სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

მეტაფორული ბარათები ქართულის გაკვეთილზე

0

კლასში ოცი ან მეტი სხვადასხვა ხასიათის, ტემპერამენტის, ცოდნის მოსწავლეა. ყველა ინდივიდუალურ მოსმენას, მიდგომას, და „აღმოჩენას“ მოელის ჩვენგან. არის კი საკმარისი 45 წუთი (პანდემიის „წყალობით“ ეს დრო კიდე უფრო შემცირდა) იმისთვის, რომ გაიგო თითოეულის დარდისა თუ სიხარულის მიზეზი? ხშირად კი სწორედ ეს ისტორიებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვაჟას დაჭრილი „არწივი“ თუ გალაკტიონის პოეტური სიღრმეები. აღმოვაჩენთ, რომ მათი „უყურადღებობისა“ და „სიცელქის“ მიღმა უხმო და ხშირად გაუზიარებელი დარდი და ფიქრი, ოცნება, ბრაზი და სიყვარულ იმალება. ჩვენი გადმოსახედიდან მათი პრობლემები მდოგვის მარცვლის ოდენა მოჩანს, გარკვეული ხნის შემდეგ მარცვალი შეიძლება აუტანელ სიმძიმედ, თავს მოხვეულ ტვირთად და საბოლოოდ მოურჩენელ ტრავმად იქცეს. არადა, მხოლოდ მოსმენა იყო საჭირო.

რამდენად შესაძლებელია, პედაგოგმა მიაყურადოს თითოეული მოსწავლის გულისხმას ისე, რომ დაიცვას გაკვეთილისთვის რეგლამენტირებული დრო, უპასუხოს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და შედეგზე იყოს ორიენტირებული?

 

ბოლო რამდენიმე წელიწადია, მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ სკოლის ფსიქოლოგებთან. პედაგოგებმა გაიაზრეს, რომ ფსიქოლოგი მათი მოკავშირეა კლასის სწორად მართვაში. ეს თანამშრომლობა არ აკნინებს მასწავლებლის საქმიანობასა თუ ავტორიტეტს. ფსიქოლოგები იძლევიან კომპეტენტურ რჩევებს, გვთავაზობენ მნიშვნელოვან აქტივობებს და, რაც მთავარია, გვეხმარებიან, დავინახოთ მოსწავლე სხვა რაკურსით, გავთავისუფლდეთ „მე ხომ ეს ყველაზე უკეთ ვიცი-ს“ მავნე ზეგავლენისგან. შედეგად კი იზრდება ჩვენი ცნობიერება და სწავლების ხარისხი.

სწორედ ამ ძიების გზაზე აღმოვაჩინე „მეტაფორული ბარათები“ – ფსიქოლოგიაში არცთუ დიდი ხნის წინ დანერგილი მიდგომა.

„მეტაფორა“ ბერძნული სიტყვაა და გადატანას ნიშნავს, ემყარება მსგავსებას. მეტაფორას ხშირად „შემოკლებულ შედარებასაც“ უწოდებენ. ბარათების შემთხვევაში მეტაფორული ბმა ხდება ნახატსა და ჩვენს შინაგან სამყაროს შორის.

ქართული მეტაფორული ბარათების ნაკრების – „საგანძურის“ – ავტორი პროფესიით პედიატრი და ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, არტთერაპევტი, ტრენერი, ქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი ეთერ ფილიპოვიჩი გახლავთ. ნაკრები შეიქმნა ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით.

 

მეტაფორული ბარათების ისტორია 1975 წელს დაიწყო, როდესაც კანადელმა მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ ელი რამანმა შექმნა ბარათების კრებული, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ახალ ეტაპად იქცა ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების, პიროვნული განვითარებისა და მხარდაჭერის გამოცდილებაში. ფსიქოთერაპევტმა ჯო შლიხტერმა შეიმუშავა ბარათების გამოყენების წესები და პრინციპები.

მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ მეტაფორული ბარათი წარმოადგენს საუკეთესო მეგზურს ჩვენი არაცნობიერისკენ. ყველა ადამიანი ბარათში მხოლოდ საკუთარ ინტერპრეტაციას ხედავს, თავისი ცნობიერი თუ არაცნობიერი გამოცდილების შესაბამისად.

 

ეთერ ფილიპოვიჩი https://sputnik-georgia.com/people/20181105/242813360/eter-filipovich.html

 

სწორედ ეს ბარათები დამეხმარა, „უკეთ მომესმინა“ ჩემი მოსწავლეებისთვის, თანაც ისე, რომ არ შემელახა მათი პირადი სივრცე.

 

ბავშვებს უსაზღვრო ფანტაზია აქვთ, თუმცა ზოგი ახერხებს წარმოდგენების გასიტყვებას, ზოგს კი ჩვენი დახმარება სჭირდება. ამისთვის ხშირად ვიშველიებთ ილუსტრაციებს, რომლებიც უხვად არის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

ასურათებული ლექსი თუ მოთხრობა იწვევს მოსწავლის ინეტერესს, ეხმარება მასალის ათვისებაში, ხელს უწყობს ნაწარმოების გაგება-გააზრებას. შედეგად საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანად და საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები ასოციაციურად პოულობენ კავშირს ტექსტსა და ნახატს შორის. ილუსტრაცით შეგვიძლია წინარე ცოდნა გავააქტიუროთ ან მომდევნო გაკვეთილისთვის გამოწვევის ფაზა წარვმართოთ. თუმცა ის ნახატები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული, მორგებულია საგაკვეთილო გეგმას, ეს კი ერთგვარად წინასწარ განგვისაზღვრავს სასაუბრო თემას.

მეტაფორულ ნაკრებში შემავალი 150 ბარათი კი საუკეთესო დამატებითი რესურსი აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის. ბარათების ხარისხი და A6-ით   შესრულებული რეპროდუქციები მარტივად აღიქმება და ხელს უწყობს ამბის თხრობას. აღსანიშნავია, რომ კრებულს თან ახლავს კითხვები, რაც გვეხმარება, საუბარი სწორად, რაფინირებულად და მიზანმიმართულად წარვმართოთ.

 

ნინო ჩაკვეტაძის პერსონაჟების სიმშვიდე, სევდა, ურთიერთდამოკიდებულება ქართულის გაკვეთილებზე ისტორიებად, ზღაპრებად იქცა. მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ ამბებში ფარულად ჟღერდა თითოეული მათგანის ოცნება, სიხარული, წადილი, წყენა თუ სინანული. ზღაპარი ხომ ჩვენი რეალობის მეტაფორული გარდასახვაა. ბავშვები გაუცნობიერებლად საუბრობენ საკუთარ თავზე, პრობლემებზე, თითქოს მათი „სულიერი ზარდახშა“ იხსნება და აღმოჩნდება, რომ იქ არაერთი ტალანტია დავანებული. ვხვდებით, რომ მათ საუბარი სურთ, ისინი მთელი ხმით გვიხმობენ, ჩვენამდე კი მხოლოდ ჩურჩული აღწევს.

 

გაკვეთილზე ბარათების გამოყენების რამდენიმე გზას მივმართავ:

მოსწავლეებს შეუძლიათ, სათითაოდ აირჩიონ ბარათები და მოიფიქრონ ინდივიდუალური ისტორიები. სინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ამბის შეთხზვის ის ვარიანტიც, როდესაც ზღაპარს ერთი წინადადებით იწყებს მასწავლებელი ან რომელიმე მოსწავლე, თხრობას აგრძელებს სხვა და ასე იქმნება კლასის საერთო ნამუშევარი. ნახატი ეხმარება, მარტივად განავითარონ ამბის სიუჟეტური ხაზი.

განსაკუთრებით მოსწონთ პირველ პირში თხრობა. თუ რომელიმე მოსწავლეს დახმარება სჭირდება, ვცდილობ, კითხვები მივაშველო:

  • აღწერე გარემო
  • აღწერე პერსონაჟი (პერსონაჟები) გარეგნულად
  • შენი აზრით, რაზე ფიქრობს (ოცნებობს, დარდობს, უხარია, სურს) პერსონაჟი?
  • რას ეტყოდი მას?
  • რას გიამბობდა ის?
  • რას დაარქმევდი შენს ამბავს?

ვფიქრობ, მასწავლებლობა მხოლოდ საგნის ზედმიწევნით ცოდნას არ გულისხმობს, ის რამდენიმე პროფესიის გადაკვეთის წერტილია.

მეტაფორული ბარათების გამოყენება შეგვიძლია ხელოვნების გაკვეთილზეც. ფერის, ხასიათისა და ემოციის ურთიერთმიმართების გასააზრებლად.

  • რა ფერები ჭარბობს ნახატზე?
  • როგორი განწყობა შეგიქმნა მხატვრის ნამუშევარმა?
  • რა დეტალები (ფერები) იწვევს შენში მხიარულ ან სევდიან განწყობას?
  • რომ შეგეძლოს, რა ფერს დაამატებდი განწყობის შესაცვლელად?

მეტაფორული ბარათები მოსწავლეებს ეხმარება, განივითარონ შემოქმედებითი უნარები, ინტეგრირდნენ გარემოსთან და გაუმკლავდნენ მენტალურ პრობლემებს.

ქართულის გაკვეთილებზე გამოყენებული მეტაფორული ბარათები დამეხმარა, გულისყურით „მომესმინა“ ჩემი მოსწავლეებისთვის, მოვრგებოდი ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს და ამ ისტორიებისთვის 45 წუთი საკმარისი აღმოჩნდა.

ჩემი მოსწავლეების ერთ-ერთი ზღაპარი პატარა გოგონაზეა, რომელმაც გაზაფხულის ყვავილებს დაკარგული ფერები დაუბრუნა. საინტერესოა, თქვენ როგორ გააგრძელებდით ჩვენს დაწყებულ ამბავს?

ვის და რას ვეძებთ ტექსტში? – წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის

0

ჩემი მესამეკლასელი შვილის ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო დავალებებში ხშირად გვხვდება ისეთი საკითხები, რომლებიც ტექსტის გააზრებისა და გაანალიზების ჩვევის გამოსამუშავებლად არის საჭირო. ისიც ვიცით, როგორი დიდი პრობლემაა ტექსტის გააზრება, მისი დეკოდირება მოსწავლის მიერ და, სამწუხაროდ, ეს პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. კითხვა კითხვისთვის სარგებელს ვერ მოგვიტანს, თუ მას არ ახლავს რეფლექსიის, შემეცნებისა და ტექსტის გაანალიზების პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია, არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ ხარისხი და ის, თუ როგორ გაიგო და გააანალიზა ის მოსწავლემ.

 

მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბების დასაწყისში მნიშვნელოვანია, ამ ფუნდამენტურ კომპონენტებზეც გამახვილდეს ყურადღება, იმისათვის, რომ მას შემდგომში გაუადვილდეს რთულ ტექსტებთან ურთიერთობა და არც აზრის გამოტანა გახდეს პრობლემა. ამაზე ზრუნვის დაწყება შესაძლებელია მცირე ასაკში, როდესაც ბავშვს წიგნებს ვუკითხავთ. თუ შევყოვნდებით და ბავშვს მარტივ შეკითხვებს დავუსვამთ ნაწარმოების შინაარსის შესახებ, ის აუცილებლად გაგვცემს პასუხებს და ეს უნარიც ბავშვობიდან გამოუმუშავდება.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა მცირე ასაკიდან, წიგნთან ურთიერთობა, წიგნიერი გარემოს შექმნა ბავშვისთვის და ამის წახალისება. კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ, თუ ბავშვს ბავშვობაში ოჯახის წევრები წიგნებს უკითხავენ, ისინი გამოირჩევიან სწავლების ზედა საფეხურებზე და უკეთესი აკადემიური შედეგებიც აქვთ იმათთან შედარებით, ვისაც წიგნს არ უკითხავდნენ. ბავშვებისთვის წიგნების კითხვა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია წიგნის შესაყვარებლად.

 

ჩემს შვილებთან ერთად წიგნის კითხვისას ყველა საკვანძო ეპიზოდზე ვჩერდებით და განვიხილავთ გმირის ამა თუ იმ ქცევას. ბავშვები უფრო აქტიურობენ, გმირის მორალურ ჭრილში განხილვისას; ასაბუთებენ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რა იყო გამაღიზიანებელი მის ქცევაში და რა შეიძლებოდა, რომ გამოესწორებინა. ისინი მსჯელობენ გმირის გადაწყვეტილებებზე და ფიქრობენ, რომ სხვანაირად რომ მოქცეულიყო, იქნებ უფრო უკეთესად ეცხოვრა, იქნებ ხიფათები და განსაცდელი აერიდებინა თავიდან და ა.შ. ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთანაც ერთობლივი კითხვის პროცესშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ტექსტის გაგების ეს მეთოდი. გარდა იმისა, რომ ბავშვი ასეთ დროს სწავლობს მისი აზრების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას და გვიზიარებს საკუთარ ლიტერატურულ შეფასებებს, ასევე სწავლობს, როგორ დაინახოს ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ შეაფასოს მისი ქცევები, ეს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება და უნარია პატარა მკითხველისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეეჭიდა ახალ ტექსტებს.

 

ტექსტის კითხვისას, პირველი, ვისაც ვამჩნევთ ან გამოჩენას ველოდებით, ეს მისი უმაღლესობა – პერსონაჟია. ჩვენი დაინტერესებაც უფრო იზრდება, თუ ის გამორჩეული, საინტერესო და სხვა დადებითი თვისებებითაც არის შემკული. ასეთ დროს მკითხველი, განსაკუთრებით ბავშვი ახდენს პერსონაჟის საკუთარ თავთან იდენტიფიცირებას. ის როლურ მოდელებს არა მარტო ფიზიკურ გარემოში და ოჯახში ეძებს, არამედ ლიტერატურაშიც და შეიძლება ეს როლური მოდელი, ბევრად ავტორიტეტული და მისაღები იყოს მისთვის, ვიდრე რეალური პერსონაჟები თავისივე ცხოვრებიდან.

 

  • გაიხსენეთ ბოლოს წაკითხული მოთხრობა, იგავი ან ზღაპარი.

 

  • შენი აზრით, რომელი იყო გმირის ყველაზე მნიშვნელოვანი საქციელი?

 

  • დაწერე, რატომ მოგწონს ან არ მოგწონს მისი ეს საქციელი.

 

  • როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

 

ეს ჩემი მესამეკლასელი შვილის ქართულის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საშინაო დავალებაა. ის მსგავს სავარჯიშოს ხშირად აკეთებს. მისთვის ასეთი ტიპის სავარჯიშოს შესრულება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან სასკოლო ლიტერატურის გარდა, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მხატვრულ ლიტერატურას და მასზე დისკუსიებს. წინა ზაფხულს ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული „საიდუმლო კუნძული” წაიკითხა. კითხვას მთელი ზაფხული მოანდომა, არ იყო მარტივი მეორეკლასელისთვის საკმაოდ დიდი და სქელტანიანი სათავგადასავლო ნაწარმოების წაკითხვა. შთაბეჭდილებებს გზადაგზა მიზიარებდა, აღაფრთოვანებდა წიგნის მთავარი პერსონაჟის – ინჟინერი სმიტის და მისი ოთხი მეგობრის ამბავი, ოცნებობდა საიდუმლო კუნძულზე მოხვედრასა და თავგადასავლებზე. წაკითხულ ტექსტზე ბევრს ვსაუბრობდით, რადგან ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და თავს კაპიტან სმიტთან აიგივებდა. კაპიტან სმიტის თავგანწირვა და სიძლიერე მართლაც აღმაფრთოვანებელია და სწორედ ამით მოიხიბლა ისიც და მისთვის, სამახსოვრო ლიტერატურული პერსონაჟების გალერიაში ერთ-ერთ სახასიათო და გამორჩეულ სახედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ბევრ სხვადასხვა ტექსტთან მოუწია ურთიერთობა, „საიდუმლო კუნძულის” გმირები ანდროსთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. დავალებაც კაპიტან სმიტზე დაწერა, მისი საუკეთესო თვისებები და ისეთი გადაწყვეტილებები გაიხსენა, როცა მეგობრების გამო საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.

 

კარგ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესში, სკოლის და მასწავლებლების მონდომებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მშობლის როლი და ჩართულობა. მშობელი ის პირველი ადამიანია, რომელიც პირველ წიგნს უკითხავს შვილს და ესაუბრება მასზე. ერთობლივი კითხვა კი შეიძლება კიდევ უფრო დიდ საინტერესო თავგადასავლად იქცეს. თუკი ეს ხშირად ხდება და მშობელი დაინტერესებულია, გააძლიეროს ბავშვში მკითხველის უნარები, სავარაუდოდ, მომავალში, ტექსტის გაგება-გააზრება პრობლემად აღარ იქცევა.

 

თუ ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს, როგორ გაშიფრონ ტექსტი, შეისწავლონ პერსონაჟები, ამოიცნონ და შეამჩნიონ მათი მახასიათებლები, ამოიცნონ ტექსტის გზავნილი, შეიძლება ისინი დიდხანს დარჩნენ მხოლოდ წამკითხველებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის სწავლება და ტექსტზე ყურადღებით დაკვირვება, იმისათვის, რომ მათ გაუადვილდეთ ურთიერთობა ნებისმიერი ტიპის და სირთულის ტექსტთან. ამიტომ, ჩვენც გავიწაფოთ მათთან ერთად კითხვაში, ვეძებოთ და ვარჩიოთ კარგი ლიტერატურა მათთვის, გავიცნოთ ჩვენთვის უცნობი პერსონაჟები და, რაც მთავარია, ვიკითხოთ ყველგან და ყოველთვის.

 

 

 

ბავშვები ზაფხულში – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პანდემიური სასწავლო წლის შემდეგ?

0

ექსპერტები მათთვის მეტ გართობასა და გართობას გვთავაზობენ

(ნაწილი პირველი)

 

ევროპულ ქვეყნებში საზაფხულო სკოლა განათლების მიღების ერთგვარი საშუალებაა, რომელიც მოსწავლეს (სტუდენტს) ზაფხულის პერიოდში როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ კურსებს სთავაზობს. როგორც წესი, უნივერსიტეტებში ივნისი-სექტემბრის პერიოდში მეცადინეობები არ მიმდინარეობს. სწორედ ამ დროს, საგანმანათლებლო დაწესებულებები საზოგადოებას საზაფხულო კურსებს სთავაზობს. ჩვეულებრივ, საზაფხულო კურსები ერთიდან რვა კვირამდე გრძელდება და მათზე დასწრება ნებაყოფლობითია. ამ კურსების გავლა არ არის სავალდებულო. ევროპის ქვეყნებში, საზაფხულო სკოლები/კურსები მასპინძელი ქვეყნის ენის შესწავლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე საზაფხულო კურსებს ბევრი საერთაშორისო სტუდენტი იღებს. ამ დროს სტუდენტი უკეთ ეცნობა ახალ ქვეყანას, უკეთ გაიცნობს გარემოს და უფრო მომზადებული შეუდგება სწავლას უნივერსიტეტში.

აშშ-ში საზაფხულო სკოლებს ცოტა განსხვავებული დატვირთვა აქვს: ამერიკულ საზაფხულო სკოლებში შესაძლებელია დამატებითი გაკვეთილების აღება ნიშნების მისაღებად ან მათ გასაუმჯობესებლად. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი საზაფხულო სკოლის დროს შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალობაში საკრედიტო ქულების დაგროვება.

2020-2021 წელი ძნელი წელი იყო სკოლის მოსწავლეებისათვის. ბევრი მათგანი გაკვეთილს საწოლი ოთახიდან ესწრებოდა და მეგობრებსა და კლასელებს მხოლოდ „ზუმით“ ხედავდა. ზოგ მოსწავლეს ონლაინგაკვეთილის დასწრების საშუალებაც არ ჰქონია, რადგან არ ჰქონდა ზოგს კომპიუტერი, ზოგს კი – ინტერნეტკავშირი ან მყუდრო ადგილი ოჯახში საკლასო მეცადინეობაზე დასასწრებად და მასწავლებლის მოსასმენად.

იმათაც კი, ვინც სკოლაში ფიზიკურად იარა, ადგილზე უამრავი ახალი სტრესული გარემოება დახვდა: დისტანციური სწავლების ახალი მოთხოვნებიდან დაწყებული კოვიდ-19-ით დაინფიცირების საფრთხით დამთავრებული. ბევრისთვის ამ ყველაფერმა საკლასო ოთახი შფოთითა და მღელვარებით აღსავსე ადგილად გადააქცია.

განათლების ექსპერტების ნაწილი განიცდის იმას, რომ ზოგიერთმა მოსწავლემ – განსაკუთრებით აფროამერიკელებმა, სხვა ფერადკანიანმა ბავშვებმა და დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილებმა ამ წელს პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გამო სწავლებისთვის განსაზღვრული უამრავი საათი დაკარგეს. სწავლის შემცირებულმა საათებმა შესაძლოა, გააუარესოს მათი ცოდნის ხარისხი და გაზარდოს სწავლებაში არსებული ის უთანასწორობა, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

მოსწავლეთა დასახმარებლად ბევრმა სასკოლო ოლქმა გადაწყვიტა, დაეგეგმა საზაფხულო სკოლები და ნაწილობრივ მაინც შეევსო წლის განმავლობაში „დაკარგული“ სასწავლო საათების რაოდენობა. თუმცა ერთი რამ საყურადღებოა: ამერიკაში საზაფხულო სკოლები მაღალი რეპუტაციით არ გამოირჩევიან. ბ-ნი დენ ვაისბერგმა (საგანმანათლებლო არამომგებიანი ორგანიზაციის, TNTP-ის ხელმძღვანელმა) ცოტა ხნის წინ „ნიუ-იორკ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მაგალითად, საზაფხულო სკოლების დამხმარე კურსი მათემატიკაში მეხუთე კლასელებს დამატებით პრობლემებს უქმნის და კიდევ უფრო ართულებს მათ ცხოვრებას.

გარდა ამისა, აფროამერიკელი ან სხვა ფერადკანიანი ბავშვების გაგზავნა საზაფხულო სკოლაში, მაშინ, როდესაც მათი კლასელების დიდი ნაწილი საზაფხულო არდადეგებზეა, არასამართლიანია. ქ-ნი ქეთრინ ავგუსტინი, Rand Corporation-ის (ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრი აშშ-ში) მთავარი მკვლევარი განათლების საკითხებში, განმარტავს, „რატომ არ უნდა იჯდეს ზოგი ბავშვი მათემატიკის გაკვეთილზე მთელი დღე, სკოლის კედლებში ზაფხულში, როდესაც მათი, უფრო მდიდარი ოჯახებიდან მოსული კლასელები საზაფხულო ბანაკებში თამაშში ატარებენ დროს?“.

ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია, როდესაც ბავშვებმა სკოლაში ასეთი რთული და ტრავმული წელი გაიარეს. მათ უბრალოდ შესვენება, არდადეგები და ემოციური მხარდაჭერა ისევე სჭირდებათ, როგორც სწავლაში დახმარება.

ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ ყოველთვის არსებობს გზა, რომელიც დააბალანსებს ამ ბავშვების საჭიროებებსა და მათთვის აუცილებელ სწავლებას მიმდინარე ზაფხულში. თუმცა ამ წონასწორობის შესაქმნელად სასკოლო ოლქებს დასჭირდებათ, შეცვალონ საზაფხულო სკოლებისთვის მოფიქრებული გეგმები, ახლა და სამომავლოდაც – სკოლებმა სასკოლო ოთახების ფანჯრებს იქითაც უნდა გაიხედონ და შექმნან ადგილი იმისათვის, რაც ყველა ბავშვს უყვარს: გართობისათვის!

 

რაში გვჭირდება საზაფხულო არდადეგები?

ხშირად გაიგონებთ, რომ „საზაფხულო არდადეგები“ ამერიკის ძველი, ფერმერული წარსულის გადმონაშთია. ეს არ არის სიმართლე, უფრო სწორად, ეს მთლად სიმართლე არ გახლავთ.

მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენისა, რომ ბავშვებს ზაფხულში იმიტომ დაუდგინეს არდადეგები, რომ მოსავლის აღებაში მშობლებს დაეხმარონ, არასწორია. საზაფხულო არდადეგების წესი ქალაქებში დაიწყო, გვესაუბრება ბ-ნი კენეთ გოლდი, PBS-ის (აშშ-ს ყველაზე მსხვილი საჯარო სატელევიზიო არხი) განათლების ისტორიის სპეციალისტი.

კონდიციონერების შექმნამდე საქალაქო სკოლებში, სადაც ზაფხულის თვეებში გაუსაძლისი სიცხე იდგა, შეძლებულ მშობლებს თავიანთი შვილები ზაფხულის საკურორტო, გრილ ადგილებში მიყავდათ ხოლმე. ამიტომაც, მე-19 საუკუნეში მთელი აშშ-ის მასშტაბით მოხდა სასკოლო კალენდრის სტანდარტიზაცია, რომლის მეშვეობითაც არდადეგები ზაფხულის თვეებს დაამთხვიეს. ამ დროს მშობლების ნაწილს ბავშვები ისედაც მიჰყავდათ სხვაგან. თანაც ამ დროს სკოლები საკმაოდ არაკომფორტული ადგილი გახლდათ, განსაკუთრებით ქალაქებსა და სამხრეთის შტატებში.

„ამ ახალმა წესმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრებაც – ამ დროს, მდიდარი ხალხი ქალაქებს ტოვებდა და დასასვენებლად მიემგზავრებოდა“, – გვეუბნება ბ-ნი გოლდი.

დღეს, აშშ-ის სკოლები (თუმცა არა ყველა მათგანი) ძირითადად აღჭურვილნი არიან ჰაერის კონდიციონერებით. მაგრამ ზაფხულის პერიოდი ბავშვებისთვის არდადეგებად დარჩა. „ფიზიკური აქტივობა, გარეთ, ჰაერზე და ბუნებაში ყოფნა, თავისუფალი თამაში (უფროსების ზედამხედველობის გარეშე) ბავშვების კრეატიულობისთვის ასპარეზს ქმნის და მათ ახალი ცოდნითა და უნარებით ამდიდრებს მათ. ამ დროს ბავშვები ისეთი აქტივობებით არიან დაკავებულნი, რომლებიც სასკოლო ცხოვრების დროს არ აქვთ – სწორედ ამის გამოა ზაფხული მნიშვნელოვანი“, – გვეუბნება ქ-ნი დენიზ პოუპი, სტენფორდის უნივერსიტეტის განათლების სკოლის უფროსი ლექტორი, არამომგებიანი ორგანიზაციის, Challenge Success-ის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისათვის ზაფხულობით არდადეგებისა და თავისუფალი დროის მიცემას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. „ზაფხულის არდადეგები ცუდია ბავშვებისთვის და ამერიკის ეკონომიკის მომავლისათვის“, – აცხადებს ქ-ნი ბრიჯიტ ანსელი, ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის, Center for Equitable Growth-ის ასისტენტ-მკვლევარი. ის 2014 წლის „პოლიტიკოში“ (Politico – აშშ-ს გავლენიანი ჟურნალი პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე, ლ.ა.). წერდა: „ჩვენ ეს [არდადეგები] უნდა დავასრულოთ, ან სულ მცირე, იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს არ შეუძლია, უნდა შევთავაზოთ საზაფხულო, მასტიმულირებელი საზაფხულო პროგრამები“.

ამ განცხადებას საფუძვლად უდევს არგუმენტი, რომ „ბავშვები ივიწყებენ ყველაფერს, რაც მათ სასკოლო წლის განმავლობაში ისწავლეს“. ეს არის პროცესი, რომელსაც ხანდახან „საზაფხულო დაცურებას/Summer Slide“-საც უწოდებენ.

„ზოგიერთმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ზაფხულის არდადეგებზე, ბავშვები დაახლოებით ერთი თვის ნასწავლ მასალას ივიწყებენ“, – ამბობს ქ-ნი ანსელი, – ეს უფრო მცირეშემოსავლიანი ოჯახებიდან მოსულ მოსწავლეებშია გამოხატული. ამის გამო განათლების პოლიტიკაზე მომუშავე სპეციალისტები – განათლების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, არნე დანკანის ჩათვლით – უფრო გრძელი სასწავლო წლის დაწესებას უჭერენ მხარს. მათი აზრით, სასწავლო წლის ხანგრძლივობა 248 დღე უნდა იყოს (ეს ადრე სტანდარტი იყო ქ. ნიუ-იორკში).

უნდა აღინიშნოს ეს მხოლოდ მოსწავლეებს არ ეხება. ბავშვებისგან განსხვავებით, მშობლების უმეტესობას არ აქვს ზაფხულის შვებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზაფხულის დღეებში ესაჭიროებათ ალტერნატიული მოვლა ბავშვებისათვის (ბავშვთა ბანაკები, სახლები ან პანსიონები), სანამ მშობლები სამსახურში არიან. უფრო მდიდარ ოჯახებს შეუძლიათ, ბავშვები საზაფხულო ბანაკებში გაამგზავრონ ან რაიმე მსგავს პროგრამაში ჩაწერონ, მაგრამ ბევრისათვის ეს არ არის ხელმისაწვდომი (ბანაკი, საშუალოდ $76 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ხანგრძლივი პროგრამების ფასი, სადაც ბავშვები ღამით ბანაკში რჩებიან, Care.com-ის თანახმად, $176 აშშ დოლარამდე იწევს). დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაში ხვდება, როდესაც სამუშაო საათების დროს ბავშვების სადმე გამწესება უწევს, სადაც მათ ყურადღებას მიაქცევენ. ეს კი შესამჩნევად ამცირებს მათ შემოსავლებს ზაფხულის განმავლობაში.

„ასეთი გახლდათ „საზაფხულო პრობლემები“ პანდემიის დადგომამდე. დღეს კი, პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ, მდგომარეობა უფრო გართულდა “, – ამბობს ბ-ნი გოლდი.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

სტატია მომზადებულია ანნა ნორტის წერილის მიხედვით, 13.05.21

წყარო: https://www.vox.com/22425250/summer-school-2021-covid-pandemic-kids-education

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილი – ბუნება და ადამიანი

0

„თანამედროვე სამყაროში ბუნებას მუდმივად საფრთხე ემუქრება – იჩეხება ტყეები, ზიანდება გარემო, ნადგურდება ცხოველები და მცენარეები. ბუნებას ზრუნვა და დაცვა ესაჭიროება. ეს თითოეული ჩვენგანი ვალია“, – ვკითხულობ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელმძღვანელოში და თვალს ვავლებ მასში მოცემული პროექტის მოკლე აღწერას, რომელიც ბუნების დაცვას ეძღვნება. გადავწყვიტე, დამეგეგმა ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი, რადგან ეს თემა ყველაზე მეტად ეხმაურება მას.

პროექტი მოვარგე ჩემს მიზანს, მოვახდინე მისი მოდიფიცირება და გავანაწილე ორ საგაკვეთილო საათზე. პროექტის მიზანი იყო – მოგვეხდინა ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების საგანში მიღებული ცოდნის სინთეზი.

მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისას თანაკლასელებისთვის უნდა გაეზიარებინათ განსხვავებული მოსაზრებები, გაეხსენებინათ ბუნებისმეტყველებაში შესწავლილი საკითხები. მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით კი ფორმატზე უნდა შეექმნათ ბუნების გამოსახულება. ნამუშევრის წარდგენისას კი ესაუბრათ ჩანაფიქრის შესახებ, გამოყენებულ  ფერებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და ა.შ

პირველი საკონტაქტო საათი:

მოსწავლეებს ვაჩვენე პაბლო პიკასოს ნამუშევარი: „გოგონა მტრედით“ და დავუსვი რამდენიმე შეკითხვა:

  • რას ხედავთ ფოტოზე?
  • რომელი ფრინველია გამოსახული?
  • რა განწყობაა ნახატზე?
  • თქვენი აზრით, უფრთხილდება გოგონა მტრედს?
  • თქვენ როგორ უფრთხილდებით გარემოს? რაში გამოიხატება ეს?
  • რა მოხდება, თუ არ გავუფრთხილდებით ფრინველებს, ცხოველებს, მცენარეებს?

კითხვაზე პასუხის შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის მიზანს, გეგმასა და სამუშაო ფორმატს. კლასიდან გამომყავს ორი მოსწავლე და ვაძლევ საშუალებას, თავად გადანაწილდნენ სასურველ გუნდში. ვთხოვ, აირჩიონ გუნდის ლიდერი. გუნდში რამდენიმე მოსწავლეს უჩნდება სურვილი, იყოს ლიდერი. მოსწავლეებს თავად ვთხოვ, შეთანხმებულად ან ხმათა უმრავლესობით აირჩიონ ის. რამდენიმე წუთში ორივე გუნდის ლიდერი ცნობილია. ეს ერთგვარი აქტივობაა ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებისთვის.

გუნდებს ვთხოვ, შემდეგი საგაკვეთილო შეხვედრისთვის გამოხატონ მოსაზრება 3-4 წინადადებით შემდეგ თემაზე: „რა მოხდება თუ ბუნებას არ მოვუფრთხილდებით?“. ასევე ვთხოვ, ჩამოწერონ რამდენიმე სლოგანი, რომელშიც იქნება მოწოდება ბუნების გაფრთხილებისკენ; ჯგუფებში გადაინაწილონ როლები და შეიმუშაონ ფორმატზე მუშაობის გეგმა. ერთმა გუნდმა სურვილი გამოთქვა, რომ სკოლის შემდეგ დისტანციურად შეკრებილიყვნენ გეგმის შესამუშავებლად. მოსწავლეებს ვთხოვ, შემდეგ გაკვეთილზე მოიტანონ საჭირო ნივთები, რომელთა გამოყენებითად შექმნიან ნამუშევარს.

მეორე საკონტაქტო საათი:

          გუნდები შედგენილია. სამუშაო მაგიდაზე რესურსები გადანაწილებულია. გუნდის წევრებმა შეთანხმებულად მოიტანეს მასალები. ერთმა საკუთარი ხელით გამოჭრილი მცენარეები მოიტანა, რომლებსაც გასაფერადებლად თანაგუნდელსაც უწილადებს. სხვამ ბრჭყვიალა ქაღალდისგან შექმნილი ყვავილი მოიტანა, დანარჩენმა სამუშაო მასალები, რომლითაც გაკვეთილზე გამოსახულებას შექმნიან და ა.შ.

სანამ გუნდები პრაქტიკული დავალების შესრულებას დაიწყებენ, ვკითხულობთ თითოეული მოსწავლის მოწოდებასა და თემას.  განვიხილავთ და გამოვთქვამთ მოსაზრებას, რატომ არ უნდა მოვჭრათ ხე, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მცენარეებს, რისთვის არის საჭირო გამწვანება და ა.შ. ამის შემდეგ კი გუნდს ვთხოვ, შეაჯამონ ერთმანეთის მოწოდებები, ჩამოწერონ ფურცელზე,

რომელსაც შემდეგ ფორმატზე გადაიტანენ.

ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ იწყება პრაქტიკული სამუშაო. მოსწავლეები გუნდებში შეთანხმებულად მუშაობენ. გთავაზობთ ერთ-ერთი გუნდის ნამუშევარს:

მოსწავლეებმა დავალების პირობის თანახმად იმუშავეს, ნამუშევრის წარდგენისას კი წაიკითხეს მასში მოცემული მოწოდებები: „ნუ დაანაგვიანებ გარემოს“, „გავუფრთხილდეთ გარემოს“ და ა.შ. ასევე განმარტეს, რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ გამოსახულებას, ცხოველს, მცენარეს, ფრინველს, ადამიანს და ა.შ.

ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი თავის მიზანს შეასრულებს. დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რომ საჭიროა ბუნების გაფრთხილება და როგორც ჩემი ერთი მოსწავლე ფიქრობს: „ვინც ბუნებაზე ზრუნავს, საკუთარ თავსაც უფრთხილდება“.

 

 

 

ტელეგრაფისტი, აფთიაქარი და ლუდის მხარშველი

0

ორას წელზე მეტი ხნის წინ საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ და საქართველოს მოზაიკას კიდევ ერთი უნიკალური წახნაგი შემატეს. ბერიას რეპრესიების ეპოქამდე ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ, მრავლდებოდნენ, ქმნიდნენ უნიკალურ დასახლებებსა და საწარმოო ცენტრებს. მეორე მსოფლიო ომმა და ნაციზმის საბჭოთა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხემ ქართველ გერმანელთა საუკუნოვანი ისტორია დაასრულა, საქართველოში მცხოვრები ევროპელები ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. მიუხედავად ბედის უკუღმართობისა, ვიურტენბერგელთა შთამომავლებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა ბევრი სიახლის დანერგვა მოასწრეს ჩვენს საზოგადოებაში.

რეგიონში ყველაზე მეტ ლუდს ქართველები ვსვამთ. მაღაზიის ვიტრინები სავსეა ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების ლუდის ბოთლებით, ქილებითა და კასრებით. ლუდის ხარშვა საქართველოს კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიანი და მდგრადი დარგსია. არადა, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ალაოსა და სვიისგან დამზადებული სასმლის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით. აღმოსავლეთის მთიანეთის რომელიღაც მიუწვდომელ, არწივის ბუდეზე უფრო მაღალა მდებარე სოფელში თუ დაამზადებდნენ ხევისბერები სარიტუალო ალკოჰოლიან სასმელს. ვითარება 1850-იან წლებში შეიცვალა, როდესაც ღვინის ქვეყნის დედაქალაქის გარეუბნებში – ნოი ტიფლისსა და ალექსანდერდორფში – დასახლებული გერმანელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და შეიცვალა მათი ცხოვრების ნირი. მათ შინ, სახელდახელოდ დამზადებული ლუდი აღარ ჰყოფნიდათ, აღარც ბევრი დრო ჰქონდათ პროდუქტის დასამზადებლად. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ლუდის კომერციული და შედარებით უფრო მასობრივი წარმოების მოთხოვნა გაჩნდა. მოთხოვნას პირველებმა მადერების გავლენიანი გვარის წარმომადგენლებმა უპასუხეს. „ქართულ-გერმანული ელექტრონული არქივის“ ცნობით, მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გვარია, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 1817 წელს ჩამოსახლდა. ისინი კავკასიის შუაგულში ცხოვრების პირველივე წლებიდან აქტიურად ჩაებნენ ეტლების, კარეტებისა და ეკიპაჟების დამზადებასა და მიწოდებაში, ჰქონდათ ტრაქტირები და სასტუმროები. შესაბამისად, შეძლებული გვარის წარმომადგენლებს ლუდის მოხარშვა არ უჭირდათ. ლუიზა მადერი იყო პირველი კომერსანტი, რომელმაც ჩვენს ქალაქში ლუდის გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშტრები მხოლოდ გერმანელი კოლონისტები იყვნენ, მაგრამ შემდეგ შავი და ნაკლებად ხარისხიანი სასმლით სავსე ტოლჩების დაგემოვნება დანარჩენმა თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმაც დაიწყეს. თუმცა მადერები ლუდს კუსტარულად ასხამდნენ. ჩვენს ქვეყანაში პირველი ლუდის ქარხანა შეძლებულმა გერმანელმა კაპიტალისტმა და თბილისში მდიდრული სასტუმროს მფლობელმა ფრიდრიხ ვეტცელმა გახსნა. სამწუხაროა, რომ არც ერთ თანამედროვე ქართველ მეწარმეს არ მოსვლია აზრად გერმანელ კოლონისტთა სახელობის პროდუქტის გამოშვება, რაც ტრადიციის აღდგენის, მისი უწყვეტობისთვის ზრუნვის მარკეტინგულ სიმბოლოდ შეიძლება ქცეულიყო.

ზოგი მკვლევარი მითურ კოლხ მედეას მედიცინისა და ფარმაცევტიკის ფუძემდებლად მიიჩნევს. საქართველო ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი სამკურნალო მცენარეებით, მკურნალობის ტრადიციული მეთოდებით. სახალხო მედიცინის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, სააფთიაქო წარმოებასა და მომსახურებას ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდით. სამაგიეროდ, სხვადასხვა დროს თბილისში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა არაერთ ადგილობრივ აფთიაქსა თუ ფარმაცევტულ კოოპერატივს ჩაუყარეს საფუძველი. ქალაქის ყველა ასეთ დაწესებულებას გერმანელები ხელმძღვანელობდნენ. ყველაზე ცნობილი ჰაინესა და ზემელის აფთიაქები გახლდათ. პირველი მათგანი თბილისის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა და გამორჩეული იყო უნიკალური ავეჯით, სტილით, პროდუქციის მრავალფეროვნებით.

საუკუნეთა მიჯნაზე თბილისის ტრამვაის ბოლო გაჩერებაზე ვატმანები აუცილებლად დასძახებდნენ ზემელის სახელს. ევგენი ზემელი საგანგებოდ უხდიდა მძღოლებს, რომ მგზავრებისათვის აფთიაქის არსებობა შეეხსენებინა.

აფთიაქები წამლებთან ერთად ისეთ საჭირო პროდუქტებსაც ყიდიდნენ, როგორიც იყო ყინული. გერმანულ ლუდს გერმანელ აფთიაქართა მიერ წარმოებული ყინულით აცივებდნენ და ამგვარად, მრავალფეროვან ქალაქში დასავლეთევროპულად მოლხენის შესაძლებლობასაც ქმნიდნენ.

1860-იანი წლების შუა ხანებამდე ქართული ინტელიგენცია იტანჯებოდა, რადგან გაზეთების საზღვარგარეთის განყოფილებაში ორი-სამი კვირის წინანდელი ცნობები იბეჭდებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ახალი ამბები თბილისამდე გვიან აღწევდა. საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენების უსწრაფესად მიღების საშუალება განათლებულ ქართულ საზოგადოებას მალევე გაუჩნდა. თბილისზე ლონდონი-კალკუტის ათიათასკილომეტრიანმა სატელეგრაფო ხაზმა გაიარა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად კი კავკასიის ცენტრში „სიმენსისა და ჰასკეს“ წარმომადგენლობა გაიხსნა. 1858-1868 წლებში ვალტერ და ოტო სიმენსები, დღემდე ცნობილი ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური კორპორაციის დამფუძნებელთა ოჯახის წევრები, ხელმძღვანელობდნენ რეგიონის სატელეგრაფო ხაზით დაქსელვას. მათმა შრომამ, კაპიტალმა და ცოდნამ მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა მეცხრამეტე საუკუნის საქართველო.

საქართველოს პირველი ტელეგრაფისტების, აფთიაქარებისა და ლუდის მხარშველის  ამბების გახსენება აუცილებლად გამოადგებათ სამოქალაქო განათლების იმ მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ტექნოლოგიური პროგრესის ისტორიის შეხსენებას ცდილობენ.

პერსონაჟის ფეისბუქპროფილი – ტექსტის გააზრება, გრამატიკა და პუნქტუაცია

0

რამდენიმე თვის წინ მასწავლებელთა კონფერენციაზე კოლეგებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი. პერსონაჟის ფეისბუქპროფილზე მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა. ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ მანაც შესთავაზა ეს აქტივობა მოსწავლეებს, მაგრამ რატომღაც არ იაქტიურეს. ვიფიქრე, იქნებ ჩემებიც არ გამომყვნენ-მეთქი. დღეს, როცა ვირტუალური როლური თამაში დასრულებულია, მოსწავლეები ამბობენ, რომ პერსონაჟის ფეისბუქპროფილი მათ ტექსტის უკეთ გააზრებაში დაეხმარა და ეს დავალება სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. ესე იგი, წამოწყებამ გაამართლა. ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ აქტივობა კომპლექსურ დავალებად მივეცი ბავშვებს. დავალების პირობა, თანდართული კრიტრიუმები ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მოსწავლეს მის შესრულებას უადვილებს.

კომპლექსური დავლების პირობა მოსწავლეებს გავაცანი ელექტრონული ფორმით https://sway.office.com/9PQ9mlRhOopksBUv

 

მოირგეთვეფხისტყაოსნისრომელიმე პერსონაჟის როლი, სოციალურ ქსელში შექმენით და აწარმოეთ მისი პროფილი ტექსტის შესწავლის განმავლობაში.

პერსონაჟის ფეისბუქგვერდზე:

  • მკაფიოდ წარმოაჩინეთ თვენი პერსონაჟის შინაგანი სამყარო (პიროვნული მახასიათებლები, ფიქრები, ემოციები, შეხედულებები და დამოკიდებულებები მჭიდროდ დაუკავშირეთ ტექსტის შინაარსობრივ მხარეს);
  • ტექსტში გადმოცემული მოვლენები, სხვა პერსონაჟები წარმოადგინეთ/შეაფასეთ თქვენი და თქვენი პერსონაჟის თვალთახედვით;
  • განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია, მიზანი;
  • დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები და პუნქტუაციის წესები;
  • გადახედეთ თქვენს პოსტებსა და კომენტარებს, საჭიროების შემთხვევაში დაარედაქტირეთ.

ვირტუალური როლური თამაშის დასრულების შემდეგ ისაუბრეთ:

  • რა სტრატეგიებს იყენებდით პერსონაჟის ფეისბუქგვერდის წარმოებისას;
  • რაში დაგეხმარათ პერსონაჟის ფეისბუქპროფილის წარმოება;
  • შეაფასეთ დავალებაზე მუშაობისას გამოყენებული სტრატეგიების ეფექტიანობა.

 

თავდაპირველად როლები გავანაწილეთ. არავინ იცოდა, სხვას რომელი პერსონაჟი შეხვდა.

მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი პერსონაჟების პროფილები.

ტექსტის კითხვის პარალელურად მოსწავლეები თავიანთი პერსონაჟების პროფილებზე აქვეყნებდნენ ინფორმაციას, წარმოაჩენდნენ პერსონაჟთა შინაგან სამყაროს, ემოციებს, დამოკიდებულებებს, ასახავდნენ ტექსტში ასახულ მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

საინტერესოა, რომ მოსწავლეებმა მოიძიეს სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებიც, რომლებსაც თავიანთი პერსონაჟების პროფილებზე აქვეყნებდნენ.

 

დავალების პირობის შედგენისას სამიზნე ცნებად გრამატიკა არ განმისაზღვრავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსწავლეების მიერ დაშვებული შეცდომები აღმოვაჩინე, ცვლილებები შევიტანე. კერძოდ, მოვთხოვე სალიტერატურო ენის ნორმების და პუნქტუაციის წესების დაცვა, გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და კომენტარების გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, დარედაქტირება. ვაკვირდებოდი, რა ტიპის გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომებს უშვებდნენ ჩემი მოსწავლეები. ასე იქცა კომპლექსური დავალება კვლევის საგნად.

გამოიკვეთა ტიპური შეცდომები. მოსწავლეები არ სვამდნენ მძიმეს ჩართულთან, დანართთან, მიმართვასთან, ისეთ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, სადაც დამოკიდებულ წინადადებას შუა პოზიცია უჭირავს. ზოგიერთი კი ზედმეტ მძიმეს სვამდა. გრამატიკაში პრობლემურ საკითხებად გამოიკვეთა ნაცვალსახელისა და კომპოზიტების მართლწერა. დისტანციური სწავლებისას შეცდომებს ვაანალიზებდით ელექტრონულ დაფებზე, პირისპირ სწავლებისას კი – საკლასო ოთახში. მალე მდგომარეობა გამოსწორდა, მეტიც, ზოგიერთი პერსონაჟი უკვე კომენტარებში უსწორებდა სხვა პერსონაჟებს გრამატიკულ თუ პუნქტუაციურ შეცდომებს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით შერმადინი გამოირჩეოდა.

რამდენად შედეგიანია ეს დავალება ტექსტის სიღმისეულად გასააზრებლად და გრამატიკა-პუნქტუაციის დასაუფლებლად, ამაზე თვითონ მოსწავლეები საუბრობენ.

ანანო: – საინტერესო დავალება იყო, ტექსტიც ღრმად გაგვააზრებინა და სასვენი ნიშნების უკეთ დასმაც გვასწავლა. ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო პოემის პერსონაჟად გარდასახვა. როცა პოსტებს ვწერდი, ზუსტად ვგრძნობდი, რას განიცდიდა პერსონაჟი იმ მომენტში.

მარი: – კითხვის პროცესში დიდ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, რომელთა საფუძველზეც ჩემი პერსონაჟის ემოციები უნდა წარმომეჩინა. ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა, ამ თამაშმა პუნქტუაციაც უკეთ გვასწავლა.

ნინია: – დიდი სიამოვნებით დავიწყებდი ტექსტის თავიდან სწავლას ამ ფორმატით. გული მწყდება, რომ დასრულდა. ეს აქტივობა მთელი სიცოცხლე მემახსოვრება.

მარიამი: – ეს იყო დავალება, რომლის მეშვეობითაც ნამდვილად შევძელით ტექსტის ღრმად გააზრება და გრამატიკა-პუნქტუაციის გამეორება. ასეთ დავალებას მომავალშიც დიდი სიამოვნებით შევასრულებ.

ლექსში მოგზაურობა და ლიტერატურული თავგადასავალი

0

აკაკი წერეთლის „განთიადი“ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ტექსტია. ეს ლექსი თავისი ლიტერატურული მნიშვნელობით, კონტექსტით, დაწერის ისტორიით ძალიან საინტერესო გაკვეთილების ციკლის ჩატარების საშუალებას იძლევა. ყველა მასწავლებელი სხვადასხვაგვარად გეგმავს ამ გენიალური ლექსის სწავლებას, მე ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ. “განთიადთან“ იმდენი საკითხია დაკავშირებული ავტორის, ლექსის მიძღვნის ობიექტის, ლიტერატურული ტრადიციის, ლიტერატურული პარალელების, კულტურულ-სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, რომ კარგად დაგეგმილი კურიკულუმის პირობებში შეიძლება მთელი კვირაც გამოვიყენოთ ლექსის სწავლებისათვის.

საკითხები, რომელზეც ამ გაკვეთილში იქნება განხილული, ერთგვარი შესავალი ნაწილია, რაც ლექსის მიმართ ინტერესის გაღვივებას და მცირე კვლევითი პროცესის დაგეგმვას ემსახურება.

  1. შესავალი

ინსტრუქცია 1:

სანამ აკაკი წერეთლის „ განთიადის“ კითხვას დავიწყებთ, მოდი, ერთად გავიხსენოთ, რა არის ლექსი? რა ნიშნები აქვს წინადადებებისგან შედგენილ, განსაკუთრებული სტრუქტურის ტექსტს ისეთი, რომ ჩვენ, მკითხველები მაშინვე  ვხვდებით – ეს ლექსია!

  • დეტექტივების კითხვა გიყვარს? ჰოდა, ჩვენც დეტექტივობანას ვითამაშებთ და ვეცდებით, ერთი ლექსის ყველა საიდუმლო ამოვხსნათ. ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც:
  • წარმოიდგინე, რომ ლექსი ისევე კარგად უნდა დაინახო, ისეთივე ნაცნობი გახდეს შენთვის, როგორც შენი ხელისგულია.
  • აწარმოე ლექსის დღიური, სადაც ამ თავში მოცემულ ყველა დავალებას შეიტან, საბოლოოდ კი სრული ინფორმაცია გექნება ლექსთან დაკავშირებით!
  • აღნიშნე რიცხვი და დღე, როდესაც დავალებაზე მუშაობა დაიწყე, აუცილებლად დაიტოვე ადგილი შენი შთაბეჭდილებების, მინაწერების, ემოციების გასაზიარებლად!
  1. ამბავი 1. როგორ დაიბადა „განთიადი“

( სცენა დავით ერისთავის სპექტაკლიდან “სამშობლო”)

 

„1892 წელს მარიამობაზე ქუთაისში, გიორგი აბდუშელიშვილების ოჯახში, სადაც ცნობილი ქართველი საზოგადოება იყო, თამადას დიმიტრი ყიფიანის ხსოვნის სადღეგრძელო შეუსვამს. აკაკი წამომდგარა და ჭიქით ხელში მისულა დავით ერისთავის სურათთან „სამშობლო“ , მერე კი ჩუმად, თითქოს თავისთავს ესაუბრებაო, დაუწყია:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!..~

`…წუთით დუმილი ჩამოვარდა. მერე სუფრის თავში ვანო აბდუშელიშვილის დაბალი, გულიდან  ამოხეთქილი დვრინი გაისმა. ვანოს სხვებიც მიჰყვნენ და დარბაზი აივსო საოცარი, განუმეორებელი   და გულისშემძვრელი ხმებით.

აკაკის „განთიადი“  მხოლოდ შემდეგი წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის „კვალში“. იმ დღეს კი საჯაროდ პირველად მოსწყდა ის აკაკის ბაგეს და ყველა იქ მყოფის გულიც შესძრა.

(გადმოგვცემს ალექსანდრე შატილოვი, ექიმი-ოფთალმოლოგი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, 100 ამბავი აკაკი წერეთელზე, გამომცემლობა „არტანუჯი“)

ამბავი 2. მტრის ურჩი რაინდი

ქართველ მოღვაწეთა შორის აკაკი განსაკუთრებულ პატივს სცემდა დიმიტრი ყიფიანს და მის ხსოვნას. ამ დიდი მოღვაწის პატივისცემამ ფრთები შეასხა

სახელოვანი მგოსნის შემოქმედებას და დააწერინა ისეთი შედევრი, როგორიც არის „განთიადი“. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ლექსში: „მდინარე ნანას უმღერის რაინდსა ურჩსა მტრისასა“ მტრის ურჩი რაინდი არის დიმიტრი ყიფიანი, რომლის ნეშტი დაკრძალულია მთაწმინდაზე. დიახ, დიმიტრი ყიფიანი მტრის ურჩი რაინდი იყო და ეს  საუკეთესო დახასიათებაა მისი პიროვნებისა.  რატომ პირდაპირ არ დაასახელა აკაკი დიმიტრი  ყიფიანიო, – იკითხავს მკითხველი, – …იმიტომ,

რომ იმ დროს მისი ხსენება აკრძალული იყო, როგორც პოლიტიკური დამნაშავისა. (100 ამბავი აკაკიზე, ივანე ელიაშვილის მოგონება) 

ამბავი 3- გადაშლილი სახელი ლექსის ავტოგრაფში

ლექსის ავტოგრაფი საინტერესო დაკვირვების და მცირე გამოძიების საშუალებას იძლევა, რაც გაკვეთილს კიდევ უფრო ინტერაქტიულს გახდის.

მას მერე, რაც მოსწავლეები დააკვირდებიან ავტოგრაფს, ვაძლევთ დავალებას და კვლევის მცირე გეგმას:

დააკვირდი

  • რა სიტყვებია გადახაზული ლექსის ხელნაწერში?
  • სადმე ხომ არ ხედავ გადახაზულ საკუთარ სახელს?
  • გაინტერესებს რა მოხდა?
  • წამოიდგინე, რომ ამ ხელნაწერის მიხედვით საიდუმლო უნდა ამოხსნა, უნდა გამოიძიო, ვინ და რატომ გადაშალა სახელი „დიმიტრი“, რა ვერსიები გაქვს? ჩაწერე შენი ვერსიები ლექსის დღიურში.

ვერსია 1.

ვერსია 2

ვერსია 3

ვერსია 4

 

პს. დააკვირდი, დავალებაში არ მიხსენებია სიტყვა „ავტოგრაფი“, ეს მინიშნებაა, რა დასკვნას გააკეთებ? ვერ ხვდები? აბა, სიტყვის განმარტებას ჩახედე:

 

ავტოგრაფი:

1. საკუთარი ხელმოწერა;

2. რაიმე ნაწარმოების ავტორის ხელით შესრულებული ნაწერი;

3. საკუთარი ხელით გაკეთებული წარწერა წიგნზე, სურათსა და სხვა.

 

 

ამოხსენი თავსატეხი?

(დისკუსიისა და განხილვის შემდეგ გადავდივართ დასკვნით ნაწილზე)

 

ამბავი4

 

ვინ დაწერა „განთიადი“

შემორჩენილია „განთიადის“ ორი ხელნაწერი – ერთი შავი და ნასწორები, მეორე – სუფთად გადაწერილი. ლექსის პირველი ვარიანტის არც ხელწერა და არც ერთი სწორება აკაკის არ ეკუთვნის! ლექსის მეორე სუფთა ვარიანტი კი აშკარად აკაკის ხელითაა შესრულებული. ლექსის პირველ ხელნაწერშისტრიქონი – „მდინარე ნანას უმღერის/ საფლავსა დიმიტრისასა“ – წაშლილია და იმავე ხელით ქვეშ მიწერილი აქვს სიტყვები: `თავდადებულის საფლავსა~. ავტორმა, ცხადია, იცოდა, რომ იმ დროს დიმიტრი ყიფიანის სახელის აშკარად ხსენება არ შეიძლებოდა და ამიტომაც ჩაასწორა კონკრეტული სახელი უფრო ზოგადით – თავდადებულით…

საოცარია, მაგრამ ფაქტია, მთელი ლექსი და ყველა სწორება კირილე ლორთქიფანიძის [1]ხელითაა შესრულებული. გამოდის, რომ `განთიადის~ ავტორი კირილე ლორთქიფანიძეა და არა აკაკი წერეთელი? აბა სხვას, ვის შეიძლება ამ ტიპის

ცვლილებები შეეტანა ლექსში თუ არა ავტორს?..

არა!!! დამშვიდდით!!! `განთიადი~ ნამდვილად აკაკის დაწერილია!!! ოღონდ ამჯერადაც მისი ჩვეული  მანერით… კარნახით…

( კრებულიდან „აკაკი- 180 ამბავი, შემდგენელი-ჯული გაბოძე)

 

ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ აძლევთ კითხვარს, რომელმაც საინტერესო დასკვნის გამოტანის საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს.

კითხვები:

  • ვინ გადახაზა ხელნაწერში „დიმიტრის“ სახელი?
  • რატომ?
  • როგორ განმარტავ კირილე ლორთქიფანიძის ამ მოქმედებას?

 

როგორი იქნება თქვენი შემაჯამებელი დავალება და როგორ გადახვალთ საკუთრივ ლექსის განხილვასა და შესწავლაზე, ეს უკვე თავად მოიფიქრეთ!

 

 

განათლება სწორი ქცევისა და ხედვის ფორმირებისთვის, ფინეთის გამოცდილება

0

ბავშვებმა იციან, რომ ორსულობა სექსთან ასოცირდება, მაგრამ მათი უმრავლესობა ამ ცოდნას არა სახელმძღვანელოდან, არამედ სპეციალური სწავლების მიღმა იძენს. სექსუალური განათლება ის მტკივნეული თემაა, რომლის განხილვასაც უფროსი თაობა თავს არიდებს – ჯერ ერთი ის უხერხულ განცდებს იწვევს, მეორეც, მშობლებმა და  ხშირ შემთხვევაში პედაგოგებმაც კი არ იციან, რა ფორმით უნდა ისაუბრონ რეპროდუქციულ საკითხებზე ისე, რომ მოზარდებს „არაფერი დაუშაონ“.

ვიდრე უფროსები სექსუალური განათლების ფორმებზე მსჯელობენ, ბავშვები თავად პოულობენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე, ძირითადად გლობალურ ქსელში. დიდი ალბათობით კი ეს ინფორმაცია ბავშვებისთვის სულაც არ არის განკუთვნილი.

მაგრამ უფროსი თაობა ბავშვებს სხვა არჩევანს არ უტოვებს მათი პიროვნების ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე – მოზარდად ჩამოყალიბების პერიოდში. ამდენად, სექსუალური განათლება გამუდმებით და სხვადასხვა მიზეზით მშობლების, პედაგოგიური და სამედიცინო საზოგადოების უგულებელყოფის ზონაში რჩება.

მოდით, სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, მაგალითად, ფინეთის, რომლის განათლების სისტემისთვის საქებარ სიტყვებს არავინ იშურებს.

ფინეთი მოსწავლეთა სექსუალური განათლების ხარისხით ამაყობს. ქვეყანაში სამართლიანად მიაჩნიათ, რომ სასწავლო გეგმაში სექსუალობის გაკვეთილის ჩართვა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვის, მათი სწორი ქცევისა და ხედვის ფორმირებისთვის, სრულფასოვანი ჰარმონიული ოჯახის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.

ფინეთის ოჯახის ფედერაცია, რომელიც 1941 წელს ოჯახების დასახმარებლად და მათი უფლებების დასაცავად შეიქმნა, გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის – „ჯანმრთელობის დაცვის“ – შეტანისა. ის აქტიურად ლობირებდა ბიუჯეტის გამოყოფას კონტრაცეფტივებისა და ორსულობის დასაგეგმი მომსახურეობებისთვის.

ამჟამად ფედერაციას სურს, დანერგოს ახალი პროგრამა, რომელიც 20 წლამდე გოგონებს კონტრაცეფციის უფასო საშუალებებით უზრუნველყოფს.

ფედერაციის საქმიანობის მთავარი პრინციპია: ყველა ბავშვი სასურველის სტატუსით და ჯანმრთელი იბადებოდეს. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ფედერაციის პრეზიდენტი ოჯახისა და ბავშვთა უფლებების დამცველიცაა, რაც იმას მოწმობს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აღიარებს ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ავტორიტეტს.

ფედერაციის გენერალური დირექტორი, ეივა კოივურანტა დარწმუნებულია, რომ სექსუალური განათლების თემას ახალგაზრდები პრაგმატულად უნდა უდგებობდნენ. ამ მიმართულებით სისტემურ მუშაობას ხომ პრაქტიკული შედეგი მოაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის დასაზოგადაც.

ფედერაციის გენერალური დირექტორის თქმით, ევროპის მასშტაბით, ფინელ მოზარდებს შორის აბორტებისა და არასწრულწლოვანი დედების მშობიარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საგრძნობლადაა შემცირებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რიცხვი, ამ მიზეზებით გამოწვეული უშვილობის შემთხვევები, მოზარდებში თამბაქოს წევა და სხვ.

ბოლო წელიწად-ნახევრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ფინეთში სექსუალურ ცხოვრებას გაცილებით გვიან, საშუალოდ 17 წლის ასაკში იწყებენ, ხოლო იმ ბიჭებს შორის, ვინც ადრეულ ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, სწორედ ისინი ჭარბობენ, ვისაც საგანში „ჯანმრთელობის დაცვა“ დაბალი ქულები უწერიათ.

ფინეთში დაასკვნეს, რომ სექსუალური განათლების სამყაროში ბავშვების მეგზურად სპეციალურად მომზადებული ბიოლოგიისა და ჯანდაცვის პედაგოგი, და სკოლის სამედიცინო პერსონალი გამოდგებოდა. ამ მიმართულებით ეს ადამიანები დამატებით სწავლებას  გადიან. მათთვის სპეციალური კურსიც შემუშავდა.

2004 წლიდან ფინეთის უნივერსიტეტებში, ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, მასწავლებლების მოსამზადებელი ფაკულტეტი არსებობს. საგანმანათლებლო პროცესის უშუალო მონაწილეებია სკოლის ექთანი და ექიმი (ზოგიერთ თემაზე ისინი ატარებენ გაკვეთილებს, გასცემენ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს). მოზარდების მოთხოვნის საფუძველზე მათ შეუძლიათ უფასოდ დაარიგონ კონტრაცეფტივები მათთვის, ვინც უკვე რეგულარული სექსუალური ცხოვრება დაიწყო.

ფინეთში სექსუალური განათლება მარტივად დაინერგა, მშობლებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგობის გარეშე. ყველა აცნობიერებდა, რომ ასეთი განათლება ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობის ინტერესებს მოემსახურებოდა.

ფინურ საზოგადოებაში სექსუალობისადმი დამოკიდებულება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიცვალა – მასზე უფრო ღიად დაიწყეს საუბარი, იმართებოდა ბევრი დისკუსია. თავდაპირველად ამ თემაში უფროსი თაობა გაერკვა, შემდეგ კი აღიარა, რომ სექსუალური განათლება ბავშვებსაც სჭირდებოდა.

1970 წელს „ჯანმრთელობის დაცვა“ სავალდებულო სასკოლო პროგრამაში შეიტანეს (ახლა მისი გაკვეთილი კვირაში ერთხელ ტარდება). 2000-იანი წლებიდან კი ის მე-7 კლასიდან საგანმანათლებლო დისციპლინის განუყოფელ კომპონენტად იქცა, თუმცა მანამდე ზოგიერთ რეპროდუქციულ საკითხს ბავშვები დაწყებით სკოლაში, ბუნების გაკვეთილზე ეცნობიან.

სექსუალური განათლების მიზანია, ასწავლოს ბავშვს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობას, მათ შორის რეპროდუქციულს, განავითაროს ბუნებრივი დამოკიდებულება სექსუალობისადმი, გააცნობიეროს საკუთარი გენდერული იდენტობა, ზნეობრივი ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აშენდება ურთიერთობა პარტნიორთან. ამ საკითხებს გაკვეთილზე მოცემული დროის 99% ეთმობა და მხოლოდ 1% სექსუალური კავშირის თემებს.

ჰელსინკის მუნიციპალიტეტის სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების კონსულტანტ კირსი-მარია ოროს თქმით, სექსი ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა, ისევე როგორც ძილი და კვება. განსხვავება ის არის, რომ ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა არ იწვევს ადამიანის სიკვდილს, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ქცევის დარღვევას, აგრესიას. სექსუალური განათლება სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი – ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების, ემოციების მართვისა და შეგნებული „დიახ“ ან „არას“ თქმის თვალსაზრისით. სხვათა შორის, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სკოლის საგნის, „ჯანმრთელობის დაცის“ სწავლებამ სასარგებლო გავლენა იქონია სასკოლო ატმოსფეროზე, მოსწავლეთა შორის ურთიერთობაზე.

პროფესორი ოსმო კონტულა, სექსუალური განათლების სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილებით, რამდენიმე თემატური წიგნის ავტორიცაა. მისი აზრით, სექსუალური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, რადგან დედები ბევრად ხშირად საუბრობენ მგრძნობიარე თემებზე გოგონებთან, ვიდრე ბიჭებთან, ხოლო მამები, როგორც წესი, საერთოდ თავს იკავებენ ასეთი საუბრებისგან. ამდენად, ბიჭები თავად ეძებენ სექსუალური ცოდნის მიღების გზებს, მათ შორის პორნოგრაფიის საშუალებით.

პროფესორი დარწმუნებულია, რომ სექსუალური განათლების მიღება სკოლაში უფრო ადრეულ,10-12 წლამდე ასაკშია საჭირო. და მართლაც, თუკი წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოჰყვეს მოზარდების სარისკო ქცევას, თავისუფლად გავიზიარებთ გამონათქვამს „უკეთესია ერთი წლით ადრე, ვიდრე ერთი დღით გვიან“.

ოსმო კონტულა ბიჭების გამოკითხვის მონაცემებსაც ხშირად იშველიებს, რომელთა თანახმად, მათ მიაჩნიათ, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, შეძლოს აუდიტორიის უხამსი ხუმრობების განეიტრალება, ისაუბროს იმაზე, თუ რა ადარდებს ბიჭებს (მაგალითად, ვარ თუ არა ნორმალური, საკმარისად ვარ თუ არა განვითარებული ჩემი ასაკისთვის, რას ფიქრობენ სექსზე გოგონები და ა.შ.). მეტიც, ფინეთში სკოლის მოსწავლეები ბევრ შეკითხვაზე იღებენ პასუხს არა მხოლოდ ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილების მსვლელობისას, არამედ როლური და კომპიუტერული თამაშების პროცესში.

მაგალითად, სექსუალური განათლების გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, დაწერონ მოკლე კომენტარი იმის შესახებ, როგორ შეაფასებდნენ საგნის ეფექტურობას წლის განმავლობაში. ასევე, ათამაშებს თამაშს, რომელიც ჰგავს კითხვებზე პასუხის გაცემას ფორმატში – „რა? სად? როდის“. ვთქვათ, შეკითხვაზე – როდის შეგიძლია გქონდეს სექსი? სწორი პასუხია – „არა უადრეს 16 წლისა, როდესაც მზად იქნები აიღო პასუხისმგებლობა  პარტნიორზე“. შეკითხვაზე – შეუძლია თუ არა გოგონას საუნაში დაორსულება, თუ მანამდე იქ ბიჭი იყო? – სწორი პასუხია „არა“. მოსწავლეები ამ თემებს ხმაურიანად და თავისუფლად განიხილავენ.

ფინეთის სკოლაში ბავშვების მიმართ პატივისცემა თვალსაჩინოა. აქ დაუშვებელია არა მხოლოდ მოსწავლეების ფოტოფირზე აღბეჭდვა, არამედ იმ რვეულების გადაღება, რომლებსაც  ბავშვები სწავლებისას იყენებენ. მასწავლებლებს და სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება, აცნობოს მშობლებს, რომ მოზარდი კონტრაცეპტივებს იღებს ან ორსულობის შეწყვეტა სურს (მხოლოდ მოზარდის თანხმობით). გამონაკლისია, თუ არსებობს ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ნიშნები (მაშინ პოლიციას ატყობინებენ) ან ის დამატებით დახმარებას საჭიროებს (მაშინ სოციალურ სამსახურებს ატყობინებენ ან მოსწავლე საოჯახო კონსულტაციაში, სამედიცინო დაწესებულებაში იგზავნება).

ფინეთში არასრულწლოვან გოგონას შეუძლია ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. მას სკოლაშივე ასწავლიან, რომ თუ ის თვლის, რომ მზადაა  სექსუალური ურთიერთობებისთვის, ორსულობაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ფინეთში რეგულარულად აწარმოებენ მოსწავლეების გამოკითხვას. რესპონდენტთა პასუხებში ჩანს, რა აწუხებთ, რა თემებზე სურთ მსჯელობა კლასში, რათა კმაყოფილი დარჩნენ მიღებული ცოდნის ხარისხით.

ფინეთში კარგად მუშაობს მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი „ნდობის ტელეფონები“, სადაც მათ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ინფორმაციას უზიარებენ. ქვეყანაში ხშირია კონტრაცეპტივების სარეკლამო აქციები, სადაც აქტიურად ერთვებიან ცნობილი ადამიანები და მასმედია. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოწოდებები მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე იქმნება, ხოლო გაჯეტებზე დამოკიდებული მოზარდებისთვის სპეციალური თემატური აპები მუშავდება.

ფინელ ექსპერტთა აზრით, რომელსაც საზოგადოება სრულად უჭერ მხარს, სკოლებში სექსუალური განათლება – უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის რეგიონალურ მახასიათებლებს და კულტურულ ტრადიციებს, აუცილებელია მოზარდთა ასაკის გათვალისწინებაც.

 

კეთილი კაცი ნუგზარ ზაზანაშვილი   

0

როცა მისი სიკვდილის ამბავი გავიგე, მოვძებნე მისი წიგნი, დავჯექი ქარ-მზისგან გამოფიტულ მიწაზე და კითხვა დავიწყე.

„როდისაა სიკვდილის დრო?..

არასოდეს“.

………………………………………….

„- წარწერა სიგარეტის კოლოფზე,

„მწეველები კვდებიან ადრე“.

ვინ კვდება გვიან…“.

…………………………………………………

„მანიშნე,

შენ მაინც მანიშნე,

სიზმარო, –

ერთი სიცოცხლე

როგორ ვიკმარო?…“.

ეს პატარა წიგნი „ცის ლექსები“ დედამისს ეძღვნება. „ეძღვნება ცისანა ბასიშვილს, რომელმაც სოცოცხლე, მუსიკასა და მოყვასებზე ზრუნვას შეალია“.

დედას

„მე გაჩუქებდი მაისის წვიმას

მთვარის შუქს

ჩვილი ბალახის სუნთქვას

მაგრამ საკუთარი  არსებობის გარდა

არაფერი მაბადია“.

პოეტი იმას ჩივის, დედის ბოლო ამოსუნთქვისას მის გვერდით რომ  არ იყო..

„დიდხანს არ უწვალიაო

ვინ იცის რამდენ ხანს გრძელდება

წამი იმ დროში…“;

ანდა ეს ნაწყვეტი:

„დედა ცუდად გამხდარა

უარესობაა

უარესობაა

უარესობაა

დედა ცუდად არის

დედა ცუდად არის თბილისში…“.

ობლის ტირილის ყურება, ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჭარმაგი ობლის ტირილის ყურება უფრო ძნელი ყოფილა.

პოეტ ნატო ინგოროყვას ცრემლიან სამძიმარს, სხვებისაც მოჰყვა. ყველა ამბობდა, როგორი კარგი კაცი იყო, როგორ ახარებდა სხვების კარგი… ყველა გულწრფელი იყო, ყველა…

ვფიქრობდი, რამდენი ბოროტი ვიცოდი გარშემო, აღდგომა დილას რომ გათქმევინებდა მასზე,  რით ვერ ამოსძვრა სულიო და უფრო მეტად დამწყდა გული კეთილი კაცის სიკვდილის გამო…

იმაზეც დავფიქრდი, ნეტავ რას იტყოდნენ ჩემზე, მეც რომ მოვკვდებოდი, ექნებოდათ საბაბი იმის თქმის, რომ კეთილი გული მქონდა და სხვისი კარგი მახარებდა?

ნახვამდის, ბატონო ნუგზარ! იქ  მონატრებული დედათქვენი დაგხვდებათ.

იქაც დაგხვდებიან ისინი, ვისაც თქვენგან კეთილი სიტყვის მოსმენა სჭირდება…

 

 

 

 

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! “მედიაწიგნიერება და სანდოობა”

0

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობა” დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

მეორე ანიმაცია ,“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

მესამე ანიმაცია “მედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...