სულ სხვა მინდია

მას არც მზე გასწითლებია, არც ,,მასკვლავი“ ჩამოსულა და არც მთვარე დამდგარა უკუღმა მისი სიკვდილის გამო…საერთოდაც, არ მომკვდარა.

ის არც ქისტებს ჰყოლიათ ტყვედ.

 მით უმეტეს – არც  ქაჯებს.

 არც მზისფერ ხადიშათზე უოცნებია, არც საკუთარი ლანდი დაუკარგავს, არც სამყაროს ხმები ესმის და თავი არ მოუკლავს სამყაროს უარმყოფელს…

სულ სხვა მინდიაც ჰყავს ვაჟას, მისი ცხოვრება არც მისტიკით, არც ღმერთთან თანაზიარობით, არც ტრაგიზმით არ არის სავსე. უბრალოდ, თორმეტი ქისტის ,,მამკლავია“ და ზის ,,შუბლმთვარიან“ ცხენზე,რომელიც ირემს უფრო ჰგავს, ვიდრე ცხენს.

ეს სულ სხვა მინდია ალუდას გულშემატკივარია და, ალბათ,მეგობარიც.

***

მინდიას ,,მიახარეს“ ხევსურებმა ალუდას აუგი და იწყინა ძალიან.

 სააუგო რა სჭირდა ალუდას, ალბათ, ის უთხრეს, მოიტყუაო (ვერ დაიჯერეს,მარჯვენა რომ არ მოსჭრა ქისტს). რეაქცია შესაბამისი ჰქონდა: ,,იწყინა,შუბლი დაკეცა ნაოჭით ზარიანითა“. საიდანღაც ახალმოსული არც დაფიქრებულა, ისე მოემზადა ისევ წასასვლელად, რათა ალუდას სახელი დაეცვა. ალუდა არც უნახავს, არც არავის დაუვალებია. უბრალოდ, დაიბარა, დაღამებამდე, ,,სანამ დაბრძანდეს მრავალი“, დავბრუნდებიო. თავისთავად ეს ფაქტი, სხვისი სახელისთვის ზრუნვა,დიდი ღირსებაა ადამიანისთვის და ვაჟა  კაი ყმის თვისებად ასახელებს: ,,სხვისა იუბნოს სახელი“.

მინდიას რომ ეგონა, იმაზე დიდი დრო დასჭირდა დასაბრუნებლად. მოსულს მთელი შატილი დახვდა, არავისთვის მიუქცევია ყურადღება, ახალგაზრდებს მიმართა:

,,ახლებო, სისხლი გიფუისთ,

სჭრითა და ჰკერავთ გულითა,

გულს ათრევინებთ გონებას,

თავს აჭრეინებთ ცულითა,

ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა

მის ვაჟკაცურის რჯულითა!

ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,

გული გონება ძმანია.

მართალი არი ალუდა,

თავს არ დამექცნენ ცანია!

მინდიას პიროვნების ამოსაცნობად ეს მონოლოგია ყველაზე ბევრისმთქმელი.

ის ორ რამეში ადანაშაულებს ახალგაზრდებს. პირველი იმაში, რომ ,,გულს გონებას ათრევინებენ“ ანუ გულისთქმას აჩაგვრინებენ გონებას და მხოლოდ გულით,ემოციით მოქმედებენ. და მეორე, რომელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს: ადვილად ვერ ცნობენ  ვაჟკაცს ,,მის ვაჟკაცურის რჯულითა“.

გული – დ გონება რომ ძმანია, ეს არ ახალია,ძველია, რადგან რუსთაველმა კარგად ახსნა ადამიანის ამ ორი მიდგომის ჰარმონიულობის აუცილებლობა:

 ,,გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან
“.

მინდია ეუბნება ახალგაზრდებს,რომ საღი განსჯა, სწორი ფიქრი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,როცა გული და გონება ჰარმონიულად ,,თანაცხოვრობენ“ და მათ შორის არც ერთი არ არის დომინანტი.

ასმათი ავთანდილს ეუბნება, რომ გული წინამძღოლივითაა,ის თუ წავა, ან საითაც წავა, ცნობა-გონებაც(ანუ ახალი სალიტერატურო ქართულით: გონება და ფიქრი) მას მიყვება და არ შეიძლება, ესენი ცალ-ცალკე არსებობდნენ. მთავარია,საით გაიწევს გული.

სწორედ გული იყო, ალუდას მუცალი რომ შეაბრალა და ქალივით აატირა: ,,ალუდას თოფი არ უნდა, ატირდა,როგორც ქალიო“… ამბობს კიდეც შატილში დაბრუნებული ალუდა ძალიან გულ წრფელად და ძალიან გულ უბრყვილოდ:

,,გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.

ორივე შემთხვევაში, ვაჟასთანაც და რუსთაველთანაც,  გული წინამძღოლის, წარმმართველი ძალის როლს ასრულებს. უგულო ადამიანი რომ ადამიანობას კარგავს, ამას რუსთაველი ძალიან კარგად აყალიბებს ერთ სტრიქონში: ,, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან,“ – უგულოდ ვეღარ ადამიანობს ადამიანი და ადამიანებისგან გარიყული რჩებაო.

ვაჟა იმავეს,მაგრამ უფრო მძაფრად და ცოტა სხვანაირად ამბობს ,,ბახტრიონში“:

,, მკვდარია უგრძნობი კაცი,

უსაზარლესი მკვდარზედა,

მით რომე სიცოცხლე უდგას

სალის ყინულის ტახტზედა.

არ ებრალება მოყვასი,

მის წინ რო აცვან ჯვარზედა.

ისე მოკვდება, ვერ შედგეს

ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.

შორს არის, მეტად შორს არის

დაშორებული მაზედა.

ჭაობში არის ჩაფლული,

ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.

საზარელია დადგომა

უგრძნობელობის გზაზედა,“– რაც არ უნდა უგრძნობი იყო,ეს სიტყვები მაინც მოგხვდება გულზე და სულსა და ფიქრს ერთნაირად აგიფორიაქებს.

მაშინ რატომ იწყებს თავის საყვედურს ახალგაზრდებისადმი მინდია ასე: ,, სჭრითა და კერავთ გულითა“?

 საქმეც ეგაა,რომ ახალგაზრდები მხოლოდ და მხოლოდ გულით მოქმედებენ და მათ გულით ნამოქმედარს ,,ცნობა-გონება“ თან არ მიყვება.

ალუდა სხვაა. გულით კი მოქმედებს, მაგრამ გონება თან მიყვება მის ნამოქმედარს. ეს მის ყოველ შემდგომ ნაბიჯში კარგად ჩანს:

,,ყმა მოიდოდა გორიგორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია,“ – ეს ნისლები მისი გონების ფიქრია, რომელიც გულში აღძრულმა გრძნობამ წარმოშვა. ამას  სიზმარი მოჰყვა (როცა ალუდა თავის სიზმარს ყვება, შეუძლებელია, გალაკტიონის ეს სიტყვები არ გაგახსენდეს: ,, მე ვხედავ სიზმრებს, არა თქვენებურს“), მერე ზოგადად ტრადიციის წინააღმდეგ გალაშქრება, მერე რჯულის წინააღმდეგ მტრის სიყვარულის გამო წასვლა.

ძნელია თქმა, გამოიცნო თუ არა მინდიამ ალუდას ქცევის მოტივი და ძნელია კიდეც მოსთხოვო, გამოეცნო, რადგან მას არც ალუდასა და მუცალის ორთაბრძოლა უნახავს, არც ალუდას გულწრფელი ლაპარაკი მოუსმენია თემის წინაშე, არც ალუდასნაირი სიზმრების ,,მსინჯველია“. მაგრამ ერთია, მინდიას ლამის ინტუიციურად სჯერა ალუდასი, რადგან ,ზოგადად,  ,,ვაჟკაცობის რჯულის“ სჯერა. მეორე ბრალდება სწორედ ეს არის: ,,ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა,მის ვაჟკაცობის რჯულითა“.

რა არის ვაჟკაცობის რჯული,რომელიც ძალიან კარგად იცის მინდიამ და ჯერ კიდევ კარგად არ იციან ახალგაზრდებმა გულ-გონების ჰარმონიის დარღვევის გამო?

 ეს ვაჟკაცობის რჯული თუ მანიფესტი ვაჟას სხვა ნაწარმოებში აქვს კონკრეტულად,ლამის პუნქტობრივად, ჩამოყალიბებული. ამ სხვა ნაწარმოებს ,,კაი ყმა“ ჰქვია. იქ ამბობს ვაჟა ერთ-ერთ ,,პუნქტში“: სხვისა იუბნოს სახელიო… ჰოდა,იუბნა კიდეც ალუდამ: ,,იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა..“

სწორედ ამ ვაჟკაცობის ანუ კაიყმობის რჯულით, რომელიც მის შინაგან კანონს ემთხვეოდა სრულიად არაგასაკვირი მიზეზის გამო ( ,,მე მისჯილი მაქვს,საკუთარი კანონი მქონდეს“ -ჟან პოლ სარტრი ,,ბუზები“), მოქმედებდა ალუდა, ამ კანონით იყო გაკლდევებული მისი სიმართლე, რომელიც ბოლომდე დაიცვა. ,,მისჯილი“ ჰქონდა და სხვარიგად არ შეეძლო (,,აქა ვდგავარ და სხვარიგად არ ძალმიძს“ – მარტინ ლუთერი).

აი,ეს კი იცოდა მინდიამ ძალიან კარგად, რომ რაც უნდა უცნაური ყოფილიყო ალუდას ქცევა, მას აუცილებლად მისი ვაჟკაცობის რჯული კარნახობდა. ის რჯული, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორემ, ალუდას შინაგან ზნეობრივ  კანონს  ზედმიწევნით ემთხვეოდა.

ისევ ამ შინაგანი კანონის ერთგულებამ  არ მიაღებინა ალუდას მინდიას მიერ მოტანილი მუცალის მკლავი. ახალგაზრდებს რომ უსაყვედურებს მინდია,მერე ძალიან გულუბრყვილოდ, უცერემონიოდ მიაწოდებს ალუდას მუცალის მკლავს: წაიღ მიაკარ ქავადაო. ალუდა პასუხობს:

,,- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,

გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?

ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,

საქმე მოგირთავ ავადა

 არ მოეწონა მინდიას დაუფიქრებელი საქციელი, მაგრამ მასზე არ ბრაზდება, მხოლოდ საყვედურნარევი ხმით უხსნის,რომ ამ ,,კაი ყმის“ მარჯვენა, რომლის დანახვაც კი არ უნდა, არაფერში გამოადგება  – არ ხმლად, არც ფარად,არც კავად… სამაგიეროდ,უკვე ბრაზდება ხევსურებზე და მკითხველი აუცილებლად დაინახავს ალუდას თვალებში ცეცხლის ნაპერწკლებს,როცა ამბობს:

,,რაად სწყრებიან ხევსურნი,

რადა ტყვრებიან ჯავრითა?!

მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი

მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!

არადა,ალუდა მაშინაც კი არ გაბრაზებულა, როცა ტყუილი დასწამეს ახალგაზრდებმა,არც თავი უმართლებია,ხმაც კი არ გაუღია, არ შეპასუხებია მათ. ტექსტში ეს არ ჩანს.

ვაჟა ასევე ,,კადრს მიღმა“ ტოვებს მინდიას რეაქციას ალუდას ამ სიტყვებზე,თავი მთავრდება და ახალი თავი სულ სხვა თემით გრძელდება.

თუმცა მოგვიანებით გამოჩნდება,როგორ მოქცეულა მინდია:

,, მე მივუტანე ალუდას,

ფერი დავადევ წყენისა;

რო არ მიიღო ალუდამ,

სიღრმე ვაჩვენე ხევისა.“- ძალიან მარტივად აგდებს მინდია იმ ,,ურჯულო“ მუცალის მკლავს ხევში,რომლის სიკვდილმაც საერთოდ თავდაყირა დააყენა ალუდას ფიქრი,სული და გული,სრულიად მისი პიროვნება და ცხოვრება.

მინდიას არც ფიქრები დასწოლია ალუდას სიტყვების გამო,არც განსჯა ან განკითხვა დაუწყია,უბრალოდ,დაიჯერა,რომ არაფრად სჭირდებოდა ალუდას მუცალის მკლავი და თავიდან მოიშორა.

ოღონდ აქ არ მთავრდება მინდიას ამბავი. კიდევ ერთხელ გამოჩნდება ნაწარმოებში,როცა ალუდას მოიკვეთენ თემიდან შატილიონები.

ის ისევ გულშემატკივრად რჩება და არა თანამოაზრედ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ვიმსჯელოთ ჯერ პირველ ნაწილზე: მინდიას გულშემატკივრობა,ერთადერთი,მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი ფრაზით გამოხატა ვაჟა-ფშაველამ: ,,მაუწყლიანდის თვალები“- მთლად ალუდასავით ქალივით ვერ ატირდა,ცრემლით კი აევსო თვალები,ისე დაენანა თემიდან მოკვეთილი მეგობარი.

 მაგრამ ფრაზა,რომელიც ამ სტრიქონს მოსდევს, აშკარად გვიჩვენებს,რომ მინდია არ ან ვერ არის ალუდას თანამოაზრე: ,,ვეღარასა ჰშველს ალუდას, გულზე გადიწყვის მკლავები“.

მინდია არ არის ალუდა,რომ თემს წინ აღუდგეს,მის წინააღმდეგ წავიდეს,თუნდაც ალუდასნაირი ვაჟკაცი და მართალი კაცის გამო.ოღონდ იმიტომ არა,რომ თემის ეშინია  ან მხნეობა არ ყოფნის. ამ გულზე ხელების დაკრეფაში აშკარად ჩანს,რომ მინდიასაც არ ესმის, რას ებრძვის ალუდა,საითკენ მიდის,რისკენ მიისწრაფვის. მინდიას გულწრფელად ენანება  ალუდა,მაგრამ ის ვერ გახდება მისი თანამოაზრე, ვერ შეუდგება  მის კვალს, თუნდაც იდეურად.

მინდია დარჩება ალუდას გულშემატკივრად, მაგრამ ვერ იქნება ზუ (ჯემალ ქარჩხაძის ,,იგიდან“),რომელიც თვალს არ აშორებდა იგის, მისი ნახატის ნამსხვრევები შეინახა და რომელიც იგის მსგავსად გამართული, მხრებგაშლილი, თავაწეული იდგა და მშვიდი მზერით უყურებდა დიდი დაძინების ქარაფს,რომლიდანაც იგი უნდა გადაშვებულიყო.

ის ვერც თოლია ფლეტჩერ ლინდი გახდება (რიჩარდ ბახის ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონიდან“),რომელიც უჯერებს დიდი მასწავლებლის სიტყვას და თოლიების თემში იმიტომ ბრუნდება,ფრენის ექსტაზი და ჭეშმარიტი ხიბლი სხვებისთვისაც რომ ესწავლებინა…

სულ სხვა მინდიას  ცხოვრება, ალბათ, ჩვეულებრივ გაგრძელდება, ის არ იქნება ტრაგიზმით სავსე,მისი კოშკის ქავს კიდევ შეემატება ურჯულო ქისტების მკლავები, იქნება თემისა და რჯულის უპირობოდ ერთგული და დამცველი. მაგრამ მას ყოველთვის ემახსოვრება კაცი,რომელსაც ყველაზე მეტად სწამდა ,,ვაჟკაცობის რჯულის“, რომელიც ყველაზე მეტად თავის გულსა და ღვთისაგან ,,მისჯილ“ საკუთარი ზნეობის კანონს ენდობოდა და ისიც ძალიან კარგად იცოდა,რომ ,, ყოველთვის, როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ“ ( ოღონდ ეს რიჩარ ბახმა დაწერა).

კომენტარები

comments