მშობლებს ურიგდებათ შოკოლადიანი პური, მათ უნდა აჭამონ შვილს ყველაზე ჩქარა და სუფთად. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის პირობასაც ყველა წევრი შეასრულებს.

დავალება: ცეკვა სკამების ირგვლივ.

აქტივობის აღწერა: წრიულად აწყვია სკამები. მშობლების რაოდენობა ერთით მეტია სკამების რაოდენობაზე. როდესაც მუსიკა ჩერდება, მშობლებმა უნდა მოასწრონ ადგილის დაკავება. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის წევრიც ბოლომდე შეინარჩუნებს სკამს.

დავალება: ტომრებით გადაადგილება.

აქტივობის აღწერა: მშობლებისა და მათი შვილების გუნდი ერთმანეთს ეჯიბრებიან ტომრებით გადაადგილებაში. მათ უნდა მოასწრონ ორი წრის გავლა ტომრით. იმარჯვებს ის გუნდი, რომლის ყველა წევრიც პირველი დაასრულებს დავალებას.

დავალება: გუნდებმა უნდა გამოიცნონ სიმღერა, შეძლოს მისი წამღერება.

აქტივობის აღწერა: ირთვება სიმღერა. მშობლებმა უნდა შეძლონ ამ სიმღერის ამოცნობა და წამღერება მას შემდეგაც, როდესაც მუსიკა გაჩერდება.

ღონისძიების ბოლოს ჟიური აჯამებს ყველა გუნდის მიერ მიღებულ ქულებს და აცხადებს გამარჯვებულ გუნდს. ყველა გუნდს გადაეცემა სამახსოვრო სიგელები.

თუ თქვენს ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებთ, მაყურებლები მონაწილეებს გაამხნევებენ ტაშით, მერწმუნეთ ძალიან სახალისო და საინტერესო  ღონისძიება გამოგივათ. მშობლებს კი დიდხანს გაჰყვება ამ დღისგან მიღებული დადებითი მუხტი და რაც მთავარია, მოსწავლეები დარჩებიან  კმაყოფილნი, რადგან  მშობლები კიდევ ერთხელ გახდნენ მათი სასკოლო ცხოვრების ნაწილნი.

ელექტრონული რესურსები მათემატიკის გაკვეთილზე

0

გაკვეთილზე ისტ-ის მეშვეობით შექმნილი ელექტრონული რესურსის გამოყენება ხელს უწყობს ესგ-ით დადგენილი სასწავლო მიზნების მიღწევას. ისტ-ი იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ ერთი მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი მხოლოდ მის საკლასო სივრცეში არ დარჩეს. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს, რომელიც შეიქმნა მათემატიკური კომპიუტერული პროგრამით ,,GeoGebra“ თემაზე ,,მრავალწახნაგები.

რესურსის ბმულები: პირამიდა ; პრიზმა;  დახრილი ხუთკუთხა პრიზმა;

კუბიმრავალწახნაგები;  დახრილი პრიზმა;

არამრავალწახნაგა1არამრავალწახნაგა2.

რესურსი საკმაოდ კომპლექსურია. ის კარგი საშუალებაა შემდეგი სასწავლო მიზნების მისაღწევად:

  • მრავალწახნაგების განსაზღვრება და მათი თვისებების ჩამოყალიბება;
  • მრავალწახნაგათა კლასიფიკაცია (მართი, დახრილი, წესიერი პრიზმა და პირამიდა);
  • მრავალწახნაგათა ელემენტებს შორის მიმართების დადგენა;
  • მრავალწახნაგათა შლილების წარმოდგენა და მათი დაკავშირება ზედაპირის ფართობთან.

კავშირი ესგ-თან:

 მათ.დაწყ. (II).5. ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა, ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა;

 მათ. საბ. 2. მსჯელობის ხაზის განვითარება; განზოგადებით ან დედუქციით მიღებული დასკვნების დასაბუთება;

 მათ. საბ. 5. გრაფიკულად მოცემული მათემატიკური შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა; მათემატიკური ობიექტის გრაფიკული ხერხით (გრაფიკების, დიაგრამების და ნახაზების სახით) წარმოდგენა.

პირამიდა ; პრიზმა; კუბი; დახრილი ხუთკუთხა პრიზმა – ეს რესურსები იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა 3D ფორმატში დაათვალიერონ სივრცითი ფიგურები და მათი შლილები. რესურსებს აქვთ, ე.წ. სრიალები, რომელთა მეშვეობით ხდება მრავალწახნაგათა შლილის წარმოდგენა, მათი სიმაღლის ცვლა და მრავალწახნაგას ფუძის მრავალკუთხედის მოდიფიცირება. (სრიალის მართვა ხდება მაუსის მეშვეობით). თუ რესურსში წარმოდგენილი მოდელის ფუძის მრავალკუთხედს ჩავთვლით n-კუთხედად, მაშინ ერთ-ერთი სრიალის მეშვეობით შესაძლებელია n-ს მივცეთ ნატურალური მნიშვნელობები 3-დან 9-მდე პრიზმისათვის (პირამიდისთვის 3-დან   6-მდე). შესაბამისად, რესურსით შესაძლებელია სამკუთხა, ოთხკუთხა და ა.შ. პრიზმისა და პირამიდის დათვალიერება 3D ფორმატში. სხვა სრიალები საშუალებას გვაძლევენ, დავინახოთ თითოეული სივრცითი ფიგურის შლილი, ასევე ვცვალოთ მათი სიმაღლეები. ამ რესურსში წარმოდგენილია ფიგურები, რომლებიც არ არიან მრავალწახნაგები (არამრავალწახნაგა1არამრავალწახნაგა2; ); ეს სივრცითი ფიგურები ჰგვანან მრავალწახნაგებს. მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რატომ არ არიან ისინი მრავალწახნაგები. ვფიქრობ ,,არამრავალწახნაგების“ განხილვა მოსწავლეებს დაეხმარებათ მრავალწახნაგების ცნების უკეთ გაგებაში.

გაკვეთილზე რესურსის გამოყენებისათვის საჭიროა ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერი და პროექტორი. თუ კომპიუტერში ჩაწერილია პროგრამა ,,GeoGebra“, მაშინ ინტერნეტი არ არის აუცილებელი.

გამოცდილება მიჩვენებს, რომ ელექტრონული რესურსების გამოყენება ზრდის გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას. ეს რესურსი გასულ სასწავლო წელს მეცხრეკლასელთათვის შევქმენი. გაკვეთილზე მისმა შეტანამ გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება, რამაც განაპირობა ის, რომ თითქმის მთელი კლასი 45 წუთის განმავლობაში ინტენსიურად იყო ჩართული საგაკვეთილო აქტივობებში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემთვის დიდი სტიმულია მეცხრეკლასელი რეზის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ამ რესურსით გაკვეთილის ჩატარებისას – ,,მაგარია, მასწ“. ეს სიტყვები მაძლევს მოტივაციას, რომ კვლავ შევქმნა ისეთი რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს არა მარტო გაუადვილებს საკითხის გაგება/გააზრებას, არამედ მათ მოწონებასაც დაიმსახურებს. ეს ყველაფერი კი მათ სწავლისადმი დადებითად განაწყობს.

 

 

როგორ ყალიბდება კრიტიკის კულტურა

0

გვიყვარს წარსულის გახსენება. განსაკუთრებით – სკოლაში სწავლის პერიოდის, ლაღი ბავშვობის, ანცობისა და აღმაფრენის პერიოდის. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ვიხსენებთ თავგადასავლებს: როგორ დავიგვიანეთ, როგორ გავაბრაზეთ გეოგრაფიისა თუ ფიზიკის მასწავლებელი, როგორ გადავიწერეთ მათემატიკა და მასწავლებელმა ვერ შეგვამჩნია. ჩემს სამეგობროს გეოგრაფიის მასწავლებლის სიმკაცრით გამოწვეული კურიოზები გვაქვს გასახსენებელი. ერთმანეთის ამბებს დღესაც სიცილით ვიხსენებთ და ბევრს ვხუმრობთ. ზოგი ისეთია, მთელი ცხოვრება რომ არ დაგავიწყდება, ზოგსაც ჩვენ ვამატებთ. აბა, როგორ არ უნდა გავიხსენოთ გეოგრაფიის ჯოხის ამბავი, რომლიც ჩემს მეგობარს შიშისგან დაზაფრულს გაკვეთილის თხრობის დროს ხელში ჩაატყდა. ჰყვებოდა და თან გულდასმით ცდილობდა „შეწებებას“. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გავისუსეთ? თან ვგულშემატკივრობთ, თან რისხვის მოლოდინში ვართ.

  • დაჯექი, დაჯექი, – მშვიდად და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა მასწავლებელმა.

მაშინ გადავრჩით… მაგრამ მე დღემდე გაკვეთილზე ჯოხს არ ვხმარობ, საერთოდაც არ მაქვს. არადა, მოგეხსენებათ რუკაზე ხელით ჩვენება მიღებული არ არის. ამიტომ ხან გრძელი ფანქრით ვაჩვენებთ რუკაზე, ხან კი – ლაზერით. ჩემმა მოსწავლეებმა იციან ეს ისტორია და გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს. ვხუმრობ ხოლმე: ჯოხი იმიტომ არ მაქვს, რომ შეიძლება სხვა მიზნით გამოვიყენო-მეთქი. მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, ჩვენს მასწავლებელს არასოდეს უყვირია, ყოველთვის დაბალ ხმაზე საუბრობდა, მაგრამ მისი გამოჩენა სკოლის დერეფანში ჩვენში შიშის ზაფრას იწვევდა. ჩემი სკოლელები დამეთანხმებიან, რომ ბევრს (ყველას თუ არა) ძალიან გვიყვარდა და პატივს ვცემდით მას. გეოგრაფიის მიმართ ჩემი ინტერესიც მისი დამსახურებაა.

რატომ გავიხსენე ახლა ჩემი სკოლის ამბები? მოგონებებში არსად ფიგურირებს სწავლის პროცესი. ვიხსენებთ „კარგ“ მასწავლებლებს, რომლებიც რაღაც კრიტერიუმებით გამოირჩეოდნენ და ჩვენც განსაკუთრებულად გვიყვარდა, პატივს ვცემდით. მაგრამ თავად სწავლის პროცესის გახსენებას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ნაკლებად ვისმენ, გასახსენებელიც არაფერია.

  • რომელი პირველი ნამუშევრით ვამაყობდით?
  • როდის დავწერეთ?
  • ვისთვის დავწერე?
  • რა გავლენა იქონია ჩვენზე?

ვფიქრობ, ეს ჩვენთვის არსებითი კითხვებია, რომლებზეც უნდა ვიფიქროთ, როგორც მასწავლებლებმა. თუ ჩვენ არ გავიხსენებთ ჩვენი სწავლების პროცესს, ჩვენს ემოციებსა თუ დამოკიდებულებას, როგორ შევძლებთ, ბოლომდე გავიგოთ ჩვენი მოსწავლეების ემოციური მდგომარეობა? თუ ჩვენი ბავშვობის „შიშები“ არ გავიხსენეთ, შეუმჩნეველი დაგვრჩება პატარა გოგო-ბიჭების თვალებში ანთებული შიში, რომელიც შეიძლება შემდეგ აგრესიაში ან დეპრესიაში გადაიზარდოს.

გავიხსენოთ, როგორები ვიყავით მოსწავლეობისას. ოდესმე გაგიზიარებიათ ეს თქვენი მოსწავლეებისთვის? უნდა დავიწყოთ მისი გაზიარება. ეს მათ დაეხმარება, გააცნობიერონ ჩვენი სწავლების სტილი და ის, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყავით მოსწავლეები და იგივე პრობლემები გვქონდა. რაც მთავარია, ჩვენ არ დაგვისრულებია სწავლა. ჩვენ კი დაგვეხმარება სწავლების ახალი გზების ძიებაში. ჩემებმა იციან, რომ რუკას ისე ვხედავ, როგორც ეკრანზე.  იცით და მაგიტომო – მიმტკიცებენ. ამაზე ვკამათობთ და ვუხსნი, რომ ადამიანებს განსხვავებული სწავლის სტილი აქვთ.

მოსწავლეთა წინსვლას ყველა უჭერს მხარს.

როგორ შეგვიძლია გავააქტიუროთ ეს წინსვლა? როგორ დავეხმაროთ მათ, რომ გახდნენ უფრო ჭკვიანი? როგორ გადავიტანოთ ჩვენი სწავლებისა და სწავლის ფოკუსი რაოდენობრივიდან ხარისხობრივში? საუბარია მოსწავლეების სწავლის პროცესში ჩართვაზე.

სწავლის პროცესი მოსწავლეებს ემოციების გამოხატვის მოთხოვნილებას უქმნის.

ძალიან მომეწონა, რონ ბერგერის სიტყვები, რომლებიც ჩვენს სტრეოტიპულ აზროვნებას ამსხვრევს (ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი): „ნიჭიერი არ არის ის, ვინც შენ ხარ; ეს არის ის, ვინც შენ გახდები“.

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ პროცესში? რამდენად ხშირად ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, გაიაზრონ, რა ცოდნა აქვთ და რა უჭირთ? ვიყენებთ გაკვეთილის დროს, რომ განვიხილოთ უკუკავშირი?

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ ჩვენს დაგეგმილ გაკვეთილებს და შევცვალოთ სასწავლო კულტურა ჩვენს საკლასო ოთახებში.

როგორ შეგვიძლია მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, სწორად გამოიყენონ უკუკავშირი? მივცეთ დრო იმისათვის, რომ მათ გააკეთონ რაიმე კომენტარი უკუკავშირზე, რომელიც მასწავლებელმა ან თანატოლებმა მისცეს. ჩვენ კი ამისთვის დრო არ გვაქვს, პროგრამა გვაქვს მოსასწრები, ვჩქარობთ, ვჩქარობთ … გოგიტა მახსენდება ხოლმე ფილმიდან „საბუდარელი ჭაბუკი“. სიჩქარის გამო წარმატების ნაცვლად საყვედური რომ მიიღო.

ერთი იდეა, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი და მომეწონა, არის პროცესი სახელწოდებით – „კრიტიკა“. მეთოდი, რომელიც ძალიან ჰგავს თანატოლების ტრადიციულ შეფასებას ან თვითშეფასებას. ეს არის უკუკავშირის პროცესი, თუმცა უფრო სპეციფიკური და დახვეწილი, რომელიც კონკრეტულ მახასიათებლებსა ან ელემენტებს ეყრდნობა. ყველა კომენტარი შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლემ/მწერალმა/ავტორმა/მხატვარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა ელემენტებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება. გამოხმაურება ემსგავსება ინსტრუქციების სერიას, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ „კრიტიკა“ განსხვავებულად მოქმედებს.

რატომ მომეწონა „კრიტიკის“ იდეა? კვლევის სხვადასხვა წყაროდან გამომდინარე, მოსაზრებებზე, ბლოგ-პოსტებზე, Twitter- ზე, სოციალურ ქსელში  დისკუსიებზე და ა.შ., გამოხმაურებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი წერილობითი/ვერბალური გამოხმაურება უფრო მეტია, ვიდრე ქულებისა და დონეების მინიჭება. ეფექტური უკუკავშირი, რომელიც კონკრეტულად ხაზს უსვამს იმას, რა კუთხით არის ნაშრომი წარმატებული (რა არის გამორჩეული) და რა საჭიროებს კონკრეტულად გამოსწორებას (ამ ნაშრომის სრულყოფას), სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია (უფრო მეტი, ვიდრე დონის ცოდნა).

„კრიტიკა“ ასევე სცდება გაკვეთილის აქტივობის დასრულებას და მარტივი სქემებით კლასის კულტურის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სასურველია სპეციალური გაკვეთილის ჩატარება, სადაც მოხდება მხოლოდ კრიტერიუმების შემუშავება. თუმცა პრაქტიკაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებლის მიერ დაწერილ უკუკავშირს შედეგი არ მოჰყოლია. ასევე არიან მოსწავლეები, რომლებიც ჯერ კიდევ ორიენტირებულნი არიან ტექსტის დაზეპირებასა და ქულებზე.

მრავალი პედაგოგი სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებინებს მოსწავლეებს ურთიერთშეფასებაზე ან თვითშეფასებაზე. პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ მათ, როგორ გააკეთონ ეს. არსებობს უამრავი მეთოდი, მაგრამ ძირითადი პრინციპები იგივე რჩება.

რა არის ის, რაც „კრიტიკას“ განსხვავებულს ხდის? რონ ბერგერი აღწერს პროცესს და ადგენს ეფექტური კრიტიკული წესების ფორმირების სტრუქტურას. ის მიზნად ისახავს, მოსწავლეებს შეაფასებინოს საკუთარი შრომა და შექმნან სრულყოფილი ნაშრომი: „თუ ეს არ არის იდეალური (სრულყოფილი), ესე იგი არ დასრულებულა”.

სანამ კრიტიკის პროცესს დავიწყებთ, მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ნაბიჯები:

  1. მაგალითები: აიღეთ სამაგალითო ნაშრომი, გააკრიტიკეთ იგი კლასთან ერთად. დაადგინეთ რა არის ის, რაც ამ ნაშრომს მაღალ სტანდარტად აქცევს, გამოიყენეთ საკვანძო ტერმინები. შექმენით ამ ნაშრომის წარმატების კრიტერიუმები, რომლებსაც მოსწავლეები მის დასასრულებლად გამოიყენებენ.
  2. მონახაზები (Drafts): მიეცით მოსწავლეებს სამუშაო, რომ შექმნან „მონახაზები“. ის მოსწავლეებს ეხმარება აზროვნებაში. მათ იციან, რომ სამუშაოს, რომელსაც ისინი დაასრულებენ, კრიტიკულად შეფასდება და მოხდება მათი რედაქტირება. მას „მონახაზებს“ უწოდებენ, რადგან სამუშაო დაუსრულებელია და ყოველთვის შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, სანამ არ მიაღწევთ სრულყოფილ პროდუქტს (თქვენი წარმატების კრიტერიუმები საკმარისად ძლიერია).

შემდეგ:

  1. მიეცით კრიტიკის დრო! კრიტიკის წესების შემუშავებისთვის, ჩვეულებრივ, მთელი გაკვეთილი უნდა გამოიყოს. საჭიროა პროცესის მოდელირება, დეტალური ანალიზის გაკეთება, უკუკავშირის მიცემა და შესაბამისად მოქმედება. ნუ იჩქარებ! რაც შეეხება დროის ლიმიტს: ჩვეულებრივ სამუშაოს გადახედვის დრო ფაქტობრივად არ რჩება. რეალურად კრიტიკა აუმჯობესებს შრომის ხარისხს და აძლიერებს შინაარსის გაგება/გააზრებას, თუ  მოსწავლეებს ამაზე ფოკუსირებას სთხოვთ. შეცდომების აქტიურად მოძიების გზით იხვეწება მათი მუშაობის კულტურა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოყავით დრო! ეს ნამდვილად სარგებელს მოუტანს პროცესს.
  2. წესების დამკვიდრება: რონ ბერგერი კრიტიკისთვის სამ ძალიან მარტივ წესს იყენებს, რომლებიც უკუკავშირის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს:

იყავით კეთილი:  ყველა კომენტარი მთლიანად უნდა იყოს კონცენტრირებული სამუშაოზე. არა სარკაზმი და არა დამცირება. კომენტარები შეიძლება იყოს რთული, მაგრამ მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ უკუკავშირი სამუშაოზეა ორიენტირებული და ბედნიერია მისი მიღებით.

იყავით კონკრეტული: გქონდეთ დახვეწილი და ზუსტი დიალოგი, დეტალური პოზიტიური განმარტებითა და გაუმჯობესების ნაბიჯებით. კომენტარებში მოცემული უნდა იყოს ინსტრუქციების კომპლექტი, რომელსაც მოსწავლე უბრალოდ აიღებს და გამოიყენებს.

იყავით სასარგებლო:  თუ ნამუშევრის ავტორი ან კლასი ვერ გამოიყენებს თქვენს კომენტარს, თავი შეიკავეთ მისგან. ყველაფერი, რასაც თქვენ ტოვებთ უკუკავშირით, არის ის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაოს წინსვლა/გაუმჯობესებას.

  1. პროცესის მოდელირება: მაგალითის „გამოყენებით, შეაფასეთ მოსწავლეებთან ერთად კრიტიკის პროცესი. აჩვენეთ, როგორ უნდა განიხილოთ სამუშაო კრიტიკულად. ეს ჩვეულებრივ მასწავლებლისგან „სიღრმისეული კრიტიკის“ ფორმით ხდება. გაუზიარეთ მოსწავლეებს ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებთ. განიხილეთ წარმატების კრიტერიუმები იმ დროიდან, როდესაც პირველად დაიწყეთ სამუშაო. აჩვენეთ, როგორ ამახვილებთ ყურადღებას მნიშვნელოვან დეტალებზე. როგორია კარგი გამოხმაურება/პირველი კომენტარი. და ნახავთ, შეგიძლიათ თუ არა კიდევ უფრო დახვეწოთ კომენტარი.
  2. აკრძალული სიტყვები: ხელი შეუწყვეთ იმ სპეციფიკური ტერმინოლოგიის ათვისებას, რომელიც თქვენ თავდაპირველი მაგალითის განხილვისას გამოიყენეთ.  წაახალისეთ ამ სიტყვების გამოყენება და მოახდინეთ წარმატების კრიტერიუმების პოპულარიზაცია. ეცადეთ, განავითაროთ მოსწავლეების ლექსიკა და გააუმჯობესოთ მათი კონკრეტული და სასარგებლო მოსაზრებები. წაახალისეთ ნებისმიერი თემის სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენება. შექმენით აკრძალული სიტყვების სია: „ეს კარგია” და „მომწონს”. ესენი არ არის სპეციფიკური და ნამდვილად არ გამოდგება.
  3. მიეცით მოსწავლეებს კრიტიკის საშუალება: გამოიყენეთ ის, რისი მოდელირებაც ახლახან მოახდინეთ. საშუალება მიეცით მოსწავლეებს, შეაფასონ ერთმანეთი. გამოიყენეთ წარმატების კრიტერიუმები იმ სტრუქტურის შესაქმნელად, რომელზეც მოსწავლეები ფოკუსირდებიან. თავდაპირველად ფოკუსირდით ერთ ელემენტზე. ეს შეიძლება ითხოვდეს მოსწავლეებს გადახედონ თავიანთ კომენტარს და დაინახონ პასუხები თუ არა კიპლინგის კითხვებზე (ვინ, სად, რა, როდის, როგორ, რატომ?). თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს, შეაფასონ მართლწერა, პუნქტუაცია და გრამატიკა. მთავარია, რომ კრიტიკულად მოყვანილი ელემენტები გახადოთ ნათელი. სთხოვეთ მოსწავლეებს დამატებითი კრიტიკის გაკეთება. კრიტიკის სესიებს შეუძლია ორი ფორმა მიღება:

სიღრმისეული ოფიციალური კრიტიკა: ეს მსგავსია იმ პროცესისა, რომლის მოდელირებაც მოახდინეთ. მოსწავლეები ერთმანეთის მუშაობას აკვირდებიან. ისინი ასახელებენ კარგ მონაკვეთს, რომელიც აკმაყოფილებს წარმატების კრიტერიუმებს და ირჩევენ სპეციფიკურ მონაკვეთებს, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას (ამან შეიძლება გააუმჯობესოს მუშაობა).

კრიტიკის გალერეა: ამ ნაწილში ნაჩვენებია ნამუშევარი გალერეის სტილში (კედელზე, მაგიდებზე, საპრეზენტაციო დაფებზე). სთხოვეთ მოსწავლეებს, დაათვალიერონ ერთი ან ორი ნაშრომი, ყურადღება გაამახვილონ ერთ კონკრეტულ ელემენტზე. მოსწავლეები წერენ გამოხმაურებებს გამოქვეყნებულ ჩანაწერზე და განათავსებენ სამუშაოს ქვევით. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი კომენტარები. გაიმეორეთ პროცესი სხვა სამუშაოზე, იმავე ან განსხვავებული ფოკუსით.

  1. კრიტიკოსთა კრიტიკა: კრიტიკის შემოღების პირველ დღეებში განსაკუთრებით აიძულეთ მოსწავლეებს, გადახედონ კომენტარებს, რომლებიც მათ ჰქონდათ მიცემული. საკმარისად დახვეწილია? რამდენად სპეციფიკურია ისინი? ხვდებიან თუ არა, ზუსტად რა სჭირდება გაუმჯობესებას? თუ რამე გაურკვეველია, შეაფასეთ, როგორ უნდა განავითაროთ იგი. განიხილეთ კარგი და ცუდი კრიტიკული კომენტარების მაგალითები კლასთან ერთად. ეს თანატოლების შეფასებას შემდეგ ეტაპზე გააუმჯობესებს.
  2. რედაქტირება: ეს მნიშვნელოვანი ელემენტია! ამ საქმიანობას მიუძღვენით რეალური დრო, რათა მოსწავლეებმა დაიწყონ თავიანთი ნამუშევრის რედაქტირება. მათ სჭირდებათ ხელმძღვანელობა, მხარდაჭერა, შესაძლებლობა, უნდა დაუსვან შეკითხვები მათ, ვინც უკუკავშირი მისცა, მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება ყველაფერს… ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს რედაქტირების პროცესის სტრუქურირებას. ნუ გამოიყენებთ ამას საშინაო დავალებისთვის. რედაქტირების გაკეთება კლასში უნდა მოხდეს. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროა სამუშაოს ხელახალი შესრულება მის დასახვეწად. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე ვერ ხედავს რედაქტირების მნიშვნელობას. ამის მისაღწევად, სთხოვეთ მათ, შეინახონ მონახაზების ყველა ასლი, რომლებშიც ყურადღებას გაამახვილებენ და მიუთითებენ მათ მიერ რედაქტირებულ და გაუმჯობესებულ ადგილებს.
  3. კულტურა: ამას დრო სჭირდება, მაგრამ მოსწავლეებთან ერთად კულტურის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება, რომ მოსწავლეებმა დააფასონ უკუკავშირი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ცოდნის გაღრმავებაში; ვთხოვოთ, აქტიურად წაიკითხონ მათ მიერ მოცემული უკუკავშირი და დაადგინონ გაუმჯობესებები. ჩვენ გვჭირდება, ნახონ, რა მნიშვნელოვნად მსუბუქდება სამუშაო კარგი უკუკავშირისას. ეს დროს წაიღებს, იქნებიან არამოტივირებული მოსწავლეებიც. თუმცა მნიშვნელოვანია კარგი ნამუშევრების შექმნა და ცოდნის განვითარება. სწორედაც სტრუქტუირებული უკუკავშირი განაპირობებს იმას, რომ არ არის აუცილებელი ქულებით შეფასება. თუ ამას პრაქტიკაში რეგულარულად ჩართავთ გაიზარდება თქვენი კლასის უკუკავშირის ხარისხი.

კრიტიკის კულტურის განვითარება მოსწავლეებს დაეხმარება არამარტო სწავლის სწავლაში, იგი მათ კომუნიკაციის უნარებსაც ჩამოუყალიბებს. მოსწავლეები შეეჩვევიან ერთმანეთის საქმიანობის გაკრიტიკებას, რეკომენდაციებისა და კეთილი რჩევების მიცემას, და არა პერსონალურ კრიტიკას. მე პირადად ხშირად ვახსენებ, რომ ყველა ადამიანი კარგია, უბრალოდ ზოგჯერ არასწორად იქცევიან. ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს საქციელი და არა ადამიანი. სიზარმაცე ქცევაა და არა პიროვნული მახასიათებელი.

ნიჭიერებაც ის არის, რაც შენ უნდა გახდე მომავალში.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://reflectionsofmyteaching.blogspot.com/search/label/Critique; https://rug62.edublogs.org/.

 

 

 

 

როცა ეს ჩაივლის და მილოცვა დისტანციურად

0

სკოლაში არდადეგები უდროოდ დაიწყო და  გაგრძელდა.  არ მძინავს იმაზე ფიქრით, როცა ეს პანიკით და იმედგაცრუებით სავსე დღეები ჩაივლის, როგორი იქნება ბავშვებთან შეხვედრა. სკოლაში, საქმეზე მისული, ცარიელ საკლასო ოთახში დიდხანს ვიდექი, მერე დაფის ერთ კუთხეში დავწერე: ,,ესეც ჩაივლის“,  მეორე მხარეს კი  დავწერე – დახატე: ,,ღიმილი თუ სიყვარული?“  თამაშის შედეგი ფოტოზეა:

 

როცა ყველაფერი ჩაივლის, მინდა, ლამაზად დავხვდე ბავშვებს და დავალებებიც ისეთი მოვიფიქრო, თავი რომ გაართვან და მათთვის საინტერესო იყოს. საგნის დავალებები  ძველი მასალიდან გასამეორებელი ავირჩიე  და  უნდა დაველოდო ონლაინსწავლებაზე რეკომენდაციებს. კლასგარეშე წასაკითხად  წიგნიც შევარჩიე ასაკის შესაფერისი. დაფაზე დაწერილი ფრაზა მიტრიალებს:,,ესეც ჩაივლის“ და ფრაზას ვამატებ: ,,და მე ისევ ვიამაყებ —— ‘’

რითი?

პასუხად ის შოკოლადები გამახსენდა, საქართველოს ღირსშესანიშნაობები რომ არის გამოსახული. ინდივიდუალურად შესასრულებელი კლასის საათის დავალებაც მოფიქრებულია. ვთხოვე ბავშვებს, დაამზადონ პოსტერები ან მოამზადონ პრეზენტაციები სათაურით: ყველაფერმა ჩაიარა და მე ვამაყობ —————

1)ქართული ვაზით;

2)შატილით;

3)დავით გარეჯით;

4)სამებით;

5)რაბათით;

6)ძველი თბილისით;

7)სვეტიცხოვლით;

8)ვარძიით;

9)მეტეხით;

10)ნარიყალათი;

11)ქართული ცეკვით და სიმღერით;

12)ქართული თეატრით და მსახიობებით;

13)დადიანების სასახლით;

14)ყაზბეგით;

15)ქართლის დედით;

16)თბილისის ოპერის თეატრის ულამაზესი შენობით;

17)ბათუმის ოპერის სახლით;

18)გონიოს ციხით;

19)ოქროს საწმისით;

20)გელათით;

21)სვანეთით;

22)ბოტანიკური ბაღებით;

23)ქართული ანბანით;

24)ზამთრის კურორტებით;

25)აბანოებით ძველ თბილისში;

26)მარიონეტების თეატრით;

27)საქართველოს ულამაზესი ტბებით;

28)ბათუმის პიაცათი.

 

თემები შერჩეულია შოკოლადებზე მოთავსებული იმ ფოტოებიდან, რომელიც  კლასის საათის ჩატარების მთავარი მიზეზი გახდა. ასეთი შოკოლადები შეიძლება თავადაც მოვამზადოთ და  სასურველი ფოტოებიც  დავაკრათ. ჩემს სადამრიგებლო კლასში 28 მოსწავლეა და თემაც და შოკოლადიც 28 შევარჩიე.

დავახვედროთ მერხებზე ისეთივე   და  .

შოკოლადები კი ჩვენს მერხზე ეწყოს და თავად აიღონ პოსტერის შესაბამისი ფილა დილითვე.გაკვეთილების ბოლოს ჩავატაროთ კლასის საათი,სადაც იქნება ნამუშევრების წარდგენა,იმედიანი არდადეგების შემდეგი შეხვედრა.

 

გულების გამოფენა -მილოცვა დისტანციურად

მინდა, ბავშვების გახალისების მარტივი მეთოდი შემოგთავაზოთ, რომელიც შეიძლება სამომავლოდ გამოგადგეთ.

ჯერ ფერადი ფურცლებისგან გამოვჭრით იმდენ გულს, რამდენი ბავშვიც გვყავს კლასშო. ვაწერთ სახელებს, ვაბამთ თოკებს და ზედ ამ გულებს ვამაგრებთ.

პირველად ეს მეთოდი მათემატიკის დეტალებითურთ გამოვიყენე. თითოეულ გულზე ჯერ სახელი და გვარი დავაწერე, მერე – კონკრეტული ბავშვის ნომერი, რომელიც მას საკლასო ჟურნალში ჰქონდა და ისეთი კითხვები მივუწერე, რომ პასუხად ეს რიცხვი მიგვეღო. ამგვარად, 28 მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილე.

შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება მეოთხე კლასის საგამოშვებოდაც.

გულებზე დავაწერთ გამოცანებს:

1) ვინ არის გოგონა, რომელიც განსაკუთრებულად მღერის?

2) ვინ არის ბიჭი, რომელსაც განსაკუთრებული იუმორი აქვს?

და ასე შემდეგ.

გულებისგან შედგენილი კოლაჟი ამ სამი თვის განმავლობაში მიცემული სადამრიგებლო დავალებების შესაჯამებლადაც გამოვიყენე,

ბავშვებმა გამოჭრეს გულები და ზედ დააწერეს (ან დააწებეს ფოტო):

  1. ყველაზე საინტერესო ადგილი პანდემიის პერიოდში წაკითხული წიგნიდან;

2) მხატვარი, რომელიც პანდემიის პერიოდში გავიცანი/რომლის ნახატმაც მომხიბლა;

3) ყველაზე საინტერესო სპორტული მოვლენა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოხდა.

ყველა მასწავლებელს შეუძლია, საკუთარი ფანტაზიით შემატოს რამე ამ ჩამონათვალს.

 

 

 

თუ გადავხედავთ საიდან მოვდივართ? საით მივდივართ?

0

ნ. ჭავჭავაძის შრომების გათვალისწინებით

 რა არის კულტურის ფილოსოფია? ადამიანი ქმნის საკუთარ თავსა და სამყაროს ღირებულებათა ხორცშესხმის, კულტურის  საშუალებით.

არავინ დავობს, რომ კულტურა მჭიდრო კავშირშია ადამიანის მოღვაწეობასთან. კამათი შეიძლება უკვე იმაზე, კულტურა ამ უკანასკნელისთვის საშუალებას წარმოადგენს თუ შედეგს. ადამიანური მოღვაწეობა არის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა და ა უ ც ი ლ ე ბ ლ ო ბ ი ს ა (ფორმულა „თავისუფლება – ეს აუცილებლობის შეგნებაა”) ერთობა და მათი ურთიერთმიმართება. ადამიანური მოღვაწეობა (ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივ-ისტორიული) ამასთან მიმართებით უამრავ სიმბოლოს ინახავს. ამ ერთობის მარტივი მაგალითია თუნდაც ვაზის ჯიში „რქაწითელი”, გამოყვანილი და კულტურიზებული ქართველი გლეხის მიერ.

კულტურის ასეთივე ფენომენია მისი მიზეზობრივი განსაზღვრულობა და მიზანმიმართულება, რომელთა შერწყმასაც ის წარმოადგენს. „მიზანი” და „მიზეზი”, „თავისუფლება” და „აუცილებლობა” ხომ კულტურის კატეგორიებია. შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის მოღვაწეობა, როგორც ასეთი, სუბიექტურ-ობიექტურია, ამ მომენტების ერთიანობაა. ამ ერთიანობის განმაპირობებელია არა მარტო ის, რომ ის ვითარდება ყოველთვის სუბიექტსა და ობიექტს შორის, არამედ ისიც, რომ სუბიექტის მოღვაწეობა თავის თავში, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის ეფუძნება ობიექტურ კანონზომიერებებს (ფსიქოლოგიური, ლოგიკური, აქსიოლოგიური, სოციალური, დრო-სივრცითი, ტექნიკური და ა.შ.). ასე რომ, კულტურა თავისი არსით, გაობიექტურებული სუბიექტურობა ან გასუბიექტურებული ობიექტურობაა. კულტურის ასეთივე ფენომენია მისი მიზეზობრივი განსაზღვრულობა და მიზანმიმართულება, რომელთა შერწყმასაც ის წარმოადგენს. „მიზანი” და „მიზეზი”, „თავისუფლება” და „აუცილებლობა” ხომ კულტურის კატეგორიებია. ამ ორი უკანასკნელის დიამეტრული განსხვავებულობა კულტურაში უგულებელყოფილია უმაღლესი სინთეზით, რომლისგან გამორჩევა მხოლოდ აბსტრაქციაშია შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის მოღვაწეობა, როგორც ასეთი, სუბიექტურ-ობიექტურია, ამ მომენტების ერთიანობაა. ამ ერთიანობის განმაპირობებელია არა მარტო ის, რომ ის ვითარდება ყოველთვის სუბიექტსა და ობიექტს შორის, არამედ ისიც, რომ სუბიექტის მოღვაწეობა თავის თავში, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის ეფუძნება ობიექტურ კანონზომიერებებს (ფსიქოლოგიური, ლოგიკური, აქსიოლოგიური, სოციალური, დრო-სივრცითი, ტექნიკური და ა.შ.). ასე რომ, კულტურა თავისი არსით, გაობიექტურებული სუბიექტურობა ან გასუბიექტურებული ობიექტურობაა.

როგორია რელიგიისა და კულტურის ურთიერთმიმართება? ჰეგელი მსოფლიო პროცესებსა და, ნაწილობრივ, კაცობრიობის ისტორიაშიც, აკნინებდა ადამიანის როლს, განიხილავდა რა მას, როგორც შემოქმედებით ნებას და შეგნებაწართმეულს, ფაქტობრივად, მარიონეტს აბსოლუტური სულის, ღმერთის ხელში. სულ სხვაგვარია ნიკო ჭავჭავაძის ინტერპრეტაცია, რომ ფილოსოფოსი ასე კარგად გრძნობს თეოლოგიას. მისი აზრით, ბიბლია სწორედ თავისუფალ ნებაზე აკეთებს აქცენტს. ადამის პირველცოდვა ის კი არაა, რომ მან პირველად დაინახა ევა, როგორც ქალი და მასთან ხორციელი კავშირი მოისურვა. ეს უკანასკნელი მის ცოლად მოიაზრებოდა შემოქმედის მიერ. არამედ ის, რომ მას აეხილა „თვალი” დამოუკიდებლად შემმეცნებელი სიკეთისა და ბოროტებისა, და მიეცა უნარი, საკუთარი ნებით გაეკეთებინა მათ შორის არჩევანი. ადამიანები დაემსგავსნენ ღმერთს, მოიპოვეს უნარი შემოქმედებისა, ქმნისა. თუმცა, ამავე დროს, ადამიანებადვე დარჩნენ, არსობის პურის თავანთი ოფლით, ტანჯვით, სისხლით მომპოვებლები. სწორედ ამ საკუთარი ნების მოპოვების, თვითნებურობის გამო კი მიიღო ადამმა თავისუფლება, მაგრამ სამოთხე დაკარგა, განეშორა ღვთის ნებას. მისი დამოუკიდებლობის ეს პირველი აქტი გახდა საწყისი შრომისაც და ზნეობრიობისაც (მან გაიგო, რა არის სირცხვილი), დასაბამი შემოქმედებითი აქტივობისა, რომელიც ეფუძნება ადამიანურ ღირებულებებს, როგორც მიზეზს, ზოგადად, ადამიანური მოღვაწეობისა. ასე დაიწყო კაცთა ცივილიზაცია.

ადამიანური კულტურის შექმნის პროცესში ღმერთი პრაქტიკულად არ ერევა – ესაა ადამიანის, მხოლოდ მისი გონების, ნების, გულისა და სინდისის საქმე. ბიბლიური მსოფლაღქმით, სამყარო ადამიანისა და სამყარო ღვთისა, რეალურ-ემპირიული და ზეემპირიული, განცალკევებულია და ე ს არის ერთდროულად შედეგიც და პირობაც ადამიანური თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და მისგან გამომდინარე – კულტურისა.

ეროვნება, როგორც კულტურის ფენომენი – ეროვნებისა და ეროვნული ურთიერთობების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მრავალწახნაგოვანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კულტურული ერთიანობა ეროვნების გაგების მხოლოდ ერთი ნიშანი იქნებოდა, კულტურის ფილოსოფიას ექნებოდა სრული უფლება, აპელირებულიყო, უპირატესად, ამ საკითხთან მიმართებით. თუმცა, კულტურული ერთობა – ეს არა უბრალოდ ერთ-ერთი არსებული ნიშანია ეროვნების გაგებისა, არამედ (კულტურის ფილოსოფიის თვალთახედვით) ყველაზე არსებითია, რომლის მიხედვითაც ფორმირდება ეროვნება, როგორც ასეთი. სხვა ნიშნები (ტერიტორიული მთლიანობა, ენა, ეკონომიკური ცხოვრება), თვით ისეთი ისტორიული ნიშანიც, როგორიცაა ისტორიულობა, ასახავს აუცილებლობას მათი ერთ კულტურულ ორგანიზმად შერწყმისა – ისტორიულ დროსა და სივრცეში ცვალებადობა ადამიანთა თაობებისა, რომლებიც ცხოვრობენ განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონში, საუბრობენ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე და დაკავშირებულნი არიან სამეურნეო-ეკონომიკური პირობითობით.

კულტურა სხვა არაფერია, თუ არა ღირებულებათა ხორცშესხმა, იდეალურის რეალიზაცია, სულიერის მატერიალიზაცია. კულტურასთან მხოლოდ მაშინ გვაქვს საქმე, როცა იდეალურ-რეალური ღირებულებები, პირდაპირი გაგებით, რეალიზდება, მატერიალიზდება, შეისხამს ხორცს და მოიპოვებს დროით-სივრცითი განფენილობის სხეულს.

იმისთვის, რომ კულტურული შემოქმედების ობიექტად იქცეს, რა სფეროშიც არ უნდა ხდებოდეს ეს, ადამიანი უნდა ამაღლდეს საკუთარ თავზე (ჯერ მხოლოდ ფსიქო-ფიზიკურ სუბიექტზე) და გახდეს შემოქმედებით-პრაქტიკული (გამომგონებელი, რაციონალიზატორი, სელექციონერი და ა.შ.), ესთეტიკური, ეთიკური, რელიგიური სუბიექტი.

ე ნ ა არის არა მხოლოდ საშუალება (ექსპრესიის, კომუნიკაციის, სოციალიზაციისა და ა.შ.), არამედ, ამავე დროს, ერთ-ერთი კონსტრუქტიული ნიშანია ეროვნებისა, ამ ზედროული ღირებულებისა, რომლისთვისაც პატრიოტები თმობენ სიცოცხლეს ან მზად არიან ამისთვის.

მშობლიური ენა არის საშუალება ნაციონალური თვითშემეცნებისა (შეგნება მიკუთვნებულობისა, ჩემთვის, სისხლითა და სულით, კულტურითა და ბუნებით ახლობელ ადამიანებთან, თან არა მხოლოდ თანამედროვეებთან, არამედ მათთანაც, ვინც ფესვებით პრეისტორიულ დროსა და უსასრულო მომავალს უკავშირდება), რომელიც პრაქტიკულად უგულებელყოფს, არღვევს ჩემს დროში დასაზღვრულობასა და მარადისობის ნაწილად იქცევა.

არ არის შემთხვევითი, რომ ეროვნული თვითშემეცნების ერთ-ერთი პირველი განვითარებული ფორმა იყო რელიგიურ-ფილოსოფიურია. ის საკუთარ ხალხს აღიქვამს ღვთისმტვირთველად. ეროვნული თვითშეგნება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის, როგორც კულტურის სუბიექტის (ან ობიექტის) მიღება, ხოლო ამ თვითშეგნების რელიგიური ფორმისთვის – მიღება საკუთარი ხალხისა, როგორც ღვთისგან რჩეულისა. ეს არაა ნაციონალური შარლატანობა და შოვინისტური სიამაყე, არამედ შეგნება საკუთარი მოვალეობისა, შექმნის კულტურა, ცხოვრებაში მაღალი ღირებულებების მატარებელ-დამამკვიდრებელი.

კულტურის ფილოსოფიაში ეროვნული ენა საინტერესოა იმითაც, რომ არის რა კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობის საშუალება, ხელს უწყობს ერის, როგორც კულტურული ორგანიზმის ფორმირებას. მაგალითად, პოეტებისთვის მშობლიური ენა ამოუწურავი წყაროა და საბადო უმაღლესი ესთეტიკური ღირებულებებისა; რელიგიურ შეგნებაში ის ერთადერთი ენაა, რომელზეც უნდა ისაუბრო ღმერთთან; ზოგადად კი, ეს არის ნამდვილად საუკეთესო საშუალება აღზრდისა და განათლებისათვის, კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობასთან და ყველა მის ახალ კულტურულ მიღწევასთან ზიარების წინაპირობა.

ასე რომ, კონკრეტული ნიშანი ერისა, როგორც კულტურული ფენომენისა, არის არა გეოგრაფიული არეალი, როგორც ასეთი (თუმცა ეს უკანასკნელი ასვამს დაღს მის მცხოვრებლებს, მათ ტემპერამენტს და ზოგიერთ სხვა ფსიქო-ფიზიკურ პარამეტრსაც განსაზღვრავს), არამედ სამშობლო, როგორც სივრცითი და ყველა დროისთვის მშობლიური სხეული ერის კულტურისა.

რაც შეეხება ერის (და კულტურის) ი ს ტ ო რ ი უ ლ ო ბ ა ს – ასტრონომიულ დროში მისი მომენტები – წარსული, აწმყო და მომავალი – განკერძოებულია იმ გაგებით, რომ ფიზიკური პროცესისთვის, რომელიც ამ დროში მიმდინარეობს, აქტუალურად არსებობს მხოლოდ აწმყო, წარსული აღარ არის, მომავალი ჯერ არ დამდგარა. ფიზიკურ სხეულებს, მართალია, შეუძლიათ შეინახონ „ხსოვნა” იმისა, რაც მათ ემართებოდათ წარსულში, მაგრამ ესაა „ხსოვნა” იმის შესახებ, რაც ი ყ ო და აღარ არის. კულტურის ფენომენის ისტორიულობა კი ნიშნავს, უპირველესად, მასში ისტორიული დროის ამ სამი მომენტის აქტიურ არსებობას. კულტურის ფენომენის ძალა ისაა, რომ ის არსებობს მხოლოდ მისი შემქნელებისა და მიმღები სუბიექტების მოღვაწეობისა და შეგნების არეალში – ერთდროულად მოიცავს თავის თავში წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც, რომლისთვისაც ის არსებობს, მას მხოლოდ ამ გაგებათა ერთიანობაში არსებობა შეუძლია. სწორედ ასეთად, მთელი ისტორიის, ისტორიულობის მომცველად იკავებს კულტურის ფენომენი ადგილს ასტრონომიულ დროში.

მეორე მხრივ კი კულტურის ისტორიულობა ღირებულებითი გაგებაა. თუ მზის სისტემის ასაკი (დედამიწა, გალაქტიკა…) ჩვენში ცნობისმოყვარეობას იწვევს, კულტურის ასაკი (მშობლიურისა, განსაკუთრებით) ჩვენში, როგორც წესი, სიამაყეს აღძრავს. კულტურის სიძველე ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც მოწმობა და დასტური მისი მაღალი ღირებულებისა.

 

 

 

 

როგორ დავწეროთ ინდივიდუალური გეგმები ონლაინსწავლებისას

0

პედაგოგიური საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია, მოსწავლისათვის როდის და რა შემთხვევებშია საჭირო ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ამ საკითხების შესახებ ამომწურავი მასალები უკვე არსებობს[1], ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დისტანციურად  შემუშავების წინაპიროებებზეც ვისაუბრეთ[2] და ინდივიდუალური განვითარების საერთაშორისო სტანდარტთანაც უკვე დავაკავშირეთ[3]. ამიტომ დღეს ჩვენი წერილის მიზანი კვლავ ის კი არ იქნება, როგორ ვაწარმოოთ ინდგეგმები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, არამედ ის, თუ როგორ მოვარგოთ უკვე არსებული გამოცდილება დისტანციურ სასწავლო პროცესს და რა ინსტრუმენტების მეშვეობით უნდა მოხერხდეს ეს ყოველივე.

დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. უკვე არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა მათთან მუშაობის მრავალფეროვანი სურათი და, შესაბამისად, მრავალფეროვანი გამოწვევები. სწორედ აღნიშნულ საჭიროებათა ერთგვარ კვლევა-ძიებასა და ბავშვისთვის მისაღწევი მიზნების შემუშავებას უნდა მიეძღვნას დისტანციური ისგ ჯგუფის შეხვედრები, რომლებშიც დეტალურად განიხილება ამა თუ იმ საგანში ბავშვის შესაძლებლობა და დაისახება განვითარების გეგმაში ჩასაწერი მოკლე თუ გრძელვადიანი SMART[4] მიზნები.

პრიორიტეტების მატრიცა, როგორც გეგმების შექმნის ინსტრუმენტი

ინდგეგმების შექმნის ინსტრუმენტების ძიებისას MicrosoftTeams-ში წავაწყდი პრიორიტეტების მატრიცას  (Priority Matrix). აღნიშნული მატრიცას საინტერესო წარმომავლობა, ბევრი კარგი მხარე და, უბრალო ვორდის ფაილებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. მათი დანერგვის ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების ოცდამეთოთხმეტე პრეზიდენტის – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერის სახელს უკავშირდება[5] და გამოიყენება, როგორც პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მენეჯმენტის ინსტრუმენტი[6].

ფურცელზე მატრიცის შექმნის პრინციპი მარტივია, ვიღებთ ოთხ ცალ თაბახს, ვავსებთ ოთხივე მათგანს:

  1. მნიშვნელოვანი და სასწრაფო;
  2. მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო;
  3. სასწრაფო, მაგრამ არამნიშვნელოვანი;
  4. მიზნები, რომელიც არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი.

ჩამოვწერთ ყველაფერს, რის გაკეთებაც გვინდა. ამ სიაში შეგვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნები, რომლებსაც პრიორიტეტების მიხედვით 1-იდან 10 ქულამდე ვაფასებთ.

სურ.1.

მატრიცის შექმნის პრინციპი არც MicrosoftTeams-შია ძნელი. მატრიცა, როგორც ინსტრუმენტი, ამავე სახელწოდებით (Priority Matrix) მარტივად იძებნება Teams-ის  დანართებში, ე. წ. აპებში (Apps). აქვეა მისი მოხმარების ინსტრუქციები ინგლისურ ენაზე, რომლის თანახმად, პრიორიტეტების მატრიცა (Priority Matrix):

  • ეხმარება გუნდს, გაზარდოს პროდუქტიულობა და გახდეს უფრო ეფექტური;
  • იძლევა საშუალებას ერთ სივრცეში მოუყაროს თავი გუნდის წევრებისთვის გაზიარებულ ფაილებს, ელფოსტაზე გაგზავნილ დავალებებს თუ სხვადასხვა ადგილზე გაფანტულ ინსტრუმენტებს;
  • როცა გვაქვს ბევრი პროექტი და არხი, პრიორიტეტული მატრიცა გვეხმარება, უფრო სწრაფად მივაღწიოთ მიზანს.
  • აქ შეიძლება Planner-ისა და Graph-ის მონაცემებთან რეალურ დროში ინტეგრირება და სხვ.

ასე რომ,  ადამიანებისთვის, რომლებთანაც ინდივიდუალურ გეგმებსა თუ სხვა საკითხებზე  ვმუშაობთ, შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ მიერ გაცვლილი ელფოსტები, ერთმანეთთან გაგზავნილი ფაილები და ეს ყველაფერი თავმოყრილი იყოს გუნდს შიგნით. ახალი გაზიარებული დავალებების შექმნაც ასევე ხელმისაწვდომია. ჩვენი სამუშაო გუნდისთვის პრიორიტეტული მატრიცის ჩანართები საშუალებას გვაძლევს გავაზიაროთ და განვაახლოთ პრიორიტეტები თითოეული გუნდის არხისთვის, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა და ამავე გვერდზე  თანამშრომლობის საშუალება.

პრიორიტეტული მატრიცის ვებპაკეტი  Teams-ის გუნდში  ასევე იძლევა პროექტის მართვის სრულ შესაძლებლობებს, ყველაფრისთვის, პირადი დავალებების ორგანიზებიდან გუნდის სრული დატვირთვით მართვისთვის, ან ჩვენს ჯგუფში პრიორიტეტების მართვისთვის.

ამდენად, ჩვენს ჩატზე პრიორიტეტული მატრიცის დამატებით, საშუალება გვექნება ხშირად ვაწარმოოთ პრიორიტეტების ანგარიში და მხოლოდ ამის შემდეგ  შევძლოთ სიახლეების დამატების ფუნქციის გამოყენება[7].

აქვე ვიყენებთ ჩანართებს, ბოტებს, ვესაუბრებით აპს, ვსვამთ შეკითხვებს და ვპოულობთ ინფორმაციას, ვიღებთ შეტყობინებებს, შეგვაქვს შინაარსი პროგრამიდან პირდაპირ შეტყობინებებში, ვათავსებთ პირად აპლიკაციას, თვალ-ყურს ვადევნებთ მნიშვნელოვან შინაარსს და ინფორმაციას, ვეძებთ პირად თუ გუნდის ინფორმაციას, როგორიცაა გუნდის სახელი, არხის სია, მათ შორის, გუნდის წევრის სახელები და ელფოსტის მისამართები და მათთან დაკავშირებას ჩვენთვის სასურველი ენის შერჩევით ვცდილობთ.

ვფიქრობთ, პრიორიტეტების მატრიცის გამოყენება ასევე  დაეხმარება განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, მარტივად ჰქონდეს წვდომა მათ დაქვემდებარებაში მყოფ სასკოლო გუნდზე, რათა ასევე მარტივად შეისწავლონ ესა თუ ის შემთხვევა და გასცენ დროული და მნიშვნელოვანი უკუკავშირი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და, ამავდროულად, სასიკეთოდ აისახება სასწავლო პროცესში ჩართული  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლის ხარისხსა თუ, ზოგადად, წინსვლაზე.

 

[1] გზამკვლევი მასწავლებლისთვის  – ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მაია ბაგრატიონი, მარიკა ზაქარეიშვილი, ქეთევან ფილაური, ჟანა კვაჭაძე, თბილისი 2014 წელი https://inclusion.ge/res/docs/2015042416391383051.pdf

 

[2] https://mastsavlebeli.ge/?p=25067

[3] მარიამ გოდუაძე, ისგ და იგგ, ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი-გე“, თბილისი, 2017 წელი. https://mastsavlebeli.ge/?p=16125

[4] https://i2.wp.com/mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2017/11/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%90.png

[5] მანანა სეხნიაშვილი, ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა, ინტერნეტჟურნალი მასწავლებელი, თბილისი, 2019.

[6] https://coachinglab.ge/eisenhower-matrix/

 

[7] https://appfluence.com

 

პროექტები და დავალებები ფანტაზიის გასავითარებლად

0

შემოქმედებითი დავალებები არასდროსაა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტგაზეთი, რომელსაც თქვენ კითხულობთ, მრავალ ასეთ რესურსსა და სტატიას აერთიანებს, გადავწყვიტე, კიდდევ რამდენიმე შემოგთავაზოთ. იქნებ მოგეწონოთ კიდეც:

  1. პროექტი: „ადამიანთა მიწა“
  • კლასი დაყავით ჯგუფებად, აიღეთ გლობუსი, დაატრიალეთ, თვალები

დახუჭეთ და შეეხეთ გლობუსს, რომელი ქვეყანაც აღმოჩნდება, მონიშნეთ ჭიკარტით ან რაიმე სხვა საშუალებით, ასე გაიმეორეთ, სანამ ყველა ჯგუფს თავისი „ქვეყანა“ არ ექნება.

  1. დაავალეთ ჯგუფებს, მოიძიონ ამ ქვეყნების შესახებ ინფორმაცია, ოღონდ გეოგრაფიულმა თუ ისტორიულმა მახასიათებლებმა სამუშაოს შესრულებაში დიდი ადგილი არ უნდა დაიკავოს. მთავარია ადამიანთა ყოფა, ინტერესები, საქმიანობა, პრიორიტეტები.
  2. პრეზენტაციაზე ყოველმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს თავისი ქვეყანა და მისი მცხოვრებლები.
  3. ახლა უკვე ინდივიდულურ სამუშაოზე გადადით, მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ნებისმიერი ქვეყნის მცხოვრები პირობითი სახელით, მოუფიქრონ მათ პროფესია, საქმიანობა, ინტერესები და დაწერონ მისი ლიტერატურული პორტრეტი.

 

  1. პროექტი – გადაკეცილი ფურცელი

 

ა. თემა – მოიფიქრეთ თქვენთვის ყველაზე აქტუალური, საკამათო, მტკივნეული საკითხი. ჩვენ არ გთავაზობთ მზა თემატიკას, არჩევანის თავისუფლებას გაძლევთ!

ბ. აიღეთ თაბახის თეთრი ფურცელი, დაწერეთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწერეთ ფურცელი, გადაეცით სხვა მოსწავლეს და ასე  მანამდე, სანამ ერთ მთლიან ტექსტს არ მიიღებთ.

გ. წაიკითხეთ მიღებული ტექსტი.

დ. იმსჯელეთ, რამდენად ერთსულოვანია კლასი ამ საკითხთან მიმართებაში, რამდენი აზრი დაემთხვა? რამდენი იყო გასხვავებული, რა დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ?

 

  1. პროექტი: ლიტერატურული სტუმარი

 

  • ბოლო ათწლეულში საქართველო მრავალ მნიშვნელოვან ლიტერატურულ სტუმარს მასპინძლობდა, საქართველოს სტუმრობდნენ მიშელ უელბეკი, ერლენდ ლუ, სვეტლანა ალექსიევიჩი, ფრედერიკ ბეგბედერი, დიბისი პიერი, ორჰან ფამუქი, ეთგარ კერეთი, მაიკლ პალმერი და სხვები.
  • მოძებნეთ ინტერნეტში ამ მწერალთა სტუმრობის შესახებ ინფორმაცია და
  1. მოამზადეთ პროექტი – თანამედროვე საქართველოს ლიტერატურული სტუმრები.
  2. გამოიყენეთ ფოტო, აუდიო, ვიდეომასალა.

 

  1. პროექტი: სიტყვების ღრუბელი
  • პატარა ტომარაში ჩაყარეთ ფურცელზე დაწერილი სიტყვები (ნებისმიერი) (სიტყვების რაოდენობა მოსწავლეების რაოდენობაზე სამჯერ მეტი უნდა იყოს)
  • შემთხვევითი წესით თითოეულმა მოსწავლემ ამოიღოს ტომრიდან სიტყვა, ეს გაიმეორეთ სამჯერ.
  • სცადეთ ეს სამივე სიტყვა გააერთიანოთ ერთ სათაურში
  • დაწერეთ ნებისმიერი ჟანრის ტექსტი ამ სათაურით

 

  1. წერილი დაკარგულ მეგობარს
  • გაიხსენე შენი ძველი მეგობარი, რომელთან ურთიერთობა აღარ

გაქვს, გული გწყდება, გენატრება, გაუგებრობის გამო დაკარგე;

  • დაუწერე წერილი, ჩადე სამკუთხა კონვერტში
  • დაფიქრდი, ხომ არ გინდა მართლა გაუგზავნო წერილი?
  • სცადე, გაიგო მისი მისამართი, თუ არადა, მოძებნე ის სოციალურ

ქსელში ან ინტერნეტში…

როგორ ფიქრობ, იქნებ აღგედგინა ურთიერთობა?

 

  1. პროექტი: ქაღალდის თვითმფრინავები
  2. ამოირჩიეთ 10 ქვეყანა და ერთი წიგნი, რომელიც ამ ენაზე დაიწერა;
  3. ქაღალდზე დაწერეთ ამ ქვეყნის და წიგნის სათაური;
  4. გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავები, სასურველია ფერადი ფურცლებისგან
  5. თვითმფრინავებს გამოაბით ძაფები;
  6. თვითმფრინავები ჩამოკიდეთ მუყაოსგან გამოჭრილ რგოლზე წრიულად
  7. ჩამოკიდეთ მუყაოს წრე კედელზე
  8. ყოველ კვირას ამოირჩიეთ ერთ-ერთი ქვეყანა და წიგნი
  9. იმოგზაურეთ ვირტუალურად ამორჩეულ ქვეყანაში
  10. განიხილეთ წიგნი.

 

  1. თამაში სასკოლო ნივთებით

ამ თამაშის წესები მარტივია, თქვენ უნდა აიღოთ რომელიმე სასწავლო ნივთი და უპოვოთ სხვა გამოყენება. ახსენით ლოგიკა, რის მიხედვით შეცვალეთ ნივთის ფუნქცია.

 

სიმშვიდე და თავდაჯერება, რომელიც ისწავლება

0

„სიმშვიდე და თავდაჯერება მხოლოდ გრძნობები როდია. ეს არის უნარები, რომელთა მართვის სწავლება მშობლებსაც და შვილებსაც შეუძლიათ“, – დარწმუნებულია ენ მარი ალბანო, შფოთვითი აშლილობის სპეციალისტი. მან იცის, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ბავშვებთან, როგორ დავეხმაროთ და არ გავაუარესოთ მათი მდგომარეობა მოჭარბებული მზრუნველობით. ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

 

„ბავშვობაში ბევრი რამის მეშინოდა – ელვის, მწერების, ხმამაღალი ბგერებისა და სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმებში ჩაცმული ადამიანების. ასევე, ორი ძლიერი ფობია მქონდა: ექიმებისა და აცრების. პედიატრისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი მცდელობის დროს იმდენად უკონტროლო გავხდი, რომ მან დასამშვიდებლად სილაც კი გამაწნა. 6 წლის ვიყავი – ან ბოლომდე უნდა მებრძოლა, ან რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი. ნემსის გაკეთებისას, მშობლების ჩათვლით, 3-4 მოზრდილი ადამიანი მაკავებდა.

 

როდესაც სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გადავედით. სამრევლო სკოლაში ახალმისული ვიყავი, არავის ვიცნობდი და ახალი კოლექტივი მაშინებდა. პირველივე დღეს მასწავლებელმა ბავშვები გვარებით ამოიკითხა და მე ნიუ-იორკული აქცენტით ვუპასუხე: „აქ ვარ!“. მან გაიცინა და თქვა: „საყვარელო, აბა, ადექი და დამარცვლით თქვი: „ძაღ-ლი“. ავდექი და იმავე აქცენტით გავიმეორე. კლასში ყველამ, მათ შორის მასწავლებელმაც, გადაიხარხარა. მსგავსი დამამცირებელი სიცილი სხვადასხვა მიზეზით მომავალშიც ბევრჯერ განმეორდა.

 

სახლში აცრემლებული მივედი და მშობლებს ვთხოვე ნიუ-იორკში დავბრუნებულიყავით, ან ბოლოს და ბოლოს, მონასტერში გავემწესებინე. არაფრით მინდოდა სკოლაში წასვლა. მშობლებმა მომისმინეს და მითხრეს, რომ სიტუაციაში უკეთ  გაერკვეოდნენ, ნიუ-იორკში რომ გვეცხოვრა, მაგრამ სწავლა აქ უნდა გამეგრძელებინა. ეს ელექტრონული ფოსტისა და მობილური ტელეფონების არსებობამდე მოხდა. ამიტომ მშობლების მიერ გაგზავნილი წერილები კვირების განმავლობაში მოგზაურობდნენ  მაიამისა და ვატიკანის არქიეპარქიებს შორის. ყველა სასწავლო დღე კი ისევ ჩემი ტირილით სრულდებოდა.

 

დედა ჩემს მხარდაჭერას ცდილობდა და ყოველდღიურად რომელიმე ეპისკოპოსის დანაბარებს გადმომცემდა ხოლმე: „გააგრძელოს სკოლაში სიარული, სანამ ახალ ადგილს მოვუძებნით“. ბოლოს ხალხი დამეხმარა, ახალი მეგობრები გავიჩინე და ნიუ-იორკში დაბრუნება უკვე ჩემი ერთადერთი საშველი აღარ იყო.

 

ბავშვთა შფოთვითი აშლილობის შესწავლისას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ გავიგე. ახალგაზრდებში ის ბავშვობიდანვე საკმაოდ გავრცელებულია. ეს დაავადება თავს ოთხი წლის ასაკიდან იჩენს და მოზარდობაში ყოველ მეთორმეტეს ხელს უშლის ნორმალურად ცხოვრების გაგრძელებაში: სახლში, სკოლაში, თანატოლებთან.

 

შფოთვის გამო ბავშვები შეშინებულები, შეწუხებულები არიან, ფიზიკურ დისკომფორტს განიცდიან. მათთვის რთულია ყურადღების კონცენტრირება, დასვენება, მხიარულება, მეგობრების გაჩენა და იმის კეთება, რასაც მათი ასაკის ბავშვები აკეთებენ. შფოთვამ შეიძლება ის გააუბედუროს, ამ ამბის ეპიცენტრში მყოფი მშობლები კი მაინც  გვერდიდან მაყურებლად დარჩნენ…

 

ერთხელ ჩემს მშობლებს ვკითხე: „რატომ მაკავებდით? ხომ იცოდით, რომ ნემსის მეშინოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდით ამის კეთებას. რატომ მიყვებოდით ზღაპრებს მაშინ, როცა სკოლა მაშინებდა, იქ ყოველდღე შეურაცხმყოფდნენ“. მათ მიპასუხეს: „გიყურებდით და გული ათას ნაწილად გვეშლებოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო. იძულებული ვიყავით, ის გაგვეკეთებინა, რაც შეგაწუხებდა. ვიმედოვნებდით, რომ ამას შეეგუებოდი. ვაქცინაცია აუცილებელი იყო. სკოლაშიც აუცილებლად უნდა გევლო“.

 

მშობლებმა ბევრი რამ არ იცოდნენ. სინამდვილეში, მათ არა მხოლოდ წითელაზე ამცრეს, არამედ ბევრ სხვა რამეზეც – შფოთვითი აშლილობა კი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გამყვა.

 

ბავშვებში გადაჭარბებული შფოთვა არის სუპერვირუსი, რომელიც გადამდებია და შეიძლება გამრავლდეს. ზოგი ბავშვი ჩემთან რამდენიმე შფოთვითი აშლილობით მოჰყავთ. მათ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე სახის განსაკუთრებული ფობია, განშორების შიში და სოციოფობია ერთად. თუ შფოთვითი აშლილობა დროულად არ განიკურნა, ეს შეიძლება მოზარდობის პერიოდში დეპრესიაში გადაიზარდოს, რაც მათ ნარკოდამოკიდებულებისკენ ან თვითმკვლელობისკენ უბიძგებთ.

 

ჩემი მშობლები თერაპევტები არ ყოფილან. ისინი არცერთ ფსიქოლოგს არ იცნობდნენ. რასაც აცნობიერებდნენ, ის იყო, რომ აცრები და სკოლა შეიძლებოდა ჩემთვის უსიამოვნო რამ ყოფილიყო, მაგრამ არ დამაზარალებდა. გადაჭარბებულ შფოთვას შეეძლო მომავალში უფრო მეტი დარტყმა მიეყენებინა ჩემთვის, მშობლებს რომ პრობლემებისგან გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ. მე ვერ ვისწავლიდი გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან გამკლავებას. ასე რომ, ჩემმა მშობლებმა უბრალოდ გამოიყენეს ექსპოზიციური თერაპიის შინაური ვერსია, რომელიც შფოთვითი აშლილობის დროს კოგნიტურ-ქცევითი მკურნალობის მთავარ კომპონენტად განიხილება.

 

ჩემი და ჩემი კოლეგების კვლევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიან კანონზომიერებაზე მიუთითებს: „კარგი“ მშობლები ხშირად ბავშვთა შფოთვის მიზეზი გამხდარან. ისინი მიდიან დათმობებზე, საშუალებას აძლევენ ბავშვს, თავი დააღწიოს პრობლემებს. მაგრამ მინდა, რომ შემდეგ სიტუაციაზე დაფიქრდეთ: ბავშვი სკოლიდან სახლში აცრემლებული მოდის. ის 5-6 წლისაა. „სკოლაში არავინ მოვწონვარ! ყველა მეუხეშება. ჩემთან თამაში არავის სურს“.

როგორ იგრძნობთ თავს მისი ცრემლების დანახვისას? რას გააკეთებთ? მშობლის ინსტინქტია – ზრუნვა ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.

 

დიახ, ნორმალურია მასწავლებელთან ან სხვა მშობლებთან დარეკვა, როდესაც ბავშვი 5 წლისაა, მაგრამ რას იზამთ ხვალ, თუ ის სახლში ისევ აცრემლებული დაბრუნდება?

თქვენ მაინც დაურეკავთ მასწავლებელს, როდესაც ბავშვი 8, 10 ან 14 წლის გახდება? ბავშვებს ყოველთვის ექნებათ სირთულეები: მეგობრებთან გატარებული ღამეების, ზეპირი პრეზენტაციების, სკოლაში რთული ტესტების ჩაბარების, სპორტული გუნდის ან სასკოლო სპექტაკლების, თანატოლებთან კონფლიქტის დროს. ეს ყველაფერი რისკია: რაღაც ვერ გააკეთო იდეალურად, ვერ მიაღწიო შედეგს, დაუშვა შეცდომა და იყო შერცხვენილი.

შფოთვის მქონე ბავშვები არ რისკავენ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობას. ისინი არ სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ შემთხვევებს. უნარ-ჩვევებს კი სხვადასხვა  სიტუაციები ავითარებენ – დამოუკიდებლად დამშვიდებას, პრობლემების გადაჭრასა და კომპრომისების პოვნას, მოთხოვნილებების გაკონტროლებას და არდათმობას, თუ ეს საჭიროა. ეს და მრავალი სხვა უნარი ვითარდება  ბავშვებში, რომლებიც რისკავენ და თვითეფექტურობა იღებს ისეთ ფორმას, რომელიც შემდგომში საკუთარი თავის რწმენად გარდაიქმნება.

ბავშვები შფოთვით თავს არიდებენ პრობლემებს, სხვებს აიძულებენ მათ ნაცვლად გადაწყვიტონ ისინი. დროთა განმავლობაში, უფრო მშფოთვარე და ნაკლებად თვითდაჯერებულნი ხდებიან. განსხვავებით თანატოლებისგან, რომლებიც არ განიცდიან შფოთვით აშლილობას, საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ამ სიტუაციებს ვერ გაუმკლავდებიან. ფიქრობენ, რომ მათ ესაჭიროებათ ვინმე (მშობლების მსგავსი), ვინც  პრობლემას მოუგვარებს.

დიახ, მშობლის ინსტინქტი ბავშვის დამშვიდება და დაცვაა. თუმცა, ჯერ კიდევ 1930 წელს ფსიქიატრი ალფრედ ადლერი აფრთხილებდა მშობლებს, რომ მათ შეუძლიათ უყვარდეთ შვილები ისე, როგორც უნდათ, მაგრამ არ უნდა გახადონ ის ამ სიყვარულზე დამოკიდებული.

მისი რეკომენდაციით, მშობლებმა ბავშვებს ადრეული ასაკიდან უნდა ასწავლონ დამოუკიდებლობა. ფსიქიატრი გვაფრთხილებს: თუ ბავშვებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მშობლები უნდა ემსახურონ, ისინი სიყვარულზე არასწორ წარმოდგენას მიიღებენ.

დღეს მაღალი შფოთვის მქონე ბავშვები ყოველთვის ურეკავენ ან წერენ მშობლებს თავიანთი პრობლემების შესახებ. ისინი ამას აკეთებენ დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. რა მოხდება, თუ შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვები მომავალშიც ასე მოიქცევიან? რა ელით მათ, როდესაც გაიზრდებიან?

მე ვატარებ ჯგუფურ გაკვეთილებს მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც შფოთვითი აშლილობით იტანჯებიან. „ბავშვები“ 18-დან 28 წლამდე არიან.

ხშირ შემთხვევაში ისინი სახლში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობენ. ბევრი მათგანი სკოლასა და კოლეჯში დადიოდა. ზოგმა დაამთავრა კიდეც. თითქმის არცერთი არ მუშაობს. ისინი სხედან სახლში და არაფერს აკეთებენ. მათ არ აქვთ სერიოზული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. მშობლებზე არიან დამოკიდებული: მშობლებს დაჰყავთ ექიმთან, მშობლები ეპატიჟებიან შვილების მეგობრებს მათთან სტუმრად, ურეცხავენ ტანსაცმელს, უმზადებენ საჭმელს. მეტიც, შვილებთან მათი ურთიერთობა კონფლიქტურია, რადგან შფოთვამ იმატა, მაგრამ თავად ბავშვები ვერ გაიზარდნენ. თავდაპირველად, ეს არის დანაშაულის განცდა, შემდეგ – აღშფოთება, რომელსაც ისევ დანაშაულის განცდა ენაცვლება.

შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ რამე კარგიც?

თუ მშობლები და ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერსონები შეძლებენ, დაეხმარონ მას შიშებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და ასწავლონ პრობლემების მოგვარება, მაშინ ბავშვიც გამოიმუშავებს საკუთარ შინაგან მექანიზმებს შფოთვის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩვენ ვაფრთხილებთ მშობლებს, იყვნენ ფრთხილად და იფიქრონ იმაზე, როგორი რეაგირება ექნებათ მათ ბავშვის შფოთვაზე. ჩვენ ვეუბნებით მათ: „შეაფასეთ სიტუაცია და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის ამ ეტაპზე პრობლემა? რამდენად საშიშია ეს ჩემი ბავშვისთვის? რა უნდა ისწავლოს მან ამის შედეგად?“

გვინდა, რომ მშობლები ძალიან ყურადღებით იყვნენ: რა თქმა უნდა, თუკი ბავშვს მართლაც სასტიკად გაუსწორდებიან და დაემუქრებიან, კონფლიქტში უნდა ჩაერიონ, მაგრამ ყოველდღიური შფოთვის შემთხვევაში, უფრო სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მათი ობიექტური და მზრუნველი საქციელი, ბავშვის გრძნობების მშვიდად მიღება, იმის დაგეგმვაში დახმარება, როგორ უნდა გაუმკლავდეს ის შექმნილ  სიტუაციას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს პრობლემების გადაჭრა.

მრავალი წლის შემდეგ, ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი შვილის ტანჯვაა, მაგრამ მისი გადარჩენაც შესაძლებელია. გადაჭარბებული შფოთვა ხელს გვიშლის რისკების შესაბამისად შეფასებაში. ამასთანავე შეიძლება გამოგვრჩეს, რომ ბავშვს შეუძლია თვითონაც გაუმკლავდეს რაღაცებს. ჩვენ ვიცით – თუ ბევრჯერ გააკეთებ იმას, რისიც გეშინია, შფოთვა თანდათანობით გაქრება, რაც მნიშვნელოვან რესურსებსა და სტაბილურობას დაგვიტოვებს. სიმშვიდე და თავდაჯერება მხოლოდ გრძნობები როდია.  ეს ის უნარებია, რომელთა სწავლება მშობლებსაც შეუძლიათ“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...