კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ჟურნალის მკითხველმა იცის, რომ საინფორმაციო, საგანმანათლებლო რესურსების პროგრამა ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“,  მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით მასწავლებლის  წიგნებს გამოსცემს.

მიმდინარე წელს გამოცემულ ორ წიგნზე მინდა გითხრათ:

 „სხვა გაკვეთილების ცხრილი“ 

წიგნის სათაური შემთხვევითი არ გახლავთ… ნაფიქრია… მკითხველის დაბნევა არ გვიცდია. ეს ჩვეულებრივი გაკვეთილების ცხრილია − ტრადიციული საგაკვეთილო ჩამონათვალით. უბრალოდ, ამ ჩამონათვალში არსად წერია კონკრეტული საგნების დასახელება. აქ, სინამდვილეში, ყველა დისციპლინაა, რომელსაც სკოლაში ვასწავლით, თითოეული მათგანისთვის აუცილებელი შინაარსით. თუ თქვენ ქიმიის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, ხატვის, მუსიკის თუ რომელიმე სხვა საგნის მასწავლებელი ხართ, ეს წიგნი თქვენთვისაა. აქ აუცილებლად იპოვით თქვენთვის მნიშვნელოვან წერილებს. როგორც შეგპირდით, ყველა საგანს თან ახლავს თვითშეფასების, წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ტოლერანტობის, ძალადობის გადალახვის, მშობლებისა და შვილების და ჩვენი მასწავლებლების პასუხისმგებლობიდან თავისუფლებამდე და პირიქით გასავლელი გზისთვის საჭირო მინიშნებები. ეს წიგნი ნდობაზეა. სხვაგვარად არაფერი ისწავლება.

“ვწერ მასწავლებლისთვის!”

მასწავლებლის პროფესიაში ხშირია დილემების წინაშე დგომა. ხშირია გზაჯვარედინები.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენი სკოლა და მასწავლებელი გვახსოვს. გვახსოვს ყველა სიხარული და წყენა, ყველა შიში.  ჩვენ  დღესაც ვსწავლობთ. ვსწავლობთ ჩვენი და სხვების გამოცდილებით.

ეს წიგნიც მასწავლებლისთვის დაიწერა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ მათი საკითხავი ან დამხმარე ლიტერატურაა.

მეტი დამაჯერებლობისთვის შევეცდები ავხსნა:

სკოლის გზის საიდუმლოება;  დამოუკიდებლობა და თავისუფლება; რა აინტერესებს მას, ვისაც არაფერი აინტერესებს;  გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა; სად არიან შვილები, შვილები სად არიან?; სკოლის სევდა; მკვდარი პოეტების საზოგადოება; ახლომხედველის მეხსიერება;  იტირე? მადლი გიქნია; „ყველასაც თურმე ენა აქვს“, ანუ როგორ საუბრობენ მოლეკულები; მასწავლებლის სევდა;  სად მთავრდება სწავლა და სად იწყება სწავლება; ორიენტირი; „თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს“; ახლომხედველი ბავშვი სკოლაში; განსაზღვრება, ადამიანები;   რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა; არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის; უკან, სკოლაში; რისგან უნდა დავიცვათ ბავშვი; როგორი მომავალი გვინდა; რას ველი მასწავლებლისგან; კითხვები მასწავლებლებისთვის; გოგოების ვალდებულებები – გამეორება, შეცდომების გასწორება; დევნილობის ამბები; მასწავლებლის შვილი; მასწავლებელი სოფლის სკოლისა; ვის ეძღვნება ილია ჭავჭავაძე?; ძმები ერთ კლასში; რატომ გვჭირდება პოლემიკა; ნორმალური მოსწავლეები, როგორ მოვატყუოთ მასწავლებლები; სიკეთის წილი საწერი; შვლის ნუკრებისთვის ადგილი აქ არ არის; სასკოლო ზეიმების სევდა; შეცდომების მდინარე;  განათლების სისტემის ოქროს რგოლი; მასწავლებელი ქალები დამფუძნებელ კრებაში; მასწავლებელი სამოქალაქო პოზიციით; მასწავლებლობიდან მსოფლიოს ლიდერობამდე; სიტყვის თავისუფლების დილემა; მასწავლებელი როგორც მსხვერპლი; უკანა მერხის ბავშვები;

ეს  სხვადასხვა ავტორის წერილების სათაურების ნაწილია, რომელიც ამ წიგნმა გააერთიანა.  სათაურებიც ამბობენ, თუ რამდენი დილემაა ჩვენ წინაშე და რომლის  გადალახვაში შემოგვეშველება  ეს წიგნი.

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

 ჟურნალი მასწავლებელი #5

 

 

 

 

როგორ განვუვითაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ფონეტიკური უნარები

0

როგორ განვუვითაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ფონეტიკური უნარები

ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ფონოლოგიური ცნობიერება

ან, როგორც იაკობი იტყოდა, როგორ ვავარჯიშოთ ხმებზე მოწაფეები

…მაგიდას ძლივს ვწვდები, ჯერ ოთხისაც არ ვარ. ჩემი ბებია შუშაბანდის დიდ მაგიდასთან ზის, გვერდით  ხუთიოდე წლის მეზობლის გოგონა მოუსვამს და სასკოლო მზაობაში ავარჯიშებს. პენსიაზე გასვლის შემდეგ მხოლოდ მეზობლისა და ახლობლის ბავშვს თუღა ამეცადინებდა, მათაც — იშვიათად.

— აბა დამარცვლე შენი სახელი, — ერთ-ერთ დავალებას ასეთს სთავაზობდა ანანო მასწავლებელი..

— თა-თი-ა! — სიხარულით დაუკრავდა ტაშს მონდომებული გოგონა და დააყოლებდა: — სამი მარცვალი.

— აბა, კიდევ დამარცვლე რომელიმე სახელი, — დავალებას გაურთულებდა ბებია.

— გი-ორ-გი, სამი მარცვალი, — გადმომხედავდა ნიშნისმოგებით თათია და მეც ვბრაზდებოდი, პრეტენზიის ნიშნად ბებიას მუხლებზე ვეჯაჯგურებოდი.

— ნუ მმარცვლავს! „გიორგის” ნუ მარცვლავს!.. — ვაპროტესტებდი, თათიას კი კიდევ უფრო უხაროდა ჩემი დამარცვლა…

მოდით, პატარა გიორგის გაბრაზების სცენას ტვენისეული ფარდა ჩამოვაფაროთ და ჩვენს საქმეს შევუდგეთ...
*************

პირველკლასელ მოსწავლეს ყველაზე კარგად ესმის ყველაფერი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, უკეთესად ესმის, ვიდრე მეორეკლასელს, მესამეკლასელს და გაცილებით უკეთ, ვიდრე მეხუთე და მეთორმეტეკლასელს. რის გაგონებაზე ვსაუბრობთ? სხვადასხვა ენისთვის დამახასიათებელი ბგერების ზუსტად გაგონებაზე. მაგალითად, ინგლისურში ხომ არის სპეციფიკური ბგერები, რომელთაც მოზრდილი შემსწავლელი ძნელად და რცხვენით გამოთქვამს ხოლმე? პირველკლასელი კი სულ ადვილად და ხალისით. რატომ? განა მხოლოდ სამეტყველო აპარატია ამაში „დამნაშავე”? არა, სასმენი აპარატიც სცოდავს. არ ესმის ადამიანს თავისი ენისთვის უცხო ბგერები და ვერც გამოთქვამს. და რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ასეთი ბგერების გაგონებასა და წარმოთქმას, მით უფრო გაუადვილდება და მით უფრო მიახლოებულად ამეტყველდება.

ინგლისურსა და ფრანგულს რომ არ მივადგეთ, ქართულშიც გვაქვს გარკვეული ბგერები, რომელთა წარმოთქმისას გარკვეულ შეცდომას ქართველებიც ვუშვებთ ხოლმე…

ერთხელ ერთ-ერთი სკოლის დირექტორობის კონკურსში ვმონაწილეობდი და სამინისტროს კომისიასთან გასაუბრების ვიდეო გამოვითხოვე პირად იუთუბარხზე ასატვირთად, შენიშვნებისა და რჩევების მოსაცემადაც. და, როგორ გგონიათ, რომელი შენიშვნა და მითითება დამამახსოვრდა ყველაზე მეტყველად? ერთ-ერთი ცნობილი და, ვგონებ, მრავალწლოვანი დირექტორი მრავალმნიშვნელოვნად გამომეპასუხა: ჯერ „ლასი“ გაასწოროს და მერე ისაუბროს ქართულ სკოლებში ბილინგვური განათლების დანერგვის ამბიციურ გეგმაზეო (იმ გასაუბრებაში  სწორედაც რომ სამიზნე სკოლაში სწავლების ქართულ-ინგლისური ფორმატის შემოტანაზე ვსაუბრობდი. სამწუხაროდ, დღესაც არ იძვრის ადგილიდან ეს საკითხი…).

***********

ერთია ბგერის, როგორც გარკვეული ჟღერადობის მქონე ხმოვანი ერთეულის სწორად იდენტიფიცირება (რომ ბგერა „ჭ” არის ბგერა „ჭ” და არა — ბგერა „ჯ” ან — ბგერა „ჩ”) და მეორეა თვითონ ბგერის გამოყოფა ხმოვან ნაკადში (რომ ზეპირად წარმოთქმულ სიტყვაში „მოჭიდავე” ბგერა „ჭ” არის მესამე ბგერა — უმცირესი სამეტყველო ერთეული.). ეს არის სწორედაც რომ ფონეტიკური უნარები (ან კიდევ ფონოლოგიური უნარები, ფონოლოგიური ცნობიერება თუ კომპეტენცია). რადგანაც ტერმინთა სიჭარბე გვაქვს (ფონეტიკური თუ ფონოლოგიური), — სრულიად მისაღებად მეჩვენება ქართულ პედაგოგიკაში ამ ორ ტერმინს საკუთარი დატვირთვა მივანიჭოთ. კერძოდ, ფონეტიკური უნარებით მოვიხსენიოთ ბგერის ჟღერადობის სწორად აღქმის უნარი — რომ „ჭ” არის „ჭ” და არა „ჯ”. ხოლო ფონოლოგიური უნარებით აღვნიშნოთ სიტყვაში ბგერის/მარცვლის გამოყოფისა და ბგერებით/მარცვლებით მანიპულირების უნარი.

დავაზუსტოთ და ვიკითხოთ: რა კომპეტენციები შეიძლება ჰქონდეს 5-6 წლის ასაკის ადამიანს, სანამ მას ფონოლოგიური უნარების გაწაფვაში ვარჯიშებს შევთავაზებთ?

… გავიხსენოთ ქართული ზღაპრების დასაწყისი და დასასრული: როგორ იწყება ქართული ხალხური ზღაპრები? „იყო და არა იყო რა…” როგორ მთავრდება? „ჭირი იქა, ლხინი — აქა…” როდესაც სამი წლის ბავშვს ზღაპარს ვუყვებით, ასეთი დასაწყისი და დასასრული მისთვის მკაფიო ინფორმაციაა, თუ სად იწყება და სად მთავრდება ამბავი. ამბის დასაწყისისა და დასასრულის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი კომპეტენციაა ზეპირმეტყველების უნარის განვითარების გრძელ გზაზე.

რა არის შემდეგი ერთეული, რომელიც ბავშვმა მეტყველებაში უნდა გამოყოს? გავიხსენოთ ღრმა ბავშვობა, როდესაც დედა (ან მამა, ბებია, ბიძა, ბიცოლა…) მრავალჯერ გვიყვებოდა საყვარელ ზღაპარს. ჩვენ ხომ ვგრძნობდით, როდის იწყებოდა ეს ზღაპარი, როდის ვითარდებოდა (გადავამოწმებდით ხოლმე — ბევრი დარჩა?!), როდის მთავრდებოდა… ანუ ვხვდებოდით, რა ხდებოდა დასაწყისში, შუა ნაწილში და ბოლოში… ანუ გარკვეული დასაწყისისა და დასასრულის მქონე ამბავს (ზღაპარს) ვყოფდით შემადგენელ ნაწილებად.

კიდევ ერთხელ დავძაბოთ გონება და გავიხსენოთ, რამდენად ვახერხებდით ამ ამბებში აბზაცების,  წინადადებების  გამოყოფას?

სად იწყება და სად მთავრდება წინადადება, ამის ამოცნობა უკვე სასკოლო ასაკის კომპეტენციაა. ამაზე ყურადღება უკვე სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდან მახვილდება (რასაკვირველია, მანამდე არც ღირს ამ კონკრეტული პროცედურის შესახებ ყურადღების გამახვილება.).

წინადადება კი სიტყვებისგან შედგება. ამიტომაც შემდეგი ნაბიჯი სიტყვების იდენტიფიცირებაზე მუშაობაა. მოსწავლემ წინადადებაში სიტყვები უნდა ამოიცნოს და დაასახელოს, რომელია პირველი, მეორე… ბოლო სიტყვა. ყურადღებას ვამახვილებ, რომ ვსაუბრობთ ზეპირმეტყველების პროცესში წინადადებებისა და სიტყვების იდენტიფიცირებაზე და არა დაწერილ ტექსტში წინადადებებისა და სიტყვების მოძებნაზე. (პრინციპში, ბავშვები ახლა იწყებენ დაწერილ ტექსტთან ურთიერთობას და კითხვა ჯერ არც იციან.) აქვე ერთი საკითხის დასმაც შეიძლება: წინადადების იდენტიფიცირება უფრო ადვილია ბავშვებისთვის თუ სიტყვის? მაგალითად, განვიხილოთ ასეთი ტექსტი: „იყო და არა იყო რა… იყო ერთი კაცი, რომელსაც ყველა კომბლეს ეძახდა. კომბლეს იმიტომ ეძახდნენ, რომ მთელი დღე სახლის წინ იჯდა, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა“. ვფიქრობ, რთულია წინადადებების იდენტიფიცირება და ამაზე პირველკლასელების ძალისხმევის ხარჯვა უნაყოფოდ უნდა მოგვეჩვენოს (პირველკლასელების კი არა, შედარებით მოზრდილებიც ორჭოფობენ ხოლმე ზეპირმეტყველებით ნაკადში წინადადების ზუსტად ამოცნობაზე.). შესაბამისად, უპრიანი იქნება, თუ მხოლოდ სიტყვების იდენტიფიცირებას დავჯერდებით.

შემდეგი შემადგენელი ერთეული ეს არის მარცვალი, სიტყვა მარცვლებისგან შედგება. სიტყვების დამარცვლისა (ნათქვამი და არა დაწერილი სიტყვის მარცვლებად დაშლა) და მარცვალ-მარცვალ წარმორთქმული/გაგონილი სიტყვის მთლიან სიტყვად სწორად გაერთიანება სწორედაც რომ ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციაა ფონოლოგიურ უნარებში გაწაფვის გზაზე.

დაბოლოს, ბგერა — ზეპირმეტყველებითი ნაკადის უმცირესი და განუყოფელი ელემენტი. (როდესაც ბგერის განუყოფლობაზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ვგულისხმობთ ქართულ ენას, თორემ ზოგიერთ ენაში შესაძლოა გვხვდებოდეს ნახევარბგერები ან წყვილბგერებიც.) ბგერებით მანიპულირება არის ის საყრდენი კომპეტენცია, რომელსაც შემდეგ ადვილად დაეშენება ანბანური პრინციპის გაცნობიერება და გამოყენება კითხვის შესწავლის მიზნით. რა იგულისხმება ბგერებით მანიპულირებაში?

  • წარმოთქმული/გაგონილი სიტყვის ბგერა-ბგერა გამეორება;
  • ბგერა-ბგერად წარმოთქმული/გაგონებული სიტყვის მთლიან სიტყვად გამეორება;
  • პირველი, მეორე, ბოლო, ბოლოსწინა ბგერის ამოცნობა;
  • პირველი, ბოლო ბგერის ჩამოშორება და შეცვლილი „სიტყვის” წარმოთქმა;
  • ბგერის დამატება სიტყვის დასაწყისში ან ბოლოში;
  • პირველი, მეორე, ბოლო, ბოლოსწინა ბგერის შეცვლა (ამ შემთხვევებში არ ღირს ყურადღების გამახვილება მესამე ან ბოლოსწინისწინა ბგერებზე, რადგან უკვე წვალებას დაემსგავსება მსგავსი ფონოლოგიური სავარჯიშოები.).

****

სახალისო გადახვევა:

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი მოსწავლეებს ფონოლოგიურ კომპეტენციაში წაფავს. ის ბგერა-ბგერა სთავაზობს სიტყვებს გამოძახებულ მოსწავლეებს, რათა თითოეულმა შეძლოს ამოცნობა და დაასახელოს ეს სიტყვა. „დ – ა – ფ – ა”, — დაანაწევრებს მასწავლებელი, „დაფა” — გააერთიანებს მოსწავლე. „მ – ა – გ – ი – დ – ა”, — დაანაწევრებს მასწავლეებლი, „მაგიდა”, — მიხვდება მოსწავლე და ასე…

— აბა, ახლა შენ მითხარი, რა სიტყვას ვამბობ: კ – ო – მ – შ – ი, — მიმართა ერთს.

— ბია, მასწავლებელო, — ხალისით უპასუხებს მოსწავლეც…

როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ამ კონკრეტულ ბავშვს ჩამოყალიბებული ფონოლოგიური უნარი? შეუძლია თუ არა მას ბგერებად დანაწევრებული სიტყვის მთლიანაობაში აღქმა? ვფიქრობ, რომ შეუძლია.

*******

ფონოლოგიური კომპეტენციის განსამტკიცებლად უნდა ვუპასუხოთ ორ საკვანძო შეკითხვას:

  1. როდის უნდა განვუვითაროთ ფონოლოგიური კომპეტენცია მოსწავლეებს?
  2. როგორ უნდა განვუვითაროთ ის?

სანამ ამ შეკითხვებს ვუპასუხებ, სხვა შეკითხვით მოგმართავთ: ასო და ბგერა თუ აგრევიათ ერთმანეთში? წამოგცდენიათ თუ არა „ასო” მაშინ, როდესაც „ბგერის“ თქმა გნდომებიათ? მაგალითად, ბავშვებს სთხოვთ პირველი ბგერის ამოცნობას და „პირველი ასო რომელიაო”, გიკითხავთ?

მე შემშლია. და მასწავლებლებიც მინახავს, რომლებსაც მსგავსი შეცდომა დაუშვიათ.

რატომ ვუშვებთ ასეთ შეცდომებს? ნუთუ, როგორც ყავარზე კუდგადებული შემფასებელი იტყოდა, ასო ვერ გაგვირჩევია ბგერისგან?!

აქ შეგვიძლია იმით გავიმართლოთ თავი, რომ ქართულში სიტყვა „ასო” აღნიშნავს რაიმე მთელის უმცირეს ნაწილსაც და ამ მნიშვნელობით სრულიად გამართულად მოისმის ზემოთ დასახელებულ მაგალითში.

*********

მივუბრუნდეთ პირველ შეკითხვას: როდის უნდა დავიწყოთ ფონოლოგიური უნარების განვითარებაზე ზრუნვა?

როგორც კი სწავლას შევუდგებით. პირველივე სასწავლო ნაბიჯები დაკავშირებული უნდა იყოს ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბებასა და გაწაფვასთან. ოღონდ, რასაკვირველია, ეს ვარჯიშები ჩასმული უნდა იყოს მოსწავლისთვის აზრიან, საინტერესო და სახალისო კონტექსტში. გაიხსენეთ წერილის დასაწყისში აღწერილი თათიას ემოცია — როგორი სიხარულით მარცვლავდა პატარა გიორგის სახელს… (ცხადია, ასეთი სიხარული სხვა ბავშვის გაბრაზებას არ უნდა ემსახურებოდეს. ხუმრობითაც კი.)

ამბობენ, რომ ბავშვი გარკვეულ ტრაექტორიას გადის ფონოლოგიური კომპეტენციის გაწაფვის გზაზე. რომ ჯერ მარცვლების დაშლა უნდა ისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ ვავარჯიშოთ ბგერებად დაშლაზე. და მართლაც ამ თანმიმდევრობითაა ხოლმე შემოთავაზებული ფონეტიკური/ფონოლოგიური სავარჯიშოები სახელმძღვანელოებში. თუმცა, შესაძლოა გადააწყდეთ მოსწავლეს, რომელიც ბგერებზე ისე მანიპულირებს, რომ მარცვლების გამოყოფას ჯერ ვერ ახერხებს. მოკლედ, ყველა ბავშვს არც ამ შემთხვევაში აქვს ათვისების ერთნაირი ტრაექტორია.

ამის გათვალისწინებითაც, აუცილებელია ერთგვარი თანმიმდევრულობა: თუკი, დავუშვათ და, პირველი ბგერის იდენტიფიცირებაში დაიწყეთ ვარჯიში, ნუღარ შეურევთ აქვე ბოლო ბგერის ამოცნობაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს. ჯერ ერთ კონკრეტულ ფონოლოგიურ ქმედებაში გაიწაფონ ბავშვები, შემდეგ — შემდეგში და ა. შ.

მეორე კლასიდან ამ კომპეტენციაზე საგანგებოდ ზრუნვა აღარაა საჭირო. იმიტომ კი არა, რომ იგი აღარ გვჭირდება. როგორ არ გვჭირდება? ძალიანაც გვჭირდება, მაგრამ, კითხვისა და წერის კვალად, იგი მუდმივ ფორმაშია — მთავარია, საინტერესო და ადეკვატური სირთულის წერითი და საკითხავი დავალებები შევთავაზოთ ბავშვებს… შემდეგ კლასებში საინტერესო იქნება ხოლმე სხვა ენების შესწავლისას მშობლიურ ენასთან პარალელებისა და კავშირების თვითაღმოჩენები.

******

გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე: როგორ ვიმუშაოთ ამ უნარების განვითარებაზე? როგორ და ხალისით, ინტერესით და კიდევ…

მე არ ვაპირებ ფონოლოგიური ცნობიერებისა და ფონეტიკური უნარების განმავითარებელი აქტივობების აქ შემოთავაზებას — ისინი უხვად შეიძლება ნახოთ ჩემ მიერ გზამკვლევ-წერილში ნახსენებ მართლაც რესურს-წიგნში (ჯიპრაიდის წიგნი, რომელიც განთავსებულია პორტალზე kargiskola.ge), თუმცაღა ერთი საკვანძო შეკითხვა ნამდვილად უნდა დავსვა:

როგორ ვასწავლით ამ უნარებს ბავშვებს?

ისევე, როგორც ბევრ სხვა რამესაც. უკუღმართად — რა დასამალია…

მაგალითად:

ვასწავლით კითხვას და შინაარსიან ტექსტებს არ ვაკითხებთ.

ფიზიკას ვასწავლით და ბუნებასთან თუ ცხოვრებასთან არ ვაკავშირებთ.

ისტორიას ვასწავლით თანამედროვეობისგან იზოლირებულად.

გასაგებად რომ ვთქვა: ფონოლოგიურ უნარებს ვასწავლით წერისგან და კითხვისგან მოწყვეტილად. არადა, როდესაც ფონოლოგიური კომპეტენციის საჭიროებას ვასაბუთებთ, პირველ რიგში ვახსენებთ, რომ ეს საჭიროა კითხვის დაწყებისთვის და შემდეგ — წერის გასაადვილებლად. თუკი ზეპირ სიტყვაში ბგერა ვერ გამოყო ადამიანმა, ისე წერის დაწყება გაუჭირდებაო. აგრეთვე, თუკი კითხვის სწავლისას გარკვეული პრობლემები აქვს მოსწავლეს, ფონოლოგიურ კომპეტენციებს გადავუმოწმებთ ხოლმე — ამდენად ახერხებს ზეპირი სიტყვის დამარცვლას, ბგერებად დაშლას, ბგერებისა და ზეპირი მარცვლების გაერთიანებას სიტყვებად, ზეპირ სიტყვაში პირველი (ბოლო) ხმოვნის/მარცვლის გამოყოფას.

ბარემ, ლაპარაკიც, ხმის გაღებაც ავუკრძალოთ ბავშვებს და ისე განვუვითაროთ ეს უნარები!..

იმის თქმა მინდა, რომ ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს წერა-კითხვასთან პარალელურად, კითხვითი და წერითი კომპეტენციების ჩამოყალიბებასთან ინტეგრირებულად. ეს კომპეტენციები ხელს უწყობს და აადვილებს ერთმანეთის განვითარებას.

ამისთვის ბრწყინვალე მეთოდია „ენობრივი პრაქტიკა”, რომელიც ჯიპრაიდის სკოლებში პოპულარული გახდა „მასწავლებელი — კალამის” სახელითაც.

მოკლედ აღვწეროთ.

ავთენტიკურ კონტექსტში მასწავლებელმა მოსწავლეებს შეიძლება მოანდომოს სრულიად საინტერესო და სასურველი მიკროტექსტის ჩაწერა. ეს შეიძლება იყოს წითელქუდასა და მგლის საუბარი თუ ქოქოსის კაკლის გატეხვის პროცესის აღწერა…

ენობრივი პრაქტიკის შესახებ მომავალში (შესაძლოა, ამ წერილის კვალად) ვაპირებ საგანგებოდ დაწერას, თუმცა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ქოქოსის კაკლის გატეხვისა და იქიდან წვენის ამოღების შემდეგ (თუ პირიქით), ვაპირებთ, ამ პროცესის აღწერა დიდი ასოებით გადავიტანოთ ფლიპჩარტის ქაღალდზე მოსწავლეთა მონაწილეობით… და სათაურიც შევარჩიეთ „ქოქოსის კაკალი” და ვწერთ:

— აბა, ბავშვებო, რომელი ასო უნდა დავწერო პირველად?!

— ქქ… ქქქ… ქ… ქქ!.. — აჟივილდნენ ბავშვები…

ვფიქრობ, ცხადია, თუ როგორ ეხმარება ეს კონკრეტული აქტივობა, ანუ წერისა და კითხვის უნარების გამოყენება ფონოლოგიური უნარების გააქტიურებას. ასეთივე მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ, მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვთავაზობთ მარცვლებად დაჭრილი დაწერილი სიტყვების აწყობას. ამ დროს, რასაკვირველია, ირთვება ადამიანის ფონოლოგიური პროცესორი და ამოკითხულ მარცვალს ზეპირად აკავშირებს შესაძლო დასაწყისთან თუ დაბოლოებასთან. ეს ნიმუშიც ადასტურებს, რამდენად სასარგებლოა კითხვითი და წერითი ელემენტების გამოყენება ფონეტიკური/ფონოლოგიური უნარების განსამტკიცებლად ისევე, როგორც წერის უნარი უწყობს ხელს კითხვის უნარში გაწაფვას და პირიქითაც.

რომ შევაჯამოთ და ვუპასუხოთ მეორე შეკითხვასაც: ფონოლოგიური კომპეტენცია უნდა განვავითაროთ საინტერესო და სახალისო კონტექსტში კითხვასა და წერასთან ინტეგრირებულად.

******

რადგან ქოქოსის კაკლის გატეხვა ვახსენე და იგი, როგორც საგაკვეთილო აქტივობა, ისე წარმოვადგინე, მოკლედ შემოგთავაზებთ სასწავლო გეგმას, რომელსაც შეიძლება ორი გაკვეთილი დასჭირდეს.

  • სასწავლო საკითხები: პროცესის თანმიმდევრულობა (ჯერ — შემდეგ — ბოლოს); ფონოლოგიური უნარების განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება (ეს უკანასკნელი — განსაკუთრებით ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილებზე).
  • რესუსები: ქოქოსის კაკალი, ლურსმანი, ჩაქუჩი, ჭიქა, ფლიპჩარტი, მარკერი.
  • აქტივობები: მოტივაციის აღძვრა, კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა („მე მოტანილი მაქვს ქოქოსის კაკალი… იცით, როგორ უნდა გავხსნათ? დღეს უნდა დავწეროთ, როგორ უნდა გავხსნათ ქოქოსის კაკალი”…); პროცესის დემონსტრირება და თან ქმედებების აღწერა (“ჯერ უნდა გავხვრიტოთ და გადმოვღვაროთ სითხე, რომელიც არის მასში… შემდეგ უნდა დავუკაკუნოთ ჩაქუჩი შუა ნაწილში და ბოლოს გავტეხოთ”…); პროცესის გამეორება თან ხმამაღლა საუბრით და იმიტირება მოსწავლეების მიერ (ყურადღება უნდა მივაქციოთ უსაფრთხოების წესებს. მოსწავლეები ასრულებენ მხოლოდ გათამაშებას ქოქოსის კაკლის გატეხვისას და არა ნამდვილად გატეხვას.); ფონოლოგიური სავარჯიშოების შესრულება გააქტიურებული სიტყვების (ქოქოსი, კაკალი, ჩაქუჩი, წვენი…) გამოყენებით; მოსწავლეების მონაწილეობით/კარნახით ტექსტის ჩაწერა ფლიპცარტზე (სათაური: ქოქოსის კაკალი. ეს არის ქოქოსის კაკალი. როგორ გავტეხოთ ქოქოსის კაკალი? ჯერ ის უნდა გავხვრიტოთ. შემდეგ გადმოვასხათ მასში არსებული სითხე. ამის შემდეგ ჩაქუჩი უნდა დავარტყათ ირგვლივ. კაკალი გაიბზარება და გატყდება.); დაწერილი ტექსტის ერთობლივი წაკითხვა (ჯერ არ იციან ასოები, მაგრამ მასწავლებლის დახმარებით იმიტირებენ წაკითხვის პროცესს. აგრეთვე ცნობენ ზოგიერთ სიტყვასა და ასოს. შესაძლოა, ზოგიერთი ასოს დაწერაში მოსწავლემაც მიიღოს მონაწილეობა.); სიტყვის ბარათებით (ქოქოსი, კაკალი, ჩაქუჩი…) ვარჯიში…

*******

(აქვე მინდა გავიხსენო ერთი მომენტი, რომელიც უკავშირდება როდონაიას დედაენის ერთ-ერთ პრინციპს. ერთ სატრენინგო შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, როდონაია პირველ სემესტრში წერას კრძალავსო. გავიოცე. არ დავიჯერე. ბატონო-მეთქი?!

როდონაიას სახელმძღვანელოს მიხედვით პირველ სემესტრში წერა შეუწყნარებელიაო, ისე დაბეჯითებით გამიმეორეს და იმდენმა, რომ დავიჯერე, რაღას ვიზამდი — მაშინ არ მქონდა იმ დედაენის მასწავლებლის წიგნი სათანადოდ შესწავლილი?! ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, „რატომ”. რატომ მიიღო პატივცემულმა როდონაიამ ასეთი, ჩემთვის გაუგებარი და პედაგოგიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება?! წერა რომ კითხვის სწავლების კარგი დამხმარე საშუალებაა, ხომ საყოველთაოდაა ცნობილი და იაკობმაც ამიტომ ჩაუყარა საფუძველი დედაენაში კითხვისა და წერის ინტეგრირებულად სწავლებას?! დანამდვილებით ამაზე პასუხი ახლაც არ ვიცი და გამიხარდება, თუკი ვინმე ზუსტად გამარკვევს, მაგრამ მე ჩემი ახსნა მოვუძებნე ამ გადაწყვეტილებას.

12 კვირის განმავლობაში წერით აქტივობებზე უარის თქმა განპირობებული უნდა ყოფილიყო ბატონი ვახტანგის დაკვირვებით ქართველ მასწავლებელთა წერით დავალებებზე — რომელი ბავშვთმოყვარე განმანათლებელი დასთანხმდება ასოების გამოწერის ვრცელ და მტანჯველ პროცესს? შესაბამისად, ბატონი ვახტანგის წინაშე დადგებოდა დილემა: გონივრულად ჩავნერგოთ წერითი აქტივობები პირველივე კვირებიდან (ამას მაინც მოჰყვებოდა მასწავლებელთა და მშობელთა მიერ ბავშვთა იძულებები ასოების გამოწერის მრავალხაზობაში.) თუ გადავავადოთ წერის დაწყება სამიოდე თვით მანამ, სანამ ბავშვები შედარებით გაიწაფებიან თვალითაც და ხელითაც და ეს წერითი იძულება, თუკი ამას მაინც ექნება ადგილი, ისეთი მტანჯველი არ იქნება ადამიანისთვის…).

****

კიდევ ერთი პარალელი და ამით დავასრულოთ: რამდენად უწყობს ხელს ფონეტიკური უნარების გაწაფვას წერა და კითხვა ინგლისურ ენაში? ფრანგულში? ამ ენების შემსწავლელი პირველკლასელისთვის ეს შეიძლება პრობლემური იყოს, რადგანაც ერთი კონკრეტული ბგერის ჩასაწერად რომ ორი-სამი საანბანო ასოა საჭირო, დამაბნეველი იქნება 5-6 წლის მოსწავლისთვის. მაგრამ ქართულში ხომ არ გვიდგას ეს ვითარება?! ქართულში ხომ ცალკეული ბგერა შეესაბამება ასოს და მასთან მხოლოდ ერთს, როგორც ჩვენი ქართველი მათემატიკოსები იტყოდნენ — მოზრდილთათვისაც კი, ბავშვებს რომ თავი დავანებოთ, დამაბნეველად. ხოლო გასაგებად რომ ვთქვათ: ქართულ ბგერას ერთადერთი ასო შეესაბამება და ქართული ასოც მხოლოდ ერთი ბგერით გადმოიცემა. შესაბამისად, თუკი რომელიმე ინგლისურ ან ფრანგულენოვან რეკომენდაციებში მოთხოვნაა, მასწავლებლებო, სანამ ფონოლოგიურ კომპეტენციებში გაწაფავთ ბავშვებს, კითხვასა და წერას ნუ გამოიყენებთო და ფონეტიკური უნარების ჩამოყალიბებას წერა-კითხვასთან ნუ დააკავშირებთო, ჩემთვის შესაწყნარებელია და მისდიონ კიდეც იმ ენების მასწავლებლებმა ასეთ რეკომენდაციას. ხოლო ქართული ენის ქართულ ენაზე სწავლების შემთხვევაში უგუნურება იქნება პერიოდულად (პერიოდულად და არა მუდამ! ბავშვები, რასაკვირველია, წერითი და კითხვითი დავალებებისგან იზოლირებულადაც უნდა ვავარჯიშოთ, მხოლოდ ზეპირი გზით გავწაფოთ ფონეტიკურ უნარებში, ოღონდ საინტერესო აქტივობებით.) კითხვითი და წერითი აქტივობები არ ჩავნერგოთ ფონეტიკური უნარების განსავითარებლად, ფონოლოგიური ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად, ხმებზე სავარჯიშოდ.

 

 

 

 

 

სადა ხარ, მასწავლებელო?

0

ჩემი ხმა დარჩება შენთან!

მილტონ ერიქსონი

 

ეძღვნება ყველა მასწავლებელს,

რომლის ხმაც არასდროს ტოვებს მოსწავლეს!

 

რა ხდება მაშინ, როცა ყველა სიტყვა კარგავს მნიშვნელობას?

როცა არცერთი იმას არ ნიშნავს, რასაც აღნიშნავს?

რა ხდება სიტყვისა და აზრის გზაგასაყარზე?

სადაც ფშუტე თავთავებივით მკვდრადშობილი გროვაა სიტყვების,

რომლებიც ისმის არა მხოლოდ პოლიტიკოსთა ბაგეებიდან…

ისინი მოედინებიან ადამიანთა უწყლო უდაბნოდ ქცეული ხორხიდან

და გაჰკივიან, რომ ადამიანი უნდა იყოს: ისეთი და ასეთი… ასეთი და ისეთი…

აქ ნამდვილმა დაკარგა აზრი, რადგან გამქრალია სინამდვილე

და შიშინებს რეალობა შორეული კოსმოსიდან სიხშირეების მიუღებლობის გამო….

 

ამ ხმაურში ნამდვილი ხმა დაკარგულია,

ამ ხმაურში სიჩუმეც დაკარგულია…

ამ ხმაურში ადამიანიც დაკარგულია…

ეჰ, შენ რა გითხარი, ბოდრიარო,

როგორ გამოთვალე ეპოქის სული… რა ზუსტია შენი ალგორითმები…

ჩემი რითმები კი უძლური…

რას იტყვი ახლა: იმიჯის ყველა ეტაპი გავლილია?

და რა იწყება შემდეგ, რაც დაემხობა ყველა აზრის ციხე-სიმაგრე?

როცა სიტყვებიდან გაასახლებენ მთავარ პატრონებს?

როცა ცარიელ ეკლესიებს ეშმაკები დაეპატრონებიან?

როგორ დავიბრუნოთ ჩვენი სახლები, –

სიტყვები, რომლებიც აზრის გარეშე და უაზროდ დარჩნენ?

  • სადა ხარ, მასწავლებელო?
  • სადა ხარ, მასწავლებელო?
  • მაპოვნინე, სახლი!
  • გამოდი, ნუ იმალები!

ან მითხარი, სად მოგძებნო – რომელი სიტყვის უკან დაიმალე?

და მითხარი, როგორ გავხდე ნამდვილი, როცა ყველაფერი ყალბია?

როცა ცარიელი აღმნიშვნელების ხმაურია…

როცა ჩემი ხმა დაკარგულია…

როცა უდაბნოს ქარებმა ყველა სიტყვას პირი ამოუვსეს ქვიშით…

იქნებ სჯობდა, პირში წყალის ჩაგუბება თევზივით?

  • მოდი და ამიხსენი, რთული გაკვეთილი!
  • მოდი და (ა)მიხსენი!
  • სადა ხარ, მასწავლებელო? კითხვები დამიგროვდა…

 

  • თუ ჩემი ხმა გესმის, გამოდი!

 

სადღაც შორიდან… ან უფრო სიღრმიდან სუსტი ბგერები ხმაურს კვეთს….

და მერე ძალიან ახლოდან ვგრძნობ, რომ:

მასწავლებელი არასდროს გასულა შინიდან,

მასწავლებელი არასდროს გასულა კლასიდან,

მასწავლებელი არასდროს გასულა სახლიდან…

მასწავლებელი არასდროს გასულა გულიდან…

მასწავლებელი არასდროს გასულა სიტყვიდან…

და მისი ხმა უფრო მკვეთრად… უფრო ძლიერად და უფრო მტკიცედ ჩამესმის:

  • მე გასწავლე: როგორია სიცარიელე…
  • გადავიდეთ ახალ თემაზე!

 

 

P.S. ვინ გამოიცნობს, რა იქნება ახალი გაკვეთილის თემა?

გთხოვთ, დაწეროთ კომენტარებში …

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი ხელით გული უნდა გავიღო, მეორით – ცოდნა და გამოცდილება

0

„როგორც მოსწავლის დანახვაა მასწავლებლის მთავარი ბედნიერება, დაუნახაობაა დიდი ტკივილი და სიძნელე”

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული სოფო გოგოხია აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში სახვითი  და გამოყენებითი ხელოვნების და  ქართული ენისა და ლიტერატურას მასწავლებელია. საჯარო სკოლა სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში მდებარეობს.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია და საქართველოში წელს მეოთხედ ჩატარდა. გამარჯვებულ მასწავლებელს ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი” ესაუბრა.

 

გილოცავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებას. რას ნიშნავს თქვენთვის წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი?

დიდი მადლობა.  ვფიქრობ, ყოველგვარი სტატუსი, ჯილდო, შექება და წახალისება არის იმის შეხსენება, რომ  გავაგრძელო, უკეთ ვეცადო, არ დამეზაროს, არ ჩავიქნიო ხელი და მქონდეს იმედი, მჯეროდეს, რომ ჩემი დადებული აგური კედლის სიმყარისათვის ერთ-ერთი მთავარი ძალაა, რომ არასოდეს წავიღო უკან გაწვდილი ხელი, მაშინაც კი, როცა არ მაქვს იმედი, რომ ჩამეჭიდებიან,  ვეცადო, არ დამღალოს კლდის პირას დგომამ და არც კლდის ძირას ჩარბენამ, იმ იმედით, რომ ეგებ ვინმე გადავარდა და ფსკერზე სჭირდება ხელის შეშველება. სტატუსი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ამას ბოლომდე გავუმკლავდე.

როგორია თქვენი პროფესია თქვენთვის და რა არის ყველაზე დიდი  სიძნელე ამ პროფესიაში?

ამ კითხვის ჩემი პასუხი პათეტიკით იქნება სავსე და მინდა,  არასოდეს დამტოვოს ამ პათეტიკამ. გასაგები მიზეზების გამო პათეტიკურობა ირონიას იწვევს მრავალ ადამიანში, მაგრამ, ვფიქრობ ეს ზომიერია ჩემგან და ჩემთვის, ამიტომ ვიტყვი, რომ მასწავლებლობა არის ის, რის გარეშეც არ შემიძლია, ეს არის ჩემი ბრძოლის ველი, ჩემი კინო, ჩემის სცენა, ჩემი წიგნი, ჩემი მუსიკა, ეს არის ის, რაც მიყვარს, რაც მოიცავს ჩემს გულს, გონებას, ეს არის ის, რაც არ მწყინდება, რითაც მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, სადაც რაღაცის კეთება შემიძლია საზოგადოებისათვის, რისიც მჯერა  და მინდა, სულ ასე იყოს. რაც შეეხება სიძნელეებს, იმდენია, საიდან დავიწყო… მაინც ერთს გამოვყოფ: 21-ე საუკუნეა, მოსწავლე მოდის სამყაროდან, რომელშიც ის კოსმოსს უყურებს პირდაპირ ეთერში და ონლაინსამყარო მისთვის არაფერს ტოვებს საიდუმლოდ, საოცარ შესაძლებლობებს გადაუშლის წინ თითის ერთი დაჭერით. ამ დროს მას შეიძლება შია, არ აქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დიდი ხანია არ უნახავს დედა ან მამა, ან იჩხუბა რაღაც მიზეზით სახლში, ქცევა შეეცვალა, არ მოსწონს საკუთარი თავი, დათრგუნულია, არაფრის სურვილი აღარ აქვს, ან სხვა სახის პრობლემა აქვს და ამ დროს მასწავლებელი მას რომანტიზმსა და გაუნელებელ სწრაფვაზე, ან რუსთაველსა და მაღალ იდეალებზე, ან იმაზე უნდა ესაუბრო, რომ „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“… და ამით ბედნიერება უნდა აგრძნობინო. ამ დროს 31 წყვილი თვალი გიყურებს, 31 გული ძგერს და ოკეანეში გინდა ფიცარი იგრძნო, რომ გადარჩე, რა უნდა მოიფიქრო, რომ ყველას მისწვდე?.. ფიქრობ, როგორ ახერხებენ ამას?.. ლამის ხელი ჩაიქნიო. ხშირად ვერაფერი მომიხერხებია უბადრუკი გაღიმების გარდა, მაგრამ ამ ღიმილის გამოც კი ისეთი მადლიერება მიმიღია პასუხად, რომ გზის გაგრძელება შემაძლებინა. რა გითხრათ, როგორც მოსწავლის დანახვაა მასწავლებლის მთავარი ბედნიერება, დაუნახაობაა დიდი ტკივილი და სიძნელე. ვაითუ, ვერ დავინახე, ვაითუ, ვერ ვიგრძენი ბოლომდე, ვაითუ, გამომრჩა ვინმე… აი, დღეს  ლიზი რაღაც მოწყენილი მეჩვენა, გიო ნამეტანი ჩუმად იყო… ეგებ რამე გამოვტოვე?… – მსგავსი ფიქრებით იძინებ ხშირად და გეშინია, რომ რაღაც დააკელი ვინმეს. ეს მუდმივი სევდაა, მასწავლებლობის სევდა.

ვენი, როგორც ქართულის მასწავლებლის მიზანი რა არის სწავლების დროს და რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პროცესში?

ხშირად ვფიქრობ და მოსწავლეებსაც ვეუბნები გულისტკივილით, წარმოგიდგენიათ, 12 წლის განმავლობაში რამდენ უძვირფასეს ტექსტს ვსწავლობთ, რამდენ მწერალს, რამდენ საკითხს ვეხებით?… ამაზე ფიქრისას გული მეკუმშება. როგორი ჰუმანურები უნდა ვიყოთ და ამ დროს… სად მიდის ეს? სად იკარგება? მერე რა გვემართება? ამდენი დაუნდობლობა, ბოღმა, შური, ბოროტება… ამდენ ტექსტს ვსწავლობთ ცხოველებსა და მათ სიბრალულზე, მერე რატომ არის, რომ საცოდავ ლეკვებს საშინლად ექცევიან ქუჩაში… ლეკვს ვინ ჩივის, საზოგადო აგრესიის ხშირი შემსწრენი ვხდებით არცთუ ისე იშვიათად. სად ქრება ის გრძნობები, ასე უხვად რომ გვაქვს ბავშვობაში?…  რას ვასწავლი? რა მინდა ვასწავლო? როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, ვფიქრობ, ყველაზე მეტი საშუალება მომეცა იმისათვის, რათა ღირებულებების მნიშვნელობა განვაცდევინო მოსწავლეს, რა არის ის მარადიული ფასეულობები, რომელთა ქონა აუცილებელია (ბანალურად ჟღერდეს ეგებ, მაგრამ…). კარგია, თუ მოსწავლეები ყველა ტექსტს აბულბულებენ, მწკრივებსა და სერიებს „სხლავენ“, მაგრამ თუ ომის მსხვერპლი სირიელი ბავშვების სიბრალული არ აქვთ ცოტათი მაინც, თუ ქუჩაში ხელგაწვდილი მოხუცი მათთვის არ არის შესაბრალისი და თუ უპატრონო, აწკავწკავებული ლეკვი არასოდეს შეეცოდებათ, გამოდის, ვერაფერიც ვერ მისწავლებია.

რაც შეეხება ქართული ლიტერატურის სწავლებას, მინდა ის მსოფლიო ლიტერატურასთან მიმართებით ვასწავლო. როგორც ერთი დიდი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მინდა, იგრძნონ, რომ ლიტერატურა არის ის, რასაც გრძნობდა და განიცდიდა კაცობრიობა სხვადასხვა დროს და ეს გახდეს მნიშვნელოვანი. ზოგთან კარგად გამოდის, ზოგთან – ცუდად, ზოგთან არ გამოდის, მაგრამ მასთანაც, ვისთანაც არ გამოვიდა, რომელიმე კლიმი გამხდარიყო, ვცდილობ, ვიყო ადამიანი, რომლის იმედიც მას აქვს, რომელსაც ის უყვარს. იმედი მაქვს, ოდესმე  მსოფლიო ლიტერატურა სავალდებულო საგანი იქნება სკოლაში და ამ მიზნის მიღწევა გაცილებით  უკეთ იქნება შესაძლებელი.

როგორ სკოლაზე ოცნებობთ თქვენ და როგორ სკოლაზე ოცნებობენ თქვენი მოსწავლეები?

 

სკოლა უნდა იყოს… და აქ მილიონ პასუხს დავწერდი, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: სადაც მოსწავლემ იცის, რომ ის უყვართ და სადაც ის თავისუფლად გრძნობს თავს.  ამ კითხვას ხშირად ვუსვამ ბავშვებს და იცით რა მახარებს, ისეთ სკოლაზე ოცნებობენ, სადაც  ერთად იცხოვრებდნენ, საღამოსაც ერთად ვიქნებოდით,  სულ ერთად და რაზეც ბედნიერად მეცინება ყოველთვის, ისაა, რომ ბევრ მათგანს უნდა სკოლაში იყოს თავლა და გვყავდეს ცხენები, იყოს დიდი საერთო ბუფეტი, სადაც ბევრს ვიმხიარულებთ ერთად. მათ ზღაპრული სკოლა უნდათ, ჩვენ კი ჯერ საკუთარი შენობაც კი არ გვაქვს…

 

ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ბავშვებს სწავლა აღარ უნდათ. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ, მართლა ასეა, თუ მასწავლებლებს უჭირთ მათი მოტივირება?

 

სამყარო არასოდეს ყოფილა ასეთი, როგორიც არის დღეს, ჭრელი, ინფორმაციით  გაძეძგილი, ტექნოლოგიური სიახლეებით სავსე, შესაბამისად, მოსწავლეებსაც სხვა ინტერესები, გემოვნება, მოთხოვნა, მოლოდინი აქვთ. გასულ საუკუნეთა მაგალითები აქ მეტწილად არ გამოგვადგება. რომ არ უნდათ, ამას არ ვეთანხმები, თუ ვერ დავაინტერესე, ესე იგი პრობლემა ჩემშია. შეუძლებელია, არაფერი უნდოდეს, უნდა ვიპოვოთ, ახლოს მივიდეთ, გავიგოთ, აღმოვაჩინოთ, კონკურენციას გვიწევს ისეთი ფერადი სამყარო, როგორიცაა  ინტერნეტსივრცე, ადვილი არაა მას აჯობო. ვფიქრობ, არც უნდა გაეჯიბრო, ის უნდა გამოიყენო და როცა ყოველივე  ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ დაერქმევა ხოლმე ამას „არ უნდა“, „ნიჭიერია, მაგრამ რად გინდა“ და ა.შ.

 

რა მოთხოვნები აქვთ  მოსწავლეებს  და  თქვენ რას ითხოვთ მათგან?

ამ კითხვასაც იმდენი პასუხი აქვს… ერთხელ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვთხოვე, დაეწერათ, როგორია კარგი მასწავლებელი. ერთი წერილი სიტყვასიტყვით ასეთი იყო: „მე მიყვარს, რომ სულ იღიმებით“…  მე ძალიან შემრცხვა მაშინ, მართლა ძალიან შემრცხვა, რადგან სულ არ ვიღიმები. მივხვდი, რომ მეტი ღიმილი შემეძლო, მათ ეს სურთ და მე ეს შემეძლო. მინდა, ეს მალ-მალე გამახსენდეს. როცა სკოლაში შევდგი ფეხი და მივხვდი, როგორ უყვართ ფერადი ტანსაცმელი, ვცდილობ, მეტწილად ფერადი მეცვას. მათ სურთ მასწავლებელი იყოს საიმედო, გულწრფელი, ღიმილიანი, სანდო, ამის შემდეგ ისინი ცოდნასაც სიხარულით მიიღებენ. თანამედროვე ბავშვებში გამოხატვის თავისუფლებაა დიდი და ეს მე მომწონს. მესმის, რომ ზღვარს შეიძლება გადავიდეს, მაგრამ ეს გაივლის, ესეც გასავლელი ეტაპია. ისინი ითხოვენ, დავინახოთ შიგნიდან. ზოგი ადვილად გვიშვებს, ზოგი – ძნელად, ზოგი გვცდის, ზოგს არ სჯერა, ზოგს სჯერა და გაწვდილ ხელს აგებებს…  მე რას ვითხოვ?… „ვითხოვ“ ის სიტყვა არაა… ვიტყვი, რა მინდა. მინდა იგრძნონ, მინდა დანახვა ისწავლონ, მინდა იცოდნენ, რომ ადამიანზე დიდი და ძვირფასი არაფერია სამყაროში.

როგორ ფიქრობთ ადრე უფრო იოლი იყო მასწავლებლობა თუ ახლა და  საერთოდ, ცვლის თუ არა დრო რამეს ამ პროფესიაში?

ყველა დროს თავისი ორი მხარე აქვს. ვფიქრობ, არასდროს იყო იოლი, არც მაშინ, როცა ფეხშიშველი ბავშვები კილომეტრებს გადიოდნენ, შეიძლებოდა ყველას წიგნიც კი არ ჰქონოდა, შიოდა, სწყუროდა  და არც ახლა, როცა  ინტერნეტი არსებობს, მაგრამ შეიძლება ხელი არ მიუწვდებოდეს ან სწორად ვერ იყენებდეს და მეტი ზიანი მოუტანოს.

რა ვერ გააკეთეთ, რაზე გწყდებათ გული და რის გაკეთებას გეგმავთ?

ბევრი რამ ვერ გავაკეთე. მაგალითად, ხელნაწერთა მუზეუმში ვერ წავიყვანე ბავშვები, ვერც თოჯინების მუზეუმში, ვერ დამყავს საბალეტო წარმოდგენაზე, თუნდაც ერთხელ მაინც წელიწადში, ვერ გავაკეთეთ რადიოგადაცემები და წელს ვგეგმავთ, ვერ წავედით კარვებით სალაშქროდ – რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგრამ ყველაზე მეტად განვიცდი იმ მოსწავლეთა ამბებს, რომლებიც შეიძლება, რომ უკეთ სწავლობდნენ, მეტი შემეძლო, მეტად უნდა წამეშველებინა ხელი. იმედს არ ვკარგავ, დრო არის. ოდესმე იქნება ისეთი დროც, როცა სკოლა ყოველივე ამის უზრუნველყოფას შეძლებს, გამოკვებავს კიდევ თითოეულს, მოაწყობს მრავალ ლაშქრობასა და ექსკურსიას, გვექნება საველე გასვლები  ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, გვექნება მინიკინოთეატრი, მოსწავლეები კარგ ფილმებს გადაიღებენ, გამოიგონებენ ათას რამეს და ფანტაზიას სრულად მიეცემა გასაქანი…

პანდემიის პირველ თვეებში, როდესაც  ახალ საგანმანათლებლო ფორმატს დისტანციურ მოდელს ვეჩვეოდით, რა იყო თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის მთავარი გამოწვევა?

 

აქ სატრაბახოდ ნამდვილად არაა საქმე. რთული თვეები იყო, მასწავლებლებს, მოსწავლეებს – გაგვიჭირდა. მთავარი პრობლემა იყო ხელმისაწვდომობა. ჩვენ ჩვენი ძალებით მოვინდომეთ, რამდენიმე მოსწავლეს მაინც დავხმარებოდით, ნაწილების შეგროვებით დავიწყეთ და ბუკების გამართვით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. თუ ისევ ამის წინაშე დავდექით, ეს პრობლემა ისევ გამწვავდება. ზოგს მოწყობილობა არ აქვს, ზოგს – ინტერნეტი, გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვაც პრობლემა იყო. მახსოვს, როგორც კი გადავედით ონლაინსწავლებაზე, როგორ სრულად „გადავიტანე“  საკლასო ოთახი „თიმსში“ და როგორ ვიღლებოდით მეც და ბავშვებიც. მერე გარკვეული პერიოდი გამოსწორდა თითქოს, გვეხალისებოდა, მერე ისევ რთული იყო ორივე მხარისათვის. რაღაც ნაწილმა როგორღაც გავართვით თავი, მაგრამ დიდ ნაწილს მთელ ქვეყანაში უმძიმდა და ვფიქრობ, ეს კი არ უნდა ვმალოთ და ცალკეული მიღწევებით კი არ ვიტრაბახოთ, პრობლემის მოგვარებას ვეცადოთ. მთელი ზაფხული ამ მიზნით სკოლაში გვქონდა შეხვედრები, ტრენინგები, ვეხმარებოდით ერთმანეთს, ვის როგორც შეგვეძლო, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მაგრამ ადვილი მაინც არ იქნება. თუმცა, უნდა გავუძლოთ და მეტად მოვინდომოთ. მსოფლიოს გამოცდილება გავიზიაროთ და უკეთესი შედეგი გვქონდეს.

რა სათქმელი გაქვთ სხვა მასწავლებლებისთვის?

მინდა თავდახრილმა დიდი პატივისცემით და მოკრძალებით ვუთხრა მათ, რომ აქამდე ეს ქვეყანა მათი მსგავსი ადამიანებით სულდგმულობს, რომ  მათი ამაგი არის ის, რაც დროის დინებასთან ერთად უფრო მყარდება. როცა ჩემმა მასწავლებელმა პირველად დამრთო ნება გაკვეთილების ჩატარების, ძალიან პატარა ვიყავი, პირველკურსელი, ეს წახალისება და დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, ძალიან ვღელავდი და მაშინ საყვარელმა ბებიამ, რომელიც ათეული წლების მანძილზე მრავალი თაობის უსაყვარლესი მასწავლებელი იყო, ასე მითხრა: „ბები, შენ იცი და ახლა ის 45 წუთი, იმაზე დგას ქვეყანა!“ – ეს ისე უბრალოდ მითხრა, მხოლოდ  შემდეგ მივხვდი, რომ ზუსტად თქვა მთავარი რამ.  მასწავლებლებო, საპატიო ადამიანებო, ვინც რთულ და მძიმე პირობებში მაინც ახერხებთ იმასწავლებლოთ, მადლობა ამისათვის, რადგან მართლაც თქვენზე დგას ეს ქვეყანა.

დაბოლოს, გვითხარით, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

ხშირად ვამბობ, გავცვითე უკვე ეს პასუხი: ერთი ხელით გული უნდა გავიღო, მეორეთი – ცოდნა და გამოცდილება.  ერთხელ ერთ-ერთ გადაცემაში ( „სარკმელში“, თუ სწორად მახსოვს), ბატონმა გოგი გვახარიამ თქვა, რომ რეჟისორს უყვარს კინოს გადაღების პროცესი, ეს ზრდის მას, ვიდრე გადაღებული ფილმის ყურება. მაშინ ძალიან მომეწონა ეს ნათქვამი. ასეა მასწავლებლობაც, მასწავლებელს ბედნიერებას თუ არ ჰგვრის პროცესი, ყოველდღიური, ყოველი ნაბიჯი, მაშინ ალბათ არაფერი გამოვა. ამიტომ ახლა სტატუსზე ფიქრმა არ მინდა გადამიყოლოს, არამედ იმ უწყვეტ, რთულ და საოცარ პროცესზე ზრუნვამ, მასწავლებლობა რომ ჰქვია.

 

 რა არის საქართველო?

0

საქართველო ვერ არის ადვილად სალაპარაკო. აბა, საკუთარ თავზე როგორ უნდა ილაპარაკო. თანაც ობიექტურად. ან საერთოდ არსებობს კი ობიექტური ლაპარაკი. არ მგონია. სულ ტყუილია, შეუძლებელი. ამიტომაც საკუთარი თავი უფრო სჯობს აქო, ვიდრე პირიქით. საკუთარი თავი, ანუ საქართველო.

მითხრეს დაწერე ხუთი ამბავი, რაც საქართველოს სხვა გააცნობსო. ეგეთი წერა მე არ მეხერხება და ჩემთვის რა არის, მაგას გეტყვით. კარგს მხოლოდ. ცუდიც ვიცი. ცუდს დავმალავ. ხომ გითხარით, ობიექტურობა მოჭორილი საქმეა.

პირველ რიგში, საქართველო არის ძებნა. ავთანდილისგან ტარიელის. ტარიელისგან ნესტანის. მეგობრობა და სიყვარული. განა ღვთიური და შეუცდომელი. სასიძოს რომ მიეპარება და მძინარეს მოკლავს, ეგ არის ამბავი. ცუდია, მაგრამ ამბავია. იქ ავთანდილი რასაც ჩაატარებს ფატმანთან. ეგეც, ეგეც. მაგრამ ესენი სხვა სიმღერისთვის ნამღერი ამბებია. იმად ნამღერი, რომ იდეალური გმირები არ არსებობენ. და თუ არსებობენ, ვერ ვარგიან. გმირი უნდა იყოს შემცდარი. გმირი უნდა იყოს ამოვარდნილი. და მერე გამარჯვებული. მერე კეთილი. ეგ ბოროტი, რომელსაც კეთილმა სძლია, შენში იყო და შენშივე დაამარცხე. აფორიზმიც ამაზე მგონია. „ვეფხისტყაოსანი“ საკუთარ თავში მოგზაურობის ისტორიაა. იქ არიან ეს გმირები. იქ არის საქართველო.

 

საქართველო არის მურმანი. აი, ის მზაკვარი მურმანი, ეთერს რომ ფეტვს შეაყრის. ერთად ვაძაგოთ ეგ კაცი, აუცილებლად ვაძაგოთ, მაგრამ მერე რა, ლექსს იტყვის?! ფაუსტურს. წამის შეჩერების ამბავში. ან მეტსაც. ,,ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო, ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა, ვეღარ ვიხილავ მალეო’’ ვაჰ! ვაჰ!

 

საქართველო ალუდა ქეთელაურია. საკუთარ თავზე გამარჯვებული კაცი. ალუდა თემი იყო, იმ თემზე მეტი, ვინც მერე გააძევა. წესებს იცავდა კი არა, მაგალითს აძლევდა ამ წესების დაცვის. მაგრამ ალუდა ადგა და თემი გააძევა გულიდან. გრძელი ამბავია, ორი სიტყვით რატომ და რისთვის – არ გამოდის. ჰოდა, თემს შეეძლო ეცხოვრა ცალკე, ალუდას ცალკე. ერთ სოფელში. ალუდა დაეტეოდა. თემსაც დაატევდა. თემმა არ ისურვა და ახლა ალუდა დედამიწაზე ვერ ეტევა. იმაზე დიდია, რაც ახლა ვართ. იმაზე მეტი შეუძლია.

 

საქართველო ილია ჭავჭავაძეა. ილია ჭავჭავაძე კიდევ რამდენია – მწერალიც არის და ბანკირიც, ბანქოისტიც და მოსამართლეც, თეატრალიც და მოხელეც, რედაქტორიც და დუელიანტიც. ცოცხალიც და მოკლულიც. ძაგებულიც და წმინდანიც. რაღა არ. ვინღა არ. ეს კაცი რომ ბევრია, დამაბნევლად ბევრი – ეგ არის საქართველო.

 

საქართველო არის კოჭლი გენიოსი მერანზე. და ეგ მხედარი კიდევ რას ამბობს, რას გვიბედავს: ,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის’’. არ ან ვერ კი არა, ნუო. აი, ეგ გაბედვაა საქართველო.

 

საქართველო ეს ამბებია. ან არ არის და უნდა იყოს.

 

 

XIX საუკუნის პოეტების ლირიკული პორტრეტები XX საუკუნის ტექსტებში

0

მეცხრამეტე საუკუნე ჩვენი მწერლობის განსაკუთრებული ეტაპია რომანტიკული და რეალისტური მწერლობის უმდიდრესი მემკვიდრეობით, ავტორებით, რომლებიც არ ყოფილან მხოლოდ მწერლები, არამედ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს მათ საზოგადო მოღვაწეობას, დაუცხრომელ ბრძოლას მწვავე სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი – ეს სახელები მუდამ ოქროს ასოებით იქნება ამოტვიფრული ქართველი ერის მეხსიერებაში. დრო მათ დიდებას მეტი სინათლითა და შარავანდედით მოსავს. მეოცე საუკუნის ავტორებს, მიუხედავად მათ მიერ შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის მწერლობისა, მაინც წინაპარ ხელოვანთა ჩრდილში უწევდათ ყოფნა და ამას არც თავად უარყოფდნენ. მათ შემოქმედებაში უამრავჯერ გაცოცხლებულა მეცხრამეტე საუკუნის პოეტების ხატები, მათი იდეები, შექმნილა დაუვიწყარი პორტრეტები. გავიხსენოთ გალაკტიონ ტაბიძისეული გადაძახილები. „ძვირფასი ლანდები“ – მის მიერ შექმნილი მხოლოდ ეს ერთი პოეტური ხატი ეპოქალური მნიშვნელობის დამტევი ცხადი ილუსტრაციაა მათდამი გალაკტიონის  დამოკიდებულებისა. მას თავის შედევრებში არაერთხელ გაუმხელია, რომ ბარათაშვილისა და აკაკის პოეტური მემკვიდრეობის გამგრძელებლად წარმოიდგენდა საკუთარ თავს.

რაღაცნაირი „ოქროს კვეთით“ არის დაყოფილი XIX და XX საუკუნეების ქართული მწერლობა. რომანტიზმი და რეალიზმი XIX საუკუნის I-II ნახევარში, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი XX საუკუნის I-II ნახევარში.  ამ ეპოქებს შორის იდეური ბმა ცხადად შეინიშნება. მიუხედავად სტილური და იდეურ-მხატვრული მრავალფეროვნებისა, უწყვეტი ძაფებით იყვნენ ამ მიმდინარეობის ადეპტი მწერლები ურთიერთდაკავშირებულნი. ვფიქრობ, ცალკე კვლევის საგანია მეცხრამეტე საუკუნის კლასიკოსთა კვალი მეოცე საუკუნის მოდერნისტული მწერლობის საგანძურში. ამჯერად კი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლირიკის ორი უდიდესი წარმომადგენლის – გივი გეგეჭკორისა და მურმან ლებანიძის დამოკიდებულება მეცხრამეტე საუკუნის პოეტებისადმი. ამ კონკრეტული წერილის თემად საკმარისია ყურადღება შევაჩეროთ ორ ლექსზე, რომლებიც წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებშიც შევიდა. მაშ, ასე: გივი გეგეჭკორის „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“ და მურმან ლებანიძის „ეტლი“. ორივე ლექსი უაღრესად საინტერესო მასალა იყო აბიტურიენტებისთვის ეფექტური იდეურ-მხატვრული თხზულების დასაწერად, თუმცა მათ სიღრმეებში წვდომა არ გახლავთ იოლი ამოცანა და საიმისოდ, რომ აბიტურიენტს ეს დავალება წარმატებით დაეძლია, დიდძალი პარალელური ცოდნა, ნაკითხობა, გემოვნება და ორიგინალური ხედვა უნდა გამოემჟღავნებინა, უნდა წარმოეჩინა ეპოქებს შორის კავშირები, გაეაზრებინა ფართოპლანიანი ლიტერატურული სარბიელის ესთეტიკა.

მურმან ლებანიძის ლექსი „ეტლი“ ეძღვნება აკაკი წერეთელს, რომელსაც პოეტი წარმოაჩენს, როგორც მამას, ქურუმს, ღვთაებრივს. ლექსი პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ბრწყინვალე ნიმუშია. როგორც ეს პოსტმოდერნისტებისთვის არის დამახასიათებელი, მასში ცოცხლდება მითოსური არქეტიპები. თვით აკაკის სახეც მითოლოგიზებულია. ეტლიც მითოსური ალუზიაა ელია თეზბიტელის ბიბლიური ისტორიიდან. ხოლო „თეთრად ჩაცმული, ფეხშიშველი და დაქანცული 30 ქალწული“, რომელიც ეტლს მიაქროლებს, თითქოს ვესტალები არიან, ქალღმერთ ვესტას ქურუმი ქალწულები, რომელთა მოვალეობა იყო მარადიული ცეცხლის შენარჩუნება ვესტას ტაძარში. ცხადია, ცეცხლის შენარჩუნება სიმბოლურ-ალეგორიულად გამოსახავს XIX საუკუნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მისიას, რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღდგინებასთან დაკავშირებულს. ლექსში იკვეთება სამი მთავარი იდეა: 1) აკაკი არის ღვთაებრივი, უკანასკნელი ორი საუკუნის ქართული ლირიკის მამა და ის ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებს; 2) მისი შემოქმედება ეროვნული ხსნის იდეებთან არის გადაჯაჭვული; 3) თავისუფლების იდეა არის უზენაესი, მონობა სირცხვილია და პოეტს მითუმეტეს არ შეჰფერის მორჩილება. „სირცხვილი მონას და ისიც მგოსანს!“ – ასე რადიკალური ფორმით ახმოვანებს პოეტი აკაკის იდეურ პათოსს. მწერლობას რომ უდიდესი ძალა აქვს და აკაკის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ რეალობაზე, საზოგადოების ცნობიერებაზე, მოწმობს პოეტის ეს მიმართვა: „სხვა საუკუნე მოდის და მოვა / და წავა შავი წარსულის ჯანღი! / შენ გიყვარს მეტი ქართველი ხალხი!“

გენიალურია ის მეტაფორული სახე-სიმბოლოები, რომელთაც მურმან ლებანიძე აკაკის სახის გამოსაძერწად იყენებს: ღვთაებრივი ჩანგი, თეთრი ვარდის აკიდო, არწივის ჭანგი, მამულის მწყემსი/მწყემსი კეთილი, კისერი – სალამური, ცეცხლად გადაქცეული ლექსი (ეს სიმბოლო ელიას ცეცხლოვანი ეტლების ალუზიად გვესახება), ლომური ჭაღარა, ნისლში აფრიალებული სახელი. ყოველი მათგანი იმდენად ტევადი, ღრმა და გამომსახველია, რომ დეკოდირების განსაკუთრებული მცდელობის გარეშეც დაკვირვებული მკითხველი იოლად ამოიცნობს მათ ქვეტექსტებს. რაც შეეხებათ ახალ ვესტალებს, ისინი თავს არ ზოგავენ პოეზიის მამის დიდების სამსახურში:

„და მიქრის ეტლი, და დაღლილ ქალწულთ

არც შეჩერება, არც ეტლიდან გამოხსნა არ სურთ –

თავს უზენაეს ბედქვეშა რაცხენ… სულმნათო!

შენი მირონი აცხე მათს ნათელ შუბლებს,

მოჰფინონ რათა ათასწლეულებს ძენი თვისნი,

რომ, ოდეს ეტლით შენ ჩაუქროლებ საუკუნეებს,

მათ ყვავილები მოგაყარონ მეტი და მეტი!“

ისინი თითქოს ის ქართველი დედები არიან, რომელთაც ილია ამ მისიას ჩააგონებდა თავის ლექსში „ქართვლის დედას“:

„აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, –
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს…

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს“.

გივი გეგეჭკორი და მურმან ლებანიძე ერთი ეპოქის შვილები არიან. ნიშანდობლივია, რომ ორივე ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, 2002 წელს გავიდა ამა სოფლიდან. ასაკობრივი სხვაობა კი მათ შორის მხოლოდ 11 წელი იყო. თუ მურმან ლებანიძის მოცემული ლექსი მხოლოდ აკაკის მონუმენტური სახის დახატვას ისახავს მიზნად, გივი გეგეჭკორის ლექსში ცოცხლდებიან მეცხრამეტე საუკუნის უკვდავი სახელები. საგულისხმოა, რომ ეტლის სახე-სიმბოლო გეგეჭკორის ლექსშიც იხატება, ოღონდ განსხვავებული რაკურსით. თუ აკაკის ეტლს ოცდაათი ტურფა ქალწული მიქროლებდა, აქ ლექსის ლირიკული გმირების მიმართ ავტორის პიეტეტი ასე არის გამოხატული: „…ღამის შრიალში ათიათასჯერ გიხდით ბენეფისს, ეტლში ცხენები გამოვუშვით, უნდა გატაროთ,  ეტლში შევებათ, როგორც ცხენები“… ანუ აქ უკვე საუკუნის ეტლში მეოცე საუკუნის პოეტები ებმებიან. ამით ავტორი იმასაც მიანიშნებს, რომ მწერლები აგრძელებენ მამულის ეტლის ტარების, ეროვნული იდეების მესაჭეობის ფუნქციას. პოეტი ასე ხედავს მეცხრამეტე საუკუნის პოეტების როლს: მათ ცრემლებში თრთოდა საქართველო და მათი ლექსებით გულს იოხებდნენ, ხოლო მათი შარავანდედი „აკვანზე დახრილ ქართლის დედას მუდამ ამკობდა“. ეს იდეა იკვეთება მურმან ლებანიძის „ეტლშიც“ და ზემოთ დამოწმებულ ილიას ლექსში.

რასაკვირველია, გივი გეგეჭკორს არ გამორჩენია თავის წინამორბედთა ჯვარი, თუ რა  რა სირთულეების გადალახვა უხდებოდათ მწერლებს იმპერიის ცენზურის წინაშე: „საცოდავია, ვინც პირდაპირ სათქმელს ვერ ამბობს და იშველიებს ალეგორიებს“… თუმცა ამ თემაზე შეგვიძლია ვეკამათოთ პოეტს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“ და ალეგორიული აზროვნება ჩვენს მწერლობას მეტ იდეურ სიღრმეს, იდუმალებასა და ხიბლსაც სძენდა.

ვინ არიან გივი გეგეჭკორის ლექსის ლირიკული გმირები? მართალია, ავტორი ლექსს ასე ასათაურებს – „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“ და ამ სინტაგმით ალბათ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ტექსტში ის კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ახსენებს, პოსტმოდერნისტული ტექსტებისთვის დამახასიათებელი მანერით, სიტყვების თამაშით, მინიშნებებით, ალუზიებით გვიცოცხლებს თავის გმირებს. გენერლის მუნდირის მატარებელი – ცხადია, ეს ან გრიგოლ ორბელიანი უნდა იყოს ან ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა ვინაიდან აქვე იხსენიება შუამთა – ალექსანდრე ჭავჭავაძის განსასვენებელი, გენერლისმუნდირიანად ალბათ სწორედ „გოგჩის“  ავტორი უნდა მივიჩნიოთ. აქვე იხსენიებიან: მასწავლებელი ქართლის სოფელში – ეს უდავოდ, ვაჟა-ფშაველაა, ხოლო მომრიგებელი მოსამართლე დუშეთის მაზრის ან „ივერიის თანამშრომელი“, ცხადია, ყველამ იცის, რომ დიდი ილიაა. საინტერესო სახეა „ნამესტნიკის მოხელე“, რომელიც, სავარაუდოდ, რაფიელ ერისთავი უნდა იყოს. იხსენიება ლირიკულ გმირთა საფლავები მთაწმინდაზე, დიდუბეში, ქისტაურსა და შუამთაში. ქისტაურში დაკრძალული გახლავთ პოპულარული ლექსის („სამშობლო ხევსურისა“) ავტორი რაფიელ ერისთავი. პოეტის აზრით, მთავარი მახასიათებელი მეცხრამეტე საუკუნის პოეტებისა არის გულწრფელობა და უმანკოება („ო, თქვენი მზერა რა უმანკოა!“), რამაც მათ შემოქმედებას გზა ფართოდ გაუხსნა ხალხის გულებისკენ. პოეტი აღიარებს, რომ მათი „უბიწო და გულუბრყვილო ლექსის ხაფანგში“ ბავშვობიდანვე „გაება“ და ამით ამაყობს კიდეც. როგორც მურმან ლებანიძის ლექსში, აქაც ავტორი ხაზს უსვამს ამ ორი საუკუნის საუკუნის ავტორთა უწყვეტ კავშირს, როცა ლექსის დასასრულს აღნიშნავს, რომ ოდესღაც „ყველა ერთად შეიკრიბება“…

დაახლოებით ისეთსავე მეტაფორულ სახე-სიმბოლოებს იყენებს გივი გეგეჭკორი ლირიკული ხატების გამოსაძერწად, როგორსაც გვთავაზობს მურმან ლებანიძე: მათი შუბლი ეკლესიის თეთრი პორტალია, მათი მეტყველი თვალები ყოვლისმხედველია, ხელებზე დაყრდნობილი ნიკაპი თავდაჯერებისა და ურყევი რწმენის გამომსახველია. შთამბეჭდავი მხატვრული სახეა ამაყი ბოტი, რომელიც კრავების კუნტრუშს დაჰყურებს ზემოდან… მეცხრამეტე საუკუნის პოეტები დევების ქორწილის სტუმრებად წარმოადგინა პოეტმა, რადგან მათ იმპერიის შავბნელ მახინასთან უწევდათ გამუდმებით ჭიდილი, მათი იმედი – მერცხალია, ცრემლები – იაგუნდის ქინძისთავები, ხოლო წიფლის შიმელი, ნორჩი ყლორტი სიახლის, ძიების, ახალი თაობებისადმი იმედის მეტაფორაა. მართალია, მათ გესლავდა ეჭვის მორიელი, ალბათ ეჭვისა იმაზე, შეძლებდა თუ არა ქართველი ხალხი რუსული იმპერიისთვის სახელმწიფოებრიობის გამოგლეჯას, თუმცა საკუთარ თავგანწირვაში სკეპსისი მათთვის უცხო იყო. მათი ჰეროიკული სახეების გარშემო ესთეტიზმისა და შემოქმედებითი აზროვნების უამრავი სიმბოლო ტრიალებს, მაგალითად: ჭრიჭინების კაპელა, ათასი ჩუმი ვარსკვლავი, ჩოხის კალთები, როგორც მაგიური მფარველი ძალა, მათ ამაყ მხრებზე შემომსხდარი კვირიონები, ღაზლის წინდები, მშობლიური რეალობის სახე-სიმბოლო…

ყველასთვის კარგად ნაცნობ ლირიკულ გმირებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს პოეტი, ისინი თითქოს ფანჯრებთან მდგარნი იყურებიან, ხოლო მათი ნაღვლიანი ლექსის სტრიქონი, როგორც კომეტა, ჩაუქროლებს ახალ ეპოქებს. ისინი ქტონური ღმერთებივით ისევ და ისევ მოდიან, უკან ბრუნდებიან „ოცდამეერთე საუკუნის მისადგომებთან“…   ეს ძვირფასი, წუხილის გამქარვებელი სახეები ისედაც მშობლიურია ჩვენი ხალხისთვის, თუმცა როცა თანამედროვე პოეტი ესოდენი სიყვარულით გვიცოცხლებს მათ სახეებს, ეს მკითხველში საოცარ ემოციებს აღძრავს, განსაზღვრავს ახალი თაობების დამოკიდებულებას ამ უკვდავი სახელების მიმართ.

 

 

 

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

0

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?„დავუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზეც ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით. მეგონა, თვალები გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა: – ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა? – ეგ იყო და ეგ.“

რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“ ანალიზისას მასწავლებლებს არა მხოლოდ მისი შინაარსი და იდეურ-თემატური მხარე, არამედ მისი მხატვრული ასპექტებიც უნდა აინტერესებდეთ. ისეთი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გარდა, როგორებიცაა შედარება, მეტაფორა, სიმბოლო, აუცილებელია ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟების და სხვა საშუალებების განხილვაც. ამ მოთხრობის დასასრული კი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ესაუბროს, განუმარტოს და ასწავლოს მოსწავლეებს რამდენიმე მხატვრული ხერხი და ტერმინი. ესენია: პერსონაჟის ტიპები, მკითხველის ტიპები, ავტორი და მთხრობელი, მხატვრული და არამხატვრული ტექსტი, კომენტარი, მეტაფიქცია. განვიხილოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი და როგორ რეალიზდება ისინი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში. ჩემთვის გასაგებია, რომ, მოსწავლეების ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, როცა ისინი ამ მოთხრობას სწავლობენ, რთულია მათთან ყველა იმ საკითხის გავლა, რაზეც წერილში ვისაუბრებ. მაგრამ მასწავლებელი თავად უნდა გაერკვეს კარგად შესასწავლ მოთხრობაში და მოძებნოს ის ფორმა, რომლითაც ზედმეტი სირთულეების გარეშე დააყენებს მოსწავლეებს სწორ გზაზე და ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან და ხერხებიდან შერჩევით მაინც შეასწავლის ზოგიერთს.

პერსონაჟი – პერსონაჟთა კლასიფიკაციის რამდენიმე გზა არსებობს. როდესაც გვაინტერესებს, იცვლება თუ არა პერსონაჟი მოქმედების განვითარებასთან ერთად, მაშინ ვსაუბრობთ ცვალებად და სწორხაზოვან, სტატიკურ და დინამიკურ პერსონაჟებზე; როდესაც გვაინტერესებს კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ვსაუბრობთ პროტაგონისტსა და ანტაგონისტზე; მაგრამ პერსონაჟთა დაჯგუფებისას უმეტესად მაინც მარტივი პრინციპით ვხელმძღვანელობთ და პერსონაჟებს ვყოფთ მთავარ და არამთავარ, ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად. თუმცა არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც და ლიტერატურათმცოდნეები იცნობენ პერსონაჟთა სხვა ტიპებსაც, მაგალითად, სიმბოლურ და არქეტიპულ პერსონაჟებს (არქეტიპული პერსონაჟების შესაქმნელად მხატვრული ლიტერატურა ზღაპრიდან საზრდოობს და თავის წიაღში  შემოჰყავს გმირი-მებრძოლი, ურჩხული, ჯადოქარი, შემწე, მავნე, სულელი, ბრძენი და სხვ.). ზემოთქმული იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პერსონაჟი ერთდროულად შეიძლება იყოს მთავარიც და დინამიკურიც, ან მთავარი და სწორხაზოვანი, ასევე სიმბოლური პერსონაჟი, შესაძლოა, მთავარი პერსონაჟიც იყოს და არამთავარიც, გააჩნია მწერლის სათქმელს და მკითხველის ინტერესს. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის ფაქტი, რომ პერსონაჟები ყოველთვის ადამიანები არ არიან და ზოგჯერ პერსონაჟის როლს მწერალი მხატვრულ ნაწარმოებში ცხოველს, ფრინველს, ბუნებრივ, მეტეოროლოგიურ მოვლენას, ფაუნის ან ფლორის სხვა წარმომადგენელს, საგანს ან ნივთს, აბსტრაქტულ ცნებას აკისრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობენ დამხმარე პერსონაჟები და ისინი იმით განსხვავდებიან არამთავარი პერსონაჟებისგან, რომ ეხმარებიან ავტორს ადრესატამდე სათქმელის უკეთ მიტანაში. თუკი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში პერსონაჟების კლასიფიკაციას მოვახდენთ, აღმოვაჩენთ, რომ, გარდა კონფლიქტში მონაწილე და კონფლიქტის განვითარებისთვის საჭირო პერსონაჟებისა, მოთხრობას ისეთი პერსონაჟებიც ჰყავს, რომლებიც აბნევენ გულუბრყვილო მკითხველს. ამაზე ბოლო წინადადებიდან აზრის გამოსატანად საჭიროა, გავერკვეთ მკითხველთა ტიპებში.

მკითხველი – მკითხველი, იმის მიხედვით, წამოეგება თუ არა მწერლის ან მთხრობელის მიერ გადმოგდებულ ანკესს, გაებმება თუ არა ამ ორიდან მინიმუმ ერთ-ერთის მიერ დაგებულ ხაფანგში, ორი ტიპისაა – გულუბრყვილო და გამჭრიახი. მკითხველისთვის კითხვის პროცესი, ესთეტიკური სიამოვნების მიღებასთან ერთად, ინტელექტუალური ტკბობაცაა და ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა მკითხველი აღმოაჩენს, როგორ გამოიყენა მისი გულუბრყვილობა, მიამიტობა ავტორმა ან მთხრობელმა, როგორ ცდილობდა ეს უკანასკნელი, თავგზა აებნია მისთვის, ესარგებლა მისი ნდობით, მაგრამ როგორ გამოიჩინა  გამჭრიახობა და ამოიცნო მწერლის/მთხრობელის ჩანაფიქრი. მკითხველის უნარი, იყოს გამჭრიახი, მხოლოდ მკითხველის ჯილდო კი არა, მწერლის გამარჯვებაცაა, რადგან მწერლის მიზანი არაა მკითხველის დამარცხება, მკითხველის დამარცხება აზრს დაუკარგავდა ლიტერატურას.

ავტორი და მთხრობელი – ყველასთვის გასაგებია, რომ ლიტერატურულ ტექსტს ჰყავს კონკრეტული ავტორი. მაგრამ ავტორმა, შეიძლება ისარგებლოს უფლებით და ნაწარმოებში შემოიყვანოს მთხრობელი, რომელიც სულაც არ იყოს თავად ის. მთხრობელი ხან მესამე პირში უამბობს მკითხველს ამბავს, ხანაც პირველ პირში. საინტერესოა ისიც, რომ მთხრობელის მიმართვის ობიექტი, ადრესატი, ყოველთვის მკითხველი არაა და ის ზოგჯერ პერსონაჟია. იმისდა მიხედვით, თუ ვინაა თხრობის ადრესატი, მთხრობელის თხრობის მიზანიც განსხვავებული იქნება. როცა მთხრობელს პერსონაჟის შეცდომაში შეყვანა უნდა, მისი თხრობა არასანდოა. აი, აქ მართებს მკითხველს მთელი თავისი გამჭრიახობის მოკრება, რათა მთხრობელის ამბის ადრესატი საკუთარ თავთან არ გააიგივოს და ისიც, პერსონაჟთან ერთად, შეცდომაში არ შევიდეს, ანუ გულუბრყვილობა არ გამოიჩინოს. როცა მკითხველი ნაწარმოების ანალიზის პროცესში თავის ადგილს მიუჩენს ავტორს, მთხრობელს და პერსონაჟს, თითქმის წარმოუდგენელი იქნება, მის გამჭრიახობას საფრთხე შეექმნას. მკითხველი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მაშინ დგას, როცა მთხრობელის ხმა პირველ პირში ესმის. ასეთ დროს მკითხველს ავიწყდება, რომ საქმე მხატვრულ ტექსტთან აქვს და მხატვრული ტექსტი არამხატვრულისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ საქმე გამოგონილ ამბავს ეხება. როგორც არ უნდა ამტკიცებდეს მთხრობელი ან ავტორი, რომ წარმოდგენილი ამბავი სინამდვილეა, მისი მარტივად დაჯერება არ ღირს. ავტორი და მთხრობელი სანდონი ან არასანდონი არიან, მაგრამ მათი არასანდოობა სულაც არ აკნინებს მხატვრულ ნაწარმოებს, ალბათ პირიქითაც კი, მწერლის ღირსების ერთ-ერთი საზომი სწორედ ესაა – იმდენად დამაჯერებლად დაწეროს/მოყვეს ამბავი, მწერლის ფანტაზია სიმართლეს დაამსგავსოს. მაგრამ ვერც ვერავინ უსაყვედურებს ავტორს, თუკი ასე არ მოიქცევა. აი, იმ მკითხველს კი, რომელიც მწერლის ფანტაზიას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანს და საზღვარს გამონაგონსა და სინამდვილეს შორის ვერ შენიშნავს, ნამდვილად ეკუთვნის საყვედური.

რეალურსა და მხატვრულს შორის ბუნდოვანი, ბაცი, არამკაფიო საზღვრების არსებობის შემთხვევაში მკითხველის მიზანია ამ საზღვრის დადგენა. ავტორის კეთილი ნებაა, დაეხმაროს მას ან არ ჩაერიოს მკითხველის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაში. პირველ შემთხვევაში ის სხვადასხვა ფორმას მიმართავს, მაგალითად, კომენტარს ტოვებს ტექსტში, შეიჭრება ტექსტში, როგორც პერსონაჟი ან მთხრობელი, მოკლედ – არღვევს ტექსტის ნორმას, ტრადიციულ ფორმას. ამ მოვლენას, მხატვრულ ხერხს მეტაფიქციას უწოდებენ. სიტყვა „მეტაფიქცია“ ორი ნაწილისგან შედგება. „ფიქცია“ (fiction) მხატვრულ ტექსტს აღნიშნავს, ხოლო „მეტა“ ეს არის ბერძნული ზმნისწინი და ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „იქით“. როგორ ამოვიცნოთ მეტაფიქცია? ხშირად მეტაფიქციაში მწერლის კრიტიკული დამოკიდებულება იგრძნობა ტექსტის მიმართ, ანუ მეტაფიქცია ხშირად ირონიული კომენტარია. ასევე ლიტერატურათმცოდნეები გვირჩევენ, დავაკვირდეთ, რამდენად ინტროსპექტულია, რამდენად თვითრეფლექსიურია ავტორი. და ბოლოს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეტაფიქციაში ავტორის თვითკმაყოფილება უნდა იგრძნობოდეს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რომ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ყველა ერთიმეორისგან გამომდინარეობს.

რა ხდება რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“? ავტორი მოთხრობის დასასრულს მიანიშნებს მკითხველს, რომ მან არ უნდა აურიოს ერთმანეთისგან ამბავი და მოთხრობა. ის ამბობს: „დავუსვი ამ ამბავს წერტილი“ და აგრძელებს თხრობას, ანუ მას მოთხრობა ჯერ არ დაუმთავრებია, მან დაასრულა მხოლოდ ერთი ამბის თხრობა და იწყებს… რა ვუწოდოთ იმას, რაც ახლა, ამ წინადადების შემდეგ დაიწყება? მეორე ამბავი? ჩაშენებული ამბავი? დასრულებული ამბის კომენტარი? თუ პირობითი გამყოფი მოთხრობის პირველ და მეორე ნაწილებს შორის? ამის გასარკვევად მკითხველს დაეხმარება პერსონაჟთა კლასიფიკაცია. მოთხრობის პირველი ნაწილი დასრულებული ამბავია და თუკი მას ცალკე აღებულს წავიკითხავთ, დამოუკიდებელი მოთხრობაცაა, მას მხატვრული სამყარო აქვს. მას ჰყავს პერსონაჟები, პროტაგონისტი და ანტაგონისტი, აქვს სამოქმედო არეალი, დრო, რომელშიც ვითარდება მოქმედება, ისტორიული კონტექსტი. მაგრამ, როგორც ჩანს, მწერალს ეჭვი უჩნდება, რომ მკითხველი სათანადოდ ვერ აღიქვამს გზავნილს, მას არასაკმარისად მიაჩნია დასრულებულ ამბავში გაბნეული სათქმელის ამოსაცნობი ელემენტები, ეშინია, მკითხველმა დეკოდირების გარეშე არ დატოვოს ტექსტი. ამიტომ ის იჭრება ტექსტში, მოთხრობაში და არა ამბავში, რომლისგანაც ის დისტანცირებულია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ამიტომაც ის არ ამბობს, რომ მოთხრობას დაუსვა წერტილი, არამედ მკითხველს მიანიშნებს, რომ მოთხრობა ჯერ არ დასრულებულა. ამ პასაჟიდან ირკვევა, რომ დასრულებული ამბავი დასათაურებულიც არაა. მოთხრობის სათაური წერტილის შემდგომ განვითარებული მოვლენების გარეშე, სავარაუდოდ, სხვა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ავტორმა მოთხრობას ისეთი სათაური შეურჩია, რომლის დეკოდირებაც თითქმის წარმოუდგენელია მხოლოდ ამბის წაკითხვით, სრული მოთხრობის წაკითხვის გარეშე.

მწერალს დასასრულს შემოჰყავს ახალი პერსონაჟი – „ქალიშვილი“. როგორც მწერლის ბიოგრაფიიდან ირკვევა, მწერალ რევაზ ინანიშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს. გამოდის, რომ „მწერლის ქალიშვილი“ მოთხრობის გამოგონილი პერსონაჟია. თუკი ეს ასეა, მაშინ ვინ არის მწერალი, ისიც გამოგონილი ხომ არაა თუ ის იგივე ავტორი, ანუ რევაზ ინანიშვილია? თუკი მწერალ რევაზ ინანიშვილს არ ჰყავდა ქალიშვილი, ხოლო პერსონაჟ მწერალს ჰყავს ქალიშვილი, ავტომატურად გამოდის, რომ მოთხრობის პერსონაჟი „მწერალი“ გამოგონილი პერსონაჟი უნდა იყოს. როგორც პერსონაჟ „მწერლის ქალიშვილს“ არა აქვს არაფერი საერთო სინამდვილესთან და ის მხატვრული სამყაროს ნაწილია, სავარაუდოდ, პერსონაჟი „მწერალიც“ არაა ავტორი, ანუ რევაზ ინანიშვილი, და ისიც, პერსონაჟი მწერალიც, მხატვრულ გამოგონილ სამყაროს ეკუთვნის პერსონაჟ „ქალიშვილთან“ ერთად. ვინაიდან თხრობა პირველ პირშია და პერსონაჟი მწერალია, მკითხველი იბნევა და მას უჭირს, შენიშნოს მკრთალი საზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის. ამიტომაც ვთქვი წერილის დასაწყისში, რომ რევაზ ინანიშვილის რამდენიმე პერსონაჟი აბნევს გულუბრყვილო მკითხველს-მეთქი და სანამ მკითხველი კარგად არ გაერკვევა მკითხველის და პერსონაჟების ტიპებში აღნიშნულ მოთხრობაში, მანამდე გაუჭირდება მოთხრობაში ჩაშიფრული მწერლის სათქმელის ამოცნობა.

ვინაა პერსონაჟი „ქალიშვილი“, რომელსაც ეძახის, მოთხრობის დასასრულს უხმობს  პერსონაჟი „მწერალი“ და რა მისიით შემოჰყავს ის ავტორს მოთხრობაში? ეს გამოგონილი პერსონაჟი დამხმარე პერსონაჟია და მისი დახმარების გარეშე წარმოუდგენელია მოთხრობის სრულყოფილად გაგება. პერსონაჟი ქალიშვილი პერსონიფიცირებული მკითხველია. რა სურს ავტორს? რაში უნდა დაიხმაროს ავტორმა დამხმარე პერსონაჟი? ცხადია, მისი ბუნებრივი სურვილია, ნაწარმოების გამოქვეყნებამდე გამოიცნოს მკითხველის რეაქცია. ამ მიზნით მწერალი ახდენს თვითრეფლექსიას და ინტროსპექციას და პერსონაჟი ქალიშვილის ხმით და გამომეტყველებით გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის: ნაწარმოებმა ვერ გაუბრწყინა თვალები ქალიშვილს, ე.ი. მწერალი ხვდება, რომ, მიუხედავად მონდომებისა, მისი მოყოლილი ამბავი ვერ აღაფრთოვანებს კონკრეტულ აუდიტორიას, რადგან მან ვერ მოახერხა და ხმამაღლა გამოთქმით და მკაფიოდ წაკითხულითაც ვერ მიიღო პერსონაჟის სასურველი რეაქცია. პერსონაჟ მწერალს მოსწონს საკუთარი ნაწარმოები (მოთხრობის პირველი ნაწილი); ის თვითკმაყოფილია, მაგრამ რომ არა მოთხრობის ასეთი დასასრული, შესაძლოა, ნაწარმოებს კმაყოფილება არც მწერალ რევაზ ინანიშვილისთვის მოეტანა. სწორედ პერსონაჟის (ქალიშვილის) კრიტიკა, რომელიც ვითომ მას, მწერალ რევაზ ინანიშვილს მიემართება, მაგრამ სინამდვილეში მისი ადრესატი გამოგონილი პერსონაჟი მწერალია, ხდის მოთხრობას ირონიულს და პერსონაჟ მწერლის თვითირონია კმაყოფილებას ანიჭებს უკვე მას, ნამდვილ მწერალს. მკითხველის ირონია, რომელიც იგრძნობა იმ სიტყვებს შორის, რომელთაც წარმოთქვამს პერსონაჟი ქალიშვილი და იმ სტრიქონებში, რომლებიც აღწერს მის ინტერქციას მწერალთან, სინამდვილეში მწერალ რევაზ ინანიშვილის თვითირონიაა. რევაზ ინანიშვილი თვითირონიულიცაა და იმავდროულად დელიკატურად ირონიულია იმ მკითხველის მიმართაც, რომელიც გამოგონილ პერსონაჟ მწერალს გააიგივებს ნამდვილ ავტორთან. ამგვარი მხატვრული ხერხით, არაჩვეულებრივი ლიტერატურული მიგნებით, ის ცდილობს აირიდოს მკითხველის კრიტიკა იმდენად მექანიკურად, რომ მკითხველი ვერც ხვდება, როგორ გაიხადა ავტორმა ის მოკავშირედ. სხვა შემთხვევაში მწერალს, შესაძლოა, მკითხველის რისხვა დაატყდებოდა  თავს, მაგრამ ახლა მკითხველი მას ინდობს, რადგან უნდა, პერსონაჟ ქალიშვილის ულმობელი განაჩენისგან დაიცვას პერსონაჟი მწერალი, რომელიც სულაც არაა მოთხრობის ავტორი და არის მხოლოდ მოთხრობის პირველ ნაწილში მოთხრობილი ამბის გამოგონილი ავტორი. მოკლედ, მოთხრობის პერსონაჟი მწერალი, რომელიც მოთხრობაში მაშინ გამოჩნდება, როცა ამბავს წერტილს დაუსვამს, მოთხრობილი ამბის ავტორია, ხოლო მოთხრობის ავტორი რევაზ ინანიშვილია და გამჭრიახი მკითხველი ამ ორს ერთმანეთთან არ გააიგივებს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობის მეორე ნაწილი პირველ პირშია დაწერილი.

ახლა კი ვნახოთ, როგორ მოახერხა და როგორ გაიხადა ავტორმა რევაზ ინანიშვილმა თავის მოკავშირედ მკითხველი. ამისთვის ავხსნათ, რამდენად სიმბოლური პერსონაჟია (როგორც წერილის დასაწყისში პერსონაჟების ჩამონათვალში აღვნიშნე, პერსონაჟთა კლასიფიკაციისას, შესაძლოა, გამოვყოთ სიმბოლური პერსონაჟები) პერსონაჟი ქალიშვილი. სამწუხაროდ, რევაზ ინანიშვილი მაზე არაფერს არ გვეუბნება, არ აღწერს და არ ახასიათებს მას, მაგრამ მკითხველისთვის წარმოდგენის შესაქმნელად სავსებით საკმარისია ის ინფორმაცია, რაც მოთხრობაში მასზე მოგვეპოვება. პერსონაჟი ქალიშვილი, სავარაუდოდ, ახალგაზრდაა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ქალიშვილის გემოვნება რადიკალურად განსხვავდება მწერლის გემოვნებისგან, ორი თაობის განსხვავებაზე მიუთითებს. ქალიშვილი ახალი თაობის წარმომადგენელია. ეს ახალგაზრდა არის სოციალური ფენომენი, რომელიც ახდენს წმინდას პროფანაციას, ანუ ძველი, ტრადიციული ღირებულებების გაუფასურებას. ამ ტრადიციული ღირებულებების აპოლოგეტია პერსონაჟი მწერალი, რომელიც ასევე სიმბოლური პერსონაჟია. ორი სიმბოლური პერსონაჟის შემოყვანით ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ თანამედროვეობა ზედაპირულია. მისი საშუალებით ის ცდილობს, დაგვაახლოვოს არსებულ აქტუალურ თანამედროვე პრობლემასთან. რის და ვის კრიტიკას ახდენს ამით ავტორი? ძველის, როგორც წმინდასი თუ ახლის, როგორც ზედაპირულის? ვისი კრიტიკა ისმის მოთხრობაში, მწერლის, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლის თუ ქალიშვილის, როგორც ახალი თაობის გემოვნებისა და ინტერესების გამხმოვანებლის? რამდენად შლის მწერალი ზღვარს ელიტურსა და პოპულარულს შორის? როგორ აჟღერებს საზოგადოებაში გაბატონებულ კითხვებს – „იმას – ახალ თაობას – რა მოეწონება“, „ის – ახალი თაობა – რას  გაიგებს“ და „თუ ის – ახალი თაობა – ვერ გაიგებს, რად მინდა ამ საკითხებზე წერა“? ნუთუ ამგვარად ემშვიდობება ავტორი ძველ ღირებულებებს და შემოაქვს ახალი, ახალგაზრდული კულტურის სამყარო? ვისი პერსპექტივიდან გვაჩვენებს პრობლემას?

ჩემი აზრით, პერსონაჟი „ქალიშვილი“ სულაც არაა ზედაპირული. მან გააჟღერა უმთავრესი გზავნილი, ის, რაც სათაურის სახით გამოიტანა უკვე მწერალმა რევაზ ინანიშვილმა და მოთხრობას დაარქვა: ფრთხებიან კი ყვავები დამბაჩის ხმაზე, მამა? ანუ, ამ ფრაზით ქალიშვილი ახმოვანებს პრობლემას – როგორც წესი, საზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი? თუკი უნებლიე მოწმენი, მოთხრობაში სიმბოლური პერსონაჟები „ყვავები“, ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისწვდება, მაშინ მსხვერპლი გამართლებულია, მაგრამ თუკი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერც დამბაჩა დააფრთხობს და ისინი კვლავინდებურად გააგრძელებენ ცხოვრებას, მაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია.

ამიტომაც რევაზ ინანიშვილის მოთხრობის სწავლებისას საჭიროდ მიმაჩნია მეტაფიქციის, როგორც მხატვრული ხერხის, გაცნობა და სათაურის/ტექსტის დეკოდირება სწორედ მეტაფიქციის მეშვეობით, თორემ ვერ ჩავწვდებით მთავარს, ვერ ამოვიცნობთ ავტორის გზავნილს/ჩანაფიქრს და გადავინაცვლებთ დამარცხებული მკითხველების რიგებში. ეს კი ნამდვილად არ არის მწერალ რევაზ ინანიშვილის მიზანი.

„თუ თქვენ არ იცნობთ საკუთარ შვილებს, მაშინ…“ (გაგრძელება)

0

თუ თქვენ არ იცნობთ საკუთრ შვილებს, მაშინ… აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისინი და ეს უნდა მოახერხოთ ბუნებრივი, მშობლის ინსტინქტის გაღვივების ხარჯზე. ასე ფიქრობენ გორდონ ნიუფელდი (კანადელი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, პედაგოგი, ფილოსოფიის დოქტორი და მრავალშვილიანი მამა. მის მიერ ვანკუვერში დააარსდა ინსტიტუტი, რომელიც ეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს, თერაპევტებს, აღმზრდელებსა და პედიატრებს, რათა მათ შეძლონ, სიღრმისეულად გაერკვენ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში) და გაბორ მათე (უნგრული წარმომავლობის კანადელი ექიმი-თერაპევტი. ექსპერტი ნარკომანიის, ტრავმის და ბავშვთა განვითარების საკითხებში. ის ავტორი და თანაავტორია წიგნებისა, რომლებიც ბეტსელერებად არის აღიარებული).

ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლები და აღმზრდელები უამრავ პრობლემას აწყდებიან და მაინც, მიუხედავად პრობლემების სირთულისა, უფროსების ურთიერთობები აღსაზრდელებთან ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. ბავშვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია უფროსების არა მხოლოდ საუკეთესო განზრახვებს. აღზრდის პროცესში  შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში კი  უფრო მეტადაც აღსაზრდელებზე გავლენას ახდენდეს ის, თუ როგორ იქცევიან უფროსები, როგორი ტონითა და მანერით გამოხატავენ საკუთარ განზრახვას. „ჩვენი მოსაზრება მკითხველისათვის რომ უფრო გასაგები გავხადოთ – აზუსტებენ ავტორები – გეტყვით, რომ მშობლებს ნამდვილად უყვართ საკუთარი შვილები, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ შვილები მშობლების ქცევებში ამოიკითხავენ უამრავ „პირობას“, მაგალითად: „დედიკოს/მამიკოს უფრო მეტად ვუყვარვარ მაშინ, როდესაც…“; „დედიკოს/მამიკოს გაცილებით მეტად ვუყვარვარ, როდესაც მე მათ…“.

„ძალიან რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, მაგალითად, როდესაც პატარა შვილები გყავს და უამრავი საზრუნავი ერთდროულად დაგატყდება ხოლმე თავს“ –  ეს ფრაზები ხშირად ისმის მშობლებისგან, რომლებსაც ცხოვრებისეული გიჟური ტემპის გადამკიდე ავიწყდებათ, რომ პატარა ადამიანთან მათ ურთიერთობები აკავშირებთ და არა მხოლოდ ცალმხრივი მოვალეობები.

მართლაც, მშობლობა ძალიან რთულია. „პრობლემა ის გახლავთ, რომ – აღიარა ერთმა დედიკომ, რომელიც სამ პატარას ზრდიდა – თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გეგმები აქვს ცხოვრებაში და ზოგჯერ ისე გამოდის, რომ შვილები, როგორც დაბრკოლება ისე აღიქმება მიზნის მიღწევის გზაზე“. გულწრფელი აღიარებაა, ამიტომ აქვე გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება: – განაგრძობენ გორდონ ნიუფელდი და გაბორ მათე – როდესაც ჩვენი შვილები ცუდად იქცევიან, როდესაც მათ უღალატეს ჩვენს ღირებულებებს, როდესაც ჩვენს გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენეს, სწორედ ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი დავანახოთ „ურჩ დამნაშავეებს“, რომ თავად ის არის ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ქმედებები, რომლებსაც  ბავშვი სჩადის და რომ მასთან ურთიერთობები უფროსებისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი ქმედებები ან მიღწევები. სანამ მშობელი ბავშვის საქციელის კრიტიკას დაიწყებს, მან უნდა დაიცვას თავისი და შვილის ურთიერთობები. ყველაზე რთულ და უსიამოვნო სიტუაციებში ყველაზე მეტად უნდა ჩაეჭიდოს მშობელი საკუთარ შვილს. ეს საფუძველს შეუქმნის ბავშვს თავის მხრივ მშობელს მიეჯაჭვოს, ხელი ჩაჭიდოს მას. როდესაც ბავშვის აღზრდის პრინციპია: „სათანადოდ ჭკუის სწავლება“, აქ უნდა ახსოვდეს უფროსს, რომ შვილი დიდ საფრთხეს ხედავს, მას ჰგონია, რომ განრისხებული მშობელი დაძაბავს შვილთან ურთიერთობას და ისიც თავის მხრივ ეცდება სხვას მიეჯაჭვოს, რადგან მშობელი მისთვის უკვე აღარ არის სათანადო საყრდენი. ამიტომ მრისხანების მომენტში საუკეთესო გამოსავალია, ზრდასრულმა მოახერხოს საკუთარი ემოციების გაკონტროლება და თავი შეიკავოს რაიმე ტიპის „სანქციებისაგან“.

მშობლების გარკვეულ ნაწილს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მათი მხრიდან მსგავსი თავშეკავება, სავარაუდოდ, არაბუნებრივ სისუსტედ აღიქმება. უფრო ცუდი კი ის არის მათთვის, რომ უფროსები შიშობენ, რომ უმოქმედობა ბავშვების თვალში მსგავსი უდისციპლინობის წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი მშობლები დარწმუნებული არიან, რომ სჯობს არასასურველი ქცევა იმთავითვე სერიოზული განხილვის საგნად აქციონ, რათა ბავშვებმა ზუსტად იცოდნენ, რომ უფროსები არ დაუშვებენ საკუთარი ღირებულებებიდან გადახვევას. მშობლების ასეთი მიდგომები ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ არა მისაღები  – თვლიან ავტორები და აქვე განმარტავენ: ბავშვები ცუდად იქცევიან არა იმიტომ, რომ არ იციან, როგორია კარგი საქციელი. როგორც წესი, ბავშვებმა იციან, როგორ საქციელს მოელიან მისგან ზრდასრული ადამიანები, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ შეუძლიათ სხვანაირად მოქცევა ან არ სურთ, ანგარიში გაუწიონ უფროსების მოთხოვნებს. ბავშვები გაცილებით ნაკლებად მერყეობენ იმ საკითხში, თუ რა ტიპის საქციელს მოელიან მათგან უფროსები, მაგრამ მათ შეუსაბამო ქცევებს განაპირობებს ეჭვი. დიახ ეჭვი – რომელიც ბავშვებს ღრღნის და მოსვენებას უკარგავს, ისინი მშობლების უპირობო სიყვარულში თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებული ხდებიან.

როდესაც ბავშვებსა და უფროსებს შორის მიჯაჭულობა არ არის სათანადოდ მტკიცე, მაშინ უფროსისგან ნათქვამი: „ეს ჩვენთვის მიუღებელია“, ბავშვისთვის, სავარაუდოდ, აღიქმება, როგორც „მე მათ აღარ ვუყვარვარ“ ან „მე მათთვის მიუღებელი ვარ, რადგან…“  ან „მე მათთვის სასურველი გავხდები მხოლოდ მას შემდეგ, რაც….“. ადვილი მისახვედრია, რომ როდესაც ბავშვი მსგავს „შეტყობინებებს“ იღებს უფროსებთან მისი ურთიერთობები, შესაძლებელია გაფუჭდეს. მნიშვნელოვანია, უფროსებმა საკუთარ თავთან აღიარონ ბავშვების თავისთავადი პრიორიტეტი და ის უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე მათივე ქცევები. მშობლები, სამწუხაროდ, ურთიერთობებს, როგორც ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენას ისე აღიქვამენ. მათ ასევე, ავიწყდებათ, რომ მიჯაჭვულობა, ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. მშობლობის ძირითადი ხიბლი ხომ ის გახლავთ, რომ როდესაც შვილებისათვის ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამით საკუთარ თავსაც ყველაფერ საუკეთესოს ვუკეთებთ.

ახლა, გვსურს მშობლებს ერთი კვლევის შესახებ ვუამბობთ, რომელიც ამბობს, რომ: როცა ბავშვი სიარულს და ამავე დროს სამყაროს აქტიურად შემეცნებას იწყებს, მშობლები უზარმაზარ სიყვარულს გამოხატავენ პატარას მიმართ, ეთამაშებიან მას, ზრუნავენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვები დაუწესონ შვილს. შემდეგ თვეებში კი სიტუაცია რადიკალურად იცვლება, რადგან პატარები სულ უფრო მეტად აქტიურდებიან და მშობლები იძულებული ხდებიან ბავშვის დასამშვიდებლად დააწესონ აკრძალვები. და თუ კვლევებს დავუჯერებთ, პატარები თერთმეტი თვიდან ჩვიდმეტი თვის შუალედში აკრძალვებს ყოველ ათ წუთში ერთხელ ისმენენ. მკითხველი თავად დაასკვნის, რომ ასეთი დამოკიდებულებით უფროსები ბავშვებთან ემოციური კონტაქტის დამყარებას კი არ ცდილობენ, არამედ მისი ქცევების მართვას ან მიმართულების საკუთარი ინტერესის მიხედვით მიმართვას ახერხებენ. ამგვარი დამოკიდებულებები შედეგად ბავშვისა და უფროსების ურთიერთმიჯაჭვულობას კი არ ამყარებს – გვიხსნიან ავტორები – არა, ჩვენ ზრდასრულები, მხოლოდ მათ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველვყოფთ. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ესეც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, ისეთი თბილი და კეთილგანწყობილი გარემოს შენარჩუნება, რომელიც ბავშვსა და მოზრდილს შორის ურთიერთობებს თანმიმდევრულად გააძლიერებს.

მაშ ასე, თქვენ კარგად იცნობთ საკუთარ შვილებს? ანუ იცით, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი? რა ტიპის რიტუალი უნდა არსებობდეს თქვენი და მისი ურთიერთობების ასაწყობად? თქვენ იცით როგორ აღადგინოთ თუნდაც დროებით შეწყვეტილი ემოციური კავშირი შვილებთან? თქვენ იცით როგორ აღადგინოთ ჩატეხილი ურთიერთნდობის ხიდი?

ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, ბავშვების აღზრდის საკითხებით დაინტერესებულო მკითხველო, თქვენ გაეცანით მცირე ნაწყვეტს გორდონ ნიუფელდის და გაბორ მათეს წიგნიდან: „Hold On to Your Kids: Why Perents Need to Matter More Then Peers“ („ჩაეჭიდეთ საკუთარ შვილებს: რატომ უნდა იყვნენ მშობლები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თანატოლები“).

 

კითხვის ტექნიკა მედია შინაარსის კრიტიკული გააზრებისთვის

0

მედიაწიგნიერება ფართოდ შემოიჭრა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ის ნელ-ნელა უმთავრეს ციფრულ კომპეტენციად ყალიბდება. ყოველდღიურად გვესმის სიტყვები: პროპაგანდა, დეზინფორმაცია, Fake news, მანიპულაცია, ტროლები, ბოტები და ა.შ.

ჩვენი მოსწავლეები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან მედიაპროდუქტს (კონტენტს). ზემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას ისინი ხშირად ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აღიქვამენ სიმართლედ, ჭეშმარიტებად და აზიარებენ მას.

დამეთანხმებით, რომ სასკოლო სივრცე მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების კუთხით… პედაგოგების უმრავლესობა დამხმარე რესურსად იყენებს ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ვიდეოებს, ფოტოებს, პოსტერებს, დიაგრამებს და ა.შ. სავსებით შესაძლებელია, კონკრეტული საგნის ჭრილში დამხმარე რესურსად შეთავაზებული რესურსის ირგვლივ დავსვათ ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეებს ამ კომპეტენციას (ინფორმაციის  გააზრებას, დახარისხებას, გაშიფვრას) გამოუმუშავებს.

გთავაზობთ „კითხვის ხუთ ტექნიკას“, რომელიც მოსწავლეებს მედია კონტენტის კრიტიკული გააზრებაში დაეხმარება.

ხუთი კითხვა მედიის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ – როგორ გავაანალიზოთ და გავაკრიტიკოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, დაწყებული სოციალური მედიის პოსტებიდან და ონლაინსტატიებიდან გაგრძელებული წიგნებით, სატელევიზო ტოქშოუებით, რეკლამებითა თუ ხელოვნების ნიმუშებით. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ მოსწავლეები კრიტიკულად დააფიქროთ იმაზე, თუ რა მიზნით მზადდება მედიაგზავნილი და როგორ მოიხმარენ მას?!

სათაური

(ჩაწერეთ სტატიის, ვიდეოს, ბლოგის ან სხვა ტიპის მედიაპროდუქტის დასახლება)

მედიის ტიპი

(სოციალური მედია, ტელევიზია, ონლაინჟურნალი/გაზეთი, ბლოგი)

წყარო

(მიუთითეთ წყარო, რომელსაც ეყრდნობა მედიაგზავნილი, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში დატოვეთ ცარიელი)

     
  კითხვების ნიმუშები თქვენი კომენტარი
1.       ავტორობა ვინ არის ავტორი?

(შექმნილია ინდივიდუალურად, ჯგუფის, ორგანიზაციის, კომპანიის თუ სახელმწიფოს  მიერ)

 
2.       მიზნები რატომ შეიქმნა ეს გზავნილი?

ა. რა არის ამ შეტყობინების მთავარი გზავნილი – ინფორმირება? გართობა? ვინმეს დარწმუნება? გადარწმუნება?

ბ. ვინ წარმოადგენს სამიზნე აუდიტორიას?

 
3.       სარგებელი ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ შეტყობინებით?

ა. ვის შეიძლება მიაყენოს ზიანი?

ბ. ჩემთვის ან ჩემნაირი ადამიანებისთვის არის თუ არა ეს შეტყობინება კარგი? რატომ?

 
4.       ტექნიკა როგორ ცდილობს მედიაგზავნილი თქვენი ყურადღების მოპოვებას?

ა. რა ტექნიკაა გამოყენებული ადამიანების ყურადღების მისაპყრობად (ხმა, ინტონაცია, ფერები, გრაფიკა და ა.შ.)?

ბ. რა ტექნიკაა გამოყენებული ხალხის ყურადღების შესანარჩუნებლად (ხმა, ინტონაცია, ფერები, გრაფიკა და ა.შ.)?

 
5.       ინტერპრეტაცია სხვადასხვა ადამიანმა განსხვავებულად შეიძლება გაიგოს ეს შეტყობინება?

ა. მედიარესურსი იძლევა განსხვავებული დასკვნების გაკეთების საშუალებას?

ა. ვისი თვალსაზრისითა და ხედვითაა წარმოდგენილი გზავნილი/შეტყობინება?

ბ. ვისი თვალსაზრისი და ხედვა აკლია?

 
დასკვნა

(ჩამოაყალიბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება, ამ კითხვების დასმის შემდეგ მედეაგზავნილების მიმართ)

 

 

  • შემოთავაზებული შეკითხვები თქვენ შეგიძლიათ უცვლელად გამოიყენოთ ან დაამატოთ/შეცვალოთ შესასწავლი საკითხისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად;
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს რომ მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხები;
  • გახსოვდეთ, რომ საბოლოო მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეებმა ამ კითხვების დასმა თავად შეძლონ.

 

მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე მედიაგზავნილს:

  • ფოტოები სოციალური ქსელიდან;

სტატია სათაურით – ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ

ვიდეო – შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „DOVE“-ს 2014 წლის რეკლამა ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით

პრაქტიკაში გავარჯიშების შედეგად მოსწავლეები შემდგომში თავად დასვამენ ამ შეკითხვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც შეხება ექნებათ მედიაგზავნილებთან. შედეგად – თავიდან ავიცილებთ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სხვა სახის მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოქცევა.

შენიშვნა – მედიაგზავნილები განსხვავებულია. სავსებით შესაძლებელია, თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე ზოგიერთ შეკითხვაზე მოსწავლეებმა პასუხი ვერ გასცენ. ასეთ შემთხვევაში სთხოვეთ, რომ გრაფა დატოვონ ცარიელი.

 

გამოყენებული წყაროები

სტატია მომზადებულია KQED-ის ონლაინ კურსის „მედიის ანალიზი და შეფასება საკლასო ოთახისთვის“ მასალების მიხედვით.

 

ფუნქციური ცოდნის ნიუანსები

0

ფუნქციური სწავლება, ზოგადი მნიშვნელობით, გულისხმობს სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის რეალურ  ცხოვრებაში გამოყენების უნარს, რომელსაც ადამიანი სკოლაში იძენს. ცოდნის შეძენის ორი მთავარი წყაროა: სკოლა (ნებისმიერი სახისა, სადაც პედაგოგები გადასცემენ სხვადასხვა ტიპის ცოდნას) და თვითონ ცხოვრება, რომელიც გამოცდილების სახით ეძლევა ადამიანს. ყოველდღიური ყოფა (ოჯახი, გარემო, დრო, სივრცე, ტრადიცია და სხვ.) უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს კარგად არის გამოხატული ილია ჭავჭავაძის სიტყვებში: „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა, მაგრამ მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის“.

ადამიანი  ორ განზომილებაში ცხოვრობს: ეს არის პრაქტიკული, რაციონალური, რეალური სამყარო და ფიქრის, წარმოსახვის, ოცნების, რწმენის სამყარო. გონიერი კაცისთვის ორივე მნიშვნელოვანია.  ეს გონიერება განაპირობებს სწორედ იმას, რომ ადამიანს შეუძლია ნაფიქრის ხორცშესხმა, წარმოსახულ იდეათა რეალურ სამყაროში განხორციელება. ცოდნა, რომელიც არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ფლობას, არამედ მისი კრიტიკული გადამუშავების უნარსაც გულისხმობს, თანამედროვე სამყაროში იმ სოციალურ-კულტურულ გარემოში შეიძინება, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ჰქვია. ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისაკენ, შინაგანი ჰარმონიისკენ, ეს კი პირადაპირ არის დაკავშირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან. ისევ ილია ჭავჭავაძის  გაუცვეთელი და დღესაც აქტუალური, ნათლად  ჩამოყალიბებული თვალსაზრისი გავიხსენოთ: „ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე თვალ წინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინარობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაცი-კი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება“ („ისევ განათლების შესახებ“).

მოსწავლეს და მასწავლებელს ხშირად არ „უყვართ“  ერთი და იგივე რამ, ამიტომ, ამ შემთხვევაში, პედაგოგმა უპირატესობა მოსწავლის ინტერესს უნდა მიანიჭოს. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებაც, უპირველესად, იმას გულისხმობს, რომ მოსწავლემ კარგად გაიაზროს, ნებისმიერი თეორიული ცოდნა იმისთვისაა საჭირო, რომ კომპლექსური ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრას. ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებელი ეი ჯეი ჯულიანი როდესაც კოლეგებს უზიარებს გამოცდილებას, დეილ კარნეგის ციტატა იმოწმებს: ”პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი და ნაღები, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ რატომღაც, უცნაური მიზეზით, თევზები მატლებს ამჯობინებენ. ასე რომ, როდესაც სათევზაოდ დავდიოდი, არ ვფიქრობდი იმაზე, რაც მე  მინდოდა, არამედ ვფიქრობდი იმაზე, რაც თევზებს სურდათ. სათევზაო კაუჭზე მე არ ვკიდებდი  მარწყვსა და ნაღებს, არამედ ჭიაყელას ან მწერს“. მასწავლებლები ხომ ერთგვარი მებადურებიც არიან, რომელთაც „მოსწავლე“ უნდა დაიჭირონ, ამიტომ კარგად უნდა შეარჩიონ „სატყუარა“. ამას ისიც აძნელებს, რომ ამ „სატყუარას“ ხშირი ცვლა  და, შესაბამისად,  დიდი შემოქმედებით-გამომგონებლური უნარი სჭირდება.

როგორც დიმიტრი უზნაძე წერს: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“. ამიტომაც წარუმძღვარეს ავტორებმა სწორედ ეს სიტყვები ეროვნულ სასწავლო გეგმას.

ფუნქციური ცოდნა იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანმა თანაბარი ინტენსივობით შეიგრძნოს თავისი შინაგანი მრავალფეროვნების არსი, ფიქრისა და მოქმედების შეთანხმებულობა. ფიქრი და შეგრძნება ხშირად არაცნობიერის წიაღიდან მოედინება, ამიტომ აუცილებელია მათი კონტროლის უნარის გამომუშავება: „გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, /რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან“, _ წერს რუსთაველი.  ამ შემთხვევაში, პოეტი გულის, ე.ი. ირაციონალური, ინტუიციური ძალის უპირატესობას აღიარებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ ძალების განვითარება, რომლებიც ადამიანს ფიქრების ანალიზში დაეხმარება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში კარგად ჩანს, როგორ უნდა შეამოწმოს მასწავლებელმა, აქვს თუ არა მოსწავლეს ფუნქციური ცოდნა. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს შემაჯამებელი დავალებების შედგენისას. ეს უნდა იყოს კომპლექსური, განსაზღვრული შესწავლილი თემების მიხედვით და წარმოადგენდეს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოსწავლისგან მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას; ამგვარი დავალებების მოსაფიქრებლად და შესარჩევად პედაგოგს დიდი ძალისხმევა მართებს.

ორი ძირითადი საკვანძო სიტყვა, როგორც გასაღები, უნდა იქცეს იმის სიღრმისეულად გასააზრებლად, რასაც ფუნქციური ცოდნა ჰქვია, ესენია: დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დამოუკიდებლობა გულისხმობს სხვათა დახმარების გარეშე საკუთარი შესაძლებლობის გააზრების უნარს, სწორი ინტერესების განსაზღვრას. კონკრეტული საგნის შესასწავლი ინდივიდუალური ტექნიკის გამომუშავებას.

თავისუფლება ნიშნავს ნებისმიერი არჩევნისა და გადაწყვეტილების შესაძლებლობას, შეცდომის დაშვების შიშის დაძლევას. ეს მასწავლებელმა უნდა მოახერხოს იმ გზით, რომ  მოსწავლეს გააცნობიერებინოს საკუთარი არჩევნის უნიკალურობა და ღირებულება, იმის განცდა ჩაუნერგოს, რომ შეცდომის დაშვების უფლება აქვს, რომ შეცდომა დანაშაული არ არის და ამის გამო სიტყვიერი შეფასებითა თუ ქულათა სკალით არ „დაისჯება“.

რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორად  შეფასებას, რომელმაც უნდა გამოავლინოს სწავლის შედეგი (აქ იგულისხმება თვითშეფასება, სხვათა თუ მასწავლებლის შეფასება). ამიტომაც მოსწავლის შეფასების (განმსაზღვრელი და განმავითარებელი)  მიზნები, პრინციპები და ამოცანები ეყრდნობა იმას, რომ  აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან და შესაბამის  კონტექსტებში.

შეიძლება პედაგოგს ცხოვრებას „ურთულებს“, მაგრამ მოსწავლეს „უადვილებს“ ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვისაც ითვალისწინებს ამ პირობას:   „მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის აუცილებელია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, რომლებიც  ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფენ“.

მოსწავლემ არა მხოლოდ უნდა თეორიულად იცოდეს რაღაც, არამედ მისი გამოყენება შეძლოს ყოფის ორივე განზომილებში: სულიერსა და მატერიალურში, რადგან ცხოვრება, რეალობა ორივეს თანაბრად გულისხმობს. ფიქრის სამყაროსაც ისევე სჭირდება მოწესრიგება, კლასიფიცირება, როგორც რეალურს. ადამიანი უნდა გაიწვრთნას იმისთვის, რომ ჯერ იფიქროს, აწონ-დაწონოს და მერე გადადგას ნაბიჯი.  მაგალითად, მათემატიკის ცოდნით მოსწავლეს  უნდა შეეძლოს: კანონზომიერებების შემჩნევა და აღწერა ჩვენს გარემომცველ სამყაროში. ფიზიკის ცოდნა საშუალებას უნდა აძლევდეს, ნივთიერებების ფიზიკური მახასიათებლების ცოდნა დაუკავშიროს სხვადასხვა პროფესიასა თუ საქმიანობის სფეროს; უნდა შეძლოს დიფუზიის მოვლენის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში; არა მხოლოდ უნდა იცოდეს, როგორ  მიიღება ელექტროენერგია, არამედ ელექტრული დენის მაგნიტური თვისებების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაციონალურად და უსაფრთხოდ გამოყენებაც უნდა შეეძლოს.

თეორია და პრაქტიკა ისე ბუნებრივად უნდა გადაეწნას ერთმანეთს, როგორც ყოველდღიურ ყოფაშია. მოსწავლემ თავისუფლად უნდა იმსჯელოს, თუ რა გამოყენება აქვს სიჩქარის ცნებას ან  რა მნიშვნელობა აქვს ატმოსფერული წნევის ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში,  რა როლს ასრულებენ  მცენარეები და ცხოველები ადამიანის ყოფაში, რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა,   როგორ წარმოქმნება დამოკიდებულება  მავნე ნივთიერებებზე (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აქროლადი ტოქსიკური ნივთიერებები) და როგორ უკავშირდება ეს ჯანმრთელობას. ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნამ მოსწავლეს უნდა შეაძლებინოს ნებისმიერ თემაზე სწორი მეტყველება და წერა. ნაფიქრის სიტყვიერ ქსოვილში გადატანა,  ჩამოუყალიბდეს  ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრულ ტექსტებთან, გამოუმუშავდეს და განუვითარდეს ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის,  მასალის კონტექსტში გააზრებისა და ინტეპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ წაკითხულის შეფასების უნარები. მოსწავლემ ისე უნდა დაუკავშიროს წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს, რომ მხატვრულ ტექსტში გაანალიზებული სიტუაციები დაეხმაროს მატერიალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისას.

საბოლოო ჯამში, სხვადასხვა საგანში მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბების გზით ადამიანმა სამყარო უნდა გაიაზროს, როგორც ერთი მთლიანი სასიცოცხლო სივრცე თავისი მრავალფეროვნებით, როგორც რუსთაველი ამბობს: „სამყარო გვაქვს უთვალავი ფერითა“. ამ უთვალავ ფერს გაფრთხილება სჭირდება. ასე რომ, ფუნქციური ცოდნა  ადამიანს შეაგრძნობინებს იმას, რომ თვითონაც ერთი „ფერია“ და საერთო უზოგადესი კანონზომიერების ნაწილია, რომ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია თუ სხვა საგნები ერთ რომელიმე ფერს შეისწავლიან, სამყაროს მოზაიკის ნაწილებს უღრმავდებიან, რომლებსაც დამოუკიდებელი ღირებულებაც აქვთ, თანვე, ერთიანი დედამიწისეული სასიცოცხლო სისტემის შეუცვლელ კომპონენტებად გვევლინებიან. ამგვარი განცდა კი მოსწავლეს დაიცავს იმგვარი ფიქრისაგან, რომელიც   რომელიმე საგნის  „ზედმეტობისა“ თუ  „უსარგებლობის“ განცდისგან იბადება. ფუნქციური ცოდნა მოსწავლეს   იმ მომხმარებლური სულისკვეთებისაგანაც გაათავისუფლებს, რომელიც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დედამიწას, არამედ კოსმოსს. ამგვარად, ის არა მხოლოდ ცალკეული საგნის ფუნქციურ ღირებულობას გაიაზრებს, არამედ იმ ურთულეს საკითხსაც ჩაუფიქრდება, რომელსაც საკუთარი, ინდივიდუალური, პიროვნული  არსებობის ფუნქციის გარკვევა ჰქვია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...