ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

საზაფხულო  თავგადასავლები დავალებად

0

წლევანდელი სასწავლო წელი ძალიან მალე მიიწურა. როცა წლის დასასრული მოახლოვდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, მოსწავლეებისთვის საზაფხულოდ რომელი წიგნი, რომელი სავარჯიშოები მერჩია. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი რა დავალება მიმეცა, რომელსაც წუწუნის გარეშე შეასრულებდნენ. ამ ფიქრებით მშობლებს საკომუნიკაციო სივრცეში წერილი მივწერე, რომ უახლოეს დღეებში მშობელთა კრებას ონლაინ ჩავნიშნავდი, სადაც სასწავლო წელს შევაჯამებდი და საზაფხულო დავალებებსაც გავაცნობდი. ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლის მშობლის კომენტარი არამარტო თვალში, არამედ გულზეც მომხვდა. წერდა, რომ ჩემი წერილი ხმამაღლა წაიკითხა, რის შემდეგაც ჩემს წარჩინებულ მოსწავლეს შემდეგი კომენტარი გაუკეთებია: მეგონა, წელს გადავრჩებოდიო. ამ სიტყვებზე ბევრი ვიფიქრე. მივხდი, რომ იმ მოსწავლისთვისაც კი, რომელიც მთელი წელი დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა, ჩემი დავალება ტვირთი იქნებოდა. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა, განსხვავებული შემეთავაზებინა მათთვის? გაგიზიარებთ ჩემს ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზე მყოფ გეგმას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს თქვენი მოსწავლეებისთვის. მაშ ასე:

საზაფხულო თავგადასავლები. ინსტრუქცია მოსწავლეებს:

  1. აირჩიე ერთი ანიმაციური ფილმი, რომელიც შენთვის საინტერესოა და აუცილებლად მომწერე მეც, რომ მეც ვუყურო.

არჩევნის საშუალებით მოსწავლეებს მეტ ინტერესს ვუჩენთ.

 

  1. აიღე ერთი რვეული (წიგნაკი), რომელსაც გააფორმებ შენი სურვილის მიხედვით. გამოიყენე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანში მიღებული ცოდნა. გააფორმე ის სხვადასხვა მასალის (საღებავი, პასტელი, ფანქარი, ფლომასტერი და ა.შ ) გამოყენებით. შეგიძლია გააფორმო ორნამენტებით ან შენთვის სასურველი სხვა ფიგურით. რვეული (წიგნაკი) უნდა იყოს შენი მეგობარი, რომელსაც შთაბეჭდილებებს გაუზიარებ.

წიგნაკის გაფორმებით მოსწავლეებს გავუაქტიურებთ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მიღებულ ცოდნას. ისინი გაიხსენებენ შესწავლილ მასალას და პრაქტიკულად განახორციელებენ მას.

 

  1. მოკალათდი კომფორტულად და უყურე ანიმაციურ ფილმს. შეეცადე, ყურადღება მოქმედ გმირებზე, სიუჟეტის მოქმედებაზე, გარემოზე გაამახვილო და იფიქრე ფილმის მთავარ სათქმელზე.

ამ ნაბიჯით მოსწავლეებში გავაღვივებთ დაკვირვების უნარ-ჩვევას. ხელს შევუწყობთ აზროვნების განვითარებას.

 

  1. შენს წიგნაკში დახატე ფილმის გმირები. აალაპარაკე ისინი შენთვის სასურველი ეპიზოდის მიხედვით და გაიხსენე, როგორ იქმნება კომიქსი. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გმირს დახატავ. შეგიძლია, შექმნა მათი საშუალებით როგორც კომიქსი, ისე პორტრეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხშირად ვიყენებთ კომიქსებს, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ამ ნაბიჯით მათი დავალების შესრულების პირველი ნაბიჯები სახალისო იქნება და განწყობაც პოზიტიური შეექმნებათ.

 

  1. აღწერე (სიტყვიერად, ილუსტრაციით), წელიწადის რომელი დროა ანიმაციურ ფილმში? საიდან მიხვდი ამას? შენთვის რომელიმე ნაცნობი ბუნებრივი მოვლენა ხომ არ შეგხვდა? ეცადე, ყველაფერი შენს წიგნაკში გადმოიტანო.

ამ დავალებით მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას გავუაქტიურებთ. მოახდენენ ბუნებაზე დაკვირვებას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი.

 

  1. გაიხსენე „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილი თემები. ფილმში მოცემულმა რომელიმე ეპიზოდმა ხომ არ გაგახსენა განვლილი მასალა? თუ – კი, მაშინ აუცილებლად გაანდე შენს წიგნაკს.

აღნიშნული დავალებით მოსწავლეები სიტუაციურ დონეზე გააანალიზებენ „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილ თემებს, გაავლებენ პარალელს მათ შორის.

 

  1. აირჩიე შენთვის სასურველი ეპიზოდი ან მთლიანი ფილმის შინაარსი და შეადგინე ამოცანები, ტოლობები. დახაზე ნაცნობი ფიგურები.

ამ დავალებით მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკის საგანში მიღებული ცოდნის გამოყენებას. სახალისოდ შეადგენენ ამოცანებს, მაგალითებს და თავად გახდნენ მისი ავტორი.

 

  1. ჩაწერე შენთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის მოკლე შინაარსი. შეგიძლია ის სურვილისამებრ გააფორმო.

მოსწავლეებს უჭირთ მოკლე შინაარსის ან სათქმელის წერილობით გადმოცემა. ამ სავარჯიშოთი კი მათ განუვითარდებათ ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევა.

 

  1. ანიმაციურ ფილმში მოქმედი გმირები ალბათ ძალიან ბევრს მოძრაობენ. შეიძლება დაფრინავენ კიდეც. მოიფიქრე თამაში, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ შენს თანაკლასელებთან ერთად ითამაშებ თავისუფალ დროს. თამაშის მოფიქრებისას გამოიყენე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები დატვირთულია სხვადასხვა თამაშით. ამ დავალებით კი არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მასწავლებლებს, რომ მოსწავლეების მოფიქრებული თამაშები საგაკვეთილო პროცესში ჩავრთოთ.

 

  1. შეგიძლია, სურვილის მიხედვით გამიზიარო შენი ზაფხულის შთაბეჭდილებები, ზემოთ მოცემული დავალებები გამოიყენო საკუთარი ზაფხულის დღეების მიხედვით. მაგალითად, თუ სოფელში შენ და დაიკოს ბებიამ ღვეზელი გამოგიცხოთ და თქვენც გემრიელად შეექეცით, ამაზეც კი შეგიძლია, შეადგინო ამოცანა. შენი სურვილით გადაწყვიტე, მოცემულ დავალებებს ნანახი ანიმაციური ფილმის მიხედვით შეასრულებ, შენი ზაფხულის თავგადასავლების მიხედვით თუ… თუ არ შეასრულებ, ნება შენია.

 

ვფიქრობ, მოცემული დავალება განსხვავებულია რუტინულად მოცემული სავარჯიშოებისაგან. არის ბევრად უფრო სახალისო და შემოქმედებითი.

 

მე კი დაველოდები მოსწავლეების მიერ შერჩეულ ანიმაციურ ფილმებს, რომ მზად ვიყო მათი საზაფხულო თავგადასავლების წასაკითხად, რომლებსაც ფარულად „საზაფხულო დავალებები“ ჰქვია.

 

ილიასეული შემოქმედებითი უნივერსალიზმი ვაჟა-ფშაველასთან

0

საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ღირებულებრივი სისტემის მანიფესტაცია მის მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, თუ რა განსხვავებულ სამეტყველო სტრატეგიებს იყენებს ვაჟა პუბლიცისტურ და მხატვრულ დისკურსში ერთი და იმავე პრობლემატიკისა და თემატიკის ასახვისას, როგორია ამა თუ იმ მოვლენის ჟურნალისტური თუ მწერლური შეფასება, როგორ ვლინდება ან როგორ ამთლიანებს ამ ორ სხვადასხვა, ლოგიკურსა თუ გრძნობად-ემოციურ ნაკადს ვაჟა-ფშაველას ლინგვოპერსონა და როგორ ხდება მათი შერწყმა მწერლის მსოფლმხედველობაში. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მწერლები საუკეთესო ჟურნალისტებიც იყვნენ და სწორედ მათ განავითარეს ქართული პრესა. მათ პრესის მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიასთან მიჰქონდათ თავიანთი შეხედულებები. ამან კი ის განაპირობა, რომ ქართული პრესა ძალიან თავისებურია, ის გამხატვრულებულია. ეს იმითაც იყო განსაზღვრული, რომ ცარიზმი ყველანაირად აფერხებდა ცალმხრივად პოლიტიკური პერიოდული ორგანოების მშობლიურ ენაზე გამოცემას.

 

ამგვარად ქართველმა მწერლებმა პრესა გამოიყენეს ესთეტიკურ-პოლიტიკური თუ იდეური სრულყოფისათვის და იყვნენ არაჩვეულებრივი ჟურნალისტებიც, ეხმაურებოდნენ რა თავისი დროის ყველა პრობლემურ საკითხს და მიზანმიმართულად, გონივრულად წარმართავდნენ კიდეც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

ანალიზი გვაჩვენებს, რომ ქართული ჟურნალისტიკა დიდადაა დავალებული ლიტერატურისგან და პირიქითაც. იდეათა ამგვარმა ურთიერთგაცვლამ განაპირობა სტილისტური რესურსების ურთიერთგამდიდრება და გამრავალფეროვნება, რამაც ხელი შეუწყო საერთო მიზნების მიღწევას. ვაჟა-ფშაველა დიდი მოქალაქე და მოაზროვნეა არა მარტო „ალუდა ქეთელაურში”, „სტუმარ-მასპინძელსა” თუ „გველის მჭამელში”, არამედ საკუთარ სტატიებშიც, რომლებსაც იგი ათეული წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავისი დროის პერიოდულ გამოცემებში და, გარკვეულწილად, წარმართავდა კიდეც ქართულ საზოგადოებრივ აზრს. მწერლის შემოქმედებითი კრედოს გარკვევისას არ შეიძლება მისი პუბლისცისტიკის იგნორირება. ვაჟას ჟურნალისტური ნაღვაწი, რომელიც ერწყმის და ავსებს მის შედევრებს, უფრო სიღრმისეულად წარმოგვიდგენს გენიოსი პოეტისა და ჰუმანისტის შინაგან სამყაროს, იმდენად ღირებულია, რომ არაფრით შეიძლება მხატვრული შემოქმედების დანამატად გამოვაცხადოთ.

 

ვაჟას აქტიური მუშაობა ჟურნალისტიკაში (პუბლიცისტური წერილები, კორესპონდენციები, ფელეტონები) სწორედ ეპოქის სირთულემ და ორიგინალურობამ განაპირობა. სწორედ იმდროინდელმა ცხოვრებამ წამოაყენა წინა პლანზე პუბლიცისტურობა, რომელიც ფაქტის პირდაპირ შეფასებასა და მოვლენაზე სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. პოეზია მასკომუნიკაციისგან განსხვავავებულ ინტელექტუალურ ადრესატს მოითხოვს. ამიტომ ამ პერიოდში ნაკლებ მოთხოვნადი იყო. მასობრივი მკითხველისათვის უფრო საჭირო იყო ფაქტისა და მოვლენის პუბლიცისტური კვალიფიკაცია. კვლევისას გამოიკვეთა, რომ ვაჟასთვის (რომლის წერილებშიც თემისა და ფორმის მრავალფეროვნებაა), როგორც პუბლიცისტისთვის, მნიშვნელოვანია: ა) საზოგადოებრივი ინტერესის პრიორიტეტი; ბ) ქვეყნის სიყვარული და გ) ობიექტურობა, „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც ასე ნიშანდობლივია ქართული ლიტერატურისთვისაც. ვაჟა, თავისი სიდინჯით, ეპიკური სტილით, არა ემოციაზე, როგორც აკაკის სჩვეოდა, არამედ არგუმენტებზე გათვლილი მსჯელობით, ხანდახან კი მეცნიერულ დონეზე აყვანილი პუბლიცისტურობით, მხოლოდ ილიას შეიძლება ამოვუყენოთ გვერდით.

 

მრავალმხრივია ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა: პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და მან ღრმა კვალი დატოვა ყველა დარგში. ფართო საუბრის თემაა ვაჟა-ფშაველას ჟურნალისტური მოღვაწეობა, რომელიც გულისხმობს არა მარტო გამოქვეყნებულ წერილებს, კორესპონდენციებს, ფელეტონებს, არამედ რედაქციებში მის პრაქტიკულ, ჟურნალისტურ საქმიანობასაც. ვაჟას სამწერლო მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაუწყია. ეს კავშირი ხალხთან და მის გულისთქმასთან არასდროს გაუწყვეტია. ამიტომაც მისი პოეტური მრწამსის, მსოფლმხედველობისა და მოქალაქეობრივი ინტერესების გასაცნობად მეტად მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტური მემკვიდრეობის შესწავლა.

 

რა მოვლენებს არ ეხება იგი: მთიელთა დაბეჩავებული, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ცრუმორწმუნეობისა და ზოგიერთი ჩვეულების მავნებლობა, სწავლა-განათლების საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ თავის ფელეტონებსა და კორესპონდენციებში ფშავ-ხევსურეთის შესახებ წერდა, მათში საქართველოს ყველა კუთხის ცხოვრების ანარეკლს ვხედავთ, მთიელთა ცხოვრებაზე კი მოგვითხრობს იმიტომ, რომ ეს ნაკლებად შუქდებოდა იმდროინდელ პრესაში. აკი თვითონაც აღნიშნავდა ამას. ვაჟას პუბლიცისტიკაში წამოჭრილია და, გარკვეულწილად, გადაწყვეტილი, საფუძვლიანად განხილული იმდროინდელი საქართველოს საჭირბოროტო საკითხები: ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, განათლების, ქალთა და ა.შ.

 

ვაჟას პუბლიცისტიკას ახასიათებს ჟანრობრივი მრავალფეროვნება: ფელეტონი, პამფლეტი, შენიშვნა, სტატია, კორესპონდენცია. მწერალი იცნობს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: ბერნე, სპენსერი, ბოკლი, კონტი და ზოგჯერ ანალიტიკურად, კრიტიკით უდგება, აფასებს მათს ნააზრევსაც. ილიას, აკაკისა და ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობის გვერდით ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკას გამორჩეული ნიშა უჭირავს და საყურადღებო მოვლენაა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და განვითარების თვალსაზრისით.

 

ვაჟას პუბლიცისტიკის საერთო ტენდენცია თუ სულისკვეთება მძლავრადაა გამჟღავნებული მის მხატვრულ ნაწარმოებებშიც. მწერალზე მთლიანი, მსოფლმხედველობრვი შთაბეჭდილების შესაქმენლად საჭიროა პუბლიცისტიკისა და მხატვრული ნაწარმოებების ურთიერთმიმართებითი განხილვა. ამ მხრივ ვაჟა-ფშაველასთან აცდენები არ არის. თუმცა ვაჟას ჟურნალისტურ მემკვიდრეობაში ისეთი ფაქტები და მოვლენებიცაა აქცენტირებული, რომლებიც ნაკლებად შეგვხვდება მის ნაწარმოებებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მის წერილებში თემები და საკითხები მეტი სიმწვავითა და მჭრელი პირდაპირობითაა გაშუქებული.

 

როგორ მკითხველს გულისხმობს ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა თუ მხატვრული შემოქმედება? ამ უკანასკნელს რაც შეეხება, როგორც მარტივისა და გენიალურის გამაერთიენებელი მოცემულობა, გულის გულამდე აღწევს სწორედ თავისი ექსპრესიულობით, დააფიქრებს, ყოფიერების, ადამიანის სულის სიღრმეებში ჩაახედებს თვით ყველაზე ნაკლებგანათლებულ კაცსაც კი. რაც შეეხება ვაჟას პუბლიცისტიკას, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე და მისი მკითხველიც განსწავლული უნდა იყოს, რომ ჩასწვდეს, კარგად გაერკვეს იმ სოციალურ, ეროვნულ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკაში, რომელსაც მწერალი აწვდის და ალღო აუღოს პუბლიცისტის მიზანდასახულობას, რომ დაგვარწმუნოს რაღაცაში, თანაგანცდა აღძრას და შეიძინოს მწერლის, როგორც ენობრივი პიროვნების, აპერცეფციული ბაზა, ანუ მოცემული მასალა დამკვიდრდეს მკითხველის მეხსიერებაში, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილება.

 

ასე რომ, ვაჟას მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, მიუხედავად გამოხატვის ხერხების განსხვავებულობისა, ლოგიკური თუ სახეობრივი აზროვნების შერწყმით გაუბზარავი მსოფლმხედველობრივი კრედოს მქონე, გამთლიანებული მწერლის ლინგოპერსონა გვიმზერს, რომელშიც არაა რომელიმეს დომინირება და დაბალანსებულადაა შერწყმული აზროვნების ორი სხვადასხვა, ლოგიკური და გრძნობად-ემოციური ნაკადი.

 

 

 

 

ლიტერატურულ კონკურსი ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეხუთედ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 30 სექტემბერს, საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: “ლიტერატურული კონკურსისთვის”.

ტექსტების მოშინაურება

0

სახელმძღვანელო სავსეა რთული ტექსტებით. XXI საუკუნეა, ციფრული ტექნიკის ეპოქა. ბავშვის თითები სწრაფად დასრიალებენ ეკრანებზე. ირგვლივ ათასი გასართობია. გაწაფული კითხვა უჭირთ. შენ, ქართულის მასწავლებელმა, მცირე დროში ათასი რამ უნდა მოასწრო.

„ჩუგლუგი“, „ტაგანი“, „ჟამთააღმწერელი“, „დეკა“, „ბუერა“, „ჩადუნიანი“… – დღეს ვინღა იყენებს ამ სიტყვებს? ვფიქრობ, ძველი ტექსტების გაცნობა ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს – ყოველ წამს შეიძლება, ჩაწყდეს და თან გაიყოლოს ინტერესი, გულმოდგინება, პატივისცემა, ისტორიული მეხსიერება და ყველაზე მთავარი, სიტყვის სიყვარული.

მე და ჩემს მეექვსეკლასელებს ერთი სემესტრის განმავლობაში დაგვიგროვდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მკაფიო მიზნით გამოვიყენე – ტექსტების მოსაშინაურებლად. აქტივობების აღწერილობას დროდადრო სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. გადავწყვიტე, მათ ერთ სტატიაში მოვუყარო თავი და ამგვარად თქვენც გაგიზიაროთ.

პირველ რიგში რეალობას თვალს ვუსწორებ – ასაკის თავისებურებებისა და ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოტივაციის არქონას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევ და მომართული ვარ მათი მოწყენილობისა და უინტერესობის დასამარცხებლად.

როგორც წესი, რამდენიმე მოსწავლე ყველა საგანს თითქმის ერთნაირი ინტერესით სწავლობს. მათ შორის არის ჩემი 11 წლის გოგონაც, რომლის მასწავლებელი ვარ. მას პერფექციონიზმის წყალობით, ყველაფრის დაზუთხვა შესანიშნავად გამოსდის, თუმცა, არის კი ეს საკმარისი?! ჩემი დაკვირვებით, თუ გულით არ შეიყვარებს იმას, რასაც სწავლობს, გონება მალევე ათავისუფლებს ადგილს სხვა ტექსტისთვის. რა უნდა ქნას კლასის უმრავლესობამ, ბავშვებმა, რომლებსაც წაკითხვაც კი ეზარებათ? როგორც ვხედათ, პრობლემა მწვავეა და მის გადასაჭრელად დროული ჩარევაა საჭირო.

ძვირფასი ტექნოლოგიები

პანდემიის გამო სასწავლო პროცესში აუცილებელი გახდა რამდენიმე პლატფორმის ჩართვა. ჩემს გოგონას აქამდე არასდროს ჰქონია ფეისბუკი, მესენჯერი. დისტანციურმა სწავლებამ სოციალური ქსელის შექმნის საჭიროება დაგვანახა. ვფიქრობ, ხისტი აკრძალვა სწორი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის გამოყენებისას დროის ლიმიტის დაცვა მოზარდებს ნამდვილად უჭირთ. შექმნეს კლასის ჩატი და მეც დამამატეს. თვალს ვადევნებდი მათ მიმოწერას და გული მწყდებოდა იმაზე, რომ, თუკი საშინაო დავალების წერისას გრამატიკული შეცდომები მინიმალური იყო, ონლაინმიმოწერისას პირისა და სასვენი ნიშნები უმოწყალოდ უგულებელყოფილნი იყო. ერთი რამ კი თვალნათელი იყო – ჰაერივით სჭირდებოდათ ემოციების გაზიარება.

ამასობაში ფარნავაზის გაცნობის დროც დადგა. XI საუკუნიდან ლეონტი მროველი გვეხმიანებოდა: „ესე ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი“. კლასის ჩათში კი მოფახფახებული ფრაზები მიმოქრიან, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის – „ქართულში რა გვაქ დავალება?“

 

ფარნავაზის მესენჯერი

ფარნავაზის შესახებ ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრებაში“ მოგვითხრობს. ლეგენდარული მეფის ისტორია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ზღაპრული ჩანართებით – სიზმარს ვგულისხმობ – სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივები ჭაბუკს წელზე შემოერტყმება და მინდვრად გაიყვანს. ძირს ჩამოსულ მზეს ცვარს მოჰხოცავს და სახეზე იცხებს. საყვარელი ეპიზოდის გარდა, ტექსტი სავსეა ისტორიული თუ ლეგენდარული ფაქტებით, პირთა სახელებით.

ვფიქრობდი, რა გზა გამომეძებნა 11-12 წლის გოგო-ბიჭების ინტერესის გასაღვივებლად. ფარნავაზის მესენჯერის იდეაც მაშინ დამებადა. სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევქმენი მარტივი სქემა და შევარჩიე რამდენიმე პერსონაჟი.

თამაშის წესი მარტივი იყო: თითო თაბახის ფურცელი წყვილებად დაყოფილ კლასს დავურიგე. პერსონაჟები გადაინაწილეს და მიმოწერა გააჩაღეს. ზოგი აზონი იყო, ზოგი – ქუჯი, ზოგიც ფარნავაზი ან მისი დედა და და.

ინსტრუქცია ამგვარი იყო:

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზ მეფეს აქვს მესენჯერი და დედას სწერს თავისი უცნაური სიზმრის შესახებ. მოიფიქრე, რას უპასუხებდა დედა. „გამოიყენე“ სათანადო ემოციის გამომხატველი ღიმილაკი.
 

ფარნავაზი

 

დედა

 

ფარნავაზი

 

დედა

 
ჩემი კომენტარი ამ დავალების შესახებ

 

 
 

 

 

 

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და განძის აღმოჩენის შესახებ თავის დას სწერს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს და.

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და ეგრისის ერისთავ ქუჯის დახმარებას სთხოვს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს ქუჯი.

 

სქემის შედგენისას გასათვალისწინებელია დრო და მათი შესაძლებლობები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ფარნავაზის მესენჯერი“ დღემდე დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩა მათ მეხსიერებაში. ჩემი საქაღალდე კი საგულდაგულოდ ინახავს ფარნავაზისა და მისი გარემოცვის „მიმოწერას“.

 

გამოძერწილი სიტყვები

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები – რა არის ჩემი მიზანი? ბევრი ფიქრისა და დიდი დაკვირვების შემდეგ მე მაქვს მკაფიო პასუხი, სახლში დაბრუნებამდე ყველა ბავშვის გააქტიურება უნდა მოვახერხო. ჩანაფიქრის შესასრულებლად ყველაზე ნაყოფიერი კეთებით სწავლებაა. იმ დროს, როცა ჯგუფური მუშაობისგან თავს ვიკავებთ, კეთებით სწავლებისას თითოეული მოსწავლის ჩართულობა მაინც შესაძლებელია. ყველას ნამუშევარმა საბოლოო პროდუქტის სახით შეიძლება თავი მოიყაროს კოლაჟზე, დიორამაზე ან საგამოფენო თაროზე.

პლასტილინით ამგვარად გავაცოცხლეთ ფარნავაზის ეპოქის სიტყვები: „ჩუგლუგი“, „სანელსაცხებლე“, „ბეჭედი“, „სამაჯური“ თუ „სამკლაური“.

შემაჯამებელი ტესტის ერთ-ერთი საკითხი იყო – დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. უმეტესობამ „ჩუგლუგი“, „რკინის კომბალი“ გამოარჩია და კლასის გამაერთიანებელი სიტყვა უწოდა.

 

კლასში ჟამთაღმწერელია

აკაკის ბრჭყვიალა წებოვანი ქაღალდისგან გამოჭრილი ულვაშები მივაწებეთ. მელანში ძველებურ კალამს აწებს და ქაღადზე ჭრიალით გამოჰყავს საუკუნეების წინ დაწერილი სიტყვები: „განდგომილება ვგონეთ თქვენ ქართველთა და აქ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ“.

ყველა მას უყურებს. იცინიან. ერთი სული აქვთ გაიგონ, როგორ გაგრძელდება გაკვეთილი. სანამ აკაკის ხელნაწერს მელანი შეაშრება, ჩვენ როლური თამაშისთვის ვემზადებით.

 

დეტალები – მოსასხამი დიდებულებისთვის და ფარ-ხმალი

მწვანე მოსასხამი და ჩემი პატარა ბიჭის ფარ-ხმალი კოხტასთავის შეთქმულთათვის ჩავიფიქრე. ამგვარი დეტალები ცნობისმოყვარეობას აღვივებს და მერე რთული ტექსტის გაგებაც იოლდება.

როლური თამაში

სანამ როლურ თამაშს შევუდგებოდეთ, დაფაზე ჩამოვწერე კოხტასთავის შეთქმულთა სახელები – „კუპრი შოთა“, „ვარამ გაგელი“, „ეგარსლანი“, „ყვარყვარე“, „თორღაი“… რიტმული მუსიკა ჩავრთე და ყველა ავმღერდით. სიმღერის ტექსტად პერსონაჟთა სახელებს ვამბობდით. მანამდე პერსონაჟები სათითაოდ დახატეს და გამოჭრეს. მართალია, კუპრი შოთა ანიმეს გმირს უფრო ჰგავდა, ვიდრე XIII საუკუნის ადამიანს, მაგრამ თუნდაც ეს შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა მის დასამახსოვრებლად.

როლების გადანაწილებისას მწვანე მოსასხამი და ფარ-ხმალი ცოტნე დადიანს შეხვდა, ბიჭს, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად ტექსტი ვერაფრით წავაკითხე. ვუამბეთ, რას წერდა ჟამთაღმწერელი და ამის შემდეგ ხალისით ჩაება თამაშში.

ბიჩუ და ანგურგის როლები გოგონებს ერგოთ. გამოჭრილი ულვაშები მიიმაგრეს, ხმა გაიმკაცრეს და ასე წაასხეს ტყვეები ანისში, ჩორმაღან ნოინთან, რომლის როლს მარიამი თამაშობდა.

კლასის დამრიგებელი, ნინო მასწავლებელი, კლასში იმ დროს შემოვიდა, როდესაც მუხლდაჩოქილი ქართველი ტყვეები თაკარა მზის ქვეშ იტანჯებოდნენ. არასდროს დაგვავიწყდება მისი გაოცებული სახე.

 

ვაჟას ბიოგრაფია და ჩრდილების თეატრი

მშრალ ფაქტებს, რომლებიც მოზარდებისთვის გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს, ჩრდილების თეატრით ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. მეორე შემაჯამებელიც ჩრდილების თეატრს დავუკავშირეთ – წინასწარ გამოჭრილი პერსონაჟები უნდა აელაპარაკებინათ. უმეტესობამ ვაჟა-ფშაველა და მისი დედ-მამა, გულქანი და პავლე, პირველ პირში ასაუბრა.

„მე გულქანი ვარ, ლუკას დედა. ყმაწვილქალობისას ხილვა მქონდა, ციდან ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული და ზედ ორი ცეცხლის ბალღები ადი-ჩამოდიოდნენ, თან ტკბილ ხმაზე გალობდნენ“, – კლასში გულქანის მონათხრობს კულა გლდანელის ხმა ცვლიდა, რომელიც გვიამბობდა, როგორ გამართა ჭიდაობა თიანეთში ვაჟას პეტერბურგში გასამგზავრებელი თანხის მოსაგროვებლად.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თამარ გეგეშიძეს შევხვდით დისტანციურად. დაჩიმ თამარს ჰკითხა, როგორი კაცია ვაჟა-ფშაველაო. მას ჩრდილების თეატრში პერსონაჟი არ გაუცოცხლებია, თუმცა, როგორც ჩანს, ოთხდღიანი პრეზენტაციების მოსმენისას მკაფიოდ დაამახსოვრდა ვაჟა-ფშაველა და მის შესახებ მეტის გაგების სურვილიც გაუჩნდა.

მინი-დიორამები   

         ვაჟა-ფშაველას ენა თანამედროვე ბავშვებისთვის რთული გასაგებია. ჩემი სიყვარული და ხმამაღალი კითხვა ტექსტის მოსაშინაურებლად საკმარისი არ არის. მგონია, რომ მოთხრობების – „ია“ და „მთის წყარო“ – სამყაროში გადასაბიჯებლად მინი-დიორამა დაგვეხმარა. რატომ მინი-დიორამა? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელია, დრო და რესურსიც ნაკლები სჭირდება. მოზრდილი ყუთების ნაცვლად ასანთის კოლოფები გამოვიყენეთ. მინი-დიორამა რომ არა, ყურადღების მიღმა დარჩებოდათ ჩადუნიანი, ლოდებს შორის მორაკრაკე წყარო, ქედანი, ბუერა, იის ფოთლებზე დაცემული ქედნის სისხლის წვეთები.

თანამედროვე მდიდარი მამაკაციდან ტარიელამდე

         საღეჭი რეზინის მარკები, რომლებზეც მანქანებია გამოსახული, უცხო მოყმის გასაცნობად გამოვიყენე. დამეთანხმებით, დამაბნეველი დასაწყისია გაკვეთილისთვის, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი გერმანულ „მერსედესსა“ და ტარიელის შავ ცხენს შორის?

შემდეგ ჩამოვწერეთ მსოფლიოში ცნობილი და ძვირადღირებული სათვალის, საათის, შარვლის, სპორტული ფეხსაცმლის, პერანგის სახელწოდებები. ბიჭებმა XXI საუკუნის ტარიელის პროტოტიპს Nike-ის კაპიუშონიანი სვიტერი შეურჩიეს. შემდეგ უკვე ტექსტის გაცნობისა და წაკითხვის დრო დადგა. გაკვეთილის უცნაურმა დასაწყისმა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა აღძრა, რაც საშინაო დავალებასაც დაეტყო – ჟურნალისტის როლი მოირგეს და სტატია დაწერეს სკოლის ეზოში შემჩნეულ მდიდრულად ჩაცმულ მამაკაცზე.

 

ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდებათ ფარნავაზი, ცოტნე დადიანი, ჟამთააღმწერელი, მონღოლი დამპყრობლები, ვაჟას ოჯახი და ფშავის მოლაპარაკე ბუნება. მე კი მადლიერი ვარ, ჩემთვისაც რომ უფრო ახლობელი გახადეს ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები. საგულდაგულოდ შენახულ ნამუშევრებს დროდადრო ვკითხულობ. სტატიის ბოლოს 11 წლის თიკოს ჩანაწერს გთავაზობთ:

ფარნავაზი: გამარჯობა, ქუჯი. უთვალავი განძი მაქვს. მოვალ შენთან, ძმებივით ვიყოთ და აზონს ერთად დავესხათ თავს.

ქუჯი: გამარჯობა, ფარნავაზ. მოდი ჩემთან, განძს ნუ დაიშურებ. სანამ აზონს თავს დავესხმებით, მაგ განძით ლაშქარს გაგიმრავლებ.

ფარნავაზი: ოკ.

ციფრული დეტოქსი

0

ჩვენ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის რეჟიმში ვცხოვრობთ. შედეგად, უფრო სწრაფად ვიღლებით, არ გვყოფნის ძილი, ვკარგავთ კონცენტრაციის უნარს. იგივე ემართებათ ბავშვებსაც. მშობლები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ ტელეფონის გარეშე ბავშვი თავს დაკარგულად გრძნობს, არ იცის, რა აკეთოს. ამიტომ ზოგჯერ მთელი ოჯახისთვის სასარგებლოა გაჯეტების გათიშვა, ყურადღების ერთმანეთზე გადატანა.

ბევრ ზრდასრულსა და ბავშვს სჩვევია მუდმივად „ხაზზე“ ყოფნა. ისინი საათში რამდენჯერმე ამოწმებენ ტელეფონს, უწყვეტად იღებენ ახალ ინფორმაციას და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებასაც კი ახერხებენ. თუმცა, დღის ბოლოს თავს უძლურად, დაქანცულად გრძნობენ.

ციფრული დეტოქსიკაცია ყველა ციფრული მოწყობილობისა და მედიის დროებითი უარყოფაა. ასეთი დეტოქსი გვეხმარება, გავაცნობიეროთ, რამდენად ვართ დამოკიდებული გაჯეტებზე, სოციალურ ქსელებზე, მედიაზე, თამაშებზე. ამის გადაფასება აუცილებელია.

საქმე ისაა, რომ გაჯეტების გარეშე გატარებული რამდენიმე საათიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს ზოგად ჯანმრთელობას, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, ეს კი საშუალებას იძლევა, უფრო ნაყოფიერად ვისწავლოთ ან ვიმუშაოთ. როდესაც ჩვენი ტვინი წყვეტს დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღებას, მას უჩნდება ახალი ნეირონული კავშირების შექმნის რესურსი.

მსხვილი კორპორაციების ტოპ-მენეჯერებიც, რომელთა ბიზნესი სწორედ ინტერნეტში დაიბადა და, წესით, ყველაზე ნაკლებად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩვენ, ინტერნეტის მომხმარებლებმა ცოტა ნაკლები დრო ვატაროთ ოფლაინრეჟიმში, საპირისპიროს გვიქადაგებენ – Apple-ისა და Google-ის ლიდერები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ გაჯეტებთან ურთიერთობისას და თვითონაც ცდილობენ, დაიცვან საკუთარი შვილები ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარებისგან.

ამ ადამიანთა სიაში Google-ისა და Facebook-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ჯასტინ როზენშტაინიცაა. მან Like-ის ღილაკი გამოიგონა. ამ გადასახედიდან ის უკვე კრიტიკულად აფასებს ინტერნეტის ჭარბ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და მოგვიწოდებს, მეტი დრო გავატაროთ გაჯეტების გარეშე. მან საკუთარ თავსა და თავის შვილს Facebook-ზე გატარებული დროის ლიმიტი დაუწესა.

Google-ის კიდევ ერთი ყოფილი შემქმნელი, ტრისტან ჰარისი დიდ შეცდომად მიიჩნევს მომხმარებლის კონტენტის ინდივიდუალიზაციას სოციალურ ქსელში რეკლამის მომწოდებელთა სასარგებლოდ. მისი თქმით, მილიარდობით ადამიანმა არც კი იცის, რომ მათ ცხოვრებას კალიფორნიაში ჩაბუდებული ჯგუფი მართავს.

რა თქმა უნდა, ამ შეხედულებას ბევრი საერთო აქვს შეთქმულების თეორიასთან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ალგორითმების ზეგავლენას ყველა ვგრძნობთ. ვერაფრით გავექცევით ციფრული გარემოს, მაგრამ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ეს ჩვენს ემოციებზე, მოტივაციაზე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტზე.

თუ ცოტა ხნით მაინც გადავდებთ გაჯეტებს, ეს დაგვეხმარება სამყარო უფრო რეალურ ფერებში დავინახოთ. ფაქტობრივად, ორიოდე საათიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდანაც არ ამოვვარდეთ და გადავსხვაფერდეთ კიდეც. ასეთ გადასხვაფერებას დასავლეთში Local Detox-ს, ანუ ადგილობრივ დეტოქსს უწოდებენ. ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ოჯახისთვის, განსხვავებით ისეთი მასშტაბური ზომებისგან, როგორიცაა სხვა ქვეყანაში მოგზაურობა ან საკუთარი თავის გამოკეტვა შორეულ სოფელში, ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე.

შესაძლოა, თქვენს ოჯახში ციფრული დამოკიდებულების პრობლემა არც ისე მწვავედ იდგეს და რადიკალური ზომების ნაცვლად საკმარისი იყოს მხოლოდ ქსელთან ურთიერთობის გადახედვა, გაჯეტების მოხმარების წესების შემუშავება. მაგალითად, ადგილებისა (სასადილო ოთახი) და იმ დროის (გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ ან ძილის წინ ორი საათით ადრე) განსაზღვრა, როდესაც გაჯეტებზე უბრალოდ უარს იტყვით და ამ წესებს მთელ ოჯახს დაუმორჩილებთ.

ესტერ ვოიჯისკს, სამი წარმატებული ქალიშვილის დედასა და წიგნის „The Woj Way. როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი“ ავტორს, ასეთი წესების დამკვიდრება კარგად გამოუვიდა. მის სახლში ბავშვები სუფრასთან ჯდომის დროს ტელეფონს არ ხმარობენ და თამაშისთვის გამოყოფილ ორ საათს უფრო საინტერესო აქტივობაზე ხარჯავენ, მაგალითად, ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟზე. მნიშვნელოვანია, როდესაც ციფრული ტექნოლოგია აღზრდის ნაწილი ხდება – პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობის სწავლის, სწორი არჩევნის გაკეთების.

კარგი იქნებოდა, ჩვენში და ჩვენს შვილებშიც ჩამოგვეყალიბებინა ჩვევა – სოციალური ქსელების სქროლვის დროს ყოველთვის გვეკითხა საკუთარი თავისთვის: „რატომ ვკითხულობ/ვუყურებ/ვაკეთებ ამას? ნამდვილად მჭირდება?“. ეს ეხება თამაშებსაც, ახალი ამბების საიტებს, სოცმედიას. გააუქმეთ უსარგებლო ინფორმაციის გამოწერა. დროდადრო გადახედეთ თქვენი „მეგობრების“ სიას სოციალურ ქსელში, კრიტიკულად მიუდექით „ახალ ამბებს“.

ეცადეთ, სქროლვისგან შეისვენოთ ხოლმე – ეს არა მხოლოდ ამოგასუნთქებთ, არამედ დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში. ყურადღების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლა კი მედიტაციით, გაჯეტების გარეშე ჰაერზე სეირნობითა და სპეციალური ვარჯიშებით შეიძლება.

როცა ნამდვილად გავაცნობიერებთ, რამდენად დიდ და უსარგებლო საინფორმაციო მასალას ვიღებთ დღის განმავლობაში, მისი შემცირების სურვილიც ბუნებრივად გაგვიჩნდება. იმისათვის, რომ ხარისხიანი ინფორმაცია რეკლამისგან, ყალბი და არაფრის მომცემი საინფორმაციო ნარჩენისგან განვასხვაოთ, უნდა ვისწავლოთ ფაქტების გადამოწმება. ეს დაგვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ჩვენთვის მართლაც საინტერესო და გამოსადეგია.

ყველაზე მარტივი რჩევაა, ერთი დღის გატარება გაჯეტების გარეშე, შემდეგ – ორი დღის და შედეგებზე დაკვირვება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

  • ციფრული დეტოქსის წინა დღეს შეეცადეთ, შეზღუდულად გამოიყენოთ ინტერნეტი, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს. მოემზადეთ დექტოქსისთვის, რადგან რთულია, უეცრად გაეთიშოთ მას, რაშიც ინტენსიურად იყავით ჩართული.
  • წინასწარ დაგეგმეთ, რას გააკეთებთ, როდესაც გაჯეტებს გვერდზე გადადებთ: წახვალთ ზოოპარკში, აუზში, კაფეში, სტუმრად თუ უბრალოდ ბავშვებთან ერთად პარკში გაისეირნებთ? იქნებ ოჯახის ფოტოებს გადაახარისხებთ, მოამზადებთ რამე განსაკუთრებულ კერძს, ბავშვებს წიგნს წაუკითხავთ ან სამაგიდო თამაშებით შეიქცევთ თავს?
  • ნუ დაივიწყებთ ახლობლების, განსაკუთრებით ბებია-ბაბუის გაფრთხილებას, რომ ინტერნეტითა და ტელეფონით ცოტა ხნით ხელმისაწვდომი არ იქნებით.
  • ციფრული დეტოქსის დროს დააკვირდით თქვენი ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობას. იცოდეთ, რომ თავიდან ეს ყველასთვის რთული იქნება. ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება გაღიზიანება ან მოწყენილობა შეატყოთ. უარყოფითი ემოციების დასაძლევად ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადაერთეთ. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, რომ პირველმა დეტოქსმა უპრობლემოდ ჩაიაროს.

როგორ დავეხმაროთ შვილებს შეზღუდვებთან გამკლავებაში?

ზოგჯერ უინტერნეტო დასვენების შემდეგ, მისდამი ლტოლვა ან საერთოდ ქრება, ან იკლებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ბავშვებში. ბავშვს შეუძლია საკუთარი ინიციატივით, სხვა გასართობი მოძებნოს, მაგრამ, ცხადია, არსებობს რთული შემთხვევებიც. მაგალითად, აზრი არ აქვს შვილისთვის ციფრული დეტოქსის შემოთავაზებას, თუ თავად მშობელი 24 საათი ეკრანთან გაატარებს დროს.

ეფექტიანი დეტოქსისთვის საკმარისი არ არის, ბავშვს ჩამოვართვათ ტელეფონი და გამოვურთოთ ტელევიზორი. ბავშვი ამისათვის მზად უნდა იყოს. დაეხმარეთ, გააცნობიეროს, რომ ციფრული მოწყობილობები იწვევენ დამოკიდებულებას, რომ გათავისუფლებისთვის გაბრძოლება დასჭირდება. შესთავაზეთ, გაჯეტების გარეშე გაატაროს ერთი საათი, შემდეგ – ორი. დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.

დეტოქსის დაწყებამდე აუხსენით ბავშვს, რომ სამუდამოდ არ უწევს უარის თქმა ვირტუალურ სამყაროზე – ფილმებზე, თამაშებზე, მუსიკაზე, პირიქით, ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა დროებითი დეტოქსიკაცია ტექნოლოგიის მიმართ.

მშობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თავიდან ბავშვი მოუსვენარი, კაპრიზული, გაღიზიანებული გახდება. ეს ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება. მშობლებმა მოთმინება უნდა იქონიონ. ნებისმიერ ბავშვს სჭირდება დრო, რომ აითვისოს ახალი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და გამოიმუშაოს ჯანმრთელი ჩვევები.

ბავშვი, რომელიც გაჯეტებთან დიდ დროს ატარებს, ინტერნეტს მომენტალურად ვერ უარყოფს, თუ ღირსეულ ჩანაცვლებას არ შევთავაზებთ: საინტერესო საქმიანობას, რომელიც მოსწონს. მოზარდებისთვის დეტოქსის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად საინტერესოა შემოთავაზებული ალტერნატივა. მოზარდები ქმნიან თავიანთ ღირებულების სისტემას და ცდილობენ, ოჯახის სხვა წევრების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. გარდა ამისა, მოზარდების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მშობლებმა ადეკვატურად შეაფასონ პრობლემის მასშტაბები: გასარკვევია, რატომ ხარჯავს მოზარდი ამდენ დროს ინტერნეტზე, რას აძლევს ის მას. შესაძლოა მისთვის ეკრანის მეორე მხარეს მყოფი მეგობარი ან რაღაც საქმე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზრდასრულისთვის სამუშაო ფოსტა.

იმისათვის, რომ ვირტუალურ სამყაროში არ გადავეშვათ, დაგვეხმარება დღის რეჟიმის შემოღება, რომლითაც განსაზღვრული იქნება არა მხოლოდ ძილის, საკვებისა და გაკვეთილების დრო, არამედ საოჯახო საქმეებისა (მაგალითად, ძაღლის გასეირნება, ჭურჭლის რეცხვა, მცენარეების მოვლა) და, შესაძლოა, ახალი ჰობის დროც. კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია, დღიურის წარმოება, ოღონდ მისი კალმით შევსება.

ნებისმიერი რამის ზედმეტი მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს, ამ მხრივ არც ტექნოლოგიაა გამონაკლისი. კვლევებმა აჩვენეს პირდაპირი კავშირი შფოთვის დონესა და ციფრულ დამოკიდებულებას შორის. ზოგ მათგანში აღნიშნულია დოფამინის უარყოფითი გავლენის შესახებ, რომელიც საპასუხო რეაქციის სახით გამოიყოფა. ეს კი მასტიმულირებელი ნივთიერებების მოქმედებას ჰგავს.

Forbes-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხუთიდან სამი ადამიანი უფრო მეტ დროს ხარჯავს თავის სმარტფონებზე, ვიდრე საქმიან პარტნიორებზე. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა იწვევს იმას, რომ ადამიანები წყდებიან გარე მოვლენებს. ციფრული დეტოქსი ხელს უწყობს ამ იზოლაციის გარღვევას და გვაიძულებს, ყურადღება ჩვენ გარშემო მყოფ სამყაროს, ახლობლებს მივაქციოთ.

როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სტუდენტები მაშინ იღებენ ზედმეტ საკვებს, როდესაც ჭამის დროს სოციალურ მედიას ათვალიერებენ. ამიტომ, უმჯობესია სადილის დრო გამოიყენოთ მხოლოდ ჭამისთვის და პარალელურად სიახლეები არ წაიკითხოთ.

როგორ მოვუწყოთ ციფრული დეტოქსიკაცია საკუთარ თავს შვებულების დროს: შეარჩიეთ ადგილი, სადაც ინტერნეტი არ არის (ან შეზღუდულია); იპოვეთ სასტუმრო wifi-ის გარეშე, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ; შვებულებისას წაშალეთ სოციალური მედიის აპები და მესინჯერები. თუ სამუშაო სიტუაცია მაინც უნდა აკონტროლოთ, გამოყავით შეზღუდული დრო ფოსტის შემოწმებისა და პასუხების გასაცემად, მაგალითად, ერთი საათი დილით და ერთი საათი საღამოს. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი კი სანდო ადამიანის პოვნაა, რომელიც თქვენს ფოსტას შეამოწმებს, სანამ თქვენ შვებულებაში იქნებით.

რედაქტირება – თვითორგანიზების პროცესი

0

ხშირად გვიკვირს, რომ ჩვენივე ტექსტის კითხვისას ისეთი შეცდომები გვეპარება, სხვის ტექსტში რომ მარტივად  აღმოვაჩენდით. გვიკვირს, ეს როგორ დაგვემართა, ეს როგორ ვერ შევამჩნიეთ.  ცოტათი პროფესიული თავმოყვარეობა გველახება, ცოტაც კომპლექსი გვიჩნდება და საკუთარ შესაძლებლობებში ვეჭვდებით.

წარმოიდგინეთ, უფროსები რომ ასე ვართ, როგორი რთულია შეცდომების პოვნა, გაანალიზება, გამოსწორება და ამ ყველაფრის რეფლექსია მოსწავლეებისთვის. რატომაა, რომ ხშირად ისინი წერის დროს უშვებენ შეცდომებს, რომელთა შესახებ კარგად იციან, რომ ჰკითხოთ, თავიდან ბოლომდე ჩამოარაკრაკებენ წესებს, თეორიას, დაგიმტკიცებენ რატომაა ეს შეცდომა, მაგრამ წერისას-მაინც ეპარებათ.

რატომაა ასეთი ხშირი მათი წუხილი-აუ, ეს ხომ ვიცოდი, ეს როგორ შემეშალა, ეს რანაირად დამავიწყდა?

როდესაც ყოველ ჯერზე მოსწავლეების თუ სტუდენტების ნაწერების გასწორება მიწევს, მახსენდება ჩემი პირველი პროზაული ტექსტი, რომელიც გაწითლებული, უამრავი შენიშვნითა და  კომენტარით დამშვენებული დამიბრუნა იმ გამომცემლობის რედაქტორმა, სადაც წიგნი უნდა გამოსულიყო. ამიტომ არასდროს არავის განვსჯი შეცდომების გამო, უბრალოდ, მათთან ერთად ვცდილობ გამოსავლის პოვნას.

რედაქტირება ყველაზე რთული ეტაპია, მოდი, დავყოთ ეს პროცესი რამდენიმე საფეხურად, მოვამზადოთ ერთგვარი გზამკვლევი, საკითხებად და მოქმედებებად ჩაშლილი პროცესი.  თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაამატოთ, შესაძლოა ინდივიდუალური მახასიათებლებიც დაუმატოთ, იმის მიხედვით, რა საკითხზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში.

რედაქტირების გზამკვლევი

 

  1. დაასრულე წერა? დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი თქვი, რაც გინდოდა? მაშინ ადექი, გაიარ-გამოიარე, წყალი დალიე ან რამე გემრიელი ჩააკნატუნე.
  2. სცადე, დაივიწყო შენი ტექსტი, გაუუცხოვდე მას, მაშინვე ნუ დაიწყებ რედაქტირებას.
  3. თუ ტექსტურ დოკუმენტში მუშაობდი, შეცვალე ტექსტის შრიფტი, ან ფონი ან ფერი, მოიტყუე თავი, ვითომ ეს შენი დაწერილი ტექსტი არ არის, საკუთარი ნაწერის რედაქტირებისას ობიექტურობის შენარჩუნება რთულია.
  4. წაიკითხე ტექსტი ერთხელ ჩუმად, ერთხელ ხმამაღლა;
  5. პირველ ეტაპზე გადახედე მექანიკურ შეცდომებს, მაგალითად, რომელიმე სიტყვა ან ასო ხომ არ გამოგრჩა?
  6. გაასწორე აბზაცები.
  7. მეორე ეტაპზე დააკვირდი, ყველა სიტყვა სწორად გიწერია?
  8. ბრუნვის ნიშნები სწორად გაქვს? აბა, კიდევ ერთხელ გადახედე.
  9. დააკვირდი, ალბად გიწერია თუ ალბათ? რამოდენიმე თუ რამდენიმე? ფაქტიურად თუ ფაქტობრივად? ეხლა თუ ახლა? ეხლავე თუ ახლავე?
  10. მნიშვნელოვანია ზმნიზედების მართლწერა, არ გამოგრჩეს!
  11. რთული სიტყვები სწორად გიწერია?
  12. ზმნის პირის ნიშანი ხომ არ გამოგრჩა სადმე? კიდევ ერთხელ გადახედე ზმნებს, სადმე შეცდომა ხომ არაა?
  13. ზმნისწინი სწორად გამოიყენე?
  14. შემდეგ ეტაპზე ვამოწმებთ სიტყვები სწორად შევათანხმეთ თუ არა ბრუნვასა და რიცხვში, სწორად ვაბრუნეთ მსაზღვრელ-საზღვრული?
  15. სიტყვათა ისეთი რიგი ხომ არ გამოგვიყენებია, რომ შინაარსს ცვლიდეს
  16. ახლა პუნქტუაციასაც გადავხედოთ, ჩამონათვალში ყველგან დავსვით მძიმე? რთულ წინადადებაში მძიმე სწორად გამოვიყენეთ? წინადადების ბოლოს წერტილი? ბრჭყალები ხომ არ გამოგვრჩენია? ორწერტილი?
  17. სადმე ბარბარიზმი ხომ არ გაქვს? კალკი? იქნებ პარონიმებსაც დააკვირდება, მცნების ნაცვლად ცნება ხომ არ გაქვს? ან ამპლუის ნაცვლად ამპულა?
  18. ახლა კიდევ ერთხელ გადაიკითხე!
  19. ერთხელაც!
  20. თუ ძალიან ბევრი შეცდომა მოგიგროვდა და ხელით წერ, ერთხელ გადაწერა მოგიწევს,სამაგიეროდ, შედეგით იამაყებ.

ქართული  „შესაქმე“

0

სვეტი-ცხოვლის მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ მისი აღმართვა ქართული ეკლესიის დაფუძნებასაც გულისხმობდა.

მწერლობაში სვეტი-ცხოველმა „მოქცევაჲ ქართლისაჲდან“ – „წმ. ნინოს ცხოვრებიდან“ შემოაღწია, უფრო ზუსტად, სვეტი-ცხოველის ლიტერატურულ – მხატვრული გააზრება აქედან იღებს სათავეს. „წმ. ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე რამდენიმე ხელნაწერით არის მოღწეული. გამოვლენილია ნაწარმოების უძველესი შრეებიც, რითაც მტკიცდება, რომ „წმ. ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნაწარმოებია.

სვეტი-ცხოვლის აღმართვა უკავშირდება მეფე მირიანის მოქცევას. ქართველთა მთავრის, მეფის გაქრისტიანების შემდეგ იხილა ერმა უდიდესი სასწაული. თუმცა ღვთის ჩენას მცხეთაში სვეტი-ცხოველის აღმართვამდე ჰქონდა ადგილი, მაშინ, როდესაც წმ. ნინოს ლოცვით კერპები დაამხო უფალმა: „და ვითარცა წამის-ყოფაჲ თუალისაჲ იყო, დასავლით ჰაერნი და ქარნი შეიძრნეს და ჴმა-სცეს ქუხილთა ჴმითა საზარელთა. და აჩნდა ღრუბელი მოწრაფჱ, ნიშანსაშინელი“ [შატბერდის კრებული 1979: 335]; “ღრუბელი მოწრაფჱ“ იგივე ბიბლიური  ღრუბლის „სუეტი“ უნდა იყოს, უფლის მრისხანების ჟამს მოვლენილი ურწმუნოთა დასასჯელად. ასევე სვეტი-ცხოველის უახლესი პარადიგმები ჩანს იმ ნაძვების სახეში,  რომელთა ქვეშაც სასწაულმოქმედი „ბაბილოები“ იყო აღმოცენებული. „ქუეშე“ ამ შემთხვევაში ფესვებს უნდა უკავშირდებოდეს, ფესვები – მიწას, საიდანაც იკვეთება სვეტი-ცხოველის მიწიერი საწყისი.

მირიან მეფე ეკითხება წმ. ნინოს: „სადა უშენო სახლი ღმერთსა?“ – რაც პირდაპირი გამეორებაა პავლე მოციქულის სიტყვებისა: ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (I ტიმ. 3,15).

ღვთის სახლის ასაშენებლად მოჰკვეთეს ნაძვი და „შემზადეს სუეტად“. ეს ის ნაძვი უნდა იყოს, რომლის ქვეშაც ხარობდა სასწაულმოქმედი „ბაბილოები“.  გადმოცემის თანახმად, ხე, რომელიც სვეტად შეამზადეს, ქრისტეს პერანგზე იყო ამოსული, მისი ადგილი კი მხოლოდ წმ. ნინომ უწყოდა. სვეტის აღმართვა ვერავინ შეძლო,  მეფე და ხალხი საგონებელში ჩავარდა. „ხოლო სანატრელი იგი გოდებდა და დაადენდა ცრემლთა სუეტსა მას ზედა“. ცრემლი ქრისტიანულ სახისმეტყველებაში განწმენდის, სისპეტაკის და მონანიების სიმბოლოა. ცრემლით დაულტო, დაბანა მარიამ მაგდალელმა ფეხები ხორციელ კაცად მოვლენილ ღვთის ძეს. წმ. ნინოს ხომ მამისგან ჰქონდა ჩაგონებული: „ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა ლაზარესთა“. სწორედ ქრისტეს სიყვარულისთვის დაადინა წმ. მოციქულმა ცრემლი ქრისტეს კვართის საფლავზე ამოსული ხისგან შექმნილ სვეტს, როგორც ქრისტეს სხეულს, ისევე როგორც მარიამ მაგდალელი – უფლის ფეხებს. ცრემლთა დენა იყო საწინდარი სვეტი-ცხოველის სასწაულებრივი აღმართვისა, რომელიც ქრისტეს აღდგომის სიმბოლურ გააზრებას წარმოადგენს.

სვეტთან მოქვითინე წმ. ნინო თითქოს ჯვარცმულ შვილთან მგლოვიარე მარიამის სახეც უნდა იყოს, რომელსაც აღდგომა მოჰყვება, აღდგომა იესო ქრისტესი და აღდგომა, იგივე აღმართვა სვეტი–ცხოველისა.

პირველ შემთხვევაში აღდგომას ადამის  მოდგმის ხსნა მოჰყვა, მეორე შემთხვევაში კი ქართველთა ხსნა – მრავალწლიანი უღმერთობიდან და წარმართობიდან გამოსვლა.

წმ. ნინოს ცრემლებს პატიოსანი ჯვრის აღმართვის ეპიზოდშიც ვხვდებით, მბრწყინავი, სასწაულებრივად მოვლენილი ვარსკვლავი: „ნელიად-ნელიად განდგის მიერ კერძოდ არაგუსა და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი იგი აღმოადინეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა, და მუნით აღმაღლდის ზეცად“ [შატბერდის კრებული 1979: 348].  ორივე შემთხვევაში წმინდა მოციქულის ცრემლი აღდგომას, „აღმაღლებას“  მოასწავებს, წყარო სიმბოლურად ქრისტეს, რწმენას უკავშირდება, მაგალითად, გურამიშვილთან, ხოლო წმ. ნინოს ცრემლებით „აღმოდინებული“ წყარო წმინდანის მიერ ქრისტეს რწმენის დანერგვაა, ურწმუნოთა გაქრისტიანებაა.

სვეტის დაფუძნებას „ხარისხსა ზედა“ წინ უძღოდა წმ. ნინოსა და თორმეტი დედის ხილვა, ზმანება. მათ შუაღამისას ორი მთის – არმაზისა და ზადენის  წარმოქცევა იხილეს, როგორც ქართლში ურწმუნოების დარღვევის სიმბოლო. ამას მტრის შემოსევა და სისხლის ღვრა მოჰყვა. ყველაფერი არეულია, ირგვლივ ქაოსია. ხმა გაისმის, მეფე შეიპყრესო, წმ. ნინო და ქალები ცრემლებად იღვრებიან.

ყველაფერი ქაოსს მოუცავს, ისე როგორც შესაქმემდე.  და მცხეთაში სიმბოლურად იწყება ქართული „დაბადება“, ქართული შესაქმე. მყარდება წესრიგი. ეს ყველაფერი კარგად უწყის წმ. ნინომ: „უბრძანებ ქართა და ნიავთა: წარვედით ბნელთა ჩრდილოჲსათა, მთათა მათ კედარისათა. აქა მოვიდა იგი, რომელსა თქუენ ევლტოდეთ.“ ურწმუნოება, ბნელეთი, ქაოსი  გაძევებულია. მყარდება კოსმოსი, რომელსაც წმ. მოციქულის ხელით ჯვრის გამოსახვით ედება დასაბამი.

და სწორედ ამ საოცარი ზმანების შემდეგ, როდესაც ირგვლივ სიმშვიდეა, გათენებისას, ნათლის შემოსვლის დროს, გამოჩნდება ზეციური ჭაბუკი „ყოვლადვე ნათლითა შემოსილი, და მოებლარდნა ცეცხლის-სახედ ზეწარი, და არქუნა სამნი რაჲმე სიტყუანი ნეტარსა ნინოს“. ეს სამი სიტყვა სამების გამომხატველი უნდა იყოს. სამი სიტყვით –  მამა, ძე და სულიწმინდა –  იწყება სვეტი-ცხოვლის დაფუძნება, მცხეთური შესაქმის დასრულება. ჭაბუკი სვეტს ზეცად წაიღებს – აქ იკვეთება მისი ზეცასთან ზიარება, ზეციური საწყისი. მიწიერი საწყისი მას ხედ ყოფნის ჟამს, როდესაც ფესვები მიწის სიღრმეებში ჰქონდა გადგმული, უკვე აქვს. აქედანაც გამომდინარეობს სვეტი-ცხოველის შუამავლობა,  მედიუმობა მიწასა და ზეცას შორის. იგი დედამიწის, მიწიერი საწყისისა და ცის, არაამქვეყნიურობის, რეალურისა და ირეალურის შემაერთებელი ხდება.

ღამეული ზმანება ნათლით იცვლება, ნათელი აძევებს ბნელს. სვეტი ცეცხლის სახედ ეშვება ზეციდან მიწაზე, თავის საძირკველზე. თუმცა პირდაპირ არ დაფუძნებულა, არ მიახლებია თავის „ხარისხს“ – იგი ჰაერში გაჩერდება და ნელ-ნელა დაიწყებს  ძირთან მიახლოებას. გარიჟრაჟს მეფე მირიანმა იხილა: „ნათელი, ვითარცა ელვაჲ, ზეცადმდე აღწევნული სამოთხესა მას“.

მთელი ერი გახდა მოწმე იმისა,  თუ როგორ ჩამოვიდოდა „ნათლითა მბრწყინვალეჲ სუეტი იგი“ ადამიანისგან ხელშეუხებლად და ემყარებოდა თავისავე გადანაჭერს, თავის საფუძველს. ამის შემდეგ სვეტი-ცხოველი ქართლში სასწაულებს ახდენს, როგორც მაცხოვარი, კურნავს სნეულთ, ხოლო ამ უდიდესი სასწაულის თვალით ხილვა სულიერ განკურნებასაც იწვევს.

ასე გაცხადდა უძველეს ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში ქართველთა ახალი ეპოქის დადგომა, ახალი ერა, ახალი სარწმუნოება, ასე დაიწყო ახალი ისტორია, ახალი შესაქმე…

სვეტიცხოველი თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ნათელს, რომელიც ქრისტიანულ კულტურაში საღვთო სახელად არის მიჩნეული. ნათლის სიმბოლიკა ლოგოსური მრავალფეროვნებით გამოირჩევა: დაუბნელებელი ნათელი, უხილავი ნათელი, დაუსაბამო ნათელი, უსხეულო ნათელი, შეუხებელი ნათელი, გამოუთქმელი, მიუჩრდილებელი ნათელი და ა.შ.

ასევე, განასხვავებენ მარად არსებულ შეუქმნელ ნათელს (ნათლის სულიერ ასპექტს) და ხილულ, შექმნილ ნათელს (ფიზიკურ ასპექტს).  ამ შემთხვევაში სვეტი-ცხოველი უხილავი ნათლის ხილულად მოვლინება უნდა იყოს. ესაა სასწაული, რომელიც მცხეთაში მოხდა.

ნათელი ღმერთის ბუნების შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა, ნათელი მომდინარეობს ღმერთისგან, ანუ სახიერებისგან და, ამავე დროს, თვით ნათელია სახე სახიერებისა. ნათელი არის ყოველი სინათლეგანფენილობის წყარო და, აქედან გამომდინარე, ღმერთი, როგორც ნათელი, მარადიულია, დაუსაბამოა და უსაწყისოა.

სვეტი-ცხოველი ნათლის სვეტად წარმოდგება და ამიტომაც იგი ქართველებისთვის ღვთისჩენაა, თეოფანიაა, უფლის გამოცხადებაა, დაუსაბამო ნათლის „ჩენაა“. სწორედ ეს ნათელია, სვეტიცხოველთან ერთად რომ იჩენს ხოლმე თავს ქართულ აგიოგრაფიაში (და არა მხოლოდ მასში) და უცილობლად სასწაულს, მოწამეობას უკავშირდება.

მოსწავლეების ფსიქოლოგიური მედეგობის ამაღლების სამი გზა COVID-19-ის დროს  

0

საგანმანათლებლო დაწესებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსწავლეთა კეთილდღეობაში.

COVID-19 აგრძელებს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მრავალი ცვლილების შემოტანას. მოსწავლეები, გონებრივი სიჯანსაღის გარემოებებისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, კორონავირუსთან ერთად შესაძლოა სხვა კრიზისებსაც განიცდიდნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწავლო დაწესებულებებმა განუვითარონ მათ მედეგობა და ხელი შეუწყონ მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

 

რა არის მედეგობა?

მედეგობა (resilience) არის უნარი, შეეგუო სხვადასხვა გარემოებასა და მდგომარეობას, განსაკუთრებით – არახელსაყრელ დროს. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს პირად ზრდას და საერთო კეთილდღეობას, რადგან სირთულეებთან გამკლავების საშუალებას აძლევს ადამიანებს. გარდა ამისა, მედეგობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. მისი განვითარება შესაძლებელია და საამისოდ სხვადასხვა გზა არსებობს.

 

მოსწავლეთა მედეგობის განვითარების სტრატეგიები

საგანმანათლებლო და აკადემიური დაწესებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავიანთი აღსაზრდელების სიჯანსაღეში. ისინი უფრო ფიზიკურ სიჯანსაღეს აქცევენ ყურადღებას, თუმცა ქვემოთ მოყვანილი პრაქტიკების გამოყენებით მათ შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს გამძლეობის გამომუშავებასა და განვითარებაშიც.

 

  1. გამოიყენეთ სტრესის მართვის ტექნიკები

სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სტრესის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს შფოთვის, დეპრესიის, გადაღლილობისა და „გადაწვის“ სიმპტომების დამძიმება. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია სტრესთან გამკლავების გზების სწავლა. სტრესის მართვა სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგალითად, ფიზიკური აქტივობით ან „მაინდფულნესის“ პრაქტიკით.

ვარჯიშები ასევე შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს კონცენტრაციასა და ახალი მასალის ათვისებაში. სასწავლო დაწესებულებებს შეუძლიათ, აღსაზრდელებს შესთავაზონ ვარჯიშები როგორც პირადად, ისე ონლაინ ფორმით. ეს შეიძლება იყოს იოგა, აერობიკა, ცეკვა.

ამასთანავე, „მაინდფულნესი“ შესაძლოა დაეხმაროს მოსწავლეებს, იგრძნონ მეტი სიმშვიდე და ნაკლებად იშფოთონ. კლასებში შეიძლება ზოგიერთი ვარჯიშის რამდენიმე წუთით გამოყენებაც (მაგ., კუნთების პროგრესული მოდუნება და ღრმა სუნთქვა), რაც მოსწავლეებს სტრესის მართვაში დაეხმარება.

 

  1. წაახალისეთ განრიგები და გრაფიკები

განრიგი შესაძლოა დაეხმაროს მოსწავლეებს, აკონტროლონ თავიანთი გარემო. მათ ასევე შეუძლიათ მოაწესრიგონ ჩვენი დღე, მოგვცენ დავალებების შესრულების საშუალება და დაგვეხმარონ ვიგრძნოთ საქმის დასრულება. განრიგის შემუშავება და შენარჩუნება ასევე შესაძლოა დაეხმაროს მოსწავლეს პანდემიის დროს შფოთვასთან გამკლავებაში.

განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია დროისა და სივრცის განსაზღვრა სხვადასხვა აქტივობისთვის, რომელთა დასრულებაც საჭიროა. მაგ., სამუშაო ადგილის გამოყოფა დასვენების, ძილისა და საკვების მიღების ადგილებისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს მათ, „მიატოვონ სამუშაო“ და მასთან ასოცირებული ყოველგვარი სტრესი მაშინვე, როგორც კი სამუშაო ადგილს დატოვებენ.

გრაფიკის შედგენა ასევე შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეს, თვალი ადევნოს თავის დროს და უფრო ეფექტურად მართოს ის. მას შეუძლია გამოიყენოს მობილური აპლიკაციები გრაფიკების ორგანიზებისა და განრიგების შედგენისათვის. სასწავლებელს ასევე შეუძლია შესთავაზოს მას სხვადასხვა სასარგებლო ონლაინ რესურსი.

 

  1. ხელი შეუწყვეთ თანატოლებთან ურთიერთობას

სასწავლო დაწესებულებებმა უნდა წაახალისონ მოსწავლეები, შექმნან უსაფრთხო ძლიერი სოციალური კავშირები COVID-19-ის პანდემიისას. მოსწავლეთა ფიზიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელია სოციალური დისტანცირების რეგულაციების დაცვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხარდაჭერის ძლიერი სისტემა შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს სტრესთან გამკლავებასა და საერთო ფსიქოლოგიური სიჯანსაღის განვითარებაში. მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი, თუ ეყოლებათ ადამიანები, რომლებსაც ენდობიან და რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ამ არახელსაყრელ დროში.

მხარდამჭერი ურთიერთობების განვითარება შესაძლებელია ისეთი სოციალური აქტივობებით, როგორიცაა სასკოლო კლუბები და ორგანიზაციები. აკადემიურ დაწესებულებებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ თანატოლებთან ურთიერთობებს ვირტუალური ღონიძიებების მასპინძლობით, სადაც მოსწავლეები თანატოლებს სოციალური ქსელებით დაუკავშირდებიან.

თანატოლებთან ურთიერთობები შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ისინი პანდემიის დროს მარტონი არ არიან.

ადამიანებს არ ძალუძთ თავიანთი ცხოვრების ყველა გარემოების გაკონტროლება, მაგრამ შეუძლიათ განივითარონ ფსიქოლოგიური ძლიერება იმ გამოწვევებზე ფოკუსირებით, რომლებთან გამკლავებაც შესაძლებელია. შეგნებული ძალისხმევით და მედეგობის ჯანსაღი პრაქტიკებით მოსწავლეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ და განაგრძონ თავიანთი მედეგობის განვითარება. მართალია, მოსწავლეები დიდი ალბათობით ისევ აღმოჩნდებიან მრავალფეროვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ გამკლავების ჯანსაღი მექანიზმების შესწავლა დაეხმარება მათ გაუთვალისწინებელ გარემოებებთან შეგუებაში.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/psychological-trauma-coping-and-resilience/202102/fostering-student-resilience-during-covid-19?fbclid=IwAR0EZpDSNbszj_XeC_XdD8HSq0J60_bOlEG1Q52cS0dR-fXOhvVBrx1bd2Q

რობერ ბრესონი: სინამდვილის შესწორება

0

„სიმართლე მსხვრევადია. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – წერს ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო რობერ ბრესონის ჩანაწერების წიგნის შესავალში. ეს შესანიშნავი კრებული – „ჩანაწერები კინემატოგრაფზე“ რამდენიმე წლის წინ ქართულადაც თარგმნეს და გამოსცეს. მახსოვს, უამინდობამ სახლიდან გასვლა ვერ გადამაფიქრებინა და სტამბიდან ახლად გამოტანილი ვიყიდე კინოთეატრ „ამირანის“ ფოიეში სახელდახელოდ მოწყობილ დახლთან. მერე კი ისე დავატარებდი შავი ტილოს ჩანთით, როგორც განძს, როგორც გაუსაძლისად მშვენიერ ნივთს, გარდაცვლილი მეგობრისაგან სახსოვრად რომ დამრჩენოდა.

მას შემდეგ ვკითხულობ და ვკითხულობ. ქართული გამოცემა 130 გვერდს ითვლის – თვალი ნაწერს ვერ სწყდება, ბოლო ჩანაწერამდე მისაღწევად საათიც არ მჭირდება.

დროდადრო, ალბათ, ყველა ვამოწმებთ, სწორად ავირჩიეთ თუ არა მიმართულება; მეტისმეტად ბევრი ან არსებითი ხომ არ გავწირეთ რაღაც უსახოს, ბუნდოვანს გამოკიდებულებმა. ეჭვების გაფანტვაში ხან რომელი ავტორი მეხმარება და ხან რომელი. რობერ ბრესონი კი ამ თავისი ნაწერით, ბრწყინვალე ფილმებით მართლაც შეუდარებელია.

„მაყურებელმა არ იცის, რა უნდა. თავს მოახვიე შენი სურვილები, შენი გრძნობები“. ამაზე კარგს დღეს რას წავიკითხავდი?

*

წერილში ორი ფილმი უნდა ვახსენო, დაუყოვნებლივ სანახავი, გადასამეორებელი, მეათედ მისაბრუნებელი ორი შედევრი: 1966 წელს გადაღებული „ასეთია ცხოვრება, ბალთზარ“ (Au hazard, Balthazar) და „მუშეტი“ (Mouchette), რომელიც 1977 წელს ნახა პირველად მაყურებელმა. აჩვენეთ შვილებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს თქვენ გარშემო და ნურაფერს აუხსნით. უბრალოდ, გზა მოუსუფთავეთ, ზედმეტი ქვა-ღორღისაგან გაუწმინდეთ.

ფილმების განხილვას არც მე შევუდგები. ამოცანად მხოლოდ დიდი სახელის შეხსენება, განწყობის შესაქმნელი ფრაზების შერჩევა დავისახე. და, ცხადია, რობერ ბრესონის ჩანაწერების წიგნთან მათი მიყვანაც, ვინც ეძებს, ქმნის, შექმნილს ანაწევრებს და თავიდან აწყობს.

„ადამიანებისა და საგნების ერთი საერთო საიდუმლო“. არა, ნაწერი მხოლოდ კინემატოგრაფს არ ეხება. სადაც უნდა იყოთ ამ წამს, ამ სიტყვების კითხვისას, მიმოიხედეთ.

„გამოსახულება და ხმა, როგორც ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გზაში გაიცნობენ და ვეღარ შორდებიან“. როგორი შედარებაა?

„იპოვო ძებნის გარეშე“. და სხვაგან ფრანგი მხატვრის, ჟან-ბატისტ-კამილ კოროს ნათქვამი: „არ უნდა ეძებო. უნდა დაელოდო“.

„კავშირები, რომლებიც ელიან ადამიანებსა და საგნებს, რათა იცოცხლონ“.

„იყოს შენთვის ისეთივე მოულოდნელი, რას აღბეჭდავ ფირზე, როგორც მეთევზისათვის –  რა ამოჰყვება მის ანკესს“. შესანიშნავი რჩევაა მისთვისაც, ვისაც წერა გადაუწყვეტია, ვინც ბნელ წყალში რაღაცის მოხელთებას ცდილობს. მართალია, ჩანაწერების ავტორი მკაფიოდ დასანახ ხაზს ავლებს კინემატოგრაფსა და ლიტერატურას, კინემატოგრაფსა და მხატვრობას, კინემატოგრაფსა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის, მაგრამ შრომის კანონს დამორჩილებული და გაკვირვებული მეთევზის ეს სახე მაინც უნივერსალურად მოჩანს.

და ჩემი საყვარელი: „შეასწორე სინამდვილე ისევ სინამდვილით“.

*

სანამ წერას დავიწყებდი, რობერ ბრესონის ორი ფილმი – სწორედ ისინი, რომლებიც ზემოთ დავასახელე – კიდევ ერთხელ ვნახე. არ ვიცი, რომლისკენ უფრო გამიწევდა გული, მეტის თქმა რომ მომენდომებინა. მარის („ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ“) და მუშეტის (ამავე სახელწოდების ფილმიდან, რომელიც ჟორჟ ბერნანოსის რომანის მიხედვითაა გადაღებული) სახეები დაუვიწყარია – მათი ისტორიები მრავალი სხვისასაც აირეკლავს და მაყურებლისასაც, რომლის ბავშვობისა თუ მოზარდობის განსაცდელიც, თვალშეჩვეული გარემოც შესაძლოა სულ სხვა ყოფილიყო. მე კი ვფიქრობდი: „ვიცნობ ფრანგული სოფლის ამ უგულო მოსახლეებს, ამ საცოდავ და სასტიკ ადამიანებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, კარგად იციან, რასაც აკეთებენ“.

ოთახში, სადაც მუშეტის ოჯახი ცხოვრობს, ერთ ყუთს, ყუთზე მიწერილ სიტყვას მივაქციე ყურადღება: „Fragile“ – მყიფე, მსხვრევადი. და მაშინვე გამახსენდა ჩანაწერების წიგნში წაკითხული: „საჭიროა, რომ შენი ფილმის პერსონაჟები და საგნები დადიოდნენ მწყობრი ნაბიჯით, როგორც თანამზრახველები“.

„არავითარი ფსიქოლოგია, – წერს იქვე ავტორი და ფრჩხილებში უთითებს: – მით უმეტეს ისეთი, რომელიც აღმოგვაჩენინებს მხოლოდ იმას, რისი ახსნაც თვითონ შეუძლია“.

ბოლომდე გავუძელი ცდუნებას – არ მიცდია ზედაპირზე თუ სიღრმეში დამალული იდეების ძებნა, მთავარი გმირების მამოძრავებელი მოტივების ახსნა. მინდოდა, ის მაყურებელი ვყოფილიყავი, რომელიც ხედავს, რომელსაც ესმის.

„დარწმუნდი, რომ ამოწურე ყველაფერი, რაც გამოიხატება უძრაობითა და სიჩუმით“.

რობერ ბრესონის მსხვრევადი სიმართლე.

ზაირა არსენიშვილის რომანის – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ – შესახებ

0

„რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ცნობილი მწერლის, სცენარისტისა და მუსიკოსის პირველი რომანია. ეს რომანი 1997 წელს გამოქვეყნდა და 1998 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. რომანში ასახულია მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიების ხანა და მისი გავლენა თბილისის საოპერო თეატრის მუსიკოსებზე. წიგნის მთავარი გმირები მუსიკოსები არიან, სხვადასხვა ეროვნების, მსოფლმხედველობის, რელიგიისა და ასაკის ადამიანები, თუმცა მათ ყველას ერთი საერთო აერთიანებს – საბჭოთა ქვეყნ(ებ)ის არაერთი საშინელება, რომელიც ყველას საკუთარ ოჯახსა თუ საკუთარ თავზე აქვს განცდილი.

რომანში ვკითხულობთ: „მწერალი სწორი მიზანდასახულობისა და სულისკვეთების გარეშე არ არსებობს. ასეთ სულისკვეთებას, უპირველესად, სამშობლოს სიყვარული უნერგავს მწერალს, სამშობლოს სიყვარულის გარეშე მწერალი რა მწერალია“. ზაირა სწორედ ასეთი მწერალია, რომ არა სამშობლოს სიყვარული, მასზე დარდი და ჭმუნვა, ეს რომანი დღეს ჩვენამდე ვერ და არც მოაღწევდა. რომანი მარტივი წასაკითხი ნამდვილად არ არის. იქნება ეს სტილისტურ-ენობრივი თუ მხატვრული ღირებულების კუთხით. რომანი უდავოდ ემოციურია. მკითხველი თავად ხდება უშუალო მონაწილე იმ ამბებისა და ბევრი სცენა თვალწინ გიცოცხლდება, რაც წიგნს დაგახურინებს და იმდროინდელი თბილისის, თელავისა და ლენინგრადის ქუჩებში თვალცრემლიანს გამოგზაურებს.

ახალგაზრდა მთხზველი ამ ამბებს გვიხატავს ზედმეტი შელამაზების გარეშე, ამას ვერ ვუწოდებთ სრულყოფილად ან ლოგიკურად გამართულ ტექსტს, წარსული და აწმყო ერთმანეთშია გადახლართულ-გადაჯაჭვული. აკი ტექსტში ვკითხულობთ კიდეც – „დრო თითქოს გამთლიანდა. აღარ იყო წარსული, იყო მხოლოდ აწმყო და მომავალიც აწმყოში იყო…“. ტექსტის კითხვის დროს, გეუფლება განცდა, რომ მომავალი არსად არის, რომ დროება იყო ულმობელი, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანებს ყველაფერი წაართვა და რეკვიემიც კი არ „გადარჩენილა“ იმ საშინელი რეპრესიებისაგან, „რეკვიემი წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, ანუ აბსურდული დროის აბსურდული ქმედება“. სანამ რომანის ბოლო გვერდებამდე არ მივალთ, იქ კი, როგორც რომანის გმირებში, ასევე მკითხველშიც იმედის ნაპერწკალი ჩნდება, „რეკვიემის“ კრედოდან საყვირი სოლოს უკრავდა და ჩვენს მთხზველს, ისევე როგორც ჩვენ, მკითხველს, გული ახალი ენერგიით, ახალი იმედითა და სიყვარულით გვევსება. ვხვდებით, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც „ბნელი ორმოდან ლაჟვარდისაკენ“ დავიწყებთ სვლას.

რომანი სავსეა უამრავი ლიტერატურული ხერხით: ირონიით, კომიზმით, ტრაგიზმით. ჩემი აზრით, რომანი ტრაგი-კომიკურია, ვინაიდან ალბათ ერთდროულად მკითხველმა შეიძლება დაინახოს ტრაგედია და კომედია.  ტრაგედია, რომელიც მარტო რომანის გმირების ტრაგედია არ არის, არამედ მთელი საზოგადოებისაცაა; და კომედია, ვინაიდან გმირების ქმედებები ხშირ შემთხვევებში სიცილს აღძრავს საზოგადოებაშიც და მკითხველშიც, სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულიც კი ახერხებს გახუმრებას. რადგანაც რომანის ტრაგი-კომიკურობა ვახსენე, აქვე უნდა აღვნიშნო ყველა დროის უდიდესი შემოქმედის გავლენა – ესაა უილიამ შექსპირი. აშკარაა, მწერალს მოსწონს შექსპირი, ვინაიდან ახსენებს პასაჟებს „ჰამლეტიდან“, მისი გმირები ხან „ყოფნა-არყოფნაზე დრტვინავენ“, ხანაც „მოკლული მამის შურისძიებით შეპყრობილნი არიან“, ხანაც უბრალოდ თავიანთ ქვეყანას დანიის მსგავსად „საპყრობილეს“ ადარებენ. მართლაც – „საპყრობილე“ ზუსტი შედარებაა. ისევე როგორც ჰამლეტისათვის სიტყვა იყო „ყოფიერება“, სწორედ ასეა ჩვენი მთხზველისათვის ეს სიტყვები. მან ზუსტი სიტყვები უნდა მოძებნოს, რათა ჩვენამდე მოიტანოს ეს ამბავი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მთხრობელს სიტყვა არ ელევა, და პირიქით, მკითხველი გრძნობს, თუ როგორ ერთი ამოსუნთქვით სურს სათქმელის გადმოცემა და ჩვენამდე მოტანა. აზრის გამოხატვა სიტყვებით მწერლისათვის უდავოდ მნიშვნელოვანია. რატომ შექსპირი?  შექსპირმა მოახერხა და შექმნა თავისი ენა, იგი იმ დონის ხელოვანი იყო, რომლის მსგავსი ლიტერატურაში რთულად მოიძებნება. შექსპირმა პიესა „ჰამლეტის“ მეშვეობით ინგლისელ და არა მარტო ინგლისელ საზოგადოებას ახალი ენა შესთავაზა, ესაა ენა სილამაზისა, ხელოვნებისა. მაგრამ უდავოა, რომ „ჰამლეტი“ სიტყვებზე მეტია, „ჰამლეტი“ მსოფლიო შედევრია ყველა კუთხით. ჩემი აზრით,  მწერლის ამოცანაა, შექმნას ისეთი შედევრი, რომელსაც ყველა მიიღებს, ყველა წაიკითხავს. მწერალი მებრძოლი სულისკვეთებითაა გამსჭვალული, იგი კარგად ხვდება, რომ სიტყვებს კარგა ხანია დაკარგული აქვს მნიშვნელობა, თუმცა ამას არ ეპუება და ვხედავთ, რომ თითოეულ სიტყვას დიდი დაფიქრებით ქარგავს. აკი ვკითხულობთ კიდეც რომანში „აი, ამას უნდა კარგი ჩაღრმავება, რას ჩაიფიქრებ და ფერებს როგორ შეარჩევო“. ზაირა არსენიშვილმა, როგორც უდიდესმა მწერალმა ეს ძალიან კარგად იცოდა, მან „მისიას“ თავი გაართვა, თავისი ვალი მოიხადა ქვეყნის წინაშე და შავ-თეთრი ფერებითა და დიდი დაკვირვებით დაგვიხატა მე-20 საუკუნის საბჭოთა საქართველო.

ვკითხულობთ რომანს და გვიჩნდება უამრავი შეკითხვა. ხვდები, რომ დღესაც ბევრი მართლა „მისტირის“ იმ დროებას, იმ ყოფას და სულაც ვერ გაუაზრებიათ იმდროინდელი „საქმენნი სიავენნი“. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა ხსნა? მწერალი ნოვატორია იმ კუთხით, რომ იგი რომანშივე გვპასუხობს უამრავ შეკითხვაზე, რომელსაც ძებნა სჭირდება და დაკვირვებით წაკითხვა. იგი ამ კითხვაზე ყველაზე ლოგიკურ პასუხს გვცემს, „სანამ ჩვენ არ გავიაზრებთ, რა საშინელება დაგვატყდა თავს, სანამ ჩვენ არ გავთავისუფლდებით სტალინის კომპლექსისაგან, ანუ მონობისაგან, ჩვენი საქმე წასულიაო…“. სწორედ ესაა დღესაც პრობლემა, მთელი ერთი საუკუნის შემდეგაც, მონობას არ უნდა შევეპუოთ და სწორედ იმ თავისუფლებისათვის უნდა ვიბრძოლოთ, რომელსაც ეჟი ხადაროვსკი შეეწირა, მხოლოდ იმიტომ მაინც, რომ „ერთი ნიუანსით მეტად ვიგრძნოთ თავი ადამიანებად“.

როგორც უკვე აღვნიშნე, რომანი ეპოქალურია. იმ წლებზეა, როდესაც კომუნისტებმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ესაა რომანი, სადაც მუსიკოსები გვიყვებიან იმ დაუნდობელი წლების შესახებ, მათი ცხოვრების ისტორიებზე, მათ იმედგაცრუებებზე, ტკივილებზე, უსიყვარულობაზე, ღალატზე… გაქვს მოლოდინი, რომ რომანი იქნება სიყვარულზე, იქნება სიყვარულით სავსე, მაგრამ ირგვლივ ყველგან უიმედობას, იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთას აწყდები. ესაა რომანი, სადაც ადამიანები ფიქრობენ, რომ „ღვთის წყრომა“ აქვთ დამსახურებული, რაც მუდმივი შიმშილით, სულის ხუთვითა და ნაწლავების გათოშვით არის გამოწვეული. როგორც აგრაფენა უწოდებს, ეს ისეთი „უნამუსო, გამაუპატიურებელი შიმშილია“, რომ ქართველი ამას ვერ წარმოიდგენს, „იქ, ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყოო“, არაფერიც არ ყოფილა სხვაგვარად, სწორედ რომ საქართველოში, ადამიანებს დაკარგული ჰქონდათ „განურჩევლობა ბოროტებისა და სიკეთის“ მიმართ, რასაც ავტორი ლეო ჩივაძის მაგალითზე გვაჩვენებს, თუ როგორ გაწირა ახალგაზრდა ეჟი. საბჭოთა ადამიანის სიხარბეს მწერალი აგრაფენას მაგალითზე ისე ოსტატურად გვიხატავს, რომ მკითხველი ერთდროულად დაბნეულიც არის და ბრაზიც ახრჩობს. ჩვენი გმირები ნოტოტენიათი ხელდამშვენებულები მიადგებიან სრულიად უცნობ ქალს აგრაფენას ეჟიზე ამბების გასაგებად. ეს ქალი, რომელიც ბლოკადაგამოვლილია და უამრავი უბედურება აქვს თავს დატეხილი, თუმცა სიხარბე კი ვერ დაუძლევია მალევე ამბობს, „სულ იმას ვფიქრობ, თუ ისევ შიმშილობა ჩამოვარდა, მსუქანი მაინც ვიყო, რომ აქლემივით საკუთარმა ქონმა მიშველოს-მეთქი. ჰოდა, რასაც მოვიხელთებ, მაშინვე პირისაკენ უნდა გავაქანო…“, რაზეც ბოდიშსაც იხდის, თუმცა ჩვენი მთხრობელი იქვე დასძენს „ჩვენ ყველა ხომ ერთ კალოზე ვილეწებოდით, ჩვენ ყველას ერთად დაგვატყდა, როგორც თქვენ იტყოდით, ღვთის წყრომა“. მწერალი მხოლოდ აგრაფენას მაგალითზე არ გვაჩვენებს საბჭოთა ადამიანის სიხარბეს, არამედ ნოტოტენიას რიგში მდგარი ყველა ადამიანი იმ დროის წარმომადგენელია. თავად ჩვენი მთხრობელიც, რომელიც 300 გრამი თევზის შეძენას აპირებდა, კილოგრამზე მეტს ყიდულობს, რაც მომავლის უიმედობითა და „უნამუსო შიმშილის“ მოლოდინის გრძნობითაა გამოწვეული.

 

რომანში მწერალი ძალიან კარგად გვიხატავს „ლტოლვილი ბიჭისა და შინაბერას სიყვარულის“ ისტორიას, რომელმაც მოახერხა და წლებს გაუძლო, რომელიც დღეს ჩვენამდე მოვიდა. და პირველ რიგში ესაა თავისუფლების სიყვარული. მწერალი განოს „მურილიოს ყრმა მარიამს“ ადარებს.  იმდენად მძაფრად რჩება ეჟისა და განოს ხატი ბუხრის წინ, რომ მკითხველს ყელში ბურთი გეჩხირება, როდესაც აანალიზებ შესაძლო ტრაგიკულ ბედს ამ ხატისა, ხვდები, რომ ეს „ლაბირინთია ორი აჩრდილისა,  რომელსაც გამოსავალი არა აქვს, რომელიც თავდაუღწეველია ჭაობივით“.

„ქართულ ტაძრებსა და ეკლესიებში რომ მივდივარ, ასე მგონია, უძღები შვილივით მიტოვებულ მამას ვუბრუნდები… აი, ახლაც ვიჯექი ბალახზე და ვფიქრობდი, მხოლოდ ბახის მედგარ სულს შევადარებდი-მეთქი სვეტიცხოვლის ამშენებლის გენიას…“. სწორედ მაშინ  მოუვიდა აზრად ეჟის, შეექმნა თავისუფლების წადილით გაჟღენთილი რეკვიემი, რომელსაც შეეწირა კიდეც, თუმცა საუკუნეებს გაუძლებს მისი თავგანწირვა და თავისუფლების სურვილით გაჟღენთილი მისი რეკვიემის დასაწყისი „მწამს ძალა ღვთიური, სიცოცხლის ძალა… უქრობი, ულევი, და დაუშრეტელი, და მზეებრ ცხოველი… მარად და მარად…“.

ბოლო სიტყვას კი ჩვენ, მკითხველს გვიტოვებს, თუმცა გამოსავალსაც თავადვე გვთავაზობს: „როგორც ყველაფერი ჩვენში, ორკესტრის ყოფაც თვითდინებაზე იყო მიშვებული და თვითნებობაზე დამოკიდებული: ცუდი ანაზღაურება, დიდი ნომრები, უკონკურსობა ისეთ დაბურულ გორგალს ქმნიდა და ისე იყო ეს გორგალი გადაბმულ-გადაკვანძული სხვა, უფრო დიდ გორგლებთან, რომ… ვის უნდა გამოეხსნა, ვისა? …. იქნებ ჩვენ ყველას ერთად….

ზაირა არსენიშვილის ეს რომანი, და არა მარტო ეს, უდავოდ დიდი მონაპოვარია ქართული ლიტერატურისათვის. მისი რომანები აღტაცებას არ ტოვებს მკითხველში, პრინციპში, არც უნდა დატოვოს, როგორ შეიძლება იმ დრომ, როცა ადამიანებს  „ბალღამს ანთხევინებდნენ“ აღტაცება გამოიწვიოს?! არამც და არამც… არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რა გამოვიარეთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს გვერდში მოღალატეც ბევრი იყო, მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად, ხოლო ეჟისნაირები დ განოსნაირები – თითზე ჩამოსათვლელნი.

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...