პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლების ჩინური სისტემა

 

ჩინეთს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური განათლების სისტემა აქვს. მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროგრამის, PISA-ს, მაჩვენებლებით, ის პირველია მსოფლიოში და ბევრ მოწინავე ქვეყანას შესამჩნევად უსწრებს.

როგორია ჩინეთის განათლების სისტემა და რატომ სჯობნის ამ კომუნისტური ქვეყნის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები მსოფლიოს ბევრად უფრო დემოკრატიული და ლიბერალური სახელმწიფოების მაჩვენებლებს?

ქვემოთ შევეცდებით, აღვწეროთ ჩინეთის განათლების სისტემის ძირითადი თავისებურებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ჩვენი განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაზე ფიქრისას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წელს დაარსდა. ქვეყნის ფართობი 9.6 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 2/3 მთებსა და მთაგორიან ადგილებს უკავია.

2015 წელს ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის 92% ეროვნებით ჰანის ჩინელია (ჩინეთის მთავარი ეთნიკური ჯგუფი), მილიარდ სამას სამოცდათხუთმეტ მილიონს შეადგენდა. ოფიციალური სტატისტიკით, მათ გარდა ჩინეთში დაახლოებით 56 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებსაც სხვა მშობლიური ენა და განსხვავებული კულტურა აქვთ.

უკანასკნელ ათწლეულში, მრეწველობის სწრაფი განვითარების შედეგად, ჩინეთის მოსახლეობა მზარდი ურბანიზაციის ტენდენციას ამჟღავნებს, თუმცა ჩინელთა უმეტესობა (56%) დღესაც სოფლად ცხოვრობს.

განათლებას ჩინეთში უძველესი დროიდანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩინური ფილოსოფია მას ყოველთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა აყენებდა.

სწავლაზე ფოკუსირება ჩინეთის დღევანდელ საზოგადოებაშიც უმნიშვნელოვანეს ღირებულებად მიიჩნევა. განათლების მაღალი სტანდარტი მაღალ სოციალურ სტატუსთანაა ასოცირებული და მშობლების უმეტესობა შვილების წარმატებას განათლებაში მათ მიღწევებთან აკავშირებს. ეს კი, ჩინეთის მთავრობის ერთი შვილის პოლიტიკასთან ერთად (შენიშვნა: 2016 წლის 1 იანვრიდან ჩინეთში ნებადართულია ორი შვილის ყოლა, – ლ. ა.), მშობლებს ვალდებულს ხდიდა, ყოველგვარი მსხვერპლი გაეღოთ ერთადერთი შვილისთვის საუკეთესო განათლების მისაცემად.

თავის მხრივ, ბუნებრივია, ბავშვებსაც ესმოდათ, რა პასუხისმგებლობა უნდა ეტვირთათ და რა მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებაში მათ მიღწევებს.

სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ ჩინეთმა მიიღო განათლების რეფორმის კანონი, რომელმაც „გახსნა“ ეს ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის, ხოლო სახალხო რესპუბლიკაში განათლების ახალი ეპოქა დაიწყო.

1986 წელს, რეფორმის შედეგად, ჩინეთმა მიიღო კანონი (აქტი) სავალდებულო განათლების შესახებ, რომლის მიზანი იყო განათლების მკაცრად კონტროლირებადი სისტემის დეცენტრალიზაცია და სასკოლო განათლების სისტემაში იმ ბავშვების ჩართვა, რომლებიც იმ დროისთვის სკოლებში არ დადიოდნენ. ასეთები უმთავრესად იყვნენ სოფლად მცხოვრები ბავშვები, გოგონები და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. ახალი აქტის თანახმად, სასკოლო ასაკის ყველა ბავშვისთვის გარანტირებული უნდა ყოფილიყო, სულ მცირე, ცხრაწლიანი სასკოლო განათლება (ექვსწლიანი პირველადი და სამწლიანი ქვედა საფეხურის მეორეული), ხოლო სკოლების მართვა გადასულიყო ადმინისტრაციული რაიონებისა და სასოფლო გაერთიანებების დონეზე.

როგორ არის სტრუქტურირებული განათლება ჩინეთში?

ჩინელები თავიანთ განათლების სისტემას აღწერენ როგორც ოთხკომპონენტიანს. ეს კომპონენტებია: საბაზო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და ზრდასრულთა განათლება (ინგლ. adult education).

საბაზო განათლება მოიცავს სკოლამდელ განათლებას, პირველადი სასკოლო განათლების ექვს წელს, მეორეული სასკოლო განათლების ქვედა საფეხურის სამ წელს და მეორეული სასკოლო განათლების ზედა საფეხურის სამ წელს.

რიცხვები, რომელიც განათლების სისტემას აღწერს, უზარმაზარია: 192 მილიონი ბავშვი 400 000 პირველად და მეორეულ სკოლაში და 10 მილიონზე მეტი მასწავლებელი.

დღეს ჩინეთში დიდ მნიშვნელობას იძენს სკოლამდელი განათლება. საქალაქო დასახლებებში ის საბავშვო ბაღების მეშვეობით ხორციელდება. შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი წელი გაგრძელდეს და იყოს სრული ან არასრული განაკვეთისა, პანსიონის ტიპისა ან საათობრივ საფუძველზე.

გასულ წლებში დიდი ყურადღება ექცეოდა სოფლად არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებს, განსაკუთრებით – შორეულ, ღარიბ და მეტწილად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასეთ ადგილებში სკოლამდელ განათლებას ბავშვები უმთავრესად საბაზო საბავშვო ბაღებში ან სეზონურ სკოლამდელ დაწესებულებებში იღებდნენ, თუმცა ხელმისაწვდომი იყო სკოლამდელი განათლებისთვის გამიზნული ისეთი ღონისძიებებიც, როგორებიცაა ჯგუფური თამაშები, მობილური ცენტრები და მობილური სერვისები (სახელად „ქარავანი“).

პირველი და მეორე საფეხურის სასკოლო განათლება

ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი საფეხურის სასკოლო განათლების ორგანიზება დღევანდელი სახით შეიძლება ქვეყნის უდიდეს მიღწევად ჩაითვალოს.

1949 წელს ჩინეთში სკოლაში მოსიარულე ბავშვების წილი მხოლოდ 20%-ს შეადგენდა, დღეს კი სკოლაში დადის სასკოლო ასაკის ბავშვების 98%!

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ექვსი წლის შესრულდება, ვალდებულია, პირველადი საფეხურის სკოლაში შევიდეს. სკოლაში ჩარიცხვა შეიძლება შვიდი წლის ასაკშიც მოხდეს, თუ წინა წელს საკმარისი ადგილი არ იყო.

პირველი საფეხურის სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვი ავტომატურად გადადის მეორე საფეხურის რომელიმე ახლომდებარე სკოლაში.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მეორე (დაბალი) საფეხურის სკოლაში ჩარიცხულ ბავშვთა რაოდენობა და წილი. 2006 წელს პირველი სასკოლო საფეხურიდან მეორე (ქვედა) სასკოლო საფეხურზე გადასულთა რაოდენობამ (პროფესიულ-ტექნიკური სკოლების ჩათვლით) ბავშვების 96% შეადგინა.

მეორე ქვედა სასკოლო საფეხურის წარმატებით დამთავრების შემდეგ მეორე ზედა საფეხურის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეებს ევალებათ სავალდებულო გამოცდების ჩაბარება.

მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ მეორე ზედა საფეხურის სკოლაში გადასვლა, მაგრამ გადასასვლელი გამოცდები ვერ ჩააბარეს, შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელონ.

პროფესულ-ტექნიკური სასწავლებლები ახალგაზრდებს სთავაზობს ორიდან ოთხ წლამდე ხანგრძლივობის სასწავლო კურსებს სოფლის მეურნეობასა და სხვადასხვა ტექნიკურ სპეციალობაში.

ჩინეთის სკოლები წელიწადში ორსემესტრიანი გრაფიკით მუშაობს. სწავლა ცხრათვე–ნახევარი გრძელდება. პირველი სემესტრი პირველ სექტემბერს იწყება, ხოლო მეორე – გაზაფხულის სადღესასწაულო არდადეგების შემდეგ, პირველ მარტს. მომდევნო არდადეგები ჩინეთის სკოლებში ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოშია.

პირველი საფეხურის სკოლების სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა ჩინური ენა, მათემატიკა, ფიზიკური განვითარება, მუსიკა, მეცნიერებათა საბაზო კურსი, ისტორია და გეოგრაფია. ეს საგნები კომბინირებულია პრაქტიკული, სამუშაო გამოცდილების კურსებთან. პირველადი საფეხურის ყველა სკოლას მოეთხოვება სასწავლო პროგრამაში ეთიკის, მორალისა და ინგლისურის კურსების ჩართვა. ამ დისციპლინების სწავლება, წესისამებრ, პირველი საფეხურის სკოლებში სწავლების მეოთხე წელს იწყება.

სასწავლო პროგრამის შინაარსი და შემადგენლობა დაკავშირებულია სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, სოციალურ განვითარებასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან. პროგრამა ეფუძნება სწავლების ოთხ მთავარ პრინციპს: „სწავლა – რომ ვიცოდეთ, სწავლა – რომ ვაკეთოთ, სწავლა – რომ შეგვეძლოს თანაცხოვრება და სწავლა – რომ შეგვეძლოს ცხოვრება“.

სკოლის მეორე საფეხურზე სასწავლო პროგრამა მოიცავს ჩინურ ენას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, გეოლოგიას, ინგლისურს, ისტორიას, გეოგრაფიას, პოლიტიკას, მუსიკას, ხელოვნებას და ფიზიკურ განვითარებას. მეორე საფეხურის ზოგიერთი სკოლა მოსწავლეებს ასევე სთავაზობს რამდენიმე პროფესიულ-ტექნიკურ კურსს.

მეორე ქვედა საფეხურის სკოლების სასწავლო პროგრამის მესამედზე მეტი ჩინურ ენასა და მათემატიკას ეთმობა, მეორე ზედა საფეხურის სკოლებში კი პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე მათემატიკასა და მეცნიერებებზეა აგებული.

საყოველთაო სავალდებულო განათლების პოლიტიკის თანახმად, მოსწავლეებს მოეთხოვებათ გამოცდების (ან შემოწმების) ჩაბარება ყოველი სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლისა და სკოლის დამთავრებისას.

პირველი საფეხურის სკოლებში კურსის წარმატებით დასახურად სავალდებულოა ჩინური ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება. სხვა საგნებში ეს არ მოითხოვება, თუმცა ცოდნის შემოწმების პროცედურა აქაც სავალდებულოა – ამ დროს სწავლობენ და აკვირდებიან თითოეული მოსწავლის პროგრესს მოცემულ დისციპლინაში, თუმცა წლის დასამთავრებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარება აუცილებელი არ არის. მეორე საფეხურის სკოლებში იმ საგნების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია სასწავლო წლის დასახურად, ადგილზე ადგენენ და არა ცენტრალიზებულად.

მეორე ზედა საფეხურის დამთავრებისას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება სურთ, საერთოეროვნული გამოცდების ჩაბარება ევალებათ.

ეს გამოცდები, ჩვეულებრივ, ივნისში ტარდება. სამი დღის განმავლობაში სკოლადამთავრებულებს ინტენსიური და მძიმე გამოცდის, გაოკაოს ჩაბარება უწევთ.

საერთოეროვნული გამოცდების დღეებში ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტი ჩინელი ახალგაზრდა ეჯიბრება ერთმანეთს პრესტიჟული საუნივერსიტეტო ადგილებისთვის, რომელთა რაოდენობა გამოცდებზე გასულთა მხოლოდ 40%-სთვის არის საკმარისი. შესაბამისად, წარმოუდგენლად დიდია სტრესი, რომელსაც გამოცდებზე გასული ახალგაზრდები და მათი მშობლები განიცდიან.

უმაღლესის გამოცდები მოიცავს სავალდებულო ნაშრომებს ჩინურ ენაში, მათემატიკასა და უცხო ენაში (უმეტესად – ინგლისურში). აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ, თავად შეარჩიონ მეოთხე საგამოცდო საგანი ექვსი დისციპლინიდან (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და პოლიტიკური ეკონომია).

ამ გამოცდებზე დიდ სტრესს განიცდიან მასწავლებლებიც. მათი რეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, მოსწავლეების მიერ მიღებულ ნიშნებზეა დამოკიდებული; შესაბამისად, მთელი მათი ენერგია გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადებისკენაა მიმართული.

დღეს ჩინეთში უკვე ფიქრობენ, შეცვალონ საგამოცდო შეკითხვების სტილი ან შედეგების შეფასებისას და უნივერსიტეტისთვის სტუდენტების შერჩევისას გაითვალისწინონ მოსწავლის სასკოლო მოსწრებაც, თუმცა განათლების სისტემის მასშტაბი ართულებს ცვლილებათა შედეგების პროგნოზირებას.

სწავლა და სწავლება

ჩინეთის სკოლებში სწავლება უმთავრესად მასალის მოსმენას, ჩანაწერების გაკეთებასა და სახელმძღვანელოების ათვისებას ემყარება.

ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული ანალიზი, მტკიცებულებების შეგროვება და ექსპერიმენტირება, ნაკლებად მიმართავენ და სკოლების უმეტესობაში არც შესწავლის უნარებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ბოლო დროს მთავრობა მეტ ყურადღებას უთმობს განათლებისადმი ახალ მიდგომებს, რომლებიც მოსწავლეს საკლასო ოთახში საქმიანობის მთავარ პერსონაჟად აქცევს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მეტ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს და უფრო ფართო ასპარეზს მისცემს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.

ოციოდე წლის წინ ჩინეთში მასწავლებლების უმწვავესი ნაკლებობა იყო. დღეს მასწავლებელთა უმრავლესობას კარგი განათლება აქვს და მათი უდიდესი ნაწილი 45 წელზე ნაკლები ასაკისაა.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობრივი თანაფარდობა დამაკმაყოფილებელია: 19:1 – პირველი საფეხურის სკოლებში, 17:1 – ქვედა მეორე საფეხურზე და 18:1 – ზედა მეორე საფეხურის სასწავლო დაწესებულებებში.

ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში კარგ სკოლებში, რომლებსაც ძირითად სკოლებს უწოდებენ, მიღებულია მოსწავლეთა მიზიდვა სხვა რაიონებიდან განსაზღვრულ ფასად, ეს კი სკოლებს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

ძირითად სკოლებს აქვთ საშუალება, მიიზიდონ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და კარგი მასწავლებლები (რომლებსაც დამატებით ბონუსებს სთავაზობენ). შესაბამისად, ურბანულ რეგიონებში სკოლის მასწავლებლებს ზოგჯერ სოფლად მომუშავე კოლეგებზე  სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ეს უთანასწორობა კი, თავის მხრივ, კომპეტენტური მასწავლებლების სოფლიდან ქალაქში მასობრივ მიგრაციას იწვევს.

საზოგადოდ, დღევანდელი ჩინეთის განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოფლის სკოლების სტანდარტის გაუმჯობესებაა. ამისთვის ჩინეთის მთავრობამ შეიმუშავა ინოვაციური სქემები, რომლებიც მასწავლებლების წახალისებასა და მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გარდა სოფელსა და ქალაქს შორის არსებული უთანაბრობისა, ჩინეთის განათლების სისტემა მთავარ პრობლემად აღიქვამს ახალგაზრდებში ინოვაციური, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ტალანტების მნიშვნელოვან ნაკლებობას.

მიუხედავად PISA–ს სისტემით მიღებული უმაღლესი მაჩვენებლებისა, ჩინეთის განათლების სისტემის ექსპერტებს, მათ შორის – ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორს, ბესტსელერის „ვის ეშინია დიდი ბოროტი დრაკონის?“ ავტორს იონგ ჟაოს (Yong Zhao), მიაჩნიათ: „ჩინეთის განათლების სისტემა იმით გამორჩევა, რომ შეუძლია, ეფექტურად გადასცეს მოსწავლეებს იმ უნარების გარკვეული ჩამონათვალი, რომლებიც ახალგაზრდისთვის აუცილებელია, თუმცა სისტემა გამოცდების ჩაბარებაზე უფროა გათვლილი“, ეს კი თავისუფლებასა და შემოქმედებითობას ახშობს. ამ უნარების დასახვეწად უამრავი დრო იხარჯება – ჩინელ მოსწავლეს საშინაო დავალებების შესასრულებლად კვირაში საშუალოდ 14 საათზე მეტი სჭირდება, რაც, PISA-ს სისტემის მონაცემებით, ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელზე მეტია. მაგალითად, აშშ–ში საშინაო დავალებების მოსამზადებლად საჭირო დრო კვირაში 6 საათს შეადგენს. „თუმცა ეს მძიმე შრომა, როგორც ჩანს, არ არის ეფექტური სიახლეების შექმნის კუთხით“, – ამბობს პროფესორი ჟაო, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი ორეგონის უნივერსიტეტიდან.

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.ncee.org/programs-affiliates/center-on-international-education-benchmarking/top-performing-countries
  2. https://www.open.edu/openlearn/society/international-development/international-studies/chinese-education-how-do-things-work

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი