ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შვიდი ასტრიდის ქვეყანა

რამდენიმე წლის წინ, სეირნობისას, ერთ უცნაურ მაღაზიას წავაწყდი. წიგნების მაღაზიას ჰგავდა, გამვლელების დასანახად გამოფენილი ძველი თუ ახალი გამოცემებიც ამას მოწმობდნენ. შიგნით შესული კი, სანახევროდ განათებულ ოთახში, ჭერამდე ასულ თაროებზე მხოლოდ პოეტურ კრებულებს აღმოაჩენდი – სუფთა პოეზია, არაფერი პოეზიის გარდა. ტომეულები, ძველისძველი გამოცემები, მრავალთვალგამოვლილი წიგნები შავი თუ იისფერი მინაწერებით, საუკუნის დასაწყისში გამოცემული გაუსაღებელი წიგნები და სულ ახლებიც, ყველა წიგნის მაღაზიაში რომ ეწყო. ძვირადღირებული ილუსტრირებული წიგნები, სქელ-სქელი ანთოლოგიები და იქვე – თხელყდიანი, რამდენიმეგვერდიანი კრებულები, ათამდე ლექსით.

ამ ქუჩაზე სიარულს მოვუხშირე და თითქმის ყოველდღე შევდიოდი უჩვეულო მაღაზიაში, ჩვეულებრივს რომ ჰგავდა. სავსე თაროებს ვათვალიერებდი, ყდებზე მიწერილ გვარებს ვკითხულობდი. ერთ კუთხეში ჩემივე ასაკის ქალი იჯდა – ქერა, სათვალიანი. დარსა თუ ავდარში სულ რაღაცას კითხულობდა. თავს ასწევდა, მომესალმებოდა, მერე კი ისევ წიგნს უბრუნდებოდა და ალბათ ჩემი არსებობაც ავიწყდებოდა. წიგნები შვედურ ენაზე იყო გამოცემული, თარგმანების ერთადერთ თაროზე კი უმთავრესად ინგლისურად ნათარგმნი არაინგლისურენოვანი კლასიკოსების წიგნები ეწყო.

ერთ დღესაც პატარა მაგიდაზე დალაგებული ნივთები შევამჩნიე. მაგიდა, ალბათ, მანამდეც იქ იდგა და, პოეზიით თავბრუდახვეული, ვერ ვამჩნევდი. კალმები, ბლოკნოტები, კომპაქტ-დისკები, ღია ბარათები ქალაქის ცენტრალური ნაწილის ხედებით, ჯიბის რუკები. მიუხედავად ამისა, მაღაზიის არსებობის საიდუმლო მაინც ვერ ამოვხსენი, რადგან არც იქ შესული მინახავს ვინმე და არც – იქიდან გამოსული. თანაც მეჩვენებოდა, რომ იმ ქალს – მეპატრონესა თუ გამყიდველს – სულაც არ ადარდებდა გასაყიდი წიგნების ბედი.

მივხვდი, ვის მაგონებდა – ასტრიდ ლინდგრენს. იმის გამო არა, რომ შვედი იყო. მის ახირებულ ერთგულებაში, წიგნების  ასეთ სიყვარულში იყო რაღაც ნაცნობი და ძალიან მომხიბვლელი.

აი, ლიზა კი, ვის სახლშიც მაშინ ვცხოვრობდი, ნამდვილად ჰგავდა ასტრიდ ლინდგრენს – გარეგნობითაც და იმ პოზიციითაც, უმთავრესი საკითხების მიმართ რომ ჰქონდა. მისი სახლიც სავსე იყო წიგნებით – ყდებზე მიწერილი სახელებისა და გვარების წაკითხვაც კი სიხარულით მავსებდა.  პირველი სიხარული ჰერმან მელვილი იყო, მეორე – ჯოზეფ კონრადი. ლიზა ათწლეულების მანძილზე მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად სკოლაში, პენსიაზე გასულმა კი თოჯინების კერვა და ქსოვა დაიწყო. თვალწინ მიდგას მისი ხელით შექმნილი მუმინების წყვილი.

მისი და – სტინაც წიგნებისა და ლიტერატურული გადაცემების დიდი მოყვარული იყო. მასთან მომდევნო წელს ვცხოვრობდი. პენსიაზე გასული ფსიქოლოგის ოთახებშიც უამრავი წიგნი დამხვდა, ჩემს საძინებელში კი, არც მეტი, არც ნაკლები, მიშელ ფუკოს „სიტყვები და საგნები“ აღმოვაჩინე.  სტინა უბრალოდ კი არ უყურებდა ტელეგადაცემებს, ორიგინალური იდეებიც უჩნდებოდა. ერთ დღეს პროდიუსერებს მისწერა, იმათ გასაუბრებაზე დაიბარეს და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მისი იდეის მიხედვით გადაცემების ციკლი მოამზადეს. არ შეეძლო, მორჩილად მიეღო ის, რასაც ტელევიზორში აჩვენებდნენ. არ შეეძლო, არ ეაზროვნა.

ულაც, რომელიც იმხანად კუნძულ გოტლანდზე ცხოვრობდა, სამოცდაათ წელს გადაცილებული იყო. ისიც ყველაზე საყვარელ საბავშვო მწერალს მაგონებდა, იმიტომ რომ სულ რაღაცას ქმნიდა. სავსე იყო მისი სახლი ხელნაკეთი ნივთებით. ერთ ოთახში დიდი საქსოვი დაზგა ედგა და რას აღარ ქსოვდა იმ დაზგაზე. სამზარეულოც შემოქმედების ადგილად ექცია – აცხობდა და აცხობდა კექსებს თუ ვაშლის გულსართიან ნამცხვრებს. მისი მეგობარი ბირგიტაც ხელნაკეთი სამშვენისების ოსტატი იყო. მის სახლშიც განსაცვიფრებელი გამოფენა დაგხვდებოდათ.

კიდევ ერთ ქალს ვიცნობდი, თავისი შეუპოვრობითა და სიცოცხლის წყურვილით რომ მაოგნებდა. მისი სიყვარული თეატრი იყო და მაშინაც კი, როცა მძიმე სენს ებრძოდა, თეატრის სამყაროთი დაინტერესებულ სხვა ადამიანებს ამხნევებდა, ეხმარებოდა.

ჩემთვის შვედეთი ამ ქალების ქვეყანაა, რომლებიც მუდმივად რაღაცას ქმნიან, კითხულობენ, აზროვნებენ, სხვას ეხმარებიან. არა, სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ სადღაც სხვაგან სამოთხეა და აქ, ჩვენს ქვეყანაში, ჩრდილის ჩრდილიც არაა. ჩემს წარმოდგენილ სამოთხეში სახლი სავსეა წიგნებით, ლექსების კითხვა სიხარული და სიამოვნებაა, ხელები გამუდმებით რაღაცის კეთებას ითხოვენ, სამზარეულოში ყავის და დარიჩინის სუნი დგას, მასწავლებელი „მობი დიკს“ და „წყვდიადის გულს“კითხულობს, მოსწავლეები – ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებათ, წიგნის მაღაზიებს და გამომცემლობებს დახურვის საფრთხე არ ემუქრება, ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს – ფინანსური დახმარების შეწყვეტის.

და სადაც შენ ხარ, შენი წარმოდგენილი ქვეყანაც იქ არაა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი