ორშაბათი, აპრილი 20, 2026
20 აპრილი, ორშაბათი, 2026

წერითი მეტყველების გაუმჯობესება დისტანციური სწავლების პირობებში

0

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წერითი მეტყველების დახვეწაში?

ეს კითხვა აქტუალურია, განსაკუთრებით – დისტანციური სწავლების პირობებში.

ზოგიერთ მოსწავლეს ჰყოფნის ის საშინაო თუ საკლასო წერითი სავარჯიშოები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვაწვდით. ასრულებენ, კითხულობენ ჩვენს მითითებებს, არედაქტირებენ საკუთარ ნაწერებს ამ მითითებების მიხედვით და ნელ-ნელა ხვეწენ წერით უნარებს.

ზოგიერთი მოსწავლისთვის კი ეს არ არის საკმარისი. მათ დამატებითი ვარჯიში სჭირდებათ – უფრო ინტენსიური, ინდივიდუალურად შერჩეული, მათი ინტერესების გათვალისწინებით შედგენილი.

თხზულება, ესე, საშინაო წერითი ნაშრომი, მოკლე შინაარსი, პარაფრაზი, ხედვის სხვადასხვა კუთხის წარმოჩენა, პერსონაჟის დახასიათება, თავისუფალი თემა, კომენტირებული კითხვა, კითხვებზე პასუხი – კარგი იქნება, თუ ამ და სხვა „საპროგრამო“ წერითი სავარჯიშოების მიღმა წერის მასტიმულირებელ შემოქმედებით, საინტერესო სავარჯიშოებსაც შევასრულებინებთ.

ქვემოთ რამდენიმე ასეთ სავარჯიშოს შემოგთავაზებთ, რომლებიც ონლაინ-დისტანციური სწავლა-სწავლების პირობებში გამოგადგებათ.

ამბავი ფოტოკადრის მიხედვით

ამ ბმულზე გადასვლისას მოხვდებით ვებსაიტზე, სადაც შემოქმედებითი წერის სავარჯიშოების ნამდვილი საბადოა. საიტი ინგლისურენოვანია, მაგრამ ეს განყოფილება „შემთხვევითი ფოტოკადრის“ გვერდია. აქ თავმოყრილია ფოტოები, სურათხატები, ვიზუალური მასალა. ქვემოთ, ილუსტრაციაში, მონიშნულია ადგილი, რომელსაც უნდა დააწკაპოთ სურათის მისაღებად:

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ფოტოები ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა შესაფერისი და ამ მხრივ არავითარი შეზღუდვა არ არის.

 

სავარჯიშოს ინსტრუქცია:

პირველი ვარიანტი

  1. დააწკაპეთ ფანჯარაზე;
  2. დააკვირდით მოცემულ სურათს.
  3. დაწერეთ ყველაფერი, რაც გონებაში გაგიელვებთ. გამოიყენეთ თავისუფალი წერის ტექნიკა
  4. განუსაზღვრეთ საკუთარ თავს დროის ლიმიტი („შესვენების გარეშე დავწერ 10/15/20 წუთის განმავლობაში“)

 

მეორე ვარიანტი

  1. ყურადღებით დააკვირდით შემთხვევით შერჩეულ სურათს.
  2. აღწერეთ დეტალურად: რას ხედავთ ფოტოზე? აბზაცებად მოაწესრიგეთ სხვადასხვა კატეგორიის საგნები – მათი ფორმები, ფერები, „ხმები“, რომლებიც „ისმის“; რა, სად და როგორ არის განლაგებული?

 

„გვაქვს უთვალავი ფერითა“

 

ეს სავარჯიშო დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის მოწესრიგებისთვისაა სასარგებლო. ვითარების გათვალისწინებით, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი:

სავარჯიშოს ინსტრუქცია

პირველი ვარიანტი

  1. შეარჩიეთ ფერი. 15 წუთით გაისეირნეთ გარეთ (უსაფრთხოების წესების დაცვით). გონებაში მონიშნეთ ყველა ის საგანი, რომელიც თქვენ მიერ შერჩეული ფერისაა. შეგიძლიათ, გააკეთოთ ჩანაწერებიც. შინ დაბრუნებისთანავე დაწერეთ იმის შესახებ, რაც მონიშნეთ. დაყავით ნაწერი აბზაცებად. დაურთეთ შესავალი და დასკვნითი წინადადებები.

 

მეორე ვარიანტი

  1. შეარჩიეთ ფორმა (ოთხკუთხედი, წრე, სამკუთხედი…)
  2. მიმოიხედეთ ოთახში, რომელშიც იმყოფებით. მონიშნეთ ყველა ნივთი, რომელიც ამ ფორმისაა.
  3. აღწერეთ ნივთები. აღწერითი ხასიათის ტექსტს დაურთეთ შესავალი და დასკვნითი ნაწილი. აუცილებლად დაყავით ნაწერი აბზაცებად.

 

ლექსიკონები – საბადო შემოქმედებითი წერისთვის

ამ ბმულზე თავმოყრილია სხვადასხვა ლექსიკონი: განმარტებითი, დარგობრივი, პარონიმების, იდიომების, ორთოგრაფიული…

დაავალეთ მოსწავლეებს, აირჩიონ ერთ-ერთი განმარტებითი ლექსიკონის განყოფილებაში არსებული ლექსიკონებიდან.

შერჩეული ონლაინ ლექსიკონიდან აირჩიონ 5 შემთხვევითი სიტყვა. ამოიწერონ.

მოიფიქრონ ამბავი, რომელშიც ამ სიტყვებს გამოიყენებენ.

ამბავი გადმოცემული უნდა იყოს თანმიმდევრულად, საინტერესოდ. კარგი იქნება, თუ შეარჩევენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც აქამდე არ იცოდნენ ან არ ჰქონდათ აქტიურ ლექსიკურ მარაგში.

განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს იდიომების ლექსიკონზე მუშაობა (ნახავთ ისრით მონიშნულ განყოფილებაში).

ბმულზე გადასვლისას გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც ერთი ასოს ჩაწერის შემთხვევაში იმ ასოზე დაწყებული იდიომები გახდება ხელმისაწვდომი.

მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ სხვადასხვა ფრაზეოლოგიზმი და შექმნან ამბავი მათი გამოყენებით (იხ. ილუსტრაცია)

 

 

 

ზიკოს წყალი

0

ერთადერთი კაცი, ვინც ბოლო წლების ბაბუაჩემის ცხოვრებაში მახსენდება, მისი მეგობარი ბონძი ქირია იყო. არა, მეგობარი და პატივისმცემელი ბევრი ჰყავდა ბაბუას, მაგრამ იმ ერთადერთ შემთხვევაში რაღაც საოცარი ერთგულებისა და თანაგრძნობის მაგალითი ვნახე.

ერთგულების ახსნა რაციონალური საზომით იოლი არაა. დაჯერება გიჭირს, მით უფრო თუ ადამიანი ძალზე შინაურთა წრეს არ მიეკუთვნება. ამიტომ ბატონი ბონძის ყოველდღიურ – ჰო, ასე იყო – სტუმრობას ბაბუაჩემთან თავიდან სხვა, უფრო არამეგობრული, მისიონერული ახსნა მოვუძებნეთ: ბაბუაჩემის მეგობარი „იეჰოვას მოწმეთა“ საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ სამეგრელოში, კონგრესები მის გარეშე არ იმართებოდა, და ასე გვეგონა, აქაც თავისი მოძღვრების საქადაგებლად იყო მოსული; რამდენჯერმე დაიწყო კიდეც, ჯერ შორიდან მოუარა, ჩემი ინტერესი რომ შენიშნა, საკითხავები მომიტანა, მაგრამ მეოთხე და მეხუთე მოსვლაზე იყო, უხეშად რომ გააწყვეტინა ბაბუაჩემმა, – არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი და თუ პატივს მცემ, შენი ღმერთი აქ მეტჯერ აღარ ახსენოო.

ბონძი შეკრთა, წამოდგა, გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და უსიტყვოდ დაეშვა კიბეზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტად აღარ შემოაღებდა ჩვენს ჭიშკარს, ჭიშკრიდან კიბემდე ვიწრო ბილიკს არ გამოივლიდა, ნაცრისფერი ცხვირსახოცით სახეს არ შეიმშრალებდა ნამგზავრი, აივანზე მჯდომ ბაბუაჩემს არ მიესალმებოდა და პირველ სიტყვად არ იტყოდა:

– ოოხ, ახლა მისწრება იქნება ჩემთვის ზიკოს წყალი!

მეც მაშინვე დავწვდებოდი ხელადას, ჭასთან მივირბენდი, ხმაურით ჩავუშვებდი ვედროს სიღრმეში, სუფთა წყლით გავავსებდი ხელადას და ასვლისთანავე ორ მოზრდილ ჭიქაში ჩამოვასხამდი ფრთხილად, აუჩქარებლად.

…ზაფხულის სიცხეში ისე ხურდება და ქვავდება ჩვენი ჭიშკრის ბოძები და სახელურები, ძლიერი ხელი უნდა, რომ შემოაღო.

– ბონძია მოსული, წამალს დავლევ და გამოვალ, – გამომძახა ბაბუაჩემმა, – შეხვდი და მიაქციე ყურადღება.

ჭიშკარი ერთად გამოვაღეთ ცამეტი წლის ბიჭმა და სამოცდაათს მიტანებულმა ბერიკაცმა. მხარზე ხელი მომითათუნა და სანამ კიბეს აუყვებოდა, ჭისკენ მანიშნა, – სქან ჭირმა, ზიკო, მომისწარი შენი წყალი, სული მომათქმევინეო.

– ბონძ ბიძი, მეგონა არ მოხვიდოდით… – ვუთხარი ჩურჩულით და სავსე ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

– ღმერთი რომ არ იყო, უღმერთობას რომ ქადაგებდა ყველა, ე იმ დროიდან ვიცნობთ მე და ბაბუაშენი ერთმანეთს, – ჭიქა ნახევრამდე ჩაცალა, ღრმად ამოისუნთქა და კეთილი თვალებით გამომხედა, – რა და რა არ გვინახავს, გამოგვივლია და გადაგვხდენია, იმდენ რამეს შევსწრებივართ: საქმე, სუფრები, ქალები… ჩხუბშიც ვყოფილვართ და დროსტარებაშიც… წიგნების ცენტრალური მაღაზია მებარა მე რაიონში, ყველა წიგნი ჯერ ჩემთან მოდიოდა და მერე ვანაწილებდი… ბაბუაშენი სკოლაში იყო, დირექტორი, უერთმანეთოდ ჩვენ არ ვიყავით, ვიცოდით ერთმანეთის ფასი, ერთმანეთის გაგება გვქონდა. გამოცდი მაგას შენც, ერთ-ორ სიტყვაში რომ გესმის ძმაკაცის, ბევრი მიეთ-მოეთი არ გჭირდება. ადამიანების ცნობასაც სწავლობ და რახან ერთად სწავლობთ, ბოლომდე გიჭირს გარჩევა, ამ ნასწავლში შენი თავისგან უფრო მეტია თუ შენი ძმაკაცისგან… და იმასაც უჭირს… ვინ უფრო მეტი მიეცით ერთმანეთს, – ეს კი არა, ზიკო, – შენ რომ შენ ხარ, შეიძლება იმის წილი უფრო მეტი იყოს ამ ამბავში… ხომ გესმის? ძნელია, მარა მოვა დრო და გაიგებ… ჰოდა, იმას გეუბნებოდი, – ცხვირსახოცით ამოიმშრალა ოფლისგან თუ ცრემლისგან დაცვარული თვალის ფართო უპეები, – ჩემი ღმერთისთვის არ მოვდივარ მე აქ, ჩემი ადამიანისთვის მოვდივარ…

ჭიქა აიღო, ბოლომდე ჩაცალა და აივნიდან თვალებმოჭუტვით გახედა გზაზე გამოფენილ ბავშვებს.

მკითხველად ჩამოყალიბების გზა

0

გახსოვთ, როდის წაიკითხეთ პირველი სქელტანიანი წიგნი? გიფიქრიათ, რა განაპირობებს მკითხველად ჩამოყალიბების საკმაოდ გრძელ და რთულ პროცესს? რამდენ დროს უთმობთ კითხვას? ვის უზიარებთ წაკითხული წიგნის შესახებ ემოციებს? ვინ არის თქვენი მეგზური წიგნის შერჩევისას?

მეორე კლასში ვიყავი, „პეპი გრძელიწინდა“ რომ წავიკითხე და ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებები დღემდე ამ წიგნს უკავშირდება. ვფიქრობ, კითხვისადმი ინტერესი მამის მიერ მოყოლილმა ზღაპრებმა და ცხოვრებისეულმა ამბებმა გამიღვიძა. მამა ყოველღამე მიამბობდა დევებსა და გმირებზე, პირველ სიყვარულსა და ბავშვობის მეგობრებზე. ეს იყო უდიდესი განდობა და დღეს მამასთან გატარებული ძილისპირული საათების უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

მერე სულ ვკითხულობდი. ჩემი წიგნები რომ ამოვწურე, მეზობლის, ციცო დეიდას ბიბლიოთეკას მივადექი. ერთხელ მეგობართან ერთად უბნის სამკითხველოდან გატანილი „დედოფალი მარგოს“ საძებნელადაც გავეშურე. კარი გაგვიღო ბიჭმა, რომელმაც მერე ჩემი კლასელი შეირთო ცოლად. იყო შუა გზაზე მიტოვებული და ვერწაკითხული წიგნებიც.

უნივერსიტეტში რუსულ და ანტიკურ ლიტერატურას, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს დავუმეგობრდი. მერე კითხვის ტემპი შენელდა.

ერთი უცნაურობა მჭირს – მახსოვს, რომელი წიგნი როდის წავიკითხე ან ვინ მირჩია. სექტემბერში ჩემს გოგონას 11 წელი შეუსრულდა. დაბადების დღისთვის რამდენიმე წიგნი შევურჩიე, მათ შორის – ირვინგ სტოუნის „წყურვილი სიცოცხლისა“. მაღაზიაში გულგრილად ვერ ავუარე გვერდი წიგნს, რომელსაც სწორედ მაშინ ვკითხულობდი, როდესაც თეკლას მუცლით დავატარებდი. ისიც მახსოვს, რომ ვან გოგის ცხოვრებაზე წიგნს სკოლის ავტობუსში ვკითხულობდი ხოლმე. მერე რამდენიმე წლით კვლავ შევწყვიტე კითხვა და ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილის თავგადასავლით“ დაიწყო დიდი და მტკივნეული მობრუნება წიგნებთან. მტკივნეული იმიტომ, რომ კითხვას გადაჩვეულს ძილი მერეოდა, დიდი კი იმიტომ, რომ ეს პროცესი დღემდე გრძელდება და თუ ახლა თქვენთვის სათქმელი დამიგროვდა, სწორედ მუდმივი კითხვის წყალობით.

ვკითხულობ ყველაფერს – მხატვრულ ლიტერატურას, მემუარებს, პირად წერილებს, საინფორმაციო, შემეცნებით თუ საგანმანათლებლო სტატიებს, პოეზიას, დღიურებს, თანამედროვე თარგმანებსა და კლასიკურ ტექსტებს, ქართველ და უცხოელ ავტორებს.

ვკითხულობ უმეტესად მაშინ, როცა ჩემს პატარა გოგონას სძინავს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ხომ პირდაპირ ბედნიერებად მექცა. ვუკითხავ ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს, მათთან ერთად ვეცნობი საბავშვო ლიტერატურას.

როგორ ვარჩევ წასაკითხ წიგნებს?

ვუსმენ და ვუყურებ ლიტერატურულ გადაცემებს, ვეცნობი გამომცემლობათა სიახლეებს, ვათვალიერებ წიგნის მაღაზიების თაროებს, რამდენიმე ადამიანი მყავს, რომელთა წაკითხული წიგნებისადმი ინტერესი არ მინელდება. საკმარისია, რამე მირჩიონ, მთებს გადავდგამ და მაინც მივაგნებ, თუმცა არიან წიგნები, რომლებიც თავისით მოდიან ჩემამდე.

ჩემი მასწავლებლური საქმიანობის უმთავრესი მიზანი მოსწავლეებისთვის კითხვისადმი ინტერესის გაღვივება და წიგნთან მისასვლელი გზის გაკვალვაა. პირად გამოცდილებას სამეცნიერო კვლევებს ვუთავსებ და საგულისხმო დასკვნებამდე მივდივარ. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესოა გზა, რომელსაც მე და ჩემი მოსწავლეები წიგნებთან ერთად გავდივართ.

 

პირადი მაგალითი

კითხვა რომ დიდი სიამოვნებაა, ეს ჯერ მე უნდა მჯეროდეს და მერე მოსწავლეც დამიჯერებს. თუმცა წიგნის შერჩევა ბავშვისთვის კითხვის შესაყვარებლად საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა პატარ-პატარა ხრიკებიც, რომლებსაც გზადაგზა მოვიფიქრებთ. მაგალითად:

  • თან ვატაროთ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ;
  • ვისაუბროთ სიუჟეტის, პერსონაჟების შესახებ;
  • როლური თამაშით გავაცნოთ პერსონაჟები.

როცა ჩვენ თვითონ ვართ გატაცებულები კითხვით, აუცილებლად მივიზიდავთ სხვებსაც.

 

შესაბამისი ლიტერატურა

მკითხველად ჩამოყალიბებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის შერჩევას. შეგვიძლია, მოვიძიოთ ინფორმაცია კონკრეტული ასაკისთვის შესაფერისი ლიტერატურის შესახებ, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური გემოვნება, კითხვის ტემპი, ინტერესებიც.

ასე რომ, ბავშვს სჭირდება ვინმე, ვინც ურჩევს, მოუსმენს, მოუწონებს, წაახალისებს.

 

წიგნიერი გარემო

ბვერს ვწერთ და ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნიერ გარემოს ბავშვის განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის საციალური ფონიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ბევრ ბავშვს საბავშვო წიგნებზე ხელი არ მიუწვდება. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

შეგვიძლია მედიათეკის მოწყობა სკოლაში, რათა თანამედროვე ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. შარშან მესამეკლასელებთან წამოვიწყე პროექტი, სახელად კლასის პირადი ბიბლიოთეკა. ყოველთვე, ხელფასის დარიცხვისას, სამ მოსწავლეს თითო წიგნს ვჩუქნიდი. შევთანხმდით, რომ ამ წიგნებს საკლასო ოთახში დავაბინავებდით, მერე კი იმდენს იმოგზაურებდნენ, სანამ მათ კლასის ყველა მოსწავლე არ წაიკითხავდა.

წელს კი ხელი მოვხვიე 25 წიგნს ჩემი გოგონას ბიბლიოთეკიდან და მეექვსეკლასელებს დავურიგე. შევთანხმდით, რომ ვირტუალურ ლიტერატურულ კაფეს მოვაწყობდით და ამგვარად გავუზიარებდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

კიდევ ერთი პროექტი: მთელ კლასს ვურჩევ რომელიმე წიგნს. ნელ-ნელა ყიდულობენ, მერე კი თავისუფალ გაკვეთილზე ვკითხულობთ და ნაირ-ნაირ აქტივობას ვუკავშირებთ, რისი წყალობითაც მოსწავლეები სწავლობენ, როგორ უნდა იკითხონ და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

ასე რომ, პირადი ინიციატივაა ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც დადებით ენერგიას ააგიზგიზებს.

 

თავისუფალი არჩევანი

წიგნის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია, ბავშვს მივცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება. პირადად ჩემთვის, არასდროს არავის დაუშლია ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა და ჩემი პიროვნული განვითარება დიდწილად ამ თავისუფალ არჩევანზე დგას. შეგვიძლია, ვურჩიოთ, მაგრამ თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი. მაგალითად, ჩემმა 11 წლის გოგონამ ახლა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ კითხვა წამოიწყო. თავიდან ხალისით კითხულობდა, მერე კი თავის დანებება გადაწყვიტა, რამდენიმე წელიწადში მივუბრუნდებიო, მითხრა და მე მესმის, რატომაც შეიძლებოდა ვერ წაეკითხა (ლექსიკის სირთულე, გაბმული თხრობა, დიალოგების ნაკლებობა, ასაკისთვის უინტერესო პასაჟები) ჰეკისა და ჯიმის მისისიპური თავგადასავალი.

 

აღზრდის ავტორიტარული სტილი

მასწავლებლობა აღზრდის სტილზე დაკვირვებას გულისხმობს. ჩემი აზრით, თუ მშობელი ბავშვს ზედმეტი სიმკაცრით ეპყრობა, ეს აუცილებლად აისახება მოზარდის მკითხველად ჩამოყალიბებაზეც. ავტორიტარული სტილით აღზრდილი ბავშვები, როგორც წესი, შებოჭილები არიან და მათი ლიტერატურული გემოვნება გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა.

კითხვა კი თავისუფლებაა. მას არ უყვარს მკაცრი ტონი, წესები, ძალადობა და აკრძალვა. გონიერი ადამიანის, გონიერი მკითხველის აღსაზრდელად სიმკაცრე სრულიად უადგილოა.

 

XVIII ლიტერატურული კაფე

შვიდი წელია, რაც აქტიური მკითხველი გავხდი და ამდენივე წელია, ბავშვებს მივუძღვები წიგნების სამყაროში. რაც გაგიზიარეთ, ჩემი პირადი დაკვირვებისა და სხვათა გამოცდილების შეჯერების შედეგია, თუმცა დღემდე ბევრი რამ ჩემთვისაც ამოუცნობი და ბუნდოვანია.

ვიცნობ ბევრ მკითხველს, რომლებსაც არც წიგნიერი გარემო ჰქონიათ და არც მეგზური ჰყოლიათ; ვიცნობ ისეთებსაც, რომლებიც, წიგნიერი გარემოს მიუხედავად, არ კითხულობენ. ამაზე ფიქრი მაბნევს. რა არის ჩემი მიზანი? – ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს.

მინდა, წიგნის კითხვისას სხვა სამყაროს აღმოჩენის ბედნიერება ყველა ბავშვს ჰქონდეს.

მინდა, არასდროს არავინ შეაფასონ იმის მიხედვით, ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული.

მინდა, საყრდენად ლიტერატურული სამყარო ჰქონდეთ და თავისუფალ, კაცთმოყვარე ადამიანებად გაიზარდონ.

ჩემი მასწავლებლური ოდისეა ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს. ჩემი გოგონა აქტიური მკითხველია. ჩემი რაჭველი მოსწავლეები უკვე აქეთ მირჩევენ წასაკითხ ლიტერატურას. დროდადრო წაკითხული წიგნების შესახებ მწერენ ბავშვები, რომლებსაც ვასწავლიდი.

ლიტერატურული კაფე კი ისევ არსებობს და მკითხველად ჩამოყალიბების ჩემ მიერ აღწერილ ყველა ეტაპს მოიცავს. ამ ზაფხულს მეთვრამეტედ შევიკრიბეთ. ურთიერთობის ექვსი წლის თავზე ჩვენი წიგნების სია ამგვარად გამოიყურებოდა: დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“, რობერტ მაკამონის „ბიჭის ცხოვრება“, მ. ჯ. ლეონარდის „ხოჭო ბიჭი“, ქეთი მაკფეილის „ორეული“, ნინო მკალავიშვილის „შენ საკმარისი არ ხარ“, ყურბან საიდის „ალი და ნინო“, ელიფ შაფაქის „ხუროთმოძღვრის შეგირდი“. ფილიპ პულმანის „ჩრდილოეთის ციალი“ კი ანამ, ზაფხულობით ჩვენი ლიტერატურული თავყრილობების ერთგულმა სტუმარმა, გაგვაცნო. ანა საფრანგეთში ცხოვრობს და პირველად „ჩრდილოეთის ციალის“ ფრანგული გამოცემა ვნახეთ. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ენაზეც ყოფილა თარგმნილი.

წიგნებისა და ავტორების ჩამონათვალი ვრცელია და ბავშვების კითხვით დაინტერესებასა და განვითარებაზე მეტყველებს.

ასე რომ, კითხვა კვლავ უწყვეტი პროცესია ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისთვისაც. მე კვლავ განუწყვეტლივ ვფიქრობ იმაზე, როგორ შეიძლება ბავშვების კითხვით დაინტერესება. ამისთვის გამუდმებით ვეცნობი საბავშვო ლიტერატურას. მაგალითად, ახლა ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძულსა“ და „ქურდების მბრძანებელს“ ვკითხულობ. აბიტურიენტებთან ერთად „ოთარაანთ ქვრივს“ მივუბრუნდი. დროდადრო ლევან ბრეგაძის „პოსტმოდერნიზმს“ ვფურცლავ და რამდენიმე დღის წინ დავასრულე დანიელ პენაკის „ძაღლი ძაღლი“. პარალელური ტექსტები ჩემი ყოველდღიურობა გახდა.

ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მკითხველად ჩამოყალიბების გზა მთელ სიცოცხლეს მოიცავს. მთავარია, ამ გზაზე ვეძებოთ თანამოაზრეები, მეგზურები და კითხვის პარალელურად ფიქრი ვისწავლოთ.

სიკეთის გაკვეთილები 

0

ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებაში, სკოლასა და ოჯახს დიდი  წვლილი მიუძღვის. აუცილებელია, ეს ორი რგოლი შეთანხმებულად მოქმედებდეს და ერთიანად ცდილობდეს ბავშვის  სულიერ, ფიზიკურ,  გონებრივ თუ მორალურ განვითარებას.  განვითარების პროცესში იგულისხმება არა მარტო საგნობრივი ცოდნა, არამედ ადამიანური ურთიერთობებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაც. დღეს კი,  მსოფლიო პანდემიის ფონზე, როცა ონლაინ სწავლება გახდა სასწავლო პროცესის ერთადერთი გზა, მოსწავლეები  ეკრანს მიღმა, ყველასგან და ყველაფრისგან დისტანცირებულნი დარჩნენ.   სოციალურ განვითარებას ბავშვი გარემოსთან ურთიერთობით, ოჯახში- მშობლისა და  სკოლაში- მასწავლებლის დახმარებით აღწევს. დისტანციური სწავლების დროს  რთულია მონაწილეობა მივიღო მათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა  და  ღირსეულ  მოქალაქედ აღზრდის პროცესში.  როგორ მოვახერხო ეს, როგორ მივცე მაგალითი სიკეთის კეთებისა?    გადავწყვიტე ონლაინ   ,,სიკეთის გაკვეთილები“    ჩამეტარებინა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება  პიროვნების განვითარებაზე  ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ,   საგანმანათლებლო მიდგომას.   სასწავლო პროცესში გამოყენებულია ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეს გახდეს დამოუკიდებელი, მოაზროვნე, შემოქმედი. მასწავლებელი კი  თავისი ჰუმანურობით  ასწავლის კაცთმოყვარეობას, სიკეთეს, პატივისცემას , მეგობრობას, დახმარებას. აქედან გამომდინარე სწავლის პროცესს თან ახლავს ყველაზე მნიშვნელოვანი −  აღზრდის პროცესიც.

ისეთი ადამიანური თვისებები როგორიცაა: სიყვარული,  ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა,  სიკეთე  დაწყებით საფეხურზე უყალიბდება მოსწავლეს.  მინდა ჩემი მოსწავლეების ფიქრები, სიკეთისკენ, კეთილი საქმის კეთებისკენ მივმართო.  სწორედ ამ მიზნით დავგეგმე   ,, სიკეთის გაკვეთილები“ და  მიზნის მიღწევა კომპლექსურად შექმნილი დავალებებით გადავწყვიტე.

კომპლექსური დავალება, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სასწავლო  მასალის სიღრმისეულ გააზრებასა და შემოქმედებით პროცესს  გულისხმობს.   მოსწავლე  წინარე ცოდნის გამოყენებით,   ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას. შემოგთავაზებთ კომპლექსური დავალების ბარათს

 

 

ჩემი  მიზანი იყო,  გაეგოთ:

  • რა არის სიკეთე?
  • რატომ უნდა ვაკეთოთ კეთილი საქმე?
  • რა განსხვავებაა კეთილ და ანგარებიან ადამიანს შორის?
  • რა არის ალტრუიზმი?
  • რა არის ემპათიის უნარი?

კომპლექსური დავალების შესაქმნელად გავიარეთ შემდეგი ეტაპები:

  • კომენტირებული კითხვის მეთოდით ტექსტის გაგება და კითხვებზე პასუხის გაცემა.
  • მუშაობა უცხო ლექსიკურ ერთეულებზე ,,სიტყვის პირამიდის“ გამოყენებით.
  • პერსონაჟების დახასიათება ,,პერსონაჟის რუკის“ გამოყენებით.
  • ანიმაციური ფილმის ,,ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“

და  ვიდეო-რგოლის ,,სიკეთე გადამდებია“

 

ჩვენება და განხილვა.

  • კომიქსის შექმნა ონლაინ გვერდის https://writecomics.com/ -ის დახმარებით.

 

სტატიაში  შემოგთავაზებთ კომპლექსური დავალების შექმნამდე მოსწავლეების მიერ გავლილ ეტაპებს:

 

დავალება 1. კომენტირებული  კითხვა და მუშაობა ლექსიკურ ერთეულებზე. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს ეკრანზე გავუზიარე სულხან-საბა ორბელიანის ორი იგავი ,, ორნი ძმანი“ და ,,ორმოში  ჩაგდებული მეფე“. ვკითხულობდით და თან უცხო ლექსიკურ ერთეულებსაც განვიხილავდით  (უცხო ლექსიკური ერთეულები პრეზენტაციაში მქონდა  განმარტებული).  ტექსტების განხილვის შემდეგ, მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ რა იყო ალტრუიზმი, ემპათიის უნარი და ანგარებიანი ქმედება.

 

 

დავალება 2. იგავების   ანალიზი. რას გასწავლით იგავი და რას გააკეთებდით სიკეთის საერთაშორისო დღეს?   ნაშრომებში მოსწავლეები გამოთქვამდნენ აზრს,  რომ   ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს გულით და არა ანგარებით, რაღაცის მიღების მიზნით.    გაუჩნდათ სურვილი, მათაც ჩაედინათ კეთილი საქმე, დახმარებოდნენ მოხუცებს, ღარიბებს, თავშესაფარში  სწვეოდნენ  ბავშვებს, გაეცნოთ ისინი და მიეტანათ მათთან  სათამაშოები და ტკბილეული.

 

დავალება 3. პერსონაჟების დახასიათება „პერსონაჟის რუკის“ დახმარებით.   მოსწავლეებმა დაახასიათეს ძმა და მეფის დასახმარებლად მისული უცხო კაცი. ძმა, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანად ჩათვალეს, ხოლო მეფის დასახმარებლად მისული უცხო ადამიანი, ანგარებიან და თვალთმაქც პიროვნებად.  დავალებებიდან ჩანს, რომ მოსწავლეები კარგად არჩევენ   ანგარებიან  და გულწრფელ ქმედებას ერთმანეთისგან.

 

 
დავალება 5.    ონლაინ კლასში ეკრანზე გავაზიარე ვიდეორგოლი  ,,სიკეთე გადამდებია“

პატარა გოგონას, რომელსაც არა აქვს საკმარისი თანხა  ბაბუასთვის ნამცხვრის საყიდლად, დაეხმარება რიგში მდგომი მამაკაცი და ნამცხვარს უყიდის, თან გადასცემს პატარა ფურცელს წარწერით:   „მცირედი მზრუნველობა უსასრულო ტალღას ქმნის   და აუცილებლად დაგიბრუნდება უკან“. გახარებული გოგონა ბაბუას მიულოცავს იუბილეს და თან   უცხო ადამიანის მიერ მიცემულ ფურცელს გადასცემს, წაიკითხავს ბაბუა და გაახსენდება, რომ  ადრე ისიც დახმარებია სხვას. ვიდეორგოლის   ნახვის  შემდეგ ვთხოვე,  დაესათაურებინათ  მოყოლილი ამბავი. ,,სიკეთე გადამდებია“ − ასე დაასათაურეს. რატომ?   იმიტომ, რომ ოდესღაც ბაბუ დახმარებია ბიჭს,  ბიჭი კი უკვე დიდია, მაგრამ  არ დავიწყებია სიკეთე,  ახლა თვითონ ეხმარება სხვებს, რადგან სიკეთის ჯაჭვი უწყვეტია.   ასეთი იყო ბავშვების პასუხი ჩემს შეკითხვაზე.

,, ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“  საგანმანათლებლო- შემეცნებითი ხასიათის  ანიმაციური ფილმია, რომელიც მიზნად ისახავს განუვითაროს ბავშვებს  ერთმანეთზე მზრუნველობისა და სიკეთის კეთების  უნარი.

,,სიკეთის გაკვეთილების“ ფარგლებში განვიხილეთ   ვიდეორგოლი, რომელშიც  საუბარი იყო სიკეთის  საერთაშორისო დღეზე,   როგორ  და რა მიზნით აღინიშნება.

https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/124509-dghes-sikethis-saerthashoriso-dghea-ra-aris-sikethe-da-rogori-adamianebi-schadian-kethil-saqmeebs.html

დავალება 4.  საბოლოო პროდუქტის შექმნა  კომიქსის სახით.  მოსწავლეებმა  პერსონაჟების მეტყველებაში კარგად წარმოაჩინეს კეთილი და ანგარებიანი ადამიანის  სახეები.

 

 

 

ანიმაციური ფილმის, ვიდეორგოლებისა და კომიქსების  ანალიზმა დამარწმუნა, რომ ჩემს  მოსწავლეებს კარგად ესმით სიკეთის მნიშვნელობა. სჯერათ, რომ კეთილი საქმით,  მზრუნველობით  მათ შეუძლიათ სხვისი დახმარება, სიხარულის მინიჭება.

,,სიკეთის გაკვეთილების“ ფარგლებში ასევე შეგიძლიათ  გამოიყენოთ შემდეგი ვიდეორგოლები.

  1. https://www.myvideo.ge/?video_id=2306390
  2. https://www.youtube.com/watch?v=gx2gmeEv3Ag&feature=youtu.be&fbclid=IwAR17B4RcyzEyTtyvB4_aseeBxGEgCXon-vcOddNuPvpmhMHd0W7pr7ZMYRE
  3. https://www.facebook.com/996424730375074/posts/4221652701185578/
  4. https://www.facebook.com/watch/?v=736162130568796
  5. https://www.youtube.com/watch?v=aufkGPMJXb0
  6. https://www.youtube.com/watch?v=gx2gmeEv3Ag
  7. https://www.youtube.com/watch?v=OHTBpBPkgPs&t=19s
  8. https://www.youtube.com/watch?v=IcIardBIG_o
  9. https://www.youtube.com/watch?v=MiyozUQk5Mk
  10. https://www.youtube.com/watch?v=Icx7hBWeULM

ამ ასაკში ბავშვები მიბაძვით  სწავლობენ, ამიტომ  დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვიქცევით ზრდასრული ადამიანები,  მასწავლებლები და  მშობლები. ვფიქრობ, რაც  მეტ დროს დავუთმობთ ,,სიკეთის გაკვეთილებს“,  მით უფრო ჰუმანურ  საზოგადოებას მივიღებთ.

რადგან პანდემიის პირობებში ჩვენი და სხვათა უსაფრთხოებისთვის უნდა  დავრჩეთ სახლში, ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ უცხო ადამიანებს. როცა გადავლახავთ ამ პრობლემას და დავბრუნდებით საკლასო ოთახში, მშობლებთან და ბავშვებთან ერთად, დავგეგმავ ვიზიტს მოხუცთა თავშესაფარში.  ვეცდები ბავშვებს ავუსრულო სურვილი, შესაძლებლობა მივცე, დაეხმარონ  სხვებს. ამავე დროს,  მივცე მაგალითი მზრუნველობისა და სიკეთის კეთებისა.

როცა  სკოლა, მასწავლებელი და მშობელი  შეგონების გარდა მისაბაძ ობიექტსაც წარმოადგენენ,  ეს  ბავშვებში ზრდის სიკეთის კეთების მოტივაციას.

 

 

 

მაჩაბლის 13

0

ნოემბერი მარტო შემოდგომის კი არა, მთელი წლის დუღილს აგვირგვინებს ხოლმე, ამიტომ მას ყოველთვის ახლავს რაღაც საიდუმლო, ჯადოსნური ბაკმი. ეს ბაკმი ავარაყებს ადამიანთა გულებს და რა გასაკვირია, რომ ამ გულთა შორის ყველაზე ატკიებულთ და ყველაზე აღელვებულთ ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგებს.

ნოემბრის ეს ოდა გამუდმებით ჩამესმის აქ, მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლში. სახლში, რომელიც საუკუნეზე მეტია მასპინძლობს ცნობილ თუ უცნობ, ჩინიან თუ უჩინო, ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს; რომლისთვისაც, ადამიანის არ იყოს, არაფერი უცხო ყოფილა ამ გრძელ ისტორიაში; რომლის კედლებმაც ნახეს სიმდიდრეც, სიყვარულიც, სიკვდილიც, ღალატიც და დიდებაც!..

რამდენიმე თვის წინ „მწერალთა სახლმა“ სარეზიდენციო პროგრამა გამოაცხადა და ქართველ მწერლებსა და მთარგმნელებს მისცა შესაძლებლობა, ორი კვირის განმავლობაში ეცხოვრათ მწერალთა სახლის რეზიდენციაში – სხვენში, რომელიც რამდენიმე სახელობითი ოთახისგან შედგება. ვისაც ეს ოთახები თუნდაც ფოტოებზე უნახავს, ალბათ მაშინვე გასჩენია მათში მოხვედრის სურვილი. ალექსანდრე დიუმას, ნიზამი განჯელის, ბორის პასტერნაკის, უორდროპების და სტეინბეკის პიროვნულ-შემოქმედებითი შთაბეჭდილებით შექმნილი ეს ოთახები უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს არამხოლოდ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ ავტორებს და გამომცემლებს, არამედ ყველას, ვისთვისაც მსგავსი გარემო მოგზაურობის მთავარი ხიბლი და შთაბეჭდილებაა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მივიღე ორკვირიანი „საგზური“ მწერალთა სახლის სხვენში, სადაც ჩემს ახალ რომანზე უნდა მემუშავა. საბედნიეროდ, რომანის დიდი ნაწილი უკვე დაწერილი მქონდა. ასე რომ, შეკითხვას, რაში  მეყოფოდა ორი კვირა,  ლეგიტიმურად ვპასუხობდი – ზუსტად ორი კვირა მჭირდება იმისთვის, რომ უკვე დაწერილი გადავამუშავო, ფინალი გავმართო და ტექსტს გული ჩავუდგა.

ორი კვირა მწერალთა სახლის სიმყუდროვეში, ნოემბრის მზით გამთბარ ბაღში, რუტინული ხმაურისგან დაცულ სიჩუმეში…  პანდემიის გამო მობეზრებული ჩაკეტილობის მიუხედავად, მაინც მთელი გულით გამოცხადებული თვითიზოლაციის ქრონიკა, რომელმაც მწერლებისა და ტექსტების თავგადასავალი უნდა აღბეჭდოს…

და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული სახლი ქალაქის შუაგულშია – ყველანაირი ხმაურისა და ქაოსის ეპიცენტრში – მის სხვენამდე ეს ხმები მხოლოდ მისტიკურ ექოებად აღწევს, ან შესაძლოა ჩვენ ვგრძნობთ ასე, რადგან მწერალთა სახლის მასპინძლები ყველანაირ პირობას ქმნიან იმისთვის, რომ ავტორებს შესაძლებლობა მიეცეთ, მოწყდნენ ყოველგვარ ქაოსსა და რუტინას და თუნდაც ორი კვირით მხოლოდ საკუთარ საქმეზე კონცენტრირდნენ.

ასეთი პროგრამები ევროპაში უამრავია. ალბათ ძალიან ნაყოფიერიც, რადგან დროის, სივრცისა და გარემო პირობების ერთ კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირება ბუნებრივად ნიშნავს კეთილ შედეგს. მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამა პირველად ხორციელდება და უკვე მჯერა, რომ ის ხანგრძლივი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და წარმატებული იქნება. თუმცა, არავის დაავიწყდება ეს პირველი წელიწადი, რომელიც პანდემიას დაემთხვა და მისი ყველა სიმბოლო აირეკლა – იზოლაცია, პირბადე, დისტანცია, დეზინფექცია…

პირველ დღეებში მხოლოდ მე და დათია ბადალაშვილი ვართ – თონეთელი მწყემსი და ბიბლიოთეკარი, როგორც უყვართ ხოლმე მისი მოხსენიება. თვითონ კი საკუთარ თავს იქიდან იხსენებს, როცა ერთ დღესაც, ძველ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი ყდებშემოგლეჯილი წიგნების კითხვით გულმოცემულმა თავადაც მოინდომა, წერა დაეწყო და მალევე მიხვდა, რომ ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური თავგადასავალი. დათია პროზაიკოსია, მინიატურის ჟანრში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, ახლაც – რომანს წერს, მაგრამ მინიატურების მოზაიკით, ძველ და ძნელ ამბებს იხსენებს და დროდადრო წერისას ოხრავს, მერე ამ ნაწერს გვიკითხავს ჩვენ და ვარჩევთ, ვმსჯელობთ, ჩუმ-ჩუმად კი ყველანი სათითაოდ იმაზეც ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება ამ ტკივილებით, ამ დარდით და გაუხედნავი სიყვარულით იცხოვროს კაცმა, იცხოვროს და ერთ დღეს ვიღაცის წიგნში აღმოჩნდეს…

ორ-სამ დღეში კატო ჯავახიშვილი გვიერთდება, პოეტი, რომელიც ამჯერად პიესაზე სამუშაოდ განმარტოვდა მწერალთა სახლის სხვენში. კატო 1918-1921 წლების ეპოპეაზე პასტერნაკის სახელობის ოთახში წერს, ამბობს, რომ ოთახის ეპოქალური ფაქტურა და ღამღამობით ყურმოკრული ძველი კიბის ჭრიალი პიესის ატმოსფეროს შეგრძნებაში ეხმარება და იმ დროში გადაჰყავს, რომელიც, პრინციპში, აგერ უკვე საუკუნეა ერთსა და იმავე წრეზე გვატრიალებს ჩვენი საწყალი სამშობლოიანად – თავისუფლება და მონობა, გამარჯვება და მარცხი, ღალატი და თავგანწირვა…

როცა კრემისფერ აივანზე ვსხედვართ და ბაღს ჩავყურებთ, იმაზეც გვეფიქრება, რომ ჩვენ ყველანი ახლა, პირველ რიგში, ამ სახლის უმთავრესი მასპინძლის – დავით სარაჯიშვილის სტუმრები ვართ. ჩვენც და ყველა, ვინც აქამდე იყო და ამის მერე შემოდგამს ფეხს მაჩაბლის 13-ში. დავით სარაჯიშვილის მარმარილოს ბიუსტი დგას ბაღში, ასწლოვანი ნაძვის გასწვრივ, დგას როგორც დროში გამუდმივებული სიმბოლო ღირსებისა და სიკეთისა. სასიამოვნო და საგულისხმო ამბავია ისიც, რომ ჩვენი აქ ყოფნის დღეები დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნასაც ემთხვევა, ამიტომ ყოველდღიური მაყურებლები ვართ იმ დიდი შრომისა, სიყვარულისა და ზრუნვისა, რითაც მწერალთა სახლის ხელმძღვანელი – ნატა ლომოური, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ მუზეუმზე მუშაობს.

ამიერიდან, მაჩაბლის 13-ის სტუმრები დავით სარაჯიშვილის მუზეუმსაც დაათვალიერებენ, თითოეული ფოტო, ნივთი, ესკიზი თუ დეკორაცია იმ ეპოქაში გადაახედებთ, როცა ცხოვრობდა, იღვწოდა, წუხდა და უყვარდა ამ დიდებულ კაცს, საქართველოს გამორჩეულ შვილს, მეწარმეს და მეცენატს, დავით სარაჯიშვილს.

ეს სახლი მან 1903-1905 წლებში ააგო, გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვით. მისი გახსნა კი მეუღლესთან – ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25-ე წლისთავს დაამთხვია. ასე აღნიშნეს მან და მისმა მშვენიერმა მეუღლემ ვერცხლის ქორწილი, ამ თეთრი და ლამაზი სახლის კარის შეღებით.

ისე მოხდა, რომ ამ მადლიანმა ხალხმა ეს კარი პირდაპირ ისტორიაში შეაღო.

მწერალთა სახლში ჩვენს ყოფნას მძიმე დღეები ემთხვევა – მიტინგები, აქციები, ხმაური, აგრესია, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფი ქვეყანა დუღს და მძვინვარებს… ზუსტად ამ დღეებში კიდევ უფრო მკაფიოვდება დავით სარაჯიშვილის ნაღვაწის და ნამოქმედარის მნიშვნელობა, კიდევ უფრო სევდიანია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი დიდბუნებოვანი მოღვაწეები, ასეთი უანგარო, ხალასი და გონიერი სიკეთის მატარებელი პიროვნებები გვჭირდება ახლა. სად არიან, რატომ აღარ ჩანან, როგორ გააქრო დრომ ასეთ სულთა შესაძლებლობა?.. ან იქნებ არიან კიდეც, მაგრამ ეს ზედაპირზე ქაფმოდგმული დროება, ეს რაღაცნაირად შინაარსამოგლეჯილი ეპოქა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, აცამტვერებს და ჩქმალავს?.. იქნებ უკეთესიცაა, სიჯანსაღემ დროებით თავი შეინახოს, საფარველი დაიდოს ჭეშმარიტებამ, რათა ერთ უახლოეს დღეს ყველაფერი თავისი ნამდვილი სახით გაცხადდეს!..

მწერალთა სახლში როცა ხარ, ამ წაბლისფერ, ჩუქურთმებიან კედლებს რომ უსმენ, ამ ძველისძველ, ჭრაჭუნა კიბეებზე ადი-ჩადიხარ, უნებლიეთ გეფიქრება იმაზე, რომ ვიღაცის თუ რაღაცის წინაშე გამუდმებით ვალდებული ხარ. აქ, ამ კედლებში ჩარჩა პაოლო იაშვილის თოფის ხმა, ის შემზარავი გასროლის ექო, ამ კედლებმა შთანთქა რამდენი ტკივილი და რამდენი სინაზე, რამდენი სიყალბეც შეიზილა და რა აღმაფრენაც არ დაიტია, და ყველა სიტყვა, ყველა საქციელი – იყო წუხილი უკეთეს დროებაზე, უკეთეს საქართველოზე, უკეთეს ადამიანზე!.. დღეს ეს წუხილიც გავალდებულებს, ამ წუხილით უშინაურდები აქაურობას, მაჩაბლის ცამეტის უცხო სტუმარო!..

ჩემი ორკვირიანი იზოლაციის მიწურულს მთარგმნელი ქეთი ქანთარიაც გვიერთდება. ქეთი კლასიკური ღამურაა – მთელი ღამე თავაუღებლად მუშაობს, ერთმანეთს ნაშუადღევის მერე ვხვდებით, როცა ჩვენთვის უკვე საქმემოლეული დღე ქეთის ახალი „შრომადღის“ ნაპირს ემიჯნება, თავს ყველანი ცოტაოდენი მოსვენების უფლებას ვაძლევთ, ისევ ქეთის იდეით – მოვაწყოთ ერთობლივი კინოჩვენება – „სხვენის კინოთეატრი“,  „TWIN PEAKS“-ის ახალი სერიები უნდა ვნახოთ, კიდევ – ფონ ტრიერი და ბუნუელიცაა „აფიშაზე“…

ჩემს რომანს, რომელსაც ახლა ვწერ, „დაბადების დღე“ ჰქვია და მოზარდი ტყუპი ძმების თავგადასავალზეა. ფინალურ ეპიზოდში ერთ ფრაზას დავეძებ, რამდენიმე დღეა დაყურსული ვარ, მჭირდება უზუსტესი სიტყვები, რომლითაც ზღვის სანაპიროს შუქურაზე, და-ძმა უნდა შეხვდეს ერთმანეთს…

და სანამ ამ სიტყვებს ვიპოვი, კიდევ ერთხელ შევალ მწერალთა სახლის ბაღში, ნოემბრის ფოთლებში, საფოსა და გალაკტიონის ბარელიეფებს შორის ჩამკვდარ სიჩუმეში,

შევალ სავსე მადლიერებით.

ხანდახან არც გამოითქმის უზუსტესი სიტყვები. ისინი უბრალოდ უნდა იგრძნო.

 

 

 

პატარა პრინცი

0

დასრულდა ესეების ქვე-კონკურსი, რომელიც საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად მიმდინარეობდა. ქვე-კონკურსის გამარჯვებულ ექვს ფინალისტს – ლევან არდოტელს, ანი ბექაურს, ნანა გელიტაშვილს, მარიამ რიკაძეს, ლევან ჭანტურიას და ანა თვარაძეს ფინალური დავალება მიეცათ.

ფინალისტებს უნდა დაეწერათ თავიანთი საყვარელი საბავშვო წიგნის სრული, დაწვრილებითი, მაქსიმალურად ამომწურავი მიმოხილვა (რევიუ). გამარჯვებული ესეს ავტორი ანი ბექაური, თბილისის 64-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გახდა.

 

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს:

 

პატარა პრინცი

 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის წიგნი, „პატარა პრინცი“, „დიდი“ ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, შეუცნობელია. რას ნიშნავს საკუთარ პიროვნებასთან თუ გარემოსთან ჰარმონიის დამყარება და რა ფასად გვიჯდება ის? რა არის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი მიზანი? – ეს არის ის საკითხები, რომელთა განხილვასაც ნაწარმოების მთავარი იდეა ემყარება.

ტექსტის მთავარი გმირი პატარა პრინცია, რომელიც თითოეული თავისი ქმედებითა და სახასიათო დამოკიდებულებებით სიცოცხლეს სულ სხვაგვარად წარმოგვიჩენს. პატარა პრინცისთვის მშობლიური პლანეტა, სამი ვულკანითა და მის ქვეშ არსებული თესლით, უმთავრესი საზრუნავია, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის, თუ რა აღმოცენდება თესლისგან: ბაობაბი თუ ვარდი, რადგან ერთმა ბაობაბმა, ბოროტების უყურადღებოდ დარჩენილმა ნაპერწკალმა, შესაძლოა, მთელი პლანეტა მოიცვას და გაანადგუროს. პრინცი თავისი ბავშვური, წმინდა ბუნების წყალობით ბოროტების სიმბოლოს, ბაობაბის ნაცვლად, თესლიდან აღმოცენებულ ვარდს იღებს.

ჩემი აზრით, პატარა პრინცის მშობლიური პლანეტა მისი სულიერი სამყაროსა და ნაწარმოებში გაშლილი მოვლენების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაა. შესაძლოა, საზოგადოების დოგმატურმა წარმოდგენებმა, რომლებიც ნაწარმოებში პრინცის უმანკოების დასტურის – ვარდისა და ბატკნის დაპირისპირებით იხატება, ბავშვური თავისუფალებაც დათრგუნოს. „თუ ბატკანმა ყვავილი შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთდროულად ჩაქრება“.

პრინცის მთავარი მიზანი სამყაროს უკეთ შეცნობაა. ამისთვის ის მის გარშემო მოგზაურობას იწყებს. მარტოდ მოსიარულე პატარა პრინცი, თითქოს გამიზნულად, დაკარგულ მფრინავს გადაეყრება. მათი დიალოგის ფონზე კარგად იხატება პრინცის პიროვნული მახასიათებლები და შესაბამისად, მისი სულიერი მდგომარეობა. მისი ბავშვური სისპეტაკე, სიმსუბუქე და ჰარმონიულობა ერთი იდეის წარმოჩენას ემსახურება – საგნებისა თუ მოვლენების სხვა რაკურსით დანახვა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ მზერას შეუძლია.

მოგზაურობისას და „ზრდასრულ“ პერსონაჟებთან შეხვედრისას, პატარა პრინცი მხოლოდ მათ გაურკვეველ მიზნებსა და შეუსაბამო ქმედებებს აწყდება. აქ ავტორი ალეგორიულად წარმოაჩენს „ზრდასრულ“ ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ საკუთარი, პირადი შეხედულებები, დათრგუნული აქვთ სულიერი სამყარო და საერთო აზრის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი.

ნაწარმოების ამ ნაწილის მთავარი სათქმელი შემდეგ კითხვაზე პასუხია – რა განასხვავებს „ზრდასრულებს“ პატარა პრინცისაგან? პასუხი კი ასეთია – საგანთა მიმართ მათი დამოკიდებულება, რადგან ზოგჯერ, რაიმეს რეალური არსის შესაცნობად საკუთარ სულში ჩახედვა და მისთვის ფრთების ჩუქებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ნაწარმოებში პატარა პრინცი ყველაზე „დიდი“ პერსონაჟია, რადგან ბავშვური ბუნების უკვდავყოფა მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ.

მოგვიანებით, დედამიწაზე მოგზაურობისას პრინცი მელიას ხვდება. მელიის თხოვნით იგი მას მოიშინაურებს, რაც ერთ-ერთ უმთავრეს ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვასწავლის: რაღაც სწორედ მაშინ იძენს გამორჩეულ მნიშვნელობას, როდესაც მას გულის კარს ვუღებთ და სიყვარულით სავსე ენერგიას ვუძღვნით. ჩემი აზრით, ვისიმეს „მოშინაურება“, რაც შესაძლოა, ცრემლის ფასადაც კი დაჯდეს, ცხოვრებას ორივე მხარისთვის განსაკუთრებულ ელფერს სძენს. „მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში…“

შემდეგში მოგზაური პატარა პრინცი უამრავ, საკუთარი ვარდის იდენტურ ვარდს აღმოაჩენს, რაც მის გამორჩეულობაში ეჭვს შეატანინებს, თუმცა უმალვე პოულობს მიზეზს, რაც მის ვარდს ერთადერთს ხდის – ეს მათი ურთიერთობაა, რომელიც წმინდა, ამაღლებულ სიყვარულს ეფუძნება.

საბოლოოდ, მწარე გაკვეთილების, იმედგაცრუებისა და მოგზაურობის შთაბეჭდილებების შედეგად პრინცი ყველაზე მთავარს, საკუთარ თავს შეიცნობს. პატარა პრინცმა აღმოაჩინა ის უმთავრესი რამ, რაც დიდი, „მოუცლელი“ ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პრინცმა მფრინავი კი ამაღლებული გრძნობების სიდიადესა და მთავარი ღირებულებების არსში ჩაახედა. „უდაბნოს ის ალამაზებს, რომ მის ქვეშ ჭა იმალება“, რადგან ცხოვრება უდაბნოდ იქცევა იმ შემთხვევაში, თუ რეალობას სუფთა, ბავშვური სილაღითა და წმინდა გულით არ შევიცნობთ. ნაწარმოების დასასრულიც ამ აზრის წარმოჩენას ემსახურება.

მაშასადამე, ნაწარმოების მთავარი იდეა სწორედ, იმ ბავშვური სილაღის შენახვა და მოფრთხილებაა, რომელიც დიდის სულში, შესაძლოა, სიღრმეებში იყოს დამალული, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, იმისთვის, რომ დავინახოთ ის, რაც თვალისთვის მიუწვდომელია და მხოლოდ გულით შეიცნობა.

ვფიქრობ, პატარა პრინცი მფრინავის სულში სწორედ ასეთი გამობრწყინებაა, რამაც მას მისცა ძალა, თავიდან ეგრძნო ის ამაღლებული უბრალოება და სილაღე, რაც დოგმების გავლენით თითქმის, აღარც ახსოვდა. მფრინავს ხატვაც კი მიევიწყებინა.

დახუჭავ თვალებს და საკუთარ სულს სიღრმისეულად შეიგრძნობ, თუ მხოლოდ დაწესებულ დოგმებს დაემორჩილები – არჩევანი შენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ამ არჩევანმა ავტორის ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა და მარტოსული პატარა პრინცი მის სულიერ პროტოტიპად აქცია.

პროექტის ორგანიზატორი:

ქარჩხაძის გამომცემლობა

 

პროექტის ხელშემწყობები:

თბილისის მერია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

საინფორმაციო მხარდამჭერი:

ტელეკომპანია ფორმულა

 

კომპლექსური დავალება: იდეალური აირი და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა

0

საქართველოში საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლებაში პრობლემები რომ არსებობს, ამას სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. მოსწავლეები ერთმანეთს ვერ უკავშირებენ საკითხებს, ვერ ახდენენ ტრანსფერს. მაგალითად, ვერ ხსნიან, რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან მთისა და ქალაქის ველოსიპედის ბორბლების რადიუსი, თუმცა ფიზიკიდან კარგად იციან, როგორ გამოითვლება ბრუნვის სიხშირე, ცენტრისკენული აჩქარება. ქიმიის გაკვეთილზე შეუძლიათ, გამოთვალონ ნივთიერებაში ელემენტის ჟანგვის რიცხვი, მაგრამ ბიოლოგიის გაკვეთილზე ვერ ხსნიან წყლის ფოტოლიზის განტოლებას. ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ერთი საკითხის განხილვა სხვადასხვა  კუთხით. მაგალითად, თუ მოსწავლე გაეცნობა ენერგიის მუდმივობის კანონს ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში, მის გონებაში საკითხი გამთლიანდება და ტრანსფერული უნარების განვითარებაც გაადვილდება.

პანდემიამ აშკარა გახადა, რომ მეცნიერების განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის აუცილებელია. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შესასრულებელი კომპლექსური დავალებები მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება.

გთავაზობთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესს, სუნთქვას, ფიზიკის ჭრილში დაანახებს მოსწავლეს. ის მიხვდება, რომ „უბრალო“ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც კი არ ხდება ფიზიკის კანონებისგან დამოუკიდებლად.

 

სამიზნე ცნება: მატერია, კვლევა

შედეგები: ფიზიკა საბ: 1; 2; 3; 5; 6; 7

საკითხი: თერმოდინამიკა

კომპლექსური დავალების პირობა:

  1. Cache-nez ფრანგული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ცხვირის დამალვას ნიშნავს. კაშნეს სიცივეში ვიხვევთ, თუმცა მას ყველა არ ხმარობს. ბევრიც პირით სუნთქავს, რასაც ხშირად ყელში უსიამოვნო შეგრძნების გაჩენა მოსდევს. ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან და დამატებითი საკითხავი მასალიდან გაიხსენე სუნთქვის ორგანოთა სისტემის აგებულება და ფუნქცია, ფიზიკაში გაეცანი იდეალურ აირს და შესაბამის კანონებს. წარმოადგინე ნამუშევარი, რომელშიც პასუხს გასცემ შემდეგ კითხვებს:

* რატომ გვტკივა ყელი პირით სუნთქვის დროს?

* რა მნიშვნელობა აქვს ცხვირით სუნთქვას?

* რა კავშირია იდეალური აირის კანონებსა და სუნთქვით მოძრაობებს შორის?

ნაშრომში წარმოადგინე შემდეგი ამოცანების ამოხსნის გზებიც:

  1. გარემოში ჰაერის ტემპერატურა 100C-ია, ფილტვებში არსებული ჰაერის ტემპერატურა კი 370C-ს უტოლდება. რა წნევას ავითარებს ამოსუნთქული ჰაერი, თუ ჩავთვლით, რომ პროცესი იზოქორულია?
  2. ფილტვში საშუალოდ 2400 მლ ჰაერი ეტევა. გამოთვალე საბოლოო წნევა, თუ ადამიანი ჩაისუნთქავს 500 მლ ჰაერს (პროცესი ჩათვალე იზოთერმულად).

 

კომპლექსური დავალების შესასრულებლად გასავლელი ეტაპები:

I ეტაპი: გააცანით მოსწავლეებს კომპლექსური დავალების პირობა; რას მოითხოვთ მისგან; რა ევალება მის მოსამზადებლად; როგორ შეფასდება.

გთავაზობთ იმ აქტივობების სავარაუდო თანმიმდევრობას, რომლებიც მოსწავლემ უნდა შეასრულოს:

აქტივობა 1. გააცანით მოსწავლეებს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა და დიფუზია. დიფუზიის ასახსნელად შეიძლება გამოიყენოთ სიმულაცია, რომელსაც ნახავთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://phet.colorado.edu/en/simulation/diffusion

არსებობს ამ სიმულაციის ქართული ვერსიაც, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ Translation ღილაკზე დაწკაპებით და ქართული ენის არჩევით.

მარჯვენა მხარეს მოცემულია ველი, რომელშიც იწერება მოლეკულების რაოდენობა. მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ მოქმედებს დიფუზიის სიჩქარეზე ტემპერატურა, მოლეკულების მასა, რადიუსი და რაოდენობა.

ამისთვის შესთავაზეთ ოთხი ექსპერიმენტის ჩატარება განსხვავებული პირობებით. პირველ შემთხვევაში უნდა შეცვალონ ტემპერატურა, მეორეში – მოლეკულების რაოდენობა, მესამეში – მასა, მეოთხეში – რადიუსი. მოსწავლეები დააკვირდებიან პროცესს და გამოიტანენ დასკვნას.

აქტივობა 2: მოსწავლეებს გააცანით იდეალური აირის არსი და თვისებები; აუხსენით, რა შემთხვევაში ჩაითვლება აირი იდეალურად. ამ დროს შეიძლება გამოიყენოთ სიმულაცია, რომელსაც ნახავთ შემდეგ ბმულზე:

https://phet.colorado.edu/sims/html/gases-intro/latest/gases-intro_en.html

(დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე https://drive.google.com/file/d/1ODQA6CpOkgL-wzZDR-Pzd49opFGF0eQx/view?usp=sharing )

აქტივობა 3: კლაპერონ-მენდელეევის კანონის გასაცნობად მოსწავლეებს შესთავაზეთ GeoGebra-ში დამზადებულია სიმულაცია, რომელსაც ნახავთ შემდეგ ბმულზე:

https://www.geogebra.org/m/YzwWBYP3

(დეტალურ ინსტრუქციას იპოვით ბმულზე https://drive.google.com/file/d/12piyLPw2Qv8UBsE-UJ-3DpkxgAalE-7C/view?usp=sharing)

მონაცემების შეგროვება და წარმოდგენა მოსწავლეს შეუძლია ცხრილის ფორმით. შეუძლია, უბრალოდ დაადგინოს კანონზომიერება სიდიდეებს შორის. ასევე შეიძლება, მოსწავლემ გრაფიკი ააგოს ფურცელზე და საკუთარი შედეგი სიმულაციაზე მოცემულს შეადაროს.

აქტივობა 4: ბოილ მარიოტის, გეი – ლუსაკის და შარლის კანონების გასამეორებლად შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ სხვადასხვა ანიმაცია.

ამ აქტივობათა გავლის შემდეგ მოსწავლეს უკვე აქვს წარმოდგენა იდეალურ აირზე და შეუძლია, გაარჩიოს ამოცანა.

დამატებითი საკითხავი ფიზიკაში: როგორ ხდება ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა? რა აკავშირებს ამ პროცესს იდეალურ აირთან?

ვინაიდან ჰაერის შემადგენელი მოლეკულები არ ურთიერთქმედებს ერთანეთთანდა, ამავე დროს, მათი ზომა ძალიან მცირეა, ჰაერი შეიძლება განვიხილოთ როგორც იდეალური აირი.

პლევრის ღრუ წარმოადგენს ჰერმეტულად დახურულ სივრცეს, რომელშიც მცირე რაოდენობით სითხეა. ის ფილტვებს მექანიკური დაზიანებისგან იცავს.

დალტონის კანონი: აირების ნარევის ჯამური წნევა თითოეული აირის მიერ განვითარებულ წნევათა ჯამის ტოლია. ჰაერი სხვადასხვა აირის ნარევია, რომელთა კონცენტრაციაც განსხვავებულია.

P ჯამური = P 1 + P 2 + P 3 + . . . P n

P ატმ = P (N 2 ) + P (O 2 ) + P (CO 2 ) + P (წყლის ორთქლი) + P (ინერტული აირები)

ჰენრის კანონი: ალვეოლებიდან სისხლში გადასული ჟანგბადის კონცენტრაცია პროპორციულია ალვეოლებში არსებული პარციალური წნევისა. რატომ ხდება გაზთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში? აქ ჰენრის კანონი მოქმედებს. ჟანგბადის პარციალური წნევა ალვეოლებში უფრო მეტია, ვიდრე ვენურ სისხლში, ამიტომ ჟანგბადი „ცდილობს“, გადავიდეს ვენურ სისხლში. ნახშირორჟანგის შემთხვევაში პირიქითაა: მისი პარციალური წნევა უფრო მეტია ვენურ სისხლში და ნაკლებია ალვეოლებში, ამიტომ ის „ცდილობს“,ალვეოლებში გადავიდეს. სისხლის პლაზმაში ნახშირორჟანგის ხსნადობა 22-ჯერ მეტია, ვიდრე ჟანგბადისა. სითხეში აირის ხსნადობა მოცემულ ტემპერატურაზე მოცემული აირის პარციალური წნევის პროპორციულია.

ლა პლასის კანონი: ΔP = 2T/R, სადაც T აირის აბსოლუტური ტემპერატურაა, R – რადიუსი, ΔP – წნევათა სხვაობა (პლევრის ღრუში არსებულ წნევასა და ალვეოლებში არსებულ წნევას შორის).

 

დამატებითი ინფორმაცია ბიოლოგიაში:

სურათზე გამოსახულია ადამიანის გულმკერდის ღრუ, მისი შემადგენელი სტრუქტურები. როგორც ხედავთ, ფილტვის შიგნით, ალვეოლებში, ჰაერის მიერ განვითარებული წნევა 760 მმ ვწყ სვ-ის ტოლია, პლევრის ღრუში კი – 756 მმ ვწყ სვ-ისა. ფილტვის შიდა და ატმოსფერულ წნევას შორის სხვაობა 0 მმ ვწყ სვ-ია, პლევრის ღრუსა და ატმოსფერულ წნევას შორის სხვაობა კი უარყოფითია და -4 მმ ვწყ სვ-ს უდრის. პლევრის ღრუში უარყოფითი წნევა იწვევს ალვეოლებში წნევის შემცირებას, რასაც გულმკერდის ღრუს გაფართოება მოსდევს და ხდება ჩასუნთქვა.

სურათზე მოცემულია ტერმინი „ტრანსპულმონური წნევა“. ტრანსპულმონური წნევა ფილტვის შიდა და პლევრის ღრუში არსებულ წნევებს შორის სხვაობის ტოლია. წნევებს შორის სხვაობა რამდენიმე (საშუალოდ 4) წამის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა ეს დრო საკმარისია ნეკნთაშუა კუნთებისა და დიაფრაგმის ასამუშავებლად.

ამოცანა 1: -ამოხსნა                          

P 1 = 1 ატმ                            P 1 / T 1 = P 2 / T 2

T 1 = 10 + 273 = 283 K                      P 2 = 1.09 ატმ

T 2 = 37 + 273 = 310 K

V 1 = V 2

 

 

P 2 = ?

საბოლოო წნევა აღემატება საწყისს, ამიტომ როცა ადამიანი პირით ჩაისუნთქავს დაბალი ტემპერატურის ჰაერს, ეს უკანასკნელი ვერ ასწრებს გათბობას და ყელის ტკივილს იწვევს.

 

ამოცანა 2: -ამოხსნა                          

P 1 = 760 მმ ვწყ.სვ                           P 1 X V 1 = P 2 X V2

V 1 = 2400 მლ = 2,4 ლ                     P 2 = 629 მმ. ვწყ.სვ

V 2 = 2900 მლ = 2,9 ლ

T 1 = T 2

 

 

P 2 = ?

წნევებს შორის სხვაობა უარყოფითია და -131 მმ ვწყ სვ-ის ტოლია.

 

სავარაუდო შეფასების რუბრიკა:

  1 2 3 4
რატომ გვტკივა ყელი პირით სუნთქვის დროს?

 

მოსწავლე ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ ხსნის მიზეზს. მოსწავლე ნაწილობრივ ხსნის მოვლენას. მოსწავლე ხსნის მოვლენას, თუმცა ვერ იყენებს ამოცანის მონაცემებს. მოსწავლე ამოცანაში მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს შეკითხვას.
რა მნიშვნელობა აქვს ცხვირით სუნთქვას?

 

მოსწავლე ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ ხსნის მიზეზს. მოსწავლე ნაწილობრივ ხსნის მოვლენას. მოსწავლე ხსნის მოვლენას, თუმცა ვერ იყენებს ამოცანის მონაცემებს. მოსწავლე ამოცანაში მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს შეკითხვას.
რა კავშირია იდეალური აირის კანონებსა და სუნთქვით მოძრაობებს შორის?

 

მოსწავლე ადასტურებს, რომ სუნთქვითი მოძრაობები განპირობებულია იდეალური აირის კანონების მოქმედებით, თუმცა ვერ ხსნის მიზეზს. მოსწავლე იყენებს ჩამოთვლილი ოთხი კანონიდან მხოლოდ ორს. მოსწავლე იყენებს ჩამოთვლილი ოთხი კანონიდან მხოლოდ სამს. მოსწავლე იდეალური აირების კანონების გამოყენებით ზუსტად ხსნის სუნთქვითი მოძრაობების მიზეზს.

 

სასურველია, მასწავლებელმა შეამოწმოს მოსწავლეების პრეზენტაციის უნარი. თუ სამუშაოს ჯგუფებში შეასრულებენ, პრეზენტაციაში ყველა მოსწავლემ უნდა შეიტანოს წვლილი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3jajj7J

https://bit.ly/32obkOc

https://bit.ly/30jKwfm

https://bit.ly/38YuITm

https://bit.ly/32mLDgV

https://bit.ly/3fzdcHz

მცხეთური ჩანაწერები

0

წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო. რწმენა ხმამაღალი საქმე არ მგონია, ამიტომაც ვლაპარაკობ ცოტას, ან საერთოდაც არ ვლაპარაკობ. მაგრამ კითხვა ისეთი გამოდგა ან ღამე გამოდგა ისეთი, მაინც გადამძალა ფიქრმა და საბოლოოდ ასე ვიფიქრე, რომ მე ჩემი ღმერთი იმ ოთახში გავიცანი, სადაც ბებიაჩემი ლოცულობდა. ხოლო ბებიაჩემი ლოცულობდა ღამით, ოდნავ ჩაწეულ ლამფასთან ახლოს მიტანილი, შუქისკენ გადახრილი ლოცვანით. იმ ოთახში მე და მას გვეძინა. და ლამფიდან წამოცდენილ ნავთის სუნში, სიტყვებში, ხან რომ სულაც ჩურჩულად იქცეოდა და ნაწყვეტებად ვიჭერდი – ,,ზესთა” ,,დიდითა წყალობითა შენითა” ,,ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი” – ვიჭერდი და მაზეპირდებოდა, მოხუცის მოცახცახე ჩრდილის ჩრდილში – დავინახე ჩემი ღმერთი. როგორია? რომც გითხრათ, ვერ გაიგებთ. ისევე, როგორც მე თქვენსას. ის შეიძლება ერთია, მაგრამ ყველასთვის სხვანაირი. როცა ბებია იძინებდა, სახეზე ოდნავ, სულ ოდნავ ღიმილს ვატყობდი. ბებია დღისით ვერასდროს იცინოდა. და ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, ხის დაღლილ სკამზე იჯდა, სადაც მისი თავშალი, ჭიქა, ჭიქის გვერდით გაწურული ლიმონი, სათვალე, სამი ძველი წიგნი იდო და ყველაფერი ეტეოდა. იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა. ბებია იღიმოდა. მე ღმერთს ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე. არ ვიცი. მაგრამ თუ შემხვდება, აუცილებლად ვიცნობ. ვიცნობ, რადგან, როცა თვალს დავხუჭავ, სულ იმ ოთახში, ლამფის სუნით გაგუდულ ოთახში და ბებიაჩემის ბუტბუტი მესმის.

 

***

აპრილში, ჩაკეტილობისას, მწირ მოხალისეობას შევუდექი – რასაც ჩემი და მეგობრების ძალები გასწვდა. პროდუქტები მივიტანეთ ერთი-ორგან. ეს იყო და ეს. ერთხელ ასეც მოხდა, დედას ბავშვი გამოჰყვა და მხოლოდ საკვები რომ დაინახა, ცრემლმორეულმა ჩაიჩურჩულა: „დედა, აბა სათამაშოებიცო?”. თქვენი დახმარებით, ამ ბავშვს დღეს ბევრი სათამაშო აქვს, მაგრამ რამდენი ასეთი ჩურჩული აგვცდა ან წავუყრუეთ? ასობით. ათასობით. ყველაზე უფრო მრუდე, ამგვარი დაიმედებაა – ,,გაიზრდება ეგ და აიხდენს ყველა ოცნებას”. და რომელ ოცნებას აიხდენს? სათამაშოებს იყიდის და შოკოლადებს? დღეს რომ ათასობით საღეჭი რეზინი შევიძინო, ის პატარა გიორგი გაიხარებს, ,,ტონიას ბუტკაში,, რომ ,,ტურბოს ჟუაჩკას” შეტრფოდა? ტყუილია ეგ ამბავი, ტყუილი და რომანტიკული განცდებისთვის მოგონილი საჟრუანტელე ისტორია. ოცნებები უნდა ახდეს მაშინ, როცა ისინი იბადებიან, სხვაგვარი ოცნება ბერდება და ჰა, ჰა – მიზნად იქცეს. მიაღწევ მიზანს და მიხვდები, რომ სიხარული სადღაც უკან დაგრჩა, იქ, სადაც ის დაიბადა და ფრთები ვერ იპოვა. ფრთები კი კარადაშია. იმ კარადაში, რომელიც ჩვენ, უფროსებმა გამოვკეტეთ. ჩემი სურვილიც ეგ არის, ყოველდღიური სურვილი, არა საარჩევნო და საპლაკატე – ვიპოვოთ გასაღები, გავხსნათ კარადა და ბავშვებს სათამაშოები დავურიგოთ. ვინც ვის და რამდენსაც ვიპოვით. ვინც რას და რამდენსაც გავწვდებით. ვისწავლოთ სხვისი ოცნებების ახდენის სიხარული – ადამიანად ყოფნის ნიშნის მთავარი საზეპირო! აი ასე სლოგანურ-პათეტიკურად. მაინც ეგ გარემოა ახლა და ყური ადვილად უმასპინძლებს.

***

არ არსებობს ზომიერებაზე მოსაწყენი რამ, მაგრამ ადამიანის ცხოვრება ასე აეწყო, რომ საზოგადო ყოფაში ეს მოსაწყენი რამ დიდად საჭიროა.

აგერ, ხუთი თვის წინ ფეხსაცმელს რომ მეზობელ სადარბაზოში ვტოვებდით, ინფექციის შინ მიტანის შიშით და დღეს ლამის იმ ფეხსაცმლით გაჯიუტებულ ვახტანგურებს ვსვამთ – ეგ არ ვარგა.

არ ვარგა ექიმების ღმერთად გამოცხადება, მათი მცირე კრიტიკის გამო სხვისი გუნდური მოძახილით მიწაში დამარხვა გუშინ და ახლა იგივე ექიმების დაუნდობელი კრულვაც არ ვარგა.

არ ვარგა ვინმეს მოტყუება, რომ კორონა ყველაზე უარესი პანდემიაა, რაც მსოფლიოს უნახავს და არც თავის მოტყუება, რომ ,,კორონა არ არსებობს”.

არ ვარგა იმის ძახილი, რომ ქართველებს არაფერი მოგვეკარება და არც ის ვარგა, თავზე ნაცარს რომ წავიყრით, ა, ახლა მორჩა და დავიქეცითო. ხანაც ფარული სიხარულით წავიყრით ამ ნაცარს – ეგ ყველაზე მეტად არ ვარგა.

არც გამარჯვების ცეკვა ვარგა მწვერვალზე ასვლამდე და არც დამარცხების გლოვა ძირს დანარცხებამდე.

არც ის ვარგა, ამ ჭკვიან ხალხს მე რომ ჭკუას გარიგებთ, მაგრამ ჩუმად რომ ვიყო, ისიც ხომ არ ვარგა?!

ჰოდა, ვიყოთ ზომიერი, ყველა ნაპირზე, იქითაც და იმის იქითაც. ზომიერი, როცა საქმე ერთმანეთს ეხება. თორემ ის, რომ ზომიერება ყველაზე მოსაწყენი სპორტია, თავიდანვე მოგახსენეთ.

ადამიანი მოიგებს ამ ომს.

 

 

 

როცა მასწავლებლის შვილი ხარ

0

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის თანახმად, მასწავლებლის შვილი ყველაფერში სამაგალითო უნდა იყოს: კარგად სწავლობდეს, ყოველთვის ასრულებდეს დავალებას, არაფერს აშავებდეს. ხშირად სხვა პედაგოგები და მშობლები მას ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რაც, საბოლოოდ, ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე,  ტვირთად აქცევს არაფრისმომცემ პასუხისმგებლობას.

როგორც წესი, მასწავლებლის შვილებს იშვიათად აქვთ მშვიდი სასკოლო ცხოვრება. ისინი გამუდმებით იქცევენ ყურადღებას, არიან მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხედველობის ცენტრში, მათ გამუდმებით ვიღაცას ადარებენ და სხვა ბავშვებზე მეტად  საყვედურებენ.

თუ მასწავლებლის შვილს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ეს  დაუყოვნებლივ აისახება მშობელი პედაგოგის რეპუტაციაზე. ამის გამო მშობლები მასწავლებელს ემდურიან. ალბათ თქვენც გსმენიათ მშობლების მხრიდან ასეთი შეფასება: „ამ მასწავლებელს საკუთარი შვილი ვერ გაუზრდია და ჩემსას როგორ გაზრდის?..“

მასწავლებლის შვილს ზოგჯერ თანაკლასელებიც უნდობლად ექცევიან ან მხოლოდ იმიტომ ემეგობრებიან, რომ ის მასწავლებლის შვილია. მათ ხშირად ზურგს უკან დასცინიან.

თუ ბავშვის მშობელი მასწავლებელია, ის იძულებულია საკუთარი შვილი ზედმიწევნით აკონტროლოს, რაც ბავშვისათვის ყოველდღიურ ტრავმულ სიტუაციას ქმნის.

რთული სათქმელია, ვისთვის უფრო რთულია ერთ სკოლაში ყოფნა – მასწავლებლის შვილისთვის თუ თავად მასწავლებლისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ მათი თანაარსებობა ერთ ტერიტორიაზე დისკომფორტს და დაძაბულობას უკავშირდება (ცხადია, არსებობს ბედნიერი გამონაკლისებიც).

პედაგოგები ხშირად ხუმრობენ, რომ „მასწავლებლობა დიაგნოზია“ და ამაში არის სიმართლის მარცვალიც. ზოგი მასწავლებელი იმდენად ითავისებს „მასწავლებლის როლს“, რომ უნებურად მას ყოველდღიურ ცხოვრებასაც არგებს და ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, მასწავლებლური პათოსით აფასებს – „ეს კარგია, ეს – ცუდია“, „შეეძლოთ უკეთ გაეკეთებინა“, „მე უკმაყოფილო ვარ“ და სხვ. მასწავლებლის ქცევითი პათოსი ოჯახზეც ვრცელდება. ის შვილისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვს და თუ მისი მოლოდინი არ მართლდება, ეს ძლიერ იმედგაცრუებას იწვევს არა მხოლოდ შვილში, არამედ საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებში.

რა სახით ვლინდება მასწავლებლის შვილის სინდრომი?

  1. სრული მორჩილება. მშობელი ბავშვს სრულად აკონტროლებს და დროთა განმავლობაში მათ შორის „ჰარმონია“ ისადგურებს: ბავშვი ყოველთვის კარგად ასრულებს საშინაო დავალებას, არ არღვევს დისციპლინას. თითქოსდა თავს ყველა კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ასეთი ბავშვები უინიციატივო ადამიანებად ყალიბდებიან, მათ არ შეუძლიათ უარის თქმა, ისინი თრგუნავენ ყველა სურვილს და მზად არიან დაემორჩილონ უფროსებს. ისინი ყველასთვის „კომფორტული“ არიან, გარდა საკუთარი თავისა.
  2. დაუმორჩილებლობა. ბავშვი ცდილობს მშობლის კონტროლს თავი დააღწიოს. კონფლიქტი აქვს სხვა პედაგოგებთან, არღვევს დისციპლინას, არ ასრულებს დავალებებს ან ასრულებს მხოლოდ ფორმალურად. დაუმორჩილებლობა შეიძლება გადაიზარდოს პროტესტსა და სიჯიუტეში. ბავშვს სურს, გააღწიოს „მასწავლებლის შვილობის ჩარჩოდან“ და ყველას დაუმტკიცოს, რომ მას აქვს თავისი ხმა და ცხოვრება. ზოგჯერ ეს არცთუ ცუდ შედეგს იღებს, მაგრამ ბავშვი თუ ამას ბრაზით აკეთებს, ახლობლების მხარდაჭერის გარეშე, ის ვერ ჩამოყალიბდება პოზიტიურ პიროვნებად.
  3. დაკარგული თვითრწმენა. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს და შემდეგ ეს შფოთვასა და შიშში გადადის. ის მუდმივად ნერვიულობს. მუდმივად იღებს შენიშვნებს. მისი არაფერი მოსწონთ. საკუთარი მშობელიც კი ეუბნება, რომ არასაკმარისად შრომობს წარმატების მისაღწევად, „არასწორ“ ბავშვებთან მეგობრობს. არადა, სინამდვილეში, შეუძლებელია ყველასათვის მოსაწონი იყო, გიყვარდეს ყველა საგანი. ამ დროს ბავშვი თავის თავში იკეტება, ადვილად ღიზიანდება, არის სტრესში და ეს ცუდად აისახება მის ემოციურ კეთილდღეობაზე.
  4. ტყუილი. ყველაზე ხშირად ბავშვები, ვის მიმართაც საზოგადოება გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებს, უხშირებენ ტყუილებს. საყვედურებისა და პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ისინი წინასწარ იგონებენ არგუმენტებს, რითაც თავის მართლებას შეძლებენ. ყველაზე ხშირად ცრუობენ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობენ, მასწავლებელი გაკვეთილს გაუგებრად ხსნის ან ცუდად ჰყავს ამოჩემებული.

მასწავლებლის შვილის სინდრომის ჩამოყალიბება შინაგანი თვითშეფასებისა და მშობლის შეფასებიდან გამომდინარე ხდება. მუდმივი კონტროლი, რომელსაც თან ახლავს აკრძალვები და სასჯელები, იწვევს „მე“-ს ჩახშობას, რაც აიძულებს ბავშვს იმოქმედოს უფროსების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.

როგორ მოვიქცეთ სიტუაციის გამოსასწორებლად? შესაძლებელია თუ არა ეს? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ მასწავლებელი შვილის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის.  ყველაზე ბევრ პრობლემას შვილს მშობელი მასწავლებელი უქმნის.

პირველ რიგში, მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ოჯახისა და პროფესიული ცხოვრება. სახლში ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ურთიერთობს შვილთან და არ ასწავლის, არ აკრიტიკებს და ეხმარება მას.

მეორე – მასწავლებელმა განსჯითი ჩვევა უნდა შეცვალოს, მიიღოს ახლობლები ისეთებად,  როგორიც არიან. ნუ გამოიგონებენ იდეალურ ბავშვს.

მესამე – მასწავლებელმა შვილს მეტი თავისუფლება უნდა მისცეს თავისუფალი დროის სახით, ნუ გამოეკიდება გამუდმებით და გადაამოწმებს ვისთან მეგობრობს, მან პატივი უნდა სცეს ბავშვის სურვილებსა და არჩევანს.

მეოთხე, მასწავლებელმა უნდა ისწავლოს სათანადო რეაგირება კოლეგების კომენტარზე. ყველა სიტუაციაში თავად უნდა გაერკვეს, შვილთან ერთად ისმჯელოს სადავო საკითხებზე.

მასწავლებლის შვილობა სკოლაში ადვილი არ არის. ბოლოს და ბოლოს, თითქმის ყველა გიცნობს და თუ შენი მშობელი, როგორც საგნის მასწავლებელი, მოსწავლეებს ნაკლებად უყვართ, პატივს არ სცემენ, ეს შვილზეც აისახება, მასაც ანალოგიურად მოექცევიან. ეს კი დიდი ვერაფერი სიამოვნებაა და მით უფრო, შეღავათი.

რაც შეეხება შეღავათს, ხშირად მასწავლებლის შვილს სკოლის დამთავრებამდე უწევს იმის მტკიცება, თუნდაც, კლასელებთან, რომ ის შეღავათებით არ სარგებლობს. ბევრი ბავშვი გამუდმებით ამტკიცებს, რომ ყველა შეფასება და წარმატება მხოლოდ მისი დამსახურებაა და არა დედა/მამა მასწავლებლის.

ზოგჯერ სხვა მასწავლებლებიც საქმეს უფუჭებენ კოლეგის შვილს – ლოიალურად ექცევიან, რაც თვალსაჩინო ხდება სხვა მოსწავლეებისთვის და კლასში დიდ პრობლემებს ქმნის.

ასევე, როგორი კომუნიკაბელური და კარგიც არ უნდა იყოს ბავშვი, ზოგჯერ თანაკლასელები მასწავლებლის შვილს შეგნებულად არიდებენ კლასის საიდუმლოებებს, არ უმხელენ მათ, რიყავენ, ვაიდა, მშობელს უთხრას, წამოსცდეს, ის ხომ მაინც დედამისი/მამამისია. მასწავლებლის შვილისთვის ესეც მტკივნეული ასატანია და მას უწევს „ერთგულების“ მტკიცება ცალკე თანაკლასელებისთვის, ცალკე – მშობლისთვის.

 

მასწავლებლის სტრესის გავლენა  მოსწავლეთა ქცევაზე

0

რამდენად დასტრესილია მასწავლებელი? „გალაპის“ ამასწინანდელმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დღევანდელ ამერიკაში მასწავლებლები ძიძებთან ერთად ყველაზე სტრესული პროფესიის წარმომადგენლები არიან. სამწუხაროდ, ამ სტრესს გავლენა აქვს მათ მოსწავლეებზე, რასაც არასასურველ ქცევამდე და მისგან გამოწვეულ მოსწავლეთა სტაგნაციამდე მივყავართ.

 

ამ გადატვირთული მასწავლებლებიდან ერთ-ერთი არის ჯენიფერ ლოიდი, საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი მერილენდიდან და მისურის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. მან შენიშნა, როგორი მგრძნობიარენი არიან მისი მოსწავლეები მისი განწყობის მიმართ და როგორ შეუძლიათ „იკვებონ” მისი კარგი თუ ცუდი ენერგიით.

 

„თუ გაკვეთილზე შევდივარ არასასიამოვნო თათბირის  ან სტრესული დილის შემდეგ და ეს შეგრძნებები საკლასო გარემოში შემაქვს, ბავშვები ამჩნევენ ამას, – ამბობს ლოიდი. – ზოგჯერ ისინი მაშინვე მიბრუნებენ ნეგატიურ ენერგიას და შედეგად ჩვენ ყველას ცუდი დღე გვაქვს”.

 

იმისათვის, რომ შეესწავლათ მასწავლებლის „გადაწვის” გავლენა მოსწავლის ქცევის შედეგებზე, ლოიდის დამ კოლინ ედიმ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს მასწავლებელთა გამოკითხვა და კლასებზე დაკვირვება მისურის სკოლებში. მათ გამოარკვიეს, რომ როდესაც მასწავლებლები ძლიერ დასტრესილი და ემოციურად გამოფიტული არიან, მათი მოსწავლეები ამ დროს სტაგნაციისა და სკოლის ადმინისტრაციისაგან დისციპლინური სახდელის გამოყენების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

 

მოსწავლეების სასწავლო გარემოდან გაძევება, როგორც სასჯელის ფორმა, შესაძლოა მართლაც ზიანის მომტანი იყოს. თუ ჩვენ გვსურს, სკოლა მოსწავლეებისათვის პოზიტიურ სასწავლო გარემოდ ვაქციოთ, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის პოზიტიური სამუშაო გარემოა მასწავლებლებისათვის. უნდა ვასწავლოთ მათ მოსწავლეთა არასასურველი ქცევის უკეთ მართვის სტრატეგიები, შედეგად მათ მეტი დრო დარჩებათ სწავლებისა და მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების დასამყარებლად.

 

მასწავლებელთა სტრესთან გამკლავების სტრატეგიები უფრო მეტად პერსონალურ გამკლავებას გულისხმობს, მაგალითად, რეფლექსია იმაზე, რისთვისაც მადლობელი ხარ, ასევე თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

„მასწავლებლებს აქვთ პოტენციალი, გავლენა მოახდინონ მრავალ მოსწავლეზე, – ამბობს ედი, – შესაბამისად, მათი მხარდაჭერა საჭირო უნარებით კლასის მართვასა და სტრესის მართვაში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგანაც ამას გრძელვადიანი დადებითი გავლენა ექნება მათ მოსწავლეებზე”.

 

როგორც მასწავლებლის დას, ედის პირადად შეუმჩნევია ის გავლენა, რომელიც ლოიდს აქვს თავის მოსწავლეებზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

„მოსწავლეებს უთქვამთ ჩემთვის, რომ ძალიან ეხმარებათ იმის ცოდნა, რომ ჰყავთ ვიღაც, ვინც მათ მხარეს იჭერს და მხარს უჭერს მათ, და როდესაც მოსწავლეებს ეს არ აქვთ, ჩვენ ვხედავთ გაცდენების უფრო მაღალ მაჩვენებლებს და უფრო დაბალ შედეგებს დავალებების შესრულებისას, – ამბობს ლოიდი. – ისინი არ აქტიურობენ, თუ გრძნობენ, რომ შენობაში არავინ ზრუნავს მათზე. შესაბამისად, თუ ისინი გრძნობენ ზრუნვასა და მხარდაჭერას სასწავლო გარემოში, უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ დარჩნენ სკოლაში და გახდნენ სასწავლო გამოცდილების ნაწილი”.

 

ცნობილია, რომ ახალი მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი ამ პროფესიას პირველი ხუთი წლის განმავლობაში ტოვებს. შესაბამისად, მხარდაჭერის სისტემის შექმნას, მასწავლებლის სტრესის მართვაში ხელშესაწყობად, შეუძლია, შეამციროს მასწავლებლის „გადაწვა” და გააუმჯობესოს მოსწავლის შედეგები.

 

„ჩვენი კვლევა ფოკუსირებულია იმის გამოვლენაზე, თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ მოსწავლეების გარემოში მათი სწავლისა და ქცევის შედეგების გასაუმჯობესებლად, – ამბობს ედი. – მასწავლებლები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან და მათი გავლენა მოსწავლეებზე ძალიან დიდია. ისინი სუპერვარსკვლავები არიან და იმსახურებენ ყოველგვარ მხარდაჭერას, რისი მიცემაც შეგვიძლია”.

 

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2020/09/200915105929.htm

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...