შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საბავშვო ბაღთან შეგუებაში

0

ძნელია მოიძებნოს მშობელი, რომელსაც არ შეხვედრია სირთულეები შვილის საბავშვო ბაღში მიყვანისას. ბავშვის შფოთვა, შიში, ჭირვეულობა, ისტერიკა ბევრ მშობელს ისე აშინებს, რომ პირველივე შემთხვევის შემდეგ პატარას ბაღში ტარებაზე უარს ამბობს. უფროსები მზად უნდა იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი გამოვლინებებისთვის, რადგან მათ თავიანთი გამომწვევი მიზეზები აქვთ.

 

საბავშვო ბაღთან ადაპტაციის სირთულეთა ძირითადი მიზეზებია:

* გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული შფოთვა – ნაცნობი, ჩვეული მშვიდი, ოჯახური ატმოსფეროდან, სადაც დედა გვერდითაა და ნებისმიერ დროს შეუძლია დახმარება, ბავშვი ხვდება უცხო სივრცეში, სადაც, მართალია, კეთილგანწყობილი, მაგრამ მაინც უცხო ადამიანები ხვდებიან;

* დედასთან ემოციური მიჯაჭვულობა – განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბაღის ასაკის ბავშვები ემოციურად მიჯაჭვულები არიან დედას. მათთვის დედა უსაფრთხო მეგზურია სამყაროს შემეცნების გზაზე, ამიტომ მისი „გაუჩინარება“ ბავშვის პროტესტს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ემოციურად ისედაც ზედმეტად მგრძნობიარეა;

* განსაზღვრულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უუნარობასახლში ბავშვს ყოველთვის არ მოეთხოვება დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან ამის საჭიროება არ აქვს: დედა საკუთარი ხელით აჭმევს, აცმევს, სათამაშოებს ულაგებს. საბავშვო ბაღში კი პატარა იძულებულია, თვითონ ცაიცვას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თვითონ ჭამოს და ა.შ. თუ ბავშვს არა აქვს განვითარებული თვითმომსახურების ელემენტარული უნარ-ჩვევები, ახალ გარემოსთან შეგუება მტკივნეულად წარიმართება, რადგან მისი მოთხოვნილება უფროსის მხრივ მუდმივ მეურვეობაზე სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული;  

* შთაბეჭდილებების სიჭარბე – სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვი განიცდის ბევრ ახალ პოზიტიურ თუ ნეგატიურ გრძნობას. გრძნობებისა და ემოციების სიჭარბემ ის შეიძლება დაღალოს. დაღლილი ბავშვი დაიწყებს შფოთვას, ჭირვეულობას, ტირილს, რაც  უარყოფითად აისახება საბავშვო ბაღთან მისი ადაპტაციის პროცესზე;

* ახალი დღის რეჟიმი – თუ ბავშვი საბავშვო ბაღში მისვლამდე სრულ თავისუფლებას იყო მიჩვეული, როცა უნდოდა და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, საბავშვო ბაღის გარემოსთან შეგუება, სადაც ყველაფერი ორგანიზებული და წინასწარ გაწერილია, ძალიან გაუჭირდება;

* ბავშვის მიმართ პერსონალური ყურადღების მკვეთრი დაქვეითება – მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ პატარა დედისერთაა, ყველა თავს დასტრიალებს, ცივ ნიავს არ აკარებს, მისი ყველა სურვილი მაშინვე სრულდება. ასეთი ოჯახური გარემოდან მოსული ბავშვი, ბუნებრივია, საბავშვო ბაღში კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს, რადგან იქ ის ჯგუფის რიგითი წევრი იქნება და მოეპყრობიან ისე, როგორც ყველა სხვა ბავშვს;

  • თანატოლებთან ხანგრძლივი კონტაქტი – თუ პატარას საბავშვო ბაღში შესვლამდე თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია, პირველ დღეებში მას ძალიან გაუჭირდება უცხო ბავშვებთან ურთიერთობა, რაც, ბუნებრივია, საადაპტაციო პერიოდს გაართულებს და საბავშვო ბაღის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს;

* სრულიად უცხო ზრდასრული ადამიანების მორჩილების აუცილებლობა – უცხო გარემოში, ახლობლების გარეშე დარჩენილი ბავშვისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაემორჩილოს უფროსებს, რომლებსაც პირველად ხედავს. გავითვალისწინოთ, რომ უცხო ადამიანებთან, უცხო გარემოში მოხვედრილი პატარები შიშს განიცდიან. შიში, თავის მხრივ, ართულებს ახალ გარემოსთან ბავშვის ადაპტაციას. ბავშვი ხდება უფრო აგზნებადი, დაუცველი, მგრძნობიარე და ხშირად ავადმყოფობს, რადგან სტრესი ფიტავს ორგანიზმს.

საბავშვო ბაღში შესვლით ბავშვის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები იწყება – ის მიკროსოციალური გარემო, რომელშიც პატარა მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა თავს, უეცრად ფართოვდება. მასში მოულოდნელად ჩნდებიან ბავშვისთვის სრულიად უცხო ადამიანები, რომლებთანაც მას მარტო უწევს ყოფნა, რაც ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ფსიქიკის მქონე ბავშვში, ბუნებრივია, შიშს და დაუცველობის გრძნობას იწვევს. ამდენად, კარგი იქნება, თუ მშობელი წინასწარ მოემზადება და ბავშვსაც მოამზადებს ცვლილებებისთვის, რათა საბავშვო ბაღთან ადაპტაციის პერიოდი პატარამ სირთულეების გარეშე გაიაროს.

 

რეკომენდაციები ბავშვის საბავშვო ბაღთან ადაპტაციის პერიოდის უმტკივნეულოდ გასავლელად

* წინასწარ ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, რა არის საბავშვო ბაღი, რატომ დადიან იქ ბავშვები, რას აკეთებენ იქ ყოფნის პერიოდში. მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ.

* სეირნობისას ვაჩვენოთ საბავშვო ბაღის შენობა, დავათვალიერებინოთ მისი ეზო.

* მოვერიდოთ საბავშვო ბაღის და მისი თანამშრომლების კრიტიკას, აღმზრდელის ცუდად მოხსენიებას ბავშვის თანდასწრებით – ამან შესაძლოა ბავშვს აფიქრებინოს, რომ ბაღი ცუდი ადგილია და იქ ცუდი ადამიანები არიან. ეს, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუწყობს შფოთვის გაქრობას.

* არასოდეს შევაშინოთ ბავშვი საბავშვო ბაღით – „თუ ცუდად მოიქცევი, საბავშვო ბაღში წახვალ!“ ადგილი, რომლითაც ბავშვს აშინებენ, ვერასოდეს გახდება ვერც საყვარელი და ვერც უსაფრთხო.

* ნუ დავსჯით და ნუ გავუწყრებით პატარას იმის გამო, რომ ტირის საბავშვო ბაღში მისვლისას ან სახლში ბაღის ხსენებაზე. მას აქვს ასეთი რეაქციის უფლება. იმის შეხსენებას, რომ დაგვპირდა არ ეტირა, ასევე არ აქვს აზრი – ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დაპირებული სიტყვის შესრულება. აჯობებს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებით მასთან საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად.

* ნუ მოვატყუებთ ბავშვს. ნუ ვეტყვით, რომ მალე წავიყვანთ სახლში, თუ დღის ბოლომდე ვაპირებთ საბავშვო ბაღში მის დატოვებას. აჯობებს იცოდეს, რომ დედა მალე არ მივა, ვიდრე მთელი დღე ამაოდ ელოდოს. შესაძლოა, ამით ნდობაც კი დაკარგოს ყველაზე ახლობელი ადამიანის მიმართ.

* ემოციურად დავეხმაროთ ადაპტაციის პერიოდში. ბუნებრივია, საბავშვო ბაღში შეყვანის შემდეგ ბავშვთან უფრო ნაკლები დროის გატარება მოგვიწევს. კარგი იქნება, თუ ამის კომპენსირებას კომუნიკაციის ხარისხით მოვახდენთ და მისთვის საინტერესოდ გავატარებთ ერთად ყოფნის პერიოდს. თუ ბავშვმა იცის, რომ ხმაურიანი დღის ბოლოს მას ელოდება მშვიდი საღამო დედასთან ერთად, საბავშვო ბაღში გატარებული დრო ისეთი გაუსაძლისი აღარ მოეჩვენება და სტრესიც შემცირდება.

* არ არის სასურველი ხანგრძლივი გამოთხოვება. ამან შეიძლება ნამდვილი ისტერიკა გამოიწვიოს. მტკიცედ ვუთხრათ, რომ ახლა დავტოვებთ, სადილის შემდეგ კი მოვალთ მის წასაყვანად. ამ სიტყვების შემდეგ სწრაფად მოვშორდეთ. ხანგრძლივი გამოთხოვება და მშობლის სახეზე ამოკითხული შეშფოთება ბავშვს კიდევ უფრო გაუძლიერებს უდედოდ დარჩენის შიშს.

* პირველ დღეებში ნუ დავტოვებთ ბავშვს საბავშვო ბაღში ორ საათზე მეტი ხნით. ხანგრძლივობა თანდათან გავზარდოთ. 2-3 კვირის შემდეგ, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, შეგვიძლია უკვე მთელი დღითაც დავტოვოთ.

* ნება დავრთოთ, წაიღოს საბავშვო ბაღში საყვარელი სათამაშო. მისი სიახლოვე პატარას იმ შფოთვის დაძლევაში დაეხმარება, რომელსაც ნაცნობ გარემოსთან დაცილება გაუჩენს.

როცა ბავშვი საბავშვო ბაღზე ხალისიანად დაიწყებს საუბარს, მოგვიყვება იქ მომხდარ ამბებს, დილით უტირლად წავა და დარჩება ბაღში, შეიძლება ვთქვათ, რომ ის შეეჩვია ახალ გარემოს, ადაპტირდა საბავშვო ბაღთან.

ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ადაპტაციის პერიოდი, რადგან ყველა ბავშვი მას სხვადასხვანაირად გადის. ის 6 თვემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეგუება დიდი გამოცდაა მშობლებისთვისაც. ის იმის მაჩვენებელია, რამდენად არიან მზად, მხარი დაუჭირონ ბავშვს და სირთულეების დაძლევაში დაეხმარონ.

დაკარგულ დროში გამოწრთობილი ოცნებები

0

ედუარდო მენდოსას ,,საოცრებათა ქალაქი”

„წლების შემდეგ ცხოვრება თითქოს საწყის წერტილს უბრუნდება”, წერს სერვანტესის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ესპანელი მწერალი ედუარდო მენდოსა თავის გახმაურებულ რომანში „საოცრებათა ქალაქი”.  დრო, მართლაც, სხვა არაფერია, თუ არა წრეზე ტრიალი. ამიტომ მარადისობისთვის ის თითქოს დაკარგულია. მაგრამ ეს „თითქოსაა”, ამაოებაა ის, დავიწყებას რომ არასდროს მიეცემა…

წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონის მშფოთვარე ცხოვრება. ამ ეპიკურ სტილში დაწერილ წიგნში თხრობა რუტინულიცაა, რადგან სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების ფონზე მიმდინარეობს და ერთგვარად, მონუმენტურ ფერწერასაც ჰგავს. მწერლის ამ მონათხრობში ამოვიკითხავთ, როგორ იქმნება, ზოგადად, ადამიანური ცივილიზაცია – უზარმაზარი ძალისხმევით, მძიმედ, მონოტონურად, ურთიერთდაუნდობლობითა და სისასტიკით, გაუგონარი უმსგავსობებით (შემდგომ პარკად ქცეული შუა საუკუნეების სუდადელას ციტადელის ისტორია), ადამიანური სისხლითა და მსხვერპლით, დიდი კატაკლიზმებით, დამარცხებებითაც, რომლებიც ბოლოს ბადაგივით იწმინდება და შობს ზნეობრივად საკრალიზებულ სისტემას, რომელსაც კულტურა ჰქვია. სწორედ ამიტომაცაა ძნელი, მან მოწოდების სიმაღლეზე შეინარჩუნოს თავი და დეკადენსი არ განიცადოს, რადგან ადამიანი როდი იცვლება „ათადან და ბაბადან”. სტილიც ერთგვარად დამძიმებულია, რა ქარტეხილები არაა აქ მოთხრობილი: ანარქისტებსა თუ ინდუსტრიალიზაციაზე, თავისი მავნე შედეგებით, რევოლუციებზე, ევროპის, სოციუმის შიდა თუ მსოფლიო ომებზე, ახლად ფეხადგმულ ბურჟუაზიასა და მასონებზე, კინემატოგრაფისა თუ მფრინავი აპარატების შექმნაზე, ბარსელონის საუკუნეებგამოვლილ მეტამორფოზებზე, ბოლო ჟამის პრელუდიაზე – კომეტა სარგონის მოახლოებაზეც კი და ა.შ. მაგრამ ეს დიდი წიგნების ფორმაა, რომელთა შინაარსი აუცილებლად ყოფიერებას, წუთისოფელსა და მათ ჩარჩოში ბედისწერით „ჩასმულ” ადამიანს უნდა მიემართებოდეს.  როგორ იცვლება ეპოქისა და ქვეყნების ფორმირების ფონზე ადამიანთა ბედისწერა თუ პიროვნულობა; როგორ ქმნის გარემო ადამიანს და პირიქითაც – მენდოსას „საოცრებათა ქალაქი” ყოფიერების ერთგვარი მითოლოგიზაციაა, გროტესკულიც, ფანტასმაგორიულიც…

 

მოკლედ, მივადექით ადამიანს, ანუ ნაწარმოების მთავარ გმირს – ონოფრე ბოუვილას, რომელიც, ჩემი აზრით, ჰიპერბოლიზებული და ზეკაცობის მსუბუქი შარავანდედით შემოსილი, თუმცა მაინც რეალისტური პერსონაჟია, ავანტიურისტი („აქ რომ ბოლშევიზმმა გაიმარჯვოს, მე ალბათ ლენინი ვიქნები”), არც დადებითი, არც უარყოფითი, უბრალოდ – ადამიანურად ორბუნებიანი. მოთხრობილია ონოფრეს თავგადასავალი ბიჭობიდან (13 წლისა რომ ჩამოვიდა პროვინციიდან დიდ ქალაქში თავის ბედისწერასთან შესახვედრადაც) იდუმალ, გასაიდუმლოებულ, გარკვეულად ირეალურ გარდაცვალებამდე, ანარქისტების დაქირავებული პროპაგანდისტობიდან მსოფლიოს უმდიდრეს, გავლენიან ადამიანად გადაქცევამდე. ძალიან საინტერესოა, როგორ ძერწავს მწერალი ეპოქებს და იქიდან შიშით, სიამაყით, საკუთარი თავისა თუ შეუცნობლის იმედით, ხანაც სასოწარკვეთითა თუ პატივმოყვარეობით მზირალ ადამიანს, რომელიც, ავკარგიანი სიდიადის, ხშირად სიტუაციის წარმმართველის ფუნქციის მიუხედავად, მაინც წახნაგია, კონტური თუ მბრწყინავი ტონი ისტორიულ კონტექსტში, მწერლის (თავისთავად, ღვთისაც) დატვირთულ, გრანდიოზულ ტილოზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ბარსელონაში ჩატარებულ ორ უნივერსალურ გამოფენას შორის მოქცეულია ონოფრე ბოუვილას ცხოვრებაც და ქალაქის ტრანსფორმაციაც (რომანს ფონად გასდევს კატალანურ-ესპანური დაპირისპირების ისტორიული მოტივებიც).

არცთუ ისე გვიან მიხვდა ონოფრე, რომ არა მარტო ანარქისტებისთვის (მოჩვენებითი იდეალიზმის მიუხედავად, „მგლის კანონით” ცხოვრებას რომ მიესალმებიან), რევოლუციისთვის არის ადამიანი ინსტრუმენტი, არამედ ბედისწერის ხელშიც ნიაღვარს მიყოლილი ნაფოტივითაა. ამიტომ ზოგჯერ თუ „ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს”, ხშირად თვითონ ქმნის თავის ბედისწერას – ორჭოფობა არ სჩვევია და ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი წინ უსწრებს მოვლენებს. პანსიონის დალაქის, მარინოს, დახლიდან მოპარული სითხის ვაჭრობით, ჩვეულებრივი თაღლითობით იწყებს საქმიანობას, სიმდიდრის დაგროვებას. ნელ-ნელა ყალიბდება მისი ცინიკური, მომხმარებლური პრაგმატიზმი: „როგორც ვხედავ, უდარდელი და გარეწარი უნდა იყოს კაცი… ადამიანისგან მხოლოდ იმას უნდა ელოდო, რისი წაგლეჯაც შეგიძლია, ასეთი დამყოლია ადამიანის ბუნება” (17). ქურდობენ და ნაქურდალს იყოფენ ის და ეფრენ კასტელიასი, იგივე გოლიათი, რომელიც მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი, საუკეთესო მეგობარი გახდება. ონოფრეს პირველი დიდი, ბიჭობის იმედგაცრუება, რომელიც რაღაცნაირ, უპიროვნო, უადრესატო სიძულვილად იქცევა, მამამისს უკავშირდება. თუმცა ფარულად, სულის სიღრმეში რჩება ის გრძნობა, რაც მას უნდა – აღფრთოვანება მამის მიმართ: „თავადაც არ იცოდა – რატომ, არც საფუძველი ჰქონია ეფიქრა, მაგრამ შინაგანად დარწმუნებული იყო, რომ მამა ხელმოცარული კი არა, დიდი შეთქმულების მსხვერპლი იყო” (176).

რა შეთქმულებაზეა საუბარი და ადამიანია მისი მიზეზი თუ ცხოვრებაში უმეტესწილად ამოუხსნელი, ერთმანეთზე საბედისწერო შემთხვევითობით ,,აკინძული” მოვლენები, ეს ონოფრემ არ იცის. ამიტომ მისი ცხოვრების მიზანია, მამასავით ხელმოცარული არ გახდეს, ნებისმიერ ფასად. სწორედ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი ცვლის მის ცხოვრებას. ასე ჩნდებიან მის გარშემო მღვრიე წყალში, დაკარგულ დროში, წამოტივტივებული რაღაცით ღირებული თუ უღირსი პიროვნებები და ის ანგარიშიანი გულგრილობა, რომელსაც ადამიანებს სამყაროს მიერ შემოთავაზებული უტყვი წესრიგის, გარკვეულწილად, მორჩილება აიძულებთ. „აი, ეს სევდიანი ხალხი” – ღმერთივით ასკვნის მწერალი საეჭვო საზოგადოებაზე.

ნაწარმოებში ჩანს, როგორ ყალიბდება ბურჟუაზია, რომელსაც არისტოკრატიის დადგენილი და რთული ჰერალდიკა თუ მორალი არ გააჩნია. ამ მხრივ ძალიან საინტერესო პერსონაჟია დომ უმბერტ ფიგა ი მორესი, ადვოკატი, რომელიც შემდგომ ონოფრე ბოუვილას სიმამრი ხდება. ედუარდო მენდოსა საოცარი პორტრეტისტია, იმ ღრმა ფსიქოლოგიზმით, ლიტერატურული გმირის გარეგნულ, ვიზუალურ თუ სულიერ „შესამოსელსაც” რომ თვალწინ გადაგიშლის: „წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო: ზომიერად შერწყმული გამჭრიახობა და გულუბრყვილობა, ანგარიშიანი გულგრილობა და ბუნებრივი მიამიტობა. ყველაზე რთულ საქმეებს გაბედულად, მაგრამ წინდახედულად და უცოდინრად შეებმებოდა ხოლმე, თითქმის ყოველთვის შედეგს აღწევდა და რასაკვირველია, დამსახურებასაც მხოლოდ თვითონ მიიწერდა. ძალიან მიმნდობი იყო, მაგრამ უზომოდ პატივმოყვარე, მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდა, რომ ხალხის თვალში გამორჩეულიყო” (205). აღწევს კიდეც ამას ეს გმირი, რომლის საქმიანობის მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულია, რასაც არც უარყოფს. ყალიბდება, ე.წ. ბიურგერული მორალიც „თაყვანს სცემდნენ დონ უმბერტ ფიგა ი მორერას ფულს, განსაკუთრებით კი, მის ხელგაშლილობას, მაგრამ პიროვნულად გაიძვერად და უცხო ხილად მიაჩნდათ”.

ონოფრე „თავგანწირვით იბრძოდა, გულიდან ბედისწერის ნატყორცნი ისარი რომ ამოეგლიჯა; ცდილობდა იმ თავბრუდამხვევ მორევს გასცლოდა, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა, მაგრამ ონოფრეს ძალისხმევა იმ ადამიანის შრომას ჰგავდა, რომელიც ზღვის შესაჩერებლად ქვიშაზე ჯებირებს აგებს”. ასეცაა – წუთისოფელთან, ბედისწერასთან ვერავინ იმარჯვებს. ალბათ მხოლოდ საკუთარ თავზე… ან საკუთარ თავზე კი იმარჯვებს ონოფრე?!

„ვიცი, შენ მეთაურობ ამ ფარსს, რადგან ბოროტი ხარ; არ არსებობს საგანი ან ადამიანი, რომელთა გაწირვაც არ შეგიძლია საკუთარი მიზნის მისაღწევად” – ეს საოცრად გროტესკული პერსონაჟი, სენიორ ბრაულიო, ასე რომ მერყეობს თავდავიწყებასა და თვითმკვლელობის სურვილს შორის, მიმართავს ონოფრეს. ვინაა ეს უკანასკნელი სინამდვილეში? „რაც ჩახლართული და ბუნდოვანი იყო ყველაფერი, უფრო მოსწონდა. მსგავს სიტუაციაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ამის წყალობით მიაღწია საზოგადოების ყველაზე მაღალ საფეხურს”. იგი ადამიანურად და ეგოისტურად განიცდის არა თავის ჩადენილ დანაშაულებს, არამედ მისთვის მტკივნეულია, სათანადო მნიშვნელობა რომ არ მიანიჭა იმ გრძნობებს, ყველაზე ძვირფასი რომ აღმოჩნდა (ნაწარმოების ბოლოს მარია ბელიატალთან, მისი ცხოვრების საბოლოო და ყველაზე ნამდვილ სიყვარულთან, ერთად მისი სამუდამო გაუჩინარება იქნებ ამისი დაგვიანებული მცდელობაა?). სინანული თუ ხანდახან იპყრობს, შემდეგ ისევ თვითკმაყოფილებაში გადაიზრდება ხოლმე („ამ კანალიზაციის ვირთხებს ჩემგან შესაძლებლობა მიეცათ, რომ ჩემს ხარჯზე ცოტა ხნით წარმატებითა და ბედნიერებით დამტკბარიყვნენ” (486) – რომელია ნამდვილი ონოფრე? კაცი, რომელმაც უამრავი ადამიანი (დედ-მამა, ძმა, დელფინა და ა.შ.) საკუთარ ამბიციებსა და სიგიჟეს შესწირა, რომლებიც უსამართლო შურისძიების მსხვერპლნი იყვნენ და მხოლოდ იმიტომ დაიტანჯნენ, რომ მას თუნდაც წამიერად ეგრძნო გამარჯვების ტკბილ-მწარე გემო; ფიზიკურ თუ მეტაფიზიკურ სიბნელეს შეჩვეული ადამიანი, რომელიც ბოლომდე ძველ სიმარჯვეს ინარჩუნებს; რომელსაც ადამიანური ცივილიზაცია საკუთრებად მიაჩნია, თავის მოვალეობად კი – მისი დაცვა, რადგან სწამდა „ისტორიული მისიის შესასრულებლად მოვლენოდა ქვეყანას”, თავი მესიად წარმოედგინა. თუმცა მწერალიც, თავისი ფანტაზიით (იქნებ მკრთალი ირონიითაც?) „მხარს უბამს” მას. არის რაღაცა ნიცშეანული იმაში, რომ მენდოსა ონოფრეს, ამ ყოვლისშემძლე, თავდაჯერებული მაგნატის, „საბედისწერო” სიკვდილის შემდეგ წერს: „მოგვიანებით ისტორიის შემქმნელები წერდნენ, რომ იმ დროიდან, რაც ონოფრე ბოუვილა ბარსელონიდან გაუჩინარდა, ქალაქი აშკარა დაცემის გზას დაადგა” (525).

შეუძლებელია, არ დაეთანხმო მწერალს იმაში, რომ ონოფრესთან ერთად იღუპება ეპოქის სულიც, რომელსაც ის, როგორც არავინ, ისე განასახიერებდა.

მაგრამ იქნებ ისაა ნამდვილი ონოფრე ბოუვილა, რომ ამბობს: „ეჰ, ცხოვრებას ხელახლა რომ ვიწყებდე, ყველაფერს სხვა თვალით შევხედავდი” (450). ვისაც განსაკუთრებული სულიერი ურთიერთობა აქვს თავისი ცხოვრების „საბედისწერო” ქალთან – დელფინასთან, ქალთან, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც მისი ესმოდა, რომელიც მაგიურ მსახიობ ონესტა ლაბრუდაც (ფანტაზიაცაა და პიკასოს ცისფერი პერიოდის შედევრების მუზა, გრძნეული ქალიცაა ამ სახეში მწერლის შთაგონების წყარო) წარმოგვიდგება. ნაწარმოებში მოთხრობილია აპოკრიფული თავგადასავლები ამ უცნაური ქალისა, რომელიც მწერალმა საკმაოდ ბანალურ პერსონაჟს დაუკავშირა. მაგრამ არის კი ზღვარი ბანალურსა და იდუმალს შორის? ისევ ღმერთს ემსგავსება მწერალი, სწორედ უმნიშვნელოს გამნიშვნელოვნებით. ამ ძალისხმევას არ ეწირება ყოველი ჩვენგანის ცხოვრება?… დელფინა თეოდორ დოსტოევსკის გმირს ჰგავს, თავისი ბოლომდე შეუცნობელი ადამიანური საიდუმლოთი: „დელფინას არც ხმა დაბრუნებია და არც მეხსიერება, თუმცა ამას მონაზვნისთვის ხელი არ შეუშლია განეცხადებინა, რომ დელფინას სიკვდილის წინ ტუჩებზე ონოფრეს სახელი ეწერა” (458).

სწორედ უმნიშვნელოს გამნიშვნელოვნებაა ის იდეური ხაზი, რომელსაც მწერალი მიჰყვება. ამიტომ ნაწარმოებში დახატულია ანტონიუ გაუდი ი კორნეტი (სახელგანთქმული არქიტექტორი), მოდერნიზმის რომანტიკა და ნეოცენტიზმი, კარიკატურებითა და გესლიანი კრიტიკით სასაცილოდ რომ იგდებდნენ გაუდის, მის შემოქმედებას. პროგრესიც არაა მთლად კარგი სიტყვა, რადგან ამარცხებს ამ საოცრად ნიჭიერ ადამიანს, ამაოების წყალობით აბსურდული უბედური შემთხვევის შედეგად რომ კვდება სანტა კრუსის ჰოსპიტალში – ტრამვაი გაიტანს. ამ უკანასკნელზე ნაკლებად მნიშვნელოვანი როდია დიდი მწერლისთვის სანტიაგო ბელიატალი, ჯიბეგაფხეკილი გამომგონებელი, სერიოზულად რომ ვერავინ აღიქვამს: „სასაცილო შესახედავი იქნებოდა, ასეთი ანთებული თვალები და დაქანცული იერი რომ არ ჰქონოდა”(461). ბავშვობისდროინდელი, მამის კუბიდან ჩამოყვანილი მაიმუნის ფიტულის ძიებაში იპოვის ონოფრე ამ ადამიანს, რომელშიც სწორედ მამის სახე გაიელვებს, რომელიც სულ ახლახან მიაბარა მიწას. ეს არის წუთისოფლის ერთ-ერთი უცნაურობა – როცა კაცი, თითქოს ზღაპრის ძაფის ჯადოსნურ გორგალს ჩაჭიდებული, მისდევს, წინასწარმეტყველებს საკუთარ ბედისწერას. სანტიაგო ბელიატალის მშვენიერი შვილი მარია, რომელიც ასევე ბედისწერის იდეური ხაზის პერსონაჟია, რომელსაც „მთელი თავისი ცხოვრება არარსებული ადამიანის (გარდაცვლილი დედის – მ.ი.) გვერდით გაეტარებინა” და რომელიც თავისი გამოჩენით ტელესკოპურად შეკუმშავს ონოფრეს პიროვნების ხანგრძლივი ტრანსფორმაციის გზასაც და იმ წლებსაც, მათ თავდაპირველ, მყისიერ და ბოლო შეხვედრის დღეებს შორის რომ ჩაევლო, თითქოს, რამდენიმე წუთი ან სულაც სიზმარი ყოფილიყო მათი ერთად არყოფნის ისევ და ისევ დაკარგული დროის „მტკივნეული სიცარიელე”.

რომანში შეუმჩნეველი არ რჩება მწერლის წუთისოფლის ნატურალიზმის, ამაოების დაძლევის „მოსურნე” თუ სწორედ დროის ჩარჩოებში მოქცეული ირონია, სარკაზმი რელიგიისადმი. აქ გვხვდებიან დესაკრალიზებული წმინდანები (სანტა ეულალიას ქანდაკების „ფიქრები”, კვარცხლბეკიდან მისი ჩამოსვლა და მოგზაურობა მუნიციპალიტეტის სახლისკენ), პოლიტიკოსების ვითომ „გამოცხადებები”, ქრისტეს დიდებულ ადამიანად მოხსენიება, რწმენა, რომ ადამიანი ცხოვრების შემოქმედია და „ცვლილებები ერთ დღეში უფლის სიტყვით არ მოსულა“ (380). ძალიან რეალისტურია მწერლის სიკვდილის კონცეფციაც: „იქ არც ცვლილებაა და არც ტკივილი, მაგრამ არც სიხარულია. თუ სიკვდილს რამე გააჩნია, ეს სრული უსიხარულობაა”. სიკვდილის თემატური ხაზის გაგრძელებაა კითხვა, რომელსაც ალკალდი სვამს: „რა არის ცხოვრება?” ამაზე პასუხი ცნობილი მკვლელის, სიკვდილმისჯილ  ოდონ მოსტასას სიკვდილისწინა ფიქრებშია, გულმხურვალედ რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს შეუცნობლის წინაშე, ეხუმრება საკუთარ თავსაც, როცა მისი ყოველი ნაბიჯი გამარჯვებაცაა, მაგრამ სიკვდილთანაც აახლოებს, _ „…თვალები დაუხუჭეს და ქარის აწეწილი თმა გაუსწორეს. მისი შემყურე საძმოს წევრები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ „ჭეშმარიტად არ ყოფილა ბარსელონაში მასზე ლამაზი მამაკაცი” (309).

„დიახ, მე ნამდვილად დავმარცხდი, მე მეგონა, თუ ბოროტი ვიქნები, ქვეყანა ხელში მეყოლება-მეთქი, მაგრამ შევცდი: სამყარო ჩემზე უარესი აღმოჩნდა” (457) – ამბობს მოხუცი ონოფრე ბოუვილა. მისი სასიკვდილო გაფრენაც, სენსაციური მფრინავი აპარატით, მისი განხორციელებული ყველა ოცნებაცაა და, როგორც მწერალი ამბობს: „მისი ხელით აღსრულებული კოლექტიური შურისძიების აქტი”. იქნებ სამყაროს ყველა უსამართლობისადმი?…

…მანამდე კი, დავეთანხმოთ ონოფრე ბოუვილას: ყველა წუთი საუკუნესავითაა და თითქოს ერთნაირადაც მიქრიან. ეს ამაოების წრებრუნვაა, რომელშიც ყველაფერი როდია მტვერი და ქარი…

 

 

 

 

 

დაბრუნება ძველ ტფილისში – XIX საუკუნის თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებები

0

(სტატიაში გამოყენებულია აიდა ბაბაჯანოვას სტატიის მასალები, 20 July, 2010, ჟურნალი:www.davidssheield.net)

საქართველოში სასკოლო და სასკოლო-საეკლესიო განათლების პირველი დაწესებულებები მე-18 საუკუნეში კათალიკოს ანტონ I-ის მიერ (აღსაყდრებამდე, თეიმურაზ იესეს ძე ბაგრატიონი) დაარსდა. ეს სკოლები მუშაობდნენ სიონის, კალოუბნის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და მეტეხის ტაძრებთან. სამწუხაროდ, ყველა მათგანი 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შედეგად განადგურდა. ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ტფილისში (1936 წლის 17 აგვისტომდე, თბილისს, ოფიციალურად,  ტფილისი ერქვა, თუმცა შუა საუკუნეებიდან, არსებობდა პარალელური სახელი „თბილისიც“, ლ.ა.) რუსეთის იმპერიის მიერ 1803 წლის 24 იანვარს გაიხსნა პირველი საერთო-საგანმანათლებლო დაწესებულება ვაჟებისთვის, „თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი“.

რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის განკარგულების, „სასწავლო დაწესებულებების წესდების“ მიხედვით, რომელიც 1804 წელს გამოიცა, ახალი სასწავლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული იყო 4-წლიანი კურსი. დაწესებულების მიზნები წესდებაში მოიცავდა შემდეგს: 1) მოსწავლეთა მომზადება საუნივერსიტეტო მეცნიერებების მოსასმენად; 2) ცოდნა-ცნებების გადაცემა, აუცილებელი ზრდილი ადამიანის აღსაზრდელად; 3) მსურველთა მომზადება სამასწავლებლო წოდების მისაღებად სამაზრო, სამრევლო და  ქვედა საფეხურის სხვა სასწავლებლებისათვის. ჩამოთვლილი მიზნების შესაბამისად, სასწავლო გეგმა შეიცავდა „საწყისების სწავლებას ყველა მეცნიერებებისათვის“. აღნიშნული გეგმა შედგენილი იყო ფრანგული ლიცეუმების ნიმუშის მიხედვით და მიზნად ისახავდა ახლად გახსნილი გიმნაზიების საქმიანობის მოწესრიგებას.

ტფილისის კეთილშობილ ვაჟთა სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა განსაკუთრებული ღირსებებით შემკული პიროვნება – ალექსი პეტრიაშვილი. მან ბევრი რამ გააკეთა სკოლისათვის. პირველმა დირექტორმა, კავკასიის მთავარმართებლის პაველ ციციანოვის (პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი) დახმარებით, შეძლო სასწავლებელში ღირსეული პედაგოგების მოწვევა, საჭირო ლიტერატურითა და ინვენტარით სკოლის უზრუნველყოფა, სწავლის დონის ამაღლება. მდგომარეობა შეიცვალა 1806 წელს, ქ. ბაქოში თავადი ციციანოვის მოულოდნელი და საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ, როცა კავკასიის ახალი მთავარმართებლად ალექსანდრე ტორმასოვი მოვიდა. ახალმა „ნამესტნიკმა“კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სკოლად გარდაქმნა განიზრახა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ალექსი პეტრიაშვილი, მაგრამ მისმა წინააღმდეგობამ შედეგი ვერ გამოიღო. 1810 წელს მან უარი თქვა სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე.

სასწავლებლის პირველი წლების საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება სკოლისადმი, რუს მოხელეთა გამოუცდელობა  და ხშირად, ქედმაღლობა, ახლად დაარსებულ სკოლას უამრავ პრობლემას უქმნიდა. აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის ადმინისტრაცია, მიუხედავად ბევრი მოულოდნელი გარემოებისა, მუდმივად ზრუნავდა ტფილისის ვაჟთა პირველი სასწავლებლის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისათვის.

1827 წელს ცნობილი რუსი პოეტი, დიპლომატი და ქართველების სიძე (ნინო ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძის ქმარი), ა.ს. გრობოედოვი წერდა, რომ „..1803 წლის პროექტის მიხედვით, თავადი ციციანოვის მიერ, ტფილისში დაარსდა კეთილშობილთა სასწავლებელი, რუსული და ქართული ენების შესასწავლად. როგორც პროექტიდან ჩანს, განზრახული იყო სასწავლო კორპუსის მსგავსი სასწავლებლის შექმნა, სადაც მოსწავლეები იცხოვრებდნენ განსაკუთრებულ სახლში, სასწავლო ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ. მაგრამ იმის გამო, რომ თავადაზნაურობას არ სურდა შვილებთან განშორება და მათი ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა, გადაწყდა, რომ ბავშვების ზედამხედველებისთვის გადაცემა ანაზღაურებადი ყოფილიყო თითოეული მოსწავლისათვის, მშობლებისთვის მცირე გასამრჯელოს გადაცემით“.

1807 წელს მთავარმართებელ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივით, რუსების მიერ პირველადი სახით შექმნილი პირველი საერო სკოლა-პანსიონი – „კეთილშობილთა სასწავლებელი”, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად მიმდინარეობდა, შეიცვალა და იქ ქართული ენის, და ზოგიერთი საგნის ქართულად სწავლება დაიწყო; გაიზარდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოყოფილი 10,000 მანეთის ოდენობის გასამრჯელოც და სასწავლო პროგრამას გერმანული და ლათინური ენებიც დაემატა. გარდა აღნიშნული სიკეთეებისა, სასწავლებელდამთავრებულებს ეძლეოდათ უფლება, სახაზინო ხარჯზე გაეგრძელებინათ სწავლა  მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონში. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დაარსება, იმპერიის მიერ შთანთქმული, სამეფოდაკარგული საქართველოსთვის, იმედის მცირე სხივად იქცა.

მიუხედავად აღნიშნული სიახლეებისა და სასწავლებლისთვის გამოყოფილი სახსრებისა, 1818 წელს იგივე გრიბოედოვი წერდა: „…სასწავლებლის ნახვის შემდეგ, მე ვერ ვნახე ვერც ბიბლიოთეკა, ვერც სხვა საკმარისი სასწავლო საშუალებები; ვერ ვნახე მოსწავლეთა მხრიდან რაიმე წარმატებები. სასწავლებელი საცოდავ მდგომარეობაში დამხვდა; მოსწავლეთა რაოდენობა 50-60-ს ძლივს აღწევდა და მოსწავლეები, რომლებიც გასამრჯელოს იღებდნენ, ცხოვრობდნენ თავიანთ მშობლებთან ან მშობლიურ სოფლებში და საერთოდ არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს“.

სასწავლებლის ასეთი მდგომარეობა არავის აკმაყოფილებდა და ამიტომაც, 1819 წელს, ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში რეფორმა ჩატარდა. დიდი ყურადღება დაეთმო სასკოლო ბიბლიოთეკის შექმნას, შეძენილ იქნა ბევრი სასწავლო სახელმძღვანელო, შეიცვალა ზოგიერთი საგანი, ხოლო ზოგიერთ მოსწავლეს გაუუქმდა გასამრჯელო.

1826 წელს ჩამოყალიბდა ტფილისის სასწავლებლის „სასწავლო დაწესებულებების მოწყობის კომიტეტი“, ხოლო 1828 წელს შეიქმნა გიმნაზიის ახალი წესდება. დაწესდა გიმნაზიის საპატიო მეურვეების წოდება, რომლებსაც დირექტორთან ერთად ევალებოდათ სკოლასა და პანსიონზე ზედამხედველობა. ასევე შეიქნა პედაგოგიური საბჭოები, სადაც განიხილებოდა სკოლის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები. სასწავლებლის სამოქმედო კურსი შეიცვალა და მასში დიდი ყურადღება დაეთმო სასწავლო პროგრამას:  გაუქმდა ზედმეტი საგნები, დარჩა მხოლოდ გამოყენებადი საგნები. მთავარ საგნებად გადაიქცა მათემატიკა და კლასიკური ენები. გაიზარდა რჯულის კანონისა და ქართული ენის სწავლებისთვის განსაზღვრული საათების რაოდენობაც.

1829 წლის აგვისტოში, კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. როგორც აღმოჩნდა, რეფორმები წარმატებული იყო და სამ წელიწადში ტფილისის 1-ელი გიმნაზია წარმატებულ, პოპულარულ და სასურველ სასწავლო დაწესებულებად გადაიქცა. ყოველწლიურად იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობაც. გიმნაზიასთან გაიხსნა პანსიონი და შეიქმნა „ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეთათვის დახმარების საზოგადოება“. გიმნაზიაში, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებისა, ისწავლებოდა მუსიკა და ცეკვები, გიმნასტიკა და ფარიკაობა, რომელთათვისაც შენობაში სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები შეიქმნა. შეიქმნა ორკესტრიც, რომელიც უფროსკლასელი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. გიმნაზიაში მსახურობდნენ მართლმადიდებელი, გრიგორიანელი მღვდლები, კათოლიკე, ლუთერანი, იუდეველი და მაჰმადიანი ღვთისმსახურები.

1837 წლიდან ტფილისის გიმნაზიაში შემოიღეს შემოწმების (ტესტირების, გამოცდების) და ატესტირების სისტემები. 1846 წელს მიღებული წესებით, სწავლაში წარმატებულობის ხარისხი ფასდებოდა 5-ქულიანი სისტემით. ანგარიშები კავკასიაში სასწავლო დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ „კავკაზსკი კალენდარში“ ქვეყნდებოდა. ჟურნალის 1901 წელს გამოსული ნომრის მიხედვით, ვაჟთა პირველი გიმნაზიის მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა: მოსწავლეთა საერთო რაოდენობა – 890. აქედან რუსები – 358, ქართველები – 178, სომხები – 239, თათრები (აზერბაიჯანელები) – 37, მთიელები-ებრაელები – 38, სხვა ეროვნებები – 40.

1906 წელს გიმნაზიაში უკვე 918 მოსწავლე იყო. გიმნაზიის საპატიო მეურვე გახლდათ „სტატსკი სოვეტნიკი“, მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის კამერგერი, ნიკოლაი ვასილის ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი. გიმნაზიის დირექტორი იმ დროს მოქმედი „სტატსკი სოვეტნიკი“ ევგენი თევროდეს ძე ნიუბლინგი იყო.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტფილის პირველი გიმნაზია უკვე კავკასიის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ჩამოყალიბდა. გიმნაზიის კურსდამთავრებულთა შორის იყო ბევრი ცნობილი მეცნიერი, საზოგადო და ხელოვნების მოღვაწე. ტფილისის პირველ გიმნაზიაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი, სიკო ვაჩნაძე, ანტონ ფურცელაძე, ივანე კერესელიძე, ივანე ნიჟარაძე, ბესარიონ ღოღობერიძე; ექვთიმე თაყაიშვილი, სევერიან კაშია, ვასო აბდუშელიშვილი, ტერენტი ვეფხვაძე, მერი მიქაბერიძე, ნინო ვარდიაშვილი, ვანო ხელაია, ეთერ ტაბიძე, ბაბო მჭედლიძე, მზია წივწივაძე,  გიორგი გეხტმანი, თედო სოხოკია და სხვა ქართველი და სხვა ეროვნების პედაგოგები.

თბილისის პირველ გიმნაზიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, კონსტანტინე მამაცაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე კერესელიძე, ილია ჭავჭავაძე, ბესარიონ ღოღობერიძე, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ივანე ჯავახიშვილი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო, ივანე ერმაკოვი, ლევ გალერი, მიხეილ სუმბათაშვილი (სუმბათოვი), დიმიტრი და ნიკოლაი გუმილიოვები, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, გიორგი გეხტმანი, ახმედ-ბეკ აგაევი, არჩილ ჯორჯაძე, ალექსანდრე ხატისოვი, ალექსანდრე ცაგარელი, მიხეილ კონიაშვილი, ანდრია არწრუნი, ალექსანდრე ხახანაშვილ, ოსკარ შმერლინგი, მიხეილ გრუშევსკი, იმანუელ კრასკიანკი, ვახუშტი კოტეტიშვილი, კოტე მახარაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლატავრა ფოჩიანი, თენგიზ სუხიშვილი, ზვიად გამსახურდია, ლევან აბაშიძე, ზურაბ სოტკილავა, მაია ჩიბურდანიძე.

სხვა სასწავლებლებთან შედარებით, რომლებიც პირველი გიმნაზიის წარმატების შემდეგ ტფილისში მრავლად გაიხსნა, პირველ გიმნაზიაში გაცილებით მაღალი იყო აკადემიური მაჩვენებელი. გიმნაზიის კურსდამთავრებულებიდან, რომლებიც უმაღლესში მისაღებ გამოცდებს XIX საუკუნის 90-იან წლებში აბარებდნენ, თითქმის ყველა ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ აღდგენილი ქართული თეატრის ისტორიის პირველი დღეებიც კეთილშობილთა სასწავლებელს უკავშირდება. 1850 წელს გიმნაზიის სცენაზე პირველად დაიდგა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის – გიორგი ერისთავის-პიესა „გაყრა“. თბილისის გიმნაზიაში ფუნქციონირებდა საქართველოში პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორია.

თბილისში ქალთა პირველი სასწავლებელი 1840 წელს იმპერატრიცა მარიას ბრძანებულებით გაიხსნა. სასწავლებლის ბაზაზე 1846 წელს კავკასიის მთავარმართებლის, თავადი ვორონცოვის მეუღლის, გრაფინია ელიზავეტა ვორონცოვას (ბრანიცკას) პატრონაჟით, შეიქმნა წმ. ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალიშვილთა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ქალთა შორის განათლების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში სწავლა ნებადართული იყო ყველა ფენის წარმომადგენელი ქალიშვილისთვის. მაშინდელი ერმოლაევის (ახლა შ. ჩიტაძის) ქუჩაზე, ფუნიკულიორთან ახლოს „ქალთა ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და განათლებისათვის“ სასწავლებელი გაიხსნა. ქალთა პირველი სასწავლებლები მოიცავდა პროგიმნაზიასა და საკუთრივ გიმნაზიას. მათ მოჰყვა ქალებისთვის განკუთვნილი სკოლების გახსნა თბილისის მასშტაბით, რამაც ძალიან შეუწყო ხელი განათლების გავრცელებას ქალებს შორის. ქალთა პროგიმნაზიებში აუცილებელი საგნების რიცხვში შედიოდა: საღვთო რჯული, რუსული ენა, რუსეთის ისტორია და გეოგრაფია, არითმეტიკა, სუფთა წერა და ხელსაქმე; საკუთრივ გიმნაზიაში – საერთო გეოგრაფია და ისტორია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, გიმნასტიკა; ასევე, ფრანგული და გერმანული ენები, ხატვა, მუსიკა, სიმღერა და ცეკვები. ვაჟთა გიმნაზიებისგან განსხვავებით, ქალთა სასწავლებლებში შედარებით შემოკლებული იყო ალგებრის, გეომეტრიის და ტრიგონომეტრიის კურსები. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ ქალ-გიმნაზისტებს გადაეცემოდა ატესტატი დაწყებითი კლასების მასწავლებლის წოდებით. რვა კლასის დამთავრებულებს ეძლეოდათ საშინაო მასწავლებლის (სახლში სწავლების უფლებით), ხოლო ოქროსმედალოსნებს – საშინაო მასწავლებლისა და აღმზრდელის წოდება. რვა კლასის კურსდამთავრებულებს უფლება ჰქონდათ, უგამოცდოდ ჩარიცხულიყვნენ ქალთა უმაღლეს კურსებზე.

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

ახალი დროის ევროპული სკოლები და განათლების სისტემის თავისებურებები

0

თანამედროვე განათლების სფეროს მოდერნიზაცია და გაუმჯობესება დღეის აქტუალური პრობლემაა. ამ თემაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე განათლების სისტემას.  ძირითად ეს უკავშირდება ახალ დროში  (XVI-XIX ს. დასაწყისი) მომხდარ ცვლილებებს და განათლების სისტემის ახლებურ ორგანიზაციას. ახალი დროის განათლების სისტემის  მაგალითზე   შეგვიძლია თვალი გავადევნოთ საგანმანათლებლო მეთოდების ცვლას, დავინახოთ, რა გავლენას ახდენდა სახელმწიფო და სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ სასულიერო სისტემა სასკოლო განათლებაზე და როგორ იკვლევდა გზას თანამედროვე მიდგომები.

თავად ცნება „ახალი დრო“ პირობითი ცნებაა. ის თავის თავში მოიცავს არამარტო განსაზღვრულ დროით ჩარჩოს, არამედ აზროვნების პრინციპულად ახალ დონეს, ახალ შეხედულებას მსოფლიოზე, კულტურაზე და განათლებაზე. ესაა ისტორიული ეპოქა, მოქცეული შუა საუკუნეებსა და უახლოეს პერიოდს შორის, რომლის დასაწყისად ითვლება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და დასასრულად კი – პირველი მსოფლიო ომი. „ახალ დროში“ ევროპა მსოფლიოს არამარტო პოლიტიკური ცენტრი გახდა, არამედ მან თავისი ინტელექტუალური გავლენაც გაავრცელა სხვა ქვეყნებსა და ხალხზე, და რეალური კვალი დატოვა განათლების სისტემის განვითარებაზე.

ასეთი „დროითი ცვლილებებით“ და შესაბამისი  პრიორიტეტების გამოყოფით განათლების სისტემის განვითარება შეგვიძლია ცალკეული პერიოდებადაც დავყოთ:

  • XVII – XVIIII საუკუნეები;
  • XVIII- საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის ბოლო;
  • XIX საუკუნის ბოლო – თანამედროვე ეპოქა.

სასწავლო დაწესებულებები XVI-XVII საუკუნეების ევროპაში: განათლების სისტემის განვითარების გზაზე პირველი სერიოზული ძვრები ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო. ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებები მკაფიოდ იყო კლასიფიცირებული და მოიცავდა ელემენტარულ, ზოგად და უმაღლეს განათლებას. ეს ის პერიოდია, როდესაც ასპარეზზე გამოდიან რეფორმაციის ავტორები და იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქა. ამ მოძრაობის ავტორებს (უპირველესად მარტინ ლუთერს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დაწყებითი და უმაღლესი ლათინური სკოლების ფორმირებაში) კარგად ესმოდათ დაწყებითი განათლების მნიშვნელობა, მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელების აუცილებლობა. კათოლიკური ევროპის წიაღში მიმდინარე ცვლილებები კი მათ შესაძლებლობას აძლევდა, მოსახლეობაში თავიანთი სიტყვა ფართოდ გაევრცელებინათ. XVI საუკუნემდე ფაქტობრივად არ არსებობდა სასწავლო სახელმძღვანელოებიც, მაგრამ რეფორმაციის ხანაში გაჩნდა ცალკეული სახელმძღვანელოებიც (ე.წ. „პატარა კატეხიზმოები“). თუმცა ეს საკმარისი არ იყო. წერა-კითხვის გავრცელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება და ზოგადად, ელემენტარული (დაწყებითი) სკოლის მოწყობის საკითხი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის შეჯიბრების საგანიც კი ხდებოდა, რასაც ორივე ტიპის (პროტესტანტული და კათოლიკური) სასწავლებლების რიცხვის ზრდა და სწავლის შინაარსისა და ფორმის გადახედვა მოსდევდა:

  • პროტესტანტული, ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი საქალაქო სკოლები განკუთვნილი იყო 5-დან 11-12 წლამდე ასაკის ღარიბი მოქალაქეებისა და გლეხებისთვის. გოგონები და ვაჟები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. სასწავლო დაწესებულებას ჰქონდა წესდება, სასწავლო გეგმა, ისწავლებოდა „მარტივი კატეხიზმო“, ლათინური და გალობა. კურსი 3 კლასს მოიცავდა, დამატებით შეისწავლებოდა ძველბერძნული ენაც;
  • მსხვილი პროტესტანტული საჯარო სკოლა შექმნა ი. აგრიკოლამ ეისლებენში, სადაც მან გერმანულ ენაზე შედგენილ „სასკოლო კატეხიზმოს“ დაუმატა საეკლესიო გალობა, ლათინური გრამატიკა და ლიტერატურა, ძველბერძენ ავტორთა შესწავლა და საუბრები „ამქვეყნიურ თემებზე“. საუბარი მიმდინარეობდა, მაგალითად, მევენახეობაზე, მეფრინველეობაზე, ქორწინებაზე, ჰიგიენაზე, ეტიკეტზე, თეატრზე და ა.შ. შემდეგში პროგრამა გაართულეს, მელანქტონმა დაამატა ძველბერძნულისა და ძველი ებრაულის შესწავლაც, ბერძნულ-რომაული ლიტერატურის (ტერნეციუსი, ეზოპე და სხვ.) აქტიური შესწავლა, ასევე გრამატიკის შესწავლა ეტაპების მიხედვით და სხვ.
  • კათოლიკე ბავშვები დაწყებით განათლებას იღებდნენ მსგავსი ტიპის, მაგრამ მაინც სხვა სასწავლებლებში, რომელთა პროგრამაში შედიოდა წერა-კითხვის სწავლა, ანგარიში და საეკლესიო გალობა. ზოგადად, რომაულ-კათოლიკური ეკლესია დაწყებით საფეხურზე სწავლის ორგანიზების მხრივ ჩამორჩებოდა პროტესტანტულს. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ტრიენტის საეკლესიო კრებამ გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და გადაწყვიტა, გაეხსნა კათოლიკური საკვირაო სკოლები დაბალი ფენის წარმომადგენლებისათვის. აქ ძირითადად ისწავლებოდა კითხვა და მოსწავლეები აქტიურად შეისწავლიდნენ ბიბლიას.

ასეთი „შეჯიბრობითობის“ წყალობით განათლების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: თანდათანობით დაწყებითი სკოლები (როგორც პროტესტანტული, ასევე კათოლიკური) გამრავლდნენ, თუმცა მათ ხშირად ცალკე შენობა არც ჰქონდათ და სახლიდან-სახლში გადადიოდნენ. ყველა მოსწავლე ერთად ესწრებოდა გაკვეთილს. XVII საუკუნის პირველ ნახევარში  სკოლებში უკვე ცალკე გამოჰყვეს კლასები, სადაც დონეების მიხედვით ამზადებდნენ მოსწავლეებს.

რაც შეეხება სწავლების მეთოდიკას, ცნობილია, რომ აქტიურად იყენებდნენ ფიზიკურ დასჯას (თუმცა სკოლებში ფიზიკურ აღზრდას არ აქცევდნენ ყურადღებას) და ცალკეული სიტყვების დაზეპირებას. XVII საუკუნიდან გადავიდნენ კონკრეტული ასო-ბგერების შესწავლაზე, დამარცვლაზე, გაჩნდა სასკოლო დაფები და საწერ-კალამი (XV საუკუნის შუა ხანებიდან ევროპაში რომაული ციფრები შეცვალეს არაბულით, ანგარიშის შესასწავლად იყენებდნენ კუბიკებს და სპეციალურ ჟეტონებს).

დაწყებით განათლებაზე შედარებით დიდი მოთხოვნილება იყო ქალაქებში (სოფელ ადგილებში კი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა), რის გამოც გაიზარდა საქალაქო სკოლების რიცხვი კიდეც და თანდათან ეკლესიის დაქვემდებარებიდან ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების დაქვემდებარებაშიც გადავიდნენ. ამ სკოლების გვერდით გვხვდებოდა შედარებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვა დაწესებულებებიც: გიმნაზიები, სახალხო (საჯარო) სკოლები, გრამატიკული სკოლები, კოლეჯები, სასახლესთან არსებული სკოლები და იეზუიტთა სკოლებიც.

  • სახალხო სკოლები პირველად დაარსდა ინგლისში XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის პირველ ნახევარში (ვინჩესტერში, 1387 წ. და იტონში, 1449 წ.). სკოლები კერძო შემოწირულობების ანდა სამეფოს სუფსიდირების საფუძველზე არსებობდა. ძირითადად სწავლობდნენ შეძლებული ოჯახის შვილები, რომელთაც შეეძლოთ მაღალი გადასახადების გადახდა. 1512 წელს ჯ. კოლეტმა ერაზმ როტერდამელის მონაწილეობით შექმნა ლონდონის საჯარო სკოლა. მის პროგრამას ეწოდებოდა „კატეხიზმო ინგლისურ ენაზე წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კლასიკურ ლათინურსა და ბერძნულ ლიტერატურას“.
  • კოლეჯები – XV საუკუნის საფრანგეთში ნანტისა და სორბონის უნივერსიტეტებთან დაარსდა. კოლეჯის სისტემის დაფუძნება მიეწერება, ერთი მხრივ, კარდინალ დ´ესტუვილს, და მეორე მხრივ, ადმირალ კოლინს – ჰუგენოტების ლიდერს. კოლეჯი წარმატებული სისტემა აღმოჩნდა და მალე მისი სტუდენტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 1627 წლისთვის ჩრდილოეთი საფრანგეთის კოლეჯებში 25000 სტუდენტი სწავლობდა. კოლეჯებში შეისწავლიდნენ ლათინურ ენასა და ლიტერატურას, სტუდენტები ორჯერ წერდნენ თვეში თხზულებას, ხოლო არდადეგების დროს ემზადებოდნენ კლასიკურ ლიტერატურაში შემაჯამებელი თხზულების დასაწერად. რელიგიის სწავლება ძირითად სასწავლო კურსში არ შედიოდა, თუმცა სტუდენტებს ოთხშაბათს და კვირას შეეძლოთ რელიგიურ რიტუალებზე დასწრება და ამიტომ ეს დღეები თავისუფალი ჰქონდათ.
  • სასახლესთან არსებული სკოლები – ფართოდ იყო გავრცელებული XV-XVII საუკუნეების ევროპაში. მასში ძირითადად არისტოკრატთა შვილები სწავლობდნენ და ემზადებოდნენ სახელმწიფო, სამხედრო და საეკლესიო სფეროში დასასაქმებლად.
  • იეზუიტების სკოლები – XVI-XVII საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო. იეზუიტები მიისწრაფოდნენ „აღეზარდათ“ ზედაფენები და ამგვარად მოეხდინათ გავლენა ევროპული საზოგადოების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. იეზუიტთა სკოლებში აღიზარდნენ ისეთი სწავლულები, მწერლები, ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ: რ. დეკარტი, პ. კორნელი, ჟ.ბ. მოლიერი და სხვ. თუმცა მოგვიანებით, სწავლების მათეული მიდგომები გააკრიტიკეს ვოლტერმა, გ. ლეიბნიცმა და სხვ. მოაზროვნეებმა.
  • უნივერსიტეტები – პროტესტანტებისა და იეზუიტების (studia superiora) მიერ აქტიურად იყო ხელშეწყობილი. აქ შეისწავლიდნენ ფილოსოფიას (შესწავლის საფუძველს წარმოადგენდა არისტოტელიზმი კათოლიკური ინტერპრეტაციით) და თეოლოგიას, ასევე გარკვეულ ყურადღებას უთმობდნენ მათემატიკას, გეომეტრიას და გეოგრაფიას. უნივერსიტეტის სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. ზოგიერთ უნივერსიტეტში, მაგალითად, XVII საუკუნის სალამანკის უნივერსიტეტში (ესპანეთი) ყოველწლიურად 6 ათას სტუდენტზე მეტი სწავლობდა. გერმანიის ტერიტორიაზეც 7 უნივერსიტეტი იყო, რომელსაც ვატიკანი აკონტროლებდა და ძირითადად სქოლასტიკურ ტრადიციებს ინარჩუნებდა.

ფაქტობრივად ახალ დროში, XVII-XVIII საუკუნეებში, განათლების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაცილებით სრულყოფილი გახდა, მაგრამ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თვალნათელი გახდა, რომ განათლების შინაარსი, მიუხედავად ასეთი ცალკეული ცვლილებებისა და მიდგომებისა, ერთიანობაში ვერ პასუხობდა დროის მოთხოვნებს. სასკოლო განათლება ძირითადად მაღალი ფენებისთვის იყო ხელმისაწვდომი, დიდი იყო განსხვავება ქალთა და ვაჟთა სასკოლო სისტემაში ჩართვის თვალსაზრისითაც (წიგნიერი ქალების რაოდენობა მამაკაცების ამავე მაჩვენებლის მესამედს შეადგენდა). და ცვლილებებიც სწრაფად დაიწყო, რომელიც გულისხმობდა:

  • ბიურგერული სკოლების ფართოდ გავრცელებას;
  • ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისი რეალური (დაწყებითი სკოლა) სკოლების გახსნას;
  • გიმნაზიების ქსელის გაფართოებას და მათი როლის განსაზღვრას.

 

კომპლექსურად, მიმდინარე ცვლილებები გამოიხატებოდა შემდეგში:

  1. საყოველთაო განათლებისკენ და საყოველთაო წიგნიერებისკენ სწრაფვაში, რაც ხელს უწყობდა საჯარო და დაწყებითი სკოლის განვითარებას. ეს გამოწვეული იყო მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის უმთავრესად მაინც რჩებოდა ყველა ადამიანის მიერ, ვინც პროტესტანტულ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბიბლიის წაკითხვის უნარი. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ პროტესტანტულ ქვეყნებში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო;
  2. წიგნიერების გავრცელებაში (ოჯახში განათლების მიღების ტრადიციასთან ერთად რელიგიური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა), მაგალითად, საფრანგეთში ძალიან ცნობილი იყო „ქრისტიანი ძმების სკოლა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟან-ბატისტ დე ლა სალი. აქ სწავლება მიმდინარეობდა მშობლიურ ენაზე. გამოიყენებოდა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდები, განათლება მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღზრდასთან, სკოლაში ფაქტობრივად არ არსებობდა დასჯის მეთოდები. ბევრი მშობელი ცდილობდა, ასეთ სკოლაში აღეზარდა თავისი შვილი, ამიტომ კლასების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა და XVIII საუკუნის ბოლოს „ძმებს“ ჰყავდათ 441 კლასი, სადაც 130000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა;
  3. დაწყებითი სასკოლო განათლების მართვაში სახელმწიფოს როლის გაზრდაში და ამის შესაბამისად საყოველთაო დაწყებითი განათლების ორგანიზების მცდელობაში, მაგალითად, პირველი დადგენილებები დაწყებითი განათლების შესახებ გერმანიაში მიიღეს (1619 წ. დადგენილებები), შემდეგ პრუსიაში (1717 წლის დადგენილება საყოველთაო განათლების შესახებ), XVIII საუკუნეში კი ანალოგიური კანონები სხვა გერმანულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს (მათ შორის ავსტრიამაც);
  4. სწავლებაში ლათინური ენის ჩანაცვლებაში ნაციონალური ენით;
  5. დაწყებით განათლებაში სწავლების შინაარსის გართულებაში: ტრადიციული საგნები დაწყებით კლასებში ასე გამოიყურებოდა: კითხვა, წერა, ანგარიში, სიმღერა და გალობა. თუმცა ბევრმა სკოლამ სცადა ჩარჩოების გაფართოება. მაგალითად, გოთი დიდებულებების ერთ-ერთ დადგენილებაში მითითებული იყო, რომ მოსწავლეები შეისწავლიდნენ წერას, კითხვას, ხატვას, „სხვადასხვა სასარგებლო, კერძოდ საბუნებისმეტყველო, ასევე უმაღლესი ფენისთვის სასარგებლო საკითხებს“. ასეთ სკოლებში ასწავლიდნენ ზოგადად ადამიანის აგებულებას, ბუნების მოვლენებს, სახელმწიფო კანონებს, საშინაო მეურნეობის საკითხებს და სხვ.
  6. განმავითარებელ სწავლებაზე დაფუძნებული სისტემის შექმნის მცდელობაში (მაგალითად, ეს ტენდენცია შეიმჩნეოდა „ქრისტიანი ძმების სკოლაში“), ამავე პერიოდში, XVIII საუკუნის ბოლოს, დაიწყო ი. პესტალოცის პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობა ახალი ტიპის საჯარო („დაწყებითი“) სკოლის შესაქმნელად.

თითოეულ ამ ასპექტთან მიმართებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სხვადასხვა ტიპის სკოლები:

  • საქალაქო/ბიუგერული სკოლები, რომლებიც ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობდა და განათლებას აძლევდა ქალაქის მცხოვრებლებს. ამ სკოლებში განათლების დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საჯარო სკოლებში. სწავლის ხანგრძლივობაც მეტი იყო (6-8 წელი) და უფრო ფართო პროგრამითაც სწავლობდნენ. XVII საუკუნეში საქალაქო სკოლებში სწავლება უკვე მშობლიურ, ნაციონალურ ენაზე მიმდინარეობდა.
  • ე.წ. „რეალური სასწავლებლები“, რომლებიც აღმოცენდა ქალაქის საშუალო ფენის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მათ გაუჩნდათ მისწრაფება, დაუფლებოდნენ უფრო მაღალი დონის განათლებას. პირველი „რეალური სასწავლებელი“ გაიხსნა 1708 წელს ჰალეში (კ.ზემლერის თაოსნობით) და ეწოდებოდა „მათემატიკური, მექანიკური და ეკონომიკური რეალური სკოლა“, თუმცა მას დიდხანს არ უარსებია.
  • გაცილებით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა იოჰან ჰეკერის (1707-1768) მიერ გახსნილი სკოლა ბერლინში – ე.წ. „ეკონომიკურ-მათემატიკური რეალური სკოლა“, რომელშიც გარკვეულწილად შენარჩუნებული იყო გიმნაზიის პროგრამა, მაგრამ ძირითადი ყურადღება ექცეოდა საბუნებისმეტყველო საგნების და მათემატიკის (მათ შორის იყო პრაქტიკული არითმეტიკა და თეორიულ-პრაქტიკული გეომეტრია) სწავლებას, ასევე ისწავლებოდა ახალი კურსებიც – ოპტიკა, ფორტიფიკაცია, არქიტექტურა, კოსმოგრაფია, მექანიკა და სხვ. დიდი ადგილი ეთმობოდა პრაქტიკულ საქმიანობასაც, ანუ ადგილზე, სახელოსნოებში სწავლებას. ასევე ფართოდ გამოიყენებოდა ვიზუალური მასალა, ქმნიდნენ კოლექციებს ბუნების სწავლებისთვის, ასევე ვიზუალურ მასალებს ხელოსნობის მიმართულებით და სხვ.

მალე „რეალური სასწავლებლები“ აქტიურად იხსნებოდა გერმანიისა და მთელი ევროპის მასშტაბით. თუმცა XIX საუკუნის შუა ხანებში ისინი ნელ-ნელა დაიხურა, რადგან კურსდამთავრებულებს არ იღებდნენ უნივერსიტეტებში, ანდა სულაც კონკრეტულ ფაკულტეტებზე და არც სპეციალურ უმაღლეს სკოლებში. მათ ეს უფლება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დამდეგს მიიღეს.

  • საშუალო სკოლები – ამ სახელის ქვეშ შეგვიძლია გავაერთიანოთ ევროპის სხვადასხვა სკოლა, რომლებიც იძლეოდა საკმაო განათლებას იმისათვის, რომ კურსდამთავრებულს სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. ასეთ სკოლებს სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ: „სასწავლო სკოლები“, „გრამატიკული სკოლები“ (ინგლისში); „ლიცეუმები“ და „კოლეგიები“ (საფრანგეთში); „გიმნაზიები“ (გერმანიაში) და სხვ. ამავე დროს, არსებობდა სპეციალური სკოლებიც, მაგალითად, „რაინდთა აკადემია“ გერმანიაში ანდა „იეზუიტების კოლეჯები“ ევროპის მრავალ ქვეყანაში. XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული საოჯახო განათლებაც;
  • საშუალო სკოლების ძირითად მიმართულებებში გამოიყოფოდა „კლასიკური სკოლა“ – ევროპული სკოლების ძირითადი ტიპი XVI-XIX საუკუნეებში. ამ სკოლებში დამკვიდრებული იყო კლასიციზმი კლასიკური ლათინური და ძველბერძნული ენებით (XVIII საუკუნის ბოლომდე). XVII  საუკუნეში იწყება კლასიკური განათლების რეფორმირება;
  • განსაკუთრებული ცვლილება განიცადა გერმანულმა „გიმნაზიამ“ (XIX საუკუნის დამდეგს), რომლის რეფორმაც გულისხმობდა კლასიკური კულტურისა და ახალი მეცნიერებების გაერთიანებას. XIX საუკუნის დამდეგის გერმანული გიმნაზია ევროპაში საუკეთესო საშუალო სკოლის მოდელად მიიჩნეოდა;
  • „იეზუიტთა კოლეჯების“ ისტორია უკავშირდება იგნასიო ლოიოლას (XVI საუკუნის მეორე ნახევრის) მიერ შემოთავაზებულ სასკოლო განათლების ორგანიზაციას. 1773 წლამდე, სანამ ეს სკოლები არ დახურეს (იეზუიტთა ორდენის აკრძალვის შემდეგ), ყველაზე მოწინავე მოდელად სწორედ იეზუიტთა კოლეჯები ითვლებოდა.  1832 წელს ორდენი ისევ აღადგინეს, ხელახლა გახსნეს კოლეჯებიც, მაგრამ მათ ძველებური დიდება და სახელი ვეღარ დაიბრუნეს;
  • „რაინდთა აკადემია“ პოპულარული გახდა გერმანიაში ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ. ეს იყო დაწესებულებები, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელეებისა და სამხედრო მეთაურების მომზადება. ამ სკოლების პროგრამები არსებითად განახლდა ახალ დროში, ლათინური ენაც შენარჩუნდა, მაგრამ მშობლიურ ენას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. მთავარი მაინც იყო ფრანგული ენა – არისტოკრატთა სალაპარაკო ენა, რომელსაც ფართოდ იყენებდნენ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას იტალიურ და ესპანურ ენებს. საყურადღებოა, რომ სქოლასტიკური ფილოსოფიის ადგილი დაიკავა მათემატიკამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა. ისწავლებოდა ასევე ისტორია, გეოგრაფია, სამართლის ელემენტები, ეთიკა, ესთეტიკა, მმართველი დინასტიების გენეალოგიები, ჰერალდიკა და ა.შ. ყურადღებას აქცევდნენ ცხენოსნობის, ცეკვის, ფარიკაობისა და ბურთით თამაშის სწავლებას და სხვ. აღსაზრდელების სამსახურში იყო მანეჟი, თავლა. „რაინდთა აკადემიამ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ახალი სკოლის შექმნის გზაზე, რადგან ამ ტიპის სასწავლებლებში პრაქტიკა და თეორია კარგად ერწყმოდა ერთმანეთს. შემდეგში, გიმნაზიების პოპულარიზაციის კვალდაკვალ, შეამცირა რაინდთა აკადემიების რაოდენობა და XIX საუკუნის დამდეგისთვის მათ არსებობა შეწყვიტეს. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზოგიერთი მათგანი უნივერსიტეტადაც კი გადაკეთდა, ზოგი კი კადეტთა კორპუსად (XIX ს.), სადაც „რეალური სასწავლებლების“ პროგრამით მუშაობდნენ.

XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებით პრივილეგირებული ფენებისათვის  ცდილობდნენ სხვა ტიპის სკოლების შექმნასაც (მაგალითად, ფილანტროპინი დესაუში, რომელიც შექმნა ი. ბაზედოვმა). ასეთი ტიპის სათავადაზნაურო სასწავლებლები მალე იხურებოდა – როგორც კი სასწავლებლის ხელმძღვანელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყოდა სკოლის ხელმძღვანელობაზე. საშინაო, საოჯახო სკოლებიც ვეღარ პასუხობდნენ დროის მოთხოვნას.

ფაქტობრივად, დასავლეთ ევროპაში განათლების განვითარებაში მაგისტრალური განვითარების ხაზს მაინც კლასიკური სკოლა ქმნიდა, რომლის პოპულარობა ძირითადად კლასიკური საგნების შინაარსის გადახედვამ და მათემატიკური დისციპლინების გააქტიურებამ გამოიწვია.

ამ პერიოდში სწავლის მეთოდებისა და მიდგომების მხრივ აქტიურად იყენებდნენ საკლასო მუშაობის ფორმას. თუმცა გაჩნდა ახალი მეთოდები და მიდგომებიც. წინ წამოიწია მოსწავლის ინდივიდუალურმა თვისებებმა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია კიდეც ზოგადად განათლების მიმართ სისტემური მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობა. სწავლების ტექნოლოგია მიმართული აღმოჩნდა მოსწავლის განვითარებაზე, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე, აქტიურობაზე, დამოუკიდებლობაზე, შემოქმედებითობაზე. ყურადღებას აქცევდნენ მასწავლებლის პროფესიონალურ მომზადებასაც. XVIII საუკუნის ბოლოდან აქტიურად დაიწყეს პროფესიონალი მასწავლებლების მომზადება. მასწავლებლებისთვის სასწავლო ტექნოლოგიებისა და ახალი მეთოდების დაუფლება უწყვეტ პროცესად იქცა. დაიწყო ცალკეულ საგნებში მეთოდიკის სახელმძღვანელოების მომზადებაც.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დაწყებით სკოლაში მომხდარი ცვლილებები იყო: XVIII საუკუნეში განათლების სფეროს მოღვაწეებისა და განსაკუთრებით ი. პესტალოცის (XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისი) ხელშეწყობით სკოლა იმ ტიპის დაწესებულებიდან, სადაც ასწავლიდნენ მხოლოდ კითხვას, წერას, ანგარიშს, სიმღერას და რელიგიური შინაარსის ნაწყვეტებს, გადაიქცა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებად, რომელიც მიმართული იყო ბავშვის განვითარებაზე. ამ გზით ი. პესტალოცის მოღვაწეობამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა პედაგოგიკაში. სკოლა ორიენტირებული გახდა მოსწავლეზე და შემუშავდა მეთოდები, რომლებიც ამ მიზნისკენ იყო მიმართული.

ზოგადად, სოციო-კულტურულმა პირობებმა, განათლების მიმართ ახალმა მოთხოვნებმა, ასევე პედაგოგიურმა ფაქტორებმა და უპირველესად, მასწავლებლების მასიურმა მომზადებამ მთლიანად შეცვალა განათლების შინაარსი, რომელიც ავტომატურად მოითხოვდა სწავლების ახალ ფორმებსა და მეთოდებს და არსებულის განვითარებას.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ XVIII-XIX საუკუნეები გადამწყვეტი აღმოჩნდა თანამედროვე განათლების სისტემის  საფუძვლების მოსამზადებლად, რომელიც დასავლეთ ევროპაში დაიწყო და დროის მოთხოვნის შესაბამისად სულ უფრო იხვეწება.

 

 

 

 

რატომ ებრძვიან „მემორიალს“?

0

1985 წელს საბჭოთა კავშირის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დაიწყო. ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა – მიხეილ გორბაჩოვმა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის დაპირება გასცა. პირველმა პირმა თავისი სიტყვა შეასრულა და ხალხს თავისუფალი დისკუსიების უფლება მისცა. საბჭოთა მოქალაქეებმა ნელ-ნელა შეიგრძნეს სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფასი. პარალელურად, რეფორმისტმა კომუნისტებმა ხელი შეუწყვეს წარსულში გასაიდუმლოებული დოკუმენტებისა და არქივების გასაჯაროებას, რათა ადამიანებს ზუსტად სცოდნოდათ მეოცე საუკუნის განმავლობაში დატრიალებული ტრაგედიების მასშტაბი. შედეგად, ხალხისთვის სტალინური რეპრესიებისა და მათი სისასტიკის თაობაზე უამრავი ახალი ამბავი გახდა ცნობილი. დღის შუქი იხილეს ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ვარლამ შალამოვის ნაწარმოებებმა.

აქამდე უცხო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ, მოსკოველმა ინტელიგენტებმა კლუბ „პერესტროიკის“ დაფუძნება გადაწყვიტეს. კლუბის წევრები კვირაში რამდენჯერმე იკრიბებოდნენ და თავისუფლად მსჯელობდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე. მათ ხშირად უწევდათ ახლად გახსნილი არქივებისა და უკანასკნელ პერიოდამდე უცნობი რეპრესირებულების ბედის შესახებ ფიქრი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ყველას აშფოთებდა და გულს უკლავდა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ხოცვა-ჟლეტის მაგალითები, რომელთა თაობაზეც ოფიციალური დოკუმენტები იუწყებოდნენ. სტალინის ეპოქის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად, დაკარგული სახელებისა და ისტორიების ხალხისთვის შეხსენების მიზნით კლუბის წევრთა ნაწილმა თვითორგანიზებული, არაფორმალური ჯგუფი „მემორიალი“ დააარსეს. „მემორიალის“ აქტივისტთა უმთავრესი ამოცანა დედაქალაქში პიროვნების კულტის დამკვიდრების პერიოდში რეპრესირებულთა მონუმენტის აღმართვა გახლდათ.

მონუმენტის აღმართვის უფლების მოსაპოვებლად  „მემორიალის“ დამაარსებლებმა მაშინდელი საზოგადოებისათვის ნაკლებად ნაცნობ, უპრეცენდენტო გზას მიმართეს. ისინი ქუჩებსა და მეტროს სადგურებთან გამოვიდნენ და ხალხში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დაბნეული მილიციელები თავზეხელაღებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით აპატიმრებდნენ, მაგრამ მალევე უწევდათ მათი გათავისუფლება. გათავისუფლებულები კი ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და გაორმაგებული ენთუზიაზმით აგრძელებდნენ საქმეს. „მემორიალის“ წევრთა ექსცენტრიულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს შედეგი მოჰყვა. 1988 წლისთვის მათ რეპრესირებულთა მემორიალის მოწყობის მოთხოვნით ნახევარ მილიონამდე ხელმოწერა მოაგროვეს და პარტიის მმართველ ორგანოებს წარუდგინეს. მიუხედავად ამისა, ქალაქის აღმასკომი ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ჩქარობდა, ამიტომ „მემორიალის“ ინიციატივით მოსკოვის ცენტრში გრანდიოზული დემონსტრაცია მოიწვიეს. ეს იყო პირველი ლეგალური მასობრივი საპროტესტო აქცია დედაქალაქის ქუჩებში, რომელიც თითქმის სამოცდააწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. მიტინგზე უამრავი ადამიანი მოვიდა, ხალხში პირველად გამოჩნდა შეკრების ერთ-ერთი მთავარი ორატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ანდრეი სახაროვი, რომელიც აქციამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა გადასახლებიდან.

საბოლოოდ, საზოგადოების დაუღალავ, მიზანმიმართულ და მრავალთვიან შეტევას შედეგი მოჰყვა. საბჭოთა კავშირის მთავარი ჩეკისტის, ფელიქს ძერჟინსკის სახელობის მოედანზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მთავარი შენობის წინ უზარმაზარი გრანიტის ქვა განათავსეს. ქვა სპეციალურად ჩამოიტანეს სალავეცკის ბანაკიდან, რომელიც გულაგების სისტემის ერთ-ერთი პირველი შემადგენელი ელემენტი გახლდათ. მემორიალთან დღემდე იკრიბებიან ადამიანები და იხსენებენ საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულ თანამემამულეებს. უშიშროების მაღალჩინოსნებს კი ოფისში შესვლამდე კვლავ უწევთ მათთვის სისხლიანი წარსულის შესახსენებლად აღმართული მონუმენტისთვის თვალის შევლება.

„მემორიალის“ ინიციატორებმა პირველი წარმატების მოპოვებისთანავე გადაწყვიტეს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბება, რათა რეპრესიების კვლევა გაეგრძელებინათ და რუსული ლიბერალიზმის უმნიშვნელოვანესი ფორპოსტის მშენებლობა გაეგრძელებინათ. გორბაჩობის მმართველობის პერიოდში „მემორიალი“ გახდა პირველი გაერთიანება, რომელმაც ყრილობისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. ქალაქის სადისკუსიო სივრცეებში მრავალი თვის განმავლობაში იმართებოდა წინასაარჩევნო შეხვედრები, სადაც ცნობილი თუ უცნობი კანდიდატები „მემორიალის“ მმართველ საბჭოში მოსახვედრად იბრძოდნენ. მოგვიანებით „მემორიალის“ ყრილობისა და მმართველი საბჭოს არჩევნების მოსამზადებელმა ღონისძიებებმა ქუჩაში გადმოინაცვლეს. კანდიდატები წინასაარჩევნო აქციებზე გამოდიოდნენ სიტყვით, ხალხს „მემორიალში“ გაწევრებისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. 1980-იანი წლების მიწურულის საბჭოთა კავშირისთვის დემოკრატიული კენჭისყრაც სრულიად უცხო ხილი იყო. ადამიანები ძნელად ხვდებოდნენ, რას სთავაზობდნენ მიკროფონთან მისული მჭევრმეტყველები.

1989 წელს „მემორიალის“ დამფუძნებელი ყრილობა და არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციამ ხელმძღვანელი სტრუქტურები დააკომპლექტა, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გახსნა თავისი ფილიალები, თავმჯდომარედ კი ანდრეი სახაროვი აირჩია. მიუხედავად ყველა საჭირო წესის დაცვისა, კომუნისტურმა პარტიამ უარი განაცხადა „მემორიალის“ რეგისტრაციაზე. საზოგადოებრივმა მოძრაობამ ორგანიზაციად გარდაქმნა მხოლოდ ანდრეი სახაროვის დაკრძალვის შემდეგ შეძლო. ადამიანის უფლებების დამცველის მეუღლეს, დისიდენტ ელენა ბონერს სახაროვის საფლავთან მდგომი მიხეილ გორბაჩოვი შეჰპირდა, რომ გარდაცვლილის სახელის უკვდავსაყოფად მთავრობა ღონისძიებებს დაგეგმავდა. „არაფერი არ არის საჭირო, დაარეგისტრირეთ „მემორიალი“!“ – ასე უპასუხა ქვრივმა გენერალური მდივნის შემოთავაზებას. გორბაჩოვმა სახაროვისადმი პატივისცემის ნიშნად „მემორიალის“ ოფიციალურად დაფუძნების უფლება გასცა.

„მემორიალის“ საქმიანობა სსრკ-ის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. სამოქალაქო საზოგადოების უძველესი ინსტიტუტის წევრები მალევე მიხვდნენ, რომ მხოლოდ სისხლიანი წარსულის კვლევა საკმარისი არ იყო, ამიტომ ორგანიზაციაში უფლებადაცვითი ცენტრიც დააარსეს. „მემორიალი“ ყველა იმ ადამიანის ქომაგად იქცა, ვის უფლებებსაც ხელისუფლება არღვევდა. რუსი ლიბერალები ხან ელცინის მიერ გარეკილ პარლამენტს იცავდნენ, ხან რეგიონული კომუნისტი ლიდერების მიერ შევიწროებულ, ცენტრალური ხელისუფლების მომხრე ძალებს. მუქარის, სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიკერების მიუხედავად, „მემორიალი“ ხმალამოღებული იცავდა ჩეჩნეთის ომის დროს დაზარალებულ ადამიანებს, ეძებდა დაკარგულ მშვიდობიან მოსახლეებსა და დახოცილი ჯარისკაცების გვამებს.  ორგანიზაციის ავტორიტეტი მთელ რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც ძალიან მაღალი იყო, მას ყველა მხარე ენდობოდა. 1990-იანი წლების მიწურულს, „მემორიალის“ წევრებმა – სერგეი კოვალიოვმა და ოლეგ ორლოვმა ბუდიონოვსკის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს შამილ ბასაევის მიერ დატყვევებული მძევლების ნაწილი და მათ ნაცვლად თავად შევიდნენ ტერორისტების სიმაგრეში. შამილ ბასაევმა მძევლების ჩანაცვლების შესახებ მხოლოდ ძველი და სანდო ორგანიზაციის ინიციატივა მიიღო.

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მემორიალზე“ ზეწოლა გაიზარდა, მისი რამდენიმე თანამშრომელი ცრუ ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე რეგიონში გააუქმეს ადგილობრივი ფილიალი, ცენტრალურმა მედიამ შეწყვიტა მათი ღონისძიებების გაშუქება. მიუხედავად შევიწროებისა, 2021 წლის ბოლომდე აქტივისტები მონდომებით აგრძელებდნენ რეპრესიების შესახებ წიგნების გამოცემას, მსხვერპლთა ხსოვნის საღამოების ორგანიზებას, ჩაგრული ჯგუფებისთვის სამართლებრივი დახმარების შეთავაზებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობას.

დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ „მემორიალს“ რეგისტრაცია გაუუქმა. სახაროვის 100 წლის იუბილეზე მის მიერვე დაარსებული ორგანიზაცია დახურეს. ბრალდებები აბსურდულია. უცხოეთის აგენტად გამოცხადებულ ორგანიზაციას თავის წიგნებსა და ვიდეოებზე აგენტობის აღსანიშნავი გრიფის არასწორად დატანაში ადანაშაულებენ. სასამართლოს ექსპერტების მიერ ჩატარებული ლინგვისტური ანალიზის მიხედვით, „მემორიალის“ მასალები ექსტრემიზმის მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავს. სასამართლოს გადაწყვეტილება იურისტმა ტატიანა გლიუშაკოვამ ამგვარად შეაფასა: „ეს იგივეა, რომ გზის არასწორად გადაკვეთის გამო, ფეხით მოსიარულეს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდო“.

პუტინი ქვეყნის უძველეს და ისედაც უკიდურესად დასუსტებულ დემოკრატიულ ინსტიტუტს ანადგურებს. „მემორიალს“ არ შეუძლია საფრთხე შეუქმნას ავტოკრატიას, მაგრამ მას მაინც აუქმებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთში დიქტატურა სრულიად არაადეკვატურ, არარაციონალურ და შეშლილ საფეხურზე გადადის.

სამიზნე ცნება „ინსტიტუცია“

0

საგან „მე და საზოგადოებას“ განსაკუთრებული ადგილი უკავია სასწავლო საგნებს შორის, რადგან დაწყებით კლასებში საფუძველი ეყრება მოქალაქის აღზრდას, ჭეშმარიტი ღირებულებების ჩანერგვას, საზოგადოებაში ქცევის წესების დაუფლებას.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, საგნის სწავლა-სწავლების პროცესი ეფუძნება გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც ფორმულირებულია სამიზნე ცნებების სახით.

 

რას ნიშნავს სამიზნე ცნება „ინსტიტუცია“?

უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ეს ცნება წარმოაჩენს, როგორ ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეებზე, რა დანიშნულება აქვს კონკრეტულ ინსტიტუციას.

მინდა, გაგიზიაროთ მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი კომპლექსური დავალება, რომელიც მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ თემა „ჩემი ქვეყნის“ შესწავლის პერიოდში.

სამიზნე ცნება: ინსტიტუცია

შედეგი: 7, 11, 15, 17  

ძირითადი საკითხი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის როლი ჩვენს ქვეყანაში

საკვანძო შეკითხვა: რითაა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის? როგორ წარმოვაჩინო პოსტერზე მისი დანიშნულება?

კომპლექსური დავალების იდეა: გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის საქმიანობის ამსახველი პოსტერის შექმნა.

კომპლექსური დავალება

შექმენი პოსტერი, რომელზეც ასახავ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის საქმიანობას, რას აკეთებს ეს ინსტიტუცია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ დაიცვას გარემო და გაუფრთხილდეს ბუნებრივ რესურსებს.

შეარჩიე ჩამონათვალიდან შენთვის საინტერესო საკითხი:

ა) ატმოსფერული ჰაერი

ბ) წყალი

გ) მიწა

დ) ტყე

ე) ნარჩენების შემცირება და ხელახლა გამოყენება

 

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

  • რა დანიშნულება აქვს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, როგორ ზრუნავს ეს ინსტიტუცია ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაზე (მ.წ. 1. 2);
  • რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ მათ (მ.წ. 3).

 

I ეტაპი – კომპლექსური დავალების ფორმა

როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლი საკითხის შესახებ?

რესურსები:

რესურსი 1. პოსტერების ნიმუშები

რესურსი 2. როგორ შევქმნათ პოსტერი (ელექტრონული ვერსია)

როგორ შევქმნათ პოსტერი?

იდეები აქტივობებისთვის:

აქტივობა 1. პოსტერის ნიმუშების განხილვა, მსგავსება-განსხვავების პოვნა. დისკუსიის გამართვა;

აქტივობა 2. დაკვირვება რესურსზე, როგორ შეიძლება შევქმნათ პოსტერი. კითხვა-პასუხი.

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • აღწერე, რას ხედავ ფოტოებზე; ვიდეობმულში (რესურსი 1, 2).
  • თქვენი აზრით, ვინ და რატომ შექმნა ისინი?
  • რა არსებითი განსხვავებაა მათ შორის?
  • რა მიზანს ისახავდნენ ავტორები პოსტერისა და ილუსტრაციების შექმნისას?
  • რით განსხვავდება პოსტერები ილუსტრაციებისგან, ნახატებისგან?
  • რა არის პოსტერი?
  • რით ჰგავს ეს პოსტერები ერთმანეთს?
  • რა საერთო მახასიათებლები აქვთ?
  • რით განსხვავდებიან?
  • რისი თქმა უნდათ ავტორებს ამ პოსტერებით? რა მიზნით შექმნეს ისინი?
  • ვის რომელი პოსტერი მოგწონთ?
  • აქვთ თუ არა მათ წარწერები, ილუსტრაციები?
  • შეესაბამება თუ არა აზრობრივად ერთმანეთს წარწერები და ილუსტრაციები?
  • თვალსაჩინოა თუ არა ავტორის გზავნილი?
  • რა ვიზუალურ ეფექტებს იყენებენ? რამდენად გამოკვეთს გამოყენებული ეფექტები მთავარ სათქმელს? (მაგ., სხვადასხვა ზომისა თუ ფერის ასოების, წარწერებისა და ილუსტრაციების მიზნობრივად განლაგება).

 

  • როგორ შექმნი პოსტერს?
  • რა დაგჭირდება პოსტერის შესაქმნელად?

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. რა დანიშნულება აქვს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (მ.წ. 1), როგორ ზრუნავს ეს ინსტიტუცია ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაზე (მ.წ. 2).

რესურსები: „მე და საზოგადოება“, IVკლასის სახელმძღვანელო, II ნაწილი, პარაგრაფები 15-17 – ბუნება უნდა დავიცვათ.

 

დამატებითი რესურსები:

რესურსი 1. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი https://www.eiec.gov.ge/

რესურსი 2. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საბავშვო ვებპორტალი https://kids.eiec.gov.ge/

 

 

იდეები აქტივობებისთვის:

ქტივობა 1. ვირტუალური მოგზაურობა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.

აქტივობა 2. დისკუსია ვებპორტალზე განთავსებული თემების შესახებ.

აქტვობა 3. კითხვა-პასუხი სახელმძღვანელოდან.

 

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • რას ნიშნავს გარემოსდაცვითი განათლება? რა დანიშნულება აქვს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრს? (რესურსი 1, 2)
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიების გაფრთხილება?
  • როგორ ზრუნავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოს დაცვაზე?
  • გაიხსენე რისკის შემცველი გარემო ფაქტორები: ატმოსფერო, ნიადაგი, წყალი, საცხოვრებელი გარემოს ელემენტები (შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები).
  • რა უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანმა ტყეში ან ბუნებაში პიკნიკის დასრულების შემდეგ?
  • რას აძლევს ბუნება ადამიანს?
  • როგორ უნდა დავიცვათ ჰაერი?
  • როგორ გავუფრთხილდეთ მიწას?
  • როგორ გავუფრთხილდეთ წყალს?
  • რა შეიძლება მოჰყვეს ბუნებრივი რესურსების გაუფრთხილებლობას?
  • დაინტერესებულხარ ამ დრომდე მსგავსი თემებით? კიდევ სად წაგიკითხავს ან გინახავს ასეთი სიტუაციები?

 

  • როგორ ასახავ პოსტერზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დანიშნულებას და ზრუნვას ჩვენი ქვეყნის გარემოზე?

 

ნაბიჯი 2. რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ მათ? (მ.წ. 3)

რესურსები: „მე და საზოგადოება“ – IV კლასის სახელმძღვანელო, II ნაწილი, პარაგრაფი 18 – ეს საოცარი ბუნება.

 

დამატებითი რესურსები:

რესურსი 1. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფუნქციები და ამოცანები.

https://kids.eiec.gov.ge/geo/

ესურსი 2. გარემოსდაცვითი ცენტრის თანამშრომლების მისია ბიომრავალფეროვნების სტრატეგია 2030

მწვანე კვირეული

რესურსი 3. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებპორტალზე განთავსებული თემები

https://www.eiec.gov.ge/

 

იდეები აქტივობებისთვის:

აქტივობა 1. როლური თამაში

აქტივობა 3. 3-2-1 (სამი რამ, რაც დამამახსოვრდა, ორი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ერთი რამ, რაც არასდროს უნდა გავაკეთოთ)

აქტივობა 4. ინფორმაციის დახარისხება თემების მიხედვით, რას აკეთებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები ჰაერის, წყლის, მიწის, მწვანე საფარის, კლიმატის ცვლილების, დაცული ტერიტორიების გაფრთხილებისა და დაცვის მიზნით.

აქტივობა 5. მინიდისკუსია

 

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში? (რესურსი 1)
  • რომელი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს მათ? (რესურსი 1, 2)
  • რა ცოდნა-გამოცდილება შეგძინა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლების მიერ ვებპორტალზე შემოთავაზებულმა თემებმა?
  • რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა გაუფრთხილებლობას?
  • სად უნდა დავრეკოთ გარემოსდაცვითი კანონდარღვევის შემთხვევაში?
  • ხომ არ გაიხსენებ შემთხვევას, როცა შეძელი და ბუნება რაიმე ტიპის საფრთხისგან გადაარჩინე?

 

  • როგორ ასახავ პოსტერზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებს?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ცენტრში შეტყობინების გაგზავნა გარემოსდაცვით სფეროში კანონდარღვევის შემთხვევაში?

 

შეკითხვები განმავითარებელი შეფასებისთვის:

  • რატომ გგონია, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად პოსტერია?
  • რა მიზნით შექმენი პოსტერი?
  • აღწერე, რა პროდუქტი შექმენი.
  • რატომ გგონია, რომ შენ მიერ შექმნილი პოსტერი თვალსაჩინოა?
  • აღწერე, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანმიმდევრობით.
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადალახე? რატომ ვერ გადალახე? როგორ მოიქცევი მომავალში მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად? რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების მოთხოვნებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საგან „მე და საზოგადოების“ გზამკვლევი (შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტის, ნიკო სილაგაძისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ)

. ვებგვერდები:

https://www.eiec.gov.ge/

https://kids.eiec.gov.ge/

„იქნებ ვასწავლოთ, რომ განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს“

0

„განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს, უბრალოდ იგივე არ არის“, – ამბობს ფილმის მთავარი გმირი მოზარდებისთვის საყვარელ ერთ-ერთ სერიალში „ენი“. იგი განსხვავებულობას ჯილდოდ მიიჩნევს და არა დისკრიმინაციის საგნად.

ბოლო დროს მეტად აქტუალური და საჭირო ხდება ისეთ თემაზე საუბარი, როგორიცაა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს კომუნიკაციას, შემოქმედებითობასა და ტოლერანტობას; აგრეთვე – საზოგადოებაში არსებული ფასეულობების, ნორმებისა და წესების ცოდნას, მათ დაცვას. ხელს უწყობს პიროვნული პოტენციალის განახლება-განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებასა და სითამამეს გადაწყვეტილებების მიღებისას.

სამოქალაქო კომპეტენციის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ ისეთი პრობლემური საკითხი, როგორიცაა დისკრიმინაცია.

დისკრიმინაცია ლათინური სიტყვაა და განსხვავებას ნიშნავს, უფრო კონკრეტულად კი ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებას რაიმე ნიშნით ან პირიქით – ადამიანის უფლებების შეზღუდვას სხვადასხვა ნიშნით, მაგალითად, კანის ფერის, ეროვნების, სქესის, რელიგიის, ენის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და სხვა ნიშნით.

ნებისმიერ დასაბუთებას მოკლებული უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მათი ფიზიკური და გარეგნული მდგომარეობიდან გამომდინარე დისკრიმინაციად ითვლება.

ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს თავის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობისა, საკუთრებისა, მოქალაქეობისა.

გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მსგავს ფაქტებს ხშირად ვაწყდებით ბავშვებშიც. ალბათ არაერთხელ მოგვისმენია ისეთი უხეში გამოთქმები, როგორიცაა, „მსუქანა“, „აყლაყუდა“,„რა გოგოსავით ტირი, ბიჭი არა ხარ?“ , „მე რა ზანგი ვარ?“ „შენ გოგო ხარ და საკლასო ოთახის მოგვა შენ გევალება“ და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მუშაობა მასწავლებელმა სწავლების პირველივე წლებიდან დაიწყოს, რათა მოხდეს მოსწავლეთა ინფორმირებულობა და რეალურ ცხოვრებაში დისკრიმინაციის ნიშნების ამოცნობა. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ის თავისუფალი ინდივიდია და არასდროს შეეგუოს დისკრიმინაციულ ქმედებას; გაიაზროს, რომ მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ის ემპათიურად განეწყოს დისკრიმინირებული პირის მიმართ და თუ თავად ვერ გაუმკლავდება მას, დახმარებისთვის მიმართოს უფროსს.

ზემოთ თქმული განმარტებები ზრდასრულისთვის მარტივად გასაგებია, თუმცა ეს ყველაფერი 6-7 წლის ბავშვს შეიძლება უბრალო სიტყვების გროვად მოეჩვენოს. როგორ მივიტანოთ სათქმელი სკოლაში ახალშემოსულ მოსწავლეებამდე, ისე, რომ ეს ყველაფერი მათთვის გასაგები და აღქმადი გახდეს? რა სიტყვებით ვესაუბროთ მოსწავლეებს ისე, რომ თავად შეძლონ ამ ყველაფრის ცხოვრებაში გადატანა? ამისთვის შეიძლება მასწავლებელმა სხვადასხვა ტიპის აქტივობა მოიფიქროს, ან სულაც მათ ერთობლიობას კომპლექსური დავალების სახე მისცეს. ამგვარი დავალების მიზანიც ხომ სწორედ ის არის, რომ მოსწავლემ შეძლოს შესწავლილი საკითხის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატანა.

გთავაზობთ კომპლექსურ დავალებას, რომლის თემაა „ათვალწუნება, განსხვავებულის მიუღებლობა, უფლებების დარღვევა“. კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე სამიზნე ჯგუფი შეიძლება იყოს, როგორც პირველი, ასევე მეორე კლასის მოსწავლეები.

საკითხი: „მხატვარი ჭიაყელა“ („კარგი სკოლის“ საანბანო წიგნი ასო-ბგერა“ჭ“-ზე);

სამიზნე ცნება:

ტექსტი

ქვეცნება – ტექსტის შინაარსობრივი მხარე

  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი?
  • რამდენად და როგორ ახასიათებს პერსონაჟს მისი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები?
  • როგორ გავუგო უკეთ პერსონაჟს?
  • რა მინიშნებებს უნდა დავეყრდნო პერსონაჟის უკეთ გასაგებად?
  • როგორ და რატომ შეიცვალა პერსონაჟი თხრობის განვითარებასთან ერთად?
  • რომელი წიგნი, მულტფილმი ან ფილმი გამახსენა ამ ტექსტმა? რა მსგავსებაა-განსხვავებაა მათ შორის?

 

ქვეცნება – გაგების სტრატეგიები

  • როგორ შევძლებ ტექსტის უკეთ გაგებას? რა ხერხები დამეხმარება ტექსტის გაგებაში?

 

ქვეცნება – გაწაფული კითხვა

  • როგორ კითხულობს კარგი მკითხველი?
  • როგორ გავიწაფო კითხვაში?
  • როგორ გამოვხატო პერსონაჟის/მთხრობლის გრძნობები, ემოციები?
  • როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?

კომპლექსური დავალება

შექმენი დიორამა, გამოძერწე პერსონაჟები, გამომსახველობითი კითხვით გაახმოვანე შენს დიორამაზე შექმნილი ანიმაცია.

მთავარი კითხვა:

„როგორ გამოვძერწო დიორამისთვის პერსონაჟები ისე, რომ მათში ჩანდეს ტექსტისმიერი გარეგნობა და პერსონაჟთა ემოციების გათვალისწინებით ვკითხულობ თუ არა ტექსტს მსმენელისთვის გასაგებად?“

მუშაობის დაწყებამდე:

  • დააკვირდი ტექსტში მოცემულ გარემოს, თუ სად ხდება მოქმედება და ისე მოამზადე დიორამა;
  • დააკვირდი პერსონაჟებს, მათ აღწერილობას, ნიშან-თვისებებს და გაითვალისწინე ძერწვის პროცესში;
  • დააკვირდი პერსონაჟთა განცდებს და გახმოვანებისას შეეცადე, წაიკითხო შესაბამისი ინტონაციით, ემოციითა და ხმიანობით.

ნამუშევარში კარგად უნდა ჩანდეს:

  • პერსონაჟის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები (ტ.1, მკვ. 1, 3).

ნაშრომის პრეზენტაციისას:

  • ტექსტი წაიკითხე შეუფერხებლად და უშეცდომოდ (გაწ.კით 1, მკვ. 1);
  • დაიცავი სათანაგასაწადო ინტონაცია, პაუზები და მახვილები (ტ. 1, კით 3, მკვ. 1);
  • ინტონაციისა და მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენებით წარმოაჩინე გრძნობა ან განწყობა, რომლითაც მთხრობელი და პერსონაჟები წარმოთქვამს სიტყვებს, წინადადებებს (ტ. 1, კით 3, მკვ. 1).

პრეზენტაციის შემდეგ:

  • აღწერე შენ მიერ გამოძერწილი პერსონაჟები (ტ 1, მკვ. 1);
  • ახსენი, რით ჰგავს იგი მოთხრობის პერსონაჟს, რატომ გამოძერწე ასე და არა სხვაგვარად (ტ.1, მკვ. 1, 3);
  • აღნიშნე, რის თქმა უნდოდა ავტორს თითოეული პერსონაჟით, რაზე დაგაფიქრა ამ პერსონაჟმა (ტ.1, მკვ. 2, 4);
  • რა ხერხი/სტრატეგია გამოიყენე კითხვაში გასაწაფავად (ტ 1, კით.3, მკვ. 2).

მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევისა და მედიაგზავნილის გააზრების მიზნით მასწავლებელმა მოსწავლეებს შეიძლება შესთავაზოს მოკლე ანიმაციური ფილმების ყურება (დანართი 1), სადაც აქცენტი რამდენიმე დისკრიმინაციულ თუ მიზანშეწონილ ქმედებაზე კეთდება. ჩვენების შემდეგ კი აუცილებელია თითოეული ფილმის განხილვა და მინი-დისკუსიის მოწყობა, სადაც მასწავლებელი მოსწავლეების დამხმარე კითხვებით ნათელს მოჰფენს მედიაგზავნილების მთავარ სათქმელს. გარდა ამისა, პედაგოგს ზოგადი წარმოდგენა შეექმნება თითოეულ მოსწავლეზე, რა დამოკიდებულება და შეხედულება აქვთ მათ საკითხის შესახებ.

ტექსტის სხვა ტექსტთან დაკავშირების მიზნით შეიძლება მოსწავლეები გაეცნონ ისეთ ზღაპარს, როგორიცაა ჰანს კრისტიან ანდერსენის „მახინჯი იხვის ჭუკი“, სადაც გზააბნეული იხვის ჭუკი გარკვეული ტიპის დისკრიმინაციას განიცდის მისი განსხვავებული შესახედაობის გამო. ზღაპარში ისეთი საკითხების ძიება, როგორიცაა, პრობლემის აღმოჩენა და მისი გადაჭრის გზები მოსწავლეს დაეხმარება, ტექსტის მთავარი სათქმელის გამოკვეთასა და უკეთ გააზრებაში.

ვიდრე მასწავლებელი მოდელირებული კითხვით „მხატვარი ჭიაყელას“ ძირითადი ტექსტის კითხვას დაიწყებს, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იცოდეს ბიოლოგიური ფაქტები ჭიამაიას განვითარების შესახებაც. ამისთვის კი შეიძლება აჩვენოთ პატარა დოკუმენტური ვიდეო, სადაც სთხოვთ მოსწავლეებს, დააკვირდნენ, როგორ ვითარდება ჭიამაია და როგორ უჩნდება მას კოპლები ეტაპობრივად.

დამწყებ მკითხველს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს  მოდელირებული კითხვა მასწავლებლის მიერ დიდი წიგნის გამოყენებით (შეუძლია მასწავლებელს თავად დაამზადოს მარტივად). ტექსტისმიერი სიტყვების უკეთ წასაკითხად და დასასწავლად კი აქვე შეიძლება შესთავაზოთ ბავშვებს ისეთი თამაშები, როგორიცაა, „ბინგო“ და „ვიბსი“ (იხ. სტატია).

ტექსტი ასევე მოიცავს რამდენიმე სიტყვას, რომლებიც მოსწავლეებისთვის შეიძლება გარკვეული ტიპის დამატებით განმარტებას საჭიროებდეს. სწორედ ასეთი ლექსიკური ერთეულების გასააზრებლად შესთავაზეთ მათ, სიტყვების სკივრიდან შეარჩიონ ერთ-ერთი და შეავსონ „სიტყვის პირამიდა“ (დანართი 2).

ვიდრე მოსწავლე დამოუკიდებლად წაიკითხავს, შეიძლება ტექსტი ინტერმედიაფაილის სახით მისცეთ, რომლის მრავალჯერ მოსმენის შესაძლებლობა ექნება. ეს ხელს შეუწყობს მასალის ვიზუალურად და სმენითად აღქმას, რაც გარკვეულწილად მოსწავლეს გაუადვილებს დამოუკიდებლად კითხვის პროცესსაც.

იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თითოეულ პერსონაჟზე და მათ ნიშან-თვისებაზე დაკვირვება, აუცილებელია პერსონაჟების გამოკვეთა. ამისთვის კი ვთავაზობთ აქტივობას „გამოიცანი და დაწერე სახელები“. აქვე ვთხოვთ, დაფიქრდნენ, კიდევ ხომ არ ხვდებათ ტექსტში რომელიმე მოლაპარაკე პერსონაჟი, რომელიც დიორამის გასათამაშებლად დასჭირდებათ? თუ – კი, დახატონ და დაწერონ მისი სახელი (მაგ. ჭიამაია, რომელსაც კოპლები არ აქვს) (დანართი 3).

ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ, გამოძერწონ თითოეული პერსონაჟი ისე, რომ გაითვალისწინონ მათი გარეგნული მახასიათებლები. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, რადგან მათ ხელის ნატიფი მოტორიკა ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისად განვითარებული, შესაძლებელია, შევთავაზოთ ძერწვის მაგალითები ვიდეოგაკვეთილის სახით (ბმულს აქ ან სხვა ბმულს).

სამოქმედო გარემოსა და პერსონაჟთა განცდების უკეთ გასააზრებლად სასურველია, მოსწავლეები ვამუშაოთ ისეთ აქტივობაზე, როგორიცაა „5 კითხვა“ (დანართი 4 )

მოლაპარაკე პერსონაჟთა დასახელებისა და მათი გამოძერწვის შემდეგ დგება საჭიროება, რომ ტექსტი რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდად დავყოთ და შემდეგ უკვე კადრად ვაქციოთ. კიდევ ერთხელ წავაკითხოთ მოსწავლეებს თითოეული ეპიზოდი და დავეხმაროთ საკვანძო სათაურების მოფიქრებაში. სათაურები ჩავწეროთ გეგმის სახით, რაც შემდეგ დაეხმარება მათ ნაძერწი მასალის საჭიროებისამებრ განლაგებაში.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა კიდევ ერთხელ დამხმარე კითხვების საშუალებით მოსწავლეებს შესთავაზოს „მხატვარი ჭიაყელას“ შედარებითი ანალიზი სხვა ტექსტთან თუ მედიაგზავნილთან შეპირისპირებით.

  1. რა მსგავსებაა მოცემულ მასალებს შორის?
  2. რომელიმე პერსონაჟი ხომ არ ჰგავს ერთმანეთს?
  3. როგორ მოგვარდა პრობლემები აღნიშნულ მასალებში?
  4. თქვენ ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

მოსწავლეებს მოსწონთ და საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობენ მინი-ქეისებზეც, სადაც აღნიშნული პრობლემური საკითხია წამოჭრილი და მათი მხრიდან საჭიროებს გადაჭრას. ამისთვის შეგვიძლია შევთავაზოთ სხვადასხვა სიტუაციური ანალიზი:

სიტუაცია 1: დაჩი და ერეკლე ეზოში კალათბურთს თამაშობენ. აქვე ახლოს მყოფ ნიასაც მოუნდა თამაში და ბიჭებში გაერია. „მეც მინდა თამაში“ – ამბობს ნია. დაჩი გაკვირვებული მიუტრიალდა და ეუბნება: „ნია, გოგოები კალათბურთს არ თამაშობენ“.

სადისკუსიო კითხვა: შეაფასებდით თუ არა ამ ფაქტს დისკრიმინაციად?

სიტუაცია 2: ნია მეტროთი მგზავრობს, გვერდით ფერადკანიანი გოგონა მიუჯდა. ნიას წინ ხანშიშესული ქალი ზის, რომელიც ანიშნებს, რომ გადაჯდეს. ნია დგება და გვერდით მჯდომი გოგონასგან მოშორებით ჯდება.

სადისკუსიო კითხვა: სწორად მოიქცა თუ არა ნია?

სიტუაცია 3: მასწავლებელმა კლასი ექსკურსიაზე წაიყვანა. ერთ-ერთი სანახაობა მართლმადიდებლური ტაძარია, სადაც მთელი კლასი წირვას უნდა დაესწროს. ტაძარში შესვლაზე უარს ამბობს აჰმედი, რომელიც სხვა რელიგიის წარმომადგენელია. ამის გამო ნია და დაჩი აჰმედს დასცინიან.

სადისკუსიო კითხვა: სწორად ექცევიან თუ არა აჰმედს კლასელები?

ამგვარი განხილვის საფუძველზე მოსწავლეები მარტივად შეძლებენ საანალიზო სქემის შევსებას (დანართი 5)

ბოლოს კი შეიძლება კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსწავლეებს ის ნაბიჯები, რომლებიც მათ კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტის შექმნაში დაეხმარება.

I ნაბიჯი: ააწყვე დიორამა.

  • აიღე პატარა მუყაოს ყუთი და გამოაკარი შიგ ფერადი ფურცლები იმგვარად, რომ მიიღოთ ის გარემო, სადაც ჭიამაიები იმყოფებიან;
  • შენი გამოძერწილი პერსონაჟები მოათავსე შენ მიერ გაფორმებულ ყუთში (დიორამა).

II ნაბიჯი: წაიკითხე ტექსტი გამართულად. კითხვისას გაითვალისწინე კრიტერიუმები (დანართი 6).

დავალების წარდგენის შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს სთხოვოთ თვითშეფასების სქემის შევსება, რაც მათ კიდევ ერთხელ დააფიქრებს დავალების შესრულების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე, საჭიროებებსა და გამოყენებულ საკუთარ შესაძლებლობებზე (დანართი 7).

არ ვიცი – როგორ, მაგრამ მსგავსი დავალებებითა და აქტივობებით იქნებ შევძლოთ და დავაფიქროთ ჩვენი პატარა ადამიანები, რომ – განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს, უბრალოდ იგივე არ არის.

 

დანართი 1. ანიმაციური ფილმები

https://www.youtube.com/watch?v=qlKpaiHtUao – მეგობრები

https://www.youtube.com/watch?v=Dk2IkWkjFyo -გართობა

https://www.youtube.com/watch?v=a9CZL58m3yc -რაგბი

https://www.youtube.com/watch?v=O1y1MYXHZ6g კალათბურთი

https://www.youtube.com/watch?v=KVmpx-bt_jY

დანართი 2. სიტყვის პირამიდა

დანართი 3. გამიცანი, დაწერე, დახატე

დანართი 4. 5 კითხვა

 

დანართი 5. პრობლემის სქემა

 

დანართი 6. გაწაფული კითხვის შეფასების რუბრიკა

დანართი 7. თვითშეფასების კითხვარი

სახალისო მეცნიერება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

0

მეცნიერულ მიღწევებს ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში ვაწყდებით. ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებას ხელს სწორედ მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდები უწყობს. ისინი სწავლობენ კითხვების დასმას, პროგნოზის გაკეთებას, დაკვირვებას, ტესტირებას და შემდეგ თავიანთი დასკვნების გამოტანას. ამ ყველაფრით ისინი ივითარებენ კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარებს. ყველაზე მარტივ აქტივობებსაც კი ბავშვებში მეცნიერული აზროვნების სტიმულირება შეუძლია. მათი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის წახალისებითა და ძირითადი მეცნიერული ლექსიკის გაცნობით, ადრეული ასაკის მასწავლებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ ბავშვებს სამყაროს გაცნობიერებაში, რათა ბავშვებმა გარკვეული ცოდნა მიიღონ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მათ გარშემო არსებული საგნები. სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტების გამოყენება საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარების, ენის, მეტყველების, ცნობისმოყვარეობის, შემეცნებითი უნარების, დამოუკიდებლობისა და ადაპტური ქცევის განვითარებას.

სამეცნიერო ექსპერიმენტების განსახორციელებლად საჭიროა მრავალფეროვანი მასალები. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ – 1) პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგები. მიუხედავად იმისა, ბავშვებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია გარკვეული მეცნიერული აღმოჩენების მიგნება, „სწორი” პასუხის პოვნა არ უნდა იყოს თქვენი მთავარი მიზანი; მთავარი მიზნებია მათი ცნობისმოყვარეობის წახალისება და მათი საგამოძიებო უნარების განვითარება; 2) იყავით ღია ბავშვების აღმოჩენების მიმართ. გარდა აქტივობების ორგანიზებისა, შეეცადეთ თვალ-ყური ადევნოთ მეცნიერული აღმოჩენების სპონტანურ, ყოველდღიურ შესაძლებლობებს თქვენ გარშემო. ვინ იცის, იქნებ შეძლოთ და მეცნიერებისადმი უწყვეტი სიყვარული გაუღვივოთ პატარა აღმომჩენებს?!

დეკემბერი დადგა და სუსხიანი დღეების მოახლოებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში საახალწლო განწყობამაც შემოაბიჯა. ქვემოთ მოცემული ზამთრის აქტივობები შესაძლოა გამოგადგეთ მომდევნო თვის რუტინის გასამრავალფეროვნებლად.

ყინულებიანი ოკეანე

ამ ექსპერიმენტში შეგიძლიათ პატარებს ესაუბროთ აისბერგების შესახებ და თვალსაჩინოებისთვის გამოიყენოთ თბილი წყალი, მარილი და ყინული. ეს აქტივობა შესანიშნავია მოტორული უნარებისა და ცნობისმოყვარეობის განსავითარებლად.

პატარებს აუხსენით, რომ პოლარული ოკეანეები სავსეა მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭრებით, მათ აისბერგები ეწოდება. ჰაერისა და წყლის ტემპერატურა პოლარულ რეგიონებში ზედმეტად ცივია აისბერგების გასალღობად, მიუხედავად იმისა, რომ წყალი საკმაოდ მარილიანია. როგორც კი აისბერგები თბილ რეგიონებში გადაინაცვლებენ ან ტემპერატურა მოიმატებს, ისინი დნობას იწყებენ.

იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო. გინახავთ ოდესმე აისბერგი? აჩვენეთ ბავშვებს პოლარული ოკეანეებისა და აისბერგების სურათები. აუხსენით, როგორ წარმოიქმნება და დნება ყინული. დაიწყეთ ექსპერიმენტი თბილი წყლითა და მარილით (სურვილის შემთხვევაში, წყალს ფერი შეუცვალეთ საკვები საღებავის გამოყენებით). ყინულის ნაჭრებს დაასხით თბილი წყალი. იწყება დნობის პროცესი? ახლა ყინულს მოაყარეთ მარილი და ბავშვებს სთხოვეთ, ახსნან, რა მოხდა – მარილი დაადნობს ყინულს.

 

ნაბიჯი 1:
თასი შეავსეთ ცივი წყლით. დაამატეთ სხვადასხვა ზომის ყინული.

ნაბიჯი 2: ბავშვები მოიწვიეთ დასაკვირვებლად, შეუძლიათ ყინულიან წყალში ხელებით ითამაშონ.

ნაბიჯი 3: დაამატეთ ჭიქები და კოვზები. ბავშვებს სთხოვეთ, მათი გამოყენებით ამოიღონ ყინულის ნაჭრები.

ყინულებიან წყალში თამაშის შემდეგ ხელების გასათბობად და შესამშრალებლად დაგჭირდებათ ხელსახოცები.

განაგრძეთ ექსპერიმენტი თბილი წყლისა და მარილის გამოყენებით.

 

 

ზამთრის ჯადოქრობები ბოთლში

ეს ინტერაქციული სენსორული აქტივობა ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, ნახონ, როგორ ერწყმის ერთმანეთს სხვადასხვა მასალა. ისინი ამით მეტყველებისა და დაკვირვების უნარებს გაივარჯიშებენ.

ბრჭყვიალა ქაღალდები, მძივები, წვრილი, მოკლე და ფერადი ლენტები მოათავსეთ ბოთლის შიგნით. ბოთლების ¾ შეავსეთ წყლით. მჭიდროდ მიამაგრეთ თავსახური და დალუქეთ მძიმე ლენტით, რათა წყალმა არ გამოჟონოს. პატარებს სთხოვეთ, ახსნან, როგორ ხდება სითხეების შერევა სხვადასხვა მატერიასთან.

ნაბიჯი 1:

შეაგროვეთ გამჭვირვალე, ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები.

ნაბიჯი 2:

ბოთლებში მოსათავსებლად მოამზადეთ გამოსაყენებელი მასალების ასორტიმენტი. ისეთი, როგორიცაა ბრჭყვიალა მძივები, წვრილი, მოკლე და ფერადი ლენტები.

ნაბიჯი 3:

ბავშვებს დაეხმარეთ მათ მიერ არჩეული ნივთების ბოთლებში მოთავსებაში.

ნაბიჯი 4:

შეავსეთ ბოთლები დაახლოებით 3/4 წყლით და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

ნაბიჯი 5:

მოიწვიეთ ბავშვები, შეანჯღრიონ საოცრებათა ქვეყნის ზამთრის ბოთლები და შემდეგ დააყენონ ისინი თავდაყირა. რა მოხდება? წყალში მცურავ რომელ მასალას ხედავენ?

ნაბიჯი 6:

მოათავსეთ ბოთლები თაროზე და წაახალისეთ ბავშვები, რომ მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ითამაშონ, დააკვირდნენ ბოთლების შენჯღრევით გამოწვეულ შედეგს.

განაგრძეთ გართობა. იფიქრეთ ბოთლების შესავსებად ალტერნატიული სითხეების მიწოდებაზე, როგორიცაა მინერალური წყალი ან სამზარეულოს ზეთი. ისაუბრეთ იმაზე, ნივთები ცურავს თუ იძირება სითხეში. საკვები საღებავის დამატება ცვლის სითხის ფერს? რა ხდება, როდესაც ორი სითხე გაერთიანებულია?

* გაითვალისწინეთ, რომ ამ აქტივობის დროს ბავშვებ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

 

 

 

 

 

როგორ დავგეგმოთ ღონისძიებები მოსწავლეთა ჩართულობით – ტოლერანტობის ფესტივალი

0

ღონისძიებები სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღემდე კარგად მახსოვს ბავშვობაში ზეიმებისთვის დაზეპირებული ლექსები, გამოსასვლელი სიტყვები და ა.შ. სამწუხაროა, რომ მაშინ ჩვენ არ გვესმოდა და არც არავინ გვიხსნიდა, რატომ ანბ რისთვის ვმართავდით ამა თუ იმ ღონისძიებას, რა იყო მათი მიზანი ან დანიშნულება.

სკოლაში, ახლა უკვე პედაგოგის სტატუსით, ხშირად მიწევს საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება, რისთვისაც აქტიურად ვიყენებ სასკოლო ფესტივალის პრაქტიკას.

რატომ სასკოლო ფესტივალი?

ფესტივალი მოითხოვს კარგ დაგეგმვას, მომზადებასა და ჩატარებას. მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭიროა საორგანიზაციო გუნდის ჩამოყალიბება, რადგან მხოლოდ ერთი ან ორი პედაგოგი არ გვევლინება საორგანიზაციო სამუშაოების შემსრულებლად ან ინიციატორად. აქედან გამომდინარე, ეს მიდგომა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას. დაგეგმვის პროცესში  მოსწავლეები ეძებენ ინფორმაციას, ეცნობიან ამა თუ იმ დღის დაწესების ისტორიულ თუ სამართლებრივ კონტექსტს, უწევთ მუშაობა წყაროებზე, რაც ზრდის მათ ინფორმირებულობას.  იმავდროულად, უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარები (ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, წარდგენა/ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის), ეჩვევიან პასუხისმგებლობის გაზიარებას. შედეგად კი სანდო ინფორმაციით შეიარაღებულები და უნარებით აღჭურვილები თამამად ესაუბრებიან თანატოლებს.

ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის აქტივობათა თავმოყრა. ფილმების ჩვენება, სპექტაკლები, გამოფენები, როლური თამაშები, პრეზენტაციები და დისკუსიები – ეს იმ აქტივობათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება შევთავაზოთ დაინტერესებულ საზოგადოებას.

პროცესები ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოებას საშუალება აქვს, თვითონ აირჩიოს სასურველი ფორმატი და დაესწროს მისთვის საინტერესო აქტივობას.

მოგიყვებით მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, გამართული ფესტივალის ამბავს.

ჩვენი სკოლა მულტიკულტურული გარემოთი გამოირჩევა. სასკოლო თემი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელებს აერთიანებს. სწორედ ასეთ გარემოშია მნიშვნელოვანი ტოლერანტობის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის თემებზე საუბარი.

 

როგორ დავგეგმეთ

ნოემბრის დასაწყისში სკოლის სამოქალაქო კლუბის რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრებზე განვიხილეთ, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი ჩვენი რესურსებით. გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო იდეა: ფილმების ჩვენება, ნახატების გამოფენა, პრეზენტაციების გამართვა, სპექტაკლის წარმოდგენა და ა.შ. შემდეგ ინტერესების მიხედვით მოსწავლეები ჩაუდგნენ სათავეში კონკრეტული აქტივობების ორგანიზებას.

მომდევნო ეტაპი იყო ლოკაციების შერჩევა. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებისთვის „განათლების ბაღი“ შევარჩიეთ, სადაც ნახატების გამოფენა და სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.

საორგანიზაციო გუნდმა წარმატებით ითანამშრომლა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან. მათი დახმარებით გაავრცელეს ინფორმაცია ნახატების კონკურსის თაობაზე და აქტიურად ჩართეს თვითმმართველობის წევრები ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

საგანგებოდ ფესტივალისთვის დაიწერა სცენარი გენდერულ თანასწორობაზე.

მინისპექტაკლის გათამაშების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დისკუსიის შემდეგ, ფორუმ თეატრის ფორმატით, წარმოდგენილი არასასურველი რეალობა მსახიობების ჩანაცვლებით მისაღები რეალობით შეცვალეს. განათლების ბაღშივე გაიმართა ტოლერანტობის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული ნახატის ავტორი, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

 

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა შემდეგი ფილმების ჩვენება:  „საოცრება“, „პლანეტა 51“ და “მრავალფეროვნების ძიებაში”. ჩვენებას მოჰყვა წამოჭრილ საკითხებზე დისკუსიები და განხილვები, რომლებსაც სამოქალაქო კლუბის წევრები უძღვებოდნენ. დამსწრეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები, ხაზი გაუსვეს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დაფასებას სკოლაში და სკოლის გარეთ.

სამოქალაქო კლუბის წევრმა დანიელ ხუციშვილმა მოამზადა პრეზენტაცია, სადაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მარტივი და გასაგები ენით ესაუბრა დისკრიმინაციასა და მის შედეგებზე. პრეზენტაციის ბოლოს ნაჩვენები იქნა ანიმაცია „Birds on a Wire“, რომლის შესახებაც მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოსაზრებები გამოთქვეს (იხ. თანდართული ფაილი – პრეზენტაცია).

სკოლის სტადიონზე სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაგეგმეს როლური თამაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. თამაში ეხებოდა ადამიანის უფლებებსა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აქტივობების შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ტოლერანტობის, თანასწორობის, მრავალფეროვნების, დისკრიმინაციის და საზოგადოდ ადამიანის უფლებების შესახებ, უშუალო მონაწილეებმა კი გამოიმუშავეს დისკუსიის დაგეგმვისა და გაძღოლის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები. ფესტივალი ადგილობრივმა მედიამ გააშუქა.

https://www.youtube.com/watch?v=KSoyWTonBCk

საერთო ჯამში ტოლერანტობის ფესტივალში  160-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

 

კოლეგებს ვურჩევ, გამოიყენონ ფესტივალის ფორმატი – ეს გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, შეისწავლონ ესა თუ ის მოვლენა და აუდიტორიამდე მიიტანონ მიღებული და გადამუშავებული ინფორმაცია საკუთარი ხედვით. ამგვარად, კონკრეტული საკითხის შესასწავლად აღნიშნული მიდგომა ძალიან ეფექტურია.

ცხოვრება, როგორ თერაპია

0

“შენ ისეთი მაგარი ხარ”, “შენ როგორი ყოჩაღი ხარ”. ” ვგიჟდები მაგ ბიჭზე”, “რა ჭკვიანია და რანაირია” – ხან მწერენ, ხან მეუბნებიან. სინამდვილეში ძალიან რთულია მაგარი იყო ამ ამბავში, ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ნახევრად ხელის ცეცებით სიარული, მარადიული შიში, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებ, ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი ბევრ სფეროში, ათასი თეორიის, თერაპიის ვერსიის გაცნობა, წიგნების და სტატიების ქექვა, იქნებ ეს არა და ის ჯობდეს, თითოეული წუთის გამო სინდისის ქენჯნა, როცა შენ მისი დედა კი არ ხარ, დიანა ხარ, მუშაობ, წერ ან უბრალოდ მეგობრის გადასარევ ახალ კერძს სინჯავ.

მომავლის შიშიც, ძალიან რთულია, აი, ყველაზე სწრაფი მანქანა რომ გყავდეს და მართვა არ იცოდე, ისე.  მაგრამ ბედნიერი ვარ, ვერც კი წარმომიდგენია, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი შვილი, ეს შავთვალა ბიჭი რომ არა, სხვანაირი როგორი უნდა ყოფილიყო,  ბედნიერება და კომფორტია მასთან ცხოვრება, ყველაზე მეტად დროის მასთან გატარება მიყვარს, ყველაზე მეტად ჩემთან უყვარს და ეს მაბედნიერებს.

როდესაც ყველაფერს სახელი დავარქვი, სიტყვა „აუტიზმიც“ კარგად გავიცანი, შევეჩვიე, რამდენჯერმე ხმამაღლა ვთქვი, გადავწყვიტე, რომ ცხოვრება გახდებოდა თერაპია ჩვენთვის, დედისა და შვილისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევისა და გამოცდილების ფონზე სფერო ვითარდება, ახალი და კარგი თერაპიული ცენტრები ჩნდება, სულ უფრო და უფრო მეტ პროფესიონალს ვხვდები, უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, თერაპიული მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სერვისები გვთავაზობს, შეუცვლელია, მაგრამ ცოტაა, ხოლო საკუთარი ფინანსებით ამ პროცესის მართვა, მით უფრო, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან რთულია, შეუძლებელიც კი.

ამიტომაც ცხოვრება, როგორც თერაპია, ყოველდღიური ფიქრი იმაზე, როგორ აქციო რესურსად ყოველდღიურობა, კარგი გამოსავალია. მეც ასე მოვიქეცი.

რესურსია ყველაფერი- მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა, სახლსა თუ კაფეში წახემსება, საუზმის თუ სადილის მომზადება, სეირნობა, ბევრზე ბევრი სეირნობა, რესურსია მეტრო და ავტობუსი, მშობლის სამსახური, სამუშაო თუ შემოქმედებითი შეხვედრა, სამუშაო მივლინება, გამოფენები, თეატრი, კინო, მთა, ზღვა, სახლის საქმეები, ყვავილების დარგვა, შინაური ცხოველის მოვლა, მოკლედ, ყველაფერი, რაც ცხოვრებაა.

ბევრი შემთხვევა ვიცი,  როცაა აუტიზმის მქონე ბავშვი სახლში ჰყავთ ჩაკეტილი მშობლებს.  სოციალური სააგენტოსათვის ალბათ  ყველაფერი წესრიგშია, ბავშვი  დაჰყავთ თერაპიაზე, ბავშვი იღებს აუცილებელ სერვისს ( უკეთეს ვარიანტში), მაგრამ აქ მთავრდება მისი სამყაროსთან ურთიერთობა.  არ დაჰყავთ გასართობ მოედნებზე, კინოში, ქუჩაში, ტრანსპორტში, მთელი დღე სახლშია.

ეს ყველაფერი, მშობლების შიშის, განათლების ნაკლებობის გარდა, ყველა ჩვენგანის ბრალია, ვისაც ერთხელ მაინც ამრეზით გადაუხედავს უცნაურად  მოძრავი ან მომღერალი,  მორბენალი თუ მცქმუტავი ბავშვისთვის.

არადა, არ არსებობს უკეთესი თერაპია, ვიდრე სხვადასხვაგვარი, მრავალფეროვანი სივრცეები და ადამიანებია.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ შექმნა საოცარი, მასშტაბური რესურსი თავისი წესებითა და გეგმებით, „ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“.

ეს კომპიუტერული თამაშია, რომელსაც ორი მთავარი წესი აქვს -დაინახე დეტალები და გამოიყენე სასწავლო და თერაპიულ რესურსად.

რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ:

  1. საჭმლის მზადება
  • რამდენიმე საფეხურიანი და ძალიან სასარგებლო რესურსია, ჯერ ერთი, მხიარული აქტივობაა, რამდენიმე შეგრძნებას ერთდროულად ააქტიურებს – შეხება, ყნოსვა, გემო, თანაც თუ პროდუქტებსაც ერთად იყიდით, საჭირო ინგრედიენტებსაც ერთად ჩამოწერთ, ორგანიზების უნარის გარდა, მათემატიკურ და წერით უნარებსაც განავითარებთ. ( ამ თერაპიის ბონუსი იცით რა არის? თუ დიდ სუპერმარკეტში წახვალთ, შეგიძლიათ ურიკებით სირბილის შეჯიბრიც მოაწყოთ, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ თამაშია. )
  • ერთად დაწერეთ რეცეპტი ან შეარჩიეთ კულინარიული წიგნიდან, ჩაამატეთ დეტალები, რომელიც წიგნში არ წერია, მაგალითად, რომელი კარადიდან იღებთ ფქვილს, როგორ უნდა აანთოთ ქურა, სად დევს მიქსერი, მაცივრის რომელ განყოფილებაშია კარაქი და ა.შ, ეს დაგეხმარებათ, რომ ბავშვმა თანდათან დამოუკიდებლადაც ისწავლოს საკვების მომზადება.
  • თუ ბავშვს სენსორული პრობლემები აქვს, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ შეაჩვიეთ პროდუქტებს, მზადების დროს შეგიძლიათ თამაშებიც მოიფიქროთ, მაგალითად, დაფაზე დაყრილ ფქვილზე ხატვა, ბოსტნეულით ფუდარტის აწყობა და სხვა.
  • როდესაც კერძს მოამზადებთ, თამაში მერეც გააგრძელეთ, მაგალითად, ვითომ კაფეში ხართ ერთად, დაწერეთ მენიუ, მოიფიქრეთ როლური თამაშებიც.
  1. სამუშაო შეხვედრა, როგორც თერაპია

ძალიან ხშირად მიწევს გიოსთან ერთად სხვადასხვა  სამუშაო შეხვედრაზე სიარული, ის ჩემი წიგნის პრეზენტაციებსაც ესწრება და ქალაქგარეთ გამართულ სემინარებზეც დადის.  აუცილებლად ვეუბნები წინასწარ, სად მიმყავს, რა უნდა გავაკეთო, რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს. მიმაქვს მისთვის სახატავი რვეული და ფანქრები ან სხვა რაიმე სათამაშო. განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ეს შეხვედრა რამდენიმე დღეს გრძელდება, დამოუკიდებლობა, თავის მოვლა, მოთმინება, თვითორგანიზება- ბევრი სასარგებლო უნარის განვითარება შეიძლება.

  1. ექიმთან წასვლა

ექიმთან წასვლა შესაძლოა ყველა ბავშვისთვის იყოს სტრესული, ამიტომ აქ ფრთხილად, ფაქიზად მოქცევა და ბევრი დეტალის  გათვალისწინებაა საჭირო, იმისთვის, რომ ექიმთან აუცილებელი ვიზიტი სასარგებლო და საინტერესოც კი გახდეს.

პირველ რიგში, აუცილებლად, რამდენიმე დღით ადრე  უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ ამა და ამ მიზეზის გამო, ექიმთან წასვლა გვიწევს. შეგიძლიათ წინასწარ ანახოთ ანიმაცია ან საბავშვო ფილმი, სადაც ექიმის კაბინეტი ჩანს, მხატვრული ლიტერატურაც მოიშველიოთ, მედიცინის განვითარებაზე უამბოთ, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ავად ყოფნის შემთხვევაში, ადამიანებს შეუძლიათ სპეციალისტს მიმართონ. ბავშვი ხშირად ინტერესდება, რა დაემართა მას და რას უნდა ელოდოს ექიმისგან. მარტივად და მსუბუქად შეგვიძლია მოვუყვეთ ( თუ ეს მარტივი დიაგნოზია), როგორ გაცივდა, რატომ დაემართა წითელა და ა,შ.  სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობაც შეგიძლიათ დაიხმაროთ, მაგალითად, წინასწარ თქვენ გაითამაშოთ, როგორ ჩახედავს ექიმი ყელში, როგორ მოუსმენს ფილტვებს, როგორ გასინჯავს.

ექიმთან წასვლისას ყოველთვის მიგვაქვს რამდენიმე ნივთი, რომელიც ბავშვს ამშვიდებს, საყვარელი დათუნია, სენსორული სათამაშო თუ რამე სხვა. აუცილებლად ჩაეწერეთ წინასწარ, აუტიზმის მქონე ბავშვს რიგში დგომა უჭირს, შეიძლება ხმაურმა გააღიზიანოს, მაქსიმალურად აარიდეთ სტრეს ფაქტორებს იმისთვის, რომ ექიმთან ვიზიტმა მშვიდად და შედეგიანად ჩაიაროს.

  1. საკუთარი ნივთების მოწესრიგება, როგორც სასწავლო აქტივობა

სისტემატიზაციის სწავლა თან თამაშიც იყოს, თან ფიზიკური აქტივობაც და თან ბავშვმა თავისი ნივთების მოვლა ისწავლოს? მაშინ კარადის დალაგება უნდა დაგეგმოთ.

ნაბიჯი 1. სთხოვეთ, თავისი სამოსი ფერების მიხედვით დააწყოს;

ნაბიჯი2. ფერები ისევ აურიეთ და ახლა სთხოვეთ ორ ნაწილად დაყოს: ზამთრის და ზაფხულის სამოსად;

ნაბიჯი3. ცოტა გაართულეთ და სთხოვეთ, წინდები ცალკე დააწყოს, ზედა სამოსი ცალკე, შარვლები ცალკე;

ნაბიჯი 4 ახლა სთხოვეთ, ორივე სახის სისტემატიზაცია შეინარჩუნოს, ფერებისა და დანიშნულების მიხედვით დააწყოს სამოსი;

ნაბიჯი 5 არეული წინდების დაწყვილებაც მშვენიერი თამაშია, თან შეგიძლიათ, რომელიმე, ეულად დარჩენილი წინდა სათამაშოდ გადააკეთოთ.

  1. მარტივი და პრაქტიკული მეთოდი მეტყველების განვითარებისათვის

გიფიქრიათ, ხმოვანი შეტყობინება მეტყველების სავარჯიშოდ გექციათ? ამისთვის, საჭიროა, ერთმა  პატარა ბიჭმა, რომელსაც ლაპარაკი ცოტა ეზარება , შეიყვაროს ერთი საოცარი გოგო, დედამისის მეგობარი.

შედეგად, ინტენსიური თერაპია გვაქვს და გიორგი, უამრავ რამეს უამბობს თავის ვირტუალურ მეგობარს, თქვენ  ამ შეტყობინებებს ინახავთ და აკვირდებით პროგრესს. ნებისმიერი სასაუბრო აპლიკაციის გამოყენება შეგიძლიათ, რომელსაც ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია აქვს.

 

  1. მისი უდიდებულესობა თბილისის მეტროსადგური

 

რას  შეიძლება დაჰპირდე ბავშვს ისეთს, რომ ყველაფერი შეგისრულოს, რასაც ეტყვი? სათამაშო? ტელეფონი, მთვარეზე კოოპერატივი?

გიორგისთვის ასეთი მოტივატორი, ქვას რომ გახეთქავს, ისეთი დაპირებაა – გიო, ეს გააკეთე და მეტროში ჩაგიყვან.

იმახსოვრებს და აგროვებს ამ  დაპირებებს და კვირის ბოლოს, იმ ცნობილი ანეკდოტისა არ იყოს, ყველა სადგურში ჩავდივართ და ამოვდივართ, ორივე გზას გავდივართ და, რაც მთავარია, მის თვალებში აღფრთოვანება და სიხარული არ ილევა.

-დღეს გოცირიძე მანახე რაა, ხვალ-სარაჯიშვილი!

თქვენც მოძებნეთ ასეთი განმამტკიცებელი საშუალება და ჩართეთ თერაპიის პროცესში.

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...