ხუთშაბათი, მაისი 28, 2026
28 მაისი, ხუთშაბათი, 2026

მეტყველების განვითარებისთვის გამიზნული აქტივობები უცხოური ენის სწავლებისას

0
ცნობილია, რომ მოსწავლეებს უჭირთ უცხო ენაზე მეტყველება. ხშირად შევხვედრივარ კოლეგებს, რომლებიც ამბობენ: „ჩემი მოსწავლეები კარგად წერენ და კითხულობენ, მაგრამ მეტყველება უჭირთ”. უცხო ენაზე მეტყველების უნარის გამომუშავება ადრეული ასაკიდანვე იწყება – პირველი კლასიდან, ზოგჯერ – საბავშვო ბაღიდანაც კი. უცხო ენის მასწავლებლები ხშირად კარგავენ დროს კითხვის სწავლებაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმჯობესია, პირველი კლასი მეტყველებისა და მოსმენის უნარის განვითარებას დაეთმოს. ქვემოთ გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას და მეტყველების უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებზე დავსვამ აქცენტს.

 

მაგილითი 1. მოსწავლეებს ვაძლევ რამდენიმე მარტივ ლექსიკურ ერთეულს და მათგან ფრაზების შედგენას ვთხოვ. მაგალითად, an apple, a bag, a cat, it’s, not, my და ა.შ. ამ სიტყვებისგან უამრავი მარტივი ფრაზისა თუ წინადადების აგება შეიძლება. ხშირად ეს მიდგომა აქტუალურია უცხო ენის შესწავლის პირველ წლებში.

მაგალითი 2. მეტყველების უნარის განვითარებისთვის საინტერესო აქტივობაა დიალოგის გათამაშება, როლური თამაშები. მოსწავლეებს ვაძლევ პატარ–პატარა დიალოგებს, რომლებიც ნაცნობ ლექსიკურ ერთეულებს შეიცავს, ვუნაწილებ როლებს და დიალოგის გაცოცხლებას ვთხოვ. დიალოგისა თუ როლური თამაშის არჩევისას, უმჯობესია, ყურადღება მათ შინაარსსა და ავთენტურობაზე გავამახვილოთ. რაც უფრო საინტერესო და ავთენტურია მასალა, მით უფრო სახალისო და საინტერესოა მათი სწავლა და შემდეგ წარმოდგენა.

მაგალითი 3. სახალისო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტყველების უნარის განვითარებაში დაგვეხმარება, არის „დაკარგული სიტყვები”. დავყოთ მოსწავლეები წყვილებად და მივცეთ ერთი და იგივე ტექსტი, სადაც სიტყვები სხვადასხვა ადგილას იქნება გამოტოვებული, ანუ ერთ ჯგუფს ექნება ის მონაკვეთი, რომელიც მეორის ტექსტში გამოტოვებულია და ა.შ. მოსწავლეებმა უნდა მოახერხონ კითხვების დასმით გამოტოვებული ადგილების აღდგენა. აქტივობა საკმაოდ სახალისო და შედეგიანია. თავდაპირველად შეიძლება მარტივი სიტყვების გამოტოვება, მომდევნო ეტაპზე სასურველია მათი გართულება.

მაგალითი 4. ერთ-ერთი აქტივობა, რომლითაც შეიძლება მოსწავლეებს მეტყველების უნარის განვითარებაში დავეხმაროთ ან სუსტებს ვუბიძგოთ მეტყველებისკენ, არის „გამომიცანი” („Guess me”). მასწავლებელი დაფაზე წერს რამდენიმე საკითხს. მოსწავლეებმა უნდა დასვან კითხვები მანამდე, სანამ არ გამოიცნობენ ინფორმაციას პედაგოგის შესახებ. მაგალითად:

My favourite country is

My hobby is

Food I don’t like

My star sign

My favourite book

კითხვები პირდაპირ პასუხზე არ უნდა იყოს ორიენტირებული (ამაზე წინასწარ უნდა შევუთანხმდეთ მოსწავლეებს). ისინი ისეთნაირად უნდა დაისვას, რომ მოსწავლეები ლოგიკურად მივიდნენ სწორ პასუხამდე. მაგალითად: Is your favourite country located in Europe? – Yes. Is it in the south? – No. Is it in the north? – Yes. Is its capital Stockholm? –Yes. Is it Sweden? – Yes. აქტივობა საკმაოდ სახალისოა, ყველა მოსწავლე თანაბრადაა ჩართული მასში და, რაც მთავარია, ვიღებთ სასურველ შედეგს – მოსწავლეები ივითარებენ მეტყველებას. მოცემული ნიმუში შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი სხვა წინადადებით – შედეგი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა. აქტივობა ისე იტაცებს ჯგუფს, რომ შედარებით სუსტ მოსწავლეებსაც კი უჩნდებათ კითხვების დასმის და საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის სურვილი.

მაგალითი 5. კიდევ ერთი საინტერესო აქტივობაა „აბსურდის ფილოსოფია”. მასწავლებელი დაფაზე ხატავს ხეს და რაოდენიმე ტოტს. მერე სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ ნებისმიერი მეტყველების ნაწილი ისე, რომ ჯერ არ ხსნის თამაშის არსს. მოსწავლეების მიერ ნათქვამ სიტყვებს ის ტოტებზე განალაგებს და სთხოვს მათ, შეადგინონ მათგან ტექსტი. მოსწავლეებს არ აქვთ უფლება, გამოტოვონ სიტყვა ან შეცვალონ მათი თანმიმდევრობა. მაგალითად, საწყის ეტაპზე შეიძლება როგორც სიტყვების რაოდენობის, ასევე ტოტების შემცირება. პირველ ცდაზე შეიძლება სიტყვის გამოტოვების ნება დავრთოთ. მომდევნო ცდაზე სასურველია, გავამკაცროთ წესები.

მაგალითი 6 – სიტყვების ახსნა. ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვოთ დაფასთან გამოსვლა, მივცეთ რაიმე სიტყვა (სასურველია, ის ეწეროს ლამაზად გაფორმებულ და ფერად flashcard–ზე) და ვთხოვოთ, აუხსნას კლასს მისი მნიშვნელობა. ყოველი სასურველი პასუხი წავახალისოთ, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ლამაზად დაწერილი სიგელი ან თუნდაც სიტყვიერი წახალისება ნამდვილად აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.

ეს და უამრავი სხვა აქტივობა, მათი დაგეგმვა და განხორციელება, უდავოდ დაგვეხმარება, პირველივე კლასებიდან გამოვუმუშაოთ და შემდეგ გავუღრმაოთ მოსწავლეებს მეტყველების უნარ-ჩვევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენობრივი უნარ-ჩვევები მოიცავს ოთხ კომპეტენციას: წერას, კითხვას, მოსმენასა და მეტყველებას. ერთ-ერთის უგულებელყოფა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც დღეს უჩივიან პედაგოგები – მოსწავლეებს გაუჭირდებათ მეტყველება.

დავით ახვლედიანი

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის” კონსულტანტ–მასწავლებელი

ტოლერანტობა და პირველი რესპუბლიკა

0

ერთი თვის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირსეული მოქალაქის, მექა ხანგოშვილის წყალობით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში თავი მოეყარათ ქალაქის მიმდებარედ მცხოვრებ ვაინახ, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს. ჩვენ მათთან ერთად საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ უნდა გვესაუბრა.

ჩვენს საზოგადოებაში ტოლერანტობისა და ერთა შორის სოლიდარობის საკითხებზე კამათის დროს ხშირად შორეულ წარსულში გადაიჭრებიან ხოლმე და მსჯელობას შუა საუკუნეების დროინდელ პრეცედენტებზე იწყებენ. ისტორიული მაგალითების მოხმობით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ საქართველო, ტრადიციისამებრ, მთელ მსოფლიოში ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ. არსებობენ ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც არაფერს ზოგავენ საპირისპირო საწინააღმდეგო პოზიციის დასაცავად. მეორე უკიდურესობის წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მხოლოდ მცირერიცხოვანი ხალხების მჩაგვრელებს ხედავენ. ისინი მიგვითითებენ საერთაშორისო გამოცდილებაზე და ჩვენი მატიანედან ცნობების მოხმობას უსარგებლო გარჯად მიიჩნევენ. დანამდვილებით ვიცი, რომ ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული ორივე მხარე ცდება. ვერ გეტყვით, ვის მხარესაა ჭეშმარიტება. მხოლოდ ის შემიძლია, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შეგახსენოთ.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ თავისი პოზიცია 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციით გამოხატა. სამწუხაროდ, ამ უნიკალური დოკუმენტის რამდენიმე მნიშვნელოვანი თავი მხოლოდ ისტორიკოსების, იურისტებისა და პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენელთა ვიწრო წრისთვის არის საყურადღებო. წესითა და რიგით, ძველ დოკუმენტებში მოკირკიტე მკვლევრებთან ერთად აღნიშნული თემით სამოქალაქო განათლების მასწავლებლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.

რომელ განსაკუთრებულ დებულებებს მოიცავდა 1921 წელს დამტკიცებული ძირითადი კანონი?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო აქტში ეწერა, რომ ეროვნულ უმცირესობათა თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება სახელმწიფოს უპირობო მოვალეობა გახლდათ. ამავე დოკუმენტში გაწერილი იყო ისიც, როგორ უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას დასახელებული მოვალეობა.

უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკა იღებდა ეროვნულ უმცირესობათათვის სკოლების დაფუძნების პასუხისმგებლობას. მაშინ საქართველოში მიაჩნდათ, რომ ნებისმიერ ბავშვს პირველადი განათლება მშობლიურ კულტურულ სივრცეში, მშობლიურ ენაზე სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა მიეღო. ამასთანავე, რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 20%-ზე მეტი სახელმწიფო ენაზე ვერ ლაპარაკობდა, უმცირესობაში აღმოჩენილი ნებისმიერი ჯგუფის მოთხოვნით, საზოგადოებრივ დაწესებულებებში საქმის წარმოება ქართულთან ერთად სხვა ენაზეც გახლდათ შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლები უფრო შორსაც წავიდნენ. მათ პარლამენტში ქართულის არმცოდნე წევრებს დროებით მშობლიურ ენაზე გამოსვლის ნებაც დართეს. გარდა ამისა, ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს სათემო კავშირის, წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების პრეროგატივაც გადაეცა. მათ შეეძლოთ, ერთად ლეგალურად ემსჯელათ საკუთარ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის საჭიროებებზე, გამოეცათ ჟურნალები და გაზეთები, დაეარსებინათ თეატრები და სხვა ამ ტიპის უწყებები.

თანმიმდევრული გახლდათ პირველი რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკაც. ახალგათავისუფლებული ქვეყნის ლიდერები სახელმწიფოსა და ეკლესიის უერთიერთგამიჯვნის ტენდენციას ემხრობოდნენ. რაც მთავარია, ამბობდნენ, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება პოლიტიკოსთა საქმე არ იყო. მაშინდელ საქართველოში ქრისტიანობის უპირატესობას მოქალაქეთა უმრავლესობის რწმენა და ისტორია განსაზღვრავდა და არა სახელმწიფო რეგულაცია.

ამის შედეგად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამოქალაქო ინტეგრაციისა და პოლიტიკური მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ხელისუფლებამ ყველა მოწინააღმდეგეს, თავდასხმის მოსურნე და ჩასაფრებულ ყველა იმპერიას წაართვა მჩაგვრელის იარლიყის მიწებების შესაძლებლობა. ყველაზე დიდი მიღწევა კი ის გახლდათ, რომ გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებიც კი ინტერესდებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართვას ცდილობდნენ. ისინი საკუთარ თავს საერთო სახელმწიფოს ნაწილად მოიაზრებდნენ.

აღნიშნული დამოკიდებულების ეფექტიანობაზე მეტყველებს საყოველთაო კენჭისყრის შედეგად არჩეული პირველი ქართული საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების, შემადგენლობაც. დამფუძნებელი კრებაში მაშინდელ საქართველოში მცხოვრები ყველა თემის წარმომადგენლები ირიცხებოდნენ, თანაც ისინი სიმბოლური ფუნქციის შემსრულებელი მეორეხარისხოვანი დეპუტატები არ ყოფილან. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში ახერხებდა გადამწყვეტი როლის შესრულებას, ზოგი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების გარკვევაში ეხმარებოდა პარლამენტში მოხვედრილ მუშათა კონტინგენტს, ზოგი კი შრომის კომიტეტში მიიჩნეოდა აღიარებულ ლიდერად. მეტსაც გეტყვით – სომხურ პარტია „დაშნაკციუტუნს” საქართველოს პარლამენტში  ცალკე ფრაქციაც კი ჰქონდა.

ნუ შეშფოთდებით – ყოველივე ამას საქართველოს სახელმწიფოსთვის ზიანი არ მოუტანია. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში წარსულის დემოკრატიული გამოცდილების გახსენების დრო დადგა. შეზღუდვა, ჩაგვრა, შევიწროება ნებისმიერ ეთნოსს უმრავლესობაში მყოფი ერისადმი მტრულად განაწყობს. ინტეგრაცია მხოლოდ დემოკრატიული უფლებების საყოველთაო გადანაწილების საფუძველზე მიიღწევა. ჩვენ ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ, მიღწევა კი იმპერიამ წაგვართვა და არა რომელიმე ჩვენთან მცხოვრებმა თემმა.

დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს სკოლის დირექტორის სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებსა თუ კომპეტენციებს და წარმოადგენს სტანდარტის გზამკვლევს.

სახელმძღვანელო დაეხმარება სკოლის დირექტორებს სკოლის ეფექტურად მართვასა თუ სერტიფიცირებისთვის მზადებაში. თითოეული თავის ბოლოს წარმოდგენილი სიტუაციური მაგალითები ხელს შეუწყობს წიგნში განხილული საკითხების პრაქტიკაში დანერგვასა და განხორციელებას.
direqtoris_saxelmzgvanelo

მწერლის შურისძიება

0

ავტორი: მაია ჯალიაშვილი

მხატვრული ლიტერატურა მრავალ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის, იმგვარსაც, როდესაც პერსონაჟებისა და მოთხრობილი ამბების გზით მწერალი შურს იძიებს იმ ადამიანებზე, რომელთაც რაიმე სახის ტანჯვა და ტკივილი მიაყენეს, დაამცირეს და შეურაცხყვეს. ეს შურისძიება თეთრი ფურცლების განზომილებაში უსისხლო და უმტკივნეულოა, თუმცა ავტორს ეხმარება ვენდეტაზე მტანჯველი ფიქრის ბორკილებისგან გათავისუფლებაში. მკითხველთა თაობები ჩხრეკენ და ეძიებენ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებით იმპულსებს, ბიოგრაფიის დეტალებს აანალიზებენ, ავტორის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს უკირკიტებენ და ამ გზით ცდილობენ მისი ჩანაფიქრის გაშიფვრას, თუმცა ბევრი რამ მაინც დაფარული რჩება. მკითხველს ისღა რჩება, მოთმინებით დაელოდოს იღბლიან „გამომცნობელს”, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი საიდუმლოებები არ აბრკოლებენ მხატვრული ტექსტის აღქმასა და გააზრებას, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველს უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს, მწერლის ხელნაწერებში ჩაკარგულ დაფარულ მნიშვნელობებს მოაქვთ სულ სხვაგვარი განცდა. როგორც სახარება ამბობს, არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს. მწერლებსაც დროდადრო შეიპყრობთ ხოლმე საკუთარი „ცოდვების” გამხელის სურვილი, მართალია, ისინი თავიანთ ნაკლს და ხინჯს პერსონაჟთა დაშიფრულ სახეებს აფარებენ, მაგრამ ხანდახან იმ საიდუმლოსაც უმხელენ ხოლმე მკითხველებს, თუ რა იყო ამა თუ იმ პასაჟისა თუ პერსონაჟის შექმნის იმპულსი.
მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი პერსონაჟია, რომელთა პროტოტიპების შესახებ თვითონ ავტორებმა დაგვიტოვეს ინფორმაცია. ზოგის შთაგონების წყარო კი მკითხველთა ინტერპრეტაციების საგანი გახდა.

ორჰან ფამუქი თავის წიგნში „სხვა ფერები” ერთ პატარა თავს სწორედ ამ თემას უძღვნის. ამ თავს „ლიტერატურული მართლმსაჯულება” ჰქვია. მწერალი იხსენებს ბავშვობაში ერთმა თანატოლმა ბიჭმა ჰასანმა როგორ ესროლა შურდულით ქვა და თვალთან გაარტყა. ფამუქი გაიზარდა და დაავიწყდა, როგორც იტყვიან, მაგრამ ასე არ მოხდა. ჰასანმა მის წიგნებში ამოყვინთა და ბოროტების განსახიერებად იქცა. მისი რომანების უმრავლეს ბოროტ პერსონაჟებს ჰასანი ჰქვიათ. მოსწავლეობისას ერთი მოძველბიჭო თანაკლასელი ჰყოლია, რომელიც დასვენებაზე ჩაგრავდა და აწვალებდა. იმ ბიჭი მსუქანი იყო და ამის გამო მუდამ ოფლიანობდა. წლების მერე, როცა მწერალმა უარყოფითი გმირები შექმნა, ეს ოფლიანობა დამღასავით გადასცა.

ფამუქი იგონებს, როგორ არ უყვარდა, როდესაც დედას ხორცის საყიდლად მიჰყვებოდა, რადგან საოცრად ეშინოდა ყასბებისა, რომლებიც დასისხლიანებული ხელებითა და დანებით სულ რაღაცას ატყავებდნენ, ჭრიდნენ და ანაკუწებდენ. მათზეც იძია შური: „ჩემს ნაწარმოებებში ყასბები უკანონოდ ხოცავენ ცხოველებს და სისხლიან, შავ-ბნელ საქმეებში მონაწილეობენ”.

მწერალი ამგვარ შურისძიებას „უმანკო სამართლიანობას” უწოდებს. მკითხველმა ამ აღიარების შემდეგ უკვე იცის, თუ რატომ ხშირად არიან მის რომანებში უარყოფითი პიროვნებები ბანკირები, მასწავლებლები, ჯარისკაცები და უფროსი ძმები. ასე გარდაისახნენ ჯალათებად, ერთი შეხედვით, უპრეტენზიო დალაქები, რომლებიც პატარა ორჰანს უსულგულოდ ჭრიდენ თმას.

ცხენები კი განსაკუთრებით უყვარდა ყოველთვის, ამიტომაც მის ნაწარმოებებში ისინი „საუკეთესო როლებს” ასრულებენ. ისინი „მგრძნობიარენი, ფაქიზები, სევდიანები, სპეტაკები, და, ხშირ შემთხვევაში, ბოროტების მსხვერპლნი არიან”.

„ბოროტებას მე მარტო ვებრძვი და ამას ძალიან ჩემეულად ვაკეთებ, ისე, რომ მკითხველი ვერც კი ამჩნევს და ამგვარ შურისძიებას ლამაზად მიიჩნევს! _ წერს იგი. მისი აზრით, ლიტერატურული სამართლიანობა თავის მწვერვალს საბავშვო წიგნების დასასრულსა და სათავგადასავლო კომიქსებში აღწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გმირი ბოროტებას ამარცხებს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „ეს დარტყმა ამისთვის და ამისთვის… ეს კი ამისათვისო”. მწერალი მკითხველს ამასაც გაუმხელს: „მე, როგორც რომანისტი, ერთ ასეთ ხერხს ვიყენებ: მანამ ვწერ ბოროტი ჰასანის ან ყასბის მიერ ჩადენილი ყოველი საზიზღარი საციელის შესახებ, სანამ მათ პანიკა არ მოიცავთ, ხელიდან დანას არ გააგდებენ და ატირებულები მაღაზიის დალაგებას არ დაიწყებენ. „გემუდარები, ძმაო, ასე მკაცრად ნუ მექცევი. მე ცოლ-შვილის პატრონი ვარ!”.

თუმცა მწერალმა იცის, რომ შურისძიება შურისძიებას ბადებს. მის ნაწარმოებებში ავებად არიან გამოყვანილი ძაღლები, რომლებიც რატომღაც მას მთელი ცხოვრება დევნიან. რომანებშიც ასე დახატა, ისინი მწერალთა სულიერად ახლოს მყოფ გმირებს ყოველ კუთხე-კუნჭულში უსაფრდებიან და შიშის ზარს სცემენ. ძაღლებმაც თავისებურად იძიეს შური, თითქოს მისტიკურად იგრძნეს მწერლის შურისძიების შესახებ: „ორი წლის წინ რვა თუ ცხრა ძაღლმა „მაჩქა-პარკის” კუთხეში მიმიწყვდია და თავს დამესხა. გეგონებოდათ, ჩემი წიგნები წაკითხული ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ლიტერატურული სამართლიანობის სახელით მათ დასჯას ვითხოვდი, რადგან ისინი ხროვად დაეხეტებიან ყველგან, განსაკუთრებით სტამბოლის ქუჩებში”.

მწერალი გარდა ამ სამაგიერო შურისძიებისა, სხვა რამეზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ლიტერატურული მართლმსაჯულება სხვა საფრთხესაც შეიცავს, თუ თავის ნებაზე მიუშვი, შეიძლება არა მხოლოდ წიგნი, ნაშრომი, არამედ, თავად ცხოვრებაც კი დაგინგრიოთ: „შურისძიება ლამაზადაც შეიძლება. ამგვარმა შურისძიებამ შეიძლება მხოლოდ გაალამაზოს თქვენი წიგნი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადღაც ახლოს ყოველთვის ჩასაფრებულები არიან ძაღლები, რომლებმაც ხელოვანი ნებისმიერ წუთს შეიძლება მიიმწყვდიონ კუთხეში და თავიანთი ბასრი კბილები ჩაასონ”.

ფამუქი ფიქრობს, რომ სწორედაც მკითხველი უბიძგებს მწერალს შურისძიებისკენ. მას სურს ცხოვრებისეული უსამართლობა მხატვრულმა სიტყვამ გადალახოს და დაძლიოს: „ისინი ელიან, რომ ხელოვანი ყოველთვის შურს იძიებს ბოროტებაზე”.

სწავლება და შეფასება

0

scavleba_shefaseba

სასწავლო და პროფესიული გარემო

0

sascavlo_garemo

პროფესია მასწავლებელი

0

მეიოზის შესწავლა მცენარეებში და მისი გამოყენება კვლევითი პროექტის განხორციელებისას

0

მეიოზი სქესობრივი გამრავლების ციტოლოგიური საფუძველია, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს დიფერენცირებული სასქესო გამეტების ჩამოყალიბება და განაყოფიერება ზიგოტის წარმოქმნით.

მეიოზის პროცესის შესწავლა მიტოზთან შედარებით რთულია. მოსწავლეებს უჭირთ მეიოზის ფაზების ამოცნობა, განსაკუთრებით –პირველი და მეორე დაყოფის ფაზებისა, მათი თავისებურებების გარჩევა და გენეტიკური როლის დასაბუთება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე, ბიოლოგიის სწავლება მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებას ითვალისწინებს. მოსწავლეს უნდა შეეძლოს (ბიოლ. IX. 2) კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და შეფასება.

წინამდებარე სტატიის მიზანია, გაგაცნოთ დროებითი პრეპარატების მომზადების მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეებს – მეიოზის ცალკეული ფაზის შესწავლისა და ამოცნობის, ხოლო მასწავლებლებს კვლევითი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს.
ცდის მასალა და ობიექტი
ცდის ობიექტია საყვავილე კოკრები ან სამტვრე პარკები. ცდის მასალად დაგჭირდებათ მიკროსკოპი, სპირტქურა, პეტრის ჯამი, პიპეტი, ლანცეტი, სასაგნე და საფარი მინები, აცეტოკარმინის ან ჰემატოქსილიენის საღებავი, ცეცხლგამძლე ქიმიური ჭიქები. მუშაობა ტარდება ამწოვ კარადაში.
ცდის მსვლელობა

მეიოზის შესწავლა შეიძლება მიკროსპოროგენეზის დროს მიკროსპორის დედა უჯრედში. კვლევის ობიექტად სამტვრე პარკის გამოყენება მოხერხებულია, რადგან იგი მოიცავს მიკროსპორის ფორმირების ყველა ეტაპს. მასალის აღება უნდა მოხდეს ყოველ მე-5 დღეს ყვავილობის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღებულ მასალას ვაფიქსირებთ კარნუას მოდიფიცირებულ ფიქსატორში (რომელიც შეიცავს 2 წილი სპირტისა და 1 წილი ყინულოვანი ძმარმჟავას ნარევს), სულ მცირე, 24 საათით.

პრეპარატის მომზადების წინ დაფიქსირებულ მასალას ვრეცხავთ გამოხდილი წყალით და დასარბილებლად ვათავსებთ რკინა ამონიუმის 2%–იან შაბის ხსნარში. 3-4 საათის შემდეგ მასალა ისევ ირეცხება გამოხდილი წყლით და იღებება აცეტოკარმინის ან ჰემატოქსილენის საღებავით (სასურველია, მასალა საღებავში 3-4–დან 24 საათამდე გავაჩეროთ). მაცერაციის მიზნით საღებავში მოთავსებულ მასალას ვადუღებთ სპირტქურაზე დაახლოებით 3-5 წუთს.

ყოველივე ამის შემდეგ შეღებილი და დარბილებული სამტვრე პარკები (ერთი ან ორი) გადმოგვაქვს პეტრის ჯამზე, პინცეტით ვათავსებთ კარგად გაწმენდილ სასაგნე მინაზე და ვაფარებთ საფარ მინას. ჰაერის გამოსადევნად სასურველია, საფარ მინას ფრთხილად დავაწვეთ ზემოდან. ამის შემდეგ პრეპარატი მზადაა მიკროსკოპით დასათვალიერებლად.
ცდის მიზანი

1. მოსწავლე იცნობს უჯრედის აგებულებას, იცის მეიოზური გაყოფა, ამიტომ პრეპარატებზე უნდა შეძლოს მეიოზის თითოეული ფაზის ამოცნობა, პირველი და მეორე მეიოზისთვის დამახასიათებელი თავისებურებების დადგენა და მეიოზის მარტივი მოდელის შექმნა.

2. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ცდის მიზანს და უსვამს კითხვებს: სად მიმდინარეობს მეიოზი? რა ყალიბდება მეიოზური დაყოფის შედეგად? რამდენ ქრომოსომას შეიცავს გამეტა? რით განსხვავდება ერთმანეთისგან უჯრედის მიტოზური და მეიოზური დაყოფა? რა არის ბივალენტი და კროსინგოვერი? რამდენი ქრომატიდისგან შედგება ქრომოსომა პირველი და მეორე მეიოზური დაყოფის პროფაზაში, მეტაფაზასა და ანაფაზაში?

3. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჩაიხატონ რვეულში მეიოზის ფაზები და ცხრილში აღრიცხონ პირველ და მეორე ანაფაზაში ნანახი ქრომოსომული აბერაციები – ხიდაკები, ფრაგმენტები, რგოლები, ცალკეული, ჩამორჩენილი ქრომოსომები.

4. პირველი მეიოზური დაყოფის მეტაფაზაში მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს ბივალენტების, უნივალენტების (ერთეული შეუწყვილებელი ქრომოსომების) და პოლივალენტების გარჩევა.

6. მეორე მეიოზური დაყოფა მიტოზის მსგავსია, ამიტომ მოსწავლეებს ცალკეული ფაზების ამოცნობა და თითოეული მათგანის თავისებურებათა დადგენა აღარ უჭირთ.

zzzzi
სურ.1 . სურათზე ნაჩვენებია პირველი და მეორე მეიოზური დაყოფის ფაზები.

პრეპარატის სრული დათვალიერების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ასანთის ღერებს, ძაფებს, მუყაოს ფურცლებს, პლასტილინს და სთხოვს, მეიოზის მოდელი დაამზადონ. სასურველია, მოსწავლეებმა იმუშაონ ჯგუფებად და მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. მათ უნდა შეძლონ მიტოზისა და მეიოზის ცალკეული ფაზების მსგავსება–განსხვავებათა გარჩევა. იმავდროულად, მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ანიმაციებს მეიოზის შესახებ, რაც მათ მასალის უკეთ გაგება–გააზრებაში ეხმარება, ზრდის სწავლის მოტივაციას და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას.

ამ გზით პრეპარატების მომზადება მოსწავლეებს უყალიბებს მეცნიერული კვლევის ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ცდის დაგეგმვა, ცდის ჩატარება, დაკვირვება, აღწერა, მონაცემთა ანალიზი და შეფასება, მოდელის შექმნა და გამოყენება. ისინი უკეთ იმახსოვრებენ თითოეული ფაზის თავისებურებებს და აღარ უჭირთ მეიოზის გენეტიკური როლისა და ევოლუციის პროცესში მისი მნიშვნელობის დასაბუთება.

მეიოზის შესწავლის შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს პროექტი, რომელიც მაღალი (მე-10, მე–11, მე–12) კლასის მოსწავლეებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო. კვლევა შეიძლება წარიმართოს, მაგალითად, ყვავილობის პერიოდში მეიოზის ინტენსივობის (ან ქრომოსომულ გარდაქმნათა სპექტრის) შესწავლის კუთხით.

აქტივობა 1. ლიტერატურის შეგროვება მეიოზის მნიშვნელობაზე სელექციასა და ფორმათწარმომქმნელ პროცესებში (დრო – ერთი თვე)

აქტივობა 2. ცდის ობიექტის შერჩევა (მასწავლებლისა და მოსწავლის სურვილის მიხედვით)

აქტივობა 3. მასალის სწორად აღება და დაფიქსირება (დრო – ერთი თვე; მასობრივი ყვავილობის პერიოდი)

აქტივობა 4. პრეპარატების მომზადება და დათვალიერება მიკროსკოპით, თითოეული ფაზის თავისებურებათა აღწერა (დრო – ფიქსირებულ პრეპარატებზე მოსწავლემ შეიძლება იმუშაოს 5-6 თვე)

ა) მეტაფაზაში უნივალენტების აღრიცხვა, რადგან მათი უთანაბრო განაწილება პოლუსებზე სხვადასხვა ქრომოსომული შემადგენლობის გამეტების წარმოქმნას განაპირობებს, რაც საბოლოოდ ანეუპლოიდი ფორმების ჩამოყალიბებას იწვევს;

ბ) ანაფაზაში ქრომოსომული აბერაციების აღრიცხვა (ხიდაკები, ფრაგმენტები, რგოლები, ცალკეული ჩამორჩენილი ქრომოსომები). ეს საინტერესოა სელექციური თვალსაზრისით (საკითხის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სელექციისა და ფორმათწარმომქმნელი პროცესების გასაანალიზებლად);

გ) აღნიშნული გამოკვლევები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ მეიოზის ინტენსივობა მასობრივი ყვავილობის პერიოდში და კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდნენ მუტაციების როლს მცენარეთა სელექციასა და ფორმათწარმომქმნელ პროცესებში.

აქტივობა 5. დასკვნები და რეკომენდაციები. საგნობრივი პროგრამის მიზნებიდან და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეუძლია ჰიპოთეზის გამოთქმა და დასკვნების გამოტანა.
თემის დასრულება და საბოლოო გაფორმება კვლევის შედეგებთან ერთად მოითხოვს დაახლოებით 8-9 თვეს.

ამგვარი კვლევები მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორც პროექტგაკვეთილის, ისე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და საკონფერენციო ნაშრომისთვის.

კვლევითი სახის დავალებები და პროექტები მოსწავლეებს საკითხის ერთიანობაში განხილვის და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის საშუალებას აძლევს. მათ უყალიბდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა კვლევის საგნისა და ეტაპების განსაზღვრა, ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება, მონაცემების ინტერპრეტაცია.

ამავე დროს, კვლევითი სახის დავალებები და პროექტები ზრდის სწავლის მოტივაციას, მოსწავლეები აქტიურდ ერთვებიან სასწავლო პროცესში, გამოიმუშავებენ დამოუკიდებლობას, კრიტიკულ ხედვას, უნარს, პრაქტიკულად გამოიყენონ, კონკრეტულ სიტუაციას მიუსადაგონ მიღებული ცოდნა, გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა. იზრდება მათი თვითშეფასების ხარისხიც.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. https://ncp.ge/ge/aqtivoba-2-sqesobrivi-gamravlebis-formebi-meiozi?resid=857
2. https://www.youtube.com/watch?v=kVMb4Js99tA
3. https://www.youtube.com/watch?v=4B071d9Ywbc
4. https://www.youtube.com/watch?v=-DLGfd-Wpr4
5. ზ. თ. ჯააფარიძე, ნ. ჟ. ზარნაძე. მეიოზის შესწავლა ჩაის მცენარეში და მისი გენეტიკური მნიშვნელობა. სსიპ ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, ინსტიტუტის დაარსების 70–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია,2010

tpdc.ge – კატალოგი

0

 

 

 

 

essa mkc ig 9ma ess cds itgps km mes sgsn

სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი

0

სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი შეიქმნა სკოლის დირექტორების დასახმარებლად, რათა დირექტორმა მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად შეძლოს, სკოლა წარმატებული გახადოს. სახელმძღვანელოში განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. დირექტორებს ვთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სკოლის ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენებისათვის, როგორ გახდეს სკოლა სწავლისა და მუშაობისათვის უსაფრთხო. სახელმძღვანელოში სკოლის დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში გაეცნობით ასევე რეკომენდაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად.

Principals_Manual_AKHALI

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...