სამშაბათი, მაისი 19, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრები“

0

ზაზა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია – ჩემი ქმარი. ადრე ერთხელ დავწერე 1.80 სმ. მუზას ვეძებ-მეთქი და ოლიმპოელებმა გეგმას თითქმის 20 სანტიმეტრით გადააჭარბეს.

ზაზა მათემატიკოსია, სულ სხვადასხვაგვარი გემოვნება გვაქვს, მას – საშინელებათა ჟანრის ფილმები მოსწონს, მე – მელოდრამები მირჩევნია, მას – სამეცნიერო ფანტასტიკა უყვარს, მე – ბიოგრაფიული რომანები, მისთვის ქართული პოეზია გალაკტიონ ტაბიძით მთავრდება, ჩემთვის პირიქით, გალაკტიონ ტაბიძის შემდეგ იწყება. მას დაბალი გოგოები მოსწონს, მე მაღალი ბიჭები.

ერთადერთი, რაც ორივეს ერთნაირად მოგწონს – ჩვენი ბავშვობის წიგნები და მულტფილმებია.

როცა დავსხდებით და ლინდგრენსა თუ ეკზიუპერიზე საუბარს ვიწყებთ და „ ბემბისა” თუ „ ნისლში მობოდიალე ზღარბის ისტორიებს ვუყურებთ, ისეთი შეხმატკბილებულები ვხდებით, ჩვენს ყურებას არაფერი ჯობია.

ხოდა, მოკლედ, ერთი პატარა ეჭვიანობის ამბავზე მინდა მოგიყვეთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წიგნის ფესტივალზე თეა თოფურიას „ გასაღვიძებელი ზღაპრები” ვიყიდე. ზაზასთვის არა, გიოსთვის, ჩემი პატარა შვილისთვის, ყდაზე დავაწერე “გიოს წიგნები” და შინ მოსულმა თაროზე შემოვდე, ლამაზი წიგნი იყო, წითელყდიანი, თვალში რომ მოგხვდება , ეგეთი.

ზაზა ჩვეულებრივად, საღამოს 9 საათისთვის დაბრუნდა სახლში, ივახშმა, ცოტა ხანს გიოსთან ითამაშა და . . . მერე უბრალოდ დავკარგე.

ბიბლიოთეკაში შესულმა თაროზე შემოდებული წითელი წიგნი დაინახა, ჩამოიღო და კითხვა დაიწყო.

შევიდოდი ოთახში – გავუვლიდი, გამოვუვლიდი, ის კი ზედაც არ მიყურებდა, კითხულობდა „ გასაღვიძებელ ზღაპრებს” და კვდებოდა სიცილით, ისე, ბავშვივით იცინოდა.

მერე გიო შევუშვი, გიომ თავისი პატარა ბურთი ესროლა, მერე მანქანა გაუგორა, მერე მუსიკალური სათამაშო აახმაურა – არანაირი შედეგი, ზის ეს ჩვენი ზაზა, კითხულობს „ გასაღვიძებელ ზღაპრებს” და იცინის.

ჯერ სამზარეულოში ფოლგაში გახვეული ხორცის შეწვა დავიწყე – იქნებ სუნმა შეაწუხოს და გამოვიტყუო – მეთქი, მერე კექსიც შევაგდე აირღუმელში, ბევრი ვანილით- არანაირი შედეგი, თქვენც არ მომიკვდეთ, ზის ეს ჩვენი ზაზა, კითხულობს და კვდება სიცილით.

გიო დავაძინე, მეორე დღის სადილი მოვამზადე, ტელევიზორი ავახმაურე, ჭურჭელი დავრეცხე, ავეჯი გადავაადგილ-გადმოვაადგილე. მაინც ვერაფერი, ზედაც არ მიყურებს. დავწექი და დავიძინე.

მეორე დღეს მკითხა – ეს გოგო ნამდვილად არსებობს, ასეთი რამეები თავში როგორ მოსდისო?

არსებობს მეთქი – ვუპასუხე, ისევე, როგორც მაგნიტური ღრუბლები, ქვეყანა, სახელად პ, სიზმრის ცხვრები, რომლებიც, როცა შეყვარებული ხარ, თაფლს იწველებიან, თოვლისა თუ ფერადი მთების ქვეყნები და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი სიმართლე:

„ მართას დამ ზღაპარი დაასრულა და ერთ ჟურნალში დაბეჭდა. მეორე დღეს ის ყვირილმა და აურზაურმა გამოაღვიძა. სახლის წინ მშობლები შეკრებილიყვნენ. ხელში პლაკატები და გადახეული ჟურნალის ნაფლეთები ეჭირათ.
-რა მოხდა? – მართას და პიჟამის ამარა გამოვიდა აივანზე. ხალხი აზუზუნდა.
-რას შვრები? გვეგონა კარგი მწერალი იყავი. შენ კიდევ რაებს წერ? ბავშვები აგვიტირდნენ, ვეღარ დაგვიწყნარებია. ყველას ის გოგო ეცოდება. ვის გაუგია ასეთი პატარებისთვის სიმართლის მოყოლა. მეზღაპრე ხარ თუ ჟურნალისტი? ახლავე შეცვალე დასასრული!
– – არაფერსაც არ შევცვლი, – გადმოსძახა მართას დამ აივნიდამ.
-რამე მოიგონე!
-არაფერსაც არ მოვიგონებ! – მართას და ისევ ლოგინში ჩაწვა.”
ეს ის მართას დაა, მთელი ღამე ქრისტე ღმერთის მონაყოლ ამბებს რომ ისმენდა.

რას გვაუწყებს დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის «საფლავი მეფის ირაკლისა»?

0

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 150 წლისთავი, რომელიც წელს, 1995 წელს აღინიშნება, საკმაოდ განსხვავებული იქნება გარდაცვალების 100 წლისთავის იუბილისაგან, რომელიც 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ეიფორიაში აღინიშნებოდა; განსხვავებული იქნება არა მხოლოდ იმით, რომ ბორის პასტერნაკი (ან სხვა რუსი პოეტი, _ თუმცა მისი რანგისა დღევანდელ რუსეთში ძნელად თუ მოიძევება) არ წაიკითხავს პოეტის ლირიკის მისეულ თარგმანებს თბილისის საოპერო თეატრის სცენიდან და არც მხოლოდ იმით, რომ პოეტის თხზულებათა ახალი, საგანგებო გამოცემა არ დაიბეჭდება (რადგან დღევანდელ საქართველოს არა აქვს ქართველ კლასიკოსთა საიბილეო გამოცემის შესაძლებლობა, – მით უმეტეს, ისე შესანიშნავად, როგორც ეს 50 თუ 60 წლის წინ ხერხდებოდა), – მთავარი განსხვავება ისაა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 150 წლისთავის იუბილე, ალბათ, პირველი იქნება უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, როცა «მერნის» ავტორის «პროგრესულობა» იმით აღარ შეფასდება, თუ რა პოზიცია ეკავა პოეტს საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხში და პოეტის ჯანსაღი და სწორი პოლიტიკური ორიენტაციის ხაზგასასმელად გადაჭარბებული მნიშვნელობა აღარ მიენიჭება მის ლექსს _ «საფლავი მეფის ირაკლისა».

მაგრამ, შესაძლოა, ამ ლექსის ხელახლა გადაკითხვა სწორედაც ახლა იყოს უპრიანი _ რუსეთთან ჩვენი ტკბილ-მწარე ურთიერთობების ახალ მოსაბრუნზე, როცა საქართველოს ხსნა და მომავალი ისევ რუსეთის გადასაწყვეტია (და იყო?!), ოღონდ ჩვენ ამჯერადაც არ ვიცით (და არ ვიცოდით?!), რას გვიპირებს ჩვენი ჩაწიხლვისა და იმედის ამოუწურავი წყარო; და როგორც საუკუნეების განმავლობაში, ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ჩვენი გრძნობები _ სასოება და აღშფოთება _ ისევ განუწყვეტლად ენაცვლება ერთმანეთს.

«საფლავი მეფის ირაკლისა» ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მწვერვალებს არ განეკუთვნება, თუმცა მისი ნაწერების მეტად მცირე მოცულობის, მეტად მცირე რაოდენობის გამო პოეტის ყოველი სტრიქონი განსაკუთრებული მოწიწებითაა მოცული, მაგრამ ამჯერად ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ პოეტს ასე ცალსახად, აშკარად, ერთმნიშვნელოვნად, თითქმის პუბლიცისტურად სხვაგან არსად განუცხადებია თავისი დამოკიდებულება რუსეთის (და რუსეთის ქართული პოლიტიკის) მიმართ, ან უფრო ზუსტად, ერეკლესეული ორიენტაციის მიმართ, თან ამ ლექსში ის გაორებაა დაძლეული, რომელიც სამი წლით ადრე დაწერილ «ბედი ქართლისაში» ასე აშკარად იგრძნობა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი ფილოსოფიური სიღრმითა და გაქანებით პოემა უკან იტოვებს ლექსს, _ იქ კი, სადაც ფილოსოფიური ნაპერწკალი გაკრთება, ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძებნა უიმედო საქმეა. «ბედი ქართლისა» გარდაუვალობის წინაშე ტრაგიკულ დამორჩილებას ასახავს და ამიტომ პოემის ფინალი ყოველგვარი ლოგიკის, ემოციის, განსჯის მიღმა დგას, ამიტომ ჟღერს ბედისწერის დარტყმასავით ბოლო სტრიქონები:
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია, გულს ირაკლისა,
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

ლექსში «საფლავი მეფის ირაკლისა» კი პოეტი საღი, ლოგიკური, პრაგმატული მსჯელობის შედეგად აყალიბებს თავის შეხედულებას, თუ რა მოუტანა ქვეყანას მისი პაპისპაპის არჩევანმა (ცნობილია, რომ ბარათაშვილი ერეკლეს პირდაპირი მემკვიდრე _ მისი შვილისშვილის შვილი იყო), მაგრამ ეს არაა პოეტის უშუალო, შინაურული საუბარი თავისი წინაპრის აჩრდილთან, _ ამ ლექსში იმის ამოკითხვა შეგვიძლია, თუU რას ელოდა საქართველო რუსეთისაგან და ან როგორ წარმოედგინა რუსეთის მისია საქართველოში თუ მთელ ქართველობას არა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, იმ ნაწილს მაინც, რომელსაც ოცდახუთი წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი მიეკუთვნებოდა.

პოეტურ ნაწარმოებში საზოგადოებრივი აზრის მანიფესტაციის ამოკითხვა, ალბათ, მკრეხელობა და მხატვრული უგრძნობელობაა, მით უმეტეს, როცა კარგად მოგვეხსენება, რომ ბარათაშვილისნაირი პოეტები უმთავრესად საკუთარ თავსა და ღმერთს ესაუბრებიან, მაგრამ «საფლავი მეფის ირაკლისა» აშკარად საყოველთაობის ნიშნითაა აღბეჭდილი და ამ საზეიმო, პათეტიკურ ოდაში პოეტი მეფე-პატრონს ქვეშევრდომთა ან ქვეშევრდომთა შთამომავლების სახელით მიმართავს, მათ ხმასა და სათქმელს წარმოადგენს:
აჰა, აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

მაინც რა იყო ეს «ნაყოფი»? რას ემადლიერებოდა რუსეთს შეგნებული, მოაზროვნე, ქართულად მოფიქრალი ქართველი?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გასახსენებელია საუკუნეების მანძილზე ჩვენს ცნობიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი რეალობა, რომ საქართველო მსოფლიო საქრისტიანოს მესაზღვრეა _ აქედან გამომდინარე, ყველა მძიმე, მტკივნეული და საპატიო მოვალეობით, რომ საქართველოს შემდეგ ისლამური ოკეანე იწყება, საქართველოს დაცემა კი ქრისტიანული სამყაროს საზღვრის გადანაცვლებას, მისი სივრცის შემცირებას გამოიწვევს.

იდეოლოგიური მოძღვრება ამ «მესაზღვრეობის» შესახებ ისლამური გარემოცვის აღმოცენებისთანავე ჩაისახა (ყოველ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისს გამოხატავს უკვე VIII საუკუნის ქართველი მწერალი იოანე საბანისძე, _ «აბო ტფილელის წამების» ავტორი). ქართულ ცნობიერებას ყოველთვის თრგუნავდა ისლამური საფრთხის, ისლამური საშიშროების შეგნება (და შეგრძნება) და ჩვენი საგარეო პოლიტიკაც ძირითადად ამ საფუძველზე იყო აგებული: ყველა პოტენციურ ქრისტიან მფარველს ვარწმუნებდით, რომ საქართველოს დაცვა მათ უშუალო ინტერესებს ემსახურებოდა, მათი ქრისტიანული მეობის უსაფრთხოებას, რადგან საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენით ისინი საერთოქრისტიანულ გალავანს ჰმატებდნენ (ან შეჰმატებდნენ) სიმყარესა და ურყევობას.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან მიერთებიდან ორმოცი წლის შემდეგ ბარათაშვილი მადლიერებას გამოხატავს ერეკლეს მიმართ, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმორწმუნე რუსეთის კალთას შეფარებულ ქვეყანას აღარ ემუქრება ის ისლამური ქარიშხლები თუ წყალდიდობები, რასაც ლექსში «კასპიის ღელვა» და «შავი ზღვის ზვირთნი» განასახიერებენ (იგულისხმება, ერთი მხრივ, სპარსეთი _ ირანი და, მეორე მხრივ, ოსმალეთი _ თურქეთი). პოეტი ამბობს, რომ საქართველოში მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად დამყარდა მშვიდობა და ქართველობას, ბრძოლების მაგივრად, ადამიანური, ნორმალური, სამოქალაქო ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცა:
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი.

აქ კი ბარათაშვილისა და მისგვარად მოაზროვნეთა კიდევ ერთი იმედია გაცხადებული _ «სამშვიდობო მოქალაქის მმართველობა» ან «მშვიდობიანი სამოქალაქო მმართველობა», როცა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია საგანგებო წესები, საომარი ვითარება, სამხედრო მდგომარეობა, მაგრამ აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის «მოქალაქე», რომელიც ძველ ქართულში წმიდანს, ასკეტური ცხოვრებით მცხოვრებ მოღვაწეს ნიშნავდა, პოეტი კი საუკუნენახევრის წინ ამ ტერმინს არა მარტო იმ მნიშვნელობით ხმარობს, რაც არასამხედრო პირს გულისხმობს და კიდევ ნაკლებად ქალაქში მცხოვრებს, არამედ, შესაძლოა, იმ შინაარსსაც ვარაუდობდეს, რასაც ჩვენ ვდებთ დღეს საკმაოდ გაცვეთილ გამოთქმებში: «სამოქალაქო საზოგადოება», «სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა», «სამოქალაქო ცნობიერება».

აი, რისი მოლოდინი, რისი იმედია გაცხადებული ამ სიტყვებში, _ იმედი, რომ საქართველოში რუსეთი ცივილიზაციას მოიტანდა, იმ ცივილიზებულ ანუ სამოქალაქო ურთიერთობებს, როცა ყველა უთანხმოება საყოველთაო კანონის, წესდების, ხელშეკრულების საფუძველზე წყდება და არა ცემა-ტყეპითა და მუშტი-კრივით, როცა ყველა მოუგვარებელი საკითხი ბიუროკრატიულ-საკანონმდებლო მაგიდასთან გვარდება, თუნდაც უთვალავი ზედმეტი და გამაღიზიანებელი ქაღალდით გადაჭედილ მაგიდასთან, ოღონდ არა ხელჩართული ბრძოლის ველზე. «სამშვიდობო მოქალაქე» ამგვარად მართავს ქვეყანას და როცა ბარათაშვილი ამ სტრიქონებს წერდა, ბევრი ევროპული იმპერია თავისი შინაური ცხოვრების მოწყობის უკვე ამგვარ გზას ადგა, _ მაგრამ არა რუსეთი, სადაც მთელი მისი ისტორიის მანძილზე მოხელის (ჩინოვნიკის) გუნება-განწყობა კანონის ფუნქციას ასრულებს, ხოლო თვითმპყრობელი იმპერატორის ნება ნებისმიერ კანონს ენაცვლება ან აღემატება. ცივილიზაცია ევროპული მოვლენაა, რომელიც ამ ძველი კონტინენტის ათასწლოვანი ტრადიციების გაგრძელება-განვითარებას წარმოადგენს და რომელსაც საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ, რომაული სამართალი და, მეორე მხრივ, ანტიკური კულტურული მემკვიდრეობა, საშუალო საუკუნეებში კი მათ კიდევ ერთი საყრდენი სვეტი შეემატა _ რომის ეკლესია. ამ საფუძველთა განხილვა და შეფასება ძალზე რთულ და გრძელ საუბარს მოითხოვს (რომ აღარაფერი ვთქვათ საკითხთა საკამათო და საჭოჭმანო განზომილებების შესახებ), მაგრამ ფაქტია, რომ ევროპა ამ ჩარჩოებში ყალიბდებოდა, რუსეთი კი განვითარების განსხვავებულ გზას მიუყვებოდა, და ამ განსხვავებულობას რუსეთის თაყვანისმცემლებიცა და მოძულენიც შეთანხმებულად აღიარებენ.

დაბოლოს, ის კეთილი ნაყოფი, რომელიც ბარათაშვილის ჩამონათვალში პირველია და, შესაძლოა, მისი შეხედულებით, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ დადებით შედეგთა შორის, რაც საქართველოს რუსეთთან შეერთებამ მოუტანა _ განათლება, კულტურა, რომელიც, თუნდაც რუსული ტყვეობის ფასად, თავიანთ ქვეყანაში ჩამოაქვთ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს:
ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო,
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.
ეს ის ქართველებია, რომელთაც, განათლებულთ და შთაგონებულთ, გამთოშავი რუსული ყინულის გადნობაც კი ძალუძთ და რომლებიც რუსეთიდან ჩამოტანილი განათლების თესლს ქართულ ნოყიერ და გამთბარ მიწაზე ათასმაგ ნაყოფს გამოაღებინებენ:
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!

ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ორიენტაცია ჩრდილოეთზე, სხვა მიზეზთა გარდა, კულტურული იზოლაციიდან თავის დაღწევის მცდელობაც იყო, მტკივნეული სწრაფვა ევროპული კულტურისაკენ, _ სწორედ ევროპული, რადგან ჩვენი აღმოსავლელი მტერ-მოყვარე მეზობლის, ირანის, მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი ხელოვნება და ლიტერატურა ქართველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. რუსეთი კი იმ ხიდად იყო მიჩნეული, რომელიც საქართველოს ევროპული განათლებისა და სულიერი ცხოვრებისაკენ გაუხსნიდა გზას. აღსანიშნავია, რომ თავად რუსული კულტურა ევროპულ გარემოში მხოლოდ ხანმოკლე დროით იყო ჩართული; მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როცა «საფლავი მეფის ირაკლისა» იწერებოდა, ის თავის აღმართს იყო შემდგარი. იმ დროიდან რუსეთი გენიალურ ადამიანთა ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, მაგრამ კულტურული ცხოვრების ინტენსიურობამ, კულტურულმა გარემომ, ფასეულობათა ევროპულმა კრიტერიუმებმა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულს გასტანა.

ოდითგანვე იმპერიებს ცივილიზატორული ფუნქცია ეკისრებოდათ, _ კოლონიებში მათ თუნდაც სკოლები, გზატკეცილები (ან რკინიგზა) და წამალი შეჰქონდათ. რუსეთი, მართალია, უმთავრესად მტრულად იყო განწყობილი ცივილიზაციის მიმართ, მაგრამ XIX საუკუნეში იმპერიის მახასიათებელ სამ ნიშანს მაინც ატარებდა: მეტროპოლიაში დაუნჯებული იყო ძალა, სიმდიდრე და კულტურა. ბოლშევიკურმა რევოლუციამ სიმდიდრის მოსპობა თავის ერთ-ერთ მიზნად დაისახა, კულტურა და განათლება ან განადგურდა ან ნელ-ნელა დაიწრიტა, ამიტომ საბჭოთა პერიოდში იმპერიის მახასიათებელთაგან მას მხოლოდ და მხოლოდ ძალაღა შერჩა.

დღეს საქართველოს ისევ ევროპულ კალაპოტში, ევროპულ დინებაში ჩართვა ეიმედება და ისევ რუსეთის პირისპირ დგას, ოღონდ იმ რუსეთისა, რომელსაც ძალაც შესამჩნევად შეჰრყევია, სიმდიდრე ჯერჯერობით სრულებით არ ემუქრება, ხოლო ევროპულ კულტურას საკმაოდ დაჰშორებია.

ქართულ ცნობიერებაში ერეკლე მეფე არა მარტო უმაგალითო ვაჟკაცობის სიმბოლოდ, არამედ რუსეთთან დამოკიდებულების განსახიერებადაც დარჩება. ამიტომ, ალბათ, დღესაც მის აჩრდილს ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებით უნდა მივმართოთ:
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა…
მაგრამ გამოდგება ახლა ეს სიტყვები? რას მივხვდით? ან როგორ მივხვდით? რა განზომილებას იძენს ჩვენი მწარე გამოცდილების შუქზე ბარათაშვილის ეს დაუვიწყარი ლექსი?
პრაჰა, 1995

როგორც ადვილად შესამჩნევია, ეს მცირე ესეი გასულ საუკუნეში დაიწერა, _ ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 150 წლისთავის გამო. მისი დაბეჭდვა მაშინვე ივარაუდებოდა, მაგრამ მდგომარეობათა გამო ვეღარ მოხერხდა.

და მაინც, ასე ხანგრძლივი დროის შემდეგ მისი ასე დაგვიანებული გამოქვეყნება დღევანდელ საქართველოში, თითქოს, ზედმეტად არ უნდა ჩანდეს. საკითხსაც და სათქმელსაც სიმწვავე ისევ არ დაუკარგავს…

თუ მკითხველი ავტორს ენდობა, იმჟამინდელ ტექსტში ამჟამად ერთი წერტილიც ან მძიმეც არაა შეცვლილი.

 

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=574&composition=1609

იაპონია, გაორებულობა და მე – ქენძაბურო ოე

0
უკანასკნელი კატასტროფული მსოფლიო ომის დროს პატარა ბიჭი ვიყავი და ვცხოვრობდი აქედან ათასობით მილის დაშორებით, იაპონიის არქიპელაგის კუნძულ სიკოკუზე, მიყრუებულ ტყისპირა სოფელში. იმ დროს აღტაცებაში მოვყავდი ორ წიგნს “ჰეკლებერი ფინის თავგადასავალსა” და “ნილს ჰოლგერსონის საოცარ მოგზაურობას შვედეთში”. მაშინ მთელ მსოფლიოს გადაუარა შიშის ტალღამ. ჰეკლებერი ფინის მსგავსად ღამღამობით მთაში ავდიოდი, მეძინა ხეებს შორის, სადაც თავს უფრო უშიშრად ვგრძნობდი, ვიდრე შინ.

“მოგზაურობის” მთავარი გმირი, პატარა კაცუნად ქცეული, რომელსაც ფრინველების ენა ესმის, დაადგება თავგადასავლებით სავსე გზას. ამ წიგნმა ბევრი სასიამოვნო წუთი განმაცდევინა. ერთი ის, რომ ვცხოვრობდი ტყეში კუნძულზე, ოდითგან რომ სახლობდნენ ჩემი წინაპრები და აღმოვაჩინე, რომ ეს სამყარო და ცხოვრების ასეთი წესი ჭეშმარიტი თავისუფლების მომნიჭებელია. მეორეც, თანავუგრძნობდი ნილსს, წარმოვიდგენდი თავს მის ადგილას, ცელქ ბიჭად, რომელიც მოგზაურობს შვედეთში, ცხოვრობს გარეულ ბატებთან ერთად, ესარჩლება მათ, ინარჩუნებს სიწმინდეს და ხდება გულდაჯერებული და თავმდაბალი. ბოლოს შინ დაბრუნებული საუბრობს მშობლებთან. ვფიქრობ, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ნაწარმოების ენა, იმდენად, რამდენადაც ვიმეორებდი რა ნილსის სიტყვებს, საოცარ სიფაქიზესა და სულიერ აღმავლობას ვგრძნობდი.

“დედავ და მამავ! – წამოიძახა მან. – მე დიდი ვარ, მე ისევ ადამიანი ვარ!”

განსაკუთრებით მხიბლავდა ფრაზა “მე ისევ ადამიანი ვარ!” ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: `მე ისევ ადამიანი ვარ!~ ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი საზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს. ვიმედოვნებ, რომ მომიტევებთ, თუ კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკებ საკუთარ გამოცდილებაზე.

ნახევარი საუკუნის წინ მიყრუებულ ადგილას წავიკითხე “ნილსის საოცარი მოგზაურობა” და იქ ორი წინასწარმეტყველება ვიპოვე. ერთის თანახმად ოდესმე ფრინველების ენას დავეუფლებოდი, მეორე მიქადდა საყვარელ ბატებთან ერთად გაფრენას… შეიძლება, სკანდინავიაში. როცა დავოჯახდი, პირველი შვილი გონებასუსტი გამიჩნდა. მას ხიკარი დავარქვით, რაც ჩვენებურად `სინათლეს~ ნიშნავს. ჩვილობისას იგი რეაგირებდა მხოლოდ გარეული ფრინველების გალობაზე და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ადამიანის ხმას. ერთხელ ზაფხულში, როცა იგი ექვსი წლისა იყო, ვცხოვრობდით ქალაქგარეთა სახლში. ბავშვმა მახლობელი ტბიდან ჭაობის ქათამურას რაკრაკის ხმა გაიგონა და ფრინველთა გალობის ჩანაწერის ხმით წარმოთქვა: “ეს ჭაობის ქათამურაა”. ეს იყო მისი პირველი სიტყვები. ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო ჩვენი სიტყვიერი ურთიერთობა შვილთან.

ახლა ხიკარი სწავლობს გონებრივად ჩამორჩენილთა პროფესიული მომზადების ცენტრში, შვედებიდან ნასესხები იდეების საფუძველზე შექმნილ ორგანიზაციაში. ამასთანავე, იგი თხზავს მუსიკალურ ნაწარმოებებს. ფრინველთა წყალობით იგი ქმნის ადამიანურ მუსიკას. საჩემო წინასწარმეტყველება ხიკარის აუხდა, მას ესმის ფრინველთა ენა. ისიც მინდა დავამატო, რომ ვერ შევძლებდი მეცოცხლა, რომ არა ჩემი ცოლის ძალა და სიბრძნე. ის განხორციელებაა აკისა – ნილსის ბატების გუნდის წინამძღოლისა. ჩვენ ერთად ჩამოვფრინდით სტოკჰოლმში და მეორე წინასწარმეტყველებაც, ჩემდა საბედნიეროდ, ამიხდა.

იასუნარი კავაბატამ, პირველმა იაპონელმა მწერალმა-ნობელიანტმა ამ ტრიბუნიდან წაიკითხა ლექცია სათაურით “იაპონია, მშვენიერი და მე”. ლექცია იყო ერთდროულად მშვენიერიც და ბუნდოვანიც. ესაა ბუნდოვანება, უკვე სათაურშივე მინიშნებული, რომელიც განზრახ შექმნა კავაბატამ. იგი შეიძლება ასეც ითარგმნოს: “მე ვეკუთვნი მშვენიერ იაპონიას”(…).

ამ ლექციაში კავაბატა ლაპარაკობს უნიკალურ მისტიციზმზე, რომელიც შეიმჩნევა არა მარტო იაპონურ, არამედ მთელ აღმოსავლურ აზროვნებაში. ვთქვი რა “უნიკალური”, მხედველობაში მქონდა ძენ-ბუდიზმის ტრადიციები. XX საუკუნის მწერალმა კავაბატამაც კი გამოიყენა შუა საუკუნეების მონაზვნების მიერ შექმნილი პოეტური ხერხები თავისი განწყობისა და აზრის მდინარების აღსაწერად. ბუდისტი ბერების ლექსთა უმრავლესობის თემაა ჭეშმარიტების სიტყვიერი გამოხატვის შეუძ­ლებელობა. მათი აზრით, სიტყვა ნაჭუჭშია გამომწყვდეული. მკითხველს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ოდესმე სიტყვები გამოვლენ ლექსებიდან და ჩვენამდე მოაღწევენ. ძენის ამ ლექსების არც გაგება შეიძლება, არც თანაგანცდა, თუკი როგორმე არ შეაღწევ ნაჭუჭში გამომწყვდეულ სიტყვათა შორის, ნებაყოფლობით იტყვი რა უარს საკუთარ “მე”-ზე.

რატომ მიიღო კავაბატამ ასეთი თამამი გადაწყვეტილება – წაეკითხა ეს უკიდურესად ეზოთერიკული იაპონური ლექსები სტოკჰოლმის აუდიტორიის წინაშე? თითქმის ნოსტალგიით ვიხსენებ მისი შესანიშნავი კარიერის დასასრულისათვის მიღწეულ გამბედაობასა და გულახდილობას, რითაც მან საკუთარი რწმენა აღიარა. კავაბატა ათეულობით წლების მანძილზე მოხეტიალე იყო და ამავე დროს, შექმნა უამრავი ნაწარმოები. მოგზაურობის წლების შემდეგ, იკმარა რა იმის აღიარება, რომ აღაფრთოვანებდა ეს მიუკარებელი იაპონური ლექსები, რომელთა სრულყოფილი გაგების ყოველგვარი ცდა ამაოა, შეეძლო ეთქვა: “იაპონია, მშვენიერი და მე”, – მაშასადამე, ესაუბრა სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობდა და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, რომელიც შექმნა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კავაბატამ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა:
“ჩემს ნაწარმოებებს ყოველთვის მოიხსენიებდნენ როგორც სიცა­რიელის ნაწარმოებებს, ოღონდ ეს სიცარიელე არ უნდა გავიგოთ, როგორც დასავლური ნიჰილიზმი. სულიერი საფუძველი სულ სხვაგვარია. დოგენმა თავისი ლექსი წელიწადის დროებზე დაასათაურა როგორც “თანდაყოლილი რეალობა” და მაშინაც კი, როცა წელიწადის სხვადასხვა დროის სილამაზეს უმღეროდა, ღრმად იყო ჩაძირული ძენში”.

აქაც ვპოულობ გაბედულ და გულახდილ თვითდამკვიდრებას. ერთი მხრივ, კავაბატა აცხადებს თავის არსებით მიკერძოებულობაზე ძენის ფილოსოფიის ტრადიციისა და იმ ესთეტიკის მიმართ, რომლითაც იკვებება აღმოსავლეთის კლასიკური ლიტერატურა. მეორე მხრივ, ცდილობს განასხვაოს ერთმანეთისაგან თავისი ქმნილებების სიცარიელე და დასავლური ნიჰილიზმი. ამბობდა რა ამას, გულწრფელად მიმართავდა კაცობრიობის მომავალ თაობებს, ვისი დიდი იმედი და რწმენა ჰქონდა ალფრედ ნობელს.

მართალი რომ ითქვას, ჩემს თანამემამულე კავაბატაზე უფრო, ამ ტრიბუნაზე რომ იდგა ოცდაექვსი წლის წინ, ძლიერ სულიერ ახლობლობას ვგრძნობ ირლანდიელ პოეტ უილიამ ბატლერ იეიტსთან, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა სამოცდათერთმეტი წლის წინ. მაშინ იგი დაახლოებით იმ ხნისა იყო, რა ხნისაც მე ვარ. რა თქმა უნდა, თავს არ ვადრი გენიალურ პოეტს, მე მხოლოდ მისი მოკრძალებული მიმდევარი ვარ შორეული ქვეყნიდან (…).

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვწერდი ტრილოგიას, რომელიც ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის კულმინაციად უნდა იქცეს. დაიბეჭდა მხოლოდ ორი ნაწილი. ამას წინათ დავამთავრე მესამე, დასკვნითი ნაწილი და ვუწოდე “მოგიზგიზე მწვანე ხე”. ეს სათაური მიკარნახა იეიტსის პოემის ამ სტროფმა:
“არის ხე, რომელიც ყველაზე ზედა რტოდან (ნახევრად რომ სულ მოციმციმე ალისფერია, ნახევრად – სულ მწვანე) დაფარულია ცვარნამით სველი ფოთლებით”.

მართლაცდა, ჩემი ტრილოგია გაჟღენთილია იეიტსის მთელი პოეზიის გავლენით. იეიტისისათვის ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით ირლანდიის სენატმა გამოაქვეყნა მილოცვა, რომელშიც ასეთი სიტყვებით ურევია: “… აღიარება, რომელიც პოვა ხალხმა მსოფლიო კულტურაში შეტანილი წვლილისათვის იეიტსის წარმატების წყალობით”, “… ხალხი, რომლის კანონებსა და ზნე-ჩვეულებებს აქამდე სხვა ერები არ ცნობდნენ”, “… იეიტსის სახელი ჩადგა ჩვენი ცივილიზაციის დაფასების სამსახურში”, “… ყოველთვის იარსებებს იმის საშიშროება, რომ ბრბომ გაიყოლიოს ნგრევით გატაცების უგუნურებისაგან შორს მდგომი ადამიანებიც”.

იეიტსი ის მწერალია, რომლის მიბაძვასაც ვისურვებდი. ვისურვებდი იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებითაც, რომლის კანონები და ზნე-ჩვეულებანიც ახლა უკვე ცნეს სხვა ერებმა, თუმცა, ეტყობა, მხოლოდ ელექტრონული და საავტომობილო მრეწველობის მიღწევების წყალობით. მისი მიბაძვა იმიტომაც მინდა, რომ წარმომადგენელი ვარ იმ ხალხისა, რომელიც ნგრევით გატაცების უგუნურებაში იყო ჩაბმული როგორც საკუთარი, ასევე მეზობელი ხალხების ტერიტორიებზე.

როგორც ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს თანამედროვე სამყაროში, ისეთში, როგორიცაა, და როგორც ადამიანმა, რომელსაც წარსულთან მწარე მოგონებები აკავშირებს, არ შემიძლია კავაბატასთან ერთად წარმოვთქვა ფრაზა: “იაპონია, მშვენიერი და მე”. ზემოთ შევეხე კავაბატას ლექციის სათაურისა და შინაარსის “ბუნდოვანებას”. ჩემი ლექციის დარჩენილ ნაწილში მინდა გამო­ვიყენო სიტყვა “გაორებული”, ვითვა­ლისწინებ რა განსხვავებას, რომელიც აღნიშნა ცნობილმა ბრიტანელმა პოეტესამ კეტლინ რეინმა უილიამ ბლეიკზე საუბრისას: იგი იმდენად ბუნდოვანი არაა, რამდენადაც გაორებულიო. საკუთარ თავზე არ შემიძლია ვთქვა სხვა რამ, გარდა ამისა: “იაპონია, გაორებულობა და მე”.

ჩემი დაკვირვებით, ას ოცი წლის მოდერნიზაციის შემდეგ, რაც ქვეყანა ღია გახდა გარე სამყაროსათვის, თანამედროვე იაპონია იხლიჩება გაორებულობის ორ პოლუსს შორის. და მე, როგორც მწერალს ამ პოლარიზაციამ ღრმა დაღი დამასვა.

ეს ორაზროვნება, მძლავრი და ყოვლისგამმსჭვალავი, ხლეჩს ქვეყანასა და ხალხსაც და ვლინდება სხვადასხვა ფორმით. იაპონიის მოდერნიზაცია მიმართული იყო იქით, რომ გვესწავლა დასავლეთისაგან და მიგვებაძა მისთვის. მაგრამ იაპონია აზიური ქვეყანაა და დღემდე ჯიუტად ერთგულია თავისი ტრადიციული კულტურისა. ორაზროვანმა ორიენტაციამ იაპონია იქამდე მიიყვანა, რომ აზიის აგრესორად იქცა. მეორე მხრივ, ახალი იაპონიის კულტურა, რომელსაც განზრახული ჰქონდა სრულად გახსნილიყო დასავლეთისათვის, დიდხანს ბნელით მოცული იყო მისთვის, მიუწვდომელი და, უფრო რბილად, ძნელად გასაგები. უფრო მეტიც, იაპონია იზოლირებული აღმოჩნდა სხვა აზიური ქვეყნებისაგან არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სოციალურად და კულტურულადაც.
თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში ყველაზე გულწრფელები, თავის მისიაში ყველაზე უფრო დარწმუნებული იყვნენ ეგრეთ წოდებული “ომისშემდგომი მწერლები”, სამწერლო არენაზე ბოლო ომის დამთავრებისთანავე გამოსულნი, კატასტროფისაგან ღრმად ტრავმირებულნი, მაგრამ აღორძინების მაინც დიდად მოიმედენი. ისინი მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ გამოესყიდათ იაპონიის არმიის მიერ აზიის ქვეყნებში ჩადენილი არაადამიანური დანაშაულობანი, აგრეთვე გაედოთ ხიდი ღრმა უფსკრულზე, რომელიც იაპონიას ყოფდა არა მარტო დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან, არამედ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკისაგანაც. ამით მათ სურდათ შერიგებოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი ბოლოში მაინც ვმდგარიყავი იმ ავტორთა რიგში, ამ მწერალთა ტრადიციები რომ აითვისეს.

იაპონიისა და მისი ხალხის მდგომარეობა თანამედროვე, პოსტმოდერნიზაციის პერიოდში არ შეიძლება არ იყოს ამბივალენტური. იაპონიის მოდერნიზაციის შიგ შუაგულში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი – ომი, რომელიც გამოიწვიეს თვით მოდერნიზაციის პროცესში მომხდარმა გადახრებმა. ორმოცდაათი წლის წინ განცდილმა მარცხმა იაპონიასა და იაპონელებს, ამ ომის აქტიურ მონაწილეებს, მისცა შანსი კვლავ აღორძინებულიყვნენ სიღატაკისა და ტანჯვის ჯოჯოხეთიდან, რომელსაც ასახავდნენ სწორედ “ომის შემდგომი მწერლები”. ზნეობრივი ბაზა ამ აღორძინების მსურველი იაპონელებისა იყო დემოკრატიის იდეები და გადაწყვეტილება, აღარასოდეს დაეწყოთ ომი. პარადოქსულია, რომ ხალხიც და სახელმწიფოც, ვინც ეს ზნეობრივი საფუძველი აირჩია, წარსულისაგან ლაქამოცხებული იყვნენ აზიის სხვა სახელ­მწიფოებში შეჭრით. ამ ზნეობრივ საფუძველს მნიშვნელობა ჰქონდა მათთვისაც, ვინც ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური იარაღით დაიღუპა, მათთვისაც, ვინც გადარჩა და ამ გადარჩენილთა შთამომავლებისთვისაც, რომელთაც რადიაციის ზემოქმედებამ თავისი კვალი დაატყო (ათეულ ათასობით იმ ადამიანის ჩათვლით, რომელთა მშობლიური ენა კორეული იყო).

ბოლო წლებში იაპონიის მისამართით გაისმის საყვედურები, რომელთა აზრიც ისაა, რომ მან მეტი სამხედრო ძალა უნდა გამოყოს გაეროსათვის და ამით უფრო აქტიური როლი ითამაშოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მშვიდობის შენარჩუნებასა და აღდგენაში. სამწუხაროა ეს საყვედურები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიისათვის კატეგორიულ იმპერატივად იქცა ომების სამუდამო უარყოფა, რაც აისახა კიდეც ახალი კონსტიტუციის მთავარ მუხლში. იაპონელებმა აირჩიეს მარადიული მშვიდობის პრინციპი, როგორც ზნეობრივი საფუძველი ომისშემდგომი აღორძინებისათვის.

მგონია, რომ ამ პრინციპს ძალიან კარგად გაიგებენ დასავლეთში, სადაც არსებობს დიდი ხნის ტრადიცია რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა. თვით იაპონიაში არიან ადამიანები, უცხოელთა ზემოქმედებით რომ ცდილობენ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებას. მაგრამ კონსტიტუციიდან მარადიული მშვიდობის მუხლის ამოღება ღალატი იქნება აზიის სხვა ხალხებისა და ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბით დაღუპულთა წინაშე. მწერალს არ მიჭირს წარმოვიდგინო რა მოჰყვება შედეგად ამ ღალატს.

იაპონიის ომამდელ კონსტიტუციას, რომელიც ამკვიდრებდა აბსოლუტურ ძალაუფლებას ნებისმიერ დემოკრატიაზე უფრო, მაშინ მოსახლეობის ერთგვარი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ახლანდელი კონსტიტუცია ორმოცდაათი წლისაა, მოსახლეობის ნაწილს მაინც ძველი ურჩევნია. თუკი იაპონია ოფიციალურად სხვა პრინციპს გააფორმებს და არა იმას, რომელსაც ორმოცდაათი წელია ვიცავთ, ნანგრევებად ქცეულ ქვეყანაში ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საყოველთაო ადამიანურობის პრინციპის უზენაესობის თაობაზე არარაობად იქცევა. აი, ასეთი აჩრდილი წარმომიდგება თვალწინ უბრალო ადამიანს.

რასაც ჩემს ლექციაში იაპონიის “გაორებულობას” ვუწოდებ, თანამედროვე ეპოქაში ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იაპონიის ეკონომიკური აყვავებაც არაა მისგან თავისუფალი, რამდენადაც პოტენციური საფრთხეა მსოფლიო ბაზრის ცვალებადობაც და გარემოს დაბინძურებაც. “გაორებულობა” ამ აზრით ძლიერდება. და ეს, ალბათ, უფრო შესამჩნევია გარეშე კრიტიკული თვალისათვის, ვიდრე ჩვენთვის, იაპონიაში მცხოვრებთათვის. ომისშემდგომი სიღატაკის სულ ბოლო წერტილზე მყოფებმა გავძელით და გაჯანსაღების იმედი არ დაგვიკარგავს. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჩვენგან ნაკლებ ძალისხმევას არ ითხოვს დღევანდელი შიში, რომ ახლანდელი აყვავება დიდხანს არ გასტანს. თუ ამას სხვაგვარად შევხედავთ, იქმნება ახალი სიტუაცია, რომლის დროსაც იაპონიის კეთილდღეობა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება მთლიანად აზიაში მზარდ წარმოებასა და მოხმარებაზე.

მე ერთი იმ მწერალთაგანი ვარ, რომელიც ცდილობს შექმნას სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები, არაფერი საერთო რომ არა აქვს ფართო სამომხმარებლო ბაზრისათვის გათვალისწინებულ რომანებთან. როგორი უნდა გავხდე მე, როგორც იაპონელი?

უ. ჰ. ოდენმა ერთხელ რომანისტი ასე დაახასიათა:
იგემე მოწყენილობა ცხოვრებისა და ცდუნების,
სურვილებს და მისწრაფებებს, დაგჭირდეს, ურტყი წიხლები,
კეთილს კეთილად მოექეც, ბოროტს ნუ ესალბუნები,
შენც ებოროტე, სიძვასაც ემონე, ნუ ეტიხრები.
და როცა ყელში ამოვა სისაძაგლეთა ყურება,
წვრილ-წვრილად გეცოდინება, კაცთ სჭირთ რა უბედურება.

ესაა ის, რაც ჩემს “ცხოვრებისეულ ჩვევად” იქცა, რაკიღა პროფესიით მწერალი ვარ.
პიროვნების სასურველი იაპონური ტიპის აღსაწერად გამოვიყენებდი სიტყვა “ზრდილობიანს”, ჯორჯ ორუელის მიერ მისთვის სასურველი ხასიათის ტიპების ასახვისათვის ხშირად გამოყენებულ ზედსართავს, ისეთებთან ერთად, როგორიცაა “ჰუმანური”, “გონიერი” და “სასიამოვნო”. ეს მაცდურად მარტივი ეპითეტი შეიძლება მკვეთრად დაუპირისპირდეს სიტყვა “გაორებულს”, რომლითაც დავახასიათე საკუთარი თავი სათაურში “იაპონია, გაორებულობა და მე”. არსებობს ძალიან დიდი და ირონიული შეუსაბამობა მათ შორის, როგორები არიან იაპონელები გარეშე თვალისათვის და როგორები უნდათ, რომ გამოჩნდნენ.

ვიმედოვნებ, ორეულს საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, თუკი სიტყვა `ზრდილობიანს~ ვიხმარ როგორც სინონიმს “ჰუმანისტისა” რამდენადაც ერთიც და მეორეც მოიცავენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა შემწყნარებლობა და კაცთმოყვარეობა. ჩვენს წინამორბედებში გვხვდებიან პირველმკვალავები, იაპონელის გადაქცევას რომ ცდილობდნენ “ზრდილობიანად” და “ჰუმანისტად”.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო განსვენებული პროფესორი კაძურო ვატანაბე, ლიტერატურისა და ფრანგული რენესანსის იდეების სპეციალისტი. ომამდელი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პატრიოტული ისტერიის ვითარებაში მარტოსული ვატანაბე ოცნებობდა ჰუმანისტური შეხედულებანი დაემყნო მშვენიერებისა და ბუნებისადმი იაპონელთა ტრადიციულ მიდრეკილებებზე, ჯერ კიდევ სავსებით რომ არ იყო დაკარგული. ვჩქარობ აღვნიშნო, რომ მშვენიერებისა და ბუნების ვატანაბესეული გაგება განსხვავდება იმისაგან, რასაც ვეცნობით კავაბატას ლექციაში “იაპონია, მშვენიერი და მე”.

გზამ, რომლითაც იაპონია ცდილობდა ახალი სახელმწიფოს აშენებას, კატაკლიზმამდე მიგვიყვანა. სხვა გზებით იაპონელი ინტელექტუალები ცდილობდნენ უაღრესად სიღრმისეულ დონეზე გადაელახათ უფსკრული დასავლეთსა და მათ ქვეყანას შორის. ეს, ალბათ, მეტად ძნელი სამუშაო იყო, მაგრამ სიხარულის მომგვრელი. ფრანსუა რაბლესადმი მიძღვნილი პროფესორ ვატანაბეს გამოკვლევა იყო იაპონიის ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი უშესანიშნავესი მიღწევა.

მეორე მსოფლიო ომამდე ვატანაბე პარიზში სწავლობდა. როცა მან თავის სამეცნიერო ხელმძღვანელს განუცხადა, რაბლე მინდა ვთარგმნო იაპონურადო, მან პასუხად ასეთი ფრაზა წარმოთქვა: გაუგონარი წამოწყება უთარგმნელი რაბლეს თარგმნისა იაპონურად. მეორე ფრანგმა მეცნიერმაც არ დამალა განცვიფრება: პანტაგრუელისეული წარმტაცი წამოწყება. ამისდა მიუხედავად, ვატანაბემ არა მარტო გაასრულა თავისი დიადი წამოწყება ომისდროინდელი უკიდურესი სიღატაკისა და ამერიკული ოკუპაციის წლებში თავგანწირული მუშაობით, არამედ მთელი ძალ-ღონით ცდილობდა დაბნეული, ორიენტაციადაკარგული იმდროინდელი იაპონიისათვის მაგალითად დაესახა ცხოვრება და აზროვნება ფრანგი ჰუმანისტებისა, ფრანსუა რაბლეს წინამორბედთა, თანამედროვეთა და მიმდევართა.

ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც ყოველთვის ვატანაბეს მოწაფე ვიყავი. მან ჩემზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა ორი ასპექტით. პირველია – ჩემი როგორც რომანისტის მეთოდი. უშუალოდ რაბლეს მისეული თარგმანიდან გავიგე ის, რაც მიხეილ ბახტინმა განსაზღვრა, როგორც “გროტესკული რეალიზმის სახეობრივი სისტემა, ანუ ხალხური სიცილის კულტურა”; გავიგე მატერიალური და ხორციელი პრინციპების მნიშვნელობა, კოსმოსური, სოციალური და ხორციელი პრინციპების ურთიერთშესატყვისობა, განუწყვეტელი კავშირი სიკვდილსა და ახლადშობისაკენ მისწრაფებას შორის და როლი სიცილისა, თავდაყირა რომ აყენებს იერარქიულ ურთიერთობებს.

ამ სახეობრივმა სისტემამ მისცა შესაძლებლობა მოეძია ლიტერატურული მეთოდები კაცობრიულის მისაღწევად ისეთ ადამიანს, როგორიცა ვარ მე, დაბადებული და გაზრდილი პერიფერიული, მარგინალური და განაპირა ქვეყნის იაპონიის პერიფერიულ, მარგინალურ და განაპირა რაიონში. ასეთი წარმოშობის კაცი გამოვხატავ არა აზიას – ახალ ეკონომიკურ ძალას, არამედ აზიას – სიუხვეში აღრეული მარადიული სიღატაკით გაჟღენთილს. ძველი ნაცნობი და მაინც ისევ ცოცხალი მეტაფორები უფლებას მაძლევს დავაყენო ჩემი თავი ისეთი მწერლების გვერდით, როგორებიცაა კორეელი კიმ ჯი-ხა და ჩინელები გხონ ი და მუ ჯენი. ჩემთვის მსოფლიო ლიტერატურის ძმობა ასეთი კონკრეტულად გამოხატული ურთიერთობებისაგან შედგება. ერთხელ მონაწილეობა მივიღე შიმშილობაში ერთი ნიჭიერი კორეელი პოეტის პოლიტიკური უფლებების დასაცავად. ახლა ღრმად ვარ შეშფოთებული ნიჭიერი ჩინელი მწერლების ბედით, თავისუფლება რომ აღუკვეთეს ტიანიანმენის მოედანზე მომხდარი ამბების შემდეგ.

მეორე ასპექტი ჩემზე ვატანაბეს გავლენისა, მისი ჰუმანიზმის იდეაა. ჰუმანიზმი მიმაჩნია ევროპის როგორც ცოცხალი მთლიანობის კვინტე­სენციად. ასეთივე აზრი შეიძლება შევამჩნიოთ მილან კუნდერას მიერ რომანის სულის განსაზღვრებაში. ისტორიული წყაროების გულდასმით შესწავლის შემდეგ ვატანაბემ დაწერა რამდენიმე კრიტიკული ბიოგრაფია, რაბლეს ბიოგრაფიის მოთავეობით, ისტორიული პიროვნებებისა ერაზმ როტერდამელიდან სებასტიან კატელონამდე და ჰენრიხ მეოთხესთან დაახლოებულ ქალთა ბიოგრაფიები მარგარიტა ნავარელიდან გაბრიელა დესტრემდე. ამ შრომით ვატანაბემ განიზრახა იაპონელთათვის მოეთხრო ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის მნიშვნელობის შესახებ, იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანი მსხვერპლი ცრურწმენებისა და თავის მიერვე შექმნილი მანქანებისა. გულახდილობამ დაამოწმებინა ჩემს მასწავლებელს დანიელი ფილოლოგის ქრისტოფერ ნიულოპის ნათქვამი: “ვინც ომს პროტესტს არ უცხადებს, ის მისი მომხრეა”.

დასავლური აზრის ძირითადი დასაყრდენის ჰუმანიზმის იაპონურ ნიადაგში გადასანერგად ვატანაბე გაბედულად იმეორებდა “გაუგონარ წამოწყებასა” და “პანტაგრუელისეულ წარმტაც წამოწყებასაც”.

როგორც ადამიანი, რომელზეც ვატანაბეს ჰუმანიზმმა მოახდინა ზემოქმედება, ჩემს მწერლურ ამოცანად მივიჩნევ მივცე შესაძლებლობა, ვინც საკუთარ თავს სიტყვის საშუალებით გამოხატავს და მათ მკითხველებსაც, თავი დააღწიონ საკუთარ და თავისი დროის ტანჯვა-წამებას და მოიშუშონ სულის ჭრილობები. უკვე ვთქვი, რომ ვიხლიჩები იაპონელი ხალხისათვის დამახასიათებელი გაორებულობის ორ პოლუსს შორის. ყოველთვის ვცდილობ განვიკურნო ამ ტკივილისა და იარებისაგან ლიტერატურის მეშვეობით. ვლოცულობ ჩემი თანამემამულე იაპონელების განკურნებისთვისაც.

თუ ნებას მომცემთ, ისევ ჩემს შვილს გავიხსენებ. ჩიტების ხმებმა მიიყვანეს ხიკარი ბახისა და მოცარტის მუსიკასთან და ახლა თვითონაც ქმნის საკუთარ ნაწარმოებებს. პირველივე მისი შეთხზული პიესები აღსავსე იყო სიხარულითა და ჭაბუკური ხიბლით, ჩამოჰგავდნენ ბალახის ფოთლებზე მოციმციმე ცვარ-ნამს (…).
ხიკარი განაგრძობდა მუსიკის თხზვას და არ შემეძლო არ შემემჩნია მის ქმნილებებში “მოტირალი ბუნდოვანი სულის ხმა”. თუმცა გონებრივად ჩამორჩენილია, ბეჯითმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ოსტატობა მოემატა, მუსიკა უფრო ღრმა გახდა. ამან, თავის მხრივ, აპოვნინა საკუთარი სულის სიღრმეში ბუნდოვანი სევდის შენადედი, რომლის გამოხატვაც სიტყვებით მან ვერ შეძლო.

“მოტირალი ბუნდოვანი სულის ხმა” მშვენიერია და ის, რომ ხიკარი მას მუსიკის საშუალებით გამოსცემს, კურნავს მას ბუნდოვანი სევდისაგან. უფრო მეტიც, აღიარეს, რომ მისი მუსიკა აგრეთვე კურნავს თანამედროვე მსმენელებსაც. ესაა ჩემთვის საფუძველი, მწამდეს ხელოვნების დიადი განმკურნავი ძალა.

ჩემს რწმენას ჯერაც ვერ უპოვია სრული დადასტურება. და თუმცა “სუსტი ბუნებისა” ვარ, ამ რწმენის შეწევნით ვისურვებდი “უსიხარულოდ ვიტანჯო იმ ბოროტებათათვის”, XX საუკუნეში რომ დაგროვდა საზარელი ტექნიკური პროგრესის შედეგად. როგორც ადამიანი, რომელიც ეწევა პერიფერიულ, მარგინალურ და განაპირა ცხოვრებას ამ სამყაროში, მინდა გავერკვე, – იმედი მაქვს, ეს იქნება მოკრძალებული ჰუმანისტური წვლილი, – როგორ შევძლო დავეხმარო კაცობრიობას განიკურნოს და მიაღწიოს საყოველთაო შერიგებას.

კუნძულების გოთიკა

0
არსებობენ წიგნები, რომლის შესახებ წერა ყოველთვის მოითხოვს ხოლმე ამ წიგნის სამოქმედო სივრცის მონიშვნას, ადგილების, ჩვევების, ისტორიული მოვლენებისა და ა.შ. აღწერას. სანამ უშუალოდ ტექსტს მიადგები, ბევრი რამ უნდა დააზუსტო, რათა არ დაიბნენ ისინი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს ნაწარმოები და მეტი დამაჯერებლობისთვის, რაღაც პარალელებიც შეიძლება გაავლო. მაგალითად, შეუძლებელია `ილიადას` აცნობდე მკითხველს და მხოლოდ აქილევსის რისხვის ამბავი მოყვე. არ გაგახსენდეს არც ქალღმერთების ნაძლევი და არც ელენეს მოტაცების ამბავი, თავისი მრავალწლიანი ომით. ასეთ შემთხვევაში კომენტატორი დაახლოებით ისეთივე ამოცანების წინაშე დგება, ჰომეროსმა რომ გადაჭრა დიდი ხნის წინ, როცა აუცილებლობითა და ალბათობით შეარჩია მოსათხრობი მასალა, ამიტომ სანამ პარალელებამდე მივალთ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ადგილზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, მითუმეტეს, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საბრალო (თუმცა კი პირქუში) ადგილია, რომელსაც სახელად შავი ზღვა ჰქვია. 

მაშ ასე, შავი ზღვა. ბერძნული ევქსინოს პონტო, თურქული ყარადენიზი, სპარსული ახშაინა… როგორც ამბობენ, ბერძნებს ეს `ახშაინა` (რაც მუქს, მკაცრს ნიშნავს) `აქსენოსად` (არასტუმართმოყვარე) უთარგმნიათ, თუმცა მალევე შეუცვლიათ სახელი და გულის მოსაბრუნებლად `ევქსინოსი`, ანუ სტუმართმოყვარე ზღვა უწოდებიათ. II საუკუნეში არიანეს მთელი წიგნიც დაუწერია შავი ზღვის შესახებ, `Periplus Ponti Euxini`. ფართობი ზღვისა 420,3 ათასი კვადრ. კილომეტრია, საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. კუნძულები ცოტაა, ძირითადად მცირე ზომისა, მათ შორის ყველაზე ცნობილი აქამდე ბერეზანი იყო (ანტიკური ბორისთენოსი), სანამ ლიტერატურულ რუკაზე სამი ახალი კუნძული არ გამოჩნდა, სანტა ესპერანსას არქიპელაგი. ანუ, თუკი აქამდე შავი ზღვის ტალღები მხოლოდ ექვსი ქვეყნის ნაპირებს ეხლებოდა, დღეიდან მათ მეშვიდეც შეუერთდა. 
ახლა პარალელებსაც მივხედოთ. ყველაზე მარტივი ანალოგია, რაც ამ რომანის კითხვისას გაგიჩნდება კაცს, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფაა, მწერლის მიერ გამოგონებული მხარე თუ ოლქი, სადაც ერთად-ერთი მფლობელი და ბატონ-პატრონი თავად ფოლკნერი იყო. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია `სანტა ესპერანსას` რუკასაც მივაწეროთ `Sole Owner&Proprietor Aka Morchiladze`, მითუმეტეს, რომ ეს გამონაგონიც რეალურ ადგილასაა მონიშნული და არა სადღაც ცხრამთასიქით. მოგეხსენებათ, იოკნაპატოფა მისისიპის შტატშია, სანტა ესპერანსა კი, როგორც გითხარით, სამკუნძულიანი არქიპელაგია შავ ზღვაში. ესაა სახელმწიფო 237 ათასიანი მოსახლეობით, რომლის 58%-საც იოანური, ანუ ქართველური წარმომავლობის ხალხი შეადგენს. 

კუნძულებზე ასევე ცხოვრობენ თურქები, იტალიელები და ინგლისელები, შესაბამისად, სკოლაშიც ოთხი ენა ისწავლება და ამიტომ, თანამოსაუბრესთან მის მშობლიურ ენაზე გამოლაპარაკება კარგ ტონად ითვლება. 
სანტა ესპერანსა (დედაქალაქი სანტა სიტი) ბრიტანეთის დედოფლის ქვეშევრდომია განსაკუთრებული სტატუსით. რომანში აღწერილ მოვლენებამდე კუნძულის საქმეებს გუბერნატორი განაგებდა, სერ სესილ-პიჩგეიმერ-მონტე კრისტო. 
მოდით ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ, დანარჩენამდე კი იმედია თავად სიტყვა მიგვიყვანს. ახლა კი ავტორის შენიშვნა მინდა მოვიხმო, თავის მიერ გამოგონილი კუნძულების მთავარ ქალაქზე რომ წამოცდა: იქო, `ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო`. ჯერ გვეუბნება, `ყოველთვის ვცდილობდი ქალაქი გამომეგონა და უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო`, მერე კიდევ დასძენს, იქაური `ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო`. 
მაინც რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები, რისი თქმა სურდა ავტორს, როცა ამბობდა `უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო`? მემგონი აქ სევდის ამბავია, აკა მორჩილაძის ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან გამოყოლილი სევდისა და სევდისთვისვე დაწერილი ერთი მოთხრობისა, სახელწოდებით `ტიფლისი, გრანტის საგრაფო`. ამ მოთხრობაში აკა ამერიკაში, გრანტის საგრაფოში ჩაკარგულ პატარა ქალაქს ეძებს, ტიფლისს. ინტერნეტით ჰქექავს ამბებს ქალაქისას, რომელიც არის კიდეც და არც არის: `არც ხევია, არც სხვა რამ. არც ძველი რკინიგზა, არც რაიმე. ყველგან ნახსენებია და არსად არ არის. გამქრალა. ყოფილა და წასულა, ქუდიც არ დაუხურავს. ჩვენი საწყალი, პატარა და კოხტა ტიფლისი, ამერიკული პროვინციის ქალაქი, რუკიდან ამოშალეს. მოდი და დამითვალე, რამდენი დეკალიტრი სევდა დამიგროვდება.` 
ბოლოს ეს ქალაქი სულაც სასაფლაო აღმოჩნდება, მიტოვებული სასაფლაო თითზე ჩამოსათვლელი საფლავის ქვებით. ისეთი, მხოლოდ ამოოხვრა რომ მოუხდება. 

როგორც ჩანს, ეს სასაფლაო `სანტა ესპერანსაშიც` გადმოჰყვა აკას, უფრო მეტიც, გადმოჰყვა კი არა, შესაძლოა სწორედაც ამ პატარა ამერიკული სასაფლაოდან იშვა ეს დიდი რომანი. ამას დაუმატეთ ის აუარება ლიტერატურული სასაფლაო, მივიწყებული, სარეველაგადავლილი მოტივები თუ პერსონაჟები, აქ რომ შეხვდებით და `უკვე გამოგონილი კი ყოფილიყო`-ს აზრიც ნათელი გახდება. 
ავტორი გვაუწყებს ერთგან, ყველაზე ძვირფასი აზრები საფლავებიდან არის მოსული, კაცი კვდება და მის აზრებს მეტი პატივი და სარგებელი ემატებაო, ჰოდა აკაც ასეთ პატივიან და სარგებლიან სულებს აცოცხლებს და მისი ეს ურბანული თუ კუნძულების გოთიკა, თავისი მოხეტიალე, მაძიებელი სულებით, ახალ სამყაროს უდებს სათავეს, მხარეს, რომელიც გრანტის საგრაფოს ტიფლისისგან განსხვავებით, არსადაა ნახსენები, მაგრამ ყველგანაა, სხვისია, მაგრამ მაინც ჩვენი გვგონია. 

რომელიღაც ქართულ ტაძარზე ასეთი წარწერაც ყოფილა, XI საუკუნისა, `ერთა იყვნეს იესო და იოვანე`-ო, სადაც თურმე იესო საქართველოს აღნიშნავდა, იოანე კიდევ კუნძულებს. ანუ ოდესღაც კუნძულელებიც საქართველოს კალთას ყოფილან მიყრდნობილნი, სახარების პერიფრაზერება რომ მოვახდინოთ, მიყრდნობილნი `წიაღთა თანა საქართველოისა`. დღეს კი ლიტერატურის მოყვარულებისთვის ამ კუნძულების საქართველომ ჩაანაცვლა უტყვი და უჩინარი ზეციური საქართველო და ახალი, წმინდა იმედი, ანუ `სანტა ესპერანსა` ჩაგვისახა გულებში. 
ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა რომანზე წერა სანტა ესპერანსული ზღაპრის პირველი სიტყვებით დაგვეწყო, აკა მორჩილაძის მიერ გამოგონილი, თურმეობითებით ნაქსოვი წინადადებით: `რაც იყო იყო, და რაც არ ყოფილა, ისიც ყოფილა`, მაგრამ ასეთი დასაწყისი შესაბამის გაგრძელებას მოითხოვდა, ახალი მითების თხზვას მაიძულებდა, არადა ამ რომანში ისედაც ბევრია მითი და ვამჯობინე სწორედ მათ მივხედო, მოკლედ ჩამოვთვალო ისინი, ვინძლო ამ მიმოხილვაში სხვა ამბებიც წამომცდეს. 
პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მითია ალი ბეის ჩიბუხის ამბავი, რომელიც XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. 1662 წელს კუნძულებზე ფაშად ალი ბეი დამჯდარა, წარმოშობით ქართველი, არჩილიანთა დინასტიიდან, თვალდარდიანი კაცი, და ეს მითიც მის სახელს უკავშირდება. რომანის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ამ გრძელი ჩიბუხის კვალდაკვალ ვითარდება და მოხუც ქალბატონთან, აგათიასთან მივყავართ, აგათია ციხისთავ არჩილიანთან. იგი არჩილიანთა ერთად-ერთი შთამომავალია და კუნძულების მომავალი დედოფალი. აგათიას გარშემო კიდევ ბევრი მოვლენა მოიყრის თავს, ამბები, რომლებიც ელვის სისწრაფით განვითარდება, მას შემდეგ რაც ინგლისელები კუნძულს დატოვებენ. აგათიას სახლს აფარებს თავს თბილისიდან გამოქცეული ნიკა აბაიშვილიც, კუნძულებზე ყველაზე გავლენიანი გვარის, ვისრამიანების სიძე, ვისი ცხოვრებაც კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზია ამ რთულად მოწნულ ნაწარმოებში. 

მეორეა ბანქოს მითი, რომელსაც კუნძულებზე ინტს ეძახიან. ეს კულტურა ესპანელმა ხინეს დე პასამონტემ გაავრცელა, არქიპელაგის ნათლიამ, ადამიანმა, ვინც `სანტა ესპერანსა` დაარქვა იქაურობას. დროთა განმავლობაში ინტი ესპერანსაზე უფრო მნიშვნელოვან ფენომენად იქცა, ვიდრე რელიგია და მისდამი მიძღვნილ ფესტივალსაც ასოცდამეცხრეჯერ მართავდნენ უკვე. თავიდან ამ თამაშს `ლ`ომბრე` რქმევია თურმე, შემდეგ კი მეგრული `ინტი` დაურქმევიათ, რადგან `ძველად ყოფილა შემთხვევები, რომ წაგებული ბანქოს მიყრიდა და გაბრაზებული გარბოდა, რაც იოანელთა ტემპერამენტის ბრალი თუ იყო. ამისდაკვალად, წაგებულს დაცინვით ხშირად ეუბნებიან, ინტი, ინტიო, ანუ იმ ძველებს მიბაძე და გაიქეციო. ანდა, აშკარა მარცხის შემხედვარე მოთამაშე თავადაც ამბობს, ინტი, ანუ გავიქეციო. და საერთოდაც, ინტი იმგვარ პრინციპზე ჩამოყალიბდა, რომ თავის გადარჩენას, ანუ არწაგებას გულისხმობს.` ფერები კი თამაშში (მასტებს რომ ეძახიან) სერჯიო ლეონეს შერქმეული გეგონება, კოხტა (გული), კაი (აგური), გლახა (ჯვარი) და ავი (ყვავი). 

ინტთან დაკავშირებით შეუძლებელია არ გავიხსენოთ რომანის კიდევ ერთი ხლართი, დათა ვისრამიანს რომ უკავშირდება და მისი სიყვარულის ისტორია, ვინმე კესანესთან გამიჯნურების ამბავი. აქედან უკვე კუნძულების რიგით მესამე მითოლოგემა გამოიმზირება და ეს მითოლოგემა თუ ლეგენდა მოდარდე ქალებს უკავშირდება. 
აკა მორჩილაძემ, ნიცშესთან თვალის ჩაპაჭუნებით, ლეგენდას ასე უწოდა, `მუსიკის დაბადება ტალღების შხუილიდან` და მოგვითხრო რომანის ყველაზე სევდიანი და უცნაური ისტორია, რომელსაც ფესვები, ჩემი აზრით, შექსპირის `მეფე ლირამდე` აქვს გადგმული. გახსოვთ ის სცენა, ლირი რომ ეკითხება გადაცმულს კენტს, რა ხნისა ხარო? იქნებ ისიც გაიხსენოთ, რას პასუხობს კენტი, კაცი, რომელიც თავის დროზე დიდის ამბით გამოეთხოვა ლირს, იმის იმედით, რომ უცხო ქვეყნადაც იმავე კენტად დარჩებოდა, მაგრამ მაინც კი მოუწია გადაცმა… აი ეს პასუხიც: `არც ისე ყმაწვილი ვარ, რომ დედაკაცი მარტო სიმღერის გამო შევიყვაროო`. ახლა კი ნახეთ, როგორ იბადება მუსიკა ტალღების შხუილიდან და საით მიიქცევა ამ სირინოზულ ხმათა ზვირთები. 

`ქალი ტალღას აყოლებდა ხმას და აყოლებდა კი არა მხოლოდ, უწყობდა კიდეც. სწორედ ისე, როგორც გალობაში უწყობენ ხმებს ერთმანეთს ქართველები. ამიტომ ქალის ხმა ეხამებოდა ზღვის ხმას და მეტიც, ტალღა თითქოს რაღაც საკრავი იყო, იმ ცოდვილ მემუსიკეთა ხელში, განცმხრომთ რომ გაართობენ ხოლმე ეშმაკეულ სახლებში. ოღონდ ზღვის საკრავი არ მუსიკობდა ცოდვილად და ქალის ხმაც, მას შეწყობილი, არ იყო წარმართთა გასართობი. ეს ხმა უსიტყვო იყო, დარდიანი, განწირული, სავედრებელი და ქალი სუნთქავდა ისე, როგორც ზღვა.` 
ამ ნამღერებს სადარდოები დაარქვეს და მოდარდეებს სახეზე არავინ იცნობდა, მხოლოდ სახელით, უფრო სწორად ფსევდონიმებით უხმობდნენ: ნათელო, მათანე, ემინე, თალითო და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამაკაცები ძალიან მიიზიდა ამ სირინოზებმა, ქალი მხოლოდ ხმის გამო უყვარდებოდათ და ბევრი თავსაც კი იკლავდა: `ყოველღამ ნასმენი სადარდოები`, ყურთასმენას მოღწეული ეს გამოუვალი კაეშანი ზღვისკენ ითრევდა უცხოელებსაც და ადგილობრივებსაც. ბოლოს კი `დადგინდა ხმათა სიყვარული, როგორც მძიმე ცოდვა, მრუშობაზე მძიმე, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა. ტკივილმა იძალა, გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე.` 
რაც შეეხება სიყვარულს, კუნძულები ვნებებითაა სავსე. აქ, გოგოსა და ბიჭის სიყვარულს შვიდი სხვადასხვა სახელი ჰქვია და სანტა სიტის თავისი მონტეკები და კაპულეტებიცა ჰყავს, ვისრამიანები და და კოსტები, რომეო და ჯულიეტად კი ალესანდრო და კოსტა და სალომეა ვისრამიანი მოჩანან (მათ ერთმანეთი 13 მაისს შეუყვარდათ, ალბათ 1981-ში, `კარლ ცაისზე` `დინამოს` გამარჯვების წელს). აქაც დაიარებიან მაგარი გოგოები, აი ისეთები `სარკეში რო გავლენ და გამოვლენ` და აქაც, ისევევ როგორც ძველ ტრაგედიებში, სიყვარული ყოველთვის შეცდომაა ხოლმე, ანდა სინანულის საგანი. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი, ბუზია, სულ იმას დარდობს, თავის დროზე როზმარი კლუნი რატომ არ შევირთე ცოლადო (ჯორჯ კლუნის მამიდა იყო ეს მშვენიერი მომღერალი ქალი). 
სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდა და მოდით პოეზიაზეც ვთქვათ, მითუმეტეს თავად ავტორის სიტყვები გვაქვს დამოწმებული, `გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე`-ო. აქაურ პოეტებზე საუბარი იმ აუარება გამოცანის ამოხსნასაც გულისხმობს, რომანში რომაა გაფანტული. როგორც გითხარით, ბევრი რამ აკა მორჩილაძეს ქაღალდის სასაფლაოებიდან აქვს წამოღებული და კარგ მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ნაცნობი მწერლებისა და პერსონაჟების ამოცნობა. 

ერთ-ერთი მთხრობელი ამბობს, ჩემი სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, თუკი ვინმე ჩაუკირკიტდა, ისედაც მიაგნებსო. ჰოდა რომანიც სავსეა ასეთ საკირკიტო სახელებითა და გვარებით. მაგალითად ესპერანსელი პოეტი მაფეო ტანელი გიორგი ლეონიძესაც ჰგავს და ნიკო სამადაშვილსაც, ერთ გრძელ ლექსად რო დაუწერია ზღვაში ჩავარდნილი საზამთროებისა და ჭირიანი ყივჩაღების ამბავი. სუნგალების კუნძულზე კი (სუნგალები ოდესღაც მეფის მიერ გადმოსახლებული ხალხია, კახელებისა და სვანების უცნაური ნაზავი) ასეთი გამოთქმა არსებულა თურმე, `თუთა ლამის არი და სახლში შამოგვივარდესაო` (ესეც კუნძულელი ანა კალანდაძე). თბილისელი მეცნიერი, სანტა ესპერანსას მკვლევარი ვალოდია ნებიერიძე გალაკტიონსაცა ჰგავს და პავლე ინგოროყვასაც, მოჩეჩილი გრძელი წვერით დადიოდა თურმე და არავინ ჰყავდა ერთი ძმიშვილის გარდა. იგი ღვინის სარდაფების ხშირი სტუმარი იყო და საზღვრებზე წერდა. 

აგათია ციხისთავი, `ჯვაროსანი და დიდი ქალბატონი` რა თქმა უნდა, აგათა კრისტია, რიდიკულით რომ პატარა რევოლვერს დაატარებს. ლამურ მოსიალურე თავიდან მოხეტიალე მელმოტს გაგახსენებს, მაგრამ შემდეგ მიხვდები, რომ ეს უფრო ჩვენი დროის ცრუ რაფსოდია, რომელიც ამბებს, ჭორებს დაატარებს და მათ დიდებულთა სუფრებზე კი არ დაამღერებს ხოლმე ჰომეროსის აედებივით, არამედ ჰყიდის ამ ინფორმაციას. 
სუნგალების კუნძულის უკანმოუხედავი ღელეები, ბარათაშვილის არაგვიან არაგვს ეხმიანება. იქაური მარტია საგურამოელ მარტიას გაგახსენებთ, ილია ჭავჭავაძის ყმას, ასე კარგად რომ დაგვიხატა თავის დროზე იაკობ მანსვეტაშვილმა. ხეტიაში კი ლუარსაბ თათქარიძეს ამოიცნობთ. ეს მსუქანი, ულვაშებჩაგრეხილი კაცი გულაღმა წევს ხოლმე, `ყალიონს აბოლებს და ცას შესცქერის, თავქვეშ ამოუდია ერთი ხმარებისგან შუაზე გაწყვეტილი მუთაქა და ასევე ბატკნის ხუჭუჭა ტყავის ბოხოხიც`. ამ ხეტიასა და მარტიას ერთი დიალოგი აკამ პირდაპირ `გლახის ნაამბობიდან` წამოლალა. 

ქუხილას მთამ ემილი ბრონტე გამახსენა და ერთგან ჯონ ფაულზმაც კი გაიელვა. 1891 წელს სანტა სიტიში, ტყვია გავარდნილა თურმე, ვინმე ლეგა ქარიანს ინგლისელი ლეიტენანტისთვის უსვრია, ცოლზე უეჭვიანია. თანაც დაუყვირია, `ეს ქალი ჩემი ცოლია თუ ფრაგი ლეიტენანტისაო`, რაზეც მიუგეს, `ფრანგის კი არა, ანგლეზისაო`, თუმცა კი ქარიანისთვის სულერთი იყო, `დამბაჩა და ფინდიხი არც ერთისთვის დაელეოდა`. 
აქვე შეხვდებით ორჰან ფამუქსა და ბუკერის შარშანდელ ლაურეატს, დი ბი სი პიერს, თოლიას სახელად ბუ ვისრამიანსა და ჯულიან ბარნსს, პროფესორ პაგანელს `კაპიტან გრანტის შვილებიდან` და ირლანდიელ პარნელს, ირლანდიისა და სანტა ესპერანსას განმანთავისუფლებელს. ჩრდილოეთის კუნძულის დედა ესპერანსასთან დაბრუნება კი დახვეწილი ირონიით გვახსენებს აჭარის დედა საქართველოსთან დაბრუნების ისტორიას. ვინ იცის, იქნებ, ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იქაურმა აკაკი წერეთელმა გრძელი სადღეგრძელოც კი წარმოსთქვა. 
სუნგალების კუნძულთანაა დაკავშირებული ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზიც. აღმოჩნდება, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა განძის კუნძული და რომანის ფინალური სცენებიც სწორედ ამ განძის გარშემო ტრიალებს. ბოლოს კი აკა მორჩილაძე ისევ თავისი კუნძულების გოთიკურ ნისლში გვხვევს და ცდილობს და კოსტათა გვარის ძველისძველი წითელი ფეხსაცმელებით დააფრთხოს ლიტერატურული სასაფლაოებიდან მოსული `პატივიანი და სარგებლიანი სულები`. ეს ფეხსაცმელები რომანის ბოლო თავში უკვე ჟურნალისტ მონიკა უსო დი მარეს აცვია და მის შესახებ წერს კიდევაც: `ოჯახური ადათით, ამ ფეხსაცმელებს მაშინ იცმევენ, როცა სახლში მოჩვენებები და აჩრდილები მომრავლდებიან. თურმე მათ წითელი ფერი არ ჰყვარებიათ. მეც ამიტომ ჩავიცვი ეს საოცარი ძალის ფეხსაცმელი, რომ სუნგალის კუნძულზე აჩრდილები დავაფრთხო`-ო. 

აკა მორჩილაძემაც უამრავი აჩრდილი გამოიხმო (თავად აკაც ხომ აჩრდილია, ანარეკლი გიო ახვლედიანისა), მაგრამ ეყო ძალა, გაუმკლავდა მათ და შედეგად `ამბავთა მრავალფერხიანობით` გამორჩეული, რთულად დატოტვილი, ავტორისავე `ხელხუჭუჭით` დამშვენებული დიდი რომანი მივიღეთ, სადაც ავტორს წითელი ფეხსაცმელი ჩაუცვამს და თვალყურს ადევნებს, რომ გათამამებულმა აჩრდილებმა წიგნის, უფრო სწორად კი ჩანთის საზღვრები არ გადმოლახონ.

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=306&composition=983 

ნახშირბადიდან ხეოფსამდე

0

რისი გვეშინია ყველაზე მეტად? ალბათ სიკვდილის, წარმავლობის, დიდი ცვლილებების, განშორების, რაიმე ძვირფასის დაკარგვის, ავადმყოფობის… სია საკმაოდ ვრცელია. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ყველაფერს მაინც ვერც ჩამოვთვლით.

რა გაეწყობა. ადამიანი თავის წარმოსახვასა და ოცნებაშია დიადი, რეალურად კი ერთი სუსტი არსებაა, რომელსაც სიახლის ნელი სიოც კი აკრთობს. ძალისხმევას არ ვიშურებთ ახალ-ახალი ტექნოლოგიების, მანქანების, იარაღის გამოსაგონებლად, ტვინის ყოველი უჯრედი მობილიზებულია ახალი იდეების გენერირებისთვის, რათა როგორმე დავძლიოთ შიში, დავამარცხოთ “მტერი”. გამოვიგონეთ მედიკამენტები, უსაფრთხოების ბალიშები და სხვა საშუალებები, დამცავი სისტემები, ტანკები, თვითმფრინავები, ატომიც კი გავხლიჩეთ. მაგრამ… ყველაზე დიდი მტრის წინაშე უძლურნი ვართ. მასზე ჩურჩულითაც კი არ ვლაპარაკობთ.

რა არის ის, რასაც ასე უსიტყვოდ ვემონებით?

ეს ჟამთაცვლაა!

დრო მიდის, ზოგჯერ მიქრის კიდეც. ვიცვლებით ჩვენ და იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო. როგორც ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ერთსა და იმავე წამს ორჯერ ვერ იცხოვრებ.

დიახ, ჟამთაცვლამ გაანადგურა უძლეველი იმპერიები, აღგავა პირისაგან მიწისა მრავალი დიდი ცივილიზაცია… რა შემორჩა თუნდაც ძველი ეგვიპტის დიდებიდან? საჰარის უდაბნო და ფარაონთა მარადიული სამყოფელი. პირველი მათგანი ერთ დროს პურის ბეღელი იყო ეგვიპტისა და რომის იმპერიისთვის. პირამიდები კი, თუმცაღა კარშეხსნილნი და გვერდებჩამოქცეულნი, დღესაც დგანან და გვაოცებენ იმდროინდელ ხუროთმოძღვართა სიბრძნით.

რატომ გაუძლეს მათ სხვებზე უკეთ ჟამთაცვლის ქარიშხალს? იმ დროის ძლიერთა ამა ქვეყნისათა ამქვეყნიური სადგომიც მდიდრული, კოხტად ნაგები და ლამაზად მოწყობილი ექნებოდათ, მაგრამ ისინი ისევე შთანთქა დროებამ, როგორც მდაბიოთა უბადრუკი ქოხები… მაშ, როგორ გაუძლეს ჟამთასვლას სამარხებმა? ერთი უბრალო მიზეზის გამო – მათ პირამიდის ფორმა ჰქონდათ!

ხეოფსის პირამიდა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რატომ შეიცავს ნავთობი ნაჯერ ნახშირწყალბადებს და არა უჯერებს. მეთანს, რომელიც ალკანების უმარტივესი წარმომადგენელია, პირამიდის მსგავსი აღნაგობა აქვს. ნახშირბადატომი,  ფარაონის მუმიის მსგავსად, ამ პირამიდის შუაგულში “განისვენებს”, წვეროებში კი წყალბადის ატომები მოკალათებულან გუშაგებად. ნახშირბადატომისკენ მიმავალი ყველა ბილიკი ყველა მისადგომიდან ერთნაირია, მოლეკულა უზადოდ სიმეტრიულია და სწორედ ეს უზადო სიმეტრიულობა სძენს მას იმ სტაბილურობას, რომელსაც შეუძლია საუკუნეებს გაუძლოს, მომხდური ნაწილაკები აირიდოს, რეაქციაში არ შევიდეს.

ხეოფსის პირამიდასაც ალბათ მრავალი ჭურვი მოხვედრია თავის დროზე. ნავთობსაც არაერთი მძიმე დღე გადაუტანია მიწის წიაღში საუკუნეების განმავლობაში მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე…

მეთანის სტაბილურობას, სიმეტრიულობასთან ერთად, განაპირობებს ის “სიმშვიდეც”, რაც ამ მოლეკულის შიგნით სუფევს (თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სიმეტრიულობა უშუალო კავშირშია ამ მდგომარეობასთან). ნახშირბადი მართლაც მეფური სიდინჯით დაბრძანებულა თავის ტახტზე. სიმშვიდის საფუძველს მას ის ატომები (წყალბადატომები) აძლევს, გარს რომ ახვევია. “მეფესა” და “მცველებს” შორის თითქმის იდეალური ჰარმონიაა – ამ ელემენტთა მცირედ განსხვავებული ელექტროუარყოფითობა მათ დამაკავშირებელ სიგმა ბმას უმნიშვნელოდ პოლარულს ხდის, ამიტომ ნახშირბადი მისი პირამიდის სიახლოვეს ჩავლილი თავზეხელაღებული იონების მიმართ სრულიად ინდიფერენტულია. ერთადერთი მომხდური, რომელსაც შეუძლია პირამიდის ერთიანობა (სიმეტრიულობა) დაარღვიოს, რადიკალია, ისიც – მაღალი ენერგიისა. ასეთ ნაწილაკებთან შეხვედრისას პირამიდის წვეროებში დადარაჯებული წყალბადატომები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან და უცხო ატომებს  იგერიებენ. მაგრამ ზოგჯერ მეთანის პირამიდა ამ ბრძოლაში მარცხდება. მაშინ ნახშირბადის ამალიდან ერთ-ერთი წყალბადის ატომი თავს წირავს – თავის ადგილს მომხდურს უთმობს. ახალი ატომი არღვევს იმ ერთიანობას, იმ იდილიას, იმ სიმეტრიას, რომელიც მანამდე სუფევდა ამ “სამეფოში”, ამიტომ მეთანის მოლეკულა შემდგომ გარდაქმნებს ადვილად ემორჩილება – მოლეკულის შიგნით არსებული დაძაბულობა უმალ აისახება მის ხასიათზე. ასეთი მოლეკულა ადვილად იღებს ახალ გამოწვევებს და ახალ “კონფლიქტებში” ებმება.

ზოგჯერ მეთანის ციხესიმაგრის ასაღებად ტროას ცხენსაც იყენებენ. თუ ვინმემ უფრო დიდი სამეფოს შექმნა მოინდომა, ვიდრე ერთი ციცქნა მეთანის მოლეკულაა, მაშინ მეთანის პირამიდაში ჯერ ტროას ცხენი უნდა შეგზავნოს. მაგალითად, მეთანისგან მიიღოს ეთანი:

რეაქციის ამ ფორმით წარმართვას დიდი დღე არ უწერია. მაგრამ თუ მაინც გვინდა, მეთანისგან ეთანი მივიღოთ, მაშინ ჯერ ქლორმეთანის სინთეზია საჭირო:

კიდევ არაერთი მსგავსი ანალოგიის  პოვნა შეიძლება. ეს იმიტომ, რომ, როგორც ხშირად მითქვამს, მაკრო და მიკრო სამყაროები ერთიანი სამყაროს ნაწილებია და ერთიან კანონებს ემორჩილება.

P.S. მეთანის მოლეკულა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, კლასი, სკოლა, ქვეყანა… როცა ლიდერის, ოჯახის, ქვეყნის თავკაცის გარშემო თანამოაზრენი არიან შემოკრებილნი, სტაბილიზაციის, ერთიანობის, სიმშვიდის მიღწევა გაცილებით ადვილია და “სამეფოს” თითოეული “ქვეშევრდომიც” უფრო დაცულად, მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს.

Back In The USSR!

0

ბავშვობაში, როდესაც მუსიკის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ მესმოდა, ჩემთვის სულერთი იყო, რას ვუსმენდი. უბრალოდ, მსიამოვნებდა ის ხმაური, რომელიც ძველი ხმის გამაძლიერებლებიდან მოდიოდა. დიახ, სახლში მეც ძველი საბჭოთა „პრაიგრივაწელი” მქონდა, აი, ფირფიტები რომ იდება, ის. ხანდახან ნემსის გაწმენდა ან სულაც გამოცვლა რომ სჭირდებოდა, ერთი ზოლიდან მეორეზე ნორმალურად რომ გადასულიყო და შეუფერხებლად დაეკრა.

მახსოვს, ბევრი ფირფიტა გვქონდა, თუმცა იყო მათ შორის ერთი, რომლის მოსმენაც განსაკუთრებით მსიამოვნებდა. რუხი გარეკანი ჰქონდა, შუაში ფოტოთი, რომელზეც ოთხი ადამიანი იყო აღბეჭდილი. შიგნით შავი ფირფიტა იდო წითელი ეტიკეტით და რუსული წარწერით „Мелодия”.

სწორედ ამ ფირფიტის მოსმენისას გავიგონე პირველად განსხვავებული ჟღერადობა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

ფოტოზე აღბეჭდილი ოთხი ადამიანი ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი იყვნენ, ფირფიტას კი ორ ენაზე ეწერა: „The Beatles. A Taste of Honey/Битлз. Вкус Меда”. თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ექნებოდა შინ ასეთივე ფირფიტა (რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმღერების ნაკრები ყოფილა და „Beatles”-ს ამ სახელწოდების ალბომი საერთოდ არ გამოუშვია).

არაბუნებრივი და ძალიან სასიამოვნო – აი, როგორი განწყობა მეუფლებოდა ჯგუფის მოსმენისას. მერე გავიზარდე და უკვე მაგნიტოფონი საშუალებით, აუდიოკასეტაზე ვუსმენდი „ბიტლზს”. მერე იყო კომპაქტდისკი, კომპიუტერი… ახლა კი ეს ბენდი ჩემი iPod-ის განუყოფელი ნაწილია კლასიკურ ჯაზთან, ბლუზთან, „Pink Floyd”-სა და კიდევ რამდენიმე მართლაც ეპოქალურ მუსიკალურ მოვლენასთან ერთად. ასე რომ, შეიძლება ითქვას, „The Beatles”-ს ყოველდღე თან ვატარებ.

ოთხ ლივერპულელ ახალგაზრდაზე ბევრი თქმულა და, სავარაუდოდ, უფრო მეტი დაწერილა, ახალს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ „Beatles”-მა როგორც ჯგუფმა ამ შემადგენლობით სულ ათი წელი იარსება. ხოჭოები იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ ლენონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, ჩვენ მსოფლიოში ქრისტეზე მეტად ცნობილები ვართო. მართალია, ამით მათ არაერთი რელიგიური ორგანიზაციის გულისწყრომა დაიმსახურეს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში მათი მუსიკა 1971 წლამდე აკრძალულიც კი იყო, მაგრამ „ბიტლზის” პოპულარობის დონის განსაზღვრა ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

აკრძალული გახლდათ „ბიტლზის” მუსიკა საბჭოთა კავშირშიც. ჩემ მიერ უკვე ნახსენებმა სტუდია „მელოდიამ”, რომელიც 60-იან წლებში ერთადერთი სტუდიური მწარმოებელი იყო საბჭოეთში, უარი თქვა ჯგუფის ჩანაწერების გამოშვებაზე. მიზეზი: „მათნაირი მუსიკოსები, რომლებიც მუსიკალური ხელოვნების ფსკერზე არიან დაცემულნი, საბჭოთა ჩანაწერებში ადგილს არ იმსახურებენ”. თუმცა ჩანაწერებმა, მიუხედავად ყველაფრისა, როგორღაც მოახერხა „რკინის ფარდის” გარღვევა. ბიტლომანებმა სწრაფად გაამრავლეს და გაავრცელეს აუდიომასალა. საბჭოეთისთვის ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ხალხი იმას აკეთებდა, რაც არ სურდა მმართველ ძალას: უსმენდა თავისუფალ მუსიკას – კლიშეებისგან, სტანდარტებისა და ჩარჩოებისგან თავისუფალს. BBC-ს ერთ-ერთ სიუჟეტში ისიც კი ითქვა, რომ „ბიტლზმა” დიდი როლი შეასრულა საბჭოთა ხალხში ანტიტოტალიტარული აზროვნების ჩამოყალიბებაში. შესაძლოა, სწორედ მათი და შემდეგ სხვა, უკვე საბჭოთა ჯგუფების გავლენა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სისტემის რღვევა გამოიწვია. ამ მოსაზრებას შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება უარვყოთ კიდეც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორად განვიხილავთ კულტურას საზოგადოებისთვის. პირადად მე მას ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი.

ქართველი ბიტლომანებისთვის „ხოჭოების” ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია, ალბათ, „Back in The USSR”-აა („უკან, საბჭოთა კავშირში”), რომლის ტექსტში საქართველოც არის მოხსენიებული: „Georgia’s always on my mind” – „საქართველო მუდამ ჩემს გონებაშია” (ფრაზა აღებულია რეი ჩარლზის ცნობილი ტრეკიდან, რომელიც ბლუზის ლეგენდამ შტატ ჯორჯიას მიუძღვნა, „ბიტლზმა” კი ის საბჭოთა კავშირს მოარგო და ჩვენებურ „ჯორჯიაზე” იმღერა). პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ეს არის სიმღერა რუს ჯაშუშზე, რომელიც დიდხანს იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, მერე კი თავის ქვეყანას დაუბრუნდა.

სხვათა შორის, დღემდე არსებობს მოარული აზრი, რომ „ბიტლზმა” საბჭოთა კავშირში საიდუმლო კონცერტი გამართა საგანგებოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკთა შვილებისთვის. ბევრს ჰგონია, რომ ზემოხსენებული სიმღერა სწორედ ამ კონცერტისთვის შეიქმნა. რუსეთში „ბიტლზის” ზოგიერთ ფანს ამ ვერსიისა დღესაც სჯერა, თუმცა რამდენად რეალურია იგი, ძნელი სათქმელია.

როგორც უკვე გითხარით, „ბიტლზის” მუსიკის აღსაქმელად მთავარი პირადი ემოციებია. პოსტის ბოლოს სწორედ მათ გაგანდობთ:

არასოდეს შევიტან ეჭვს ფრაზაში „მიეცით შანსი მშვიდობას” („Give Peace a Chance”),

ყოველთვის მწამს, რომ „რაც გვჭირდება, სიყვარულია” („All You Need Is Love”)

და ვერასოდეს ვიპოვი საყვარელი ადამიანისთვის გრძნობის გაზიარების უკეთეს საშუალებას, ვიდრე ეს სიმღერაა:

წერა-კითხვის ცოდნა გუშინ და ციფრული წიგნიერება დღეს

0

უძველეს ცივილიზაციებში წიგნიერება პიქტოგრამებისა და სასცენო კოლაჟების ამოკითხვას, ამ გამომსახველობითი ფორმებით წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებასა და გააზრებას მოითხოვდა. შუმერულ და ასურულ ცივილიზაციებში ამ უნარ-ჩვევას მხოლოდ მეცნიერთა და სასულიერო პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფლობდა. მოგვიანებით, კლასიკურ საბერძნეთსა და რომში, წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენცია საზოგადოების შეძლებული ფენის პრივილეგია გახდა. შემდეგ, შუა საუკუნეების ევროპაში, სასულიერო სწავლების გავრცელებას, რენესანსსა და ბეჭდვითი ტექნიკის განვითარებას წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მატება მოჰყვა, მე-19 და მე-20 საუკუნეებში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სავალდებული სასკოლო განათლების პოლიტიკამ წერა-კითხვის ფართო მასებში გავრცელება მოიტანა.

ტრადიციული განსაზღვრების თანახმად, წიგნიერება წერილობითი და სამეტყველო ენის აქტიურად და პასიურად ფლობას _ წერა-კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარს _ მოიცავს. წიგნიერების ტრადიციული ფორმის, წერა-კითხვის უნარის ცნება რამდენიმე ქვეუნარს აერთიანებს, მათ შორის _ ფონოლოგიის ცოდნას, ფონეტიკას, ლექსიკას, ტექსტის გააზრებას.

უკანასკნელ საუკუნეებში თავჩენილმა განვითარების ტენდენციებმა, განსაკუთრებით _ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, წიგნიერების ტრადიციული ცნების გადააზრება და გამდიდრება, წიგნიერების სტანდარტების დახვეწა განაპირობა. პირველ რიგში, მოკლედ გავეცნოთ, განვითარების რა ეტაპები გაიარა წიგნიერების ცნებამ და წიგნიერების რა ფორმები გაჩნდა განვლილი საუკუნის განმავლობაში, ბოლოს კი განვიხილოთ, რა გავლენა მოახდინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა, კომპიუტერისა და ინტერნეტის გავრცელებამ წიგნიერების ფორმების გარდაქმნაზე, წიგნიერების ხარისხზე.
მეოცე საუკუნის განმავლობაში გლობალური მობილობის ზრდამ, მიგრაციისა და ემიგრაციის, დროებითი გადაადგილების, ტურიზმის, სამსახურებრივი საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებლების ჩათვლით, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გააქტიურებამ, წიგნიერების სამ ახალ სახეს დაუდო სათავე: კულტურულს, მულტიკულტურულსა და ბილინგვურს.

კულტურული წიგნიერება კულტურათაშორისი მსგავსებებისა და განსხვავებების, ტრადიციების, ღირებულებების, წეს-ჩვეულებების გაცნობიერებას და დაფასებას გულისხმობს, ხოლო მულტიკულტურული _ რამდენიმე კულტურის შემეცნებას და მულტიკულტურულ გარემოში ფუნქციობის უნარ-ჩვევებს. სწორედ მულტიკულტურული წიგნიერება ედება საფუძვლად წიგნიერების კიდევ ერთ ახალ სახეს _ ბილინგვურ წიგნიერებას, რომელიც რამდენიმე ენაზე წერა-კითხვისა და სრულყოფილი ფუნქციობის აუცილებლობას წარმოადგენს.

თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც ჰქონია რაიმე სახის ინტერაქცია სხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგენელთან. რაც შეეხება რეგულარულ კულტურათაშორის ურთიერთობებს, ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, 200 მილიონი კაცია დასაქმებული მულტინაციონალურ კორპორაციებში, ხოლო დაახლოებით 400 მილიონი სამუშაოზე იყენებს ინგლისურ ენას. მსგავსი სტატისტიკა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მულტიკულტურული ცნობადობა/წიგნიერება და ბილინგვური წიგნიერება ისევე მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე მსოფლიოში, როგორც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენციების ფლობა.

ეს არის დღევანდელი რეალობა, თუმცა მსოფლიოში მრავალი ადამიანი გამოდის გლობალიზაციის ამ ტენდენციების წინააღმდეგ და ანტიგლობალისტთა ჯგუფებს უერთდება. მათი მოსაზრებით, მულტიკულტურული გარემო შთანთქავს ადგილობივ კულტურებს, ხოლო ბილინგვიზმი თუ მრავალენოვნება აკნინებს მსოფლიოს მრავალ ადგილობრივ ენას, რაც ეროვნული იდენტობის დაკნინებასა და გაქრობას განაპირობებს.

ამდენად, განათლების მესვეურთათვის ყველაზე საინტერესო უნდა იყოს წიგნიერების დონის ამაღლების იმ გზების პოვნა, რითაც შეიძლება ხელი შევუწყოთ მულტიკულტურული ცნობიერების გაღრმავებას, ბილინგვური წიგნიერების ჩამოყალიბებას და იმავდროულად ადგილობრივი იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებას.
მულტიკულტურული ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი ფორმა ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე, სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, ადგილობრივი და უცხოური მითების, იგავებისა და ზღაპრების გაცნობა, გააზრება, მათი შედარება და მათზე მსჯელობა შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე ბავშვი უნივერსალურ, ისევე როგორც იდიოსინკრეტულ კულტურულ ღირებულებებს განასხვავებს და შეიმეცნებს. ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურებზე მულტიკულტურული წიგნიერების ამაღლება და გაღრმავება სხვადასხვა ქვეყნის მწერლობის (და სხვა გამომსახველობით ფორმების) მეშვეობით ხორციელდება.
მულტიკულტურული ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთ საშუალებად ბილინგვიზმიც მიიჩნევა, თუმცა ბილინგვური წიგნიერების მნიშვნელობა ამით არ შემოიფარგლება, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ორენოვნება ფაქტობრივად სასიცოცხლო, ფუნქციური უნარ-ჩვევების შემადგენელი ნაწილი გახდა. ამდენად, მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის შემქმნელთა შორის დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა სკოლაში სავალდებულო მეორე ან უცხო ენის შერჩევის, სტანდარტისა და პროგრამის ხანგრძლივობის, სირთულისა და ინტენსივობის დადგენის, ისევე როგორც შემსწავლელთა საუკეთესო ასაკობრივი ჯგუფის გამოვლენის თაობაზე.
მეოცე საუკუნის ბოლოს, საინფორმაციო ხანის დასაწყისიდან, წიგნიერების კიდევ რამდენიმე ახალი ფორმა გაჩნდა _ საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება და ვიზუალური წიგნიერება.

მედია- და ვიზუალური წიგნიერების გაჩენა ინფორმაციის გავრცელებისა და ახალი საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვამ განაპირობა. წერილის დასაწყისში ვახსენე, რა ფორმით არსებობდა ვიზუალური წიგნიერება უძველეს ცივილიზაციებში (პიქტოგრამების შექმნა და გარჩევა), სადაც ამ უნარ-ჩვევას მეცნიერთა და სქოლასტიკოსთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობდა. მეოცე საუკუნეში კი ტელევიზორის გამოგონებამ და გავრცელებამ ვიზუალური წიგნიერების პასიური ფორმა (ვიზუალური იმიჯის აღქმის უნარი) მოსახლეობის ფართო ფენების უნარ-ჩვევად აქცია. ვიზუალური წიგნიერების აქტიური ფორმა (ვიზუალური იმიჯის შექმნის უნარი) კი წიგნიერების უახლესი ტენდენციის, ციფრული წიგნიერების მოთხოვნად იქცა, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

საინფორმაციო წიგნიერება საკომუნიკაციო საშუალებებისა და მასმედიის განვითარების თანამდევ უნარ-ჩვევად ჩამოყალიბდა და ექვს კომპონენტს მოიცავს: საჭიროების გამოვლენას, ინფორმაციის მოკვლევის სტრატეგიების ფლობას, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვებას, ინფორმაციის ეფექტურად შესწავლას, ინფორმაციის სინთეზსა და გამოყენებას, მოპოვებული ინფორმაციით მიღებული შედეგის შეფასებას. ერთი მხრივ, საინფორმაციო ხანაში წიგნიერების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა საინფორმაციო წყაროების ხელმისაწვდომობასთანაა კავშირში. მეორე მხრივ, ინფორმაციის მოზღვავებამ თანამედროვე ფორმალური განათლების სისტემებს სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა. პირველ რიგში, ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობაში დიდი სხვაობის გამო გაიზარდა განსხვავებები განათლების ხარისხში, ფაქტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები არაპრაქტიკული გახდა, გაიზარდა კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის, გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევების მნიშვნელობა. შეიცვალა მასწავლებლის როლიც _ ყოვლისმცოდნე დიდაქტიკოსის ფუნქციები მენტორის, მხარდამჭერისა და მრჩევლის ფუნქციებმა შეცვალა. გაკვეთილი კი იქცა პროცესად, სადაც ყველა კოლაბორაციულად სწავლობს, მათ შორის _ მასწავლებელიც. ამდენად, აუცილებელი გახდა გაკვეთილისა თუ სასწავლო გეგმის ისე შედგენა, რომ მოსაწავლემ შეიძინოს სწავლის ეფექტური სტრატეგიები, რაც შემდგომში პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების, ინფომაციის მოპოვების, აღმოჩენებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს.

მედიასაშუალებების გავრცელებას, ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ფორმალურ განათლებაში განსაზღვრული საფრთხეების განხილვა მოჰყვა, რაც, უპირველეს ყოვლისა, წიგნიერების დონის დაქვეითების შიშით გამოიხატებოდა. წიგნიერების ახალი ფორმების მომხრენი კი ფიქრობენ, რომ მედიაწიგნიერება არ ნიშნავს წიგნის გადაგდებას და შექსპირის სპილბერგით ჩანაცვლებას.

დღეს, ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის შეძენისა და გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი გახდა, ციფრული წიგნიერების მოთხოვნა სასწავლო გეგმებში აისახა.

ციფრული წიგნიერების ცნება პირველად პოლ გლისტემა გამოიყენა 1997 წელს. მისი განსაზღვრებით, ციფრული წიგნიერება ინფორმაციის სხვადასხვა ციფრული წყაროდან მიღებასა და გამოყენებას გულისხმობდა. “ცოდნის საზოგადოებაში” ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მიღება აუცილებელი ფუნქციონალური უნარ-ჩვევაა. მოგვიანებით ციფრული წიგნიერების ცნება უფრო მეტად გაფართოვდა და ტექნოლოგიების მეშვეობით პროდუქტის შექმნაც მოიცვა.

პრაქტიკაში ციფრული წიგნიერება მრავალ ახალ მოთხოვნას უყენებს თანამედროვე მასწავლებელს. დღეს საკმარისი აღარ არის, გეოგრაფიის მასწავლებელმა ისაუბროს ამა თუ იმ ქვეყანაზე და მიუთითოს მისი მდებარეობა რუკაზე. დღეს მასწავლებელს უკვე შეუძლია, თავის პრეზენტაციას დაურთოს ვიდეომასალა, დაგეგმოს პირდაპირი ჩართვა, აჩვენოს მოსწავლეებს ვირტუალური მუზეუმი, განახორციელოს ტელეხიდი ამავე ქვეყნის თანატოლებთან.

ალერტეკი

0

კახეთი. ზაფხულის სოფლური, მსუყესურნელიანი საღამო. მე და თომა მაღაზიიდან ვბრუნდებით ჩიპსით, ორცხობილათი და ათასგვარი სხვა სასუსნავით არცთუ ისე დამძიმებულები (კარგა ხანია დავასკვენი: სასუსნავს წონა არ აქვს და ყოველთვის ცოტაა). თომა პატარაა, ექვსი წლის, და, მე რომ მკითხოთ, სულ თოთოა, ჰოდა, მით უმეტეს, ძალიან მიკვირს, როგორ შეუძლია ამ თოთო თომას, მესაუბროს ჰარი პოტერის ფენომენზე და შეჩვენების წმინდა ქართულ ფენომენზე კიდევ ერთხელ დამაფიქროს. თომას პოტერიადა კეთილია და მიხარია. და ვინაიდან თომა ჩემი ძმისშვილია და მასზე არა მხოლოდ მზე და მთვარე, არამედ ყველა პლანეტა თუ ვარსკვლავი ამომდის, ჩემთვის ის ბრძენია, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმგრძნობი. მაგრამ შესაძლოა მანაც არ იცოდეს, რატომ დარჩა კნუტი უდედოდ: სოფლის შარაზე თაგვისოდენა, ჯერ კიდევ თვალაუხელელი კნუტი დაბობღავს. ვიღას ახსოვს ყოვლისშემძლე ჰარი, – უსუსური კნუტის ბედი გვაწუხებს. დედაჩემს ვურეკავ, წამოვიყვან, თორემ ან მანქანა გადაუვლის, ან ნიავი წაიღებს-მეთქი. მაგრამ რაკი დედაჩემს კატებზე ალერგია აქვს, კნუტს ნიავისა და მანქანების პირისპირ ვტოვებთ. თომა ტირის. მე ვამშვიდებ ისევე, როგორც თქვენ დაამშვიდებდით თქვენს შვილებს, ძმისშვილებსა თუ დისშვილებს: „დედიკო მოვა და წაიყვანს, აქ არ დატოვებს”. მაგრამ რადგან თომა ბრძენია, ჩემი ერთი სიტყვისაც არ სჯერა.

ეს არის პოსტი იმაზე, როგორ შეიძლება გააკეთო ის, რაც შენთვის არავის დაუვალებია და როგორ შეიძლება, არავისდავალება „სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის” ანტონიმი იყოს, რადგან სხვისი საქმეები ზოგჯერ სულაც არ არის სხვისი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ცხოველებს ეხება; ეს არის პოსტი ბავშვებსა თუ მოზარდებზე, რომლებისთვისაც ფიზკულტურაზე მნიშვნელოვანი ჩიტების გამოზამთრება ან კნუტების გამოზაფხულებაა; ეს არის პოსტი იმაზე, რაც მშობლებისთვის ვადაგასულ ქვითრებზე უმნიშვნელოა და იმაზეც, რაც ბავშვებისთვის დედის მოხეხილ იატაკსა თუ გაკრიალებულ მინებზე მეტს ნიშნავს.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, უმნიშვნელო ოჯახური დიალოგის ფონზე მთელი ბავშვური ტრაგედია თამაშდება. „ჩიტების გამომზამთრებლის” ავტორი, ყველაზე სევდიანი ნოველისტი რევაზ ინანიშვილი, ცოლ-ქმრის საუბარს ყოველგვარი დრამატიზმისა და სენტიმენტების გარეშე მიჰყვება: აქ არაფერია ზედმეტი, არც ერთი ფრაზა არ ჰგავს ქალაქში, შუა ქუჩაზე, საიდანღაც გაჩენილ ჟირაფს ან მდინარის ნაპირას, ტყეში აღმოცენებულ მრავალსართულიან კორპუსს. ეს დიდი ნოველისტების თვისებაა – სიტუაციების რეალისტური აღწერა, მოსაწყენი რიტორიკის ცხრა მთას იქით გაშვება და თითქოს ჩვეულებრივი, არაძახილისნიშნიანი და არამყვირალა ფინალი. არადა, ასეთი ნოველისტები გკლავენ: ბახ-ბახ, ერთი ნოველა, ორი ნოველა და მეტი აღარ შეგიძლია, არ დაგინდობენ, შიგ გულში მოგარტყამენ… მე მათ „ენერგოვამპირებს” ვუწოდებ – მთელი ჩემი ენერგია პირდაპირ ტვინისკენ მიაქვთ: ის გამალებით იწყებს აზროვნებას, სახსრები კი ასევე გამალებით მტეხს, თუმცაღა არ წვიმს.
იწვიმებდა, ითოვებდა ზამთარში, შესცივდებოდათ ჩიტებს, ჰოდა, თხუთმეტი წლის, მაღალსა და წვრილ, კეთილსახიან ბიჭს „მთლად იაფად” ნაყიდი ჩიტბატონები სახლში მოჰყავს. „გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე გავუშვებ”, – ამ იმედს იატაკის საწმენდი ჯოხი კედელზე სათითაოდ ანარცხებს. „იმედის ჩიტივით სიკვდილი” ყოველთვის ხელოვნური ფრაზა მეგონა, მაგრამ აქ ზუსტად ასეა: იმედი ჩიტივით კვდება და ჩიტი – იმედივით.
იმედისა და ჩიტის მკვლელი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბიჭის დედაა, რომლისთვისაც ალბათ უმთავრესი ის არის, შვილს დილაობით გატკიცინებული შარვალი და გახამებული პერანგი მოარგოს, რომელიც ალბათ ცხრილის მიხედვით ჩაიბარებს გაკვეთილებს და სათაურის დავიწყებასაც არ გაპატიებს, ტიტიკაკა თუ ტანგანიკაში აგერია, უვიცს გიწოდებს და არასდროს მოუვა აზრად, რომ ბირთვისების წითელი მდინარის ნახვაზე ოცნებობ. ქართულსა და ისტორიას მათემატიკური სიზუსტით გამოიკითხავს, თარიღების ცოდნის მკაცრი აუცილებლობით, შენ კი ვერასდროს ეტყვი, რომ სასკოლო პროგრამიდან რამდენჯერმე გადაუხვიე და დუმბაძის „დიდროსთან” ერთად საროიანის „ხუთი მწიფე მსხალი” წაიკითხე, ხოლო დავით აღმაშენებლის მეფობის წლებზე მეტად ყოველთვის მისი საბრძოლო აღჭურვილობის სიმძიმე გაოცებდა. მათემატიკა ციფრებია და ციფრებად გამოგკითხავს, და ვერც კი გაუმხელ, რამხელა სიამოვნებას განიჭებს ერთგვერდიანი მაგალითების ამოხსნა – თითქოს საინტერესო თავისუფალ თემას წერდე ან მარათონის დასასრულს, ფინიშთან მისულს, დაღლილსა და მწყურვალს ვინმე ცივ წყალს გაწვდიდეს.
არიან ასეთი მშობლებიც და ჰყავთ ასეთი შვილებიც – ნათელთვალებიანები. არადა, ვინ იცის, ადრე მშობლებიც ნათელთვალებიანები იყვნენ – დიდობა ბინდია, ან ბანდი, რომლითაც ყოველდღიური პრობლემები გამოცდილი ექთანივით გიხვევს თვალებს.
იგივე:
კახეთი. ზაფხულის სოფლური, მსუყესურნელიანი საღამო. მე და თომა მაღაზიიდან ვბრუნდებით ჩიპსით, ორცხობილათი და ათასგვარი სხვა სასუსნავით არცთუ ისე დამძიმებულები (კარგა ხანია დავასკვენი: სასუსნავს წონა არ აქვს და ყოველთვის ცოტაა). თომა პატარაა, ექვსი წლის, და, მე რომ მკითხოთ, სულ თოთოა, ჰოდა, მით უმეტეს, ძალიან მიკვირს, როგორ შეუძლია ამ თოთო თომას, მესაუბროს ჰარი პოტერის ფენომენზე და შეჩვენების წმინდა ქართულ ფენომენზე კიდევ ერთხელ დამაფიქროს. თომას პოტერიადა კეთილია და მიხარია. და ვინაიდან თომა ჩემი ძმისშვილია და მასზე არა მხოლოდ მზე და მთვარე, არამედ ყველა პლანეტა თუ ვარსკვლავი ამომდის, ჩემთვის ის ბრძენია, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმგრძნობი. მაგრამ შესაძლოა მანაც არ იცოდეს, რატომ დარჩა კნუტი უდედოდ: სოფლის შარაზე თაგვისოდენა, ჯერ კიდევ თვალაუხელელი კნუტი დაბობღავს. ვიღას ახსოვს ყოვლისშემძლე ჰარი, – უსუსური კნუტის ბედი გვაწუხებს. დედაჩემს ვურეკავ, წამოვიყვან, თორემ ან მანქანა გადაუვლის, ან ნიავი წაიღებს-მეთქი. მაგრამ რაკი დედაჩემს კატებზე ალერგია აქვს, კნუტს ნიავისა და მანქანების პირისპირ ვტოვებთ. თომა ტირის. მე ვამშვიდებ ისევე, როგორც თქვენ დაამშვიდებდით თქვენს შვილებს, ძმისშვილებსა თუ დისშვილებს: „დედიკო მოვა და წაიყვანს, აქ არ დატოვებს”. მაგრამ რადგან თომა ბრძენია, ჩემი ერთი სიტყვისაც არ სჯერა.
დედას კი შეეძლო, უბრალოდ, ალერტეკი დაელია.

ფიზიკა ამოცანებში 5

0

 ვრცლად 

ცივი შხაპი

0
„წითელი პორნოგრაფი” – ასე უწოდეს კრიტიკოსებმა მწერალს, რომლის მიმართაც მკითხველს იშვიათად რომ ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდეს. ის ან უყვართ, ან სძულთ. სძულთ ისეთივე გაშმაგებით, როგორითაც ხოტბას ასხამენ მწერლის ერთი შეხედვით დეპრესიულ პროზას. სძულთ მორალისტებს, ნეოფაშისტებს, ანტიფემინისტებს, მორწმუნეებს, ალბათ კაცებსაც (ზოგიერთს მაინც), სძულთ მათ, ვინც წიგნებისგან ესთეტიკურ ტკბობას, მშვენიერი გამოგონილი სამყაროს აღწერას მოელის.
ავსტრიელი მწერლის ელფრიდე იელინეკის წიგნებში კარგი ამბავი იშვიათად ხდება. „კარგიც” პირობითი ცნებაა. ბრიგიტა პატრონს ჩაბარდა, პაულამ თავი აიშვა… ვერ ვხვდებით, გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, გაგვეღიმება მაინც და გაგვახსენდება, რომ ერთი ასეთი ამბისთვის ჩვენც მოგვიკრავს ყური – საქართველო ხომ ქვეყანაა, სადაც გათხოვება, კარგ ბედში ჩავარდნა ქალის ცხოვრების მიზნად მიიჩნევა. უცნაური მხოლოდ ის არის, ავსტრიაშიც ასე რომ ყოფილა და ალბათ ასევე იქნება არგენტინასა და უგანდაშიც, ჰომო სავეტიკუსის ფსიქოლოგია არაფერ შუაში ყოფილა. ვაშა!!!

„თუ ვინმეს ბედი ჰქონია, კაცი ყოფილა. თუ ბედი ეღირსა, ქალია”; „სამწუხაროდ, ცხოვრება ხშირად მანქანით ჩაიქროლებს ხოლმე, ველოსიპედით ვერ დაეწევი”, – წერს იელინეკი და მისი ქალებიც ყოველ ღონეს ხმარობენ, ყველა ღირსებას გამოფენენ, რომ კარგ ბედში ჩავარდნენ. არც თავის დამცირებას თაკილობენ. მთავარია, ცხოვრებამ სხვებივით გვერდით არ ჩაუქროლოთ და სანამ ბაზარზე გამოტანილი მათი სხეული ჯერ კიდევ ქორფაა, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ სხვებთან კონკურენცია, გასაღდნენ. დრო არ ითმენს – ბაზარზე ხომ სხვა სხეულებიცაა გამოფენილი; ვაითუ ცხოვრებამ გვერდით ჩაუქროლოთ და მათ დაემსგავსონ, ვისთვისაც ბედმა ფაბრიკისა და აზღუდების კერვის მეტი ვერაფერი გამოიმეტა.
მწერალი რომან „საყვარლებში” ამბობს რომ , მამაკაცებს ყოველთვის სჭირდებოდათ ქალი და მოიხმარდნენ კიდეც, მაგრამ თვითონ არაფრით უნდათ უკვე ასეთი ქალის შეძენა და მოხმარება. პროსტიტუცია არ არსებობს, მაგრამ არსებობს უთვალავი უკანონო ბავშვი, რომელთა გაჩენაც არ შეიძლებოდა, ჰოდა, იდგეს ახლა და თვითონ აკეთოს ყველაფერი. ის საქმეც, რაც კაცის გასაკეთებელია – შევედავოთ? ვფიქრობ, გაგვიჭირდება. იელინეკის პროზა ცივ შხაპს ჰგავს, რომელიც მასკულინურ საზოგადოებას საკუთარ სისუსტეებს შეახსენებს.

მწერლის დაუსრულებელ ნეგატივზე აგებულმა რომანებმა შესაძლოა ფსიქოზამდეც კი მიიყვანოს მკითხველი. სუსტი ნერვების პატრონებს და იუმორის გრძნობას მოკლებულებს იელინეკის რომანების კითხვას არ ურჩევენ. მათში მთელი სიმძაფრით წარმოჩნდება ადამიანთა ზიზღი და თვითგადარჩენის ინსტინქტი. თუმცა ამ ყველაფერზე ელფრიდე იელინეკი შესანიშნავად წერს. მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებიც და კრიტიკოსებიც ერთხმად აღიარებენ, რომ იელინეკი დიდოსტატია. ის არც მდაბიური ენის გამოყენებას ერიდება – მისი გმირები ასე მეტყველებენ, მაშ, ვის უნდა ვეკეკლუცოთ ლიტერატურული ენის სიწმინდით?
ელფრიდე იელინეკის „საყვარლები” ქართულად ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა. თარგმანი გოეთეს ინსტიტუტის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და ერთ-ერთ საუკეთესო ქართულენოვან თარგმანადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. თავად იელინეკი რომანს ასე აფასებს: „ეს პატრიოტული რომანი არაა. არც სასიყვარულო რომანია, თუმცა ჰგავს კია. თუმცა, ერთი შეხედვით, სამშობლოსა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ის სამშობლოსა და სიყვარულს არ ეხება. ეს არის რომანი საგნის, პაულას შესახებ”. და ბრიგიტას შესახებაც, რომელმაც ერთ დღეს ქალობა გადაწყვიტა, ნამდვილი ქალობა, ერთი ტიპისთვის, რომელსაც ჰაინცი ჰქვია. პაულასაც ჰყავს თავისი კაცი – ერიხი. ბრიგიტაც და პაულაც მთელი რომანის განმავლობაში ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ თავიანთი კაცები ჰყავდეთ. კაცი როცა გყავს, მერე გასუქებაც შეიძლება და დიდად აღარც მუშაობა გიწევს. სამუშაო ხომ, თუნდაც სიამოვნებით ასრულებდე, განსაცდელია. ამას ის მცდარი ცხოვრებაც სჯობს, დიასახლისობა რომ ჰქვია და მიგიწებებს, თუ გაბრიყვდი და მიეკარე.
„საყვარლები” არ არის კლასიკური რომანი. ის განსხვავებულია – ფორმით, სტრუქტურით, ენით, და თუ ლიტერატურა თქვენთვის კონსერვატიულ სივრცეს არ წარმოადგენს და ეძებთ წიგნს, რომლის კითხვა სიამოვნებას მოგანიჭებთ, უკეთესს ალბათ ვერაფერს გირჩევთ ცხელ ზაფხულში წასაკითხად.
რაც შეეხება თავად მწერალს. ელფრიდე იელინეკს 2004 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიანიჭეს, თუმცა მან ძლიერი სოციალური კლაუსტროფობიის გამო შვედეთში ჩასვლა ვერ შეძლო, სამადლობელი სიტყვა კი ვიდეოჩანაწერის სახით გაგზავნა. კარგი და კეთილი ამბები არც მაშინ მოუყოლია. საჯარო ლექციაზეც დაუზარლად ჩააწერინა ჟურნალისტებს თვითმკვლელობის იდეალური რეცეპტი და დასძინა, ყველა წინა მცდელობა უიღბლო მქონდა, ეს თვალებსაც კი არ დაგისივებთო. მწერალი ქალთა მიმართ ძალადობაზე ყურადღების გასამახვილებლად ხშირად მიმართავს რადიკალურ პროტესტს. პერფორმანსებს მართავს და ამ გზით ცდილობს ქალთა უფლებების დაცვას. იელინეკის შემოქმედების მთავარი თემები ქალთა სექსუალობა და ავსტრიის საზოგადოებაა, რომლისთვისაც ნაცისტური წარსული დღემდე ვერ უპატიებია. 1974-დან 1991 წლამდე ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრიც იყო, თუმცა დღეს კომუნისტებიც სძულს, ისევე, როგორც მემარჯვენე ექსტრემისტები.

აი, ასეთია „წითელი პორნოგრაფი”, რომლის კიდევ ერთი რომანის, „პიანისტი ქალის” ქართული თარგმანსაც მოიძიებთ წიგნის მაღაზიებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...