ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დასცინე და იბატონე

განსაკუთრებით მიყვარს ერთი ადგილი იოანეს გამოცხადებაში: „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა“.

ნელ-თბილობა ოც საუკუნეზე მეტი ხნის წინ აწუხებდა კაცობრიობას, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ღვთის მოციქულები პირდაპირ, შუამავლის გარეშე ელაპარაკებოდნენ ადამიანებს. დღეს კი, სანამ საჭირო სიტყვა ჩვენამდე მოაღწევდეს, გზაში იმდენ საზვერეს გადის, ისეთ ჩარევას განიცდის, „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილ ინტერპოლატორს – ნანუჩა ციციშვილს რომ არც დაესიზმრებოდა.

ჩვენ სახელდებები გვიზიდავს ხოლმე – სულიერი კრიზისის ასწლეულიო, ატომური საუკუნეო, ამოუწურავი შესაძლებლობების ეპოქაო, – მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, დანარჩენისთვის ერთი ჯადოსნური რამ მოუგონია გამჭრიახ გონებას: უნდა დასცინო.

საინფორმაციო გამოშვებები თითქოს წინასწარ შეითქმებიან ხოლმე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, და ისე როგორ იქნება, ერთი ცხელ-ცხელი ინტერაქტივი არ გამოაცხონ.

„რა გვარი იყო თამარ მეფე?“, „რომელ წელს გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა?“, „გეორგიევსკის ტრაქტატზე ვინ მოაწერა ხელი საქართველოდან?“, „პლეხანოვის გამზირს ამჟამად რა ჰქვია?“, „ვეფხისა და მოყმის ძეგლი ვინ ააგო?“ – შოუების წამყვანები, სტუდიაში შეკრებული და ტელევიზორს მიშტერებული ხალხი თითქოს გულს ვიოხებთ იმ უვიცობითა და გულუბრყვილობით, რაც ეკრანიდან გვესმის, უკეთესი მომავლისთვის ვიმუხტებით და ხშირად საკუთარი უპერსპექტივო ყოფაც გვავიწყდება. მეტი რომ არ ვთქვა, კარგ ხასიათზე ვდგებით: დასაცინი გამოჩნდა!

ნეტა აქამდე სად იყო?! ჩვენ ხომ უნდა გვცოდნოდა, რომ ამ ქვეყნად არსებობს ძველგაზრდა თუ ახალგაზრდა, ვინც არ იცის, რომ თამარი ბაგრატიონთა დინასტიას ეკუთვნის, დიახ, დიახ, სწორედ მათ, და არა, ვთქვათ, ფარნავაზიანებს – ნატოში და ევროკავშირში რომ გვინდა, აჯობებდა, მანამდე საშუალო განათლება მაინც მიგვეღო; ამაშია საქმე: მაშინ ისიც გვეცოდინებოდა, რომ ქრისტიანობის გავრცელება ქართლში თუმცა I საუკუნიდან იწყება, როცა აქ ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს, მაგრამ ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული და ეს, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესია მიიჩნევს, 326 წელს მომხდარა (აქ აუცილებლად იქნება მწუხარების, გულზე შემოყრის, ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით, მეტის ღირსი ვართ, და, ცხადია, დაცინვის აურაცხელი სმაილი); ჯერ სად ხარ! ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ევროპაში ინტეგრაციაო, რომ გაიძახი, მინიმუმ უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდე! ავადსახსენებელია თუ რაცაა, მაგ ტრაქტატს, გეორგიევსკის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს საქართველოს მხრიდან იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერეს ხელი; დანარჩენი ისეთი მარტივია, სათქმელად არ ღირს, გენაცვალე: პლეხანოვს ახლა აღმაშენებლის გამზირი ჰქვია, ვეფხისა და მოყმის ძეგლი კი თბილისის შემოსასვლელში ელგუჯა ამაშუკელმა გამოაქანდაკა.

ეს ხომ ელემენტარულია. ეს ოჯახიდან, სკოლიდან, პატარაობიდანვე უნდა იცოდეს ადამიანმა. კიდე კარგი, ბებიაჩემი რომ ასეთი უვიცი არ ყოფილა – ჩვენს განათლებაზე იყო გადაგებული; კიდე კარგი, ამნაირი შვილი რომ არ გვეზრდება და არც ეგეთი რძალი არ შემოადგამს ჩვენს ოჯახში ფეხს არასოდეს! ნწ, ნწ, ნწ, ნახე რა თქვა? ღმერთმა დაგვიფაროს.

მოკლედ ასეა: ვიცინით და ვართ! მთელი ქვეყნის დასანახად დავცინით და ამ „პრადვინუტობანას“ თამაშში ისე გაგვიტაცებს ჩვენო ეგო, რომ უმალ იმათზე, „ჩაFეილებულებზე“, ჩაფლავებულებზე, თამარისგვარისუციდინარ და პლეხანოვისპროსპექტზეჩარჩენილ „ბრბოზე“ ბატონობის სურვილიც გაგვკრავს გულში. თითქოს რა უნდა, მით უმეტეს, თუ ფულიც გაქვს, დაცინვაც შეგიძლია და ორტეგა ი გასეტის შრომებისთვისაც ჩაგიკრავს თვალი.

ამ ინტერაქტივ-ფარსების ურიცხვ შემფასებელთა შორის არაერთი რაციონალური შეგონება და აუცილებელი ცნებაც („განათლების საჭიროება“, „გემოვნების ჩამოყალიბება“, „თავისუფალი არჩევანი“) გამოერევა, მაგრამ ავად მღელვარი ნაკადი/ ჩანაფიქრი – დასცინე და იბატონე – იმდენად მღვრიე და დამთრგუნველია, ყველაფერი აზრს კარგავს.

გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, უცებ, მოულოდნელად, ვინმემ რომ ქუჩაში გამაჩეროს, კამერა და მიკროფონი მომიშვიროს და მკითხოს, აბა, მითხარი, „გალობანი სინანულისანი“ ვინ დაწერაო, შეიძლება ისე დავიბნე, დავით აღმაშენებლის ნაცვლად კლოდ მაკელელე ვუხსენო (მიუხედავად იმისა, რომ არც „ჩელსის“ ქომაგი ვარ და არც წინა დღეს მიყურებია მისი თამაშისთვის „იუთუბზე“). ჰოდა, ნუ დავუდგებით ჩვენს ხალხს საჯარო გამომცდელებად, ასე პირდაპირ ეთერში ეგზამენებს ნუ ჩავაბარებინებთ, მით უმეტეს, დიდად არც განვითარებული ქვეყნები ბრწყინავენ ამ მხრივ – ჩვეულებრივმა ბრიტანელმა შეიძლება ვერ გითხრათ, „მაკბეტის“ ავტორი ვინაა, არც რიგითი ფრანგი მოიკლავს თავს, თუკი გუსტავ ფლობერის შედევრების სახელები არ მოაგონდა.

არ ვამბობ, გაგებით მოვეკიდოთ და რაღაცების გამოსწორებაზე არ ვიფიქროთ-მეთქი, მით უფრო განათლების სფეროში, სადაც ძალიან სერიოზული კრიზისია, მაგრამ ეს თვითგვემა და სავალდებულო ჰარაკირები რომ ვერაფერს შველის, კარგად ვხედავთ უკვე. ამიტომ ვიღაცის აბუჩად აგდებაზე ფიქრს, რიცხვებისა და სახელების არაფრისმომცემ ზეპირობას, აჯობებს, ცოტათი უფრო შეგნებული მოქალაქე აღგვეზარდა საკუთარ თავში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი