ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რა იწვევს შეცდომებს აღზრდაში

ვფიქრობ, დღეს არავინ დაიწყებს დავას იმაზე, რომ ბავშვის აღზრდა ურთულესი პროცესია. აღზრდის პროცესის რთული ბუნებიდან გამომდინარე, ძნელი იქნება ისეთი აღმზრდელის პოვნა, რომელსაც არასოდეს მოსვლია შეცდომა ბავშვთან ურთიერთობისას. თავისთავად შეცდომა ტრაგედია არ არის, თუმცა შესაძლოა იქცეს ტრაგედიად, თუ ვერ შევძელით შექმნილი ვითარების სწორად გაანალიზება და საკუთარი ბრალეულობის შემჩნევა და აღიარება.

აღზრდის პროცესში სირთულეებთან შეჯახებისას მიზეზების ძებნას, წესისამებრ, გარეთ ვიწყებთ. სკოლა ოჯახს ადანაშაულებს: „ასეთი მშობლების შვილი სხვანაირი როგორ იქნება, გენეტიკა არ უვარგა. მამამისსაც ვასწავლიდი და ისიც ზუსტად ასეთი იყო“, – ცხარობს „უსაქციელო“ ბავშვის მშობლებთან შეხვედრის შემდეგ უკმაყოფილო მასწავლებელი. ოჯახი, პირიქით, ცდილობს, პედაგოგის არასწორი დამოკიდებულებით ახსნას მოზარდის ქცევა: „მანანა მასწავლებელმა არ იცის ბავშვთან ურთიერთობა, ციალა მასწავლებელთან თუ კარგად იქცევა ჩემი შვილი, მასთან რა ემართება?!“ – გაოცებას ვერ მალავს დედა, რომელსაც შვილის საქციელის გამო საყვედურობენ.

მაინც რამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები აღზრდის პროცესში?

აღზრდაში პრობლემებს ხშირად იწვევს ჩვენი მოლოდინებისა და რეალობის შეუსაბამობა. არცთუ იშვიათად ბავშვისგან მოვითხოვთ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის ქცევას და გვავიწყდება, რომ ის მხოლოდ ფიზიკური აგებულებით კი არ განსხვავდება მოზრდილისგან, არამედ აზროვნებით, ემოციური თავისებურებებით, ფიზიკური ამტანობითაც. ერთხელ ავტობუსში საინტერესო სცენას შევესწარი: ოთხიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც ბებიას ახლდა, მოუთმენლად ელოდებოდა ავტობუსის დაძვრას და ღელავდა, ვინაიდან მძღოლი ამის გაკეთებას არ ჩქარობდა. ბავშვის გაღიზიანებასა და შფოთვას კიდევ უფრო აძლიერებდა ავტობუსში მგზავრების სიმრავლე. შვილიშვილის ჭირვეულობით შეწუხებული ბებია გაუბრაზდა პატარას და დაემუქრა, რომ შინ მიყვანისთანავე მკაცრად დასჯიდა: „მივიდეთ ჯერ სახლში, სულ ხელებში უნდა გცემო!“ ამ სიტყვების გაგონებაზე პატარა ატირდა და კიდევ უფრო გაჭირდა მისი დამშვიდება. „ეტყობა დაიღალა“, – გამოვექომაგე „დასასჯელად განწირულ“ ბავშვს. „რამ დაღალა, საბავშვო ბაღიდან მომყავს“, – გაოცება ვერ დამალა ბებიამ. „რამდენი ბავშვია ჯგუფში თქვენს შვილიშვილთან?“ – არ ვეშვებოდი მე და ვცდილობდი დავხმარებოდი, სხვა თვალით შეეხედა შვილიშვილის ქცევისთვის. „ოცდათხუთმეტი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!“ „როგორ, თქვენ გგონიათ, მთელი დღის განმავლობაში ამდენ ბავშვთან ურთიერთობა ოთხი წლის პატარისთვის დამღლელი არ იქნება?“ – ახლა უკვე მე ვეღარ დავმალე გაოცება. ბებიას აღარაფერი უთქვამს, თუმცა, ვფიქრობ, დააფიქრა ჩვენმა დიალოგმა.

ადვილი შესაძლებელია, აღზრდის პროცესში პრობლემები წარმოშვას აღმზრდელთა შეუთანხმებლობამ. სკოლისა და ოჯახის, პედაგოგებისა და მშობლების შეუთანხმებელ მოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად ოჯახის წევრებს შორისაც ვერ ხერხდება ერთი სააღმზრდელო სტრატეგიის შემუშავება. როგორც წესი, ბავშვობის დროინდელი მოგონებები და გამოცდილება გავლენას ახდენს პატარებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. თუ ბავშვს მშობლები სასტიკად ეპყრობიან და ყოველი წვრილმანის გამო სჯიან, დიდია ალბათობა, საკუთარ შვილთან ურთიერთობისას ისიც ისეთივე დაუნდობელი იყოს და პირიქით, თუ მშობლები შვილის მიმართ კეთილგანწყობას, გულისხმიერებას, სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებენ, მომავალში შვილთან ურთიერთობისას ის აუცილებლად გამოიყენებს მშობლებისეულ მოდელს. თუ ცოლ-ქმარს ბავშვობიდან აღზრდის სხვადასხვა გამოცდილება მოჰყვება, შესაძლოა, შვილის აღზრდა მათ შორის სერიოზული უთანხმოებისა და განხეთქილების მიზეზადაც კი იქცდეს. ამდენად, აღმზრდელთა პოზიციების გაანალიზება და შეთანხმება აღზრდაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

  • აღზრდის პროცესში ხშირად სერიოზულ სირთულეებს ვაწყდებით, როცა თვითონვე „ვაშავებთ“ იმას, რასაც ბავშვს ვუკრძალავთ და რის გამოც მას არცთუ იშვიათად ვსჯით კიდეც. ერთხელ ერთი ქალბატონი ღიმილით იხსენებდა წინა დღეს მის ოჯახში მომხდარ საყურადღებო ამბავს: „გუშინ, როცა ქმარ-შვილი დასაძინებლად გავისტუმრე, ტანსაცმლის დაუთოებას შევუდექი. უცებ უთო ხელიდან გამივარდა და გატყდა. ხმაურზე ჩემი ათი წლის გოგონა თვალების ფშვნეტით გამოვიდა საძინებლიდან და დამსხვრეული უთო რომ დაინახა, დოინჯშემოყრილმა, ნიშნის მოგებით მომმართა: „აი, მე რომ გამეკეთებინა ეს, ხომ მკაცრად დამსჯიდი? თურმე შენც შეიძლება გაგიტყდეს რამე!“ ვეცადოთ, ვიყოთ უფრო შემწყნარებელნი ბავშვის საქციელის მიმართ, მით უმეტეს, თუ მას განზრახ არ გაუფუჭებია რამე, უნებლიეთ მოუვიდა.

დაბოლოს, თუ ბავშვში რაიმე თვისების აღზრდას ვცდილობთ, ეს თვისება, უპირველეს ყოვლისა, თავად ჩვენ უნდა გვახასიათებდეს, რადგან ბავშვი სიტყვებით კი არა, მაგალითით სწავლობს. ერთი ინგლისური ანდაზსა არ იყოს, არ არის საჭირო ბავშვის აღზრდა – ის მაინც ჩვენ დაგვემსგავსება; უმჯობესია, აღვზარდოთ საკუთარი თავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი