კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

„ალისფერი კვალი“

0

თუ  დაუკვირდები, ამ ქვეყნად ფაქტიურად არაფერი შეცვლილა. ერთი და იგივე ამბები ტრიალებს, ოღონდ  სხვადასხვანაირად.

ალქიმიკოსების ნაწილი სიცოცხლის ელექსირს ეძებდა, ოღონდ ფრიად უცნაური გზებით. დღევანდელი მეცნიერებიც იმავეთი არიან დაკავებულნი, ოღონდ თანამედროვე მეცნიერული მიდგომებითა და მეთოდებით.

სხვადასხვა მასიურად გადამდები დაავადებები ადრეც ბლომად იყო და ხალხის სიცოცხლეც ეწირებოდა.  მაშინდელი მკურნალობაც ზოგჯერ საეჭვო გახლდათ. ზოგიერთ ექიმ-ალქიმიკოსს ვითომ რაღაც გამოსდიოდა. მაგ. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პარაცელსმა ერთი პატარა ფრანგული ქალაქი ქოლერისგან  ჩვეულებრივი სუფრის მარილის მეშვეობით გადაარჩინა. ცოტა ბუნდოვანია, ეს რანაირად მოახერხა, მაგრამ არსებობდა ხალხი, ვისაც ჯეროდა.

არნოლდ ვილანოვი კი, რომელიც ინგლისის მეფის კარზე მუშაობდა, თვეში ორჯერ თავის სამშობლოში, პოლონეთში წერილებს გზავნიდა სხვადასხვა ექსპერიმენტების დაწვრილებითი აღწერით. პოლონეთში მოსწავლე ყავდა, რომელსაც ალქიმიას წერილებით ასწავლიდა… ანუ? არ იყო ეს დისტანციური სწავლება? რისი საშუალებაც ქონდათ, იმით გადასცემდნენ ცოდნას კილომეტრებზე.

ალქიმიკოსების უმრავლესობა მონარქების დაკვეთით მუშაობდა. ეს განსაკუთრებით შუა საუკუნეების ან ოდნავ ადრინდელ  ევროპას ეხება. მონარქები მათ კვლევებზე ფულს ხარჯავდნენ. ახლაც იგივე ხდება, მეცნიერები კვლევებს სხვადასხვა ფონდების დაკვეთით და დაფინანსებით ასრულებენ.

მთელი ამ განვლილი დროის მანძილზე ბევრი თაღლითი და გაიძვერაც დაწანწალებდა. მაგალითად, აგოსტინო ბრავო,  მეტსახელად „დიაბოლიკო” („Diabolico”). ამბობენ, წვის პროცესებს ისე იცნობდა, თვით ეშმაკებსაც შეშურდებოდათო. მას სალერმოელი ლორენცო გრანიტაც არ ჩამორჩებოდა. ამ ჯგუფს   ბოლონიელი ქირურგი ლეონარდო ფიორავანტიც მიემატათ. სამივე ფილიპე მეორის კარზე მუშაობდა. ევროპელი ალქიმიკოსები მეფეს ლეონარდო ფიორავანტის მეშვეობით უკავშირდებოდნენ. წყაროებში ნათქვამია, ყოველდღიურად უამრავი წერილი მოდიოდა და ზოგიერთს წაუკითხავად ყრიდნენო. დღესაც ხომ ასეა – წერილები ან ელექტრონული ფოსტით, ან სულაც სოციალური ქსელით მოდის და შეგიძლია, გაუხსნელადვე წაშალო.

სამივეს  ფიქრი ადამიანის სისხლს დასტრიალებდა: ეს არის მთავარი სითხე (ამას პარაცელსიც აღიარებდა) და სწორედ მისგან უნდა შეიქმნასო პანაცეა – ყველა დაავადების წამალი – ფილოსოფიური ქვა. სისხლის მოპოვების   იდეები, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი იყო და დეტალებზე აღარ დავწერ. მეფის კარზე მოხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ ისინი  გააძევეს და ეს ფილიპე მეორის სასარგებლოდ მეტყველებს – მართლა ჭკვიანი კაცი ყოფილა. მართალია, ფიორავანტის და მისი კოლეგების ამოსაცნობად ხუთი წელი დასჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიუხვდა თაღლითობას და ესპანეთში პერსონა ნონ გრატებად გამოაცხადა.

ახლაც ასე არ არის? თანამედროვე თაღლითები უბრალოდ, თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და ეგაა.

მთელი ამ განვლილი დროის მანძილზე ბევრი სისხლისმღვრელიც და მანიაკიც ხომ დადიოდა?

ახლაც იგივე არ არის? გაიხედავ და ვიღაც არაკაცმა მორიგი კარგი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმაო, ახალ ამბებში მოგვახარებენ ხოლმე.

ერთი ეგ არის, რომ ადრე ქიმიური ექსპერტიზა ნაკლებად იყო, ან საერთოდ არ იყო განვითარებული. ახლა არის და გამოძიებაც თითქოს უფრო იმედიანად უნდა მიმდინარეობდეს.

1901 წელს ჯოზეფ კასტლმა, რომელიც კენტუკის უნივერსიტეტში მუშაობდა ერთი უბრალო, იაფი და სანდო მეთოდი შეიმუშავა, რომელიც სისხლის ანალიზს უკავშირდებოდა. სხვა სასამართლო ექსპერტმა, გვარად მეიერმა მეთოდში ოდნავ ცვლილებები შეიტანა და დღეს ის კასტლ-მეიერის ტესტით არის ცნობილი.  ეს ტესტი დღემდე გამოიყენება.

თუმცა, 1888 წელს, ანუ ტესტის ოფიციალურად დანერგვამდე გაცილებით ადრე, არტურ კონან დოილი „ალისფერ კვალში“ წერდა:

„ხელზე ხელი მოუთმენლად მტაცა და თავისი სამუშაო მაგიდისკენ წამათრია. მოდი ავიღოთ ცოტაოდენი ახალი სისხლი, ოდნავ ნაღვლიანად თქვა და თითში გრძელი მახათივით ნემსი გაირჭო. თითს ხელი მოუჭირა და მიღებული სისხლის წვეთი ქიმიური პიპეტით შეაგროვა. ხედავთ? ახლა ამ წვეთს ერთ ლიტრ წყალში გავხსნი. მიღებულ ნარევს სუფთა წყლად აღიქვამთ, არა? არადა, დარწმუნებული ვარ, რომ თვისებითი რეაქცია გამოგვივა. ამ საუბარში ჭურჭელში რამდენიმე თეთრი კრისტალი ჩააგდო, შემდეგ გამჭირვალე სითხის რამდენიმე წვეთიც დაამატა. სითხე მაშინვე წითელი ხისთვის დამახასიათებელი ფერით შეიფერა, ქილის ფსკერზე კი ყავისფერი ნალექი გამოჩნდა“.

ნოველა 1888 წელს გამოქვეყნდა და იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შერლოქ ჰოლმსი პირველად სწორედ აქ გამოჩნდა. ჟურნალში  პირველი გამოცემის ილუსტრატორი დევიდ ფრისტონი იყო. წიგნი კი თავად არტურის მამამ დაასურათა.

მოთხრობა იმითაც საინტერესოა, რომ ავტორი ქიმიურ ექსპერტიზაზე სერიოზული ტონით საუბრობს.

თუმცა, კონან დოილთან მთლად ის ტესტი არ არის აღწერილი, რის ჩატარებასაც ამ წერილით გთავაზობთ ქიმიის გაკვეთილზე ან კლუბურ მეცადინეობაზე.

კასტლ-მეიერის ტესტი წარმოადგენს ტესტს ჰემოგლობინზე.  სწრაფი და იაფია. საჭიროებს სისხლის ნიმუშს და ეთანოლს, ასევე წყალბადის პეროქსიდს და ფენოლფტალეინს (C20H14O4). ეს ტესტი იმითაც კარგია, რომ სისხლის ძველ, გამხმარ  ნიმუშებზეც მუშაობს. ანუ, ავლენს დანაშაულის ადგილიდან აღებულ რამე მასაში სისხლი არის თუ არა.

ეთანოლი მოქმედებს, როგორც გამხსნელი, ოღონდ რეაქციაში არ მონაწილეობს. რეაქციას აკატალიზებს ფერმენტი პეროქსიდაზა, რომელიც ადამიანის ან ცხოველის სისხლის ჰემოგლობინის კომპონენტს ახლავს თან. რეაქციის დროს, უფერო ფენოლფტალეინი ვარდისფერი ხდება. ერთი მოლეკულა პეროქსიდაზა აკატალიზებს წამში ასი ათასი მოლეკულა პეროქსიდის გარდაქმნას. ასე, რომ  ტესტისთვის სისხლის ერთი წვეთი მართლაც  საკმარისია.

 

ამ სტატიით ექსპერიმენტების სერიას ვიწყებ და პირველი სწორედ კასტლ-მეიერის ტესტი იქნება.

მაშ ასე…

1.აიღეთ ჩხირზე დახვეული ბამბის ტამპონი, დაასველეთ გამოხდილ წყალში და შეეხეთ სისხლის ნიმუშს ან გამხმარ სისხლს. რაღაც მცირე ნაწილი მაინც, რომ გადავიდეს ბამბაზე.

  1. ბამბის ჩხირით აღებულ ნიმუშზე დააწვეთეთ ორი წვეთი ეთანოლი. ანუ, ბამბის ტამპონი უნდა მხოლოდ დაინამოს და ძალიან არ  დასველდეს. სპირტი რეაქციაში არ მონაწილეობს, მაგრამ ნიმუშს ასუფთავებს და ავლენს ჰემოგლობინის არსებობას ნიმუშში.
  2. დააცადეთ ეთანოლს მოქმედება ორი წუთი, შემდეგ კი ნიმუშს დააწვეთეთ ორი წვეთი კასტლ-მეიერის ხსნარი. ამ ეტაპზე ნიმუში უფერო უნდა დარჩეს, თუ ვარდისფრად შეიფერება, ნიშნავს, რომ ფენოლფტალეინის ხსნარი ძველია ან დაბინძურებული.

4.რამდენიმე წამის შემდეგ ნიმუშს დააწვეთეთ ერთი-ორი წვეთი წყალბადის პეროქსიდი. ნიმუში მომენტალურად წითლად უნდა შეიღებოს, რაც სისხლის არსებობას დაადასტურებს.

  1. გაიმეორეთ იგივე ეტაპები, ოღონდ ნიმუშად რაიმე ნივთიერება აიღეთ, რაც სისხლს გავს, ოღონდ სისხლი არ არის. ნიმუში პეროქსიდის გავლენით შესაძლოა ოდნავ ფერმკრთალ ვარდისფრად შეიფეროს, ოღონდ გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

 

აუცილებელია:

  1. სათვალე, ხელთათმანი, ნიღაბი;
  2. პიპეტი (სამი ცალი); 3. ახალი სისხლი ან გამხმარი სისხლის ნიმუში; 4. რაიმე ჟანგი (დაჟანგული ნივთიდან აფხიკეთ), რომელიც საკონტროლო ცდაში გამოგადგებათ; 5. ბამბის ტამპონები ჩხირებზე; 6. გამოხდილი წყალი; 7.ეთანოლი, 70%; 8. კასტლ-მეიერის ხსნარი; 9. წყალბადის პეროქსიდი, 3%;

რა რითი შევცვალოთ:

  1. ტესტის ჩატარება შეიძლება ადამიანის ან ცხოველის სისხლზე. ამიტომ ყასაბთან შეგიძლიათ ახალი ხორცის ნიმუში აიღოთ, წყალში ჩაალბოთ, რომ სისხლი გამოვიდეს და ნიმუშად ის წყალი გამოიყენოთ.
  2. ბამბის ტამპონის ნაცვლად შეიძლება ფილტრის ქაღალდი აიღოთ.

 

როგორ მოვამზადოთ  კასტლ-მეიერის ხსნარი?

გახსენით 0.1გ ფენოლფტალეინი 25%-იან 10მლ ნატრიუმის ტუტის წყალხსნარში და დაამატეთ 0.1გ  თუთიის ნაქლიბი. ხსნარი ნელა მიიყვანეთ დუღილამდე და თუ საჭიროა დუღილის პროცესში დაამატეთ ოდნავ წყალი. ადუღეთ, სანამ ვარდისფერი ხსნარი უფერო არ გახდება ან სულ ოდნავ ყვითელი შეფერილობა არ გამოჩნდება. გააცივეთ და განაზავეთ 100 მლ-მდე 70% იანი ეთანოლით.  შეინახეთ მუქ ჭურჭელში, მოარიდეთ შუქს.

 

ყველა გამოყენებული რეაქტივი ფაქტიურად უსაფრთხოა. სპირტი და ფენოლფტალეინის ხსნარი აალებადია, ამიტომ  ცეცხლის ალს მოარიდეთ. წყალბადის პეროქსიდი მჟანგავია და კანის და ლორწოვანის გაღიზიანება შეუძლია. თუ ტანსაცმელზე მოგხვდებათ ქსოვილს ამოათეთრებს, ამიტომ გეცვათ ხალათი, ატარეთ დამცავი სათვალე და ხელთათმანი.

 

თუ  დაუკვირდები, ამ ქვეყნად ფაქტიურად არაფერი შეცვლილა. ერთი და იგივე ამბები მეორდება, ოღონდ  სხვადასხვანაირად.

ერთი ეგ არის, ადრე თითქოს ადამიანებს ერთმანეთის მეტი სიყვარული და თანაგრძნობა ჰქონდათ. ახლა კი ეს გრძნობები თითქოს უხილავმა ფუნჯმა წაშალა, მათ ნაცვლად კი გულგრილობა და სიცივე  გაავრცელა.

სხვა დანარჩენი კი კვლავ ძველებურადაა, დედამიწა ტრიალებს და ერთი წლით ვბერდებით.

 

 

 

 „ვიმეგობროთ ჩვენი ბავშვობის ხეებთან ვიმეგობროთ“

0

 გელა ჩქვანავას სამყარო

გელა ჩქვანავა „პენ-მარათონზე“ გავიცანი, გემზე „კაპიტანი თავართქილაძე“. ხაზგასმით მარტოსულის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, იმის მიუხედავად, რომ იქ, იმ ექსტრემალურ და მხიარულ 24-საათიან თავგადასავალში ბევრი სიცილიც მოასწრო და ნაცნობ კოლეგებთან ერთად ღვინით მოლხენაც. მანამდე მისი არაფერი მქონდა წაკითხული და მგონი ჩემსავით სულაც ბევრმა სწორედ „პენ-მარათონის“ შემდეგ აღმოაჩინა ეს მწერალი.

მწერალი გელა ჩქვანავა – გამორჩეული, თვითმყოფადი, უცხო და მომნუსხველი ხმა ჩვენს ლიტერატურაში. ის სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ომის შემდეგ დევნილის სტატუსით განაგრძო ცხოვრება, ლიტერატურა კი იქცა არამხოლოდ მის თავშესაფრად, არამედ ახალ შუქურად, საიდანაც მკაფიოდ მოჩანს ნაცნობი და აკრძალული ტერიტორია, თავისი საზღვრებითა და უსაზღვროებით…

ვინც მის შემოქმედებას გულდასმით წაიკითხავს, შეიძლება გაეფიქროს, რომ ომი გელა ჩქვანავას მთავარი ინსპირაციაა, რომ ყველა პრობლემა და იდეა საბოლოოდ ამ მოვლენაში იყრის თავს და მასში გარდატყდება უამრავ ოპტიკურ ილუზიად, ერთგვარ აბსურდად, ომის აბსურდად, და სწორედ ეს მგონია ავტორის პოზიციაც – წეროს ომზე, როგორც ყველაზე დიდ აბსურდზე, დაძაბულობის ისეთ ხარისხზე, რომელიც ყველა შინაარსს ხრავს და ფიტავს, არ ტოვებს არც იმედს, არც ნუგეშს და არც სიყვარულს. ამ უზარმაზარი მხატვრული ამოცანის დასაძლევად მას მუდმივად ეხმარება იუმორი (გნებავთ გროტესკი, სევდიანი სარკაზმი), არასდროს დაგავიწყდებათ მის მიერ დახატული არცერთი შემზარავი სცენა – იმდენად ნამდვილია ტკივილისა და იუმორის ეს სასტიკი ნაზავი, იმდენად შთამბეჭდავი და ცინცხალი.

გელა ჩქვანავამ ბოლო დროს ლექსებიც გამოაქვეყნა ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი პოეზიაც ტკივილის თავისებური გრადაციაა, სინამდვილის იმ ხარისხის ნიშანია, რომელიც თავიდანვე აირჩია და სხვა ავტორში არასდროს შეგეშლება. გელა ჩქვანავამ თავისი იგავური სამყარო შექმნა, მასში საომარი ეკიპირებით უნდა შეხვიდეთ – ადამიანობის კომუფლაჟით და იუმორის იარაღით, წინ მრავალფეროვანი სცენები და სურათები გელოდებათ, ერთმანეთზე უფრო მძაფრი და სიღრმისეული შეგრძნებები, ცოცხალი ხმები – მებრძოლების და ლაჩრების, მძევლების და მოძალადეების, შეყვარებულების და უნუგეშოების, მოკლედ – ადამიანური ხმები, რომლებიც ამ გამაყრუებლად ხმაურიან სამყაროში უზუსტესი გუმანითაა დაჭერილი და მხატვრულ სიხშირეზე „არანჟირებული“. ეს გელა ჩქვანავას სამყაროა – ნაღდი მკითხველისთვის მასში ხეტიალი სავალდებულოც კია!

გელას რამდენიმე კითხვით შევეხმიანე. გთავაზობთ ამ დიალოგს.

 

 

  • წერა როდის დაიწყე, რას უკავშირდება შენი პირველი ლიტერატურული შთაბეჭდილება?

გ.ჩ.: ჩემი გათვლებით მაშინ შვიდი წლის ვიქნებოდი. მამაჩემმა ახალი საფოსტო ყუთი იყიდა და სამსახურიდან დაბრუნებულმა, სახლში შესვლამდე, ჭიშკარზე დაკიდა. მე იქვე ფეხბურთს ვთამაშობდი თანატოლებთან. ჩვენი ჭიშკარი საფეხბურთო კარის მაგივრობას წევდა და მეკარეც მე ვიყავი. ყუთი ისე მომეწონა, რომ მეტი არ შეიძლება, „მკერდით გადავეფარე“, რომ ბურთი არ მოხვედროდა და არ დასვრილიყო. მალე ჩამოღამდა. დილით ადრე ავდექი ყუთის სანახავად და მაშინ „გამეხსნა“ კიდეც დაწერის სურვილი. მახსოვს, დიდი, ბავშვური ასოებით ვწერდი და რატომღაც სახატავ ფურცელზე. ეგ იყო ჩემი პირველი მოთხრობა ბიჭზე, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს კარებზე უფრო საფოსტო ყუთს იცავს და ამავე ყუთის ხათრით გაზეთების კითხვასაც იწყებს. მერე კი შიგ სამალავსაც მოაწყობს – სათევზაო მოწყობილობის. მართლა ასე იყო – სახლთან ახლოს პატარა, უსახელო მდინარე ჩადიოდა თავისი თევზებით და კიბორჩხალებით. თან კიდევ, ჩვენს ფოსტალიონს ერთი უცნაური წესი ჰქონდა – მუდამ ჩქარობდა და დრო რომ არ დაეკარგა, დასარიგებელ პრესას ხშირად ყუთში კი არ ჩაუშვებდა (თუ გაზეთების შეკვრა სქელი იყო და ყუთის ჭრილში გაჭირვებით ეტეოდა, არადა, ჰქონდა ჩვენს ახალ ყუთს ეს „ნაკლი“) ჭიშკრის ცხაურში გააკვეხებდა სახელდახელოდ. მერე მეორე მოთხრობაც დაიბადა ამ ფოსტალიონზე – ზოგჯერ მანქანით დადიოდა ხოლმე ჟურნალ-გაზეთების დასარიგებლად, ყოველ ას მეტრში აჩერებდა ჩვენს შედარებით ვიწრო ქუჩაზე უადგილო ადგილას დაუდევრად, მოძრაობას კეტავდა. ერთხელ დაავიწყდა, რომ მანქანით იყო, შუა ქუჩაში მიატოვა და ქუჩის ბოლომდე ფეხით გავიდა. მერე ვიღაცამ შეახსენა, რომ კარგა ერთი კილომეტრის იქით თავისი რკინის რაში ელოდებოდა. გამვლელი ტაქსი გააჩერა და იმას გაყვა უკან. ტაქსისტმა კიდევ, ეს რა უშნოდ გაუჩერებია ამის პატრონს მანქანაო და ერთი კარგად შეუკურთხა – არ იცოდა რომ გინების ადრესატი გვერდით ეჯდა.

ომის დაწყებამდე ორი-სამი წლით ადრე პიესებს ვწერდი. მგონი, საკმაოდ კარგი გამომდიოდა. ცოტათი მშურს კიდეც იმდროინდელი ჩემი თავის. ახლა ვცდილობ, აღვიდგინო ის მოთხრობებიც და პიესებიც. ალბათ, შევძლებ. პირველ პიესაშიც ის საფოსტო ყუთი და ფოსტალიონი „მონაწილეობდნენ“.

 

  • ვის კითხულობდი (და ახლა ვის კითხულობ), ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს მწერლურ თავგადასავალში?

გ.ჩ.: პირველყოვლისა მაინც ჩეხოვი და ფოლკნერი. ყოველთვის ჩემთან არიან, მამხნევებენ, გულს მითბობენ, ჩემში მათ ჯერ ვერავინ აჯობა. მოგვიანებით იყო პლატონოვიც, ბულგაკოვიც, ო ჰენრიც, ბაბელიც, დოსტოევსკიც. მაგრამ, ჩეხოვი და ფოლკნერი, ფოლკნერი და ჩეხოვი ჩემი პირველი ნამდვილი დიდი სიყვარულია. ბედნიერებაა, რომ ისინი არსებობენ, კეთილი ბუმბერაზები. როცა იმდენს ვიშოვი, რომ აქტიური კითხვის ფუფუნებას ვეღირსები, სათითაოდ გადავიკითხავ ყველას დიდი მონატრებით და დაკვირვებით.

  • ზღვა შენს შემოქმედებაში ძალიან მეტყველია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ არათუ ფონი, არამედ მთავარი გმირიცაა. ახლა როგორ ხარ ზღვის გარეშე (აფხაზეთის ზღვის, თორემ ალბათ „საზღვარგამოღმა“ ზღვასთან ახლაც გაქვს შეხება)?

გ.ჩ.: ხო, ზღვაც ჩემი დიდი კეთილი გენიაა. ის ჩემია, მე მისი ვარ. ვგრძნობთ ერთმანეთს შორიდანაც. მოვა დრო და ჩვენც ჩავიკრავთ გულში ერთმანეთს. სოხუმშიც კი სხვადასხვანაირი იყო. იქაური ყველანაირი მიყვარს, ხან როგორი მენატრება და ხან როგორი. ზოგიერთ პლაჟზე იქ შეკრებილი ადამიანების ხათრით დავდიოდი, ზოგზე მხოლოდ ზღვის.

  • აფხაზი მეგობრები გყავდა? ახლა თუ გაქვს ვინმესთან ურთიერთობა?

გ.ჩ.: კი, მყავდა აფხაზი მეგობრები. ბევრი იმქვეყნად გადასახლდა. ვინც დარჩა, ვიცი სად არის, როგორაა, რას საქმიანობს. იმათაც აინტერესებთ ჩემი ამბები, ალბათ, გულწრფელად. ამ წლინახევრის წინათ შევეხმიანეთ კიდეც ერთმანეთს. ბევრი არც გვილაპარაკია. უფრო სწორად, სათქმელი შორიდან ბევრი არც არაფერი გვქონდა. ალბათ, მოვა დრო და პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს, დავსხდებით, გულწრფელად დავილაპარაკებთ. უკვე იმდენი რამ გამოვიარეთ ყველამ, რომ დასამალი არც არაფერი გვექნება. ასეთია ცხოვრება. რაც დრო გადის, მით ნაკლებს ლაპარაკობ. სათქმელს სხვა ფორმით გამოთქვამ, შენი ცხოვრების წესით თუ იმით, რასაც ქმნი, ან კიდევ იმით, თუ როგორ ზრდი შვილებს და ა. შ.

  • 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ამ 27 სექტემბრის დილას, პოსტში დაწერე, რომ სოხუმი კი არ დაეცა, ჩვენ დავეცით… დღეს რა მოჩანს ამ 27-წლიანი გადმოსახედიდან? გამოიკვეთა თუ პირიქით, უფრო გაბუნდოვანდა სიმართლე?

გ.ჩ.: სიმართლე ის არის, რომ ახლა სოხუმი არც ჩვენია და არც იმათი, ვისაც ჩვენი იქ ყოფნა არ უნდოდა. კი, ჯერ ჩვენ დავეცით და მერე დაეცა სოხუმი. სეპარატისტულად განწყობილი აფხაზები ფულს აგროვებდნენ იარაღისთვის ჩვენ გასაყრელად. ჩვენ ამისი არც ისე გვჯეროდა, ასე ვამბობდით, რა დიდი ამბავი უნდა იმათ დაშოშმინებას, ბოლო- ბოლო „დინამოს“ სტადიონზე დაეტევიან ყველანი ერთადო. იყო აფხაზური „აიდგილარა“, სომხური „კრუნკიც“ (აიდგილარაზე უფრო რადიკალურიც კი ქათველთმოძულეობაში), ბლომად იყვნენ ჩვენი პოლიტიკოსებიც, დიდის რიხით რომ აცხადებდნენ, აფსუები მთებიდან ჩამოსული ტომის ნარჩენები არიან და თუ არ მოვწონვართ, შეუძლიათ უკანვე მიბრძანდნენო. ყველას ავიწყდებოდა, რომ სოხუმიც საერთო იყო და მისი უდიდებულესობა სოხუმის ჯადოქარი ზღვაც. იმათი, ვისაც ისინი უყვარდა თავისი ყველა ქუჩით, ყველა პლაჟით, ყველა კაფეთი და ქალაქში ყველა ცნობილი ყავის მომზადების ოსტატით ამ კაფეებში. მერე იყო ომი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ ორივე მხარეს გვაწყობდა. ერთმანეთს იმას ვეცილებოდით, რაც ორივესი იყო.

  • „სოხუმი ისეთი ქალაქი იყო, რომ…“ როგორი ქალაქი იყო სოხუმი? დღეს როგორ გახსენდება ის, რომელი სიტყვები და შეგრძნებები გამძაფრდა ყველაზე მეტად, სოხუმთან მიმართებით?

გ.ჩ.: სოხუმი ჩემთვის ყველაზე მაგიური სიტყვაა, რაც კი მსმენია და წარმომითქვამს. სოხუმი და ჩემი ქუჩა – ძიძარია. ახლა, ვიდეოში, როცა მათ ვუყურებ, პირველ რიგში ისინი მეცოდებიან, ვისაც მათ ნატვრაში ამოხდათ სული, ის კი არადა, ის ბოლოდროინდელი ვიდეოც არ უნახავთ, სადაც ქუჩები და სახლები უკეთ ჩანს. მერე, დაძინების წინ ვიხსენებ ძველ ამბებს, ცოცხლები და მკვდრები ერთმანეთში მერევა უკვე, მაგრამ, ის დანამდვილებით ვიცი, რომ მათზე უნდა დავწერო. ვაკეთებ რაღაცებს კალმის მოსასინჯად, მაგრამ, მინდა კიდევ უფრო დავდინჯდე და დავოსტატდე. რა ვიცი, იქნებ, ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ, მართლა ასე მგონია. ბევრი მონახაზი მაქვს, მაგრამ, ფორმა არ მომწონს, ხოდა, აქედან ვასკვნი, რომ საამისოდ ჯერ არ მოვმწიფებულვარ. ძიძარიაზე ერთმანეთში არეული იყო კერძო სახლები და კორპუსები. ხან ჩვენ ვაბირჟავებდით კორპუსებში და ხან კორპუსელები ჩვენთან, კერძოსახლელებთან. კორპუსების ეზოში საქორწილო ან საქელეხო სუფრებისთვის სეფა რომ იშლებოდა, თავკაცად თუ არა მის თანაშემწედ რომელიმე კერძოსახლელს მოიწვევდნენ ხოლმე, როგორც უფრო გამობრძმედილს ამ საქმეებში. კიდევ ეგ იყო, რომ ჩვენს უბანში არავინ დაკრძალულა დაქირავებული მესაფლავეების ხელით. მეზობლები ვაცილებდით უკანასკნელ გზაზე. არ ვიცი ახლა, შენი კითხვის წაკითხვისას მაინცდამაინც ეს რატომ მომაგონდა. ალბათ, იმიტომ, რომ მეზობლობაც განსაკუთრებული გრძნობა იყო სოხუმში, ძიძარიაზეც და ყველა სხვა დანარჩენ ქუჩაზე. მთელი, საკმაოდ დიდი ქალაქი ერთმანეთს ვიცნობდით, ახალგაზრდები – უფრო კაფეებიდან და პლაჟებიდან. კაფეები კიდევ უამრავი იყო სოხუმში, ალბათ, საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნიკალური ქალაქი გახლდათ ამ მხრივ.

  • მოთხრობები, რომანები, ლექსები, პიესები… – თავად ირჩევ ჟანრს და ფორმას თუ თვითონ „გირჩევენ“? ახლა თუ მუშაობ რამეზე?

გ.ჩ.: კი, გეთანხმები – ტექსტები თავად ირჩევენ ჟანრს და ფორმას. მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა რომანმა (სიმართლე გითხრა, არ ველოდი. დიდი მადლობა ჟიურის, რომ მენდნენ). რომანი დავასრულე, ახლა ვასწორებ, რომ გამომცემელს ჩავაბარო. მინდა მალე მოვრჩე, რადგან უამრავი ახალი თემა მიტრიალებს თავში. ეს, ალბათ, უფრო ვრცელი მოთხრობები და მცირე რომანები იქნება. ოთხი თუ ხუთი უკვე დავიწყე, ყველა გმირი სხვადასხვანაირია და ეს მახარებს. ახლა მოთმინებით ელოდებიან როდის მოვიცლი მათთვის. სულ სხვანაირად მეწერება და ვნახოთ, რა გამოვა. იმედი მაქვს, საამისო დროც გამომიჩნდება და მათაც არ გავუწბილებ მოლოდინს.

 

კულტურის სამინისტროს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ავტორებს მკითხველებთან შეხვედრა ტყიბულში გვქონდა. შეხვედრამდე ბიბლიოთეკის შენობის წინ ჩამოვსხედით და ვმასლაათობდით. გელა ჩქვანავა მოშორებით იდგა, ცალკე, პაწია ბორცვზე ამოზრდილ პალმებს ათვალიერებდა. მახსოვს, რატომღაც ასეთი კითხვა გაჩნდა ჩვენს საუბარში – სადაა სამყაროს ცენტრი? ამ კითხვამ კომპასის ისარივით ყველას ჩამოგვიარა და ვიდრე რომელიმეზე შეჩერდებოდა, უცებ გელას პასუხი გვესმის:

– სამყაროს ცენტრი სოხუმშია!

შორიახლოს კი იდგა, მაგრამ თურმე ჩვენი სჯა-ბაასი ესმოდა. თან ეღიმებოდა, როცა მისთვის უტყუარ ჭეშმარიტებაზე ამდენს და ასე გაცხარებით ვმსჯელობდით…

პოეზია და დისტრიბუტორი ბიჭი

0

ლუიზ გლიუკი, რომელსაც 2020 წელს ლიტერატურული ნობელი მიანიჭეს, ბატლერ იეიტსივით, ტ. ს. ელიოტივით და ბროდსკივით საყოველთაოდ აღიარებული პოეტი არ არის. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთი-ორმა ტრანსტრომერსაც კი შეადარა, უნდა ითქვას, რომ არც ტრანსტრომერივით იცნობენ ამერიკელ ნობელიანტს. ცხადია, გლიუკის ცნობადობა ახლოსაც ვერ მივა მის ამერიკელ კოლეგასთან – ბობ დილანთან. მიზეზებს არ ჩამოვყვები, რატომაც.

კაცმა რომ თქვას, ისედაც რა საჭიროა, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავივით იცნობდნენ თანამედროვე პოეტს – სასიამოვნოა, ბიონსე რომ ციტირებს შენს ლექსებს (რუმივით), მაგრამ ეს იშვიათი ამბავია. მაშინ რატომ მოხდა, რომ სუპერპოპულარული კანდიდატებით დატენილი მჭიდის დაცლას ნობელის კომიტეტმა არც ისე ცნობილი პოეტის დაქუხება ამჯობინა?! ცდუნება დიდია – მილან კუნდერა, ისმაილ კადარე, პოლ ოსტერი, კორმაკ მაკარტი, ბევრი სხვაც – აქედან რომელიმეც კი გაბრაზებულ მკითხველს შემოურიგებდა ნობელის პრემიას, მაგრამ ისინი მაინც თავის გზას მიჰყვებიან ჯიუტად, რადგან, ტარიელ ჭანტურიას მახვილგონივრული ფრაზა რომ გავიხსენოთ, – ეს დინამიტი მათია და სადაც უნდა, იქ ააფეთქებენ.

პოეზია არ იყიდება, – წიგნის დამწყები დისტრიბუტორიც კი ბეჯითად იტყვის, რადგან ეს აქსიომა მემკვიდრეობით ერგო და ძალიანაც რომ მოინდომოს, არც გადასინჯავს, რადგან პოეზიას, ორიგინალურსაც და თარგმნილსაც, საქართველოში მხოლოდ ერთი გამომცემლობა ბეჭდავს. დისტრიბუტორ ბიჭს უყვარს ლექსები, ფეისბუკზე მათი წაკითხვა და დალაიქება ძალიან სიამოვნებს. ხშირად აზიარებს და ძვირფას ადამიანებსაც უფორვარდებს სტრიქონებს აკვიატებული ლექსებიდან, არც ახალი პოეტების დამახსოვრება ეზარება. სუფრაზე, სადაც მათ ლექსებს ზეპირად ამბობს, მოსწონთ, ტაშს უკრავენ და მერე რა, რომ თავისუფალი ლექსია, გულს და განცდებს იოლად პოულობს. შემდეგ ისე ხდება, რომ ამ ლექსს ერთი სელებრითის კედელზე წააწყდება. ოთხნიშნა გაზიარება აქვს და ურიცხვი მოწონება-დაგულებანი. არ უკვირს: ისეთი ზუსტი და მოხდენილი სტრიქონებია, მთელი ამბავი და დრამაა მოყოლილი. დრამაც რომ არ იყოს, ამდენ ათას სიტყვაში ყველაზე საჭირო ოცის გამორჩევა იმისათვის, რომ გაგამხნევოს და რაღაც აზრი მისცეს დილით გაღვიძებას, ცოტა ხომ არ არის. ყავა არ შველის დისტრიბუტორის დილას, ლოცვასაც გადაეჩვია და მოძღვარსაც, მშობლიური ქალაქი რომ დატოვა, მას შემდეგ არ ურეკავს. „ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი“ – დილიდან აჰყვა პოეტის ფრაზა იმ წიგნიდან, რომელიც ეს-ესაა მიუთვალა ქსელის საწყობს და მიუხედავად იმისა, რომ პოეტს ქვეყანა იცნობს, ქსელის კომერციულ დირექტორს მიაჩნია, რომ პოეზია არ გაიყიდება. კი, ეგრეა, – თავისთვის ამბობს დისტრიბუტორი ბიჭი, „დასტავკას“ მორჩა: ჩამოცლილია ბესტსელერებიც, ისე-რა გაყიდვადი და დახლზე ჩამოსაძველებად განწირული წიგნებიც. აუ, როგორ გაასწორებდა, – ფიქრობს თავისთვის, – ვიღაც ძაან მაგარი ტიპი რომ ადგებოდეს, მაყუთა, მაღაზიებს ჩამოუვლიდეს, ყველა პოეტის ყველა წიგნს გამოხიკავდეს ჯერ სტენდებიდან, თაროებიდან, მერე საწყობებიდან… „3 ცალი? არა, ამ ავტორის მხოლოდ ერთი ცალი წიგნი გვაქვს, მაგრამ კოსტავას ფილიალში გადავამოწმებთ! – კონსულტანტები დაფაცურდებიან, – უი, ფალიაშვილში ჰქონიათ, სხვათა შორის დედაჩემს უყვარს ძალიან!“ „ხოდა, აი, ჩემგან საჩუქრად! – თავს გამოიდებს ქველმოქმედი, – ჩემი სოფლის სკოლაში ვაპირებდი გაგზავნას, მაგრამ არაუშავს, ჯერ ცოცხალი კლასიკოსები წაიკითხონ, დებიუტანტები – მერე…“ „თქვენ… მეცნობით ძალიან… – არც კონსულტანტი გოგონა ჩამორჩება, – მგონი პოლიტ…“ „ვიყავი, მომწყინდა ცოტა არ იყოს, გენაცვალე. ახლა ჩემს გოგოს ვეხმარები… რაღაც კამპანიები აქვს, აქციები, პოლიტიკური არა, ისეთი, ხომ გესმით…“ „კიი, როგორ არა…“ – დისტრიბუტორ ბიჭს კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს წარმოსახვითი უწუპუწუ, ქველმოქმედისა და კონსულტანტი გოგოს ერთ გემოვნებაში ლივლივი, ენაზე ადგება ლექსებიც, ქველმოქმედს რომ ათქმევინებს მეტი დამაჯერებლობისთვის, მის ადამიანურ ბუნებას წარმოაჩენს – ყოველთვის მთხლე პოლიტიკოსი კი არ იყო, პოეზია და მუსიკაც უყვარდა, თან აი ისეთი, გაპაპსავებული კი არა, საერთოდაც ძალიან უცნობი და ჩრდილში მიყუჟული მხეცი ლექსები! ჰოოო, ამაშია საქმე! კონსულტანტი გოგონა, რომელსაც დისტრიბუტორი ბიჭი კარგად იცნობს, გაოცებისგან ენაჩაგდებული უყურებს პოლიტიკოსის გარდასახვას. „იცით, თქვენზე დავწერ ჩემს ბლოგში, თქვენს ამ სტუმრობაზე…“ ყოფილმა პოლიტიკოსმა უნდა დაიმორცხვოს, რადგან ლექსის სიყვარულშია გამოჭერილი და მანდატებში კი არა, პოეტურ კრებულებში იხდის ფულს…

მანქანაში ბრუნდება დისტრიბუტორი ბიჭი. ტელეფონი დარჩენია. უპასუხო ზარებით და მესიჯებით გადაძეძგილია ეკრანი. ერთს ჩასქროლავს, მეორეს, მესამეს, მეოთხესაც მოიცილებს. უფროსსაც ურეკია. აგერ მისი ესემესიც. ფრთხილად ხსნის: „სად ხარ, შეჩემა? მესინჯერში რატომ არ მპასუხობ? 100 ცალი „დაბრენდე წარმატება“ უნდა შეიტანო ვაჟაზე 2 საათამდე. აწიე ეხლა ტრაკი და მოიხოდე!“

3 იდიოტი – რესურსი, პრობლემებზე დაფიქრებისთვის

0

…ვინაიდან იმ სტატიებს, რომლებშიც კონკრეტულ ფილმზე მოგითხრობთ და შესაბამის აქტივობებს გთავაზობთ, პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტე, ხშირად გიამბოთ საინტერესო კინოკადრებზე…

ჩემი ყურადღება ფილმის უცნაურმა სათაურმა  მიიპყრო, იმდენად გაამართლა იმედები, რომ გადავწყვიტე მკითხველისთვისაც გამეზიარებინა.

ინდოეთი…

ფილმის ხანგრძლივობა 2 საათი და 50 წუთი…

ალბათ, ფიქრობთ, რომ ტრადიციულ ბოლივუდურ სცენართან გაქვთ საქმე?!

– ვერ დაგეთანხმებით, ისე გაირბენს დრო, თვალს ვერ მოწყვეტთ ეკრანს…

…საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარეობს დავა განათლების რეფორმის აუცილებლობის,  სწავლების მიდგომის, შეფასების არსებული სისტემის ცვლილებებისა და სხვა საკითხებზე…

„3 იდიოტი“ არის ფილმი, რომელიც დაგაფიქრებთ და განათლების სისტემის მანკიერ მხარეებს დაგანახებთ. მასში წამოჭრილი საკითხები ახლოს დგას ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან და არსებულ გამოწვევებთან. რეჟისორი გვიჩვენებს სასწავლო დაწესებულების დიქტატორული მართვის საფრთხეებს, სტუდენტების მოსაზრებების უგულველყოფის, განსხვავებული და ორდინალური აზრის ჩაკვლის სავალალო შედეგებს.

ფილმი შთამაგონებელი რესურსია პედაგოგებისთვის, რადგან გვპასუხობს შემდეგ კითხვებზე:

  • რაზე უნდა იყოს ორიენტირებული განათლების სისტემა? თეორიული ცოდნაზე თუ მის პრაქტიკაში გამოყენებაზე?
  • როგორი არ უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების ლიდერი?
  • თეორიების დაზუთხვაა მნიშვნელოვანი თუ შინაარსის სიღრმისეული წვდომა?
  • რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანური ფაქტორების გაუთვალისწინებლობას? მეორე შანსის არმიცემას?
  • ახალი იდეები, ინოვაციები თუ ნიშნებზე ორიენტირებული სწავლება?
  • არის თუ არა დიპლომი წარმატების მიღწევის ერთადერთი საშუალება?

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მოსწავლეებთან დისკუსიის პროცესში შესაძლებელია ცალკეული მონაკვეთების ჩვენება. ფინალური სცენა განსაკუთრებით საინტერესოა. მთავარი გმირი რანჩო დას ჩანჩატი (რომელიც, სინამდვილეში დიპლომს მისი მილიონერი ბატონის სახელით იღებს) დასახულ მიზანს აღწევს. თვითგანვითარებითვის  კოლეჯში არსებულ რესურსებს ამომწურავად იყენებს, განათლების სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში კი პროტესტის საუკეთესო ფორმა აქვს შერჩეული.

ფილმის შინაარსის გადმოცემისგან თავს შევიკავებ. სასურველია, მკითხველმა თვითონ აღმოაჩინოს საინტერესო მომენტები, დაუკავშიროს ის საკუთარ გამოცდილებას – თუ ზოგად პრობლემებს.

სპეციალურად სტატიისთვის, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს. თუ გადაწყვეთ, მოსწავლეები ფილმით დააინტერესოთ, აჩვენეთ ქვემოთ მოცემული ნაწყვეტები.

* * *

 

შეკითხვაზე – რა არის მანქანა? – ერთ-ერთი მთავარი გმირი პასუხობს:

  • „მანქანა არის მექანიზმი, რომელიც ადამიანის ძალისხმევის ეკონომიას აკეთებს.“

მეორე პერსონაჟი კი, შემდეგნაირად პასუხობს:

  • „ბატონო! მანქანა ეს ხელოვნური წარმოშობის აღჭურვილობაა. ასევე აგრეგატებისა და აპარატურის ერთობა, რომელიც წარმოშობს ენერგიას ან მოქმედების რომელიმე ტიპს. გამოიყენება გარკვეული მოქმედებების შესასრულებლად, ადამიანური მუშახელის შესამსუბუქებლად, ან სრულიად შესაცვლელად კონკრეტული დავალების შესრულებისას“.

იხილეთ ნაწყვეტი ფილმიდან

* * *

კოსმონავტის კალამი

* * *

როგორ აშორებს შეფასება ადამიანებს ერთმანეთისგან?

* * *

რბოლა გამარჯვებისთვის თუ ცნობისმოყვარეობა?

* * *

სტატიას დავასრულებ რანჩო დას ჩანჩატის ცხოვრებისეული პრინციპებით:

  1. პროფესია, საკუთარი ინტერესებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე, თავად უნდა შეარჩიო, რადგან საკუთარი საქმისადმი სიყვარულის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ.
  2. თეორიული ცოდნა, რომელიც არ ტრანსფორმირდება პრაქტიკაში და მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას, ყოვლად გამოუსადეგარია.

 

ფილმის ბმული – https://www.adjaranet.com/movies/5656/3-Idiots?lang=GEO&quality=SD

განათლების ახალი პარადიგმა – რიზომა

0

რიზომა იმგვარადაა ნაქსოვი, რომ მასში ნებისმიერი გზა შეიძლება ნებისმიერ სხვა გზას უკავშირდებოდეს.

უმბერტო ეკო „ვარდის სახელი“

განათლების პარადიგმის შეცვლით, როდესაც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება აღარ იქნება გაყოფილი და იერარქიულ დამოკიდებულებაში, როდესაც კაცობრიობის მიზანი გახდება არა გაურკვეველი „ბოლომდე შეუცნობელი ჭეშმარიტების შეცნობა“, არამედ, არსებული სამყაროს გამდიდრება და ადამიანის სოციალური ქცევის გაუმჯობესება, კაცობრიობა უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს თანაბარი შესაძლებლობების სამყაროსაკენ.

გიგი თევზაძე „საბოლოო ფილოსოფია“

 

თეორიასაც სურს დავიჯეროთ, რომ ვართ ცოცხალი სხეულები და ამის შესაბამისად მოვიქცეთ. ჩვენთვის არასაკმარისია მხოლოდ ცხოვრება: საჭიროა, მოვახდინოთ არსებობის დემონსტრაცია, შევასრულოთ ცოცხალი არსების როლი.

 

ბორის გროისი „პოეტიკის პოლიტიკა“

 

ორი სიუჟეტი – ორი პარადიგმა

 

სიუჟეტი 1.

მივდივარ გზაზე, რომელზეც მხვდება გზაჯვარედინი: შემიძლია წავიდე მარჯვნივ, მარცხნივ ან პირდაპირ (როგორც კლასიკური ზღაპრის სიუჟეტშია). მეც ვირჩევ ერთ-ერთ გზას და მივყვები ამ გზას (ანუ არჩევანს, მიზანს), შეიძლება ისე მოხდეს, რომ გადავუხვიო გზიდან, მაგრამ როგორც კი ამას გავაცნობიერებ, დავბრუნდები უკან და გავაგრძელებ გზას იქიდან, საიდანაც გადავუხვიე. ჩემი მიზანი და არჩევანი მაიძულებს ამ გზაზე სიარულს;

სიუჟეტი 2

ახლა წარმოიდგინეთ, რომ გზა, რომელზედაც მივდივარ, არ არის სწორხაზოვანი, რომელიც საიდანღაც იწყება და საითკენღაც მიდის… გზა მხოლოდ მეტაფორულად შემიძლია ვუწოდო. ეს გზა არის ქსელური, ანუ რიზომატული. ასეთ შემთხვევაში, როგორია ჩემი მოძრაობის ტრაექტორია? საით უნდა წავიდე? აქ მიმართულებების გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ რომელს ვირჩევ…? არაფერსაც არ ვირჩევ: მივდივარ ნებისმიერი შემთხვევითი მიმართულებით, რადგან ეს გზა ქსელურია, ნებისმიერი წერტილიდან შემიძლია სხვაგან გადასვლა, როდის როგორც მომინდება, ისე…

ამ მარტივი მაგალითებით მე აღვწერე ორი პარადიგმა, დელიოზისა და გვატარის მიხედვით, პირველი არის ტრადიციული, ე.წ. „ხის პარადიგმა“ და მეორე არის ახალი სამყაროს, ახალი ევოლუციური ცნობიერების, „რიზომის პარადიგმა“;

სამყარო, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება, ერთგვარად „გარდამავალია“. პარადიგმის ცვლილება ეხება არა მხოლოდ კულტურას ან განათლებას, ის ეხება ყველას და ყველაფერს. ამ პროცესს კარგად გამოხატავს, როგორც ზემოთ გითხარით,  დელიოზისა და გვატარის ხისა და რიზომის მეტაფორა; ხის პარადიგმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი იერარქიული მოდელია, რომელიც გულისხმობს: ცენტრულობას, ელემენტთა იერარქიულობას, სწორხაზოვნებას,  სტაბილურობას, ჩაკეტილობას, სტატიკურობას, ბინარულ ოპოზიციებს (ზემოთ-ქვემოთ), ვექტორულ მიმართულებას, მიზანს და მისკენ მოძრაობას და სხვა;

ახალი მოდელი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ახალი პარადიგმა, გამოიხატება რიზომის მეტაფორით.

რა არის რიზომა?

დელიოზისა და გვატარის მიხედვით, რომლებსაც უკავშრდება ტერმინის შემოტანა, რიზომა ხასიათდება ჰეტეროგენულობით (არაერთგვაროვნებით), სიმრავლურობით, როცა შეუძლებელია გამოიყოს დომინანტი, დასაწყისი და დასასრული ნებისმიერი განზომილებით – ანუ დაუსრულებელია. რიზომა განახორციელებს ახალ ესთეტიკურ კავშირებს – არახაზოვანს, ქაოსურს, უსტრუქტუროს, ანტიიერარქიულს, მრავლობითს, არეულს. პოსტმოდერნისტული „ფესურის ესთეტიკა“ უპირისპირდება კლასიკურ, „ხის ესთეტიკას…  ადამიანის ცნობიერების ყველა მომენტი ერთმანეთის გვერდიგვერდ არის. არ არის არც წარსული, არც მომავალი, არამედ მხოლოდ „მარადიული აწმყო“.

რიზომა წარმოადგენს არაცენტრირებულ, არაიერარქიულ და არანიშნად სისტემას უგენერლოდ, მაორგანიზებლის უქონელი მეხსიერებითა და ცენტრალური ავტომატის გარეშე (დელიოზი, გვატარი).

ფუკოს მიხედვით კი, რიზომას მეტაფორა პოსტმოდერნიზმში აღნიშნავს უწესრიგო, არაპრევალირებულ მიმართულებას ცნობიერებისა. ეს ერთდროულად არის ცენტრულობის უარყოფა; მრავალი აზრის არსებობაც, სადაც არ არის მთავარი და მეორეხარისხოვანი, – ესაა; ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერი ერთნაირად იმსახურებს ყურადღებას და ასახულია ტექსტში. „არსებობს მრავალრიცხოვანი მნიშვნელობა სტრიქონთშორისი აზრების ციმციმისა, არსებობს სიცარიელეები, აზრი კი უფრო ხშირად სწორედ სტრიქონებშორის არსებულ სიცარიელეში იბადება“.

ეს განმარტებები დამჭირდა იმისათვის, რომ გიჩვენოთ, როგორ შეიძლება ფორმირდეს რიზომის მეტაფორული მოდელი განათლებაში (ბუნებრივია, ეს არის სამყაროს ახალი მდგომარეობა და სტრუქტურირება შეეხება ყველა სფეროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მე მაინტერესებს, როგორ აისახება განათლებაში).

დეივ კორმეს  სწავლების რიზომატული მოდელი

ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ეჭვქვეშ დააყენა ისტორიული წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ცოდნა. დეივ კორმე Dave Cormier აღწერს ტრადიციული ცოდნის გაგების ალტერნატივას. ექსპერტებზე ორიენტირებული პედაგოგიური დაგეგმვის ციკლის სანაცვლოდ კორმე გვთავაზობს სწავლების რიზომატულ მოდელს. რიზომატულ მოდელში ცოდნა წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს,  სწავლების გამოცდილება კი – ეს არის, როგორც სოციალური, ასევე პირადი პროცესი ცოდნის შექმნისა  ცვალებადი მიზნებისა და მუდმივი გამოწვევების ფონზე;

 

გიგი თევზაძე, პლატონი და პითაგორა

როდესაც დეივ კორმეს სტატიას ვკითხულობდი განათლებაში რიზომულობის პარადიგმაზე, გამახსენდა გიგი თევზაძის სახელმძღვანელო წიგნი ამ საკითხებზე – „საბოლოო ფილოსოფია“. წიგნში სხვა მრავალ საკითხთან ერთად განხილულია პლატონისა და პითაგორას ეპისტემოლოგიური პარადიგმები განათლებაში; პლატონური პარადიგმა შეესაბამება ტრადიციულს, ხის მეტაფორის მოდელს განათლებაში, ხოლო პითაგორას პარადიგმა – ეს არის რიზომატული განათლება, რაც გულისხმობს სამყაროს განსხვავებულ აღწერებს, რაც მიიღწევა კეთების/შექმნის პროცესით, შემეცნება ხდება შექმნის საფუძველი; პითაგორული სწავლების მოდელი აუქმებს იერარქიულობას და ეფუძნება ცოდნის გადმოტანას რეალობაში.

 

„პლატონის პარადიგმა ამბობს, რომ ჭეშმარიტებას უნდა სწვდე, და ეს არის უმაღლესი ღირებულება. წვდომის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენება რეალობაში შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ცოდნის მაძიებლის უმაღლესი მიზანი. ანუ ინტერპრეტაციაა უმაღლესი მიზანი, იმპლემენტაცია კი – ამ მიზნის მიღწევის გვერდითი, არცთუ ისე აუცილებელი შედეგია. კარგად რომ დაფიქრდე, მიხვდები, რომ თანამედროვე მეცნიერების მთელი რიგი დარგები სწორედ ასეა ორგანიზებული და რომ საუკუნეების განმავლობაში ცოდნის მოპოვება და შემდეგ

მისი გამოყენება ამ სქემით მიმდინარეობდა.პითაგორას პარადიგმა კი გვეუბნება, რომ, ცხადია, ინტერპრეტაცია გარდაუვალია, იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება გავიგოთ, რას გვაძლევს ჩვენი გამოცდილება, მაგრამ ცოდნის მოპოვების საბოლოო მიზანი და საზომი მისი განხორციელებაა. განხორციელება და გამოყენება გვეუბნება, რამდენად სწორი იყო ის სამუშაო, რომელიც ჩავატარეთ და რამდენად ღირებულია ის ცოდნა, რომელიც მოვიპოვეთ“. (გიგი თევზაძე, „საბოლოო ფილოსოფია“).

 

პითაგორას პარადიგმაში აბსტრაქტული შემეცნებისკენ სწრაფვის მოდელი ჩანაცვლებილია ქმნადობით, ამ დროს ადამიანი ურთიერთქმედებაშია ცოდნასთან და ხდება სინერგია, რომელიც შემდეგ  წარმოქმის ისევ ახალ ქმედებას და ეს ქმედება ხდება ქსელური… განფენილი…

 

ბორის გროისი, მართალია. „პოეტიკის პოლიტიკაზე“ (წყარო: https://demo.ge/index.php?do=full&id=1206) წერს, მაგრამ, ნახეთ, როგორ მიესადაგება და აგრძელებს ზემოთქმულს, გთავაზობთ ვრცელ ამონარიდს:

„… თეორია მხოლოდ გარკვეული ქმედებისკენ არ მოგვიწოდებს. იგი მოგვიწოდებს ისეთი ქმედებისკენ, რომელიც თეორიის რეალიზაცია ან გაგრძელება იქნება. ნებისმიერი კრიტიკული თეორია არა მხოლოდ ინფრომატიულია, არამედ ტრანსფორმატიულიც. იგი ესწრაფვის ცვლილებებს, რომელიც კომუნიკაციის საზღვრებს ცდება. კომუნიკაცია  კომუნიკაციური კავშირის სუბიექტებზე გავლენას არ ახდენს: მე მხოლოდ ვაწვდი ინფორმაციას სხვას, ხოლო სხვა მაწვდის ინფრომაციას მე. ამ პროცესის ორივე მონაწილე გაცვლის დროს და გაცვლის შემდეგ საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს. თუმცა კრიტიკული თეორიის დისკურსი მხოლოდ ინფორმატიული დისკურსი არ არის. იგი მხოლოდ ცოდნის გაცვლით არ შემოიფარგლება. კრიტიკული თეორიის დისკურსი სვამს კითხვებს, რომელიც ამ ცოდნის მნიშვნელობას ეხება. რას ნიშნავს ახალი ცოდნის მიღება? როგორ მცვლის ეს ახალი ცოდნა? რა გავლენას ახდენს ის სამყაროსადმი ჩემს დამოკიდებულებაზე? როგორ იმოქმედებს ეს ცოდნა ჩემს პიროვნებაზე, როგორ შეცვლის ჩემი ცხოვრების სტილს? ამ კითხვებზე პასუხისთვის აუცილებელია თეორია ამოქმედდეს – აჩვენოს, რომ გარკვეული ცოდნა ჩვენს ქცევას ტრანსფორმაციას უკეთებს. ამ კუთხით თეორიის დისკურსი ახლოს არის რელიგიის და ფილოსოფიის დისკურსთან. რელიგია აღწერს სამყაროს, თუმცა მხოლოდ დესკრიპციული ფუნქციით არ შემოიფარგლება. იგი მოგვიწოდებს დავიჯეროთ ეს აღწერა და დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა მისი მოთხოვნების შესაბამისი მოქმედებით. ასევე ფილოსოფიაც მოგვიწოდებს დავიჯეროთ არა მხოლოდ გონების ძალის, არამედ ვიმოქმედოთ გონებრივად, რაციონალურად.

თეორიასაც სურს დავიჯეროთ, რომ ვართ ცოცხალი სხეულები და ამის შესაბამისად მოვიქცეთ. ჩვენთვის არასაკმარისია მხოლოდ ცხოვრება: საჭიროა მოვახდინოთ არსებობის დემონსტრაცია, შევასრულოთ ცოცხალი არსების როლი.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვითშეფასება სკოლაში – ნაწილი 1

0

სანამ შიდასასკოლო თვითშეფასების თეორიულ განმარტებაზე, მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებსა თუ არსებულ პრაქტიკაზე ვისაუბრებთ, გავიხსენოთ ლიტერატურაში არსებული თეორიული მიდგომები შეფასებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციული შეფასების პრაქტიკა ზოგად განათლებაში სათავეს იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მეოცე საუკუნის ბოლოს ფართოდ გავრცელდა ევროპაშიც. თავდაპირველად წარმოებაზე, პროდუქციის ხარისხის კონრტოლსა და შემოწმებაზე ორიენტირებულმა პროცესმა 80-იანი წლებიდან განათლების სფეროშიც გადმოინაცვლა და ამჟამად მისი განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ასევე შეფასების თეორიული ჩარჩო-მიდგომებიც.

ლიტერატურაში ძირითადად გამოიყოფა შეფასების შემდეგი მოდელები:

  • მიმდინარე და შემაჯამებელი (formative-sumative) – კურიკულუმის პროცესის თანმხლები შეფასება – საბოლოო შედეგების აღწერილობითი შეფასება;
  • მიკრო და მაკრო – რომელიმე სტრუქტურული ელემენტის დამოუკიდებლად შეფასება – მთელი სტრუქტურის კომპლექსური შეფასება;
  • შიდა და გარე შეფასება – შეფასება წარმართული თავად პროცესის მონაწილეების მიერ – გარე პირების მიერ ჩატარებული შეფასება;
  • ნაწილისა და შედეგის – კურიკულუმის სტრუქტურისა და/ან პროცესის ცალკეული მახასიათებლის შეფასება – წინასწარ შერჩეული ეფექტისა და გავლენის შეფასება. (Ditton, 2018).

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მრავალი მკვლევრის მოსაზრებით, შიდასასკოლო შეფასება და თვითშეფასება ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებებია. განსხვავებები ძირითადად მდგომარეობს დაგეგმვის, მიზნების ჩამოყალიბებისა და განხორციელების ეტაპებში. თვითშეფასების დროს დაკვეთა მოდის უშუალოდ სასკოლო საზოგადოებისაგან, მაგ: კათედრა, ან პედაგოგიური საბჭო წყვეტს, რომ უნდა შეაფასონ კონკრეტული საგნის მასწავლებლების მუშაობა. ასეთ დროს შეფასების საგანი ვიწროა და შემფასებლებიც, როგორც წესი, თავად მასწავლებლები არიან. შიდა შეფასება კი მოიცავს ორგანიზაციის შიგნით, სკოლის ყველა სფეროს შეფასებას. პროცესში ყველა მასწავლებლის ჩართულობა სავალდებულო არ არის, რადგან შეფასების საგანი ეხება არა კონკრეტულად რომელიმე მასწავლებლის და/ან საგნის სწავლების სირთულეებს, არამედ ზოგადად სკოლაში სწავლების პროცესის მიმდინარეობას. შიდა შეფასების განხორციელებას შესაძლოა სკოლას კანონმდებლობაც ავალდებულებდეს. ამიტომ ხშირ შემთხვევაში შიდა შეფასების პროცესში მოწვეული სპეციალისტებიც არიან ჩართული, კითხვარებისა და შეფასების პროცესის მეთოდოლოგიური გამართულობის უზრუნველსაყოფად. ასეთ დროს აღნიშნავენ, რომ შიდა შეფასების პროცესში გარე შეფასების ელემენტებიცაა. მართლაც, შიდა/გარე და თვითშეფასების ძალიან ბევრი შერეული ვარიანტი არსებობს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი განსხვავების ყველაზე მარტივი მეთოდი შეფასების საგანზე დაკვირვებაა.

მეთოდოლოგიაში აღნიშნულია, რომ ტერმინი „სკოლის თვითშეფასება“ ბუნდოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში არაა განსაზღვრული, ვინ რას აფასებს. მსგავსი ტენდენციაა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეებშიც. ძირითადად, თვითშეფასება – როგორც ტერმინი, განისაზღვრება იმით, თუ ვინ ატარებს პროცესს და რა არის შეფასების საგანი. მკვლევრები თვლიან, რომ ეს საკმარისი არაა და აუცილებელია ცხადი იყოს, რა მიზნით ტარდება შეფასება და ვინ ადგენს ამ მიზნებს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი განისაზღვროს, ატარებს სკოლა შიდა შეფასებას თუ თვითშეფასებას.

შიდა შეფასების პროცესი აწყობილია ხარისხის ციკლის ირგვლივ, რაც გულისხმობს დაგეგმვის, ქმედების, შეფასებისა და განხორციელების პროცესის უწყვეტობას. მკვლევრები (კონკრეტულად კი შვეიცარიელი მკვლევრები Beywl.Balzer, 2016) გვთავაზობენ წარმატებული შეფასების პროცესის 10 აუცილებელ ნაბიჯს:

  1. შეფასების საგნის განსაზღვრა;
  2. შეფასების ჯგუფის ჩამოყალიბება;
  3. დეტალური მიზნებისა და საკვლევი კითხვების განსაზღვრა;
  4. შეფასების კრიტერიუმებისა და წინაპირობების განსაზღვრა;
  5. კონკრეტული მეთოდოლოგიური ნაბიჯების დაგეგმვა და განხორციელება;
  6. მონაცემების ანალიზი;
  7. მონაცემთა ინტერპრეტაცია ;
  8. მონაცემების წარმოდგენა;
  9. შედეგების გამოყენება;
  10. შეფასების შეფასება (თვითრეფლექსია).

როგორც ვხედავთ, შიდა შეფასების მიმდინარეობას ბევრი საერთო აქვს თვითშეფასებასთან, ხოლო საბოლოო ჯამში ორივეს – პრაქტიკის კვლევასთან. თვითშეფასება, პირველ რიგში ორგანიზაციის განვითარებას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანიც პროცესისა და შედეგის გაუმჯობესებაა. მას პირდაპირი კავშირი აქვს სკოლის ხარისხის მართვასა და უზრუნველყოფასთან. მეთოდოლოგიაში თვითშეფასების საფუძვლად სამი მარტივი კითხვა ფიგურირებს, რომლებზე პასუხიც მთელი პროცესის კონცეფციას მოიცავს:

  1. რა მიზანს გვინდა მივაღწიოთ სკოლაში/გაკვეთილზე?
  2. რა აქტივობებს ვახორციელებთ ამ მიზნების მისაღწევად?
  3. ვატარებთ თუ არა სწორ აქტივობებს მართებულად?

თვითშეფასების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ მონაწილე მხარეები ცვლილებების აუცილებლობას იაზრებენ და აღიარებენ. თუ მზად არიან მიიღონ რეკომენდაციები კოლეგებისაგან და შეცვალონ არსებული პრაქტიკა. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორია წარუმატებლობის შიშის გადალახვა, რაც ძირითად შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია. მესამე და მნიშვნელოვან პირობას კი შეფასების შედეგების მიღება და აღიარება წარმოადგენს. კვლევაზე დაფუძნებული, ობიქტური და სანდო შედეგები შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში არ ასახავდეს მასწავლებელთა მოლოდინს, თუმცა თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში ნებისმიერ შედეგთან გამკლავება მონაწილეების ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე შეფასებას (იქნება ეს შიდა თუ თვითშეფასება) ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო სჭირდება. დაუშვებელია მისი გამოყენება ვინმეს დასჯის ან დაშინების მიზნით. ასეთ დროს მონაწილე მხარეები უბრალოდ თავს აჩვენებენ შემფასებელს, რომ წარმართავენ პროცესს, რეალურად კი შეფასება მხოლოდ ქაღალდზე მიმდინარეობს და მას არ მოაქვს ორგანიზაციისათვის პრაქტიკული სარგებელი.

 

 

 

 

 

 

მოლოდინის აუტანელი ხიბლი, ანუ გაკვეთილის დრამატურგიაზე

0

გაკვეთილის დრამატურგია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავია, რადგან ყოველდღიურ რუტინასა და შრომის ჩადებას მოითხოვს და ორივე მხარის – მასწავლებლისა და მოსწავლის ემოციური მდგომარეობა იფიტება და რაღაც მომენტში მოწყენა საკლასო ოთახში ისე შემოიპარება, როგორც ნოემბრის ბოლო რომელიმე კვირას – ზამთარი.

და მაინც, არიან მასწავლებლები, რომლებიც რაღაც მანქანებით ახერხებენ, რომ ყოველი შემდეგი გაკვეთილი საინტერესო და ემოციით სავსე აღმოჩნდეს.

მე მინახავს ასეთი მასწავლებლები და გაოცებული დავრჩენილვარ იმ ოსტატობით, რომლითაც ისინი ერთი შეხედვით სრულიად პრაქტიკულ და მოსაბეზრებელ საგანს, ფიზიკას ასწავლიდნენ.

ვისაც ბავშვობაში ნანახი თეატრალური სპექტაკლები გახსოვთ, ადვილად გაიხსენებთ, როგორ მუშაობს ასეთი სასცენო დადგმა: აი, თეთრ, ფაშფაშა კაბაში გამოწყობილი წითელქუდა ტყეში მისეირნობს. კალათში ორცხობილა უდევს, პატარა ბოთლით ლიმონათიც, საყვარელ ბებოსთან მიდის. მოვეფერები და ბევრს დავკოცნი, ბებო კი საკუთარი ხელით მოქსოვილ წინდებს მაჩუქებს.

და იქვე, სცენაზე ბოროტი მგელი გამობრძანდება. საშიშია, ოი, როგორი საშიში და ხმამაღლა ამბობს: მე ამ წითელქუდას გზას ავუბნევ, ჯერ მის ბებოს შევჭამ, მერე კი შვილიშვილსაც შევახრამუნებ.

გაფაციცებით ვუსმენთ. დარბაზი გარინდულია. ჩვენ თუ გავიგეთ, რატომ არ ესმის ამ სულელ გოგონას?

წითელქუდა სიმღერას აგრძელებს და აი, რომელიღაც გამბედავი ბავშვი წამოიყვირებს: წითელქუდა, მგელი შეჭმას გიპირებს.

რაო, რაო? – ყურს მოიღერებს გოგონა, რაღაც მომესმა?

და დარბაზში მსხდომი ყველა ბავშვი ყვირის: შენ უკანაა, შეჭმას გიპირებს, მგელი შეჭმას გიპირებს, წითელქუდავ!!!

მაგრამ წითელქუდა ხმამაღლა ამბობს, მგონი რაღაც მომესმა, ბებოსთან არ დამაგვიანდეს! – და კულისებში უჩინარდება.

აქ იწყება ის, რაც მთელ ჩვენს ცხოვრებას გასდევს, როგორც ლიანდაგის ერთ რელსს მეორე – მოლოდინის აუტანელი ხიბლი!

რა მოხდება? რა მოუვა წითელქუდას? რას დავინახავთ ჩვენ?

თანამედროვე სამყარო ამ მეთოდს ოსტატურად იყენებს. ამ მოლოდინის ეფექტზე დგას თანამედროვე კინემატოგრაფი, მოლოდინის ეფექტის შესაქმნელად აანონსებს რომელიმე ცნობილი გადაცემის სკანდალური წამყვანი საღამოს ეთერის მთავარ თემას.

ბოლოს და ბოლოს, ამ „რა მოხდებას“ მოლოდინში ზის მსოფლიოს ლამის ნახევარი და ელოდება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, სადაც ჩვენი საყვარელი გუნდი მტრის თერთმეტ რაინდს სასიცოცხლო ბრძოლაში უნდა დაუპირისპირდეს.

მოლოდინის ეფექტის შექმნა საგაკვეთილო დრამატურგიაში ძალიან მომგებიანია. ახსნისას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მასწავლებელმა გაურკვევლობის მარცვალი უნდა დათესოს მსმენელში და ამ ამოცანის ამოხსნისკენ ნელ-ნელა და გამოცდილი ხელით წაიყვანოს მოზარდის გონება.

აი, წევს კაცია მუნჯაძე სიკვდილივით ცივ ლიანდაგზე, ელოდება მატარებელს. ეძინება, ო, როგორ ეძინება კაციას, მაგრამ არ უნდა გამოეპაროს მატარებლის მოსვლა, ამიტომ თავს დებს ლიანდაგზე – „მოდი, პაწაი თვალს მოვატყუებ და მერე უმფრო ფხიზლად ვიქნები“, ფიქრობს, „თუ ვინიცობაა, მაშინა მოვიდა, რეინცაზე რომ თავი მექნება, მაშინათვე შევიტყობ და წამოვხტები“.

და სიზმარს ხედავს, რომ მოდის მატარებელი. მოდის მატარებელი და მოჰყავს ოქროსტანსაცმლიანი კაცები, ოქროსია მატარებელიც. უნდა გადაუდგეს, ესროლოს, ამიტომ ელოდება ნახევარი საათია, მაგრამ თან ვერ ბედავს. გამაციმბირებენ, ცოლ-შვილს უპატრონოდ დამიტოვებენ – ფიქრობს კაცია მუნჯაძე და მატარებელიც გაივლის.

ფიზიკის მასწავლებელი ამ სცენას ისეთი მხატვრულობით ჰყვებოდა, გული მეწურებოდა. ვიცი, რომ ვერ ასცდება კაციას სიკვდილი. ვიცი, რამდენჯერ წამიკითხავს ეს ამბავი და განა რანაირად შეიცვლება დასასრული? განა რკინიგზის დარაჯმა გვამი არ უნდა იპოვოს ლიანდაგზე? და მაინც, მოლოდინი, რომ იქნებ რამე შეიცვალოს, არ გამქრალა.

რატომ დადო ლიანდაგზე თავი ამ უბედურმა კაციამ? რატომ არ დაიძინა გვერდით? – კითხულობს მასწავლებელი და ყველა ხელი აწეულია.

ფიზიკის მასწავლებელი ბავშვებს ბგერის გავრცელების სიჩქარის ფორმულის გამოყვანას ასწავლიდა.

„მშობლებო, ნუ დააპროგრამებთ შვილებს!“ (დასაწყისი)

0

„მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობებში უმნიშვნელო არაფერია: რასაც პატარებს ეუბნებით, რასაც არ ეუბნებით, რასაც სრულიად ცნობიერად აკეთებთ და ისიც, რასაც ქვეცნობიერის კარნახით ახორციელებთ – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ბავშვებზე“. ასე იწყებენ წიგნს იტალიელი ავტორები: რობერტა კავალო და ანტონიო პანარეზე. ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობები უწყვეტია, ერთხელ წარმოქმნილი ეს ურთიერთობები არასდროს წყდება, სამაგიეროდ, ისინი ხან სიხარულს ანიჭებენ ადამიანებს, ხან ტანჯვას გვრიან მათ.

რობერტა კავალო – პედაგოგი, ფსიქოლოგი და აღზრდის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორია. იტალიაში მისი ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ბეტსელერებად არის ქცეული. როგორც თავად რობერტა კავალო აღნიშნავს, მან საკუთრ თავზე იწვნია ის წნეხი, რომელიც მშობლების სტერეოტიპებმა მოახდინა მასზე და თვლის, რომ თუ ადამიანს სურს, ცხოვრებაში სასურველ მიზანს მიაღწიოს, მან საკუთარ ოცნებებზე უარი არ უნდა თქვას.  რობერტა კავალოს საკუთარი ცენტრი „Bimbiveri“ აქვს. ის მშობლებსა და აღმზრდელებს ასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია, საშუალება მისცე ბავშვს, იცხოვროს საკუთარ მისწრაფებებსა და სურვილებთან ჰარმონიაში. ის ასევე, ეხმარება ბავშვებს პოტენციალის აღდგენაში, გარშემომყოფებთან გაფუჭებული ურთიერთობების აღადგენასა და გამყარებაში. თავად პედაგოგი და ფსიქოლოგი ამბობს, რომ ის ეხმარება მშობლებს ბავშვების ქცევის „საიდუმლო შეტყობინებებისა“ და „მინიშნებების“ ინტერპრეტაციაში, რათა მათ წარმატებით შეძლონ საკუთარი შვილების განათლებისა და ქცევის მართვის პრობლემების გადაჭრა.

მაშ ასე, ჩვენ ზუსტად ვიცით, – ამბობენ ავტორები, – რომ არ არსებობენ მშობლები, რომლებსაც არ დაესვათ შეკითხვა საკუთრი თავისთვის: „მე კარგი დედა ვარ?“ „მე კარგი მამა ვარ?“ „ბედნიერია თუ არა ჩემი შვილი?“. ნებისმიერ მშობელს უამრავი შეკითხვა უჩნდება: „ნეტავი ყველაფერს სწორად ვაკეთებ თუ არა?“; „რატომ არის ჩემი შვილი აგრესიული?“; „რატომ არის ბავშვი ასეთი მორცხვი?“; „რატომ არასდროს მისმენს?“; „მუდმივად აქეთ-იქით ისვრის საკუთარ ნივთებს, რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ქცევა?“; „რატომ არის, რომ სულ რაღაცას ითხოვს და არასდროს ინტერესდება, საიდან მოდის ფული და არავის უწევს ანგარიშს?“.

თქვენი შვილები უფრო დიდები არიან, ძვირფასო მკითხველო? და ახლა სხვა შეკითხვები გაწუხებთ – „რა სჭირს ასეთი, რომ ვერაფრით შოულობს სამსახურს?“; „რატომ ვერ ახერხებს პარტნიორის მოძებნას?“; „მგონი ჩემი შვილი სულაც არ არის ბედნიერი და რატომ მოხდა ასე?“ მოდით, დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენივე აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული ჩვევები და სტერეოტიპები, რომლებიც თავის დროზე მშობლებმა ჩაგვინერგეს, ახლა ხელს გვიშლიან, რომ ჩვენი შვილებისათვის საუკეთესო მშობლები გავხდეთ.

წიგნი, რომლის ამონარიდებსაც მკითხველი გაეცნობა, ეძღვნება ისეთ მშობლებს, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ საუკეთესო მშობლები იყვნენ, მაგრამ მათი შვილი არავის უჯერებს, მუდმივად უხეშობს; ან ისეთი მორცხვია, რომ ძალიან უჭირს თვითგამოხატვა; თინეიჯერი, რომელიც მუდმივად ნერვიულობს, შფოთავს, ყველაფრით უკმაყოფილოა და ისეთი მეამბოხე გახდა, რომ საკუთარი „თავიც კი დაკარგა“, რაც შესაძლოა ზრდასრულ ცხოვრებაშიც გაჰყვეს და შემდგომშიც ვეღარც  იპოვოს საკუთრი თავი“. ამ წიგნისა და შესაბამისად, მისი ავტორების მიზანია, დააფიქროს მშობლები, იქნებ თავად არიან იმ პრობლემების  მაპროვოცირებლები, რომლებიც სხვადასხვა სირთულის სახით თავს ატყდებათ მათ შვილებს.

ძვირფასო მშობლებო, იყავით საყრდენი საკუთარი შვილებისათვის. ნუ ცდილობთ მათ გადაკეთებას, შეცვლას. უბრალოდ გიყვარდეთ ისინი და იყავით ბედნიერი მათთან ერთად. ანუ კიდევ ერთხელ ნუ დააპროგრამებთ შვილებს, რადგან შემდგომში ამ „პროგრამებისგან“ გათავისუფლება ძალიან რთულია.

მოდით, ახლა ერთი ფართოდ გავრცელებული აღმზრდელობით შეცდომის შესახებ ვისაუბროთ  – გვთავაზობენ რობერტა კავალო და ანტონიო პანარეზე – „შენ ყოჩაღი, დამჯერი  უნდა იყო“. ანუ შვილს ეუბნება მშობელი, რას მოელის მისგან და ბავშვიც იწყებს „ყოჩაღობას“, ანუ პატარა ცდილობს, მოერგოს გარემომცველ სამყაროს, მოერგოს იმ სურვილებს, რომლებსაც მშობლები მისი მომავალი ცხოვრებისათვის გეგმავენ. ამ ყველაფრის საფასური არც თუ ისე მცირეა. ბავშვი თანდათან კარგავს გრძნობებს, სურვილებს, ხასიათის თავისებურებებს, ცხოვრებით ტკბობის უნარსა და საკუთარ პიროვნებას. ბავშვები არ უნდა იყვნენ „ყოჩაღები და დამჯერები“. ისინი უნდა იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან სინამდვილეში. მაინც რატომ ხდება, რომ ბავშვები ადვილად ადაპტირდებიან უფროსების სურვილების მიხედვით საკუთარი განცდების საზიანოდ? იმიტომ, რომ პატარებს ნამდვილად სჭირდებათ კარგად მოქცევა მშობლების სიყვარულის მოსაპოვებლად, კიდევ სჭირდებათ დაცულობა და ის, რომ სასიცოცხლო საჭიროებები დაკმაყოფილებული ჰქონდეთ.

ახლა კი ანტონიო პანარეზეს სევდიანი ისტორია სპეციალურად იმ მშობლებისათვის, რომლებიც ამ სტატიას კითხულობენ: „საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მე ვერაფრით გავხდი ყოჩაღი და დამჯერი ბიჭი. სიმართლე გითხრათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ვერ მოვახერხე ჩემი მშობლების სურვილებს მოვრგებოდი. რაღაც უხილავმა ძალამ მაიძულა, ამბოხი მომეწყო და გამეპროტესტებინა „ყოჩაღი ბიჭის“ როლთან შეგუება. გაინტერესებთ ალბათ, რას ნიშნავდა ყოფილიყავი „ყოჩაღი ბიჭი“? დავიწყოთ: თავდაპირველად უმთავრესია, იყო ზრდილობიანი, უნდა გახსოვდეს, რომ მადლობის გადახდა აუცილებელია; არ უნდა გააბრაზო ბებო, ბაბუ; იყო აკურატული და მოწესრიგებული, ანუ არ უნდა ყრიდე საკუთარ ნივთებს აქეთ-იქით… შემდეგ, უნდა დაასრულო სკოლა საუკეთესო ნიშნებით და ყოფაქცევაც სანიმუშო უნდა გქონდეს. თანდათან მოთხოვნები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. უნდა შეიძინო ისეთი პროფესია, რომელიც დაგეხმარება მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში;  შემდეგ შექმნა საუკეთესო ოჯახი და აღზარდო შვილები.

იყო „ყოჩაღი“ ჩემი მშობლების გაგებით, ნიშნავდა – იყო ისეთი, როგორიც არის შენს გარშემო უმრავლესობა, ანუ იყო ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვი, ზუსტად ისეთი, როგორიც არის შენი თანატოლების უმრავლესობა. გამოგიტყდებით და გეტყვით, მრავალი წლის მანძილზე თავს ცუდად ვგრძნობდი იმის გამო, რომ ჩემი ოცნებები და სურვილები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ჩემი თანატოლების სურვილებისგან. თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ მე „ყოჩაღი“ არ ვიქნებოდი და თვრამეტი წლის ასაკში სახლიდან წავიდოდი. მშობლებმა თავდაპირველად თავი დაიმშვიდეს და გადაწყვიტეს, რომ ეს „გარდატეხის ასაკის“ გამო ხდებოდა, ანუ რომ წამოვიზრდებოდი, გადავიფიქრებდი ოჯახის დატოვებას. აქვე გეტყვით, რომ მე „ცუდი ბიჭი“ არ გამოვედი. მე მხოლოდ საკუთარი ჭეშმარიტი „მეს“ მოსაძებნად მინდოდა წასვლა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ იქ, სადაც ვცხოვრობდი, მისი პოვნა სრულიად შეუძლებელი იყო. მოკლედ, როგორც მიხვდით, ყველაფერი კარგად დასრულდა“.

რობერტა კავალოსაც აქვს საკუთარი „ყოჩაღი გოგოს“ ისტორია და აი რას ჰყვება ის: „მე ყოველთვის სამაგალითო ბავშვი ვიყავი. წარჩინებული მოსწავლე, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი, როგორც უფროსების, ასევე გარშემო მყოფი სხვა ადამიანების მიმართ. მუდამ მოღიმარი, კეთიგანწყობილი და აკურატულად ჩაცმული გოგონა ვიყავი. ჩემს მშობლებს პრობლემებს არ ვუქმნიდი. ისინი კი გამუდმებით მიჩიჩინებდნენ: „უნდა იყო ყოჩაღი და დამჯერი“. ვაღიარებ, ხშირად მიფიქრია, როგორი ადამიანი ვიქნებოდი, თუ ჩემი მშობლები ასე დაუსრულებლად, განუწყვეტლივ არ გამიმეორებდნენ საკუთარ შეგონებებს? სიმართლე გითხრათ, არასდროს მესმოდა, რატომ უნდა ვყოფილიყავი მაინცდამაინც „ყოჩაღი, დამჯერი, თვინიერი“ და არა ისეთი, როგორიც თავად მიმაჩნდა სწორად? დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ გავხდებოდი უზრდელი მონსტრი და ცუდად არ მოვიქცეოდი! მუდამ მაწუხებს იმაზე ფიქრი, რატომ მაიძულებდნენ სანიმუშო ბავშვის ნიღბის ტარებას? ნუთუ მთავარი ის იყო, რომ თავად მშობლებს სურდათ კომფორტულად ეგრძნოთ თავი, იმის შეგრძნების ხარჯზე, რომ ბავშვი, რომელიც მათ ოჯახში აღიზარდა იდეალურია? სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მე გარშემო მყოფების თვალში „საოცნებო“ ბავშვი ვიყავი, მეშინოდა სიბნელის, ისე ძლიერად, რომ დაძინება ძალიან მიჭირდა და თქვენ წარმოიდგინეთ ღამის ენურეზით თოთხმეტ წლამდე ვიტანჯებოდი. ხშირად მქონდა მრისხანების შემოტევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე და დედა მარტო ვრჩებოდით. არცთუ იშვიათად, ოჯახის წევრებისათვის  უხეში და უზრდელი ვხდებოდი. ჩემში თითქოს მეორე ადამიანი ცხოვრობდა და ეს მდგომარეობა დიდხანს გამყვა და სწორედ ამის გამო მაწვალებს კითხვა: მშობლების სიტყვები და ქცევები ჩვენზე ზრდასრულ ასაკშიც მოქმედებს? იდეალური ბავშვის ფიქრები: „მშობლებს, რომ ვუთხრა, თავი დამანებეთ, აღარ მინდა „ყოჩაღობა“ – რა მოხდება? ისინი ძალიან ინერვიულებენ? იმედები გაუცრუვდებათ? ასეთ შფოთვაში ატარებენ დღის დიდ ნაწილს „წესიერი, დამჯერი, თვინიერი“ ბავშვები. ისინი დანაშაულის განცდით იტანჯებიან, თუ შემთხვევით რამე „ისე არ გამოუვათ“, უნებურად შეცდომას დაუშვებენ. „ყოჩაღები“ ცდილობენ ისე მოიქცენ, რომ მათ შესახებ უფროსებს მოლოდინი გაუმართლონ. „თვინიერი, დამჯერი ყოჩაღები“ მთელ ძალ-ღონეს ახმარენ იდეალური ბავშვების როლის თამაშს, რაც მათ ძალას ართმევს და ბავშვობის პერიოდისათვის დამახასიათებელ სილაღეს, სიხარულსა და ბედნიერებას უკარგავს“.

ამ ისტორიის გაგრძელებას შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.

პური ჩვენი არსობისა

0

ყოველ ახალშობილს ბუნება ერთ უმთავრეს უნარს უბოძებს ხოლმე. ყველა დანარჩენი, უჯრედის გაყოფით დაწყებული, მეცნიერულ-სოციალურ-ყოფითი კანონზომიერებების შესწავლით დამთავრებული, სწორედ ამ უნარზე დგას. ეს თვითგადარჩენის უნარია. ჯერ კიდევ თვალაუხელელი ახალშობილი ხელის ცეცებით პოულობს რძის ნაკადულის სათავეს და ამას თვითგადარჩენის ინსტინქტი კარნახობს. ახალგაღივებული თესლიდან ამოწვერილი უსუსური ყლორტი გოლიათურ ძალას პოულობს და ზოგჯერ კლდესაც კი აპობს, რომ მზის სინათლე იხილოს. ესეც თვითგადარჩენის ინსტინქტის დამსახურებაა. თვითგადარჩენა მტრის მოგერიებასაც გულისხმობს, ამიტომ ვარდის ბუჩქი სურნელოვან ყვავილებთან ერთად ეკლებითაც იმოსება. კატას ბასრი ბრჭყალები და სწრაფი რეაქცია აქვს, ირემს – რქები, ზღარბს – ეკლები…

სუსტებისა და ლაჩრებისთვისაც მოუგონია არსთა გამრიგეს თავდასაცავი „იარაღი“ – ეშმაკობა და მლიქვნელობა…

რა ხდება მოლეკულების სამყაროში? რა თქმა უნდა, თვითგადარჩენის უნარი მათაც აქვთ. სხვაგვარად, აბა, როგორ იქნება – ისინიც ხომ იმავე ბუნების შვილები არიან. ჰოდა, დღეს ერთი საინტერესო მოლეკულა უნდა გაგაცნოთ.

ადამიანი დიდ ჯაფას ეწევა საკვების მოსაპოვებლად. ცეცხლთან გაშინაურებისა და ჭურჭლის გამოგონების შემდეგ ნაირ-ნაირი საკაზმი აღმოვაჩინეთ. ზოგი უფრო შორსაც მიდის და კულინარია ლამის ხელოვნების დონემდე აჰყავს. ათასგვარ შოუს იგონებენ პროდიუსერები, რადგან იციან, რომ მონაწილეებსაც ადვილად იპოვიან და მილიონობით მაყურებელსაც. მაგრამ მათ მიერ შექმნილი ვერც ერთი კერძი ვერ შეგვიცვლის პურს.

რატომ?

გიფიქრიათ, რატომ არის მაინცდამაინც პური „ჩვენი არსობისა“ და არა, მაგალითად, ყველი? ის ხომ უფრო ახლოსაა რძესთან – საკვებთან, ქვეყნიერებაზე ფეხის შემოდგმისთანავე რომ ვიგემეთ?

სითბოს (ენერგიის) დაუხარჯავად სამყაროში ვერც ერთი მუშაობა ვერ სრულდება. ბუხარი შეშას ითხოვს, ორთქლმავალი – ქვანახშირს, მანქანა – ბენზინს, ატომური გემი – ურანს… ადამიანს კი გლუკოზა სჭირდება, გულის კუნთმა მუშაობა რომ არ შეწყვიტოს, ხელ-ფეხი მუდამ თბილი რომ გვქონდეს, გონებამ ლოგიკური დასკვნების გამოტანა რომ შეძლოს.

გლუკოზის დაბადებისთვის ნახშირორჟანგი, წყალი და კოსმიური ენერგია (მზის სინათლე) გახლავთ საჭირო. ჰაერში ნახშირორჟანგისა და წყლის მეტი რა არის, მაგრამ გლუკოზას იქ ვერ იპოვით. იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ მწვანე ფოთლის სარეცელზე ერწყმიან ერთმანეთს. დიახ, მხოლოდ ფოთოლმა იცის, როგორ აკინძოს ნახშირბადის ექვსი ატომი და საახალწლო ნაძვის ხესავით ჰიდროქსილის ჯგუფებით როგორ მორთოს. არც „კენწეროზე“ ალდეჰიდის ჯგუფის „ვარსკვლავის“ დადგმა ავიწყდება. მაგრამ პროცესის იდუმალება ამით არ მთავრდება. ალდეჰიდის ჯგუფი ადვილად იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ხოლო თუ დაიჟანგა, აღარც გლუკოზა იქნება და მშიერი დარჩება ყოველი სულიერი. ამიტომ გამჩენმა გლუკოზის მოლეკულას თვითგადარჩენაც ასწავლა: ის თითქოს წელში იხრება და სუსტ კენწეროს ტოტებში მალავს (ქიმიკოსები ამას ნახევარაცეტალის ფორმას ვეძახით).

 

ჩვენი ორგანიზმი ნახევარაცეტალურ ფორმებს ვერ ცნობს, ამიტომ მისი ყოველი ულუფის მისაღებად შეკრული მოლეკულა მცირე რაოდენობით იხსნება – თითქოს ძუძუს გვაწოვებს პატარა ყლუპებით.

გლუკოზა სამყაროში მხოლოდ მაშინ იბადება, როცა ფოთლებს მწვანე ფერი დაჰკრავს. იცის უზენაესმა, რომ წინ ცივი ზამთარია და მძიმე ადრეული გაზაფხული, ამიტომ საზამთროდ გლუკოზის მოლეკულებს საგანგებოდ ინახავს – გრძელ მძივებად ასხამს გლუკოზის რგოლებს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვინახავთ ხახვსა და ნიორს გრძელ გალებად.

კიდევ რა არის საინტერესო ამ ამბავში?

გლუკოზაში თავის გადამალვის დროს პირველი ჰიდროქსილის ჯგუფი ან მარჯვნივ დარჩება, ან მარცხნივ. ამის მიხედვით მათ ალფა და ბეტა გლუკოზას ვუწოდებთ. მათ შორის განსხვავება არ არის – ციკლის გახსნის დროს ორივე იმ გლუკოზას მოგვცემს, ასე რომ გვჭირდება, მაგრამ თუ მათგან მოლეკულების გრძელ წნულებს ავასხამთ, სულ სხვადასხვა რამეს მივიღებთ: ალფა გლუკოზისგან – სახამებელს, ბეტა-გლუკოზისგან კი – ცელულოზას. სახამებელი პურია ჩვენი არსობისა, ცელულოზა კი ის მერქანია, რომლისგანაც შეგვიძლია სახლი ავაშენოთ და ავდარში თავი შევაფაროთ.

ძველ სახლში თუ გაგითევიათ ღამე, ღამის მყუდროებას აუცილებლად დაგირღვევდათ იატაკის ფიცრებში დაბუდებული ლაფანჭამიას კბილების ღრჭიალი. საკვირველია, რა გემოს ატანს ფიცარს?!

საქმე ის არის, რომ პურიც და ფიცარიც გლუკოზის მოლეკულებისგან შედგება, უბრალოდ, მათში პირველ ნახშირბადზე ჰიდროქსილები სხვადასხვა მხარეს იყურებიან.

„დედა ენა“ ვირტუალურ ფანჯრებში

0

„დარაბებს მიღმა“ 2020 წლის შემოდგომაა. პანდემია თავის გზას მიუყვება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით საგანმანათლებლო ცხოვრებაზე. ჩემი აზრით, დისტანციური ფორმატის სირთულეები პირველკლასელებსა და პირველკურსელებზე ყველაზე მკაფიოდ აისახება. მათ ხომ პირველად შეაბიჯეს (უფრო სწორად, შეიხედეს) უცნობ სამყაროში, სადაც მათი მომავალი უნდა დაწყებულიყო. თან დაზუსტებით ვერავინ გვეტყვის, დროებითია თუ საბოლოო საგანმანათლებლო სივრცეებში მათი დაბრუნება.

წელს მეც პირველკლასელი ვარ. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მეც პირველად შევაბიჯე უცხო გარემოში. თუმცა ცხოვრებამ საკმაოდ ბევრი გაკვეთილი ჩამიტარა და გამოწვევების აღარ მეშინია. ამიტომაც გაბედულად შევაღე საკლასო ოთახის კარი, შემდეგ კი – ვირტუალური ფანჯარა. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, საკლასო ოთახშიც კი საკმაოდ შეზღუდულია სწავლა-სწავლების პროცესი  (ვერ იყენებ დაწყებითი საფეხურისთვის მნიშვნელოვან მრავალჯერად სასწავლო რესურსს, ჯგუფური აქტივობის ფორმატს და ა.შ.). სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებაზე რომ არ ვიღელვოთ, წერა-კითხვის სწავლება ხომ აუცილებელია?! ამიტომაც ჩემს სასკოლო ხელჩანთაში, საკანცელარიო ნივთების გარდა, სადეზინფექციო ხსნარისა და ხელთათმანების მარაგმაც დაიდო ბინა. ასე ექიმივით პირაკრული და ხელთათმანდაკაპიწებული შევუდექი წერა-კითხვის უნარების განვითარებაზე მუშაობას.

ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო. ამიტომ პატარები ჯერ იმაზე დავაფიქრე, რა არის ასო და ბგერა. შემდეგ ანბან-ქალაქის ყველა მაცხოვრებელი გავაცანი და ქართული ანბანი სიმღერ-სიმღერით ჩამოვარაკრაკეთ

ქალაქის საუკეთესო მომღერლებს (ხმოვნებს) ყველაზე მეტად დავუახლოვდით, რადგან ერთ დღეს საკუთარი სახელებიდანაც კი გაგვექცნენ და ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ (ნინო მზესელის „აურზაური ანბანში“ წავუკითხე და სიტყვების ხმოვნების გარეშე წარმოთქმის დროს ძალიან ვიხალისეთ). ამასობაში ანბან-ქალაქის შესასვლელსაც მივუახლოვდით, მაგრამ სანამ პირველ წინადადებას გავეცნობოდით, ბავშვებს სიტყვის მარცვლებზე მოვუყევი. ხმოვნებთან მეგობრობა ამჯერადაც ძალიან გამოგვადგა. დამარცვლა რომ გაადვილებოდათ, სიტყვებში არსებულ ხმოვნებს წრეში ვსვამდი და თემატურ ფოტომასალასაც მარცვლების რაოდენობის შესაბამის ნაწილებად ვჭრიდი.

საანბანო პერიოდმა დისტანციური სწავლების პროცესში მომისწრო, იაკობ გოგებაშვილის ყველასათვის ცნობილი ,,აი ია“ უნდა ამეხსნა. ჯერ ასო-ბგერები დავაწყვილეთ და სიტყვებად ვაქციეთ, შემდეგ კი ეს სიტყვები დავამეგობრეთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინადადების გაცნობის დროც დადგა. წინადადების მნიშვნელობა რომ ადვილად გაეაზრებინათ, ერთგვარი გამოცნობანა ვითამაშეთ – ვასახელებდი აზრობრივად გამართულ ან არასრულ წინადადებებს, მოსწავლეები კი მსჯელობდნენ, რომელი იყო მათგან წინადადება და რომელი – არა. თამაშის დასასრულს მეც კი „გამომცადეს“ (ამ თამაშის ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს „წინადადების ფაზლი“, რომელთა აწყობაც მოსწავლეებს ძალიან ეხალისებათ საანბანო თუ შემდგომი პერიოდის ტექსტების დამუშავების პროცესში, თან აღნიშნული აქტივობა კითხვის უნარებსაც აუმჯობესებს).

ასე გაიბა უწყვეტი ჯაჭვი ბგერიდან ასომდე, ასოდან  – მარცვლამდე, მარცვლების შეერთებით მიღებული სიტყვებიდან კი – ბოლო გაჩერებამდე, წერტილამდე. აქვე ანისა და ინის თავგადასავალიც მოვიგონეთ. ინი „ხიდზე გადასვლაში“ დავაოსტატეთ, ანი კი ისეთი წკრიალა ხმის პატრონი აღმოჩნდა, ვურჩიეთ – სიმღერა ისწავლე, იქნებ ოპერაში მიგიწვიონო. მას შემდეგ ანი თავის ოთახს არ ტოვებს, დააღებს პირს და მაღალი ნოტების აღებას ცდილობს: – ააააა!

შემდეგ გაკვეთილზე გაზაფხულის მინდვრებსა და ტყის პირებს „დავუყევით“, იებს ვეძებდით, ბოლოს ბუჩქებში შეყუჟულებს მივაგენით. ბავშვებს შიო მღვიმელის ლექსიდან ნაწყვეტი წავუკითხე და ნაზი, მორცხვი ყვავილის „ხასიათზე“ ვიმსჯელეთ. ბოლოს კი სახატავი და საძერწი მასალა მოვიმარაგეთ. ზოგმა იები დახატა, ზოგმა კი პირველი საკითხავი წინადადება გამოძერწა.

თუ კითხვასთან ერთად მოსწავლეებს წერასაც ასწავლით, ორმაგი საგაკვეთილო დრო და უშრეტი ენერგია დაგჭირდებათ, რადგან ახალბედა მოსწავლეში ერთდროულად ამდენი უნარის განვითარება საკმაოდ რთულია. მე წელს პირველად ვასწავლი სინქრონში წერა-კითხვას და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სჯობს წერის უნარებზე საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ ვიზრუნოთ, რადგან ისეთი პატარა დეტალების ყველა წესის დაცვით გამოწერისთვის, როგორიც ასოთა სისტემაა, ხელს სპეციფიკური დამუშავება სჭირდება.

ზემოაღნიშნული დამოკიდებულების მიუხედავად, დავემორჩილე სახელმძღვანელოს ავტორების მიერ არჩეულ გზას და შევუდექი წერის სწავლებას. აქაც შესავლით დავიწყე. ჯერ კალმის/ფანქრის ხელში სწორად დაჭერის გაკვეთილი ჩავატარე,  შემდეგ კი მოსწავლეები ანბან-ქალაქში (რვეულის ბადე) „გავასეირნე“ – თოკზე მოსიარულეთა ქალაქის ისტორია წავუკითხე (ა. სულაკაური „სალამურას თავგადასავალი“), საწერი ბადის სართულები ზემოაღნიშნული ისტორიის მიხედვით დავნომრეთ და სახლებს სახურავები მივახატეთ. ქუჩის კუთხეში სასვენი ნიშნების შუქნიშანიც კი დავდგით.

აი ასეთ ლამაზ ქუჩაზე უნდა ეცხოვრათ ასოებს, მაგრამ, ერთმანეთს რომ არ დაჯახებოდნენ, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ანი და ინი ერთი ოთახის გამოტოვებით, მეორე სართულის ერთოთახიან ბინაში დავასახლეთ. წერის დისტანციურად სწავლება ყველაზე რთულად მისაღწევი მიზანი რომ იქნებოდა, ისედაც ვიცოდი. ამიტომ წინასწარ ჩავწერე დეტალური ვიდეოინსტრუქცია, სადაც ასოს გამოწერის პროცესს (ადგილმდებარეობას, წერის მიმართულებას, ზომას და ფორმას) დეტალურად განვმარტავ და თან ვაჩვენებ. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალურ ფანჯრებში შეუძლებელია იმის დანახვა, თუ როგორ წერს მოსწავლე, სწორი განწყობის შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად წერისთვის გაკვეთილზე მცირე დროს მაინც ვიტოვებ. ძირითად სამუშაოს კი მოსწავლეები ჩემგან დამოუკიდებლად, მაგრამ ზემოაღნიშნული ვიდეოინტრუქციის დახმარებით ასრულებენ.

იმედი მაქვს, მალე დავხურავთ ელექტრონულ დარაბებს და უფრო მეტად დავაფასებთ იმ დროს, რომელშიც სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა დაგვიბრუნდება. მანამდე  კი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და საინტერესო გამოცდილების დაგროვებას გისურვებთ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...