ოთხშაბათი, მაისი 27, 2026
27 მაისი, ოთხშაბათი, 2026

ბედნიერების გეოგრაფია

0
თანაავტორები მე-9 კლასის მოსწავლეები – სალომე ბოჭორიშვილი და ქეთი ვარსიმაშვილი.

რა არის ბედნიერება? როდის არიან ადამიანები ბედნიერები? რატომ? რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ბედნიერი ადამიანი? რამდენად არის ქვეყნის განვითარების დონე დაკავშირებული ბედნიერებასთან? მე-9 კლასელებთან ერთად გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა. პირველი, რაც გავაკეთე ეს იყო ბედნიერებაზე ესეს დაწერა. როგორც წესი სენსიტიური თემების განხილვისას მოსწავლეები ყველაზე მეტად იხსნებიან. ესეს განხილვამ კამათი გამოიწვია. ბედნიერების გაგების განსხვავებული ვარიანტების არსებობამ კვლევის იდეა გაამყარა.

მეორე ნაბიჯი ინტერნეტში არსებული მასალის მოძიება და დამუშავება იყო. მეორადი ინფორმაცია დაგვეხმარა კითხვარის შედგენაში.

გამოვიყენეთ გამოკითხვის რაოდენობრივი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. ჯამში გამოვკითხეთ 100 სხვადასხვა ასაკის ადამიანი. სულ 5 ასაკობრივი ჯგუფი.
კითხვარების შედგენასა და გამოკითხვის პროცესში მონაწილეობა 10 მოსწავლემ მიიღო. შემდეგ გავაკეთეთ კითხვარების თვისებრივი ანალიზი. კვლევის ანგარიში წარმოადგინა ყველა მოსწავლემ. ორი საუკეთესო ანგარიშის ავტორი სკოლის წინაშე პრეზენტაციით წარდგა და სტატიის თანაავტორებიც გახდა.
ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი ეფექტურობის საზომია. ის აჩვენებს რამდენად წარმატებულად ახერხებენ ქვეყნები ბედნიერების მიღწევას ისე, რომ პლანეტის ბედნიერებაც შეინარჩუნონ. ბედნიერი პლანეტის ინდექსი დაანგარიშებულია სამკომპონენტიანი ფორმულით, რომელშიც შედის: კეთილდღეობის დონე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ეკოლოგიური ნაკვალევი.


ყველაზე ბედნიერი ქვეყნები აღნიშნულია ღია მწვანეთი, ხოლო ყავისფრით – ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები.
პლანეტის ყველაზე ბედნიერი ადამიანები ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში ცხოვრობენ. ამას ამტკიცებს Jetpac–ი – სტარტაპი, რომელიც სოციალური ქსელების ანალიტიკითაა ცნობილი. ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია ბოლო პერიოდში Instagram–ზე გამოქვეყნებული 150 მილიონი ფოტოს გაანალიზების შედეგად შექმნა. ბედნიერების კრიტერიუმად კი ანალიტიკოსებმა ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ღიმილი და ფოტოების „ლაიქების” რაოდენობა აიღეს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიის მოქალაქეები იღიმიან, მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმით ნიკარაგუაა, რომელსაც კოლუმბია, ბოლივია და კოსტა–რიკა მოსდევს.
ამ კვლევის შედეგები საერთოდ არ ემთხვევა სულ ახლახან გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევას World Happiness Report- ს, რომელიც Jetpac-ის მონაცემებისგან განსხვავებით, უფრო ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, ვიდრე უბრალოდ ღიმილია. ეს კრიტერიუმებია: სიცოცხლის ხანგრძლივობა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა, სოციალური დახმარება, ცხოვრების წესის შერჩევის შესაძლებლობა, კორუფციის დონე და ა.შ.
130 ქვეყანას შორის ანალიტიკოსებმა ყველაზე ბედნიერ ქვეყნებად სკანდინავიის სახელმწიფოები დაასახელეს. თუმცა გაეროში, ისევე როგორც Jetpac-ში, აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ლათინურ ამერიკაში ბედნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებნი გაცილებით ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს. გაეროს რეიტინგი:

1. დანია: იგი პირველად არ სახელდება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად, ის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მშპ-ია ერთ სულ მოსახლეზე.
2. ნორვეგია: ნავთობისა და გაზის მარაგებით მდიდარი ქვეყანა ასევე გამოირჩევა ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლებით და მსოფლიოში ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტით.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ბედნიერების განცდას მატებს ნორვეგიის შესანიშნავი ბუნება.
3. შვეიცარია თითოეული ზრდასრული მოქალაქის სიმდიდრის დონის მიხედვით მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად მიიჩნევა. ქვეყნის თითქმის ყველა მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა ისიამოვნოს მთელ მსოფლიოში ცნობილი სამთო კურორტებით, შვეიცარიის რივიერას სილამაზითა და ჟენევის ტბის კურორტებით. საყოველთაო კეთილდღეობას ისიც განაპირობებს, რომ შვეიცარიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები 1815 წლის შემდეგ არ ყოფილა და ქვეყანა ყველა ომის დროს თავის საფირმო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიელები მსოფლიოში ყველაზე ბევრ შოკოლადს მიირთმევენ.
4. ჰოლანდიელთა ბედნიერებას მხოლოდ ტიტები არ განსაზღვრავს. ეს პატარა ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მოცულობით იმ სახელმწიფოების ათეულში შედის, რომლებიც საქონლისა და მომსახურების უმსხვილეს ექსპორტიორებს წარმოადგენენ.
5. შვედეთი მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციული ქვეყნების რეიტინგში შედის. ის ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფოა. შვედურ ბედნიერებას ადგილობრივი ტრადიციები განაპირობებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შვედური მოვლენაა lagom-ი, რაც ზომიერებას ნიშნავს – ესაა საკმარისობის განცდის ქონა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი შვედური ტრადიცია – fika, რაც ყავაზე შესვენებას ნიშნავს. შვედეთში ითვლება, რომ კოლეგებთან ჭიქა ყავაზე ურთიერთობისთვის ყოველ საათში ერთხელ აუცილებელია 15 წუთის გამოყოფა.
Jetpac-ის რეიტინგის მიხედვით კი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიელები იღიმებიან და, შესაბამისად, სწორედ ბრაზილიაა პლანეტის უბედნიერესი ქვეყანა.

1. Instagram-ის ფოტოებზე აღბეჭდილ ბრაზილიელებს ბედნიერების საფუძველი აქვთ – მათი ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, იზრდება მოქალაქეების კეთილდღეობაც. ბრაზილიელებს ბედნიერების განცდას მატებს ყოველწლიური კარნავალები, რომლებიც თებერვალში იმართება.
2. „ღიმილის რეიტინგში” მეორე ადგილზეა ნიკარაგუა, რომელიც კარიბის აუზის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფოა. თუმცა მის მცხოვრებლებს ღიმილის არცთუ ბევრი საფუძველი აქვთ: მათი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი უღარიბესია, მოსახლეობის 80%-ზე მეტის დღიური შემოსავალი კი 2 დოლარსაც ვერ აღწევს.
3. კოლუმბია: ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ კოლუმბია ბოლოსდაბოლოს გაჯანსაღების გზაზეა, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება. ყოველწლიურად მას სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.
4. ბოლივია – Instagram-ში მოღიმარი ბოლივიელები, ალბათ, დარწმუნებულნი არიან, რომ ბედნიერება ფულში არ არის. ბოლივიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, ეკონომიკა ნელა იზრდება, საგარეო ვალები კი – სწრაფად. ამ ფონზე სტაბილურ ზრდას მხოლოდ ტურიზმი აჩვენებს და ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანესი წყაროა.
5. კოსტა-რიკის მცხოვრებლებს ბედნიერებისთვის არაერთი მიზეზი აქვთ – მათი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდიდარია. კოსტა-რიკა ასევე ითვლება მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად – აქ კარგად იცავენ ბუნებას, ახლახან კი ნადირობა აკრძალეს.

გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნები საქართველო 134-ე ადგილზე აღმოჩნდა. სულ რეიტინგში ქ150 ქვეყანაა. რეიტინგში ლიდერობენ: დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ნიდერლანდები და შვედეთი.
კვლევაში მონაწილეობდა ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, სტატისტიკისა და სხვა მეცნიერების სპეციალისტები. ექსპერტებმა შეფასების კრიტერიუმებად აირჩიეს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა. ახლობლების მხარდაჭერის იმედი, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას, კორუფციის დონე და დიდსულოვნება.
ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: კანადა, ავსტრია, ისლანდია და ავსტრალია. მეორე ათეულში -აშშ და ახალი ზელანდიაა, ათეულს ვენესუელა ასრულებს.
ჩვენი კვლევა
პირველი ჯგუფი: მოზარდები 13-დან 18 წლამდე, რომელთა რიცხვი მთელი რაოდენობის 56%-ია. მათი 39% მდედრობითია, ხოლო დანარჩენი 17% მამრობითი. აქედან 41%-ს არასრული საშუალო განათლება აქვს, დარჩენილ 15%-ს კი საშუალო. როგორც ჩანს უმეტესი ნაწილი 24% ბედნიერია, 17% – ნაწილობრივ, ხოლო 15% არ არის ბედნიერი. ირგვლივ გაღიმებულ ხალხს ხშირად ამ რაოდენობის 36% ხედავს, 15% იშვიათად ხედავს ხოლო 5% საერთოდ ვერ ხედავს. 26%-ის სასურველ და რეალურ ცხოვრებას შორის არის განსხვავება, ხოლო დარჩენილი 13%-ის ცხოვრებას შორის არ არის განსხვავება, მეორე 13%-ის ცხოვრებას შორის არც ისე დიდი განსხვავებაა. 44%-ის ბედნიერება ჯანმრთელობაა, 55%-თვის ოჯახი, 39%-თვის სიყვარული, 19%-სთვის ქვეყნის განვითარების დონე, მოგზაურობა, გართობა, 12%-სთვის განათლება, სამსახური, მაღალი ხელფასი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

მეორე ჯგუფი: ახალგზარდა სრულწლოვანები 19-დან 25წლამდე. მათი რაოდენობა მთელი რაოდენობის 17%-ია. 9% მდედრობითია, 8% მამრობითი. მათგან 5%-ს საშუალო განათლება აქვს, 2%-ს პროფესიული, ხოლო 10%-ს უმაღლესი. 9% ბედნიერია, 2% არ არის ბედნიერი, ხოლო 6% ნაწილობრივ ბედნიერია. გაღიმებულ ხალხს ხშირად 7% ხედავს, 5% კი გაღიმებულ ხალხს იშვიათად ხედავს. 10%-ის რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა, დარჩენილი 7%-ისთვის კი არც ისე დიდი განსხვავებაა. ბედნიერების ფაქტორებს 10%-ისთვის ჯანმრთელობა, ოჯახი, სიყვარული და მაღალი ხელფასი განაპირობებს. 3%-ისთვის ქვეყნის განვითარების დონე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. დანარჩენი 4%-ისთვის კი სამსახური და მოგზაურობა.
მესამე ჯგუფში თავს იყრიან ასევე ახალგაზრდა სრულწლოვანები ოღონდ 26-დან 30 წლამდე. მათი რიცხვი მთელი რაოდენობის 5%-ია. 3% მდედრობითია და პროფესიული განათლება აქვთ, ხოლო 2% მამრობითი უმაღლესი განათლებით. 1,5% ბედნიერია, მეორე 1,5% არ არის ბედნიერი, ხოლო ბოლო მესამე 1,5% ნაწილობრივ ბედნიერია. 3% გაღიმებულ ხალხს ირგვლივ იშვიათად ხედავს და მათ რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის არც ისე დიდი განსხვავებაა, დარჩენილი 2% კი თვლის, რომ არ არის დიდი განსხვავება. 1,5% – ისთვის ბედნიერებას განაპირობებს სიყვარული, სამსახური, წარმატებული კარიერა, მაღალი ხელფასი, ქვეყნის განვითარების დონე, მოგზაურობა და გართობა. 3,5%-ისთვის კი – ჯანმრთელობა, ოჯახი, განათლება და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

მეოთხე კატეგორიაში შედიან ზრდასრული ადამიანები 31-დან 50 წლამდე. მათი რაოდენობა მთელი რაოდენობის 8%-ს შეადგენს. 5% მდედრობითია და უმაღლესი განათლება აქვთ, ხოლო 3% მამრობითია და პროფესიული განათლება აქვთ. 6% ბედნიერია, ხოლო დანარჩენი 2% ნაწილობრივ. 2% ირგვლივ გაღიმებულ ხალხს იშვიათად ხედავს, 3% – ხშირად, ხოლო დარჩენილი 3% საერთოდ არ ხედავს. 6%-ისთვის ბედნიერება ჯანმრთელობა, ოჯახი, სიყვარული და განათლებაა. 2%-სთვის კი წარმატებული კარიერა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოგზაურობა და სამსახური.
მეხუთე, ბოლო კატეგორია შეადგენს ადამიანებს 51 წლიდან მაღლა. მათი რიცხვი მთელი რაოდენობის 14%-ია. 8% მდედრობითია, ხოლო 7% მამრობითი. 11%-ს აქვს პროფესიული განათლება, ხოლო დარჩენილ 3%-ს უმაღლესი. 8% ბედნიერია, 2% არ არის ბედნიერი, დანარჩენი 4% კი თვლის, რომ ნაწილობრივ ბედნიერია. გაღიმებულ ხალხს ხშირად 4% ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს 7% ,ხოლო იშვიათად – 3%. 7%-ის რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა, 4%-ს ცხოვრებას შორის არ არის დიდი განსხვავება, დარჩენილი 3%-ის რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის კი არც ისე დიდი განსხვავებაა. ბედნიერებას 7%-ს ანიჭებს ჯანმრთელობა, ოჯახი და გართობა. 3%-ს წარმატებული კარიერა, ხოლო დარჩენილ 4%-ს სიყვარული, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოგზაურობა.

დასკვნა:
ყველაზე ბედნიერი კატეგორია 31-50 წლამდე ჯგუფი აღმოჩნდა, სადაც 75%-მა აბსოლუტურად დადებითი პასუხი გასცა, ხოლო დანარჩენმა 25% ნაწილობრივ დადებითი. ამ კუთხით მეორე ადგილზე 51 წელს ზევით კატეგორიაა. რაც შეეხება ნეგატიურ პასუხს, ბედნიერად თავს არ გრძნობს 13-18 წლამდე და 26-30 წლამდე ჯგუფების 33%. ბედნიერების შეგრძნება ყველაზე დაბალი აღმოჩნდა 26-30 წლის ასაკის კატეგორიაში (33%).
ამბობენ, გაღიმებული ადამიანი თავის გარშემოც გაღიმებულ ადამიანებს ხედავს. ამ კითხვაზე ყველაზე მეტი დადებითი პასუხი გასცა 13-18 წ კატეგორიამ (56%). მეორე ადგილზე 19-25 წ კატეგორია გავიდა 40%. ყველაზე მეტი ნეგატიური პასუხი გასცა 26-30 წ კატეგორიამ (67% ხშირად ვერ ხედავს გაღიმებულ სახეებს) და 51-ზე ზევით ჯგუფმა.
რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის ყველაზე დიდ განსხვავებას 51 წლის ასაკის ჯგუფი ხედავს, შემდეგ ადგილებზე თითქმის თანაბრად 13-18 და 19-26 კატეგორიებია. პატარა განსხვავებას ხედავს 31-50 ასაკის კატეგორია.
ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები ჯამურად ოჯახი, ჯანმრთელობა, სიყვარული და განათლება აღმოჩნდა. მხოლოდ შემდეგ მოდის მაღალი ხელფასი, ქვეყნის განვითარების დონე, ეკოლოგია და სხვა კრიტერიუმები. ყველაზე დაბალი რაოდენობა სამსახურმა და კარიერულმა განვითარებამ მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურმა ანალიზმა არ აჩვენა მაღალი კორელაციის მაჩვენებელი ბედნიერების შეგრძნებასთან ამ კრიტერიუმების განხილვისას, ბედნიერების შეგრძნება, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებისთვისაც ბედნიერების განმსაზღვრელი სიყვარული და ქვეყნის განვითარების დონე აღმოჩნდა.

როგორი ამინდი იქნება ხვალ?

0
ამინდი ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობაა მოცემულ ადგილზე დროის შედარებით ხანმოკლე შუალედში. ამინდს მეტეოროლოგიურ ელემენტთა ერთობლიობა ქმნის. ამინდის ძირითადი მახასიათებლებია ტემპერატურა, ტენიანობა და ატმოსფერული წნევა. ეს სამი ძირითადი ელემენტი წარმოქმნის ქარს, ღრუბლებსა და ატმოსფერულ ნალექს. ამინდზე მოქმედებს ციკლონები და ანტიციკლონები. მეცნიერებას ამინდის პროგნოზის შესახებ სინოპტიკა ჰქვია.

თანამედროვე ამინდის პროგნოზი მსოფლიოში მილიონობით მეტეოროლოგიური ელემენტის ერთობლიობას ემყარება. მოპოვებული მონაცემები ანალიზდება და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ვრცელდება. მეცნიერული პროგნოზი მსოფლიოში არსებული მეტეოსადგურებიდან შეგროვებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 1844 წელს სემუელ მორზემ ელექტროტელეგრაფი გამოიგონა. ამჟამად, დეადმიწაზე 7000-მდე მეტეოსადგურია. ს სადგურები ქალაქებში, აეროპორტებში, ზღვაში გასულ გემებზე მდებარეობს. იქ მეტეოროლოგები განუწყვეტლივ აკვირდებიან ამინდს და მეტეოროლოგიურ მონაცემებს – ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას, ტენიანობას, ქარს, ნალექებს, ღრუბლებს – აკონტროლებენ. ამინდის ავტომატურ ბიუროებში კი ეს მონაცემები მაგნიტურ ფირზე ფიქსირდება და ამინდის პროგნოზის ცენტრებს გადაეცემა. მონაცემები ყოველთვის დედამიწის ზედაპირზე იღება, თუმცა ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ ინფორმაციაც მეტად მნიშვნელოვანია. მის მოსაპოვებლად საჰაერო ბუშტს იყენებენ, რომელზეც რადიოზონდია დამაგრებული.

ზოგიერთ სადგურში დაკვირვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხდება, თუმცა უფრო 2- ან 3-საათიანი ინტერვალით დაკვირვებაა გავრცელებული.
1960 წლიდან ატმოსფეროს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში კოსმოსში გაშვებული მეტეოროლოგიური თანამგზავრები გვეხმარება.

თანამგზავრი ორგვარია. გეოსტაციონარული თანაგზავრები ორბიტაზე, დედამიწასთან უნისონში მოძრაობენ და ამიტომ ყოველთვის დედამიწის ერთსა და იმავე ანუ განსაზღვრულ ადგილს ხედავენ. დედამიწიდან ისინი საკმაოდ შორს არიან – ეკვატორიდან 3600 კმ-ზე, ამიტომ ჩვენი პლანეტის მოზრდილი ტერიტორიის დანახვა შეუძლიათ და ნახევარ საათში ერთხელ მთელი ნახევარსფეროს ფოტოებს გზავნიან, ამ ფოტოებზე დაკვირვებისა და მათი გაშიფვრის შედეგად კი მეტეოროლოგები ღრუბლების გადაადგილებას ადგენენ და ქარის სიჩქარესც კი გამოთვლიან.

მეორე ტიპის, პოლარულ-ორბიტალური თანამგზავრები შედარებით დაბლაა. დედამიწის ზედაპირს მათ დაახლოებით 850 კმ აშორებს, ამიტომ ზედაპირის მხოლოდ 2%-ს აკონტროლებენ. სამაგიეროდ, ეს თანამგზავრები ჩრდილო-სამხრეთ ორბიტაზე არიან განლაგებულნი და ამიტომ მთლიანად ხედავენ მათ ქვეშ მბრუნავ დედამიწას. ეს თანამგზავრები მხოლოდ დედამიწის ფოტოებს კი არ აგზავნიან, არამედ სპეციალური აპარატებითაც არიან აღჭურვილნი, რომლებიც ხმელეთისა და ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაში ტემპერატურისა და სინოტივის გაზომვის საშუალებასაც იძლევა.
ღრუბლების დინამიკა და ატმოსფერული ნალექების ველები მეტეოროლოგიური თანამგზავრიდან
ჰაერის ტემპერატურის პროგნოზი ამინდის რიცხვითი მოდელიდან
მსოფლიოს ყველა ქვეყანა მეტეოროლოგიურ ინფორმაციას მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization – WMO (www.wmo.int)) საშუალებით იღებს. მთელი ინფორმაცია მეტეოსადგურებში გროვდება, სადაც შემდეგ ამინდის პროგნოზი მუშავდება. ყველაზე დიდი მეტეოცენტრები მდებარეობს დიდ ბრიტანეთში (ბრეკნელის მეტეოოფისი) და აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში (ნაციონალური მეტეოსამსახური). ამ ცენტრებს ინფორმაცია მთელი მსოფლიოდან მიეწოდებათ და მათზე დაყრდნობით ამინდის გლობალური პროგნოზი დგება. აქვე აკეთებენ ატმოსფეროს ზედა ფენების ამინდის პროგნოზსაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ავიაციისთვის.
სინოპტიკურ რუკებზე პირობითი ნიშნებითა და ციფრებით ამინდზე დაკვირვების შედეგებია გამოსახული
კომპიუტერების ეპოქამდე მეტეოროლოგები ბოლო სინოპტიკურ სქემებს ამოწმებდნენ და წინა მონაცემებთან შედარებისა და ანალიზის გზით ახალ რუკებს ადგენდნენ მომდევნო 24, 36 ან 48 საათის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ. ამინდის პროგნოზის მთავარი პრობლემა კი სწორედ დროსთანაა დაკავშირებული. მეტეოპროგნოზის მოსამზადებლად კომპიუტერების გამოყენებამ, რომლებიც წამში მილიონობით გამოთვლას აწარმოებს, საგრძნობლად დააჩქარა მონაცემთა გადამუშავების პროცესი. ამასთან, ისინი მხოლოდ მონაცემებს კი არ ამუშავებენ, არამედ სინოპტიკურ რუკებსაც ქმნიან და წნევასა და ქარის მიმართულებას წინასწარ განსაზღვრავენ.

დიდი კომპიუტერები ჩვენი პლანეტის ზედაპირს 150 კვ. კმ ფართობის ერთეულებად ყოფენ და თითოეულ მათგანს კიდევ 15 ერთეულად ანაწევრებენ. ამ ერთეულების ამინდის მონაცემები კომპიუტერში მუშავდება და თითოეული მათგანისთვის 140-საათიან წინასწარი პროგნოზი დგება.
ამინდის პროგნოზზე ბევრადაა დამოკიდებული მეურნეობის სხვადასხვა დარგი. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი. ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს მეზღვაურებისთვის, პილოტებისა და მძღოლებისთვის, მესაზღვრეებისთვის, ფერმერებისთვის, სპორტსმენებისთვის, რომლებიც ღია ცის ქვეშ ასპარეზობენ და სხვ.
თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, პროგნოზი ზოგჯერ მაინც მცდარია. 24 საათში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ყველაფრის გაკონტროლება და წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ტექნიკური კულტურების გეოგრაფია

0
დედამიწაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი ტექნიკურ ანუ სამრეწველო კულტურებს უკავია. მათ ის მცენარეები მიეკუთვნება, რომლებსაც ისე იყენებენ, როგორც სამრეწველო ნედლეულს. ტექნიკური კულტურები შემდეგ ჯგუფებად იყოფა: ბოჭკოვანი (ბამბა, სელი, ჯუთი, კანაფი და სხვ.), ზეთოვანი (მზესუმზირა, არაქისი, სოიო, მდოგვი, ქოქოსი, ზეთისხილი, ტუნგო და სხვ.), სახამებლის შემცველი (კარტოფილი, ბატატი და სხვ.), შაქრის შემცველი (შაქრის ჭარხალი და შაქრის ლერწამი), ეთერზეთოვანი (პიტნა, გერანი, ბაზილიკა, ვარდი და სხვ.), კაუჩუკოვანი (ჰევეა), ნარკოტიკული (თამბაქო, ყაყაჩო და სხვ.), სამკურნალო (კატაბალახა. ჟენშენი, ქინაქინა და სხვ.), სანელებლები (მუსკატი, პილპილი, ვანილი და სხვ.). განვიხილოთ ზოგიერთი მათგანის გეოგრაფია.

ზეთოვანი მცენარეები

ცხიმები და ზეთები, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია, ამავე დროს მათ ფართოდ იყენებენ მრეწველობასა და მედიცინაში. მაგ; მცენარეული ზეთები გამოიყენება პარფიუმერული პროდუქტის დასამზადებლად. ბოლო პერიოდში მცენარეული ზეთების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზეთს იღებენ მცენარის თესლებიდან (ქოქოსის, ბამბის, არაქისის, სოიოს და მზესუმზირას ზეთი) და ნაყოფისგან (ზეთისხილი და პალმა).

არაქისის გავრცელების გეოგრაფია

ქოქოსის გავრცელების გეოგრაფია

მცენარეული ზეთების მთავარ მწარმოებელ ქვეყნებს შორის აღსანიშნავია ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია და პაკისტანი.

ბოჭკოვანი მცენარეები

ნატურალური ქსოვილების მთავარი წყარო, შალოს გარდა, მცენარეული ბოჭკოებია. ისინი ასობით მცენარისგან მიიღება, თუმცა მწარმოებლური მცენარეების რიცხვი შეზღუდულია. მათ მიეკუთვნება თესლის ბოჭკოები, მაგ; ბამბა. ასევე არსებობს ლაფანის ბიჭკოებიც, როლებიც მცენარის შიდა ქერქისგან მიიღება, მაგ; სელი, კანაფი და ჯუთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ნატურალური ბოჭკო ბამბა ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული Gossypium-ია. ბამბას გასაზრდელად უყინვო 180 -დღიანი პერიოდი სჭირდება, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა +20 გრადუსს აღემატება, ხოლო ნალექების რაოდენობა ზომიერია. ზოგან, განსაკუთრებით მშრალ რეგიონებში, მაგ; კალიფორნიასა და ნილოსის ხეობაში, ბამბას ზრდა-განვითარებისათვის ირიგაციული სისტემებს უყენებენ. ბამბის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ინდოეთი და პაკისტანი.

ბამბის გავრცელების გეოგრაფია

შაქრის შემცველი

შაქრის ლერწმის სამშობლოს სამხრეთ აზიაა. ის ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ იყო ცნობილი ინდოეთსა (დასავლეთ ბენგალიისა და ბიჰარის შტატები) და ჩინეთშიც. მსოფლიოში შაქრის ლერწმის ფართობი 12 მლნ. ჰა-ს აღემატება. შაქრის ლერწამი ნაყოფს მხოლოდ ტროპიკებში (ტროპიკული აფრიკა, ოკეანეთი, აზია და ლათინური ამერიკ) ივითარებს. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია და კუბა. ევროპაში შაქრის ლერწამი მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში (კ. მადეირაზე) მოჰყავთ. XIX საუკუნეში ალაზნის ველზე შაქრის ლერწმის გაშენებას ცდილობდნენ, მაგრამ შედეგები საიმედო არ აღმოჩნდა.

შაქრის ლერწმის გავრცელების გეოგრაფია

შაქრის ლერწმის მოსავლიანობა ჰა-ზე 400—2000 ც-ს აღწევს. ღეროს წვენი 18%-მდე შაქარს შეიცავს. წვენის მიღების შემდეგ ღეროსა და ფოთლებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.

ნარკოტიკული მცენარეები
თამბაქოს სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ევროპაში, ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც ამერიკიდან XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში შემოიტანეს. პირველად მოაშენეს, როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. თუმცა ეს მხოლოდ დაბალი ხარისხის წეკო იყო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენს ქვეყანაში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ – აჭარაში, ბოლოს, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც – მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდი 135-170 დღეა. იგი სითბოს მოყვარული და ტენის მომთხოვნი მცენარეა. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის) იყენებენ.

თამბაქოს გავრცელების გეოგრაფია

სანელებლები

ვანილის სამშობლო მექსიკაა. სწორედ აქ, შტატ ვერაკრუსის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები – ტოტონაკები გაწაფული ყოფილან ვანილის მოყვანასა და მისი ნაყოფის დამუშავებაში. ვანილს აცტეკები მისი გამომშრალი ნაყოფის ფერიდან გამომდინარე „tlilqsoCitl”-ს, ანუ შავ ყვავილს უწოდებდნენ. ვანილს ისინი კაკაოზე დამზადებული სასმელისთვის, „ქსოკოლატლის” ანუ შოკოლადისთვის, სასიამოვნო გემოსა და არომატის მისაცემად იყენებდნენ. ამბობენ, რომ 1520 წელს დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე აცტეკების გამგებელმა, მონტესუმამ, ეს სასმელი ესპანელ კონკისტადორს, ერნან კორტესს, დაალევინა. კორტესმა კი კაკაოს მარცვლები და ვანილის ნაყოფი ევროპაში შემოიტანა. ვანილით შენელებული ცხელი შოკოლადი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის სამეფო კარზე.

ევროპაში ვანილის მოყვანა მხოლოდ XIX საუკუნის დამდეგიდან დაიწყეს, ხოლო შემდგომ ის ევროპიდან ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე გავრცელდა. მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, მებაღეები უმეტესწილად ვერ იღებდნენ ამ მცენარის ნაყოფს. ამიტომ, XVI-დან XIX საუკუნემდე მხოლოდ მექსიკა ფლობდა ვანილით ვაჭრობის მონოპოლიას. 1841 წელს საფრანგეთის კუნძულ რეიუნიონზე ყოფილმა მონამ, ედმონ ალბიემ, ყვავილების ხელოვნურად დამტვერვის მეთოდი შეიმუშავა, რამაც შესაძლებელი გახადა ვანილის ნაყოფის მიღება. ამ ტექნოლოგიის წყალობით, მექსიკის გარეთაც დაიწყეს კომერციული მიზნით ვანილის მცენარის მოყვანა.
სინამდვილეში მცენარე, რომელზეც ვანილის ნაყოფი იზრდება, ჯადვარს წარმოადგენს. და ერთ-ერთია ჯადვარისებრთა ოჯახის იმ 20 000-ზე მეტი წარმომადგენლიდან, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს იძლევიან. ეს მცენარე მცოცავი ლიანაა და დაბლობის ტენიან ტროპიკულ ტყეებში გვხვდება, სადაც ხეებზეა შემოხვეული. დღესდღეობით ვანილის ძირითადი მწარმოებლები არიან ძველად საფრანგეთის კუთვნილებაში მყოფი კუნძულები რეიუნიონი და კომორი, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობით ვანილი კუნძულ მადაგასკარზე იწარმოება.

ვანილის გავრცელების გეოგრაფია
საინტერესოა, რომ თავად ვანილის ქორფა ნაყოფს არანაირი გემო ან არომატი არ აქვს. მან უნდა გაიაროს დამუშავების საკმაოდ ვრცელი პროცესი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ვანილინი, ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებული სურნელებითა და გემოთი გამოირჩევა. ასეთი სახით დამუშავებისა და ხელოვნური დამტვერიანების აუცილებლობის გამო, ვანილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია. მას ასევე იყენებენ პარფიუმერიულ და კვების მრეწველობაში.

ტრანსნაციონალური კომპანიები და გლობალიზაცია

0

ტრანსნაციონალური კომპანია იგივე კორპორაცია (ტნკ) ეკონომიკური პროფილის დიდი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც კონტროლს უწევს მსოფლიო მეურნეობის ერთ ან რამდენიმე დარგს და საწარმოები რამდენიმე ქვეყანაშიაქვს. ზოგიერთ ვრცელ ტრანსნაციონალურ კომპანიას ბიუჯეტი ბევრ ქვეყანაზე მეტი აქვს. ამგვარ კომპანიებს ძლიერი გავლენა აქვთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე. კორპორაციის ძირითადი მიზანია მსოფლიო ბაზრებისთვის საქონლის მაქსიმალურად დაბალ ფასში წარმოება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია პროდუქციის წარმოებისათვის ყველაზე წარმატებული ადგილის შერჩევით ან მასპინძელი სახელმწიფოსაგან საგადასახადო შეღავათების მიღებით. ტნკ-ს გააჩნია სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოში და ფილიალები სხვა სახელმწიფოებში. იმ ქვეყანას, რომელსაც ტრანსნაციონალური კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, საბაზო ქვეყანას ჰქვია; ხოლო, რომელშიც ამ კომპანიებს განთვასებული აქვთ თავიანთი საწარმოები – მიმღები ქვეყანა.

როგორც წესი, მართველი კომპანიები და ცენტრები მსოფლიო მნიშვნელობის, ე.წ. გლობალურ ქალაქებში მდებარეობენ, მაშინ როცა წარმოება გატანილია პერიფიერიულ რაიონებში ან განვითრებად ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანსნაციონალური კომპანიები მაქსიმალურად იყენებენ გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორს წარმოების დანახარჯების შესამცირებლად კონკრეტული ქვენაწილებისათვის.

პირველ ტრანსნაციონალურ ფინანსურ დაწესებულად 1118 წელს დაარსებული ტამპლიერების ორდენი შეიძლება ჩაითვალოს, როცა 1135 წელს მათ საბანკო საქმის წარმოება დაიწყეს. პირველი ტრანსნაციონალური კომპანია იყო ბრიტანული ოსტ-ინდოეთის კომპანია, რომელიც 1600 წელს დაარსდა. ორი წლის შემდეგ კი ჰოლანდიური ოსტ-ინდოეთის კომპანიაც გაჩნდა, რომელიც პირველი სააქციო კომპანია იყო და, ამავდროულად, ყველაზე მსხვილი საერთაშორისო კომპანიებს შორის. იგი, გარდა იმისა, რომ აზიის ბევრ ქვეყანასთან აწარმოებდა სავაჭრო ურთიერთობებს, ამავე დროს მსოფლიოში პირველი მეგაკომპანიაც იყო, რომელსაც გარკვეულწილად სახელმწიფოებრივი უფლებამოსილება ჰქონდა. მაგ. შეეძლო ომის დაწყება, პოლიტიკურ კამათში მონაწილეობის მიღება, მონეტების გამოშვება, და კოლონიების დაარსებაც კი.

თანამედროვე გაგებით პირველი ტრანსნაციონალური კომპანიები XIX ს-ის ბოლოს გაჩნდნენ. მათი წარმოშობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ დიდი მასშტაბებით წარმოება ბევრად ეფექტურია, რადგან გლობალური მასშტაბის საქმიანობა ამცირებს წარმოების დანახარჯებს და ზრდის მოგებას. ХХ ს-ის ბოლოს მომხადარი მოვლენების გამო ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი რეგიონები, ახალი ბაზრები და დარგები. ამ მოვლენებს შორისაა საბჭოთა კავშირის დაშლა, ანტიკომუნისტური რეფორმები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამ რეგიონებში სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, ჩინეთის, როგორც ”მსოფლიოს ფაბრიკისა” და უდიდესი ბაზრის სწრაფი განვითარება. ამავე დროს ვითარდება რეგიონალური ინტეგრაცია, ქვეყნები დებენ ხელშეკრულებებს და წევრიანდებიან ეკონომიკურ კავშირებში, რაც ამცირებს სავაჭრო ბარიერებს და ზრდის ეროვნული ეკონომიკების ურთიერთკავშირებს. ტნკ-ები დღეს მეურნეობის თითქმის ყველა დარგშია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მხოლოდ იმით, თუ რას აწარმოებენ, არამედ იმითაც, თუ როგორ აწარმოებენ: ტექნოლოგიის დონით, მენეჯმენტის სტილით და მათი პროდუქციის ბაზრის სტრუქტურით. მენეჯმენტი და მარკეტინგი ასეთ კორპორაციებში ხშირად შერეულია. ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში მარკეტინგის შედეგად პროდუქცია იყიდება მთელ მსოფლიოში. უმეტეს შემთხვევაში, ტრანსნაციონალური კორპორაციები რამოდენიმე ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, რაც აძნელებს მათ გაკონტროლებას ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მიერ.

ტრანსნაციონალური კორპორაციები შეიძლება დაიყოს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: მათი სიდიდე, მათი ფილიალების რაოდენობა, საქმიანობის ტიპი (მოპოვებითი, სამრეწველო, მომსახურება/სერვისი, ტურიზმი, სასტუმროები, დაზღვევა, ფინანსები, ტრანსპორტი, შერეული, სასოფლო-სამეურნეო), უცხოურ ფილიალებთან კავშირის ტიპი, ანუ როგორ საკუთრებაშია – მთლიანი, ნაწილობრივი, ერთობლივი.

გლობალიზაცია უკავშირდება ბაზრების მიერ გლობალური სახის მიღების მზარდ ტენდენციას, ტნკ-ების სწრაფვას განალაგონ საქმიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოახდინონ სტრატეგიებისა და ოპერაციების კოორდინაცია და ინტეგრაცია ეროვნულ საზღვრებს მიღმა. ამდენად, გლობალიზაციის პროცესი უკავშირდება გლობალური, ანუ მსოფლიო მასშტაბის მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, რაც ეროვნული ეკონომიკების მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას განაპირობებს.

ტრანსნაციონალურ კორპორაციებს გააჩნიათ გამორჩეული მენეჯერული ნიჭი, ფინანსური საშუალებები და ტექნიკური რესურსები, და ისინი ეწევიან უდიდეს საქმიანობას კოორდინირებული გლობალური სტრატეგიის ფარგლებში. ეს კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალიზაციის პროცესში: ზოგიერთის მტკიცებით გლობალიზაციის საპასუხოდ, ამჟამად, ტრანსნაციონალური კორპორაციის ახალი ფორმა, ე.წ. “გლობალურად ინტეგრირებული საწარმო” ვითარდება.

XXI ს-ის დასაწყისში მსოფლიოში 70 ათასზე მეტი ტრანსნაციონალური კომპანია და თითქმის 850 ათასი მათი ფილიალი არსებობდა. მსოფლიოს 500 უმსხვილესი ტნკ-დან 170 ევროპულია, 162 ამერიკული, 126 იაპონური, ხოლო 42 სხვა ქვეყნებიდანაა (სათავო ოფისის მიხედვით), მაგრამ ტნკ-ში დასაქმებულთა (სულ 75 მილიონ კაცზე მეტი) მხოლოდ 20% მოდის განვითარებულ ქვეყნებზე. ტრანსნაციონალური კომპანიები აწარმოებენ მსოფლიოს სამრეწველო წარმოების თითქმის ნახევარს, საგარეო ვაჭრობის 2/3-ს, გამოგონებების, ახალი ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუს პატენტებისა და ლიცენზიების 80%-ს. ტრანსნაციონალური კომპანიების კონტროლის ქვეშაა ცალკეული სასაქონლო ბაზრები. მაგ. ხორბლის, ყავის, სიმინდის, ხე-ტყის მასალების, თამბაქოს, ჯუთის და რკინის მადნის მსოფლიო ბაზრის 90%, სპილენძისა და ბოქსიტების ბაზრის 85%, ტყვიისა და კალის 80%, ნედლი ნავთობის, ნატურალური კაუჩუკისა და ბანანების ბაზრის 75%.

ტრანსნაციონალური კომპანიების საწარმოებში 70 მლნ-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ხოლო ინფრასტრუქტურისა და შერეული დარგების გათვალისწინებით 2-ჯერ მეტი. ისინი ყოველწლიურად ერთი ტრილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას აწარმოებენ. ტარნსნაციონალური კომპანიების 60% დაკავებულია წარმოების სფეროში, 37% – მომსახურების სფეროში და 3^ – მოპოვებით მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.

მსოფლიოს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციის რეიტინგი (2014 წ).

 

რანგი კომპანია ქვეყანა ბრუნვა

(ბილიონი$)

მოგება

(ბილიონი$)

აქტივები

(ბილიონი$)

კაპიტალიზაცია

(ბილიონი $)

1 ICBC ჩინეთი 148,7 42,7 3 124,9 215,6
2 China Construction Bank ჩინეთი 121,3 34,2 2 449,5 174,4
3 Agricultural Bank of China ჩინეთი 136,4 27,0 2 405,4 141,1
4 JPMorgan Chase აშშ 105,7 17,3 2 435,3 229,7
5 Berkshire Hathaway აშშ 178,8 19,5 493,4 309,1
6 Exxon Mobil აშშ 394,0 32,6 346,8 422,3
7 General Electric აშშ 143,3 14,8 656,6 259,6
8 Wells Fargo აშშ 88,7 21,9 1 543,0 261,4
9 Bank of China ჩინეთი 105,1 25,5 2 291,8 124,2
10 Petro China ჩინეთი 328,5 21,1 386,9 202,0

 

ტნკ-ები წარმოადგენენ მთავარ ძალას, რომელიც ჩვენი პლანეტის ინტეგრირებას ახდენს. მსოფლიო მიზნებისაკენ სწრაფვის პროცესში ტნკ-ები ახერხებენ ეროვნული მთავრობების ძალაუფლების დაძლევას. ტნკ-ებს, მათი გლობალური წარმოებისა და ალიანსების ბუნებიდან გამომდინარე, აქვთ უზარმაზარი ძალაუფლება, რომლის დახმარებით შეუძლიათ გააკონტროლონ ან გვერდი აუარონ ტრადიციულ ეროვნულ ეკონომიკურ საზღვრებს, პოლიტიკურ სისტემებსა და ძალაუფლების სხვა ცენტრებს. წამყვანი კორპორაციების მოტივები და ინტერესები არის გლობალური, მაგრამ, ამავდროულად, ვიწროკორპორაციული. ამიტომ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას, ამავდროულად, შეუძლია ბიძგი მისცეს პოლიტიკურ და სოციალურ დეზინტეგრაციას.

გლობალიზაციის პროცესმა არა მარტო ძალიან გაზარდა ტნკ-ების როლი მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ისინი საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად აქცია, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი სტრუქტურა და შინაარსი. ამის მაგალითია „ფორდ მოტორის” რეკონსტრუქცია. მისი მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია მთელ მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. მოხდა პროდუქციის სტანდარტიზაცია და ყველა საწარმოში ერთი და იგივე პროდუქცია იწარმოება, ამ შემთხვევაში – ავტომანქანა. აღნიშნული პროდუქცია აღარ არის რომელიმე ქვეყნის ნაწარმი, არამედ წარმოადგენს „მსოფლიო ავტომობილს” და მნიშვნელობა აღარ აქვს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია იგი დამზადებული. მარკა „დამზადებულია აშშ–ში” იცვლება მარკით “დამზადებული ფორდ მოტორში”. ხოლო თვით „ფორდ მოტორიც” ვეღარ ჩაითვლება ამერიკულ კომპანიად, რადგან იგი სათავო ოფისის გარეშეა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ გზას დაადგებიან სხვა ტნკ-ებიც, რადგან ეს გლობალიზაციის ეპოქის, XXI ს-ის მოთხოვნაა.

ამჟამად, არცერთი მნიშვნელოვანი პროცესი არ ხდება მსოფლიო ეკონომიკაში ტარნსნაციონალური კომპანიების მონაწილეობის გარეშე. ისინი პირდაპირ და ირიბად მონაწილეობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, და შეიძლება ითქვას, რომ ძირითად ძალას წარმოადგენენ, რომლებიც მსოფლიოს თანამედროვე და მომავალ იერსახეს აყალიბებენ. ისინი პირდაპირ მონაწილეობენ მსოფლიოს ეკონომიკური კავშირების მთელ სპექტრში და მსოფლიო მეურნეობის ”ლოკომოტივებს” წარმოადგენენ.

რა არის გეოგრაფია

0

რა არის გეოგრაფია?

მავანისთვის მეცნიერებათა კომპლექსია, მავანისთვის – პროფესია, ჩემთვის კი – მთელი ცხოვრება. ეს პათეტიკა არ გეგონოთ, ეს ხედვაა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა. ყველგან და ყველაფერში გეოგრაფიას ვეძებ და ვხედავ. გეოგრაფიაა გარემოში, ადამიანთა ყოფასა და ქცევაში, არჩევნების ანალიზსა და ეკონომიკის განვითარებაში, ოლიმპიადის და ჩემთვის არცთუ საყვარელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ანამორფული რუკების ანალიზი ხომ გეოგრაფიაა და სხვა არაფერი. ჩემმა ბავშვებმა ეს იციან და როცა მათთვის საინტერესო თემაზე სურთ საუბარი, კითხვას „გეოგრაფიულად” სვამენ, მერე კი ამაყი მზერით ელიან ჩემს გადაწყვეტილებას: „თავისუფალი” თემა თუ… რაღა დაგიმალოთ და მეც მიყვარს ასეთი გაკვეთილები. ამ დროს პროცესში ყველა ბავშვია ჩართული, ერთი იდეით არიან გაერთიანებულნი და ცდილობენ, თავიანთი მოსაზრება არგუმენტირებულად დაასაბუთონ. ეს უკანასკნელი, არგუმენტირებული დასაბუთება, კამათის წესების მთავარი მოთხოვნაა. და ვმსჯელობთ, ვკამათობთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, გეოპოლიტიკაზე, ისტორიულ მოვლენებსაც გადავწვდებით ხოლმე…

„არა, მაინც რა საოცრებაა ეს გეოგრაფია”; „მიყვარს გეოგრაფიის გაკვეთილი”; სახალისოა რა ეს გეოგრაფია…” – ამის მოსმენა, დამეთანხმებით, სასიამოვნოა.

ვცდილობ, ჩემი განწყობა და დამოკიდებულება ბავშვებსაც გადავდო, გეოგრაფიული აზროვნება ვასწავლო. მოვლენებისა და პროცესების გეოგრაფიული ანალიზი ბუნების მიმართ დამოკიდებულებასაც განაპირობებს, ქვეყნის სიყვარულსაც ასწავლის და ზოგადი განათლების მიზნებთანაც უშუალო კავშირი აქვს. ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მწერალი, პოლიტიკოსი და ესეის ჟანრის ფუძემდებელი მიშელ დე მონტენიც ხომ ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას გვირჩევს, რადგან ბუნება საუკეთესო წინამძღოლია.

მონტენი (1533-1592 წ.წ.) შუა საუკუნეების სქოლასტიკური (ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა) აღზრდის წინააღმდეგია. ის არ ეთანხმება მხოლოდ წიგნზე დამყარებულ სწავლებას, რომელიც არ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; მოითხოვს, თეორიას დაემატოს პრაქტიკა, წიგნებს – ცხოვრებასთან მჭიდრო კონტაქტი; უპირატესობას ანიჭებს საგნებსა და მოვლენებზე უშუალო დაკვირვებას, რადგან ბუნება საუკეთესო მასწავლებელია; დარწმუნებულია, რომ ყველა ბავშვშია სიკეთის ჩანასახი, რომლის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ბავშვს უნდა ვასწავლოთ გონებით მოქმედება, აზროვნება.

არც ისე ახალგაზრდა ყოფილა განათლების რეფორმა.

რას ნიშნავს გეოგრაფიული აზროვნება? ჩემთვის ეს ბუნებისა და ქვეყნის სიყვარულია. ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტად განათლებული, კულტურული ადამიანი, გეოგრაფიის საფუძვლები რომ არ იცოდეს. სასწავლო გეოგრაფია აფართოებს ადამიანის თვალსაწიერს, ავითარებს ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, სხვა ქვეყნებისა და ხალხების პატივისცემას.

სწარაფად ცვალებად 21-ე საუკუნეში პრიორიტეტებიც იცვლება. ამასთან ერთად იცვლება მოთხოვნაც მასწავლებლების მიმართ. მთავარი პრობლემა, რომელსაც დღეს მასწავლებელი ეჯახება, ის არის, როგორ გაუღვიძოს მოსწავლეს ინტერესი საგნის მიმართ, ჩამოუყალიბოს საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და ანალიზის უნარი. მთავარი მიზანი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელიც შემდეგ თვითგანვითარებას შეძლებს.

სამწუხაროდ, დღეს გეოგრაფიული განათლება ვერ იყენებს თავის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პოტენციალს, ამიტომ ჩვენი მოსწავლეები მზად არ არიან დამოუკიდებლობისთვის, არ ძალუძთ, აქტიურად და შემოქმედებითად გამოიყენონ მიღებული ცოდნა (ტრანსფერი). ეს მაიძულებს, გამუდმებით ვეძებო გამოსავალი, ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომ ჩემს მოსწავლეებს მუდამ ჰქონდეთ სიახლეების მოლოდინი.

„გაკვეთილზე არ მივდივარ შეშინებული და დათრგუნვილი, ვიცი, რომ ეს არ არის ტრადიციული გაკვეთილი, სადაც, იმიტომ, რაღაც ვერ მოვასწარი, ორიანს მივიღებ; ვიცი, რომ აქ თავისუფალი ვარ და ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ველი”, – ეს ჩემი მეცხრეკლასელების შეფასებაა.

„მას., თქვენ დათოს შანსი აღარ დაუტოვეთ. ის ყოველთვის სწავლობს გეოგრაფიას. ძალიან კარგად მოიქეცით, 10 რომ დაუწერეთ…” მეშვიდეკლასელების შეფასებით, მე სხვებს არ ვგავარ, იმიტომ რომ დაბალი ქულის შემდეგ უპრობლემოდ დავუწერე 10. მივხვდი, რომ ამით თითოეულის მოტივაცია გაიზარდა.

ასეთი შეფასებები მეც მიმაღლებს მოტივაციას და ვცდილობ, ვიპოვო ახალი ფორმები, გავახალისო გაკვეთილები, ვასწავლო ბავშვებს ფიქრი და აზროვნება, ყველაზე მარტივიდან გადავიდე რთულ, სააზროვნო დავალებებამდე, თუნდაც მწირი რესურსების საშუალებით, ტექნოლოგიების გამოუყენებლად. ყველაზე მეტად ასეთი სამუშაოები მომწონს, რადგან კომპიუტერს და სხვა დამხმარე რესურსებს ყოველთვის ყველგან ვერ გამოიყენებ. მარტო წიგნში მოცემული რუკებითაც შეიძლება სააზროვნო უნარების განვითარება. ერთი ასეთი დავალება მე-10 კლასში აზიის კონტინენტის შესწავლისას შევასრულეთ.

გთავაზობთ აქტივობას, რომლის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე რუკა: სახელმძღვანელოში მოცემული აზიის კონტინენტის რეგიონული, ქვეყნების განვითარების დონის მაჩვენებელი და პოლიტიკური რუკები.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია

დავალება შეიძლება განაწილდეს ჯგუფებში. თითოეულს ვარგუნებთ ერთ რეგიონს.
დავალება:

1. ამოწერონ რეგიონის ქვეყნები დედაქალაქებითურთ;

2. გაიხსენონ რეგიონის ქვეყნების სახელმწიფო მმართველობის ფორმები;

3. დაადგინონ რეგიონში შემავალი ქვეყნების განვითარების დონე (ჰუმანური განვითარების ინდექსი; ცხოვრების დონე);

4. ახსნან რეგიონის ქყვეყნების განვითარების დონის განსხვავების მიზეზები;

5. განსაზღვრონ თითოეული ქვეყნის როლი რეგიონში და განვითარების პერსპექტივები.

6. პრეზენტაციის შემდეგ გამოყონ ყველაზე დაწინაურებული 2 ან 3 რეგიონი და იმსჯელონ მიზეზებზე.

პირველი სამი დავალება გამოყენების დონეზეა. მოსწავლეებს აქვთ აზიის რეგიონებისა და ქვეყნების განვითარების დონის მაჩვენებელი რუკები, საიდანაც იღებენ ინფორმაციას და ახარისხებენ. ამავე დროს, ეს რუკები მათ ნომენკლატურის შესწავლაშიც ეხმარება.

მე-4, მე-5 და მე-6 დავალებები სააზროვნო დონეზე გამსვლელი დავალებებია, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური რუკისა და განვითარების მახასიათებლების დაკავშირებას, მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარებას.

P.S. ეს წერილი კარგა ხანია დავწერე. გაზეთში გაგზავნას ვაყოვნებდი, ზედმეტად ხომ არ ვაქებ-მეთქი საკუთარ შრომას, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა, რადგან პარალელურად საკუთარ კლასებში დაკვირვებას ვაწარმოებდი: იქ, სადაც ინტერაქტიულ გაკვეთილებს ვატარებ, უკეთესი შედეგია, ვიდრე კლასებში, სადაც ტრადიციული მეთოდებით ვაგრძელებ მუშაობას. განსაკუთრებით მეთერთმეტეკლასელებმა გამიპროტესტეს: – შარშან ასე არ ვმუშობდით და ხომ გახსოვთ, ყველა ჩართული იყოო. გამიხარდა. თავად დავაგეგმვინე ის გაკვეთილი.

ამოცანების ამოხსნა ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენებით

0

გეოგრაფიის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სახის რესურსის გამოყენებას. მათ შორის, ძალიან დიდი როლს ასრულებს ცხრილები, მრავალფეროვანი დიაგრამები, ფოტოები და ა.შ. დღეს განვიხლოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ უნდა ამოვხსნათ გეოგრაფიული ამოცანები მათი გამოყენებით.

ვრცლად

ზაფხული ზამთარში

0
ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტის კურორტი შარმ ელ შეიხი. მეც უკვე ორი წელია ზამთრის არდადეგებს ამ ქალაქში ვატარებ და მინდა მის შესახებ მოგიყვეთ.
შარმ ელ შეიხი სინაის ნ/კ-ის სამხრეთით, წითელი ზღვის სანაპიროზე, ე.წ. ”ეგვიპტის რივიერაზე” მდებარეობს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებამდე აქ პატარა სოფელი იყო, მაგრამ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, კარგი კლიმატური პირობებისა და მდიდარი ბუნებრივი სამყაროს გამო, ეს პატარა დასახლება სწრაფად განვითარდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა ტურისტებს შორის. ამასთან, ქალაქი საოცრად განსხვავდება სხვა ეგვიპტური ქალაქებისგან (ქაირო, ლუქსორი და ალექსანდრია) და უფრო მეტად ხელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ კურორტს მოგვაგონებს.

შარმ ელ შეიხი არაბულდან თარგმანში შეიხის ყურეს ნიშნავს, და მართლაც, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აკაბის ყურის დასავლეთ სანაპიროზე, თითქმის 30 კმ-ზეა გადაჭიმული. ქალაქს სამხრეთ-დასავლეთიდან ეროვნული პარკი რას-მოჰამედი აკრავს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – სახელმწიფო ნაკრძალი ნაბქი, რომელიც მას სინას მთიდან მონაბერი ქარებისგან და უამინდობისგან იცავს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – წითელი ზღვა ესაზღვრება.

ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს მის სატრანსპორტო მნიშვნელობას მთელ სინაის ნ/კ-ზე. შარმ ელ შეიხი საჰაერო ჭიშკარია მთელი სინაისთვის. საერთაშორისო აეროპორტი პირველი და ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტია სინაის ნ/კ-ზე. სწორედ მისი საშუალებით ხდება საჰაერო მიმოსვლა, არა მხოლოდ შარმ ელ შეიხიში, არამედ ნ/კ-ის სხვა კორორტებთანაც – დაჰაბასთან, ტაბიოსთან და ნუვეიბთან. 2007 წელს აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი, რომელსაც ერთდროულად 50 თვითმფრინავის მიღება შეუძლია.

შარმ ელ შეიხში ცხელი კლიმატია. ეს არცაა გასაკვირი. აქ ტროპიკული უდაბნოს ჰავაა და წლის განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობით ნალექი მოდის. ზაფხულში ტემპერატურა ჩრდილში +45 °C და ზოგჯერ უფრო მაღალიცაა. ყველაზე თბილი თვე აგვისტოა. იანვარ-თებერვალში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15 °C -ს აღწევს (იშვიათადაა – +10 °C) და ზოგჯერ საკმაოდ ცივი ქარიც კი ქრის (ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2000 წელს დაფიქსირდა – +5 °C), მაგრამ დღისით კაშკაშა მზე ანათებს და დამსვენებლები პლაჟებზე სიამოვნებით ბანაობენ და ირუჯებიან. ზღვაში წყლის ტემპერატურა +20 °C-ზე დაბლა არასდროს ჩამოდის, მათ შორის ზამთარშიც კი. წვიმები აქ ძალიან იშვიათია. ჰაერი კი მშრალი და თბილია წლის ნებისმიერ პერიოდში. სწორედ ასეთი კლიმატური პირობების გამო აქ დასვენება ზამთარში სჯობს, რადგან წლის ამ პერიოდში მაინც ზაფხულში აღმოჩნდებით.

შარმ ელ შეიხი წყალქვეშა ცურვისთვის არაჩვეულებრივი ადგილია. სუფთა და თბილი წყალი, მდიდარი წყალქვეშა სამყარო და დიდი რაოდენობით მარჯნის რიფები არაჩვეულებრივ პირობებს ქმნიან დაივინგითა და სნორკელინგით (წყლის ზედაპირზე ცურვა სასუნთქი მილისა და მასკის გამოყენებით) დაინტერსებულთათვის, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ტურისტების სამსახურშია მრავალრიცხოვანი დაივინგ კლუბები, წყალქვეშა ცურვის სკოლები, იახტები, ინსტრუქტორები, ასევე სპეციალური აღჭურვილობის (აკვალანგი, მასკა, ლასტები) გამქირავებელი პუნქტები.
წყალქვეშა სამყაროს მოყვარულთათვის ეწყობა ექსკურსიები რას-მუჰამედის ეროვნულ პარკშიც. შარმ ელ შეიხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით (ისრაელის მხარეს), 100 კმ-ში მდებარეობს ბედუინების ქალაქი დაჰაბი, რომელიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოს დაივერებს შორის. სუეცის არში კი 1941 წელს ჩაძირული სატრანსპორტო დანიშნულების გემი ”ტისტლეგორმია” და სწორედ მას სტუმრობენ შესაბამისი მომზადებისა და სერთიფიკატის მქონე დაივერები.

თითქმის მთელი შარმ ელ შეიხის სანაპიროზე, მცირე გამონაკლისების გარდა, წყალში შესვლისას აუცილებელია სპეციალური ფეხსაცმლის გამოყენება, რადგან პირდაპირ სანაპიროზე იწყება ბასრი მარჯნის რიფები, რომლებზეც არც თუ ისე სტუმართმოყვარე ზღვის ზღარბები ბინადრობენ.

შარმ ელ შეიხი ევროპული დონის კურორტია. მის სანაპიროზე სხვადასხვა კლასის და დონის 200-მდე სასტუმროა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან დამსვენებლები. თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აუზები. თუ სასტუმრო ზღვიდან დაშორებულია, ტურისტებს უფასო ავტობუსი ემსახურება.

ისტორიულად ქალაქი არ ექვემდებარება ერთიან განაშენიანებას და ამიტომ სხვადასხვა არქიტექტურული ”ოაზისების” გზით იზრდება. სწორედ მათზე გადის ქალაქის მთავარი მაგისტრალური ქუჩა – Peace Road-ის პროსპექტი, რომელიც ზღვის ნაპირას გაშენებულ უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ქალაქი-კურორტი რამდენიმე რაიონისგან შედგება, რომლებიც სანაპიროზე ძირითადი უბეების გასწვრივ მდებარეობენ. ესენია: შარმ ელ მაია, რომელიც ცნობილია თავისი ქვიშიანი პლაჟებითა და სასტუმროებით. სწორედ აქ მდებარეობს აღმოსავლური ბაზარი, ე.წ. ”Old Market”-ი; ჰადაბა, რომელიც ამავე სახელობის კლდოვან უბეშია და მარჯნის პლაჟებითაა ცნობილი; ქალაქის სხვა რაიონებია გარდენ-ბეი, კორალ-ბეი, შარკს-ბეი, რას-ნასრანი, ნაბქ-ბეი. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტადაა დაშორებული ნამა-ბეიდან და ნაბქის ეროვნული ნაკრძალის მხარეს მდებარეობს.

ნამა-ბეი კი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი და შარმ ელ შეიხის არაოფიციალური ცენტრია. შეიძლება ითქვას ნამა თავისებური ეგვიპტური და არაბული ლას-ვეგასია და აქ ცხოვრება პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ წყდება. ნამაზე შეხვდებით ფეშენებელურ სასტუმროებს, ელიტურ სავაჭრო ცენტრებს, კაზინოს, სპორტულ მოედნებს, დაივინგის ცენტრს, რესტორანებს, ღამის კლუბებს და სხვ. ნამა-ბეის პლაჟები ქვიშიანია და მას ”ხელოვნების ნიმუშებს” უწოდებენ.
შარმ ელ შეიხის ღამის ცხოვრება ცნობილია თავისი დისკოტეკებით, ღამის კლუბებით, კაზინოებით. ტურისტების საყვარელი ადგილია ”პრომენადი” – პოპულარული გზა ნამა-ბეიში. აქ გვიანობამდე მუშაობს სავაჭრო ცენტრები და ქუჩის კაფეები, სადაც სტუმრებს სთავაზობენ არაბულ, იაპონური და ევროპული სამზარეულოს კერძებს, ზღვის პროდუქტებს და, რა თქმა უნდა, ჩილიმს.

შარმ ელ შეიხში ყოფნისას შესაძლებელია ექსკურსიაზე წახვიდეთ და მოინახულოთ ქაირო, გიზას პირამიდები, ალექსანდრია, ლუქსორი, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, მოსეს მთა, ასევე გაემგზავროთ ისრაელში, პალესტინასა და იორდანიაში.

ქალაქის ცხოვრება ტურიზმის ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინგლისურად და რუსულად ლაპარაკობს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ტურისტების მიმართ კეთილგანწყობილები არიან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ისინი უფრთხილდებიან თავიან სამუშაოს შარმ ელ შეიხში, სადაც ცხოვრების დონე ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია. სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების მომსახურე პერსონალისთვის მუდმივად ტარდება ტრენინგები მომსახურების სფეროს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქში ჩვეულებრივ პოლიციასთან ერთად ფუნქციონირებს, ე.წ. ”ტურისტული პოლიციაც” (Touristiq Police) სპეციალურად მომზადებული თანამშრომლებით, რომელთა მთავარი საქმიანობა ქალაქის სტუმრების დახმარებაა.
შარმ ელ შეიხში ხშირად იმართება ეროვნული, პანარაბული და საერთაშორისო კონფერენციები. მაგ. 2005 წელს აქ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართა, 2006 და 2008 წლებში ქალაქმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ქალაქის საერთაშორისო კონგრესცენტრს ერთდროულად 4700 მონაწილის მიღება შეუძლია.

იმის გამო რომ, შარმ ელ შეიხი ზღვის სანაპიროზე გამავალი ორი ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული, ამიტომ ქალაქის განაშენიანების ხაზის სიგრძე 30 კმ-ია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობისათვის ხელსაყრელი სანაპიროს ხაზი მთლიანად ათვისებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალაქი მაინც იზრდება – კლიმატი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებისთვის მიმზიდველი ფაქტორებია.

თანამედროვე მონარქიული ქვეყნები

0

მონარქია (ბერძნ. μονάρχης: μόνος „მონოს” — ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ” — მმართველი, ლიდერი) საზოგადოების განვითარების ისტორიაში ყველაზე ძველი სახელმწიფო მმართველობის ფორმაა, როდესაც ძალაუფლება ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. წარსულში უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მონარქი, ანუ მეფე მართავდა. თავდაპირველად, მეფეს ხალხი ირჩევდა. მოგვიანებით, მეფეებმა თავიანთი ძალაუფლების გადაცემა მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე დაიწყეს. მეფეებს დიდიძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები. ამ პერიოდისთვის მონარქი აბსოლუტური მმართველი იყო. თუმცა ყველა ქვეყანაში მონარქის უფლებები განუსაზღვრელი არ იყო. შუმერების მმართველის ძალაუფლება ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შეზღუდული იყო. რესპუბლიკის ნიშნები შეინიშნებოდა ათენსა და რომში („ათენის დემოკრატია” – ძვ.წ. V-IV საუკუნეები და „რომის რესპუბლიკა”- ძვ.წ. 510 წ.). ჯუჯა სახელწიფო სან-მარინო, რომელიც მე-4 საუკუნეში დაარსდა, უძველეს რესპუბლიკად ითვლება.

პარლამენტარიზმის და ანტიმონარქიზმის პროცესის აღორძინება ინგლისის პარლამენტში მომხდარი პროცესებისა და საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ დაიწყო. თუმცა ქვეყნების უმრავლესობამ მმართველობის ფორმა მე-20 საუკუნეში შეიცვალა. ყველაზე ბოლო ცვლილება ნეპალის სამეფოში 2011 წელს მოხდა. ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა.

დღეს მსოფლიოში მონარქიის სამი ფორმაა გავრცელებული: კონსტიტუციური (საპარლამენტო), დუალისტური და აბსოლუტური.

მსოფლიოს მონარქიული ქვეყნები

როგორც რუკიდან ჩანს, კონსტიტუციური მონარქიული ქვეყნები ძირითადად ევროპის კონტინენტზეა: ანდორა, ბელგია, დანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი… ანდორა საპარლამენტო სამთავროა (საპარლამენტო დემოკრატია), ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის დაქვემდებარებაში. იგი უნიკალური მონარქიაა: სახელმწიფოს მეთაურია ურხელის (ესპანეთი) ეპისკოპოსი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

ლიხტენშტაინის სამთავრო და მონაკოს სათავადო კონსტიტუციური მონარქიაა დუალისტური მონარქიის ნიშნებით. დუალისტური მონარქია მმართველობის არამდგრადი ფორმაა, რადგან მონარქიც და პარლამენტიც ყოველთვის ცდილობენ უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვონ. მონარქს სურს თავისი ხელისუფლება აბსოლუტური გახადოს, ხოლო პარლამენტს კი – კიდევ უფრო შეზღუდოს მონარქის ხელისუფლება და მონარქია საპარლამენტო ფორმაში გადაიყვანოს. ამიტომაცაა, რომ დუალისტური მონარქიის ჩვენება კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე არც თუ ისე იოლია, ვინაიდან იგი ხან ერთი (აბსოლუტური მონარქიის), ხან მეორე (საპარლამენტო მონარქიის) ფორმისკენ იხრება.

მონაკოს თავადის უფლებები ფაქტობრივად შეუზღუდავია. 2002 წელს სათავადოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და ოფიციალურად საკანონმდებლო ორგანოს (ნაციონალური საბჭო) უფლებები გაიზარდა. ლიხტენშტაინის სახელმწიფო მეთაური არის თავადი. საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი ლანდგატი შედგება 25 დეპუტატისგან, აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს, პრინცს შეუძლია მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნა.

აზიის ქვეყნებიდან კონსტიტუციური მონარქია არის: ბუტანში, კამბოჯაში, იაპონიასა და ტაილანდში.

ბრუნეი, ომანი, ყატარი და საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიული ქვეყნებია. არაბთა გაერთიანებული ემირატები ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოა, რომელიც 7 აბსოლუტური მმართველობის საამიროსაგან შედგება.

ბრუნეი, საუდის არაბეთი და ვატიკანი ევროპაში აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიული ქვეყნებია, სადაც სახელმწიფოს მეთაური რელიგიური ლიდერია. საუდის არაბეთის კანონმდებლობა ყურანზეა დაფუძნებული. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია მეფე, რომელიც ქვეყნის რელიგიური ლიდერიცაა. მონარქის ხელისუფლება თეორიულად მხოლოდ შარიათის წესებითაა შეზღუდული. არაბეთის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც მეჯლის აშ-შურას უწოდებენ, 1992 წლიდან არსებობს. მეჯლის აშ-შურა წარმოადგენს სახელმწიფო სათათბიროს, რომლის კანდიდატებსაც თავად არჩევს თვით საუდის არაბეთის მონარქი. აქამდე მის წევრებად მხოლოდ მამაკაცები ინიშნებოდნენ, ოთხი წლის ვადით. საუდის არაბეთის მეფის, აბდულას (აბდულაჰ ბინ აბდულ აზიზი), განკარგულებით სახელმწიფოს 150-წევრიან უმაღლეს საკონსულტაციო საბჭოში 30 ქალი დაიშვება. პრეტენდენტმა ქალბატონებმა მთელი რიგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. მეჯლის აშ შურას წევრობის უფლება მხოლოდ 30 წელს მიღწეულ ქალბატონებს ექნებათ, ისინი თავიანთ პროფესიულ სფეროში მაღალკვალიფიციურობით უნდა გამოირჩეოდნენ.

ომანის სასულთნოშიც კონსტიტუციის მაგივრობას ყურანი ასრულებს.

ბაჰრეინი და ქუვეითი დუალისტური მონარქიული ქვეყნებია, მაგრამ მონარქები ინარჩუნებენ გარკვეულ ძალაუფლებას.

იორდანიასა და მალაიზიაში კონსტიტუციური მონარქიაა, მაგრამ მათი მონარქები გარკვეულ ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებენ. მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი პარლამენტს ანგარიშს არ უწევს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელი მხოლოდ მონარქის წინაშეა.

მაროკო, ლესოტო და სვაზილენდი (აფრიკა) კონსტიტუციური მონარქიაა. ლესოტოში მეფის ფუნქციები შეზღუდულია და საცერემონიო ფუნქცია აქვს, იგი ნაციონალური ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. სვაზილენდში კი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მეფის ხელშია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლებაც გააჩნია.

ტონგას სამეფო ოკეანეთში ერთადერთი მონარქიული ქვეყანაა, თუ არ ჩავთვლით თანამეგობრობის ქვეყნებს, სადაც სახელმწიფოს მეთაურად ითვლება გაერთიანებული სამეფოს დედოფალი. ტონგაში ეტაპობრივი პოლიტიკური რეფორმა ტარდება. კონსტიტუციის თანახმად, მეფის პიროვნება უზენაესია, ის ყველა ბელადის და ტონგის მთელი ხალხის მეთაურია, მართავს ქვეყანას, მაგრამ პასუხისმგებლობას მინისტრები იღებენ.

ტონგას სამეფო

ინდონეზიის რესპუბლიკაში არის ყველაზე პატარა პროვინცია ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონი, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს. იგი ერთადერთი პროვინციაა ინდნონეზიაში, რომელიც ჯერ კიდევ კოლონიალიზმამდელი მონარქიის გზით იმართება. ჯოკიაკარტის სულთანი პროვინციის მემკვიდრეობითი გუბერნატორია. დედაქალაქია ჯოკიაკარტა. მდებარეობს იავის სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს, მთლიანად მოქცეულია ცენტრალური იავის პროვინციის შიგნით. 2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 3 452 390 ადამიანს შეადგენს.

ჯოკიაკარტა (ინდონეზია)

ახალი ზელანდიის დაქვემდებარებაშია ტოკელაუ, რომელიც სამი ატოლისგან შედგება. დამოკიდებული ტერიტორიის სახელმწიფოს მეთაურია ახალი ზელანდიის მონარქი ( დედოფალი ელისაბედ II). ატოლებს მართავს საბჭო, რომელიც კუნძულების სამი ბელადისგან შედგება. 2006-2007 წლებში ტოკელაუსთვის ახალი სტატუსის (თავისუფალი ასოციაცია) მისანიჭებლად რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა. მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 60%- მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებელი ასოციაციის შექმნას (საჭირო იყო მოსახლეობის 66 % -ის მხარდაჭერა). შესაბამისად, ტოკელაუმ შეინარჩუნა ძველი სტატუსი: არათვითმართვადი ტერიტორია სხვისი მართველობის ქვეშ.

დღეისათვის ტოკელაუ წარმოადგენს ახალი ზელანდიის სამფლობელოს, იმართება 1948 წლის ტოკელაუს აქტისა და 1963 – 1999 წლებში მასში შესული შესწორებების საფუძველზე. ამ დოკუმენტის თანახმად ახალი ზელანდია უზრუნველყოფს ტოკელაუს კუნძულების თავდაცვას.

უგანდას რესპუბლიკა (აფრიკა) დაყოფილია 80 ოლქად და 4 ადმინისტრაციულ რეგიონად: ჩრდილო, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებად. ოლქები დაყოფილია სოფლებად და ქალაქებად. ხშირად ოლქების სახელი გამომდინარეობს მათი მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრებისა და ქალაქებისაგან. ქვეყნის მმართველი ადმინისტრაციის პარალელურად შემორჩენილია 6 ტრადიციული ბანტუს სამეფო, თავიანთი კულტურული ავტონომიებით. ეს სამეფოებია: ტორო, ანკოლე, ბუსოგა, ბუნიორო, ბუგანდა და რვენზურურუ. ანკოლე არის არაოფიციალური დობილი ვენდურეს სამეფოსი, რომელიც მდებარეობს ვიქტორიაში, ავსტრალიაში. უგანდის მნიშვნელოვანი ქალაქებია: 1. გულუ 2. ენტებე 3. კამპალა (დედაქალაქი) 4. მასაკა 5. მბალე 6. მბარარა 7. სოროთი 8. ჯინჯა.

ბოტსვანას რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის ერთ-ერთი პალატა ბელადთა პალატაა. იგი შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრი წარმოდგენილია მსხვილი ტომების ბელადებისგან, 4 არჩეული წევრია და 3 – დანიშნული.

ზიმბაბვეშიც ორპალატიანი პარლამენტის ერთი სენატი ადგილობრივი ტომების ბელადებისგან (16 წევრი) შედგება.

ნიგერიის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში ისლამური სახელმწიფო სოკოტო მდებარეობს, რომელიც 1800 წელს შეიქმნა. სოკოტოს მართავს ხალიფა. სოკოტოში მიიღეს შარიათის კანონი. მე-20 საუკუნეში ნიგერიის შემადგენლობაში შესული სოკოტო დღესაც ინარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც მუსულმანების სულიერი წინამძღოლი.

განას რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ადრეფეოდალური სახელმწიფო აშანტი. მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ოლქის სტატუსი მონარქიის ნიშნებით.

გეოგრაფიული ამოცანები მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით

0
მათემატიკურ გამოთვლებს გეოგრაფიაში ხშირად იყენებენ. მაგალითად, ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის მოსახლეობის რაოდენობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების გამოსათვლელად, მასშტაბის საშუალებით მანძილის განსაზღვრისთვის, თერმული თუ ბარომეტრული გრადიენტით მთის სიმაღლის დასადგენად და სხვ.
გთავაზობთ რამდენიმე გეოგრაფიულ ამოცანას, რომლებიც მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით სრულდება.
1. დედამიწის გარშემო მოგზაურობისას როდის უფრო მოკლე მანძილს გაივლით – 50°-იან პარალელზე მოძრაობისას თუ ეკვატორის გასწვრივ გადაადგილებისას? პასუხი დაასაბუთეთ და აჩვენეთ ყველა საჭირო გამოთვლა. გაითვალისწინეთ, რომ 50°-იან პარალელზე 1° = 71,7 კმ.
პასუხი: უფრო მოკლე მანძილს გაივლით 50°-იან პარალელზე მოძრაობისას. ეკვატორის სიგრძე დაახლოებით 40 000 კმ-ია და ის ყველაზე გრძელი პარალელია. 50°-იან პარალელზე 1° = 71,7 კმ. თუ 71.7 კმ-ს გავამრავლებთ 360°-ზე (პარალელის სიგრძე გრადუსებში), მივიღებთ 25812 კმ-ს, რაც 40 000 კმ-ზე გაცილებით ნაკლებია.
2. გამოთვალეთ მდინარე ქსანის ვარდნა და დახრილობა შემდეგი მონაცემების მიხედვით: მდინარის სიგრძე – 84 კმ, სათავის ადგილი და სიმაღლე – ყელის ტბა, ზ. დ-დან 2914 მ, უერთდება მდინარე მტკვარს სოფელ ხიდისყურთან ზ.დ-დან 475 მ სიმაღლეზე.
პასუხი: მდინარის ვარდნა გამოითვლება სათავის სიმაღლესა და შესართავის სიმაღლეს შორის სხვაობით: 2914 მ – 475მ = 2439 მ. მდინარის დახრილობა გამოითვლება მდინარის ვარდნის შეფარდებით მდინარის სიგრძესთან: 2439 მ = 2,4 კმ; 2,4 / 84 = 0,026.
3. ცხრილში მოცემული მონაცემების გამოყენებით შეადარეთ ერთმანეთს ქვეყნების ნავთობით უზრუნველყოფა. განალაგეთ ეს ქვეყნები რესურსუზრუნველყოფის ზრდადობის (უმცირესიდან უდიდესისკენ) მიხედვით. აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.
ქვეყანა ნავთობის დაზვერილი მარაგი, მლრდ ტ ნავთობის მოპოვება, მლნ ტ წელიწადში
ნორვეგია 1,1 128
ნიგერია 4,9 120
რუსეთი 11,0 480

პასუხი: 1 – ნორვეგია; 3 – რუსეთი, 2 – ნიგერია.

ახსნა: რესურსუზრუნველყოფა იანგარიშება რესურსის მარაგის მოპოვებაზე გაყოფით. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები იქნება: 1) ნორვეგია – 1100/ 128 = 8; 2) ნიგერია – 4900/120 = 40; 3) რუსეთი – 11000/480 = 22

4. ცხრილშიმოცემული ა, ბ და გ ქვეყნების დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით განსაზღვრეთ, რომელ ქვეყანაშია ხანდაზმული მოსახლეობის წილი ყველაზე დიდი მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში. აჩვენეთ გამოთვლის პროცესი და ახსენით არსებული სიტუაციის მიზეზი.

დემოგრაფიული მაჩვენებლები ა ქვეყანა ბ ქვეყანა გ ქვეყანა
მოსახლეობის საერთო რაოდენობა, მლნ კაცი 8,0 149,0 38,0
15 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობა, მლნ კაცი 1,3 49,2 16,7
65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, მლნ კაცი 1,2 7,5 1,5
შობადობა, 9 27 41
ბუნებრივი მატება 9 8 14
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, წელი 80 62 50
საქალაქო მოსახლეობის წილი, % 67 24 23
მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე, კაცი/ კმ² 99 1035 14

პასუხი: ასაკოვანი მოსახლეობის წილი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. ამოხსნა: 1. აუცილებელია, გამოთვალოთთითოეული ქვეყნის 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი (D) ქვეყნის მთელ მოსახლეობასთანმიმართებით: D ( ქვეყანა ) = 1,2/8,0 = 0,15; D ( ქვეყანა) = 7,5/149,0 = 0,05; D ( ქვეყანა) = 1,5/38,0 = 0,04; ესმაჩვენებლები პროპორციის მეთოდის გამოყენებით გადავიყვანოთ პროცენტებში: ქვეყანა – 15 %, ქვეყანა – 5% და ქვეყანა – 4%. შესაბამისად, ასაკოვანი მოსახლეობის წილი ყველაზე მაღალია ა ქვეყანაში; 2. მიზეზები: დაბალიშობადობა ქვეყანაში, ასევესიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებელი.

5. ცხრილში მოცემულია N ქალაქის სტატისტიკური მონაცემები. გააანალიზეთ და დაადგინეთ: 1. რას უდრის მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი ‰-ში 2012 წელს. გამოთვლისას გამოიყენეთ მოსახლეობის საშუალო წლიური რაოდენობის მაჩვენებელი. მიღებული შედეგი დაამრგვალეთ მეათედებამდე. 2. რას უდრის მოსახლეობის მიგრაციული ნამატის (კლების) სიდიდე 2012 წელს? აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.

N ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა და ბუნებრივი მატება

მაჩვენებლები 2011 წ. 2012 წ. 2013 წ.
მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრისთვის, კაცი 695 482 692 435 690 612
მოსახლეობის საშუალო წლიური რაოდენობა, კაცი 693 958 691 524 არ არის მონაცემი
მოსახლეობის ბუნებრივი მატება, კაცი, მონაცემი მოცემულია 1 წელზე -746 385 არ არის მონაცემი

პასუხი: 1. გამოთვალოთ მოსახლეობის ბუნებრიივი მატების მაჩვენებელი: 385 : 691524 х 1000 = 0,6‰; ამრიგად, N ქალაქის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უდრის −3,7‰-ს.

2. იმის დასადგენად, როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა 2012 წელს, საჭიროა, მოსახლეობის რაოდენობას 2013 წლის 1 იანვრისთვის გამოვაკლოთ მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის 1 იანვრისთვის:

690 612 – 692 435 = -1823; -1823 – 385 = -2208 კაცი.

ეს რიცხვი არის მოსახლეობის ბუნებრივი და მიგრაციული (მექანიკური) ნამატის ჯამური მაჩვენებელი 2012 წელს. მიგრაციული მატების სიდიდე რომ გავიგოთ, საჭიროა, ვიპოვოთ სხვაობა გამოთვლილ მაჩვენებელსა და ცხრილში მოცემულ მონაცემს შორის: -1823 – 385 = -2208 კაცი.

ამრიგად, 2012 წელს N ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 1823 კაცით. ბუნებრივი მატების ხარჯზე მოხდა მოსახლეობის საერთო რაოდენობის ზრდა 385 კაცით. მიგრაციულმა მატებამ შეადგინა -1823 – 385 = -2208კაცი.

6. ცხრილში მოცემული მონაცემების გამოყენებით შეადარეთ ურუგვაისა და ნეპალის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი და სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნების მშპ-ს მთლიან მოცულობაში. გამოიტანეთ დასკვნა: რომელი ქვეყნის ეკონომიკაში ასრულებს სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს. პასუხის დასასაბუთებლად აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.

ურუგვაისა და ნეპალის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, 2010 წელი

ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობა, მლნ კაცი მშპ-ის დარგობრივი სტრუქტურა (%) მშპ-ის მოცულობა, მლრდ დოლარი სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ-ის მოცულობა, მლრდ დოლარი
სოფლის მეურნეობა მომსახურების სფერო მრეწველობა
ურუგვაი 3,4 11 67 22 40 3,8
ნეპალი 28 66 20 14 17 5,8

პასუხი: 1. ურუგვაის სოფლის მეუნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 11%, ხოლო ნეპალში – 66% ანუ 6-ჯერ მეტი. 2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ-ის მოცულობა ურუგვაიში შეადგენს (3,8х100)/40=9,5%-ს, ნეპალში კი – (5,8х100)/17= 34%-ს. მაშასადამე, სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ-ის მოცულობა ნეპალში უფრო მაღალია და, შესაბამისად, ნეპალში სოფლის მეურნეობა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ტესტები შემაჯამებელი გაკვეთილებისთვის

0
ტესტის შედგენა საკმაოდ დიდ დროსა და ცოდნას მოითხოვს. როგორც წესი, ყოველი სასწავლო წლისთვის ახალ ტესტებს ვადგენ, რადგან წინა წლის მასალა უკვე მოძველებულად არარელევანტურად მეჩვენება. თითოეულ კლასთან ხომ ინდივიდუალური მიდგომა და მუშაობაა საჭირო. შესაბამისად შედეგიც განსხვავებულია და შეფასების კრიტერიუმებიც.

მინდა შემოგთავაზოთ ტესტური დავალებები საქართველოს გეოგრაფიის შემაჯამებელი გაკვეთილისთვის.

როგორც წესი, ტესტები მარტო მასალის დამახსოვრებაზე ორიენტირებულ შემოსახაზ დავალებებთან ასოცირდება, რომელსაც მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი აქვს, სააზროვნო მაღალ დონეზე გამსვლელ ღია კითხვებში კი – მარტო ტექსტის (დამახსოვრებული) წერილობითი გადმოცემა.

გთავაზობთ ტესტებს, რომლებზეც პასუხის გასაცემად საჭიროა გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გაანალიზება. დავალებები შედგენილია სხვადასხვა სახის თვალსაჩინოების, კერძოდ კი, ფოტოების, სქემების, დიაგრამების, ცხრილებისა და რუკების გამოყენებით. ასეთი დავალებები სემიოტიკური კომპეტენციებსაც ამოწმებს

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...