პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

არ ატკინო…!

მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი სტატია, ჩემი ჭკუა-გონების შვილი იყოს ყველა სტატიაზე მშვენიერი, ყველაზე სასიამოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელ საგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.

აი, კითხვა დაიწყეთ და გაიფიქრეთ, ვინ არის ეს მოცლილიო?

მე კი  მტკივნეულ თემაზე საუბრის წინ ხუმრობით სერვანტესის უკვდავი წიგნის შესავლის პერიფრაზის გაკეთება ვცადე:

„მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი, ყველაზე სასიამოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ…“

ეს წიგნი ლიკანში არდადეგებზე წავიკითხე. შემდეგ, სკოლაში დაბრუნებისას, რატომღაც გეოგრაფიის მასწავლებელი დაინტერესდა, აბა ვინ რა წაიკითხეთო. მეც ხელი ავწიე და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, „დონ კიხოტი“-მეთქი გამოვაცხადე. რა საინტერესოაო, თქვა მასწავლებელმა. აბა რამე მოყევიო…

„…ლამანჩის რომელიღაც სოფელში – სახელის მოგონება არა მსურს, არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო – იმათთაგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს შეადგენს მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი. ეს იდალგო ძალიან უბრალო ცხოვრებას ეწეოდა: ბევრჯერ სადილად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ცხვრის ხორცს კი იშვიათად მიირთმევდა, თითქმის ყოველ ვახშმად ვინეგრეტს გეახლებოდათ, შაბათობით ქონიან ტაფამწვარს, პარასკევობით ოსპის შეჭამანდს, და კვირაობით კი…“

მობეზრდა იდალგოს ასეთი უბადრუკი ცხოვრება და:

‘’… მეტად საჭიროდ მიიჩნია, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნის ქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნად ეხეტიალნა…“   გვერდით ერთგული მსახური სანჩო პანსა ჰყავდა. ერთ დღესაც მორიგი ფათერაკის შემდეგ კარგად გვარიანად მიბეგვილები სადღაც ეყარნენ და ოდნავ აზრზე მოსულმა დონ კიხოტმა სანჩოს გამხნევება სცადა:

„- სანჩო, არ არსებობს ისეთი უბედურება, რომელსაც დრო ვერ წაშლის და არ არსებობს ისეთი ტკივილი, რომელსაც სიკვდილი ვერ განკურნავს“.

„- ვაი, იმ უბედურებას და ვუი, იმ ტკივილს, რომელსაც სიკვდილი განკურნავს…“, – იყო სანჩოს პასუხი.

როგორ შეიძლება ადამიანს ატკინო? სიტყვით ან ფიზიკურად.

როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვით ატკინო? უთხრა, რომ ცუდად გამოიყურება? ან წონაში მოიმატა? ან ავადმყოფურად გამხდარია?

აი, წარმოვიდგინოთ, რომ მე მითხრა ვინმემ. არაფრად ჩავაგდებ.  თუ სიმართლეა, მის გარეშეც მეცოდინება და საქმის გამოსწორების გეგმაც მექნება თავში. თუ სიმართლე არ არის და ისე დასაგესლად მეტყვის, მით უმეტეს, გამეცინება.

უთხრა, რომ რაიმე სფეროში არაფერი გაეგება? მერე რა, ეს ხომ ისედაც ეცოდინება და არც არის აუცილებელი ყველაფერში ერკვეოდეს. მთავარია, თავის  საქმეში იყოს პროფესიონალი.

თუმცა ამას წინათ სიტყვით ტკენის ისეთი გასაოცარი ფაქტი მოვისმინე, რომ ტელევიზორის ეკრანის წინ გამტკნარებულიღა ვიჯექი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტელევიზორს ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად უყურებ, მაგრამ იმ დღეს თავისუფალი დრო მქონდა და პულტით არხიდან არხზე გადავდიოდი. „დღის შოუში“ ერთმა ახალგაზრდა ქალმა (ვინაობა სამწუხაროდ არ ვიცი, უკვე დაწყებულზე გადავრთე) მიიქცია ჩემი ყურაღება.

საქმე ასე ყოფილა… პროფილაქტიკისთვის საქართველოში ძალიან ცნობილ მამოლოგთან წასულა. იმას კიდევ ერთი მკერდის დათვალიერებისას თავი აქეთ-იქეთ უქნევია და უთქვამს ეს მოსაჭრელიაო… რას ბრძანებთო, შეწუხებულა პაციენტი, აბა კარგად ნახეთ, იქნებ ნაჩქარევიაო თქვენი განაჩენი. პასუხად ექიმს ერთი შეუხედავს (ალბათ, მზერით  უნდოდა ეთქვა, რომ მას არასდროს არაფერი ეშლება) და უპასუხია, აბა მეორე ვნახოთო… ჰმ… ესეც მოსაჭრელიაო…

მოკლედ, ხვალ ამა და ამ დროს გელოდებით და ოპერაციას დავგეგმავთო.

რა იოლი სათქმელია, არა? ახალგაზრდა ქალს ორივე მკერდის მოჭრაზე რომ მიგიწვევენ.

თუმცა ამ ქალბატონს ეს ცნობილი ექიმი სხვასთან  გადაუმოწმებია და დასმული დიაგნოზი არ დადასტურებულა. ამ ინციდენტის შემდეგ კი წლები გასულა და ჯანმრთელი და ლამაზი სტუდიაში იჯდა, ამ სევდიან ამბავს იგონებდა. თუმცა ექიმის გვარი არ დაასახელა, არადა, ჩემი აზრით, უნდა თამამად და ხმამაღლა ეთქვა, რომ ყველას სცოდნოდა და ახლოს არავინ  გაკარებოდა (მის ადგილზე მე სწორედ ასე მოვიქცეოდი). ვინ იცის, რამდენ ქალს ჯერ სიტყვით ატკინა  და   სიტყვით დათესილი ტკივილი თეთრად გათენებული ღამეების შემდეგ ქირურგის დანით მოიყვანა სისრულეში.

ეს ყველაფერი იქეთ იყოს, მაგრამ ეს ოხერი სიმსივნე გრიპივით გავრცელდა ბოლო დროს. მთავარი მიზეზი სტრესიაო… არ ინერვიულოთო… თითქოს ასე იოლი საქმე იყოს ემოციების გარეშე ცხოვრება. სხვა უბედურება კიდევ ის დაბინძურებული გარემოა, სადაც ცხოვრება გვიწევს.

ექიმი არ ვარ, მხოლოდ ქიმიკოსი, ოღონდ ახლა სამ პროდუქტზე (სხვა პროდუქტებიც არსებობს, თუმცა მათზე სხვა დროს იყოს) მინდა დავწერო, რომელთა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა კარგი ნიადაგი შეუქმნას… არ დავწერ, თავადაც ხვდებით რასაც.

ეს კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტში შარშან ჩაუტარებიათ. მე კი მის შესახებ ერთ გადაცემაში მოვისმინე. მეცნიერთა აზრით, არასასურველი ნიადაგის შემქმნელი ერთ-ერთი პროდუქტი ხორცია. უფრო, რომ დავაკონკრეტოთ ზედმიწევნით კარგად შემწვარი ხორცი. აქ მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ცხიმში  შეწვის დროს წარმოიქმნება პოლიციკლური ნახშირწყალბადები, რომლებიც    სარძევე ჯირკვლის ქსოვილში გროვდებიან და შესაძლოა პათოლოგიური  ცვლილება და კიბოს განვითარება გამოიწვიონ.

ხაზი იმაზეც იყო გასმული, რომ სულ უფრო მეტ ქვეყანაში კუნთოვანი მასის გასაზრდელად საქონლის ორგანიზმში ზრდის ჰორმონი შეყავთ. ასეთი ხორცის, თან შებრაწულის,  ხშირად (ყოველდღიურმა)  მიღებამ კი შესაძლოა ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს და სიმსივნის გასავითარებლად კარგი ნიადაგი შექმნას.

მეორე პროდუქტია მარილი და არა მხოლოდ… აქვე შედის ყველაფერი, რაც მარილს შეიცავს, მწნილი, ყველი, ძეხვეული. ადრე მარილზე ორჯერ დავწერე და ისიც აღვნიშნე, რომ ნარკოტიკადაც კი იყო აღიარებული, რადგან მიჩვევას იწვევდა და მის გარეშე საკვები უგემური ეჩვენებოდათ.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები ნერვული უჯრედების ფუნქციონირებასა და იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტერებიც არიან. თუმცა იგივე  ნატრიუმი  ქსოვილებში წყალს აკავებს, მათ შორის მკერდის ქსოვილშიც.

ზემოთ ნახსენებ კვლევაში ასეთი ტერმინი იყო აღნიშნული – მასტოდენია, რაც მკერდში ტკივილს, დისკომფორტს ნიშნავს და შეკავებული სითხით არის გამოწვეული.

სწრაფი შაქარი, ანუ პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით. მათი ყოველდღიური მიღებით ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მყისიერი მომატებული რაოდენობა) ვითარდება. გამომუშვდება ინსულინი, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას უწყობს ხელს. ეს მკერდის ზომის გაზრდასაც იწვევს, არა თვითონ ჯირკვლის ხარჯზე, არამედ ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. ჰოდა, გარდა იმისა, რომ მკერდი ფორმას კარგავს, პათოლოგიური პროცესებისთვისაც კარგი ნიადაგი იქმნება.

ამ ყველაფერს დაამატეთ საოცრად დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, საეჭვო სისუფთავის პროდუქტები და სტრესი, სტრესი, სტრესი, რომლითაც ცხოვრება ყოველ დღე გვიმასპინძლდება.

ტკივილზე ვწერდი…

ტკივილი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვაა, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების რეფლექტორული ცვლილება ახასიათებს. ხანგრძლივი ტკივილის დროს იცვლება სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია… იმდენად მრავალმხრივი შეგრძნებაა, რომ მსოფლიოში მისი შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციაც კი არსებობს. მათი განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა ჭეშმარიტ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა.

ადამიანებო, ფრთხილად მოექეცით სხვა ადამიანებს… არ ატკინოთ…

მასწავლებელო, ფრთხილად მოექეცი მოსწავლეს… არ ატკინო…

პოლიციელო, ფრთხილად მოექეცი უდანაშაულო მოქალაქეს… არ ატკინო…

დირექტორო, ფრთხილად მოექეცი  თანამშრომელს… არ ატკინო…

ექიმო, ფრთხილად მოექეცი პაციენტს… არ ატკინო…

მთავრობავ, ფრთხილად მოექეცი შენს ხალხს… არ ატკინო…

 

„ … ფრთხილად, ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას…

… ჩემს დაფარულ გულის ძგერას ნუ შეარხევ… იყავ ფრთხილად!“ (გალაკტიონი).

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი