პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შენი თავგადასავალი

სასტუმროს ვიწრო, ფოსფორისფრად განათებული დერეფნიდან გზის გაგნებას ვცდილობ. დერეფნები ერთმანეთს რამდენიმე წერტილში კვეთენ, თავი მომავალში მგონია და სასოწარკვეთილი ვცდილობ, ლიფტს მივაგნო.  ელ ჯერნონს ვგავარ, განვითარების საწყის ეტაპზე.

 

მომსახურე პერსონალი რობოტებს ჯერაც არ ჩაუნაცვლებიათ, ბართან ნამდვილ ბანანს, ნამდვილ ვაშლს და ნამდვილ ფორთოხალს ნამდვილი ადამიანები მიირთმევენ და ყავაც ნამდვილია, ცხელ- ცხელი, სურნელოვანი, თუმცა, რაღა თქმა უნდა, აპარატის.

 

Amsterdam Zuid- ში მდებარე ეს მრავალსართულიანი სასტუმრო ჩემი ერთ- ერთი გასართობია. მე აქ ყოველდღე ვხედავ, როგორ დადიან, საუბრობენ, ჭამენ, სვამენ, როგორ ჩვეულებრივად ცხოვრობენ სრულიად არამომავლურად ჩაცმული ადამიანები მომავლის შუშის კაბინაში. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან მართობს, შეიძლება ითქვას, მომწონს კიდეც, მერე რა, რომ ამ ყველაფერს იაფფასიანი წარმოდგენის ელფერი ხუთი ვარსკვლავის, დახარჯული ენერგიისა და ფანტაზიის მიუხედავად ცოტათი მაინც დაჰკრავს.

 

ამსტერდამამდე გუნცელშტრასეზე, ბერლინის მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ სახლში ვიყავით: იატაკზე დაგებული რბილი ხალიჩები, კედლების მეწამული და ნამდვილი გასაღებიც ელექტრონულის ნაცვლად. ბერლინში ჩვენს დროში ვცხოვრობდით, საერთოდაც, ბერლინი აწმყოა, ბერლინი არის დღეს.

 

გამოვდიოდით. დავეხეტებოდით.  ყოველი მორიგი ქუჩის გავლისას ათას შეკითხვას ვუსვამდი, თან თავხედურად ვაიძულებდი, ჩემნაირად ჰყვარებოდა: “ რამეს გრძნობ? ვერაფერს? პოსტდამერ პლატცი უფრო მოგწონს თუ ალექსანდერ პლატცი? იცი, პოსტდამერი ჩემთვის ცოტა ზედმეტად გაპრიალებულია, ალექსანდრეს ნაგავი მირჩევნია. არაფერს გრძნობ გულთან, აი, ამ შენობებს რომ უყურებ? საერთოდ არაფერს? ბრეცელი მოგწონს? მე ვერ ვიტან. სუნი? ეგეც ვერ იგრძენი? ოოო, არ ვიცი რა ჰქვია, შეიძლება ეგ სუნი ადამიანებისაა, ან ქუჩების, ან შენობების, ან ცემენტის, ან ფუნთუშების და დილის, სისხამი დილის, ან ყველაფრის ერთად, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ყველაზე სპეციფიკური სუნი! როგორი დიდია, არა? როგორ სუნთქავს, არა? წამო რა, გამოფენები ვნახოთ და არა- მუზეუმები და ქუჩებში კიდევ  მეტი ვიხეტიალოთ. მუზეუმების ამბები ისაა,  რაც უკვე არსებობს, მათ უკვე აქვთ საკუთარი თავგადასავალი, რომელიც აღარ განახლდება მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორიას ძალიან საინტერესოდ გადმოგვცემენ იმ შემთხვევაშიც კი, ისინი საერთოდ რომ არ გვაინტერესებდეს.  ქალაქის ქუჩები კი სულ ახალია, ყოველ წამს ახალი. აქ შეგიძლია გქონდეს შენი, საკუთარი თავგადასავალი. მგონი, შენ ფეხებზე გკიდია ჩვენი დიდი, ნამდვილი თავგადასავალი. მისმინე, შენ ხო გიჟდები ისლამურ ხელოვნებაზე. ხოდა, მაგარი კონტრასტი იქნება, წამო, პერგამონის მუზეუმში ისლამური კუთხე ვნახოთ, ეგ რაღაცნაირი, აღმოსავლური ზიგზაგები, წარმოუდგენელი ნებისყოფა და ორნამენტები, რომლებიც პირდაპირ არაფერს გეუბნებიან, რომლებიც იგავებით გელაპარაკებიან, რომლებსაც მე ვერაფერი გავუგე და შენ  ასე გიყვარს. რას შეჭამ? ბროთხენები არ მოგწონს? ა, უი, დიეტაზე ხარ. წამო, დომის კიბეებზე ჩამოვსხდეთ, დავისვენოთ და მერე მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო „მუზეუმი“ ვნახოთ. ჰოო, ეგ ღია სივრცეშია, ბერლინის კედლის ნაწილია მოხატული ასრაღაცა ხელოვანის მიერ. მაგიტო არი უფრო ცოცხალი. ოსტბანჰოფზეა, დომიდან რამდენი გაჩერებაა, ნახე რა. არა, უ- ბანით ვერ წავალთ, ეს- ბანია აქ მარტო“…

 

არა, მუზეუმებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ჩემთვის წარმოუდგენელია ყველა გაწერილი მოგზაურობის ყველა გაწერილი დღე ყველა გაწერილი, რა თქმა უნდა, ცნობილი მუზეუმით. ალბათ, არაფერი დაშავდებოდა, თავის დროზე ბერლინური დომი რომ არ მენახა. დიახ, მიუხედავად მისი დიდებულებისა საერთოდ არაფერი დაშავდებოდა. ან რომელიმე მადამ ტუსო. ან სიდნეის თეატრი. ან წმინდა იაკობის ტაძარი პრაღაში. ქალაქებს კარებს მიღმა კარგად ვერ გაიცნობთ, თანაც ეს სიები, ეს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები ჩემთვის ერთი დიდი ნერვიულობა: გული გამისკდებოდა, მოსასწრებად რომ მოქნოდა საქმე, ვეღარ ვისიამოვნებდი, სულ გეგმის შესრულებაზე ვიფიქრებდი.

 

ცოტა ხნით რომ გამოსულიყავით მუზეუმებიდან, ან დღეში ერთით ნაკლები მოგენახულებინათ, ამის ნაცვლად კი გაგეცნოთ ადგილობრივები და შენობები, გარე კაფეში ცხელი შოკოლადი დაგელიათ ან მზიანი ამინდის შემთხვევაში რომელიმე აუცილებლად ლამაზ პარკში აუცილებლად მშვიდად ჩამომსხდარყავით, აუცილებლად- ხელში წიგნით მაგრამ მაინც ადამიანებზე დაკვირვების უფლებით. უფრო მაგარი იქნებოდა. უფრო თავისუფლად ისუნთქებდით.

 

მერე ამსტერდამში წამოვედით. არ ვიცი, სასტუმროდან რომ გავალ რა დამხდება- მომავალი, აწმყო თუ სულაც წარსული. ჩემი ბავშვობის წიგნებიდან გამოყოლილ კეთილ განწყობას, ჰანს ბრინკერსა და მის ვერცხლის ციგურებს თუ დავუჯერებ,  მგონი, არც ისე ცუდ ქალაქში მოვხვდი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი