პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

აღზრდის შეცდომები  

 

  • ორი წლის დათუნა ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს და თანაც დედიკომ შენიშნა, რომ ბავშვი ბოლო პერიოდში ზედმეტად შფოთავს, ამიტომ დედამ შვილი კონსულტაციაზე სპეციალისტებთან წაიყვანა. დათუნას არავითარი პრობლემა არ აღმოაჩნდა.
  • სამწლინახევრის ნინოს ბებოს მეგობარმა წიგნი აჩუქა. ნინომ ფერადი ნახატებით ლამაზად გაფორმებული და სპეციალურად მისი ასაკის ბავშვებისათვის გამოცემული პატარა ფორმატის წიგნი მეორე დღესვე საბავშვო ბაღში გაარბენინა. მასწავლებელს გაბრწყინებული სახით გადასცა და სთხოვა მას ხმამაღლა წაეკითხა, რათა მის მეგობრებსაც მოესმინათ. მასწავლებელმა კითხვა დაიწყო და რამდენიმე წუთში წიგნი ნინოს საშინლად უკმაყოფილო სახით დაუბრუნა, თან მკაცრად გააფრთხილა: „ასეთი სულელური წიგნი აღარ მოიტანო, დედაშენს უთხარი მომავალში კარგად შეარჩიოს წიგნი, რომელსაც აქ გამოგატანს“.
  • ნატა საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ის ხუთი წლისაა და ამიტომ წინასასკოლო მზაობის სპეციალურ ჯგუფშია ჩართული. ბაღის აღმზრდელი ნატას დედას მუდმივად აფრთხილებს: „თქვენი შვილი სხვებივით ბეჯითი და მოწადინებული არ არის, ის ვერც დიდი ნიჭით დაიკვეხნის, მას სწავლას თამაში ურჩევნია, ამიტომ სახლში ბევრი უნდა ამეცადინოთ“.
  • გიორგი ექვსი წლისაა, ის თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლები მუდმივად უკმაყოფილო იყვნენ მისი ქცევით. დედა ყოველ დღე საყვედურებს ისმენდა მასწავლებლებისაგან: „გიორგი ძალიან ცელქია. სულ ცდილობს საკუთარი აზრების და სურვილების გატანას, საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას. არავის არაფერს უთმობს. ამიტომ ძალიან გთხოვთ მიხედეთ, ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს სკოლაში, თორემ თანდათან სულ წავა ხელიდან და ვეღარ მოვერევით ვერც თქვენ და ვერც ჩვენ“.
  • შვიდი წლის მარიამმა წერა-კითხვა უკვე ისწავლა. მაგრამ მას წიგნების კითხვა არ უყვარს. ოჯახი და მასწავლებლები ძალიან შეწუხებული არიან. ისინი ცდილობენ როგორმე შეაყვარონ მარიამს წიგნების კითხვა. მაგრამ ბავშვი სულ წინააღმდეგობას უწევს უფროსებს. ის ფიქრობს, რომ არ უნდა ასრულებდეს მათ თხოვნებს, რადგან მათგან არასდროს მიუღია თხოვნაზე ადეკვატური პასუხი.
  • საბა ოჯახში ერთადერთი შვილია. მას ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი, პლანშეტი აქვს. ის გამორჩეულ კერძო სკოლაში დადის. მამიკოს მძღოლი ემსახურება. გაძლიერებულად სწავლობს ინგლისურს. დადის სპორტზე. ოჯახში მუდმივად ნერვიულობენ საბას გამო. ეშინიათ რაიმე ცუდი არ შეემთხვეს. აკონტროლებენ მის ყოველ ნაბიჯს („რა ვიცით რა ხდება, ეშმაკს არასდროს სძინავს“). სკოლაშიც, მუდმივად ყურადღების ცენტრშია და მასწავლებლების განუწყვეტელი მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

დარწმუნებული ვარ მკითხველს ეცნო სიტუაციები, რომლებიც შესაძლებელია თავადაც კი გადახდა თავს, რადგან შეცდომები, რომლებსაც აღზრდის პროცესში უფროსები უშვებენ, ბევრ შემთხვევაში ტიპურია და სამწუხაროდ არცთუ ისე იშვითი.

სავარაუდოდ, ყველა უფროსი, მშობელი იქნება ის, ბაღის მასწავლებელი თუ სკოლის პედაგოგი, ცდილობს იყოს კარგი აღმზრდელი. თითოეული მათგანი საკუთარი შეხედულებების, სურვილების, ღირებულებათა სისტემის შესაბამისად ცდილობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის მართვას.

დათუნას დედა, ძალიან ყურადღებიანი მშობელია ის ხშირად უსმენს სხვადასხვა ტელეგადაცემებს ბავშვთა აღზრდისა და განვითარების შესახებ. ამიტომ შვილს მუდმივად აკვირდება, ეშინია რამე არ გამოეპაროს, პატარას დავალებებს აძლევს, ცდილობს მის ალაპარაკებას. კონსულტაციაზე ფსიქოლოგმა აუხსნა, რომ დათუნა მისი ასაკისათვის  სრულიად ნორმალურად ვითარდება. აი დედიკოს და ოჯახის წევრების საგანგებო, გაძლიერებული ყურადღება, დაძაბულობა და შფოთვა კი მასზე ნეგატიურად აისახება და ბავშვი თავადაც ჭირვეული და გაღიზიანებულია.

ამდენად, მშობელი ხშირ შემთხვევაში მისდა უნებურად ახდენს საკუთარი შიშებს, ფობიების, ბავშვზე პროეცირებას, რის გამოც მისი შვილი შფოთავს, წუხს, ერღვევა ისედაც მყიფე შინაგანი წონასწორობა.

მშობლები და მასწავლებლები ერთმანეთს მხარს უბამენ და გიორგის გამოსწორებას იწყებენ. მთელი ოჯახი მკაცრად აკონტროლებს მისი მეცადინეობების გრაფიკსა და დროს. დედა მუდმივად ცდილობს, აღარ დაიმსახუროს მასწავლებლის შენიშვნა. შვილს უფრო დამჯერ და ნიჭიერ თანაკლასელებს ადარებს, რომლებმაც გიორგიზე მეტი იციან და მასზე კარგად იქცევიან სკოლაში. შედეგად გიორგი, უფრო ჯიუტი, უფრო დაძაბული გახდა. ის ცდილობს სკოლა რაც შეიძლება ხშირად გააცდინოს და ხელიდან არ უშვებს ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტს, რათა ბეჯით თანაკლასელებს დასცინოს.

ნინო სახლში ძალიან ნაწყენი დაბრუნდა და ბებოს უთხრა, რომ მისი მეგობრის მიერ ნაჩუქარი წიგნის გამო მასწავლებელმა მკაცრად გააფრთხილა და ბავშვებმა დასცინეს. ბებომ შვილიშვილის მასწავლებლის გამო აღშფოთება ვერ დამალა და ნინოს თანდასწრებით სერიოზულად გააკრიტიკა მისი აღმზრდელის გემოვნება, განათლების დონე და ბავშებთან სწორად მოქცევის უნარი. ნინო ძალიან დაბნეულია, ის გაჭირვეულდა და ითხოვს, რომ ბაღში აღარ წაიყვანონ ან სხვაგან გადაიყვანონ. ბებია თავის მხრივ ატყობს შვილიშვილს, რომ ის ხშირად იბუტება და ბებოს უწინდებურად აღარ ენდობა.

ნინოს შემთხვევა, ვფიქრობ, ასევე ტიპურია და ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბავშვების ოჯახები და მათი აღმზრდელები შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ. უფროსებს აუცილებლად თანამიმდევრული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიდგომები უნდა ჰქონდეთ შემუშავებული ბავშვების აღზრდის პროცესში. ისინი უნდა გახდნენ პარტნიორები და თანამოაზრეები. აუცილებელია უფროსებმა მოახერხონ ერთმანეთთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების აგება.

ხუთი წლის არცთუ ისე „ნიჭიერი“ ნატას დედა მთელი დღე მუშაობს და ნატას სამეცადინოდ ვერ იცლის. არადა, ბაღში მასწავლებელი დავალებებს აძლევს. დაღლილი და შეწუხებული დედა ხშირად ადანაშაულებს ნატას, რომ ის სხვებთან შედარებით ნაკლებად ბეჯითია და სწავლას თამაში ურჩევნია. შედეგად ნატას და დედას ბოლო პერიოდში ურთიერთობები ვეღარ ეწყობათ. დედა გამუდმებით საყვედურობს, ადანაშაულებს – ასე ფიქრობს ბავშვი და ცდილობს სულ ბებოსთან იყოს. ბებო მას სამართლიანად ექცევა და ზედმეტადაც არ უჯავრდება მას სიზარმაცისა და ლექსების დაზეპირების ნაცვლად თოჯინებით თამაშის სურვილის გამო.

ნატას შემთხვევაშიც შეცდომა სწორედ ბავშვის მიმართ წაყენებულ შეუსაბამოდ გაზრდილ მოთხოვნაში მდგომარეობს. გამოდის, რომ უფროსები აღზრდის პროცესში საკმაოდ ხშირად გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებენ ბავშვებს და შემდეგ ბრაზობენ, როდესაც ისინი მათ მოთხოვნებს ვერ ასრულებენ.

აი კიდევ ერთი შეცდომა: ხშირად, უფროსები ბავშვებს უსამართლო ბრალდებებს უყენებენ. და რაც კიდევ უფრო ცუდია, ისინი არ ცდილობენ საკუთარი უსამართლობის გამოსწორებას, ბოდიშის მოხდას, რადგან უფროსებმა ხომ ბავშვებზე უკეთ იციან რა სჭირდებათ მათ პატარებს.

მარიამის გარშემო შემოკრებილ უფროსებს ძალიან უკვირთ, რატომ არის ბავშვი ასეთი ჯიუტი და რატომ არასდროს ასრულებს მათ თხოვნებს.

უფროსებს ავიწყდებათ, რომ ხშირად სულ მარტივ ყოფით სურვილებსაც კი არ უსრულებენ ბავშვებს. ალბათ ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც მამა სახლში დაღლილი მივიდა და სწორედ მაშინ სთხოვს მას შვილი, ველოსიპედის დაშვებული საბურავის გაბერვას; საჭმლის კეთებით გართულ ბებოს პატარა ზღაპრის წაკითხვას სთხოვს; სიმღერის წრეზე სამი წლის გოგონას არ აინტერესებს გაკვეთილი, ის კარადაში ჩაკეტილი სათამაშოს გამოღებას ითხოვს; კომპიუტერის ეკრანთან მოკალათებულ დეიდას დისშვილი სასეირნოდ წაყვანას სთხოვს….

ნუთუ საბასაც პრობლემები აქვს? დიახ, მას ძალიან უჭირს დამოუკიდებელად მეცადინეობა, ამიტომ ბავშვს სახლში სპეციალურად მოწვეული პედაგოგი დამატებით ამეცადინებს. მიუხედავად ამისა, საბა მუდმივად შფოთავს, ის არასდროს არის დარწმუნებული, რომ კარგად შეასრულებს ნებისმიერი ტიპის დავალებას. მას ყოველთვის ეჭვი ეპარება საკუთარი ქმედებების სისწორეში. საბას მიაჩნია, რომ კლასში ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლეა და მის გამო დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდა.

საბას მზრუნველი უფროსების მთელი არმია ახვევია გარს, მაგრამ ის მაინც არ არის საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ბედნიერი ნებიერა. ჰიპერმეურვეობა და მზრუნველობა ეს ერთ-ერთი შეცდომათაგანია, რომელიც ზოგ შემთხვევაში უგულვებელყოფის ტოლფას კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე.

მსგავსი მაგალითების მოტანა უსასრულოდ შეიძლება. ეს სწორედ ის მაგალითებია, რომლებიც გვახსენებს, რომ უფროსებს ზოგჯერ  უძნელდებათ, ზოგჯერ დრო არ ჰყოფნით,  ზოგჯერ შესაბამისი რესურსი არ აქვთ და ზოგჯერ სულაც ეზარებათ ბავშვების თხოვნების შესრულება. მათ ხომ ყოველთვის საპატიო მიზეზი აქვთ: ისინი დაიღალნენ; საკუთარი საქმე აქვთ და თანაც გადაუდებელი; მათ არ შეუძლიათ დაარღვიონ მუშაობის გრაფიკი თუნდაც მცირე ხნით; სამაგიეროდ არასოდეს ავიწყდებათ საყვედურები და მითითებების გაცემა. არ ეზარებათ, გამუდმებით მიუთითონ ბავშვებს შეცდომებზე, უსაყვედურონ და აკრძალვები დაუწესონ. უფროსები მუდმივად რაღაცას ითხოვენ უმცროსებისგან: საჭმელი არ დატოვო, გაკვეთილები მოამზადე, თბილად ჩაიცვი, დროზე დაწექი დასაძინებლად, არ დაიგვიანო, კომპიუტერი გამორთე და სწავლა დაიწყე. ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია და მსგავს სიტუაციებს ხშირად შევსწრებივართ.

მაგრამ რამდენად ხშირია უფროსების მხრიდან:

  • მოზარდთან ერთად წიგნის წაკითხვა, მხატვრული ფილმის ნახვა, მის ავ-კარგიანობაზე საუბარი;
  • თავისუფალი დროის ერთად გატარება;
  • ისე უბრალოდ გულითადი საუბარი ან სულაც უსიტყვოდ მოსმენა;
  • ბავშვების წინაშე საკუთარი შეცდომების აღიარება და მათთვის ბოდიშის მოხდა  არასწორი საქციელის გამო?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი