ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

ვაჟა-ფშაველა სატირისა და იუმორის შესახებ

0

ვაჟა-ფშაველას სამყარო ჰეროიკულია. მასში იშვიათად შეხვდებით მოცინარ, მხიარულ პერსონაჟებს, რადგან მწერალი, ძველ ბერძენ ტრაგიკოსთა მსგავსად, ერიდება კომედიურ ტიპაჟებს და თუ მაინც იშველიებს მათ, ისევ ტრაგიკული პათოსისგან მკითხველის შესასვენებლად, როგორც თუნდაც შექსპირი.

ასე რომ, ვაჟას სატირა და იუმორი სპეციფიკურია და უფრო მის პუბლიცისტურ ფელეტონებში გვხვდება, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებებში. დავით კლდიაშვილისა არ იყოს, ვაჟას სიცილიც ცრემლიანია. ის ამგვარად ეთხოვება წარსულს, რომელიც ვეღარ ინარჩუნებს ძველ შინაარსს აწმყოს მიერ შეთავაზებულ ახალ ფორმაში. სწორედ ეს დარღვეული ჰარმონია აღძრავს სიცილს. აი, მაგალითად, ვაჟას აზრით, ფშაური პოეზია ორ ნაწილად იყოფა – ძველი და ახალი დროისად. ძველი ლექსები ვაჟკაცობას, ზნეობრივ სიმაღლეს, ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური სილამაზის ჰარმონიას ასხამს ხოტბას, მასში იდეალური ტიპებია გამოყვანილი, ისეთები, როგორიც უნდა იყოს ადამიანი, ახალი კი რეალისტურია და მათში „ჰკვნესის სატირული ნაღველი“. ამ ლექსების გმირები ისეთები არიან, როგორიცაა ადამიანი სინამდვილეში. აქ წუხილია (რომელიც „ცინიკობამდე მიდის“) ადამიანის დაკარგულ ბუნებაზე, იმაზე, რომ ხალხურ თქმულებებში გაქრნენ დიადი ადამიანები და მათი ადგილი უფრო დაჩიავებულმა, სატირის ობიექტმა დაიკავა. ვაჟა წერს, რომ სატირას ბადებს ცხოვრების ცვლილება, ერთი წყობიდან მეორეში გადასვლა, ისეთში, როგორიც იყო მისი თანადროულობა. ამ ეპოქის ხალხური ლექსებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი იდეალიზმის შერწყმა უკიდურეს რეალიზმთან.

ვაჟა პირველი შეეხო სატირისა და იუმორის მნიშვნელობასა და ადგილს ფშაურ ხალხურ პოეზიაში. მან ჩაწერა და განიხილა ამ ჟანრის შესანიშნავი ნიმუშები. სატირისა და იუმორის გამოვლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ განსხვავებაა საერთოქართული და ადგილობრივი, ცალკეული კუთხეების ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს შორის. ფშავ-ხევსურული პოეზიის ენა სპეციფიკურს ხდის ამ ნიმუშებს. ამიტომაა, რომ ისინი საქართველოს სხვა კუთხეებში არ გავრცელებულა. ფშავსა და ხევსურეთს არ გაუვლია საზოგადოებრივი განვითარების ის საფეხურები, რომლებიც საქართველოს სხვა კუთხეებმა გაიარა. სატირისა და იუმორის განვითარების თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ კუთხის პოეზიის ნიმუშებს და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ვითარდებოდა აღნიშნული ჟანრი საზოგადოების განვითარებასთან ერთად. როგორც ვაჟა გადმოგვცემს, მელექსეები ერთმანეთს აყვედრიდნენ პირად ნაკლოვანებებს, ყველგან ცნობილსა და გამოაშკარავებულს. თუ პირადი აუგი არ იყო, მოპირდაპირე მხარე ეძებდა მიზეზს საგვარეულოში; თუ საგვარეულოშიც არ იყო – თემში; თუ თემშიც არ იყო – სოფელში. ვაჟა გვაცნობებს, რომ ფშავში განთქმული მელექსე იყო მისივე ღვიძლი ბიძა პარასკევა, მრავალი სატირული ლექსის ავტორი. პარასკევამ წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ მისი ნაწერები წერილობით არ შემონახულა, თუმცა ეს ლექსები დღემდე ცოცხლობს და ცნობილია ხალასი იუმორით. პარასკევა არ ყოფილა ამ განსხვავებული კილოს, რიტმის ლექსების პირველშექმნელი. ვაჟა ასევე ახსენებს ორ ფშაველ მელექსეს: მერცხალას (გამიხარდის) და ჯაბანს. ის საგანგებოდ ჩერდება მერცხალას რეპერტუარზე, რომლის ძირითად თემატიკას ახალი ცხოვრება და კლასობრივი ჩაგვრა წარმოადგენდა. ფშავში განსაკუთრებით გავრცელებული იყო მერცხალას სატირული ლექსები მამასახლისზე. ლექსებს მათი გმირის ყურამდეც მიუღწევია, შეხვედრიან კიდეც ერთმანეთს მერცხალა და მამასახლისი და მერცხალაც „წაკაფიავებია“.

ვაჟას ფელეტონებში, რომლებშიც გამხატვრულების მიზნით ავტორი ხან ერთი ფესვდონიმით გამოდის, ხან – მეორით, საზოგადოდ ქართული ლიტერატურისთვის და კერძოდ თერგდალეულებისთვის დამახასიათებელი „მართლის თქმის“ პრინციპია წამყვანი. „ასეა თუ ისე, ჩვენ სიმართლეს მაინც ნუ ვუღალატებთ, სიმართლეც ვთქვათ, ცილს მოვერიდოთ, გადაჭარბებას, ჭირი გამოვააშკარაოთ, რადგან დაფარული, დამალული ჭირი უფრო მავნებელია, ვიდრე ნათქვამი და გამოცხდებული“ („თიანური ფელეტონი“) – ესეც ილიასეულია და ეს მჭრელი ირონიაც: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“. ქართველმა მეფელეტონემ და კორესპონდენტმა ეს ანდაზა კარგად უნდა დაიხსომოს, ღრმად ჩაიჭდიოს, ჩაინერგოს გულში, თორემ გაჭირდა საქმე: თუ სადმე რამ ნაკლი ჰნახე სოფლად, დაბად, ან ავი ხმა გესმა, უნდა თვალი მოარიდო და ყურიც მოიყრუო; უნდა ხმა-კრინტი არ დასძრა. იტყვი და – ვაი შენი ბრალი მაშინ!.. ვისაც უფრო ბუბმბულიანი ცხვირი აქვს, უწინარეს ყოველთა და ყოვლისა, ის გაატანს წყალსა და ღვარს შენს ნათქვამ-ნაწერს. რით და როგორ? დაგაბრალებს პირადობას, მორჩა და გათავდა. შეიძლება გულუბრყვილო მკითხველი კიდევაც დაითანხმოს, ჩაითრიოს“.

ვაჟა დიდი რეალისტია, კარგად ხედავს, როგორ ირღვევა ადამიანის ზნეობრივი იდეალები, ამიტომ მისი სატირის ობიექტიც სწორედ ცივილიზაციით შენიღბული სულიერი დეგრადაციაა. ვაჟა დიდი ჰუმანისტია და ის არასდროს იქნება ღვარძლიანი, დამცინავი მოვლენასა თუ ადამიანთან მიმართებით. ის წუხს, რომ გარკვეულ გარემოებებში სასაცილო ხდება ბუნების საუკეთესო ქმნილება -ადამიანი. ამიტომ ვაჟას სიცილი, სატირა თუ იუმორი ნაღველთან წილნაყარია, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს ტრადიციული გაგებით ეს ტანდემი. აქ შემამსუბუქებელი მისი პუბლიცისტიკის მხატვრულობაცაა, რომელიც არაფრით უშლის ხელს მის რეალისტურობას. წერილში „ბიუროკრატის ჩივილი“ მწერალი სტატსკი სოვეტნიკის პირით გადმოგვცემს მისივე აზრებს,  ბიუროკრატიისადმი მის „ტრფობას“, ოღონდ ირონიის მიღმა შეფარულად, მაგრამ აშკარად ჩანს მწერლის პოზიცია.

ვაჟას აზრით, იუმორის გაგებას თავისებური ნიჭი და უნარი სჭირდბა, მისი აღქმის უნარი ყველას არ აქვს ან შეგნება არ ჰყოფნის. იუმორის სირთულეშიცაა საქმე, რადგან ის მკითხველისგან მოითხოვს შინაგანი კულტურის გარკვეულ დონეს. სატირა უფრო უმოწყალოა ცხოვრების მახინჯი მოვლენების მიმართ, ვაჟა კი ლმობიერია, მის სატირას ტრადიციული სიმძაფრე აკლია. შესაძლოა, მისი სატირა არცაა სატირა – კრიტიკის უკიდურესი ფორმა; უფრო იუმორია და გონებამახვილური მხატვრულობა. აქვე უნდა ითქვას, რომ ვაჟა სხვაგვარად ამხელს ნაკლს მხატვრულ ნაწარმოებებში და სხვაგვარად – პუბლიცისტურ წერილებში. ეს უკანასკნელნი უფრო მახვილი და მძაფრია. მაგალითად, წერილში „ხმა მთიდამ“ მგელა ხინკალჭამიაშვილი, რომელსაც „გაბერტყვით“ ემუქრება ერთი მოხელე და რომელიც მანდილოსნების ქოქოლასა და რისხვას იმსახურებს, თავად ვაჟა-ფშაველაა. მწერალი, რომელიც ყველაფერს დიდი ჰუმანისტის თვალით უყურებს, იუმორშიც ფაზიქია, სიცილშიც ეძებს ესთეტიკას. მისთვის უცხოა ქირდვა და შეურაცხყოფა, ვისიც არ უნდა იყოს, თუმცა დაუფარავად ამხელს ნაკლს. მისი გულისწყრომა კეთილშობილურია: „ღმერთმა დალოცოს თიანური ინტელიგენტი მაშინ, როდესაც „რეჩს“ ამბობს. „რეჩები“ და „რეჩები“, მერე რა „რეჩები“. ყველაფერზე „რეჩებს“ ამბობენ ესენი… თითქმის კალმახსაც არ სტოვებენ ისე, რომ ქება-დიდება არ მიუძღვნან. სადილზე თითო პირი ათჯერ სიტყვას ამბობს და ნეტავი ერთს საქმეს მაინც აკეთებდეს“ („სოფელი თიანეთი“).

ვაჟა-ფშაველა იმხელა მოვლენაა, რომ ცალკეა საკვლევი მისი შემოქმედების სხვადასხვა მხარე. ჩვენ აქ განხილული მეტად სპეციფიკური და საინტერესო საკითხის მხოლოდ ზოგიერთი ნიუანსი წარმოვაჩინეთ.

ვწერ მასწავლებლისათვის-თათია მთვარელიძე

0

თათია მთვარელიძე- მწერალი, მთარგმნელი

მე, როგორც სხვები ამბობენ, მასწავლებელი ვარ, როგორც მე ვამბობ – მოსწავლე.

ორივე ჩემი პროფესიაა – ორივე ძვირფასი და საფრთხილო:

მოსწავლე ვარ მაშინ, როდესაც ჩემს სტუდენტებს ვუსმენ. და ეს შვებას მგვრის.

მასწავლებელი ვარ ალბათ მაშინ, თუ ვგრძნობ, რომ ჩემი სტუდენტები მისმენენ და ეს მაშინებს.

მაშინებს იმიტომ, რომ მე – როგორც მათ მაწავლებელს ბევრი რამის ცოდნა მომეთხოვება, სინამდვილეში კი ძალიან ცოტა რამ ვიცი.

მაშინებს იმიტომ, რომ ჩემმა სტუდენტებმა იმაზე მეტი იციან, ვიდრე მოეთხოვებათ.

მაგალითად, მათ იციან, რომ ჩვენი რწმენა და აზრები არასდროსაა მდგრადი, ისინი მუდმივი ცვალებადობის ურყევ კანონს ემორჩილებიან და ეს სამყაროს ყველაზე მშვენიერი თვისებაა.

 

მე, როგორც სხვები ამბობენ, მასწავლებელი ვარ, როგორც მე ვამბობ – მოსწავლე.

მასწავლებელი ვარ მაშინ, როდესაც ვამბობ,  რომ არ ვიცი.

მოსწავლე ვარ მაშინ, როდესაც ვამბობ, რომ არ მჯერა.

და ორივე ვარ მაშინ, როდესაც არცოდნისა და დაეჭვების მდინარეები ერთმანეთს ერთვის და წერას ვიწყებ.

ამ დროს მე ვწერ მასწავლებლისათვის, ვწერ იმაზე, რაც არ ვიცი. ვწერ იმაზე, რისიც არ მჯერა. და როდესაც წერას ვამთავრებ, უკვე ვიცი და უკვე მჯერა, რომ არსებობენ ჯადოსნური ადგილები, რომლებიც ადამიანებსა და მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს მნიშვნელობებს უასმაგებენ. ეს სიტყვები მარადიულ შესაქმეთა საწინდარია. ამ სიტყვებს ძალუძთ გარდაქმნან, შექმნან, ააშენონ სამყაროები. უკეთესი სამყაროები.

მე ვწერ მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ ეს ადგილი შესაქმეა იმ ახალი სამყაროსი, რომელშიც მე – როგორც მოსწავლე და მე – როგორც მასწავლებელი სიამოვნებით ვიცხოვრებდი – მეორედაც, მესამედაც… მეათასედაც…

 

თათია მთვარელიძის წერილები

 

ტექსტის ინტერპრეტირება. მატრიცული სწავლების კვალდაკვალ

0

დღეს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მიმართულია ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტისკენ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი მარიამ ჩიქობავას განმარტებით, „პროექტის მთავარი მიზანია, ვაქციოთ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლისთვის სახალისოდ, ისე, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული, დაინტერესებული, არ არსებობდნენ ე.წ. აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს ისეთი კომპლექსური/პროექტული დავალებების შეთავაზებას, რომელთა შესრულებაშიც ყველა მოსწავლე ჩაერთვება და ყველა გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. რაც მთავარია, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ, რა კომპლექსური დავალება უნდა შეასრულონ თემის გავლის შემდეგ და ამისთვის რა ახალი საკითხების შესწავლა დასჭირდებათ. ეს არის მთავარი და ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი“ (https://www.mshoblebi.ge/).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტის, ქალბატონი თამარ ჯაყელის შეფასებით, პროექტი პიროვნებაზე ორიენტირებულ ხედვას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და სკოლამ შეძლონ მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის, სასკოლო კურიკულუმების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც რეალურად იქცევა მოსწავლის განვითარების გზად.

2019 წლიდან მხარდამჭერი ჯგუფების დახმარებით საპილოტე სკოლებში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვა, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე სტრუქტურითაც აბსოლუტურად განსხვავდება ამ დრომდე არსებული გეგმებისგან.

რა უპირატესობა აქვს კურიკულუმს, ანუ მატრიცულ სწავლებას?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ბატონი ნიკოლოზ სილაგაძე, განმარტავს, რომ სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და სწორედ იმ გზას და იმ საგანმანათლებლო სერვისს ასახავდეს, რომელსაც კონკრეტული სკოლა ქმნის და სთავაზობს თავის მოსწავლეებს.

კურიკულუმი ახალი ტიპის სასწავლო პროგრამაა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული თემისა და ტექსტის სიღრმისეული შესწავლის ეტაპები. ცოდნის აქტიური კონსტრუირება ხდება სამიზნე ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების კვალდაკვალ.

ანბანის შემდგომი პერიოდიდან მეოთხე კლასის ბოლომდე ქართული ენის მატრიცაში წარმოდგენილია შემდეგი სამიზნე ცნებები:

  1. ტექსტის გაგება;
  2. ინტერპრეტირება;
  3. ერთ-ერთი ფუნქციური სამეტყველო მოქმედება შერჩევით (თხრობა, აღწერა, შედარება, საკუთარი აზრის გამოხატვა-დასაბუთება);
  4. გრამატიკული კანონზომიერების აღმოჩენა;
  5. წერა და ჟანრი.

თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავს, სახელდობრ რა უნდა იცოდნენ აღნიშნულ ცნებებთან მიმართებით I-IV კლასების მოსწავლეებმა.

თითოეული თემატური მატრიცის დანიშნულებაა კონკრეტული ტექსტის კომპლექსურად, სიღრმისეულად შესწავლა ყველა ცნებასთან მიმართებით და, ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ერთი გაკვეთილის გეგმა – ის გაწერილია 10-12 აკადემიურ საათზე.

 

რა არის კომპლექსური დავალება?

თითოეული ცნების დამუშავების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კომპლექსური დავალება.

„კომპლექსური, შინაარსიანი აქტივობების (კვლევითი პროექტი, სიმულაცია, ლაბორატორიული სამუშაო, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა და სხვა) შესრულების პროცესში მოსწავლე სწავლობს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქციულად და ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას და სააზროვნო პროცესის კომპლექსურად მართვას. ცოდნის გამოყენებას ახერხებს არა ის, ვინც დაქუცმაცებულად დაისწავლის ცოდნათა ცალკეულ კომპონენტებს, არამედ ის, ვინც ცოდნის კომპონენტების ინტეგრირებულად გამოყენებაშია გაწვრთნილი. ამგვარი ვარჯიშის შედეგად მოსწავლე იძენს დინამიკურ ცოდნას“ (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა).

ჩემი როგორც პროექტის მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენლის კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თვალით დანახული რეალობა ამგვარია: პროექტში ჩართულ მასწავლებელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ რადიკალურად შეიცვალა მათი დამოკიდებულება მრავალრიცხოვანი ტექსტების შესწავლის მიმართ. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანუ კურიკულუმის შესაბამისად, მასწავლებლებს აღარ უწევთ „გადარბენით“ სწავლება – ისინი მუშაობენ პარალელებთან ერთად შეჯერებული 15-18 ტექსტის სიღრმისეულად შესწავლაზე ყველა ცნებასთან მიმართებით და, როგორც აღვნიშნეთ, თითოეული ტექსტის დამუშავება გაწერილია 10-12 აკადემიურ საათზე.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში (დირექტორი – ლიანა ფუტკარაძე) წარმატებით მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის დანერგვა. მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი კლასების მასწავლებლის ფიქრია ცერცვაძის წარმატებული გამოცდილება – მეორეკლასელების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება, რომელიც მან წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმის პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელ ფორუმზე.

ძირითადი რესურსი: ლელა ცუცქირიძის „ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“

ლ. ქისტაური, ი. იაშვილი, ნ. მესხორაძე, ხ. რაზმაძე. ქართული ენა და ლიტერატურა. გამომცემლობა „ტრიასი“

დამატებითი რესურსი: „ავგიას თავლა“, „გოგონა და თოვლის გუნდა“

თემა: მეგობრობა და ზრუნვა

შესაძლო დამატებითი თემატიკა: პასუხისმგებლობა, ბუნებრივი მოვლენები

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

◦ ინტერპრეტირება. ჟანრი – კომიქსი

(ამ შემთხვევაში დაწყვილებულია ორი სამიზნე ცნება: ინტერპრეტირება და ჟანრი)

ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე შემიძლია:

  • ტექსტის მნიშვნელობის ახსნა;
  • ახალი იდეების შემუშავება;
  • ტექსტის წარმოდგენა ახალი კუთხით, განსხვავებული ფორმით.

◦           კომიქსი

  • ამბავი მოყოლილია ნახატებით და „ღრუბლებში“ ჩასმული სიტყვებით.
  • „ღრუბლებში“ ჩასმულია ის სიტყვები, რომლებითაც პერსონაჟები ელაპარაკებიან ერთმანეთს, მათი ფიქრები და ოცნებები.
  • ნახატები ხშირად გამოხატავს პერსონაჟების გრძნობებს, განწყობას.

საკითხი/საკითხები/ქვეცნებები:

თემა, პერსონაჟი, ტექსტის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, სიუჟეტი, დიალოგი

საკვანძო კითხვა:

როგორ გამოვიყენო ჩემი ცოდნა-გამოცდილება და ფანტაზია ტექსტის ახლებურად, განსხვავებული ფორმით/კუთხით წარმოსადგენად?

შენიშვნა: ინტერპრეტირების ცნების დამუშავებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს ტექსტი სიღრმისეულად შეასწავლა გაგების ცნებასთან მიმართებით, რომელსაც სამი აკადემიური საათი დაუთმო და ამის შემდეგ გადავიდა მეორე სამიზნე ცნების – ინტერპრეტირების დამუშავებაზე.

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები:

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

საკვანძო შეკითხვა: რას მოითხოვს ჩემგან ეს დავალება? რას შევძლებ დამოუკიდებლად? რაში დამჭირდება დახმარება?

ბავშვებო, ჩვენ შევისწავლეთ პატარა ჯიუტი ღრუბლის ამბავი. დღეს თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალება: უნდა წარმოიდგინოთ, რომ ამ მოთხრობის პერსონაჟები ხართ და პატარა ღრუბელს ელაპარაკებით. თქვენი მიზანია, დაარწმუნოთ „გაბუტული“ ღრუბელი, რომ აუცილებლად უნდა გაწვიმდეს. მოიყვანთ არგუმენტებს და აუხსნით, რა მოჰყვება მის სიჯიუტეს. კომიქსის სტილში დახატავთ თქვენს საუბარს „გაბუტულ“ ღრუბელთან და ეცდებით, გადაწყვეტილება შეაცვლევინოთ.

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება

საკვანძო შეკითხვა: ტექსტის მინიშნებებსა და ჩემს ცოდნა-გამოცდილებაზე დაყრდნობით რა და როგორ შემიძლია შევცვალო?

მულტფილმის ჩვენება, ინტერაქცია მულტფილმზე, კითხვები მულტფილმის შესახებ:

– ვინ არიან მეგობრები?

– როგორ ერთობა ერთად ორი სრულიად განსხვავებული მეგობარი – გოგონა და თოვლის გუნდა?

– რა აქვთ მათ საერთო?

– როგორ მოახერხა თოვლის გუნდამ მეგობართან დაბრუნება?

– როგორ შეხვდა გოგონა წვიმად დაბრუნებულ თოვლის გუნდას?

– გაგრძელდა თუ არა მათი მეგობრობა და როგორ?

– მულტფილმის მიხედვით, რას ნიშნავს, იყო მეგობარი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მეგობრებს ერთმანეთთან?

 

ტექსტის ენა

–           როგორ/როგორი ენით მეუბნება ტექსტი?

–           როგორ აღმოვაჩინოთ სიტყვის სამყარო?

აქტივობები:

◦ დაფაზე განლაგებულია ღრუბლის ფორმის ფურცლები, რომლებზეც წერია სიტყვები მოცემული ტექსტიდან: კოკისპირული, ჟუჟუნა, ლეგა, ჯიუტი, თავნება, წიწკანა, დაიბუხუნა.

◦ მოსწავლე თავის მეწყვილესთან ერთად ირჩევს ერთ მათგანს და განმარტავს. ყველა სიტყვის განმარტების შემდეგ დაფაზე ჩნდება „გაბუტული“ ღრუბელი.

◦ მასწავლებელი მოსწავლეებს უნაწილებს შვიდ სიტყვას. ისინი ადგენენ „სიტყვის პირამიდას“ თითოეულ შეთავაზებულ სიტყვაზე.

 

ჟანრის ამოცნობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება კომიქსებზე. ეკითხება, ვის რომელი კომიქსი უყვარს. მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ საყვარელ კომიქსებს.

მასწავლებელი სახელმძღვანელოდან აჩვენებს კომიქსს „ავგიას თავლა“, მოსწავლეები ამოიცნობენ, როდის ოცნებობს (ფიქრობს) პერსონაჟი და როდის ესაუბრება ორი პერსონაჟი ერთმანეთს.

–           საიდან ვიცით, რომ ეს კომიქსია?

 

უნდა გამოიკვეთოს კომიქსის ძირითადი ჟანრობრივი მახასიათებელი:

◦ ამბავი მოყოლილია წარწერებიანი ნახატებით.

◦ დაკვირვება „ღრუბლებში“ ჩასმულ სიტყვებზე იმის გამოკვეთით, რომ ამ სიტყვებით ორი პერსონაჟი ელაპარაკება ერთმანეთს.

◦ დაკვირვება ნახატებზე (რას გამოხატავენ ისინი? – პერსონაჟის მდგომარეობას )

◦ დაკვირვება კავშირზე ნახატებსა და მათ შესაბამის წარწერებს შორის.

 

წყვილებში მუშაობა

წარმოიდგინეთ, რომ ამზადებთ კომიქსს მოთხრობის იმ ნაწილისთვის, რომელშიც მშობლები ელაპარაკებიან პატარა ღრუბელს.

ამისთვის:

◦           წაიკითხეთ საუბარი პატარა ღრუბელსა და მის მშობლებს შორის;

◦           ხაზი გაუსვით იმ სიტყვებს, რომლებსაც წარმოთქვამენ პერსონაჟები და უნდა ჩაიწეროს „სიტყვების ღრუბელში“;

◦           დაწერეთ, რომელი პერსონაჟი წარმოთქვამს ხაზგასმულ სიტყვებს.

მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ ფურცლებზე, რომლებზეც ასახულია:

I – საუბარი დედა და შვილ ღრუბლებს შორის;

II – საუბარი მამა და შვილ ღრუბლებს შორის.

 

პრეზენტაციას წარადგენს წყვილის თითო წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი წყვილები – მხოლოდ განსხვავებულ ვარიანტებს. მოსწავლეები ამბობენ, რომელ სიტყვებს ჩაწერენ „სიტყვის ღრუბელში“, რომლებს გამოტოვებენ და რატომ.

 

კომპლექსური დავალების შესრულება

მოსწავლეები ქმნიან კომიქსს ინტერპრეტაციით. მათ არგუმენტებით უნდა დაარწმუნონ გაბუტული ღრუბელი, რომ აუცილებლად გაწვიმდეს და აუხსნან, რა მოჰყვება მის სიჯიუტეს. „სიტყვების ღრუბლებში“ უნდა ჩაწერონ, რას ეტყვის პატარა ღრუბელი და რას ეტყვიან მოსწავლეები, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

 

ეტაპი 3. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

საკვანძო შეკითხვა: როგორ უნდა წარმოვადგინო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შედეგები ისე, რომ ეს მსმენელებისთვის საინტერესო და გასაგები იყოს?

წარდგენის წესზე შეთანხმება (შევთანხმდით შემთხვევითი შერჩევის წესზე)

მსმენელის დღიური (რა შეკითხვას დაუსვამ პრეზენტატორს?)

დავალების პრეზენტაცია და განხილვა

მოსწავლეთა თვითრეფლექსია

რას ნიშნავს იყო ნამდვილი მეგობარი, ამ ტექსტების მიხედვით? რით ჰგავს ეს ტექსტები ერთმანეთს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

 

შეფასების კრიტერიუმები:

◦ მოსწავლეს შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე მოვლენათა წარმოდგენა განსხვავებული ფორმით/კუთხით, იდეების გენერირება.

◦           მოსწავლეს შეუძლია მოცემული ტექსტის საფუძველზე კომიქსის შექმნა და ნამუშევრის წარდგენა.

 

ახალი სკოლის მოდელის პროექტი ერთადერთია, სადაც მასწავლებელი დროში არ არის შეზღუდული. ტექსტის ინტერპრეტირებაზე მუშაობა მიმდინარეობდა ორი აკადემიური საათის განმავლობაში. მასწავლებელს შეუძლია, დაამატოს იმდენი საათი, რამდენიც საჭიროა. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება, რომ აუჩქარებლად, გააზრებულად და სიღრმისეულად მოხდეს ტექსტის შესწავლა სამიზნე ცნებასთან მიმართებით.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ფიქრია ცერცვაძემ ინტერპრეტირების ცნების დამუშავება დაასრულა შემოქმედებითად გადაწყვეტილი ორიგინალური ფინალით, გაკვეთილის ინტერპრეტირებული დასასრულით და მოსწავლეთა ძალისხმევით საწვიმრად მომზადებულ ღრუბელს ქოლგა შეაგება.

ვკითხოთ ბავშვებს

0

მსოფლიოს ნაწილი ვართ. შესაბამისად, ჩვენც, სამყაროს დანარჩენი ნაწილის მსგავსად გვიწევს ამ განსხვავებულ რეალობაში ცხოვრება. დავრჩეთ სახლში! დღეს ეს არის ყველაზე სწორი ქმედება, რითაც შეგვიძლია დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დავტოვოთ ბავშვებიც სახლში, ეს რთული გასაგებია პატარებისთვის. მას შემდეგ, რაც დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავედით, მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ გავუმრავალფეროვნო ყოველდღური ყოფა ჩემს მოსწავლეებს, თან ისე, რომ მათი აზროვნება მუდმივად აქტიური იყოს და სასწავლო რეჟიმიდან მთლად არ ამოვარდნენ.

მე 27 წლის მასწავლებელი ვარ, მუდმივად ვცდილობ, რომ ჩემი მოსწავლეების ემოციებს, ფიქრებს, მისწრაფებებს არ ავცდე, ჩასაფრებული ვაკვირდები ხოლმე ჩემს მიერ შეთავაზებული რომელი დავალება, აქტივობა, პროექტი აღძრავს მათში კმაყოფილებას, აღვივებს მოტივაციას და უბრწყინებს, უფართოვებს თვალებს. ამჟამად მეოთხე კლასში ვართ. უკვე დიდები და საკმაოდ განვითარებული არიან, მათ იციან, რომ მათგან ბევრს ვსწავლობ და ეს უხარიათ, სიამოვნებთ, თვითშეფასებას უმაღლებთ და ჩვენ შორის, ბარიერს თითქოს ანგრევს ასეთი დამოკიდებულება.

ბავშვებს მოსწონთ, როცა უფროსები ვეკითხებით, მათგან ველით რჩევას, გვაინტერესებს მათი აზრი, დამოკიდებულება რაიმე საკითხისადმი. მით უმეტეს, ეს საკითხი ან თემა თუ მათაც ეხებათ და მათთვისაც აქტუალურია.

ჩვენ ვისმენთ ექიმების, პროფესიონალების, მთავრობის რეკომენდაციებს ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ისინი ძირითადად, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, სახლში დარჩენასთან ერთად. ვიფიქრე, რატომ არ უნდა მოვისმინოთ თავად ბავშვების მოსაზრებებიც, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ სახლში ყოფნას, რა რჩევებს მისცემენ თანატოლებს, რას ფიქრობენ დღევანდელ რეალობაზე, მათი მოსაზრებები ძალიან საინტერესო იქნებოდა. თანაც, დღევანდელი რეალობა მათაც ეხებათ, ისინიც ხომ საზოგადოების წევრები არიან. რატომ არ უნდა დავაკისროთ მათაც რაიმე მოვალეობა, დღევანდელ შეზღუდვებთან ბრძოლაში?! 

ამის გაფიქრება და მოსწავლეებისთვის გაზიარება ერთი იყო. რადგან ჩემს მოსწავლეებს დღიურის წერის გამოცდილება უკვე აქვთ, ვიფიქრე ამ იდეას დღიურის ფორმატით მივიტანდი მოსწავლეებამდე.

ამ იდეას წავუმძღვარე ასეთი ინსტრუქცია:

პირველ ეტაპზე შექმენით ან თუ უკვე გაქვთ, დღიურისთვის მოამზადეთ ბლოკნოტები, სადაც არაფერი ეწერება, მხოლოდ დღიურს დავუთმობთ.

და სახელად დაარქვით:

 

,,ჩემი რჩევები სახლში გამოკეტილ ბავშვებსროგორ გავუმკლავდეთ ვირუსს მხიარულად და წარმატებულად(ეს სახელი მაგალითისთვის შემოგთავაზეთ, შეგიძლიათ, თქვენ თქვენი ვარიანტი მოიფიქროთ, ან ეს გამოიყენოთ).

 

ამ დღიურში თქვენ მოჰყვებით, როგორ ატარებთ თქვენს დღეებს ამ პერიოდში, როცა სახლში გიწევთ ყოფნა. აღწერთ, რას შვებით, როგორ ცხოვრობთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, რა იცით ამ ვირუსის შესახებ? რით ერთობით, როგორ ებრძვით ვირუსს? რა რჩევებს მისცემთ თქვენს თანატოლებს მთელს მსოფლიოში და ა.შ.

 

დღიურის წერა უკვე დაიწყეთ. შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაშალოთ ბლოკნოტი და ჩაიწეროთ რაიმე, რაც გინდათ, რომ აღმოჩნდეს თქვენს ჩანაწერებში. ეს დღიური და თქვენი ნაწერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მასში დაწერთ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რამაც მსოფლიო მოიცვა და აღწერო, როგორია შენი დღეები ამ პერიოდში.

არ დაგავიწყდეს, ჩანაწერებს დააწერო თარიღიც.

გახსოვდეთ, ამ მდგომარეობაში მხოლოდ თქვენ არ ხართ. ყველა თქვენი თანატოლი სახლშია გამოკეტილი და შეეცადეთ თქვენი რჩევები სხვებმა გამოიყენონ.

 

ეს დავალება შესაძლებელია მასწავლებელმა თავისი სურვილისამებრ განავრცოს ან ცოტა განსხვავებული ფორმატი მისცეს.

ვფიქრობ, ამ ტიპის  დავალება, თავისი პოზიტიური მიზნით,  რომ ბავშვებმა საჭიროდ იგრძნონ თავი, საკუთარი ფიქრები და მოსაზრებები თამამად გამოთქვან ფურცელზე, ჩანაწერებში, არ დაითრგუნონ, არამედ გაგვიზიარონ, მათი ნაპოვნი გამოსავლები იმ დროს, როცა სახლში გვიწევს ყოფნა და ა.შ. –  არის თავის მხრივ ძალიან სასარგებლო ამ არდადეგების დროს, როგორც მათი თანატოლებისთვის (რადგან, მაგალითად, ჩემი მოსწავლეები მწერენ, როგორ მოიფიქრეს ოჯახური თამაშები, გასართობები, სააზროვნო აქტივობები; მწერენ, რა კარგია, როცა ყველა სახლშია, ერთმანეთთან ურთიერთობით როგორი ბედნიერი არიან), ასევე უფროსებისთვისაც, რადგან შეგვიძლია გავიგოთ, ბავშვების ფიქრები ასეთი დაძაბული პერიოდის დროს.

 

 

თეატრი ბავშვის ცხოვრებაში

0

ყველაფერი ბილეთების ყიდვით იწყება. მე სალაროში შეძენას ვამჯობინებ – მიმაჩნია, რომ ესეც რიტუალის ნაწილია. მერე – შენობის ექსტერიერი და ინტერიერი, თუ ზამთარი, გვიანი შემოდგომა ან ადრე გაზაფხულია – პალტოებისა თუ ლაბადების გარდერობში ჩასაბარებლად რიგში დგომა და ნომრის საგულდაგულოდ შენახვა. მერე – პარტერი, სამი ზარი და ხმა: „გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები“. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ, სულ ცოტა, ორი საათით სწყდები ჩვეულ სამყაროს და წარმოდგენაში იძირები, გრძნობ პერსონაჟების ემოციებს, ტკივილს, სიხარულს და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მათი ცხოვრებით ცხოვრობ.

დღეს ბავშვებსთვის  მშობლებს აღარ სცალიათ, მიჯაჭვულნი არიან ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს. ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვი ცოცხალი ადამიანის ქმედებას უყურებს, თეატრია. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვს სერიოზული პრობლემები ექმნება, თუ თეატრში არ ხდება მისი არარეალიზებული სურვილების რეალიზაცია. მაგალითად, შესაძლოა უფროსებს ეგონოთ, რომ შესანიშნავი ოჯახი აქვთ, რადგან ჰყავთ მანქანა და შაბათ-კვირას – სტუმრები, შინ ბევრი ძვირფასი ნივთი უწყვიათ და მოვლილები დადიან, მაგრამ ბავშვი გრძნობს, რომ ყველა ურთიერთობა, რომელსაც ხედავენ, ყალბია. თუ მან არ დაიჯერა, რომ არსებობს ნამდვილი გრძნობები – სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, შესაძლოა, ჯანსაღ პიროვნებად ვერც გაიზარდოს. თეატრში კი, „რომეო და ჯულიეტას“ შემყურე, რწმუნდება, რომ სიყვარული არსებობს, „სამ მუშკეტერს“ უყურებს და რწმუნდება, რომ არსებობს მეგობრობა, რომ სიკეთე იმარჯვებს… ახლა თეატრი რეალობაზე უფრო რეალურია.

სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ყველას უწევს თამაში, ყველა მოვლენა დადგმულია, ყველგან პიარია. ერთადერთი ადგილი, სადაც ცოცხალ ადამიანსხედავთ ნამდვილი განცდებით, სწორედ სცენაა. სამწუხაროდ, დიდები თეატრში მხოლოდ სპექტაკლის სანახავად არ დადიან – ისინი თავიანთი ჩაცმულობის, მანქანის, სოციალური წრის დემონსტრირებას ახდენენ. ბავშვების შემთხვევაში კი ნამდვილად ხდება კათარზისი, და ეს მათთვის აუცილებელია, ისევე როგორც, მაგალითად, ძილი. ყველა კარგი სპექტაკლი განწმენდაა, შვება.

მაგრამ ერთია, როდესაც ბავშვი თეატრში მიდის როგორც მაყურებელი და მეორე – როდესაც თავად არის სპექტაკლის მონაწილე, თავად ცდილობს, მიაწოდოს მაყურებელს ემოცია. სპექტაკლზე მუშაობა კი ის პროცესია, როდესაც ბავშვებს საერთო აქვთ მღელვარება, სიხარული, საყვარული და ყველა ემოცია. საბავშვო თეატრში ექსპერიმენტების ჩატარება, საზოგადოდ, არ არის მიღებული, მაგრამ თუ თავად ბავშვი გვთავაზობს საკუთარ ექსპერიმენტს, საკუთარ ხედვას, ჩვენ, უფროსებმა, უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ.

XX საუკუნის სოციოლოგის ირვინგ გოფმანის თანახმად, როდესაც მაყურებელი რამე სანახაობას უყურებს, მისი ყურადღების არეალში ექცევა თეატრალური ფენომენის მიღმა არსებული ისეთი დეტალებიც, როგორებიცაა, მაგალითად, მსახიობის თვისებები, რომლებიც მის როლში არ ეწერება.

გოფმანი წერს, რომ ცენტრალური ტექსტის გარშემო არსებობს მიმართულების მიმცემი ქმედებები, რომლებიც მაყურებელს შესაბამისი ემოციისთვის განაწყობს. ეს ელემენტები ერთგვარი მაკავშირებელია პერსონაჟს, მსახიობსა და მაყურებელს შორის.

ეპოქები იცვლება, მაგრამ მუდმივია ის, რომ ადამიანს არ შეუძლია არსებობა მაღალი იდეალების გარეშე. თეატრს დღესაც ის ფუნქცია აკისრია, რაც წინათ ჰქონდა: გაამახვილოს ადამიანის ზნეობრივი სმენა და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა იმის მიმართ, რაც ფასეულია ცხოვრებაში. თეატრი ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. თეატრში მაყურებელი უღრმავდება განცდებს, რომლებსაც მსახიობები გადმოსცემენ, თავად მსახიობი კი ცხოვრობს პერსონაჟის ცხოვრებით. ბავშვები და მოზარდები ყველაფერს უფრო მძაფრად განიცდიან. სცენაზე ისინი უფრო თავდაჯერებულები და თავისუფლები ხდებიან.

თეატრს ადამიანის სულზე ზემოქმედების განსაკუთრებული მრავალფეროვნება ახასიათებს. ერთია ზეპირი, დიდაქტიკური შეგონება და მეორე – სანახაობის ენა. თეატრი ხელოვნების არაერთი დარგის სინთეზია, მასში თავს იყრის დრამატურგია, სასცენო ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა, არქიტექტურაც კი, გმირების წარმოსახვითი სახეები ჩვენ თვალწინ ცოცხლდება, აბსტრაქტული ცნებები: სიკეთე, სიყვარული, გმირობა, თავგანწირვა, – ხორცს ისხამს, კონკრეტულ სახეს იღებს, მეტყველი და რეალური ხდება. ისინი გვატყვევებენ თავიანთი ჯადოსნური ძალმოსილებით და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი მეგზურნი ხდებიან.

ამრიგად, თეატრალური შემოქმედება განუყოფელია პედაგოგიკისგან. ბავშვი პირველად თოჯინების თეატრში ეზიარება პროფესიულ ხელოვნებას, აქ ყალიბდება მისი გემოვნება, იხვეწება ესთეტიკური გრძნობა, მდიდრდება ლექსიკა და ემოციური პალიტრა. თუ ბავშვებს ნანახის ანალიზისკენ ვუბიძგებთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი საკმაოდ კარგად ხვდებიან ავტორის ჩანაფიქრს. მათ საკუთარი სათქმელი აქვთ, რომელიც სავსეა რომანტიკული გატაცებებით, ძალით, რომელიც ყოველგვარ სირთულეს გადაალახვინებს ადამიანს. ბავშვებს, რომლებსაც ნაკლები შეხება აქვთ თეატრალურ ხელოვნებასთან, შემდგომში უფრო უჭირთ მაღალი ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება, ესთეტიკური აზროვნება.

ბავშვობაში ყველა ოცნებობს მსახიობობაზე. შესაძლოა, დროთა განმავლობაში პროფესიასთან დაკავშირებით წარმოდგენა შეეცვალოთ, მაგრამ თეატრალურ ცხოვრებაში ჩართული მოზარდები უფრო თავისუფლად მოაზროვნეები, ლაღები და თავდაჯერებულები იზრდებიან.

ასე რომ, თეატრი მთელი თავისი არსებით ემსახურება ბავშვის სულიერ აღზრდას. ის გასაღებია, რომელიც ბავშვს უღებს „მშვენიერი ცხოვრების“ კარს.

ამიტომ, მოდი, სანამ ჩვენი შვილები სცენაზე ფეხს დადგამენ და თეატრის მტვრს ჩაისუნთქავენ, მანამდე ვიყიდოთ თეატრის ბილეთები, ჩავკიდოთ ბავშვებს ხელი და… გამოვრთოთ მობილური ტელეფონები.

შემოქმედებითი უნარების, სენსორული და მოტორული ფუნქციების განვითარება ბავშვებში

0

პლასტილინის, კინეტიკური ქვიშისა და საღებავების  დამზადება

ბავშვის თამაში  განვითარების სხვადასხვა ეტაპს გაივლის. თავდაპირველად,  ბავშვი თამაშში სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს ივითარებს, რითაც იგი  საკუთარი სხეულის შესაძლებლობებსა და მის გარშემო არსებულ სინამდვილეს ეცნობა.

სენსორული და მოტორული ფუნქციების განვითარებასთან ერთად, თანდათან ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობებითა და საგნებზე მანიპულაციით მიღებული სიამოვნება, არამედ  თამაში მისთვის მეტ აზრს იძენს. ბავშვი თამაშის დროს  არსებული მოვლენების მიბაძვას იწყებს და ილუზიის თამაშის ეტაპზე გადადის. მაგალითად,   სარეცხის სარჭით თამაშობს  და ვითომ მანქანას ატარებს  ან  ,,დედის“, ,,მამის“ , ,,მძღოლის“ როლს გაითამაშებს.  ამავე ეტაპზე იწყებს  ბავშვი არსებული ნივთიერი მასალის გარდაქმნას და მისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭებას. მაგალითად, როგორც ეს ხდება კუბების შენების, ან ცომით თამაშის დროს. მაშასადამე, ილუზიის თამაშის ხარჯზე კონსტრუქციული თამაშიც იწყებს განვითარებას. ბავშვი ამ დროს ამა თუ იმ საგნებსა თუ მოვლენებს სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგრამ არა რეალობის ზუსტი ასახვით, არამედ საკუთარი ფანტაზიის რეალიზებით.

თამაშის პროცესში ხდება ბავშვის შემოქმედებითი ფორმების ჩასახვაცა და განვითარებაც. სხვადასხვა მასალაზე მანიპულაციისას  (იქნება ეს ქვიშა, საღებავი თუ  პლასტილინი), ბავშვი ჯერ სიამოვნებას იღებს  საკუთარი მოძრაობებისა და იმ შეგრძნებებისგან, რომელსაც ამ მასალაზე მანიპულაცია იწვევს. თანაც საინტერესოა ის, რომ ბავშვი ამ მოძრაობებს იმეორებს და იმეორებს, რის გამოც მისი მოქმედებები სულ უფრო და უფრო დახვეწილი და რთული ხდება (სენსო-მოტორული თამაში).  მაგრამ თანდათან,  ბავშვისთვის საინტერესო ხდება არა მხოლოდ ამ მასალით მანიპულაცია, არამედ  ამ მანიპულაციის შედეგად მიღებული  პროდუქტი, გარკვეული  ფორმა.  მიღებული ფორმა ბავშვში ისეთ კმაყოფილებას იწვევს, რომ ის სხვა ადამიანებსაც სიხარულით უზიარებს საკუთარ შემოქმედებას. მაშასადამე, ბავშვის მიერ შექმნილი პროდუქტი სოციალური ურთიერთობის საბაბიც ხდება. ამის შემდეგ ბავშვი ცდილობს, რომ  მის მიერ  შექმნილი  პროდუქტი რაიმეს მიამსგავსოს, მაგალითად, დაჯღაბნილ რამდენიმე ხაზზე ამბობს   – დროშააო. ბავშვის ამგვარ ქმედებას მეცნიერები კვლავ ილუზიის თამაშს მიაწერენ (უზნაძე, 2005). მიღებული პროდუქტით დაინტერესების შემდეგ, ბავშვისთვის საინტერესო ხდება აღნიშნული ფორმის გამრავალფეროვნება და დახვეწა (კონსტრუქციული თამაში). მხოლოდ ამ ეტაპის გავლის  შემდეგ იწყებს ბავშვი  განზრახვის მიხედვით მასალისთვის სასურველი ფორმის მიცემას. მაგ., ჯერ იტყვის, რომ ახლა მე მზეს დავხატავ, და მართლაც ცდილობს, რომ მზე დახატოს. მხოლოდ ამ საფეხურიდან ითვლება, რომ ხდება ბავშვის შემოქმედებითი ფორმების განვითარება.

როგორც ვნახეთ,  ადამიანის შემოქმედების ფორმებს ( მაგ, ხატვას ან ძერწვას) ბავშვის სენსო-მოტორული და ილუზიის თამაში უდევს საფუძვლად.  განზრახვის მიხედვით მოქმედება კი საფუძველს უყრის მომავალში ისეთი ქცევების განვითარებას, როგორებიცაა – მაგალითად, სასკოლო სწავლა და  შრომა.

მაშასადამე, ძვირფასო მშობლებო და მზრუნველებო,  როდესაც ბავშვს ვთავაზობთ სხვადასხვა მასალებს (ქვიშას, პლასტილინს ან საღებავებს)  მანიპულაციისა თუ შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, ამ დროს ხელს ვუწყობთ, მას განუვითარდეს ნატიფი მოტორული, ყურადღების კონცენტრაციის,  შემოქმედებითად პრობლემის  გადაჭრის, შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და ქცევის მიზანმიმართული მართვის უნარები, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, მნიშვნელოვანი უნარებია სკოლაში სწავლისა და ცხოვრებისათვის.

 

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აქტივობების: ,,პლასტილინის, კინეტიკური ქვიშისა და საღებავების  დამზადების “ აღწერას.

აქტივობების ვიდეო ინსტრუქციის ხილვა შეგიძლიათ მასწავლებლის სახლის ფეისბუქგვერდზე. იხ. ლინკი:  shorturl.at/ejkN1

აქტივობების მიზნებია: ნატიფი მოტორიკის, ყურადღების, ფანტაზიის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის  უნარების განვითარება.

ასაკი:  3-7 წელი

კავშირი სტანდარტთან[1]

ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები (3-5 წელი)

  • განვითარების სფერო ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი – ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია – ნატიფი მოტორიკა. შედეგი – ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად გამოიყენებს.
  • განვითარების სფეროკომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს წერისა და კითხვის საბაზისო უნარებს. კატეგორია – წერა. ინდიკატორები: ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს; თამაშისას იყენებს წარმოსახვით წერას(ხატავს პატარა ზომის ფიგურებს, ვითომ წერს); ხატავს სიმბოლოებს, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.
  • განვითარების სფერო შემეცნებითი განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე. შედეგიბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს.
  • თემატური მიმართულება ხელოვნება. შედეგი – ბავშვი ინტერესდება ვიზუალური ხელოვნებით და იყენებს მას თვითგამოხატვისთვის. კატეგორია – შემოქმედებითი თვითგამოხატვა.

სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი (5 წლიდან სკოლაში შესვლამდე)

  • განვითარების სფეროჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო– ნატიფი მოტორიკა. შედეგიბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, „ფაზლების“  აწყობა, ხატვა და ა.შ.
  • განვითარების სფეროსწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულებაყურადღების კონცენტრაცია. შედეგიბავშვს შეუძლია შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც. მიმართულება – შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. შედეგი – ბავშვს შეუძლია ძერწვისას და ხატვისას შექმნას  ახალი ფორმები და  შინაარსები.
  • განვითარების სფერომეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო -წიგნიერება. მიმართულება – წერა. შედეგი – ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა; ცდილობს ასოების გამოყვანას.

 

  1. პლასტილინის დამზადება

მასალა:  

  • 2 ჭიქა ფქვილი.
  • 1 ჭიქა წყლი.
  • 1 ჭიქა მარილი.
  • 1-ს/კ ზეთი.
  • საკვები საღებავები.
  • თასი.

მიმდინარეობა:  თასში ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, ჩავასხათ ზეთი და წყალში გაზავებული საკვები საღებავი.  მოვზილოთ იქამდე, სანამ მკვრივ მასას არ მივიღებთ. თუ მასა  ხელზე გვეკრობა,  დავამატოთ  ცოტადენი ფქვილი.  იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ გვაქვს საკვები საღებავი,  შეგვიძლია გამოვიყენოთ  სტაფილოს, ჭარხლის ან ისპანახისგან დამზადებული  წვენი. წვენის დასამზადებლად საჭიროა, რომ გახეხილი სტაფილო და ჭარხალი მარლაში გადავახვიოთ და წვენი გამოვწუროთ. ისპანახი კი ჯერ თბილ წყალში ჩავდოთ, შემდეგ ისიც მარლაში გადავახვიოთ და ისიც გამოვწუროთ. ასე მივიღებთ საღებავს ჩვენი პლასტილინისთვის. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წვენით დამზადებული მასა, არ  იქნება ისეთი ბზინვარე, როგორც საკვები საღებავით მომზადებული პლასტილინი.

ჩვენ მიერ შექმნილი პლასტილინისგან  შეგვიძლია სხვადასხვა  აქტივობების განხორციელება. მაგალითად, პლასტილინით,  საწრუპებით, ასანთის ღერებით ან  ჩინური ჩხირებით სხვადასხვა ბრტყელი ან სივრცული გეომეტრიული ფიგურების აწყობა.  სხვადასხვა ფიგურების გამოძერწვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი  პლასტილინი სრულიად უსაფრთხოა და ამავდროულად, დიდხანს ძლებს დახურულ კონტეინერში ან ცელოფნის პარკში.

  1. კინეტიკური ქვიშის დამზადება

მასალა

  • 4 ჭიქა ფქვილი.
  • 1/2 ჭიქა ზეთი (საკბვები ან ბავშვის).
  • საკვები საღებავები.
  • თასი.

მიმდინარეობა:  თასში ჩავყაროთ ფქვილი, ჩავასხათ  ზეთში გაზავებული საკვები საღებავი.  მოვზილოთ იქამდე, სანამ,  არ იქნება შესაძლებელი მიღებული მასით  მანიპულირება.

კინეტიკური ქვიშა დავყაროთ დაფაზე, მივცეთ ბავშვს შესაძლებობა სხვადასხვა საგნით ან თითებით დახატოს მასზე. ჩვენ მიერ დამზადებული ქვიშა შესაძლებელია ფქვილის ნაცვლად  გამოვიყენოთ აქტივობისთვის  „სენსორული დაფა“, ან უბრალოდ, ბავშვს მივცეთ სხვადასხვა ფორმები, პატარა ჯამები და ის თამაშს საკუთარი ფანტაზიით წარმართავს.

  1. აქტივობასაღებავების დამზადება

მასალა

  • ფქვილი.
  • წყალი.
  • ზეთი.
  • საკვები საღებავები.
  • ქილა.

მიმდინარეობა:  ქილაში ჩავყაროთ ფქვილი.  შემდეგ ცალკე წყლიან ჭიქაში ან თასში  გავხსნათ  საკვები საღებავები  და ცოტა ზეთი.  მიღებული სითხე ჩავასხათ ფქვილიან  ქილაში.  ქილას დავახუროთ სახურავი  და ვანჯღრიოთ იქამდე, სანამ მასა  თხელი არაჟნის სისქის არ გახდება.

მიღებული საღებავებით შეგვიძლია ვხატოთ როგორც ფუნჯით, ასევე თითებით ან ფეხით დიდი ზომის წინასწარ მომზადებულ ფორმატზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. უზნაძე, დ. (2005) ბავშვის ფსიქოლოგია. სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი.
  2. ჯონსონი ჯ.ი, ქრისტი ჯ. ფ. თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829

[1] სტანდარტის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829; პუბლიკაციის სახით – shorturl.at/hr125

 ლიტერატურული მისტიფიკაციების სიკეთის შესახებ

0

როგორც განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება, ლიტერატურული მისტიფიკაცია ესაა თხზულება, რომელიც მკითხველების შეცდომაში შეყვანის მიზნით სხვა პირის (ხშირად არარსებულის) ნაწარმოებადაა გამოცხადებული ავტორის მიერ; ან ესაა ისეთი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ადრინდელი ხანისად ასაღებს ავტორი და ამიტომ ძველი ენობრივი ნორმებითაა დაწერილი. ვეთანხმები ერთ-ერთი ინტერნეტგვერდის ავტორის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ყველაზე სადავო და ხმაურიან მისტიფიკაციად ქართულ ლიტერატურაში “ელენე დარიანის დღიური“ რჩება. თუმცა იგივე ავტორი საუბრობს იმაზეც, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი წარმატებული მისტიფიკაცია შედგა და ამის გამოძახილი იყო 2019 წლის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ათი მისტიფიკატორი ავტორის წარდგენა პუბლიკის წინაშე საკუთარი ისტორიებით. მათგან რამდენიმე ავტორმა პირველად აღიარა თავისი ლიტერატურული „დანაშაული“.

როდესაც ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა „ლიტერატურული“ გულისხმობს როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ ლიტერატურას. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ უწყინარ მისტიფიკაციას სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყოლია. თუმცა ზოგიერთი მისტიფიკაცია არცთუ ისე უწყინარი იყო და მისი ავტორი ერთადერთი მიზნით მოქმედებდა – ემხილებინა რომელიღაც მანკიერება. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე გახმაურებულ მისტიფიკაციას სასამართლო პროცესებიც მოჰყოლია. აქვე დავძენ, რომ არც ის იქნება ურიგო, თუკი გვეცოდინება, რომ ინგლისურად ტერმინს „literary mystification“ ხშირად ანაცვლებენ ტერმინებით „literary forgery“, „literary hoax“, „literary fraud“-ს, ანუ ინგლისური ენა ერთმანეთისგან მაინც განასხვავებს ლიტერატურულ მისტიფიკაციას ანუ ლიტერატურულ გაყალბებას/ნაყალბევს ლიტერატურული ხუმრობისგან და ლიტერატურული თაღლითობისგან.

ჩემი საყვარელი (მოდით, ასე შევაფასებ აქტს) მისტიფიკაციის ავტორი ნიუ იორკის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ალან სოკალი იყო. მან 1996 წელს ერთ-ერთ პოსტმოდერნისტულ ჟურნალში დასაბეჭდად გააგზავნა სტატია სათაურით „საზღვრების კვეთა: კვანტური გრავიტაციის ტრანსფორმაციის ჰერმენევტიკის საკითხის შესწავლისთვის“. სტატია გამოაქვეყნეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუვლია შესაბამისი რეცენზია და ავტორის მწვავე პაროდია-ნონსენსი სამეცნიერო ოპუსად მიიჩნიეს რედაქტორებმა. იმავე წლის მომდევნო თვეში სოკალმა თავად გახსნა მისტიფიკაცია, როდესაც სხვა ჟურნალში უამბო მკითხველს მისტიფიკაციის შესახებ. მისი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც წამოეგო მოტყუებული ჟურნალი, ავტორის ავტორიტეტი იყო. და არა მარტო ეს. როგორც ჩანს, ჟურნალის რედაქტორებს გულს მალამოდ მოეფინათ ის პოზიცია, რომელსაც თითქოს იზიარებდა სტატიის ავტორი მათთვის სასურველ საკითხზე. ამიტომაც რედაქტორებმა, როდესაც სოკალს გადაუგზავნეს შენიშვნები და თხოვეს სქოლიოების შესწორება, გაჯიუტებული ავტორის უარი, ცვლილებები შეეტანა ტექსტში, უგულებელყვეს და სტატია შესწორებების გარეშე დაბეჭდეს. ამის გამო ჟურნალის რედაქტორები დიდხანს იმართლებდნენ თავს საზოგადოების წინაშე, რამაც მკვეთრად დააზარალა მათი ჟურნალის სამეცნიერო ავტორიტეტი.

სხვა ბევრი საინტერესო მისიფიკაციის გახსენება შეიძლება, რომ არა წერილის ფორმატი. სხვათა შორის, დიონისე არეოპაგელის სახელით გავრცელებული ნაწერებიც ლიტერატურული მისტიფიკაციის უძველესი მაგალითია. პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებული პირველი საუკუნის ქრისტიანი მოღვაწის სახელი და ავტორიტეტი გამოიყენა ე.წ. არეოპაგული კორპუსის ავტორმა და რომ არა მისი ნაწერების გვიანდელი ენობრივი ფორმები, ფსევდო-დიონისე დიდხანს გვეგონებოდა ნამდვილი დიონისე არეოპაგელი.

ინტერნეტში უამრავი მაგალითის მოძიებაა შესაძლებელი ლიტერატურულ მისტიფიკატორებზე. მაგრამ ამ წერილში ორ ბოლოდროინდელ მისტიფიკაციაზე შევჩერდები, ვინაიდან მგონია, რომ აუცილებელია მოხდეს მათი შეფასება და ანალიზი, რადგან, ისევე, როგორც წინამორბედმა მისტიფიკაციებმა, მათ შორის, სოკალის ექსპერიმენტმა, ამ ორმა ხუმრობამაც რაღაც უნდა გვასწავლოს – გაგვზარდოს და უკეთესები გაგვხადოს.

კოვიდ 19-მა საზოგადოების მრავალი ნაკლი წარმოაჩინა. სამწუხაროდ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ მიმნდობია და ჯანსაღი კრიტიკის გარეშე იღებს და იჯერებს ელექტრონული საშუალებებით მოწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ამის მაგალითი იყო გაბრიელ ბერის სახელით გავრცელებული წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველების ავტორი, რომელიც გაბრიელის სახელს ამოეფარა, ირიბად მოუწოდებდა ხალხს სახლში დარჩენისკენ აღდგომის კვირაში. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ფსევდოგაბრიელის წინასწარმეტყველებამ დადებითი როლი ითამაშა ზოგიერთი მორწმუნის გადაწყვეტილებაზე. გული მწყდება, რომ საგულდაგულოდ შექმნილი ტექსტის ავტორი არ გამოჩნდა და არ გაგვიმხილა მისტიფიკაციის რეალური მიზანი; ასევე ვერ გავიგეთ, კმაყოფილი დარჩა თუ არა მისტიფიკატორი ავტორი და რამდენად აისრულა საწადელი.

მეორე მისტიფიკაცია უშუალოდ აღდგომის დღეს გავრცელდა. ეს მისტიფიკაცია „აღდგა-აღსდგა“ მრავალწლიანი დაპირისპირების ცეცხლზე ასხამდა ნავთს. როგორც ცნობილია, ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს დაიჯეროს, რომ თუკი ასო „ს“ ზმნებში მეორე სუბიექტური ან მესამე ობიექტური პირის ნიშანია, იგივე „ს“ „აღსდგა“ ზმნაშიც ამავე წარმომავლობისაა, ამიტომ მისი ადგილი ამ ზმნაში ზედმეტია და მის საკრალურობაზე, მის კავშირზე სიცოცხლესთან უაზრობაა და ამ თემაზე სხვა აბსურდული განცხადებები მხოლოდ ღიმილისმომგვრელია და უვიცობის გამოვლენა. ენათმეცნიერები (ყველა არა, მაგრამ ნაწილი მაინც), ცხადია, აკვირდებიან პროცესს და, შეძლების ფარგლებში, ებრძვიან შეცდომას და ზოგიერთი ადამიანის სიჯიუტეს. ხვალ და ზეგ, თუკი სიჯიუტესთან გამკლავებას ვერ მოახერხებენ, რა თქმა უნდა, დანებდებიან. ამაში არაფერია სავალალო და არაფერია ნიშნის მოსაგები. ჯერჯერობით კი საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტებში თუ სააღდგომო ეპისტოლეებში „ქრისტე აღდგა“-თი გვილოცავენ ბრწყინვალე აღდგომას. ასევე მრწამსის ტექსტიდანაც ამოიღეს ასო „ს“ „აღსდგა“-ში და მორწმუნეებს მრწამსის ორი, რედაქტირებული და არარედაქტირებული ვარიანტი გვაქვს. თურმე მგალობლებსაც (ზოგიერთ ტაძარში) უსწორებენ, რომ სწორად გამოთქვან გალობისას „აღდგა“. ეს ყველაფერი, სიმართლე გითხრათ, მახარებს. მაგრამ, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარის გამარჯვებით გული ზომაზე მეტად დამწყდება. რა იქნება ხვალ, კაცმა არ იცის: თუ საზოგადოება ჯიუტად გაიმეორებს თავისას, პრობლემას არ მოევლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვითარება შედარებით გამოსწორებულია და ყოველწლიურად მეტი ადამიანი ულოცავს ერთმანეთს ბრწყინვალე აღდგომის დღსასწაულს ს-ს გარეშე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ „ს“-ს არამართებული გამოყენება ქვეყანას არ დაანგრევს და რომ ამგვარი პრობლემები არაფერია გლობალური საფრთხეების ფონზე. თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემაა სხვა რამ.

შარშან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა გია არგანაშვილმა შეთხზა ტექსტი. გთავაზობთ ამ ტექსტს უცვლელად:

– აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა – აღუდგინა?! – ვეკითხები ჩემს ხელმძღვანელს.
– სამპირიანი – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი – აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).
– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!
– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..
– უფრო მოკლედ. – არ ვეშვები
– აღიდგინა სიცოცხლე..
– კიდევ უფრო მოკლედ?!
– აღიდგინა…
– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..
– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი
– აღსდგა –
-აღდგა?
– არა, არა . აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა .. სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა) , რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).
ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..
– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..
– დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!

P.S. ცხადია, ჩამოლაბორანტება არ ამცდება. თუმცა არ ვჩივი …

წელს ეს ტექსტი, ავტორის მითითების გარეშე, და კიდევ უარესი, ავტორის არასწორი მითითებით, გააზიარა რამდენიმე სააგენტომ (მე ორი სააგენტოს გაზიარებული შემხვდა ფეისბუქზე, ასევე შემხვდა ისეთი პოსტებიც, რომლებშიც სტატუსის ავტორები, არაფილოლოგები, ტექსტს დოჩანაშვილის მოთხრობის ამონარიდად მიიჩნევდნენ). ამ სააგენტოების მიერ გაზიარებულ ტექსტს ბედნიერად აზიარებდნენ „აღდგა“ ზმნაში ს-ს შენარჩუნების მომხრეები. განსაკუთრებით გულისმომაკვდინებელი იყო გაზიარებული ტექსტის ქვეშ კომენტარების კითხვა. ს-ს მომხრეები უბადრუკ არგუმენტებს იშველიებდნენ და მათთვის შვებისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი ავტორი მათ პოზიციას იზიარებდა. სამწუხაროზე მეტია ის ამბავიც, რომ გამზიარებლებისთვის „ავტორისა“ და „პერსონაჟის“ მოსაზრებებს შორის ტოლობის ნიშანი დაისმის. ალბათ სხვა დროს ტრაგიკულიც კი იქნებოდა (რომ არა კორონავირუსით გამოწვეული ნამდვილი ტრაგედია), რა ადვილად იზიარებენ ადამიანები უსაფუძვლო ან უსუსურ არგუმენტებს, თუკი ეს არგუმენტი მათთვის ავტორიტეტული პირის სახელით ვრცელდება. მაგრამ კიდევ უფრო ტრაგიკულია ის ამბავი, რომ კრიტიკულ აზრს მოკლებული ადამიანები, ოღონდაც თავიანთი მოსაზრება გაამართლონ, ივიწყებენ, რომ მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟია და მის მოსაზრებას, შესაძლოა, არც კი ეთანხმებოდეს ავტორი.

გადაივლის ეპიდემია, გამოვალთ სახლში დარჩენილი ადამიანები გარეთ, მაგრამ რა ეშველება კრიტიკული აზრის ნაკლებობას? როდემდე უნდა გვჯეროდეს ყალბი საიტების, მტრის პროპაგანდისტული სააგენტოების, ყალბი პროფილის  მქონე ტროლების ახალი ამბების? როდემდე უნდა ვციტირებდეთ ერთ რომელიღაც დარგში აღიარებული ავტორიტეტის აზრებს ისეთ საკითხებზე, რომელშიც ეს ავტორიტეტი არაპროფესიონალია? ექიმებიც მიყვარს, რეჟისორებიც, მწერლებიც, მეცნიერებიც, მაგრამ მათი აზრები მათი შესასწავლი დარგის ფარგლებშია სარწმუნო და პატივსაცემი, ხოლო სხვა დარგებში მხოლოდ საინტერესო; არგუმენტად კამათის დროს კი მათი ამგვარი მოსაზრებების მოშველიება მხოლოდ argumentum ab auctoritate არის, ანუ ავტორიტეტს ამოფარება პაექრობასა და სადისკუსიო პრობლემის გადაწყვეტას წინ ვერ წასწევს და ვერც მოპაექრეს წაეხმარება.

დიდი მადლობა ჩემს კოლეგას, რომელმაც ტექსტი სხვა მიზნით შექმნა, თუმცა მან ამ მცირე ლიტერატურული მისტიფიკაციით (ხუმრობით (hoax) და არა თაღლითობით (fraud) ან გაყალბებით (forgery)) ჩვენი საზოგადოების სულ სხვა პრობლემები დაგვანახა. მე „აღდგა-აღსდგა“ საკითხზე დავისას გიას არგუმენტებს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, ხუმრობა სათანადოდ არ დავაფასო. ჩემი აზრით, მისმა უწყინარმა ლიტერატურულმა ხუმრობამ საზღვარი გადაკვეთა და განსხვავებული რამ აჩვენა – საზოგადოების მიძინებული მხარე გააღვიძა – გადაუმოწმებლად მიიღოს და კრიტიკის გარეშე აიტაცოს ნებისმიერი დაუსაბუთებელი მოსაზრება, თუკი ის მის პოზიციას აამებს. ჩვენი, როგორც საზოგადოების, ვალდებულებაა, პრობლემას სახელი დავარქვათ. როგორც კი პრობლემას სახელს დავარქმევთ, მოვახერხებთ კიდეც მასთან გამკლავებას. მთავარი პრობლემის იდენტიფიცირებაა და შედეგი, ადრე თუ გვიან, მაინც დადგება.

და ბოლოს, ძალიან უნდა გთხოვოთ, ამ წერილისთვის განკუთვნილ კომენტარების ველში „აღდგა-აღსდგა“-ზე თქვენი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავეთ, ეს წერილი სხვა, ჩემი აზრით, უფრო მწვავე თემასა და პრობლემაზეა და მე ეს უკანასკნელი უფრო მაინტერესებს. რაც შეეხება „აღდგა-აღსდგას“, ამ ზმნას მეც შორიდან ვაკვირდები და წლების წინ არსებული არგუმენტი, რომ დასაშვებია არასწორი ფორმის ერთადერთ შემთხვევაში გამოყენება, ნელ-ნელა აზრს კარგავს. ვხედავ, რომ უკვე ვიღაცისთვის მარტო ქრისტე კი არა, სამართლიანობაც აღსდგა და ხვალ და ზეგ კიდევ სხვა აღდგომებს მოველი, რომელსაც ზმნის არასწორი ფორმა „აღსდგა“-თი აღწერენ…

 

თამაში და მისი მნიშვნელობა ადრეულ ასაკში

0

იძულებით ნასწავლი მასალა გონებაში არ რჩება

საშუალება მიეცით ბავშვებს თამაშის გზით ისწავლონ

 

რატომ არის თამაში ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?

თანამედროვე კვლევებში ნაჩვენებია პირდაპირი კავშირი ადრეულ ასაკში ბავშვების თამაშსა და მათი მეხსიერების, ენობრივი, სოციალური უნარების განვითარებას, ემოციებისა და ქცევის თვითრეგულაციას, სკოლასთან შეგუებას შორის (Bredekamp & Copple, 1997).

ადამიანის ტვინის შესწავლამ კიდევ უფრო გაამყარა ეს მიმართებები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვის ტვინი მაშინ ვითარდება, როდესაც ის გარემოსთან ურთიერთობს და გარემო ამ ურთიერთობაზე რეაგირებს. ბავშვს, რომელიც მრავალფეროვანი თამაშებით (მაგ., საგნებით თამაში, ფიზიკური თამაში, სოციალური ან შემეცნებითი თამაში)  თამაშობს, თავის ტვინში, მთელი რიგი, მნიშვნელოვანი კავშირები უვითარდება.

თამაშის პროცესში   სხვადასხვა ფსიქიკური ფუნქცია  მონაწილეობს. მაგალითად, საგნებით თამაშისას ბავშვები მხედველობის, შეხების, ზოგჯერ სმენით შეგრძნებებს იყენებენ, ვინაიდან ამ დროს ისინი ობიექტებზე გარკვეულ მანიპულაციას  ახდენენ, რითაც მათ ფიზიკურ თვისებებს ეცნობიან. კუბებით თამაშისას ბავშვები ფიქრობენ მათი განლაგების სხვადასხვა კომბინაციაზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, ახალი მოდელების შექმნასა  და მათ ფიზიკურ მასახიათებლებზე (მაგალითად, დაინგრევა თუ არა კუბებისგან აშენებული კოშკი?). სოციალური თამაშების დროს ხდება ენის, მეტყველების,  სოციალური უნარების განვითარება. ისეთების, როგორებიცაა –    გაზიარება  და მოლაპარაკება. და რაც მთავარია, თამაში იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ, უფროსების გარკვეული ნაწილი თამაშს ნაკლებ სერიოზულ საქმიანობად აღიქვამს და არსებული მეცნიერული გამოცდილების  მიუხედავად, ბავშვებს, მათი განვითარების მიზნით, ადრეული ასაკიდანვე ტვირთავენ სხვადასხვა წრეებით, სადაც აქტივობები ძირითადად გაკვეთილების მსგავსად მიმდინარეობს. სტატიაში დაწვრილებით შევეხებით ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს.

რა ახასიათებს თამაშს?

  • დადებითი ემოცია – თამაში, ჩვეულებრივ, სახალისო და სასიამოვნოა; როგორც წესი, მას თან სდევს ღიმილი და სიცილი. მაშინაც კი, როდესაც თამაში შედარებით სერიოზულია, ბავშვებს ის მაინც უხარიათ. ზოგჯერ თამაში იწვევს მსუბუქ შიშს და შფოთვას, მაგალითად, როდესაც ბავშვი დამრეცი სასრიალოდან ჩამოსრიალებას აპირებს. ამის მიუხედავად, ეს შიშიც მისთვის სასიამოვნოა, რადგანაც ბავშვი ამ მოქმედებას ისევ და ისევ იმეორებს.
  • არარეალურობა – ბავშვები თამაშს რეალობას უპირისპირებენ, თამაშში  „ვითომ“ სიტუაციებს ქმნიან, რაც საშუალებას აძლევთ, გასცდნენ ახლანდელი დროის და ადგილის ფარგლებს და ახალი შესაძლებლობები გამოსცადონ. მაგალითად, თამაშისას ბავშვი ისე უვლის თავის თოჯინას, ვითომ ის მართლაც მისი შვილი იყოს ან ისე ეპყრობა თავის ჯოხს, ვითომ ის მართლაც ცხენი იყოს.
  • შინაგანი მოტივაცია – თამაშისთვის არ არის საჭირო გარე მოტივაციის არსებობა, თამაშში თავისთავად, მისი პროცესი არის კმაყოფილების გრძნობის მომნიჭებელი.
  • პროცესზე ორიენტაცია – თამაშის დროს ბავშვების ყურადღება კონცენტრირებულია ქმედებებზე და არა მის მიზნებზე, ამიტომ მათთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქტი.
  • თავისუფალი არჩევანი – თავისუფალი არჩევანი ადრეული ასაკის ბავშვების მიერ თამაშის განმსაზღვრელი ელემენტია. მაგალითად, კუბებით შენობის აგებას ბავშვი თამაშად აღიქვამს, თუ ამას თავის ნებით აკეთებს, მაგრამ იგივე შეიძლება მუშაობად აღიქვას, თუ ამას მასწავლებელი დაავალებს.

 

დღეს ინტერნეტ სივრცეში მრავლადაა წარმოდგენილი ბეჭდური ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა თამაშებია აღწერილი, აგრეთვე ვიდეოები,  რომლებსაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები უზიარებენ ოჯახებს.  ეს ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმიანობაა, მაგრამ ნებისმიერი აქტივობის სახლში რეალიზებისა თუ დაგეგმვისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თამაშის მახასიათებლები.

როგორ თამაშებს თამაშობენ ბავშვები?

თამაშს განვითარების თავისი ეტაპები აქვს, მაგრამ ყოველი ბავშვი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეც შეიძლება თამაშის გარკვეულ ტიპს ანიჭებდეს უპირატესობას. ეს დამოკიდებულია ბავშვის  პიროვნებაზე, მანამდე მიღებულ გამოცდილებასა და იმ გარემოზე, რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვისთვის.

სტატიაში შევეხებით თამაშის პერიოდიზაციას, რომელიც ჟან პიაჟეს,  შვეიცარიელ  ფსიქოლოგს  ეკუთვნის. ჟან პიაჟემ  მეოცე საუკუნის  პირველ ნახევარში შეიმუშავა რადიკალურად ახალი თეორია ბავშვის ინტელექტუალური განვითარების შესახებ.

თამაშის განვითარება პიაჟეს თეორიის მიხედვით

  • სენსო-მოტორული. მასში მოიაზრება: საკუთარი სხეულის შესწავლა, ხელის ტაცება რაიმესთვის, ენით, ხელით რამეზე შეხება, საჟღარუნებლის ჩხაკუნი, ქაღალდის დახევა, ნივთების ძირს დაყრა, საგნების გაგორება, ხოხვა, ბუქნვა, სირბილი, ქვიშაში თამაში და ა.შ.
  • სიმბოლურ წარმოსახვითი. ილუზიის თამაში. მაგ, ,,ცხენობანა“, როლების თამაში ,,დედობანა“, ექიმობანა“; კონსტრუქციის თამაში – კუბების აწყობა და ა.შ.
  • თამაში წესებით. მოძრავი თამაშები, სპორტის სხვადასხვა სახეობები, სამაგიდე, კომპიუტერული და ვიდეო თამაშები.

 

თამაშის განვითარება

თამაშის ყოველი მომდევნო ეტაპი წინა ეტაპის თამაშის ელემენტებს აერთიანებს. მაგალითად, კონსტრუქციის თამაშში სენსომოტორული თამაშის უნარები მონაწილეობს. თამაშის სხვადასხვა ტიპს სხვადასხვა ასაკშიც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს თამაში სირთულით განსხვავებული იქნება. მაგალითად,  იმ  ბავშვის სიმბოლურ-წარმოსახვითი თამაში, რომელმაც  ესაა სიარული დაიწყო, ბევრად უფრო მარტივი იქნება,  ვიდრე ბაღის ასაკის ბავშვის თამაში. თამაშის ერთსა და იმავე ეპიზოდში შეიძლება თამაშის რამდენიმე ფორმა შეგვხვდეს. ბავშვების მოტორულ თამაშში სიმბოლოები და სოციალური ქცევა შეიძლება ერთდროულად იყოს წარმოდგენილი.

თამაშის კატეგორიების სისტემებში გამოიყოფა თამაშის არა მხოლოდ ტიპები, არამედ ქვეტიპებიც (რომელთა აღწერასაც მომდევნო სტატიებსა თუ ვებინარებში შემოგთავაზებთ).

დღეს თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ თამაშზე –  ,,სენსორული დაფა“. აღნიშნული აქტივობის ვიდეო ინსტრუქციის ნახვა შეგიძლიათ მასწავლებლის სახლის ფეისბუქგვერდზე. იხ. ლინკი: shorturl.at/bdtuS

სენსორული დაფა

აღნიშნული თამაშის რეალიზება ძალზედ იოლია სახლის პირობებშიც. აქტივობის გაცნობის შემდეგ თუ გადაწყვეტთ ბავშვს/ბავშვებს აღნიშნული რესურსები და საქმიანობა შესთავაზოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, შესაძლებლობები და ინტერესები. მიეცით ბავშვს  შესაძლებლობა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რესურსები მრავალფეროვნად გამოიყენოს, და არა მხოლოდ იმ ფორმით, როგორც ეს თამაშის აღწერაშია  წარმოდგენილი.

 

მიზანი:  ყურადღების კონცენტრაციის, ნატიფი მოტორიკის,  წერის საბაზო  უნარების, მათემატიკური წარმოდგენების, ფანტაზიის განვითარება.

მიახლოებითი ასაკი : 3-7 წელი

მასალა:

  • ლანგარი (შესაძლებელია დიდი ზომის ყუთის თავსახური, კონტეინერი);
  • პატარა ფურცლები;
  • სახატავი საშუალებები (მარკერი,  ფანქარი, ფლომასტერი, პასტელი, პასტა);
  • ფუნჯი;
  • ფქვილი (ნებისმიერი სახის ბურღულეული);
  • კამათელი.

კავშირი სტანდარტთან[1]

ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები

  • განვითარების სფერო ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი – ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია – ნატიფი მოტორიკა.
  • განვითარების სფეროკომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს წერისა და კითხვის საბაზისო უნარებს. კატეგორია – წერა. ინდიკატორები: ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს; თამაშისას იყენებს წარმოსახვით წერას, (ხატავს პატარა ზომის ფიგურებს, ვითომ წერს); ხატავს სიმბოლოებს, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.
  • განვითარების სფერო შემეცნებითი განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე. შედეგიბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს.
  • თემატური მიმართულება მეცნიერების ელემენტები. შედეგი – ბავშვი იყენებს მათემატიკურ უნარებს.
  • თემატური მიმართულება ხელოვნება. შედეგი – ბავშვი ინტერესდება ვიზუალური ხელოვნებით და იყენებს მას თვითგამოხატვისთვის. კატეგორია – შემოქმედებითი თვითგამოხატვა.

სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • განვითარების სფეროჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო– ნატიფი მოტორიკა. შედეგიბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, ფაზლების  აწყობა, ხატვა და ა.შ.
  • განვითარების სფეროსწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულებაყურადღების კონსცენტრაცია. შედეგიბავშვს შეუძლია შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც. მიმართულება – შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. შედეგი – შეუძლია მოიგონოს ახალი  როლები, დიალოგები, ამბები და თამაშები. ძერწვისას და ხატვისას შექმნას  ახალი ფორმები და  შინაარსები.
  • განვითარების სფეროშემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო – მათემატიკური წარმოდგენები. მიმართულებარიცხვები და ანგარიში.
  • განვითარების სფერომეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო -წიგნიერება. მიმართულება – წერა. შედეგი – ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა; ცდილობს ასოების გამოყვანას.

მიმდინარეობა:

  • ლანგარზე დავყაროთ ფქვილი ისე, რომ ზედაპირი დაიფაროს.
  • A4 ზომის ფურცლები გავჭრათ ოთხ ტოლ ნაწილად. გამზადებულ ფურცლებზე დავხატოთ სხვადასხვა საგნები, გამოსახულებები, რიცხვები, ასოები, სიტყვები.
  • მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, აირჩიოს სასურველი გამოსახულება. შემდეგ ფუნჯი ან თითი შემოავლოს მას. პირველ ჯერზე სასურველია, ჯერ უფროსმა ვუჩვენოთ, თუ როგორ უნდა ამის გაკეთება.
  • წავახალისოთ ბავშვი, რომ ზუსტად ასეთი მოძრაობით გამოსახოს ფქვილზე ეს გამოსახულება.

რეკომენდაცია მოთამაშეებს: შესაძლებელია ამ აქტივობას ბევრი დატვირთვა მივცეთ, მაგ: რაოდენობის სწავლა. გავაგოროთ კამათელი, დავითვალოთ მასზე  არსებული წრეების რაოდენობა და წავახალისოთ ბავშვი, გამოსახოს ფქვილზე იმავე რაოდენობის წრე/ყვავილი/მზე და ა.შ. ამის შემდეგ ვთხოვოთ, ჩვენ მიერ წინასწარ მომზადებულ ფურცელზე იპოვოს შესაბამისი ციფრი და ისიც გადაიხატოს/დაწეროს ფქვილზე.

შესაძლებელია, ბავშვებმა ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე დამოუკიდებლად დახატონ რაიმე ფიგურა, სიუჟეტი და შემდეგ მოიგონონ რაიმე ისტორია ან ზღაპარი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. სასკოლო მზაობის პროგრამა. თამაში სწავლისა და განვითარებისათვის. აღმზრდელის სახელმძღვანელო (2015) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი.
  2. ჯონსონი ჯ.ი, ქრისტი ჯ. ფ. თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.
  1. უზნაძე, დ. (2005) ბავშვის ფსიქოლოგია. სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი.
  1. 5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა – სწავლების თავისებურებანი (2011) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი.
  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829.

[1] სტანდარტის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829; პუბლიკაციის სახით – shorturl.at/hr125

 

ბედის დაცინვა

0

ადამიანი ყოველთვის ფიქრობს სიკვდილზე. რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მაინც ყველას მოგვიწევს ამ საშინელი საზღვრის გადალახვა. სიკვდილი მრავალნაირი შეიძლება აღმოჩნდეს. ჰემინგუეის თქმის არ იყოს, მას შავ ზეწარშემოხვეული და ცელმომარჯვებული კაცის სახის მიღების ძალაც შესწევს და არც ის არის გამორიცხული, რომ ველოსიპედზე მოკალათებული გამოგვეცხადოს. სიკვდილი თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგიკულ და მტკივნეულ მოვლენას წარმოადგენს, ის ყოველთვის ამწუხრებს გადარჩენილთა გულებს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის გარდაცვალების დროს ყველა ხვდება, რომ იმქვეყნად გამგზავრებულს ბედმა მწარედ დასცინა.

 

ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჯეიმს კუკის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ შევიტყვე. უდიდესმა მოგზაურმა რამდენიმე ოკეანე გადალახა, რათა ერთი-ორი ახალი კუნძული კი არა, მთელი კონტინენტი აღმოეჩინა. გაუძლო საშინელ ქარიშხლებს, გვერდი აუარა შეუმჩნევლად ჩასაფრებულ გამანადგურებელ მეჩეჩებს, წინააღმდეგობა გაუწია მეზღვაურთა შორის უკმაყოფილებას და ბოლოს მაინც გაიკაფა გზა მშობლიური იმპერიისთვის ახალი მიწის აღმოჩენისკენ. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა? კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ კიდევ რითი უნდა მოეწონებინა თავი ირგვლივ მყოფთათვის? დიდი ლაშქრობის დასრულების შემდეგ კაპიტან კუკს გარანტირებული ჰქონდა დიდებით ცხოვრება. თუმცა, ნატვრას ასრულება არ ეწერა. ჯეიმს კუკი ერთ-ერთი შეტაკების დროს აბორიგენებმა დაატყვევეს და შეჭამეს. ასეთი შემაძრწუნებელი წერტილი დაესვა დიდი მოგზაურის ცხოვრებას.

 

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტის, ერიკ რეინერტის წიგნი „რატომ მდიდრდებიან მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად”. პუბლიკაციაში უამრავი საინტერესო ცნობა აღმოვაჩინე ეკონომიკური აზრის ისტორიის მიჩქმალული და ძალით, ხელოვნურად დავიწყებული მოძღვრებების თაობაზე. თანამედროვე გლობალიზაციის ბევრ დამთრგუნველ მახასიათებელსაც მივაკვლიე. გამოცემის მთავარი ღირსება გახლავთ ის, რომ ეკონომიკის მეცნიერების ისტორიასა და თანამედროვეობას ავტორი ცხოვრებისეული მაგალითებისა თუ მკვლევართა თავგადასავლების მოშველიებით წარმოგვიდგენს. სწორედ პროფესორ რეინერტის წიგნიდან შევიტყვე, რომ ფრენსის ბეკონი მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი ფიგურა. ბეკონს შრომის დროს არაკომერციული შემეცნებითი სულისკვეთება ამოძრავებდა. იგი ეკონომიკის მთავარ არსს მხოლოდ მოგებაში არ ხედავდა. ბრიტანელი მოღვაწისთვის ვაჭრობა ახალი ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებასთან გახლდათ დაკავშირებული. ბეკონიც მიიჩნევდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა დარგებს შორის კავშირის წარმოქმნისას, მათ ურთიერთშემავსებელთა ფუნქციები უნდა შეეთავსებინათ. მაშასადამე, მოგება კომერსანტის ქისის მიღმა, ადამიანებისა და მეცნიერების პროგრესისთვის უნდა დახარჯულიყო. თავადაც დღენიადაგ არამხოლოდ ახალი ფილოსოფიური, არამედ  ახალი ტექნიკური ცოდნის დაგროვებისთვის ირჯებოდა. დიდი სწავლულის სიცოცხლე საკმაოდ უცნაურად დასრულებულა: „…ბეკონი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც მას ქარბუქის დროს თოვლში ქათმების ჩაფვლისას დაემართა. იგი ხორცის შენახვაზე ყინვის ეფექტს ცდიდა. ქათმები ყინვამ კი შეინახა, მაგრამ ბეკონი ვერ გადარჩა”. ბედის დაცინვის გარდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ გამაოგნებელ ფაქტს – ადრეული ახალი ეპოქის ერთ-ერთი მოწინავე მოაზროვნე გაყინულმა ქათმებმა იმსხვერპლეს!

 

კატალონიური კულტურა მთელი მსოფლიოსთვის ერთ ადამიანთან ასოცირდება. ის პლანეტაზე ყველაზე ცნობილი ადგილობრივია. ბარსელონა მისი დაპროექტებული ნაგებობებით იწონებს თავს. ალბათ, ყველას გსმენიათ არქიტექტორ ანტონიო გაუდის შესახებ. უდიდესმა ხუროთმოძღვარმა მთელი ცხოვრება დაუთმო „საგრადა ფამილიას” ტაძრის მშენებლობას. მშენებლობის უსაშველოდ გაჭიანურებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. უპირველეასად აღსანიშნავია, რომ გაუდი არქიტექტურაში ახალი სტილის დამკვიდრებას ესწრაფვოდა. მას სურდა, გაერღვია წარსულში წარმატებული არქიტექტურული სკოლების მიერ დადგენილი საზღვრები. შესაბამისად, მისი ყოველი ახალი ჩანაფიქრი სრულიად ექსცენტრიკული გახლდათ და მათ ხორცშესხმას დიდი ენერგია და გამბედაობა სჭირდებოდა. გაუდი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო. „საგრადა ფამილია” მისთვის მხოლოდ ახალი არქიტექტურული ხელწერის ბრწყინვალე გამოვლინებას არ წარმოადგენდა. კათოლიკე ხელოვანს სურდა, რომ ტაძარს განსაკუთებული სიზუსტით გადმოეცა მისი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც. ალბათ, ამიტომაც გეგმავდა ეკლესიისათვის 18 კოშკის შემოვლებას. თითოეული კოშკი იესოს, ღვთისმშობლის, ნათლისმცემლისა და მოციქულების სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. გაუდიმ შვიდ ათეულ წელზე მეტი იცოცხლა, გადაურჩა ბავშვობის უმძიმეს დაავადებებს, საშინელ საუნივერსიტეტო წლებს, ხელმოკლეობას, საკუთარი წრის წარმომადგენელთა მხრიდან გარიყვას. ბოლო წლებში განდეგილივით ცხოვრობდა და ცდილობდა სრული სიმკაცრით დაეცვა კათოლიკური წეს-ჩვეულებები. მრავალ უბედურებაგამოვლილი, ოთხმოცს მიტანებული მოხუცი ტაძრის მშენებლობისკენ მიმავალ გზაზე ტრამვაიმ გაიტანა. მას მათხოვარივით ეცვა, თორემ უფრო ორგანიზებულად გაუწევდნენ სასწაფო სამედიცინო დახმარებას და შეიძლება „საგრადა ფამილიას” მშენებლობის დასრულებაც მოესწრო.

 

ცხოვრება ასეთია, შეიძლება მრისხანე ლომი დაამარცხო, მაგრამ ცხოველთა მეფესთან შედარებით უსუსრმა ობობამ მოგიღოს ბოლო. ბედს ვერ გავუგებთ, ვერასდროს ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოისურვებს იგი ჩვენს დაცინვას. აქედან გამომდინარე, სჯობს, ეს ფიქრები განვაგდო და სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლეზე განვაახლო ფიქრი.

 

 

12 წლის ჟურნალი “მასწავლებელი”

0

ჟურნალი „მასწავლებელი“  თორმეტი  წლის გახდა. 

12 წლი 75 ბეჭდური ნომერი ჟურნალი მასწავლებელი! ყველაფერი  ერთი ბეჭდური გამოცემით, ორ თვეში ერთხელ გამოცემული ჟურნალით დაიწყო, რომელიც დღესაც გამოდის და საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის გამოცემასთან ერთად  დავიწყეთ „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ შექმნა.  12 წლის განმავლობაში მასწავლებლის ბიბლიოთეკის თაროს  თოთხმეტი  „მასწავლებლის წიგნი” შეემატა.

ყოველწლიური კონკურსი – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ლიტერატურაში თანამედროვე მასწავლებლის სახის შექმნას უწყობს ხელს,  ასევე ჟურნალის ბიოგრაფიის ნაწილია.

ჟურნალის  ავტორებს, არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაუმარჯვიათ ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებული სტატიებით. თავად ჟურნალიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოთა მფლობელია.

ეს მხოლოდ რაც ხელშესახებია, თვალსაჩინო დეტალები,  თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა უამრავი მცირე და მნიშვნელოვანი  დეტალია, დიდი შრომა და საქმის სიყვარულია, რომლის კეთებისას არ გვტოვებს განცდა, რომ ეს სასარგებლოა და აუცილებლად უნდა ვაკეთოთ.

გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც  იცის ამ საგანმანათლებლო რესურსების მნიშვნელობა და  ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...