ოთხშაბათი, აგვისტო 27, 2025
27 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

ჯერომ ბრუნერი და აღმოჩენებით სწავლის თეორიის მნიშვნელოვანი კონცეპტები

0

ჯერომ სეიმურ ბრუნერი – ამერიკელი ფსიქოლოგი, კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1952-72 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 1972-1980 წლებში კი _ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი განვითარებისა და სწავლის თეორია კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება. 


რით არის მნიშვნელოვანი ბრუნერის თეორია?


ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის თეორია კოგნიტურ თეორიებს მიეკუთვნება. კოგნიტური თეორიების მიზანი შემეცნებითი პროცესების (გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ანალიზი, სინთეზი, შეფასება) სტრუქტურისა და ფსიქოლოგიური მექანიზმების აღწერაა. ბრუნერის თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისათვის, რადგან ის ნათელ და თვალსაჩინო პედაგოგიურ მეთოდებსა და მოდელებს გვთავაზობს. 


ბრუნერის მიხედვით, რას გულისხმობს სწავლა და როგორი პროცესია ის?

   

ბრუნერის მიხედვით, სწავლა გულისხმობს ბავშვის მიერ ინფორმაციის შერჩევას, ჰიპოთეზების შექმნას და ამ გზით ახალი მასალის ინტეგრირებას მის ცოდნასთან. სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: 

1.პრაქტიკული – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია), პრაქტიკული ქმედებები; 

2.ხატოვანი – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ ობიექტით, არამედ ობიექტის თვალსაჩინო ხატით მანიპულირება; 

3.სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ჩვევებისა და ცოდნის ათვისება უკეთ ხდება, თუ ბავშვი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენს თუ ცნებას.

ბრუნერის მიხედვით, სწავლა აქტიური სოციალური პროცესია, როდესაც ბავშვი თავისი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი.



ბრუნერის თეორიის მიხედვით, რა გვაძლევს გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას  და რა მოიაზრება ტერმინში “კატეგორია”?

   

გარემოს შეცნობისას ჩვენ გამოვყოფთ საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე ჩვენი გამოცდილებიდან. ამის საფუძველზე შევიმუშავებთ წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ამ პროცესში ჩვენ აღმოვაჩენთ და თავადაც ვქმნით ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს ,,ცნების” ნაცვლად შემოაქვს ტერმინი კატეგორია, რომელსაც ის იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით კატეგორია შეიძლება გავიგოთ როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.


ბრუნერის აზრით,  რა განსაზღვრავს ცნებათა შორის დამოკიდებულებებს?

   

ბრუნერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება. ამით ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერება (ჩვენი შედარებით მუდმივი ცოდნის, უნარების, შთაბეჭდილებების და ა.შ. ყულაბა) შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კატეგორიების სტრუქტურირება კოდირების სისტემის საფუძველზე.  


– რა მნიშვნელობა აქვს კოდირების სისტემას სწავლის პროცესში და მოსწავლის მიერ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში?

   

ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა, ბრუნერის აზრით, იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა _ საკუთარი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვან იდეებსა და დამოკიდებულებებზე.

კოდირების სისტემის გრაფიკული ილუსტრაცია ასეთია:


 



 რას ანიჭებს ბრუნერი უპირატესობას – კოდირების სისტემა თავად უნდა შექმნას მოსწავლემ თუ დასრულებული სახით უნდა მიიღოს მასწავლებლისგან?

   

ბრუნერი თვლის, რომ მოსწავლე თავად ქმნის საკუთარ ვერსიას რეალობის შესახებ, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც გაუადვილებენ მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებების აღმოჩენას. სჯობს, კოდირების სისტემა თავად მოსწავლემ შექმნას, ვიდრე დასრულებული სახით მიიღოს ის მასწავლებლისგან. აღმოჩენებით სწავლა სწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალა დაუსრულებელი სახით მიეწოდებათ და მისი ორგანიზება მოეთხოვებათ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მონახონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც მასალის ელემენტებს შორის არის.  


როგორ განიხილება ბრუნერის თეორიაში  “აღმოჩენა”?

   

ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა, ან უფრო ხშირად _ კოდირების სისტემის ფორმირება, რაც ხშირად ობიექტებს ან მოვლენებს შორის მიმართების (მსგავსი და განსხვავებული) ტერმინებში გამოისახება. აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის მხრიდან გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი აღარ აძლევს მოსწავლეს მითითებებს მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა. ამასთან, მითითებები უნდა იყოს ზომიერი, გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ან მოსწავლე არ აღმოჩნდეს დაუძლეველი პრობლემის წინაშე. 

 

რაში მდგომარეობს აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა?

  

აღმოჩენებით სწავლების მიდგომა აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ძალიან ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება _ მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის, როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ იმაშია, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გააკეთონ დასკვნები. 


ბრუნერის მიხედვით, რა არის  აღმოჩენებით სწავლების საფეხურები?

  

ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს:

I.ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;

II.მაგალითების შერჩევა, შესაბამისი დაკვირვებების წარმოება;

III.ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;

IV.ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტების, დაკვირვებების შემუშავება და ჩატარება;

V.ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან ,,მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.


ბრუნერის მიხედვით, რა არის აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორები?

  ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:


1.განწყობა _ მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ,,ზედაპირული”, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ,,ჩაღრმავებული”, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ელემენტებს შორის დამოკიდებულებების ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების, სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.

2.სწავლისადმი მზაობა _ მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დაფრთხება მისი სირთულით, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას და წინათ ათვისებულ მასალას დაეყრდნობა.

3.სწავლების მრავალფეროვნება _ ეს ცვლადი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით სწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას იღებს განსხვავებულ პირობებში, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ ბრუნერი იძლევა რჩევას, რომ ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ განსხვავებული სიზუსტისა და აბსტრაჰირების ხარისხით _ იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა. “სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.

4.კონკრეტული შინაარსების ფლობა _ ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, ვინც საამისოდ კარგად არის მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ვერ დააკავშირებს ინფორმაციის ელემენტებს ერთმანეთთან და ვერც განაზოგადებს მას.


ბრუნერის აზრით, რა არის ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური?

  

ბრუნერი თვლის, რომ ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური ე.წ. “სპირალური კურიკულუმია”. სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილსა და წინა გამოცდილებას ეფუძნებოდეს.


 

წერის ორი ეფექტური სტრატეგია

0

როგორ გავხადოთ წერის პროცესი უფრო საინტერესო და მარტივი მოსწავლეებისთვის?

ყველასთვის ცნობილია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ უყვარს წერითი დავალებების შესრულება, ვინაიდან წერითი აზროვნების უნარის განვითარება და შესაბამისად, კარგი წერილობითი ნაშრომების შექმნა არც ისე იოლი მისაღწევია. ეს დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მოსწავლისგან, ასევე მასწავლებლისგან.
მოსწავლეთა უმრავლესობამ ხშირად არ იცის, საიდან დაიწყოს წერა. ზოგჯერ მათი წერილობითი ნაშრომები იმდენად ბუნდოვანია, რომ უამრავ დაზუსტებას მოითხოვს და ვერ ახერხებს მკითხველის დაინტერესებას, მის დარწმუნებას მოცემულ მოსაზრებასა თუ პოზიციაში. მსგავს პრობლემებთან შეჯახება, უმეტესად, აქვეითებს მოსწავლეთა მოტივაციას და კიდევ უფრო ართულებს წერითი აზროვნების განვითარებას.
 
წერით პროცესებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის ყველაზე ეფექტურ და აპრობირებულ გზას მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა მრავალფეროვანი წერითი სტრატეგიებით აღჭურვა და მათი პრაქტიკაში გამოყენება წარმოადგენს.
განვიხილავთ წერის ორ სტრატეგიას, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სხვადასხვა ტიპის წერილობითი ნაშრომების შექმნასა და მათ შემდგომ დახვეწაში.
1.სტრატეგია “რა – რატომ და როგორ?”
ეს სტრატეგია საუკეთესო გზაა არგუმენტებით გამყარებული ნაშრომების შესაქმნელად, ნებისმიერი მოსაზრების განსამტკიცებლად, ძირითადი შეკითხვის მისაგნებად და ა.შ. ის მოსწავლეს საშუალებას აძლევს, განსახილველი საკითხები ვიზუალურად აღიქვას და ინფორმაციის ნაწილებს შორის ურთიერთმიმართება დაადგინოს.
“რა – რატომ და როგორ?” სტრატეგიის თითოეული შეკითხვა მოსწავლეს განსხვავებულ ამოცანას უსახავს და უბიძგებს საკითხის დამოუკიდებლად გააზრებისკენ, საკუთარი მოსაზრების ახსნისა და დასაბუთებისკენ (იხ. სქემა 1).
 

რა?

რატომ?

საიდან? როგორ?

რას ფიქრობთ?

(თქვენი მოსაზრება)

რატომ ფიქრობთ ასე? (თქვენი მოსაზრების ახსნა, გამომწვევი მიზეზების
დასახელება)

საიდან იცით?

(თქვენი მოსაზრების დამასაბუთებელი არგუმენტი ან მაგალითი)

 

 

 

 

 
სქემა 1.

·“რას ფიქრობთ?” ეს არის გრაფა, სადაც იწერება პირადი მოსაზრება, პოზიცია, დამოკიდებულება განსახილვევლი საკითხის მიმართ. ესეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მთავრი იდეა ან თეზისი.

· “რატომ ფიქრობთ ასე?” ეს არის გრაფა, სადაც იხსნება მოსაზრება და აღინიშნება, თუ რამ გამოიწვია მისი გაჩენა.

·“საიდან იცით?’ – ეს არის გრაფა მტკიცებულებებისთვის, მაგალითებისა და ყველა იმ საშუალებისთვის, რომლებითაც შეიძლება დასაბუთდეს ძირითადი მოსაზრება. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ახსნასა და გამომწვევ მიზეზს უნდა ამტკიცებდეს, სულ ცოტა, ერთი მაგალითი ან სხვა სახის მტკიცებულება მაინც, ასევე, არგუმენტები მოყვანილი უნდა იყოს არა ერთი, არამედ სხვადასხვა რელევანტური წყაროდან (სტატისტიკური მასალიდან, კვლევის ანგარიშებიდან, ისტორიული დოკუმენტებიდან, კანონმდებლობიდან და ა.შ.).

“რა – რატომ და როგორ?” სტრატეგია, გარდა ზემოთ აღნიშნული დანიშნულებისა, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ:
·ეფექტური დისკუსიის წარმართვისთვის:

სადისკუსიო საკითხის ამ სახით დამუშავება და განხილვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თემა სიღრმისეულად გაიაზრონ, საკუთარი პოზიცია გააანალიზონ და ადეკვატური დასკვნები გამოიტანონ.

·აბზაცების შედგენისთვის:

სქემაში ორგანიზებული იდეები ხელს უწყობს მოსწავლეებს, ადვილად დაწერონ აბზაცები. სქემის ჩანაწერები შეიძლება ერთმანეთს ლოგიკური თანმიმდევრობით დაუკავშირდეს და მთლიან აბზაცად ჩამოყალიბდეს.
·თეზისების განაცხადისთვის ან კვლევითი ნაშრომის ძირითადი შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებისთვის:
ამ შემთხვევაში “რა – რატომ და როგორ?” სქემის პირველ გრაფაში იწერება საკვლევი კითხვის სავარაუდო პასუხი ან თეზისი, მეორეში – მიზეზები და მესამეში – დამამტკიცებელი საბუთები ან ბიბლიოგრაფიული მონაცემები.
2.სტრატეგია – “იდეა – დეტალები”

ხშირად მოსწავლეები საკუთარ ნაშრომებში საინტერესო იდეებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი განმტკიცებული და ცხადად ჩამოყალიბებული არ აქვთ, ვერ აღწევენ სასურველ წარმატებას. ამის მთავარი მიზეზი კი, უმეტესად, მათ ნაწერებში დეტალების ნაკლებობაა.
 
·რა არის დეტალი? დეტალი არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს ავტორის მიერ გამოთქმული აზრის შესახებ. ის გამოიყენება იმ წინადადებების ასახნელად, რომლებსაც მეტი სიცხადე და დაზუსტება სჭირდება.

·რისთვის გვჭირდება დეტალები? დეტალები წერილობითი ნაშრომის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კონკრეტული დეტალების გარეშე ძნელია, მკითხველი ჩაწვდეს ავტორის აზრს. თუ ავტორი მკითხველს ვერ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მას აინტერესებს, მაშინ მკითხველი ბუნებრივად კარგავს კითხვის მოტივაციას. ამ უკანასკნელის შეკითხვებზე პასუხების გაცემა და მისი ინტერესის დაკმყოფილება კი სწორედ დეტალების საშუალებით შეიძლება.

·როგორ შეიძლება დეტალებით ნაწერის შევსება? წერილობით ნაშრომში იდეებისა და მოსაზრებების განმამტკიცებელი დეტალების დამატების საუკეთესო გზას სტრატეგია “იდეა-დეტალები” წარმოადგენს (იხ. სქემა 2).

აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად, ნაწერისთვის შერჩეული მოსაზრებებიდან უნდა გამოიყოს ერთი ან რამდენიმე ისეთი იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვს განმტკიცებას. ის უნდა დაიწეროს სქემის მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვნივ შესაბამისი ამხსნელი წინადადებები უნდა ჩაიწეროს.

ყველა შესაძლო დეტალის ჩამოწერის შემდეგ შესაძლებელია ისინი კიდევ ერთხელ გადაიხედოს და ის წინადადები შეირჩეს, რომლებიც ყველაზე კარგად ამტკიცებენ კონკრეტულ მოსაზრებას. იდეასთან დეტალების დაკავშირებით და მათი ლოგიკური თანმიმდევრობის დალაგებით გაცილებით ადვილია მკითხველის ინტერესებზე ორიენტირებული წერილობითი ნაშრომის შექმნა.
 

იდეა

 

დეტალები

წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი
ნაწილი თქვენი ნაწერიდან)

რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც
შეიძლება დასვას თქვენმა მკითხველმა)

 

 

 

წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი ნაწერიდან)რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დასვას თქვენმა მკითხველმა)
სექმა 2
სტრატეგია “იდეა-დეტალების” გამოყენებისას გასათვალისწინებლია შემდეგი რეკომენდაციები:
·დეტალების ჩამოწერისას სასურველია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, დაწერონ ყველაფერი, რაც მეტ-ნაკლებად უკავშირდება გამოთქმულ იდეას. ეს არის წერის წინა აქტივობა და არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენად ეფექტურად იქნება წარმოდგენილი ყველა დეტალი.

·მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ავუხსნათ, რომ დეტალების ჩამოწერის პროცესში იმაზეც იფიქროს, თუ რა დამატებითი ინფორმაცია დასჭირდება აუდიტორიას წარმოდგენილი მოსაზრების შესახებ.

·დეტალების რაოდენობა არ არის განსაზღვრული, ის დამოკიდებულია იდეასა და აუდიტორიის სავარაუდო შეკითხვებზე. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დეტალების რაოდენობა 5-და 10-მდეა ხოლმე.

·დეტალების დასახვეწად შესაძლებელია მოსწავლემ მიმართოს კლასს, წაუკითხოს საკუთარი იდეა და სთხოვოს, დასვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხების დასაზუტებლად. დასმული კითხვების მიხედვით ადვილი დასადგენია, თუ რა აინტერესებს მკითხველს ავტორისგან.

·არსებობს უამრავი დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური ნაშრომისათვის. დეტალების შესარჩევად ერთ-ერთი კარგი გზა კითხვების დასმაა: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? და ა.შ., მაგრამ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ყველაზე კარგი წყარო არის პასუხი კითხვებზე: რატომ და როგორ?

·იდეისა და დეტალების კიდევ უფრო გავრცობისთვის შესაძლებელია ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე დეტალი გადავიდეს იდეის გრაფაში და შემდგომ მის ირგვლივ მოხდეს დეტალების მოძიება და ჩამოწერა.

როგორც ვხედავთ, სტრატეგიები “რა – რატომ და როგორ” და “იდეა-დეტალები” ეფექტური საშუალებებია არგუმენტებით გამყარებული, საინტერესო და გამართული ნაშრომების შესაქმნელად. გარდა ამისა, ისინი მოსწავლეებს უვითარებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრებების დამოუკიდებლად შემუშავება, მათი ახსნა საკუთარი პოზიციდაან გამომდინარე და საბუთებით განმტკიცება, ინფორმაციის მოძიება, იდეების დეტალებით დაზუსტება და სხვადასხვა კუთხით ორგანიზებული მოსაზრებების გამთლიანება.

და ბოლოს, რაც მეტი წერითი სტრატეგია იცის მოსწავლემ, მით მეტად სახალისო და მარტივი ხდება მისთვის წერილობითი დავალებების შესრულების პროცესი.
 

“ევროვიზია” და შოუბიზნესი

0
კომერცია თუ ხარისხი? – მუსიკის სფეროში ამ კითხვაზე ბევრი სავარაუდო პასუხი არსებობს. იდეალური შემთხვევაა, როცა ხელოვანი საკუთარი ნიჭის კომერციალიზაციას შინაგანი ცვლილების გარეშე ახერხებს. მთავარია, გქონდეს სწორი მიმართულება და აკეთებდე კარგ, ხარისხიან მუსიკას, რომელზე მოთხოვნაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ყოველთვის ექნება.

თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში ნიჭი კარგა ხანია აღარ არის საკმარისი. თუ არ აკეთებ შოუს, არ უნდა გქონდეს იმედი, რომ ტაშს დაგიკრავენ. ქართულ მუსიკალურ სივრცეში ხშირად გაისმის კითხვა, რატომ ვერ ცოცხლობს შოუბიზნესი საქართველოში. მიზეზი მარტივია – ერთი მხრივ, არ არსებობს შოუ, რომელშიც მსმენელები შესაბამის თანხას გადაიხდიან, მეორე მხრივ კი არ არის მოთხოვნა ისეთ მუსიკაზე, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება რაიმე ორიგინალურის, ჯერ არნახულის მოფიქრება.
 

სად იდგმება ერთ-ერთი საუკეთესო შოუ, რაც კი ოდესმე მინახავს? – “ევროვიზიაზე”. იმიტომ, რომ ეს კონკურსი არ არის შექმნილი მხოლოდ ვოკალური მონაცემების წარმოსაჩენად; ხმის მიცემის სისტემის “დემოკრატიულობა” (გამარჯვებულს ევროპის მოსახლეობა არჩევს) გარანტია იმისა, რომ არტისტები და მათი პროდიუსერები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ კარგი შოუს დასადგმელად, რომელიც დიდი რაოდენობის მსმენელზე იქნება გათვლილი.

სიმართლე გითხრათ, წმინდა ხელოვნების თვალსაზრისით, მუსიკალური კონკურსების ჩატარება მართებულ მოვლენად არ მიმაჩნია, რადგან გემოვნება ძალიან სპეციფიკური რამაა და კონკრეტული ადამიანების ღირებულებებსა თუ სიმპათიებზეა დამოკიდებული. ბევრი მიიჩნევს, რომ “ევროვიზია”, თავისი არსით, პოლიტიკური კონკურსია, რომელსაც ვერასოდეს ეყოლება ღირსეული გამარჯვებული. გამოგიტყდებით – შარშანდლამდე მეც ასე მეგონა.

Loreen – ეს იმ შვედი გოგონას სახელია, რომელმაც ამ კონკურსზე სრულიად თუ არ შემაცვლევინა აზრი, საფუძვლიანად მაინც შემირყია წარმოდგენა.

ბრწყინვალე გარემო, ქორეოგრაფია, ვოკალი… ამ ყველაფრის სინთეზით კი ძალიან კარგი ნომერი იდგმება. ეს მხოლოდ სიმღერა არ არის, ეს ნამდვილი პერფორმანსია. შვედი კონკურსანტის გამარჯვება, ვფიქრობ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, ან თუნდაც პოლიტიკური.

რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე, რომ წლევანდელ “ევროვიზიას”, რომელიც შვედეთში, ქალაქ მალმოში გაიმართება, მეც დავესწრები. მართალია, რეპორტიორის სტატუსით, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე უბრალო მაყურებლობა. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი კონცერტი კულისებიდან გაცილებით საინტერესო სანახავი და გასაშუქებელია. ვეცდები, ერთი პოსტი “ევროვიზიიდან” თუ არა, შვედეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მაინც გამოვაქვეყნო.

ქართველ კონკურსანტებს რაც შეეხება, “ევროვიზიაზე” წელს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარგვადგენენ. დარწმუნებული ვარ, წმინდა ვოკალური თვალსაზრისით, ნომერი ძალიან კარგი იქნება. სიმღერაც “საევროვიზიოა”. რაც შეეხება შოუს, ამას თავის დროზე ვნახავთ.

ძალიან მინდა, ჩვენმა კონკურსანტებმა წარმატებას მიაღწიონ, რათა 2014-ში იმ დონის სანახაობა, როგორც “ევროვიზიაა”, სწორედ საქართველოში გაიმართოს. ეს ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწვევა იქნება როგორც ქართველი მსმენელისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც კონკურსზე იმუშავებენ.
იქნებ ამის მერე მაინც იქცეს საქართველოში შოუ – ბიზნესად.

2013 წლის საგანმანათლებლო მიმართულებები

0

საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს აინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განათლების სამომავლო პრიორიტეტები და განვითარების სავარაუდო მიმართულებები, ტენდენციები, რომლებიც ფეხს იკიდებს მოწინავე ქვეყნებში და არც საქართველოს აუვლის გვერდს.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილი გამომცემლობა Noodle-ის 2013 წლისა და უახლოესი მომავლის პრიორიტეტული მიმართულებების პროგნოზს ჩვენეული კომენტარებით.

Noodle ვარაუდობს, რომ 2013 წლიდან საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე წარმატებულად 5 მიმართულება განვითარდება.
1. სულ უფრო გაიზრდება განათლების მიღებაში სოციალური მედიის როლი
სოციალურ მედიას უკვე უკავია მყარი პოზიცია ყველა სფეროში, სარეკლამო ბიზნესით დაწყებული, სპორტითა და გართობით დამთავრებული. სოციალური მედიის პოპულარობასთან ერთად იზრდება მისი საზღვრებიც. სოციალური განათლება დღეს მოიცავს უამრავ რესურსს, რომლებსაც ქმნიან, ერთი მხრივ, მასწავლებლები და ლექტორები, ხოლო მეორე მხრივ – სტუდენტები და მოსწავლეები და ვიდეოების სახით YouTube-ზე ათავსებენ. აგრეთვე მოქმედებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი უამრავი ბლოგი Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სოციალური მედია პოპულარული რამდენიმე წლის წინ გახდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ მას დიდი პოტენციალი აქვს და ხარისხობრივადაც მისი რესურსები უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული გახდება.
2. უფრო მეტი უმაღლესი სასწავლებელი შემოგვთავაზებს ონლაინ სწავლების კურსს

 
უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ უამრავი ხალხი იღებს განათლებას პოდკასტებითა და ელექტრონული სასწავლო სახელმძღვანლოებით. ინტერნეტი საშუალებას აძლევს ადამიანებს, გადალახონ ბარიერები და მიიღონ საუკეთესო სასწავლო რესურსები მათთვის კომფორტულ პირობებში, საკუთარ სახლში. ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი უკვე აწვდის მსურველებს ონლაინლექციებს, სთავაზობს ხარისხის მინიჭების პროგრამებს და სხვა ტიპის მომსახურებას. ეს პრაქტიკა უკვე ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოში ცნობილ ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (მსოფლიოს #1 უნივერსიტეტი), სტენფორდის უნივერსიტეტი. Noodle-ის პროგნოზით, 2013 წლიდან ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდება. გამომცემლობამ თვითონაც შეუწყო ხელი ამ პროცესს – უკვე შექმნა 450 000-ზე მეტი უფასო ონლაინ სასწავლო მასალა, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
3. გაგრძელდება და გაძლიერდება მიმართულება, რომელსაც MOOC-ს უწოდებენ
 
რა არის MOOC? ეს აბრევიატურაა: Massive Open Online Course (მასიური თავისუფალი ონლაინ კურსები). ეს გახლავთ უპირატესად ის რესურსები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტზე. განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ MOOC დღეს რევოლუციას ახდენს სტუდენტების განათლებაში და მისი გავლენა მთელ მსოფლიოში იზრდება. ეს რესურსები, წესისამებრ, უფასოა და მხოლოდ კომპიუტერსა და ინტერნეტს მოითხოვს. 2013 წლის სიახლე ამ მიმართულებით ის გახლავთ, რომ უკვე განიხილება საკითხი, მოხდეს თუ არა MOOC-ის საშუალებით მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კრედიტების ოფიციალურად მინიჭება. MOOC-მა უკვე მოიცვა 200-მდე ქვეყანა (ე.ი. თითქმის ყველა), საგანმანათლებლო მასალებს 44 ენაზე აქვეყნებს და აქვს 4500 საგამოცდო ცენტრი მთელს მსოფლიოში.
4. წლევანდელ კოლეჯდამთავრებულებს სამუშაოს პოვნის უკეთესი შანსი ექნებათ
 
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული რეცესია 2013 წელს სრულად, რა თქმა უნდა, არ აღმოიფხვრება, მაგრამ Noodle მიიჩნევს, რომ წლევანდელ კურსდამთავრებულებს სამუშაოს მისაღებად უფრო ნაკლები ძალისხმევის გაღება მოუწევთ, ვიდრე წინა კურსდამთავრებულ თაობებს. NACE-ს (კოლეჯებისა და დამსაქმებელთა ნაციონალური ასოციაცია) მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლებს იმედი აქვთ, 2013 წელს დაახლოებით 10%-ით მეტი კურსდამთავრებულს დაასაქმებენ, ვიდრე წინა წლებში. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ ხარისხს რომელიმე იმ მიმართულებით, რომლებსაც STEM-ს ეძახიან (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო მშენებლობა, მათემატიკა), რადგან ამ სპეციალობებზე მოთხოვნა გაიზრდება.
5. დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო თამაშებზე დაფუძნებული სწავლება სულ უფრო პოპულარული გახდება
ვის არ უყვარს თამაში? იგი დიდი ხანია სწავლის შემადგენელი ნაწილი გახდა. აი, თამაშზე დაფუძნებული სწავლება (Game Based Learning) კი ახალი მიმართულება გახლავთ, თუმცა საკლასო ოთახებში უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი. მასწავლებლებს, რომლებიც უკვე იყენებენ თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს, ეჭვი არ ეპარებათ, რომ იგი დადებითად აისახება როგორც სწავლების პროცესზე, ისე საბოლოო შედეგზეც. GBL შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც თამაშის ფორმა აქვს და სწავლებას ემსახურება: ასწავლო სიმულაციები, სერიოზული თამაშები, ვიდეო-კომპიუტერული თამაშები და სხვ. ზოგიერთმა მშობელმა ეგებ არც კი დაიჯეროს, რომ ვიდეოთამაშები სკოლაში შეიძლება სასწავლო მიზნით იქნეს გამოყენებული. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ GBL-ს აქვს ერთი აუცილებელი პირობა – თამაში ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ თემატურად შეესაბამებოდეს შესასწავლ მასალას და სწორედ ამ კონკრეტული მასალის უკეთ გაგებასა და გაგებულის შენარჩუნებას ემსახურებოდეს. თუმცა დღეს სასწავლო თამაშების გამოყენების მეთოდიკა ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა. სამომავლოდ მას გაცილებით ხშირად გამოიყენებენ.

მთავარი სითხე – სისხლი

0

იმ დღეს ისე მოხდა, რომ სახლში ვმუშაობდი, რომელიღაც სამეცნიერო სტატიას ვწერდი. საათს შევხედე – ახალი ამბების დრო მოსულიყო. ვიფიქრე, ვნახო, ქვეყანაზე რა ხდება-მეთქი. ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, ადგილზე გავშეშდი – ეკრანზე ცუნამისა და ნგრევის საშინელი კადრები ჩანდა. იდგა 2011 წლის 11 მარტი. იმ დღეს იაპონიას კატასტროფა დაატყდა თავს.

პირველმა შოკმა რომ გამიარა, ახლა საკუთარი თავის სიბრალულით დამენისლა თვალები და დავასკვენი, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვიყავი ამქვეყნად – ცოტა ხნის წინ იაპონიის მთავრობის სტიპენდია მოვიგე და რამდენიმე თვის შემდეგ ხუთი თვით ტოკიოში, პროფესორ იჩირო იამატოსთან მივემგზავრებოდი…

მოგვიანებით იჩირო სანმაც და სხვებმაც მიმტკიცეს, ჩამოდი, მერე რაო, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მყარი არგუმენტი გამოდგა, რომ ფუკუსიმას მიმდებარე ტერიტორიაზე (სწორედ იქ იდგა უნივერსიტეტის ის კორპუსი, სადაც მე უნდა მემუშავა) განიბნა სტრონციუმის ერთ-ერთი რადიაქტიური იზოტოპი (და არამხოლოდ ის), რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი 14 წელია. ასე გავაუქმე სტიპენდია… ხოლო აქ, საქართველოში, ვინც კი წაუსვლელობის მიზეზი მკითხა, ყველას მარტივი, თუმცა გულწრფელი პასუხი გავეცი – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლეიკოზი არ მინდოდა!

ამრიგად, დღეს, როგორც ალქიმიკოსი პარაცელსი იტყოდა, ადამიანის მთავარ სითხეზე – სისხლზე ვისაუბრებთ.
იაპონიის თემას განვაგრძობ. ბრძენი იაპონელები პირველი შეხვედრისას თურმე ყოველთვის ეკითხებიან ადამიანს სისხლის ჯგუფს. ამას მისი ხასიათის უკეთ შესაცნობად აკეთებენ. სისხლის ჯგუფების თავისებური ჰოროსკოპიც კი აქვთ:

O(I) – რომანტიკოსები არიან, ძალიან უყვართ სიცოცხლე და თითოეულ წუთს აფასებენ. ჯიუტები არიან, თუმცა ადვილად უჩუყდებათ გული. უყვართ სხვების დახმარება. განწყობა სწრაფად ეცვლებათ. გრძნობებს არ მალავენ. ოპტიმისტები არიან.

A(II) – კეთილსინდისიერი, გუნდური მუშაობის მოყვარული, გულჩათხრობილი ხალხია. სხვის აზრს მათ შესახებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნათელი გონება აქვთ და არ უყვართ დამარცხება. მხოლოდ ფაქტებს უჯერებენ და არა ემოციებს. დიდი მოთმინების უნარი აქვთ და ოდნავ პესიმისტები არიან.

B(III) – აქტიური ადამიანები არიან. შეუძლიათ, მთლიანად ჩაეფლონ სამუშაოში. პოპულარობა და პატივი არ აინტერესებთ. ვერ იტანენ უსამართლობას. ძალიან ემოციურები არიან და კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. განწყობა ხშირად ეცვლებათ. ხანდახან პესიმიზმი სძლევთ ხოლმე, თუმცა თავს იოლად აღწევენ. როდესაც საკუთარი სიმართლისა სწამთ, სხვების აზრი საკუთარ თავზე არ აინტერესებთ.

AB(IV) – სერიოზული, ცნობისმოყვარე, თავაზიანი და ტაქტიანი ხალხია, თუმცა გრძნობების გამოხატვა უჭირთ. ძალიან სამართლიანები არიან, მაგრამ ეჭვიანებიც. რთული ხასიათი აქვთ, თუმცა დანაპირებს ყოველთვის ასრულებენ.

მაშ ასე, გავიგეთ, რომ სისხლის ოთხი ჯგუფი არსებობს, თითოეული – შესაბამისი ხასიათით. ოთხივე ეს ჯგუფი რეზუსდადებითებად და რეზუსუარყოფითებად იყოფა.

რეზუსუარყოფითი სისხლის პატრონებს ექიმები ხუმრობით „ცისფერსისხლიანებს” უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია და საჭიროების შემთხვევაში დონორის პოვნა ძნელია.

თავისი სისხლის ჯგუფი და რეზუსი ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. მე მესამე უარყოფითი მაქვს.

იცით, რა ფუნქციების მატარებელია თქვენი სისხლი? ის გიცავთ, ახორციელებს ჰომეოსტაზს, ჰემოსტაზს და სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტს.

სისხლის პლაზმის 90% წყალია, 10% – მშრალი ნივთიერება. ამ ნივთიერების 75%-ს კი ცილები შეადგენს, ანუ პლაზმაში ცილების შემცველობა 7,5%-ია. ყველაზე მეტია მარტივი სატრანსპორტო ცილები – ალბუმინები და გლობულინები. აქვეა ფიბრინოგენი, ტრანსფერინი, ცერულოპლაზმინი… ფიბრინოგენზე გამახსენდა – ალბათ იცით, რომ სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს. ამ პროცესის წარმართვისთვის კი K ვიტამინი გვჭირდება.

ეს ისე, მცირე გადახვევად ჩავთვალოთ.

ნორმალურ სისხლში ალბუმინებისა და გლობულინების რაოდენობის შეფარდება მუდმივი სიდიდეა. ამ შეფარდებას „ცილოვან კოეფიციენტს” უწოდებენ და ის 1,5-დან 2,3-მდეა. ზოგიერთი დაავადების დროს თანაფარდობა იცვლება, ამიტომ მისი განსაზღვრა ექიმებს დიაგნოზის დასმაში ეხმარება.

სისხლის pH 7,4-ის ტოლია. სისხლში ნაწლავებიდან და ქსოვილებიდან განუწყვეტლივ შეიწოვება მჟავა და ტუტე ბუნების ნივთიერებები, მაგრამ მძლავრი ბუფერული სისტემების წყალობით მისი pH არსებითად არ იცვლება.

სისხლზე საუბრისას ცილა ჰემოგლობინი რომ არ ვახსენოთ, არ შეიძლება. მის შესახებ ყველას გაგიგონიათ. უფრო მეტიც – არ მეგულება ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ გაეკეთებინოს ჰემოგლობინის ანალიზი. ჰემოგლობინი რთული ცილაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფეროს, ანუ გლობულის ფორმა აქვს და ცილებისთვის დამახასიათებელ ოთხივე სტრუქტურას შეიცავს. HbA – ასე აღინიშნება ზრდასრული ადამიანის ცილა ჰემოგლობინი. თუმცა ვიდრე ზრდასრულ ფორმას მიაღწევდეს, ჰემოგლობინი ვითარდება. ადამიანის 7-12 კვირის ემბრიონის სისხლში პრიმიტიული ჰემოგლობინი – HbP – გვხვდება; ემბრიონის განვითარების მესამე თვეს წარმოიქმნება ფეტური ჰემოგლობინი – HbF. ბავშვი სწორედ ფეტური ჰემოგლობინით იბადება, რომელიც თანდათანობით ნორმალურით ანუ HbA-თი იცვლება. ჰემოგლობინი სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არტერიული სისხლიდან პერიფერიულში ჟანგბადი გადააქვს, იქიდან კი მოაქვს ენდოგენური ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები, რომლებიც ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ტოვებენ ორგანიზმს. ჰემოგლობინის ერთი მოლეკულა ოთხ მოლეკულა ჟანგბადს იერთებს და ოქსიჰემოგლობინი წარმოიქმნება.
სტუდენტებთან პირველად რომ შევედი, ძალიან პატარა ვიყავი – მეორეკურსელი ასპირანტი. ბიოქიმიის წაკითხვა მანდეს, ლაბორატორიულ სამუშაოებსაც მე ვატარებდი. მინდოდა, სტუდენტები ყოველდღე რაიმე ახლით გამეოცებინა, ამიტომ ათასგვარ ცდას ვატარებდით. ერთ-ერთი კრისტალური ოქსიჰემოგლობინის მიღება იყო: 10 მლ კურდღლის, ძაღლის, ცხენის ან ბაყაყის სისხლს ამატებენ 2 მლ წყლისა და ეთერის ნარევს (1:1) და ურევენ სისხლის სრულ ჰემოლიზამდე. წითელ გამჭვირვალე სითხეს ჰემოლიზირებულ ან ლაქის სისხლს უწოდებენ. სითხეს ამატებენ ტოლი მოცულობის (12მლ) ამონიუმის სულფატის ნაჯერ ხსნარს, მოურევენ და მაშინვე აცენტრიფუგებენ, ფილტრავენ გამოლექილი ცილების ჩამოცილების მიზნით. ფილტრატს 24 საათით დახურულ ჭურჭერლში სიცივეში ტოვებენ. ამ ხნის შემდეგ მიკროსკოპში ნათლად ჩანს ოქსიჰემოგლობინის წითელი პრიზმისებრი კრისტალები.

მე ცხოველების სისხლი არ მქონდა, სამაგიეროდ, მქონდა ჩემი… დიახ, ამ ცდას საკუთარი სისხლით ვატარებდი. მერე ამ ამბავმა გაჟონა და კათედრის გამგე საშინლად გამიწყრა, „თვითგვემა” ამიკრძალა და პირობა ჩამომართვა, რომ თითებს აღარ დავიჩხვლეტდი.

ქალისთვის ჰემოგლობინის ნორმა 72-84 ერთეულია, მამაკაცის ორგანიზმი ამ ცილას ოდნავ მეტს შეიცავს. ატამი, გარგარი, ბროწეული, წითელი ტყემალი, ნატურალური შავი ღვინო, საქონლის ენა, ღვიძლი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას გვმატებს. ჰემოგლობინი რკინის იონებს შეიცავს, ამიტომ, როცა იგი სათანადო რაოდენობითაა ორგანიზმში, რკინადეფიციტური ანემიისგან დაზღვეულნი ვართ.

მინდა, ერთი საოცარი რეცეპტი გაგიზიაროთ. ეს ტრადიციული აზერბაიჯანული სამზარეულოს გვირგვინია და კისინჟანის შაჰის ფლავი ეწოდება. ფლავს ჩვეულებრივ ამზადებენ სპეციფიკური სანელებლებითა და ხორცით. საოცარი მისი საწებელია, რომელიც ბროწეულის წვენისგან მზადდება. მომზადებისას წვენში სამჯერ დებენ გავარვარებულ ნალს და გაცივებას აცლიან. ძველად თურმე სწამდათ, რომ ამგვარად სოუსში გადასული რკინის იონები ორგანიზმს ამ მეტალით გაამდიდრებდა და სისხლიც ცილა ჰემოგლობინით შეივსებოდა. სხვათა შორის, ამ რეცეპტს ამსტერდამში ოქროს მედალი მიუღია, როგორც გემრიელ და სასასრგებლო საკვებს.

ერთ კითხვას დაგისვამთ: რამდენ ხანს გაძლებთ უჰაეროდ? ამ სიტყვებზე მეც ვცადე სუნთქვის შეკავება, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ისევ არ დავიწყდებდი სუნთქვას, თქვენ ამ წერილს ვეღარ წაიკითხავდით. იცით, რამდენ ხანს შეუძლია უჰაეროდ ყოფნა ზრდასრულ ადამიანს? მაქსიმუმ, სამი წუთი, თუ ნავარჯიშებია – ოთხი-ხუთი. ბრუკლინის უნივერსიტეტში ხელოვნური ერითროციტების მიღებაზე მუშაობენ. უფრო სწორად, ასეთი უჯრედები ხელოვნურად უკვე გამოყვანილია და მათზე დაკვირვებები მიმდინარეობს. ამგვარი ერითროციტების წყალობით ორგანიზმი ჟანგბადით გაცილებით უკეთ მომარაგდება, მის უფრო მეტ რაოდენობას გამოიყენებს და უჰაეროდ ერთ-ორ საათს გაძლებს. მეცნიერთა ეს მიღწევა განსაკუთრებით მყვინთავებს და ოკეანის შემსწავლელ სხვა მეცნიერებს გამოადგებათ. თუმცა ეს არც ისე ახლო მომავალში მოხდება. მანამდე კი… ჩვენი ისტორიის ფურცლები გაჟღენთილია ქართველთა სისხლით და ვინ იცის, წინ კიდევ რა გველის… მომიტევეთ, ჩემი მესამე ჯგუფის სისხლი მაწერინებს ასე.

თუმცა, მოდი, მურმან ლებანიძის სტრიქონებით დავასრულებ:
„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის – დასაღვრელის ალბათ მაცნეა…
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია”.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა სკოლებს!

0

სოციალური და ეკონომიკური სირთულეებით დატანჯულ ღარიბ ქვეყნებში ნაკლებად ზრუნავენ გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანესი, პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და იშვიათად ეძებენ მათი ეფექტურად გადაჭრის გზებს. შესაბამისად, ისინი ბუნების ეკოლოგიურად არასასურველი გარდაქმნების რისკის წინაშე დგანან. მგონი, ამ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.

ამ მოსაზრების დასტურად არაერთი მაგალითის მოხმობაა შესაძლებელი: ქართულ კანონმდებლობაში დღემდე არ არის ზუსტად განსაზღვრული ტყის სტატუსი, რაც მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებულ ექსპორტიორებს უფრო მეტად უადვილებს დიდი რაოდენობით ხის მასალის მოპოვებას; ყაზბეგის რაიონში ათობით ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მათი ზემოქმედების არცთუ სრულყოფილი შეფასების საფუძველზე შენდება და საფრთხეს უქმნის „წითელ წიგნში” შეტანილ, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ უნიკალურ ეკოსისტემებს; სპეციალური ფილტრის გარეშე მომუშავე ქარხნები ატმოსფეროში ყოველდღიურად დაუბრკოლებლად ფანტავენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს; არაერთი მდინარე საწარმოო ქიმიური ნარჩენების ნაგავსაყრელადაა ქცეული ან წარმოადგენს ინერტული მასალების საბადოს ნებისმიერი ტიპის მშენებლობისთვის.

საზოგადოებისა თუ პოლიტიკის ეკოლოგიურ უპასუხისმგებლობაში ხშირად მმართველ სახელისუფლებო ელიტებს ადანაშაულებენ. ზოგიერთი პრობლემას დარგის ექსპერტთა არაკომპეტენტურობასა და ინვესტორთა მიმართ მათ მიკერძოებაში ხედავს. არიან ისეთებიც, რომლებიც „მწვანე” აქტივისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების პასიურობით არიან უკმაყოფილონი.

ალბათ, თითოეული ეს მოსაზრება ლეგიტიმურია, თითოეულ მათგანში შეიძლება სიმართლის მძიმე მარცვლის აღმოჩენა, თუმცა გარემოს დაცვის საკითხებზე გაჩაღებული მწვავე დისკუსიების დროს მუდამ ავიწყდებათ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ იჩენს თავის წილ პასუხისმგებლობას.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში მინიშნებულია, რომ სკოლა პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი და ბუნებრივი გარემოს დამცველი ადამიანის აღზრდას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი კრიტერიუმი მკაფიოდაა გამოკვეთილი, ალბათ, მისი სათანადოდ აღსრულება მაინც ვერ ხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივი გარემოს შეცვლის ნებისმიერი მცდელობისას საზოგადოებრივი ინტერესი და მოქალაქეთა წინაშე მოქმედ პირთა ანგარიშვალდებულების განცდაც გაცილებით მეტი იქნებოდა.

რა განაპირობებს საგანმანათლებლო სისტემის ნაკლებ ყურადღებას გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისადმი?

დასავლურ სკოლებში მოსწავლეებს გარემოსდაცვით ღირებულებებს დახვეწილი საგანმანათლებლო სპეცკურსებით, თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში ან სკოლის ექსპერიმენტულ ბაღებში შეასწავლიან. ამგვარი ფუფუნებით სარგებლობის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენს პედაგოგებს იშვიათად ეძლევათ. ამასთანავე, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, მწვავე და აქტუალური საკითხები აფერხებს დღის წესრიგში „მწვანე” პუნქტთა დამკვიდრებას.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, XXI საუკუნეში საქართველოს მასწავლებლების უმთავრესი გამოწვევა მოსწავლეებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივებაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ სათანადო რესურსების არარსებობა მათ ხელს ვერ შეუშლის და რამდენიმე წელიწადში ჩვენ გარემოსადმი უფრო მგრძნობიარე საზოგადოება გვეყოლება.

შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება

0

შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის შესახებ, დღეს, განათლების სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი თანხმდება. შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა.

 

შემოქმედებითობა საკმაოდ ფართო ცნებაა, ამიტომ კონკრეტულ ასპექტებთან მისი დაკავშირება კამათის და განსჯის საგანია. შემოქმედებითობა ინტელექტის ერთ-ერთ ასპექტადაც განიხილება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინტელექტის სახეების მრავალფეროვნებას, ეს რთული დასადგენი გახდება (მოგეხსენებათ, ჰოვარდ გარდნერის „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” რამდენიმე ტიპის ინტელექტს გამოყოფს: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, სივრცითი, მუსიკალური, კინესთეტიკური, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური). როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღწერილი, კრეატიულობაზე მრავალი ფაქტორი, მათ შორის გარემო პირობები, ახდენს ზეგავლენას. ავტონომიურობის მაღალი ხარისხი პიროვნებას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს შემოქმედებითობა, რასაც ვერ ვიტყვით ავტორიტარულ გარემოზე. ზოგჯერ შემოქმედებითობას ისეთ „გადახრილ” აზროვნებადაც ახასიათებენ, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, საყოველთაო აზროვნებისაგან. საკლასო ოთახში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოდერატორს – მასწავლებელს, რომელმაც, საკუთარი უნარებისა და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ მოსწავლის აზროვნება მაქსიმალურად შემოქმედებითი გახდეს.

ეს სტატია, პირველ რიგში, სწორედ მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მშობლებისათვისაც საინტერესო იქნება იმის შეტყობა, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მოზარდს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა სტრატეგიებს მივმართავთ ყოველდღიურად.

ამ მიზნით მიმოვიხილავთ შემოქმედებითობის ცნებას, მის მნიშვნელობას და განვითარების შესაძლებლობებს. დასასრულს რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ.

შემოქმედებითობის ცნება ყურადღების ცენტრში მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს მოექცა. 90-იანი წლების მიდგომა შემოქმედობითობის მიმართ განსხვავდება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მიდგომისაგან. ის შემოქმედებითობას იკვლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ მოიაზრებს მას, როგორც ერთეულთა ხვედრს. მისი ამოსავალი წერტილი არ არის „პროდუქტი” , კონკრეტული გამოგონება. ის აქცენტს აკეთებს პროცესზე, განვითარებაზე.

კრეატიულობის თეორიების განხილვისას ასხვავებენ კრეატიულობის მასშტაბს – ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილს და გენიოსებისთვის დამახასიათებელს. მეცნიერების აზრით, მხოლოდ ექსტრაორდინალურ ადამიანებზე აქცენტის გაკეთებამ შესაძლებელია ყოველდღიური კრეატიული გამოცდილება უგულებელყოს.

 

აღნიშნული თეორიები სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. ძირითადი ფოკუსები ასე გამოიყურება: პროცესი, პროდუქტი, პიროვნება და ადგილი. შემოქმედებითობის შესახებ რამდენიმე მეცნიერული მოსაზრებაც შეიძლება გავიხსენოთ, რომელთა ჭეშმარიტების თაობაზე დავა შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს:

· შემოქმედებითობა ვითარდება დროთა განმავლობაში, პიროვნებისა და გარემოს კავშირში. ამ თეორიაში შემოქმედებითობის ძირითადი განმავითარებელია ოჯახისა და გარემოს სტრუქტურა; დიდია თამაშის როლი, ეფექტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

· შემოქმედებითობა შესაძლებელია გაიზომოს, განისაზღვროს მისი სანდოობა და ქმედითობა. შესაძლებელია გამოირჩეს სპეციფიკური შემოქმედებითობა. აქ მთავარი ფოკუსი პროდუქტია.

· შემოქმედებითობას განსაზღვრავს „ბაზრის მოთხოვნა”, მასზე გავლენას ახდენს მაკრო ფაქტორები. აქ რამდენიმე ფოკუსია: პიროვნება, პროდუქტი, ადგილი, დამაჯერებლობა.

· შემოქმედებითობის გამოხატვა გადის რამდენიმე აუცილებელ ფაზას. მას შესაძლებელია ჰქონდეს წრფივი და რეკურსიული ელემენტები. აქ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პროცესს.

· შემოქმედებითობა, უპირატესად, კოგნიტური პროცესია. იდეის ფორმირება ფუნდამენტურია. აქ მთავარი კონცეპტებია: ასოციაციები, მეტაფორა, კონცეპტუალური კომბინაციები, მეტაკოგნიტური პროცესები, სწორხაზოვანი/გადახრილი აზროვნება. მთავარ ფოკუსს პიროვნება და პროცესი წარმოადგენს.

· შემოქმედებითი გზით პრობლემის ძიება და გადაჭრა რაციონალური პროცესია, რომელიც შესაძლებელია ეფუძნებოდეს ექსპერტულ ცოდნას და გამოცდილებას. შემოქმედებითი ადამიანები აქტიურად ერთვებიან პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში. აქ მთავარი ფოკუსი პიროვნებაზე, პროცესსა და პროდუქტზე კეთდება.

· შემოქმედებითობა კომპლექსური სისტემების და მათი ინტერაქციის შედეგია. აქ მთავარი კონცეპტებია: კოლაბორაციული შემოქმედებითობა, სისტემების კავშირი, კომპლექსურობა, სადაც ფოკუსი კეთდება პიროვნებაზე, პროცესზე, პროდუქტზე, ადგილზე.

 

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას მნიშვნელოვანია, პედაგოგმა გაიაზროს, თუ რა ფაზებს გადის მოსწავლის ცნობიერება შემეცნების პროცესში. მან უნდა იცოდეს, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ სწავლის პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და ეფექტური.

განათლების ფსიქოლოგები და თეორეტიკოსები აღნიშნავენ სწავლების პროცესში მოსწავლის წარმოსახვის ჩართვის აუცილებლობას. „წარმოსახვის გააქტიურება სწავლის პროცესის ლამაზად შეფუთული დანამატი არ არის. ის სწავლების არსია. სწორედ ის აძლევს აზრს იმ შინაარსს, რომელიც გადაცემაც გვსურს” ( კირან იგანი).

შემოქმედებითობის განვითარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციის გამოწვევას, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტით მიიღწევა.

მასწავლებლებს სურთ, განუვითარონ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება, თუმცა ხშირად არ არიან დარწმუნებული იმაში, სწორ სტრატეგიას მიმართავენ თუ არა. ამიტომ რამდენიმე ინსტრუმენტს ჩამოვთვლით. ფსიქოლოგების* ნაწილი ძირითად შემეცნებით ინსტრუმენტებად ასახელებს: ამბავს, მეტაფორას, ბინარულ დაპირისპირებებს, რითმას და რიტმს, ხუმრობებს და იუმორს, გონებრივ გამოსახულებებს, ჭორს და თამაშს, საიდუმლოს, წიგნიერების ჩანასახოვან ინსტრუმენტებს.

ამბავი აღძრავს ემოციას. სწავლების პროცესში ამბის მოყოლის ღირებულება მოსწავლეთა ემოციების და წარმოსახვის მობილიზებაა. ამბის გადმოცემა არა მხოლოდ მისი ფაქტობრივი ნაწილის მოყოლას, არამედ ფაქტების, მოვლენების დალაგებას, ერთმანეთთან დაკავშირებას, სინთეზს და ანალიზს მოითხოვს.

მეტაფორების გამოყენება ერთი საკითხის მეორის მეშვეობით დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ეს აზროვნებას აფართოებს. მეტაფორების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მეტაფორული აზროვნებისა და ცნებების დაკავშირების უნარის განვითარებას.

ხუმრობა, იუმორი ერთ – ერთი ეფექტური ინსტრუმენტია მოსწავლეთა დადებითი ემოციების გამოსაწვევად. ისინი შეიძლება წახალისდნენ კიდეც და თავადაც მოიგონონ კონკრეტულ თემაზე სახალისო, შემეცნებითი ხუმრობები. სასურველია ომონიმების გამოყენებაც, რაც ხელს უწყობს სხარტი აზროვნების განვითარებას (მაგ; ბარი, დარი, კარი და სხვ.). ხუმრობა არა მხოლოდ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვის საშუალებაა, ის აძლიერებს მათი წარმოსახვის უნარსაც.

გონებრივი გამოსახულებები მოსწავლეს ეხმარება, ნაცნობი სიტყვებით შექმნას გონებაში სახეები და დაუკავშიროს ჯერ კიდევ უცნობ მოვლენებს. წარმოსახვითი სახეები მისთვის ნაცნობი და სანდო ხდება. შესაბამისად, მოსწავლე უკეთ აღიქვამს და ამუშავებს ახალ ცნებებს.

ჭორი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღიარებულია ადამიანთა სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ. საგაკვეთილო პროცესში მთავარია, ისეთი ჭორი და ამბავი მოყვეთ, რომელიც მოსწავლეებს საკითხის, თემის უკეთ წარმოსახვასა და აღქმაში დაეხმარება.

თამაშის მნიშვნელობა აღწერილი და კვლევებით დადასტურებულია. უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელობა შემეცნებითი ინსტრუმენტების თვალსაზრისით. ვიგოტსკი თავის თეორიაში აღნიშნავს, რომ თამაში ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს (აზროვნების, მეხსიერების, თანაგრძნობის და სხვ.). თამაშის ტიპი უნდა განსხვავდებოდეს შესასწავლი საკითხის მიხედვით (სამაგიდო შეჯიბრი, გამოგონება, კვლევა, რამეს აწყობა თუ სხვა).

საიდუმლოს ფენომენი აღვივებს განცდას, რომ სამყარო მხოლოდ ის არ არის, რასაც ვხედავთ. არის ბევრი ბუნდოვანი საკითხი, რომლებიც შესაძლოა, არ ვიცოდეთ. საიდუმლოს შემცველი აქტივობების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება აღვივებს ცნობისმოყვარეობას, გონებას მიმართავს ამოუცნობისკენ, უცნაურისკენ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც მოსწავლეს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს მოსწავლეებში ახალი იდეების გაჩენას, გენერირებას, გაზიარებას.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოქმედებითი აზროვნებისას რამდენიმე სააზროვნო უნარის გამოყენება და ბალანსირება ხდება: სინთეზური აზროვნების უნარის, რომელიც ახალი იდეების წარმოშობის უნარია; ანალიტიკური აზროვნების უნარის, რომლის მეშვეობითაც იდეების ანალიზი და შეფასება ხდება (კრიტიკული აზროვნება) და პრაქტიკული აზროვნების უნარის – კრეატიული ადამიანი ამ უნარს თეორიის პრაქტიკად გადაქცევის, კარგი იდეის ხორცშესმისათვის იყენებს. მნიშვნელოვანია ამ სამივე უნარის განვითარების ხელშეწყობა.

აქვე უნდა ვახსენოთ ის დაბრკოლებები, რომლებმაც შესაძლოა, შემოქმედებითობის განვითარებას შეუშლოს ხელი.

კენ რობინსონი, განათლების ექსპერტი, ერთ ერთ გამოსვლაში* აღნიშნავს: „სკოლები ხელს უშლიან შემოქმედებითობის განვითარებას”. საკმაოდ მკაცრი და დამაფიქრებელი განცხადებაა. სასკოლო გარემო ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სადაც შემოქმედებითობა უნდა ვითარდებოდეს. ექსპერტის აზრით, საჭიროა, რომ შემოქმედებითობას იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ, რაც წიგნიერებას. ის მთავარ პრობლემად მიიჩნევს სკოლებში მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის უგულებელყოფას და საგნების ე.წ. „ძირითად” (მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვ.) და ”მეორეხარისხოვან” (ხელოვნება, მუსიკა) საგნებად დახარისხებას. ამგვარი მიდგომა საქართველოშიც არსებობს, მაგალითად, როცა პედაგოგები და მშობლები ითხოვენ რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანში საგაკვეთილო საათების გაზრდას ხელოვნების ან მუსიკის ხარჯზე. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ყველა ბავშვი ნიჭიერი იბადება”, სასკოლო განათლების დანიშნულება კი უნივერსიტეტის პროფესორების აღზრდა სულაც არ არის; სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და განვითარება უნდა ხდებოდეს. კენ რობინსონი აცხადებს: „შემოქმედებითობა არ არის საგანზე მიბმული”. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საგნის ფარგლებში მისი განვითარება. მცდარია აზრი, რომ შემოქმედებითობას მოსწავლეები მხოლოდ გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე უნდა ეზიარონ.

ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს „შეცდომის დაშვების” მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების სტრატეგია უნდა დავამატოთ: “თუ არ ხარ მზად შეცდომის დასაშვებად, მაშინ ვერასდროს გაგიჩნდება ორიგინალური იდეა” (კენ რობინსონი). ეს სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სკოლის კარის შეღებამდე თრგუნავს მოსწავლეს. შეცდომის გამო მკაცრად დასჯამ შესაძლოა მას ახალი იდეის გაჟღერების შიში ჩამოუყალიბოს. ჩვენი საზოგადოება არ ცნობდა შეცდომას, როგორც რაღაც ჩვეულებრივს. შეცდომის „ჩვეულებრივობა” დღესაც მიუღებელია პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

შესაბამისად, შემოქმედებითობის ხელის შემშლელი ფაქტორები კურუკულუმსა და კულტურულ-სოციალურ ნორმებშიც უნდა ვეძებოთ.

აქვე შეგვიძლია მოვიტანოთ ფსიქოლოგებისა და თეორეტიკოსების რამდენიმე რჩევა* :

· ხელი შეუწყვეთ იდეების წარმოშობას.

· დააჯილდოვეთ მოსწავლეები კრეატიული იდეებისათვის.

· წაახალისეთ გონივრული რისკი.

· იყავით შემწყნარებელი შეცდომების მიმართ, აქცენტი გააკეთეთ მათ გაანალიზებაზე.

· ეძებეთ სტიმულის გამომწვევი გარემო.

· დაანახეთ მოსწავლეებს კავშირი მათსა და გარემოს შორის.

· ხელი შეუწყვეთ სხვა შეხედულებების განხილვას.

· გააკეთეთ აქცენტი კითხვების დასმაზე და არა პასუხების გაცემაზე.

 

 

 

როგორ აღვზარდოთ, ანუ არის თუ არა შეფასების სისტემა მკრეხელობა?

0
სელესტენ ფრენეს `პედაგოგიური ინვარიანტები
კაცობრიობის ისტორიაში აღზრდის თემა ერთ-ერთი უძველესია. დრონი იცვლებიან, მაგრამ მარადიულად რჩება საფიქრალი: როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა, რომ ის განათლებულიც იყოს და ზნეობრივიც.
ამ ფიქრის რკალშია მოქცეული გამოჩენილი ფრანგი პედაგოგის, სელესტენ ფრენეს წიგნი `პედაგოგიური ინვარიატები~. მასში წარმოჩენილია ორიგინალური სისტემა აღზრდისა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ცნობილია, რომ ფრენეს ახალი სკოლის მეთოდიკა წარმატებით განხორციელდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 
რა არის ფრენეს მეთოდიკის მიზანი? ბავშვის აღზრდა და სწავლება ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.
და რად უნდა იქცეს ეს ბავშვი? ადამიანად, რომელსაც ექნება შრომის დიდი სიყვარული, ინტელექტი, წესიერება, კულტურა, საზოგადოებაში ჰარმონიული არსებობის უნარი და სხვებს მოექცევა ყოველთვის ისე, როგორც უნდა, რომ მას მოექცნენ. ასე რომ, აღზრდის ეს სისტემა ზნეობრივ ღირებულებებს ეფუძნება და მთავარია სიყვარული, რომელიც წარმოშობს ოპტიმიზმს, არიადნას გორგალივით რომ უნდა გაუძღვეს ადამიანს ცხოვრების ლაბირინთებში.
რა არის ღირსება ამ წიგნისა, რომელიც ახალ პედაგოგიურ სისტემას აცნობს მკითხველს? 
უპირველეს ყოვლისა, სტრუქტურა, რომელიც აღზრდის მეთოდიკას იმგვარად აწვდის პედაგოგსა და მშობელს, რომ ისინი კითხვის პროცესშივე ჩაერთონ და საკუთარი თავი გამოსცადონ, რამდენად არიან მზად ყოველივე იმისთვის, რასაც ფრანგი პედაგოგი სთავაზობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი უშუალოდ პედაგოგებისთვისაა დაწერილი, მეორე _მშობლებისთვის, მაგრამ ფრენე აღზრდის პროცესში თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს სკოლასა და ოჯახს, ამიტომაც საგულისხმოა რჩევები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა მათი შვილები ღირსეულ ადამიანებად აღიზარდონ. 
აღზრდის ამ სისტემაში შემოთავაზებულია 32 პედაგოგიური ინვარიანტი.
რა არის ინვარიანტი? `რაც არ იცვლება, რაც მუდამ არსებობს ნებისმიერ ქვეყანასა და ვითარებაში~.
ორიგინალური ამ წიგნში ისაა, რომ სწორედ ამ ინვარიანტთა შეთავაზებით, მკითხველი-პედაგოგი არა მხოლოდ გაეცნობა აღზრდის ახალ მეთოდიკას, არამედ ერთგვარად გამოსცდის კიდევაც თავს.

როგორ?

ყოველ ინვარიანტს უნდა უპასუხოს. სამი არჩევანია ასეთი პასუხებით: მწვანე შუქი, ყვითელი შუქი, წითელი შუქი.
მწვანე შუქის პასუხის არჩევანი საუკეთესოა: `მწვანე შუქი ეძლევა მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც სავსებით ეთანხმება მოცემულ ინვარიანტებს… მათი გამოყენება უყოყმანოდ შეუძლიათ აღმზრდელებს. ინვარიანტები დროში გამოცდილია.
`ყვითელი შუქი ეძლევა მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა გარკვეული საფრთხის შემცველიც, იგი განსაკუთრებულ ფრთხილ დამკიდებულებას მოითხოვს~.

`წითელი შუქი ეძლევა მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მოცემულ ინვარიანტებს, ამიტომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დავემშვიდბოთ.
რაც მთავარია, ცალკეული ინვარიანტი უბრალოდ კი არ არის შეთავაზებული, არამედ ახსნილ-განმარტებული და ცხოვრებისეული მაგალითებით განმტკიცებული.

გთავაზობთ რამდენიმე ინვარიანტს შერჩევით:
ინვარიანტი 1: ბავშვის ბუნება არაფრით განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ბუნებისაგან.

ბავშვი ნორჩი ხესავით იზრდება და თანდათან ეგუება გარემოს. იგი თქვენნაირი პრინციპების დაცვით ცხოვრობს. თქვენსა და მას შორის განსხვავება ბუნებასა კი არა, განვითარების დონეშია, ამიტომაც, სანამ გაკიცხავთ ან დასჯით ბავშვს, თავს ჰკითხეთ: მის ადგილზე რომ ვიყო, როგორი რეაქცია მექნებოდა? როგორ მოვიქცეოდი?
მწვანე შუქი: თუ შეეცადეთ რომ მიგეღოთ ეს ინვარიანტი.
ყვითელი შუქი: შეიძლება თეორიულად კი ეთანხმებით, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ ვერ ბედავთ მის გამოყენებას?
წითელი შუქი: ეგებ თქვენს ქცევას განაპირობებს აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვი თავისი ბუნებით თქვენგან განსხვავებულია?
ცხოვრება _ აი, ყველაზე დიდი გამოცანა, რომლის ამოცნობის გზები და საშუალებები უნდა შეასწავლოს სკოლამ.
ამგვარი 32 ინვარიანტის გულისყურით შესრულება, ფერთა ბალანსი, ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, სინამდვილეში რაგვარი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური შეხედულებები გაქვთ. ისიც წარმოჩნდება, სამომავლოდ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და რა ცვლილებები შეიტანოთ თქვენეულ აღზრდის სისტემაში.

აქ წარმოდგენილია, მაგალითად, ასეთი ინვარიანტები:

`სკოლაში ბავშვის ქცევა დამოკიდებულია მის ფსიქოლოგიურ განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე~ (მესამე ინვარიანტი);
`არავის, არც ბავშვსა და არც უფროსს, არ უყვარს, როცა რამეს უბრძანებენ~ (მეოთხე ინვარიანტი);
`ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია თვითონ აირჩიოს სამუშაო, თუნდაც ეს არჩევანი მისთვის სასარგებლო არ იყოს~ (მეშვიდე ინვარიანტი);
`ამ ქვეყანაზე არავის უყვარს ფუჭი შრომა, რობოტივით მოქმედება, არავის არ ეხალისება რაიმე სამუშაოს შესრულება სხვისი ჩანაფიქრის მიხედვით, მით უფრო, თუ ეს ჩანაფიქრი მისთვის უცხოა და გაუგებარი~ (მერვე ინვარიანტი);
`აუცილებელია შრომის მოტივირება~ (მეცხრე ინვარიანტი);
`ცოდნის ათვისების ყველაზე ეფექტური გზაა არა დაკვირვება, ახსნა და დემონსტრაცია – ტრადიციული სწავლების ძირითადი ხერხები, არამედ შემეცნების ბუნებრივი და უნივერსალური მეთოდი~ (მეცამეტე ინვარიანტი);
`მეხსიერებას, სკოლა რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაშინ აქვს ფასი, როცა იგი ჩართულია ექსპერიმენტული მოსინჯვის პროცესში~ (მეთოთხმეტე ინვარიანტი); `დაზეპირება ცოდნას არ ნიშნავსო,_უთქვამს ფრანგ ფილოსოფოსს, ჰუმანისტ მიშელ დე მონტენს.
`ტრადიციული სკოლა ავითარებს მხოლოდ აბსტრაქტული აზროვნების უნარს, რაც შორსა დგას რეალური ცხოვრების მოთხოვნებისაგან~ (მეჩვიდმეტე ინვარიანტი);
`არავის, არც ბავშვსა და არც დიდს, არ უყვარს ზედამხედველობა და დატუქსვა. ორივე ამას აღიქვამს, როგორც ღირსების შელახვას, მით უმეტეს, თუ ეს საჯაროდ ხდება~ (მეოცე ინვარიანტი).

დღეს, თანამედროვე აღზრდის სხვადასხვა მეთოდიკაში, პოპულარულია თამაშის მეთოდი. ფრენეს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს და ამგვარ ინვარიანტს გვთავაზობს:
`ბავშვის ბუნებრივი საქმიანობა არის არა თამაში, არამედ შრომა (მეთორმეტე ინვარიანტი). მისი აზრით, შეცდომა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან იწყება, იქიდან ოჯახში გადადის. შინაურებიდან არავინ ცდილობს საოჯახო საქმეებში ჩართოს ბავშვი და ამიტომაც იგი ცხოვრობს სრულიად უსაქმურად, მას მხოლოდ თამაშით გართობა ევალება. სწავლების შემდგომ საფეხურებზე ვითარება იცვლება, თამაშის შესაძლებლობები მცირდება, მაგრამ დაწყებით და საშუალო სკოლებში მთელი ყურადღება სავარჯიშოებსა და დავალებებზე გადადის, რომელნიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ზედაპირულ ინტერესსს იწვევენ, ისიც იშვიათად და არანაირად არ შეესაბამებიან წარმოდგენას ბუნებრივსა და მოტივირებულ შრომაზე.
სელესტენ ფრენეს აღზრდის სისტემა კი `ნამდვილი შრომის პედაგოგიკაა.

ამგვარივე განსხვავებული შეხედულებაა წარმოჩენილი ამ ინვარიანტში:
`მოსწავლეთათვის ნიშნების დაწერა და მათი კლასიფიკაცია პრინციპშივე მცდარი მეთოდია~ (ოცდამეერთე ინვარიანტი);
აქ დამარწმუნებლადაა მსჯელობა იმის შესახებ, რომ ნიშანი არის უფროსის განსჯა ბავშვის ნაშრომზე. მას აზრი ექნებოდა, სამართლიანი და ობიექტური რომ ყოფილიყო, რაც ნაწილობრივ შესაძლებელია მარტივი სწავლებისას, მაგალითად, არითმეტიკულ მოქმედებათა შეთვისებისას, მაგრამ უფრო რთული სამუშაოს შესრულებისას კი, როცა საჭიროა ყურადღება დავუთმოთ ლოგიკურ აზროვნებას, მოსწავლის გაგების უნარს და მოცემულ მომენტში მის სულიერ ვითარებასაც კი, `ყოველგვარი შეფასების სისტემა მკრეხელობაა.

მაგალითად, როგორ შეიძლება გაიზომოს და შეფასდეს მოსწავლის აბსტრაქტული აზროვნება და მისი შემოქმედებითი უნარი, მეცნიერული თუ ისტორიული ალღო?
და ბოლოს: შეასრულეთ ეს _ 30-ე ინვარიანტი:
`აღრდის საფუძველია პიროვნების ღირსების დაცვა. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთპატივისცემა სკოლის განახლების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

მწვანე შუქი: თქვენ უკვე ახორციელებთ ამ წესს.
ყვითელი შუქი: ცდილობთ, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებთ.
წითელი: ჯერ შორსა ხართ სკოლის ჰუმანიზაციისგან.

როგორც აღვნიშნეთ, ეს ინვარიანტები დიდი პედაგოგიური გამოცდილების, ტრადიციისა და ნოვაციის ორიგინალური სინთეზის ნაყოფია, ამიტომაც იქცევს ყურადღებას.
წიგნის მეორე ნაწილი მშობლებთან გასაუბრებაა. აქ მეცნიერი მათ ერთგვარ გულგრილობაში ამხელს: `აი, ბატონებო, დატოვეთ თქვენი შვილი სკოლის კართან. როგორ მოექცევიან აქ? რა მეთოდებით ასწავლიან? რა საშუალებებს გამოიყენებენ? არაფერი არ გაინტერესებთ? საქმე სახლს, ბაღს ან მანქანას ხომ არ ეხება? რამდენჯერ უთქვამთ, ბავშვი თუ ნიჭიერია, აუცილებლად მიაღწევს წარმატებასო, მაგრამ, ხომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენი შვილი ნაკლებ განათლებულ, ცუდად აღზრდილ და დამახინჯებული ფსიქიკის ადამიანად იქცეს? ამის გამო წყევლა-კრულვას გაუგზავნით არა სკოლას, არა სასკოლო შენობის უვარგისობას, არა გადატვირთულ კლასებს, არამედ მასწავლებელს, რომელმაც სასწაული ვერ მოახდინა~. ამგვარი კითხვებით ფრენეს იერიში მიაქვს მშობლის გულგრილ დამოკიდებულებაზე სკოლის მიმართ და ამ საუბრებით წარმოაჩენს ყველა იმ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობა ქმნის აღზრდის სისტემას. ამ კომპონენტთაგან კი ერთ-ერთი მშობელია, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს უკეთესი სკოლის მშენებლობის საქმეში.

ვფიქრობთ, სელესტენ ფრენეს პედაგოგიური მეთოდიკის გაცნობა და დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის დახვეწასა და გამდიდრებას.

ყოველივე ამას კი ვერ გავეცნობოდით, რომ არა ციალა კალმახელიძისა და კახმეგ კუდავას ძალისხმევა, რომელთაც შესანიშნავად თარგმნეს ფრანგი პედაგოგის ნააზრევი, რომელიც წიგნად გამომცემლობა `ინტელექტმა~ 2010 წელს გამოსცა.
 

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა. მესამე ნაწილი

0

კონფრონტაციის სიტუაციაში ჩარევის წესები

წესი პირველი: ყურადღება მიაპყარით მოსწავლის ქცევას და არა მის პიროვნებას.
ერიდეთ სიტყვებს: “ცუდი”, “სულელური”, “უხეში” და სხვა. გამოიყენეთ წესი “აქ და ამჟამად” – ნუ გაუხსენებთ მოსწავლეს წარსულ “ცოდვებს”. მართლაც, თუ ზურა “სულ ცუდად იქცევა”, ახლა რატომღა მოიქცევა კარგად? იყავით მტკიცე, მაგრამ კეთილგანწყობილი: მტკიცე – მოსწავლის ცუდი საქციელის მიმართ, კეთილგანწყობილი – მისი პიროვნების მიმართ. მასწავლებლის ამგვარი ქცევის ქვეტექსტში იკითხება: “რასაც აკეთებ, ახლავე უნდა შეწყვიტო, მაგრამ შენდამი მე ჯერ კიდევ სიმპათიით ვარ განწყობილი”. თქვენი რწმენა ყველაზე ძლიერი იმპულსია ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად.
წესი მეორე: აკონტროლეთ ემოციები
ბუნებრივია, მოსწავლის ცუდი საქციელი მასწავლებელს აღიზიანებს, აბრაზებს. ასეთ დროს ადამიანს უჭირს ლოგიკურად აზროვნება, სწორად მოქცევა. მოსწავლე თქვენს გაბრაზებას ცდილობს, ნუ წამოეგებით მის ანკესს! თუ მან თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა მოახერხა, მართლაც ძლიერი ყოფილა. როდესაც მასწავლებელი მართავს თავის ემოციებს, ის: ა) ახერხებს მოსწავლის არასასურველი ქცევის აღკვეთას; ბ) ამზადებს ნიადაგს წარმატებული ურთიერთობისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია. თქვენი ბრაზი მოწინააღმდეგის გამარჯვებაზე მიუთითებს. ეცადეთ, არ აჰყვეთ მოსწავლის გამოწვევას. ბრაზის განსამუხტავად გამოიყენეთ თვითრეგულაციის ხერხები, მაგალითად, ასეთი: დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი “მწვალებელი”, გულში უთხარით ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, უყვირეთ კიდეც. ნახეთ, როგორ განიტვირთებით. საზოგადოდ კი მიმართეთ სპორტს, მუსიკას, ისეირნეთ და სხვა. ეს ერთგვარად დაგიცავთ პროფესიული გადაწვისგან, რომლის მხვერპლიც ათასობით მასწავლებელია.
წესი მესამე: ნუ გაამწვავებთ ვითარებას
ნურასოდეს იტყვით იმას, რაც ვითარებას გაამწვავებს. ცდებით, თუ: 1) უწევთ ხმას, ყვირით, იყენებთ გამომწვევ პოზებსა და მიმიკას (მაგალითად, სათქმელს კბილებში ცრით); 2) ამბობთ: “აქ მე ვარ უფროსი”, სიტუაციის ბატონ-პატრონივით იქცევით, მოითხოვთ, მბრძანებლობთ; 3) ბოლო სიტყვა ყოველთვის თქვენია; 4) აფასებთ ბავშვის ხასიათის თავისებურებებს (მაგ., “უხეში”, “უზრდელი”); 5) იყენებთ ფიზიკურ ძალას, აყენებთ ბავშვს კუთხეში; 6) კლასში ეძებთ მხადამჭერებს და ითრევთ მათ კონფლიქტში; 7) თავს იცავთ მოსწავლის “მოქრთამვით”; 8) დასცინით მოსწავლეს და სხვა. შესაძლოა, ზოგიერთმა ხერხმა დროებით გაჭრას, მაგრამ სწორედ დროებით. დროებითი სიმშვიდისთვის მოსწავლის მოქრთამვა არ ღირს. ერთხელაც რომ უთხრათ მას: “თუ დღეს არ გადაიწერ და სამუშაოს დამოუკიდებლად შეასრულებ, ხვალ გეომეტრიაში არ გამოგიძახებ”, – ის მეორედაც აუცილებლად გკითხავთ: “არ გადავიწერო და ხვალ არ გამიძახებთ?” წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდებით.
წესი მეოთხე: განიხილეთ მოგვიანებით
არასწორ საქციელზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არა მაშინვე. ცხელ გულზე საუბარი არ ღირს. მაშ, როდის? ერთი საათის შემდეგ, ან სულაც ხვალ, ზეგ, როცა მასწავლებელი მზად იქნება, მოსწავლის ქცევა განიხილოს და არა პიროვნება. ბუნებრივია, იკითხავთ: თუ ამ წესს მივდიეთ, როგორ მიხვდება მოსწავლე, რომ ცუდად მოიქცა? ეს მან უთქვენოდაც მშვენივრად იცის. მაგალითად, გაკვეთილზე ბიჭმა შეიგინა. მან, რასაკვირველია, იცის, რომ ეს ცუდი საქციელია. თუ თქვენ მას მთელი კლასის წინაშე ლექციას წაუკითხავთ ენის სიწმინდის შესახებ, ეს მისთვის დიდი საჩუქარი იქნება. რეაგირება საჭიროა, ლექციის წაკითხვა კი – ისეთ დროს, როცა ეს მისთვის ხელსაყრელი არ იქნება. კლასიც მიხვდება, რომ თქვენ ხელი არ გაქვთ მიშვებული, რადგან დროდადრო ამ თემას ეხებით და ზოგად დისკუსიას მართავთ.
წესი მეხუთე: მიეცით მოსწავლეს საშუალება, შეინარჩუნოს სახე
ზოგიერთი მოსწავლე, მაგალითად, ძალაუფლებისმოყვარე, არ გაჩერდება, ვიდრე წარმოდგენას არ მოაწყობს. ისინი მასწავლებელს სთავაზობენ თამაშის საკუთარ წესებს. წესები ასეთია: აკეთებენ იმას, რასაც ვთხოვთ, მაგრამ თავისებურად. სწორედ ეს აბრაზებს ყველაზე მეტად მასწავლებელს. მაგალითად, თქვენ სთხოვთ ლილის, მორჩეს კლასში სიარულს და თავის ადგილზე დაჯდეს. ის გემორჩილებათ, მაგრამ მერხისკენ მიბრუნებული ბუზღუნებს. რას აკეთებს ამ დროს მასწავლებელი? არსობრივად, მოსწავლემ დაგიჯერათ და დაჯდა, მაგრამ მასწავლებელთა უმრავლესობას აქ მოსდის ტიპობრივი შეცდომა – მოითხოვს სრულ დაქვემდებარებას. “რა გაბუზღუნებს?” – მიმართავს მოსწავლეს და იწყება ახალი კონფრონტაცია, რომელიც შესაძლოა პირველზე მძიმე შედეგით დასრულდეს.
ბუზღუნი ბუნებრივი რეაქციაა, მას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ჩვენც ასე ვიქცევით, როცა ვინმე ჩვენგან მორჩილებას მოითხოვს. მოსწავლეები სხვა ხერხებსაც მიმართავენ: აჭიანურებენ მოთხოვნის შესრულებას, გრიმასებით გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, იყენებენ უპატივცემულობის გამომხატველ ჟესტებს, იმეორებენ იმ მოქმედებას, რომლის შეწყვეტასაც მოითხოვთ და სხვა, თუმცა ბოლოს მაინც გემორჩილებიან. თუ საშუალებას მისცემთ, ითამაშონ თავიანთი “თამაში”, ინციდენტი ამოიწურება, მიიღებთ იმას, რაც გინდათ და არც მოსწავლის ღირსებას შეურაცხყოფთ. შედეგად ორივე მოგებული რჩებით.
წესი მეექვსე: ნუ გამოამჟღავნებთ აგრესიას
ზოგჯერ მასწავლებელიც ბრაზდება, მაგრამ აგრესიის გამომჟღავნების უფლება მას მხოლოდ წარმოსახვაში თუ ექნება.
მისდიეთ შემდეგ წესებს:
ა) გადადეთ დისციპლინური ზომები და გამოიყენეთ სათანადო ტექნიკები მშვიდობის დასამყარებლად;
ბ) გადადეთ აღმზრდელობითი ღონისძიებები, ვიდრე დამშვიდდებით. თქვენი ასეთი ქცევა თანდათან მოსწავლისთვისაც მოდელად იქცევა, ეს კი ძალზე ღირებული რამ არის.
კონფრონტაციის სიტუაციაში ჩარევის ტექნიკები
შურისძიება ყველაზე მძიმე ქცევაა. ის მხოლოდ მასწავლებელს კი არ ურთულებს მუშაობას, არამედ მწყობრიდან გამოჰყავს მთელი კლასი. წარმოვიდგინოთ, როგორ ხდება ვულკანის ამოფრქვევა: ჯერ რაღაც ხმები მოისმის, შემდეგ რყევა იწყება, ბოლოს კი გავარვარებული ლავა ამოიფრქვევა, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი წალეკოს. შურისმაძიებელი მოსწავლის ქცევაც ასეა, მაგრამ, ვულკანისა არ იყოს, ისიც ჩაქრება, ეს კი უკვე ის ეტაპია, რომელიც გაანალიზებას მოითხოვს, რათა აღარ განმეორდეს.
გამოყოფენ “საკლასო ვულკანის ამოფრქვევის” 3 სტადიას: 1. “ჩუმი რყევებისას”; 2. “აფეთქებისა და ლავის ამოფრქვევისას” და 3. გადაჭრისას.
“ჩუმი რყევების” სტადია. ამ სტადიაზე მოსწავლე გაფრთხილებთ, რომ მზადდება კონფლიქტი. გაფრთხილებთ არავერბალურად ან ინტონაციით. რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ეს ყველაფერში იგრძნობა, სიცილშიც კი. დახვეწილი მანევრირება საშუალებას მოგვცემს, “შევინარჩუნოთ სახე”, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გამოვიყენოთ საჭირო ტექნიკები – არასტანდარტული და მოულოდნელი:
1. აღიარეთ მოსწავლის ძალა. ზოგიერთ მასწავლებელს ჰგონია, მოსწავლეს, რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებო. ეგებ ერთხანს მოახერხოს კიდეც, მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს: ვიდრე მოსწავლე თვითონ არ გააკეთებს არჩევანს, მაგ., ისწავლოს თუ არა მათემატიკა, თქვენ მიზანს ვერ მიაღწევთ (გაიხსენეთ ნიუტონის მესამე კანონი – რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა).
2. ნუ ჩაებმებით დამარცხებისთვის განწირულ ომში. ურთიერთობა დაიწყეთ, მაგალითად, ასეთი ფრაზით: “ნიკა, მე მივხვდი, რომ ვერ ვახერხებ, დავალება შეგასრულებინო”. ნიშნავს თუ არა ამის აღიარება თქვენი ავტორიტეტის დაცემას და იმას, რომ ნიკას შეუძლია, ყველაფერი აკეთოს, რაც მოესურვება? არა! ამის შემდეგ გადადით მესამე სტადიაზე – პრობლემის მოგვარებაზე, რომლის მიზანია მოსწავლეზე ზემოქმედება, რათა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მოსწავლის ძალის აღიარება ხშირად სიტუაციის განმუხტვას იწვევს, რადგან ამით ძალთა თანაფარდობის აღიარება ხდება, ეს კი მოწოდებაა თანამშრომლობისკენ და არა კონფრონტაციისკენ.
3. მოიშორეთ მაყურებელი. თუ ორი მოსწავლე დერეფანში სხვების თანდასწრებით ჩხუბობს, უპირველესად მაყურებლები მოიშორეთ. უმაყურებლოდ ჩხუბი სიმწვავეს კარგავს. თუ კამათი საკლასო ოთახში ხდება და მოსწავლე ცდილობს, კამათში ჩაგითრიოთ ისეთ საკითხზე, რომელიც არ ეხება გაკვეთილის თემას (თანაც კლასისგან დიდ ყურადღებას გრძნობს), უთხარით, რომ ამის თაობაზე აუცილებლად დაელაპარაკებით აუდიტორიის გარეშე. წესისამებრ, უმაყურებლოდ სპექტაკლი არ შედგება!
4. გადაიტანეთ საკითხის განხილვა. ბოლო გაკვეთილია და მოსწავლეებს დავალებას აძლევთ. ნანა თავის მეგობარს ყველას გასაგონად ეუბნება: “რამდენი დავალება მოგვცა, მეტი საქმე არა მაქვს, ამ სისულელეს შევწირო მთელი საღამო”. მთელი კლასი თქვენი რეაქციის მოლოდინშია. ჩაერთვებით ამ ორომტრიალში და მთელი კლასი ნანას მხარს დაიჭერს, თქვენ კი თავის ტკივილს აიტეხთ. ოპტიმალური გამოსავალია საკითხის განხილვის გადადება. მაშინვე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი-ორი ფრაზა თქვათ, მაგ., ასეთი: “ახლა არ მსურს ამაზე საუბარი”, “შენ სკანდალი გინდა თუ მართლა ამ პრობლემის მოგვარება გსურს?” თუ გითხრათ, რომ სკანდალი უნდა, უპასუხეთ: “ოღონდ ჩემთან არა”, „სხვა აირჩიეთ”, „მე მოსწავლესთან ამას არ გავაკეთებ”, – ან: “მოდი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ”.
5. გააკეთეთ ჩანაწერები. როგორც კი მოსწავლე თქვენს გამოწვევას დაიწყებს, ამოიღეთ ბლოკნოტი და მიმართეთ მოსწავლეს: “თანახმა ვარ, ამ საკითხის განსახილველად დრო დაგითმო, მოდი, შევთანხმდეთ, სად და როდის. დღეს, მაგალითად, 3 საათსა და 15 წუთზე. გაწყობს?” სადისკუსიო თემის შესახებ მეტი არაფერი თქვათ.
6. დააყენეთ მოსწავლე ამოცანის წინაშე. ეს თქვენი მხრივ პროვოკაციული განცხადებაა, რომლის ქვეტექსტია: “ჩემით მანიპულირება არ შეიძლება!” გვთავაზობენ ორ ძალზე ეფექტურ ტექნიკას:
1. დაეთანხმეთ მოსწავლეს. მოსწავლე გაკვეთილზე “არევის” მომენტში ყველაზე ნაკლებად თქვენს თანხმობას ელის. ეს აოცებს მას და ხშირად ყველაფერი ამით მთავრდება. ერთი მასწავლებლი ქალის მონათხრობი: “როგორც კი ჟურნალიდან გვარების ამოკითხვა დავიწყე, ერთი მოსწავლე მეკითხება, რატომ მაქვს ულვაშები. მე ვპასუხობ, რომ ეს ზედმეტი კალციუმის ბრალია და ხმამაღლა ვაგრძელებ: “დაფასთან გამოვა..” ინციდენტი ამით ამოიწურა. 2. შეცვალეთ თემა. ზემოთ მოყვანილი შემთხვევის გაგრძელება შეიძლება ასეთი იყოს: მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება, ხომ არ მოუსმენია ტელევიზორში, მაგ., როგორი ამინდი იქნება ხვალ, ან რა სპექტაკლი… მოსწავლემ თვითონაც კარგად იცის, რომ მისი სიტყვები სულელურია და საწყენი, ამიტომ ლექციის კითხვას აზრი არ აქვს. მასწავლებლის მიზანია, შეწყდეს კონფრონტაცია, ამის შანსი კი ასეთი ხერხის გამოყენებისას ნამდვილად არსებობს.
“ლავის ამოფრქვევის” სტადია. თუ კონფრონტაცია არ დასრულდა, პირველ ეტაპზე გაფრთხილდით – აფეთქებაა მოსალოდნელი. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს დროებითი იზოლაციის ტექნიკები, როგორც, მაგალითად, საფეხბურთო მატჩზე. საქციელზეა დამოკიდებული, რამდენი ხნით და სად გაუშვებთ მოსწავლეს. არასწორია მოსწავლის კორიდორში ან “გაურკვეველ ადგილას” გაშვება. ქვემოთ ჩამოთვლილია ტექნიკები სიმკაცრის ზრდის მიხედვით:
1. განცალკევება კლასიდან გაუშვებლად. ამისთვის შეიძლება კლასში სპეციალური ადგილი გამოიყოს: კარადის, ინსტრუმენტის უკან. მთავარია მოსწავლე იზოლაციაში მოექცეს.
2. პარალელურ ან რომელიმე უფროს კლასში გაშვება, მაგრამ არა უმცროსში – ეს მოსწავლის თავმოყვარეობაზე იმოქმედებს (ამ ტექნიკის გამოყენების თაობაზე მასწავლებლები წინასწარ შეთანხმდებიან).
3. სპეციალურ ოთახში გაშვება. ამ მხრივ დასავლეთის სკოლებში არსებობს საინტერესო გამოცდილება – ეს არის ჩვეულებრივი ოთახი და არა დირექტორის კაბინეტი.
4. გაშვება სკოლის ადმინისტრაციის კაბინეტში. ეს უკიდურესი ზომაა. სახლში გაშვებას მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ, რადგან ხშირად მშობლები შინ არ არიან.
5. კლასიდან გაძევება ძალის გამოყენებით. ეს უკიდურესი ზომაა. როგორ მოვიქცეთ, თუ მოსწავლე კლასიდან არ გადის? დაიხმარეთ, მაგალითად, მანდატურები.
ვიდრე მოსწავლეს კლასს დაატოვებინებთ, მას არჩევანის უფლებას აძლევთ: “დაწყნარდები თუ დატოვებ კლასს?” იზოლაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე. უმცროსკლასელებისთვის საკმარისია 5 წუთი, უფრო დიდებისთვის – 15-30 წუთი. შეიძლება, მოსწავლემ თვითონვე განსაზღვროს დრო. თქვენ სთავაზობთ: “დაბრუნდი, როცა იგრძნობ, რომ მზად ხარ, წესიერად მოიქცე. თუ დაბრუნების შემდეგაც ცუდად მოიქცა, უფრო მეტი ხნით გაუშვებთ, ოღონდ ამის თაობაზე აღარ უთანხმდებით და თუ სიტუაცია არ მოგვარდა, მომდევნო სტადიაზე გადადიხართ.
მოგვარების სტადია. დანაშაულს გამოსყიდვა სჭირდება. მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ ამას. და, აი, აქ დგება სანქციების საკითხი. სანქცია განსხვავდება სასჯელისგან: ა) სანქცია ლოგიკურად უნდა იყოს დაკავშირებული დარღვევასთან. რაც უფრო მჭიდროა ეს კავშირი, მით უფრო დიდია წარმატების ალბათობა; ბ) სანქცია დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს; გ) სანქცია მოსწავლის ასაკს უნდა შეესატყვისებოდეს. მაგალითად, თუ მოსწავლე მერხს არყევს და სხვას ხელს უშლის, უნდა შეაწყვეტინო რყევა (რა გზით, ეს თქვენი საქმეა), მაგრამ თუ ამის გამო აიძულებ, გაკვეთილების შემდეგ კლასი დაგავოს, ეს არც თანაზომიერია და არც ლოგიკური. ასევე, სანქცია მოსწავლეს გზას არ უნდა უღობავდეს წარმატებული მომავლისაკენ. გახსოვდეთ, არ დაუშვათ ზემოთ განხილული ტიპური შეცდომები. მოახდინეთ სანქციების ფორმულირება უემოციოდ, მისაღები ტერმინებით, ფაქტებზე დაყრდნობით. სხვაგვარად ეს უკვე სასჯელია, რაც სხვა შედეგს გამოიღებს – სიძულვილსა და ანტაგონიზმს გამოიწვევს და თანამშრომლობა და პარტნიორობა შეუძლებელი გახდება.
ჯ. ჯილბერტი გვთავაზობს სანქციების საინტერესო კლასიფიკაციას:
1. უფლების ჩამორთმევა
1.1 მოქმედებისა – თუ მოსწავლე თავისი საქციელით სხვებს დროს აკარგვინებს, შეიძლება, მას ძვირფასი დრო ჩამოვართვათ, მაგალითად, ნაკლებ ხანს დავასვენოთ, დაგვიანებით გავუშვათ კლასიდან. რამდენ დროსაც სხვას დააკარგვინებს, მასაც იმდენს ვართმევთ.
1.2 ნივთების გამოყენებისა – ერთხანს არ მისცეთ ნება, ისარგებლოს, მაგალითად, სპორტული იარაღით, რომელიც დააზიანა.
1.3 სკოლაში რაიმე ტერიტორიით სარგებლობისა – თუ სასადილოში ხულიგნობს, არ მისცეთ სასადილოში შესვლის ნება;
1.4 ურთიერთობისა – მაგალითად, აუკრძალეთ სხვა მოსწავლეებთან ყოფნა.
2. შეხვედრის მოთხოვნა
2.1 სკოლის პერსონალთან – თუ მასწავლებელმა ვერაფერი გააწყო მოსწავლესთან, შეიძლება მოითხოვოს სასწავლო ნაწილთან ან დირექტორთან ვიზიტი, რომლის მიზანია, დაიგეგმოს მოქმედებები სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
2.2. მშობლებთან – ზოგჯერ საჭიროა მშობლების ინფორმირება მოსწავლის გამოხტომების თაობაზე. ხანდახან საკმარისია, ტელეფონით თვითონ მოსწავლე მოუყვეს მშობელს თავისი საქციელის შესახებ.
2.3 პოლიციასთან – ზოგჯერ მოსწავლეები კანონს არღვევენ: ქურდობა, ნარკოტიკი, მკვლელობაც კი. ჩვენ მათ არ უნდა ვასწავლოთ კანონისთვის გვერდის ავლა. ამ შემთხვევაში მოსწავლესთან სკოლის ფსიქოლოგიც მუშაობს.
3. გაფუჭებულის აღდგენა
3.1 ნივთის შეკეთება – შეღებოს და გაასუფთაოს მერხი, რომელიც დასვარა ან დაკაწრა, გარეცხოს და დაალაგოს თავის მიერ დასვრილი ან არეული ნივთები.
3.2 ნივთის ადგილზე დაბრუნება – მოსწავლე აბრუნებს ნივთს ან თანაზომიერი ღირებულების ნივთით ანაზღაურებს.
როგორ რეაგირებენ მოსწავლეები სანქციებზე? ზოგი თავს გაჩვენებთ, თითქოს ეს სულაც არ ადარდებს. ნუ მოტყუვდებით, ეს მხოლოდ პოზაა. სინამდვილეში სწორად შერჩეული სანქცია თავის საქმეს აკეთებს.
მომდევნო სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, რა თავისებურებები ახასიათებს წარუმატებლობის შიშით გამოწვეულ ქცევით დარღვევებს.

ნაწილობრივი ძიების (ევრისტიკული) მეთოდის ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში

0

თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას და იმ მეთოდებისა და ხერხების წინ წამოწევას, რომლებიც ამზადებს და ხელს უწყობს ამ პროცესს. ამ სახის მეცადინეობათა დიდი მნიშვნელობის გამო სასწავლო მეთოდების კლასიფიკაციაში ცალკე გამოყოფენ კლასიფიკაციას შემეცნებითი მოღვაწეობის ტიპის მიხედვით.

 ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...