კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

ბავშვები საქართველოდან

0

ცოტა შორიდან მოგიყვებით: ისე გავიზარდე – მშობლები, რომლებიც მოულოდნელად გაღარიბდნენ, ისევე, როგორც სხვები იმ უმძიმეს წლებში, წელზე ფეხს იდგამდნენ. თვითონ იკლებდნენ და მე არ მშიოდა. არც მციოდა. მამაჩემი თხილის ხისგან მშვილდისარს რომ მიკეთებდა, ამით ისრის სროლას კი არა, სიხარულს მასწავლიდა. ირგვლივ გამქრალ და მივიწყებულ სიხარულს. სიგარეტს აღარ ეწეოდა და იმ დაზოგილი ფულით, ცხრა ქუჩის გადაღმა მივდიოდით, საღეჭი რეზინი რომ გვეყიდა. ის გზა, სახლიდან ტონიას ბუტკამდე, ბედნიერების პირველად შემჩნევისა და განცდის გზა იყო. მაგრამ ცხადია, ბევრი რამ მაკლდა. ძალიან ბევრი. მეტს საბანი ვერ სწვდებოდა. და ზუსტად, ძალიან ზუსტად ვიცი, რომ ის ოცნებები, რაც მაშინ მქონდა, ის სურვილები, რაც მაშინ დამებადა, ახლა მთებიც რომ გადავდგა, ვეღარ ახდება. აბა, რად მინდა დღეს ჯინსის შარვალი ჯიბეზე მიქარგული ფეხბურთელით? არ ჩამეტევა. ან ტეტრისის ყუთი? ათასიც რომ ვიყიდო, უსიხარულო იქნება ეს ამბავი. ბავშვობას ვერსად აინაზღაურებ. ცრუ იმედია. სულ ტყუილია იმის დასაყრდენებაც, რომ სირთულეში გაზრდილები უფრო დიდ სიმაღლეებს წვდებიან. კი, სწვდებიან, მაგრამ ეს ბავშვობას ვერ შველის. ბავშვობა დგას ზურგს უკან და ჩამქრალი თვალებით გიყურებს. შენ სხვა ხარ და ის სხვა.

სულ მძულდა სიტყვა ,,უნდა”. ყოველთვის გავურბოდი. ახლაც. სხვისი ნაკარნახევის აუცილებლობად ქცევის განზრახვა მგონია. მაგრამ არის დრო, როცა ,,უნდა” გარდაუვალია:

…ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.

…ბავშვებს არ უნდა სციოდეთ.

…ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში.

…ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა.

…ბავშვებს უნდა შეეძლოთ სიხარული.

რომელიმე პარტიის აღარცმთლად ნორჩი აქტივისტი გეგონეთ? არა! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინც კვირაში ბარემ ათამდე სოფელს სტუმრობს. და იქ მესმის: ნიკას ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი, მასწავლებელი ურეკავდა მეზობლის ტელეფონზე და ასე კარნახობდა გაკვეთილებს. ლელას რვეულები არ ჰქონდა და მეგობრის რვეულს იყენებდა, რომელიც მხოლოდ ცალ გვერდზე წერდა და მერე ლელას აჩუქა. მერე მეორეზე ლელა წერდა. ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის. ძალიან რცხვენია და სიცხე მაქვსო, მამიდას აბარებს. ობოლია, მამიდა ზრდის. ნინის შოკოლადი უყვარს. იმ დღეს ოცნებების დახატვა ვთხოვეთ და დიდი მთა დახატა შოკოლადის ფილებით და მიაწერა: ,,ფული რომ მექნება, შიკოლათს ვიყიდი”. ლაშას, ეკა, ნოდარს, ლუკას, ლიკას, გვანცას…

ჩემი ცხოვრების გზის უმთავრესი განცდა ეს ბავშვები არიან. არც ეკრან-ეკრან ხეტიალს ვაპირებ და არც ბრტყელი სიტყვებით პირის გასველებას. ხედავთ, ალბათ, ძალიან ვერიდები საჯაროდ ამ ფორმით გამოჩენას, შოუებიდან მოძღვრას და სახეზე კამერის წინ ღრმა ფიქრის მორგებას. ვერიდები, თუმცა ყველას ვთხოვ: ამ შოუს ხალხსაც და შოუს გარეთ მყოფთაც, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეთაც, დიდი და უფრო დიდი ფულის მქონეთაც – ეძებეთ ასეთი ბავშვები. ეძებეთ. იოლად იპოვით. უბრალოდ თვალი გაახილეთ და გვერდით გაიხედეთ.

ბავშვებს დახმარება სჭირდებათ.

ბავშვებს დახმარება უნდათ.

 

***

უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!

კი, ისევ ბავშვებზე უნდა მოგიყვეთ. და საერთოდ – მათზე ხშირად მოგიყვებით. ეს იქნება ჩემი მთავარი მოსათხრობი საქმე.

გუშინ დუშეთიდან ლამის ფასანაურამდე ავუყევი. აქ ისეა, რომ ყოველ მოსახვევზე მცირე საძოვარია, მერე აკლაკნილი გზა და მერე პატარა სოფელი. და ამ საძოვრებზე, აუცილებლად შეგხვდებათ ბავშვი მწყემსი, ორმოციოდ ძროხას რომ მოუძღვება, ჯარისკაცის უზარმაზარი საწვიმარი აცვია და ორი ზომით დიდი ქუდი ახურავს. განა ამბავს ვამხატვრულებ და ვამძაფრებ – ზუსტი სურათია, ზეპირი. ჰო, კიდევ ერთი დიდი ბოთლი, წყლისთვის და პარკი, სადაც ალბათ რამე წასალუკმი უდევს. ყველი. პური. ასეთი ბავშვი გუშინ სამი შემომხვდა. სამივე სხვადასხვა სოფლიდან. სამივე დიდი სევდით და მორცხვი ღიმილით. სამივე საგანგებო დავალებით – ,,თუ ვინმე საეჭვომ გკითხოს, აუცილებლად უთხარი, რომ ეს ერთხელ გამოხვედი სამწყემსად და მანამდე არ ყოფილხარ”. შენ მაინც ეკითხები და ისინი იმეორებენ ამ დავალებას: ,,აი, ძია, ძალიან იშვიათად ვეხმარები ხოლმე, ძალიან, თუ ავათ არიან” და წვიმს, წვეთები ქუდიდან სახეზე ეწურებათ, სახე დახრილი აქვთ და მზერას ქვევით, უკვე შემხმარ ბალახებში მალავენ. მერე მე ვეკითხები სკოლის სახელს, საღამოს ვეძებ დირექტორს ან მასწავლებელს და ისინი მიყვებიან, რომ ,,თედო, რაც სკოლა დაიწყო, კლასში არა ყოფილა. კომპიუტერი? ვინ მისცემს მაგას კომპიუტერს? რომც აჩუქოთ, ზედ ვინ დასვამს? ისეთი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდა, დიდია. მაგ ბავშვსა, ბავშვობა არა ჰქონია, თვალით არ უნახავს. გული დაგეწვება, გული. მეზობელმა მითხრა, დილით ექვსზე რომ წამოაგდებენ, მიაჩეჩებენ რაღაცას საგზალივით და წავიდა ძროხაში. ნუ იტყვით, ნუ იტყვით. ხან სახელმწიფოს ხალხი მივიდა, ხან ნათესავი, მაგრამ ბავშვი ისე ჰყავთ დაშინებული, სულ კარგს ამბობს და სულ მათ ქებაშია”.

 

და განა თედოა მხოლოდ ასე, განა მხოლოდ ნიკო ან ზვიადი. ან განა მხოლოდ დუშეთიდან ფასანაურამდე მიდის ეს გზა? ის აჭარიდან იწყება და კახეთის ბოლოს სწვდება. ალბათ საზღვარსაც ცდება, მაგრამ მე უფრო ჩვენი ამბავი მაინტერესებს. და ამ გზაზე დგანან ბავშვები, რომელთაც მშობელმა, ან ბიძა-ბიცოლამ ან ვინმე ნათესავმა, ვისთანაც იზრდება, ადგა და ბავშვობა გამოგლიჯა ხელიდან. ბევრი ოცნება და ცოტა სიზარმაცე, ბევრი თამაში და ცოტა წიგნიც – აი, ასე გამოგლიჯა, ხელში სახრე შეაჩეჩა და გაუშვა. ამ გზაზე. ეს გზა კი არსად არ მიდის. ის არც ტაძრამდე მიიყვანს ამ ბავშვებს და ასე განსაჯეთ, არც უფსკრულამდე. ეს გზა არის და არც არის. გაყინული გზაა. საზარელი საცობი. ამ გზაზე დგანან ეს ბავშვები. აწვიმთ და იღიმიან. ახლა ის არ მითხრათ, რომ ოჯახს უჭირს. ვიცი და ამაზე ვილაპარაკე. კიდევ ვილაპარაკებ. და კიდევ. სახელმწიფო. საზოგადოება. მაგრამ ამ უბედურების ამ ნაწილზე ვწერ და ცხადად ვიცი, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ბავშვისთვის სწავლის უფლების წართმევა და ღიმილის უფლების წართმევა და ცელქობის უფლების წართმევა და კიდევ ბევრი, ბევრი რამის წართმევა. თან ეს წართმევა ისეთია, რომ ვერავინ დაუბრუნებს და ვერც თვითონ. სხვა ოჯახებსაც უჭირთ მათ მეზობლად, იმავე სოფელში და იმავე ქუჩაზე. მაგრამ იკლებენ და ბავშვს აძლევენ. ჩემებსაც უჭირდათ მაშინ, მაგრამ სკოლაში წასვლის წინ ყიყლიყოს და გაპრიალებულ ჩანთას მახვედრებდნენ. თვითონ სხვა რამეს ჭამდნენ. სხვა რამეს იცვამდნენ. განა მე არ ვეხმარებოდი მშობლებს? ვეხმარებოდი და აქ არც სამარცხვინოა რამე. მაგრამ სადაც საქმე სწავლაზე მიდგებოდა, მშობლები უკან დგებოდნენ და წინ მიშვებდნენ. ეგ არის – თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, საკუთარს უნდა მოაკლო. საგანგებოდ გავყევი სახლისკენ ამას წინათ ერთ მათგანს, ობოლ ბიჭს და დავინახე სახლის წინ, პატარა აივანზე ტელევიზორი იდგა, დეიდამისი და კიდევ ერთი ქალი რაღაც ბოდვას უმზერდნენ და იცინოდნენ, ბიძა კიდევ ჭიშკრის წინ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვიფიქრე, მივალ, ვეტყვი რამეს, მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე, რომ მე წავალ და ეს მოზარდი იქ დარჩება. და რომ დარჩება, თქვენც ხვდებით, რა დღესაც დააწევენ.

ჰოდა, იქ ვერ ვთქვი და აქედან გეუბნებით: უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!

 

 

 

გარდატეხის ასაკის ლაბირინთები

0

ვფიქრობ, ნებისმიერმა აღმზრდელმა, რომელსაც გარდამავალ ასაკში მყოფ მოზარდთან ჰქონია შეხება, კარგად იცის, თუ რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ამ პერიოდში უფროსი ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. ეს ასაკი, რომელიც დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება, უამრავ თავსატეხს უჩენს, როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს  – ერთ დროს ძალიან მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, უკონფლიქტო, გარშემომყოფთა მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი მოზარდი თითქოს  სრულიად მოულოდნელად ხდება ფეთქებადი, აგრესიული, გაუწონასწორებელი, კონფლიქტური. ან, საკმაოდ  კომუნიკაბილური, ხალისიანი ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ  თავში, გახდეს დეპრესიული და საგონებელში ჩააგდოს მშობელი ასეთი მოულოდნელი ცვლილებების გამო.

მაინც რა იწვევს მოზარდის ხასიათის ასეთ მოულოდნელ ცვლილებებს და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვის განვითარებაში ეს ურთულესი პერიოდი უმტკივნეულოდ და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე გავიაროთ.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გარდატეხის ასაკში მომხდარი უეცარი ცვლილებების საფუძველი განვითარების ამ პერიოდის ახალწარმონაქმნი – „დიდობის“ გრძნობაა. მოზარდი დარწმუნებულია იმაში, რომ ის უკვე პატარა აღარაა და დაჟინებით მოითხოვს გარშემომყოფებისაგან მოეპყრან, როგორც დიდს. თუ უფროსები ამას არ აკეთებენ, პირიქით, ურთიერთობას, როგორც პატარა ბავშვთან ისე აგრძელებენ, მოზარდს უჩნდება პროტესტის განცდა და იწყებს „ამბოხებას“ მათ  წინააღმდეგ – ხდება ჭირვეული, ჟინიანი, გაუგონარი, უხეში, ჯიუტი. რატომ უჩნდება ბავშვს „დიდობის“ გრძნობა სწორედ ამ ასაკში, რა აძლევს მას საფუძველს იფიქროს, რომ ბავშვი აღარ არის და მასთან უფროსები სხვაგვარად უნდა ურთიერთობდნენ. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გრძნობის აღმოცენება გარდამავალ ასაკში შემთხვევითი არ არის და მას წინ უსწრებს განვითარების ყველა მიმართულებით, როგორც ფიზიკურ, ასევე ინტელექტუალურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებები. ამასთან, ამ პერიოდში სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი სერიოზული და ძირეული ცვლილებები ხდება, რასაც ადამიანის განვითარების სხვა ეტაპზე მთელი ათწლეული დასჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ძირეული და უეცარი ცვლილებები უკვალოდ არ ჩაივლის  და ის სერიოზულ ასახვას პოულობს მოზარდის, როგორც ემოციურ ცხოვრებაში, სოციალურ ურთიერთობებში, ასევე მის ქცევაში. მაინც, რა ცვლილებები ხდება ამ ასაკში ისეთი, რაც ბავშვის ემოციურ და ქცევით მახასიათებლებს ასე სერიოზულად ცვლის:

  • დისჰარმონია ფიზიკურ განვითარებაში – მოზარდი სწრაფად იწყებს ზრდას სიმაღლეში, მაგრამ ეს ძირითადად კიდურების ხარჯზე ხდება – უგრძელდება ხელები და ფეხები, წელს ზემოთ კი სხეული ძველებურ ფორმებს ინარჩუნებს. სწრაფად იზრდება ზომაში ყურები და ცხვირი, რაც ბავშვს ძალიან არ მოსწონს, განიცდის და საკმარისია ვინმემ მის დაგრძელებულ კიდურებზე, წამოზრდილ ყურებზე ან ცხვირზე გაამახვილოს  ყურადღება, რომ ის უცებ იფეთქებს და შეიძლება აგრესიაც კი გამოავლინოს ამ ადამიანის მიმართ. გარდამავალ ასაკში მსხვილი კუნთების განვითარება ბევრად წინ უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, რის გამოც მოზარდის მოძრაობები ტლანქი და მოუხეშავია, აკლია სიზუსტე, დახვეწილობა, რაც ხშირად უფროსების მხრიდან შენიშვნების, უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი ხდება. აღნიშნული ცვლილებების გამო, მოზარდმა, როგორც არ უნდა მოინდომოს, შეიძლება უფროსების მოსაწონი მოქმედებები ვერ განახორციელოს. ამდენად, კარგი იქნება, თუ გაგებით მოვეკიდებით მასში მომხდარ ცვლილებებს. ისეთი შენიშვნები კი, როგორიცაა: „რა უშნო, მოუქნელი და მოუხეშავი ხარ, ადამიანი ვერაფერს განდობს, ყველაფერი ხელიდან გივარდება“, ან „ამხელა ყურები ტყუილად გაქვს? ამდენს გელაპარაკები და მაინც ვერაფერს გაგებინებ“,  როგორც წესი,   სერიოზულ კონფლიქტებს ბადებს. გულის კუნთის და სისხლძარღვების არათანაბარი განვითარება ასევე შეიძლება პრობლემების და მოზარდთან ურთიერთობების გართულების მიზეზი გახდეს გულის კუნთი სწრაფად იზრდება, სისხლძარღვების დიამეტრი კი კარგა  ხანს ადრინდელ ზომას ინარჩუნებს, რის გამოც გულს ყოველთვის სათანადო რაოდენობით ვერ მიეწოდება სისხლი. აღნიშნული გარემოება იმის მიზეზი ხდება, რომ მოზარდი ხან ენერგიის მოზღვავებას განიცდის, ხან საოცარ დაღლილობას, სრულ მოშვებას და მოთენთილობას, რაც უფროსების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს და საყვედურებით ავსებენ მოზარდს – „რამ მოგადუნა, რამ გაგაზარმაცა ასე, შენს ასაკში მე ჩიტივით დავფრინავდი“. ხშირ შემთხვევაში უფროსს, იქნება ეს მშობელი, თუ მასწავლებელი, აღარ ახსოვს თავისი ბავშვობის ეს პერიოდი და დაუმსახურებელი საყვედურებით საგონებელში აგდებს მოზარდს, რომელიც დიდი მცდელობის და სურვილის მიუხედავად, ყოველთვის ვერ ახერხებს უფროსების მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებას. ასე, რომ გარდამავალ ასაკში ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში მომხდარი ცვლილებები, განსაკუთრებით სწრაფი ზრდა სიმაღლეში (ამ დროს ბევრი მოზარდი მშობელსაც კი უსწრებს სიმაღლეში), ერთი მხრივ, დიდ სიამოვნებას, კმაყოფილებას  ანიჭებს ბავშვს და მასში „დიდობის“ გრძნობის აღმოცენების ხელშემწყობი ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ის თანამდევი მოვლენები, რაც ფიზიკურ განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს ახლავს თან, მოზარდსაც და უფროსებსაც სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს;
  • არანაკლები სირთულეები შეიძლება შეგვიქმნას მოზარდის ინტელექტუალურ განვითარებაში მომხდარმა ცვლილებებმა – განვითარებას იწყებს აზროვნების ახალი ფორმები. ფსიქოლოგიური აზროვნების წყალობით ბავშვს უჩნდება სურვილი შეიცნოს საკუთარი თავი, შეიცნოს სხვა ადამიანები. ეს ყოველივე კი, სწორი აღზრდის პირობებში, თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარების განვითარების ხელშემწყობი ხდება. ფილოსოფიური აზროვნება, რომელიც ფსიქოლოგიურ აზროვნებასთან ერთად აქტიურად ვითარდება გარდატეხის ასაკში, მოზარდს სიკვდილ-სიცოცხლეზე  ფიქრისაკენ უბიძგებს. სიკვდილზე ფიქრის დაწყება მშობლებს ხშირად აშინებთ და პანიკაში აგდებთ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და მასში საგანგაშო არაფერია. გაგებით შევხვდეთ მოზარდის დაინტერესებას აღნიშნული  საკითხებით და საჭირო ინფორმაციის მიწოდებით მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შევეცადოთ. ინტელექტუალურ განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს ასევე თავისი წვლილი შეაქვს მოზარდში „დიდობის“ გრძნობის აღმოცენებაში. იმის წყალობით, რომ დღეს ბავშვები საკმაოდ კარგად არიან დაუფლებული საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საშუალებებს, შეიძლება მათ ბევრ ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი, რაც უფროსებისთვის უცხოც კი იყოს. ამას მოზარდი ძალიან კარგად გრძნობს და თუ უფროსი მასთან ურთიერთობაში არაფერს ცვლის, როგორც პატარა ბავშვს ისე ეპყრობა, ის იწყებს მისთვის ისეთი შეკითხვების დასმას, რომელზეც იცის, რომ პასუხს ვერ მიიღებს და ამით ცდილობს დაუმტკიცოს, როგორც უფროსებს, ისე საკუთარ თავს, რომ ის უკვე დიდია და მოითხოვს ისე ეპყრობოდნენ, როგორც დიდ ადამიანს. თუ ეს ასე არ მოხდება,  ურთიერთობის გართულება და კონფლიქტები გარდაუვალია;
  • ფიზიკური და იმტელექტუალური განვითარების პარალელურად სერიოზული და საყურადღებო ცვლილებები ხდება სოციალური განვითარების მიმართულებითაც. ბევრი ისეთი რამის გაკეთებას, რასაც აქამდე მხოლოდ უფროსების დახმარებით ახერხებდა, ახლა თავადაც კარგად ართმევს თავს. თუ აქამდე მშობლებს ყველგან ხელმოკიდებული დაჰყავდათ, ახლა დამოუკიდებლადაც თავისუფლად შეუძლია გადაადგილება საკმაოდ დიდ მანძილზე. ეს მას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკვე დიდია და სულ არ სიამოვნებს, სცხვენია, ერიდება კიდეც გარშემომყოფების, თუ რაიმე საქმეზე წასულს დედა გვერდით მიჰყვება. იმის გამო, რომ თავს უკვე დიდად თვლის, ის სრულ თავისუფლებას და ყველაფერში დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მოითხოვს უფროსებისაგან. და თუ ის მისთვის სასურველ თავისუფლებას ვერ იღებს, იწყებს ამბოხებას, გამოხატავს პროტესტს, უკმაყოფილებას უფროსების მიმართ. რა თქმა უნდა, ვერცერთი მშობელი ვერ მისცემს შვილს იმდენ თავისუფლებას, რამდენსაც ის მოითხოვს, მაგრამ არც მისი უფლებების და  თავისუფლების სრულად შეზღუდვა იქნება გამართლებული. გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მშობლებისთვის საუკეთესო რეკომენდაციაა – „მიუშვი და აკონტროლე“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ გვინდა,რომ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდთან ურთიერთობა არ გავირთულოთ და პრობლემები მინიმუმამდე შევამციროთ, ვაღიაროთ, რომ ის უკვე პატარა ბავშვი აღარ არის, მაშინაც კი, თუ მისი ქცევა ამის დამადასტურებელი ნამდვილად არ არის. რაც უფრო ადრე შევცვლით მოზარდთან დამოკიდებულებას და გავითვალისწინებთ მის განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს, მით უფრო უმტკივნეულოდ გაივლის ის ადამიანის განვითარების ამ  ურთულეს პერიოდს და ჩვენც ნაკლები პრობლემები გვექნება მასთან ურთიერთობაში.

 

 

მათემატიკა ლიტერატურის გაკვეთილზე

0

„ყელსა ბროლის, უტოლებსა, გველი გყვა მცველად“ – გველი რუსეთია და პოეტი გულისხმობს, რომ საქართველო რუსეთს ჰყავს დატყვევებული“ (ამონარიდი მოსწავლის საგამოცდო ნაწერიდან)

უცხო ტექსტზე, განსაკუთრებით, ლექსზე, მუშაობისას მოსწავლეები ზოგჯერ იმდენად მოულოდნელ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებენ ხოლმე, გვიკვირს, რამდენად უკიდეგანო შეიძლება იყოს ადამიანის ფანტაზია. თითქოს რატომ უნდა აუკრძალო მოსწავლეს, გამოთქვას აზრი, მაგრამ ასეთ დროს ბეწვის ხიდზე გვიწევს ლიტერატურის მასწავლებლებს გავლა: როდესაც ინტერპრეტაცია არაფერს არ ეფუძნება, როდესაც მოსაზრება არაფრიდან არ გამომდინარეობს, ცხადია, არ უნდა მოვერიდოთ მოსწავლის გაჩერებას და დაშვებულ შეცდომაზე მითითებას. ალბათ შეგიმჩნევიათ, იმიტომ, რომ მოსწავლის გაჩუმება ეუხერხულებათ, მასწავლებლები უხერხულად იშმუშნებიან; გულის სიღრმეში მათ იციან, რომ მოსწავლეს უნდა შეაწყვეტინონ საუბარი, მაგრამ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ თანამედროვე სწავლება გულისხმობს ნებისმიერი მოსაზრების არსებობის უფლებას, არ იყენებენ თავიანთ უფლებას, იყვნენ მასწავლებლები. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ უკმეხად უთხრათ რამე ან სამუდამოდ აღუკვეთოთ საუბრის უფლება მოსწავლეებს. თუ გაკვეთილის მიზანი არაა ზეპირი მეტყველების გაუმჯობესება, მასწავლებლის უფლებაა, გააჩუმოს მოსწავლე ისევ ამ მოსწავლის სიკეთის გამო. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ ზეპირი მეტყველებაც არაფერზე დაფუძნებული ლაყბობით, ფუჭმეტყველებით კი არ უნდა გაუმჯობესდეს, არამედ არგუმენტირებულად და თანმიმდევრულად აზრის ფორმულირების შესწავლით. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო პროცესი და არ დაგვჭირდეს მოსწავლეების გაჩუმება და თან თავიდან ავიცილოთ უხეში შეცდომები ინტერპრეტაციისას, მოსწავლეებს აუცილებლად თავიდანვე უნდა განვუმარტოთ, რა შემთხვევაში აქვს ინტერპრეტაციას არსებობის უფლება და როდის და რატომ ვამბობთ, რომ რომელიღაც მოსაზრება მისაღებია და რომელიღაც მიუღებელი. ამ პროცესში მე, ლიტერატურის მასწავლებელ ნესტან რატიანს, მათემატიკა და მათემატიკის მასწავლებელი მიშა გელენავა დამეხმარა. მოვყვები თავიდან:

ერთ დღეს კლასში უცხო ტექსტად გალაკტიონის „რომელი საათია“ შევიტანე. სანამ ამ ნაწარმოების ანალიზს დაწერდნენ, მოსწავლეები შეუდგნენ ტექსტის სტრიქონ-სტრიქონ განხილვას, პირველ ეტაპზე – ხმამაღლა და ჯგუფურად. მოსწავლეებს არცერთი სახე და ხერხი არ გამორჩენიათ გარჩევის დროს. შემდეგ გუგლის საძიებო სისტემით შარლ ბოდლერიც მოძებნეს და გაარკვიეს, რას უკავშირდებოდა „თრობის საათი“. ამის მერე უკვე ვარაუდების წამოყენება დაიწყეს. ვიღაცამ ტელეფონის ნერვიული რეკვა სიკვდილს დაუკავშირა, რადგან ამოსავალი შეკითხვა იყო, თუ რატომ არ პასუხობენ ზარს; ვიღაცამ იგივე ნერვიული რეკვა სიცოცხლეს დაუკავშირა, რადგან ახლა ამოსავალი შეკითხვა ის იყო, რატომ უნდა რეკავდეს ტელეფონი ღამე, თუ ვიღაცის დაბადებას არ გახარებენო; ერთმა „ღამე საზიზღარი“ საბჭოთა რეჟიმიაო, თუმცა აქვე ისიც დაამატა, თუ ლექსის დაწერის თარიღი 1927 წლამდე იყო, გამოდის, გალაკტიონს და ქვეყანას 1937 წელი და დიდი რეპრესიების ხანა ჯერ არ ჰქონდა გავლილი და, აქედან გამომდინარე, „საზიზღარი ღამე“ რეჟიმის მეტაფორა ვერ იქნებოდაო; ამის საპასუხოდ მეორემ ცნობილი ფაქტი –  გალაკტიონის მიერ ლექსების შექმნის თარიღების ფალსიფიკაცია გაიხსენა; მესამემ „ღამის მეეტლე“ ქარონს მაგონებს, მეეტლე ხომ, როგორც წესი, მხატვრობაში შავი ცილინდრით გამოისახება და საიქიოში გადამყვან ქარონს წააგავსო და თან ბნელი დერეფანი მდინარე სტიქსივით ამ და იმ ქვეყნის საზღვარიაო… მიმიხვდით ალბათ, რისი ჩვენება მინდა?! რა ინტერპრეტაციამ აღარ გაიჟღერა გაკვეთილზე. ცხადია, მოსწავლეებს არ ვაწყვეტინებდი საუბარს და მათ გულისყურით ვუსმენდი. მაგრამ იქამდე, სანამ მათი ვარაუდები ტექსტის რომელიღაც სიტყვას ეფუძნებოდა და სანამ თითოეული მოსწავლე მოსაზრებას ან მწერლის ბიოგრაფიული ეპიზოდით ან ეპოქით, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა ან მის სხვა ტექსტებს შორის მიმართებით ამყარებდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე რამდენიმე მოსწავლემ ისეთი რაღაც არ თქვეს, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო.

ვინაიდან ვიცით, რომ როცა არსებობს ბევრნაირი მკითხველი, ინტერპრეტაციაც ბევრნაირი შეიძლება იყოს, იმისდა მიხედვით, რამდენად ნაკითხია ეს უკანასკნელი, რამდენად კარგად იცნობს სხვადასხვა ტექსტს, რამდენად კარგად ახერხებს ტექსტებს შორის კავშირების დანახვას, რამდენად კარგად იცნობს მწერლის ბიოგრაფიას და ეპოქას და რამდენად ლოგიკურად უკავშირებს ამ სამს ერთმანეთს. ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც დაუშვებლად მივიჩნიეთ გაკვეთილზე გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება. ერთი მოსწავლე იმდენად შეწუხდა ამ დაუშვებელი მოსაზრებების გამო, რომ გამწარებულმა ასეთი რამ წამოიძახა: მაშინ ისიც ვთქვათ, რომ სამის მესამედი ათი კი არა, სამის ოცი წუთია, ე.ი. ელექტრონული საათის ციფერბლატზე 2:20 უნდა ეწეროს. ხომ არ შეიძლება, ამ რიცხვებში 2020 დავინახო და ვთქვა, გალაკტიონმა ორი ათას ოც წელს პანდემია იწინასწარმეტყველაო! – ყველას გაგვეცინა. თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ იყო სასაცილო და სასწრაფოდ რაღაც უნდა მეღონა – ამეხსნა, რატომ ვართ მკითხველები თავისუფლები ტექსტის ინტერპრეტაციისას, მაგრამ იმავდროულად რატომაა დაუშვებელი ყველანაირი ინტერპრეტაცია. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ ჩემი დახმარება მხოლოდ მათემატიკის მასწავლებელს შეეძლო და კარგი იქნებოდა, თუკი მე, ნესტან რატიანი, და მათემატიკის მასწავლებელი, მიშა გელენავა, ერთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ჩავატარებდით და ლიტერატურის გაკვეთილზე ლოგიკას შემოვიტანდით. ასე გადავწყვიტეთ, გაკვეთილის თემად „დედუქციის მეთოდი“ აგვერჩია. ვინაიდან გაკვეთილი ონლაინ ჩავატარეთ, გაკვეთილზე გავაზიარეთ დაფა, რომელზეც თვალსაჩინოებისთვის ვწერდით მაგალითებს, შემდეგ კი მოსწავლეებს ვაძლევდით საშუალებას, გაეზიარებინათ თავიანთი დაფა და რიგრიგობით ემუშავათ სხვების დასანახად. აი, ჩვენი გაკვეთილის განვრცობილი გეგმა:

  1. (ნ. რ.) როგორც ვიცით, არსებობს დედუქციური და ინდუქციური აზროვნება. თუ ინდუქციური აზროვნება კონკრეტულიდან ზოგადისკენ მიემართება, დედუქციურ აზროვნებას ზოგადი კონკრეტულამდე დაჰყავს. პირველი კითხვა: თუ გაახსენდებათ რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც დედუქციურ მეთოდს მიმართავდა. პასუხი: მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ შერლოკ ჰოლმსი და ახსნან, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ მეთოდში. თუ ვერ ახსნიან, უნდა დავეხმაროთ და განსამარტად მოვიხმოთ ეს მაგალითი: თუკი რომელიღაც მოთხრობაში დანაშაული ხდება, დანაშაულის ადგილზე მისული დეტექტივი აღმოაჩენს, რომ სახლს დარაჯობს ძაღლი, მაგრამ დანაშაულის ჩადენის ღამეს დარაჯ ძაღლს არ დაუყეფია. დეტექტივი ასკვნის, რომ დამნაშავე ოჯახის ახლობელია. რას ემყარება მისი დედუქცია? იმას, რომ ყველა ძაღლი, რომლის ფუნქციაც სახლის დარაჯობაა, უნდა უყეფდეს უცნობებს. ეს ზოგადია. კონკრეტულმა ძაღლმა ღამით შესულ დამნაშავეს არ დაუყეფა, ეს უკვე კონკრეტულია. ზოგადი გამოცდილება დაიყვანება კონკრეტულ შემთხვევაზე – ამაში მდგომარეობს დედუქციის მეთოდი. ამის შემდეგ გადავდივართ ელემენტარული ლოგიკის საფუძვლების გახსენებაზე;
  2. (მ. გ.) დედუქციური აზროვნება სილოგიზმებს ეფუძნება. რა არის სილოგიზმი? სილოგიზმი წანამძღვრებს და მათგან გამომდინარე დანასკვებს ემყარება (მაგალითი: ყველა ძაღლი ცხოველია; სპაიკი ძაღლია; მაშასადამე სპაიკი ცხოველია). სილოგიზმში უნდა იყოს ერთი მახასიათებელი (ზემოთ მოყვანილ მაგალითში ესაა ყველა) და სამი ტერმინი, რომელიც მეორდება (ზემოთ მოყვანილ მაგალითში ძაღლი, სპაიკი და ცხოველი). დედუქციური აზროვნება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ იმდენად შეჩვეულები ვართ სილოგიზმებით აზროვნებას, რომ აღარც კი ვაქცევთ ყურადღებას მათ. ის კი არა, ზოგჯერ ენთიმემებიც არ გვაშინებს;
  3. (მ. გ.) ენთიმემა ნაკლული სილოგიზმია, ე.ი. დანასკვის გამოტანა მხოლოდ ერთი წანამძღვრის ხარჯზე ხდება, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ აღვადგინოთ მეორე წანამძღვარი და სწორი დასკვნა ისე გამოვიტანოთ. მაგალითი: ლაზარე ოქსფორდში სწავლობს, ამიტომ ის ჭკვიანია. მოცემულ ენთიმემას წანამძღვარი „ყველა ადამიანი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს ჭკვიანია“ აკლია. ამ წანამძღვრის გარეშე ლაზარეს ჭკვიანობის საკითხი სათუო იქნება. თუკი წანამძღვრიდან ამოვიღებთ სიტყვა „ყველა“-ს, დანასკვი არც მაშინ იქნება სიმართლე. მაგრამ ენთიმემიდან რეკონსტრუირებული სილოგიზმი ნამდვილად ვალიდური/გამართული იქნება;
  4. (ნ. რ.) სიტყვები „სიმართლე“ და „გამართული“ სპეციალურად უნდა ვახსენოთ. საქმე ისაა, რომ სილოგიზმების შემთხვევაში ის კი არაა საინტერესო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს სილოგიზმი ან მისი ცალკეული ნაწილები, არამედ ის, თუ რამდენად ვალიდურია/გამართულია სილოგიზმი. ანუ სილოგიზმების შემთხვევაში გვაინტერესებს მხოლოდ მისი ვალიდურობა/გამართულობა, ანუ გვაინტერესებს, რამდენად მცდარი ან გამართულია სილოგიზმი და არა მისი კავშირი სიმართლესთან. მაგალითი: ყველა ჟირაფი ყეფს; აინშტაინი ჟირაფია; შესაბამისად აინშტაინი ყეფს – ამ სილოგიზმის არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა სილოგიზმი ვალიდურია/მართებულია და ის ჭეშმარიტია. მაგალითი: ყველა ქალი შეღებილი თმით მასწავლებელია; ნესტანს შეღებილი აქვს თმა; მაშასადამე, ნესტანი მასწავლებელია – ეს სილოგიზმი გამართულია, თუმცა მისი პირველი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება;
  5. (მ. გ.) გამოდის, რომ დედუქციური აზროვნების გამართულობის დასადგენად უნდა უგულვებელვყოთ წინადადებების (წანამძღვრების და დანასკვის) შინაარსი. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს არა მისი სემიოტიკა, არამედ მისი სტრუქტურა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს აქსიომატურ სტრუქტურას, რომელსაც მათემატიკა ეფუძნება. მათემატიკაში არსებობს აქსიომები, წინადადებები, რომელთა ჭეშმარიტებას ვიღებთ როგორც წინაპირობას, უტყუარ ფაქტს. როდესაც გარკვეული მოსაზრების (თეორემის) ჭეშმარიტება არის დასადგენი, ეს ხდება მათი შედარებით აქსიომებთან. თუკი ამ მოსაზრების ჭეშმარიტება გამომდინარეობს აქსიომებიდან, მაშინ ის ჭეშმარიტია, თუკი ის ეწინააღმდეგება აქსიომებს, მაშინ ის მცდარია. სილოგიზმის წანამძღვარი შეგვიძლია მივიღოთ როგორც აქსიომები, რომელთა ჭეშმარიტებაც ამ სილოგიზმის ფარგლებში მიიღება როგორც ფაქტი და მათი გადამოწმება ჩვენს ინტერესებში არ შედის. რაც ჩვენ გვაინტერესებს, არის – თუ რამდენად გამომდინარეობს სილოგიზმის დასკვნა მისი წანამძღვარიდან (აქსიომებიდან). როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ბევრად უფრო გაგვიიოლებს საქმეს, თუკი სიტყვებს მათემატიკურ სიმბოლოებად ვაქცევთ, თუკი იმ სამ ტერმინს, რომლებითაც სილოგიზმების გამართულობას ვაგდენთ, A, B, C ერთეულებში გადავიყვანთ, ხოლო შემდგომ ვენის დიაგრამით შევამოწმებთ, მართებულია სილოგიზმი თუ მცდარი. განვიხილოთ სილოგიზმი, მასში არსებული ტერმინები გადავიყვანოთ მათემატიკურ სიმბოლოებში. მაგალითად ყველა A არის B, C არის A, აქედან დასკვნაა C არის B. ვნახოთ ეს სილოგიზმი ვენის დიაგრამის სახით:

როგორც ვხედავთ, სიმრავლე A მთლიანად შედის სიმრავლე B-ს შემადგენლობაში. წერტილი C შედის სიმრავლე A-ში, შესაბამისად, ის შედის სიმრავლე B-შიც. ეს სილოგიზმი აბსოლუტურად გამართულია.

ახლა განვიხილოთ შემდეგი სილოგიზმი. ზოგიერთი A არის B-ც. C არის A. მაშინ ის არის B-ც. ვნახოთ შესაბამისი ვენის დიაგრამა:

როგორც ვხედავთ, A სიმრავლის ნაწილი შედის B სიმრავლეშიც, მაგრამ ნაწილი მის გარეთაა. ამიტომ C წერტილი შესაძლებელია იყოს A-ში, ისე რომ არ მიეკუთვნებოდეს B-ს. შესაბამისად, ეს სილოგიზმი არაა გამართული.

  1. (ნ. რ.) ლიტერატურული ტექსტის ინტერპრეტაციის დროსაც იმავე მეთოდს მივმართოთ და ჩვენი დედუქციური მსჯელობა დავიყვანოთ წანამძღვრებზე და დანასკვზე, ჩავანაცვლოთ მათ A. B, C ერთეულები და ვენის დიაგრამით შევამოწმოთ. თუ ამ ყველაფერს გაუძლებს მოსაზრება, მაშინ ის გამართული იქნება, თუნდაც ისეთ წანამძღვრებს ეყრდნობოდეს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ავტორიც კი, როგორც კი ტექსტს მკითხველის პირისპირ დატოვებს, ვეღარ შეეწინააღმდეგება მკითხველს, რომელიც მსჯელობისას თანმიმდევრულია და ტექსტიდან გამომდინარე წანამძღვრებით დედუქციური მსჯელობის გამოყენებით დანასკვამდე მიდის, რაოდენ უცნაურიც და ავტორის ჩანაფიქრთან შეუსაბამოც არ უნდა იყოს ეს მსჯელობა.

შევთანხმდეთ, რომ როდესაც ავტორი ცოცხალი არაა, წარმოუდგენელია ჭეშმარიტების, ავტორის სათქმელის ამოცნობა, თუკი ამ სათქმელზე ავტორი პირდაპირ არ გველაპარაკება. ზოგჯერ ტექსტის დეკოდირებას ავტორის ბიოგრაფიის ცოდნა სჭირდება; ზოგჯერ ტექსტის გასაგებად ეპოქის გათვალისწინება ხდება საჭირო. ანუ სხვადასხვა დროს განსხვავებული შეიძლება იყოს კონტექსტი, ხოლო კონტექსტის ცვლა ტექსტის ნაირგვარ ინტერპრეტაციას განაპირობებს. ახლა იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მკითხველი სხვადასხვა ტიპისაა – ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად ერუდირებული. ვიღაცამ კარგად იცის ეპოქა; ვიღაც მწერლის ბიოგრაფიულ დეტალებს ზედმიწევნით იცნობს; ვიღაც ისეთ ტექსტებს და ავტორებს ფლობს, რომელთაც გავლენა მოახდინეს განსახილველი ტექსტის შექმნაზე. ამიტომ ასეთ ერუდირებულ მკითხველებს არ დააკმაყოფილებთ ყველანაირი ინტერპრეტაცია. მათში პროტესტს გამოიწვევს ნებისმიერი მოულოდნელი და უცნაური მოსაზრება. მაგრამ ასეთი მკითხველი არ იქნება მართალი და არ იქნება მართალი განა იმიტომ, რომ ესა თუ ის ინტერპრეტაცია არასწორია, არამედ იმიტომ, რომ მან არ შეხედა ინტერპრეტაციის ვალიდურობას/გამართულობას. ანუ ჩვენ ვზომავთ არა იმას, რამდენად მართალია მკითხველი ინტერპრეტირების დროს და რამდენად ზუსტად ამოიცნო მწერლის სათქმელი თუ ჩანაფიქრი, არამედ იმას, თუ რამდენად გამართულია მსჯელობა, რამდენად გამომდინარეობს წანამძღვრებიდან დანასკვი. აი, ინტერპრეტაცია რომ გამართულ დედუქციურ მეთოდს არ ეყრდნობოდეს, მაშინ ერუდირებული მკითხველის პრეტენზია უსათუოდ მისაღები იქნება.

არ დაგიმალავთ, რომ მათემატიკის შემოტანამ ლიტერატურის გაკვეთილზე გაამართლა. ამ გაკვეთილის შემდეგ ჩვენი მოსწავლეები ბევრად ფრთხილები გახდნენ – ახლა ისინი ცდილობენ მაქსიმალურად თანმიმდევრულები იყვნენ მსჯელობისას, არ გასცდნენ დედუქციური მეთოდის ჩარჩოს და გამოტანილი დასკვნა გამართული იყოს.

 

 

 

 

 

„განათლების ეპოქის დასასრული“  და დეივ კორმეს რიზომატული განათლების მოდელი

0

რიზომატული სწავლება – ეს არის სწავლება, რომელიც გამოხატულია რიზომას მეტაფორით.  შემეცნებითი ტრაექტორია ჰგავს რიზომას, რომელსაც არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული, არც რაიმე ცენტრი. ის იზრდება ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მიმართულებით. მოსწავლის/სტუდენტის დამოკიდებულება ამ მოდელში: თუ  ჩემთვის რაიმეა საინტერესო (მნიშვნელოვანი/საჭირო), მე ვიწყებ მის შესწავლას.

Dave Cormier

არავითარ შემთხვევაში არ დავსვათ წერტილი, გავავლოთ ხაზი!

დელეზი

 

რიზომატულ განათლებას კორმე უწოდებს აგრეთვე: „გაურკვევლობის მიღებას“ (Embracing Uncertainty). მისი მთავარი თეზისებია:

  • საუკეთესო სწავლება – ეს არის სწავლება, რომელიც გვამზადებს გაურკვევლობისთვის, ქაოსისთვის (მის მოსაგვარებლად);
  • საზოგადოება თავად შეიძლება იყოს სწავლების შინაარსი, როცა სხვა ვარიანტი არ არის;
  • რიზომა – ეს არის სწავლების მოდელი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გაურკვევლობას;
  • რიზომატული სწავლება – ეს არის კომპლექსური საგნობრივი სწავლება;
  • აუცილებელია, სტუდენტებს/მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ საკუთარ და სხვების სასწავლო საქმიანობაზე პასუხისმგებლობა.

ბუნებრივია, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუ რას გულისხმობს დეივ კორმე რიზომატული განათლების კონტექსტში? ჯერ მოდელი განვიხილოთ:

შემეცნების რიზომატული მოდელი წარმოქმნის ქსელს, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ქსელი. ქსელს წარმოქმნის როგორც ფესვურები, ასევე ტოტები;

  • პირველ რიგში, ფესვები იზრდება ერთბაშად და ყველა მიმართულებით;
  • მეორეც, ახალი ტოტები შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერი ადგილიდან (თუ მივმართავთ გრაფიკულ მოდელს: ახალი კავშირები წარმოიქმნება არა მხოლოდ წვეროებიდან, არამედ კიდეები თვითონ იწყებს „ზრდას“).

რა თქმა უნდა, რიზომის მოდელი უფრო ორგანული და რთულია, ვიდრე იმ ქსელის მოდელი, რომელიც ეფუძნება მათემატიკურ აბსტრაქციას: „კვანძი-კავშირი-კვანძი“.

კორმე აღწერს რიზომის მომხიბვლელ მახასიათებლებს:

  1. ფესვები იზრდება ნებისმიერი მიმართულებით ნებისმიერი საწყისი წერტილიდან;
  2. ფესვები იზრდება და ვრცელდება ექსპერიმენტის საშუალებით;
  3. ფესვები იზრდება და ვრცელდება დაზიანების მიუხედავად;

ამ მეტაფორული აღწერის ფონზე საინტერესოა, როგორი უნდა იყოს სასწავლო დისციპლინის სწავლება? დეივი აქ ძალიან საგულისხმო რამეს გვეუბნება: მაგალითად, მას არ სურს, რომ მისმა მკურნალმა ექიმმა პროფესია მიიღოს  რიზომატული განათლებით. აქ საუბარია იმაზე, რომ რიზომატულ განათლებას ჩვენ მივმართვათ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ცოდნას ვერ ვიღებთ ფორმალური განათლების გზით. რიზომატული განათლების მოდელს საქმე აქვს „გაურკვეველ ცოდნასთან“ და, ამასთანავე, საერთო ძალისხმევით უმკლავდება გაურკვევლობას.  ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი! არსებობს ცოდნა, რომელიც გარკვეული და მოცემულია და არსებობს ჯერ კიდევ გასარკვევი, ანუ გაურკვევლი.

დეივი განიხილავს აგრეთვე რიზომატულ მოდელში შეფასების საკითხს და ამბობს: „თავი დაანებეთ, სტუდენტების და მოსწავლეების შეფასებას, არის რაღაც, რაც არ ფასდება; ამის ნაცვლად შეგიძლიათ შეაფასოთ თავად პროცესი, მასში ჩადებული ძალისხმევა, ურთიერთქმედება და კავშირები. ჩვენ უნდა მივცეთ მოსწავლეებს/სტუდენტებს შესაძლებლობა, აიღონ პასუხისმგებლობა, თავად გაზომონ და შეაფასონ სასწავლო პროცესი“.

 

რიზომა და თანამედროვე ქსელური განათლება

რიზომა ერთგვარად ქსელის მეტაფორაა, ხოლო თანამედროვე ციფრული ქსელური განათლება თავისთავად უკვე რიზომატულია.

როგორია თანამედროვე ქსელური განათლება და  რა ახასიათებს მას?

  • ინფორმაციის დაგროვებისა და სისტემატიზაციის უნარი;
  • აგრეთვე ფართომასშტაბიანი დისკუსიების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • ქსელური სწავლება არის საგანმანათლებლო საქმიანობის შედარებით ახალი პარადიგმა, რომელიც ემყარება მასობრივი თანამშრომლობის იდეას, ღია საგანმანათლებლო რესურსების იდეოლოგიას, მონაწილეებს შორის ურთიერთქმედებას.

თუ კორმეს რიზომატულ განათლებასა და ქსელურ განათლებას შევადარებთ, დავინახავთ, როგორი იდენტურია, თუმცა რიზომატული განათლების მოდელის განხორციელება შესაძლებელია აუდიტორიაშიც/კლასშიც. ციფრული ეპოქის პარადიგმა რიზომატული განათლებაა.

„განათლების ეპოქის დასასრული“ და კორონავირუსი

2018 წლის 10 ივლისს  ჟურნალ The Atlantic-ში  დაიბეჭდა  ჰენრი კისინჯერის სტატია „განათლების ეპოქის დასასრული“, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია. ამ ეპოქის დასრულების შემდეგ მოდის სწორედ „ახალი განათლება“, რომელიც საერთოდ განსხვავებულია და სწორედ „ქსელური“ და რიზომატული. ამ მოდელში  „ვირტუალური სასწავლო სივრცე”  არის სისტემა, რომლის სტრუქტურული ელემენტებია:

  • სასწავლო პროცესის მონაწილეები;
  • ინფორმაციული საგანმანათლებლო რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის მონაწილეების მიერ;
  • მონაწილეთა ურთიერთქმედება ქსელური სერვისის საშუალებით.

როგორც ვხედავთ, რიზომატული ქსელური განათლება ძალიან ჰგავს ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროცესს, როდესაც ბევრი ცოდნა გენერირდება, მუშავდება და მას ყველა  თანაბრად ინაწილებს…

 

რიზომატული მოდელი ეხება არა მარტო განათლებას… სოციალურ ცხოვრებას, პოლიტიკას, კულტურას და საერთოდ, ყველა სფეროს.

მაგალითად, ჩვენი დღევანდელი პრობლემა – კორონავირუსი პლანეტაზე – რომელსაც არ იცის, როგორ მოუაროს მსოფლიომ. დიახ, ეს არის „გაურკვეველი“, სწორედ ის გაურკვევლობა, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ. კორმეს რიზომატულ განათლებას თუ გადავიტანთ პოლიტიკაზე, მივიღებთ შემდეგს:

საუკეთესო სწავლება/პოლიტიკა – ეს არის სწავლება/პოლიტიკა, რომელიც გვამზადებს გაურკვევლობისთვის, ქაოსისთვის (მის მოსაგვარებლად);

სწორედ ამას ამბობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი:

ჰენრი კისინჯერმა ასევე გააკრიტიკა ის, რომ „მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ზრუნავენ და ერთმანეთს კარებს უხურავენ.

„ერები თანაარსებობენ და ვითარდებიან მაშინ, როდესაც მათ ინსტიტუტებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ უბედურება, შეაკავონ მისი გავლენა და აღადგინონ სტაბილურობა“.

ეს კი შესაძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობით.

რიზომატული განათლება – განსხვავებულ ცოდნაზე დაფუძნებული სინერგიაა. განსხვავებული სემიოტიკური სისტემების ურთიერთკავშირი და ურთიერთგავლენა.

შემდეგ წერილში სემიოტიკისა და რიზომის შესახებ გესაუბრებით.

 

 

ახლებურად გააზრებული დავალება

0

ჩემი პროფესია იმითაცაა საინტერესო, რომ მუდმივად ახალ გამოწვევებს მთავაზობს. მასწავლებლობა, სხვა ყველაფერთან ერთად, მუდმივ განვითარებას, ცოდნის სხვაგვარ რეალიზებას, სასწავლო პროცესის გადაწყობას და ბევრი საკითხის ახლებურ გააზრებას გულისხმობს. ცვლილებები არ მოდის მარტივად. პირველი, რაც ადამიანს კომფორტის ზონის დარღვევისას თავში მოგდის,  არის წინააღმდეგობა, ეჭვი სიახლის მიმართ, მერე ნელ-ნელა უკვირდები, თანდათან ხვდები, რომ რაღაც საინტერესოა, იაზრებ, რომ მოსინჯვად ღირს, მნიშვნელოვანს იჭერ, თანდათან მოგწონს, რასაც აკეთებ. უკვე იდეაზე კი აღარ დაობ, ფორმას ცვლი, ირგებ. შენეულს ხდი და ასე მტკივნეულად, მაგრამ გააზრებულად ხდები სიახლის ნაწილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული „ახალი სკოლის მოდელიც“ ასე მოვიდა ჩემთან. ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ ერთი მიზნით ვიღებ და ვითავისებ – ჩემი მოსწავლეებისთვის უნდა იყოს უკეთესი. უნდა აუმჯობესებდეს დასწავლის,  გაგების, დამახსოვრების ხარისხს. სხვაგვარად არც მიდგომის და არს მეთოდების ცვლას აზრი არ აქვს. ეს პროექტი კი სწორედ ასეთია. იგი საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს დავანახო მათემატიკის საჭიროება ცხოვრებაში. საკლასო ოთახი გაიტანო სადღაც სკოლის გარეთ და პრაქტიკული მაგალითებით გავზარდო მათი დაინტერესება, შინაგანი მოტივაცია გავუღვივო.

ამას ისედაც ვაკეთებდითო იტყვით თქვენ. მეც ზუსტად ამას ვამბობ. ვაკეთებდი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, არა ყველა თემაზე და არა მწყობრი, მიზანმიმართული ნაბიჯებით. მას შემდეგ, რაც პროექტის არსსა და შინაარსში გავერკვიე, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამოვიყენო  სახელმძღვანელოებში მოცემული რესურსები ახალი მიზნით, ანუ გრიფირებულ სახელმძღვანელოში არსებული სავარჯიშოები, როგორ გავხადო მეტად პრაქტიკული და როგორ გავხადო მეტად საფიქრალი, სააზროვნო, ბავშვებმა მოსინჯონ სხვადასხვა გზა, იმსჯელონ, შეარჩიონ მათთვის მოსახერხებელი და ისე წარმოადგინონ ნაშრომი. ამით სხვადასხვა უნარი ერთდროულად ვითარდება − ლოგიკური აზროვნების გარდა ვითარდება მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების, კვლევითი უნარები. თუმცა ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბავშვები უღრმავდებიან საკუთარ თავს და თანდათან ამოიცნობენ საკუთარი სწავლის სტილს. ეს ნამდვილად საჭირო უნარია.

მე-5 კლასში მნიშვნელოვანია მოსწავლეს დიდი რიცხვების შედარება ვასწავლოთ. ასევე, ისინი უნდა ფლობენ  შეკრება-გამოკლების უნარებს და იცოდნენ კენტი და ლუწი რიცხვები. სახელმძღვანელოებში მრავლადაა მაგალითები კონკრეტული უნარის გასაუმჯობესებლად. მე კი შევეცადე და გავაერთიანე ისინი ერთ ისეთ დავალებად, რომელსაც მეტი ფიქრი და აზროვნება დასჭირდებოდა. ასევე, არ ექნებოდა ამოხსნის ერთადერთი  გზა და ყველა გზის მოსინჯვის შემდეგ მოსწავლე შეძლებდა თავად აერჩია სასურველი. ცხრილში წარმოდგენილია სახელმძღვანელოს სავარჯიშო და ოდნავ სახეცვლილი, ახლებურად გააზრებული დავალება. თავად დარწმუნდებით, რომ ასეთი რამ ცალ-ცალკე უამრავჯერ გაგვიკეთებია.

 

წიგნიის სავარჯიშო (ნატურალური რიცხვები) ახლებური გააზრება (ცხოვრებისეული მაგალითები)
რომელი ნიშანი უნდა ეწეროს „*“-ის ნაცვლად „<“, „>“ თუ „+“?

 

125 +849 * 849 +130,

1236 +4593 * 1236 +4592,

30258 +60487 * 30259 +605486,

12000 +3056 * 12056 +3000.

 

 

 

 

 

 

გამოიანგარიშე თითოეული გამოსახულების მნიშვნელობა და შედეგებიდან ლუწი რიცხვები დაალაგე ზრდადობის, ხოლო კენტი რიცხვები კლებადობის მიხედვით. დაასახელე შედეგებს შორის უდიდესი და უმცირესი რიცხვი. იპოვე მათ შორის სხვაობა და პრეზენტაციისას წარმოადგინე რა დაგეხმარა უდიდესისა და უმცირესი რიცხვების განსაზღვრაში. როგორ გაარჩიე კენტი და ლუწი რიცხვები, რა ხერხით დაალაგე ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით. კიდევ რომელი ხერხით შეგეძლო და დაასაბუთე შენ მიერ შერჩეული ხერხის უპირატესობა

 

125 +849

849 +130

1236 +4593

1236 +4592

30258 +60487

30259 +605486

12000 +3056

12056 +3000.

 

როგორც ხედავთ ოდნავი სახეცვლილება უფრო საინტერესოს ხდის დავალებას და მის ამოხსნას მეტ ინტერესს სძენს. ახლებური პირობის მიხედვით,  ბავშვები რიცხვებს ერთმანეთს კი არ შეადარებენ (ორი რიცხვის შედარება), არამედ ყველა მოცემულ რიცხვს შეადარებენ ერთმანეთს. გაარკვევენ, რომელია მეტი ან ნაკლები. მათ შეუძლიათ ეს სხვადასხვა ხერხით გააკეთონ. გადააწყონ კენტი და ლუწი რიცხვები (წინარე ცოდნასთან კავშირი) და დაალაგონ პირობის მიხედვით. ხოლო ის, თუ როგორ სტრატეგიას შეარჩევენ ამ პირობის შესასრულებლად, გახდება მსჯელობის საგანი. წინასწარ წარმოვიდგენ „ცხარე“ კამათს, თუ როგორ უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარი არჩევანის უპირატესობას.

ამ ჭრილში დანახულ ერთ გეომეტრიულ ამოცანასაც შემოგთავაზებთ. შევეცადე სახელმძღვანელოში არსებული ამოცანა დამეკავშირებინა ცხოვრებისეულ მაგალითთან და ამით  ყოფითი პრობლემა გადამეჭრა. წარმოგიდგენთ მას

 

წიგნიის სავარჯიშო (თემა ფართობები) ახლებური გააზრება (ცხოვრებისეული მაგალითები)
გამოთვალე ნახაზზე მოცემული ფიგურის ფართობი მითითებული ზომების მიხედვით

 

 

 

 

გიგო პაპამ მართკუთხედის ფორმის ნაკვეთიდან საბძლის ასაშენებლად ასევე მართკუთხედის ფორმის მიწის ნაწილი გამოყო. დაუკვირდით ნახაზს და გამოიანგარიშეთ, რა ფართობის ნაკვეთი დარჩა გიგო პაპას დასამუშავებელი. (გაფერადებული ფიგურა)? გამოთვლები ჩაატარეთ ყველა შესაძლო ხერხით. შეარჩიეთ საპრეზენტაციოდ თქვენთვის სასურველი ხერხი და დაასაბუთეთ, რატომ არის იგი მოსახერხებელი.

 

 

ვფიქრობ, თავად ის, რომ ბავშვები ისეთ „დიდურ“ ამოცანებს ეჭიდებიან, როგორიცაა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, მათ მოტივაციას უორმაგებს და მეტად საინტერესო ხდება მათთვის შესასწავლი საგანი. ამასთან, მათ უკვე იციან, რაში და სად გამოდგება ცოდნა, რომელიც ისინი საკლასო ოთახებში იღებენ.

ეს არის ჩემი მცდელობა, ახლებურად გავიაზრო, ახლებურად მივაწოდო და დავანახო  ჩემს მოსწავლეებს მათემატიკის სწავლების მნიშვნელობა. ფიქრი და ძიება გრძელდება. ერთადერთი რაშიც უკვე დავრწმუნდი, არის ის, რომ საგნის პრაქტიკული გამოცდილებით გაჯერება და საბოლოო პროდუქტის დანახვება მოსწავლეებისათვის არის გზა, რომელიც გაუმარტივებს ბავშვებს მათემატიკის სწავლას.

 

 

 

 

„დიალოგი საყვარელ საბავშვო მწერალთან“

0

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი ტარდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

ბოლო საკონკურსო კვირის თემა „დიალოგი საყვარელ საბავშვო მწერალთან“ იყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ ანა თვარაძის ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის მეექვსე კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი ანა თვარაძე

სკოლა-ლიცეუმი NK, X კლასი

 

დიალოგი საყვარელ საბავშვო მწერალთან

არ მეგონა თუ ეს დღე როდესმე დადგებოდა და არც ვიცი, რას ველი მისგან!

უნდა შევხვდე ერთ ძალიან პატივსაცემ პიროვნებას, შეიძლება ითქვას, ადამიანს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ის მომღერალი ან მსახიობია, ან თუნდაც ტელეწამყვანი ან მოცეკვავე. ან ტელევიზორში ყოველდღე მოჰკრავთ თვალს და მისი ძირითადი მიზანი ხალხის გართობა და გამხიარულებაა. ან თავისი კარგი გაგებით სულისშემძვრელი ხმით იპყრობს გულებს, ან კიდევ თავისი ულევი შესაძლებლობებით, თავისი წარმოუდგენელი ნიჭით, არტისტულობითა და აღმაფრთოვანებელი ენერგიით ტელეეკრანთან მყოფებზე სასწაულებრივად მოქმედებს! ფრთებს ასხამს მათ და წამიერად უცხო სამყაროში გადაისვრის! სამყაროში, სადაც ასე ვთქვათ, გადარჩენის ერთადერთი შანსი ემოციების მაქსიმალურად ამოფრქვევაა, უნდა იტირო, უნდა იცინო და იქაც კი არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ცხოვრებით დატკბე!

ყველაფერი შეიძლება მოგივიდეთ აზრად… პასუხი მარტივია – ის ჩვეულებრივი ადამიანია, თუმცა გრძნობებისა და ემოციების ფუძემდებელი!

ის მწერალია!

რა აზრები გეუფლებათ, როცა ეს კონკრეტული პროფესია გესმით?

შეიძლება თქვენი ბავშვობა გახსენდებათ, პირველად წიგნის სამყაროს რომ გაეცანით. პირველი ლექსები და ზღაპრები რომ წაიკითხეთ და შეიყვარეთ! აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას: ვინ დაგიმკვიდრათ სულსა და გულში წიგნის კითხვის სიყვარული?

რასაკვირველია ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხს გამცემს, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრს დღესაც ვერ გაუგია სამწუხაროდ წიგნების კითხვის, ამ საოცრების გემო!

ეს 21- ე საუკუნის უდიდესი პრობლემაა. არ დავმალავ, მეც შევდიოდი ამ კატეგორიაში… რა თქმა უნდა, ახლა მცხვენია, მაგრამ ს გვიან, ვიდრე არასდროს! სულ რაღაც 3-4 წლის წინ მე პირველად გავეცანი ნაწარმოებს, რომელმაც შეიძლება ითქვას მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა!

კარგი წიგნები თავისი უნიკალური სიუჟეტებითა და პერსონაჟებით, რომლებიც შესანიშნავი წერის მანერითა და ულევი ფანტაზიით გამოირჩევიან, სულ არსებობდნენ… მაგრამ მხოლოდ 12- 13 წლის ასაკში დავიპყარი ის მწვერვალი, რომელსაც წიგნის სიყვარული ჰქვია…

ჯეიმს დაშნერი – შესაძლოა მისი შემოქმედებისა და ხელოვნების შესახებ არაფერი გსმენიათ, შეიძლება ითქვას, რომ მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჩემ ჩამოყალიბებაში…

ვინ არის ის? – უბრალოდ მწერალი! ვერც იმას ვიტყვი, რომ განსაკუთრებულია და სხვებისგან გამოირჩევა, მაგრამ დღემდე მისი წიგნები ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ტკბილია! ვინც არ უნდა მკითხოს, ვინ არის შენი საყვარელი მწერალი და ნაწარმოებიო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ – ჯეიმს დაშნერი, მისი ერთ-ერთი შედევრი კი „ლაბირინთში მორბენალია“.

დღეს სწორედ ის დღეა, როცა ამ სასწაულ ადამიანს უნდა შევხვდე. სამწუხაროდ მას ვიცნობ მხოლოდ, როგორც მორბენალი თომასის შემქმნელს… მინდა ის გავიცნო, როგორც ადამიანი და გავიგო, თუ რა გახდა ამ ნაწარმოების დაწერის მიზეზი!

დაუჯერებელია… ის საქართველოში ჩამოდის… ეს მართლაც სასწაულია! როგორც აღმოჩნდა მას ათასობით ფანი ჰყოლია თბილისში და რასაკვირველია, მეც მათ რიცხვში შევდივარ! არა, არა უფრო სწორად საპატიო ადგილს ვიკავებ და მართლაც უმთავრეს წევრად წარმოვადგენ ჩემ თავს…

ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი და უამრავი კითხვებით მქონდა გონება გადავსებული!

საიდან დამეწყო ისიც არ ვიცოდი!

  • ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი?
  • რატომ გადარჩა ბოლოს მარტო თომასი და რატომ შესწირეს მისმა მეგობრებმა მას საკუთარი სიცოცხლე?
  • ზოგადად რატომ იყო მათი ცხოვრება ასეთი სასტიკი?

სწორედ ეს ფიქრები და კითხვები მიტრიალებდა თავში, როცა უკვე მოწესრიგებული და ჩაცმული, საუზმეს შევექცეოდი… კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი წიგნებით გადავსებულ საყვარელ თაროს, სადაც, რასაკვირველია, ლაბირინთში მორბენალიც იდო!

სულ ხუთი ნაწილი აქვს წიგნს. პირველი – ლაბირინთში მორბენალი, მეორე – ცეცხლით გამოცდა, მესამე – სიკვდილით განკურნება, მეოთხე – განადგურების ბრძანება, მეხუთე – ელვარების კოდი. ხუთივე ნაწილს დავტაცე ხელი, გამოვიღე საწერი მაგიდის უჯრიდან ერთი დიდი პარკი და ჩავაწყვე…

მორჩა, უკვე მზად ვიყავი საყვარელი მწერალთან შესახვედრად!

9 საათი იყო როცა გარეთ გავედი… ვხვდებოდი, რომ სულ რაღაც 1 საათი იყო დარჩენილი შეხვედრამდე…  მთელი გზა კითხვების ახალ გროვაში ვტრიალებდი.

– ბატონო დაშნერ, რატომ აირჩიეთ საქართველო? – ვფიქრობ თავად ქართველმა ფანებმა მოითხოვეს და სწორედ ამან განაპირობა მისი აქ ჩამოსვლა, მაშინ ამ კითხვას აღარ დავსვამ აზრი არ აქვს…

– ბატონო დაშნერ, რას ფიქრობთ საქართველოზე? – მაგრამ ვინ იცის, შეიძლება სულ ორი საათია, რაც ჩამოვიდა და დათვალიერება ვერ მოასწრებდა და…

როცა მივედი, შევამჩნიე, როგორ ამიჩქარდა გულისცემა, წამიერად ვერ მივხვდი სად ვიყავი და რა მინდოდა აქ, მეგონა სიზმარში ვიყავი…

ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მივხვდი რომ ძალიან მძიმე ტვირთი ავიკიდე და 5 დიდი წიგნის ჩადება ხელმოწერისთვის სულელური გადაწყვეტილება იყო…

სულ რაღაც ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი… შენობაში შევიხედე… არც შიგნით და არც გარეთ ვერავინ და ვერაფერი დავინახე…

თვალი ერთ უზარმაზარ დარბაზს მოვკარი, სადაც ასობით სკამი და მაგიდა იდგა. მივხვდი, სწორედ აქ უნდა გამეტარებინა ჩემი ცხოვრების 2 საათი… რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვიყავი… სულმოუთქმელად ველოდი ბატონ დაშნერთან შეხვედრას…

წიგნებით სავსე პარკი ძირს დავდე და იქვე პატარა კიბეზე ჩამოვჯექი, ამოვიღე ტელეფონი და კიდევ ერთხელ შევედი იმ საიტზე, სადაც ფან-შეხვედრის შესახებ ეწერა, და რას ვხედავ  – 10-ზე კი არა, თურმე 12 საათზე იწყებოდა. საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე. ეს წიგნები მაინც არ მომეთრია, გონებაში ვუღრენდი და ვუყვიროდი საკუთარ თავს.

გარკვეული დროის შემდეგ ვხედავ ერთ მაღალ, ამერიკელ კაცს, რომელიც მოემართებოდა შენობისკენ. სიმაღლე დაახლოებით 190 სანტიმეტრს აღწევდა, ასაკი კი 35-40 წელი იქნებოდა. როცა უფრო მომიახლოვდა, შევამჩნიე, რომ ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და თავისთვის მხიარულად მოაბიჯებდა… სახეს დავაკვირდი… სასწაულად მეცნო… სულ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ სულ რაღაც 3 მეტრის მანძილზე განუმეორებელი მწერალი ჯეიმს დაშნერი იდგა…

ის ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემგან უკვე ერთი მეტრის დაშორებით მოძრაობდა… მასთან მივედი… ვცდილობდი, უხეშად არ გამომსვლოდა.

  • უკაცრავად, თქვენ ჯეიმს დაშნერი ბრძანდებით? – სწორედ ეს სიტყვები წარმოვთქვი, როდესაც საბოლოოდ ყურადღება მომაქცია და შემომხედა.

მიყურებს და პასუხს არ მცემს, მიღიმის… მერე ინგლისურად, გამართული ამერიკული აქცენტით მიპასუხა:

– ბოდიში, მაგრამ მე თქვენი არ მესმის! – ის იყო ყურსასმენი კვლავ უნდა მოემარჯვებინა და სვლა გაეგრძელებინა, რომ ჩემდა უნებურად ხმამაღლა ინგლისურად მივაძახე:

– მე თქვენი დიდი ფანი ვარ… – უკვე მისი ყურადღება ბოლომდე დავიპყარი, შემომხედა და თვალები გაუბრწყინდა.

– მართლა? შეიძლება ჩემი პირველი ფანის სახელი გავიგო, რომელსაც საქართველოში შევხვდი?

– რა თქმა უნდა! – სხარტად ვუპასუხე, – მე ანნა თვარაძე ვარ.

– სასიამოვნოა, როგორც უკვე იცით, მე ჯეიმს დაშნერი ვარ… – მართლა… მაინტერესებს, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?

– ლაბირინთში მორბენალი! – თითქმის ყვირილით წარმოვთქვი მე.

– საყვარელი პერსონაჟი?

– ჰმმ, არ ვიცი ზუსტად, თომასი სავარაუდოდ ან მინჰო…

– კარგი…

– თქვენი რომელია?

– ჩემი? ჩემი შეიძლება გაგიკვირდეთ და ნიუტია! რა თქმა უნდა დიდი ხანი არ უცხოვრია და საკუთარი მეგობრის ხელით გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ ეს პერსონაჟი მართლაც ძალიან მიყვარდა… შეიძლება ითქვას, თავადაც განვიცადე მისი დასასრული.

– და რა გახდა ამ წიგნის დაწერის მიზეზი?

– საინტერესოა, რომ ყველა სწორედ ამას მეკითხება, და რა თქმა უნდა ყველასთვის ერთი პასუხი არსებობს… უბრალოდ მომინდა და დავწერე… არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის… მინდოდა რაიმე სასწაული სამყარო და საინტერესო პერსონაჟები შემექმნა და რეალურად აღმეწერა 21- ე საუკუნის პრობლემა – ხალხთან დამოკიდებულება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენ დღევანდელ მწარე რეალობას აღწერს და არ გაგიკვირდეთ, აქ მომხდარი მოვლენებები ადრე თუ გვიან რეალობაში თუ განმეორდება…

მისი პასუხებით გაოგნებული დავრჩი.. არც ასეთ შეხვედრას ველოდი, არ მეგონა თუ პირისპირ დავლაპარაკებოდი და არც ასეთ გულწრფელ პასუხებს არ მოველოდი!.. უფრო შემიყვარდა, უკვე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, და ყველანაირი დაძაბულობა და სიმორცხვე დამეძლია თურმე…

– ერთი წამით დამელოდეთ, თუ შეიძლება! – თბილად და წყნარი ხმით ვუთხარი, წიგნების პარკისკენ წავედი, ავიღე და ნელი ნაბიჯებით თავდაჯერებულად გავემართე მწერლისკენ.

– შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ? – ვუთხარი და პარკი გავუწოდე.

– კი, რა თქმა უნდა! – პირველი რაც გააკეთა, პარკში ჩაგდებული ჩემი ტელეფონი მომაწოდა.

– აქ ნუ გიდევს, შეიძლება დაგეკარგოს!

პირველი ნაწილი ამოიღო და ხელი მოაწერა:

– ჩემს ერთ-ერთ ერთგულ მკითხველს ჯეიმს დაშნერისგან. მადლობელი ვარ, ჩემი წიგნებით რომ დაინტერესდი და წაიკითხე…

ყველა წიგნს დაახლოებით ასეთი წარწერა გაუკეთა. ამ დროს თვალს არ ვაცილებდი და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჩემ წინ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იდგა, რომელსაც თავისი საქმე უყვარდა და ადამიანებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა. ის თავს არ გრძნობდა გამორჩეულ და სასწაულ ადამიანად, მან იცოდა, რომ თავისი ფანებივით სრულიად ჩვეულებრივი წიგნებისა და წერის მოყვარული კაცი იყო…

კიდევ 5 თუ 10 წუთი ვისაუბრეთ… ბოლოს მითხრა, რომ სანამ შეხვედრაზე მივიდოდა, მანამდე უნდა მოესწრო ქართული ღირსშესანიშნაობების ნახვა…

– ძალიან დიდი მადლობა… თქვენ შეძელით და წიგნის კითხვა შემაყვარეთ….

ეს კონკურსის ბოლო კვირა იყო, ფინალურ შეჯიბრებაში ექვს ფინალისტს განსაკუთრებული დავალება მიეცემა, რომლის საშუალებითაც ესეების კონკურსის გამარჯვებულს გამოვავლენთ.

გამარჯვებულ ესეს მომავალ კვირაში იხილავთ.

 

სპეცსაჭიროებასა და დისტანციურ სწავლებაზე მორგებული კომპლექსური დავალება

0

თუ თქვენი მოწაფეებისთვის ინგლისური ენის ან სხვა საგნის კომპლექსური დავალებების შედგენას დაგავალებენ, იცოდეთ, რომ თავადაც ამავე ტიპის დავალების წინაშე დგახართ. უნდა ითქვას, რომ ინგლისური ენის კომპლექსური დავალებების ნიმუშების მოძებნა, რომლითაც შესაძლოა, ქართველმა მასწავლებლებმა იხელმძღვანელონ, ჯერჯერობით არცთუ მარტივი საქმეა.  მაგრამ კარგია, რომ არსებობს რობერტ მარზანოს 2007 წლის ცნობილი პუბლიკაცია „სწავლების ხელოვნება და მეცნიერება: ეფექტური ინსტრუქტირების ჩარჩო“[1], რომელიც ფუნდამენტური სახელმძღვანელოა და განათლების სფეროში ჩართული მუშაკების ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

რობერტ მარზანოს აღნიშნული პუბლიკაციის თანახმად, მასწავლებელმა მოსწავლეს შესაძლოა შემეცნების კომპლექსური დავალების (COGNITIVELY COMPLEX TASK) მრავალფეროვანი ტიპები შესთავაზოს და მათში ჩართოს. ეს ტიპებია: გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ექსპერიმენტი, კითხვა-მიმოხილვითი, კვლევითი, გამომგონებლური და სხვ. კომპლექსური დავალების მოთხოვნა და ამოცანა კი ისაა, რომ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თავიანთი დასკვნების ჩამოყალიბება და დაცვა. რობერტ მარზანო ამ აზრამდე კვლევათა შედეგებმა მიიყვანა და აჩვენა, რომ ეფექტურად დაგეგმილი და შესრულებული კომპლექსური დავალებებით მოსწავლეები სწვდებიან და იგებენ საფუძვლებსა და პრინციპებს და იძენენ  ცოდნას. შემეცნების კომპლექსური დავალებები მოითხოვს, რომ მოსწავლემ შეკითხვები დაუსვას თავის ცოდნას, და იგი მოარგოს და მიუსადაგოს თავის მიგნებებს.

შევეცადეთ, ჩვენი კომპლექსური დავალებები ამ პრინციპებისთვის შეგვესაბამებინა. თან ისინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებზეცაა მორგებული. აღნიშნული დავალებებისთვის ძირითადი სახელმძღვანელო რესურსად შეირჩა ინგლისური ენის Top Score-ის მოსწავლეთა წიგნის მესამე დონე, რომელიც მიესადაგება ქართულ სკოლებში სწავლების საბაზო საფეხურს. დამატებით რესურსებად გამოვიყენეთ შემდეგი ბმულები:

თემად შეირჩა  Body and Mind, რომელიც, სავარაუდოდ, 8-10 საგაკვეთილო საათს მოიცავს.

სამიზნე ცნებად და მათთან დაკავშირებულ „მკვიდრ წარმოდგენებად“ განისაზღვრა: ზეპირი კომუნიკაცია ინგლისური ენის ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებით: 1 , 2, 3, 4, 5, 8.

  • უნდა გავიაზრო საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლები: რა არის კომუნიკაციის თემა, რა მიზანი მაქვს, ვინ არის ჩემი მსმენელი;
  • საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლების გათვალისწინებით, უნდა შევარჩიო დისკურსის ჟანრი და ენობრივი  საშუალებები;
  • უნდა გამოვიყენო მსგავსი ჟანრისა და თემატიკის, ასევე მათ შესაქმნელად საჭირო ენობრივი საშუალებების (სამეტყველო ფუნქციური გამონათქვამები, კონსტრუქციები, ლექსიკა, გრამატიკული საკითხები, კომუნიკაციის არავერბალური ხერხები) ცოდნა. 
  • დავალების განხორციელების თითოეულ ეტაპზე უნდა გამოვიყენო სტრატეგიები, რომლებიც დამეხმარება სიძნელეთა წარმატებით გადალახვაში;
  • ზეპირ მეტყველებაში წინსვლა დამოკიდებულია ჩემს  სტრატეგიულობაზე და არა ჩემს თანდაყოლილ უნარებზე.

თემის ფარგლებში დასამუშავებელ ქვეცნებებად/საკითხებად შემოვიტანეთ:

  • კომუნიკაცია
  • სამეტყველო ტექსტის სტრუქტურა, ორგანიზება
  • გრამატიკა
  • მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება, შექმნა) განვითარება
  • სწავლის პროცესის მართვა
ენობრივი ქვეცნებები/საკითხები:

 

1. საკომუნიკაციო სიტუაცია:

·         სასაუბრო თემა

·          მიზანი

·         ადრესატი

2. ფუნქციური მაკროსამეტყველო მოქმედებები:

·         აღწერა

·         თხრობა

·         ახსნა-განმარტება

·         მსჯელობა.

3. ფუნქციური მიკროსამეტყველო მოქმედებები, ანუ გამონათქვამები და ენობრივი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ინტერაქცია:

·         სოციალურ რიტუალებში;

·         ინფორმაციის შესახებ;

·         შეხედულებებისა და დამოკიდებულების შესახებ;

·         ემოციებსა და გრძნობებზე;

ქმედებებსა და საქმიანობებზე.

4. ლექსიკა

·         ლექსიკური თემატიკა

·         სემანტიკური კავშირები – სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, ლექსიკური ბუდეები;

·         შესიტყვებები, ფრაზეოლოგიზმები.

 

5. გრამატიკა

·         ფონეტიკის საკითხები;

·          მორფოლოგიის საკითხები;

·          ორთოეპიის საკითხები;

სინტაქსის საკითხები.

6.  ზეპირი მეტყველების არავერბალური კომუნიკაციის ხერხები:

§  ინტონაცია,

§  მახვილი,

§   პაუზა,

§   ხმის ტემბრი,

მეტყველების ტემპი.

7. ზეპირი მეტყველების ჟანრები – დიალოგი, ინტერვიუ, პრეზენტაცია, მულტიმედიური ტექსტები.

 

8. სტრატეგიები

· მოსმენის/კითხვის სტრატეგიები;

o       ლაპარაკის სტრატეგიები;

o       სტრატეგიები გრამატიკის შესასწავლად;

o       დამახსოვრების სტრატეგიები;

o       მეტაკოგნიტური სტრატეგიები.

 

 

დავალება:   შექმენი ვიდეოჩანაწერი თემაზე Food and Mood”

დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ტელეგადაცემის შოუმენი ხარ  და ადამიანებს უნდა მისცე რჩევები თემაზე: ჯანსაღი კვება და განწყობა. ყველაფერი, რის შესახებაც ისაუბრებ, უნდა გადაიღო.

წინდაწინ დაძებნე მარტივი რეცეპტები და კარგად გაეცანი ჯანსაღი სალათების მომზადების წესებს. შეიძლება გამოიყენო ინტერვიუს მეთოდი და ახლობლებისგან აიღო რეცეპტები. აუცილებლად გახსენი და ნახე  ბმულებზე მოცემული ვიდეოები:

რჩევები:

 

o   ჯანმრთელი პროდუქტებით/ ინგრედიენტებით დაამზადე  სალათები/კერძები და ვიდეოკამერით გადაიღე მათი მომზადების პროცესი.

o   მომზადებისას აღწერე, რა პროდუქტები გამოიყენე და ისაუბრე მათ თვისებებზე.

o   გამოიყენე Present Perfect და Past Simple გრამატიკული დროები.

o   სალათები/კერძები შეგიძლია მოამზადო როგორც არსებული, ისე შენ მიერ გამოგონილი რეცეპტებით.

o   იხალისე და იყავი კრეატიული.

             სამახსოვრო:

 

  • ჩაწერისას უნდა დაიცვა ამ სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი.
  • საუბრისას უცქირე კამერას, წარმოიდგინე, რომ ის შენი მსმენელია.
  • ცვალე ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები (მიმიკა-ჟესტიკულაცია, ხმის ტემპი და სიმაღლე, მეტყველების ტემპი).
  • რესურსების აღწერისას განმარტე, რა სარგებლობა მოაქვს მათ ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
  • იმსჯელე, რამდენად განსაზღვრავს ჯანსაღი კვება ჩვენს ხასიათსა თუ უხასიათობას.
  • ყურადღება მიაქციე შენი მეტყველების ენობრივ-გრამატიკულ მხარეს. თუ საჭიროდ თვლი, წინდაწინ გადაიკითხე და გაიხსენე წესები, რომლებიც Present Perfect და Past Simple გრამატიკული დროების სწორი წარმოებისთვის დაგეხმარება.
  • ნუ დაიძაბები, პირიქით, იხალისე, ისაუბრე თავისუფლად. გახსოვდეს, გადაღების დროსაც შეიძლება მოგივიდეს რაიმე კარგი იდეა, რომლის გაზიარება მსმენელისთვის საინტერესო იქნება.

 

გაითვალისწინე, რომ

  • უნდა ისაუბრო იმაზე, თუ რა შეიცვალა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. რას და როგორ აკეთებდით ადრე და რას და როგორ აკეთებთ ახლა?
  • თამამად გამოხატე დამოკიდებულებები – რა მოგწონს და რა არ მოგწონს ამ ახალ ყოფაში? როგორი ემოციები გეუფლება?
  • მოცემული კრიტერიუმების გამოყენების მეშვეობით უნდა გაიუმჯობესო მეტყველება.

ნამუშევრის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულების თითოეულ ეტაპზე დასმული ამოცანების გადასალახად (რეცეპტების მოძიება და კარგად გაცნობა; რესურსების შეგროვება და მათი დამუშავება: გარეცხვა, გათლა; სახელწოდებების  და ტექსტის დამახსოვრება, გამართული ვიდეოჩაწერის უზრუნველყოფა…);
  • თავიდან რომ იწყებდე, რას და როგორ გააუმჯობესებდით?

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის დავალების პირობა და სახელწოდება იგივე დარჩება.

 

ადაპტირებული დავალება

 

  • ჯანმრთელი პროდუქტებით/ ინგრედიენტებით დაამზადე სალათი. სთხოვე მეგობარს ან ოჯახის წევრს, გადაიღოს მისი მომზადების პროცესი.

 

  • მომზადებისას დაასახელე ინგრედიენტები: sallad, tomato, cucumber, onion, oil…

 

  • იხალისე და იყავი კრეატიული.

             სამახსოვრო:

 

  • საუბრისას უცქირე კამერას, რადგან ის გისმენს.
  • ცვალე ინტონაცია.
  • თქვი, სასარგებლოა თუ არა ესა თუ ის რესურსი (მაგალითად: „ავოკადო სასარგებლოა“).
  • თქვი, განსაზღვრავს თუ არა ჯანსაღი კვება ჩვენს ხასიათსა თუ უხასიათობას.
  • გამოიყენე შენთვის ნაცნობი გრამატიკული დრო

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

  • მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ნასწავლ სიტყვებს:

Curry, tasty, spicy, salty, olive

 

  • იყენებენ პირდაპირი და ირიბი ობიექტების გამოხატვის გრამატიკულ ფუნქციებს:

Me/ I , You, Him/he, Her/she, Us/we, They/them

  • იყენებენ აწმყო და წარსულ მარტივ დროებს უშეცდომოდ.

 

შეფასების ადაპტირებული კრიტერიუმები:

 

  • მოსწავლე ეფექტურად იყენებს ნასწავლ სიტყვებს: tasty, olive
  • იყენებს პირდაპირი ობიექტების გამოხატვის გრამატიკულ ფუნქციებს:

I , you, he, she, we, they

  • იყენებს აწმყო მარტივ დროებს.

 

აღნიშნული დავალება თავისუფლად ერგება დისტანციურ საკლასო გარემოს, თუმცა იგი წარმატებით შეიძლება განხორციელდეს და დაინერგოს სასკოლო სივრცეშიც. აქ მოსწავლის წარმატების გარანტად რჩება მასწავლებელი, ასევე კომპლექსური დავალებით მოსწავლეებისა და დანარჩენი საზოგადოების წინაშე. მის წარმატებას ის შედეგი ზომავს, რომელსაც თითოეულ მოსწავლესთან ყოველ გაკვეთილზე მუშაობით აღწევს და ის სიმაღლე, რომელსაც დღითი დღე მოსწავლეთა ცოდნის  საფეხურებზე აღმასვლით უახლოვდება.

[1] The Art and Science of Teaching: A Comprehensive Framework for Effective Instruction

კერძი – ენა, ისტორია, სიტყვა, გაკვეთილი

0

კულინარია თანამედროვე მსოფლიოში რომ სულ უფრო პოპულარული ხდება, ეს ახალი არ არის, ჩვენ ყველანი, ყოველდღიურად, ვცხოვრობთ ხელოვნების ამ სფეროსთან ერთად, რომელსაც გასტრონომია ჰქვია. კულინარია ასახავს ჩვენს ცხოვრებას, პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალიებს, ცვლილებებს, სტრესს თუ სიხარულს, სიმსუბუქეს თუ სიმძიმეს.

კერძი – მისი ისტორია, წარმოშობა, გავრცელება, შემადგენლობა – საუკეთესო სასწავლო რესურსია სხვადასხვა საგნის სწავლებისას, იქნება ეს ჰუმანიტარული საგნები, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მე და საზოგადოება, საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკური. შეიძლება ითქვას, არც მახსენდება უკეთესი რესურსი სწავლებისათვის, ინტერდისციპლინური მუშაობისა და კომპლექსური დავალებებისთვის. სწავლა კეთებით- აქ ყველაზე უკეთ მუშაობს, მითუმეტეს, რომ ეს კეთება ყველაზე სასიამოვნო და თერაპიული პროცესია.

ინტერკულტურულ კომუნიკაციებსა და კავშირებზე საუბრობთ? გადახედეთ ქართულ გასტრონომიულ ლექსიკას და იმსჯელეთ, რომელი სიტყვაა ავთენტური, ქართული, რომელი ნასესხები, რა დროს ისესხა ქართულმა ენამ ესა თუ ის სიტყვა, რა ისტორიული რეალიები იყო?

მოდით, არაბულ-ქართული ლინგვისტური პარალელების საფუძველზე ვისმჯელოთ, თუ როგორი რესურსი შეიძლება აღმოჩნდეს კულინარია ისტორიის თუ ლიტერატურის სწავლებისათვის.

საუკუნეების განმავლობაში, კულტურულმა კონტაქტებმა, მიგრაციებმა, დაპყრობითმა ომებმა და სხვადასხვა კულტურის ჰეგემონიამ, როგორც ქართული ლექსიკური ფონდი შეცვალა, ისე მისი გასტრონომიული კულტურა გაამდიდრა ახალი ფერებითა და გემოებით.

რასაკვირველია, არც არაბული სამყაროს მრავალსაუკუნოვან გავლენას ჩაუვლია შედეგის გარეშე. არაბული ნასესხობების რაოდენობა ქართულ ლექსიკაში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და დღეს ქართული ენის ორგანულ ნაწილადაა ქცეული.

ასეთივე მნიშვნელოვანი და მდიდარია არაბული ენობრივი ინვესტიცია გასტრონომიულ კულტურასა და კულინარიასთან დაკავშირებულ ლექსიკაში. ვფიქრობ, მცირე დაკვირვება და აღმოჩენები განსაკუთრებით საინტერესო დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში იქნება, რომელიც ვინც იცის, როგორც ცვლილებებს უქადის ქართულ ენასა და კულტურას, მათ შორის, გასტრონომიულს.

მაშ ასე, უპრიანი იქნება, კონკრეტული კერძების განხილვამდე, მთავარი, მაგიური რიტუალი ჩავატაროთ, მაგიდას სუფრა გადავაფაროთ, სუფრა გავშალოთ და მოგვიანებით, სუფრას შემოვუსხდეთ. სუფრა- თავისი ორი ძირითადი სემანტიკური ფუნქციით, როგორც მთლიანად მაგიდის, ასევე მისი გადასაფარებლის მნიშვნელობით, სწორედ არაბული ლექსიკური ნასესხობაა.

ამავე გზით გამდიდრდა ქართული ენა  კიდევ ერთი, ძალიან გავრცელებული და საჭირო სიტყვა, რომელიც მთელს იმ პროცესს ასახავს, რაც სუფრის გაშლას მოჰყვება ხოლმე. არაბულიდანაა შემოსული სიტყვა „ნადიმი“ -ხალხმრავალი გასტრონომიული ზეიმის მნიშვნელობით, „ნადიმი“  (არაბ. nadīm ნადიმ «მოსაუბრე, ამხანაგი, დაახლოებული, გამრთობი, საინტერესო მოსაუბრე, იუსტინე აბულაძე).

თუ ისევ არაბული ლექსიკური ფონდიდან შემოსულ „ქურას“ გავახურებთ, ზედ მრავალი კერძის მომზადების საშუალებაც მოგვეცემა, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ამ სიტყვის ორ მთავარ მნიშვნელობასა და დანიშნულებას გამოყოფს, ერთი მათგანის გარეშე, სამზარეულოში რაიმეს მომზადება, უბრალოდ შეუძლებელია. ქურაზევე გამოაცხობს არსობის პურს გამოცდილი და დარბაისელი მეპურე, ამ სიტყვის ლექსიკური სინონიმი, რომელსაც პურის მცხობელის, როგორც პროფესიის შინაარსით ვიყენებთ – ხაბაზი -წარმოშობით  არაბული სიტყვაა.

სამზარეულოს კარადას გამოვაღებ, სადაც ჩემი მთავარი განძი – სანელებლები მეგულება, აქაც ვიპოვი რამდენიმე ჩემთვის საინტერესო სიტყვასა თუ შემადგენელს.

არაბულიდან შემოსული სიტყვა „ქილით“ აღნიშნულ მინის  ჭურჭელში რამდენიმე სურნელოვანი არაბული ნასესხობა მაქვს, მათ გარეშე ჩემი სამზარეულოს მოედანი ფერებს, სურნელსა და გემოს დაკარგავდა – მაშ, ასე, ჯავზი, რომელიც საოცრად უხდება როგორც ხორციან კერძებს, ასევე ტკბილეულობას და მეორე, უფრო დიდი განძი, ვიდრე იმავე არაბულიდან შემოსული ლალი თუ იაგუნდი – დიახ, ეს ზაფრანაა, შაფრანი, რომელსაც კულინარიაში ოქროს ფასი აქვს, თუმცა, მე აქ მისი უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი მეგობარი, იმერული ყვითელი ყვავილიც მაქვს, რომელსაც ქართულ კულინარიაში ასევე ზაფრანას სახელით მოიხსენიებენ.

რა მოვამზადო? იქნებ ქართულ კულინარიაში ასე პოპულარული და მრავალსახა ქაბაბი? დიახ, დიახ, დაკეპილი ხორცითა და სანელებლებით შექმნილი ეს კულინარიული საოცრება სათავეს არაბული სამყაროდან იღებს და დასახელებაც არაბული ლექსიკური ნასესხობაა.

რამე უფრო მსუბუქი და მცენარეული გვინდა? ქართული სამზარეულო ბალახეულისგან მომზადებული ათასგვარი კერძითაა ცნობილი, რომელსაც ნიგვზით, სანელებლებითა და ცოტაოდენი ძმრით აზავებენ.  მათ შორის, ყველაზე პოპულარული ისპანახის ფხალია, „ისპანახი“  წარმოშობით არაბული სიტყვაა და ნიგვზით ბოსტნეულის შეზავებაც არ არის უცხო მდიდარი არაბული სამზარეულოსთვის.

დესერტზე გადავიდეთ? ძველ, გამოცდილ და შეუცვლელ ყავადანში მომზადებულ ქაფქაფა ყავაზე რას იტყვით? ეს ორივე სიტყვა, ისევე, როგორც სურნელოვანი მარცვლებისგან მოდუღებული მაცოცხლებელი სასმელი არაბული სამყაროს საჩუქარია.

იქნებ კიდევ ერთი გემრიელი სიტყვა და ტკბილეული „ჰალვა“ დაგეყოლებინათ?  ამ დესერტს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას საქართველოს ზღვისპირეთში, აჭარაში ანიჭებენ, მას მომზადების რამდენიმე რეცეპტი და სხვადასხვა, ყოფით თუ სადღესასწაულო რიტუალში გამოყენების დიდი ტრადიცია აქვს.

შარბათს არ დააყოლებთ? ისეთივე ტკბილსა და სურნელოვანს, როგორიც არაბული ენაა,  ეს სიტყვაც არაბულიდან შეითვისა ქართულმა ენამ, თქვენ რომელიც გინდათ ის გასინჯეთ, შოთა რუსთველის „ ვეფხისტყაოსნის“ ან საოცარი არაბული პოეზიის შარბათი… პოეზიის, ფერებისა და გემოების მოყვარულ გულს ორივე დაატკბობს და დაარწყულებს…

„თბილისი ნაყოფიერი და გამაგრებული ქალაქია. იქ უხვად მოიპოვება პროდუქტები იაფფასებში… თბილისში უცხოელებს შეუძლიათ გულმშვიდად იყვნენ, იქ ყველას, მათთან შემთხვევით მისულსაც კი, მეგობრულად ექცევიან.“ – წერდა საქართველოს შესახებ IX საუკუნის 80-იანი წლებში  არაბი  გეოგრაფი იბნჰაუკალი

ენებსა და გასტრონომიულ კულტურას ურთიერთობები, გადაკვეთები, სესხება თუ გავლენა მეტად მრავალფეროვანსა და გემრიელს ხდის, ეს ის სფეროა, სადაც დაგემოვნება არავისთვისაა არამი, პირიქით, ყველასთვის ალალია. ( ეს ორი ცნობილი გამოთქმაც ქართულმა ენამ არაბულისგან შეისისხლხორცა).

 

 

 

თუ თქვენ მასწავლებელი ხართ, გირჩევთ

0

თქვენ სკოლის მასწავლებელი ხართ. ყოველდღე უამრავი საქმე გაქვთ, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. სახლშიც კი სამსახურზე ფიქრობთ. სასწავლო წლის მეორე ნახევარში ხშირად გიჩნდებათ გამოფიტვის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ, თავი ხელში აიყვანოთ, ეს თქვენზე ცუდად აისახება. ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების კომპლექსია – პროფესიული გადაწვა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმპტომია პროდუქტიულობის კლებაც. გადაწვის სინდრომი არა მხოლოდ გადაღლას, არამედ ემოციურ დატვირთვასაც უკავშირდება და საკმაოდ ხშირია სკოლის მასწავლებლებში. თუმცა – ნუ დაფრთხებით. გადაწვის საკითხები გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კარგად არის შესწავლილი და გამოსავალიც არსებობს.

ალბათ ეს ნაკლებად დაგაშვიდებთ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ – პროფესიული გადაწვა ის საერთო პრობლემაა, რომელიც უამრავ პედაგოგს აკავშირებს. სკოლა ძალიან რთული სამუშაო გარემოა და თითოეული მასწავლებლისგან და დირექტორისგან დიდ ემოციურ ჩართულობას, მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან რუტინულ და ინტენსიურ კონტაქტს მოითხოვს.

ამიტომ პროფესიული გადაწვა ნებისმიერი ქვეყნის მასწავლებლის თავის ტკივილია. სასწავლო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველწლიურად მასწავლებელთა დაახლოებით 8% ტოვებს სამსახურს. განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომელთა 40%-მდე პროფესიიდან პირველივე ხუთი წლის განმავლობაში მიდის. სამსახურიდან წასვლის მიზეზი სხვადასხვაა: დაღლილობა,  ადმინისტრაციული მხარდაჭერის არქონა, ტესტირების სირთულეები, არადამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობები.

ამერიკელმა ჟურნალისტმა კარალი ადამსმა რამდენიმე მასწავლებელს სთხოვა, გაეზიარებინა მისთვის სასარგებლო რჩევები სტრესთან მიმართებაში. შემდეგ შეადგინა მათი ჩამონათვალი იმისათვის, რომ პროფესიულ გადაწვას გადავურჩეთ:

იპოვეთ ადამიანი, ვისთანაც პრობლემებზე საუბარს შეძლებთ. დოცენტ ჯული ენ ოუენს-ბიორჩს – პორტლენდში Concordia University College-ის უნივერსიტეტიდან, მიაჩნია, რომ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა გვეხმარება დაცულობის განცდის შენარჩუნებაში. მეგან მათისი კი, ინგლისურის პედაგოგი კარლაილიდან, პენსილვანიის შტატიდან, გვირჩევს, არ მოვიტყუოთ თავი, თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა. უმჯობესია, ვიპოვოთ კოლეგა, რომელსაც მივენდობით და ვისთანაც თავისუფლად განიხილავთ პროფესიულ პრობლემებს, წარუმატებლობას. შეიძლება თქვენს კოლეგასაც ჰქონოდა მსგავსი პრობლემა და მან რაღაც გამოსავალი უკვე მონახა.

გამოიყენეთ დროის მენეჯმენტი და შეეცადეთ, გააწონასწოროთ თქვენი სამუშაო და პირადი ცხოვრება. გაკვეთილის ან სასკოლო პროექტის დროს ადვილად ვკარგავთ დროის შეგრძნებას. თქვენ 15 წუთის დახარჯვას გეგმავდით, საბოლოოდ კი ვერც შეამჩნიეთ ერთი საათი როგორ გაგიფრინდათ. თუ ეს ხშირად ხდება, მიეძალეთ სასარგებლო სტატიებს დროის სწორ დაგეგმვაზე და მიჰყევით არსებულ რჩევებს. რა თქმა უნდა, თქვენ გინდათ, იყოთ ძალიან კარგი მასწავლებელი, მაგრამ პირად ცხოვრებასა და მუშაობას შორის წონასწორობის შენარჩუნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რთულ დროს ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

დრო დაუთმეთ თამაშებს. მასწავლებლებს იმდენი განსხვავებული ამოცანის შესრულება უწევთ, რომ სრულად ავიწყდება თამაშები. გეოგრაფიის მასწავლებელი, მაიკ იეითსი ტეხასის შტატიდან, ოსტინგიდან, ყოველთვის ცდილობს, გაახალისოს თავისი მოსწავლეები სხვადასხვა თამაშით. როდესაც გრძნობს, რომ პროფესიული გადაწვის პირასაა, საკუთარი სასკოლო ცხოვრებიდან სასაცილო ისტორიებსაც იხსენებს. ეს მას შეახსენებს, რატომ უყვარს ასე ძალიან თავისი პროფესია.

დაისახეთ პროფესიული განვითარების მიზნები და მიაღწიეთ მათ. ზოგ მასწავლებელს აშინებს ფიქრები კარიერის განვითარებაზე, მაგრამ ეს ცრუ განგაშია. მიზნების დასახვა საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას უნდა მიაქციოთ  ნაკლები ყურადღება. თქვენ ყოველთვის გეხსომებათ, რატომ არჩიეთ პროფესიად მასწავლებლობა და ეს არ მიგიყვანთ გადაწვამდე.

გახადეთ თქვენი ცხოვრება საინტერესო. თუ დოკუმენტებთან მუშაობამ დაგღალათ, მოიგონეთ რაიმე სიახლე. „თქვენ გაქვთ სტანდარტებით დადგენილი მიზნები, მაგრამ მასწავლებელმა ყოველდღიური სამუშაო შეიძლება უფრო საინტერესო გახადოს“, – ამბობს ქეთი ლამბეტი, კონკორდიის პედაგოგიური კოლეჯის ასოცირებული პროფესორი. იპოვეთ სკოლა, სადაც ადმინისტრაცია მიესალმება მასწავლებლის კრეატიულობას. თქვენ შეიძლება ასპირანტურაში ჩაბარებაც კი მოგინდეთ, სწავლის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების შესასწავლად.

მოუსმინეთ საკუთარ თავს. ეს არ არის მხოლოდ ხმამაღალი და მოდური ფრაზა. თვითზრუნვა მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია. შეისწავლეთ იოგა, სტრესის მართვა, ყურადღების კონცენტრირება, იკვებეთ ჯანსაღად. ეცადეთ, დანერგოთ ეს პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. ჩვენში გავრცელებული სტერეოტიპების თანახმად, მასწავლებელმა მხოლოდ უნდა გასცეს, ის თავის ინტერესებს ყოველთვის მეორე პლანზე სწევს – ასე ფიქრობს მეგან მათისი. ჯანსაღ მასწავლებელს ჯანსაღი კლასიც ჰყავს. „თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე მანამდე, სანამ სხვებზე იზრუნებთ“, – დარწმუნებულია  ჯული ენ ოუენს-ბირჩი.

როდესაც თავს უიმედოდ გრძნობთ, მოიძიეთ პერსპექტივები. „კარგი მასწავლებელი რომ იყოთ, ბავშვებთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ სამყაროს გადარჩენას“, – ამბობს ქეთი ლამბეტი. ზოგჯერ მასწავლებელი იმდენად ნერვიულობს მოსწავლეებზე, რომ ზედმეტად გულთან ახლოს მიაქვს მათი პრობლემები. უნდა გესმოდეთ, სად შეგიძლიათ დაეხმაროთ და სად – არა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობაა მოსწავლეების დაცვა, მან, პირველ რიგში, ეს უნდა შეასწავლოს – საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება და საკუთარი თავის დაცვა.

ნუ წაიღებთ სკოლიდან შინ ბევრ დავალებას. თუ სახლში მუშაობთ, შეზღუდეთ გაკვეთილების დაგეგმვის დრო და ხშირად დაისვენეთ. უნდა აკონტროლოთ თქვენი დატვირთვა. მიჰყევით მაიკ იეიტსის რჩევას: ნუ წაიღებთ სახლში ბევრ სამუშაოს. „მე ოჯახთან გასატარებელ დროს სამსახურის გამო ვერ შევამცირებ. ის ისედაც ცოტაა. უბრალოდ, მოსწავლეებს წინასწარ ვაფრთხილებ, რომ მათი შეფასებისთვის ცოტა მეტი ხანი დამჭირდება, რადგან სკოლაში შევამოწმებ ყველაფერს. მათ ეს იციან და ესმით“.

იპოვეთ თქვენი სტილი, მაგრამ ზოგჯერ შეცვალეთ კიდეც. „სხვისი სწავლება უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება“, – ამბობს მათისი. ძალიან იოლია მიბაძოთ თქვენი კოლეგის პედაგოგიურ სტილს, მაგრამ შეეცადეთ, იპოვოთ საკუთარი სტილიც, იმუშაოთ მასზე. თქვენ უფრო ბედნიერი იქნებით, თუ თქვენი სწავლების სტილი თქვენს ღირებულებებს ასახავს.

მთელ ცხოვრებას მხოლოდ განათლებას ნუ დაუთმობთ. რას ვგულისხმობთ: საიდუმლო როდია, რომ მასწავლებლები მუდმივად ეძებენ გაკვეთილისთვის ახალ იდეებს. ადრე მეგან მათისი საგანმანათლებლო წიგნებს ძილის წინაც კი კითხულობდა. „ჩემი ჰობი  ჩემი პროფესია იყო და ამან გადაწვამდე მიმიყვანა“, – ასკვნის ის. ახლა ის კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას ან სხვა მსუბუქ წიგნებს, რათა „ტვინმა დაისვენოს“. თუ გსურთ განათლების გაგრძელება, დარეგისტრირდით ვორქშოპებზე ან სასწავლო კურსებზე. ამგვარად მხოლოდ სამუშაოთი არ იქნება თქვენი ცხოვრება გადატვირთული.

ნუ შეგეშინდებათ „არ შემაწუხოთ“ ნიშნის. სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად მაიკ იეითსი საღამოს ხუთ საათზე სამსახურიდან მიდის. მან განზრახ არ დააკავშირა თავისი საფოსტო ყუთი მობილურ ტელეფონთან. ასე რომ, შეტყობინებები მხოლოდ კომპიუტერზე მოსდის. ის ამბობს, რომ ახლა დღის განმავლობაში სკოლაში უფრო ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე სახლში გვიან ღამით.

იპოვეთ ადამიანები, რომლებსაც ესმით თქვენი. იეითსი რეკომენდაციას უწევს საგანმანათლებლო ბლოგების გაცნობას და სხვა სკოლების მასწავლებლებთან კომუნიკაციას. სოციალურ ქსელებში არსებული უამრავი ჰეშთეგის (ნიშანი, რომელიც სოციალურ ქსელებში და ბლოგებში შეტყობინების თემებად დასაყოფად-გასავრცელებლად გამოიყენება) საშუალებით, მასწავლებლებს ადვილად შეუძლიათ კოლეგებთან კონტაქტის პოვნა. კარგი იქნება, დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც თქვენ.

იქნება ვარდნაც და წარმატებაც. მეგან მათისის თქმით, პროფესიული გადაწვის დროს, გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ისე არ ხდება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული ყოველ დილით სამუშაოს მოლოდინში საწოლიდან ბედნიერი წამოხტეთ. ზოგი პერიოდი რთულია, ზოგიც – მარტივი. შესაძლოა, სხვა კლასში მუშაობის დროს მეტად გაგიმართლებთ და სწორედ ამან იმოქმედოს მთელ თქვენს კარიერაზე!

ნუ შეგეშინდებათ სხვა სამუშაოს მოძიება. თუ ამჟამინდელი სამუშაო საშუალებას არ გაძლევთ ოცნებები რეალობად აქციოთ, შეიძლება სხვა სკოლაში ან კლასში გადახვიდეთ. შეგიძლიათ გააგრძელოთ განათლების მიღება და აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მიიღოთ ხარისხი და ახალი გამოცდილება სხვა კონკრეტულ სფეროში.

 

კომპლექსური დავალება რამდენიმე სამიზნე ცნებასთან მიმართებით

0

პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში’’ ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის რეკომენდაციების თანახმად,  სწავლა-სწავლების პროცესს წარმართავენ ორი მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით:

ა) გრძელვადიან მიზნებზე (საფეხურის შედეგები, სამიზნე ცნებები) ორიენტირება, რომელიც გულისხმობს სამიზნე ცნებების საშუალებით სასწავლო საკითხებისა და თემების სწავლა-სწავლებას და ცხოვრებისეულ სიტუაციაში რეალიზებას.

ბ) სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაყრდნობით, (მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება; ახალი ცოდნის კონსტრუირება; წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება;  სწავლის სწავლა;  ცოდნის სამი კატეგორია (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) -კომპლექსური დავალების განხორციელება და პრაქტიკაში რეალიზება.

რა არის სამიზნე ცნება?

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ გზამკვლევში (ანბანის შემდგომი პერიოდიდან IV კლასის ბოლომდე) გამოკვეთილია სამიზნე ცნებები, რომელთა ფლობა აუცილებელი წინაპირობაა  I-IV კლასების მოსწავლეთათვის სწავლა-სწავლების შედეგების მისაღწევად. ეს ცნებები სამიზნე ობიექტად რჩება ოთხწლედის განმავლობაში და მათი დამუშავება შესაძლებელია სხვადასხვა საკითხისა და თემის კონტექსტში.

თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავს, კონკრეტულად, რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა აღნიშნულ ცნებებთან მიმართებით ანბანის შემდგომი პერიოდიდან მეოთხე კლასის დასრულებამდე.

ეს სამიზნე ცნებები გახლავთ:

  1. ტექსტი (ტექსტის გაგება/ინტერპრეტირება)
  2. ფუნქციური სამეტყველო ქმედება (თხრობა, აღწერა, დასაბუთება, შედარება)
  3. წერითი კომუნიკაცია
  4. კონკრეტული ჟანრი

რით არის  განსაკუთრებული კომპლექსური დავალება?

პასუხი მარტივია: კომპლექსური დავალება ხელს უწყობს სასწავლო პროცესში  მასალის სიღრმისეულ გააზრებას და არა საგნობრივი საკითხების ზედაპირულ დასწავლას. ის იქმნება კონკრეტულ (და არა ზოგად) საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით და ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე. საბოლოოდ, მოსწავლე თეორიულ ცოდნას ასახავს ცხოვრებისეულ კონტექსტში და ქმნის კონკრეტულ შემოქმედებით პროდუქტს.

 

ერთი კომპლექსური დავალების შესრულებას სჭირდება რამდენიმე გაკვეთილი. ერთს მოსდევს მეორე, მესამე და პროცესი გრძელდება სასწავლო წლის დასაწყისიდან დასრულებამდე. აქ საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: საწყის ეტაპზე  მასწავლებელი სამიზნე ცნებასთან მიმართებით მოსწავლეებში ,,აღვიძებს’’ ყველა მკვიდრ წარმოდგენას, შემდეგ აუჩქარებლად განაგრძობს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას და ყველა საჭირო ეტაპის გავლით მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად შეძლოს კომპლექსური დავალების შესრულება.

 

როგორია კომპლექსური დავალების ბარათის სტრუქტურა?

ბარათში ასახულია: საგანი, ძირითადი რესურსი, თემა, კლასი, სამიზნე ცნება, შედეგების ინდექსი, ქვეცნებები/საკითხები, საკვანძო შეკითხვები.

კომპლექსური დავალების პირობის შემდეგ, ,,ბულიტების’’ სახით ჩაშლილია შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც მასწავლებელი აუცილებლად გააცნობს მოსწავლეებს, ხოლო ნამუშევრის წარდგენის შემდეგ, მინირეფლექსიის ფორმით, ერთხელ კიდევ დააფიქრებს, რა ეტაპების გავლით შეასრულეს დავალება, რა მოეწონათ განსაკუთრებით, რისი გაკეთება გაუჭირდათ, რას გააკეთებდნენ, თავიდან რომ იწყებდნენ დავალებაზე მუშაობას.

შესაძლებელია კომპლექსური დავალების შესრულება რამდენიმე სამიზნე ცნების დაწყვილებით. ამ შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა გაიწეროს ყველა ცნების თანმდევი მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო კითხვები, ქვეცნებები და შეფასების კრიტერიუმები.

საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი/ტექსტი/: რ.ინანიშვილის ,,ჩიტუნიას ლოცვა”

სახელმძღვანელო, მე-2 ნაწილი, გამომცემლობა ,,ტრიასი”, გვ.15″

თემა: სიკეთე

შესაძლო დამატებითი თემატიკა: ბუნების სიყვარული; დედობრივი სიყვარულის ძალა

კლასი: მე-3

სამიზნე ცნება:  ჟანრი (იგავი);

                            წერითი კომუნიკაცია.

შედეგები:            I. 13; I. 14; I. 15I 2; I 4; I 7; I 10; I 11
ქვეცნებები/საკითხები: იგავის ჟანრული მახასიათებლები, წერის სტრატეგიები
საკვანძო შეკითხვა:

Ø  როგორ გამოვიყენო ჟანრული მახასიათებლების ცოდნა?

Ø  რომელი სტრატეგია დამეხმარება წერის მიზნის მიღწევაში?

Ø  რა  ეხმარება მკითხველს ნაწერის გაგებაში?

 

 

კომპლექსური დავალების პირობა:

გაიხსენე მოთხრობა ,,ჩიტუნიას ლოცვა’’, რომელშიც გახარებულმა ჩიტუნიამ გალობით დალოცა კეთილი კაცი და ასე გადაუხადა მადლობა. წარმოიდგინე, რომ ხარ მეიგავე და დაწერე იგავი იმავე პერსონაჟების თანამონაწილეობით. სურვილისამებრ, შეგიძლია დაამატო ახალი პერსონაჟები. ნამუშევარი გააფორმე ილუსტრაციებით.

იგავში:

Ø  გადმოეცი ამბავი თანმიმდევრულად. წარმოაჩინე დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული;

Ø  გამოკვეთე პერსონაჟების ხასიათი, ქმედებები, ურთიერთობები;

Ø  გამოიყენე იშვიათად ხმარებული, ხატოვანი სიტყვები;

Ø  ამბის წერა დაასრულე შეგონებით;

Ø  დაიცავი აბზაცები, გამოიყენე სასვენი ნიშნები.

 

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

Ø  როგორ გამოიყენე ჟანრული მახასიათებლების ცოდნა?

Ø  რა დაგეხმარა წერის მიზნის მიღწევაში?

Ø  რატომ არის აუცილებელი სტრუქტურის, ენობრივი ნორმებისა და პუნქტუაციის წესების  დაცვა.

Ø  რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ დაწერილი შეგონება ჭკუას დაარიგებს მკითხველს?

 

 

პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მასწავლებლისათვის

დავალების შესრულებამდე მოსწავლეებს შეახსენეთ:

Ø  სხვადასხვა ჟანრის თხრობითი ტექსტების (მაგ., ზღაპრის, მოთხრობის, იგავის, ლექსის, თქმულების და სხვ.) ჟანრული მახასიათებლები;

Ø  წერილობითი ტექსტის სტრუქტურა (სათაური, აბზაცი, სტრიქონი, წინადადება), სასვენი ნიშნები; წერის ეტაპები;

Ø  შესწავლილი იგავები და იმსჯელონ, რატომ მთავრდება ისინი შეგონებით?

Ø  გაასიტყვებინეთ მწერლის  მთავარი სათქმელი, რომელიც მოსწავლეებს შეუძლიათ შეგონებად გამოიყენონ.

.

 

კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ეტაპებისა და აქტივობების სწორად განსაზღვრა. საორინტაციოდ ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

საკვანძო შეკითხვები: რას მოითხოვს ჩემგან ეს დავალება? რას შევძლებ დამოუკიდებლად? რაში დამჭირდება დახმარება?

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა.

სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება. საკვანძო შეკითხვები: როგორ ვიმუშავო კომპლექსურ დავალებაზე? რა ნაბიჯები გადავდგა? რა ცოდნა-გამოცდილება დამჭირდება თითოეული ნაბიჯისთვის?

 

ეტაპი 3.  კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

საკვანძო შეკითხვები:  როგორ უნდა წარმოვადგინო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შედეგები ისე, რომ ეს მსმენელებისთვის საინტერესო და გასაგები იყოს?

 

შენიშვნა: კომპლექსური დავალების შესრულებას, პირობის გაცნობიდან დასრულებამდე, სჭირდება  4-5 დღე, განსაკუთრებულ შემთხვევაში – ორი კვირა.

 

თითოეული ეტაპისთვის აქტივობები (სამიზნე ცნებების, მკვიდრი წარმოდგენებისა და საგნობრივი საკითხების, შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით) იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ყველა აქტივობის განხორციელების შემდეგ მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს კომპლექსური დავალების შესრულება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;

ქართული ენა და ლიტერატურა, გზამკვლევი (ანბანის შემდგომი პერიოდიდან IV კლასის ბოლომდე)

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...