ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთხელ თამთამ იტირა

მგონი, მითქვამს თქვენთვის, რომ კლასში ხმამაღალი კითხვა ჩემთვის სწავლების ერთ-ერთი საყვარელი სტრატეგიაა: პირველი იმიტომ, რომ ამის შემდეგ გული ოდნავ მიმშვიდდება_ მოსწავლემ სახლშიც რომ აღარ წაიკითხოს, ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი ტექსტი; ხოლო მეორე და უფრო საკრალური მიზეზი ის არის, რომ ამ გზით კლასს მეტნაკლებად გადავცემ ჩემს დამოკიდებულებას კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ: ხმის ტონი, ემოცია და ვიბრაცია, მნიშვნელოვანი მონაკვეთების მახვილებისა და აქცენტების მეშვეობით ხაზგასმა (რასაკვირველია, მოზომილი პათეტიკით) იქცევა დამატებით საშუალებად მასწავლებლის ხელში, რომ მოსწავლეებს გააგებინოს ის მთავარი, რაც ხშირად სიტყვებს შორის იკარგება ანდა ინტერპრეტირებისას უფერულდება.

თუმცა ყველა მასწავლებელმა და მსახიობმა იცის ერთი რამ: არტისტულ შემართებას ფრთები სცვივა მაშინ, როდესაც აუდიტორია ,,არ გყვება”. ერთი და იმავე ასაკის მოსწავლეებთან ერთსა და იმავე თემაზე დაგეგმილი ორი გაკვეთილი, კლასის ემპათიის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. განსაკუთრებით საორჭოფო ეს პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ცდილობ, მოსწავლეებმა კონკრეტულ საკითხს იუმორით შეხედონ:

_ მოდი, ვნახოთ, როგორი იყო იდეალური მიჯნურის პარამეტრები მე-12 საუკუნეში და ყველამ საკუთარ გულში ვაღიაროთ, დავაკმაყოფილებდით თუ არა ყველა ამ მოთხოვნას:

,,მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა”…

ეს ჩამონათვალი, მართალი რომ გითხრათ, ქვეცნობიერად მაშინებს, რადგან მახსენებს სხვა, გრძელსა და მაქსიმალისტურ ნუსხას _ როგორი უნდა იყოს იდეალური მასწავლებელი. იმ მოთხოვნათა სია, რომლებსაც პედაგოგს საზოგადოება უყენებს, მრავალნაირი არსებობს და ყველა მათგანი შეიცავს ერთ აუცილებელ კომპონენტს _ მასწავლებელს ერთნაირი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველა მოსწავლის მიმართ და ყველა მათგანს თანაბრად უყოფდეს თავის ყურადღებასა და კეთილგანწყობას.

შესაძლებელია თუ არა, რომ მასწავლებელი ყველა მოსწავლის მიმართ თანაბარი სიმპათიით იყოს განწყობილი? ასე ვთქვათ, მზესავით სწორად მოეფინებოდეს ყველას? თუნდაც თავის გულში არ გამოარჩიოს ის, ვინც, ვთქვათ, ცამეტი წლისაა და უკვე ,,მარტინ იდენი” წაიკითხა და თამამად (სწორადაც) მსჯელობს მასზე? ვისაც ისე შეუძლია თხზულებების წერა, რომ მასწავლებელს თვალზე ცრემლს მოადენს  ანდა გულიანად აცინებს? ვინც ახსნისას თვალებში გონიერი მზერით უყურებს და ყველა საკითხზე დამოუკიდებელი აზრი გააჩნია? ანდა უბრალოდ, ვინც ისეთი კეთილი და გულუბრყვილოა, რომ უნებურად მისი დაცვის სურვილს გიჩენს? გამოვტყდები, მე ეს ძალიან მიჭირს.

შეუძლებელია ამ საკითხზე საუბრისას არ გაგახსენდეს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ცნობილი პასაჟი, რომელშიც ავტორი წერს, რომ მათემატიკა არაზუსტი მეცნიერებაა, ვინაიდან რიგითი ობივატელი და სერვანტესი ვერ იქნებიან ერთს პლუს ერთი. აი, შეიძლება მათემატიკის მასწავლებლებისთვის იყოს ყველა ბავშვი თანაბრად გულშესავარდნი…

მასწავლებლობა ერთ-ერთი ჩვეულებრივი პროფესიაა, თავისი ყოველდღიური და დამღლელი რუტინით, რომელსაც ადამიანები გვილამაზებენ და ადამიანებივე ხდიან ჩვენთვის უსიამოს. ნებისმიერ სხვა სამსახურშიც, თუკი გვინდა, რომ წარმატება და კოლეგების ემპათია ჩვენი თანმდევი იყოს, ასევე გვიწევს, რომ ჩვენც ყველასთან თანაბრად კეთილგანწყობილი და ამავდროულად, დისტანციური ურთიერთობა გვქონდეს. მაგრამ, დროთა განმავლობაში, კრიტიკულ სიტუაციებში, მაინც ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, ვიღაც ჩვენთვის უფრო მიმზიდველი და მისაღებია, ვიღაც კი _ პირიქით. და ეს სრულებით ბუნებრივია…

 ცხადია, რომ ჩვენი მოსწავლეებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბავშვები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები გახლავან და მათთანაც ჩვეულებრივ მიმდინარეობს ის ზემოთაღწერილი ,,საყოფაცხოვრებო ქიმია”, რომელიც გვაიძულებს, რომ ზოგიერთი ადამიანის გვერდით უკეთ ვიგრძნოთ თავი, ესეც ბუნებრივია…

მაგრამ ერთ დღეს თამთამ გვერდზე გამიხმო. თამთა მერვე კლასში იყო, იმ მოსწავლეთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ქარაშოტივით რომ შეისრუტავენ ყველაფერს, რასაც ახსნისას ეტყვი და უდანაკარგოდ განათავსებენ უმაღლესი ხარისხის მეხსიერების ბარათებზე, რომლებიც თვით ღმერთისგან მიიღეს საჩუქრად და თავში ინახავენ; სამაგიეროდ, მისი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა და საოცარი მიზანდასახულობა იმ მშვენიერი კარიერის გზას უწინასწარმეტყველებდა, რომელსაც უკვე საკმაოდ მყარად ადგას. ჯერ კიდეც ვერ ესწავლა, როგორ დაეფარა წყენა, თუკი ცხრა ქულით შეაფასებდი. გამიხმო და უცებ ატირდა:

_ დათო ყველა მასწავლებელს განსაკუთრებით უყვარს, იმიტომ რომ ჭკვიანია; ანა _ რადგან ლამაზია; ქეთი ყველა მასწავლებელს ტოლივით ელაპარაკება, მე და ირაკლი კი ჩვეულებრივები ვართ.

,,ყველა მასწავლებელში” მეც ვიგულისხმებოდი… დღემდე იმედი მაქვს, რომ მარტო მე არ ვიგულისხმებოდი _ თითქოს ცოდვის გაყოფა ცოდვას ამსუბუქებდეს.

თამთა ყოველდღე იტანჯებოდა, რადგან ჩვენ, მისმა მასწავლებლებმა, ვერ გავუღვიძეთ და გავუღვივეთ საკუთარი არაჩვეულებრივობის შეგრძნება, ვერ დავუფასეთ ის საათები, რომლებსაც თავაუღებელ მეცადინეობაში ატარებდა. არასოდეს აღგვინიშნავს, რომ მისი დიდური მონდომება და კეთილსინდისიერება, ასე ნელ-ნელა და თანდათან რომ მოჰქონდა შედეგი, ყველასთვის მისაბაძი უნდა ყოფილიყო, როგორც დათოს ნიჭიერება, ანას თანდაყოლილი მომხიბვლელობა, ქეთის სილაღე და დამოუკიდებლობა… თამთამ უჩვენოდაც იპოვა საკუთარი თავი.

ნარატივის კანონებით მას თამთა უნდა ერქვას, მაგრამ თამთა ბოლოს მაშინ ვნახე პირადად მერვე კლასი რომ დაამთავრა. ნინი და მე მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა, უკვე რამდენიმე წელია, ყოველთვე ვხვდებით ერთმანეთს და მთელი თვის ამბებს ვუყვებით. უფრო ხშირად მე ვლაპარაკობ, ის კი გულმოდგინედ მისმენს და მერე ჩემს ნათქვამს აანალიზებს. მის დასკვნებს ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები, მისი ყველა სიტყვა და აზრი, ყველა მონათხრობი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა ჩემთვის. მის გვერდით ერთდროულად ახალგაზრდაც ვხდები და ვღვინდები კიდეც. ეს ყველაზე უცნაური მეგობრობაა ჩემთვის და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არ ვნანობ, რომ მოსწავლის მიმართ სუბიექტური ვიყავი. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც იდეალური მასწავლებელი ვიყავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი