პარასკევი, ივნისი 6, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

შევარდნაძე და იმერეთი

0

ზურა შევარდნაძის დაბადების დღეა. იგივე გარდენია შევარდნაძის.

ბავშვობაში ასკანა ასტანასავით შორს მეგონა, ისე ამოიოხრებდნენ ხოლმე ჩემი მეზობლები მოხსენიებისას. ასტანა სულ არ ვიცოდი მაშინ, მაგრამ ახლა ხომ ვიცი და ასკანაც ვიცი, მაგრამ რომ ახსენებენ, მაინც სულ შორს მგონია. მერე რაც მანდაურობაზე ჭორად თქვეს, თითქოს ასკანურ წითელ მიწას თმები ამოყავდა და კოტე ცქვიტინიძეზე დაიტესტა. დრამატულად ამაოდ – ერთი კვირა იშორებდა წებო-ტალახს აზელილ შემორჩენილ თმებსაც ბატონი კოტე.

აი, ჩვენს შვილებს კი აუცილებლად ეცოდინებათ, რომ ასკანაში დაიბადა ზურა შევარდნაძე.

ჰოდა, ზურა მარტივი კაცი როდია, ან როგორ შეიძლება მარტივი იყოს. ცოტათი ზღაპრის გმირსაც ჰგავს – ურთულესი გზები გაიარა და მიზანს მიაღწია. არც სწავლით ღამეების თენებას დარიდებია და არც იმას, თავიდან საქართველოს, ანეკდოტების ყბამოქცევით მთხრობელი რომ ეგონა – ზუსტად იცოდა, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი ინსტრუმენტი იყო იმ მიზნისთვის, რაც ვფიქრობ, ღრმა ბავშვობაში დაისახა. და შექმნა ედემი. ეს ედემი გადაედო ქალაქს და ქვეყანას. დღეს რომ მებაღეობა თავმომწონე საქმედ იქცა – მთავარი წვლილი ზურასია.

ამასწინ ლანძღეს. რაღაც თქვა და დაუნდობლად ლანძღეს. ჩვენ არ შეგვიძლია, თუ არ ვეთანხმებით – ვუთხრათ – არ გეთანხმები. ამჯერად არ გეთანხმები. ჩვენ ვამბობთ – ,,მოკვდი, შენ საშინელო, შენ გათახსირებულო, შენ პროვოკატორო, შენ იმისტო, შენ ამისტო და ათასი ასე შემდეგ”. გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა – ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: ,, შენ ყველას უყვარხარ” მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. ზურა იმედგაცრუებული იყო და სწორედ ეს ვუთხარი, ან ჩემი თქმა რად უნდოდა – მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად – შრომა, შრომა და შრომა.

###

ზემო იმერეთი და საერთოდაც იმერეთი, არის სიტყვა. სხვაგანაც სიტყვაა, მაგრამ აქაური მოქცევა, ყველაზე მარტივ ამბებსაც ლიტერატურად აქცევს – გზის მისწავლებაც კი დიდი პიესის პირველ ფრაზადაა ჩაფიქრებული.

ჰოდა, ხომ მივედით წუხელ ერთ ოჯახში, ბავშვებს მივუტანეთ ცოტა რამე. ეზო იყო დახრილი და ოღრო-ჩოღრო, როგორც წინადადებები სამანიშვილის დედინაცვალში. დახრილი და უწერტილო – არსად მთავრდებოდა. შუაში იდგა პატარა სახლი და იმ სახლის გვერდით იდგა კიდევ სახლი და ყოფდა ღობე – შეუმჩნეველი, როგორც მობეზრებული შეყვარებულის ღიმილი. იმ ღობის იქით იჯდა თხელი მოხუცი კაცი, ხელში ეჭირა ტელეფონი და სავარაუდოდ, მეგობარს, იშვიათ სიახლეს ატყობინებდა. მძაფრი იყო მისი ხმა და იმაზე მაღალი, ვიდრე გეგმავდა.

,,ახლა დამაყურე შენე! სულ არი ოთხი. ოთხი მევიდენ. მაიდან: ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას, ორი არი ჩამომჯდარი”

აი, ხომ არაფერი, თითქოს საერთოდ არაფერი, მაგრამ უცებ კლდიაშვილი-ჭეიშვილი-გაბრიაძე ჩამწკრივდნენ ამ სიტყვებში. მარტოობასთან ბრძოლა და არაფრის ყველაფრად ქცევის ალქიმია. და თანაც, განა გარეგნობით აღგვწერა – მოქმედებით. და ზუსტად ვიცი, ის მეორეც მიხვდა ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, რა გვეცვა და როგორი ცხვირები გვქონდა. მხოლოდ იმ სიტყვებით.

ეს არის იმერეთი. ამიტომაც მიყვარს.

 

 

რა კავშირშია მინიმალიზმი და შვედური Lagom-ი

0

,,ვინც ზომიერებას გადასცდება, მისთვის ყველაზე სასიამოვნო

ყველაზე უსიამოვნო ხდება.“

დემოკრიტე

„როგორ მოვიშინაუროთ ზომიერება – დროის ნიშანი –

მისხალ-მისხალ რომ გვიწონის სათქმელს.“

პაატა შამუგია

“Lagom är bäst” – ზომიერება საუკეთესო რამაა

შვედური ანდაზა

 

მინიმალიზმის მთავარი იდეაა – მეტი სივრცე და ამ სივრცეში მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომლებსაც ფუნქცია აქვს.  დამეთანხმებით, რომ საგანი უკეთ აღიქმება, როდესაც მის გარშემო მეტი სივრცეა, ვიდრე ერთად მიყრილი უამრავი ნივთი. იგივე შეიძლება ითქვას  ჩვენ გარშემო ადამიანებზე, ურთიერთობებზე, ყოველდღიურობაზე…

მინიმალიზმს  შევადარებდი გამარგვლის პროცესს. როდესაც სარეველებისგან ათავისუფლებ მცენარეს, რომ უფრო ძლიერი და ნაყოფიერი გაიზარდოს. ამ დროს შესაძლოა, არა მხოლოდ სარეველა, არამედ ზედმეტი მსგავსი მცენარეც მოაშორო იმისათვის, რომ, რომელსაც დატოვებ, მას ჰქონდეს მეტი სივრცე განვითარებისთვის; მაგალითად, თუ ნაკვეთში სიმინდს მარგლავ და ერთად თავმოყრილია 5-6, დატოვებ 2-ს, სამაგიეროდ, იცი, რომ შენი მცენარე კარგად გაიზრდება, იყვავილებს და ამ მოვლას დაგიფასებს ნაყოფით. მას ექნება მეტი წყალი, მეტი ნიადაგი, მეტი მზის სხივი და, შედეგად, საუკეთესო მარცვლები.

ახლა გადავიტანოთ მეტაფორულად და წარმოიდგინოთ, ჩვენს ცხოვრებაში რამდენი სარეველა-ადამიანია, რამდენი უფუნქციო ურთიერთობა და არაფრისმომცემი დიალოგი. მინიმალიზმი – სწორედ ზედმეტისგან გათავისუფლებაა, გამოთავისუფლებული ენერგიით კი მნიშვნელოვანი ურთიერთობები და ადამიანები კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ჩვენი ცხოვრების ხარისხიც იმატებს.

როდესაც მინიმალიზმზე საუბრობენ, მინიმალისტები ხშირად იმოწმებენ შვედური ცხოვრების წესს და  Lagom-ს.

შვედებისთვის ეს მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც პარადიგმულად ვრცელდება ყოფიერების ნებისმიერ გამოვლინებაზე: კულტურაზე, ეკონომიკაზე, განათლებასა თუ ყოველდღიურობაზე…

ბოლო წლებში მსოფლიოში შვედური „ლაგომ“ ცხოვრების ახალი ტრენდული  სტილი გახდა.

და რას ნიშნავს Lagom? ეს კონცეპტუალური სიტყვა ნიშნავს საკმარისს, არც ცოტას, არც ბევრს, ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა!

ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით,   სიტყვა Lagom ვიკინგების ეპოქიდან იღებს სათავეს –  „laget om“ ნიშნავს „წრეში ჩამოტარებას“. მაგალითად, თაფლით სავსე რქას ვიკინგები წრეში ჩამოატარებდნენ, რომ ყველას თითო ყლუპი მიეღო, საკვები თანაბრად გაენაწილებინათ. სხვა ვერსიით, Lagom ნიშნავს „კანონს“.

ლაგომი – ეს არის ბალანსი, ჰარმონია, ოქროს შუალედი… ლაგომი –  წონასწორობა და სტაბილურობაა. სამყაროში ყველაფერი თავის საპირისპიროს იწვევს და იზიდავს. ყველას გახსოვთ ალბათ, ბებიების გაფრთხილება: იმდენს იცინებ, მალე იტირებო! სიცილს ტირილი მოსდევსო… ზედმეტი არაფერი ვარგაო, მეტისმეტი – რეტისრეტიო  და ასე შემდეგ. ხშირად მიფიქრია, რატომ გვეუბნებოდნენ ასე? იქნებ ეს უბრალოდ, დაპროგრამებული ქცევა იყო, რომელიც, რატომღაც, ხშირად ხდებოდა… იქნებ იმიტომ ხდებოდა, რომ სწორედ ასე გვიწინასწარმეტყველებდნენ? მაგრამ, რაკი შეუძლებელია, სულ იცინოდეს ადამიანი, ისევე, როგორც სულ ტიროდეს, უფრო სიბრძნეს ჰგავს… რომ საჭიროა ბალანსი და დროული გაჩერება, საპირისპიროში ან დაუკრეფავში რომ არ გადახვიდე! ასე მუშაობს ქანქარა.  რუსთაველიც გვეთანხმება:

„ვერ დავმალავ‚ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
არა ვარგა უსაზომო‚ თავი ზომსა გარდგიხდია.“ – ეუბნება ასმათი ტარიელს.

ელისაბედ კარლსონი წიგნში  “Lagom”  დაწვრილებით აღწერს შვედური ცხოვრების სტილს და წერს, რომ სწორედ ლაგომის მეშვეობით შვედეთში ადამიანები უფრო ბედნიერები არიან; მკაცრ გეოგრაფიულ გარემოში მათ გამოძებნეს ოქროს შუალედი სწორედ ამ ფილოსოფიის გათავისებით. არც მეტი, არც ნაკლები, არამედ ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა! ლაგომი – ეს არის, როცა იცი, როდის უნდა გაჩერდე!

„სულის სიღრმეში ყველას აქვს ლაგომ-თერმომეტრი, რომელიც კარნახობს, როგორ უნდა მიაღწიოს ბალანსს“ (ელისაბედ კარლსონი,  “Lagom”)

შვედური განათლების სისტემაც  ლაგომის ფილოსოფიაზეა აგებული; ბავშვებს სკოლიდანვე უნერგავენ ზომიერების გრძნობას, თანასწორობის იდეას, სწორედ ამიტომ სკოლებში 6 კლასამდე არ არის შეფასებები, მოსწავლეებს არასდროს არ აძლევენ საჯაროდ შენიშვნას და არც შეაქებენ, რომ არ გამოიწვიონ ამბიციურობა და უსარგებლო კონკურენცია. მოსწავლეების საკითახს განიხილავენ კარს მიღმა მშობლებთან ერთად.

შვედები ზომიერები არიან ყოველდღიურ ცხოვრებაშიც: არასად ეჩქარებათ, მოსაუბრეს ყურადღებით უსმენენ, გულწრფელები არიან შეფასებისას, ნივთების ყიდვისას სვამენ კითხვას: „ნამდვილად მჭირდება თუ არა ეს?“, ბინა განტვირთულია ზედმეტისგან, სახლი მათი ციხე-სიმაგრეა, ახერხებენ ბალანსს სამსახურსა და სახლს შორის, ხშირად აწყობენ „ფიკას“;  („ფიკა“ ეს არის შვედური ყავის შესვენება, სამსახურში ისინი ხშირად განიტვირთებიან და მიირთმევენ ყავას…).

როგორ უნდა იცხოვროთ ლაგომის ფილოსოფიით, გთავაზობთ ელისაბედ კარლსონის რამდენიმე რჩევას:

  • უფრო ხშირად დაფიქრდით თქვენი მოქმედებების შედეგზე; გახსოვდეთ, რომ უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი რეაგირებს სამყარო;
  • მორიგ ჯერზე, როდესაც კონფლიქტში აღმოჩნდებით, შეეცადეთ გაიხსენოთ ლაგომი და მოძებნოთ კომპრომისი; განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ერთ სამყაროში თანაცხოვრება;
  • იმღერეთ გუნდში ან გაერთიანდით ჯგუფში, ინტერესების მიხედვით, მიიღეთ ადამიანები პოზიტიურად, როგორც თანამოაზრეები და არა უსიამოვნო პიროვნებები, თქვენ უკეთ გაუგებთ გარესამყაროს და ადამიანებს;
  • პატარაობიდანვე დიდი დრო გაატარეთ ბავშვებთან ბუნებაში, ისინი განიმსჭვალებიან პატივისცემით გარესამყაროს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ;

მსოფლიო კულტურა შეიცვლება, ეს განსაკუთრებით მძაფრად გამოჩნდება პოსტკოვიდურ ეპოქაში; ადამიანები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ თანამედროვე ინფორმაციულად გადატვირთულ სამყაროს უნდა დაუპირისპირონ სიმარტივე და უბრალოება; ამ იდეას საუკეთესოდ გამოხატავს 3 მიმდინარეობა:

  • მინიმალიზმი
  • ლაგომი
  • ესენციალიზმი

“ცერებზე აწეულს: არ ძალუძს დიდხანს დგომა.

სწრაფად მავალს: არ ძალუძს დიდხანს სვლა.

ვინც ბევრს ღაღადებს: მარცხდება.

ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე.”        (ლაო ძი, „დაო დე ძინი“)

P.S. დანარჩენი თქვენ იცით!

 

 

 

 

კვლევითი უნარების განვითარება დაწყებით კლასებში

0

ბოლო წლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს მეცნიერებები მოსწავლეს აღჭურვავს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, არ ჩამორჩეს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ასეთი ადამიანი შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას როგორც პროფესიული წარმატებისთვის, ისე საზოგადოების სასიკეთოდ, რადგან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე. ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა.

იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია, „გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა“.

ბუნებისმეტყველების სწავლებისას არა მგონია, ამ შედეგებს საგნის ისეთი სწავლებით ვაღწევდეთ, როგორიცაა სახელმძღვანელოებში არსებული ინფორმაციის მშრალად მიწოდება, რაც მას უინტერესოს და არაფრისმომცემს ხდის მოსწავლისთვის. ხშირია იმ მასწავლებლების უკმაყოფილებაც, რომლებიც ზედა საფეხურებზე ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დაწყებითი კლასებიდან ბავშვები ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გარეშე გადადიან. ამას წლებია ადასტურებს TIMSS-ის საერთაშორისო კვლევაც, რომელიც 2007, 2011, 2015, 2019 წლებში ჩატარდა საქართველოში.

2018-2024 წლებისთვის გაიწერა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც I-VI კლასის სტანდარტში ეს მიმართულება ამგვარადაა ფორმულირებული:

„დაწყებით საფეხურზე მეცნიერული კვლევა-ძიების მიმართულების ფარგლებში მოსწავლე ეცნობა მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძვლებს. ის სწავლობს კვლევითი კითხვის დასმას, ვარაუდის გამოთქმას, მარტივი პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვას, ჩატარებას, დაკვირვებას, აღწერას, მოდელების შექმნა-გამოყენებას, მიღებული შედეგების ორგანიზებას, გაანალიზებას, დასკვნის გამოტანას, საკუთარ ვარაუდთან შედარებას და ნამუშევრის თანაკლასელებისთვის წარდგენას. ამ ყველაფერს მოსწავლე თავდაპირველად მასწავლებლის დახმარებით აკეთებს, ხოლო საფეხურის ბოლოს, ანუ მეექვსე კლასის დასრულებისას, მისი დამოუკიდებლად მუშაობის ხარისხი იზრდება და ცდილობს, კვლევა დაგეგმოს და ჩაატაროს მასწავლებლის აქტიური დახმარების გარეშე.

მიმართულება მეცნიერული კვლევაძიება გამჭოლია და ეფუძნება დანარჩენი სამი მიმართულების შინაარსს“.

საკითხავია როგორ განვუვითაროთ მესამე-მეოთხეკლასელ მოსწავლეებს ეს საბაზისო უნარ-ჩვევები, რათა მათ ადვილად აჩვენონ სტანდარტით განსაზღვრული დონე.

მაგალითისთვის განვიხილოთ ჰაერის ტემპერატურის და ამინდის ცვალებადობის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი და კვლევა-ძიების როლი ამ პროცესში.

 

გაკვეთილების ციკლის მიზანი შეიძლება იყოს შემდეგი:

მოსწავლემ სითბო და სიცივე დააკავშიროს ჰაერის ტემპერატურასთან, განახორციელოს დაკვირვება, რომლის დროსაც აწარმოებს გაზომვებს თერმომეტრის საშუალებით, მონაცემებს შეიტანს ცხრილში, დააკავშირებს დღის მონაკვეთებთან, ამინდის ცვალებადობასთან და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს, ანგარიშს კი მოამზადებს და წარმოადგენს ხუთდღიანი ამინდის პროგნოზის სახით პროფესია „ამინდის პროგნოზის გამომცხადებლის“ ამპლუიდან.

 

აქტივობა 1.

მოლოდინების განსაზღვრა-გამოწვევა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა, არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშრება

მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლეს სთხოვს, პანტომიმით, სხეულის ენით წარმოადგინოს, როგორც გრძნობს თავს, როცა: ა) ძალიან ცხელა და ბ) ძალიან ცივა. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ თანაკლასელის მიერ წარმოდგენილი მდგომარეობა.

ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  • გამოთქვით ვარაუდი, რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ეს მდგომარეობა?
  • როდის სცხელა ან როდის სცივა ადამიანს?
  • გამათბობლის ჩართვის შემდეგ ოთახში სითბო დაისადგურებს თუ არა?
  • რა თბება ასეთ დროს, რაც ოთახში დათბობას იწვევს?
  • ახლა გაიხსენეთ, რას აკეთებს ხოლმე დედა, როცა სურდო გაქვთ, გაციებთ.
  • გაიხსენეთ, რას ამბობს ხოლმე დედა, როცა სიცხე გაქვთ.
  • რა ხელსაწყოს იყენებს დედა სხეულის ტემპერატურის გასაზომავად?
  • ვის შეუძლია, ადამიანის სხეულის ტემპერატურა დაუკავშიროს ჰაერის ტემპერატურას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა?
  • შეიძლება თუ არა, ადამიანის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ტემპერატურა ერთი და იმავე ხელსაწყოთი გაიზომოს? რატომ?

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ჰაერის, სხეულისა და წყლის ტემპერატურის საზომ თერმომეტრებს და სთხოვს, დაკვირვების შედეგად არა მარტო დააკავშირონ ისინი მათ სახელწოდებებთან, არამედ ახსნან ამ კლასიფიკაციის საფუძველი.

 

აქტივობა 2.

პრაქტიკული სამუშაო – ცდების ჩატარება

აქტივობის მიზანი: კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, მოტივაციის ამაღლება

კლასი დაიყოფა 4-5-მოსწავლიან ჯგუფებად:

მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს აუცილებლად გააცანით თერმომეტრის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

I ჯგუფი: ჯგუფის წევრებმა უნდა გაზომონ ჰაერის ტემპერატურა ოთახში, შეადარონ ის გარეთ მოთავსებული თერმომეტრის მონაცემს და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა, რომ ოთახში ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე გარეთ, შესაბამისად, ოთახში უფრო თბილა, ვიდრე გარეთ.

რჩევა: უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია, თერმომეტრი ფანჯრის შუშას გარეთა მხრიდან მიამაგროთ წებოვანი ლენტით, რომ ბავშვებმა ფანჯრის გაღების გარეშე შეძლონ მაჩვენებლების ნახვა და ჩანიშვნა.

III ჯგუფი: ჯგუფის ორმა წევრმა უნდა გაიზომოს სხეულის ტემპერატურა და მონაცემები ფურცელზე ჩაინიშნოს. აღნიშნონ, რას გულისხმობს თერმომეტრზე 37 გრადუსის წითელი მაჩვენებელი, დაადგინონ, აქვთ თუ არა მომატებული ტემპერატურა.

რჩევა: აუცილებლად იქონიეთ თან სამედიცინო სპირტი და ბამბა, რათა აჩვენოთ ბავშვებს, რომ მნიშვნელოვანია, ხმარების შემდეგ თერმომეტრი დამუშავდეს ჰიგიენურად.

II ჯგუფი: ჯგუფის წევრებმა ჭიქებში უნდა ჩაასხან ცივი და თბილი წყალი. გაზომონ ჯერ ცივი წყლის ტემპერატურა, შემდეგ კი თბილი წყლისა. ჩაინიშნონ მონაცემები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა, რომ თბილი წყლის შემთხვევაში ტემპერატურა უფრო მაღალია, რაც სვეტის სიმაღლით დგინდება.

რჩევა: კარგი იქნება, წინასწარ მოვამზადოთ ყინულის კუბები წყალში ჩასაყრელად და თბილი წყალი, რათა მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ სვეტის სიმაღლეებს შორის მკვეთრი განსხვავება.

მონაცემების შესატანად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცდის სქემა.

ცდის ეტაპები შევსება +, –
კვლევის მიზნის განსაზღვრა    
საჭირო რესურსი    
კვლევის შედეგის ვარაუდი (ჰიპოთეზა)    
კვლევის მიმდინარეობის აღწერა    
მონაცემთა ანალიზი    
დასკვნა    
+ ჯამური რაოდენობა    

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ცდების შედეგებისა და დასკვნების წარდგენა.

რჩევა: რადგან მოსწავლეები ამგვარი მუშაობის საწყის ეტაპზე იმყოფებიან, მასწავლებელს შეუძლია, მნიშვნელოვანი ფასილიტაცია გაუწიოს თითოეულ ჯგუფს.

 

აქტივობა 3.

შესწავლილი მასალის განმტკიცებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს მუშაობას სხვადასხვა ტიპის აქტივობის ბარათებზე, რომლებიც უხვად მოიძებნება ინტერნეტსივრცეში.

 

აქტივობა 4.

გაკვეთილის შეფასება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა თვითშეფასების განვითარება, პრობლემების აღმოჩენა/აღმოფხვრა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, თერმომეტრზე აჩვენონ, თუ როგორ გაიგეს გაკვეთილის თემა. საუკეთესო შემთხვევაში – +5, მცირე გაუგებრობით – 0, საკითხის გაურკვევლობის შემთხვევაში – -5.

მოსწავლეები მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში ფასდებიან განმავითარებელი კომენტარით. ხოლო აქტივობების ბოლოს მასწავლებელი შეფასებისთვის იყენებს შემდეგ რუბრიკას:

 

აქტივობა 5.

საკითხის უკეთ გაგებისა და განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს შეგვიძლია მივცეთ კომპლექსური ტიპის დავალებაც.

აქტივობის მიზანი: დამოუკიდებლად მუშაობის, პასუხისმგებლობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, პრეზენტაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

დავალების პირობა:

„წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ არხზე ხარ ამინდის პროგნოზის წამყვანი. ჰაერის ტემპერატურასა და ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად ცხრილის, საპრეზენტაციო მასალის ან ვიდეოს სახით წარმოადგინე ამინდისა და ტემპერატურის ხუთდღიანი ცვალებადობა შესაბამისი დასკვნით“.

როგორ ვაწარმოოთ დაკვირვება?

  • ოჯახის წევრებს სთხოვეთ, თერმომეტრი, რომლითაც იზომება ჰაერის ტემპერატურა, მიამაგრონ ფანჯრის შუშაზე გარედან, ისევე როგორც მოვიქეცით საკლასო ოთახში. გაითვალისწინეთ, რომ ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში იზომება.
  • ხუთი დღის განმავლობაში დილით, შუადღისას და საღამოს (სასურველია ერთსა და იმავე დროს) შეამოწმე მაჩვენებელი და შეიტანე ცხრილში.
  • დააკვირდი ამ პერიოდში მზის მდებარეობას და ამინდს, შექმენი რაიმე სიმბოლო მათ აღსანიშნავად და მიუთითე ტემპერატურის მაჩვენებლის გასწვრივ.

დაკვირვების ფორმა:

დრო (სთ) დილით – 09:00 სთ ამინდი შუადღით – 14:00 სთ ამინდი ღამით -22:00 სთ ამინდი
დღე 1            
დღე 2            
დღე 3            
დღე 4            
დღე 5            

 

უყურე ამინდის პროგნოზს და პრეზენტაციისას გამოიყენე საკვანძო სიტყვები: დილით, შუადღისას, ღამით, … გრადუსი სითბო, … გრადუსი ყინვა, წვიმა, ელჭექი, მზე, სუსტი ქარი, მცირე მოღრუბლულობა და ასე შემდეგ.

უპასუხე კითხვებს:

  • როდის იყო ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი? დაბალი?
  • შეიცვალა თუ არა ჰაერის ტემპერატურა ამინდის შესაბამისად?
  • რამდენი გრადუსია სხვაობა ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ტემპერატურებს შორის?
  • როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს სხვაობა?
  • როგორ იცვლება ჰაერის ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში?

გაკვეთილი ხელს უწყობს იმგვარი შედეგების მიღწევას, როგორიცაა:

ბუნ.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;

  • სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
  • ატარებს მარტივ კვლევით/პრაქტიკულ აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ატარებს გაზომვებს თერმომეტრის საშუალებით, იყენებს სტანდარტულ ერთეულებს;
  • წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს სხვადასხვა ფორმით (ზეპირად, წერილობით).

ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება.

  • განასხვავებს და აღწერს ტემპერატურას როგორც ამინდის კომპონენტს;
  • აკვირდება და აღრიცხავს ჰაერის ტემპერატურას გარკვეული პერიოდის (მაგ., ხუთი დღის) განმავლობაში, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით და აანალიზებს მიღებულ შედეგს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური), 2018-2024
  2. ბლიაძე მ., ახვლედიანი რ., ბუნება, მესამე კლასი, მოსწავლის წიგნი, ნაწილი II, თბილისი, 2018
  3. ბლიაძე მ., ახვლედიანი რ., ბუნება, მესამე კლასი, მასწავლებლის წიგნი, თბილისი, 2018

როგორ ვითამაშოთ პერსონაჟებით

0

ვინ შეიძლება იქცეს ლიტერატურულ პერსონაჟად?! – რეალური/გამოგონილი პიროვნება ან ამეტყველებული არსება/საგანი, რომლის დახმარებითაც მწერალს ჩვენთვის რაღაც მნიშვნელოვნის თქმა სურს. წიგნებში მომხდარ ამბებზე დაკვირვება და სწორი დასკვნების გამოტანა ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას შეგვიძლია გავუტოლოთ. მეტიც, ლიტერატურული ტექსტები გვაძლევენ საშუალებას, ერთხელ კი არა, იმდენჯერ ვიცხოვროთ, რამდენი პერსონაჟის ტყავშიც მოვახერხებთ შეძვრომას. თან წიგნში ცხოვრებით მიღებული გამოცდილება უსაფრთხოა და რეალურ სამყაროში ორიენტირებას გვიადვილებს.

სიტყვა „პერსონაჟი“ პიროვნებას, როლს აღნიშნავს. ადამიანების გარდა, მხატვრულ ნაწარმოებებში მოქმედ გმირებად საგნები, მცენარეები, ფრინველები და ცხოველებიც გვხვდება. თუმცა ისინი გარკვეული ადამიანური თვისებებით ხასიათდებიან და სიუჟეტის ქარგაში მთავარ ან დამხმარე გმირებად გვევლინებიან. რაც შეეხება პერსონაჟთა კლასიფიკაციას, მათი  დინამიკურ თუ სტატიკურ ტიპებად დაყოფა  გმირის სახეცვლილების შესაბამისად ხდება. დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრაც არ გახლავთ რთული, თუ მათ თვისებებს, მოქმედებას, მიღებულ გადაწყვეტილებას და სხვა პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულებას დავუკვირდებით. პერსონაჟის რუკები საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და გააზრებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გრაფიკული ორგანიზატორები გვეხმარება მოქმედი გმირების გარეგნული თუ თვისებრივი მახასიათებლების თავმოყრასა და მათი ფიქრების/განცდების, დამოკიდებულებების, დასახული/მიღწეული მიზნებისა და პრობლემის გადაჭრისას მიღებული გადაწყვეტილებების გააზრებაში, მაგალითად:

არსებობენ ტექსტები, სადაც თითქოს ერთი ჩვეულებრივი მოგონება, არაფრით გამორჩეული ამბავია გადმოცემული. სწორედ ასეთი მოთხრობაა „ბიბო“. მსგავსი ტექსტების დახმარებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის პერსონაჟებთან შეხვედრა უწევთ. მოთხრობაში მათი როლის სწორად გააზრება, გამოცდილების გაზიარება, დიალოგი/დისკუსია წიგნის გმირებთან თუ მათ ავტორებთან და სხვა მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორიენტირებული კითხვის უნარების განვითარებას.

არ ეთანხმები პერსონაჟის გადაწყვეტილებას?! – ჯერ გაიაზრე მისი მოქმედების გამომწვევი მიზეზები, აღმოაჩინე შეცდომა, შემდეგ კი პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა შესთავაზე. შეგიძლია მოთხრობის შენეული სცენარიც დაწერო. ავტორის მიზანი ხომ ხშირად ეს არის – მკითხველს მცდარი გზა აჩვენოს და გამოსავალი მოაძებნინოს.

არგუმენტის სწორად და მიზნობრივი ფაქტების მოშველიებით ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია. ამიტომაც ყოველთვის ვთხოვ მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრების/პოზიციის ფაქტებით განმტკიცებას, რასაც ისევ პერსონაჟის, მისი გარემოცვისა და გარემოს სიღრმისეულად გააზრების საჭიროებასთან მივყავართ. „შეკითხვების კალეიდოსკოპში“ კითხვითი სიტყვები დავალების მიზნის შესაბამისად შეგიძლიათ ცვალოთ და მოსწავლეებს მსჯელობის სწორი მიმართულებით წარმართვა გაუადვილოთ.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ როლური თამაშები, სადაც ინტერვიუერის ან პერსონაჟების როლს ირგებენ, დისკუსიას/დებატებს მართავენ, სასამართლო სხდომებს აწყობენ და ა.შ. განსაკუთრებით ახალისებთ გასული საუკუნეების პერსონაჟთა თანამედროვე სამყაროში „მოპატიჟება“ და ელექტრონული კალმების აწრიპინება. თქვენი არ ვიცი და მე სიამოვნებით წავიკითხავდი ლელთ ღუნიას (მგზავრის წერილები, ი. ჭავჭავაძე) ბლოგს, ინგილო ქალის (მეფე ერეკლე და ინგილო ქალი, ი. გოგებაშვილი) ვიდეო დღიურებსაც ვნახავდი. არც გერონტის (მირანდუხტ, რ. ინანიშვილი) ონლაინმაღაზიას დავივიწყებდი და მირანდუხტის სახელით დაფეთებულ გამყიდველს კიდევ ერთხელ გავავარჯიშებდი ანგარიშში… ასე ცოცხლდებიან პერსონაჟები და ჩვენთან ერთად იწყებენ თამაშს.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დააინტერესებთ:

საოჯახო ალბომი – მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან ელექტრონული ან ხელნაკეთი ალბომი, სადაც ტექსტში არსებულ ინფორმაციასა და საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით გააცოცხლებენ სასურველ პერსონაჟს, მის ახლობლებს (შეუძლიათ ამოგზაურონ, მათი ყოველდღიური ყოფა ასახონ და ა.შ.) და „ფოტოებს“ სამახსოვრო მინაწერებსაც დაურთავენ.

გამოიცანი პერსონაჟი – ალბათ ყველას გითამაშიათ ასოციაციობანა. დაყავით კლასი ოთხკაციან ჯგუფებად. თითოეულ წყვილს/ჯგუფს დაურიგეთ ნაცნობი პერსონაჟების ბარათები (პერსონაჟთა რაოდენობა განისაზღვრება ჯგუფების სიმრავლით და თამაშის ხანგრძლივობით). რომელი გუნდიც მეტ პერსონაჟს ამოიცნობს, მოგებულიც ის იქნება. თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში კი მოთამაშეები მანამდე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, სანამ გამარჯვებული ჯგუფი არ გამოვლინდება. ამ აქტივობის ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს პერსონაჟის აღწერა, ოღონდ ამ შემთხვევაში რიგდება პერსონაჟთა ფოტოები/ილუსტრაციები და მეწყვილეებმა ბარათზე გამოსახული გმირები გარეგნული მახასიათებლებით უნდა ამოიცნონ.

პერსონაჟის ელექტრონული ანგარიში – მოსწავლეები ხსნიან ელექტრონულ ფოსტაში ახალ მისამართს სასურველი პერსონაჟის სახელზე, შემდეგ კი წიგნის გმირებად ქცეულ თანაკლასელებთან ეპისტოლარულ დიალოგს მართავენ (მიმოწერის დროს ადრესატის ველში უნდა მიუთითონ მასწავლებელიც, რათა მან უკუკავშირის გაცემა და დავალების შეფასება შეძლოს). ზემოაღნიშნული აქტივობა შეგიძლიათ ერთჯერადად ან შემაჯამებელი პროექტის ფორმატში განახორციელოთ. მოსწავლეებმა თავად უნდა შეარჩიონ პერსონაჟისთვის მომხმარებლის სახელი, ავატარის ფოტო, პაროლი და ა.შ. თამაშის მთავარი წესია, არ გადაუხვიო პერსონაჟის სტილს! ანუ სასაუბრო თემები, ლექსიკა და ვიზუალური მხარე შეძლებისდაგვარად უნდა შეესაბამებოდეს შენს რჩეულს.

გაქცეული პერსონაჟი – დაფიქრებულხართ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ესა თუ ის პერსონაჟი წიგნიდან რომ გამქრალიყო ან ერთი მოთხრობიდან მეორეში გადაპარულიყო?! მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ამგვარი ექსპერიმენტები. წინასწარ შეარჩიეთ ტექსტი და დაამზადეთ პერსონაჟთა ბარათები. ერთი ბარათის ამოღების შემდეგ, მოსწავლეები კარგად ნაცნობი სიუჟეტის დარჩენილ პერსონაჟებზე მორგება-გადაკეთებას შეეცდებიან. ასევე შესაძლებელია პერსონაჟის გადმოყვანა სხვა ტექსტიდან, თუ მისი ამბავში მონაწილეობა ეფექტურად გადაჭრის სიუჟეტში დასმულ პრობლემას.

 

არტურ რემბოს „სიტყვების ალქიმია“

0

„მე ამბოხებული ვარ. ახლა, რაც შეიძლება თავზე უნდა ავიღო ხელი. რატომ? იმიტომ, რომ პოეტობა მსურს, ნათელმხილველობა მწადია. თქვენ ამას სრულიად ვერ გაიგებთ და ვერც აგიხსნით; შეუცნობელი უნდა შევიცნო, ყველა აზრი და გრძნობა უნდა გადავასხვაფერო. უზარმაზარი ტანჯვა-წამებაა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო, პოეტად უნდა იყო დაბადებული. მე ჩემში პოეტი შევიცანი“, – წერს არტურ რემბო ჟორჟ იზამბარს. მისი ამბოხი გამოიკვეთა გამოსახვის ახალ ფორმათა ძიებაში, ირაციონალურისა და მეტაფიზიკურის მოხელთების წყურვილში. ეს ამბოხი წარმოჩნდება ბევრ ლექსში, მათ შორის, „მთვრალ ხომალდში“, რომლის სულისკვეთება მსჭვალავს მთელ მის პოეზიას. შეცნობის ამ გზაზე მან სიტყვებს არა მხოლოდ აზრის, არამედ ფერის, მუსიკისა და სურნელის შეგრძნებების გამოწვევა „დააკისრა“. ამისთვის კი მიმართა ჯადოსნურ ხერხს, როგორც თვითონვე ამბობს, „სიტყვების ალქიმიას“, რათა ნაცნობი სიტყვებისაგან უცნობი პოეტური სახეები და შეგრძნებები „გამოედნო“. არტურ რემბო ხმოვნებს ფერებად აღიქვამდა და ასე ქმნიდა საოცარ ფანტასმაგორიულ ლექსებს. იგი ლექსში „ხმოვნები“ წერს:

„ა _ შავი ფერის, ე_ თეთრისა, ი_ მეწამულის,

უ _მწვანეა და ო_ლურჯია, ერთხელაც ზუსტად

ავხსნი ყველა მათ საიდუმლოს: ა_ მბზინავ ბუზთა

შავი, ბუსუსა კორსეტია, შმორში ნამული,

ზღვის უბე ღამით; ე_ კარვები, ცის ნისლი ნაზი,

შროშნების ჟრჟოლა, მყინვარების ცივი მახვილი“ (დავით წერედიანის თარგმანი).

 

ის შეეცადა თავისი პოეზიით აეხსნა „ყველა საიდუმლო“ ხმოვნებისა, რომლებიც ლექსში მუსიკისა და ფერების ვარიაციებს ქმნიან. ამგვარი „სინესთეზიური“ უნარი განსაკუთრებით ხელოვანებს აქვთ გამძაფრებულ-განვითარებული. შარლ ბოდლერმა „ბოროტების ყვავილების“ ერთ ლექსში, „შესაბამისობა“ რომ ჰქვია, ეს მთავარ პრინციპად აღიარა: სიტყვით არა მხოლოდ აზრისა და ემოციის, არამედ ფერის, მუსიკისა და სურნელის გამოხატვა. მოდერნიზმმა ეს იდეა აიტაცა, განსაკუთრებით კი სიმბოლისტებმა. არტურ რემბო დანარჩენ ხმოვნებს ასე ხედავს:

 

„ი_ძოწის ქამხა, სისხლიანი ამონახველი,

საყვარლის ბაგე, მცინარი თუ ნაკვნეტი ბრაზით.

უ_ ზღვის ტრიალი მარადისი წრებრუნვის ხატად,

სიმშვიდე მაღალ იალაღთა, ნაოჭთა ღრმათა,

ალქიმიისგან რომ სხდებიან შუბლზე ტვიფრებად;

ო_უზენაეს ბუკთა ხმობა ცათამიერი,

სერაფიმული მდუმარება არ-ამიერი,

ომეგა_თვალთა სანატრელთა შემოცისფრება!“.

 

მეტაფორათა ამ თავბრუდამხვევ ფეიერვერკში გამოიკვეთება მუსიკა, რომელსაც სამყაროს სხვადასხვა ნახატი ქმნის, თანაბარი ინტენსივობით შემოიჭრება როგორც „მაღალი იალაღები“, ასევე მარადიულობის „სერაფიმული მდუმარება, სატრფოს თვალთა „შემოცისფრება“, „შროშნების ჟრჟოლა“. რა თქმა უნდა, გალაკტიონის ფერადოვან-მუსიკალური ხატების წაკითხვისა და აღქმის შემდეგ ქართველ მკითხველს აღარაფერი გააოცებს. იგი მიჩვეულია, რომ, მაგალითად, მომაკვდავი გედის ხმაში „ვარდებისა და ჩანჩქერების“ ფერი, სურნელი და მუსიკა შეიგრძნოს. ამგვარად, არტურ რემბოს და სხვა სიმბოლისტთა სიტყვები, ფრაზები, ლექსები მთლიანობაში ემსგავსება შელოცვებსაც, აზრის გაგების გარეშე მაგიურად რომ მოქმედებენ მკითხველზე და უცნაურ შეგრძნებებს იწვევენ, აფხიზლებენ, აღვიძებენ, ყოველდღიურობის „გამოქვაბულებიდან“ გამოჰყავთ სინათლეზე მშვენიერების შესამჩნევად, აღსაქმელად, ხელოვნებით მოგვრილი ბედნიერების განსაცდელად. რიტმი, რითმა, ალიტერაციები, გამეორებანი, ანჟამბემანები და სხვა ტიპის მხატვრულ-ინტონაციური მიმოხვრები, გრადაციები, ტონალობები, გამები ქმნიან იმ გზებსა თუ ბილიკებს, რომლებსაც მკითხველი „სიტყვების შექმნილ განზომილებებში“ შეჰყავს. ვერლენისეული „მუსიკა, უპირველეს“ ყოვლისა მსჭვალავს მათ პოეზიას.

 

არაერთი მწერალი იყენებს ამ ხერხს, მაგალითად, ჯემალ ქარჩხაძის „იგიშიც“ გვხვდება აბსტრაქტული გრძნობებისთვის ფერისა და სურნელის შესაბამისობა, რაც უჩვეულო ემოციურ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე და მას ახალ, განსხვავებულ შეგრძნებებს უჩენს. განსაკუთრებით უცხო და შთამბეჭდავია აბსტრაქტული შეგრძნებების გამოსახატავად სუნის მოშველიება, მაგალითად, „ცხელი ხიფათის სუნი”, „სიმშვიდისა და სითბოს სუნი”, „ტყის მწვანე სუნი”, „გაავებული ნადირის სუნი”, „ავი სუნი”, „სიმშვიდის მსუბუქი სუნი”, „სახეზე ალმურის სუნი აუვიდა”, „მარტოობის შემაშფოთებელი სუნი”, „სიხარულის სუნი”, „გაკვირვების მსუბუქი სუნი” და სხვ.

 

გრიგოლ რობაქიძემ შენიშნა, რომ ოსკარ უაილდი „დორიან გრეიში” არ მიმართავს შედარებას. იგი პირდაპირ იტყვის; „მის თვალთა ამეთვისტო მიბნელდა”. რუსთაველის ქმნილებაში ეს ხერხი ხშირად გვხვდება. მან იცოდა ისიც, რომ ყოველ ხმას თავისი ფერი აქვს“. „ავთანდილი ბრუნდება, შეხვდება ტარიელს, – და უკანასკნელს: „ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა”. რობაქიძე წერს: „უაილდის მიერ შეყვარება ძვირფას ქვათა პირდაპირ ნასესხები მგონია რუსთაველის ქმნილებიდან, რომლის სამშობლოს ინგლისელი ხელოვანი მხოლოდ ნაქარგი ქსოვილებით იცნობდა”. („რუსთაველი“).

 

„საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი. ადიდე, ხალხო, ეს ჩვენი მრისხანე ქალაქი, სადაც გიჟური გატაცებით ჯამბაზობდნენ ჩვენი ლოთი ძმები — ვერლენი და ბოდლერი, მალარმე, სიტყვების მესაიდუმლე და არტურ რემბო, სიამაყით მთვრალი, დაწყევლილი ჭაბუკი“, – ასეთი სიტყვებით შემოუძღვა პაოლო იაშვილი ქართულ პოეზიაში სულიერ ნათესავებს, ფრანგ ძმებს და მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულ არტურ რემბოს, რომელსაც ვიქტორ ჰიუგომ „პატარა შექსპირი“ უწოდა.

 

„მუდამ ორ ქალღმერთს ვეთაყვანები მხოლოდ – მუზასა და თავისუფლებას, – წერს არტურ რემბო თეოდორ ბანვილისთვის მიწერილ წერილში.
რემბოს მეამბოხე სული, რაც უპირატესად ძველი პოეტური სამყაროს რღვევასა და გაბედული სიახლეების შემოტანაში მჟღავნდებოდა, ხიბლავდა და ატყვევებდა ქართული სიმბოლიზმის, წმინდა პოეზიის რაინდებს. ესენიც ხომ ფრანგი ძმებივით, ებრძოდნენ „ბატონ შაბლონს“, უნიჭო ეპიგონობას და ქართულ პოეზიას „ევროპის რადიუსით“ მართავდნენ. არტურ რემბოს პოეზიასაც მწყურვალებივით დაეწაფნენ პოეტები. მათ იზიდავდათ და ატყვევებდათ უჩვეულო სახეები, თამამი შედარებები, სამყაროში დაძებნილი სრულიად ახალი, ბოდლერის „ხელდასმული „შესაბამისობანი“. „არტურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული“ მხოლოდ გიორგი ლეონიძე როდი იყო. ფრანგი ძმის სიყვარულში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცისფერყანწელები. მათ ხიბლავდათ მისი თავისუფლება, ერთ ლექსში „ჩემი ბოჰემა“ რომ წერს:

 

„მე, გამორღვეულ ჯიბეებში ხელჩაწყობილი,

მივაბიჯებდი. შესაშური მეცვა ქურთუკიც.

უძირო ცის ქვეშ, შენ გიკმიე, მუზავ, გუნდრუკი.

ო! რა მშვენიერ ტრფობით ვიყავ გულშეპყრობილი!“ (ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანი).

 

არტურ რემბოს ლექსების თარგმნა ცისფერყანწელებმა დაიწყეს და დღემდე გრძელდება ეს ტრადიცია (ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, გივი გეგეჭკორი, დავით წერედიანი, ბადრი თევზაძე, ბაჩანა ჩაბრაძე, მარინა მითაიშვილი და სხვათა თარგმანები). რემბოს პოეტურ ციკლი „UNE SAISON EN ENFER“ მთლიანად შედარებით გვიან, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ითარგმნა. სათაური სხვადასხვანაირად არის თარგმნილი. ყანწელები მას მოიხსენიებდნენ ასე: „სეზონი ჯოჯოხეთში“; თარგმნილია ასეც: „ჟამი ჯოჯოხეთში“ (დალი ყალიჩავა); მარინა მითაიშვილმა კი თარგმნა ასე: „ერთხელ ჯოჯოხეთში“. შინაარსობრივად „სეზონი ჯოჯოხეთში“ ზუსტია, მაგრამ „ერთხელ ჯოჯოხეთში“, ვფიქრობთ, უფრო პოეტურია. საგულისხმოა, რომ ეს სიტყვა თავიდანვე წარმოჩნდება. ციკლის შესავალში პოეტი ერთგვარად მიანიშნებს იმ დროს, როდესაც განიცადა ერთგვარი „გასხივოსნება“. ეს ამგვარად გამოიხატება: „ერთხელ, საღამოს, როს მუხლებზე ჩამოვისვი მშვენიერება“.… ასე რომ, „ერთხელ“ გახდა წერტილი, საიდანაც „დაიწყო“ მისი ჩაღრმავება სულიერ სამყაროში, ჯოჯოხეთური სანახებით სავსე რომ აღმოჩნდა (მკითხველს, რა თქმა უნდა, გაუჩნდება ალუზიები დანტეს „ღვთაებრივი კომედიისა“).

 

არტურ რემბო „დახეტიალობდა“ სიტყვების ლაბირინთში, ფერის, ბგერისა და სურნელის კავშირს სიტყვის სიღრმეში პოულობდა და პოეტური დროის მრავალწახნაგოვან ზედაპირზე უჩვეულო კომბინაციებით ამოწერდა.

 

რემბოს „ერთხელ ჯოჯოხეთში“ რთული მხატვრული ტექსტია, ასოციაციური ნაკადებით გაჯერებული. პოეტი შეეცადა მასში მოექცია არა მხოლოდ თავისი, არამედ, საზოგადოდ, ადამიანური სულის გამოცდილებანი, ვნებანი და მარტვილობანი. თანვე, ეს არის მაღალი პოეზია. ისეთი, როგორსაც ითვალისწინებდა სიმბოლისტური პრინციპები. სტეფან მალარმე წერდა: „ლექსი, რომელიც გადაადნობს სიტყვებს ახალ, მთლიან სიტყვად, სიტყვა-შელოცვად, იწვევს საკვირველ შეგრძნებას – თითქოს ასეთი, თავისთავად საკმაოდ უბრალო ენობრივი ფენომენი მანამდე არასდროს გვსმენია და თვით ამგვარი სიტყვით აღნიშნული საგნის გახსენების პროცესიც უჩვეულო ატმოსფეროში მიმდინარეობს“. „საჭიროა მხოლოდ მინიშნება და სხვა არაფერი. საგანთა ჭვრეტა, ზმანებებით ნასაზრდოები, ზმანებათა მიერ მონაქროლი სახეები — აი, რა არის ნამდვილი შემოქმედება“. „ყოველდღიური საგნები თავისთავში მალავენ უხილავ და მიუწვდომელ საზრისს“. ამგვარია რემბოს დამოკიდებულება სამყაროსთან და ამიტომაც სავსეა მისი პოეზია „ზმანებათა მიერ მონაქროლი სახეებით“ (სტეფან მალარმე „სიმბოლიზმის შესახებ“).

 

რემბოს ეს ციკლი არის პოეტის სულის უფსკრულთა მიმოხილვა და სწორედ ესაა ჯოჯოხეთიც. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, მშვენიერებით მორიგი ტკბობისას პოეტმა წარმოსახვით გასწია რეალობის მომაჯადოებელი ფარდა და იმის იქით იხილა სულ სხვა რამ, რაც არც მშვენიერი იყო და არც მომხიბლავი, მაგრამ საოცარი ძალით იზიდავდა. სიტკბო სიმწარედ იცვალა. გარეგანი თვალი დაეხუჭა და აეხილა შინაგანი: „და გავიქეცი“.

 

რემბო წერს: „ნათელმხილველი უნდა იყო, ნათელმხილველად უნდა იქცე. პოეტი თავის თავში ქმნის ნათელმხილველს ყოველგვარი მნიშვნელობისა და აზრის ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი, უზარმაზარი და გონივრული ცვალებადობით; სახეს უცვლის სიყვარულის, ტანჯვის, სიშლეგის ყოველგვარ ფორმას. ის გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაშია; ყოველგვარ საწამლავს გამოსცლის, რომ სამუდამოდ ჩასწვდეს მათ არსს, ატაროს მათი გემო, ენით უთქმელი ტანჯვა-წამებაა ყოველ ჯერზე და მოითხოვს სრულიად ზეადამიანურ ძალ-ღონეს. სწორედ ამიტომ პოეტი ხდება ყველაზე დიდი ავადმყოფი, ყველაზე დიდი დამნაშავე, ყველაზე დიდი შეშლილი, – და უზენაესი მეცნიერი! რადგან ის სწვდება შეუცნობელს!“ (პოლ დემენისთვის მიწერილი წერილიდან, ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა).

 

საზოგადოდ, გაქცევა თითქოს ერთიანად მსჭვალავდა მის ცხოვრებას. ბავშვობიდანვე ეს მისი ყველაზე საყვარელი სერიოზული „თამაში“ იყო. თავისუფლებისკენ უკიდეგანო სწრაფვამ, რაც ვერანაირ ჩარჩოებსა და ზღუდეებს ვერ ითმენდა, იგი რეალურ თუ წარმოსახულ მარადიულ მოგზაურად აქცია. 19 წლისამ მიატოვა ყველაფერი და ევროპა დატოვა, „მთვრალი ხომალდივით“ გადაეშვა ცხოვრების ზღვაში. ტალღათა მიმოქცევამ ხან ეგვიპტის, ხან ამერიკის ნაპირებთან გარიყა. გულდასმით აკვირდებოდა უცხო ტომელებს, ხანდახან პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებას მოხსენებებსაც კი უგზავნიდა. იგი ნამდვილი მეამბოხე იყო თავისი ბუნებით, პარიზის კომუნის დროს მსროლელთა შორის იბრძოდა. „ის იყო ანარქისტი თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით. მუდამ დაუდგომელი, მუდამ ბოგემა, მუდამ მოუსვენარი“ (ვალერიან გაფრინდაშვილი). ველურთა შორის ცხოვრებამ, გამუდმებულმა ხეტიალმა ზღვითა თუ უდაბნოებით, მისი ჯანმრთელობა შეარყია. დასნეულებული დაბრუნდა ევროპაში. ჰოსპიტალში ფეხი მოაჭრეს, ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა 37 წლისა.

 

პოლ ვერლენისთვის იგი იყო „გენიალური მეგობარი“, თუმცა რემბომ „ასეთივე“ ნდობა ვერ მოიპოვა პარნასელთა შორის. ვერლენისა და რემბოს ბოჰემური მეგობრობა ბევრი ჭორისა და ქილიკის საგანი გახდა. იყო შემთხვევა, ვერლენმა ჩხუბის დროს დაჭრა საყვარელი მეგობარი და ამის გამო ციხეში ამოყო თავი. მხოლოდ ოთხი წელიწადი გაგრძელდა რემბოს პოეტური აღმაფრენა. მან თავისი შემოქმედებიდან „სეზონი ჯოჯოხეთში“ გამოსცა, დანარჩენებზე მისმა მეგობრებმა იზრუნეს. ამ ნაწარმოებს კარგად იცნობდნენ ქართველი პოეტები. ამის ერთ-ერთი დასტურია ვალერიან გაფრინდაშვილის სიტყვები: „სეზონი ჯოჯოხეთში“ არის უჩვეულო წიგნი. ეს ქალაქების და პლანეტების ნგრევის დაუსრულებელი სურათია. რემბო წინამორბედია თანამედროვე რევოლუციების და კატასტროფების“.

 

ამ მართლაც „უჩვეულო“ ციკლში ბევრი რამ არის ფანტასმაგორიული. მას შემდეგ, რაც პოეტი მიხვდა თავისი ყოფის ამაოებას, ბიბლიური გმირივით მოთქმას მოჰყვა: „ვუხმე სტიქიას წასალეკად,/ რომ გავეგუდე სისხლსა და ქვიშას. /უბედურება ვიწამე კერპად!/ და გავიშხლართე მღვრიე წუმპეში/და გამომაშრო ცოდვიანმა, მძაფრმა ჰაერმა“. (მარინა მითაიშვილის თარგმანი).

 

ასე დაიწყო „ცვალება“ ცოდვებთან საზიარებლად. რემბო ასე მიმართავს მკითხველს: „ჩემი წყეული დღიურიდან შემოგწირავთ საშინელ ფურცლებს“. პოეტთან ერთად სულის ჯოჯოხეთში მოგზაურობითა და პოეტური ხილვებით დაღლილი მკითხველიც ახალი ძალით განიცდის ძველ ჭეშმარიტებას: „სულის ჭიდილი არანაკლებ სასტიკია კაცთა ომებზე“.

 

ფერებისა და მუსიკის მაგიურ კავშირზე ფიქრისას არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ვასილ კანდინსკი, რომელსაც ფერწერის, მუსიკის, პოეზიის, ფილოსოფიის კავშირზე წიგნიც აქვს დაწერილი: „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“. ამის შესახებ იხილეთ ჩვენი წერილი: „ფერის, მუსიკისა და სიტყვის იდუმალი თანაზიარობა“.

 

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც გუგლის „ხელოვნებისა და კულტურის“ ვებპლატფორმაზეა. აქ კანდინსკის ტილოთა ფერებს შეხამებული აქვს მუსიკალური ბგერები. ყველას შეუძლია თვითონ შეარჩიოს ფერი, მუსიკა და ერთიანი კომპოზიცია შექმნას. ეს იქნება ერთგვარი ინტერნეტრესურსი ამ თემის შესწავლისას. https://artsandculture.google.com/experiment/sgF5ivv105ukhA

 

ბოილივით სკეპტიკოსი…

0

ნებისმიერ აფთიაქში უამრავ ვიტამინს და, ე.წ., ბადს ნახავთ. ბად-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და მის საფასურს სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ. არადა, გვარიანად ძვირი კი ღირს. კომპანიები იმიზეზებენ, დანახარჯს ვერ დაგიფარავთ, რადგან ეგ წამალი კი არა აქტიური დანამატიაო. ჰოდა, სულ მაინტერესებს, თუ წამალი არაა, რატომ იყიდება აფთიაქში და არა სუპერმარკეტში?

 

ვიტამინები დაბალმოლეკულური ორგანული ნივთიერებებია და ჩვენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენენ. მათი უმეტესობა მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების დანამატები, ანუ კოფერმენტებია. სხვა ნაწილი კი, ამა თუ იმ რეაქციებში დამოუკიდებლად ერთვება და მათი ერთ-ერთი საქმე მეტაბოლიზმში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფა გახლავთ.

 

ჩნდება შეკითხვა: რომელი ვიტამინია კარგი – ბუნებრივი წარმოშობის თუ ქიმიკოსების მიერ სინთეზურად შექმნილი. პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სახით სჯობს, ხილის და ბოსტნეულის სახით მიღებული. არადა, ფარმაცევტული საწარმოები უამრავ ვიტამინს და ბადს ხელოვნურად ასინთეზირებენ და ჩვენც მორჩილად ვყიდულობთ და ვსვამთ.

 

ყველაფერი კი ლაინუს პოლინგის ერთი წიგნიდან დაიწყო… თუმცა, ამ წიგნამდე სხვა ამბები მოხდა.

 

1931 წელს ლაინუს პოლინგმა, ამერიკული ქიმიური საზოგადოების ჟურნალში, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – „ქიმიური ბმის ბუნება“. იმ დროისათვის ქიმიკოსებს ორი ბმა – კოვალენტური და იონური – უკვე შესწავლილი ჰქონდათ. პოლინგის აზრით, ამ ორ ბმას შორის გარდამავალი მდგომარეობაც არსებობდა. იმ პერიოდისთვის ეს საკმაოდ სკანდალური განაცხადი გახლდათ. ასევე კვანტური ფიზიკის ქიმიასთან გაერთიანების პირველი მცდელობაც იყო. პოლინგის კვლევების სიახლისა და დაუჯერებლობის გამო, ჟურნალის რედაქტორმა ძლივს იპოვა მეცნიერი, რომელიც რეცენზიას დაწერდა. ეს სტატია ჩემთვის რთულიაო, თქვა ალბერტ აინშტაინმა, რომელიც, დიახ, სტატიის რეცენზენტი გახლდათ.

 

პოლინგმა ნაშრომისთვის ლენგმიუერის პრემია მიიღო. ის ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს და კალიფორნიის ტექნიკურ უნივერსიტეტში შტატიან პროფესორად მიიწვიეს. სულ 30 წლის იყო, მეტის კი არა.

 

1949 წელს გამოდის პოლინგის სტატია – „ნამგლისებრი ანემია – მოლეკულური დაავადება“. დაავადებისას ერითროციტები მრგვალი ფორმიდან ნამგლისებრ ფორმას იღებენ და ბუნებრივია, ჰემოგლობინი ვეღარ გადააქვთ. ვითარდება მწვავე ანემია. პოლინგმა აჩვენა, რომ ასეთი ადამიანების ჰემოგლობინს ოდნავ განსხვავებული ელექტრული მუხტი აქვს. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც მეცნიერმა დაავადების მოლეკულური ბუნება აღწერა და მოლეკულურ ბიოლოგიას ჩაუყარა საფუძვლები. 1951 წელს წერს სტატიას – „ცილის სტრუქტურა“. სწორედ აქ საუბრობს ალფა სპირალსა და ბეტა დაკეცილ (დაგოფრილ) სტრუქტურებზე. მანამდე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ცილა ამინომჟავებისგან შედგებოდა და პირველადი სტრუქტურის თავისებურებებსაც ფლობდნენ. აი, შემდეგ რა ფორმით ხდებოდა ცილის მოლეკულის ჩაკეცვა, ეს პოლინგის კვლებით გახდა ცნობილი. ამ აღმოჩენამ ვოტსონს და კრიკს საშუალება მისცა, გამოეკვლიათ დნმ-ის სტრუქტურა. 1954 წელს პოლინგმა ქიმიაში ნობელის პრემია მიიღო.

 

პოლინგი მშვიდობისთვის მებრძოლიც გახლდათ, ატომური ბომბის წინააღმდეგი იყო და თავის გამოსვლებში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ რადიაცია ადამიანის დნმ-ს ანგრევს. ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის პირველი შეთანხმების ხელმოწერა სწორედ პოლინგის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ მეცნიერმა მეორე ნობელის პრემია მიიღო. 1961 წელს მისი, როგორც უდიდესი მეცნიერის პორტრეტი, ჟურნალ „თაიმსის“ გარეკანზე დაიბეჭდა.

 

მანამდე კი ერთი შეცდომა დაუშვა…

 

1953 წელს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ დნმ-ს სამმაგი სპირალი აქვს. ერთი წლის შემდეგ კი ვოტსონმა და კრიკმა გამოთქვეს მოსაზრება ორმაგი სპირალის შესახებ და ეს სიმართლე აღმოჩნდა. პოლინგი გამტყუნდა.

 

1966 წელს, როცა პოლინგი 65 წლის იყო, ნიუ-იორკში, კარლ ნეიბერგის მედლის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა – კიდევ 25 წელი მინდა ვიცხოვრო, რომ უფრო მეტად განვითარებულ ქიმიას მოვესწროო. ცოტა ხანში ბიოქიმიკოს ირვინ სტოუნის წერილი მიიღო. წერილში ეწერა, რომ თუ ყოველდღე 3000მგ. ასკორბინის მჟავას მიიღებდა, 25 წელზე მეტს იცოცხლებდა. ლაინუს პოლინგს კლასიკური ტექნიკური განათლება ჰქონდა. სტოუნს კი მხოლოდ ორი წელი ჰქონდა კოლეჯში ქიმია ნასწავლი. შემდეგ ქიროპრაქტიკაში საპატიო ხარისხი და დონსბერის უნივერსიტეტში ფალსიფიკატორული სამეცნიერო ხარისხი მიიღო. სტოუნს არასდროს მიუღია ნამდვილი სამეცნიერო განათლება. არ გამოქვეყნებულა სამედიცინო ან სამეცნიერო ჟურნალებში. ლოს-ანჯელესში სწავლობდა კურსებზე, სადაც სწამდათ, რომ ნებისმიერი დაავადების ფესვები გამრუდებულ ხერხემალში იმალებოდა. პოლინგმა კი დაუჯერა და ჯერ ყოველდღე 10 მგ. C ვიტამინის მიღება დაიწყო, შემდეგ 20 და ბოლოს 300 მგ.-ის. სულ ბოლოს კი დღიური დოზა 18000 მგ.-მდე გაზარდა. პოლინგი დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდობის წყაროს მიაგნო. ენერგიაზე მოვიდა, აღარ ავადმყოფობდა, ხალისი დაუბრუნდა. ერთი სიტყვით, კარგად იყო.

 

თავისი მაგალითის საფუძველზე ხალხს ვიტამინების მიღებას ურჩევდა. ხალხსაც სჯეროდა, რადგან აბა ლაინუს პოლინგს, როგორ არ უნდა დაუჯერო? პოლინგი კი ირწმუნებოდა, რომ ნებისმიერ დაავადებას ვიტამინების ჭარბი დოზა კურნავდა. თანაც, ეს ვიტამინები ბუნებრივი გზით იკარგებოდა, სინთეზურად მიღებული კი არა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ამერიკასა და ევროპაში ვიტამინებისა და საკვები დანამატების მასობრივი წარმოება.

 

1970 წელს გამოაქვეყნდა წიგნი – „ვიტამინი C და გაციება“. წიგნში ამერიკელებს მოუწოდებდა დღეში 3000მგ. ასკორბინის მჟავა მიეღოთ. მაშინ, როდესაც დღიური ნორმა 50მგ. გახლავთ. წიგნში იმასაც წერდა, რომ სინთეზურად მიღებული ვიტამინი გაცილებით მეტ ეფექტს მოიტანდა. წიგნი ბესტსელერად იქცა. ამავე დროს, არ არსებობდა კვლევა, რომელიც პოლინგის სიტყვებს დაადასტურებდა, თუმცა წიგნის გამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, ყოველი მეოთხე ამერიკელი C ვიტამინს პოლინგისეული დოზებით სვამდა.

 

პარალელურად კი, მერილენდისა და ტორონტოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები მოხალისეთა მონაწილეობით, სადაც ადამიანებს გაციების წინააღმდეგ C ვიტამინის სხვადასხვა დოზას აძლევდნენ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ასკორბინის მჟავას ზედმეტი დოზები საერთოდ არ იყო აუცილებელი. ხალხი მაინც პოლინგს უჯერებდა. მოგვიანებით, პოლინგმა ისიც განაცხადა, რომ ვიტამინი C კიბოს კურნავდა. ბევრი ონკოავადმყოფი კისევ პოლინგს ენდო.

 

1979 წელს ერთ-ერთ კლინიკაში 150 ონკოავადმყოფი გამოიკვლიეს. ნახევარს 10000მგ.-ს აძლევდნენ დღეში, მეორე ნაწილს კი საერთოდ არაფერს. კვლევის შედეგები შემდეგი სახელით გამოქვეყნდა – „C ვიტამინის მაღალი დოზების მცდარი გამოყენების შესახებ“. პოლინგი სტატიამ საოცრად გააბრაზა. ის აღნიშნავდა, რომ C ვიტამინს პაციენტებს ქიმიოთერაპიის შემდეგ ასმევდნენ და ამიტომაც ვერ იმუშავა. ამის პასუხად, მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს ისეთ ავადმყოფებზე, რომელთაც ქიმიოთერაპია ჩატარებული არ ჰქონიათ. ამ კვლევამაც იგივე აჩვენა.

 

პოლინგს მხარს უჭერდა უდიდესი ფარმაცევტული კომპანია – „ჰოფმან ლა როშე“ (Hoffman La Roche). სწორედ ეს კომპანია იყო ვიტამინების მსხვილი მწარმოებელი. 1973 წელს პოლინგმა ორთომოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი დააარსა, რომელიც მოგვიანებით ლაინუს პოლინგის სამეცნიერო მედიცინის კვლევით ცენტრად გადაიქცა. აქ მან თავისი კერძო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და ამისთვის არტურ რობინსონი მიიწვია. მას სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. არტური ცდებს თაგვებზე ატარებდა, ერთ ჯგუფს C ვიტამინის დიდ დოზებს აძლევდა, მეორეს კი – არაფერს. შედეგები საოცარი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ვიტამინის ზედმეტი დოზა, კიბოს წარმოქმნის ალბათობას პირიქით ზრდიდა. ასეთი შედეგი პოლინგს ბუნებრივია არ მოეწონა და რობინსონს კარიერის განადგურებით, თაგვებს კი სიკვდილით დაემუქრა. არტურმა სასამართლოში უჩივლა და რაღაც დროის შემდეგ 500 000 დოლარიც მოუგო.

 

პოლინგი, რა თქმა უნდა, არ იყო მართალი და ორი პრინციპული შეცდომა დაუშვა:

 

  1. დაიჯერა, რომ თუ რამეს სიკეთე მოაქვს, მის ზედმეტ დოზებს დაზიანება არ შეუძლიათ. არადა, ჯერ კიდევ ავიცენა გვაფრთხილებდა, ცოტა წამალია, ბევრი კიდევ შხამიო და ეს ნებისმიერ რამეს შეეხება.

1994 წელს გამოქვეყნდა კვლევა, სადაც 30 000 მწეველზე ჩატარდა ექსპერიმენტი. ნაწილი სვამდა ბეტა კაროტინს, მეორე ნაწილი კი არა. აი, ვინც კაროტინს ზედმეტი დოზით იღებდა, მათში კიბო უფრო ხშირი იყო.

1996 წელს გამოქვეყნდა მონაცემები 18 000 ადამიანზე, რომლებსაც რეგულარულად ჰქონდათ კონტაქტი აზბესტთან. ეს პირველი კატეგორიის კარცეროგენია. ფაქტობრივად გარანტირებულად იწვევს კიბოს. ვინც ვიტამინებს ნორმალური დოზებით იღებდა, უფრო იშვიათად ავადობდა.

 

  1. პოლინგი ასევე ფიქრობდა, რომ სინთეზური და ბუნებრივი ვიტამინები იდენტურია. ეს მართლაც ასეა, შემადგენლობა იგივეა, თუმცა საკვებში ვიტამინები უამრავი სხვა ნივთიერებების გარემოცვაშია – ტანინები, პოლიფენოლები, ფლავონიდები, კაროტინოიდები და ა.შ. სინთეზურში კი მათ სხვადასხვა დანამატები, ე.წ., დამხმარე საშუალებები აქვთ, რაც დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ორგანიზმში უბრალოდ იშლაკება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს მძიმე ეკოლოგიური პირობებია და ის ბუნებრივი პროდუქტებიც სიფრთხილითაა მისაღები. ერთი რამ კი სახეზეა – ჰიპერვიტამინოზი ვნებს!

 

ლაინუს პოლინგი 1994 წლის 19 აგვისტოს, თავის რანჩოში, კალიფორნიაში სიმსივნით გარდაიცვალა… ორი წლით ადრე კი მისი მეუღლე, ავა პოლინგი წავიდა ამავე დაავადებით.

 

მე კიდევ იცით, რის თქმას ვცდილობ?

 

იყავით რობერტ ბოილივით ქიმიკოს-სკეპტიკოსი და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. ბრმად ნურავის დაუჯერებთ, თუნდაც ლაინუს პოლინგს.

 

 

გოგოთურ და აფშინას ირგვლივ

0

ვაჟა-ფშაველას  „გოგოთურ და აფშინა“ მისი სხვა პოემების ფონზე მკითხველთა ფართო წრისთვის თითქმის უცნობია. არადა, ნაწარმოებში დასმული საკითხი არანაკლებ აქტუალურია ყოველი დროისა და ეპოქისათვის.

პოემებში „ალუდა ქეთელაური“ და  „სტუმარ -მასპინძელი“ უცხოტომელ მოსისხლე მტერში ვაჟკაცობის დამნახავ-დამფასებელი ღირსებაა შექებული და ამდენად, ორივე პოემა საკაცობრიო მნიშვნელობისაა.  „გველისმჭამელში“ „გასხივოსნებულ“ ადამიანს არა მხოლოდ სხვათა გამო, არამედ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარეც უჭირს თავისი სიწმინდის დაცვა. „ბახტრიონში“ კი მამულისათვის თავგანწირვაა ადამიანის უმაღლეს სათნოებად მიჩნეული, რამდენადაც იგი ღვთივკურთხეული მოვალეობაა. და „გოგოთურ და აფშინა“?

პირველი, რაც მკითხველს ამ პოემაში იზიდავს, ესაა იმთავითვე დამაინტრიგებელი გახსნა ამბისა (ალუდა ქეთელაურშიც ასეა: „მაცნე მოიდა შატილსა? ქისტებმა მოგვცეს ზიანი“) და გარდა ამისა, თხრობის სიმსუბუქე:

„ამბობენ ბლოელ აფშინა,

მინდოდაურის გვარისა.

სცარცვავს სჯულიან-უსჯულოს,

მარჯვედ მამხმარე ფარისა.

ჭერხო აავსო უნჯითა

როგორც სალარო ხანისა“.

მაგრამ ამ შთამბეჭდავი დახასიათების შემდეგ, აფშინას, ერთი შეხედვით, „კაი ყმად“ რომ წარმოგვიდგენს, უცებ გოგოთური წამოიმართება, რომელიც  თურმე აფშინას „ნეკით გასტყვარცნის“ და იქვე „მსჯობნს მსჯობნი არ გამოელევაო“ გაგახსენებს:

„ნეკით გასტყვარცნის აფშინა

ხე და ქვათ შაეცხებაო“.

პოემა, მიუხედავად მისი მომცროობისა, თავის თავში ეპოსის შტრიხების მატარებელია.  გოგოთურის სახე ეპიკური ნაწარმოების გმირის დარადაა გამოხატული, რომელსაც  ხსენებულ ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, მაღალი მორალიც ამშვენებს – მეომრობისდაკვალად იგი გამრჯე ადამიანი („ამბობს ომის დროს ვიომოთ, არა’დ ვიქნიოთ ცელია“) და კარგი მონადირეა.

ყოველი ეპოსის გმირს, რომელიღაც მომენტში, ჭარბი ძალა აუცილებლად საფრთხის ქვეშ აყენებს. ასე ვთქვათ, საკუთარი ძალის ზემოქმედებას განიცდის და შედეგად, გაბუდაყებულ-გაბოროტებული ისჯება კიდევაც. გოგოთურმა იცის ეს და ამიტომაცაა, რომ შინ უქმად არ ჩერდება და საკუთარ ენერგიას სასიკეთოდ წარმართავს. თუმცა ამ დროს ცდუნებაც წამოყოფს თავს ცოლის სახით:

„ცოლი აუტყდა გოგოთურს:

-რად გინდა დიდი სხეული,

თუკი ზღურბლს არ გაცილდები

როგორც სახადით სნეული?!

წადი შენც ვინმე გაცარცვე,

არ გინდა სარჩო ნეტარა?

ქისტებს თავები გაჰბალთე,

ხევსურთ დაადევ ბეგარა.

ამბობენ აფშინაის ცხენს

ტანი სულ ვერცხლით ეფარა“.

ცოლის მიერ წამოყვედრებული თითოეული არგუმენტი გოგოთურის სიქველის, ღვაწლის არად ჩაგდებაა.  ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ცუდ-მრუდ აფშინას სახელი უფრო შორსაა გავარდნილი და ერთგვარ იდეალად წარმოსახული, ვიდრე ჭეშმარიტი გმირის – გოგოთურისა.  პოემა გმირისა და ფსევდოგმირის  გამოვლინებას ეთმობა.

ცოლთან პაექრობაში გოგოთურის შინაგანი სამყარო უფრო მეტად იშლება. ჩანს, რომ იგი სახელისათვის არ იბრძვის – მაშინ მუდამდღე ამას დაიკვეხნიდა; პატივისათვის არ იხარჯება – მაშინ მეფის შემოთავაზებას სიხარულით აიტაცებდა. არც სიმდიდრისთვის იკლავს თავს, რადგან საკუთარი ოფლით ნაშოვნს არ დასჯერდებოდა და მომხვეჭელობის ვნებას აყოლილი, თუნდაც ქისტებს დაეცემოდა. ერთადერთი, რის გამოც გოგოთური წუხს, ეს სამშობლოსთვის, რაც შეიძლება მეტხანს, სამსახურია, მანამ, სანამ ჯანი და ღონე ასდევს.

გოგოთურის სიდინჯეში ბრძენი კაცის ცინიზმი გამოსჭვივის, რომელსაც ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის ნაფიქრი აქვს და მონოლითურ, ბზარდაუმჩნეველ მრწამსად ჩამოუქნია. ამიტომაცაა, რომ არ ამჩატდება, არ დაიბოღმება და:

„დედაკაცს დაათათბირებს

-უნდა მიმოვვლო ხმელიო,

რასაც შენა მთხოვ, იმისა,

წავალ, ვიქნები მქნელიო.

მოყვრებში გამაემართა

ამის დაცინვით მთქმელიო“.

გოგოთურის სახლიდან გამოსვლა, თუნდაც დროებით, თან, ისიც მოყვრებში, ერთგვარად სიწმინდის შესანარჩუნებლად, მაცდურად ჩასმენილი ზრახვებისაგან თავის არიდებად,  „განსაწმენდად“ წამოსული კაცის ნაბიჯად უნდა შეფასდეს. აკი თავად ეუბნება ცოლს:

„თუკი მაცდური არა ხარ,

ეგ საყვედური რა არი?!“

ვაჟას პოემებისთვის ერთი რამაა ნიშნეული – მას ეპიკისათვის სამყოფი მასალა მცირე, ცალკეული პოემების სახით გადმოუცია (მისი თანამედროვე ეპოქა ითხოვს ასე) და თითო პოემაში თითო საკითხისათვის მიუჩენია ადგილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პოემები სინამდვილეში ერთმანეთის გაგრძელებანი არიან, უფრო სწორად, ერთი თემის ვარიაციებს წარმოადგენენ.

ცოლისა და საზოგადოების, აგრეთვე, სხვა გარემოებებით გულდამძიმებული მინდიაც უამრავ საცდუნებელთა წინაშე აღმოჩნდება.  თუმცა კარგავს თავის უნარს, რომლითაც იგი საკუთარ ხალხს ეხმარებოდა და ეს  მისი ტრაგედიის საფუძველი ხდება:

„…რომ სწუწუნებდი, ჩიოდი:

„სიცივე ბავშვებს მილევსო“,

შვილ-მამკვდარივით ჰკიოდი:

„ბერდიას რამდენ შეშა აქვ,

როგორ ცეცხლს ანთებს ჰნახოდი“,

ცხოვრების მაგალითადა

ბრიყვები დამისახოდი“.  (აქ კურსივი ჩვენია -ო.ქ.)

გოგოთურის შემთხვევაში კი ასეთ უნარად მისი შეგნება წარმოგვიდგება, რომლისაც მის ცოლს/საზოგადოებრივ აზრს არაფერი ესმის. გოგოთური არ უჩერდება ამ აზრს, არ ეთრევინება.

აზერბაიჯანულ საგმირო ეპოს „ქოროღლიში“ მთავარ გმირ ქოროღლის ტოლ ვაჟკაცად გიზიროღლი მუსტაფა ბეგია მიჩნეული:

„ბაღდადის მიღმა-მოღმა მოსადევარში იყო ერთი სახელგანთქმული ვაჟკაცი, გიზიროღლი მუსტაფა ბეგი. ეს გიზიროღლი მუსტაფა ბეგი ძალიან ყოჩაღი და მკლავღონიერი კაცი იყო. იმისი მამა წინათ გზირი ყოფილიყო, მერე ხონთქარს როგორღაც თვალში არ მოსვლოდა და უსამართლოდ ჩამოეხრჩო.  ამის შემდეგ მისი შვილი გიზიროღლი მუსტაფა ბეგი ორმოცი თანამზრახველი ცხენოსნით მთაში ყაჩაღად გავარდნილიყო. ფაშებთან მტრობა ჰქონდა. ხანდახან მამამისის მტრებიდან რომელიმეს დაეცემოდა, დაიჭერდა, სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებდა და ისევ მთებში დაიკარგებოდა.

 გიზიროღლი მუსტაფა ბეგს დიდი ხანია  უნდოდა, როგორმე ქოროღლის შეხვედროდა, ორთარკენაში გამოეწვია და ძალ-ღონეში დასტოლებოდა.  ნათქვამია, ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო და გიზიროღლიც ამბობდა: „ან ჩემი ბიჭობა უნდა ითქვას, ან იმისიო. ქოროღლისაც ბევრი გაეგო გიზიროღლი მუსტაფა ბეგზე. პირადად არასოდეს ენახა, მაგრამ მის მკლავმაგრობაზე ბევრი სმენოდა. ისიც კარგად იცოდა, რომ გიზიროღლი, როგორც იტყვიან – ის მთა მე და ეს ხევი შენიო – ამის მადევარი იყო და პირველობას ეძიებდა“.

ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო“ – ეს აქსიომაა, მაგრამ ქოროღლის არ ანაღვლებს გიზიროღლი მუსტაფა ბეგთან შებმა. ალბათ, ორი გარემოების გამო: 1) ქოროღლის ვინმესთან ჭიდილი საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად არ სჭირდება – იგი ან ვიღაცის დასამეგობრებლად იყენებს ამ ხერხს, ანდა მტრებთან ბრძოლაში ავლენს თავის უძლეველობას. 2) გიზიროღლი მუსტაფა ბეგიც მასავით მამის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო იბრძვის და ამდენად, ქოროღლი მის მიმართ სიმპათიითა განწყობილი. ამიტომაცაა, რომ ხალხური ცნობიერება მათ შერკინებას კომიკურად აღწერს. ყირათის დარად გიზიროღლის ალაფაჩას (მათი ცხენების სახელებია -ო.ქ.) სიჩაუქესაც ასხამს ხოტბას და ქოროღლის „ნეტავ ერთი მამა გვყავდესო“ ათქმევინებს.

თუმცა გოგოთურსა და აფშინას შეხვედრას „ქოროღლიდან“ ქოროღლისა და დალი ჰასანის შეყრა უფრო ეთანადება.

დალი ჰასანმა „ჯერ ქოროღლის შეხედა, მერე ყირათი შეათვალიერა და იკითხა:

-ვინა ხარ და ამ ადგილებში რას დადიხარ?

-მგზავრი ვარ – მოუგო ქოროღლიმ.

ბიჭმა ქოროღლის ცხენი კიდევ შეათვალიერა და:

  • ეგ ცხენი სად გიშოვნია?
  • ჩემი ცხენია.
  • დღეიდან ჩემი იქნება. ჩამო ცხენიდან.

ქოროღლიმ უთხრა:

-გირჩევ, წახვიდე და გზას ბარაქა დააყარო. თორემ შენი საქმე ცუდად იქნება!

ბიჭი ამ სიტყვებზე გაბრაზდა. სადავე მოსწია, ცხენი ყალყზე შეაყენა და ქოროღლის ეუბნება:

-ჩანს, რომ არა გცნობივარ! რომ გცნობოდი, ასე აღარ დამიწყებდი ლაპარაკს. მე დალი ჰასანს მეძახიან. ამ გზაზე ვინც აივლ-ჩაივლის, ყველა ბაჟსა და ხარაჯას მიხდის.

ქოროღლი მამის სიკვდილის დღიდან მოყოლებული,  დალი ჰასანს ეძებდა. უნდოდა, დამეგობრობოდა და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამ საქმეს ასე იოლად თავი არ მოებმებოდა, უჩხუბ-უომრად არაფერი გამოვიდოდა“.

და ქოროღლი ჯერ თავისას ცდილობს. სურს, დალი ჰასანი გონზე მოიყვანოს. მაგრამ დაცინვის მეტს ვერაფერს იღებს და: „… ბოლოს ქოროღლიმ ერთი დელიბაშურად დაჰკივლა, დალი ჰასანი აიღო, მიწაზე დასცა და გულბოყვზე მუხლი დააჭირა. ქოროღლიმ რომ ხელი ხმლისკენ წაიღო, დალი ჰასანს ერთი ოხვრა დასცა.

ქოროღლიმ უთხრა:

  • ერთი პეშვი სისხლი რა გაგხდომია, რომ ეგრე ამოიოხრე?
  • ჰეი, ვაჟკაცო, არ გეგონოს, ჩემს სულს დავკანკალებდე. აღთქმა მქონდა დადებული, აღთქმას ვერ ვასრულებ და იმაზე ამოვიოხრე.
  • რა აღთქმა იყო ასეთი? – შეეკითხა ქოროღლი.
  • ის აღთქმა იყო, რომ ვინც მე დამამარცხებდა, ძმად და მეგობრად გავხდომოდი“.

(თარგმანი ზეზვა მედულაშვილისა)

 

გოგოთური და აფშინა ერთმანეთს არ დაეძებენ, რადგან ორივე სხვადასხვა ცნობიერების ადამიანია. გოგოთურისთვის აფშინასთვის მოცლა დროის ფუჭი  დაკარგვაა. ხოლო აფშინას გოგოთურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ გოგოთური მას არაფერს ეცილება. თუმცა გარდაუვალობა მათ მაინც ახვედრებს ერთმანეთს:

 

„გოგოთურს ჰხედავს აფშინა,

გულშიაც ჩაეცინება,

ზედ მიჰვარდება ცხენ-და-ცხენ,

უდივრად შაიგინება, –

აფშინას ბაწარაულის

შუქი შორს გაიფინება:

-იარაღნ მამცენ, ფშაველო,

რად გი, არ იცი ხმარება! –

პირდაპირია აფშინა,

ვაჟკაცს არ უყვარს პარება.

რა გაკვირვებით მიყურებ?

აფშინას მეძახიანო!

ჰა, თორო შავთხოვ ფრანგულსა,

ხმალო, გამიჭერ, ფხიანო!“

 

აფშინა გაბუდაყებული, გათავხედებული ადამიანია, რადგან მას შეგნება აკლია, შეგნება სიქველისა და სიავის გარჩევისა. დალი ჰასანის დარად ისიც ამპარტავნობითაა აღვსილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დალი ჰასანი თავისი მომრევის გამოჩენას ელოდება. აფშინაც უნდა შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ სურს და არც მოელის ამას.

ვაჟა-ფშაველას მიერ აფშინას თუნდაც ირონიულად ვაჟკაცად მოხსენიება („ვაჟკაცს არ უყვარს პარება“) მისდამი ავტორის ერთგვარ სიმპათიასაც  უსვამს ხაზს.

ქოროღლის მსგავსად, გოგოთურსაც სურს კეთილის სიტყვით გამოარკვიოს აფშინა.  თანაც აინტერესებს, თუ მოსდგამს სიბრალულისა და ადამიანურობის რაიმე ნიშატი. ამიტომაც ჯერ თავის ვინაობას არ ამხელს და თავსაც ისაწყლებს:

 

„ – რადა, ძმობილო, რად-აგრე?

გან დიაცი ვარ ორსული?

დედამ გამზარდა მენაცა,

ნეხვჩი არა ვარ მოსული!

თუ მართლა აფშინაი ხარ,

იარაღთ რად მყრი, ძმისაო?

უიარაღო გამიშვა

ხათრი არა გაქვს ღვთისაო?!“

 

მაგრამ ამან აფშინას გული არათუ ვერ მოულბო, არამედ კიდევ უფრო გაუსასტიკა და გაახელა. აფშინამ მიიჩნია, რომ გოგოთურს მისი ეშინოდა და ეს ხვეწნა მუდარაც მხოლოდ საკუთარ ნივთთათვის ვერშემლევი კაცის აჯა იყო და მეტი არაფერი.

როდესაც თავისი მცდელობით გოგოთურმა აფშინასთან ვერაფერი გააწყო და კეთილი სიტყვითაც ვერაფერი ჩააგონა, ჯერი უკიდურეს ზომაზე – ფიზიკური ძალის გამოყენებაზე მიდგა. გოგოთური აფშინას მაშინ დაეცა, როცა ეს უკანასკნელი ამას არაფრით მოელოდა და მორიგი „გამარჯვებით“ დამტკბარი თავის სამყოფლოში აპირებდა გაბრუნებას. გოგოთურის მიერ „მარჯვე დროის“ შერჩევამ ფსიქოლოგიურად გადაასხვაფერა აფშინა.  ზოგადად, ამგვარი შერკინებების ამსახავი ქართული თუ უცხოური ლიტერატურა აჩვენებს, რომ ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი, ძლევის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ჩიავდება ან  კიდევ უფრო მეტად იბოღმება.  მაგალითად,  „ამირანდარეჯანიანში“  საკუთარი თავის ტოლუპოვარ ფალავნად წარმომსახავი ამირან დარეჯანის ძე,  როცა იგებს, რომ ვიღაც ამბრი არაბს აქებენ, სასწრაფოდ  გასწევს მასთან შესარკინებლად, მაგრამ ცოცხალს ვერ მიუსწრებს. ამბრი არაბს უკვე მიასვენებდნენ, რომელსაც გზად კუბოდან ცალი ფეხი გადმოეკიდა იმ ჯაყჯაყში. ამირან დარეჯანის ძე კი რამდენიც არ შეეცადა, რომ ფეხი ისევ კუბოში ჩაესვენებინა,  არაფერი გამოუვიდა და ამან თავზარი დასცა – მას – მკვდარს ვერ მოვერიე და ცოცხალს როგორღა გავუმკლავდებოდიო.  ამ შემთხვევამ იგი მართალია დროებით, მაგრამ მაინც დააძაბუნა. რატომ?  იმიტომ, რომ ამ ეპოსში ფალავნის სიძლიერე მის ფიზიკურ შესაძლებლობებთან არის გაიგივებული და ზღვარდადებული. არადა, მხოლოდ სულიერი სამყაროა თვალუწვდენელი, ამოუწყავი და ვაჟკაცობაც, პირველ ყოვლისა, სულის თვისებაა, სულის კეთილშობილებაა, ფიზიკური სიძლიერე მხოლოდ საშუალებაა მის გამოსავლენად.

აფშინაც ფიზიკურ სიძლიერეზე ორიენტირებული პერსონაჟია, განსხვავებით გოგოთურისაგან, რომელიც აჩვენებს, რომ მეომრის დანიშნულება სულაც არ არის ადამიანთა მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტა, მით უმეტეს ძარცვა, პირიქით, მათი გადარჩენა და დაცვაა. ჭეშმარიტი გმირი ფიზიკურ სიძლიერეს იშვიათად, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს.

გოგოთურმა აფშინა სამი ფსიქოლოგიური ეტაპის გამოტარებით ააღორძინა:

  • ჯერ თავი ისაწყლა და ამით აფშინას მედიდურობა, საკუთარ თავში ზღვარგადასული დარწმუნებულობა მწვერვალებს უწვდინა;
  • ფიზიკური დაჯაბნვით მას ეს ილუზია გაუფანტა და შემდეგ მის მიერ შერჩეული გზის სიმცდარე გაუთვალცხადა;
  • ხელი არ ჰკრა კაცს, რომელმაც შველა ითხოვა მისგან და ძმადაც გაეფიცა.

 

რატომ არ მოკლა გოგოთურმა აფშინა?

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოთურმა მასში ენერგია, შემართება იგულა – „შენც ჯანიანი ყოფილხარ, როგორაც წეღან გცადია“ – ეუბნება იგი აფშინას დაძმობილების შემდეგ. აფშინას მოკვლით გოგოთური მოსპობდა ამ ენერგიას და მამულისთვის უხმარს გახდიდა. იგი მიხვდა, რომ ზნეობრივად დაცემულ ადამიანს, ზნეობრივი თანადგომა ესაჭიროებოდა.  სად ჰყავს მამულს დასაკარგავი შვილები? – ეს ვაჟას კრედოა.

რაც შეეხება აფშინას, მანაც თავის მხრივ გაიცნობიერა, რომ გოგოთურის სიძლიერე მისი ადამიანურობიდან იკვებებოდა და ამან გააოგნა.  შეიგნო, რომ რასაც აქამდე სჩადიოდა, მას ვაჟკაცობასთან საერთო არაფერი ჰქონდა და თვალები ახლა აეხილა:

„მეგონა თავი, ამბობდა,

გაუტეხელი ბურჯია;

ეხლა სჯობს სახჩი ვიმალო,

თავზე დავირტყა გურჩია.

მოდი, გაკოცო, გოგოთურ,

სიკეთისათვის შუბლჩია“.

 

აფშინამ დააგდო ძველი გზა, ცხენი და აბჯარი სხვას მისცა – „გახდა ერთგული რჯულისა“ ანუ მონანიებას მიჰყო ხელი და პოემის ბოლოსკენ მას უკვე ხევისბრად ვხედავთ.

ვაჟა-ფშაველა სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მოქალაქეობრივ შეგნებაზე მოფიქრალი პოეტი და მოაზროვნეა, – იმდენად ღრმად აქვს ეს ფაქტორი შესწავლილ-გამოკვლეული.

თუკი ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის, როგორც თანამედროვე გაგებით ნაციის ჩამოყალიბებას ესწრაფოდა, ვაჟა პიროვნებისა და სახელმწიფო/მამულის მიმართების სამარადჟამოდ აქტუალურ კონცეფციას უკირკიტებს, რისი ერთ-ერთი ცხადი დასტურიც სწორედაც რომ „გოგოთურ და აფშინაა“.

წიგნიდან  „129  გვერდი  ლიტერატურაზე“

წავიდა წავიდა წავიდა წავიდა

0

რამდენიმე თვის წინ გადასარევი პოეტი, ლიტერატორი და ადამიანი ნუგზარ ზაზანაშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, უმალვე მისი ერთი ფეისბუქპოსტი გამახსენდა, სადაც წუხდა, რომ მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას თავი ვერ მოაბა, მაშინ, როცა ჩვენზე ბევრად ჩამორჩენილ ქვეყნებში ვაქცინაცია უკვე დაწყებული იყო. პოსტი ასე მთავრდებოდა: ჩემსავით რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. თუ აგცდა – აგცდა, თუ მოგხვდა – გაგაგორებს! პერიფრაზია, სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, შინაარსი გადმოვეცი, აი, ბოლო წინადადება კი ზუსტად ეს იყო, რადგან ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. „თუ აგცდა – აგცდა, თუ მოგხვდა – გაგაგორებს!“ – სლენგით ასე მარტივად და პირდაპირ გადმოცემულმა ფატალურმა ალბათობამ შემძრა, ჩანდა, ამ სიტყვების ავტორი მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც ენანებოდა აქაურობის დატოვება.

ბატონი ნუგზარის გარდაცვალების შემდეგ ფეისბუქზე მისი ბევრი ლექსი დაიდო, ყველაზე მეტჯერ კი ერთი უსათაურო ლექსი, რომელიც ასე იწყება:

„ჩიტსაც სული აქვს,

რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს…“.

 

და ასე მთავრდება:

„მე მინდა,

ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს,

სადაც მკვდარი ჩიტების სულებია…“.

 

თუ შეიძლება, რომ პოეტი გაიგივდეს ერთ კონკრეტულ ლექსთან, ან, სულაც, ტროპულ ერთეულთან ან პასაჟთან, ნუგზარ ზაზანაშვილის შემთხვევაში ეს ფუნქცია უეჭველად დაეკისრა აღნიშნული ლექსის საწყის ორ ტაეპს. „ჩიტსაც სული აქვს, / რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს…“ – ეს ნაივურად ანიმისტური, მანამდე ბევრჯერ ინტერპრეტირებული, ახლებურად მოდიფიცირებული თქმა გახდა ნუგზარ ზაზანაშვილის საფირმო ნიშანი, ერთგვარი ვერბალურ-ტექსტუალური იკონი.

ნუგზარ ზაზანაშვილის ბოლო კრებულში „წავა წავა წავა წავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) შესულ ერთ ლექსში ციტირებულია გრანელის ცნობილი სტრიქონები: „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, / ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“. ამ სტრიქონებში არც შთამბეჭდავი მხატვრული სახეა და არც რამე აფორისტული სიბრძნე, უბრალო პეიზაჟური დესკრიფციაა. პოეზიაში მანამდე რამდენჯერ გადაფრენილა ჩიტი ერთი ხიდან მეორეზე, მაგრამ ასე შთამბეჭდავად, ასეთი პოეტური მაგიით, არასოდეს. ტარიელ ჭანტურიას თქმისა არ იყოს, „ამქვეყნად სანამ ორი ხე და ერთი ჩიტი იარსებებს, ეს ლექსიც იარსებებს“. იგივე შემიძლია, ვთქვა ნუგზარ ზაზანაშვილის ზემოთ ნახსენები ლექსის დასაწყისზეც. ლიტერატურაში რამდენჯერ შევხვედრივართ ფრინველებისა და ცხოველების განსულიერებას, მაგრამ აქ ეს ყველაფერი სულ სხვა რეგისტრში ადის. ტარიელ ჭანტურიას ნათქვამის მცირედი მოდიფიკაცია რომ მოვახდინოთ: სანამ ამქვეყნად ერთი ჩიტი იარსებებს, ეს სტრიქონები და ეს ლექსიც იარსებებს.

***

ნუგზარ ზაზანაშვილს პირადად არც ვიცნობდი, ჩვენი ურთიერთობა ფეისბუქზე ერთმანეთის ფოტოების და ნაწერების დალაიქება-დაგულვით შემოიფარგლებოდა. მხოლოდ ერთხელ მივწერეთ ერთმანეთს. ერთხელ ფოტო დავდე, სადაც ჩემს შვილს მხარზე თუთიყუში აზის და ბატონმა ნუგზარმა ასეთი რამე მომწერა: „მიხარია, რომ შენს თოჯინას ცხოველები და ფრინველები უყვარს“. მანამდე ჩემი შვილის ზაზუნას ფოტოც მედო და, როგორც ჩანს, ეგეც ახსოვდა. ის გარემოს დამცველიც იყო და უყვარდა ცხოველები და, განსაკუთრებით, ფრინველები (ეს მისი შემოქმედებიდანაც ჩანს) და ეს მონაწერი არ გამკვირვებია.

როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, სხვისი შემოქმედებით გულწრფელი აღფრთოვანება შეეძლო, ამას მოწმობს მისი ძალიან მაგარი და პროფესიონალური ლიტერატურული წერილები.

***

თანამედროვე ქართულ პოეზიაში თუ რამეა წმინდა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის მატარებელი, პირველ რიგში ნუგზარ ზაზანაშვილის პოეზიაა. არც მისი ბოლო კრებულია გამონაკლისი. ღრმად ინდივიდუალურ ხმასთან ერთად აქ შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ექოები ისმის. ერთ თავის წერილში ის ვახტანგ ჯავახაძეს „მოთამაშე პოეტს“ უწოდებს, თვითონაც მოთამაშე პოეტია. ჯავახაძისგან და ჭანტურიასგან, თამაშის ვნებასთან ერთად, ირონიაც აქვს „ნასწავლი“ (ერთ წერილში თავის თავს, სხვა რამდენიმე პოეტთან ერთად, ჭანტურიას ხაზის გამგრძელებლად აცხადებს). მის კონვენციურ ლექსებში ჯავახაძე-ჭანტურიას ინტონაციებიც გაკრთება ხოლმე. ზოგადად კონვენციურ ლექსს ნუგზარ ზაზანაშვილი ფაქიზი ლირიკული განცდების გადმოსაცემად (რაც მასთან არც ისე ხშირია) და ირონიისთვის და თვითირონიისთვის მიმართავს, იტაცებს რითმიანი ლექსის სილაღე, თუმცა კონვენციური ლექსის „კეთებით“ არასოდეს სცოდავს, ხელოვნური არასოდესაა, მისი რითმიანი ლექსები ცოცხალი და ექსპრესიულია. მისი ვერლიბრები კი მისი კონვენციური ლექსების სრული ანტიპოდია ამ მხრივ. ზოგმა შეიძლება, საერთოდაც ამ ვერლიბრების ლექსობაშიც კი შეიტანოს ეჭვი (აქ მაინცდამაინც თავისუფალი ლექსის მოძულეებს არ ვგულისხმობ). ეს ტექსტები მოგონებების და შთაბეჭდილებების აღნუსხვა უფროა, ვიდრე ლირიკულ-ექსპრესიული აქტივობა. თავისუფალი ლექსის გრაფიკა რომ მოვაშოროთ და პროზის ფორმა მივცეთ, სადღიურო ჩანაწერები გვეგონება. მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი ეფექტია, მოჩვენებითი ფლეგმატურობისა და დღიურულობა-დესკრიფციულობის მიღმა უმაღლესი ხარისხის პოეზია იმალება. უნებურად გაგვახსენდება შოთა ჩანტლაძე, რომლის ჩანაწერებში ვერც ხვდები, სად მთავრდება უბრალოდ ჩანაწერი და იწყება პოეზია. შოთა ჩანტლაძის ლირიკული გმირივით, ნუგზარ ზაზანაშვილის ლირიკული გმირის სტიქიაც ურბანულ გარემოზე ობსერვაციაა, იმ განსხვავებით, რომ ჩანტლაძის ლირიკული გმირი თბილისშია გამოკეტილი, ზაზანაშვილის ლირიკული გმირი კი დღეს შეიძლება, თბილისში იყოს, ხვალ – ბათუმში, ზეგ – ბაქოში, მაზეგ – ერევანში, შემდეგ – სტამბოლში და ა. შ. მას „უცხო ქალაქის“ ბინადრებზე დაკვირვებაც ხიბლავს. თან ჩანტლაძის ლირიკული გმირი მოძრავია, სიარული უყვარს, ზაზანაშვილის ლირიკული გმირი კი თითქმის მუდამ ზის და ისე აკვირდება გარემოს („ვზივარ გემოვნებით გაფორმებული კაფეს ტერასაზე“; „ვჯდები ქუჩის სკამზე / ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს“; „…ბერლინის რომელიღაც / სასტუმროს კაფეში ვზივარ“; „ვზივარ საღამოთი უცხო ქვეყნის სასტუმროს / ცარიელ რესტორანში“; „უცხო ქალაქში, საღამო ხანს / ვზივარ ბაღში“; „ხანშიშესულები კი ვსხედვართ ბაღის / სკამებზე“; „საღამოს ბაღი კიდევ სხვაა, / შეღამებულზე, ლამპიონების დაბინდულ-მოყვითალო / შუქში… ჩამოვჯექი. გავაბოლე… “ და ა. შ.) ამ ყველაფერზე თვითონვე წერს ერთ უსათაურო ლექსში, რომელსაც შვილებს უძღვნის:

„თუკი გკითხავთ ვინმე ჩემზე,

რა უყვარდაო ყველაზე მეტად? –

ასე უპასუხეთ:

 

სასმელზე და დროსტარებაზე,

წიგნის კითხვასა და ლექსის წერაზე მეტად

უყვარდა საღამოობით ქალაქების

პარკებში მარტო ჩამოჯდომა,

სიგარეტის გაბოლება

და სახეების თვალიერება, –

იქ, სადაც ვერავინ ცნობდა,

ზოგს – მიხრა-მოხრითაც კი –

ის კი თითქოსდა ცნობდა ყველას,

თქო…“.

 

დიახ, ნუგზარ ზაზანაშვილის ლირიკულ გმირს უყვარს ადამიანების თვალიერება, ეს იქნება ოთხმოცდაათს მიტანებული მოხუცი პროფესორი, რომელიც „ვარჯიშობს, „დარბის“, / მორბენალივით ხელები მკლავებში მოუხრია. და ფეხებს მიაჩანჩალებს, / მიბარბაცებს, / მთვრალივით მიბარბაცებს, / გეგონება, აი, ახლა წაიქცევაო… / სიკვდილს გაურბის…“, ესენი იქნებიან „მეტისმეტად სიმპათიური ძაღლი / და ძაღლის პატრონი – სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, / შუახნის, მსუქანი, მელოტი კაცი“, ეს იქნება „ახალგაზრდა წყვილი, / რომელიც, ჩემი არ იყოს, / მოხიბლა მეტისმეტად სიმპათიურმა ძაღლმა“, ეს იქნება „გვერდით მაგიდაზე, დიდ ფანჯარასთან“ მჯდომი „შუახნის სიმპათიური ქალბატონი“, თუ ეს იქნება „შუა-ხანს-გადაცილებული, / სიმპათიური ცოლ-ქმარი“, რომელიც ფანჯარასთან ზის, და ასე უსასრულოდ.

 

***

ნუგზარ ზაზანაშვილს უყვარს თანამედროვე და კიბერტერმინოლოგიისა და ინტერნეტსლენგის გამოყენება, ხშირად იყენებს უცხოურ დასახელებებს თუ ტრანსლიტერაციას. კრებულში შესულ ერთ ლექსს, რომელიც ცნობილი საბჭოთა ფირმის მიერ წარმოებულ რადიოს ეძღვნება, რადიოს ფოტო აქვს დართული, ასევე დართული აქვს სიმღერის ორი იუთუბლინკი. კრებული ძალიან საინტერესო ციკლით მთავრდება, რომელსაც „სიყვარული მოკვდა ანუ საოჯახო ალბომი“ ჰქვია, სადაც ვხვდებით პოეტის წინაპრების ფოტოებს, ძველი საკანცელარიო დოკუმენტების თუ მისალოცი ბარათების ასლებს თუ გრაფიკულ იმიტაციებს… ვიზუალურ მასალას თან ერთვის კომენტარები და ამ ტექსტუალურ-რეტინალური ბინარულობით ძალიან საინტერესო შედეგი მიიღწევა.

 

***

კრებულში შესულ ერთ ლექსში, რომელსაც „გარდაცვლილი მეგობრის ფეისბუქგვერდი“ ჰქვია, ვკითხულობთ:

 

„უცნაური გრძნობა მიპყრობს,

როცა გარდაცვლილი მეგობრის

ფეისბუქგვერდზე მოვხვდები ხოლმე…

ულოცავენ დაბადების დღეს… გეგონება,

ისევ გრძელდებოდეს მისი არსებობა…”.

 

ლექსი ასე მთავრდება:

 

„მაგრამ მე მაინც გავაუქმებ ჩემს გვერდს

სიკვდილის წინ, ან თუ ვერ მოვასწარი –

ა ბატონო, დამიბარებია –

გააუქმეთ!..”.

 

ამ ლექსის წაკითხვისთანავე ფეისბუქზე „ძებნაში“ მისი სახელი და გვარი ჩავწერე, რატომღაც მეგონა, რომ მისი ფეისბუქგვერდი გაუქმებული იქნებოდა, მაგრამ მოიძებნა. მართლაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა გარდაცვლილი ადამიანის ფეისბუქგვერდზე მოხვდები.

 

 

მოჭარბებული მეურვეობა – დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების დამაბრკოლებელი

0

 

რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო და საყურადღებო სიტუაციის უნებლიე მოწმე და მონაწილე აღმოვჩნდი. ქუჩაში, ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგომმა ჩემსკენ გაღიმებული სახით მომავალი ერთი ძველი ნაცნობი, დიდი ხნის უნახავი ქალბატონი შევნიშნე. მას თან ახლდა თავისი გოგონა, რომელიც სულ პატარა მახსოვდა, ახლა კი სიმაღლით დედასაც კი უსწრებდა. ისინი ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული სახით მოდიოდნენ ჩემკენ. როცა მომიახლოვდნენ, გაოცება ვერ დავმალე მოზარდის დანახვაზე – „ეს თამუნაა არა? როგორ გაზრდილა“! –„აბა, აბა, გავიზარდეთ, გავიზარდეთ, დრო ძალიან სწრაფად გარბის“ – აღფრთოვანებას და სიამაყეს ვერ მალავდა ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ქალბატონი. „თამუნა, რომელ კლასში ხარ“? – შევეცადე მოზარდს გამოვლაპარაკებოდი. მან პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ დედამ დაასწრო – „ჩვენ უკვე მეთერთმეტეში გადავედით“. „თამუნა, მომავალი პროფესია ალბათ უკვე არჩეული გექნება, ასეა?“ – ვცდილობდი, როგორმე ამელაპარაკებინა გოგონა, რომ მისი ხმა გამეგო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დედამ დაასწრო. „ექიმობა გვინდა, სამედიცინოზე ვაპირებთ ჩაბარებას, მონაცემებიც გვაქვს“. თამუნა უხერხულად იღიმებოდა, დედა კი გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ამ დროს ავტობუსიც გამოჩნდა და ჩვენი გზები გაიყო, დავცილდით ისე, რომ მოზარდი გოგონას ხმის გაგონება მაინც ვერ მოვახერხე. თუმცა, მის შესახებ დედისგან საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე.

 

ვფიქრობ, ანალოგიური სცენები უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. დედა შეწუხებულია იმის გამო, რომ ბავშვი აგვიანებს სახლში დაბრუნებას და აღმოჩნდება, რომ ეს „ბავშვი“ 60 წლის კაცია. ან აფთიაქში შესული მამაკაცი წამალს ეძებს ბავშვისთვის და როგორც ირკვევა „ბავშვის“ ასაკი 25 წელია. რა თქმა უნდა, მშობლისთვის შვილი, მისი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვად რჩება, მაგრამ, როცა ასეთი დამოკიდებულების დემონსტრირებას საზოგადოებაში უცხო ადამიანების თანდასწრებით ახდენს, ის ნებით, თუ უნებლიეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს და არცთუ იშვიათად დაცინვის ობიექტადაც კი შეიძლება იქცეს.

 

რა შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მშობლის მხრიდან შვილის უზომო მეურვეობა და მთელი მისი ცხოვრების წინასწარ გაწერა. როგორც წესი, ასეთ მშობლებს წინასწარ, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე შედგენილი აქვთ შვილის მთელი ცხოვრების გეგმა – დაბადებიდან თითქმის ღრმა სიბერემდე – ვინ უნდა შეურჩიონ ძიძად; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ადამიანი, ვისაც საკუთარ შვილს ანდობენ; როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვს შეიყვანენ; რა უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე – შვილთან დაკავშირებულ გეგმაში მუსიკის, ცეკვის, ერთი-ორი უცხო ენის შესწავლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში მშობლები, როგორც წესი, საკუთარი ბავშვობისდროინდელი არარეალიზებული სურვილების, მისწრაფებების, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული. მაგ. ბავშვობაში ძალიან უნდოდა მუსიკის შესწავლა, მაგრამ მშობლებმა არ იზრუნეს, რომ მუსიკალური განათლება მიეცათ. ახლა ის ყველანაირად ცდილობს ეს „შეცდომა“ გამოასწოროს და საკუთარ შვილს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მან მუსიკალური განათლების მიღება შეძლოს. რა თქმა უნდა, არც მუსიკის და არც უცხო ენების შესწავლა ზედმეტი არ არის  ბავშვისთვის, მაგრამ გაუმართლებელია, როცა მას არავინ ეკითხება, რა აინტერესებს, რა ურჩევნია – მუსიკის თუ ხატვის შესწავლა, ცეკვაზე სიარული თუ სპორტის რომელიმე სახეობის დაუფლება. ასეთ დროს მშობელთა დიდი ნაწილი საკუთარი ინტერესებითა და მისწრაფებებით უფრო ხელმძღვანელობს, ვიდრე ბავშვის სურვილებითა და გატაცებებით.

 

ყველაზე სერიოზულ პრობლემას მშობლები შვილისთვის სკოლის შერჩევის დროს აწყდებიან. ვფიქრობ, ადვილი არ უნდა იყოს შვილის უზომო მეურვეობითა და მისი ცხოვრების წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედი მშობლისთვის ისეთი სკოლის შერჩევა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და შვილთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის. როგორც წესი, ასეთი მშობელი ძალიან ხშირად უცვლის ბავშვს სკოლას და მიზეზად სხვადასხვა რამეს ასახელებს – ან მასწავლებლები არ მოსწონს, ან ის სასწავლო გეგმა, რომლითაც სკოლა მუშაობს, ან მის შვილთან თანაკლასელების დამოკიდებულებაა მშობლისთვის მიუღებელი. ყოველ შემთხვევაში მისთვის მიზეზის პოვნა ძნელი არ არის იმისათვის, რომ უკმაყოფილება გამოხატოს შერჩეული სკოლის მიმართ და შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს. სკოლების ხშირი მონაცვლეობა, თავის მხრივ, ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ბავშვს. როგორც წესი, ამ პრობლემების მიზეზებს მშობელი ისევ გარეთ ეძებს და საკუთარ ბრალეულობას სრულად გამორიცხავს, რაც ბუნებრივია პრობლემის მოგვარებას საკმაოდ ართულებს. შვილების უზომო მეურვეობით და მათი ცხოვრების განკარგვით დაკავებული მშობლები მოზარდის მიერ სკოლის დამთავრების შემდეგაც არ წყვეტენ მის ცხოვრებაში აქტიურ ჩარევას და მიმდინარე მოვლენებში წამყვან როლს ასრულებენ. ისინი საკუთარ თავზე იღებენ შვილისთვის პროფესიის არჩევას, მოგვიანებით მისთვის სამსახურის შერჩევაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი მშობლები, როგორც წესი, მიინევენ, რომ მათზე უკეთესად ოჯახურ ცხოვრებას ვერავინ მოუწყობს. ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას ამ საქმეშიც საკუთარ თავზე იღებენ და თავად წყვეტენ, ვინ იქნება მათი შვილისთვის ცხოვრების საუკეთესო მეგზური. იმ შემთხვევაში, თუ მშობლების აქტიური ჩარევით მოწყობილ პირად ცხოვრებაში ახალგაზრდას რაიმე პრობლემა ექმნება, ის, როგორც წესი, მშობლებს ადანაშაულებს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ „უბედურებაზე“ მათ აკისრებს.

 

რა თქმა უნდა, ყველა შვილი მორჩილად როდი მიჰყვება მშობლების გეგმებს. ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ის „სერიოზულ“ ამბოხს აწყობს მათ წინააღმდეგ და ყველანაირად ცდილობს, თავად განკარგოს საკუთარი მომავალი. არცთუ იშვიათად მშობლების გეგმებიდან გადახვევით ისინი სერიოზულ წარმატებებსაც აღწევენ, რაც გულწრფელად ახარებს მშობლებს და სერიოზულად ამაყობენ საკუთარი შვილითა და მისი მიღწევებით. თუმცა, არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებიან მშობლებს და საკუთარ ცხოვრებას მათ მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით წარმართავენ. გარკვეული აზრით, მათ მოსწონთ კიდეც ასეთი ცხოვრება, როცა მოხსნილი აქვთ მთელი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებაზე და ყველაფერი მათ ცხოვრებაში ძალიან მარტივად, მათი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გვარდება. თუმცა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მშობლებს უკვე თავად აღიზიანებთ შვილის მათზე უზომო დამოკიდებულება, პასიურობა, ინფანტილიზმი და საყვედურებსაც არ იშურებენ მის მიმართ – „უჩემოდ არაფრის გაკეთება შეუძლია“, „ყველა პრობლემა მე უნდა გადავუწყვიტო“, „ხელით  სატარებელი მყავს ამხელა კაცი“, „რა ეშველება მე რომ აღარ ვეყოლები გვერდით, ნამდვილად დაიღუპება“. ასეთ დროს მშობლები გულწრფელად წუხან შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ ამ დროისათვის პრობლემის მოგვარება და რაიმეს შეცვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

 

ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – როდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის დამოუკიდებელ, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა? პასუხი ამ შემთხვევაში ერთადერთია – რაც შეიძლება ადრე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პატარა დაუხვეწავი მოძრაობებით გაჭირვებით ახერხებს ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის ჩაცმას, კოვზის პირთან მიტანას და დამოუკიდებლად, დაუხმარებლად ჭამას. ასეთ დროს უფროსები, როგორც წესი, ხელიდან სტაცებენ ბავშვს კოვზს და თავად აჭმევენ, თავადვე აცმევენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომ არ „დაიტანჯოს“ მათი ნებიერა. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის ბავშვი, რომლის საყვარელი ფრაზაა „მე თვითონ“, ჭირვეულობს და დაჟინებით მოითხოვს, რომ თავად ჩაიცვას, თვითონ დაიჭიროს კოვზი ხელში და დამოუკიდებლად ჭამოს, უფროსები კი არ აძლევენ მას ამის საშუალებას იმ მოტივით, რომ დიდ დროს კარგავენ და თავად აკეთებენ ყველაფერ იმას, რასაც ამ ასაკის ბავშვი მართალია გაჭირვებით, მაგრამ თვითონ უნდა აკეთებდეს.

 

დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი მოზარდში კიდევ უფრო მეტად ძლიერდება განვითარების მეორე კრიტიკულ პერიოდში, რომელიც 10-11 წლიდან 15-16 წლამდე გრძელდება. თუ მშობელი ამ პერიოდშიც შეეცდება, ყველანაირად ჩაახშოს ბავშვის დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, ის ან პროტესტის გამოხატვას დაიწყებს აქტიურად სხვადასხვა ფორმით – უხეშობით, ჩხუბით, სახლიდან გაქცევითაც კი, ან შეეგუება არსებულ მდგომარეობას და მოგვიანებით შეიძლება მოეწონოს კიდეც, რომ მას არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდება და მის პრობლემებს მშობლები წყვეტენ. ეს კი, ბუნებრივია, უფროსებზე ზედმეტად დამოკიდებული პიროვნების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება, ისეთი პიროვნების, რომლის მიმართაც თავად მშობლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ცვლიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრად უკეთესი იქნება, თუ მოზარდი ცხოვრების საკუთარ გზას გაივლის, იცხოვრებს არა ისე, როგორც მას მშობლებმა წინასწარ დაუგეგმეს, როგორც მათ სურთ, რომ იცხოვროს, არამედ საკუთარი ინტერესების, შეხედულებების გათვალისწინებით. შეიძლება მან შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი თავად იქნება და ამ შეცდომებითაც ბევრს ისწავლის. რა თქმა უნდა, შვილს ყოველთვის სჭირდება მშობლის გვერდში დგომა, მისი რჩევებიც, მაგრამ, ამასთან ერთად, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების უფლების მინიჭება. ეს ყოველივე მას ბევრად უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბებს და ამით, პირველ რიგში, თავად მშობელი იამაყებს.

 

 

 

 

 

სამართალი, აბსურდი და წინასწარგანზრახულობა

0

(ფრანც კაფკა პროცესი”, განაჩენი”, სადამსჯელო კოლონიაში”)

 სანამ კაფკას შემოქმედებაში სამართლის კატეგორიაზე ვისაუბრებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწერალი პრაღის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა და შეისწავლა იურისპრუდენცია, რომელიც იმ დროისთვის პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა. მან კარგად იცოდა კანონები, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მათი ეგრძნო აბსურდულობა ადამიანთა, სახელმწიფოს ხელში. არც ადამიანი და არც სახელმწიფო არაა ბოლომდე სამართლიანი. იქნებ ეს განცდა მას სწორედ მამასთან ურთიერთობამ გაუჩინა (რადგან კაფკას ნაწარმოებების უმეტესობა ეხება ვაჟებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მამებთან კონფლიქტურ ურთიერთობებში არიან, კონფლიქტებს კი საბოლოო ჯამში დამანგრეველი შედეგები მოაქვთ მათთვის).

 

კაფკამ 36 წლის ასაკში დაწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „წერილი მამას”, რომელსაც მისი შემოქმედების გასაღებად მიიჩნევენ. ეს წერილი ასე იწყება და გრძელდება: „ამას წინათ მკითხე, რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. როგორც ყოველთვის, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შენი ისევ მეშინია და ამ შიშს საფუძვლად იმდენი წვრილმანი უდევს, მეგონა მათ ბოლომდე გააზრებას ვერასდროს შევძლებდი. შევეცდები წერილით გიპასუხო ამ კითხვაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს იქნება სრულყოფილი პასუხი, რადგან წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს… სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე, სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო…”. მკითხველისთვის აშკარა ხდება კაფკას გამუდმებული დეპრესიის, საკუთარი თავსა თუ სამყაროსადმი უნდობლობის, დაუცველობის (რომლის განცდა მის ნაწარმოებთა უმეტესობაშია), ადამიანებისადმი გაუცხოების მიზეზი – მამის სიმკაცრე და ბავშვობაში დაბადებული უსამართლობის შეგრძნება.

 

წუთისოფლის ბუნდოვანების, აბსურდულობისა და გროტესკულობის განცდა, რომლებსაც ფრანც კაფკას ნაწარმოებები ტოვებს, სწორედ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების, სამართლის არასრულყოფილების შედეგია, რომელიც, როგორც ვაჟა იტყოდა, „ცოდვა-ბრალითაა” მონათლული. კაფკა გვიჩვენებს, რომ განაჩენი, რომელიც ადამიანებს გამოაქვთ ერთმანეთისთვის, ცხოვრებისეული თუ იურისპრუდენციის თვალსაზრისით, აბსურდულია და ნაკლულოვანი, მათი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე. ამ უკანასკნელის გამჟღავნებაა ღვთაებრივი სამართალიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია და ალოგიკური თავისი შეუცნობლობით. კაფკა აჩვენებს სასამართლოს უძლურებას. დაგვანახებს, რომ ის, რაც ჩვენ სწორი გვგონია, ასეთი არაა. გვგონია, რომ რაღაცები აუცილებელი და სამართლიანია, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ჩვენ აბსურდს ვემსახურებით, იმას, რაც სიმართლე არაა და რისი ფუნქციებიც მორღვეულია. სახელმწიფო სისტემის (რომელიც ყველაზე სრულყოფილიც კი ბოროტების მექანიზმია) გაუმართაობაა ის, რომ მის საძირკველშივე უთანასწორობა და უსამართლობაა ჩადებული. აპარატი, კი რომელზეც ოფიცერი მოგზაურს უყვება, მოწყობილია ისე, რომ აღასრულოს განაჩენი.

 

საინტერესოა ისიც, რომ აპარატი „დამნაშავის“ სხეულზე ტვიფრავს იმას, რის გამოც განაჩენი იქნა გამოტანილი. ოფიცერი ამ აპარატით აღფრთოვანებული იყო, „თუ აქამდე ხელით გვიწევდა მუშაობა, ახლა ყველაფერს აპარატი შეასრულებს“, თუმცა მოგზაურში მან იგივე რეაქცია ვერ გამოიწვია, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგებოდა აპარატის არსებობის საკითხი. აპარატი, როგორც ამას ოფიცერი აღწერს, სამი ნაწილისაგან შედგება, ქვედა – საწოლი, ზედა – კალამი, ხოლო შუა, დაკიდებული ნაწილი – ფარცხი, რასაც განაჩენის აღსრულება ეკისრება. ეს სამი ნაწილი შეიძლება შევადაროთ სახელმწიფო ხელისუფლების სამ შტოს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო.

 

კაფკას მიერ აპარატის სამ ნაწილად დაყოფა შემთხვევითი არ არის, რაც ნამდვილად კარგად შეესაბამება ამ შტოებს. ჯარისკაცი, რომელსაც ბრალად ედება დაუმორჩილებლობა და უფროსის შეურაცხყოფა, ვერ დაიცავს და ვერ იმართლებს თავს, რადგან მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ოფიცერი, ამაოდ ირჯება, როცა საკუთარ სიცოცხლეს უკვე გარდაცვლილი კომენდანტის იდეებს შესწირავს, აპარატი, რომელიც სრულყოფილებად მიაჩნდა, ანუ ის იდეები, რომლებიც კომენდანტმა დააფუძნა, აბსურდი აღმოჩნდა. ამრიგად მისი განაჩენიც, რომ თავი შეეწირა, აბსურდი იყო. სწორედ ამ ყოველივეს გამო არ აღსრულდა ის, აპარატი მოიშალა, რაც მის არასრულფასოვნებაზე მიუთითებდა და აჩვენებდა მის არასამართლიანობას.

 

კაფკას მიერ აღწერილ მოთხრობებში წარმოჩენილი სახელმწიფო წყობა საჭიროებს ცვლილებებს, რათა შეიქმნას ახალი და შედარებით სამართლიანი. რამდენად სამართლიანია განაჩენი, რომელიც მამას გამოაქვს შვილისთვის? („განაჩენი”) ბიზნესმენი გეორგი, რომელიც ცოლის შერთვას აპირებს და რომელიც მამასთან იმის საკითხავად შედის, მისწეროს თუ არა ეს ამბავი თავის პეტერბურგელ მეგობარს, რჩევის ნაცვლად განაჩენს წააწყდება, რომელსაც მას საკუთარი მამა გამოუტანს. იგი მამისგან მსგავს საყვედურს არ იმსახურებდა. თუმცა, როცა მოთხრობას კითხულობ, მრავალ დეტალს ხედავ, რომლებიც მის გულგრილობას აჩვენებს სხვების მიმართ, თუმცა გულგრილობა სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საბაბი არ უნდა იყოს. წაყალში დახრჩობა ის განაჩენია, რომელიც მამას საკუთარი თავისთვისაც გამოაქვს, არა მარტო გეორგისთვის.

 

ყოველი ჩვენგანი ერთგვარი მსხვერპლია გარემოებებისა, მოვლენებისა და ადამიანებისა, რომლებიც აყალიბებენ მას პიროვნულად, მყიფეს ხდიან მის ფსიქიკას. გეორგი თავს იკლავს, რადგან მამისგან უარყოფილია, რადგან მის ცხოვრებაში დემოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება წინასწარგანზრახულება, რომლისგან თავდაცვა მას არ შეუძლია – მშობლის წყევლა და ასე გადადის ადამიანური სამართალი ღვთაებრივიში. ეს უკანასკნელი კარგად ჩანს „პროცესში”. სასამართლო, რომელიც ამ ნაწარმოებშია, ძალიან ჰგავს ეშმაკის სამსჯავროს და მკითხველიც ამბის თუ პერსონაჟთა გროტესკულობის, არაბუნებრიობის გამო (საუბრები, რომლებიც თითქოს რეალურ ადამიანებსა და მოვლენებს ეხება, ფანტასმაგორიული და არარეალურია) ხვდება, რომ აქ მეტაფიზიკურ, ზებუნებრივ ძალთა კანონებია თითქოს („სასამართლოს ამქვეყნად ყველასთან და ყველაფერთან აქვს კავშირი”). თუმცა აქვეა მღვდლის იგავი სოფლელზე, კანონის საუფლოში რომ არ უშვებს შესასვლელი კარის მცველი. ისიც იცდის ამ კართან მთელი სიცოცხლე, სანამ ბოლოს არ ეტყვიან, რომ ის მხოლოდ მისთვის ყოფილა განკუთვნილი. კაფკას იოზეფ კ. უმოქმედობით ჩვენს საბრალო ლუარსაბს მახსენებს. ანა კარენინასაც, ჩაკლული პროტესტით. ადამიანი შექმნილია არა თვითტკბობისთვის, არამედ განვითარებისთვის, არა განსაცდელით, ეშმაკით ჯაბანობისთვის, არამედ გამარჯვებით ღვთის წიაღში დაბრუნებისთვის. პავლე მოციქული გავიხსენოთ: „წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან”, ისუ ზირაქის სიბრძნეც – „სიკვდილამდე იბრძოლე სიმართლისთვის და ღმერთი უკუნისამდე იბრძოლებს შენთვის”.
უცნაურია კაფკასეული მოდერნისტულ-ეგზისტენციალური სამყარო, რომელშიც დაკვირვებული მკითხველი ქრისტიანულ საწყისებს მოიძიებს. კაფკას რომანებში „მოხვედრისას” თვალშისაცემია პლატონისეული „ყოფიერების უკმარისობა”, მიუღებლობა, გაუცხოება, სამყაროსადმი შიში და უნდობლობა რომ ბადებს. ძალაუნებურად გახსენდება „ღმერთის სიკვდილის” აღიარება ნიცშესთან. თუმცა კაფკასთან ეს არაა, არამედ დაკარგული ჰარმონიის, ღვთაებრივი წესრიგის (რუსთველური „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”) ძიებაა, ამ წიაღის ქვეცნობიერი შეგრძნებაა, რაზეც მოწმობს ბიბლიური მინიშნებები მის ნაწარმოებებში.
ყოველი ჩვენგანი გადის ხოლმე კაფკასა და მისი გმირებივით იობის გზა-გამოცდას, როცა ჩვენ შიგნით თუ გარეთ სამყარო თავისი თავის ჭამას იწყებს (თუნდაც დღევანდელობის „ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ”).
წუთისოფელი არენაა ამ ბრძოლებისა, შინაგანი თუ გარე მეტამორფოზებისა.
„პროცესის” იოზეფ კ. საბოლოოდ დაუძლეველი ადამიანური ვნების, ამპრატავნების მონად, ძაღლად იქცევა („ძაღლივით დამოკლეს”). ის მარცხდება, რადგან ემორჩილება. როგორც მას მღვდელი ეუბნება: „როცა მოდიხარ, სასამართლო გიღებს, როცა მიდიხარ – გიშვებს”.
…და კიდევ, წაკითხულის მიღმა, გროტესკულობისა და მისტიკური, თითქოს საბედისწერო უცნაურობებისა, იგრძნობა მწერლის დაუოკებელი სურვილი, რომ მისი გმირი არ დაიღუპოს, როგორმე ყოველი ჩვენგანისთვის ღვთისგან ბოძებული მადლი შეინარჩუნოს. ამ ღვთაებრივისა და დემონურის ხშირად განურჩეველ გადაწნეხვაში ვგრძნობთ მწერლის მწარე, მაგრამ უმანკო ცრემლების გემოს… იქნებ ამის საქვეყნოდ წარმოჩენა აღარ უნდოდა და ამიტომ მოითხოვდა სიკვდილის წინ თავისი ნაწარმოებების განადგურებას?
წიგნის ბოლოს კი შეგრძნება: დიდებული ქმნილებაა ადამიანი, ღრმა და მრვალშრიანი, თუნდაც თავისი მელანქოლიითა და დეპრესიით…

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...