სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

სადამრიგებლო საათი სამოქალაქო ჩართულობაზე

სკოლაში რომ ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე უნდა აღვზარდოთ, ამაზე შეთანხმებულები ვართ.  შედეგის მიღწევის გზების (სტრატეგიები, მეთოდები, აქტივობები) არჩევანში თავისუფლება მოგვანიჭეს: მასწავლებელს, სამოქალაქოს პედაგოგი იქნება თუ კლასის დამრიგებელი, თავისი პროფესიონალიზმის, თვალსაწიერისა და პირობების შესაბამისად შეუძლია განსაზღვროს, როგორ შეაცნობინოს მოსწავლეს ესა თუ ის სამოქალაქო უფლება თუ მოვალეობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დამრიგებელი მოსწავლეებს უნდა  უვითარებდეს  დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას.

სულ ახლახან გამოსულ ჟურნალ ,,ინდიგოს“ მესამე ნომერში სამოქალაქო აღზრდის თვალსაზრისით (და არამარტო) საინტერესო რამდენიმე პუბლიკაცია წავიკითხე. ერთი მათგანის, როგორც რესურსის, გაზიარება თქვენთვისაც გადავწყვიტე.

მისი გამოყენებით შეგვიძლია დავგეგმოთ სადამრიგებლო საათი სამოქალაქო ჩართულობის, სკოლასა და თემზე ზრუნვის თემაზე. ეს შემოთავაზება ასაკობრივი  შესაძლებლობების გათვალიწინებით  VIII-XII კლასებში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

პედაგოგს საშუალება ეძლევა ტექსტზე დაყრდნობით თანმხვედრად იმუშაოს თვალსაწიერის გაფართოებისთვის და წამოიწყოს დისკუსიები ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ურბანული განვითარება, მეგაპოლისის პრობლემები, ეკოლოგიური პრობლემები, კულტურული მემკვიდრეობა, მოქალაქეთა გაერთიანებები და ასე შემდეგ. წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებთან ერთად უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის შედგენა.

სადამრიგებლო საათის მიზნები:

სამოქალაქო ჩართულობის არსისა და მნიშვნელობის გაანალიზება;

სამოქალაქო უფლება-მოვალეობასა და რეალურ სიტუაციებს შორის კავშირების მოძებნა და დასკვნების გაკეთება;

მაგალითის საფუძველზე საკუთარი სკოლის, თემის პრობლემის განსაზღვრა და მისი მოგვარების საკითხებზე მსჯელობა სამოქალაქო ჩართულობის მაგალითზე.

სადამრიგებლო საათის  შედეგი:

მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს მოქალაქის კონსტიტუციური  უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები;

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მოვალეობები თემთან მიმართებაში.

საჭირო რესურსები:

საქართველოს კონსტიტუცია ან სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო მე-9 კლასისათვის; დანართი 1 (საკითხავი მასალა) – 3-4 ეგზემპლარად,  დავალებები ჯგუფური მუშაობისათვის; კომპიუტერი-ინტერნეტით, ფურცლები, კალმები.

დრო: 60წთ

აქტივობა 1: მასწავლებელი/დამრიგებელი გონებრივი იერიშის მეთოდით მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ აზრობრივი რუკის შედგენას იწყებს. დასახელებული უფლება-მოვალეობების შესახებ მცირე მიმოხილვის  შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას: დაასახელეთ სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითები? შემდეგ კითხვა კონკრეტდება: დაასახელეთ  თქვენ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები? 10 წთ.

აქტივობა 2: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს საკითხავ მასალას (დანართი1) და ორი-სამი მოსწავლე გადანაწილებით, ხმამაღლა კითხულობს ტექსტს. დასრულების შემდეგ გონებრივი იერიშის საშუალებით  მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს  მოსმენილი ამბის შესახებ. განმარტავენ უცხო სიტყვებს. 10წთ.

აქტივობა 3: კლასი იყოფა სამ  ჯგუფად. მასწავლებელს წინასწარ აქვს შედგენილი დავალება  თითოეული ჯგუფისთვის:

1-ლი ჯგუფი: მოიძიეთ სოციალურ ქსელებში დამატებითი ინფორმაცია ამ სამოქალაქო აქტივობის შესახებ და წარმოადგინეთ პრეზენტაცია.

მე-2 ჯგუფი: წაკითხული ტექსტის მიხედვით მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე – რომელი უფლებები და მოვალეობები აამოქმედეს მოქალაქეებმა გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად.

მე-3 ჯგუფი: წარმოადგინეთ პრეზენტაცია თქვენს უახლოეს ზონაში (კლასი, სკოლა, თემი) განხორციელებული სამოქალაქო აქტივობისა და მისი წარმატება-წარუმატებლობის შესახებ.

იმართება პრეზენტაციები. სულ 30 წთ.

აქტივობა 4. პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ ისევ იმართება დისკუსია და მონაწილეები პარალელებს ავლებენ პირველ და მეორე პრეზენტაციებში წარმოდგენილი სამოქალაქო აქტივობების განხორციელების ხერხებსა და შედეგებს შორის.

მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ შედეგებს შემდეგი კითხვებით: რა იცოდნენ? რა გაიგეს? რის გაგება სურთ? 10წთ.

შემდეგი სადამრიგებლო საათისათვის  მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თითო პრობლემა, რომელიც მათ სკოლასა თუ თემში აწუხებთ და დაიწყონ მისი კვლევა.

დანართი 1.

ეს ქალაქი შენია

თბილისის ცენტრში, ზედ მთავარ მოედანთან, სადაც არასდროს წყდება მანქანებისა და ტრანსპორტის  ნაკადი, სადაც სულ ტექნიკის მონოტონური ხმაურია, შეუყვები ერთი-ორ მოსახვევს და აღმოჩნდები კიდევ ერთ მოედანზე, რომელიც არაფრით ჰგავს იმ მთავარს, ყველასთვის ცნობილ ურბანულ წრეს. ესაა ჩვენი, მოქალაქეების მიერ შენარჩუნებული, მოპოვებული და დაცული გუდიაშვილის მოედანი – მეგაპოლისის ცენტრში შემორჩენილი ოაზისი, სადაც ბავშვები ჟრიამულობენ და ადგილობრივები კამათელს აგორებენ.

ეს რეალობა რომ არ მოკვდა და მას მომავალიც რომ აქვს, შენი, მოქალაქის და ფესტივალად ქცეული, რამდენიმეფაზიანი პროტესტის დამსახურებაა. დავიწყეთ ტფილისის ჰამქრელებმა – ჩირით, ჩურჩხელით, კლასიკური მუსიკითა და გამოფენებით. მიზანი ერთი იყო – გარდაუვალ განსაცდელამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გვეჩვენებინა ამ მოედნის მნიშვნელობა; მეტი ადამიანი ,,მოგვეწამლა“ გუდიაშვილის სიყვარულით; გვენახებინა, სად შეიძლება გაექცე ხმაურიან მეგაპოლისს; გაგვენდო საიდუმლოება მიკროსამყაროს შესახებ, სადაც ყოველთვის სიმშვიდეა და სადაც ძველი ტფილისი ჯერ კიდევ ცოცხალია. ვიცოდით, დადგებოდა დღე, როცა ყველას ერთად მოგვიწევდა ბრძოლა მოედნის გადასარჩენად. 2011 წელს გამოჩნდა კიდეც მოედნის სავაჭრო ცენტრად ქცევის პროექტი და დაიწყო პროტესტი, რომელიც სულაც არ იყო გაბრაზებული და აგრესიული. დაიწყო მანიფესტი, როგორც მანიფესტი.

ჩვენ შევქმენით ღია პლატფორმა, სადაც ყველას ჰქონდა საშუალება, ეთქვა სათქმელი იმ ფორმით, რაც მისთვის იყო მისაღები – სიმღერით, გამოფენით, ცეკვით  თუ პოეზიით, ჩვენ ,,დავიკავეთ გუდიაშვილის“ მოედანი და ყველას დაგინიშნეთ პაემანი: ,,გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები“. დაგელოდებით, რადგან ამ სივრცეში კარგად ჩანს, ფულსა და პოლიტიკაზე რამდენად მაღლა დგას, ჩვენი, მოქალაქეების ინტერესი; როგორ შეგვიძლია პოზიტივით ნეგატივის დამარცხება.

ჩვენ შევძელით ჩვენი ქალაქის დასაცავად დაწყებული საპროტესტო აქცია ფესტივალად გვექცია. და ეს იყო პროტესტის ფესტივალი.

ახლა გუდიაშვილის მოედანი კონსერვაციის გეგმის დასრულებასა და სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას ელოდება. და სჯერა ჩვენი, იცის – ბევრნი ვართ.

ხშირად ვსაუბრობთ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე, მოქალაქეობრივ ვალსა და სამოქალაქო განათლებაზე. მე კი, ერთი რამ ვიცი: ზუსტად ასეთი აქციები და აქციებით მოპოვებული გამარჯვებები არის ის, რაც მოქალაქეს უჩენს განცდას, რომ ქალაქი მისია; მას  მისი შეცვლა შეუძლია; ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მის წინაშე ანგარიშვალდებულია ქალაქისა და სახელმწიფოს მთავრობა.

ამიტომ გუდიაშვილზე დამარცხებით დავკარგავდით არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ უფრო მნიშვნელოვანს – მოქალაქეობას. საჭირო იყო შეგვექმნა სამოქალაქო პროტესტის გამარჯვების პრეცედენტი და ჩვენ ეს შევძელით.

თამარ ამაშუკელი

ჟურნალი ,,ინდიგო“; დეკემბერი, 2015, N3

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი