ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მენდე-მედიკო

მედიკო, ბებიაჩემი, ასე მოიქცა. მამაჩემის პანაშვიდზე მოვიდა და უთხრა, ახალ წლამდე წამიყვანეო. მანამდე მეზობლებისთვის დაუბარებია, ზურიკელას რამე რომ მუუვიდეს, ვერ გადევიტანო. ჰოდა, მოვიდა და წაყვანა სთხოვა. იქვე გარდაიცვალა. ზურიკოს სიკვდილიდან მესამე დღეს. საღამოს ჩამეხუტა. „ახლა შენ ხარო“, – მხოლოდ ეს მითხრა, თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ძალიან ზუსტი სიტყვები. საერთოდაც ძალიან ზუსტი ქალი იყო. ნატანებში ცხოვრობდა. სანამ ოზურგეთში წამოვიდოდა მამაჩემის დასატირებლად, სახლი დაულაგებია. რომ მივასვენეთ, ყველაფერი დაგვხვდა. სასტიკი, მაგრამ აუცილებელი დეტალებით: „ყბის ასაკონი“ ნაჭრით, გასაპატიოსნებელი ხელთათმანებით, გამპატიოსნებელთა გვარ-სახელებით, გადასაფარებლით, საწვიმარი ბრეზენტით, საკუბოე ტანსაცმლით. ყველაფერი საწოლზე ეწყო. ლამაზად. სკამზე თავისი საუკეთესო ხალათი გადაეფინა საგანგებოდ და ზედ „პორტმანით“ „დასასაფლავებელი“ ფული მიემაგრებინა. დიახ, ბებიაჩემი, მედიკო, ასე მოიქცა.

***

მამაჩემის და ბებიაჩემის დაკრძალვებს შუა, ეს დღეებია, სულ მანქანით დავხეტიალობ ახლო სოფლებში და ვხვდები, რომ ღმერთი, ან ვინმე იქაური, ან შენივე თავი ყველაზე მძიმე დროსაც კი ტოვებს სიხარულისთვის ადგილს. პრიმიტიული მიზეზებით და მოკლე ხნით, მაგრამ მაინც. აი, იქ თოვლს ხე წაუქცევია. გზაზე წევს. თუ გაძვრები, გიხარია. ასე ეჩვევი ხელახლა ცხოვრებას. და ისიც გეჩვევა.

მედ

***

ეს არის კიდევ ერთი ამბავი ბებიაჩემზე, მედიკოზე. მეუღლე 1969 წელს გარდაეცვალა. მას მერე შავი არ გაუხდია. არც არავის გვინახავს სხვა ფერის ტანსაცმლით, „საშინაოთიც“ კი. მკაცრი კოდექსის ქალი იყო, საკუთარი ინტერპრეტაციებით. ეს ფოტოც ამგვარი ინტერპრეტაციაა. მედიკომ საკუთარი დისშვილი ვახტოიე გაზარდა და გამორჩევით უყვარდა. ორიოდე წლის წინ ვახტოიეს შვილი სკოლაში წავიდა და პირველ დღეს, მოულოდნელად, ნატანებიდან ბათუმში ჩავიდა მედიკო. და შეეგება ასეთი ყელსახვევით – „თანამედროვე ბაღანაა, ვერ გეიგებს, მარტო მე რეიზე მხდებიენ შავებშიო“. მე პირველად ამ ფოტოზე ვნახე ბებიაჩემი ფერადით. დიდ ქალებში ეწერა მენდე-მედიკო.

***

უკვე გითხარით, ჯერ მამა დავკრძალეთ ოზურგეთში, რამდენიმე დღის შემდეგ კი – მედიკო სოფელ ნატანებში. სამძიმრის მიღებისას, ცხადია, ნათესავები მცირე ხნით ყოვნდებოდნენ ჩემთან. ერთხელაც ერთი მოვიდა და მკითხა: „კი, მარა, ბოლო-ბოლო, ყველამ დააყენა საშველი და შენ როის აპირებ?“ შემცბარმა შევხედე. წამის შემდეგ მივხვდი, ცოლის შერთვაზე მეკითხებოდა, მაგრამ, კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არა გურული დაშიფრული ლაპარაკის პროფესიული ცოდნა, წესით, სხვა რამე უნდა მგონებოდა. გამეღიმა კიდეც და ვუთხარი: „მალე, 33 წლის რომ გავხდები“. „არ გადააცილო, იცოდეო“, – გამომცდელი მზერით მიპასუხა და კმაყოფილი წავიდა. რა სათქმელია: ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირა-ნახევრის განმავლობაში. და მივხვდი, რომ არსებობს გადაკვეთის წერტილები, რომლებსაც უნებურად ქმნიან სიტყვები, სადაც სიკვდილი და ქორწინება, სიცოცხლე და დაკრძალვა თანაბრდება. ეს არის კიდეც ადამიანად ყოფნის ერთ-ერთი ნიშანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი