ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალიზაციის თავისებურებები  

0

მშობლებს ხშირად აღელვებთ სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალიზაციის პროცესში დაფიქსირებული პრობლემები და არცთუ უსაფუძვლოდ. განვითარების სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ადამიანებთან ურთიერთობის საბაზისო უნარებს. გარდა ამისა, იმაზე, თუ როგორ წარიმართება სოციალიზაციის პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვში, ბევრად არის დამოკიდებული მისი შემდგომი განვითარება. ის, თუ რამდენად მომზადებული შეხვდება პატარა ცხოვრებაში მომხდარ სერიოზულ ცვლილებას, სასკოლო ცხოვრების დაწყებას და როგორ წარიმართება სკოლასთან მისი ადაპტაცია, ბევრად იქნება დამოკიდებული სკოლამდელ პერიოდში მისი სოციალიზაციის თავისებურებებზე.

ბავშვი საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყებს საზოგადოებაში დამკვიდრებული ზოგიერთი წესის ათვისებას. თანდათან ის სწავლობს კომუნიკაციას, ურთიერთობას. სოციალიზაციის სენსიტიური პერიოდი იწყება დაახლოებით 2 წლიდან და გრძელდება 6 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ბავშვი განსაკუთრებით ადვილად, მარტივად ითვისებს, სწავლობს უფროსებთან და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის წესებს. დაბადებიდან პირველ თვეებში პატარას სრულიად ყოფნის მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი. მას სიამოვნებს მათი მოფერება, ალერსი, ყურადღება და მზრუნველობა. ამ პერიოდში განსაკუთრებული საჭიროება ადამიანებთან ურთიერთობისა, გარდა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი უფროსებისა, არ არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად მას უჩნდება კომუნიკაციის დამატებითი წყაროების საჭიროება. ის მიისწრაფვის თანატოლებთან, და-ძმებთან ურთიერთობისკენ, აქტიურად შეიმეცნებს გარემომცველ სამყაროს. ამ ურთიერთქმედების ფარგლებში ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში ქცევის წესებს, სწავლობს როგორ დაამყაროს ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. მოგვიანებით, 6 წლის შემდეგ პატარას უფრო გაუჭირდება კომუნიკაციის წესების ათვისება, სწავლა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან სოციალური ინტერესი ქრება. პირიქით, ჩვეულებრივ სწორედ 6 წლის ასაკიდან ბავშვში ძლიერდება ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ამიტომ, ამ დროისთვის მას უკვე ათვისებული უნდა ჰქონდეს ურთიერთობის ძირითადი წესები.

პიროვნების კომპლექსური განვითარება შეუძლებელია სოციალიზაციის გარეშე, რადგანაც სწორედ ამ პროცესში ხორციელდება ბავშვის მიერ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების, ქცევის ნიმუშების, ფასეულობებისა და სოციალური ნორმების ათვისება, რაც საშუალებას აძლევს მას, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ამიტომ გადარჩენისთვის მას აუცილებლად სჭირდება სოციალიზაცია – სოციალური ურთიერთობების სისტემაში ჩართვა. ბავშვის სოციალიზაცია სწორედ ურთიერთობების პროცესში ხორციელდება. ის აქტიურად ითვისებს, შეიმეცნებს გარემომცველ სამყაროს და განსაზღვრავს საკუთარ ადგილს ამ სამყაროში. სკოლამდელი ასაკის ბავშვის წარმატებული სოციალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ხარისხიანად ითვისებს ის თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის უმარტივეს ნორმებსა და წესებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვის პირველადი სოციალიზაცია ოჯახში ხორციელდება. ოჯახი ის ადგილია, სადაც პატარას უყალიბდება პირველი წარმოდგენები სოციალურ ნორმებზე, ქცევის წესებსა და ღირებულებებზე. გარკვეულ ასაკამდე ის არის ამ უნარების გამომუშავებისა და ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო. მოგვიანებით ეს პროცესი უკვე საზოგადოებაში მიმდინარეობს.

ყოველ ასაკობრივ საფეხურზე სოციალიზაციის პროცესი სპეციფიკური თავისებურებებით გამოირჩევა. ამიტომ, სხვადასხვა ასაკის ბავშვისგან ჩვენ ერთნაირ ქცევას არ უნდა ველოდოთ.

სოციალიზაციის პროცესში მყოფი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძირითადი მახასიათებლები:

  • ჯერ კიდევ არ არის მზად კონკურენციისათვის, მეტოქეობისათვის და ხშირად უპირატესობას ანიჭებს მარტო ან მხოლოდ ერთ ბავშვთან თამაშსა და ურთიერთობას;
  • ემოციურად მზად არ არის შეჯიბრებისთვის;
  • შეუძლია სათამაშოს გაზიარება, მაგრამ ყოველთვის არ სურს ამის გაკეთება. ეს ქმედება მისგან ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს;
  • ფიზიკურად გამოხატავს ბრაზს და გაზიარების სურვილის არქონას;
  • ხშირად მარტო თამაშობს და არ რთავს ამ პროცესში სხვებს. ხანდახან სურს მარტო ყოფნა;
  • თამაშობს დამოუკიდებლად, მუდმივი ზედამხედველობის გარეშე;
  • იწყებს ისეთი ცნებების გააზრებას, როგორიცაა „კარგი“ და „ცუდი“;
  • კვლავ ურევს ერთმანეთში ფანტაზიასა და რეალობას;
  • ხანდახან უყვარს მბრძანებლობა, საკუთარი გადაწყვეტილების მიღება;
  • ესმის და პატივს სცემს წესებს, ხშირად ითხოვს ნებართვას;
  • პატარას მეტყველებაში ჯერ კიდევ ისმის ფრაზა „მე თვითონ“, რომლის დახმარებითაც ის „იცავს“ თავის დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღებასა და ქმედებებში;

რას სწავლობს ბავშვი სოციალიზაციის პროცესში, რა სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის მისთვის:

  • უმუშავდება ემპათიის უნარი – დაახლოებით 2 წლის ასაკში ბავშვი იძენს სხვისი გრძნობების გაგების უნარს. ჩვენ, უფროსებს შეგვიძლია დავეხმაროთ მას, როგორც საკუთარი, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების გრძნობების სიტყვიერად გამოხატვაში. მაგ. ბავშვი დაეცა და ვხედავთ, რომ მისთვის ეს მტკივნეულია. დავაფიქსიროთ მისი გრძნობა სიტყვებით: „შენ გტკივა, შენთვის მტკივნეულია“. თუ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი ნაწყენია და ტირის, ასევე სიტყვიერად გამოვხატოთ, აღნნიშნოთ ეს. ანალოგიურად წარმოვთქვათ, ჩვენი საკუთარი და ბავშვისთვის ახლობელი სხვა ადამიანების გრძნობების აღმნიშვნელი ფრაზები: „მამა მოწყენილია, ის ძალიან მოწყენილია“; „დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ, ძალიან ხალისიანად ვარ“. ვკითხოთ ბავშვს, როგორ გრძნობს თავს: „დღეს შენ მხიარულ ხასიათზე ხარ?“ „მოწყენილი, სევდიანი ხარ?“ „დაღლილი ხარ?“ ჩვენ ამგვარად ვასწავლით პატარას საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე ყურადღების გამახვილებას და მათ სიტყვიერად გამოხატვას. ეს დაეხმარება მას მომავალში ახსნას საკუთარი გრძნობები და ასევე შეამჩნიოს სხვისი გრძნობები;
  • ბავშვს ეძლევა დამოუკიდებლად ურთიერთობის, კომუნიკაციის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა – მნიშვნელოვანი წესი უფროსებისთვის, რომლის დაცვაც ხშირად საკმაოდ რთულია – შეძლებისდაგვარად არ ჩავერიოთ ბავშვებს შორის ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ადეკვატურად ვიმოქმედოთ, როცა ვხედავთ ბავშვისთვის საშიშ, სახიფათო სიტუაციას, მაგ. ჩხუბს, ან ბავშვს ჩაგრავენ, ის კი ვერ ახერხებს მოცემულ მომენტში თავის დაცვას. თუმცა, უმჯობესია ვიყოთ ფრთხილი და ძირითადად დავრჩეთ დამკვირვებლის პოზიციაში. ასეთი მოქმედებით ჩვენ პატარას ვეუბნებით: „შენ თავს გაართმევ, გაუმკლავდები, შენ შეძლებ ამ პრობლემის დაძლევას“. მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ ბავშვმა პრობლემა არც თუ ისე სწორად გადაჭრა, თავი შევიკავოთ შეფასებისგან. ეს მისი პირადი გამოცდილებაა, რომელზეც მას არ უნდა ვუთხრათ უარი. მისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობის სხვადასხვა გამოცდილების (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) მიღება;
  • ბავშვი იღებს ინფორმაციას ნებადართულობის საზღვრების შესახებ კომუნიკაციის, ურთიერთობის დროს – ჩვენ ვეხმარებით პატარას ამ საზღვრების დადგენაში. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ვერევით სიტუაციაში ბავშვების ურთიერთობის დროს. თითოეულ ჯგუფში ან ოჯახში ნებადართულობის საზღვრები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჩვენთან არსებობს მოცემული წესი: „ჩვენს ოჯახში ზედმეტსახელებით არ მივმართავთ ერთმანეთს“; „ჩვენს ჯგუფში სათამაშოების წართმევა არ შეიძლება“. წესები ყოველთვის უნდა იყოს დაცული და მათი დარღვევა მყისიერად უნდა აღიკვეთოს;
  • სწავლობს კონფლიქტების მოგვარებას – ჩვეულებრივ კონფლიქტი აღიქმება, როგორც რაღაც ცუდი და დაუშვებელი, მიუღებელი, თუმცა ის ბავშვს შესანიშნავ გამოცდილებას სძენს. პატარა თანდათან სწავლობს კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად მოგვარებას და სხვა ადამიანების გრძნობების დანახვას. ამისათვის საჭირო იქნება, რომ ჩვენ, უფროსები ზედმეტად არ ჩავერიოთ ბავშვებს შორის კონფლიქტში, თუ ამის აუცილებლობა არ ჩანს. გავითვალისწინოთ, რომ ხშირად პატარას თავადაც შეუძლია კონფლიქტის გადაწყვეტა, ამიტომ ღირს მას ცოტა დრო მივცეთ. შეიძლება ეს მისთვის აღმოჩნდეს კარგი შესაძლებლობა კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარების პოზიტიური გამოცდილების მისაღებად, რასაც ჩვენ მას მოვაკლებდით ჩვენი ჩარევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლამდელ პერიოდში სოციალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ბავშვის განვითარების შემდგომ ეტაპებზე ჩვენ ბევრი პრობლემის თავიდან აცილებას შევძლებთ.

 

 

ჩვენ, წიგნები და ბიბლიოთეკა

0

ალბათ დამეთანხმებით, რომ პირველივე კლასში მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შევაყვაროთ წერა-კითხვა. ამისათვის კი მრავალფეროვანი აქტივობებია საჭირო. ჩემი დაკვირვებით, დაწყებით კლასებში ბავშვების უმრავლესობას მათემატიკის სწავლა უფრო ეხალისება,ნ ვიდრე ქართულის. ამის მიზეზი კი ის სირთულე გახლავთ, რომელსაც აწყდებიან ქართულის სწავლის დროს. ასო-ბგერების დამახსოვრება, ცნობა, მათი ჩაწერა, კითხვა… ეს რუტინული საქმე მათთვის ზედმეტად დამღლელია…

ჩემი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დავგეგმე პროექტი – ,,ჩვენ, წიგნები და ბიბლიოთეკა“, რომლის მიზანიც იყო – ბავშვებში წერა-კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, წიგნებისადმი სიყვარულის დანერგვა და ამ საქმეში მშობელთა ჩართულობის გაზრდა.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია წიგნის შესახებ. რა არის წიგნი? რისგან შედგება ის? ვიზუალურად მეტად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, სკოლაში მიტანილი მქონდა წიგნები, რომლის თითოეული ნაწილი, განვიხილე მოსწავლეებთან ერთად: როგორია ყდა? რა არის მასზე გამოსახული? ვის ჰქვია ავტორი? რა არის ილუსტრაცია და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლეებს დავამზადებინე ხელნაკეთი წიგნები. პირველად კლასში იმუშავეს და გააკეთეს პრეზენტაციები, რომლის დროსაც მოისმინეს რჩევა-რეკომენდაციები ჩემგან. როგორი უნდა იყოს წიგნის ყდა, როგორ უნდა შეარჩიონ ფერები, როგორ შექმნან ილუსტრაცია სწორად და ა.შ. ამის შემდეგ შინ მიეცათ პრაქტიკული სამუშაო. მათ უნდა შეექმნათ მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით ანბანის ხელნაკეთი წიგნი. წიგნში უნდა ყოფილიყო შესწავლილი ასო-ბგერები (საწყის ეტაპზე ორი ასო-ბგერა ავარჩიეთ: , ) შესაბამისი ილუსტრაციით.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები ვანახე სკოლის ბიბლიოთეკა და ვესაუბრე მასზე. ავუხსენი, რა დროს უნდა გამოიყენონ ის. დაათვალიერეს სხვადასხვა წიგნი. შეადარეს ერთმანეთს. შეგიძლიათ მოსწავლეები უბნის ბიბლიოთეკაშიც წაიყვანოთ.

მოსწავლეებს ავუხსენი, რომ შესაძლოა სახლშიც გვქონდეს წიგნების კუთხე, ბიბლიოთეკის მსგავსად. მათ დავაბარე, რომ სახლში წიგნების თაროს ფონზე საყვარელი წიგნის გვერდით გადაეღოთ ფოტო. საკლასო ოთახში კი მოვაწყვეთ პრეზენტაცია. მოსწავლეების ფოტოები პროექტორის საშუალებით გავაშუქე. პრეზენტატორი გამოდიოდა და გვესაუბრებოდა, რატომ აირჩია ეს წიგნი, ვინ უკითხავს წიგნს, რამდენ დროს უთმობენ სახლში კითხვას და ა.შ.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს მშობლის ჩართულობას. ამიტომ მშობლებს შევთავაზე, მოსწავლეებისათვის წაეკითხათ პატარა მოთხრობა/ზღაპარი/ლექსი და მოგვეხდინა მისი განხილვა კლასში. მშობლებმა გამოხატეს საკითხის მიმართ მზაობა და ინტერესი. ერთ-ერთმა მშობელმა მოსწავლეებს წაუკითხა საინტერესო ტექსტი ,,ციცინათელა”. მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ტექსტი. უყურეს ანიმაციურ ვიდეოს ციცინათელაზე. ამავე სახელწოდების სიმღერაზე ხალისით იცეკვეს.

პროექტი კვლავ განხორციელებისა და მიმდინარეობის რეჟიმშია. საბოლოოდ კი მინდა, საკლასო ოთახშიც მოვაწყოთ წიგნის კუთხე, რომელიც მოსწავლეებს მეტ ინტერესს გაუჩენს კითხვისადმი და შეაყვარებს მას.

 

გავყვეთ ჯონათანს

0

(შოთა ვეკუას პოეზია)

ყველაფერი ამაღლებული, რასაკვირველია, არაა პათეტიკა. ერთ ასეთ ამაღლებულზე გეტყვით: ჩვენს ბებერ, ძირძველ ერს ისევ შეუძლია სიცოცხლე. რატომ, იცით? მას არსებობა არ შეუწყვეტია, როგორც მრავალ მისნაირს, სევდიან მოგონებად რომ დარჩა და წარსულის ფერფლადღა ცხოვრობს. ჩვენს ერს ღირებული, არავისზე ნაკლები სულიერების კულტურის შექმნა ისევ და ისევ ძალუძს და გადაიღვრება ისევ ამ ფორმით თაობიდან თაობაში, ერთმანეთზე ნიჭიერებში. ამის დასტური მგონია ჩემი ახალგაზრდა თანამემემულის, შოთა ვეკუას პოეზია, რომლის პატივის მისაგებადაა ჩემი წერილიც…

ასეთი ადამიანების დამბადებელი კი ვთქვით, სამშობლოცაა და მშობელიც, „დედის რძისფერი ღმერთი“, როგორც თავად პოეტი ენამზეობს. მაგრამ ხდება ისეც, რომ სწორედ მშობელს გაუუცხოვდები, რადგან ყველაზე მეტს მისგან მოითხოვ. და როცა „ლოცვის მსგავსი მშობლის ხელები“ ვეღარ გიფარავს ცხოვრებისგან, შენ საკუთარ თავს ჰპარავ მას და ასე წამოიზრდები („დროს გავექეცი, დროც გამექცა, როგორც იციან“).

ოჯახიც გვზრდის, გარემოც და საკუთარი თავიც. მაგრამ დგება ხოლმე დრო, როცა „ბითლზის“, „ქვინის“ და „ფინქ ფლოიდის“ ქრესტომათიაში“ არაა პასუხი ჩვენს მწარედ აკვიატებულ კითხვებზე. იმ ამაღლებულსაც, რომელზეც ზემოთ ვწერდი, რეალობის სიხისტე შთანთქმას დაუპირებს („რამდენი ლექსი ჩაუყლაპავთ მეტროს ვაგონებს“).

„მე ქვიშისა და სევდის კაცი ვარ,

ჩემი ნაღველი ღვთისას ემთხვევა,

მოყოლებული გაიმ გაციდან

ვცხოვრობ და წვიმა წამშლის ერთხელაც“.

მაგრამ როცა რაღაცა მაინც რჩება აუმღვრეველი, „როგორც პატარა ბავშვის სიზმარი“, რომელიც ყველაზე კარგად პოეტს უნდა ესმოდეს, აღარც ბედისწერას ემორჩილები და ტატოს „სულო ბოროტოსავით“ უმისამართო პროტესტი აღმოგხდება, თუმცა ინკოგნიტო ადრესატი ცნობილია:

„რაც საჩვენოა ჟამი და წლები,

ჩემს ნაწერებში ნაშენებ ტაძრებს

ხანძრებს უკიდებ და ისე წვები“.

ამ ხანიერ უსასოობაში ყოველთვის გამოჩნდება კაცი თუ ღმერთი, რომელიც იდუმალ იმედად მოგევლინება და შენც მისკენ გადაშლი ხელს, გულიდან თუ ფიქრიდან გაწვდილს:

„ნუ შეაცბუნებს დუმილი ბერთა,

შეუჩვეველი ზამთრის სიცივე

და მე უძილო, სიზმრებში ფერმკრთალ,

სამადისოდ შემომიწვინე“.

ხანდახან თვითირონიაც ხომ გადარჩენაა, მოკლედ, ყველაფერი, რაც შვების მომგვრელია პერმანენტული სულიერი სუსხის, ტკივილებისას, რომლებსაც დრო – სიძველე და უძრაობა („საათის ლურსმნები“), გარემოებები გვთავაზობს:

„არც ისე ცუდად არ არის საქმე,

რომ ყოფილიყო ოდესმე კარგად“.

ყველა ადამიანი როდისღაც და რატომღაც „ღმერთივით მარტოა“, თუნდაც მაშინ, როცა იბადება ან როცა კვდება. ეს იმიტომაა, რომ ჩვენ რებუსი-სამყაროები ვართ ერთმანეთისთვის („რა გვჭირს ასეთი, აქ ვერავინ რომ ვერ გაგვიგო/ ჰოდა, გაშალე ფრთები ფართოდ, გავყვეთ ჯონათანს“), ხანდახან ამოუხსნელნი და, უარესიც, მიუღებელნი ვართ მშობლიური გარემოსთვისაც („მე დამამთავრეს, დამასრულეს, მომკლეს ათასჯერ/ და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენ ტყვიას მესვრიან“). თუმცა, აკაკისა არ იყოს, რა პოეტი ხარ, თუ არ ხარ გამოცანა?! და რა პოეტი ხარ, თუ სასტიკად არ გაგიცრუეს იმედები საქართველოში. აი, შოთა ვეკუას იმედგაცრუება „ქართულად“, ბერტოლდ ბრეხტის ფილოსოფიურ კაეშანს რომ გვახსენებს:

„ჰორიზონტს გაღმა მინდვრებია, ჩვენი საძვალე,

ბრიზებს ზურგი არ შეაქციო, ქარებლეწია,

ჩვენ ვლოცულობდით ბავშვობიდან, როგორც გვასწავლეს,

მაგრამ აღმართში მადლის ნაცვლად ქვა წაგვეწია…

სად მთავრდებიან ეს დღეები, მზისგან ნაშობი?!

როგორ გვამძიმებს ტკივილები უცხო და-ძმათა,

ოდესღაც სხეულს თუთუნივით მზეზე ვაშრობდით,

დაბოლოს, ცრემლიც გამოგვიშრა, სისხლიც დაძმარდა“.

ყველაზე დიდი ტკივილი ყველა პოეტისთვის საკუთარი ქვეყანაა ალბათ. შოთა ვეკუასთვის ის, რა თქმა უნდა, „სიმებდაწყვეტილი ჩონგური“ – საქართველოა („მოდი, წავიმღეროთ „აშოჩელა“), პრეისტორიული მძიმე ნაღვლით, საუკუნეები რომ გამოიარა და ჩვენშიც გადმოვიდა, ჩასახლდა, როგორც წყლული, „რომელიც უმარილოდ არ მორჩება“.

ერთხელ, როცა მე, ამ წერილის ავტორს, ფინანსურად მიჭირდა, ერთმა თვითკმაყოფილმა და თავის თბილ, ტკბილ კეთილდღეობაში, როგორც სანგარში, ცხოვრებისეული დარტყმების მოსაგერიებლად კომფორტულად მოკალათებულ-გამაგრებულმა, ასეთი რამ მირჩია: შენი ნაქარგები გაყიდე „მშრალ“ ხიდზეო. მე კი ძველი ჭეშმარიტება გამახსენდა, ზღაპრისა: მაძღარს რომ არასდროს ესმის მშიერისა, რადგან ისინი „მედალს“, ანუ ცხოვრებას სხვადასხვა მხრიდან უყურებენ („გუშინ ბაზარზე გავიტანე ძველი წიგნები“). მაგრამ ხედვის ის კუთხე, რომელიც ყოფისგან ზოგჯერ დაჩაგრულ პოეტს უჩნდება, ყოველთვის წილნაყარია სიბრძნესთან, როგორც ღვთაებრივ იმპულსებთან – ასე ხდება მისი, „წარსულიდან ნატყვიარი დღეთა მეცხედრის“, – „გასისხლხორცკაცება“, მის მიერ სიმართლის ატკივება. ადამიანი რომ „ადამიანისთვის დღეა“, ესეც პოეზიით ნასულდგმულევმა კაცმა აღმოაჩინა და ამგვარად, გადარჩენაცა და შვებაც ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა ა:

„სანამ ყველაზე სწორი სიტყვა გამოჩნდებოდა,

სანამ კაშკაშა ვარსკვლავივით აღმოგაჩენდი.

წაგიკითხე და წერტილივით შენთან გავჩერდი“.

ასე აღმოვჩნდებით ხოლმე სიყვარულის მადლმოსილ, თავისუფლების „საკანში“ („შენ ჩემი სულის ნამსხვრევებს/გაბარებ. ეს სისხლიც გამიშრა/ და შენგან სიცოცხლეს, ნასესხებს/ გაფიცებ, ხელი არ გამიშვა“).

ერთხელ მეგობარმა, რომელიც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს, მასწავლა აგრესიის „არეკვლა“, რომ გავუძლოთო მკვდრადშობილი დღეების უღიმღამო გროტესკულობას ყველამ, აგრესორმაც და იმანაც, ვინც მის ნეგატივს არ უშვებს თავის შიგნით, „კეთილი“ სარკესავით, რომელიც არაა ცუდის მთქმელი თუ მოსურნე, როგორც ერთ-ერთ ზღაპარშია. ეს იმიტომ, რომ ბავშვობა თუ დაგვეკარგა, მის ძიებაში, ხან „მხარზესიცოცხლეგადებულ“ სიკვდილს წავასწრებთ, ხანაც დროის ელიფსურ ორომტრიალში აღმოვჩნდებით და წარსული მომავლად დაგვიბრუნდება („გასწვრივ ტრიალებს ერთმანეთის ყველა ორბიტა/ მე კი დრო მინდა“). დრო, რომელიც სწორედ წარმავალი დასაზღვრულობით ასაინტერესოებს და გვიძვირფასებს წუთისოფელს…

„უდაბნოს ქვიშებს არ უნახავთ წლებია წვიმა,

ჰყავთ ჩაძირული კაპიტნები ჩაძირულ გემებს,

ვისვრით ფანჯრიდან ყოველ ღამე გაყინულ გვამებს,

ჩემს ეკლესიას გუმბათებზე შეახმა წვიმა“.

ესაა ის სოციუმი, რომელიც „ბებერ“, ნაადრევად დაბრძენებულ ბავშვებად აქცევს მოზარდებს. სწორედ ამიტომ უმატებენ ჩვენი შვილები გინებასა თუ ლოცვას („არადა, სული იარებით გადაგვიშავდა“). სამყაროც ასეთი ბავშვების ცრემლით იწონება თუ იზომება.

„ნასხივფერმკრთალი“ დღეებიც ყვავის ხოლმე და ეს ხსნაა, ოღონდ ერთი პირობით: „ასი წლის შემდეგ რაც იქნება, უნდა გჯეროდეს…გაიკაფება სისხლიანი ყველა ეკალი“.

ბედს წერს იგივე დრო და სივრცე, ბედს ვწერთ ჩვენც, ამ დროის მძევლები. ბედისწერისგან საშველიც არსებობს:

„არ შემიძლია, გავეცალო დროთა მაჯამას,

მშრალი ხელების გულებიდან ნაპოვნ სამყაროს,

ჩვენ ვმეორდებით, ერთმანეთის ყოფას ვაჯამებთ

და ერთმანეთის სულებია ჩვენი სამხარი“.

სიზიფეს ცხოვრება მძიმეა, მაგრამ მისთვის ის ლოდი ძვირფასია, როგორც ტანჯვა ქრისტიანისთვის („ტანჯვით მხიარულება“ – ბიბლიური სენტენცია), რადგან აღმართზე არაფრის ზიდვა კია მარტივი, მაგრამ სიცარიელისა და უსარგებლობის განცდას ბადებს. ასე რომ, ტვირთი როგორც ქრისტესთვის იყო წინაპირობა მისი დიდი მისიისა, ისე ადამიანისთვისაც საპატიოა – თუნდაც პოეტისთვის („წესით, ღიაა კარი ყველა სასაფლაოსი,/ მაგრამ ჩვენ ლექსში დაგვმარხავენ სამარადისოდ“). ლექსი კი მარადისობაცაა და დაუვიწყებელი სევდაც, თვალში სიზმრის ნამსხვრევივით ჩარჩენილი, სულ სხვა რაკურსით თუ პრიზმაში რომ დაგანახებს მოვლენებს. ეს კი ძალაა, რომელიც ვაჟა-ფშაველას ფოტოებში სწორედ მისი მზერიდან იღვრება და გვაიმედებს, რომ ყოფის დამარცხება შეგვიძლია:

„მე არ გავჩერდები, სანამ შემიძლია,

არც შენ დამინებდე, სანამ დამთავრდები“.

ეს „დაობებული ოცნებების“ ისევ ცისკენ გამშვებია. ცისკენ ახედვა კი საბაბია, რომ მასში ჩვენი ცხოვრების მიზანი ვეძებოთ და ძალმოსილების წყარო გამარჯვებებისათვის:

„მწყურია დანახვა ღია ცის,

დანამულ თვალებში შიში მაქვს,

სანამ იქ ვიღაცა ვაზნებს ცლის,

ჩვენ ვსხედვართ, ვკითხულობთ მიშიმას.

ქაოსი ტრიალებს ჰაერში,

ტირანებს – სიკვდილი, დამხობა!“.

ჩვენი „ცხოვრების სქოლიოში“ სამშობლო ბოლომდე რჩება მისი ტრაგიზმით ტანჯული სულების სისხლიან შიგთავსად, რომელიც მომავლის, იმედის, განახლებული სიცოცხლის წითელ ყვავილებად გადმოიღვრება ხოლმე:

„წვიმაა სისხლის თუ ცრემლების?!

ნერვები ღვთის ხელზე ჰკიდია,

ოდესღაც ჩვენც ასე ვევნებით

სიცოცხლის, სამშობლოს იდეას“.

ეს დიდებული, საუკეთესო მოცემულობაა იდეის კაცისთვის, თუმცა ნაღველთან ზიარი, როგორც ყველაფერი ამ არასრულყოფილ წუთისოფელში, როცა მაინც უხინჯოსკენ ისწრაფვი…

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ ისეთი ღირებული პოეზია, შოთა ვეკუა რომ გვჩუქნის და მის ლექსებში ამაღლებულის შეგრძნებისას თვალებში აბრწყინებული ვარსკვლავები ცრემლმა არ დაგვიბინდოს…

 

 

 

 

 რემედიაცია და „თანმიმდევრობის  დაცვა“    ისტორიის გაკვეთილზე

0

სწავლების სტატრატეგიების სრულყოფამ  განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა რემედიაციას,  მას თითქმის ყველა გაკვეთილზე შევხვდებით. რემედიაციას, რომელიც  უპირველესად კონტექსტის სწორად გაგებას ემსახურება, ისტორიის  სწავლების  დროსაც  აქტიურად  ვიყენებთ. ცნებებით, ფაქტებით, ბიოგრაფიული მონაცემებით გაჯერებული მასალის ათვისება, ფაქტებსა და მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირების აღქმა, განგებ ან შემთხვევით შერჩეული ეპიზოდების გამთლიანება და ზოგადად, ისტორიული პროცესის მთლიანობაში წარმოდგენა, ყველა მოსწავლისთვის თანაბრად დასაძლევი არ არის. ამიტომ  რემედიაცია  განსაკუთრებულ დახელოვნებას მოითხოვს   მასწავლებლისგან.

რემედიაციის  საკვანძო სასწავლო კომპონენტებია:

  • არსებულ ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება;
  • სწავლის სიძნელის დონისა და დავალებების მოთხოვნების გაკონტროლება;
  • მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა;
  • კითხვების დასმა;
  • დაკონკრეტება;
  • თანმიმდევრობის დაცვა;
  • უნარ-ჩვევის მოდელირება;
  • სტრატეგიული მინიშნებები;
  • დავალების შემცირება.

აღნიშნულ კომპონენტებს შორის გამოირჩევა კომპონენტი „თანმიმდევრობის დაცვა“, რომელიც წარმატებით შეგვიძლია „ჩავაშენოთ“  ნებისმიერ გაკვეთილზე, მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მასალა რთულია და  მთელი კლასი   განსაკუთრებულ  დახმარებას საჭიროებს.

თანმიმდევრობის დაცვა  გულისხმობს, რომ სწავლება იყოფა მცირე ეტაპებად ან კომპონენტებად. რემდიაციისთვის გამოყენებულ  ნებისმიერ  დავალებას, მაგალითად, ტექსტიანი ამოცანები,   იყოფა მცირე, მოკლე და თანმიმდევრულ ეტაპებად. უმჯობესია, თუ მასწავლებელი წინასწარ შეადგენს სამუშაო გეგმას და იმოქმედებს მის მიხედვით.  თანმიმდევრობის დაცვისას    მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ მასალას, ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს, უფრო ადვილად, მარტივად, დაძაბულობის გარეშე პასუხობენ გეგმის თითოეულ ნაწილს და  განიხილავენ საკითხებს.

 

ახალი მასალის ახსნის დროს აღნიშნული გეგმა ჩამოიწერება დაფაზე,  მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ როგორ გადადის ერთი საკითხი – მეორეში, როგორ ებმის ერთი შეკითხვის პასუხს – მეორე შეკითხვა და  თან  მუშაობენ შესაბამის  კონკრეტულ  დავალებებზე.

მაგალითად,  საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ეცნობა მოსწავლე რომის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა  და მისი საზღვრების გაფართოების შესწავლისას (ისტორია, 7 კლასი,  გამომცემლობა „დიოგენე“, & 34 / მოცემული თემა ყველა გრიფირებულ სახელმძღვანელოშია). „თანმიმდევრობის დაცვის“ კომპონენტის გამოყენებით მოსწავლეებს უადვილდებათ ვრცელი და რთული  მასალის აღქმა და გაგება:

1 ეტაპი ეთმობა   შესავალ ტექსტზე მუშაობას  – მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია რომაელთა განსახლების შესახებ;

2 ეტაპზე მიმდინარეობს  რუკაზე მუშაობა.  კლასი რუკის ლეგენდისა და პირობითი ნიშნების გამოყენებით, ნაბიჯ-ნაბიჯ  მუშაობს და ამოხსნის სიტუაციურ ამოცანას – „როგორ გაიზარდა რომის საზღვრები   დროთა განმავლობაში?!“

თუ კლასში სსს მოსწავლე ირიცხება, სათამაშო ტექნოლოგიის გამოყენებით და ასოციაციურ მეხსიერებაზე დაყრდნობით   ასრულებს დავალებას, მაგალითად, სავარაუდო დავალებებია: „მონიშნე  სახელმწიფოს საზღვრები.. იპოვე  ქალაქები.“..

3 ეტაპზე განიხილავენ   „პუნიკური  ომების“ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, რომელიც ვრცელ ანალიტიკურ ოპერაციებს მოითხოვს მოსწავლეებისგან. მასწავლებელი:

  • ჯერ სვამს შეკითხვას: „როგორ მდგომარეობაში იყვნენ რომაელები ომის საწყის ეტაპზე“ და სთხოვს მოსწავლეებს, რომ „ტექსტში მონიშნონ შესაბამისი ინფორმაცია“ (მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ რომაელები ომის საწყის ეტაპზე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყვნენ);
  • შემდეგ, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა საკითხის მიმართ ინტერესი არ დაკარგონ, ზედმეტად არ დაიძაბონ და ომის შემდგომი ეტაპები ნათელი დასანახი გახდეს, მასწავლებელი აქცენტს აკეთებს რემედიაციის მთავარ გზავნილზე – კონტექსტის სწორად გაგებაზე და   სვამს  ასეთ  შეკითხვას:  „როგორ გამოვიდნენ რომაელები იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი კანეს ბრძოლის წაგების შემდეგ აღმოჩნდნენ?“ „როგორ წარიმართა ომის ბედი ამის  შემდეგ? (მოსწავლეები მარტივად პოულობენ გაკვეთილის ტექსტში ამ კითხვის შემცველ კონტექსტს);
  • ასეთი შეკითხვებით მოსწავლეთა ყურადღება „გადაირთვება“ გეგმის მომდევნო ნაწილზე – „როგორ შეძლეს რომაელებმა ომის ბედის „შემობრუნება“, რა ახალი ღონისძებები გაატარეს და ა.შ“.  მოსწავლეებიც  ამ ახალ სააზროვნო ოპერაციებზე დაიწყებენ ფიქრს, ტექსტში მიაგნებენ შესაბამის ინფორმაციას (ან მასწავლებლის მონათხრობს დაუგდებენ ყურს)  და გადაწყვეტენ სასწავლო დავალებას.  ასეთი ნაბიჯებით პუნიკური ომების მთლიანი მიმდინარეობა და მისი გავლენა რომის სახელმწიფოს ბედზე  მოსწავლეებისათვის უფრო ადვილი აღსაქმელი გახდა.

 

სსს მოსწავლეც შესაბამისი ტექნოლოგიის (მაგალითად, სათამაშო ტექნოლოგია) გამოყენებით მუშაობს (დამოუკიდებლად, ან მასწავლებელთან ერთად, ან წყვილში), ცნებებს და ვიზუალურ მასალას უკავშირებს ერთმანეთს, პასუხობს მარტივი შინაარსის შეკითხვებზე,  მაგალითად, „რა დაგამახსოვრდა რომაელების ცხოვრებიდან?“,  შეკითხვის პასუხს მონიშნავს ტექსტში და სხვ.

 

4 ეტაპი –  გეგმის მიხედვით მოქმედებს მასწავლებელი მასალის გამტკიცების დროსაც:  რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეები ასრულებენ დავალებას -„რა ვისწავლეთ ახალი დღევანდელ გაკვეთილზე?“

 

თემის დასასრულს, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები  დაამთავრებენ რომის იმპერიის შესახებ საკითხების შესწავლას, მოსწავლეები ეცნობიან რომაული ყოფა-ცხოვრების წესს. აქაც  მოსწავლეები იცავენ თანმიმდევრობის პრინციპს და მიყვებიან მასწავლებლის გეგმას, რომელიც  თემის საყრდენი პუნქტების მიხედვითაა შედგენილი:

  • რატომ იყო რომი ძველი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი;
  • რა წარმოდგენები ჰქონდათ გარესამყაროზე რომაელებს, იცნობდნენ თუ არა სხვა ცივილიზაციებს;
  • რა საქმიანობას მისდევდნენ რომაელები, როგორი იყო მათი ღირებულებები;
  • საიდან ვგებულობთ ინფორმაციას ძველი რომაელების შესახებ.

ამ ეტაპზე სსს მოსწავლისთვის სავარაუდო დავალებებია (ცხადია, ინდვიდუალური თვისებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე): ტექსტის დალაგება/აგება სიუჟეტური სურათებით,  ფაზლის გამოყენება მიზნისთვის,   სქემატური ცხრილების შევასება  საყრდენი ცნებების გამოყენებით და სხვ.

„თანმიმდევრობის“ კომპონენტის გამოყენება შესაძლებელია  არამარტო ახალი მასალის ახსნისას, არამედ მოსწავლეთა გამოკითხვის დროსაც.  მაგალითად, მოსწავლის გამოკითხვისას მასწავლებელი სვამს შეკითხვას:

  • „რას გვიამბობ დღეისთვის/რაზე ისაუბრებ დღეს? რომელი გეგმის მიხედვით მოგვიყვები? გეგმის რომელი პუნქტით დაიწყებ?!“

ასეთი მიდგომით, განსაკუთრებით შედარებითი სუსტი მოსწავლეების შემთხვევაში,   მოსწავლეთა ყურადღება მიმართულია თემის ძირითადი არსის გახსნისკენ და  მოსწავლეთა პასუხები გაცილებით ნათელი, გასაგები და სიღრმისეულია.

თანმიმდევრობის დაცვის კომპონენტის გამოყენებით   საგაკვეთილო გარემო  ეფქტური, დემოკრატიული და მოსწავლეზე მორგებულია. ამის ნათელი მაგალითია „გიგის შემთხვევა“: „გაკვეთილზე გიგის ვთხოვეთ,  ესაუბრა  ერთ-ერთი თემის შესახებ. გიგი დაიბნა,  დიდხანს ფიქრობდა თოთოეულ სიტყვაზე, ვერ წვდებოდა ცნებათა შინაარსს და მეტწილად  არასწორად პასუხობდა. შენიშნვნაზე, რომ  მასალა სათანადოდ არ ჰქონდა მომზადებული,  გვიპასუხა, რომ  ისწავლა, მაგრამ არ შეეძლო მოეთხრო, გადმოეცა ნასწავლი. ცხადი იყო, რომ გიგიმ მხოლოდ მექანიკურად ჩაიკითხა გაკვეთილის ტექსტი  და ამიტომ ვერ შეძლო გააზრებული პასუხის გაცემა. ამის შემდეგ შევთავაზეთ, შესასწავლი თემის გეგმა გამოყენებინა, თანმიმდევრობა დაეცვა და  ისე  ესაუბრა საკითხის შესაქხებ. გიგის პასუხი გაცილებით გააზრებული და დამაჯერებელი იყო, ვიდრე წინა შემთხვევაში. შედეგად გიგის გამოუმუშავდა შესაბამისი უნარ-ჩვევა და გაუჩნდა რეალური მოტივაცია,   გეგმის გამოყენებით ესწავლა. მოსწავლის პასუხები გახდა გაცილებით გააზრებული და მისი ცოდნის დონეც ისტორიაში გაიზარდა“.  მსგავსი სიტუაცია ხშირად გვხდება გაკვეთილებზე.  

მოსწავლეებს  შეუძლიათ თანმიმდევრობის დაცვის კომპონენტი  გამოიყენონ როგორც ზეპირი დავალებების შესრულების დროს, ისე წერილობითი დავალებების მომზადებისას.

მაგალითად, დავალებები წერილობითი სამუშაოს დროს:

  • ვთხოვოთ მოსწავლეებს, დაწერონ მოთხრობა მათი თანატოლი რომაელი ბიჭის/გოგონას ცხოვრების შესახებ (მოთხრობის დაწერისთვის შეუძლიათ გამოიყენონ სახელმძღვანელოს ტექსტიც და ის  ლიტერატურაც, რომელიც ახლავს   სახელმძღვანელოებს ან  მასწავლებელმა შეურჩიოს, ან თავად მოიძიონ).   თანმიმდევრობის დაცვით და გარკვეული გეგმის მიხედვით, მოთხრობაში  მიუთითონ:
  • როდის წარმოიშვა რომი?
  • როგორ ცხოვრობდნენ რომაელები, როგორი ოჯახური ტრადიციები ჰქონდათ?
  • როგორი იყო მათი ყოფითი ჩვეულებები?
  • ივარაუდონ, რა საქმიანობით იქნებოდნენ დაკავებული ძირითადად რომაელი ბიჭუნები / გოგონები? როგორი იქნებოდა მათი სამომავლო გეგმები?
  • რამდენად შესაძლებელი იყო მათ მიეღწიათ წარმატებისთვის?
  • რა იციან გამოჩენილი რომაელების შესახებ?
  • და ა.შ.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ, თითო შეკითხვაზე თუნდაც ერთი წინადადება დაწერონ;
  • დავალების წარდგენის შემდეგ   კი შეაჯამონ, რაში გამოადგათ გეგმა, რამდენად მოხერხებული აღმოჩნდა მათთვის თანმიმდევრობის დაცვით მუშაობა.

შესაძლელია წერილობითი ბარათებიც შეთავაზოთ მოსწავლეებს  მარტივი შეკითხვებით:

  • „რა არის ჩვენი დღევანდელი შესასწავლი თემა?“
  • „როგორ ფიქრობთ, რაზე ვისაუბრებთ თემის დასაწყისში?“
  • „რა უნდა იყოს აქ მთავარი საკითხი?“
  • „როგორ შეიძლება მთავარი აზრი ჩამოვაყალიბოთ მოკლედ, გასაგებად და ერთი წინადადებით?!“

მოსწავლეები იწყებენ ვარაუდების გამოთქმას და შემდეგ, რადგან უკვე გამომუშავებული აქვთ „თანმიმდევრობის დაცვით“ მუშაობის უნარები, მასალის აღქმას და გააზრებას ადვილად ახერხებენ  და ალაგებენ თემის სავარაუდო საკითხებს შესაბამისი თანმიმდევრობით. წარმატების მიღწევა დამატებით სტიმულს აძლევს მოსწავლეს და კიდევ მეტი ინტერესით ერთვება სამუშაო პროცესში.

მასწავლებელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ  მოსწავლეები მუდმივად მოკლე პასუხებით არ შემოიფარგლონ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი აზროვნების სქემატიზაცია, ამიტომ თანდათან უნდა მოვთხოვოთ მოსწავლეებს ცალკეულ საკითხზე  სრული, გააზრებული პასუხების მომზადება, მტკიცებულებების მოყვანა, არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტების,  არამედ მთელი საგაკვეთილო მასალის გამოყენება და ა.შ.

„თანმიმდევრობის დაცვით“ მუშაობის შემდეგ  მოსწავლეები ეჩვევიან პასუხების აგებას და გარკვეული დრიოს შემდეგ  გეგმა  უკვე აღარ დაჭირდებათ.

მოცემულ შემთხვევაშიც, სსს მოსწავლესთან მუშაობისას, მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია სათამაშო ტექნოლოგიების მრავალფეროვანი მიდგომებიდან ამოარჩიოს ყველაზე უფრო მოსახერხებელი და მასზე დაყრდნობით შესთავაზოს დავალების შესრულება.

რემედიაცია და   კონკრეტულად  მისი კომპონენტი „თანმიმდევრობის დაცვა“,    საშუალებას აძლევს მოსწავლეებს   გაიაქტიურონ აზროვნება, იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ ხალისით  და შესაძლებლობების ფარგლებში გადაწყვიტონ დავალება, ამიტომ წარმატებით გამოიყენება სასწავლო პრაქტიკაში.

„პავიტრა ვანა” – წმინდა ტყე

0

კარნატაკა ინდოეთის ულამაზესი შტატია, რომელიც განსაცვიფრებელი მთის პეიზაჟებითა და პლაჟებით არის ცნობილი. მისი ადმინისტრაციული ცენტრი, ბანგალორი, ოდესღაც ბაღების ქალაქი იყო. იგი გამოირჩევა ინდოეთის მრავალი კარგად ცნობილი კოლეჯითა და კვლევითი ინსტიტუტით. ქალაქში მდებარეობს მძიმე მრეწველობის, პროგრამული უზრუნველყოფის, აეროკოსმოსური, ტელეკომუნიკაციების მრავალი კომპანია და თავდაცვითი ორგანიზაცია. ბენგალურუს ხშირად ინდოეთის სილიკონის ველს უწოდებენ

შტატი კარნატაკა

სამხრეთ ინდოეთის რეგიონის კარნატაკას სანაპირო ადგილობრივი თემებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივ მანგროებთან ურთიერთობაა. კარნატაკაში არის 300 ჰექტარზე მეტი მანგროს ტყე, რომელიც განაწილებულია სამ სანაპირო რეგიონზე.

 

კარვარი, რომელიც მდებარეობს კარნატაკაში, არის ზღვისპირა ქალაქი. იგი მდებარეობს მდინარე კალის სანაპიროზე. კარვარის მოსახლეობა თავგამოდებით იცავდა მანგროს ექსპლუატაციისგან. მაგალითად, დესტრუქციულმა ინდუსტრიულმა საქმიანობამ წარმოქმნა ტოქსიკური ქიმიკატები და დააბინძურა ადგილობრივი წყლის ობიექტები, რამაც გამოიწვია დისბალანსი, რომელიც მანგროებს პრობლემებს უქმნის.

 

„დიდია მანგროს ეკოსისტემის მნიშვნელობა. ტყის ნარჩენები, მოწოდებული საკვები ნივთიერებები, სპეციალურად ადაპტირებული ჰაერისა და მარილის გამფილტრავი ფესვები მანგროს ჭეშმარიტად უნიკალურ ეკოსისტემად აქცევს“, – განმარტა ბჰარატ იადავმა, მანგროს სპეციალისტმა ინდოეთის ლუკნოუს უნივერსიტეტიდან.

 

თუმცა, იადავმა თქვა, რომ უმცირესმა ცვლილებებმაც კი შეიძლება დაარღვიოს ეს დელიკატური მექანიზმები, რაც გავლენას მოახდენს უამრავ სიცოცხლეზე. მანგროები თამაშობენ დომინანტურ როლს კარვარის კულტურასა და ისტორიაში. კარვარის მცხოვრებლებისთვის თავის გადარჩენის საშუალება სწორედ მანგროს ტყეებია. ისინი არა მხოლოდ ჰაბიტატებს ემსახურებიან საზღვაო ცხოველების მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, არამედ წარმოადგენენ საკვებისა და დასაქმების ძირითად წყაროს. იცავენ დაუცველ სანაპირო თემებს კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედებისგანაც.

„საზღვაო საზოგადოებებში, რომლებიც დაბინძურებისა და ზღვის დონის აწევის დამანგრეველ შედეგებს ძალიან განიცდიან, ჩვენი მანგროების აღდგენა და გაფართოება არის გასაღები მომავლის უზრუნველსაყოფად“, – ამბობს სანდიპ ვარმა მანგროს მართვის დამოუკიდებელი ექსპერტი კარნატაკადან.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ტყეები წმინდაა და მათ წყალს სამკურნალო ძალა აქვს. 2011 წელს სატყეო დეპარტამენტმა კარვარის მანგროები „პავიტრა ვანად” – წმინდა ტყედ გამოაცხადა. ბევრი ადგილობრივი მცხოვრებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა, მანგროში გავრცელებული სამკურნალო ბალახები ისეთი ქრონიკული დაავადებების წამლად იქცა, როგორებიცაა ცხელება, გაციება, ასთმა და უნაყოფობაც კი. ამ „მედიკამენტის“ შესახებ ცოდნა თაობებს გადაეცემა აიურვედას პრაქტიკით, ალტერნატიული მედიცინით, რომელიც მომდინარეობს ინდოეთის ქვეკონტინენტიდან.

მანგროს ტყეები

კარვარის მცხოვრებლები ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებთან და სამთავრობო ერთეულებთან თანამშრომლობით ახორციელებენ ადგილობრივი მანგროს სახეობების ფართომასშტაბიან გაშენებას. სამუშაო ჯგუფის უმრავლესობაში შედიან ადგილობრივი მოხალისეები, რომლებსაც მთავრობები და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციები აფინანსებენ. ტყეების აღდგენის მცდელობები 1990 წლიდან მიმდინარეობს. თუმცა, 2004 წლის ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანის ციკლონის შემდეგ, ტყის გაშენების ინიციატივები კიდევ უფრო გააქტიურდა.

 

„მანგროებს ჩვენთვის ღრმა რელიგიური და კულტურული მნიშვნელობა აქვს, რაც გვაიძულებს, წვლილი შევიტანოთ მანგროს გაშენებაში. მე მასში ბოლო ექვსი წელია ჩართული ვარ”, – განმარტა მანჯუნათ პრაშანტმა, კარვარის მანგროს ტყეების აღდგენის სამუშაო ჯგუფის წევრმა.

 

ინდოეთის საპორტო ქალაქ ჰონავარში ადგილობრივები ასევე იბრძოდნენ მანგროს ტყის დასაცავად. მანგროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების სანერგეების უზრუნველყოფაში. ხეების ფესვები წარმოადგენს ბუნებრივ ფილტრს, რომელიც ასუფთავებს წყალს ახლომდებარე ქარხნების მიერ წარმოებული მძიმე ლითონებისგან. ისინი ასევე ხელს უწყობენ ეროზიის თავიდან აცილებას სანაპირო რაიონებში და იცავენ თემებს ციკლონ ტაუკესა და ციკლონ იაასის დროს, მძიმე ტროპიკული ციკლონებისგან, რომლებიც 2021 წელს მოხდა ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე.

 

ჰონავარის ძირძველმა თემებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტრატეგიული გეგმა შეიმუშავეს. მათი მიზანია მანგროს ტყეების კონსერვაცია და აღდგენა არსებული კრიტიკული მდგომარეობიდან. სტრატეგიული გეგმა მოიცავს საკონსერვაციო ზონების შექმნას, თევზჭერის კვოტებსა და ტურიზმის შეზღუდვას მანგროს ტყეში. მაგალითად, მანგროს დაზიანებული და განვითარებადი რეგიონები დახურულია საზოგადოებისთვის, ხოლო ზრდასრული რეგიონები მკაცრად კონტროლდება, თუმცა ღიაა საზოგადოებისთვის.

 

„ჩვენ დავრგეთ 14-ზე მეტი სახეობის სწრაფად მზარდი მანგროს ხეები დაზიანებული და ახალი რეგიონების აღსადგენად“, – თქვა მუქტი შეტიმ, პირველმა ქალმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მანგროს დარგვის ინიციატივას რეგიონში.

 

მანგროს ეკოსისტემებს უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მანგროს ტყეები მოიცავს ჩვენი პლანეტის ხმელეთის ზედაპირის მხოლოდ 0,1%-ს, ისინი ყოველწლიურად აგროვებენ დაახლოებით 24 მილიონი ტონა ნახშირბადს ნიადაგში, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის ტყის შემთხვევაში. მხოლოდ კარნატაკას მანგროები არ არის რისკის ქვეშ. მომდევნო 100 წლის განმავლობაში ყველა დაუცველი მანგრო შეიძლება გაქრეს. იუნესკოს კვლევამ აჩვენა, რომ მანგროები დედამიწაზე ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ ეკოსისტემათა შორისაა.

 

კარნატაკას სოფლის ტყის კომიტეტებმა აიღეს განსაკუთრებული ვალდებულება ამ სასიცოცხლო სოციალურ-ეკონომიკური რესურსების შესანარჩუნებლად. ანალოგიურად, ისინი მუდმივად მუშაობენ მანგროს გაახალგაზრდავებაზე.

 

ყველა ეს რესურსი, რომლებიც გაგიზიარეთ და რომლებსაც ვებგვერდზე ნახავთ, შეგიძლიათ კომპლექსურ დავალებად ჩამოაყალიბოთ.

 

გამოყენებული ვებგვერდი: https://www.oneearth.org/locals-of-karnataka-india-spearhead-efforts-to-save-and-restore-mangroves/

 

 

შემოქმედებითი წერის კონკურსი მოსწავლეებისთვის

0

ბავშვებს საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოხატვა მუდამ უხარიათ, უკან არ იხევენ. შემდეგ წერას სწავლობენ და საკუთარი დამოკიდებულება, სამყაროს თავისებური აღქმა ფურცელზეც გადააქვთ, თუმცა, მოგვიანებით, უკვე მოზრდილებს სამწუხაროდ, საკუთარ შესაძლებლობებში ხშირად ეჭვი ეპარებათ, ბავშვურ სილაღესა და უშუალობას თანდათან შორდებიან, აზრის თავისუფლად გამოთქმისაგანაც ხშირად თავს იკავებენ. იმასაც ფიქრობენ, რომ წერას რაღაც გამორჩეული და განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება. სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, საკლასო ოთახში და მის გარეთაც ხშირად შევახსენოთ მოზარდებს, რომ წერა ყველას შეუძლია; რომ მათი თვალით დანახული სამყარო ერთადერთი და განუმეორებელია; რომ ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს მწერალი, რომელიც შეიძლება ცოტა ხნით მიძინებულია. სწორედ ამ პატარა მწერლის გაღვიძებაა მნიშვნელოვანი, სათანადო პირობების შექმნა, მოკალათება და წერის პროცესით სიამოვნების მიღება.

ქარჩხაძის გამომცემლობამ შემოდგომის სემესტრში სკოლის მოსწავლეებისთვის წამახალისებელი კონკურსი გამართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის სწორედ იმის შეხსენება იყო, რომ შემოქმედებითი წერა ნებისმიერს ეხერხება. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს გურამ პეტრიაშვილის მოთხრობის, „უცნაური მხატვრის“, მხოლოდ საინტერესო დასაწყისი წააკითხეს,  გაგრძელება კი თითოეულს თავად უნდა შეეთხზა, მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედებითობის წყალობით უნდა მოეფიქრებინათ,  რა შეემთხვეოდა იისფერი ღრუბლით ჩამოფრენილ უცნაურ მხატვარს.  შედეგმაც არ დააყოვნა, კონკურსის თითოეულმა მონაწილემ სხვადასხვაგვარად გააგრძელა მოთხრობა – შემოქმედებითი წერის მთავარი ხიბლიც ხომ ესაა, ყველა წერს თავისებურად და საინტერესოდ.

თითოეულ სკოლაში კონკურსის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა გამომცემლობისგან სამახსოვრო საჩუქრები – სერტიფიკატები და წიგნები – მიიღეს. წამახალისებელმა კონკურსმა ნამდვილად დაამტკიცა, რომ „შემოქმედებითი წერა“ მიუწვდომელი ცნება კი არაა, არამედ ის ნებისმიერი ადამიანის შინაგანი სამყაროს, აღქმა-დაკვირვებებისა და აზრების გადმოცემის საშუალებაა. გამომცემლობა გაზაფხულის სემესტრში კვლავ გეგმავს კონკურსის ჩატარებას.

კონკურსმა თავის მთავარ მიზანს – მოზარდებში შემოქმედებითი წერის უნარის გამოვლენას – რომ მიაღწია, ამას კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულის ნაწერიც ადასტურებს. ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ გურამ პეტრიაშვილის მოთხრობის, “უცნაური მხატვრის“, დასაწყისისსა და მოსწავლეების ნაწერებს.

 

გურამ პეტრიაშვილი

უცნაური მხატვარი

 

ერთ ღრუბლიან დილას პატარა ქალაქის მოქალაქეებმა დაინახეს, რომ დიდ ღრუბელს ერთი პაწია ღრუბელი გამოეყო და წამოვიდა ქალაქისკენ.

ეს ღრუბელი სხვა ღრუბლებს არა ჰგავდა: იისფერი იყო და თითქოს ანათებდა კიდეც.

იისფერი ღრუბელი ქალაქის ერთ ქუჩაზე დაეშვა.

უყურებდნენ მოქალაქენი, სქელი ლეიბივით იდო ღრუბელი…

მართლა ლეიბს ჰგავდა, ღრუბელზე კაცი იწვა.

 

                                     ლიზი კაპანაძე, VIII კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა

…რომელსაც ეტყობოდა, რომ ფიქრებში ღრმად იყო ჩაფლული. იმ მომენტში იგი მხოლოდ ფიქრობდა და არ აინტერესებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. ღრუბელი კი ყველანაირად ცდილობდა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა. ამიტომაც ძალიან ნელა მოძრაობდა. ამ მანათობელმა იისფერმა ღრუბელმა ხალხის ყურადღება მიიქცია. ძალიან გაოცებულები უყურებდნენ და ფიქრობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა რომ ეს მომხდარიყო და ცდილობდნენ, გაეგოთ, რა ხდებოდა… ღრუბელი უფრო და უფრო ქვევით ჩამოდიოდა. ამ დროს ხალხმა შეამჩნია ამ მანათობელ ღრუბელზე რომ ძალიან ჩაფიქრებული  კაცი იწვა. პირველ რიგში, ის გაუკვირდათ, რომ ღრუბელზე ადამიანი შეამჩნიეს, მაგრამ უფრო მეტად ის აინტერესებდათ, თუ რაზე შეიძლება ეფიქრა ამ კაცს, რადგან მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჩაფიქრებული იყო, თან  ღრუბელზე იწვა. ხალხი ძალიან დაიბნა. გაუჩნდათ ძალიან ბევრი კითხვა. კითხვების დასმაც უცნაურად მოეჩვენათ და არც დაუსვამთ. მართლაც, რაზე შეიძლებოდა ეფიქრა მანათობელ ღრუბელზე მწოლიარე კაცს ისე, რომ მას არც აინტერესებდა, თუ სად იყო იგი?!

….ლიზიმ თავი ასწია. კლასში სამარისებური სიჩუმე იყო. გოგონამ თვალი მასწის მზერას გააყოლა. დაფაზე ეწერა: ,,მხატვარმა იისფერი ღრუბელი დახატა.“დაფასთან სანდრო იდგა,  ,,დახატა“ ზმნისათვის პირები შეეწყო და ახლა ობიექტის ირიბ-პირდაპირობას არკვევდა. ,,მხატვარი, უცნაური მხატვარი“- წამოიძახა ლიზიმ. მისკენ მიპყრობილ კლასელთა მზერას ღიმილი შეაგება, ზარი აწკრიალდა….

 

გიორგი მენაღარიშვილი, VII ბ კლასი, წმიდა გიორგის სახელობის სკოლა

კაცს ჩიტღრუბელა ერქვა. მას ლურჯი გრძელი შარვალი, გრძელი ფეხსაცმელი და წითელი მაისური ეცვა, თავზე კი სამკუთხედის ფორმის გრძელი ქუდი ეხურა, ერთი სიტყვით ნამდვილ სურვილების შემსრულებელ ჯინს ჰგავდა.

მას მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, მისის მისია ქალაქის გალამაზება და მოქალაქეების გახარება იყო. მის ღრუბელს ლაპარაკი შეეძლო, მას ფაფუკა ერქვა. ქალაქში წვიმა იშვიათად მოდიოდა. იქ სულ ღარიბი ხალხი ცხოვრობდა.

  • ეს სად ჩამოვფრინდით, ჩიტღრუბელა? – გაიკვირვა ფაფუკამ. მას ადრე არასდროს ენახა ასეთი ღარიბი ქალაქი.

გაკვირვებულებმა ქალაქის დათვალიერება დაიწყეს. უცებ, დაინახეს პატარა ბიჭუნა, რომელიც გულმოდგინედ ასუფთავებდა იქაურ მიდამოებს და თავისთვის ბუტბუტებდა:

  • ეჰ, ერთი კარგი, კამკამა წვიმა, როგორ გაალამაზებდა ჩვენს ქალაქს.

ჩიტღრუბელას და ფაფუკას მისი დახმარების სურვილი გაუჩნდათ, ისინი ცაში აფრინდნენ. ჩიტღრუბელამ თავისი დიდი ფუნჯი ამოიღო და ცაში წვიმის წვეთები დახატა და შუშხუნა წვიმა დაუშვა ქალაქზე, ერთიანად გადაირეცხა ქალაქის ქუჩები. ბიჭუნა და თავისი მეგობრები გახარებულნი დარბოდნენ წვიმიან ქუჩაში და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქალაქის თავზე შვიდფერა ცისარტყელა გამოისახა. ფაფუკა და მისი მეგობრები ბედნიერები ადევნებდნენ თვალყურს ბავშვების სიხარულს. ყველა ბედნიერი დარჩა.

 

ნუცა გაგოშიძე, VII კლასი, მომავლის სკოლა

ვერავინ ბედავდა ახლოს მისვლას; ყველას უკვირდა – ეს ვინ არიო?

ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი. ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი. ბრბო გაისუსა. ნახევარი ქალაქი მიცნობდა ჩემი გამბედაობით, მაგრამ ამას არავინ მოელოდა.

– ეთერ, რას აკეთებ, ფრთხილადო!

არაფერი არ შევიმჩნიე და ღრუბელს მივუახლოვდი. კაცს მშვიდად ეძინა. – ეტყობა, კარგი სიზმარი ესიზმრებოდა. ჯერ კარგად დავაკვირდი – მხატვარს ჰგავდა, ისე ეცვა… მოკლედ, მომბეზრდა მისი ასე ყურება და ცხვირზე თითი მივადე… არ განძრეულა, შევანჯღრიე – არაფერი. ბოლოს და ბოლოს სახეში სილა გავაწანი… მაშინ კი კაცმა თვალები ჭყიტა!!

ჩემს დანახვაზე, ისე შეჰკივლა, კაცი კი არა, ქალი გეგონებოდათ!

ბრბომაც ყვირილით უპასუხა. მე კი ოდნავ შეშინებულმა უკან დავიხიე.

კაცი წამოჯდა და მიმოიხედა. ხალხი შეშინებული უყურებდა.

მე თავი დავიმშვიდე – ნუ გეშინია, ეთერ. უბრალოდ კაცია, რომელიც ღრუბელზე, ნამდვილ იასამნისფერ ღრუბელზე ზის, – მორიდებით გავუწოდე ხელი – გამარჯობა – მივესალმე, იგი შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამომართვა ხელი – გამარჯობა.

  • თქვენი სახელი?
  • სახელით არ მომმართავენ.
  • მაშინ როგორ მოგმართოთ?
  • ღრუბელა-მხატვარს მეძახიან.
  • კიბატონო, მე ეთერი ვარ.

კიდევ მინდოდა, რაღაც მეკითხა, მაგრამ მშობლებმა ბრბოდან გამათრიეს და სახლში წამიყვანეს.

აუუ! კარგი რა!!!!

იმ საღამოს, სასეირნოდ ვიყავით გასული, როდესაც შევამჩნიე როგორ შევიდა ღრუბელა-მხატვარა ერთ მიყრუებულ კორპუსში.

ცნობისმოყვარე, უკან გავყევი. კიბეები ავირბინე, მიმოვიხედე. ღრუბელა ერთ შავ-კარიან ბინაში შევიდა. სანამ კარი დაიკეტებოდა, ბინაში გიჟივით შევვარდი.

სასტუმრო ოთახი ხალხით გადატენილი დამხვდა. ყველა ვიღაცას მისჩერებოდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ მოვახერხე და იმდენად ახლოს მივედი, რომ დამენახა რაც ხდებოდა. იჯდა ღრუბელ-მხატვარა თავის „ჯადოსნურ“ ღრუბელზე, მოლბერტზე ფურცელი მიემაგრებინა, რომელზეც ქალაქის ულამაზეს პეიზაჟს ხატავდა, რომელზეც ერთი ნაწნავებიანი, წითელ-კაბიანი გოგონა იყო გამოსახული. მხატვარი მოტრიალდა, შემამჩნია და ხელით მანიშნა – ეს შენ ხარო.

მე გამეღიმა.

ღრუბელა ჩემთან მოფრინდა და ნახატი გამომიწოდა. გამოვართვი, – მომავალ შეხვედრამდეო – თვალი ჩამიკრა, შეჯდა თავის ღრუბელზე და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა.

ი მ   დ ღ ი ს   მ ე რ ე   ი გ ი   ა ღ ა რ   მ ი ნ ა ხ ა ვ ს.

 

 

 

მოძრაობითი აქტივობის როლი ბავშვის განვითარებაში

0

ბავშვის განვითარებაზე საუბრისას, მისი მდგომარეობის გაანალიზებისა და შეფასების დროს, როგორც წესი, განიხილება სამი ძირითადი მიმართულებით – ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალურ-ემოციური – დაფიქსირებული ცვლილებები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი განცალკევებულია ერთმანეთისაგან. პირიქით, ერთი მიმართულებით მომხდარი ცვლილებები სერიოზულ გავლენას ახდენს სხვა მიმართულებით ბავშვის განვითარების მიმდინარეობაზე. სწორედ ამიტომ, ბავშვის განვითარება ერთ მთლიანობაში მოიაზრება და ფსიქოფიზიკური განვითარების ცნებით აღინიშნება. აქედან გამომდინარე, როცა ბავშვის განვითარების პროცესში მომხდარ ცალკეულ არასასურველ ცვლილებაზე ვსაუბრობთ და მის გამომწვევ მიზეზებს ვეძებთ, კარგი იქნება იმის გარკვევა ხომ არ არის ეს განპირობებული ბავშვის ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების არახელსაყრელი პირობებით.

ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასასურველი მდგომარეობაა შექმნილი ბავშვის ფიზიკური განვითარების მიმართულებით. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს დიდ ქალაქებში, სადაც ბავშვების თავშეყრისა და თამაშისათვის საჭირო ღია სივრცეების სერიოზულ ნაკლებობასთან, ცალკეულ შემთხვევებში კი ფაქტობრივ არარსებობასთან გვაქვს საქმე. ალბათ დღეს ეს უკვე აღარავის აკვირვებს იქ, სადაც ბავშვებისთვის სათამაშო ადგილების ნაკლებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად ფეხით მოსიარულესაც კი უჭირს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება. თუმცა, ისიც საინტერესოა, მრავლად რომ გვქონოდა ისეთი ადგილები, სადაც ბავშვები თავისუფლად მოახერხებდნენ ღია ცის ქვეშ თამაშს, გადადებდნენ თუ არა ისინი გვერდით თავიანთ სმარტფონებს, იტყოდნენ თუ არა უარს კომპიუტერულ თამაშებზე და დაკავდებოდნენ თუ არა მოძრავი თამაშებით. საეჭვოა მათ ეს გაეკეთებინათ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაშინაც კი, როცა ისინი თანატოლებთან, ან მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფებიან, ნაცვლად იმისა, რომ დატკბნენ ბუნების სილამაზით და მეტი იმოძრაონ, სმარტფონების ეკრანს თვალს ვერ წყვეტენ. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის სრულიად უცხოა ის მოძრავი თამაშები, რომლებიც წინა თაობის ადამიანებისთვის ბავშვობაში უსაყვარლეს გასართობ საშუალებად ითვლებოდა. დღეს ბავშვების მოძრაობითი აქტივობის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია გადამეტებული სასკოლო დატვირთვა. ხშირად ეს დატვირთვა ისეთ სახეს იღებს, რომ ბავშვს არათუ მოძრავი თამაშის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროც კი შეიძლება აღარ დარჩეს. პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ოთხკედელშუა გამოკეტილ და ონლაინგაკვეთილზე მყოფ ბავშვს თითქმის მთლიანად მოაკლდა ელემენტარული მოძრაობითი აქტივობის შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ ნებისმიერი აღმზრდელისთვის, როგორც მშობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის საინტერესო იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს მოძრაობითი აქტივობა ბავშვის ცხოვრებაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა დეფიციტმა ბავშვის საერთო ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე.

მოძრაობა, მოძრაობითი აქტივობა ბავშვის, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საკმაოდ ადრეული ასაკიდან პატარას ესაჭიროება სამყაროს შემეცნება, ამაში კი მას დიდ დახმარებას სწორედ მოძრაობითი აქტივობა უწევს. ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში მოძრაობის საშუალებით იწყებს მის გარშემო არსებული სამყაროს შეცნობას, ურთიერთობს მასთან, ემოციების საშუალებით გამოხატავს მის მიმართ დამოკიდებულებას. ასე რომ, პირველი წარმოდგენები სამყაროს შესახებ ბავშვს სწორედ მოძრაობების საშუალებით უჩნდება. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს მოძრაობები, მით უფრო მეტი ინფორმაცია გადაეცემა ტვინს და მით უფრო ინტენსიურია ინტელექტუალური განვითარება. მზარდი ორგანიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოძრაობით აქტივობას. ის დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე და განსაკუთრებით ტვინის ფუნქციონირებაზე. მოძრაობითი აქტივობა ხელს უწყობს გონებრივი შრომისუნარიანობის ამაღლებას, მეტყველების განვითარებას, ნებელობითი მოძრაობებისა და მოქმედებების ფორმირებას, რომლებიც საფუძვლად უდევს მოტორულ ქცევას. მოტორული აქტივობა, თავის მხრივ, წარმოადგენს აუცილებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს, რომელიც განაპირობებს ბავშვის სრულფასოვან ფიზიკურ განვითარებას.

მოძრაობის მოთხოვნილება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იჩენს თავს ბავშვში. მოძრაობის შეზღუდვა, საფენებში გახვევა ან ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლის ჩაცმა პატარაში მოუსვენრობის, შფოთვისა და ტირილის მიზეზია. და, პირიქით – საფენების ან მჭიდრო ტანსაცმლისგან განთავისუფლება და თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობის გაჩენა ამშვიდებს პატარას. ცოტა უფრო მოზრდილ ბავშვთან თითოეული შესრულებული მოძრაობის (ხოხვა, სიარული, ხტუნვა) თანმხლებია ნათელი ემოციური რეაქციები. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას, ნაკლებად განვითარებული, არაემოციური არიან. ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის უკვე საკმაოდ ადრეული ასაკიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია მოძრაობითი აქტივობა.

რამდენადაც მოძრაობითი აქტივობა ბავშვის ბიოლოგიურ მოთხოვნილებას და ნორმალური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შეზღუდვა. მოძრაობის შეზღუდვის პირობებში მკვეთრად ნელდება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარება. მოძრაობითი აქტივობა, განსაკუთრებით ხელის მოძრაობა და წვრილი მოტორიკის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, დღეს ბავშვები 2-ჯერ ნაკლებ დროს ხარჯავენ მოძრაობით აქტივობაში, ვიდრე ეს მათი ასაკობრივი ნორმებით არის გათვალისწინებული. ჰიპოდინამია – არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა საკმაოდ ხშირად ფიქსირდება მოზარდებში. ჰიპოდინამია პირველ რიგში აზიანებს კუნთოვან სისტემას – მუშაობის გარეშე კუნთები სუსტდება, შემდეგ კი ატროფირდება, ქვეითდება კუნთოვანი ტონუსი, შრომისუნარიანობა, ამტანობა, გამძლეობა, მცირდება კუნთების მასა და მოცულობა, ირღვევა მოძრაობების კოორდინაცია, თავს იჩენს დეპრესია და ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. ჰიპოდინამიის დროს სერიოზული ცვლილებები ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაში. რადგანაც არ მუშაობს კუნთები, რომლებიც სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას ეხმარება, თავის ტვინს საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება სისხლი, შედეგად აღმოცენდება თავის ტკივილი, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება. გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო ასაკში ჰიპოდინამია ჩვეულებრივ დაკავშირებულია ბავშვის არარაციონალურ დღის განრიგთან, სასწავლო საქმიანობით მის გადატვირთვასთან, ჰიპოდინამიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება იქნება ფიზიკური ვარჯიში, დღის რეჟიმის სწორად შედგენა, სპორტით დაკავება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური შრომა, სრულფასოვანი კვება, ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დროის შეზღუდვა, დროულად დაძინება, რადგან ძილის დეფიციტი გამანადგურებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანის და მით უმეტეს ბავშვის ორგანიზმისთვის.

ყოველ მშობელს სურს, ხედავდეს საკუთარ შვილს ჯანმრთელს, მხიარულს, ფიზიკურად განვითარებულს. ამისათვის კი აუცილებელია მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მან შეძლოს ასაკის შესაბამისი მოძრაობების დაუფლება. მოძრაობები მრავალმხრივ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და ეს გავლენა განუზომლად მნიშვნელოვანია მზარდი და განვითარებადი ორგანიზმისთვის. მოძრაობითი აქტივობა არის ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური, მისი ფსიქოფიზიკური განვითარების მთავარი ფაქტორი, ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი პირობა – მოძრაობის გარეშე ბავშვი ჯანმრთელი ვერ გაიზრდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ბავშვთან მუშაობა მოტორული სფეროს განვითარებაზე, მით უფრო ნაკლები იქნება მის მოტორიკაში გადახრების აღმოცენების ალბათობა და მით მეტ დადებით გავლენას მოახდენს მოძრაობითი აქტივობა მის ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე. გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია მოტორულ განვითარებაში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება, ვიდრე აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევა.

 

 

 

მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში

0

სწავლება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. მრავალფეროვანი გამოცდილება და მეთოდებია საჭირო, რომ წარუძღვე და შედეგზე ორიენტირებული გახადო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. მასწავლებელი – ეს არის მთავარი ღერძი, საყრდენი და საფუძველი მომავალი თაობის ფორმირების პროცესში.

საზოგადოდ, პიროვნების აღზრდა მრავალ ასპექტს მოიცავს, მაგრამ თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე  მოქალაქის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის.

მაინც რას გულისხმობს დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა?

ასეთმა მოქალაქემ იცის თავისი მოვალეობები, უფლებები და პატივს სცემს სხვის უფლება-მოვალეობებს. მას შეუძლია გონივრული არჩევანის გაკეთება, შეუძლია, აირჩიოს ის, რაც ამ მომენტისთვის საუკეთესოა ან არჩევანი გააკეთოს უკეთესსა და უარესს შორის.

რა გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეს შეუძლია, მისცეს თავს შეცდომის უფლება და ნაკლებად ღელავს საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ჭორ-მართალზე.

დემოკრატიულობა ნიშნავს თანასწორუფლებიანობას, კაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობების აღიარებას, სტერეოტიპებისგან თავისუფალ აზროვნებას და ნებისმიერი განსხვავებული აზრის პატივისცემას. შესაძლოა არ ეთანხმებოდე, არ იზიარებდე სხვის მოსაზრებას, მაგრამ პატივს სცემდე მას, აუგად არ მოიხსენიებდე და არ აკნინებდე. დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე პაექრობის, დავის, დებატების დროს აღიარებს სამართლიან მარცხს, იზიარებს მეტოქის გამარჯვების სიხარულს. ის კანონმორჩილია და კანონის უზენაესობის წინაშე თავი დამცირებულად არ მიაჩნია. და კიდევ ბევრი, ბევრი რამ…

ალბათ მიხვდით, რაოდენ აღმატებულია მასწავლებლის როლი. ასეთი თვისებებით შემკული მოქალაქე რომ აღზარდოს, თავად მასწავლებელი უნდა იყოს დემოკრატიული. აი ასე, დემოკრატიული მასწავლებელი დემოკრატიული მოქალაქისთვის!

მასწავლებლის როლი თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის ფორმირების პროცესში სწავლების ყველა საფეხურზე უდიდესია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დემოკრატიული მოქალაქის ფორმირება დაწყებითი სწავლების ეტაპზევე დავიწყოთ. სწორედ ეს ეტაპია საყრდენი, აქ ეყრება მყარი საფუძველი დემოკრატიულ ღირებულებებს. რაც უფრო ძლიერი ფუნდამენტი აქვს შენობას, მით უფრო გამძლე და მაღალი შეიძლება აშენდეს იგი. აშენება, დაშენება და დამშვენება კი ყოველთვის შესაძლებელია.

ჩემი პედაგოგიური დაკვირვების საფუძველზე შემიძლია დავასახელო რამდენიმე მიგნება, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პატარები თამაშით სწავლობენ, ამიტომ მათ „ბარათებით დაწყვილების“ მეთოდის ვარიაცია შევთავაზე. მოსწავლეების ნაწილს მკერდზე ვამაგრებ ბარათს მათემატიკური გამოსახულებით, ხოლო ნაწილს – გამოსახულების პასუხით. თითო მაგალითს აქვს თითო პასუხი. ბავშვები ამ ბარათებით პოულობენ ერთმანეთს და წყვილდებიან. დაწყვილებულმა მოსწავლეებმა კლასის წინაშე უნდა ისაუბრონ ერთმანეთზე.

ეს სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მშვიდობიანად დაამყარონ კონტაქტი სხვებთან. აღმოაჩინონ ახალი და საინტერესო მხარეები, აჩვევს ერთმანეთის პატივისცემას და კომუნიკაციის ეფექტურად დამყარებას, ეს კი თავისუფალი და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ძალიან კარგი შედეგი აქვს კიდევ ერთ აქტივობას: ერთ ფურცელზე ხატვას წყვილებში. ეს საინტერესო და სახალისო აქტივობაა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. თაბახის ფურცელი გაიკეცება სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ გაიშლება. მოცემულ ფურცელზე ორი მოსწავლე ფურცლის გარეთა მესამედებზე ცალ-ცალკე ხატავს იმას, რაც სურს, ხოლო რას დახატავენ შუაში, ამის თაობაზე უნდა შეთანხმდნენ და ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინონ.

ეს აქტივობა იმით არის კარგი, რომ ხელს უწყობს მოლაპარაკების, დათმობის, შეთანხმების, ეფექტური კომუნიკაციისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარების ჩამოყალიბებას, ეს უნარები კი აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მასწავლებელი სახალისო ფორმით ავითარებს დემოკრატიული კულტურის ელემენტებს მოსწავლეებში.

საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კლასისთვის წესების შემუშავება ქმნის წესრიგის წინაპირობას. მოსწავლეები, რომლებიც თავად ქმნიან წესებს ან წესების შექმნაში მონაწილეობენ, უფრო მეტად ცდილობენ მათ დაცვას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ გვინდა, ვასწავლოთ მოსწავლეს კანონის მორჩილება, აუცილებელია, დაწყებით კლასებში ამ წესების შემუშავებას, მათ დაცვას და განხორციელებას მივაჩვიოთ.

დაწყებით კლასებში, მიზანშეწონილია, შევთავაზოთ მოსწავლეებს წესის რამდენიმე ვარიანტი, ხოლო პატარები დემოკრატიული გზით შეთანხმდნენ, რომელია მათთვის უფრო მისაღები და რომლის შესრულებას შეძლებს ყველა. მათ წვლილს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებს უჩნდებათ „საკუთრების“ შეგრძნება და კლასის როგორც მიკროსაზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის გამოცდილებას იძენენ, აცნობიერებენ კავშირს უფლებებსა და პასუხისმგებლობას შორის.

აღზრდაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მთელი წყება ფაქტორებისა, რომლებიც ამ პროცესზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოში ცხოვრობენ და ეს გარემო გავლენას ახდენს თითოეული მათგანის ჩამოყალიბებაზე. ყველა მოსწავლე ცხოვრობს ოჯახში. ოჯახი პატარა საზოგადოებაა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. შესაბამისად, მოსწავლეებზე მისი გავლენა ძალიან დიდია. თუ ოჯახმა სწორი ღირებულებების დამკვიდრებისთვის მასწავლებელთან არ ითანამშრომლა და ხელი არ შეუწყო ამ პროცესს, ცხადია, მასწავლებლის ძალისხმევა ნაკლებშედეგიანი იქნება. სწორედ ამიტომაა მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანი. მან სწორად უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის გარემოცვა და დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები. კარგია ოჯახის წევრებთან ხშირად შეხვედრა და გულახდილი საუბარი, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობის ჩართვა.

შევაჯამოთ: რა შეგვიძლია ჩვენ, მასწავლებლებს? ჩვენ შეგვიძლია, სწორი ღირებულებები ჩავუნერგოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მათ კლასში საკუთარი თავის გამოვლენა, მივცეთ შეცდომის უფლება და მისი გამოსწორების შესაძლებლობა, მოვსინჯოთ სხვადასხვა გზა, მეთოდი, სტრატეგია, რათა აღვზარდოთ ისინი თავისუფლად მოაზროვნე დემოკრატიულ მოქალაქეებად, მოვამზადოთ საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი. დემოკრატიის სწავლება. წიგნი VI

„რა რისკებს შეიცავს ბავშვების ზედმეტად დაცულ გარემოში აღზრდა, როცა ისინი უსაფრთხოების მიზნით სახლში გამოკეტილები არიან“

0

ინტერვიუ რიჩარდ ლოუვთან

რიჩარდ ლოუვი არის ჟურნალისტი და 10 წიგნის ავტორი, რომელთა შორისაა “უკანასკნელი ბავშვი ტყეში: როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები ბუნების დეფიციტის სინდრომისგან” და “ბუნების პრინციპი: როგორ აღვადგინოთ კავშირი ბუნებასთან ვირტუალურ ეპოქაში.”  რიჩარდ ლოუვის წიგნები თარგმნილია ოც ენაზე.  იგი გახლავთ თანადამფუძნებელი და  საპატიო თავჯდომარე  არასამთავრობო ორგანიზაციის “Children & Nature Network”, რომელიც ეხმარება ბავშვებს ბუნებასთან დაახლოებაში. ცხოვრობს ჯულიანში, კალოფორნიაში. ინტერვიუ ჩაიწერა ჯურნალისტმა პამელა დრანკერმანმა

რატომ არის ბუნება ასეთი მნიშვნელოვანი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის? რას  ნიშნავს “ბუნების დეფიციტის სინდრომი”?

კვლევებმა გვიჩვენა,  რომ როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, ბუნებასთან ურთიერთობა სარგებლის მომტანია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და აუმჯობესებს სწავლის უნარს. ბუნებაში კონტაქტი ამშვიდებს ბავშვებს, ეხმარება მათ ყურადღების კონცენტრირებაში, ამცირებს  ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომებს. ასევე, ხელს უწყობს კოგნიტური უნარების განვითარებასა და ჭარბი წონის პრობლემის გადაჭრას; ამცირებს მიოპიას (ახლომხედველობას).

“ბუნების დეფიციტის სინდრომი” სამედიცინო დიაგნოზი არ არის, თუმცა თვალსაჩინო ტერმინი, მეტაფორაა, რომელიც გვეხმარება ზუსტად აღვწეროთ ის მოვლენა, რაც კაცობრიობისთვის ბუნებასთან გაუცხოებამ მოიტანა. აღნიშნულს ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს. ბუნება, რა თქმა უნდა, ყველაფრის წამალი ვერ იქნება, მაგრამ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მათთვის სტრესულ გარემოში, მათდაუნებურად აღმოჩნდნენ.

შეგიძლიათ უფრო ზუსტად განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ როდესაც                “ბუნებაზე” საუბრობთ? „ბუნებაში“ გულისხმობთ ველურ ტყეს, თუ ეს უბრალოდ გამწვანებული სათამაშო მოედანიც შეიძლება იყოს?

ბუნება შეიძლება აღმოვაჩინოთ როგორც ბუნების წიაღში, ასევე ქალაქის შუაგულში.   ეს შეიძლება იყოს პარკი ან მყუდრო კუთხე, სადაც ერთი ხე დგას; ღია სივრცეში მოთავსებული ქოთნები, სადაც ბოსტნეული მოყავთ; ან თუნდაც ღია სივრცე, საიდანაც ცა და ღრუბლები მოსჩანს. ბუნება მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეშიც შეიძლება ვიპოვოთ.

ბუნებასთან ურთიერთობა ყოვედღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. თუ ქალაქების დაგეგმარებისას ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობას და ბიომრავალფეროვნებას გავითვალისწინებთ, ეს ურთიერთობა მართლაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

 თქვენ აღნიშნავთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბავშვების ურთიერთობა და დამოკიდებულება ბუნებასთან რადიკალურად შეიცვალა. შეგიძლიათ მიზეზებზეც გვესაუბროთ?

მიზეზი მრავალია, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები, არასათანადოდ მოწყობილი საცხოვრებელი რაიონები, ტოქსინებით დაბინძურებული და განადგურებული საცხოვრებელი გარემო. ტექნოლოგია თავისთავად არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა რაც მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობა ტექნოლოგიით გაჯერებული, მით უფრო გვესაჭიროება მეტი სიახლოვე ბუნებასთან. ბუნებაში თამაშის ნაცვლად, დღესდღეისობით, ბავშვები  მეტ დროს სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოებთან ატარებენ.

თქვენ ასევე აღნიშნავთ, რომ  უფროსები ზედმეტ სიფრთხილეს იჩენენ და გადამეტებულად ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხოებაზე. როგორ აისახება ეს ბავშვების ბუნებასთან ურთიერთობაზე?

დიახ, მედია ხშირად აღვივებს გადამეტებულ შიშს უცხო ადამიანების მიმართ, წერენ რა იმ საშიშროებაზე, რაც ბავშვების უცნობებთან ურთიერთობას ახლავს. ზოგიერთი უბანი, მართლაც ნაკლებ უსაფრთხოა, თუმცა რაიონების უმეტესობა არც ისე საშიშია, როგორც მედია საშუალებები ამას წარმოაჩენენ. ოჯახები, სკოლები და მთლიანად საზოგადოება, ცდილობს, რომ პატარებისთვის “რისკებისგან დაცული” გარემო შექმნან. ეს კი, შემდგომში, ბავშვებისთვის  კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

სწორად უნდა ავწონოთ, რა უფრო საზიანოა ბავშვებისთვის. შეიძლება სახლის გარეთ ბავშვები არ იყვნენ საფრთხისგან სრულად დაცული, თუმცა ბავშვების   სახლში გამოკეტვა უსაფრთხოების მიზნით, მომავალი თაობების ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის შეიძლება იყოს ზიანის მომტანი. ბავშვების სახლში გამოკეტვა იწვევს, მაგალითად, ჭარბწონიანობას; ასევე, ძლიერდება  ბავშვებში მარტოსულობის განცდა.

როგორ უნდა ვუზრუნველვყოთ ბავშვებისა და მათი მშობლების მეტად დაახლოება ბუნებასთან? რა პრაქტიკულ აქტივობებს შემოგვთავაზებდით?

ამჟამად ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია “Children & Nature Network”-ი თანამშრომლობს ქალაქების ეროვნულ ლიგასთან და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებისა და სოფლების 19,000 მერთან. ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ, რომ  ქალაქებში ბუნება მეტად იყოს დაცული იყოს; მეტი  “მწვანე” სივრცე შეიქმნას ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით წარმატება მეტწილად ჩვენს პირად არჩევანზეა დამოკიდებული. როგორც მშობლებმა, ასევე განათლების სფეროში ჩართულმა პირებმა, მეტი დრო უნდა გაატარონ ბუნებაში ბავშვებთან ერთად. ადგილობრივ პარკში რეგულარული, მოკლე გასეირნება, პიკნიკების ორგანიზება, ან ღია სივრცეში ქოთნებში მცენარეების დარგვაც კი, საკმარისია ბუნებასთან მეტი სიახლოვისთვის. თავიდან, გამიზნულად უნდა დავგეგმოთ აქტივობები  გარე სივრცეში, შემდგომ კი ეს,  თანდათანობით, ყოვედღიურობის ნაწილი გახდება.

თუკი  კალენდარში, მაგალითად, ფეხბურთის თამაშებს ვინიშნავთ, რატომ არ შეიძლება კალენდარში ბუნების წიაღში განსახორციელებელი აქტივობებიც დავიტანოთ. არასოდეს არ არის ძალიან ადრე ან ძალიან გვიან ვასწავლოთ ბავშვებსა და უფროსებს ბუნებასთან კავშირის დამყარება.

ხედავთ წინსვლას ამ მიმართულებით?

როდესაც ვმუშაობდი წიგნზე  “უკანასკნელი ბავშვი ტყეში”,  მხოლოდ 60 ნაშრომი მქონდა ხელთ, რაც წერაში მეხმარებოდა. ამჟამად, Children& Nature Network–ის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1,000 ნაშრომს მოიცავს. ეს რა თქმა უნდა კარგი ნიშანია, რომ არაფერი ვთქვათ ისეთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობის ამ ახალი პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ასევე, უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოძრაობა, რომელიც სკოლების ეზოების მეტად გამწვანებაზეა ორიენტირებული.

როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია კლიმატურ ცვლილებებზე, ისე, რომ “გარდაუვალი კატასტროფების” შიში არ გავუღვიძოთ?

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ეკოლოგიურ პრობლემებით გამოწვეულ შფოთვას “გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფების შიშს” უწოდებს. როგორც 2020 წელს “Lancet-“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, “კლიმატური კატასტროფებით გამოწვეული შფოთვა  მოიცავს  პანიკურ შეტევებს, უძილობას და აკვიატებულ ფიქრებს”. ასეთი სიმპტომები შეიძლება ბავშვებშიც გამომჟღავნდეს.

მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების გაცნობა ადამიანებს ქმედებისკენ არ უბიძგებს. ბავშვები  უნდა იყვნენ ინფორმორებული ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ ინფორმაციის მიღება ბუნების შესახებ უშუალოდ ბუნების წიაღში. ეს მათ ბუნების აღქმასა და მის შესახებ ცოდნას ნაკლებ აბსტრაქტულს გახდის. ბავშვები შეიძლება კარგად იყვნენ ინფორმირებული შორეული ამაზონის გაჩეხილი ტროპიკული ტყეების შესახებ, თუმცა  არაფერი იცოდნენ ადგილობრივი პარკებისა  და ტბების ბინადრებზე.

ჩვენი და ჩვენი ბავშვების დაახლოება  და უშუალო კავშირის დამყარება ბუნებასთან, არამარტო დაგვანახებს გზებს, თუ როგორ ვიბრძოლოთ ბუნების გადასარჩენად, არამედ  დაგვეხმარება ‘დავთესოთ მარცვლები,’ როგორც ირიბი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, მეტად “გამწვანებული” მომავლის უზრუნველსაყოფად.

სტატიის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: earlychildhoodmatters.online/2021-18.

 

 

საათის კუთხეები – გაკვეთილის გეგმა

0

ისრებიანი საათის გამოყენებით კუთხის ზომის განსაზღვრა მათემატიკური პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან ცნებასთან: კუთხეებთან და დროსთან. საათის ისრებს შორის კუთხის ზომის დადგენა ხელს უწყობს კუთხის კონცეფციის გააზრებას და პროცედურული ცოდნის განმტკიცებას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას.

წარმოგიდგენთ საინტერესო გაკვეთილის გეგმას მეშვიდეკლასელთათვის.

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელირება, კანონზომიერება, ლოგიკა

საკითხი/ქვესაკითხი: კუთხე. კუთხის ზომის დადგენა

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგი:

  • მსჯელობა-დასაბუთების მეშვეობით გეომეტრიული ფიგურის ელემენტებს შორის კავშირის დადგენა (მათ.საბ.1,2,3);
  • ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას (მათ. საბ. 1, 2, 5, 6, 7, 8);
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ნახაზის აგება ან / და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 11).

 

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კუთხის ინტერპრეტაციას ციფდერბლატზე გამოსახული დროის მიხედვით ან/და პირიქით. შეძლებენ ცოდნათა ურთიერთდაკავშირებით კუთხეების ზომების განსაზღვრასა და შეფასებას.

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

ისრებიანი საათის ციფერბლატს წრიული ფორმა აქვს, ამიტომ პირველი, რასაც საათს დავუკავშირებთ, არის წრე და მისი გრადუსული ზომა.

ვიხსენებთ, რომ წრე არის სრული კუთხე და შეადგენს 360°-ს.

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:

  • რამდენი საათია ციფერბლატზე?
  • ერთი საათი წრის რა ნაწილია?
  • რამდენი წუთია ციფერბლატზე?
  • ერთი წუთი წრის რა ნაწილია?
  • როგორ მოძრაობენ საათის მოდელზე ისრები?
  • რას იტყვით ისრების მოძრაობის სიჩქარეზე?

ასევე გავიხსენებთ მართი, მახვილი, ბლაგვი კუთხის სახეებსა და მათ ზომებს.

აქტივობა 2. პატარა ისარი

  • რა კუთხეა საათის ისრებს შორის პირველ საათზე?

კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს დავუსვი:

  • ციფერბლატზე რა რიცხვს აჩვენებს წუთების ისარი?
  • ციფერბლატზე რა რიცხვს აჩვენებს საათების ისარი?

ამიტომ უნდა ვიპოვოთ კუთხე 12-სა და 1-ს შორის.

დაიხმარეთ ციფერბლატის მოდელი:

  • რამდენი ასეთი კუთხეა, სრულ კუთხეში?

მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ, რომ სრულ შემობრუნებაში არის 12 საათი და საათის თითოეული დანაყოფი მთელის მეთორმეტედია, ანუ 360°:12=30°.

ამის შემდეგ მარტივად უპასუხებენ კითხვებს ციფერბლატის გამოყენებით:

რამდენგრადუსიან კუთხეს ქმნის საათის წუთებისა და საათების ისრები:

. 2 საათზე?

. 16 საათზე?

. 5 საათზე?

. 19 საათზე?

 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები თავად ახდენენ საათების ისრის მოძრაობის მათემატიკურ მოდელირებას კუთხეებში:

 

საათების (პატარა) ისარი
1 საათში 30°
2 საათში 30°·2=60°
5 საათში 30°·5=150°
. . .
n- საათში 30°·n=30n°

 

აქტივობა 3. პატარა ისარი

მოსწავლეები ციფერბლატის გამოყენებით უპასუხებენ კითხვებს:

რა ზომის კუთხეს ქმნის წუთების ისარი წუთიდან წუთზე გადასვლისას?

რამდენი ხანი სჭირდება წუთების ისარს სრული კუთხის „გასავლელად“? (60 წთ)

1 საათში რამდენ გრადუსს „გაივლის წუთების ისარი?

1 წუთში რამდენ გრადუსს „გაივლის“ წუთების ისარი?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები თავად ახდენენ წუთების ისრის მოძრაობის მათემატიკურ მოდელირებას კუთხეებში და  ჩაიწერენ გამოსახულებას.

წუთების (დიდი) ისარი
1 საათში 360°
1 წუთში (სრული კუთხის 1/60) 360°-ის 1/60=6°
5 წუთში 6·5=30°
10 წუთში 6·10=60°
n- წუთში 6°·n=6n°

 

აქტივობა 4. დიდი და პატარა ისრები

ჩვენ ვიცით, რომ ციფერბლატზე დიდი და პატარა ისრები სინქრონულად მოძრაობენ. გამოვიკვლიოთ, როგორ?

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:

 

რამდენი გრადუსი იქმნება ციფერბლატზე 12-სა და 1 -ს შორის? (30°)

რამდენი ხანში „გაივლის“ 30°-ს პატარა ისარი? (1 სთ)

რამდენ ხანში „გაივლის“ 30°-ს დიდი ისარი? (5 წთ)

პატარაზე რამდენჯერ სწრაფად მოძრაობს დიდი ისარი? (12-ჯერ)

რამდენგრადუსიან კუთხეს „გაივლის“ პატარა ისარი, თუ დიდი 1 წუთით წინ წავა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები თავად ადგენენ ურთიერთდამოკიდებულებას:

 

საათების (პატარა) ისარი
1 წუთში გადის საათის 1/60 -ს. ე.ი 30°-ის 1/60-ს 30°:60=0,5°
2 წუთში 0,5°·2=1°
5 წუთში 0,5·5=2,5°
20 წუთში 0,5·20=10°
n- წუთში 0,5°·n=0,5n°

 

შეიძლება პროპორციის გამოყენებაც:

 

წუთების ისარი საათის ისარი
1სთ 60° 30°
½ საათი 30° 15°
1/3 20° 15°
1/4 15° 7,5°
. . .

 

აქტივობა 5 (განმტკიცება). კუთხე ისრებს შორის

თვალსაჩინო მოდელების გამოყენებით იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 2:30-ია.

სად მდებარეობს ციფერბლატზე თითოეული ისარი?

 

თითოეული ლურჯი სექტორი მთელი წრის 1/12 ანუ 30°-ია

კუთხე საათის ისარსა და „3“ ის წარმოსახვით ხაზს შორის არის 15°, რადგან ნახევარი საათი, ანუ 30°-ის ნახევარი „გაიარა“ პატარა ისარმა. ნახევარი კვლავ გასავლელი დარჩა

ანუ: 3·30°+15°=105°

ან:

3·30°+15°=105°

 

 

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 10:15-ია.

სად მდებარეობს ციფერბლატზე თითოეული ისარი?

 

 

(დამხმარე კითხვები)

რამდენი გრადუსია თითოეული ლურჯი სექტორი?

რამდენგრადუსიანი კუთხე „გაიარა“ პატარა ისარმა საათის მეოთხედში?

იპოვეთ საათის ისრებს შორის კუთხე.

 

აქტივობა 6. მუშაობა ჯგუფებში

მოსწავლეებს დაევალათ საათის ისრებს შორის კუთხის გამოთვლა:

I ჯგუფი:

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 6:45-ია

II ჯგუფი

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 2:40-ია

III ჯგუფი:

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 4:50-ია

IV ჯგუფი:

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 1:36-ია

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად. მუშაობის დროს მათ ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს. კლასის წინაშე თითოეულმა ჯგუფმა საინტერესოდ გადაწყვეტილი პრობლემა გამოიტანა. იყო პასუხების მრავალფეროვნება, ისმებოდა კრიტიკული კითხვები, მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი.

 

აქტივობა7. სწრაფი წერა (ქვიზი)

https://www.geogebra.org/m/wv2byjcq

მოსწავლეებს შეუძლიათ, გამოიყენონ გეოგებრას პროგრამის ბმული: https://www.geogebra.org/m/wv2byjcq

სიმულაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სწრაფად მოახდინონ ფიქსირებული დროის ვიზუალიზაცია, რის შემდეგაც ევალებათ, იპოვონ კუთხე საათის ისრებს შორის.

ქვემოთ მოცემულია დიფერენცირებული შეკითხვები მოსწავლეთა მზაობის გათვალისწინებით.

დაბალი მზაობის მოსწავლეთათვის:

1)   4 საათია. რისი ტოლია კუთხე საათებისა და წუთების ისრებს შორის ?

ა) 60°

ბ) 120°

გ) 30°

დ) 90°

ე) 180°

2)   გიორგი ცდილობს, დაადგინოს საათის ისრებს შორის კუთხე. საათი აჩვენებს 9:00-ს. რა ზომის კუთხეს ქმნიან საათის ისრები?

ა) 200°

ბ) 180°

გ) 30°

დ) 90°

ე) 100°

 

საშუალო მზაობის მოსწავლეთათვის:

1)   რისი ტოლია კუთხე საათებისა და წუთების ისრებს შორის 3:10 საათზე?

ა) 55°

ბ) 60°

გ) 35°

დ) 72°

ე) 65°

 

2)   რისი ტოლია კუთხე საათებისა და წუთების ისრებს შორის 4:40 საათზე?

ა) 120°

ბ) 110°

გ) 100°

დ) 90°

ე) 105

 

მაღალი მზაობის მოსწავლეთათვის:

1)   რამდენგრადუსიან კუთხეს ქმნის საათებისა და წუთების ისრები 4:45-ზე?

ა) 127,5°

ბ) 142,5°

გ) 120°

დ) 150°

ე) 157,5

2)   იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის 3:46 საათზე:

ა) 160°

ბ) 150°

გ) 156°

დ) 163°

ე) 157°

 

სწრაფი წერის ანალიზის შედეგად დავგეგმე მომდევნო გაკვეთილი.

საშინაო დავალებად ეძლევათ საინტერესო კითხვა:

·      დღის რომელ საათებში ძევს საათის ისრები სწორ ხაზზე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდისაა საათის ისრებს შორის 180° ?  

 

 

 

 

 

ერთი აშკარა პასუხი 6 სააათია, მაგრამ სხვა პასუხებიც შეიძლება არსებობდეს.

გაკვეთილი შეჯამდა 3-2-1 აქტივობით:

3 რამ, რაც ვისწავლე

2 რამ, რაც გავიგე

1 რამ, რაც მინდა გითხრათ

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. მათემატიკის გზამკვლევი, მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meshvide-klasi/

3. https://mathigon.org/task/clock-angles

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...