კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

ილუზორულის გამოსახვა რომანტიკოსთა ტექსტებში და მათი სწავლება სინთეზის მეთოდის გამოყენებით

0

მსოფლიო ლიტერატურის ძირითად მიმდინარეობებს შორის რომანტიზმი გამოირჩევა, როგორც დამამკვიდრებელი უმნიშვნელოვანესი კულტურული ტენდენციებისა, რომლებზეც დაშენდა რეალისტური და მოდერნისტული მწერლობის ესთეტიკაც. ამ მიმდინარეობას ახასიათებს მკვეთრად ორიგინალური, თვითმყოფადი ხელწერა. ყოველთვის, როცა რომანტიკული მწერლობის ნიმუშებს ვასწავლით, ბავშვებს ვეუბნებით, რომ ამ სტილის ადეპტი ავტორებისთვის დამახასიათებელია ორი სინამდვილის გამოსახვა, რეალურისა და ირეალურის კონტრასტის ჩვენება, ილუზორული სამყაროს შექმნა და ორი რეალობის ფონზე ლირიკული/ეპიკური გმირის ხასიათის ძერწვა. სასკოლო პროგრამით ჩვენ ვასწავლით სამი დიდი რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებას. ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მსოფლიო რომანტიკული სკოლის ღირსეული მიმდევრები არიან, მათი შემოქმედება თავისუფალია პროვინციული მსოფლაღქმისგან და ეხმიანება მსოფლიო მწერლობის ეპოქალურ კონტექსტებს.

როცა მეთერთმეტე კლასში ვსწავლობთ გრიგოლ ორბელიანის ლექსს „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის „ვპოვე ტაძარი“, განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება, ეგრეთ წოდებული, „რომანტიკული ილუზიის“ მხატვრულად გამოსახვისა და მის სიღრმეებში წვდომის პრობლემა. მოსწავლეები სვამენ უამრავ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წაიკითხონ ამ ტექსტების მთავარი სათქმელი და როგორ შექმნან თხზულებები მათ გასაანალიზებლად. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ახალი თემის გააზრების პროცესში უმნიშვნელოვანესი ეტაპია სინთეზირება. როცა ვპოულობთ პარალელურ ტექსტებს, ვახდენთ მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნების მარკირებას, ვმსჯელობთ ამ მახასიათებლებზე. ეს ხელს უწყობს ტექსტის ღრმად გააზრებას, მოსწავლეთა ანალიტიკური უნარების განვითარებას.

უპირველესად ვსაუბრობთ ქართული რომანტიზმის, როგორც მსოფლიო რომანტიკული მწერლობის წიაღში დაბადებული ფენომენის რაობაზე, მის ძირითად მოტივებზე. აღვნიშნავთ, რომ ქართული რომანტიზმი ფრანგული და რუსული რომანტიკული სკოლების გავლენით კი იშვა, მაგრამ მასში არაფერი ყოფილა ეპიგონური, ეს არის აბსოლუტურად ორიგინალური მწერლობა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული რომანტიზმი ევროპულისგან რამდენიმე ათეული წლის დაგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, სწორედ ქართულ სინამდვილეში არსებულმა ახალმა რეალობამ შვა, რომ ის ეხმიანება ეროვნულ სინამდვილეს და იმ ეპოქის ქართველის განცდებს საოცარი გულწრფელობით გამოხატავს. ასევე ნიშანდობლივია აღნიშვნა იმისა, რომ მსოფლიო რომანტიკოსთა შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია, პროზა და პოეზია თანაბრად აქტუალურია, ხოლო ქართველმა რომანტიკოსებმა მოირგეს პოეტური/ლირიკული მსოფლაღქმის ნიშა და რატომღაც უარი თქვეს პროზაზე. თუმცა თუკი ერთმანეთს შევადარებთ რომანტიკული მწერლობის პროზაულ და პოეტურ ნიმუშებს, სინთეზირების ბილიკებზე ესეც ძალიან ეფექტური იქნება. ამიტომ ლიტერატურული პარალელებისთვის ვირჩევთ ედგარ ალან პოს ორ მოთხრობას – „უილიამ უილსონი“ და „კლდოვანი მთების ამბავი“. სასურველია კლასს გავაცნოთ მსოფლიო რომანტიკული სკოლის გამოჩენილ ავტორთა ვინაობა და ზოგადად მიმოვიხილოთ მათი შემოქმედება. დარწმუნებული ვარ, კლასში უთუოდ აღმოჩნდებიან კითხვის მოყვარული მოსწავლეები, რომელთათვისაც უცხო არ იქნება რომანტიზმის კლასიკოსთა ნაწარმოებები. გოეთე, ბაირონი, შილერი, სკოტი, ჰიუგო, დიუმა, მერიმე, პუშკინი, ლერმონტოვი.  ეს ავტორები ქართველ მკითხველებში ყოველთვის პოპულარული იყო, არსებობს მათი ნაწარმოებების თარგმნის საუკეთესო ტრადიციები.

რა ძირითადი აქცენტები უნდა შესთავაზოს მასწავლებელმა კლასს, როცა რომანტიკულ მწერლობაში ილუზორული სამყაროს გამოსახვის ტრადიციაზე მოგვიწევს საუბარი.

  • რა ასაზრდოებს ილუზორულის/ირეალურის გამოგონებას რომანტიკოსთა შემოქმედებაში?
  • რეალობიდან გაქცევა – ეპოქის კონტექსტი, პირადი ტრაგედიები, კონფლიქტი რეალობასთან;
  • კონტრასტის ხერხი, როგორც მოვლენის არსის საუკეთესო გამოხატვა;
  • მსოფლმხედველობრივი და სენტიმენტალური ძიებანი;
  • რა მახასიათებლები აქვს რომანტიკულ ილუზიას?

მსოფლიო რომანტიზმის მიმოხილვისთვის გთავაზობთ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ მომზადებულ სლაიდშოუს, რომელიც რომანტიზმით დაინტერესებულ მკითხველს პირველ ეტაპზე თვალს აუხელს და ინტერესს აღუძრავს.

აუცილებელია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ რომანტიკულმა პოეზიამ დაამკვიდრა გამძაფრებული ლირიზმის, ემოციური ტექსტების საუკეთესო ტენდენციები. ლექსის ემოციამ და ევფონიამ წინა პლანზე გადმოინაცვლა და ამის საუკეთესო ნიმუშებად ქართველი რომანტიკოსების ლექსებთან ერთად შეგვიძლია მოვიშველიოთ ამერიკული რომანტიკული სკოლის მამამთავრის, ედგარ ალან პოს შემოქმედება. ლექსის რიტმულობის საუკეთესო მაგალითებად შეგვიძლია მოვისმინოთ ბარათაშვილის „მერანი“ და ედგარ ალან პოს „ყორანი“. ჩემს მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა „ყორნის“ აუდიოჩანაწერმა ინგლისურ ენაზე, რომელსაც ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი კრისტოფერ ლი კითხულობს. გთავაზობთ ამ აუდიოჩანაწერის ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=BefliMlEzZ8

ილუსტრირების მოყვარულ მოსწავლეებში ინსპირაციის გასაღვივებლად კარგი რესურსია ამ ლექსის აუდიოჩანაწერი თანდართული ანიმაციით: https://www.youtube.com/watch?v=GLbe4JwE6-0

ამგვარი ანიმაციებისა თუ ილუსტრაციების მომზადება უსათუოდ დააინტერესებთ ბავშვებს და შეგვიძლია დავგეგმოთ მათი პრეზენტაცია შემაჯამებელ გაკვეთილზე.

მსოფლიო რომანტიზმის მიმოხილვის ეტაპზე ასევე სასარგებლო რესურსი იყო გენიალური ინგლისელი პოეტის, ჯონ კიტსის ცხოვრებისადმი მიძღვნილი მელოდრამა „კაშკაშა ვარსკვლავი“, რომელიც 2009 წელს გადაიღო რეჟისორმა ჯეინ კემპიონმა. (ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://movie.ge/movie/Mjk5NjM ). ბენ ვიშოუსა და ები კორნიშის მიერ შესრულებული ჯონ კიტსისა და მისი შეყვარებულის, ფანი ბრაუნის, სახეები გულგრილს არავის დატოვებს. ეს ფილმი დაეხმარებათ მოსწავლეებს, რომ გაიაზრონ ზოგადად მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ადამიანის სულიერება, გემოვნება, იმ სამყაროს სურნელი და ფერი. ჯონ კიტსი თავისი ფსიქოტიპით ძალიან ენათესავება ნიკოლოზ ბარათაშვილს. სამწუხაროა, რომ ქართულმა კინემატოგრაფმა არ თუ ვერ შექმნა ასეთი მწერლების ბიოგრაფიული კინოქმნილებები.

„გაიცანით მისტერ ჯონ კიტსი… ის იმ წელს დაიბადა (1795), როცა კრწანისის ომში დამარცხებული მეფე ერეკლე საქართველოს ბედს დასტიროდა და ტახტს თავისი ხელით უმზადებდა რუსებს… და გარდაიცვალა მაშინ, როცა ჩვენი ყველაზე დიდი რომანტიკოსი მხოლოდ 4 წლის იყო… ტატო და ჯონი… რომ შეხვედროდნენ… რამდენი რამ აერთიანებთ… ჭლექმა წაართვა სამყაროს ეს გენია, როგორც ჩვენი ვაჟა, როგორც ლადო“, – ამ სიტყვებით დავიწყე გაკვეთილი, როცა „კაშკაშა ვარსკვლავის“ ერთობლივი კინოჩვენება მოვაწყვეთ ჩვენს ვირტუალურ კლასში. ჩემი შიში, რომ მელოდრამისთვის დამახასიათებელი ნელი ტემპი და მოჭარბებული ემოციურობა მოსაწყენი იქნებოდა თანამედროვე ბავშვებისთვის, ამაო აღმოჩნდა. ფილმმა უდიდესი ინტერესი და შთაგონება აღძრა ბავშვებში.

ასევე რომანტიზმის მიმოხილვის ეტაპისთვის გამოვიყენეთ ედგარ ალან პოს უკვდავი ესეი „კომპოზიციის ფილოსოფია“. შეგვიძლია პოს ეს წერილი მულტილინგვური კომპეტენციის განვითარებისთვის გამოვიყენოთ, დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად და ესეის გავეცნოთ ორიგინალში. ინტერნეტში არ იძებნება ამ ესეის ქართული თარგმანი, თუმცა არსებობს გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ 2013 წელს გამოცემული საინტერესო კრებული „ედგარ ალან პოს „ყორანი“ – ერთი შედევრის 21 ქართული თარგმანი“, რომელშიც, გარდა ამ თარგმანებისა, რაც თავისთავად უზომოდ დამაინტრიგებელია, შესულია პაატა და როსტომ ჩხეიძეების მიერ თარგმნილი ედგარ პოს დასახელებული ესეი (The Philosophy of composition). ქართულ-ინგლისური ინტეგრირებული გაკვეთილის რესურსად გირჩევთ გამოიყენოთ ავტორიტეტული საიტის მიერ მომზადებული სანდო ვერსია: https://www.poetryfoundation.org/articles/69390/the-philosophy-of-composition

ზემოთ დასახელებული პარალელური ტექსტები: გრ. ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ნ. ბარათაშვილის „ვპოვე ტაძარი“ და ედგარ პოს ორი მოთხრობა („უილიამ უილსონი“ და „კლდოვანი მთების ამბავი“) ილუზორული სამყაროს გამოხატვის რომანტიკული სკოლისთვის დამახასიათებელი ხელწერის თვალსაჩინო ნიმუშებია. ჩვენი მიზანია, მოვნიშნოთ ის ძირითადი შტრიხები, რომელთა მეშვეობითაც ავტორები ამ სამყაროს ქმნიან. გრ. ორბელიანის ლექსში ლირიკული გმირის ილუზია ისტორიულ წარსულთან, თამარ მეფის სახესთან, წარსულისა და აწმყოს დამაკავშირებელ ხიდებთან, ქვეყნის ხსნის იმედთან, ქრისტიანულ ტაძართან არის დაკავშირებული. ბარათაშვილის ლექსის ილუზია უდაბნოში წარმოსახულ ქრისტიანულ ტაძარს უკავშირდება. ის სულიერი სავანე და ნავთსაყუდელია ლირიკული გმირისთვის. მასთან დაკავშირებულია ესთეტიკური ტკბობა, სიმშვიდე, იმედი, სულის ხსნა, თუმცა დაუნდობელი რეალობა ამ ილუზიას ფატრავს და ორი სამყაროს კონტრასტის ფონზე სასოწარკვეთილი ლირიკული გმირის მძაფრი განცდები დაუვიწყარ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე.

ედგარ პოს მოთხრობა „უილიამ უილსონი“ მისტიკური და ავტობიოგრაფიულია. მთავარი გმირის დაბადების თარიღიც კი ემთხვევა ავტორისას და აქ გადმოცემულია ცოდვილი გმირის მისტიკური ილუზია, რაც დაკავშირებულია სინდისის ქენჯნასთან, სულიერ გაორებასთან. საკუთარი ალტერ ეგო დევნის გმირს და ამარცხებს მის ცოდვილ ბუნებას. რაც შეეხება „კლდოვანი მთების ამბავს“, აქაც პო საყვარელ თემას აცოცხლებს. მისტიკური სინამდვილე, შეუცნობლის შეცნობის წყურვილი ავტორისა და გმირისაგან ცხადად საგრძნობია. აქ პო მთხრობელის როლს ირგებს და პერსონაჟად გვევლინება, დამაინტრიგებლად გვიყვება ბედისწერით შეკავშირებული ორი გმირის – ოგასტეს ბედლოუს და ექიმ ტემპლტონის მიერ განცდილ მისტიკურ ისტორიას. თუ პირველ მოთხრობაში პო მორალისტურ აქცენტებს წამოსწევს, ადამიანური ყოფის რაობაზე, ცოდვაზე, დაცემაზე, სინანულზე, მიტევებასა და სასჯელზე საუბრობს, ბედლოუს ამბავში ის ცდილობს, გააცოცხლოს ამოუცნობი სინამდვილე, რომლის ჩხრეკაც უაღრესად საინტერესოა. თავად ავტორი, როგორც ცნობილია, ძალიან იყო გატაცებული მისტიკური სინამდვილის ფილოსოფიური ძიებებით, რაც მკითხველსაც ითრევს ამგვარ განსჯებში. ამ თემებზე კლასთან მუშაობის დროს უსათუოდ დაიბადება პოს, კიტსისა და ბარათაშვილის ბიოგრაფიული ნარატივების გაცნობის იდეაც. ყოველი მწერლის ბიოგრაფია ალბათ საინტერესოა მკითხველისთვის, თუმცა ედგარ პო გამონაკლისია, როგორც ყველაზე უცნაური ბიოგრაფიის ადამიანი. წარმოუდგენელია, რომ ამ თემებით ვერ დავაინტერესოთ კლასი. ერთ-ერთ გაკვეთილს დავუთმობდი პოს, კიტსისა და ბარათაშვილის ბიოგრაფიების პრეზენტაციას, დისკუსიას ამ სამი უაღრესად საინტერესო, ახალგაზრდული მღელვარე სულისკვეთებისა და ტრაგიკული ავტორის ცხოვრებაზე. მათი ნატურის გაცნობა, ფიქრი მათ ფაქიზ სულიერ სამყაროზე ხელს შეუწყობს მსოფლიო რომანტიკული სკოლით დაინტერესებასა და ჩაღრმავებას, აღძრავს კრეატიულ იმპულსებს შემოქმედებითი ინტელექტით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის.

როცა ჩავწვდებით დასახელებული ავტორების ტექსტებში ილუზორული სამყაროს გამოსახვის აქცენტებს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათ მხატვრულ მარკერებზე, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს მხატვრული ტექსტის ანალიზისა და სინთეზის მაღალ სააზროვნო უნარებს. რომანტიკული მწერლობა უკიდეგანოდ მდიდარ სამყაროს გვთავაზობს საამისოდ.

 

ამბები დუშეთიდან და არამხოლოდ. ნაწილი VI

0

***

ღამით მარიამი გარდაიცვალა. აი, ასე – გოგონა დიდი ოცნებებით. გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს – ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან. თუმცა მოვიკრებ ძალას და შეძლებისდაგვარად ცხადად დავწერ. გუშინ რაღაც საქმეზე ბახმაროსკენ მივდიოდი. გზად დამაწიეს ცნობა, რომლის მსგავსსაც მგონი ყოველდღე ვიღებ – მარიამ ბარდაველიძეს, ახალგაზრდა გოგონას, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ბევრმა მომწერა, მათ შორის დედამისმაც. უბედურმა დედამისმა. ვნახე მისი ძველი მონაწერიც – მეუღლე გარდაცვლია პანკრიასის სიმსივნით და ურთულეს პირობებს უმკლავდებოდა ორი სტუდენტი შვილით. ერთი მარიამი იყო. სასწრაფოდ ჩავწერე ვიდეო და გავავრცელეთ მარიამის დასახმარებლად. ეს რას იზამდა, ეს საცოდავი ცდა, მაგრამ მაინც. მას შემდეგ, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე – აქ ნაკლებ გაწუხებთ ხოლმე ამ მიზეზით, იმდენად ხშირია და დაუსრულებელი. მხოლოდ თერჯოლიდან ბარემ ათამდე მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი მე მახსოვს და უმეტესწილად გავიმარჯვეთ. ოღონდ გავიმარჯვეთ სასწრაფოდ ან თურქეთში, ან ავსტრიაში, ან გერმანიაში გაქცევით. აქ ვერ ვუმკლავდებით ამ ამბავს, ან ძნელად ვუმკლავდებით. დიაგნოზსაც ზოგჯერ არასწორად ვსვამთ. არიან ექიმები ან სწორი მართვა ან იმის თქმა რომ შეუძლიათ – „ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ“. ასეთი ექიმი ბევრი არ არის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი კითხვა დამებადა. ხმა არ ამომიღია, ჩემში ჩავკალი ყველაფერი, მერე რომ არ ეთქვათ ის, რაც იოლი სათქმელია: – „ჭირისუფალია და სუბიექტურია ანაც საკუთარ პოპულარობას და გავლენას იყენებს”. და სხვანი. ხმა არ ამოვიღე და ეს ტკივილი დღემდე საწამლავივით პირში დაგუბებული, ჩემში წვეთავს და მწამლავს. მოვიკრებ ძალას და კონკრეტული ადამიანებისკენ და კლინიკებისკენ გაშვერილ ხელს ახლაც დაბლა დავწევ. დავწევ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ჭირისუფლების ნებართვა არ მაქვს, თუმცა მაქვს უამრავი კითხვა, მათგან დასმული და გადამოწმებული. დავწევ იმიტომაც, რომ ეს საერთო პრობლემაა და მაინცდამიანც ერთ საავადმყოფოს არ უკავშირდება. უნდა დადგეს დრო და ჩვენმა ქვეყანამ ააშენოს პატარა კლინიკა ამ ლამის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ. ასე არ გამოვა. არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი ინდივიდუალური ინტერპრეტაციების გარეშე. არ შეიძლება ყველაფრის ერთნაირად ჭრა და კერვა. ადამიანებზე ისე ლაპარაკი, თითქოს უვარგისი თოჯინა იყოს. რამდენ მშობელს მივყევი სხვადახვა კლინიკაში, რომელსაც ცივი ფრაზები დაახვედრეს: „ქალბატონო, ჩვენ წესი რაც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ”; „ქალბატონო, მოულოდნელად დამძიმდა”; „ქალბატონო, იცის ასე ამან გართულებები და ჩვენ რა ვქნათ”; „ქალბატონო, და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია?” – ეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან უხეში ურთიერთობა ცალკე სენი და სხვა საკითხია.
შეიძლება მე ვცდები, მე ვარ სუბიექტური და თვალდაბინდული, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედაა ჩვენებურ ონკომედიცინაში და აჰა, ამიტომაც ვიკრებ ძალას და ამას ვწერ – თქვენ მითხარით, თქვენ ამიხილეთ თვალი!
წუხელ ღამით დამირეკა ბოლოს დედამისმა, მეხვეწებოდა, ეგებ ვინმეს იცნობ, რეანიმაციაში რომ მოიკითხოსო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესო, ხომ გადარჩებაო? რას ვეტყოდი, გადარჩება-მეთქი. მასე ბევრი იყო და დაძლიეს-მეთქი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია-მეთქი. მეც, აი უყურეთ, ყველაფერს ვიზამ-მეთქი. მეთქი. მეთქი. მეთქი. რა ვქენი? ვერაფერი. რას ვიზამდი? ვერაფერს.
***

ჰოდა, აჭარაზე მოგიყვებით. აჭარაზე და აჭარლებზე.
მე ეგრე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გამორეულა შემცდარი კაცი და ამრეზით უთქვამს ვინმესთვის: „რას შვები, ბიჭო, აჭარელი ხომ არ ხარ?!”. ცინიკური იყო ეს ნათქვამი. ცინიკური, მავნე და რაც უმთავრესია – უსაფუძვლო. მაშინ განა ცხადად ვხვდებოდი, პატარა ვიყავი და ვერ – არც მიზეზი მიძებნია, სანამ ცოტა არ მოვიზარდე. ასე მოხდა – ცალკე საქმემ და ცალკე სურვილმა მიკარნახა – აჭარაში, თითქმის ყველა სოფლის კარზე დავაკაკუნე. მალევე და იოლად ჩავწვდი – სხვა, დიდი მტრის განზრახული და კარგად მოფიქრებული მახის ნაწილი იყო ის სიტყვები, ჩვენს ამ გაუგებარ ურთიერთკილვას და დაუნდობლობას რომ კარგად იცნობს – მისი.
ხოლო აჭარა არის ყველაზე ზუსტი ისტორია იმ ქვეყნის გადარჩენის, საქართველო რომ ჰქვია. გაძლების და გამარჯვების ისტორია. თავის დანარჩუნების და არგაბოროტების. არდაბეჩების, არამედ ტკივილის დამორჩილების, გადადნობის და ძალად ქცევის. ჩახედეთ აჭარელ მოხუცს მორცხვ თვალებში. ეგ თვალები ირეკლავს დიდ, ძნელ გზას. ეგ თვალები, ღიმილი და ჯადოქრული სითბო, თუ ხელი დაგადო და მოგიჭირა. ძლიერად და დაჟინებით. ჰო, აჭარლები სხვანაირად იღიმიან. თითქოს სტკივათ, იმ წლების ლოდები ტუჩებს ტირილისკენ ექაჩება, მაგრამ ლოდებზე ძლიერია სხვა რამ, უსახელო და ძნელად გასაგები – ღიმილით ცრემლების დამთრგუნველი. ის სხვა რამ არის აჭარა. ის სხვა რამ არის საქართველო.
იცით? აჭარელი არასდროს გაწუხებს. არასდროს. განდაგანაც ხომ ეს ცეკვაა, სხვების არშეწუხების და საქმის ჩრდილში კეთების. გან და გან, მაგრამ ახლო და ახლო. ეს არის აჭარა. და აჭარელი. დიდი ამბის ჩუმად მქმნელი და არმთქმელი.
ახლა ხულოში ვარ. ვწევარ და ამეებზე ვფიქრობ. ჰოდა, ამ ფიქრში გარეთ გავიხედე და კიდევ ეს ცაა აჭარაა. და ეს ვარსკვლავები. ახლოები და დიდვან-დიდვანი. დიდვან-დიდვანი.

 

 

ეპოქა, როგორც მსაზღვრელი

0

(“ქრისტე” და “ანტიქრისტე” ბარათაშვილის სულიერ არსებასა და ბედისწერაში)

 

ყოველ ადამიანს, უფრო კი, მაღალი მოწოდების ადამიანს ჯვარზე აჰყავს თავისი წმიდათაწმინდა, იგივე “ქრისტე”, ხოლო ჯვრისკენ უბიძგებს “ანტიქრისტე” – ეპოქა, რომელშიც იგი მოვიდა და რომელმაც განსაზღვრა მისი ამქვეყნიური ბედისწერა.

 

ანტიქრისტე მითია, ის არ არის რეალური და კონკრეტული არსება, ცალკეული პირი, არამედ ეპოქის სულის კონცენტრაციაა, რომელიც მუშაობს დროში და მის გამოწვევებთან აპირისპირებს ხელოვანს, მეცნიერს, მოაზროვნეს.

 

ბარათაშვილის  ოცნება სამხედრო სამსახური იყო, ანუ სამსახური იმ უწყებაში, რომელიც მის სამშობლოს დამპყრობლად მოევლინა, რომელმაც გააუქმა მისი სახელმწიფო, მისი წინაპრების მიერ ბრძოლით მოტანილი პოლიტიკური ერთეული. ამ ისტორიულ ფაქტს ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები ამბოხებებისა და შეთქმულებების შემდეგ შემგუებლობით და მორჩილებით შეეგებნენ და  რაკი სხვა ასპარეზი მთლიანად მოშლილი და გაუქმებული იყო, დაიწყეს მის სამსახურში ჩადგომა. ისინი, ვინც უპირისპირდებოდნენ რუსეთის თვითმპყრობელობას, თავად გახდნენ ამ თვითმპყრობელობის მსახურნი და გამაძლიერებელნი. ვინც ამ სამსახურზე უარი თქვა, დატოვა სამშობლო, გადაიხვეწა ან აღმოსავლეთში, ანდა შეეგუა “თავისუფალ ტყვეობას” რუსეთის იმპერიაში. იმაზე დიდი შინაგანი წინააღმდეგობა, ვიდრე დამპყრობლის სამსახურში ჩადგომაა, რა უნდა ჰქონოდა ადამიანს. და რა რჩებოდათ ამის შემდეგ, ერთი მხრივ, მტრის მსახურებაში მყოფთ და, მეორე მხრივ, სამშობლოს თავისუფლების მომლოდინე პოეტებს, თუ არა – სიტყვით გლოვა, საქმით კი – სამხედრო შემართება, რაც მათ პიროვნულ გაორებას, პიროვნულ კრახს იწვევდა. გრიგოლ ორბელიანი, ბარათაშვილის ალალი ბიძა, მისი მოსიყვარულე და მოჭირნახულე, იმდენად დაკავებული და ბოლომდე ჩაძირული იყო რუსეთის სამსახურში, რომ თავისი საყვარელი დისშვილის სიკვდილს სამხედრო პოლკში შეხვდა, დიდმა მწუხარებამ რამდენიმე დღე ლოგინადაც ჩააგდო, მაგრამ ვერ შეძლო ისიც კი, რომ უცხოობაში უპატრონოდ დაღუპული ახლობლის ნეშტი სამშობლოში გადმოესვენებინა. ეს, ერთი ფაქტიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, როგორ „სიამტკბილობაში“ იყვნენ ქართველი გენერლები რუსეთის უმაღლესობასთან. ხოლო ოჯახს, დედას და დებს იმის სახსარი არ ჰქონიათ, შავად შემოსილიყვნენ. ამაზე უკეთესი სურათი უფლებააყრილი ქართული არისტოკრატიის სიდუხჭირის წარმოსადგენად საჭირო აღარ არის. ისინი ჩადგნენ რუსის სამსახურში იძულებით, როგორც თავგანწირული მეომრები და მთელი ეს სამხედრო ჩინები და ამქვეყნიური დიდებები სიბნელეზე ჩამოფარებული მხოლოდ თხელი, გამჭვირვალე საბურველია. და ბარათაშვილსაც ეს სამსახური ენიაზებოდა, მასზე ოცნებობდა, ის მიაჩნდა თავის მთავარ მოწოდებად, თავისი კაცური დიდების მთავარ ასპარეზად და მიაღწევდა კიდეც ამ მიზანს, რომ არა ბედისწერის ნამუშევარი – გიმნაზიის კიბიდან გადმოვარდნა და ფეხების დაზიანება (თუმცა, ერთგან წერს, რომ ფეხი სრულიად მოურჩა და თუ სამხედრო სამსახურს ვერ ახერხებს, მისი ოჯახური მდგომარეობის ბრალია). ბარათაშვილის მთელი ბიოგრაფია ამ ფაქტის შედეგებით აიგო – დარჩა უსამსახუროდ და უსახსროდ, თუმცა, დროდადრო რაიმე უმნიშვნელო საქმე გამოუჩნდებოდა −  საარსებო წყარო  მისთვის  და მისი ოჯახისთვის. არცერთი სამსახური არ შეეფერებოდა მის შინაგან მისწრაფებებს, არცერთ სამსახურს არ მოუტანია კეთილდღეობა, ერთ მხარეს რჩებოდნენ იმპერიასთან დაახლოებული, ასე თუ ისე, ცხოვრებააწყობილი ოჯახები და მეორე მხარეს, იგი, ვისი სულიც თავისუფლებისკენ ილტვოდა, მაღალ ასპარეზს მიელტვოდა და  ნატრობდა კაცს, ვინც  ფართო გზაზე გაიყვანდა. მაგრამ  ფართო გზა იყო კი ის გზა, რომელიც მართლა შეასხამდა ხორცს მის ოცნებებს, მისცემდა გასაქანს მის სულიერ მისწრაფებებს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ – არა,  უმაღლესი წოდებაც კი რუსეთის ჯარში ვერ მისცემდა მას იმ საზრდოს, ვერ შეუქმნიდა იმ ნიადაგს, რომელზეც მყარად დადგებოდა და თავის სანუკვარ ოცნებებს განახორციელებდა. ძნელი მისახვედრი არ არის, – რატომ. ქართული არისტოკრატიიდან  ერთადერთი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი ბრწყინავდა დიდებითა და სიუხვით, ისიც, არა იმის გამო, რომ ოჯახის თავმა რუსის გენერლობას მიაღწია და ამით მიიღო ის სიმდიდრე და პატივისცემა, არამედ იმიტომ, რომ მამამისი ერეკლეს კარზე დაწინაურებული პირი იყო, უშუალოდ მოაწერა ხელი რუსეთისთვის აგრერიგად საჭირო გეორგიევსკის ტრაქტატს და მისმა შთამომავლობამ სანაცვლოდ მიიღო იმუნიტეტი, თვით აჯანყებებსა და შეთქმულებებში მონაწილეობის გამოც კი, ალექსანდრე ჭავჭავაძეს ინდობდნენ და მსუბუქად სჯიდნენ, ეს, ცალკერძ, მამის დამსახურებისადმი პატივისცემით, მეორე მხრივ კი, ერთგულების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რუსეთს, რადგან ეს იყო ოჯახი, ფაქტობრივად, კულტურული პლაცდარმი, სადაც მის უმაღლეს წარმომადგენლებს, დიპლომატებს თუ სამხედრო პირებს შინაურული ატმოსფერო ხვდებოდათ. ასეთი ურთიერთობის შედეგად მივიღეთ სიძედ რუსი დიპლომატი და პოეტი. თუმცა, მეორე ქალიშვილისთვის საქართველოში მოძიებული ოჯახი და საქმრო ვერ გამოდგა ის გარანტია, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამსახურში თავგამოჩენილი ოჯახი კვლავაც შეინარჩუნებდა სიმშვიდეს და დიდებას. სამეგრელოს სამთავროს გაუქმება და ეკატერინეს შინაპატიმრობა პეტერბურგში ამის ნათელი დასტურია. მარტო ეს ისტორიებიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, რამდენად სასტიკი და დაუნდობელი იყო იმპერია ნებისმიერი პირისა თუ ოჯახისადმი, როდესაც საქმე მის პოლიტიკურ ინტერესებს ეხებოდა. ქართველ თავად-აზნაურთა მდგომარეობის კიდევ უფრო შემზარავ ფაქტად რჩება ბარათაშვილის ნათესავისა და მეგობრის, მაიკო ორბელიანის ბედი. მშვენიერი ახალგაზრდა ქალის ტრაგედია, რომელსაც ეტრფოდა ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი და სწორედ იმპერიისა და მასთან აფილირებული ქართველი თავად-აზნაურობის აღვირახსნილი ქმედება გახდა ამ ორი ადამიანის ბედისწერის განმსაზღვრელი (მართალია, არ არსებობს ამ საჩოთირო ფაქტის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ზეპირად გავრცელებული ისტორიისა თუ ე. წ. გონივრული ეჭვებისა). ჭლექით დაავადებულ მაიკო ორბელიანს დიდხანს არ უცოცხლია. ბარათაშვილის ხანმოკლე სიცოცხლეც ხომ პირდაპირ კავშირშია იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი. მანამდე კი, ვიდრე აღსასრული მოვიდოდა, პოეტის ამქვეყნიურ მისწრაფებებს ჩაენაცვლა პოეტური ხატები მაღალი აზრების გადმოსაცემად. ოცნება სამხედრო კარიერაზე მხოლოდ გარეგნულ, ფაქტობრივად, გაუაზრებელ მისწრაფებად დარჩა, რეალურად კი მივიღეთ მთელი მისი შემოქმედება, რომელიც სწორედ ამქვეყნიური, წარმავალი ყოფიერებისა და მარადიული, წარუვალი ფასეულობების ჭიდილში დაიბადა. რომ არა რეალური ყოფა, რომელშიც მოუხდა ბარათაშვილს ცხოვრება, შეიქმნებოდა კი მისი შედევრები?! ერთი შეხედვით, კითხვა ჰიპოთეტურად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გადავხედავთ ბარათაშვილის და ზოგადად, ხელოვანთა ცხოვრებას, ნათლად დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მათ ცხოვრებაში ამქვეყნიურმა ბედისწერებმა. ხელოვანის ირგვლივ, მთელი ის რეალური მოცემულობა, შეიძლება ითქვას, რომ არის მიზეზთა ჯაჭვი, რომელიც უბიძგებს მათ, წერონ, ხატონ, აქანდაკონ სწორედ ისე, როგორც ეს მათ შემოქმედებაში ხდება. ფაქტობრივად, სოციალურ-პოლიტიკური ყოფა არის ანტითეზა, რომელთან ბრძოლაშიც იხვეწება და თავის  საუკეთესო ფორმებს იძენს თეზა, მთავარი მიზანი, რომელიც ჯვარს უნდა ეცვას.  ანტიქრისტე  კი მთელი ამსოფლიური ყოფიერების სინთეზია, რომელსაც აფეთქებამდე მიჰყავს მუზები. როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყვის: ის არის ნაწილი იმ დიადი ძალის, რომელსაც ავი სურს, მაგრამ კეთილს სჩადის, უფრო სწორად, სიკეთე გამოსდის თავისდაუნებურად. ეს უკვე დიალექტიკის უტყუარი კანონია და მხოლოდ კანონებს ემორჩილებიან ამ ატმოსფეროში მოყოლილი არსებები. ძნელი სათქმელია, რატომ დალაგდნენ მოვლენები ასე, იმიტომ, რომ ესა თუ ის დიადი სული განხორციელებულიყო, თუ ესა თუ ის დიადი სული იმიტომ განხორციელდა, რომ მოვლენები დაეწყო ამგვარად. ეს უკვე რწმენის საკითხია, მოვლენათა რომელ რიგს მიიჩნევ უპირატესად და ზოგადი მოცემულობისთვის ამას მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი ის არის, რომ ეპოქა და მის გამოწვევებზე ასხმული პატარ-პატარა მიზეზები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ თითოეულ ადამიანზე, მაგრამ იმ ეპოქაში მოვლენილი გენიოსის ანდა მნიშვნელოვანი ინტელექტუალური გმირის სულიერი მონაპოვარი, ფაქტობრივად, მომავალ ეპოქებს გადასცემს რაღაც ისეთს, რაც რჩება, როგორც მარადისობის გაკვეთილი.

 

ის სიკეთე და სიქველე, რაც ბარათაშვილში (და არა მხოლოდ მასში, არამედ ნებისმიერ ხელოვანში) არსებობდა, მყოფობდა, როგორც ქრისტე, ხოლო მის ანტითეზად, მის ოპოზიციად, მის ანტიქრისტედ დალაგდა ეპოქა, რამაც უბიძგა, ჯვარზე აეტანა თავისი უმაღლესი მე, თავისი მარადი არსება და მომავლისთვის გაეკვალა ნათელი ბილიკები.

 

ამიტომ ვფიქრობ, გალაკტიონის ეპითეტი – „ეს საუკუნე მეფისტოფელი“, მხოლოდ მეოცე საუკუნეზე არ ვრცელდება, იგი ზოგადი ხატია ნებისმიერი საუკუნისა, რომელიც ბრძოლას უცხადებს ხელოვანსა და მოაზროვნეს და ამ ბრძოლაში თავის საუკეთესო გამოვლინებას აღწევს სული, ინდივიდი, რომელმაც ასეთ გამოწვევებთან ბრძოლისას უნდა ამოხსნას მხოლოდ მისთვის დასანახი და ამოსაცნობი სამყაროს ხატებები.

 

“ვწერ მასწავლებლისთვის!” – კიდევ ერთი ახალი წიგნი მასწავლებლის ბიბლიოთეკას!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო,  საგანმანათლებლო რესურსი “mastsavlebeli.ge” გთავაზობთ ახალ წიგნს – “ვწერ მასწავლებლისთვის”

მასწავლებლის პროფესიაში ხშირია დილემების წინაშე დგომა. ხშირია გზაჯვარედინები.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენი სკოლა და მასწავლებელი გვახსოვს. გვახსოვს ყველა სიხარული და წყენა, ყველა შიში.  ჩვენ  დღესაც ვსწავლობთ. ვსწავლობთ ჩვენი და სხვების გამოცდილებით.

ეს წიგნიც მასწავლებლისთვის დაიწერა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ მათი საკითხავი ან დამხმარე ლიტერატურაა.

მეტი დამაჯერებლობისთვის შევეცდები ავხსნა:

სკოლის გზის საიდუმლოება;  ჰოდა, ჩვენი ქვეყანა ეს არის;  ენა და ჩვენა, ანუ ჩვენ და ენა; დამოუკიდებლობა და თავისუფლება; რა აინტერესებს მას, ვისაც არაფერი აინტერესებს;  გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა; სად არიან შვილები, შვილები სად არიან?; სკოლის სევდა; მკვდარი პოეტების საზოგადოება; ახლომხედველის მეხსიერება; მამის ლოცვები; პატრიოტიზმი და პროფესიული ეთიკა; იტირე? მადლი გიქნია; „ყველასაც თურმე ენა აქვს“, ანუ როგორ საუბრობენ მოლეკულები; მასწავლებლის სევდა;  სად მთავრდება სწავლა და სად იწყება სწავლება; ორიენტირი; ცრუპენტელა აღმზრდელი;მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა;  მასწავლებელი;  „თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს“; ახლომხედველი ბავშვი სკოლაში; განსაზღვრება, ადამიანები;  მშობლები, შვილები, მასწავლებლები; ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები;  რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა; არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის; უკან, სკოლაში; რისგან უნდა დავიცვათ ბავშვი; როგორი მომავალი გვინდა; რას ველი მასწავლებლისგან; მეგობრობა, როგორც პასუხისმგებლობა; ბავშვების მოწყენილობის მიზეზები; კითხვები მასწავლებლებისთვის; გოგოების ვალდებულებები – გამეორება, შეცდომების გასწორება; თეთრი საყელო, ანუ რამდენიმე ეპიზოდი მოსწავლე გოგონას ცხოვრებიდან; ომის ბავშვები; შიშების დაძლევის შესახებ; ნდობა და სხვა წამლები; განსხვავებულობის შესახებ; ჩვენი წილი პასუხისმგებლობა; დევნილობის ამბები; მასწავლებლის შვილი; მასწავლებელი სოფლის სკოლისა; ვის ეძღვნება ილია ჭავჭავაძე?; ძმები ერთ კლასში; რატომ გვჭირდება პოლემიკა; ნორმალური მოსწავლეები, ნორმალური მასწავლებლები და ჰოგვორტსი; როგორ მოვატყუოთ მასწავლებლები; სიკეთის წილი საწერი; შვლის ნუკრებისთვის ადგილი აქ არ არის; ქორწილამდე მოგირჩება; ვინ გინდა გამოხვიდე?; აუცილებლად წასაკითხი წიგნების შესახებ; სასკოლო ზეიმების სევდა; შეცდომების მდინარე; სხვების ბავშვობა; ამტანობის შესამოწმებელი ტესტები;  „ბავშვების საათი“: მორალური და ამორალური; განათლების სისტემის ოქროს რგოლი; მასწავლებელი ქალები დამფუძნებელ კრებაში; მასწავლებელი სამოქალაქო პოზიციით; მასწავლებლობიდან მსოფლიოს ლიდერობამდე; სიტყვის თავისუფლების დილემა; მასწავლებელი როგორც მსხვერპლი; უკანა მერხის ბავშვები; სხვისი შრომა, ანუ ირიბად მასწავლებლებზეც; როცა კლასში დაუმორჩილებელი მოსწავლე ზის; ვკითხულობთ მხოლოდ მასწავლებლები; ვის ელაპარაკებიან ჩვენი შვილები?; უმამოდ გაზრდილი გოგოების ამბავი; სად არიან ის ძლიერი გოგონები ჩვენი ბავშვობიდან?; მასწავლებლის ცხოვრება და შეცდომები…

ეს  სხვადასხვა ავტორის წერილების სათაურების ნაწილია, რომელიც ამ წიგნმა გააერთიანა.  სათაურებიც ამბობენ, თუ რამდენი დილემაა ჩვენ წინაშე და რომლის  გადალახვაში შემოგვეშველება  ეს წიგნი.

წიგნის დიზაინი ბესიკ დანელი

რედაქტორები- ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

წიგნის ავტორები: გიორგი კეკელიძე, დათო გორგილაძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, დიანა ანფიმიადი,  ნასტასია არაბული, სალომე ბენიძე, ზვიად კვარაცხელია, ირმა ტაველიძე,  ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ლევან ლორთქიფანიძე, გურამ მეგრელიშვილი.

წიგნის სრული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ბმულიდან

 

თვითშეფასება, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი (ნაწილი 2)

0

სტატიის წინა ნაწილში თვითშეფასება, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი (ნაწილი 1)  ვისაუბრეთ თვითშეფასების შესახებ და შევეხეთ კომპლექსური და ფოკუსირებული თვითშეფასების მიდგომებს. ამჯერად დავკონკრეტდებით კომპლექსურ თვითშეფასებასა და მისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე.

კომპლექსური თვითშეფასების დროს ხშირ შემთხვევაში განსაზღვრულია კონკრეტული კრიტერიუმები (ძირითადად მარეგულირებლის მიერ). სკოლა პერიოდულად, საშუალოდ, წელიწადში ერთხელ ახორციელებს თვითშეფასების პროცესს და ყველა მიმართულების მიხედვით იღებს მზა მონაცემებს. ამის შემდეგ ხდება მიღებული მონაცემების გაანალიზება, საჭიროებების გამოკვეთა და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მიდგომების სხვადასხვაგვარია, აქ მნიშვნელოვანი ზოგადი თვითშეფასების დადებითი და უარყოფითი მხარეებია. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აკმაყოფილებს ზოგადი მონაცემები, შეუძლია ფოკუსირდეს კონკრეტულ სფეროზე და სიღრმისეულად გამოიკვლიოს ის. ასეთ დროს, სამწუხაროდ, მწირი ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასევე რთულია თვითშეფასებს მთელი ამ პროცესის მენეჯმენტი დროში.

როგორც სტატიის წინა ნაწილში აღვნიშნეთ, თვითშეფასების პროცესში ერთ-ერთ რთულ საკითხს მონაცემების მოგროვება და მათი ანალიზი წარმოადგენს. კვლევის ინსტრუმენტების შექმნა, მათი გამოყენება და შემდგომ მონაცემების დამუშავება ბევრ დროს, ენერგიასა და შესაბამის ცოდნას მოითხოვს სკოლის წარმომადგენლებისაგან. ეს ერთგვარი გამოწვევაა არამხოლოდ ქართული, არამედ გერმანული სკოლებისთვისაც, რომლებსაც ასევე კანონი ავალდებულებს პერიოდულად თვითშეფასების ჩატარებას. პროცესის გამარტივებისათვის გერმანიაში, ბერტელსმანის ფონდმა სკოლებს თვითშეფასების ელექტრონული ინსტრუმენტი შესთავაზა. თვითშეფასების ელექტრონული მეთოდის (SEIS) გამოყენება დანერგილია გერმანიის რამდენიმე ნაწილში. ინსტრუმენტი შემუშავდა სასკოლო სისტემების საერთაშორისო ქსელის მიერ (INIS) სკოლების, ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით. თვითშეფასების ელექტრონული კითხვარის მეშვეობით ტარდება გამოკითხვა ყველა დაინტერესებულ ჯგუფში (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ა.შ.). ყველა განსხვავებული ჯგუფი მსგავს, ან მცირედით განსხვავებულ კითხვებს სცემს პასუხს. იგი მოიცავს ხარისხის ექვს სფეროს, რომლებიც 29 კრიტერიუმზე კონკრეტდება. ესენია:

  • სწავლის შედეგები – პერსონალური უნარები, საგნობრივი უნარები, სწავლისა და მეთოდური კომპეტენციები, პრაქტიკასთან დაკავშირებული უნარები, სკოლის შემდგომი ხედვა (მუდმივი სწავლის), სკოლით კმაყოფილება;
  • სწავლა-სწავლება – შიდასასკოლო კურიკულუმი, მოსწავლეთა მხარდაჭერა და წახალისება, სწავლის პროცესის საგნობრივი და მეთოდური აგება გაკვეთილზე, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა სასწავლო პროცესში, ურთიერთობების, სწავლისათვის განკუთვნილი დროისა და სასწავლო გარემოს ორგანიზება, მისაღწევი შედეგები და მათი შეფასება;
  • სასკოლო კულტურა – სკოლის, როგორც საცხოვრებელი გარემოს მოწყობა, ღირებულებები და სოციალური კულტურა კლასებში, მოსწავლეთა მხარდაჭერა (იგულისხმება დამრიგებლის ინსტიტუტი), მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა, საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
  • მართვა და მენეჯმენტი – მმართველი რგოლის პასუხისმგებლობა, მართვა და მენეჯმენტი, რესურსების მენეჯმენტი, საგაკვეთილო გეგმის ორგანიზება, სამუშაო პირობები.
  • მასწავლებელთა პროფესიონალიზმი – მიზანმიმართული პროფესიული განვითარება, პიროვნული ინვესტიცია, თანამშრომლობა.
  • ხარისხის განვითარების მიზნები და სტრატეგია – სასკოლო პროგრამა, შეფასება, დაგეგმვა, განხორციელება და დოკუმენტირება, პასუხისმგებლობა და ინოვაცია.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროგრამა მონაცემებს ითვლის ავტომატურად და შედეგები მხოლოდ სკოლის საკუთრებას წარმოადგენს. ამით სკოლის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიღებული შედეგები შეადარონ დაგეგმილს ან საკუთარ მოლოდინს და შეიმუშაონ შემდგომი მუშაობის სქემა. სისტემა ამარტივებს ასევე მონაცემთა ანალიზის ეტაპს – დაჯგუფებულ მონაცემებში ნათლად ჩანს, სადაა პრობლემა და რა კუთხით უნდა იმუშაოს სასკოლო თემმა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ელექტრონული სისტემა ზოგავს ბევრ დროს, ენერგიასა და რესურსს. ამ შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციისათვის იგი ერთგვარ მაშველ რგოლადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. თუმცა მასაც აქვს სუსტი მხარეები, რაც ძირითადად თვისებრივი მონაცემების ინტერპრეტირებასა და მოგროვებას უკავშირდება. როგორ უმკლავდება ამ პრობლემას ფოკუსირებული თვითშეფასება, ამას სტატიის მომდევნო ნაწილში განვიხილავთ.

 

 

 

„როგორც გინდათ, ეს ამბავი გაიგეთ…“

0

ოთახში კედელზე წიგნის თაროებია. ერთ-ერთიდან  ყდა მოჩანს, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“. 1856 წლის 1 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პარიზის ლიტერატურული ჟურნალის „რევიუ დე პაღის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა. მალევე ავტორი, რედაქტორი და ორი გამომცემელიც მორალის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს და სასამართლოში გაურჩიეს საქმე. სკანდალურმა სახელმა რომანი ძალიან პოპულარული გახადა, გამამართლებელი განაჩენი კი 1857 წლის 7 თებერვალს იქნა გამოტანილი. იმავე წელს უკვე წიგნადაც გამოიცა.

დღეს ის რეალიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწარმოებად ითვლება.

შინაარსი ყველამ ვიცით. პროვინციაში მცხოვრები ერთი წესიერი, საშუალო შესაძლებლობის მქონე ექიმი ცოლად ახალგაზრდა ქალს ირთავს და გულწრფელად სწამს, რომ ოჯახურ ცხოვრებას მოიწყობს. ქალს კი გული გართობის, ფუფუნებისა და დიდი ქალაქებისკებ მიუწევს. ამიტომ ქმრის ღალატსაც არაფრად დაგიდევთ და უზარმაზარი ვალების დაგროვებასაც.

ბოლოს პრობლემებსა და ვალებში ახლართულმა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ბატონი ომეს აფთიაქში დარიშხანი დალია. მთელი ამ აბლაბუდის თავი და თავი კი ადგილობრივი ვაჭარი ლერე გახლდათ, რომელმაც მადამ ბოვარი ქმრის სახლში მისვლის პირველივე დღეს შეაგულიანა, ახალი ნივთების ყიდვა გულს ახალისებს, თქვენს ლამაზ გულს ხალისი არასდროს მოაკლოთო.

დეპრესიის, უხასიათობის ან რამეზე დარდის ჟამს გულის გადახალისება მართლაც მუშაობს. ამაზე მეცნიერებმაც იფიქრეს და სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და მარკეტინგში“ 2015 წელს ვრცელი კვლევაც კი დაბეჭდეს, როგორ ეხმარება, ე.წ. „შოპინგი“ ადამიანს დარდის დაძლევაში. სხვა ჟურნალში კი „შოპინგს“ აღდგენით თერაპიასაც ადარებენ.

ოღონდ აქ ერთიც არ უნდა დავივიწყოთ, „შოპინგისთვის“ ფულია აუცილებელი და სახსრები რეალურად უნდა გადანაწილდეს, რომ შემდეგ მადამ ბოვარის მსგავსად დარიშხანი არ გახდეს საძებარი.

იმ დღეს მეც სავაჭრო ცენტრში წავედი. ე.წ. „მას-მარკეტის“ ქსელებში შევიარე (ბრენდების სახელებს არ დავწერ). ოღონდ ჩემი მიზანი, ე.წ. ქიმიური გამოძიება გახლდათ. მაინტერესებდა, მაინც რომელი ნივთიერებებისგან შექმნილი ქსოვილებით კერავენ ეს ბრენდები ტანსაცმელს.

მაშ ასე, აგერ ქალის ბლუზა 82% ვისკოზა და 18% აკრილი; პოლიურიტანისგან შეკერილი ბატილიონები; პალტო – 75% მატყლი, 25% პოლიამიდი, სარჩული ვისკოზა; ჟილეტი – 93% პოლიესტერი, 7% ელასტანი; ბლუზი – 67% პოლიესტერი და 33% ბამბა; ბლუზი – 100% ვისკოზა; პალტო – 92% პოლიესტერი, 8% ელასტანი; კვლავ პალტო – 100% პოლიესტერი; შარვალი – პოლიურეტანი და პოლიესტერი; კაბა – ეკოლოგიური ტყავი; ქალის ჩანდა 100% ნაილონი და ა.შ. და ა.შ.

ხალხი უამრავი იყო და სანაძლეოს დავდებ, რომ არავინ არც შემადგენლობაში იყურებოდა და თუნდაც ჩაეხედათ, მაინც ვერ გეტყოდნენ, მაგ. რა არის ვისკოზა ან პოლიურეტანი. არა, ის ყველამ იცის, რომ 100% აბრეშუმი 100% პოლიესტერს ჯობია, მაგრამ რატომ?

ქსოვილებს ბუნებრივი და ქიმიური წარმომავლობა აქვთ. ბუნებრივი ქსოვილი თავის მხრივ შეიძლება იყოს მცენარეული ან ცხოველური.

მცენარეულია: ბამბა, სელი, კანაფი.

ცხოველურია: მატყლი, აბრეშუმი;

ბუნებრივი ქსოვილებიდან ბამბა ყველაზე პოპულარულია. რბილია, მოსახერხებელია, ჰაერს ატარებს; სინესტეს კარგად შთანთქავს და იაფია. თუმცა, თავად მცენარეს პესტიციდები და ბევრი მორწყვა სჭირდება, ქსოვილი კი მალე იჭმუჭნება, გარეცხვისას ფორმას კარგავს.

სელი ქსოვილებისთვის უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ჰაერგამტარი, მსუბუქი, მდგრადი და გამძლეა. თავად მცენარეს პესტიციდები არ სჭირდება, წყალიც ნაკლები უნდა, ნაკეთობა გარემოში ადვილად დეგრადირდება და გადამუშავებას ექვემდებარება. თუმცა, იოლად იჭმუჭნება და დელიკატური მოვლაც უნდა.

მატყლი არაჩვეულებრივი თბოიზოლატორია, რომელიც სხეულს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.  მტვრის და ჭუჭყის მიმართ მდგრადია, ჰაერს კარგად ატარებს, ხმარებაში მოსახერხებელი და სასიამოვნოა. თუმცა, ტარებისას ბუსუსები უჩნდება, იჭმუჭნება, ზოგჯერ ალერგიას იწვევს. ცხელ წყალში არ ირეცხება და შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გაშრეს.

აბრეშუმი რბილი და მდგრადია, ექვემდებარება გადამუშავებას. თუმცა ძვირია და დელიკატურ მოვლას საჭიროებს.

ქსოვილი სახელად რამი გაგიგიათ? იშვიათად შეგხვდებათ, ძვირია. ჭინჭრისგან ამზადებენ და თავადაც რაღაცით ჭინჭარს ჰგავს. მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადია, იწოვს სინესტეს, მალე შრება. იოლად იჭმუჭნება, დაბალი ელასტიურობა აქვს.

კანაფი ბამბაზე სამჯერ გამძლეა, „უფ“ გამოსხივებისადმი მდგრადია, ჰაერს ატარებს, პესტიციდები და სასუქი არ სჭირდება, იოლად გადამუშავდება. შეხებისას ოდნავ უხეშია, იოლად იჭმუჭნება. თუმცა, ესეც იშვიათად შეგხვდებათ.

ქიმიური წარმომავლობის ქსოვილები ასევე ორ ჯგუფად იყოფა – ხელოვნური და სინთეზური. ხელოვნურ ქსოვილებს მიეკუთვნება ვისკოზა; მოდალი; აცეტატი; ლურექსი; ლიოცელი; ბამბუკი.

სინთეზურია: ნაილონი; პოლიესტერი; აკრილი; ელასტანი (ლიკრა, სპანდექსი);

ხელოვნური მასალა ბუნებრივისგან არის მიღებული, ოღონდ… ქიმიურადაა გადამუშავებული. ამიტომ მთლიანად ქიმიურსაც ვერ დავარქმევთ, მაგრამ არც ბუნებრივია.

ვისკოზას ხშირად ტრაიონსაც უწოდებენ. ევროპაში ვისკოზაა, ჩრდილო ამერიკაში – ტრაიონი. ეს ხელოვნური ბოჭკოა ბუნებრივი წარმომავლობით. მიიღება ცელულოზის ქიმიური გადამუშავებით. ვისკოზა რბილი, იაფი, ანტისტატიკურია, ჰაერსაც ატარებს. თუმცა, ე.წ. „ბუსუსები“ ედება და ფორმასაც კარგავს. მისი წარმოებისას კარცეროგენული მასალები გამოიყენება. ანუ, წარმოება გარემოს აზიანებს. თუმცა, ამის შესახებ გაცილებით დაწვრილებით აქ წაიკითხავთ https://mastsavlebeli.ge/?p=7947

ვისკოზას გაუმჯობესებული ვარიანტი მოდალია. საწყის მასალას ევკალიპტის ან ბამბუკის ხისგან იღებენ. ნესტს იწოვს, არ ხუნდება, რბილი და ფაფუკია. არ იჭმუჭნება, ჰაერს ატარებს. მისი წარმოების დროსაც მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენება, თუმცა უფრო ნაკლები. ვისკოზასა და ბამბაზე ძვირია. შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

ლიოცელი იგივე ტენსელი – მასაც ცელულოზის გადამუშავებით იღებენ, ცოტა სხვა გამხსნელი სჭირდება და ეგაა. ძვირია, მდგრადია, ჰაერს ატარებს, რბილია და გარემოში იოლად იშლება.

კუპროს წინა წყარო მერქანი და ბამბაა. აბრეშუმს ჰგავს, რბილია, ჰაერს ატარებს, კარგად იღებება, გარემოში იოლად იშლება. ასევე, იოლად იჭმუჭნება და წარმოების დროს ქიმიკატებიც სჭირდება.

აცეტატის მისაღებად ვისკოზას ძმარმჟავას მარილებით ამუშავებენ. აბრეშუმს ჰგავს. ელასტიურია და ფორმას ინარჩუნებს, მალე შრება, კარგად იღებება. თუმცა, აბრეშუმისგან განსხვავებით, იოლად იმუხტება და ტანსაცმლის მფლობელს ტანზე ეკვრის. აცეტონში იხსნება (ლაქის მოცილებისას ფრთხილად), მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა, მისი წარმოებისას გამოიყენება კარცეროგენური ნივთიერებები.

 

სინთეზური ქსოვილები?

 

აკრილი სინთეზური მატყლია. იაფი და მსუბუქია, არ იჭმუჭნება. „ბუწუწებს“ კი იკეთებს, ჰაერსაც ცუდად ატარებს, იოლად იმუხტება, არ გადამუშავდება,

ელასტანი ელასტიურია, ტანსაცმელს ფორმას უნარჩუნებს, სხვა ქსოვილებს, მაგ. ჯინსს, ურევენ, რომ წელვადი გახდეს. დროთა განმავლობაში კი წელვადობას კარგავს, რეცხვისას მიკრონაწილაკებს გამოყოფს და ჩამდინარე წყლებს აბინძურებს.

პოლიესტერს ყველაზე ხშირად შეხვდებით. იაფია, მდგრადია, არ იჭმუჭნება, ფერს და ფორმას ინარჩუნებს, იოლად შრება. თუმცა… ცუდად ატარებს ჰაერს, იმუხტება, არ იშლება გარემოში, რეცხვისას მიკრონაწილაკებს გამოყოფს.

ნაილონი პოლიამიდია. მდგრადია, იაფი და წყალს არ ატარებს. მისგან აკეთებენ ქოლგებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს. გარემოში რთულად იშლება, რეცხვისას ასევე მიკრონაწილაკებს გამოყოფს.

მაღალ ტემპერატურაზე ჰექსამეთილენდიამინისა და ადიპინის მჟავას ურთიერთქმედებით სინთეზური ბოჭკო ნაილონი მიიღება. თავისი თვისებებით ნატურალურ აბრეშუმთანაა ახლოს.

მაღალმოლეკულური ნივთიერებების წარმოქმნის რეაქციას, რომელსაც თან ახლავს დაბალმოლეკულური პროდუქტების მიღება პოლიკონდენსაცია ეწოდება.

ნაილონის ძაფებისგან გიტარის სიმებსაც ამზადებენ, მისგან ამზადებენ ქალის მარაოებს და ძვირადღირებულ ჩანთებსაც. აი, თავად ნაილონის წარმოება ხომ იაფია… ჩანთები კი ძვირი. ასეთია მარკეტინგის ხრიკები.

 

ასეა, 21-ე საუკუნეში პილიმერებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ. თორემ გალას ლექსის არ იყოს, ჩვენ…

„აბრეშუმი გვსურს და

არა ძონძები,

მშრომელები –

და არა ხორხონცები

არავისთვის

საიდუმლო არაა,

მუშას რად სურს

აბრეშუმის მარაო,

მაგრამ ამბობს:

გეყოფათო, კმარაო.

დაიჯერებ –

ან მეტი რა ჩარაა.

მუშასაც სურს

აბრეშუმი, ამრიგად,

როგორც გინდათ,

ეს ამბავი გაიგეთ…“. (გალაკტიონი, „აბრეშუმი გვსურს“)

 

 

აუდიოსავარჯიშოები  მახსოვრობის უნარის გაუმჯობესებისათვის დისტანციურ გაკვეთილებზე

0

სასწავლო პროცესის დროს ინფორმაციის დამახსოვრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პედაგოგიური მიდგომები ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ მიმართულებით.

ზოგადად, ინფორმაციის დასამახსოვრებლად ეფექტურად გამოიყენებენ შემდეგ მიდგომებს:

  • მასალის დაჯგუფებას, როდესაც დიდი ინფორმაცია დაიყოფა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგალითად, ძირითადი იდეის, ასოციაციის და ა.შ.) და შემდეგ შეისწავლება ნაწილ-ნაწილ;
  • დასამახსოვრებელი მასალის (ნარატივის, ტექსტის) გეგმის შედგენას;
  • სტრუქტურირებას, როდესაც გამოყოფენ აზრობრივ ნაწილებს (მიკროთემებს) ადვილად დამახსოვრებისათვის;
  • საყრდენი ცნებების გამოყოფას, რომლის გარშემო გაერთიანდება ძირითადი მომენტები (თეზისები, შეკითხვები, ჰიპოთეზები…);
  • სქემატიზაციას (სქემების, ცხრილების, ნახატების შედგენას, რომელზედაც დატანილია ის ინფორმაცია, რაც დაამახსოვრდათ);
  • კოდირებას (როდესაც ინფორმაცია წარმოდგენილია/დანახულია რაიმე ნიშან-სიმბოლოს სახით);
  • ასოციაციას (ინფორმაცია გამოყოფილია მსგავსი და განსხვავებული ნიშნების, ასოციაციური ხატების მიხედვით);
  • გამეორებას (ტექსტის რამდენჯერმე მოსმენას)
  • და სხვ.

 

დასახელებულ პედაგოგიურ მიდგომებს მასწავლებლები წარმატებით იყენებენ ყოველდღიურ პრაქტიკაში. ამ მიდგომებმა ახალი შინაარსი შეიძინეს ელექტრონული სწავლების პირობებში, როდესაც გამოიკვეთა საშიშროება, რომ მოსწავლე შესაძლოა მასალის მხოლოდ ვიზუალურად აღქმას დაეყრდნოს (მხედველობითი მეხსიერება) და შედეგები იყოს დაბალი, განსაკუთრებით სწავლის დაწყებით საფეხურზე.

მასწავლებელს შეუძლია დაძლიოს მოსალოდნელი საშიშროება სპეციალურად შერჩეული დავალებების მეშვეობით, როგორიცაა – ხმოვანი შეტყობინებები და აუდიომასალა. მათ მასწავლებელი ან თვითონ უდგენს მოსწავლეს, ან მოსწავლე იყენებს ელექტორნულ რესურსებს. მუშაობისას:

  • დავალების პირობებს მოსწავლეები მოისმენენ აუდიოფორმით, თუმცა იმუშავებენ ხმამაღლა (რომლის დროსაც გააქტიურდება მოსწავლის სმენითი მეხსიერება);
  • დასკვნებს დაიტანენ რვეულებში (რითაც მოხდება მოსმენილისა და დამახსოვრებულის განმტკიცება);
  • მოსწავლეები გააანალიზებენ მასალას, განაზოგადებენ, დაამყარებენ ასოციაციურ და აზრობრივ კავშირებს და განუვითარდებათ მეხსიერება და აუმაღლდებათ მასალის ათვისების ხარისხი.

მსგავს აქტივობებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის დაწყებით საფეხურზე, როდესაც ხდება სააზროვნო პროცესების ჩამოყალიბება და სმენითი და მხედველობითი მახსოვრობის განვითარება შემდგომი წარმატებებისთვის გადამწყვეტია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შექმნილია ვებპორტალი EL.GE. https://el.ge/about-us, სადაც საინტერესო აუდიომასალებია განთავსებული. მასწავლებელს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს ისინი დისტანციურ სასწავლო რეჟიმში სმენითი მეხსიერების გააქტიურებისა და სასწავლო პროცესის გამრავლფეროვნებისთვის.

მოვიყვანოთ მაგალითები /შესაძლო დავალებები აუდიომოსმენისათვის სმენითი მახსოვრობის გასააქტიურებლად:  იხ. ლინკი: https://el.ge/articles/18847?type_id=6

ქართული ხალხური ზღაპრები – „მამა და შვილი“ (ჩანაწერის ხანგრძლივობა 5:29 წთ)  და „კონკია“  (ჩანაწერის ხანგრძლივობა 19:06).

 

დავალება      დავალების პირობა თემა / ტექსტი
1. ტექსტის მოსმენა – მოსწავლეები უსმენენ ტექსტს, შემდეგ იმეორებენ ტექსტს ზეპირად შესვენებებით და ჩაიწერენ მხოლოდ მასწავლებლის მიერ მითითებულ ცნებებს; ცდილობენ ამ ცნებებს შორის მსგავსებისა და განსხვავების პოვნას, ცნების შინაარსის გახსნას.  

I ტექსტი

2. ტექსტის მოსმენა – მოსწავლეები უსმენენ ტექსტს 2-3-ჯერ, შემდეგ ასრულებენ დავალებას: გამოყოფენ ძირითად აზრს და პოულობენ კავშირს ტექსტის სათაურთან.

ცდილობენ იპოვონ, რა აქვთ საერთო და განსხვავებული ტექსტის ამ ნაწილის ცნებებსა და წინა ტექსტის ძირითად იდეას.

 

II ტექსტის I ნაწილი

3. ტექსტის მოსმენა – მოსწავლეები უსმენენ ტექსტს შესვენებებით, ამოიწერენ ძირითად მინიშნებებს, რომლებიც რაიმე ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული წინა ნაწყვეტის ძირითად იდეასთან. მიღებულ დასკვნებს იწერენ რვეულში.  

II ტექსტის II ნაწილი

  ტექსტის მოსმენა – მოსწავლეები უსმენენ ტექსტს 2-3-ჯერ. გამოყოფენ ურთიერთსაწინააღმდეგო ნაწილებს – წინადადებებს, რომლებიც არ უწყობენ ხელს ტექსტის ძირითადი იდეის გახსნას (თუ აღმოაჩენენ ასეთს). მიღებულ შედეგებს გადაიტანენ ცხრილში.

ძირითადი იდეა „ის, რაც ზედმეტია“
   

 

 

 

 

 

 

II ტექსტის III ნაწილი

4.  ტექსტის მოსმენა – მოსწავლეები უსმენენ ტექსტს და ამოიწერენ მხოლოდ პიროვნების იდენტიფიცირებისათვის დამახასიათებელ ძირითად დეტალებს.  

II ტექსტის IV ნაწილი

 
5.  ტექსტის მოსმენა – მოსწავლეები უსმენენ ტექსტს თავიდან ბოლომდე და აგებენ მოვლენათა ჯაჭვს. შემდეგ კი ამოწმებენ თავიან ჩანაწერებს და აკეთებენ დასკვნებს – რა ჰქონდათ ზედმეტი ჩანაწერებში, ან რა გამორჩათ მოვლენათა ჯაჭვში.  

II ტექსტი სრულად

 
6.  ტექსტის ზეპირად გადმოცემა მოსწავლეთა მიერ –

მონათხრობის საფუძველზე მასალის სქემატიზაცია და მოვლენათა ჯაჭვთან შედარება.

I ტექსტი სრულად  
7.  ტექსტის თხრობა ზეპირად მოსწავლეთა მიერ –

 მონათხრობის საფუძველზე მასალის სქემატიზაცია და მოვლენათა ჯაჭვთან შედარება.

II ტექსტი სრულად  
8  ორივე ტექსტისთვის სიმბოლოების შერჩევა/ჩახატვა I-II ტექსტი სრულად  

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მასალა ასაკობრივად დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის უფრო მიზანშეწონილია, მაგრამ მასწავლებელს წარმატებით შეუძლია მათი მიზნობრივად გამოყენება სწავლის სხვა საფეხურზეც (დაინტერესების შემთხვევაში მოცემულ პორტალზე სხვა აუდიორესრუსებიცაა განთავსებული).

 

მსგავსი მიდგომები, რომელიც მოსწავლეს სმენით მეხსიერებას გაუაქტიურებს, გაზრდის დისტანციურ გაკვეთილებზე ჩართულობის ხარისხს. სასწავლო წლის ბოლოს შედეგები იქნება გაცილებით ეფექტური.

 

კომუნიკაციის პრობლემები

0

ყველაფერი კარგად არის მანამ, სანამ ჩემი შვილები მიყვებიან, რა ახარებთ და რა აბრაზებთ, რა მოსწონთ და რა არა. რა ხდებოდა იქ, სადაც უჩემოდ იყვნენ და რაზე ფიქრობენ ხოლმე შეკრული შუბლით. ჯერ პატარები არიან და ვიცი, ეს ყოველთვის ასე ვერ იქნება.

თუკი რამის მეშინია, ერთ-ერთი ისაა, არ გამომეპაროს მათი უხმო დაძახილი. ისე არ მოხდეს, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდეთ და ამას ვერ მივხვდე, ზედმეტი კითხვები დავსვა და მოსაწყენი გავხდე, მათი ნდობა დავკარგო, მხარდამჭერად აღარ ვეგულებოდე.

 

ალბათ ნდობა და გამართული კომუნიკაციაა ის, რამაც შეიძლება ბევრ საფრთხეს აგვარიდოს თავიდან, სირთულეები უფრო მარტივად გადაგვალახინოს, კიდევ უფრო გაგვზარდოს და ურთიერთობაც სასიამოვნო გახადოს – არა მხოლოდ ბავშვებსა და უფროსებს შორის, არამედ ყველანაირი.

 

როცა ჩვენს სკოლებსა და ოჯახებზე ვფიქრობ, მგონია, რომ კომუნიკაციის პრობლემები ზედაპირზე დევს და ბევრი სხვა გართულება, რაც მერე იჩენს ხოლმე თავს, ამის შედეგიცაა. უფროსებს უჭირთ, გამონახონ დრო და ნებისყოფა ბავშვების მოსასმენად, მათი თვალით შეხედონ მოვლენებს. უფრო მეტს სხვა უფროსებზე ფიქრობენ, ვიდრე პატარებზე და ასე იჭყლიტება ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვები კიდევ ჭკვიანები არიან: თუ მიხვდნენ, რომ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შვების მაგივრად პრობლემები მოგაქვს, აღარ დაგელაპარაკებიან. მერე ვდგავართ და ვიძახით, რომ ეს ჩვენ არ უნდა დაგმართნოდა, ამას არ ვიმსახურებდით, ეს როგორ გაგვიბედეს, ეს როგორ ვერ შევნიშნეთ, ამას როგორ ვერ წარმოვიდგენდით  და სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილიც არის – უფროსების, რომლებსაც ბავშვების მოსმენა არ გამოგვდის; სკოლების, რომლებიც მშობლების გულის მოგებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ბავშვების მხარდაჭერაზე; გადაწყვეტილების მიმღებების, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ბავშვების, ისიც კი არ ახსოვთ, თვითონ როგორები იყვნენ ბავშვებობაში.

 

ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რაც ბავშვებსა და დიდებს, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთად გვაქვს გადასატანი. დაკეტილი სკოლები, გაღრმავებული უთანასწორობა, სწავლება ეკრანიდან, იზოლაცია, შიში და გაურკვევლობა. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმაზე სალაპარაკოდ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთის დასახმარებლად; იმაზე მსჯელობისთვის, რა არ მოგვწონს სწავლების პროცესში და როგორ შევცვლიდით მას; იმის სათქმელად, რა არ ვიცით და არ გამოგვდის; იმის საღიარებლად, რის გვეშინია; და იმისთვისაც, რომ მოქმედებებთან ერთად დრო ფიქრისთვის დავიტოვოთ, უკეთ რომ გავერკვეთ იმაში, სად ვართ და რა გვინდა.

 

ჩემი შვილი პირველი კლასში დისტანციური სწავლების რეჟიმში აღმოჩნდა. არავინ იცის, რას ფიქრობენ ეს ბავშვები სკოლაზე, რომელიც მათთვის ფიზიკურად არ არსებობს, ნაცნობობასა და მეგობრობაზე, რომელიც ეკრანის მიღმაა, როგორი იქნება მათი წარმოდგენები სწავლასა და ცოდნის მიღებაზე, მასწავლებლებსა და კლასელებზე. ჩვენ ამგვარი გამოცდილება არ გვაქვს, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ პროცესი უდავოდ საინტერესოა და უნდა დავაკვირდეთ.

 

აი რამდენიმე ხრიკი, რომელიც კომუნიკაციის აწყობასა და იმის გარკვევაში დაგვეხმარება, რას ფიქრობენ ერთმანეთზე ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები.

 

  • ჰკითხეთ ბავშვებს, რა მოლოდინი ჰქონდათ სკოლისგან და რამდენად შეესაბამება ეს მოლოდინი რეალობას;
  • სთხოვეთ, გაიხსენონ სკოლის ცხოვრებიდან ყველაზე ამაღელვებელი, სევდიანი, მხიარული და დამაფიქრებელი ორი ეპიზოდი;
  • მოაწყვეთ დისკუსიები პატარა ჯგუფებში, სადაც ბავშვები იმსჯელებენ, როგორი იქნება მათთვის იდეალური სკოლა;
  • იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად დისტანციური სწავლების სიკეთეებსა და სირთულეებზე; ელაპარაკეთ იმაზე, რა უჭირთ ყველაზე მეტად, როგორ შეცვლიდნენ არსებულ პროცესს, რომ მათთვის უფრო მისაღები გამხდარიყო; მოუყვევით იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც თქვენ გქონდათ სწავლისა და სწავლების სხვადასხვა ეტაპზე.
  • ააწყვეთ პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ, ანონიმურად მოგწერონ თავიანთი სათქმელი. ყურადღებით მოეკიდეთ მათ წერილებს.
  • ჰკითხეთ მოსწავლეებს, რისთვის გამოიყენებდნენ იმ დროს უფრო სიამოვნებით, რასაც გაკვეთილებისთვის იყენებენ და რომელიმე გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად შეეცადეთ, ერთად განახორციელოთ ყველაზე საინტერესო იდეები.
  • იყავით სამართლიანი და გულწრფელი, ელაპარაკეთ ბავშვებს თქვენს შიშებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებზე, ამ წარმატებამდე მისასვლელ რთულ გზებზეც.
  • ასწავლეთ ბავშვებს მოსმენა და მოსმენის მნიშვნელობა, საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დისკუსიებში მონაწილეობის წესები და კულტურა.
  • ჩართეთ პროცესში მშობლებიც. ვიცი, ადვილი არ არის და ხშირად მშობლებთან კომუნიკაცია ბავშვებთან კომუნიკაციაზე რთულია, მაგრამ მოკავშირე საჭიროა; საჭიროა საერთო პრინციპებზე შეთანხმებაც და შემდგარი დიალოგების პრეცენდეტებიც.
  • ითხოვეთ დახმარება, თუკი ხვდებით ამის საჭიროებას და სხვებსაც უთხარით, რომ თუ დასჭირდათ, შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ.

წინ მძიმე ზამთარი გველოდება. როგორ ფორმატშიც არ უნდა იყოს სწავლება, ადვილი არ იქნება – ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ იმაზე, როგორ გავხადოთ ეს წელი ნაკლებად საზიანო და მეტად საინტერესო ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც, რომლებსაც მათზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული.

 

 

 

 

 

 

ერთი გაკვეთილის ისტორია

0

 

– გამარჯობა, ბავშვებო! – ვეუბნები მე-7 კლასელ მოსწავლეებს პატარა ყუთიდან.

– გაააამარჯობა, მას! – ისმის მეორე მხრიდან რამდენიმე ხმაში და ბევრჯერ.

– როგორ ხართ, ბავშვებო?

– კარგად, კარგად, კარგად… ისმის ისევ 20-ჯერ.

– ბავშვებო მე ვარ თქვენი ახალი მასწავლებელი, გიორგი ჭანტურია და ძააააალიან (ამ დროს ხმა გაიწელა) მიხარია თქვენთან შეხვედრა!

– . . . (მეორე მხრიდან დუმილია)

– ბავშვებოოოო… გესმით ჩემი ხმა? – გაკვირვებული ვკითხულობ.

– მას, თქვენი ხმა წყდება, მპასუხობს SZ.

რა უნდა მექნა, გავსწორდი-გამოვსწორდი და ახლიდან ვცადე – ახლა გესმით?

– კი, კი, ახლა ისმის, ახლა ისმის – ამჯერად JG მიდასტურებს.

მოკლე წარდგენის შემდგომ გადავედი მოსწავლეების გაცნობაზე.

– აბა, ბავშვებო, მოკლედ მომიყევით თქვენს შესახებ. SZ, შენ დაიწყე.

– გამარჯობა, მას! მე ვარ SZ (ამ დროს ხმა წყდება და წავიდა…) მიიი-იიიყ-ვვ-ააა-რრრ-სსს კააალათბუუუურთიიიიისსსს… – ამ დროს ხმა საერთოდ გაითიშა.

– ვააა, რა მაგარია?! კალათბურთის თამაში მეც მიყვარს! – ვეუბნები გახარებული და ვცდილობ უხერხულობის განმუხტვას. SZ ისევ არ შემოდის. ამიტომ ვაგრძელებ კალათბურთზე საუბარს.

ორი წუთის შემდგომ, SZ ბრუნდება და მპახუსობს – თამაში არა მას, ყურება მიყვარს, ყურება.

მერე GK-ის კამერიდან უცნაური ხმები შემოდის, JB-სთან ხმამაღლა ლაპარაკობენ, AA-სთან კიდევ სხვა ამბავი იყო და ა.შ.

მერე ინტერნეტმა გაჭედა – your Internet Connection is Unstable, მგონი ეგრე დამიწერა.

მერე შევთანხმდით რომ კამერები გაგვეთიშა და ისე გვეცადა.

მერე იწყება ბიოლოგიის გაკვეთილი!

პ.ს. არა, ჯამში ცუდი გაკვეთილი არ გამოგვსვლია და იყო რაღაცები, რაზეც ძალიან ვიმხიარულეთ. დღეს კი ბავშვების გამოგზავნილი ვიდეოები მივიღე და კიდე უკეთ გავიცანი. მივიღე ბევრი წერილი, სადაც მეუბნებოდნენ, რომ მაგარი გაკვეთილი იყო და მაგარი მასწავლებელიც ვარ. მაგრამ, რა ვიცი, რა ვიცი…

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი წელი გვექნება, მაგრადაც ვიხალისებთ და ცოტა იუმორის დახმარებით გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან. ზოგადად, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო ყველას მხრიდან!

 

 

მომავლის პროფესიები

0

ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, დღევანდელი საშუალო სკოლის მოსწავლეების 69%-ს მომავალში ისეთი პროფესია ექნება, რომელიც ჯერ არც არსებობს.

 

„მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება“.

ჯონ დიუი

 

თქვენ ალბათ ხშირად გაგიგონიათ სამოტივაციო ფრაზა: „როცა წვიმს ლიმონი, გააკეთე ლიმონათი!“ ეს გასაგებია, მაგრამ ამჯერად „რისი წვიმა წვიმს“ და რა გავაკეთოთ? ამ მეტაფორას მრავალგვარი პასუხი შეიძლება მოვუძებნოთ იმის მიხედვით, თავად რისი გაკეთება გვსურს… თუ წვიმს ალუბალი, შეგვიძლია განსხვავებულად მოვიქცეთ: უბრალოდ, ცოცხლად მივირთვათ, წვენი გამოვწუროთ, მოვხარშოთ მურაბა ან კომპოტი… ან ხელი ჩავიქნიოთ და დალპეს!

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენს პლანეტაზე „ციფრული ტექნოლოგიების წვიმაა“ და ჩვენ არა მხოლოდ ციფრული ალტერ ეგოები უნდა შევქმნათ, არამედ ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები, რომ ჩვენი პროფესიებით დავპორტირდეთ ახალ რეალობაში ან სულაც დავეუფლოთ ახალ პროფესიებს!

თუ ლოგიკას გავყვებით, თავად შეგვიძლია, გამოვიცნოთ ციფრული რეალობა და ტექნოლოგიები რომელ პროფესიებს „დააბერებს“ და რომელს აღმოაცენებს. ავტომატურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიები „აორთქლდება“, რაც ნიშნავს, რომ მათ „ჭკვიანი მანქანები“ თავისუფლად ჩაანაცვლებს… ამ ავტომატურ პროფესიებში ხშირად მასწავლებლებს და პროფესორებსაც მოიხსენიებენ… დიახ, დიახ, არ მოგესმათ და მესმის უკვე მკითხველის უკმაყოფილო შორისდებულები: „როგორ შეიძლება ასე სწავლება…? რომ სასწავლო პროცესი მასწავლებლისა და მოსწავლის, პროფესორისა და სტუდენტის „ცოცხალი ურთიერთობაა“; მესმის და გეთანხმებით კიდეც, მაგრამ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, აგერ უკვე პირველი ავატარი-ლექტორიც გამოჩნდა BTU – ში და, როგორც ამბობენ, საკმაოდ „ცოცხალი ურთიერთობაც“ შეგიძლიათ დაამყაროთ მასთან. თქვენ კი… გინდ დაიჯერეთ და გინდ – არა!  ამ კურსის აღწერაში ვკითხულობთ:

„ეს არის პირველი ქართულენოვანი სტარტაპ კურსი, რომელიც სრულად ხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტით, ადამიანური რესურსის მონაწილეობის გარეშე. კურსი აერთიანებს მოდულებს მენეჯმენტის, ინოვაციური მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც გაუძღვება ავატარი – პირველი, ქართულენოვანი ციფრული ლექტორი. ავატარის მიერ წარიმართება ლექციები, სასემინარო აქტივობები შესაბამისი დავალებებით, ჩატარდება ვებინარები. ავტომატიზირებული კურსის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც აღრმავებს აღნიშნულ სფეროებში თეორიულ ცოდნას და მონაწილეს უვითარებს პრაქტიკულ უნარებს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად.“

https://www.marketer.ge/innovations-and-technologies-in-georgian/

რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა? სანამ ტრადიციული განათლების სისტემა იქნება შენარჩუნებული, იმას გააკეთებენ, რასაც აქამდე, მაგრამ უკვე ყველა უნდა გადაეწყოს ონლაინ-პლათფორმაზე, „ცოცხალი“ განათლების პლათფორმაც იარსებებს, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება ძალიან ძვირი და დასაქმდება ცოტა;  ვფიქრობ, საშინაო სკოლები და ალტერნატიული განათლების კერებიც გაძლიერდება და შესაბამისი მეთოდოლოგიების დაუფლებით აქაც შეძლებენ დასაქმებას მასწავლბლები; განსხვავებული სწავლების ფორმების არსებობის პირობებში დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ პროფესიაზე, რომელიც დააკვალიანებს მოსწავლეს/მშობელს, რომელი პროფესია აირჩიოს და როგორი განათლება მიიღოს ამისათვის? განათლების სპეციალისტები/მრჩეველები  მალე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია გახდება საგანმანათლებლო სივრცეში; ონლაინ-პედაგოგიკის განვითარება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის განათლების მუშაკებს!

კიდევ რომელი პროფესიები გახდება მიმზიდველი? ციფრულ რეალობასთან ერთად  კომუნიკაციის ფორმები და მეთოდებიც იცვლება, ტრადიციული რეკლამები უკვე აღარ მუშაობს, მომხმარებლების დიდი ნაწილი რეკლამებს წაუკითავად ბლკოკავს; ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება რეკლამის სხვა ფორმები, ერთი ასეთია – ინფლუენსერები.

რით არის გამორჩეული ეს მიმართულება? ინფლუენსერი მხოლოდ ბრენდს კი არ წარადგენს, არამედ ის ჰყვება მის შესახებ ამბებს, ბრენდის მოხმარება მისი პირადი ისტორიის ნაწილია; ანუ ბრენდი და ინფლუენსერი ერთმანეთს წარადგენს. ეს სრულიად ახალი ფორმატია, დიალოგური, სანდო და საინტერესო;

ასე შეგვიძლია წარვადგინოთ კოსმეტიკა, სამოსი, ფეხსაცმელი, საოჯახო ტექნიკა…. ან სულაც წაკითხული წიგნები; წინა პლანზე მოდის ემოციური ინტელექტი და არა ტრაფარეტული, დავარცხნილი სარეკლამო ტექსტები; ბუნებრიობა გახდა ყველაზე მიმზიდველი. საგანსა და ნივთს დამოუკიდებელი ღირებულება ნაკლები აქვს, მაგრამ როცა მას წარადგენს მომხმარებელი და საკუთარი ცხოვრების ამბად აქცევს, – სულ სხვაა. ინფლუენსერებს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, მათი შექმნილი სთორითელინგები უნიკალურია;

შემოქმედებითობა, მაღალი ემოციური ინტელექტი, კრეატიულობა – ეს ის უნარებია, რომლებზეც უნდა იმუშაოთ, რომ მომავლის სამყაროში დაიმკვიდროთ ადგილი, შეცვალოთ საკუთარი თავი და ამით გავლენა მოახდინოთ სხვა ადამიანებზე. სიტყვაზე არავინ გენდობათ, უნდა იმოქმედოთ! ლამაზი სარეკლამო სიტყვების დრო წავიდა…

საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ–ერთი დამფუძნებელი – ედვარდ ბერნეისი ამბობდა: ,,რატომ უნდა მოვახდინო გავლენა მილიონობით ადამიანზე, თუ შემიძლია ერთი ადამიანით მოვახერხო იგივე”.

ეს ერთი ადამიანი შენ ხარ! შეძლებ, შეცვალო და გააბედნიერო საკუთარი თავი, მაშინ შენ შეძლებ შეცვალო სამყარო შენ გარშემო! მანამდე კი, გადახედე მომავლის პერსპექტივას და ციფრული სამყაროს შესაძელბლობები აქციე გამოწვევად.

მომავლის პროფესიები სწორედ ციფრულ სამყაროსთან არის დაკავშირებული. დამთავრდა რუტინული სამსახურები, მათ ჭკვიანი რობოტები შეცვლიან. გაქრებიან:  მოლარეები, ოპერატორები, კონსულტანტები, მდივნები, ასისტენტები, ბუღალტრები, ექიმები და მასწავლებლები (ტრადიციული ფორმატით), იურისტები, აუდიტები და ბევრი სხვა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები სხვადასხვა კვლევებით არის/იქნება შემდეგი:

  • 3D ბეჭდვის ოსტატები;
  • ციფრული მარკეტოლოგები;
  • მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინერები;
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორები;
  • პროგრამისტები;
  • რობოტ-ტექნიკის შემქმნელები;
  • ინჟინრები;
  • VR ტექნოლოგიების სპეციალისტები;
  • დრონის ოპერატორები;
  • ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები;
  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები;
  • კონტენტის შემქმნელები, დიზაინერები, კოპირაიტერები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და სხვა;

კომპანია  ”Fast Future”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მომავლის პროფესიების ჩამონათვალშია: კოსმოსური ხომალდის მფრინავები, კოსმოსური გიდები, პოლიციელი მეტეოროლოგები (ალბათ ცუდ ამინდს დასჯიან :D), კლიმატის შემცვლელები, ნანო-ექიმები, სხეულის ნაწილების დიზაინერები და სხვა;

მართალია, დღეისთვის ეს ჩამონათვალი ცოტა ფენტეზურად გამოიყურება, მაგრამ ხვალ რეალობად იქცევა;

 

ასე რომ, Welcome ახალ ციფრულ ეპოქაში, ადამიანო!

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...