ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

მსოფლიო ისტორიის ათი საუკეთესო მეომარი ქალი

0

ეს მსოფლიო ისტორიაში ათი საუკეთესო მეომარი ქალის ჩამონათვალია. ამ სიაში მოხვდნენ ის ქალები, რომლებიც თვითონ ებმებოდნენ ბრძოლებში და ომებს დისტანციიდან არ ხელმძღვანელობდნენ.

 

10. იუდიტი – ქრისტესშობიდან 960 წელი
 

 

 

იუდიტი არაქრისტიანი დედოფალი იყო, რომელიც 960-იან წლებში მოღვაწეობდა. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მან ეთიოპიაში ეკლესიებისა და ძეგლების დანგრევა დაიწყო. გარდა ამისა, სასტიკად გაუსწორდა მმართველი დინასტიის წევრებს, დედოფალ შებას შთამომავლებს. იუდიტის საქმიანობის შესახებ ცნობები ისტორიას, ძირითადად, ზეპირი გადმოცემებით შემორჩა. ისტორიკოსების მტკიცებით, დედოფალმა ეთიოპიის იმპერატორი მოკლა და მის ტახტზე 40 წლის განმავლობაში იჯდა. ჩრდილოეთ ეთიოპიელ გლეხებში დღემდეა შემორჩენილი ლეგენდები დედოფლის უსაზღვრო სისასტიკის შესახებ. სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ სწორედ დედოფალმა იუდიტმა დაარბია დებრე დამოს ტაძარი, რომელშიც უდიდესი განძი ინახებოდა.
9. ტრიე ტი ტრინი – ქრისტესშობიდან 225-248 წელი
 

 

 

ტრიე ტი ტრინი ვიეტნამელი მეომარი ქალი იყო, რომელიც III საუკუნეში წარმატებით უწევდა წინააღმდეგობას ვუს სამეფოს საოკუპაციო ჯარებს. ის ჩრდილოეთ ვიეტნამის ტრიე სონის რაიონში, ტან ჰოას პროვინციაში დაიბადა. ამ დროს ეს კუთხე ჩინეთის ერთ-ერთი სამეფოს, დასავლეთ ვუს მიერ კონტროლდებოდა. ტრიე ტი ტრინი ადრეულ ასაკშივე დაობლდა. მას ძმა და ძმის ცოლი მონასავით ზრდიდნენ. როცა 20 წლის გახდა, ძმის სახლიდან ჯუნგლებში გაიქცა და იქ ქალებისგან და კაცებისგან 1000 კაციანი არმია ჩამოაყალიბა. ტრიე ტი ტრინი სათავეში ჩაუდგა ვიეტნამის განმათავისუფლებელ მოძრაობას. მან ისიც კი განაცხადა, რომ ვიეტნამი მისი საკუთრება იყო. 23 წლის ასაკში ამ ქალს უკვე 30 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული ვუს სამხედრო დანაყოფებზე. გადმოცემის მიხედვით, ის ბრძოლაში სპილოზე ამხედრებული მიდიოდა, ოქროს ჯავშანს ატარებდა და ორი ხმლით იბრძოდა.
8. ბუდიკა – ქრისტესშობიდან I-ლი საუკუნე
ბუდიკა ნორფოლკელი ხალხის დედოფალი იყო, რომელიც სათავეში ჩაუდგა აჯანყებას რომის იმპერიის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ. იმპერატორის გარდაცვალებამდე ბუდიკას ქმარი ქვეყანას რომაელებთან ერთად მართავდა, თუმცა რომმა სრული კონტროლის დამყარება განიზრახა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ რომაელებმა დედოფალი გაროზგეს, ხოლო ქალიშვილები მის თვალწინ გააუპატიურეს. გათავისუფლების შემდეგ იგი თავისმა ხალხმა და მეზობელმა ტომებმა ლიდერად აირჩიეს. დაიწყო აქტიური თავდასხმები რომაელების მისამართით. განმათავისუფლებელ ბრძოლებში ბუდიკას არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა. ბრიტანელებმა მთლიანად გაანადგურეს რომაელთა ქალაქი კამულოდუნუმი, დღევანდელი კოლჩესტერი. ტაციტუსის გადმოცემით, ბრიტანელებს არ სურდათ, ტყვეები აეყვანათ. ისინი თავიანთ გზაზე ყველას უსიტყვოდ ხოცავდნენ. ისტორიკოსების თქმით, რომაელ დიდებულ ქალბატონებს თავებს აყრევინებდნენ, ხოლო მოჭრილ მკერდს პირთან აკერებდნენ. ბუდიკას ძეგლი ამჟამად იმ ქალაქში დგას, რომელიც მან მიწასთან გაასწორა.
7. დები ტრუნგები – ქრისტესშობიდან I-ლი საუკუნე
დები ტრუნგები ვიეტნამელი სამხედრო მეთაურები იყვნენ, რომლებიც ჩინელი ოკუპანტების ქვეყნიდან განდევნას სამი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. ისინი ვიეტნამის ეროვნულ გმირებად არიან აღიარებულნი. დები ჩინეთის ათასწლიანი ოკუპაციის პერიოდში დაიბადნენ. თავიანთი სოფლიდან პატარა ჩინური დანაყოფის განდევნის შემდეგ მათ არმია შეკრიბეს, რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგებოდა. რამდენიმე თვეში ბევრი ვიეტნამური რაიონი გაათავისუფლეს ჩინელებისგან. სრული თავისუფლების მოპოვების შემდეგ ისინი ვიეტნამის დედოფლები გახდნენ და კიდევ ორი წლის განმავლობაში იგერიებდნენ ჩინეთის იერიშებს. დები ტრუნგებისა და მათი ჯარის გასანადგურებლად ჩინელებმა დიდი არმია შეკრიბეს. ლეგენდის მიხედვით, ჩინური არმია ბრძოლის ველზე სრულიად შიშველი გავიდა, რათა ვიეტნამელ ქალ მებრძოლებს შერცხვენოდათ. მიუხედავად დების წარმოუდგენელი თაგანწირვისა, ჩინეთმა პირწმინდად გაანადგურა მათი არმია. ღირსების დასაცავად და დაცინვის თავიდან ასაცილებლად დებმა ტრუნგებმა თავი მდინარე ჰატში დაიხრჩვეს.
6. არტემისია I-ლი კარიელი – ქრისტესშობამდე მე-V საუკუნე
არტემისია I კარიელი იონიის მმართველი და სპარსელების მოკავშირე იყო. ის სალამინის ბრძოლაში მონაწილეობით არის ცნობილი. მხოლოდ არტემისია არწმუნებდა სპარსეთის მეფე ქსერქსეს, არ გაემართა ბერძნებთან საზღვაო ბრძოლა. მიუხედავად ძლიერი არგუმენტებისა, მეფემ არ დაუჯერა მის რჩევას. არტემისიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ქრისტესშობამდე 480 წელს გამართულ ბრძოლაში. იონიის მმართველი ამ ბრძოლაში 5 საბრძოლო გემს მეთაურობდა. ბრძოლის ერთ მომენტში ბერძნები ახლოს იყვნენ არტემისიას გემის შეპყრობასთან, თუმცა მან მოახერხა, ხელიდან დასხლტომოდა მტერს. არტემისიამ თავისი გემით სპარსელების გემს შეუტია და ბერძნებს აფიქრებინა, რომ მათ მხარზე იბრძოდა. როცა მან სპარსული გემი ჩაძირა, ბერძნებმა ხელი აიღეს ამ ქალის შეპყრობის გეგმაზე. სპარსეთის მეფე ქსერქსე სიტუაციას ახლომდებარე ბორცვიდან აკვირდებოდა და არტემისიას სიმამაცით აღფრთოვანდა. “ჩემი მამაკაცები დიაცებად გადაიქცნენ, ხოლო ჩემი დიაცები _ კაცებად!” _ განაცხადა მან. არტემისია დაჟინებით არწმუნებდა ქსერქსეს, მცირე აზიისკენ დაეხიათ. სპარსელებმა ამ ბრძოლაში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს.
5. ფუ ჰაო – ქრისტესშობამდე 1200 წელი
 
ფუ ჰაო შანგის დინასტიის წარმომადგენლის, მეფე ვუ დინგის მეუღლე იყო. ამავე დროს ის უმაღლესი სასულიერო პირი და სამხედრო გენერალიც იყო. ხელუხლებელი განძით სავსე მისი სამარხი ინქსუს პროვინციაში აღმოაჩინეს. თანამედროვე მეცნიერებისთვის ფუ ჰაოს მოღვაწეობის შესახებ ცნობების მოპოვება შანგის დინასტიის არტეფაქტების აღმოჩენის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ძველი წარწერების მიხედვით, დიდებულ ქალბატონს არაერთი სამხედრო კამპანია ჩაუტარებია. შანგის დინასტიას მრავალი წლის მანძილზე ტუს დინასტია მტრობდა. ეს დაპირისპირება მაშინ დასრულდა, როცა ფუ ჰაომ მოწინააღმდეგე ერთადერთ ბრძოლაში პირწმინდად გაანადგურა. 13 ათასიანი არმიით ფუ ჰაო თავისი დროის ყველაზე ძლიერი სამხედრო ლიდერი იყო ჩინეთში.

4. იაჰოტეპ I – ქრისტესშობამდე მე-16 საუკუნე

 

იაჰოტეპ I უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო ეგვიპტის სამეფოში. სწორედ მის დამსახურებად ითვლება მე-18 დინასტიის ჩამოყალიბება. მამის გარდაცვალების შემდეგ მას დიდი ხნის განმავლობაში ეპყრა ხელთ განუსაზღვრელი ძალაუფლება. ჰიკსოსების ოკუპაციის დასრულების შემდეგ მისმა ორმა ვაჟმა ეგვიპტე გააერთიანა. ჰიკსოსების ეგვიპტიდან განდევნაში კი თავად იაჰოტეპ I-მა დიდი წვლილი შეიტანა. 90 წლის ასაკში გარდაცვლილი ქალბატონი თებეში დაკრძალეს.
ცხოვრების მანძილზე იაჰოტეპ I-მა უამრავი რიტუალი დააწესა და მთელი ენერგიით მართავდა ეგვიპტეს. ის დიდი ყურადღებით ექცეოდა თავის ჯარისკაცებს და იცავდა მათ. იაჰოტეპ I-მა უამრავი გადახვეწილი ეგვიპტელი დააბრუნა სამშობლოში და ზემო ეგვიპტე აჯანყებულებისგან გაათავისუფლა.
მას იცნობდნენ, როგორც მებრძოლ დედოფალს.
3. ჟანა დ’არკი – ქრისტესშობიდან მე-15 საუკუნე
ჟანა დ’არკი 100-წლიანი ომის დროს გამოვიდა ასპარეზზე. ახალგაზრდა ქალი საფრანგეთის პრინცს არწმუნებდა, რომ ღმერთისგან ხილვა ჰქონდა და სწორედ ახლა იყო დრო ინგლისისგან საფრანგეთის გათავისუფლებისა. ჯერ კიდევ უგვირგვინო მეფე შარლ VII-მ ჟანა ალყაშემორტყმული ორლეანის დასახმარებლად გაუშვა. მან უდიდესი აღიარება მოიპოვა, როცა ორლეანი მხოლოდ 9 დღეში გაათავისუფლა. კიდევ რამდენიმე გამარჯვების შემდეგ ის შარლ VII-ის კორონაციას ხელმძღვანელობდა რეიმსში.
ჟანა დ’არკი ერთადერთია, ვინც მთელი ქვეყნის არმიას 17 წლის ასაკში მეთაურობდა. მიუხედავად თავსა და კისერში მიღებული უამრავი ჭრილობისა, ის აგრძელებდა ბრძოლას ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებისთვის. შეპყრობის შემდეგ ინგლისელებმა ჟანა დ’არკი ფიქტიურ სასამართლოზე მწვალებლობაში დაადანაშაულეს და კოცონზე დაწვეს. წლების შემდეგ პაპმა განაჩენი არასწორად მიიჩნია და კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.
2. ზენობია – ქრისტესშობიდან III საუკუნ
სეპტიმა ზენობია სირიას ქრისტესშობამდე, 250-დან 275 წლამდე მართავდა. მისი მეთაურობით სირიულმა არმიამ კლაუდიუსის ლეგიონები ისე დაამარცხა, რომ რომის იმპერია იძულებული გახდა, მცირე აზიიდან დაეხია. არაბეთი, სომხეთი და სპარსეთი მის მოკავშირეებად ითვლებოდნენ. ზენობიამ, მემკვიდრეობითობის უფლებით, თავი ეგვიპტის დედოფლადაც გამოაცხადა. კლაუდიუსის მემკვიდრემ, აურელიანმა ყველაზე გამოცდილი ლეგიონები გაგზავნა ზენობიას გასანადგურებლად, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის რომაელებს 4 წელი დასჭირდათ. დედაქალაქ პალმირას აღების შემდეგ ზენობია ტყვედ ჩავარდა და მოკავშირე პროვინციების ცხრა დედოფალთან ერთად ის რომის ქუჩებში, აღლუმზე ჩამოატარეს. აურელიანმა ზენობია ტიბურში გადაასახლა, ხოლო მისი ქალიშვილები გავლენიან რომაელებს მიათხოვა.
1. თამარ მეფე – ქრისტესშობიდან XIII საუკუნე
თამარი საქართველოს მეფის, გიორგი III-ს ქალიშვილი იყო. მამამისმა ის თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მამის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა უბადლო მმართველის რეპუტაცია მოიპოვა. მას “მეფეთა მეფე” და “დედოფალთა დედოფალი” უწოდეს. მისი მეფობის პერიოდში ყველა მეზობელი მუსლიმური სახელმწიფო საქართველოს ემორჩილებოდა. თამარი აქტიურად იყო ჩართული არმიის სამხედრო მმართველობაში. ამ დროს სამეფომ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მწვერვალს მიაღწია. 1201-1203 წლებში ქართველებმა აიღეს სომხეთის დედაქალაქები ანი და დვინი. 1204 წელს თამარის არმიამ ყარსის ოკუპაცია მოახდინა. თამარის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ტრაპიზონის იმპერია. თამარ მეფე 1213 წელს გარდაიცვალა.

 

 სტატიის წყარო https://listverse.com/2008/03/17/top-10-badass-female-warriors/ 

 

წონასწორობა

0
გინახავთ ალბათ, როგორ დადის ახალფეხადგმული ბავშვი, თითოეულ ნაბიჯს რამხელა ძალისხმევას ანდომებს… ძნელია პირველი ნაბიჯის გადადგმა, მეორისა – კიდევ უფრო ძნელი, მერე და მერე კი საქმე ნელ-ნელა მარტივდება და გვავიწყდება კიდეც ის პირველი სირთულეები.
რატომ გვიჭირს ასე? მუსკულატურას ჯერ არ შეუძლია ჩვენი სხეულის სიმძიმის ზიდვა? არა, ბატონებო, ვიდრე გავბედავთ და “ყალყზე შევდგებით”, იმდენი გვაქვს ნაფორთხი, ყოველ გაბრაზება-გაჟინიანებაზე ფეხები ჰაერში “ნაბაკუნები”, რომ ჩვენს ქვედა კიდურებს სხეულის ზედა ნაწილის ტარება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.
რაც ხელს გვიშლის, წონასწორობის დაცვის უუნარობაა. წელში გამართულ სიარულს ნავარჯიშები კუნთები არ ჰყოფნის – მას ცოდნაც უნდა, წონასწორობის დაცვის ცოდნა.

წონასწორობის ფენომენი მთელი ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. წელიწადის დროთა მონაცვლეობა, სუნთქვის რიტმი მთელი თავისი ღრმა ბიოლოგიური მოვლენებით, ჟანგბად-ნახშირორჟანგის წარმოქმნა-ურთიერთგარდაქმნა ჩვენს ორგანიზმში თუ მის გარეთ და ყოველი მოვლენა, რომელიც თვალით დაინახება, ყურით გაიგონება, შეხებით შეიგრძნობა, წონასწორულია. თვით ჩვენი ამა სოფლად ყოფნაც წონასწორობაა დაბადებასა და სიკვდილს შორის. დაბადებისას მშობლები მხოლოდ რამდენიმე მოლეკულას გვისახსოვრებენ, მერე მთელი სიცოცხლე დედამიწის ძუძუს ვწოვთ, ხარბად ვისრუტავთ იქიდან ელემენტებს და ვაგებთ ჩვენს სხეულს, ბოლოს კი… უკანვე ვუბრუნებთ და ამით აღვასრულებთ წონასწორობის კანონს. სხვაგვარად არც შეიძლება – ჩვენ შემდეგაც ხომ უნდა დაიბადონ სხვები…
ქიმიაშიც ხშირად გვაქვს საქმე წონასწორობასთან, თუმცა ამ ტერმინით ზოგჯერ მხოლოდ რეაქციების შექცევადობას ვგულისხმობთ. უამრავი მათგანი შექცევადობის გამო “ბოლომდე არ მიდის”. მაგალითად შეიძლება ესტერიფიკაციის რეაქცია მოვიყვანოთ:
რეაქციის საწყის ეტაპზე მჟავასა და სპირტის მოლეკულები ეკვეთებიან ერთმანეთს და ბრძოლის ველზე დატოვებენ ესტერისა და წყლის მოლეკულას. და ეს პროცესი, რეაქციის ამგვარი მიმართულება გაგრძელდება მანამდე, სანამ მჟავასა და სპირტის მოლეკულები იქნებიან დომინანტები. გადის ხანი და ისინი იღლებიან, მკლავი (ფუნქციური ჯგუფები) ისე აღარ უჭრით, როგორც ბრძოლის დაწყებისას, რეაქციაც ნელდება და მდორედ მიედინება. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე. სინამდვილეში რეაქციის შენელება წონასწორული რეჟიმის დამყარების შედეგია. რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ესტერი და წყალიც იწყებენ ერთმანეთთან რეაქციაში შესვლას და საწყისი მჟავასა და სპირტის მოლეკულების წარმოქმნას. წონასწორობის დამყარების შემდეგ რეაქცია “ჩერდება”. მაგრამ ეს გაჩერება უძრაობას არ ნიშნავს. რეალურად რეაქცია იმავე სიჩქარით მიმდინარეობს, თუმცა ამ დროს წარმოქმნა და დაშლა ტოლია და თითოეული ნივთიერება იმაზე მეტი აღარ წარმოიქმნება, რა რაოდენობითაც შეეგება წონასწორობის დამყარებას.
წონასწორობის ფენომენს ქიმიაში მხოლოდ ამ ტიპის რეაქციებში როდი ვხვდებით; დიფუზიის გამოვლინება სხვა არაფერია, თუ არა წონასწორობის აღდგენა. ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს ორი სხვადასხვა ფერის სითხე. ისინი ჯერ ცალ-ცალკე ფენებად განთავსდებიან, ხოლო წონასწორობის აღდგენის შემდეგ თანაბრად გადანაწილდებიან ერთმანეთში. დახურული ჭურჭლის რომელიმე “კუთხეში” გავზარდოთ წნევა – იგი უმალ გათანაბრდება მთელ სისტემაში. დავასხათ რაიმე ურთიერთიერთშეურეველი გამხსნელი რომელიმე ხსნარს – ხსნარში არსებული ნივთიერება დაიწყებს მიგრირებას ახალი გამხსნელისკენ, მაგრამ სრულად მაინც არ გადავა, გამოწვლილვის (ექსტრაქციის) პროცესი წონასწორობის დამყარებისთანავე “შეწყდება”. და ეს შეწყვეტაც დინამიკური იქნება…

დაბოლოს, კიდევ ერთი – და შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი – ასპექტი “წონასწორობის კანონისა”: წონასწორობა სრულიადაც არ ნიშნავს 50/50 განაწილებას; იგი ნებისმიერ თანაფარდობაში შეიძლება იქნეს მიღწეული, და ეს პროცენტული განაწილება დამოკიდებულია პროცენტების მხარეს მდგომ მოლეკულებზე, მათ სურვილზე, ზნე-ჩვეულებებსა და ადათ-წესებზე. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში წონასწორული თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არასოდეს გაქრება.
კლასში გაკვეთილის ჩატარებაც და, საზოგადოდ, განათლებაც წონასწორული პროცესია. თავდაპირველად ცოდნა მასწავლებლისგან მოსწავლისკენ გადაედინება; გაივლის ხანი და დადგება დრო, როცა უკვე “ვეღარ ვასწავლით”. მაგრამ “ვეღარ ვასწავლით” წონასწორული რეაქციის “გაჩერებულ” სიჩქარესავითაა. რეალურად ჩვენ ჯერ კიდევ ვასწავლით ჩვენსას, ისინი კი თავისას გვასწავლიან… მაგრამ სად მდებარეობს წონასწორობის წერტილი? აი კითხვა, რომელიც მუდამ უნდა აწუხებდეს მასწავლებელს.

 

გაკვეთილისადმი ანალიზური მიდგომები – სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი დეტალი

0
სასწავლო პროცესში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ შედეგის მისაღწევად განუზომლად დიდია თავად პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაც. მასწავლებლის მუშაობის შედეგს სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი მიზნების სწორად ჩამოყალიბება და მასწავლებლის მიერ გამოყენებული მეთოდების ორგანიზება განსაზღვრავს. ცხადია, მუშაობის პროცესში ძნელი გასარკვევია, მიდის თუ არა გზა სასურველ ნიშნულამდე, ამიტომ უმჯობესია, შედეგებზე წინასწარ ვიზრუნოთ. ამ მიმართულებით მასწავლებელს ძალიან გამოადგება თავისი თუ სხვისი გაკვეთილისადმი ანალიზური მიდგომა. 

ანალიზური მიდგომის ტიპებია: დიდაქტიკური, ფსიქოლოგიური, მეთოდური, ორგანიზაციული, აღმზრდელობითი და ა.შ. ფორმათა ასეთი სიმრავლე თავად გაკვეთილის მრავალგვარობიდან გამომდინარეობს. ანალიზისთვის განკუთვნილი გაკვეთილის სქემა მრავალნაირია და განსაზღვრული ხასიათის მონაცემებს ეფუძნება.

განვიხილოთ იგი X კლასის ისტორიის გაკვეთილის მაგალითზე: 

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება (მეოთხე ნაწილი)

0
განვაგრძობთ საუბარს ჯონ ტეილორ გატოს წიგნზე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო განათლების სისტემის პრობლემებს.
დღეს, ჩვენი განათლების რეფორმის მიერ განვლილი გზის შეფასებისას, ზოგჯერ იმედგაცრუება გვეუფლება – რატომ ვერ მოგვიხერხებია უკვე მე-10 წელია, მივაღწიოთ არსებით ცვლილებებს ჩვენს სკოლებში?
ეს არ არის გარდაუვალი. აქ არაფერია ისეთი, შეცვლა შეუძლებელი რომ იყოს. ჩვენი არჩევანია, როგორ აღვზარდოთ ახალგაზრდობა – საამისოს ერთადერთი სწორი გზა არ არსებობს. თუ შევძელით ილუზიის ამ პირამიდის დანგრევა, ამას თვალნათლივ დავინახავთ. 
ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო კონკურენცია არამც და არამც არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფრთხეს, თუმცა ამის დაჯერება, როცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები განუწყვეტლივ ამტკიცებენ საპირისპიროს, ძალიან ძნელია.
გლობალურ ეკონომიკას არაფერი ესაქმება კონკრეტული ადამიანების მოთხოვნილებებთან, შეასრულონ მათთვის მნიშვნელოვანი სამუშაო, მიიღონ განათლება, დროული სამედიცინო მომსახურება, იცხოვრონ სუფთა გარემოში პატიოსანი და ანგარიშვალდებული ხელისუფლების მმართველობის ქვეშ, სოციალური და კულტურული აღორძინების ან ელემენტარული სამართლიანობის პირობებში. გლობალური მისწრაფებები ეფუძნება კარგი ცხოვრების ისეთ განსაზღვრებას, რომელიც შორსაა ნორმალური ადამიანური რეალობისგან, ამიტომ ის უბრალოდ ვერ იქნება სწორი და ალტერნატივის შემთხვევაში ადამიანები აუცილებლად დამეთანხმებოდნენ. ალტერნატივას კი უთუოდ დავინახავდით, რომ დავბრუნებოდით ფილოსოფიას, რომელიც აზრს ეძებს იქ, სადაც ეს აზრი იმალება – ოჯახში, მეგობრებში, ბუნებაში, წელიწადის დროთა ცვლაში, უბრალო ცერემონიალებსა და რიტუალებში, ცნობისმოყვარეობაში, გულუხვობაში, თანაგრძნობასა და ურთიერთდახმარებაში, წესიერებასა და დამოუკიდებლობაში, პირად სივრცეში, უფასო და იაფ ნივთებში, რომლებზეც შენდება ნამდვილი ოჯახი, მეგობრული ურთიერთობა, ადამიანთა რეალური თანამეგობრობა. ჩვენ ვიქნებოდით იმდენად თვითკმარი, რომ აღარ დაგვჭირდებოდა ის მატერიალური კეთილდღეობა, რომლის გამოც, როგორც გლობალური “ექსპერტები” გვარწმუნებენ, გამუდმებით უნდა ვშფოთავდეთ.

როგორ წარმოიშვა ეს საშინელი სასკოლო სისტემა?

ყურადღებით გადაავლეთ თვალი სასკოლო ციკლის შვიდ საგანს: უსისტემობა, სეპარაცია, გულგრილობა, ემოციური და ინტელექტუალური დამოკიდებულება, თვითშეფასების დამოკიდებულება სხვათა აზრზე, სრული კონტროლი – ეს ყველაფერი მიმართულია ისეთი ადამიანების აღზრდისკენ, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციის საშუალება და რომლებიც მუდამ საზოგადოების დაბალ ფენად დრჩებიან. დროთა განმავლობაში ასეთი აღზრდა გასცდა თავის პირველად მიზანს – ეკონტროლებინათ ღარიბები. სასკოლო ბიუროკრატიის ზრდამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ მოსახლეობის საშუალო ფენის შვილებიც.
იმ შვიდი საგნის გათვალისწინებით, რომლებსაც ყოველდღე ვასწავლი, გასაკვირი არ არის, რომ ნაციონალურ კრიზისს განვიცდით, ოღონდ ამ კრიზისის ხასიათი საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რასაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ. ახალგაზრდობა გულგრილია უფროსების სამყაროსა და მომავლისადმი, გულგრილია პრაქტიკულად ყველაფრისადმი, გარდა გართობისა და ძალადობისა. მდიდრებს თუ ღარიბებს, ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეებს არ შესწევთ დიდხანს ერთ საგანზე ყურადღების კონცენტრირების უნარი. ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ წარსულსა და მომავალზე. ეჭვით უყურებენ ახლო, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს, რაც გასაგებიცაა, რადგან აკლიათ მშობლების ყურადღება. მათ ეშინიათ მარტოობის, არიან სასტიკები, პრაგმატულები, პასიურები, აგრესიულები, დამოკიდებულები და შიშით ძრწიან გაურკვევლობის წინაშე.
სკოლა ავითარებს ბავშვობისთვის დამახასიათებელ ნეგატიურ გამოვლინებებს და გროტესკამდე დაჰყავს ისინი. არადეკლარირებული, მაგრამ რეალურად არსებული განათლების სისტემის მიზნები ეწინააღმდეგება პიროვნების ეფექტურ განვითარებას. მართლაც, რომ არა ჩვენი ბავშვებისთვის დამახასიათებელი შიშების, ეგოიზმისა და გამოუცდელობის ექსპლოატაცია, სკოლები საერთოდ ვერ იარსებებდნენ და ვერც მე ვიქნებოდი დიპლომირებული მასწავლებელი. ნებისმიერი სკოლა, რომელიც გარისკავს, ასწავლოს მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება (მაგ., დიალექტიკა, ევრისტიკა) და სხვა გონების განმათავისუფლებელი ხერხები, მყისიერად განადგურდება. ჩვენს საზოგადოებაში სკოლამ შეცვალა ეკლესია და, როგორც ეკლესია, ისიც ითხოვს, მისი სწავლება აღიქმებოდეს რწმენად.
დადგა დრო ვაღიაროთ, რომ სავალდებულო სასკოლო განათლება ბავშვებზე დამანგრეველად მოქმედებს. ვერავინ გადაურჩება შვიდსაგნიან სასწავლო გეგმას უდანაკარგოდ. თვით მასწავლებლებიც კი. ეს მეთოდი თავისი არსით ანტისაგანმანათლებლოა. მისი გამოსწორება შეუძლებელია. ეგებ ირონიულადაც კი ჟღერდეს – სასკოლო სისტემის კარდინალური რესტრუქტურიზაცია გაცილებით ნაკლებ სახსარს მოითხოვს, ვიდრე იხარჯება დღეს, მაგრამ გავლენიან და დაინტერესებულ წრეებში ამას უბრალოდ ვერ დაუშვებენ. აუცილებელია იმის გაგება, რომ სასკოლო განათლების სისტემა – ეს, უპირველესად, ბიზნესია, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დასაქმებას. ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ, შევამციროთ სასკოლო სისტემის გაქანება, თუნდაც ის ხელს უწყობდეს ბავშვების უკეთ განვითარებას. სახელმწიფო სასკოლო სისტემის რკინის კანონი ის გახლავთ, რომ იგი ბიზნესია, მდგომი რაციონალური კონკურენციისა და ნორმალური ანგარიშგების და ანგარიშსწორების ჩარჩოების მიღმა.

ამ პრობლემის მოგვარების გზა უნდა ვეძებოთ თავისუფალ კონკურენციაში, რომელსაც შექმნიან მრავალრიცხოვანი პატარა კერძო სკოლები – ოჯახური, მეწარმეთა, რელიგიური, სოფლისა, პროფესიული და ა. შ. ვგულისხმობ საგანმანათლებლო მომსახურების ისეთ ბაზარს, სადაც სტუდენტი თვითონ ირჩევს სწავლის მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას, თუნდაც ეს თვითგანათლებას გულისხმობდეს (მთარგმნელის შენიშვნა: აქ არ შემიძლია არ გავიხსენო 2003 წლიდან ჩვენს ქვეყანაში კერძო სკოლების მიმართ წარმოებული მტრული პოლიტიკა, რაც გამოიხატა მცდელობით, მოექციათ ისინი საჯარო სკოლების სტანდარტებში, დაეკარგათ მათთვის ინდივიდუალური სახე. ასევე გადასახედია ავტორიზაციის პროცესი და კრიტერიუმები, რომლებიც კერძო სკოლებზე ფინანსური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა).
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მასწავლებლობაში გავატარე, ამიტომ მივედი დასკვნამდე, რომ სასკოლო განათლების ერთადერთ შინაარსს წარმოადგენს მასობრივი სწავლების მეთოდი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგია უმთავრესად იმის ბრალია, რომ სასკოლის სისტემა ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ბავშვებმა ვერ მოიცალონ საკუთარი თავის შესაცნობად, ნაკლები ხანი გაატარონ თავიანთ ოჯახებში, სადაც შეიძლება მიიღონ ცხოვრებისთვის აუცილებელი სტიმულები, ისწავლონ შეუპოვრობა, თავდაჯერება, გამბედაობა, ღირსება, სიყვარული და სხვების დახმარება, ანუ მიიღონ ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითადი გაკვეთილები.
რამდენიმე ათეული წლის წინ ბავშვს ჯერ კიდევ რჩებოდა დრო გაკვეთილების შემდეგ ამ ცხოვრებისეული ცოდნის შესაძენად, მაგრამ ტელევიზიამ და კომპიუტერმა, მათთან ერთად კი სტრესმა, რომელიც დამახასიათებელია ოჯახებისთვის, სადაც ორივე მშობელი მუშაობს ან სულაც არასრულია, ეს დროც „შეჭამა”. ჩვენს ბავშვებს თითქმის აღარ გააჩნიათ თავისუფალი დრო, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი ადამიანის განვითარებისთვის, სოციალურ ჭრილში კი ნაყოფიერი ნიადაგის ნაცვლად გადამწვარი უდაბნო ერგოთ.
ჩვენს კულტურას გამალებით უახლოვდება მომავალი, რომელიც მოითხოვს, აღვიქვათ არამატერიალური ცოდნის სიბრძნე; მომავალი, რომელიც გადარჩენის საფასურად მოგვთხოვს, დავადგეთ ბუნებრივი განვითარების გზას მატერიალური დანახარჯების შემცირების გზით. დღევანდელ სკოლაში ამის სწავლა შეუძლებელია. იგი წარმოადგენს თორმეტწლიან სასჯელს, სადაც მხოლოდ ცუდ ჩვევებს თუ შეიძენ. მე ვასწავლი სკოლაში და ამისთვის ჯილდოებსაც ვიღებ!
ამით სრულდება ჯონ გატოს წიგნის პირველი ნაწილი. ამერიკული საჯარო განათლების სისტემის კრიტიკული ანალიზის შემდეგ ინტერესმოკლებული არ იქნება, გავეცნოთ ამ ქვეყნის ყველაზე ღირესეული პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის, წერილს საკუთარი შვილის სკოლის მასწავლებლისადმი. საინტერესოა, რამდენად ემთხვევა ჩვენი, დღევანდელი მშობლების მოლოდინები საუკუნის წინ გაცხადებულ მშობლის მოლოდინებს.

აბრაამ ლინკოლნის წერილი მასწავლებელს

(https://wiki.answers.com/Q/Abraham_Lincoln's_letter_to_his_son's_headmaster)
ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის.
ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით.
ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს. ყოველი თავგადასავალი გულისხმობს ომს, ტრაგედიასა და ტკივილს. ცხოვრების გზის გასავლელად მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა.
ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად.
ასწავლეთ მას,რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია.
მან აუცილებლად უნდა გაიგოს,რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ყოველი ადამიანი არ არის მართალი.
თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადის საპირწონედ გმირიც არსებობს.
ყოველი უღირსი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი.

ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს.

ასწავლეთ, რომ ჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს.
ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით.
ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს – უხეშობა უხეშ ადამიანებთან.
გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.
ასწავლეთ, რომ დამარცხებაში შეიძლება იყოს დიდება და სასოწარკვეთილება – წარმატებაში.
ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.
დაანახვეთ, გეთაყვა, წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან.
ეცადეთ, შესძინოთ მას სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.
ასწავლეთ თითოეული ადამიანის მოსმენა და, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი.
უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღმერთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს.
ეგებ დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.
ჩემი შვილი ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია!

თავისუფლებისა და ხელოვნების კუნძული

0

მონმარტრს, რომელიც დღეს  პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია, ცნობილი
თეთრი ბაზილიკითა და მრავალრიცხოვანი მხატვრებით,  საფრანგეთის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული
ადგილი ეკავა. მდიდარი სააბატო, იეზუიტების ორდენის დაარსების ადგილი, საფრანგეთის
რელიგიური ცხოვრების ერთ-ერთი კერა იყო, რომელიც 1789 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიას ჩამოერთვა და სახალხო სარგებლობაში გადავიდა,
რასაც რელიგიური დანიშნულების მქონე ყველა ძეგლის,  სამარხებისა და ანტიკური დროიდან შემორჩენილი არქიტექტურული
ძეგლების განადგურება მოჰყვა.

გარდა მემორიალური დაფებისა, რომელიც  ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის ძველ მდებარეობას აღნიშნავს,
აღარ არის შემორჩენილი ამ ადგილის უძველესი და მდიდარი ისტორიის ამსახველი ნიშანი,
ანტიკური დროიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. დღევანდელი სახე მონმარტმა საკმაოდ გვიან,
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო.

დიდი ხნის განმავლობაში (1869 წლამდე)  მონმარტრი პარიზის შემადგენლობაში არ შედიოდა  და თავისუფლდებოდა იმ მმართველობის წესებისა და
გადასახადებისგან, რომელსაც პარიზის მოქალაქეები ემორჩილებდოდნენ.  თვითმყოფადობამ თავისუფლების კუნძულად აქცია,  ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა  კი ბოჰემური ცხოვრების მიმდევრებად.  ასე იქცა ზღაპრული ქალაქის მახლობლად მდებარე პატარა
სოფელი ხელოვანების საყვარელ ადგილად, სადაც ღვინოს აკეთებდნენ
(დღესაც ყოველი წლის ოქტომბერში იმართება მონმარტრის
ღვინის დეგუსტაცია და საქველმოქმედო გაყიდვა)
,  და ერთი ხელის გაწვდენაზე ულამაზესი ხედით ტკბებოდნენ.
ასე დაუკავშირდა ეს ადგილი ისეთ სახელებს, როგორიცაა მოდილიანი, ტულუზ-ლოტრეკი, კლოდ
მონე, სალვადორ დალი, ვან გოგი, პიკასო და ასე შემდეგ.

მონმარტრი დღეს უკვე თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებას
აერთიანებს. აქ ყოველდღე ათობით მხატვარი თავის ნახატებთან ერთად მოდის და ერთგვარ
ღია საგამოფენო სივრცეს ქმნის.


 

ვიდეო

„ქუჩის დღეები“ ანუ მავნე ქიმია

0

ვიცოდი, რომ ქართველ რეჟისორებს თბილისური ნარკომანიის თემა არაერთხელ და თანაც უხარისხოდ გადაეღეჭათ, მაგრამ მაინც წავედი „ქუჩის დღეების” სანახავად. მითუმეტეს, ყურმოკვრით გამეგო, რომ ლევან კოღუაშვილს იქამდე კარგი დოკუმენტური ფილმი ჰქონდა გადაღებული შტატებში მომუშავე ქართველი ქალების შესახებ. კინომანების ენები იუწყებოდნენ, ნიჭიერი კაციაო. როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში თვალშისაცემი სიხალვათე დამხვდა. სულ ხუთნი ვისხედით: ფიზიკურად მოსიყვარულე და ვერბალურად მოჩხუბარი წყვილი, ორი შუახნის მამაკაცი და მე. ფილმში მრავლად შეხვდებით მოძველბიჭო, ბაბულიკა ელემენტებსა და წამლის მკეთებლებს, მაგრამ ძალიან იშვიათად გაიგებთ გინებას. იმ დღის შემდეგ, როცა კინოს საქმეში მეტნაკლებად ხვითო ადამიანები „ქუჩის დღეებს” დეკადის საუკეთესო ქართულ ფილმად არ ასახელებენ, ისეთი მრისხანება მიპყრობს, თითქოს ჩემს ნამუშევარს ჩაგრავენ და სურვილი მიჩნდება ხელში ასტამი ავიღო.

თავიდანვე ვაღიარებ, რომ კოღუაშვილმა ჩინებულად მოახერხა ის, რაც იქამდე ქართველმა კინოს მკეთებლებმა ვერ შეძლეს: აირჩია ფეხით ნატკეპნი იდეა და დახვეწა. გაწმინდა ნადებებისგან. იპოვა ლიტერატურული ღერძი, აიღო მიმართულება, შექმნა სცენარი და ბოლომდე მისდია მას. ერთიცაა: არის ასეთი რეჟისორი – პოლ ტომას ანდერსონი. ეს ახალგაზრდა კაცი როგორღაც ახერხებს იმას, რომ მის ფილმებში მსახიობებმა თავიანთი საუკეთესო როლები შეასრულონ. ამ პარამეტრით ლევან კოღუაშვილი პოლ ტომას ანდერსონს ჰგავს. „ქუჩის დღეებში” თითქოს იქამდე მიმკვდარებული მსახიობები კოღუაშვილმა საიქიოდან იმჰოტეპის მსგავსად გამოიხმო და ფილმისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა გაუჩინა.

იმხანად, როცა „ქუჩის დღეები” კინოეკრანებზე გამოვიდა, ჟურნალ ტაბულას კინომიმომხილველად ვმუშაობდი და ლევან კოღუაშვილს ინტერვიუზე შევუთანხმდი. მთავარი, რაც მისგან მაინტერესებდა ის იყო, რატომ აირჩია მრავალჯერ ნაცადი თემა. მაშინ კოღუაშვილმა საინტერესო პასუხი გამცა: „ეს არ არის ფილმი ნარკომანებზე. ეს არის კინო დაკარგული თაობის შესახებ”. მართალია ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო აირჩია მდინარის სხვა ნაპირი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თაობა შეიძლება ოქროს ხანაშიც დაიკარგოს – როცა ყველა განძის აღმოსაჩენად მიდის, შენ წამლის საშოვნელად წახვიდე.
„ქუჩის დღეებში” ნაჩვენებია არა მხოლოდ ის, თუ როგორ იხარშებიან თავიანთ წვენში წამალდამოკიდებული ადამიანები; დღითიდღე როგორ ემსგავსება მათი ყოველდღიურობა ჯოჯოხეთს ისე, რომ თავიანთ ცხოვრებაზე გული ერევათ; როგორ სძულთ საკუთარი თავი და ეჭიდებიან ხავსს; ერთი ბაიანის გამო როგორ კარგავენ ყველანაირ ადამიანურ ღირსებას, არამედ ისიც, თუ რა საფრთხეს უქმნის ასეთი ადამიანების არსებობა სხვებს, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებს.
რა თქმა უნდა, კოღუაშვილის ფილმი არაფერი იქნებოდა, მხოლოდ წამალდამოკიდებულთა დატბორილი და ჩამყაყებული ცხოვრება რომ ეჩვენებინა. მთავარი ისაა, რომ რეჟისორმა ნარკომანიის მუტაციის საფრთხე გვაჩვენა, რაც სიუჟეტში მოზარდების შემოყვანით მოახერხა. მოსწავლეები, რომლებიც თავიანთი სკოლის გადაღმა წამლზე მოჩალიჩე ელემენტებს ხედავენ, მიმბაძველობის გამო ცდილობენ თავადაც გასინჯონ აკრძალული ხილი. ფილმის სიუჟეტი კარგად გვაჩვენებს, რომ ნარკომანია ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლის მეტასტაზებიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ყველანაირი მასშტაბის სოციუმში აღწევს – ქუჩიდან იწყება და სკოლაში, ოჯახებში, ცოლ-ქმრულ, მამა-შვილურ და მეგობრულ ურთიერთობებში ძვრება. სხვათა შორის „ქუჩის დღეები” ყველა ამ სოციუმის მანკიერ მხარეებზეც საუბრობს. პერსონაჟების ლომკა იმდენად გაცხოველებულია, რომ ერთ ეპიზოდში მარიხუანაზე უარს ამბობენ – ეს უკვე მეტისმეტად საბავშვოა მათთვის.
კოღუაშვილის ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ ნათელ ფერებშია გადაღებული, შინაარსით ფრანსისკო გოიას იმ ნახატებს უფრო ჰგავს, რომლებშიც მხატვარმა სიმახინჯით გადმოსცა ყოფიერება, ვიდრე გადაპრანჭული რეალობის ტილოებს.
ფილმის მთავარი გმირი – ჩეკი, ერთი სამოსით დადის. სხვისა არ ვიცი, მაგრამ „ქუჩის დღეების” ნახვისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩეკის მსგავსად ეს ტანსაცმელი მეც მახრჩობს, სხეული მექავება. სურვილი მიჩნდება მზისგან გახუნებული ქურთუკი საკუთარ კანთან ერთად შემოვიხიო და სადღაც, ძალიან შორს, უკანმმოუხედავად გავიქცე, თუმცა დავაპირებ თუ არა გაქცევას, ფეხზე გამობმული ბაწარი მაჩერებს.
ფილმის დასასრულს, რეჟისორი ბოლო იმედსაც მიკლავს, რომ მსხვერპლშეწირვის შემდეგ, რაიმე შეიცვლება. მარწმუნებს, რომ ჩეკის თაობამ ცხოვრების შანსი საბოლოოდ გაუშვა ხელიდან. იქნებ ამ ფილმით თქვენც დაარწმუნოთ მოსწავლეები, რომ ცხოვრების ვენაში გაშვება არ ღირს.

 

შეესაბამება თუ არა ბრალდება სინამდვილეს

0

ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ბაგრატიონთა დინასტიას საქართველოს სამეფო ტახტი უფლის ნებით ეპყრა. ღმერთთან წილნაყარი, “ღვთივკურთხეული და მირონცხებული” ეს საგვარეულო, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, “მხნეობით, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისათვის თავდადებულობით” იყო ცნობილი (ქართული მწერლობა, 8, თბ., 1990, გვ. 59). ბაგრატიონთა გვარის 30-მდე მეფე, X საუკუნიდან მოყოლებული, სათავეში ერთიან საქართველოს ედგა, 50-ზე მეტი კი ცალკეულ “საქართველოებს” – ქართლს, კახეთსა და იმერეთს – განაგებდა. ღირსებით, სახელმწიფოებრივი მართვა-გამგებლობის უნარითა თუ სხვა თვისებებით, ცხადია, ყველა თანაბარი არ ყოფილა; იყვნენ უფერული და სუსტი მმართველებიც და იყვნენ გამორჩეულნიც, რომელთაც “აღმაშენებლის”, “თავდადებულის”, “ბრწყინვალისა” და “დიდის” სახელი დაიმკვიდრეს. თუმცა, მთლიანობაში, ბაგრატიონები, ვისთანაც საუკუნეთა განმავლობაში ასოცირდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადებითად შევიდნენ და ეს საკამათოდ არ მიიჩნევა. ეს აზრი მკაფიოდ გამოითქვა 1802 წელს კახეთში გამართულ სახალხო ყრილობაზეც, რომელსაც თავადაზნაურობის, სამღვდელოებისა და გლეხობის მრავალი ათასი წარმომადგენელი ესწრებოდა. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის გასაგზავნ პეტიციაში კახელები წერდნენ: მოწყალეო ხელმწიფევ! მანიფესტით გამოცხადებულია, თითქოს ჩვენ საკუთარი მეფე უარგვეყოს და რუსეთის მფარველობაში შემოსვლა უმეფოდ გვეთხოვოს. “ჩვენს მეფეებს რა დაუშავებიათ, რომ უარვყოთ… ეს ჩვენი აზრი არ არის, მაცთურ კაცთაგან მოგონილიაო” (АКАК, т. I, Тифлис, 1866, გვ. 387-388). ყოველივეს მიუხედავად, რუსულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, თითქოს ქართლ-კახეთის უკანასკნელ მონარქს გიორგი XII-ს საკუთარი სამეფო რუსეთისათვის გადაეცეს.

ჯერ კიდევ 1812 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით, გიორგი XII-ის საფლავზე საქართველოს მთავარმართებელმა, გრაფმა პაულიჩიმ, დაადგმევინა სპილენძის ფილა, რომლის წარწერაშიც ნათქვამია: “მეფე გიორგიმ… თავის ქვეშევრდომთა სიკეთისთვის, მათი სამუდამო კეთილდღეობისთვის, 1799 წ. საქართველო რუსეთის იმპერატორს დაუთმო”. ამ წარწერას ახსენებს რუსი პოეტი მ. ლერმონტოვიც პოემაში “მწირი”: “Такой то царь в такой-то год, вручал России свой народ”.

აღსანიშნავია, რომ აზრი მეფე გიორგი XII-ის მიერ ქვეყნის რუსეთისათვის დათმობის თაობაზე ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც აისახა. მაგალითად, ერთ ხალხურ ლექსში ნათქვამია: “ქალაქ სიონის საყდარი ბაგრატიონთ ააგესა, მათ რომ ქართლი რუსებს მისცეს, ვაი, რა ჭკუა წააგესა”. ან კიდევ: “ღვდელი საყდარში შევიდა, შევიდა და დაიფიცა, წმიდა გიორგი გაუწყრეს, ვინც რომ ქართლი რუსებს მისცა” (ქართული ლიტერატურის მუზეუმი, შალვა ამირეჯიბის ფონდი, საქ. # 26960/27, გვ. 43-44).

ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ეს ბრალდება სინამდვილეს.

ჯერ გავარკვიოთ, საიდან იღებს სათავეს და რა საფუძველს ემყარება ეს შეხედულება. ამ მხრივ ერთადერთი სამხილი 1799-1800 წლებში რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისადმი გაგზავნილი მეფე გიორგი XII-ის მიმართვებია, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში “სათხოვარ პუნქტებად” იწოდება.

რამ განაპირობა “სათხოვარ პუნქტებში” გამოხატული გიორგი XII-ის განზრახვა, “მფარველობითი” ურთიერთობის ნაცვლად ქართლ-კახეთის რუსეთზე “ვასალური” დამოკიდებულება აღიაროს? რა აიძულებდა მეფეს, კიდევ უფრო შეეზღუდა თავისი სუვერენული უფლებები და დაედო “სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად”?

ცნობილია, რომ ქართლ-კახეთი გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგაც მეზობელ იმპერიათა ცილობისა და თავდასხმების ასპარეზად რჩებოდა. ამას ერთვოდა საშინაო სირთულეებიც და ეს ყოველივე სამეფოს დაცემას იწვევდა. პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა კი ერთგვარი გაზვიადებით, ასე აღწერს ქვეყნის მაშინდელ მდგომარეობას: საქართველო ისეთ მძიმე ავადმყოფს ჰგავდა, რომელსაც “ძლივსღა შეუძლია, მკურნალს თავისი სისუსტე ამცნოსო”.
ასეთ ვითარებაში გიორგი XII ხსნას მხოლოდ რუსეთისგან ელოდა, მიაჩნდა, რომ ურუსეთოდ საქართველოში ქრისტიანობა გაქრებოდა. “თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერვინ დაიცავს საქრისტიანოსა… სხვა პატრონი არა გვყავს ჩვენ, გარდა რუსთა ხელმწიფეთა” (პ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, თბ., 1978, გვ. 152).

რუსეთის “პატრონობა” მეფეს იმის საწინდრად ესახებოდა, რომ შეინარჩუნებდა ტახტს, მოიგერიებდა გარეშე მტრებს და ქვეყანაში წესრიგსა და სტაბილურობას აღადგენდა. ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, გიორგი ფიქრობდა, რომ “დაპირება მტრისაგან საქართველოს დაცვისა მხოლოდ მაშინ გახდებოდა რეალური, თუკი იგი თავის მრავალ უფლებაზე უარს იტყოდა და თავის სურვილებს მინიმუმამდე დაიყვანდა”.

კერძოდ, რას ითვალისწინებდა “სათხოვარი პუნქტები” ან ნიშნავდა თუ არა ისინი გიორგი XII-ის უარს სამეფო ტახტზე და ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას? ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს სცემს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მამია დუმბაძე. ჯერ კიდევ 1963 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იგი წერდა: “ჩვენს განკარგულებაში არსებული მასალის კრიტიკული შესწავლა, განსაკუთებით კი გიორგის მიერ თავისი ელჩებისთვის პეტერბურგში გაგზავნილი “სათხოვართა პუნქტები” 1799-1800 წლებში რუსეთის იმპერატორისათვის წარსადგენად, არ იძლევა საკმაო საფუძველს იმისათვის, რომ მეფე საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში დავადანაშაულოთ” (М. Думбадзе, Из истории борьбы грузинского народа против колониальной политики царизма, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, # 5, 1963, გვ. 72).

მიუხედავად ამისა, ბრალდება, რომელიც სათავეს გენერალ ლაზარევისგან უნდა იღებდეს, ხოლო შემდეგში რუსულ ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურაშიც გავრცელდა, გიორგი XII-ს მთლად მოხსნილი არა აქვს. გენერალ ლაზარევისგან მომდინარეობს ინფორმაციაც, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის განზრახვა სუვერენულ უფლებათა უკიდურესი შეზღუდვის შესახებ ცნობილი ყოფილა გიორგი XII-ის მრჩეველთა მხოლოდ ვიწრო წრისათვის და ამის თაობაზე თვით მემკვიდრე დავითიც კი საქმის კურსში არ ყოფილა. იგი მამის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გასცნობია რუსეთის იმპერატორისადმი გიორგის მიერ გაგზავნილ ერთ საიდუმლო წერილს, რომელშიც მეფე რუსთ ხელმწიფეს წლიურ ჯამაგირსა და რუსეთში სოფლების გამოყოფას სთხოვდა. დავითს სასწრაფოდ სამეფო მდივანი თუმანიშვილი დაუბარებია და უკითხავს, “Известен ли он сей бумаге, но как при написании оной царь привел Туманова к присяге, что б никому не объявлять, то сей отвечал, что он не знает; он (Давид, – ო. ჯ.) на сие сказал: Батюшка нас зарезал!” (АКАК, т. I, გვ. 189).

პირველწყაროთა თანახმად, 1799 წლის 7 სექტემბერს გიორგი XII-მ პეტერბურგში წარგზავნილ თავის ელჩებს გარსევან ჭავჭავაძეს, ელიაზარ ფალავანდიშვილსა და გიორგი ავალიშვილს ასეთი “წერილობითი დარიგება” და “გარდაწყვეტილებითი ჰაზრი” მისწერა: “უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელო ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატორო ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ” (პ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-ისა, თბ., 1978 , გვ. 91).

გიორგი XII-ის დავალებით, ქართველ ელჩებს იმპერატორისაგან უნდა მოეთხოვათ წერილობითი დასტური, რომ “სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფენი, გარნა ოდენ სამეფოს მემკვიდრითი მემკვიდრე ვითარცა წინაპარნი ჩემნი”. ამ ფრაზას, რომელსაც რუსულ ენაზე შემდეგი ფორმულირება მიუღია: “не прекрашать въ доме моемъ царскаго званiя, а допустить царствовать наследственно как это было при предкахъ моихъ” (А. Цагарели, Грамоты и другiе историческiе документы XVIII столетiя, относящiеся до Грузии, т. II, вып. СПБ., 1902, გვ. 287), – გიორგი XII-ის ცხოვრების აღმწერი პლატონ იოსელიანი ასე განმარტავს: “რათა არა გაუქმდეს მეფობა ანუ მოადგილეობა ხელმწიფე იმპერატორისა მეფეთა გვარში”. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებულ “დარიგებაში” გიორგი XII დასძენდა: თუ ჩემი ეს თხოვნა გათვალისწინებული არ იქნა, “მაშინ ყოველი დამოკიდებულება ჩვენი იქმნების დახსნილი თვინიერ ურთიერთისადმი მეზობლური ქცევისა”. აქ გიორგი არათუ ტახტის დათმობას აპირებს, არამედ, იმპერატორის მიერ მისი წინადადების მიუღებლობის შემთხვევაში, მზად არის სრულიად გაწყვიტოს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატით გაფორმებული კავშირიც კი და მასთან მხოლოდ მეზობლური ურთიერთობით შემოიფარგლოს. სხვათა შორის, მეფობის შენარჩუნებას თავისთვის და მემკვიდრე დავითისთვის გიორგი XII იმპერატორისადმი სხვა წარდგინებაშიც ითხოვდა: “თქვენის იმპ. დიდ-მი განპყრობილი ხელი ჩემი თქვენი დიდებულებისაგან არ უგულებელ იქმნას… და რაგვარადცა თქვენგან მე ვიყო დაუტევებელ, ეგრეთვე მემკვიდრე ჩემი დავით” (ზ. ცქიტიშვილი, გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982, გვ. 150). ამასთან, პავლე I-ისადმი გიორგი XII-ის ნოტაში, რომელიც დათარიღებულია 1798 წლის 30 ივნისით, ლაპარაკია პეტერბურგიდან ქართლ-კახეთის ელჩის გამოწვევის განზრახვაზეც, თუ რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს მეფის თხოვნას და გააჭიანურებს საქართველოს დახმარებას.

“სათხოვარი პუნქტები” რომ მეფის უფლებაზე ხელის აღებას და რუსეთის იმპერიასთან უპირობო შეერთებას არ გულისხმობდა, კარგად აქვს შემჩნეული რუს ისტორიკოსს ნ. დუბროვინს. მისი სიტყვით, გიორგი XII ცდილობდა, რუსეთის ჯარითა და ფინანსებით ესარგებლა და არც მეფობის უპირატესობა დაეკარგა (Н. Дубровин, История войны и владычества русских на Кавказе, т. 3. СПб, 1886, გვ. 239).

საყურადღებოა ალექსანდრე ბატონიშვილის ერთი ცნობაც, რომელსაც დავიმოწმებთ 1803 წლის 1 ივლისით დათარიღებული მისი წერილიდან იმპერატორ ალექსანდრე I-ისადმი. ბატონიშვილი აღნიშნავს: გიორგიმ, “მსასოებელმან ქრისტიანესაგან ხელმწიფისა შევედრა თვისი სახლი, რათამცა დაიცვას მშვიდობასა შინა და არა განსრულიყო მეფობა სახლით ჩვენით” (АКАК, т. II, გვ. 156).

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის ე. ხოშტარია-ბროსეს მიერ მიკვლეულ საარქივო დოკუმენტში, რომელიც “სათხოვარი პუნქტების” ერთ-ერთ ვარიანტადაა მიჩნეული, ასევე აღნიშნულია: გიორგი XII “ქვეშევრდომებრივ ითხოვს მიღებასა თანა მისისა სამეფოისასა იყოს იგი დატევებულ და შემდგომად მისა მემკვიდრენიცა მის მისნი მეფედ ტახტსა ზედა ხარისხითა მეფობისათა” (ე. ხოშტარია-ბროსე, რუსეთი და საქართველო “ტრაქტატიდან” შეერთებამდე, კრებულში “ქართული დიპლომატია”, წელიწდეული, 6, 1999, გვ. 33).

ქართლ-კახეთის მეფის “სათხოვარი პუნქტების” მთავარი დებულება იყო, რომ რუსეთს საქართველო სამუდამო მფარველობაში მიეღო, ხოლო საქართველოს ტახტი, აგრეთვე სამუდამოდ, გიორგის ჩამომავლობის ხელში დარჩენილიყო (შ. ამირეჯიბი, ადამიანები და საქმენი, ჟურნ. „კავკასიონი”, პარიზი, 1930, წგნ. მეოთხე, გვ. 51).

მკვლევარი რ. ლომინაძე მიიჩნევს, რომ “გიორგი XII რუსეთს “მფარველობითი ტრაქტატის” ნაცვლად “ქვეშევრდომობის ნოტას” სთავაზობდა, რაც ქართლ-კახეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეზღუდული ავტონომიური სახელმწიფოებრივი ერთეულის სახით შესვლას გულისხმობდა” (რ. ლომინაძე, რუსეთის ბატონობის დამყარება საქართველოში, თბ., 2000, გვ. 110).

ზურაბ ავალიშვილის აზრით, საქართველო ესწრაფოდა რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატზე უფრო “მჭიდრო დაახლოებას”, რათა ამ გზით მაინც დაეყოლიებინა რუსეთი ქართლ-კახეთის დაცვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (З. Авалов, Присоединение Грузии к России. СПб., 1901, გვ. 195).

ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ქართველი ელჩების მიერ პეტერბურგში “სიტყვიერად წარდგენილი” “სათხოვარი პუნქტების” სახელით ცნობილი ქართლ-კახეთის მეფის ნოტა გადამუშავებული და რედაქტირებულია საიმპერატორო კარის მაღალ რუს მოხელეთა მონაწილეობით. ამას გვაფიქრებინებს იმპერატორ პავლე I-ის ფრაზა გენერალ კნორინგისადმი საიდუმლო რესკრიპტიდან: “Дело сие трактуются здесь”, – და ისიც, რომ პავლემ 1800 წლის 15 ნოემბერს ზუსტად იცის, რა ეწერება ორი დღის შემდგომ, 1800 წლის 17 ნოემბერს, მისთვის ოფიციალურად წარსადგენ გიორგი XII-ის ნოტაში (П. Бутков, Матерiалы для новой истори Кавказа съ 1722 по 1803 годъ, кн. II. СПб., 1869, გვ. 462).

ქართველი მეფე-მთავრები და მათი “საგარეო ურთიერთობათა სამსახურები” XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ნაკლებად იყვნენ ჩახედულნი ახალი დროის დიპლომატიურ ლაბირინთებში, აკლდათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება. რაფიელ ინგილოს სიტყვით, “მეფე გიორგიცა და მის ახლო მდგომნიც კმასაყოფელად ვერა ყოფილან დახელოვნებულნი საერთაშორისო უფლების ნომენკლატურაში”. არადა, დიპლომატიური დოკუმენტის შინაარსს მხოლოდ მასში გამოყენებული ცნებების დეფინიცია როდი განსზღვრავს; ზოგჯერ ამ მხრივ ერთი შეხედვით უბრალო ენობრივი ნიუანსიც კი შეიძლება მნიშნელოვანი გამოდგეს. რუსულ დიპლომატიურ ლექსიკაში ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროიდან აღინიშნა დიდი ცვლილება, დაიწყო ევროპული ტერმინოლოგიის დანერგვა და მათი საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში გამოყენება, რაც ჯერ კიდევ უცხო იყო ქართული სინამდვილისათვის. ასე რომ, ამ საქმეში დიდად გაწაფულ რუს დიპლომატებს, “რაკი რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ მას რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს ჰსურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევა” (ი. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, თბ., 2006, გვ. 45), არ გაუჭირდებოდათ აქცენტების იმგვარად გადანაცვლება, რომ გიორგი XII-ის “სათხოვარი პუნქტებიდან” მათთვის სასურველი ტექსტი მიეღოთ. ამ ფორმისა და შინაარსის ოფიციალური დოკუმენტი რუსეთის მფლობელობას აღმოსავლეთ საქართველოში კანონიერ საფუძველს შეუქმნიდა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც რუსეთის არქივებში მოიძია და გამოსცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი მასალები, ხსენებული ნოტის გამო აღნიშნავს: გიორგი XII-ის მიერ თავისი ელჩებისადმი მინიჭებული რწმუნებულებით, ელჩებმა ორ ქვეყანას შორის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატის განახლება, – ო. ჯ.) 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 6 პუნქტისაგან შემდგარი ნოტა წარადგინეს. სწორედ ამ ნოტაში ჩამოყალიბებულ ძირითად დებულებათა განვრცობით პეტერბურგში შეიქმნა უკვე 16 პუნქტის შემცველი “სათხოვარი პუნქტები” (А. Цагарели, დასახ. წიგნი, გვ. XXXVII).

“სათხოვარ პუნქტებში” ფორმულირებული წინადადება “навсегда принять подданство Всероссийской империи” რუსეთის საიმპერატორო კარმა ისეთი შინაარსით აღიქვა, როგორც თვითონ სჭირდებოდა: თითქოს ქართლ-კახეთი იმპერიის შემადგენლობაში შესვლას უბრალო ტერიტორიის სახით, ყოველგვარი იურიდიული სტატუსისა და უფლებრივი მდგომარეობის გარეშე ითხოვდა. რუსებმა გიორგი XII-ის ნოტა მეფის მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობის სრული უარყოფის აქტად მიიჩნიეს, რისი მსგავსიც იქ არაფერია. რა კომპრომისულიც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს ნოტა 1783 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით, იგი მაინც არ ამტკიცებს მეფის მიერ სუვერენობაზე სრულიად ხელის აღებას. “მასში სულაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს სუვერენობის უარყოფა, ე. ი. თვითმკვლელობა” (ა. მანველიშვილი, რუსეთი და საქართველო, ტ. I, პარიზი, 1951, გვ. 173-174).

ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ გიორგი XII არც მეფობის დათმობის, არც თავის შემდგომ ტახტის გაუქმებისა და არც ბაგრატიონთა დინასტიის შეწყვეტის მოსურნე არ ყოფილა. ამასთან, ცნება “ქვეშევრდომობა” (“подданнство”) იმ დროს ფრიად ეფემერული ხასიათისა იყო, მოიცავდა არა მხოლოდ სრულ ინკორპორაციას, მოხარკეობას, ვასალიტეტ-სიუზერენიტეტის სტატუსს, არამედ ნამდვილ მფარველობითს ურთიერთობასაც, რომელიც არ უკარგავდა პროტეჟეს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს (ლ. ალექსიძე, საქართველო-რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1983, გვ. 178). მაშასადამე, გაირკვა, რომ გიორგი XII-ს აზრად არ ჰქონია ქართლ-კახეთის უმეფოდ დატოვება, ყოველ შემთხვევაში, მისი წარდგინებები რუსეთის იმპერატორისადმი ამას გამორიცხავს, რადგან სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

ახლა განვიხილოთ, “გადასცა” თუ არა მან საკუთარი ქვეყანა რუსეთის იმპერიას. დავუშვათ, რაღაც ამის მაგვარი მართლაც იკითხება ე.წ. სათხოვარ პუნქტებში. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ნოტის სახით საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს დესპანებმა გარსევან ჭავჭავაძემ, ელიაზარ ფალავანდიშვილმა და გიორგი ავალიშვილმა წარუდგინეს და მას არ ჰქონდა გიორგი XII-ის ხელმოწერა. ნოტა 1800 წლის 17 ნოემბერს ჯერ აპრობირებულ იქნა იმპერატორ პავლე I-ის მიერ, შემდეგ კი გამოიგზავნა თბილისში, რათა იგი გიორგი XII-საც დაედასტურებინა (“სათხოვარი პუნქტების” აპრობაცია დიპლომატიური ხერხი იყო, თორემ საიმპერატორო კარს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის შემოერთების საკითხიო, შენიშნავს რუსი ისტორიკოსი ო. მარკოვა. О. Маркова, Присоединение Грузии к России в 1801 году, Историк-марксист, 1940, № 3,გვ. 79). თუ დოკუმენტის ტექსტს ქართლ-კახეთის მეფეც მოიწონებდა და მასზე ოფიციალურად ხელს მოაწერდა, ამ შემთხვევაში იგი იურიდიულ ძალას შეიძენდა. მაგრამ საქმე არც ამით მთავრდებოდა – ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მომზადებულიყო და გაეფორმებინათ ახალი ორმხრივი ხელშეკრულება _ “ორითავე მხრით საიმპერატორო აქტი” (“Обоюдный императорский акт”).

ჩვენ არ ვიცით, როგორ სახეს შეიძენდა თბილისში პეტერბურგიდან ჩამოტანილი “სათხოვარი პუნქტები”, რას მიიჩნევდა მიუღებლად ქართველი მეფე, ან შეცვლიდა თუ არა საერთოდ რამეს დოკუმენტის რუსულენოვან ვერსიაში. მით უმეტეს, მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება იმის თაობაზე, რა შინაარსისა იქნებოდა საბოლოო შეთანხმების დოკუმენტი. გიორგი XII 1800 წლის 28 დეკემბერს ისე გარდაიცვალა, რუსეთიდან გამოგზავნილი “თავისი” სათხოვარი პუნქტები თვალით არ უნახავს და, ბუნებრივია, მასზე არც ხელი მოუწერია. ამდენად, ამ საბუთს იურიდიული ძალმოსილება არ შეუძენია, იგი მხოლოდ ისტორიულ რელიკვიად დარჩა (უფრო მეტი მნიშვნელობითა და ფასით რუსეთისათვის, ვიდრე საქართველოსთვის). შესაბამისად, არ გაფორმებულა არც მომდევნო შეთანხმების დოკუმენტი – ორმხრივი საიმპერატორო აქტი.

რაკი ამგვარი აქტი ბუნებაში არ არსებობს, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან ინკორპორაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ნებაყოფლობით შეერთებად. აქედან გამომდინარე, სამშობლოს ღალატში უსაფუძვლო ბრალდება თავისთავად ეხსნება გიორგი XII-ს, რომელსაც ქვეყანა არავისთვის გადაუცია. გიორგი გარდაიცვალა როგორც სუსტი და უფლებაშეკვეცილი, მაგრამ რეალურად ცალკე არსებული ქართული სახელმწიფოს საჭეთმპყრობელი მეფე.

სიცოცხლის გადასარჩენად

0

ალბათ, ყველას გაგვიგონია ჩვენ ირგვლივ მყოფი იმ ადამიანების შესახებ, უმძიმეს დაავადებებს რომ ებრძვიან. ბევრს ბრძოლა მარტოდმარტოს უწევს, ზოგიერთს კოლეგები ან მეცენატები ეხმარებიან. სამწუხაროდ, ხალხი, ვისაც დახმარება სჭირდება, ძალიან ბევრია. სახელმწიფო ხშირად ვერ პოულობს დამატებით რესურსებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩენილი უმწეოებისთვის. მრავალი ოჯახი ბედის ანაბარაა მიტოვებული. მათი გადარჩენის გზა კი რიგითი მოქალაქეების სოლიდარობაზე გადის. უკანასკნელი დღეების განმავლობაში თავად შევესწარი უამრავი ადამიანის ერთობლივ, გულწრფელ ძალისხმევას სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. მინდა, სიკეთის ამ გამოვლინების შესახებ თქვენც მოგიყვეთ.

ყველაფერი სოციალური ქსელიდან დაიწყო. ბევრისთვის განსაკუთრებით პატივსაცემმა პროფესორმა სტუდენტებს მოუწოდა, ერთად დახმარებოდნენ სასწრაფოდ საოპერაციო ათი წლის ბიჭს – გიორგი ჯიშკარიანს, რომელსაც ორი ძმა ამავე დაავადებით უკვე გარდაცვლოდა.

სტუდენტთა მცირე ჯგუფმა მეორე დღესვე დაიწყო მოქმედება. თავდაპირველად თანაკურსელებისა თუ თანაუნივერსიტეტელების თანადგომის მოსაპოვებლად ინფორმაცია ყველა შესაძლო გზით გაავრცელეს და თანხის მოსაგროვებლად მუყაოს ყუთების დამზადებას შეუდგნენ. მალე შეიკრიბა ათობით მოხალისე, რომლებიც ჯერ მთელ უნივერსიტეტს, მერე კი მთელ ქალაქს მოედნენ უცნობი ოჯახის დასახმარებლად. მათ მოიარეს უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტი, თითქმის ყველა ფაკულტეტი, თსუ-ის ადმინისტრაციის ყველა კაბინეტი, არ გამორჩენიათ თბილისის არც ერთი ძირითადი უბანი, არც ერთი ცენტრალური გამზირი. პატარა გიორგის დასახმარებლად საუზმის ფულს იმეტებდნენ სკოლიდან გამოსული მოსწავლეები, უკანასკნელ გროშებს არ ზოგავდნენ მათხოვრები, ახალაღებულ პენსიას ხარჯავდნენ მოხუცები.

მიუხედავად გამვლელთა აგრესიისა, ეჭვისა თუ შეურაცხყოფისა, სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანებულებს უკან არ დაუხევიათ. 5-, 10- და 20-თეთრიანი მონეტებით მათ ათასობით ლარის შეგროვება მოახერხეს. მალე ენთუზიასტთა ძალისხმევამ ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც თანხა ჩარიცხეს ჯიშკარიანების ოჯახის ანგარიშზე.

ყველაზე შთამბეჭდავი კი ალბათ ქუთაისიდან გამოგზავნილი ქვითარი გახლდათ, წარწერით: “ჩვენი გუნდი თქვენ გვერდითაა ყველგან და ყოველთვის. პატარა გიორგი აუცილებლად გადარჩება!” საპარლამენტო ქალაქში თავისუფალი ინიციატივით თანხის მოგროვება სკოლის მოსწავლეებმა მოახერხეს.

თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება!

ეს მაგალითი ჩვენი თანამოქალაქეების მაღალ სამოქალაქო კულტურაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ კეთილი და მამაცი ადამიანები კვლავ არსებობენ, რომ მათ ერთობას ბევრი რამ შეუძლია. რაც მთავარია, ვრწმუნდებით, რომ ქველმოქმედებისთვის გაღებულ ერთ თეთრსაც კი შეუძლია, ჯანმრთელობა დაუბრუნოს სნეულს.

თორნიკე ჭელიძე, თამუნა ნერგაძე – ჩემი რომანტიკული პერსონაჟები ყარყატების მხარეში

0

თორნიკეს შორიდან ვიცნობდი, გამარჯობითო, რომ ამბობენ, ისე. ვიცოდი, რომ კარგი პოეტი იყო, მაგრამ არანაკლები მთხრობელი აღმოჩნდა. როცა უსმენ, გგონია, წიგნს კითხულობ, მხიარულსა და ამავდროულად, სევდიანს, თანაც ძალიან დინამიკურს:

 
,,ჩემი სოფელი ხომ ძალიან მაღლაა, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მაგრამ მისი სასაფლაო კიდევ უფრო შემაღლებულზეა, იქნება 2400 მეტრი, ერთ მიცვალებულს რომ წაუსხამ არაყს (იქ არყის წაქცევა იციან), ყველას საფლავს ჩაივლის ხოლმე. ჰოდა, იქ ვიყავი ჩემს მასპინძლებთან ერთად, აღდგომის ორშაბათს, ხელიგულივით მოჩანდა თურქეთთან საზიარო ხოზაფინის ტბა, სასაზღვრო ზოლი და ტბისიქითა თურქული სოფლები. ამ დროს ჩემი მოსწავლე მოვიდა, ვალოდა, სახელოზე ჩამომქაჩა, მომახედა, თითი გაიშვირა და ქართულად მითხრა: ,,აი, აქედან იწყება საქართველო.”
ჩემი სოფელიო, როცა ასეთი ინტონაციით ამბობენ, როგორც წესი, იმ ადგილზე საუბრობენ, სადაც ბავშვობა გაატარეს, ჯავახეთის რაიონის სოფელი კარწახში კი თორნიკე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ერთი წელი.
·

,,თაკოჯან, კარმირფოთიკმიჰაქნიდაბროცა, შათამოთე! თაკოჯანტუმიგანეველოსიპედ, ტაღექახენდანგევრეთ…'' – თაკოჯან, გთხოვ ,არჩაიცვა ეს წითელი ბოტები სკოლაში, სირცხვილია! თაკოჯან, გეხვეწები, არ იყიდო ველოსიპედი, სანამ ჩემთან ხარ,სოფელში ბავშვები სიცილს დაიწყებენ.

არადა, ზუსტად ვიცი, თავის დიასახლისს არ დაუჯერებდა და იმდენს იზამდა, მალე კლასებში ნელ-ნელა მომრავლდებოდნენ ფერადბოტებიანი გოგონები, რომლებიც გაკვეთილების მერე ველოსიპედებით წავიდოდნენ შინ.
ზუსტად ვიცი, რადგან თამუნა ჩემი სტუდენტობის მეგობარია, ყველაზე ადრინდელი უნივერსიტეტის მეგობართა შორის. თორმეტ სექტემბერს პირველი კორპუსის ფოიეში გავიცანით ერთმანეთი, ავტობუსში წინა დღის ტერაქტზე ვისაუბრეთ და საჯარო ბიბლიოთეკაში ენათმეცნიერების შესავლის სემინარის მოსამზადებლად უკვე დამეგობრებულები მივედით. უფრო ზუსტად, თამუნა ჩემი მეგობარია მეტეორის პრინციპით, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩამომიქროლებს, მერე რაღაც ახლის ძიებისას თვალსაწიერიდან გაქრება, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად ჩამომიქროლებს ხელახლა. თამუნა სულ რაღაცას ტოვებს და რაღაც ახალს ეძებს. არა იმიტომ, რომ თამუნა ზედაპირულია, იმიტომ, რომ თამუნა ზედმეტად გულისხმიერია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ოდნავ პირობითობასაც ვერ ეგუება, არ შეუძლია აკეთოს ის, რაც მთელი სულით და გულით არ აინტერესებს. ჯავახეთის ის სოფელი, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა, ერთერთი იმ იშვითთაგანია, რაც თამუნას არათუ შუა გზიდან არ მიუტოვებია, არამედ ფიქრობს, რომ მომავალიც ამ სოფლისა და თავისი მოსწავლეებისათვის უკეთესი ცხოვრების შექმნას უნდა დაუკავშიროს.

·
თუკი მასწავლებლად საქართველოს რომელიმე ქართულენოვან რაიონში ჩახვალ, შეიძლება გაგიჭირდეს უჩვევ გარემოსა და უცნობ ადამიანებთან შეხვედრა, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად დაგეხმარება: იქ შენ პატივსაცემი და საჭირო ადამიანი იქნები, საყოველთაო ზრუნვითა და კეთილგანწყობით გარემოცული; მაგრამ თუკი ჯავახეთში მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ იქ დიდად არავის ეპიტნავება შენი ნახვა, ქართულად არ ლაპარაკობენ და არც არანაირი პრაქტიკული საჭიროება არ აიძულებთ, სახელმწიფო ენა იცოდნენ. მეტიც, შეიძლება უნდობლადაც შემოგაცქერდნენ, როგორც ემისარს, რომელიც მათ ყოფაში შემოიჭრა და რაღაც საეჭვო ცვლილებების მომასწავებლად იქცა ადგილობრივების თვალში:
_ ორნი მაინც რომ ვყოფილიყავით თითო სოფელში, ერთმანეთს გავამაგრებდით, მხარს დავუჭერდით, _ ამბობს თორნიკე და თამუნაცეთანხმება: როგორც ჩანს, იქაური მოსახლეობის გულის მოგება იოლი არ ყოფილა, მაგრამ თვითონაც ამბობენ და მეც სიამოვნებით დავეთანხმე, რომ მასწავლებელთა შერჩევის სისტემა მართლაც რომ წარმატებულია, განათლების სამინისტრო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან ,,ელჩებად” ნამდვილად უშვებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საქართველო: გულწრფელებს, უშუალოებსა და იდეალისტებს. ისურვებდნენ, ფსიქოლოგებიც ჩართულიყვნენ პროექტში, რათა მონაწილეები უფრო მზადმყოფნი დახვედროდნენ მოსალოდნელ პრობლემებს.
სურვილი კიდევ ბევრია: კარგი იქნება, რომ ბავშვებისთვის, რომელთა უმეტესობა ახალციხეშიც კი არ არის ნამყოფი, მოეწყოს ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა მათ მეტი გაიგონ და პატივისცემა გაუჩნდეთ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეებადაც იზრდებიან. აკი, თორნიკეს მიერ ორგანიზებული თბილისში გასვლა მთელი თვე ჰქონდა სალაპარაკოდ მთელ კლასს.
ჩემი რომანტიკული პერსონაჟები შერეულ ბანაკებსაც ნატრობენ, რათა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს უფრო მჭირდო კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან, მოეხსნათ გაუცხოების ის შეგრძნება, რომელიც, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად მაინც აქვთ.
ასევე ოცნებობენ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება, ერთხელ აქაც ჩატარდეს, რათა აქაურებმაც იგრძნონ, რომ ქართველები მათ თავიანთი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად თვლიან და აღიარებენ ამ სოფლების მაცხოვრებელთა კულტურის მნიშვნელოვნებასა და ღირსებას.
_ უნდა შეგატყონ, რომ მთელი გულით ხარ მათთან და აუცილებლად მიგიღებენ თავისიანად, _ ამბობს თორნიკე;
_ მთავარია, გულღია იყო, სიახლეების მოყვარული. ყოველივე უცხო აღიქვა, როგორც შესაცნობელი და არა _ როგორც დამთრგუნველი, _ ემოწმება თამუნა.
და ეს რომანტიკული იდეალიზმი იმდენად გადამდებია, რომ ვიჯერებ იმას, რაც ერთი შეხედვით ბანალურად და სენტიმენტალურად ჟღერს: ეგებ შეიძლება სახელმწიფოებრივი შეგნება სიყვარულით დაამკვიდრო და განათლების პოლიტიკაზე მეტად ადამიანების სიყვარულმა წაგაქეზოს, მისცე მათ შანსი, ცოდნა და წინსვლის პერსპექტივა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ აუცილებლად უნდა მიიღოს უფრო ფართო მასშტაბები.
·
ბავშვობაში წავიკითხე რეზო ინანიშვილის ,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სოფლის მასწავლებლობა ჩემ თვალში უაღრესად რომანტიკულ პროფესიად წარმოჩნდა, როგორც, ვთქვათ, მთამსვლელობა ანდა ყბადაღებული კოსმონავტობა. მერე, წლების მატებასთან ერთად, ჩემს ცნობიერებაში გაჩნდა ჯერ ,,კომფორტის გარეშე ვერ გავძლებ”, მერე _ ,,მეგობრების და ოჯახის გარეშე არ შემიძლია”, მერე _ ,,მე მაქვს შანსი მეტს მივაღწიო” და ნელ-ნელა უკან დავიხიე. აკი, თითქმის ყველა ბავშვს უნდა მთასვლელობა ან კოსმონავტობა, მაგრამ ამ პროფესიათა წარმომადგენლები არცთუ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან. მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, ამქვეყნად კოსმონავტებიც და ალპინისტებიც ნამდვილად არსებობენ; ჰოდა, ზოგიერთი შორეული, ცივი სოფლის მასწავლებელიც ხდება.
ამის მიზეზი ვერც ხელფასი იქნება და არც მათთვის განკუთვნილი სხვა შეღავათები, ეს ერთი მხრივ, ცუდიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ეგებ, არც ისე _ ვინაიდან მხოლოდ მატერიალური ფაქტორით მოტივირებული ადამიანები ვერ შესძლებენ გააკეთონ ყველაფერი ის, რაც ჯავახეთის გრძელზამთრიან სოფელში სამუშაოდ წასულ ქართულის მასწავლებელს ევალება.
ეგებ მიზეზი შექსპირის პიესების ცნობილი მოტივია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდამ უცხო გარემოში უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი.
ეგებ მიზეზი ყარყატებია. . .
,,არ ვიცი ყარყატები რა ნიშნით არჩევენ ბუდის ასაშენებელ ადგილებს. აი, ჯავახეთში კი ყარყატის უამრავი ბუდეა, თანაც იმხელა, რომ თავისუფლად დაიტევს ორ კაცს. ჩვენი სახლის გვერდითაც ჰქონდა ყარყატს ბუდე, მაღალ ელექტრობოძზე. ყარყატის მოფრენა სოფელში საყოველთაო სიხარულის მიზეზია, მასთან ერთად მოდის ჯავახეთში ნამდვილი გაზაფხული და პირიქით, როცა გაფრინდება, ჯავახეთელები ხანგრძლივი, ცივი ზამთრისთვის ემზადებიან.” _ ნაწყვეტი თამუნა ნერგაძის დღიურიდან.
(ესე იგი, თვითონ თამუნა და თორნიკეც ყარყატები ყოფილან, _ ვფიქრობ ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს თხრობიდან არალეგალური გადახვევაა. . .)
ვარაუდები ვარაუდებად და ზუსტი პასუხიც ვიცი. თორნიკე ჭელიძის ,,ჯავახეთის რვეულში” ვიპოვნე:
,,ბრუკლინელი არ ვარ, არც მონტაგოს ქუჩაზე ვმდგარვარ სკოლის შემდეგ, არც Notarius BIG მინახავს ნეგროიდ ,,ძმაბიჭებთან” ერთად.
მაინც ხშირია, რომ მეკითხებიან: ,,იმ სიშორეზე რამ წაგიყვანა”, ,,რა გინდოდა ჯავახეთში”, ,,არ გიჭირს უცხო ხალხთან ცხოვრება?” და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
იმ სიშორეზე მიკრავტობუსმა წამიყვანა. ჯავახეთში ცხოვრება მინდოდა. ხალხი _ ყველა და ყველგან უცხოა.”
ანი კოპალიანი

სად ვიპოვოთ „კეთილი ქოლესტერინი“

0

“- ესეც ვახშამი, ღვთის მადლით, გადავაგორეთ, ეხლა ხვალინდელ დღისთვისაც ვიფიქროთ. ხვალაც ჭამა გვინდა, დალოცვილს ღმერთს ეგრე გაუჩენია კაცი. ხვალ რაღა ვჭამოთ?

– ხვალ?.. – ჩაფიქრდა დარეჯანი, ვითომც და ძნელი გამოსარკვევი საქმე მიანდვეს, – ხვალ? დაიცა ერთი, მოვიგონო… ხვალ? არტალაზედ როგორა ხარ?
– უჰ, უჰ! შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით, – უპასუხა მსუნაგსავით სულწასულმა თავადმა, – ეგ ძალიან კარგი. სხვა? მარტო ეგ რას გვეყოფა?
– ერთი კარგი ჩიხირთმა? – ჰკითხა მაცდურის ღიმილით კნეინამა.
– ჩიხირთმა?.. ჰა, ჩიხირთმა?.. არა, გეთაყვა, ბოზბაში სჯობია, – მიუგო მცირე დაფიქრების შემდეგ ლუარსაბმა.
– ეხლა მაგას დაიჟინებ. რითი სჯობია?
– ვა!.. ტყემლის მჟავით გაკეთებული ბოზბაში?.. – ისეთის ხმით წამოიძახა ლუარსაბმა, თითქოს უკვირსო…”
გაიხსენეთ, ხომ, შესანიშნავი წყვილი, რომლის ფიქრიც მუდამ საკვებს დასტრიალებდა. საკვები აუცილებელია, ოღონდ ზომიერად. ღმერთმა დაგვიფაროს, მათ დავემსგავსოთ. საკვები ორგანიზმის წამალი უნდა იყოს, რომ ისე არ მოხდეს, წამალი გახდეს ჩვენი საკვები.
დღეს სწორედ საკვებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვაპირებთ საუბარს. არა, ლუარსაბივით პირის გემოზე საუბარი არ გვინდა, თორემ რა სჯობია კარგ ხაჭაპურს, ხინკალს, ჩაქაფულს, მწვადს… უჰ, სადღაც სხვაგან წავედი; ჩვენ საკვების ქიმიურ შემადგენლობაზე, მის ავ-კარგსა და მის შესახებ გავრცელებულ აზრზე ვისაუბრებთ.
ცნობილია, რომ წყალქვეშა გემის მეზღვაურთა ყოველდღიურ მენიუში ალკოჰოლიც შედის. აქ ღვინოზე არ დავიწყებ საუბარს, რადგან მას ამ ცოტა ხნის წინ ცალკე წერილი მივუძღვენი, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ, გავრცელებული აზრის თანახმად, ღვინო – არ ვიცი და არაყი რადიაციისგან იცავს ადამიანს. ჩერნობილის ცნობილი ავარიის დროს მაშველებს თურმე სპეციალურად ურიგებდნენ ამ სასმელს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მითია; ალკოჰოლი ორგანიზმში სითხეს ბოჭავს და ეფექტი სრულიად საპირისპიროა, ანუ რადიაციის დონე ორგანიზმში, პირიქით, იმატებს. წყალქვეშა გემის მეზღვაურთა მენიუში კი ის მხოლოდ იმისთვის შეაქვთ, რომ უცხო, ჩაკეტილ გარემოს უკეთესად შეეგუონ. სამი ბოთლი არყის ერთდროულად დალევა კი მყისიერ სიკვდილს იწვევს.
ქოლესტერინზე თუ გაგიგონიათ რამე? რა თქმა უნდა, გაგიგონიათ და, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ცუდი. მის მავნეობაზე ლეგენდები დადის. მაგრამ თუ გეტყვით, რომ ადამიანი მის გარეშე ვერც საკვებს გადაამუშავებს ნორმალურად და გამრავლების თვალსაზრისითაც პრობლემები შეექმნება? ქოლესტერინი ორგვარია – დაბალი სიმკვრივისა, ანუ, როგორც ხუმრობით უწოდებენ, “ბოროტი” და მაღალი სიმკვრივისა, ანუ “კეთილი”. სწორედ “ბოროტი” ქოლესტერინი იწვევს სისხლძარღვის კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი, ინფარქტი, ემბოლია. “კეთილი” ქოლესტერინი კი ნაღვლის მჟავებისა და სასქესო ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს და ფაქტობრივად, შეუცვლელია.
მართალია, ლუარსაბი ყველაფერს საუკეთესოს მიირთმევდა, მაგრამ მის სისხლში “ბოროტი” ქოლესტერინის დონე ალბათ ძალიან მაღალი იყო… მაგალითად, წითელი ხიზილალა დელიკატესია, მაგრამ ყოველდღე ჩვენმა მტერმა მიირთვა – სისხლში “ცუდი” ქოლესტინის დონეს მყისიერად სწევს მაღლა. მასზე ამბობენ, ჰემოგლობინის მაჩვენებელსაც სწევსო. არ დაიჯეროთ! თუმცა მთლად ხაზსაც ნუ გადავუსვამთ – თვალებისა და თავის ტვინის საკვებად გამოდგება. იმასაც შეგახსენებთ, რომ წითელი ხიზილალის ხელოვნურად შექმნაა შესაძლებელი – ნავთობპროდუქტების სპეციალური ბაქტერიებით დამუშავებით, ამიტომ, თუ სადმე საეჭვოდ იაფ წითელ ხიზილალას წააწყდით, გახსოვდეთ – შესაძლოა ხელოვნური იყოს. ფერზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ შავი ხიზილალის ხელოვნურად მიღება შეუძლებელია.
თუ კვერცხს ხშირად მიირთმევთ, თქვენს ორგანიზმში “ბოროტი” ქოლესტერინი მოიმატებს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ კვერცხის გულში A, E და D ვიტამინები შედის, რომლებიც მხედველობის, ახალგაზრდობისა და მტკიცე ძვლების ვიტამინებადაა ცნობილი.
თუ ქოლესტერინის დონე სისხლში მომატებულია, მისი ბუნებრივი მტერი – მჟავე ვაშლი მიირთვით. დღეში სამი ასეთი ვაშლი და ქოლესტერინი დამარცხებულია. ოღონდ ეს ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ, თორემ ათასში ერთხელ ვაშლის შეჭმა შედეგს ნამდვილად ვერ გამოიღებს.
“კეთილი” ქოლესტერინი სადღა ვიპოვოთ? ფრინველის ხორცსა და თევზში – სწორედ აქ არის მისი საბადო! განსაკუთრებით მდიდარი ინდაურის ხორცია. გარდა ამისა, ის ამინმჟავა L-ტრიფტოფანს შეიცავს, რომელიც 5-ჰიდროქსიტრიფტოფანად გარდაიქმნება, ის კი ბედნიერების ჰორმონს -სეროტონინს წარმოქმნის. თავს ბედნიერად შავი შოკოლადი და ბანანიც გაგრძნობინებთ – თქვენ მათ მიირთმევთ, ისინი კი სანაცვლოდ სეროტონინს გაძლევენ.
თევზი ფოსფორითა და ომეგა-3 მჟავებითაც მოგამარაგებთ. გამოდის, თევზის ჭამა მტკიცე ძვლოვან სისტემას და კარგ მეხსიერებას გვპირდება. რატომ? ძვლოვანი სისტემა კალციუმის ფოსფატს შეიცავს, თავის ტვინს კი ფოსფოპროტეინები (ფოსფორის შემცველი ცილები) და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სჭირდება. ეს უკანასკნელი თვალის ბადურას უბადლო დამცვალია.
რა ბრძანეთ? იდეალური მხედველობა გაქვთ და ომეგა-3 არ გჭირდებათ? ამ წერილს სად კითხულობთ? მონიტორზე? კომპიუტერის მომხმარებელი ბრძანდებით? ჩათვალეთ, რომ თქვენი თვალები რისკის ქვეშაა. მაშ, მიეხმარეთ მათ ომეგა-3-ით, A და E ვიტამინებით, პიგმენტებით ლუტეინითა და ზეაქსანტინით. ამ პიგმენტებს შავ მოცვში იპოვით.
თაფლი რომ აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს, ყველამ ვიცით. მე თაფლით ჩაის დატკბობა მიყვარს და ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. აი, თქვენ როგორ ატკბობთ ჩაის თაფლით? ადუღებთ წყალს, აყენებთ ფერს (ან ერთჯერად პაკეტს იყენებთ) და ქაფქაფა ჩაიში ხსნით თაფლს? ყველაფერი სწორია, ოღონდ უნდა იცოდეთ: თაფლი კი გახსენით, მაგრამ სულ სხვა ნივთიერება მიიღეთ – ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი! პროცესი ასე მიმდინარეობს: საქაროზა → მონოსაქარიდები (ფრუქტოზა, გლუკოზა) → შაქრის ანჰიდრიდი → ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი.
ფრუქტოზისთვის ეს გარდაქმნა გლუკოზაზე ორჯერ მეტადაა დამახასიათებელი, თაფლი კი სწორედ ფრუქტოზას შეიცავს.
ასე რომ, თაფლიან კი არა, ჰიდროოქსიმეთილფურფუროლიან ჩაის სვამთ. ეს ნივთიერება ფურანოლების ჯგუფს ეკუთვნის და ორგანიზმში დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში შესაძლოა კუნთების პარალიზება გამოიწვიოს. მცირე დოზები კი ნერვულ სისტემას თრგუნავს.
მაშ, როგორ გავხსნათ ჩაიში თაფლი?
ზემოთ ნახსენები საშიში ნივთიერება 60-700C-ზე ზევით წარმოიქმნება, ამიტომ ჩაის შეგრილება უნდა ვაცადოთ და მერეღა გავხსნათ მასში თაფლი, ან ისე მივაყოლოთ.
ჩვენ 21-ე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივ სტრესში ვიმყოფებით. მიზეზს რა გამოლევს… ამიტომ მივეხმაროთ ორგანიზმს. სტრესი იმუნიტეტის მტერია, მაგრამ ჩვენ არ შევეპუებით და ციტრუსებში შემავალი C ვიტამინით გავუმკლავდებით.
დაღლილობას გრძნობთ? მაშინ ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში მიეხმარეთ. ამისთვის ATP-ის სინთეზში მონაწილე ფერმენტებმა უნდა იაქტიურონ, რისთვისაც მათ მაგნიუმი სჭირდებათ. გარგარის ჩირი გემრიელი სასუსნავიც არის და მაგნიუმის წყაროც. ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო ამ ელემენტის მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ. ოღონდ ისპანახთან ფრთხილად – მჟაუნძმარმჟავას შეიცავს, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში მარილებს ანუ ოქსალატებს წარმოქმნის, დიდი რაოდენობით ოქსალატები კი თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ისპანახის ხშირად ჭამა არ შეიძლება. ნუში, თხილი, ნიგოზი E და B ჯგუფის ვიტამინებსაც შეიცავს და მაგნიუმითაც მოგამარაგებთ.
ლუარსაბს ჭარბი წონა აწუხებდა. ეჭვი მაქვს, ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარებაც ექნებოდა და შაქრიანი დიაბეტიც. არ დაიჯერებდა, თორემ ვურჩევდი, მასაც და მის კნეინასაც ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი მიერთმიათ. რომელი? უჯრედისი, რომელიც შიმშილის გრძნობას აოკებს და სისხლში შაქრის დონის მუდმივობას ინარჩუნებს. ასეთია ყავისფერი ბრინჯი, ვაშლი, ბოსტნეულის სალათები; რძის ნაკლებცხიმიანი ნაწარმი: ხაჭო, იოგურტი, უცხიმო რძე; წყლის შემცველი პროდუქტები: საზამთრო, კიტრი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა.
კვლავ ლუარსაბის მთავარ საზრუნავს დავუბრუნდები:
– ბოზბაში თუ ჩიხირთმა?
მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, გვახსოვდეს, რომ საკვები უნდა მივიღოთ, როგორც წამალი და ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ წამლის საკვებივით მიღება არ დაგვჭირდეს.
ლუარსაბს ერთი ნახატი ფილმიდან ბატონის სიმღერა მოუხდებოდა: “მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება, შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება…”
კარგ მადას და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას გისურვებთ!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...