ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სადღაც, ცხრა მთას იქით

– მოვკალი და გავანადგურე, – მეუბნება ჩემი შვილის მეგობარი ოთხი წლის დათა და მერე ბავშვებისკენ ყვირილით გარბის:

 

– ახლა შენ მოგკლავ და გაგანადგურებ, – გაჰყვირის და ჯოხს ისვრის ჰაერში.

 

ცოტა ხანში, ისევ ჩემთან  ბრუნდება. ცდილობს, მეც დამიმეგობრდეს და თამაშში ჩამრთოს.

 

– მე სუპერ ძალები მაქვს, შემიძლია ერთ წამში მოგკლა და გაგანადგურო, – მიხსნის თავის შესაძლებლობებს და ამატებს : “ნამდვილი ბეტმენი ვარ, შემიძლია გაგაქრო ან გაგანადგურო, ისე რომ აზრზე მოსვლას ვერ მოასწრებ”.

 

“მოვკალი და გავანდგურე”, – ჩამესმის პატარების შეძახილები დროდადრო.

 

ამ ამბის მერე დავფიქრდი, როგორ შეიცვალა თანამედროვე ბავშვის სამეტყველო ქსოვილი და როგორ დავიწროვდა ზღაპრების სამყარო მათთვის. ან ჩემი ასეთი ფიქრი უსაფუძვლოა და, პირიქით, გაფართოვდა ეს სამყარო და გამდიდრდა ახალი პერსონაჟებით, სუპერგმირებით, ზომბებით, მონსტრებით. ზღაპრის გმირებმა ვიზუალური იერსახე შეიძინეს, ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში შემოვიდნენ და დამკვიდრნენ ჩვენს სამეტყველო ურთიერთობებში.

 

თანამედროვე ბავშვებს მშობლების თაობებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, ინტერესებიც ასე თუ ისე დაკმაყოფილებული. მათ შეუძლიათ უამრავი ფერადი და ხმაურიანი ვიდეოს ნახვა, რაც ვფიქრობ სულაც არ არის ცუდი. თუმცა ცუდია, რომ ამ არჩევანში ნაკლები დრო რჩება ტექსტისთვის, ნარატივისთვის, რომლებსაც ყურადღებით მოსმენა და გააზრება უნდა, რომელიც ამდიდრებს ჩვენს შინაგან სამყაროს და მოზარდს უფრო ფართო თვალსაწიერს უქმნის, ეხმარება მას ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და გამრავალფეროვნებაში. ამას გარდა, უბიძგებს პატარა ადამიანს  უფრო ღრმად ჩაუღრმავდეს რაიმე საკითხს  და გაუჩნდეს კითხვები. გაჩენილი  კითხვებით “შეგვაწუხოს” გარშემომყოფები და შემდეგ, ერთად ვეძებოთ პასუხები და გადაწყვეტის გზები.

 

ზღაპრების სამყარო, სწორედ იმიტომ არის ბავშვებისთვის ასე საყვარელი და კომფორტული, რომ ზღაპრებში შესაძლებელია ფანტაზიას და თავისუფალ ინტერპრეტაციებს გასაქანი მიეცეს. ყოველთვის შესაძლებელია ტრადიციული გზიდან გადახვევა და ახალი თავგადასავალის საძებნელად წასვლა. “და გზას გაუდგა”- ვიტყვით. და ჩნდება ახალი საფიქრალი – ვინ შეხვდა იმ გზაზე, რა დაბრკოლებები გადალახა, როგორ მიაღწია მიზნამდე. ერთი სიტყვით, ზღაპრის მოსმენა  ერთი დიდი მოგზაურობაა.

 

3-4 წლის ბავშვებისთვის კი მარტივი არ არის არჩევანი გააკეთოს იოლად აღსაქმელ ვიზუალურ სურათსა  და ზღაპრის ტექსტს შორის, რომელიც ისეთი შთამბეჭდავი, კაშკაშა და ხმაურიანი სულაც არ არის, როგორც ზემოთ ნახსენები ვიდეოკლიპები, სადაც ბავშვებს უკვე თავიანთი გმირები ჰყავთ: სპაიდერმენი, ბეტმენი, ჰალკი, კაპიტანი ამერიკა, ჯოკერი  და ა.შ  ისინიც, მონუსხული აკვირდებიან ცისფრად განათებულ ეკრანზე მათ ჰეროიკულ ქმედებებს. ისინი  სუპერგმირები არიან, “სუპერძალები” აქვთ და მათთვის რთული არ არის პრინცესების დახმარება, ბოროტი პერსონაჟებისგან მათი გათავისუფლება, ისინი ხომ უფრო მარტივად ახერხებენ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე სხვა ზღაპრის გმირები. თან ეს ყველაფერი ხომ ელვის უსწრაფესად ხდება. დიდი მოთმინების გამოჩენა არც არის საჭირო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ზღაპრის მოსმენა კი მათგან ცოტაოდენ გარჯას მოითხოვს, მოითხოვს ყურადღების მოკრეფას და ტვინის განსაკუთრებულ დაძაბვას. ამ დროს ნამდვილად ხდება მათი მოთმინების გამოცდა, რაც  არც ისე მარტივია პატარებისთვის, რომელთაც უფრო მეტი ინტერესები აქვთ, ვიდრე ერთი საინტერესო ზღაპრის მოსმენაა. ამიტომაც, ისინი ხან გარბიან,  ხან კი ისევ ბრუნდებიან ჩვენთან. მერე გვეკითხებიან, რატომ მოხდა ესა თუ ის ამბავი, გვისვამენ კითხვებს წაკითხული ამბიდან  და შემოგვცქერიან დაფიქრებული სახეებით. ამ დროს ისინი ნამდვილად მოგზაურობენ სადღაც, ცხრა მთას იქით, ხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს და ცდილობენ მათი საყვარელი სუპერგმირებივით ძლიერად წარმოიდგინონ თავი.

 

“მინდა ჰერაკლესავით ძლიერი ვიყო”, – მეუბნება, ბერძენი ღმერთკაცით შთაგონებული ჩემი შვილი და მახსენდება, როგორ მიყვარდა ბერძნული მითების კითხვა ბავშვობაში და  როგორ აღმაფრთოვანებდა მათი საგმირო საქმეები.

 

ცოტა ხანში დათა ისევ დაბრუნდა ჩემთან ჯოხის ქნევითა და საყვარელი შეძახილით “მოვკალი და გავანადგურე”. იმხანად ჩემი შვილი თავისუფალ დროს ზღაპრების მოყოლას მთხოვდა. ისიც მოჰყვა მეგობარს და მთხოვა წითელქუდა მომეყოლა. ამის შემდეგ, ისინი ხშირად  მთხოვდნენ ზღაპრები მომეყოლა მათთვის, როდესაც ერთმანეთს ვნახულობდით. ისხდნენ განაბულნი და თვალებაციმციმებულნი ისმენდნენ სხვადასხვა ამბებს. მეც სულ იმის ფიქრში ვიყავი, როგორ გამემრავალფეროვნებინა ეს ამბები.

 

სიზმრები და ზღაპრები იმ შუალედურ სამყაროს ეკუთვნის, სადაც ცხოვრობენ გობლინები, ფერიები, გნომები, ჭინკები, ჯუჯები, ელფები, ტროლები, მფრინავი დრაკონები და სხვა ჯურის ზღაპრული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც ოდესღაც ეწვივნენ ჩვენს ფანტაზიას და სამუდამოდ დარჩნენ და დაიდეს ბინა ჩვენს ქვეცნობიერში. ისინი გამუდმებით გვახსენებენ, რომ არსებობს სამყარო, სადაც ისინი ცხოვრობენ და ვირწმუნებთ თუ არა მათი არსებობის შესახებ, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია.

 

იმისთვის, რომ ჩვენი ყოფა უფრო საინტერესო გახდეს, ჩვენ გვჭირდება გამოგონილი ამბები; გვჭირდება ამბავი, რომელიც ბედნიერების სიხარულს მოგგვრის; ამბავი, რომელიც წამით მაინც დაგვავიწყებს რუტინას. მე ვფიქრობ, ეს მოთხოვნილება გაუცნობიერებლად ბავშვებსაც აქვთ. მათაც სჭირდებათ ამბები, რომელიც მათ ბავშვობას უფრო მხიარულ ელფერს მისცემს, შთაბეჭდილებებით აავსებს და უკვე მოწიფულ ასაკში, სიამოვნებით გაიხსენებენ  იმ ადამიანებს, რომლებმაც ზღაპრულ სამყაროს აზიარეს, დრო დაუთმეს მათ და ბევრი ჯადოსნური ამბავი გაიგეს მათგან.

 

განა რა უნდა იყოს, იმაზე საინტერესო ბავშვისთვის, როდესაც თავისი ფანტაზიის უნარს აამუშავებს და წარმოიდგენს, რომ სადღაც ნამდვილად არსებობს თაფლაკვერა სახლი, რომლის სახურავს თუ ჩამოტეხს, პირს ჩაიკოკლოზინებს. “დიდი იყო ეგ სახლი?”-  მეკითხება ჩემი შვილი, რომელსაც ძალიან უყვარს ტკბილეული და ამბები. არც ის იქნება ცუდი, თუ გაიგებს, როგორ გაფრინდნენ მთვარეზე პეტერჰენი და ანელიზე მაისის ხოჭო ზუმზემანთან ერთად და რა საოცარი თავგადასავალი  გადახდათ იქ. როგორ შეხვდნენ ქვიშის კაცუნას, რომელიც თუ სალამურში ჩაბერავდა ბავშვებს ტკბილ სიზმრებს უგზავნიდა. ხის ბიჭის – პინოქიოს – ამბავიც შთამბეჭდავი და სახალისო იქნება მათთვის. არც თანამედროვე ზღაპრები აწყენთ, ოზის ჯადოქარსაც სიამოვნებით მოისმენენ და პატარა გოგონა ჰაიდის ამბითაც დაინტერესდებიან, რომელიც მთაში ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და ოთახი სხვენზე აქვს. ოთახი სხვენზე ეს უკვე ცალკე თავგადასავალია და დედამიწის ზურგზე ბავშვი არ მეგულება, რომელსაც ოდესმე არ უნატრია სხვენზე ჰქონოდა ოთახი. სხვენი ხომ, ისევე როგორც ზღაპრები, რაღაც იდუმალთანაა დაკავშირებული, რაღაც ჯადოსნურ ადგილთან, სადაც  ახალი სამყაროს კარი იხსნება და ბავშვი აუცილებლად შეაღებს ამ კარს, თუკი მას თავისუფალ არჩევანს მივცემთ.

 

ალბათ, არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება დროში მოგზაურობისთვის, როგორიც ზღაპრები და, ზოგადად, ლიტერატურა. მას მართლა შეუძლია გვამოგზაუროს  შორეულ სივრცეებში, მოგვახვედროს სხვა ქვეყნებში, გაგვაცნოს  სხვა ხალხების ტრადიციებს, დაგვაყენოს მძიმე დილემების წინ და გაგვაკეთებინოს არჩევანი, ისე როგორც ნამდვილ ცხოვრებაშია.

 

მგონია, რომ ყველა ამბავი პოტენციური ზღაპარია და ნებისმიერი ამბით შეიძლება ბავშვის დაინტერესება. მთავარია ვახსენოთ ის ჯადოსნური სიტყვები “სადღაც, ცხრა მთას იქით” და დარწმუნებული ვარ ისინი ყურადღებით შემოგვაცქერდებიან ამბის მოლოდინში.

როგორც ზღაპრებში, ისე ცხოვრებაში ბევრი სახიფათო გზაჯვარედინია, სადაც, სწორი მიმართულება უნდა არჩიო და იქიდანაც, ისე უნდა გამოხვიდე, რომ არც საკუთარ თავს ავნო რაიმე და არც სხვას. ზღაპრების სამართალი სწორედ ეს არის. ამას ასწავლის პატარა ადამიანებს და ჩვენ – უფროსებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამბები გვიჩენენ საფიქრალს, გვიჩენენ პატარა თავის ტკივილებს და გვაიძულებენ ვიფიქროთ ბევრი და ვიაზროვნოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი