კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

განახლებული სამოდელო გაკვეთილი

0

ყველაფერი ის, რაც ცხოვრებაში პირველად ხდება, მერე სულ გახსოვს და სასიამოვნოდ გაგონდება. ჩემთვის ერთ-ერთი სასიამოვნო მოსაგონებელი https://mastsavlebeli.ge -ზე გამოქვეყნებული პირველი სტატიაა. მეცხრე ცაზე ავფრინდი ჩემი გვარი და სახელი რომ ვიხილე სტატიის დასაწყისში. რამდენი წელი გავიდა და დღემდე მაქვს სიხარულისა და სიამაყის (თავმდაბლობის გარეშე) შეგრძნება.

პირველ სტატიაში ჩემი ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი იყო და მიწის რესურსებს ეხებოდა. რატომ გამახსენდა ახლა პირველი სტატია და ჩემი ემოციები? რომ გადავხედე ძალიან ბევრი კავშირი აღმოვაჩინე კომპლექსურ დავალებებთან. პირველ რიგში ყურადღება მიიქცია პროდუქტმა, რომელსაც მოსწავლეები ქმნიან გაკვეთილზე. მათ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა უნდა შეექმნათ. კომპლექსური დავალების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი შეფასების კრიტერიუმები კი პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელ პრიორიტეტებად იყო ჩამოყალიბებული. სხვა ბევრი საინტერესოც აღმოვაჩინე. ამიტომ გადავწყვიტე ის გაკვეთილი გამეცოცხლებინა და ახალი სული შთამებერა; პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელი პრიორიტეტები გავანაწილე შეფასების კრიტერიუმებად და პრაქტიკულ რჩევებად. ეს უკანასკნელი არის ფაქტობრივად ის ნაბიჯები, რომლებსაც მოსწავლე გადის მასწავლებლის დახმარებით, ამიტომ აქტივობებზე ყურადღებას არ გავამახვილებ. ეგ კონკრეტული კლასის საჭიროებიდან გამომდინარე სრულდება. რესურსებს კი დავურთავ, თუმცა საჭიროებისამებრ ეს რესურსებიც შეიძლება შეიცვლოს და განახლდეს.

 

კომპლექსური დავალება

 

თემა: კავკასია

წარმოიდგინე, რომ ხარ კონკურსში მონაწილე ორგანიზაციის წევრი, რომელიც მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტზე. გაეცანი მოცემულ რესურსებს, ჩაატარე კვლევა და წარმოადგინე სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების პროექტის გეგმა.

პროექტის გეგმაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • ნიადაგის ტიპების ჩამოყალიბებისა და გავრცელების კანონზომიერება;
  • ვერტიკალური ზონალობისა და აგროკლიმატური დარაიონების პრინციპების გავლენა სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე;
  • მოსალოდნელი საფრთხეები და ნიადაგდაცვითი ღონისძიებები.

გაასიტყვეთ თქვენი კვლევის პროცესი.

პრაქტიკული რჩევები:

  • უპირველეს ყოვლისა ჩაატარე მიწის კადასტრი;
  • შეისწავლე და აღწერე მიწის ფონდის სტრუქტურა;
  • შეისწავლე და აღწერე ნიადაგების სტრუქტურა;
  • დაადგინე, როგორ იცვლება რეგიონების მიხედვით ვერტიკალური ზონალობა.
  • დააკავშირე შენი კვლევა აგროკლიმატურ დარაიონებას და წარმოადგინე განვითარების გეგმა;
  • გაითვალისწინე ნიადაგის დეგრადაციის პროცესი; რა საფრთხეები წამოიქმნება ნიადაგების არარაციონალური გამოყენებისას და დაგეგმე მისი ნიადაგდაცვითი ღონისძიებები.

რესურსები:

  1. ზოგადი ინფორმაცია

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორია (ტერიტორიული წყლების გარეშე) 69,7 ათასი კმ2-ია. აქედან 2005 წლის მდგომარეობით სასოფლო- სამეურნეო სავარგულების ფართობი 30,2 ათას კმ2-ს შეადგენს, საიდანაც სამიწათმოქმედო მიწებს (სახნავ მიწებს და მრავალწლიანი სასოფლო სამეურნეო ნარგავებით დაკავებულ მიწებს) სულ 10,7 ათასი კმ2 უჭირავს.

  1. საქართველოს ნიადაგების სტრუქტურა:

იურიდიული სტატუსის მიხედვით, მიწები საქართველოში იყოფა სასოფლო-სამეურნეო (40%) და არასასოფლო-სამეურნეო მიწებად (60%). ეს უკანასკნელი კატეგორია მოიცავს სახელმწიფო და მუნიციპალური ტყეების (ტყის ფონდის) ტერიტორიას, დაცულ ტერიტორიებს, წყლით დაკავებულ მიწებს (წყლის ფონდს), ურბანიზებულ და სამრეწველო

ტერიტორიებს, აგრეთვე გზებითა და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებით დაკავებულ ტერიტორიებს. საქართველოს მიწების კატეგორიებად დაყოფა ასახულია   დიაგრამებზე.

  1. ნიადაგების ტიპები:
  2. საქართველოს მიწის რესურსების დაყოფა გამოყენების თვალსაზრისით:

გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს მიწის რესურსები იყოფა სამ ნაწილად: სამიწათმოქმედო ტერიტორია, ბუნებრივ-სამეურნეო ფართობი (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) სოფლის და  სატყეო მეურნეობაში  გამოუყენებელი მიწები.

  1. ნიადაგების ვარგისიანობა

საქართველოს ნიადაგური რესურსი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საკმაოდ შეზღუდულია. ქვეყნის ტერიტორიის 65-70%-ს მოიცავს ნიადაგები, რომლებიც მცენარისთვის საჭირო საკვები ელემენტებით ღარიბია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ძირითადად გამოიყენება ყავისფერი, რუხყავისფერი, შავმიწა, ნეშომპალა-კარბონატული, სუბტროპიკული ეწერი, წითელმიწა, ყვითელმიწა ყომრალი, ლამიან-ჭაობიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საკმაოდ დიდი წილი (6,7%, 205 ათასი ჰა) კი უფრო დაბალნაყოფიერ, დამლაშებულ  და ბიცობ ნიადაგებს უკავია. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 11% (300 ათასი ჰა) მჟავე, 7.3% (210 ათასი ჰექტარი) კი დაჭაობებული ნიადაგებია.

ნიადაგების ვარგისიანობა:

მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ვარგისიანობის მიხედვით საქართველოს ნიადაგები, რომლებიც მუშავდება, ძირითადად განეკუთვნება „კარგ“ და „საშუალო“ კატეგორიებს. საქართველოში  პრაქტიკულად არ არის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად საუკეთესო ნიადაგები.

  1. ვერტიკალური ზონები:

I ზონა (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) – უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურები (ციტრუსები, ჩაი, დაფნა).

II ზონა (250-5000მ)  – მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობის, ინტენსიური მემინდვრეობის (ძირითადად სიმინდის) გავრცელების არეალი.

III ზონა (500-1000მ) – ჭარბობს თავთავიანი კულტურები, ბუნებრივი საკვები სავარგულები, მეცხოველეობა.

IV ზონა (1000-1500მ) – ძირითადად სათიბ-საძოვრებია, მემინდვრეობა სუსტად არის განვითარებული.

V ზონა (1500-2000მ) – ძირითადად სათიბ-საძოვრებია.

VI ზონა (2000მ-ის ზემოთ) – მიწათმოქმედება არ არსებობს.

მუშაობის დასრულების შემდეგ მოხდება პროექტების პრეზენტაცია

პრეზენტაციის დაწყებამდე შეიძლება შეიქმნას ,,ბიზნეს ჯგუფი”, რომელიც შეაფასებს პროექტის გეგმებს შეფასების სქემებით. SOLO ტაქსონომიას ხომ იცნობენ. ეს გაზრდის მოტივაციას და მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

პრეზენტაციის შემდეგ ,,ბიზნეს ჯგუფი” განიხილავს თითოეულ პროექტს, აფასებს და ,,აფინანსებს” სამ გამარჯვებულს. დაფინანსება შეიძლება იყოს 10 000$; 9 000$ და 8 000$.

შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებად შეიძლება გამოვიყენოთ.

I პრემია: პროექტში განსაზღვრულია პრიორიტეტები:

II პრემია: პროექტში მკვეთრად არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები:

III პრემია პროექტში არ არის მკვეთრად განსაზღვრული პრიორიტეტები:

თითოეულ ჯგუფს ეძლევა რეკომენდაცია:

  1. დაუკავშირდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ნიადაგის დაცვაზე;
  2. მოძებნონ პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში;
  3. მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს განედებში მდებარე ქვეყნების მიწის რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის შესახებ.

ექსპერტთა ჯგუფი პროექტებს ამ პრიორიტეტების მიხედვით აფასებს.

ცნებები მკვიდრი წარმოდგენებით, რომლებიც ამ კომპლექსური დავალების დროს მუშავდება:

გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი (გამჭოლი) –  გეოგრაფიული კვლევისთვის მონაცემების მოპოვება შესაძლებელია სხვადასხვა მოვლენაზე უშუალო დაკვირვებით, სხვადასხვა რუკისა და ინფორმაციის წყაროს (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, გრაფიკი, ფოტო) გამოყენებით -შეფასების კრიტერიუმად არ გამომიყენებია. მე-9 კლასში ამ ცნების დამუშავება, ვფიქრობ, უკვე ავტომატურად მოხდება და შეფასების კრიტერიუმად მისი გამოყენების საჭიროება იკლებს.

გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესი – ნიადაგის ტიპების ჩამოყალიბებისა და გავრცელების კანონზომიერება;

მოსახლეობა და მეურნეობა – ვერტიკალური ზონალობისა და აგროკლიმატური  დარაიონების პრინციპების გავლენა სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე;

მდგრადი განვითარება – მოსალოდნელი საფრთხეები და ნიადაგდაცვითი ღონისძიებები.

კომპლექსური დავალების შესრულების სავარაუდო დრო 3/4 სააათი.

თუ მოგეწონათ, გამოიყენეთ. ძალიან სახალისოდ მიმდინარეობს მუშაობა. განსაკუთრებით პრეზენტაცია, პროექტის გეგმების განხილვა, ხმის მიცემა და დაფინანსების პროცესი. გისურვებთ წარმატებას.

 

გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა ჩართულობა, სწავლება და შედეგები

0

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის, ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოსული წიგნის, Digital Leadership-ის ეს ნაწილი ეძღვნება სასკოლო განათლების დღევანდელ გამოწვევებს. ავტორი, მკითხველთან საუბრისას, ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციასთან მიმართებაში და აღნიშნოს ის სირთულეები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთი ტიპის, ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებებს. მიუხედავად წიგნის პოპულარობისა, აშშ-სა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავტორის ტონი და ემოცია ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროს „დიგიტალიზაცია“ – ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლა – თვით აშშ-ის სასკოლო განათლების სექტორში. საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სიძნელეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი, ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვის, საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდან, „ციფრულ რევოლუციურ“ მეთოდებზე გადასვლა, ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

მარტივი შეკითხვა, რომელსაც [ახლა] დავსვამთ, ასე ჟღერს: „როგორ შეიცვალა ბავშვის ცხოვრება ბოლო 150 წლის განმავლობაში?“. ამ შეკითხვაზე პასუხი იქნება: „ძნელია სფეროს მოძებნა, სადაც ის არ შეცვლილა!“ მაგრამ, თუ დღევანდელ და 100 წლის წინანდელ სკოლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ისინი ერთმანეთს უფრო ჰგვანან, ვიდრე განსხვავდებიან.

პიტერ სენჯი, წამყვანი ლექტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი,

სლოუნის მენეჯმენტის სკოლა (MIT Sloan School of Management)

სკოლა რეალურ ცხოვრებას უნდა ასახავდეს

ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ ტექნოლოგიას საკმარისი პოტენციალი აქვს სკოლაში სწავლებისა და სწავლის კულტურის ტრანსფორმაციისათვის.

მიუხედავად ტექნოლოგიების გამოყენებისა, გაკვეთილის ეფექტურობის გასაზრდელად, ნასწავლის შესაფასებლად, მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად თუ შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, მათ განსაზღვრული როლი აკისრიათ სკოლის მრავალგვარ ფუნქციათა შორის.

მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებებისა, ბევრი სკოლა აგრძელებს ფუჭ მცდელობებს, მოამზადოს ბავშვები იმ სამყაროში საცხოვრებლად, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს; სამყაროსათვის, რომელშიც ტექნოლოგია უფრო ლამაზი დეკორაცია, ან უარეს შემთხვევაში, მიმზიდველი გასართობია და რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს მოსწავლეთა სწავლებაში.

ბევრი მოსწავლისათვის, სკოლა ვერ ასახავს რეალურ ცხოვრებას, რაც თავის მხრივ, მოსწავლეებში იწვევს სასწავლო და სწავლის პროცესისადმი სხვადასხვა დონის გაუცხოებას.

ამ შემთხვევაში, შეკითხვა ასე უნდა დაისვას: „როგორ შევძლოთ ისეთი სკოლების ტრანსფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მათი მოსწავლეების სწავლების სხვადასხვა საჭიროებას და ერთ ადგილს ტკეპნიან?“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ მართლაც გვსურს ისეთი განათლების რეფორმა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება მოსწავლეებისათვის.

ჩვენს მოსწავლეებს სურთ, იყვნენ კრეატიული, ისწავლონ თანამშრომლობის ატმოსფეროში, გამოიყენონ ტექნოლოგიები სწავლისთვის, დაუკავშირდნენ სხვა მოსწავლეებს, ახლო თუ შორს, გააცნობიერონ ის გზავნილები, რომლებსაც მედიიდან იღებენ და გადაჭრან რეალური სამყაროს პრობლემები.

ის სკოლები და საგანმანათლებლო სისტემები, რომლებიც არ იყენებენ ციფრულ სწავლებას და აქცენტს სტანდარტიზაციაზე აკეთებენ, ყოველთვის უარყოფით რეაქციას გამოიწვევენ ჩვენს მოსწავლეებში.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ტექნოლოგიის ძალა, რომელიც გარკვეულწილად, იმ კატალიზატორს წარმოადგენს, რომელიც საჭიროა მოსწავლეთა ჭეშმარიტი ჩართულობისა და მათთვის გაზიარებული კონცეფციების რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

თუ სკოლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გამოიყენოს ციფრული საუკუნის საშუალებები სწავლის პროცესში (რომლებსაც ისინი ისედაც იყენებენ სკოლის კედლების მიღმა), მაშინ სკოლას აქვს შანსი მოსწავლეთათვის იპოვოს მეტი შესაბამისობა და არსი იმ მასალაში, რომელსაც ისინი მათ ასწავლიან.

სკოლის მართვა ციფრულ ეპოქაში, ან სხვაგვარად „ციფრული ეპოქის ლიდერშიფი“ – ინგლ. Digital leadership – შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამოკიდებულებებისა და მიდგომების სპეციფიკური ნაკრები, რომელიც მიმართულია სკოლის კულტურის ტრანსფორმაციაზე და ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი ნიჭის გამომზეურებას, ახალი მეთოდებით ახალი არტეფაქტების შექმნას და სასწავლო მასალის შემეცნებითი შინაარსის დემონსტირებას.

„ახალი“ სასწავლო მასალა და „ახალი“ მართვა ციფრულ ეპოქაში, აღნიშნავს მოსწავლეთათვის ცოდნისა და უნარების ეფექტურად გადაცემას და მათში იმ თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას, რომელიც მათთვის აუცილებელი იქნება კოლეჯში, უნივერსიტეტში, სამუშაო ადგილზე სწავლისა თუ შრომისას; რომელიც საფუძველს ჩაუყრის მათ წარმატებას სამომავლოდ; რომელიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებას ისეთ სამუშაო ადგილებზე და პროფესიებში, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არ არსებობენ, ან ჯერ არ შექმნილან.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი „ციფრული ეპოქის ლიდერობაში“ გახლავთ განათლების კონსტრუქტივისტული, ჰეუტაგოგიური (ინგლ. Heutagogy[1]) მიდგომა სწავლებისადმი და თვით სწავლისადმი.

საინტერესოდ გვეჩვენება, რომ მასწავლებლები, მოსწავლეები, ქსელები, კავშირები, რესურსები და საშუალებები (ინგლ. Tools), ერთობაში ქმნიან უნიკალურ ობიექტ-ერთეულს, რომელსაც აქვს პოტენციალი, ინდივიდუალურად დააკმაყოფილოს მოსწავლის, განმანათლებლებისა და თვით საზოგადოების საჭიროებები (Gerstein, J., 2013).

ციფრული საშუალებები შესაძლებელს ხდიან გავამდიდროთ და განვავრცოთ ცოდნა, გავაზიაროთ გამოცდილება, გავაკეთოთ პრაქტიკის რეფლექსია და თავიდან გავიაზროთ იგი, შევისწავლოთ უკუკავშირი და რეაქციები და ხელი შევუწყოთ სწავლის პროცესს სხვებისთვის. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, რომ ციფრულ სწავლას თან სდევს დადებითი ეფექტები მოტივაციისა და სწავლების შედეგების მხრივ, თუ მათ ტრადიციულ სწავლებას შევადარებთ (Gerstein, J., 2013).

ამის მიღწევა კი შესაძლებელი იქნება თუ მოსწავლეებს უზრუნველვყოფთ რეალურ სამყაროში არსებული საშუალებებით, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ, ისწავლონ და შექმნან ახალი ცოდნა თავიანთთვის. სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებაზე აქცენტირებით, უფრო ადვილია მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს სწავლების შედეგებს. ეს რეალური გახდება მაშინ, როდესაც შეიცვლება სკოლების კულტურა  და ის ორიენტირებული გახდება ციფრულ ეპოქაში მოსწავლეთა საჭიროებებზე.

პატივი ეცი თითოეულ მოსწავლეს

ყველა ბავშვში არის დამალული რაღაც დიადი. მასწავლებლის ამოცანაა დაეხმაროს მას, იპოვოს და „გახსნას“ ეს „დიადი“.

თითოეული მოსწავლის პატივისცემა გახლავთ ის იარაღი, რომლითაც 21-ე საუკუნის ყველა „ციფრული“ ლიდერი უნდა აღიჭურვოს. ეს საჭიროა ისეთი სკოლების შესაქმნელად, რომლებშიც ციფრულ „იარაღებს“ პასუხისმგებლობით გამოიყენებენ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საუბარი ჩვენს მოსწავლეებთან. მოსწავლის/სტუდენტის პატივისცემა ნიშნავს მათთვის დროისა და ენერგიის დათმობას, განსაკუთრებულ ყურადღებას მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე, მათი მიღწევების აღნიშვნას, მათი პრობლემებისადმი ყურადღებას, მათ დაფასებას, ძლიერი მხარეების ხაზგასმას და მათზე უბრალოდ ზრუნვას (Tomlinson, 2011).

მოსწავლეები უნდა იყვნენ ტრანსფორმაციული ცვლილებისა და ღონისძიებების ნაწილი და მათ ხმებს, ნათქვამს თუ ნაწერს, შეუძლია ძალიან ღირებული წვლილი შეიტანოს ყველაფერში: იქნება ეს კურიკულუმი თუ პედაგოგიკა, ტექნოლოგიის შეძენა თუ სწავლისათვის გამოყოფილი დროის განაწილება.

პატივისცემა ასევე მოიცავს პროფესიული ზრდის ახალი გზებისა და ბილიკების ძიებას, რაც საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ და განვახორციელოთ სიახლეები მათთან ერთად და მათი სახელით. ჩვენს სკოლებში ყველა ბავშვი იმსახურებს ისეთ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ მათი.

(VII ნაწილის დასასრული)

 

[1] Heutagogy, ჰეუტაგოგია (დაახლ. თვითმართვადი სწავლა) – ახალი ტერმინი პედაგოგიკაში, რომელიც 21-ე საუკუნეში გაჩნდა (Kenyon and Hase, 2001) და გამოიყენება ახალი, მოქნილი სწავლებისათის, როდესაც მოსწავლე, მასწავლებელთან მოლაპარაკებით, თვითონ განსაზღვრავს სასწავლო მიმართულებას, მასალას და სწავლების მიმართულებას. პროცესი, როგორც ამას მეცნიერები აღნიშნავენ, გულისხმობს მოსწავლის ავტონომიას და მჭიდრო კავშირსა და დახმარებას მასწავლებლის მხრიდან. იხ. წყარო: https://www.teachthought.com/pedagogy/a-primer-in-heutagogy-and-self-directed-learning/

სასკოლო გაკვეთილების მრავალფეროვნება დისტანციურად და არა მხოლოდ

0

ახალგაზრდა ჩიკაგოელი მასწავლებელი პოლ ემერიკ ფრანსი, სილიკონის ველის ტექნიკური სტარტაპის ყოფილი თანამშრომელი და გამოცემა „Reclaiming Personalized Learning“-ის ავტორი ჰყვება, თუ როგორ შეიძლება სასკოლო გაკვეთილების გამრავალფეროვნება დისტანციურად და არა მხოლოდ დისტანციურად.

პოლ ემერიკ ფრანსმა მასწავლებლობა მოულოდნელად გადაწყვიტა – ის სამუსიკო ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ერთხელაც საზაფხულო ბანაკში უმცროსკლასელებთან ერთად მოუწია ყოფნა. იქ მიხვდა, რომ პედაგოგიკა მისი საქმე იყო. გარისკა და სხვა ფაკულტეტზე გადავიდა. ამბობს, რომ ბავშვების სწავლების პროცესზე დაკვირვება საინტერესო პროცესია, განსაკუთრებით 8-10 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც ამ ასაკიდან იწყებენ აბსტრაქტულად აზროვნებას, სიღრმისეულად მსჯელობას და ფიქრს იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში.

ჩიკაგოელი მასწავლებლის პირველი რჩევაა, რომ პედაგოგმა, საკლასო ოთახში შესვლისთანავე, დაივიწყოს, რომ ერთადერთია, ვინც ყველაფერი იცის. ყველაფრის მცოდნე მასწავლებლები არ არსებობენ. მასწავლებლის მთავარი ფუნქცია მოსწავლეებისთვის მიმართულების  მიცემა და სწავლაში დახმარებაა.

ამერიკელი მასწავლებელი ამბობს, რომ მას სრულყოფილად არ ესმის მათემატიკა და ლიტერატურა, მაგრამ ინფორმაციის მოძიების კარგი უნარი აქვს. იცის, თუ როგორ უნდა დასვას სწორი შეკითხვა და როგორ ასწავლოს ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა.  მიაჩნია, რომ ამ უნარების განვითარება თანამედროვე მასწავლებლისთვის აუცილებელია, თუკი ნამდვილად სურს მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

ფრანსს მიაჩნია, რომ 2020 წლის პანდემიამ ბევრ მასწავლებელს მისცა გამოცდილება და აჩვენა, რამდენად საჭიროა კომუნიკაციის უნარი. როდესაც ფრანსი თავის მოსწავლეებთან ონლაინსწავლებაზე გადავიდა, ცდილობდა, ისე დაეგეგმა გაკვეთილები, რომ მოსწავლეებს მაქსიმალურად შეძლებოდათ ერთმანეთთან ურთიერთობა. მან შემოიღო „საოფისე დრო“, დრო, როდესაც მოსწავლეებს მასწავლებელთან შეხვედრა და დაგროვილი შეკითხვების მიცემა შეეძლოთ, ან შეეძლოთ ეთხოვათ მასწავლებლისთვის, რომ ის დახმარებოდა მათ რომელიმე დავალების შესრულებაში, ანდა ერჩია, რა წაეკითხათ თავისუფალ დროს.

ამერიკელი მასწავლებელი პოლ ემერიკ ფრანსი ამბობს: „ზედმეტადაც ნუ შეაფასებთ ტექნოლოგიისა და ონლაინინსტრუმენტების როლს სწავლებაში. მე მომიწია მუშაობა სილიკონის ველის სტარტაპკომპანიაში, სადაც ვამუშავებდი ინსტრუმენტებს პერსონალიზებული განათლების იდეის განსახორციელებლად, რაც დიდად შთამაგონებდა. ვფიქრობდით, რომ პროცესში ბავშვების ჩართულობის საუკეთესო გზა იყო სასწავლო პროგრამების, ინდივიდუალური პროგრამების პერსონალიზაცია თითოეული მოსწავლისათვის.

 

„ფლეილისტების“ დიდი იმედი მქონდა – ინდივიდუალური საკლასო აქტივობების ჩამონათვალის, მაგრამ როდესაც ჩვენი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა საკლასო ოთახში დავიწყე, მივხვდი, რომ შევცდით. სწავლის პერსონალიზება ძალიან კარგი იდეაა და ახლა მისი დანერგვის მრავალი ტექნოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ სწავლა, პირველ რიგში, ბავშვებთან ურთიერთობასა და მასწავლებელთან არის დაკავშირებული. იმ წმინდა ალგორითმულ სქემაში ცოცხალი ურთიერთობა კი დიდი დანაკლისია.

გარკვეული დროის შემდეგ, თანდათან, ჩემი მოსწავლეების სახეები დამავიწყდა და მივხვდი, რამდენად მყიფე იყო ეს მოდელი.

კვირაში 60-70 საათს ვმუშაობდი თითოეული ბავშვის სასწავლო გეგმის პერსონალიზებაზე, შემდეგ კი გულწრფელად ვკითხე საკუთარ თავს: „მუშაობს ეს?“ პასუხი იყო – „არა“. როდესაც რომელიმე ბავშვს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, ყურადღებას ვაკლებდი – ვიღაცას უკვე შეესრულებინა დავალება და მოწყენილი იჯდა, ვიღაც კი პირველ ეტაპზე იყო გაჩერებული.

იდეალურ შემთხვევაში, კლასის სასწავლო გეგმა საშუალებას უნდა გაძლევდეს, რომ ყველა მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობდეს და მაქსიმალურად იყოს ჩართული საერთო სასწავლო პროცესში. თუმცა, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვანაწილებთ პერსონალურ დავალებებს, მოსწავლეებს არ უჩნდებათ ჩართულობის განცდა, პირიქით.

იმის გასაგებად, მუშაობს თუ არა მასწავლებლების მიერ შერჩეული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, ვურჩევ უპასუხონ კითხვებს: ამარტივებენ თუ არა ისინი სასწავლო პროცესს? ზრდიან თუ არა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ პოტენციალს? იძლევიან თუ არა იმის საშუალებას, რომ ნაცნობ თემას ახალი კუთხით შეხედონ? გულისხმობენ თუ არა ისინი ბავშვთა კომუნიკაციას ერთმანეთთან და მასწავლებელთან?

და კიდევ – მთავარია არა შეფასება, არამედ ადამიანი. ზოგადად, ჰუმანიზაცია ეს არის ადამიანის სწრაფვა უფრო მეტი ადამიანურობისკენ, ზრდისა და განვითარების პროცესში. ანალოგიურია განათლებაში: ბავშვები რომ იზრდებიან, უფრო მეტ დროს ხარჯავენ სწავლაზე, უფრო ყურადღებით ექცევიან საკუთარ თავს, გარშემომყოფებსა და სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ.

განათლების ჰუმანიზებით, ჩვენ უბრალოდ ამოვატივტივებთ ზედაპირზე ამ მარტივ მოსაზრებას. ერთი კითხვა, რომელიც, როგორც მეჩვენება, ყველა მასწავლებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, არის: ის, რასაც გაკვეთილზე ამ წამს ვაკეთებ, ეხმარება თუ არა ჩემს მოსწავლეს გახდეს უფრო ადამიანური, კეთილი, პასუხისმგებლიანი, სხვის მიმართ ყურადღებიანი?

ჩემი მოკრძალებული რჩევაა მასწავლებლებისთვის – შეეცადონ, გაკვეთილის თითოეული თემა მოსწავლეებთან განსახილველ საკითხად აქციონ და დისკუსია გამართონ. ეს დაეხმარება მათ კრიტიკულ აზროვნებაში, გააზრებაში, რაზეა საერთოდ საუბარი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. მასწავლებელიც ბევრად მეტ შედეგს მიიღებს, ვიდრე შემდეგი სქემის მიხედვით: „ახსნა – დავალებების მიცემა – შეფასება“. სასწავლო პროცესის არსი საუბარია – ესაუბრეთ ბავშვებს უფრო ხშირად.

2020 წლის აგვისტოში სკოლიდან წამოვედი. პანდემიის მიუხედავად, აშშ-ში ბევრ პედაგოგს აიძულებდნენ, სკოლაში ევლო. ამაზე ბევრი დებატი იყო – გაიხსნას თუ არა სკოლა ახალ სასწავლო წელს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი აზრი ნაკლებად აინტერესებთ. მიმაჩნია, რომ მასწავლებელი არ უნდა იყოს ბავშვისთვის საფრთხე, რადგან ჯერ კიდევ არ გვაქვს ვაქცინა, არ ვიცით როდის გამოჩნდება ის, მილიონობით ადამიანი  კვლავ ავადდება და მათი დაღუპვის სიხშირე იზრდება. ამის მიუხედავად, ბევრ მასწავლებელს აიძულებდნენ კლასებში დაბრუნებას. მე დროებით დავტოვე სკოლა. მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეს არჩევნის საშუალება. არ ვიცი, როგორ არის საქმე სხვა ქვეყანაში, მაგრამ აქ მასწავლებლები სუპერგმირებივით უნდა იყვნენ და თავიანთი ჯანმრთელობა, ოჯახი, სიცოცხლე უნდა შესწირონ სკოლას. ესეც სადავოა. მასწავლებლის პროფესია უდავოდ ძალიან კარგია, მაგრამ ყველაა კი მზად იმისათვის, რომ თავი გაწიროს? ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც პანდემიის გამოცდილებიდან უნდა მივიღოთ, ისაა, რომ მასწავლებლები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და მათ უნდა მოვუფრთხილდეთ“.

საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდი

0

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის მეხუთე კვირის თემა საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდიიყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ ლევან ჭანტურიას ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის მეხუთე კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი ლევან ჭანტურია

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, IX კლასი

 

საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდი

„მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა“, აი ასე იწყება ბავშვების უსაყვარლესი სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრის წიგნი – ჰობიტი. ეს არის წიგნი, რომელმაც არა მარტო მე, არამედ ყველა ბავშვს გზა გაუხსნა იმ უსაზღვრო მომავლისკენ, რომელსაც თავგადასავლების სამყარო ქვია. ობიექტურად რომ შევაფასოთ, ჰობიტი ფენტეზის ჟანრის საუკეთესო წიგნია, რაც დაწერილა, სწორედ ამ წიგნმა მისცა საზრდო ამ ჟანრის ავტორებს. ჩემთვის ამას ისიც ემატება, რომ ეს იყო წიგნი, რომლითაც დავიწყე კითხვა და რომელმაც შემაყვარა წიგნი. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ჩემი თანატოლისთვისაც ასე იყო.

წიგნი არის მარტივი ენით დაწერილი და ადვილი წასაკითხია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ის დატვირთულია საბავშვო ხუმრობებით (მაგ. გოლფის შექმნის ისტორია), ლექსებით, სიმღერებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ბავშვების წიგნია, არამედ ეს არის ყველაზე გამორჩეული წიგნი, იმით, რომ მკითხველის ასაკთან ერთად ზღაპრულიდან ნამდვილ კლასიკურ წიგნად იქცევა, არაერთხელ მაქვს წაკითხული და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ასაკის მატებასთან ერთად, რადგან ყოველ წაკითხვაზე მაძლევს იმ თვისებას და გამოცდილებას, რაც მე მჭირდება კონკრეტულ ასაკში.

როდესაც ჰობიტი პირველად წავიკითხე, ეს უფრო ძილის წინ წასაკითხი ზღაპარი იყო, თავისი კეთილი და ბოროტი პერსონაჟებით, რომელსაც ჯ.რ.რ. ტოლკინი მზრუნველი მამასავით მიკითხავდა. მე მომწონდა ბილბო, ვხედავდი ჩემ თავს მის ადგილას, მსურდა მემოგზაურა მასთან ერთად, ვყოფილიყავი ჯუჯების თანამეგზური, მომევლო შუახმელეთი, მერწმუნეთ ბილბოზე ნაკლებად არ მსურდა ელფების ნახვა. მეც მეშინოდა გობლინების და ორკების, მეშინოდა ბნელეთის ტყეში. წარმოიდგინეთ, განდალფი ისე ძლიერ მიყვარდა, რომ ამ ჯადოქარს ვუყურებდი, როგორც ჩემს მასწავლებელს და ყოველთვის როცა შემეშინდებოდა, ვიცოდი რომ ის მოულოდნელად, საიდანღაც გამოჩნდებოდა. არაერთხელ ჩამძინებია ტკბილად ამ წიგნთან ერთად, როცა თავს ელრონდის სამეფოში, შუაველში წარმოვიდგენდი, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო მთელს შუახმელეთში. არა მარტო ბილბომ, არამედ მეც ვიპოვე ის მთავარი ბეჭედი, რომელმაც სიმამაცე შემმატა, თანაც იმდენი, რომ მე და ბილბო დრაკონის მოტყუებას ვცდილობდით. აი რა მომცა ამ წიგნმა ამ ასაკში: ბავშვობის ტკბილი მოგონებები, სიმამაცე, სამყაროს ინტერესი, მეგობრობა, სახლის სიყვარული. ბილბომ მასწავლა, რომ არაფერია სახლზე ტკბილი და მეგობრებზე ძვირფასი.

მეორეჯერ წაკითხვისას იმ ასაკის ვიყავი, როცა უკვე უნდა მეზრუნა ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ჩემთვის ძვირფას ხალხზე. შესაბამისად, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნმა მომცა ის, რაც მჭირდებოდა. ეს არის წიგნი, რომელიც ყველაზე მარტივად განმარტავს და ასწავლის ბავშვს თუ რა არის: მეგობრობა, ძმობა, ერთობა, თავგგანწირვა, სიყვარული.

ამ ჯერზე ბილბოზე მეტად თორინმა დამაინტერესა და თორინი გახდა ის გმირი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ვყოფილიყავი. თორინმა გამზარდა როგორც ლიდერი, მასწავლა, რას ნიშნავს შენი ხალხისა და სამშობლოსთვის ბრძოლა. მან და მისმა 13-კაციანმა არმიამ მასწავლა, რომ ძალა არა რაოდენობაში, არამედ ერთგულებაშია. ასევე ესგაროთელმა ბარდიმ მასწავლა, რომ ადამიანი ყველა მიზანს მიაღწევს, თუ მოინდომებს, რომ მამა, მოკვდავი ადამიანი, შვილის გულისთვის გამანადგურებელ დრაკონსაც შეებრძოლება. სმაუგისგან ავიღე მაგალითი, თუ რამხელა უაზრობაა ტრაბახი, თუნდაც უდიდესი განძის მცველი, გიგანტური დრაკონი იყო.

ამ ჯერზე ბილბოს გადაწყვეტილებამ ეჭვები გამიჩინა და გამაკვირვა იმან, თუ რატომ უღალატა მან თორინს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ბილბოსგან ღალატი ის იქნებოდა, რომ სიხარბისგან დაბრმავებულ თორინისთვის კიდევ გაეღვივებინა ეს გრძნობა. რა თქმა უნდა, ამ ჯერზეც ვიმოგზაურებდი ამ გასაოცარ სამყაროში, ოღონდ ახლა არ შევუშინდებოდა არც გობლინებს და არც დრაკონებს. მეც ვიფრენდი გიგანტური არწივებით, მეც ვიხალისებდი ელფებისგან გაქცევისას და დავტკბებოდი ერებორის (მარტოსული მთის) სიდიადით.

საბოლოოდ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის წიგნი, რომელშიც მე უკვე ვიმოგზაურე, ვიცხოვრე, ეს არის ადგილი, სადაც მე გავიზარდე.

მერწმუნეთ, შუახმელეთის რუკა საქართველოს რუკასავით ვიცი. არ შეცდეთ და არ იფიქროთ, რომ ეს ერთი უბრალო საბავშვო წიგნია. არა, ეს ის განძია, რომელიც კაცობრიობას ჯერ კიდევ არ შეუსწავლია. მეც ნელ-ნელა ვაკეთებ ამ ჩემთვის უკვე კლასიკური წიგნიდან სიმბოლოების აღმოჩენებს. მაგ., ჩრდილოეთი, ძველთაძველიდან ბოროტების ადგილად ითვლებოდა, დასავლეთი გამოყენებულია, როგორც სახლის სიმბოლო (როგორც ინგლისი), ხოლო აღმოსავლეთი – შიშისა და იდუმალების სიმბოლოა, რადგან სწორედ აღმოსავლეთიდან ურტყამდა ინგლისს მტერი და აღმოსავლეთის ქვეყნები მათთვის ითვლებოდა განუვითარებლად. ასეთი სიმბოლოებით არის დატვირთული ჰორიზონტის მხარეები შუახმელეთში. ჯუჯები შეგვიძლია შევადაროთ ებრაელებს, რომლებმაც დაკარგეს სამშობლო და იბრძვიან მის დასაბრუნებლად, ბილბო კი სიყვარულს უჩენს მკითხველს ჯუჯებისადმი.

ნუთუ, საბავშვოა ეს წიგნი, რომლისთვისაც ტოლკინმა საკუთარი ენა და დამწერლობა შექმნა, როცა ამ წიგნმა თითქოს ისესხა დეტალები მითოლოგიიდან, მაგრამ ბოლოს თვითონ შექმნა ყველასგან გამორჩეული მითოლოგია. ამ წიგნით დაიწყო ჩემი მოულოდნელი მოგზაურობა, რომელიც თავიდან თითქოს უმნიშვნელო ბეჭდის პოვნამ იმ გიგანტური სამყაროდ აქცია, რომელსაც ბეჭდების მბრძანებელი და სილმარილიონი ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე „დიალოგი საყვარელ საბავშვო მწერალთან“. სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 15 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

წარმატებული საშინაო დავალების ხუთი საიდუმლო ონლაინსწავლებისას

0

სანამ მოსწავლეები და მათი ოჯახები ბოლოდროინდელ გამოწვევებს უმკლავდებიან, სასურველია, მასწავლებლებმა მხოლოდ ისეთი დავალებები მისცენ, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია.

 

როგორ შევცვალოთ საშინაო დავალება დისტანციური და ჰიბრიდული სწავლებისას? მოსწავლეები ისედაც ძალიან ბევრ დროს ატარებენ ეკრანებთან; რატომ დავუმატოთ საეკრანო დრო? რა არის დავალების მიზანი?

 

ზოგჯერ მასწავლებლებმა დანამდვილებით არც იციან, რამდენი და როგორი დავალება მისცენ მოსწავლეებს. მით უმეტეს – დისტანციური სწავლებისას, როცა ზოგიერთმა სკოლამ საერთოდ აკრძალა საშინაო დავალებები ან შეცვალა მათდამი მიდგომა. მაგრამ თუ ხართ მასწავლებელი, რომელსაც უწევს საშინაო დავალების მიცემა, ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც საშინაო დავალებების პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, ქვემოთ მოყვანილი რჩევები შეიძლება გამოგადგეთ.

 

ხუთი რჩევა, რათა საშინაო დავალება უფრო შინაარსიანი გავხადოთ

 

  1. ეკრანს მიღმა კითხვა. წიგნები, წიგნები, წიგნები. განურჩევლად იმისა, მოსწავლეები თვითონ აირჩევენ წიგნებს თუ მასწავლებელი შეურჩევს, კითხვა (ან აუდიოწიგნების მოსმენა) მისაღები დავალებაა. მოსწავლეებმა ნებისმიერი სახით (ონლაინ, წერილობით…) შეიძლება ჩააბარონ ანგარიში წაკითხულის შესახებ.

 

  1. ნაკლები მეტია. სამწუხაროდ, მათემატიკის მასწავლებლებს სჩვევიათ დავალების ასეთი ფორმით მიცემა: “შეასრულეთ სავარჯიშოები 1-დან 45-მდე”. სჭირდებათ კი მოსწავლეებს ერთი და იმავე უნარის ისევ და ისევ გამეორება? ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ოთხი-ხუთი მრავალსაფეხურიანი ამოცანა უნარების გასავარჯიშებლად და გამოსაყენებლად. ან შესთავაზოთ არჩევანი: “ამ ათი ამოცანიდან შეარჩიეთ ხუთი”.

ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში აჯობებს, მოსწავლემ ერთ ვრცელ შედარება-დაპირისპირების კითხვას გასცეს პასუხი, ვიდრე სახელმძღვანელოს მთელი თავი განიხილოს.

 

  1. პერსონალიზებული საშინაო დავალება. ბევრ მოსწავლეს (ისევე როგორც ზრდასრულებს) საკუთარ თავზე საუბარი უყვარს. თუკი მოსწავლე მოირგებს დავალებას, მეტად მოტივირებულიც იქნება მის შესასრულებლად. მაგალითად, შესაძლოა მოეწონოს პერსონაჟის შედარება საკუთარ თავთან ვენის დიაგრამის მეშვეობით ან აღწეროს გამოგონილი სუპერგმირი უცხო ენის გაკვეთილზე შესწავლილი სიტყვების გამოყენებით.

 

  1. ოჯახის ჩართულობა. ნუ უგულებელყოფთ ამ გზას, მაგრამ უფრო ფაქიზად მოეკიდეთ, განსაკუთრებით – ახლა, როცა ბევრი მშობელი და მზრუნველი ძალიან გადატვირთულია. სანამ მოსწავლეს საოჯახო დავალებას მისცემდეთ, გაარკვიეთ, რა ვითარებაა მის ოჯახში, ვინმე არახელსაყრელ მდგომარეობაში რომ არ ჩააყენოთ. მიეცით ოჯახებს საკმაო დრო ასეთი დავალების შესასრულებლად.

თუ შესაძლებელია, სთხოვეთ მოსწავლეებს, გადაიღონ ვიდეო იმის შესახებ, როგორ ასწავლიან ახალ ცნებას ოჯახის წევრებს. მაგალითად, წილადების შესწავლისას შეუძლიათ წარმოადგინონ საოჯახო რეცეპტი, რომელიც მორგებულია ნაკლებ ან მეტ ულუფას. დაავალეთ გამოცანის ან მათემატიკური თავსატეხის ოჯახთან ერთად განხილვა და ამ დროს მოსმენილი სხვადასხვა პასუხის ჩამოწერა.

რაც არ უნდა დაავალოთ, ეცადეთ, დავალება მსუბუქი იყოს. და არ მისცეთ მსგავსი დავალებები მეტისმეტად ხშირად.

 

  1. შებრუნებული საშინაო დავალება. მოსწავლეებს ღლით სასწავლო ვიდეოების ყურება, მაგრამ შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს რამდენიმე მოკლე, კარგად დაგეგმილი ვიდეოს ნახვა საკლასო დისკუსიის წინა საღამოს. შეგიძლიათ, ვიდეოს დაურთოთ მოკლე Google Form ვიდეოს შესახებ კითხვებით. გამოიყენეთ შებრუნებული სწავლება ზომიერად, რათა მას სიახლე და უნიკალურობა შეუნარჩუნოთ.

 

რაც შეეხება შეფასებას, უფროს მოსწავლეებს შეუძლიათ, თავიანთი ნამუშევრები თანატოლებს მისცენ შესაფასებლად. გამონახეთ დრო მოსწავლეებისთვის იმის ასახსნელად, როგორ შეაფასონ კონსტრუქციულად ერთმანეთის ნაშრომები. ოღონდ ეს მეთოდი არ უნდა გამოვიყენოთ შემაჯამებელი დავალებების დროს და აუცილებლად გავუწიოთ მეთვალყურეობა. შეიძლება დიფერენცირებისთვის მისი გამოყენებაც, მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და მზაობის მიხედვით.

თუ საშინაო დავალებებთან მიმართებით თქვენი სკოლის პოლიტიკა საშუალებას გაძლევთ, ეცადეთ, შემოქმედებითად მიუდგეთ დავალებების მოფიქრებას და გაითვალისწინოთ:

 

– რას ასწავლის ან შესძენს მოსწავლეს ეს სამუშაო?

– ღირს ამაზე დროის დახარჯვა?

– დაძაბულობას ხომ არ გამოიწვევს ეს დავალება მოასწავლის ოჯახში?

 

თუ საშინაო დავალებას შემომქდებითად მოვეკიდებით, მოსწავლეებს შესაძლოა მისი მიღება გაუხარდეთ კიდეც.

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/5-keys-successful-homework-assignments-during-remote-learning

ანიტა – სიყვარულის გმირი

0

ილია ჭავჭავაძეს სამუშაო კაბინეტში სხვა სურათებთან ერთად მდიდრულ ჩარჩოებში ჩასმული სამი პორტრეტი ეკიდა: შოთა რუსთაველისა, ერეკლე მეორისა და ჯუზეპე გარიბალდისა. პირველი ქართული  პოეზიის მშვენებად  მიაჩნდა, მეორესთან საქართველოს ტრაგიკულ ბედს აკავშირებდა, მესამე კი მისი საყვარელი და გამორჩეული გმირი იყო, იტალიის ეროვნული გაერთიანებისთვის თავდადებული მებრძოლი. ის მასში აღტაცებასა და პატივისცემას იწვევდა. იტალიიდან საქართველოშიც მძლავრად გაისმოდა „ხმები სიმართლისა“, ბოროტებას რომ თრგუნავდა. ილიას მეგობართა გადმოცემით, სულ ახალგაზრდა ჭავჭავაძეს მოხალისედაც კი უნდოდა თურმე წასვლა ჯუზეპე გარიბალდის რაზმში. ყმაწვილური ოცნება ერის თავისუფლებაზე ფიქრს გადაეჯაჭვა, მალე ილია თვითონ გახდა საქართველოში ფართოდ გაშლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური. თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობითა და შემოქმედებით მან გააღვიძა და აამოძრავა ხალხი და გულში მძლავრად ჩაუბეჭდა იდეა თავისუფლებისა. „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“, – ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა ქართველები და ერმა დაიწყო ფიქრი და მოქმედება რუსეთის იმპერიისგან თავდასაღწევად. უძველესი კულტურის ქართველი ერი, ღირსებააყრილი და დაბეჩავებული, ილიამ ფეხზე წამოაყენა და თავისი მოწამეობრივი მსხვერპლით გამოისყიდა.

ჯუზეპე გარიბალდი ილიასთვის იქცა თავისუფლებისთვის მებრძოლის იდეალად და 1860 წელს სწორედ მას მიუძღვნა ლექსი „მესმის, მესმის“. ამ დროს გარიბალდი ისევ აქტიურად იბრძოდა მოხალისე რაზმებთან ერთად იტალიის გაერთიანებისთვის. იტალიაში ამტყდარი ბრძოლის ყიჟინა პოეტს იმედს აღუძრავდა და ანატრებინებდა: „ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი / გამაგონე ჩემს მამულში“.

ილიას სიყვარული ჯუზეპე გარიბალდის მიმართ გაგვახსენა თანამედროვე ავსტრიელი მწერლის, გლორია კაიზერის, რომანმა „ანიტა გარიბალდი“, რომელშიც წარმოჩენილია ჯუზეპე გარიბალდის ხიფათიანი ცხოვრების თანამგზავრის, მისი მეუღლისა და თანამებრძოლის ბედი. მწერალს მის შესახებ ძალიან მცირე დოკუმენტური მასალა ჰქონდა, თუმცა, როგორც თვითონვე აღნიშნავს ბოლოსიტყვაობაში: „დოკუმენტების  სიმცირე, ერთი მხრივ, მირთულებდა მისი ცხოვრების ზუსტ ასახვას, მეორე მხრივ კი მიმსუბუქებდა კიდეც, უფრო მეტი ფანტაზიისა და თავისუფლების საშუალებას მაძლევდა“.

რომანის მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, ანიტაა, მაგრამ მასთან ერთად ცოცხლდება ლეგენდარული ჯუზეპე გარიბალდის სახეც, მისი თავდაუზოგავი ბრძოლაც. მწერალი შთამბეჭდავად ხატავს ამ ჯიუტი,  თავზე ხელაღებული, უშიშარი, თავისუფლების იდეისთვის თავგანწირული ადამიანის ხასიათს ბრძოლის ველზე თუ ოჯახში, მებრძოლებსა და ახლობლებთან ურთიერთობაში. წიგნში ცოცხლდება XIX საუკუნის 40-60-იანი წლების ევროპის მშფოთვარე  ცხოვრება. მწერალი ახერხებს მოიხელთოს და ასახოს ეპოქის სული, რომელიც ცალკეულ გმირებში პოულობს გამოძახილს.

ანიტა თავის ლეგენდარულ მეუღლესთან ერთად იბრძოდა იტალიის თავისუფლებისა და გაერთიანებისთვის. უბრალო ბრაზილიელი გოგონა საქვეყნო იდეამ ისე გაიტაცა, რომ თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ამ ბრძოლას შესწირა. თავისი თავგანწირვით ჟანა დარკს და სხვა იმ ქალებს მიემსგავსა, დელაკრუას ნახატებზე თავისუფლების  დროშას რომ აფრიალებენ. ეს დროშა მათ დაუმორჩილებლობასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას გამოხატავს. საქართველოს ისტორიაშიც მრავლად იყვნენ ასეთი ქალები, მათ შორის, უპირველესად, მაია წყნეთელისა და თამარ ვაშლოვნელის სახელები წამოტივტივდება. ამიტომ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ვნება, რომელსაც განიცდიდა ახალგაზრდა ანიტა გარიბალდი, მოულოდნელად აღმოჩენილი ბრძოლის შუაგულში, სისხლითა და ცხედრებით გარემოცული, მონასტრის მყუდრო გარემოდან ცხოვრების ქარიშხლიან შუაგულში მოხვედრილი.

გლორია კაიზერმა რომანის შესაქმნელად მოიპოვა  არა მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა ანიტას დაბადების მოწმობა, ნათლობის რეგისტრაცია, ქორწინების ცნობა, არამედ მოიძია თვით ანიტას ხელით დაწერილი რამდენიმე წერილიც, რომლებიც ლაგუნაში ძვირფასი რელკვიებივით ინახება. მწერლის  წარმოსახვას ძალას მატებდა რამდენიმე მემორიალური დაფა და ის ადგილებიც, სადაც ბრძოლები გაიმართა. თითქმის ყველა მემორიალურ დაფაზე ჯუზეპე გარიბალდისთან ერთად ეწერა ანიტა გარიბალდის სახელიც. ლუიჯი როზეტი გაზეთში „El National“ ანიტას შესახებ წერდა: „ანიტა იყო თანამებრძოლი და პარტნიორი გარიბალდისა“. ვაქარიასთან გარიბალდის დამარცხების შემდეგ როზეტიმ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „Anita – Heroina de Amor“ („ანიტა – სიყვარულის გმირი“).

დოკუმენტების მიხედვით, ანა მარია დე იეზუ დაიბადა 1821 წლის 30 აგვისტოს,  სანტა კატარინაში (ბრაზილია),    1837 წელს   მისთხოვდა მანუელ დუარტე დე აგუიარს რიო-დე-ჟანიეიროში.  აქვე 1839 წელს გაიცნო ჯუზეპე გარიბალდი, მიატოვა ქმარი და გარიბალდისთან ერთად გაიქცა ლაგუნაში. 1839 წლის ნოემბერში გაემგზავრა რიო-დე-ჟანეიროში, ტვირთის გადასატანად. მალე ციხეში მოხვდა. 1839 წელის დეკემბერში  გენუაში ჩავიდა, საშობაოდ ესტუმრა გენუის ქალებს (1841 წელს ამ ადგილს მის პატივსაცემად დაერქვა  ანიტა გარიბალდი). ანიტას არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. იყო დრო, როდესაც  ცდილობდა, კერვით  ეშოვა  ფული, რათა ოჯახი შეენახა. 1842 წლის 26 მარტს მონტევიდეოში ანიტასა და გარიბალდის ქორწილი გაიმართა. 1848 წლის სექტემბერში იგი გარიბალდის რაზმთან შესახვედრად მაილანდში გაიქცა. 1849 წლის აპრილის ბოლოს ანიტამ ბავშვები ნიცაში დატოვა და რომში წავიდა. 1849 წლის 4 აგვისტოს იგი გარდაიცვალა სანტა-ალბერტოში. ამის შემდეგ გარიბალდიმ კიდევ კარგა ხანს იცოცხლა და 1882 წლის 2 ივნისს კუნძულ კაპრერაზე აღესრულა.

ამ მშრალი დოკუმენტების მიღმა მწერალმა მშფოთვარე სიცოცხლე დაინახა და დაგვიხატა. მან გააცოცხლა ანიტა როგორც უბრალო, მაგრამ ძლიერი ნებისყოფისა და სიყვარულისთვის თავგამეტებული ქალი, მდიდარი სულიერი სამყაროს პატრონი, გატაცებით რომ დააჭენებდა ცხენს, უნაზესი გრძნობებით გამსჭვალული დედაც რომ იყო, ვნებასა და ჟინს აყოლილი ჭირვეული ქალიც და მეოცნებეც. მწერალი რომანში წარმოაჩენს, რა თამამად გადიოდა ანიტა ზღვაში, დაღლილი, კვიპაროსების ჩრდილში ისვენებდა, მათი უცხო სურნელით თვრებოდა  და ფიქრობდა თავის უცნაურ ბედზე, დაეხეტებოდა კლდეებში, მთებზე, ეკალ-ბარდებში. გარეგნული უდარდელობისა და მხიარულების მიღმა იმალებოდა მისი მარტოსულობა და სულიერი ობლობა, ამიტომაც ოცნებობდა სულიერ მეგობარზე, წარმოიდგენდა მას როგორც იდეალურ თანამოაზრეს, როგორც მფარველ ანგელოზს, რომელიც ყოველთვის გაუგებდა, გაიზიარებდა მის ჭირსა და ლხინს. ანიტას მარტოობა აკრთობდა, თუმცა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე თავის ოცნებასთან. რომანის ქარგაში ძალიან ლამაზად არის ჩაწნული, თუ როგორ აგებს ანიტა თავისი ოცნების სახლს, სადაც სულიერ მეგობართან ერთად აპირებს მყუდროდ განმარტოებას: „ანიტამ ამ ოცნებისეული სახლის აგება იმ დღიდან დაიწყო, როცა დედამ, დონა ანტონიამ, ჯერ კიდევ პატარა გოგო მონასტერში მიაბარა. ამ ოცნებაში ჩაკარგვით ცდილობდა გაქცეოდა რისხვას, დამცირებას და სითბო იქ ეპოვა. ოცნებებსა და სიზმრებში ქვას ქვაზე ეზიდებოდა და გრავიტას მაღლობზე, ლაგუნას ზემოთ, მთაზე, საკუთარ სახლს, აუღებელ ციხესიმაგრეს აშენებდა. წლების მერეც ყველანაირ სიძნელეს, დაბრკოლებას ამ სახლზე ოცნებით უძლებდა. ჰო, მაშინაც კი, როცა  რიო-დე-ჟანეიროში ციხის წინ იდგა, როცა დაბორკილი ხელები თანდათან უსივდებოდა, როცა აქეთ-იქიდან ესმოდა: ეს ხომ ის ანიტაა, გარიბალდისთან ერთად რომ გაიქცაო. ის ამ შეძახილებსაც, ამ მძიმე წუთებს, საათებს, ქვებივით აგროვებდა და ისევ თავისი სახლის გარშემო გალავანს აგებდა. სურდა, სახლიც და ბაღიც ისეთი მყარი, განიერი სვეტებით გაემაგრებინა, რომ ყოველგვარი თავდასხმისგან დაცული ყოფილიყო“.

მწერალი ანიტას ფსიქოლოგიურ პორტრეტსაც ხატავს, იმგვარ ეპიზოდებს იგონებს მისი ბავშვობიდან, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს, როგორ ჩამოყალიბდა ანიტას ხასიათში შეურიგებლობა, დაუმორჩილებლობა. ანიტა მზად იყო პროტესტისთვის და არ უფრთხოდა არანაირ ძალმომრეობას. მას ბევრი რამ აკლდა ბავშვობაში, უპირველესად კი მშობლებისა და ახლობლების სიყვარული. თვითონ უზღვავი სიყვარული ჰქონდა და მისი გაცემის შესაძლებლობა სწორედ მაშინ მიეცა, როდესაც ჯუზეპე გარიბალდის რაზმელებთან მოხვდა. სრულიად ახალგაზრდა ანიტა ცხოვრებას პირისპირ შეეჯახა, გარიბალდისთან ერთად,  ხიფათიანი გზების კვალდაკვალ, მჟღავნდებოდა მისი ბუნების აქამდე დაფარული თვისებები. ის იყო ამაყი და თავდაჯერებული, მაგრამ, ამასთანავე, ნაზი და მოსიყვარულე. ბრაზილიის პატარა სოფელში  აღზრდილი, ინარჩუნებდა გულწრფელობასა და გულუბრყვილობას, ერთგვარ ინფანტილურობას, რაც მას ადამიანებთან დაახლოებაში ეხმარებოდა.

მწერალი აღწერს, რა მძაფრი შინაგანი ბრძოლების გადატანა უხდებოდა ანიტას, რა ხშირად იპყრობდა ეჭვი, როდესაც თავის ბედზე ფიქრობდა. მის თავისუფლებისმოყვარე სულს ბორკილებად ეჩვენებოდა გარკვეულ მოვალეობათა ყოველდღიური ერთფეროვნება, ამიტომაც გაექცა პირველ ქმარს და ჯუზეპე გარიბალდისთან ერთად ცხოვრების რომანტიკას დაეწაფა, თუმცა ეს რომანტიკა იყო ხიფათიანი და სისხლიანი, მაგრამ მას ეს ერჩივნა ერთფეროვნების ჭაობში დახრჩობას. სულს უხუთავდა უმოძრაო, დახავსებული გარემო, ამიტომაც მიმართა გზას, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ ანახა და გამოაცდევინა – ღალატიც და ერთგულებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, სიკეთეც და ბოროტებაც, ჭირიც და ლხინიც. მისი ცხოვრების უმთავრეს სიმბოლოდაც გზა იქცა. ეს გზა თანაბრად მიიმართებოდა მატერიალურსა და სულიერ სამყაროში. ჯარისკაცივით ჩაცმული, ცხენზე ამხედრებული, აქეთ-იქით დაეხეტებოდა, ხანაც სახლიდან სახლში მკერავად დადიოდა, გაერთიანებული იტალიის შესახებ დისკუსიებს ისმენდა, მერე ისევ გზას მიჰყვებოდა, ოღონდ ახლა ლუიჯი როსეტის პოეზიაში, ბრუნო გონსალესის მოგონებებში, ხანაც საკუთარ უსასრულო და ლამაზ ოცნებებში.

ამჯერად, გლორია კაიზერის წყალობით, „შორით მომავალი გაუბედურებული ქალის დაღლილი ნაბიჯების ნაკვალევი უდაბნოს ქვიშამ“ ვერ წაშალა. ანიტა გარიბალდიმ რომანის ფურცლებზე მოიპოვა ახალი  სიცოცხლე, ყოველი ახალი მკითხველი კი მას კვლავ და კვლავ გამოიხმობს დავიწყების ბურუსიდან და მასთან ერთად იხეტიალებს ცხოვრების ოღროჩოღროებზე, ააფრიალებს საკუთარი სისხლით შეფერილ  თავისუფლების დროშას, თანაბარი გატაცებით შესვამს სიცოცხლის ტკბილ-მწარე მათრობელა სასმისს და არ ინანებს არც ერთ წუთს, ცხოვრების ორომტრიალში დახარჯულს, ტკივილითა და სიხარულით თანაბრად გაჯერებულს.

მწერალი რომანში  საოცარი სითბოთი და სიყვარულით ხატავს მომაკვდავი ანიტას უკანასკნელ წუთებს: „ჯუზეპე კიდევ ერთხელ მოეხვია  მას, ანიტამ ისევ მოიშორა. იგი  ხშირად დაჰკვირვებია მძინარე ჯუზეპეს. ყოველთვის ისე მოკუნტულს ეძინა, როგორც ბავშვს დედის მუცელში. ანიტა ამ კაცზე  პასუხისმგებლად მიიჩნევდა თავს. სურდა, დაეცვა, მისგან ყოველი მტანჯველი ფიქრი განედევნა, ძილში საბანი გაესწორებინა, როგორც თავისი შვილებისთვის: მენოტისთვის, ტერეზიტასთვის, რიციოტისთვის.

– კომენდანტო გარიბალდი, – იყვირა უცბად უგო ბასიმ, – ავსტრიელები აქეთ მოდიან, უნდა გავიქცეთ! დონა ანიტა, ის…

უგომ რამდენიმე წუთით ქალის საწოლთან ჩაიმუხლა, ანიტა ხელზე მის სუნთქვას გრძნობდა, მაგრამ სიტყვის თქმის თავიც არ ჰქონდა. ის ვეღარაფერს ხედავდა, წყვდიადში ჩაძირული კვიპაროსების გარდა, ვეღარაფერს გრძნობდა,  სულიერი თანაზიარის ცივი ხელების გარდა“.

ანიტა ამ დროს მხოლოდ 28 წლის იყო, მაგრამ მოასწრო, ცხოვრების შუაგულში ეტრიალა, ჰყვარებოდა და, რაც მთავარია, კვალი დაეტოვებინა. მისი სიკვდილის შემდეგ გავიდა წლები და გლორია კაიზერმა  მისი სახელი ჩახუთული არქივის ჩაკეტილ უჯრებს გამოსტაცა, მისი სული გაყვითლებული მშრალი დოკუმენტების ტყვეობიდან იხსნა და რომანის ფურცლებზე კლავ გააცოცხლა მარადიული ცხოვრებისთვის.

თანამედროვე ავსტრიული და გერმანული ლიტერატურის შესანიშნავმა მთარგმნელმა მაია მირიანაშვილმა კი ამ თარგმანით ქართველ მკითხველს კიდევ ერთი საინტერესო რომანის გაცნობის საშუალება მისცა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება National Geographic MapMaker Interactive -ში!

0

მართალია, National Geographic გეოგრაფებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, ყოველთვის იყო და არის მათი საუკეთესო „მეგობარი“ და დამხმარე, მაგრამ ახლა, დისტანციური სწავლებისას მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს იგი ძალიან საჭირო და ღირებული რესურსია. National Geographic-ის საიტზე, მრავალფეროვან და საინტერესო გეოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად, შეგიძლიათ გაეცნოთ გაკვეთილის გეგმებს, სასწავლო მასალებსა და რესურსებს, და რაც მთავარია, გეოგრაფიულ რუკებს. უფრო მეტიც პროგრამა https://mapmaker.nationalgeographic.org/-ის გამოყენებით თქვენ თავად შეგიძლიათ შექმნათ რუკები.

გთავაზობთ ამ ონლაინინსტრუმენტის გამოყენების ინსტრუქციას და ვიმედოვნებთ, რომ გაკვეთილზე ინტენსიურად და ეფექტიანდ გამოიყენებთ ამ პროგრამას.

რა არის National Geographic MapMaker Interactive?

MapMaker Interacive ონლაინრუკების ინსტრუმენტია, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მსოფლიო საიტზე მოცემული რუკების თემების, მონაცემებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. ონლაინრუკების დახმარებით მოსწავლეებს უადვილდებათ ვიზუალური აღქმა და იმის დადგენა, როგორ ურთიერთქმედებენ ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთთან დაკავშირებული სოციალური და ფიზიკური სისტემები.

ინტერნეტგვერდზე მრავალფეროვანი საბაზისო რუკებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სწორედ ის რუკა, რომელიც თქვენი ინფორმაციის რუკაზე გადასატანად გამოგადგებათ. National Geographic MapMaker Interactive საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ სხვადასხვა სივრცული მოვლენა ან პროცესი, თუ თქვენს უკვე შერჩეულ საბაზისო რუკას წინასწარ მოძიებულ მონაცემებს დაამატებთ.

საბაზისო რუკებზე აღნიშნულია მსოფლიოს ქვეყნები, მათი ადმინისტრაციული საზღვრები, ქალაქები, დაცული ტერიტორიები, მაგისტრალები, გზები, რკინიგზები, წყლის ობიექტები, შენობები და სხვა ობიექტები.

როგორ გამოვიყენოთ National Geographic MapMaker Interactive?

მუშაობა დაიწყეთ მსოფლიოს „ცარიელი“, ე.წ. საბაზისო რუკით, რომლის გადიდება და პანორამირება შესაძლებელია. პროგრამის გვერდზე, მარჯვენა მხარეს მოცემულია საბაზისო რუკები, რომელთაგანაც ღილაკის „შრის დამატება” (Add & Remove Layers) საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი რუკა, უფრო მეტიც, ერთდროულად შეგიძლიათ შეარჩიოთ რამდენიმე რუკა, დააწყოთ ეს რუკები ფენები და შეცვალოთ მათი გამჭვირვალობა სივრცითი ურთიერთობების შესასწავლად.

საბაზისო რუკების ფენების კატეგორია მოიცავს შემდეგ რუკებს: ამინდი და კლიმატი, წყალი, აშშ-ის ისტორია, კვების პროდუქტები, მოსახლეობა, გარემოს დაცვა, ენერგია, კულტურა, ცხოველების გავრცელების არეალები, ეკონომიკა და პოლიტიკური საზღვრები. თითოეული ჩამოთვლილი კატეგორია ასევე შედგება ჰიდროსფეროს, ლითოსფეროს, ატმოსფეროსა და ბიოსფეროსთან დაკავშირებული რუკების ფენებისგან. მაგალითად, კატეგორია გარემოს დაცვაში შედის რუკები CO2 ემისია, ჰიდროელექტროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგია, ეკოლოგიური ნაკვალევი და სხვა რუკები.

ამ ინტერაქტიური რუკების დახმარებით, მაგალითად, შესაძლებელია შევადაროთ CO2-ის ემისია და ენერგიის გლობალური მოხმარება, რომ დავინახოთ არის თუ არა კავშირი მათ შორის. ასევე რუკების ფენების ერთმანეთზე დადებით შეგვიძლია, მაგალითად, ძლიერი მიწისძვრების ადგილები შევადაროთ ტექტონიკური ფილების განლაგებას და გამოვიტანოთ დასკვნა (იხ.ფოტო).

National Geographic MapMaker Interactive საშუალებას გაძლევთ თქვენ გეოგრაფიულ „მოთხრობას“ – ე.წ. „გეოტურს“ დაამატოთ ფურცლები ახალი რუკებით, ხოლო სანიშნეების საშუალებით ისინი შეინახოთ. შემდეგ კი შეგიძლიათ ისინი ან გაარედაქტიროთ ან უკვე მზა სახით ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოთ ადრესატს (მაგ; მასწავლებელს ან თანაკლასელს) ან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნოთ და სხვებს გაუზიაროთ.

MapMaker Interactive-ში ხატვის პანელის გამოყენებით, თქვენს რუკას შეგიძლიათ დაამატოთ ხაზები, მართკუთხედები, წრეები, მრავალკუთხედები და ეტიკეტები. გამოიყენეთ რედაქტირების პალიტრა თქვენი ობიექტის ან ტექსტის ფერის, სისქის ან ზომის შესაცვლელად, ანუ შეგიძლიათ დახატოთ ახალი რუკა.

National Geographic MapMaker Interactive საშუალებას გაძლევთ, გაავლოთ ხაზები თქვენს რუკაზე ნებისმიერ გეოგრაფიულ ობიექტს შორის, გაზომოთ ამ ხაზების სიგრძე და გაიგოთ რეალური მანძილი მათ შორის. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ხაზი რედაქტირების პალიტრის გამოყენებით, შეცვალოთ მისი ფერი, სისქე, სტილი ან გაზომვის ერთეული. შეგიძლიათ მონიშნოთ ტერიტორიები, არეალები, საზღვრები, გამოყოთ თქვენ მიერ შერჩეული ფერით.

National Geographic MapMaker Interactive საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ნებისმიერი გეოგრაფიული ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატი – გრძედი და გრძედი. თქვენს რუკაზე არსებული გრადუსთა ბადის ხაზები – მერიდიანები და პარალელები დაგეხმარებათ გეოგრაფიულ სივრცეში თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ დააწკაპუნოთ უჯრაზე მენიუს მარცხენა ქვემოთა კუთხეში.

თქვენს რუკებზე, ე.წ. „სარჭებით“ ან მარკერით შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადგილები, დაამატოთ მათი ფოტოები, ვიდეოები და აღწერილობები, გამოიყენოთ მარკერები, ხაზები ან ფიგურები და მოჰყვეთ თქვენი გეოგრაფიული ისტორია – „გეოტური“ Map Maker-ში.

MapMaker Interactive -ით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და გაეცნოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. ამისათვის საჭიროა ჩართოთ ფუნქცია „ქვეყნის დროშები და ფაქტები” (Country Flags & Facts), რომელიც ნახატის ხელსაწყოთა პანელშია განთავსებული და დააწკაპუნოთ თქვენთვის საინტერესო ქვეყანაზე.

როგორ შევინახოთ შექმნილი რუკა?

თქვენი შექმნილი რუკა შეგიძლიათ შეინახოთ National Geographic MapMaker Interactive – ში, ამისათვის გადადით ღილაკ „Save“-ზე და დააწკაპუნეთ. ამ ოპერაციის შემდეგ MapMaker გამოგიგზავნით თქვენი რუკის ორ ბმულს: ერთი საშუალებას გაძლევთ განაახლოთ და შეცვალოთ რუკა მოგვიანებით და მეორე, რომელიც ქმნის „მხოლოდ წაკითხვის” ვერსიას და რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენი რუკა GeoTour– ში მოგვიანებით გამოსაყენებლად.

როდის გამოვიყენოთ?

მასწავლებელს National Geographic Mapmaker შეუძლია გამოიყენოს მოსწავლეებთან ინფორმაციის გასაზიარებლად, დისტანციური სწავლების დროს, ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებისას, ციფრული და გეოგრაფიული უნარების განსავითარებლად, კომპლექსური დავალებების შესაქმნელად.

 

როგორი დავალებები შეიძლება მივცეთ მოსწავლეებს?

გთავაზობთ დავალების რამდენიმე ნიმუშს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებების შედგენაში დაგეხმარებათ:

დავალება N1. გამოიკვლიე როგორ უკავშირდები გლობალურ სამყაროს

მოსწავლეები სწავლობენ მათი ფეხსაცმელისა და ტანსაცმელის ეტიკეტებს და იკვლევენ, თუ სად მოხდა მათი წარმოება და როგორ მოხვდა ისინი მათთან. შემდეგ პროგრამა MapMaker Interactive-ში ირჩევენ საბაზისო რუკებიდან პოლიტიკურ რუკას და მასზე ამ პროდუქციის წარმოების ადგილებსა და მათ ქვეყანას აღნიშნავენ. მოსწავლეები მართავენ დისკუსიას ან წერენ სტატიას გლობალური სამყაროსა და ტანსაცმლისა თუ იმ სხვა პროდუქტების ურთიერთკავშირზე, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ.

დავალება N2. უთვალთვალე სავაჭრო გზებს

შესთავაზეთ მოსწავლეებს, ჩაატარონ კვლევა, რომ მოიძიონ ინფორმაცია დედამიწაზე პროდუქტების გადაზიდვების გეოგრაფიაზე. პროდუქტები, რომლებიც მათ შეიძლება გამოიკვლიონ, შეიძლება იყოს საკვები პროდუქტები, ელექტრონიკა, მინერალური რესურსები, ნავთობი და სხვ. შემდეგ პროგრამა MapMaker Interactive-ში საბაზისო რუკებიდან ირჩევენ პოლიტიკურ რუკას და მასზე ამ პროდუქტების „მოგზაურობას“ აღნიშნავენ წარმოშობის ან წარმოების ქვეყნიდან დანიშნულების ქვეყნამდე. სთხოვეთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეები ვაჭრობასა და გარემოზე.

დავალება N3. დაესწარი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს

მოსწავლეები პროგრამა MapMaker Interactive-ში საბაზისო პოლიტიკურ რუკაზე იმ ქვეყნებს აღნიშნავენ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში და ერთ-ერთი რომელიმე ქვეყნის შესახებ ამზადებენ პრეზენტაციას. ამავე დროს ელექტრონულ რუკაზე ამ ქვეყანას ურთავენ მოკლე აღწერილობას, ფოტო ან ვიდეომასალას.

სცადეთ და დარწმუნდებით, რომ ამ პროგრამაში მუშაობა ერთდროულად სახალისოცაა და საინტერესოც.

პორტალის და პროგრამის ინტერნეგვერდის ბმულები:

https://www.nationalgeographic.org

https://www.nationalgeographic.org/education/

https://mapmaker.education.nationalgeographic.com

 განხილულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად იხილეთ ჩვენი ვებინარის ლინკი:

https://www.facebook.com/tpdc.gov.ge/videos/672095783354001/

https://www.facebook.com/tpdc.gov.ge/videos/608652300009156/

https://www.facebook.com/pg/tpdc.gov.ge/videos/

 

გარე შეფასება – კრიტერიუმები და ინდიკატორები

0

გარე შეფასების პრაქტიკაში, განსაკუთრებით კი იმ სისტემებში, სადაც პროცესი არა სადამსჯელო, არამედ განმავითარებელი ხასიათისაა შეფასების ძირითადად ინსტრუმენტად სკოლის თვითშეფასების ანგარიშები გამოიყენება. რასაკვირველია, ადგილზე ვიზიტის დროს ექსპერტთა ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს სკოლის წარმომადგენელთა გამოკითხვა/ინტერვიუირებას, თუმცა ანგარიშებში ასახული ინფორმაცია მათ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.  ექსპერტთა ჯგუფს წინასწარ აქვს მიღებული დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში, სადაც აღწერილია სკოლაში არსებული ვითარება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ანგარიშებს ხშირ შემთხვევაში თან ახლავს იმ პირების (ჯგუფის) ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობდა მის შედგენაში და ვიზიტის დროს ისინი ექსპერტთა ჯგუფის მეგზურებს წარმოადგენენ.

თვითშეფასების ანგარიში ესაა მონაცემების მთელი ბაზა, რომელშიც თავმოყრილია სკოლის მიერ განხორციელებული თვითშეფასების ციკლის მიმდინარეობის აღწერა, რაოდენობრივი მონაცემები, თვისებრივი ანალიზის შედეგები და დასახულია გაუმჯობესების გზები. ინფორმაციის სახესა და რაოდენობას ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნების მიერ შემუშავებული თვითშეფასების ფორმები, რომლებიც ნათლად მიუთითებს სკოლას, რა ტიპის მონაცემებს ითხოვს მისგან მაკონტროლებელი.

გარეშემფასებლებს ინსპექტირების უშუალოდ ჩატარებამდე შესაძლებელია მრჩველის, ქოუჩის ან რეკომენდატორის ფუნქციაც ჰქონდეთ. ასეთ დროს გარე მხარდამჭერის ორგანიზაციაში ვიზიტი დამოკიდებულია მხოლოდ სკოლის ნება-სურვილზე, რათა გარე და შიდა შეფასების შედეგები სკოლის განვითარებისა და ინსპექტირების პროცესის მომზადებისათვის უკეთ გამოიყენოს. გარეშემფასებელი ოთხი მიმართულებით შეიძლება დაეხმაროს სკოლას: 1. ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი (როდესაც ახალ დირექტორს სჭირდება დახმარება ორგანიზაციის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებაში); 2. სასკოლო პროგრამის განვითარება (კონკრეტული საგნის კურიკულუმის დახვეწა მოწვეული ექსპერტის მეშვეობით); 3. მასწავლებელთა ზოგადი ქოუჩინგი; 4. მედიაწიგნიერების (ან რომელიმე გამჭოლი კომპეტენციის) დანერგვის ხელშეწყობა.

გარე რეკომენდატორს და ზოგადად, გარეშემფასებლის პრაქტიკას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ზურგს უმაგრებს მთელი თეორიული საფუძველი, რაც ემყარება:

  1. კომუნიკაციის თეორიას – რეკომენდატორსა და სკოლის დირექტორს შორის კომუნიკაცია დაფუძნებულია მომსახურების გამწევისა და მიმღების პრინციპზე. ამ შემთხვევაში მთავარია შესრულებული სამუშაოს ხარისხმა დააკმაყოფილოს მომხმარებელი. მსგავსი მიდგომის დროს საკვლევი კითხვებისა და დიზაინის განვითარება/ჩამოყალიბება ხდება ყველა სკოლაში ინდივიდუალურად, ლოკალურ დონეზე.
  2. სკოლის განვითარების თეორიები – ეფუძნება წინასწარ დაგეგმილ, ცვლილებებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომლის მიზანია არსებული სოციალური გარემოს შეცვლა/გაუმჯობესება. ამ დროს მთავარი კითხვაა – შესაძლებელია თუ არა რეკომენდატორის ჩართულობით ხელი შევუწყოთ სკოლის განვითარების პროცესს? შემფასებლები ეყრდნობიან სახელმწიფოს/მაკონტროლებლის მიერ დადგენილ ხარისხის კრიტერიუმებს და ცდილობენ, სკოლას დაეხმარონ ფართო, გლობალურ დონეზე შედეგების გაუმჯობესებაში. რადგან ხარისხის კრიტერიუმები კონკრეტულ ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში ყველა სკოლისათვის განსაზღვრულია, ამიტომ პროცესის მიმდინარეობა, ინსტრუმენტები, კვლევის დიზაინიც წინასწარ განსაზღვრულია.

რაც შეეხება გარე შეფასების დროს გამოყენებულ ინსტრუმენტებს,  ექსპერტებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული შეფასების სფეროები და კრიტერიუმები. მაგალითად, გერმანული შეფასების ცენტრი აქცენტს აკეთებს ღირებულებით ნაწილზე და თვლის, რომ შეფასების პროცესი უნდა იყოს სკოლისათვის გამოყენებადი, ზუსტი, განხორციელებადი და სამართლიანი. ყველა ეს პუნქტი თავის თავში მოიცავს დეტალურ აღწერას, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს შედეგები.

გარეშემფასებლის, როგორც რეკომენდატორის შემთხვევაში გამოიყენება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, მათ შორის გამოკითხვები, თვისებრივი ინტერვიუები, დოკუმენტაციის კონტენტანალიზი. მეთოდების გამიჯვნა შიდა შეფასების, თვითშეფასების, ინსპექტირებისა თუ ქოუჩინგის დროს არ ხდება. ყველა მიდგომა სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს იყენებს საჭიროების შესაბამისად. მეთოდები შესაძლებელია დაჯგუფდეს შემდეგნაირად:

გამოკითხვა – გამოკითხვის ნაწილს მიეკუთვნება კლასიკური, სოციალურ მეცნიერებებში აპრობირებული წერილობითი გამოკითხვის ფორმები ღია და დახურული კითხვებით/ შეფასებითი სკალებითა და/ან არჩევითბოლოიანი პასუხებით.

დაკვირვების ბლოკში ერთიანდება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა: გარე დაკვირვება, თვითდაკვირვება, თვითდაკვირვების სპეციალური ფორმა – ფოკუსირებული დაკვირვება და კოლეგიური ჰოსპიტაცია.

დოკუმენტების ანალიზის ნაწილს მიეკუთვნება პორტფოლიოები, საკლასო სამუშაოებისა და სასწავლო მასალების შესწავლა.

არსებობს კვლევები, რომლებმაც შეისწავლეს გარე შეფასების შედეგების ურთიერთმიმართება შიდა შეფასებასთან. ჰქონდა თუ არა რომელიმე მიდგომას მეორესთან შედარებით უფრო დადებითი ეფექტი. ანგლო-ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეში სკოლების ინსპექტირებისა და შიდა შეფასების ურთიერთმიმართება სხვადასხვა ანგარიშში გაანალიზდა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარე შეფასება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თვითშეფასების პროცესსა და შედეგებს, სკოლები ორიენტირებული ხდებოდნენ თვითშეფასებაზე, არა როგორც განმავითარებელ ინსტრუმენტზე, არამედ განიხილავდნენ მას როგორც გარე შეფასების წარმატებით გავლის მექანიზმს (მაგ: მსგავსი კრიტერიუმები, სფეროები, პროცესი).

ამგვარი კვლევების პარალელურად საინტერესო შედეგებს აჩვენებს ჰოლანდიაში 2009 წელს ჩატარებული კვლევა. მკვლევრები ცდილობდნენ, დაედგინათ, არსებობდა თუ არა კავშირი თვითშეფასებასა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის. კლასტერების ანალიზის შემდეგ (81 სკოლა) გამოიყო სკოლების 4 ძირითადი ტიპი. კვლევამ აჩვენა, რომ სკოლები ძლიერი და მკვეთრად გამართული თვითშეფასების სისტემით უფრო წარმატებით გადიოდნენ გარე შეფასებას და მათ მოსწავლეებს სხვა სკოლებთან შედარებით მაღალი შედეგები ჰქონდათ. თუმცა აქვე აზუსტებდნენ, რომ ძალიან მკვეთრად გამოხატული ემპირიული დასაბუთება ამ კავშირისა არ არსებობდა (Hofmann, Dijikstra and Hofmann, 2009).

 

მივიწყებული ტრაგედია, ადამიანებიდან ცხოველებამდე და „აი, ასეთი ამბები“

0

როცა ქვეყანაში ტრაგედია ხდება, მით უმეტეს, როცა ეს ტრაგედია სტიქიითაა გამოწვეული, ჩვენი სისუსტე და უმოქმედობა ფიქრის საფუძვლად იქცევა. ფიქრი კი ისეთი რამაა, აწმყოს არ სჯერდება და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წარსულს გადასწვდება ხოლმე. რა შეცდომები დავუშვით, ან რა წვლილი მიუძღვის თითოეულ ჩვენგანს იმაში, რომ სტიქიამ უამრავი ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლე შეიწირა. იქნებ ის, რომ, როცა საჭირო იყო, დაგვეზარა და არ გავაპროტესტეთ ხეების უმოწყალო ჩეხა, ან ბეტონის სიმახინჯეების მშენებლობა, მთელი ქალაქის ჰაერს რომ ისრუტავენ და უკან მხოლოდ მხუთავ ოხშივარს უშვებენ, რომლითაც ძალაუნებურად ვსუნთქავთ ჩვენ და ჩვენი შვილები და ვიწამლებით? ვიწამლებით დაბინძურებული ჰაერით, წყლით, და არამხოლოდ: ვწამლებით დაბინძურებული აზროვნებით, ღირებულებებით, ფსევდოტკივილებით და ბოლოს თავს ვიმშვიდებთ: კიდევ კარგი, მე არ ვიყავი, კიდევ კარგი, ჩვენ გადავრჩით.

სოციალურ ქსელებში ვაზიარებთ და პროფილის ფოტოებად ვაყენებთ, ნიღბებად ვირგებთ შავ ბაფთებს, რომლებიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს ფარისევლურ პოზიციას – სხვის დასანახ სევდას, სინამდვილეში კი ერთ დიდ გულგრილობას, ერთ დიდ „სხვის ჭირს“. ეს კარნავალია, ერთი დიდი, შავი ბაფთებით გაფორმებული კარნავალი. აქ ადამიანები თამაშობენ მწუხარებას. ისე კარგად ირგებენ როლებს, თვითონვე იჯერებენ, რომ ერთი დიდი სამგლოვიარო პროცესიის ნაწილს შეადგენენ, რომლის სიყალბეც ხშირად ისე აყროლდება ხოლმე, როგორც ყარს ყვითელი პრესის შეთითხნილი ტრაგიკული ისტორიები, თითიდან გამოწოვილი სენსაცია მასკულტურაში, ანუ ის, რადაც იქცევა ტრაგედია სულ ცოტა ხანში. ეს უზარმაზარი უბედურება დაწვრილმანდა, ისე დანაწევრდა, რომ სიკვდილმა უცებ სახე იცვალა და გადაუჭრელ დილემად იქცა: ადამიანები უნდა ვიგლოვოთ თუ ცხოველები? ვინც ცხოველებს გლოვობს, მას უყვარს ადამიანები? როდესაც საქმე ადამიანებს ეხება, იქ ცხოველები რა მოსატანია? – და ა. შ. და ა. შ. სიკვდილიც კი გაფერმკრთალდა და უკანა პლანზე გადაინაცვლა. მთავარი გლოვა გახდა. რა თქმა უნდა, აქაც კარნავალის წესებია, წარმოდგენის ფორმა და შინაარსიც მნიშვნელოვანია: რა ფერის ნიღბები გავიკეთოთ? ან სოციალურ ქსელში პროფილისთვის შავი ბაფთა ავირჩიოთ თუ ვეფხვის ფოტო? ან იქნებ ბეჰემოთის? ან სამივე ერთად?..

რატომღაც ყველას დაავიწყდა, როგორი ემოციით კითხულობდნენ ბავშვობაში „შვლის ნუკრის ნაამბობს“, როგორ განიცდიდნენ შვლის მწუხარებას, როგორ შესტკიოდათ მასზე გული. რა მოხდა, როგორ დავშორდით წიგნებს? როგორ დავშორდით სიყვარულს?

წარმოუდგენელია, ადამიანს ცხოველი ეცოდებოდეს და ადამიანი – არა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ სიყვარულს, ჰუმანიზმს, თანაგრძნობას ცხოველების სიყვარულით და მათ მიმართ გრძნობების გამოვლენით ვსწავლობთ. ეს ყველაფერი კი ბავშვობაში იწყება, იწყება ისტორიებით, ამბებით, მოთხრობებით, წიგნებით ცხოველებზე.

იმის თქმა მინდა, რომ ჩვენში ჭეშმარიტი სიყვარულის ჯაჭვი ცოცხალი სამყაროს უმნიშვნელო ბინადრის – ჭიამაიას სიყვარულით იწყება და ადამიანით სრულდება, მთლიანად სამყაროს სიყვარული კი მასზეა განაწილებული. ეს ერთი, შეკრული მთლიანობაა, მისი დაშლა შეუძლებელია. როგორც სამყაროს ჰარმონიული მთლიანობის დარღვევა იწვევს კატასტროფებს, სიყვარულის ჯაჭვის გაწყვეტასაც ამ სიყვარულის გადაგვარება და კვდომა მოჰყვება.

რაკი ბავშვის არსებაში ცხოველის სიყვარული ასეა გადაჯაჭვული ადამიანის სიყვარულთან, ძველად მეზღაპრეები ადამიანების ამბებს ცხოველებს მიაწერდნენ ხოლმე –მორალური დილემები ასე უფრო იოლი გასაგები ხდებოდა ბავშვისთვის. მათ ესმოდათ, რომ სამყაროს შეცნობა მისი უმცირესი წარმომადგენლით იწყება, მაგალითად, სასაცილო წრუწუნათი ან მახინჯი იხვის ჭუჭულით.

რა ხდება, რატომ ვივიწყებთ შვლის ნუკრებს, მშიერ ლეკვებს, ზამთრის ღამეებში გაყინულ ბეღურებს? მხოლოდ იმიტომ, რომ გავიზარდეთ. დიდებს კი მეტი სერიოზულობა მოეთხოვებათ, რაც საბოლოოდ შეუწყნარებლობით და ფარისევლობით სრულდება.

ჩემს ბავშვობაში მეზობლის ბავშვებს ასეთი ტრადიცია გვქონდა: თუ რომელიმეს ცხოველი ან ფრინველი მოუკვდებოდა, შესაფერისი პატივით ვასაფლავებდით: ყუთში ჩავასვენებდით, გარშემო ყვავილებს შემოვუწყობდით, „პორტრეტს“ დავუხატავდით… გულწრფელად დავტიროდით, გულწრფელად გვეცოდებოდა. გავიდა ხანი და ცხოველებზე ნასწავლი სიყვარული, თანაგანცდა თუ სიბრალული განვაზოგადეთ და ადამიანებზეც გადავიტანეთ.

ცხოველებიდან ადამიანებამდე – ეს ის გზაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის. ეს გზა ბავშვობაში წაკითხული წიგნებით იწყება – წიგნებით, ცხოველებზე, ბუნებაზე, სამყაროზე.

ჰოდა მინდა ერთ ძალიან, ძალიან მაგარ წიგნზე მოგიყვეთ, რომელიც შეიძლება ბავშვებისთვის იმ სამყაროში მოსახვედრ ბილეთად იქცეს, სადაც ჰუმანიზმი და ემპათია სუფევს, სადაც ცხოველებიც უყვართ და ადამიანებიც, შინაგანი ჰარმონია კი ამ ყველაფერს აბრჭყვიალებს.

ეს წიგნი რადიარდ კიპლინგის „აი, ასეთი ამბებია“.

კიპლინგი ბევრს მოგზაურობდა: ინდოეთში (სადაც დაიბადა და სამშობლოდ მიიჩნევდა), აფრიკაში, იაპონიაში… ნანახს და გაგონილს ტექსტებად აქცევდა. მან შექმნა ახალი ტიპის, კეროლისა და უაილდისგან განსხვავებული ლიტერატურული ზღაპარი.

წიგნში „აი, ასეთი ამბები“ ცხოველთა სამყაროს ფანტასტიკური ისტორიების მოთხრობილი. ავტორი უშუალოდ მიმართავს პატარა მკითხველს და მასაც უფრო და უფრო იტაცებს, უფრო და უფრო უყვარდება „აი, ასეთი ამბები“.

რატომ არ ჭამს ვეშაპი ბიჭებს და გოგოებს, რატომ აქვს მას ასეთი ხახა, ვინ იმარჯვა და გადააჩვია ის ადამიანების ჭამას? რატომ აქვს სპილოს ამსიგრძე ხორთუმი, ლეოპარდს – ლაქები, აქლემს – კუზი? რატომ გაუჩნდა მარტორქას კანზე ნაოჭები? როგორ შეიქმნა პირველი ანბანი? რატომ სეირნოსბ კატა თავის ნებაზე?

ეს პატარ–პატარა ამბები პასუხებია კითხვებზე, რომლებიც ბავშვებს უჩნდებათ მას შემდეგ, რაც სამყაროს აღქმას და შეცნობას იწყებენ. ზღაპრული, ჯადოსნური პასუხები, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ჰო, მართლა – გაინტერესებთ, რატომ აქვს ხორთუმი სპილოს, რომელსაც წინათ ღილივით ცხვირი ჰქონია? სპილუკას ძალიან ჰყვარებია კითხვების დასმა. ჰოდა, ერთხელ თავად ნიანგს მიადგა. რა მოხდა მერე და მიიღო თუ არა კითხვაზე პასუხი პატარა სპილომ, ამის გასაგებად „აი, ასეთი ამბები“ უნდა წაიკითხოთ – წიგნი, რომელიც დიდსაც და პატარასაც ერთნაირად დააინტერესებს, წარმოუდგენლად საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს, ფანტაზიას განუვითარებს და, ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი სამყაროს სიყვარულს გაუღვივებს.

„აი, ასეთი ამბები“ განსაკუთრებით ძილის წინ საკითხავი წიგნია, რომლის წაკითხვის შემდეგაც ტკბილი, მშვიდი ძილი ლამაზი, ფერადი სიზმრებით – გარანტირებულია.

ვაჟა-ფშაველა – პანთესიტი თუ ქრისტიანი

0

(ბუნების არსის, ღმერთის გაგებისათვის ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს შემოქმედებაში)

 

ლეილა თეთრუაშვილს თავის ნაშრომში ,,ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისთვის” ახლებურად აქვს გააზრებული ვაჟას პანთეისტობის, ბუნებისა (ღმერთის) და ,,მიზეზისის” პრობლემები. იგი ემყარება შუა სუკუნეების ევროპელი ერეტიკოს-მისტიკოსების (ჯ. ბრუნო, ნ კუზნელი, ი. ბოემე და ა.შ.), სპინოზას, ანგელუს სილეზიუსის, ლესინგისა და გოეთეს განწყობილებებს და მიიჩნევს, რომ ცნებების: პანთეიზმი, ,,ერესი”, შემოქმედებითი გააზრება მეტ-ნაკლებად მსგავსად ორგანულია გოეთესა და ვაჟას შემოქმედებისათვის.

როგორც ვაჟას, ისე გოეთეს ნაწარმომებებში ბუნებისა თუ ღმერთის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემათაგანია.

,,ბუნება, ანუ ღმერთი” სპინოზას ცნობილი პანთეისტური დებულებაა, რომელიც გოეთეს პოეზიაში ორ ასპექტადაა გამჟღავნებული: 1. ბუნებისა და ღვთაების ტოლ-სწორობა; 2. ღვთაებისა და ადამიანის სწორფრობა.

სპინოზასთან პანთეისტური თეორიის ნაკლია ის, რომ ამ მოძღვრებაში ღვთაებასთან წილნაყარი ნებისმიერი ,,მოდუსის” (სულიერის თუ უსულოს, მათ შორის, ადამიანისაც) არსი გაუფასურებული და ინდივიდუალობადაკარგულია, ხოლო სუბსტანცია (ღმერთი-ბუნება) განყენებულადა და უემოციოდაა წარმოდგენილი. რაც შეეხება გოეთეს, ცნობილი ფილოსოფოსისგან განსხვავებით, მისი ერესი ბუნება-ღვთაების გაიგივებით არ შემოიფარგლება და აღიარებს ღვთაება-ადამიანის ტოლსწორობასაც, ხოლო ეს უკანასკნელი, სამყაროს კანონზომიერებათა ორგანიზატორ-განმასახიერებელი, გონიერიცაა და გრძნობიერიც.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ვაჟას პანთეიზმზე ქართველი მკვლევრები და ლიტერატრათმცოდნეები. ვაჟას პანთეიზმს კატეგორიულად უარყოფდნენ გ. კიკნაძე და ჯ. ჭუმბურიძე და ამ დებულების მომხრეთაგან სამი მთავარი საკითხის დასაბუთებას მოითხოვდნენ: 1. პიროვნული ღმერთის არარსებობა ვაჟასთან; 2. იქიდან გამომდინარე, რომ პანთეიზმისთვის უცნობია მორალური კატეგორიები (სიკეთისა და ბოროტების ცნებები), დასაბუთება იმისა, რომ მწერალი უარყოფს ეთიკურ პრობლემებს; 3. ,,პანთეიზმი გულისხმობს, რომ… ყოველი ცალკეული დაკარგულია ერთ მთლიანობაში, პანთეიზმისთვის საბედისწერო საკითხია, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთოდ ინდივიდუალური სახის არსებობსა” (ჯ. ჭუმბურიძე, ვაჟა რევოლუციამდელ კრიტიკაში, ვაჟას კრებული, თბ.,1970, გვ. 18). განა, ვაჟას გმირები გამორჩეული ინდივიდები არ არიან?!

ქალბატონი ლ. თეთრუაშვილის აზრით, პანთეიზმის ისეთი გაგება, როგორიც ჩვენს ლიტერატურულ კრიტიკაში გამოითქვა, მიამიტურია და ვაჟასთვის შეუსაბამოც. ესაა პანთეიზმის პოპულარული ხასიათის გაგება და არა შემოქმედებით-აკადემიური, აქედანაა გამომდინარე, ტონის კატეგორიულობაცო. ლ. თეთრუაშვილი ყურადღებას ამახვილებს პანთეიზმის ერეტიკულ თუ ფიზიონომისტურ გაგებაზე, რომელიც მე-18 საუკუნეში გამოვლინდა, ე.წ. ,,გოეთესებურ პანთეიზმად”, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წარმართულ-ბერძნულსა და შუა საუკუნეების ერეტიკოს-მისტიკოსთა მსოფლგაგებასა და სპინოზა-ლაიბნიცის შეხედულებებს.

ლ. თეთრუაშვილის აზრით, ვაჟას წარმართობა პირველყოფილობას არ უნდა გულისხმობდეს, ერეტიკსობა – ღვთაების ყოველგვარი გაგების უარყოფას, პანთეიზმი – ზნეობრივი ,,მეს” ანდა ინდივიდუალობის უარყოფას, ხოლო მისტიკა – მისტიციზმს, ანდა მარტოოდენ სულის გამოცხადებას ღვთაებრივად, მატერიის საპირისპიროდ და მათ შორის ისეთ შეურიგებელ, მტრულ დამოკიდებულებას, როგორც ეს, გოეთეს გამოთქმით, ,,სიტყვით განსწავლულებს” ესახებათ.

აქვეა მოსახმობი ო. ჯინორიას შეფასება გოეთესთან მიმართებით: ,,გოეთე უბრწყინვალესი წარმომადგენელია, ე.წ. ფიზიონომისტური პანთეიზმისა, რომელიც   ღმერთში კი არ აქრობს სამყაროს თავისთავადობას, არამედ, პირიქით, ბუნებაში ,,ხსნის” ღმერთს; ღმერთად წოდებული ბუნების შემოქმედებით უნარსა და სასიცოცხლო ძალას აღიარებს, როგორც მისტიკურ, ისე სულიერ მოვლენათა ერთიან სუბსტანციად”. (ო. ჯინორიას კომენტარი ი. ვ. გოეთეს ფილოსოფიური ლირიკის თარგმანზე, ჟურნალი ,,ცისკარი”, 1974, N 9, გვ. 85).

ვაჟა-ფშაველა თავის ლირიკაში და მთელ შემოქმედებაშიც ერთმანეთის მონაცვლეობით იყენებს ,,ღვთიური წესის”, ,,ქვეყნის დამდგენის” და ,,ბუნების ზნის” ცნებებს, თუმცა ეს მისთვის განსხვავებული თავისთავადობებია (ლექსში ,,ერთი რამ მინდა სათქმელად” ვაჟა ღვთის, ,,ქვეყნის დამდგენის წყალობად” მიიჩნევს გაზაფხულის დადგომას ან თუნდაც ლექსში ,,ქებათა-ქება” პირდაპირ აღიარებს ბუნების ღვთაებისგან გაჩენას), რომლებსაც მწერალი არ აიგივებს მსგავს ფენომენებად, როგორც ამას ლ. თეთრუაშვილი განმარტავს.

ასე რომ, შეიძლება, ბუნების არსი ვაჟასთან, ისევე როგორც გოეთესთან, სხვადასხვა ტერმინსა და სახელში მოიაზრება (თუნდაც ,,მიწის კანონი” ან ,,წუთისოფლის თვისება”), მაგრამ არ შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც გოეთეს ,,ფაუსტში” ღმერთისა და ბუნების არსი გაიგივებულია, ვაჟა-ფშაველასთანაც არ რჩება თითქოს ადგილი პიროვნული ღმერთისთვის (თუნდაც ,,ალუდა ქეთელაურში” ალუდას მიერ მოპოვებული ,,ახალი” ღმერთი, რომლის სამწყსოა რჯულიანიცა და ურჯულოც, სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანული მსოფლაღქმა, ,,გიყვარდეს მტერი შენით”, ყველა რელიგიის ღმერთისგან გამორჩეული – იესო ქრისტე).

ბუნების ,,თავ-ბოლოს”, ,,წესს” სამყაროს უდიდეს საიდუმლოდ მიიჩნევს ვაჟა (,,შენი წესი და თავ-ბოლო საიდუმლობა მთელია”). ასევე შეუძლებლად მიაჩნია ბუნების საიდუმლოთა შეცნობა, ,,წაკითხვა” გოეთეს ლირიკულ გმირს (ლექსი ,,მგზავრი”).

ვაჟასთან, ისევე როგორც გოეთესთან, ღმერთი რელიგიურ-ფილოსოფიური კატეგორიაა, არა მარტო რელიგიური ხატი, არამედ მორალური, ეთიკური იდეაც. ასეთივე დამოკიდებულებას ამჟღავნებს გოეთეს ნათქვამი ეკერმანთან 1832 წლის 11 მარტს, რომელშიც იგრძნობა ,,მოწიწებული თაყვანისცემა” ქრისტესადმი და, ასევე, იგი მისთვის ,,ზნეობრიობის უმაღლესი პრინციპის ღვთაებრივი განცხადებაა”.

ვაჟა-ფშაველასთან სიკეთე და ბოროტება, როგორც გოეთესთან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისია, პოლუსი, რომელთა ერთმანეთის თუ ერთიანობის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. სწორედ ეს დაპირისპირებულთა ერთობა ქმნის ღვთის მიერ დადგენილ ,,ბუნების ზნესაც”.

ეს მაიმპულსირებელი ურთიერთდაპირისპირებულობაა ლექსში ,,ვედრება” პოეტის (,,შეძრწუნებული-შეწუხებული”) მიზეზიც (,, ნუ დამასვენებ ნურასდროს,/მამყოფე შეძრწუნებული,/მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,/როცა ვარ შეწუხებული;/როცა გულს ცეცხლი მედება,/გონება მსჯელობს საღადა,-/მაშინ ვარ თავისუფალი,/თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა”). გოეთესთანაც ბუნება ,,უფსკრულს თხრის ყველა არსებას შორის და აი, ყველას სწადია, ერთურთს გადაეჭდოს, მან ყველა განაცალკევა, რათა ისევ ერთად შეეკრა”.

ვაჟას ლექსში ,,ღამე მთაში” ბუნება ,,საცა პირიმზეს ახარებს, იქავ მთხრელია ზვავისა”, ხოლო ახალგაზრდა გოეთეს მიაჩნია, რომ ,,სიკვდილი ფანდია ბუნებისა, რათა სიცოცხლე ამრავლოს”. ვაჟასთვისაც ნაცნობია სამყაროს, ბუნების ეს მუდმივი წინააღმდეგობრიობის პრინციპი და დაპირისპირებულ ძალთა არსებობის კანონზომიერი გარდუვალობა: ,,ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა და შენც, სიკვდილო, ფასი გძე, სიცოცხლის ნაწყენობითა”.

თუ პანთეიზმში ინდივიდს არ აღიარებენ, რადგან ის ბუნებაშია გათქვეფილი, ,,ერთია ყოველი”, სწორედაც ის გარემოება, რომ ვაჟა-ფშაველას ლირიკაში თუნდაც გმირი გამორჩეულად თავისთავადი, ინდივიდუალურია, (როგორც ჯ. ჭუმბურიძე ამბობს, ეს არის ,,ინდივიდუალური სახის”, ,,ცალკეულის”, ყოველი მოვლენის თავისთავადობა), ეწინააღმდეგება პოეტის მსოფლგაგების პანთეისტურად მიჩნევას.

გოეთეს პანტეიზმის თანამოაზრედ მისაჩნევად ძალიან სუსტია ის არგუმენტი, რომ ვაჟას პოეზიისათვის დამახასიათებელია გმირების ბუნებისმიერი სიმტკიცე-დაუქვემდებარებლობა, ,,თავისი ბუნების ყმობა” და, აქედან გამომდინარე, ნიცშესეული ზეადამიანობა – ,,მშვენიერი ადამიანის” გოეთესეული იდეალი თავისი არსით ვაჟს ,,დიდებული ადამიანის” ტოლფასია. ,,ვაჟა იმზომ ამაღლებული მისწრაფებებით ,,აღკაზმავს” სამყაროს მიმართ სიყვარულით გამსჭვალულ თავის ადამიანურ იდეალს – ,,კაი ყმას”, რომ გოეთეს ,,მშვენიერი ადამიანის” მსგავსად, კაი ყმასა და ბუნება-ღმერთს შორის ოდენობრივი განსხვავება თუღაა”. (ლეილა თეთრუაშვილი, ,,ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისათვის”, 1982 წ., გვ. 19)

კაცთა გაღვთიურების, ადამიანისა და ღმერთის სწორფრობის დასტურად ლ. თეთრუაშვილი იშველიებს იმ არგუმენტს, რომ ვაჟას ლირიკულ გმირს ღმერთთან სიახლოვის, მასთან ლაპარაკის წინაპირობად, როგორც ჭეშმარიტ ერეტიკოსს და არა მართლმორწმუნე ორთოდოქს-ქრისტიანს, ღვთისადმი მონური მორჩილება კი არ ესახება, არამედ საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მაგრამ ღვთისადმი მონური მორჩილება არცაა ქრისტიანობა, რადგან ქრისტე სწორედ თავისუფლებაა (ოღონდ ზნეობრივი, რასაკვირველია) და სიყვარული. სწორედ ამიტომაა, როგორც ავტორიც მიიჩნევს, სამყაროსადმი ტოტალური სიყვარული ვაჟას ფილოსოფიის საფუძველი, ხოლო მისი გმირების ზნეობრიობის უმთავრესი ნიშანი ზნეობრივი (აქედან გამომდინარე, რელიგიურიც) მრწამსისადმი ერთგულება. ,,ვაჟასთან, გოეთეს მსგავსად, დოგმატური რელიგიის საპირისპიროდ, ღვთაებისადმი შიშს ენაცვლება მის მიმართ სიყვარული, ნათესაური, მიმნდობლური განწყობილება (იხ. ლექსი ,,მთას ვიყავ”). ვაჟას ლირიკული გმირისთვისვე იმანენტურია ღვთაებასთან სიახლოვის შეგრძნება სულის სიმტკიცისა და ამაღლებული მისწრაფებათა წილ, როგორც ახალგაზრდა გოეთეს ლირიკული გმირისთვისაა იგი ორგანული”. (ლეილა თეთრუაშვილი, ,,ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისათვის”, 1982 წ., გვ. 21) – სხვა არც არაფერია ქრისტიანობა…

ასე რომ, ვაჟასთან ჭირ-ვარამთან შეგუების ნაცვლად რწმენის სიმტკიცეა, ,,ტიალი წუთისოფლისადმი” პასიური განდგომის ნაცვლად მისი მიღება ისეთის, როგორიც ის არის, ორსაწყისიანი და ამით დაბალანსებული (,,არ ვუღალატებ სიცოცხლით/გზას, ჩემს ეკლიან სავალსა”). ვაჟას ქრისტიანობა სწორედ ისეთია, როგორიც ის იდეაშია: არა მონური მორჩილება დოგმატისადმი თუ საეკლესიო ავტორიტეტისადმი, არამედ ადამიანთა, სამყაროს სიყვარული და ამ უკანასკნელის მიღება თავისი ორსაწყისიანობით, სიკვდილ-სიცოცხლით. ესაა მისი ფილოსოფიის საფუძვლის და რწმენის სიმტკიცის წინაპირობაც. ქრისტეც სიყვარულით თავისუფლება არაა?…

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...