პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქალბატონი მერი 

„არაფერია ამ ქვეყანაზე – ადამიანურ სითბოსა და სიყვარულზე უკეთესი“

      მ. დავითაშვილი    

იგი არსენას ქუჩის ჩიხში, ხის ფართო აივნით ეზოში გამავალ ძველებურ კოხტა, თბილისურ სახლში ცხოვრობდა. ვაზით დაბურულ აივნიან სახლთან ორი – თუთისა და კაკლის ხე იდგა. სამხრეთის მხრიდან სახლის ყრუ კედლის გამო მცხოვრებლებისთვის მზე მუდამ სანატრელი იყო. ერთხელაც, ნება დართვით, სამხრეთის კედელში გისოსებიანი ფანჯარა გაიჭრა. სწორედ ეს ფანჯარა პატარა მერის ოცნების ადგილად იქცა. გაზაფხულზე თეთრად აყვავებულ, შემოდგომაზე წითელ-ყვითელი ფოთლებით მორთულ, ზამთარში კი ფაფუკი თოვლით დაფარულ ხეს მონუსხული საათობით გაჰყურებდა. ამ ხეს გაუღვიძებია მასში ბუნების სიყვარული, სილამაზის შეგრძნება და გემოვნება. აი, მუსიკის სიყვარული კი ოპერა „აბესალომ და ეთერმა“ მოუტანა… წარმოდგენას გაოგნებული რომ უსმენდა და უყურებდა.

„პირველი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში იმით დამამახსოვრდა, რომ ინსტრუმენტთან მჯდარს ფეხები ჰაერში დამრჩა დაკიდებული და დარბაზმა სიცილი დამაყარა. ამას ყურადღება არ მივაქციე და ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე. სცენიდან გამოსვლისას მასწავლებელი კარებთან დამხვდა კანფეტების დიდი პარკით ხელში. იმისთანა გემრიელი კანფეტი მერე აღარ მიჭამია“, – იხსენებს მერი დავითაშვილი, ბავშვების საყვარელი კომპოზიტორი. (რა დასამალია, და ღია კონცერტებზე ჰაერში დარჩენილი ფეხების გამო მეც არაერთხელ გავმხდარვარ მსმენელთა გამხიარულების „მსხვერპლი“. სამაგიეროდ, სცენიდან ჩამოსვლა აღინიშნებოდა აპლოდისმენტებითა და დაუსრულებელი შეკითხვებით – „ვინ იყო ჩემი მასწავლებელი“).

როდესაც მასწავლებელმა პატარა მერის პირველი ნაბეჭდი სანოტო მასალა გადასცა, მაშინვე გაუჩნდა სურვილი ამგვარი რამ თავადაც დაეწერა. ყოველგვარი წესების უგულებელყოფით გაჩნდა ვაშლებივით მრგვალი ბგერებისგან შექმნილი პირველი საფორტეპიანო პიესა – „ნოტი“. ეს ბავშვური „ოპუსი“ მერიკოს მამას დიდი სიფრთხილით შემოუნახავს.

 

1934 წელი

თბილისური ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, 10 წლის მერი მშობლებთან ერთად მცირე ხნით ქუთაისში დასახლდა. საქართველოს ეს უძველესი და უმშვენიერესი ქალაქი მისი მეორე მშობლიური ქალაქი გახდა, სადაც შვიდი საუკეთესო წელი გაატარა.

შთაბეჭდილება, რომელიც 10 წლის მერიზე უძველესი ტრადიციების მქონე ძალზე კოლორიტულმა ქუთაისმა მოახდინა, იყო მარადმწვანე ბაღებში ჩაფლული, საოცრად მშვიდი, ლამაზი და კოპწია ქალაქი; ეკლარის თეთრი ქვით ნაშენი ძველისძველი სახლებით, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული, მოკირწყლული ქუჩაბანდებით, მთაზე დიდებული ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით.

„ძველ უბნებში კიდევ იყო შემორჩენილი წვრილ-წვრილი სახელოსნოები, მჭედლების, ხარაზების რიგები. ქუჩაში ცხენი და ეტლი ბატონობდა. მწვანე ბაზარში წონის ერთეული – ოყა მოქმედებდა, ხილი კალათებით იყიდებოდა, ყურძენი – ჩოჩიალა ურმებით“, – ვკითხულობთ მ. დავითაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

 

სკოლა

ქალაქის ცენტრში, ყოფილ წმინდა ნინოს გიმნაზიის შენობაში ლამაზი, სუფთა სასწავლო ოთახებითა და ბერძნული ქანდაკებებით მორთული დერეფნებით პირველი სანიმუშო სკოლა მდებარეობდა. ამ სკოლაში კარგ პედაგოგებთან ერთად მეგობარი ბავშვებიც საუკეთესონი იყვნენ, მათ შორის, მომავალში მერის დიდი მეგობარი, შესანიშნავი პოეტი – ანა კალანდაძე (ანას ლექსებზე ბევრი უმუშავია. მის ყურადღებას ყოველთვის შემოქმედებითი მუხტის მქონე ტექსტები იპყრობდა). მერისთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი უდედმამო ყმაწვილის ნიჭიერება მახვილსიტყვიერებითა და გამომგონებლობით. მისი წყალობით სკოლაში თურმე ისე ერთობოდნენ, გაკვეთილების გაცდენა თავში არავის მოსდიოდა. განსაკუთრებით ერთი ასეთი ეპიზოდი დაამახსოვრდა: „მე კლასკომად ამირჩიეს და, ჩემი ჭკუით, ცელქი ბავშვების „მოთვინიერებას“ ვცდილობდი. იმხანად წავიკითხე ფრანკლინის დღიურები, სადაც ავტორი მკითხველს სთავაზობს აღზრდის საშუალებად დღიურების წერა გამოიყენოს. ეს მეთოდი ჩემს მეგობრებს შევთავაზე; და აი, თენგიზ კოსტავამ შესანიშნავი დღიური მოგვიტანა, სადაც იუმორისტული ფორმით იყო მოთხრობილი ჩვენი გეოგრაფიის გაკვეთილი. „ჩყპყ წელსა, ქორონიკონსა ჯღ, თუესა ოქტომბერს, რიცხვსა 28 მოხდა ამბავი ესე. ოდეს ვიმყოფებოდით ტაძარსა შინა გეოგრაფიისასა (მუნ ჭირი გაერიოს მეცნიერებას ამას), მწურთნელმან ჩვენმან მეფემან თამარ განიძახა რუქასა თანა არიფი ჩუენი სეფე. ოდეს მეფე ამას განიზრახებდა, შეექმნათ ცილობა და ფხუკუნი არიფთა ჩემთა თეკლე მესხსა და დანიელ თალაკვაძეს. მეფემან დასაჯა იგინი და განაგდო დერეფანს შინა. ამავე დროს არიფსა ჩემსა გოგიას აღმოხდა: „მესხი წამოყუდებულა, ვითარცა ტროსტი ბლაღოჩინისა. ამის გამგონე მეფემან თამარ განაგდო დერეფანსა შინა გოგიაც. შემდგომა ამის, რა მეფემან დათვლა დერეფანსა შინა მყოფნი და რამეთუ რიცხვი ესე აღმოჩნდა კენტი, რიცხვისა ამის გასალუწებლად ბრძანა: „კოსტავა გადი გარეთ“. და მე გავედი, ვითარცა ბერი უცოდველი უდაბნოსა შინა“.

მერი დავითაშვილს მუსიკალური განათლება ქუთაისის სამუსიკო სკოლა-ტექნიკუმში გაუგრძელებია. ეს სკოლა, კოხტა საკონცერტო დარბაზითა და თეთრი, ქათქათა ბეხშტეინით ქალაქის ერთ-ერთ რაიონში – ბალახვანში, რიონის პირას მდგარა. და აქ, ღია აივნის კუთხეში, ძველებურ სავარძელში მყუდროდ მოკალათებული სათნო მოხუცი თავის საყვარელ ქალაქს ოცნებით გაჰყურებდა და რიონის მშფოთვარე შხუილს ისმენდა. ეს სანდომიანი იერის ადამიანი სამუსიკო სკოლა-სასწავლებლის დირექტორი, გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორი – მელიტონ ბალანჩივაძე ყოფილა.

 

მოგზაურობა  

სად ჰქონდა ფესვები ან ვინ იყვნენ მისი წინაპრები? მთელი ცხოვრება თავისი კუთხისა და ქვეყნის ისტორიით დაინტერესებულს მიაჩნდა, რომ ამგვარი ინტერესი ყოველი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა ყოფილიყო. ქ-ნი მერი მამას მადლიერების გრძნობით იხსენებს, რომელმაც პატარაობიდანვე შეაჩვია ბუნებაში ხშირ გასვლას. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ღვთისაგან კურთხეულ ქვეყანაში – საქართველოს განუმეორებელ კუთხეებში მოგზაურობდა. „მოგზაურობისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ეს საოცარი სილამაზე ვერ ეტევა ერთი ქვეყნის საზღვრებში. ეს მრავალფეროვანი სილამაზე თავის ყოველ გამოვლენაში განუმეორებელია, განუმეორებელია და სახიერი“, – ბრძანებს ქ-ნი მერი.

დასამახსოვრებელი იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა – ცხრაწყაროზე ამომავალ მზესთან შეხვედრა, რომელიც ქ-ნ მერის მამამ ოჯახისა და მეგობრებისთვის მოაწყო.

„აგვისტოს ერთ მზიან დღეს ბაკურიანში ავედით. ღამის 3 საათზე საბარგო მანქანაში ძარაზე ჩავსხედით და ჰაიდა! – ცხრაწყაროსკენ! უკუნ ღამეში ავედით უღელტეხილზე. ქედი ფეხით უნდა მოგვევლო, რათა მისი აღმოსავლეთის ქიმამდე მიგვეღწია. საკმაოდ ციოდა. გავუდექით გზას ღამეში. ფანრებით ვინათებთ კლდოვან სახიფათო გზას. როგორც იქნა, მივაღწიეთ გადასახედამდე.

ვიყურებით აღმოსავლეთისკენ… უკუნი სიბნელეა… არაფერი ჩანს… კარგა ხნის შემდეგ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო – საოცრება!

ჯერ სიბნელე ნელ-ნელა გაირღვა. შავი ფერი სხვადასხვა სიმუქემ შეცვალა. გაჩნდა მუქი-ლურჯი, მუქი-იისფერი, მუქი-მწვანე ფერები. ეს მთები და ხეობები შეფერადდნენ. სიბნელემ ფერთა ფანტასმაგორია წარმოშვა.

უცებ ჩვენ წინ ბნელ ცაზე განათდა წითელი ხაზი და თოკივით გაიჭიმა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.  ეს კავკასიონის მწვერვალები შეფერადდნენ წითლად. შემდეგ ამ ცეცხლოვან თოკზე „ამოხტა“ ცეცხლისფერივე ბურთულა და ისევ უკან „ჩახტა“ – წითელ თოკზე ჯამბაზივით დაიწყო ხტუნვა. ეს მზის პირველი სხივი თამაშობდა. მერე ნელ-ნელა მზეც ამოიწვერა და მთელი მიდამო – მთები, ხეობები – სხვადასხვანაირად გაანათა. ჯადოსნური ხილვა ჩქარა დამთავრდა, როცა ჰორიზონტზე სრულად ამობრწყინდა დიდებული მზე!

ღმერთო! რამდენი რამაა საქართველოში სანახავი!“ – ასე ხატოვნად გვიზიარებს შთაბეჭდილებას ქ-ნი მერი.

 

„კინოსტუდია“

ქ-ნი მერი კინოსტუდიაში 1956 წელს მიუწვევიათ. მას ოცამდე მულტიპლიკაციური ფილმი აქვს მუსიკალურად გაფორმებული. საუკეთესო რეჟისორებთან ერთად შეიქმნა შესანიშნავი საბავშვო ფილმები „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „მტრობა“, „ნახევარქათამა“ და სხვა.

მერი დავითაშვილი საკუთარ გამოცდილებაზე: „მულტიპლიკაციის მუსიკაზე მუშაობა მოითხოვს, რომ მოზაიკურად აწყობილი ეპიზოდები არ იყოს მოკლებული მთლიანობას, ლოგიკას, იყოს გამართული ფორმის მხრივ და თანაც ავტორისეული ხელწერაც უნდა იგრძნობოდეს“.

კომპოზიტორი კინოსტუდიაში გატარებულ წლებს საკმაოდ რთულს და ბედნიერს უწოდებს, სადაც უდიდესი სკოლა გაიარა. დიდი ბედნიერება იყო ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის სიმფონიურ ორკესტრთან, გუნდთან, შესანიშნავ სოლისტებთან, დირიჟორთან შემოქმედებითი ურთიერთობა. აქ მიღებული საკომპოზიტორო ტექნიკა შემდეგში ოპერის რთული ჟანრის ასათვისებლად გამოადგა.

 

„ოპერა“

მერი დავითაშვილისთვის ოპერის თეატრი – ხელოვნების მშვენიერი ტაძარი მუდამ თაყვანისცემის საგანი ყოფილა. თეატრში თურმე თითქმის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა.

როგორც კომპოზიტორი იხსენებს, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში მეგობარს, იმჟამად ოპერის თეატრის დირექტორს, კომპოზიტორ არჩილ ჩიმაკაძეს შეხვედრია. როცა თეატრის დირექტორმა საუბრიდან მისი ოპერაზე მუშაობის შესახებ შეიტყო, სცენაზე დადგმა შეუთავაზებია. „რომ იტყვიან, გარჯით თავი მოვიკალი და დათქმულ დროზე შევედი ჩემს სათაყვანებელ საოპერო თეატრში ახალი ნაწარმოებით“. დადგმის პროცესში გარკვეულა, რომ ეს „საბავშვო“ ოპერა „ქაჯანა“ სრულებითაც არ აღმოჩენილა ადვილი დასადგმელი. მიუხედავად ამისა, პრემიერას (1966 წ.) დიდი წარმატებით ჩაუვლია.

მეორე სპექტაკლისთვის კომპოზიტორს ხალხური ზღაპრის – „ნაცარქექიისთვის“ მიუმართავს. „ენით აუწერელი სილამაზის ზღაპრული გარემო შექმნა უნიჭიერესმა ქართველმა მხატვარმა მამია მალაზონიამ ჩემს ოპერა „ნაცარქექიაში“, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი, განსაკუთრებით ბავშვები. პატარებს აოცებდათ ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი სულელი დევები, ნაცარქექიას ოინბაზობა და შუა სცენაზე ჯაჭვზე ჩამოკიდებულ გალიაში მჯდომი ლამაზი, მტირალა მზეთუნახავი. მართლაც ფანტასტიკური სანახაობა იყო. „ნაცარქექიას“ დიდი წარმატება ხვდა წილად. წარმოდგენა წლის საუკეთესო სპექტაკლად გამოცხადდა. პრესა გულუხვი აღმოჩნდა მის მიმართ. მე მუსიკისთვის რუსთაველის სახელობის სახელწმიფო პრემია მივიღე. წლების განმავლობაში იგი სულ ანშლაგით მიმდინარეობდა“, – სიამაყით იხსენებს კომპოზიტორი.

„მერი დავითაშვილის „ნაცარქექიის“ დადგმა უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი თეატრის ცხოვრებაში. ეს არის ნამდვილი საბავშვო ოპერა თავისი განუმეორებელი საზღაპრო სურნელით, წმინდა ხალხური სიბრძნითა და მორალით…“ (ნოდარ ანდღულაძე).

 

„ბავშვები“

ბავშვებთან მისასვლელი გზა მაშინ გაიხსნა, როცა ქ-ნ მერის შვილი შეეძინა. ეს გზა მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო ლექსების წიგნით დაიწყო. მოწონებული ლექსებიდან საბავშვო სიმღერების კრებული: „დილა მშვიდობისა“ და „სათამაშოების სიმღერები“ ერთი ამოსუნთქვით დაწერილა. წერის პროცესი მაგიდის ქვეშ მოთამაშე პატარა მამუკასთან ერთად მიმდინარეობდა. ბუნებრივია, სიმღერების პირველი მსმენელი და პირველი შემსრულებელიც ის გახდა. ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები ბავშვებმა სწრაფად აიტაცეს და მალე რადიოს საბავშვო გადაცემების ხელშეწყობით მთელ ქვეყანაში გავრცელდა.

„თუ არა მერის სიმღერები, ჩემს ლექსებს, რა თქმა უნდა, ამდენი პატარა მეგობარი არ ეყოლებოდა“ (მაყვალა მრევლიშვილი).

 

ნამუშევრები

მერი დავითაშვილის ნაწარმოებთა შორისაა მუსიკა თეატრისთვის, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, საგუნდო მუსიკა, საბავშვო სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისათვის, მუსიკა თოჯინების თეატრისათვის, მუსიკა კინოსთვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მერი დავითაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოები „ხორუმი“. ქართველი პიანისტის გიზი ამირეჯიბის თაოსნობით ის შეტანილ იქნა კონკურსის სავალდებულო პროგრამაში. საბედნიეროდ, „ხორუმი“ დღემდე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სრულდება და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. 2010 წელს თამარ ლიჩელმა „ხორუმი“ იტალიის საერთაშორისო კონკურსზე შეასრულა და გრამ პრის პრემიასთან ერთად ცალკე პრიზიც დაიმსახურა.

 

„შეფასებები“

„ქართული მუსიკის ისტორიაში მერი დავითაშვილმა თავისი ნიშა იპოვა და ამით ქართველ კომპოზიტორებს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავა. ეს საბავშვო მუსიკაა. ქართული საბავშვო მუსიკის შესახებ ჩვენი შთამომავალნი წარმოდგენას ალბათ მერი დავითაშვილის შემოქმედების საფუძველზე შეიქმნიან, იმდენად რამდენადაც მისი ნაწარმოებები ამ ჟანრის სრულ პანორამას ქმნიან, სიმღერიდან დაწყებული ოპერით დამთავრებული.

(მარინა ქავთარაძე)

 

„კომპოზიტორმა იცის,  რაოდენ რთულია ოპერის დაწერა, ნურავინ იფიქრებს, თითქოს საბავშვო ოპერა უფრო ადვილი ჟანრი იყოს. განა შემთხვევითია, რომ თითებზე ჩამოსათვლელია კარგი საბავშვო ოპერები? ამ უკანასკნელთა რიცხვს კი ახლა უთუოდ შეემატა დავითაშვილის „ნაცარქექეია“.

(ანდრია ბალანჩივაძე)

 

„მერი დავითაშვილს, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მარტო მუსიკალური წრეები, შეიძლება ითქვას, რომ მას იცნობს მთელი საქართველო, იცნობს ქართველი ხალხი იმიტომ, რომ მისი საოცრად სადა და სათნოებით სავსე მუსიკა თითქოს აკვნიდანვე თან სდევს ჩვენს პატარებს, იმიტომ,  რომ მისი ნაწარმოებები უწინარესად კი, კლასიკად ქცეული საბავშვო სიმღერები ნორჩი თაობების მხატვრული აღზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა“.

(გულბათ ტორაძე).

 

P.S. მდიდარი მუსიკალური კულტურის მიუხედავად, ქართული საბავშვო მუსიკალური ლიტერატურა, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნდა და ბავშვები ძირითადად რუსულ მუსიკაზე იზრდებოდნენ. ქალბატონი მერის საბავშვო მუსიკალურმა სამყარომ კი მომავალში მთელი თაობები გამოზარდა.

და ერთიც, ქ-ნი მერის დიდი ინტერესის აღმძვრელმა ავტობიოგრაფიულმა წიგნმა განაპირობა ამ გამორჩეული კომპოზიტორის თქვენთვის ახლოს გაცნობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი